пятница, 10 сентября 2021 г.

საქართველო და მონღოლები (1240-1260-იანი წლები) ე. მამისთვალიშვილი

მეფე რუსუდანმა მონღოლთა ჩრდილოეთის ულუსის (1243 წლიდან ოქროს ურდო) მბრძანებელ ბათო-ყაენთან 1243 წელს1 დადებული ზავის თანახმად, საქართველომ მონღოლთა საყაენოს უზენაესობა სცნო2.
საქართველოს ორ უმნიშვნელოვანეს მხარესთან – აღმოსავლეთთან და დასავლეთთან განსხვავებული მიდგომა იყო. აღმოსავლეთი მონღოლებმა იარაღით დაიპყრეს და საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად უნდა მდგარიყვნენ მონღოლი მოხელეები და ჯარი ნოინების მეთაურობით, ლიხთიმერი კი თავის წვლილს შეიტანდა მონღოლებისათვის გადასახდელ ყოველწლიურ ხარკში და მონაწილეობას მიიღებდა მონღოლთა ლაშქრობებში. თავდაპირველად ყაენი რუსუდანის ძეს, დავითს (შემდეგში დავით VI ნარინი) ცნობდა სრულიად საქართველოს მეფედ...3 თუმცა 1246 წელს საქართველო მონღოლებმა ორ დავითს (აღმოსავლეთ საქართველოში დავით ლაშას ძე – ულუ და დასავლეთ საქართველოში დავით რუსუდანის ძე _ ნარინი) გაუყვეს, მაგრამ ორივე მეფე, გარკვეულ დრომდე თბილისში იმყოფებოდა. ასეთ მდგომარეობასთან დაკავშირებით ბ. სილაგაძემ გამოსთქვა მოსაზრება, რომ არავითარი ორხელისუფლებიანობა არ ყოფილა და ურდოდან დაბრუნების შემდეგ ერთადერთ ხელისუფლებას დავით ულუ წარმოადგენდა4. მაგრამ აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოს ამტკიცებს ქართული საისტორიო მწერლობა (ჟამთაააღმწერელი5, ვახუშტი ბატონიშვილი6). ორივე დავითი, გარკვეულ დრომდე ერთმანეთთან შეთანხმებით მართავდნენ ქვეყანას.
ვიდრე საქართველოს მონღოლთა უღელის ქვეშ ყოფნის თავისებურებებზე საუბარს გავაგრძელებდე, მანამდე უნდა ითქვას ჩინგისხანის (1206-1227) სიკვდილის შემდეგ მონღოლთა იმპერიაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ, რის გამოც საქართველო მონღოლების მიერ შუა აზიაში და ჩრდილო-დასავლეთში დაპყრობილი ქვეყნებისაგან განსხვავებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
ერთ-ერთი განმასხვავებელი ფაქტორი, რომელმაც კავკასიასა და ანატოლიაში ძველი პოლიტიკური წყობის შენარჩუნება განაპირობა, იყო მონღოლების ელიტაში დაპირისპირებული ჯგუფების არსებობა. ანატოლია და კავკასია აღმოჩნდა სადაო ტერიტორიად, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებდნენ ოქროს ურდო და დიდი ხანები. ჩიგისხანის ანდერძის მიხედვით მიწები ამუდარიიდან არალის ზღვამდე, რომელშიც რუმი (მუსულმანური და ქრისტიანული ანატოლია და ბიზანტია), სირია, ირანი ჩინგისხანის უფროსი ვაჟის ჯუჩის ულუსში შედიოდა. მაგრამ ჯუჩისა და ჩინგისხანის სიკვდილის შემდეგ (1227 წ.) დასახელებულ ქვეყნებზე ხელისუფლება გადავიდა ჯუჩის ვაჟის ბათუს (1227-1255) ხელში. ბათუს დაუპირისპირდნენ დიდი ხანები და დაიწყო ბრძოლა ჯუჩის ულუსის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილისათვის7.
ჯერ კიდევ მონღოლთა დაპყრობების დასაწყისში ანატოლია და კავკასია გადაიქცა ბრძოლის საგნად ოქროს ურდოს დამაარსებელ ბათუსა და ნოინ ბაიჯუს შორის. ეს უკანასკნელი იყო დიდი ხანის წარმომადგენელი ირანში. ანატოლიისა და კავკასიის სახელმწიფოები, პირველ რიგში იკონიის სასულთნო, კილიკიის სომხეთი, ტრაპიზონის იმპერია და საქართველო ცდილობდნენ მონღოლებს შორის არსებული წინააღმდეგობანი თავიანთი ტრადიციული მოწინააღმდეგეების დასასუსტებლად და საკუთარი ქვეყნების შიგნით მეტოქეების გასანადგურებლად გამოეყენებინათ, რაც იწვევდა დასახელებული ქვეყნების დესტაბილიზაციას.
თვალს თუ გავადევნებთ მონღოლების მიერ წინა და შუა აზიასა და ჩრდილო შავიზღვისპირეთში დაპყრობილ ქვეყნებს, მონღოლებმა მათ მთლიანად მოუსპეს სახელმწიფოებრიობა და უაღრესად სასტიკ პირობებში ჩააყენეს. თუ მათ შევადარებთ ანატოლიასა და მისი მეზობელი სომხეთის და საქართველოს მდგომარეობას, ნათელი ხდება, რომ დამპყრობლებმა საბოლოოდ ვერ შეძლეს მათი ინკორპორაცია და ვერ გაანადგურეს მათი სახელმწიფოებრივი მმართველობის ფორმები8.
ბათუს სიკვდილის შემდეგ (1255) ოქროს ურდოს გავლება ანატოლიაში შესუსტდა და მაშინვე ირანის მონღოლებმა იერიში მიიტანეს რუმის სასულთნოზე, დაიმორჩილეს და ბაიჯუმ ის თავის კაცს ჩააბარა9. ანატოლიასა და საქართველოში კი მონღოლებმა დასტოვეს ძველი პოლიტიკური წარმონაქმნები და დაკმაყოფილდნენ მხოლოდ ადგილობრივ მეფე-მთავრების მიერ მონღოლთა უზენაესი ხელისუფლების აღიარებით. ისიც ნათელია, რომ ეს სახელმწიფოები მკაცრად იყვნენ დამოკიდებულნი მონღოლებზე, რომლებიც უცერემონიოდ ერეოდნენ მათს შინაურ ცხოვრებაში და მძარცველური ექსპლოატაციით ანგრევდნენ მათს ეკონომიკას. მიუხედავად ამისა ანატოლია-კავკასიის რეგიონის სახელმწიფოებმა გარკვეული სუვერენიტეტი და შესაბამისად პოლიტიკური მანევრების შესაძლებლობა შეინარჩუნეს. ზემოაღნიშნულის საილუსტრაციოდ გამოდგება საქართველოს მაგალითი.
1242-1245 წლებში ბაიჯუს უნდოდა საქართველოს სუვერენიტეტის განადგურება და მისი მონღოლეთის იმპერიაში ინტეგრაცია. რუსუდანმა ბათუს მიმართა და მისი დახმარებით 1242-1243 წლებში შესძლო იმერეთიდან თბილისში დაბრუნება თავის თანამმართველ ვაჟთან, დავითთან ერთად (შემდეგში ლიხთიმერეთის მეფე დავით ნარინი, 1245-1292). ამის საწინააღმდეგოდ ბაიჯუ საქართველოს მეფედ აცხადებს თავის კანდიდატს, დავით ულუს (გიორგი ლაშას ძე, 1245-1270), რასაც შემდეგში საქართველოს ორ სამეფოდ გაყოფა მოჰყვა.
როგორც ვ. ალენი აღნიშნავდა, მონღოლთა მიერ წინა აღმოსავლეთში გატარებული პოლიტიკის შედეგად მივიღეთ დაპყრობილი ხალხების მიმართ ორი ტიპის მიდგომა: სელჯუკური და ქართული, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, _ სომხური. რუმი და საქართველო თავიდან წინააღმდეგობას უწევდნენ დამპყრობლებს და დახმარებას ეძებდნენ ბათუსთან, მაგრამ დამარცხდნენ. კილიკიის სომხეთმა და დიდი სომხეთის მთავრებმა, პირიქით, სცნეს ბაიჯუს უზენაესობა და არა მხოლოდ გადურჩნენ გამანადგურებელ თავდასხმებს, სელჯუკებს წაართვეს ზოგიერთი თავიანთი მიწები10.
კიდევ უფრო გამკაცრდა მონღოლთა უღელი მოსახლეობის აღწერისა (1254 წ.) და გადასახადების მთელი სისტემის შემოღებით, რაც საქართველოს ყველა სოციალურ ფენას უმძიმეს ტვირთად დააწვა.
1259 წლის ზაფხულში ნარინ დავითმა დიდი აჯანყება დაიწყო მონღოლთა წინააღმდეგ და ჰულაგუ ყაენის გამოგზავნილი ჯარი დაამარცხა. დავით ნარინმა მეორედ მოსულ მტრის დიდ ჯართან შებმა აღარ ინება და დასავლეთ საქართველოში გადავიდა, სადაც ის ადგილობრივმა დიდებულებმა „აფხაზეთის“ მეფედ გამოაცხადეს. ამგვარად ერთიანი საქართველოს ადგილას წარმოიშვა სამი პოლიტიკური ერთეული: აღმოსავლეთი, დასავლეთი და სამხრეთი საქართველო. თითოეულ მათგანს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ჰქონდა.
1260-1261 წლებში მოხდა მეორე აჯანყება ულუ დავითის ხელმძღვანელობით. აჯანყების საბაბი გახდა ჰულაგუ ყაენის ბრძანება ეგვიპტეში გალაშქრების შესახებ. ლაშქრობაში დავით VII ულუ თავისი ჯარით უნდა წასულიყო. მაგრამ მეფემ უარი განაცხადა მონღოლების ამ ლაშქრობაში მონაწილეობაზე. მას მხარი დაუჭირა დიდებულების მხოლოდ მცირე ნაწილმა, უმრავლესობამ ლაშქრობაში წასვლა ამჯობინა. მონღოლთა ჯარის სიმრავლემ თავისი გაიტანა და 1260-1261 წლების აჯანყება მარცხით დამთავრდა. დავით ულუც დროებით, ვიდრე მონღოლებთან ურთიერთობას მოაგვარებდა, დასავლეთ საქართველოში გადავიდა.
მონღოლები ვერ ბედავდნენ ლიხის მთაზე გადასვლას. დავით ნარინი აღარც ხარკს იხდიდა. დასავლეთი საქართველო ფაქტიურად მონღოლთა დაქვემდებარებიდან გამოვიდა. დავით ულუს ლიხთიმერეთში ყოფნისას მდგომარეობა ისე დაიძაბა, რომ მოსალოდნელი იყო კონფლიქტი ორ მეფეს შორის. დაიწყო დაპირისპირება ორი დავითის მომხრეებს შორის იმის გამო, თუ ვინ უნდა ყოფილიყო საქართველოს მეფე. დავით ულუსათვის აღმოსავლეთ საქართველოში გადასვლას აუცილებელს ხდიდა ის გარემოებაც, რომ მონღოლებს შეიძლებოდა იქ სხვა გაემეფებინათ. დავით ულუმ მონღოლებთან საზავო მოლაპარაკება დაიწყო. მონღოლების ინტერესებში არ შედიოდა უმართავი ქვეყანა, რომელიც თავის მოვალეობას მათ წინაშე ვერ შეასრულებდა. დავით ულუს მოლაპარაკებაზე თანხმობა გამოუცხადეს. ის აღმოსავლეთ საქართველოში გადავიდა და 1264 წელს მეფე და სარგის ჯაყელი ყაენის გამოძახებით უკვე ურდოში, ბარდავში, იყვნენ. სასტიკი სასჯელისაგან მეფე იმან გადაარჩინა, რომ ამ დროს ცნობილი გახდა ჩრდილოეთიდან, დარუბანდის გზით ოქროს ურდოს ყაენის, ბერქას დიდი ჯარით შეჭრის შესახებ. ასეთ ვითარებაში აღმოსავლეთი საქართველოს სტრატეგიული და ქართველთა ჯარის მნიშვნელობა გაითვალისწინეს ყაენის კარზე და დავით ულუ თავისი ჯარით მონღოლთა სამსახურში დააბრუნეს. ამ დროიდან იწყება ქართველთა ხანგრძლივი მონაწილეობა ოქროს ურდოსა და ილხანთა შორის დაწყებულ ხანგრძლივ და სისხლისმღვრელ ომებში და მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მძიმე მოვალეობების შესრულებაში. აღმოსავლეთი საქართველო დიდად ზარალდებოდა აქ გამართული სამხედრო შეტაკებების და ჩამოსახლებულთა მოქმედების შედეგად. ყოველივე კი იწვევდა აღმოსავლეთ საქართველოს სამეურნეო-ეკონომიკური დონის თანდათანობით დაქვეითებას.
შენიშვნები
1. ზავის დადების ორი თარიღი გვაქვს: 1242 (ლომინაძე ბ., მონღოლებთან დაზავება // საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, თბ., 1979, გვ. 550) და 1243 წლები. ნინიძე დ., ქართული დიპლომატია XIII საუკუნეში// ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, I, 1998, გვ. 388-389. ვფიქრობ, დ. ნინიძის მიერ შემოთავაზებული თარიღი უფრო მისაღებია მკვლევრის მიერ მოხმობილი არგუმენტების გამო.
2. მონოლებთან დადებული ზავის პირობების შესახებ იხ. ჯავახიშვილი ივ., თხზულებები თორმეტ ტომად, III, თბ., 1982, გვ. 24; ლომინაძე ბ., მონღოლებთან დაზავება, გვ. 550-551; ნინიძე დ., ქართული დიპლომატია XIII საუკუნეში, გვ. 389-390.
3. ლომინაძე ბ., მონღოლთა ბატონობა საქართველოში და ბრძოლა მის წინააღმდეგ (XIII ს. 40 _ XIV ს. 10-იანი წწ.) // საქარველოს ისტორიის ნარკვევები, III, თბილისი, 1979, 550-551.
4. სილაგაძე ბ., მონღოლთა მეორე გამოჩენა ამიერკავკასიაში და საქართველოს დაპყრობა-დანაწილება // „მაცნე“, 1970, #1, 75-76, 81.
5. ისინი რომ ერთმანეთთან შეთანხმებით განაგებდნენ საქართველოს, ყოველ შემთხვევაში, თბილისში ერთად ყოფნის დროს მაინც, ჟამთააღმწერელს მოვუსმინოთ: „თვით მე მინახავს, რომელ სიგელებისა თავსა სწერია: „მეფენი ბაგრატიონნი“, და ნებითა ღ~თისითა, დავით და დავით“ და ხელიცა ორთავესი რთავს: „ჩემ დავითისგან მტკიცე [არს], და ჩემ დავითისგან მტკიცე არს“. ხოლო დასხდეს ორნივე მტკიცედ მეფედ... ორნივე დავით და დავით სიყვარულსა ზედა ეგნეს და არა წინაღუდგებოდეს ერთმანეთსა... ხოლო უპირატესი პატივი და ზემოჯდომა ლაშას ძესა დავითს ეპყრა ლაშას ძეობისათვის, დაღაცათუ უხუცესობისათვის“ // ქართლის ცხოვრება II, თბ., 1959, გვ. 226-227.
6. ვახუშტი ბატონიშვილი ჟამთააღმწერელის თხზულებაზე დაყრდნობით მსჯელობს დავით ულუსა და დავით ნარინის სანიმუშო ურთიერთობაზე: „ხოლო მეფობდნენ ეს ორნი დავითნი სრულსა სიყვარულსა ზედა, და ნიჭსა თუ სიგელსა ორისავე ხელმოწერითა მისცემდნენ, არამედ აქუნდა უპირველესი პატივი დავით ლაშას ძეობისათვის და ჟამითაცა უხუცესი იყო“ // ქართლის ცხოვრება, IV, თბ., 1973, გვ. 213. ზავის დადებამ ქართველი ხალხი დამპყრობლისადმი მორჩილებაში ვერ მოიყვანა. იგი მაშინვე შეუდგა ბრძოლას დამოუკიდებლობის აღსადგენად (კოხტასთავისა და თბილისის შეთქმულებები).
7. Allsen Th., Conquest and Culture in Mongol Eurasia, Cambridge, 2001, პ. 51-56; Петрушевский И. П., Иран и Азербайджан под властью Хулагуидов (1256-1353). // Татаро-монголы в Азию и Европе. Москва, 1970, ც. 232; Коробейников Д. А., Византия и государство Ильханов в XIII - начале XIV в.: система внешней политики империи // Византия между Западом и Востоком. Опыт исторической характеристики, СПб., 1999, с. 428-473 442. Шукуров Р. М., Великие Комнины и «Синопский Вопрос» в 1254-1277 гг. // Причерноморье в средние векаб СПб., Москва, 2000, т. 4, с. 177-208 historic.ru/books/foo/soo/zoooo186/stoo8.shtml)
8. Карпов ჩ. Г., История Трапезундской имрерии, СПБ., 2007, ც. 368.
9. Cahen Cl., Pre-Ottoman Turkey, london, 1968, 275-276; Жаворонков П. И., Никейская империя и Восток // Византийский Временник, 1978, т. 39, с. 93-101; Шукуров Р. М., Великие Комнины и «Синопский Вопрос» в 1254-1277 (ჰისტორიც.რუ/ბოოკს/ფოო/სოო/ზოოოო186/სტოო8.სჰტმლ)
10. Allen W. E, A History of the Georgian People, London, 1932, პ. 113; Карпов ჩ. Г., История Трапезундской имрерии, ც. 369; Шукуров Р. М., Великие Комнины и «Синопский Вопрос» в 1254-1277 (historic.ru/books/foo/soo/zoooo186/stoo8.shtml)).
დამოწმებანი:
ლომინაძე ბ., მონღოლებთან დაზავება // საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, თბ., 1979.
ლომინაძე ბ., მონღოლთა ბატონობა საქართველოში და ბრძოლა მის წინააღმდეგ (XIII ს. 40 _ XIV ს. 10-იანი წწ.) // საქართველოს ისტორიის ნარკვევები, III, თბ., 1979.
ნინიძე დ., ქართული დიპლომატია XIII საუკუნეში // ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევები, I, 1998.
სილაგაძე ბ., მონღოლთა მეორე გამოჩენა ამიერკავკასიაში და საქართველოს დაპყრობა-დანაწილება // `მაცნე~, 1970, #1
ქართლის ცხოვრება, II, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1959.
ქართლის ცხოვრება IV, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, თბ., 1973.
ჯავახიშვილი ივ., თხზულებები თორმეტ ტომად, III, თბ., 1982.
Жаворонков П. И., Никейская империя и Восток // Византийский Временник, 1978.
Карпов ჩ. Г., История Трапезундской имрерии, СПБ., 2007.
Коробейников Д. А., Византия и государство Ильханов в XIII - начале XIV в.: система внешней политики империи // Византия между Западом и Востоком. Опыт исторической характеристики, СПб., 1999.
Петрушевский И. П., Иран и Азербайджан под властью Хулагуидов (1256-1353). // Татаро-монголы в Азию и Европе. Москва, 1970.
Шукуров Р. М., Великие Комнины и «Синопский Вопрос» в 1254-1277 гг. // Причерноморье в средние векаб СПб., Москва, 2000, т. 4, с. 177-208
(historic.ru/books/foo/soo/zoooo186/stoo8.shtml)
Allen W. E, A History of the Georgian People, London, 1932.
Allsen Th., Conquest and Culture in Mongol Eurasia, Cambridge, 2001.
Cahen Cl., Pre-Ottoman Turkey, london, 1968.

Комментариев нет:

Отправить комментарий