понедельник, 13 сентября 2021 г.

ვალაშკერტის საეპისკოპოსო (გ. ჭეიშვილი)

ქართულ და სომხურ წერილობით წყაროებში რამდენჯერმე იხსენიება ვალაშკერტელი ეპისკოპოსი. ცნობები საეპისკოპოსოს შესახებ მეტად მწირია. ჩანს, ის დაარსდა არა უგვიანეს XI საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისისა, ვინაიდან ჩვენთვის ცნობილი პირველი (და, ჯერჯერობით, ერთადერთი) ქართველი ვალაშკერტელი მწყემსმთავარი ზაქარია აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველო-ბიზანტიის 1021-1022 წლების სამშვიდობო მოლაპარაკებებში.1
ქართული სამართლის ძეგლებიდან კი ირკვევა, რომ ლიხთამერის საეკლესიო ორგანიზაციაში ოცდათხუთმეტ იერარქთაგან ეს მამამთავარი პატივით ოცდამეხუთე იყო, შემდეგი რიგითობით: ნიქოზელი, ვალაშკერტელი, ბოლნელი და ა.შ.;2 მესხეთის ცამეტ ეპისკოპოსთა შორის კი მას მეცხრე ადგილი ეპყრა _ ერუშნელის შემდეგ და ანელის წინ.3
საეპისკოპოსოს ისტორიის სხვადასხვა ეტაპის რეკონსტრუირებისთვის ძირითადი ამოსავალი მისი გეოგრაფიაა. ვალაშკერტელის სამწყსო, „სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა და მწყემსთა ნუსხის“ მიხედვით, შემდეგ თემებს მოიცავდა: „...ყაღზე ვანს ზეითი,4 ვალაშკერტს აქათ ხინუსი და დევბოინს აქეთი“.5
დევებოუნის მთები, თურქი ავტორების თანახმად, არზრუმს (ევფრატის ხეობას) ბასიანისგან (არაქსის ხეობისგან) საზღვრავდა,6 ხოლო ვახუშტის „გეოგრაფიით“, ირიჯლუ-დევაბოინის მთები არაქსის ხეობას ევფრატჭოროხის ხეობებისგან გამოჰყოფდა.7
მაშასადამე, „დევბოინს აქეთი“ ევფრატ-არაქსის წყალგამყოფი ქედის აღმოსავლეთ და ჭოროხ-არაქსის წყალგამყოფის სამხრეთ კალთებს (ჩრდილოეთის კალთები, იმავე წყაროს მიხედვით, მთლიანად ბანისა და იშხნის ეპარქიებში შედის), ანუ არაქსის მარცხენა სანაპიროზე განფენილ ჩრდილოეთ ბასიანს უნდა გულისხმობდეს. ყაღზევანი ისტორიული ქალაქი და ოლქია არაქსის ზემო წელის მარჯვენა სანაპიროზე; „ყაღ ზე ვანს ზეითი“, შეიძლება, მის დასავლეთით მდებარე სამხრეთ ბასიანს (აბნიკის თემს), ან სამხრეთით (მაღლა) მომიჯნავე ვალაშკერტის ქვეყანას გულისხმობდეს. ვალაშკერტი ანუ ძველი ბაგრევანდი სომხური წყაროებისა ევფრატ-არაწანის (მურად-სუს) სათავეებს მოიცავდა და ვალაშკერტელის სამწყსოს უკიდურეს სამხრეთაღმოსავლეთ ოლქს წარმოადგენდა. ვალაშკერტის ეპარქიის სამხრეთდასავლეთ საზღვარს კი ხინუსი განსაზღვრავდა _ ხინუსის ციხის (თურქ. ხნუს-ყალა) ქვეყანა არზრუმიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობდა8 და ჩრდილოეთით ბინგიოლის მთებამდე ვრცელდებოდა;9 მთებს იქით ბასიანი იწყებოდა.10
ამრიგად, ვალაშკერტის საეპისკოპოსო ბასიანისა და ბაგრევანდის ქვეყნებს მოიცავდა.11 ჩრდილო-დასავლეთიდან და დასავლეთიდან მას ბანისა და იშხნის საეპისკოპოსოები ესაზღვრებოდა; ამათგან კარგაფაზარის მთები ჰყოფდა, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან _ კარის საეპისკოპოსო, რომლისგან იმეწ-სოღანლუღისა12 და აგრიდაღის ქედებით იმიჯნებოდა.
ბასიანისა და ბაგრევანდის ქვეყნები ქართულ სახელმწიფოს სხვადასხვა დროს დაუკავშირდა. ბასიანი ქართლის (იბერიის) სამეფოს ნაწილად უკვე ელინისტური ხანიდან მოიაზრებოდა _ ძვ.წ. II საუკუნის ბერძენი ავტორის, აპოლოდორეს, ცნობით, რომელიც სტრაბონის „გეოგრაფიამ“ შემოინახა, იბერებსა და არმენიელებს მდ. არაქსი ჰყოფდა.13 მკვლევართა სამართლიანი მითითებით, ამ ცნობაში მდინარის ზემო წელი, ბასიან-ვანანდი იგულისხმება პირველ რიგში.14 ამავე მიწებს „პარიადრეს კალთების“ სახელით იცნობს სტრაბონიც15 და ასახელებს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არმენიამ მიიტაცა იბერიისგან ძვ.წ. II-I საუკუნეებში.16 ახალი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ბასიანი კვლავ ქართლის სამეფოს საზღვრებშია.17 მოგვიანებით (III ს.?) ის დიდი სომხეთის კულტურულ-პოლიტიკურსა და სოციალურ-ეკონომიკურ ორბიტაში ექცევა და ასე გრძელდება რამდენიმე საუკუნე.
ბასიანის რენაციონალიზაციის პროცესი X საუკუნიდან იწყება. ქართველმა ბაგრატიონებმა შესანიშნავად ისარგებლეს რეგიონში ბერძენარაბთა საბრძოლო მოქმედებების განახლებით, იმ მნიშვნელოვანი როლით, რომელსაც მათ კეისრები აკისრებდნენ18 და X ს-ის 20-იანი წლების მიწურულისათვის თითქმის მთელი ბასიანი და თეოდოსიუპოლი დაიკავეს. საიმპერატორო კარს სულაც არ ეჭაშნიკა ქრისტიან მოკავშირეთა ეს გამარჯვება. ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ „... მდინარე ერაქსი ანუ ფასისი ყოფილიყო ორივეს (ე.ი. ბიზანტიის იმპერიის და „ქართველთა სამეფოს“ _ გ.ჭ.) საზღვრად, და ისინიც (ე.ი. ტაოელი ბაგრატიონები _ გ.ჭ.) უნდა დაკმაყოფილდნენ ამ მფლობელობით და მეტი აღარ მოითხოვონ“.19
ქართველებს ბედი ამის შემდეგაც სწყალობდა: 979 წელს ბასილი კეისარმა დავით კურაპალატს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ „ზემო ქვეყნები“ _ ხალდო-არიჭი კელე-სირიით, ჩორ-მაირი, კარინი, ბასიანი,20 სევუკის ციხე მარდალიის ოლქში, ჰარქი და აპაჰუნიქი21 _ დაუთმო. დავითის ხელთ გაერთიანდა მიწები, რომლებზეც უმნიშვნელოვანესი სავაჭრო _ სატრანზიტო და სტრატეგიული გზები22 _ მათ შორის, შავი და კასპიის ზღვების დამაკავშირებელი „სპარსეთისკენ მიმამავალი გზა“ (ბიზანტიური პესპექტივა)23 და ევფრატ-არაქსის ხეობებიდან ვანის ტბისკენ მიმავალი „(დიდი) სამეფო გზა“24 _ გადიოდა.25
საქართველოს მესვეურთ გზა ეხსნებოდათ ხლათის, არჭეშისა და ბერკრისკენ, ამას კი უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა თავად ბიზანტიის იმპერიის უსაფრთხოებისათვის: „თუ ეს სამი ციხე, _ წერს კონსტანტინე პორფიროგენეტი, _ მეფის მფლობელობაში იქნება, სპარსელთა ჯარი რომანიის წინააღმდეგ წამოსვლას ვერ შესძლებს, რადგან ისინი რომანიისა და არმენიის შუაში არიან და წარმოადგენენ ჯარებისთვის ღობესა და საფარს“.26 სწორედ ამიტომაც იყო, რომ დავით კურაპალატი ასე მონდომებით ათავისუფლებდა კეისრისგან `ნაწყალობევ~ მიწა-წყალს, პოზიციების განსამტკიცებლად იქ ქართველებსა და სომხებს ასახლებდა, არ ჯერდებოდა მხოლოდ `ნაჩუქარს~ და საბრძოლო მოქმედებები კიდევ უფრო სამხრეთით (ხლათის ალყა) გადაჰქონდა.27 მაჰმადიან მბრძანებლებთან ბრძოლები დავით III ბაგრევანდშიც, ციხე-ქალაქ ვალაშკერტთან და სუქავის მთებთან, გადაიხადა.28 წყაროები არ ამბობენ, რომ კურაპალატი დაეპატრონა ამ ქვეყანას _ X ს-ის დასაწყისში ეს მხარე სომეხ ბაგრატუნებს ეკუთვნოდა29 და მისი პოლიტიკური სტატუსი არც ასწლეულის მიწურულს ჩანს შეცვლილი.30
დავით III-ის გარდაცვალების შემდეგ ზემო ქვეყნები სამუდამოდ მოსწყდა ქართულ სახელმწიფოს, ხოლო ბასიანი თითქმის ორი საუკუნის მანძილზე ხან ბიზანტიელთა, ხან კი თურქ-სელჩუკთა მფლობელობაში რჩებოდა. მესხეთის ქვეყნების და მათ შორის, ბასიანის გაწმენდა სელჩუკთაგან დავით აღმაშენებელმა დაიწყო31 და მისმა მემკვიდრეებმა _ გიორგი III და თამარმა _ გააგრძელეს.32 ქართველთა არაერთი წარმატებული ლაშქრობის მიუხედავად, პოლიტიკური გეოგრაფია არაქსის ზემო წელზე უცვლელი რჩებოდა: სტეფანოს ორბელიანის მითითებით, XII ს-ის 80-90-იან წლებში ბასიანი არზრუმის ამირას სამფლობელოდ ითვლებოდა; მიჯნაკერტში აღმოჩენილი სამშენებლო წარწერაც მოწმობს, რომ ეს ქვეყანა სალთუკიდ ამირა აბუ-მანსურს (1197-1201) ეკუთვნოდა.33
XIII საუკუნის დასაწყისში, როგორც ამას სტეფანოს ორბელიანიმგვაუწყებს, ზაქარია და ივანე მხარგრძელებმა გამოიხსნეს სომხეთი „სპარსთაგან“ და აიღეს არანი ვიდრე ქვემო ბასიანამდე34 და ბარკუშატიდან (სივნიეთი) ვიდრე მიჯნაკერტამდე,35 დაიპყრეს კარი და ვაღარშაკერტი და კაღზევანი და სხვ.36 „სამშვილდიდან ვალაშკერტამდე“ ქვეყნების განთავისუფლებაზე მხითარ აირივანეციც მოგვითხრობს.37 ორივე ავტორთან სხვადასხვა დროის გამარჯვებებია „შეჯამებული“; ქვემო ბასიანს და ვალაშკერტს ისინი საქართველოს სამეფოს საზღვრებს მიათვლიან (ბერძნიშვილი 1966, 61; შდრ. ჯაფარიძე 1995, 156-157).38
სომეხ ისტორიკოსთა ცნობებს ბასიანისა და ვალაშკერტის შემოერთების შესახებ ბაგავანის წარწერა (იხ. ქვემოთ) და ქართულ წყაროთა მონაცემებიც ეხმიანება: „და სხუა შემოიხუეწა (გიორგი IV-მ _ გ.ჭ.) კარნუ-ქალაქელი მოყურად და ერთგულად სახლისა მისისა. ჩადგა ბასიანს და მუნ ითამაშეს და გაისუენეს ერთგან. აიღო კეჩროლი შალვა თორელმან მისითა ხმლითა და ომითა მისათხრობელითა...“39. მოტანილი ფრაგმენტის პოლიტიკურ-გეოგრაფიული კონტექსტი (კარნუ-ქალაქის მოხარკეობა, კეჩროლის აღება) ეჭვს არ უნდა ტოვებდეს, რომ XIII საუკუნის 10-იანი წლებისათვის ბასიანი საქართველოს სახელმწიფოს ნაწილია.
მისი შემომტკიცება ბასიანის ბრძოლის შემდეგ უნდა მომხდარიყო40 _ ამ დროისათვის ტაოც საბოლოოდ გაწმენდილია სელჩუკებისგან და კარი და მისი მიმდგომი ქვეყნებიც ქართველებს აქვთ დაკავებული; არზრუმის ვასალობაც41 საამისოდ შესანიშნავ გარემოს ქმნიდა. ამგვარ დასკვნას, ვფიქრობთ, ვერც ის ფაქტი ეწინააღმდეგება, რომ იაკუთის აბნიქის (უნიქის) „გამაგრებული ციხე ბასიანის ოლქში, არზან რუმის მიწაზე“ აქვს ნაჩვენები,42 ხოლო ზედა და ქვედა ბასიანის „დედაქალაქად“, ერთერთ ფაკიჰზე დაყრდნობით, არზან რუმი აქვს დასახელებული.43 საქმე ისაა, რომ არზრუმის კუთვნილი ბასიანის ცენტრად აქ აბნიკი გამოდის, ანუ მაინცდამაინც არაქსის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულ ზედა და ქვედა ბასიანზეა თითქოს საუბარი. ასეთი გააზრების შემთხვევაში კი საქართველოს სამეფოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი არაქსზე უნდა გავატაროთ. შეიძლება, იაკუთის ცნობა ჯალალ-ედ-ინის ლაშქრობებით შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას ასახავდეს, სახელდობრ, ხვარაზმელთა მიერ ქართველების გამოდევნას ისლამური მიწებიდან44 და საქართველოს ტერიტორიების გადაცემას მაჰმადიანი მოკავშირეებისათვის.45
XIII ს-ის მიწურულისთვის მოგვეპოვება ჟამთააღმწერლის უთუმცაო ჩვენება, რომ ბასიანი და ტაო საქართველოში შემომავალი პროვინციებია, უფრო ზუსტად, „ტასისკარითგან ვიდრე ბასიანადმდე“ ჯაყელთა „ქუეშე დაწესებულნი“ ქვეყნებია.46 სამცხის მთავრებმა ბასიანი, როგორც ჩანს, 40-იანი წლების ბოლოსთვის შეიერთეს,47 მას შემდეგ რაც სამხრეთ ტაო (ოლთისი და ბუღათაყური) გაწმინდეს მაჰმადიან დამპყრობთაგან.48
რაც შეეხება ვალაშკერტს (ბაგრევანდს): ბაგავანის 2010/2011 წწ. (?) წარწერის49 საფუძველზე ვარაუდობენ, რომ XIII ს-ის დასაწყისში ბაგრევანდის ოლქი საქართველოს სამეფოში შემოდიოდა.50 შესაძლოა, ეს ასეც იყო. ყოველ შემთხვევაში, ის მალევე უნდა დაებრუნებინა ხლათის სულტანს.51 მისი ხელახალი შემოერთება XIII ს-ის 30-იან წლებში მოხერხდა: ჟამთააღმწერლის ცნობით, შანშე მანდატურთუხუცესს ვალაშკერტი და სურბმარი ყარა-ხანის ურდოების შემოსევამდე, „მას ჟამსა ოდენ აღეღო“.52 ქართველი მემატიანის ცნობას, გარკვეულწილად, ეხმიანება სომეხ ავტორთა ჩვენებებიც. კირაკოს განძაკეცი წერს, რომ მონღოლებმა „დაიპყრეს ქალაქი სურბმარი, რომელიც ცოტა ხნით ადრე შანშემ და ავაგმა წაართვეს მაჰმადიანებს“;53 სტეფანოს ეპისკოპოსი კი სურბმარის აღებას 1235 წლით ათარიღებს.54 XIII საუკუნის ბოლოსთვის პოლიტიკური გეოგრაფია და საზღვრები კვლავ იცვლება55 _ რაშიდ ად-დინის თანახმად, აბნიკი, საქართველოს მსგავსად, დამოუკიდებელი ვილაიეთია;56 ჰამდალლაჰ ყაზვინი კი აბნიკის ციხეს რუმს მიათვლის,57 ხოლო ვალაშკერტის ციხე-ქალაქს დიდ სომხეთში ანუ ხლათის თუმანში ათავსებს.58
თუ სპარსელ გეოგრაფთან ასახული ვითარება თანადროულია, გამოდის, რომ აბნიკი (თუკი ოდესმე ეკუთვნოდა საქართველოს) და ვალაშკერტი საქართველოს სამეფოდან თავის უწინდელ მფლობელებს დაბრუნებია. აბნიკის მხარე რუმს, ალბათ, იმ დროს გადაეცა, როდესაც, ალ-ახარის სიტყვით, „ჩობანმა მთელი მსოფლიო დაიმორჩილა“ და „რუმი დამირ-ტაშს მისცა...“59 საინტერესოა, რომ სპარსელი გეოგრაფოსის მიხედვით, რუმის ოლქი ემიჯნება საქართველოს, მაშინ როცა ხლათსა და საქართველოს საერთო საზღვარი აღარ აქვთ.60 მართლაც, სურბმარი და, მასთან ერთად, შესაძლებელია, ყაღზევანიც, ადარბაიჯანის ნახჭევნის დუმანს ეკუთვნოდა.61 არაქსის მარჯვენა სანაპიროსთან ერთად საქართველო კარგავს მარცხენა სანაპიროსაც _ დვინსა და შარურის მხარეს.62 უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ცვლილებები მონღოლთა ინიციატივით ხდება; ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს საზღვრების გაფართოებას სამხრეთისკენ, თანაც უპირატესობას ახლად გამაჰმადიანებული ილხანთა კარი ისევ და ისევ მაჰმადიან ქვეშევრდომებს აძლევს. ილხანთა დაინტერესებას ბასიანისადმი ჰამდალლაჰ ყაზვინის კიდევ ერთი ცნობა მოწმობს, აბნიკის ციხე-ქალაქს რომ შეეხება: „ის შეიხ ჰასანმა, ჰაჯი ტუღაი სუტაის ძემ ააგო, ხოლო ემირ შეიხ ჰასან ჩუპანმა ქალაქი ნანგრევებად აქცია“.63 როგორც ჩანს, ლაპარაკია XIV ს-ის 30-იან წწ. საყაენოში მიმდინარე შიდაფეოდალური ბრძოლების ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელშიც ჩობან ნოინისა და ხაჯი სატაის შთამომავლები უპირისპირდებოდნენ64 და რომელიც ბასიანში გათამაშდა. ისიც საინტერესოა, რომ ცნობილი ჩობან-ქეფრუს აგება, ასევე, „ჩობანიანთა საგვარეულოს ერთერთ მელიქს“ მიეწერებოდა.65
ჩრდილოეთ ბასიანი სამცხე-საათაბაგოსა და, მაშასადამე, საქართველოს შემადგენლობაში რჩებოდა. თურქ ავტორთა შრომებიდან ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ბასიანი XV საუკუნის II ნახევრიდან ჯერ უზუნ-ჰასანის თეთრბატკნიანებს, ხოლო შემდეგ ყარა-იუსუფის შთამომავალ შავბატკნიანებს ეპყრათ.66 მაგრამ უზუნ-ჰასანის თანამედროვე ბასიანელები თავის სტატუსს განსხვავებულად აღიქვამდნენ: 1477 წლით დათარიღებულ ერთ სომხურ ანდერძ-მინაწერში ნათქვამია, რომ „დაიწერა ეს სახარება ... ბასიანის გავარში, სოფელში, რომელსაც ჰქვია ეგეპატი, სასტიკ, უკეთურ დროში... [წიგნი დაიწერა] საქართველოში ბაგრატის მეფობისას, ყორყორეს ათაბაგობისას ... უზუნ ჰასანის დროს“.67 მაშასადამე, ბასიანის მკვიდრთ თავისი ქვეყანა საქართველოს საზღვრებში წარმოედგინათ, სიუზერენებად _ საქართველოს მეფე და სამცხის ათაბაგი, უზენაეს ხელმწიფედ _ უზუნ-ჰასანი. სულ მალე ათაბაგები ისე მომძლავრდნენ, რომ არათუ ბასიანის შენარჩუნებას, არზრუმის დაპატრონებასაც კი ცდილობენ.68 ამგვარი ვითარება XVI ს-ის I ნახევრამდე გრძელდებოდა. 1530-იან წლებში შედგენილი ერთი თურქული დოკუმენტის მიხედვით, „გზა საქართველოს ქვეყნისაკენ ბინგიოლის სახელით ცნობილი იალაღიდან გადის ბასიანის დაბლობზე, ავნიქის ციხის მარცხნივ, ჩობანის ხიდის ახლოს, შეიძლება თვითონ ჩობანის ხიდზე გავლითაც...
საქართველოს ტერიტორიაზე ხსენებული ბასიანის ოლქში შესვლისას მარჯვნივ დაბლობი გხვდება. მის მარჯვნივ კი ყიზილბაშთა ქვეყანა. იგი კაღიზმანად წოდებული ადგილის პირისპირაა“.69 მაშასადამე, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი კვლავ არაქსის ზემო წელზე იდო; „გამშვები პუნქტის“ როლს ჩობან-ქოფრუ ასრულებდა (სამხრეთ ბასიანიდან შემომავალი გზა), ხოლო გზებს, როგორც ჩანს, ამავე დოკუმენტში დასახელებული ქუფისა და საფნიქის ციხეები70 სდარაჯობდა.71
მიწათმფლობელობაც აქ ქართული ყოფილა _ მამულებს ყანდურალი (დოლენჯიშვილი), აზონის ძეები და ჯაყელები ფლობდნენ.72 ყანდურალის მამული, არზრუმის იჯმალ დავთრის მიხედვით, მდებარეობდა ზივინის ნაჰიÁეში (ქვემო ბასიანი, ხორასან-მიჯნაკერტის მხარე), სოფ. მაწალახეთში;73 მაშასადამე, მთელი ჩრდილოეთ ბასიანი საქართველოს (სამცხე-საათაბაგოს) კუთვნილებაა.74
პოლიტიკური გეოგრაფიის დაწვრილებითმა შესწავლამ ცხადყო, რომ ვალაშკერტის საეპისკოპოსო იმ საზღვრებში, როგორითაც ის სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა ნუსხაშია წარმოდგენილი, ქართულ მონარქიაში XIII საუკუნის 30-70-იან წლებში არსებობდა. მაგრამ ზემოთ დავინახეთ, რომ მისი ისტორია გაცილებით ადრე დაიწყო. ქართული ეპარქიის დაარსება საქართველოს საზღვრებს მიღმა სავსებით დასაშვებია; ამის მაგალითად შეიძლებოდა, ჩრდილოეთ კავკასიაც დაგვესახელებინა. თუმცა ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ იმ დროს, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში, დაღესტანში, მცხეთის იურისდიქციამ საკმაოდ ადრე დაიწყო გავრცელება, რაც, საბოლოოდ, საქართველოს ეკლესიაში შემომავალი ხუნძთა საკათალიკოსოს შექმნით დასრულდა, დასავლეთ სექტორში, კერძოდ კი ალანთა სამეფოში, სადაც ბერძნულ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც სისხლხორცეული ინტერესები ჰქონდა, ქართული სახელმწიფოსა და ეკლესიის მესვეურნი მხოლოდ და მხოლოდ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მწედ გამოდიოდნენ.
სულ სხვა ვითარება იყო საქართველოს სამხრეთ საზღვრებზე, სადაც სომხურ თუ სომეთისგან მიტაცებულ ქართულ მიწებზე უკვე IV საუკუნეში არსებობდა უძველესი სომხური საეპისკოპოსოები: ტაო-ტაიქის, ბასიანის, ვანანდის, ბაგრევანდისა და არშარუნიქის.75 სომხეთში საეპისკოპოსოთა საზღვრები, როგორც წესი, სანახარაროებს ემთხვეოდა,76 თუმცა გარკვეულ ცვლილებებს მაინც განიცდიდა: ხან ბასიანი ორ ეპარქიად იყოფოდა, ხან მეზობელ ვანანდის,77 ან მარდალის პროვინციებთან ერთ ეპარქიას ქმნიდა;78 VI საუკუნის შუა ხანებისათვის ბაგრევანდისა და არშარუნიქის საეკლესიო ოლქი ორ დამოუკიდებელ საეპისკოპოსოდ (ბაგრევანდის და არშარუნიქის) გაიყო.79 ცვლილებები სომხურ საეკლესიო გეოგრაფიაში უფრო გვიანაც შეინიშნება. 1456 წლის მინაწერიდან ირკვევა, რომ ბასიანი და ოლთისის თემი ერთ ეპარქიად ერთიანდებოდა და მთავარეპისკოპოსი განაგებდა.80
მართალია, სომხურმა ეკლესიამ უარყო ქალკედონის კრების დადგენილება, მაგრამ იქ დიოფიზიტობა მაინც იკვალავდა გზას, განსაკუთრებით კი მავრიკე და ჰერაკლე კეისრების აღმოსავლური ომების შედეგად. მართლმადიდებლური თემები ქალკედონიზმისკენ მიდრეკილ სომეხ მამამთავრებს _ ეპისკოპოსებს და კათალიკოსს _ ემორჩილებოდნენ. VIII საუკუნის დასაწყისში სომხური ეკლესია საბოლოოდ გაემიჯნა დიოფიზიტობას და კავკასიაში მონოფიზიტობის ჭეშმარიტ ბურჯად გადაიქცა.81 როგორი იყო ამის შემდეგ სომეხ დიოფიზიტთა საეკლესიო ორგანიზაცია, წყაროებიდან არ ჩანს. ბიზანტიელთა ე.წ. მეორე ექსპანსიის (X ს.-ის ბოლო _ XI ს.) შემდეგ ისინი ბერძნულ ეკლესიას ექვემდებარებიან.82 ვრცელდებოდა თუ არა ტაოსა და ჩრდილოეთ სომხეთში ქართული ეკლესიის იურისდიქცია? ტაოს მაგალითიდან კარგად ჩანს, რომ ქართული ეპარქიები (იშხანი, ბანა) ამ მხარეში მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნა, რაც ის ქართულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცეში მოექცა.83 ჩრდილოეთ სომხეთშიც ქართული ეპარქიები (ანისი, ყარსი) ქართველთა პოლიტიკური ბატონობის დამყარებასა და ქართული თუ ქართულენოვანი მრევლის გაჩენასთან ერთად იქმნება.84 საფიქრებელია, რომ ვალაშკერტის საეპისკოპოსოში შემავალ პროვინციებზეც ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური და საეკლესიო იურისდიქციის გავრცელება თანმდევი პროცესებია.
ამათგან ყველაზე ადრე, როგორც დავინახეთ, ქართველმა ბაგრატიონებმა ჩრდილოეთ ბასიანი შემოიმტკიცეს. მისი შემოერთება კეისრის დასტურით მოხდა; საეკლესიო ინკორპორაციაც, შესაძლოა, ბერძნულ ეკლესიასთან მოლაპარაკებით გადაწყდა. სავარაუდოდ, ის თავიდან ბანელ ეპისკოპოსს დაექვემდებარა. ბიზანტია-სახალიფოს ომების შედეგად ბასიანი აოხრებული და თითქმის გაუკაცრიელებული ყოფილა,85 რაც, გარკვეულწილად, ნოყიერ ნიადაგს ქმნიდა იქ ქართული ელემენტის ხელახლა შეღწევისათვის და მხარის რენაციონალიზაციისათვის. ქართული საეკლესიო-კულტურული ტრადიციების განმტკიცება სომხური ეკლესიის მძაფრ წინააღმდეგობას აწყდებოდა. დამახასიათებელია ასოლიკის ცნობა იოანე ვარდაპეტზე (X ს-ის უკანასკნელი მესამედი), „ქრისტეს ჯვრისმტვირთელზე“, „რომელმაც უძლური სიტყვით და დიდი მეცნიერებით ამხილა წმიდა წერილთა უვიცობა. ის მოკვდა გაცოფებული ქართველთა ტომისაგან მახვილით და დაეფლა ვანში, რომელსაც აკსიგომი ეწოდება“.86 ბასიანში სამისიონერო მოღვაწეობის წარმატებისთვის მნიშვნელოვანი იყო დამოუკიდებელი საეპისკოპოსოს დაარსება; მწყემსმთავართა ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობას ხომ „მოუქცეველთა“ მოქცევა და „ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა“ „განმტკიცება“, „სამწყსოთა თვისთა“ „სწავლა“ და „წურთნა“ და ეკლესიათა აღშენება წარმოადგენდა.87 ზაქარია ვალაშკერტელის (ტაოელი დაფანჩულების წარმომადგენელი და დავით კურაპალატის აღზრდილი) მოღვაწეობა და შემოქმედება88 კარგად წარმოაჩენს იმ ეროვნულ-სარწმუნოებრივ სულისკვეთებას, რომელიც ეპარქიაში სუფევდა. ქართული სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგი იყო ისიც, რომ ბიზანტიის უღელქვეშ მოქცეული ბასიანის მოსახლეობაკეისართან დაპირისპირებული ქართველი მეფის ერთგული რჩებოდა.89
ზემოთ დავინახეთ, რომ XI ს-ის 20-იანი წლების დასაწყისისათვის ვალაშკერტის საეპისკოპოსო უკვე არსებობდა. 1001 წელს ამ მხარეს, დავით კურაპალატის სხვა სამფლობელოებთან ერთად, ბიზანტიელები დაეუფლნენ და იქ ბერძნული ეკლესია გაბატონდა. ამდენად, ვალაშკერტის ეპარქიის შექმნა X საუკუნით, უფრო კი 60-70-იანი წლებით უნდა დათარიღდეს.90 დავით III კურაპალატის, „ძლიერისა და ღვთის მსახურისა მეფისა“ და „მართლმადიდებლობისა თვალის“,91 ზეობაში ახალი საეპისკოპოსოს დაარსება და აქტიური საეკლესიო პოლიტიკის გატარება „ურწმუნო“ სომხებით დასახლებულ ბასიანში მოულოდნელი არ უნდა იყოს; მით უფრო, რომ იმდროინდელი ქართული საზოგადოების დამოკიდებულება სომხური აღმსარებლობისადმი მეტად ნეგატიური იყო.92
„ზემო ქვეყნების“ შემოერთება და იქ ქართველი მოახალშენეების გამოჩენა93 ახლად შემოერთებული ტერიტორიების საეკლესიო მოწყობის აუცილებლობასა და ვალაშკერტის საეპისკოპოსოს საზღვრების გაფართოებასაც განაპირობებდა. 979 წლისთვის „ზემო ქვეყნების“ დიდი ნაწილი, ჰარქისა და აპაჰუნიქის გარდა, უშუალოდ ექვემდებარებოდა ბიზანტიელთა კონტროლს.94 საინტერესოა, ვრცელდებოდა თუ არა მათზე ბერძნული საეკლესიო წეს-წყობილება და ბერძნული ეპაქიების არსებობის შემთხვევაში როგორი იქნებოდა მათი სტატუსი ტაოს სამეფოში; სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებულ წყაროებიდან ამ კითხვებზე პასუხის გაცემა შეუძლებელია.
უკანასკნელ დროს გამოითქვა მოსაზრება, რომ აქ არსებობდა ტაოს, იმავე ვალაშკერტის, სამამთავრო ანუ სამიტროპოლიტო, რომლის მეთაურს „ზემო ქვეყნების“ სხვა ეპისკოპოსები ექვემდებარებოდნენ.95 XI საუკუნის ანდერძ-მინაწერებში ვალაშკერტელი ეპისკოპოსის „მამამთავრობით“ მოხსენიება96 საამისო მყარ არგუმენტად ვერ გამოდგება _ X-XIII საუკუნეთა ქართულ ტექსტებზე დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ „მამამთავარი“ შეიძლებოდა ყოფილიყო ბიჭვინტის (აფხაზეთის) კათალიკოზი (?),97 ქართლის მთავარეპისკოპოსი,98 ესა თუ ის მოქმედი თუ ბერად შემდგარი ეპისკოპოსი,99 მონასტრის წინამძღვარი100 ან რომელიმე ღირშესანიშნავი ბერი;101 ამიტომ ზაქარია ვალაშკერტელის მამამთავრობა უფრო საპატიო წოდება უნდა ყოფილიყო,102 ვიდრე სამიტროპოლიტო ოლქისა და მასში შემავალი საეპისკოპოსოების მეთაურობა. არც ის იყო აუცილებელი, რომ „ტაოს დამოუკიდებელ სახელმწიფოს“ მაინცდამაინც თავისი საეკლესიო-ადმინისტრაციული ოლქი, სამიტროპოლიტო ჰქონოდა. ქართლისა და მესხეთის საეკლესიო გეოგრაფიის ერთ-ერთ თავისებურებას სწორედ ის წარმოადგენდა, რომ, საეკლესიო ოლქები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, არასდროს ემთხვეოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ ქვეყნებს, პოლიტიკურ და მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულებს ან კიდევ ფეოდალურ სენიორიებს; კერძოდ, იმიერტაო, დავით კურაპალატის სამფლობელოების მთავარი ბირთვი, ამიერტაოში მდებარე ორ საეკლესიო ცენტრს _ იშხანსა და ბანას შორის იყო განაწილებული.103 ამრიგად, თეზა ტაოს (ვალაშკერტის) სამამამთავროს შესახებ დამატებით დასაბუთებას მოითხოვს.
აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საეპისკოპოსო ცენტრის ლოკალიზაციაც. მკვლევართა ნაწილს ის ყაღზევანში ეგულება და ჩანგლის ეკლესიასთან აიგივებს.104 ამგვარ გაიგივებას ის გარემოება ეწინააღმდეგება, რომ ყაღზევანის თემი, „სამცხე-საათაბაგოს მწყემსმთავართა ნუსხის“ მიხედვით, კარელის საეპისკოპოსოში შედიოდა: „კარელის სამწყსო: სულაკარი და კოლისა და ოლთისის საზღურის გარდა მოღმა გაგჩევანი და კაღზევანი“.105 ნაკლებსარწმუნოა, რომ საეპისკოპოსო კათედრა საეპისკოპოსოს საზღვრებს მიღმა ყოფილიყო _ ასეთ პრაქტიკას, სამთავროს გამოკლებით, საქართველოს საეკლესიო გეოგრაფია არ იცნობს.106
მკვლევართა მეორე ნაწილი მას სომხეთის კარგად ცნობილ ქალაქ ვალაშკერტ//ალაშკერტში ათავსებს და მის დაარსებას დავით კურაპალატის მოღვაწეობას უკავშირებს,107 მაგრამ ამ თვალსაზრისის გასაზიარებლად ქრონოლოგიური დაბრკოლება არსებობს _ როგორც წყაროები გვამცნობს, ეს მხარე ქართულ სამყაროს მხოლოდ XIII ს-ის 30-იან წლებში დაუკავშირდა (იხ. ზემოთ).
სწორი უნდა იყოს ნ. ადონცის დაკვირვება (რომელიც შემდეგ ე. თაყაიშვილმა და კ. იუზბაშიანმა გაიზიარეს), რომ ვალაშკერტი, სადაც ქართველთა ეპისკოპოსი იჯდა, მერმინდელი ჰასან-ყალაა ბასიანის ოლქში.108 სამწუხაროდ, არც ადონცს და არც თაყაიშვილს თავისი შეხედულების დამამტკიცებელი რაიმე არგუმენტი არ მოჰყავთ.
საეპისკოპოსო ცენტრის ბასიანში ლოკალიზაციას მხარს უჭერს ვალაშკერტის საეპისკოპოსოს ჩამოყალიბების ქრონოლოგია და გეოგრაფია. ის ფაქტიც, რომ კარინ-ბასიანის საზღვარზე დაბანაკებულ კეისარს მაინცდამაინც ზაქარია ვალაშკერტელი ხვდება,109 იმაზე უნდა მიანიშნებდეს, რომ მისი კათედრა საზღვართან ახლოს მდებარეობდა.
ვალარშაკერტი-ჰასან-ყალა, ანუ ვალარშავანი, ბასიანის „დიდ დაბას“ წარმოადგენდა.110 ის იმდენად მნიშვნელოვანი ცენტრი ყოფილა, რომ მისი ქვეყანა ბასიანის სინონიმადაც გამოდიოდა ხოლმე.111 სომეხთ მეისტორიენი ციხე-ქალაქის მდებარეობას არაქსისა და მურწის შეერთების ადგილას უჩვენებენ და ხან ვალარშავანად, ხან კი ბოლორაპაჰაკად მოიხსენებენ.112 სხვა ავტორები მას ბოლონის ციხეს,113 ბოლოს ციხეს // ბოლოსტიკეს,114 ფასიანს115 ან ბასიანს116 უწოდებენ. ნ. ადონცის თანახმად, ბოლონის ციხემ სახელი მას მერე შეიცვალა, რაც ის სპარსეთის მეფე ვალარშმა (484-488 წწ.) საგანგებოდ გაამაგრა.117 სომხური საისტორიო ტრადიციით კი „ვალარშავანი“ სომხეთის ნახევრად მითიური მეფის, ვალარშისგან წარმომავლობდა.118 ვალარშის სახელთანაა დაკავშირებული „ვალარშაკერტი“ და „ვალარშაპატი“. მართალია, სამივე ტოპონიმი სრულიად გარკვეულ ადგილებს მიემართებოდა, მაგრამ მათი აღრევაც შეინიშნება: ასოლიკის „ისტორიაში“ ვალარშაკერტი და ვალარშაპატი პარალელურად იხმარება.119 ვალარშავანის მრავალგვარი სახელდება და ვალარშთან დაკავშირებული გეოგრაფიული სახელების მონაცვლეობა გვაფიქრებინებს (ნ. ადონცისა და ე. თაყაიშვილის კვალდაკვალ), რომ ვალარშავანი გარკვეულ დროს და გარკვეულ წრეებში ვალაშკერტვალარშაკერტად გამოითქმოდა.
არსებობს ერთი სომხური წყარო და მისი ძველი ქართული თარგმანი, რომელიც, თითქოს, ვალარშავან-ვალშკერტის იგივეობის სასარგებლოდ მეტყველებს. მხედველობაში მაქვს VII-VIII საუკუნეების ჰაგიოგრაფიული ძეგლი „სიტყუანი წამებისათვის წმიდისა ოსკისი და მოყუასთა მისთა“,120 რომლის მოკლე შინაარსი ამგვარია: წმ. ოსკი (ქრივსი) და მისი მიმდევრები დასავლეთ ბაგრევანდში, წალკეში, მოწესეობდნენ; სომეხთა მეფის შიშით მათ თავი შეაფარეს შჯარაბაშხის, უკეთ, ჯრაბაშხის მთას, მაგრამ წარმართებმა მიაგნეს მათ და „მოწყვიდნეს მახვილითა“. გადარჩნენ მხოლოდ ორნი, რომელნიც გაეცალნენ იქაურობას და „წარვიდენ დასავალით კერძო, ძირსა მთისა მის, და პოვეს ადგილი კეთილად შეზავებული მახლობელად ველისა პირსა, რომლისაგან გამოდიოდეს წყარონი მრავალნი“. წმინდა მოწესენი იქვე გარდაიცვალნენ და დაიკრძალნენ. „ხოლო მცირედთა ჟამთა შემდგომად ადგილი იგი აღაშენეს მონასტერი ვალაშის მიერ მეფისა, და მუნ დააშენა ძე თვისი, კეთილად შეზავებისათვუს მის ადგილსა, და უწოდა ადგილსა მას ვალაშკერტი სახელად თვისსა“. „სიტყუანის“ დასასრულს განმარტებულია, რომ ჯრაბახტ // ჯრაბაშხს, წმინდა მოწამის სუქიასის სახელის მიხედვით, სუკავის მთა ეწოდა და „დღენდელად დღედმდე მიწა ორთავე მათ ადგილთა საკურნებელად სენთა არს“.121 ასოლიკს სუკავის მთა ბაგრევანდის დასავლეთით ეგულება,122 ხოლო ჰაკობ კარნეცი მას ქÁოსე-დაღთან აიგივებს.123 ეს იდენტიფიკაცია გაზიარებულია სპეციალურ ლიტერატურაში.124 თუ ნაწარმოების გეოგრაფია აღრეული არაა, მაშინ გამოდის, რომ ჯრაბაშხ-სუკავის მთის ანუ ქÁოსე-დაღის დასავლეთით წასული ახალგაზრდა ბერები არაქსის ხეობაში გადასულან; შესაბამისად, აქვეა საძიებელი მეფე ვალარშის მიერ დაარსებული „ავანი“, ე.ი. სოფელი, დაბა, დასახლებული ადგილი (რაც ქართველმა მთარგმნელმა „მონასტრად“ გაიაზრა), ვალაშკერტი. ახლა თუ გავიხსენებთ, რომ იმავე მეფეს არაქსის ხეობაში, ბასიანში, დაბა ვალარშავანი ჰქონდა დაარსებული (იხ. ზემოთ), ვალაშკერტსა და ვალარშავანს შორის ტოლობის ნიშნის დასმა აღარ გაჭირდება (ვალარშავანი, რომელ არს ვალარშაკერტი _ ასეთი იყო, ჩანს, ანონიმი ჰაგიოგრაფის გეოგრაფიული ფორმულა). ჩვენს ტექსტში „ვალაშკერტი“, „ვალარშაკერტის“ რედუქციული ფორმა, გვაქვს დამოწმებული. ეს ფაქტი იმითაა საყურადღებო, რომ სომხური საისტორიო ტექსტების მიხედვით, „(ვ)ალაშკერტის„ გამოჩენა და „ვალარშაკერტის“ გამოდევნა ამაზე ბევრად გვიანი მოვლენაა.125 აქედან გამომდინარე, ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ვალარშავანი ვალაშკერტად სომეხი დიოფიზიტებისა და ქართველების მიერ მოიხსენებოდა?
ვალაშკერტში (Վաղարշկերտ) ყოფილა ნერსე სომეხთა კათალიკოსის მიერ ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სახელზე აგებული ეკლესია.126
თუ ვალაშკერტი მართლაც მერმინდელი ვალარშავან_ჰასან-ყალაა,127 მაშინ ეს საყდარი შეიძლებოდა ქცეულიყო ქართულ საეპისკოპოსო ცენტრად _ ქართველები დიდი პატივით ეპყრობოდნენ დიოფიზიტობის ბურჯად ცნობილი ნერსე კათალიკოსის სახელს და მის მიერ აღმართულ ტაძრებს ახალ სულს შთაბერავდნენ ხოლმე.128 ვალაშკერტ-ჰასან-ყალაში რომ მართლაც უნდა არსებულიყო დიოფიზიტური კათედრა, ეს ბიზანტიური საეპისკოპოსო ნუსხებიდანაც ჩანს. X (= III) ნოტიციაში ლაზიკის ტრაპეზუნტს დაქვემდებარებულ კათედრებს შორის დასახელებულია ფასიანის საეპისკოპოსოც.129 ფასიანის, იმავე პასენის ანუ ჰასან-ყალას კათედრა130 სხვა ნუსხებში არ იხსენიება. X ნოტიციაც საკმაოდ გვიანდელია _ მის განმარტებებში ალექსი I კომნენოსი (1081-1118 წწ.) და ისააკ II ანგელოსი (1185-1195 წწ.) ფიგურირებენ.131 ბიზანტიურ ეკთესისებში ფასიანის კათედრის გაჩენა კარგად ესადაგება XI საუკუნის 20-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს _ ზაქარია ვალაშკერტელის, რომლის მოღვაწეობა ეპარქიაში დისკომფორტს უქმნიდა ბერძნულ სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც, გადასახლებითა თუ სიკვდილით დასჯით ბიზანტიელები ბასიანში აუქმებენ ქართულ სამწყსოს და მას კონსტანტინოპოლს უქვემდებარებენ.132 ბასიანის პოლიტიკური და საეკლესიო ინკორპორაცია იმპერიაში არ უნდა იყოს მოულოდნელი: სახელმწიფოს მსგავსად, ბიზანტიის ეკლესიაც საეკლესიო კანონებზე მაღლა, ზოგჯერ, იმპერიულ ამბიციებს აყენებდა და სხვა ეკლესიათა კუთვნილი ტერიტორიების მიტაცებასაც არ თაკილობდა. ამის კარგი მაგალითი ისევ საქართველოა: მას შემდეგ, რაც XI ს-ის 30-იან წლებში ბიზანტიელებმა აფხაზეთის ერთი ნაწილი, ანაკოფია, დაიპყრეს, ის უმალ ბერძნულ ეკლესიას დაუქვემდებარეს, რასაც მოწმობს ახალ ათონთან (ძველ ანაკოფიასთან), ივერიის მთაზე აღმოჩენილი ბერძნული ლაპიდარული წარწერები.133
შეიცვალა საეკლესიო გეოგრაფიაც: თუ ქართულ სახელმწიფოში, მცხეთის ტახტს დაქვემდებარებულ ბასიანში მხოლოდ ერთი საეპისკოპოსო საყდარი არსებობდა, ბიზანტიის იმპერიაში ბერძნულ ეკლესიის ბატონობის პირობებში სულ მცირე სამი კათედრა გაჩნდა: ფასიანის, ანდოკისა და ორდორუსი, რომლებიც ტრაპიზონისა და თეოდოსიუპოლის სამიტროპოლიტოებს ემორჩილებოდა.134
ტრაპიზონის მიტროპოლიაში საკავის საეპისკოპოსოც შედიოდა.135 საკავი ანუ სუკავეთი ბაგრევანდის ოლქში, ვალაშკერტის ჩრდილოეთით მდებარეობდა.136 ამ საკრალურ სივრცეს უკავშირდებოდა „წინაპართაგან მამათა ქართუელთა“ მიერ „ჭეშმარიტების მოწამეებად“ შერაცხულ სუკავეტელთა მოწამებრივი აღსასრული.137დიოფიზიტური თემების მკვიდრობა ბაგრევანდში138 გასაგებს ხდის მოგვიანებით მასზე ქართული ეკლესიის იურისდიქციის გავრცელებას. თუმცა ქართულ სახელმწიფოში აღარ ჩანს ბიზანტიური ეკთესისებით დამოწმებული სხვადასხვა საეპისკოპოსო კათედრები. ბაგრევანდი და ბასიანი ერთი ეპისკოპოსის, ვალაშკერტელის, იურისდიქციას ექვემდებარებოდა. ამ ორი პროვინციის ერთ ეპარქიად გაერთიანება ხანდახან სომხურ სინამდვილეშიც ხდებოდა.139
XIII ს-ის შემდეგ საქართველოს აღარ დაუბრუნებია აღარც აბნიკი და აღარც ვალაშკერტი; იმოქმედა თუ არა პოლიტიკური გეოგრაფიის ცვლილებამ საეკლესიო გეოგრაფიაზე, არ ჩანს („ნუსხას“ სურს დაგვარწმუნოს, რომ არა); ქართული მოსახლეობის კვალი აქ ჯერ კიდევ XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზეც შეინიშნება.140
ვალაშკერტის საეპისკოპოსო უკანასკნელად იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერაში“ მოიხსენება.141 მისი ცნობები მესხეთის ეპარქიების შესახებ მეტად აღრეულია და მწიგნობრული ტრადიციის დამახინჯებული ვერსიის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ნიშანდობლივია ვალაშკერტელის კათედრის მოუხსენლობა ვახუშტის თხზულებაში. ეს მით უფრო საინტერესოა, რომ მეცნიერ ბატონიშვილს ბასიანი ქართულ მხარედ ეგულება.142 ჩანს, ეს კათედრა „აღწერის“ შექმნამდე დიდი ხნით ადრე ყოფილა გაუქმებული.143
ვალაშკერტის საეპისკოპოსოს გაუქმება სამცხე-საათაბაგოს დასავლეთ ნაწილში ოსმალთა ბატონობის დამყარებას უკავშირდება (XVI ს-ის შუა ხანები). შესაძლებელია, რომ ის უფრო ადრე გაუქმდა, ვიდრე ყოფილი სამცხე-საათაბაგოს სხვა კათედრები. ამის მიზეზი პოლიტიკური და დემოგრაფიული ცვლილებები შეიძლებოდა ყოფილიყო: ირან-თურქეთის ომები, ყიზილბაშთა და ოსმალთა ბატონობის მძიმე უღლით გამოწვეული მიგრაციები144 და ქართული ეთნოსის თანდათანობითი გადაგვარება ან აყრა-გადასახლება. ჰაკობ კარნეცის თანახმად, მის დროს ბასიანში მხოლოდ სომხები და მცირედ თურქები ცხოვრობდნენ. ქართული მოსახლეობისგან დაცლილი ბასიანის საეპისკოპოსო ცენტრმა დროებით არზრუმში გადაინაცვლა.145
შენიშვნები
1. არისტაკეს ლასტივერტეცი 1974, 45, 51.
2. დოლიძე 1965, 49.
3. დოლიძე 1970, 245.
4. „ყა(ღ)ზევანს ზეითი“ დამოწმებული გვაქვს გამოცემებში: ბაქრაძე 1987, 77 და ჟორდანია 1897, 53-54; სხვაგან (თაყაიშვილი 1907, 77; დოლიძე 1970, 245) სიტყვა „ზეითი“ აკლია. ეს კი ქმნის ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს ყაღზევანი//კაღზევანი ერთდროულად ვალაშკერტელსაც ექვემდებარებოდა და კარელ ეპისკოპოსსაც.
5. დოლიძე 1970, 245.
6. ევლია ჩელები 1971, 207.
7. ვახუშტი 1997, 123, 140-143.
8. შდრ. ბაქრაძე 1987, 77, შენ. 65; ბერძნიშვილი 1966, 63; ატლასი 2003,55.
9. ქათიბ ჩელები 1978, 164.
10. აბულაძე 1983,53.
11. ბერძნიშვილი 1966, 63; ატლასი 2003, 55.
12. კარის, ანუ ყარსის მაღლობისა და ბასიანის ვაკის გამყოფი მთები _ იხ. ჯავახიშვილი 1998, 246; შდრ. Hewsen 2001, 63, 115.
13. ყაუხჩიშვილი 1957, 81
14. Меликишвили 1959, 291; მუსხელიშვილი 1977, 56.
15. ჭეიშვილი 1986, 122-123.
16. ყაუხჩიშვილი 1957, 189.
17. ვაშაკიძე 2009, 269; ჭეიშვილი 1997, 361.
18. ყაუხჩიშვილი 1952, 260-273.
19. იქვე, 273.
20. სავარაუდოდ, აბნიკის მხარე _ შდრ. ინგოროყვა 1954, 67.
21. Асохик 1864, 135.
22. ყაუხჩიშვილი 1952, 270-271.
23. არისტაკეს ლასტივერტეცი 1974, 51.
24. Гевонд 1862, 103.
25. Манандян 1930, 143-145, 149-154.
26. ყაუხჩიშვილი 1952, 273.
27. Асохик 1864, 191-196.
28. იქვე, 192, 195.
29. იოანე დრასხანაკერტელი 1965, 145, 161; სტეფანე მტბევარი 1963: 175.
30. Hewsen 2001, 113, 115; ატლასი 2003, 18; შდრ. ინგოროყვა 1954, 67, 526; მეტრეველი 1996, 190.
31. დავითის ისტორიკოსი 1955, 333, 344.
32. ისტორიანი და აზმანი 1959, 17, 38, 78.
33. ჯაფარიძე 1995, 83.
34. სომხური წყაროები ასხვავებენ ზემო და ქვემო ბასიანს; ბასიანი მდინარის დინების მიხედვით იყოფოდა: ჰასან-ყალა და ავნიქი ზემო ბასიანში ექცეოდა, ხოლო ხორასანი, ზიუინი, მიჯნაკერტი და გაჩევანი _ ქვემო ბასიანში (ჰაკობ კარნეცი: 45-47; ჯაფარიძე 1995, 153).
35. ბასიანის აღმოსავლეთი თემი არაქსის მარცენა სანაპიროზე _ შდრ. ბერძნიშვილი 1966, 60.
36. სტეფანოს ორბელიანი 1978, 55, 126.
37. მხითარ აირივანეცი 1990, 81.
38. საინტერესოა, რომ სხვა სომეხი ისტორიკოსები, რომლებიც ასევე დეტალურად ჩამოთვლიან მხარგრძელების მიერ შემოერთებულ მიწა-წყალს, არც ბასიანსა და არც ვალაშკერტს არ ახსენებენ (Киракос Гандзакеци 1976, 118-119, ვარდანი 2002, 156, 158).
39. ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე 1955, 370.
40. შდრ. ჯაფარიძე 1995, 83, 156-157.
41. ისტორიანი და აზმანი 1959, 100; ბასილი ეზოსმოძღვარი 1959, 133, 147; ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე 1955, 370; ჟამთააღმწერელი 1959, 151; Киракос Гандзакеци 1976, 118.
42. იაკუთი 1964, 19.
43. იქვე, 26.
44. ан-Насави 1996, 149.
45. იქვე, 186.
46. ჟამთააღმწერელი 1959, 311-312.
47. შდრ. ატლასი 2003, 30-33.
48. ჟამთააღმწერელი 1959, 213-214; ჯაფარიძე 1995, 190-193.
49. დარჩიაშვილი 2010, 154.
50. ჯაფარიძე 1995, 171; დარჩიაშვილი 2010, 60-61.
51. ан-Насави 1996, 241; იაკუთი 1964, 36; ჟამთააღმწერელი 1959, 186; ჯაფარიძე 1995, 171.
52. ჟამთააღმწერელი 1959, 212.
53. Киракос Гандзакеци 1976, 166-167.
54. Галстян 1962, 34.
55. ჯავახიშვილი 1982, 96.
56. Рашид ад-Дин 1971, 271.
57. ჰამდალაჰ ყაზვინი 1919, 96.
58. იქვე, 101.
59. ал-Ахари 1984, 104.
60. ჰამდალაჰ ყაზვინი 1919, 95, 100.
61. იქვე, 90.
62. ал-Ахари 1984, 115.
63. ჰამდალაჰ ყაზვინი 1919, 96.
64. ал-Ахари 1984, 113-119.
65. ევლია ჩელები 1971, 210.
66. ევლია ჩელები 1971, 208.
67. აბდალაძე 1978, 89-90.
68. იქვე, 99.
69. აბულაძე 1983, 53-54.
70. ლოკალიზაცია უცნობია _ აბულაძე 1983, 64-65, შენ. 69-70.
71. აბულაძე 1983, 53-54.
72. იქვე, 53-54.
73. აბულაძე 1983, 65, შენ. 70.
74. შდრ. ატლასი 2003, 36-40, 42.
75. ფავსტოს ბუზანდი 1953, 83, 204, 207; Адонц 1971, 345.
76. Адонц 1971, 322-370; Hეწსენ 2001, 75-80.
77. ფავსტოს ბუზანდი 1953, 208.
78. Адонц 1971, 332-333.
79. იქვე, 331.
80. აბდალაძე 1978, 75.
81. Арутюнова-Фиданян 2010, 8-9.
82. იქვე, 11-13.
83. ჭეიშვილი 2007, 109-116.
84. ჭეიშვილი 2013.
85. ყაუხჩიშვილი 1952, 260-263.
86. ალექსიძე 1975, 234; ასოლიკი 1864, 129.
87. ცხორება შიოსი და ევაგრესი 1963, 222.
88. მეტრეველი 1996, 145-195.
89. არისტაკეს ლასტივერტეცი 1974, 45.
90. შდრ. ინგოროყვა 1954, 68.
91. ჟორდანია 1892, 108.
92. Асохик 1864, 193.
93. შდრ. მეტრეველი 1996, 190; მიტროპოლიტი ანანია 2011, 110-113.
94. Юзбашян 1988, 136-137.
95. მიტროპოლიტი ანანია 2011: 110, 116-118, 123-127, 130-132.
96. ჟორდანია 1892, 155, 168, 170; მეტრეველი 1996, 150-151.
97. სილოგავა 1980, 142.
98. დოლიძე 1965, 36.
99. გიორგი მერჩულე 1963, 307; დოლიძე 1965, 49; ბერძენიშვილი 2006, 294; მეტრეველი 1996, 168, შენ. 2.
100. ჟორდანია 1892, 115-116.
101. მეტრეველი 1996, 168.
102. იქვე, 168.
103. დოლიძე 1970, 245; ატლასი 2003, 55.
104. ბაქრაძე 1885, 150, შენ; თაყაიშვილი 1991, 382; Беридзе 1981, 186-187; ალექსიძე 1978, 105.
105. დოლიძე 1970, 245.
106. ატლასი 2003, 55.
107. ჟორდანია 1892, 155; არისტაკეს ლასტივერტეცი 1974, 152-153; აბდალაძე 1988, 110-111; მეტრეველი 1996, 190; ატლასი 2003, 55; Арутюнова-Фиданян 2010, 14.
108. Адонц 1971, 24 და იქვე, შენ. 2; Такайшвили 1952: 23-24; Юзбашян 1968; ჭეიშვილი 1997, 362.
109. არისტაკეს ლასტივერტეცი 1974, 45.
110. იქვე, 72.
111. ცაგარეიშვილი 1975, 159.
112. სებეოსი 1999, 11; მოვსეს ხორენაცი 1984, 153.
113. ყაუხჩიშვილი 1965, 52, 56.
114. ისტორიანი და აზმანი 1959, 96.
115. ყაუხჩიშვილი 1952, 133, 146.
116. ვახუშტი 1997, 140.
11.7 Адонц 1971, 24-25.
118. მოვსეს ხორენაცი 1984, 153.
119. Асохик 1864, 192.
120. აბულაძე 1944, 0126-0131, 9-21.
121. აბულაძე 1944, 21; Адонц 1971, 311, შენ. 1.
122. Асохик 1864, 195.
123. ჰაკობ კარნეცი, 47-48.
124. Асохик 1864, 195, შენ. 2; Երեմյան 1963, 81; Hეწსენ 2001, 63.
125. „ალაშკერტი“ პირველად XII ს-ის ისტორიკოსთან, ფსევდოშაპუჰთანაა დადასტურებული (ცაგარეიშვილი 1975, 159). სტეფანოს ორბელიანი (XIII ს.) „ვაღარშაკერტს“ ხმარობს (1978,126), ხოლო მხითარ აირივანეცი (XIV ს.) _ „ვალაშკერტს„ (1990, 81). თოვმა მეწოფეცთან (XVს.) ორივე ფორმაა დადასტურებული (1987, 53, 70); ჰაკობ კარნეცის (XVII ს.) დროს კი „ალაშკერტი“ საყოველთაოდ დამკვიდრებული სახელწოდება ყოფილა, „ვალარშაკერტი“ კი ლიტერატურულ ტრადიციას შემორჩა მხოლოდ (გვ. 48).
126. იოანე მამიკონიანი 1832, 55.
127. Адонц 1971, 24; შდრ. Арутюнова-Фиданян 2010, 14
128. გიორგი მერჩულე 1963, 265, 274.
129. ყაუხჩიშვილი 1952, 133, 146.
130. შდრ. Арутюнова-Фиданян 2010, 11.
131. ყაუხჩიშვილი 1952, 146.
132. აბდალაძე 1988,124-125; მიტროპოლიტი ანანია 2011, 126, 128; შდრ. მეტრეველი 1996, 191.
133. ყაუხჩიშვილი 2004, 68-72.
134. Арутюнова-Фиданян 2010, 11-12; შდრ. Hეწსენ 2001, 124.
135. ყაუხჩიშვილი 1952, 133, 146.
136. Арутюнова-Фиданян 2010, 11.
137. აბულაძე 1944, 9-21; ანტონ I კათალიკოსი 1980, 340-352.
138. სტეფანოს მტბევარის მტკიცება, რომ სომხეთში, კერძოდ, ბაგრევანდსა და წალკოიტში _ გვიანდელ ვალაშკერტში _ არ „იპოვებოდა საყდარი მართლმადიდებელთა ეპისკოპოსთა, არცა მონასტერი მართლმადიდებელთა მორწმუნეთა მონაზონთა“ (1963, 175), შეიძლება, იდეურ-მხატვრულ ჰიპერბოლად ჩავთვალოთ (იხ. ჭეიშვილი 2012, 39-40).
139. Գիրք Թղթոց 1901, 412.
140. აბულაძე 1993, 256.
141. იოანე ბაგრატიონი 1986, 83-84.
142. ვახუშტი 1997,140.
143. ამასთან დაკავშირებით ერთ ასეთ ფრთხილ ვარაუდსაც გამოვთქვამთ: ხომ არ გადაინაცვლა XIII ს-ის შუა ხანებისათვის საეპისკოპოსო ცენტრმა ვალაშკერტ-ჰასანყალადან ვალაშკერტ-ალაშკირტში, რომელიც საქართველომ გაცილებით ადრე დაკარგა და შესაბამისად, იქ საეპისკოპოსოც გაცილებით ადრე მოისპობოდა. ამგვარი ნაბიჯი დიოფიზიტობაში აღზრდილ და პატივმოყვარე შანშესგან გასაკვირი არ იქნებოდა.
კათედრათა მონაცვლეობა ერთი ეპარქიის შიგნით ამავე პერიოდში ქვემო ქართლშიც დასტურდება: XIII ს-ის მეორე მესამედში (?) საეპისკოპოსო ჰუნევანიდან, იგივე ძელი ჭეშმარიტიდან ახტალაში გადადის (Чеишвили 2013, 382; ატლასი 2003, 55; შდრ. ბერძენიშვილი 2006ა, 206) და ეს პროცესი ისევ და ისევ მხარგრძელებს უკავშირდება (ავაგს?).
144. აბულაძე 1983, 47-48; Зулалян 1971, 81, 99, 103.
145. ჭეიშვილი 2013, 251.
ბიბლიოგრაფია
აბდალაძე 1978: სომხურ ხელნაწერთა XIV-XV საუკუნეების ანდერძების (ჰიშატაკარანების) ცნობები საქართველოს შესახებ, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, კომენტარები და შენიშვნები დაურთო ალ. აბდალაძემ, თბილისი
აბდალაძე 1988: აბდალაძე ა. 1988, ამიერკავკასიის პოლიტიკურ ერთეულთა ურთიერთობა IX-XI საუკუნეებში, თბილისი
აბულაძე 1944: აბულაძე ი. 1944, ქართული და სომხური ლიტერატურული ურთიერთობა IX-X სს-ში: გამოკვლევა და ტექსტები, თბილისი
აბულაძე 1983: თურქული წყაროები XVI ს. I მეოთხედის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის, თურქული დოკუმენტები ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და შენიშვნებით გამოსცა ც. აბულაძემ, თბილისი
აბულაძე 1993: აბულაძე ც. 1993, საქართველოსა და მისი პოლიტიკური წარმონაქმნების სახელწოდებანი ოსმალურ წერილობით წყაროებში, კრებულში, საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია, თბილისი
ალექსიძე 1975: უხტანესი, ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით და გამოკვლევით გამოსცა ზ. ალექსიძემ, თბილისი
ალექსიძე 1978: ალექსიძე ზ. 1978, ატენის სიონის სომხური წარწერები, თბილისი
ანტონ I კათალიკოსი 1980: ანტონ I კათალიკოსი, მარტირიკა, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, VI, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა, ლექსიკონი და საძიებლები დაურთეს ე. გაბიძაშვილმა და მ. ქავთარიამ, რედაქტორი მ. შანიძე, თბილისი
არისტაკეს ლასტივერტეცი 1974: არისტაკეს ლასტივერტეცი, ისტორია, ქართული თარგმანი გამოკვლევით, კომენტარებითა და საძიებლებით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა, თბილისი
ატლასი 2003: საქართველოს ისტორიის ატლასი, დ. მუსხელიშვილის რედაქციით, თბილისი
ბასილი ეზოსმოძღვარი 1959: ბასილი ეზოსმოძღვარი, ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი, ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი
ბაქრაძე 1885: საქართველოს ისტორია, განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არხეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ, ტფილისი
ბაქრაძე 1987: ბაქრაძე დ. 1987, არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში, ბათუმი
ბერძნიშვილი 1966: ბერძნიშვილი მ. 1966, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრები XIII საუკუნის დამდეგს, საქართველო რუსთაველის ხანაში, თბილისი
ბერძენიშვილი 2006: ბერძენიშვილი დ. 2006, დებედის ხეობის ისტორიული გეოგრაფიისათვის, კრებ. დმანისი, V, 293-326
ბერძენიშვილი 2006ა: ბერძენიშვილი დ. 2006ა, ნარკვევები, თბილისი
გიორგი მერჩულე 1963: გიორგი მერჩულე, შრომა და მოღუაწება გრიგოლისი არქიმანდრიტისა ხანცთისა და შატბერდისა აღმაშენებელისა, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, დასაბეჭდად მოამზადეს ილ. აბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ, ილ. აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბილისი
დავითის ისტორიკოსი 1955: ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, „ქართლის ცხოვრება“, I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი
დარჩიაშვილი 2010: დარჩიაშვილი შ. 2010, ძიებანი ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიიდან: სომხური ლაპიდარული წარწე რების ცნობები საქართველოს შესახებ XII-XIII საუკუნეების პირველ მესამედში, თბილისი
დოლიძე 1965: დოლიძე ი. 1965, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. II, საერო საკანონმდებლო ძეგლები (IX-XIX სს.), თბილისი
დოლიძე 1970: დოლიძე ი.1970, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIX სს.), თბილისი
ევლია ჩელები 1971: ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“, თურქულიდან თარგმნა, კომენტარები და გამოკვლევა დაურთო გ. ფუთურიძემ, I, თბილისი
ვარდანი 2002: ვარდანი 2002, მსოფლიო ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნეს ნ. შოშიაშვილმა და ე. კვაჭანტირაძემ, თბილისი
ვაშაკიძე 2009: ვაშაკიძე ვ. 2009, ფლეგონის ცნობა ქართლის (იბერიის) სამეფოს შესახებ, ანალები, #5
ვახუშტი 1997: ვახუშტი ბაგრატიონი, საქართველოს გეოგრაფია, თბილისი
თაყაიშვილი 1907: თაყაიშვილი ე. არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, I, თბილისი
თაყაიშვილი 1991: თაყაიშვილი ე. არქეოლოგიური ექსპედიცია კოლაოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს, წიგნში: დაბრუნება, თბილისი
თოვმა მეწოფეცი 1987: თოვმა მეწოფეცი, ისტორია თემურ-ლენგისა და მისი შთამომავლებისა, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო კ. კუციამ, თბილისი
იაკუთი 1964: Yაკუთის ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, ნაკვ. 1, არაბული ტექსტი ქართული თარგმანითა და შესავლით გამოსცა ე. სიხარულიძემ, თბილისი
ინგოროყვა 1954: ინგოროყვა პ. 1954, გიორგი მერჩულე, თბილისი
იოანე ბაგრატიონი 1986: იოანე ბაგრატიონი, ქართლ-კახეთის აღწერა, ტექსტი გამოსაცემად მოამზადეს, გამოკვლევა და საძიებლები დაურთეს თ. ენუქიძემ და გ. ბედოშვილმა, თბილისი
იოანე დრასხანაკერტელი 1965: იოანე დრასხანაკერტელი 1965, სომხეთის ისტორია, სომხური ტექსტი ქართული თარგმანით, გამოკვლევითა და საძიებლით გამოსცა ე. ცაგარეიშვილმა, თბილისი
იოანე მამიკონიანი 1832: Պատմʡթիւն Տարօնոյ զօր թարգմանեաց Զենօբ Ասորի‚ Վենետիկ
ისტორიანი და აზმანი 1959: ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი
ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე 1955: ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, ქართლის ცხოვრება, I, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი
მეტრეველი 1996: მეტრეველი ე. 1996, ნარკვევები ათონის კულტურულ საგანმანათლებლო კერის ისტორიიდან, თბილისი
მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) 2011: მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), იბერიის თემის ქართული სამამამთავრო (ლაზიკის ეპარქიის საზღვრების ზრდა იბერიის თემის დაარსების შემდეგ), საისტორიო-სამეცნიერო ჟურნალი სვეტიცხოველი, № 2 (წწწ. სვეტიცხოველij ოურნალ.გე)
მოვსეს ხორენაცი 1984: მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი და შენიშვნები დაურთო ალ. აბდალაძემ, თბილისი
მუსხელიშვილი 1977: მუსხელიშვილი დ. 1977, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბილისი
მხითარ აირივანეცი 1990: მხითარ აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, ძველი სომხურიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებელი დაურთო ლ. დავლიანიძემ, თბილისი
ჟამთააღმწერელი 1959: ჟამთააღმწერელი, ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბილისი
ჟორდანია 1892: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, I, ტფილისი
ჟორდანია 1897: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, II, ტფილისი
სილოგავა 1980: დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX-XIIIსს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვ. სილოგავამ, თბილისი
სტეფანე მტბევარი 1963: წამებაÁ წმიდისა მოწამისა გობრონისი, რომელი განიყვნეს ყველის ციხით, ძველი ქართული აგიოგრაფიული
ლიტერატურის ძეგლები, I, დასაბეჭდად მოამზადეს ილ. აბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ, ილ. აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბილისი
სტეფანოს ორბელიანი 1978: სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“-ს ძველი ქართული თარგმანები, ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა, თბილისი
ქათიბ ჩელები 1978: ქათიბ ჩელების ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ, თურქულიდან თარგმნა, შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო გ. ალასანიამ, თბილისი
ყაუხჩიშვილი 1952: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. IV2, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბილისი
ყაუხჩიშვილი 1957: ყაუხჩიშვილი თ. სტრაბონის გეოგრაფია, ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი
ყაუხჩიშვილი 1965: გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. II, ტექსტები ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბილისი
ყაუხჩიშვილი 2004: ყაუხჩიშვილი თ. 2004, საქართველოს ბერძნული წარწერების კორპუსი, თბილისი
ცაგარეიშვილი 1975: ცაგარეიშვილი ე. 1975, ანონიმი ისტორიკოსი (ფსევდო-შაპუჰი) და მისი „ისტორია“, მრავალთავი, V
ცხორება შიოსი და ევაგრესი 1963: ცხორება და მოქალაქეობა ღირსისა მამისა ჩუენისა შიოსი და ევაგრესი, ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, I, დასაბეჭდად მოამზადეს
ილ. აბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ, ილ. აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, თბილისი
ჭეიშვილი 1986: ჭეიშვილი გ. 1986, პარიადრეს ლოკალიზაციისათვის, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, 3
ჭეიშვილი 1997: ჭეიშვილი გ. 1997, ბასიანი, საქართველო. ენციკლოპედია, ტ. I, თბილისი
ჭეიშვილი 2007: ჭეიშვილი გ. 2007, ტაოს საეკლესიო და პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები ადრე შუა საუკუნეებში, მშვენიერება მოსილი სევდით. თამარ გამსახურდია 70, თბილისი
ჭეიშვილი 2012: ჭეიშვილი გ. 2012, კარის (ყარსის) ქვეყნის საეკლესიო და პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები, ჰუმანიტარული კვლევები, წელიწდეული, # 3
ჭეიშვილი 2013: ჭეიშვილი გ. 2013, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები სომხეთში, ჟურნ. ლოგოსი, 7, 246-252
ჯავახიშვილი 1982: ჯავახიშვილი ივ. 1982, ქართველი ერის ისტორია, III, თხზულებები, III, თბილისი
ჯავახიშვილი 1998: ჯავახიშვილი ივ.1998, ქართველი ერის ისტორიის შესავალი, წიგნი პირველი, საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიულ-ეთნოლოგიური პრობლემები, თხზულებები, XI, თბილისი
ჯაფარიძე 1995: ჯაფარიძე გ. 1995, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII_XIII ს-ის პირველ მესამედში, თბილისი
ჰაკობ კარნეცი: ჰაკობ კარნეცის ცნობები საქართველოს შესახებ, სომხური ტექსტი დაქართული თარგმანი მოამზადა ლ. დავლიანიძემ (ხელნაწერი).
Hamd-Allāh Qazwīn 1919: The Geographical Part of the Nuzhat-al-Qulūb Composed by Hamd-Allāh Mustawfi of Qazwīn in 740 (1340). Translated by G. Le Strange, Leyden and London
Hewsen 2001: Hewsen R. 2001, Armenia: A Historical Atlas, Chicago and London
Sebeos 1999: The Armenian History AĴ ributed to Sebeos, translation with notes by R. W. Thomson, historical commentary by J. HowardJohnston, assistance from T. Greenwood, I, Liverpool
Адонц 1971: Адонц Н. 1971, Армения в эпоху Юстиниана, Ереван
Арутюнова-Фиданян 2010: Арутюнова-Фиданян В. А. 2010, К вопросу о существовании халкидонитской Церкви в Армении, Вестник ПСТГУ III: Филология, Вып. 4 (22)
Асохик 1864: Всеобщая История Степаноса Таронского‚ Асохика по прозванию‚ переведена с армянского и объяснена Н. Эминым‚ Москва
ал-Ахари 1984: ал-Ахари Абу Бакр ал-Кутби 1984, Тарих-и шейх
Увейс, Перевод М. Д. Кязимова и В. З. Пириева, Баку
Беридзе 1981: Беридзе В. 1981, Место памятников Тао-Кларджети в истории грузинской архитектуры, Тбилиси
Галстян 1962: Армянские источники о монголах, Перевод с древнеармянского, предисловие и примечания А.Г. Галстяна, Москва
Гевонд 1862: История халифов вардапета Гевонда, писателя VIII века, Издание К. Патканова, СПб
Киракос Гандзакеци 1976: Киракос Гандзакеци, История Армении‚ перевод с древнеармянского‚ предисловие и комментарий Л. А. Ханларян‚ Москва
Манандян 1930: Манандян Я. А. 1930, О торговле и городах Армении в связи с мировой торговлей древних времен, Ереван
Меликишвили 1959: Меликишвили Г. А. 1959, К истории древней Грузии, Тбилиси
ан-Насави 1996: Шихаб ад-дин ан-Насави, Сират ас-султан Джалал
ад-Дин Манкбурны, Перевод З. М. Буниятова, Москва
Рашид ад-Дин 1971: Рашид ад-Дин, Переписка. Москва
Такайшвили 1952: Такаишвили Е. 1952‚ Археологическая экспедиция 1917-го года в южные провинции Грузии‚ Тбилиси
Чеишвили 2013: Чеишвили Г.‚ Картли, Православная Энциклопедия, 31, Москва
Юзбашян 1968: Повествование вардапета Аристакэса Ластивертци. Перевод с древнеармянского, вступительная статья, комментарии и приложения К. Н. Юзбашяна, Москва
Юзбашян 1988: Юзбашян К. 1988, Армянские государства эпохи Багратидов и Византия IX-XI вв., Москва
Hewsen 2001: Hewsen R. 2001, Armenia: A Historical Atlas, Chicago and London
Գիրք Թղթոց‚ Թիփլիս 1901
Երեմյան1963։ԵրեմյանՍ. 1963, Հայաստանըըստ “Աշխարհացʡյց”−ի, Երեվան

Комментариев нет:

Отправить комментарий