ჩერჩილის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ ოპერაცია „ტორჩის“ მომზადება სწრაფი ტემპით წავიდა და სექტემბერ-ოქტომბრის განმავლობაში დასრულდა კიდეც. ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეთა შეიარაღებული ნაწილების გადასხმის საბოლოო ვადად დადგენილ იქნა 1942 წ. 7 ნოემბერი. ოპერაციას წინ უძღოდა ინგლისელთა გადასვლა შეტევაზე ეგვიპტეში. 1942 წ. 23 ოქტომბერს გენ. ბერნარდ მონტგომერის მე-8 არმიამ დაიწყო გერმანული პოზიციების იერიში ელ-ალამეინთან და ორკვირიანი ბრძოლების შემდეგ გაარღვია ფრონტი. გერმანულმა ნაწილებმა ფელდმარშალ ერვინ ფონ რომელის სარდლობით დაიწყეს უკანდახევა დასავლეთისაკენ. ეს იყო მოკავშირეთა პირველი დიდი გამარჯვება გერმანელებზე. 1942 წ. 7-8 ნოემბრის ღამეს კი კასაბლანკის, ალჟირისა და ორანის მახლობლად გადასხმულ იქნა ინგლის-ამერიკის დესანტი და ოპერაცია „ტორჩიც“ დაიწყო. იყო თუ არა ჩრდილოეთ აფრიკაში საბრძოლო მოქმედებების დაწყება სრულფასოვანი მეორე ფრონტის გახსნა? შეიძლება ითქვას, რომარა, რადგანაც აქ ორივე მხრიდან ჩაბმული იყო მეორე მსოფლიო ომის მასშტაბებისათვის შედარებით უმნიშვნელო ძალები. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან დიდი გავლენა იქონია ომის მთელ მსვლელობაზე. ოპერაცია „ტორჩის“ მნიშვნელობის შესაფასებლად საჭიროა, გაანალიზებულ იქნას მისი განხორციელების დროისათვის შექმნილი სამხედრო და პოლიტიკური ვითარება.
1942 წ. პირველი ნახევრის განმავლობაში გერმანელებმა და იტალიელებმა სასტიკი მარცხი აგემეს ინგლისელებს ლიბიაში და დაემუქრნენ ალექსანდრიას. ინგლისელები დადგნენ ეგვიპტის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე, ეს კი საშიშროებას შეუქმნიდა მთელ მახლობელ აღმოსავლეთს. ამასთან იაპონიაც განაგრძობდა წინსვლას წყნარ ოკეანეში. ამ დროისათვის იაპონიის ხელში გადავიდა ფილიპინები, ინდონეზია, სინგაპური და ბირმა. იაპონელები გავიდნენ ინდოეთის საზღვარზე, მაგრამ შემდგომი განმტკიცება თავისი წარმატებებისა უკვე ვეღარ შეძლეს.
ასეთ სიტუაციაში საჭირო იყო ინგლის-ამერიკის გაერთიანებული ძალებით გერმანიისათვის მასირებული დარტყმის მიყენება. რასაკვირველია, წარმატების შემთხვევაში ყველაზე ეფექტური იქნებოდა დიდი ძალებით შეჭრა ჩრდილოეთ საფრანგეთში, მაგრამ 1942წ. ამის გაკეთება შეუძლებელი იყო. ერთადერთი, რაც მოხერხდებოდა, ეს იყო შეზღუდული სახით ოპერაციის ჩატარება („სლეჯჰამერი“) პლაცდარმის სახით რომელიმე ფრანგული პორტის დასაკავებლად, შემდგომ კი ამ პლაცდარმის თანდათანობით გაფართოება. მაგრამ 1942წ. 19 აგვისტოს დიეპის რეიდის მარცხმა1 აჩვენა ასეთი იდეის უპერსპექტივობა. აღსანიშნავია, რომ თვით დ. ეიზენჰაუერიც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომხრე იყო ჩრდილოეთ საფრანგეთში ოპერაციის განხორციელებისა და რომელმაც 1942წ. 22 ივლისს, როდესაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ევროპაში ოპერაციის გადავადების შესახებ, „ისტორიის ყველაზე შავი დღე“ უწოდა,2 იძულებული იქნა ეღიარებინა მისი ოპონენტების სიმართლე ამ საკითხის შეფასებაში. უფრო მეტიც, მისი ცნობით, ამერიკელთა შტაბში თანდათან გამოიკვეთა აზრი, რომ საკუთრივ დიდ ოპერაციასაც (დასავლეთ ევროპაში) წარმატების შანსი არ ექნებოდა 1943წ. ბოლომდე და რადგანაც წლის ბოლოს ლა-მანშის ფორსირება ძალიან დიდ რისკთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მისი ჩატარება უნდა გადადებულიყო 1944წ. გაზაფხულისათვის. ამავე დროს უმოქმედობაც არ შეიძლება. არსებულ სიტუაციაში შეიძლებოდა განხილულიყო მოკავშირეთა შესაძლო მოქმედების 5 ვარიანტი: 1) მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების გადასხმა საფრანგეთის ჩრდილოეთ აფრიკაში; 2) მხოლოდ ამერიკული ძალებით შეჭრა მაროკოში; 3) ინგლისურ-ამერიკული სადესანტო ოპერაციის ჩატარება ნორვეგიაში; 4) ეგვიპტის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება; 5) ირანის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცება. ამ ვარიანტებიდან ყველაზე მიმზიდველი, რა თქმა უნდა, პირველი იყო.
1. 1942წ. 19 აგვისტოს ქ. დიეპის მახლობლად გადასხმულ იქნა მოკავშირეთა დესანტი, რომელიც შედგებოდა დაახლოებით 6 ათ. ინგლისელი და კანადელი ჯარისკაცისაგან. მედესანტეებმა დაიკავეს ქალაქი და 24 საათის განმავლობაში შეძლეს მისი შენარჩუნება, რის შემდეგაც ისინი ისევ ინგლისში დააბრუნეს. ოპერაციის შედეგად დაიღუპა მასში მონაწილე პირადი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
2. საბჭოთა მკვლევარმა ი. უნდასინოვმა რატომღაც განაცხადა, რომ ეიზენჰაუერის ეს სიტყვები ეხებოდა 24 ივლისს, აფრიკაში შეჭრაზე გადაწყვეტილების მიღების დღეს, რითაც მნიშვნელოვნად შეცვალა ამერიკელი გენერლის სიტყვების კონტექსტი. არადა, დ. ეიზენჰაუერი უბრალოდ წინააღმდეგი იყო ლა-მანშის ფორსირების გადადების, რადგანაც ეს გამოიწვევდა, მისი აზრით, ომის გაჭიანურებას. რაც შეეხება „ტორჩს“, ეიზენჰაუერს არასოდეს არ მიუჩნევია ის უსარგებლო ოპერაციად, პირიქით, აღნიშნა კიდეც მისი უდავო პლუსები, რაზეც ქვემოთ გვექნება მსჯელობა.
სამხედრო თვალსაზრისით, „ტორჩის“ ჩატარება გამართლებული იყო, რადგანაც ჩრდილოეთ აფრიკაში ღერძის ქვეყნებს შედარებით მცირერიცხოვანი ძალები ჰყავდათ, რომლებიც მე-8 ბრიტანული არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ჩრდილოეთ აფრიკის აღების შემთხვევაში მოკავშირეები ფაქტობრივად შექმნიდნენ პლაცდარმს სამხრეთ ევროპაში შესაჭრელად, რის შედეგადაც იტალია უშუალო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა. ამასთან, ეს ყველანაირ საფრთხეს მოუხსნიდა მახლობელ აღმოსავლეთს. ხმელთაშუა ზღვაში მოკავშირეთა ერთადერთი დასაყრდენის _ კ. მალტის მდგომარეობაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდებოდა. ამასთან, შესაძლებელი გახდებოდა ხმელთაშუა ზღვის, როგორც სატრანსპორტო არტერიის გამოყენება, რაც მოკავშირეებს შეუმცირებდა ტონაჟთან დაკავშირებულ პრობლემებს. გარდა ამისა, „ტორჩის“ განხორციელების სასარგებლოდ არსებობდა კიდევ ერთი, ფრიად მნიშვნელოვანი არგუმენტი, რომლის შესახებაც ინგლის-აშშ-ს დიპლომატია დუმილს ამჯობინებდა. ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარების შემდეგ მოკავშირეები შესძლებდნენ ბრძოლის გაგრძელებას და საბოლოო გამარჯვებაზე ფიქრს გერმანიის მიერ საბჭოთა კავშირის განადგურების შემთხვევაშიც. ჩვენი აზრით, სწორედ ეს მომენტი იყო ჩერჩილისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ მას არსად ღიად არ განუცხადებია ამის შესახებ, ის, უეჭველია, ითვალისწინებდა მოვლენების ასეთი განვითარების შესაძლებლობას. ასე რომ, სულაც არ არის გამორიცხული, ამ ფაქტორმა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ჩერჩილის ესოდენ დიდი დაინტერესება ჩრდილოაფრიკული ოპერაციით.
„ტორჩის“ დაგეგმვისას, გარდა საკუთრივ სამხედრო მომენტებისა, გასათვალისწინებელი იყო პოლიტიკური ასპექტებიც: პირველ რიგში, როგორი დამოკიდებულება ექნებოდათ მოკავშირეთა მიმართ ფრანგებს, რომელთა პოზიციას ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა, ვინაიდან გადასხმა უნდა მომხდარიყო ფრანგული კოლონიების ტერიტორიაზე. კერძოდ, გაურკვეველი იყო, თუ როგორ მოიქცეოდნენ იქ განლაგებული ფრანგული ნაწილები, რომლებიც ვიშის მთავრობას ემორჩილებოდნენ. მათ საკმაოდ სერიოზული პრობლემების შექმნა შეეძლოთ მოკავშირეებისათვის, მით უმეტეს, რომ ფრანგებში საკმაოდ ძლიერი იყო ანტიინგლისური განწყობილებები, რაც მარს-ელ-ქაბირსა და დაქარში ფრანგული ფლოტის წინააღმდეგ 1940წ. ივლისსა და სექტემბერში ინგლისური ესკადრების მიერ განხორციელებული აქციებით იყო გამოწვეული.1 ამიტომ გადაწყდა, რომ ოპერაცია ჩატარებულიყო ამერიკული დროშის ქვეშ და სარდლობაც პირველ ეტაპზე ამერიკელებისაგან ყოფილიყო დაკომპლექტებული.
1. 1940წ. 3 ივლისს ინგლისური ფლოტი თავს დაესხა მარს-ელ-ქაბირთან რეიდზე მდგარ ფრანგულ ხომალდებს და გაანადგურა მათი დიდი ნაწილი, 9 ივლისს იგივე განმეორდა დაქარში. ამ აქციების მიზანი იყო, თავიდან აეცილებინათ ფრანგული ფლოტის გერმანელთა ხელში მოხვედრა. არადა, ვიშის მთავრობის თავდაცვის მინისტრმა და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ადმირალმა ჟ. დარლანმა აღუთქვა ბრიტანელებს, რომ არ დაუშვებდა თავისი ხომალდების გადასვლას გერმანელების ხელში. ბუნებრივია, ამ აქციის შემდეგ ვიშისტებში გაძლიერდა ანტიინგლისური განწყობილებები. გარდა ამისა, 23-25 სექტემბერს გენერალმა შარლ დე გოლმა _ მოძრაობა „თავისუფალი საფრანგეთის“ ლიდერმა ინგლისური ესკადრის დახმარებით სცადა დაქარის აღება, მაგრამ უშედეგოდ.
მოკავშირეებს იმედი ჰქონდათ, რომ ასეთ შემთხვევაში ფრანგები მათ მხოლოდ მოჩვენებით წინააღმდეგობას გაუწევდნენ. ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა მოკავშირეებისათვის, რადგანაც აფრიკაში განლაგებულ ფრანგულ ძალებს შეეძლოთ, შეეფერხებინათ ოპერაციის მსვლელობა. ადგილობრივი ფრანგი მეთაურების უმრავლესობა მარშალ პეტენს ემორჩილებოდა და მხოლოდ მცირე ნაწილი გადავიდა მოკავშირეთა მხარეს ოპერაციის დაწყებისთანავე. უარყოფითი იყო მათი დამოკიდებულება გენ. შარლ დე გოლის მიმართაც. ამერიკელებმა გადაწყვიტეს, მოეძებნათ ისეთი პიროვნება, რომელიც შეძლებდა ფრანგული ნაწილების მოკავშირეთა ბანაკში გადმოყვანას. ასეთად მიჩნეულ იქნა გენერალი ანრი ჟირო, მაგრამ მათი პროგნოზები მცდარი აღმოჩნდა. 8 ნოემბერს, ოპერაციის დაწყების დღეს, ფრანგებმა მხოლოდ ალჟირის მახლობლად არ გაუწიეს წინააღმდეგობა მოკავშირეებს, სხვაგან კი გააფთრებული ბრძოლები გაჩაღდა. გენ. ჟირომ 9 ნოემბერს რადიოთი უბრძანა ფრანგულ ნაწილებს შეეწყვიტათ ცეცხლი, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია. ყოველივე ამას თან დაერთო ისიც, რომ ვიშის მთავრობის ეროვნული თავდაცვის და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, პეტენის მემკვიდრედ აღიარებული ჟ. დარლანი ოპერაციის დაწყების მომენტში ალჟირში აღმოჩნდა.1 გენ. მ. კლარკმა, რომელიც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ფრანგ სამხედროებთან, დაადგინა, რომ ისინი წინააღმდეგობას შეწყვეტდნენ და მოკავშირეთა მხარეს გადავიდოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიიღებდნენ დარლანის ბრძანებას. ამ გარემოებამ და კიდევ მოკავშირეთა სურვილმა, ხელთ ეგდოთ ფრანგული ფლოტის დარჩენილი ნაწილი, რომელიც განლაგებული იყო ტულონსა და დაქარში, აიძულა ეიზენჰაუერი, დაეწყო მოლაპარაკებები დარლანთან.2
1. დარლანის ალჟირში აღმოჩენის მიზეზი იყო მისი შვილის მძიმე ავადმყოფობა, მაგრამ არის ერთი ასპექტი, რომელიც იპყრობს ყურადღებას: 1940-1942 წლების განმავლობაში დარლანი იყო ვიშის მთავრობის ერთადერთი წარმომადგენელი, რომელთანაც ჯერ ინგლისელები, ხოლო მარს-ელ-ქაბირისა და დაქარის მოვლენების შემდეგ ამერიკელები, აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს და რომელიც აქტიურად მიდიოდა მათთან კონტაქტზე (დარლანის ერთ-ერთი მეკავშირე იყო სწორედ მისი ვაჟი ალენი. უფრო მეტიც, 1942წ. ოქტომბერში მან განუცხადა ამერიკელებს, რომ გერმანელებისაგან მოსალოდნელი იყო ფრანგული ჩრდილოეთ აფრიკის ოკუპირება და დაჰპირდა მათ, სათანადო დახმარების შემთხვევაში, ფლოტის გადარჩენას. 17 ოქტომბერს კი რ. მერფიმ მიიღო ნებართვა, მოლაპარაკებოდა დარლანს და შეეთავაზებინა მისთვის ჟიროსთან თანამშრომლობა. მართალია, არ არსებობს დამადასტურებელი საბუთები, რომ აღნიშნული შეხვედრა მართლაც შედგა, მაგრამ ყოველივე ეს იძლევა სერიოზული დაეჭვების საფუძველს. ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ ცხადია: დარლანმა იცოდა მოკავშირეთა ოპერაციის განხორციელების ვადების მოახლოების შესახებ და, შესაძლოა, შეუთანხმდა კიდეც ამერიკელებს მათ მხარეზე გადასვლის შესახებ ფრანგული ადმინისტრაციის მეთაურის პოსტის სანაცვლოდ.
2. ჩერჩილის დაინტერესება ფრანგული ფლოტით იმდენად დიდი იყო, რომ მან შესაძლებლად ჩათვალა დარლანთან მორიგება და განაცხადა: „გააკეთეთ ყველაფერი.., ოღონდ ხელთ იგდეთ ფრანგული ფლოტი“.
10 ნოემბერს მოკავშირეებმა აიღეს ორანი და ამავე დღეს დარლანმა უბრძანა ფრანგ მეთაურებს, შეეწყვიტათ ცეცხლი. პეტენმა ეს ბრძანება ძალადაკარგულად გამოაცხადა და გადააყენა დარლანი. ამასობაში მოვიდა ცნობა, რომ გერმანელები შევიდნენ სამხრეთ საფრანგეთში. მაშინ დარლანმა განაცხადა, რომ რაკი გერმანელებმა დაარღვიეს 1940წ. დაზავების პირობები, ის მზად იყო ეთანამშრომლა ამერიკელებთან. 13 ნოემბერს დარლანსა და მოკავშირეებს შორის დაიდო შეთანხმება სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. დარლანი დათანხმდა, რომ ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში განლაგებული ფრანგული ძალების მთავარსარდლად დანიშნულიყო გენ. ა. ჟირო, ხოლო საკუთრივ ეს ნაწილები ინგლისელთა და ამერიკელთა მხარეზე გადასულიყვნენ. მიღწეული შეთანხმებით, მოკავშირეებმა მიიღეს ფრანგული ტერიტორიების გამოყენებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლება. ამის სანაცვლოდ დარლანი ხდებოდა ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში ფრანგული ადმინისტრაციის მეთაური. ვიშის მთავრობის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების წარმოებამ გამოიწვია უკმაყოფილება როგორც ინგლისში, ისე აშშ-ში და გენ. ეიზენჰაუერი იძულებული გახდა, ახსნა-განმარტებითი ბარათი გაეგზავნა ლონდონსა და ვაშინგტონში. ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობამ ყურად იღო დ. ეიზენჰაუერის არგუმენტები და განაცხადა, რომ დაიცავდნენ ამ შეთანხმებებს, სანამ ფრანგები შეასრულებდნენ იქ მოცემულ პირობებს და არ დასრულდებოდა საომარი მოქმედებები აფრიკაში.
ამრიგად, 13 ნოემბრის შეთანხმებით დასრულდა ოპერაცია „ტორჩის“ პირველი ეტაპი. მოკავშირეები გამაგრდნენ თითქმის მთელ ჩრდილოეთ აფრიკაში, გარდა ტუნისისა. ამით მათ მინიმალური ამოცანა შეასრულეს: დაიკავეს პორტები კასაბლანკასა და ალჟირის შორის და მოახერხეს ფრანგული ნაწილების მომხრობა.1 ამიერიდან მოკავშირეებს უშუალოდ გერმანელთა და იტალიელთა მთლიანად აფრიკის კონტინენტიდან განდევნისათვის უნდა ეზრუნათ. ამისათვის ეიზენჰაუერის ჯარებს უნდა ემოქმედათ შეთანხმებულად გენ. ჰაროლდ ალექსანდერის ნაწილებთან ერთად. გენ. დ. ეიზენჰაუერმა გადაწყვიტა, მიემართა მთელი ძალები ჩრდილოეთ ტუნისის დასაკავებლად. ამ მიზნით მან გააძლიერა გენ. ანდერსონის 1-ლი ინგლისური არმია, რომელსაც ევალებოდა ქალაქების ტუნისისა და ბიზერტას აღება. ამ ოპერაციის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში რომელის არმია ლიბიაში აღმოჩნდებოდა მომწყვდეული და ძალიან სწრაფად განადგურდებოდა. მოკავშირეებმა აიღეს კიდეც რამდენიმე ქალაქი და მიადგნენ ქ. ტუნისის გარეუბანს, მაგრამ ამასობაში გერმანელებმა მოიკრიბეს ძალები და შეაჩერეს ისინი. მოკავშირეები იძულებული გახდნენ, დაეტოვებინათ რამდენიმე პუნქტი. ეიზენჰაუერს იმედი ჰქონდა, რომ დეკემბრის ბოლოს განაახლებდა შეტევას ჩრდილო-აღმოსავლეთ ტუნისის დასაკავებლად, მაგრამ უამინდობამ შეუძლებელი გახადა შემდგომი წინსვლა და მან ოპერაციების ჩატარება გადადო გაზაფხულამდე.
ჩრდილოეთ აფრიკაში მოკავშირეთა წარმატებული გადასხმის შემდეგ ვაშინგტონისა და ლონდონის დიპლომატიური საქმიანობა მთლიანად სამხედრო ოპერაციების ძირითადი მიმართულების განსაზღვრისაკენ იყო მიპყრობილი. სწორედ ამ საკითხს მიეძღვნა ჩერჩილისა და რუზველტის მორიგი შეხვედრა, რომელიც 1943წ. 14 იანვარს დაიწყო კასაბლანკაში. ამ სამიტის მოწვევის იდეა ჯერ კიდევ 1942წ. ნოემბერში გაჩნდა, თუმცა თავდაპირველად რუზველტს სურდა სამი მოკავშირე ქვეყნის _ აშშ, დიდი ბრიტანეთი და სსრკ _ სამხედრო დელეგაციების შეხვედრის მოწყობა და ამისათვის სასურველ ადგილად მას კაირო ან მოსკოვი მიაჩნდა. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ჩერჩილს 26 ნოემბერს დეპეშით აცნობა. ინგლისის პრემიერს საკუთრივ შეხვედრის მოწყობის იდეა მოეწონა, მაგრამ ის არ დააკმაყოფილა დელეგაციების სავარაუდო შემადგენლობის დონემ. მას მიაჩნდა, რომ შეხვედრაზე საბჭოთა მხარე აუცილებლად დააყენებდა ისეთ საკითხებს (1943წ. ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა; რაც შეიძლება მეტი გერმანული დივიზიის დაკავება დასავლეთში და ა.შ.), რომლებზეც ამომწურავი პასუხის გაცემა შტაბების უფროსებს გაუჭირდებოდათ. გარდა ამისა, ჩერჩილმა აცნობა რუზველტს, რომ ყველა მნიშვნელოვან საკითხს საბჭოთა კავშირში წყვეტდა პირადად სტალინი (ამაში ის დარწმუნდა მოსკოვში ვიზიტის დროს _ 1942წ. აგვისტოში), რომელიც მაშინ თითქოს თანახმა იყო ისლანდიაში „დიდი სამეულის“ ლიდერების შეხვედრის მოწყობაზე. თავის საპასუხო წერილში რუზველტმა მოიწონა ჩერჩილის წინადადება და დაასახელა კონფერენციის მოწვევის სავარაუდო ვადა _ იანვრის შუა რიცხვები, ოღონდ მისი ჩატარების სასურველ ადგილად მან მიიჩნია ალჟირი ან სუდანი. აშშ-ს პრეზიდენტმა საბჭოთა ლიდერსაც გაუგზავნა დაახლოებით ამავე შინაარსის წერილი, მაგრამ სტალინმა უარი განაცხადა შეხვედრაში მონაწილეობის მიღებაზე იმ მოტივით, რომ ბრძოლა სტალინგრადთან გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ამდენად სამხედრო მდგომარეობა არ აძლევდა მას ქვეყნის დატოვების საშუალებას. სტალინის უარმა ერთგვარად გაუადვილა რუზველტს და ჩერჩილს კონფერენციისათვის ადგილის შერჩევა. ისინი შეთანხმდნენ, რომ შეხვედრა მოეწყოთ მაროკოში, ქ. კასაბლანკის შემოგარენ ანფაში.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონფერენციის მთავარი მიზანი იყო დასავლეთელ მოკავშირეთა შემდგომი საბრძოლო მოქმედებების მიმართულების განსაზღვრა. სწორედ ამ საკითხს დაეთმო კონფერენციის უდიდესი ნაწილი. მისი განხილვა მოკავშირეთა შტაბების უფროსებმა ჯერ კიდევ 11 იანვარს დაიწყეს, თუმცა გაერთიანებული ინგლისურ-ამერიკული შტაბის პირველი ოფიციალური სხდომა მხოლოდ 14 იანვარს შედგა.1 სხდომა გახსნა გაერთიანებული შტაბის უფროსმა გენ. ჯორჯ მარშალმა, რომელმაც განსახილველად დააყენა ადმირალ ერნესტ კინგის წინადადება, საბოლოოდ განსაზღვრულიყო, თუ მოკავშირეთა რა რესურსები იქნებოდა გამოყოფილი წყნარი ოკეანისა და ევროპის საბრძოლო თეატრებისათვის. კინგს სურდა, რომ რესურსების 70% მოხმარებოდა ევროპას, ხოლო დანარჩენი 30% _ წყნარი ოკეანის აუზში მოქმედ ძალებს, რომლებიც მანამდე მხოლოდ 15%-ს იღებდნენ. ეს წინადადება პრაქტიკულად განხილვის გარეშე იქნა მიღებული და ინგლისელებს მასში ფაქტობრივად არავითარი კორექტივი არ შეუტანიათ, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ავიაციის მარშალ ჩარლზ პორტალის თხოვნას კინგისადმი, განსაზღვრული ყოფილიყო იაპონელების წინააღმდეგ საომარ ოპერაციებში (1943წ.) საჭირო ძალების რაოდენობა, რაც მოკავშირეებს საშუალებას მისცემდა, დაეზუსტებინათ, თუ რა ძალების გამოყენების შესაძლებლობა ექნებოდათ მათ სხვა ფრონტებზე.
1. საკუთრივ ჩერჩილი და რუზველტი შტაბის სხდომებს არ ესწრებოდნენ, მაგრამ იღებდნენ სრულ ინფორმაციას მათი მიმდინარეობის შესახებ.
ამის შემდეგ დილის სხდომა ძირითადად დაეთმო გერმანიის წინააღმდეგ განსახორციელებელი საომარი მოქმედებების მიმართულებათა შესახებ მოკავშირეთა თვალსაზრისის განხილვას. უნდა აღინიშნოს, რომ ინგლისელები ამ საკითხთან დაკავშირებით დებატებისთვის ბევრად უკეთესად აღმოჩნდნენ მომზადებული, ვიდრე ამერიკელები. ბრიტანული შტაბი მთელი შემოდგომის მანძილზე მუშაობდა ამ პრობლემის გარშემო და საბოლოდ ჩამოაყალიბა კიდეც ე.წ. „ხმელთაშუაზღვისპირეთის სტრატეგია“. ინგლისელი სამხედროები თვლიდნენ, რომ ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუ მოკავშირეები, ჩრდილოეთ აფრიკაში საბოლოო გამარჯვების მიღწევის შემდეგ, ძირითად საომარ ოპერაციებს წარმართავდნენ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ხოლო ლა-მანშის ფორსირებას მოახდენდნენ მხოლოდ 1944წ., ისიც იმ შემთხვევაში, თუ გერმანელთა სამხედრო ძლიერება მნიშვნელოვნად იქნებოდაშერყეული. ბრიტანელებს ბოლომდე შეთანხმებული არ ჰქონდათ მხოლოდ ერთი საკითხი: კონკრეტულად რომელ პუნქტზე მიეტანათ პირველი დარტყმა ხმელთაშუა ზღვის რეგიონში _ კ. სარდინიაზე თუ კ. სიცილიაზე.1 უნდა აღინიშნოს, რომ მთელ ამ კონცეფციას სამხედროზე მეტად პოლიტიკური მოსაზრებები ედო საფუძვლად. „ხმელთაშუაზღვისპირა სტრატეგია“ ითვალისწინებდა მეორე ფრონტის ბალკანეთში გახსნას. ჩერჩილს მიაჩნდა, რომ მოკავშირეებს საკმაო დრო ჰქონდათ სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის დასაკავებლად, შემდეგ კი, როდესაც გერმანია უკვე განადგურების პირას იქნებოდა მისული, ისინი განახორციელებდნენ შეტევას საფრანგეთში და ტრიუმფით აიღებდნენ დასავლეთ ევროპას. ამავდროულად ბალკანეთში განლაგებული ძალები წაიწევდნენ ჩრდილოეთისაკენ და არ მისცემდნენ საბჭოთა არმიებს ცენტრალური ევროპის დაკავების შესაძლებლობას. ყოველივე ამის შედეგად მთელი ევროპა ინგლისისა და აშშ-ს სრული კონტროლის ქვეშ აღმოჩნდებოდა. როგორც ვხედავთ, ჩერჩილი საკმაოდ კარგად ხვდებოდა, რომ გერმანიის დამარცხების შემდეგ დაიწყებოდა ბრძოლა საბჭოთა კავშირთან გავლენის სფეროებისათვის, მაგრამ მისი სტრატეგიის სამხედრო უზრუნველყოფა ბევრად უფრო ძნელი საქმე იყო, ვიდრე ლა-მანშის ფორსირება, ეს უკანასკნელი ოპერაცია კი გაცილებით უფრო მეტ სირთულეს შეუქმნიდა გერმანიას სამხედრო თვალსაზრისით, ვიდრე ბალკანეთის ოკუპაცია.
1. ამ ორი ობიექტის გარდა დასახელებული იყო კ. კრეტა, დოდეკანესის კ-ბი (კერძოდ, როდოსი) და კონტინენტური საბერძნეთიც კი, მაგრამ უპირატესობა სწორედ სიცილიას ან სარდინიას ენიჭებოდა.
ინგლისელებისაგან განსხვავებით, ამერიკელები პრაქტიკულად მოუმზადებელნი ჩამოვიდნენ კონფერენციაზე. უფრო მეტიც, დაგეგმვის კომიტეტს ერთიანი აზრიც კი არ გააჩნდა მოკავშირეთა შემდგომ სტრატეგიასთან დაკავშირებით, რაც აღიარა კიდეც ჯ. მარშალმა 7 იანვარს თეთრ სახლში მოწყობილ თათბირზე. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ჯ. მარშალი, საზღვაო ძალების სარდალი ე. კინგი და საჰაერო ძალების სარდალი ჰ. არნოლდი ჩრდილოეთ საფრანგეთში შეჭრის ვარიანტს მიიჩნევდნენ საუკეთესოდ, უკანასკნელ ორს მაინც ხიბლავდა „ხმელთაშუაზღვისპირა სტრატეგია“. ე. კინგს განსაკუთრებით მოსწონდა, რომ ეს გეგმა მოკავშირეებს გამოუთავისუფლებდა დიდი რაოდენობით საზღვაო ტრანსპორტს, რომლის ნაკლებობა განსაკუთრებით იგრძნობოდა ამ პერიოდისათვის,1 ხოლო ჰ. არნოლდისათვის უაღრესად მომხიბვლელი იყო პერსპექტივა, რომ მოკავშირეთა ხელში აღმოჩნდებოდა ფოჯას (იტალია) სამხედრო-საჰაერო ბაზა. ყოველივე ამის შედეგად ჯ. მარშალი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ის სავსებით დარწმუნებული იყო, რომ ომის უსწრაფესად დასრულების საუკეთესო გეგმას წარმოადგენდა ლა-მანშის ფორსირება. მისი აზრით, შეტევითი ოპერაციების წარმოებისას საჭირო იყო ისეთი პუნქტების შერჩევა, სადაც თვითონ მოკავშირეები შესძლებდნენ მაქსიმალურად დიდი რაოდენობის სამხედრო ნაწილების განლაგებას. არადა, ინგლისელები სრულიად საწინააღმდეგო პრინციპით ხელმძღვანელობდნენ. მათი აზრით, შეტევის განხორციელება ჯობდა იქ, სადაც გერმანელებს გაუჭირდებოდათ დიდი ძალების თავმოყრა. სწორედ ამ პათოსით იყო გამსჭვალული ბრიტანეთის იმპერიული შტაბის უფროსის, გენ. ალან ბრუკის მოხსენება, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ ოპერაციები ხმელთაშუაზღვისპირეთში უფრო ეფექტურად შეასუსტებდა გერმანელთა ზეწოლას აღმოსავლეთის ფრონტზე, ვიდრე კონკრეტული შეტევა ჩრდილოეთ საფრანგეთში. მისი აზრით, ამგვარი ოპერაციების შედეგად ღერძის ქვეყნები მუდმივი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდებოდნენ. ბრუკს მიაჩნდა, რომ მათი ჩატარება აიძულებდა იტალიას, გამოსულიყო ომიდან, ხოლო თურქეთს მოკავშირეთა მხარეს დადგომისაკენ უბიძგებდა. გარდა ამისა, აშშ და დიდი ბრიტანეთი მაქსიმალურად უნდა დახმარებოდნენ საბჭოთა კავშირს. ყოველივე ამის განხორციელების შემთხვევაში, ბრუკი არ გამორიცხავდა იმის შესაძლებლობას, რომ გერმანია უკვე 1943წ. შემოდგომაზე აღმოჩნდებოდა სამხედრო კრახის წინაშე, რის შემდეგაც უკვე მოკავშირეები დიდი წინააღმდეგობის გარეშე გადალახავდნენ ლა-მანშს და შეიჭრებოდნენ საფრანგეთში. უფრო მეტიც, მისი თქმით, სულაც არ იყო შეუძლებელი ევროპაში სრული გამარჯვების უკვე 1943 წელს მიღწევა.
1. 1942 წელს მოკავშირეებმა საერთო ჯამში 7790697 ტ. მოცულობის მქონე გემები დაკარგეს, მაშინ როდესაც მათ მხოლოდ 7 მლნ ტ. მოცულობის მქონე ხომალდების აგება მოახერხეს, რამაც კიდევ უფრო გაზარდა წინა წლების დეფიციტი. გარდა ამისა, 1942 წლის განმავლობაში მოქმედი გერმანული წყალქვეშა ნავების რიცხვი 91-დან 212-მდე გაიზარდა და მათი აგების ტემპები ბევრად სჭარბობდა ჩაძირული ნავების რაოდენობას. 1943წ. მარტში მათი რიცხვი უკვე 250-მდე ავიდა.ყოველივე ეს მართლაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა მოკავშირეთათვის და სულაც არ არის გასაკვირი, რომ ისინი 1944წ. მეორე ნახევრამდე განიცდიდნენ სადესანტო ხომალდების ნაკლებობას.
უნდა ითქვას, რომ ალან ბრუკს თავადაც კარგად ესმოდა ამ შესაძლებლობის არარეალურობა. თავის დღიურებში ის წერდა, რომ აღნიშნული განცხადება იყო მხოლოდ ფორმალური დათმობა ჯ. მარშალისადმი, რადგანაც ლონდონში დარწმუნებული იყვნენ, რომ გერმანიის სამხედრო კრახი 1944წ-მდე არ მოხდებოდა. ჩვენი აზრით, ბრუკის ამ განცხადებას კონფერენციის ამერიკელ მონაწილეებზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია, რადგანაც ყველა კარგად გრძნობდა, რომ გერმანიისთვის უკვე 1943წ. ბოლოს მოღება უფრო ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. ჯ. მარშალს მშვენივრად ესმოდა ისიც, რომ ხმელთაშუაზღვისპირეთში ოპერაციების წარმოება შეუძლებელს გახდიდა 1943 წელს „რაუნდაპის“ (ჩრდილოეთ საფრანგეთში შეჭრის კოდური სახელწოდება) განხორციელებას. უფრო მეტიც, საეჭვო ხდებოდა ლა-მანშის ფორსირება 1944წ. გაზაფხულზეც კი. მარშალის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, რომ მოკავშირეები უმოქმედოდ ყოფილიყვნენ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში (აქ ის მხოლოდ ერთ დათმობაზე მიდიოდა, კერძოდ: დასაშვებად თვლიდა სიცილიის აღებას, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა მოკავშირეთა მდგომარეობას საზღვაო ტრანსპორტის მხრივ.), რის სანაცვლოდაც დაეჩქარებინათ მოკავშირეთა ძალების თავმოყრა ბრიტანეთის კ-ბზე, რათა უკვე 1943წ. შემოდგომაზე შეჭრილიყვნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში. ის სულაც არ აპირებდა პოზიციების უბრძოლველად დათმობას. თავისი მოსაზრების დასაცავად მან აგრძნობინა ინგლისელებს, რომ თუ 1943წ. არ მოხდებოდა ლა-მანშის ფორსირება, მაშინ ამერიკელები მთელ ყურადღებას გადაიტანდნენ წყნარი ოკეანის აუზში ჩასატარებელ ოპერაციებზე. ადმირალ კინგის მიერ წარმოდგენილ მოხსენებაში პირდაპირ იყო გაკეთებული აქცენტი ამაზე და აღნიშნული იყო იაპონელებზე მუდმივი ზეწოლის აუცილებლობა, რათა მათ არ მისცემოდათ ინიციატივის კვლავ ხელში ჩაგდების შესაძლებლობა. ამისათვის კი საჭირო იყო მნიშვნელოვანი დამატებითი ძალების გაგზავნა წყნარი ოკეანის აუზში. თავის მხრივ, მარშალმა, ამავე მიზნით, მოითხოვა ბირმაში ოპერაციის ჩატარება (კოდური სახელწოდება „ანაკიმი“). ყოველივე ეს, ინგლისელთა აზრით, ნიშნავდა ტოტალურ ომს წყნარი ოკეანის აუზში, რის შესახებაც ბრუკმა და პორტალმა უმალ განაცხადეს კიდეც. მაშინ კინგმა პირდაპირ ჰკითხა მათ, აპირებდნენ თუ არა ინგლისელები ევროპაში ომის დამთავრების შემდეგ მთელი თავისი რესურსების იაპონიის წინააღმდეგ გამოყენებას. ბრუკმა და პორტალმა დადებითად უპასუხეს ამ კითხვას, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ დაარწმუნეს ამერიკელები, რის გამოც, მოგვიანებით, უკვე თვითონ ჩერჩილს მოუწია ანალოგიური განცხადების გაკეთება. სამაგიეროდ, ამერიკელებს, სულაც არ ჩაუთვლიათ საჭიროდ, შეემცირებინათ წყნარი ოკეანის აუზში საწარმოებელი ოპერაციების არეალი. ამ საკითხის ირგვლივ გაიმართა მწვავე დისკუსია, რომელიც მთელი ოთხი დღე გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, მხარეებმა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება მაინც ვერ მოახერხეს.
შექმნილი სიტუაციიდან თავის დასაღწევად ორივე მოკავშირის დაგეგმვის კომიტეტებმა წარმოადგინეს თავიანთი დოკუმენტები, რომლებიც ერთმანეთისაგან, რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა. ხოლო როდესაც 18 იანვარს მოკავშირეთა გაერთიანებული შტაბი კიდევ ერთხელ შეიკრიბა, ამერიკელებმა საერთოდ განაცხადეს, რომ ბირმის განთავისუფლების ოპერაციას ისინი მთლიანად თავის თავზე აიღებდნენ.1 ინგლისელები იძულებულნი გახდნენ, დათანხმებოდნენ ამ ოპერაციის ჩატარებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს, მათი აზრით, იყო უგულებელყოფა თავად ამერიკელების მიერ წამოყენებული პრინციპისა, რომელიც გულისხმობდა, უპირველეს ყოვლისა, გერმანიის განადგურებას. ამ შემთხვევაში ისმის კითხვა: თუ ყოველივე ეს მართლაც ასე იყო, მაშინ რატომ უჭერდა მხარს ამ ოპერაციას ჯორჯ მარშალი, ზემოაღნიშნული პრინციპის მთავარი სულისჩამდგმელი?! როგორც უკვე ზემოთ ითქვა, გენ. მარშალის ამგვარი პოზიცია განპირობებული იყო მისი სურვილი, ზეწოლა მოეხდინა ინგლისელებზე და იძულებული გაეხადა ისინი, განეხორციელებინათ ლა-მანშის ფორსირება უკვე 1943 წელს. თავდაპირველად ყოველივე ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ კონფერენციის მსვლელობისას გაირკვა, რომ ინგლისელთა სტრატეგიამ ამერიკელთა ბანაკშიც შეიძინა ერთი უაღრესად გავლენიანი, თუ ყველაზე გავლენიანი არა, მომხრე. ეს გახლდათ პრეზიდენტი რუზველტი, რომელიც მოხიბლა ხმელთაშუაზღვისპირეთში იოლი და სწრაფი გამარჯვებისა და იტალიის ომიდან შესაძლო გამოსვლის პერსპექტივებმა. მარშალისათვის ნათელი გახდა, რომ ის ვერ გაუძლებდა ამგვარ დაწოლას. გარდა ამისა, მან მიიღო დ. ეიზენჰაუერის ცნობა, რომ ლა-მანშის ფორსირებისათვის საჭირო იქნებოდა, როგორც მინიმუმ, 12 დივიზია, რაც დაგეგმილზე 2-ჯერ მეტი იყო. გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ ჩრდილოეთ აფრიკაში საბრძოლო მოქმედებების დასრულება მხოლოდ მაისისათვის იყო ნავარაუდები.2 მარშალი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ჩრდილოეთ საფრანგეთში ფართომასშტაბიანი შეჭრა 1943 წელს გამორიცხული იყო. იქმნებოდა საშიშროება, რომ ინგლისელები შეძლებდნენ თავიანთი მიზნის მიღწევას და მეორე ფრონტი საფრანგეთის ნაცვლად ბალკანეთში გაიხსნებოდა. ამიტომ, როგორც ჩანს, მან გადაწყვიტა, მართლაც ჩაეტარებინა ოპერაციები წყნარ ოკეანეში, რაც იქნებოდა იმის გარანტია, რომ მოკავშირეები უბრალოდ ვერ მოახერხებდნენ დიდი ძალებისა და განსაკუთრებით სადესანტო საშუალებების თავმოყრას ხმელთაშუაზღვისპირეთში საბრძოლო მოქმედებების გასაფართოვებლად. ასე რომ, ჩვენი აზრით, საბოლოო ჯამში, მარშალს ამოძრავებდა არა იმდენად ის, რომ დაეთანხმებინა ინგლისელები 1943 წლის განმავლობაში ლა-მანშის ფორსირებაზე, არამედ ამით ის ცდილობდა, როგორმე მიეღწია, რომ ოპერაციის ჩატარება ჩრდილოეთ საფრანგეთში 1944წ. პირველ ნახევარში მაინც ყოფილიყო შესაძლებელი.
1. თავდაპირველად იგულისხმებოდა, რომ ამ ოპერაციის უზრუნველყოფა პირადი შემადგენლობითა და საბრძოლო ხომალდებით უნდა მომხდარიყო ინგლისელების მხრიდან.
2. კითხვაზე, თუ როდის დასრულდებოდა ოპერაციები აფრიკაში, მოკავშირეთა მთავარსარდალმა დ. ეიზენჰაუერმა სავარაუდო თარიღად 15 მაისი დაასახელა, მისმა მოადგილემ _ გენ. ჰ. ალექსანდერმა კი სრული გამარჯვების მიღწევა მხოლოდ მაისის ბოლოსთვის ჩათვალა შესაძლებლად.
19 იანვარს, გაერთიანებულმა შტაბმა, როგორც იქნა, შეათანხმა პოზიციები და რუზველტს და ჩერჩილს წარუდგინა სამახსოვრო ბარათი, რომელშიც ჩამოყალიბებული იყო რეკომენდაციები, თუ როგორ წარმართულიყო ოპერაციები 1943 წელს.1 ამ დოკუმენტით, რომელიც საფუძვლად დაედო გაერთიანებული შტაბის 23 იანვრის მოხსენებას, საჭიროდ იქნა ჩათვლილი სიცილიის დაკავება და ბირმის განთავისუფლების დაწყება. ჩრდილოეთ საფრანგეთში შეჭრა აქ ერთი სიტყვითაც კი არ იყო ნახსენები. როგორც ვხედავთ, მარშალი წავიდა დათმობაზე 1943წ. ლა-მანშის ფორსირების საკითხში, მაგრამ, სამაგიეროდ, მიაღწია წყნარ ოკეანეში საბრძოლო მოქმედებების არეალის გაფართოებას. ყოველივე ეს კი განაპირობებდა იმას, რომ მოკავშირეებს სიცილიის დაკავების შემდეგ კიდევ ერთხელ მოუწევდათ შემდგომი ოპერაციების მიმართულების განსაზღვრა. ეტყობა, მარშალი იმედოვნებდა, რომ მომავალში შესძლებდა ხმელთაშუაზღვისპირა სტრატეგიაზე სრული გამარჯვების მოპოვებას.
19 იანვარს კონფერენციის მუშაობაში ახალი ეტაპი დაიწყო. თუ აქამდე ძირითადად მიმდინარეობდა მოკავშირეთა სტრატეგიის ზოგადი კონტურების განსაზღვრა, ახლა უკვე დაიწყო საკითხების დეტალური განხილვა. სერიოზული კამათი აქ გამოიწვია მხოლოდ პუნქტმა, რომელიც სიცილიის დაკავებას ითვალისწინებდა. ინგლისელი სამხედროების დიდ ნაწილს მიაჩნდა, რომ უფრო უპრიანი იქნებოდა არა სიცილიაზე შეტევის მიტანა, არამედ კ. სარდინიის დაპყრობა, რადგანაც ამის გასაკეთებლად ბევრად უფრო ნაკლები ძალები იქნებოდა საჭირო, ხოლო სტრატეგიული ეფექტი, მათი აზრით, თითქმის იგივე ექნებოდა, რაც სიცილიის დაკავებას. ჩვენი აზრით, საფიქრებელია, რომ ამ დასკვნის გაკეთებისას ისინი უფრო ხელმძღვანელობდნენ ხმელთაშუაზღვისპირა სტრატეგიით, რომლითაც ნავარაუდები იყო საბრძოლო ოპერაციების გადატანა აპენინის ნ-კ-ზე, იტალიის კონტინენტურ ნაწილში. ამ შემთხვევაში მოკავშირეებისათვის მართლაც უმჯობესი იქნებოდა სარდინიის და არა სიცილიის დაკავება, რადგანაც ეს მათ ცენტრალურ იტალიაზე პირდაპირი დარტყმის მიყენების საშუალებას მისცემდა, მაგრამ, აღნიშნულ სიტუაციაში, როდესაც მოკავშირეთა (ყოველ შემთხვევაში, ამერიკელთა მაინც) მთავარ მიზანს წარმოადგენდა არა აპენინის ნ-კ-ზე შეჭრა, არამედ უბრალოდ ხმელთაშუა ზღვის გახსნა, ბევრად უფრო ლოგიკური და მისაღები სწორედ სიცილიის ვარიანტი იყო. საბოლოოდ, ეს კამათი მაინც სიცილიის სასარგებლოდ გადაწყდა, რაც, ერთი მხრივ, განაპირობა მარშალის განცხადებამ, რომ ამერიკელები მზად იქნებოდნენ ამ ოპერაციის 1943წ. ივლისში განხორციელებისათვის, ხოლო, მეორე მხრივ _ ჩერჩილის ჩარევამ. ბრიტანეთის პრემიერმა მხარი დაუჭირა სიცილიის ვარიანტს და გაამაგრა თავისი პოზიცია იმ არგუმენტით, რომ ის დაპირდა სტალინს 1943წ. მეორე ფრონტის გახსნას და რომ ძნელი იქნებოდა ვინმეს დარწმუნება იმაში, თითქოს სარდინიის დაკავება იყო საუკეთესო, რისი გაკეთებაც შეეძლოთ მოკავშირეებს ერთი წლის განმავლობაში. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არგუმენტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც გაუგებარია, თუ რა პრინციპული განსხვავება იყო ამ თვალსაზრისით სიცილიასა და სარდინიას შორის. ჩვენი აზრით, ჩერჩილის მიერ სიცილიური ვარიანტის მხარდაჭერა უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ ეს, მისი აზრით, უფრო საიმედო გზა იყო ხმელთაშუაზღვისპირა სტრატეგიის განსახორციელებლად, რადგანაც სარდინიის დაკავების შემთხვევაში ჩნდებოდა არანაკლები ცდუნება სამხრეთ საფრანგეთში შესაჭრელადაც.
საბოლოოდ, 10-დღიანი დებატების შემდგომ გაერთიანებული შტაბის წევრებმა მიაღწიეს შეთანხმებას ყველა სადავო საკითხზე და 23 იანვარს რუზველტს და ჩერჩილს წარუდგინეს 8 პუნქტისაგან შედგენილი მოხსენება, რომელშიც შეტანილი იყო ყველა ის ღონისძიება, რომელთა განხორციელებაც, სამხედროთა აზრით, მიზანშეწონილი იყო 1943 წელს. აღსანიშნავია, რომ პირველ პუნქტს (ე. ი. უმთავრეს ამოცანას) ამ მოხსენებაში წარმოადგენდა ატლანტიკის ოკეანეში გერმანული წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ეფექტური საბრძოლო მოქმედებების ჩატარება. მე-2 პუნქტი იყო საბჭოთა კავშირისათვის 1943 წელს ომის საწარმოებლად საჭირო რესურსების მიწოდებაზე მიცემული ვალდებულების შესრულება1 და მხოლოდ მე-3 პუნქტი იყო დათმობილი ხმელთაშუაზღვისპირეთში მოკავშირეთა მიერ ჩასატარებელი ოპერაციებისათვის. აქ საუბარი იყო ოპერაცია „ჰასკის“ (სიცილიის დაკავების კოდური სახელწოდება) განხორციელების ვადებზე _ 1943წ. ივლისი; ხელმძღვანელობაზე _ მთავარსარდლად დაინიშნა დ. ეიზენჰაუერი, ხოლო მის მოადგილედ _ ჰ. ალექსანდერი; და ამისთვის საჭირო ძალებზე.
1. აღსანიშნავია, რომ ეს დახმარება უნდა შეწყვეტილიყო იმ შემთხვევაში, თუ მოკავშირეთა გემების დანაკარგი გადააჭარბებდა 2,4% თვეში.
მოხსენების მე-4 პუნქტში ჩამოთვლილი იყო ოპერაციები, რომლებიც უნდა განხორციელებულიყო უშუალოდ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიიდან. უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციაზე ეს საკითხი მაინცდამაინც დეტალურად არ დამუშავებულა. ძირითადად მიმდინარეობდა მისი ზოგადი განხილვა. საბოლოო ჯამში, გადაწყდა, რომ ბრიტანეთის ტერიტორიიდან შესაძლებელი იყო 3 ტიპის ოპერაციის ჩატარება: 1) რეიდები, რომელთა მთავარი დანიშნულება იქნებოდა მოწინააღმდეგესთან საჰაერო ორთაბრძოლების გამართვა და მისთვის ზიანის მიყენება; 2) საფრანგეთის ტერიტორიაზე (კერძოდ, იგულისხმებოდა კოტანტენის ნ-კ-ი) პლაცდარმების დაკავება, მათი შენარჩუნება და მოწინააღმდეგეზე მძლავრი შეტევის მიტანა, თუ მისი მორალური სულისკვეთება დაეცემოდა და ის სათანადო რესურსების გარეშე აღმოჩნდებოდა; და 3) კონტინენტზე გადასხმა გერმანელთა სრული კრახის შემთხვევაში. საინტერესოა, რომ რაიმე კონკრეტული გეგმა ამ ოპერაციების განხორციელებისა მოკავშირეებს არ ჰქონდათ. პრაქტიკულად კასაბლანკაში მიღებულ იქნა ზოგადი ხასიათის გადაწყვეტილებები, რომ გაგრძელებულიყო დაგეგმვა აღნიშნული მიმართულებით. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულმა შტაბმა დაადგინა კოტანტენის ნ-კ-ზე გადასხმის სავარაუდო ვადა _ 1943წ. 1 აგვისტო, მარშალმა და ბრუკმა თავი შეიკავეს მთავარსარდლის დანიშვნისაგან. არადა, დაგეგმვის გაერთიანებული კომიტეტი ამას სასწრაფო საქმედ თვლიდა.
არ იქნა დადგენილი, აგრეთვე, თუ რა ძალები იქნებოდა საჭირო ოპერაციის ჩასატარებლად. გადაწყდა მხოლოდ, რომ დაეწესებინათ მოკავშირეთა ჯარების უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსის პოსტი. აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი მორგანი, რომელსაც უნდა ეხელმძღვანელა ოპერაციის დაგეგმვისა და მომზადებისათვის. ჩვენი აზრით, ყოველივე ეს ამტკიცებს, რომ კასაბლანკაში ამ საკითხის გარშემო მიღებული გადაწყვეტილებები ფორმალურ ხასიათს ატარებდა. შესაძლოა, მოკავშირეებს სურდათ, აეცილებინათ საბჭოთა მხარის მწვავე რეაქცია, რასაც აუცილებლად ექნებოდა ადგილი, თუ ისინი ოფიციალურად იტყოდნენ უარს 1943წ. საფრანგეთში შეჭრაზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სტალინი ამგვარმა გადაწყვეტილებამაც არ დააკმაყოფილა და მან პროტესტით მიმართა ჩერჩილსა და რუზველტს, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი.
გაერთიანებული შტაბის მოხსენების მე-5 პუნქტი დაეთმო იაპონიის წინააღმდეგ განსახორციელებელი ოპერაციების ნუსხას, კერძოდ გადაწყდა: წყნარი ოკეანის აუზში მთელი რიგი კუნძულების დაკავება, ბირმის განთავისუფლება, ჩინეთისათვის დახმარების გაზრდა და იაპონიაზე საჰაერო შეტევის მიტანა.1
1. ამ პროგრამის სრულად შესრულება მოკავშირეებმა ვერ შეძლეს.
მოხსენების დარჩენილ 3 პუნქტში ნაკლებმნიშვნელოვან საკითხებზე იყო გამახვილებული ყურადღება: მე-6 მუხლი ეხებოდა რუმინეთის ნავთობსამრეწველო რაიონების დაბომბვას, რათა ღერძის ქვეყნების ისედაც გაუარესებული მომარაგება ნავთობის მხრივ კიდევ უფრო შემცირებულიყო; მე-7 პუნქტში ჩამოყალიბებული იყო დასავლეთ აფრიკაში განლაგებულ მოკავშირეთა საზღვაო და საჰაერო ძალების ორგანიზაციის ძირითადი პრინციპები, ხოლო მე-8 მუხლით კი განსაზღვრული იყო, რომ თურქეთთან დაკავშირებული ყველა საკითხი უნდა გადაეწყვიტა ინგლისის ხელმძღვანელობას.
აი, ასეთი სახის მოხსენება წარუდგინეს სამხედროებმა რუზველტს და ჩერჩილს, რომლებმაც ყოველგარი ცვლილებების გარეშე დაამტკიცეს ის. ამავე დროს მათ კასაბლანკაში მიღებული გადაწყვეტილებების შინაარსი გააცნეს სტალინსაც, თუმცა ინგლის-აშშ-ს ხელმძღვანელთა მიერ კრემლისათვის მიწოდებული მასალა იმდენად ზოგადი იყო, რომ მან სტალინის ერთგვარი გაღიზიანებაც კი გამოიწვია და საბჭოთა ლიდერმა მოსთხოვა მოკავშირეებს, შეეტყობინებინათ მისთვის, თუ კონკრეტულად რა იყო დასახული 1943წ. ევროპაში მეორე ფრონტის გასახსნელად. სტალინის აღნიშნულ მიმართვაზე პასუხის გაცემა ჩერჩილმა ითავა. მან 9 თებერვალს აცნობა კრემლს, რომ ლა-მანშის ფორსირება დაგეგმილი იყო აგვისტოში, უკიდურეს შემთხვევაში, სექტემბერში. მოცემული ბარათის შედგენისას ბრიტანეთის პრემიერი, რასაკვირველია, დაეყრდნო კასაბლანკაში მიღებული დოკუმენტის მე-4 პუნქტს, რომელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ფორმალურ ხასიათს ატარებდა. ყოველივე ეს ჩერჩილმაც შესანიშნავად იცოდა, მაგრამ მან დაუმალა სრული სიმართლე სტალინს იმის შესახებ, რომ საფრანგეთში შეჭრა პრაქტიკულად 1944 წ-მდე გადაიდო.
საბჭოთა ლიდერის რეაქცია მიღებულ ცნობაზე უარყოფითი გამოდგა. მან მაშინვე პროტესტებით მიმართა რუზველტს და ჩერჩილს იმის გამო, რომ ლა-მანშის ფორსირება მოხდებოდა მხოლოდ 1943 წლის აგვისტო-სექტემბერში და არა გაზაფხულზე, რასაც მას 1942წ. აგვისტოდან ჰპირდებოდნენ. რა თქმა უნდა, სტალინის რეაქცია ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა, მას რომ სრული სიმართლე სცოდნოდა, თუმცა საბჭოთა ლიდერს რაღაც წინათგრძნობა მაინც აწუხებდა. ის ეჭვობდა, რომ მოკავშირეები მას ატყუებდნენ. შესაძლოა, სტალინს ჰქონდა კიდეც რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რეალურად რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული კასაბლანკაში. ყოველ შემთხვევაში, ის არ დაკმაყოფილდა რუზველტისა და ჩერჩილის პასუხებით, რომ მეორე ფრონტის გახსნის აგვისტო-სექტემბრამდე გადავადება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით, კერძოდ: ჩრდილოეთ აფრიკაში საბრძოლო მოქმედებების გაჭიანურებითა და საესკორტო გემების ნაკლებობით. სტალინმა მოკავშირეებს ხელმეორედ გაუგზავნა პროტესტები, თუმცა ამას გარკვეული შედეგი არ მოჰყოლია და ამ თემის განხილვა მათ მიმოწერაში დროებით შეწყდა.
მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციას მხოლოდ სამხედრო საკითხები უნდა განეხილა, რუზველტს და ჩერჩილს დიდი ყურადღების დათმობა მოუხდათ პოლიტიკური პრობლემებისათვის, რომელთა შორის უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ე.წ. „ფრანგების საკითხი„, რომელიც განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც 1942წ. 24 დეკემბერს ალჟირში თავის ოფიციალურ რეზიდენციაში მოკლეს ადმირალი დარლანი.1 ჩრდილოეთ და დასავლეთ აფრიკაში ფრანგული ადმინისტრაციის მეთაურის პოსტი სასწრაფოდ დაიკავა ამერიკელთა კრეატურამ გენ. ა. ჟირომ, თუმცა ინგლისელები შ. დე გოლს ანიჭებდნენ უპირატესობას. ამას ზედ დაერთო სკანდალი, რომელიც გამოიწვია ალჟირის გენერალ-გუბერნატორად მარსელ პეირუტონის (ვიშის მთავრობის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის) დანიშვნამ.2 კასაბლანკაში რუზველტმა და ჩერჩილმა სცადეს, შეეთანხმებინათ ფრანგული ადმინისტრაციის რეორგანიზების საკითხი. ამ მიზნით მაროკოში მიწვეულ იქნენ ჟირო და დე გოლი. ჟირომ უმალ მიიღო მოწვევა და 17 იანვარს უკვე კასაბლანკაში იყო. დე გოლმა კი თავდაპირველად სასტიკი უარი განაცხადა შეხვედროდა ჟიროს მოკავშირეთა ფორუმზე, რადგანაც ეს, მისი აზრით, ყველასათვის ნათელს გახდიდა, რომ ორივე ფრანგი ლიდერი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.3
1. დარლანის მკვლელი ფერნან ბონიე დე ლა შაპელი მეორე დღესვე დახვრიტეს. 1945წ. აღმოჩენილ იქნა ამ საქმესთან დაკავშირებული ახალი საბუთები, რომელთა საფუძველზეც ის სიკვდილის შემდგომ გაამართლეს.
2. აღნიშნული საკითხი დაისვა ჯერ კიდევ დარლანის მკვლელობამ დე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა მხოლოდ 1943 წლის 19 იანვარს. 1943 წლის ბოლოს დე გოლის ბრძანებით პეირუტონი დააპატიმრეს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით, მაგრამ 1948წ. ის გაამართლეს.
3. აღსანიშნავია, რომ დე გოლმა მანამდე არაერთხელ შესთავაზა ჟიროს „ერთი ერთზე“ შეხვედრის მოწყობა, მაგრამ უკანასკნელმა ყოველთვის უარყო „თავისუფალი საფრანგეთის“ ლიდერის წინადადებები.
ამასობაში ჟირო უკვე შეხვდა რუზველტს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა ფრანგული ადმინისტრაციის სათავეში სწორედ ჟიროს ჩაყენება, ხოლო დე გოლი უნდა ყოფილიყო მხოლოდ მეორე თანათავმჯდომარე. მაგრამ ჟიროსთან შეხვედრით აშშ-ს პრეზიდენტი აშკარად უკმაყოფილო დარჩა. მისი ვაჟის ელიოტის ცნობით, რუზველტმა ძალზე უარყოფითად შეაფასა ჟიროს უნარი, გამხდარიყო ფრანგი ხალხის ბელადი.2 მიუხედავად ამისა, აშშ-ს პრეზიდენტს არ სურდა უკან დაეხია და დე გოლის კანდიდატურისათვის მიენიჭებინა უპირატესობა. მას აშკარად აღიზიანებდა დე გოლის სიჯიუტე და მისი უარი კასაბლანკაში ჩამოსვლაზე. არანაკლებ აწუხებდა ეს საკითხი ჩერჩილსაც, რომელსაც ეშინოდა, რომ თუ დე გოლი და ჟირო არ შეთანხმდებოდნენ, ფრანგული ადმინისტრაცია მთლიანად ამერიკელთა გავლენის ქვეშ მყოფი პირებისაგან იქნებოდა დაკომპლექტებული. ამიტომ მან კიდევ ერთხელ მოიწვია „თავისუფალი საფრანგეთის“ ლიდერი მაროკოში და, ამასთან, აცნობა მას, რომ უარის შემთხვევაში ის შეწყვეტდა ამ მოძრაობის მხარდაჭერას, სანამ დე გოლი იქნებოდა ორგანიზაციის მეთაური. გენ. დე გოლი იძულებული გახდა, დათანხმებულიყო მაროკოში გამგზავრებას და 22 იანვარს ის ჩავიდა კასაბლანკაში. იმავე დღეს ის შეხვდა ჟიროს, მაგრამ არავითარი შედეგი მათ პირველ შეხვედრას არ მოჰყოლია. ჟირო ყოველნაირად ცდილობდა, თავი აერიდებინა პოლიტიკურ პრობლემებზე მსჯელობისათვის და აცხადებდა, რომ მას მხოლოდ სამხედრო საკითხები აინტერესებდა.1 ამის შემდეგ დე გოლი შეხვდა ჩერჩილს, რომელმაც წარმოადგინა რუზველტის გეგმის მოდერნიზებული ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ორივე ფრანგი ლიდერი უნდა გამხდარიყო ახალი ადმინისტრაციის თანათავმჯდომარე, რომელთაც თანაბარი უფლებები ექნებოდათ, მაგრამ უმაღლესი სამხედრო სარდალი უნდა ყოფილიყო ჟირო. ჩერჩილის თქმით, ამის მიზეზი იყო ის, რომ ფრანგული ნაწილების შეიარაღება ამერიკელთა მოვალეობას წარმოადგენდა, მათ კი სამხედრო საკითხებზე მხოლოდ ჟიროსთან სურდათ მოლაპარაკება. ამ გეგმის მიხედვით კომიტეტს უნდა ჰყოლოდა კიდევ ერთი თანათავმჯდომარე _ გენ. ჟორჟი, ხოლო მის წევრებს შორის აუცილებლად იქნებოდნენ პეირუტონი, გ. ნოგესი (მაროკოს გენერალ-გუბერნატორი), პ. ბუასონი (დასავლეთ აფრიკის გენერალ-გუბერნატორი) და ბერჟერე. დე გოლს არ მოეწონა ასეთი პერსპექტივა და უარი განაცხადა მასზე.
1. უნდა ითქვას, რომ ჟირო ამ შემთხვევაში სულაც არ თვალთმაქცობდა. ის მართლაც ყოველთვის უარს ამბობდა პოლიტიკური საკითხების განხილვისას არათუ თავისი აზრის გამოთქმაზე, არამედ მათ მოსმენაზეც კი.
იმავე დღეს, ჩერჩილთან შეხვედრის შემდეგ, დე გოლი მიიღო რუზველტმაც, მაგრამ არც ამას მოჰყოლია რაიმე კონკრეტული შედეგი. ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იქცევს ერთი გარემოება, კერძოდ ის, თუ რა ვითარებაში შედგა აღნიშნული შეხვედრა. მიღების ადგილი გარშემორტყმული იყო აშშ-ს საიდუმლო სამსახურის შეიარაღებული აგენტებით. ჰოპკინსის თქმით, ყოველივე ეს მოხდა საკუთრივ საიდუმლო სამსახურის ინიციატივით და გამოწვეული იყო აშშ-ს პრეზიდენტისათვის ყოველგვარი ხიფათის აცილების სურვილით. არადა, რუზველტისა და ჟიროს შეხვედრისას ამერიკელებს ამგვარი სიფრთხილე სულაც არ გამოუჩენიათ. ყოველივე ეს ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ აშშ-ს პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას დე გოლის მიმართ და რამდენად ენდობოდა ამ უკანასკნელს თეთრი სახლი.
საბოლოო ჯამში, დე გოლის მტკიცე პოზიციამ აიძულა რუზველტი და ჩერჩილი უკან დაეხიათ და უარი ეთქვათ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაზე. მიღწეულ იქნა მხოლოდ ზოგადი შეთანხმება მომავალში ერთობლივი ფრანგული კომიტეტის შექმნაზე, მაგრამ მისი ხელმძღვანელობისა და შემადგენლობის საკითხი ღიად დარჩა. ერთადერთი დათმობა, რომელზეც დე გოლი წავიდა, იყო ის, რომ დათანხმდა ფოტორეპორტიორების წინაშე ჟიროსთვის ხელის ჩამორთმევაზე. ეს მოხდა 24 იანვარს მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც ჩერჩილმა და რუზველტმა გააცნეს კორესპონდენტებს კასაბლანკის კონფერენციის შედეგები.
აღნიშნული პრეს-კონფერენცია, თამამად შეიძლება კასაბლანკის სამიტის ერთგვარ კულმინაციად მივიჩნიოთ, ვინაიდან სწორედ მასზე რუზველტის მიერ პირველად იქნა დეკლარირებული ღერძის ქვეყნების „უპირობო კაპიტულაციის“ ფორმულა. აშშ-ს პრეზიდენტს ალბათ არც წარმოედგინა, რომ მისი ეს სიტყვები გახდებოდა დიდი პოლიტიკური და ისტორიოგრაფიული დებატების საგანი. ამასთან, რუზველტს თვითონაც კარგად ესმოდა მის მიერ ჩამოყალიბებული ფორმულის მნიშვნელობა. სწორედ ამიტომ ურჩია მას კორესპონდენტებს კასაბლანკის კონფერენციის „უპირობო კაპიტულაციის კონფერენციად“ მოხსენიება. მართლაც, როგორც მოვლენების შემდგომმა განვითარებამ აჩვენა, უპირობო კაპიტულაციის პრინციპის მიღება იყო კასაბლანკის კონფერენციის ყველაზე დიდი მიღწევა.
აქ საჭიროდ ვთვლით, გავამახვილოთ ყურადღება იმ საკითხზე, თუ როგორ გაჩნდა საერთოდ ტერმინი „უპირობო კაპიტულაცია“ მოკავშირეთა სტრატეგიაში და ვინ უნდა მივიჩნიოთ მის ავტორად. უნდა ითქვას, რომ ერთგვარი გაურკვევლობა ამ საკითხში გამოწვეულია თვით რუზველტისა და ჩერჩილის არცთუ თანმიმდევრული განმარტებებით. კერძოდ, აშშ-ს პრეზიდენტმა რატომღაც განაცხადა, რომ მას სრულიად შემთხვევით წამოსცდა ეს ფრაზა პრეს-კონფერენციაზე. რუზველტის თქმით, მას, ჟიროსა და დე გოლის შეხვედრის გავლენით, გაახსენდა გენერალი გრანტი, რომლის მეტსახელიც იყო „უპირობო კაპიტულაცია“1 და მექანიკურად წარმოთქვა ეს სიტყვები. თავის მხრივ, ჩერჩილმაც განაცხადა, რომ მან პირველად ტერმინი „უპირობო კაპიტულაცია“ გაიგონა მხოლოდ პრეს-კონფერენციის დროს. არადა, დოკუმენტები ცხადყოფენ, რომ აღნიშნული პრინციპი აშშ-ს შტაბების უფროსების კომიტეტს რუზველტმა ჯერ კიდევ 7 იანვარს გააცნო, კასაბლანკის კონფერენციამდე ერთი კვირით ადრე. უფრო მეტიც, სახელმწიფო დეპარტამენტის უშიშროების ქვეკომიტეტმა 1942 წლის ბოლოს განიხილა კიდეც ეს საკითხი და მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნული ფორმულის გამოყენება მხოლოდ გერმანიისა და იაპონიის მიმართ, ხოლო იტალიასთან სასურველად ჩათვალა მოლაპარაკებების წარმოება. ეს გადაწყვეტილება ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ნორმან დევისმა არაოფიციალური რეკომენდაციის სახით ამცნო კიდეც აშშ-ს პრეზიდენტს.
1. გენერალი ულის გრანტი იყო ჩრდილოეთის ჯარების მთავარსარდალი აშშ-ში სამოქალაქო ომის დროს და მისი ინიციალები U. S. – Ulysses Simpson ხშირად იშიფრებოდა, როგორც უპირობო კაპიტულაცია _ Unconditional Surrender.
თავის მხრივ, რუზველტმა და ჩერჩილმა ეს საკითხი კასაბლანკაში განიხილეს, რასაც ადასტურებს ბრიტანეთის პრემიერის 1943 წ. 20 იანვრის მოხსენებითი ბარათი სამხედრო კაბინეტისადმი. აღნიშნულ წერილში ჩერჩილი სთხოვს სამხედრო კაბინეტის წევრებს, გამოთქვან თავისი აზრი აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივ დეკლარაციაზე, რომ ეს ქვეყნები იომებენ მანამ, სანამ გერმანია და იაპონია არ გამოაცხადებენ „უპირობო კაპიტულაციას“. სამხედრო კაბინეტმა მოიწონა ეს იდეა და საპასუხო ბარათში (1943წ. 21 იანვარი) მოითხოვა ამ პრინციპის გავრცელება იტალიაზეც. და ბოლოს, არსებობს კიდევ ერთი საბუთი იმისა, რომ რუზველტის მოქმედება არ იყო სპონტანური. მისი უახლოესი მრჩეველი _ ჰარი ჰოპკინსი თავის ჩანაწერებში აღნიშნავს, რომ პრეს-კონფერენციის დროს პრეზიდენტს ხელში ეჭირა წინასწარ მომზადებული ტექსტი, რომელშიც ნათლად იყო ჩამოყალიბებული მოკავშირეთა მიზანი მეორე მსოფლიო ომში: გერმანიის, იაპონიისა და იტალიის უპირობო კაპიტულაცია და აქვე განმარტებული იყო, რომ ეს ნიშნავდა არა ამ ქვეყნების მოსახლეობის განადგურებას, არამედ სხვა ხალხების დამონების ფილოსოფიური კონცეფციის მოსპობას. ასე რომ, სავსებით ნათელია, რომ „უპირობო კაპიტულაციის“ პრინციპი შეთანხმებული იყო მოკავშირეთა შორის და ის არ წარმოადგენდა შემთხვევით და მოულოდნელად წამოსროლილ ფრაზას, როგორც ამას ამტკიცებდნენ რუზველტი და ჩერჩილი1.
1. თავის მემუარებში ჩერჩილმა აღიარა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის უბრალოდ მეხსიერებამ დააღალატა, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ ასეთი რამ სხვასაც შეემთხვა. კერძოდ, მას მოჰყავს ფაქტი, რომ 1949 წლის 21 ივლისს თემთა პალატის სხდომაზე, ბრიტანეთის იმდროინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ერნესტ ბეოვინმა (მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის სამხედრო კაბინეტის წევრი) გააკეთა ვრცელი ჩამონათვალი პრობლემებისა, რომელიც მას შეექმნა „უპირობო კაპიტულაციის“ პოლიტიკის გამო ომის შემდგომ გერმანიის აღდგენის საქმეში და იქვე განაცხადა, რომ, თავის დროზე, ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია არც მასთან და არც სამხედრო კაბინეტთან არ მომხდარა. ჩერჩილი იხსენებს, რომ მაშინ, სავსებით დარწმუნებულმა თავის სისწორეში, უპასუხა ბევინს, რომ თვითონაც მხოლოდ პრეს-კონფერენციაზე გაიგო აღნიშნული სიტყვები, მაგრამ სახლში მისვლის შემდეგ მან თავის არქივში აღმოაჩინა კასაბლანკის კონფერენციის დროინდელი მიმოწერა და დარწმუნდა როგორც საკუთარ, ისე ბევინის შეცდომაში. საბჭოურ ისტორიოგრაფიაში გაბატონებული თვალსაზრისით „უპირობო კაპიტულაციის“ შესახებ განცხადების გაკეთების მიზანი სწორედ მოსკოვის დამშვიდება იყო.
და მაინც, რით იყო ესოდენ მნიშვნელოვანი „უპირობო კაპიტულაციის“ ფორმულა? მკვლევართა დიდი უმრავლესობა თვლის, რომ ამ პრინციპის გამოცხადებამ დიდი გავლენა მოახდინა ომის შემდგომ მსვლელობაზე. რუზველტმა და ჩერჩილმა მთელ მსოფლიოს უჩვენეს, რომ მოწინააღმდეგეს არ უნდა ჰქონოდა არანაირი შეთანხმების, არავითარი კომპრომისების იმედი. რასაკვირველია, მათი მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება უდავოდ სწორი და მიზანშეწონილი იყო _ ჰიტლერთან და მის დამქაშებთან ნებისმიერი სახის მოლაპარაკების წარმოება უბრალოდ მკრეხელობა იქნებოდა, _ მაგრამ, მიუხედავად ამისა, ამ პრინციპს გამოცხადების დღიდანვე გამოუჩნდა მრავალი ოპონენტი, რომელთა აზრით, აღნიშნული ფორმულის გამოცხადება მხოლოდ გააძლიერებდა გერმანელების, იტალიელებისა და იაპონელების წინააღმდეგობას და გამოიწვევდა ომის გაჭიანურებას. მართალია, კრიტიკოსების დიდ უმრავლესობა შეცდომად თვლიდა არა თვითონ ამ პრინციპს, არამედ მხოლოდ მის საქვეყნოდ გამომზეურებას. ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმის შესაძლებლობას, რომ სწორედ ამ კრიტიკულმა დამოკიდებულებამ გამოიწვია რუზველტის მხრიდან აღნიშნული ფრაზის შემთხვევით წარმოთქმის ვერსიის გავრცელება. არადა, რუზველტს და ჩერჩილს საკმაოდ ბევრი საფუძველი ჰქონდათ „უპირობო კაპიტულაციის“ შესახებ განცხადების გასაკეთებლად: პირველ რიგში, საჭირო იყო სტალინის დარწმუნება იმაში, რომ მოკავშირეები არ დადებდნენ სეპარატულ ზავს ჰიტლერთან და მარტო არ დასტოვებდნენ საბჭოთა კავშირს გერმანიის წინააღმდეგ.1 გარდა ამისა, მოკავშირეებს უნდა დაემტკიცებინათ თავისი ოპონენტებისათვის, რომ „დარლანის საქმის“ მსგავსი კაზუსები არ განმეორდებოდა და ისინი არ წავიდოდნენ შეთანხმებაზე გერინგთან, ჰიმლერთან, თუ რომელიმე სხვა ნაცისტ ლიდერთან.
ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი იყო, მაგრამ, ჩვენი აზრით, შესაძლოა, რომ რუზველტს და ჩერჩილს ამოძრავებდა კიდევ ერთი გარემოება. არ არის გამორიცხული, რომ მათ, თავის მხრივ, ეშინოდათ, რომ მოკავშირეების უმოქმედობით იმედგაცრუებული სტალინი თვითონ დადებდა სეპარატულ ზავს გერმანიასთან. რასაკვირველია, ჩვენ წარმოუდგენლად მიგვაჩნია, რომ საბჭოთა ლიდერი მართლაც გადადგამდა ასეთ ნაბიჯს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ მან პოლიტიკური თვალსაზრისით გამართლებულად ჩათვალა, რათა ეგრძნობინებინა მოკავშირეებისათვის ასეთი პერსპექტივის შესაძლებლობა. იმას, რომ სტალინს მართლაც შეეძლო ამგვარი „შანტაჟის პოლიტიკის“ წარმოება, ადასტურებს ჩერჩილისა და სტალინის საუბარი თეირანში, 1943 წლის ნოემბერში. მაშინ საბჭოთა ლიდერმა განუცხადა ბრიტანეთის პრემიერს, რომ თუ 1944 წლის განმავლობაში არ მოხდებოდა ძირეული ცვლილებები ევროპაში, მაშინ რუსებს ძალიან გაუჭირდებოდათ ომის გაგრძელება. აქვე მან დაუმატა, რომ წითელი არმია გერმანელებს შეუტევდა მხოლოდ მოკავშირეებისაგან დახმარების მიღების შემთხვევაში. შესაძლოა, რაიმე ამგვარ მინიშნებას ადგილი ჰქონდა უფრო ადრეც, კერძოდ: კასაბლანკის კონფერენციამდე რამდენიმე ხნით ადრე. ასე რომ, ნამდვილად არ არის გამორიცხული რუზველტისა და ჩერჩილის მხრიდან ამგვარი გარემოების გათვალისწინება ესოდენ მნიშვნელოვანი განცხადების მომზადების პერიოდში.
ახლა რაც შეეხება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ არ იყო მიზანშეწონილი „უპირობო კაპიტულაციის“ პრინციპის გამოცხადება, რაც ასე პოპულარულია დასავლურ ისტორიოგრაფიაში. მკვლევართა ერთი ნაწილის აზრით, ამ ფორმულის მიღებამ არა მარტო გააჭიანურა ომის მსვლელობა, არამედ დიდი პრობლემები შეუქმნა ინგლისსა და აშშ-ს ომის შემდგომ. მათი ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენლის _ მ. ჰოუარდის თქმით, დასანანი იყო, რომ კასაბლანკაში არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც ურჩევდა რუზველტს და ჩერჩილს მოწინააღმდეგისათვის უკან დასახევი გზის დატოვებას. მისი აზრით, ამ შემთხვევაში მოკავშირეთა ლიდერები უკეთ დაფიქრდებოდნენ, შექმნიდა და თუ არა ტოტალური გამარჯვება მყარ საფუძველს ხანგრძლივი მშვიდობისათვის. ჩვენ ამჯერად არ შევუდგებით „უპირობო კაპიტულაციის“ პრინციპსა და „ცივ ომს“ შორის კავშირის ძიებას და მიგვაჩნია, რომ „ცივ ომს“ ბევრად უფრო ღრმა მიზეზები ჰქონდა, ვიდრე „უპირობო კაპიტულაციის“ ზემოხსენებული პრინციპი.
დასავლურ ისტორიოგრაფიაში საკმაოდ გავრცელებულია, აგრეთვე, შეხედულება რომ „უპირობო კაპიტულაციის“ ფორმულის მიღებამ გააჭიანურა ომის მსვლელობა. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ეს თვალსაზრისი ზემოხსენებული პრინციპის გამოცხადების დღიდანვე გაჩნდა. სხვათა შორის, თავის დროზე ეს საკითხი აწუხებდა საბჭოთა ხელმძღვანელობასაც, რომელსაც, როგორც ჩანს, ერთიანი აზრი არ გააჩნდა ამის შესახებ.1 ასე, მაგალითად: მოკავშირეთა საგარეო საქმეთა უწყებების ხელმძღვანელების მოსკოვის კონფერენციაზე (1943წ. 19-30 ოქტომბერი) ვ. მოლოტოვმა მოითხოვა „უპირობო კაპიტულაციის“ პრინციპის გავრცელება გერმანიის სატელიტებზეც (კერძოდ, მან დაასახელა რუმინეთი, ფინეთი და უნგრეთი), მაგრამ მოგვიანებით სტალინმა (თეირანის კონფერენციაზე) სულ სხვა რამ განაცხადა. რუზველტთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „უპირობო კაპიტულაციის“ პრინციპი ხელს უწყობდა გერმანელების შეკავშირებას, მაშინ როდესაც კონკრეტული, თუნდაც უმკაცრესი პირობების შემუშავება დააჩქარებდა გერმანიის კაპიტულაციას. და მაინც, ჩვენი აზრით, „უპირობო კაპიტულაციის“ პრინციპს პრაქტიკულად არავითარი გავლენა არ მოუხდენია ომის დასრულების ვადებზე, რადგან, ძნელი წარმოსადგენია, რომ ჰიტლერი წასულიყო რაიმე კაპიტულაციაზე საერთოდ. პირიქით, ის უდავოდ გააგრძელებდა ბრძოლას უკანასკნელ ჯარისკაცამდე. იტალია და იაპონია კი დათანხმდნენ უპირობო კაპიტულაციას, თუმცა მათი რესურსები, განსაკუთრებით იაპონიის, სულაც არ იყო ამოწურული. მართალია, ამ ქვეყნებს ძლიერი დარტყმები ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მათ ჯერ კიდევ შეეძლოთ მოკავშირეებისათვის წინააღმდეგობის გაწევა. ასე რომ, აღნიშნული პრინციპის არსებობას სულაც არ მიუცია იმპულსი მათი მხრიდან ბრძოლის გაგრძელებისათვის.
1. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ოფიციალური საბჭოთა დოკუმენტი, რომელშიც გაჩნდა სიტყვები „უპირობო კაპიტულაცია“, დათარიღებულია 1943წ. 1 მაისით, ამ პრინციპის გამოცხადებიდან 4 თვის შემდეგ.
კასაბლანკის კონფერენციამ მუშაობა დაასრულა 1943 წ. 24 იანვარს, თებერვალში კი მოკავშირეებს მძიმე ბრძოლების წარმოება მოუწიათ ტუნისში. გერმანელებმა ძლიერი კონტრშეტევა წამოიწყეს და დროებით წარმატებებსაც მიაღწიეს, მაგრამ ინგლისელებისა და ამერიკელების ძლიერი წინააღმდეგობის შედეგად მათ თვის ბოლოსათვის ძველ პოზიციებზე მოუწიათ უკანდახევა. 20 მარტს კი გენ. ბერნარდ მონტგომერის მე-8 არმია გადავიდა იერიშზე, გაარღვია მოწინააღმდეგის თავდაცვა მარეტის ხაზზე და შეუერთდა გენ. ჯორჯ პატონის მე-2 კორპუსს. ამიერიდან მოკავშირეთა ყველა ძალები ერთიან ფრონტად იყო შეკრული. 23 აპრილს ისინი მთელი ფრონტით გადავიდნენ შეტევაზე და 7 მაისისათვის აიღეს ტუნისი და ბიზერტა. 12 მაისს გერმანელებმა (გენ. ფონ არნიმის მეთაურობით) და 13 მაისს იტალიელებმა (მთავარსარდალი _ ფელდმარშალი მესე) ხელი მოაწერეს კაპიტულაციას და დანებდნენ მოკავშირეებს. 20 მაისს ტუნისში შედგა აღლუმი, რომლითაც საზეიმოდ აღინიშნა აფრიკიდან ღერძის ქვეყნების ჯარების განდევნა.
ამრიგად, ტუნისის აღებით დასრულდა მოკავშირეთა პირველი ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაცია გერმანელების წინააღმდეგ მეორე მსოფლიო ომში. ამ გამარჯვებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა თანაფარდობა დაპირისპირებულ მხარეებს შორის. თუ ადრე გერმანელებს მხოლოდ საბჭოთა კავშირთან უხდებოდათ ფართო მასშტაბის სახმელეთო ბრძოლების წარმოება და საკუთარი ზურგის შიში აღარ ჰქონდათ, ახლა მათ უკვე სერიოზულად უნდა ეფიქრათ დასავლეთ და სამხრეთ ევროპის დაცვის გაძლიერებაზე, რადგანაც აშკარა იყო, რომ მიღწეული წარმატებით მოკავშირეები არ დაკმაყოფილდებოდნენ და ინიციატივას ხელიდან არ გაუშვებდნენ. სულ უფრო ნათელი ხდებოდა, რომ გერმანელებს ახლა დაპყრობილი ტერიტორიების შენარჩუნებაზე უნდა ეზრუნათ და არა მათ გაფართოებაზე. გარდა ამისა, უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ევროპაში გერმანიის მთავარი მოკავშირე _ იტალია. განცდილი მარცხის შედეგად იტალიამ დაჰკარგა ყველა თავისი სამფლობელო აფრიკაში. იტალიის არმიის საუკეთესი ნაწილები განადგურდნენ ან მოკავშირეებს დანებდნენ. დარჩენილი შენაერთების მორალური დონე ძალზე დაბალი იყო. გართულდა მდგომარეობა ქვეყნის შიგნითაც. გაჩნდა საფრთხე, რომ იტალია საერთოდ შეწყვეტდა ბრძოლას. ბერლინში უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ რა ზომები მიეღოთ იტალიის ომიდან გამოსვლის შემთხვევაში. გარდა ამისა, ვერმახტის ხელმძღვანელობაში საკმაოდ დიდი გავრცელება ჰპოვა იმ აზრმა, რომ მოკავშირეები აპირებდნენ სადესანტო ოპერაციის განხორციელებას ბალკანეთში. ამასთან, ჯერ კიდევ რჩებოდა იმის საშიშროება, რომ ინგლისელები და ამერიკელები გადალახავდნენ ლა-მანშს 1943წ. ყოველივე ეს აიძულებდა გერმანიის სარდლობას, ეფიქრა დამატებითი ძალების გადასროლაზე ევროპის სამხრეთსა და დასავლეთში.
ავტორი: თეიმურაზ პაპასქირი
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3
წყარო: https://sites.google.com/site/tpapaskiri/teimurazpapaskiri%27spublications3
Комментариев нет:
Отправить комментарий