пятница, 10 сентября 2021 г.

სოლომონ ლიონიძის პოლიტიკური მოღვაწეობის ერთი საგულისხმო მომენტის შესახებ (ი. ალიმბარაშვილი)

სოლომონ ლიონიძე საქართველოს პოლიტიკური ისტორიის უდავოდ გამორჩეული მოღვაწეა. იგი მონაწილე და ინიციატორი იყო ყველა იმ მნიშვნელოვანი ღონისძიებისა, რომლებიც XVIII საუკუნის 80-იან წლებში ქართლ-კახეთში და XIX ს-ის დასაწყისის იმერეთის სამეფოში განხორციელდა.
სოლომონი დაბადებული უნდა იყოს 1754 წელს კახეთის რაიონში, სოფ. კონდოლში, მამამისი – ანდრია თელავის კარის დეკანოზი იყო და იგი სამეფო კართან ყოფილა დაახლოებული, ანდრიას შვილი თელავის სამეფო კარის სკოლაში შეუყვანია, რამაც ახალგაზრდა სოლომონს საშუალება მისცა წაეკითხა მეფის ბიბლიოთეკაში დაცული იშვიათი წიგნები და ხელნაწერები1. მას თავისი პერიოდისათვის შესაფერისი განათლება მიუღია და დაუფლებია უცხო ენებს (სომხურს, სპარსულს, თურქულს, რუსულს).
სოლომონ ლიონიძე პოლიტიკურ სარბიელზე გამოჩენისთანავე აქტიურად ჩადგა საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერებისათვის მებრძოლთა რიგებში. ამ ფაქტმა ჯერ კიდევ ახალგაზრდა, მაგრამ „მაღალი გონებისა და ქვეყნის ერთგულ, საქმის უცთომელად შემმეცნებელ კაცს“2, ერეკლეს გარემოცვაში საპატიო ადგილი დაუმკვიდრა. სოლომონი იყო უშუალო მონაწილე და შემოქმედი 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის მომზადებისა და გაფორმებისა3.
ამ ხელშეკრულების ავკარგიანობაზე ბევრი ითქვა და დაიწერა. ჩვენი აზრით, გეორგიევსკის ხელშეკრულება, თავისი პირობების მიხედვით, იმ დროისათვის იყო საუკეთესო გამოსავალი, რისი მიღებაც ერეკლეს რუსეთისაგან შეეძლო. სხვა საკითხია, თუ როგორ შესრულდა იგი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ერეკლეს რუსები ტრაქტატამდე 11 წლით ადრე ბევრად უფრო უარეს პირობებს სთავაზობდნენ და ფაქტიურად კაბალურ მდგომარეობაში აყენებდნენ4, ერეკლეს გონიერი საგარეო პოლიტიკის შედეგია XVIII საუკუნის 70-იან წლებში5.
სოლომონ ლიონიძის უშუალო ინიციატივით მომზადდა მეტად მნიშვნელოვანი დოკუმენტი 1790 წელს, ესაა „ტრაქტატი ივერიელთა მეფეთა და მთავართაგან დამტკიცებული ქართლისა, კახეთისა, იმერეთის, ოდიშისა და გურიისა, აღწერილი სამეუფოსა ქალაქს თბილისს 1790 წელსა“. პლატონ იოსელიანის ცნობით, ამ ხელშეკრულების მომზადებისას სოლომონი „მისრული კართა ზედა იმერთა მეფისა და მთავართა დადიანისა გრიგოლისა და გურიის სვიმონისა, მრავლად დაშვრა, რათა მოეყვანა ერთობასა მტკიცესა ერთნათესაობა ქართველთა, მეცადინეობა შინაკავშირითა, გაუქმებინა გარეკავშირი“6 ცნობილია, რომ ამ ხელშეკრულებას წინ უძღოდა დასავლეთ საქართველოს ხელისუფალთა ვიზიტი ერეკლეს კარზე მთელი საქართველოს გაერთიანების პირობით. სოლომონ ლიონიძე აქაც ინიციატორთა შორისაა. სამწუხაროდ, რეაქციულ ძალთა ზეგავლენით იმ დროისათვის ეს გაერთიანება ვერ შედგა, ამიტომ 1790 წლის დოკუმენტი იყო ერეკლეს ფაქტიური აღიარება საქართველოს უზენაეს ხელისუფლად.
მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში ეს გახლდათ უპრეცედენტო გადაწყვეტილება ქვეყნის გაერთიანების თვალსაზრისით. თუ გავითვალისწინებთ, რომ იმერეთში ახლად გამეფებული სოლომონ მეორე ერეკლეს შვილიშვილი იყო, ნათელი ხდება, საით უმიზნებდა გამჭრიახი გონების „ვიცე-კანცლერი“ საქართველოს მეფისა. სამწუხაროდ, ამ ხელშეკრულებას მალევე მოჰყვა 1791 წლის კანონი „საუფლისწულოების შესახებ“, რომლის უარყოფითი შედეგები ცხოვრებამ მალე გახადა საგრძნობი. განსაკუთრებით ეს კრწანისის ბრძოლის შემდეგ გამოჩნდა.
როგორც ჩანს, მოხუც ერეკლეს მეფობის ბოლო წლებში ოჯახში ყველაფერი რიგზე ვერ ჰქონდა და ამბიციურ უფლისწულებზე გავლენას ვეღარ ახდენდა. სულ უფრო ხშირად ერევა ქვეყნის მართვაში დარეჯან დედოფალიც. ამის შესახებ მსჯელობას ქართველი მემატიანეები გარკვეული მიზეზების გამო თავს არიდებენ (ნიშანდობლივია, რომ ამ მემატიანეთაგან უმრავლესობა ერეკლეს ოჯახის წევრია: თეიმურაზ, იოანე, დავით, ბაგრატ ბატონიშვილები). სამაგიეროდ, ამ ფაქტს ერთხმად აღნიშნავენ იმ დროს საქართველოში მოღვაწე რუსი ავტორები7.
მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა კრწანისთან ერეკლეს მარცხმა (1795 წ. 11 სექტემბერს). მეფე სამუდამოდ თელავში დასახლდა და ქართლ-კახეთში არსებულ ვითარებას ვეღარ აკონტროლებდა8. ფაქტი იყო, რომ ჯანმრთელობა შერყეული ერეკლე ქვეყნის მართვას დიდხანს ვეღარ შეძლებდა, ხოლო არსებული რეალობის პირობებში უფლისწული გიორგი ვერ ჩანდა იმ პიროვნებად, რომელიც უაღრესად გართულებულ საშინაო და საგარეო ვითარებაში ქვეყნის დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას შეძლებდა, ამიტომ ჯერ კიდევ ერეკლეს სიცოცხლეში სამეფო კარზე ჩამოყალიბდა ორი დაპირისპირებული დაჯგუფება. ერთს დედოფალი დარეჯანი მეთაურობდა თავისი შვილებით (იულონ, ალექსანდრე, ფარნაოზი, მირიანი) და მეორეს – გიორგი XII (დავით ბატონიშვილის მეთაურობით). საქმე იქამდეც მივიდა, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ ორივე ფრთა ლეკებსაც ქირაობდნენ9.
ასეთ დროს, როდესაც ქვეყნის არსებობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, სოლომონ ლიონიძისთანა გონებისა და ენერგიის კაცი სტატისტის მდგომარეობაში ვერ დარჩებოდა. როგორც ჩანს, ქვეყანაში მომზადდა შეთქმულება, რომელიც სამეფო კარზე გარკვეულ საკადრო ცვლილებებს ისახავდა მიზნად, მაგრამ სოლომონის წყალობით ეს მოძრაობა ერეკლესათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ბოლომდე ვერ განხორციელდა.
შეთქმულება 1796 წლის აგვისტოში გამჟღავნდა. არსებობს აღნიშნული წლის 22 აგვისტოთი დათარიღებული ერთი დოკუმენტი. ესაა, შიოშ თუმანიშვილის წერილი მისი ძმის მანუჩარისადმი მიწერილი, სადაც შიოში აღნიშნავს: „იფიქრეთ რას გუნებით ვიქნები და ან როგორი სიცოცხლე მექნება. გევედრები რაც ჩვენი სასიხარულო ამბავი იცოდეთ, არ დამიგვიანოთ. სხვა ამბის მოწერის გონება არ მაქვს, თორემ მრავალი საკურველი საქმე გამოცხადდა სოლომონ მდივანბეგისაგან და უფრო იმიტომ არ მოგახსენე, რომ არ გარდაწყვეტილა ...არ ვიცი, რას გონებითა ვსწერ ამასა უბედური“10.
მომდევნო წერილში, სოლომონის სახელი უფრო ხშირად ისმის. სოლომონთან ერთად საქმეში ფიგურირებენ ვინმე გოდერძი, იოსებ მისკარბაში (ბასატამაშვილი), გოგია ნაზარბეგიშვილი და სხვა „მოქალაქენი“. ჩვენ მხოლოდ ის ნაწილი მოგვყავს წერილიდან, სადაც შეთქმულების შესახებაა საუბარი: „აქაური ამბავი ეს არის“, – სწერს შიოში მანუჩარს: „ბატონმა (იგულისხმება ერეკლე II – ი. ა.) რომ მელიქი და მოქალაქენი დაიბარა, თურმე სოლომონ ანდრია დეკანოზის შვილისაგან სხვადასხვა რიგის მანქანებით, მუხანათობით დაბეზღებულნი ყოფილიყვნენ. პირველად მთიულეთს მოახსენა თურმე ბატონს: (ბატონი გამორჩეული ჰყავთო, აღა მაჰმად ხანთან კაცი გაგზავნილი ჰყავთო, წიგნსაც სწერენ და თუ ამ სამს დღეზე შენს თავს არ უშველე, საქმე წასულიაო). მასუკან დუქნების საქმეზე მიშკარბაშს და სოლომონს რომ ჩხუბი მოსვლოდათ, გაჯავრებულს სოლომონს ბატონიშვილის გიორგის მაგიერ მეფესთან მისაწერად ერთი შავი გაეკეთებინა, რომ მრავლის საშინელის დაბეზღებით აევსო და უფრო ბასტამაშვილის საქმეზედ და უძლიერესი სიტყვები ეს ეწერა: მოქალაქეები და მიშკარბაში ამბობენო, ჯერ რუსს უყუროთ და მერე აღა-მაჰმად ხანს წიგნი მივსწეროთო. ბატონი კახეთს ბრძანდებოდეს და იქ იბატონოსო. ბასტამაშვილი ასე ჯანყურად მელაპარაკა, რომ ქვეყანას გაუკვირდაო და თუნდ თქვენი შვილიც არ ვიყო, რადგან თქვენი გამოგზავნილი ვარ, ამისთანა ურჩება რად უნდა მჭირდესო. ასე მოუნდომებია სოლომონს, რომ გიორგი ბატონიშვილს ესეები ბატონთან მოაწერინოს. შავი რომ მირთმეოდა გიორგი ბატონიშვილს, არ ეყაბულებინა. ჩუმათ გარდაეწერებინა, შავი შეენახა და თავისი წერილი ისევ მიეცა. ამაზედ ბატონიშვილი რომ ვერ აეყოლიებინა, მერე მწერლის შვილი გოდერძი ეშოვნა და ბატონისათვის მოეხსენებინა ეს ამბავი: მიშკარბაში იოსებ, ბასტამაშვილი და ნაზარბეგის შვილი გოგია ბატონიშვილთან მოვიდნენო და მოახსენეს – დიამც მამაშენი არ გვივლისო და დაგვღუპაო. შენ მაინც მოგვიარეო. მამაშენმა თავისი მამა რუსეთს გადაკარგა და იქ მოკლაო, რომ მაშინ შენზედ უფრო პატარა იყოო. მრავალი ავი სიტყვა არის სულ მოწერა არ იქნება. ეს ასე მოხსენებოდა შვიდირვა თვის უწინ და გოდერძის დაეფიცებინა ბატონი – ნუ გამცემო. ესეები ბატონმა გამოაცხადა, სოლომონ აშკარადა თქვა მოქალაქეების დამბიზღებლად და გოდერძის სახელს არ ბრძანებდა და მოხსენებულს სიტყვებს აცხადებდა და მომხსენებული თქვენ იპოვნეთო. მე ნაფიცი ვარო. როგორც მოხდა, ვიპოვეთ და დავიჭირეთ. მოვიდა და კიდევ როგორც დაებიზღებინა, წერილით მოართო და მოეხსენებინა: მართალი მომიხსენებია, სამართალში პირს დაუდგებიო. ...გაგზავნა ბატონმა ყოვლად სამღვდელონი, დარბაისელნი და მეც (შიოშ თუმანიშვილი – ი. ა.) ფიცით ჰკითხა თავის შვილს გიორგის – მართლა ამათგან ეს შენ გაგიგონიაო თუ არა. საშინელი ფიცი შემოუთვალა: ჩემთან არა უთქვამთრაო. და მაშინვე ფიცი ირწმუნა და ბატონი ხათრიჯამი შეიქმნა (დარწმუნდა ი. ა.). გოდერძი წამოდგა და სთქვა: ამ საქმეს ასე გავარჩევ, ყველანი გაშტერდეთო და წაიყვანეს დაჭერილი“11.
როგორც ვხედავთ, შეთქმულების გეგმა „შავში“ წერია, რომელსაც სოლომონი გიორგი ბატონიშვილს წარუდგენს. გიორგი სოლომონს ბოლომდე არ ენდობა და ჩუმად „შავის“ ერთ პირს იტოვს, რადგან არის რაღაც საკითხი, რომელზეც ბატონიშვილი „ყაბულს“ არ არის. რა არის ამ უნდობლობის მიზეზი ქვემოთ ვიტყვით.
სოლომონის მთავარ მიზანს ის წარმოადგენს, რომ შეთქმულების ამბავი ერეკლემდე როგორმე მივიდეს. როდესაც გიორგი ბატონიშვილისაგან ამას ვერ აღწევს, იგი ერეკლესთან „მწერლის შვილს“ გოდერძის აგზავნის. შეთქმულთა უკმაყოფილება იმითაა გამოწვეული, რომ ერეკლე „მათ არ უვლის“ და მისი „წყალობით დაიღუპნენ“. ისინი კიდევ უფრო შორს მიდიან და ერეკლეს ოპონირებენ, თითქოს მან გაგზავნა და „გადაკარგა“ გიორგისთან შედარებით ახალგაზრდა მამა (იგულისხმება თეიმურაზ II) რუსეთში და „იქ მოკლა“.
უნდა ითქვას, რომ ნაზარბეგიშვილისა და ბასტამაშვილის ბრალდებები ერეკლეს მისამართით საკმაოდ მძიმეა და პირადი დამოკიდებულებით უნდა აიხსნას. ამიტომ ფაქტებსაც განგებ ამძიმებენ. მაგ., ჯერ ერთი, თეიმურაზ მეორის რუსეთში გამგზავრების მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია. მეფე ვარაუდობდა, რომ ჯარს გადმოიყვანდა ჩრდილოეთიდან, ან შესაბამის თანხას მიიღებდა, რითაც ლეკიანობის პრობლემას მოაგვარებდა. უფრო მეტიც, მეფე რუსებს სთავაზობდა, რომ ირანის ტახტზე რუსებისათვის სასურველ პირს დასვამდნენ ტახტზე, მაგრამ ეს ელჩობა ისევე უშედეგოდ დამთავრდა, როგორც ყველა სხვა წინამორბედი და მეორეც, ოპონენტების სიტყვებიდან ჩანს, თითქოს რუსეთში წასული თეიმურაზი გიორგი ბატონიშვილზე ახალგაზრდაა. სინამდვილეში 1760 წლისათვის, როდესაც თეიმურაზ II რუსეთს გაემგზავრა 60 წელს იყო მიღწეული (დაიბადა 1700 წელს), ხოლო 1796 წლისათვის გიორგი XII 50 წელს არ იყო გადაცილებული (დაიბადა 1746 წელს).
წერილის ავტორი შიოშ თუმანიშვილი ლიონიძისადმი საკმაოდ მტრულადაა განწყობილი და ცდილობს, სოლომონის მიერ სამეფო კარზე შეთქმულების შესახებ გაცხადების მიზეზად მიშკარბაშსა და სოლომონს შორის დუქნების საქმეზე მომხდარი ჩხუბი წარმოაჩინოს.
სინამდვილეში თუმანიშვილის ლიონიძისადმი მტრობის მიზეზი სულ სხვა რამ არის, რაც კარგად ჩანს წერილის დასკვნით ნაწილსა და მომდევნო წერილებში. საქმე იმაშია, რომ თუმანიშვილი მეამბოხე მიშკარბაშ იოსებ ბასტამაშვილის ნათესავია და საკუთარი ქონების დაკარგვის შიში უფრო აწუხებს, ვიდრე ქვეყნის ბედი. ერეკლეს აჯანყებულთათვის სახალხო გასამართლება მოუწყვია: „შეიყარა ხალხი და მიშკარბაშის და მოქალაქეთ დაბეზღება და მუხანათობა აშკარად წაიკითხეს. შენი მტერი, რაც მწუხარება ჩვენ დაგვიდგა. ვინცავინ ამათი მოყვარენი ვიყავითო“, - სწერს ძმას შიოში1.
სამწუხაროდ, არ კონკრეტდება ვინ იგულისხმებიან მოქალაქეებში, მაგრამ მომდევნო წერილი, ჩვენი აზრით, ამ კითხვასაც პასუხს სცემს. ისინი ბასტამაშვილის „ამხანაგობაში“ მყოფი თბილისელი სომეხი ვაჭრები არიან. ერეკლეს მათთვის ქონებაც ჩამოურთმევია, მაგრამ ვისთვისაც ბრალი ვერ დაუმტკიცებიათ, უკანვე დაუბრუნებიათ. 1796 წლის 30 აგვისტოს, თუმანიშვილების ახლობელი და სავაჭრო „გილდიის“ წევრი დარჩია ბებუთოვი მანუჩარ თუმანიშვილისადმი მიწერილ საპასუხო წერილში აღნიშნავს: „თქვენი ბრწყინვალების წიგნი მებოძა, ჩვენი გამართლება მოგელოცა და გიამებოდათ დიახ ვიცი, რომ ამისთანას ცილისათვის შეგბრალებოდით, უმეტესათ, რომ ბასტამაშვილის ამხანაგობაში ვიყავითო“12.
ასევე დიდ კმაყოფილებას გამოთქვამს შიოშ თუმანიშვილი ძმისთვის ქონების უკან დაბრუნების გამო და ამიერიდან სიფრთხილისკენ მოუწოდებს: „ვმადლობ ღმერთსა, რომ თქვენი მშვიდობით მორჩენა გავიგონე და ამას იქით ფარეზით გაფრთხილებისათვის გევედრებიო“13.
სამაგიეროდ, თუმანიშვილები და მისი დამქაშები სიხარულს ვერ მალავენ სამეფო კარის მიერ სოლომონ ლიონიძის შერისხვის გამო: „სოლომონ დიაკვნის ამბავი ხომ სრულად მომიწერია, ამისი საქმე ასე არის, რომ მგონია ლუკმის ნატრული შეიქმნას, ყმა და მამული იმისი ფარნაოზ ბატონიშვილს ებოძა, სახელოები სრულად ჩამოერთვა, მრავალი უსამართლო ქრთამი აუღია და სამართალს ართმევს და ამდენი კაცის სისხლი უნდა მისცეს: რით აუვა?“14.
შეთქმულთა გეგმის მიხედვით, ერეკლე მხოლოდ კახეთის მეფობას უნდა დასჯერდეს. ქართლში ბატონობისათვის მათ „ბატონიც გამორჩეული ჰყავთ“. თუ ადგილობრივი ძალებით მიზანს ვერ მიაღწევენ, რუსის იმედი აქვთ და არც აღა-მაჰმად-ხანთან კავშირს გამორიცხავენ.
წერილს თარიღი არ უზის, მაგრამ იგი წინა წერილის ახლო ხანებში, ანუ 1796 წლის აგვისტოს ბოლოს უნდა იყოს დაწერილი. შეთქმულება ჯერ კიდევ შვიდი-რვა თვის წინ, ანუ 1796 წლის დასაწყისში გამჟღავნებულა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეთქმულები მანამ არ მოქმედებდნენ. შესაძლოა, ერეკლესათვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი ამ ფაქტის შესახებ. ეს რომ ასეა, იქიდანაც ჩანს, რომ სოლომონი ჯერ კიდევ კრწანისის ბრძოლაში დამარცხებულ და მთიულეთში გახიზნულ ერეკლეს აფრთხილებს შეთქმულების აღა-მაჰმად-ხანთან კავშირის შესახებ და რომ „ბატონიც” შერჩეული ჰყავთ. სოლომონი კატეგორიულია და მეფეს თავის გადასარჩენად მხოლოდ სამი დღის ვადას აძლევს, რადგან კიდევ არის რაღაც, რასაც სოლომონი ვერ ამბობს, იმიტომ, რომ „ნაფიცია, და მეორეც, გიორგი უფლისწულის ფიცისა და ერეკლეს „ხათრიჯამობის“ მიუხედავად, გოდერძი კონფიდენტს იმიტომ აპატიმრებენ, რომ მან ისეთი რამ იცის, რასაც შეუძლია ხალხი „გააშტეროს“.
იმავე წლის 21 აგვისტოს, დარჩო ბებუთოვის მიერ მანუჩარ თუმანიშვილისათვის მიწერილი წერილიდან „გოდერძის“ ვინაობაც ცხადი ხდება. იგი მწერალი გოდერძი პაპუაშვილია, რომელსაც, ბებუთოვის სიტყვით: „ურცხვათ ერთი წიგნი დაეწერა, რომელიც მისკარბაშისა და ბასტამაშვილის ლაპარაკს უბნობდა“15.
ხსენებულ წერილში თბილისის მელიქი არც სოლომონ ლიონიძეს ინდობს: „სოლომონ მსაჯულს დიდრონი მახაები მოკაზმული ჰქონია და ვერას მიუხვდიო“16.
მოგვიანებით შეთქმულებმა გოდერძი პაპუაშვილიც „დაამუშავეს“ და ერეკლესთან წერილი მიაწერინეს, სადაც იგი სოლომონ მდივანსა და მის ნათესავ შაქარა ჩარჩიშვილის მიერ შეცდენა-გაბრიყვებასა და მათ ბრალეულობაზე საუბრობს და შენდობას ითხოვს: „ჩემო მოწყალეო, ვითარცა ეშმაკთ მოიგონეს ადამის ცთუნება და გველში შევიდნენ და ისრე აცთუნეს, ისრე მაგ თქვენმა კაი ყმამ (იგულისხმება სოლომონ ლიონიძე – ი. ა.), ვერც მე შევითყვე თუ მაგაში ან სულისა და ან ღ თის სიყვარული არ იყო. გველად ჩემი მამიდაშვილი შაქარა გააკეთა ჩარჩიშვილი და ეშმაკათ თვითონ იმოქმედა. შემომიყვანა შაქარა, რომ დიდი მეგობარი იყო მაგისი ყველამ უწყით ესა და ჩემიც მამიდაშვილი იყო და მეგონა კეთილსა ჰყოფს რასმე ჩემთვისა მეთქი, ოთხი თუ ხუთი დღე ის ჩემთან ალაპარაკა და შემამფიცა თქვენი მზე სოლომონმა – რასაც მე გეუბნები, ეს ყველა სწორე არის, მაგრამ მე მტერობაში ჩამომართმევენო, შენ თუ ბატონს ამას მოახსენებ ნახე რა დიდი ერთგულობა იქნება ამაშია და ხომ ხედავ არცრა გიორგი ბატონიშვილის საზარალო არისო და ბატონი ხომ ჩემს ელთ არის, იმისი მე ვიცი, რაკი შენ მოახსენებო, მე ხომ არას დამიმალავსო. ასრე ეს კაცი და ეშმაკი შემომადგა და თქვენის სიმაღლისათვის მამეხსენებინა და სასიკვდილოთ მიმცა და ამდენი სულიც სასიკვდილოთ მიმაცემინა ...რაც მოგახსენეთ წერილით სულ მაგისი (ლიონიძის – ი. ა.) გაკეთებული იყო და გაზეპირებული. მე ამისთვის არ გამოვაცხადე აქამდინა, რომ უმაღლესსა მეფეს ხელმწიფეს გულსმოდგინეთ გამოეძიებინა ტყუილად მამახსენებინა თუ მართლად, რომ ჩემი თავისთვის ისე მეწამლა ...პირველი დიდი მამა ჩვენი ღთის ხელითშექმნილი აცდინა ეშმაკმა და მეც მაცდინა, ვითხოვ მოტევებასა და სამართალსა“17.
როგორც აღიარებითი წერილის ტონიდანაც ჩანს, იგი გარეშე ძალთა ზეგავლენითაა დაწერილი. სავარაუდოდ, „გარეშე ძალები“ გავლენიანი თბილისელი სომხები: დარჩო ბებუთოვი, მანუჩარ და შიოშ თუმანიშვილები, მისკარბაში იოსებ ბასატამაშვილი და სხვები უნდა იყვნენ. გამორიცხული არ არის, მათ მწერალ გოდერძიზე ეკონომიკური ზეგავლენაც გამოეყენებინათ და ეიძულებინათ ამგვარი სახის წერილი მიეწერა მეფისათვის. მით უფრო, რომ გოდერძი პაპუაშვილი მაინცდამაინც მამაცი და პრინციპული პიროვნება ვერ ჩანს. მათ ერეკლეც დაურწმუნებიათ თავიანთ „უდანაშაულობაში“ და მთელი ბრალეულობა სოლომონ მდივანბეგისათვის დაუკისრებიათ. როგორც დარჩო ბებუთოვი სწერს მანუჩარ თუმანიშვილს: „ღუთის მართალმა სამართალში ყოველი საქმე ნათლათ აღმოაჩინა. უმაღლესობამ (ერეკლემ - ი. ა.) ბძანა მე არა მჯეროდაო, თქვენის თავის გამართლებისათვის გამოვიკითხეო. გამართლება მოგვილოცა და მუხლს გვაკოცნინა. ახლა ხომ ალუა ასეთ ყოფაში არის, რომ ისიც ღუთით ან ამაღამ ან დილაზედ თავის ამხანაკს ვისაც ასწავლა გოდერძის მიეტლება, სოლომონს, ისემც ღმერთმა ყოველი ჩემი ხელმწიფის მუხანათი შეწუხოს, როგორც ის იყოს შეწუხებული. ღმერთმა მართლის ოჯახის დამხობის მდომელი თვითონ დაამხოო“18.
მართლაც, დამსახურების მიუხედავად, შეთქმულების გამომჟღავნებისთანავე სოლომონ ლიონიძე ქართლ-კახეთის სამეფო კარიდან მოკვეთეს და იგი სოლომონ მეორესთან გადაიხვეწა იმერეთში.
ერეკლე მალევე მიმხვდარა შეცდომას, მოუნანიებია, ეს ყველაფერი საკუთარი ხელით მიუწერია სოლომონისათვის და ერთგული და უსამართლოდ შერისხული მსახურისათვის ძველი მამულ-წყალობებიც სრულად განუახლებია19. საპასუხი წერილში სოლომონი მეფის მადლიერია, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ყველაფერს ბოლომდე მაინც ვერ ამბობს: „მაინც უღირსი მოწყალება იყო თუ ოდესმე გემსახურე ვითარცა მონამან რომელი თანა მედვა, ყოფად ვყავ და რა შემიძლიან ამდენის მოწყალებისა ჭირნახულობისა და მაშინ რომ სიკვდილს მომტაცეთ, ამათი მაგიერი, მაგრამ ეგების ცოდვილსა ღმერთმან ისმინოს ...თქვენს წინ სისხლის დაღვრა მაღირსოს, თქვენის ჭირის სანაცვლო შემქმნას, ოჰ რაები მინდა ვსთქვა, მაგრამ სოფელი აღარც ლხინი ჭირთა თქმა და მომცეს შეძლება ღმერთმან, რომ თქვენი სახსოვარი მეფობა ცას ქვეშეთს ხალხს შეყვარებად გამოუცხადო“20.
ამის შემდეგ ერეკლე მალევე გარდაიცვალა. „მოთქმით ტირილში“ საქართველოს მსაჯულთუხუცესმა კიდევ ერთხელ გამოხატა დიდი მწუხარება და მეფისადმი ერთგულება: „იმისი ტკბილი ბატონყმობა ვიტირო, თუ თავის უნებურად ჩემის შეწუხების შენანება, რომელიც თავისის უმაღლესის ხელით მომწერა და სოფელმა აღარ დააცალაო“21.
შედარებით დრამატულად გაგრძელდა გიორგი XII-სა და სოლომონ ლიონიძის ურთიერთობა. გიორგი XII მხოლოდ სიკვდილის წინ „შერიგებია“ ლიონიძეს (ანუ, ერეკლეს გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ) და მისი უდანაშაულობა უღიარებია. 1801 წლის 17 თებერვალს გენერალ კნორინგისადმი მიწერილ წერილში ლიონიძე აღნიშნავს: „მეფემ გიორგიმ, ავათ გახდომის წინა დღეს, შეჰყარა დედოფალი, თავისი შვილები და კარისკაცნი და იმათში ჩემი მრავალრიგად სამსახური აღიარა, ფიცით დაამტკიცა და ისე გარდაიცვალაო“22.
სამწუხაროდ, სოლომონთან ასევე „დიდი შუღლი აქვნდა“ დარეჯან დედოფალსაც23.
ერეკლე-გიორგის გარდაცვალების შემდეგ, რუსული ხელისუფლება, ბუნებრივია, კიდევ უფრო არ სწყალობდა დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ საქართველოს „ვიცე კანცლერს“, ამიტომ იგი 1801 წელსვე იმპერატორის ბრძანებით დაუპატიმრებიათ. კნორინგისადმი მიწერილ ზემოხსენებულ წერილში ლიონიძეს საკუთარი უდანაშაულობის მტკიცება უხდება: „დიდათ უკვირთ საქართველოს ერს, სამღვდელოთა და საეროთ ივან პეტროვიჩის ჩემი ყარაულქვეშ ტანჯვა. ...დღეს მეფის შვილები ფიცით ამტკიცებენ, დანაშაული არა აქვს რაო, დიდებული ხელმწიფის ღრამოტა წაიკითხეს, თუ დანაშაული ჰქონდეს ვისმე, იმპერატორის მოწყალებით გვიპატივებიაო; და მე ყოვლითურთ უდანაშაულოთ ვიტანჯები ცუდის მტრის სიტყვით. ...დანაშაული არა მაქვს რა უმაღლეს კარზე მტერმა წაიღო ჩემი ამბავი და იქიდან დაუნაშავებელი არ დავისაჯო და აქაც ბრძანება მოსცეთ, რომ სომეხთ პატრიარქმა და ჰოქევარტერმა სამართალში მალაპარაკოს და სარწმუნოს მოწმეებითა და საბუთებით ჩემი სიმართლის წერილი თქვენს მაღალმსვლელობას მოერთვასო“24.
წერილიდან გამომდინარე, სოლომონი სომხების პატრიარქის ენით დაუკავებიათ. ეს სომეხთ პატრიარქი ცნობილი პოლიტიკური ფიგურა იოსებ არღუთაშვილ-მხარგრძელია, რომელიც შემდეგ რუსეთში მცხოვრებ სომეხთა მთავარეპისკოპოსი გახდა, ხოლო 1800 წლის ბოლოს კათალიკოსადაც აირჩიეს25. ცნობილია მისი აგრესიული და რეაქციული პოლიტიკა ყოველივე ქართულის მიმართ.
როგორც ჩანს, სოლომონის წერილმა გაჭრა და მალევე გაათავისუფლეს პატიმრობიდან. იგი სოლომონ II-სთან გადადის დასავლეთ საქართველოში და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას იწყებს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ალექსანდრე, იულონ, ფარნაოზ ბატონიშვილებთან, დედოფალ დარეჯანთან და სხვებთან26 ერთად.
1802 წელს ლიონიძე კვლავ ბრუნდება თბილისში და თან მოქვს ბაბა-ხანის ორი ფირმანი, რომლითაც სპარსეთის შაჰი იულონ ბატონიშვილს ქართლ-კახეთის მეფედ სცნობს27. ქვეყნის უპირველესი მსაჯული სოლომონ II-ის ელჩადაც იმყოფებოდა პეტერბურგში, მაგრამ იმერეთის ბედი, ქართლ-კახეთის მსგავსად, უკვე გადაწყვეტილი იყო. იგი ბოლომდე ერთგული დარჩა სოლომონ იმერთა მეფისა, რუსეთთან დამარცხების შემდეგ, მასთან ერთად ახალციხეში გადაიხვეწა და იქვე გარდაიცვალა შავი ჭირის ეპიდემიით 1811 წელს.
შენიშვნები
1. ნიკოლოზ კანდელაკი, სოლომონ ლიონიძე, ქართული მჭერმეტყველების კლასიკოსი, თბ., 1962, გვ. 4.
2. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, აკ. გაწერელიას რედ, თბ., 1978, გვ. 24.
3. Акты Собранные Кавказскою Археографическою Коммисиею т. I, Тифл. 1866, გვ. 323-324, დოკ. 411.
4. ვალერიან მაჭარაძე, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწ. III, რუსეთთურქეთის 1768-1774 წწ. ომი და საქართველო, თბ., 1988, გვ. 27; Цагарели А. Грамоты и другие исторические документы относящиесияпо Грузии, т. II, вып. I, Груз. тексты с1768-1801 гг. СПБ 1898, გვ. 91-92.
5. იოსებ (სოსო) ალიმბარაშვილი, „ქართლ-კახეთსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა XVIII ს-ის 70-იან წლებში და რუსეთი“, გორის სასწავლო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-თურქული ურთიერთობები“; თბ., 2012, გვ. 12-14.
6. პლატონ იოსელიანი, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, გვ. 24.
7. Н. Дубровин. История войны и владычества Русскихь на кавказ, т. II, СПБ 1886, გვ.38; П. Бутков. Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 г. ч. II, СПБ 1869, გვ. 336.
8. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. HD, საბ. 2087; გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, 539/7648, დავთ. 6; ი. ალიმბარაშვილი, რამდენიმე საარქივო დოკუმენტი კრწანისის ბრძოლის შემდეგ ქართლ-კახეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის შრომათა კრებული #4, თბ., 2013, გვ. 170-178 და სხვ.
9. იოსებ (სოსო) ალიმბარაშვილი, ლეკიანობა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 2011, გვ. 152.
10. მამისა ბერძნიშვილი, მასალები XVIII ს. ბოლო წლების საქართველოს ისტორიიდან, წიგნში: ქართული წყაროთმცოდნეობა, წიგნი I, თბ., 1965, გვ. 130, დოკ. 6.1. მამისა ბერძნიშვილი. მასალები XVIII ს. ბოლო წლების საქართველოს ისტორიიდან, წიგნში: ქართული წყაროთმცოდნეობა, წიგნი I, თბ., 1965, გვ. 131-132, დოკ. #7.
11. მამისა ბერძნიშვილი. მასალები... გვ. 131-132, დოკ. #7.
12. მამისა ბერძნიშვილი. მასალები... გვ. 132, დოკ. #8.
13. მამისა ბერძნიშვილი. მასალები... გვ. 133, დოკ. #9.
14. მამისა ბერძნიშვილი. მასალები... გვ. 134, დოკ. #11.
15. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, საბ. 7992, დავთ.2, გვ. 410, შემდეგ: გსიემ
16. გსიემ, საბ. 7992, დავთ. 2, გვ. 410.
17. გსიემ, საბ. 7992, დავთ. 3, გვ. 520-521.
18. გსიემ, საბ. 7992, დავთ. 2, გვ. 520-521.
19. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული დოკუმენტები და არქივები, ტ. 2, ისტორიული დოკუმენტები, ტექსტი შენიშვნებითა და საძიებლებითურთ გამოსაცემად მოამზადა შ. ბურჯანაძემ, თბ., 1953, გვ. 54-55, დოკ. 37.
20. გსიემ, საბ. 7992, დავთ. 2, გვ. 376.
21. ნიკოლოზ კანდელაკი, სოლომონ ლიონიძე, ქართული მჭერმეტყველების კლასიკოსი, გვ. 27.
22. Акты Собранные Кавказскою Археографическою Коммисиею т. I. ч. II. Тифл. 1866, გვ. 323-324, დოკ. 411.
23. ზაქარია ჭიჭინაძე. სოლომონ ლეონიძე, მსაჯული, ანუ ვიცე-კანცლერი მეფე ერეკლე და სოლომონ იმერთა მეფისა, თფ., 1910, გვ. 26
24. Акты ... ტ. I. გვ. 323-324, დოკ. 411.
25. სარგის კაკაბაძე, ქართველი ხალხის ისტორია, 1783-1921, თბ., 2003, გვ. 39.
26. Акты ... ტ. I. გვ. 244, 316, 331.
27. მაქსიმე ბერძნიშვილი, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ., 1983, გვ. 78.
დამოწმებანი
1. ალიმბარაშვილი იოსებ. რამდენიმე საარქივო დოკუმენტი კრწანისის ბრძოლის შემდეგ ქართლ-კახეთში შექმნილი მდგომარეობის შესახებ, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიისა და არქეოლოგიის ცენტრის შრომათა კრებული #4; თბ., 2013, გვ. 170-185.
2. ალიმბარაშვილი იოსებ (სოსო), „ქართლ-კახეთსა და ოსმალეთს შორის ურთიერთობა XVIII ს-ის 70-იან წლებში და რუსეთი“, გორის სასწავლო უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა ერთობლივი სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-თურქული ურთიერთობები”; თბ., 2012.
3. ალიმბარაშვილი იოსებ (სოსო), ლეკიანობა აღმოსავლეთ საქართველოში, თბ., 2011;
4. ბერძნიშვილი მამისა, მასალები XVIII ს. ბოლო წლების საქართველოს ისტორიიდან, წიგნში: ქართული წყაროთმცოდნეობა, წიგნი I, თბ., 1965;
5. ბერძნიშვილი მაქსიმე, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ., 1983;
6. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, საბ. 539/7648, დავთ. 6; საბ. 7992, დავთ 2, გვ. 416; დავთ. 3, გვ, 410-411; 520-521.
7. იოსელიანი პლატონ, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, აკ. გაწერელიას რედ, თბ., 1978;
8. კაკაბაძე სარგის, კრწანისის ომი, თბ., 1991;
9. კაკაბაძე სარგის, ქართველი ხალხის ისტორია, 1783-1921, თბ., 2003;
10. კანდელაკი ნიკოლოზ, სოლომონ ლიონიძე, ქართული მჭერმეტყველების კლასიკოსი, თბ., 1962;
11. მაჭარაძე ვალერიან, მასალები XVIII საუკუნის მეორე ნახევრის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის, ნაწ. III, რუსეთ-თურქეთის 1768-1774 წწ. ომი და საქართველო, თბ., 1988;
12. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ისტორიული დოკუმენტები და არქივები, ტ. 2, ისტორიული დოკუმენტები, ტექსტი შენიშვნებითა და საძიებლებითურთ გამოსაცემად მოამზადა შ. ბურჯანაძემ, თბ., 1953;
13. ჭიჭინაძე ზაქარია. სოლომონ ლეონიძე, მსაჯული, ანუ ვიცე-კანცლერი მეფე ერეკლე და სოლომონ იმერთა მეფისა, თფილისი 1910;
14. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. HD, საბ. 2087;
15. Акты Собранные Кавказскою Археографическою Коммисиею т. I. ч. II. Тифл. 1866;
16. Бутков П. Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 г. ч. II, СПБ 1869;
17. Дубровин Н. История войны и владычества Русскихьна кавказ, т. II, СПБ 1886; 18. Цагарели А. Грамоты и другие историческиедокументы относящиесия по Грузии, т. II, вып. I, Груз. тексты с1768-1801 гг. СПБ 1898.

Комментариев нет:

Отправить комментарий