понедельник, 13 сентября 2021 г.

ამერიკული მისიების მოღვაწეობა საქართველოში 1918-1920 წლებში (მ. მიჩიტაშვილი)

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობების პრიორიტეტებს სამხედრო-სტრატეგიულ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენი საზოგადოების ამერიკისადმი დიდი ინტერესი და მომავლის პერსპექტივები აქტუალურს ხდის ამერიკასთან პირველი კონტაქტების ისტორიის მრავალმხრივ და ობიექტურად შესწავლას.
პირველმა მსოფლიო ომმა, რუსეთის 1917 წლის ბოლშევიკურმა რევოლუციამ და იმპერიათა ნანგრევებზე ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღმოცენებამ ბიძგი მისცა ამიერკავკასიის გეოპოლიტიკურ არენაზე ამერიკის შეერთებული შტატების გამოსვლას, რომელსაც ამ სტრატეგიული რეგიონის მომავლისადმი საკუთარი ხედვა ჰქონდა, რაც ნათლად ჩანს ამერიკული მისიების მოღვაწეობის ისტორიიდან. მათი მეცნიერული კვლევისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობების ამსახველ ევროპულ და ამერიკულ დოკუმენტურ მასალას: სენატორების, კონსულების, სამხედრო მისიების რელაციებს, სტენოგრაფიულ ჩანაწერებს, ჰარვარდისა და ლევილის ფონდს, რაზედაც საბჭოური იდეოლოგიური პოლიტიკის გამო ისტორიკოსებს ხელი არ მიგვიწვდებოდა. შესაბამისად ევროპული და ამერიკული წყაროების სიმცირემ და ტენდენციურმა იდეოლოგიურმა პოლიტიკამ განსაზღვრა ამ პერიოდის ისტორიულ მოვლენებზე, საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებზე და პიროვნებებზე რადიკალურად განსხვავებული შეფასებები, ა. მილერის, გ. ღამბაშიძის, ა. ჩოხელის, ა. მენთეშაშვილის, ედუარდ ჰაუზის, კროს-ნაჯაფის და სხვ. ნაშრომებში.
ამერიკის საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში საქართველოსადმი ინტერესი ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ამერიკის პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის „14 პუნქტიდან“ მე-6 პუნქტი კავკასიას შეეხებოდა, რომელიც უნდა განხილულიყო, როგორც თურქეთის პრობლემების ნაწილი. რუსეთისაგან ეს გამოცალკევება კავკასიისათვის უკვე დიდი მხარდაჭერა იყო. ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო ბათუმში 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე გაიხსნა, საკონსულო მალე თბილისში გადავიდა.
საქართველოში ამერიკის პირველი კონსული ფელიქს უილოუბ სმითი, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ოფიციალური სტატუსით 1916 წლიდან 1918 წლამდე მოღვაწეობდა. აკაკი რამიშვილის ცნობით (რამიშვილი 2000:41) რუსეთის რევოლუციის დროს სმითი ამიერკავკასიის ფედერაციის გაფართოების იდეას უჭერდა მხარს. სმითის იმდროინდელი რელაციები და მაღალი რანგის ამერიკელ პოლიტიკოსებთან პირადი მიმოწერა, ვილსონის ადმინისტრაციისადმი გაკეთებული გაბედული წინადადებები, 60 მილიონიანი თანხით და სურსათით დახმარებოდნენ ამიერკავკასიის კომისარიატს. მიუთითებდა, რომ რეგიონი მსოფლიოს ძლიერი სახელმწიფოს აშშ-ს გლობალური ინტერესების სფეროში მოექცა. 1918 წლიდან ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმების შემდეგ აქტიურად ჩაერთო კავკასიაზე თურქეთის თავდასხმისგან თავდაცვის გეგმის შემუშავებაში, ამერიკის კონსული თავის მთავრობას დეპეშით ატყობინებდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და არმია უარს ამბობდა გაჰყოლოდა ბოლშევიკებს. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ვითარების შესასწავლად 1918 წლის 14 დეკემბერს ბათუმში ამერიკის მისია ჩამოვიდა, ჩიკაგოს უნივერსიტეტის რექტორის, საერთაშორისო სამართლის დოქტორის, ჯედსონის მეთაურობით. დ. თოფურიძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ე. გეგეჭკორთან შეხვედრის საარქივო მასალებიდან ჩანს, (მაღლაკელიძე 1953:26-30) ამერიკის დაინტერესება საქართველოს ხელისუფლება იყო თუ არა სოციალისტური, როგორი იყო ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, შეიარაღებული ძალების რაოდენობა, ქვეყნის ჩრდილოეთიდან ბოლშევიკების საფრთხის მოგერიების შესაძლებლობა, ქვეყანაში წესრიგის უზრუნველყოფა და სხვ. ჯედსონმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ამერიკისათვის დახმარება თვითონ საქართველოს უნდა ეთხოვა, რაზეც ამერიკის მთავრობისგან თანხმობას აუცილებლად მიიღებდა. ამ პერიოდში ქართული მხარე ამერიკას არ განიხილავს მანდატორ ქვეყნად: „თუ დამოუკიდებლობის საკითხი ძალიან გამწვავდა... და თუ იქნება პროტექტორატი, მხოლოდ რომელიმე ევროპულ სახელმწიფოთა“ ნათქვამია, მთავრობის სხდომათა #1 ოქმის საიდუმლო დირექტივებში. (მენთეშაშვილი 1992: 162)
1919 წლის ზაფხულამდე, ინგლისის ჯარების გასვლამდე, საქართველოში ამერიკის დახმარება წარმოდგენილი ჰქონდათ მხოლოდ ფინანსური თანადგომისა და დიპლომატიური მხარდაჭერის სახით. ქართული დოკუმენტური მასალების მიხედვით, 1919 წლის 22 მარტს ევგენი გეგეჭკორსა და ნოე რამიშვილთან კონსულ ა. სმითისა და ბ. მურის განმეორებითი ვიზიტის სტენოგრამა ნათელს ჰფენს აშშ-ის ინტერესებს საქართველოში: „ჩემს მთავრობას გულწრფელად სურს საქართველოს დამოუკიდებლობა. საქართველო პატარა სახელმწიფოა და ამიტომ არ შეუძლია არსებობა გარედან დახმარების გარეშე. თავად უნდა მიგვითითოთ ფორმა, რომლითაც გამოიხატება დახმარება ჩვენი მხრიდან... ამიერკავკასიისათვის აუცილებელია ერთი საერთო მანდატი, მისი ეკონომიკური ინტერესების ერთიანობის გამო“. (მენთეშაშვილი 1990:48-50)
ქართული მხარის პოზიცია ამ საკითხში არ იყო ერთსულოვანი, ნოე რამიშვილი ვილსონის თვალსაზრისის გამარჯვების შემთხვევაში ვილსონის მანდატის მომხრე იყო, რასაც მხარს მტკიცედ უჭერდა ზ. ავალიშვილი. ა. ჩხენკელი – ი.წერეთელისადმი გაგზავნილ წერილში მკაცრად აკრიტიკებდა მანდატურობის საკითხს (საისტორიო არქივი ფ.1831: აღწ. #2 საქმე 283; 52) ბოლშევიზმის მიმართ უკომპრომისო სმითი, დაინტერესდა ამიერკავკასიის ეთნიკური სტრუქტურითა და კავკასიის სასაზღვრო დავის საკითხებით /იგულისხმება სასაზღვრო ომი საქართველოსა და სომხეთს შორის, დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის/. პირადად იცნობდა მრავალ პოლიტიკური მოღვაწის პროევროპულ ორიენტაციას და იმ საფრთხეების მაღალ რისკებს, რასაც დაშლის პირას მდგარი რუსეთის იმპერია უქმნიდა რეგიონს, ამიტომ საქართველოს მთავრობის მიმართაც თავშეკავებული გახდა და არც ქვეყნის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს. სმითის მიერ ამერიკაში გაგზავნილ დეპეშებში აღარ იგრძნობოდა ოპტიმიზმი საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესების გამო (წწწ.არქივე.ორგ) თუმცა ერთ-ერთ მიზეზად ა. რამიშვილი მისიის მიმართ არასასიამოვნო ინციდენტებს ასახელებს, მაგრამ ინფორმაციის წყაროს არ უთითებს (საისტორიო არქივი ფ. 2000:51) სმითმა შეახსენა ადრინდელი ორიენტაცია რუსეთზე და გერმანიაზე, გამოთქვა ეჭვი ამ ორიენტაციის არსებობაზე, მათთვის ცნობილი იყო, რომ 1918 წლის ნოემბერში სამხრეთ კავკასიაში შემოსული ბრიტანეთის არმიის სარდლობა შეეცადა ხელი შეეშალა გერმანელთა სამშობლოში დაბრუნებისათვის. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა თავის მოკავშირე გერმანიის მხედრობას უვნებლად დაეტოვებინა რესპუბლიკის ფარგლები. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაცვაში შეტანილი წვლილისათვის მრავალი გერმანელი ჯარისკაცი და ოფიცერი თამარ მეფის ორდენით იქნა დაჯილდოებული.
ამერიკულ მისიებში პრორუსული ორიენტაციის ეჭვებს აჩენდა, არა მარტო მთავრობის სასახლეზე აღმართული ბოლშევიკური რევოლუციური წითელი დროშა, არამედ საქართველოს მთავრობის სახელით II ინტერნაციონალის ლიდერებისადმი გაგზავნილი წერილები და მემორანდუმები (საისტორიო არქივი ფ. 1831: აღწ.#2, საქმე 136). მათი სტუმრობა საქართველოში და პარიზის ქართული დელეგაციის წევრთა გამოსვლები: 1919წ. ჩხენკელის-ლიუცენის კონფერენციაზე, ი. წერეთლის – 1919წ. 28 აპრილის ამსტერდამის კონგრესზე. (საისტორიო არქივი ფ. 2115: აღწ 1, საქმე 28, 36)
ინტერნაციონალი უარყოფდა დიდი სახელმწიფოების დროებით მანდატსაც. ამდენად, იმდროინდელი საერთაშორისო ვითარების გათვალისწინებით, ევროპელ სოციალისტთა სიტყვიერი მხარდაჭერა და ქართველ დიპლომატთა ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური პლატფორმა, არა თუ დადებით რეზონანს მოახდენდა პარიზის კონფერენციის წამყვან ევროპისა და ამერიკის მთავრობებზე და ერთა ლიგის გადაწყვეტილებებზე, არამედ ბევრ კითხვას გააჩენდა დემოკრატიული საქართველოს მთავრობის პოლიტიკური კურსის არასტაბილურობაზე და საიმედო პარტნიორობის იმიჯს უკარგავდა ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში. 1920 წლის იანვარში სმითი გარდაიცვალა. იგი ახალმა კონსულმა ჩარლზ მოზერმა შეცვალა, ევგენი გეგეჭკორზე განაწყენებულს დღემდე დაუდგენელი მიზეზების გამო, საქართველოსადმი მისი კეთილგანწყობა სწრაფად შეცვლილა. 1919 წლის აპრილის ანგარიშში საქართველოს, სოციალისტურ რესპუბლიკად იხსენიებდა.
ევროპისა და ამერიკის სახელმწიფოები საქართველოს პრობლემას საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში განიხილავდნენ, ანგარიშს უწევდნენ რეგიონში რუსეთის რეალურ ინტერესებსა და ძალთა ბალანსს, აფიქრებდათ კავკასიის ქვეყნების არასტაბილური ვითარება, მათი შეუთანხმებლობა საზღვრების გამო. პარიზის კონფერენციაზე კულუარული ბრძოლა მიმდინარეობდა სამანდატო სისტემით, გავლენის სფეროების გადანაწილებაზე, ამიტომ მოულოდნელად იცვლებოდა სტრატეგიები და პოლიტიკური გადაწყვეტილებანი. იტალიის ახალმა მთავრობამ უარი თქვა საქართველოსა და აზერბაიჯანის მანდატზე და 1919 წლის იანვრიდან პარიზის სამშვიდობო კონფერენციის გადაწყვეტილებით ამერიკას სომხეთზე მანდატის აღება შესთავაზეს, რაშიც სომხური დიასპორის მაღალი პოლიტიკური აქტიურობაც სახელდებოდა. ამერიკა კავკასიაში დარჩა ერთადერთ რეალურ მოკავშირე ძალად. დემოკრატიულმა მთავრობამ ამჯერად
სათანადოდ შეაფასეს ამერიკის მნიშვნელობა და გადაიდგა პოზიტიური პოლიტიკური ნაბიჯები ამერიკული მისიების წარმომადგენლებთან. 1919 წლის 9 ივნისის პარიზის ქართული დელეგაციის ოქმის სტენოგრაფიული ჩანაწერები (მენთეშაშვილი 1992:162) პროამერიკულ დიპლომატიაზეა ორიენტირებული. გააქტიურდა შეხვედრები პარიზში, ამერიკელთა დელეგაციასთან. 11 ივნისს შეხვდნენ პრეზიდენტ ვილსონის უახლოეს მეგობარსა და მთავარ მრჩეველს, პოლკოვნიკ, ედვარდ ჰაუზს, რაც ზოგადად აისახა ჰაუზის დღიურშიც. გადასცეს მემორანდუმი პრეზიდენტ ვილსონისადმი. მასში აქცენტები გაკეთდა ამიერკავკასიის ფედერაციაზე, საქართველოს მთავრობის ინიციატივით მოწვეულ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთისა და მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენელთა კონფერენციის მუშაობაზე და საქართველოზე ამერიკის მანდატის მიღების თაობაზე. შემუშავებულ იქნა სადირექტივო დოკუმენტი, მილერის კრებული, სადაც ამერიკელებმა პირველად დააფიქსირეს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის დროებითი დამოუკიდებლობა, სამომავლოდ ფედერაციის რომელიმე ფორმით გაერთიანების მიზნით.
1919 წლის გაზაფხულზე პრეზიდენტ ვილსონის, მეორე ვადით არჩევნების ვადის ამოწურვამ საგარეო პოლიტიკური ინიციატივების წინააღმდეგ ამერიკის კონგრესსა და სენატში გააქტიურა იზოლაციონისტთა მძლავრი ოპოზიცია სენატორ ჰენრი ქებოტ ლოჯის მეთაურობით. ისინი თვლიდნენ, რომ ამერიკას კავკასიაში მარტო სომხეთზე უნდა აეღო მანდატი, ამისათვის კი 20000-იანი ამერიკული კორპუსიც საკმარისი იქნებოდა. პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები პოზიციას იმაგრებდნენ იმით, რომ არ დაუჭერდნენ მხარს რომელიმე მცირე ერებისთვის ძალით თავს მოეხვიათ მანდატი, თუ არ იქნებოდა მისი მიღება ნებაყოფლობით. მით უმეტეს თუ მანდატორობა ახალ საბრძოლო მოქმედებებში ჩართავდა ქვეყანას, რასაც კავკასიაში, ბოლშევიკურ რუსეთთან გარდაუვლად მიიჩნევდნენ. პრეზიდენტმა პოზიციის გასაძლიერებლად ახლო აღმოსავლეთში, თურქეთსა და ამიერკავკასიაში გააგზავნა სენატორების კინგ-კრეინის კომისია. დავალებული ჰქონდათ გაერკვიათ, „თუ როგორ მეურვეებს მოისურვებდნენ ახლო აღმოსავლეთის ესა თუ ის ტერიტორიები... კვლევის მასშტაბურობა და მოსახლეობის გამოკითხვა ხასიათდებოდა შესაშური სკრუპულოზურობით და პირუთვნელობით“ (ჩოხელი 1990:13)
საქართველოს მთავრობისათვის ნათელი შეიქმნა, რომ ქართული დიპლომატია პრაგმატულ შორსმჭვრეტელობას მოკლებული აღმოჩნდა და აშკარად გააქტიურდა. 11 აგვისტოს, სტამბოლში საქართველოს წარმომადგენლობა ეწვია მათ და ამერიკის მეურვეობაზე თანხმობა განუცხადა. სენატში 1919 წლის 1 აგვისტოს მანდატის საკითხის განხილვისას კინგ-კრეინის კომისიამ დამაჯერებლად დაასაბუთა სომხეთზე ამერიკის მანდატორობა, რაც იქნებოდა პირველი ნაბიჯი, ამერიკისაგან საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფისა.
ამ პერიოდში ამერიკის ადმინისტრაციის მხარდაჭერას და კეთილგანწყობას ახლადწარმოქმნილ ამიერკავკასიის ქვეყნების დამოუკიდებლობის თაობაზე ადასტურებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრის, საქართველოს არაოფიციალური წარმომადგენლის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვალტერ შანდლერის ვაშინგტონიდან გამოგზავნილი მოხსენებით ბარათები (საისტორიო არქივი ფ. 2121: აღწ. 1 საქმე 9) იზოლაციონისტების წინააღმდეგ კონგრესსა და სენატში მტკიცე არგუმენტების მოსაპოვებლად პრეზიდენტმა ვილსონმა საგანგებო დავალებით ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში 5 ივლისს მოკავშირეთა უმაღლეს კომისრად მიავლინა მისი ნდობით აღჭურვილი, ამერიკელი პოლკოვნიკი ჰასკელი, რომელიც თბილისში დაბინავდა, რაც შემთხვევითი არ უნდა ყოფილიყო. იმედოვნებდნენ საბოლოოდ გაერკვიათ საქართველოს საშინაო და საგარეო ორინტაციები, თვით კავკასიის ქვეყნების შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, რეგიონალური ინტეგრაციის შესაძლებლობანი, რომელიც ურთიერთსაწინააღმდეგო ასპექტებით შუქდებოდა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე. ჰასკელმა 1919 წლის 14 ნოემბრის სხდომაზე მოითხოვა უფლებამოსილების გავრცელება საქართველოსა და აზერბაიჯანზე.
ამერიკის პრეზიდენტი ვილსონი კონგრესისა და სენატისგან კავკასიის მანდატზე საბოლოო თანხმობის მისაღწევად გამოცდილ გენერალს ჯეიმს ჰარბორდის სამხედრო მისიას აგზავნის. იგი გულდასმით უნდა გასცნობოდა ვითარებას და ამერიკის მთავრობისათვის საგანგებო მოხსენება წარედგინა რამდენად ღირდა ამიერკავკასიაზე მანდატის აღება, გეოპოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით. იმდროინდელი პრესის ორიენტირი ქართული საზოგადოებრივი აზრის ამერიკის სასარგებლოდ წარმართვა გახდა. ქართული პრესა „სახალხო საქმე“, `საქართველოს რესპუბლიკა“ დაწვრილებით ამცნობდა საზოგადოებას ამ საზეიმო ვიზიტს. ჰარბორდი მოგონებებში ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ კავკასია წარმოადგენს ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას მსოფლიოში: „ეს რეგიონი იყო ერთდროულად მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გზაც და ბუნებრივი ბუფერიც ევროპასა და აზიას შორის“. (ჩოხელი ა. 1990:14-15)
ვილსონისადმი წარდგენილ მოხსენებაში ჰარბორდმა დაადასტურა რომ საქართველოს მოსახლეობა თანახმაა სამანდატოდ თავისი სახელმწიფო ამერიკას გადასცემოდა, თუმცა მისი 27 არგუმენტიდან მანდატის აღების თაობაზე 14 დადებითი იყო, 13 – უარყოფითი. ამით აირიდა პასუხისმგებლობა სენატში, ვილსონის ოპოზიციონერების წინაშე დებატებისაგან. იზოლაციონისტებმა თავისი პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენეს მისიების ანგარიშები და პრეზიდენტმა ვერც ის რეზოლუცია გაიტანა, რომლითაც შეეძლო ერთპიროვნულად გამოეყენებინა საექსპედიციო კორპუსი და საბოლოოდ უარი განაცხადა სომხეთის მანდატზე. იზოლაციონისტებისაგან კავკასიაში ამერიკის ჯარის გაგზავნის ჩაშლა საბედისწერო აღმოჩნდა უმეკავშირეოდ დარჩენილი კავკასიის რესპუბლიკებისათვის.
1920 წლის შემოდგომაზე სრულუფლებიანი ელჩის მანდატით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიგზავნა ზურაბ ავალიშვილი დიპლომატიურ-პოლიტიკური და ეკონომიკური დავალებებით. ამერიკასთან დიპლომატიური ურთიერთობის სერიოზული შეცდომების შესახებ 1922 წლის იანვარში უკვე ემიგრანტულ მთავრობას მისწერს, რომ ყველა ეს ნაბიჯები დაგვიანებულია და ეს უნდა მომხდარიყო მხოლოდ ორი წლის წინათ.
ამრიგად, ქართულმა დიპლომატიამ სათანადოდ ვერ შეაფასა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ საერთაშორისო პოლიტიკაში ახალი ძლიერი სახელმწიფოს – აშშ როლი, დროულად ვერ მოინახა ვუდრო ვილსონის ადმინისტრაციასთან დაახლოების ეფექტური გზები, ვერ შეაფასა ამერიკული მისიების მიზანი და ქმედითუნარიანობა.
სამანდატო სისტემაზე თანხმობით არ გაკეთებულა გაბედული მოთხოვნები მოსალოდნელი ბოლშევიკური აგრესიისაგან გარანტის როლი შეესრულებინა და აშშ-ს შეიარაღებული ძალები შემოეყვანა რეგიონში, ინგლისელთა გასვლის შემდეგ. თავის მხრივ, აშშ-ის ხელისუფლებაც უნდობლად უყურებდა საქართველოს სწრაფვას თავისუფლებისაკენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიოს მცირე ერები უფრო სწრაფად გათავისუფლდა სამანდატო სისტემისაგან და დამოუკიდებლობის გზას გაცილებით ადრე დაადგნენ, ვიდრე ანექსირებული საქართველო საბჭოთა რეჟიმისაგან, ვფიქრობ კავკასიის ერთიანობა და რეგიონზე ერთი საერთო მანდატის მოპოვება დაიცავდა საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ბოლშევიკური რუსეთის 70-წლიანი დიქტატურისაგან.
დამოწმებანი:
1. მენთეშაშვილი 1992: მენთეშაშვილი, ა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და პარიზის კონფერენცია, ჟ. „მაცნე“, № 2.
2. მენთეშაშვილი 1990: მენთეშაშვილი, ა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, ჟ. „საქართველოს კომუნისტი“, №11.
3. მაღლაკელიძე 1953: მაღლაკელიძე ს., ინგლისელი და ამერიკელი ინტერვენტები საქართველოში, ჟ. „საისტორიო მოამბე“#7
4. რამიშვილი 2000: რამიშვილი აკ. ჩვენი შეცდომები, თბ. 2000.
5. ჩოხელი 1990: ჩოხელი ა. ამერიკა და დამოუკიდებელი საქართველო 1919 წელს, გ. „ლიტერატურული საქართველო“, 25 მაისი, #21.
6. ჰარბორდი 1919: გენერალ ჰარბორდის ჩამოსვლა, „სახალხო საქმე“, 1919,4 ოქტომბერი, #644-645, გვ.2-3, „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, #223-224, გვ.2
7. საისტორიო არქივი ფ. 1831: ა.ჩხენკელის ფ.1831, აღწ.#2 საქმე 283; 52;136;\
8. საისტორიო არქივი ფ. 2115: ნ. ჩხეიძის ფ. 2115; აღწ. 1, საქმე 28, 36;
9. საისტორიო არქივი ფ. 2121: ე. გეგეჭკორის ფონდი 2121, აღწ.1 საქმე 9;
10. www.arcive.org
11. Edward Mandell House and Charles Seymour, The Intimate Papers of Colonel House, Houghton Mifflin Company, Volume 3, 1928.

Комментариев нет:

Отправить комментарий