воскресенье, 8 июля 2018 г.

ზაჰირ ად-დოულეს მოგზაურობა საქართველოში 1900 წ.

ალი ხან დავალუ ყაჯარი (1864-1923), ცნობილი ლაყაბით ზაჰირ ად-დოულე, ყაჯართა ტომის დიდგვაროვანი წარმომადგენელი იყო. 16 წლის ასაკში მან ცოლად მოიყვანა ნასერ ად-დინ შაჰის ქალიშვილი ფორუყ ად-დოულე მალაქე-იე ირანი. ალი ხანი მრავალმხრივ განათლებული ადამიანი იყო: კარგად იცოდა ლიტერატურა, ისტორია და გეოგრაფია, წერდა ლექსებს და უკრავდა სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტზე. მან მთელი ცხოვრება ნასერ ად-დინ შაჰისა და მოზაფარ ად-დინ შაჰის სამსახურში გაატარა: სამეფო კარის იშიქაყასიბაში (მთავარი ცერემონმაისტერი) და ჰამადანისა და ქერმანშაჰრის გუბერნატორი იყო.
22 წლის ასაკში იგი ცნობილი სუფი შეიხისა და სწავლულის საფი ალიშაჰის მოწაფე და საძმოს წევრი გახდა, შეიხის გარდაცვალების შემდეგ კი, საფი ალიშაჰის ანდერძით, მის შემცვლელად დაინიშნა. გადმოცემებით ის იმდენად თავგამოდებული დერვიში იყო, რომ თავის ცოლსა და ქალიშვილებსაც კი დერვიშის სამოსით ატარებდა. ამასთან ერთად ზაჰირ ად-დოულე კონსტიტუციური მმართველობის იდეას უჭერდა მხარს. დემოკრატი დერვიში - ასე მოიხსენიებს მას გერმანელი მეცნიერი ბერტ ფრაგნერი. ზაჰირ ად-დოულემ რამდენიმე წელი ევროპაში გაატარა და იქ მასონთა ლოჟის წევრი გახდა.
სამშობლოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, მსგავსი საზოგადოება ირანშიც შეექმნა. მოზაფარ ად-დინ შაჰის ნებართვით, მან თეირანში ფირდოუსის ქუჩაზე მდებარე თავის სახლში დააარსა ანჯომან- ოხოვათ (ძმათა საზოგადოება), რომელიც იმ დროის ირანის ას ცნობილ მოაზროვნესა და რეფორმატორს აერთიანებდა. ცნობილია, რომ საძმოს ყველა წევრს ჰქონდა საკუთარი სკამი, რომელზეც მისი სახელი ეწერა. საზოგადოების სახელით ის გამოსცემდა ჟურნალსმაჯმუ-იე ახლაყ (ზნეობის ალმანახი). რადგან ძმათა კავშირი ზოგადად შაჰის ხელისუფლების წინააღმდეგი იყო, მოჰამად ალი შაჰის მმართველობის პერიოდში ზაჰირ ად-დოულეს სახლი ფირდოუსის ქუჩაზე დაარბიეს, გაძარცვეს და გადაწვეს.
ზაჰირ ად-დოულე ბევრს მოგზაურობდა. საქართველოში ის სულ ცოტა სამჯერ მაინც არის ნამყოფი, ყოველ შემთხვევაში, სამი ვიზიტის დამადასტურებელი წერილობითი მასალა არსებობს. პირველად ჩამოვიდა 1900 წელს, როგორც ევროპაში მიმავალი მოზაფარ ად-დინ შაჰის ამალის წევრი და თბილისში ათ დღეზე მეტ ხანს დაჰყო. ამ მოგზაურობის შთაბეჭდილებები ასახულია მისმოგზაურობის წიგნში. მეორე და მესამე ვიზიტების შესახებ ინფორმაციას იძლევა მისი პოემა ვარედათ (ქრონიკები), რომელიც გალექსილი მოგონებების კრებულს წარმოადგენს.
ზაჰირ ად-დოულეს მოგზაურობის წიგნი (1900)
თბილისში ჩასვლა - [1318 (1900) წლის] 6 მოჰარამი (6 მაისი), კვირა:
დილაუთენია გავიღვიძე და ვაგონის ფანჯრიდან გარეთ გავიხედე. გუშინდელი საღამოსგან განსხვავებით, ირგვლივ ყველაფერი მწვანეში იყო ჩაფლული და რაც უფრო წინ მივდიოდით, არემარე უფრო მწვანე და ლამაზი, ჰაერი კი სუფთა ხდებოდა. გზის ორსავე მხარეს, განსაკუთრებით მდინარე მტკვრის გასწვრივ, უამრავი სოფელი და დასახლება მოჩანდა. ქალაქის მისადგომებთან ქარხნებმა და რკინიგზის ხაზებმა იმატა. თბილისი ფართო ხეობაში მდებარეობს. ქალაქამდე ერთი ფარსანგი იყო დარჩენილი, სახლები რომ გამოჩნდა. პირველი, რაც მოგზაურის თვალს ახარებს, წმინდა შეიხ სანაანის - ალაჰმა აკურთხოს მისი სამარე - საფლავზე აგებული თეთრი შენობაა, რომელიც აყვავებული მთის კალთაზე დგას და მთელ თბილისს გადაჰყურებს1. ჩვენს ბიბი შაჰრ ბანუს2 ჰგავს, მაგრამ განსხვავება ის არის, რომ აქედან მდინარე, ნაირფერი სახურავები და ქალაქის სუფთა ქუჩებსა და ხიდზე მოძრავი დროშკები მოჩანს, იქიდან კი - ბიბის მთის გამომშრალი კლდოვანი კალთები, ქალაქ რეის3 ნანგრევები და ხანდახან ამინ აბადის4 ახლოს გავლილი ჩარვადარები. იქ სამარხის დარაჯის - ერთი საწყალი სეიდისა და მისი ცოლის გარდა არავინ არის და გარშემო სოფლებიდან კვირაში ორ-სამჯერ თუ ამოვლენ მომლოცველი ქალები, აქ კი ყოველ საღამოს მთელი ქვეყნის რინდები5 იკრიბებიან სალოცავად და სასეირნოდ. იქაურობა დანგრეული და გაპარტახებულია, აქ კი ყველაფერი ყვავის.
რკინიგზა ქალაქს გვერდზე მიუყვება. ერთ დიდ სადგურში შევედით. ბაქოს სადგურის ღირშესანიშნაობებზე ხომ მოგახსენეთ და აქაურობა ათჯერ უკეთესია. სადგურში ირანის გენერალური კონსული მისი აღმატებულება მირზა ნაზემ ალ-მოლქი დაგვხვდა. მისალმების ცერემონიალის მერე ნაქირავებ დროშკაში ჩავსხედით და ჰოტელორიანტში”6 წავედით.
წვიმა მოდიოდა და ძალიან კარგი ჰაერი იყო. იმ დღეს რუსეთის იმპერატრიცას7 დღეობა იყო და ამასთან დაკავშირებით დუქნებზე, სახლებსა და სასტუმროებზე სახელმწიფო დროშები გამოეფინათ. ჰოტელში მივედით და დროშკიდან გადმოვედით. “ორიანტისამსართულიანი შენობაა და მასში 150-ზე მეტი კეთილმოწყობილი ოთახია. მომსახურე პერსონალი განურჩევლად ყველა მოსულს ერთნაირად ხვდება და მე, უცხო ქვეყნის საწყალ მოგზაურს, ისე შემეგებნენ, თითქოს რუსეთის იმპერატორი ვყოფილიყავი. მე და მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი ერთ ნომერში დავსახლდით. ის ერთი მისაღები და ორი საძინებელი ოთახისგან შედგებოდა. აყა ჰოსეინ ფაშა ხანმა და გრაფმა დიდი, ფარდით ორად გაყოფილი ოთახი აიღეს. ოთახის ერთ ნაწილში ორი საწოლი იდგა, მეორეში კი სტუმრების მისაღები იყო მოწყობილი. (არ გეგონოთ, რომ ეს იყო თეთრი, დალაქავებული, ხუთი ათასჯერ გარეცხილი და ფანჯარაზე კანაფის ძაფით დაკიდებული ფარდა. არა, ძალიან კარგი ფარდა იყო). ამ ჰოტელის ყველა ოთახში სამი-ოთხი დიდი თუ პატარა სურათი ეკიდა. ჩვენს სასტუმრო ოთახში ჩამოკიდებულ სურათზე ებრაჰიმისა და ისმაილის მსხვერპლშეწირვის ამბავი8 იყო გამოსახული. ძალიან, ძალიან კარგი სურათი იყო. მხატვარს ის სამოცი წლის წინ დაეხატა. სამწუხაროდ, გამგზავრების დრო იყო და აქ დაბრუნების იმედი არ მქონდა, თორემ ნებისმიერ ფასად ვიყიდიდი. ჰოტელის პირდაპირ დიდებული ეკლესია და სამლოცველოა9, რომელიც იმპერატორმა ოსმალეთზე გამარჯვების აღსანიშნავად ააგო, ამიტომ შესასვლელ კარებთან და კიბეებზე ოსმალური ზარბაზნებია დამაგრებული.
დღეს, რადგან იმპერატრიცას დღეობაა და თან კვირა დღეა, გაუჩერებლად რეკავენ დიდი და პატარა ზარები. მათი ხმის გაგონება ძალიან მესიამოვნა. აყა ჰოსეინ ფაშა ხანთან და გრაფთან ერთად სასადილოში ჩავედი. ძალიან გემრიელად ვისადილეთ და თან დიდი ხნის უნახავი საყვარელი ადამიანები გავიხსენეთ. სადილის მერე სამივენი დროშკაში ჩავსხედით და წავედით აბანოში, რომელშიც ბუნებრივი მინერალური ცხელი წყალი მოდის. ამ საუცხოო აბანოში ენით აუწერელი სისუფთავეა. ეს სწორედ იმ აბანოს წყალია, რომელზეც სწავლულები ამბობენ, მისგან ერთი პეშვის დალევა შარიათით ნებადართულიაო. აბანო იმ ძველი ციხე-სიმაგრის ძირში მდებარეობს, რომელიც აღა მაჰმად ხან ყაჯარმა დაანგრია. ასეთი აბანო აქამდე არასოდეს მენახა. ერთ დერეფანში რამდენიმე პატარა აბანოს ნომერია განლაგებული. თითოეულში ერთი ან ორი აუზია ჩაშენებული. მათი სიგანე ერთი, სიგრძე ერთნახევარი, ხოლო სიღრმე ერთი ზარია. ისინი ხუთი თეთრი ქვისგან არის გაკეთებული: ერთი ქვა ძირს არის დაგებული, დანარჩენი ოთხით კი კედლებია ამოყვანილი. ცხელი წყლის ონკანიდან წყალი განუწყვეტლივ იღვრება აუზში, რომელიც მუდმივად სავსეა. აუზში კიდევ ერთი, ცივი წყლის ონკანიც აყენია და თუ კაცს წყლის გაციება მოუნდება, ამ ონკანს მოუშვებს.
მზის ჩასვლამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, აბანოდან რომ გამოვედით და სახლში წავედით. საღამოს თეატრში ლოჟა (განსაკუთრებული ოთახი) ავიღე და მუსიე რენისთან, აყა ჰოსეინ ფაშა ხანთან, გრაფთან და ირანის საკონსულოს რამდენიმე თანამშრომელთან ერთად წავედი. ძალიან, ძალიან ლამაზი თეატრი იყო. როგორც გავარკვიე, მისი აშენება ერთი მილიონი მანეთი ანუ ხუთასი ათასი თუმანი დაჯდა. შუაღამე ხდებოდა, როდესაც სახლში დავბრუნდით და დავიძინეთ.
თბილისში - 7 მოჰარამი (7 მაისი), ორშაბათი:
დილით აყა ჰოსეინ ფაშა ხანთან და გრაფთან ერთად ქალაქში წავედი და თეირანში გასაგზავნი საათი და კიდევ სხვა ნივთები ვიყიდე. მერე ვესტუმრეთ ნაზემ ალ-მოლქს, რომელიც საკონსულოში როუზეს მართავდა. ირანის კონსულის, ამ ჭეშმარიტი მუსლიმის, როუზე ძალიან მომეწონა. შეკრებას ძირითადად ირანის ქვეშევრდომები და ვაჭრები ესწრებოდნენ. თვითონ ნაზემ ალ-მოლქი ძალიან კარგი კაცია. მას ადრეც ვიცნობდი. როგორც ამბობენ, ის თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და რაც უფრო წინ მიდის, მით მეტად ცდილობს, რომ მის ხალხს აქ პატივისცემით ექცეოდნენ. მაგრამ აქაური ირანელები იმდენად უნამუსოები არიან, რომ ძნელია, მათ ხელი დააფარო. ამ მოგზაურობაში ისეთი რაღაცეები ვნახე, რომ დაწერაც კი მრცხვენია. ღმერთმა დასწყევლოს სიხარბე და უზნეობა, რომელიც სამყაროს შექმნის დღიდან ყველა სახელმწიფოს და ხალხის განადგურებისა და დაღუპვის მიზეზია.
სადილის მერე განჯის გუბერნატორი მოვიდა. ეს რუსი დიდი გაიძვერა ვინმეა. საღამოს ფოტოაპარატურის დუქანში წავედი, მერე სახლში დავბრუნდი, დავჯექი საძინებელი ოთახის აივნის კართან, რომელიც ქუჩაზე გადიოდა და არემარის თვალიერებით გავერთე. ქუჩაში მოსიარულე ხალხი ძალიან უცნაური სანახავი იყო. კაცები, ქალები, სამხედრო და სამოქალაქო სკოლების მოწაფეები, ოფიცრები და მრავალრიცხოვანი დროშკები ისე ჩქარა მოძრაობდნენ, თითქოს სასწრაფო და გადაუდებელი საქმე აქვთო. ერთმანეთს არ უყურებდნენ, ხელს არ კრავდნენ, არც ხაბარდას ყვიროდნენ და სიჩუმეს დროშკების ხმა თუ არღვევდა.
მე და აყა ჰოსეინ ფაშა ხანმა ჩვენს ოთახებში განმარტოებით ვივახშმეთ და დავიძინეთ. გრაფი დღეს საღამოს დიდი თხოვნის შემდეგ კონცერტზე (მუსიკალური თავშეყრა) გაუშვეს, სადაც ერთი ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელგანთქმული პიანისტი მსმენელთა ყურთასმენას ატკბობდა.
თბილისში - 8 მოჰარამი (8 მაისი), სამშაბათი:
დილით ალბომების დუქანში წავედი, ოთხი ცალი ვიყიდე და შიგ თეირანიდან ჩამოტანილი ფოტოები ჩავაწყვე. იქიდან გავიარე მუსიკალური საკრავების დუქანში, სადაც ევროპული ინსტრუმენტები იყიდებოდა. საოცარი მაღაზია იყო. მერე ფოტოაპარატურის დუქანში ზაჰირ ას-სოლთანისთვის ფოტოაპარატი შევიძინე და სახლში დავბრუნდი.
ნაშუადღევს აყა ჰოსეინ ფაშა ხანთან და გრაფთან ერთად ვისადილე და ცოტა ხანი საძინებელ ოთახში დავისვენე. გრაფი მის აღმატებულება ნასერ ალ-მოლქთან ერთად დროშკით მთაზე სასეირნოდ წავიდა. მზის ჩასვლამდე ერთი საათი იყო დარჩენილი, როცა მე და აყა ჰოსეინ ფაშა ხანმა ქუჩაში ფეხით გავიარეთ. რა ქუჩა და რა სეირნობა?! სადალაქოში შევედით და თავი მოვიწესრიგეთ. ძალიან სუფთა დუქანი იყო. დაღამებისას ჩვენი სასტუმროს გვერდით მდებარე სათვალეების დუქანში ორი-სამი სათვალე ვიყიდე. სახლში დაბრუნების შემდეგ ჩვენს ოთახებში ვივახშმეთ, გრაფი კი სავახშმოდ სასადილოში ჩავიდა.
     თბილისში - 9 მოჰარამი (9 მაისი), ოთხშაბათი:
   დილაუთენია ჩემთან საძინებელში მისი აღმატებულება ნასერ ალ- მოლქი მოვიდა და დიდხანს ვისაუბრეთ. მერე აყა ჰოსეინ ფაშა ხანთან და გრაფთან ერთად ფეხით ტკბილეულობის დუქანში წავედი და ცოტაოდენი ტკბილეულობა ვიყიდე. სეირნობის შემდეგ მისი აღმატებულება სახლში დაბრუნდა, მე და გრაფმა კი კიდევ რამდენიმე დუქანში შევიარეთ, ფეხსაცმელები და პერანგები ვიყიდეთ და სავიზიტო ბარათები შევუკვეთეთ. ნაშუადღევს პირველ საათზე ჰოტელში დავბრუნდით და ვისადილეთ.

სადილის მერე თეირანში გასაგზავნი წერილების წერას შევუდექი. საღამოს გრაფი და მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი აბანოში წავიდნენ. აყა ჰოსეინ ფაშა ხანი სტუმრად იყო ირანის საკონსულოს თარჯიმანთან სომეხ მირზა იაროსახ ხანთან, რომელსაც იმ დროიდან იცნობდა, როცა მამამისი, აწ განსვენებული ალი ხან მოინ ალ-ვეზარა თბილისში გენერალური კონსული იყო. აყა ჰოსეინ ფაშა ხანი თბილისში დაიბადა და მირზა იაროსახ ხანის ცოლი მისი გამზრდელი ძიძა გახლდათ. მე და საკონსულოს თანამშრომელმა მირზა ქერიმ ხანმა ცოტა ხანი ფეხით გავისეირნეთ, მერე დროშკა ვიქირავეთ და მოჯთაჰედის ბაღში წავედით. ეს მთელ თბილისში ყველაზე ცნობილი ბაღი და სასეირნო ადგილია. აქაურობა ძალიან ლამაზია. თბილისელები - ქალები, კაცები და ბავშვები - საღამოობით ამ ბაღში ჯგუფ-ჯგუფად სეირნობენ. მშვენიერი მუსიკა უკრავდა და ჩვენ ცოტა ხანი მუსიკის მოსასმენად დავსხედით. ორკესტრის დირიჟორმა რომ დაგვინახა, ბრძანა, ირანული მელოდია დაეკრათ. ასეთი კარგი დაკვრა ირანშიც კი არ მომესმინა. სანამ დაიწყებდნენ, ყველამ მე შემომხედა. მეც სხვების დასანახად თავი მოვიწონე10 და დირიჟორს რამდენიმე ირანული ოქროს ფული ვაჩუქე. ძალიან გაეხარდა, რადგან აქ ირანული ფული იშვიათობაა. ვიღაცეები მოვიდნენ, ფული გამოართვეს და თვალიერება დაუწყეს. მზის ჩასვლისთვის სახლში დავბრუნდი და წერილების წერა განვაგრძე. მერე ვივახშმე და დავიძინე.
თბილისში - 10 მოჰარამი (10 მაისი), ხუთშაბათი:
აშურას დღესთან დაკავშირებით დილით მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი, აყა ჰოსეინ ფაშა ხანი და მე საკონსულოში ნაზემ ალ-მოლქის როუზეს დავესწარით. ირანელებისა და კავკასიელი მუსლიმების ორი-სამი ჯგუფი შეკრებილიყო და რაღაც უჩვეულოდ გლოვობდა. თეირანში ასეთი არაფერი მენახა. მწარედ ავტირდი. ნაშუადღევს მუსლიმებისთვის თანაგრძნობის გამოსახატავად მეჩეთში წავედით. ეს მეჩეთი შაჰ აბას სეფიანის აგებულია. ის მდინარე მტკვრის პირას, ხიდთან ახლოს დგას. პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი შენობაა. თეირანის მეჩეთებს სულ არ გავს. მისი ინტერიერი მთლიანად მოოქროვილი და მოხატულია და სარკეებით არის გაწყობილი. ძალიან მომეწონა, რომ კარებზე, ჭერზე და კედლებზე ალაჰის სახელები და პატარა ჰადისები ეწერა, მაგალითადსიწმინდე რწმენისაგანდა მისთანანი. უეჭველია, რომ იმ მუსლიმს, რომელიც მეჩეთში ათჯერ მოვა და ამ ბრწყინვალე ჰადისებს წაიკითხავს, მეთერთმეტეჯერ ღმერთისა და წინასწარმეტყველის შერცხვება, მეჩეთში ფეხსაცმელს აღარ შეიტანს, თავისი სულიერი ძმის გვერდით არ დააწყობს, ბაყაყივით წამდაუწუმ ძირს არ დააფურთხებს და სხვა ღვთისმოსავებს მეორედ აქ მოსვლის სურვილს არ გაუქრობს. თბილისის მეჩეთი ოსმალურ მეჩეთებს ჰგავს, ანუ წინ ღია სივრცე არა აქვს, ქუჩიდან პირდაპირ დიდ გადახურულ კარიბჭეში შედიხარ და იქიდან გასასვლელით ხვდები მეჩეთის ცენტრში, რომელსაც გუმბათი ხურავს.
მისი ბრწყინვალება თბილისის შეიხ ალ-ესლამი ვნახე. მაღალია და გრძელი თეთრი წვერი და ლამაზი ულვაშები აქვს. აქაური მუსლიმები მისით ძალიან კმაყოფილები არიან. ცოტა სპარსული იცის. კარგი მუსლიმი და ძალიან ღირსეული კაცია. როგორც ირანის, ისე რუსეთის მთავრობებისგან ორდენები და სხვა ჯილდოები აქვს მიღებული. მთელ კავკასიაში, რომლის ერთ ნაწილს თბილისიც წარმოადგენს, შეიხ ალ- ესლამი რუსეთისა და ირანის მთავრობების შეთანხმებითა და ბრძანებით ინიშნება და ერთპიროვნულად აკონტროლებს ფიკჰის საქმეებს. აქ ისე არ არის, როგორც თეირანში ან ირანის სხვა მხარეებში, სადაც ნებისმიერი თავზეხელაღებული ჯერ ოთხი წელი მედრესეს შეაფარებს თავს, მერე კი ხელისუფლების ნებართვისა და თანხმობის გარეშე რასაც უნდა, იმას აკეთებს და მხოლოდ შემოსავალზე და იმ სახელმწიფო საქმეების კონტროლზე ფიქრობს, რომელიც მას სულ არ ეხება.
ერთი-ორი როუზეხანის გამოსვლის შემდეგ შეიხ ალ-ესლამმა კათედრაზე მდგარ სეიდს თურქულად უთხრა: “ამ ბატონებს და მომლოცველებს მუსლიმი ღარიბ-ღატაკებისთვის შესაწირავი გამოართვი”. სეიდმა ხალხს მოწყალების გაღებისკენ მოუწოდა. ვინც აძლევდა, სეიდი მის სახელს კათედრიდან ხმამაღლა აცხადებდა, მავანმა ესა და ეს თანხა გაიღოო და ლოცავდა. ვისაც შეეძლო, თითქმის ყველამ მისცა. ვაჭრის სამოსში გამოწყობილი კაცი ფულს აგროვებდა და შეიხ ალ-ესლამს ფეხებთან უდებდა. ეს აქცია ძალიან მომეწონა. დაახლოებით 400-500 მანეთი შეგროვდა. ერთი როუზეხანი მინბარიდან გადმოიხარა და შეიხ ალ-ესლამს ჩუმად უთხრა: “მეჩეთში ერთი კაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ ქუჩაში მთვრალი მოდიოდა და ილანძღებოდა. ნება მიბოძეთ, ხმამაღლა გამოვაცხადო, რომ ყველა მუსლიმმა გაიგოს”. შეიხ ალ-ესლამი გაბრაზდა და უბრძანა: “სხვის საქმეში ნუ ეჩრები, როუზე თქვი და ქვევით ჩადი. ღმერთმა თავისი მონების საქმე შენზე უკეთ იცის”. მისი ასეთი ყოვლისმიმტევებლობა ძალიან მომეწონა და ჩუმად დავლოცე. ნაშუადღევს ოთხ საათზე, მიუხედავად იმისა, რომ შეკრება დამთავრებული არ იყო, ავდექით და სახლში წავედით.
მზის ჩასვლის შემდეგ მე და გრაფმა ცოტა ხანი ჰოტელის წინ ფეხით გავისეირნეთ. მუსლიმ ქალთა ჯგუფმა ჩაგვიარა. მათ უამრავი მოსეირე მისდევდა. დროშკა ვიქირავეთ და შეუმჩნევლად უკან გავყევით. მერე სახლში დავბრუნდით, შუაღამისას ვივახშმეთ და დავიძინეთ.
თბილისში - 11 მოჰარამი (11 მაისი), პარასკევი:
დილით მე და მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი მირზა ასადოლაჰ ხანთან სასტუმროლონდონშიწავედით. მირზა ასადოლაჰ ხანი ნესა ხანუმ ყაფარის ვაჟია. ეს ქალი კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული და მდიდარი ადამიანია. მას ეკუთვნის კავკასიის გზები, რომელთა მოწესრიგებულობა და გამძლეობა მთელ რუსეთშია განთქმული. ღმერთმანი, სამწუხაროა, რომ ამ ქალის ლეჩაქი არ ხურავს სეიდ ასადოლაჰ ბაყეროვს, რომელიც ჩემ მიერ ადრე აღწერილ რაშთი-თეირანის გზას განაგებს.
მირზა ასადოლაჰ ხანმა სადილად დაგვპატიჟა. ის 18 წლის ზრდილი და წესიერი ახალგაზრდაა. სადილის მერე სახლში დავბრუნდით. ძალიან დაღლილი ვიყავი და დავიძინე. საღამოს ნაზემ ალ-მოლქი და საკონსულოს სხვა თანამშრომლები მესტუმრნენ. მათთან ერთად ბათუმში ირანის კონსული მირზა აჰმად ხანიც მოვიდა. რადგან აყა ჰოსეინ ფაშა ხანი და გრაფი კონცერტზე იყვნენ წასულები, მის აღმატებულება ნასერ ალ- მოლქთან და მირზა ასადოლაჰ ხანთან ერთად ვივახშმე. გვიან ღამით, როცა აყა ჰოსეინ ფაშა ხანი და გრაფი დაბრუნდნენ, დაახლოებით ნახევარი საათი მთვარის შუქზე ჰოტელის წინ გავისეირნეთ და თეირანში ჩვენი ქუჩა გავიხსენეთ.
თბილისში - 12 მოჰარამი (12 მაისი), შაბათი:
დილით მე და აყა ჰოსეინ ფაშა ხანი სადალაქოში წავედით და თავი მოვიწესრიგეთ. სადილის შემდეგ ძალიან მოწყენილი ვიყავი და ორ საათზე მეტ ხანს მეძინა. მზის ჩასვლამდე ერთი საათით ადრე გავიღვიძე. ტანსაცმელი ჩავიცვი და სასწრაფოდ წავედი აყა ჰოსეინ ფაშა ხანთან, რომელიც სასადილო დარბაზში მირზა ასადოლაჰ ხანთან, ბათუმის კონსულ მირზა აჰმად ხანთან, საკონსულოს თანამშრომელ მირზა დაუდ ხანთან და კიდევ რამდენიმე ირანელთან ერთად ჩაის სვამდა და საუბრობდა. მირზა აჰმად ხანმა მოწყენილობა შემატყო და ყველანი სასეირნოდ დაგვპატიჟა. წავედით ჯერ მოჯთაჰედის ბაღში და მერე ბაღფანტაზიაში”11, რომელიც ქალაქგარეთ, პატარა მდინარის პირას არის გაშენებული და სახალხო სასეირნო ადგილია. ბაღში ერთმანეთის ახლოს ხის ფანჩატურები დგას და იქიდან ბაღის ცენტრში მდებარე დიდ სასტუმრომდე ზარია გაყვანილი. ზარით შეგიძლია გამოიძახო ოფიციანტი, რომელიც როგორც ჰოტელში, ისე მოგემსახურება და დასასვენებლად და დროს გასატარებლად რასაც მოისურვებ, ყველაფერს მოგიტანს. ბაღში სასეირნოდ ძალიან ლამაზი პატარა ხეივნებია გაყვანილი. აქა-იქ მუსიკის ხმა ისმოდა. მირზა აჰმად ხანის დაჟინებული თხოვნით ერთ ძალიან, ძალიან ლამაზ აივანზე დავსხედით. ჩვენ პირდაპირ პატარა მწვანე მთების უკან ღრუბლებიდან მთვარე იყურებოდა. მირზა აჰმად ხანმა კავკასიელ მუტრიბთა ანსამბლი მოაყვანინა, რომ კავკასიის სახალხო დამკვრელები გვენახა. მოვიდნენ და დაუკრეს. მათი მუსიკა ან მართლა ძალიან შთამბეჭდავი იყო, ან რადგან დიდი ხანია მუსიკოსების დაკვრა არ მომესმინა, იმიტომ იმოქმედა ასე. ერთი ბრმა კაცი ქემანჩეზე უკრავდა, დანარჩენები კი - დაირაზე, თარზე და დოლზე. მათი ქემანჩე ირანულ ქემანჩეს ჰგავს, ოღონდ უფრო უბრალო და პატარაა. თარი და დაირაც დაახლოებით ჩვენნაირი აქვთ, ოღონდ მათი თარი ათსიმიანია: აქედან ხუთი სიმი, ისე როგორც ჩვეულებრივ თარზე, ძირითადია და მელოდიის ასაწყობად არის, დანარჩენი ხუთი კი ბოლო აკორდებზე მელოდიის შესანარჩუნებლად გამოიყენება. მათი დოლი დაფდაფის ფუნქციასაც ასრულებს: ორ რეზონატორს შორის პატარა ზარია დამაგრებული, რომელზეც მუსიკოსი დროდადრო ჩამოჰკრავს ხოლმე. დოლზე დასარტყამი ჯოხი საწერ კალამზე სქელი არ იქნება და ძალიან კარგი ხმა აქვს. კიდევ ერთი კაცი მოიყვანეს, რომელიც ანსამბლის წევრი არ იყო, მაგრამ გარმონზე ისე კარგად უკრავდა, შორიდან პიანინო გეგონებოდათ. იმდენად შეწყობილად უკრავდნენ, თითქოს კარგი ორკესტრიაო. წვიმა წამოვიდა და ჰაერი კიდევ უფრო სასიამოვნო გახდა. ამინდით მოხიბლულები მირზა აჰმად ხანის დაჟინებულ თხოვნას დავყევით და სავახშმოდ დავრჩით. სახლში გამთენიის სამი საათისთვის დავბრუნდით. ბალიშზე ქინძისთავით დამაგრებული გრაფის წერილი დამხვდა. მთხოვდა, როგორც კი მოვიდოდი, გამეღვიძებინა, რადგან რაღაც გადაუდებელი საქმე ჰქონდა. აყა ჰოსეინ ფაშა ხანის ოთახში შევედი და გრაფი გავაღვიძე. გაირკვა, რომ ირანში თურქეთის სრულუფლებიან ელჩს, მის აღმატებულება შამს ად-დინ ბეგს, რომელიც სტამბოლში მიდიოდა, გზად თბილისზე უნდა გაევლო. ამიტომ ბაქოდან ნაზემ ალ-მოლქს ტელეგრამა გაუგზავნა და სთხოვა, ეს ამბავი ჩემთვის ეცნობებინა, რომ ხვალ დილით რკინიგზის სადგურზე დავხვედროდი და ნახევარი საათით მაინც მენახა. იმ ფაქტმა, რომ მის აღმატებულება ელჩს, ნამდვილ ღვთისმოსავ მუსლიმსა და კარგ ამხანაგს, ვნახავდი, მშვენიერ ხასიათზე დამაყენა და ბედნიერმა დავიძინე.
თბილისში - 13 მოჰარამი (13 მაისი), კვირა:
დილით ნაზემ ალ-მოლქმა გამაღვიძა. ტანსაცმელი ჩავიცვი, დროშკაში ჩავსხედით და რკინიგზის სადგურში წავედით. ნახევარ საათში მატარებელი ჩამოდგა და იქიდან მისი აღმატებულება ელჩი და მისი მესამე მოადგილე ზიაად-დინ ბეგი გადმოვიდნენ. ერთმანეთის ნახვა ძალიან გაგვიხარდა. დაახლოებით ნახევარი საათი ვისხედით და ვსაუბრობდით. აყა ჰოსეინ ფაშა ხანი და გრაფიც მოვიდნენ. ბილეთები ავიღეთ, ელჩთან ერთად ვაგონში ავედით და შემდეგ სადგურამდე, რომელიც თბილისიდან 3 ფარსანგით არის დაშორებული, გავაცილეთ. მერე ისევ თბილისში მიმავალ მატარებელზე გადავჯექით და უკან დავბრუნდით. გზაზე ნაზემ ალ- მოლქის დაჟინებული თხოვნით ფოტოატელიეში შევედით და სურათი გადავიღეთ. მერე საკონსულოში წავედით, რადგან მის აღმატებულება შეიხ ალ-ესლამს ჩვენი ნახვა სურდა, მაგრამ ჰოტელში მოსვლა არ უნდოდა და ამიტომ შეხვედრა საკონსულოში დაგვითქვა. ჩვენ რომ მივედით, შეიხ ალ- ესლამი უკვე იქ დაგვხვდა. ერთმანეთის ნახვა ძალიან გაგვიხარდა და სალაპარაკოდ დავსხედით. ძალიან საინტერესო მოსაუბრეები აღმოჩნდნენ, განსაკუთრებით შეიხ ალ-ესლამი, რომელმაც თქვა: “მუსლიმ ღვთისმეტყველებს (განსაკუთრებით თეირანის, რადგან დედაქალაქია) იმ დროის ნახევარი მაინც, რასაც რიტუალურ განბანვაზე ხარჯავენ, აიებისა და ჰადისების აზრის გაგებასა და ჯიჰადის წესების გარკვევაში რომ გამოეყენებინათ, ჩვენი ქვეყანა და ხალხი არასოდეს დამცირებული, დაპყრობილი და დამორჩილებული არ იქნებოდა”. ასევე თქვა: “ჩემი ღრმა რწმენით, მათ, ვისაც მოჯთაჰედობა სურთ, თავიდან ევროპის სკოლებსა და სასწავლებლებში უნდა მიიღონ განათლება და ჯერ საერო სამართალი და სხვა საჭირო მეცნიერებები უნდა ისწავლონ, მერე კი ჩალმა დაიხურონ და ფიკჰის კანონების შესწავლას შეუდგნენ”. მისმა საუბარმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჭეშმარიტად, დიდებული სიტყვებია! ნეტავ, მართლა ასე იქნებოდეს!
საკონსულოში ვისადილეთ და საღამოს სახლში დავბრუნდით. მის აღმატებულება ნასერ ალ-მოლქთან და გრაფთან ერთად ვივახშმე. დასაძინებლად ადრე დავწექით. მე იმიტომ, რომ ძალიან დაღლილი ვიყავი, ნასერ ალ-მოლქი კი მეორე დილით ადრე ბორჯომში აპირებდა წასვლას. ბორჯომი ცნობილი სააგარაკო ადგილია და იქამდე მატარებლით ოთხი-ხუთი საათის გზაა. იქ რამდენიმე მინერალური წყაროა, რომლის წყალიც მთელ მსოფლიოში გააქვთ. დაახლოებით ერთი საათის დაძინებული ვიყავი, რომ ჩემი საძინებლის კარზე ძლიერად დააბრახუნეს. მირზა ასადოლაჰ ხანი იყო. ლოგინიდან ძალით ამაყენა, ტანსაცმელი ჩამაცვა და წამიყვანა ერთ ოთახში, სადაც გრაფი პიანინოზე უკრავდა. მის გარშემო რუსი არისტოკრატები და კავკასიელი მდიდრები იყვნენ შეკრებილი. მირზა ასადოლაჰ ხანმა მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქიც გააღვიძა და მოიყვანა. ერთი საათის დროსტარების შემდეგ ისევ ძილი მომერია. ამასობაში დაბრუნდა ჰოსეინ ფაშა ხანი, რომელიც იმ საღამოს ბაღფანტაზიაშიიყო დაპატიჟებული. ძალიან კმაყოფილი ჩანდა და იქაურ მთვარეს და სილამაზეს აქებდა. დაიჟინა: მშვენიერი ამინდია, კარებთან დროშკა გველოდება, წავიდეთ, ერთი საათი იმ ბაღში გავისეირნოთო. უარი ვუთხარი და ვურჩიე, დასაძინებლად წასულიყო.
თბილისში - 14 მოჰარამი (14 მაისი), ორშაბათი:
დილით რომ გავიღვიძე, მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი უკვე წასული დამხვდა. შუადღისთვის მე და გრაფი მუსიკალური საკრავების დუქანში წავედით და მერე ჰოტელში ვისადილეთ. სადილის შემდეგ მოვიდა ერთი დერვიში, რომელსაც ირანში ხშირად ვხვდებოდი და ამასწინათაც ვნახე საკონსულოში, სადაც როუზეზე ხუტბა წაიკითხა. გუშინ გზაში ვთხოვე, რომ ნარგილე შეეძინა და ჩვენთან ჰოტელში მოეტანა. მე, მირზა აჰმად ხანი, დაუდ ხანი და მირზა ასადოლაჰ ხანი აყა ჰოსეინ ფაშა ხანის ოთახში შევიკრიბეთ, ნარგილე მოვწიეთ და ირანი გავიხსენეთ. მერე ცოტა ხანი ქუჩაში ფეხით გავიარეთ, საფოსტო ბარათები ვიყიდეთ და სახლში დავბრუნდით.
დღეს სადილის შემდეგ გრაფი პიანინოზე დასაკრავად რუსებთან წავიდა და ჯერ არ მინახავს. დაღამებისას აყა ჰოსეინ ფაშა ხანთან და მირზა იაროსახ ხანთან ერთად ქუჩაში გავისეირნე და დიდი ტყავის ჩემოდანი ვიყიდე. ტანსაცმლის გამოცვლის თავი არ მქონდა, ამიტომ მე და აყა ჰოსეინ ფაშა ხანმა ჩემს საძინებელში ვივახშმეთ. დღეს საღამოს მირზა ასადოლაჰ ხანმა გრაფი კონცერტზე დაპატიჟა და ჯერ არ დაბრუნებულა.
თბილისში - 15 მოჰარამი (15 მაისი), სამშაბათი:
დილით ჰოტელის ქვედა სართულზე განლაგებული დუქნებიდან ორდენის ჩასადები პატარა ტყავის ჩანთები ამოიტანეს და ვიყიდე. გრაფთან ერთად სასტუმროში ვისადილე. სადილის შემდეგ დიდხანს მეძინა. საღამოს ნაზემ ალ-მოლქმა და ბათუმის კონსულმა მირზა აჰმად ხანმა გამომიარეს და მის აღმატებულება შეიხ ალ-ესლამთან წავედით. მისი სახლი მუსლიმების ქუჩაზე იყო. ის ნესა ხანუმს ეკუთვნოდა და აქირავებდა. შეიხ ალ-ესლამს სახლში დაბალი კრაველის ქუდი ეხურა, რომელიც კაზაკების ქუდს ჰგავდა. ჩვენი მისვლა ძალიან გაუხარდა. მისი ბრწყინვალება აყა-იე ჰაჯის12 - ღმერთმა აკურთხოს მისი საფლავი - კომენტარები მთხოვა. დავპირდი, რომ თეირანიდან გამოვუგზავნიდი. ოთახში რუსულ ტანსაცმელსა და ქუდში გამოწყობილი 17-18 წლის ახალგაზრდა შემოვიდა და მოგვესალმა. ის მასპინძლის ვაჟი აღმოჩნდა. მედრესეში სწავლობდა, მაგრამ სპარსული სულ არ იცოდა. მოგვიანებით თბილისში მცხოვრები ოსმალების ყადი, რამდენიმე მუსლიმი ვაჭარი და შეიხ ალ-ესლამის თანამშრომლები მოვიდნენ. მზის ჩასვლას ნახევარი საათი აკლდა, სასტუმროში რომ დავბრუნდით. ნაზემ ალ-მოლქმა ჰოტელის კარამდე მიგვაცილა და სახლში წავიდა. მე და მირზა ასადოლაჰ ხანმა წიგნების სამკაზმაო დუქანში გავიარეთ და ალბომი ვიყიდეთ. ვახშმის შემდეგ მე და ჰოსეინ ფაშა ხანმა მთვარის შუქზე ქუჩაში გავისეირნეთ. გრაფი ისევ იმ რუსებთან იყო სტუმრად. შუაღამე გადასული იყო, ბაღფანტაზიაშირომ წავიდნენ. მისი დაბრუნება არ გამიგია.
თბილისში - 16 მოჰარამი (16 მაისი), ოთხშაბათი:
დილით ჩემთან საკონსულოს რამდენიმე თანამშრომელი მოვიდა. აყა ჰოსეინ ფაშა ხანთან და გრაფთან ერთად ჰოტელში ვისადილე და ნაშუადღევს ცოტა დავიძინე. საღამოს მე, გრაფი და მირზა დაუდ ხანი წავედით მოჯთაჰედის ბაღში, სადაც შვიდი თვიდან სამოცდაათ წლამდე ასაკის დაახლოებით ორი-სამი ათასი კაცი ირეოდა. მართლაც, რომ არაჩვეულებრივი სანახაობა იყო: ზოგი სეირნობდა, ზოგი იჯდა, ზოგი კი ჩაისა და რაც მის გულს გაეხარდებოდა, იმას მიირთმევდა. სიჩუმეს მხოლოდ ფეხების ხმა და მოთამაშე ბავშვების სიცილი არღვევდა. თან განა რიკ-ტაფელას თამაშობდნენ, რომ ვინმესთვის ან თავი გაეტეხათ, ან თვალი ამოეთხარათ. ერთი საათის დაღამებული იყო, ჩვენ კი ისევ ბაღში ვისხედით და მუსიკას ვუსმენდით. უკანა გზაზე სიგარეტის საყიდლად ჰოტელის ახლოს დუქანში შევედით და სიგარეტის მოსახვევი მანქანა დავათვალიერეთ. ჩარხთან ერთი ბავშვი იჯდა და დღეში 50 000 სიგარეტს ახვევდა. გზაში რომ არ ვყოფილიყავი და დიდი ხარჯი რომ არ მქონოდა, ამ დანადგარს ჩვენი საძმოს ყავახანისთვის ვიყიდიდი. დაახლოებით ორი საათის დაღამებული იყო, როცა მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი ბორჯომიდან დაბრუნდა. იქაური ჰაერითა და სილამაზით უზომოდ აღტაცებული იყო და გული სწყდებოდა, რომ მე წასვლაზე უარი ვთქვი.
თბილისში - 17 მოჰარამი (17 მაისი), ხუთშაბათი:
დილით გრაფი მოვიდა და წამიყვანა თავის ოთახში, რომელიც ჰოტელის უკანა ეზოს გადაჰყურებდა. იქ ერთ არდებილელ თურქ კაცუნას მოეტანა ყუთი და ტომარა, რომელშიც გველი ჰყავდა. გველი თამაშობდა და უსტვენდა. ჰოტელის სტუმრები კარებთან იდგნენ და მათ უყურებდნენ. ძალიან სასაცილო კაცუნა იყო. რაღაცას მღეროდა და თავისი წარმოდგენით ასე შვიდი-რვა მანეთი შეაგროვა.
დღისით მის აღმატებულება ნასერ ალ-მოლქთან და გრაფთან ერთად ცხელი წყლის აბანოში წავედი. კარგად ვიბანავეთ და სახლში დავბრუნდით. მე, საწყალს, ეს აბანო აშკარად არ მომიხდა: ორჯერ ვიყავი და ფეხები და წელი ამტკივდა და ცუდად გავხდი. სადილის შემდეგ აყა ჰოსეინ ფაშა ხანის ოთახში კარგად გამოვიძინე. მზის ჩასვლისთვის გავიღვიძე და მიუხედავად იმისა, რომ შეუძლოდ ვიყავი, ცოტა ხანი ქუჩაში გავისეირნეთ. მერე ჰოტელის სასადილოში შევედით და სხვა საღამოებთან შედარებით უფრო ადრე ვივახშმეთ. უკვე დანაყრებული ვიყავით, რომ მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი მოვიდა და ნაზემ ალ-მოლქის გამოგზავნილი დიდი ქვაბი კარგი ირანული ფლავი მოგვიტანა. ისევ დავსხედით და ვახშამი განვაგრძეთ, მერე კი დასაძინებლად წავედით.
თბილისში - 18 მოჰარამი (18 მაისი), პარასკევი:
დილით აყა ჰოსეინ ფაშა ხანთან და გრაფთან ერთად ნესა ხანუმის ვაჟთან მირზა ასადოლაჰ ხანთან წავედი. ერთ საათში უკან დავბრუნდით და სასადილოში ვისადილეთ. აყა ჰოსეინ ფაშა ხანის ოთახში ვისვენებდით, როცა საშინლად აღელვებული ნასერ ალ-მოლქი შემოვიდა. ხელში სამეფო კარის მინისტრის მისი აღმატებულება ჰაქიმ ალ-მოლქის ტელეგრამა ეჭირა. შაჰის ბრძანებით ის საზღვარზე უნდა წასულიყო და გაეკონტროლებინა, რომ სამეფო კორტეჟის ჩამობრძანებასთან დაკავშირებით რუსებს გზაზე საფოსტო სადგურებში დაახლოებით 5000 საფოსტო ცხენი და ეტლი მოემზადებინათ. ძალიან შეწუხებული იყო, რადგან ჯერჯერობით არც ცხენები ჩანდა და არც ეტლი. ჰოტელის ტელეფონით საკონსულოს დაუკავშირდა და სასწრაფოდ ნაზემ ალ-მოლქი გამოიძახა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ნაზემ ალ-მოლქი და საკონსულოს ერთი თანამშრომელი რუსების ფოსტის უფროსთან წავიდნენ, რომ იქნებ როგორმე დაეყოლიებინათ. ცოტა ხანში უარით დაბრუნდნენ. მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი საშინლად აღშფოთდა. ამასობაში თავად ფოსტის უფროსის თანაშემწე მოვიდა და ბოდიში მოგვიხადა. მისმა აღმატებულებამ მას თხოვნა გაუმეორა და უთხრა: “ვიცი, რომ რუსეთში გამოგზავნილი მითითების თანახმად, მე ბაქოდან სამეფო ამალა, ცხენი და კალიასკა მეკუთვნის. ჩემი ფადიშაჰის ბრძანება რადაც არ უნდა დამიჯდეს, უნდა შევასრულო და ცხენი და ეტლი რომც ვერ ვიშოვო, დანიშნულების ადგილზე ფეხით ჩავალ. რადგან თქვენი სტუმარი ვარ, უმორჩილესად გთხოვთ, ჩემ გამგზავრებასთან დაკავშირებით რაიმე იღონოთ”. ფოსტის უფროსის თანაშემწე ცოტა ხანი ჩაფიქრდა, ოთახში გაიარ-გამოიარა და თქვა: “შემიძლია, ბრძანება გავცე, რომ თითოეულ ფოსტის სადგურზე ოთხი ცხენი დაგახვედრონ, მაგრამ მათი ქირის ფული თქვენ უნდა გადაიხადოთ და ეტლიც თვითონ უნდა შეიძინოთ”. მიუხედავად იმისა, რომ მან თხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა, მისმა აღმატებულება ნასერ ალ-მოლქმა დიდი მადლობა გადაუხადა და გასამგზავრებლად მზადება დაიწყო. რადგან კავკასიის მთელი გზები თავისი ტრანსპორტით მირზა ასადოლაჰ ხანს ეკუთვნოდა, ნასერ ალ-მოლქმა მისი იქ ყოფნით ისარგებლა და კალიასკა სთხოვა. როგორც აღმოჩნდა, თბილისიდან სასაზღვრო სადგურ აღსთაფამდე და უკან 90 ვერსი იყო, მას კი ცხენები არ ჰყავდა, მაგრამ მზად იყო, ცარიელი ეტლი მოეცა. შეთანხმდნენ, რომ ეტლს თბილისის რკინიგზის სადგურიდან საბარგო მატარებლით გაგზავნიდნენ და აღსთაფაში, სადაც გზა იყოფა, ცხენებს შეაბამდნენ.
რადგან თბილისში ყოფნისგან საკმაოდ გაბეზრებული ვიყავი და თან ძალიან მინდოდა, რომ მისი უდიდებულესობა შაჰისთვის თაყვანი მეცა და მისი უმაღლესობა სადრ ა‘ზამი და სხვა კოლეგები მენახა, მის აღმატებულება ნასერ ალ-მოლქს მასთან ერთად გამგზავრების ნებართვა ვთხოვე. დიდი სიამოვნებით დამთანხმდა. [ჩემი გადაწყვეტილება] გრაფს შევატყობინე. ტანსაცმლის ჩანთა და სხვა ნივთები, რომლებიც თან მიგვქონდა, შეკრა და დიდ სკივრში ჩააწყო. გასაღები საკონსულოს თანამშრომელს, ერთ ძალიან კარგ ახალგაზრდა კაცს მირზა ქერიმ ხანს მივეცი და ვუთხარი, რომ შევატყობინებდი, სად უნდა გამოეგზავნა.
საღამოს 9 საათზე მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი, ნაზემ ალ-მოლქი, საკონსულოს თანამშრომლები, აყა ჰოსეინ ფაშა ხანი, გრაფი, ასადოლაჰ ხანი და ფოსტის უფროსის თანაშემწე, რომელიც ჩვენს გასაცილებლად მოვიდა, ჰოტელ “ორიანტიდან” გამოვედით და რკინიგზის სადგურში წავედით. კალიასკა, რომლითაც აღსთაფადან უნდა გვემგზავრა, საბარგო მატარებელზე დადეს. ბილეთები ვიყიდეთ და თანამგზავრებს დავემშვიდობეთ. მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი, მისი მსახური სოჰრაბ ბეგი, ნესა ხანუმის თანაშემწე ებრაჰიმ ბეგი (რადგან სამგზავრო ეტლი მათი საკუთრება იყო, ჩვენთან ერთად წამოვიდა) და თქვენი მონა- მორჩილი მატარებელში ჩავსხედით. ათის ნახევარზე ლოკომოტივმა დაიკივლა და მატარებელი დაიძრა...
თბილისში ჩასვლა - 28 მოჰარამი (28 მაისი), ორშაბათი:
სამეფო ამალის თანხლებით თბილისში შევედით. რკინიგზის სადგურზე [მატარებლიდან] გადმოვედით და სპეციალურად შაჰის კორტეჟისთვის მომზადებული საუცხოო დროშკებით სახლისკენ წავედით. მართლაც, რომ მეფური პატივით მიგვიღეს. სადგურიდან კავკასიის მთავარმართებლის სასახლემდე, რომელიც მისი უდიდებულესობის საცხოვრებლად იყო განკუთვნილი, გზის ორსავე მხარეს სამხედროები და სკოლის მოწაფეები იდგნენ. ქალაქის მოსახლეობა უკანა რიგებში და სახლების აივნებზე გამოფენილიყო და რაღაცას ყვიროდა. “ურას” ძახილმა საშინლად გამაღიზიანა. როგორც გრაფმა მითხრა, ნევროზი მქონდა. ორ-სამ ადგილას აღმართულ ტრიუმფალურ თაღზე მისი უდიდებულესობა შაჰის პატივსაცემად ლომისა და მზის გერბიანი დროშები ეკიდა.
მთავარმართებლის შენობასთან მისი უდიდებულესობა ეტლიდან გადმოვიდა და დიდი ზარ-ზეიმით კიბეზე ავედით. ერთ დარბაზში მეჰმანდარმა ადმირალმა დაახლოებით 100 კაცი წარმოგვიდგინა. მისმა ბრწყინვალება შეიხ ალ-ესლამმა მშვენიერი სპარსულით ბრწყინვალე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა, რომელსაც მისმა უდიდებულესობამ ფეხზე დამდგარმა მოუსმინა. ამის მერე დასასვენებლად და სადილისთვის მოსამზადებლად შედარებით პატარა ოთახში გადავედით. მისი უმაღლესობა სადრ ა‘ზამისა და რამდენიმე მსახურის, მათ შორის, აბდარის და ყაჰვეჩის გარდა, ყველანი ჰოტელ “ორიანტში” დაგვაბინავეს. ჰოტელის გზაზე მე და გრაფი სამხედრო მინისტრს მთავარსარდალ მირზა ქერიმ ხან ფირუზქუჰის შევხვდით, რომელიც ბაქოდან ახალი ჩამოსული იყო. ვერ გეტყვით, ისე გამიხარდა მისი დანახვა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მასთან ერთად ჩემი საძმოს წევრი სართიფი ჰაშემ ხანიც ჩამოსულიყო. ისინი მის უმაღლესობა სადრ ა‘ზამთან წავიდნენ, ჩვენ კი ჰოტელში მივედით, ხელ-პირი დავიბანეთ და სადილისთვის მოვემზადეთ. სადილი მთავარმართებლის სასახლეში ერთ ძალიან დიდ და ლამაზ ოთახში გაეწყოთ. ოთახი ირანულ ყაიდაზე ნაძერწობებით და სარკეებით იყო მორთული. კარ-ფანჯრებში ძველი ირანული წესისამებრ პატარა ფერადი მინები ჩაესვათ. მაგიდები გაშლილი დაგვხვდა. ვისადილეთ და ჰოტელში დავბრუნდით.
ერთი საათის შემდეგ ჩემთან სტუმრად მოსულ მის აღმატებულება მოვასაყ ად-დოულესთან ერთად ცხელი წყლის აბანოში წავედი. ცოტა ხანში მისი უმაღლესობა სადრ ა‘ზამი და მისი აღმატებულება კარის მინისტრი მხლებლებთან ერთად მოვიდნენ. ერთ და ორკაციანი ნომრები ავიღეთ. აბანოდან საღამოხანს გამოვედით და მის უდიდებულესობა შაჰს ვეახლეთ. სასახლის აივანზე ორი-სამი პოლკი გამწკრივებულიყო. ძალიან კარგი სანახაობა იყო. დღეს მთელმა თბილისმა ამ ქუჩაზე მოიყარა თავი. შენობის წინ უამრავი ხალხი ირეოდა. ერთ ოთახში კაზაკები მღეროდნენ და ცეკვავდნენ. მეორე ოთახში 50 კაცი რუსულ ხალხურ საკრავზე უკრავდა. მათი ინსტრუმენტი ზომით პატარა ირანულ სეთარსა და დიდ ვიოლონჩელოს შორის იყო. ორი ჩვეულებრივი და ერთი თეთრი სიმი ჰქონდა. თითით უკრავდნენ. მის უდიდებულესობას ძალიან მოეწონა. მოსაღამოვდა. რადგან ვახშამი არ მინდოდა, მის უმაღლესობას დავეთხოვე და ჰოტელში დავბრუნდი. მისმა აღმატებულება მთავარსარდალმა თეირანიდან ჩემთვის გამოგზავნილი ქაღალდები გადმომცა. 43 კონვერტი იყო და ფურცლების უმრავლესობაზე ორივე მხრიდან ეწერა. ტანსაცმელი გავიხადე. აყა ჰოსეინ ფაშა ხანი, რომელიც დანიშნულების ადგილზე ჯერ არ გამგზავრებულიყო და ისევ ამ ჰოტელში და იმავე ოთახში ცხოვრობდა და საკონსულოს თანამშრომელი მირზა დაუდ ხანი, რომელიც წინა ჩამოსვლის დროს გავიცანი, საუბარში იყვნენ გართული. მე წერილების კითხვას შევუდექი. ღამის პირველი საათისთვის მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი მიღებიდან დაბრუნდა, ვახშმის ამბები დაწვრილებით მოგვიყვა და წავიდა. აყა ჰოსეინ ფაშა ხანი დაძინებამდე ჩემთან იყო.
თბილისში - 29 მოჰარამი (29 მაისი), სამშაბათი:
დილით მისი უდიდებულესობა შაჰი აბანოში წაბრძანდა. სადილად მთავარმართებლის სასახლეში წავედით და ისევ იმ ოთახში ვისადილეთ. ნასადილევს მისმა უმაღლესობა სადრ ა‘ზამმა გვითხრა, რომ ამ საღამოს მისი უდიდებულესობა თეატრში იყო დაპატიჟებული და ჩვენ ვახშამზე და თეატრში ოფიციალური ტანსაცმლით უნდა გამოვცხადებულიყავით. სახლში დაბრუნების შემდეგ ჩემთან ოთახში მისი აღმატებულება მთავარსარდალი შემოვიდა და ერთმანეთს ტანსაცმლის შერჩევაში დავეხმარეთ. ამასობაში მოვიდა ქეთაბჩი ხანის ვაჟი, რომელიც თეირანიდან პარიზში მიემგზავრებოდა. მზის ჩასვლისთვის საპარადე ფორმაში გამოვეწყვე. სირმაშემოვლებული ტანსაცმელი პირველად მეცვა. სარკეში ჩავიხედე და გამეცინა. გული დამწყდა, რომ ჩემი თეირანელი მეგობრები აქ არ იყვნენ, რომ ყველას ერთად გაგვეცინა. მის აღმატებულება მოვასაყ ად- დოულესთან ერთად მთავარმართებლის სასახლეში წავედი. სტუმრებსაც და მასპინძლებსაც, ყველას ოფიციალური ტანსაცმელი ეცვა. ვახშმის მერე მისი უდიდებულესობის ამალასთან ერთად დროშკებში ჩავსხედით და თეატრში წავედით. ჩვენთვის განკუთვნილ მდიდრულ ლოჟებში დავსხედით. სპექტაკლი ეხებოდა ასი წლის წინანდელ რუსეთ-ოსმალეთის ომს, რომელშიც რუსებმა გაიმარჯვეს. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი სანახაობა იყო. სპექტაკლის შემდეგ ისევ დროშკებში ჩავსხედით. მე და მისი აღმატებულება ნასერ ალ-მოლქი ჰოტელში ერთად დავბრუნდით.
თეატრიდან რომ გამოვდიოდით, მირზა დაუდ ხანს ვთხოვე, სასტუმროში მოსულიყო და ბარგის ჩალაგებაში დამხმარებოდა (ზოგიერთები და, მათ შორის, თქვენი მონა-მორჩილი ხვალ დილით მივემგზავრებით, რადგან სასტუმროებში ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ხოლო მისმა უდიდებულესობა შაჰმა ზეგამდე ინება დარჩენა). მე, აყა ჰოსეინ ფაშა ხანმა და გრაფმა ცოტა ხანი ვისაუბრეთ და მერე დავიძინეთ.
თბილისიდან მლეთასკენ - 1318 წლის 1 საფარი (1900 წლის 31 მაისი), ოთხშაბათი:
დილით ჩვეულებრივზე ცოტა ადრე გავიღვიძე და ტანსაცმელი ჩავიცვი. აყა ჰოსეინ ფაშა ხანს, მირზა ასადოლაჰ ხანს და საკონსულოს თანამშრომლებს დავემშვიდობე და გრაფთან ერთად დროშკაში ჩავჯექი. დანარჩენები ჩვენს ერთ-ერთ მეჰმანდარ პოლკოვნიკ ბილიკთან და ადმირალთან ერთად დროშკებში და კალიასკებში ჩასხდნენ. თბილისის ქუჩები გავიარეთ და გზას გავუდექით. ძალიან კარგი ამინდი იდგა. პირველი სადგურიდან, სადაც ცხენები გამოვცვალეთ, აღმართი დაიწყო. მწვანეში ჩაფლული გზა დაბალ ტყეში მიდიოდა. რაც უფრო წინ მივიწევდით, მიდამო უფრო ლამაზი და ჰაერი უფრო სასიამოვნო ხდებოდა. ეს გზა, ცხენები, კალიასკა და მათი მართვის უფლება აწ განსვენებული მირზა მოჰამად ალი ხან ყაფარის ცოლს, ცნობილ ნესა ხანუმს ეკუთვნის. თითო კალიასკაში ოთხ-ოთხი ცხენია შებმული და ყველა მათგანი რუსულია. თეირანში ასეთი ცხენები წყვილი 700-800 თუმანი ღირს. ნაკლები ფასი არც აქ აქვს და ამაზე უკეთესები გაცილებით უფრო ძვირიც ღირს. ეს გზა მეცნიერების უკანასკნელი მიღწევების შესაბამისად არის აშენებული. როგორც პოლკოვნიკმა გვითხრა, ყოველ 100 ზარ‘ზე მხოლოდ 3 ზარ‘ი აღმართ-დაღმართი თუ იქნება. ცხენები ძალიან სწრაფად მიაჭენებდნენ. სადამდეც თვალი სწვდებოდა, ყველგან მდინარეები, მინდვრები, ტყით დაფარული მთები და მთის კალთებზე შეფენილი ლამაზი სოფლები მოჩანდა. აქაურობა ისეთი მშვენიერი იყო, რომ კაცი ინატრებდა, ნეტა შემეძლოს, წელიწადში სამი თვით მაინც თეირანიდან აქ დასასვენებლად ჩამოვიდეო. ნაშუადღევს პირველ საათზე ერთ სადგურში გავჩერდით და ძალიან ნოყიერად ვისადილეთ. სადილის შემდეგ სანი‘ ად-დოულეს თხოვნით ფოტოები გადავიღეთ. მერე ისევ ეტლებში ჩავსხედით და გზა განვაგრძეთ. აქაურ მდინარეებზე, სოფლებზე, გზაზე და ჩანჩქერებზე რა მოგახსენოთ?! მათი ხელთუქმნელი სილამაზე მართლაც რომ ენით აუწერელია. ღმერთმა ყველას მისცეს აქაურობის ნახვის ბედნიერება. გზაში მის აღმატებულება მთავარსარდალს ვთხოვე, რომ გრაფი მათ კალიასკაში გადასულიყო, ჰაშემ ხანი კი ერთი საათით ჩემს დროშკაში ჩამჯდარიყო. ასეც მოვიქეცით. ლამაზად ცრიდა. იქაურობით ვტკბებოდით და შორს დარჩენილ ჩვენს საყვარელ ადამიანებსა და ძმებს13 ვიხსენებდით. მზის ჩასვლას ერთი საათი აკლდა, რომ მივედით სადგურ მლეთაში, სადაც ღამე უნდა გაგვეტარებინა. ძალიან კარგი ადგილი იყო. მლეთა მთებში მივარდნილი სადგური არ გეგონოთ. აქაურობა ისეა მოწყობილი, რომ ირანის შაჰინშაჰი და ოცამდე მინისტრი თავისუფლად შეძლებენ ღამის გათენებას. ჩვენ კი თეირანში ერთი სასტუმროც კი არა გვაქვს, სადაც შარჟდაფერი14, რომელსაც ჯერ ბინა არ უქირავებია, ერთ-ორ ღამეს გაატარებდა. მოთმინება იქონიე, ღმერთმა ქნას, აშენდება! კეთილმოწყობილ სასადილოში ჩაი დავლიეთ და პოლკოვნიკმა ჩემი ოთახის სანახავად წამიყვანა. ცოტა დავისვენეთ. ერთი საათის შემდეგ სასადილოში კარგად ვივახშმეთ და დავიძინეთ.
მლეთადან ვლადიკავკაზისკენ - 2 საფარი (1 ივნისი), ხუთშაბათი:
დილით ჩაის შემდეგ ყველანი კალიასკებსა და დროშკებში ჩავსხედით და ვლადიკავკაზისკენ გავემართეთ. რაც უფრო წინ მივიწევდით, გზა სულ უფრო ლამაზი და სასიამოვნო ხდებოდა. ერთ ადგილას, საიდანაც მთისკენ მიმავალი გზა მოჩანს, ქვის აუზი იყო აშენებული. აუზიდან ბოთლის სისქის შხეფები დაახლოებით ხუთი-ექვსი ზარ‘ის მანძილზე იფრქვეოდა. ამ მოულოდნელი სანახაობისგან ენით აუწერელი სიამოვნება მივიღე. ვინატრე, ნეტავ შემეძლოს, რომ მთელ ჩემს მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ამ მოგზაურობაში ასე მაკლია, ამ აუზის პირას დავჯდე, ჩაი დავლიო და ნარგილე მოვწიო-მეთქი (ნეტა, იმ სიხშირით, რაც მე მათ ვიხსენებ, ერთ კაცს მაინც თუ ვაგონდები თეირანში?!). თანდათან ავედით გზის უმაღლეს წერტილში, რომელიც ზღვის დონიდან დაახლოებით 9000 ფუტზეა. გზაზე თოვლი იდო და ძალიან ციოდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეჩის ჩექმები გვეცვა, გრაფის პლედში ვიყავით გახვეულები და ფეხებზე დროშკის ტყავი გვეფარა, მაინც ვკანკალებდით. აქ ისეთი სიცივეა, რომ თოვლი მთელი წელი არ დნება. ნელ-ნელა დაღმართზე დავეშვით. სადილად სადგურ ყაზბეგში გავჩერდით. სადგურში მშვენიერი სასტუმროა, საიდანაც ყაზბეგის მთა მოჩანს. მას მეორენაირად ყაფის მთასაც15 ეძახიან. სასტუმროს წინ ძალიან ლამაზი ქვის პატარა საყახანეა16, რომელიც იმპერატრიცას სახელზეა აშენებული. ამბობენ, რომ საყახანე აქ ადრეც იყო და ერთხელ, როცა მისი უდიდებულესობა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზის კორტეჟმა აქ გაიარა, იმპერატრიცამ წყალი დალია და ბრძანა, რომ შენობა მის სახელზე მოერთოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა ნაგებობაა, ეს სამუშაოები 10000 მანეთი ანუ 5000 თუმანი დაჯდა. არ ვიცი გავცივდი თუ რა დამემართა, მაგრამ თავს შეუძლოდ ვგრძნობდი. სადილზე უარი ვთქვი და სანამ ჩემი მეგობრები სადილობდნენ, ერთ-ერთ ოთახში ავედი და დაახლოებით ერთი საათი დავიძინე. როცა გამგზავრების დრო მოვიდა, გრაფმა გამაღვიძა და გზა განვაგრძეთ.
შენიშვნები
1. ლეგენდა შეიხ სანაანზე, რომელმაც რუმელი ქრისტიანი ქალის სიყვარულით უარყო ისლამი და გაქრისტიანდა, ფართოდ იყო გავრცელებული აღმოსავლეთში. ჩამოყალიბდა ამ ამბის საქართველოსთან დაკავშირებული ლოკალური ვერსიაც, რომელშიც შეცვლილია არა მარტო გეოგრაფიული არეალი (მოქმედება რუმიდან საქართველოშია გადმოტანილი), არამედ ამბის ბოლოც: თუ სპარსულ ვერსიაში შეიხ სანაანი ისლამს დაუბრუნდა, თბილისურ ვერსიაში იგი ქრისტიანად დარჩა, მეტიც, დიდი სასულიერო მოღვაწე მამა დავით გარეჯელი გახდა და იგი მამადავითის ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.
2. შიიტური ტრადიციით, შაჰრ ბანუ იყო სპარსეთის მეფე იეზდიგერდ III-ის ქალიშვილი, რომელიც ცოლად შეირთო მესამე იმამმა ჰუსეინმა. შაჰრ ბანუს აკლდამა მდებარეობდა ძველ ქალაქ რეიში, თეირანის სამხრეთით.
3. რეი მონღოლების შემოსევების დროს დაინგრა. სეფიანთა მმართველობის ხანაში მის მიდამოებში ქალაქი თეირანი აშენდა.
4. სოფელი თეირანის ახლოს.
5. რინდი მოქეიფე, თავაშვებულ კაცს ნიშნავს. აღმოსავლეთში ასე ეძახდნენ თავისუფლებისმოყვარე ადამიანებს, რომლებიც არ ეპუებოდნენ შარიათით დაწესებულ ნორმებს, დადიოდნენ სამიკიტნოებში და დროს ღვინის სმაში, ლექსების კითხვასა და სუფიურ საუბრებში ატარებდნენ. ამ შემთხვევაში ავტორი მოქეიფეებს გულისხმობს.
6. სასტუმრო „ორიანტი“ ფუნქციონირებდა 1895 წლიდან რუსთაველის პროსპექტის # 9-ში. საბჭოთა წლებში მასში სასტუმრო „ინტურისტი“, ხოლო 1977 წლიდან მხატვრის სახლი გაიხსნა. 1991 წელს სამოქალაქო ომის დროს შენობა მთლიანად განადგურდა (დ. ხოშტარია, თბილისი. ძველი სასტუმროები, 60-64).
7. იგულისხმება იმპერატორ ნიკოლოზ II-ის მეუღლე ალექსანდრა. მისი დღეობა აღინიშნებოდა წმ. მოწამე ალექსანდრას ხსენების დღეს, 23 აპრილს, რაც ახალი სტილით 6 მაისს შეესაბამება.
8. ბიბლიის მიხედვით, აბრაამმა (ებრაჰიმმა) მსხვერპლად ისააკი შესწირა, მაგრამ ყურანის ბევრი კომენტატორი და თანამედროვე მუსლიმური ტრადიცია ამტკიცებს, რომ „თვინიერ ყრმაში“ (37:99) არა ისააკი, არამედ ისმაილი იგულისხმება.
9. იგულისხმება წმ. ალექსანდრე ნეველის ტაძარი, რომელიც იდგა ახლანდელი პარლამენტის შენობის წინა კორპუსის ადგილას. აიგო 1871-1889 წლებში, დაანგრიეს საბჭოთა პერიოდში.
10. ავტორი ხმარობს ირანულ გამოთქმას „mashtigari kardan“, რაც ძვირფასი ტანსაცმლის ტარებით ან საქვეყნოდ ფულის ხარჯვით საკუთარი სიმდიდრის დემონსტრირებას ნიშნავს.
11. „ფანტაზია“ იყო ბაღი-რესტორანი დაახლოებით ახლანდელი ზოოპარკის ტერიტორიაზე, მდ. ვერეს პირას. 1890-1900-იან წლებში აქ ხშირად იკრიბებოდა სანადიმოდ ქართველი თავადაზნაურობა,
12. იგულისხმება საფი ალიშაჰი ანუ ჰაჯი მირზა მოჰამად ჰასან ესფაჰანი (1251-1316), რომელიც ცნობილი სუფი შეიხი იყო. საფი ალიშაჰი ავტორია მრავალი წიგნისა, რომელთა შორის გამორჩეული ადგილი მის ლექსად დაწერილ ყურანის კომენტარებს უკავია.
13. იგულისხმება საძმოს წევრები.
14. ფრ. chargé d’affaires – დიპლომატიური წარმომადგენლობის დროებითი ხელმძღვანელი, რწმუნებული.
15. ყაფის მთა მუსლიმური წარმოდგენებით არის მითიური მთა, რომელიც დედამიწას გარს ერტყმის. მეორე მხრივ, იგივე მუსლიმური ტრადიცია მას კავკასიის მთიანეთს უკავშირებს. ეს ორგვარი გაგება ტერმინისა შუა საუკუნეების არაბულ-სპარსულ წერილობით წყაროებშიც არის ასახული (დაწვრილებით იხ.: გ.წერეთელი, „შაპურის წარწერის kpy TWR’”, აღმოსავლური ფილოლოგია, 3, თბილისი, 1973, 47-56). ყაჯართა პერიოდის ირანელი მოგზაურები ამ სახელით, ძირითადად, ყაზბეგის მთას მოიხსენიებენ.
16. პატარა წყლის საცავი, საიდანაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წყლის დალევა.
მოამზადეს მარინა ალექსიძემ (თარგმანი, კომენტარები) და გრიგოლ ბერაძემ (რედაქტირება, კომენტარები)

Комментариев нет:

Отправить комментарий