понедельник, 13 сентября 2021 г.

ამბავი რკინისმჭედელი ხალიბებისა

    ხალიბების შესახებ ცნობები პირველად ხეთურ წყაროებში ჩნდება. ხეთების მეფე სუფილულიუმა I-ისა (1344–1322) და მის ვასალ, მითანის მეფე შათივაზას შორის დადებულ ხელშეკრულებაში ჩამოთვლილია სუფილულიუმას მამის თუდხალია II-ის (1360–1344) დროს ხეთების წინააღმდეგ აჯანყებული მცირე აზიური ტომები, ნათქვამია, რომ მათ შორის იყვნენ „მთიელი ჰალივა“: „მამაჩემის დროს, ქალაქ კირთალისას მეომრები, ქალაქ არავანას მეომრები, ქვეყანა ზაზია, ქვეყანა კალასმა, ქვეყანა ტიმანა, მთიელი ჰალივა (Haliwa), მთიელი კარნა (Karna), ქალაქ ტურმიტას მეომრები, ქვეყანა ალფა, ქვეყანა ხურმა, მთიელი ჰარანა, ტეგარამას ქვეყნის ნახევარი, ქალაქ ტეპურზიას მეომრები, ქალაქ ჰაზკას მეომრები, და ქალაქ არმატანას მეომრები გახდნენ მტრები.
    და, მე, ჩემი დიდებულება, სუფილულიუმა, დიდი მეფე, ხათის მეფე, გმირი, ღმერთის საყვარელი, გავემართე მეფე ტუშრატის წინააღმდეგ. გადავლახე ევფრატი, შევიჭერი მეორედ ისუვას ქვეყანაში და დავიმორჩილე. მეორედ შევედი ისუვაში, მეომრები და ქვეყნები, რომლებიც მამაჩემის დროს აჯანყდნენ: ქალაქ კირთალისას მეომრები, ქალაქ არავანას მეომრები, ქვეყანა ზაზისა, ქვეყანა კალასმა, ქვეყანა ტიმანა, მთიელი ჰალივა (Haliwa), მთიელი კარნა (Karna), ქალაქ ტეპურზიას მეომრები, ქალაქ ჰაზკას მეომრები, და ქალაქ არმატანას მეომრები – ეს მეომრები და ეს ქვეყნები შევაგროვე და დაუბრუნდენ ხათის“...
    გერმანელმა მკვლევარმა ფრ. ბილაბელმა (1888–1945) გამოთქვა მოსაზრება, რომ ჰალივა ხალიბების ქვეყანას უნდა ნიშნავდეს. შეხედულება გაიზიარა და განავითარა თეიმურაზ მიქელაძემ. იგი ხეთურ წყაროებში დაცული სუფილულიუმა – შათივაზას ხელშეკრულების იმ ადგილზე მიანიშნებს, სადაც ერთადაა დასახელებული Hალივა და Kარნა და აღნიშნავს: „ცხადია Hალივა შეესაბამება ხალიბების ქვეყანას, ხოლო Kარნა ხალიბთა კუთვნილ მხარეს – კარენიტ/კარნუს. ძნელია მოიძებნოს საბუთი ამ იგივეობის საწინააღმდეგოდ, რადგან აქ სახელთა სრულ თანხვედრას კი არ აქვს მხოლოდ ადგილი, არამედ ტერიტორიათა დამთხვევასაც. საქმე ისაა, რომ Hალივა-სა და Kარნა-ს უშუალო მეზობლების იშუვასა და თურმითას ქვეყნები ეგულებათ: პირველი – ხარფუთის მიდამოებსა და ეფრატისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში, ხოლო მეორე – თანამედროვე ტოკატ-სივასსა და ერზინჯანს შორის, ე. ი. იმ მხარეებში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ერზერუმისა და ჭოროხის სათავეთა რაიონს სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან“.
შემდგომი ცნობა ხალიბებზე ჰომეროსის (ძვ.წ. VIII ს.) ილიადაში ჩდება:
„პაფლაგონიელთ მოუძღოდა პილემენე გულადი,
ველურ ჯორებით სახელგანთქმულ ენეტეს მხრიდან,
კიტოროსში რომ ცხოვრობენ და სესამოსის გარშემო სახლობენ,
მდინარე პართენიოსის ნაპირებზე დიდებულ სახლებში ბინადრობენ,
კრომნასა და აიგიალოსსა და მაღალ ერითინიოსში ცხოვრობდნენ. 
ჰალიძონები ეპისტროფოსს, ოდიოსს მოჰყვნენ
ვერცხლის შორეულ საბადოდან – ალიბეს მხრიდან.
წინამძღოლობდნენ მისიელებს ქრომის, ენომოს –
კაცი ჩიტებით მარჩიელი; ვერ არგო ცოდნამ:
ბედს ვერ გაექცა, აქილევსმა მოკლა ფეხმარდმა.
წყალში დაახრჩო, ტროელთა და სხვათა მმუსვრელმა.
ფორკისს მოჰყავდა ფრიგიელნი და ასკანიოსს –
ასკანიიდან, ანთებულნი ბრძოლის წყურვილით.
ჰალიძონებში რომ ხალიბები იგულისხმებიან პირველად ამის შესახებ მოსაზრება პირველად სტრაბონმა გამოთქვა (იხ. ქვემოთ) და მოგვიანებით ბევრმა გაიზიარა. ჰალიძონები – პაფლაგონიელების, მიზიელებსა და ფრიგიელებს შორის მოიხსენიებიან. ეფორე ხალიბებს მიზიელებსა და ფრიგიელებს შორის იხსენიებს (იხ. ქვემოთ). ჰეროდოტე ჩამოთვლის რა კროისოსის მიერ ჰალისის დასავლეთით დაპყრობილ ხალხებს (იხ. ქვემოთ) – ხალიბებს ათავსებს ფრგიელებს, მიზიელებს, მარიანდებსა და პაფლაგონელებს შორის.
აშკარაა, რომ ჰომეროსის მიერ მოხსენიებული პილემენეს სამფლობელო მოიცავს მდ. პართენიოსიდან – კარამბისის (ახლ. კარამპეს) კონცხამდე ტერიტორიას, ანუ ზღვისპირა პაფლაგონიის დასავლეთ ნაწილს. სტრაბონის ცნობით, მეანდროს მილეტელი (ძვ.წ. III–II ს-ბი) იუწყებოდა, რომ ტროის ომში მიმავალი და შემდეგ ადრიატიკის შორეულ ნაპირზე დასახლებული ენეტები ლევკოსირიელების ქვეყნიდან იყვნენ წამოსული, ხოლო ადგილზე დარჩენილები დროთა განმავლობაში კაპადოკიელებად იქცნენ; სტრაბონის აზრით, ამ განცხადების სასარგებლოდ უნდა მოწმობდეს, პაფლაგონიის გასწვრივ მდებარე, მდ. ჰალისის მახლობელ კაპადოკიურ ოლქებში გამოყენებულ ორივე ენაში პაფლაგონიური სახელების სიუხვე. მაგრამ მეანდროსის ცნობის მიხედვით, არ არის ნათელი მდ. ჰალისთან ეგულებოდა თუ არა მას „ლევკოსირიელების ქვეყანა“. მდ. ჰალისის აღმოსავლეთით ენეტთა ლოკალიზების შესაძლებლობას იძლევა სტრაბონთან შემონახული ძვ.წ. II ს-ის ავტორის აპოლოდორეს ცნობა, ჰეკატეოს მილეტელის მიერ ქალაქ ამისოსის (თანამედროვე ქ. სამსუნი) ენეტად მიჩნევის თაობაზე, თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, სტრაბონი ხაზს უსვამს მდ. ჰალისის აღმოსავლეთით, ლევკოსირების ქვეყანაში, ამისოსის მდებარეობას. რაც შეეხება კიტოროს-კიტორუმს, იგი ენეტების ქვეყნის ქალაქის ამასტრისის შემადგენელი ნაწილი იყო.
მიუხედავად ამისა, ენეტების (ჰენეტების) აღმოსავლეთისაკენ განსახლების სასარგებლოდ შესაძლოა მიგვანიშნებდეს მათი სახელწოდების სავარაუდო კავშირი ფსევდო-სკილაქსის „პერიპლუსში“ მოხსენიებულ ხალიბთა დახურულ ნავსადგურ გენეტესთან, აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკის“ გენეტეს კონცხთან, სტრაბონის „გეოგრაფიის“ მდინარე გენეტესთან.
ამ ცნობიდან აგრეთვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხალიბთა ტომი მრავალრიცხოვან ტომთა შორისაა, რადგან მათ ორი სარდალი ჰყავთ.
ამას გარდა ჰალიძონებს ხალიბობას უნდა ამტკიცებდეს მისი ერთი მეთაურის („ხალიბთა მეფის“) სახელიც. ოდიუსს, თუ ჩამოვაცილებთ ბერძნულ ბოლოსართ „უს“ დაგვრჩება „ოდი“; „ოდი“ კი როგორც ვ. ბერიძემ გამოარკვია ქართული წარმართული პანთეონის ერთ-ერთი თვალსაჩინო ღვთაება იყო. აქედანვე უნდა იყოს წარმოშობილი გვარი ოდიშვილი.
მეცნიერი ედ. მაიერი ლაპარაკობს, რა იმაზე, რომ ბერძნები ძალიან ადრიდან იცნობდნენ ხალიბურ ფოლადს და რომ ხალიბებში ვერცხლიც ძველთაგანვე უნდა ყოფილიყო ცნობილი. იგი აქცევს ყურადღებას იმას, რომ ხალიბთა მოსახლეობის ადგილებში აღმოჩენილია ვერცხლის მადნის საწარმო და ასკვნის, რომ ჰომეროსის ცნობა „ალიბეს შესახებ უნდა ეხებოდეს ხალიბებს, როგორც ამას სტრაბონი ამტკიცებდაო“.
მართლაც ქ. გიუმუშჰანე, რომელიც ძველი დროიდანვე ხალიბებით დასახლებულ ტერიტორიაზე აიგო და შუა საუკუნეებში ხალდიის მთავარი ქალაქი იყო (მაშინ ერქვა თეია), ისტორიის მანძილზე განთქმული იყო თავისი ვერცხლის საბადოებით და ეს სახელიც ვერცხლისგან აქვს მინიჭებული. თურქულად გიუმუშჰანე „ვერცხლის სახლს“ ნიშნავს. სხვათაშორის ქალაქის ბერძნული სახელი „აგრირუპოლისი“ „ვერცხლის ქალაქს“ ნიშნავს. სწორედ ოქროს საბადოების დამუშავებამ ააყვავა ქალაქი ოსმალურ პერიოდში.
ურარტუს მეფის – რუსა II-ის (დაახლ. ძვ.წ. 685–645 წლ.) ადილჯევაზის წარწერაში, რომელიც ძვ.წ. 676 წლის ამბებს გადმოგვცემს ნახსენებია ქვეყანა „ხალიტუ“, რომელსაც ხალიბების ქვეყანად თვლიან: „ქალები წამოვიყვანე მტრული ქვეყნიდან... ხალხი ქვეყნების მუშქინის, ხათეს (ესაზღვრებოდა მუშქებს სამხრეთიდან და შეიქმნა ხეთების სამეფოს დაშლით), ხალიტუს, ... ეს ციხე-სიმაგრე და მის ირგვლივ მდებარე ქალაქები შემოვიერთე“.
ისტორიკოსთა გამოკვლევით ხალიტუს ქვეყანა მდებარეობდა მუშქების ჩრდილოეთით, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებთან და წარმოადგენდა ე. წ. „პონტოსპირა ხალდების“, ანუ იგივე ხალიბების მხარეს, რომელიც აღმოსავლეთით ვრცელდებოდა მდინარეების: კარა-სუს, ელმალისა და არეზის ზემო დინებებს შორის, არზრუმიდან – შავ ზღვამდე (გ. მელიქიშვილი, გრ. გიორგაძე, ი.მ. დიაკონოვი). გიორგაძისვე აზრით ხალიტუს დიდ გაერთიანებაში მრავალი ტომი შედიოდა.
ჰეკატეოს მილეტელი (ძვ.წ. 550–476): „ხალიბები, ტომი პონტოზე, მდინარე თერმოდონტზე. ხალიბებს სამხრეთიდან არმენიელები ესაზღვრებიან. სტამენია, ხალიბების ქალაქია“.
ამ ცნობებზე დაყრდნობით, ხალიბების ერთი ნაწილი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქ სტამენეს (გენეტის უბის სანაპიროზე) მიდამოებში ბინადრობდა. რაც შეეხება ხალიბების მეორე ნაწილს, მათ ჰეკატე „არმენიის“ მეზობლად, მთიან რეგიონში მოიხსენიებს. შესაბამისად აშკარა ხდება თუ რამოდენა სივრცეზე იყო გადაჭიმული ხალიბების საცხოვრისი.
ესქილე (ძვ.წ. 525–456): „ზღვისპირ იარე, სად ტალღანი ლოდებზე ჰქუხან. მარცხენა მხარეს ოდითგანვე რკინის მჭედელნი მოსახლეობენ ხალიბები, ერიდე იმათ, გულსასტიკია და სტუმართა უკარებელნი“.
პომპონიუს მელა (ახ.წ. 15–60): ეყრდნობა რა არაუგვიანეს ძვ.წ. VI საუკუნის წყაროს და მოგვითხრობს ხალიბთა თავდაპირველი განსახლების შესახებ: „...პაფლაგონიის უკანასკნელი ქალაქია ჰარმენე (თანამედროვე ინჯეს კონცხზე). პაფლაგონიასთან ყველაზე ახლოს მყოფ ხალიბებს აქვთ სახელგანთქმული ქალაქები ამისოსი და სინოპე, ცინიკოსი დიოგენეს სამშობლო, მდინარეები ჰალისი (ყიზილ-ირმაქი) და თერმოდონტი (თერმე-ჩაი). ხალიბების მეზობლები არიან ტიბარენები, რომელთათვის ყველაზე კარგია თამაში და სიცილი. კონცხის მეორე მხარეს ხის კოშკებში ცხოვრობენ მოსინები“.
ამდენად, პომპონიუსი რომელიღაც ძველი წყაროზე დაყრდნობით ამტკიცებს რომ ხალიბების დასავლეთ საზღვარი არა თერმოდონტზე, არამედ ჰალისის დასავლეთით, სინოპეს დასავლეთით, დღევ. მდინარე ყარა-სუზე გადიოდა.
ჰეროდოტე (ძვ.წ. 484–425): „დროთა განმავლობაში კროისოსმა დაიპყრო ჰალისის აქეთა მხარეს (ე.ი. დასავლეთი მხარე) მოსახლე ყველა ხალხები კილიკიელებისა და ლიკიელების გარდა, სახელდობრ: ლიდიელები, ფრიგიელები, მისიელები, მარიანდები, ხალიბები, პაფლაგონელები, თრაკიელები…“. ე.ი. კროისოსის იმპერიაში აღმოჩნდა ხალიბების ნაწილი, რომლებიც ჰალისის დასავლეთით ცხოვრობდნენ. ეს ხალიბები ლაშქრობდნენ ქსერქსეს ლაშქარში:
„ხალიბებს პატარა ფარები ჰქონდათ გამოუქნელი ხარის ტყავისა და თითოეულს ორი შუბი ეპყრა ლიკიური ხელობისა, ხოლო თავზე ეხურათ სპილენძის მუზარადები (ეს ერთადერთი შემთხვევაა. ჰეროდოტეს ნახსენებ ყველა სხვა ხალხის მუზარადები ხისაა ან დაწნულია). მუზარადებზე იყო სპილენძისაგან ნაკეთები ხარის ყურები და რქები; აქვე იყო ბიბილოც. მუხლები ძოწეულის ნაჭრებით ჰქონდათ შემოხვეული. ამ ხალხს აქვს არესის სამისნო.
ხალიბებს, კაბელ-მებონებსა (კილიკიური ტომი) და მილიებს (ლიკაონური ტომი) განაგებდა ბადრესი, ჰისტანესის ძე“.
პირველ ცნობაში ჰეროდოტე ხალიბებს ჰალისის დასავლეთით მდებარე ხალხებთან იხსენიებს, მეორე ცნობით კი ხალიბები დაჯგუფებული არიან მცირე აზიის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრებ ხალხებთან. ასე რომ ჰეროდოტეს აზრით ხალიბებს საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეჭირათ.
საინტერესოა, რომ დარიოსის შექმნის სატრაპიებში შემავალ ხალხებში ისეთი მრავალრიცხოვანი ხალხი, როგორიც იყო ხალიბები არ არიან. ეს კი უეჭველად უნდა ნიშნავდეს, იმას რომ ხალიბების უდიდესმა ნაწილმა სპარსელთაგან დამოუკიდებლობა შეინარჩუნა.
„ჰელესპონტელთაგან, რომლებიც ცხოვრობენ მარჯვენა ნაპირზე, მისთვის, ვინც მიცურავს ევქსინის პონტოსკენ, ფრიგიელთაგან, თრაკიელთაგან, რომლებიც აზიაში არიან, პაფლაგონელთაგან, მარიანდინთაგან და სირიელთაგან (ლევკო ანუ თეთრი სირიელები) 360 ტალანტი იყო გადასახადი. ესაა მესამე სატრაპია.
აღმ. მატიენებს, სასპეირებსა და ალაროდიელებს შეწერილი ჰქონდათ 200 ტალანტი. ესაა მეთვრამეტე სატრაპია.
მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინოიკებს და მარებს შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი. ესაა მეცხრამეტე სატრაპია“.
ვხედავთ რომ ჰეროდოტე ყველა ხალიბთა მეზობელ ხალხს ასახელებს მათ გარდა. სამაგიეროდ ხალიბები ჩანან ქსერქსეს ლაშქარში. ამდენად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დარიოს I-ის დროს ხალიბებს მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ეჭირათ და მძლავრ ძალას წარმოადგენდნენ. დარიოსი და ქსერქსე დროებით ურიგდებიან მათ შიდა დამოუკიდებლობას (ისევე როგორც კოლხების მიმართ), სამაგიეროდ კი ხალიბები ჯარს და ალბათ საჩუქრებს აძლევენ აქემენიდთა მეფეებს.
ქსენოფონტე (ძვ.წ. 427–355): „ბაბილონის მხარიდან წასვლის შემდეგ ელინებმა ბრძოლით გაიარეს კარდუხების (ქურთების წინაპრები) ქვეყანა და მიადგნენ მდ. კენტრიტის (დღევ. ბოტანი, ტიგროსის შენაკადი, ვანის ტბის სამხრეთით), რომლის სიგანე იყო 2 პლეთრი (62 მ) და წარმოადგენდა კარდუხებისა და არმენიის საზღვარს. იგი მიედინებოდა დაბლობში და 6–7 სტადიონით (1.15 კმ) იყო დაშორებული კარდუხების მთებიდან. მდინარეს დარაჯობდნენ მახლობელ ბორცვებზე განლაგებული ორონტესა და არტუხის დაქირავებული არმენები, მარდები (ამარდები, მიდიური მეომარი ტომი კასპის ზღვის სამხრეთით) და ხალდები. ორონტე იყო სპარსეთის მეფის სიძე და აღმ. არმენიის სატრაპი. ხალდებზე ამბობენ რომ ეს ხალხი არის დამოუკიდებელი და მამაცი. მათი შეიარაღება შედგებოდა დიდი მრგვალი ფარებისა და შუბებისგან.
დას. არმენიის მმართველ ტირიბაზს ბერძნებთან საომრად დაქირავებული ჰყავდა ხალიბები და ტაოხები.
ერთ-ერთი სოფლის მამასახლისმა უთხრა რომ ეს მხარე იყო არმენია, მის მეზობლად კი არის ხალიბების ქვეყანა და აჩვენა მისკენ მიმავალი გზა.
ელინები მიადგნენ ფასისს (არაქსის ზემო წელს ეძახდნენ ასე), რომელიც სიგანეში 1 პლეთრი (31 მ) იყო. აქედან მათ გაიარეს 2 დღეში 10 ფარსანგი (53,4 კმ). ფასისის მაღალმთიანი ხეობიდან გამოსვლისას ელინების წინააღმდეგ აღიმართა ხალიბების, ტაოხების და ფასიანების გაერთიანებული ლაშქარი, რომლებიც კეტავდნენ მთებს შორის გამავალ ერთადერთ უღელტეხილს. ბერძნებმა დაღამებამდე მოიცადეს და მტრის დაძინებისთანავე მათმა ერთმა რაზმმა ჩუმად დაიკავა მთის მაღლობი. მაშინ ბარბაროსებს გაეღვიძათ და თავდასხმის შიშით მთელი ღამე არ თვალი არ მოუხუჭავთ. დილით ბარბაროსებმა ერთი რაზმი გაუშვეს მთაზე ასული ელინების გასანადგურებლად, მაგრამ მაღლობიდან ბერძნებმა ადვილად მოიგერიეს და გააქციეს მტერი. გაქცეულებმა პანიკა მთელს ლაშქარს გადასდეს. ამ დროს იერიშზე ბერძენთა მთავარი ძალები გადავიდა, მოწინააღმდეგე სრულად დაამარცხა და გაფანტა. გამარჯვებისთანავე ელინებმა გამართეს მსხვერპლშეწირვა, გადაიარეს უღელტეხილი და დაბლობზე ჩასვლისთანავე მათ შეხვდათ სურსათ-სანოვაგით მდიდარი სოფელი, სადაც შეივსეს მარაგი.
ტაოხებიდან წასვლის შემდეგ ელინებმა გაიარეს ხალიბების ქვეყანა და დაფარეს 7 დღეში (3–9 იანვარი) 50 ფარსანგი (267 კმ?). ხალიბები ყველაზე მამაცი ტომი იყო, რომელიც ელინებმა ნახეს. ისინი მათთან ხელჩართულ ბრძოლაში ერთვებოდნენ. ხალიბებს ჰქონდათ სელის აბჯრები, რომლებითაც მუცლის ქვედა ნაწილამდე იყვნენ დაცული, ხოლო აბჯრის კალთების ნაცვლად მჭიდროდ დაგრეხილი თოკები. პერანგს ნაბდისას ხმარობდნენ. ისინი ატარებდნენ აგრეთვე საბარკულებსა და მუზარადებს, ხოლო ქამრის გასწვრივ ლაკონური ხმლის მსგავს სატევარს, რომლითაც კლავდნენ მას ვის ძლევასაც შეძლებდნენ, სჭრიდნენ თავებს და თან მიჰქონდათ; ამასთან ხალიბები მაშინ მღეროდნენ და როკავდნენ, როდესაც მტრის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ. მათ ეკავათ აგრეთვე 2,31 მ. სიგრძის შუბები, რომელთაც მხოლოდ თითო შუბისპირი ჰქონდათ. ისინი თავიდან რჩებოდნენ თავიანთ დასახლებებში და როდესაც ელინები ჩაუვლიდნენ ყოველთვის უკნიდან ბრძოლით დაედევნებოდნენ მათ. ხალიბები ცხოვრობდნენ გამაგრებულ ადგილებში, სადაც შეყვანილი ჰყავდათ პირუტყვი და მომარაგებული სურსათი. ამის გამო ელინებმა მათთან ვერაფერი იშოვეს და ტაოხებთან ნაშოვნი სურსათით იკვებებოდნენ.
ხალიბების ქვეყნის გავლის შემდეგ ელინები მიადგნენ მდ. ჰარპასს (ჭოროხი), რომლის სიგანე 4 პლეთრი (124 მეტრი) იყო. აქედან მათ 4 დღეში 20 ფარსანგი (106,8 კმ) დაფარეს შკვითინიების (შკვითი მეგრულად 7-ს ნიშნავს, ე.ი ეს სახელი შვიდსოფლელებს ნიშნავს. ამასვე ადასტურებს სტრაბონი და სხვა ბერძენი ავტორები, რომლებიც აქ მცხოვრებ ხალხს ჰეპტაკომიტებს უწოდებს, რაც ბერძნულად შვიდსოფლელებს ნიშნავს. ე.ი. ეს იყო 7 სოფლის ანუ თემის პოლიტიკური გაერთიანება) ქვეყნის დაბლობებზე და მივიდნენ ერთ სოფელში, სადაც დაყვეს 3 დღე და შეივსეს სურსათის მარაგი.
მოსინიკების (რომლებიც კერასუნტ-ვაკფიკებირის დასავლეთით ცხოვრობდნენ) ქვეყნის გავლის შემდეგ ელინები მივიდნენ ხალიბებთან. ხალიბები მცირერიცხოვანი ხალხია, რომლებიც ძირითადად რკინის წარმოებით ირჩენს თავს და ემორჩილებიან მოსინიკებს. (აქაური ხალიბების მდებარეობა ემთხვევა სტრაბონის ფარნაკია-გირესუნის მხარეში მცხოვრები ხალიბების მდებარეობას).
აქედან ელინები მივიდნენ ტიბარენებთან, რომელთა ტერიტორიაზე იყო ელინური კოლონია კოტიორა (ორდუ). კოტიორადან კი უკვე ზღვით გაემგზავრნენ სინოპემდე“, რის გამოც ქსენოფონტემ კოტიორას დასავლეთით მცხოვრები ხალიბები ვეღარ ნახა.
ცალკე უნდა განვიხილოთ ის ფაქტი, რომ ხალიბები კოტიორას დასავლეთითაც ცხოვრობდნენ და სინოპეს რაიონამდე ვრცელდებოდნენ და ამის შესახებ არაფერი იცის ქსენოფონტემ, რადგან მან გზა კოტიორადან ზღვით განაგრძო და შემდგომი გაჩერებები სინოპსა და პონტოს ჰერაკლეაში ჰქონდა. ხოლო სინოპელმა ელჩმა კოტიორადან – სინოპამდე ტერიტორია პაფლაგონიად აღუწერა: „გირჩევთ წახვიდეთ ზღვით და ჩვენ მოგცემთ ხომალდებს, რადგან თუ წახვალთ ხმელეთით მუდმივად მოგიწევთ ბრძოლა. მე გეუბნებით ამას როგორც პაფლაგონიისა და მისი ძალების მცოდნე. ამ ქვეყანაში არის შესანიშნავი დაბლობები და ძალიან მაღალი მთები. პირველი პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროთ პაფლაგონიაში შესაღწევად ჩემთვის კარგად არის ნაცნობი. მისი ორივე გზა მთის მწვერვალებისკენ მიემართება და თუ ეს მწვერვალები მოწინააღმდეგეს აქვს დაკავებული, ვერცერთი არმია ვერ შეძლებს იქ გავლას. მე შემიძლია განახოთ ისინი, თუ გამაყოლებთ ვინმეს. ჩემთვის ცნობილია პაფლაგონური ვაკეები და პაფლაგონური მხედრობა, რომელსაც თვითონ ბარბაროსები თვლიან საუკეთესოდ (სპარსეთის) მეფის მთელს მხედრობაში. ამ ომში (401 წ.) პაფლაგონიელები არ გამოცხადდნენ მეფის მოწოდებაზე, იმიტომ რომ მათი ხელისუფლება კარგად გრძნობს საკუთარ ძალას. თუ თქვენ შეძლებთ სწრაფად მიხვიდეთ და დაიკავოთ შესასვლელი მთები და ვაკეზე ბრძოლაში დაამარცხოთ ეს მხედრობა და 120000 ქვეითი, თქვენ პირველ რიგში მიადგებით მდინარე თერმოდონტს, რომლის სიგანე 3 პლეთრია, მისი გადალახვა ძალიან რთულია, მითუმეტეს მაშინ როდესაც წინ ბევრი მტერია და ბევრი მოგდევს უკნიდან. მეორე მდინარე ირისი ასევე 3 პლეთრია, ხოლო მესამე ჰალისი არანაკლებს 2 სტადიონი, რომელზეც ხომალდების გარეშე ვერ გადახვალთ და მათ ვინ მოგაწვდით? ზუსტად ასევე გადაულახავია პართენიონი, რომელსაც მიაღწევთ ჰალისის გადალახვის შემდეგ“...
სანამ კოტიორასთან იყვნენ დაბანაკებული, ჯარისკაცებს საკვების ნაწილი ქალაქის ბაზრიდან მოჰქონდათ, ნაწილს პაფლაგონიაზე თავდასხმებით აგროვებდნენ. საპასუხოდ პაფლაგონიელების ესხმოდნენ ცალკე მოხეტიალე, ანდა ბანაკისგან მოშორებით მყოფ ჯარისკაცებს და ჟლეტდნენ. ასე რომ სიტუაცია ორ მხარეს შორის ძალიან დაიძაბა. ბოლოს კორილამ, რომელიც მართავდა პაფლაგონიას, გამოუზავნა ელინებს ელჩები ცხენებითა და ძვირფასი ტანსაცმლით ხელდამშვენებული. ელჩებმა განაცხადეს, რომ კორილას არ სურს მიაყენოს ვნება ელინებს და ელინებმაც არ უნდა გააკეთონ იგივე. ელინმა სტრატეგებმა პატივით მიიღეს ისინი, საზეიმო ღონისძიებაც გაუმართეს, მეორე დღეს კი სასურველი ხელშეკრულება გაუფორმეს და გაუშვეს.
მაშინ, კოტიორაში ყოფნის 45 დღის შემდეგ, ელინთა მთელი ჯარი შესხდა ხომალდებზე და სინოპესკენ გასცურა. ერთ დღეში მათ მიაღწიეს სინოპეს ნავსადგურ ჰარმენეს. სინოპელები ცხოვრობენ პაფლაგონელთა ქვეყანაში, ხოლო თვითონ არიან მილეტიდან გადმოსახლებულნი. სინოპელებმა ელინებს გამოუზავნეს 3000 მედიმნი (1 მედიმნი = 52,5 ლიტრს) პურის ფქვილი და 1500 კერამიი ღვინო.
აქ 5 დღე დაყვეს და შემდეგ ზღვით განაგრძეს გზა ჰერაკლიამდე, რომელიც იყო მეგარელი ელინების ახალშენი მარიანდინების ქვეყანაში“...
თხზულების ბოლოს ქსენოფონტე აჯამებს თუ რომელი ქვეყნები გაიარა და წერს: მეთაურები (სპარსეთის) სამეფო ოლქებისა, რომლებიც ჩვენ გავიარეთ იყვნენ: „ლიდიის – არტიმი, ფრიგიის – არტაკამი, ლიკაონიისა და კაპადოკიის – მითრიდატე, კილიკიის – სიენესიი, ფინიკიისა და არაბიის – დერნი, სირიისა და ასირიის – ველესიი, ბაბილონის – როპარი, მიდიის – არვაკი, ფასიანებისა და ჰესპერიტების (ჰესპერ = დასავლეთს, ე.ი. დასავლეთ არმენები) – ტირიბაზი; – კარდუხები, ხალიბები, ხალდები, მაკრონები, კოლხები, მოსსინიკები, კოიტები და ტიბარენები არიან დამოუკიდებელი ტომები; – პაფლაგონიის – კორილა, ბითინიის – ფარნავაზი და ევროპული თრაკიის – სებთი“.
ქსენოფონტის მეორე ნაწარმოების – „კიროპედია“-ს მიხედვით ხალდები ცხოვრობდნენ მთიანეთში, დასავლეთ არმენების მეზობლად.
ქსენოფონტეს ცნობებს მივუმატოთ სტრაბონის ცნობა: „არმენებმა ხალიბებს წაართვეს კარენიტი (მდებარეობდა არაქსის საწყისი ნაწილიდან ყარა-სუს საწყის ნაწილამდე და კოპის ქედამდე) და მოსინიკებს დერქსენე (დერჭანი-თერჯანის მხარე)“, ისტორიკოსთა მიერ ხალიტუს ლოკალიზაციის შესახებ, მივიღებთ, რომ ქსენოფონტეს მიერ გავლილი ხალიბების მხარე მდებარეობდა ფასიანების მხარის დასავლეთით, ტაოხების სამხრეთით და მოსინიკ-შკვითინიების აღმოსავლეთით. ხალიბების მეორე ნაწილი კი ქსენოფონტემ ნახა დღევ. გირესუნის რაონში. ამასთან სტრაბონის ცნობითაც (დასავლეთის) ხალიბები ტიბარენების აღმოსავლეთით ცხოვრობენ და ფარნაკია-გირესუნის მხარეს იკავებენ.
ის ფაქტი, რომ ხალიბები სპარსეთის სატრაპის დაქირავებულები არიან ამტკიცებს ზემოთ აღნიშნულ ფაქტს – ხალიბების სპარსეთისგან დამოუკიდებლობის შესახებ.
ქსენოფონტეს მოცემული ცნობების საკმარსია იმის გასაგებად თუ რამდენად დიდი ტერიტორია ეკავათ ხალიბებს. ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ერთ მმართველს ექვემდებარებოდნენ. უფრო ზუსტად ისინი სხვადასხვა მხარეებში იყვნენ გაფანტულნი და ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ტომებს ქმნიდნენ, რომელთაგან ერთი – მცირერიცხოვანი ტომი მოსინიკებს ჰყავდათ დამორჩილებული. ამის გამოცაა რომ ხალიბთა ერთი ნაწილი – ხალდები ქსენოფონტეს სხვა ხალხი ჰგონია.
ჰეროდოტემ, მიუხედავად იმისა, რომ იცის, მდ. ჰალისით პაფლაგონიელებისა და სირიელების ერთმანეთისაგან გამოყოფის ფაქტი, აღნიშნავს, რომ სირიელები მდ. თერმოდონტის გარდა მდ. პართენიოსთანაც (ბართინ-ჩაი) ცხოვრობდნენ, ანუ პაფლაგონიის ტერიტორიაზე. მდინარე ჰალისის დასავლეთით ლევკოსირების გავრცელებაზე შესაძლოა მიგვანიშნებდეს მათი გაერთიანება პაფლაგონიელებთან და მარიანდინებთან დარიოსის მესამე სატრაპიაში, რომელიც ლიდიის ყოფილი სამეფოს მიწებს მოიცავდა და ჰელესპონტიდან მდ. ჰალისის შესართავამდე ვრცელდებოდა (სირიელთა ლოკალიზაციის თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ჰეროდოტეს კიდევ ერთი ცნობა, რომლის თანახმადაც, პაფლაგონიელთა მსგავსად აღჭურვილი სირიელები მარიანდინებთან და ლიგიებთან ერთად ყოფილან გაერთიანებული აქემენიდთა ლაშქარში. აღსანიშნავია, რომ პლინიუსის ცნობით მდ. რებასსა და მდ. სანგარიოსს (დღევ. მდ. საქარია) შორის მოედინებოდა სიროსი. ამავე საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ინჯე ბურუნის – რომელზედაც ქ. სინოპე მდებარეობს – ძველი სახელწოდება – სირიადა).
ყველა ავტორი (ფსევდო-სკილაქსი, სტრაბონი, ჰეროდოტე და სხვები) გარკვევით აღნიშნავს, რომ პაფლაგონიის საზღვარი აღმოსავლეთით ჰალისს არასდროს გადმოსცილებია. მეტიც სტრაბონის თანამედროვე მენიპე პაფლაგონიისა და კაპადოკიის საზღვარს ჩრდილოეთ, ზღვის სანაპირო სექტორში მდ. ეუარქოსზე გადიოდა, რომელიც სინოპეს აღმოსავლეთით 80 სტადიონზე (12,2 კმ) მდებარეობდა.
ყველაფერი ზემოთქმულის ანალიზით კი მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ისტორიის ერთ მონაკვეთში, ძვ.წ. V საუკუნის ბოლო მეოთხედიდან – IV საუკუნის დასაწყისამდე პაფლაგონიელთა ბელადმა კორილამ მოახერხა სინოპესა და ამისოსის მხარეებში მცხოვრები ლევკოსირიელებისა და ხალიბების დაქვემდებარება, რაც აისახა კიდეც ქსენოფონტესა და სინოპელი ელჩების საუბარში.
არისტოტელე (ძვ.წ. 384–322): „ყვებიან ხალიბური და ამისოსური რკინის განსაკუთრებულ წარმოშობაზე: გადმოცემით იგი წარმოიქმნება მდინარის ჩამოტანილი ქვიშისგან; ამ ქვიშას გადმოცემით უბრალოდ რეცხავენ და ცეცხლზე ადნობენ, უმატებენ ე.წ. ცეცხლგამძლე ქვას, რომელიც ბევრია იმ ქვეყანაში; რკინის ეს სახეობა ბევრად უკეთესია სხვებზე. გადმოცემით მხოლოდ ეს ერთი რკინა არ იჯანგება; მაგრამ მოიპოვება იგი უმნიშვნელო რაოდენობით“.
ეფორე (ძვ.წ. 405–330): „ეს ნახევარკუნძული (მცირე აზია) დასახლებულია თექვსმეტი ტომით, რომელთაგან სამი არის ელინური, ხოლო დანარჩენი ბარბაროსული, თუ არ ჩავთვლით შერეულ ტომებს; ზღვასთან არიან კილიკიელები, პამფილიელები, ლიკიელები, ბითინიელები, პაფლაგონიელები, მარიანდინები, ტროელები და კარიელები; შუა ქვეყანაში მოსახლეობენ პისიდიელები, მიზიელები, ხალიბები, ფრიგიელები და მილიელები“.
გამოდის, რომ, თუ ჰომეროსის ეპოქიდან მოყოლებული, ვიდრე ჰეროდოტეს ეპოქამდე ხალიბების დასავლეთ საზღვარი სინოპეს მხარით ისაზღვრებოდა, ერთის მხრივ პაფლაგონელების, მეორეს მხრივ კი ბერძნების (სინოპე, ამისოსი, კოტიორადან, რომლებიც იკავებენ მაგ. ხალიბთა ქალაქ-პორტ სტამენეას) და სპარსელების (ამაზე ცოტა ქვემოთ) ზეწოლის შედეგად შევიწროვებული ხალიბები ნელ-ნელა თმობენ პოზიციებს შავიზღვისპირეთში. ეს ფაქტია ასახული ქსენოფონტესთან, ეფორესა და ფსევდო სკილაქსთან.
თუ გავითვალისწინებთ ეფორესთან ქვეყნის შიგნით მცხოვრები ხალხების – პისიდიელების, მისიელების და მილიების, ზღვიდან დაშორების მანძილს, ხალიბთა საცხოვრისის სამხრეთ საზღვარი ნაპირიდან სულ 20–30 კმ-ით უნდა ყოფილიყო დაშორებული. ამავე დროს უნდა აღვნიშნოთ, რომ ეფორე ამ ხალიბებს ჰალისის დასავლეთით იხსენიებს. მიზიელებსა და ფრიგიელებს შორის მოსახლე ხალხი არ შეიძლება ჰალისის აღმოსავლეთით ვეძიოთ.
ფსევდო სკილაქსი (ძვ.წ. IV ს. შუა ხანები): „მაკროკეფალების შემდეგ არიან მოსსინიკები, რომელთა ტერიტორიაზეა ზეფირიოსის (ზეფფრე, თანამ. კაიკ-ლიმანი) ნავსადგური, ელინური პოლისი ხოირადესი (ჰეკატეოსის ცნობით ხეირადი მოსინიკთა ქალაქია. როგორც ჩანს ბერძენმა კოლონისტებმა ეს სანაპირო ქალაქი წაართვეს მოსინიკებს და ბერძნულად აქციეს) და კუნძული არეია (არესის კუნძული, თანამ. გირესუნ-ადა). ისინი ცხოვრობენ მთებში.
მოსინიკების შემდეგ არიან ტიბარენები, შემდეგ კი ხალიბები, რომელთა ტერიტორიაზეა დახურული პორტი გენეტი (იასუნის კონცხსა და ჩამის კონცხს შორის), ელინური პოლისი სტამენეა (ჰეკატეოსის ცნობით ხალიბებს აქვთ ქალაქი სტამენია, როგორც ჩანს ბერძენმა კოლონისტებმა მიიტაცეს და ბერძნულ ქალაქად აქციეს) და ელინური ციტადელი იასონია (დღევ. იასუნის კონცხთან).
ხალიბების შემდეგ (დასავლეთით) მოდის ასირია, რომელთა ტერიტორიაზეა მდინარე თერმოდონი (დღევ. თერმე ჩაი) და ელინური პოლისი თემისკირა (დღევ. თერმეს რაიონში), მდინარე ლიკასტოსი (დღევ. მერტ ირმაკი) და ელინური პოლისი ლიკასტოსი (ამისოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით 20 სტადიონზე), მდინარე ჰალისი და ელინური პოლისი კარუსსა (დღევ. გიორზე), ელინური პოლისი სინოპე, ელინური პოლისი კერასუნტი (I, ყველაზე დასავლეთით მდებარე კერასუნტია, სინოპესა და კარა-სუს შორის) და მდინარე ოხერაინოსი (კარა სუ), ელინური პორტი და პოლისი ჰარმენა (დღევ. აკლიმანი) ნავსადგურით, ელინური პოლისი ტეტრაკისი.
ასირიის შემდეგ დევს პაფლაგონიის მხარე, მასში არის სტეფანეს ნავსადგური (დღევ. ისტიფანი), ელინური პოლისი კოლუსა (დღევ. გიულიუსუ), ელინური პოლისი კინოლისი (დღევ. გინოლუ), ელინური პოლისი კარამბისი (დღევ. კარამპეს კონცხი), ელინური პოლისი კიტორისი (დღევ. კიდროსი), ელინური პოლისი სესამი (დღევ. მოგვიანო ხანის ამასტრისის ნაწილი, დღევ. ამასერახი) და მდინარე პართენიოსი (დღევ. ბართინ-ჩაი, იგივე კოჯა-ირმაქი), ელინური პოლისი თიეიონი (იგივე თიოსი, დღევ. ფილიოსი, მდ. იენიჯთან) ნავსადგურით, მდ. პსილლისი (დღევ. იენიჯი) და მდინარე კალიხორი (იგივე ოკსინი, დღევ. კოზეხი).
პაფლაგონიის შემდეგ ცხოვრობენ მარიანდინები. აქ არის ელინური პოლისი ჰერაკლეა (დღევ. ერგილი) და მდინარე ლიკოსი (დღევ. გიულიუნდშ-სუ) და სხვა მდინარე ჰიპიოსი (დღევ. ბოიუქ მელან-ჩაი)“.
ფსევდო-სკილაქსის ცნობიდან ჩანს, რომ მისი დროისთვის დას. ხალიბების საზღვრები ზღვისპირა ზოლში ვრცელდება თემისკირა-თერმოდონტიდან დღევანდელ ჩამის კონცხამდე და ქალაქ პერშემბემდე. მის აღმოსავლეთით კი ტიბარენები ცხოვრობდნენ, რომელთა ტერიტორიაზე იყო კოტიორა.
ლიკოფრონ ქალკიდეკელი (ძვ.წ. 285–247): „ხალიბები – სკვითური (ე.ი. არაელინური) ხალხი, რომაელთა მიწაზე მოიპოვება საუკეთესო რკინა“.
ლიკოფრონის სქოლიასტი (ახ.წ. XII ს.): „ხალიბები ტომია „პაფლაგონიის, რომლებთანაც, ჩანს, პირველად აღმოჩნდა რკინა“.
აპოლონიოს როდოსელი (დაახლ. ძვ.წ. 295–215): „თერმოდონტის შესართავთან გაშლილია დოიასის ველი და აქვეა ამაზონების სამი ქალაქი. შემდეგ კლდოვან და პირქუშ მიწაზე ადამიანთა შორის ყველაზე უფრო საბრალო მუშები – ხალიბები ცხოვრობენ, რომლებიც რკინას ამუშავებენ. ხალიბების მახლობლად, სტუმართმოყვარე ზევსისადმი შეწირული გენეტის კონცხის (დღევ. ჩამის კონცხი) გადაღმა, ცხოვრობენ ცხვრებით მდიდარი ტიბარენები. მათ მეზობლად ტყიან ადგილებსა და მთების ძირში სახლობენ მოსსინიკები.
თემისკირიდან გამგზავრებული არგონავტები მეორეს დღეს და მომდევნო ღამეს ხალიბთა ქვეყნის გასწვრივ მიცურავდნენ. ხალიბები არც მიწას ამუშავებენ ხარების საშუალებით, არც ტკბილი ნაყოფის მომცემ ხეხილების გაშენებას მისდევენ და არც ნახირს აძოვებენ ცვარით მოფენილ ველზე. ისინი რკინით მდიდარ პირქუშ მიწას თხრიან და მოპოვებულ მადანს სურსათზე ცვლიან. ისე არ დადგება დღე, რომ ხალიბებისათვის მძიმე შრომა არ მოჰქონდეს. მათ მძიმე მუშაობა შავ ჭვარტლში და კვამლში გადააქვთ.
აპ. როდოსელის სქოლიასტი: „ხალიბებს საბადოებიდან ამოაქვთ რკინა, ჰყიდიან და ასეთრიგად შოულობენ ცხოვრების სახსარს, ვინაიდან მოსავლიანობისათვის უვარგისი მიწა უკავიათ“.
ხალიბთა მიწის უკან მოტოვების შემდეგ არგონავტებმა სწრაფად შემოუარეს გენეტის კონცხს (ახლ. ჩამის კონცხი) და ტიბარენების ქვეყნის გასწვრივ მიცურავდნენ“.
ერთ ადგილზე აპოლონიოსი წერს: „პოლიფემეს კი უწერია, რომ მიზიელებს ბრწყინვალე ქალაქი დაუარსოს და შემდეგ აღსასრული ხალიბთა ვრცელი ქვეყნის მიწაზე აღასრულოს თავისის სიცოცხლე“.
აპოლონიოსი დეტალურად აზუსტებს ხალიბებს საზღვრებს, სრულად ეთანხმება ფსევდო სკილაქსს და მიგვანიშნებს, რომ იგი ადრე ბევრად ვრცელი იყო. ამდენად აშკარა ხდება, რომ ძვ.წ. IV საუკუნეში ხალიბების ტერიტორია მნიშვნელოვნად მცირდება. ხალიბთა გავლენის დასუსტება, როგორც აღვნიშნეთ გამოწვია სპარსეთმაც. ნუმიზმატიკური მასალებიდან ჩანს, რომ ამ პერიოდიდან სპარსელები იწყებენ პოზიციების გამყარებას მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში, რის შემდეგაც სპარსელთა უზენაესობის აღიარებას იწყებენ აქაური ბერძნული პოლისები სინოპეს მეთაურობით. ძვ.წ. IV ს. 70-60-იან წლებში იქ უკვე იჭრებოდა კაპადოკიის სატრაპის დატამნესის (385–362) მონეტები, იმავე საუკუნის 50–30-იან წლებში სპარსელი სატრაპების: მითროპასტის (ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპის ვაჟი?), ჰიდარნესის (კილიკიის სატრაპის ვაჟი?) და ორონთობატის (კარიის სატრაპი 334 წ.?) არამეულწარწერიანი მონეტები, ხოლო ოციან წლებში ე.წ. დიდი კაპადოკიის მმართველის – არიარათე I-ის (350–331 კაპადოკიის სატრაპი; 331–322 წლებში კაპადოკიის მეფე იყო) მონეტები.
სამხრეთ შავიზღვისპირეთის ცენტრალურ ნაწილში ძვ.წ. IV ს-ის 30-იან წლებში სპარსეთის მყარ ბატონობაზე მიგვანიშნებს ახ.წ. II ს-ის ბერძენი ისტორიკოსის, არიანეს, თხზულების – „ალექსანდრეს ლაშქრობის“ ცნობა, იმის შესახებ, რომ ალექსანდრე დიდს უვნებლად გაუშვია მაკედონელთა მიერ დაკავებული, სპარსეთის მეფესთან გაგზავნილი სინოპის ელჩები, რადგან ბუნებრივად ჩაუთვლია, რომ ისინი თავიანთ პატრონთან მიეშურებოდნენ; ნიშანდობლივია, ამ მხრივ, ახ.წ. I ს-ის რომაელი ისტორიკოსისა და რიტორიკოსის კურციუსის ცნობაც, რომ სწორედ პაფლაგონია და კაპადოკია გახდნენ, მაკედონელთაგან მათი დამორჩილების რამდენიმე თვის თავზე, სპარსული წინააღმდეგობის უმთავრესი კერები (აღნიშნულ პერიოდში მონეტების ინტენსიური მოჭრა დაკავშირებული ჩანს პაფლაგონიასა და კაპადოკიაში მოქმედი სპარსული ძალების მცდელობასთან, სამხედრო ხარჯების გაზრდით დაპირისპირებოდნენ მაკედონელთა წარმატებებს უფრო დასავლეთით მდებარე პროვინციებში).
ევდოქს როდოსელი (ძვ.წ. III ს.): „ხალიბთა ქვეყნიდან გააქვთ რკინა, რომელსაც აქებენ მისი სიმაგრის გამო“.
ფსევდო სკიმნოს ქიოსელი (ძვ.წ. III–II ს-ბი) არსებითად ეხმიანება ეფორეს ცნობას და მოგვითხრობს: „ხალიბები ამისოსსა და ისიკოსის ყურეს შორის მდებარე აზიის უვიწროესი ყელის დასავლეთით ქვეყნის შიგნით არიან და ცხოვრობენ პისიდიის ქვეყანაში (სამხრეთ ანატოლია) მცხოვრები კაპადოკიელების მახლობლად“.
აპოლოდორე (ძვ.წ. II ს.) თავის თხზულებებში „ტროელთა საბრძოლო წყობა“ და „ხომალდთა კატალოგის შესახებ“, შენიშნავდა, რომ ჰომეროსთან ჩამოთვლილი ტროელთა ყველა აზიელი მოკავშირე, ე. ი. მათ შორის ჰალიძონებიც, ნახევარკუნძულზე, სინოპ-ამისოსის ვიწრობების დასავლეთით ცხოვრობდნენ. აპოლოდორეს წინამორბედ დემეტრიოს სკეპსისელისათვის (ძვ.წ. II ს.) ცნობილი იყო ზოგიერთების მიერ ჰეროდოტეს „ხომალდთა კატალოგში“ მოხსენიებულნი „შორეული ალიბეს“ „შორეულ ხალიბედ“ შესწორების ფაქტი.
ვირგილიუსი (ძვ.წ. 70–19): „ხალიბები – ტომი პონტოში, რკინა რომ აღმოაჩინა“.
სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23): „ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანები, რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს. აქვეა მცირე არმენია.
ეხლანდელი ხალდები ძველად ხალიბებად იწოდებოდნენ. მათი მხარის პირდაპირ მდებარეობს ქალაქი ფარნაკია, რომელსაც ზღვისგან აქვს სარგებელი პელამიდების (სკუმბრიათა ოჯახის წევრი თევზი, სიგრძე 75 სმ, წონა 5–6 კგ) დაჭერით, ხოლო ხმელეთიდან ლითონის მაღაროებით, ოღონდ მხოლოდ რკინის მაღაროებით, ადრე კი ვერცხლის მაღაროებიც ჰქონდათ.
საერთოდ ამ ადგილებში სანაპირო მეტისმეტად ვიწროა; მის პირდაპირ ახლოს აღმართულია ლითონებით სავსე და ტყიანი მთები და მხოლოდ მიწის მცირე ნაწილს ამუშავებენ. შესაბამისად ადგილობრივთ რჩებათ თავის გადასატანად იმუშაონ მაღაროებში და დაიჭირონ ზღვაში პელამიდები და დელფინები. მხოლოდ ფარნაკიელები იჭერენ დელფინებს სატყუარათი და ჭრიან მათ ნაწილებად. იყენებენ აგრეთვე მის ცხიმსაც.
ეს ხალიბები ჩემი აზრით ჰომეროსმა მოიხსენია „ხომალდთა სიაში“ პაფლაგონების შემდეგ, უწოდებს რა მათ ჰალიძონებს, რომლებიც იყვნენ ვერცხლით მდიდარი ალიბეს ქვეყნიდან. უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანებს უწინ ერქვათ ალიბები, ხალიბების ნაცვლად. ჰომეროსი ალიძონებს უწოდებს ხალიბებს. ზოგნი წერენ ალაძონებს.
ფარნაკიასა და ტრაპეზუნტის მახლობლად მდებარე ადგილების ზემოთ (ე.ი. სამხრეთით) არიან ტიბარენები და ხალდები ვიდრე მცირე არმენიამდე. უკანასკნელი საკმარისად მდიდარი ქვეყანაა. მცირე არმენიას, ისევე როგორც სოფენას, მუდამ განაგებდნენ ადგილობრივი დინასტები, რომლებიც ხან ემეგობრებოდნენ დანარჩენ არმენიელებს, ხან დამოუკიდელად მოქმედებდნენ. ამ არმენიელების ქვეშევრდომები იყვნენ ხალდები და ტიბარენები, ისე რომ ტრაპეზუნტამდე და ფარნაკიამდე ვრცელდება მათი ხელისუფლება.
ტიბარენებს და ხალდებს კოლხიდამდე, ფარნაკიასა და ტრაპეზუნტს მართავს პითოდორიდა, ჭკვიანი ქალი, სახელმწიფო საქმეების გაძღოლის უნარით. იგი ტრალელი პითოდორეს ასულია. გაჰყვა რა ცოლად პოლემონს (პოლემონ I, პონტოს მეფე ძვ.წ. 38–8; ბოსფორის მეფე ძვ.წ. 16–8), ერთი პერიოდი იყო ქმრის თანამმართველი; ქმრის სიკვდილის შემდეგ ე.წ. ასპურგიანთა (ასე უწოდებდნენ ბარბაროსულ ტომს, რომლებიც ცხოვრობდა სინდიკიასთან ახლოს) ქვეყანაში მემკვიდრეობით მიიღო მმართველობა. პოლემონისგან მას ჰყავდა ორი ვაჟი და ასული ანტონია ტრიფენა. უკანასკნელი წაყვა ცოლად კოტის VIII თრაკიელს (ოდრისთა მეფე ახ.წ. 12–19 წლ.); რის შემდეგაც კოტისი მუხანათურად მოკლეს (ახ.წ. 19 წ.), ის კი დარჩა ქვრივი მასთან შეძენილ შვილებთან ერთად. უფროსი ვაჟი მისი შვილებიდან მართავს ქვეყანას (თრაკიას). რაც შეეხება პითოდორიდას ვაჟებს, ერთი მათგანი პოლემონ II (პონტოს მეფე ძვ.წ. 38–ახ.წ. 17 წლ.) ეხმარებოდა დედას ქვეყნის მართვაში, ხოლო მეორე ზენონი დანიშნეს „დიდი არმენიის“ მეფედ (მეფობდა ახ.წ. 18–34 წლებში). თავად პითოდორიდა ცოლად გაჰყვა არქელაოსს (ზემოთ ნახსენები კაპადოკიისა და მომავალში მცირე არმენიის მეფეც) და ცხოვრობდა მასთან სიცოცხლის ბოლომდე (ახ.წ. 17 წლამდე). ახლა ის ქვრივია (გარდაიცვალა ახ.წ. 23 წელს), ფლობს ზემოთნახსენებ მხარეებს და სხვებს უფრო კულტურულს.
არმენიის პატარა ქვეყანა გაფართოვდა არტაქსიასა და ზარიადრიას ომების შედეგად. ხალიბებს და მოსინიკებს ჩამოართვეს კარენიტი (არზრუმის მხარე) და ქსერქსენე (დერქსენე, სომხური დერჭანი, დღევ. თურქეთის ქ. თერჯანის ოლქი, არზრუმის დასავლეთით), რომლებიც ესაზღვრება მცირე არმენიას და ამჟამად მისი ნაწილია“; ე. ი. სტრაბონის მიხედვით, ხალიბები კარენიტიში არიან ლოკალიზებულნი, ხოლო მოსინიკები, კიდევ უფრო დასავლეთით, ქსერქსენეში.
სომხების მიერ ხალიბების მიწა-წყლის მიტაცებას უნდა გამოეწვია ჭოროხის, მტკვრისა და არაქსის სათავეებს შორის ნარევი მოსახლეობის წარმოქმნა, რასაც აღნიშნავს კიდეც პლინიუსი.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ სტრაბონი იქ ახსენებს ხალიბებს სადაც ისინი ნახა ჯერ კიდევ ქსენოფონტემ.
პლინიუს უფროსი (ახ.წ. 23–79): „თერმოდონტის აღმოსავლეთით ცხოვრობენ ხალხები: კენები (გენეტები, რომელთა სახელსაც ატარებს აქაურ სანაპიროსთან კონცხი და უბე იასუნის კონცხსა და ჩამის კონცხს შორის.) და ხალიბები, დევს ქალაქი ქალაქ კოტიორი (კოტიორა, დღევ. ორდუ), შემდეგ ტიბარენები, მასსინები (იგივე მოსსინიკები) ტატუირებული სხეულით, მაკრო-კეფალების (ანუ გრძელთავიანები, = მაკრონებს) ტომი, ქალაქი კერასუნტი (ვაკფიკებირი), კორდულას პორტი (დღევ. აკჩაკალე), ტომები ბექირები და ბუქსერები, მდინარე მელასი (ანუ შავი მდინარე, დღევ. კარა დერე. ზღვას უერთდება ქ. არაკლიში), მაქორონები.
ფარნაკეადან 100000 ნაბიჯზე მდებარეობს თავისუფალი ქალაქი ტრაპეზუნტი, უზარმაზარი მთებით შემოზღუდული. მათ გადაღმა ბინადრობს არმენოხალიბების ტომი, ხოლო მათგან 30000 ნაბიჯის (30 რომაული მილი ანუ 44,5 კმ) მანძილზე დიდი არმენია“.
პლინიუსის ცნობითაც, ხალიბები ერთ-ერთი პირველთაგანნი იყვნენ მათ შორის, ვინც საერთოდ მელითონეობას ჩაუყარეს საფუძველი“.
მართალია პლინიუსის ცნობებით ხალიბთა იმჟამინდელი საცხოვრისის საზღვრების დადგენა შეუძლებელია, თუმცა სამაგიეროდ მტკიცდება სტრაბონის ცნობა არმენიელთა მიერ ხალიბებით დასახლებული კარენიტის დაპყრობის შესახებ, რამაც გამოიწვია კიდეც ნარევი ხალხის – არმენოხალიბების გაჩენა.
დიონისიოს პერიეგეტი (ახ.წ. II ს.) ეყრდნობა რა ძველ ცნობებს მოგვითხრობს: „ტიბარენების შემდგომ უხეშსა და მკაცრ მიწა-წყალზე ცხოვრობენ ხალიბები, მძიმე რკინის დამუშავების მცოდნენი. ისინი დგანან მძიმედ მჟღერად გრდემლებთან და არასოდეს ისვენებენ ჯაფისა და საშინელი გასაჭირისაგან. შემდეგ მოდის ასურელთა მიწის მდელოები, რომელზეც მიედინება მდ. თერმოდონტი“.
ფლავიუს არიანე (ახ.წ. 95–175): „ხალიბები პირველნი არიან ადამიანთა შორის, რომელთაც მიეცათ შემთხვევა ლითონთა დამუშავების“.
ამიანუს მარცელიუსი (ახ.წ. 330–395): „შავი ზღვის ნაპირზე ხალიბების შემდეგ ვრცელი მიწები უჭირავთ… ტიბარენებს, მოსინიკებს, მაკრონებს… ხალხებს, რომლებიც ჩვენთვის სრულიად უცნობნი არიან“.
„მიჯაჭვული პრომეთეს“ სქოლიასტი: „ხალიბების სამშობლო, ესე იგი რკინის წარმომშობი ქვეყანა… სადაც პირველად მოიძებნა რკინა“.
რუფუს ფესტუს ავიენუსის (ახ.წ. IV ს.) ცნობით, ხალიბებს აღმოსავლეთით ტიბარენები ესაზღვრებიან.
ვალერიუს ფლაკუსი (ახ.წ. II ს.) ხალიბებს გენეტესის მთებთან და ტიბარენების „მწვანე ტბებთან“ ახლოს ათავსებს.
სვიდას ლექსიკონში (X ს-ის შუა წლები) ასეთ განმარტებას ვხვდებით: „ხალიბები – ტომია სკვითიაში, სადაც რკინა იპოვება… ხოლო ხალიფსი რკინაა; ეპიგრამაში სწერია: „და მაგარი ხალიბი (ე. ი. რკინა) მომცელავი“.
*       *       *
ვ. ი. ჰამილტონმა 1835 წელს იმოგზაურა მცირე აზიასა და ყოფილი პონტოს სამეფოს ტერიტორიაზე. ამ ადგილებში მადნეულობის შემცველი პუნქტებისა და მოსახლეობის გაცნობის შედეგად დაასკვნა, რომ ძველი წყაროების ალიბე და ხალიბე ერთი და იგივეა და ხალიბებს აღნიშნავს. მოგზაურმა ქ. ამისოსის აღმოსავლეთით, უნიეს მიდამოებში ინახულა ძველი ხალიბური რკინის დამუშავების ადგილები და განაცხადა, რომ მადანი აქ ადვილი მოსაპოვებელი არ არის და ხალიბებს თავის დროზე მძიმე შრომითი ცხოვრება უხდებოდათ. ჰამილტონმა გიუმუშჰანეს სამხრეთ-აღმოსავლეთით ინახულა მაღარო, სადაც წარმოებდა მადნის ამოღება და მისგან ვერცხლის მოპოვება. მისი ცნობით აღნიშნულ მაღაროში 50–60 მუშა იყო დასაქმებული. ჰამილტონი ირწმუნება, რომ ეს სწორედ ის ადგილია, სადაც ძველი წყაროები ათავსებდნენ ხალიბებს და მათს სამთამადნო საწარმოებს. „მე დიდად ბედნიერი ვიყავი, რომ შევხვდი ამ უძველეს მთიელ მოსახლეობას, რომელთა ცხოვრებაცა და მუშაობის ხერხი და ვითარებაც ზუსტად ემთხვევა აპოლონიოს როდოსელის მიერ დატოვებულ ხალიბთა ესოდენ ცხოველ აღწერილობას“.
აღნიშნული ადგილები 40 წლის შემდეგ მოინახულა ფრანგმა მოგზაურმა თეოფილ დეიროლმა, რომელიც წერს: „დამუშავება ვერცხლისა და ტყვიის მადნებისა, რისგანაც მიიღო ამ მხარემ თავისი სახელი, თითქმის მიტოვებულია. 1810 წელს მთავრობა იღებდა აქედან ყოველთვიურად 30000 პიასტრს, ამჟამად კი მადანს, თითქმის არავითარი შემოსავალი არ მოაქვს“.
ძვ.წ. III საუკუნეში ხალიბთა ტერიტორიაზე პონტოს ელინისტური სამეფო ჩამოყალიბდა, რომლის მმართველი ფენა ბერძნულენოვანი იყო, ხოლო მოსახლეობის უმრავლესობა ხალიბები. ძვ.წ. II საუკუნეში პონტოს სამეფომ თითქმის ყველა შავიზღვისპირა ქართველური ტომი შემოიერთა, რამაც გამოიწვია მათი ერთმანეთთან შედუღაბება, რის შემდეგაც ცალკეული ტომების ნაცვლად ყალიბდება ჭანების ანუ ხალდების ტომი (სომხურად ხალტიქი, თურქულად ლაზები), რომლებიც XIX საუკუნის ბოლომდე ინარჩუნებდნენ საკუთარ ენასა და კულტურას.

Комментариев нет:

Отправить комментарий