понедельник, 13 сентября 2021 г.

ჭანეთის/ლაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა (ბ. გოგოხია)

ისტორიული ჭანეთი, იგივე ლაზეთი წარმოადგენს მდინარეების ჭოროხისა და ჰალისის (ძვ. ბერძ.: Ἅλυς; თურქ.: Kızılırmak) შესართავებს შორის მდებარე ვრცელ ტერიტორიას. ჭანთა განფენის ეს საზღვრები აქვს შემოხაზული ნიკო მარს (Марръ 1910: 607). პავლე ინგოროყვა ჭანეთის დასავლეთ საზღვარს მდინარე თემისკურზე იგივე თერმოდონზე (Θεμίσκυρα, Θερμώδων; Terme Çayı) დებდა (ინგოროყვა 1954: 269, 272).
ჰალისისკენ ჭანური მოსახლეობის გავრცელება კარგად იყო ცნობილი ოსმალებისთვისაც. ასე მაგალითად, ოსმალურ ადმინისტრაციულ-გეოგრაფიულ ნომენკლატურაში ჭანთა სახელისგან მომდინარე Canik [ჯანიქ] (ფრანგული ჩაწერით: Djanik; ჭანიკი) ეწოდებოდა სამსუნის (Samsun), ბაფრის (Bafra), უნიეს (Ünye), ფათსის (Fatsa), ჩარშამბის (Çarşamba) და თერმეს (Terme) ყაზებისგან შემდგარ სანჯაყს ტრაპიზონის ვილაიეთში (Cuinet 1892: 87)1. უფრო ადრე კი რუმის სასულთნოში მოღვაწე XIII საუკუნის სპარსი ისტორიკოსი იბნ ბიბი იმავე სამსუნსა და ტრაპიზონის საკეისროს Canit-ის [ჯანით] (ჭანითი) სახელით იხსენიებს, ხოლო საქართველოში, თამარის (1160–1210) სამეფო კარზე აღზრდილ ტრაპიზონელ კეისარ ალექსი I კომნიანოსს (1181–1222) Canit Tekfuru-ს (ჭანითის მეფეს) უწოდებს (İbn Bibi 1996: 68, 169).

1. Canik დღესაც ეწოდება სამსუნის ილის ერთ-ერთ ქალაქს/ილჩესა და ასევე ქედს (Canik Dağları) მდინარეებს ჰალისსა და მელეთს (Melet Irmağı; ვარ.: Kızıldere; ორდუს ილი) შორის.

ვგონებ, შავიზღვისპირეთის ამ მხარეში ლაზური მოსახლეობის მკვიდრობის შესახებ წარმოდგენას ასევე კარგად ეხმიანება ნიკო მარის მიერ გასული საუკუნის დასაწყისში ათინელი (Pazar) ფევზი-ბეისგან ჩაწერილი ნათქვამი – „კონსტანტინოპოლში ლაზებს ეძახიან თურქეთის შავიზღვისპირეთის ყველა მოსახლეს, თვით სამსუნელებსა და სინოპელებსაც. სინოპელები ლაზებს ეძახიან სამსუნელებს. სამსუნელები ტრაპიზონელებს. ტრაპიზონელები ლაზებს ეძახიან რიზელებს, ხოლო რიზელები კი ჩვენს მხარეს.“ (Марръ 1910: 608).
ტრაპიზონელი და ბიზანტიელი ავტორების, მიქაელ პანარეტოსისა (დაახლ. 1320–1390) და ლაონიკე ხალკოკონდილეს (დაახლ. 1423–1490) ცნობებით, ჭანების სატომო სახელი თითქოს ჰალისიდან გაცილებით უფრო დასავლეთითაც უნდა მოწმდებოდეს (იხ. შესაბამისად: გეორგიკა VII: 184 და გეორგიკა VIII: 107). თუმცა სხვადასხვა გამოცემაში ამ ავტორების თხზულებათა ხელნაწერისეული Τζιαπνίδης და Τζαπνίδας მოგვიანებით რედაქტორთა მიერ უნდა იყოს ჩასწორებული Τζιανίδης და Τζανίδας ფორმებით. ბერძნული ტექსტების ქართულად გამომცემელი სიმონ ყაუხჩიშვილი ამაზე შესაბამის ადგილას სქოლიოებში უთითებს კიდეც, მაგრამ ტექსტის თარგმნით ნაწილში მაინც რედაქტირებულ ვერსიებს ანიჭებს უპირატესობას. ბერძნული Τζιαπνίδης||Τζαπνίδας თურქული მოდგმის ჩეფნის/ჭეპნის (Çepni) ტომს მიემართება და არა ჭანებს (დაწვრილებით იხ.: Moravcsik 1983: 309). თუმცა კი ხალკოკონდილეს ცნობა იმითაა საგულისხმო, რომ ხსენებული ჩეფნის ტომის მიერ დაკავებულ მიწებს ის „კოლხიდის ადგილებად“ მიიჩნევს – „[ოსმალთა სულთანმა ბაიაზეთმა] დაიმორჩილა ჭანიდები (/ჩეფნიდები; ბ.გ.), რომლებსაც უჭირავთ კოლხიდის ადგილები ვიდრე ქალაქ ამასტრისამდე“ (გეორგიკა VIII: 107; ხაზგასმა ჩემია; ბ.გ.). ამასტრისი იგივე ამასტრია (თურქ.: Amasra) შავიზღვისპირა ქალაქია თურქეთის ბართინის ილში (Bartın İli). უცნობია, თუ რა წყაროებს ეყრდნობოდა ბიზანტიელი ავტორი კოლხეთის ტერიტორიის ასე შორს მონიშვნისას.
ჭანეთის სინონიმად მოიაზრება ასევე სახელწოდება ქალდია (ქალდიაჲ; ქალდეა, ხალდია; Χαλδία; Խաղտիք; Haldiya). V საუკუნის ავტორად მიჩნეული სომეხი ისტორიკოსი მოვსეს ხორენაცი სწორედ სინონიმებად ასახელებს Ճանիւსა [ჭანივ] და Խաղտիք-ს [ხალტიქ > ხაღტიქ] (ხორენაცი 1984: 162; Chorenensis 1736: 198). ასეთ ცნობას ვხვდებით VII საუკუნეში ანანია შირაკაცის „აშხარაცუიცშიც“ (Паткановъ 1877: 39). თუმცა ქალდია ძირითადად მაინც თანამედროვე გუმუშჰანეს, იგივე ჭანიხის ილისა (Gümüşhane ili) და მიმდებარე მთიანი ზოლის მომცველი მხარე იყო. ამავე სახელწოდებიდან მომდინარეობს ბიზანტიის იმპერიის ქალდიის თემის (Θέμα Χαλδίας) სახელიც. საკუთრივ ეს ადმინისტრაციული ერთეული უფრო ვრცელ ტერიტორიას ფარავდა. სამივე მათგანი – ჭანეთი, ლაზეთი, ქალდია – მიღებულია კოლხური (დასავლურქართული) სატომო სახელებისგან – ჭანი, ლაზი, ქალდი2. მათი ურთიერთმონაცვლეობა ძირითადად მაინც ამა თუ იმ ხანაში შექმნილი პოლიტიკური თუ საეკლესიო გარემოებებით უნდა ყოფილიყო გამოწვეული. მაგალითისთვის, ცნობილია, რომ სახელწოდება „ლაზი“ პირველად I საუკუნის ბერძენ და რომაელ ავტორებთან მემნონ ჰერაკლიელთან და გაიუს პლინიუს სეკუნდუსთან გვხვდება (მგელაძე 2015/2016: 250; ლომოური 1964: 72). მათი, და განსაკუთრებით მომდევნო II საუკუნის ავტორ ფლავიუს არიანეს ცნობები3 იმდროინდელ ლაზთა განსახლების არეალად ჭოროხის შესართავიდან ქვემოთ მდებარე სანაპირო ზოლს – თანამედროვე ლაზეთს გამორიცხავს. ამ ადგილიდან ტრაპიზონის მიმართულებით კოლხური მოდგმის სხვა ტომები – ზიდრიტები, ჰენიოხები და მაკრონები სახლობდნენ. რომაელი და ბერძენი ავტორებისგან ლაზებად სახელდებული ტომი კი ზემოთკენ აფსილებს (აფშილებს/აბშილებს) ემეზობლებოდა (ლომოური 1964: 72).
იმდროინდელ ლაზთა განსახლების ასეთი საზღვრები კიდევ უფრო ცხადად იკვეთება შემდგომი ხანის ისტორიკოსებთან. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, ვიტყვი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად ვიზიარებ ნოდარ ლომოურის მოსაზრებას: „შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთვის ლაზეთის, ხოლო აქაური მოსახლეობისთვის ლაზების სახელის დამკვიდრება IX საუკუნის შემდგომი ხანის მოვლენაა და დაკავშირებულია ტრაპეზუნტის მხარისათვის ამ სახელწოდების ბიზანტიის ეკლესიის მიერ ხელოვნური მიკუთვნებისა. ლაზეთ-ლაზების სახელის ამ ადგილას მკვიდრად ფეხის მოკიდებას კი ხელი შეუწყო ადგილობრივი ჭანური მოსახლეობის ეთნიკურისტორიულმა კავშირ-ნათესაობამ დასავლეთ საქართველოს დანარჩენ მოსახლეობასთან და კერძოდ ლაზებთანაც. მაშასადამე, თანამედროვე ლაზები არ შეიძლება გაიგივებულ იქნენ იმ ლაზებთან, რომელთაც წყაროები IX საუკუნემდე ახსენებენ როგორც დასავლეთ საქართველოს ცენტრალური რაიონის ძირითად მოსახლეობას.“ (ლომოური 1964: 86). მთელი ეს ზემოხსენებული ტერიტორია პირობითი სამხრეთ კოლხეთის სახელწოდებით ცნობილი შავიზღვისპირა რეგიონის მომცველია. ამ რეგიონს ბერძნულ სამყაროში აგრეთვე მიემართება ზოგადი ტერმინი პონტო (Πόντος).

2. შემთხვევითი არ ჩანს ქალდ-/ხალდ- და ქართ- ძირების ცხადი მსგავსება (ამ საკითხზე ვრცლად იხ. ფუტკარაძე 2005: 160–181). ამავე რიგისა უნდა იყოს თანამედროვე ბაიბურთის ილის ქალაქ აიდინთეფეს (Aydıntepe) ძველი სახელი ხართი-ც. საგულისხმოა, რომ ტრაპიზონის ილის ჩაიკარას ილჩეს სოფელ დემირკაპის (Demirkapı) ძველ სახელ ხალდიზენი-სთვის (მეგრულლაზურად ზენი ვაკეს, სწორ ადგილს ნიშნავს) პარალელურ ფორმად დამოწმებულია ხალდუზენი-ც, რომელშიაც უკვე ხალდუ- გამოიყოფა. ამავე სოფლის მკვიდრთა სახელად ხალთძირიანი სახესხვაობაცაა ჩაწერილი (Brendemoen 2002: 23); ამ ძირით ტოპონიმები ლაზეთში სხვაგანაც გვხვდება.
3. არიანე ასახელებს ძველი ლაზიკეს (Παλαιά Λαζική) პუნქტსაც, ქართული წყაროების ნიკოფსიის ადგილას (არიანე 1961: 53) – თანამედროვე სოფელ ნოვომიხაილოვსკის (Новомиха́йловский) მახლობლად, რუსეთის კრასნოდარის მხარის ტუაფსეს რაიონში.

ასევე პირობითი ჩრდილოეთ კოლხეთისგან მას გამოყოფს მდინარე ჭოროხის ზღვასთან შესართავი უბანი. ძველი ქართული ტრადიცია შავი ზღვის მთელი ამ სამხრეთ-აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპიროების საერთო სახელად იცნობდა ერთი ძირიდან მომდინარე სახელწოდებებს – ეგრისი, სამეგრელოჲ, სოფელი მეგრელთა (გეორგიკა IV(II):208; ქართლის ცხოვრება 1955: 39), რომლებიც ბიზანტიური წყაროების Λαζική-ს (ლაზიკა) საპირწონედ იხმარებოდა. ამ ძირის სახელი ლაზია (<Λαζία) XIII საუკუნის ქართულშიც მკვიდრდება, უკვე მხარის აღმოსავლეთ ნაწილის აღსანიშნავად, პირველად, როდესაც ბასილი ეზოსმოძღვარი დასავლეთ საქართველოს მცირე ლაშქრით ბიზანტიის იმპერატორისთვის ტერიტორიების ჩამორთმევაზე საუბრობს: „[თამარ] განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ იქითნი და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტ[ი]ორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი, ...“ (ქართლის ცხოვრება 1959: 142).
„ჭანეთი“-ს გვერდიგვერდ, მხარის ამ ნაწილის მეორე სახელად უბოლოსართო ლაზი ფორმა გვხვდება ვახუშტი ბატონიშვილთანაც: „ხოლო ბაიბურდისა და ფორჩხის სამჴრით, ჭანეთის მთას იქით, არს ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე“ (ვახუშტი 1941: 142). ოდნავ უფრო ადრე ამავე ფორმას – ლაზის ქვეყანა – ხმარობს ფარსადან გორგიჯანიძეც (გორგიჯანიძე 1925: 215). აღსანიშნავია, რომ უბოლოსართო ფორმა Nâhiye-i Laz (ლაზის ნაჰიე) ადრეულ ოსმალურ ნომენკლატურაშიც მოგვეპოვება (MVKRD 1997: 5; 54), ოღონდ დაახლოებით თანამედროვე ვიწეს, არქაბის, ხოფის, ჩხალისა და გონიოს სექტორების სახელად. ამავე ნაჰიეს ერთ-ერთი ზეამეთის სახელად ცნობილია Zeâmet-i Lazmağal (TKSY 1987: 473), რაც სავარაუდოდ ბერძნული Μεγάλη Λαζίαდან (დიდი ლაზია) მომდინარეობს. თუმცა კი საკუთრივ Μεγάλη Λαζία, როგორც ვარაუდობენ, უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა.
საკუთრივ თანამედროვე ეთნოგრაფიული ლაზეთის მცხოვრებნი და ასევე თურქეთის დასავლეთ და შიდა პროვინციებში მუჰაჯირებად გაფანტული ლაზურად მეტყველი მოსახლეობა ამ მხარის არაოფიციალურ სახელად4 დღეს უმეტესად თურქულში დამკვიდრებულ ლაზისტანი-ს (<Lazistan) ხმარობს. ლაზ აქტივისტთა და ლაზობის გულშემატკივართა წრეებში კი ასევე გამოიყენება ნეოლოგიზმი – ბეჭდურად პირველად 1991 წელს წათე ბაწაშისა და მიხეილ ქურდიანის საერთო ფსევდონიმ „ოსმან ტამტრული“-ს ქვეშ გერმანიაში გამოცემულ „ნანანენა - ჭანური დედაენა“-ში გამოყენებული ლაზონა (ტამტრული 1991: 70, 71, 82, 83...)5. ჩხალის ხევიდან 1877–1878 წლების რუსეთოსმალეთის ომიანობისას დღევანდელი საქარიის ილის საფანჯას ილჩეში (Sakarya, Sapanca) მუჰაჯირად წასულ ჭანთა შთამომავალმა, ჩხალური ჭანურის შესანიშნავმა მცოდნე იჰსან ენგინმა (Ihsan Engin; დ. 1995) თურქული Lazistan-ის ნაცვლად, მხარის საკუთრივ ჭანურ სახელად, ჩემდა გასაკვირად, ლაზეთი ფორმა დამიდასტურა. ეს, ვფიქრობ, პირველი შემთხვევაა უშუალოდ თურქეთის ტერიტორიაზე გავრცელებულ ლაზურ მეტყველებაში მხარის სახელწოდებად ამ ვარიანტის დამოწმებისა.

4. დღეს თურქულში სახელ Lazistan-ის ოფიციალურად ხმარება დაუშვებელია.
5. აღნიშნული მასალის მოწოდებისთვის ვმადლობ ისმაილ ბუჯაკლიშს (Ismail Avcı Bucaklişi).

თავის მხრივ, მიმაჩნია, რომ უწინ ლაზებში მხარის ადგილობრივ სახელად ჭანეთი უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ეს სიტყვა მწიგნობრულ/სალიტერატურო ენაში (ქართულში) სწორედ ჭანურიდან შესული ჩანს. მოგვიანებით, ლაზ- ძირისგან წარმოებული სახელების დამკვიდრების შემდეგ, ის მთიანი ზოლის მოსახლეთა სახელად უნდა დავიწროებულიყო. ამ მოსაზრებებს მხარს უჭერს როგორც ზემოთ ნახსენები იბნ ბიბის Canit ფორმა, ისე ტოპონიმიის მონაცემები და მეტყველებაში შემონახული ამ სახელწოდების მნიშვნელობა. ორივე შემთხვევისთვის დავასახელებ რამდენიმე მაგალითს: ჭანეთი – ადგილის სახელი ხოფის ილჩეს სოფ. ქჲოფრიჯში (Köprücü); ჭანითი – უბნის სახელი ბორჩხის ილჩეს სოფ. ჩხალაში (Düzköy)6; ჭანდიხა – ადგილის სახელები არქაბის ილჩეს სოფ. ჯგირიაზენსა (Kemerköprü) და ხოფის ილჩეს სოფლებში – ბუჩასა (Güvercinli) და პერონითში (Çamlı); ჭანიშ ონა – იქვე7; ჩანივა, იგივე ჭანივა (||ჩანავა||ჩანევა||სანევა) – ზუღას (Hemşin) ილჩეს სოფ. Nurluca-ს ლაზური სახელი (ლაზური არ იციან; შდრ. აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭანვა-ს სახელი); ჯანუთ-დობირა, იგივე ჭანუთდობირა (ორი დასახლების გაერთიანებით მიღებული) – ვიჯას ილჩეს სოფ. Aşağışimşirli-ს ლაზური სახელი (ლაზური არ იციან); ჯანენი (Tchaneni <*ჭანენი) – ტრაპიზონის ილის პლატანის (Akçaabat) ილჩეს სოფ. Cevizli-ს ძვ. სახელი8, ასევე ჭანიხა (Canca, Canha, Caniha, Çanca, Çanıça, Çanıçe; Τζανιχα) – ქ. Gümüşhane-ს, იგივე ქალდიის ძვ. სახელი9 და სხვა. ცოცხალ მეტყველებაში კი ამ სახელწოდების შემონახულობის შესანიშნავი ნიმუშია ირინე ასათიანის მიერ 1960 წელს არქაბელი ჰაკი ჯამფერ-ოღლისგან (აჯაფერიძე<ანჯაფარიძე) ჩაწერილი შემდეგი ცნობა: „1. ჭანური ბაშქა რენ. 2. ჩქუ ჭანურეფე ვა ბორეთ, 3. ჩქუ ბორეთ ნოღაშენ, არჰავეშენ. 4. ჭანური ორჭარეფე რენან, დაღიში კოჩეფე.“10 (ასათიანი 2012: 8).

6. იხ.: კარტოზია 1993: 354.
7. იხ.: Aleksiva... 2009: 180, 197.
8. იხ.: Nişanyan 2010: 381.
9. იხ.: Emiroğlu 2012: 262.
10. განმარტება: „1. ჭანური სხვაა. 2. ჩვენ ჭანები („ჭანელები“) არა ვართ. 3. ქალაქიდან, არქაბედან (ვართო). 4. ორჭელები არიან (ჭანებიო), მთის ხალხი („კაცები“).“ (ასათიანი 2012: 9).

აქვე დავსძენ, რომ მხარის მკვიდრთათვის ისტორიულად არც ზანი და მეგრელი სახელწოდებები უნდა ყოფილიყო უცხო. პირველი მათგანი ასევე ტოპონიმებშია შემონახული: ოზანეთი – ადგილის სახელი ათინის სოფ აფსოში (Suçatı), ზანურუბა – არტაშენის ილჩეს სოფ. შანგულის (Doğanay) ერთ-ერთი უბნის სახელი (მასში „რუბა“ ლაზურად ხევს, მდინარეს ნიშნავს)11. ამავე სატომო სახელის შემცველი ოიკონიმები ჩვენ ტრაპიზონისა და გუმუშჰანეს ილებშიც მოგვეპოვება – ზანაიერი (ვარ.: Canayer) – არაკლის (Arakli) ილჩეს სოფ. Buzluca-ს ძვ. სახელი, ზანიკი – ამავე ილჩეს სოფ. Yiğitözü-ს ძვ. სახელი12, ზანიხა – მაჩხის (Maçka) ილჩეს სოფ. Çeşmeler-ის ძვ. სახელი, ზანკარი – გუმუშჰანეს ილის ქელქითის ილჩეს სოფ. Kazanpınar-ის ძველი სახელი; ზანოჲ – მაჩხის სოფ. Akmescit-ის ძვ. სახელი და კიდევ არაერთი სხვა. მეორე (მეგრელი || მერგელი) კი მეტყველებაშიც გამოიყენება და, რაც განსაკუთრებით ყურადსაღებია, ხშირად ქრისტიანის სინონიმად იხმარება (მიმაჩნია, რომ თავად ეს ფაქტი ცალკე კვლევის ღირსია.) ამის ნიმუშად მოვიყვან ხსენებული ჰაკი ჯამფერ-ოღლი აჯაფერიძისგან ჩაწერილი ტექსტის სხვა მონაკვეთს: „...42. ჩქუ ეველდე მეგრელეფე ბორტით. 43. დიდო კოჩი დივუ მუსლიმანი. 44. ჯამფერ-ოღლეფე ბორტით. 45. ორმოც წანას ჩქუ ბორტით ხოლო მეგრელი. 46. ჩქუ ბორტით ხოლო მეგრელეფე. 47. ლიმხანეფუნას ფხეტით. 48. მოხთუ დო ლაზეფე მუსლიმან დივეს. 49. მეგრელეფე ივეს დო ლაზეფე დივეს, მუსლიმანი. ...“12 (ასათიანი 2012: 8-9). საგულისხმოა XX საუკუნის 20-იან წლებში არნოლდ ჩიქობავას მიერ ალი-რეიზ ნუმან-ოღლისგან ჩაწერილი ცნობა: „მჯვეში ვახთის ამიერეფე მეგრელისტანი ტუ. ეკულე თუქიში ასკეი-ნა მოხთუ, ამიერეფე მუსლიმანი დიყუ. გონიაშა-ნა იდუ, ექონი მეგრელეფექ გონიაში კალეს კაბღა ყვეს დო იმტეს. ე-დო თურქის ქოდოსქიდუ კალე.“13 (ჩიქობავა 1929: 116). ამავე შინაარსით – ქრისტიანი ლაზების აღმნიშვნელად გამოიყენება სიტყვა „მეგრელი“
იოსებ ყიფშიძის მიერ 1917 წელს ბუჯაღელ (Bucak, ხოფის ილჩე) მუჰამედ ქელერჯი-ზადესგან ჩაწერილ გადმოცემაში „მეგრელიში ადეთეფე ჩქინი ქ ჲს“ (მეგრელის ადათები ჩვენ სოფელში). ასევე იგივე პიროვნების მიერ კეცის გამოწვისას მასზე „მეგრული ჯვრის“ გამოსახვის ტრადიციის შესახებ ნათქვამში (ყიფშიძე 1939: 7-8). ლაზთა ყოფიდან მსგავსი მასალების მოხმობა კიდევ შესაძლებელია, თუმცა აქ, ვფიქრობ, საკმარისია.
ამავე საკითხთან მიმართებაში საგულისხმოა, რომ 2010 წელს, ისტორიულ შავშეთში ყოფნისას, იმერხევში, ხევწრულის თემში (ვარ.: ხევწვრილი; Çağlayan, Şavşat) ლაზების სახელწოდებად „მეგრელი“-ც გამოვავლინე (გოგოხია 2010).

11. იხ.: Aleksiva... 2009: 102, 124, 143.
12. იხ.: MVKRD 1997: 162; ეს და ჭანიკი ფორმა შდრ. სანიგი||სანიკი-ს.
13. განმარტება: „42. ჩვენ უწინ მეგრელები ვიყავით. 43. ბევრი („ბევრი კაცი“) გახდა მუსლიმანი. 44. ჯამფერ-ოღლები ვიყავით. 45. ორმოც წელს ჩვენ ვიყავით კიდევ მეგრელი. 46. ჩვენ ვიყავით ისევ მეგრელები. 47. ჯაგნარში ვისხედით. 48. მოვიდა და ლაზები მუსლიმანი გახდნენ. 49. მეგრელები იყვნენ და ლაზები გახდნენ, მუსლიმანები.“ (ასათიანი 2012: 10).
განმარტება: „ძველ დროს აქაურობა მეგრელისტანი [სამეგრელო] იყო. შემდეგ თურქის ჯარი რომ მოვიდა, აქაურობა მუსლიმანი გახდა. გონიოში რომ წავიდა [თურქის ჯარი], იქაურმა მეგრელებმა გონიოს ციხეში ბრძოლა ქნეს და გაიქცნენ. ჰო-და თურქს დარჩა ციხე.“; ამ ცნობაში (გონიოელ მეგრელებში) უნდა იგულისხმებოდეს 1547 წელს გურიელის ლაშქარში მეომარი ადგილობრივი გონიოელი ლაზების ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ. საკუთრივ ოდიშისა და აფხაზეთის მეგრელებს (დადიანის ლაშქარს) ამ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღიათ. გონიოს ციხე ამ წელს ოსმალებმა აიღეს.

აღმოსავლეთ ჭანეთის გეოგრაფიული არეალი
ჭანეთის ამ ნაწილის ამსახველი პირველი აღრიცხვითი (აღწერითი) ხასიათის ჩანაწერები (დავთრები) ოსმალურ არქივებში სწორედ ხსენებული წლიდან მოგვეპოვება – ტრაპიზონის საკეისროს დაპყრობიდან (1461 წ.) 25 წლის თავზე. ეს არის ტრაპიზონის სანჯაყის აღწერის დავთარი (თურქ.: 1486 tarihli 828 numaralı mufassal tapu tahrir defteri). ამ დროისთვის მთელი აღმოსავლეთ ჭანეთი იმერეთის სამეფოში შემავალი გურიის სამთავროს ნაწილია. შემდგომ მოდის 1515 წლის №52 დავთარი, 1530 წლის №387 დავთარი და სხვ.
განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სულთან სულეიმან I-ის ზეობისას (1520–1566), დაწვრილებითი (Mufassal) ხასიათის აღწერის პირველი დავთარი მხოლოდ 1554 წელს იქნა წარმოებული (1554 tarihli 288 No’lu mufassal tapu tahrir defteri)20. ის შედგენილია ოსმალთა მიერ აღმოსავლეთ ჭანეთის დაპყრობიდან (1547 წ.) სულ რაღაც 7 წლის თავზე. ხსენებულ წლამდეც, იმერეთის სამეფოსა თუ მესხეთის სამთავროში (სამცხე-საათაბაგოში) შემავალი ჭანეთის მოსახლეობა, ჩანს, გარკვეულ ხარკს უხდიდა ოსმალეთს, რაზეც ზემოხსენებული დავთრები მეტყველებენ. აღმოსავლეთ ჭანეთი ამ (საგადასახადო) მხრივ მეზობელი ტრაპიზონის სანჯაყისთვის იყო მიწერილი, თუმცა უშუალოდ დაპყრობილი არ ყოფილა. ეს მით უფრო სარწმუნოა, რომ სამცხის ათაბაგმა მზეჭაბუკ ჯაყელმა (ზეობდა 1500–1515 წლებში) ოსმალეთისთვის გამოცხადებული გარკვეული მორჩილების სანაცვლოდ, მისი დახმარებით 1502 წელს გურიისგან ჭანეთი და აჭარა მიითვისა (ბატონიშვილი 1904: 243-244). გარკვეული მორჩილების ერთ-ერთი გამოვლინება კი, შესაძლოა, სწორედ მისი სამთავროს მოსახლეობის (ან მისი ნაწილის) მიერ ოსმალეთის სასარგებლოდ გაღებული ხარკი თუ გაწეული სამსახური ყოფილიყო. ჯაყელამდე, ჩანს, გურიელსაც უწევდა ოსმალეთის ამგვარი მოთხოვნების დაკმაყოფილება.
ჯაყელსა და გურიელს შორის ჭანეთისათვის გამართულ დავაში ოსმალეთის პირდაპირი ჩარევა ამ უკანასკნელის მხრიდან ჭანეთის დაპყრობის ღიად გამომჟღავნებულ გეგმაზე შეიძლება მეტყველებდეს მხოლოდ. ამ გეგმის მსხვილი კონტურები კი სწორედ მაშინ უნდა მოხაზულიყო, როდესაც დახარკული მხარე, საგადასახადო-ადმინისტრაციული კუთხით, უკვე დაპყრობილი ტრაპიზონის საკეისროს ყოფილ ტერიტორიას მიათვალეს. დაპყრობიდან მალევე ოსმალეთის იმპერიის ნაწილად ქცეული მხარის დაწვრილებითი აღწერაც ჩატარებულა და შესაბამისი დავთარიც წარმოებულა. გადასახადები და ახალი, უცხო მმართველობა, ჩანს, იმდენად მძიმედ დააწვა ჭანეთის მოსახლეობას, რომ მისი გამოძახილი თვით XX საუკუნის დასაწყისამდე შემორჩენილ ჭანურ გადმოცემებშიც კი შეიძლება ვპოვოთ (ყიფშიძე 1939: XXXIII, XXXIV, 5, 7).
აქ სასურველია აღინიშნოს, რომ ისტორიული ქართული თუ უცხოური წყაროებისგან განსხვავებით, თანამედროვე თურქი მეცნიერები აღმოსავლეთ ჭანეთს ოსმალეთის საზღვრებში ხედავენ 1461 წლიდანვე, როდესაც სულთანმა მეჰმედ II-მ (1432–1481) ტრაპიზონი აიღო (Hiçyılmaz 2011-ბ: 15). ახალდაარსებული ტრაპიზონის სანჯაყის საზღვრები, ჰანეფი ბოსთანის აზრით, ჭოროხის შესართავამდე აღწევდა, მოიცავდა რა თანამედროვე რიზეს ილის მთელ ტერიტორიას და ართვინის ილიდან არქაბისა და ხოფის ილჩეებს (Bostan 2002: 46–49). ამავე აზრს სრულიად უკრიტიკოდ იზიარებენ თურქეთში მცხოვრები ლაზი აქტივისტ-მკვლევრებიც. თუმცა, ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1297 წელს ტრაპიზონის კეისარმა ალექსი II კომნიანოსმა14 (ზეობის წლები 1297–1330) „ჭანეთი სრულიად მოსცა“ საქართველოს სამეფო კარის მანდატურთუხუცესს, მესხეთის მთავარ ბექა I ჯაყელს (†1306), მას შემდეგ, რაც მან „ასული ბექასი ცოლად მიიყვანა“ (ქართლის ცხოვრება 1959: 304; ინგოროყვა 1954: 287–289). ქართველი მემატიანის ამ ჩვენებასთან ზედმიწევნით თანხმობაშია ცნობილი კილიკიელი სომეხი დიდებულის, ისტორიკოს ჰეთუმის (დაახლ. 1240–1310-იანი წწ.) ცნობაც – სწორედ XIII საუკუნის მიწურულსა და XIV საუკუნის დასაწყისში ის ჭანეთს საქართველოს სამეფოს პროვინციად ასახელებს. ეს პროვინცია მასთან ჰამსენ-ის (Hamsen) სახელით გვხვდება, რაც ჰემშინთა სახელიდან მომდინარეობს. ჰეთუმი თავად ყოფილა ჭანეთში და როგორც წერს, ვერც გაბედავდა ამ ფრიად საკვირველ მხარეზე სიტყვის თქმას, საკუთარი თვალებით რომ არ ენახა იგი (Hayton 1906:129). ამ დროიდან მოყოლებული, ჯაყელები15 1463 წლამდე ფლობდნენ მთელ აღმოსავლეთ ჭანეთს. 1463–1502 წლებში მხარე გურიელების მმართველობის ქვეშაა. 1502–1535 წლებში კვლავ მესხეთის ნაწილს წარმოადგენს16 (ინგოროყვა 1954: 288). 1535 წელს კი მურჯახეთთან სამცხის ათაბაგ ყვარყვარე III-ის († 1535) წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში აღმოჩენილი დახმარებისთვის იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ (1495–1565) ჭანეთი როსტომ გურიელს († 1566) გადასცა. აქედან 1547 წლამდე „ჭანეთი რკინისპალოს17 აქათი“ სწორედ გურიის სამთავროს ნაწილია.
ამავე საკითხს კარგად ეხმიანება ფარსადან გორგიჯანიძის (1626–1696 მახლ.) ცნობაც. მისი სიტყვებით, შაჰ-თამაზმა (1513–1576) და სულეიმან სულთანმა (1494–1566) ერთმანეთში ზავის დადების შემდეგ (იგულისხმება ამასიის 1555 წლის 29 მაისის ზავი) „საქართველო შვა გაიყვეს. სამცხე და ქართლი და კახეთი ყაენსა, იმერეთი, ოდიში და აფხაზეთი, გურია და ლაზის ქვეყანა ხონთქარსა“ ერგო (გორგიჯანიძე 1925: 215).

14. ქართლის ცხოვრების მიხედვით დასახელებულია კეისარი მიხეილი („კომნიანოსი კირ მიხაილ“), თუმცა სქოლიოში სიმონ ყაუხჩიშვილი ივანე ჯავახიშვილზე მითითებით კეისარ ალექსიზე უთითებს (იხ. იქვე).
15. საჭიროდ მიმაჩნია, დავსძინო, რომ გვარსახელი ჯაყელი ჭანეთშიც გვხვდება – 1960 წელს ხ. ნარაკიძისგან ჯაკელი/ჯაკელოღლი-ს ფორმით ის ვიწეში (Fındıklı) მცხოვრებთა გვარსახელად ჩაუწერია ირინე ასათიანს (ასათიანი 1974: 203). იგივე გვარსახელი (Cakeloğlu) არქაბშიც (Arhavi) დავამოწმე, თუმცა დღეისთვის ამ გვარის წარმომადგენლები Başkazancı-ებად იწერებიან.
16. აღსანიშნავია, რომ მიხეილ თამარათთან მოგვიანო ხანის სამცხის ათაბაგიც (ბექა III ჯაყელი, იგივე საფარ-ფაშა (†1635)) მესხებისა და ჭანების (“de’ Meschi e de’ Lazii”) მთავრის ტიტულითაა ნახსენები (თამარაშვილი 1902: 161).
17. დღევანდელ ქ. ოფის მიმდებარედ.

აღმოსავლეთ ლაზეთის ოსმალთაგან დაუფლების თარიღად ხსენებული 1461 წლის მიჩნევისას, თურქი მეცნიერები, რასაკვირველია, ხელმძღვანელობენ მოსაზრებით, რომ ლაზეთის ეს ნაწილი თითქოს ტრაპიზონის საკეისროს შემადგენლობაში იყო და ის მასთან ერთად დაიმორჩილეს. ისინი თავიანთი ამ შეხედულების გასამყარებლად ასევე იშველიებენ 1486 წელსაც, როდესაც აღმოსავლეთ ლაზეთის შესახებ აღწერითი ხასიათის პირველი ცნობები ჩნდება ოსმალურ წყაროებში. მიმაჩნია, რომ მათი ეს დასკვნა ცალსახად მცდარია. არაფერი რომ ვთქვათ მანამდელ პერიოდზე, კარგად დავინახეთ, რომ 1297 წლიდან ჭანეთი18 ტრაპიზონის საკეისროში არ შედიოდა. ის საქართველოს სამეფოს უშუალო ნაწილს წარმოადგენდა 1463 წლამდე, ოფიციალურად კი 1490 წლამდე, როდესაც მეფე კონსტანტინე II-მ († 1505), მის მიერ მოწვეული სამეფო დარბაზის კრების მოწოდებით, „აღირჩია მშვიდობა“ და სცნო ქვეყნის დაშლა სამეფო-სამთავროებად (ჯავახიშვილი 1982: 371). გარდა ზემოთქმული გარემოებანისა, „ქართლის ცხოვრებაში“ მემატიანე დაწვრილებით აღწერს ჭანეთის ოსმალთაგან დაპყრობის ამბებს. ვგონებ, ყოვლად უსაფუძვლოა მისი ცნობების უტყუარობაში დაეჭვება. ზოგადად, ამ მხარის ისტორიის კვლევისას, მეცნიერის მიერ ქართული წყაროების გაუთვალისწინებლობა ან ამ წყაროების არსებობის შესახებ სულაც ინფორმაციის უქონლობა, რბილად რომ ითქვას, მიუტევებელი შეცდომაა.
გეოგრაფიულ არეალად, ბუნებრივია, შემოვხაზე ისტორიული ლაზეთის ანუ ჭანეთის აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთ ლაზეთში იგულისხმება შავიზღვისპირა ტერიტორია აღმოსავლეთით მდ. ჭოროხის ზღვასთან შესართავიდან19 (ყოფ. სოფელ გონიოსთან; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტი, აჭარის ა.რ., საქართველო) დასავლეთით ჩამბურნუს კონცხამდე (თურქ.: Çamburnu; სურმენეს ილჩე, ტრაპიზონის ილი, თურქეთი)20. მისი სამხრეთი საზღვრის მთელი ხაზი მიუყვება ჭანეთის იგივე ლაზეთის ქედს სოფ. სიმონეთიდან (ძვ. ფორმით სიმონვათი; აჭარის ა.რ., საქართველო) ნატეხილების მთების (რუს.: Натехилеби21; თურქ.: Kemer Dağları. თურქეთი) მწვერვალ ქემერამდე (2868 მ.). ჭანეთის ქედის ნატეხილების მონაკვეთი გამოყოფს მას თანამედროვე ბაიბურთის ილისგან (Bayburt ili; ისტორიული სპერის მხარის დას. ნაწილი). ნატეხილების მთებიდან ჩამბურნუს კონცხამდე დაშვებული განშტოება22 თავიდან ქაჯალაკის მთამდე (Kacalak Dağı, 1450 მ.) მცირედი ტეხილებით მიემართება ზღვისკენ. შემდეგ კი მის ქვემოთ ოდნავ დასავლეთისკენ უქცევს და გოლანქშეს მთის (თურქ. ვარიანტები.: Golansa/Gölonsa/Gülanse/Külanse; ინგლ.: Golongsha23; 850 მ.) მახლობლად, ჯივრასა (ადგილობრივი გამოთქმით: ძივრა; Civra/Civera) და კასტელის (Kastel/Kastil) ღელეებს შორის ზღვასთან ეშვება. ეს ქედი (განშტოება) აღმოსავლეთ ლაზეთს ლაზეთის სხვა მხარეებისგან – უშუალოდ კი ტრაპიზონის ილის სურმენესა (Sürmene) და ქოფრუბაშის (Köprübaşı) ილჩეებისგან გამოყოფს; ისტორიულად მიღებული ამ საზღვრებისგან განსხვავებით, ალ. ტერელაძე აღმოსავლეთ ჭანეთის ფიზიკურ-გეოგრაფიულ საზღვარს კიდევ უფრო დასავლეთით დებს – ჭანეთის ქედიდან ზღვისკენ დაშვებულ ზიარეთის (Ziyaret) განშტოებაზე, რაც დამატებით მდინარეების მანაჰოზის (Manahoz), ქუჩუკდერესა (Küçükdere) და კარადერეს (Karadere) ხეობებს/აუზებს გულისხმობს მთლიანად (ტერელაძე 1959: 155, 157). არაა გამორიცხული, მცირე ხნით (რამდენიმე წლით) ეს ტერიტორიებიც სჭეროდათ გურიისა თუ მესხეთის მთავრებს. ამ საკითხს ცალკე სხვა დროს შევეხები.

18. იგულისხმება მხოლოდ მთელი აღმოსავლეთ ჭანეთი (იხ. ქვემოთ, ძირითად ტექსტში მისი მიმოხილვა) და არა ზემოხსენებული ჰალისამდე მიწები.
19. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორია 2011 წლიდან.
20. თურქეთის ტრაპიზონის ილის (Trabzon ili) სურმენეს ილჩეს (Sürmene ilçesi) სოფელ ჩამბურნუს (Çamburnu) დასავლეთით. საგულისხმოა, რომ ოდესღაც სასაზღვრო ამ ზღვისპირა სოფლის ერთერთი უბნის სახელია ქემერლი (Kemerli).
21. ზოგ დას. ევროპულ რუკაზე ოდნავ დამახინჯებული Natchilebi-ს [ნატხილები] სახელითაა დატანილი;
22. რომელიც მდინარეების ხალდიზენის, იგივე ოგენესა (თურქ.: Solaklı, მოძვ.: Of dere) და მანაჰოზის წყალგამყოფ ქედად გვევლინება. ამ განშტოებას ალ. ტერელაძესთან ვარუში (ვარუშდაღი) ეწოდება (ტერელაძე 1959: 157).
23. დიდი ბრიტანეთის ომის შტაბის (Great Britain War Office) რუკა, 1901 (Eastern Turkey in Asia. Trebizond-Baiburt, sheet 5. Series I.D.W.O. no. 1522.) (რუკა №7); ჩემი აზრით, ორონიმის ეტიმოლოგია ლაზურია: gola-/golo-/güla- < გოლა – „მთა“, „გორა“; -nse/-nsa/ngsha < ქშე – ლაზურის დასავლურ კილოებზე „თეთრი“; გოლა[ნ]ქშე – „თეთრი გორა“.

დღეის მდგომარეობით აღმოსავლეთ ლაზეთიც ორ პირობით ნაწილად შეიძლება დაიყოს. ესენია:
1) ეთნოგრაფიული ლაზეთი, რომელსაც შიდა მხარე ვუწოდე (მდ. ჭოროხის შესართავიდან ათინას (Pazar) ილჩეს სოფ. მელიათამდე (Merdivenli)), სადაც დღემდე შემორჩენილია ლაზური მეტყველება.
შენიშვნა: დღეს ეთნოგრაფიულ ლაზეთად ასევე განიხილება ლაზურმეტყველი ჩხალის ხევი, რომელიც ართვინის (Artvin) ილის ბორჩხის (ვარ.: ფორჩხა; თურქ.: Borçka) ილჩეშია მოქცეული. ისტორიულ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, უდავოა, ეს ხევი კლარჯეთს მიეკუთვნება, დევს რა ჭანეთის ქედის სამხრეთ მხარეს. მიმაჩნია, რომ ჩხალა უნდა განვიხილოთ, როგორც ოდინდელი ზანურმეტყველი კლარჯეთის დღემდე მოღწეული ერთადერთი დანაშთი. შესაბამისად, ტერმინ „ეთნოგრაფიული ლაზეთი“-ს ქვეშ მისი მოაზრება, ამ მხრივ, სრულიად გამართლებულია და აუცილებელიცაა. სწორედ ამ მიზეზით ხევის ტოპონიმიაში გამოვლენილ ორ გვარსახელს ლაზურ გვარსახელებს მივაკუთვნებ და არა კლარჯულს;
2) თურქულად მეტყველი ნაწილი – გარე მხარე (მაფავრის (Çayeli) ილჩეს სოფ. ქემერიდან (Kemer) ზემოხსენებულ ჩამბურნუმდე), სადაც ენის დაკარგვასთან ერთად, მოსახლეობას ლაზური თვითშეგნებაც დაუქვეითდა და გაუქრა. თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო სწორი იქნება, თუ ზოგადად მიღებულ ამ ფორმულირებას ოდნავ სხვაგვარად ჩამოვაყალიბებთ და ვიტყვით არა ლაზური თვითშეგნების მთლიანად გაქრობას, არამედ მის ტრანსფორმაციას. დღესაც კი, არათუ რიზეს ილის დასავლეთი ილჩეების, არამედ თვით ტრაპიზონისა და გირესუნის ილების მკვიდრი მოსახლეობისთვისაც უცხო და მიუღებელი არაა თვითწოდებად „ლაზი“. ეს იმის მიუხედავად, რომ მათ, ძირითადად ბერძნულ-ბიზანტიური მომძლავრების შედეგად, ლაზური კილოები საუკუნეების წინ დაკარგეს, მოგვიანებით კი მთლიანად გაითავისეს ოსმალური/თურქული თვითშეგნება. ცხადია, ლაზობის მათი ამგვარი გაგება სრულიად შეუსაბამოა ტრადიციულ ზოგადქართულ თვალთახედვასთან.
ისტორიული ლაზეთის დანარჩენი „ქვეყნები“ (ხსენებული ტრაპიზონის ილის ძირითადი ნაწილი, გირესუნის ილი და სხვა) საკვლევად ჩემთვის ამჟამად ნაკლებ საინტერესოა, ვინაიდან აქაურ მოსახლეთა ოსმალური ხანის გვარსახელები უკვე სრულიად არალაზურია – არაქართველურია. ოსმალებამდელ ცნობებს რაც შეეხება, ამ დროისთვის აქ უკვე ბერძნული ფორმებია მოსალოდნელი, გასაგები მიზეზების გამო.

Комментариев нет:

Отправить комментарий