пятница, 10 сентября 2021 г.

„მუსლიმანი“ ერეკლე I და ქრისტიანობა (ე. მამისთვალიშვილი)

ერეკლე I, ქართლის მეფე (1688-1703), თეიმურაზ I-ის შვილიშვილი, ბატონიშვილი დავითის ვაჟი იყო.
რუსეთის კარმა 1649 წელს თეიმურაზ I-სათვის დახმარების გაწევის სანაცვლოდ მოითხოვა ერეკლეს მოსკოვში გაგზავნა „აღსაზრდელად“. თეიმურაზი, სხვადასხვა მიზეზით, ცდილობდა არ შეესრულებინა ხელმწიფის მოთხოვნა. როდესაც ცნობილი გახდა ბატონიშვილი ერეკლეს მოსალოდნელი გაგზავნის შესახებ მოსკოვში, ამას მოჰყვა ერეკლე მეფის ისედაც გაჭირვებული მდგომარეობის გაუარესება. გაღიზიანებულმა ყიზილბაშებმა გაახშირეს კახეთზე თავდასხმები. ქართლის მეფე როსტომ მეფესთან და შაჰთან დაკავშირებულმა ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა კახეთ-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებისათვის ხელის შესაშლელად თვითონაც მოითხოვა ერეკლე მძევლად. ბატონიშვილის მოსკოვში გაგზავნის გასაჭიანურებლად თეიმურაზ მეფე თავის ცუდ ფინანსურ და პოლიტიკურად რთულ მდგომარეობას იმიზეზებდა. ის მოსკოვის ხელმწიფე მიხეილ თედორეს ძეს სხვადასხვა დროს გაგზავნილი წერილებში სწორედ ამ პრობლემებზე ამახვილებდა ყურადღებას.
1652 წლის აგვისტოში ყმაწვილი ერეკლე და მისი დედა ელენე თეიმურაზმა მოსკოვში გაგზავნა. ერეკლე, ფათერაკიანი მგზავრობის შემდეგ, რუსეთის სატახტოში ჩავიდა 1653 წლის 27 დეკემბერს1.

1. მოსკოვში ერეკლეს მიღებისა და მისი იქ ცხოვრების შესახებ იხ. ტატიშვილი ვლ., ქართველები მოსკოვში, თბ., 1959, გვ. 107-166. იხ. აგრეთვე: ალექსი იევლევის 1650-1652 წწ. იმერეთის სამეფოსი ელჩობის საანგარიშო აღწერილობა („მუხლობრივი აღწერილობა“), რუსული ტექსტი ქართული თარგმანით და ხელნაწერების მიმოხილვით გა-მოსაცემად მოამზადა იასე ცინცაძემ. თბ., 1969, გვ. 177, 178; Полиевктов М., К вопросу об авторстве статейного списка „С“. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის მოამბე, I, #1, 1940, გვ. 69, 73-74; Армяно-русские отношения в XVII веке. Сборник документов под ред. проф. В. А. Парсамяна, Ереван, 1953, с. 21; ცინცაძე ი., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის წარსულიდან. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის შრომები, I, თბ., 1955, გვ. 255, 265; Месхия Ш. А., Цинцадзе Я. З., Из истории русско-грузинских отношении X-XVIII вв., Тб., 1958, с. 75, 79; ბერძენიშვილი ნ., XVII ს. საქართველოს ისტორიიდან. საქართველოს ისტორიის საკითხები, II, თბ., 1965, გვ. 151; პაიჭაძე გ., მასალები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის (1652-1658). „საისტორიო მოამბე“, 19-20, თბ., 1965, გვ. 445. 446. 459-461; Накашидзе Н., Грузино-русские политические отношения первой половине XVII века, Тб., 1968, с. 178,192; ტოლოჩანოვის იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა, 1650-1652 წწ. რუსული ტექსტი ქართული თარგმანით და ხელნაწერების მიმოხილვით გამოსაცემად მოამზადა იასე ცინცაძემ. თბ., 1970, გვ. 33-35, 39-41. 51-54. 75-84, 136, 138; ნაკაშიძე ნ., წიწამურიდან ბახტრიონამდე, თბ., 1978, გვ. 188, 191; ტივაძე თ., მასალები საქართველოს საგარეო პოლიტიკური ისტორიისათვის XVII ს-ის მეორე ნახევარში, „საისტორიო მოამბე“, ტ. 45-46, თბ., 1982, გვ. 21, #14.

თეიმურაზ მეფეს, რომელსაც ერეკლე/ნიკოლოზის მეტი მემკვიდრე აღარ ეგულებოდა, რუსეთის ხელმწიფესთან მის გაგზავნასთან დაკავშირებული იმედი არ გაუმართლდა და ცდილობდა რაიმე საშუალებით იგი საქართველოში დაებრუნებინა. თეიმურაზი 1659 წ. 18 სექტემბრის სიგელით მეფე ალექსი მიხეილის ძეს მოსკოვში აცნობებდა, რომ საქართველოში იმყოფებოდა იერუსალიმის პატრიარქი, რომელსაც თხოვა ეშუამდგომლა რუსეთის ხელმწიფის წინაშე, რათა საქართველოში დაებრუნებინა თეიმურაზის შვილიშვილი ერეკლე. პატრიარქმა მიიღო მისი თხოვნა და შავი ზღვით გაემგზავრა რუსეთს. იმერეთის მეფე ალექსანდრე III-მ პატრიარქს გააყოლა თავისი ელჩი, რომელსაც იგივე თხოვნა უნდა მოეხსენებინა რუსთ ხელმწიფისათვის1.
საინტერესოა პაისიოსმა, არცთუ ჯანმრთელმა ადამიანმა, რატომ იტვირთა ასეთი რთული (როგორც პოლიტიკური, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) დავალების შესრულება. საფიქრებელია, პაისიოსი დაინტერესდა ორი მოსაზრებით. ერეკლე/ნიკოლოზის მოსკოვიდან წამოყვანით ქართლის სამეფო ტახტზე მართლმადიდებელი ქრისტიანის გამეფების შანსი ჩნდებოდა, რასაც იერუსალიმის საპატრიარქოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. პატრიარქს, უფლისწულის გამო, კიდევ ერთხელ ეძლეოდა საბაბი მოსკოვში წასვლისა. პატრიარქი ერთხელ უკვე, 50-იანი წლების დასაწყისში, იყო რუსეთის სატახტოში, რუსეთის მეფეზე ზეგავლენის მოსახდენად, რათა ის დახმარებოდა ბოგდან ხმელნიცკის მეთაურობით უკრაინაში პოლონეთის წინააღმდეგ დაწყებულ გამათავისუფლებელ ბრძოლას. ვითარება საგანგაშო იყო რუსეთისათვის, რადგან ბოგდან ხმელნიცკი ყირიმის ხანს დაუკავშირდა, რასაც შეიძლებოდა სახანოს გაძლიერება გამოეწვია. პატრიარქის გეგმაში კი სახანოს განადგურება და ამის შედეგად ოსმალეთის დასუსტება შედიოდა. მაგრამ მაშინ პაისიოსს უარი უთხრეს აღნიშნული გეგმის განხორციელებაზე იმ მოტივით, რომ რუსეთს პოლონეთთან დადებული ჰქონდა „მუდმივი ზავი“2.

1. საითიძე გ., მასალები საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის ისტორიისათვის (XVII საუკუნის 50-იანი წლები). „ქართული დიპლიმატია„, წელიწდეული, 5, თბ., 1998, გვ. 138-139.
2. Каптерев Н. Ф., Характер отношении России к Православ-ному Востоку в XVI и XVII столетиях, с. 363-365.
1662 წელს ერეკლე დაბრუნდა საქართველოში და სცადა კახეთის ტახტის დაუფლება. მას თუშები და კახელები ეხმარებოდნენ. ვახტანგ V შაჰნავაზმა ერეკლეს წინააღმდეგ გაგზავნა ქართლის ჯარი. ერეკლემ და მისმა დედა ელენემ თავი შეაფარეს თორღვას ციხეს. შაჰნავაზმა მას ალყა შემოარტყა. ელენეს თხოვნით შაჰნავაზმა ერეკლე თუშეთში გაუშვა, კახეთი კი თვითონ დაიპყრო. ამის შემდეგ ქართლის მეფემ შაჰ აბას II-სთან შეთანხმებით თავისი უფროსი ვაჟი არჩილი დასვა კახეთის ტახტზე. ერეკლე ამის შემდეგაც ცდილობდა კახეთში გამეფებას, მაგრამ წარუმატებლად. იმავე წელს ის იძულებული გახდა მოსკოვში დაბრუნებულიყო, სადაც კიდევ 10 წელი გაატარა.
1674 წელს ერეკლე დაბრუნდა კახეთში, სადაც მას კვლავ მხარი დაუჭირეს კახელებმა და თუშებმა. ამჯერად შაჰმა სულეიმან სეფიმ (1666-1694), გაითვალისწინა კარისკაცების რჩევა და ერეკლე კახეთის მეფედ დანიშნა. შაჰმა ერეკლეს კახეთის ტახტის სანაცვლოდ გამუსლიმანება მოთხოვა. ერეკლე თავს იკავებდა. ერეკლე I, ვიდრე ქრისტიანად დარჩენის მინიმალური შანსი არსებობდა, მტკიცედ იცავდა მართლმადიდებლობას. იგი, მისივე სიტყვებით, წარმოგვიდგება, როგორც უდრეკი პატრიოტი და ქრისტიანობის დამცველი: „...მე იმისათვის კი არ წავედი მის უდიდებულესობასთან სპარსეთის შაჰთან, რომ ძალაუფლების მიღებისათვის სარწმუნოება გამომეცვალა, არამედ ღმერთს ვევედრებოდი და მსურდა, ჩემი სამფლობელო მოეცა იმ ხალხის ჯიბრზე, რომლებიც სამეფოს მისაღებად შაჰის უდიდებულესობასთან თვითონ მიდიოდნენ თავისი რჯულის შესაცვლელად. თუ ღმერთი არ შემეწევა ჩემი მიწა-წყლის მიღებაში, ან ქრისტიანული სარწმუნოების გულისათვის შაჰის უდიდებულესობისაგან რაიმე ძალდატანება მექნება, მე მზადა ვარ, ქრისტეს გულისათვის მოვკვდე, რათა ასეთი სულმოკლენი ამის დანახვით დაისაჯონ. თუ ღმერთი არ შემეწევა, ჩემი სიკვდილით მაინც გზას ვუჩვენებ მათ, ჩემს გვარს და ქრისტიანულ სარწმუნოებას კი შესაგინებლად არ მივცემ...“1.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ფრანგი მოგზაურის ჟოზეფ პიტონ ტურენფორის ნათქვამი ერეკლე I-ზე შეიძლება გავიგოთ, როგორც ქართველი მეფის მიერ კათოლიკობისა და ისლამისადმი პატივისცემის გამოხატვა და არა რომელიმე მათგანის უპირატესობის აღიარება მართლმადიდებლობის მიმ-ართ. აი რას წერს ტურნეფორი: „მეფე (ერეკლე I - ე.მ.) ორივე რელიგიას აღიარებსო: დადის მეჩეთშიც, ხოლო როცა კაპუჩინებთან სალოცავად მიდის, მისი უწმინდესობის პაპის სადღეგრძელოს სვამსო“2. რა თქმა უნდა, ერეკლე I-ის ამგვარი მოქმედება მისი უპრინციპობის მაჩვენებელი კი არ იყო, არამედ შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძიების შედეგი. ერეკლე I და მისი დროის ფეოდალური ელიტის წარმომადგენლები რომ ისლამს იღებდნენ პრაგმატული მოსაზრებით (იგივე აზრი უნდა გავავრცელოთ XVII-XVIII საუკუნეთა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა „გამუსლიმანებულ“ მეფეზე), კარგად ჩანს იმავე ტურნეფორის სხვა ცნობიდან. ამ ფრანგი მეცნიერ მოგზაურის მიხედვით, ისლამის მოქმედების არიალი იმდენად იყო შეკვეცილი თბილისში, ქართლის სამეფოს დედაქალაქში, სადაც ყველაზე მეტი მუსლიმანები იყვნენ, რომ თბილისის ციხეში არსებული მინარეთიდან მუეზინი ვერასოდეს ვერ ბედავდა მოეწოდებინა მორწმუნეებისათვის სალოცავად. თუ ის ამას გაბედავდა, ქრისტიანი მოსახლეობა ქვებს დაუშენდა3.
ვიდრე ერეკლე მტკიცედ იდგა მამაპაპათა სარწმუნოებაზე, შაჰმა სულეიმანმა მას შესთავაზა: „მოგცემ კახეთს, თბილისს, მთელს საქართველოს და ყოველივეს თერგიდან ვიდრე არაქსამდე, _ ეს სპარსეთის ერთი მეხუთედია. მე განიჭებ ისპაანის დარაგის4 წოდებას და შენც იმდენსავე ჯამაგირს მოგცემ, რამდენსაც შაჰნავაზ-ხანს ვაძლევდი. მხოლოდ სთქვი: ერთია ალაჰი და მაჰმადი მისი წინასწარმეტყველი. სთქვი, რომ ღებულობ ჩვვენს რჯულს, რათა აღსრულდეს სიტყვა ჩემი, რათა არ მკიცხავდნენ გარემო სახელმწიფოთა მეფენი იმის გამო, რომ მიწა, რომელსაც ფლობენ მუსულმანები, მე ქრისტიანს ვუბოძე. ხოლო, როცა საქართველოში დაბრუნდები, იქ ირწმუნე ის, რაც გინდოდეს“5. მაგრამ ერეკლე I-მა უარი განაცხადა შეთავაზებულ წინადადებაზე. ამის შემდეგ იგი ორი წლის განმავლობაში საპყრობილეში გამოკეტეს, მან ვეღარ გაუძლო ცდუნებასა და ზეწოლას და საბოლოოდ აღიარა ისლამი, თუმცა გულით ის, როგორც მოღწეული ცნობებიდან ჩანს, ბოლომდე მართლმადიდებელ ქრისტიანად დარჩა.

1. ციტირებულია: ტივაძე თ., საქართველო და რუსეთ-სპარსეთის ურთიერთობა XVII ს. მეორე ნახევარში, თბ., 1977, 168-169.
2. ტურენფორი ჟ. პ. დე, მოგზაურობა აღმოსავლეთის ქვეყნებში. ფრანგულიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო მ. მგალობლიშვილმა, თბ., 1988, 61.
3. იქვე.
4. დარაგა _ უმაღლესი ადმინისტრაციული პირი სპარსეთში, ოლ-ქის მმართველი, გუბერნატორი.
5. Переписка на иностранных язиках грузинских царей с Российскими государями от 1639 по 1770, Санкт-Петербург, 1861, с. 101.

რუსი დიპლომატი ივანე კაზარინოვი, როდესაც სპარსეთიდან მოსკოვში დაბრუნდა, საელჩო პრიკაზში განაცხადა, „რომ ბატონიშვილი ნიკოლოზ დავითის ძე (ერეკლე I _ ე.მ.) ქრისტიანული სარწმუნოებიდან განდგომის შემდეგ სულ ცხარე ცრემლითა ტირის, ჩუმად წმინდა ხატებს ინახავს და მათზე ლოცულობს, წირვასაც ისმენს გამუდმებით, მას ფარულად ბელორუსი-ლიეტუველი მღვდელი გაბრიელი ემსახურება... შაჰის უდიდებულესობას აუწყეს, რომ იგი უფლისწული, ჩუმად ქრისტიანულ წესს მისდევს და ამისათვის შაჰი მასზე ჯავრს იყრის ხოლმე...“1.
საინტერესოა იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოს II-ის ეპისტოლე ერეკლე I-სადმი. როგორც ჩანს, მეფეს პატრიარქისათვის მიუწერია ქრისტიანობიდან თავისი განდგომის, ამის გამო სულიერი განცდისა და ამ ნაბიჯის გადადგმის არსებითი მიზეზების შესახებ. ერეკლეს პატრიარქისათვის ისიც უცნობებია, რომ, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მართლმადიდებელ ქრისტიანად რჩებოდა. როგორც სხვა ცნობებიდან ირკვევა, ერეკლე სიმართლეს სწერდა იეუსალიმის პატრიარქს. ვახუშტი ბატონიშვილის გადმოცემით, „და ესე ერეკლე იყო ისპაანს ი~დ წელსა, და არა უარჰყო ქრისტე, რამეთუ იყო აღზრდილი რუსეთს, რომელი წინაცა ვახსენეთ. ამას შეუკრბნენ მის თანა მყოფნი კახნი და უმეტეს მოძღუარი მისი, მონაზონი ნაცვლიშვილი, და ესენი იტვირთვიდნენ ცოდვასა მას, რათა დაუტეოს ქრისტე. ამისთვის გამაჰმადიანდა ცოლ-შვილითა სრულიად და უწოდეს ნაზარ-ალიხან და წარმოავლინეს ნიჭითა ქართლს მეფედ“2.

1. პაიჭაძე გ., რამდენიმე საბუთი რუსეთ-საქართველოს ურთიერთო-ბის ისტორიისათვის XVII საუკუნის მეორე ნახევარში. „საისტორიო მოამბე“, ტ. 27-28, გვ. 542-543.
2. ქართლის ცხოვრება, IV, გვ. 463.
ერეკლე I-ის მოჩვენებითი გამუსლიმანება, როგორც ჩანს, საკმაოდ ცნობილი იყო და ეს იცოდა საქართველოს საქმეებში კარგად ჩახედულმა, ზემოხსენებულმა იერუსალიმის პატრიარქმა დოსითეოსმაც. მან ისიც კარგად იცოდა, რამ აიძულა ქართველი მეფე შეეცვალა სარწმუნოება და გარკვეულ რჩევასაც არ იშურებდა, რათა მას რჯულის ფორმალურად შეცვლის მიუხედავად კვლავ ეზრუნა ქრისტიანობისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ. მას სჯერა, რომ ერეკლემ გასაკიცხი ნაბიჯი გადადგა მხოლოდ ქვეყნის გადარჩენის სურვილით და იერუსალიმის პატრიარქს, როგორც ჩანს, სჯერა მისი გულწრფელობის. ამიტომაა, რომ დოსითეოსი ერეკლეს არიგებს ისე, როგორც პოლიტიკოსი, დიპლომატი და არა როგორც სულიერი მოძღვარი: „გარემოებამ გაიძულა შეგეცვალა მამისეული და უწმინდესი რწმენა. მაგრამ შენ ხომ ეს ცუდი განზრახვით არ გააკეთე, არამედ გარკვეული მიზნით. მიაღწიე განზრახულ ჩაფიქრებული მიზანს, რისთვი-საც შეიცვალე უწმინდესი რწმენა. მაგრამ ძალზე მტკიცედ გახსოვდეს ეს მიზანი და განუხრელად ესწრაფე მისკენ. შენი მიზანი იყო, რომ მოჩვენებით ყოფილიყავი სხვა რჯულისა, გულში კი მართლმადიდებელი ქრისტიანი, გარეგნული სახით მრავალი სიკეთისათვის მორიგებულიყავი ურწმუნოებთან, შინაგანად კი ემსახურებოდე უფლის ეკლესიას, არ გაკლდეს მისი დიდება. როგორც მეფე დავითი გარბოდა საულისაგან და სურდა დასხლტომოდა გათების მეფეს1. როკავდა იგი დაფით ხელში შერეკილივით, რათა მოეტყუებინა ბიწიერი მეფე და არ დაღუპულიყო2. მაგრამ სულით წმინდა და უმწიკვლო იყო, ერთი და იგივე დავითი. როგორც ნაყამანი სირიელი თხოვდა ელისეს ისრაელის მიწის გოჯისოდენა ნაწილს3 და მოჩვენებით ატყუებდა ცოდვილ მეფეს, ასევე შენო უგანათლებულესობავ, დაიცავი ის მიზანი, რომელიც შენ წინასწარ დაისახე. დაე, გარეგნულად იყო უცხოტომელი, მაგრამ გულში კი იყავ ღვთისმოსავი, არ დაგავიწყდეს შენი ხსნა, რომელსაც მეტად ვეღარ მოიპოვებ. შეინარჩუნებ რა მიზანს, ბევრი უნდა გააკეთო შენი გამართლებისათვის“4.
შაჰმა ერეკლე 14 წლის განმავლობაში სპარსეთში დატოვა. 1688 წელს იგი ქართლის მეფედ დაამტკიცეს გიორგი XI-ის მაგიერ. 1691 წლიდან დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ტახტისათვის ახლად გამეფებულსა და გადაყენებულ მეფეებს შორის. სპარსელების მხარდაჭერილმა ერეკლემ გაიმარჯვა. დამარცხებული გიორგი XI იძულებული გახდა სპარსეთში წასულიყო.

1. საულისაგან დევნილმა დავითმა თავი შეაფარა გათების მეფე აქიშთან (1 მეფ., 21: 10).
2. 1 მეფ., 21: 14.
3. წინასწარმეტყველი ელისეს მიერ მდინარე იორდანის წყლით კეთრისაგან განკურნებულმა აბრამის მეფის სარდალმა ნაყამანმა ელისეს თხოვა: „მიეცეს შენს მორჩილს იმდენი მიწა, რამდენსაც წყვილი ვირი წაიღებს, რომ ამიერიდან უფლის გარდა სხვა ღმერთებს არ შესწიროს მსხვერპლი შენმა მორჩილმა” (4 მეფ., 5:17).
4. მამისთვალიშვილი ე., საქართველო-იერუსალიმის ურთიერთობის ისტორიიდან, გვ. 213-214.

საინტერესოა ერეკლე მეფის დამოკიდებულება კათოლიკობისადმი.
საქართველოში კათოლიკობის გავრცელებას და კათოლიკებს განსაკუთრებით ეწინააღმდეგებოდა გრიგორიანული ეკლესია. სომხური ეკლესიის გააქტიურება კათოლიკების წინააღმდეგ მნიშვნელოვნად გაძლიერდა XVII ს. ბოლოდან. პატრი ამადიო ბრეშიელი 1698 წლის 20 ივნისს რომში გაგზავნილ მოხსენებაში აღნიშნავდა, რომ „კათოლიკობის მტერმა“ სომხებმა განსაკუთრებით გააძლიერეს შეტევა, რაც მისი თქმით, გამოწვეული იყო სომეხი კათოლიკების გამრავლებით და მათი სიარულით კათოლიკურ ეკლესიაში. ანტიკათოლიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა სომეხთა პატრიარქის მიერ ეჩმიაძინიდან გამოგზავნილი ვართაპეტი, რომელსაც ევალებოდა სომხური ეკლესიის მრევლისგან გადასახადის ამოღება. ვართაპეტმა მღვდლებთან და ქალაქის გამორჩეულ ხუთ პირთან შეთანხმებით გადაწყვიტა თბილისიდან კათოლიკეთა განდევნა და მათი ეკლესიის დანგრევა, მაგრამ ამის გაკეთება მეფის ნებართვის გარეშე შეუძლებელი იყო. სომეხ-თა დიდი ჯგუფი მეფის სასახლესთან მივიდა. მეფე ერეკლემ ისინი მიიღო და მოუსმინა. მათ მეფეს მოახსენეს, „რომ ნახევარი ქალაქი გაფრანგებულიაო (ისინი თბილისის სომხურ მოსახლეობას გულისხმობდნენ _ ე.მ.), არც გვინდა სომხები მათს ეკლესიაში დადიოდნენო, ისინი მატყუვრები არიანო, აღარ გვინდა პატრები ქალაქში დარჩნენ, არამედ ქალაქს გარეთ უნდა გავიდნენო; სპარსეთის მეფემ რომ შეიტყოს, ნახევარი ქალაქი გაფრანგებულა, არც თქვენ მოგივათ კარგი საქმეო“. ყულარაღასმა მეფესთან დაიბარა უფროსი პატრი და პატრი ალექსანდრე. როცა ისინი სასახლეში მივიდნენ, იქ დახვდათ მეფე, ვართაპეტი ოთხი სხვა მღვდლით, მამასახლისი და ვინმე აბედინაშვილი. მეფემ და ყულარ-აღასიმ ვართაპეთს განუცხადეს, რომ კათოლიკე პატრები პაპის მიერ მოციქულებად იყვნენ გამოგზავნილნი წმინდა სახარების საქადაგებლად. ამავე დროს ისინი ხალხს მკურნალობდნენ და არ იყვნენ ჩამოსულნი სიმდიდრის მოსაპოვებლად. ვართაპეტმა, თავის მხრივ, მეფეს შეაგება: „ჩვენ არ გვინდა, რომ მაგათ ეკლესიაში რომელიმე სომეხი მივიდეს, ჩვენც ვიცით სწავლება და ჭეშმარიტი სასუფეველის გზის ქადაგება“.
მეფე ერეკლე I-მა შემრიგებლური პოზიცია დაიკავა და პატრებს მიმართა: „გაიგონეთ, რასაც ამბობს ეს ვართაპეტი, მართლაც ძლიერ კარგი იქნება, რომ ყველანი თავის ეკლესიაში იარებოდნენ, მაშინ ერთმანეთში ძმასავით ვიქნებითო“1.
მეფე ერეკლეს არ უნდოდა, რომელიმე მხარეს დამდგარიყო, რადგან არც ერთის მომდურება არ იქნებოდა სასარგებლო, ორივეს ძლიერი მფარველი ჰყავდა _ სომხებს - შაჰი, კათოლიკებს კი - პაპი.
სომხები ფრიად უკმაყოფილონი დარჩნენ მეფის პასუხით და გადაწყვიტეს ძალით მიეღწიათ კათოლიკე მისიონერების ქალაქიდან განდევნისათვის. მაგრამ სისხლისღვრა თავიდან აცილებული იქნა ხელისუფლების ჩარევის შედეგად. ამის შემდეგ მეფე იძულებული გახდა რაიმე ქმედითი ღონისძიება გაეტარებინა. მან გამოსცა ბრძანება: რომელი სომეხიც კათოლიკეთა ეკლესიაში შევიდოდა, ის გადაიხდიდა 12 თუმანს ხაზინის სასარგებლოდ. თუ დამნაშავე იგივეს გაიმეორებდა, მაშინ ან თვალები უნდა დაეთხარათ, ან წყალში დაეხრჩოთ. ბენებრივია, ამის შემდეგ სომხებმა, რომლებიც კათოლიკური სარწმუნოებისკენ იხრებოდნენ, შეწყვიტეს კათოლიკების ეკლესიასა და სახლებში სიარული. მეფის ამ ბრძანებით უკმაყოფილო პატრები რომს თხოვდნენ შაჰისგან მოეპოვებინათ რაყამი, რომელიც ძველებურ მდგომარეობას შეუნარჩუნებდა პატრებსა და მათ მისიონს2. როგორც პატრი ამადიო ბრეშიელი წერდა, მეფე სომხების მიერ ადრე მოწყობილი კათოლიკების რბევის დროს პატრებს ყოველთვის ეუბნებოდა: „მოიპოვეთ ნება სპარსეთის მეფისგან, მერე უყურეთ რას ვიქმ თქვენთვის: ეხლა არაფრის ქმნა შემიძლია, რადგან სომხები მეუბნებიან: რათ გყავსთ აქ ეს ფრანგები, რომლებსაც არა აქვსთ სპარსეთის მეფის ნებართვაო... ცხადია, რომ ამნაირად მისიონი აქ ბევრ ხანს ვერ გასტანს, ეს უწმინდური სომხები აქედან გვერეკებიან“. პატრებს იმის იმედი ჰქონდათ, რომ ერეკლე მეფის შემდეგ სპარსეთის შაჰი ქართლის სამეფოში მეფედ „ნამდვილ სპარსელ მაჰმადიანს გამოგზავნიდა, რათა ბაგრატიონთ ჩამომავლობა მთლად ამოაგდოს“3. ამას წერდნენ და ამის მოსურნენი იყვნენ ქრისტიანი პატრები, რომ ქართლში ვინმე სულით და ხორცით მაჰმადიანი გამეფებულიყო, რათა დასახული მიზნისათვის მიეღწიათ.
ქართლის სამეფოში ანტიკათოლიკური გამოსვლების აღსაკვეთად შესაფერისი ღონისძიებების გატარების სათხოვნელად ქართლიდან რომში გაგზავნეს პატრი ფილიპე სელანელი. პაპმა სპარსეთის შაჰთან ელჩად იგივე ფილიპე სელა-ნელი გაგზავნა და 1699 წლის 26 იანვარით დათარიღებული წერილიც გაატანა. პაპი შაჰს თხოვდა, რომ მის სამეფოში კაპუცინებისა და, ზოგადად მისიონერებისათვის თავისუფალი მოქმედების საშუალება მიეცა და სომხების დევნულობისაგან დაეცვა. რომიდან ელჩი გაემგზავრა 3 თებერვალს და თან წაიღო ევროპის სხვა ქვეყნების მეთაურების წერილებიც4.
ვიდრე ფილიპე სელანელი საქართველოში არ იმყოფებოდა, დევნილობა გრძელდებოდა, მაგრამ შედარებით შესუსტებულად, რადგან ქართველები და მაჰმადიანები ესარჩლებოდნენ კათოლიკებს. სომხებმა იმას მაინც მიაღწიეს, რომ თბილისში კათოლიკური ეკლესია დააკეტინეს და მასში კათოლიკებს შესვლას უკრძალავდნენ სიკვდილით დასჯის მუქარით.

1. თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, გვ. 290-291.
2. იქვე, გვ. 293.
1. იქვე.
2. იქვე, გვ. 296.

ევროპიდან გაგზავნილმა პაპისა და სხვათა წერილებმა შედეგი გამოიღო. შაჰმა თავისი რაყამი გამოგზავნა თბილისში. შაჰი ბრძანებდა, რომ კაპუცინებს ეძლეოდათ ნება აეშენებინათ ახალი ეკლესიები და ძველები შეეკეთებინათ; ეძლეოდათ ნება თავისუფლად ემოგზაურათ სპარსეთის სამფლობელოებში ყოველგვარი ბაჟის გარეშე; არავის უნდა შეეფერხებინა სხვა ქრისტიანების მისვლა მათ ეკლესიებში და არც კათოლიკობაზე გადასვლისათვის არავინ უნდა დასჯილიყო; ის სომეხი მღვდლები, რომლებიც კათოლიკებს დაემუქრებოდნენ, დაუყოვნებლივ უნდა დასჯილიყვნენ და სხვ.1
არსებული წერილობითი წყაროების მიხედვით, ერეკლე I წარმოჩინდება მართლმადიდებლური რელიგიისადმი ერთგული, მაგრამ შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ იგი აიძულა ფორმალურად გამაჰმადიანებულიყო. იმავე დროს მისთვის დამახასიათებელი იყო რელიგიური შემწყნარებლობა, ცდილობდა ქართლის სამეფოში გრიგორიანელებისა და კათოლიკების დაპირისპირების დროს შეენარჩუნებინა ნეიტრალიტეტი და ცდილობდა ორივე მხარის შერიგებას: „ძლიერ კარგი იქნება, რომ ყველანი თავის ეკლესიაში დაიარებოდნენ, მაშინ ერთმანეთში ძმასავით ვიქნებითო“ - ეუბნებოდა იგი დაპირისპირებულ მხარეებს.
ერეკლე I-ის ოჯახში, რომ მართლმადიდებლური სული ტრიალებდა გამოჩნდა შემდეგში: დედოფალმა ანა ჩოლოყაშვილმა და მისმა ერთ-ერთმა ასულმა (ერეკლეს და ანას სამი ასული ჰყავდათ) ორჯერ იმოგზაურეს იერუსალიმში. ანამ თავის დღენი მონაზონად დაასრულა მონასტერში 1716 წელს. მონაზონად შედგა, აგრეთვე, მათი ასული მაკრინე, რომელმაც შემდეგში თავი ისახელა, როგორც ქართული საეკლესიო საგალობლების შემქმნელმა და შემკრებმა2. ჯერ კახეთის და შემდეგ ქართლის მეფე იყო მათი ვაჟი, ცნობილი თეიმურაზ II. ერეკლე I სპარსეთში გარდაიცვალა 1703 წელს.

1. იქვე, გვ. 296-297
2. ტატიშვილი ვლ., ქართველები მოსკოვში, გვ. 166.

Комментариев нет:

Отправить комментарий