понедельник, 13 сентября 2021 г.

ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოს III (1647-1672) ვითარცა ვახტანგ V-ის ელჩი მოსკოვში (თ. მესხი)

მაკარიოს III (ერისკაცობაში იოანე ალ-ზაიმი) დაიბადა ალეპოში, ლევიტელთა ოჯახში. იყო დაქორწინებული. შეეძინა შვილი პავლე. ანტიოქიის პატრიარქმა ექვთიმე III-მ (1634-1647) იოანე ალ-ზაიმი ჯერ იპოდიაკონად, შემდეგ დიაკონად და პრესბიტერად აკურთხა; ცოლის გარდაცვალების შემდეგ (1635 წ.) კი _ ალეპოს მიტროპოლიტად, სახელით „მელეტიოს“.
პატრიარქმა ექვთიმემ მიტროპოლიტი მელეტიოსი მაშინვე კათოლიკოსად დანიშნა. ამასთან, ის სხვა ეპისკოპოსთა შორის გამოარჩია და მას ამიდისა (დიარბეკირი) და ანტიოქიის ექსარხოსის ტიტულიც უბოძა, იმ უფლებით, რომ ნებართვის გარეშე ეწირა ანტიოქიაში. 1647 წელს გარდაიცვალა ანტიოქიის პატრიარქი ექვთიმე III. მისივე ანდერძით, 1647 წლის დეკემბერში საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრებულ იქნა ალეპოს მიტროპოლიტი მელეტიოსი, სახელით „მაკარიოს III“.
ანტიოქიის ეკლესიის ტახტზე ახლადაღსაყდრებულ მაკარიოს III-ს გასასტუმრებელი დახვდა დიდი ვალი,1 რომლის პროცენტებიც დღითიდღე იზრდებოდა. სახსრების მოსაძიებლად მაკარიოსმა ჯერ თავის ეპარქიებში დაიწყო მოგზაურობა, 1652 წელს კი შორეულ ქვეყნებს მიაშურა. 1654 წელს რუსეთს ჩააღწია. მისი იქ ყოფნა (1654-1656) დაემთხვა რუსეთის პატრიარქის, ნიკონის, მიერ საეკლესიო რეფორმების გატარების პერიოდს. მაკარიოს III ამ რეფორმების არა მხოლოდ თვითმხილველი, არამედ მონაწილეც გახდა.
რუსეთის მეფემ, ალექსი მიხეილის ძემ, გაწეული სამსახური სათანადოდ დაუფასა მაკარიოსს და 1656 წელს დიდად დასაჩუქრებული გაისტუმრა. დამასკოში დაბრუნებულმა მაკარიოსმა გადაიხადა საპატრიარქოს ვალი და ყველა ის გადასახადიც, რაც ოსმალეთის სახელმწიფოს მიმართ ემართა.
1664 წლის აგვისტოს თვეში მაკარიოს III და მისი ვაჟი, არქიდიაკონი პავლე,2 თბილისში ჩამოვიდნენ. იმავე წლის შემოდგომიდან ისინი დასავლეთ საქართველოში, წალენჯიხის მონასტერში დაბინავდნენ, რასაც მოწმობს მაკარიოსის მიერ არაბულ ენაზე დაწერილი თხზულება, რომლის პირობითი სათაურიცაა „ცნობები საქართველოს შესახებ“3. მაკარიოსს აღუწერია აგრეთვე 1665 წლის 29 მარტს საქართველოში მომხდარი მიწისძვრა.4 სამწუხაროდ, ეს თხზულება ქართული ისტორიოგრაფიისათვის ცნობილი არ არის. დასავლეთ საქართველოში მყოფი მაკარიოსი რუსეთის მეფემ, ალექსი მიხეილის ძემ, მოსკოვში მიიწვია, პატრიარქ ნიკონის გასასამართლებლად.5
ამით დაინტერესდა ქართლის მეფე ვახტანგ V (შაჰ-ნავაზი). მან თბილისში შეაყოვნა რუსეთიდან გამოგზავნილი შიკრიკი (მელეტიოსი, ეროვნებით ბერძენი) და მაკარიოსის თბილისში ჩამოყვანა თავად იკისრა. მაკარიოსს მოწვევის წერილი გაუგზავნა აგრეთვე ქართლის კათოლიკოსმა დომენტი ΙΙΙ-მ (1660-1675). მკვლევართა აზრით, ვახტანგ V-ს სურდა, მაკარიოს III-ის საშუალებით, რუსეთთან ურთიერთობის დამყარება.
1665 წლის ნოემბერში მაკარიოსი და პავლე თბილისში ჩამოვიდნენ, მაგრამ მაკარიოსმა მოსკოვში გამგზავრებაზე უარი განაცხადა. მიზეზად ასახელებდა იმ გარემოებას, რომ მას შეგროვილი ჰქონდა შესაწირავი და არ შეეძლო მისი ვინმესთვის ანტიოქიაში გატანება. დიდი ყოყმანის შემდეგ, მაკარიოსი შეთავაზებას მაინც დათანხმდა. იმავე წლის დეკემბრის თვეში მაკარიოს III და პავლე ალეპოელი, თანმხლებ პირებთან ერთად, კახეთში გადავიდნენ და იქიდან, თუშეთის გავლით, თერგში ჩავიდნენ, მაგრამ ზამთრის უგზოობის გამო უკან დაბრუნდნენ. 1666 წლის აპრილის ბოლოს მაკარიოს III, ოცდაათკაციანი ამალით, ისევ გაემგზავრა მოსკოვს, შემახას გავლით.6
1666 წლის 2 ნოემბერს მაკარიოსი მოსკოვში ჩავიდა. 19 ნოემბერს მოსკოვში გაიხსნა საეკლესიო კრება, რომელმაც მოსკოვის პატრიარქი ნიკონი პატრიარქობიდან გადააყენა და ბელოზორის მონასტერში წარგზავნა უბრალო ბერად. მაკარიოსი და მისი თანმხლები პირები მოსკოვში 1668 წლის ივნისამდე დარჩნენ. უკან დაბრუნება მაკარიოსმა ისევ საქართველოს გავლით გადაწყვიტა. ამრიგად, 1669 წლის დასაწყისში მაკარიოსი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა. ერთი თვის შემდეგ, 1669 წლის თებერვლის ბოლოს ან მარტის დასაწყისში, აქ გარდაიცვალა მისი შვილი, არქიდიაკონი პავლე.7 მაკარიოსი საქართველოში დარჩა იმავე წლის ზაფხულის მიწურულამდე, შემდეგ კი ანტიოქიაში გაემგზავრა. 1672 წლის 12 ივნისს მაკარიოსი გარდაიცვალა დამასკოში.
ძნელად თუ იპოვით XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისადმი მიძღვნილ გამოკვლევას, რომელშიც ყურადღება არ იყოს გამახვილებული მაკარიოს III-ის საქართველოში მოგზაურობების მიზანსა და ქართლის მეფის მიერ დაკისრებულ მისიაზე. მკვლევრები ერთსულოვნები არიან იმ საკითხში, რომ მაკარიოს III და პავლე ალეპოელი საქართველოში ფინანსური დახმარების მიღების მიზნით ჩამოვიდნენ. რაც შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ შეასრულა მაკარიოს III-მ ქართლის მეფის მიერ დაკისრებული მისია მოსკოვში, განსხვავებული თვალსაზრისები გამოითქვა:
ერთ-ერთი თვალსაზრისის თანახმად, მაკარიოს III-მ რუსეთის ხელმწიფეს გადასცა ვახტანგ V-ის თხოვნა, მაგრამ ამას არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. რუსეთს იმ დროსა და იმ პირობებში არც შეეძლო და არც სურდა, აქტიურად ჩარევა საქართველოს საქმეებში, ვინაიდან გაცილებით დიდმნიშვნელოვანი საკითხები ჰქონდა გადასაჭრელი, ვიდრე საქართველოს საკითხი იყო. რუსეთის წინაშე იდგა სამი ძირითადი პრობლემა. გადაუწყვეტელი უკრაინისა და ბელორუსიის მიწების შემოერთების საკითხი. კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ბალტიის ზღვის საკითხს და თურქეთთან და ყირიმთან ბრძოლის აუცილებლობას.8
ეს თვალსაზრისი ეჭვქვეშ დააყენა თამარ ტივაძის მიერ მოპოვებულმა რამდენიმე საინტერესო დოკუმენტმა, რომლებიც მოსკოვის უძველესი აქტების ცენტრალური სახელმწიფო არქივის # 110-ე ფონდშია დაცული. დოკუმენტები ეხება 1666 წელს, მაკარიოს III-სთან ერთად, საქართველოდან რუსეთში ქართველი აზნაურის, მათეს, გამგზავრებას და მის შემდგომ ბედ-იღბალს.9
როგორც თ. ტივაძე გადმოგვცემს, რუსეთში ნაპოვნი საბუთების მიხედვით, მათე თითქოს სამეგრელოს მთავრის ლევან II დადიანის კანონიერი მემკვიდრე იყო. ლევან დადიანის გარდაცვალების შემდეგ, იგი სამეგრელოდან გამოუძევებიათ და თავშესაფარი უპოვია თავის მამიდასთან _ ქართლის დედოფალ მარიამთან. როდესაც ეს ამბავი გაუგია რუსეთიდან წარმოგზავნილ შიკრიკს, მელეტიოსს, წინადადება მიუცია მათესთვის, მასთან ერთად წასულიყო მოსკოვში და რუსეთის მეფისთვის დახმარება ეთხოვა, სამეგრელოს მთავრის ტახტის დასაკავებლად. ამით დაინტერესებულა მარიამ დედოფალი, რომელსაც მელეტიოსისთვის ფიცით ჩაუბარებია თავისი `ძმისწული~. მათესთვის კი რუსეთის მეფისთვის გადასაცემი ბეჭდით დამოწმებული წერილი და ძვირფასი საჩუქარი გაუტანებია.
მაკარიოს III და მისი ამალა 1666 წლის 21 ივნისს ასტრახანში ჩავიდნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ისინი დიდი პატივით მიიღო, მაგრამ ასტრახანში მყოფმა ქართველებმა უარყვეს მათეს უფლისწულობა, რის გამოც მას არავითარი პატივი არ მიაგეს. მდგომარეობა არც მოსკოვში ჩასვლის შემდეგ შეიცვალა. მეფეს ქართული ენის მცოდნე თარჯიმნის უყოლობა მოუმიზეზებია და სამეგრელოს ტახტის მაძიებელი აუდიენციაზე არ მიუღია. თუმცა, საკვების გამოყოფის დროს მათე სხვა აზნაურებისათვის გაუთანაბრებია.
მოსკოვის არქივში შემონახული ცნობების თანახმად, 1667 წლის აპრილში მათე და მისი მსახური ციმბირში გადაასახლეს და ზნამენსკის მამათა მონასტერში გამოკეტეს, სადაც, მისივე თქმით, 11 წლის განმავლობაში ყოველ დღე ხუთი კაცი დარაჯობდა. დოკუმენტებში საუბარია აგრეთვე იმ გაჭირვებაზე (შიმშილი, სიღარიბე, უსამართლობა), რაც მან და მისმა მსახურმა გადაიტანეს. რა ჰქონდა მათეს ბრალდებად წაყენებული, საბუთებიდან არ ჩანს. თავად მათე მეფის სახელზე გაგზავნილ წერილებში თავის გაუბედურებას აბრალებს ერეკლე ბატონიშვილს, მაკარიოს III-ს და პავლე ალეპოელს. მიზეზად ასახელებს იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნულმა პირებმა გაიგეს, რომ მას თან ჰქონდა მარიამ დედოფლის მიერ რუსეთის მეფისთვის გადასაცემი საჩუქრები.
ერეკლე ბატონიშვილმა მაკარიოსი და მისი ვაჟი ამ საჩუქრების დასაუფლებლად წააქეზა. მათ კი სამეგრელოს ტახტის მაძიებელი მეფესთან დააბეზღეს და ციმბირში გადაასახლებინეს. გადასახლებაში მყოფი მათე განუწყვეტლივ წერდა წერილებს რუსეთის მეფეს და შეწყალებას სთხოვდა, მაგრამ პასუხი არ ჩანდა. ამასობაში მოსკოვის სამეფო ტახტზე ახალი მეფე, თევდორე ალექსის ძე, ავიდა. მთავრობამ მათეს საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. 1678 წლის 16 ივნისს მათე მოსკოვში ჩაიყვანეს და გამოძიების დასრულებამდე სტრელეცთა პრიკაზში გაამწესეს. გარკვეული ხნის შემდეგ მთავრობამ შესაძლებლად სცნო მათეს სამშობლოში დაბრუნება. 1679 წლის ნოემბერში მათე, თავისი მხლებლებით (მასთან ერთად გადასახლებული მსახურით, ნაყიდი ყალმუხი ბიჭით და მოსკოვში მიკედლებული, ტყვეობიდან გამოქცეული მეგრელით) საქართველოსკენ გამოემგზავრა. იმავე წლის 17 დეკემბერს მათემ და მისმა მხლებლებმა ასტრახანს მიაღწიეს, მაგრამ მათემ სამშობლოში დაბრუნება მაინც ვერ შეძლო. ის ასტრახანში დააკავეს და ტობოლსკში გადაასახლეს. ისევ დაიწყო ძიება მისი ვინაობის დასადგენად. ბოლოს მაინც სიკვდილით დაუსჯიათ. დასჯის მიზეზი და წელი ჯერჯერობით უცნობია.10
თ. ტივაძე შეეცადა დაედგინა, მართლა იყო თუ არა მათე ლევან II დადიანის მემკვიდრე, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთები ვერ მოიპოვა. გამოთქვა თვალსაზრისი, რომ მათე ან დადიანის უკანონო შვილი იყო, ან თვითმარქვია. მაგრამ არც ერთ შემთხვევაში მას არ შეეძლო მომხრეების გარეშე, დამოუკიდებლად ემოქმედა. მისივე აზრით, მათე, დასავლეთ საქართველოში დაწყებული შინააშლილობის გამო, ქართლში ღვთისმოსავ მარიამ დედოფალთან შეფარებული პირი იყო. თ. ტივაძის აზრით, შესაძლოა, მარიამ დედოფალი მართლაც დაეხმარა მათეს რუსეთში წასვლაში, მაგრამ ეს დახმარება მხოლოდ და მხოლოდ მისი მაკარიოსის ამალაში ჩარიცხვისათვის რეკომენდაციის გაწევით უნდა შემოფარგლულიყო, რადგან მკვლევარს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ მარიამ დედოფალს, შაჰნავაზის დახმარებითა და ირანის შაჰის დასტურით სამეგრელოს მთავრად დასმული საკუთარი ძმისწულის, იოსების ვაჟის _ ლევან III-ის საწინააღმდეგოდ მათესთვის ხელი შეეწყო.11
ამასთან, მოსკოვის არქივში დაცული დოკუმენტების შესწავლის შედეგად თ. ტივაძე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მათეს მიერ რუსეთის სამეფო კარისთვის მიწოდებული ცნობები საქართველოს ისტორიის შესახებ, სინამდვილეს შეესატყვისება და ქართული და უცხოური წყაროებით დასტურდება. რაც შეეხება ცნობებს, რომლებიც თავად მათეს ეხება (მარიამ დედოფლის მიერ რუსეთის მეფესთან წერილისა და საჩუქრის გაგზავნა, თამასუქების გატანება, ერეკლე ბატონიშვილის მიერ ამ ნივთების წართმევა, ან ის, რომ მათე ლევანის მემკვიდრე იყო და ა.შ.), სანამ დამატებითი მასალა არ აღმოჩნდება, სანდოდ ვერ იქნება მიჩნეული.12
მიუხედავად ასეთი დასკვნისა, თ. ტივაძე იმასაც აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ერეკლე ბატონიშვილს მართლაც მიუძღოდეს გარკვეული წვლილი მათეს გადასახლებაში, რადგან სწორედ ერეკლე ბატონიშვილმა გადაასახლებინა 1670-1671 წლებში იმერეთის მეფის ბაგრატის ელჩი, იმ ბრალდებით, რომ ბაგრატის წარგზავნილი არ იყო.13
თ. ტივაძის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებსა და მათეს ბედ-იღბალზე საგანგებო ყურადღება გაამახვილა ნოდარ ასათიანმა. მისი აზრით, ერეკლე ეცდებოდა ხელი შეეშალა ქართლის სამეფო კარის მოსკოვთან დაკავშირების საქმისათვის და, მისი გავლენით, მაკარიოსმა და პავლე ალეპოელმა შეიძლება ისეთი გულმოდგინება აღარ გამოიჩინეს ამ საქმის განხორციელებაში, რის იმედიც ქართლის პოლიტიკოსებს ჰქონდათ. მისივე აზრით, ამ საკითხის გარკვევა ახალი მასალის გამოვლინებას და სპეციალურ კვლევა-ძიებას მოითხოვს.14
კვლევისას აღმოჩნდა, რომ ასეთი მასალა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 90-იან წლების მიწურულს გამოქვეყნებულა, მაგრამ იგი ქართველი მკვლევრების ყურადღების მიღმა დარჩა. ეს არის პავლე ალეპოელის მიერ არაბულ ენაზე დაწერილი თხზულება, რომელშიც აღწერილია მაკარიოს ანტიოქიელის რუსეთში მოგზაურობა 1654-1656 წლებში. თხზულების რუსული თარგმანი 1896-1900 წლებში ხუთ წიგნად დაიბეჭდა მოსკოვში.15
ქართული სამეცნიერო ლიტერატურიდან ჩანს, რომ ხსენებული თხზულების არსებობა ქართველ მკვლევართათვის ცნობილია. ერთხმად აღნიშნავენ, რომ იგი უმნიშვნელოვანესი წყაროა XVII საუკუნის 50-იანი წლების რუსეთის, უკრაინის, აგრეთვე მოლდავეთ-ვლახეთის ისტორიის შესასწავლად; რომ, მამა-შვილი უშუალო მომსწრენი იყვნენ ისეთი დიდმნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებისა, როგორიცაა: უკრაინელი ხალხის გამათავისუფლებელი მოძრაობა ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით, უკრაინის შეერთება რუსეთთან, რუსეთ-პოლონეთის ომი (1654-1656), ნიკონის საეკლესიო რეფორმა და ა.შ.16 სამწუხაროდ, მკვლევრები იმას არ აღნიშნავენ, რომ ეს თხზულება საინტერესო ცნობებს შეიცავს XVII საუკუნის საქართველოზეც, რაც იმას გვაფიქრებინებს, რომ ისინი პავლე ალეპოელის ამ თხზულების შესახებ რომელიღაც გამოკვლევის მიხედვით გვაწვდიან.
გარდა იმისა, რომ დასახელებულ თხზულებაში საქართველო არაერთხელ არის ნახსენები, ეძღვნება საგანგებო თავებიც: 1. „ცნობები საქართველოს, თეიმურაზ მეფისა და ელენე დედოფლის შესახებ“ (III გამოშვების VIII წიგნის VI თავი), 2. „დიდმარხვის ღმრთისმსახურებანი. ღარიბული საკვები. კრება მოსკოვში. პატრიარქ მაკარიოსის ღმრთისმსახურება ქართველ დედოფალ ელენესთან“ (ΙΧ წიგნის XII თავი) და ა.შ. პავლე ალეპოელის რუსეთში მოგზაურობის წიგნის უგულვებელყოფა, იმ მარტივი მიზეზით აიხსნება, რომ მაკარიოს III და პავლე ალეპოელი, ვიდრე რუსეთს ეწვეოდნენ (1654-1656), საქართველოში ნამყოფი არ იყვნენ. ამიტომ მკვლევრებმა ვერ წარმოიდგინეს, რომ ეს თხზულება ინფორმაციას საქართველოს შესახებაც შეიცავდა.
პავლე ალეპოელის რუსეთში მოგზაურობის წიგნის მიხედვით, ერეკლე ბატონიშვილმა და მაკარიოს III-მ ერთმანეთი ჯერ კიდევ 1655 წლის გაზაფხულზე გაიცნეს მოსკოვში და ძალიან დაახლოვდნენ. პავლე შთამბეჭდავად აღწერს ელენე დედოფალთან მათ სტუმრობას: „ჩვენ მათთან დავდიოდით საჩუქრებით, რომლებსაც ჩვენი მეუფე პატრიარქი გვატანდა. დედოფალი ტახტრევანზე იჯდა; მისი კაბა, ავეჯი, ყველა მისი ბალიში და ნოხიც კი, ქვრივების ჩვეულებისამებრ, შავი ფერის იყო. შვილი, სამეფო სამოსში გამოწყობილი, მის გვერდით იჯდა. ჩვენ რომ შევედით, წარმგზავნის პატივისცემის ნიშნად, თავსაბურავი მოიხადა. შორიახლო იდგნენ ქალები, მსახურები და თარჯიმნები. ჩვენი მეუფე პატრიარქის სხელს რომ ვახსენებდით, ისინი თაყვანისცემის ნიშნად თავს მიწამდე ხრიდნენ, ჩვენ კი მათ თავს ვუხრიდით. მათ ხშირად ვსტუმრობდით იმის გამო, რომ ჩვენი მეუფე პატრიარქი ძალიან უყვარდათ, რადგან მის შესახებ იმ დროიდან სმენოდათ, როდესაც ის ჯერ კიდევ ალეპოში იმყოფებოდა...“. „ყოველ ჯერზე, როდესაც კი იქ მივიდოდით, _ განაგრძობს პავლე ალეპოელი, _ მისი შვილი, რუსი დიდებულების ჩვეულებისამებრ, პირადად, საკუთარი ხელით მოგვართმევდა სასმელს სირჩით, რომელსაც ორივე ხელით მიართმევენ ხოლმე; თან თავს გვიხრიდა, რაზედაც ჩვენც ისევე ვპასუხობდით“.17
პავლე ალეპოელი გვაუწყებს, რომ რუსეთის მეფეს ერეკლე ბატონიშვილი ძალიან უყვარდა. იქვე თავის მისადმი დამოკიდებულებასაც გვიმხელს: „და, როგორ შეიძლება ის არ გიყვარდეს? მისი თვალების ბრწყინვალება, რაც ჩვენ საკუთარი თვალით ვნახეთ, მის მეფურ წარმომავლობას ამჟღავნებს“.18
შეგახსენებთ, ერეკლე ბატონიშვილი რუსეთს რომ გაემგზავრა (1652) ათი წლის იყო, მაკარიოს III-მ კი ის 1655 წლის გაზაფხულზე გაიცნო. ანუ, პავლე ალეპოელის თხზულებაში საუბარია 12-13 წლის ყმაწვილზე. როდესაც მაკარიოს III საქართველოდან რუსეთს გაემგზავრა და მოსკოვში მეორედ ჩავიდა (1666 წლის 2 ნოემბერს) ერეკლე ბატონიშვილი უკვე 22 წლის ჭაბუკი იყო, რომელიც თავგამოდებით იბრძოდა კახეთის ტახტის დასაპყრობად. მიზნის მისაღწევად, ცხადია, მაკარიოსისა და არქიდიაკონ პავლეს კეთილგანწყობასაც გამოიყენებდა.
როგორც ჩანს, ერეკლე ბატონიშვილმა ადრევე გაიგო მაკარიოს III-ის რუსეთში მოსალოდნელი გამგზავრების ამბავიც და მარშრუტიც. ამაში წარმოუდგენელი არაფერია, რადგან პავლე ალეპოელი რუსეთში მოგზაურობის წიგნში გვიამბობს, რომ მოსკოვში მათი პირველად ყოფნის დროს (1655 წ.) ისინი მოინახულა თეიმურაზ I-ის მიერ რუსეთში წარგზავნილმა ბერძენმა ბერმა, რომელსაც შეუჩერებლი მგზავრობით, მანძილი საქართველოდან მოსკოვამდე ოთხმოც დღეში დაუფარავს.19 როგორც უკვე ვთქვით, მაკარიოს III საქართველოდან მოსკოვისკენ გამგზავრებას ორჯერ შეეცადა. პირველი გამგზავრებისას (1665 წლის დეკემბერში), ზამთრის უგზოობის გამო, თერგიდან უკან დაბრუნდა. ოთხი თვით თბილისში შეყოვნდა (1666 წლის აპრილის ბოლომდე), შემდეგ კი, შემახას გავლით, ისევ გაემგზავრა. ეს დრო სავსებით საკმარისი იქნებოდა საიმისოდ, რომ ერეკლე ბატონიშვილის ერთგულ პირებს მისთვის მაკარიოსის მოსკოვში მოსალოდნელი გამგზავრების შესახებ შეეტყობინებინათ.
ასე იყო თუ ისე, 1666 წლის 21 ივნისს მაკარიოს III ასტრახანში ჩავიდა. პატრიარქის ოცდაათკაციან ამალაში, ჩვენ მიერ ხსენებული აზნაურ მათესა და მისი მსახურის გარდა, იმყოფებოდა ერეკლე ბატონიშვილთან მიმავალი თავადი ივანე, თავისი მსახურით. მკვლევრები (თ. ტივაძე, ნ. ასათიანი) ამ ფაქტს აღნიშნავენ, მაგრამ არანაირ ინტერპრეტაციას არ გვთავაზობენ. ჩვენი აზრით, ერეკლე ბატონიშვილთან მიმავალი კაცი პატრიარქის ამალაში ვახტანგ V-ის თანხმობის გარეშე ვერ მოხვდებოდა. მეტიც; ვფიქრობთ, ივანეს საპატრიარქო ამალაში ჩართვა ვახტანგ V-ის სურვილით უნდა მომხდარიყო და, აი, რატომ:
მოგეხსენებათ, ერეკლე ბატონიშვილმა ვახტანგ V-ის წინააღმდეგ ორჯერ გაილაშქრა (1663 და 1664), კახეთის ტახტის დასაპყრობად, მაგრამ ორივეჯერ დამარცხდა.20 ამას წინ უსწრებდა ვახტანგ V-ის იმერეთში ლაშქრობა, რის შედეგადაც თავისი ვაჟი არჩილი 1661 წელს იმერეთის ტახტზე აიყვანა. სწორედ ამ ლაშქრობის დროს ვახტანგ V-მ სკანდის ციხეც აიღო და ერეკლე ბატონიშვილის პაპა, თეიმურაზ I, ხელში ჩაუვარდა. თეიმურაზისავე თხოვნით, ვახტანგმა ის ისპაჰანს წარგზავნა. შახმა თეიმურაზი დიდი პატივით მიიღო, მაგრამ შემდეგ მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა. თეიმურაზისაგან უარის მიღების შემდეგ, განრისხებულმა შახმა თეიმურაზს ბორკილები დაადო და გამოკეტა ასტრაბადის ციხეში, სადაც 1663 წელს, 74 წლის ასაკში, დაასრულა თავისი ტრაგიკული ცხოვრება.
ასეთი ურთიერთობების ფონზე, შეუძლებელია ვახტანგ V-ს იმაზე არ ეფიქრა, რომ მოსკოვში მყოფი ერეკლე ბატონიშვილი მისი ჩანაფიქრის განხორციელებას ხელს შეუშლიდა. ამიტომ, ვფიქრობთ, სწორედ ვახტანგმა ჩართო ანტიოქიის პატრიარქის ამალაში თავადი ივანე,21 რათა ერეკლე ბატონიშვილთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა და შემოერიგებინა.
იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართა ისტორიული მოვლენები, ნათელია, რომ ერეკლემ ვახტანგ V-ის შეთავაზება არ მიიღო. ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ აზნაურ მათესთვის პრობლემები მართლაც შეექმნა. მართალია, მაშინ, როდესაც მაკარიოს III-მ და მისმა ამალამ ასტრახანს ჩააღწია (1666 წლის 21 ივნისს), ვახტანგ V-სთან ბრძოლაწაგებული ერეკლე უკვე მოსკოვში იმყოფებოდა,22 მაგრამ ერთგული კაცების მეშვეობით ამას მაინც მოახერხებდა. დრამატული ეპიზოდები კი, როგორც მათეს წერილებიდან ჩანს, სწორედ მოსკოვში განვითარდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მათე თავისი გაუბედურების მიზეზად ასახელებს ერეკლე ბატონიშვილისა და მაკარიოსის მიერ იმ ძვირფასი საჩუქრების დაუფლების სურვილს, რომელიც მას მარიამ დედოფალმა რუსეთის მეფესთან გაატანა. რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მათეს მონათხრობი, ძნელი სათქმელია. თუმცა, ის კი ცხადია, რომ ერეკლე ბატონიშვილს უფრო დიდი მიზნები ამოძრავებდა _ ვახტანგ V-ის ძალაუფლების დასუსტება და კახეთის ტახტის დაუფლება. რაც შეეხება მაკარიოსს, ამ მხრივ მისი დადანაშაულება უფრო ადვილია, რადგან მისი ვერცხლისმოყვარეობის შესახებ არაერთი ცნობა არსებობს, მაგრამ ვინაიდან ამ კონკრეტული შემთხვევის დამადასტურებელი სხვა საბუთი არ გაგვაჩნია, ამ საკითხზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ. შევეცდებით ის გავარკვიოთ, მაკარიოსს III-ისა და ერეკლე ბატონიშვილის ძველი ნაცნობობა ხომ არ გახდა მიზეზი აზნაურ მათეს გაწირვისა და ვახტანგ V-ის დავალების უგულვებელყოფისა.
სამწუხაროდ, მაკარიოსი არც ერთგულებით გამოირჩეოდა. ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ რუსეთის პატრიარქი ნიკონი, რომელსაც რეფორმების გატარებაში დაეხმარა, იმავე რეფორმების გამო, თვითონ გაასამართლა და ბელაზორის მონასტერში უბრალო ბერად გაამწესა. ორივე შემთხვევაში მაკარიოს III რუსეთის მეფისგან დიდად დასაჩუქრებული დაბრუნდა.
ისიც ცნობილია, რომ მაკარიოს III-მ ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ის ალეპოს მიტროპოლიტი იყო, მჭიდრო კავშირი დაამყარა კათოლიკეებთან. 1664 წელს პაპს მისწერა წერილი, რომლითაც მისი უპირატესობა აღიარა. ერთ-ერთ ადრინდელ წერილში კი რომის ეკლესიას „ყველა სხვა ეკლესიის თავი და მოძღვარი“ უწოდა. რომისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მაკარიოსისაგან კათოლიკური მრწამსის აღიარება მოითხოვეს. ათენის მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი გვაუწყებს, რომ ერთ-ერთი არასარწმუნო წყაროს მიხედვით, მაკარიოსმა 1664 წლის ზაფხულს მრწამსი რომში ორ ეპისკოპოსს გაატანა, თავად კი საქართველოში გაემგზავრა.23
ქრიზოსტომოსის მიერ დასახელებული „არასარწმუნო წყარო“ არც მთლად არასარწმუნო აღმოჩნდა. ამის დასტურია ის, რომ დასავლეთ საქართველოში ყოფნის დროს მაკარიოსის ქადაგებებით აღფრთოვანებულან იქ მყოფი კაპუცინები. მაკარიოსის საქართველოში ყოფნის ამბავი რომის პაპისთვის უცნობებიათ. კაპუცინები აქებდნენ ანტიოქიის პატრიარქის საქართველოში მოღვაწეობას და იმასაც კი აღნიშნავდნენ, რომ თუ მან ერთ-ორ გზის ასე იქადაგა ჩვენს ეკლესიაში, მაშინ ყველა ქართველი ჩვენ შემოგვიერთდებაო.24
მაკარიოსს რომ კათოლიკეებთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა, ამას მისი შვილი _ პავლე ალეპოელიც აღნიშნავს: „ფრანკთა ქვეყნებში უყვართ ანტიოქიის პატრიარქი და მისი დიდი ნდობა აქვთ, არა ისე, როგორც სხვების მიმართ; მის შემდეგ პატივს სცემენ ალექსანდრიის პატრიარქს; მაგრამ კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქები სძულთ; პირველი _ მისი ამჟამინდელი ურთიერთობის, მეორე კი _ იერუსალიმში ფრანკებთან დაპირისპირების გამო“.25
ერთი სიტყვით, მაკარიოსი მართლმადიდებლებთან მართლმადიდებელი იყო, კათოლიკეებთან კი _ კათოლიკე. მიუხედავად ამისა, როგორც მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომოსი აღნიშნავს, „მაკარიოსს კათოლიკეების მიმართ გარკვეული სიმპათიები მართლაც ჰქონდა, მაგრამ ბოლომდე მაინც მართლმადიდებელ პატრიარქად დარჩა“. თუმცა, მისივე თქმით, მაკარიოსის დიპლომატიამ მაინც უარყოფითი შედეგი გამოიღო. „მართალია, მას სირიის მართლმადიდებელი სამწყსო რომის ეკლესიისათვის არ შეუერთებია, მაგრამ, სამწუხაროდ, ნიადაგი შეამზადა უნიის განსავითარებლად და დასამკვიდრებლად“.26
მაკარიოს III-ის მოღვაწეობის გაცნობის შემდეგ, ვფიქრობთ, ნათელი ხდება, რომ, თუ ვახტანგ V-ის პოლიტიკა მაკარიოსისათვის უფრო ხელსაყრელი აღმოჩნდებოდა, ერეკლე ბატონიშვილთან ძველ ნაცნობობას ანგარიშს აღარ გაუწევდა. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: მაინც რა ამოძრავებდა მაკარიოს III-ს საქართველოს მიმართ, რა იყო მისი მიზანი?
ამ კითხვის პასუხი ნათლად ჩანს მაკარიოს III-ის თხზულებაში „ცნობები საქართველოს შესახებ“. თხზულება მცირე ზომისაა (სულ 34 გვერდია), შედგება სამი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში მოთხრობილი და ახსნილია „ქართველი ხალხის მესიის სჯულზე მოქცევის მიზეზი, როგორ იყვნენ ძველად ქართველები ანტიოქიის პატრიარქის მორჩილებაში, მერე კი როგორ განუწესეს მათ კათოლიკოსი და დამოუკიდებელნი გახდნენ“. ამას მოჰყვება: „ცნობები ქართველთა ქვეყნის შესახებ, მათი კარგი და ცუდი თვისებები“. ბოლოს კი საუბარია „ქართველთა კეთილ და სანაქებო თვისებებზე, საამაყო საქმეებზე“.27
ჩვენს მიზანს არ წარმოადგენს იმის განხილვა და ჩვენება, თუ რამდენად შეესატყვისება მაკარიოსის მონათხრობი ისტორიულ სინამდვილეს.28 მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ მაკარიოსი ძალ-ღონეს არ იშურებს იმის წარმოსაჩენად, რომ საქართველოს ეკლესია ოდითგანვე ანტიოქიის საპატრიარქოზე იყო დამოკიდებული. გვიამბობს თუ როგორ მოგვნათლა ანტიოქიის პატრიარქმა ევსტატემ, როგორ აგვიშენა ეკლესიები, განგვიწესა ეპისკოპოსები, მღვდლები და დიაკვნები. ქართველთა მეფემ კი ანტიოქიის პატრიარქს უწყალობა ათასი სოფელი, რომელთა ყოველწლიური შემოსავალი მირონს მოხმარდებოდა. ქართველები ანტიოქიის პატრიარქს ყოველ წელს ათას დინარს უგზავნიდნენ. მისივე თქმით, „ასე გაგრძელდა ეგვიპტის მეფის ალ-ჰაქიმ ბიამრ ალ-ლაჰის ზეობამდე“ [996-1022]. ისტორიული მოვლენების გამო, ანტიოქიის პატრიარქმა იოანემ გადაწყვიტა ხსენებული ათასი დინარი იერუსალიმის პატრიარქ ორესთოსს აეღო, „თუმცაღა განმგებლობისა და განკარგულების უფლება [საქართველოს ეკლესიაზე] ანტიოქიის პატრიარქს რჩებოდა“.29 მისივე მონათხრობის თანახმად, მას შემდეგ, რაც ანტიოქიაში მუსლიმები გაბატონდნენ, ქართველები გასაჭირში ჩაცვივდნენ, რადგან მათ ეპისკოპოსის ხელდასხმის უფლება არ ჰქონდათ. ანტიოქიის პატრიარქი იძულებული გახდა, მოეწვია კრება და ქართველებისათვის ეკურთხებინა კათოლიკოსი, რომელიც შეძლებდა ეპისკოპოსთა ხელდასხმას, მღვდელმსახურებისას კი ანტიოქიის პატრიარქს მოიხსენიებდა. კრებამ ისიც დაადგინა, რომ „ყოველ წელს ანტიოქიის პატრიარქი ქართველებს გამოუგზავნიდა ეგზარქოსს მღვდელმთავართა და არქონტთა დანაშაულებრივ საქმიანობათა გამოსაძიებლად და სოფლებიდან შეწირულობის ასაკრეფად“. მოგვიანებით ანტიოქიის პატრიარქმა ქართველებს მირონის კურთხევის ნებაც მისცა.30
ამის შემდეგ მაკარიოსი გვიამბობს იმას, რაც, მისივე თქმით, საკუთარი თვალით უნახავს დასავლეთ საქართველოში. თხზულების ეს ნაწილი რომ სინამდვილეს არ შეესაბამება და წინააღმდეგობებითაა სავსე, ამას ჯერ კიდევ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები კირიონ II31 და კალისტრატე (ცინცაძე)32 აღნიშნავდნენ. ამიტომ, ამ შემთხვევაშიც, ყურადღებას გავამახვილებთ მხოლოდ იმ ცნობებზე, რომლებსაც საკვლევი საკითხისათვის აქვს მნიშვნელობა.
მაკარიოს III-ის თხზულების თანახმად, დასავლეთ საქართველოში გაბატონებული იყო უმეცრება, რის გამოც დარღვეული იყო საეკლესიო წესები: „მეგრელთა ქვეყნის უამრავი დიაკვანი და მღვდელი მოუნათლავია. მე ბევრი მათგანი მოვნათლე. უმეტესობა ისე ბერდება, რომ ხეირიანად პირჯვრის გადაწერაც კი არ იცის. ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველი ეპისკოპოსები სრულებით არ მოძღვრავენ მათ“.33
მაკარიოსი არ ინდობს არც აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიების (კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის) მესვეურებს და წერს: „ასევე იქცევიან სხვა ქვეყნებიდან მოსული პატრიარქები, მღვდელმთავრები და მღვდლები. ისინი არაფერს ასწავლიან მრევლს და არ განუმარტავენ რწმენის საკითხებს; მხოლოდ ფულს აგროვებენ და ისე გაეცლებიან, რომ სასარგებლოს არაფერს ეუბნებიან“.34
თავად მაკარიოსი კი, როგორც აღნიშნავს, ძალ-ღონეს არ იშურებდა დარღვეული საეკლესიო წესებისა და ქრისტიანული ეთიკის ნორმების დასაცავად, გზასაცდენილი მრევლის ჭეშმარიტ გზაზე დასაყენებლად. სჯიდა მღვდლებსა და ეპისკოპოსებს. თხზულებიდან ისიც ჩანს, რომ მაკარიოსი მხოლოდ საეკლესიო საკითხებით არ იფარგლებოდა. ერეოდა დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ და საშინაო საქმეებში. იბრძოდა ტყვეთა სყიდვის წინააღმდეგ. ცდილობდა შეერიგებინა ლევან დადიანი და ბაგრატ იმერეთა მეფე და ა.შ. ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ მაკარიოსი თავის ქმედებებში ძალიან თავისუფალია. მეტიც; თავს უფლებას აძლევს და დასავლეთ საქართველოს პატრიარქს, სვიმონს, ბრიყვად მოიხსენიებს.35
ერთი სიტყვით, წარმოდგენილი თხზულება ნათელი დასტურია იმისა, რომ მაკარიოს III დასავლეთ საქართველოს თავის კანონიერ სამოღვაწეო სივრცედ მიიჩნევდა.
მაკარიოს ΙΙΙ-ის საქართველოში მოღვაწეობის შეფასებისას, მიხეილ თამარაშვილი სრულიად მართებულად წერს: „მაკარიოსი თავის „ისტორიაში“ აზვიადებს იმ დარღვევებს და უწესრიგობას, რაც უნახავს და აულაგმავს საქართველოში, შესაძლოა იმ მიზნით, რომ ამით საკუთარი მოციქულობის მნიშვნელობა დიდად წარმოსახოს“.36 მ. თამარაშვილი იქვე ამის მიზეზსაც განგვიმარტავს: „ანტიოქიის პატრიარქები, როგორც ჩანს, ძლიერ ნანობდნენ, რომ საქართველოს ეკლესია გაუსხლტათ იურისდიქციის ფარგლებიდან და ყოველნაირად ცდილობდნენ, ისევ თავიანთი გავლენის ქვეშ მოექციათ...“37 მისივე თქმით, „მაკარიოსი შეეცადა განევრცო თავისი იურისდიქცია მთელ საქართველოზე ცდუნებათა დათრგუნვისა და მთელი ხალხისა და სამღვდელოების დამოძღვრის გზით“.8
კვლევისას გაირკვა, რომ ამ მიზნის მისაღწევად მაკარიოს III-ს გაცილებით ადრე უღვაწია, ვიდრე საქართველოში ჩამოვიდოდა. პავლე ალეპოელის რუსეთში მოგზაურობის წიგნს, დამატების სახით, ერთვის „ანტიოქიის პატრიარქების ისტორია“, რომელშიც მოკლედ მოგვითხრობს თითოეული პატრიარქის ღვაწლსა და დამსახურებას ანტიოქიის ეკლესიის წინაშე. მაკარიოს III-სთან დაკავშირებით, პავლე ალეპოელი გვამცნობს, რომ 1641 წელს, როდესაც მაკარიოს III ჯერ კიდევ ალეპოს მიტროპოლიტი იყო და ცნობილი იყო სახელით მელეტიოსი, სამოც თანმხლებ პირთან ერთად, რომელთა შორისაც მღვდლები და დიაკვნებიც იყვნენ, იერუსალიმს გაემგზავრა, წმინდა ადგილების მოსალოცად. შეხვდა იერუსალიმის პატრიარქ თეოფანე III-ს (1608-1644 წწ.). მასთან ერთად იდღესასწაულა აღდგომა, რომელიც 10 აპრილს დაემთხვა. იქვე გაიცნო დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსი მაქსიმე (მაჭუტაძე; 1640-1657). განრღვეულის კვირიაკეს კი პატრიარქი თეოფანე, მელეტიოსი და კათოლიკოსი მაქსიმე ერთად გაემგზავრნენ დამასკოში. თეოფანეს კურთხევით, ალეპოს მიტროპოლიტმა სამარიტელის დღესასწაულზე მწუხრის ლოცვა აღავლინა და იქადაგა. იმავე დღეს იპოდიაკონად აკურთხა თავისი შვილი _ პავლე. დამასკოში მღვდელმთავრები ერთმანეთს გამოემშვიდობნენ _ მაქსიმე საქართველოში გამოემგზავრა, მელეტიოსი კი ალეპოში დაბრუნდა. როდესაც ალეპოს მიტროპოლიტი მელეტიოსი, მაკარიოს III-ის სახელით, ანტიოქიის საპატრიარქო ტახტზე ავიდა (1647 წლის დეკემბერი), თავის მოწაფეს, იეროდიაკონ გაბრიელს, რომელიც წარმოშობით ალეპოელი იყო, ხელი დაასხა მღვდლად და არქიმანდრიტის ხარისხშიც აღამაღლა. ორ თვეში კი, 1648 წლის თებერვალში, თანმხლებ პირებთან ერთად, საქართველოში წარმოგზავნა ექსარხოსად.39
ამრიგად, მაკარიოს III-ს საქართველოში თავისი ექსარხოსი და რამდენიმე ბერი 1648 წლის თებერვლიდან ჰყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდრე თვითონ ჩამოვიდოდა (1664), მთელი თექვსმეტი წლის განმავლობაში, მათი საშუალებით იღებდა საქართველოდან შესაწირავსაც და ინფორმაციასაც. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მაკარიოს III-ის წარმოგზავნილ სასულიერო პირთა მოღვაწეობის სფერო მხოლოდ წირვა-ლოცვითა და შესაწირავის შეგროვებით არ შემოიფარგლებოდა. უსათუოდ შეეცდებოდნენ, არა მხოლოდ საქართველოს სამღვდელოების, არამედ სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მესვეურთა აზროვნებაში დაემკვიდრებინათ ის თვალსაზრისი, რომ საქართველოს ეკლესია ანტიოქიის ეკლესიის პირმშო და განუყოფელი ნაწილია, რასაც, ჩვენი აზრით, მიაღწიეს კიდევაც.
ამის დასტურია თუნდაც იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსის (1669-1707) ცნობა, რომ 1659 წელს დასავლეთ საქართველოში ვიზიტად მყოფმა იერუსალიმის პატრიარქმა პაისიოსმა (1645-1660), რომელმაც „გელათის მონასტერში გამოიზამთრა“, უარი განაცხადა დასწრებოდა გელათის ეპისკოპოსის ხელდასხმას, რომელიც ქართლის საზღვართან მდებარე ერთ-ერთ ტაძარში უნდა შესრულებულიყო. გელათიდან პაისიოსი რამდენიმე დღით ხობის მონასტერში გაემგზავრა, იქიდან კი, 1659 წლის 22 მარტს, _ გურიის მთავარ ქაიხოსროსთან, რომელმაც გულისტკივილით უამბო იმერეთის მეფესთან შეტაკებისა და თავისი მარცხის შესახებ.40
არსებობს მოსაზრება, რომ პატრიარქ პაისიოსის ეს გადაწყვეტილება იმერეთისა და ქართლის მეფეებს შორის არსებული საომარი მდგომარეობით უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი.41 ჩვენი აზრით, აქ საქართველოს საშინაო საქმეები არაფერ შუაშია.42 ბოლოს და ბოლოს, სულ ცოტა ხნით ადრე მოხდა შეტაკება იმერეთის მეფესა და გურიის მთავარს შორის, მაგრამ პაისიოსი ქაიხოსროს მაინც ეწვია. ვფიქრობთ, პრობლემა უფრო საეკლესიო იყო. როგორც ვნახეთ, მაკარიოსს დასავლეთ საქართველო თავის სამოღვაწეო სივრცედ მიაჩნდა და აღმოსავლეთის სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა იქ ჩასვლა სასტიკად აღიზიანებდა.
ცხადია, იგივე განწყობით ხვდებოდნენ მათ მაკარიოსის მიერ წარგზავნილი ექსარხოსი და სხვა სასულიერო პირები. ტექსტიდან ნათლად არ ჩანს, პაისიოსი გელათის ეპისკოპოსის ხელდასხმაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს, თუ, უბრალოდ, ზეიმზე დასასწრებად. როგორც არ უნდა ყოფილიყო, უმაღლესი რანგის საეკლესიო პირს მეფე და დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსიც განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ, რაც უსათუოდ გააღიზიანებდა ანტიოქიის ეკლესიის ექსარხოსს, რომელიც თავს დასავლეთ საქართველოს ბატონპატრონად თვლიდა. პაისიოსს, ისევე როგორც კონსტანტინეპოლის პატრიარქს, ანტიოქიის საპატრიარქოსთან არც თუ სახარბიელო ურთიერთობა ჰქონდა. ამის მიზეზი მაკარიოსის კათოლიკეებთან და სომხებთან43 მჭიდრო ურთიერთობა იყო. ვფიქრობთ, პაისიოსმა ანტიოქიის საპატრიარქოსთან ურთიერთობა აღარ გაამწვავა. მოკლედ, მაკარიოს III დასავლეთ საქართველოზე სრულ კონტროლს ახორციელებდა. რა გასაკვირია, რომ მას თავისი იურისდიქციის გავრცელება მთელ საქართველოზე სდომოდა. ერთი შეხედვით, ვახტანგ V-ის პოლიტიკის გამარჯვება, რომლის მიზანიც საქართველოს გაერთიანება იყო, მაკარიოსს სანუკვარ ოცნებასთან აახლოვებდა. მისი განხორციელების შემთხვევაში, ბუნებრივია, მაკარიოსს, ვითარცა ვახტანგ V-ის ელჩს და რუსეთის ხელმწიფესთან დამაახლოებელს, სამოღვაწეო ასპარეზი ქართლშიც ეხსნებოდა, მაგრამ არსებობდა ამის საწინააღმდეგო გარემოებანიც, რომლებიც,როგორც ჩანს, მაკარიოსის მოქნილმა გონებამ იმთავითვე განჭვრიტა:
აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი იყო დომენტი III, ფრიად განსწავლული და ენერგიული პიროვნება, რომელსაც მაკარიოსი დასავლეთ საქართველოს კათოლიკოსივით ვერ დაიმორჩილებდა. გარდა ამისა, დომენტი III ვახტანგ V-ის ბიძაშვილი იყო და, რაც მთავარია, იგი მაკარიოსის მიმართ კეთილგანწყობილი არ იყო. აღნიშნულმა გარემოებებმა, როგორც ჩანს, მაკარიოსს იმის შიში გაუჩინა, რომ ვახტანგ V-ის პოლიტიკის გამარჯვების შემთხვევაში, შეიძლებოდა დასავლეთ საქართველოზეც დაეკარგა კონტროლი.
უეჭველია, ამ შიშს მას კიდევ უფრო გაუმძაფრებდა ერეკლე ბატონიშვილი. ამასთან, ერეკლე ბატონიშვილი მაკარიოსს იმაშიც დააიმედებდა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, აღმოსავლეთ საქართველოში ხელსაყრელ პირობებს შეუქმნიდა. ვფიქრობთ, ამიტომ აჰყვა მაკარიოსი ერეკლე ბატონიშვილის ზრახვებს, გაწირა აზნაური მათე და არათუ „გულმოდგინება არ გამოიჩინა“, ხელი შეუშალა ქართლის რუსეთთან დაახლოებას.
როდესაც ვამბობთ, მაკარიოს III-მ ხელი შეუშალა ქართლის რუსეთთან დაახლოებას, იმას არ ვგულისხმობთ, რომ მან რუსეთის მეფესთან ქართლის შესახებ საუბარს თავი აარიდა. პირიქით, მაკარიოსის დავალებით, არქიდიაკონმა პავლემ რუსეთის მეფეს მნიშვნელოვანი ცნობები მიაწოდა მთელი საქართველოს შესახებ. ამის დასტურია პავლე ალეპოელის თხზულება, სათაურით: «Описание Грузии, представленное архидиаконом Павлом, сыном антиохийского патриарха Макария» (საქართველოს აღწერილობა, წარმოდგენილი ანტიოქიის პატრიარქ მაკარიოსის ძის, არქიდიაკონ პავლეს, მიერ), რომელიც რუსეთის საიდუმლო საქმეთა საგანგიოში (приказ тайных дел) აღმოჩნდა (ЦГАДА, ფონდი #27, საქ. # 542).
პავლე ალეპოელს „აღწერილობა“ 35 ხელნაწერ გვერდს მოიცავს. პირველივე გვერდიდან ირკვევა, რომ იგი პავლეს ბერძნულად დაუწერია. დედანი არ ჩანს, ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ რუსულმა თარგმანმა. რუსული ტექსტი, ვრცელი გამოკვლევითა და კომენტარებით, გამოაქვეყნა ნ. ასათიანმა.44 გამოკვლევის თანახმად, საიდუმლო საქმეთა საგანგიოს მოხელეებმა პავლე ალეპოელს გადასცეს გარკვეული კითხვარი, რომელშიც მოცემული იყო ის კითხვები, რაც რუს პოლიტიკოსებს აინტერესებდა: საქართველოს საშინაოპოლიტიკური მდგომარეობა (რა და რა პოლიტიკური ერთეულებისაგან შედგებოდა, ვინ დგას თითოეული სამეფო-სამთავროს სათავეში, რომელია მათი დედაქალაქები და სხვა); საერთო გეოგრაფიული დახასიათება (მდებარეობა, სიდიდე, საზღვრები); ცალკეული სამეფო-სამთავროების გეოგრაფიული დახასიათება (საზღვრები, მდინარეები, რელიეფის თავისებურება); რა და რა საეპისკოპოსებია თითოეულ სამთავროში და რა წმიდა ნაწილები ინახება იქ; ქვეყნის ბუნებრივი სიმდიდრე, მადნეული, რა მცენარეები ხარობენ და რა ცხოველებია იქ გავრცელებული. აგრეთვე, ცალკეული სამეფო-სამთავროს საგარეო-პოლიტიკური მდგომარეობა, მათი ერთმანეთთან ურთიერთობა, დამოკიდებულება თურქეთთან და ირანთან. ცალკე საკითხადაა მოცემული კავკასიის მთიელთა მდგომარეობა: რა და რა ტომებისგან შედგებიან ისინი და როგორია მათი სარწმუნოება; ცალკეა გამოყოფილი ლეკთა საშამხლოს საკითხები და სხვა. ნ. ასათიანის დაკვირვებით, პავლე ალეპოელი „აღწერილობაში“ არ იფარგლებოდა მხოლოდ რუს პოლიტიკოსთა კითხვებზე პასუხის გაცემით. იგი საკუთარ მოსაზრებებსაც იძლევა და ერთგვარ შუამავლად გამოდის კავკასიის ხელისუფალთა და რუსეთის სამეფო კარს შორის. იგი დაჟინებით ამტკიცებს, რომ რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის აუცილებელია იმიერ კავკასიაში, თერგიდან საქართველოსკენ მიმავალ გზაზე, ძველი ციხე-სიმაგრეების აღდგენა და იქ ჯარების ჩაყენება, კავკასიის ხალხებში ქრისტიანობის აღდგენა-გავრცელება, თურქეთის გავლენის აღმოფხვრა და სხვა.45
ეს, რაც ოფიციალურ ცნობებს შეეხება. პავლე ალეპოელის რუსეთში მოგზაურობის წიგნში კი ვკითხულობთ: „როდესაც ჩვენ ადამითგან 7173 წელს საქართველოს ვეწვიეთ, გვიამბობდნენ, რომ თეიმურაზ ხანის გენიალოგიური შტო მეფე და წინასწარმეტყველ დავითამდე აღწევს, რამეთუ, როგორც ამბობენ, დავითი, რომელიც ებრძოდა ბერძენთა მეფეს, ბასილი მაკედონელს, ერთ-ერთი მისი წინაპარი იყო. რაც შეეხება დანარჩენ ოთხ თავადს, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ისინი ძველ გვარს არ მიეკუთვნებიან, და, გარდა ამისა, ეს უკანასკნელნი თავიანთ შვილებსა და ქვეშევრდომებს უცხოელებზე ჰყიდიან. თეიმურაზ-ხანის შესახებ, ასეთი რამ არასოდეს თქმულა: პირიქით, ის გამოისყიდის ხოლმე დატყვევებულ ქრისტიანებს..“46
ვფიქრობთ, ეს ერთი ამონარიდიც საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რა სახის ცნობებს მიაწვდიდა მაკარიოსი რუსეთის მეფეს პირადი საუბრების დროს. ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ, ჩვენი საბოლოო დასკვნა ასეთია: მაკარიოს III-მ არა მხოლოდ „გულმოდგინება არ გამოიჩინა“, არამედ ხელი შეუშალა ქართლის რუსეთთან დაახლოებას. ეს გააკეთა არა მხოლოდ ერეკლე ბატონიშვილის გავლენით, არამედ იმ ინტერესების გამო, რაც მას საქართველოს მიმართ გააჩნდა: მაკარიოს III-ს 1648 წლიდან ჰყავდა თავისი ექსარხოსი დასავლეთ საქართველოში. როგორც ჩანს, მას უნდოდა, აღმოსავლეთ საქართველოც ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში მოექცია.
პავლე ალეპოელის „მოგზაურობის“ რუსულ ენაზე მთარგმნელი, გიორგი (იური) მურკოსი, გვამცნობს, რომ პავლეს მაკარიოს III-ის რუსეთში მეორე მოგზაურობაც ვრცლად აღუწერია. „მოგზაურობათა“ გამოცემა გათვალისწინებული ყოფილა ცხრა ნაწილად. მათგან ხუთი გამოქვეყნდა (1896-1900), დანარჩენი ოთხი კი აღარ გამოქვეყნებულა. ამის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ 1906 წელს გ. მურკოსი47 სამშობლოში, დამსკოში, დაბრუნდა, ხუთი წლის შემდეგ კი იქვე გარდაიცვალა. ჯერჯერობით ვერ დავადგინეთ, მოასწრო თუ არა გ. მურკოსმა თხზულების დარჩენილი ნაწილების თარგმნა. არაბული ხელნაწერები დაცულია მოსკოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ არქივში. შესაძლოა, რუსული თარგმანიც (თუ არსებობს) იქვე იყოს დაცული. იმედი გვაქვს, ქართველი არაბისტები და რუსეთსაქართველოს ურთიერთობათა მკვლევრები ამ საკითხით უსათუოდ დაინტერესდებიან.
შენიშვნები
1. მაკარიოსს ანტიოქიის საპატრიარქო ტახტზე 6000 გროში ვალი დახვდა. ამას დაემატა პატრიარქ ექვთიმეს დაკრძალვის ხარჯი. 4000 გროში გადაუხადა დამასკოს ფაშას, აღიარების სიგელის მისაღებად. ამას დაემატა პროცენტებიც და ვალმა 13 000 გროშს მიაღწია. მაკარიოსი იძულებული გახდა, მევალეებისათვის გირაოდ მიეცა ოთხი ძველი მიტრა, შესამოსელი და საეკლესიო ჭურჭელი, Архидиакон Павел Алепский, История Антиохийских Патриархов, იხ.: Путешествие Антиохийского патриарха Макария в Россию в половине XVII века, описанное его сыном, архидиаконом Павлом Алепским, Москва 1900, вып. 5 (прилож. I), с.196.
2. მაკარიოს III-ს მოგზაურობებში ყოველთვის თან ახლდა მისი ვაჟი პავლე, რომელიც ხშირად პავლე ალეპოელად მოიხსენიება. მაკარიოსმა პავლე თავად აკურთხა ჯერ იპოდიაკონად (1641), შემდეგ კი _ არქიდიაკონად (1648). მაკარიოსის მოგზაურობები პავლე არქიდიაკონმა აღწერა.
3. მაკარი ანტიოქიელი, ცნობები საქართველოს შესახებ, არაბულიდან თარგმნა თ. მარგველაშვილმა, კრ. `არმაღანი~ (აღმოსავლური მწერლობის ნიმუშები), თბ., 1982, 88-122.
4. Χρυσοστόμου Παπαδοπούλου, Ἱστορία τῆς Ἐκκλησίας Ἀντιοχείας, Θεσ/νίκη 2010, 1026.
5. მაკარიოსის მოსკოვში მიწვევის მიზეზი ის იყო, რომ მეფესა და პატრიარქ ნიკონს შორის ურთიერთობა უკიდურესად გამწვავდა. მეფემ ნიკონის გადაყენება განიზრახა, მაგრამ გავლენიანი საეკლესიო წრეების მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდა. მათი მტკიცებით, რუსეთის პატრიარქის გასამართლება მხოლოდ აღმოსავლეთის უძველესი ეკლესიების: კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქებს შეეძლო. ამიტომ ალექსი მიხეილის ძე იძულებული გახდა მათთვის მიემართა. მსოფლიო პატრიარქმა სასწრაფოდ მოიწვია ადგილობრივ მღვდელმთავართა კრება. კრებას ესწრებოდა კონსტანტინეპოლში მყოფი იერუსალიმის პატრიარქი ნექტარიოსიც. კრების დადგენილების ტექსტები ხელმოსაწერად გადაეგზავნათ ალექსანდრიის პატრიარქ პაისიოსს და ანტიოქიის პატრიარქ მაკარიოსს. თუმცა, დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერდა ოთხივე პატრიარქი, ნიკონის მომხრეთა დასაძლევად საკმარისი არ აღმოჩნდა. საჭირო გახდა მოსკოვში ჩაეყვანათ თვითონ პატრიარქები. ქართული და რუსული სამეცნიერო ლიტერატურის თანახმად, გართულებული საერთაშორისო ვითარების გამო, კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებმა მოსკოვში წასვლა ვერ შეძლეს (ნ. ასათიანი, მასალები XVII ს-ის საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1973, 14). ბერძნული ლიტერატურის თანახმად კი, კონსტანტინეპოლისა და იერუსალიმის პატრიარქებმა მოსკოვში წასვლას თავი აარიდეს (Χρυσοστόμου Παπαδοπούλου, Ἱστορία τῆς Ἐκκλησίας Ἱεροσολύμων, Αθήνα, 1910, 585-591). საბოლოოდ, მოსკოვში გაემგზავრნენ ალექსანდრიის პატრიარქი პაისიოსი, ანტიოქიის პატრიარქი მაკარიოს III და სინას მთის მთავარეპისკოპოსი ანანია.
6. ნ. ასათიანი, მასალები XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1973, 10.
7. ანტიოქიის პატრიარქის ათანასე III-ის (1686-1694, 1720-1724) თანახმად, პავლეს გარდაცვალების მიზეზი გახდა დაძველებული წამლის მიღება, Ἀθανασίου Γ΄ Ἀντιοχείας Πατριάρχου, Ἱστορία τῶν Πατριαρχῶν Ἀντιοχείας, «Bისარიცა Oრტჰოდოხა ღომანა», Bუცურეასტი, 1930, 157-158. Χρυσοστόμου Παπαδοπούλου, Ἱστορία τῆς Ἐκκλησίας Ἀντιοχείας, 2010, 1024.
8. დ. კაჭარავა, ვახტანგ V-ის საგარეო პოლიტიკის საკითხისათვის, კრ. ქართული სამეფო სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, I, თბ., 1970, 135.
9. თ. ტივაძე, ერთი ეპიზოდი XVII საუკუნის 60-იანი წლების რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან, კრ. ქართული სამეფო-სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, I, თბ., 1970, 98-122.
10. თ. ტივაძე, ერთი ეპიზოდი.., 98-111.
11. თ. ტივაძე, ერთი ეპიზოდი...,112-122.
12. თ. ტივაძე, ერთი ეპიზოდი..,117.
13. თ. ტივაძე, ერთი ეპიზოდი XVII საუკუნის 60-იანი წლების..,106.
14. ნ. ასათიანი, მასალები XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, თბ., 1973, 62.
15 Путешествие Антиохийского патриарха Макария в Россию в половине XVII века, описанное его сыном, архидиаконом Павлом Алепским, Москва, 1896- 1900.
16. ნ. ასათიანი, მასალები XVII საუკუნის…, 6-7, 10.
17. Путешествие Антиохийского патриарха Макария в Россию…, вып. III (Москва 1898), кн. VIII, гл. VI, с. 86- 87.
18. Путешествие Антиохийского патриарха Макария в Россию, вып. III, кн. VIII, гл. VI, ც. 87.
19. Путешествие Антиохийского патриарха Макария в Россию, вып.III, кн. VIII, гл. VI, ც. 81.
20. პირველი ლაშქრობა მოხდა 1661 წ., მეორე _ 1664 წლის გაზაფხულზე. მეორე ლაშქრობის დროს დამარცხებული ერეკლე თორღას ციხეში შეიკეტა. ვახტანგმა ციხეს შემოარტყა ალყა, რომელიც შვიდ თვეს გაგრძელდა. ციხეში იმყოფებოდა ერეკლეს დედა, ელენე დედოფალიც. მისი თხოვნით ვახტანგმა ერეკლეს გზა გაუხსნა და დედა-შვილი რუსეთში დაბრუნდა. ამ ლაშქრობების შესახებ გვიამბობს როგორც ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია (გვ. 65), ასევე ვახუშტი ბატონიშვილი (ქართლის ცხ., ტ. IV, თბ., 1973, 450-451). მართალია, მათ მონათხრობში მცირეოდენი განსხვავება დასტურდება, მაგრამ არა არსებითი მნიშვნელობისა. ამ შეტაკების შესახებ საუბრობენ აგრეთვე რუსი ელჩები: თ. მილოსლავსკი და თ. ნარბეკოვი, რომლებიც იმ დროს ირანში იმყოფებოდნენ, იხ.: თ. ტივაძე, XVII საუკუნის საქართველოს პოლიტიკური ისტორიიდან, მაცნე, ისტ. არქ. ეთნ. და ხელ. ისტ. სერია, # 4, 1971, 51.
21. არ არის გამორიცხული, ეს ის თავადი ივანე (ივანე გრიგოლის ძე) იყოს, რომელიც 1649 წელს თეიმურაზ I-მა რუსეთში ელჩად წარგზავნა, იხ.: ე. მამისთვალიშვილი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, II, თბ., 2011, 403-417.
22. გ. პაიჭაძე, მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (1660-1685 წწ.), საისტორიო მოამბე, #22-23, 1970 160.
23. Χρυσοστόμου Παπαδοπούλου, Ἱστορία τῆς Ἐκκλησίας Ἀντιοχείας, 1030.
24. მ. თამარაშვილი, ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ., 1902, 167.
25. Путешествие Антиохийского патриарха Макария в Россию, Вып. II, (Москва 1897),с. 67.
26. Χρυσοστόμου Παπαδοπούλου, Ἱστορία τῆς Ἐκκλησίας Ἀντιοχείας, 1030.
27. მაკარი ანტიოქიელი, ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 106-122.
28. ამ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო მოსაზრებები აქვს გამოთქმული ე. მამისთვალიშვილს. იხ.: ე. მამისთვალიშვილი, საქართველოს და ანტიოქიის ეკლესიების ურთიერთობის ისტორიიდან, „ისტორიანი“, სამეცნიერო კრებული მიძღვნილი როინ მეტრეველის დაბადების 70 წლისთავისადმი, გამომც. „არტანუჯი“, თბ., 2009, 251-272.
29. მაკარი ანტიოქიელი, ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 89.
30. იქვე, გვ. 90.
31. კირიონ II თედო ჟორდანიასადმი გაგზავნილ წერილში წერს: „ანტიოქიის პატრიარქის მოგზაურობიდან სჩანს, რომ ის თამამად მოქმედებდა, თუმცა დასაჯერებელი არ არის დასავლეთ საქართველოსი და შენ კი არ მოისურვე ეს პირდაპირ გეთქვა. აღმოსავლეთ საქართველოში იყო ამ დროს კათოლიკოსად დომენტი II (1660-1676 წელი) _ ბიძაშვილი
ვახტანგ მეხუთისა, კაცი ღირსი და გასწავლული, რომელიც არ აპარპაშებდა აღმოსავლეთ საქართველოში ცრუპანტელა მაკარის“ (წერილი დაცულია კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში) იხ.: ს. ვარდოსანიძე, ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები), თბ., 2010, 69.
32. „პატრიარქ მაკარის ეს ნაწარმოები ფრიად საინტერესოა და, თუ გნებავთ, მნიშვნელოვანიც კი ყველასთვის, ვისაც სურს XVII ს-ის საქართველოს ისტორიას გაეცნოს, თუმცა ამ მიზნებისთვის ფრთხილად უნდა გამოიყენოს, ვინაიდან აქ არის ცნობები, რომლებიც: ა) ერთსა და იმავე საგანზე სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო აზრს მოიცავს, ბ) სავსებით მცდარია, გ) პირდაპირ შეუსაბამოა, დ) მიზნად ისახავს აჩვენოს, რომ პატრიარქი მაკარიოსი განსაკუთრებული, გასაოცარი, გამოჩენილი პიროვნებაა, აღემატება ყველას და ყველაფერს“, კალისტრატე ცინცაძე (თხზულებანი ორ წიგნად), წ. II, ისტორიული ცნობა ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ (პასუხი ბ-ნ ვ. სამუილოვს), იხ.: მწიგნობრობა ქართული, 10, თბ., 2010, 43-44.
33. მაკარი ანტიოქიელი, ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 103.
34. მიქვე, გვ. 103.
35. „...ეს ყველაფერი ქართველთა ბრიყვი კათალიკოსის რჩევით მოხდა“, მაკარი ანტიოქიელი, ცნობები საქართველოს შესახებ, გვ. 118.
36. მ. თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995, გვ. 455, შენ.3.
37. ანტიოქიის პატრიარქები, იმისათვის რომ თავიანთი განზრახვა აესრულებინათ, მოხერხებულად იყენებდნენ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და შინაურ აშლილობას. ანტიოქიის პატრიარქებმა რამდენჯერმე შეძლეს სამცხის მხარის ეპისკოპოსი კათოლიკოსისაგან გაენაპირებინათ. ამის დასტურია პატრიარქ დოროთეოს II-ის ან IIIის (1484-1523) მიერ არაბულად დაწერილი სიგელი, რომლითაც სამცხის მთავარ მზეჭაბუკს მიმართავს (თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. II, 316-317). პატრიარქი ხოტბას ასხამს მთავარსა და სამთავროს ყველა ეპისკოპოსს, საქართველოს მეფეს კი ორგულსა და უღვთოს უწოდებს, რათა მეფესა და მთავარს შორის არსებული უთანხმოება გააღრმავოს,
მ. თამარაშვილი, ქართული ეკლესია დასაბამიდან..., გვ. 454.
38. მ. თამარაშვილი, ქართული ეკლესია, გვ. 455.
39. Архидиакон Павел Алепский, История Антиохийских Патриархов, იხ.: Путешествие Антиохийского патриарха Макария в Россию, вып. V (Москва 1900), придожეние I, с. 196.
40. ამის შესახებ გვიამბობს იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი (1669-1707), რომელიც დიაკვანის ხარისხში მყოფი, პაისიოსს თან ახლდა საქართველოში მოგზაურობის დროს, Δοσιθέου, Πατριάρχου Ἱεροσολύμων, Ἱστορία περἲ τῶν ἐν Ἱεροσολύμοις Πατριαρχεύσαντων, βιβλ. ΙΑ΄- ΙΒ΄, ἐκδ. Βασ. Ρηγοπούλου, Θες/νίκη 1983, παραγρ. ΙΓ΄-ΙΔ, 127-129.
41. ე. მამისთვალიშვილი, საქართველოს და იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII ს.), თბ., 2008, 89.
42. მართალია, დოსითეოსი ორიოდ სიტყვით ქართლსა და იმერეთს შორის არსებულ საომარ მდგომარეობასაც ახსენებს, მაგრამ ამის მიზეზსაც იქვე განმარტავს: „ქართლში არ წავედით, რადგან იქაური მეფე მაჰმადიანია; პატრიარქს შეეშინდა, სომხები (რომლებსაც მაშინ მეფე ალექსანდრე ებრძოდა) გზად არ ჩასაფრებოდნენ და იგი სპარსეთის შახისთვის არ გადაეცათ ისპაჰანში“, Δοσιθέου, Πατριάρχου Ἱεροσολύμων, Ἱστορία, παραγρ. ΙΓ΄, 1983, 127-128.
43. მაკარიოსმა, სომეხთა პატრიარქთან ერთად, ხელი შეუწყო დამასკოს ფაშას სურვილს, რომ ალეპოს ყოფილი მიტროპოლიტი ანდრია (რომელიც 1648 წ. მაკარიოსმა აკურთხა, მაგრამ მოგვიანებით, თავის სამწყსოსთან ერთად, კათოლიკეების მხარეს გადავიდა), ირიელ კათოლიკეთა პატრიარქად დაედგინათ და მისი აღსაყდრების ოფიციალურ ცერემონიალსაც დაესწრო, Χρυσοστόμου Παπαδοπούλου, Ἱστορία τῆς Ἐκκλησίας Ἀντιοχείας, 1028.
44. ნ. ასათიანი, მასალები მე-17 საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის~ (საქართველოს აღწერილობა შედგენილი პავლე ალეპოელის მიერ), თბ., 1973.
45. ნ. ასათიანი, მასალები.., 67-68; 70-79.
46. Путешествие Антиохийского патриарха Макария в Россию, вып. III, кн. III, гл. VI, с. 85. როდესაც მაკარიოს III და პავლე ალეპოელი რუსეთს პირველად ეწვივნენ, საქართველოში ნამყოფი არ იყვნენ. მოხმობილი მონაკვეთი იმის დასტურია, რომ მოგვიანებით პავლეს რუსეთში პირველი მოგზაურობის ხელნაწერი რამდენადმე შეუვსია.
47. გ. მურკოსი, წარმოშობით არაბი, გაიზარდა მართლმადიდებელ ქრისტიანთა ოჯახში. 1871 წ. რუსეთის იმპერიის მოქალაქე გახდა. განათლება მიიღო ჯერ მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ხალკის სასწავლებელში, შემდეგ _ სანკტ-პეტერბურგის სასულიერო სემინარიაში. დაამთავრა აგრეთვე პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა მოსკოვის ლაზარევის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში; იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი.
დამოწმებანი:
ასათიანი ნ., მასალები XVII საუკუნის საქართველოს ისტორიისათვის, (საქართველოს აღწერილობა შედგენილი პავლე ალეპოელის მიერ),თბ., 1973.
დასავლეთ საქართველოს საეკლესიო საბუთები, წ. I (ს. კაკაბაძის გამოცემა), თბ., 1921.
ვარდოსანიძე ს., ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები), თბ., 2010.
ვახუშტი ბატონიშვილი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973.
თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995.
კალისტრატე ცინცაძე (თხზულებანი ორ წიგნად), წ. I, მწიგნობრობა ქართული, 9, თბ., 2010,
კალისტრატე ცინცაძე (თხზულებანი ორ წიგნად), წ. II, მწიგნობრობა ქართული, 10, თბ., 2010,
კაჭარავა დ., ვახტანგ V-ის საგარეო პოლიტიკის საკითხისათვის, კრ. ქართული სამეფო სამთავროების საგარეო პოლიტიკის ისტორიიდან, I, თბ., 1970, 123-150.
ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVIIXVIII სს-თა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის, 1954, ნაკვ. 31, 98-121.
ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან (სენიორიები), თბ., 1966.
მაკარი ანტიოქიელი, ცნობები საქართველოს შესახებ, არაბულიდან თარგმნა თინა მარგველაშვილმა, არმაღანი (აღმოსავლური მწერლობის ნიმუშები), თბ., 1982, 88-122.
მამისთვალიშვილი ე., საქართველოს და იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან (XVI-XVII ს.), თბ., 2008.
მამისთვალიშვილი ე., საქართველოს საგარეო პოლიტიკა და დიპლომატია, ტ. II, თბ., 2011.
მამისთვალიშვილი ე., საქართველოს და ანტიოქიის ეკლესიების ურთიერთობის ისტორიიდან, „ისტორიანი“, სამეცნიერო კრ. მიძღვნილი როინ მეტრეველის დაბადების 70 წლისთავისადმი, გამომც. „არტანუჯი“, თბ., 2009, 251-272.
პაიჭაძე გ., მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (1660-1685 წწ.), საისტორიო მოამბე, #22- 23, 1970.
სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, თბ., 1973.
ფარსადან გორგიჯანიძის ისტორია (ს. კაკაბაძის გამოცემა), საისტორიო მოამბე, წ. II, 1925.
ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი და ახსნილი თ. ჟორდანიას მიერ, წ. II, ტფ. 1897.
Каптерев Н., Сношения иерусалимского патриарха Досифея с русским правительством (1669-1707 гг.), С.- Петербург, 1896.
Каптерев Н., Характер отношений россии к православному востоку в XVI и XVII столетиях, Москва, 1885.
Путешествие Антиохийского патриарха Макария в Россию в половине XVII века (1628-1631), описанное его сыном, архидиаконом Павлом Алепским, Москва 1898-1900.
Ἀθανασίου Γ΄ Ἀντιοχείας Πατριάρχου, Ἱστορία τῶν Πατριαρχῶν Ἀντιοχείας, «Bისარიცა Oრტჰოდოხა ღომანა». Bუცურეასტი, 1930.
Δοσιθέου, Περὶ τῶν ἐν Ἱεροσολύμοις πατριαρχεύσαντων, Βουκουρέστιον, 1715.
Δοσιθέου, Πατριάρχου Ἱεροσολύμων, Ἱστορία περἲ τῶν ἐν Ἱεροσολύμοις Πατριαρχεύσαντων, βιβλ. ΙΑ΄- ΙΒ΄, ἐκδ. Βασ. Ρηγοπούλου, Θες/νίκη 1983.
Παπαδοπούλου Χρυσοστόμου (Ἀρχιεπισκόπου Ἀθηνῶν καὶ πάσης Ἑλλάδος), Ἱστορία τῆς Ἐκκλησίας Ἱεροσολύμων, ἐν Ἀθήναις, 1970.
Παπαδοπούλου Χρυσοστόμου (Ἀρχιεπισκόπου Ἀθηνῶν καὶ πάσης Ἑλλάδος), Ἱστορία τῆς Ἐκκλησίας, Ἀντιοχείας, Θεσ/νίκη 2010.

Комментариев нет:

Отправить комментарий