пятница, 10 сентября 2021 г.

ჩრდილო კავკასიელები ქართულ ჯარში XI-XIII ს. დასაწყისში (ი. ალიმბარაშვილი)

ჩრდილო კავკასიელთა დაქირავებას სამხედრო თვალსაზრისით ქართველი მეფე-მთავრები უძველესი დროიდან მიმართავდნენ. X საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველო თანდათან ჰეგემონის როლს იკავებს კავკასიაში და აქტიური საგარეო პოლიტიკის კვალდაკვალ, პოლიტიკური, სამხედრო თუ ეკონომიკური ღონისძიებები ჩრდილო კავკასიელებთან პერმანენტულ ხასიათს იძენს.
ამ თვალსაზრისით, ყველაზე ხშირად, ჩრდილოკავკასიელთა სამხედრო მიზნით დაქირავებას, ან ქართულ ჯარში მონაწილეობის ვალდებულებას ჰქონდა ადგილი. დაქირავების პირობა იყო გადასახდელი თანხა, საჩუქრები, ბრძოლებში ნაშოვნი ნადავლი და ა. შ. იშვიათი არ იყო ამ მხრივ პოლიტიკური ქორწინებებიც. პოლიტიკური მოსაზრებებით იყვნენ საქართველოს სამეფო კარზე გამოთხოვილნი ჩრდილო კავკასიიდან ალდე (გიორგი I-ის მეუღლე), ბორენა (ბაგრატ IV-ის მეუღლე), გურანდუხტ (დავით აღმაშენებლის მეუღლე), ბურდუხან (გიორგი III-ის მეუღლე) დედოფლები. ხდებოდა პირიქითაც, როდესაც უმაღლესი ფენის წარმომადგენელი ქართველი ასულები ამა თუ იმ ქვეყნების დედოფლები ხდებოდნენ. ასეთი ფაქტები უცხო არც ქართველ დიდებულთა ოჯახებისათვის ყოფილა. განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდა საქართველოს სამეფო კარს ოსებთან1.
ოსები და „დიდძალი ლაშქარი სარმატთა ქვეყნიდან“ მონაწილეობენ ბაგრატ III-ის მხარეს დავით III კურაპალატთან 988 წელს წარმოქმნილ გაუგებრობაში, რაც ბაგრატ III-ის ჩრდილო კავკასიაში გავლენაზე უნდა მიუთითებდეს2. ბიზანტიელებთნ დაპირისპირებულ გიორგი I-ს (1014-1027 წწ.) კარგად ახსოვს, თუ როგორ იყენებდნენ ბიზანტიელები ეგრის-აფხაზეთის მეფების წინააღმდეგ ოსებს. აფხაზები იძულებულნიც კი გახდნენ მათგან თავის დასაცავად ბზიფისა და კოდორის ხეობებში ციხე-სიმაგრეები აეგოთ. ამიტომ გიორგი მეფე ცდილობს ბიზანტიელებს დაასწროს და უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს. იგი მეორე ცოლად ირთავს ოვსთა მეფის ასულს - ალდეს, ისე, რომ პირველი მეუღლე, სომხთა მეფე სენექერიმ IV-ის ასული მარიამი ისევ დედოფლად უზის.
თუმცა, ფაქტია, რომ გიორგი I-მა ალდეს გადედოფლება ვერ შეძლო. მას სომხურ-ბიზანტიური და ძლიერი შიდა ოპოზიცია დაუპირისპირდა, მარიამ დედოფლისა და მელქისედეკ კათალიკოსის სახით. ისიც ძნელი სათქმელია, მოასწრო თუ არა გიორგი I-მა ოვსეთიდან რაიმე დახმარების მიღება. წყაროები ამის შესახებ არაფერს ამბობენ. საფიქრებელია, რომ გიორგი მეფეს არ დასცალდა დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა - ექცია ოვსთა მეფე თავის მოკავშირედ. შესაძლებელია, ახალგაზრდა მეფის უმიზეზო სიკვდილს რამდენადმე კავშირი ჰქონდეს მისი ამ პოლიტიკის განხორციელებასთან“3. ვერც დემეტრე (გიორგი I-ის ვაჟი ალდესთან) გაამეფეს ბიზანტიელებმა საქართველოში და აქაც გადამწყვეტი როლი მარიამ დედოფალმა ითამაშა. იგი თავის ვაჟ ბაგრატთან ერთად ბიზანტიაში გაემგზავრა, კონსტანტინოპოლში ბაგრატი კურაპალატის ხარისხში აღაზევეს, ცოლად შერთეს იმპერატორ რომანოზ III არგიროსის ძმის შვილი ელენე და დიდი ნადავლითა და მზითევით დატვირთული გამოუშვეს საქართველოში.
საბოლოოდ, ალდე, შვილიშვილ დავითთან ერთად, ისევ ოვსეთში გაემგზავრა და მას ცოლად იქაური მეფის ასული შერთო4.
ოსებთან კავშირი კიდევ უფრო განმტკიცდა გიორგი I-ის ვაჟის - ბაგრატ IV-ის დროს, რომელსაც მეორე ცოლად ოვსთა მეფის ურდურეს ასული ბორენა ჰყავდა. ოსთა სამეფოს სახით, საქართველოს ერთგული მოკავშირე ჰყავდა იმიერკავკასიაში და ამაში ბორენა დედოფლის დამსახურება თვალსაჩინოა5.
XI საუკუნის II ნახევრიდან წინა აზიაში მეტად ძლიერ სამხედრო ძალად ჩამოყალიბდნენ თურქ-სელჯუკები. მათ შემოსევებს ვერც საქართველო გადაურჩა. 1068 წელს სელჯუკების მეთაურმა ალფ-არსლანმა საქართველო მეორედ დალაშქრა და თბილისი, წასვლის წინ, განჯის ამირა ფადლონს ჩააბარა. ბაგრატმა ალფ-არსლანის წასვლით ისარგებლა, ჩრდილო-კავკასიიდან თავისი მოყვარე - დორღოლელი (ბორენას ძმა) მოიწვია, რომელიც გამოემგზავრა 40 ათასი კაცით, „ყოვლითა თავადითა ოვსეთისათა“6. მოკავშირეებმა ფადლონი დაამარცხეს და თბილისი ისევ საქართველოს მეფემ დაიბრუნა.
საქართველოს მიერ გადატანილ ბრძოლებში ოქროს ასოებით ჩაწერილ „ძლევაი საკვირველში“, დიდგორზე 56 ათასიან ქართულ ჯარში 500 ალან-ოსიც ერია, აღარაფერს ვამბობთ გიორგი III-ისა და თამარის პერიოდზე, როდესაც, პირველ შემთხვევაში, საქართველოს სამეფო გვირგვინი ჯერ დედოფალს (ბურდუხანს) ედგა, ხოლო შემდეგ - სიძეს (დავით სოსლანს). ამ პერიოდის საქართველოს აქტიურ საგარეო პოლიტიკაში ოსები ქართული ჯარის საგულისხმო ნაწილს შეადგენდნენ.
მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ ქართულ ჯარში ყივჩაღებს, რომელთა ჩამოსახლებით დავით აღმაშენებელმა ქართული ჯარის შესაძლებლობანი საგრძნობლად გააძლიერა. ყივჩაღები, მდინარეების: მდ. დონეცისა და დონის შუა ადგილებში მომთაბარეობდნენ7 და მუდმივ საფრთხეს უქმნიდნენ მეზობლებს. განსაკუთრებით შეწუხებული მათი თავდასხმებით კიევის სამთავრო იყო. მხოლოდ 1063-1068 წლებში ყივჩაღებმა ერთიმეორის მიყოლებით დაამარცხეს კიევის მთავრები: ვსევოლოდი, იზიასლავი და სვიატოსლავი და კიევს დაემუქრნენ8, მაგრამ 1103 წელს კიევის დიდმა მთავარმა ვლადიმერ მონომახმა მდ. დონის ზემო წელზე მომთაბარე ყივჩაღებს მძიმე დარტყმა მიაყენა და ჩრდილო კავკასიაში გამოდევნა, სადაც ისინი ალან-ოსებს შეეჯახნენ. ამ ფაქტით ისარგებლა დავით IV აღმაშენებელმა, რომელსაც წინ დიდი გეგმები ჰქონდა და მათი მთავრის - ათრაქა შარაღანის ძის ასული შეირთო ცოლად (რომელიც საქართველოში გააქრისტიანეს და გურანდუხტი დაარქვეს), საქართველოში 40 ათასი ოჯახის გადმოსახლებისა და მათგან მუდმივი ჯარის შექმნის პირობით. ყივჩაღებმა პირობა „სიხარულით“ მიიღეს. ესოდენ დიდმნიშვნელოვანი ამბავი ერთბაშად ვერ მოხერხდებოდა და იდეა გურანდუხტის ცოლად შერთვისთანავე უნდა ჩასახულიყო9. არც ისაა გამორიცხული, რომ პოლიტიკური ქორწინება სწორედ ყივჩაღთა ჩამოსახლებას ისახავდა მიზნად. ყივჩაღების საქართველოში ჩამოსახლება დავით აღმაშენებელმა მეორე ცოლის (გურანდუხტის) შერთვის შემდეგ განახორციელა, გავრცელებული მოსაზრებით 1118-1120 წლებში10.
მამუკა წურწუმიას დაკვირვებით, მეფის ჩანაფიქრსა და რეალიზაციას შორის ასეთი დიდი შუალედი იმით იყო განპირობებული, რომ, უპირველესად, ქართული სახელმწიფო უნდა ყოფილიყო მზად და ისე მომძლავრებული, რომ ზედმეტი კატაკლიზმების გარეშე გადაეტანა თურქთა კიდევ ერთი მომთაბარე ტომის ჩამოსახლება11. მისივე აზრით, რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დროს (1103-04 წ.) დავით მეფე უცოლო უნდა ყოფილიყო (ანუ, პირველ ცოლს გაცილებულია, ხოლო მეორე ჯერ კიდევ არ ჰყავს მოყვანილი). სხვანაირად შეუძლებელია „ძეგლისწერაში“ დავითის მეუღლე-დედოფალი არ მოეხსენებინათ12. მართლაც, ალოგიკურად ჩანს, ძეგლის ავტორს ესოდენ მნიშვნელოვან დოკუმენტში დედოფალი არ მოეხსენებინა, როდესაც გარდაცვლილ-შემონაზვნებულ მარიამსა13 (დავითის დიდედა – ი. ა.) და ბიზანტიაში გათხოვილ მართა „ავღუსტინიანსაც“ (დავითის მამიდას – ი. ა.) კი ახსენებს14.
ვფიქრობთ, წინდახედული მეფე, საეკლესიო კრებაზე ერთგულთა დაწინაურებისას, წინასწარ ეკლესიის მხარდაჭერას უზრუნველყოფდა და იმ რისკებსა და წინააღმდეგობებსაც ითვალისწინებდა, რაც მომავალში წარმართთა ესოდენ დიდი მასის საქართველოში გადმოსახლებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა.
ცხადია, მხოლოდ დავითის დანათესავება ათრაქა შარაღანისძეთან, ყივჩაღთა სამშობლოდან აყრისა და საქართველოში გადმოსახლების ერთადერთი პირობა ვერ იქნებოდა. სწორედ ამიტომ დასჭირდა მეფეს ხანგრძლივი დრო ამ ღონისძიების განსახორციელებლად, ვიდრე, ერთი მხრივ, მათ დასასახლებლად მოხერხებული ადგილების გათავისუფლება და გამოყოფა არ უზრუნველჰყო, ხოლო მეორე მხრივ, შეარჩია მოხერხებული დროც, როდესაც ვლადიმერ მონომახის ორგანიზებულმა თავდასხმებმა ჩრდილოეთიდან, ხოლო სამხრეთით ოსებთან მტრულმა დამოკიდებულებამ, ისინი იძულებულნი არ გახადა საქართველოში ეძიათ თავშესაფარი და ქართველთა მეფის ჯარში სამსახური ეკისრათ.
რატომ შეარჩია დავით აღმაშენებელმა მაინცდამაინც ყივჩაღები? პირველ რიგში მათი მხედრული თვისებებისა და ბრძოლისუნარიანობის გამო. დავითის ისტორიკოსი საგანგებოდ მიანიშნებს, რომ მეფემ „უწყოდა კეთილად ყივჩაღთა ნათესავისა სიმრავლე და წყობათა შინა სიმხნე, სისუბუქე და მიმოსვლა, სიფიცხე მიმართებასა, ადვილად დასამჭირვლობა და ყოვლითურთ მომზავებულობა ნებითა თვისთაო“15.
დავითმა ყველაფერი სწორად გათვალა. კიევის რუსეთი ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახის საქართველოში გადმოსახლებით, ფაქტობრივად თავიდან იშორებდა დაუძინებელი მტრის დიდ ნაწილს. მართალია, მონომახს ყივჩაღები დამარცხებული ჰყავდა, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი წარმატება იყო. ასე რომ კიევის მთავარი ყივჩაღთა საქართველოში გადმოსახლებით თვითონაც დიდად უნდა ყოფილიყო დაინტერესებული. ასეთ ვითარებაში ვლადიმერ მონომახი კი არა, დავით IV გამოდიოდა ყივჩაღთა წინააღმდეგ მებრძოლი კიევის რუსეთის დამხმარედ16.
მეფე ჩრდილო კავკასიაში გიორგი ჭყონდიდელთან ერთად ჩავიდა, ყივჩაღ-ოსები შეარიგა, გადმოსასვლელ ციხეებზე კონტროლი დაამყარა და საქართველოში ყივჩაღებთან ერთად დაბრუნდა. იმ დროისათვის ოვსეთი ერთიან პოლიტიკურ ერთეულს არ წარმოადგენს და მრავალი „მეფენი“ და „მთავარნი“ ჰყავს. როდესაც მეფე ოვსეთში ჩადის, „მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი წინაშე დადგნეს მისსა (დავით აღმაშენებლის - ი. ა.) და აღიხუნეს მძევალნი ორთაგანვე (ყივჩაღებმაც და ოსებმაც - ი. ა.)“17. ისიც ნიშანდობლივია, რომ მეფემ ეს ფაქტი ყოველგვარი სამხედრო ჩარევის გარეშე, მშვიდობიანად მოაგვარა.
მემატიანის ცნობით, დავით IV-მ საქართველოში გადმოსახლებული ყივჩაღების „ხელითა მოსრნა სრულიად სპარსეთისა ძალნი, და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქუეყნისათა, და მათითა თანადგომითა ქმნა საქმენი დაურწმუნებელნი“18. ყივჩაღებმა განსაკუთრებული როლი ითამაშეს დიდგორის ომში, თბილისის გათავისუფლებაში (1122 წელს) და ა.შ.
გარდა სამხედრო თვალსაზრისისა, ყივჩაღების ჩამოსახლებით მეფემ ქართველ მიწისმოქმედთა საკმაოდ დიდი ნაწილი დაუბრუნა თავის ძირითად საქმიანობას19 და ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას შეუწყო ხელი.
სად უნდა დაესახლებინა მომთაბარე ყივჩაღთა ესოდენ დიდი მასა (40 ათასი კომლი, ანუ, დაახლ. 200 ათასი სული) საქართველოში მეფეს? დავითის ისტორიკოსი მიუთითებს, რომ მეფემ ყივჩაღნი „დააყენნა ადგილთა მათ მარჯვეთა დედა წულითა მათითა“20, მაგრამ ადგილს არ აკონკრეტებს. ივ. ჯავახიშვილის აზრით, მეფეს ყივჩაღები ქართლში უნდა დაესახლებინა, რადგან თურქ-სელჩუკთა შემოსევებისას, ყველაზე მეტად ეს კუთხე დაზარალდა და ხელოვნურ შევსებას საჭიროებდა21. შ. მესხიას ვარაუდით, მეფეს ყივჩაღები არა მხოლოდ შიდა ქართლში, არამედ ქვემო ქართლსა და სომხითშიც უნდა დაესახლებინა22. იგივე აზრს იზიარებენ როინ მეტრეველი23 და ზურაბ პაპასკირი24 ზ. ანჩაბაძეს მიაჩნდა, რომ ყივჩაღების ნაწილი მეფეს ივრის ქვემო წელსა და აწინდელ საინგილოში უნდა დაესახლებინა, რისი დამადასტურებელიცაა ადგილობრივი ტოპონიმი „კიპჩაკი“25. ნ. მურღულია და ვ. შუშარინი ყივჩაღთა ზამთრის სადგომებად მტკვრისა და ივრის გასწვრივ ტერიტორიებს მიიჩნევენ26 და ამოდიან დავით აღმაშენებლის მემატიანის ცნობიდან, რომელიც, აღნიშნულ ტერიტორიებს თურქთა ზამთრის სადგომებად მიუთითებს („ჩამოდგიან გაჩიანთა, პირსა მტკუარისასა, ტფილისითგან ვიდრე ბარდავადმდე და იორის პირთა, ყოველთა ამათ შუენიერთა ადგილთა საზამთროთა“)27, და, როგორც კი ქართველებმა რუსთავი აიღეს (1115 წ.), თურქებს საზამთროთა ადგილთა დგომის „რიდობა“ შეექმნათო28.
დღევანდელ თურქულ ისტორიოგრაფიაში გაზიარებულია თურქი ისტორიკოსის ფაჰრედინ კირზიოღლუს თვალსაზრისი, რომლის მიხედვით, ახალციხელი მესხების (ე. წ. „თურქი მესხების“) მნიშვნელოვანი ნაწილი ყივჩაღთა შთამომავლები არიან29. ანალოგიურ პათოსს იზიარებს აზერბაინელი ავტორი არიფ იუნუსოვიც30, რაც მთლიანად იდეოლოგიურ მიზნებს ემსახურება და ისტორიასთან საერთო არაფერი აქვს. სომეხი მეცნიერი ს. ერემიანი თვლიდა, რომ ყივჩაღები დავით აღმაშენებელმა სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილში დაასახლა და არგუმენტებად მოჰყავდა ზაქარია მხარგრძელის მიერ 1206 წელს ჩრდ. სომხეთში აგებული ღფჩახვანქის მონასტერი და მის მეზობლად მდებარე სოფელი ღფჩახი31.
ქველი ჩხატარაიშვილი ყივჩაღების ქართლში ჩასახლებას ეჭვქვეშ აყენებდა, რადგან 200-225 ათასი მომთაბარის ქვეყნის ცენტრში ჩამოსახლება სახელმწიფო ინტერესებს ნაკლებად შეესაბამებოდა, იგი ერემიანის მოსაზრებას ემხრობოდა და თვლიდა, დავით აღმაშენებელს ყივჩაღები ქვემო ქართლსა და სომხეთის ჩრდილოეთში უნდა დაესახლებინა, რადგან, ყივჩაღების დასახლება შეიძლებოდა მხოლოდ ისეთ ადგილას, სადაც მათ მესაქონლეობისათვის ხელსაყრელი პირობები ექნებოდათ, ჩრდილო სომხეთის ტერიტორია კი ამ მხრივ შესაფერი ადგილი იყოო32. იგი არც იმას გამორიცხავდა, რომ დავით აღმაშენებელს ყივჩაღები ლორეს მხარეშიც ჩაესახლებინა. თამარის პერიოდში ეს ადგილები ზაქარია და ივანე მხარგრძელებს ებოძათ და აქ მოსახლე ყივჩაღები მხარგრძელთა საპატრონო მოლაშქრეთ იქცნენ. აქედან გამომდინარე, მხარგრძელთა საპატრონო ლაშქარი, ძირითადად, ყივჩაღური შემადგენლობისა იყოო33. ანანია ჯარიძე ს. ერემიანისა და ქ. ჩხატარაიშვილის მოსაზრებებს იზიარებს. მისი აზრით, დავით მეფეს ყივჩაღები არა მარტო სომხეთის, არამედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც უნდა ჩაესახლებინა, რადგან ისინი საქართველოში კი არ იყვნენ საჭირონი, არამედ ეთნიკური საქართველოს გარეთ, საქართველოს სამეფოს მიერ დაჭერილ ციხე-ქალაქებში ჩასაყენებლად და ქვეყნის გარეთ სალაშქროდ. გარდა ამისა, ყივჩაღებს საზამთრო და საზაფხულო საძოვრები სჭირდებოდათ. საზამთრო საძოვრებად მათთვის მეფეს ივრისპირეთი და შირაქი უნდა გამოეყო, ხოლო ზაფხულობით ისინი სომხეთში, არარატის ველზე უნდა გადასულიყვნენო34.
გასათვალისწინებელია, ის ფაქტი, რომ 1118-20 წლებისათვის დავით აღმაშენებელი შირვანსა და სომხეთს ჯერ კიდევ ვერ აკონტროლებდა (ამ ფაქტს შედარებით, გვიან 1124 წლისათვის ჰქონდა ადგილი), ამიტომ, შირაქსა და, მით უფრო, არარატის ველზე მათთვის საძოვრების გამოყოფა ნაკლებად დამაჯერებლად მიგვაჩნია. დავითის ისტორიკოსის ცნობიდან გამომდინარე, („დააყენნა ადგილთა მათ მარჯვეთა დედა წულითა მათითა“) მომთაბარე ყივჩაღების დედა-წულიანად დასახლების ადგილად ვერც შიდა ქართლს მოვიაზრებთ. ზემონათქვამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ყველაზე დიდი რაოდენობით დავითს ყივჩაღები მაინც ქვემო ქართლსა და კახეთის ველებზე უნდა დაესახლებინა. ამ დროისათვის გიში, სამშვილდე, ლორე, ქვემო ქართლის მნიშვნელოვანი ნაწილი და სომხითი უკვე დავითის სახელმწიფო საზღვრებში შემოდიოდა.
ჩვენი აზრით, ყივჩაღთა ესოდენ დიდი მასის ერთ ადგილას კომპაქტურად ჩასახლებას დავით აღმაშენებლისნაირი გონიერი და წინდახედული პოლიტიკოსი არ დაუშვებდა და საამისოდ არაერთი არგუმენტი შეიძლება მოვიყვანოთ. თუ დავაკვირდებით, მათ დასახლების ადგილს დავითის ისტორიკოსიც მრავლობით რიცხვში მიანიშნებს. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ მემატიანე ადგილებს არ აკონკრეტებს, მისი სიფრთხილითა და გონიერებით უნდა აიხსნას, რადგან მათი დასახელება პირდაპირი მინიშნება იქნებოდა მტერ-მოყვარისათვის, ქართველობა ამ ადგილებს ნებაყოფლობით მოერიდებოდა, ხოლო მტრისათვის შეიძლება საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მეხუთე კოლონის როლი შეესრულებინა.
რაც შეეხება ყივჩაღთა „დაფანტვის“ არგუმენტებს, შეიძლება ცხოვრების ყველა სფეროში ვიგულისხმოთ: პოლიტიკური - 1118-20 წლებისათვის ქვეყნის პოლიტიკური გაერთიანება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, აქედან გამომდინარე, უცხო და საბრძოლო თვისებებით გამორჩეული ყივჩაღების დიდი რაოდენობით ერთ ადგილას ჩასახლება პოლიტიკურად გაუწონასწორებელი ნაბიჯი იქნებოდა, მით უფრო, რომ დავითის ისტორიკოსისავე სიტყვით, ისინი მეფის ღალატში არაერთხელ იყვნენ შემჩნეული35; ეთნიკურ-დემოგრაფიული - სულ რაღაც 30 წლის წინანდელი „დიდი თურქობიდან“ გამომდინარე, ქართული მოსახლეობის კატასტროფულად შემცირების შედეგად, უცხო ეთნიკური მასის დიდი რაოდენობით კომპაქტურად ჩასახლებას, ადგილზე შესაძლოა, ქართველთა დეეთნიზაციის დიდი საფრთხე გაეჩინა (როგორც, მცირე ხნის წინათ, ნიზამ ალ-მულქის რეფორმას მოჰყვა მეზობელ ალბანეთში); ეკონომიკური - ამ თვალსაზრისით ორი მომენტია გასათვალისწინებელი: იმ დროისათვის ოჯახის რჩენის ძირითადი საშუალება მიწა იყო. ყივჩაღთა ისტორიული სამშობლოს ვრცელი ტრამალებისაგან განსხვავებით, საქართველოში სახნავ-სათესი სავარგულები ნაკლები იყო, ასეთ შემთხვევაში ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახის მასიური ჩასახლება და მათთვის მიწის მიცემა, ბუნებრივია, ქართველთა ხარჯზე უნდა მომხდარიყო, ამას ემატებოდა ჩამოსახლებულთა ხარჯი (იარაღი, ცხენები, სასმელ-საჭმელი). მათ შესანახად სპეციალური გადასახადი „საყივჩაღო“ დაწესდა36, რაც ადგილობრივების უკმაყოფილებას უთუოდ გამოიწვევდა. და მეორეც, ყივჩაღები განვითარების პატრიარქალურ სტადიაზე იმყოფებოდნენ, რითაც, უმცირესობაში დარჩენილი ქართული მოსახლეობის ტრადიციულ ყოფას საფრთხე შეექმნებოდა; რელიგიური - როგორც ითქვა, ყივჩაღები წარმართები იყვნენ, რასაც არ შეიძლებოდა უარყოფითი გავლენა არ მოეხდინა საქართველოს მართლმადიდებლურ მოსახლეობაზე. როგორც შოთა მესხია წერდა: „ყივჩაღთა დიდი მასის ერთ ადგილზე დასახლება ხელს შეუშლიდა, გაახანგრძლივებდა მათ გაქრისტიანებას და ქართულ მოსახლეობაში შერწყმის, ასიმილაციის პროცესს. ყივჩაღთა სწრაფი ასიმილაციით, გაქრისტიანებით კი დაინტერესებული იყო სამეფო ხელისუფლება, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა თურქული წარმოშობის ყივჩაღების გადაქცევა საქართველოს ჯარის მოლაშქრეებადო“37;
დავითის ისტორიკოსის ცნობით, საქართველოში ჩამოსახლებული ყივჩაღების დიდი ნაწილი გაქრისტიანდა და გაქართველდა: „თუით ყივჩაყნიცა უმრავლესნი, ქრისტიანე ქმნილნი დღითი დღე შეეძინებოდა სიმრავლე ქრისტესაო“, - აღნიშნავს იგი38. თუმცა, ჯემალ სტეფნაძე მიიჩნევს, რომ დავითის მიერ ჩამოსახლებული ყივჩაღების ძირითადი ნაწილი უკან მალევე გაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. ცნობილია, რომ 1130 წელს დემეტრე I-ის წინააღმდეგ შეთქმულება გამომჟღავნდა ივანე აბულეთის ძის მეთაურობით, ვახტანგის (ცვატას) გასამეფებლად. ვარდან დიდის გადმოცემით, დემეტრემ ნახევარძმის შეპყრობა მოახერხა და თვალები დასთხარა39.
ბუნებრივია, საქართველოში მყოფი ყივჩაღები, ყოველ შემთხვევაში, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც, ათრაქა შარაღანის ძის შვილიშვილის და გურანდუხტის შვილის - ცვატას მხარეზე გამოვიდოდნენ. მით უფრო, რომ დავითის სიმამრის გარდა, ყივჩაღეთიდან საქართველოში თავის დროზე გურანდუხტის „ძმანიც“ ჩამოვიდნენ40. რუსული წყაროებით ზუსტდება, რომ ათრაქას (ოტროკის) ძმა და შვილი არიან სირჩანი და კონჩაკი41. ცვატას დამარცხების შემდეგ ათრაქა, შვილებსა და თანამემამულეებთან ერთად სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყო42. არგუმენტად ჯ. სტეფნაძეს მოჰყავს XIII საუკუნის პირველი მეოთხედის ვოლინელი (რუსეთი) მემატიანის სიტყვები, რომლის მიხედვით, დონის მახლობლად დარჩენილი სირჩანელნი, რომლებიც თევზით ირჩენდნენ თავს, ვლადიმერ მონომახის გარდაცვალების შემდეგ, მებუკე ორევას გზავნიან საქართველოში ოტროკთან და სთავაზობენ თავის ქვეყანაში დაბრუნებას, ხოლო „თუ ოტროკმა არ ისურვოს წამოსვლა, ჯერ ყივჩაღური სიმღერები ემღერა მისთვის, ხოლო თუ ესეც არ გაჭრიდა, საყნოსავად ჯადოსნური მწვანილი ევშანი მიეცათ“. თითქოს, ჯადოს მიღების შემდეგ, თვალცრემლიან ოტროკს უთქვამს: „უმჯობესია ჩემი ქვეყნის მიწაში ჩონჩხად ქცეული ჩავწვე (დავიმარხო), ვინემ უცხოეთში დიდებით ვიცხოვროო“ და დაბრუნებულა საკუთარ ქვეყანაში43.
მკვლევარს ეჭვი იმაშიც ეპარება, რომ ყივჩაღთა 225 ათასიანი მასის აღრევას ქართველებში ასე მცირე კვალი დაემჩნია საქართველოს ტოპონიმიკისა და ისტორიული წყაროებისათვის44. ჩვენი აზრით, ჯემალ სტეფნაძის მოსაზრება ანგარიშგასაწევია. მაგ., თუ დავით აღმაშენებლის მიერ ჩამოსახლებული ყივჩაღები ქართული სახელმწიფოს ნაწილნი ხდებიან, ფეოდალურ ურთიერთობებში აქტიურად არიან ჩართულნი და მუდმივ ჯარსაც ჰქმნიან, სხვაგვარი დამოკიდებულება ჩანს გიორგი III-სა და თამარის დროს. მართალია, გიორგი III „ოვსთა და ყივჩაყთა რაოდენ ათას კაცსაც“ ბრძანებს, „მოვიდიან“45, მაგრამ წინადადების კონტექსტი გვაფიქრებინებს, რომ ისინი საქართველოში მუდმივ მაცხოვრებლებს აღარ ჰგვანან, მით უფრო, რომ ,,ისტორიანი და აზმანის“ ავტორი თბილისში შირვანის მმართველ აღსართანთან შეხვედრისას ახსენებს „ახალ ყივჩაღებს“46. გ. ალასანიასაც ეჭვი ეპარება, რომ გიორგი III-ს დროს ყივჩაღები საქართველოში მუდმივად აღარ უნდა ცხოვრობდნენ და მხოლოდ მეფის მოწმვევით ჩამოდიან დროებითი სამსახურისათვის.47
ამ თვალსაზრისით, საგულისხმო არგუმენტს გვაწვდის სტეფანოზ ორბელიანი, რომლის მიხედვით, როდესაც გიორგი III-ს ორბელები აუჯანყდნენ და მეფემ დასახმარებლად ნაყივჩაღარ ყუბასარს მოუწოდა, მათ ერთად, 500 კაციანი ჯარი ძლივს შეკრიბეს48.
თამარის დროს შამქორის ომში (1195 წ.) ყივჩაღები კვლავ „წინამსრბოლნი“49 (ჯარის ავანგარდში) არიან და საშინაო ასპარეზზეც უმაღლეს თანამდებობებზე ინიშნებიან, რისი მაგალითიც ყუბასარ ნაყივჩაღარის ამირსპასალარობაა. ნიშანდობლივია, რომ თამარის პირველი ქმარი, ბიძისაგან დევნილი იური ბოგოლიუბსკი, სწორედ ყივჩაღებთან აფარებს თავს. თამარის გარდა, ყივჩაღებს საქართველოში გადმოსვლა და დასახლება უთხოვიათ ლაშა-გიორგისთვისაც, სამაგიეროდ, ერთგულ სამსახურს შეჰპირებიან, მაგრამ უარი მიუღიათ50.
1223 წელს ჩრდილო კავკასიაში მდ. კალკასთან გამართულ ბრძოლაში ყივჩაღებმა, რუსებთან ერთად, მძიმე მარცხი განიცადეს მონღოლთა სარდლებთან ჯებესა და სუბუდაისთან, რის შემდეგ ისინი კავკასიის სხვადასხვა ხალხებში გაითქვიფნენ და, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ წერილობით წყაროებში XIV ს. დასაწყისშიც (დავით VIII-სა და ვახტანგ III-ის დაპირისპირებისას) ჩანან51, პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს აღარ თამაშობენ.

შენიშვნები
1. იხ: იოსებ ალიმბარაშვილი. ქართველ-ოსთა საბრძოლო პარტნიორობის ისტორიიდან, გორის სასწავლო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 2011, გვ. 54-58.
2. ია ჯიჭონაია. „ქართლის ცხოვრება“ VII-XII საუკუნეების საქართველო-ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ, თბ., 2012, გვ. 54.
3. ზურაბ პაპასკირი. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1990, გვ. 123-127.
4. გავრცელებული მოსაზრებით, ამ დავითის ვაჟს შერთეს ცოლად დავით აღმაშენებლის უმცროსი ქალიშვილი თამარ მრწემი. ამ ქორწინებისაგან მესამე თაობად წარმოსდგა თამარის მეუღლე - დავით სოსლანი.
5. როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია. მეფეთ მეფე გიორგი II, თბ., 2003. გვ. 31.
6. მატიანე ქართლისა, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 313.
7. იასე ცინცაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XVI სს.), თბ., 1956, გვ. 199.
8. Голубовский П. Печениги, тюрки и половцы до нашествия татар, Киев 1884, გვ. 78.
9. ქართულ ისტორიოგრაფიაში ამ საკითხთან დაკავშირებით ერთიანი თვალსაზრისი არ არის. ფაქტია, რომ დავითმა გურანდუხტი ყივჩაღების ჩამოსახლებამდე კარგა ხნით ადრე შეირთო ცოლად („რამეთუ პირველ მრავალთა წელთასა მიერ მოეყვანაო“, წერს მეფის მემატიანე). ზურაბ პაპასქირის აზრით, დავითისა და გურანდუხტის ქორწილი, სავარაუდოდ, 1107-1109 წლებში უნდა უნდა შემდგარიყო. მეცნიერს არგუმენტებად მოჰყავს შარაღანის (ათრაქას მამის) გარდაცვალება 1107 წელს და ბერი ანსელუსის 1109 წლით დათარიღებული წერილი იერუსალიმში დავითის ქვრივის არსებობის შესახებ ( З. Папаскири. У истоков грузино- русских политических взаимноотношений, Тб., 1982, გვ. 85-88). მ. წურწუმია ამ ფაქტს 1104 წლის ახლო ხანებით ათარიღებს. მანვე დაადგინა, რომ ანსელუსის წერილი 1118-1122 წლებში უნდა იყოს დაწერილი. (მ. წურწუმია. ყივჩაღთა საკითხისათვის XII ს. დასაწყისის ქართულ პოლიტიკაში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის შრომები, VI, თბ., 2012, გვ. 176; 187). ზურაბ ავალიშვილი, ანსელუსის წერილს 1108-1109 წლებით ათარიღებდა და, მისი შინაარსიდან გამომდინარე, თვლიდა, რომ იერუსალიმს მივიდა არა დავითის ცოლი, არამედ მისი ქვრივი, „შემდგომად დავითის სიკვდილისა და მისი შვილის გამეფებისა“. რადგან დავითი 1108 წელს ჯანმრთელი იყო, ზ. ავალიშვილმა ივარაუდა, რომ იერუსალიმში დავითის პირველი ცოლი მეფესთან გაყრის შემდეგ უნდა ჩასულიყო (ზურაბ ავალიშვილი. ჯვაროსანთა დროიდან, ოთხი საისტორიო ნარკვევი, პარიზი, 1929, გვ. 15-18). იმავე ფაქტზე დაყრდნობით, ჯემალ სტეფნაძე ანსელუსის წერილის 1108-1109 წლებით დათარიღებას საეჭვოდ მიიჩნევდა და თვლიდა, რომ წერილი დავითის გარდაცვალების (1125 წ.) შემდეგ უნდა ყოფილიყო შედგენილი, მასში დავითის მეორე ცოლზეა ლაპარაკი და არა პირველზეო (ჯ. სტეფნაძე. დემეტრე პირველი, თბ., 1990, გვ. 11). ე. მამისთვალიშვილი ანსელუსის წერილის 1125 წლის შემდეგ დაწერას მხარს უჭერს, მაგრამ „ქვრივ დედოფალში“ გურანდუხტს გამორიცხავს. მისივე აზრით, დავითის პირველ ცოლთან განშორება 1104-1106 წლებში უნდა მომხდარიყო (ელდარ მამისთვალიშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, ტ. IV, (საქართველო და ჯვაროსნები), თბ., 2014, გვ. 119-120).
10. ივ. ჯავახიშვილი. თხზულებანი, ტ. II, თბ., 1983, გვ. 200; ჯემალ სტეფნაძე, სად წავიდნენ ყივჩაღები? ჟურნ. „მნათობი“, 1984, #8, გვ. 143.
11. მ. წურწუმია. ყივჩაღთა საკითხისათვის XII ს. დასაწყისის ქართულ პოლიტიკაში, გვ. 187, სქოლიო.
12. მ. წურწუმია. ყივჩაღთა საკითხისათვის XII ს. დასაწყისის ქართულ პოლიტიკაში, გვ. 180.
13. აღსანიშნავია, რომ ბაგრატ IV-ის დედა, დედოფალი მარიამი, შვილის გარდაცვალებისას (1072 წ.) ჯერ კიდევ ცოცხალი იყო (იხ: როინ მეტრეველი, ჯაბა სამუშია. მეფეთ მეფე გიორგი II, გვ. 38).
14. „ძეგლისწერა რუის-ურბნისის კრებისა“, ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, (საეკლესიო-საკანონმდებლო ძეგლები XI-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბ., 1970. გვ. 126.
15. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 336.
16. შოთა მესხია. საისტორიო ძიებანი, ტ. III, თბ., 1986, გვ. 57.
17. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 336.
18. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 336.
19. როინ მეტრეველი. დავით IV აღმაშენებელი, თბ., 1990, გვ. 171.
20. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 337.
21. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ., 1948, გვ. 209.
22. შ. მესხია, საისტორიო ძიებანი, ტ. III, გვ. 53-58.
23. როინ მეტრეველი. დავით IV აღმაშენებელი, თბ., 1990, გვ. 178.
24. З. Папаскири. У истоков грузино-русских политических взаимноотношений, Тб., 1982, გვ. 97
25. ზურაბ ანჩაბაძე, მარინე ცინცაძე. საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია XII საუკუნესა და XIII საუკუნის I ნახევარში, კრებულში: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966, გვ. 153-154
26. М. Мургулия, В. Шушарин. Половцы, Грузия, Русь и Венгрия в 12-13-х вв. М. 1998, с. 150.
27. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 332.
28. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 333.
29. იხ: ეკა სალაღაია. როგორ ამახინჯებენ საქართველოს ისტორიას თურქი მეცნიერები (ინტერვიუ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ მირიან მახარაძესთან), ჟურნ. „თბილისელები“, 16.09.2010.
30. А. Юнусов. Месхетинские турки: дважды депортированный народ, Баку 2000.
31. Сурен Еремян. Агарцинская надпись 1184 г. Исследования по истории культуры народов Востока, Сб. в честь акад. И. Орбели, 1960, с. 83-86.
32. ქველი ჩხატარაიშვილი. უცხოელები XII საუკუნის ქართულ ჯარში, კრებულში: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966, გვ. 170-175.
33. ქველი ჩხატარაიშვილი. უცხოელები XII საუკუნის ქართულ ჯარში, გვ. 175.
34. ანანია ჯაფარიძე. საქართველოს წმინდა მეფეები, ყივჩაღთა ჩასახლება, თბ., 2012, ელ ვერსია:
35. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 362.
36. როინ მეტრეველი. დავით IV აღმაშენებელი, გვ. 18;. მარიამ ლორთქიფანიძე. საქართველო XI ს. ბოლოსა და XII ს. პირველ მეოთხედში, დავით IV აღმაშენებელი, წიგნში: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ., 1999, გვ. 226-227.
37. შოთა მესხია. საისტორიო ძიებანი, ტ. III, თბ., 1986, გვ. 37.
38. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 337.
39. Всеобщая история Вардана Великого, под ред. М. Эмина, Москва 1861. ч. III. გვ. 151.
40. ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 336.
41. Селезнёв Юрий Владимирович. Половецкий «князь» Кончак, «Русская правда»
42. იასე ცინცაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 190; ჯემალ სტეფნაძე. საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა კავკასიის ხალხებთან XII საუკუნეში, თბ., 1974, გვ. 128, სქოლიო.
43. ჯემალ სტეფნაძე, სად წავიდნენ ყივჩაღები? ჟურნ. „მნათობი“, 1984, #8, გვ. 154; იასე ცინცაძე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 190.
44. ჯემალ სტეფნაძე, სად წავიდნენ ყივჩაღები? გვ. 154.
45. ლაშა გიორგის-დროინდელი მემატიანე, ქართლის ცხოვრება, ტ. I, გვ. 367.
46. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება. ტ. II, გვ. 65.
47. გ. ალასანია. ყივჩაღები საქართველოში, კრებულში: „ვალერიან გაბაშვილი – 90“, თბ., 2003, გვ. 48.
48. სტეფანოზ ორბელიანი. „ცხოვრება ორბელიანთა“-ს ძველი ქართული თარგმანები. ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა. თბ., 1978. გვ. 46.
49. ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, ქართლის ცხოვრება. ტ. II., გვ. 70.
50. ზურაბ ანჩაბაძე, მარინე ცინცაძე. საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია XII საუკუნესა და XIII საუკუნის I ნახევარში, გვ. 156.
51. ქართლის ცხოვრება. ტ. II, გვ. 316-317.
დამოწმებანი:
ავალიშვილი ზურაბ. ჯვაროსანთა დროიდან, ოთხი საისტორიო ნარკვევი, პარიზი, 1929.
ალასანია გიული. ყივჩაღები საქართველოში, კრებულში: „ვალერიან გაბაშვილი – 90“, თბ., 2003.
ალიმბარაშვილი იოსებ. ქართველ-ოსთა საბრძოლო პარტნიორობის ისტორიიდან, გორის სასწავლო უნივერსიტეტისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 2011.
ანჩაბაძე ზურაბ, ცინცაძე მარინე. საქართველო და ჩრდილოეთ კავკასია XII საუკუნესა და XIII საუკუნის I ნახევარში, კრებულში: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966.
ლორთქიფანიძე მარიამ. საქართველო XI ს. ბოლოსა და XII ს. პირველ მეოთხედში, დავით IV აღმაშენებელი, წიგნში: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. III, თბ., 1979.
მამისთვალიშვილი ელდარ. საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, ტ. IV, (საქართველო და ჯვაროსნები), თბ., 2014.
მესხია შოთა. საისტორიო ძიებანი, ტ. III, თბ., 1986.
მეტრეველი როინ. დავით IV აღმაშენებელი, თბ., 1990.
მეტრეველი როინ, სამუშია ჯაბა. მეფეთ მეფე გიორგი II, თბ., 2003.
ორბელიანი სტეფანოზ. „ცხოვრება ორბელიანთა“-ს ძველი ქართული თარგმანები. ქართულ-სომხური ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, შესავალი და საძიებლები დაურთო ე. ცაგარეიშვილმა. თბ., 1978.
პაპასკირი ზურაბ. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 1990.
სალაღაია ეკა. როგორ ამახინჯებენ საქართველოს ისტორიას თურქი მეცნიერები. (ინტერვიუ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ მირიან მახარაძესთან) ჟურნ. „თბილისელები“, 16.09.2010.
სტეფნაძე ჯემალ. დემეტრე პირველი, თბ., 1990.
სტეფნაძე ჯემალ სად წავიდნენ ყივჩაღები? ჟურნ. „მნათობი“, 1984, # 8.
სტეფნაძე ჯემალ. საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა კავკასიის ხალხებთან XII საუკუნეში, თბ., 1974.
ქართლის ცხოვრება. I. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1955.
ქართლის ცხოვრება. II. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959.
ქართული სამართლის ძეგლები, ტ. III, (საეკლესიო-საკანონმდებლო ძეგლები XI-XIX სს.), ტექსტები გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო პროფ. ი. დოლიძემ, თბ., 1970.
ჩხატარაიშვილი ქველი. უცხოელები XII საუკუნის ქართულ ჯარში, კრებულში: საქართველო რუსთაველის ხანაში, თბ., 1966.
ცინცაძე იასე. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X-XVI სს.), თბ., 1956.
წურწუმია მამუკა. ყივჩაღთა საკითხისათვის XII ს. დასაწყისის ქართულ პოლიტიკაში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის შრომები, VI, თბ., 2012.
ჯავახიშვილი ივანე. ქართველი ერის ისტორია, ტ. II, თბ., 1948.
ჯავახიშვილი ივანე. თხზულებანი, ტ. II, თბ., 1983. ჯაფარიძე ანანია. საქართველოს წმინდა მეფეები, თბ., 2012.
ჯიჭონაია ია. „ქართლის ცხოვრება“ VII-XII საუკუნეების საქართველო-ჩრდილოეთ კავკასიის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ, თბ., 2012.
Всеобщая история Вардана Великого, под ред. М. Эмина, Москва 1861. ч. III.
Голубовский П. Печениги, тюрки и половцы до нашествия татар, Киев 1884.
Еремян Сурен. Агарцинская надпись 1184 г. Исследования по истории культуры народов Востока, Сб. в честь акад. И. Орбели, 1960.
Мургулия М., Шушарин В. Половцы, Грузия, Русь и Венгрия в 12-13-х вв. М. 1998.
Папаскири Зураб. У истоков грузино-русских политических взаимноотношений, Тб., 1982.
Селезнёв Юрий Владимирович. Половецкий «князь» Кончак.
ელ. რესურსები:
http://www.bulgari-istoria- 2010.com/booksRu/P_Golubovski_Petscenezi_torki_polovci.pdf
www.vostlit.info/Texts/rus11/Vardan/frametext4.htm
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-
00---off-0patriarc--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-00&a=d&c=patriarc&cl=CL3&d=HASH 0521810ff9a47db51542d8.13.4#HASH0521810ff9a47db51542 d8.13.4
http://tbiliselebi.ge/?mas_id=5794&year=2009&rubr_id=27 &jurn_id=34
http://ruspravda.info/Polovetskiy-knyaz-Konchak-2037.html

Комментариев нет:

Отправить комментарий