понедельник, 13 сентября 2021 г.

ევროპული წერილობითი წყაროები საქართველო-ეგვიპტის ურთიერთობისა და იერუსალიმელი ქართველების შესახებ XIII-XV საუკუნეებში (ე. მამისთვალიშვილი)

სტატიაში მოხმობილი და გაანალიზებულია მხოლოდ ახალი, ჩვენი ისტორიოგრაფიისათვის უცნობი რამდენიმე ცნობა, ამოკრებილი ევროპელი ავტორების ნაშრომებიდან. მას შემდეგ, რაც ჯვარის მონასტერი რამდენიმე ათწლიანი „ტყვეობიდან“ განთავისუფლდა და საქართველო-ეგვიპტეს შორის დიპლომატიური ურთიერთობა მოწესრიგდა, გაუმჯობესდა ქართველი ბერმონაზვნების მდგომარეობა იერუსალიმში. სულთან ან ნასირ მუჰამედის მიერ ქართველი მეფის, გიორგი ბრწყინვალისადმი ანგარიშის გაწევის და პიპა ქვენიფნევლის კაიროში ელჩობის შედეგი უნდა ყოფილიყო, 1322 წელს პილიგრიმმა სიმონ დე სიმომენისმა და მისმა თანმხლებმა მორჩილმა ძმამ, უფლის საფლავის ტაძარში ორი ქართველი მორწმუნე რომ იხილეს1. ეს ფაქტი იყო იმის მაუწყებელი, რომ ჯვრის მონასტერში მეჩეთის არსებობა შეწყდა და ჯვრის მონასტრის ფუნქციის აღდგენასთან ერთად ქართველი სასულიერონი გამოჩდნენ სხვა ქრისტიანულ სიწმინდეებშიც. ამავე წელს ავგუსტინელმა ბერმა ჯაკომო ვერონელმა უფლის საფლავის ეკლესიაში ნახა სამი ქართველი, რომელთა ხელში იყო ამ ტაძრის გასაღებები2. მათ ტაძარში შესვლის მოსურნე მომლოცველებისათვის დააწესეს გადასახადი ერთი ვენეციური ოქროს მონეტა3. „ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღები და ისინი დიდძალი ფულისთვისაც არ შეელევიან საფლავის ქვის უმცირეს ნატეხსაც კი“, აღნიშნავდა გერმანელი პილიგრიმი ლუდოლფ ზუდჰაიმი 1347 წელს4. სხვა ცნობით, ქრისტეს წმ. საფლავის გასაღები, ქართველების ხელში იყო და ეკლესიაში მისული მლოცველისაგან ვენეციურ ფულს მოითხოვდნენ თუ ისინი სამრეკლოში შესვლას მოისურვებდნენ5. მაგრამ გვაქვს ფრანცისკანელი პილიგრიმის ნიკოლო პოჯიბონსის 1347 წლის ცნობა, რომლის მიხედვით, უფლის საფლავის ნიშის გასაღებები მუსლიმანი დამცველების ხელში იყო6.

1. The Peaceful Liberation of the Holy Places in the XIV Century.III - Franciscan Chronology of the Four Shrines (1333 - 1517). 3 - The Church of the Holy Sepulchre http://www.christusrex.org/www2/liberation/III-3.html. იმავე წელს არაგონის მეფემ იმავე სულთნისგან მიიღო ნებართვა, თორმეტი დომინიკანელი ბერის უფლის საფლავის ტაძარში ცხოვრების შესახებ. არაგონელი დომინიკანელი ბერები 1323 წელს ჩავიდნენ იერუსალიმში, მაგრამ მძიმე პირობებს ვერ გაუძლეს და შემდგომ, 1324 დატოვეს წმინდა ქალაქი და სამშობლოში დაბრუნდნენ. Iბიდემ..
2. ქართველები, რომ წმინდა საფლავის გასაღებებს ფლობდნენ, რენე ჟანენი (ქართველები იერუსალიმში // რელიგია, #10, 1992, გვ. 11) ამისათვის იმოწმებს არქივეს დე ლ’ორიენტ ლატინ, ტ. II, II-ეპარტიე, პ. 354.
3. იქვე. გ. ფერაძე იცნობდა ჯაკომო (იაკობ) ვერონელის ჩანაწერებს და საქართველოს და იერუსალიმელი ქართველების სხვა ტაძრებში ყოფნის შესახებ ცნობები ამოკრებილიც აქვს, მაგრამ იმაზე, რაც ზემოთ ითქვა, არაფერს ამბობს. ფერაძე გრ., უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ. გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი და დამატებითი შენიშვნები დაურთო გ. ჯაფარიძემ, თბ., 1995, გვ. 36-37.
4. The Peaceful Liberation of the Holy Places in the XIV Century.III - Franciscan Chronology of the Four Shrines (1333 - 1517); ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, III, გვ. 23; ფერაძე გრ., უცხოელ პილიგრიმთა ცნობები..., გვ. 37.
5. ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში, III, გვ. 23.
6. The Peaceful Liberation of the Holy Places in the XIV Century.III - Franciscan Chronology of the Four Shrines (1333 - 1517).

ერთ-ერთი ანონიმი რუსი პილიგრიმის გადმოცემით, უფლის საფლავის ეკლესიაში ოთხი ლათინი და ოთხი ქართველი ბერი გალობით ეგებებოდნენ მომლოცველებს ეკლესიის კარებში და მიუძღვებოდნენ საფლავის ნიშისაკენ. ამის შემდეგ ისინი აწყობდნენ მსვლელობას და ყველა სიწმინდის წინ ჩერდებოდნენ1.
ეგვიპტის სახელმწიფოს საქართველოსადმი კეთილი ნების დემონსტრირების მაჩვენებელია მამლუქების სახელმწიფო კანცელარიის მიერ სულთან ან ნასირ მუჰამედის (1309-1341) რამდენიმე დოკუმენტის შექმნა2.
იერუსალიმის მართლმადიდებლური საპატრიარქოში დაცული ორი დოკუმენტი გვიჩვენებს იერუსალიმის ქართული თემის სამართლებრივ და უფლებრივ მდგომარეობას. პირველი დოკუმენტიდან ჩანს, როგორ იყენებდნენ ქართველი სასულირო ძმობა და საერო პირები სულთნისა და სახელმწიფო მოხელეების მიერ მიცემულ დოკუმენტებს თავიანთი უფლებების დასაცავად. ეს არის საქმის მოსმენის ოქმი სასამართლოში. საქმის მოსმენა გაიმართა 1358 წლის 26 მარტს. ოქმის მიხედვით, ღაზას გუბერნატორმა, რომელსაც იერუსალიმი ექვემდებარებოდა, 6 მარტს გამოსცა ბრძანება ქართული თემის მდგომარეობის შემოწმების შესახებ. ქართველებს საშუალება მიეცათ გამოეთქვათ თავიანთი მოსაზრება აღნიშნული შემოწმების გამო, მაგრამ არ ჩანს, ჰქონდათ თუ არა მათ თავიანთი მდგომარეობის გამო სასამართლოში ჩივილის მიზეზი. სავარაუდოა, სახელმწიფოს ინიციატივით დაინიშნა გამოძიება.

1. Ibidem
2. i. pahliCi miuTiTebs ierusalimis marTlmadidebluri sapatriarqos №VII.B.1.5, VII.В.1.11, VII.B.2.33, VII.B.2.35, VII.B.2.38, VII.B.5.2,VII.B.5.3и VII.B.7.501 dokumentebze. Pahlitzsch J., Documents in Intercultural Communication in Mamlūk Jerusalem. The Georgians under Sultan an-Nasir Hasan in 759 (1358), in: Diplomatics in the Eastern Mediterranean 1000-1500. // Aspects of Cross-Cultural Communication (The Medieval Mediterranean 74) ed. Alexander Beihammer, Maria Parani and Christopher Schabel, Leiden 2008, p. 373.

იერუსალიმის ქართული თემის მეთაურმა, წმინდა ჯვრის მონასტრის წინამძღვარმა იოანემ1 სასამართლოს წარუდგინა რამდენიმე დოკუმენტი, რომლებიც შედგენილი და დამტკიცებული იყო ამირ შაჰიდ ად დინ ან ნაზირისა და სულთან ან-ნასირ ად-დინ ალ-ჰასანის მიერ (1354-1361)2. სულთანმა, როგორც ჩვენამდე მოღწეული დოკუმენტებიდან ჩანს, დაამტკიცა ქართველი ბერებისა და მღვდლების უფლება ეკლესიების, მონასტრებისა და ვაკუფების, ე.ი. საქველმოქმედო ფონდების შესახებ. ასეა აღნიშნული დოკუმენტებში, რაც საეჭვოს ხდის, რომ ქართველებს ისლამურ ყაიდაზე გარდაექმნათ თავიანთი ეკლესია-მონასტრების მმართველობა ჯვაროსანთა მმართველობის დამთავრების შემდეგ, XIII ს. შუა ხანებში. როგორც ი., პაჰლიჩი შენიშნავს, უფრო სავარაუდოა ისლამური სასამართლო აღნიშნულ ტერმინს (ვაკფ) იყენებდა ქრისტიანული ეკლესიის საკუთრების ანალოგად3.
ქართველმა წინამძღვარმა წარადგინა უფრო ძველი დოკუმენტიც, რომელიც გაცემული იყო აიუბიდი სულთნის ალ მალიკ ალ ქამილის (1218-1238) მიერ 1228 წელს. იგი შეიცავს დადგენილებას, რომლის მიხედვით იკრძალებოდა უმემკვიდროდ გარდაცვლილი ქართული თემის წევრების ქონების ხელყოფა. მოსამართლემ ბრძანა შეემოწმებინათ ქართველების საკუთრება. როგორც ჩანს მოსამართლე და ქართველები კმაყოფილნი დარჩნენ ჩატარებული ინსპექციით4.
მდგომარეობა შეიცვალა შვიდი თვის შემდეგ, როდესაც ქართველებმა საჭიროდ ჩათვალეს სულთნისათვის პეტიცია წარედგინათ, რადგან გუბერნატორმა ქართველებს წაართვა 1000 დირხამი. კონფლიქტი იმით დამთავრდა, რომ სულთანმა ან ნასირ ჰასანმა ქართველებისათვის ფულის დაბრუნება ბრძანა5.

1. ე. მეტრევლმა იოანეს ჯვარისმამობა აღაპების მიხევით, სავარაუდოთ, დაათარიღა XIV ს. პირველი ოცეულით. მეტრეველი ე., იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის, გვ. 36. ამავე დროს, ისიც აღსანიშნავია, რომ XIV საუკუნის არც ერთი ჯვარისმამის წინამძღვრობის წლები არ ვიცით. არაბული დოკუმენტის თარიღის სიზუსტეში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. უეჭველია, რომ დოკუმენტის იოანე, იმავე საუკუნის 50-იან წლებში ჯვარისმამაა. სხვა ჯვარისმამა იოანე XIV საუკუნეში არ არსებობდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იერუსალიმის ჯვრისმამების წინამძღვრების ქრონოლოგია დაზუსტებას მოითხოვს. მეტრეველი ე., იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის 36; მამისთვალიშვილი ე., იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი, გვ. 172-173.
2. PahlitzschI., Documents on intercultura communication in Mamluk Jerusalem: The Georgians under Sultan An-Nasir Yasan in 795 (1358), p. 373-374.
3. Ibidem, p. 374.
4. Ibidem, p. 375.
5. Ibidem, p. 376. Mediators Between East and West // Christians Under Mamluk Rule, Mamluk Studies Review, 9 (2), 2005, 38–40.

1475 წელს ქართველებმა დაიბრუნეს გოლგოთის ჩრდილო ნაწილი, რომელსაც ამ დროს სომხები ფლობდნენ1. რუსი მომლოცველის მოწმობით, საფლავის ნიშის გასაღები ფრანცისკანელებს ჰქონდათ. საინტერესოა, რომ მისი თქმით, ხელისუფლების ბრძანებით, მხოლოდ 6 ქრისტიანი ხალხის წარმომადგენლებიდან თითოს შეეძლო ჩაკეტილი ყოფილიყო საფლავის ეკლესიაში. ესენი იყვნენ: ბერძენი, ქართველი, ლათინი, სომეხი, იაკობიტელი და აბისინიელი ბერები2.
ქართველებსა და ლათინებს შორის წინააღმდეგობა საფლავის ეკლესიის ნაგებობების გამო კვლავაც გრძელდებოდა. არ ჩანს ხელისუფლების ჩარევით თუ მის გარეშე, მათ შორის დროებითმა მშვიდობამ დაისადგურა 1509 წელს. ქართველებმა ლათინებს უფლება მისცეს ესარგებლათ გოლგოთაზე ასასვლელი კიბით და ჰქონებოდათ ქვედა სართულზე არსებული ოთახის გასაღები, მაგრამ ეს შეთანხმება დროებითი იყო. ქართველები მას მცირე მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მათ ისარგებლეს კაიროში ლათინების დაპატიმრებით და გოლგოთის სამხრეთი ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს. ლათინებს აუკრძალეს, აგრეთვე, ქართველთა კიბით სარგებლობა3.
განხილული დოკუმენტები, რომლებიც იერუსალიმში ქართველების უფლებრივ მდგომარეობას ასახავს, არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს მუსლიმანური სასამართლო და ხელისუფლება ასეთივე სამართლიანი იყო ყოველთვის ქრისტიანების მიმართ. იმავე პერიოდიდან არის დოკუმენტები, რომლებიც ასახავს იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქისა და ბერძნებისადმი უსამართლო მოპყრობას. ასეთ ვითარებაში მით უფრო საყურადღებოა ეგვიპტის ხელისუფლების მიერ ქართველი ბერების მიმართ განსაკუთრებული კარგი მოპყრობის მიზეზების შესწავლა.

1. The Peaceful Liberation of the Holy Places in the XIV Century. III - Franciscan Chronology of the Four Shrines (1333 - 1517).
2. Ibidem.
3. Ibidem.
დამოწმებანი:
მამისთვალიშვილი ე., იერუსალიმის წმინდა ჯვრის მონასტერი,თბ., 2014.
მეტრეველი ე., იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI-XVII სს.), თბ., 1962
ტაბაღუა ი., საქართველო ევროპის არქივებსა და წიგნსაცავებში (XIII-XX სს-ის პირველი მეოთხედი), III (1628-1633 წწ.), თბ., 1987.
ფერაძე გრ., უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ. გამოსაცემად მოამზადა, შესავალი წერილი და დამატებითი შენიშვნები დაურთო გ. ჯაფარიძემ, თბ., 1995.
Archives de l’Orient latin, t. II, p. II.
Mediators Between East and West // Christians Under Mamluk Rule, Mamluk Studies Review, 9 (2), 2005.
Pahlitzsch J., Documents in Intercultural Communication in Mamlūk Jerusalem // The Georgians under Sultan an-Nasir Hasan in 759 (1358), in: Diplomatics in the Eastern Mediterranean 1000-1500. // Aspects of Cross-Cultural Communication (The Medieval Mediterranean 74) ed. Alexander Beihammer, Maria Parani and Christopher Schabel, Leiden 2008
The Peaceful Liberation of the Holy Places in the XIV Century.III - Franciscan Chronology of the Four Shrines (1333-1517). 3 - The Church of the Holy Sepulchre http://www.christusrex.org/www2/liberation/III-3.html.

Комментариев нет:

Отправить комментарий