пятница, 10 сентября 2021 г.

„ხევის“ სოციალური სტრუქტურა „აფხაზთა“ სამეფოში (ა. ჩიქობავა)

VIII საუკუნის სოციალური ტეხილის დროს ხევების გაერთიანება ხდება, შემდგომში კი ამ ხევების საფუძველზე – მთისა და ბარის გაერთიანება ერთ „ქვეყნად“.1 აღსანიშნავია, რომ ეს ტეხილი სიტყვათა სემანტიკურ ცვლილებებშიც აისახა. ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით, ქვეყანას „სოფელი“ ეწოდებოდა, სოფელს კი, „დაბა“. VIII საუკუნიდან მოყოლებული „ქვეყანა“ იმ მნიშვნელობით იხმარება, რომელიც დღესაა მიღებული, ან რომელიმე ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონის აღსანიშნად.2 ა. ბოგვერაძე ამგვარი ტეხილს სასოფლო თემების, ანუ ოდესღაც თავისუფალი დაბების არსებობისას, IX საუკუნეში ხედავს. მისი აზრით, როდესაც ეს თავისუფალი დაბები ფეოდალთა მფლობელობაში მოექცა, სწორედ მაშინ უნდა დამკვიდრებუიყო ტერმინი „სოფელი“. თვითონ ტერმინს კი უფლებას უკავშირებს, რასაც, თავის მხრივ, ფეოდალიზმის განვითარების ეტაპს უკავშირებს.3
ამ მხრივ აღმოსავლეთ საქართველოს სოციალური სტრუქტურა ფუნდამენტურად შესწავლილია. საინტერესოა, დასავლეთ საქართველოს, კერძოდ კი, მეგრულ-ჭანური მოსახლეობის განსახლების არეალში ამგვარი სოციალური ერთეულების არსებობა და მათი გავლენა „ქუეყნების“ ჩამოყალიბებაზე ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით. ჩემს ინტერესს „აფხაზთა“ სამეფოს პერიოდი წარმოადგენს. თუმცა, ვინაიდან იმ ეპოქის დასავლურქართული სამეფოს სოციალურ სტრუტურაზე ძალიან ცოტა ცნობა გვაქვს, გვიხდება მოგვიანო პერიოდის, უფრო სწორად, გვიანი ფეოდალური ეპოქის დოკუმენტებისა და წყაროების მოხმობა. მათ საფუძველზე განვიხილავ ხევის სოციალურ სტრუქტურას. მართალია, ქრონოლოგიური აცდენა დიდია, მაგრამ ამ ტიპის სოციალური ტერმინების სახელწოდება და მათი სემანტიკური დატვირთვა, ჩემი აზრით, თითქმის არ უნდა შეცვლილიყო.
„აფხაზთა“ სამეფოს ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ვახუშტი ბატონიშვილთან ვხვდებით, სადაც საუბარია ლეონ აფხაზთა მეფის მიერ საერისთავოების ჩამოყალიბების შესახებ. კიდევ ერთხელ მოვიტანთ ციტატას: „ხოლო დაჯდა რა ესე ლეონ მეფედ და დაიპყრო ყოველი ეგრისი, არღარა უწოდა ეგრისი, არამედ აფხაზეთი და განყო ესე ეგრისი და აწ აფხაზეთი რვა საერისთაოდ:
„დასუა აფხაზეთს და მისცა აფხაზეთი, ჯიქეთი ვიდრე ზღუამდე და ხაზართა მდინარემდე; დასუა ცხომს და მისცა ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ; დასუა ბედიას და მისცა ეგრისის აღმოსავლით ცხენისწყლამდე; ვინაითგან ამასვე ლეონს მოერთნენ ოძრახოს წილნი, ჭოროხის სამხრეთისანი განუდგნენ ოძრახოს ერისთავსა, ეწოდა გურია და დასუა მუნ ერისთავი თვისი; დასუა რაჭა-ლეჩხუმსა; შორაპანისვე, რიონს და ხანის-წყლის აღმოსავლეთისა ლიხამდე სრულად არგუეთისა; დასუა ქუთათისს ვაკისა, ოკრიბისა და ხანის-წყლის დასავლით გურიამდე და რიონს დასავლით ცხენისწყლამდე. ამანვე აღაშენა ქუთათისი ქალაქი და ციხე ჰყო საყდარი აფხაზთა მეფისა, ვითარცა ანაკოფია ჰყო ტახტად მეორედ ესე ქუთაისი… – ამან ლეონ მოაწყო აფხაზეთი და განაგო ყოველივე“.4
ზემოთ ჩამოთვლილი საერისთავოებიდან დანამდვილებით ვიცით, რომ ექვსი არსებობდა. არავითარი ცნობა არ გვაქვს გურიისა და ქუთაისის საერისთავოების შესახებ. მ. ბახტაძის აზრით, ცნობების უქონლობა სრულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადმინისტრაციული ერთეულები არ არსებობდა. სავარაუდოდ, შემდეგში ისინი უნდა გაუქმებულიყო, მით უმეტეს, რომ ასეთი მაგალითები ქართულ რეალობაში მოგვეპოვება.5
ამჯერად გაკვრით შევეხებით ქუთაისის საერისთავოს, რომელსაც, სავარაუდოდ, „სამოქალაქო“, ანუ მის გარშემო არსებული საუფლო ტერიტორიაც გააჩნდა. ნ. ბერძენიშვილს პროკოპის დროინდელი მოხერისი/მუხერისი და ქუთაისის სამოქალაქო ერთი და იგივე „ქვეყნად“ მიაჩნია.6 მეც ვიზიარებ ამგვარ დაკვირვებას და რამდენიმე არგუმენტს შევმატებ. პროკოპის მიხედვით, მოხირისი ეწოდება ლაზიკის ყველაზე მდიდარ მხარეს, სადაც მდინარე იპპისი (ცხენისწყალი) ჩამოედინება (Proc.BG.VII.17).7 Notitia Dignitatum-ში იხსენიება გეოგრაფიული პუნქტი Mochora, სადაც რომაული გარნიზონი იდგა. ს. ყაუხჩიშვილს პროკოპის მოხერისისა და Mochora-ს იდენტურობა დასაშვებად მიაჩნია.8 ჩემი აზრით, სახელწოდება მოხერისი/მუხერისი ბერძნული სიტყვა ხორადან უნდა მოდიოდეს, რაც პოლისის გარშემო არსებულ სავარგულ ტერიტორიას ნიშნავს. აქედან შემდგომში ნაწარმოები უნდა იყოს მეგრული სიტყვა მუხური და ხორუა (ქართ. მხარე, დასახლება, სამოსახლო. ამაზე დაწვრილებით იხ. ქვმოთ). მოხერისი, სავარაუდოად, ქუთაისის სამოქალაქოს ნაწილს უნდა მოიცავდეს. ეს კარგად ჩანს წყაროებიდანაც. თვითონ სიტყვა ქუთაისის სამოქალაქოც გულისხმობს იმას, რომ ქუთაისს ჰქონდა რაღაც მიმდგომი ტერიტორია. თუ ასეთი მდგომარეობა ადრევეა სავარაუდებელი, მაშინ სრულებითაც არ არის გასაკვირი, რატომ ემთხვევა ერთმანეთს მოხერისისა და ქუთაისის სამოქალაქოს საზღვრები. შინაარსობრივი ტრანსფორმაცია ასე წარმომიდგენია: χορα=ანტიკური პოლისის მიმდგომ ტერიტორიას, ანუ „სამოქალაქოს“ χορα = მოხირისი (მუხური)მოხირისი (მუხური) = ქუთაისის სამოქალაქო.
ახლა რაც შეეხება საკუთრივ „ხევს“. დასავლეთ საქართველოს დღემდე შემორჩენილ სამართლის ძეგლებში, საეკლესიო საბუთებსა თუ სასისხლო სიგელებში, რომელიც ოდიშის სამთავროს შეეხება, მოურავი მხოლოდ ვამეყ III (1658-1661) დადიანის დროინდელ საბუთებში მოიხსენიება.9 თუმცა არის გამონაკლისი – გიორგი I ლიპარტიანის შეწირულობის წიგნი, სადაც ვინმე მოურავი სეხნია ნეუსაძე იხსენიება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის იყო სათავადოს „სალიპარტიანოს ქუეყნის“ მოურავი და არა ოდიშის სამთავროს მოურავი.
1633 წელს იტალიელი მისიონერები დონ არქანჯელო ლამბერტი და დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი გორიდან სამეგრელოში წავიდნენ, ლევან II (1611-1657) დადიანმა ისინი კეთილად მიიღო და საცხოვრებელიც მიუჩინა. მისიონერებს წიფურიაში (დღევანდელი სოფელი თაგილონი (გალის რ-ნი) და სოფელ შამგონის ნაწილი (ზუგდიდის რ-ნი) ერთი ცარიელი ეკლესია მოსწონებიათ და იგი მთავრისათვის იმ მხარის „Governadore“-ს პირით უთხოვიათ. მ. თამარაშვილი „Governadore “-ს თარგმნის, როგორც მოურავს.10
ზემოთ აღნიშნული „Governadore“ არის თუ არა მოურავი, ჩვენ არ ვიცით, თუმცა ერთი რამ ნათელია: წიფურიას მხარეს თავისი გამგებელი ჰყავს. სავარაუდოდ, ეს მხარე უშუალოდ სამთავრო დომენში შედის, რადგან მისიონერები წიფურიას ეკლესიას რომელიმე მღვდელმთავარს ან თავადს კი არ თხოვენ, არამედ უშუალოდ მთავარს. ოდიშის სამთავროში არსებობდა როგორც მთავრისა და თავადის, ასევე, საკათალიკოზო მოურავი, რომელსაც უშუალოდ მთავარი ნიშნავდა.11
ვამეყ III (1658-1661) დადიანის ერთ-ერთ შეწირულობის წიგნში ვკითხულობთ: „თქუენ კ(ათალიკო)ზს ბატონს ზაქარიას ასრე და ამ პირსა [ზედა], რომე სენაკის საყდარი გვთხოვეთ და მოგეცით მისის შეწირულის მამულითა და სასახლეებითა... აგრეთვე საკათალიკოზოს საქმეზედ დაგველაპარაკნეთ სხვა და სხვა მოურავი იდგა და ანუ არც ამ სენაკზედ და არც საკათალიკოზოს მამულზედ მოურავი არ დაგიყენოთ თქვენთ უნებლიეთ“.12
შეწირულობიდან ჩანს, რომ სენაკში მთავრის მოურავი იჯდა. ასევე, მთავრის მოურავი იჯდა საკათალიკოზო მამულში, სავარაუდოდ, საკათალიკოზო მოურავთან ერთად, რადგან საუბარია „სხვადასხვა მოურავზე“. საინტერესოა, რომ მთავარი პირობას დებს, რომ საკათალიკოზოსთვის შეწირულ სენაკზედ და საკათალიკოზო მამულში კათალიკოზის დაუკითხავად მოურავს არ დანიშნავს. საკათალიკოზო მამულში კათალიკოზის მოურავთან ერთად მთავრის მოურავი რომ იჯდა, მიუთითებს ვამეყ III დადიანის კიდევ ერთი შეწირულობის წიგნი, სადაც ვკითხულობთ: „ასრე რომე, საკათალიკოზო მამულები სადაც იყო, ყველგან ვინ გინდა ვის სახელით ქონდა საბატიოს კაცებსა (ხაზი ჩვენია – ა. ჩ.) ბატონო კათალიკოზო, თქვენ მოინდომეთ და დაგვეაჯენით. და ჩვენ გისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი და გარდაგვიგდია საკათალიკოზოს მამულზედა და ალაგებზედ ყოველგან მოურავი ჩვენს საბატონოში (ე. ი. ოდიში – ა. ჩ.).13
ასე რომ, ჩვენმა შემდგომმა ბატონმა და დედოფალმა და კათალიკოზმან ბიჭვინტისა ღმრთისმშობლის მამულსა და ალაგებზე თუ არ იმავ ხატის ყმა, სხვა კაცი მოურავად არ დავსვათ და არცა ვის სახელოდ მივსცეთ.“14
საბუთებიდან ვერ ვარკვევთ, კონკრეტულად რა მოვალეობა ჰქონდა მოურავს ოდიშის სამთავროში. თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ოდიშის სამთავროშიც ანალოგიური ფუნქციები ეკისრებოდა. ლევან II (1611-1657) დადიანის დროინდელი ოდიშის სამთავროს ადმინისტრაციული მოწყობის თვალსაზრისით საინტერესო ინფორმაციას გვაძლევს ერთი ფიცის წიგნი, რომელშიც ვკითხულობთ: „ესე აუარებელი ფიცი, წიგნი და პირი დაგიწერეთ და მოგახსენეთ ჩვენ შანგულია ქაიხოსრო და (უნდა იყოს – ჯოღერია ზარიამ)15 თქუენ დადიანსა ბატონსა ლევანს ასრე და ამ პირსა ზედან, რომე საკ(ათალიკო)ზე და საცაიშლო მამულზედან, სახევისთაოზედან, და სათქუენოს საქმეზედან ვყარყაშობთით და აწე თქვენ გაგვარიგეთ“.16
აქ ჩვენი ყურადღება მიიქცია ტერმინმა „სახევისთაოზედან“. როგორც ჩანს, ლევან II დადიანის დროს ოდიშის სამთავროს ადმინისტრაციული მოწყობის ერთ-ერთ ერთეულს „სახევისთავო“ წარმოადგენდა. თუ რა შინაარსს შეიცავდა ეს ტერმინი ოდიშის სამთავროში, ჩვენთვის უცნობია. თუმცა უნდა ვიფიქროთ, რომ „სახევისთავო“ საკმაო ტერიტორიას მოიცავდა, რადგან მოხსენიებულია „საკათალიკოზო და საცაიშელო“ მამულთან ერთად. აქვე ისმის კითხვა, ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „სახევისთავო“ საეკლესიო მამულებისაგან შედგებოდა?
„სახევისთავოს“, სავარაუდოდ, „ხევისთავი“ განაგებდა. დ. მუსხელიშვილის აზრით, აღმ. საქართველოს „ხევისთავები“ არიან იმ ტერიტორიის მოხელეები, რომლებიც ადრეფეოდალურ ხანაში ცალკე ისტორიულ-გეოგრაფიულ ერთეულებს – „ხევებს“ წარმოადგენდნენ.17 თუმცა მისივე თქმით, „ხევისთავი“ არა წინაფეოდალური ხანის „ხევის“ გამგებელი, არამედ ჩვეულებრივი ფეოდალი იყო. ადრეული პერიოდის შემდეგაც „ხევები“ საკუთრების სხვა ფორმებთან ერთად (გვერდით) პირველყოფილ-თემური ტრადიციების მატარებელნი იყვნენ.18
ჩვენს ფიცის წიგნში ნახსენებია „ბატონი კათალიკოზის მოხელე“ და „იქაური მოხელე“. ხომ არ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ „იქაური მოხელე“ სწორედ „სახევისთავოს“ გამგებელია. „ძეგლის დადების“ მიხედვით, ადგილობრივ ხელისუფალთა იერარქიაში „ხევისთავი“ მეორეა ერისთავის შემდეგ, თუმცა სრული წარმოდგენა მისი „ხელის“ შესახებ ამ ძეგლით ვერ დგინდება.19
ძველ საქართველოში „ხევისთავი“ საბატონიშვილოში დანიშნული მოსამართლე იყო, რომელიც მეფის ან ბატონიშვილის მიერ ინიშნებოდა.20 „დასტურლამალის“ მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში „ხევისთავს“ საპოლიციო, სასამართლო „ხელი“ გააჩნია.21 ტექსტში ვკითხულობთ: „ატენის მოურავისა სძეს: ხევისთავობა მოურავისა არის“ და „ატენის ხევზედ არაოდეს სხვა ხევისთავი არ შესულა და მოურავს უსამართლებია“. ატენის ხეობაში „ხევისთავობა“22 ატენის მოურავს შეუთავსებია, ასევე, დიღმის მოურავის სარგო ყოფილა „ხევისთავობა“.23
1770 წლის სიგელიდანაც ირკვევა, რომ ცალკეულ შემთხვევაში „ხევისთავთა“ უფლებები საეკლესიო ყმებზეც ვრცელდებოდა. ზემოთ აღვნიშნეთ, ოდიშის სამთავროს ადგილობრივი მმართველობის უმთავრესი მოხელე იყო მოურავი. გარდა მთავრის მოურავებისა, იყვნენ საკათალიკოზო და „სათავადო“ მოურავები.24
ბ. კვარაცხელიას აღნიშვნით, თუკი თავადი ან აზნაური თავის მოურავს თვითონ ნიშნავდა, საეკლესიო მოურავს თვითონ მთავარი ნიშნავდა, ოღონდ ის „იმავ ხატის ყმა“ უნდა ყოფილიყო. ამ დასკვნამდე ის ვამეყ III დადიანის მიერ კიდევ ერთი შეწირულობის წიგნის საფუძველზე მივიდა, სადაც ვკითხულობთ: „გარდაგვიგდია საკათალიკოზოს მამულზედა და ალაგებზედ ყოველგან მოურავი ჩვენს საბატონოში (ე.ი. – ოდიშში). ასრე რომე, ვერამ ჩვენმა შემდგომა ბატონმა და დედოფალმა და კათალიკოზმან ბიჭვინტისა ღმრთისმშობლის მამულსა და ალაგებზე, თუ არ იმავ ხატის ყმა, სხვა კაცი მოურავად არ დავსვათ და არც ვის სახელოდ მივსცეთ“.25
საინტერესო ფაქტია, რომ იმერეთში „თემის უფროსად“ იმ საყდრის დეკანოზი ინიშნებოდა, რომლის მრევლსაც ეს თემი შეადგენდ. 26 ასევე, ხომ არ შეიძლება პარალელი გავავლოთ ორ სხვადასხვა ფორმულირებას შორის: 1) „ატენის ხევზედ არაოდეს სხვა ხევისთავი არ შესულა და მოურავს უსამართლებია“ და 2) „თუ არ იმავ ხატის ყმა, სხვა კაცი მოურავად არ დავსვათ და არცა ვის სახელოდ მივსცეთ“.27
იმის გათვალისწინებით, რომ „სახევისთავო“ ფიცის წიგნში საკათალიკოზო და საცაიშელო (ანუ საეპისკოპოსო) მამულებთან ერთადაა მოხსენიებული, გამოვთქვამ ფრთხილ ვარაუდს იმის თაობაზე, რომ „სახევისთავო“ თავის თავში საეკლესიო მამულებში შემავალ სოფლებსაც აერთიანებდა და მას კონკრეტული საზღვრები არ გააჩნდა. ჩემი აზრით, „ხევისთავის“ ფუნქცია მთავრის მიერ დანიშნულ რომელიმე მოურავს უნდა შეესრულებინა, თუმცა არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ „ხევისთავის“ „ხელი“ ოდიშის სამთავროში დამოუკიდებლადაც არსებობდა. ო. სოსელიას დეისმა ჯაიანი ხორგას მოურავად მიაჩნია, რადგან დადიანის „სათხოვარი“, „გარდასახადი“ და „სხვა რამე სათემო საქმე“ ხორგაში დეისმას „საქმეა“.28
ჯაიანები ოდიშის ერთ-ერთი ძლიერი თავადები იყვნენ. როგორც ვიცით, მათ ხელში იყო ხორგაც, თუმცა ხორგაში საკათალიკოზო მამულიც იყო და კათალიკოზს ხორგაში მოსული ნავებისაგან ბაჟი ერგებოდა.29
დეისმა ჯაიანს, როგორც მოხელეს, ხორგის საკათალიკოზო მამულზეც რაღაც მოვალეობა ეკისრა: „დღეის ამას იქით ჩვენგან ამ ხორგას, რომელიც თქვენი ყმა იყოს, ან აზნაურის შვილი, ან მსახურისა, ან გლეხი ქალად და უსამართლოდ ჩვენგან და ჩვენის შვილებისაგან და ჩვენის მორჩილი ყმისაგან, არა წაერთმეოდეს რა“. ასევე ნაქურდალის საქმის გარჩევა მისი საქმე ყოფილა. „დასტურლამალის“ მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში ნაქურდალის საქმეს „ხევისთავი“ განაგებს.30
რაც შეეხება ტერმინ „ხევს“ და მის მიმართებას დასავლეთ საქართველოსადმი, დ. მუსხელიშვილს „ხევი“ ესმის, როგორც სოციალური ტერმინი.31 იმერეთის სამეფოში ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფის აღმნიშვნელ ტერმინად XVIII საუკუნემდე „ხევი“ იხმარებოდა. ის შემდეგ „თემით“ შეიცვალა.32 ჩემი აზრით, კონკრეტული შემთხვევის „სახევისთავო“ უნდა იყოს თემთა კრებული, თემი კი საკუთრივ სხვადასხვა სოფლებისაგან შედგებოდა. სამეგრელოში თემის არსებობის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან რუსი ელჩები: «ноября в 20 де пошли из Джуари; тово же числа пришли в тое же волость в другую деревню» ან «Марта в 1 де из летчихи (ლეჯიქე) пошли того же числа пришли другую деревню тое же волости».33 როგორც ვხედავთ, რუსი ელჩების თქმით, სოფელი ლეჯიქე სხვა სოფელთან ერთად შედის ერთ «волость»-ში, ანუ თემში, ასევე სოფელი ჯვარი. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთებში შემორჩენილი ტერმინი „ერთობითი თემი“, 34 ანუ თემთა კრებული, ჩემი აზრით, იგივეა, რაც „სვანეთის საისტორიო კრებულში“ დადასტურებული „სრულიად სვანეთის ხევი“, „ერთობლივი ხევი“.35 ნ. ბერძენიშვილის აზრით, „ერთობლივ ხევში შედიან სხვადასხვა ხევები“.
რას წარმოადგენს „ერთობლივი ხევი“? ის წარმოადგენდა ხევთა კავშირს. გარკვეული ურთიერთვალდებულების საფუძველზე ამ კავშირში შემავალი პირი უნდა დაქვემდებარებოდა საერთო კანონებს, ხეობაში გაერთიანებული ხევები უნდა დახმარებოდნენ ერთმანეთს, საჭიროების შემთხვევაში მათი მოვალეობა იყო საერთო ლაშქრობა. სვანეთის „ერთობლივი ხევი“ სეტის ხევისა და მისი ეკლესიის გარშემო ერთიანდებოდა.36 „ერთობლივი ხევი“ დაახლოებით ისეთივე ფენომენია, როგორიცაა გერმანული „Gemeinde“ – კომუნა, ერთობა.37
სამეგრელოში, კერძოდ კი, მთიან სამეგრელოში თემი წარმოადგენს სხვადასხვა მონოგენური უბნების, ანუ სოფლების გაერთიანებებს, რომელსაც საერთო სათემო სალოცავი, საერთო სათემო მმართველობის სისტემა და საერთო სათემო შესაკრები ადგილი გააჩნია.38 ის სტრუქტურულად დაახლოებით ისეთივე გაერთიანებაა, როგორიც „ერთობლივი ხევი“. ყულიშკარის თემის მაგალითზე, სამეგრელოში, თითოეული უბნის შიგნით ან სოფლის შიგნით იქმნება მეზობლური გაერთიანება „სამოხიო“.39 მეგრული „სამოხიო“ მსგავსებას ამჟღავნებს გურიის მაგალითზე ცნობილ უბნის ან კუთხის სახელწოდება „სახევისკაცოსთან“ – ანუ „სახეისკაცოსთან“.40
დ. ჭითანავას აზრით, ტერმინ „სამოხიოში“ უნდა გამოიყოს პრეფიქსი „სა“ და ფუძე „მოხ“ ანუ „სამოხიო“ გარკვეული ტერიტორიის განმსაზღვრელია. იგი ვარაუდობს, რომ „სამოხიო“ შეიძლება აღდგეს „სამოხევოს“, „სახეოს“ მნიშვნელობით და უკავშირებს ხევს და ხეობას.41 ამის თაობაზე ჩვენ განსხვავებული აზრი გაგვაჩნია, თუმცა მკვლევრის მოსაზრება, სამეგრელოს თემში არსებული „სამოხიო“ ხევს დაუკავშიროს, გვაფიქრებინებს, რომ ოდიშის სამთავროში „სახევისთავო“ სწორედ რომ თემთა გაერთიანებას წარმოადგენდა და უპირატესად თავისთავში სოციალურ ფუნქციას გულისხმობდა. „თემი“ სოფლისაგან შედგება, ასევეა „ხევიც“. „ამანვე დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყვასა საეპისკოპოსო, შეწირნა სოფელნი მრავალთა ყოველთა ხევთა (ხაზი ჩვენია – ა. ჩ.) და ადგილთა“.42
გვაქვს თუ არა დასავლეთ საქართველოში „ხევი“?
აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი და დავით მუსხელიშვილი დასავლეთ საქართველოში „ხევს“ ვერ ხედავენ. ნ. ბერძენიშვილის აზრით, არის, თუმცა იშვიათია, რადგან მას დასავლეთ საქართველოში დასახლება „სერებად“43 წარმოუდგენია. მისივე თქმით, „ხევი“, „ხევ-ობა“ – „ხეობა“, უპირველეს ყოვლისა, სამეურნეო მთლიანობას ემყარებოდა და მისი შედეგი იყო მორწყვაზე დამყარებული მეურნეობის შედეგი“.44 „ხევნი დასავლეთ საქართველოს მიმართ – „მხარე“ – კუთხე“ (სიმონ ყაუხჩიშვილის ლექსიკონის მიხედვით).45
ნ. ბერძენიშვილი სვამს კითხვას: „ხევებს“ ადგილობრივად ხევები ერქვათ თუ ეს მწერლის ენაა? ბედიას საეპისკოპოსოს შექმნისას ბაგრატ III-მ „შეწირნა სოფელნი მრავალნი ყოველთა ხევთა და ადგილთა“. ავტორს ეს ქვეყანა ხევებად წარმოუდგენია.46 ბედიის საეპისკოპოსო გვიან ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში შედის,47 ანუ ოდიშში „ხევები“ არსებობს. მეგრულში, მეგრულ-ჭანურში არსებობს ხევის აღმნიშვნელი სიტყვა რუბა-ორუბა (ჭან) და რობუ (მეგრ). იგივე მდინარე (овраг, ушелье, река), 48 თუმცა, ჩემი აზრით, ტერმინ „ხევს“ უნდა შეესაბამებოდეს „მუხური“. ცნობილია, რომ სამეგრელოში „მუხურებად“, ანუ მხარეებად იყო დასახლება. ი. ყიფშიძის განმარტებით: მუხური – край, угалокъ, островъ, страна,49 რაც უნდა მოდიოდეს სიტყვა „ოხორი“ – სახლი, ან „ხორუა“ – სამოსახლოდან, აქედან „მა-ხორუ“, „მო-ოხურუუ“, „მახორო“.50
სამეგრელოში მრავლადაა სოფლები სახელწოდებით „მუხური“.51 შამუგიაშ მუხური – შამუგიას კუთხე, ზუგდიდის რ-ნი; შოშიაშ მუხური – შოშიას კუთხე, სათიბი სოფელ დარჩელში, ზუგდიდის რაიონი; განარჯიას მუხური, იგივე გან-მუხური – რაც განარჯიას კუთხეს ნიშნავს; ხუტუშ-მუხური – ხუტუს მხარე და ა. შ.52
ჩემი აზრით, სიტყვა „მუხურ“ (მხარე, კუთხე) ან „ხურუდან“ უნდა მოდიოდეს ტოპონიმი „მოხერისი“. ნ. ბერძენიშვილი სვამს კითხვას: „მუხურში“ ხომ არ იყო ბერძნული მოხერისის საფუძველი?53 ის გამოყოფს მუხურ-ი-შ-ი-ხურ, ხორუა. იქვე ასკვნის: „ქუთათიში არაა საფიქრებელი რომ ყოფილიყო. ამ „ში“-ს ქართული ისეთივე ში-თი შემოინახავდა, როგორიც შემოინახა კულაში, ჯიხაიში, ჩხენიში“.54
აქ, ჩემი აზრით, ამოსავალი უნდა იყოს მეგრული, მეგრულში კი ქუთაისს – ქუთეში ჰქვია. ამ შემთხვევაში ქუთაისიც და მოხერისიც ლაზიკის მხარეა, სადაც, სავარაუდოდ, მეგრულ-ჭანური ენა იყო გავრცელებული. ამიტომ სავსებით შესაძლებლად მიმაჩნია ყოფილიყო „მუხურში“, რაც მხარის, კუთხის აღმნიშვნელი იყო. ამ ყველაფრის საფუძველი კი, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იყო ბერძბული χορα. ჩემი ყურადღება მიიქცია დეისმა ჯაიანის ფიცის წიგნმა, რომელიც, ჩემი აზრით, საინტერესო ცნობას შეიცავს ოდიშის/სამეგრელოს ისტორიულ-გეოგრაფიული შესწავლის თვალსაზრისით. „...არც ის დაგაკლოთ და რომელიც წესი ყოფილიყოს, ნავიცა ისიცა მოვაბაროთ თქვენს მოხელეს, ამ ხორგის ქვეყანას (ხაზი ჩვენია – ა. ჩ.). თქვენს ყმაში არა გასავალი, არა გამოსავალი, არა სათხოვარი მაგისთანა, თუ რამე მოხდეს, ცუდს სათხოვრის ჩამოისად არა გარდასახადი თქვენის მოხელეს უკითხავად, ან ჩვენის ნებით არა ვისაქმოთ რა, და გასათავებლად თავდებად მოგვიცემია თავად ღ-თი და ყოველნი მისნი წმინდანი, ზეცისანი, ქვეყნისანი, ხორციელნი და უხორცონი არიან მისი შუამავალნი და მოწამენი თავს ცაიშელი მაქსიმე, გენათელი გრიგოლი, ჯოლია ხახუ, ზებედე. ამ ზ /ემოთ/ წერილთ მადლმან ხელიცა გულისა მა (რთლითა) ჩაგვრთავს, რომ ამისი გამთავე ვიყო...“ ამის მერე ტექსტს აკლია.55
დეისმა ჯაიანი, როგორც ვნახეთ, ხორგას „ქვეყანას“ უწოდებს, რაც ისტორიული-გეოგრაფიის თვალსაზრისით ძალზე საინტერესო ფაქტია. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: „ფოთის ჩრდილოთ კერძ შესდის ზღუას ხორგის წყალი. მოიგო სახელი დაბის ხორგისაგან, ზღუის კიდესა ზედა შენისა, სადაცა არს სასახლე აფხაზთა კათალიკოზისა“.56
პროფესორმა თ. ბერაძემ ყურადღება გაამახვილა ვახუშტი ბატონიშვილის ამ ცნობაზე და შენიშნა, რომ „ხორგის წყალი“ – ამგვარი სახელწოდების მდინარე აქ არსებობს. სოფელი ხორგა კი მდებარეობს მდინარე ხობისწყლის ორსავე ნაპირზე, არა ზღვასთან, არამედ 15 კილომეტრის მოშორებით, ხოლო ვახუშტის „ხორგის წყალი“ მდინარე ხობი უნდა იყოს,57 ხორგაში ნამდვილად რომ იყო აფხაზთა კათალიკოზის სასახლე, ეს ნათლად ჩანს ზემოთ აღნიშნული დეისმა ჯაიანის ფიცის წიგნიდანაც.58 „ხორგის ქვეყანა“ რომ შემოსავლიანი მხარეა, ამაზე მიუთითებს ის ბაჟი, რომელიც აქ მოსულმა ნავებმა უნდა გადაიხადონ. ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი იმის თაობაზე, რომ ო. სოსელიას დეისმა ჯაიანი ხორგას მოურავი ჰგონია, რადგან მისი საქმეა „სათხოვარი“, „გარდასახადი“ და „სხვა რამე სათემო საქმე“.59
საერთოდ, ჯაიანებს ეკუთვნოდა ხორგას მნიშვნელოვანი ნაწილი60 (ო. სოსელია ეყრდნობა ვინმე არტემონ და ივლიანე ჯაიანების ცნობას, ასევე, ბ. ჯაიანის ნაშრომს), რაც დეისმას ფიცის წიგნში აისახა.61
მერაბ ჯაიანი, რომელიც 1696-1750 წლებში მოღვაწეობდა, 1733 წელს გრიგოლ კათალიკოზს ხორგაში, საკუტალიოში აფშილავას ცოლ-შვილით სწირავს.62 იგი, ო. სოსელიას აზრით, დეისმას მემკვიდრე უნდა იყოს.63
1696-1742 წლების პირობის წიგნში ვკითხულობთ:
„ესე მტკიცე... წიგნი მოგართვი თქვენ კზს ბატონს გრიგოლს ჩვენ ჯაიანმა მერაბ, ასე რომ ჩვენი ქვეყანა თათრის ხელად შეიქმნა და მერე ამ ხელი კაცი ვარ და იქ აღარ გვედგომებოდა და მოვედი, შემოგეხვეწნეთ და წყალობა გვიყავით და ჩვენს სიცოცხლეში დაგვაყენეთ და ჯიქთუბანს სამი მოსახლე გლეხი გვიბოძეთ“.64
აქაც მერაბ ჯაიანი ხორგას „ქვეყანად“ მოიხსენიებს. ჩვენ ზემოთ გამოვთქვით მოსაზრება, რომ შესაძლებელია დეისმა ჯაიანს, როგორც ხორგას მოურავს65 „ხევისთავის“ სახელოც შეეერთებინა. დღეს ხორგა სამი სოფელია: გამოღმა პირველი ხორგა, შედის პირველი ხორგის სოფლის საკრებულოში; გამოღმა შუა ხორგა და გაღმა შუა ხორგა, შედის შუა ხორგის თემის საკრებულოში66 და მდინარე ხობის ორსავე ნაპირზეა განლაგებული. სულხან-საბას განმარტებით, ხევი – ეს არის მდინარის ნაპირზე ჩამწკრივებული სოფლები, რომლებიც ამ მდინარით ირწყვება. ნ. ბერძენიშვილის თქმით, „ხევი“ იგივე „ქვეყანაა“. მაგრამ ქვეყანა ყოველთვის ხევი არაა,67 ყოველი ხევი ქვეყანაა, მაგრამ ყოველი ქვეყანა არაა ხევი. „ხევი ტოპოგრაფიული ნიშნიდან ამოდის, ქვეყანა კი ასეთ ნიშანს მოკლებულია“. „ქვეყანა“ სალიპარტიანო არ შეიძლება იყოს ხევი, რადგან ის ტოპონიმიკური ნიშნიდან არ ამოდის და მთისა და ბარისაგან შედგება, რამდენადაც ეს დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, სამეგრელოშია შესაძლებელი. შესაძლებელია, „ხორგის ქვეყანა“ უფრო (ფართო) ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე დღევანდელი სოფელი ხორგა. ის, სავარაუდოდ, მისი მიმდგომი ტერიტორიებისაგან შედგებოდა და ცენტრი სოფელი ხორგა უნდა ყოფილიყო, ქვეყანა უცენტროდ წარმოუდგენელია, ისევე როგორც ცენტრი უქვეყნოდ არ შეიძლება არსებობდეს.68
ხორგაში საკათალიკოზო მამულთან ერთად ჯაიანებსაც ჰქონიათ მამულები.69 „ხორგის ქვეყანა“, რა თქმა უნდა, უნდა გავიგოთ როგორც „მიკრო ქვეყანა“, „ქვეყანა“ ისტორიული პროვინციის სამეგრელოს (ოდიში) შიგნით. ნ. ბერძენიშვილი თავის ნაშრომში ერთ ადგილას აღნიშნავს: „ქვეყანა, ხევი, მხარე“.70 აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს „ხორგის მხარე“. ჩემი აზრით, ტერმინი „მუხური“, რომელიც „ხევის“ აღმნიშვნელ ტერმინად დავსახეთ მეგრულ-ჭანური მოსახლეობის არეალში, სავსებით შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ „ქვეყნის“ აღსანიშნავადაც. ოდიშის სამთავროში ლევან II (1611-1657) დადიანის დროს არსებობდა ტერიტორიული ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი „სახევისთავო“, რომელიც თავის თავში სოციალურ დატვირთვას ატარებდა. ის, ჩემი აზრით, აერთიანებდა სასოფლო თემებს, მათ შორის, საკათალიკოზო და საეპისკოპოსოში შემავალ თემებს და კონკრეტულ საზღვრებში არ იფარგლებოდა. „ხევისთავის“ ხელი, ჩვენი ფრთხილი ვარაუდით, მოურავს უნდა შეეთავსებინა. „ხორგის ქვეყანა“, რომელიც, სავარაუდოდ, სოფელ ხორგის მიმდგომი ტერიტორიებისგან შედგებოდა და ერთმანეთში აერთიანებდა, როგორც საკათალიკოზო მამულებს, ასევე, ჯაიანთა მფლობელობაში მყოფ სოფლებსაც. „ქვეყნის“ ცენტრი კი სოფელი ხორგა უნდა ყოფილიყო; „ხევისთავის“ სახელოს, სავარაუდოდ, ოდიშის სამთავროში ზოგიერთ შემთხვევაში მოურავი ფლობდა. იმის გათვალისწინებით, რომ დეისმა ჯაიანი ხორგის მოურავია და საკათალიკოზო მამულზეც მიუწვდება ხელი, მიმაჩნია, რომ „სახევისთავო“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ხორგის ქვეყნის“ შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო. ჩვენ ვერ გავიზიარებთ ისტორიოგრაფიაში არსებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქართველოში „ხევი“ არ არსებობდა; დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი, მეგრელ-ლაზთა განსახლების არეალში ტერმინ „ხევს“ უნდა შეესაბამებოდეს მეგრული სიტყვა „მუხური“, „მოხევეს“ – კი „მოხურუ“ – სადაც ძირი უნდა იყოს „ხორ“ (სვანურად „ქორ“ – სახლს ნიშნავს) ან „ხურ“, რაც სამოსახლოს და დასახლებას ნიშნავს. ყოველივე ეს თუ შესაწყნარებელია ჯერ კიდევ ლაზიკა/ეგრისის სამეფოების არსებობის პერიოდში, დასახლება დასავლეთ საქართველოში მუხურების სახით უნდა არსებულიყო. დაახლოებით იგივე შეიძლება ვივარაუდოდ „აფხაზთა“ სამეფოს არსებობის პერიოდში. სამეგრელოს მთიანეთმა, ამგვარი ჰომოგენური სოციალური დავტვირთვის აღმნიშვნელი გაერთიანებები დღემდე შემოინახა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიემართება იმ ტერიტორიას, რომელსაც, მემატიანეს სიტყვებით, „ეგროსის წილ ქვეყნად“ ვიცნობთ. რა სიტუაცია იყო საკუთრივ აფხაზეთა საერისთავოს ტერიტორიაზე ჩვენთვის უცნობია.
ხორგაში საკათალიკოზო მამულთან ერთად ჯაიანებსაც ჰქონიათ მამულები. „ხორგის ქვეყანა“, რათქმა უნდა, უნდა გავიგოთ როგორც „მიკრო ქვეყანა“ „ქვეყანა“ ისტორიული პროვინციის სამეგრელოს (ოდიში) შიგნით. ნ. ბერძენიშვილი თავის ნაშრომში ერთ ადგილასაღნიშნავს „ქვეყანა“ ხევი, მხარე“. აქედან გამომდინარე შეიძლება იყოს „ხორგის მხარე“ ჩვენი აზრით ტერმინი „მუხური“, რომელიც ჩვენ „ხევის“ აღმნიშვნელ ტერმინად დავსახეთ მეგრულ-ჭანური მოსახლეობის არეალში. სავსებით შესაძლებელია ასევე გამოვიყენოთ „ქვეყნის” აღსანიშნავადაც.
დასკვნის მაგიერ:
1. ოდიშის სამთავროში ლევან II (1611-1657) დადიანის დროს არსებობდა ტერიტორიული ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი „სახევისთავო“, რომელიც თავის თავში სოციალურ დატვირთვას ატარებდა. ის, ჩვენი აზრით, აერთიანებდა სასოფლო თემებს, მათ შორის, საკათალიკოზო და საეპისკოპოსოში შემავალ თემებს და კონკრეტულ საზღვრებში არ იფარგლებოდა. „ხევისთავის” ხელი, ჩვენი ფრთხილი ვარაუდით, მოურავს უნდა შეეთავსებინა.
2. „ხორგის ქვეყანა”, რომელიც სავარაუდოდ სოფელ ხორგის მიმდგომი ტერიტორიებისგან შედგებოდა და ერთმანეთში აერთიანებდა, როგორც საკათალიკოზო მამულებს, ასევე ჯაიანთა მფლობელობაში მყოფ სოფლებსაც. „ქვეყნის” ცენტრი კი სოფელი ხორგა უნდა ყოფილიყო.
3. „ხევისთავის“ სახელოს სავარაუდოდ ოდიშის სამთავროში, ზოგიერთ შემთხვევაში მოურავი ფლობდა. იმის გათვალისწინებით, რომ დეისმა ჯაიანი ხორგის მოურავიადა საკათალიკოზო მამულზეც მიუწვდება ხელი, მიგვაჩნია, რომ „სახევისთავო“ ამ კონკრეტულ შემთხვევაში „ხორგის ქვეყნის“ შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო.
4. ჩვენ ვერ გავიზიარებთ ისტორიოგრაფიაში არსებულ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დასავლეთ საქართველოში „ხევი“ არ არსებობდა. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ კი მეგრელ-ლაზთა განსახლების არეალში ტერმინ „ხევს“ უნდა შეესაბამებოდეს მეგრული სიტყვა „მუხური“ „მოხევეს“ – კი „მოხურუ“ – სადაც ძირი უნდაიყოს „ხორ“ (სვანურად „ქორ“ – სახლს ნიშნავს) ან „ხურ“, რაც სამოსახლოს და დასახლებას ნიშნავს.
შენიშვნები
1. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ. 1990, გვ. 61-196; დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. ტ. II, გვ. 114.
2. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია. II. თბ. 1965, გვ. 6.
3. ა. ბოგვერაძე. ქართლის პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარება IV-VIII საუკუნეებში, გვ. 157-158.
4. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 796.
5. მ. ბახტაძე. ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში. თბ. 2003, გვ. 129.
6. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ. 1990, გვ. 522-537.
7. პროკოპი კესარიელი. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა. ტ. II. თბ. 1965.გვ. 140; 208-209.
8. Notitia dignitatum. Or. XXXVIII. გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალექსანდრე გამყრელიძემ და სიმონ ყაუხჩიშვილმა. ტ. I. თბ. 1961. გვ. 175-176.
9. ქართული სამართლის ძეგლები. ტ. II, გვ. 223; ს. კაკაბაძე. დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები. წიგნი I. ტფ. 1921, გვ. 60.
10. მ. თამარაშვილი. ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. ნამდვილი საბუთების შემოტანითა და განმარტებით XVIII საუკუნიდან ვიდრე XX საუკუნემდე. ტფ. 1902, გვ. 173.
11. ბ. კვარაცხელია. მმართველობა და სამართალი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში XVI-XIX საუკუნეებში. დისერტაცია წარმოდგენილი იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად, თბ. 2001, გვ. 91.
12. ბ. კვარაცხელია. მმართველობა და სამართალი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში XVI-XIX საუკუნეებში, გვ. 59-60.
13. აქ იგულისხმება ოდიში, ვამეყ III დადიანი ამ შეწირულობას ხელს აწერს, როგორც იმერეთის მეფე (1660-1661), ამიტომ „ჩვენს საბატონოში“, ჩვენი აზრით, ოდიში უნდა იგულისხმებოდეს.
14. ქართული სამართლის ძეგლები. ტ. II, გვ. 223.
15. აბ. ტუღუში აღადგენს – ჯღერია ზარომ – იხ. აბ. ტუღუში. ცაიშის საეპისკოპოსო (ისტორია, ეპისკოპოსთა ქრონოლოგიური სია. დოკუმენტები). ზუგდიდი. 2001, გვ. 53.
16. საქართველოს სიძველენი. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების გამოცემა. ექ. თაყაიშვილის რედაქტორობით. ტ. I. ტფ. 1920, გვ.
17. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. ტ. II, გვ. 220.
18. დ. მუსხელიშვილი. საქართველო IV-VIII საუკუნეებში, გვ. 409.
19. ირ. ვეშაპიძე. „ჴევისთავი“, „გამგებელი“ და „ჴევისბერი“ ქართული სამართლის ძეგლებში. თსუ, ძველი ქართული ენის კათედრის შრომები. 25. 1984, გვ. 97.
20. ირ. ვეშაპიძე. „ჴევისთავი“, „გამგებელი“ და „ჴევისბერი“ ქართული სამართლის ძეგლებში, გვ. 98-101.
21. ქართული სამართლის ძეგლები. ტ. II, გვ. 277.
22. ქართული სამართლის ძეგლები. ტ. II, გვ. 307.
23. ირ. ვეშაპიძე. „ჴევისთავი“, „გამგებელი“ და „ჴევისბერი“ ქართული სამართლის ძეგლებში, გვ. 304.
24. ბ. კვარაცხელია. მმართველობა და სამართალი სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროში XVI-XIX საუკუნეებში, გვ. 91.
25. ქართული სამართლის ძეგლები. ტ. II, გვ. 223.
26. თ. ბერაძე. სასოფლო თემი იმერეთის სამეფოში (წარმოადგინა აკადემიკოსმა გ. მელიქიშვილმა 20.10.1975). საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე. №1. 1976, გვ. 225.
27. ქართული სამართლის ძეგლები. ტ. II, გვ. 223.
28. ო. სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები). ტ. I. თბ. 1973, გვ. 293.
29. საქართველოს სიძველენი. ტ. I, გვ. 40.
30. ქართული სამართლის ძეგლები. ტ. II, გვ. 227.
31. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. ტ. II, გვ. 114.
32. თ. ბერაძე. სასოფლო თემი იმერეთის სამეფოში, გვ. 225.
33. Материалы по церковной и этнополитическй истории Абхазии, Посольство Феодота Елчина и Павла Захарьева в мегрелию (1639-1640). для издания подготовил, предисловием, коментариями и словарем снабдил Джемал Гамахария. Тб. 2005, გვ. 281.
34. თ. ბერაძე. სასოფლო თემი იმერეთის სამეფოში, გვ. 226.
35. პ. ინგოროყვა. სვანეთის საისტორიო ძეგლები. ნაკვ. II. ტექსტები. თბ. 1941, გვ. 28.
36. ნ. ოკინაშვილი. სოციალური ჯგუფები შუა საუკუნეების საქართველოში (გამოკვლევა ნაფიცი თანამოძმეების შესახებ სვანური მოსახსენებლის საფუძველზე). ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად წარმოდგენილი დისერტაცია. თბ. 2001, გვ. 64-68; 108-109.
37. Н. Окинашвили. Был ли клятвенный союз в кавказском высокогорье? ИСследование клятвенных объединений по материалам сванских номинальных записей. человек и его близкие на западе и востоке Европы до начала нового времении, под общей редакцией Юрия Бессмертного. РАН. Отто Гепхард. экспе институт истории общества им. Макса Планка. М. 2000, გვ. 248.
38. დ. ჭითანავა. ყულიშკარის თემი (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა). სადისერტაციო ნაშრომი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბ. 2002, გვ. 84.
39. დ. ჭითანავა. ყულიშკარის თემი (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა), გვ. 87.
40. დ. ჭითანავა. ყულიშკარის თემი (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა), გვ. 89.
41. დ. ჭითანავა. ყულიშკარის თემი (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა), გვ. 84.
42. ქართლის ცხოვრება. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ. ტ. II. თბ. 1959, გვ. 281.
43. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ. 1990, გვ. 64.
44. დ. მუსხელიშვილი. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები. ტ. II, გვ. 111.
45. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ. 1990, გვ. 64.
46. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ. 1990, გვ. 63-64.
47. გ. კალანდია. ოდიშის საეპისკოპოსოები (ცაიში, ბედია, მოქვი, ხობი). თბ. 2004.
48. არნ. ჩიქობავა. ჭანურ-მეგრულ-ქართული შედარებითი ლექსიკონი. თბ. 1938, გვ. 183.
49. ი. ყიფშიძე. რჩეული თხზულებანი. კრებული გამოსაცემად მოამზადა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო პროფ. კორნელი დანელიამ. თბ. 1994, გვ. 285.
50. ი. ყიფშიძე. რჩეული თხზულებანი, გვ. 500.
51. ალ. ღლონტი. ტოპონიმიკური ძიებანი. ტ. I. თბ. 1971, გვ. 73-95.
52. პ. ცხადაია. ათასი მეგრული ტოპონიმი. თბ. 2005, გვ. 90.
53. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, გვ. 552.
54. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები, გვ. 552.
55. საქართველოს სიძველენი. ტ. I, გვ. 40-41.
56. ვახუშტი ბატონიშვილი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 778.
57. თ. ბერაძე. ვახუშტი ბაგრატიონი და ოდიშის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები. საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. IV. თბ. 1971, გვ.
58. საქართველოს სიძველენი. ტ. I, გვ. 40-41.
59. ო. სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები). ტ. I, გვ. 293.
60. ო. სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები). ტ. I, გვ. 291.
61. საქართველოს სიძველენი. ტ. I, გვ. 40-41.
62. გ. კალანდია. ოდიშის საეპისკოპოსოები (ცაიში, ბედია, მოქვი, ხობი), გვ. 144.
63. ო. სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები). ტ. I, გვ. 294.
64. გ. კალანდია. ოდიშის საეპისკოპოსოები (ცაიში, ბედია, მოქვი, ხობი), გვ. 149.
65. ო. სოსელია. ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან (სათავადოები). ტ. I, გვ. 293.
66. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები (საქართველოს სოფლების მოსახლეობა). ტ. II. თბ. 2003, გვ. 117, 170.
67. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ. 1990, გვ. 69.
68. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ. 1990, გვ. 69; 110.
69. საქართველოს სიძველენი. ტ. I, გვ. 40-41.
70. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. თბ. 1990, გვ.

Комментариев нет:

Отправить комментарий