пятница, 10 сентября 2021 г.

ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ანტიკათოლიკური პროპაგანდა ოდიშის სამთავროში (მ. პაპაშვილი)

ოდიშის მთავრის ლევან II დადიანის (1611-1657) რუსეთთან ურთიერთობის საკითხი შეუსწავლელი როდია ქართულ ისტორიოგრაფიაში1. თუმცა ამ ურთიერთობის ზოგიერთი ასპექტი ხელახალ კვლევა-ძიებას საჭიროებს. ამჯერად ამის გარკვევა არ შეადგენს წინამდებარე სტატიის მიზანს.
ჩვენი ამოცანიდან გამომდინარე, მოკლედ აღვნიშნავთ შემდეგს: ცნობილია, რომ 1636 წლის ზაფხულში ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა თავისი კარის ეკლესიის მღვდელი გაბრიელ გეგენავა რუსეთში გაგზავნა დიპლომატიური დავალებით. ეს ოდიშის სამთავროს პირველი ელჩობა იყო ამ ქვეყანაში. თუ რა მოტივითა და მიზნით გაგზავნა ლევან დადიანმა დესპანი რუსეთში და რა პოლიტიკურ ამოცანას ისახავდა იგი, ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთიანი აზრი არ არსებობს. ეს ცალკე კვლევის საკითხია და მასზე ამჯერად თავს შევიკავებთ. ამ ელჩობის ამსახველ რუსულ პირველწაყროებზე2 დაყრდნობით, შეიძლება ვთქვათ, რომ ლევან II დადიანმა, დასავლეთ საქართველოზე ჰეგემონობის დამყარებისა და ამის შედეგად თურქეთისაგან მოსალოდნელი აგრესიის თავიდან აცილების მიზნით, სცადა რუსეთის მფარველობის მიღებისათვის ნიადაგის მოსინჯვა. ასევე შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ იგი მიმართული იყო თეიმურაზ I-ის რუსული პოლიტიკის წინააღმდეგ, რომლიც კახეთის ტახტზე ასვლის შემდეგ რუსული ძალების გამოყენებით ქართლის მეფის როსტომის, ლევან დადიანის სიძის, წინააღმდეგ რეალურ ძალად არ ქცეულიყო. ასეა თუ ისე, სხვა ქართველ მეფე-მთავრებთან შედარებით სამეგრელოს მთავარი „...უნდა ყოფილიყო მოსკოვის დასაყრდენი საქართველოში“3.
ლევან II დადიანის მიერ რუსეთის მეფე მიხეილ თევდორეს ძესთან (1613-1645) გაგზავნილ სიგელში ვკითხულობთ: „ივერიის ქვეყანაში 5 ხელმწიფე იყო და მათგან 2 სპარსეთის შაჰმა დახოცა. დანარჩენი3 ხელმწიფის ქვეყნებს, ღმერთის შეწევნითა და მისი მრავალწლოვანი სამეფო ბედნიერებით, თვითონ მეფე ლევანი ფლობსო. დიდი ხანია, მას სურდა, ყოფილიყო მისი დიდი მეუფების სამსახურში, მაგრამ შესაფერისი დრო ვერ შეარჩია, რათა ამის შესახებ მისთვის, ხელმწიფისათვის, ეთხოვა... ითხოვს, რომ მან, დიდმა ხელმწიფემ, მასზე წყალობა გაიღოს, თავისი ელჩი სამეფო სიგელებით გამოგზავნოს და ისინი თავისი მაღალი მეფური ხელის მფარველობის ქვეშ მიიღოს, რათა ყოველთვის მისი უდიდებულესობის მაღალი ხელის ქვეშ იყვნენ, ხელმწიფის სხვა ქვეშევრდომებივით მის მეუფებას ემსახურონ; მისგან, დიდი ხელმწიფისაგან, დახმარება და შემწეობა ჰქონდეთ, რათა ქრისტეს სარწმუნოებაში იდგნენ“4.
ოდიშის სამთავროდან გამგზავრების ორ წელზე მეტი ხნის შემდეგ, გაბრიელ გეგენავა 1638 წლის 15 ნოემბერს მოსკოვში ჩავიდა5. „რუსეთის ხელმწიფემ მიხეილ თევდორეს ძემ ელჩი გაბრიელ გეგენავა ორჯერ, 1638 წლის 12 დეკემბერსა და 1639 წლის 24 მაისს, მიიღო“6. როგორც საელჩო პრიკაზის მასალებიდან ირკვევა, ელჩის შეხვედრები ხელმწიფესთან ფორმალურ ხასიათს ატარებდა; ორივე შემთხვევაში მასთან მეფის სახელით უფრო სათათბიროს დიაკი თევდორე ლიხაჩევი საუბრობდა და ხელმწიფის პოზიციას განუმარტავდა. რუსეთის მეფე „თავისი მაღალი მეფური მფარველობის“ ქვეშ ლევან დადიანისა და მისი ქვეყნის მიღებაზე თანხმობას აცხადებდა7.
ამ ელჩობასთან დაკავშირებით, მთლიანობაში, იმის თქმა შეიძლება, რომ იგი წარუმატებელი იყო. რა მიზეზებიც არ უნდა დავასახელოთ (შიდა ქართული დაპირისპირება, საერთაშორისო გარემო, თეიმურაზ I-ის ელჩის ნიკიფორე ბერძენის მოსკოვში ლევან დადიანის წინააღმდეგ მოქმედება და ა.შ.) რუსეთის სამეფო კარი ამ ეტაპზე არანაირ სერიოზულ პოლიტიკურ დაინტერესებას არ იჩენდა სამეგრელოს სამთავროს მიმართ. სავსებით მართებულად დაასკვნის მ. პოლიევქტოვი, „რადგანაც სამხრეთ კავკასიის შავიზღვისპირეთის მიმართ მოსკოვის ინტერესი ჯერ კიდევ ძალიან სუსტი იყო, ლევან დადიანის ელჩისადმი დამოკიდებულებაც საკმაოდ თავშეკავებული აღმოჩნდა...“8. სწორედ ეს განაპირობებდა გაბრიელ გეგენავას ელჩობის უშედეგობასა და ლევან დადიანის მიერ რუსეთში პოლიტიკური ნიადაგის მოსინჯვის უპერსპექტივობას.
ლევან II დადიანის პოლიტიკურ წინადადებაზე, რომ ის რუსეთის ხელმწიფეს მფარველობაში მიეღო, მიხეილ თევდორეს ძემ პირდაპირ უარი არ განაცხადა და ყურადღება გადატანილი იქნა მეორეხარისხოვან საკითხზე, რომელსაც უმთავრეს მიზანთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა მიენიჭა. კერძოდ: გამოერკვიათ, ოდიშის სამთავროში მართლმადიდებელი ეკლესია ურყევად მისდევდა თუ არა ბერძნულ ორთოდოქსიას. ამის საბაბი რუსულ მხარეს ჰქონდა, რადგან ოდიშის მთავარი თავის სიგელში რუსეთთან კავშირის ძირითად ამოცანად მართლმადიდებელი ქრისტიანობის დაცვას სახავდა, „...რათა მართლმადიდებელი ქრისტიანული სარწმუნოება ურჯულოთაგან შეგინებული არ...“ ყოფილიყო9. დეკანოზი ნიკიტაც ამის შესაბამისად მოქმედებდა და გაბრიელ გეგენავასთან სამეგრელოში მართლმადიდებლობის სიმტკიცის შემოწმებას შეუდგა. მოკლედ რომ ვთქვათ, სამეგრელოს სამთავროსთან მოსკოვის პოლიტიკური ურთიერთობის განვითარება რელიგიური საკითხების გარკვევამ დაჩრდილა. ეს დიპლომატიური ხერხი გახლდათ და, თუ დიპლომატიურ ენაზე ვიტყვით, რანგი დაცული იყო. ლევან დადიანის კარის ეკლესიის მოძღვარს სარწმუნოებრივ საკითხებზე კითხვებს უსვამდა რუსეთის ხელმწიფის მოძღვარი, მოსკოვის ხარების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ნიკიტა. ამ უკანასკნელმა 17 კითხვა დაუსვა ოდიშის ელჩს. რადგან ეს კითხვები მოკლეა და თანაც კარგად გვიჩვენებს, თუ შემდეგში ადგილზე როგორი მეთოდებით არკვევდნენ სამეგრელოში ჩამოსული რუსი ელჩები ფედოტ ელჩინი და პავლე ზახარიევი მართლმადიდებლობის დაცვის ხარისხს სამეგრელოში, მათ მთლიანად მოვიტანთ:
„[1]. როგორ ინახავს თქვენი სადადიანოს ხელმწიფე ლევანი და, საერთოდ, მთელი სახელმწიფო ქრისტეს რწმენას? [2]. უვნებლად და შეურყვნელად ხომ იცავენ მას ბერძნული მართლმადიდებლობისაგან განუშორებლად, როგორც ჩვენ ვიცავთ ჩვენს დიდ რუსეთში? [3]. ხომ იცავთ მას ურიათა ბოროტ რწმენასთან, ელინთა საძაგელ უკეთურებასთან, ლათინურ მწვალებლობასთან, მაჰმადიანობასთან, არიანელებისა თუ ყოველგვარ მწვალებლურ გარყვნილებასთან შერევის გარეშე? მითხარი: [4]. როგორ აღმსარებლობთ წმიდა სიმბოლოს, ანუ: მწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქვეყნისა, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთა და ასე შემდეგ. გამოთქვი ბერძნულად ყველაფერი ბოლომდე. [5]. მას, მხოლოდშობილ ძეს და სიტყვას როგორ აღიარებთ და მის ხორცშესხმას, სულიწმიდისა და ქალწულ მარიამისაგან განკაცებას როგორ აღიქვამთ? [6]. როგორ აღიარებთ სულიწმიდის, უფლისა და ცხოველმყოფლის გამოსვლას; როგორ იღებთ, თქვენი აზრით, მამისაგან გამომავალია? ამის პასუხიც ბერძნულად უნდა გვითხრა. [7]. შემდეგ მსოფლიო საეკლესიო კრებების შესახებ გამოიკითხა იგი. [8]. თაყვანს სცემთ თუ არა უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს გაღმერთკაცების, ყოვლაწმიდა მისი ღმრთისმშობლისა და ყველა წმინდანის ხატებს? [9]. ასევე წმინდანთა ნაწილებისა და მკურნებელ სასწაულთმოქმედებისა თუ გწამთ ყოველგვარი ეჭვის გარეშე. [10]. თქვენთან, წმიდა საღმრთო ეკლესიებში არის თუ არა წმინდა და პატიოსანი ხატები? [11]. იწერება თუ არა წმინდა ხატები კედლებზე, კრეტსაბმელებზე, გადასაფარებლებზე და საეკლესიო ჭურჭლებზე? [12]. წმიდა ლიტურღიის დროს საღმრთო საიდუმლო მსხვერპლშეწირვას როგორი პურით აღასრულებთ-აფუებულით თუ უფუარით? [13]. ჩვილისა თუ, საერთოდ, ყველა ადამიანის მონათვლისას ხდება თუ არა ზეთისა და წმინდა მირონის ცხება და მოსანათლის სამგზის შთაფლვა, ან იქნებ მხოლოდ წყლის გადავლება და რას წარმოთქვამენ თქვენი მღვდლები შთაფვლისას? [14]. მთელი წლის განმავლობაში რამდენ მარხვას იცავთ და რომელი მარხვა რამდენ კვირას გრძელდება? [15]. უფლის, ღმრთისმშობლის, ზეციური ძალების, მოციქულების, წინასწარმეტყველების, მოწამეების, ღირსი მამების, მღვდელმთავრებისა და სხვა წმინდანების ხსენებებს ბერძნებთან ერთად დღესასწაულობთ თუ არა? [16]. ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას იუდეველებთან და ლათინებთან ერთად ხომ არ დღესასწაულობთ და ახალ გრიგორიანულ კალენდარს ხომ არ აღიარებთ? [17]. მღვდელმთავრები–მიტროპოლიტები, მთავარეპისკოპოსები და ეპისკოპოსები თქვენი ქვეყნის ქალაქებში არიან თუ არა? ასევე მონასტრები და მათში არქიმანდრიტები, იღუმენები და სხვა მონაზვნები არიან თუ არა თქვენთან? უმაღლესი იერარქი ხელდასხმას სად იღებს, რომელ ქალაქებში – იერუსალიმში, ანტიოქიაში, ალექსანდრიაში თუ ცარგრადში? რომის პაპის მიერ საეკლესიო ხარისხში აყვანილ პირს თუ აღიარებთ?10“.
1639 წლის 17 მაისს გამართულ ამ დაკითხვას ლევან დადიანის ელჩმა ასე უპასუხა: „მართლმადიდებლურ სარწმუნოებას ჩვენი ხელმწიფე ლევანი და მთელი მისი ქვეყანა კვლავაც სრულად შეურყვნელად იცავს ბერძნული სჯულისამებრ, როგორც წინაპრებისაგან მიგვიღია; შვიდი წმიდა მსოფლიო საეკლესიო კრების კანონების მიმდევრები ვართ. წმიდა სიმბოლოს, ანუ – მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი,... – გამოთქმა კი ბერძნულად არ შემიძლია, მაგრამ ყველანი წარმოვთქვამთ მას დადიანურად, ბერძნულიდან თარგმნილს“11. აქვე საინტერესოა ერთი დეტალი, რომელსაც ბუნდოვანება არ აკლია. კერძოდ, სულიწმიდას გამომავლობის საკითხთან დაკავშირებით გაბრიელ ელჩის პასუხთან დაკავშირებით ვკითხულობთ: „სულიწმიდის გამოსვლა კი მხოლოდ მამისაგან უნდა ვაღიაროთ თუ ძისგანაც, თარჯიმნებმა ვერ თქვეს, მხოლოდ მისი სიტყვები გვითხრეს: ქრისტე მამისგან არისო“12. ბუნდოვანია აქ ის, თუ რას ნიშნავს „თარჯიმნებმა ვერ თქვეს, მხოლოდ მისი სიტყვები გვითხრეს“.
ცხადია, ამ კითხვაზე გაბრიელის პასუხი, როგორც მართლმადიდებელი სასულიერო პირისა, უნდა ყოფილიყო, რომ „სულიწმიდა გამოვალს მხოლოდ მამისაგან“ და ამის თარგმნა თარჯიმნებს რატომ გაუჭირდებოდათ ძნელი სათქმელია. ასევე დანამდვილებით შეუძლებელია ითქვას, რომ გაბრიელ გეგენავა კათოლიკურ დოქტრინას „ფილიოკვეს“ აღიარებდა. ამიტომ მის სიტყვაში „ქრისტე მამისაგან არისო“ ხომ არ იგულისხმება „სულიწმიდა გამოვალს მამისაგან ძის მეშვეობით“?. ამის გამო ხომ არ გაუჭირდათ თარჯიმნებს მისი თარგმნა? – ძნელი სათქმელია. ამ ეტაპზე ამის შესახებ მეტს ვერაფერს ვიტყვით. მას მომავალი კვლევა სჭირდება.
როგორც წყაროებიდან ირკვევა, გაბრიელ გეგენავა დეკანოზ ნიკიტას დაკითხვით მეტად უკმაყოფილო დარჩა და ამაში ის მართალი იყო. თუ რატომ, ამას თვით ელჩის წყენანარევი სიტყვები ამოწმებს: „დიდ ხელმწიფესთან, – თქვა ელჩმა, – მე სარწმუნოების საკითხებზე სასაუბროდ კი არ ვარ გამოგზავნილი, არამედ იმის სათხოვნელად, რომ ხელმწიფემ წყალობა გამოიჩინოს და თავისი ელჩი ჩვენს ხელმწიფესთან გააგზავნოსო. ის ელჩი ადგილზე თავადვე ნახავს ჩვენს სარწმუნოებას და ყველაფერს იქვე გაარკვევს“13. უკმაყოფილო ელჩის წინაშე დეკანოზმა ნიკიტამ თავი იმით იმართლა, რომ მისი დაკითხვა სარწმუნოებრივ საკითხზე რუსეთის მეფის მიერ იყო ნაკარნახევი. ამის არგუმენტად დეკანოზმა დაასახელა: „...რადგან თქვენმა ხელმწიფემ მის მეფურ უდიდებულესობას მოსწერა: ამჟამად ორ ურწმუნო ხალხს შორის ვართ მოქცეულნი და ყოველ დღე მათთან ქრისტეს რწმენისა და ქრისტეს სჯულისათვის ვომობთო. ამიტომაც ბრძანა ხელმწიფემ დაკითხვა, ხომ არ შერყვნესო თქვენი სარწმუნოება ურიებმა ან პაპისტებმა და მწვალებლებმა?“. ამ არგუმენტში საოცარი ის არის, რომ „ორ ურწმუნო ხალხში“ ოსმალები და სპარსელები კი არ იგულისხმებიან, თუ არადა ასე უნდა ყოფილიყო, არამედ ებრაელები, კათოლიკეები და არიანელები. რატომ? პასუხი ადვილია: ამ დროს რუსეთის ხელმწიფე სპარსეთთან და ოსმალეთთან „ძმობასა და მეგობრობაში“ იმყოფებოდა და ამიტომ ძირითადი ყურადღება დიპლომატიურად სხვა რამეზე იქნა გადატანილი. ძნელი დასაჯერებელია ამას არ მიმხვდარიყო გაბრიელ გეგენავა, თუმცა დეკანოზ ნიკიტას პასუხითაც დაკმაყოფილდა და უპასუხა: „ღმერთმა ჰყოს მრავალჟამიერ დიდი ხელმწიფე იმისათვის, რომ ჩვენზე წუხს და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე ზრუნავს“14.
მოტანილი წყაროებიდან გამომდინარე, რამდენად იყო გულწრფელი რუსული მხარე, ეს იმდენად ახლა საინტერესო არ არის, რამდენადაც იმის გარკვევა, თუ ამ ფორმით ელჩის დაკითხვა რა მიზანს ემსახურებოდა; პირველი, როგორც ვთქვით, რუსეთი ამ დროს არ იყო ოდიშის სამთავროთი პოლიტიკურად დაინტერესებული, მაგრამ პირდაპირ ამის თქმა დიპლომატიურად არასწორად ჩაითვალა; მეორე, „მესამე რომის თეორიიდან“ გამომდინარე, ქრისტიანობის დამცველ ქართველ პოლიტიკოსებს ერწმუნათ მომავალში ერთადერთ მოკავშირედ რუსეთის სახელმწიფო (ამის მაგალითს თეიმურაზ I-ის რუსული პოლიტიკაც იძლეოდა), რომელიც „მართლმადიდებლობის ბურჯია“. ამ პოლიტიკაში ნაკლებად იყო საინტერესო იმის გარკვევა ქართულ ეკლესიას „მწვალებლების“, „ურიების“, „მაჰმადიანების“ რწმენისაგან რა ჰქონდა მიღებული, არამედ იმის დადგენა – თუ რა კავშირი ჰქონდათ, ან ახლა აქვთ, რომის კათოლიკურ ეკლესიასთან. სანამ უშუალოდ წყაროების დამოწმებით ამ საკითხზე გადავალთ, მოკლედ აღვნიშნავთ;
მიუხედავად სამეგრელოს სამთავროს მიმართ ნაკლები პოლიტიკური ინტერესისა, რუსეთის მეფემ გადაწყვიტა ლევან დადიანის კარზე საპასუხო ელჩობა გაეგზავნა. მისი შემადგენლობა გაბრიელ გეგენავას „...არცთუ ისე მაღალმა საზოგადოებრივმა სტატუსმა განსაზღვრა“17. ელჩობა დაევალა დიპლომატიურ ნომენკლატურაში ყველაზე დაბალი რანგის მოხელეს ტოლმაჩ ფედოტ ელჩინს, რომელმაც თურქული ენა იცოდა16 და მღვდელ პავლე ზახარიევს. 1639 წლის 2 ივნისს მოსკოვიდან წამოსული ელჩობა 13 ნოემბერს უკვე ოდიშის სამთავროში იყო17. ფედოტ ელჩინს მიეცა ვრცელი წერილობითი განაწესი ანუ სამახსოვრო ბარათი, რომელშიც დაწვრილებით იყო გაწერილი თუ როგორ ეწარმოებინა ლევან დადიანთან მოლაპარაკება და დასმულ პოლიტიკურ კითხვებზე როგორ გაეცა პასუხები. ამ თავისთავად საინტერესო წერილობითი განაწესიდან18 კარგად ჩანს, რომ ლევან დადიანის რუსეთის ხელმწიფის ერთგულებაზე დაფიცება, რუსეთის მხრიდან არავითარ ვალდებულებას არ შეიცავდა. რუსულ მხარეს, ალბათ, კარგად ჰქონდა გათვლილი, რომ ირანთან და ოსმალეთთან „ძმობასა და მეგობრობაში“19 მყოფ რუსეთის ხელმწიფის ერთგულებასა და მფარველობაში შესვლაზე ლევან დადიანი არ დაიფიცებდა. და თუ დაიფიცებდა ამით რუსეთის ხელმწიფე რას დაკარგავდა? რამდენადაც ამის გარკვევა ჩვენი მიზანი არ არის, მასზე აქ მეტს არ შევჩერდებით. საინტერესო ის გახლავთ, რომ ფედოტ ელჩინსა და პავლე ზახარიევს თან მოჰქონდათ 38 კითხვისაგან შემდგარი „აღსარება მართლმადიდებლური სარწმუნოების შესახებ“20.
იგი ძირითადად კითხვა–მიგების ფორმას ატარებს და მიზნად ისახავდა ოდიშის სამთავროში მართლმადიდებელი აღმსარებლობის საფუძვლების შემოწმებას. ამ წყაროზე დაკვირვებამ დაგვარწმუნა, რომ ელჩები ერთგვარ მართლმადიდებელ მისიონერთა ფუნქციას ითავსებდნენ და ისეთ წარმოდგენას ქმნის, რომ თითქოსდა წარმართობიდან ქრისტიანობაზე ახლადგადასულ ქვეყანაში მიდიოდნენ საქადაგებლად. მაგალითისათვის მოვიტანთ შემდეგს: „აღსარებაში“ მესამე კითხვა ასეთია: „რა არის ნათლისღება? პასუხი: ნათლისღება პირველშობილი ცოდვისაგან განბანვაა“; მეშვიდე კითხვა გახლავთ; „რა არის ღმერთი?. პასუხი: ღმერთი არის არსება უმიზეზო, მაგრამ მიზეზი ყოველთა, ყოვლად ძლიერი, ყოვლის შემძლებელი, ყოველგვარი არსის და ბუნების დამბადებელი“; მეცხრე კითხვაში – რამდენ არსებას აღიარებ ღმერთში?, პასუხია: ერთარსება ღმერთს ვაღიარებ“. საინტერესოა 28-ე კითხვა: „თუკი ღმერთისაგან გამოდის სულიწმიდა, ძე კი ღმერთია, ე.ი. სულიწმიდა ძისგანაც გამოდის? პასუხი: სულიწმიდაც ღმერთია და, მაშასადამე, რა, საკუთარი თავისგან გამოდის?“21 და ა.შ. ხსენებული 38-ვე კითხვა ანალოგიურადაა შედგენილი და ერთგვარ კატეხიზმოს წარმოადგენს. ისმებაკითხვა: რამ განაპირობა რუსეთის სამეფო კარის დაეჭვება ოდიშის სამთავროში მართლმადიდებელ ქრისტიანთა სარწმუნოებრივ ცდომილებებზე? ამ კითხვაზე პირდაპირი, ეჭვმიუტანელი პასუხის გაცემა ძნელია. ოდიშის სამთავროსა და მთლიანად დასავლეთ საქართველოში ამ დროს დაკნინებული იყო მართლმადიდებელი ეკლესია, სამღვდელოება ჩამორჩებოდა ღვთისმეტყველების საკითხებში და დამახინჯებული იყო ნათლისღების წესები. ამას კარგად გვიმოწმებენ გურია–ოდიშის სამთავროში სწორედ ამ პერიოდში მოღვაწე თეატინელი მისიონერები22. ამაში გვარწმუნებენ რუსი ელჩებიც23. მართალია, წყაროში არ ჩანს, მაგრამ საფიქრებელია, აღნიშნულის შესახებ რუსეთის სამეფო კარზე გარკვეული წარმოდგენა ჰქონდათ. ასევე მეტი ალბათობით იმის თქმაც შეიძლება, რომ მოსკოვში ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამ დროს ოდიშის სამთავროში კათოლიკე მამები მისიონერულ საქმიანობას ეწეოდნენ. ალბათ, გაბრიელ გეგენავას დაკითხვაში ამიტომ ესმებოდა ძირითადად ხაზი იმას, იყო თუ არა მართლმადიდებლობა ოდიშის სამთავროში შეურყვნელად დაცული. შემდეგში ოდიშის სამთავროში ჩამოსული რუსი ელჩებიც ამ მიმართულებით მოქმედებდნენ.
როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის სამეფო კარს სურდა, გამოერკვია ოდიშის სამთავროში მართლმადიდებელ ეკლესიას რა კავშირი ჰქონდა რომის ეკლესიასთან. ამ მხრივ საინტერესოა ის, რომ გაბრიელ ელჩისათვის მოსკოვში დეკანოზ ნიკიტას ამის შესახებ კითხვა არ დაუსვამს. არც ქართველ ელჩს გაუმჟღავნებია რაიმე. თუ არადა გაბრიელმა შესანიშნავად იცოდა, რომ ამ დროს ოდიშის სამთავროში მოღვაწეობდნენ თეატინელი მისიონერები დონ ჯუზეპე ჯუდიჩე (1633–1643 წწ.), არქანჯელო ლამბერტი (1633–1649 წწ.), დონ ანტონიო კორერო (1638–1641 წწ.) და დონ კლემენტე გალანო (1637–1640 წწ.), რომელთაც ის, ალბათ, კარგად იცნობდა. ასევე საგულისხმო გახლავთ ის ფაქტი, რომ არც თეატინელ მისიონერებს მოეპოვებათ თავიანთ რელაციებში რაიმე ცნობა რუსი ელჩების სამეგრელოში ჩამოსვლის შესახებ და არც რუს ელჩებს დაუფიქსირებიათ საკუთარ ცნობებში მისიონერების სამეგრელოში ყოფნის თაობაზე. ეს გვაფიქრებინებს იმას, რომ ქართულმა მხარემ, როგორც საერო, ისე სასულიერო იერარქებმა (დრანდის, მოქვის, ბედიის, ილორის, ხობის, წალენჯიხის), რომლებთანაც შეხვედრები ჰქონდათ რუს დესპანებს, საგულდაგულოდ დამალეს მისიონერების სამეგრელოში ყოფნის ფაქტი. ცხადია, ეს გამართლებული ჩანდა ლევან დადიანის რუსული პოლიტიკის ჭრილში. თუმცა ის ფაქტი, რომ თეატინელი მისიონერები ოდიშის სამთავროს 1633 წელს ეწვივნენ, გაცხადდა. აი, როგორ მოხდა ეს:
1640 წლის 29 მარტს ფედოტ ელჩინი და პავლე ზახარიევი მარტვილის ყოვლაწმინდა ღმრთისმშობლის მონასტერში მიტროპოლიტ მიტროფანეს ეწვივნენ, სადაც 7 აპრილამდე დარჩნენ24. მიტროპოლიტი მიტროფანე, რომელიც წარმოშობით თბილისიდან („თეიმურაზის სამეფოდან“;25) იყო, წყაროს თანახმად, 12 წელი წმინდა მთაზე ეწეოდა მოღვაწეობას და „...ბერძნულ განათლებას იღებდა“26. თითქმის მთელი ათი დღე დარჩნენ რუსი ელჩები მიტროპოლიტ მიტროფანესთან.
როგორც წყაროდან ირკვევა, მათ შორის მართლმადიდებლური რწმენის საკითხებზე მუდმივად მიმდინარეობდა საუბარი27. ერთხელ ტრაპეზობისას მიტროფანემ რუს ელჩებს მოახსენა, რომ ოდიშის სამთავროში 1633 წელს „..რომის პაპმა საცდურად ექვსი ბერი გამოგზავნაო. ასევე მე, მიტროპოლიტს, საეკლესიო სამოსი და მიტრა გამომიგზავნა და ასე გვითხრა, რომ ქრისტიანული რწმენა დაკარგეთ, ჩვენ პაპმა გამოგვაგზავნა, რათა განგასწავლოთ და რწმენაში განგამტკიცოთო. ჩვენ ისინი გამოვკითხეთ: თქვენთან როგორ არის მიღებული? მათ დაიწყეს მოყოლა: როცა აბანოდან გამოხვალ და კაბის ჩაცმას დაიწყებ, მოგიწევს შესამოსელზე ფეხით დადგე და მიტრა ფეხქვეშ ამოიდო. ჩვენ კი ამის შესახებ შევიკრიბეთ და ვიმსჯელეთ. ვხედავთ, რომ ისინი ჩვენთან საცდურად მოვიდნენ და უარი ვუთხარით: არ გვინდა ჩვენ თქვენი სარწმუნოება და მოძღვრებაო“28.
ამ ცნობის დაჯერება შეუძლებელია; ჯერ ერთი, რომის პაპს ურბან VIII-ს მისთვის არც მისიონერები გამოუგზავნია და არც საეკლესიო სამოსელი და მიტრა; მეორე, საერთოდ, უაზრობას წარმოადგენს მიტროფანეს მონაყოლი აბანოდან გამოსვლის შემდეგ შესამოსელზე ფეხის დადგმა და მიტრის ფეხქვეშ ამოდება რა შინაარსის მატარებელია; მესამე, სწორი ის გახლავთ, რომ, მართლაც, 1633 წელს ორი თეატინელი მისიონერი (და არა ექვსი) დონ ჯუზეპე ჯუდიჩე და დონ არქანჯელო ლამბერტი ჩავიდნენ ოდიშის სამთავროში და რუს ელჩებთან მისი საუბრის დროსაც იქ იმყოფებოდნენ. მაგრამ ამის შესახებ მას რუსი ელჩებისათვის არაფერი უთქვამს. ეს უკანასკნელი ხომ არ იყო იქითკენ მიმართული, რომ რუს ელჩებს სამეგრელოს სამთავროს შესახებ მოსკოვის სამეფო კარი შემდეგში უფრო მეტად დაეინტერესებინა? დაბეჯითებით ამის მტკიცება ძნელია.
მიტროპოლიტ მიტროფანეს მონაყოლმა სტიმული მისცა პავლე მღვდელს რომის კათოლიკური ეკლესია და მისი მეთაური რომის პაპი შავბნელ ფერებში წარმოედგინა. ამასთან დაკავშირებით წყაროში ვკითხულობთ; „მიტროპოლიტის საუბრის დასრულების შემდეგ პავლე მღვდელმაც მიტროპოლიტ მიტროფანეს მოუთხრო; კონსტანტინოპოლში კეთილმსახურ მეფე მიხეილ პალეოლოგის მმართველობის პერიოდში რომის პაპის წარგზავნილები, თორმეტი კაცი, ფრიად ბრძენნი და ბოლომდე განსწავლულნი თავიანთ მკრეხელურ ლათინურ სარწმუნოებაში როგორ ეახლნენ სასაუბროდ მეფესა და პატრიარქს და ეკლესიების გაერთიანებაზე ალაპარაკდნენ: ერთმანეთს რატომ უნდა დავშორდეთ და დავარღვიოთ თანამოაზრეობა? ღმერთი ხომ ერთია თქვენთვისაც და ჩვენთვისაც. ამიტომ ყველას გვმართებს ჩვენი მოძღვრის, რომის პაპის მორჩილება და მისგან სწავლა, რომელიც ყველა პატრიარქთა თავია“29.
მოტანილი წყაროდან, ცხადია, რომ საუბარია ლიონის 1274 წლის ეკლესიათა უნიაზე, რომელიც რომის პაპ გრიგორი X-ის ინიციატივით დაიწყო და ბიზანტიის იმპერატორმა მიხეილ VIII პალეოლოგმა პრაგმატული მოსაზრებით მიიღო30, თუმცა ბერძნული ეპისკოპატის დათანხმება ძალზე რთული იყო.
ამ ისტორიული პრობლემის ყურმოკვრით მცოდნე პავლე მღვდელი მიტროფანე მიტროპოლიტს არწმუნებდა, რომ პაპის წარგზავნილებს მეფემ (მიხეილ VIII პალეოლოგმა –მ.პ) და პატრიარქმა (კონსტანტინოპოლის – მ.პ.) ...მშვიდად მიუგეს: „– ო, ლათინებო! გაიხსენეთ ჩვენი ღმერთისა და და უფლის ბრძნული ქმნილება. მასზე შესაქმის წიგნებში წერია: უწინარეს შექმნა ღმერთმა ცა და ქვეყანა და მსახურებისათვის შექმნა ათი ხარისხი, ანუ ანგელოზთა ძალნი, რომ ათი ხარისხი იყოს. ახლა შეგვეკითხეთ მოციქულთა მიერ დედამიწაზე რა ხარისხებია შექმნილი და ჩვენ თავაზიანად გიპასუხებთ: პირველია წიგნის მკითხველი და მგალობელი, მეორე – წმიდა ნაწილების შემომტანი, მესამე – იპოდიაკონი, მეოთხე – დიაკონი, მეხუთე – მღვდელი, მეექვსე – იღუმენი, მეშვიდე – ეპისკოპოსი, მერვე – მიტროპოლიტი, მეცხრე – პატრიარქი, მეათე – პაპი. ის იქიდან აქამომდე ყველასათვის უპირველესად არის დადგენილი. ჩვენ კი კვლავ შემოთავაზებულ წინადადებას დავუბრუნდებით და სიტყვას ზეცას აღვავლენთ: ზეციური ხარისხებისათვის უპირველესი იყო სატანა და ღმრთის წინაშე სისაძაგლე სწორედ მან ჩაიდინა, აზრით გაამპარტავანდა: თქვა, საყრდენს ღრუბლებზე დავიდგამ და უზენაესს დავემსგავსებიო, და მას რა მოუვიდა? ზეციდან დაამხეს და ეწოდა სატანა და ეშმაკი; მისი მიმდევრებიც ეშმაკებად იქცნენ. ასეთად იქცა შემდგომში დედამიწაზე რომის პაპი, რომელსაც ყველას შორის უპირველესობა მოუნდომებია“31.
აქ მოტანილი ცნობის მსგავსს არ იცნობს ლიონის საეკლესიო კრების წინა მოსამზადებელი პერიოდი. მით უმეტეს, ეკლესიათა უნიის მომხრე იმპერატორი ასეთ სიტყვებს არ იტყოდა. ამგვარი რამ შესაძლებელია გაუცნობიერებელ მორწმუნე მასაში ეთქვათ. თუმცა პავლე ზახარიევისათვის ეს არ იყო მთავარი. მისი მიზანი, როგორც წყაროში ჩანს, ის იყო, რომ რომის პაპი სატანასთან შეედარებინა და მისი გარდაუვალი დაღუპვა დაესაბუთებინა.
პავლე ზახარიევის ამ ვრცელ ანტიკათოლიკურ მტკიცებებში ხაზი ესმებოდა კათოლიკურ ეკლესიაში მრავალი მწვალებლობის არსებობას, ხატებისაა და ღმრთისმშობლისადმი უპატივცემლობას, პირჯვრის არასწორად გადასახვას და ამის გამო ეშმაკთან წილნაყარობას, წმიდა დღეებში მარხვის შეუნახაობას, და ა.შ.32. აქვე სახალისოა ერთი ამბავი, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქმა თითქოსდა უთხრა პაპისაგან წარგზავნილებს: „მარხვაში დიდ პარასკევამდე ალილუიას არ გალობთ; ჯვრებს მიწაში ფლავთ და ამბობთ: ქრისტე იერუსალიმში გაიქცაო. მერე კი დიდ პარასკევს ჯვრები მიწიდან ამოგაქვთ და ამბობთ: ქრისტე უკვე მოვიდაო და შემდეგ იწყებთ ალილუიას გალობას. გარდა ამისა, მთელი მარხვის პერიოდში თქვენი ქალები რძესა და კვერცხს მიირთმევენ, ხოლო თუ ავადა ხართ, მაშინ დიდმარხვაში ხორცსა და რძეს თქვენც მიირთმევთ“33.
ამას მოსდევს კათოლიკე მღდდლების ყოფაქცევის დახასიათება, რომელიც კონსტანტინოპოლის პატრიარქის ენითაა გადმოცემული. პატრიარქმა პაპის წარმომადგენლებს უთხრა: „თქვენი მღვდლები კი შებილწულ და უწმინდურ ქალებს თავისთან არ იჩერებენ, მაგრამ მორჩილებს იჩერებენ და მათთან შემდეგნაირად იქცევიან: სანთელს ჩააქრობენ და კაბის ქვეშ შეუძვრებიან, დილით კი ეს ღვთის საძაგელი ადგება, თავის საძმოსთან მივა და ეტყვის: შემინდეთ, შევცდი და კვლავ თავის საზიზღარ საქმეს აგრძელებს. მეძავებთან მეძავეობს და თავის თავში ცოდვას ვერ ხედავს34. რაც შეეხება კათოლიკე სასულიერო პირთა საეკლესიო მსახურებას, ამაზე რომის წარგზავნილებს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა უპასუხა: „...თითოეულ თქვენგანს შეუძლია ერთ დღეს სამი-ოთხი ლიტურღია ჩაატაროს. შეიძლება ასევე, ერთმა დაიწყოს მსახურება და მიატოვოს, მერე მეორე მივიდეს და გააგრძელოს და ასე–მეათემდე; როდესაც მღვდელი თქვენთან ლიტურღიას ატარებს და გასვლა მოუნდება, სამოსელს გაიხდის და გავა ისე, რომ ლიტურღიას არ დაამთავრებს, მერე კი დაბრუნდება და გააგრძელებს. თქვენი მსახურება კი შემდეგნაირად ტარდება: სადაც უნდათ, იქ წირავენ – ეზოში ან მინდორში, სადაც თავისი ღმრთისაგან განდგომილი და მართლმადიდებელ ქრისტიანეთაგან შეძულებული პაპი უბრძანებს. და კვლავ გკითხავთ თქვენ, წყეულო ლათინებო: ქრისტიანებად რომ იწოდებით, საინტერესოა, რომელი ნათლობით ინათლებით და რომელ მირონს იცხებთ და ვისი სახელით იდებენ პირში თქვენი მღვდლები მარილს, ნერწყვით მარილწყალს აკეთებენ და იმით ადგილებზე ცხებენ; თანაც ისე კი არ აკეთებენ, როგორც ეს წმიდა მამებისადან გადმოგვეცა: ინათლება მონა ღვთისა–სახელი თქვი–სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა; თქვენ კი ამბობთ: გნათლავ შვილო – ეს და ეს“35.
მთელს ამ ნეგატივში საინტერესო ჩანს, თუ როგორ განმარტავდა კონსტანტინოპოლის პატრიარქი სახელწოდებას – ფრანგსა და ლათინს. აქვე წყაროში ვკითხულობთ: „მითხარით, საიდან მოდის სახელწოდება ფრანგი და ლათინი?
თვითონვე გეტყვით ორივე თქვენი სახელის შესახებ. კათოლიკედ იმიტომ იწოდებით, რომ როცა ხედავთ ვნებულ ძე ღმრთისას, მაშინ ეკლიან გვირგვინს წნავთ და ჩვენ გამომხსნელ ღმერთს თავზე ადგამთ. ლათინებს კი იმიტომ გიწოდებენ რომ ჭეშმარიტი რწმენა გათელეთ, ცდომილებაში შეხვედით, ღმერთის დიდებას მოკლებულხართ, ნამდვილად დაბრმავებულხართ, წყეულნო და ეშმაკს შედგომიხართ. მან კი ღორების სამწყემსავად გაგგზავნათ, – მაშ, აღასრულეთ ყველაფერში ნება მისი. ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტიანებს, გვწამს ერთი ყოვლაწმიდა ცხოველმყოფელი და ერთარსი სამება – მამა, ძე და სულიწმიდა. თქვენ კი, წყეულო ლათინებო და კათოლიკებო (ფრანგებო – მ.პ.), ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან დაცლილხართ და ვერ შეგისმენიათ წმიდა მოციქულთა მოძღვრებანი, წმიდა მამათა კანონები კი შეგირყვნიათ და საკუთარი ნებისამებრ გადაგიკეთებიათ. მამა ღმრთისგან და ძისგან შებრუნებულხართ და წმიდა სამება გაგიყვიათ, არც გწამთ, არც ადიდებთ და, საერთოდ – ღმერთის სიტყვას არაფრად აგდებთ. ო, წყეულო ლათინებო და კათოლიკებო (ფრანგებო – მ.პ.), თქვენი ურწმუნოების გამო დაწყევლილნი ხართ უფლისა ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტესაგან, ასევე წმიდა მოციქულთა და წმიდა მამათაგან და ყველა ქრისტიანთაგან წყეულიმც იყავთ და თქვენთან ერთად ყველა მწვალებელი და შთაგდებულ ყოფილიყავთ ჩაუქრობელ ცეცხლში და მარადიულ წამებაში“36.
მოტანილი ინფორმაციის სანდოობაზე, რომ მართლა ასე მიმართა ეკლესიათა უნიის წინადადებით წარგზავნილებს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა, მსჯელობა ძნელია. ჩვენ ამჯერად ამის საკონტროლო მასალა არ გაგვაჩნია. თუმცა ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო. ისედაც ცხადია რუსი ელჩის უსაზღვრო ფანტაზია და მთლიანად დასავლეთისადმი მისი მძულვარე დამოკიდებულება. მოტანილ წყაროში რაც იკითხება, ის არის მთავარი, რომ რუსმა ელჩმა კათოლიკური სამყაროს სულიერი მეთაური, რომის პაპი, მისი ღვთისმსახურება და ქრისტიანული რწმენა კონსტანტინოპოლის პატრიარქის „პირით გადმოსცა“ და მთელ დასავლურ ქრისტიანულ სამყაროზე ეშმაკისეული წარმოდგენა შექმნა. სწორედ ამიტომ იყო, რომ, ალბათ, მოსმენილით გაოგნებულმა მიტროფანე მიტროპოლიტმა მოკლედ თქვა: „როგორ ითმენს ღმერთი ასეთ უწესობას“37. ეს იყო და ეს, მიტროპოლიტ მიტროფანეს რუს ელჩებთან აღნიშნულ საკითხზე არ უმსჯელია.
ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულის შედეგად დავასკვნით: ოდიშის სამთავროში 1639 წელს ჩამოსული რუსი ელჩები ფედოტ ელჩინი და პავლე ზახარიევი ოსტატურად შეუდგნენ ფანტაზიით მოცულ ანტიკათოლიკურ პროპაგანდას და კათოლიკური სარწმუნოების მიმართ რუსეთში არსებული სიძულვილის ქართულ ნიადაგზე გადმოტანა სცადეს. ხოლო რომის პაპზე, ლათინ სამღვდელოებასა და კათოლიკურ რწმენაზე სატანისეული სურათის წარმოდგენა ლიონის საეკლესიო უნიის ფონზე გარკვეულ მიზანს ისახავდა. კერძოდ: ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას და შესაბამისად ოდიშის მთავარს არასოდეს აეღო ორიენტაცია „მწვალებლურ“ დასავლეთზე და მის სულიერ მეთაურ რომის პაპზე. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას თავის საყრდენად მხოლოდ რუსული მართლმადიდებელი ეკლესია მიეჩნია, ხოლო ქართველ სახელმწიფო მესვეურებს მარტოოდენ რუსეთის სახელმწიფო ეღიარებინათ „მესამე რომად“. ეს მიზანი, ამ ელჩობის ფარგლებში, ნამდვილად თუ ფორმალურად მიღწეული იქნა. რუს ელჩებს ლევან II დადიანის კარზე განუცხადეს: „მანამდე დიდი ხელმწიფე რომში იყო, მაგრამ ამ დროისთვის ეს მოისპო და ღმერთმა [ის პატივი] თქვენს სრულიად რუსეთის თვითმპყრობელ დიდ ხელმწიფესა და დიდ მთავარ მიხეილ თევდორეს–ძეს უბოძა“38. თუმცა ამით ლევან დადიანის კარზე კათოლიკე მისიონერების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება არ შეცვლილა, პირიქით, ოდიშის მთავარმა 1643 წელს რომის პაპ ინოკენტი X–სთან დიპლომატიური მისიით გაგზავნა დონ ჯუზეპე ჯუდიჩე, რომელსაც სამეგრელოდან ორი ყმაწვილი მიჰყავდა პროპაგანდის კოლეჯში სასწავლებლად39.
შენიშვნები
1. ანთელავა ი., ლევან II დადიანი, თბ., 1990; სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში (არქეოლოგიის, ენათმეცნიერების, ისტორიის, ხუროთმოძღვრებისა და ეთნოლოგიის ნარკვევები). ილია ანთელავას საერთო რედაქციით. თბილისი-ზუგდიდი, 1999; მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, II, თბ., 2011; Накашидзе Н., Грузино-русские политические отношения первой половине XVII века, Тб., 1968.
2. გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალები, 1636–1640 წლები, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები, ლექსიკონი, საძიებლები და კალენდარი დაურთო ჯემალ გამახარიამ, თბ., 2014.
3. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, II, თბ., 2011, 599.
4. გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალები, 1636–1640 წლები, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები, ლექსიკონი, საძიებლები და კალენდარი დაურთო ჯემალ გამახარიამ, თბ., 2014, 227–228.
5. იქვე გვ. 32; მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, II, თბ., 2011, 598; სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში (არქეოლოგიის, ენათმეცნიერების, ისტორიის, ხუროთმოძღვრებისა და ეთნოლოგიის ნარკვევები). ილია ანთელავას საერთო რედაქციით. თბილისი–ზუგდიდი, 1999, 194.
6. იქვე გვ. 33.
7. იქვე გვ. 33; 228.
8 Полиевктов М. Европейские путешественники XIII-XVIII вв. по Кавказу. Тб.. 1935, 36–39.
9. გაბრიელ გეგენავას ...გვ. 229
10. იქვე გვ. 230-231; 365-366.
11. იქვე გვ. 231.
12 იქვე გვ. 231.
13. იქვე გვ. 231.
14. იქვე გვ. 232.
15. მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, II, თბ., 2011, 196.
16. იქვე გვ. 196.
17. გაბრიელ გეგენავას...; მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, II, თბ., 2011, 601.
18. იქვე გვ. 234–259.
19. იქვე გვ. 243.
20. იქვე გვ. 250–255.
21. იქვე გვ. 252–253.
22. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის. ტფილისი, 1902, 154; 181-182; დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი. წერილები საქართველოზე (XVII საუკუნე). იტალიური ტექსტი თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბეჟან გიორგაძემ, თბ., 1964; დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი. რელაცია საქართველოზე (XVII საუკუნე). იტალიური ტექსტი თარგმნეს, შესავალი და შენიშვნები დაურთეს მურმან პაპაშვილმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა, თბ., 2014.
23. გაბრიელ გეგენავას... გვ. 312; 314; 319; 330–331; 336; 339.
24. იქვე გვ. 300; 302.
25. იქვე გვ. 304; 337.
26. იქვე გვ. 304.
27. იქვე გვ. 302; 336–345.
28. იქვე გვ. 302.
29. იქვე გვ. 342.
30. დაწვრ. იხ: Величко А.М., История Византийских императоров. В 5 томах. Т. 5. М., 2012, 111–125.
31. გაბრიელ გეგენავას... გვ. 343.
32. იქვე გვ. 343–344.
33. იქვე გვ. 344.
34. იქვე გვ. 344.
35. იქვე გვ. 345.
36. იქვე გვ. 345.
37. იქვე გვ. 345.
38. იქვე გვ. 308.
39. დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი. რელაცია საქართველოზე (XVII საუკუნე). იტალიური ტექსტი თარგმნეს, შესავალი და შენიშვნები დაურთეს მურმან პაპაშვილმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა, თბ., 2014, 7.

დამოწმებანი:
ანთელავა ი., ლევან II დადიანი, თბ., 1990. სამეგრელო, კოლხეთი, ოდიში (არქეოლოგიის, ენათმეცნიერების, ისტორიის, ხუროთმოძღვრებისა და ეთნოლოგიის ნარკვევები), ილია ანთელავას საერთო რედაქციით, თბილისი-ზუგდიდი, 1999, გვ. 165–216.
მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, II, თბ., 2011.
Накашидзе Н., Грузино-русские политические отношения первой половине XVII века, Тб., 1968.
თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფილისი, 1902.
დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი, წერილები საქართველოზე (XVII საუკუნე), იტალიური ტექსტი თარგმნა, წინასიტყვაობა და შენიშვნები დაურთო ბეჟან გიორგაძემ, თბ., 1964.
დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი, რელაცია საქართველოზე (XVII საუკუნე), იტალიური ტექსტი თარგმნეს, შესავალი და შენიშვნები დაურთეს მურმან პაპაშვილმა და ზურაბ გამეზარდაშვილმა, თბ., 2014.
Tabagua Illia M. I rapporti tra la Georgia Cristiana e la Santa Sede, vol. I, Tbilisi, 1996.
პატრიცია ანა ლიჩინი, კრისტოფორო კასტელი და მისი მისია საქართველოში, თარგმანი, შესავალი და შენიშვნები დაურთო მურმან პაპაშვილმა, თბ., 2009.
გაბრიელ გეგენავას, ფედოტ ელჩინისა და პავლე ზახარიევის ელჩობათა მასალები, 1636-1640 წლები. გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, კომენტარები, ლექსიკონი, საძიებლები და კალენდარი დაურთო ჯემალ გამახარიამ, თბ., 2014.
Полиевктов М. Европейские путешественники XIII-XVIII вв. по Кавказу. Тб., 1935.
Величко А. М., История Византийских императоров. В 5 томах. Т. 5. М., 2012.

Комментариев нет:

Отправить комментарий