понедельник, 13 сентября 2021 г.

სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისია რომში (ე. მამისთვალიშვილი)

1714 წლის 17 ივლისს კარდინალი დე ლა ტრემუიაი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ს ატყობინებდა, რომ სულხანსაბა რომში ჩავიდა და პირველი, ვისაც ის ეწვია, იყო წერილის ავტორი _ კარდინალი დე ლა ტრემუიაი. პაპმა პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციის პრეფექტს კარდინალ საკრიპინტის და კარდინალ ალბანის დაავალა ელჩის მიღება, დაბინავება და პატივისცემით მოპყრობა. 16 ივლისს სულხან-საბა პაპთან იყო აუდიენციაზე. მასთან ერთად იმყოფებოდა და თარჯიმნობდა ფრანგი მისიონერი და დიპლომატი ჟან რიშარი. რიშარი აწესრიგებდა იმ მოხსენებით ბარათებს, რომლებიც უნდა წარედგინა პაპისთვის. პაპი იმ ქაღალდებს განსახილველად გადასცემდა პროპაგანდა ფიდეს კონგრეგაციას ან პაპის მიერ დანიშნულ განსაკუთრებულ კონგრეგაციას. კარდინალი დე ლა ტრუმუიაის ვარაუდით, დასახელებული კონგრეგაციები სწრაფად განიხილავდნენ საბუთებს და სულხანსაბას მისცემდნენ საშუალებას მალე დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში, რაც ვატიკანს თავიდან ააცილებდა იმ ხარჯებს, რომლებიც უნდა გაეწიათ ქართველი ელჩის შესანახად1.
აუდიენციის დროს პაპს აღუთქვამს სულხან-საბასთვის, რომ არ გაატანს არც ერთ იმ მისიონერს, რომლებსაც სურთ იყვნენ დამოუკიდებელნი და არ ცნონ სხვა იურისდიქცია.
ისიც არის აღნიშნული, რომ თავადი სულხან-საბა სადარბაზოდ დადის კარდინალებთან2. არის ერთი ანონიმური წერილი (1714 წ. ივნისი) რომელშიც გადმოცემულია სულხან-საბას საფრანგეთსა და რომში მოგზაურობის მიზნებსა და მათი განხორციელების გზების შესახებ. არ ჩანს, ვინ არის წერილის ადრესატი.
წერილში აღნიშნულია, რომ სულხან-საბამ საფრანგეთის მეფეს სთხოვა ორი წყალობა: მეფე ვახტანგისათვის დახმარება და 12 მისიონერის გაგზავნა სამეგრელოსა და აფხაზეთში. ლუი XIV ელჩს დაჰპირდა, რომ ის თანახმა იყო მისი ორივე მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა, მაგრამ საჭიროდ მიაჩნდა ყოველივე ამის შესახებ მის უწმინდესობა პაპს აცნობოს. მეფე სიამოვნებით გააკეთებს ყველაფერს, რასაც პაპი მიუთითებს.
პაპმა იმ ორ თხოვნაში, რომლებიც ქართველ ელჩს ჰქონდა, დაინახა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული რამ: ჯერ ერთი, საქართველოს მეფე ვახტანგის განთავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია ირანის შაჰის კარზე. საფრანგეთის მეფემ მათთან სავაჭრო ურთიერთობის მოგვარებით შეიძლება მოაგვაროს ვახტანგის საკითხი. ამ საქმის წარმატებით დასრულებაში გარკვეული მნიშვნელობა ექნება ირანის ელჩის ჩასვლას საფრანგეთში და მასთან მოლაპარაკებას.
რაც შეეხება 12 მისიონერის გაგზავნას და მათ რჩენას, მეფემ და პაპმა ჩათვალეს, რომ ამას არავითარი საერთო არ ჰქონდა არც ირანის ელჩთან და არც ქართლის მეფის განთავისუფლებასთან: „1. იმიტომ, რომ სამეგრელოს არავითარი კავშირი არა აქვს ქართლთან, რომელსაც ჰყავს თავისი ცალკე მთავარი და რომელიც დამოკიდებულია სულთანზე. 2. სამეგრელოს პატრიარქს, რომელმაც ითხოვა ეს მისიონერები, თვითონ სურს მხარი დაუჭიროს მათ, დაკავშირებულია რა ამ მხარის მთავართან და დიდებულებთან; და, რომ ამრიგად საჭიროა განხილულ იქნას ეს საქმე, როგორც სრულიად განსაკუთრებული და განსხვავებული...“3.
წერილის ავტორი დე პონშარტრენს გაუფრთხილებია, რომ სასურველი იყო ირანის ელჩს არ სცოდნოდა სულხან-საბას საფრანგეთში ჩასვლის და საქართველოში კათოლიკური მისიის გაგზავნის შესახებ.
„ეს ღირსეული მოხუცი დიდად დამწუხრდება, როცა შეიტყობს, რომ მას არამც თუ უგზავნიან მისიონერებს და როგორც ყოველიდან ჩანს მათ სრულიად არ გაგზავნიან, თუ მათი გაგზავნა აღმოჩნდა ელჩის ჩამოსვლაზე და მისი ელჩობის წარმატებაზე დამოკიდებული“.
შარლ რიშარი ზემოთმოხმობილ არგუმენტებს მისიონერების დასავლეთ საქართველოში გაგზავნასთან დკავშირებით აზუსტებს 1714 წლის 21 ოქტომბერს თავის ერთ-ერთ წერილში: „თითქოს სრულიად არაა აუცილებელი ამისათვის დაველოდოთ ირანის ელჩის ჩამოსვლას, რაც ძლიერ გაურკვეველია, რადგან ამ საქმეს, როგორც მას იცნობს მისი უწმინდესობა და წმინდა კონგრეგაცია, არა აქვს არავიარი კავშირი საქართველოს მეფის გამოხსნასთან, რომელიც იმყოფება სეფიანებთან. რამდენადაც სამეგრელოს ყავს თავისი საკუთარი მთავარი, რომელიც დამოკიდებულია სულთანზე და რამდენადაც, პატრიარქს, რომელიც [ღებულობს] ამ მისიონერებს და დაკავშირებულია ამ მხარის ყველა დიდებულთან, სურს თვითონ შეუწყოს მათ ხელი, აღუთქვა რა მათ მისცეს საცხოვრებელი ბინა, ასევე მნიშვნელოვანია, რათა სეფიანების ელჩმა და იმათ, ვინც მის ამალაშია, არაფერი არ იცოდნენ ამ ბერის (სულხან-საბა ორბელიანი _ ე.მ.) საფრანგეთში ჩამოსვლის შესახებ. ასევე, მაშასადამე, სამეგრელოში მისიონერების მისიის შესახებ“4.
წერილის ავტორს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ისეთს არაფერს დაჰპირდნენ სულხან-საბას, რაც არ შესრულდება. ამ უკანასკნელს არ უნდა ჰქონებოდა საშუალება ყველგან მიეწერა, რომ მისმა უდიდებულესობამ მეფე ლუიმ მას აღუთქვა ყველაფერი, რაც სთხოვა5. კიდევ ერთხელ ჩანს, საფრანგეთის და არა მხოლოდ მისი ხელისუფლება, რამდენად ითვალისწინებდა ირანისა და ოსმალეთის ინტერესებს და პრეტენზიებს და ფრთხილად ეკიდებოდა საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების საკითხს.
1714 წლის 11 ან 176 აგვისტოს პაპმა სულხან-საბას გაუმართა გამოსამშვიდობელი აუდიენცია. პაპმა ელჩს მიართვა სხვადასხვა საჩუქრები და გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოს მეფის წარმომადგენელი რომიდან გაემგზავროს ყოველმხრივ კმაყოფილი და შესაბამისი ბრძანებაც გასცა. „რაც გინდა მთხოვეო. მადლი გარდავიხადე, _ წერს საბა, _ ჩემი სათხოვარი ყველა უთხოვრად აღმისრულდა-მეთქი. მომეხვია, მაკოცა. ფეხს ვაკოცე. გზის საქმეები დაგვარიგა. გამომისტუმრა. მიბძანა: ასე მალე არ გაგიშვებდიო, მაგრამ ვახტანგ მეფის უკითხავად წამოსულხარო, რომ დამეჭირე, იმას გულს დააკლდებაო, და წადი მისი საქმე მოიჭირვეო“7.
ზემოთ დამოწმებული 1714 წლის 17 აგვისტოს წერილიდან ვიგებთ, რომ სულხან-საბას, რომიდან საქართველოში გამგზავრების წინ, წერილის ავტორისთვის უთხოვია მიეწერა რიშარისათვის, რომ მან ყველაფერი იღონოს, რათა დაუყოვნებლივ გაემგზავროს ირანში და დააჩქაროს მისთვის ელჩისათვის საინტერესო საქმეები, ასევე დაუყოვნებლივ გამოაგზავნონ მასთან, რომში მისიონერები, რათა თვითონ ჩაიყვანოს ისინი საქართველოში8.
თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სულხან-საბა პაპთან მოლაპარაკების შემდეგ საფრანგეთში უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ გეგმა შეიცვალა, რადგან პარიზში ირანის ელჩს ელოდნენ და შეიძლებოდა სულხან-საბას და ირანის ელჩის ერთსა და იმავე დროს პარიზში ყოფნას საფრანგეთის მთავრობა უხერხულ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ თუ არა შაჰის ელჩის ჩასვლა საფრანგეთში, საფიქრალია, სულხან-საბას ელჩობა ვახტანგ მეფისა და ქართლის სამეფოსათვის რაიმე დადებითი შედეგით დასრულებულიყო.
შენიშვნები
1. საბუთები საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის ისტორიიდან (1707 წლის მარტი _ 1714 წლის დეკემბერი), I / შესავალი. თარგმანი და განმარტებები დაურთო ილია ტაბაღუამ, თბ., 1975, გვ. 314.
2 იქვე.
3. იქვე.
4. მ. ქიქოძე ეკამათებოდა ვ. გაბაშვილს, რომელსაც მიაჩნდა, რომ ირანის „მოჰამედ რეზა ხანის ელჩობამაც შეუშალა ხელი საბას დიპლომატიური მისიის წარმოებას საფრანგეთში“. (გაბაშვილი ვ., ქართული დიპლომატიის ისტორიიდან (საქართველო და ანტიოსმალური კოალიციები XVI-XVII სს.) // მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, ნაკვ. 31, თბ., 1954, გვ. 74). მისი აზრით, დასახელებულ ირანის ელჩობას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა ქართლის სამეფოსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებაში. (ქიქოძე მ., ვახტანგ VI-ის სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა (პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული საქმიანობა), თბ., 1988, გვ. 28).
5. იქვე, გვ, 305.
6. 11 აგვისტოა ჟან რიშარისათვის რომიდან გაგზავნილ წერილში. (საბუთები საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის ისტორიიდან (1707 წლის მარტი _ 1714 წლის დეკემბერი), I 34). თვით საბა კი ამ მნიშვნელოვან მომენტს თავისი მოგზაურობაში ათარიღებს 17 აგვისტოთი. (იქვე). საბა საკმაოდ დაწვრილებით გადმოგვცემს პაპთან ვიზიტის დეტალებს. ვფიქრობ, გასაზიარებელია საბას მიერ შემოთავაზებული 17 აგვისტო. იქვე.
7. სულხან-საბა ორბელიანი. თხზულებანი, I, თბ., 1958, გვ. 203.
8. საბუთები საქართველო-საფრანგეთის ურთიერთობის ისტორიიდან (1707 წლის მარტი _ 1714 წლის დეკემბერი), I, გვ. 341.

Комментариев нет:

Отправить комментарий