понедельник, 13 сентября 2021 г.

დასავლეთ თურქთა სახაკანოს დაპყრობა ჩინეთის მიერ (გ. ჭიღლაძე)

ჩინური ცივილიზაციისთვის მუდამ დიდ პრობლემას წარმოადგენდნენ ჩრდილოელი მომთაბარეები, როგორებიც იყვნენ სიონგნუს ტომები, თურქთა სახაკანო, მონღოლური ტომები და სხვა. ამ ხალხების მომთაბარეობრივი ყოფა-ცხოვრების გამო, ჩინელებს უმთავრესად მათგან თავდაცვა უწევდათ. ამ მარბიელი ლაშქრობების პრევენციისთვის აიგო ,,ჩინეთის დიდი კედელი“. თუმცა, ისტორიაში ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ჩინეთი თვითონ უტევდა ამ ხალხებს და დიდ წარმატებასაც აღწევდა მათ წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის ნათელი მაგალითია თანგის დინასტია (618-907). ამ პერიოდს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ჩინეთის ისტორიაში. თანგის დინასტიის მმართველები პერიოდულად აწყობდნენ ლაშქრობებს დასავლეთით, ამ რეგიონში განსაკუთრებით გაძლიერებული თურქების წინააღმდეგ. მათ შორის ყველაზე გამოსარჩევია 657 წლის ლაშქრობა დასავლეთ თურქთა სახაკანოს წინააღმდეგ, როდესაც თანგის დინასტიამ იმპერიის საზღვრები კასპიის ზღვამდე გააფართოვა.
უშუალოდ დასავლეთ თურქთა სახაკანოს დაპყრობის განხილვამდე ვისაუბრებთ, თუ როგორი კავშირი ჰქონდათ თურქულ ტომთა გაერთიანებებს ჩინურ დინასტიებთან. გასათვალისწინებელია, რომ სუისა (581-617) და თანგის დინატიები, იმპერიის მმართველობის ხელში აღებამდე ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთის არისტოკრატიულ სახლს წარმოადგენდნენ. ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილს მჭირდო კავშირი ჰქონდა მომთაბარეებთან, ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა IV-V საუკუნეებში, ამ უკანასკნელთა გაძლიერების შემდეგ. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია ის ფაქტი, რომ ამ საგვარეულოებს ხშირი კავშირი ჰქონდათ თურქული მოდგმის ტომებთან და მათ კულტურულ გავლენასაც განიცდიდნენ. ეს იმითაც გამოიხატებოდა, რომ მათ სახლში თურქული ენისა თუ სხვა კულტურული ელემენტების გამოყენება ძალზედ გავრცელებული იყო.
თურქულმა ტომებმა ცენტრალური აზიის ტერიტორიაზე ფეხის მოკიდება დაახლოებით VI საუკუნიდან დაიწყეს, ხოლო 552 წელს აზიის ვრცელ ტერიტორიაზე მათ თავიანთი სახაკანო შექმნეს. 581 წელს იგი დაიყო დასავლეთ და აღმოსავლეთ თურქთა სახაკანოებად. იანგ ძიენი (582-605), ასევე ცნობილი, როგორც იმპერატორი ვენ ტის (582-605) დროს, სუის დინასტია ახერხებდა თურქების შემოტევების მოგერიებას. ამას ხელს უწყობდა 580 წელს თურქთა ხაკანისთვის ქალიშვილის - პრინცესა ციანძინის მითხოვება. მსგავსი დანიშნულება ჰქონდა 597 წელს იმპერატორ ვენ ტის მიერ აღმოსავლეთ თურქების ხაკანის ტულანისთვის საკუთარი ასულის მითხოვებას. სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო ააგო იმპერატორმა ვენ ტიმ 585 წელს 350 კილომეტრიანი კედელი თანამედოვე ჩინეთის ჩრდილოეთით ორდოსიდან თანამედროვე ინ ჩუანამდე. მისი გარდაცვალების შემდეგ კი თურქების წინააღმდეგ მოწყობილი კამპანიები კრახით სრულდებოდა, რაც გახდა კიდევაც სუის დინასტიის დაცემის ერთ-ერთი მიზეზი.
თურქებთან ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა თანგის დინატიის მეორე იმპერატორის თანგ თაიწონგის დროს (626-649). მმართველობის დასაწყისში მას მოუწია აღმოსავლეთ თურქების მოგერიება, რომელთა ლაშქრობამ იმპერიის დედაქალაქის - ჩანგანის კედლებამდეც კი მიაღწია. თაიწონგმა შეძლო დიდი ბრძოლისა და საჩუქრების წყალობით თურქების მოგერიება, მაგრამ აღნიშნულმა ლაშქრობამ კარგად აჩვენა, თუ რა საფრთხეს წამოადგენდა ძლიერი მომთაბარე ხალხთა გაერთიანების მეზობლად ყოფნა და რომ მხოლოდ თავდაცვითი ბრძოლა მათთან ურთიერთობაში საკმარისი ვერ იქნებოდა. სწორედ აღნიშნული საფრთხისგან გამომდინარე, პირველი სამიზნედ თაიწონგისთვის აღმოსავლეთ თურქთა სახაკანო იქცა.
აღმოსავლეთის თურქები ძალიან გაძლიერდნენ იშიბ ხაკანის (609-619) დროს. მან უეცარი თავდასხმით მოახერხა 615 წელს სუის იმპერატორის იანგ ტისთვის (605-618) იანგმენში ალყის შემორტყმა, რითაც იმპერიას დიდი პრობელმა შეუქმნა. იშიბ ხაკანი ხელს უწყობდა დინასტიის წინააღმდეგ აჯანყებულებსაც, მათ შორის თანგის არისტოკრატიულ სახლს. მის წარმატებულ პოლიტიკას აგრძელებდა ილიგ (ჰ’სიენლი) ხაკანიც (620-630). სწორედ მისი ინიციატივით, ტოლის ხაკანთან ერთად, 626 წელს მოეწყო ლაშქრობა ჩანგანის კედლამდე 100000 კაციანი ჯარით.
627 წლიდან სახაკანო აშკარა დასუსტების გზას დაადგა. ამის მიზეზი იყო მძიმე ზამთარი, რის გამოც ცხვრის ფარების დიდი ნაწილი გაუწყდათ. ასევე ეპიდემია, რამაც დიდი რაოდენობით მოსახლეობა შეიწირა. ეს ყველაფერი საბოლოოდ სხვადასხვა ტომის აჯანყებაში გადაიზარდა, რომლებმაც მოახერხეს სახაკანოსგან დამოუკიდებლობის მოპოვება. ამას თან დაერთო ილიგ ხაკანსა და ტოლის შორის ბრძოლის დაწყება.
აღნიშნული დაძაბული ვითარებით ისარგებლა თანგ თაიწონგმა და 630 წელს გენერალი ლი ძინგის მეთაურობით აღმოსავლეთ თურქების წინააღმდეგ ჯარი გაგზავნა, რომლებმაც არა მარტო დაამარცხეს თურქები, არამედ ილიგ ხაკანიც ტყვედ ჩაიგდეს. ლაშქრობითა და თურქთა დამორჩილებით იმპერიამ მოახერხა ტიბეტისა და ლიესის პლატოებს შორის 12 მდებარე კანსუს დერეფანისა და ცენტრალური აზიის დიდი ტერიტორიის დაკავება, რაც დასავლეთისკენ გამავალი მნიშვნელოვანი სავაჭრო გზების გაკონტროლების შესაძლებლობას აძლევდა დინასტიას. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ იმპერატორმა მიიღო ტიტული ,,ზეციური ხაკანი“. ეს იყო მცდელობა თურქებზე მისი მმართველობის ლეგიტიმაციისა. ამით მან თურქებზე უფრო მეტი გავლენა მოიპოვა. თაიწონგმა დაიწყო ასიმილაციის პოლიტიკა, რისთვისაც თურქთა ტომები სხვადასხვა პროვინციაში ჩაასახლა და ასევე დაიწყო სამხედრო საქმეებში მათი აქტიურად ჩართვა. ამ მზადების შემდეგ იმპერატორმა თაიწონგმა დაიწყო დასავლეთ თურქთა სახაკანოს დაპყრობა.
დასავლეთის თურქების მიმართ აქტიურ პოლიტიკას ჯერ კიდევ იმპერატორი იანგტი ატარებდა (605-617). მიუხედავად იმისა, რომ მისი ლაშქრობები აღმოსავლეთ სახაკანოს წინააღმდეგ მარცხით დასრულდა, დასავლეთ თურქთა სახაკანოს შემთხვევაში მოვლენები მის სასარგებლოდ განვითარდა. მან მოახერხა დასავლეთ თურქთა სახაკანოსთან 609-611 წლებში არსებული დაპირისპირების მოგვარება და სახაკანო თავის ვასალად აქცია.
VII საუკუნის 20-იან წლებში, როდესაც აღმოსავლეთის სახაკანო დაკნინების გზას დაადგა, დასავლეთში სრულიად განსხვავებული მდგომარეობა იყო. დასავლეთ თურქთა სახაკანომ ალიანსი შეკრა ბიაზანტიასთან. სახაკანოს სურდა ამ უკანასკნელისა და ირანს შორის მიმდინარე ომით სარგებელი ენახა. მისი მთავარი მიზანი ირანის აღმოსავლეთ ტერიტორიების დაკავება იყო. სწორედ დასავლეთ თურქთა სახაკანოს აღნიშნული გაძლიერების გამო იყო, რომ აღმოსავლეთ სახაკანოს დამარცხებიდან მალევე - 631 წელს სამარყანდმა თაიწონგს მორჩილება გამოუცხადა და მის მფარველობაში შეყვანა სთხოვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა იმ პერიოდში უარი განაცხადა. ჩანს, მას არ მიაჩნდა, რომ იმ პერიოდში ჩინეთს ასეთ შორ მანძილზე გალაშქრება შეეძლო. თუმცაღა, რა თქმა უნდა, მას დასავლეთ თურქების საფრთხე გათვალისწინებული ჰქონდა და მათ დიდხანს უყურადღებოდ დატოვებას არც გეგმავდა. მისი „ზეციური ხანის“ ტიტულის იდეა მხოლოდ აღმოსავლეთის თურქების დამორჩილებით არ შემოიფარგლებოდა.
თანგ თაიწონგმა თანდათან დაიწყო დასავლეთ თურქების შევიწროება. უპირველეს ყოვლისა, მისი სამიზნე გახდა ჩრდილოეთით მდებარე სახაკანოსთან ალიანსში მყოფი ტუიუჰუნის დამარცხება. ეს მან 634-35 წლებში მოახერხა. დასავლეთ თურქთა სახაკანოს წინააღმდეგ ლაშქრობის შესამზადებლად 640 წელს ქორწინების საშუალებით ალიანსი დაამყარა ტიბეტთან. ამავე წელს, მან მოაწყო ლაშქრობა თაკლამაკანის უდაბნოში კაოჩანგის წინააღმდეგ, რომელსაც ალიანსი ჰქონდა შეკრული დასავლეთ თურქთა ხაკანთან თანგის დინასტიის გაძლიერების გამო. აქ თაიწონგმა დააარსა ანსის (დასავლეთის) პროტექტორატი, რომელსაც ევალებოდა სინძიანის პროვინციის ტერიტორიაზე მდებარე ტარიმის ქვაბულის ოაზისის გაკონტროლება. ამის საპასუხოდ, 642 წელს დასავლელმა თურქებმა იჭოუს შეუტიეს, რომელიც ანსის პროტექტორატის გავლენის ქვეს იყო. მაგრამ ჩინელებმა მოახერხეს 13 თურქების დამარცხება და მათი უკან გაბრუნება.
644 წლიდან იმპერიამ დაიწყო აქტიური დაპყრობითი ბრძოლები. ამ წელს, იმპერატორის მითითებით, ანსის მთავარმა ზედამხედველმა კუო სიაოქემ დასავლეთით დაიპყრო კარაშაჰრი. იმპერატორმა საბაბად გამოიყენა ის, რომ მაშინ როდესაც თანგის არმია კორეაში ლაშქრობდა, ხაკანი ბაჭუო იმპერიაში შეიჭრა. თუმცაღა, იგი სასტიკად დამარცხდა და შემდეგ აჯანყებულებმა მოკლეს. კარაშაჰრის დაპყრობით თანგის დინასტიამ გობის უდაბნოს ჩრდილოეთ ტერიტორია დაიკავა და აშკარად მძლავრი პლაცდარმი შექმნა დასავლეთ თურქთა სახაკანოს წინააღმდეგ საბრძოლველად.
646 წელს დასავლეთ თურქთა ხაკანს - ირბის შეკუის (642-651) ქორწინების საშუალებით კავშირის შეკვრა სურდა თაიწონგთან, რაზეც იმპერატორმა თავისი პირობები წაუყენა. თაიწონგმა 5 ოაზისი მოსთხოვა: კუჩა, ხოტანი, შულე (კაშგარი), ჭუძუბო და ტაშკურგანი. საბოლოოდ მოლაპარაკება ჩაიშალა.
დასავლეთის თურქების წინააღმდეგ გადადგმულ შემდეგ ნაბიჯს წარმოადგენდა კუჩას დაპყრობა. ეს უკანასკნელი დასავლეთ თურქთა სახაკანოს ვასალი ჯერ კიდევ 630 წელს გახდა და თანგის დინასტიის გაძლიერებასთან ერთად მისი კავშირი სახაკანოსთან კიდევ უფრო გაძლიერდა. იმპერიის ლაშქრობა 648 წელს დაიწყო და საბოლოოდ 649 წლის 19 იანვარს დასრულდა. ლაშქრობას აშინაშერი ხელმძღვანელობდა. მეფე ჰელი ბუშიბი (646-649) მორჩილებას შეჰპირდა თაიწონგს, მაგრამ იმპერიას მისი საფრთხის გათვალისწინებიდან გამომდინარე მისი დაპყრობა ჰქონდა განზრახული. აშინამ შეძლო 50000-იანი კუჩას არმიის დამარცხება და საბოლოოდ მეფის შეპყრობაც კი. კუჩა ანსის პროტექტორატში შეიყვანეს. მაგრამ, სამეფომ დამხმარება დასავლეთ თურქებს სთხოვა. კუჩანელებმა მოახერხეს კუოსიაოქეს მოკვლა და თურქების საშუალებით ჩინელების განდევნა. აღნიშნული შემთხვევის გამო, აშინა მალევე დაბრუნდა, აიღო სამეფოს 5 ქალაქი, დაამარცხა თურქებისა და კუჩას გაერთიანებული ძალები, ამასთანავე, ტყვედ ჩაიგდო ხაკანი. თანგმა დასავლეთის ტერიტორიების დასაცავად 4 გარნიზონი ჩაყენა ანსის პროტექტორატის გავლენის ქვეშ.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, თანგს კვლავ მოუწია კარაშაჰრის დალაშქვრა, მალევე მორჩილება გამოუცხადა ხოტანმა. ამასთანავე, არეული ვითარებით ისარგებლა აშინა ჰელუმ და დასავლეთ თურქთა ხაკანი გახდა, იშბარა ხაკანის სახელით.
დაპირისპირება ორ ძლიერ ძალას შორის ბუნებრივია მხოლოდ ზემოთ ნახსენები ლაშქრობებით არ დამთავრებულა, არამედ ყველაფერი უფრო და უფრო მწვავდებოდა. იმპერატორ თანგ თაიწონგს არ დასცალდა საბოლოო დარტყმის მიყენება თურქებისათვის, რადგან იგი 14 კუჩას დაპყრობიდან მალევე გარდაიცვალა. მის შემდეგ კი ტახტზე ავიდა კაოწონგი (649-683). კუჩას დაპყრობის შემდეგ დასავლეთ თურქთა სახაკანომ აღიარა იმპერიის უზენაესობა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავდა მათ საბოლოო დამორჩილებას.
თაიწონგის გარდაცვალების შემდეგ აშინა ჰელუმ უარყო თანგის დიანასტიასთან ვასალური მდგომარეობა და დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება დაიწყო. მან მოახერხა სხვადასხვა ტომებისა თუ ოაზისების თავისი გავლენის ქვეშ შეყვანა. ამასთანავე, შეიჭრა თინგჭოუში, რითაც იგი პირდაპირ დაუპირისპირდა კაოწონგს. მან მოახერხა მთელ ტარიმის ქვაბულზე უპირატესობის მოპოვება. 651 წელს კი აიძულა ჩინელები ოთხი გარნიზონი მიეტოვებინათ და სიჭოუში გადაენაცვლათ.
კაოწონგმა რამდენიმე ლაშქრობა მოაწყო დასავლეთით, მაგრამ გადამწყვეტი მხოლოდ მესამე შეტევა გამოდგა, რომელიც 657-659 წლებში მიმდინარეობდა. 657 წელს გაგზავნილი ჯარი სამ ნაწილად გაიყო, სიეტინგ ფანგის სარდლობით. არმიას ნაწილს გზად შეუერთდა 10000 უიღური, პორუნის - უიღურთა მმართველის, ტუმიდუს ვაჟის მეთაურობით. იმპერიის არმია 657 წლის მარტში გავიდა ორდოსიდან, ნოემბერში ყირგიზეთს მიაღწიეს. საერთო ჯამში ლაშქარს დაახლოებით 4800 კილომეტრის გავლა მოუწია. კამპანია გრძელდებოდა ზამთარშიც. სარდალი სუ კარგად იყენებდა მომთაბარე ტომების უარყოფით დამოკიდებულებას დასავლეთ თურქთა სახაკანოს წინააღმდეგ და მათთან ალიანსს ქმნიდა.
საბოლოოდ, მხარეებს შორის ბრძოლა ისიკ-ყულთან ახლოს მდინარე ირტიშთან გაიმართა. თავდაპირველად, გენერალმა სიეტინგმა ჯარის გარკვეული ნაწილი გაგზავნა აშინა ჰელუს წინააღმდეგ, რომელმაც 100000 კაციანი არმიით დაამარცხა იგი და გაქცეულებს უკან დაედევნა. როგორც ჩანს გეგმაც ეს იყო, მტერი რომ ხაფანგში შეეტყუებინა. იმპერიის არმიამ უეცარი შეტევა განახორციელა თურქებზე, რის გამოც ჰელუმ ჯარის უდიდესი ნაწილი დაკარგა, თვითონ კი უზბეკეთში გაიქცა. მალევე, თურქული ტომები დანებდნენ, ჰელუ შეიპყრეს და ტაშკენტის რეზიდენციაში გადასცეს ჩინელებს.
დასავლეთ თურქთა სახაკანოს დაპყრობის შემდეგ კაოწონგმა იგი ორ დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებად გაყო და სათავეში სხვადასხვა ხაკანები ჩაუყენა. ამასთანავე ისიკ-ყულსა და ილის დაბლობზე ორი ჩინური პროტექტორატი შეიქმნა, რითაც იმპერიამ თავისი გავლენა ამ ორ სახაკანოზე გააძლიერა. თანგის იმპერიის საზღვრები ჩინეთის ზღვიდან ირანამდე აღწევდა. სწორედ ამის აღსანიშნავად იმპერატორმა 15 დასავლეთით დაკავებულ ვრცელ ტერიტორიებს „სპარსეთი“ უწოდა.
იმპერიის აღნიშნული წარმატება რიგმა მიზეზებმა განაპირობა. რა თქმა უნდა, უდიდესი წვლილი მიუძღვის იმპერატორ თაიწონგს, რომელიც იყო რეალურად თანგის დინასტიის შემქმნელი. მისი დიპლომატიური სვლები ხშირად იწვევდა თურქულ ტომებს შორის დაპირისპირებას, რაც მას დასავლეთით ტერიტორიების დაპყრობას უადვილებდა. იდეურად ძალიან მნიშვნელოვანი იყო თაიწონგის მიერ „ზეციური ხაკანის“ ტიტულის მიღება. ამით, იგი თურქების წინააღმდეგ გამოდიოდა არა როგორც მტერი, ჩინეთის სხვა იმპერატორთა მსგავსად, არამედ მათი ლიდერი, რომელიც იბრძოდა ერთიანი სახაკანოს შექმნისთვის. ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ის, რომ თურქული მომთაბარე ტომების არისტოკრატიული წრე იმპერიის სხვადასხვა მმართველობის სფეროებში, უმთავრესად კი სამხედრო საქმეში, ჩართეს, რითაც მათგან აშკარად დიდი მხარდაჭერა მიიღო იმპერიამ დასავლეთის დაპყრობით ომებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий