მანუჩარ დადიანის გარდაცვალების შემდეგ მთავარი გახდა მისი მცირეწლოვანი ძე ლევან II (1611-1657)1. მანუჩარს ლევანი შეეძინა კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის ასული ნესტან-დარეჯანისაგან, რომელიც მშობიარობისას დაიღუპა. ალექსანდრე II-მ ლევანი აღსაზრდელად კახეთში წაიყვანა. როდესაც უფლისწულმა დავითმა ალექსანდრეს ტახტიდან გადადგომა აიძულა, 13 წლის ლევანი ოდიშში მამასთან დაბრუნდა2. მანუჩარის გარდაცვალების შემდეგ დადიანი გახდა ლევანი. მას, როგორც მცირეწლოვანს, მეურვე დაუნიშნეს.
პირველ ხანებში, დასავლეთ საქართველოს მთავრებს ერთმანეთში და მეფესთანაც კარგი ურთიერთობა ჰქონდათ („და იყო მშვიდობა სამთა ამათ შორის: მეფისა დადიანისა და გურიელისა თანა, და მეფობდა ესე როსტომ“3) და გარკვეულ ვითარებაში, კერძოდ, ოსმალეთთან დაპირისპირების დროს, ერთმანეთს მხარსაც უჭერდნენ.
1609 წელს, მამია II გურიელმა აჭარა ოსმალებისაგან გაათავისუფლა4. გამოთქმულია მოსაზრება, რომ გურიელს აჭარაში მოქმედება შეთანხმებული ჰქონდა მანუჩარ დადიანთან5. დადიანგურიელის ოსმალების წინააღმდეგ შეთანხმებულ მოქმედებაზე მიუთითებდა პიეტრო დელა ვალე: დადიანმა და გურიელმა „კაზაკებს კაცი გაუგზავნეს და თურქეთთან საომარი მიზნით თავიანთი ტერიტორია და კავშირი შესთავაზეს“6.
1. დადიანი მანუჩარი ნადირობისას ზუგდიდში დაიღუპა. 1651 წელს ლევან დადიანის დაკვეთით ილორის წმ. გიორგის ხატზე გაკეთებული წარწერიდან ვიგებთ, რომ თვითონაც კინაღამ თავის მამის ბედი გაიზიარა. ლევანი აცხადებს: „ზუგდიდსა ნადირობაში ცხენი ხრამსა ჩამივარდა და წამექცა.
იპრიანა წყალობამან ღვთისამან და მოვრჩი შეწევნითა შენითა წმინდაო გიორგი...“ გრიგოლია კ., ილორის წმ. გიორგის წარწერა, გვ. 147.
2. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 823.
3. იქვე.
4. იქვე.
5. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 298.
6. ცინცაძე ი., უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, გვ.
37.
თეიმურაზ მეფის მცდელობამ დასავლეთ საქართველოს მეფემთავართა ისეთი მტკიცე კავშირის შესაქმნელად, რომელსაც საერთო საგარეო პოლიტიკა ექნებოდა, შიდა ფეოდალური დაპირისპირების გამო, მარცხი განიცადა. მათი ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსი დიდხანს არ გაგრძელდა. ერთმანეთთან დაპირისპირებაში ყველამ, მეფემ და მთავრებმა, თავისი „წვლილი“ შეიტანეს. მაგრამ მაინც გამორჩეულად დიდი როლი ლევან II დადიანმა შეასრულა. ეს მოხდა 20-იანი წლების დასაწყისში, როდესაც სამთავროს მართვას თვითონ ლევანი შეუდგა. დასავლეთ საქართველოში ანარქიამ დაისადგურა. ამის შემდეგ მეფეს და მთავრებს თავთავიანთი პოლიტიკა და დიპლომატია ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების საშინაო და საგარეო პოლიტიკის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, აღმოსავლეთ საქართველოს მეფეების მსგავსად, შეუძლებელია, რადგან თითოეულ მათგანში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან, ზოგჯერ კი, გადამწყვეტ გავლენას ახდენდა რეგიონის საერთო პოლიტიკურ კლიმატზე.
ოდიშის სამთავროს პოლიტიკაში ცვლილება და მისი დამოკიდებულება დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ერთეულების მიმართ რადიკალურედ შეიცვალა XVII ს. 20-ანი წლების დასაწყისში, მას შემდეგ რაც, როგორც თეიმურაზ მეფე 1639 წელს მოსკოვის ხელმწიფისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავდა, ლევან II დადიანმა ბიძამისი გიორგი ლიპარტიანი მოკლა1. თეიმურაზ მეფე გიორგი ლიპარტიანის მკვლელობაზე იმიტომ უნდა ამახვილებდეს ყურადღრებას, რომ იგი, მანუჩარ დადიანის სიკვდილის შემდეგ, ლევანის მეურვედ იყო და ოდიშის სამთავროს მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა და მეზობლებთან კარგი ურთიერთობა მის დამსახურებად მიაჩნდა.
ლევანი როგორც კი მეურვეობიდან განთავისუფლდა, მაშინვე დაიწყო ყველა ის ბოროტება რასაც იგი სჩადიოდა თავისი ქართველი ქვეშევრდომებისა და მეზობლების მიმართ. ჩვენს ისტორიოგრაფიაში მიღებული მოსაზრებით2, რომელიც არქანჯელო ლამბერტის გადმოცემას ეფუძნება და კიდევ უფრო მყარდება თეიმურაზ მეფის ზემოხსენებული წერილით, იმ პერიოდში, რომელსაც თეიმურაზ მეფე გულისხმობს, ოდიშის სამთავროს ლევანის მეურვე, მისი ბიძა გიორგი ლიპარტიანი განაგებდა. არქანჯელო ლამბერტის გადმოცემით: „ამ მანუჩარს მემკვიდრედ დარჩა მცირეწლოვანი ლევან, რომელიც სრული თოთხმეტი წლისაც არ ყოფილა. ამის გამო, ხალხის ჩვეულებისამებრ, მას ამოურჩიეს ხელმძღვანელი ანუ მზრუნველი, რომელსაც მასთან ერთად უნდა განეგო მთავრობა და კეთილად წაეყვანა სახელმწიფო საქმეები. ასეთ მზრუნველად დაუნიშნეს მას მისი ბიძა გიორგი ლიპარტიანი, კაცი ფრიად სამართლიანი და სახელმწიფო საქმეებში კარგად გამოცდილი. ეს გიორგი განაგებდა ყველაფერს ფრიად ერთგულად და ისე მიჰყავდა საქმეები, რომ მისი გამგებლობის დროს კოლხიდაში არავითარი არეულობა და აჯანყება არ მომხდარა. ყმაწვილი ლევან განვითარდა ყველა იმ ვარჯიშობაში, რომელიც შეეფერებოდა მთავარს“3.
ი. ანთელავა, ერთგან გიორგი ლიპარტიანის რეგენტობას უარყოფს და მიაჩნია, რომ ლევან დადიანი სრულასაკოვანი გამთავრდა და მას მეურვე არ დაჭირდებოდა, სხვაგან კი მის რეგენტობას აღიარებს, მაგრამ უკვე ლუი გრანჟეს ცნობაზე დაყრდნობით4. ი. ანთელავა მცირე ხნით, 2-3 წლით, შემოსაზღვრავს რეგენტობის პერიოდს და მიაჩნია, რომ იგი დამთავრდა 1615 წელს5. იმავე ავტორზე დაყრდნობით, ი. ტაბაღუას ლევან II დადიანის დამოუკიდებელი მმართველობის დასაწყისად 1614 წელი მიაჩნდა6.
1. Переписка,
с. 22-24.
2. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, IV, გვ. 301-302; რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო
(1462-1810), თბ., 1989, გვ. 78.
3. არქანჯელო ლამბერტი, სამეგრელოს აღწერა. თარგმანი იტალიურიდან ა. ჭყონიასი, ლ. ასათიანის წინასიტყვაობით, რედაქციით და შენიშვნებით, თბ., 1938, გვ. 15.
4. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა, გვ. 141; ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში. II, გვ. 52.
5. ანთელავა ი., ლევან II დადიანი, თბ., 1990, გვ. 35, 47.
6. ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., გვ. 52.
ვფიქრობ, ჩემს მიერ დამოწმებული ორივე წყარო (თეიმურაზ I-ის წერილი და არქანჯელო ლამბერტის თხზულება) სანდოა და უნდა ვაღიაროთ, რომ ოდიშის სამთავროს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვაში, 20-იანი წლების დასაწყისამდე, დიდი როლი ეკუთვნოდა გიორგი ლიპარტიანს. პოლიტიკური ასპარეზიდან მისი წასვლის შემდეგ კი, ლევან დადიანმა რადიკალურად შეცვალა სამთავროს პოლიტიკური მართვის სტილი და შინაარსი. ლევან II დადიანს შორს მიმავალი პოლიტიკური მიზნები ჰქონდა, რომელთა განხორციელებისათვის ყველა საშუალება მისაღებად მიაჩნდა.
XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე ოდიშის მთავარმა ფაქტობრივად დაკარგა გავლენა აფხაზეთის სამთავროზე, რაც სხვადასხვა მიზეზმა გამოიწვია. უმთავრესი ის იყო, რომ ლევან II-ის მცირეწლოვნებამ და ოსმალეთთან დაძაბულმა მდგომარეობამ, ოდიშში მთავრის ხელისუფლების დასუსტება გამოიწვია. შექმნილი ვითარებით ისარგებლეს აფხაზმა წარჩინებულებმა და დამოუკიდებლობა მოიპოვეს1.
აღნიშნული მიზეზები მართლაც არსებობდა, მაგრამ ძირითადი სულ სხვა რამ იყო: XVI საუკუნიდან სრულიად შეიცვალა ეთნიკური ვითარება აფხაზეთში., რაც კარგად ჩანს უცხოელთა ცნობებში2. მათზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ შავი ზღვისპირეთში კავკასიონის ზემო კალთებიდან და შეიძლება ჩრდილო კავკასიიდანაც, მიმდინარეობდა მთიელების ჩამოსახლება. ეს პროცესი რომ XVII ს. პირველ ნახევარშიც გრძელდებოდა, ნათლად ჩანს, მაგრამ როდის დაიწყო, ამის თქმა ძნელია.
წინათ აფხაზეთი განვითარებული ფეოდალური ქვეყანა და მთაში ქრისტიანობის გავრცელების კერა იყო. ამას მოწმობს ბერძნული და ქართული მწერლობა და დღემდე შემორჩენილი ისტორიული ძეგლები. XV საუკუნიდან, როგორც ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა, „აფხაზეთი წარმართობს“. აფხაზეთში ზედიზედ გაუქმდა საეპისკოპოსოები, ქრება ქრისტიანობა3.
1. ანთელავა ი., დასახ. ნაშრ., გვ. 56-57.
2. მამისთვალიშვილი ე., ოდიშის ისტორიიდან, თსუ შრომები, 310. ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, თბ., 1992, გვ. 48-49.
3. ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, VIII, თბ., 1975, გვ. 616.
ჯოვანი ჯულიანო და ლუკას, არქანჯელო ლამბერტის და ევლია ჩელების ჩანაწერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, XVII საუკუნის აფხაზეთის მოსახლეობა ეთნიკური შემადგენლობით განსხვავდებოდა და კულტურით დიდად ჩამორჩებოდა დასავლეთ საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას. ისინი ძლიერ შორს იყვნენ და, შეიძლება ითქვას, კავშირი არ ჰქონდათ იმ კულტურასთან, რომელიც დასავლეთ საქართველოს აღნიშნულ რეგიონში იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში. XVII საუკუნეში წარმართი მთიელების მიერ დაკავებულ და კულტურულად წალეკილ ჩრდილო-დასავლეთ შავი ზღვისპირეთში ქართული მართლმადიდებლური ეკლესიები კუნძულებივით შემორჩა. აფხაზები ზღვის სანაპირო ზოლში მთებიდან იმდენად ახლად ჩამოსული ჩანან, რომ ისინი ჯერ კიდევ შორს არიან ბარის მოსახლეობის დამახასითებელი ეკონიმიკური ურთიერთობისაგან და ბარში კვლავ მთიელთა ადათ-წესებით ცხოვრობენ.
დასავლეთ საქართველოსათვის, განსაკუთრებით ოდიშის სამთავროსათვის, მთიელთა მოწოლის შეჩერება მნიშვნელოვან და გადაუდებელ საქმედ გადაიქცა. ერთ დროს (VIII ს.) აგებული ე. წ. კელასურის კედელიც (60 კმ-ის სიგრძის სიმაგრეთა სისტემა) კი აღადგინეს. ვახუშტი ბატონიშვილის თქმით: „შეავლო ზღუდე დიდი ლევან დადიანმან, აფხაზთა გამოუსვლელობისათვის“1.
აფხაზეთის სამთავრო, საკვლევ პერიოდში, რომ ჯერ კიდევ ოდიშისა და გურიის სამთავროებისავით ჩამოყალიბებულ პოლიტიკურ ერთეულს არ წარმოადგენდა2, ამის უმთავრესი მიზეზი მთიელთა ძლიერი მიგრაცია და არასტაბილური მდგომარეობა იყო. XVII ს. 10-იანი წლებში, დასავლეთ საქართველოში, პოლიტიკური მოსზრებით, მოხდა რამდენიმე საქორწინო გარიგება, რომელთა შედეგებმა კარგახნით განსაზღვრა სამეფო-სამთავროებს შორის შემდგომი ურთიერთობის შინაარსი.
1. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 782.
2. ანთელავა ი., დასახ. ნაშრ., გვ 57.
ახალგაზრდა ლევან დადიანმა აფხაზეთთან ურთიერთობის დარეგულირებისა თუ იქ გავლენის მოპოვების მიზნით, 1614-1615 წელს შეირთო მთავარ სეტემან შარვაშიძის ასული. იმერეთში შეხიზნული თეიმურაზ I-ის ზემოქმედებით, 1618 წელს, იმერეთის უფლისწულმა ალექსანდრემ შეირთო გურიელის ქალი თამარი. თეიმურაზი ამ ქორწინებებით გეგმავდა დასავლეთ საქართველოში ანტიირანული კოალიციის შექმნას. მაგრამ ამ ქორწინებების შედეგად იმერეთის სამეფოში მშვიდობამ და სიყვარულმა კი არ დაისადგურა, არამედ სათავე დაუდო ურთიერთ მტრობასა და ანარქიას. დადიანმა ისარგებლა იმერეთის მეფის ვაჟის ალექსანდრესა და მის ცოლ თამარს შორის მომხდარი განხეთქილებით. ალექსანდრემ თავის ცოლს ბრალი დასდო ქუთაისელი ვაჭრის სიყვარულში და შვილით ბაგრატით გურიელს გაუგზავნა. ამგვარად დაირღვა თეიმურაზის ინიციატივით შეკოწიწებული იმერეთის მეფისა და გურიელის კავშირი.
ლევან დადიანმა მეფესა და გურიელს შორის ჩამოვარდნილი მტრობა თავისთვის ხელსაყრელად ჩათვალა და უკანასკნელის თავის მოკავშირედ გახდომის მიზნით, მის მემკვიდრე სვიმონს თავისი და მარიამი მიათხოვა 1621 წელს. დადიანისა და გურიელის კავშირი, მიმართული იყო, უპირველეს ყოვლისა, იმერეთის მეფე გიორგის წინააღმდეგ. მეფესა და დადიანს შორის ბრძოლა მოხდა 1622 წელს ქუთაისის მახლობლად გოჭოურასთან. გაიმარჯვა მთავარმა რის შედეგად ლევან დადიანის ავტორიტეტი დიდად გაიზარდა1.
ლევან დადიანს შარვაშიძის ქალთან ორი ვაჟი ეყოლა. თუმცა ეს ქორწინება მაინც მტკიცე არ აღმოჩნდა. დადიანს თავისი მოხუცი ბიძისა და ყოფილი მეურვის გიორგი ლიპარტიანის ახალგაზრდა ცოლი შეუყვარდა. ამის შემდეგ მან თავის ცოლს ბრალი დასდო მოურავ პაპუნასთან სასიყვარულო ურთიერთობაში, ცხვირი მოკვეთა, ჯარით შეიჭრა აფხაზეთში, აიკლო და შერცხენილი მეუღლე იქვე დატოვა, მისგან ნაყოლი შვილებიც დაახოცინა2.
1. იქვე, გვ. 58-59.
2. არქანჯელო ლამბერტი, გვ. 16, 21. კასტელის გადმოცემით, „თავდაპირველად მას სურდა ხმლით აეკუწა, მუცელი გამოეფატრა თავისი მრუში ცოლისათვის; მაგრამ შემდეგ სხვაგვარად მოიქცა; ქალს ცხვირი, ენა და ყურები მოაჭრა და დამახინჯებული გაუგზავნა მამამისს, რის გამოც მწუხარებით აავსო აფხაზთა მთავარი და თავის თავი ხელშეუხებლად წარმოიდგინა“. დონ ქრისტოფორო დე კასტელი, ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ. ტექსტი გაშიფრა, თრგმნა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ბ. გიორგაძემ, თბ., 1976, გვ. 43.
მცირე ხნის შემდეგ ლევან დადიანს გურიის სამთავროს საშინო საქმეებში ჩარევის საშუალება მიეცა. 1625 წელს ლევანის დის, მარიამის ქმარმა სვიმონმა თავისი მამა, მამია გურიელი მოკლა და თვითონ გახდა მთავარი. მან თავიდანვე ოდიშის სამთავროს საწინააღმდეგო პოლიტიკის გატარება დაიწყო. ლევან დადიანის წინააღმდეგ საკმაოდ ძლიერი კოალიცია ჩამოყალიბდა სეტემან შარვაშიძის, სვიმონ გურიელის, მეფე გიორგი III-ის და ზოგიერთი მეგრელი დიდებულის მონაწილეობით, რომლებმაც ოდიშის მთავრის მოკვლა და მისი ნახევარი ძმის იესეს გამთავრება განიზრახეს. შეთქმულება წარუმატებლად დამთავრდა, ლევან დადიანი მიგზავნილი აფხაზის მახვილს გადაურჩა. ამის შემდეგ დაიწყო შეთქმულებზე შურისძიება. ლევანმა ლანჩხუთთან ბრძოლაში სვიმონ გურიელი დაამარცხა, შეიპყრო, თვალები დასთხარა და ბერად აღკვეცა1, ხოლო მეუღლე მარიამი და შვილი ოტია ოდიშში წაიყვანა. გურიის მთავარი გახდა პატრიარქი მალაქია (1625-1639). გურიის სამთავრო ლევან დადიანს დაემორჩილა და მას დადიან-გურიელადაც მოიხსენიებდნენ. გურიის დამორჩილების შემდეგ, ლევან დადიანმა აფხაზეთს შეუტია და იმდენს მიაღწია, რომ აფხაზი დიდებულების ოდიშის სამფლობელოებზე თავდასხმები დროებით აღკვეთა და სიმბოლური ხარკის გადახდაც დააკისრა.
1. სვიმონი იერუსალიმში წავიდა და ბერად შედგა, იცოცხლა ღრმად მოხუცებულობამდე და თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც, 1672 წელს, კიდევ ჰქონდა მიწერ-მოწერა თავის ნაცოლარ, მარიამთან. ბროსე მ., საქართველოს ისტორია, II, 1900, გვ. 188.
რაც შეეხება იმერეთის სამეფოს, იგი ლევან დადიანის მუდმივი თავდასხმის ობიექტად გადაიქცა. დონ ქრისტოფორო დე კასტელიმ დაგვიტოვა საინტერესო ცნობები ლევან დადიანის მიერ იმერეთის სამეფოში შეჭრისა და მისი ჯარის მოქმედების შესახებ. ქუთაისთან ოდიშის ჯარმა დაამარცხა გიორგი მეფის ჯარი და მეფე ტყვედ ჩავარდა. ქუთაისის მოქალაქეთა წარმომადგენლები დადიანთან მივიდნენ. საინტერესოა, რომ დადიანთან პირველი ქრისტოფორო დე კასტელი მივიდა და გიორგი მეფესთან სამშვიდობო ხელშეკრულების დადება სთხოვა. დადიანი ზავზე დათანხმდა, იმ პირობით, რომ გიორგი მის მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. ხელშეკრულებაზე ორივემ ხელი მოაწერეს. „მეფე დადიანს აღუთქვამდა, რომ გამოვიდოდა მის დასახმარებლად მთელი თავისი ჯარით“1.
„დაიმორჩილა თუ არა აფხაზეთი და გურია, დადიანმა იმერეთის დაჭერაც მოისურვა, რომლის მფლობელი ძველად მისი მეფე იყო. ამ განზრახვით დადიანს განუწყვეტელი ომი ჰქონდა იმერეთთან. თუმცა აქამდინ თავისი წადილი ვერ შეისრულა, რადგან იმერეთის მეფე გამაგრდა ქუთაისის ციხეში და მის სიმაგრეს დადიანმა ვერ სძლია, მაგრამ მაინც ისე დაასუსტა იმერეთის სამეფო, რომ სამეგრელოს ბევრად ჩამოუვარდებოდა ძალ-ღონით“2.
დასავლეთ საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია ხელს უხსნიდა ოსმალეთის ხელისუფლებას ჩარეულიყო არა მხოლოდ მის საშინაო საქმეებში, არამედ, გარკვეულწილად, მოეხდინა მისი ტერიტორიების ოკუპაცია.
დასავლეთ საქართველოს ვითარებას, მის დაქუცმაცებას და ოსმალეთის დაინტერესებაზე იქ არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით, ჟან ბატისტა ტავერნიე გადმოგვცემს შემდეგს: სულთანი ძლიერ კმაყოფილია ამ ქვეყნის დანაწილების გამო, რადგან როცა, იგი ერთ სახელმწიფოს წარმოადგენდა, მას შეიარაღებული ძალით მისი დამორჩილება არ შეეძლო. მაშინ იმერეთის მეფეს შეეძლო მოკლე დროში გამოეყვანა საომრად გამზადებული თითქმის ორმოცდაათი ათასი კაცი. მაგრამ მას შემდეგ რაც იმერეთის მეფეს განუდგა ოდიშის მთავარი დადიანი, ეს უკანასკნელი შეუთანხმდა დიდ სულთანს და ვალდებულება იკისრა მისთვის მიეწოდებინა რკინის გარკვეული რაოდენობა იმ პირობით, რომ იმერეთთან ომის შემთხვევაში დიდი სენიორი მას ტრაპიზონის, ერზერუმისა და ყარსის საფაშოებიდან 20 ათასამდე ცხენოსანს მიაშველებდა3.
1. დონ ქრისტოფორო დი კასტელი, გვ. 50-51.
2. იქვე, გვ. 22.
3. ტავერნიე ჟან ბატისტ, დიდი სენიორის სამეფო კარის ახალი აღწერა, ფრანგულიდან თარგმნა და გამოსცა კ. გურულმა, თბ., 1974, გვ. 235.
იმავე ავტორის მიხედვით, შეიძლება ითქვას, რომ ოსმალები დასავლეთ საქართველოს მბრძანებლებს შორის ყველაზე დიდ მოკრძალებას ლევან II დადიანის მიმართ იჩენდნენ, რაც კარგად მჟღავნდებოდა დადიანის ელჩის ოსმალეთის დიდ ვაზირთან ვიზიტის დროს. „ყოველთვის, როდესაც იგი დიდვაზირთან ვიზიტად მიდიოდა, თავზე თეთრ ქუდს იხურავდა, რითაც ყველა ქრისტიანის განცვიფრებას იწვევდა, რადგან იგივე რომ სხვა რომელიმე ქრისტიანს ჩაედინა, მას სიკვდილი ან გამაჰმადიანება არ ასცდებოდა. ეს ფაქტი გვიჩვენებს, როგორ უფრთხილდებოდა დიდი სენიორი (სულთანი _ე.მ.) სამეგრელოს მეფესთან მეგობრობას და როგორ ცდილობს არაფერი აწყენინოს მის წარმომადგენელს. მან კარგად იცის, რომ მეგრელები არავის არაფერს უთმობენ, სულ უბრალო საბაბით ხმალზე ხელს იკრავენ და ვინც აწყენინებს, ის ვერაფერს მოიგებს“.
ოსმალეთის „ლმობიერი“ პოლიტიკა დასავლეთ საქართველოში, პირველ რიგში, თვით ოსმალეთის, სისუსტეში მდგომარეობდა. ამავე დროს ოსმალეთის ხელისუფლებისათვის ცნობილი იყო დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების დიპლომატიურ კონტაქტები რუსეთთან და ისიც, რომ უკმაყოფილო ქართველებს შეეძლოთ კაზაკები ოსმალეთის წინააღმდეგ წაექეზებინათ და მხარშიც დასდგომოდნენ. ყოველივეს გათვალისწინებით, ოსმალეთის ინტერესებში არ შედიოდა მოცემულ ეტაპზე ქართულ სამეფო-სამთავროებთან ურთიერთობის გართულება. შეიძლება გავიხსენოთ ჩვენი ისტორიოგრაფიისათვის ნაკლებად ცნობილი ისეთი მაგალითი, რომლითაც ნათელი გახდება დასავლეთ საქართველოს ოსმალეთთან ურთიერთობის დონე და თავისებურებანი: ირანთან ომის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე, 1567 წელს, სულთანი მოლაპარაკებას აწარმოებდა ოდიშის მთავართან, რათა მას ომის დროს, ქართლში შესაჭრელად თავის სამფლობელოებზე ოსმალთა ჯარი გაეტარებინა. მაგრამ უარი მიიღო1. ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ნათელი შეიქმნა ამიერკავკასიაში სამხედრო ოპერაციების წარმოების სირთულე, სულთანმა ანგარიში აღარ გაუწია ოდიშის მთავრის აზრს, ფოთი დაიპყრო და მდ. რიონის ზღვასთან შესართავთან კუნძულზე ციხე ააშენა1. ოსმალების მიერ ამ ციხის მშენებლობაზე, ესპანეთის მეფის ინფორმატორებმა საინტერესო ცნობები დაგვიტოვეს.
1. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, გვ. 183.
ესპანეთის, ისევე, როგორც ევროპის სხვა სახელმწიფოების მთავრობის ინტერესი საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით გაძლიერდა ირან-ოსმალეთის მეორე ომის დროს (1578-1590). 1579 წლის გაზაფხულიდან სხვადასხვა ინფორმატორები ესპანეთის სამეფო კარზე სისტემატურად აგზავნიდნენ ცნობებს ომის მსვლელობის შესახებ. მათში საკმაოდ მოიპოვებოდა ცნობები საქართველოზეც. 1579 წლის 9 და 24 აპრილს ხუან დე იდიაკესი კონსტანტინოპოლიდან ესპანეთში აგზავნის სხვადასხვა შინაარსის ცნობებს, მაგრამ ადრესატის ვინაობა არ ჩანს. ამ ცნობებიდან ჩვენთვის საყურადღებოა შემდეგი: 9 აპრილის წერილში ზოგადად ნათქვამია, რომ თურქების წინააღმდეგ გაერთიანდნენ ქართველები და სპარსელები. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თურქებმა შავი ზღვის სანაპიროზე ერთი ადგილის გამაგრება დაიწყეს. ეს „ერთი ადგილი~2 უნდა იყოს მდ. რიონის შავ ზღვასთან შესართავში, სადაც ოსმალებმა, როგორც ითქვა, ფოთის ციხის მშენებლობა განიზრახეს.
1579 წლის 8 ივლისის წერილში საინტერესო ცნობებია თურქების მიერ წარმოებულ იმავე მშენებლობაზე. აქვე მოკლედ, მაგრამ გასაგებად არის ნათქვამი ქართველების დამოკიდებულებაზე ამ ღონისძიების მიმართ: „გაგზავნილია 55 გალერი, უფრო მეტად საბარგო, ვიდრე სამხედრო ძალებისათვის საჭირო, რომლებზედაც გაგზავნეს ადამიანები და სათადარიგო ნაწილები, რომლებიც აუცილებელი იყო ორი ციხესიმაგრის ასაგებად ყარსსა და ფაზოში. მაგრამ, ვფიქრობ, რომ ამის გაკეთების უფლებას არ მისცემენ, რამდენადაც ეს მშენებლობა არის სპარსელებსა და ქართველებს შორის კავშირის საწინააღმდეგო“3. ოსმალეთის ხელისუფლებას ფოთის ციხის აგებით უნდოდა პლაცდარმი შეექმნა, რათა საზღვაო გზით სამხრეთ კავკასიაში არა მხოლოდ თავისი, არამედ ყირიმელი თათრების ჯარიც სწრაფად და ნაკლები დანაკარგებით გადაეყვანა. ოსმალებმა ეს გეგმა სრულად ვერ განახორციელეს. მათ ციხე კი ააშენეს, მაგრამ ჯარის გატარება დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით ვერ შეძლეს ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო4.
1. არქანჯელო ლამბერტი, გვ. 172.
2. დოკუმენტები, გვ. 309, დოკ. #4.
3. იქვე, გვ. 311-312, #6.
4. მამისთვალიშვილი ე., დასახ. ნაშრ., გვ. 191-192.
ესპანელი დამკვირვებლების ყურადღება კვლავ მიპყრობილი იყო განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ფოთის ციხის მშენებლობისაკენ. მათი აზრით, ოსმალები ფოთის ციხის აგების შემდეგ გააკონტროლებდნენ მთელ დასავლეთ კავკასიას. „როგორც კი ეს ციხე აგებული იქნება, იქ შეიძლება დასვან ბატონად თურქი, უგასიის1, სამეგრელოსა და ასევე ჩერქეზეთის საწინააღმდეგოდ“. მაგრამ ციხის მშენებლობა ფერხდებოდა სამეგრელოს მთავრის ბაჩიას2 წინააღმდეგობის გამო3.
ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით, კრისტობალ დე სალასარი 1579 წლის 3 სექტემბერს ვენეციიდან ფილიპე II-ს კვლავ აცნობებდა: „ლუჩიალიმ4 ვერ შეძლო აეგო დანიშნული ციხესიმაგრე მდ. ფაზისზე, სამეგრელოში, ქართველების საზღვარზე იმის გამო, რომ ვერ მოახერხა ზღვიდან ხმელეთზე გადაეტვირთა მასალა და მიეღო დახმარება კონსტანტინოპოლიდან, რაც მუსტაფამ ითხოვა... 3 დღის წინ მოვიდა ლუჩიალის მიერ გამოგზვნილი პატარა გალერა, რათა ეცნობებინა იმის შესახებ, რაც გააკეთა და რაც მოხდა, ე. ი. რომ მან ვერ შეძლო აეგო ციხესიმაგრე იქ, სადაც მას ნაბრძანები ჰქონდა და რომ მან დაიწყო მისი აგება 30 მილით ქვემოთ, ზღვის ახლოს დამთავრებულია მიწისა და ხის ნახევარი სამუშაოები. არა აქვს კირი, ხოლო ცოტა რაც ჩაიტანა, გაუთავდა და რომ იგი ელოდება პასუხს: რა ქნას?“5 ცნობილი არ არის რა უპასუხეს მას, მგრამ იმავე კრისტობალ დე სალასარის მიერ ვენეციიდან ესპანეთის მეფისათვის გაგზავნილი წერილით (1579 წლის 15 ოქტომბერი), ვიგებთ, რომ „ლუჩიალი არ დაბრუნდა კონსტანტინოპოლში, ეჭვობენ, რომ ეს მოხდა მისი ზოგიერთი წარუმატებლობის გამო“6.
1. უგასია არის ავოგასია, ანოგაზია, ავობაქსია და ნიშნავს ჯიქეთს. მამისთვალიშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, გვ. 447-451.
2. ეს უნდა იყოს გიორგი IV Dდადიანის (1546-1573, 1574-1582) დამახინჯებული სახელი.
3. დოკუმენტები, #8, გვ. 318.
4. ცნობილი მეზღვაური ეულდი ალი. იქვე, გვ. 104.
5. იქვე, დოკ. #10, გვ. 321-322.
6. იქვე, დოკ.. #11, გვ. 323.
ქართველებს მშვენივრად ესმოდათ ოსმალების მიზანი და ყოველნაირად უშლიდნენ ხელს გეგმის განხორციელებაში. „ამის მიზეზი ის იყო _ ამბობს ლამბერტი _ რომ იმ ხანებში თურქების სულთანი ამურატი ომობდა ირანელებთან. მან აიღო თბილისი და აპირებდა მთელი ირანის დაპყრობას. ამ საქმის შესასრულებლად მას უნდოდა საქართველოს გზა გაეხსნა თავისთვის და დაეჭირა ამ გზის გასაღები _ ქალაქი ქუთაისი, რათა ჯერ ზღვით და მერე ფაზისით ჩქარა და ნაკლები ზარალით გაეგზავნა თავისი ჯარები ირანისაკენ“. ოსმალები თავიანთი გალერებით აჰყვნენ მდ. რიონს და ქუთაისისკენ წავიდნენ. მაგრამ ქალაქის მახლობლად, მდინარის შევიწროვების ადგილას თოფებით შეიარაღებულმა ქართველებმა ისეთი ცეცხლი გაუხსნეს მომხვდურთ, რომ ისინი იძულებული გახდნენ უკან გაბრუნებულიყვნენ და ამის შემდეგ ფოთში ის ციხე ააშენეს რომელზეც ლამბერტი აღნიშნავდა. ფოთის ციხე შემდეგში ოდიშის მთავარ ლევან II დადიანს დაუნგრევია და იქიდან 25 ზარბაზანი წაუღია.
განსაკუთრებით საინტერესოდ მეჩვენება ლამბერტის ნათქვამი ლევან დადიანის მიერ ამ ციხის დანგრევის შესახებ, რომელიც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის შესაბამისი პერიოდის ოსმალეთის სახელმწიფოში მმართველობის სისტემის მოშლაზე: „სულთანმა ეს ამბავი (ფოთის ციხის დანგრევა _ე.მ.) არ იცის. მიზეზი ამისა თურქეთის მოხელეთა ანგარებაა. იგინი არ ატყობინებენ ციხის დანგრევის ამბავს სულთანს და იღებენ ჯამაგირს უწინდებულად, თითქოს ციხე არსებობდეს“1.
1. არქანჯელო ლამბერტი, გვ, 172.
ყოველივე ის რაც ზემოთ ითქვა ოდიშის სამთავროსა და ოსმალეთის სახელმწიფოს ურთიერთობაზე, ნათელს ხდის, რომ დადიანი, რათა თავიდან აეცილებინა უაზრო გართულებები, ფორმალურად მაინც აღიარებდა სულთნის სიუზერენობას. არქანჯელო ლამბერტის მიხედვით, იმისათვის, რათა ძლიერი მეზობლის აგრესია თავიდან აეცილებინა, დადიანი სულთანთან დამეგობრებას ცდილობდა ისე, რომ მისი რეპუტაცია არ დაზარალებულიყო. ამისათვის იგი ყოველ წელიწადს სულთნის ვაზირებს „ფეშქაშებს“, ხოლო სულთანს კი ყოველ ორ წელიწადში „ხარჯს“ უგზავნიდა. „ამნაირად დადიანი თავის ნებით გახდა თურქეთის მოხარკე. ხოლო მთავრის ღირსებას ისე შეუბღალავად იცავს, რომ არასოდეს არავითარს ბრძანებას თურქეთიდან მოსულს არ ასრულებს“1.
ლამბერტის მიხედვით, ლევან II დადიანი ოსმალეთთან ურთიერთობაში იცავდა იმ ტრადიციულ ნორმებს, რომლებიც ჯერ კიდევ მისი წინაპრების დროს ჩამოყალიბდა. ნათქვამის საილუსტრაციოდ მისიონერს მოჰყავს შემდეგი: 1635 წელს სულთან მურად IV-მ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ლაშქრობისას, ერევნის ალყის დროს, დახმარება სთხოვა ლევან დადიანს, მაგრამ უარყოფითი პასუხი მიიღო2.
როგორც ჩანს, ლევან დადიანი არც იმ ვალდებულებას ასრულებდა, რომელიც დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთვროებს ოსმალეთის მიერ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში სამხედრო ოპერაციების წარმოების დროს დახმარებას აკისრებდა და ამის შესახებ გარკვევით იყო ნათქვამი, დასახელებული სულთნის მიერ, გიორგი სააკაძისათვის 1626 წელს მიცემულ სიგელში3.
„მეორე პოლიტიკური ხერხი“, რომელსაც დადიანი ოსმალების მოხელეებისა და ელჩების მიმართ იყენებდა, იყო მათთვის ოდიშის სამთავროს რაც შეიძლებოდა ღატაკ და გაუსაძლის ქვეყნად ჩვენება. „ყველა ამ ღონისძიებას ხმარობდა დადიანი იმისათვის, რომ კონსტანტინოპოლში ცუდი აზრი ჰქონოდათ ამ ქვეყნის შესახებ და ხონთქარს აზრადაც არ მოსვლოდა არც ხარკის მომატება და არც ქვეყნის სრულად დაპყრობა“4.
1. იქვე, გვ. 24.
2. იქვე.
3. ჯიქია ს., დასახ. ნაშრ., გვ. 236-240.
4. არქანჯელო ლამბერტი, გვ. 25-26.
ოსმალეთის გავლენის სისუსტე დასავლეთ საქართველოში რელიეფურად გამოჩნდა მაშინაც, როდესაც ლევან II დადიანი ირანის ქვეშევრდომ როსტომ მეფეს დაუნათესავდა და ოდიშის სამთავრო ირანის მოკავშირედ გამოაცხადა. სულთანმა ამის გამო იმდენად უარყოფითი რეაქცია არ გამოამჟღავნა, როგორიც ამგვარ ვითარებაში მისგან მოსალოდნელი იყო. ერთი შეხედვით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ დადიანის მიერ პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლაზე (როსტომისა და მარიამის დაქორწინება, დადიანის ურთიერთობა შაჰთან, მისი კავშირი კაზაკებთან) სულთნის რეაქცია იყო 1634 წლის მაისში ოსმალეთის საზღვაო დესანტის მიერ კოდორის მიდამოებისა და დრანდის მონასტრის სასტიკად აკლება. თითქოს ეს უნდა ყოფილიყო დადიანისათვის სერიოზული გაფრთხილება1.
თურქი ისტორიკოსები _ ქათიბ ჩელები და მუსტაფა ნაიმა გადმოგვცემენ, რომ „ჩილდირის (ახალციხის) ბეგის საფარის ცნობით, ირანი, დადიანი და გურიელი გაერთიანდნენ და 30000-მდე ურწმუნო საქართველოს მოსახლეობა. დადასტურდა, რომ დადიანის და გურიელის მეშვეობით შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე გონიოსა და ტრაპიზონს საფრთხე ელოდებაო. ამიტომ აუცილებელია ხმელეთიდან ჯარისა და სამეფო ფლოტის გამოგზავნა, იმ მხარეს დაცვა და დადიანისა და გურიელის ვილაიეთების დარბევაო“2. თუ საფარ-ფაშას ინფორმაცია სერიოზულად აღიქვეს სტამბოლში და დასწრებითი ღონისძიება გაატარეს, მაშინ იბადება კითხვა, რა შუაში იყო ოსმალების მიერ კოდორის მიდამოების აკლება3? ხიფათი ხომ გონიოსა და ტრაპიზონს ემუქრებოდა.
1. იხ. ანთელავა ი., დასახ. ნაშრ., გვ. 90-91.
2. ალასანია გ., ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. თურქულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ. 1978, გვ. 236; მუსტაფა ნაიმა, გვ. 190-191.
3 გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, II, გვ. 425; რეხვიაშვილი მ., იმერეთის სამეფო, გვ. 95; სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, გვ. 237.
მოვლენების შემდგომი განვითარება და ლევან დადიანის მოქმედება არ ადასტურებს იმას, თითქოს მან მორჩილება გამოუცხადა ოსმალეთს1. უფრო სწორი იქნება იმის დაშვება, რომ ეს სამხედრო ექსპედიცია იყო პასუხი ლევან დადიანის მიერ იმავე წელს აფხაზეთის დალაშქვრისა, მისი აფხაზეთში წინსვლის შეჩერებისა. ვფიქრობ, ოსმალებმა ამიტომ დაარბიეს აფხაზეთის მოსაზღვრე ოდიშის ტერიტორია. ოსმალებს, რომ სამთავროს წინააღმდეგ სერიოზული სამხედრო ღონისძიებების გატარება სდომებოდათ, მაშინ ოდიშის სამთავროს სხვა მხრიდან შეუტევდნენ. მინიშნებებით დადიანისათვის ჭკუის სწავლების მცდელობა, ოსმალეთის სახელმწიფოს ავტორიტეტს კიდევ უფრო ლახავდა იმ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის პრობლემის გადაწყვეტისას, რომელიც XVII ს. 30-იანი წლების დასაწყისში ოსმალეთს ამიერკავკასიაში, კერძოდ, საქართველსთან მიმართებაში შეექმნა.
როგორც ითქვა, დასაშვებია, ოსმალეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ექსპედიცია მდ. კოდორის დაბლობზე, მიზნად ისახავდა დადიანის აფხაზეთზე წარმატებული თავდასხმების შეჩერებას. ილორის წმ. გიორგის ხატზე წარწერა მოგვითხრობს ლევან დადიანის მიერ 1627 წელს აფხაზეთის დალაშქვრას: „... მიუხდით შარვაშიძესა ზუფუს, მუწუს წყალსა აქათ მოვაოხრეთ. _ კიდევ მეორედ მიუხდით ზუფუს, კაპოეტის წყალს აქათ სრულობით დავსწვით და ავაოხრეთ და სადაცა სიმაგრე იყო ავიღეთ და გავაცუდეთ. კაპოეტის წყალზე შემოგვებნენ ზუფუარი და სიხუარი არშანიები და გაგვემარჯვა, დავხოცეთ, ზოგი ხელთ დაგვრჩა...“2. ლევან დადიანისა და მისი მეუღლე ნესტან-დარეჯანის მიერ შემდგომ, 1628 წელს ბიჭვინთის ტაძრისადმი ყმებისა და მამულების შეწირვა3 იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ მან სერიოზულ სამხედრო წარმატებას მიაღწია და თავისი ხელისუფლება დროებით გაავრცელა თითქმის მთელ ზღვისპირა აფხაზეთზე. როგორც ჩანს, ლევან დადიანი სისტემატურ კონფრონტაციაში იყო აფხაზებთან და წარმატებებსაც აღწევდა. დადიანის ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგებოდა ოსმალეთის ინტერესებს ამ რეგიონში, სადაც თავისი გავლენის გავრცელებას ცდილობდა. ოსმალეთის მიერ განხორციელებული სამხედრო-საზღვაო ექსპედიცია ოდიშის სამთავროს აფხაზეთში წინსვლის შეჩერებას ისახავდა მიზნათ. ოსმალეთის ხელისუფლება კოდორის მიდამოების აკლებით ლევან დადიანს მიანიშნებდა, რომ იგი თავისი სამთავროს საზღვრებში დატეულიყო. იმავე დროს აფხაზ ფეოდალებს უნდა ეგრძნოთ, რომ ოსმალეთის მფარველობაში შესვლით მათ დამცველი შეიძინეს და თანაც ისინი ოდიშის სამთავროზე თავდასხმებისაკენ წააქეზა, სულთან მურადი ოდიშის მთავრის ოსმალეთის მორჩილებიდან გასვლას რომ არ იმჩნევდა და კოდორის ექსპედიციის შემდეგაც ცდილობდა მთავრისათვის შეეხსენებინა მისი ვალდებულებები სიუზერენის წინაშე, გამოჩნდა 1635 წელს, როდესაც ოსმალეთის ჯარი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში შეიჭრა და ერევანს მიადგა.
1. გვრიტიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან, II, გვ. 425; სვანიძე მ., საქართველო-ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, გვ. 237.
2. ქრონიკები, II, გვ. 447.
3. იქვე, გვ, 451-452.
მურად IV-მ, რომელიც ჯარს თვითონ სარდლობდა, „შემოუთვალა დადიანს, შენ ჩემი მოხარკე ხარ და რადგანაც ერევანი შენი სამეფოს მახლობლად არის, რიგია მოხვიდე და დამეხმაროო. ამაზე დადიანმა უპასუხა, არასოდეს არც მე და არც ჩემს წინაპრებს ვალად არ გვედო თქვენი და თქვენის წინაპრების ომში სამსახურიო და ამიტომაც არც ახლა გიახლებითო. ამასთანავე გაიხსენეთ, რომ ხარკს იმიტომ კი არ გაძლევთ, რომ პირდაპირ თქვენი ბატონობა მეცნოსო, არამედ იმიტომ, რომ თქვენ ჩემს საზღვარში ჯარით არ შემოხვიდეთო. და თუ ამას იზამთ, მე მყისვე მოგისპობთ ხარკს და ადვილად შევიძლებ ჩემის ჯარით დავიცვა სამთავროო“1. თუ ლამბერტის ეს ცნობა სიმართლეს შეეფერება, მაშინ გამოდის, რომ ნაიმას გადმოცემა იმის შესახებ, რომ ერევანთან სულთანს „მიერთვა გურიის ქვეყნების საჩუქრები და ხარაჯა“2, ისინი მხოლოდ გურიის მთავრის მიერ გაგზავნილი უნდა ყოფილიყო. მაგრამ საყურადღებოა ისიც, რომ გურიელის ლაშქარი არ მონაწილეობდა ოსმალეთის აღმოსავლეთ ამიერკავკასიიაში ლაშქრობაში.
1. არქანჯელო ლამბერტი, გვ. 24.
2. ჩოჩიევი ვ., ირან-ოსმალეთის 1639 წლის ზავი და საქართველო. წიგნში: ნარკვევები მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიიდან (ფეოდალური ხანა), თბ., 1957, გვ. 365.
ძნელია იმის თქმა, რამდენად სწორად იყო ინფორმირებული არქანჯელო ლამბერტი დადიანისა და სულთნის მიმოწერის შესახებ და რამდენად სწორად გადმოგვცემს იმას რასაც გადმოგვცემს, მაგრამ მაინც საინტერესოა, მისი ნათქვამი სულთნის მოქმედებაზე ოდიშის მთავრის შემონათვალის გაგების შემდეგ. თურმე, სულთანმა დადიანს არაფერი უპასუხა. იგი დარწმუნებული იყო მის სამართლიანობაში, რომლის სიმტკიცეს უზრუნველყოფდა ის, რომ სამთავროში ჯარით შესვლა ურჩი მთავრის დასაჯელად, ბუნებრივი პირობების და მკვიდრი მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო, მარცხისთვის განწირული იყო1.
ოსმალეთის მთავრობამ ისიც კარგად იცოდა, როგორი ურთიერთობა დამყარდა ოდიშის სამთავროსა და ირანს შორის ლევან დადიანის დის, მარიამის, როსტომ ქართლის მეფეზე დაქორწინების შედეგად. არ შეიძლება სულთანს არ სცოდნოდა, აღნიშნული ქორწინების შემდეგ, 1634 წელს, ოდიშში შაჰის ელჩის ჩამოსვლა, რომელმაც ლევან დადიანს შაჰ სეფის მიერ გამოგზავნილი სპილო მიართვა2. ბუნებრივია, ოსმალეთთან ომის განახლების მოლოდინში მყოფი შაჰ სეფი, სპილოსთან ერთად სხვა ბევრ რამესაც გამოუგზავნიდა ძლიერ მთავარს. ი. ანთელავა, ჩემი აზრით, სრულიად სწორად ვარაუდობს, რომ ირანის ელჩსა და დადიანს შორის მოლაპარაკება უმთავრესად, კარს მომდგარ ომს შეეხებოდა. ომის დაწყების შემთხვევაში ოდიშის მთავარს არ უნდა დაეშვა თეიმურაზისა და იმერეთის მეფე გიორგის ქართლის სამეფოში შეჭრა. მის წინაშე დასმული ამ ამოცანის ნაწილი უნდა ყოფილიყო ირან-ოსმალეთის ომის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ლევან დადიანის თავდასხმა იმერეთზე3.
1. იქვე, გვ. 24-25.
2. ანთელავა ი., დასახ. ნაშრ., გვ. 91.
3. იქვე, გვ. 92.
დონ ქრისტოფორო დე კასტელმა საინტერესო ცნობა შემოგვინახა დადიანის პოლიტიკაზე ირანის მიმართ: „ამასთან (დადიანს _ე.მ.) მოხერხებულად აქვს კავშირი გაბმული და მორჩილებს ირანის ხელმწიფეს, რომელთანაც სამმაგი მზის ბრუნვის განმავლობაში უნდა გაგზავნოს ხოლმე ერთი დიდბატონთაგანი თავისი სამეფოს _ კოლხეთის დესპანთან ერთად, ძალიან ძვირფასი და დიდებული საჩუქრებით. გარდა ამისა, უნდა გაუგზავნოს გაწვრთნილი მონადირე ძაღლები, დიდრონი ქორები, სპილოები (?) და სხვა უამრავი ძვირფასეულობა“1.
ლევან დადიანის მიერ სულთნის ინტერესისა და მოთხოვნის საწინააღმდეგო მოქმედების დემონსტრირების კიდევ ერთი ფაქტი იყო სამცხის ათაბაგის ასულის, სილამაზით სახელგან- თქმული ელენეს გაგზავნა ირანში.
ელენე გურიაში მოღვაწე კათოლიკე პატრებს, განსაკუთრებით კი ქრისტოფორე კასტელს დაუახლოვდა და ამის გამო მოხვდა მისი თავგადასავლის ზოგიერთი ეპიზოდი მისიონერების მიერ რომში გაგზავნილ მოხსენებებში2.
გაბრიელ გეგენავა _ ლევან II-ის ელჩი მოსკოვში ლევან დადიანი ზემოაღნიშნულ პოლიტიკური მნიშვნელობის ნაბიჯებს როდესაც დგამდა და ოსმალეთის სულთნის მიმართ გამომწვევად იქცეოდა, ოსმალეთის გართულებულ საერთაშორისო მდგომარეობას ითვალისწინებდა. მაგრამ ეს ხდებოდა გარკვეულ დრომდე.
1635 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი. მაშინვე გამოჩნდა ირანის სამხედრო სისუსტე და დაკვირვებულ პოლიტიკოსს არ გაუძნელდებოდა იმის განჭვრეტა, რომ მომავალში ირანი, დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის შემაკავებელი ძალა ვეღარ იქნებოდა. ბუნებრივია ქართლის მეფე როსტომიც ვეღარ შესძლებდა, საჭიროების შემთხვევაში ოდიშის მთავრისათვის ქმედითი დახმარება გაეწია. ასე, რომ ოდიშის სამთავრო მარტო რჩებოდა არაკეთილგანწყობილი მეზობლების წინაშე.
1. დონ ქრისტოფორო დე კასტელი, გვ. 55.
2. მამისთვალიშვილი ე., ელენე ათაბაგი და დონ ქრისტოფორო დე კასტელი. „ჩვენი უნივერსიტეტი“, სსიპ გორის სასწავლო უნივერსიტეტის ყოველთვიური ჟურნალი, #1, იანვარი, 2011, გვ. 37-41.
შექმნილ ვითარებაში ლევან დადიანმა ყველაზე სწორად ჩათვალა დაკავშირებოდა მოსკოვს. ამგვარი მოქმედებისაკენ მას უბიძგებდა კახეთის მეფე თეიმურაზის მიერ, ცოტა ხნის წინათ (1635 წ.), იმავე მოსკოვში, თავისი ელჩის მიტროპოლიტ ნიკიფორე ბერძენის გაგზავნა. თეიმურაზის წერილში დადიანი ნახსენები იყო მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, რომ როცა ქართლის მეფისა და დაუთ-ხან უნდილაძის დასასჯელად შაჰმა ჯარი გამოგზავნა, თეიმურაზი მათ დასახვედრად ემზადებოდა, მაგრამ ერთი მხრიდან დადიანი და მეორედან კი მისი დის სპარსელი ქმარი (თეიმურაზ მეფე როსტომს გულისხმობდა) თავიანთი ჯარებით წამოვიდნენ. მათ ქართლ-კახეთის მეფე აიძულეს იმერეთის სამეფოში გადასულიყო1.
იმის გამო, რომ დადიანი და მისი მოდგმა არამეფური წარმოშობისა იყო, როგორც თეიმურაზ მეფის ელჩი ნიკიფორე მოსკოვში წარდგენილ თხოვნაში წერდა. ამიტომ იყო, რომ მისი და შაჰმა კი არ შეირთო, არამედ ხოსრო მირზამ. მან ხელმწიფის ყურადღება იმასაც მიაპყრო, რომ არასწორია ყიზილბაშების მიერ გავრცელებული ხმები, თითქოს დადიანი ერევნისათვის ბრძოლაში მონაწილეობდა. იგი ერევნამდე ვერ მივიდოდა, რადგან მას იქამდე მისასვლელი გზა არ გააჩნია. მისი სამფლობელოები ყოველი მხრიდან ჩაკეტილია. დადიანმა, რომ თავისი სამთავრო დატოვოს და ერევანში წავიდეს, მის სამფლობელოებს მაშინვე თურქები დაიკავებენ. დადიანის ყველა მეზობელი მისი მტერია2.
1. Полиевктов М., Материалы, с. 116.
2. Там же, с. 134.
ვიდრე დადიანმა მოსკოვის კართან კავშირის დამყარებისათვის ელჩი არ გაგზავნა, მანამდე თეიმურაზი და მისი ელჩი თავიანთ წერილებში, როგორც არაერთხელ აღინიშნა, დადიანს მხოლოდ გაკვრით ახსენებდნენ. როდესაც გეგენავას ელჩობა მოსკოვში უკვე ფაქტი იყო, თეიმურაზი ყოველნაირად ცდილობდა ოდიშის სამთავროსა და რუსეთის დაახლოებისათვის ხელი შეეშალა. ამგვარად, ლევან დადიანმა 1636 წელს თავისი ელჩი გაბრიელ გეგენავა გაგზავნა მოსკოვში, რომელიც იმავე წლის ივლისში უკვე ყაბარდოში იმყოფებოდა.
გაბრიელ გეგენავას პიროვნებაზე მცირე რამ არის ცნობილი. რუსული წყაროების მიხედვით, გაბრიელს, საელჩო პრიკაზში გამოკითხვისას უთქვამს, რომ „ის გავრილო ხუცესია, სწირავდა მეფე ლეონტის ეკლესიაში, სადაც იგი [დადიანი] დადის; იმავე დროს გალობს კარის ეკლესიაში“; „ასეთი სიგელი გამოუგზავნა დადიანის მეფე ლეონტიმ თავისი ელჩის, კარის ხუცესის გაბრიელის ხელით 12 დეკემბერს“; „ახლა კი მან მის მეფურ უდიდებულესობასთან გამოგზავნა თავისი კარის ხუცესი სახელად გავრილა“1. იგივე ამონარიდი ა. ტუღუშს გაგებული აქვს შემდეგნაირად: „ის გაბრიელი მღვდელია, იმ ეკლესიაში წირავს, სადაც მეფე ლევანი დადის; ის აგრეთვე (იერუსალიმის _ე. მ.) ჯვრის ტაძარში გალობს“; „ახლა კი მან მის მეფურ უდიდებულესობასთან გამოგზავნა თავისი ჯვარისმამა სახელად გავრილა“. რუსული წყაროს ამგვარი გაგება ა. ტუღუშს იმის საშუალებას აძლევდა, რომ გაბრიელ გეგენავა, მოსკოვში გამგზავრებამდე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვრად გამოეცხადებინა2, რაც, რუსული წყაროს მიხედვით, სიმართლეს არ შეეფერება.
რუსული წყაროს არასწორმა ინტერპრეტაციამ დასახელებული მკვლევარი იმ დასკვნამდე მიიყვანა, თითქოს გაბრიელ გეგენავა 1632 წლიდან, ნიკიფორე ირბახის რეკომენდაციითა და ლევან II დადიანის სურვილით იერუსალიმს ჯვარისმამად დაინიშნა3. როგორც თავის ადგილას ითქვა, ნიკიფორე ირბახი დიდი ხნის განმავლობაში (XVII ს. 20-40-იანი წლები) იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრის იღუმენი (ჯვარისმამა) იყო. ის ამ რანგში გაემგზავრა დასავლეთ ევროპაში და იქიდან დაბრუნების შემდეგაც შეინარჩუნა ეს საეკლესიო თანამდებობა. არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია იმის სათქმელად, რომ 1632 წელს ნიკიფორემ ჯვრისმამად გაგზავნა გაბრიელ გეგენავა, რომელიც იქ იმყოფებოდა ნიკიფორეს ჯვრის მონასტერში დაბრუნებამდე, ე.ი. 1643 წლამდე. მართალია ნიკიფორე დიდი ხნის განმავლობაში იერუსალიმში არ იმყოფებოდა (1625-1643 წწ.), მაგრამ იგი ჯვრისმამობას ინარჩუნებდა 1649 წლამდე. ამ წოდების შენარჩუნებაში ხელს არ უშლიდა ის გარემოება, რომ იგი იერუსალიმში არ იმყოფებოდა. მხოლოდ იერუსალიმიდან ნიკიფორეს დაბრუნების შემდეგ (1649 წ.), გაბრიელ გეგენავა ჯვრისმამად უნდა გაეგზავნათ. XVI საუკუნეში ჯვრისმამების მიერ იერუსალიმის მონასტრების საქართველოდან მართვა თითქმის ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა. შეიძლება ესეც იყო ქართული ეკლესია-მონასტრების მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი.
1. «Да и он-де Гаврило поп же, а служил у царя Леонта у его церкви, где он приходит; да он же-де поет и в хоромех у крестов»; «Такову грамоту прислал дадянской Леонтей царь послом своим с крестовым попом з Гаврилом декабря в 12 де»; «А ныне-де он послал к его великому царствию крестового своего попа имянем Гаврила». Там же, с. 149, 151, 152. მონიშვნა ჩემია.
2. ტუღუში ა., გაბრიელ გეგენავა _ უცნობი ჯვარისმამა, გვ. 33.
3. იქვე, გვ. 34-35.
გაბრიელ გეგენავას შესახებ, ვფიქრობ, სარწმუნო, მაგრამ არასახარბიელო ორიოდე ცნობა დაგვიტოვა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმა, რომელიც გეგენავას თანამედროვე და იერუსალიმში მიმდინარე ამბების საქმის კურსში იყო. მისი გადმოცემით, საქართველოში დაბრუნებულ ნიკიფორე ირბახს ჯვარისმამად დაუტოვია გაბრიელი, გვარად გეგენავა. ნიკიფორეს, 1658 წელს, ვალების დასაფარავად ვინმე მარკოზის ხელით იერუსალიმში თანხა გაუგზავნია. როდესაც ნიკიფორემ საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა, გადმოგვცემს დოსითეოსი, „ივერიელების ჯვრის მონასტერში თავის ნაცვლად დატოვა ვინმე გაბრიელი. ამ კაცმა თავისი უწესო ცხოვრებით მონასტერი დიდ ვალებში ჩააგდო, რომლის დასაფარი [თანხა], სხვათა შორის, ნიკოლოზმა [საქართველოდან] გააგზავნა, რომელიღაც მარკოზის ხელით. ათას ექვსას ორმოცდათვრამეტ წელს გაბრიელი მოვიდა იოპიაში1 მარკოზთან შესახვედრად, რომელსაც დაღუპვას უმზადებდა. ერთმა ნესტორიანელმა მარკოზი ზღვაში გადააგდო. მარკოზი დაიღუპა. გაბრიელმა აიღო [მარკოზის მოტანილი] ფული, რომლის ნაწილი მისცა მევახშეებს. თამასუქები თუმცა შეცვალა, მაგრამ [მევახშეებს] ძველი თამასუქები არ ჩამოართვა. მისგან გაგულიანებულმა ადამიანებმა, რა თქმა უნდა ყაჩაღებმა, გზაში გაძარცვეს ის კაცი, რომელსაც თამასუქები მიჰქონდა და [თამასუქები] წაართვეს. გაბრიელი ფიქრობდა, რომ თამასუქები განადგურდა, მაგრამ ისინი [სინამდვილეში] მევახშეებს ჰქონდათ“2.
ძნელი სათქმელია, რამდენად შეეფერება სინამდვილეს ის რასაც დოსითეოსი ქართველ ჯვარისმამებზე წერს, მაგრამ აღნიშნული საკითხების კვლევისას აუცილებლად გასათვალიწინებელია. ის კი თუ რა მიზანი ამოძრავებდა პატრიარქ დოსითეოსს ამის შესახებ, საკმაოდ დაწვრილებით აღვნიშნე ნიკიფორე ირბახის საქმიანობის განხილვისას. იმავე პატრიარქის მიხედვით, გაბრიელი თურქებმა მოკლეს, მაგრამ დროს არ უთითებს3.
1. იაფა - ქალაქი და ნავსადგური პალესტინაში. სავარაუდოა ნიკიფორემ მარკოზი ჯერ კიდევ ლევან II-ის სიკვდილამდე და მისივე შეწევნით გაგზავნა იერუსალიმში. თორემ აღნიშნულ 1658 წელს, დადიანის სიკვდილის შემდეგ, ამას ვეღარ მოახერხებდა, რადგან მაშინვე სამთავროში არეულობა დაიწყო.
2. მამისთვალიშვილი ე., საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 189.
3. იქვე, გვ. 209.
* * *
ხელმწიფე მიხეილ თეოდორეს ძეს ყაბარდოდან აცნობეს დადიანის ელჩის ჯერ ყაბარდოში მისვლისა, შემდეგ თერგში დაბინავების შესახებ. 1636 წლის 18 დეკემბერს ხელმწიფე გაეცნო რა თერგის ვოევოდების მოხსენებას, ბრძანა ელჩი მოსკოვში გაეგზავნათ. მეფის ბრძანების ამსახველი სიგელი თერგში გაიგზავნა 20 დეკემბერს, მაგრამ გაურკვეველი მიზეზით, სიგელმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია. მოსკოვიდან პასუხის მიუღებლობის გამო, თერგის ვოევოდებმა 1637 წლის 29 ოქტომბერს მოსკოვში გააგზავნეს წერილი, რომლითაც ელჩისადმი შემდგომი მოპყრობის განკარგულებას ითხოვდნენ. 1638 წლის 16 მარტს, გაიგზავნა მეორე ბრძანება ელჩის მოსკოვში გაშვების შესახებ. ბრძანება მიიღეს 13 ივნისს, გეგენავა კი 30 ივნისს გაემგზავრა1.
1. Полиевктов М., Материалы, с. 145.
ამგვარად ელჩი თითქმის 2 წელი შეყოვნდა თერგში 1. ვიდრე დადიანის ელჩი გზაში იყო, მის შესახებ თეიმურაზის ელჩს ნიკიფორე ბერძენს გამოჰკითხეს. გასაგები მიზეზების გამო, ნიკიფორემ დადიანის ქვეყანა, ხალხი, მისი ოსმალეთთან ურთიერთობა, ეკონომიკური მდგომარეობა, ყოველივე მუქ ფერებში დახატა2.
ცნობილი არაა დადიანის ელჩი როდის ჩავიდა მოსკოვში. იგი 1638 წლის 16 ნოემბერს უკვე საელჩო პრიკაზში იმყოფებოდა და დიაკების ფედორ ლიხაჩევის, მაქსიმ მატიუშკინისა და გრიგორი ლვოვის კითხვებს პასუხობდა.
ელჩმა კატეგორიული უარი განაცხადა ლევან დადიანის მიერ ხელმწიფისათვის გაგზავნილი სიგელი დიაკებისათვის გადაეცა. მას ჰქონდა ზეპირად დანაბარებიც, რომელიც ასევე ხელმწიფისათვის პირადად უნდა მოეხსენებინა. მან მათ აჩვენა მხოლოდ ერთი ფურცლის ორ გვერდზე, ორ ენაზე (ბერძნულად და ქართულად) დაწერილი სიგელი. როგორც ჩანს, დადიანმა თადარიგი დაიჭირა და მოსკოვში ქართულად დაწერილი სიგელის ბერძნული თარგმანიც გააგზავნა. სავარაუდოა, მას უნდოდა ადგილზევე გაეკონტროლებინა როგორი იქნებოდა მისი წერილის შინაარსი ბერძნულ თარგმანში.
გაბრიელმა, დასმული კითხვების მიხედვით, ილაპარაკა ოდიშის მთავრის სტატუსის, სამთავროს მოსახლეობის რწმენის, საეკლესიო იერარქიის, ხელოსნობისა და ვაჭრობის, შეიარაღების, სოფლის მეურნეობისა და სხვა საკითხებზე. ისიც თქვა, რომ მთავარს ომი ჰქონდა იმერეთის მეფესთან, მაგრამ ამჟამად მათ შორის მშვიდობაა.
1. როგორც თვით გაბრიელ გეგენავამ საელჩო პრიკაზში განაცხადა, იგი თერგში ორი წელი გააჩერეს («А не своей-де земли он поехал и прошлом в 144-м году ... и мешкал на Терке два годы: не отпустили его долго ко государю воеводы»). Там же, с. 147.
2. Там же, с. 143-144.
საინტერესოა გაბრიელის პასუხი დიაკების ორ უკანასკნელ კითხვაზე: როგორი იყო მთავრის ოჯახური მდგომარეობა და როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მას ოსმალეთის სულთანთან. ელჩმა უპასუხა, რომ დადიანი დიდი ხანია დაოჯახებულია, ჰყავს ორი ძე და ორი ასული. უფროსი უფლისწული ალექსანდრე 13 წლისაა, უმცროსი კი 6-ს. ასულები კი, ერთი უფროს ვაჟზე უფროსია, მეორე 11-ის. ელჩმა ლევან დადიანის ასულების სახელები არ იცოდა1.
რაც შეეხებოდა დადიანის ოსმალეთთან ურთიერთობას, ელჩის თქმით, ოდიშის ძველი მეფეები სულთანს ხარკში აძლევდნენ ქსოვილებს, მაგრამ რამდენს, არ იცოდა. ადამიანებს არ უგზავნიდნენ. ამჟამინდელი მეფე ლევანი არავითარ ხარკს არ უხდის2. 12 დეკემბერს გაბრიელ გეგენავა ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძემ მიიღო და მოისმინა დადიანის მიერ გაგზავნილი სიგელის შინაარსი. დადიანი გამოხატავდა მზადყოფნას ემსახურა მოსკოვის ხელმწიფისათვის და ითხოვდა მის ქვეყანაში ელჩის გაგზავნას სამეფო სიგელებით, რათა შესულიყო მისი მეფური მაღალი ხელის ქვეშ.
აუცილებლად უნდა ითქვას ლევან II-ის სიგელის იმ ერთ უმნიშვნელოვანეს ტენდენციაზე, რომელიც რუსთა ხელმწიფის წინაშე ოდიშის მთავარს წარმოაჩენდა, იმ ერთადერთ მბრძანებლად, რომელსაც უპირატესობა ჰქონდა სხვა მეფე-მთავრებთან შედარებით და რომელიც უნდა ყოფილიყო მოსკოვის დასაყრდენი საქართველოში. ამ მხრივ იგი გაგვახსენებს თავისი პაპას, ალექსანდრე II კახთა მეფეს, რომელიც ასევე ცდილობდა მოსკოვში ამგვარ პიროვნებად აღექვათ.
1. ქრისტოფორო კასტელისაგან ვიგებთ, რომ ლევან დადიანის ვაჟების სახელები იყო ალექსანდრე და მანუჩარი, ხოლო ასულებისა კი _ გული და ცირა. კასტელი სანდოა, რადგან მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა მთავრის კართან (დონ ქრისტოფორო დე კასტელი, გვ. 55). სხვა ცნობით, დადიანის ერთი ასული, ელენე, თეიმურაზ I-ის რძალი, უფლისწული დავითის მეუღლე ყოფილა (ქრონიკები, II, გვ. 474), რაც სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს. თეიმურაზისა და ლევან დადიანის ურთიერთობის ამსახველ მასალებში მათი ასეთი ნათესაობა აუცილებლად აისახებოდა. მაგრამ ამის გარეშეც თეიმურაზ მეფე და ლევან დადიანი საერთო პაპის _ ალექსანდრე II კახთა მეფის შვილიშვილები იყვნენ: თეიმურაზი მამის, ლევანი კი დედის მხრიდან.
2. Полиевктов М., Материалы, с. 147-150
ლევან დადიანი თავის სიგელში მიხეილ თედორეს ძეს სა ქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის ძალთა თანასწორობას შემდეგნაირად უხატავს: „ივერიაში იყო 5 ხელმწიფე. ორი მათგანი ირანის შახმა მოკლა, ხოლო დანარჩენი სამი სახელმწიფოს ხელმწიფობას ღვთის შეწევნითა და მისი მეფური დღეგრძელობით იგი, ლეონტი მეფე ფლობს. მას დიდი ხანია სურდა მისი დიდი ხელმწიფებისათვის ემსახურა, მაგრამ შესაფერისი დრო ვერ გამონახა, რათა ხელმწიფის წინაშე ქედი მოეხარა. ეხლა კი, მისი ძლიერი მეფობის წინაშე გამოვაგზავნე ჩემი კარის ხუცესი სახელად გავრილა... დიდმა ხელმწიფემ მოწყალება მოიღოს და მას (ლევან II-ს _ ე.მ.) ელჩი გაუგზავნოს თავისი სამეფო სიგელებით და თავისი მეფური მაღალი ხელის ქვეშ მიიღოს...“1
ლევან დადიანის სიგელში ყოველივე ნათლადაა გადმოცემული: შაჰის მიერ განადგურებულ ორ ქართულ სახელმწიფოში, რა თქმა უნდა, ქართლსა და კახეთს გულისხმობს. დადიანის ნათქვამი მოსკოვში ისე უნდა გაეგოთ, რომ ქართლისა და კახეთის მეფეებმა (ლეარსაბ II-მ და თეიმურაზ I-მა) იმდენად არასწორი პოლიტიკა გაატარეს ირანის მიმართ, რომ კატასტროფა განიცადეს. დანარჩენ სამ სახელმწიფოზე ლევან დადიანი ბატონობს. ოდიშის მთავარი მოსკოვის ხელმწიფეს სრულიად იოლ ამოცანს უსახავს: თუ იგი ლევან დადიანს, როგორც ერთადერთ რეალურ ქართველ ხელისუფალს მიიღებს თავის მფარველობაში და დაეხმარება, მაშინ მთელ საქართველოზე მისი გავლენა გავრცელდება.
1. Там же, с. 151-152
ი. ანთელავამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ ლევან II დადიანი არა მხოლოდ რუსეთის ხელმწიფის წინაშე იწონებდა თავს ხელმწიფობით, არამედ სხვადასხვა ქართულ სიგელებშიც თავის თავს ასევე უწოდებდა. მას თავის ტოლად რომ არ მიაჩნდა როსტომ მეფე, ჩანს მარიამისათვის გატანებულ მზითვის წიგნში: „ჩვენ ღმრთივ აღმატებულმან და ღმრთივ დამყარებულმან, ძლიერმან, უძლეველმან და არა სადა ძლეულმან ხელმწიფემან დადიანმან პატრონმან ლევან, მივათხოვეთ... ჩვენი და... ღმრთივ აღმატებულსა და მაღლის ხელმწიფისაგან დამყარებულსა მეფეთ მეფესა, პატრონსა როსტომს“. ამგავარად ლევანი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თვითონ ღმერთისგან არის („ღმრთივ დამყარებულია“), როსტომი კი მხოლოდ ხელმწიფისაგან, ე. ი. შაჰისაგან დამყარებულია1.
ლევან დადიანის მიერ საკუთარი თავის განდიდების მიდრეკილება უკვე ჩანს ოციან წლებში. 1628 წლის ბიჭვინთის სიგელში ვკითხულობთ: „ჩუენ ხელმწიფემან დადაინმა ბატონმა ლევან...“ 1636 წლის ხონის წმ. გიორგის ხატის წარწერაში _ „ხელმწიფემან დადიანმან პატრონმან ლევან...“ 1647 წლის ილორის ხატის შეწირულობის სიგელში იგი კვლავ „ხელმწიფე დადაინია“2.
მიხეილ თედორეს ძის დავალებით, დადიანის ელჩს სპეციალურად და დაწვრილებით გამოკითხეს ოდიშის სამთავროში მართლმადიდებლური ქრისტიანული რწმენისა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ3.
1639 წ. 24 მაისს გაბრიელ გეგენავას გამოუცხადეს, რომ მას სამშობლოში უშვებდნენ და მასთან ერთად მიემგზავრებოდა მოსკოვის ელჩი ფედოტ ელჩინი4. მას დაევალა „დადიანის მეფე ლეონტის რუსეთის სახელმწიფოსადმი ერთგულებასა და მუდმივ ქვეშევრდომობაზე დაფიცება“. ცალკე დავალება მიეცა მღვდელ პავლე ზახარინს. მას უნდა შეესწავლა „დადიანელების“ ქრისტიანული რწმენა და საეკლესიო მსახურება5.
ელჩები 1639 წლის 2 ივნისს მოსკოვიდან გავიდნენ და იმავე წლის 13 ნოემბერს უკვე ოდიშის სამთავროში იყვნენ. ფედოტ ელჩინმა ოდიშში ჩამოიტანა რუსეთის ხელმწიფის საპასუხო სიგელი ლევან დადიანთან, რომელშიც გარკვევით იყო ნათქვამი, რომ ხელმწიფე კმაყოფილი იყო დადიანის მოსკოვთან დაკავშირების სურვილით.
1. ანთელავა ი., დასახ. ნაშრ., გვ. 98.
2. ქრონიკები, II, გვ. 447, 451, 455, 461.
3. Полиевктов М., Материалы, с. 153-157.
4. Там же, с. 152.
5. Там же, с. 157.
გაბრიელ გეგენავას რუსეთში ყოფნის შესახებ ინფორმაციის მოსმენისა და მისი მოსკოვში ყოფნის დროს შეცვლილი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, დადიანის მოსკოვისადმი დამოკიდებულება სრულიად და საბოლოოდ შეიცვალა. მთავარი უკმაყოფილო იყო მოსკოვიდან დაბალი რანგის ელჩობის გამოგზავნითაც. იგი მის ამბიციებს არ მიესადაგებოდა. გადამწყვეტი მნიშვნელობა კი იმას ჰქონდა, რომ ლევან დადიანმა, პრაგმატისტმა პოლიტიკოსმა, ძალიან კარგად იცოდა, თუნდაც თეიმურაზის რუსეთთან ურთიერთობის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოეთის სახელმწიფო ოდიშის სამთავროს ქმედით დახმარებას ვერ გაუწევდა. ახლო აღმოსავლეთის ორ დიდ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში კი თითქმის ყველაფერი გარკვეული იყო. ამიტომაც მან მოსკოვის ელჩი ფედოტ ელჩინი მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ უხალისოდ მიიღო და ოდიშის სამთავროს რუსეთის მფარველობაში შესვლაზე სიტყვაც აღარ დაუძრავს.
ლევან დადიანის სგარეო პოლიტიკა საგრძნობლად შეიცვალა 1639 წელს ოსმალეთსა და ირანს შორის დადებული ზოჰაბის ზავის შემდეგ. ცნობილია, რომ ამასიის ზავის შემდგომ ირან-ოსმალეთს შორის დადებულ ყველა ხელშეკრულებაში, მნიშვნელოვანი ადგილი „გურჯისტანის„ საკითხს ეკავა. ზოჰაბის ზავით ამასიის ხელშეკრულებაში შეტანილი კორექტივი ის იყო, რომ სამცხე- საათაბაგო მთლიანად ოსმალეთის მფლობელობაში გადავიდა. დანარჩენი საქართველო ოსმალეთმა და ირანმა გავლენის სფეროებად გაიყვეს: დასავლეთს ოსმალეთი დაეპატრონა, აღმოსავლეთს კი ირანი. ამგვარად, დანაწილებულ საქართველოში ირან-ოსმალეთის პოლიტიკური ბატონობა უნდა დამყარებულიყო1.
1640 წლის 19 მაისს რუსი ელჩები ოდიშიდან გაისტუმრეს. ელჩებს თან მიჰქონდათ ლევან დადიანის საპასუხო სიგელი, რომელშიც აღარ იყო თხოვნა რუსეთის მხრიდნ ოდიშის სამთავროს დაცვა-მფარველობაზე. დადიანი ხელმწიფეს მხოლოდ იმას სთხოვდა, რომ მხატვრები და საღებავები გაეგზვნა ოდიშში ეკლესიების მოსახატად. ამით დასრულდა ლევან II დადიანის ურთიერთობა რუსეთთან2.
1. ჩოჩიევი ვ., დასახ. ნაშრ., გვ. 335.
2. ანთელავა ი., დასახ. ნაშრ., გვ. 101.
ლევან II დადიანმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ზოჰაბის საზავო ხელშეკრულება ირანს დასავლეთ საქართველოს საქმეებში ჩარევა უკრძალავდა, ოდიშის მთავარი ირანის იმედით ვეღარ იქნებოდა. იგი ოსმალეთის პირისპირ მარტო რჩებოდა. ამიტომ არ მგონია, დადიანის მოკავშირე ქართლის მეფე როსტომის თეიმურაზზე მოპოვებული გამარჯვება და ირანსა და ოსმალეთს შორის დადებული ზავი ოდიშის მთავრის რუსეთისადმი დამოკიდებულების შეცვლის მიზეზი ყოფილიყო1. ვფიქრობ, დადიანის მიერ დროებით რუსეთზე აღებული ორიენტაციის შეცვლის მთავარი მმიზეზი მკაცრი რეალობისათვის ანგარიშის გაწევა იყო. დადიანს აღარ აწყობდა არაფრის მომცემი რუსეთის ქვეშევრდომობის აღიარებით სულთანი და შაჰი გაეღიზიანებინა.
ითქვა, რომ როდესაც გაიგეს, რომ ოდიშის მთავრის ელჩი მოსკოვში მიდიოდა, მაშინვე სამთავროსა და მთავრის შესახებ გამოჰკითხეს იქ მყოფ თეიმურაზის ელჩს, ნიკიფორე ბერძენს. 1637 ივნისში ნიკიფორე და რუსეთის ელჩები საქართველოსკენ გამოეშურნენ. მაშინ გაბრიელ გეგენავა ჯერ კიდევ მოსკოვში მისული არ იყო. ნიკიფორე თეიმურაზ მეფესთან დაბრუნდა 1638 წლის აგვისტოში. იგი, ბუნებრივია, მეფეს მოახსენებდა რაც იცოდა ოდიშის მთავრის ელჩის მოსკოვში ვიზიტის შესახებ. თეიმურაზისა და იმერთის მეფე გიორგი III-სათვის სრულიად მიუღებელი იყო დადიანის მოსკოვთან დაკავშირება. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ოდიშის მთავრის მიერ რუსთ ხელმწიფესთან ელჩის გაგზავნის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქართველი მეფეების რუსეთთან ურთიერთობის ჩაშლა და ამ მხრიდან მათი სრული იზოლაცია იყო.
სავარაუდოა, თეიმურაზ და გიორგი მეფეებმა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა დადიანის მიერ მოსკოვში ელჩის გაგზავნის შესახებ, თეიმურაზის ინიციატივით, დადიანთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარება სცადეს. თეიმურაზ მეფე, რომ აღნიშნულ პერიოდში ოდიშში იმყოფებოდა, ამის შესახებ დედოფალმა ხორეშანმა საქართველოსკენ მომავალ ნიკიფორე ტოლოჩანოვს თერგში შეატყობინა. დედოფალი რუსეთის ელჩს პირდებოდა, რომ თეიმურაზის კახეთში დაბუნებას, მაშინვე აცნობებდა2. როგორც ჩანს თეიმურაზისა და იმერეთის მეფის ინიციატივა დადებითი შედეგით არ დასრულდა.
1. Накашидзе Н., Ук. труд, с. 143
2. Полиевктов М., Материалы, с. 231.
ლევან დადიანის ამგვარი პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, თეიმურაზ I-მა, 1639 წელს, მოსკოვში მეორედ გაგზავნილ ნიკიფორე მიტროპოლიტს გაატანა სიგელი, რომელსაც უკვე გავეცანით. მასში საკმაოდ დაწვრილებით ჩამოყალიბებული იყო ყველა ის 17 ბრალდება, რასაც თეიმურაზი და იმერეთის სამეფო კარი ოდიშის მთავარს უყენებდა1.
საინტერესოა, რომ, როგორც თეიმურაზი მოსკოვის ხელმწიფეს წერდა, თითქოს შაჰ სეფი თეიმურაზ მფესთან დაპირისპირებას, ლევან დადიანს აბრალებდა. ამის შესახებ კახეთის მეფისათვის თვით შაჰს მიუწერია2.
მაგრამ ყოველივეს რასაც თეიმურაზ მეფე მოსკოვში აცნობებდა, ლევან დადიანისათვის უკვე ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ითქვა, ლევან დადიანმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაგრძელებაზე უარი თქვა. თავისი სამთავროსათვის ჩრდილოეთიდან საიმედო ზურგის შექმნის, თეიმურაზ მეფის ყაბარდოელებთან კავშირში განხეთქილების შეტანისა და იმერეთის მეფე ალექსანდრეს წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირის გაჩენის მიზნით, ლევან დადიანმა ყაბარდოს დიდ თავადთან ალეგუკო შეგენუკოვთან კავშირი დაამყარა.
1640 წლის 1 მარტს მან თავისი აზნაური ყაბარდოში გაგზავნა და თავისი ვაჟისათვის ქალიშვილი სთხოვა3. იმავე წლის მაისში ლევან დადიანის კაცთან ერთად ოდიშში ჩავიდა ყაბარდოელი თავადის აზნაური და საქორწინო გარიგება წარმატებით დასრულდა. მაგრამ, როგორც რუსული წყაროებიდან ირკვევა, ალექსანდრე მეფესა და ყაბარდოელ თავადთა, ერთ ნაწილთან მაინც, კარგი ურთიერთობა არსებობდა4.
1. Переписка, с. 22-23.
2. Там же, с. 31.
3. Путешествие русских послов XVI-XVII вв., М.-Л., 1954, с. 206; Полиевктов М. А., Материалы, с. 157.
4. ბოცვაძე თ., საქართველო-ყაბარდოს ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 79.
რუსი ელჩების პირდაპირი და არაპირდაპირი ცნობები წარმოდგენას გვიქმნის თეიმურაზ მეფის დიპლომატიის ერთ მიმართულებაზეც. XVII ს. 50-იანი წლების დასაწყისში თეიმურაზ მეფემ კიდევ სცადა ოდიშის მთავართან მშვიდობიანი ურთიერთობისათვის მიეღწია. უფრო მეტიც, იგი რეალურად აფასებდა და დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებდა დადიანის სამხედრო ძალასა და პოლიტიკურ შესაძლებლობებს. ისიც ჩანს, თეიმურაზ მეფე სერიოზულად ფიქრობდა დადიანის ავტორიტეტის გამოყენებას ირანის შაჰთან თავისი ურთიერთობის დარეგულირებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად იგი ბევრს ცდილობდა. მას ჯერ ერთმანეთთან უნდა შეერიგებინა იმერეთის მეფე და ოდიშის მთავარი, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. სამეფო ტახტის დაბრუნების გზაზე, საყურადღებოა, რომ 1651 წლის გაზაფხულზე თეიმურაზ მეფე ოდიშში („სადადიანოში“) ჩავიდა. ამის შესახებ ქართველ და რუს ელჩებს აცნობა 25 მაისს ბალყარეთში ჩასულმა იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის აზნაურმა „ნიკილიმ“. მან ელჩებს უთხრა, რომ თეიმურაზ მეფე ამჟამად იმერეთში კი არ იმყოფებოდა, სადაც რუსი ელჩები მასთან შეხვედრას გეგმავდნენ, არამედ ოდიშის სამთავროში, მაგრამ რა მიზნით, ამის შესახებ „ნიკილიმ“ არ იცოდა“1.
29 ივლისს თეიმურაზის მეორე აზნაურმა რამაზანმა რომლის მოვალეობას რუსი ელჩების მომსახურება შეადგენდა, „რაჭაში“ მეფესთან ჩასულ რუს ელჩებს უთხრა: „სადადიანოს მეფე ლევანი მოვიდა და ქუთაისიდან ერთი დღის სავალზე დგას. იგი კარგი და კეთილი საქმისათვის მოვიდაო. დიდებული (მოსკოვის _ე.მ.) მეფის ელჩების ჩამოსვლამ მას შიში მოჰგვარა და ახლა მეფე ალექსანდრესთან და მეფე თეიმურაზთან შერიგება სურსო“2.
1. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 68.
2. იქვე, გვ. 74.
თეიმურაზის ლევან დადიანთან ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივას კიდევ უფრო სერიოზულ სახეს აძლევდა იგივე რამაზანი, როდესაც რუს ელჩებს „გაანდო“, რომ ლევან დადიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებამდე, თეიმურაზი მოსკოვისათვის განზრახული უფლისწულის ერეკლე/ნიკოლოზის გაგზავნაზე თავს შეიკავებდა. ძნელია იმის თქმა, რამაზანი რუსეთის ელჩების დეზინფორმაციას ახდენდა თუ სიმართლეს ეუბნებოდა (ნიკიფორე ტოლოჩანოვის მიხედვით, რამაზანს „წამოსცდა“), რომ „მეფე თეიმურაზი თავის შვილიშვილს ნიკოლოზს დიდ ხელმწიფეს მანამ არ გაუგზავნის, სანამ სადადიანოს მთავარს არ შეურიგდება და კახეთს არ დაიბრუნებსო“1.
ზუსტად ვერასოდეს გაირკვევა ლევან დადიანი მართლა თუ სთხოვდა თეიმურაზს მძევალს იმისათვის, რომ ოდიშის სამთავროსა და იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს შორის მშვიდობიანი ურთიერთობა დამყარებულიყო. ამგვარ ცნობებს ელჩებს თეიმურაზისა და ალექსანდრეს კარისკაცები და თვით მეფეებიც, აწვდიდნენ2, ალბათ, კონკრეტული მოსაზრებით: შეემზადებინათ ნიადაგი უფლისწულის მოსკოვში გაგზავნაზე უარის სათქმელად, ან იმ დროს გაგზავნისათვის, როდესაც ქართველი მეფეები ხელსაყრელად მიიჩნევდნენ. ასეთ ხმებს თეიმურაზი უარყოფდა3, მაგრამ იმგვარად, რომ ელჩები კიდევ უფრო მეტ გაურკვევლობაში დარჩენილიყვნენ.
რუს ელჩებს და, ალბათ, სხვა უცხოელ დამკვირვებლებსაც, კიდევ უფრო მეტად უჭირდათ სიმართლის დადგენა, როდესაც თეიმურაზის მიერ უარყოფის შემდეგ ცნობილი ხდებოდა მისი და ალექსანდრე მეფის დადიანთან მოლაპარაკების შესახებ. აგვისტოს ბოლოდან 2 სექტემბრამდე თეიმურაზ მეფე ოდიშში იყო ლევან დადიანთან. მაგრამ მან ალექსანდრეს და დადიანის შერიგება ვერ შეძლო ამ უკანასკნელის მიერ თეიმურაზისა და იმერეთის მეფისათვის წაყენებული მძიმე პირობების გამო4.
1. იქვე, გვ. 75-76.
2. იქვე, გვ. 79-81.
3. იქვე, გვ. 75.
4. იქვე, გვ. 78-79.
სავარაუდოა, ლევან II დადიანმა იცოდა თეიმურაზ მეფის განზრახვა მოსკოვის ხელმწიფესთან გამგზავრების შესახებ და იგი როგორც თავისი, ისე როსტომ მეფისა და შაჰ აბას II-ის ინტერესების მიხედვით, და, ალბათ, მათთან შეთანხმებითაც, ცდილობდა თეიმურაზის განზრახვის განხორციელება შეეფერხებინა. სხვაგვარად ვერ ავხსნი დადიანის მიერ თეიმურაზ მეფესთან თავისი კაცების მიგზვნას, იმ მოტივით, ვითომდაც მას ალექსანდრე მეფესთან შესარიგებლად კახეთის მეფის შუამდგომლობა ეწადა. თეიმურაზ მეფეს ოდიშის მთავრის არ სჯეროდა. მაგრამ ლევან დადიანმა მეფეს ისეთი ავტორიტეტული ადამიანები მიუგზავნა, რომ იგი იძულებული გახდა მათ ნებას დაჰყოლოდა და ზუგდიდში გაეშურა მთავართან მოსალაპარაკებლად. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა. დადიანმა მშვიდობის სანაცვლოდ ისეთი მოთხოვნა წამოაყენა, რომელსაც არც იმერეთის მეფე და არც თეიმურაზი დათანხმდებოდა. რა თქმა უნდა, დასავლეთ საქართველოს მეფე-მთავრების შერიგება ერთიანი საგარეო პოლიტიკური კურსის შემუშავებას წაადგებოდა. დასავლეთ საქართველოს ძალების ერთი საერთო, ქართული ინტერესებისაკენ წარმართვა, თეიმურაზ მეფეს როსტომ მეფის და, შესაბამისად, ყიზილბაშების წინააღმდეგ ომის წარმატებით წარმოების შესაძლებლობას მისცემდა. თუ მოვლენები ასე განვითარდებოდა, თეიმურაზს რუსთ ხელმწიფესთან შესახვეწი აღარ ექნებოდა. ქართლისა და კახეთის განთავისუფლება ქართველთა ხელით მოხდებოდა.
დადიანის და თეიმურაზის მოლაპარაკების შესახებ საინტერესო ცნობა დაგვიტოვა ერთ-ერთმა რუსმა დიპლომატმა ილია სტოიანოვმა. 1657 წელს მოსკოვში დაბრუნებულმა ჟიდოვინოვისა და პოროშინის თარჯიმანმა ილია სტოიანოვმა 4 სექტემბერს საელჩო პრიკაზში, დადიანის თეიმურაზთან ურთიერთობაზე შემდეგი ჩვენება მისცა: სტოიანოვის „თეიმურაზ მეფესთან ყოფნის დროს მრავალჯერ მოვიდნენ ლევან დადიანის მოციქულები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ თეიმურაზმა შეარიგოს ოდიშის მთავარი და იმერეთის მეფე და ისიც შეიყვანოს მოსკოვის ხელმწიფის მფარველობაში, ისე როგორც თეიმურაზი იმყოფება დიდი ხელმწიფის ქვეშოვრდომად. როცა თეიმურაზ მეფე დიდ ხელმწიფესთან წავა, დადიანს ალექსანდრე მეფესთან ვერავინ შეარიგებს. თეიმურაზ მეფემ სადადიანოს მეფე ლეონტის არ დაუჯერა და უარი უთხრა. თეიმურაზ მეფის დასარწმუნებლად სადადიანოს მეფე ლეონტიმ მასთან გამოგზავნა კათალიკოსი (მათ კათალიკოსი ჰყავთ პატრიარქის მაგიერ) და მიტროპოლიტი მიკოლაი1, რომ იმ ლეონტი მეფეს ალექსანდრე მეფესთან მშვიდობა უნდა და მას დაიცავს სამუდამოდ. კათალიკოსი და მიტროპოლიტი თეიმურაზ მეფის დარწმუნებას ცდილობდნენ. თეიმურაზ მეფემ დაუჯერა რა კათალიკოსსა და მიტროპოლიტს, მათთან ერთად წავიდა სადადიანოს ლეონტი მეფესთან, ხოლო ის ილია2 თან წაიყვანა სათარჯიმნოდ. მივიდნენ თუ არა ქალაქ ზუჩიტში3, სადაც ცხოვრობს სადადიანოს ლეონტი მეფე, სადადიანოს მეფე პირადათ, თავის ბოიარებთან ერთად შეხვდა თეიმურაზ მეფესა და კათალიკოსს. თეიმურაზ მეფე სადადიანოს მეფესთან ერთად დაესწრო წირვას იმ ქალაქში. წირვის შემდეგ სადადინოს მეფემ თეიმურაზ მეფეს უთხრა: თუ მის სიძეს ალექსანდრე მეფეს მასთან შერიგება უნდა, მაშინ სადადიანოს მეფეს უნდა დაუთმოს თავისი სატახტო ქალაქი ქუთაისი. მას ასეთ პირობით უნდა მასთან მშვიდობა და თავის შვილსაც დაუბრუნებს, ხელმწიფის მფარველობაშიც შევა. თეიმურაზ მეფემ დაინახა რა მისი მერყეობა თავის ქვეყანაში დაბრუნდა“4.
თეიმურაზ მეფემ, რომელმაც წინასწარ იცოდა დადიანთან მოლაპარაკების უპერსპექტივობა, რუსი დიპლომატი, ალბათ, იმისათვის წაიყვანა ზუგდიდში, რომ მას საკუთარი თვალით ენახა რას წარმოადგენდა ლევანი დადიანი, როგორც პოლიტიკოსი. თეიმურაზს რუსების დარწმუნება უნდოდა იმაშიც, რომ რასაც იგი მოსკოვის მთავრობას დადიანზე უარყოფითს სწერდა, ყოველივე სიმართლეს შეეფერებოდა. სხვა რა მიზნით უნდა წაეყვანა თეიმურაზ მეფეს ილია სტოიანოვი სამეგრელოში? იქ რაში გამოადგებოდა რუსი თარჯიმანი?
1. ნიკიფორე ირბახი.
2. ილია სტოიანოვი _ რუსი ელჩების თარჯიმანი.
3. ქ. ზუგდიდი.
4. პაიჭაძე გ., მასალები..., გვ. 452-453.
რუსეთის ხელისუფლებას გარკვეული ინტერესი რომ ჰქონდა ოდიშის სამთავროს მიმართ, გამომჟღავნდა ნიკიფორე ტოლოჩანოვისა და ალექსი იევლევისათვის მოსკოვში მიცემულ დავალებაში: მათ უნდა დაედგინათ „სადადიანოს მთავარი თავის სამთავროშია ამჟამად თუ არა, (იმერეთის მეფე ალექსანდრესთან მეგობრულ განწყობილებაშია თუ არა, თუ არა, ვის ექვემდებარება _ თურქს თუ შაჰს, თუ დამოუკიდებელია და ხარკს არავის უხდის“. დასახელებულ ელჩებს, ყოველივეზე ზუსტი ინფორმაცია უნდა შეეგროვებინათ და მუხლობრივ აღწერილობაში ჩაეწერათ1. მათ დავალება, შეძლებისდაგვარად, შეასრულეს და მათ მიერ მოპოვებული ცნობები ოდიშის სამთავროს საშინაო და საგარეო მდგომარეობასა და მის მთავარზე, რა თქმა უნდა, საინტერესოა. პირველ რიგში ელჩები იმას აღნიშნავენ როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ლევან დადიანზე მათმა ჩასვლამ იმერეთში. 1651 წლის 19 ივლისს რუს ელჩებმა თეიმურაზის აზნაური „რამაზანისაგან“ გაიგეს, რომ დადიანი ქუთაისიდან ერთი დღის სავალზე მივიდა და დაბანაკდა კეთილი განზრახვით. ხელმწიფის ელჩების ჩამოსვლამ ის იმდენად შეაშინა, რომ თეიმურაზთან და ალექსანდრესთან შერიგება გადაწყვიტა2. ეს ცნობა ნიკიფორე ტოლოჩანოვს ეკუთვნის. ასევე საინტერესოა იმავე რიცხვში ალექსი იევლევის მიერ ჩაწერილი „რამაზანის“ მონათხრობი: ლევან დადიანს განუზრახავს მის ტყვეობაში მყოფი ალექსანდრე მეფის ვაჟი ბაგრატი თავის ქალიშვილზე დაექორწინებინა და „თითქოს ამ საქმის გამო, ლევან მთავარი, ალექსანდრე მეფეს, მოსალაპარაკებლად, პირადად ეახლებაო“3. იმავე აზნაურის მეშვეობით ცნობილი გახდა, როგორ შეშინდა ლევან დადიანი, როცა მან გაიგო კაზაკების კონსტანტინოპოლზე თავდასხმა, მათ მიერ მრავალი თურქის ამოწყვეტა და ტყვეების წაყვანა. ხმა გავრცელებულა, რომ ოდიშის მთავარიც ხელმწიფის ქვეშევრდომი გახდება მაშინ „თუკი მისი მეფური უდიდებულესობა ლევან მთავარს დონელ ყაზახებს მიუსევს, ხოლო ალექსანდრე მეფე თავის მხრივ თავის ლაშქარსო“4.
1. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 49.
2. იქვე, გვ. 74.
3. ალექსი იევლევი, გვ. 143.
4. იქვე, გვ. 143-144
ის რაც ელჩებმა ლევან დადიანის შესახებ გადმოგვცეს, შეიძლება მთლად სიმართლეს არ შეეფერებოდა და თეიმურაზ მეფის ხალხის მიერ გავრცელებული ხმები იყო. მას უნდოდა ზემოქმედება მოეხდინა ისედაც დიდად შეფიქრიანებულ ელჩებზე, თითქოს შეიძლებოდა თეიმურაზ მეფეს თავისი შვილიშვილი ერეკლე მოსკოვის ხელმწიფესთან გაგზავნის მაგიერ დადიანისათვის მძევლად მიეცა1, ამას შედეგად მოჰყვებოდა მშვიდობის დამყარება დასავლეთ საქართველოში, რაც, როგორც ნიკიფორე ტოლოჩანოვი წერდა, რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა2. იმავე დროს, საყურადღებოა, კაზაკების ოსმალებზე თავდასხმით გამოწვეული დადიანის შიში. შეიძლებოდა კაზაკების და იმერეთის მეფის ჯარი ერთდროულად შეჭრილიყვნენ ოდიშში. სხვათა შორის, ამგვარი გეგმის განხორციელებას ურჩევდნენ მოსკოვის ხელმწიფეს, თეიმურაზი და ალექსანდრე მოგვიანებით გაგზავნილი თავიანთი სიგელებით.
თუ გავითვალისწინებთ იმ აჟიოტაჟს, რომელიც უფლისწული ერეკლეს მოსკოვში გაგზავნის განზრახვამ ირანში და ქართლის სამეფოში გამოიწვია, არ არის გამორიცხული, ლევან დადიანს, როსტომისა და შაჰ აბას II-ის მოკავშირეს, მართლაც თეიმურაზისაგან ერეკლეს მძევლად მოეთხოვა. როგორც ითქვა, არც იმის გამორიცხვა შეიძლება, რომ თეიმურაზისა და ალექსანდრეს ხალხი შეგნებულად ავრცელებდნენ ამგვარ ხმებს, რუს ელჩებზე და დადიანზე ზეგავლენის მოსახდენად.
ნიკიფორე ტოლოჩანოვის მუხლობრივის აღწერილობიდან ჩანს, როგორ ცდილობდა თეიმურაზ მეფე რამენაირად ლევან დადიანთან შეთანხმებისათვის მიეღწია და იგი შაჰ აბასისა და როსტომ მეფისაგან ჩამოეშორებინა.
1651 წლის 3 აგვისტოს ქუთაისში რუს ელჩებთან მივიდა ლევან დადიანის მოციქული, თეიმურაზ მეფის ყოფილი აზნაური საბახტარი (იგივე გიორგი ქართველი). იგი, როგორც ითქვა, თბილისში როსტომ მეფესთან საშუამავლოდ მიდიოდა, რათა მას თეიმურაზ მეფისათვის კახეთი დაებრუნებინა. როგორც დადიანის ელჩმა თქვა, მთავარი მალე, ქუთაისიდან ერთი დღის სავალ მანძილზე დაშორებულ ადგილას მივიდოდა და მაჰმადიანების წინააღმდეგ ერთობლივად ომისათვის მეფეებთან მოლაპარაკებას გამართავდა3.
1. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 75.
2. იქვე, გვ. 78.
3. იქვე, გვ. 122.
არ ვიცით გიორგი ქართველმა რა პასუხი ჩამოიტანა როსტომ მეფისაგან. ალბათ, რაღაც საიმედო იყო, რადგან აგვისტოს ბოლოს თეიმურაზი ოდიშში თვითონ ჩავიდა. როგორც სექტემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, თეიმურაზმა ალექსანდრე ლევან დადიანთან ვერ შეარიგა, ვინაიდან მთავარს მეფე თეიმურაზის შვილიშვილი მძევლად, ალექსანდრესგან კი, მის ქვეშევრდომთაგან ოცდაათი რჩეული კაცის მამულებიანათ, თავის სამთავროსთან შეერთება მოუთხოვია. „თუ ამ პირობას ამისრულებთ მეფე ალექსამდრეს და შენ, თეიმურაზ მეფეს, სამუდამოდ შეგირიგდებითო“. როდესაც ალექსანდრემ ამგვარი პირობით შერიგებაზე უარი განაცხადა, ამის შემდეგ თეიმურაზსაც უარი უთქვამს თავისი შვილიშვილის მძევლად მიცემაზე. სხვასაც ამბობდნენ, თითქოს ლევანმა თვითონ სთქვა უარი მძევალზე, როცა გაიგო, რომ მეფე ალექსანდრეს ხელმწიფისათვის სამუდამო ყმობა და ერთგულება შეუფიცავსო1.
თეიმურაზმა რუს ელჩებს პირადად განუმარტა, რომ დადიანმა იგი კარგად მიიღო, მაგრამ სამშვიდობო მოლაპარაკება მაინც უშედეგოდ დამთავრდა. ლევან დადიანი კახეთის გასათავისუფლებლად თავისი ჯარით დახმარების სანაცვლოდ შვილიშვილის მძევლად დატოვებას მთხოვდაო. დადიანისაგან ასეთი პირობის დაყენება, რომ რეალობის ფარგლებს სცილდებოდა ამის შესახებ უკვე აღინიშნა.
როგორც ნიკიფორე ტოლოჩანოვი გადმოგვცემს, დადიანთან სამშვიდობო მოლაპარაკებაში წარუმატებლობის მიუხედავად, თეიმურაზ მეფე მაინც იმედს არ ჰკარაგავდა2. ამგვარ ცნობებს რუს ელჩებს თეიმურაზის გარემოცვიდან აწვდიდნენ, რაც მათ დეზინფორმაციას ემსახურებოდა. ისინი ელჩებს, რომლებსაც ხელმწიფისაგან დავალებული ჰქონდათ რადაც არ უნდა დაჯდომოდათ უფლისწული ერეკლე მოსკოვში ჩაეყვანათ, მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებდნენ. მათ არ იცოდნენ როგორ მოქცეულიყვნენ მაშინ, თეიმურაზს მოსკოვისათვის შეპირებული უფლისწული დადიანისთვის რომ მიეცა.
1. იქვე, გვ. 79.
2. იქვე, გვ. 82, 84.
1651 წლის 30 სექტემბერს ლევან დადიანთან გაგზავნილი თეიმურაზის კაცები ქუთაისში დაბრუნდნენ, მათთან ერთად მოვიდნენ ლევან დადიანის ელჩები, მათ შორის იმყოფებოდა „მთაწმინდის იღუმენი ნიკიფორე, იმათებურად (ქართულად) ნიკოლოზი“1. როგორც ვხედავთ, ნიკიფორე ტოლოჩანოვი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ლევან დადიანის ელჩზე, ნიკოლოზ ჩოლოყაშვილზე, საქვეყნოდ ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწესა და დიპლომატზე. მათ ჩამოიტანეს ლევან დადიანის მიერ უარყოფა ყველა იმ პირობებისა, რომლებსაც თეიმურაზ და ალექსანდრე მეფეეები სამშვიდობო მოლაპარაკების დროს აყენებდნენ. ოქტომბრის დასაწყისში უკვე ცნობილი გახდა, რომ ლევან დადიანი იმერეთზე თავდასასხმელად ემზადებოდა და რუსი ელჩების გამგზავრებას ელოდებოდა2.
1. იქვე, გვ. 85
2. იქვე, გვ. 135
ოდიშის სამთავროს ურთიერთობა რეჩ-პოსპოლიტასა და კაზაკებთან
XVII საუკუნის პირველ ნახევარში შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროზე სერიოზულ სამხედრო ძალას ოსმალეთისადმი დაქვემდებარებული ყირიმის სახანო წარმოადგენდა, რომელიც რუსეთის სამხრეთ რაიონებზე განუწყვეტელ თავდასხმებს აწყობდა. ოსმალეთისთვის კი ასეთივე ამაოხრებელ ძალას დონისა და დნეპრის კაზაკები წარმოადგენდნენ. თუ ყირიმელი თათრები რუსეთს უქმნიდნენ პრობლემებს, ასეთნაირად მოქმედებდნენ კაზაკები ოსმალეთის მიმართ. იმავე დროს ოსამლეთსა და რუსეთს საერთო მტერი ყავდათ პოლონეთის სახით.
მოცემულ პერიოდში, საერთაშორისო პოლიტიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის გარდა, საქართველოს შავი ზღვისპირა სამთავროებს ეკონომიკური მნიშვნელობაც ჰქონდა. მათს ამგვარ მნიშვნელობას ითვალისწინებდა შაჰის კარი. ირანი ტრაპიზონზე გამავალ ევროპასთან დამაკავშირებელ გზას მაშინ მოწყდა, როდესაც ოსმალეთმა გაანადგურა და დაიაპყრო აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს სტრატეგიული და ეკონომიკური მოკავშირე ტრაპიზონის იმპერია. თუ ირანი მტკიცედ მოიკიდებდა ფეხს აღმოსავლეთ საქართველოში და ურთიერთობას მოაგვარებდა ოდიშისა და გურიის სამთავროებთან, მაშინ იგი ოსმალეთის გვერდის ავლით, ევროპასთან სავაჭრო კავშირსაც განახორციელებდა იმ გზით, რომელზეც ოდიშის სამთავროზე საუბრისას ითქვა. იმის გარდა, რომ ოდიშისა და გურიის სამთავროებთან კავშირში ირანი იმერეთის სამეფოს ბლოკადას ახდენდა, ისინი შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობით იმ სტრატეგიულ მნიშვნელობასაც იძენდნენ, რომ პერსპექტივაში, ოსმალებთან შერკინების დროს მათი პორტების გამოყენება შეიძლებოდა.
იმდროინდელი პოლიტიკოსები და სტრატეგები ვარაუდობდნენ, რომ რეჩ პოსპოლიტასა და რუსეთს მდინარე დნეპრის და დონის არტერიების გამოყენებითა და კაზაკების დახმარებით, გურიასა და ოდიშში შესაფერისი პლაცდარმების მოწყობის შემთხვევაში, ოსმალეთზე თავდასხმა გაუადვილდებოდათ. მაგრამ ამგვარი სტრატეგიული გეგმის განხორციელება იმ შემთხვევაში შეიძლებოდა თუ დასახელებული სახელმწიფოები ოსმალეთთან ომისათვის მზად იქნებოდნენ. მანამდე კი, კაზაკების არაორგანზებულ თავდასხმებს ოსმალეთის ქალაქებსა და გამაგრებულ ადგილებზე, მხოლოდ პოლიტიკური გართულებები მოსდევდა. ამიტომ რეჩ პოსპოლიტასა და რუსეთს კაზაკების შეკავება და მათი გამოყენება მიზანმიმართულად უნდოდათ, მაგრამ ისინი კონტროლს არ ექვემდებარებოდნენ. მათი მცირე, მობილური საზღვაო რაზმები შიშის ზარს სცემდნენ შავი ზღვის სანაპიროების მოსახლეობას და სავაჭრო გემებს.
ამგვარად, კაზაკობა, XVI-XVII საუკუნის პირველ ნახევარში, შავი ზღვის მიმდებარე ქვეყნების პოლიტიკურ ცხოვრებაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. ოდიშისა და გურიის სამთავროების ოსმალეთთან ურთიერთობაზე, მათს ეკონომიკურ და სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, საინტერესო მოსაზრებები დაგვიტოვა პიეტრო დელა ვალემ. მისი თქმით, რადგან დასახელებული სამთავროები შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობენ, მათ ყოველთვის აქვთ ოსმალეთის ფლოტის თავდასხმის საშიშროება. მათი სამთავროებიდან ექსპორტის მთავარი საგანი აბრეშუმია და დიდ შემოსავალსაც იღებენ. რათა ზარალი არ განიცადონ, ისინი თავიანთ თავს სულთნის მეგობრებად და მასზე დამოკიდებულად აცხადებენ და საჩუქრებითა და მუდმივად პატივისცემის გამოხატვით იპოვებენ მშვიდობიან და წყნარ ცხოვრებას. ისინი თავისუფლებას იმდენად უფრთხილდებიან, რომ თურქებს არასოდეს აძლევენ მათს ქვეყნებში შესვლის, არც იქ მბრძანებლობისა და არც სხვა ქვეყანაზე თავდასასხმელად თავიანთ სამთავროებში ჯარის გატარების უფლებას. პოლონელი კაზაკები, თურქების მტრები, მდ. დნეპრის შავ ზღვასთან შესართავთან ყურეში ცხოვრობენ, მათ ყოველ დღე დიდ ზარალს აყენებენ. გურულები და მეგრელები, რომლებიც არავითარ პატივს არ სცემენ თურქებს, თავიანთ ქვეყნებში კაზაკებს კეთილად მხოლოდ იმიტომ იღებენ, რომ ისინიც ქრისტიანები არიან1.
კაზაკებს რომ ქართველებთან ურთიერთობა კარგა ხნის წინათ დაწყებული ჰქონდათ, ამის მაჩვენებელია XVI ს. 80-იან წლებში მომხდარი ერთი ფაქტი, როდესაც ისინი ჯერ ქართლის მეფე სვიმონ I-ს ოსმალების, შემდეგ კი ალექსანდრე II კახთა მეფეს დაღესტნელების წინააღმდეგ ეხმარებოდნენ2.
შაჰ აბასი, ევროპის სახელმწიფოებთან ანტიოსმალური სამხედრო კავშირის შეკვრის მიზნით, 1599 წელს აგზავნის დიდ ელჩობას, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ სპარსელი ჰუსეინ ალი ბეგი და ინგლისელი ენტონი შირლი, ელჩობის პირველი მდივანი იყო სპარსელი ულუგ (ურუჩ) ბეგ ბაიათი (შემდეგში დონ ხუან დე პერსია)3. ელჩები უნდა ჩასულიყვნენ რეჩ პოსპოლიტაში, ავსტრიაში, ინგლისში, ვენეციაში, რომსა და ესპანეთში. მოსკოვში მისული ელჩები მეფე ბორის გოდუნოვმა სამი თვე გააჩერა და მხოლოდ მას შემდეგ მისცა გზის გაგრძელების უფლება, როცა მათ პირობა დადეს, რომ მოლაპარაკება არ ექნებოდათ რეჩ პოსპოლიტის მეფესთან. მათ ეს პირობა შეასრულეს და კრაკოვიდან ისე გაემგზავრნენ ვენაში, რომ ჟიგმუნტ III ვაზას არ ეახლნენ, რამაც მეფის სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია. მეფისათვის ყველაფერი ნათელი შეიქმნა, მაშინ, როდესაც ირანიდან დაბრუნდა ვარშაველი მოქალაქე, სომეხი ვაჭარი, შეფერ მურატოვიჩი, რომელმაც ის მიზეზიც გაარკვია თუ რატომ არ მოინახულეს შაჰ აბასის ელჩებმა რეჩ პოსპოლიტის მეფე და ისიც მოახსენა, როგორ იყო დაინტერესებული ირანის შაჰი რეჩ პოსპოლიტასთან კავშირის დამყარებით და ოსმალეთის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლით4. ამის შემდეგ (1601 წ.) რეჩ პოსპოლიტის მეფე ჟიგმუნტ III ირანში იგივე შეფერ მურატოვიჩი გაგზავნა და შაჰთან წერილი გაატანა. რეჩ პოსპოლიტის მეფე შაჰს მეგობრობას და ოსმალეთის წინააღმდეგ კავშირს სთავაზობდა. რეჩ პოსპოლიტაში დაბრუნებისას შეფერ მურატოვიჩმა კახეთში, ერევანში, ნახჭევანში, ჯულფაში, თავრიზში, ისფაჰანსა და ქაშანში გაიარა და 1601 წლის 31 მარტს ტრაპიზონში ჩავიდა5.
1. მოგზაურის პიეტრო დელა-ვალეს მოხსენება საქართველოზე პაპ ურბან მერვისადმი, 1627 წ. თარგმანი იტალიურიდან ი. ჭყონიასი. „ივერია“, 1879, #3, გვ. 56-57 (შემდეგში პიეტრო დელა ვალე).
2. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, გვ. 274-276.
3. ულუღ ბეგ ბაიათი, სპარსელი დიდებული, შაჰ აბასმა 1599 წელს დანიშნა ელჩობის პირველ მდივნად. ესპანეთში, ვალიადოლიდში მეფის კარზე ყოფნისას, სხვა სპარსელებთან ერთად ულუგ ბეგიც ქრისტიანად მოინათლა და დაირქვა დონ ხუან დე პერსია (მისი ნათლია იყო დედოფალი მარგარიტა ავსტრიელი). ელჩობის სპარსმა მეთაურმა ჰუსეინ ალი ბეგმა ულუგ ბეგს მკვლელი მიუგზავნა, მაგრამ გადარჩა. ულუგ ბეგი სამუდამოდ ესპანეთში დარჩა და სამხედრო სამსახურში შევიდა. 1605 წლის 15 მაისს სამეფო კარის ერთ-ერთმა მოხელემ ჩხუბის დროს იგი ხანჯლით მოკლა. დონ ხუანის დღიურების საფუძველზე დაიწერა მისი „რელაციონი“, (ბიოგრაფიული ცნობები იხ. გიორგაძე ბ., ულუგ ბეგ ბაიათი და მისი რელაციონი საქართველოს შესახებ. კრებულში: ევროპის ქვეყნების ისტორიის პრობლემები, I, თბ., 1975, გვ. 118-121). რელაციონში ძვირფასი ცნობებია საქართველოს შესახებ (მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, I, გვ. 172, 188, 191, 197 (შენ. 1), 199-202, 211, 229, 242, 335,344, 345, 348-350, 362, 363, 369, 371, 374, 377, 378, 394, 401, 402, 407, 409-411, 432, 433.
4. ზედგინიძე გ., ბოგდან გურჯიცკი დიპლომატიურ ასპარეზზე, თბ., 1983, გვ. 35-36.
5. Gulbenkian R., L’Ambassade en Perse de Luis pereira de Lacerda et des Pères Portugais de l’Ordre de Saint-Augustin, Belchior dos Anjos et Guilherme de Santo Agostino, 1604-1605, Lisbonne, 1972, p. 103.
რომში შაჰ აბასის ელჩობა კარგად მიიღეს. პაპმა კლიმენტი VIII-მ შაჰს საპასუხო ელჩობა და წერილი გაუგზავნა, რომელშიც ოსმალეთის დასუსტებაზე მიუთითებდა და მისი სამხედრო წარუმატებლობის მაგალითად უნგრეთში მარცხს ასახელებდა. პაპი ევროპის სახელმწიფოების გაერთიანების აუცილებლობაზე აღნიშნავდა და შაჰს მოუწოდებდა გაეგრძელებინა ბრძოლა ოსმალეთის საბოლოო განადგურებამდე1.
ზემოხსენებულმა ჯოვანი ტადეომ, რომელიც 1607 წელს შაჰის დიპლომატიური დავალებით რომში მიემგზავრებოდა, საქართველოდან გაიარა აღმოსავლეთი ამიერკავკასია, დარუბანდი, ასტრახანი და მოსკოვში ჩავიდა. ტადეოს შაჰმა რეჩ პოსპოლიტისა და მოსკოვის მეფეებთან მოლაპარაკება დაავალა, „კაზაკებისა და მოსკოველების“ მიერ თურქეთის წინააღმდეგ ორი ციხის აღდგენის შესახებ. იმავე დროს შაჰი ორივე მეფეს ირანთან სავაჭრო ურთიერთობის გაფართოებას სთავაზობდა2.
ცნობილია, გურიის მთავარმა მამია II-მ (1600-1625), ოდიშის მთავარ მანუჩარ დადიანთან (1590-1611) შეთანხმებით, ოსმალებს აჭარა წაართვა. ამის შემდეგ, როგორც პიეტრო დელა ვალე გადმოგვცემს, მათ „კაზაკებს კაცი გაუგზავნეს და თურქეთთან საომარი მიზნით თავიანთი ტერიტორია და კავშირი შესთავაზეს. აგრეთვე ოქროს პატარა ჯვრები გაუგზავნეს. კაზაკებმა დიდი კმაყოფილებით მიიღეს ეს საჩუქრები. ისინიც (კაზაკები) არა ერთხელ წასულან თავიანთი საზღვაო ფლოტით კოლხეთის სანაპიროებისაკენ და ალერსიანი მასპინძლობა დახვედრიათ აქ. კაზაკები ამ მფლობელების სავაჭრო გემებსაც მფარველობდნენ ზღვაზე, რომლებიც სხვადასხვა ადგილებში მიმოდიოდნენ. ამ პრინცმა (გურიელმა თუ დადიანმა) მისწერა კაზაკებს, თუ თვით კაზაკებმა მოიფიქრეს ამის თქმა მეძნელება, მაგრამ ის ნამდვილია, რომ კაზაკებმა სპარსელებთან შეთანხმება განიზრახეს. მათ კი ირანში მისვლა შეეძლოთ მხოლოდ ამ პრინცების სამფლობელოს მეშვეობით. ეს იცოდნენ კაზაკებმა და მათ ზღვით ორი ათასი კაცისაგან შემდგარი რაზმი გაგზავნეს. კაზაკების განზრახვა იყო დახმარება შეეთავაზებინათ ირანის მეფისათვის იმ ომში, რომელსაც ეს მეფე თურქეთის წინააღმდეგ გეგმავდა, იმ ვარაუდით, რომ ისინი მიიღებდნენ ნადავლს და უფლება ექნებოდათ გაეძარცვათ ყველა ის ქალაქი, რომელსაც ისინი აიღებდნენ“3.
1. ზედგინიძე გ., დასახ. ნაშრ., გვ. 36.
2. ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 21.
3. ცინცაძე ი., მასალები რეჩ პოსპოლიტისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (XV-XVII საუკუნეები), თბ., 1965, გვ. 57-58.
თუ როგორ სერიოზულად აღიქვამდნენ კაზაკების ქართველებთან მჭიდრო კავშირს ირანის შაჰის კარზე, ამის საინტერესო მაგალითს ვხვდებით ფარსადან გორგიჯანიძის თხზულებაში: იმერეთიდან გადმოსული ქართლის მეფე ლუარსაბ II შაჰ აბასთან გამოცხადდა. შაჰს იგი დიდ პატივში ჰყავდა, რაც გიორგი სააკაძეს არ მოსწონდა. „კიდევ მოვრავს ყეენისათვის მოეხსენებინა, _ გადმოგვცემს ფარსადან გორგიჯანიძე, _ რადგან კახთ ბატონი თეიმურაზი ჩამოიყვანესო, ქართველნიც ეცდებიანო, რომ რუსები მოიყენონო და ხომალდი გამოუძახონო და მეფე ლვარსაბ ზღვით წაიყვანონო“1. ამის შემდეგ ლუარსაბ მეფე გულაბის ციხეში გამოკეტეს.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 230.
თავი გავანებოთ იმას რასაც ფარსადანი გიორგი სააკაძეს მიმართ ამბობს, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართველებსა და კაზაკებს (ამჯერად, რუსებში მხოლოდ კაზაკები შეიძლება ვიგულისხმოთ) შორის ურთიერთობა იმდენად სერიოზული იყო, რომ შაჰს შეიძლებოდა სააკაძის ნათქვამი სერიოზულად დაეჯერებინა. კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ მაშინ ირანში და, რა თქმა უნდა, საქართველოში კაზაკებს ქართველების მოკავშირეებად იმდენად თვლიდნენ, რომ მათ ლუარსაბის დასახმარებლად ამგვარი გაბედული მოქმედების ჩადენა შეეძლოთ. სულ სხვაა რამდენად შეიძლებოდა ამის პრაქტიკულად განხორციელება. ასტრაბადი მდებარეობდა კასპიის ზღვის უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთ სანაპიროზე, თანამედროვე ირანისა და ტაჯიკისტანის საზღვარზე. როგორც ჩანს, XVII საუკუნეში კაზაკები მდ. ვოლგით კასპიის ზღვაში შედიოდნენ და მის სანაპიროებზე დათარეშობდნენ. კაზაკების ამგვარი მოქმედების გამო ირანის ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოსთქვამდა. ამიტომ იყო, რომ ჯერ კიდევ 1606 წელს, შაჰთან გაგზავნილ ი. პ. რომოდონოვსკის საელჩო პრიკაზში დაავალეს შაჰის კარისათვის აეხსნა, რომ კაზაკების მიერ ვოლგაზე ძარცავა-რბევის გამო მეფე ვასილი შუისკიც შეწუხებულია. მან მათ დასასჯელად რაზმები გაგზავნა, მეფეს ამ ადგილებიდან მათი გაძევება უნდა, რათა რუსეთსა და ირანს შორის ურთიერთობა შეუფერხებლად ვითარდებოდეს1.
რუსეთის მთავრობა უარყოფდა, მაგრამ კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნებში ცნობილი იყო, რომ კაზაკები მისი მითითებით მოქმედებდნენ. მოსკოვის ხელმწიფის მითითებით დონელი კაზაკების კასპიის ზღვაში გადასვლისა და ყიზილბაშთა მიწებისა და გემების დარბევის შესახებ, პირდაპირ განაცხადეს სტამბოლში რუსეთის ელჩებმა ათანასე პრონჩიშჩევმა და დიაკმა ტიხონ ბორისოვმა2. კაზაკები კასპიის ზღვაში შედიოდნენ და ძარცვავდნენ ვაჭრებსა და მსახურეულ ადამიანებს. ამის შესახებ აცნობებდნენ ასტრახანის ვოევოდები ხელმწიფეს 1621 წელს. 1641 წელს შაჰ სეფის ელჩი მოსკოვის ხელმწიფეს სთხოვდა, რომ გაქცეული, უსახელო ცუდი ადამიანები თავს ესხმოდნენ გილიანისა და მაზანდერანის მიწებს, იკლებდნენ, ძარცვავდნენ, ატყვევებდნენ და ხოცავდნენ მოსახლეობას. ისინი ასევე ეპყრობოდნენ ვაჭრებს კასპიის ზღვაში3.
1. Бушев П.П., Ук. труд., с. 411-412.
2. ნაკაშიძე ნ., საქართველოს საკითხი რუსეთ-თურქეთის ურთიერთობაში XVII საუკუნის პირველ ნახევარში. Kკრებულში: ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, II, თბ., 1973, გვ. 10-11.
3. Соловьев С. М., Сочинения, кн. V. История России с древнейших времен, тома 9-10, М., 1990, с. 216.
1650 წელს მოსკოვში მივიდა ირანის ელჩი მაჰომედ ყული ბეგი და ხელმწიფეს მიართვა შაჰის მიერ გაგზავნილი საჩუქარი _ 4000 ბათმანი გვარჯილა. როგორც ირკვევა, ძღვენი გამიზნული იყო კაზაკების მიერ შაჰის ვაჭრისათვის წართმეული 5 ათასი რუბლის ღირებულების საქონლის დასაბრუნებლად. შაჰის ელჩი პირდაპირ ვერ ადებს ხელს რუსეთის ხელისუფლებას მეკობრე კაზაკების მფარველობაში და დიპლომატიურად ითხოვს, რომ ნაპირზე გარიყული კაზაკები და საქონელი რუს ვოევოდებს ხელში ჩაუვარდათ და ის საქონელი დაგვიბრუნეთ და დამნაშავეები დასაჯეთო1. გურიისა და ოდიშის მთავრების კაზაკებთან კარგი ურთიერთობით და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მათთვის კარგი პირობების შექმნის გამო უნდა ყოფილიყო, რომ XVII ს. 10-ანი წლების დასაწყისში ოსმალეთმა დასავლეთ საქართველოს ზღვის სანაპიროს ბლოკადა მოახდინა და უცხოური საქონლის, კერძოდ, მარილისა და რკინის შეტანა აკრძალა. ამ ნაცადმა მეთოდმა ოსმალეთისათვის სასურველი შედეგი გამოიღო და 1614 წელს გურიისა და ოდიშის მთავრებმა კონსტანტინოპოლში თავიანთი ელჩები გაგზავნეს მოლაპარაკებისა და ზავის დასადებად, რაზეც ქვემოთ უფრო ვრცლად ითქმევა.
პიეტრო დელა ვალეს გვიან გაუგია: „ეს ორნი ხალხნი (გურულები და მეგრელები_ე.მ.) ერთმანეთს ემოყვრებიან; თვითონ პოლშის ხელმწიფეს, როგორც ამბობენ, აქვს ამ მთავრებთან მიწერ-მოწერა. ხშირად ერთი ქვეყნიდგან მეორეში დადიან სავაჭრო ხომალდები. ამ გარემოებას შეიძლება დიდი შედეგი მოჰყვეს ქართველებისათვის, რადგანაც ყაზახები დღეს შავის ზღვის ბატონები არიან და ბევრად ძლიერნი; პოლშის ხელმწიფეს შეუძლიან კიდევ ამ გზით, რომელიც ძლიერ მოკლეა, დიდად დაეხმაროს ქართველებს ყოველ გაჭირვებაში, რომელსაც მათ მიაყენებენ ან სპარსელები, ან თურქები. ქართველებს თავის მხრით შეუძლიანთ მათის ნავსადგურებით და უსაშიშო თავშესაფარ ადგილებით, რომელნიც აქვთ ზღვის ნაპირებზე, დიდად დაეხმარონ ყაზახებს მათ საქმეებში. ამით ქართველები ძლიერ გამოსადეგნი იქნებიან, თუ ჩვენ ოდესმე დიდი რამ საქმე დავიწყეთ, ზღვით ან ხმელეთით, ოსმალეთისა და განსაკუთრებით კონსტანტინო-პოლის წინააღმდეგ...“2.
1. Соловьев С. М., История России с древнейших времен, т. XII, М., 1880, с. 261.
2. პიეტრო დელა ვალე, გვ. 57.
კაზაკების საკითხი რუსეთ-ირანის ურთიერთობაში თანდათანობით სერიოზულ პრობლემად გადაიქცა. შაჰის მორჩილმა დაღესტნელმა მფლობელებმა კაზაკების თავდასხმების სამაგიეროდ რუსეთის მიმართ მტრული აქციები წამოიწყეს, რასაც სპარსელი ვაჭრების რუსეთში შვიწროებით ამართლებდნენ. რუსეთ-ირანს შორის ხანგრძლივი კონფლიქტის მოგვარება მოხერხდა მხოლოდ 1662 წელს1. კაზაკებისა და პოლონელების შეირაღებული ძალების ოსმალეთის წინააღმდეგ გამოყენებას ცდილობდა შაჰ აბასიც. მან წერილი გაუგზავნა რეჩ-პოსპოლიტის მეფეს, რომელშიც იგი შემდეგ წინადადებას სთავაზობდა: ირანი თავისი ხარჯით შავი ზღვის სანაპიროზე, გურიის სამთავროს რომელიმე ნავსადგურთან, რომელიც ტრაპიზონის მახლობლად მდებარეობს, ერთ ციხე-სიმაგრეს ააგებდა. შაჰი იქ ჩააყენებდა ყიზილბაშთა გარნიზონს, რომელიც რეჩ პოსპოლიტის მეფეს დაემორჩილებოდა. თავისი ფუნქციის ამოწურვის შემდეგ, ციხე-სიმაგრე კაზაკებს გადაცემოდათ. შაჰ აბასი დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების ხარჯზე კიდევ უფრო შორსაც მიდიოდა: იმერეთის სამეფო, გურიისა და ოდიშის სამთავროები პოლიტიკურად რეჩ პოსპოლიტის სამეფოს იურისდიქციაში შევიდოდა, ხოლო მისი ქრისტიანი მოსახლეობა კი, კათოლიკურ ეკლესიას დაემორჩილებოდა2.
1. Накашидзе Н. Т., Ук. труд., с. 170-172.
2. ნატროშვილი თ., მაშრიყით მაღრიბამდე, თბ., 1991, გვ. 235.
როგორც ჩანს, შაჰ აბასი რომის პაპს ენტონი შირლის ხელით გაგზავნილი წერილში პირდებოდა ანტიოსმალური გეგმის მესამე მუხლით გათვალისწინებულის შესრულებას (?), რომლის მიხედვითაც ირანსა და მისი გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებში მცხოვრებ არაკათოლიკე ქრისტიანებს, მათ შორის ქართველებსაც, პაპის ტახტს დაუმორჩილებდა. მაგრამ ეს ყველაფერი (გურიაში ციხე-სიმაგრის აგება, ქართველი მართლმადიდებლების რომისათვის დამორჩილება), რა თქმა უნდა მხოლოდ მაშინ მოხდებოდა, როდესაც შაჰ აბასი საქართველოს მთლიან დაპყრობას მოახდენდა. ამდენად, ვისაც უნდა, რომ შაჰ აბასმა დანაპირები შეასრულოს, ხელი უნდა შეუწყონ მის გაბატონებას საქართველოში. სავარაუდოა, შაჰის წერილმა გარკვეული ეფექტი მოახდინა რეჩ-პოსპოლიტის კარზე და ამას უნდა მიეწეროს მის მორჩილებაში მყოფი კაზაკების ელჩის ჩასვლა ისფაჰანში. ამ ელჩობასთან დაკავშირებული უნდა იყოს 1616-1617 წლებში საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დნეპრის კაზაკთა 2 ათასიანი რაზმის მოსვლა. მათ ნაპირზე გადმოსხეს 40 კაცი, რომელსაც დაევალა ადგილმდებარეობის გაცნობა და შესაძლებლობის პირობებში ირანში შაჰთან წასვლა და ოსმალეთის წინააღმდეგ ომში დახმარების შეთავაზება1. სავარაუდოა, რომ საქართველოში დატოვებული კაზაკებიდან, რამდენიმე ისპაანში ჩავიდა. ამაზე მიგვანიშნებს ირანის დედაქალაქში შაჰ აბასისა და კაზაკების ელჩის შეხვედრა 1618 წელს. ამ შეხვედრისას გამოჩნდა შაჰ აბასი რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კაზაკებს ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან პირდაპირ განუცხადა თავის კარისკაცებს: „ესენი არიან, შავ ზღვაზე რომ ბატონობენ, მრავალი ქალაქი რომ დაარბიეს და აურაცხელი ზარალი რომ მიაყენეს ოსმალეთს. მათ ძალუძთ გაგვიწიონ დიდი სამსახური, მე მსურს მათი სამსახური“2.
კაზაკები რომ სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ და ოსმალეთის ხელისუფლება მათი თავდასხმების გამო ზოგჯერ პანიკაშიც კი იყო, ამაზე მოგვითხრობს ცნობილი ფრანგი მოგზაური და პოლიტიკური მოღვაწე ლუი დეგე დე კურმენენი თავის „მოგზაურობა ლევანტში“. იმასაც ვიგებთ როგორი დიდი გავლენით სარგებლობდნენ ფრანგები და, კერძოდ, საფრანგეთის ელჩი ოსმალეთის სატახტოში. კურმენენი თვითონ იყო მოწმე 1621 წელს, როდესაც კაზაკების თავდასხმის შიში ჰქონდათ, თურქები ფრანგ ვაჭრებს ავალდებულებდნენ, რომ მათთან ერთად დაეცვათ დედაქალაქი. თურქმა დიდებულებმა კი ერთხელ ფრანგ ელჩს სთხოვეს, რომ მათთვის თავშესაფარი მიეცა თუ კაზაკები კონსტანტინოპოლს აიღებდნენ3.
1. ცინცაძე ი., უკრაინისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 23-24.
2. ნატროშვილი თ., დასახ. ნაშრ., გვ. 232.
3. Жордания Г., Очерки из истории франко-русских отношений, ч. II, Тб., 1959, с. 65.
იმავე საუკუნის 20-იან წლებში პიეტრო დელა ვალე საქართველოში მომავალ დონ ჯუზეპე ჯუდიჩეს ურჩევდა მისიონერებს როგორ უნდა მოეწესრიგებინათ საქართველოსა და რომს შორის მუდმივი, შეუფერხებელი და უხიფათო კავშირი წერილებისა და ადამიანების აქეთ-იქით გასაგზავნად. ერთი შეხედვით, წმინდა ტექნიკურ რჩევებში, როგორ შეიძლებოდა საქართველო-რომის კავშირი განხორციელებულიყო პირდაპირი გაგებით, პიეტრო დელა ვალეს სხვა კიდევ სერიზული ჩანაფიქრიც ჰქონდა: იმის მიზეზით, რომ ოსმალეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოგზაურობა მისიონერებისათვის სახიფათო იყო, ამ უკანასკნელთ უნდა დაეყოლიებინათ თეიმურაზ მეფე, რომ მას სავაჭრო ურთიერთობა დაემყარებინა რეჩ პოსპოლიტასთან, რაც შემდეგში გამოიწვევდა კათოლიკე მეფის საქართველოს საქმეებში ჩაბმას. დელა ვალე წერდა: „აი რატომაა თქვენ წმინდა მამებო, ვალდებული ხართ გამოიყენოთ ყოველგვარი საშუალება, რათა დაიყოლიოთ მეფე (თეიმურაზი), გახსნას გზა და დაამყაროს სავაჭრო ურთიერთობა შავი ზღვის საქართველოს ნავსადგურებიდან რეჩ პოსპოლიტასთან, რომელსაც ასევე ნავსადგურები აქვს შავი ზღვის სანაპიროზე, მათ შორის, მდ. ბორისფენის (დნეპრის _ ი. ტ.) შესართავთან, რომლის ნაპირებზე ცხოვრობენ კაზაკები _ რეჩ პოსპოლიტის მეფის მორჩილი ვასალები. შავ ზღვაზე მათ აქვთ მრავალრიცხოვანი შესანიშნავი ხარისხის შეიარაღებული ხომალდები“1.
1. ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., III, გვ. 125.
იმ დროს ყველა დაინტერესებული პოლიტიკოსისათვის გასაგები იყო, რომ კაზაკებსა და ირანს შორის დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია საქართველოს უნდა შეესრულებინა. ზემოთ ითქვა, პიეტრო დელა ვალეს გეგმის მიხედვით, კაზაკებს შეიძლებოდა ოსმალეთზე თავდასხმებისათვის ოდიშისა და გურიის სანაპიროზე არსებული პორტები და სიმაგრეები გამოეყენებინათ. როგორც ჩანს, ოსმალეთის ხელისუფლება ფხიზლად ადევნებდა თვალს დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების და კაზაკების ურთიერთობას და, მაშინ, როდესაც მეფე-მთავრები და მათთან თავშეფარებული თეიმურაზ I ოსმალეთთან მშვიდობასა და მოკავშირეობაზე ლაპარაკობდნენ, კაზაკებთან კავშირის დემონსტრირება, მოცემულ ეტაპზე ოსმალეთთან დიპლომატიური მოლაპარაკების კონტექსტში არ ჯდებოდა. ამიტომაც იყო, რომ როდესაც ცნობილი გახდა იმერეთის სამეფოში კაზაკების ყოფნის შესახებ, სულთნის დაჟინებული მოთხოვნით, იმერეთის მეფე გიორგი იძულებული გახდა 40 კაზაკი ოსმალებისათვის გადაეცა1. კაზაკები კვლავ თავს ესხმოდნენ ოსმალების მიერ დაკავებულ სიმაგრეებს შავი ზღვის სანაპიროზე. სავარაუდოა, ისინი მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალით მოდიოდნენ, სხვანაირად ვერ შეძლებდნენ ოსმალების მიერ ძლიერ გამაგრებული ციხესიმაგრის გონიოს აღებას.
ჩაიშალა პიეტრო დელა ვალეს და შაჰ აბასის გეგმები სპარსელებისა და კაზაკების ოსმალების წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის შესახებ. ორივე გეგმის მიხედვით ჩანაფიქრი სიცოცხლისუნარიანი იქნებოდა იმ შემთხვევაში თუ მას მხარს დაუჭერდა საქართველო. მაგრამ ეს ის პერიოდია, როდესაც ქართველობამ უკვე განიცადა შაჰ აბასის მიერ ჩადენილი საშინელებანი, ქართველი პოლიტიკოსები თვითონ ეძებდნენ ანტისპარსულ ძალას და, ბუნებრივია, ისინი შაჰ აბასის ოსმალეთთან დაპირისპირების დროს მას მოკავშირეებად ვერ გამოადგებოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მეფე-მთავრები მოისურვებდნენ რეჩ-პოსპოლიტასთან და კაზაკებთან კავშირის დამყარებას, მაშინ დონ პიეტრო ავიტაბილე თავის თავზე აიღებდა რომის პაპის მიერ ზეგავლენის მოხდენას რეჩ პოსპოლიტის მეფეზე, რომლის კარზე მუდამ იმყოფებოდნენ პაპის ნუნციები. რეჩ-პოსპოლიტის მეფის კეთილგანწყობის შემთხვევაში გაიოლდებოდა გადაადგილება შავი ზღვისპირეთისაკენ, რადგან მის სამფლობელოებზე მოგზაურობა ხელსაყრელი იყო, გზა გადიოდა როგორც ხმელეთით, ისე მდინარით.
1. ნატროშვილი თ., დასახ. ნაშრ., გვ. 234.
პიეტრო დელა ვალე იმასაც ითვალისწინებდა, რომ შეიძლებოდა, პოლიტიკური მოსაზრებით, ქართველებისათვის ორი მიზეზით მიუღებელი ყოფილიყო ამგვარი კავშირის ლეგალურად დამყარება: „პირველი, კაზაკები მტრულად არიან გამწყობილი თურქებისადმი და ამიტომ ქართველებს, თურქების პატივისცემის გამო (რომლებიც მათ სჭირდებათ შავ ზღვაში მოგზაურობის დროს), არ უნდათ თავი კაზაკების მეგობრად გამოაცხადონ; მეორე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაზაკები, რომლებიც მეკობრეობას ეწევიან, ოდესღაც, ალბათ, ზიანს აყენებდნენ ქართველებს, როგორც ზღვაზე, ისე ხმელეთზე... რაც შეეხება მეორეს, ის ადვილად შეიძლება მოგვარდეს რეჩ პოსპოლიტისა და საქართველოს მონარქებს შორის, კეთილმეგობრული ურთიერთობისა და კავშირის დამყარების შედეგად. ეს ურთიერთობა შეიძლებოდა თავისი ავტორიტეტით განემტკიცებინა რომის პაპს, რომლის შემდეგ კაზაკები არათუ რაიმე ზიანს მიაყენებდა მათ, არამედ მათი სახით ქართველებს სასარგებლო მეგობარი ეყოლებოდათ“1.
პიეტრო დელა ვალე, პერსპექტივაში, საქართველო-რეჩ-პოსპოლიტის კავშირის განმტკიცების კვალობაზე, კაზაკებს გამორიცხავდა ამ ურთიერთობიდან. საქართველოსა და რომისათვის საინტერესო საკითხები მათი მონაწილეობის გარეშე მოგვარდებოდა. მოსალოდნელი იყო ოსმალეთისგან მკაცრად უარყოფითი რეაქცია საქართველო-რეჩ-პოსპოლიტის კავშირის გამო, მაგრამ ქართველები თავს გაიმართლებდნენ იმით, რომ მათ შორის მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობა მყარდებოდა. დაიდებოდა ისეთი ხელშეკრულება, რომლითაც რეჩ პოსპოლიტის სავაჭრო გემებისათვის საქართველოს ნავსადგურები გაიღებოდა, ხოლო კაზაკების სამხედრო ხომალდებისათვის კი დაკეტილი იქნებოდა. ამგვარი ხელშეკრულება სულთნის კარს დაამშვიდებდა. მაგრამ იმავე დროს, გახმაურებული ხელშეკრულების თანადროულად, შეიძლებოდა დადებულიყო საიდუმლო ხელშეკრულებაც, რომლის მიხედვითაც საქართველო-რეჩ-პოსპოლიტის მეგობრული კავშირი გავრცელდებოდა ღია ზღვაზე და კაზაკებზეც.
ხელშეკრულების რეალურად გაფორმება-განხორციელებისათვის მისიონერებს საქართველოს მეფესთან უნდა ჰქონებოდათ ურთიერთობა, პაპთან კი დონ პიეტრო ავიტაბილეს2. საინტერესოა, რომ კაზაკებსა და რეჩ პოსპოლიტას, როგორც ოსმალეთის წინააღმდეგ პოტენციურ მოკავშირეს, ითვალისწინებდნენ ესპანეთის სამეფო კარზეც. ესპანეთის მეფისათვის შედგენილ მოხსენებაში (1627 წ.) ნათქვამია: ოსმალეთი იმდენად დასუსტებულია, რომ მას „ესხმიან კაზაკები, რეჩ-პოსპოლიტის მეფის ქვეშევრდომები, რომლებიც შავი ზღვით აღწევენ კონსტანტინოპოლამდე“3. სხვა ესპანურ დოკუმენტში აღნიშნულია, ექცპედიციაში როგორი გალერები მიიღებს მონაწილეობას ესპანეთის მხრიდან. იქვე ნათქვამია, რომ „ერთდროულად შეიძლება იმედი გვქონდეს კაზაკებისა და რეჩ პოსპოლიტის მეფის სხვა ქვეშევრდომებისა, რომლებიც დაგვეხმარებიან თავიანთი ნავებით ხალხის გადასაყვანად სრუტეებზე“4. რეჩ პოსპოლიტის მეფისა და კაზაკებისაგან დახმარების იმედი გამოთქმულია იმ დროს, როდესაც ესპანეთში ელჩად იმყოფება თეიმურაზ I-ის ელჩი ნიკიფორე ირბახი. მან კარგად იცოდა კაზაკების საქმიანობა შავ ზღვაში და მოხსენებაში, რომელიც შეიძლება დაწერილი იყოს ესპანეთის სამეფო კარზე თარჯიმანის, ბერძენი კონსტანტინე სოფიას მიერ, შეტანილია ქართველი ელჩის ინიციატივით.
1. ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., გვ. 125-126.
2. იქვე, გვ. 126.
3. დოკუმენტები, გვ. 437 დოკ. #58.
4. იქვე, გვ. 433, დოკ. #63
ქართველების კაზაკებთან ურთიერთობის ერთი საინტერესო ცნობა დაგვიტოვა მისიონერმა ჯოვანი ჯულიანო და ლუკამ. იგი, 1631 წლის ზაფხულში, სამეგრელოში იმყოფებოდა. ერთხელ, მთავარ ლევან II დადიანთან საუბრის დროს, წამოიჭრა დადიანის კაზაკებთან და ოსმალებთან ურთიერთობის საკითხი. მთავარს მისიონერისათვის უკითხავს: როგორ მოეპყროს იმ 400 კაზაკს, რომლებიც თურქების სამხედრო გალერებიდან გაიქცნენ და მის სახელმწიფოში შეაფარეს თავი: აქციოს ისინი ტყვეებად და გაყიდოს, თუ დასაჯოს, რადგან მათ წარსულში არა ერთხელ გაუძარცვავთ მისი სამფლობელოები. გალერების თურქი კაპიტნები მოითხოვდნენ მათს დაბრუნებას.
დონ ჯოვანი ჯულიანო და ლუკა შენიშნავს, რომ მთავარს თურქებისა არ ეშინია, მაგრამ ისინი ჭირდება კომერციული მიზნებით: მათი საშუალებით იღებს მარილს, რკინას და სხვა აუცილებელ საქონელს. ამიტომ დადიანმა თურქებს მხოლოდ 48 კაზაკი დაუბრუნა1, სხვები კი, სავარაუდოა, თავისთან დაიტოვა.
1. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა, გვ. 148; ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., III, გვ. 164-165.
დონ ჯოვანი ჯულიანო და ლუკას გადმოცემა ოდიშის სამთავროში თავშეფარებული კაზაკების შესახებ1, მაფიქრებინებს, რომ ლევან II დადინი კაზაკებს კვლავ იყენებდა ოსმალეთის ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზემოქმედებისათვის. დადიანს, კაზაკების საკითხზე იტალიელთან საუბრის წამოწყებით, ალბათ, იმის გაგება უნდოდა, როგორი რეაქცია ექნებოდა რომის პაპის წარმომადგენელს, პაპისა, რომელიც თავის ანტიოსმალურ ინტრიგებში კაზაკების გამოყენებასაც ცდილობდა. დადიანმა მისიონერს ამ მაგალითით უჩვენა თავისი ძალა, რომ იგი ანგარიშს უწევდა ოსმალებს მხოლოდ კომერციული ინტრესებიდან გამომდინარე და იმავე დროს მას შეეძლო კაზაკებს მოპყრობოდა თავისი სურვილისა და სამთავროს ინტერესების მიხედვით. გამოთქმული მოსაზრების საფუძვლიანობას, ის რომ ლევან II დადიანი ოსმალებთან ურთიერთობის გამწვავებას არ ერიდებოდა და ამ მიზნით მას კაზაკების გამოყენებაც შეეძლო, ამტკიცებს 1634 წლის 22 მაისს სტამბოლში მიღებული ერთი ცნობა, რომლის მიხედვითაც „დადიანი და გურიელი შეთანხმდნენ და ირანისაკენ მიბრუნდნენ. დადიანმა თავისი ქალიშვილი ზაგემის გამგებელს მიათხოვა“2.
1. ჯოვანი და ლუკას 1630 წლის 19 მაისს აფხაზეთში, ერთ-ერთ ეკლესიაში უნახავს, რომ „საკურთხეველზე იდგა ცეხინებითა და ტალერებით სავსე ერთი ფიალა.… მღვდელს ვკითხე: ეს ფული ვინ შემოწირა-მეთქი. მან მიპასუხა: ეს კაზაკებმა გააკეთესო, ე. ი. იმათ, ვინც მდ. დუნაითა და მდ. დნეპრით ნავებით შავ ზღვაში შემოდიან. ისინი თურქებსა და თათრებს ზიანს აყენებენ. ბრუნდებიან რა უკან, ამ ეკლესიაში სალოცავად მოდიან და ფულებს სწირავენ“. ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., III, გვ. 156-157. XVII ს. პირველ მესამედში ქართულ სამეფო სამთავროები საკმაოდ ინტენსიურად ურთიერთობდნენ რეჩ პოსპოლიტასთან, ამაზე მეტყველებს სხვადასხვა დროს საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილი ვერცხლის მცირე ნომინალები _ ორტები და პოლტორაკები. იხ. ქებულაძე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVIII საუკუნეებში, თბ., 1971, გვ. 111-123; ქუთელია თ., ევროპული მონეტების განძი კოდავეთიდან, „ქართველოგია“, #2, თბ., 1008, გვ.55-57; Джавахишвили Н., Малоизвестные страницы истории Грузино-Балтийских отношении (X-XVIII вв.). «Кавказ и глобализация». Журнал социально-политических и эконлмических исследований, т. 4, вып. 3-4, 2010б Швеция, с. 172-174.
2. ალასანია გ., ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ. თურქულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბ. 1978, გვ. 236; შენგელია ნ., მუსტაფა ნაიმას ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თბ., 1979, გვ. 190.
1633 წლის დასასრული ის პერიოდია, როდესაც ლევან დადიანმა თავისი და მარიამი როსტომს მიათხოვა. რაც შეეხება მის მიერ „ზაგემის“ ანუ კახეთის გამგებლისათვის თავისი ქალიშვილის მითხოვებას, რასაც ქათიბ ჩელები და მუსტაფა ნაიმა გადმოგვცემენ, საეჭვოა. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ნიკიფორე ირბახის მიერ დაწერილი აღაპის მიხედვით, ლევან II დადიანს ჰყავდა ორი ასული – ხუარამზე და დარეჯანი1, მაგრამ არავითარი ცნობა არა გვაქვს რომელიმე მათგანის ქორწინების შესახებ კახეთის გამგებელ სელიმ-ხანზე, რომელიც 1634 წელს თეიმურაზ I-მა გააძევა და კახეთი დაიკავა. სავარაუდოა, რომ სულთნის კარამდე მიტანილ ცნობაში არასწორად იყო გადმოცემული ლევანის დის, მარიამის როსტომზე გათხოვების ამბავი.
1633 წლის დასაწყისში როსტომ ხანის ყიზილბაშთა ჯარი საქართველოში შემოვიდა, გორში მივიდა და ციხის აღდგენას შეუდგა. მშენებლობა ორმოცი დღე, აგვისტოს თვემდე გაგრძელდა. ციხის აღდგენა ჯერ ისევ მიმდინარეობდა, როცა „ახალი მეფე (როსტომი _ ე.მ.) ჯერ ქართლში არ იყო ჩასული, რომ უკვე დადიანის ანუ ოდიშის დაზე დაქორწინებას ცდილობდა; ამ საქმეზე წინ და უკან ელჩებს აგზავნიდა“2. 1634 წ. მაისის მეორე ნახევარში (უფლის ამაღლების დღესასწაულის შემდეგ) მარიამ დედოფალი ოდიშისა და გურიის დიდებულების თანხლებით გორში მოვიდა3.
1. Синодик Крестного Монастыря в Иерусалиме, изд. Н. Марр, СПБ, 1914, #49.
2. დონ პიეტრო ავიტაბილე, გვ. 27.
3. იქვე, გვ. 28.
მარიამისა და როსტომის დაქორწინებას დიდი პოლიტიკური და საერთაშორისო მნიშვნელობა ჰქონდა. ეს აქტი მნიშვნელოვანი იყო პირველ რიგში ოდიშის სამთავროსათვის, რომელიც როსტომთან დანათესავებით მოკავშირე ხდებოდა ირანის შაჰისა და შესაბამისად ოსმალეთის სულთნის მოწინააღმდეგე. ახლად ჩამოყალიბებულ კავშირს შეიძლებოდა საბედისწერო შედეგი ჰქონოდა თეიმურაზ მეფისა და იმერეთის მეფე გიორგისათვის. ის, რაც სულთნის კარისათვის 1634 წლის 22 მაისის ცნობაში ბუნდოვანი იყო და კითხვებს ბადებდა გაირკვა მცირე ხნის შემდეგ ახალციხის ფაშის სტამბოლში გაგზავნილი მოხსენებით: „ჩილდირის (ახალციხის) ბეგის საფარის ცნობით, ირანი, დადიანი და გურიელი გაერთიანდნენ და 30 000-მდე ურწმუნო საქართველოს მოსახლეობა. დადასტურდა, რომ დადიანისა და გურიელის მეშვეობით შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე გონიოსა და ტრაპეზუნს საფრთხე ელოდებაო. ამიტომ, აუცილებელია ხმელეთიდან ჯარისა და სამეფო ფლოტის გამოგზავნა, იმ მხარის დაცვა და დადიანისა და გურიის ვილაიეთების დარბევაო“1.
1. ალასანია გ., დასახ. ნაშრ., გვ. 236; შენგელია ნ., დასახ, ნაშრ., გვ. 190- 191.
ამგვარად, სრულიად ნათელი იყო, რომ ქართლის მეფე როსტომის ლევან II დადიანის დაზე დაქორწინებით გაფორმდა ანტიოსმალური კოალიცია, რომელშიც შევიდა ირანი, ქართლის სამეფო, ოდიშისა და გურიის სამთავროები. შაჰ სეფიმ ჯეროვნად შეაფასა აღნიშნულ ქორწინება და როსტომისა და დადიანის დანათესავება. ოსმალეთთან ომის პირობებში, მისი გავლენის ქვეშ არსებულ, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ოდიშისა და გურიის სამთავროებს, დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. უფრო მეტიც, აქედან დაკავშირება შეიძლებოდა ოსმალეთის მძლავრ მოწინააღმდეგე კაზაკებთან და რეჩ-პოსპოლიტის სამეფოსთან, ყიზილბაშებისა და ქართველების მათთან გაერთიანებული ძალით სერიოზულ პრობლემებს შეუქმნიდა შავი ზღვისპირეთში არსებულ ოსმალეთის ქალაქებსა და სტრატეგიულ ადგილებს. იმავე საქორწინო გარიგების შედეგად შაჰსა და როსტომს მუდმივად მუქარის ქვეშ ეყოლებოდათ იმერეთში გადახვეწილი და სულთნის მოიმედედ მყოფი თეიმურაზ I და მისი მოკავშირე იმერეთის მეფე. ამ გარემოებასაც შაჰი არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამიტომაც იყო, რომ როდესაც როსტომმა ლევან დადიანთან დანათესავება გადაწყვიტა, მისი ამ გადაწყვეტილების დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ფარსადან გორგიჯანიძემ მხოლოდ ერთ წინადადებაში მოათავსა: „(როსტომ _ე.მ.) მეფემ ყაენს ჩაფარი გაუგზავნა და დადიანის მოყვრობა ხემწიფეს გააშინჯვინა. მისგან ბრძანება და საქორწილო მოუვიდა, რომე კარგი გიქნიაო“1
შაჰ სეფიმ ლევან დადიანის მოკავშირეობა დიდად დააფასა. იმავე ისტორიკოსის მიხედვით, „ორმოცდაათი ათასი მარჩილი შაჰსეფი ყაენს გამოეგზავნა ლევან დადიანისათვის. ის მიართვეს და წელიწადში ათასი თუმანი ჯამაგირი გაეჩინა დადიანისათვის“. ყაენს არც როსტომი ჩამორჩა გულუხვობაში და ოდიშის დიდებულების გულის მოგების მიზნით, „ამაებს უმრავლეს როსტომ მეფემ მიართვა და დადიანსა და ოდიშართ ბერთა და მღრდელთა, თავადთა და აზნაურთა და კარის მოხელეთა და გამრიგეთა და მოსამსახურეთა, დიდთა და მცირეთა, ყველათ თავიანთ წესითა და შეფერებითა მიართვეს“2.
კაზაკების შავ ზღვაში მოქმედებისა და მათდამი ქართველების დამოკიდებულების შესახებ საინტერესო, მაგრამ ბუნდოვანი ცნობები დაგვიტოვა თურქმა მოგზაურმა ევლია ჩელებიმ. მისი გადმოცემით 1647 წლის შემოდგომაზე კაზაკები მოულოდნელად თავს დაესხნენ გონიოს ციხეს და აიღეს3.
ევლია ჩელების მიხედვით, გონიოს ციხე მდებარეობდა ოსმალეთის სახელმწიფოს და სამეგრელოს საზღვარზე, რომელსაც „ციხისთავი და ხუთასამდე მეციხოვნე ჰყავს. ერთი ასეული მაღალი კარის იანიჩრები, რვაასი მეომარი და მათი ჩორბაჯიები დღე და ღამ მორიგეობით იცავენ... ციხე ზღვის ნაპირზე მდებარე ოთხკუთხა, მტკიცე ქვის შენობაა. კაზაკები მრავალჯერ დაესხნენ თავს, ქონება დავლათ თან წაიღეს, მოაოხრეს და დაანგრიეს“ 4. როგორც ჩანს, გონიოს ციხე კარგად გამაგრებული იყო და საკმაოდ მრავლრიცხოვანი დამცველიც ჰყავდა. ასეთნაირად გამაგრებული ციხესიმაგრის აღებას მხოლოდ ბევრად მეტი მომხვდური თუ შეძლებდა.
1. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 241.
2. იქვე, გვ. 241-242.
3. ევლია ჩელები, გვ. 323.
4. იქვე, გვ. 94.
ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნის“ მთარგმნელისა და გამომცემლის გ. ფუთურიძის მიხედვით, კაზაკებმა გონიოს ციხე აიღეს 1647 წლის შემოდგომაზე1. თარიღი დააზუსტა თ. ტივაძემ. მისი აზრით, კაზაკების მიერ გონიოს აღება, ოსამლებისაგან მისი დაბრუნება და ამ ფაქტთან დაკავშურებული სხვა ამბები, რომლებზეც ევლია ჩელები მოგვითხრობს, მოხდა იმავე წლის სექტემბერ-ოქტომბერში2.
გონიოს ციხის ოსმალების მიერ დაბრუნებასთან დაკავშირებულ ამბებში გასარკვევია ქართული სამეფო-სამთავროების პოზიცია და ოსმალეთთან და კაზაკებთან ურთიერთობის საკითხი. არზრუმის ფაშამ სეიდი აჰმედმა, როდესაც გონიოზე კაზაკების თავდასხმის შესახებ შეიტყო, სულთნის ბრძანებას არ დაელოდა და, საკუთარი ინიციატივით, გონიოსკენ გაშურა და გზადაგზაჯარს ჰკრებდა. სულ მალე „ათასი რჩეული, მსუბუქად წამოსული, შეიარაღებული მეომარი შეგროვდა“. მას გზადაგზა კიდევ უერთდებოდნენ. „იმ ადგილას, სადაც ტრაპიზონის საზღვრებიდან გონიოს საზღვრებში შევედით, სამეგრელოს ჯარებს შევხვდით. სეიდი აჰმედ-ფაშასთან მოვიდნენ და ყველას პატივი მიეგო. მოვიდა სამი ათასამდე ჩაცმულ-დახურული, შეიარაღებული თავითფეხებამდე ცისფერ რკინაში ჩამჯდარი, ხელშუბიანი, ქეჰეილანის ცხენიანი, გველეშაპივით [ვაჟკაცი] მეგრელი აზნაური, ათასამდე ქვეითი მეთოფე და ქართველი წარჩინებულები. ესენი გარეგნობით სხვადასხვანაირი იყვნენ. ზოგი თმაგაწეწილი იყო, ზოგი თმახუჭუჭი. ორმოც-ორმოცდაათ წლისანებსაც კი წვერი გაპარსული ჰქონდათ და საოცარი გამომეტყველებისანი იყვნენ. ასე წარსდგნენ. კოჯა ყაზი სეიდის აჰმედ-ფაშამ დაუყვავა, ყოველ მათგანს აღთქმა მისცა და მიესიყვარულა“3.
1. იქვე, ნაკვ. II, გამოკვლევა, კომენტარები, თბ.,1973, გვ. 115.
2. ტივაძე თ., კაზაკების მიერ გონიოს ციხის აღებისა და ქართველებთან მათი ურთიერთობის შეხებ. „მაცნე“, ისტორიის, არქეოლიგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, #1, თბ., 1977, გვ. 77.
3. ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, ნაკვ. I, გვ. 323.
ოსმალთა ჯარში სხვა ქართველებიც ყოფილან. გონიოსაკენ მიმავალ ოსმალებს „თორთუმის გზაზე“ შეხვედრილი სამეგრელოს და გურჯისტანის ქვეითი ჯარი შეუერთდა; სამეგრელოდან მეგრელთა ერთი ნაწილი ლაზური „მენექისლა“1 ნავებითაც მისულან. გონიოს ციხე უკვე აღებული იყო, როდესაც „სამხრობის ჟამს ზღვაში ორმოცი-ორმოცდაათი ლაზური „მენექისლა“ ნავი გამოჩნდა. რომ მოდიოდნენ, შიგ მყოფებმა დაინახეს, რომ ციხე მუჰამედის ხალხითაა სავსე და მის გარეთაც კარვებში ამდენი ოსმალო მეომარია დაბანაკებული; ერთიმეორის მიყოლებით იწყეს ნავების უკან გაბრუნება. ესენი იყვნენ ურჩი აზნაურები, რომლებიც ციხეში [მყოფი] კაზაკების დასახმარებლად მოდიოდნენ... საღამომდე გაგრძელებული დიდი ბრძოლა შეიქნა. ორმოცდაშვიდი ნავი დაიპყრეს... ნავებში მყოფნი ტყედ ჩავარდნენ“. ოსმალების დასახმარებლად მოვიდნენ ახალციხის ფაშა საფარი, იმერეთში მყოფი თეიმურაზ I-ის, იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის (1639-1660) და ლევან II დადიანის ვაჟები2 6 ათასი „გულადი ქართველი მეომრით“. ამის შემდეგ „მოსვლა იწყო სურსათმა გურჯისტანის, სამეგრელოს, ბათუმის, ლაზისტანის სანჯაყებიდან“3.
1. მენექისლა _ „ლაზებისა და მეგრელების დიდი ნავები“, რომლებსაც თურქებიც იყენებდნენ ზღვის ნაპირებზე და მდინარეებზე ცურვისათვის. იქვე, ნაკვ. II, გვ. 173.
2. ვ. ფუთურიძის აზრით, დასახელებული მეფეები პირადად ეხმარებოდნენ ოსმალებს. იქვე, ნაკვ. II, გვ. 115.
3. იქვე, ნაკვ. I, გვ. 326-327.
გონიოში საქმეების მოგვარების შემდეგ სეიდი აჰმედ-ფაშამ თათბირი მოიწვია და განაცხადა: „ეს სამეგრელო ტრაპიზონის ვილაიეთის მბრძანებლობაშია და მაშინ, როდესაც საჭირო იყო ჩვენთვის მაშველი ძალის გამოგზავნა, კაზაკებს დაუჭირეს მხარი და ფადიშაჰს განუდგნენ... ამდენი ათასი კაზაკი და მეგრელი ტყვე კი [სულთნის] ტახტს მივართვი, მაგრამ ახლა, როდესაც ეს დიდებულთა კრებული ამხედრებული ისლამის ჯარისა მზადაა, როგორ ვიძიოთ შური მეგრელ ურჯულოებზე... როგორც კი საქმის განხილვა დაიწყო, გურჯისტანის განმგებელმა საფარ-ფაშამაც მეგრელებისადმი თავისი სიძულვილის გამოსახატავად თქვა: „ისლამის ლაშქრის ქვეითი და ცხენოსანი ჯარი მეგრელებს შევუსიოთ. ჩვენი, ახალციხისა და გურჯისტანის გმირები მეგზურებად მივცეთ და საღვთო ომის ნადავლი მათაც გავუზიაროთ“1. ამგვარად, გადაწყდა „მეგრელების“ აკლება.
როგორც ზემოთ ითქვა, ოსმალებს ოდიშის სამთავრო ჯარით ეხმარებოდა. მაშ ოსმალებს ვისზე უნდა ეძიათ შური? ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ ევლია ჩელები მეგრელებში გურულებს გულისხმობს2. ვფიქრობ სრულიად სარწმუნოდ გამოიკვლია თ. ტივაძემ, რომ კაზაკებს ეხმარებოდნენ არა მეგრელები, არამედ ჭანეთ-ლაზეთის მოსახლეობის მხოლოდ ერთი ნაწილი3. ციხის აღების ფაქტი გვიჩვენებს, როგორ რადიკალურად შეიცვალა ქართველი მეფე-მთავრების დამოკიდებულება კაზაკებისადმი, როგორც ანტიოსმალური ძალისადმი. მაგრამ მაინც მგონია გასარკვევია, ამ დროს რამდენად აქტიურად მონაწილეობდა ირანის მოკავშირე ოდიშის სამთავრო, ოსმალეთის სამხედრო აქციაში. ხომ არ ურევია ოდიშის მთავრის ხელი ჭანებ-ლაზების ანტიოსმალურ გამოსვლაში. რატომ უწოდებს ევლია ჩელები ჭანებსა და ლაზებს მეგრელებს? სამწუხაროდ, ამ კითხვებზე პასუხი, ჯერჯერობით, არ არის.
XVII ს. 50-იან წლებში დასავლეთ საქართველოს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც დაპირისპირებულნი იყვნენ ლევან დადიანთან, სცადეს კაზაკები გამოეყენებნათ ოდიშის სამთავროს წინააღმდეგ. ამის შესახებ ალექსანდრე III რუსეთის ხელმწიფე ალექსი მიხეილის ძეს სთხოვდა 1651 წელს4.
ასეთივე თხოვნას ვნახულობთ ალექსანდრე იმერთა მეფის 1651 წლის 14 სექტემბრის იმ წერილში, რომელიც შედგენილი იყო ქართველი ელჩების მოსკოვში სახელმძღვანელოდ5. იგივე თხოვნა გამეორებულია იმავე მეფის მიერ მოსკოვში 1656 წელს გაგზავნილ სიგელში6.
1. იქვე, გვ. 330.
2. სურგულაძე ა., საქართველო-უკრაინის ურთიერთობის ისტორიიდან (კაზაკები გონიოს ციხეში). კრებულში: „Из истории украино-грузинских связей“, III, Тб., 1975, с. 38.
3. ტივაძე თ., დასახ. ნაშრ., გვ. 79.
4. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 140-141.
5. Переписка, с. 66-67.
6. პაიჭაძე გ., მასალები..., გვ. 460.
ლევან II დადიანი და ნიკიფორე ირბახი
ლევან II დადიანის საგარეო პოლიტიკის წამმართველი ნიკიფორე ირბახი იყო. მისიონერების წერილების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ნიკიფორემ თეიმურაზ მეფე მანამდე მიატოვა და ოდიშში გადავიდა, ვიდრე როსტომ ხანი დიდი ჯარით ქართლში შემოვიდოდა და თეიმურაზი იმერეთს შეეფარებოდა. საყურადღებოა, რომ ნიკიფორე არასოდეს არ მისდევს და საერთოდ არ იმყოფება დევნილ თეიმურაზთან. როცა თეიმურაზი შაჰ აბასის მიერ დევნილია, ნიკიფორე იერუსალიმში იმყოფება; როსტომ მეფემ განდევნა თეიმურაზი, ნიკიფორე ლევან II დადინის სამსახურში ჩადგა.
ლევან II დადიანის და ნიკიფორეს დაახლოება უნდა მომხდარიყო ამ უკანასკნელის ევროპიდან დაბრუნებისთანავე. მას, ვიდრე თეიმურაზს ეახლებოდა, მანამდე სამეგრელოზე გაუვლია. როგორც ითქვა, პატრმა ჯოვანი ჯულიანო და ლუკამ 1629 წლის 12 ივლისს, დადიანთან ვახშმობისას, სუფრასთან ნახა ნიკოლოზ ქართველი, იგივე ნიკიფორე ირბახი. უეჭველია დადიანი, რომელსაც მაშინ უკვე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა იმერეთისა და ქართლ-კახეთის მეფეებთან, შეეცდებოდა ნიკიფორე თავისკენ გადაებირებინა. ავიტაბილეს მიხედვით, როსტომ ხანის ქართლში შემოსვლამდე რვა დღით ადრე, თეიმურაზმა ნიკიფორე სულთანთან გააგზავნა ყიზილბაშთა წინააღმდეგ დახმარების სათხოვნელად1. მაგრამ იმის გამო, რომ ნიკიფორემ როსტომის მიერ დიდი ჯარით ქართლის დაკავება და თეიმურაზის იმერეთში გაქცევა გაიგო (შეიძლება, მას ადრევე ჰქონდა განზრახული თეიმურაზისაგან წასვლა), ის მეფეს გადაუდგა და მის მოწინააღმდეგეებს _ ლევან II დადიანს და როსტომ ხანს მიემხრო. ზემოთ უკვე მოყვანილი იყო ერთ-ერთი რუსული წყაროს ცნობა, საიდანაც გავიგეთ როგორ ეპყრობოდა თეიმურაზ I სხვადასხვა ქვეყნებში გაგზავნილ იმ ელჩებს, რომლებიც თავის დროზე და მისთვის სასურველი შედეგით არ დაბრუნდებოდნენ. ალბათ ნიკიფორესაც ასეთი ბედი ელოდა, მით უმეტეს, რომ თეიმურაზს მის მიმართ საკმაოზე მეტად ეჭვიანობის საბაბი ჰქონდა. ნიკიფორემ თავი შეაფარა, თეიმურაზისა და მისი იმერელი მოკავშირეების მოწინააღმდეგე, ოდიშის მთავარს. ძნელია გარკვევა რას ემყარებოდა ი. ანთელავა, როდესაც წერდა, რომ ნიკიფორე ჩოლოყაშვილს არასოდეს შეუწყვეტია თეიმურაზ I-თან კავშირიო2. ასეთი კავშირის ამსახველი არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია.
როგორც ცნობილია, როსტომმა ირანის მხარდაჭერით, რომელსაც ოსმალეთის პოზიციების დასავლეთ საქართველოში შესუსტება და მისი იმერელი მომხრეების განეიტრალება სურდა, ოდიშის მთავართან დამოყვრება განიზრახა და 1633 წელს მოციქულები გაუგზავნა. ლევან დადიანი კმაყოფილი შეხვდა წინადადებას თავისი და მარიამი როსტომისათვის მიეთხოვებია. მან თავის მხრივაც, გარიგების დასასრულებლად, თავისი მოციქულები ქართლში გაგზავნა. ქართული წყაროები არ გვამცნობენ, მაგრამ მისიონერების მიხედვით, დადიანის წარგზავნილებს შორის იყო ნიკიფორე ჩოლოყაშვილიც. დონ პიეტრო ავიტაბილეს თუ დავუჯერებთ, ნიკიფორე, როსტომის მიწვევით, ქართლში გადავიდა. მის 1633 წლის 1 აგვისტოს წერილში ნათქვამია: „ხალხში ხმა დადის, რომ (როსტომს-ე.მ.) მისი (ნიკიფორე-ე. მ.) პატრიარქად დასმა უნდაო“3. ნიკიფორემ უარი თქვა ამ წინადადებაზე. ავიტაბილე სიმართლეს უნდა გადმოგვცემდეს. როსტომს, გამოცდილ პოლიტიკოსსა და სახელმწიფო მოღვაწეს, ეცოდინებოდა ვინ იყო ჩოლოყაშვილების ცნობილი გვარის ეს წარმომადგენელი და როგორ შეიძლებოდა ნიკიფორეს გამოყენება თავისი ჯერ კიდევ არამყარი მდგომარეობის განსამტკიცებლად. მართალია, ნიკიფორემ მისი წინადადება არ მიიღო, მაგრამ ქართლის მეფესთან კარგი ურთიერთობა მაინც შეინარჩუნა, ალბათ, იმიტომაც, რომ ასეთი იყო მისი ბატონის ლევანის პოლიტიკა მაშინდელი ქართლის სამეფოს მიმართ.
1. დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 21.
2. ანთელავა ი., ლევან II დადიანი, თბ., 1990, გვ. 108.
3. დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები..., გვ. 21.
ნიკიფორე ქართლიდან სამეგრელოში გადავიდა 1633 წ. 24 ოქტომბერს და თან წაიყვანა ორი პატრი – ჯუდიჩე და ლამბერტი1. ნიკიფორეს ქართლში ვხედავთ 1634 წელს, მაგრამ არ ჩანს რა მიზნით იმყოფებოდა. სავარაუდოა, ის ლევან დადიანის რაიმე დავალებას ასრულებდა როსტომის კარზე. ოდიშის მთავარი როსტომის საშუალებით უკავშირდებოდა ირანის შაჰს, რომელიც კმაყოფილებით შეხვდა როსტომის დადიანთან დამოყვრების განზრახვას. შაჰ სეფიმ ოდიშის მთავარს ყოველწლიური ჯამაგირიც კი დაუნიშნა. როსტომისა და დადიანის დამოყვრება ხომ იმერეთში გადახვეწილი თეიმურაზის, იმერეთის მეფე გიორგი III-ის და მისი ვაჟის – ალექსანდრეს წინააღმდეგ იყო მიმართული. შაჰს ოსმალეთთან მომავალ ომში, დადიანის სახით, მოკავშირე ეგულებოდა. დადიანსაც აწყობდა ასეთი კავშირი. ის, ქართლის სამეფოსი და ირანის მხარდაჭერით დიდი ხნის განმავლობაში იმერეთს იკლებდა და პირველობდა დასავლეთ საქართველოში. ნიკიფორე ჩოლოყაშვილი, ლევან II დადიანის მრჩეველი და თანამზრახველი უნდა ყოფილიყო. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს მთავრის მიერ გატარებული საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი, მისი დიპლომატიური მანევრების გაცნობა და ანალიზი (ოდიშში კათოლიკური მისიის დაარსება, ორიენტაცია ირანზე, ევროპასა და ირანს შორის საშუამავლო ვაჭრობის პროექტის შედგენა, ოდიშის სამთავროს ეკონომიკური გაძლიერება, მისი საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართვა და სხვ.). ნიკიფორე ჩოლოყაშვილმა მაშინდელ საქართველოში ყველაზე კარგად უწყოდა რისი მიღწევა შეიძლებოდა დასავლეთ ევროპასთან ურთიერთობაში. მან საკუთარი გამოცდილებით იცოდა, რომ ევროპაში ქართველები ვერ მოიპოვებდნენ სამხედრო-პოლიტიკურ დახმარებას, სრულიად გამორიცხული იყო ირანის წინააღმდეგ მოკავშირის შეძენა, მით უმეტეს, რომ ოდიშის მთავარს ამგვარი მოკავშირე საერთოდ არ სჭირდებოდა. გაბედულად შეიძლება ითქვას რომ ნიკიფორე ირბახმა სერიოზული როლი შეასრულა ჯერ დადიანისა და როსტომ მეფის დაახლოებაში, რაც ლევანის დის ქართლის მეფეზე გათხოვებით განმტკიცდა და შემდეგ კი ლევანის ირანის მფარველობაში შესვლაში. ნიკიფორე უნდა ყოფილიყო მთავრის მთავარი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.
1. იქვე, გვ. 29. მ. თამარაშვილს გადმოცემული აქვს ის მარშრუტი, რომლითაც ნიკიფორემ და მისიონერებმა გორიდან ოდიშის სამთავრომდე გაიარეს. ეს მარშრუტიც, გარკვეული გაგებით, წარმოდგენას გვიქმნის იმ პოლიტიკურ სიტუაციაზე, რომელიც არსებობდა საქართველოში XVII ს. 30-იანი წლების შუა ხანებში. ნიკიფორესა და მისიონერებთან ერთად ოდიშში მიდიოდა როსტომ მეფის ელჩი დადიანთან, თბილელიც. მგზავრები ჩვეულებრივი გზით ვერ წავიდნენ, რადგან ქართლიდან იმერეთში გადასასვლელი გზები თეიმურაზს ჰქონდა გადაკეტილი, ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ უფრო საიმედო, სპარსელების მიერ დაპყრობილი ახალციხის გზით წასულიყვნენ (სპარსელები ხომ როსტომის და დადიანის მოკავშირეები იყვნენ) და გურიაზე გავლით ოდიშში ჩასულიყვნენ. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა საქართველოში, გვ. 170-171.
ლევან დადიანმა ნიკიფორეს წყალობით ისიც იცოდა, რომ ევროპასთან მხოლოდ სავაჭრო ურთიერთობის დამყარება და ამ გზით სამთავროს ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება შეიძლებოდა. თუ პიეტრო დელა ვალეს ვენდობით, XVII ს. 20-იან წლებში, ეკონომიკური განვითარების მხრივ, გასაგები მიზეზების გამო, დასავლეთ საქართველო უკეთეს მდგომარეობაში იყო ვიდრე აღმოსავლეთი. „დანარჩენი ქართველნი მთავრები, ესე იგი იმერეთისა, ოდიშისა და გურიისა, ყოველთვის აყვავებულნი იყვნენ და ეხლა კიდევ უფრო აყვავებულან... ორს მათგანს, ოდიშის და გურიის მთავრებს, აქვთ სამთავროები შავი ზღვის პირათ და ამიტომ მათ უფრო მიწვდებიან თურქის ჯარები. მაგრამ სამაგიეროს ეს მდგომარეობა მათთვის ძლიერ სასარგებლოდაც ჰრჩება. იმათ დიდი ვაჭრობა აქვთ კონსტანტინოპოლთან და მთელ საბერძნეთთან აბრეშუმისა და სხვა რამეებისა“1.
1. დონ პიეტრო ავიტაბილე, ცნობები..., გვ. 56.
პიეტრო დელა ვალეს მიხედვით, ოდიშის სამთავროში რეგულარულად დაიარებოდნენ ევროპელი ვაჭრები. კონსტანტინოპოლიდან სამეგრელოში ყოველ დღე მიდიოდნენ ხომალდები. „საჭიროა (კონსტანტინოპოლში _ე.მ.) ჩასხდნენ საქართველოს ერთერთ მხარეში _ სამეგრელოში მიმავალ ხომალდში, სადაც კონსტანტინოპოლიდან ყოველდღე მიდიან ხომალდები. ჩვეულებრივად კონსტანტინოპოლის ნავსადგურში შეიძლება შეხვდე ფრანგებს მომავალს კუნძულ ხიოსიდან, რომლებიც ჩვეულებრივ ჩადიან სამეგრელოში და ბევრი მათგანი ლაპარაკობს იტალიურად. რომელიმე მათგანი, თუ სანდო პიროვნება იქნებოდა, შეიძლებოდა მეგზურად აეყვანათ. თუ ასეთი რამ არ მოხერხდებოდა, მაშინ შეიძლებოდა აეყვანათ რომელიმე ბერძენი ქრისტიანი, რომლებიც ყოველთვის თავს იყრიან კათოლიკური ქვეყნების საელჩოების გარშემო კონსტანტინოპოლში. შეიძლება მეგზურად აიყვანონ რომელიმე ქართველი, რომელნიც ყოველთვის არიან კონსტანტინოპოლში. ისინი ხშირად თავადიშვილები არიან. ასეთ ქართველთან მეგობრობის დამყარება ძალიან კარგი იქნებოდა“1.
ოდიშის სამთავროში ვაჭრობისა და ფულის მიმოქცევის სავალალო მდგომარობაზე საინტერესო ცნობები შემოგვინახა არქანჯელო ლამბერტიმ. ოდიშის სამთავროდან ექსპორტის მთავარ „საქონელს“ ადამიანები წარმოადგენდნენ2. მოღწეული ცნობებით სრულიად ნათელი ხდება, რომ ლევან დადიანის ევროპასთან ურთიერთობის დამყარების მთავარი მოტივი მის სამთავროში უცხოელი ვაჭრებისა მოზიდვა და ვაჭრობის განვითარება იყო. ამ მიზნის განხორციელებისათვის მას საზღვაო გზის გამოყენება უნდოდა, მხოლოდ სტამბოლის გვერდის ავლით. ამ საქმეში მისი მთავარი მრჩევლები იყვნენ ნიკიფორე ირბახი და კათოლიკე მისიონერები. ჯუზეპე ჯუდიჩე გადმოგვცემს, რომ ლევან დადიანი „ხშირად თავის ამალით მოვიდოდა და ჩვენს (მისიონერების _ე.მ.) ახლოს დასდგამდა თავის კარავს ჩვენი სიყვარულისათვის, რათა უფრო ადვილად ესაუბრნა ჩვენთან და თავისთან მიხმობით არ შევეწუხებინეთ. ხშირად დაწვრილებით ვლაპარაკობთ სხვა და სხვა სასარგებლო საქმისათვის და ყველაფერს გულმოდგინებით ისმენს“3.
1. ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 214-215.
2. არქანჯელო ლამბერტი, გვ. 156-158.
3. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, გვ. 189.
ჯუზეპე ჯუდიჩეს ჩანაწერებიდან მცირე რამეს მაინც ვიგებთ ლევან დადიანის სავაჭრო-ეკონომიკური ინტრესის შესახებ. მისი გადმოცემით, „მთავარ დადიანს ყოველთვის სურვილი ჰქონდა ვაჭრები მოეყვანა და თავის სამთავროში დაესახლებინა. ძალიან სურდა შორეული სახელმწიფოებიდან ვაჭრები და სავაჭრი საქონელი მოეზიდა... ჩვენს პატრებთან საუბარში დადიანმა ცხოველი ინტერესი გამოამჟღავნა: თუ შესაძლებელი იქნებოდა, კონსტანტინოპოლიდან ზოგიერთი მდიდარი ვენეციელი ვაჭრის ჩამოყვანა, მაშინ დაავალდებულებდა მათთვის სხვა საქონლის გარდა, აბრეშუმის მიყიდვას მთლად მის სამთავროდან, აგრეთვე ნაწილობრივ ირანისასაც. ამისათვის, ვინც შავი ზღვით აბრეშუმით ვაჭრობას მოჰკიდებდა ხელს, მათთვის ვაჭრები აბრეშუმს ირანიდან და სომხეთიდან ოდიშში ჩაიტანდნენ ნახევარ ფასზე უფრო იაფად, ვიდრე ჰალაბში გადასატანად დასჭირდებოდათ. ამგვარად ნაღდ მოგებას ნახავენ ის ვაჭრები, რომელნიც მთავრის საბაჟოდან გაჰყიდიან საქონელს და ფრანკებიც, რომლებიც იაფად შესყიდულ საქონელს ზღვით ჩაიტანენ საფრანგეთში“1.
ლევან დადიანმა თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად მისიონერი დონ პიეტრო ავიტაბილე კონსტანტინოპოლში გაგზავნა, სადაც ის ვენეციის ელჩს შეხვდა. ეს უკანასკნელი ავიტაბილეს შეპირდა, რომ ოდიშის სამთავროში გაგზავნიდა ვენეციელ ვაჭარს ჯერონიმო დე ტომაზოს, მაგრამ ოსმალეთსა და ვენეციის რესპუბლიკას შორის ურთიერთობის გართულების შედეგად წამოწყება ვეღარ განხორციელდა. შედეგი ვერ გამოიღო დადიანის სხვა მცდელობამაც2.
შაჰ აბას I-ის აღმოსავლეთ საქართველოს მიმართ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკაზე მსჯელობისას, ითქვა რომ შაჰის ღონისძიებების შედეგად გამოცოცხლებულ ირანის ვაჭრობასთან ერთად, გამოცოცხლდა საქართველო-ირანის ვაჭრობაც, საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა მეზობელ და შორეულ ქვეყნებთან. ირანთან სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთ საქართველოს ქალაქებსაც. საქართველოს შიდა და საგარეო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ამსახველი საინტერესო მასალები დაგვიტოვეს უცხოელებმა (არქანჯელო ლამბერტი, დონ ჯუზეპე ჯუდიჩე, ჟან შარდენი).
1. დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი, წერილები საქართველოზე. XVII საუკუნის იტალიური ტექსტი თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბ. გიორგაძემ, თბ., 1964, გვ. 56.
2. იქვე.
ლევან დადიანისათვის ცნობილი იქნებოდა, რომ XVI საუკუნის ბოლოდან საქართველოდან ირანში გაჰქონდათ ნედლი აბრეშუმი1 და სხვა საქონელიც. შაჰ აბასი პირადად დაინტერესებული იყო ნედლი აბრეშუმით ვაჭრობის თავის ხელში კონცენტრირებით, რადგან მასზე, დასავლეთ ევროპის მთელ რიგ სახელმწიფოებში, დიდი მოთხოვნილება იყო2. ლევან დადიანმა პროცესის მიმართულების შეცვლა განიზრახა: აბრეშუმი საქართველოდან ირანში კი არ გასულიყო, პირიქით, ირანიდან საქართველოში, კერძოდ ოდიშის სამთავროს გავლით, გასულიყო ევროპაში. ვფიქრობ ამ გეგმის განხორციელებისათვის დადიანი ირანის მხრიდან, როგორც მოკავშირისაგან დაბრკოლებას არ წააწყდებოდა. ოდიშის მთავრის ვაჭრები აბრეშუმს იაფად შემოიტანდნენ, ევროპელი ვაჭრებიც დიდ მოგებას ნახავდნენ სამეგრელოში შეძენილი აბრეშუმით. ირანთან ვაჭრობისათვის დიდი მნიშვნელობის მინიჭების გამო იყო, რომ ლევან დადიანმა თავისი ვაჭრების ირანული ფულით უზრუნველყოფისათვის დააარსა ზარაფხანა, სადაც ირანული ნიშნის ფულს ჭრიდნენ3. სატრანზიტო ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით მთავარმა 1635-1636 წლებში ახლად დაარსებულ ქალაქ რუხში ჩაასახლა იმერეთიდან გადასული სომხები და ებრაელები. ლევან დადიანმა „იძულებული გახადა საცხოვრებლად გადმოსულიყო სამეგრელოში ასი სომეხი და ებრაელი ვაჭარი: ცდუნებითა და მოტყუებით მრავალი თურქი ვაჭარიც დაიყოლია იმავე პირობაზე“4.
1 კუცია კ., ქართული აბრეშუმის წარმოების ისტორიიდან (XVII საუკუნის პირველი მეოთხედი). „ახლოაღმოსავლური კრებული“, თბ., 1983, გვ. 134-139. როგორც კათოლიკე მისიონერი მელშიორ დუშ ანჟუში წერდა (1614 წ.) აბრეშუმი საქართველოს მთავარი სიმდიდრე იყო. დოკუმენტები, გვ. 376, #43.
2. საქართველო-სპარსეთის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაზე იხ., კაციტაძე დ., ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან და რუსეთთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ისტორიიდან (XVII-XVIII სს.), თბ., 1992.
3. არქანჯელო ლამბერტი, გვ. 156.
4. დონ ჯუდიჩე ჯუზეპე მილანელი, გვ. 55.
ქრისტოფორო დე კასტელის გადმოცემით კი სომხებისა და ებრაელების ოდიშის სამთავროში გადასახლება მათი სურვილით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მოხდა. უფრო მეტიც: „მრავალი სომეხი ჯარისკაცი, აგრეთვე, იუდეველებიც დადიანს ეხმარებოდნენ (გიორგი მეფესთან ბრძოლაში _ე.მ.). იუდეველებიც და სომხებიც დიდი ხნიდან ცდილობდნენ დადიანთან ეცხოვრათ კოლხ ხალხთა შორის. მათ საქმიანობას ჩვეულებისამებრ ვაჭრობა შეადგენდა. იმერეთის მეფემ მართლაც დართო ნება მათი იქ გადასვლისა, თუ კი ეს შესაძლებელი იქნებოდა“1. თუ გავითვალისწინებთ ლევან დადიანის ვაჭრობის განვითრებისათვის ზრუნვა-ხელისშეწყობას, მაშინ უფრო მისაღები უნდა იყოს კასტელის ვერსია, რომ სომეხი და ებრალი ვაჭრები თავიანთი სურვილით გადასახლდნენ ოდიშის სამთავროში ახლად დაარსებულ ქალაქ რუხში. არქანჯელო ლამბერტი, ლევან დადიანის საერთაშორისო ვაჭრობაში თავისი სამთავროს ჩაბმისადმი ინტერესზე აღნიშნავს, რომ „დადიანმა სრულებით განაახლა ქვეყანა იმით, რომ მრავალი უცხო ხალხი მოიწვია, განსაკუთრებით სომხები და ებრაელები, რომლებიც ძლიერ ეტანებიან ვაჭრობას. მათ აძლევდა ცხენებსა და ფულს და გზავნიდა ირანსა და თურქეთში, რათა იმ ქვეყნებიდან მოეტანათ ოდიშში მრავალი სავაჭრო“~2
ლამბერტის გადმოცემა მრავალმხრივ საყურადღებოა. გასაგებია, რომ ლევან დადიანი ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის დამყარებას შავი ზღვით აპირებდა, მაგრამ ეს ძალზე ზოგადი ნათქვამია. რა თქმა უნდა, ლევან დადიანი თავისი მოკავშირე ირანის ინტერსებს გაითვალისწინებდა და ქართული და ირანული აბრეშუმის ევროპაში გატანისას ოსმალეთის სანაპირო ქალაქების და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებით სარგებლობას გამორიცხავდა, რათა ოსმალეთის ხაზინას დამატებითი შემოსავლი არ მიეღო.
1. დონ ქრისტოფორო დე კასტელი, გვ. 51.
2. არქანჯელო ლამბერტი, გვ. 156.
ლევან დადიანს რომ ევროპასთან აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ტრადიციული გზით ვაჭრობის განზრახვა არ ჰქონდა, ამაში გვარწმუნებს პიეტრო დელა ვალეს ორიოდე არაპირდაპირი ცნობა. მას გაუგია, რომ მოკავშირე გურიელი და დადიანი რეჩ-პოსპოლიტის მეფესთან მეგობრობდნენ და მიწერ-მოწერაც ჰქონდათ. რეჩ-პოსპოლიტის მეფეს ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა სამეგრელოსა და გურის სამთავროებთან, ერთი ქვეყნიდან მეორეში სავაჭრო ხომალდები ხშირად დადიოდნენ. როგორც პიეტრო დელა ვალე ამბობს, „ამ გარემოებას შეიძლება დიდი შედეგი მოჰყვეს ქართველებისათვის, რადგანაც ყაზახები დღეს შავი ზღვის ბატონები არიან და ბევრად ძლიერნი; პოლშის ხელმწიფეს შუძლია კიდევ ამ გზით, რომელიც ძლიერ მოკლეა, დიდად დაეხმაროს ქართველებს ყოველ გაჭირვებაში...“1.
დონის კაზაკები ოსმალეთისადმი მტრულად განწყობილი რეჩ პოსპოლიტის მეფის ვასალები იყვნენ. ეს გარემოება კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდიდა ირანი–ქართლის სამეფო–ოდიშის სამთავრო–შავი ზღვა–დნეპრი–რეჩ-პოსპოლიტის გზით ცენტრალურ და დასავლეთ ევროპასთან ნაკლები ხიფათით და მოკლე დროში დაკავშირებას. აღნიშნული გზით სარგებლობის იდეა იმდენად გაზიარებული იყო რეჩ პოსპოლიტის მთავრობის მიერ, რომ მან სპეციალურად მიმართა ირანის შაჰს, რომ მის ვაჭრებს საქართველოსა და შავი ზღვის გზებით ევლოთ.
1. პიეტრო დელა ვალე, გვ. 57; ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 47
ძნელია იმის თქმა, რამდენად იცნობდა ლევან დადიანი ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი სავაჭრო გზის ამუშავების გეგმას, როდესაც იგი ვენეციელი ვაჭრების ოდიშის სამთავროში ჩამოყვანაზე ოცნებობდა, მაგრამ დაუჯერებლად მეჩვენება, რომ აღნიშნული გზის ექსპლოატაციის სურვილი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე დროს გაჩნდა ირანში, რეჩ-პოსპოლიტასა და ოდიშის სამთავროში. უსაფუძვლო არ იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ დასახელებული ქვეყნების მეთაურებს შორის, აღნიშნულ საკითხზე კონტაქტები არსებობდა. ევროპაში რომ ამ გზის ირანთან ვაჭრობისათვის გამოყენებაზე უკვე მსჯელობდნენ, კარგად ჩანს რეჩ პოსპოლიტისა და შვეციის მეფეების მიერ გოლშტეინის ჰერცოგისათვის გაგზავნილი სიგელებიდან. დასახელებული მეფეები ჰერცოგს წინადადებას აძლევდნენ საქართველოსა და შავ ზღვაზე გამავალი გზით ემოგზაურათ ირანში. ამავე გზის ამუშავების მიზნით რეჩ პოსპოლიტის მეფემ ირანში გაგზავნა თავისი წარმომადგენელი შენბერგი1.
არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ გზით ერთხელ უკვე იმგზავრა რომიდან საქართველოსკენ მომავალმა ნიკიფორე ირბახმა. ნიკიფორეს მიერ ვარშავიდან გამგზავრების დღესვე (1629 წ. 14 აპრილი) პოლონელი არქიეპისკოპოსი რომში აცნობებდა, რომ ნიკიფორეს ვარშავაში საქმიანი შეხვედრები და საუბრები ჰქონდა ყველა მთავარ მოხელესთან, ვისთანაც შეხვედრა და საუბარი სურდა2. ამით იმის თქმა მინდა, რომ ნიკიფორე ირბახი ლევან დადიანის სახლთუხუცესი და საგარეო პოლიტიკის მთავარი ექსპერტი იყო და საკმაოდ მყარი წარმოდგენა ჰქონდა იმაზე რასაც მთავარს ურჩევდა. არავითარი საჭიროება არ იყო იმისა, რომ ლევან დადიანს ნიკიფორე ირბახი ხელახლა გაეგზავნა რეჩ პოსპოლიტაზე გამავალი გზის დასაზვერად, როგორც მ. სვანიძე ვარაუდობს3.
ლევან დადიანი მოქმედების კაცი იყო. ჩანაფიქრის განსახორციელებლად 1638 წლის ახლო ხანებში ოდიშის მისიის პრეფექტი დონ პიეტრო ავიტაბილე კონსტანტინოპოლში გაგზავნა, რათა ვენეციის რესპუბლიკის ელჩის საშუალებით ვენეციელ ვაჭრებს დაკავშირებოდა. ავიტაბილე შეხვდა ელჩს და დახმარების დაპირება მიიღო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო შეთანხმება ვეღარ შესრულდა4.
1. სვანიძე მ., საქართველო–ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, გვ. 235.
2. თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, გვ. 562, შენ. 3.
3. სვანიძე მ., საქართველო–ოსმალეთის ისტორიის ნარკვევები, გვ. 234.
4. დონ ჯუზეპე ჯუდიჩე, გვ. 24-27.
ამის შემდეგ დადიანმა, პრაგმატული მოსაზრებით, დახმარებისათვის მიმართა რომის პაპს. მან 1643 წელს ოდიშის მისიის პრეფექტი დონ ჯუზეპე ჯუდიჩე რომს მიავლინა, რომელმაც 1644 წელს პაპ ურბან VIII-ს ეპისტოლე გადასცა. ეპისტოლის დასაწყისში მთავარი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ იმავე ჯუდიჩესა და არქანჯელო ლამბერტის მიერ ათი წლის წინათ ჩამოტანლ პაპის ეპისტოლეზე რომ არ უპასუხა. როგორც ცნობილია, 1634 წელს ნიკიფორე ირბახმა არქანჯელო ლამბერტი და ჯუზეპე ჯუდიჩე გორიდან სამეგრელოში წაიყვანა. მისიონერებს თან ჰქონდათ პაპ ურბან VIII-ის მიერ ლევან II დადიანისათვის გამოგზავნილი ეპისტოლე, რომელიც დაწერილი იყო 1626 წლის 4 ივლისს. ადრესატისათვის ამგვარი დაგვიანებით ეპისტოლეს გადაცემა გამოწვეული იყო იმით, რომ მისიონერები ხელსაყრელ დროს ელოდებოდნენ, რათა პაპის ეპისტოლე მთავრისათვის პირადად გადაეცათ. მათ ამის გაკეთება შეძლეს ზუგდიდში ჩასვლის შემდეგ, 1634 წლის ივნისში. პაპის წერილით ნასიამოვნები მთავარი მისიონერებს დაპირდა, რომ რომში კაცს გაგზავნიდა და წერილებსაც გაატანდა1.
ორიოდე სიტყვით უნდა ითქვას, რომ პაპი ლევან დადიანს, მისიონერებისათვის მფარველობას სთხოვდა. „ამათი მანდ მოსვლის მიზეზი მხოლოდ ის არის, _ წერდა პაპი დადიანს, _ რომ ქართველთა ერს და მთავრებს მოუპოვონ წყალობა ღვთისა და შესძინონ საუკუნო სიმდიდრე“. დადიანის დაპირება, რომ პაპს საპასუხო წერილებს გაუგზავნიდა, არ შესრულდა. მთავარი, პაპის ეპისტოლეზე პასუხის გაუცემლობას, ქვეყანაში არსებული არახელსაყრელი ვითარებით ხსნიდა. „ამჯერად ცოტა სული მოვითქვით, _ წერს ლევან II, _ დავიმორჩილეთ ღვთის წყალობით მტრები, აფხაზეთის, იმერეთისა და გურიის მთავრები~. ამის შემდეგ მთავარი ჩამოთვლის იმ სიკეთეს რაც მან სამეგრელოში მოღვაწე მისიონერებს გაუკეთა. „ჩვენ მშვენივრად მოგვეხსენება, რომ თქვენ მთელ მსოფლიოს მართავთ, რომ ხართ წმინდა პეტრეს მემკვიდრე და მაცხოვრის ნაცვალი. ამიტომ გვსურს, რომ ჩვენც გვპატრონობდეთ და გვმფარველობდეთ. ჩვენში არ არიან შალის ან აბრეშუმის მქსოველები, რომელთა ნახელავიც საშუალებას მისცემდა ჩვენს ქვეშევრდომთ ტანისამოსის შოვნისას, რადგან ეს უკანასკნელნი ხშირად იძულებით ყიდიან თავიანთ ნავებს2 თურქებზე და ამით სულსა და ხორცს საფრთხეში იგდებენ, რაც შეუწყნარებელია და ბუნებისათვის საძრახისი. გევედრებით გამოგვიგზავნოთ დიდი რაოდენობით ხელოსნები, რომ მათმა ნახელავმა და დახმარებამ თავიდან აგვაცილოს მსგავსი საშინელებანი...“3
1. თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, გვ. 584-585
2. კონტექსტის მიხედვით უნდა იყვეს „ყმებს“.
3. თამარაშვილი მ., დასახ. ნაშრ., გვ. 610-611.
1644 წლის 23 იანვარს, ვატიკანში ლევან II დადიანის წერილი განიხილეს. დადიანის თხოვნაზე მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილება: „დაიძებნოს ბამბისა და აბრეშუმის დამზადებაში დახელოვნებული მორწმუნენი კაპუცინელთა და წმ. ფრანცისკის რეფორმატორთა შორის, რომელთაც სურვილი ექნებათ გაემგზავრონ სამეგრელოს თეატინელ მისიონერებთან ერთად, რათა მთავრის დაჟინებითი თხოვნით გაწვრთნან მისი ერი დასახელებულ ხელოვნებაში, ამასთანავე, მოკლე ხანში დაიწეროს პასუხი ზემოხსენებულ წერილზე, რომელიც კრებისა და მისიონთა წარდგინებით შეატყობინებს ხსენებულ მთავარს მორწმუნეთა შესახებ“1.
მიუხედავად იმისა, რომ ლევან დადიანის წერილში, იმ წერილებისაგან განსხვავებით, საქართველოდან სხვადასხვა დროს სხვადასხვა მეფე-მთავრის მიერ რომ გაიგზავნა, ოდიშის მთავრის მიერ კათოლიკობის აღიარებისა და პაპის მიმართ ერთგულებაზე ერთი სიტყვაც კი არ არის, რომში მაინც მიზანშეწონილად ჩათვალეს ოდიშის მთავრის თხოვნა დაეკმაყოფილებინათ. როდესაც მთავარი პაპს პატრონობას და მფარველობას სთხოვს, მასში მხოლოდ სამთავროში ხელოსნობის განვითარებაში დახმარებას გულისხმობს2.
1. იქვე, გვ. 611, შენ. 1.
2. ანთელავა ი., დასახ. ნაშრ., გვ. 117.
მისი თხოვნის განსახილველად სპეციალურად კრება მოიწვიეს, რომელმაც დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება მიიღო. ეს კი მაჩვენებელია იმისა, რომ ვატიკანში ლევან დადიანზე, საქართველოს უძლიერეს მთავარზე (ამ გარემოებას თვითონ დადიანიც ხაზგასმით აღნიშნავს თავის წერილში), მისიონერების მიერ გაგზავნილი მაღალი შეფასებების მიხედვით, დადებითი შეხედულება არსებობდა. როგორც ჯუდიჩე გადმოგვცემს, ურბან VIII-ის გარდაცვალების შემდეგ (1644 წ.), დიდი ენთუზიაზმით დაწყებულ საქმეს, გაგრძელება აღარ ჰქონდა, რადგან შემდგომმა პაპმა ინონოკენტი X-მ (1644-1655) სრულიად შეასუსტა აღმოსავლეთის მიმართ ინტერესი. 1646 წელს რომიდან წამოსულ ჯუდიჩეს მხოლოდ ორი მისიონერი და კათოლიკობისადმი ერთგულების მოწოდებით აღსავსე წერილი გამოატანეს. ჯუდიჩემ საქართველომდე ვერ მოაღწია. იგი ჯაშუშობის ბრალდებით დარდანელში შეიპყრეს და საპყრობილეში გარდაიცვალა. მისმა ორმა თანამგზავრმა თავი გამოიხსნა და ოდიშში მივიდა. საყურადღებოა, ერთ-ერთი დაპატიმრებული პოლონელი დომინიკანელი მღვდელი იყო. ჯუდიჩეს და პოლონელი მღდვლის ერთად მოგზაურობა და ამ უკანასკნელის დასახსნელად საფრანგეთის ელჩის საქმიანობა (რეჩ პოსპოლიტის და საფრანგეთის ელჩების ჩარევის შედეგად მღვდელი და მასთან ერთად დაპატიმრებული სხვა პირებიც გაანთავისუფლეს)1, მიგვანიშნებს რეჩ-პოსპოლიტის და საფრანგეთის დადიანის პროექტით დაინტერესებაზე.
ლევან დადიანის და ნიკიფორე ირბახის ოდიშის სამთავროს ევროპასთან დაკავშირების ეკონომიკურმა პროექტმა, მარცხი განიცადა, ისევე, როგორც ოცი წლის წინათ თეიმურაზ I-სა და იმავე ნიკიფორეს ანტიირანულმა სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნის პროექტმა.
1. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, გვ. 194.
* * *
ლევან II დადიანის მოღვაწეობიდან ცალკე გამოყოფისა და განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია მისი ამაგი და ხარჯი იერუსალიმის ჯვრის მონასტერზე. ის, რაც ოდიშის მთავარმა გააკეთა ყველა ქრისტიანი ქართველისათვის სათაყვანო მონასტრის აღდგენისა და გამშვენიერებისათვის, განამტკიცებდა მის ავტორიტეტს არა მხოლოდ საქართველოში. ლევან დადიანის ჯვრის მონასტერზე ამაგის შესახებ ცნობები, მისმა უახლოესმა თანამოღვაწემ ნიკიფორე ირბახმა შემოუნახა შემდეგ თაობებს. მან 1643- 1649 წლები იერუსალიმში გაატარა.
ნიკიფორე ირბახის იერუსალიმში მოღვაწეობაზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია იმდენად, რამდენადაც ქართული ეკლესია-მონასტრების საკითხი, ლევან დადიანის საგარეო პოლიტიკას უკავშირდებოდა. თუ არა დადიანის მორალური და მატერიალური მხარდაჭერა, ნიკიფორე იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ძვირად ღირებულ შეკეთება-მოხატვაში დიდ წარმატებებს ვერ მიაღწევდა.
ლევან დადიანის იერუსალიმის ჯვრის მონასტრისადმი დიდ ყურადღებაზე, ჩვენმა საისტორიო მწერლობამ რამდენიმე საინტერესო ცნობება შემოგვინახა. მან მონასტერს შესწირა სოფ. კოცხერის 100 კომლი გლეხი1. ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ ბერძნულ წარწერაში ნათქვამია: „ეს ღვთიური და ყველასაგან პატივცემული ტაძარი წმინდა ცხოველმყოფელი ჯვარისა მოხატული და განახლებული ბრწყინვალე ხელმწიფე ლეონ დადიანის ხარჯითა და შემწეობით და ღირსი მღვდელმონაზონის და არქიმანდრიტის ბატონ ნიკიფორეს შრომით...“2. იმავე ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი სვეტის აღმოსავლეთ მხარეს იკითხება, რომ ლევან დადიანის მიერ ნაბოძები ფულითა და საკუთარი 8 ათასი ასლანით ნიკიფორემ მონასტერს აღუდგინა „გომბადი (გუმბათი) და გუერდები“3; დღეისათვის აღარ არის წარწერა, რომელშიც ნათქვამი იყო: „შეეწიე დადიანს ლეონს, რომელმან მოჭედა ძელი ესე“4. ყოველივე აღნიშნული დამსახურებისათვის იყო, რომ მონასტრის ტაძარში ორგან დახატული იყო ლევან დადიანი. ერთგან მხოლოდ მეუღლით, ხოლო მეორეგან, სამხრეთის კედელზე თვით ლევან დადიანი, მისი მეუღლე ნესტანდარეჯანი და ვაჟიშვილი5.
1. მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ., 1962, გვ. 83, #51.
2. Цагарели А. А., Памятники грузинской старины в св. Земле и на Синае. Палестинский Православный Сборник, IV, 1888, с. 242, 246; მამისთვალიშვილი ე., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია, გვ. 67, 75; მისივე, საქართველო- იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 214-215.
3. მამისთვალიშვილი ე., იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ისტორია, გვ. 84.
4. იქვე, გვ. 87.
5. იქვე, გვ. 74, 80.
მოღწეული ცნობების მიხედვით, იერუსალიმის ქართული მონასტრები ლევან დადიანის ყურადღების ცენტრში იყო ნიკიფორე ირბახის წმ. ქალქაში გამგზავრებამდე. მალაქია კათალიკოსის გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ საქართველოს კათალიკოსი გახდა მაქსიმე მაჭუტაძე (1639-1657), რომელიც ძირითადად ოდიშის მთავრის კარზე იმყოფებოდა და მისი პოლიტიკის გამტარებელი იყო. საყურადღრებოა, რომ იგი დიდ ყურადღებას იჩენდა იერუსალიმის ქართული სავანეების მიმართ. რასაც იგი დადიანის მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებდა. არქანჯელო ლამბერტის თქმით, მაქსიმე მაჭუტაძე სამჯერ („სამ-ოთხ წელიწადში იერუსალიმში მიდის და მიაქვს მრავალი ოქრო“) იმყოფებოდა იერუსალიმში და გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართულ სავანეების დასახმარებლად ყოველთვის დიდძალი შესაწირავები წაიღო. არქანჯელო კათალიკოსს კიცხავდა იმის გამო, რომ იგი „საიერუსალიმე“ ფულის საშოვნელად, ზოგჯერ, არასაკადრისს კადრულობდა1. ქრისტოფორო დე კასტელის იტალიაში გაუგია, რომ „პატრიარქი იერუსალიმში გაემგზავრა და ამ წმინდა ადგილას მალე გარდაიცვალა. ის ნიკრისის ქარით იყო დაავადებული. მოხუცი ამ დაავადებამ მოკლა“2. მონასტრისადმი გაწეული დიდი დახმარებისათვის კათალიკოსი მაქსიმე მაჭუტაძე დახატული იყო მონასტრის ტაძრის კედელზე, მაგრამ ზუსტად სად, ცნობილი არ არის3 ნიკიფორეს ირბახის იერუსალიმში გაგზავნის საბაბი, კ. კეკელიძის სწორი მოსაზრებით, 1641-1642 წლებში იერუსალიმიდან ვინმე მართას მიერ დასავლეთ საქართველოს კათალიკოს გრიგოლისათვის (1640-1659) გაგზავნილი წერილი4 უნდა გამხდარიყო. მასში გადმოცემულია წმინდა ქალაქში ქართული მონასტრების უაღრესად მძიმე მდგომარეობა. მართა სახვადასხვა სათხოვართან ერთად, კათალიკოსს სთხოვს აგრეთვე: „ერთი თავი ჯუარის მამა გაიჩინეთ, თვარა წახდა საქმე...“5.
1. არქანჯელო ლამბერტი, გვ. 119-120. ლამბერტისაგან განსხვავებით, კასტელის დახასიათებით, პატრიარქი მაქსიმე მაჭუტაძე `მეტად კეთილშობილი ადამიანი იყო... მრავალი წლის განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გამიკეთა. ასე რომ, დე, უფალმა მის სულს მშვიდობა მისცეს`. ლიჩინი პ. ა., დასახ. ნაშრ., გვ. 79.
2. ლიჩინი პ. ა., დასახ. ნაშრ., გვ. 79.
3. ტიმოთე გაბაშვილი, გვ. 82.
4. კეკელიძე კ., ეტიუდები, II, გვ. 303.
5. საქართველოს სიძველენი, წ I, გამოცემა მეორე, თფილისი, 1920, გვ. 38.
როგორც ზემოთ ითქვა, ნიკიფორე ჯვარის მამად ითვლებოდა, მაგრამ იგი ევროპიდან დაბრუნების შემდეგ, საქართველოს შიდა პოლიტიკურ ამბებში ჩართული, იერუსალიმის ქართულ ეკლესია-მონასტრებს ჯეროვან ყურადღებას ვეღარ აქცევდა. კათალიკოსმა, როგორც ჩანს, მართას წერილი უპირველეს ყოვლისა ლევან II დადიანს, შემდეგ კი დასავლეთ საქართველოს დიდებულებს გააცნო. ყველა მართლმადიდებელისათვის გასაგები იყო, რომ იერუსალიმის ქართული სიწმინდეების უყურადღებოდ დატოვება აღარ შეიძლებოდა. საჭირო იყო ფულადი სახსრები და ენერგიული ადამიანი, რომელიც ქართული მონასტრების მოვალეებთან და მათი დაპატრონების მოსურნე სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიების წარმომადგენლებთან გამკლავებას შესძლებდა. სავარაუდოა, ლევან დადიანის მოთხოვნით, რომელსაც თავისი ეკონომიკური შესაძლებლობიდან და პოლიტიკური გავლენიდან გამომდინარე, და იმის გამოც, რომ მას ყველაზე მეტი თანხა უნდა გაეღო დასახული ამოცანის გადასაწყვეტად, არჩევანი ნიკიფორე ჩოლოყაშვილზე შეაჩერა. ნიკიფორე დიდი გამოცდილების მქონე საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე იყო. ის ყველაზე კარგად იცნობდა იერუსალიმს, ერკვეოდა იქაურ ამბებში და მრავალი მხარდამჭერი ჰყავდა, როგორც იერუსალიმელ ქართველებში, ისე საპატრიარქოში. გავიხსენოთ, რომ ერთ დროს მისი მაღალი ავტორიტეტის გამო, იერუსალიმელ მართლმადიდებლებსა და პატრირქს მისი პატრიარქად არჩევაც კი უნდოდათ. მან ინტერვალებით 19 წელი (1613-1625 და 1643-1649) გაატარა ამ ქალაქში და მასთან კავშირი არასოდეს გაუწყვეტია. გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართულ სიწმინდეებს მასზე უკეთ ვერავინ მიხედავდა. კათალიკოსის მიერ შერჩეულ კანდიდატურას მხარი დაუჭირეს (სავარაუდოა, ლევან II-ის წარდგინებით) დასავლეთ საქართველოს მეფემთავრებმა და, ალბათ, იქ შეხიზნულმა თეიმურაზ I-მაც. თეიმურაზის თანხმობას განსაკუთრებულ მნიშვნელობას მიანიჭებდნენ, რადგან როგორც წესი, მას შემდეგ რაც ერთიანი ქართული სახელმწიფო დაიშალა, ჯვარისმამას ქართლის მეფე ნიშნავდა, თეიმურაზი კი თავის თავს კვლავ ქართლის მეფედ თვლიდა. მეფე-მთავრებმა, როგორც შემდეგ გამოჩნდა, დიდი ფინანსური დახმარება აღუთქვეს ნიკიფორეს და თავიანთი დანაპირები შეასრულეს კიდეც.
იერუსალიმიდან დაბრუნების შემდეგ, 50-იანი წლების დასაწყისში, ნიკიფორე, რუსი ელჩების ცნობების მიხედვით, ცხოვრობდა დასავლეთ საქართველოში ხან მონასტერში, ხან მეფე-მთავართა კარზე1. ნიკიფორეს ცხოვრების ასეთმა დახასიათებამ საფუძველი მისცა გ. აკოფაშვილს ეთქვა, რომ „საგარეო პოლიტიკის დარგში ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეთა მიერ განხორციელებული არც ერთი მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ღონისძიება XVII ს. 20-50-იან წლებში ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის მონაწილეობის გარეშე არ ხდება. ის ყოველთვის ერთ-ერთი მონაწილეა უცხო სახელმწიფოს ელჩების მისაღებად გამართულ ცერემონიების, მათთან მოლაპარაკებისა“2. მოყვანილ ციტატაში გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ პოლიტიკური მოღვაწე არ შეიძლება განუწყვეტლივ ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდეს და მას ხელგაშლილი ხვდებოდნენ. პოლიტიკოსს, საერთოდ, და განსაკუთრებით ისეთს, როგორიც ნიკიფორე იყო, სჭირდებოდა გარკვეული პრინციპების და მოქმედების, მტკიცე ეკონომიკური და სამხედრო ძალის მქონე მფარველი და თანამზრახველი, სხვანაირად ის, იმ ანარქიის პირობებში, რომელიც XVII საუკუნის დასავლეთ საქართველოში არსებობდა, აუცილებლად დაიღუპებოდა. ნიკიფორე დაიღუპა კიდეც, როდესაც ძლიერი მხარდამჭერი და დამცველი გამოეცალა ლევან II დადიანის სახით.
30-იანი წლების დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც ნიკიფორე დადიანის სამსახურში შევიდა, ის მხოლოდ ოდიშის მთავარს ემსახურებოდა და მხოლოდ მის დავალებებს ასრულებდა. რეალობას ასახავდა ნიკიფორესთან დაახლოებული მისიონერის ჯუზეპე მარია ძამპის ნათქვამი: „მას (ნიკიფორე ირბახს _ე.მ.) უწოდებენ ჯვარის მამას. ხალხი მას დიდ პატივს სცემს, სამეგრელოს მთავრები ნიშნავენ მას თავის ვაზირად ან ელჩად, რადგან იგი კარგად არის გარკვეული პოლიტიკაში და მრავალჯერ ყოფილა იერუსალიმში“3. ბორომეოც ხომ დადიანის და ნიკიფორეს განსაკუთრებულ ურთიერთობას აღნიშნავდა.
1. კეკელიძე კ. ეტიუდები, I, გვ. 305.
2. აკოფაშვილი გ., ქართველი დიპლომატი..., გვ.73.
3. ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში, გვ. 141
რაც შეეხება იმ რუსულ ცნობებს, რომლებიც ასახავს 1651 წელს ნიკიფორეს დასწრებას ელჩების მიღებაზე იმერეთის მეფის კარზე, იმავე ელჩების მიღებას თეიმურაზ I-თან რაჭაში, მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ დადიანის ეს ერთგული პოლიტიკოსი რუსი ელჩების მიღებისას მეთვალყურეა, ან დაემთხვა მისი, როგორც დადიანის წარგზავნილის, მოლაპარაკება მეფეებთან. მთავრის წარმომადგენლისადმი ის განსაკუთრებული პატივისცემა, რისი მოწმენიც რუსი ელჩები იყვნენ, მხოლოდ ლევან დადიანის სიძლიერეზე მეტყველებს.
აღნიშნულ პერიოდში ნიკიფორე ირბახი თუ მხოლოდ ლევან II დადიანის სამსახურში არის, ხოლო, ერთი რუსული წყაროს მიხედვით, ნიკიფორე ბერძენი უკვე მკვდარია1, მაშინ ის ნიკიფორე ვინ არის რომელსაც ნიკიფორე ტოლოჩანოვი და ალექსი იევლევი რამდენჯერმე ახსენებენ?. ვფიქრობ, საქმე გვაქვს ორ სხვადასხვა პიროვნებასთან, ერთი არის ნიკიფორე ირბახი, მეორე კი ბერძენი მიტროპოლიტი ნიკიფორე. ირბახი უნდა იყოს ის იღუმენი ნიკიფორე, რომელიც რუსი ელჩის ალექსი იევლევის მიხედვით, ხობის მონასტერში იმყოფებოდა და მან მაქსიმე კათალიკოსთან ერთად ვინმე დიაკონ იასაფეს ღვთისმშობლის კვართი აჩვენა2.
50-იანი წლების დასაწყისში რომ ნიკიფორე ირბახი ლევან დადიანის სამსახურში იმყოფებოდა სრულიად ნათლად ჩანს ნიკიფორე ტოლოჩანოვის შემდეგ ცნობაში: „იმავე დღეს (1651 წ. 30 სექტემბერი _ე.მ.) სადადიანოდან მეფე თეიმურაზთან ლევან მეფის ელჩები ჩამოვიდნენ _ მთაწმინდის იღუმენი ნიკიფორე, იმათებურად (ქართულად) ნიკოლოზი, და მათთან ერთად მეფე თეიმურაზის კაცებიც. მეფე თეიმურაზმა რისთვისაც თავის კაცები გაგზავნა, მთავარმა დადიანმა ყველაფერზე უარი შემოუთვალა“3.
ნიკიფორე ლევან დადიანის წარმომადგენელი იყო თეიმურაზ მეფესთან 1657 წელს. მას დავალებული ჰქონდა თეიმურაზი დაეყოლიებინა, რათა ამ უკანასკნელს ეშუამდგომლა ლევანის და იმერეთის მეფე ალექსანდრეს შესარიგებლად4.
1. Накашидзе Н., Ук. труд, с, 251, прим. 550.
2. ალექსი იევლევი, გვ. 142.
3. ნიკიფორე ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, გვ. 85.
4. პაიჭაძე გ., მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (1660-1685 წწ.). „საისტორიო მოამბე“, 23-24, თბ., 1970, გვ. 152-153.
ამგვარად, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ნიკიფორე ირბახმა სიცოცხლის ბოლო 25 წელი ლევან II დადიანის კარზე და მის სამსახურში გაატარა. იგი აღარასოდეს დაბრუნებულა თეიმურაზ მეფესთან. წყაროები საშუალებას იძლევა XVII საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ ნიკიფორე ირბახი და მიტროპოლიტი ნიკიფორე ბერძენი.
„მომიხსენეთ მე, ცოდვილი ჯვარის მამა“.
ნიკიფორე ის კაცი იყო, ის პროფესიონალი დიპლომატი, რომელსაც ზოგჯერ, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარი სინდისისათვის მიუღებელ კომპრომისზე წასვლაც უხდებოდა. გავიხსენოთ ნიკიფორეს მოგზაურობა ევროპაში, როდესაც მისი რწმენის საკითხმა იმდენად პრინციპული მნიშვნელობა შეიძინა, რომ მისი მეფისათვის დახმარების აღმოჩენაზე მოლაპარაკების დაწყება დამოკიდებული გახდა იმაზე, ნიკიფორე მამა-პაპათა მართლმადიდებლურ რწმენას უარყოფდა და რომაულ-კათოლიკურ სარწმუნოებას აღიარებდა თუ არა. ნიკიფორემ იცოდა, რომ მას რომში ასეთ მოთხოვნას წაუყენებდნენ, ამიტომ სცადა რომის გვერდის ავლით, სამხედრო დახმარება ესპანეთისათვის ეთხოვა. არასწორია, თითქოს ნიკიფორე „კათოლიკური სარწმუნოების მიღებას... შედარებით იოლად დაყაბულდა... კათოლიკური სარწმუნოება ხომ იგივე ქრისტიანული სარწმუნოება იყო და ამდენად ნიკოლოზს მართლმადიდებლობის დატოვება და კათოლიკობის მიღება არსებითად დიდ სარწმუნოებრივ ღალატად არ ჩაეთვლებოდა“1. ბერძნული მართლმადიდებლობიდან რომაულ კათოლიკობაზე გადასვლა ნიკიფორეს სწორედაც რომ დიდ ღალატად ჩაეთვლებოდა და მან ამის შესახებ ძალიან კარგად იცოდა. ნიკიფორეს ცხოვრების ბოლო პერიოდი და მისი სიცოცხლის ტრაგიკული დასასრული იმაზე მიუთითებს, რომ ის აქტიურად მონაწილეობდა ლევან II დადიანის სეპარატისტული გეგმების შემუშავებაში, განსაკუთრებით კი, იმერეთის სამეფოს მიმართ გატარებული პოლიტიკის განხორციელებაში.
1. აკოფაშვილი გ., ქართველი დიპლომატი..., გვ. 41.
ლევან II-ის სეპარატიზმი სამთავროში კათალიკოს-პატრიარქის ინსტიტუტის შემოღების ცდაშიც გამოვლინდა. ეს საეკლესიო უმაღლესი თანამდებობა პირველმა და უკანასკნელმა ნიკიფორემ დაიკავა მცირე ხნით, დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში – 1657-1658 წლებში. იტალიელი მისიონერის ანდრეა ბორომეოს თქმით, „დადიანს ეს ბერი (ნიკიფორე_ე.მ.) ძალიან უყვარდა და ამიტომ სამეგრელოსა და აფხაზეთის პატრიარქად დანიშნა“1, მაშინ, როდესაც იმავე დროს, დასავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ზაქარია ქვარიანი (1657-1660) იყო.
ნიკიფორე ირბახი ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგსამთავროში დაწყებული ფეოდალური აშლილობის დროს დაიღუპა. როგორც ამბის თანამედროვე ბორომეო გადმოგვცემს, ვამეყ ლიპარტიანის მოწინააღმდეგეთა შორის იყო ნიკიფორე ჩოლოყაშვილიც. სავარაუდოა, ის ლევან II-ის ანდერძის აღსრულების მოითხოვდა და მისი შვილიშვილის გამთავრებას ემხრობოდა. ამას ემატებოდა ლევან II-ის ამ მრჩეველის მიმართ იმერეთის მეფის უკმაყოფილება. საბოლოოდ, `რადგან... (ნიკიფორემ_ე.მ.) მთავარ ლიპარტიანს ბევრი უსიამოვნება მიაყენა, ამიტომ მისთვის შეუძლებელი შეიქმნა მისი დატოვება (კათალიკოს-პატრიარქად – ე.მ.), იგი გადააყენეს და ციხე-კოშკში გაგზავნა. მის ადგილას პატრიარქად ქართველი აზნაური დაინიშნა“2. ეს „იმერელი (ქართველი) აზნაური“ უნდა იყვეს ზაქარია ქვარიანი. ამის შემდეგ ნიკიფორემ დიდხანს აღარ უცოცხლია. თუ გავითვალისწინებთ იმ ქაოსით მოცულ პერიოდს, იმასაც როგორ გაუსწორდა ვამეყ ლიპარტიანი თავის მოწინააღმდეგეებს, საფიქრებელია, რომ ნიკიფორეც არ დაინდეს და სიცოცხლე მოუსწრაფეს.
1. გიორგაძე ბ., ახალი დოკუმენტი ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილის შესახებ. ჟურნ. „მნათობი“, #1, 1960, გვ. 161.
2. იქვე, გვ. 161.
ნიკიფორე ირბახის სიცოცხლის უკანასკნელი დღეების შესახებ საინტერესო ცნობა დაგვიტოვა ბორომეომ. 1658 წლის ივნისში სამეგრელოდან რომში გაგზავნილ რელაციაში იგი წერს: „რამდენიმე თვეა რაც სამეგრელოს მთავარი დადიანი გარდაიცვალა, რომელიც ძლიერებით და ბრძნული მმართველობით მისი გამარჯვების წარმატება ორმოცდაათ წელზე მეტს დღესასწაულობდა... მისი გარდაცვალებით ჩვენ დიდი მფარველი და ქველმოქმედი დავკარგეთ... ხელისუფლების ცვლილების დროს, აქ ჩვენ დავკარგეთ კათალიკოს-პატრიარქი, რომელსაც ნიკოლო ერქვა, დიდებული ქართველი თავადი, რომელიც ოცდაათი წლის წინათ უბრალო ბერი იყო და როცა რომში ჩავიდა და კათოლიკობა აღიარა, მისმა უწმინდესობამ პაპმა ურბანო მერვემ კარგად მიიღო. დადიანს ეს ბერი ძალიან უყვარდა და ამიტომ სამეგრელოსა და აფხაზეთის პატრიარქად დანიშნა“1.
კ. კეკელიძის მიხედვით, ნიკიფრე გარდაიცვალა 1658 წლის გასულს ან 1659 წლის დამდეგს. მკვლევარის ეს ვარაუდი დამყარებულია იერუსალიმის პატრიარქის დოსითეოს II-ის ერთ ცნობაზე, რომლის მიხედვითაც ნიკიფორეს გარდაცვალების შემდეგ მთელი მისი ქონება შეაგროვეს, 100.000 პიასტრი დაამატეს და 1659 წელს იესე თბილელს იერუსალიმში გაატანეს. კ. კეკელიძე პატრიარქ დოსითეოსს იმოწმებს ა. ცაგარელის მიხედვით, რომელთანაც დოსითეოსის ორი მოგზაურობა საქართველოში დათარიღებულია არასწორად (პირველი _ 1647-1650 და მეორე _ 1681-1685 წწ.)2. სინამდვილეში, დოსითეოსი საქართველოში იყო 1658-1659 და 1681 წლებში. დოსითეოსი ნიკიფორეს პირველად შეხვდა 1658 წელს მოქვის მონასტერში3.
სავარაუდოა, ნიკიფორე გარდაიცვალა 1659 წლის მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში, როდესაც იერუსალიმის პატრიარქმა პაისიოსმა და მისმა დიაკვანმა დოსითეოსმა (შემდეგში იერუსალიმის პატრიარქი) საქართველო დატოვეს. ამგვარად, დოსითეოსის გარდაცვალება და იესე ტფილელის მიერ დასახელებული თანხის წაღება მოხდა ერთსა და იმავე წელს4. ნიკიფორეს დაპატიმრება და გარდაცვალება, რომ მარტის თვემდე მომხდარიყო დოსითეოსი აუცილებლად შეიტყობდა. ამიტომ სავარაუდოა, რომ იგი გარდაიცვალა 1659 წლის ზაფხულში, დაახლოებით 73-74 წლისა. ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, XVII ს. შუა ხანებში, ნიკიფორე წარმოგვიდგება 70 წლისა, ტანადი, შავი წვერით, საყოველთაოდ პატივცემული, გამოცდილი დიპლომატი, მნახველი თითქმის მთელი ევროპისა. როგორც ნიკიფორეს თანამოღვაწე, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის დიაკვანი გრიგოლი წერდა, ნიკიფორე „წმიდა და ღ~ს მოშიში იყო. ბრძენი ფილოსოფოსი და რიტორი, და ღირსი ყოვლისა სიკეთისა, და სწავლული ენისა ვითარ შვიდისადმდე“5, ქართულის და მეგრულის გარდა. თითქმის ასევე ახასიათებს ნიკიფორეს ძამპი: „იგი საქართველოში ერთ-ერთი უწარჩინებულესი გვარის წარმომადგენელია. არის სამოცდაათი წლისა. აქვს არქიმანდრიტის ანუ წინამძღვრის ხარისხი. მას უწოდებენ ჯვარის მამას. ხალხი მას დიდ პატივს სცემს. სამეგრელოს მთავრები ნიშნავენ მას თავის ვაზირად ან ელჩად, რადგან იგი კარგად არის გარკვეული პოლიტიკაში და მრავალჯერ ყოფილა იერუსალიმში. შემოვლილი აქვს ევროპა. ყოფილა საფრანგეთში, ინგლისში, ესპანეთში, რეჩ პოსპოლიტასა და იტალიაში... ქართულისა და მეგრულის გარდა იცის მრავალი ენა: ბერძნული, თურქული, არაბული, რუსული, ფრანგული, ესპანური და იტალიური“6.
1. დონ ჯუზეპე ჯუდიჩე, გვ. 24-27.
2. კეკელიძე კ., ეტიუდები, I, გვ. 298.
3. მამისთვალიშვილი ე., საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობი ისტორიიდან, გვ. 97, 148.
4. იქვე, გვ. 59, 189.
5. Цагарели А.А., Памятники..., с. 184.
6. ჟან შარდენის მოგზაურობა, გვ. 141
პიეტრო დელა ვალე ნიკიფორეს შემდეგნაირად ახასიათებდა: „ნიკიფორე ჩვენთან (რომში – ე. მ.) თავს გრძნობდა კარგად და დატოვა მეტად სასიამოვნო შთაბეჭდილება როგორც მის უწმინდესობაზე, ისევე ბატონ კარდინალებზე, ვისაც კი მასთან საქმე ჰქონდა. წასვლის შემდეგ მან დატოვა მეტად სასიამოვნო მოგონება და შესანიშნავი გამოხმაურება. ჩემი მხრიდან მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქმე მქონდა არა აღმოსავლელ ადამიანთან, რომელმაც ისე კარგად და ისე სწრაფად გადაიღო მანერები და შეითვისა ევროპის წესები, არამედ ადამიანთან, რომელმაც გაიგო ისინი უკეთ, ვიდრე სხვამ“1.
1. ტაბაღუა ი., დასახ. ნაშრ., II, გვ. 185.
არაპირდაპირი ცნობები მიგვანიშნებს, რომ ნიკიფორე იყო დაუდგრომელი, ჰქონდა დიპლომატისათვის დამახასიათებელი მოქნილობა, სიტუაციის მიხედვით მოქმედების უნარი, იყო პრინციპული და შეუპოვარი, ქედმაღალი და პატივმოყვარე. მოკლედ, ამ ჭეშმარიტად ამაგდარი მოღვაწისათვის, მსგავსად ყველა დროის დიდი პიროვნებებისა, უცხო არ იყო ადამიანური სისუსტენიც. საყურადღებოა ნიკიფორე ირბახის პ. გუგუშვილისეული დახასითება: „საჭიროა ითქვას, რომ ნ. ირბახის მრავალმხრივი და ფრიად ნაყოფიერი მოღვაწეობა უმეტესწილად რთულ და მძიმე პოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარეობდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ იგი კათოლიკურ სამყაროში _ კათოლიკეა, ბერძნულსლავიანურში _ ბერძენია (_მართლმა-დიდებელია), მუსლიმანურში _ იქნებ შემწყნარებლურ პოზიციებზეა... რის გამოც მრავალ- თათვის იგი გაუგებარი რჩებოდა“1.
პატრიარქი დოსითეოსი ნიკიფორეზე აუგის თქმას, ალბათ, იმიტომ ბედავს, რომ მან იცის მაშინდელი (XVII ს.) ქართული საზოგადოების, სახელმწიფო მოღვაწეთა და, კერძოდ, მეფე ერეკლე I-ის დამოკიდებულება კათოლიციზმის და იმათ მიმართ, ვინც ამ რწმენისადმი შემწყნარებლობას ამჟღავნებდნენ. დამოკიდებულება ნიკიფორე ჩოლოყაშვილის პიროვნებისა და მისი დამსახურებისადმი შეიცვალა XVIII საუკუნეში. მას ქებადიდებით იხსენიებს კათალიკოსი ანტონ I თავის ფილოსოფიურ-ლიტერატურათმცოდნეობით ტრაქტატში _ „წყობილ-სიტყვაობა“2.
გულგრილი ვერ დარჩები ნიკიფორე ჩოლოყაშვილის მიერ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ტაძრის ცენტრში, გუმბათის ქვეშ, მოზაიკურ იატაკზე დაკრულ ბრინჯაოს ფირფიტაზე2 ამოკვეთილი წარწერის მიმართ რომელიც ანდერძად და მოწოდებად ჟღერს: „სდეგით მტკიცედ და შეურყევლად და მომიხსენეთ მე, ცოდვილი ჯვარის მამაÁ ნიკიფორე-ნიკოლოზ“.
1. გუგუშვილი პ., დასახ. ნაშრ., გვ. 258.
2. ანტონ ბაგრატიონი, წყობილ-სიტყვაობა, წ. I, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა რ. ბარამიძემ, თბ., 1972, გვ. 183.
ლევან II დადიანის გარდაცვალება და მისი დახასიათება
ლევან II დადიანის ცხოვრება ტრაგედიით დამთავრდა. მას მეორე ცოლისგან ოთხი შვილი _ ორი ვაჟი და ორი ასული ჰყავდა. ვაჟებს ალექსანდრე და მანუჩარი, ხოლო ქალიშვილებს გული და ცირა ერქვათ. უმცროსი ქალიშვილი ცირა იმერეთის უფლისწულ ბაგრატზე გაათხოვა. მაგრამ ბაგრატმა მას მრუშობაში დასდო ბრალი და დაითხოვა1. დადიანის ასულების სულ სხვა სახელებს ვნახულობთ ჯვრის მონასტრის სვინაქსარის აღაპებში: „კურთხეულს დადიანის ასულსა ბიტოს (!) ხუირამზეს გობიძისა თანამეცხედრესა აღაპი...“ „ბატონის დადიანის ასულსა დარეჯანს და დედასა მისსა გამდელსა თინათინს აღაპი...“2
ლევანის ვაჟები 1647 წლის შემოდგომაზე გონიოსათვის ბრძოლაში ოსმალებს კაზაკების წინააღმდეგ ეხმარებოდნენ. როგორც ჩანს ისინი ამ დროისათვის ჯანმრთელნი იყვნენ. ამ გარემოებაზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ ერთ-ერთი რუსული წყაროს მიხედვით, ისინი სერიოზულად ავადმყოფობდნენ 1656 წელს, როგორც ამის შესახებ 1657 წელს, საქართველოში ნამყოფმა ილია სტოიანოვმა მოსკოვში დაბრუნების შემდეგ განაცხადა: „ლევან დადიანს ჰყავდა ორი ვაჟი, ორივე ავდმყოფი, რომლებსაც პარალიზებული ჰქონდათ, ხელები, ფეხები და მეტყველების უნარი (დაკარგული_ე.მ.), თვით მეფესაც (ლევან II_ე.მ.) მოტეხილი აქვს კისერი მარცხენა მხარეს“3. ალბათ, რადგან მანუჩარი შედარებით უკეთეს მდგომარეობაში იმყოფებოდა ამიტომ, დადიანს თავის მემკვიდრედ ის ეგულებოდა.
1. დონ ქრისტოფორო დე კასტელი, გვ. 55.
2. მეტრეველი ე., მასალები..., გვ. 102, #253, გვ. 106, #292.
3. პაიჭაძე გ., მასალები..., გვ. 453.
1657 წელს სამთავროს ტახტის მემკვიდრე მანუჩარი გარდაიცვალა. ლევან დადიანმა თავის მემკვიდრედ გამოაცხადა ალექსანდრეს მცირეწლოვანი ვაჟი (ფარსადან გორგიჯანიძის გადმოცემით, ალექსანდრე ამ დროს ცოცხალი აღარ იყო), რომლის სრულასაკოვნებამდე ქვეყანა უნდა ემართა ბავშვის დედას. მას უნდა დახმარებოდა ლევანის ძმისწული ლიპარიტ იესეს ძე დადიანი, „კაცი შეუფერებელი სიდიდისა და შეუგვანი“1. სამთავროს ყველა დიდებული დაფიცებული იქნა მემკვიდრის ერთგულებაზე. ლევანის ბრძანებით იმერეთის მეფის ვაჟი ბაგრატი ტყვეობიდან გაათავისუფლეს2. აღნიშნული საქმეების დამთავრების შემდეგ ლევან დადიანიც გარდაიცვალა. ლევან დადიანის თავს დატრიალებული ტრაგედია მაშინდელი ფეოდალური საზოგადოების მიერ აღქმული იქნა, როგორც ლევან დადიანის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის, განსაკუთრებით კი მამუკა ბატონიშვილისადმი სასტიკი მოპყრობისათვის, ღმერთის მიერ მოვლენილი სასჯელი. „აბა აქ გაშინჯეთ, _ წერს ფარსადან გორგიჯანიძე, _ მართალი მღთისა, რომ მაგიერ ლევან დადიანს შვილი მოუკვდა და მამამ შვილის ტირილში ლახტი თავს გარდიკრა და შვილს ზედ დაკვდა დაუმარხავს... ყველამ ასრე თქვეს: ლევან დადიანის უშვილოდ გარდავლენა მამუკა ბატონიშვილის უსამართლომ მოსთხარა, სახლიან შვილიან გარდავლინდა. აბა ეს ნიშნათ ყველას გვეყოფა, აბა აქ გათავდება იესოს ქტისტეს ნაბრძანები სიტყვანი: რომლისათ საწყაოთ მიგიწყავსო, იმავე საწყავით მოგიწყვენო. აბა სამართალი აქ გათავდება და ნაძალადევი არავის შერჩების“3. გაჩაღდა ბრძოლა მთავრის ტახტის დასაკავებლად. ლიპარიტიანს, რომელმაც მთავრობა თავისთვის მოინდომა, დაუპირისპირდა ვამიყ ლიპარტიანი, ლევან დადიანის მეორე ცოლის დარეჯანის შვილი პირველი ქმრის გიორგი ლიპარტიანისაგან. ამ უკანასკნელმა დახმარება სთხოვა იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს. მეფე ვამეყის წინადადებაზე დათანხმდა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე თავისი ჯარით ოდიშის სამთავროში შევიდა.
1. ქართლის ცხოვრება, II, გვ. 432.
2. ანთელავა ი., დასახ. ნაშრ., გვ. 130.
3. ფარსადან გორგიჯანიძე, გვ. 261-262.
მეფემ ლიპარიტს სასურველი სამფლობელო ჩააბარა, თუმცა ადგილობრივი თავადები იმერეთის მეფის მიერ, ვამეყის საშუალებით, ოდიშში ხელისუფლების უზურპაციის წინააღმდეგნი იყვნენ. მეფის წასვლის შემდეგ, სამთავროში არეულობა დაიწყო. ალექსანდრე მეფემ მაინც შეძლო თავის სიცოცხლეში ვამეყი დადიანად ყოფილიყო, ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ერთხანს მან იმერეთის მეფის ტახტიც დაიკავა, მაგრამ ქართლის მეფე ვახტანგ მეხუთესთან ბრძოლაში დამარცხდა.
ლევან II დადიანის მიერ ხანგრძლივი მმართველობისას, სხვადასხვა საშუალებით დასავლეთ საქართველოს უძლიერეს სახელმწიფოდ გადაქცეული ოდიშის სამთავრო, მისი გარდაცვალებისთანავე პოლიტიკურად და ეკონომიურად მოიშალა და დასუსტდა. ლევან II დადიანის მოღვაწეობაზე თავიანთი შეხედულება დაგვიტოვეს მისმა თანამედროვე ქართველმა და უცხოელმა პოლიტიკოსებმა, ისტორიკოსებმა, ვაჭარ-მოგზაურებმა და კათოლიკე მისიონერებმა.
ქართველი პოლიტიკური მოღვაწეების და ისტორიკოსების საერთო შეფასებით, რომელსაც წინამდებარე ნაშრომის სხვადასხვა ადგილას გავეცანით, ლევან II დადიანი უარყოფითი მოღვაწე იყო, მაშინ როდესაც უცხოელები მისი მოღვაწეობის დადებით და უარყოფით მხარეებს აღნიშნავენ.
განსაკუთრებით საინტერესოდ მიმაჩნია ქრისტოფორო დე კასტელის მიერ დატოვილი დახასიათება ლოევან II დადიანისა. იტალიაში დაბრუნებულმა კასტელმა, ლევან II დადიანის თანამედროვემ, მის საქმიანობაში ჩახედულმა და პირადი ურთიერთობაში მყოფმა მისიონერმა, რომელიც საკმაოდ კარგად ერკვეოდა ადამიანების ფსიქოლოგიაში, მთავრის ორგვარი დახასიათება დაგვიტოვა: ერთი მისი მმართველობის ადრეულ პერიოდს ასახავს, მეორე კი, ბოლო პერიოდს. „იყო დადიანად წოდებული ერთი კოლხელი მთავარი, ხალხის მმართველი, კეთილი მზრუნველი, მოსარჩლე, სამართლიანი და გულმოწყალე. იგი გულუხვად ეხმარებოდა არა მარტო თავის ყმებსა და ქვეშევრდომებს, არამედ მეზობელი სამთავროების მცხოვრებთაც. სამართლიანი მთავარი სხვა სათნოებითაც იყო შემკული. სარგებლობა მოჰქონდა არა მხოლოდ თავის საბრძანებელში, არამედ აგრეთვე მრავალ სხვა მხარეშიც. ყველა ცდილობდა დადიანთან კეთილ დამოკიდებულებაში ყოფილიყო და მთელი გულითა და სულით უყვარდათ იგი. თვით დადიანმა ბოროტად გამოიყენა მისდამი ეს სიყვარული და შიში იბერიის ყველა მეფისა. სიამაყით განდიდებულმა თავი წარმოიდგინა ყოვლის შემძლედ. მოსაზღვრე სამთავროების მეფე-მთავრებთან იგი ხშირად არღვევდა შეთანხმებას, რისთვისაც ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ აღთქმული პირობის შესრულებას. ასე გადაემტერნენ მთავარს იმერეთის მეფე გიორგი და გურიის მთავარი სიმონი, რომელსაც ცოლად ჰყავდა თვით მთავრის დადიანის და“1.
ისევ კასტელი: „სამეგრელოს ამჟამინდელი ცოცხალი მეფე ლევან დადიანია. ის მიდრეკილია ომისაკენ. თვითონ არა აქვს მოსვენება და დამშვიდების საშუალებას სხვასაც არ აძლევს, მისი მეზობელი მთავრებისათვის, განსაკუთრებით კი იმერეთის საწყალი მეფისათვის, ეს დიდი უბედურებაა“2.
1. დონ ქრისტოფორო დე კასტელი, გვ. 43.
Комментариев нет:
Отправить комментарий