понедельник, 13 сентября 2021 г.

ისუვას სამეფო და მასალები ხეთების სამეფოს შესახებ (ნინო ჩარექიშვილი)

ისუვას ხეთებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა. იგი სასაზღვრო პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა, რომელიც ხეთებს მიჯნავდა სხვადასხვა მძლავრ სახელმწიფოებთან. ხეთები მუდმივად ცდილობდნენ ისუვაზე ზეგავლენის მოპოვებას ან აღდგენას. ამის შემდეგ უკვე მათ გახსნილი ჰქონდათ გზა სხვა ძლიერი სახელმწიფოებისაკენ.
ისუვა ტექსტებში
მდ. ევფრატის აღმოსავლეთით მდებარე პოლიტიკური გაერთიანებებიდან, რომლებიც ხეთებისადმი მტრულად იყვნენ განწყობილნი, გამოირჩეოდა ისუვა. ისუვა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა, რომელიც ხეთურ ლურსმულ წყაროებში ხშირადაა მოხსენიებული, ეს ტექსტებია: ხელშეკრულებები: “ფახუვას ხელშეკრულება (ე.წ. მითას-ტექსტი)” (CTH 146: KUB 23.72), “შუნაშურას ხელშეკრულება” (CTH41), “სუფილულიუმა-თეთეს ხელშეკრულება” (CTH 53), “სუფილულიუმა-შათივაზას ხელშეკრულება” (CTH 51.1), “ხელშეკრულება თარხუნთასელ ულმი-თეშუფთან” (CTH 106.B2: KBo 4.10); ანალები: “თუთხალია I/II-ის, ანალები” (CTH 142), “ანალების ფრაგმენტები” (CTH211: 16.20; CTH 211.6: KUB 23.16), “არნუვანდა I-ის ანალები” (CTH 143: 143.1: KUB 23.21; 143.2:KUB 23.14); “წერილები მეფეს ან დედოფალს” (CTH 188: HKM 96); ინსტრუქციები: “არნუვანდა
I-ის ინსტრუქცია პროვინციის მმართველისადმი” (CTH 261), “ხელშეკრულების ან ინსტრუქციის ფრაგმენტი” (CTH 212.1: KUB 31.103); “სასამართლო ჩანაწერები” (CTH 297.8:KUB 31.68; CTH 297: KBo 8.30); “ისტორიული ტექსტის ფრაგმენტები” (CTH 214: KBo 50.246;CTH 214.13: KBo 16.41 (asli CTH 214.3 KUB 60.61?), KBo 16.42; CTH 215: KBo 22.22); “ხათუსილი III-ის განკარგულება” (CTH 88: KBo 6.28); “სუფილულიუმას ტექსტი” (CTH 40); “მუვათალის ლოცვა” (CTH 381); “ღვთაებების გამოსახულების აღწერილობა“ (CTH 521.7: KBo 12.140); “მეფის სიზმრები” (CTH 583: KUB 15.5), “დედოფლის სიზმრები” (CTH 584: KUB 15.1, KUB 15.3); “ხეთური წერილის ფრაგმენტები” (CTH 209: KUB 60.74; CTH 209.2: KUB 21.40; CTH 209.15: KUB 23.45; CTH 209.7: KBo 8.23; CTH 209: KUB 60.74), “წერილი მეფეს ან დედოფალს” (CTH 188: KBo18.4), “ხანიგალბათელი მეფის წერილი” (CTH 179.1: IBoT 1.34), “წერილი ნიხრიას ბრძოლის
შესახებ” (CTH 114: RS 34.165), “წერილი უცნობ პარტნიორთან” (CTH 123: KBo 4.14); “აქადური
ისტორიული ტექსტის ფრაგმენტი” (CTH 216: KUB 3.125), “ისტორიული ტექსტების განუყოფელი ფრაგმენტები” (CTH 215: KBo 50.188), “აქადური წერილის ფრაგმენტი” (CTH 208:
KUB 3.80).
საინტერესოა ის, რომ ტექსტებში ვხვდებით სხვადასხვა პირებს, რომლებიც ისუვასთან არიან დაკავშირებული, ისუვადან არიან, რაც გარკვეულ წარმოდგენას გვიქმნის ისუვას ინსტიტუტებზე:. მაგ.: “უხუცესები ისუვადან”,
1 მიუთითებს რომ ისუვაში არსებობდა კოლექტიური მართვის ფორმა, უხუცესთა ინსტიტუტი; “კაცი ისუვადან”,
2 შესაძლოა იგულისხმებოდეს, ისუველი დიდგვაროვანი, ან მმართველი/ლიდერი; “ისუვას მეფე” (სახელი
არ ფიქსირდება),
3 რაც მიუთითებს იმაზე, რომ ისუვას მმართველი მეფე უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ სუფილულიუმა I-ის პერიოდიდან, ხეთების მიერ ისუვას დაპყრობის შემდეგ უნდა შეცვლილიყო მმართველობის ფორმა - უხუცესთა საბჭო უზენაესი მეფე-მმართველით, ვინაიდან ტექსტებში აღარ გვხვდება LÚ URU... ან LÚ.MEŠ URU... შესაბამისად, ადგილი უნდა ჰქონოდა ისუვასა და ხეთების სამეფო ოჯახს შორის დინასტიურ ქორწინებებსაც (Ross,2007:62). მაგ.: ხეთი პრინცესა ქილუშხეფა (სავარაუდოდ ფუდუხეფას ქალიშვილი) ადგილობრვი ისუველი ელიტის წარმომადგენელზე იყო დაქორწინებული (GodawaChrzanowska, 2020:283). ეს აჩვენებს ხეთების პოლიტიკას, რომლის თანახმად, ხეთური ვასალის ერთგულება არა მხოლოდ ხელშეკრულებით იყო გარანტირებული, არამედ პიროვნული ურთიერთობების დამყარებითაც. ეს ახლო ურთიერთობები განაპირობებდა ასევე ტექსტების კორპუსის გაზრდას. ცნობილია სხვადასხვა შინაარსის ტექსტები: პოლიტიკური, ადმინისტრაციული, იურიდიული, რელიგიური, მაგრამ განსაკუთრებით წარმოდგენილია კორესპონდენციები, არა მხოლოდ ოფიციალური ადმინისტრაციული, არამედ კერძო, რომელიც ასახავს ხეთებისა და ისუვას ურთიერთობებს. ტექსტებში გვხდება კონკრეტული პირების სახელები, რომლებიც უკავშირდებიან ისუვას და მონაწილეობდნენ მის პოლიტიკურ ცხოვრებაში (მაგ., ლუფაქი, შაუშგაცითი, ხალფაშულუფი, არი-შარუმა, ალი-შარუმა (?), ეხლიშარუმა). მათი ზუსტი როლი ისუვას მმართველ დინასტიაში არ არის ცნობილი (GodawaChrzanowska, 2020:284). არის მოსაზრება, რომ არი-შარუმა, ალი შარუმა (?) ხათუსილი III-ის თანამედროვე ისუვას მმართველი/ებია, ხოლო ეხლი-შარუმა კი თუთხალია IV-ს თანამედროვე (Glocker, 2011; de Martino, 2010; Godawa-Chrzanowska, 2020:367).
    ისუვა დიდ ძალებს შორის (ხათი, ხური-მითანი, ასურეთი) დაპირისპირებაში ხშირად
მონაწილეობდა (Godawa-Chrzanowska, 2020:234). ეს იყო სატრანზიტო ქვეყანა ცენტრალურ
ანატოლიასა და მესოპოტამიას შორის (Klengel, 1968:63). ხეთურ ლურსმნულ წყაროებში ჩანს
იმ პერიოდიდან, როცა ხეთების სამეფო, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად
ძალიან იყო დასუსტებული. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მდ. ევფრატის
აღმოსავლეთით ხეთების „მტრები“ გააქტიურებულიყვნენ. მათ შორის იყო „ისუვა მტერი“,
რომელმაც ხეთების სამეფოს აოხრებამდე თეგარამა დაარბია. ეს უკანასკნელი ისუვას
მეზობლად მდებარეობდა, მდ. ევფრატის დასავლეთით, ხოლო ისუვა - მდ. ევფრატის
აღმოსავლეთით. ჩვენ ამ შემთხვევაში განვიხილავთ ისუვას ხეთ მეფეთა მიმართებაში.
ისუვა და იმპერიის პერიოდის მმართველები.

ჩატარებული ისტორიული ანალიზის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ისუვა
დაკავშირებულია იმპერიის პერიოდის4 მმართველებთან, კერძოდ თუთხალია I/II-სა და
არნუვანდა I-ის, თუთხალია III-ისა და სუფილულიუმა I-ის სახელებთან. განვიხილოთ ამ
მეფეთა მეფობის ხანა და ვნახოთ როგორი ურთიერთობა ჰქონდათ მათ აღნიშნულ
პოლიტიკურ ერთეულთან. ჯერჯერობით წერილობით წყაროებში ისუვას შესახებ
თუთხალია I/II-ის მეფობამდე არაფერია ნათქვამი. ამიტომაც ჩვენ აღმოსავლეთ პერიფერიის
ამ პოლიტიკური ერთეულის შესახებ მიმოხილვას თუთხალია I/II-ის მეფობიდან დავიწყებთ.
თუთხალია I/II (დაახლ. ძვ.წ. 1402-1360წ.წ.). ხეთური ტრადიციით თუთხალია II-დ
მოხსენიებულ მეფეს პირობითად თუთხალია I-ადაც აღნიშნავენ (Gurney, 1980:240; Mcmahan,
1989:64). დღესდღეობით არ არის ცნობილი ამავე სახელის მქონე სხვა მეფე, რომელიც
კონკრეტულად თუთხალია I-ად ჩაითვლება და შესაძლოა მისი არსებობა მომავალში
დადასტურდეს, ამიტომაც ჰ. კლენგელმა შემოგვთავაზა გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად
თუთხალია (ჯერჯერობით პირველ თუთხალიათა შორის) I/II ან II/I-ად აღნიშვნა, ვინაიდან
რიგითმა ნიშანმა შემდეგ რომ არ გადაიწიოს (Klengel, 1999:103-104).
თუთხალია I/II-ის წინამორბედი მეფე მუვათალი I სამეფო კარზე შეთქმულების
მსხვერპლი გახდა და ტახტზე ავიდა თუთხალია I/II. ტახტზე ასვლიდან ძალიან მალე მან
დასავლეთ ანატოლია დალაშქრა. ხეთების არც ერთ მეფეს არ შეუღწევია დასავლეთში ასე
შორს. თუთხალია I/II-მ ორჯერ გაიმარჯვა არცავაზე და შემდეგ ჩრდილო-დასავლეთით ქ.
ასუვას შეუტია (KUB 23.22 III), რომელმაც მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ხეთ მეფეს. უკან
მობრუნებულ მეფეს აუჯანყდნენ ქალაქები ქარქისა, ვილუსია, თარუისა, მაგრამ თუთხალია
I/II-მ ისინი დაამარცხა და ნაალაფარით დაბრუნდა. მისი ხათუსაში ხანგრძლივად არ ყოფნის
გამო დედაქალაქში და სასახლის კარზე შინააშლილობა დაიწყო. მეფეს წინ აღუდგა საკუთარი
და - ციფლანთავია, მაგრამ ამას სამეფო გადატრიალება არ მოჰყოლია. იმ პერიოდში როცა
თუთხალია I/II იბრძოდა დასავლეთ ანატოლიაში, აქტიურდებიან ქასქები და ხეთებს თავს
ესხმიან, სასწრაფოდ უკან მობრუნებულმა ხეთმა მეფემ ქასქები დაამარცხა, რომელთაც ხურიმითანის სამეფო მფარველობდა. ამის შემდეგ თუთხალიამ გეზი აიღო მდ. ევფრატის ზემო
დინებისაკენ - ისუვას ქვეყნისაკენ და დაამარცხა ის:
29-34: [მე, თუთხალია წავედი ისუ]ვას ქვეყანაში. [...]. იგი მოვიდა და მე [...] ქვეყანა
უკან, [...] დავტოვე, როდესაც [...] და მე [...] დიდი ქვეყანა. ისუვას ქვეყანა [...] სახელთან
[ერთად ...] გავანადგურე! (CTH 142; KUB 23. 11 (12)).
თუთხალია I/II-ს ამის შემდეგ მიზნად ჰქონდა ქიცუვათნას და სირიის დაკავება. იგი
ხელშეკრულებას აფორმებს ქიცუვათნას მეფესთან - შუნაშურასთან, რის შედეგადაც
ხეთების გავლენა ქიცუვათნაზე გაძლიერდა, ამან კი ხელი შეუწყო მითანისაგან
გათავისუფლებას და დამოუკიდებლობას. საინტერესოა ისუვასთან მიმართებაში თუთხალია I/II-ისა და შუნაშურა ქიცუვათნელს შორის დადებული ხელშკრულება (CTH 41), სადაც
აღწერილია ისუვას ამბოხების ამბავი ხეთების წინააღმდეგ:
§3: როდესაც ისუვას ქვეყნის ხალხმა, „მზის“ ქვეშევრდომმა, [დაიწყო] მტრობა „მზის“
წინააღმდეგ მე, „მზე“ გავემართე მათ წინააღმდეგ სბრძოლველად. დავამხე ისუვას ქვეყანა და
[ისუველებმა თავს გაქცევით უშველეს. ისინი დაეშვნენ ხურის ქვეყანაში. მე, „მზემ“, ხურის
მბრძანებელს მივმართე „დამიბრუნე ჩემი ქვეშევრდომები!“ მაგრამ ხურის მბრძანებელმა
„მზეს“ ასე აცნობა: „არა!“
§4: „ამ ქალაქთა მცხოვრებნი (ისუველები) წინათ, პაპაჩემის დროს, მოვიდნენ ხურის
ქვეყანაში და იქ დასახლდნენ, ისინი შემდგომ წავიდნენ ხათში, როგორც ლტოლვილნი [...]
ახლა ისინი მივიდნენ ჩემს ქვეყანაში“.
§5: „ხურის მბრძანებელმა არ დაუბრუნა ჩემი ქვეშევრდომნი (ისუველები) „მზეს“,
გამოაგზავნა მხოლოდ მისი ქვეითი მეომრები და ეტლოსნები. „მზის“ არყოფნის დროს მათ
გაძარცვეს ისუვას ქვეყანა, წაიყვანეს ხურის ქვეყანაში ნამრა (დეპორტირებულნი), მსხვილფეხა
და წვრილფეხა საქონელი, რომლებიც კი ხელთ იგდეს, მიუხედავად იმისა, რომ მე, „მზე“,
სხვაგან ვიყავი მტრის წინააღმდეგ [საბრძოლველად].“ (CTH 41; Beckman, 1996:13-15)
თუთხალია I/II აქტიურ სამხედრო მოღვაწეობას ეწეოდა და დიდი წარმატებებსაც
აღწევდა. ამაზე მეტყველებს მის შესახებ არსებული ტექსტის შემდეგი ფრაგმენტი:
„ხათის მიწების ყველა მთა, სადაც მისი უდიდებულესობა, დიდებული მეფე
ნადირობს, ზემო ქვეყნის ყველა მთა, სადაც მისი უდიდებულესობა ნადირობს, [...] (მდინარე)
გურმალა (ევფრატი), (მდინარე) მამარანდა, [...] (მდინარე) გურმალია, [...] ყველა მთა და ყველა
მდინარე ხურის მიწების, სადაც მისი უდიდებულესობა ნადირობს, [...] არცავას ყველა (მთა)
და ყველა მდინარე, სადაც მისი უდიდებულესობა ნადირობს, [...] მასას მთები და მდინარეები,
სადაც მისი უდიდებულესობა ნადირობს, ქასქების მიწების მთები და მდინარეები სადაც მისი
უდიდებულესობა ნადირობს.“ (CTH 682: KBo11.40; KUB 2.1; Houwink Ten Cate, 1970:75).
ამ მონაკვეთიდან კარგად ჩანს ხეთების სამეფოს საზღვრები თუთხალია I/II-ის დროს,
მან შესაძლოა თავისი კარიერის მწვერვალზე განახორციელა უმაღლესი პროტექტორატი
(სუვერენიტეტი) ფართო ტერიტორიაზე მცირე აზიის დასავლეთიდან ალეპომდე და
აღმოსავლეთით კი მალათიას, ისუვასა და სუხმას მთიან რეგიონამდე. ამ დროს ის მართავდა
იმპერიას, რომელიც იდგა ძალაუფლების ზენიტში. თუთხალია I/II იყო ხეთების მეფეთა
შორის გამორჩეული, ერთ-ერთი დიდი მეფე ხათუსილი III-ის, მურსილი I-ის,
სუფილულიუმა I-სა და მურსილი II-ის გვერდით.
არნუვანდა I (დაახლ. ძვ.წ. 1402-1360 წ.წ.). არნუვანდა I-ის მეფობა იმპერიის ხანის
დასაწყისი პერიოდია. იგი მეფობდა თუთხალია I/II-სა და ხათუსილი II-ს შორის. არნუვანდა
I უნდა ყოფილიყო თუთხალია I/II-ის ვაჟი, რომელთან ერთადაც ხშირად მონაწილეობდა
სამხედრო ოპერაციებში. არნუვანდა I-მა გამოსცა ინსტრუქციები, რომელიც წესრიგის
დამყარებას ითვალისწინებდა. მისი მეფობის დროს ხეთების სამეფო ჩრდილოეთიდან
მუდმივად განიცდიდა ქასქების თავდასხმებს, არნუვანდა ცდილობდა როგორმე
მოეგვარებინა ეს პრობლემა, რადგან იგი გრძნობდა, რომ ქასქები ამ მომენტისათვის
სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ. არნუვანდა I გადადის შეტევაზე, თავდასხმებს იერიშებით პასუხობს, მაგრამ მან მაინც ვერ შესძლო ქასქების აგრესია საბოლოოდ აღეკვეთა.
მთელი ისტორიის მანძილზე ქასქები ხეთების დაუმარცხებელ მტრებად ითვლებოდნენ.
ჩრდილოეთიდან პრობლემას ემატებოდა პრობლემა სამხრეთიდანაც - არნუვანდა I ამარცხებს
ქ. ადანას; დასავლეთით - თავის მოწინააღმდეგე მადუვათას წინააღმდეგ უწევს ბრძოლა;
სამხრეთ-აღმოსავლეთით კი - ფახუვასა და ისუვას უტევს; ხელშეკრულებებს აფორმებს
ისმირიქასთან და ფახუვასთან. ასე რომ, მთელი თავისი მეფობა არნუვანდა I-მა საბრძოლო
მოქმედებებში გაატარა. მას ყველა მიმართულებით უხდებოდა ბრძოლა და ცდილობდა
ხეთების სახელმწიფოს გავლენა კვლავ აღედგინა გააქტიურებულ მეზობელ პოლიტიკურ
ერთეულებზე. გვინდა ხაზი გავუსვათ მის ისუვასთან ურთიერთობას, რომელიც
სავარაუდოდ კვლავ ამბოხებულა მისი მეფობის პირველ პერიოდში. არნუვანდა ცდილობდა
ისუვაზე ისევ მოეპოვებინა გავლენა:
წინა მხარე II: (1-11) „და მან შაუშათარს ...] შებრუნდნენ და ისინი [...] თავის ქვეყანა
ხურის [...] და მან [...]ში ფეხოსანი და ეტლოსანი ლაშქარი [...] ერთად აირივნენ [...] მამაჩემმა
შეიტყო [...] და იგი ისუვას ქვეყანაში [...] ასუვას ქვეყანა კი [...] წამოიყვანა მან. ხა[თის ლაშქარი]
ცალკე ლაშ[ქარი ...].
უკანა მხარე III: (2-10) [... -შე] მოვიდნენ? [...] მე, არ[ნუვანდას, წინ ღვთაებანი]
მიმიძღოდნენ და ქვეყნის ლაშქარი [...] დავამარცხე. ქვეყნის ლაშქარი [... ველზე] მოვიდა [...]
და ჩემი [...] მტერი კვლავ დავამარცხე. [... პირი] იბრუნეს. [...] და [მე] დავამარცხე იგი [...]
კვლავ“ (CTH 143: KUB 23.14; ღამბაშიძე, 2002:84).
თუთხალია I/II-ის დროს ხეთებს დაუმარცხებია ისუვა, რომელიც შემდგომ შესაძლოა
ემორჩილებოდა კიდეც მას. არნუვანდა I-ის დროს კი ისუვა, როგორც ტექსტიდან ჩანს, ისევ
გააქტიურდა, რითაც განპირობებული იყო არნუვანდა I-ის ლაშქრობა ისუვაში. იგი ამარცხებს
ისუვას და ახშობს აღმოსავლეთ პერიფერიის ამ რეგიონში ამბოხებას.
თუთხალია III (ძვ.წ. 1360-1344წ.წ.). ხეთების ისტორიაში კიდევ ერთი თუთხალია III-ის
არსებობას ადასტურებს წერილობითი წყაროები, კერძოდ მურსილი II-ის მიერ შედგენილი
„სუფილულიუმას საქმენი“ (CTH 84), სუფილულიუმა I-ის საბეჭდავი და ასევე ვერცხლის
სასმისი თუთხალიას იეროგლიფური წარწერით (Güterbock, Kendall, 1995). საერთოდ
თუთხალია III-ის შესახებ ცნობები ძალიან ცოტაა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მას
უნდა ელაშქრა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ნანის მიდამოებში (Klengel, 1999:132). შემდეგ
უნდა ეწარმოებინა ბრძოლები ქასქების წინააღმდეგ, მაგრამ ხშირი ავადმყოფობის გამო
ბრძოლებს მისი ვაჟი - სუფილულიუმა I წარმართავდა. ქასქებზე ლაშქრობის შემდეგ
თუთხალია III ბრუნდება ხათუსაში. მან დანგრეული ქალაქი ისევ დაასახლა, აღადგინა და
გაამაგრა. გამოჯანმრთელების შემდეგ მცირე აზიის დასავლეთით იბრძვის და აქ ბატონდება
კიდეც. ქასქები კვლავ აქტიურდებიან. თუთხალია III-ს ისევ უწევს მათ წინააღმდეგ
გალაშქრება და სასტიკად ამარცხებს. შემდეგ ხეთების მეფეს ხაიასასკენ ჰქონდა ლაშქრობა
დაგეგმილი, მაგრამ უძლურების გამო ვერ მოახერხა და როგორც ჩანს შესაძლოა მალევე
გარდაიცვალა, ვინაიდან “სუფილულიუმას საქმენიდან“ არაფერია ცნობილი. უდავოდ
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მურსილი II-ის ამ მონათხრობში აღნიშნულია თუთხალია III-ის
ლაშქრობა ისუვაში, “რომელიც ხათის ქვეყანას ეკუთვნოდა.” შესაძლოა ისუვა მის მეფობაში
ამბოხდა, როგორც მისი წინამორბედების დროს და თუთხალია III-მ ისევ განიზრახა ისუვას დამორჩილება, მაგრამ არ დასცალდა. ტექსტი დაზიანებულია და ზოგ ადგილას შინაარსის
აღდგენა ძნელდება:
“… ლაშქარს [... ხალ]ხი ქ. ხუ[ლ წა]ვიდა [...] უტევდა [...] რომე[ლიღაც] მდიდარ
ქა[ლაქში (?) ხა]თისა მან ხელთ იგდო და [...] მათი მამ(ები), დედ(ები) (და) მათი ძმები [...]
თავის საკუთარ მამად დედად და [...], რომელიც [წავიდა] ზემოთ [...] (მან) წაასხა მოსახლეობა,
მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი, [და] მიიყვანა [ისინი ]. და ყველა აიყვანა [...]. მაგრამ
ქალაქ ისუვას ხალხი იყო [...] და მათ, (ნივთები, რომლებიც) წაიღეს, მათ [...]. მაგრამ ხელმა
დეპორტირებული მოსახლეობა მათ [...] (მან) წაიღო. [...] (მან) დატოვა [...] (მან) მიიტანა. [...]
(იგი) იყო. ხოლო მამაჩემმა [...] შური იძია [...] წინააღმდეგ [და] წავიდა ცუხაფას [ქვეყანაში] და
[დაწვა] იგი: [რაც ქალაქის] შემოგარენში იყო, [იგი] დაწვა და ცუხაფას ქალაქის [ყველაფერი]
გა[დაწ]ვა (აგრეთვე). ხოლო გამოძევებული მოსახლეობა წავიდა [...] (ქვეყანა!) ხაიასაში, [...] და
მათ [...] ისინი მთა ლალხადან [...], რომელიც [...] ისუვას ქვეყანაში [...]; ისინი ეკუთვნოდნენ
ხათის ქვეყანას. [...] რაღაც ვიღაცას [...] ზამთარშიც კი (იგი) წავიდა [და] შეუტია [...]-სნის
[ქვეყანა]. ხოლო დეპორტირებული მოსახლეობა, [მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და
ბრინჯაოს ნივთები] მან იქიდან მოიტანა. [...] (იგი) მოვიდა და ისუვას ქვეყანა [...], რომელიც
ისუვა[ში (?) ...] ეტლები [...]” (CTH 40: KUB 34. 23; KBo 12. 27; KUB 40. 8).
თუთხალია III-ის ისუვასთან კავშირის შესახებ, საყურადღებოა ასევე
„სუფილულიუმა-შათივაზას“ (CTH 51; CHT 52.) ხელშეკრულებაც, სადაც სწორედ თუთხალია
III-ის დროს ისუვას ამბოხებების ამბავია მოთხრობილი და შემდგომ უკვე აღნიშნულია, რომ
არა თუთხალია III-მ (როგორც ჩანს, იგი ამ დროს ან ძალიან ავად იყო ან უკვე გარდაცვლილი),
არამედ სუფილულიუმა I-მა დალაშქრა და კვლავ დაიმორჩილა ამბოხებული ისუვა. ამას
ქვემოთ შევეხებით, სადაც მოთხრობილი იქნება სუფილულიუმა I-ის საქმიანობისა და
ისუვასთან მისი ურთიერთობის შესახებ.
სუფილულიუმა I (ძვ.წ. 1344-1322წ.წ.). სუფილულიუმა I-მა საბრძოლო ნათლობა მიიღო
თავისი მამისაგან თუთხალია III-ისაგან. იგი სულ ახლდა მას ბრძოლებში. გამეფებისთანავე
გადაწყვიტა მითანისათვის ანგარიშის გასწორება. მისი პირველი შეტევა მოიგერია მითანის
მეფე თუშრათამ, მაგრამ შემდეგი შეტევები ხეთების წარმატებით დამთავრდა,
სუფილულიუმა I-მა მდ. ევფრატი გადალახა და ამბოხებული ისუვა დაამარცხა და კვლავ
ხეთების ქვეყანას დაუბრუნა, შემდეგ აიღო მითანის დედაქალაქი ვაშუქანი და ტახტზე აიყვანა
ხეთების ვასალი შათივაზა, რომელსაც თავისი ქალიშვილი მიათხოვა. შათივაზასთან მან
ხელშეკრულებაც გააფორმა. ამის შემდეგ სუფილულიუმა დაეშვა ჩრ. სირიისაკენ, სადაც მათი
ბატონობა კვლავ აღდგა, მხოლოდ ქარგამიში დარჩა დამოუკიდებელი. ქარგამიშის
დასამორჩილებლად კვლავ გამოჩნდა სუფილულიუმა I ჩრ. სირიაში, დაიპყრო იგი და ერთერთი მისი უფლისწული თელიფინუ ხალფას მეფედ დასვა, ხოლო მეორეს ფიასილის
ქარგამიშის მეფობა მისცა. ამის შემდეგ ხალფა და ქარგამიში ხეთების ორიენტაციას დაადგნენ.
ეს გარემოება მოგვიანებით ეგვიპტე-მითანის ურთიერთობებს გაართულებს. მითანში და ჩრ.
სირიაში მოპოვებულმა გამარჯვებებმა გამოიწვიეს ხეთების აღიარება მთელს წინა აზიაში,
განსაკუთრებით ეგვიპტეში. ამ დროს განეკუთვნება ტუტანხამონის ქვრივის ანხესერენამუნის
წერილი სუფილულიუმასადმი, რომელიც ქმრად ხეთების მეფეს შვილს სთხოვს.
სუფილულიუმა უგზავნის უფლისწულ - ზანზანას, რომელიც გზაში იღუპება.
სუფილულიუმამ ეს საბაბად გმოიყენა და ეგვიპტეს ჩრ. სირიაში შეუტია, ამ ლაშქრობისას მან დიდძალი ალაფი ჩაიგდო ხელში. აღმოსავლეთ ანატოლიაში სუფილულიუმა I-მა
ხელშეკრულება დადო აცი-ხაიასას მეფე ხუკანასთან, რომელსაც თავისი და მიათხოვა ცოლად.
თვითონ სირიაში დიდხანს ყოფნის დროს, შეირთო ბაბილონელი მეფის ასული,
მემკვიდრეები კი ხეთი მეუღლისაგან - ხენთისაგან ჰყავდა. ასურეთი სუფილულიუმასათვის
პრობლემას არ წარმოადგენდა, მხოლოდ ქასქების წინააღმდეგ ვერ გააწყო მან ვერაფერი.
სუფილულიუმა I-მა დედაქალაქი ხათუსა გაამაგრა, „ქვემოთა ქალაქს“ გალავანი შემოარტყა,
მასთან ხელშეკრულებებიც გააფორმა, მაგრამ მის ცდას, ეს იქნებოდა სამშვიდობო თუ
საბრძოლო, ქასქებთან მიმართებაში, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. სუფილულიუმა I
იმსხვერპლა შავმა ჭირმა, როგორც ვარაუდობენ ეს სენი ხათში ეგვიპტიდან და ჩრ. სირიიდან
მისმა მეომრებმა შემოიტანეს.
სუფილულიუმა I-ის მეფობის დროის ისტორიული ტექსტების უმრავლესობა
სახელმწიფო ხელშეკრულებებს, წერილებსა და განკარგულებებს წარმოადგენს. ჩვენთვის
ორმაგად საყურადღებოა „სუფილულიუმა-შათივაზას“ ხელშეკრულება (CTH 51, CTH 52).
ერთის მხრივ აქ ჩამოთვლილია ხეთების აღმოსავლეთ პერიფერიის პოლიტიკური
ერთეულები და მეორეს მხრივ იგი საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ისუვას შესახებ
(Weidner, 1923:3-6.):
„როდესაც ,,მზემ”, სუფილულიუმამ, დიდმა მეფემ, გმირმა, ხათის ქვეყნის მეფემ,
თეშუფის მოყვარულმა, (და) ართათამამ, ხურის ქვეყნის მეფემ, ურთიერთხელშეკრულება
დადეს. იმ დროიდან თუშრათა, მითანის ქვეყნის, მეფე [დიდი] მეფის, ხათის ქვეყნის მეფის,
გმირის, წინააღმდეგ აღსდგა, მე დიდმა მეფემ, გმირმა, ხათის ქვეყნის მეფემ, თუშრათა,
მითანის ქვეყნის მეფე, დავაშინე: “მე მდინარის (ევფრატის) აქეთა (დასავლეთ) სანაპიროს
ქვეყნები დავარბიე და ნიბლანის მთაც დავიკავე.” მეორეჯერ თუშრათა, მეფე, ჩემს წინააღმდეგ
აღსდგა და შემეკითხა, “შენ რატომ არბევ ევფრატის (დასავლეთ) სანაპიროს?” გარდა ამისა,
თუშრათა, მეფე (ამბობს): “თუ შენ ევფრატის იქეთა (დასავლეთ) სანაპიროს ქვეყნებს დაარბევ,
მაშინ მეც დავარბევ ქვეყნებს, რომლებიც ევფრატის იქეთა (დასავლეთ) სანაპიროზეა.”
თუშრათა, მეფე აცხადებს შემდეგს (? ): “თუ შენ მათ დაარბევ, მაშინ მე რაღა ვუყო მათ? მაშინ
მე გადმოვლახავ ევფრატს აქეთა (აღმოსავლეთ) სანაპიროდან, თუ კრავი ან ციკანი ჩემი
ქვეყნისა დაზარალდება” [...] მაგრამ დიდმა მეფემ, ხათის ქვეყნის მეფემ, მის წინაშე ქედი არ
მოიხარა. ხათის ქვეყნის მეფის მამის დროს ისუვას ქვეყანა ამბოხდა. ხათის მეომრები ისუვას
ქვეყნისაკენ გაემართნენ. გურთალისას მეომრები, არავანას მეომრები, ცაცისას ქვეყანა,
ქალასმას ქვეყანა, თიმნას ქვეყანა, ხალივას მთა, ქარნას მთა, დურმითას მეომრები, ალხას
ქვეყანა, ხურმას ქვეყანა, ხარანას მთა, თეგარამას ქვეყნის ნახევარი, თეფურციას მეომრები,
ხაცგას მეომრები და არმათანას ქვეყნის მეომრები, მამაჩემის დროიდან ამბოხდნენ. მაგრამ
“მზემ” სუფილულიუმამ, დიდმა მეფემ, გმირმა, ხათის ქვეყნის მეფემ, თეშუფის მოყვარულმა
ისინი დაამარცხა. ახლა კი მეომრები, რომლებიც ჩემს ხელთ გაექცნენ, ამ მეომრებმა ისუვას
ქვეყანაში გასწიეს, და ყველა ეს მეომარი და ეს ქვეყნები, რომლებიც მამაჩემის დროს
ამბოხდნენ, ისუვას ქვეყნის საზღვართან ცხოვრობდნენ მტრებს შორის, მაგრამ მე, “მზე”,
სუფილულიუმა, დიდი მეფე, მეფე ხათისა, გმირი: თეშუფის მოყვარული, კვლავ გამოვედი
(საბრძოლველად) თუშრათას, მეფის, ნების წინააღმდეგ ევფრატი გადავლახე და ისუვას
ქვეყნისაკენ გავწიე. მეორეჯერ ისუვას ქვეყნის ბატონი გავხდი. მეორეჯერ ისინი (ისუველები)
ჩემს ქვეშევრდომებად ვაქციე. მეომრები და ქვეყნები, რომლებმაც მამაჩემის დროს ისუვას
ქვეყანაში გასწიეს, გურთალისას მეომრები, არავანას მეომრები, ცაცისას ქვეყანა, თეგარამას
ქვეყანა, თიმინას ქვეყანა, ხალივას მთა, ქარანას მთა, დურმითას მეომრები, ალხას ქვეყანა, ხურმას ქვეყანა, ხარანას მთა, თეგარამას ქვეყნის ნახევარი, თეფურციას მეომრები, ხაცგას
მეომრები, არმათანას მეომრები - ეს მეომრები და ქვეყნები დავამხე და ისინი ხათის ქვეყანას
დავუბრუნე. ქვეყნებს, რომლებიც დავიმორჩილე, თავისუფლება მივეცი. ისინი თავიანთ
ადგილებზე საცხოვრებლად დარჩნენ. მაგრამ ყველა მეომარი, რომლებსაც მე თავისუფლება
მივეცი, თავიანთ მეომრებს შეუერთდნენ და ხათის ქვეყანამ მათი ტერიტორიები მიიერთა.”
(CTH 51.I §1,2 (აქად. ვერსია); გიორგაძე, 2002:134-137).
როგორც ხელშეკრულებიდან ირკვევა, მდ. ევფრატის დასავლეთით არსებული
პოლიტიკური ერთეულები ხეთებს ეკუთვნოდათ, რომლის წინააღმდეგაც მითანის მეფე
თუშრათა ვერ ბედავდა გალაშქრებას. ამ უკანასკნელის გავლენა მდ. ევფრატის აღმოსავლეთ
რაიონებზე ვრცელდებოდა. ხეთების სამეფოდან ისუვაში წასული მეომრები სუფილულიუმას
წარმატებული ლაშქრობის შემდეგ, უბრუნდებიან თავიანთ ტერიტორიებს და ისევ ხათს
ემორჩილებიან. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი რატომ მოხდა მეომრების ამბოხება და
ისუვაში მათი გადასვლა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს მეომრები ისუვას
დასახმარებლად მიდიან, რომელიც ხათს აუჯანყდა, მაგრამ არც ისაა ცნობილი რა გახდა
ისუვას ამბოხების მიზეზი. თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ტექსტში სუფილულიუმა
ლაპარაკობს “თავისუფლების ბოძებაზე,“ რომელიც ამბოხებულ ქვეყნებს და მეომრებს მისცა
მან და თუ გადავხედავთ ხეთების “საიმუნიტეტო სიგელებს”, სადაც “გათავისუფლება”
ნიშნავდა სახელმწიფო ვალდებულებებისაგან (სახანისა და ლუცისაგან) გათავისუფლებას,
მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ამბოხებული მეომრები და ქვეყნები მძიმე ეკონომიკურ
სიტუაციაში უნდა ყოფილიყვნენ. ამის შემდგომ სახელმწიფო ვალდებულებებისაგან
გათავისუფლებულები უბრუნდებიან თავიანთ ადგილებს.
მაშასადამე, ისუვას ამბოხება დაწყებულა თუთხალია III-ის დროს, ამ ამბოხებას მოჰყვა
ხეთი მეომრების წასვლა ისუვაში. ტექსტი ასახელებს ყველა ამ მეომარს საცხოვრებელი
ადგილების მიხედვით. ევფრატის დასავლეთ რაიონებიდან ისუვასაკენ წასულ მეომრებს
სუფილულიუმა შეებრძოლა და დაამარცხა. გადარჩენილები ისუვას ქვეყანაში გადადიან და
მის საზღვართან ახლოს სახლდებიან. სუფილულიუმამ გადალახა მდ. ევფრატი, მიუხედავად
იმისა, რომ თუშრათა მას დიდ წინააღმდეგობას უწევდა, სუფილულიუმამ მაინც აიღო გეზი
ისუვასაკენ, კვლავ დაამარცხა იგი და საბოლოოდ დაუმორჩილა ხეთების ქვეყანას. თუთხალია
III-ის დროს ისუვაში გადასული მეომრები და ისუვას გავლენის ქვეშ არსებული “ქვეყნებიც”
ხეთმა მეფემ დაამარცხა და ქვეყანას დაუბრუნა.
ისუვა და ასურეთის მეფეები. ასურეთის მეფეების თიგლათფილესერ I-ისა და
სალმანასარ III-ის მიერ წარმოებული სამხედრო კამპანიის ამსახველ ტექსტებში საუბარია
ისუაზეც (
KURIsua), რომელშიც შესაძლოა იგულისხმებოდეს ისუვა.
თიგლათფილესერ I: (88-91) “…მე დავიპყარი ამბოხებული და მოუწესრიგებელი
ქვეყნები ისუა და დარია. გავხადე ისინი ჩემი მეუფის ღვთაება აშურის ვასალები…” (A.0.87.1,
p. 19 (88-91); Grayson, 2002a). (31-33) „…მე გავემართე ქალაქ მილიდიასკენ, დიდი ხათის
ქვეყანაში. მივიღე ალლუმარუს ხარკი. დავიპყარი ისუვას ქვეყნის ქალაქი ენზათუ და ქვეყანა
სუხმე. წამოვიყვანე დეპორტირებულები და მოვიყვანე (ისინი) ჩემს მიწაზე…” (A.0.87.4, p. 43
(31-33); Grayson, 2002a).
სალმანასარ III: (40ბ-44) „..მე წამოვიყვანე ეტლები და ჯარი და დავეშვი ენზითის
მიწაზე, რომელიც ისუას მიწას მიეკუთვნება. მე დავიპყარი ენზითი, მიწასთან გავასწორე, დავანგრიე და გადავწვი მათი ქალაქები, წამოვიღე მათგან შეუფასებელი ნადავლი, ქონება და
საკუთრება” (A.0.102.2, pp. 19-20 (40b-44); Grayson, 2002b).
ისუვას ადგილმდებარეობა და ეთნიკური სურათი
ისუვა მოხსენიებულია არაერთ პოლიტიკურ ერთეულთან კავშირში: ქალასმასთან,
თეგარამასთან და ფახუვასთან, ხაიასასთან, ასევე ლალხას მთასთან და ცუხალფასთან.
არსებობს კიდევ ცალკეული ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური ერთეულები, რომლებიც
ისუვას ემეზობლებოდა და მის გვერდით იხსენიება: თიმია, ცანცალია, ლილიმა, ვათარუშნა,
თახისა, თახიშნა, მარარხა, ურიქა, ხინცუთა.
წერილობითი წყაროებიდან გამომდინარე, ისუვას ადგილმდებარეობის შესახებ უკვე
დიდი ხანია ცნობილია. ისუვას ქვეყნის საზღვრების შესახებ კლენგელი შემდეგს აღნიშნავს.
“ეს არის ფართო სივრცე დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე და შემოსაზღვრულია
ჩრდილოეთით მდინარე არსანიათი (=მურად სუ/მურად ნეჰრი), დასავლეთით და სამხრეთდასავლეთით ევფრატით, სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი ჯერჯერობით ზუსტად არაა
ფიქსირებული, თუმცა შესაძლოა ისუვა აქ ზემო მესოპოტამიის დაბლობამდე აღწევს და
თითქმის ტიგროსის ზემო წელამდე განივრცობა“. (Klengel, 1968: 63). ისუვას ძირითადი
დასახლებები განლაგებული იყო ნაყოფიერ ვაკეზე, როგორიცაა Altinova, მდ. მურად სუს
სამხრეთით (Hawkins, 1998: 281), კერძოდ ხარფუთის დაბლობზე, და მდ. მურად-სუს
ჩრდილოეთით, ანუ დღ. ელაზიღის ტერიტორიაზე. ეს იყო ის ადგილი, რომლის
გეოგრაფიული მდებარეობაც ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი
იყო, რადგან შესაძლოა ისუვა მესოპოტამიასა და ცენტრალურ ანატოლიას შორის
დამაკავშირებელ ერთგვარ ხიდსაც წარმოადგენდა.
რაც შეეხება ისუვას ეთნიკურ შემადგენლობას, დღემდე გაურკვეველია რომელია:
ხათები, ხურიტები თუ ურარტელები. კლენგელი თვლის, რომ ისუვას ძირითადი
მაცხოვრებლები იყვნენ ხურიტული წარმომავლობის (Klengel, 1968:71). კოსიანს მიაჩნია, რომ
ხურიტული და ინდო-არიული ნაზავი უნდა ყოფილიყო (Kosyan, 2006). ჩვენ არ გამოვრიცხავთ
ისუვას ტერიტორიაზე წინარექართველური ტომების არსებობას, ხურიტული ელემენტიც
დასაშვებია.
შეჯამება. წერილობითი წყაროებიდან ჩანს, რომ ისუვა მძლავრი და მნიშვნელოვანი
პოლიტიკური ერთეული უნდა ყოფილიყო. სავარაუდოდ, ისუვას მართავდა უხუცესთა საბჭო,
რომელიც მოგვიანებით მეფის ინსტიტუტს უნდა შეეცვალა. შეიძლება ვიფიქროთ, რომ იგი
იყო ქალაქ-სახელმწიფოს ტიპის პოლიტიკური ერთეული/გაერთიანება, რომელსაც
ხეთებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ეს მხარე მათთვის არამარტო
სტრატეგიული მნიშვნელობის იყო, არამედ მდიდარ ოლქსაც წარმოადგენდა. “ისუვა-მტერი”
მუდამ ესხმოდა თავს ხეთებს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში საომარი ოპერაციები ხეთების
გამარჯვებებით სრულდებოდა. განსაკუთრებით ხეთების შესუსტების ხანაში გამოდის ისუვა
ასპარეზზე და ცდილობს ხეთებს წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ უშედეგოდ. ხეთებს ისუვა
იოლად ვერ ეთმობოდათ. იგი ერთგვარ სასაზღვრო პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა,
რომელიც ხეთებს მიჯნავდა სხვადასხვა მძლავრ სახელმწიფოებთან. ამიტომაც შევეხეთ ყველა
მეფის მოღვაწეობას, რომლებიც ისუვასთან იყვნენ გარკვეულ წილად კავშირში. ხეთი მეფეები
ყოველთვის ცდილობდნენ, რომ ისუვა ყოფილიყო მუდმივად მათი გავლენის ქვეშ. ხეთური წერილობითი წყაროებიც ამის დასტურია, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ ცდილობდნენ
ხეთები ისუვაზე ზეგავლენის მოპოვებას ან აღდგენას. ამის შემდეგ უკვე მათ გახსნილი
ჰქონდათ გზა სხვა ძლიერი სახელმწიფოებისაკენ, როგორიც იყო თუნდაც ხური-მითანი.
ასე რომ, ყველა აქამდე არსებული ტექსტები ისუვას შესასწავლად საყურადღებოა და
მნიშვნელოვანი. ისინი ხეთებსა და ისუვას შორის არაერთ საბრძოლო მოქმედებებს აღწერენ
და წარმოგვიდგენენ იმ პერიოდის პოლიტიკურ სურათს.

Комментариев нет:

Отправить комментарий