пятница, 10 сентября 2021 г.

ნერესე II (დიდი) ერისმთავარი - ეროვნული გმირი და წმინდა მოწამეთა აღმზრდელ-მოძღვარი. ქართული აგიოგრაფიის მიხედვით

საქართველოს ისტორიამ ჩვენი ხალხის სახელოვანი წარსულის არაერთი ფურცელი შემოგვინახა. მისი წყალობით თაობიდან თაობას გადაეცემოდა გმირ წინაპართა საქმენი საგმირონი. თუმცა ქართულ მატიანეში ალბათ ისტორიული ბედუკუღმართობის გამო თეთრი ლაქებიც გვხვდება. რიგ მოვლენებსა და ისტორიულ პირებზე ჟამთააღმწერელი საერთოდ ვერაფერს, ან ძალზე მწირ ცნობას, გვაწვდის. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება მე-8 საუკუნის II ნახევრის ქართლის ერისმთავარი ნერსე II დიდი. ქართულ საისტორიო წყაროებში იგი გაკვრითაა მოხსენიებული, უფრო სხვა მოვლენების დასამოწმებლად. „მატიანე ქართლისაი“ მოგვითხრობს: „რამეთუ მამა მისი (ადარნასეს მამა) ნერსე, ძე ვარაზ-ბაკურის ანთიპატრიკისა, და ამის ვარაზ-ბაკურის მამა, სახელით გუარამ კურაპალატი, ძე პირველისა სტეფანოზისა და ძმა დემეტრესი, - ესენი გარდაცვალებულ იყვნეს...“1

ასეთივე ხასიათისაა სუმბატ დავითის ძის ქრონიკის ცნობაც: „და მერმე (ერისმთავრობდა) ნერსე და ძენი მისნი ფილიპე და სტეფანოზ და ადარნასე და ძენი მისნი გურგენ ერისთავი, აშოტ კურაპალატი...“2 ნერსე ერისთავს „დიდის“ ტიტულით მოიხსენიებს „მოქცევაი ქართლისაის“ ერთ-ერთი ვარიანტი.3 რატომაა ის „დიდი“, ამის შესახებ ქორონიკონი დუმს.
მემატიანის ძუნწ ცნობებს ერთგვარად ავსებენ, ნერსეს სახის გახსნასა და მისი ღვაწლის „სიდიდის“ წარმოჩენისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან ქართული სასულიერო მწერლობის ძეგლები - „აბოს წამება“ და „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“. თხზულებათა ავტორებს - ი. საბანისძესა და გ. მერჩულეს - სპეციალურად ნერსესთვის არ მიუძღვნიათ ისინი. ამ ქმნილებების მიზანი აგიოგრაფიის პრინციპებიდან გამომდინარეობდა: დამაჯერებლად ასახულიყო ქრისტესთვის წამებულ და ღვაწლდებულთა - აბოსა და გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებანი, მთელი სისრულით წარმოჩენილიყო მათი სულიერი სიმტკიცე და იდეალურობა. ამისთვის აგიოგრაფებს სხვა, ჩვეულებრივი პერსონაჟებიც სჭირდებოდათ, რომელნიც ხელს შეუწყობდნენ წმინდანის სახის გახსნას, ხასიათთა გამოვლენას. ასეთ მოქმედ პირებს სასულიერო მწერალი არ უღრმავდება. ისინი ავლენენ თავის თავს მხოლოდ წმინდანთან მიმართებაში იმდენად, რამდენადაც ეს სჭირდება მწერალს მისი გამორჩეულობის გამოსაკვეთად. ასეთი მეორეხარისხოვანი პერსონაჟია ნერსე ერისთავი.
თუ აბოს მომქცევსა და დამკვალიანებელს სხვა აგიოგრაფიულ ძეგლთა არამთავარ პერსონაჟებს შევადარებთ, სხვაობა თვალში საცემი იქნება. ი. საბანისძე თითქოსდა „არღვევს“ აგიოგრაფიის პრინციპს. ამ რაკურსით, როგორც მკვლევარი რ. ბარამიძე წერს, ნერსე „არცთუ ტიპიურ სახეს წარმოადგენს აგიოგრაფიისათვის“.4 მართალია, თავიდან მასთან მიმართებაში ვეცნობით აბოს, მაგრამ შემდეგ ავტორი დამოუკიდებლად ამოქმედებს ნერსეს. უფრო მეტიც - აბოს სახის, როგორც წმინდანის წარმოჩენასთან ერთად, პარალელურად შენიღბული, მაგრამ ძალზედ მეტყველი ქვეტექსტებით წარმოგვიდგენს ნერსეს - დიდი ეროვნული გმირის სილუეტს. ეს უკანასკნელი თითქმის წმინდა აბო თბილელის სიმაღლემდე აჰყავს, რაც ნაკლებად დამახასიათებელია სასულიერო ქმნილებისათვის. ავტორი თხუთმეტჯერ ახსენებს ნერსეს სახელს ნაწარმოებში. ესაა მოკლე, მრავლისმთქმელი ინფორმაციები ერისმთავრის პიროვნების, გადაადგილებების, ურთიერთობების შესახებ. იოანე საბანისძე უბრალო მინიშნებასაც არ გვაძლევს ქართლის მეთაურის რაიმე ადამიანურ ცდომილებაზე. პირიქით, ამ, ერთი შეხედვით, მშრალ ცნობებში მისი მამულიშვილობით აღფრთოვანებული მწერლის აღტაცება იკითხება. „აბოს წამება“ ყველა ერთად აღებულ ისტორიულ წყაროზე მეტ მასალას გვაწვდის ნერსეს, იმჟამინდელი საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ვითარების შესახებ. სამოელ ქართლის კათალიკოსის გაგზავნილმა ეპისტოლეს შინაარსმა უბიძგა იოანეს არამხოლოდ რელიგიური კუთხით წარმოეჩინა მოვლენები. ეკლესიის მეთაური მწერალს სთხოვდა აღეწერა აბოს მოწამეობრივი ღვაწლი, რომელიც, მისი თქმით, უდიდესი მნიშვნელობის გამო უნდა დადებულიყო ,,წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა შინა მოსახსენებელად ყოველთა, ვინ იყვნენ შემდგომად ჩვენსა...“5 აქვე გრძნობიერად მიუთითებს ავტორს: აბომ იმარტვილა არა მხოლოდ „ქრისტეს მიმართ ჩვენდა“, არამედ „ყოვლისა ამისა ჩვენისა ქართლისათვის...“6 ქვეყნის სულიერი საჭეთმპყრობელი „არაბიელის“ ქრისტესთვის მოწამეობას ჩვენი ერისადმი თავდადებადაც მიიჩნევს, უფლის გვერდით აყენებს სამშობლოს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ მწერალს არაბი ჭაბუკის სიკვდილით დასჯა ვრცლად, ეროვნულ კონტექსტშიც უნდა გაეაზრებინა.
სავარაუდოდ, აბოს ღვაწლის აღწერა არაოფიციალურად ქართლის ერისმთავარსაც უნდა ეთხოვა საბანისძისთვის. აბოს მოქცევა და საქართველოში ჩამოყვანა ხომ უშუალოდ მასთან იყო დაკავშირებული. იგი იყო მისი პატრონიც და მამობილიც. მანაც კარგად უწყოდა ამ ფაქტის აღწერით მოსალოდნელი შედეგების მნიშვნელობა. ერისმთავრისგან ასეთი თხოვნა, მით უფრო მოსალოდნელი იყო, თუ გავითვალისწინებთ, რომ იოანე საბანისძე, ეროვნული იდეოლოგიის „უდიდესი ბაირახტარი“ (პ. ინგოროყვა), ნერსეს უახლოესი გარემოცვის წევრი, მისი აქტიური თანამოაზრე და გულშემატკივარია. აქ უნდა დაახლოებოდა მწერალი ისმაიტელყოფილს, რომელსაც ასე მიმართავს: „მეშინის დადუმებად შენდა, რამეთუ ქრისტესმიერი სიყუარულით შემიყუარე მე, ვიდრე იყავღა სოფელსა ამასო...“7 ჩანს, სასულიერო და საერო ხელისუფალთა თხოვნასთან ერთად, თავადაც ვალდებულად თვლიდა თავს აღენიშნა მისი ღვაწლი. სამოელის სიტყვები - აბო ეწამა „ქრისტეს მიმართ“ და „ჩვენისა ქართლისათვის“ - ზუსტად ისე გაიგო აგიოგრაფმა, როგორც თავადაც წარმოედგინა. მან ისტორიული ფაქტი აბოს მარტვილობისა ფართოდ - სარწმუნოებრივ და ეროვნულ ჭრილში განიხილა. მოვლენები აღწერა არა სქემატურად, განყენებულად, არამედ მკითხველთან პირდაპირი და ცოცხალი დიალოგის გზით. კ. კეკელიძის სიტყვით, „იოანე საბანისძე პირველი ქართველი მწერალია, რომელიც მკვეთრი ეროვნულ-ეკლესიური ლოზუნგებით გამოვიდა...“8 ჩვენი დათრგუნული ყოფისა და სულიერ-ზნეობრივი დეგრადაციის ფონზე „სხვით მოსრული“ ჭაბუკის მოწამეობის მნიშვნელობის დასურათხატებამ, ერის მანკიერებათა ტაქტიანმა, მაგრამ გაბედულმა მხილებამ, სასიკეთო ფერისცვალება გამოიწვია ქართველ ხალხში. ავტორმა თხზულება არაბთა ძალადობისაგან „შიშით განლეული“ და „ლერწამივით მოქანავე“ ქართველთათვის მგზნებარე მანიფესტად აქცია. იგი რწმენას უნერგავდა ერს და გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. ავტორის ახალგაზრდობისადმი მიმართვაში თითქოს ნერსეს ხმაც ისმის: „სიმტკიცე და სიხარული ექმნის ჭაბუკთა მოთხრობითა მით-ო“.9 თითქოს ერისმთავარიც შემოუძახებს ქართველ ხალხს, რომ მტრებმა „ნაშობნი ქრისტეანეთანი გარდაგვლარძნეს... აღვერიენით ერსა უცხოსა და ვისწავეთ საქმენი მათნი“... შედეგად დავკარგეთ გეზი „ჩვეულებისამებრ მამულისა სლვისა...“10
მკვლევრები (ვ. ჭელიძე, რ. სირაძე, რ. ბარამიძე, ავთ. წოწკოლაური...) თანხმდებიან, რომ ქვეყნის აღმშენებლობისა და არაბების წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლების ცენტრში ნერსე ერისთავი დგას. ვახტანგ ჭელიძის აზრით, ასეთი დიდი მოღვაწის შესახებ აუცილებლად დაიწერებოდა საგანგებო თხზულებები, რომელთაც, ალბათ, ჩვენამდე ვერ მოაღწიეს.11
ისტორიკოსი ავთანდილ წოწკოლაური ფიქრობს, რომ მემატიანეებმა შეგნებულად გაასაიდუმლოეს ნერსე მეორის საქმენი დიდნი.12 ეს ვერსია საფუძვლიანია. მართლაც, არაბებს, რომელთაც ისედაც მუდმივი თვალთვალის ქვეშ ჰყავდათ ერისმთავარი, არ უნდა გაეგოთ მთელი ეს მოძრაობა მის სახელთან რომ იყო დაკავშირებული. მეისტორიემ არ გაახმაურა ეს ამბები, თუმცა, იმ მწირ ცნობებში ერისმთავარი „ნერსე დიდის“ სახელით მოიხსენია. ეს იყო მინიშნება შთამომავლობისათვის: ნერსეს სახელთან დაეკავშირებინათ ის დიდმნიშვნელოვანი მოვლენები, მის სიცოცხლეში რომ დაიწყო და შემდეგაც გაგრძელდა. ერისმთავრის დიდ ღვაწლზე დაფარული, მაგრამ საოცრად მდიდარი ქვეტექსტებით გვესაუბრებიან ქართველი სასულიერო მწერლებიც. საფიქრებელია, ნერსემ აბოს წამების აღწერასთან ერთად ისიც სთხოვა ავტორს, რომ ტექსტში დაფარული ყოფილიყო მისი მოქმედების მიზნები. ჟამთააღმწერელთა მსგავსად, ქართველი აგიოგრაფებიც ბევრ რამეს ნიღბავენ ერისმთავრის ცხოვრებიდან.
იოანე საბანისძე არ გვიამბობს, რას აკეთებდა ნერსე 772 წლამდე, რატომ დაატყვევეს იგი არაბებმა, რა მიზნით წავიდა ხაზარეთში და სხვა, თუმცა, აზრობრივად დატვირთული ფრაზებით ცხადყოფს: სარკინოზები ქართლის ხელისუფალს დაუმორჩილებლობისთვის სჯიან. აგიოგრაფი ფრაზით - „მწარესა საპყრობილესა“ მიგვანიშნებს, რომ ნერსეს ბაღდადური ტყვეობის წლები ტანჯვა-წამებით იყო აღსავსე. მიუხედავად ამისა, არათუ დათმო მშობლიური სარწმუნოება, პირიქით, თვით სჯულით და ტომით უცხონი, კერძოდ, მენელსაცხებლე აბო, მოხიბლა თავისი რწმენითა და შეუპოვრობით. ყმაწვილ კაცს უთუოდ გააკვირვებდა რას ნიშნავდა ქრისტიანობა, რომელიც სიკვდილის მუქარითაც ვერ დაათმობინეს ერისმთავარს. ყმაწვილმა კაცმა ნერსეს სახით ქრისტიანობაში დაინახა ის ჰეროიკული და ამაღლებული სული, რომელიც მის „ხმლით მპყრობელ შჯულს“ არ გააჩნდა. ღვთის ნება იყო უცხოტომელისაგან საკუთარი ქვეყნისა და ოჯახის მიტოვება. ამ ნების აღმსრულებლად კი უფალმა ქართლის გმირი ერისმთავარი გამოირჩია. მან ერთგვარად სასულიერო პირის ფუნქციაც იტვირთა. ნერსეს პიროვნებამ ისეთი ცეცხლი დაანთო ახალგაზრდა არაბის გულში, რომ „წარმოვიდა აქა ნერსეის თანა მგზავრ ქრისტეს სიყუარულისათვის...“13
აბოსგან მაჰმადის უარყოფამ და ქრისტიანობის მიღებამ, მისმა მოწამეობრივმა ღვაწლმა იდეოლოგიურად წელში გატეხა არაბობა. იგი ბრძოლის ველზე განცდილ მარცხზე ათგზის უარესი იყო მათთვის. ეს მოვლენა იქცა ქართველთა კონსოლიდაციის, არაბთა ბატონობის დასასრულის დასაწყისად. სჯულით და ტომით უცხოელის „ქრისტესა და „ყოვლისა ქართლისათვის“ მოწამეობამ, ერთბაშად გამოაფხიზლა სარკინოზთა „ქუეშე გვემულნი“ ქართველები. მათ „განაგდეს შიში მძლავრთაი მათ და განვიდოდეს ადგილსა, სადაცა დაწვნეს ხორცნი წმიდისა მოწამისანი...“14 ფაქტია, რომ ამ ყველაფრის უკან ნერსე ერისთავი იდგა. ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგაც ნერსეს კვლავ „სასტიკად ჰბრძოდეს სარკინოზთა ერი“. ჩანს, ერისთავი არ ეგუებოდა არაბთა მმართველობას. მან ოჯახი აფხაზეთში გახიზნა. გარკვეული დროის შემდეგ დიდი ამალით აბოსთან ერთად არა აფხაზეთს, არამედ ჯერ ხაზარეთს ესტუმრა. ავტორი ამბობს, რომ ნერსე სარკინოზების რისხვას გაერიდა. თუმცა ხაზარებთან სტუმრობის მიზანს, როგორც ითქვა, არ გვეუბნება მწერალი. გარეგნულად ისე ჩანს, თითქოს ნერსეს ხაზარეთში ჩასვლამათ მიმხრობას მოასწავებდა არაბთა წინააღმდეგ ბრძოლაში.
ერისთავმა საკმაო დრო დაჰყო მათთან, აქვე მოინათლა აბო. პავლე ინგოროყვას თქმით,15 ეს უნდა მომხდარიყო 781 წლის შუა ხანებში. ამავე წლის ბოლოს გადასულა აფხაზეთს, სადაც გაჩერებულა 782 წლის მეორე ნახევრამდე. წამოსვლის წინ უთხოვია ამირასთვის, ნება დაერთო თბილისში დაბრუნებისა, რაზეც ამირა დათანხმებულა. ვ. ჭელიძეს დაუჯერებლად მიაჩნია ნერსეს ანტიარაბული კავშირის შექმნის მცდელობა ხაზარებთან.16 მკვლევარი მიუთითებს, რომ არაბები ქართლის ხელისუფალს მათ მოსისხლე მტერთან კავშირს არ აპატიებდნენ და არც თბილისში დააბრუნებდნენ. მეცნიერი ლოგიკურად ფიქრობს: ნერსემ არაბებთან შეთანხმებას მიაღწია - გადადგა ერისმთავრობიდან, დაარწმუნა ისინი, ხელს აიღებდა მათ წინააღმდეგ ბრძოლაზე. ამ შეთანხმების ნაწილი უნდა ყოფილიყო ქართლის ერსიმთავრად მისივე დისშვილის (წყაროების მიხედვით - შვილის), სტეფანოზის დანიშვნა.
მაინც რას ჰფარავს იოანე საბანისძე? როგოც ცნობილია, იმ დროისათვის აფხაზეთი არაბთაგან დამოუკიდებელი, ბიზანტიის გავლენის ქვეშ იყო. იმ ხანებში დასავლეთ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს თუ ნერსეს ხანგრძლივ ხაზარულ-აფხაზურ ტურნეს დავუკავშირებთ - საინტერესო სურათს მივიღებთ: ნერსეს მართლაც სურდა ხაზართა გამოყენება, ოღონდ არა არაბების, არამედ ბიზანტიელთა წინააღმდეგ (ეს საქმე გაარიგა ჩრდილოელებთან სტუმრობით). სულ მალე ასეც მოხდა - ხაზართა ხაკანის დახმარებით ლეონ II აფხაზთა მთავარი (რომელიც ხაკანის შვილის შვილი იყო) გადაუდგა ბიზანტიელებს და დამოუკიდებლობა გამოაცხადა, რასაც მოჰყვა ეგრის-აფხაზეთის, ანუ დასავლურ-ქართული სამეფოს შექმნა. „ხოლო რაჟამს მოუძლურდეს ბერძენნი, გადგა ერისთავი აფხაზთა... ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა განუდგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე...“17 ეს იყო უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ქვეყნის გაერთიანებისათვის ბრძოლის გზაზე. ეს დიდი საქმეც გმირი ერისმთავრის სახელს უკავშირდება.
ნერსე ერისმთავრის სახით საქმე გვაქვს ფენომენალური და გამჭრიახი ნიჭის ხელისუფალთან. მან სწრაფად გააცნობიერა, რომ ქართველთათვის ყოფნა-არყოფნის ჟამი დამდგარიყო. სამშობლო თავდადებულ ქმედებებს მოითხოვდა მისგან. გააზრებული ჰქონდა ასეთი თავგანწირვის მორალურფსიქოლოგიური შედეგების მნიშვნელობა სარკინოზთა „ქვეშე დამონებული“ მშობელი ხალხის მოსაქცევად. მისი ბაღდადში გატარებული სამი უმძიმესი წელიწადი შეიძლება ერისმთავრის ეპოქას ათასწლეულით დაშორებულ თანამემამულის, წმ. ილია მართლის „მგზავრის წერილების“ ოთხ წელიწადს შევადაროთ. ერთიც და მეორეც უპირველესი ჭირისუფალნი იყვნენ ტყვედპყრობილი სამშობლოსი. ნერსეც, ილიას მსგავსად, ფიქრობდა ალბათ, „როგორ შეეყრებოდა თავის ქვეყანას და როგორ შეეყრებოდა ქვეყანა“ მას. ილიასავით, ისიც მოქმედების მომზადებული გეგმით მოდიოდა სამშობლოში. აგიოგრაფთა ტექსტებითა და ერისმთავრის ქმედებების შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ბრძოლის ტაქტიკა აქვს შეცვლილი. მან უპერსპექტივოდ მიიჩნია არაბთა წინააღმდეგ მხოლოდ სამხედრო გზით ბრძოლა. დამპყრობთა უხეშ ძალას დიპლომატია, ფარული ბრძოლა დაუპირისპირა (ამის ნათელი მაგალითია დასავლურ-ქართული სამეფოს შექმნა). აგიოგრაფიული ტექსტების ანალიზი ცხადყოფს, რომ არაბთაგან შერისხული მამულიშვილი გაბედულად, მაგრამ ფრთხილად მოქმედებს. მისი გეგმის უმთავრეს ნაწილს ტყე-ღრეებს შეხიზნული და დაბეჩავებული ქართველების სულიერი განმტკიცება, ეროვნული მეობის შენარჩუნება, დაქცეულ-დანგრეული კუთხეების აღორძინება და ქვეყნის გამთლიანებისთვის საფუძვლების შექმნა შეადგენდა. ეს უნდა მომხდარიყო არაბთაგან დაფარულად, ფართო საგანმანათლებლო მოძრაობის გზით. ამ მიზნით ნერსეს „სამეუფეო“ კარზე შეიქმნა შესაბამისი ტიპის სასწავლო კერა. ირკვევა, რომ მასში ქართლის მეთაურის მითითებით თავი მოუყარეს ნიჭიერ ახალგაზრდებს. გიორგი მერჩულეს მონათხრობით, აქ აღიზარდა და მიიღო განათლება ნერსეს ცოლის ძმისშვილმა - გრიგოლ ხანძთელმა. თუ რა დონის იყო და როგორ განათლებას აძლევდა სკოლა შეგირდებს, კარგად ჩანს თხზულებიდან: გრიგოლის „გულისხმიერებაი სწავლისაი განსაკვირვებელი იყო ფრიად... მსწრაფლ დაისწავლა დავითნი... ქართულ ენასა შინა ყოველნი დაისწავლნა... მწიგნობრობაიცა ისწავა მრავალთა ენათაი და საღმრთონი წიგნნი ზეპირით მოიწუართნა... სიბრძნეცა ფილოსოფოსთაი ისწავა კეთილად...18 ბუნებრივია, ნერსეს სამამულიშვილო სკოლა გაიარეს მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა - მისი მემკვიდრეებიდან ყველაზე სახელოვანმა ერისმთავარმა და პირველმა ბაგრატოვანმა მეფემ, აშოტ პირველმა. ი. საბანისძემ საჭიროდ არ მიიჩნია აბოს თბილისურ კავშირებზე მოეთხრო, მაგრამ ჩვენთვის აშკარაა, რომ უცხო ჭაბუკიც ამ სკოლის და ამ ახალგაზრდების წრეშია. იგი თითქმის თანატოლია გრიგოლისა და აშოტის. მათთან და სხვა განათლებულ ქართველებთან მჭიდრო კონტაქტმა აბოს კიდევ უფრო შეაყვარა ქრისტეს მოძღვრება და საქართველო. ამის შედეგი უნდა ყოფილიყო, რომ ტომით სარკინოზი შეიქმნა „საყუარელ ყოვლისა ერისა... იწყო ზედმიწევნად სწავლად წმიდათა წიგნთა...“19 თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ „სამეუფეო“ კარის სკოლის მოწაფეთა აღზრდა-განათლების ერთ-ერთი მესვეური იმ ეპოქის ქართული ეროვნული იდეოლოგიის მამათავარი ი. საბანისძეა, ცხადი გახდება მისი მნიშვნელობა.
ერისმთავრის ოჯახი წარმოგვიდგება მტერთაგან აუღებელ ციხე-სიმაგრედ, ცენტრად და გამაერთიანებლად ეროვნული ძალებისა. ქართლის მთავარმა ბრძნულად განჭვრიტა: ქვეყნის გათავისუფლება-გამთლიანებისთვის აქტიური ბრძოლა არაბთა მკაცრი მმართველობის პირობებში ქართლიდან შეუძლებელი იქნებოდა. სამართლიანადაა მიჩნეული,20 რომ ამ მოძრაობის დამპყრობთაგან გავერანებული და გაუდაბნოებული ტაო-კლარჯეთის აღდგენით დაწყება ნერსეს დიდი გეგმის ნაწილს შეადგენდა. აქ, საქართველოს უკიდურეს სამხრეთში, სარკინოზები ვერ მძლავრობდნენ და თავისუფალი მოქმედების მეტი საშუალება იყო. ასეთი დიადი აღმშენებლობითი მისიისთვის ამზადებდა ერისმთავრის საგანმანათლებლო კერა გრიგოლს, თავის შვილებს, აშოტს და სხვებს. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ წმინდა გრიგოლის იქ ჩასვლამდე ტაოში ჯერ მისი ძე, ადარნასე გაემგზავრა. გრიგოლი მეგობრებთან ერთად მიდის სამოღვაწეოდ საქართველოს სამხრეთში.
აგიოგრაფი არ გვისახელებს წმინდანის თანამოძმეთა განათლების წყაროს, მაგრამ მისი მრავლისმეტყველი სიტყვები: „ესე ოთხნი (გრიგოლი, საბა, ქრისტეფორე, თეოდორე) საღმრთომან სიყვარულმან შეამტკიცა ერთ ზრახვად შეკრებულნი, ვითარცა სული ერთ...“21 გვაფიქრებინებს, რომ ისინი „ერთ ზრახვად შეჰკრა“ ნერსეს სკოლამ. მოგვიანებით გრიგოლს ქართლიდან ახალმა მეგობრებმაც ჩააკითხეს, რომელთაც ასევე აღნიშნული სკოლა უნდა გაევლოთ. ფართოდ გაშლილი აღმშენებლობის პარალელურად, ლოგიკურად გამოიყურება ნერსესავე აღზრდილი შვილიშვილის, აშოტის მიერ ქართლის საერისმთავროს აქ გადმოტანა და შემდეგში მისი ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოდ გადაქცევა. გ. მერჩულე შთამბეჭდავად გადმოგვცემს წმინდა მამისა და აშოტ დიდი კურაპალატის დაუცხრომელ ღვაწლს ამ კუთხის ასაღორძინებლად. აშოტის თქმით, გრიგოლ ხანძთელი ღმერთმა მოავლინა „შესაწევნელად მორწმუნეთა... ქრისტიანეთა სიქადულად, რაითა მარადის იღვწოდეს ჩვენთვის წინაშე ქრისტესა...“22 ტაო-კლარჯეთის ქართველთა სამეფოს დამფუძნებლის მოწამეობრივი სიკვდილით შეძრწუნებულმა გრიგოლმა კი მას „ეკლესიათა და ქრისტიანეთა ზღუდე... საკვირველი ღმრთისმსახური ხელმწიფეი“ უწოდა.23 სუმბატ დავითის ძის გადმოცემით, „ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ყოველნი ციხენი... მოაოხრნა შავშეთი და კლარჯეთი... აშოტმა კი „აღაშენა და განამრავლნა სოფლები ქუეყანათა მათ შინა...“24 ორივეს შეთანხმებულმა ქმედებებმა მკვიდრი ნიადაგი შეუქმნა საქართველოს ეროვნულ-ტერიტორიულ და საეკლესიო მთლიანობას. რა თქმა უნდა, არ დაკნინდება მათი უდიდესი ღვაწლი თუ ვიტყვით, რომ ამ თავდადებული მოღვაწეობის სულისჩამდგმელი ქართლის ერსიმთავარი იყო. ნერსეს, მისგან დამოძღვრილი მამულიშვილებისა და მოწამეების - აბო თბილელის, გრიგოლ ხანძთელისა და აშოტ კურაპალატის სიბრძნემ, ზნეობრიობამ და თავგანწირვამ ეროვნული ცნობიერებით გამსჭვალა იმჟამინდელი და შემდგომი ეპოქების ქართველობა. მათგან დანთებული ბრძოლის კოცონი მომავალი თაობებისათვის ქვეყნის გაერთიანების გზაზე მანათობელ ვარსკვლავად იქცა.
აღნიშნული აგიოგრაფიული ძეგლები ჩვენი წარსულის თითქმის ერთ მონაკვეთს ასახავენ. ცხადია, „აბოს წამებიდან“ უფრო მეტს ვიგებთ ნერსეს მოღვაწეობის შესახებ, ვიდრე მერჩულეს თხზულებიდან. ამ უკანასკნელში ავტორი მხოლოდ ერთხელ, დასაწყისში ახსენებს ერისთავის სახელს. ხანძთის მაშენებელი „სახლსა შინა სამეუფოსა დიდისა ნერსე ერისთავისასა აღზრდილ იყო ხელითა კეთილად მსახურისა დედოფლისა - ნერსეს ცოლისაითა, რომელსაცა ეშვილა, რამეთუ იყოცა ძმისშვილი მისი...“25 ბუნებრივია, გ. მერჩულემ სხვადასხვა წყაროებიდან, მათ შორის წინამორბედი მწერლის, ი. საბანისძის ნაწარმოებიდან ზუსტად იცოდა ნერსეს მამულიშვილობის შესახებ. მერჩულე სასულიერო თხზულებაში მოერიდა ნერსეზე საუბრის განვრცობას. მან ბრწყინვალედ გაართვა თავი მთავარ მიზანს: განადიდა წმინდანის ღვაწლი, მისაბაძ მაგალითად დაგვისახა იგი. ნერსესთან, მეორეულ პერსონაჟთან მიმართებაში კი ავტორმა აგიოგრაფიის პრინციპით იმოქმედა: ცოტა თქვა და ბევრი იგულისხმა. ეს ძუნწი ცნობა არა მხოლოდ მომავალი წმინდა მამის ვინაობას აზუსტებს. ავტორისეული ფრაზა, რომ გრიგოლი ნერსეს ოჯახმა იშვილა, ნერსეს კარზევე აღიზარდა და განათლდა, დიდებულად წარმოაჩენს ერისმთავრის სახესაც. უფრო მეტად რომ გამოკვეთოს მისი ღვაწლის სიდიადე, „მოქცევაი ქართლისაის“ მემატიანის მსგავსად, მწერალი ნერსეს „დიდის“ ტიტულით მოიხსენიებს. ავტორმა ამით ტექსტის დასაწყისშივე მიგვითითა: ნერსე ერისმთავარი დიდია იმიტომ, რომ ერისთვის სასიკეთო ეპოქალური მოვლენები მისი მოფიქრებული გეგმით აღესრულებოდა.
ასეთი სამარადისო ძეგლი დაუდგა ქართულმა სასულიერო მწერლობამ და დავიწყების ბურუსიდან გამოიხსნა VIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართლის ერისმთავარი ნერსე მეორე დიდი. იგი ჭეშმარიტად ეროვნული გმირია. სხვა რომ არაფერი, მას დიდ ღვაწლად ისიც ეყოფა, რომ მისი მეოხებით ქართულმა სამოციქულო ეკლესიამ სამი უდიდესი წმინდანი შეიძინა. მათმა მოღვაწეობამ ნერსე ერისმთავრის საერთო პატრონაჟით შეუქცევადი ხასიათი მისცა ქვეყნის გაერთიანების პროცესს, ეროვნული სული გააღვივა უიმედობით შეპყრობილ ქართველ ხალხში. მასში დამპყობლისადმი მონური მორჩილების ნაცვლად, შეურიგებლობის სულისკვეთება დაამკვიდრა. თუ X საუკუნის შუაწლებისათვის აგიოგრაფის სიტყვით რომ ვთქვათ, „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების...“26
ამაში უდიდესი იყო ნერსე ქართლის ერისმთავრის როლი. წმინდა აბოს, წმინდა გრიგოლისა და წმინდა აშოტ მეფის მოწამეობრივი გვირგვინების ნათელი ასხივებს მათი მეურვისა და აღმზრდელის სახესაც. ცხადად ჩანს ნერსე ერისმთავრის, ამ დიდი პიროვნების ნაამაგარის მასშტაბურობა. დასასრულს, მოკრძალებით შევნიშნავთ: იქნებ მოვიდა დრო, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდმა განიხილოს უფლისა და სამშობლოსათვის დამაშვრალი ნერსე დიდის კანონიზაციის საკითხი. ამ აქტით მოხდება მისი სახელის საბოლოო უკვდავყოფა, ჩვენი ერი კი შეიძენს დიდ მეოხს უფლის წინაშე.
შენიშვნები
1. „მატიანე ქართლისაი“, „ქართლის ცხოვრება“, ტ. I, თბ., 1955, გვ. 252. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ.
2. „სუმბატ დავითის ძის ქრონიკა“, „ქართლის ცხოვრება“, ტ. I, თბ., 1955, გვ. 376. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ.
3. ვ. ჭელიძე, ,,ქართლის ცხოვრების ქრონიკები“, წ. მეორე, 1976, გვ. 20.
4. რ. ბარამიძე, „ნარკვევები ქართული მწერლობის ისტორიიდან“, თბ., 1990, გვ. 58.
5. „ჰაბოს წამება“, ქართული პროზა, წ. I, თბ., 1981, გვ. 116.
6. იქვე, გვ. 116.
7. „ჰაბოს წამება“, ქართული პროზა, წ. I, თბ., 1981, გვ. 143.
8. კ. კეკელიძე, „ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია“, ტ.I, თბ., 1980, გვ. 129-132.
9. „ჰაბოს წამება“, ქართული პროზა, წ. I, თბ., 1981, გვ. 121.
10. იქვე, გვ. 120.
11. ვ. ჭელიძე, „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“, წ. III, თბ., 1976, გვ. 21.
12. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2017, N31, გვ. 6-9
13. „ჰაბოს წამება“, ქართული პროზა, წ. I, თბ., 1981, გვ. 126.
14. იქვე, გვ. 140.
15. პ. ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტ. IV, თბ., 1978, გვ. 382-386.
16. ვ. ჭელიძე, „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“, წ. III, თბ., 1976, გვ. 57.
17. „მატიანე ქართლისაი“, „ქართლის ცხოვრება“, ტ. I, თბ., 1955, გვ. 251. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ.
18. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, ქართული პროზა, წ. I, თბ., 1981, გვ. 216.
19. „ჰაბოს წამება“, ქართული პროზა, წ. I, თბ., 1981, გვ. 126.
20. ვ. ჭელიძე, „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“, წ.III, თბ., 1976, გვ. 42-50. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2017, N31, გვ. 6-9.
21. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, ქართული პროზა, წ. I, თბ., 1981, გვ. 220.
22. იქვე, გვ. 235.
23. იქვე, გვ. 238.
24. „სუმბატ დავითის ძის ქრონიკა“, „ქართლის ცხოვრება“, ტ. I, თბ., 1955, გვ. 376. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ.
25. „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“, ქართული პროზა, წ.I, თბ., 1981, გვ. 216.
26. იქვე, გვ. 280.
დამოწმებანი:
1. საბანისძე ი, ჰაბოს წამება, ქართული პროზა, წ.I, თბ., 1981.
2. მერჩულე გ., გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ქართული პროზა, წ. I, თბ., 1981.
3. მატიანე ქართლისაი, ქართლის ცხოვრება, წ.I, თბ., 1955. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ.
4. მოქცევაი ქართლისაი, ქართლის ცხოვრება, წ.I, თბ., 1955. ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ.
5. სუმბატ დავითის ძის ქრონიკა, ქართლის ცხოვრება, ტ.I, თბ., 1955, ტექსტი დადგენილია ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ.
6. ჭელიძე ვ., ქართლის ცხოვრების ქრონიკები, წ. III, თბ., 1976.
7. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წ III, თბ., 1965.
8. ინგოროყვა პ., თხზულებათა კრებული, ტ. IV, თბ., 1978.
9. კეკელიძე კ., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბ., 1980.
10. ბარამიძე რ., ნარკვევები ქართული მწერლობის ისტორიიდან, თბ., 1990.
11. სირაძე რ., ქართული აგიოგრაფია, თბ., 1987.
12. „საპატრიარქოს უწყებანი“, 2017 წ., N31.

Комментариев нет:

Отправить комментарий