воскресенье, 8 июля 2018 г.

იაყუბ მირზა თაბრიზის მოგზაურობა საქართველოში 1868 წ.

1868 წელს ყაჯარ უფლისწულთა ჯგუფი თავრიზიდან მექას მოსალოცად გაემგზავრა. მასში შედიოდნენ ირანის აზერბაიჯანის მმართველი თაჰმასბ მირზა მოაიედ ად-დოულე, მისი და, ვაჟი ემირზადე ჰაჯი მოჰამად თაჰერ მირზა, იაყუბ მირზა თაბრიზი, მისი ძმა სადრ ად-დოულე და ჰაჯ მირ ხანი.
მოგზაურობა შვიდ თვეს გაგრძელდა. ის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, იაყუბ მირზა თაბრიზიმ დეტალურად აღწერა, როგორც თვითონ წერს, თავრიზში დარჩენილი თავისი მეგობრის თხოვნით, რომელსაც თხზულებაშიჭაბუკადმოიხსენიებს და ყველა თავს მისდამი მიმართვით იწყებს. თავად ავტორის შესახებ ძალიან ცოტა ცნობა მოგვეპოვება და ამ ცნობებსაც, ძირითადად, მისი მოგზაურობის წიგნიდან ვგებულობთ. ცნობილია, რომ ის პოეტი იყო და წერდა თახალუსითმანსურ“-. ეს თახალუსი მან მოგზაურობის წიგნის სათაურშიც გამოიყენა და ტექსტშიც თავის თავს ამ სახელით მოიხსენიებს. მის პოეტურ ნიჭზე თავად თხზულება მეტყველებს. გარდა იმისა, რომ ის სავსეა ავტორისეული ლექსებით, ამ ჟანრის სხვა წიგნებისგან განსხავებით, ის მხატვრულობითაც გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ თხრობა მასშიათას ერთი ღამისპრინციპზეა აგებული: ღამის დადგომასთან ერთად წყდება ფრაზითღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტადა მზის ამოსვლასთან ერთად გრძელდება ფრაზითთქვა: ეი, ჭაბუკო! როცა სამყაროს მანათობელი მზე აღმოსავლეთიდან ამოიწვერა...“.
მანსურის ჰაჯიენციკლოპედიური ტიპის მოგზაურობის წიგნებს განეკუთვნება, თუმცა მასში ავტორისეული, ხშირად ხუმრობანარევი, შეფასებები და მსჯელობაც ბევრია. ემოციური თხრობისა და იუმორის წყალობით, იაყუბ მირზას თხზულება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და სახალისოდ საკითხავ მოგზაურობის წიგნად ითვლება. მისი ერთადერთი შემორჩენილი ხელნაწერი ირანის მეჯლისის ბიბლიოთეკაში ინახება (№9908).
მანსურის ჰაჯი (1868) [სოღანლუღი]
[1285 წლის შაბანი (1868 წლის ნოემბერი)]
თქვა: ეი, ჭაბუკო! როცა სამყაროს მანათობელი მზე აღმოსავლეთიდან ამოიწვერა, ძილით გათანგული მგზავრები საწოლებიდან წამოიშალნენ, ბარგი შეკრეს და გაემართნენ მეჩვიდმეტე პუნქტისკენ, რომელსაც სოღანლუღი ჰქვია. დღის ორ საათზე ქამიყიადან წამოვედით და ღამის სამის ნახევარზე სოღანლუღში შევედით. ქამიყიადან სოღანლუღამდე 70 ვერსია და გზაზე ერთი დასახლებაც კი არ არის, ამიტომ ქამიყიადან წამოსულმა მგზავრმა ან პირდაპირ თბილისამდე უნდა იაროს, ან სოღანლუღში უნდა გაჩერდეს და თბილისში მეორე დილით ჩავიდეს. ახლა თხრობას შევაჩერებ და ცოტაოდენს ამ გზის შესახებ მოგიყვებით.
მას შემდეგ, რაც ქამიყიადან 13 ვერსი გავიარეთ, მივადექით ერთ მდინარეს, რომელიც ორი სახელით არის ცნობილი. ერთი სახელია სანაყი. გვითხრეს, რომ ძველად აქ გატეხილი ხიდი იყო, რომელსაც სანაყ-ქერფის ეძახდნენ და მდინარის სახელიც აქედან მოდის. მეორე სახელი კი ხრამია. მერე ხიდი შეაკეთეს და ახლა ძალიან მყარია. მას ოთხი მალი და მაღალი თაღები აქვს. ხრამი არაქსზე უფრო წყალუხვია და მისი წყალი ძალიან გემრიელია. ის დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინება და ხიდიდან ერთი ვერსის მოშორებით მდინარე მტკვარს უერთდება. ხრამის პირას ჩამოვსხედით, ყალიონი გავაბოლეთ და მეგობრები მოვიგონეთ. მერე ავდექით და სოღანლუღისკენ გავემართეთ. რამდენიმე ვერსი ისეთ გაწამაწიაში ვიარეთ, რომ წერისა და ლაპარაკის თავიც კი არ მქონდა. მადლობა ღმერთს, სოღანლუღში მშვიდობიანად ჩავაღწიეთ.
სოღანლუღი ლამაზ ადგილზეა გაშენებული. ერთი მხრიდან მას მთა ესაზღვრება, მეორე მხრიდან კი - მდინარე მტკვარი, რომელიც ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ მიედინება და სოფლიდან ასი ნაბიჯის სავალზეა. დაახლოებით ერთი საათი მთვარის შუქზე მტკვრის პირას ვისხედით, ყალიონს ვეწეოდით და მეგობრებს ვიგონებდით. ვინატრე, ნეტა ამ მთვარიან ღამეს ჩემი მეგობრები და შეყვარებული ვაჰითი აქ იყვნენ-მეთქი. ყველანი ტკბილ ზმანებებში ჩავიძირეთ. ეჰ, ეჰ, რას ვიზამთ, ხომ გაგიგონიათ: “ხელები მოკლე გვაქვს, ხურმა კი მაღლა ხეზე კიდიაო”. ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
[თბილისი]
თქვა: ეი, ჭაბუკო! როცა სამყაროს მანათობელი მზე აღმოსავლეთიდან ამოიწვერა, ყველანი წამოიშალნენ, ბარგი შეკრეს და გაემართნენ მეთვრამეტე პუნქტისკენ, რომელსაც თბილისი ჰქვია. სოღანლუღიდან თბილისამდე რვა ვერსია. დღის სამ საათზე სოღანლუღიდან გამოვედით და ხუთ საათზე თბილისში შევედით. გზა საშინლად ტალახიანი იყო, მაგრამ სოღანლუღიდან თბილისამდე გზატკეცილი აეშენებინათ და ჩვენმა ფურგონმა ისე იარა, რომ ტალახს არ შევუწუხებივართ.
თბილისის აღწერა ჩემს ძალ-ღონეს აღემატება, მაგრამ ორიოდ სიტყვას მაინც მოგახსენებთ. მისი შემოგარენი შორიდან არ ჩანს, რადგან ქალაქი ხეობაში მდებარეობს და მდინარე მტკვარი, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინება, მას ორ ნაწილად ჰყოფს. თბილისის ყველა შენობა ამ მდინარეს გადაჰყურებს. ქალაქში რომ შევედით, მარცხენა სანაპიროზე მეჰდი ბეგის სახლში დავბინავდით. ადრე ამ კაცს ბანა-იე თაბრიზის1 ეძახდნენ, მაგრამ ახლა თავის სახელს ვეღარ ამართლებს, რადგან მშენებლობას თავი დაანება და დიდკაცობის პრეტენზია გაუჩნდა. თბილისში რომ ჩამოვიდა, უბრალო მშენებელი იყო და კარგი ხუროთმოძღვრის სახელი მოიხვეჭა. ცოტა ხანში თავრიზში დაბრუნება მოისურვა, მაგრამ თბილისის გუბერნატორმა არ გაუშვა: ხელფასი დაუნიშნა და დარჩენა სთხოვა. მას შემდეგ თბილისში ცხოვრობს და აურაცხელი ქონება დააგროვა, მათ შორის სახლები, რომელთა ბადალს, თეირანის გამოკლებით, მთელ ირანში ვერ იპოვი. ახლა ამ სახლებს აქირავებს და, როგორც თვითონ ამბობს, წელიწადში 200000 მანეთი შემოსავალი აქვს. ჩვენ ერთ-ერთი საუკეთესო სახლი დაგვითმო. სამსართულიანი შენობა იყო და ყველა ოთახს ხის იატაკი ჰქონდა. ამ კაცმა დიდი პატივი გვცა: ჩამოსვლის დღესვე სამი თავისგან შემდგარი საუცხოო სადილი გამოგვიგზავნა და მომდევნო სამი დღის განმავლობაშიც, სანამ იქ ვცხოვრობდით, სადილს ყოველ დღე გვიგზავნიდა. თბილისში რომ ჩამოვედით, შაბანის თვის 13 (29 ნოემბერი) იყო.
[თბილისის აბანოები]
მას შემდეგ, რაც დავბინავდით, მისმა აღმატებულება ჰაჯი ემირ ზადემ და თქვენმა მონა-მორჩილმა მანსურმა აბანოში წასვლა გადავწყვიტეთ. თბილისის აბანოებზე ცოტაოდენს მოგიყვებით და ყური დამიგდეთ. უპირველეს ყოვლისა, გეტყვით, რომ მართლა ღვთაებრივი აბანოებია. ოცი აბანო ერთ რიგშია ჩამწკრივებული და ერთი წყაროდან მარაგდება. ეს წყარო მთიდან გადმოდის, ყველა აბანოზე ნაწილდება და წყალი დღე და ღამე მოდის. აბანოს ფასი ერთი მანეთია, რაც 13-14 შაჰის ტოლია. გინდ მარტო შეხვიდე და გინდ ათი კაცი შეიყვანო, ამ ფასს იხდი. რამდენსაც გინდა, იმდენ ხანს დარჩები, არავინ არ შემოვა და არ გკითხავს, რას აკეთებ და ამდენ ხანს რატომ შეყოვნდიო. ამ აბანოების აგებულება ისეთია, როგორც ქვემოთ ჩემს ნახატზეა ნაჩვენები: ................. შუა გრძელი ხაზი დერეფანია და თითოეულ დერეფანში ოთხი ნომერია. აბანოს ნომერი ორი - შიდა ცხელი და გარე ცივი სათავსისგან შედგება. გარე სათავსის ფართობი 3 ზარ 3 ზარზეა. აქ კედლების გასწვრივ ტანსაცმლის გასახდელად ტახტები და სავარძლებია განლაგებული. შიდა სათავსის სიდიდე 3 ზარია და მასში ორი აუზია ჩაშენებული. აუზების სიღრმე ერთი ზარია. აუზიდან ერთი ზარის მოშორებით კედელზე ონკანია დამაგრებული და იქიდან აუზში ცხელი წყალი იღვრება. ეს სუფთა და სურნელოვანი წყალი სხეულს ჭუჭყს ისე აშორებს, რომ ქისით გახეხვა აღარ გჭირდება და დასვრილ ტანსაცმელსაც საპონზე უკეთ რეცხავს.
აბანოში რომ შევედი, გული დამწყდა, რომ მარტო ვიყავი. ვინატრე, ნეტავ ვაჰითი აქ იყოს, ხელს ჩავჭიდებდი, აბანოში შევიდოდით და ორ-სამ საათს განცხრომით გავატარებდით-მეთქი. ჯერ ერთი, რომ აქ ასეთი რამეები აკრძალული არ არის და რომც იყოს, მაინც ვერავინ გაიგებს, რადგან შიგ შემოსვლის უფლება არავის აქვს. აქ კაცები და ქალები აბანოში ერთად ხშირად დადიან და მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
ახლა ამ ქალაქის მცხოვრებლებზე მოგახსენებთ. გამიჭირდება, მათ ჩვეულებრივი ადამიანები ვუწოდო და, საერთოდ, ადამის მოდგმას მივაკუთვნო, რადგან ერთ ქალაქში ამდენი ლამაზი ადამიანის არსებობა არც ვინმესგან გამიგია და არც ქრონიკებში წამიკითხავს. დიდსა და პატარას, კაცსა და ქალს თეთრი პირისახე, ნახევარმთვარესავით მორკალული წარბები, ნარგიზივით შავი თვალები, კაკაბის მიხვრა-მოხვრა და საროს ტანი აქვს, ისეთი, როგორზეც პოეტს უთქვამს: კაცთა მოდგმის დასაღუპად სამოთხიდან ანგელოზი გამოგზავნეს, ჩათვალე, რომ უბედურება იყო, მაგრამ ანგელოზის ბუნების.
ერთი სიტყვით, შაბანის თვის 14-ში (30 ნოემბერს), კვირას მისი აღმატებულება ემირ ზადე და თქვენი მონა-მორჩილი სახლიდან გამოვედით, ფაეტონში ჩავსხედით და სასეირნოდ წავედით. თავდაპირველად მტკვარზე აშენებულ ხიდზე გადავედით. ძალიან კარგი, მყარი და მაღალი ხიდი იყო. ხიდის თავში მისი ამშენებლის ბრინჯაოს ქანდაკება2 იდგა. ძეგლი ისე ოსტატურად იყო ჩამოსხმული, რომ ვერ აგიწერთ. მასზე გამოსახული კაცი, უეჭველია, მეფეთა გვარის წარმომადგენელი იყო. შორიდან ხიდზე მდგარი ცოცხალი ადამიანი გეგონებოდათ. ხელში მდიდრული კრაველის ქუდი ეჭირა და მხრებზე შინელი ჰქონდა მოსხმული. შინელი ისე ახალივით გამოიყურებოდა, თითქოს ეს არის, მკერავიდან წამოიღესო. ქანდაკების ირგვლივ თავდაყირა იდგა რვა თურქული ქვემეხი, რომელთაც მძიმე ჯაჭვი ჰქონდათ შემორტყმული. ეს ხიდი, ქანდაკება და მასზე შემოვლებული ზღუდე საოცრად შთამბეჭდავი იყო.
1. „ბანა-იე თაბრიზისპარსულად თავრიზელ მშენებელს ნიშნავს.
2. იგულისხმება კავკასიის მეფისნაცვლის მიხეილ ვორონცოვის ქანდაკება, რომელიც დაიდგა 1867 წელს მიხეილის (ახლანდელი ჩუღურეთის) ხიდთან.
[თეატრი]
ავიარეთ ერთი შენობა, რომელზეც გვითხრეს, რომ თეატრი იყო. ვიკითხეთ, წარმოდგენა როდის იმართებოდა და გვიპასუხეს, რომ იმ საღამოს. სახლში დაბრუნებისთანავე [მსახურს] ხუთი მანეთი გავატანეთ და ბილეთები შევიძინეთ. სპექტაკლი საღამოს რვა საათზე იწყებოდა და შუაღამის თორმეტ საათზე მთავრდებოდა.
მონაყოლითა და დაწერილით თეატრზე წარმოდგენას ვერ შეიქმნი, უნდა წახვიდე და თავად ნახო და მოისმინო. მაგრამ, შეძლებისდაგვარად, მის აგებულებაზე მოგახსენებთ. თეატრი თაქიას3 მსგავსი ადგილია, ოღონდ წარმოდგენა იმართება არა ცენტრში, არამედ შენობის ბოლოს აღმართულ ბაქანზე, რომლის წინაც დიდი მოხატული ფარდა კიდია.

თეატრის შიდა სივრცე სამიარუსიანია. პირველ იარუსზე სკამები აწყვია და მათი რაოდენობა ათასს აჭარბებს. ყოველ სკამს თავისი ნომერი აქვს და ეს ნომერი ბილეთში არის მითითებული. მეორე იარუსზე პატარა ოთახებია, რომლებსაც აქაურები ლოჟებს ეძახიან. ლოჟები ასევე დანომრილია და თითოეულში ოთხი სკამი დგას. ჩვენ მეთოთხმეტე ლოჟა დავიკავეთ. მოკლედ, ფარდის წინ მუსიკოსები ისხდნენ, ხელში თავიანთი ინსტრუმენტები ეჭირათ და წიგნებში იყურებოდნენ. მუსიკოსების პირდაპირ ხელმძღვანელი იჯდა და მათ წიგნის მიხედვით თავისა და ხელის მოძრაობით ავარჯიშებდა. როცა სპექტაკლი დაიწყო, ჩვენ წინ ჩამოკიდებული დიდი ფარდა აიწია და ტყე, შენობები და ქალაქი გამოჩნდა. სცენაზე ადამიანები გამოვიდნენ და სიმღერა დაიწყეს, მაგრამ ჩვენ მათი ენა არ გვესმოდა. აქ შეკრებილთა უმრავლესობისთვისაც, რომლებიც რუსები იყვნენ, მათი სიმღერა გაუგებარი იყო, რადგან იტალიურად მღეროდნენ. როცა წარმოდგენა დასრულდა, ფარდა დაეშვა. დიდი თუ პატარა, კაცი თუ ქალი, ლამაზი გოგონა თუ უშნო, ყველა ტაშს უკრავდა და თავის ენაზე აღტაცებას გამოთქვამდა. მერე ხალხი თეატრიდან ეზოში გავიდა და 15 წუთის განმავლობაში ზოგი არაყს სვამდა, ზოგი ეწეოდა, ბავშვები კი ერთმანეთს ეთამაშებოდნენ. 15 წუთის შემდეგ მუსიკის ხმა გაისმა და ყველანი თავ-თავიანთ ადგილებზე დასხდნენ. უმეტესობას ხელში დურბინდი ეჭირა და ერთმანეთს ათვალიერებდა. ამასობაში ფარდა აიწია და ქალაქში მდგარი ეკლესია გამოჩნდა. ეკლესიის შესასვლელები ღია იყო და შიგნით უცნაური ხალხი ისხდა. ისინი საუბრობდნენ და მღეროდნენ. ერთი მსახიობი, რომელსაც თეთრი წვერი ჰქონდა და მღვდლის სამოსი ეცვა, ეკლესიიდან გამოვიდა. მასთან ორი მსახიობი მივიდა და წყალი სთხოვა. მღვდელმა ჭიქები ამოიღო, ერთი ადგილიდან, საიდანაც წყალი გადმოდიოდა, წყლით აავსო და მათ მიაწოდა. ერთმა დალევა დააპირა, მაგრამ ჭიქაში წყალს ცეცხლი მოედო და დენთივით აალდა. მეორესაც იგივე დაემართა. შემდეგ მოულოდნელად მღვდლის წვერი და ტანსაცმელი სადღაც გაქრა და მსახიობი სრულიად ახალი სახით წარმოგვიდგა: წელზე ხმლით და სამხედრო ტანსაცმლითა და ვიწრო შარვლით. ამ სცენამ ჩემზე გამაოგნებელი შთაბეჭდილება მოახდინა: მსახიობი ისე გადასხვაფერდა, რომ ადგილიდან არ დაძრულა, მისი წვერი და ტანსაცმელი კი ცაში გაუჩინარდა თუ მიწაში, ვერავინ დაინახა. მსახიობები მუსიკის თანხლებით ლაპარაკობდნენ და ლექსებს კითხულობდნენ და ვისაც მათი ენა ესმოდა, ის სიტყვებსაც არჩევდა. ამასობაში სპექტაკლი დასრულდა და ფარდა ისევ დაეშვა. ხალხმა ტაში დაუკრა და თეატრიდან გავიდა.

მოკლედ, იმ საღამოს სულ ხუთი მოქმედება ითამაშეს. ისეთი სპექტაკლი იყო, რომ კაცს ჭკუას დააკარგვინებდა. მისი აღწერა ჩემს ძალ-ღონეს აღემატება, თუმცა შევეცდები, ჩემი შთაბეჭდილებები, შეძლებისდაგვარად, გაგიზიაროთ.

უპირველეს ყოვლისა, ხუთი მანეთი გადავიხადეთ და ავიღეთ ლოჟის ბილეთები, რომელშიც ოთხი სკამი იდგა. ბილეთში ლოჟის ნომერი - 14 იყო მითითებული. მეთოთხმეტე ლოჟა ვიპოვეთ, კარი გავაღეთ და ჩვენს ადგილებზე დავსხედით. ჩვენი ლოჟის მარჯვნივ და მარცხნივ ორი მზესავით ქალიშვილი და ორი მთვარისსახიანი ქალი იჯდა. ოთხივე მდიდრულად იყო მორთულ-მოკაზმული. ხან ჩვენსკენ იყურებოდნენ და მიბნედილი ლურჯი თვალებიდან გამგმირავ მზერას გვესროდნენ, ხან წითელი ვარდის კოკორივით ბაგეებს ხსნიდნენ და ჩვენზე, ანუ ჩვენს ტანსაცმელსა და ქუდზე, იცინოდნენ, ხან კი ხელთათმანებიდან ქაფურივით თეთრ ხელებს აჩენდნენ. მათმა სილამაზემ თვალი ისე მოგვჭრა, თითქოს ცაზე მანათობელი მთვარე ამოვიდაო. შეშინებულები ჩუმ-ჩუმად მათკენ თვალს ვაპარებდით და გულდადარდიანებულები ისე ვოხრავდით, რომ ჩვენი ოხვრის ალი მთელ დარბაზს ედებოდა. თუ მზეს თვალს მოვარიდებდით და მეორე მხარეს გავიხედავდით, დავინახავდით მთვარეს, რომელიც იქაურობას მზესავით ანათებდა. ერთი სიტყვით, ორსავე მხარეს ერთმანეთზე უკეთესი სანახაობა იყო. ვინატრე: ნეტავ, ჩემი მეგობრები აქ იყვნენ, რომ ნახონ, ქვეყნად როგორი ჰურიები არსებობენ- მეთქი.
მოკლედ, თქვენი მონა-მორჩილი რაღაც სხვანაირ გუნებაზე დავდექი და ჩუმად ამ ბეითებს ვღიღინებდი:
თუ გული მომტაცე, რჯულს ნუ წამართმევ,
საბრალო გულს მოთმინებას ნუ წაართმევ,
მიჯნურებზე შურს ნუ იძიებ,
ნუ მოკლავ ნაკრძალის ნადირს.
და, ასევე, ამ ბეითსაც ვმღეროდი:
რაც შენი ზილფის კულულმა ჩემი გული მოაჯადოვა,
ქარს გაჰყვა რჯული, რწმენა და ფანა4, ჩემო კერპო.
ერთი სიტყვით, შუაღამის თორმეტ საათამდე თეატრში ასეთ ყოფაში ვიყავით. შიგადაშიგ მისი აღმატებულება ჰაჯი ემირ ზადე მთვარისსახიანებს ფრანგულად ესაუბრებოდა და ყველანი იცინოდნენ, მაგრამ ჩვენ მათი ლაპარაკი არ გვესმოდა.
მოკლედ, სპექტაკლის დასრულების შემდეგ დადარდიანებულები სახლში დავბრუნდით. მთელი ღამე ვერ დავიძინე, რადგან როგორც კი თვალს ვხუჭავდი, ის მთვარისსახიანები მელანდებოდნენ და დილამდე მათზე ფიქრისგან ჩემი საწოლიდან, თითქოს, ვარდის სურნელი იფრქვეოდა.
როცა სამყაროს მანათობელი მზე აღმოსავლეთიდან ამოიწვერა, ფაეტონში ჩავსხედით და ბაზარსა და ქუჩებში გავისეირნეთ. გაოცებულები შენობებს ვათვალიერებდით და ვფიქრობდით: აი, ქვეყნად როგორი ადგილები გაუკეთებიათ, ჩვენ კი თავრიზის სახლში შევყუჟულვართ და უაზრო განცხრომაში ვატარებთ დროს. თუ კაცი ამ ვილაიეთების ნახვის შემდეგაც თავრიზის სახლში ჯდომით ისიამოვნებს, ის ან გონებანაკლულია, ან ჭკუა საერთოდ არა აქვს. ასეა თუ ისე, ამ ქვეყნად ყველა სიყვარულზე ოცნებით ცხოვრობს.
ახლა ცოტაოდენს თბილისის ბაზრებსა და ქუჩებზე მოგახსენებთ. მართალია, ნაწერით სრულ წარმოდგენას ვერ შეიქმნი, თავად უნდა ნახო და შეიგრძნო, მაგრამ მაინც შევეცდები, იქნებ რამე გამომივიდეს. მაშ ასე, მზის ჩასვლას სამი საათი აკლდა, როცა მისი აღმატებულება ემირ ზადე და თქვენი მონა-მორჩილი ფაეტონში ჩავსხედით და ირანის ელჩის რეზიდენციაში წავედით. ჯერ ერთი, ალი ხანი ძალიან კარგი ბუნების კაცია და დღენიადაგ ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნავს, მეორეც, მას საუბარსა და თავაზიანობაში ტოლი არა ჰყავს. მასთან ერთი საათი გავატარეთ და მერე გასეირნება შემოგვთავაზა. მისი აღმატებულება ემირ ზადე დაყაბულდა და ორი ფაეტონი მოამზადეს. ერთში მისი აღმატებულება და ალი ხანი ჩასხდნენ, მეორეში კი - თქვენი მონა-მორჩილი და ელჩის თანაშემწე. ქუჩებში გავისეირნეთ და მივედით მოჯთაჰედის ანუ აყა მირ ფათაჰის ბაღში . შიგ რომ შევედით, თავი ედემის ბაღში გვეგონა. ოთხი ხეივნის გადაკვეთაზე ულამაზესი შენობა იდგა. მის გარშემო ტანკენარი ხეები, მათ შორის ღვია და ფიჭვი, ხარობდა, ხოლო შიგნით ოთახების წინ დარგული იყო ლიმნის, ფორთოხლისა და თურინჯის ხეები, რომელთა მწვანე ტოტებსაც უამრავი ნაყოფი ესხა.
მოკლედ, ამ წარმტაც ბაღში დაახლოებით საათნახევარი ვისეირნეთ და მეგობრები მოვიგონეთ. იქიდან ალი ხანის სახლში დავბრუნდით. რაც გზაზე ვნახეთ, იმის აღწერა ჩემს ძალ-ღონეს აღემატება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე მაცდუნებელ მზესა და მთვარეს ვხედავდით. ალი ხანთან ჩაი დაგვახვედრეს, მაგრამ მათი ჩაის სმის წესი არ მომეწონა. იმხელა ჭიქები აქვთ, რომ შიგ ერთი ჩაიდანი ეტევა. ჭიქას ავსებენ და მოგართმევენ, მაგრამ სპილოს ძალა უნდა გქონდეს, რომ ბოლომდე დალიო. რადგან მათი ჩაის სმის წესი არ ვიცოდით, ჩვენი წესისამებრ ჭიქები ავიღეთ და გამოვცალეთ, ალი ხანის ჭიქა კი ისევ ხელუხლებლად იდგა. ჭიქები ხელმეორედ შეგვივსეს და მოგვართვეს და ისიც დიდი წვალებით დავლიეთ, ალი ხანის ჭიქა კი ჯერ კიდევ ნახევრადსავსე იყო. ამასობაში მისი აღმატებულება ემირ ზადე და თქვენი მონა-მორჩილი ისეთ დღეში ჩავცვივდით, თითქოს ღვინით დავმთვრალიყავით: თავბრუ გვეხვეოდა და გვაქანავებდა. ალი ხანს გაეცინა და გვითხრა: “თქვენ ჩაის ირანულად სვამთ, აქ კი სხვა წესია. აქ სავსე ჭიქას დაახლოებით ერთი საათი ნელ-ნელა სვამენ და თან მუსაიფობენ”. მოკლედ, ჩვენ მათი წესი არ ვიცოდით და ორი ჭიქა დავლიეთ. რა სამწუხაროა, რომ იქ არ იყავი, ჭაბუკო! ელჩისგან მთვრალებივით გამოვედით და სახლში დავბრუნდით, მაგრამ იმ წყეული ჩაისგან ორი დღე და ღამე არც გვეძინა და ვერც ვჭამდით.
ალი ხანის სახლიდან რომ გამოვდიოდით, ვიკითხეთ, წარმოდგენა იმ საღამოსაც იმართებოდა თუ არა. გვიპასუხეს, რომ თეატრი დღეგამოშვებით მუშაობდა. ძალიან დაგვწყდა გული, რადგან მეორე დღეს თბილისიდან მივემგზავრებოდით და იმ მთვარისსახიანებს ან ვნახავდით, ან ვერა. თბილისის შენობების თავისებურება ის არის, რომ ეზო არა აქვს და შიგ პირდაპირ ქუჩიდან შედიხარ. შენობების სიმაღლე ხუთ სართულამდეა და ფანჯრები ქუჩაზე გადმოდის. მათი ბაზრები რიგებად არის ჩამწკრივებული. ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
3. თაქია დიდი კარავია, სადაც შიიტების რელიგიური მისტერიები იმართება.
4. ფანა სუფიური მოძღვრების მიხედვით სულის თვითსრულყოფის გზის ბოლო საფეხურია.
[მცხეთის ფოსტა]
თქვა: ეი, ჭაბუკო! როცა სამყაროს მანათობელი მზე აღმოსავლეთიდან ამოიწვერა და სამყარო გაანათა, ძილით გათანგული მგზავრები საწოლებიდან წამოიშალნენ, ბარგი შეკრეს და გაემართნენ მეცხრამეტე პუნქტისკენ, რომელსაც მცხეთა ჰქვია და თბილისიდან ოცი ვერსით არის დაშორებული. დღის ოთხ საათზე თბილისიდან გავემგზავრეთ და მზის ჩასვლას ოთხი საათი აკლდა, მცხეთაში რომ შევედით. მცხეთიდან თბილისამდე გზატკეცილია აშენებული და ეტლი თავისუფლად მოძრაობს. გზა სულ მდინარე მტკვარს მიუყვება. გზის ზემოთაც გზატკეცილი გაჰყავთ შემენდეფერის რკინიგზისთვის5. ეს გზა მივა მარნამდე, რომელიც შავ ზღვაზე მდებარეობს და სტამბოლის პორტს წარმოადგენს. იქიდან კი ხალხი და ტვირთი ზღვით ერთ დღეში ჩავა კასპიის ზღვამდე6. ამ სამუშაოს დასრულებას 5-6 წელი მაინც უნდა, მაგრამ მერე ძალიან კარგი გზა იქნება მომლოცველებისა და სხვა მოგზაურთათვის.
თუ კაცს სტამბოლში წასვლა მოუნდება, ტრაბზონისა და თბილისის გზით ისარგებლებს, რადგან არდებილის გზას აკეთებენ. როცა ჩვენ იქ გავიარეთ, მინდორში კარვები იყო გაშლილი იმ სალდათებისთვის, რომლებსაც ეს გზა გაჰყავდათ. ეს სალდათები ფარჰადის7 მსგავსად მთებს ჭრიდნენ და ასწორებდნენ, ხეობებს ავსებდნენ და ავაკებდნენ და ისეთ ხიდებს აგებდნენ, რომ მათი აღწერა ენას არ ძალუძს. ერთ ადგილას გზას მდინარე მტკვარი ეღობებოდა, მაგრამ ამ მამაძაღლებმა შიგ იმდენი ქვა-ღორღი ჩაყარეს, რომ, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, ხევი ამოავსეს და გზას გაუსწორეს.
მოკლედ, მცხეთის ფოსტაში ჩავედით და იქ დავბინავდით. მთელი ღამე საშინლად წვიმდა და გზა ატალახდა. შიში შეგვეპარა, რომ მეორე დღეს ჩვენი ფურგონი ამ ტალახში ვერ გაივლიდა. ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
5.შემენდეფერსავტორი როგორც ბაქო-ბათუმის დამაკავშირებელ რკინიგზისმაგისტრალს, ისე ამ მაგისტრალზე მოძრავ მატარებელსაც ეძახის.
6. ამ ეპიზოდიდან ჩანს, რომ ავტორს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს კავკასიის გეოგრაფიაზე. გარდა იმისა, რომ აქაც და შემდგომაც მას მარანი ხან ბათუმში და ხან ფოთში ერევა, მან ისიც არ იცის, რომ შავი ზღვიდან კასპიის (მის მიხედვით - ასტრახანის) ზღვაში წყლის გზით გადასვლა შეუძლებელია.
7. სპარსული ეპოსის ლეგენდარული გმირი, რომელიც ერთი დარტყმით კლდეს აპობდა და შიგ გზა გაჰყავდა.
[ახალქალაქი]
თქვა: ეი, ჭაბუკო! როცა გათენდა და აღმოსავლეთიდან მზე ამოიწვერა, ბარგი შევკარით და გავემართეთ მეოცე პუნქტისკენ, რომელსაც ახალქალაქი ჰქვია. დღის პირველის ნახევარზე მცხეთიდან გავემგზავრეთ და მზის ჩასვლას სამი საათი აკლდა, ახალქალაქში რომ შევედით. მცხეთის ფოსტის სადგურიდან ახალქალაქის ფოსტის სადგურამდე 31 ვერსია. მცხეთიდან რომ გამოვედით, დაახლოებით 13 ვერსი ძლიერი ტალახის გამო ძლივს ვმოძრაობდით, მაგრამ დანარჩენი 18 ვერსი გზატკეცილი იყო და თავისუფლად ვიმგზავრეთ. სმატრიტელმა ანუ ფოსტის უფროსმა ქაღალდები დაგვიმოწმა და კარგი ოთახი მოგვცა. სმატრიტელი, რომელიც ძალიან მხიარული და ხალისიანი კაცი იყო, ხანდახან მუსლიმობას იჩემებდა და ჩემს თანამგზავრ პილიგრიმებს თურქულად ეხუმრებოდა და მე ვთარგმნიდი. ეუბნებოდა: “თქვენც მუსლიმები ხართ და მეც, განსხვავება ჩვენს შორის მხოლოდ ...8 პატარა კანია, რომელიც თქვენ მოგაჭრეს და მე დამიტოვეს”.
იმ საღამოს სმატრიტელი პილიგრიმებს იმდენს ეხუმრა, რომ საწყლები ფოსტიდან გაიქცნენ და ქარვასლაში დაბინავდნენ, მაგრამ მე მის ხუმრობებზე ბევრი ვიხალისე. მოგვიყვა, როგორ ლოცულობდა და რიტუალურ განბანვას როგორ ასრულებდა, ლოგინში ეშმაკი როგორ აცდუნებდა და დილით როგორ განიბანებოდა. შიგადაშიგ მეფეებზე წუწუნებდა, ამბობდა: ჩემნაირ ერთგულ მსახურს ასეთ პატარა ხელფასს მაძლევენ. აბა, თვეში 13 მანეთი და 90 კაპიკი რა ფულია, ერთი დღის არყის ფულიც კი არ არისო. ბოლოს წუწუნს რომ მორჩა, მის აღმატებულება ჰაჯი ემირზადეს კონსულ ალი ხანთან სარეკომენდაციო წერილი სთხოვა, რომ აქედან გადაეყვანათ და ფოთში “დაეწინაურებინათ”, რადგან ფოთში ირანელი უფროსი არ იყო. მოკლედ, ეს ქაღალდი გამოართვა და კარგად შეინახა. ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
8. მრავალწერტილი ავტორისეულია.
[სამანლო]
თქვა: ეი, ჭაბუკო! როცა სამყაროს მანათობელი მზე აღმოსავლეთიდან ამოიწვერა, ბარგი შევკარით და 21-ე პუნქტისკენ გავემართეთ. 21-ე პუნქტს ერთი ვერსიით სამანლო ჰქვია, ხოლო მეორე ვერსიით - რუსული ფოსტა9. ახალქალაქის ფოსტიდან რუსულ ფოსტამდე 42 ვერსია. სამს რომ თხუთმეტი წუთი აკლდა, ახალქალაქიდან გამოვედით და მზის ჩასვლას ორსაათნახევარი აკლდა, როცა რუსულ ფოსტაში შევედით. თუ მოსმენას ინებებთ, ცოტაოდენს ამ გზაზე და იმ სიძნელეებზე მოგახსენებთ, რაც მგზავრობისას გადავიტანეთ.
უპირველეს ყოვლისა, ახალქალაქიდან გამოსვლისთანავე ისეთი ქარი ამოვარდა, რომ ვერ აგიწერთ. ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ფურგონის ოთხივე ცხენი გზიდან გადაიყვანა, თავად ფურგონსაც შეუტია და ცხენებიან-ბორბლებიანად რამდენიმე ნაბიჯით უკან დასწია. ისეთი სიცივე იდგა, გეგონებოდათ თავრიზის მაცივრის კარი რუსეთისკენ გაუღიათო. ძლიერი სიცივისგან ვერ ვინძრეოდით. თქვენმა მონა-მორჩილმა ორი მარცვალი თრიაქი ამოვიღე, მოსასხამი თავზე გადავიფარე, ერთ კუთხეში მივჯექი და შემდეგ პუნქტამდე არ განვძრეულვარ. რუსულ ფოსტაში რომ შევედით, გვეგონა, რომ ჯოჯოხეთში მოვხვდით. ისეთი სიცივე იდგა, სამოვარს ცეცხლს რომ ვუკიდებდით, ვერ ვგრძნობდით, ცეცხლი იყო თუ ყინული. ასეთი ღამე ცხოვრებაში არ გვქონია. ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
[სურამი]
თქვა: ეი, ჭაბუკო! მოღრუბლული და პირქუში დილა გათენდა. გავიღვიძე, ჩირაღდანი ავანთე, სხვებიც გავაღვიძე და გარეთ გამოვედი, რომ ამინდი მენახა. გუშინდელ ქარსა და სიცივეს ახლა თოვლიც დაერთო. ათასი წვალებით ბარგი შევკარით და 22-ე პუნქტისკენ გავეშურეთ. 22-ე პუნქტი, რომელსაც სურამი ჰქვია, რუსული ფოსტიდან 35 ვერსით არის დაშორებული. სამის თხუთმეტ წუთზე რუსული ფოსტიდან წამოვედით და მზის ჩასვლას სამი საათი და თხუთმეტი წუთი აკლდა, სურამში რომ შევედით.
ახლა ამ გზასა და ფოსტაზე მოგახსენებთ. ისეთი საშინელი სიცივე, ქარი, თოვლი და წვიმა გამოვიარეთ, რომლის მსგავსი კაცს არ უნახავს. რამდენიმე საათის განმავლობაში ტანსაცმლიდან ხელი ვერ გამოვყავი, რომ პური მეჭამა. მთელი გზა არ განვძრეულვარ და მოსასხამში გახვეული ჭამის ნაცვლად ამ ბეითს ვღიღინებდი:
მერიქიფევ, ზამთრის ამ ცივსა და სასტიკ ამინდში
ლოთებისთვის ღვინის დოქს ნუ დაინანებ.იმ დღეს ფოსტაში აღარ გავჩერდით, რადგან
ფურგონის მეპატრონე ალი ქერბალაიმ შემოგვთავაზა, რომ კიდევ ოთხი ვერსი გაგვევლო და ქალაქ სურამში დავბინავებულიყავით. გვარწმუნებდა, იქ ყველაფერი იშოვება, თან ძალიან ლამაზი ქალაქია და მრავალი ღირშესანიშნაობა აქვსო. თქვენმა მონა-მორჩილმა ვიფიქრე, რომ სურამი ერევნისა და ნახჭევანის მსგავსი ქალაქი იქნებოდა და სამ საათს იქ კარგად გავატარებდით. ეს ამბავი მის აღმატებულება შაჰ ბაჯის10 მოვახსენეთ და თანხმობა განაცხადა. დარჩენილი გზა იმაზე ვოცნებობდით, ქალაქში როგორ დავბინავდებოდით და გადატანილი სიცივისთვის რა საზღაური გველოდა.
მოკლედ, ამ ფიქრებით სურამში შევედით და ოცნების კოშკები ერთ წამში დაგვენგრა. ქალაქი კი არა, სოფელი აღმოჩნდა, თან ამ ქვეყნად ყველაზე უარესი სოფელი. იქ ასიოდე ერთსართულიანი სახლი იდგა, რომლებიც ევროპული სახლების მსგავსად ხის იყო და ეზო არ ჰქონდა. მოკლედ, ეს ქალაქი და იქაური ვითარება რომ დავინახეთ, ალი ქერბალაის ვკითხეთ: “რატომ მოგვატყუე?” გვიპასუხა: “ქალაქია, აბა რა არის? თქვენი ქალაქებიდან რომელია ამაზე უკეთესი?!” მაგრამ თავისი ნათქვამის თვითონვე შერცხვა და თავი ჩაქინდრა. როგორც აღმოჩნდა, ამ სოფელში მეგობარი ჰყავდა და მისი ნახვა უნდოდა.
მოკლედ, იმ ღამეს ერთ ოთახში დავბინავდით. ოთახი ევროპულ ყაიდაზე იყო მოწყობილი და შიგ ფიცრული ტახტები იდგა. მზის ჩასვლას სამი საათი აკლდა, ოთახში რომ შევედით. ისეთი ტალახი და სიცივე იყო, რომ დილამდე გარეთ არ გამოვსულვართ.
ამას ისიც დაერთო, რომ მთელი ღამე სახლის გარშემო სომეხი დარაჯი დადიოდა და რაღაც უცნაურ ხმებს გამოსცემდა: ხან ძაღლივით წკმუტუნებდა, ხან საყვირივით გაჰკიოდა და ხან სომხურ ლექსებს კითხულობდა. მოკლედ, არც თვითონ ეძინა და არც ჩვენ დაგვაძინა. ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
9. ტოპონიმის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. მდებარეობით დაახლოებით აგარასთან უნდა იყოს. გზებზე განლაგებული საფოსტო სადგურების რუსული სისტემა ავტორისთვის უცხო მოვლენა იყო და, ალბათ ამიტომ, გამოთქმა Русская почта მან პუნქტის სახელწოდებად მიიჩნია.
10. „შაჰ ბაჯი“ დიდგვაროვან ქალბატონს ნიშნავს. ამ შემთხვევაში იგულისხმება თაჰმასბ მირზას და.
[ხარაგაული]
თქვა: ეი, ჭაბუკო! როცა გათენდა, ბარგი შევკარით, ფურგონში ჩავსხედით და 23-ე პუნქტისკენ გავემართეთ. 23-ე პუნქტს ხარაგაული ჰქვია და სურამიდან 42 ვერსით არის დაშორებული. დილით ძლიერი სიცივის გამო სწრაფად ვერ ჩავბარგდით, ამიტომ შუადღის ოთხის ნახევარი იყო, სურამიდან რომ გამოვედით და მზის ჩასვლას 15 წუთი აკლდა, ხარაგაულის ფოსტაში რომ შევედით.
სანამ ამ ფოსტის აღწერას შევუდგებოდე, მინდა ორიოდე სიტყვა გზის შესახებ მოგახსენოთ. სურამს რომ გავცდით, ერთი მთა შემოგვხვდა, რომელიც ჩემ მიერ ადრე აღწერილ დილიჯანის მთას ჰგავდა. ისიც შუაგულ ტყეში იდგა და ძალიან მიუვალი იყო. შვიდი წლის წინ ამ გზაზე ოთხთვალათი ვერ გაივლიდი, მაგრამ ახლა მთის აქეთა მხარეს ახალი გზატკეცილი გაიყვანეს, მასზე ხრეში დაყარეს, ბანის სატკეპნი მანქანის მსგავსი მანქანით გააშანდაკეს და მთაშიც სპირალივით დახვეული გზა გაიყვანეს. ეს მთა აგებულებით დილიჯანის მთას ჰგავს და ისეთია, როგორც ქვემოთ დავხატე:
ახალი გზა, მიუხედავად იმისა, რომ ვერსების მიხედვით ძალიან გრძელია, ცხენების სასიარულოდ უფრო მარტივია და შემდეგ პუნქტშიც უფრო მალე ჩადიხარ. სურამიდან ზღვის სანაპირომდე გზა სულ ტყეში მიდის. გზის ეს მონაკვეთი მთაში გაჰყავთ, ფარჰადივით მთას აპობენ და ქვებს თლიან. მათი შემხედვარე გაოცებული დარჩები. ამ გზას შემენდეფერისთვის [შემენდეფერი = მატარებელი] აკეთებენ.
ფოსტას, რომელშიც დავბინავდით, დაწვრილებით ვერ აღვწერ, რადგან ძალიან თავსატეხი საქმეა და დიდ დროს წამართმევს. მაგრამ ფოსტაში მისვლისა და იქ ნანახის შესახებ ორიოდე სიტყვა აუცილებლად უნდა მოგახსენოთ.
როცა ჩვენი ფურგონი ფოსტის წინ გაჩერდა, ის იყო, უნდა გადმოვსულიყავით, რომ, უცებ, ფოსტის აივანზე კაშკაშა მზე გამოჩნდა, არემარე გაანათა, ადამიანებს კი თვალები დაუბნელა. მისი გამონათების აღწერა ადამიანის ძალ-ღონეს აღემატება. მართლაც რომ ორი კვირის მთვარე იყო, თვალები ნარგიზს მიუგავდა და მათი სიშავე იალდას ღამეს11 მოგაგონებდათ. ამ მთვარისსახიანს მანსური შემდეგი ბეითებით აღწერს:
მისი წამწამები იმ ისარს ჰგავს, მიჯნურის გულს რომ ესობა,
მისი ზილფები ბნელ ღამესავით შავია,
მისი წარბები ორი ნამგალა მთვარეა, მთვარე რად გვინდა,
თუ რამაზანის სადღესასწაულო ღამეს ბანზე გამოვა სატრფო.
ბეითები დავასრულე, ფურგონიდან თვალისდახამხამებაში გადმოვედი და თავგზააბნეული მისკენ გავემართე. უცებ შავი ღრუბელი გამოჩნდა და მზეს ჩამოეფარა. ღრუბელი გრძელწვერა, მაღალი და მსუქანი კაცი აღმოჩნდა, რომელიც მის გვერდით დადგა. ჯერ იმ კაცთან მივედი, მივესალმე და ვკითხე: “ვინ ხარ და რა გქვია, რომ ამ მზეს შავი ღრუბელივით ჩამოეფარე?” მიპასუხა: “მღვდელი ვარ”. ვკითხე: “სომეხი ხარ თუ რუსი?” მითხრა: “ქართველი ვარ და ამ მთვარისსახიანს ვახლავარ”. ვკითხე: “ეს მთვარისსახიანი ვინ არის და სად მიემგზავრება?” მიპასუხა: “ჩემი ცოლია და თავისი ნათესავების მოსანახულებლად მიდის”. მოკლედ, მათი ამბავი გავარკვიე და ჩემს ადგილზე დავბრუნდი. გვიან ღამემდე იმ მღვდელს ვესაუბრებოდი და თან თვალს მთვარისსახიანისკენ ვაპარებდი.
ერთი სიტყვით, მღვდელს ისე დავუმეგობრდი, რომ შემომთავაზა, მეორე დილით ადრე ერთად გავმგზავრებულიყავით. ვუთხარი: “თუ ალაჰის ნება იქნება”.
იმ ღამეს დავიძინე და გათენებული არ იყო, რომ ლოგინიდან ავდექი და ბარგი შევკარი, თან მათი ოთახისკენ ვიყურებოდი, იმ მშვენიერმა თუ გაიღვიძა-მეთქი. ერთ საათში კარი გაიღო და, თითქოს აღმოსავლეთიდან მზემ გამოანათაო, ოთახიდან მთვარისსახიანი გამოვიდა. ფოსტის მოსამსახურეები ისე გაოგნებულები მიაშტერდნენ, თითქოს მთიდან მზე და მთვარე ერთად ამოსულიყოს. დილის ნამაზამდე ერთი საათი რჩებოდა, მაგრამ მაინც ვილოცე და ბარგი ფურგონში ჩავალაგე. აღმოჩნდა, რომ ისინი აღარ მოდიოდნენ, რადგან ელოდებოდნენ საფოსტო ცხენებს, რომლებიც დილიჯანში გაეგზავნათ და იგვიანებდნენ. რას ვიზამდი?! სული იქ დავტოვე და დაცარიელებული სხეულით გზას გავუდექი. ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
11. იალდა ზამთრის ბუნიობის ღამეა.
[დიმი]
თქვა: ეი, ჭაბუკო! სული ფოსტაში დავტოვე და დაცარიელებული სხეულით გავემართე 24-ე პუნქტისკენ, რომელსაც დიმი ჰქვია. შუადღის ოთხის ნახევარზე ხარაგაულიდან გამოვედით და მზის ჩასვლას სამსაათნახევარი აკლდა, როცა დიმის ფოსტაში შევედით. ამ ორ ფოსტას შორის 22 ვერსია, მაგრამ გზატკეცილი დაგებული არ იყო და ტალახისგან ძლიერ გავწვალდით. გზა ვიწრო ხეობაში მიდიოდა და ბევრი აღმართ-დაღმართი იყო. ერთი მხრიდან მას მაღალი პირქუში მთა ესაზღვრებოდა, მეორედან კი - გრძელი ხეობა, რომელშიც მდინარე მიედინებოდა. თავიდან მდინარე პატარა იყო, მაგრამ თანდათანობით იმხელა გახდა, რომ შიგ გემები დაცურავდნენ. ეს მდინარე შავ ზღვას უერთდება და მარანი მის ნაპირზე მდებარეობს. მგზავრს შეუძლია მარანში პატარა გემში ჩაჯდეს, ამ მდინარით ზღვაში გავიდეს, დიდ გემზე გადაჯდეს და სტამბოლში გაემგზავროს.
ერთი სიტყვით, მზის ჩასვლას სამსაათნახევარი აკლდა, როცა ღამის გასათენებლად დიმის ფოსტაში გავჩერდით. უცებ გული შემიფრთხიალდა, გამახსენდა ის მთვარისსახიანი, რომელმაც დაიგვიანა და აღარ გამოჩნდა, რომ ჩემი დაბნელებული თვალებისთვის შუქი მოეფინა. ამ ოცნებებში ვიყავი, რომ ქარმა ველური ამბრის სურნელი მოიტანა. ძალიან მშიოდა და ის იყო, ჭამას ვიწყებდი, მაგრამ ამბრის სუნისგან ლუკმა გამივარდა და ადგილიდან ისე წამოვხტდი, როგორც მანსურს უთქვამს:
მასთან შეხვედრის იმედით ადგილიდან ისე წამოვფრინდი,
როგორც მწყერის დანახვაზე - მიმინო.
სახლიდან გარეთ გამოვედი მისთვის თავის გასაწირად,
იდუმალმა ხმამ მითხრა: სული ფერხთით დაუგდე!
ძლიერად მოვეხვიე და გულში ჩავიკარი,
გულმა მის გულს უთხრა დაფარული საიდუმლო.
როცა ეს ბეითები დავასრულე, ავდექი და ფოსტის აივნიდან გზას გავხედე. უცებ აღმოსავლეთიდან მანათობელი მზე გამოჩნდა და ფოსტასთან გაჩერდა. ის მთვარისსახიანი ფოსტის აივანზე დაახლოებით ერთი საათი იდგა, მაგრამ ოთახი არ აიღეს. მღვდელთან მივედი და მიზეზი ვკითხე. მიპასუხა: “აქ გაჩერებას არ ვაპირებთ, ამ საღამოს სხვა ფოსტაში მივალთ და იქ დავბინავდებით. აქ მხოლოდ ტარანტასის (კალიასკის სახეობაა) ცხენების გამოსაცვლელად შემოვიარეთ”. ეს ამბავი რომ გავიგე, დამწუხრებულმა, ფრთამოკვეცილმა და სასოწარკვეთილმა შემოქმედს ეს ბეითები შევღაღადე:
ყოვლადმოწყალეო ღმერთო, შენი საიდუმლოებათა საგანძურიდან
ცეცხლთაყვანისმცემელსაც და ქრისტიანსაც თავისი წილი აქვს.
მეგობრებს [წყალობას] რატომ ართმევ
შენ, რომელიც მტრებსაც კი მფარველობ.
ამ ლოცვაში ვიყავი, რომ ჩიტმა ამინ, ამინო, მითხრა: ფოსტაში ცხენები არ აღმოჩნდა და იძულებული გახდნენ, დარჩენილიყვნენ. წუხანდელივით ერთმანეთის მეზობლად დავბინავდით. გვიან ღამემდე, როგორც ფარვანა სანთელს, იმ მთვარისსახიანს ისე ვუტრიალებდი, სანამ ბოლოს ფარვანასავით სიყვარულის ცეცხლის ალზე არ დავიწვი და ჩემს წყეულ თვალებსაც რული არ მოეკიდა.
გათენებას ერთი საათი აკლდა, როცა ავდექი, ჩირაღდანი ავანთე და დანარჩენებიც გავაღვიძე. ბარგი შევკარით და გასამგზავრებლად მოვემზადეთ. მაგრამ ჩემი ფიქრები ისევ მთვარისსახიანს დასტრიალებდა. ვოცნებობდი, კიდევ ერთხელ მენახა მისი გაცისკროვნებული სახე. გარეთ გამოვედი და მათი ამბავი ვიკითხე. მითხრეს, რომ ორი საათის წინ გამგზავრებულიყვნენ. ეს რომ გავიგე, თვალთ დამიბნელდა, მაგრამ რაღას ვიზამდი. ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
[ქუთაისი]
თქვა: ეი, ჭაბუკო! რადგან ის მშვენიერი დავკარგე, ფურგონში ჩავჯექი და 25-ე პუნქტისკენ გავემართეთ. 25-ე პუნქტი ქუთაისია და დიმის ფოსტიდან 37 ვერსით არის დაშორებული. შუადღის თორმეტ საათზე დიმიდან გამოვედით და მზის ჩასვლას სამსაათნახევარი აკლდა, ქუთაისში რომ შევედით. სანამ ამ ქალაქს აღვწერდე, რამდენიმე სიტყვას გზის შესახებ მოგახსენებთ.
დიმის ფოსტიდან ქუთაისამდე გზატკეცილია გაყვანილი. ირგვლივ სულ ვაკეა, რომელიც ტყით არის დაფარული და გზა ტყეში მიდის. გზის ორსავე მხარეს კარგი ხეებია დარგული და იქაურობა ბაღს ჰგავს. ქუთაისის სიახლოვეს ერთი მთაა, რომლისკენ მიმავალი ძველი გზა ძალიან მიუვალია და მასზე ოთხთვალები ვერ დადიან. ის ერთი ვერსი თუ იქნება, ახალი გზა კი თავისი მიხვეულ-მოხვეულებით ხუთი ვერსია, მაგრამ ამ ხუთ ვერსს უფრო სწრაფად გადიხარ, ვიდრე იმ ერთს. ასეა თუ ისე, მზის ჩასვლას სამსაათნახევარი აკლდა, როცა ქუთაისში შევედით. ერთ სახლში დავბინავდით და ქალაქში გასეირნება გადავწყვიტეთ. გარეთ გამოვედით, ფაეტონი ვიქირავეთ და სამი საათის განმავლობაში ვსეირნობდით.
მთხრობელი ამბობს, რომ ქუთაისი თავისი აგებულებით თბილისს ჰგავს. აქაც ისეთივე დუქნები და შენობებია და მდინარეც ქალაქს ისე კვეთს, როგორც თბილისში. ეს მდინარე ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ მიედინება. თავად ქალაქი სულ ახალი აშენებულია. როგორც გვითხრეს, რამდენიმე წლის წინ აქ პატარა და შეუხედავი სოფელი იყო, მაგრამ ამ რამდენიმე წელიწადში აყვავდა. ქუთაისის აღმშენებლობა იმ ხანძარმა გამოიწვია, რომელიც აქ თურქებმა გააჩინეს და რომლის დროსაც ქალაქის ნახევარზე მეტი დაიწვა. მას შემდეგ აქაურმა ხელისუფლებამ დარჩენილი ძველი შენობებიც დაანგრია და ძალიან ლამაზი ქალაქი ააშენა.
ქუთაისში კარგი ბაზრებია, რომლებშიც ყველანაირ საქონელს იშოვი. ქალაქი ტყეში მდებარეობს და მის სახლებს გარშემო ამ ტყეში მოჭრილი ხეებისგან გაკეთებული მესერები არტყია და შიგ წარმტაცი ბაღებია გაშენებული.
თქვენი მონა-მორჩილი მის აღმატებულება ჰაჯი ემირზადესთან ერთად ფაეტონში ჩავჯექი, მთელი ბაზრები და სახლები შემოვიარე და ყველაფერი დავათვალიერე. მისი აღმატებულება ჰაჯი ემირზადე სახლში დარჩა, მე კი ისევ სასეირნოდ წავედი. უცებ ზემოთ ნახსენები მღვდელი და ის მთვარისსახიანი დავინახე. წამში მუხლები მომეკვეთა და მათთან ძლივს მივედი. ორივეს მივესალმე და მოვიკითხე. მთვარისსახიანის შემხედვარეს ცოტა მუხლებში ძალა მომეცა. მერე ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ისევ დავშორდით. სეირნობის ხალისი დამეკარგა და აფორიაქებული სახლში წავედი. ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
[მარანი]
თქვა: ეი, ჭაბუკო! როცა სამყაროს მანათობელი მზე აღმოსავლეთიდან ამოიწვერა, გავიღვიძეთ, ბარგი შევკარით და გავემართეთ 26-ე პუნქტისკენ, რომელსაც მარანი ჰქვია. შუადღის სამის ნახევარზე ქუთაისიდან გამოვედით და მზის ჩასვლას სამსაათნახევარი აკლდა, მარანში რომ შევედით. მარანი დიდი მდინარის პირას მდებარეობს. ქუთაისიდან მარნამდე ისეთი სწორი გზაა, რომ კარგი დურბინდით ერთი ქალაქიდან მეორეს დაინახავ. ამ გზის კიდევ ერთი მომხიბვლელობა ის არის, რომ შუაგულ ტყეში მიდის, თითქოს ბაღის ხეივანიაო. გარშემო სულ ხილის ხეებია, უმეტესად თხილი და კაკალი. ვფიქრობ, ქუთაისი-მარნის გზის მსგავს ხეივანს ვერც ერთ ბაღსა და ყვავილნარში ვერ ნახავ.
შუა გზაში ვიყავით, რომ ძლიერმა წვიმამ მოგვისწრო და სანამ მდინარის ნაპირს მივაღწევდით, სულ წვიმდა. არაქათგამოცლილები ერთი სომხის დუქანთან გავჩერდით და იქ დავბინავდით.
ახლა ამ დუქანს აღვწერ. ჩვენთვის განკუთვნილი ორი ოთახი ისეთი ვიწრო და პატარა იყო, როგორზეც იტყვიან: “აქ ორმა თაგვმა რომ იჩხუბოს, ერთი აუცილებლად დაიხრჩობაო”. მაგრამ მიუხედავად ასეთი სივიწროვისა, სხვაგან ვერ წავედით, რადგან საშინლად წვიმდა. კაცი წყაროზე რომ წასულიყო, კაცი კი არა, მოჩვენება დაბრუნდებოდა12. გარდა ამისა, გზაზე ღორები, ძაღლები და სომხები გეტმასნებოდნენ და წაბილწვისა და დაკბენის დიდი საშიშროება იყო. ისინი სომხურად ლაპარაკობდნენ და სპარსული არ იცოდნენ, ამიტომ გინდ გეთქვა, ცოტა იქით გაიწიეო, ვერ გაიგებდნენ და იქით გაგლანძღავდნენ. ერთადერთი სპარსული სალანძღავი სიტყვა, რაც იცოდნენ, ზახრუმა13 იყო და სულ ზახრუმას გაიძახოდნენ. მოკლედ, წვიმისა და მათი ზახრუმას შიშით ფეხი ვერსად გავადგით. რამდენი საპირფარეშოში მოგვინდებოდა, შორს წასვლის თავი არ გვქონდა და მისი აღმატებულება ალი ბახშ მირზას თქმით, ჩვენს ნადირს ხელში ვიჭერდით და სახლის წინ კედელთან ფეხზე დამდგრები ვშარდავდით. არ გეგონოთ, რომ ეს სიტყვები გადატანილმა გაჭირვებამ დამაწერინა. ჩემი თანამგზავრები მოწმეები არიან, რომ ტყუილი არ მითქვამს. ხშირად წყლის მაგივრობას ქაღალდი სწევდა და როცა ქაღალდი არ იყო - ხელები.
მოკლედ, შაბანის თვის 24-ში (10 დეკემბერს), ოთხშაბათ საღამოს მარანში შევედით. გემი იმ საღამოს უნდა მოსულიყო, მაგრამ ძლიერი წვიმის გამო ვერ მოვიდა. იძულებული გავხდით, ის ღამე მარანში გაგვეტარებინა და გემს დავლოდებოდით.
იმ დუქანში გატარებული ღამის შესახებ ორიოდ სიტყვას მოგახსენებთ. ის, რაც მედუქნეს მრავლად ჰქონდა, ღვინო, არაყი, ევროპული სასმელები და მუსიკალური ინსტრუმენტები იყო. მთელი ღამე სომხები და ევროპელები მოდიოდნენ, დუქნის წინ სკამებზე სხდებოდნენ, ღვინოსა და სხვა სასმელებს იღებდნენ და სვამდნენ. ევროპული სანთურისა და სეთარის14 ხმები და მოქეიფეების ჟრიამული ცას აყრუებდა და არ გვაძინებდა. შიგადაშიგ გარეთ გამოვდიოდი, მოქეიფეების წინ ვჯდებოდი და მათ მხიარულებას ვუყურებდი.
მოკლედ, იმ ღამემ საზისა და დოლის ხმაში და ლხინში გაიარა. ვფიქრობდი: რა საოცრებაა! მექას მოსალოცად მივდივართ და თან გზაში ფეხზე დამდგრები ვშარდავთ, წყლის ნაცვლად ქაღალდით ვიწმენდთ და მოქეიფე ევროპელების საზოგადოებაში ვატარებთ დროს. ერთი რამ კარგად გავიგე: პილიგრიმი ამ გზას უნდა ერიდოს, რადგან ეს ლხინისა და დროსტარების გზაა და არა - პილიგრიმობის. თქვენმა მონა-მორჩილმა ამ მოგზაურობაში ბევრჯერ ვინანე, რომ ბედისწერამ ამ ქვეყანაში მომიყვანა, მაგრამ წინ მექა იყო და უკან ვერ გავბრუნდებოდი. მართალია, ეს სიამოვნებები მექაში მოგზაურობის არსს ეწინააღმდეგება, მაგრამ თუ გაბედავ და გაემგზავრები, სახელად ჰაჯი ხოსრო ხანი ან ჰაჯი ფარსი დაგერქმევა და სამყაროს დასასრულამდე ამ სახელს ვერავინ წაგართმევს. მოკლედ, გამთენიისას ავდექით და დილა გემის მოლოდინში გავატარეთ. ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
12. იტყვათა თამაშია: sar-e āb (წყაროზე) და sarāb (მოჩვენება).
13. ზაჰრ-ე მარ (zahr-e mār) (სიტყვ. “გველის შხამი”) სპარსული ლანძღვაა. აქედან მოდის ჩვენში საკმაოდ გავრცელებული ფორმა “ზახრუმა”.
14. სანთური და სეთარი აღმოსავლური სიმებიანი მუსიკალური საკრავებია.
[ფოთი]
თქვა: ეი, ჭაბუკო! გამთენიისას ავდექით და დილა გემის მოლოდინში გავატარეთ. შუადღის სამი საათისთვის რაღაც უცნაური ხმა შემოგვესმა და ყველანი გარეთ გავცვივდით. შორს წყალში კვამლი დავინახეთ, რომელიც ხმაურით გვიახლოვდებოდა. ბოლოს გემი, სახელად “ბარაკუდა”, გამოჩნდა და ნაპირთან ჩამოდგა.
ერთი სიტყვით, როცა “ბარაკუდა” ნაპირს მოადგა, ყველანი წამოიშალნენ და 27-ე პუნქტში გასამგზავრებლად მზადებას შეუდგნენ. 27-ე პუნქტი ქალაქი ფოთია. ბარგი გემზე ავიტანეთ და დავაბინავეთ. თქვენი მონა-მორჩილი კომპანიაში წავედი და ექვსი კაცის ბილეთი ავიღე. კაიუტის ანუ გემის ოთახის ბილეთი სამი მანეთი ღირდა, გემბანისა კი - ერთი მანეთი. მოკლედ, კაიუტის ბილეთები შევიძინე, ბარგი მივიტანე და ბარგის ფულიც გადავიხადე. ბილეთები რომ ავიღე, უკან დავბრუნდი, “ბარაკუდაზე” ავედი და დავჯექი. მთელი დღე ბარგს ტვირთავდნენ და ბოლოს, მზის ჩასვლას ექვსი საათი რომ აკლდა, გზას გავუდექით. ახლა რამდენიმე სიტყვას ჩვენს მგზავრობასა და თავად “ბარაკუდაზე” მოგახსენებთ.
“ბარაკუდამ” ნაპირთან მოახლოება საყვირით გვამცნო და სანამ გაჩერდებოდა, სულ უკრავდა. ამ საყვირით, რომელიც ორთქლის ძალაზე მუშაობს, ერთი მხრივ ხალხს მზადყოფნისთვის მოუწოდეს, მეორე მხრივ კი წყალში მოცურავე იალქნიანი გემები გააფრთხილეს, რომ გვერდზე გაწეულიყვნენ, რათა “ბარაკუდას” ისინი არ ჩაეძირა. გემის საყვირის ხმა ჩვეულებრივი საყვირის ხმისგან განსხვავდება. კაცმა რომ არ იცოდეს, რომ გემი მოდის, ეგონებოდა ნადირი, რომელსაც აწვალებენ და ყვირის. გემის ნაპირთან ჩამოდგომისა და გამგზავრების წინ საყვირს სამჯერ ჩამოჰკრავენ: პირველით [მგზავრებს] ამცნობენ, რომ გემი გასასვლელად მზად არის; მეორეთი აფრთხილებენ, რომ ბარგი მოამზადონ და ჩაალაგონ, მესამე კი გამგზავრების ნიშანია და ისინი გემში უნდა ჩასხდნენ. ვინც მესამე საყვირის მერე ნაპირზე აღმოჩნდება, გემზე ვეღარ ავა და დარჩება. მოკლედ, მზის ჩასვლას ექვსი საათი აკლდა, როცა მესამე საყვირის ხმა გაისმა. ფურგონიდან გადმოვედით, მეეტლეს დავემშვიდობეთ და გზას გავუდექით. ახლა რამდენიმე სიტყვას გემის მოძრაობასა და გაჩერებებზე მოგახსენებთ, რომ იცოდეთ.
ჯერ ერთი, სისწრაფე: გემი სწრაფად დადის, თუმცა არა ელვის სისწრაფით, როგორც ეს ხალხს ჰგონია, არამედ იალქნიან გემებზე უფრო სწრაფად. თვითონ ირწმუნებიან, საათში ოთხ-ხუთ ფარსანგს გადისო, მაგრამ როგორც თქვენმა მონა-მორჩილმა განაწესში ვნახე, როცა დატვირთულია, საათში ორ ფარსანგზე მეტს ვერ ფარავს. უეჭველია, ცარიელი რომ მიდიოდეს, ცეცხლს მოუმატებდა და საათში ათ ფარსანგსაც გაივლიდა, მაგრამ როცა დატვირთულია, ისე უნდა იაროს, როგორც მოგახსენეთ. ასეთ დროს გემის მოძრაობა სულ არ იგრძნობა, იმდენად, რომ მოვახერხე და ეს ხუთი ფურცელი ჩემს ოთახში, რომელსაც კაიუტას ეძახიან, დავწერე.
ახლა ცოტაოდენს კაიუტების შესახებ მოგიყვებით. იმ კაიუტაში, რომელიც მისმა აღმატებულებამ დაიკავა, შეღებილკედლებიან ოთახში კარგი მაგიდა, სკამები და ჩინებული სავარძლები იდგა. აქ მისი აღმატებულება ევროპელ ქალებთან და ქალიშვილებთან ერთად დაჯდა და შიგ შესვლის უფლება არ მომცა. ამ ოთახის პირდაპირ მეორე ოთახიც იყო, სადაც მე დავბინავდი და სადაც ერთმანეთს ვხვდებოდით. იმ ოთახიდან ყველაფერს ყურადღებით ვაკვირდებოდი და რასაც ახლა მოგახსენებთ, ეს მარტო მე კი არა, მისმა აღმატებულებამაც კარგად იცის და ღვთის წინაშე აღიარებს, რომ ტყუილს არ ვამბობ. მოკლედ, მისი აღმატებულება ემირზადე ამ ქალიშვილებთან ურთიერთობაში იქამდე მივიდა, რომ მათ ემირზადეს სიგარეტი შესთავაზეს, ევროპელების წესისამებრ ტუჩებთან მიიდეს და ისე მოსწიეს. მისმა აღმატებულებამ ლახათლუხუმი გამომართვა, რამდენიმე ფორთოხალი დაამატა და მათ მიართვა. ერთი სიტყვით, ძალიან ვწუხდი, რადგან ვხედავდი, რომ მისი აღმატებულება ამ ქალიშვილებს სულითა და გულით ისე მიეჯაჭვა, რომ თვალს ვერ აცილებდა. როგორც შევნიშნე, ისინიც მისდამი გულგრილები არ იყვნენ, რაც სახეზეც ეტყობოდათ. მათი და მისი აღმატებულების შემხედვარემ, მე ასე დავასკვენი და უკეთ ღმერთმა იცის.
მოკლედ, დაახლოებით ერთი საათი მის აღმატებულებას ფრანგულად ესაუბრებოდნენ და შიგადაშიგ ყველანი მორცხვად იცინოდნენ. მათ შორის კიდევ იყო თუ არა რამე, არ ვიცი, საკუთარი თვალით კი მხოლოდ ის ვნახე, რომ სიგარეტი პირში ედოთ და ეწეოდნენ. ერთხელ მის აღმატებულებასთან შევედი და იქ ერთ-ერთი ქალიშვილი დამხვდა. ისინი სიგარეტს ეწეოდნენ და საუბრობდნენ. მის აღმატებულებას ხელში ანთებული სიგარეტი დავუნახე, მაგრამ მან კვამლთან დაკავშირებით რაღაც მოიგონა და ის სიგარეტი მე მიწყალობა. გაურკვეველია, სიგარეტის მოწევის გარდა მათ შორის კიდევ იყო თუ არა რამე, ჩემთვის არ უბრძანებიათ. ღმერთს ვფიცავ. კიდევ ერთი: თავრიზში რამდენიმე კაცმა გაგვაფრთხილა, რომ გემზე ერთ სიძნელეს წავაწყდებოდით: თუ ჰაერში რომელიმე საგანს ავაგდებდით, ვარდნისას კედელს მიეჯახებოდა, რადგან გემი მოძრაობდა. გემზე ყოფნისას მისმა აღმატებულებამ მიბრძანა, რაიმე მაღლა მესროლა. ჯიბიდან ფორთოხალი ამოვიღე და სამ-ოთხჯერ ჰაერში ავაგდე. უკან ისე ჩამოვარდა, რომ კედელს არ მიჯახებია და თავის ადგილზე დაეცა. მოკლედ, ეს პრობლემაც გაირკვა. როგორც ჩანს, იმ კაცებმა ეს ამბავი თავად შეთხზეს, თორემ გემზე ან შემენდეფერის მატარებელში რაც არ უნდა ააგდო, კედელს არ მიეჯახება და თავის ადგილზე დაეცემა.
მოკლედ, კაიუტიდან გამოვედი და გემბანი დავათვალიერე. გამაოგნებელი სანახაობა იყო: გემზე რა მძლავრი ტექნიკა და დანადგარები მუშაობდა და რა ძლიერი ორთქლი იყო, რომ ასეთ ჩარხებსა და ვეებერთელა გემს ამოძრავებდა და ასე ადვილად და ჩქარა მიჰყავდა. “ბარაკუდა” სწრაფად მიაპობდა ტალღებს, რომ უცებ სიჩუმე ჩამოვარდა და გემბანიდან ყვირილი გაისმა. მთელი ხალხი კაიუტებიდან გარეთ გაცვივდა. ჩვენც მათთან ერთად მაღლა ავედით, მაგრამ მათი ენა არ ვიცოდით და არ გვესმოდა, რას ლაპარაკობდნენ და ეს აურზაური რატომ ატყდა. მაგრამ როცა წყალს შევხედეთ, დავინახეთ, რომ იალქნიანი გემი ჩაძირულიყო და მის სიახლოვეს ერთი ცოცხალმკვდარი ადამიანი ცურავდა. “ბარაკუდას” მეზღვაურები ქაშქულის15 ფორმის ნავში ჩასხდნენ, იმ კაცთან მიცურდნენ, თმებში სწვდნენ, წყლიდან ამოიყვანეს და გემზე დააწვინეს. მისი ტვირთის ნაწილიც ამოათრიეს, მაგრამ უმეტესობა ჩაიძირა. ამბობდნენ, ნატეხი შაქარი მიჰქონდაო. ამგვარად, ერთი კაცი და მისი ორი-სამი ფუთა ჩვენმა გემმა გადაარჩინა. ეს გემი მდინარეზე მოძრაობდა, მიმდებარე ტყეში მოჭრილი შეშის ცეცხლზე მუშაობდა და ქვანახშირი არ სჭირდებოდა.
15. ქაშქული დერვიშების სამათხოვრო რიტუალური თასია, რომელიც ჩვეულებრივ ქოქოსის ნაჭუჭისგან კეთდება და ნავის ფორმა აქვს.
[ფოთი]
მოკლედ, ერთი საათი გაოგნებული ვათვალიერებდი გემის მუშაობას. მზის ჩასვლას თხუთმეტი წუთი აკლდა, როდესაც საყვირმა ნაპირის მოახლოება გვამცნო და გემი ფოთის ნავსადგურში გაჩერდა. თქვენი მონა-მორჩილი “ბარაკუდადან” ჩავედი, ქალაქში ბინა ვიქირავე და გემზე დავბრუნდი. ბილეთები კაპიტანს მივეცი, მის აღმატებულებებთან ერთად ნაპირზე გადავედი და ნაქირავებ ბინაში წავედით. მირზა ჰოსეინი, რომელიც ფოთში ირანის კონსული იყო, გვეახლა. მას სტამბოლის გემის მოძრაობის განრიგი ვკითხეთ და გვიპასუხა: “რამდენიმე დღე ფოთში დარჩენა მოგიწევთ, რადგან ბათუმის “ბარაკუდა” მხოლოდ სამი დღის მერე გავა. ბათუმში ოთხ საათში ჩახვალთ და იქ სტამბოლში მიმავალ გემზე გადაჯდებით”.
მოკლედ, სამი დღე ფოთში დავრჩით. შაბანის თვის 24-ში (10 დეკემბერს) ოთხშაბათს მზის ჩასვლას თხუთმეტი წუთი აკლდა, ფოთში რომ ჩავედით და ის ღამე მშვიდობიანად გავატარეთ. ხუთშაბათ დილას აუცილებელი საქმეები მოვაგვარეთ და ქალაქსა და ბაზარში გავისეირნეთ. ფოთი თავისთავადაც ლამაზი ქალაქია, ნავსადგური კი მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს. აქაური ბაზარი უფრო ევროპელებისთვის მუშაობს, ვიდრე ირანელებისთვის, რადგან ირანული პროდუქტი მასში ძალიან ცოტაა. ეს ბაზარი სურსათით ვაჭრობს და არა არყით, ან ახალი და ლამაზი ტანსაცმლით.
მოკლედ, ცოტა ხანი ბაზარში გავისეირნეთ, მერე მდინარის ნაპირზე წავედით და წყალს ვუყურებდით. ეს ის მდინარეა, პირველად ხარაგაულის ფოსტაში რომ ვნახეთ და რომელიც მთის ხეობაში მოედინებოდა. იქ სულ პატარა იყო, მაგრამ ნელ-ნელა გაიზარდა და ფოთში იმხელა გახდა, რომ შიგ გემები დადიან. ბაღდადის შატზე16 უფრო დიდი იქნება. მდინარის პირას ვიდექით და ბარაკუდებს ვუყურებდით. ერთი მათგანი ძალიან დიდი იყო და როგორც გვითხრეს, ზღვაში მიცურავდა და ტვირთი დიდ ხომალდამდე მიჰქონდა.
იმ “ბარაკუდაზე” ავედი, დავათვალიერე და გავზომე. მისი სიგანე ოცი ზარ‘ი იყო, სიგრძე - ასი ზარ‘ი. ტყუილი არ გეგონოთ, თავად შევამოწმე. ეს გემი ორი ნაწილისგან შედგება და თითოეულში თითო დიდი დარბაზია, რომელშიც, მათი თქმით, ხალხს სძინავს. დარბაზის გარშემო განლაგებულია პატარა ოთახები, რომელსაც კაიუტებს ეძახიან. კაიუტები ოთხკაციანია და იქ სხედან და სძინავთ. დარბაზი და კაიუტები დიდებული სანათებითა და სარკეებით არის გაწყობილი. სანათები გაზისაა და გაზის საწვავზე მუშაობს. ამ ორ ნაწილს შორის სამზარეულო და ყავახანაა განლაგებული და იქ, რასაც მოისურვებ, ყველაფერს მოგიმზადებენ. გემზე ასევე უამრავი საკუჭნაო და სხვა სათავსოა. სათავსოებში ბევრი სხვადასხვა ნივთია თავმოყრილი. ჩემი თვალით ვნახე, რომ ერთში ას ხარვარზე მეტი ნივთი იდო.
მოკლედ, გემის აღწერა დიდი თავსატეხი საქმეა და ბოლომდე მაინც ვერ ახერხებ, ამიტომ უმჯობესია საკუთარი თვალით ნახო. მე კი არა, მწერალიც ვერ აღწერს ისე, რომ კაცმა სრული წარმოდგენა შეიქმნას. თავად უნდა ნახო და გამოსცადო. გემიდან ჩამოვედი და სახლში დავბრუნდი. იმ ღამემ მშვიდობიანად ჩაიარა. შაბანის თვის 26 (12 დეკემბერი), პარასკევი ფოთში გავატარეთ. ძლიერი წვიმის გამო მთელი დღე სახლიდან ვერსად გავედით, მაგრამ მზის ჩასვლას ოთხი საათი აკლდა, როცა მიუხედავად წვიმისა, ირანის კონსულს მირზა ჰოსეინს ვეწვიეთ. ნახევარი საათის მისულები ვიყავით, რომ რუმის კონსული ჰასან ეფენდი მოვიდა და საუბარი გაგვიბა. ძალიან სასაცილო და გადარეული კაცი იყო. ძირითად ფიზუნაქს, დონღუზ ოღლის და ქუფაქ ოღლის17 გაიძახოდა და ამ სალანძღავი სიტყვებით რუსებსა და რუსეთის ხელმწიფეს მოიხსენიებდა. ჩიოდა: “რუსეთის სახელმწიფო რატომ არის დიდი, რუმის სახელმწიფო კი პატარა და ვალებში ჩაფლული?! ჩვენი ქვეყანა უძველესი დროიდან დიდი იყო და ახლა რატომ დაკნინდა?” ამას რომ ამბობდა, თან ისეთ უცნაურ მოძრაობებს აკეთებდა, რომ მეცინებოდა, მაგრამ მისი რიდით თავს ვიკავებდი, ვწრიალებდი და სიცილის შეკავებისგან კინაღამ არ გავსკდი. მოკლედ, ერთი საათი ამგვარ საუბარსა და მოძრაობაში იყო, მერე კი ადგა და წავიდა. მირზა ჰოსეინს მისი ამბავი ვკითხე. მითხრა: “აი, ასეთ დღეშია! ყოველთვის, როცა აქ მოდის, ვინც არ უნდა დახვდეს, გინდ რუსეთის მოქალაქე, ასეთ ლაპარაკსა და ლანძღვას იწყებს”.
მოკლედ, საკონსულოში ბევრი ჩაი დავლიეთ და მზის ჩასვლისთვის სახლში დავბრუნდით. იმ ღამემაც მშვიდობიანად ჩაიარა. მთელი ღამე წვიმდა, მაგრამ დილისთვის გადაიღო. დაახლოებით ერთი საათი ბაზარსა და მდინარის პირას გავისეირნეთ და მეგობრები მოვიგონეთ. მთელი დღე მარანიდან გემები მიდი-მოდიოდნენ. მზის ჩასვლას ორი საათი აკლდა, როცა გემის ხმა გავიგეთ. სახლიდან გამოვედით, მდინარის ნაპირზე გავედით და ამბავი ვიკითხეთ. გვითხრეს: “ის გემი მოვიდა, რომელიც დიდ ხომალდთან მიგიყვანთ”. გემთან მივედი და კაპიტანს დაველაპარაკე.
დამშვიდებული უკან გამოვბრუნდი და ბილეთებისთვის კომპანიაში წავედი. ტრაბზონამდე ერთი კაცის კაიუტის ბილეთი ექვსი მანეთი ღირდა. ფული გადავიხადე და ბილეთები ავიღე. ბედნიერი სახლში დავბრუნდი და ჩემს თანამგზავრებს გემის მოსვლა ვახარე. მიუხედავად გემით მგზავრობის შიშისა, ძალიან გახარებულები ვიყავით.
მოკლედ, უნდა გენახა, ის ღამე რა შიშსა და ძრწოლაში გავატარეთ. ოთხდღიანი განუწყვეტელი წვიმისა და იმ ღამეს ამოვარდნილი ქარისგან ზღვა ისე ღელავდა, რომ მეზღვაურები შეფიქრიანდნენ, მეორე დღეს გემი ზღვაში გაეყვანათ თუ არა. ასეთი ქარიშხლის მომსწრე და გამგონე არავინ იყო. სახლები ისე ირყეოდა, გეგონებოდა, ქარი მათ ძირფესვიანად ამოგლეჯს და ზღვას გაატანსო. მსგავსად ადისა და სამუდის18 შენობებისა, რომლებიც მიწისძვრამ გაანადგურა.
მოკლედ, ის ქარიშხლიანი ღამე შიშში გავატარეთ. როცა გათენდა, გემისთვის სურსათი ვიყიდეთ და თითო ბისკვიტში19, რომელიც მათი პურია, ათასი დინარი გადავიხადეთ. ღმერთმა ყველას აშოროს ასეთი საჭმელი. ევროპულია და ევროპელებმა მიირთვან. შუაღამისას გამეღვიძა და თავი საბნიდან გამოვყავი. რაღაც აყროლებული და საზიზღარი მჟავე სუნი მეცა. ავდექი, რომ მენახა, რა იყო. ვიფიქრე: როგორც ჩანს, სადღაც ახლომახლო ძაღლი ან კატა მოკვდა და ეს სუნი იქიდან მოდის-მეთქი.
ჭრაქი ავანთე და ოთახი შემოვიარე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ბოლოს პურთან მივედი და ვნახე, რომ ეს სუნი იმ პურს ასდიოდა. ღმერთო, პური თუ ასეთი აქვთ, ღორის ხორცი როგორი ექნებათ?! ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
16. შატი, იგივე შატ-ელ-არაბი - მდინარე ერაყში, რომელიც მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის შეერთების შედეგად იქმნება.
17. თურქული სალანძღავი სიტყვებია, “ღორის შვილს” და “ძაღლის შვილს” ნიშნავს.
[ბათუმი]
თქვა: ეი, ჭაბუკო! როცა სამყაროს მანათობელი მზე აღმოსავლეთიდან ამოიწვერა, საწოლიდან ავდექით, ბარგი შევკარით და 28-ე პუნქტისკენ გასამგზავრებლად მოვემზადეთ. 28-ე პუნქტი ბათუმია და ფოთიდან ბათუმამდე ოთხი საათის გზაა. “ბარაკუდა” ოთხ საათში ჩადის ბათუმში, სადაც სტამბოლში მიმავალი დიდი ხომალდი დგას. მოკლედ, გამთენიისას ავდექით, ბარგი შევკარით, “ბარაკუდას” გასვლის მაუწყებელი საყვირის მოლოდინში გემის საკუჭნაოში დავაბინავეთ და ჩვენს კაიუტაში დავსხედით. მზის ჩასვლას ოთხსაათნახევარი აკლდა, საყვირმა გემის გამგზავრება რომ გვამცნო.
გემს ზღვაში გასვლამდე ნახევარი საათი უნდა ევლო. ვიფიქრე, “ბარაკუდას” აღვწერდი და ქაღალდი და კალამი მოვიმარჯვე, რომ უცებ ცუდად გავხდი: თავბრუ დამეხვა და კინაღამ გონება დავკარგე. ფურცელი და კალამი ჯიბეში შევინახე, წამოვდექი, ფანჯარა გამოვაღე და წყალს გავხედე. ღია ფანჯრიდან “ბარაკუდასკენ” მომავალი მთა დავლანდე. ეს რომ დავინახე, თავრიზიო, ვთქვი და უგონოდ დავეცი. სხვა მგზავრებიც ცუდად გახდნენ და ისეთ მდგომარეობაში ჩაცვივდნენ, ურჯულოსა და რჯულგანდგომილსაც კი არ ვუსურვებდი. ერთმანეთს ისე აწყდებოდნენ, თითქოს ფოთლებს შემოდგომის ქარმა დაჰბერაო. გეგონებოდათ, ქოლერის ეპიდემიააო, უკლებლივ ყველას გული ერეოდა და ამ ხმებისგან სელაპიც კი დაყრუვდებოდა. მუსლიმების, სომხებისა და ებრაელების ზედახორა იდგა და ყველანი ერთმანეთზე აღებინებდნენ. თქვენი მონა-მორჩილი მანსური რეტდასხმულივით ავდექი, ხან ერთ კედელს მივეჯახე, ხან - მეორეს, ფანჯარასთან მივედი და ათასი წვალებით ზღვას გავხედე. გავხედე და რა დავინახე! ღმერთმა ასეთი სანახაობა მუსლიმსა და ურჯულოსაც აშოროს. “ბარაკუდა” ოთხ მთას შუა იყო მოქცეული და მათგან ერთიც რომ დაჯახებოდა, მისგან ნაფოტიც კი არ დარჩებოდა. ამის შემხედვარემ გადარჩენის იმედი დავკარგე და ტკბილ სულს გამოვეთხოვე. სინანულმა შემიპყრო და ჩემს თავს ვუთხარი: “ხედავ, სიკვდილმა სად დაგიჭირა, რომ სუდარად თევზები გარგუნა”. ისე ნაღვლიანად ამოვიოხრე, რომ ჩემი ოხვრის კვამლისგან ზღვა გაშავდა. სწორედ ამის შემდეგ გახდა ეს ზღვა შავი და ეს სახელიც ამიტომ ეწოდა.
მოკლედ, მწარედ ამოვიოხრე და კვნესით ვთქვი: “ნუთუ მეგობრებისგან, სატრფოსგან და სამშობლოსგან შორს, შავ ზღვაში თევზების წიაღში უნდა დავიდო ბინა?!” მერე დილის ნიავს მივმართე და ვთხოვე, რომ ჩემი ამბავი თავრიზში ჩაეტანა.
ესა ვთქვი და გულწასული ძირს დავეცი. ნახევრად უგონო მდგომარეობაში ვიყავი: ლაპარაკი კი მესმოდა, მაგრამ პასუხის გაცემის თავი არ მქონდა.
მოკლედ, დაახლოებით ერთი საათი ასეთ ყოფაში ვიყავი, მერე კი ცოტა გონს მოვედი, ფეხზე წამოვდექი და ფანჯრიდან ზღვას გავხედე. დავინახე, რომ მთები და ტალღები გვერდზე დარჩენილიყო. გახარებულმა შავ ზღვას ხოტბა შევასხი: კარგი ზღვა ხარ, ბარაქალა, ღმერთი იყოს შენი მფარველი-მეთქი.
ზღვასთან ასე გულს ვიოხებდი, რომ უცებ “ბარაკუდას” საყვირის ხმა გაისმა. შეშინებული მგზავრები გემბანზე ამოცვივდნენ, კაპიტანს შემოეხვივნენ და ამბავი ჰკითხეს: “საყვირი რატომ უკრავს, ნაპირამდე ხომ კიდევ სამი საათია, ნუთუ ვიხრჩობით?” ამ ლაპარაკში შორს ქალაქი გამოჩნდა. კაპიტანს ამ ქალაქის სახელი ვკითხეთ და გვითხრა, რომ ფოთი იყო. ვუთხარით: “რა ხდება, უკან რატომ დავბრუნდით?” გვიპასუხა: “ნუთუ ვერ დაინახეთ, ზღვას როგორ ჰქონდა პირი დაბჩენილი და როგორ იძახდა: სისხლი, სისხლიო. ზღვაში თხუთმეტი წუთის გასულები ვიყავით, რომ დურბინდში დავინახე უზარმაზარი ზვირთი, რომელიც წამოიმართა და ჩვენსკენ წამოვიდა. მივხვდი, რომ თუ ეს ტალღა “ბარაკუდას” დაეჯახებოდა, მისგან არაფერი დარჩებოდა. მაშინათვე გემი მოვაბრუნე და გავიქეცით”.
ერთი სიტყვით, “ბარაკუდაზე” გატარებული იმ ერთი საათის განმავლობაში სიკვდილს თვალებში ჩავხედეთ, ამიტომ მექაში წასვლა გადავიფიქრეთ და თავრიზში დაბრუნება გადავწყვიტეთ. ვიფიქრე, ფოთში ტელეგრაფში წავალ და თავრიზში ტელეგრამას გავაგზავნი, რომ ჩვენი პილიგრიმობა ფოთში დასრულდა და უკან ვბრუნდებით-თქო. მოკლედ, თქვენი მონა-მორჩილი “ბარაკუდადან” ჩამოვედი, თავსხმა წვიმაში სირბილით წავედი ირანის ელჩ მირზა ჰოსეინთან და მას ჩვენი გადაწყვეტილება შევატყობინე. ვუთხარი: “წადი და მტვირთავებს დაუძახე, რომ ჩვენი ბარგი “ბარაკუდადან” ჩამოიღონ და მარნის ბილეთებიც აგვიღე, რადგან თავრიზში ვბრუნდებით. სანამ შენ მტვირთავების ამბავს მოაგვარებ, მე ტელეგრაფში წავალ და თავრიზში ჩვენი დაბრუნების მაუწყებელ ტელეგრამას გავაგზავნი, ასევე თბილისში ალი ხანსაც შევატყობინებ, რომ ფურგონები მოაბრუნოს და მარანში დაგვახვედროს”. როცა მირზა ჰოსეინმა ჩვენი ამბავი გაიგო, იმ წვიმაში ფეხშიშველი გამომეკიდა, დამიჭირა, ტელეგრაფში არ გამიშვა და თავისთან წაგვიყვანა. იქ ელჩი და ორი თავრიზელი ვაჭარი მთელი ორი საათი არწმუნებდნენ მის აღმატებულებას, რომ ზღვაზე ასეთი შემთხვევები ხშირი იყო, მაგრამ “ბარაკუდას” ეს შტორმი ვერაფერს დააკლებდა. ამ ლაპარაკით ისინი ცდილობდნენ, რომ ჩვენთვის თავრიზში დაბრუნება გადაეფიქრებინათ. განაწესით, მეორე დღეს, შაბანის თვის 29-ში (15 დეკემბერს), ორშაბათს, მზის ჩასვლიდან ერთ საათში “ბარაკუდა” ბათუმისკენ მიემგზავრებოდა. ჩემი თანამგზავრი პილიგრიმები ჰაჯი მოჰსენი და ჰაჯი მოჰამად თაყი ისე იქცეოდნენ, როგორც წყეული ჰარესის შვილები, რომელთაგან ერთი გაიძახოდა: წადი, წადიო, მეორე კი - არ წახვიდეო. მთელი ღამე ერთი ამბობდა, მოდი, დავბრუნდეთ, ხომ ნახეთ, რა შავ დღეში ჩავცვივდითო, მეორე კი პასუხობდა, ჭაბუკო, დაბრუნება როგორ შეიძლება, ჩვენს ვილაიეთში რომ ჩავალთ, ნათესავებისა და ახლობლების სალაპარაკო გავხდებითო. ამაზე პირველი ეუბნებოდა, რა ვქნათ? ნათესავების ლაპარაკის შიშით თავს ხომ არ მოვიკლავთ, აქ რომელი მათგანი გვეხმარება, რომ იქ გაგვკიცხონო? მოკლედ, დილამდე ამ კამათში იყვნენ და ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ როგორც უფლისწულები მოიქცეოდნენ, ჩვენც ისე ვიზამდით. მათი სიცოცხლე ხომ ჩვენს სიცოცხლეზე მეტად ფასობდა. მთელი ღამე გიჟებივით ვიყავით. როგორც კი საწოლიდან თავს წამოვწევდი, ვხედავდი, ისეთი გრიგალი უბერავდა, რომ ლამის მთელი ფოთი ძირფესვიანად მოეგლიჯა და ნაცარტუტად ექცია. ზღვაზე ისეთი შტორმი მძვინვარებდა, თითქოს წინასწარმეტყველ ნოეს წარღვნა ხელმეორედ დაწყებულიყო, ან ადისა და სამუდის ტომების ქარი ახლა ფოთელებს დატყდომოდა თავზე. ერთი მხრივ, ქარის ზუზუნისა და მეორე მხრივ, ზღვის გრგვინვისაგან ქალაქში ისეთი ხმაური იდგა, რომ თავს გაქცევით თუ უშველიდი.
თქვენი მონა-მორჩილი ავდექი, “ბარაკუდაზე” ავედი და კაპიტანს, რომელმაც სპარსული იცოდა, გემის ამბავი ვკითხე. დამტვრეული სპარსულით მიპასუხა: “თვალები ხომ გაქვს, შეხედე, რა ხდება. ასეთ ამინდში გემი ვერ წავა. თუ ღმერთი ინებებს და გამოიდარებს, ქარი ჩადგება და ზღვა დაწყნარდება, მაშინვე გავემგზავრებით”. უკან დავბრუნდი და ეს ამბავი ჩემს თანამგზავრებს შევატყობინე. ზღვის დაწყნარებისა და გემის საყვირის მოლოდინში ვიჯექი და ამ ლექსს ვღიღინებდი:
ღამე ფეხმძიმედ არის, ვნახოთ, დილას რა იშვება.
ერთი სიტყვით, შუადღის მერე ქარი ნელ-ნელა ჩადგა და ზღვაც ცოტა დამშვიდდა. ამბავი მოვიდა, რომ გემი გასამგზავრებლად ემზადებოდა და, ღვთის ნებით, ორ საათში გავიდოდა. ეს რომ გავიგეთ, ისეთ დღეში ჩავცვივდით, თითქოს სიკვდილის დარაჯი სისხლისმღვრელი მახვილით ხელში თავზე დაგვდგომოდა. ესრაფილის20 საყვირის მოლოდინში ბარგს კანკალით ვამზადებდით და მზის ჩასვლას საათნახევარი რომ აკლდა, სიკვდილის საყვირის ხმაც გაისმა. ღამე ჩამოწვა და მანსურმა თხრობა შეწყვიტა.
18. ადი და სამუდი ლეგენდარული ტომებია, რომლებიც ღმერთმა ცოდვებისთვის დასაჯა და ამოწყვიტა.
19. სპარსულ ტექსტშია biksūmat, რაც პურის სახეობათაგან ფონეტიკურად ყველაზე ახლოს ბისკვიტთან დგას.
თქვა: ეი, ჭაბუკო! როცა სიკვდილის საყვირის ხმა გაისმა, შაბანის თვის 29, ორშაბათი საღამო იყო და ჩვენ 29-ე პუნქტში გასამგზავრებლად ვემზადებოდით. ათასი “შაჰადათი” და “ბისმილლაჰი”21 ვთქვით, ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ, გემზე ავედით და კაიუტებში მოვთავსდით. “ბარაკუდა” ბათუმისკენ დაიძრა. ნახევარი საათის მგზავრობის მერე, როცა სიკვდილის სრუტეს ანუ ზღვას მივაღწიეთ, ამ ზღვასავით შავ დღეში ჩავცვივდით: ოთხივე მხრიდან ტალღები ბეჰისთუნის მთასავით წამოიმართნენ, თეთრი დევის მსგავსად გემი აიტაცეს და აქეთ-იქით ახეთქებდნენ. გემის მოძრაობას სიტყვებით ვერ აღწერ, თავად უნდა ნახო და გამოსცადო. გემი ტალღებზე ისე ირწევა, რომ კაცს ჭკუიდან გადაიყვანს. მის მოძრაობას პირსაქმებელი უნდა ერქვას, რომ ხალხმა იცოდეს, რა ელოდება. ზოგს ჰგონია, რომ მგზავრებს ზღვის წყლისა და ქვანახშირის სუნი ხდის ცუდად და გულს ურევს, მაგრამ ეს მცდარი აზრია. ღმერთს ვფიცავ, ზღვის წყალი და ქვანახშირი არაფერ შუაშია, ყველაფერი ამ რწევის ბრალია. გემი ისე ირწევა, რომ ნებისმიერ ადამიანს ცუდად გახდის და გულს აურევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ გემი შტორმში მოხვდება. თუ ზღვა მშვიდია, გული არ გერევა, მაგრამ მთვრალივით ხარ. აღელვებულ ზღვაში შევედით თუ არა, ორი წუთიც არ იყო გასული, რომ მისი აღმატებულება საწოლიდან წამოხტა და გული აერია ჭურჭელში, რომელიც ცოტა ხნით ადრე მეზღვაურმა შემოიტანა. როცა ვკითხეთ, რისთვის იყო საჭირო, გვიპასუხა: თუ ცუდად გახდებით, ჭურჭლად ეს გამოიყენეთ, რომ კაიუტა არ დასვაროთო...
კაიუტის მეორე მხარეს მუსლიმების, ებრაელების, ევროპელებისა და რუსების გულისრევის ისეთი ხმა მოდიოდა, თითქოს პოლკის ჯარისკაცები სროლაში ვარჯიშობენო. მათი ოხვრა-კვნესა ცას აყრუებდა. ისეთი ამბავი იყო, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემ.
თქვენი მონა-მორჩილი მანსური კი ტახტზე ვიწექი და, თუმცა ძალიან ცუდად ვიყავი, გული არ ამრევია. განძრევის თავიც კი არ მქონდა, ვიწექი და იმ გაჭირვებულებს ვუყურებდი. მათ შემხედვარეს ხან მეტირებოდა და ხან მეცინებოდა და იმ ხალხს ვწყევლიდი, ვინც მექაში ამ გზით დადის, სულიერადაც იტანჯება, ქონებასაც კარგავს და თან იბილწება კიდეც. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ გზას შეუბღალავად გაივლის, ცდება. ამ საყოველთაო გულისრევაში თავი როგორ უნდა დაიცვა? მათი ნათქვამი მოისმინე, მაგრამ ნუ დაუჯერებ, რადგან მეც ამ მახეში გავები. ახლა კი თავად ვნახე და დავზარალდი....
მოკლედ, თავი რომ არ შეგაწყინოთ, ოთხსაათნახევრის დაღამებული იყო, სასიხარულო ამბავი რომ გავრცელდა: გემი ბათუმს უახლოვდება და ქალაქის ჩირაღდნები გამოჩნდაო. ამ ამბისგან, თითქოს, მკვდრეთით აღვსდექით, ერთმანეთს ისე ვულოცავდით, გეგონებოდა, ახალი წელიაო. ფანჯრებიდან გავიხედეთ და ქალაქის ჩირაღდნები რომ დავინახეთ, იმ ჩირაღდნებისგან თვალებში შუქი ჩაგვიდგა. ჩვენმა გემმა ერთი დიდი ხომალდის გვერდით ჩაუშვა ღუზა და გაჩერდა.
მგზავრებმა დარჩენილი ღამე დაიძინეს და ცოტა გონზე მოვიდნენ. როცა სამყაროს მანათობელმა მზემ ქვეყანას თავისი სხივები მოჰფინა, მგზავრობით დახოცილები სამარეებიდან წამოდგნენ, თითქოს საშინელი სამსჯავროს დღეაო, ბარგი ზურგზე მოიკიდეს და დიდ ხომალდზე ისე გადაიტანეს, გეგონებოდა, ჯოჯოხეთში ან ჰაშრის ველზე22 მიდიან და იქ უნდა დაფუძნდნენო.
მოკლედ, ბარგი გემზე გადაიტანეს და ჩვენც კაიუტებში მოვთავსდით. თქვენი მონა-მორჩილი გემიდან ჩავედი და ქალაქ ბათუმში გავისეირნე. მგზავრობით ისეთი გაწამებული ვიყავი, ხმელეთზე ფეხი რომ დავდგი, კინაღამ პირქვე დავეცი და ბათუმის მიწას ვემთხვიე. ერთი სიტყვით, საათნახევარი ქალაქში დავდიოდი და ყავახანას ვეძებდი, რომ რამე მეჭამა და ყალიონი გამებოლებინა, რადგან უკვე ორი დღე იყო, რაც არ მომეწია.
ახალი წლის დღეები იდგა და ყავახანები დაკეტილი იყო. მხოლოდ ერთი ებრაელის ყავახანა მუშაობდა, მაგრამ არც წყალი ჰქონდათ და არც ცეცხლი. სხვა რა გზა მქონდა, შიგნით შევედი და დავჯექი. ყავახანის მეპატრონის ბიჭი მოვიდა და მკითხა: “რას ინებებთ?”. ვუთხარი: “ერთი ყალიონი მომიტანე, თორემ გული მიმდის”. შევეცოდე და ცეცხლის მოსატანად წავიდა. დაახლოებით ერთ საათში დაბრუნდა, ორი ცალი მუგუზალი მოიტანა, ნარგილე აანთო და გამომიწოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, მიჯნურს სატრფოს ხელის შეხებაზე რომ ეუფლება და როგორც შეყვარებული სატრფოს ბაგეს, ყალიონს ისე დავეწაფე. ცოტა ხანში დიდი, კათხის ზომის ფინჯანით მომიტანეს ყავა, რომელიც არც ტკბილი იყო და არც მწარე.
მოკლედ, ყავა დავლიე, ყალიონი მოვწიე, უამრავი ფული გადავიხადე და სიკვდილის ანგელოზის სამყოფელისკენ ანუ გემისკენ გავემართე. გემზე რომ ავედი, უცნაური, ჯერაც გაუგონარი ხმა შემომესმა. ახლოს მივედი და ვნახე, რომ რაღაც დანადგარით ბარგს გემიდან გემზე ტვირთავდნენ. ეს დანადგარი, რომელიც ორთქლის ძალით მუშაობდა, ერთი თითის დაჭერით ხარვარზე მეტ ტვირთს სწევდა, ციცხვში ათავსებდა და ერთი ადგილიდან მეორეზე გადაჰქონდა. მას სამი მუშა ემსახურებოდა და საათში ას ხარვარზე მეტ ტვირთს იღებდა და პატრონებს ურიგებდა. ამ ტვირთის გადამზიდავმა დანადგარმა ჩემზე ისეთი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ შეძლებისდაგვარად ჩავხატე. ამ სურათზე გამოსახული ორი დანაყოფიდან (აღნიშნულია ციფრით 9) ერთში წყალია და მეორეში - ცეცხლი. გრძელი ხაზით (ციფრი 8) ორთქლი გადაეცემა ბორბლებს (ციფრი 7), გაივლის ციფრი ხუთით აღნიშნულ დანადგარს და ცენტრალური მილით გადაეცემა სხვა მილებს (ციფრი 3), რის შედეგადაც ბორბლები მოძრაობაში მოდის. ციფრი 2-ით აღნიშნულია მილი, რომელიც ღილაკის დაჭერით იხსნება, მასში ორთქლი გადის და ბორბლებს ამოძრავებს, ციფრი 6-ით კი - ცენტრალური მილი, რომელზე ჩამოკიდებული ჯაჭვი თავისით იკუმშება და იხსნება და, შესაბამისად, ბარგს ხან ზევით სწევს და ხან ძირს უშვებს. ციფრი 12-ით ბარგის გადატანაა აღნიშნული.
ერთი სიტყვით, მიუხედავად თქვენი მონა-მორჩილის სიტყვიერი აღწერილობისა და ჩანახატისა, სანამ კაცი საკუთარი თვალით არ ნახავს, მასზე სრულ წარმოდგენას ვერ შეიქმნის... მზის ჩასვლამდე გაოცებული ვუყურებდი ამ დანადგარის მუშაობას. გემი მთელი ღამე ბათუმის პორტში იდგა და ზედ ბარგს ტვირთავდნენ. პირველ იანვარს, ორშაბათს დილის ცხრა საათზე გემი დაიძრა და გზას გავუდექით. ზღვა მშვიდი იყო და მიუხედავად ზღვისა და ქვანახშირის სუნისა, ცუდად არავინ გამხდარა, პირიქით, ყველანი მშვენიერ განწყობაზე იყვნენ, სამოვარს ადუღებდნენ და ჩაის სმით ტკბებოდნენ. მზის ჩასვლას ორსაათნახევარი აკლდა, როდესაც ტრაბზონის პორტში შევედით...
20. ესრაფილი მუსლიმურ მითოლოგიაში სიკვდილის მაუწყებელი ანგელოზია, რომელიც იერუსალიმის მთიდან მიცვალებულთა სულებს საყვირით აუწყებს განკითხვის დღის დადგომას.
21. “შაჰადათ” და “ბისმილლაჰ” მუსლიმური სალოცავი ფორმულებია.
22. აღმოსავლური წარმოდგენებით, ჰაშრის ველი ის ადგილია, სადაც განკითხვის დღეს სამსჯავრო გაიმართება.
მოამზადეს მარინა ალექსიძემ (თარგმანი, კომენტარები) და გრიგოლ ბერაძემ (რედაქტირება, კომენტარები)

Комментариев нет:

Отправить комментарий