пятница, 10 сентября 2021 г.

აშოტ კისკასის ვინაობისათვის (ე. ნადირაძე)

სომხური ისტორიოგრაფიის დაუსაბუთებელი პრეტენზიები საქართველოს უძველესი პროვინციის ტაო-კლარჯეთის მხარის შესახებ საყოველთაოდაა ცნობილი და ამ პრობლემას არაერთი გამოკვლევა მიეძღვნა. ზოგადი შეხედულებით, ეს საკითხი ერთმნიშვნელოვნად გადაწყვეტილია ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, რომლის კვინტენსენციას წარმოადგენს პავლე ინგოროყვას ვრცელი გამოკვლევა „გიორგი მერჩულე“. ამ შრომის დასკვნით ნაწილში ნათქვამია: „ისტორიულ წარსულში, როგორც ანტიკურ ხანაში, ისე საშუალო საუკუნეებში, საქართველოს ნაწილს წარმოადგენდა ეთნოგრაფიულად (მოსახლეობის შემადგენლობითა და გავრცელებული ენის მიხედვით) მესხეთის ქვეყანა მთელი მოცულობით, ე.ი მხარეები: სამცხე, ჯავახეთი, არტაან-კოლა, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალი, სპერი, ტაონი,... გარდამავალი ტერიტორიული ზონა საქართველოს სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობდა არა ჭოროხსა და მტკვრის ხეობებში, არამედ არაქსის ხეობაში, ასეთ გარდამავალ ზონას წარმოადგენდა ბასიანის მხარეები, რომლებიც როგორც პოლიტიკურად, ისე ეთნოგრაფიულადაც საქართველოსთან იყვნენ დაკავშირებული მთელი ისტორიული პერიოდის მანძილზე“.1 პავლე ინგოროყვა ამ დასკნამდე მიიყვანა უზარმაზარი ისტორიული, ეთნოგრაფიული, ლინგვისტური, ეთნონიმური, სოციალურ-პოლიტიკური და გეოგრაფიული მასალების შესწავლამ. ცალკე აღნიშვნის ღირსია, ამ მხარეში, ქართველთა შექმნილი და დანატოვარი მატერიალური კულტურის ძეგლები, ეკლესია-მონასტრები, მემორიალური კულტურის ძეგლები, საფლავის ქვები და მათზე ამოტვიფრული ლაპიდარული წარწერები.
ყველა ამ მასალაში ერთმნიშვნელოვნადაა გამოკვეთილი ქართული კულტურის დომინანტური სივრცე, პოლიტიკური და რელიგიური მყოფადობის რეალობა და კიდევ ბევრი ისეთი დეტალი, რომელთა ერთობლიობა არ ტოვებს არავითარ შანსს, რომ ამ მხარის ქართული სახელმწიფოსადმი კუთვნილებაში რაიმე ეჭვი იქნეს შეტანილი. მიუხედავად ამისა, სომეხ მეცნიერთა გარკვეული ნაწილი ვერ ელევა ისტორიული ტაო-კლარჯეთის სომხებისადმი კუთვნილების საკითხს და ყოველ ნიუანსს, რომელიც მათ გამოადგებოდათ, უძებნიან მათთვის სასარგებლო მხარეს და იყენებენ თავიანთი შეხედულების დასასაბუთებლად. ასეთი ტენდენცია განსაკუთრებულადაა გამოკვეთილი ერთი რიგი სომეხ მეცნიერთა იმ ნაშრომებში, რომლებიც ეხებიან საქართველოს ისტორიის საკითხებს. ეს პრობლემა არსებობს, ამ პრობლემაზე ბევრია დაწერილი, ალბათ, კიდევ ბევრი დაიწერება.
ამ მცირე ზომის სტატიაში გვსურს ამ შეხედულების დამადასტურებელ ერთ ნიუანსს შევეხოთ, რომელიც უკავშირდება ტაო-კლარჯეთში, კერძოდ, არტანუჯში მოღვაწე პოლიტიკური პერსონის აშოტ ბაგრატიონის - „კისკასის“ ვინაობის საკითხს.
როგორც ცნობილია, X საუკუნის მეორე ნახებარში ტაო-კლარჯეთის სამეფო სამად იყო გაყოფილი, რომელთაგან თითოეულს ბაგრატიონთა გარკვეული შტოს წარმომადგენლები მართავდნენ. ისიც ცნობილია, რომ ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შორის ერთ-ერთი კუროპალატის სამოხელეო ტიტულს ატარებდა, რომელსაც ბიზანტიის კეისარი აძლევდა და ამ აქტით, როგორც ივ. ჯავახიშვილი აღნიშნავდა, მათ „პატრონყმობის დამოკიდებულობის გამოხატვა სურდათ.., თუმცა კეისრის უფლება საქართველოში არასდროს, უბრალო მფარველობისა და გავლების საზღვარს არ გასცილების და მათ სამეფო შინაურ საქმეებში ჩარევის უფლება არ ჰქონდათ“.2
ასეთ დამოკიდებულებას კარგად ადასტურებს შემთხვევა, როცა უკვე ხსენებულმა და თავის თანამოძმეებზე განაწყენებულმა აშოტ ბაგრატიონმა, იგივე კისკასმა, არტანუჯის ცნობილი ციხე, ბიზანტიის იმპერატორს რომანოზ I ლეკაპინეს გადასცა, იმპერატორმა ისარგებლა ქართველთა შორის გამოწვეული უკმაყოფილებით და თავის ერთ-ერთ მხედართმთავარს უბრძანა ციხის დაკავება, რაც აღსრულდა კიდევაც. ბაგრატიონთა ტაოს შტოს წარმომადგენლებმა დავით II-მ (923-937) და ერისთავთ-ერისთავმა გურგენ IV-მ (+941) წერილი მისწერეს ბიზანტიის იმპერატორს და მოსთხოვეს მის ჯარს დაეტოვებინა ციხე, უკიდურეს შემთხვევაში ქართველები იტოვებდნენ უფლებას პოლიტიკური კავშირი შეეკრათ სარკინოზებთან, რაც ყოვლად მიუღებელი იყო რომანოზისათვის. მან თავის საპასუხო წერილში, ეს აქცია ახსნა ციხის ამღების კონსტატი მანკლავიტს თვითნებობით და უბრძანა სასწრაფოდ გამოეყვანა ჯარი არტანუჯის ციხიდან. საგულისხმოა, რომ ამ ამბავს გადმოგვცემენ ბიზანტიური წყაროები.3
აღნიშნული ცნობიდან ნათლად ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ტაო-კლარჯეთის სამთავროს ბიზანტიის იმპერიისათვის, მისი აღმოსავლეთელი მტრების წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ ტაო-კლარჯეთის მეფე-მთავრები ერთმანეთში აირეოდნენ და ერთმანეთს დაასუსტებდნენ, ეს მის წისქვილზე დაასხამდა წყალს და ამ პროცესის ეფექტიანობისათვის ასევე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბიზანტიის სამეფო კარზე ტაო-კლარჯეთის მეფე-მთავართა ცალკეული წარმომადგენლების მიწვევასა მათ გამოყენებას პირადი ინტრესებისათვის.4
სამაგალითოდ გამოდგება აშოტ ბაგრატიონის მიწვევა ბიზანტიის სამეფო კარზე 922 წელს. ბიზანტიელი ისტორიკოსების კონსტანტინე პორფიროგენეტისა და თეოფანე გამგრძელებლის ცნობებით, „იბერიელი დიდებული“ დიდი პატივით მიუღიათ სამეფო ქალაქში და იმპერატორის ბრძანებით მისთვის კუროპალატობა უბოძებიათ. ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა დამოუკიდებელ პოზიციას ააშკარავებენ ბიზანტიელი ისტორიკოსები. თავად კონსტანტინე პორფიროგენეტისავე ცნობით, მისი წინაპრები მოწიწებით სთხოვდნენ ტაო-კლარჯეთის მმართველებს, რომ ამ უკანასკნელებს თეოდოსიუპოლის მისადგომებთან ჯეკეს ციხე დაეთმოთ ბიზანტიელთათვის, რათა იქ თავიანთი გარნიზონი ჩაეყენებინათ, რაზედაც იბერთაგან უარი მიუღიათ.5 იგივე ავტორის მონათხრობით, ქართველები დიდ მოკავშირეობას უწევდნენ ბიზანტიელებს არაბთა წინააღმდეგ წარმოებულ ბრძოლებში, კერძოდ, იგი მიუთითებს იმ გამარჯვებაზე, რომელიც ქართველთა არსებითი დახმარების წყალობით, ბიზანტიის მხედრობამ მოიპოვა არაქსის სანაპირო ციხეებში განლაგებული მტერზე.
ბიზანტიისა და საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა კარგადაა ასახული ჩვენს ისტორიოგრაფიაში, ამ ურთიერთობის შესახებ არსებობს ბიზანტიური წყაროების უმდიდრესი კორპუსი, რომლის ყველა მონაკვეთში ჩანს სამხრეთ საქართველოს, ამ უძველესი პროვინციების, როლი და მნიშვნელობა, მახლობელ აღმოსავლეთში, ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკური მდგომარეობის შენარჩუნებასა და გაძლიერებაში.
როგორც უკვე ითქვა, ისტორიული პროცესის ასეთი რეალობა არცთუ მისაღებია მეცნიერთა იმ ნაწილისათვის, რომლებიც ცდილობენ სამხრეთ საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ მემკვიდრეობაში დაიდონ წილი და ზოგიერთ შემთხვევაში ამ მხარის პოლიტიკური და კულტურულ პროგრესი დაუკავშირონ ეთნიკურად სომეხი მოღვაწეების სახელს. ყოველი მცდელობა, იქნება ეს ზოგადი სახისა თუ კონკრეტულად ისტორიის დარგის კვლევასთან დაკავშირებული, თუკი ყალბია, ნებით თუ უნებურად, აუცილებლად ქმნის ხელოვნურობის გარემოს და ზოგჯერ ელემენტარული გაუგებრობის დონემდე ეშვება.
ამჯერად, სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე და ეხება იგი ზემოთ დასახელებულ არტანუჯის ქართველი მთავრის აშოტ ბაგრატიონის, ზედწოდებით - კისკასის, ხელოვნურად გასომხების საკითხს. სომეხმა მეცნიერმა რ. ბარტიკიანმა ჯერ თბილისში გამართულ ბიზანტიოლოგთა სიმპოზიუმზე წაკითხულ მოხსენებაში6 და შემდგომ პარიზში დაბეჭდილ ფრანგულენოვან სამეცნიერო ჟურნალში7 გამოქვეყნებულ სტატიაში აშოტ ბაგრატიონი-კისკასი გამოაცხადა სომეხ დიდებულად. მკვლევარმა თავისი მოსაზრება დაამყარა ეტიმოლოგიურ საფუძველზე და სიტყვა „კისკასი“ დაუკავშირა სომხურ გეოგრაფიულ სახელს „ვიხიკს“, რითაც კისკასი გამოაცხადა სომეხი ბაგრატიდების წარმომადგენლად. საგულისხმოა, რომ რ. ბარტიკიანს აშოტ კისკასის სომხობის დამამტკიცებლად სხვა არსებითი საბუთი არ აქვს, თუმცა მისი პათოსი არტანუჯის მხარის სომხებისათვის კუთვნილების თაობაზე მწვავე სურვილითაა გადმოცემული.
რაჩია მიქაელის ძე ბარტიკიანი, გამოჩენილ ბიზანტისტი და არმენოლოგი, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, თავის ნაშრომებში, ბუნებრივია, გვერდს ვერ აუვლიდა საქართველოს ისტორიის საკითხებს და მისი მოსაზრებანი ამ მიმართულებით ანგარიშგასაწევია და ყურადსაღები, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ მისი დამოკიდებულება საქართველოს ისტორიის მიმართ არ გამოირჩევა ორიგინალობით და თანხვედრი და მსგავსია საერთო პრეტენზიული ფონისა, რომელიც სომეხი მეცნიერების ერთ ნაწილს გააჩნია საქართველოს ისტორიისა და მისი კულტურის მიმართ.
ვიდრე უშუალოდ ჩვენი სტატიის ძირითად საკითხს შევეხებოდეთ, გვსურს წარმოვადგინოთ დამოკიდებულება, რომელიც სანიმუშოდ გამოდგება იმისათვის თუ ზოგჯერ, როგორ ინტერპრეტაციას აძლევს ბატონი ბარტიკიანი ისტორიულ დოკუმენტს და როგორ იყენებს მას თავისი მოსაზრების დასამტკიცებლად. 1986 წელს ჟურნალ «Вестник общественных наук», (№2, с. 75-80) გამოქვეყნდა რ. ბარტიკიანის სტატია: „МНИМОЕ УПОМИНАНИЕ «КАРТЛИИСКОИ ЦАРИЦЫ» В АРМЯНСКОЙ НАДПИСИ АТЕНСКОГО СИОНА», სადაც განილულია ატენის სიონის ერთი წარწერა, რომელიც შეეხება შიდა ქართლის მნიშვნელოვანი პუნქტის, თიღვას, კუთვნილების საკითხს. ბარტიკიანი თავის მოსაზრების დასამტკიცებლად მთლიანად ცვლის წარწერის ტრადიციული წაკითხვის შინაარსს და გამოაქვს დასკვნა მის მიერ წინასწარ შემუშავებული მოსაზრების დასამტკიცებლად.
ბარტიკიანის ამ წერილს მკაცრი კრიტიკული შეფასება მისცა გამოჩენილმა სომეხმა მეცნიერმა მედიევისტმა, ქართულ-სომხური ეპიგრაფიკის აღიარებულმა მკვლევარმა პ. მურადიანმა,8 რომელმაც ავტორს მიუთითა ქართული გრაფემების არასწორ გამოყენებაზე, მათ არასათანადო ინტერპრირებაზე და აღნიშნა, რომ „Р. М. Бартикян читает не то, что написано в надписи, а то, что может послужить основой для новой интерпретации“. ხოლო წერილის დასკვნაში ასეთი შეფასება მისცა ავტორის ნაზრევს: „Таким образом, если о чем-то «мнимом» может идти речь, то во всяком случае не о «мнимом упоминании картлийской царицы», а о мнимом обосновани и предлагаемого Р. М. Бартикяном осмысления.“9
ვფიქრობ, ისეთი ავტორიტეტული მეცნიერის დასკვნას, როგორიცაა პ. მურადიანი, ყოველი მკვლევარი ანგარიშს უნდა უწევდეს და ბარტიკიანის ნაშრომების კრიტიკული შეფასებისას აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს.
ახლა კი მივუბრუნდეთ წინამდებარე სტატიის მთავარ საკითხს და გავარკვიოთ, თუ რამდენად მართალია რ. ბარტიკიანი, როცა ტაო-კლარჯეთში, კერძოდ არტანუჯში, მოღვაწე აშოტ ბაგრატიონს (კისკასს) უკავშირებს სომეხი ბაგრატიდების შტოს - კეკავმენ ბაგრატიდებს.
საგულისხმოა ის გარემოება, რომ ხსენებულ წერილში ავტორს უმთავრეს არგუმენტად წარმოდგენილი აქვს გეოგრაფიული სახელის „ვიხიკის“ შეპირისპირება აშოტის თიკუნ „კისკასთან“ და თვლის, რომ ტერმინი „კისკასი“ წაკითხული უნდა იქნეს არა, როგორც „კისკასი“, არამედ, როგორც „ვიხიკი“. რის საფუძველზე უარყო მან „კისკასის“ არასწორი წაკითხვა, ამის მეცნიერულ ახსნას არ იძლევა, მხოლოდ მისთვის სასურველი დებულებას თავაზობს მკითხველს და აქედან ასკვნის, რომ ვიხიკის მფლობელ კევკემენ ბაგრატიდების შტოს წარმომადგენელი იყო ის აშოტ ბაგრატიონი, რომელიც ტაო-კლარჯეთის მიწების ერთ-ერთი მფლობელი იყო. ასეთი არასწორი დასკვნით რ. ბარტიკიანი წინ წამოსწევს და პრიორიტეტს ანიჭებს სომხებისაგან არტანუჯის ფლობის საკითხს, რაც ძირითადი მიზანია მის მიერ შესრულებული კვლევისა.
წერილიდან კარგად ჩანს, რომ ბარტიკიანი არ იყენებს სათანადო ისტორიულ საბუთებს, ქართულ წყაროზე – სუმბატ დავითის ძის ქრონიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, სადაც აშოტ კისკასი წარმოდგენილია ტაო-ჯლარჯეთის ბაგრატიონთა შტოს წევრად და აშოტ დიდიდან დაწყებული ეკუთვნის მეხუთე თაობას (აშოტ დიდი კუროპალატი, ადარნასე, სუმბატ I მამფალი, ბაგრატ I მამფალი და აშოტ IV კისკასი), იგი არ უთითებს კონსტანტინე პორფიროგენეტის ცნობას,10 რომელიც მთლიანად ემთხვევა ქართველი მემატიანის მონაცემებს. ზოგადად უნდა ითქვას ისიც, რომ მოცემულ პერიოდში ტაო-კლარჯეთში მოღვაწე ქართველი ბაგრატიონები წარმოგვიდგებიან უაღრესად ძლიერ და გავლენიან საგვარეულო დინასტიად, ისინი გარკვეულ პოლიტიკურ ალიანსში არიან ბერძნებთან, მაგრამ ყველაფრიდან ჩანს, რომ სრულიად დამოუკიდებლად ახორციელებენ მესხეთის ქვეყნის მართვას, მოხერხებულად იყენებენ თავიანთ პოზიციას აღმოსავლეთში ბიზანტიის იმპერიის ინტერესების გაძლიერების მცდელობისას. თავად ბიზანტიელი ისტორიკოსები დიდი პოლიტიკური ტაქტით არაერთხელ ეხებიან ტაო-კლარჯეთის „იბერიელ დიდებულთა“ მოღვაწეობას. როგორც ქართულ, ასევე ბიზანტიურ წყაროებში, მთელი თემებია მოცემული მათი ვნებათაღელვიანი ცხოვრებისა, სადაც ყოველ სტრიქონში გამოსჭვივის, მათი ეთნიკური წარმომავლობა, ამ ისტორიაში არაა ერთი უმცირესი მონაკვეთიც კი, სადაც შეიძლებოდა კევკამენ ბაგრატიდებს ადგილი ეპოვათ.
„ვიხიკს“ რომ არაფერი საერთო აქვს „კისკასთან“ და მათი ერთმანეთთან, თუნდაც ენათმეცნიერული გზით დაკავშირება შეუძლებელია, ეს აშკარაა. ცხადია ისიც, რომ წარწერის სიტყვა „კისკასი“ დამახინჯებული არაა და მისი წაკითხვა ამ ფორმით სავსებით სწორია, მთავარია კი მაინც ისაა, რომ ეს სიტყვა წმინდა ქართული წარმოშობისაა.
ქართველ ლექსიკოგრაფებთან კისკასი განმარტებულია როგორც - სწრაფად მქცევარი,11 მსწრაფლი, მარჯვე.12 ცოცხალ მეტყველებაში იგი კიდევ უფრო დატვირთულია შინაარსით და აღნიშნავს ადამიანს მსწრაფლსა და მოქმედებისას ელვარედ სახეგაბწყინებულს. (აქედანაა ნაწარმოები სიტყვა „კისკისი“).
ეს სიტყვა რომ ქართული სალიტერატურო ენის საგანძურიდანაა, ამის დადასტურება შესაძლებელია XII-XIII საუკუნეების ქართველი პოეტის იოანე შავთელის პოემაში „აბდულმესიანი“, რომელიც მიძღვნილია თამარ მეფისადმი.
შავთელისაგან თამარის ერთ-ერთ ქებაში დედოფალი შემკულია ამგვარად: „თამარ მეფესა, მტერთ სისხლ-მჩქეფსა, უკვდავთ წყაროსა, ცის სამყაროსა, სხვათა მძლეველსა თვით უძლეველსა, კისკასად მქცევარსა, ტანად საროსა“, ხოლო მისი მეუღლე დავით სოსლანზე ნათქვამია: „ვარდო უფრჭვნელო, ცვრით განბანილო ნერგო სვიანო დავითიანო, ვინ კისკასია სურნელ კასია, ბალასნად კმოლავ და ვით იანო“.13 რუსთაველის ვეფხისტყაოსანში, ქაჯთა ციხის აღების წინ, ფრიდონი თავის გეგმას სთავაზობს ტარიელსა და ავთანდილს და ამბობს: „აბჯრითა გავლა არად მიჩნს ჭირად გატანა ფარისა, შიგან ჩავხტები კისკასად, ვეცემი მსგავსად ქარისა“.14 კისკასი, როგორც ადამიანის შემამკობელი ეპითეტი ხშირადაა ნახმარი გვიანფეოდალური ხანის საისტორიოXVII საუკუნის ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი, თავის ქრონიკაში ხშირად იყენებს მას ისტორიულ პირთა დახასიათებისას. მაგ; ქართლის მეფის შაჰნავაზის შვილი არჩილი „იყო კისკას, მშვენიერ, მობურთალი, მოისარი“.15 ლევან დადიანის მიერ შევიწროებული იმერეთის მეფის ალექსანდრეს ძე მამუკა იყო „განთქმული რაინდობასა შინა კისკასად“.16 თემურ ლენგთან ერთ-ერთი ბრძოლისას ქართველები „შეჰხდიან კისკასად შუასა შინა რაზმთა მათთა“17 და კიდევ სხვა. ასე რომ, სიტყვა კისკასი ქართული სალიტერატურო ენის კუთვნილებაა და მას არასდროს დაუკარგავს თავისი მხატვრული მნიშვნელობა აშოტ ბაგრატიონი, მართლაც რომ დაუდგრომელი კაცია, ჩანს თუნდაც იქიდან, რომ იგი არ ემორჩილება თავის დიდი საგვარეულოს ზოგიერთი წევრის მოსაზრებას და როცა საჭიროა, თავად იღებს გადაწყვეტილებას, რაც უთუოდ მიანიშნებს მის პიროვნულ ხასიათზე, მეომრულ და დაუმორჩილებელ ბუნებაზე, რაც საბოლოო ჯამში მის კისკასობას უსვამს ხაზს. ბუნებრივია, თიკუნი „კისკასი“ ამ პიროვნებას შერქმეული აქვს თავის ხასიათიდან გამომდინარე და სრულიად უნიადაგოდ მოსჩანს წარწერის არასწორი წაკითხვით მისი დაკავშირება ვიხიკის მმართველ კეკავმენ ბაგრატიდების სახელთან.
შენიშვნები
1. ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954, გვ. 544.
2. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 2, თბ., 1948, გვ. 107-109.
3. ყაუხჩიშვილი ს., გეორგიკა (ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ) ტ. 4, ნაკვეთი 2, თბ., 1952, გვ. 275.
4. კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბ., 1969, გვ. 15-16.
5. ყაუხჩიშვილი ს., გეორგიკა (ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ) ტ. 4, ნაკვეთი 2, თბ., 1952, გვ. 263-264.
6. Бартикян Р. М., К вопросу о катепане Востока магистре Багарате и генеалогии Кекавменов // Седьмая Всесоюзная конференция византинистов в Тбилиси. Тезисы докладов. Тбилиси, 1965, с. 3-4.
7 Bარტიკიანს, ღ., Lა გენეალოგიე დუ მაგისტროს Bაგარატ, ცაპეტან დე ლ,ორიენტ ეტ დეს Kეკაუმენოს, ღევუე დეს Eტუდეს არმენიენნეს ტ. 2, Pარის 1965, პპ. 261-272.
8. МУРАДЯН, П., ПО ПОВОДУ СТАТЬИ Р. БАРТИКЯНА «МНИМОЕ УПОМИНАНИЕ «КАРТЛИИСКОИ ЦАРИЦЫ» В АРМЯНСКОЙ НАДПИСИ АТЕНСКОГО СИОНА» ლრაბერ.ასჯოა.ამ/4589/1/1986-7(75).პდფ
9. ლრაბერ.ასჯ-ოა.ამ/4589/1/1986-7(75).პდფ
10. ყაუხჩიშვილი ს., გეორგიკა (ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ) ტ. 4, ნაკვეთი 2, თბ., 1952, გვ. 275.
11. სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული ტ. 1, თბ., 1991.
12. ჩუბინაშვილი დ., ქართულ-რუსული ლექსიკონი, თბ., 1984.
13. იოანე შავთელი, აბდულმესიანი, ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, თბ., 1975, კუპლეტი 11 და 51.
14. რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, ქართული მწერლობა, ტ. 4, თბ., 1988, 1385.
15. ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959, 435|20.
16. ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959, 429|30.
17. ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959, 462|5.
დამოწმებანი:
ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954.
იოანე შავთელი, აბდულმესიანი, თბ., ძველი ქართული ლიტერატურის ძეგლები, თბ., 1975.
კოპალიანი ვ., საქართველოსა და ბიზანტიის პოლიტიკური ურთიერთობა 970-1070 წლებში, თბ., 1969.
სულხან-საბა ორბელიანი, ლექსიკონი ქართული ტ. 1, თბ., 1991.
რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი, ქართული მწერლობა, ტ. 4, თბ., 1988.
ქართლის ცხოვრება, ტ. II, თბ., 1959.
ყაუხჩიშვილი ს., გეორგიკა (ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ) ტ. 4, ნაკვეთი 2, თბ., 1952
ჩუბინაშვილი დ., ქართულ-რუსული ლექსიკონი, 1984
ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 2, თბ., 1948
Бартикян Р. М., К вопросу о катепане Востока магистре Багарате и генеалогии Кекавменов // Седьмая Всесоюзная конференция византинистов в Тбилиси. Тезисы докладов. Тбилиси, 1965.
Bარტიკიანს, ღ., Lა გენეალოგიე დუ მაგისტროს Bაგარატ, ცაპეტან დე ლ,ორიენტ ეტ დეს Kეკაუმენოს, ჟურნალში ღევუე დეს Eტუდეს არმენიენნეს ტ. 2, Pარის 1965
БАРТИКЯН, Р., МНИМОЕ УПОМИНАНИЕ «КАРТЛИИСКОИ ЦАРИЦЫ» В АРМЯНСКОЙ НАДПИСИ АТЕНСКОГО СИОНА,«Вестник общественных наук», 1986, № 2, с. 75-80
МУРАДЯН, П., ПО ПОВОДУ СТАТЬИ Р. БАРТИКЯНА «МНИМОЕ УПОМИНАНИЕ «КАРТЛИИСКОИ ЦАРИЦЫ» В АРМЯНСКОЙ НАДПИСИ АТЕНСКОГО СИОНА» ლრაბერ.ასჯ-ოა.ამ/4589/1/1986-7(75).პდფ

Комментариев нет:

Отправить комментарий