რუსი ელჩების პირდაპირი და არაპირდაპირი ცნობები წარმოდგენას გვიქმნის თეიმურაზ მეფის დიპლომატიის ერთ საინტერესო მიმართულებაზეც, კერძოდ, მის ურთიერთობაზე ოდიშის მთავარ ლევან II დადიანთან. როგორც ქვემოთ დავრწმუნდებით, თეიმურაზ მეფე, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა ოდიშის მთავრისათვის სახელი გაეტეხა საერთაშორისო ასპარეზზე, მაინც რეალურად აფასებდა და დიდ მნიშვნელობასაც ანიჭებდა დადინის სამხედრო ძალასა და პოლიტიკურ შესაძლებლობებს.
ჩანს, თეიმურაზ მეფე სერიოზულად ფიქრობდა დადიანის ავტორიტეტის გამოყენებას ირანის შაჰთან თავისი ურთიერთობის დარეგულირებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად საჭირო იყო ერთმანეთთან შეერიგებინა იმერეთის მეფე და ოდიშის მთავარი. ეს გამოიწვევდა ლევან დადიანის შაჰისა და როსტომ მეფისაგან ჩამოშორებას, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა თეიმურაზის სამეფო ტახტზე აღდგენის გზაზე.
ქვემოთ მოხმობილი მასალები სრულიად ნათელს ხდის, აგრეთვე, როგორ მიმდინარეობდა ხან დაფარული და ხან დაუფარავი, დიპლომატიური ბრძოლა, თეიმურაზის შვილიშვილის ერეკლეს მძევლად წაყვანისათვის, ერთი მხრივ, რუსეთსა და, მეორე მხრივ, შაჰ სეფი-როსტომ მეფე-ლევან დადიანს შორის. ისიც გამოკვეთილად ჩანს, როგორ ცდილობდა თეიმურაზ მეფე, მძევლის საკითხი მაქსიმალურად გამოეყენებინა პოლიტიკური მიზნებისათვის.
როგორც 1651 წლის 25 მაისს ბალყარეთში ჩასულმა იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ის აზნაურმა „ნიკილიმ“ საქართველოსკენ მომავალ ქართველ და რუს ელჩებს აცნობა, „თეიმურაზ მეფე ამჟამად იმერეთში არ არის, სადადიანოში წავიდა, მხოლოდ რისთვის წავიდა ეს მან არ იცოდა“1.
1. ნიკიფორე ტოლოჩანოვი, გვ. 68.
ძნელია იმის თქმა, „ნიკილი“, ან შემდეგში თეიმურაზის მეორე აზნაური რამაზანი, რომლის მოვალეობას რუსი ელჩების მომსახურება შეადგენდა, რუსეთის მთავრობაზე ზეწოლის მიზნით ელჩების დეზინფორმაციას ახდენდა თუ სიმართლეს ეუბნებოდა (ნიკიფორე ტოლოჩანოვის მიხედვით, რამაზანს „წამოსცდა“), რომ „მეფე თეიმურაზი თავის შვილიშვილს ნიკოლოზს დიდ ხელმწიფეს მანამ არ გაუგზავნის, სანამ სადადიანოს მთავარს არ შეურიგდება და კახეთს არ დაიბრუნებსო“1. რუს ელჩებს რამაზანის ნათქვამი, ისე უნდა გაეგოთ, რომ თუ ხელმწიფეს თეიმურაზის შვილიშვილის ნიკოლოზის მალე წაყვანა უნდა, მაშინ ტახტის დაბრუნებაში დაეხმაროსო.
1651 წლის 3 აგვისტოს რუსი ელჩები ლევან დადიანის მოციქულის ქუთაისში მოსვლის მოწმენი გახდნენ. თეიმურაზ მეფის ყოფილი აზნაური, საბახტარი, იგივე გიორგი ქართველი, ლევან დადიანის სამსხურში ჩადგა და თბილისში როსტომ მეფესთან მოსალაპარაკებლად მიემგზავრებოდა, „რათა როსტომ ხანმა თეიმურაზ მეფეს ციხე-ქალაქები დაუბრუნოს და კახეთიც გაათავისუფლოს. თავისი მეფის (ლევან დადიანის) შესახებ შეგვატყობინა, თითქოს იგი მალე ქუთაისიდან ერთი დღის სავალ მანძილზე მოვა, ალექსანდრე და თეიმურაზ მეფეებთან ურთიერთშორის მოილაპარაკებენ, რათა შერიგდნენ და მაჰმადიანების წინააღმდეგ ერთად გამოვიდნენ“2. რუსი ელჩის ცნობებიდან არ ჩანს დადიანის მოციქული თეიმურაზს შეხვდა თუ არა. 4 აგვისტოს იგი თბილისისკენ გაეშურა.
1. იქვე, გვ. 75-76.
2. იქვე, გვ. 122.
მოყვანილი ამონარიდი სავარაუდოს ხდის, რომ აზნაური გიორგი ქართველის (ამ შემთხვევაში „ქართველი“ ქართლელს აღნიშნავს) ქართლის სამეფოში გამგზვრებას წინ უძღოდა თეიმურაზის მოლაპარაკება ლევან დადიანთან. ამ მოლაპარაკების შედეგი უნდა ყოფილიყო ლევან დადიანის სამსახურში ჩამდგარი ქართლელი გიორგის როსტომ მეფესთან გაგზავნა.
ალბათ, ზუსტად ვერასოდეს გაირკვევა, ლევან დადიანი მართლა სთხოვდა თუ არა თეიმურაზს მძევალს იმერეთის მეფესთან მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ. ამგვარ ცნობებს თეიმურაზი და ალექსანდრე და მათი კარისკაცები რუს ელჩებს აწვდიდნენ1 კონკრეტული მოსაზრებით: შეემზადებინათ ნიადაგი უფლისწულის მოსკოვში გაშვებაზე უარის სათქმელად, ან იმ დროს გაგზავნისათვის, როდესაც ქართველი მეფეები ხელსაყრელად მიიჩნევდნენ. ჩანს, მიმდინარეობდა უაღრესად დაძაბული დიპლომატიური თამაში: თეიმურაზი ცდილობდა შვილიშვილის მოსკოვში გაგზავნის უპრეცენდენტო შემთხვევიდან, რაც შეიძლებოდა მეტი პოლიტიკური დივიდენდები მიეღო. იგი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა მოსკოვის მთავრობასა და ოდიშის მთავარზე. ამ უკანასკნელის უკან კი შაჰ აბას II-ისა და როსტომ მეფის აჩრდილები მოჩანდა. თეიმურაზს უნდოდა გაერკვია, ზემოთ დასახელებულებიდან ვის რისი დათმობა შეეძლო.
იოლად წარმოსადგენია ის გაოცება და ინტერესი, რაც გამოიწვია გავრცელებულმა ცნობამ, რომ „აგვისტოს 21-ს თეიმურაზ მეფე თავისი აზნაურებით ჩამოვიდა (რაჭიდან _ ე.მ.) ქუთაისში, სადადანოში მიდის, რათა დადიანი მეფე ალექსანდრესთან შეარიგოს და თვითონაც შეურიგდეს მას, აგრეთვე (ვარაუდობს) დადიანმა იქნებ კახეთის გამოსახსნელად ხალხი მიაშველოს, და თუ ის სადადიანოს მთავარს შეურიგდა, ჩვენ (რუსი ელჩები _ე.მ.) ვფიქრობთ, რომ ჩვენთვის ეს კეთილს არ მოასწავებს“2.
ცნობილ რუსულ წყაროებში, პირველად შევხვდი რუსი დიპლომატის მიერ დაუფარავად გაცხადებულს, რომ რუსეთის სახელმწიფოსათვის მიუღებელი იყო დამშვიდებული, დალაგებული და დამოუკიდებელი საქართველო. როგორც XVII-XVIII საუკუნეებში რუსული დიპლომატიის მთელი საქმიანობიდან ჩანს, რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიამდე, სამხრეთ კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთში მისი მთავარი საზრუნავი დაშლილი საქართველოს შენარჩუნება იყო.
1. იქვე, გვ. 79-81.
2. იქვე, გვ. 78.
რუსმა ელჩებმა ვერც ცნობილი დიპლომატის, 1649-1650 წლებში მოსკოვში ელჩად ნამყოფი არქიმანდრიტი პახომისაგან გაიგეს რაიმე ფასეული თეიმურაზის ოდიშის სამთავროში წასვლის მიზანზე. პახომმა მხოლოდ დაადასტურა, „რომ მეფე თეიმურაზი სადადინოში მიემგზავრება, მხოლოდ რა საქმისათვის ეს პახომ არქიმანდრიტს აღარ უთქვამს“1.
2 სექტემბერს მეფე თეიმურაზი, მისი თანმხლებნი ოდიშიდან ქუთაისში დაბრუნდნენ და მაშინვე ცნობილი გახდა, რომ „თეიმურაზ მეფემ მეფე ალექსანდრე, სადადიანოს მთავარს ვერ შეარიგა, ვინაიდან მთავარს მეფე თეიმურაზისაგან მისი შვილიშვილი მოუთხოვია (მძევლად), ხოლო მეფე ალექსანდრეს ქვეშევრდომთაგან ოცდაათი რჩეული კაცის მათის მამულებით თავის სამთავროს საზღვრებში ქვეშევრდომად გადაცემა მოუთხოვია“2.
ნიკიფორე ტოლოჩანოვი თეიმურაზის ოდიშის მთავართან მოლაპარაკების შედეგის ოფიციალური ვერსიასთან ერთად გვთავაზობს არაოფიციალურსაც, რომელიც ოფიციალურისაგან დიდად განსხვადება. იგი გავრცელებული იყო უცხოელებს შორის, რომლებსაც თავიანთი ინფორმატორები სამეფო კართან დაახლოებულ ადამიანებს შორის ჰყავდათ. თუ ამ ბოლო მოსაზრებას ვენდობით, მაშინ მათ მიერ მოპოვებული ცნობები ანგარიშგასაწევი უნდა იყოს.
ნიკიფორე ტოლოჩანოვის თქმით, „უცხოელები კი ლაპარაკობენ, თითქოს მეფე თეიმურაზს მთავრისათვის თავისი შვილიშვილი კიდევაც შეუძლევია, მაგრამ მას არ აუყვანია, რადგანაც სადადიანოს მეფეს ლევანს შეუტყვია, რომ მეფე ალექსანდრეს დიდი ხელმწიფისათვის (რუსეთისათვის) სამუდამო ყმობა და ერთგულება შეუფიცავსო“3.
იმისათვის, რათა ოდიშის სამთავროში დადიანთან თავისი სტუმრობის სხვადასხვაგვარი ახსნისა და მითქმა-მოთქმისათვის ბოლო მოეღო, თეიმურაზმა გადაწყვიტა რუსი ელჩებისათვის პირადად მოეთხრო იმის შესახებ, რაზეც მიმდინარეობდა დადიანთან მოლაპარაკება და, საერთოდ რას ფიქრობდა თავისი შვილივილის, უფლისწული ერეკლეს მოსკოვში გაგზავნის შესახებ.
1. იქვე.
2. იქვე, გვ. 78-79.
3. იქვე, გვ. 79.
6 სექტემბერს თეიმურაზ მეფე „თავისი აზნაურებით“ რუს ელჩებს „ქვემო ქუთაისში“ ეწვია და უთხრა, რომ დადიანი დიდად ნასიამოვნები დარჩა ჩემი სტუმრობით, მაგრამ შერიგება ვერ მოხერხდაო. „ჩემი შვილიშვილის მძევლად დატოვებასა მთხოვდა, ამის სანაცვლოდ კი კახეთის გასათავისუფლებლად თავისი ჯარით დახმარებას მპირდებოდაო“. თეიმურაზ მეფეს დადიანისათვის უარი უთქვამს იმ მოტივით, რომ შვილიშვილი რუსეთის ხელმწიფისათვის მყავს მიცემული და მისი მძევლად დატოვება არ შეიძლებაო. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილია ერეკლეს მოსკოვში გაგზავნა, ამჯერად ამის გაკეთება შეუძლებელია შემდეგი მიზეზების გამო: ჯერ ერთი, უფლისწული ძალიან ახალგაზრდაა და ესეც რომ არ იყოს უფლისწულის გამგზავრებისათვის მნიშვნელოვანი თანხებია საჭირო, რაც თავისი სამეფოდან დევნილ მეფეს არ გააჩნია1.
რამდენად შეეფერებოდა სიმართლეს ის რაც თეიმურაზ მეფემ ლევან დადიანთან მოლაპარაკების შესახებ მოუთხრო რუს ელჩებს, ამას ვერ დავადგენთ. მაგრამ მისი, როგორც დიპლომატის მონათხრობიდან ეჭვს იწვევს ის, თითქოს დადიანი თეიმურაზ მეფისათვის კახეთის გასანთავისუფლებლად ჯარის მიცემაზე რაღაც პირობით თანახმა იქნებოდა. სავარაუდოა, თეიმურაზს უნდოდა რუსი ელჩებისათვის ჩაეგონებინა, რომ მის შვილიშვილს ისეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ლევან დადიანი და მისი მოკავშირენი _ როსტომი და შაჰ აბას II, რომ ისინი თანახმა იყვნენ თეიმურაზისათვის კახეთი დაებრუნებინათ, ოღონდ ის უფლისწულს მოსკოვში ნუ გაგზავნიდა. ელჩები, თეიმურაზ მეფის ვარაუდით, იმასაც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ მიუხედავად ასეთი უმნიშვნელოვანესი შეთავაზებისა იგი, თეიმურაზი, დიდ მსხვერპლზე მიდიოდა და შვილიშვილს, შემდეგ წელს, ხელმწიფეს უგზავნიდა. თეიმურაზმა მსმენელებს ის კი ნამდვილად დაუმალა, რომ მოლაპარაკების ჩაშლის ნამდვილი მიზეზი ალექსანდრე მეფის მიერ დადიანის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იყო.
1. იქვე, გვ. 80.
ვახუშტი ბატონიშვილის საკმაოდ განსხვავებული ცნობების მიხედვით, ლევან დადიანს იმერეთის სამეფოსათან მშვიდობის დამყარებისათვის, თავდაპირველად, თავისთან მიუპატიჟია ალექსანდრე მეფე „რათა ზავ-ჰყოს მათ შორის... და განატევებინოს მამუკა“. მაგრამ, როგორც ჩანს მეფეები ლევანს ვერ ენდნენ, რადგან შეიძლებოდა იმერეთის მეფეც დადიანის ტყვეობაში ჩავარდნილიყო. თეიმურაზი ალექსანდრეს მაგიერ ოდიშში წავიდა.
ვახუშტი ბატონიშვილიც (თუმცა იგი თეიმურაზის ლევან დადიანთან წასვლას არასწორად 1648 წლით ათარიღებს) ლევან დადიანის მიერ თეიმურაზის კარგად მიღებას აღნიშნავს („მან ისტუმრა და პატივ-სცა დიდად“). თეიმურაზმა დადიანს იმერეთის მეფესთან ზავის დადება და მამუკა ბატონიშვილის განთავისუფლება სთხოვა. დადიანი შუამავალს ყველაფერზე დაეთანხმა, მაგრამ იმერეთის მეფისადმი მტრულად განწყობილმა კარისკაცმა, პაატა წულუკიძემ, მთავარს მიცემული პირობის შესრულება გადაათქმევინა და თეიმურაზ მეფე ხელცარიელი გაუშვა1.
რუსების ელჩობის „მუხლობრივ აღწერილობაში“ თეიმურაზ მეფესთან შეხვედრას ნიკიფორე ტოლოჩანოვი ისე გადმოგვცემს, თითქოს მეფე თავს იმართლებდა დადიანთან მოლაპარაკებისა და უფლისწულის მოსკოვში გაუგზავნელობის გამო. იგი კვლავ ამ- ჟღავნებს თეიმურაზის მიმართ უარყოფით დამოკიდებულებას და იმითაც იკვეხნის, რომ მან პირში მიახალა მეფეს, რომ იგი ხელმწიფისათვის მიცემული ფიცის გამტეხი და მოღალატე იყო, რომ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონდა თავისი შვილიშვილი მძევლად მიეცა დადიანისათვის, რომლისგანაც სანაცვლოდ სამხედრო დახმარებას თხოულობდა კახეთის გასათავისუფლებლად.
ნიკიფორე ტოლოჩანოვს ისე გამოჰყავს, რომ იგი თეიმურაზს თავისი ხელმწიფის სახელით შეპირდა: „თუ დიდ ხელმწიფეს ერთგულებას დაუმტკიცებ, მისი უდიდებულესობა შენზე მოწყალებას მოიღებს, ხაზინას გიბოძებს, იმ ფულით მეომრებს დაიქირავებ და შენს ქვეყანას მტრისაგან გასწმენდ; ან (ხელმწიფე _ ე.მ.) თავის ძმა შაჰ-აბასთან საგანგებო ელჩებს ან შიკრიკებს გაგზავნის“. თეიმურაზმა ელჩს მხოლოდ ის უპასუხა, რომ ხელმწიფისათვის მიცემული სიტყვის ერთგული დარჩებოდა და საბოლოო პასუხს ალექსამდრე მეფესთან მოლაპარაკების შემდეგ მისცემდა2.
1. ქართლის ცხოვრება IV, გვ. 831.
2. იქვე, გვ., 79-81.
რუს ელჩებთან შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ, თეიმურაზ მეფემ ოდიშის სამთავროში მოსალაპარაკებლად, თავისი კაცები კვლავ გაგზავნა. მათ დაევალათ ლევან დადიანისათვის დახმარების თხოვნა კახეთის სამეფოს ყიზილბაშთაგან გასაწმენდად. იმ შემთხვევაში თუ თეიმურაზი ლევან დადიანისაგან დადებით პასუხს მიიღებდა, თავის შვილიშვილს მისცემდა. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი, „თეიმურაზ მეფეს გადაწყვეტილი ჰქონია პირადად თვითონ, დედოფლითა და უფლისწულებით დიდ ხელმწიფეს ეახლოს“ _ ყოველივე ეს ნიკიფორე ტოლოჩანოვს „თავად ივანეს კაცმა ბიძინამ შეატყობინა“1.
თეიმურაზის მიერ ლევან დადიანთან თავისი კაცების გაგზავნის შესახებ, რუს ელჩებს აცნობა, მათმა მოსყიდულმა ინფორმატორმა ფეშანგმა, რომელმაც არ იცოდა თეიმურაზმა თავის აზნაურებს რა დაავალა, მაგრამ ის კი დაბეჯითებით უთხრა, რომ „თუმცა მეფე თეიმურაზი თქვენ გპირდებათ, რომ თავის შვილიშვილს დიდ ხელმწიფესთან გამოუშვებს, მაგრამ იგი თავის სიტყვას არ შეასრულებს და თავის შვილიშვილს არ გაგატანთ“2.
21 დეკემბერს თეიმურაზთან მისი კაცები დაბრუნდნენ. მათთან ერთად მოვიდა დადიანის ელჩი ნიკიფორე ირბახი, რომელმაც თეიმურაზს აცნობა, რომ ლევან დადიანი ყველაფერზე უარს იყო3.
ამგვარად, თეიმურაზ I-ის დიპლომატიამ ლევან დადიანთან ურთიერთობის მშვიდობიანად მოგვარების შესახებ, რასაც, შეიძლებოდა შეეცვალა პოლიტიკური სიტუაცია მთელი საქართველოს მასშტაბით, მარცხი განიცადა. ამ დიპლომატიური საქმიანობის მასაზრდოებელი იყო თეიმურაზ მეფის კიდევ ერთი მიზანი _ რამენაირად თავიდან აეცილებინა უფლისწული ერეკლეს მოსკოვში გაგზავნა, მაგრამ ამ მარცხმა უფლისწულის გაგზავნის აუცილებლობა განაპირობა.
1 იქვე, გვ. 82.
2 იქვე, გვ. 84-85.
Комментариев нет:
Отправить комментарий