понедельник, 13 сентября 2021 г.

XVII საუკუნის პირველი მესამედის რამდენიმე სპარსული ისტორიული დოკუმენტის შესახებ (გრიგოლ ბერაძე, თამაზ აბაშიძე)

    წინამდებარე პუბლიკაციაში წარმოვადგენთ და განვიხილავთ სეფიანთა ეპოქის ირანის სამხედრო­პოლიტიკურ ასპარეზზე და ადმინისტრაციულ სარბიელზე დაწინაურებული და აღზევებული ქართული წარმომავლობის სამეფო ღოლამების (ღოლამან­ე ხასსე­იე შარიფე) ცხოვრება­მოღვაწეობასთან დაკავშირებულ XVII საუკუნის პირველი მესამედის აქამდე ნაკლებად ცნობილ რამდენიმე სპარსულ ისტორიულ დოკუმენტს. 
    უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი სპარსული დოკუმენტების დედნებს, სამწუხაროდ, ჩვენამდე არ მოუღწევია, შემორჩენილია მხოლოდ მათი ასლები. ეს ასლები ნიმუშების სახით ჩართულია სეფიანთა პერიოდის დოკუმენტებისა და წერილების ორ ხელნაწერ კრებულში, რომელთაგან ერთი კრებულის ნუსხა ინახება ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკაში,1 ხოლო მეორე ხელნაწერი კრებული დაცულია ავსტრიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქ. ვენაში.2 ამ დოკუმენტების (ასლების) ტექსტები უკანასკნელ ხანებამდე არ იყო გამოქვეყვებული და არ იყო ხელმისაწვდომი მეცნიერთა ფართო წრეებისთვის. პირველად ეს ისტორიული დოკუმენტები ბეჭდური სახით გამოქვეყნებულ იქნა მხოლოდ ამ ბოლო ათწლეულებში ირანელი მეცნიერების პროფ. ირაჯ აფშარის (Prof. Iraj Afshar, 1925-2011)3 და პროფ. მოჰსენ ბაჰრამნეჟადის (Prof.Mohsen Bahramnezhad)4 მიერ დასავლეთ ევროპაში დაცული ზემოდასახელებული ხელნაწერების ფოტოპირების საფუძველზე. 
    მეჩვიდმეტე  საუკუნის  სპარსული  ისტორიული  დოკუმენტების  ეს ფრიად  საყურადღებო  პუბლიკაციები  ჩვენ  მოვიძიეთ  და  დავამუშავეთ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო სამეცნიერო­კვლევითი პროექტის FR-18-7653 („დოკუმენტები საქართველოს შესახებ ირანის არქივებსა და ბიბლიოთეკებში“) ფარგლებში 2019 წლის აპრილ­მაისში ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სამეცნიერო მივლინების დროს. 
    ზემოდასახელებულ  დოკუმენტთა  კრებულებში  XVII  საუკუნის  მრავალი სპარსული ისტორიული საბუთის და წერილების ასლებია თავმოყრილი: სახელდობრ, ოქსფორდში დაცული კრებული შეიცავს შაჰ ‘აბას I­ის (1587-1629), შაჰ სეფი I­ის (1629-1642) და შაჰ ‘აბას II­ის (1642-1666) მმართველობის დროინდელი 41 ისტორიული დოკუმენტის (ფირმანების, ჰოქმების, რაყამების) ასლებს, ხოლო ვენაში დაცულ კრებულში, რომელიც ე.წ. ინშა’­ს ტიპის კომპენდიუმია5 და შედგენილია წლების მანძილზე შაჰ ‘აბას I­ისა და შაჰ სეფი I­ის დიდვეზირების კანცელარიაში მოღვაწე მოჰამად­ჰოსეინ იბნ ფაზლალაჰ ალ­ჰოსეინი ალ­თაფრეშის (გარდ. 1631/32 წ. შემდეგ ახლო ხანებში) მიერ, წარმოდგენილია 52 წერილის (საუწყებო­სამოხელეო და პირადი მიმოწერის ნიმუშების) და 5 სამეფო ბრძანებულების ასლები. 
    XVII საუკუნის იმ სპარსული ისტორიული დოკუმენტებიდან, რომლებიც ასლების სახით შესულია ზემოხსენებულ ორ ხელნაწერ კრებულში, ამჟამად ჩვენთვის კონკრეტულად საინტერესოა მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი, რომელთა შინაარსი შეეხება იმდროინდელ ირანში მოღვაწე ქართული წარმომავლობის მაღალჩინოსანი სამეფო ღოლამების ცხოვრებისა და საქმიანობის სხვადასხვა კონკრეტულ ასპექტებს. ქვემოთ წარმოდგენილია და განხილულია სწორედ ეს დოკუმენტები.
    I. შაჰ ‘აბას I­ის (1587-1629) სამი ბრძანებულება (ჰოქმ ), რომლებიც ჰიჯრის 1033 წლის ჯუმადა I­ით (=1624 წლის 20 თებერვალი – 20 მარტი) და ჰიჯრის 1036 წლის შავვალით (=1627 წლის 15 ივნისი – 13 ივლისი) თარიღდება. ამ დოკუმენტების ასლები წარმოდგენილია ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერ კრებულში (Bodleian Library, Oxford, MSS Polyglot Or. C.3), რომლის ტექსტი, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ბეჭდური სახით პირველად გამოსცა პროფ. ირაჯ აფშარმა თეირანში.6 დოკუმენტების შინაარსი ეხება ირანში ინგლისელთა (სახელდობრ, ინგლისური ოსტინდოეთის კომპანიის წარმომადგენელთა) სავაჭრო­კომერციული საქმიანობის კონკრეტულ ასპექტებს და გვიჩვენებს მათი საქმიანობის კონტროლისა და წარმოქმნილი პრობლემების დროულად მოგვარების საქმეში ძლიერი და დიდად გავლენიანი ქართული წარმომავლობის სამეფო ღოლამის, სახელგანთქმული ალავერდი ხან უნდილაძის (გარდ. 1613 წ.) უფროსი ვაჟისა და მემკვიდრის, ფარსის, (და იმავდროულად ასევე ლარის, ქუჰგილუიეს და ბაჰრეინის)7 ბეგლარბეგის და გამოჩენილი მხედართმთავრის იმამყული ხან უნდილაძის (გარდ. 1632 წ.) ექსკლუზიურ როლსა და უფლებამოსილებას.8
    დოკუმენტი 1. შაჰ ‘აბას I­ის ბრძანებულება იმამყული ხან უნდილაძის სახელზე,9 დათარიღებული მთვარის ჰიჯრის 1033 წლის ჯუმადა I­ის თვით (=1624 წლის 20 თებერვალი – 20 მარტი). სპარსული ტექსტი და ქართული თარგმანი:
    „გამოვიდა ბრძანებულება, რომელსაც ემორჩილება ქვეყნიერება, რომ როგორც მმართველობისა და სიდიადის საფარველმა, დიდებულებისა და ბრწყინვალების  ძალამ,  მაღალადგილოვანმა  ამირთა  ამირამ,  მმართველობისა და სვებედნიერების მომწესრიგებელმა, ფარსის, ლარის და ქუჰ­ გილუიეს ბეგლარბეგმა იმამყული ხანმა ამჟამად მოგვახსენა, ინგლისის (ინგლისელთა) ჯამა‘ათის10 [წარმომადგენლებმა] შეასრულეს, რაც კეთი- ლმსახურებისა და თავდადებისთვის არის აუცილებელი, მაგრამ ისინი მაინც კმაყოფილი არ არიან. ამიტომ, [ჩვენი] ხელმწიფური წყალობითა და ყურადღებით მათი გაბედნიერებისთვის დავადგინეთ, რომ ამიერიდან რაც კი მათ ქონება­საქონელზე საგზაო საბაჟო გასახადი (რაჰდარი)11 იქნება [დაანგარიშებული], იმ პირობით, რომ თავის საერთო ქონებაში ცალკეული [პირის] ქონებას არ მიუთითებენ, მათთვის ნაჩუქრად გამოცხადდება. 
    ამიერიდან ამ ღვთივდაცული ქვეყნის12 გზათა გუშაგებმა და შემმოწმებლებმა საგზაო ბაჟის სახით ზემოხსენებულ ჯამა‘ათს აღარ გადაახდევინონ არც ერთი დინარი და მიიჩნიონ ეს [ჩვენგან] მათთვის ნაჩუქარ­ნაწყალობევად.
    და [ასევე] დავადგინეთ, რომ ამიერიდან აბრეშუმი,13 რომელსაც ზემოხ- სენებულ ჯამა‘ათს მიჰყიდიან, გილანიდან14 უნდა წამოიღონ და ჩამოიტანონ სატახტო ქალაქ ისფაჰანში, სადაც რაც კი ქირავნობის საზღაური და [რაიმე] დანაკლისი იქნება, ჩვენი უავგუსტოესი სამეფო ქონების მმართველ უწყებაში დაიანგარიშონ და მათ (ინგლისელ ვაჭრებს) ყოველი 1 ვაყრი 15 [აბრეშუმი] 50 თუმნად მიჰყიდონ. 
    ამის შესახებ ბრძანება იცოდნენ და [მისი შესრულება] სავალდებულოდ მიიჩნიონ.
    დაიწერა 1033 წლის ჯუმადა I­ის თვეში.“
    დოკუმენტი 2. შაჰ ‘აბას I­ის ბრძანებულება იმამყული ხან უნდილაძის სახელზე,16 დათარიღებული მთვარის ჰიჯრის 1036 წლის შავვალის თვით (=1627 წლის 15 ივნისი – 13 ივლისი). ქართული თარგმანი:
    „გამოვიდა ბრძანებულება, რომელსაც ემორჩილება ქვეყნიერება, რომ მმართველობისა და სიდიადის საფარველმა, დიდებულებისა და ბრწყინვალების  ძალამ,  მაღალადგილოვანმა  ამირთა  ამირამ,  მმართველობისა და სვებედნიერების მომწესრიგებელმა, ფარსის, ლარის, ბაჰრეინის, ქუჰ­ გილუიეს და ჯარუნის (=ჰორმუზის) ბეგლარბეგმა იმამყული ხანმა კურდღლის წლის დამდეგიდან (=ჰიჯრის 1036 წ.) ყოველწლიურად ინგლისის ჯამა‘ათს წინაღობებისა და ხელის შეშლის გარეშე ზღვით გამგზავრებისას ცხრა ცხენის გაყვანის ნება დართოს. ევროპელთა და მუსლიმთა ჯგუფებმა ხელშეწყობის ვალდებულების შეუსრულებლობით ისინი (ინგლისელი ვაჭრები) არ უნდა შეაწუხონ და ამ საკითხებში იგი (იმამყული ხანი) ვალდებულია, რომ მათ (ინგლისელებს) დახმარება გაუწიოს.
    ამის შესახებ ბრძანება იცოდნენ და [მისი შესრულება] სავალდებულოდ მიიჩნიონ.
    დაიწერა 1036 წლის შავვალის თვეში.“
    დოკუმენტი 3. შაჰ ‘აბას I­ის ბრძანებულება იმამყული ხან უნდილაძის სახელზე,17 დათარიღებული მთვარის ჰიჯრის 1036 წლის შავვალის თვით (=1627 წლის 15 ივნისი – 13 ივლისი). ქართული თარგმანი:
    „გამოვიდა ბრძანებულება, რომელსაც ემორჩილება ქვეყნიერება, რომ მმართველობისა და სიდიადის საფარველმა, დიდებულებისა და ბრწყინვალების  ძალამ,  მაღალადგილოვანმა  ამირთა  ამირამ,  მმართველობისა და სვებედნიერების მომწესრიგებელმა, ფარსის, ლარის, ბაჰრეინის, ქუჰგილუიეს და ჯარუნის (=ჰორმუზის) ბეგლარბეგმა იმამყული ხანმა უნდა უწყოდეს [შემდეგი]: როგორც ინგლისელმა კაპიტანმა ბარტმა18 შეგვატყო- ბინა, საბაჟო გადასახადებთან19 დაკავშირებით მას მოქმედი [პირობების] შესაბამისად არ ექცევიან. აუცილებელია, რომ ამ გადასახადებთან მიმართებაში ზემოხსენებულ კაპიტან ბარტს მოექცნენ იმგვარადვე, როგორც აქამდე კაპიტან ჯ.ი.ნ.ი.­ს20 მიმართ [ხელშეკრულებით] იყო დადგენილი, რათა ის არ შეაფერხონ და ისე იმოქმედონ, რომ ხსენებული ხელშეკრულე- ბის [პირობებს] არც რაიმე დაემატოს და არც რაიმე მოაკლდეს.
    ამის შესახებ ბრძანება იცოდნენ და [მისი შესრულება] სავალდებულოდ მიიჩნიონ.
    დაიწერა 1036 წლის შავვალის თვეში.“
    II. თავად ზემოხსენებული იმამყული ხან უნდილაძის (გარდ. 1632 წ,) მიერ გაცემული სამი განკარგულება (რაყამი ან ფარვანე ) რომლებიც ჰიჯრის 1039 წლის საფარის და რაბი‘ I­ის თვეებით თარიღდება (=1629 წლის სექტემბერ­ნოემბერი), ანუ არონოლოგიურად განეკუთვნება შაჰ ‘აბას I­ის გარდაცვალების შემდეგ სეფიანთა სამეფო ტახტზე ასული შაჰ სეფი I­ის (1629-1642) ზეობის პირველ წელს. თავისი შინაარსით ეს დოკუმენტებიც უცხოელ (კერძოდ კი ინგლისელ) ვაჭართა საქმიანობასთან დაკავშირებულ კონკრეტულ საკითხებს ეხება. ამ ისტორიული საბუთების ასლები ასევე წარმოდგენილია  ოქსფორდის  უნივერსიტეტის  ბოდლეს  ბიბლიოთეკაში დაცულ ხელნაწერ კრებულში (Bodleian Library, Oxford, MSS Polyglot Or. C.3), რომლის ტექსტი, როგორც ზემოთ უკვე ითქვა, ბეჭდური სახით პირველად გამოსცა პროფ. ირაჯ აფშარმა. 
    დოკუმენტი 4. იმამყული  ხანის  განკარგულება,21  დათარიღებული მთვარის ჰიჯრის 1039 წლის საფარის თვით (=1629 წლის 20 სექტემბერი – 18 ოქტომბერი). სპარსული ტექსტი და ქართული თარგმანი:
    „დადგენილია, რომ როგორც განსაზღვრულია ქვეყნიერება რომ ემორჩილება  იმ  ბრძანებით  მზის  სხივოსანი  [შაჰისა],22  –  მარად  აღწევდეს (ძალაუფლება მისი) სამყაროს ყველა მხარესა და კუთხეს! –, სამოთხეში დამკვიდრებულიი [და] ზეშთაცის ბინადარი შაჰის23 – ალაჰიმც მოჰფენს შუქს მის მტკიცებულებას! – ზეობის დროს მოქმედი განკარგულების შესაბამისად, ინგლისის ჯამა‘ათს გველის წლის დასაწყისიდან (=ჰიჯრის 1038 წ.) მოყოლებული ყოველწლიურად შეუძლია ცხრა ცხენის გაყვანა ზღვით, ხოლო ფრანკთა (ფარანგი)24 და მუსლიმთა ჯგუფებმა მათგან ხელშეწყობის საზღაური არ უნდა მოითხოვონ და [ისინი] არ უნდა შეაწუხონ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ ბანდარ ‘აბასის მმართველი, საბაჟო საწყობის გამგე და გადასახადების ამკრებები არ შეეწინააღმდეგონ ზემოხსენებული ცხენების წაყვანას და (ინგლისელებს) ცხრა ცხენის გაყვანის ნება მისცენ. [ამასთანავე] მათ არ უნდა დაუშვან, რომ ვინმემ ფრანკთა და მუსლიმთაგან მათ ხელშეწყობის საზღაურის მოთხოვნა დაუწყოს. ამ ყველაფრის შესახებ უკეთილშობილესი ბრძანება იცოდნენ და მის შესაბამისად იმოქმედონ. 
    დაიწერა 1039 წლის საფარის თვეში“.
    დოკუმენტი 5. იმამყული ხანის განკარგულება,25 დათარიღებული მთვარის ჰიჯრის 1039 წლის რაბი‘ I­ის თვით (=1629 წლის 19 ოქტომბერი – 17 ნოემბერი). ქართული თარგმანი:
„დადგენილია, რომ ყოველთვის, როცა ინგლისის ჯამა‘ათის სავაჭრო საქონლით დატვირთული ქარავანი (ბარხანე) შემოვა, ყოველი პუნქტის რაჰდარებმა26 და ციხე­სიმაგრეების მცველებმა საგზაო ბაჟისა (რაჰდარი) და სხვა მოსაკრებელი თანხების მოთხოვნით ზემოხსენებული [ინგლისელი ვაჭრები] არ შეაწუხონ, თავი მათ მიმართ დახმარების, ხელშეწყობის, თანადგომისა და მეთვალყურეობის [ვალდებულებისგან] განთავისუფლებულად არ წარმოიდგინონ და ისე მოიქცნენ, რომ მათი კმაყოფილება გამოიწვიონ, რათა ისინი მადლობელი და მადლიერი იყვნენ. და ყველგან, სადაც კი მათი სავაჭრო საქონელი შევა, [ეს საქონელი} დაიცვან და ისე იმოქმედონ, რომ მათ ქონებას არაფერი დააკლდეს. 
    ამის შესახებ ბრძანება იცოდნენ და [მისი შესრულება] სავალდებულოდ მიიჩნიონ.
    დაიწერა 1039 წლის რაბი‘ I­ის თვეში.
    დადგენილი არის, რომ გზათა მცველებმა იმოქმედონ იმ განაწესის შე- საბამისად, რომლითაც წლების განმავლობაში მათ მიმართ მოქმედებდნენ და ეს [განაწესი] არ დაარღვიონ.“
    დოკუმენტი 6. იმამყული ხანის განკარგულება,27 დათარიღებული მთვა- რის ჰიჯრის 1039 წლის რაბი‘ I­ის თვით (=1629 წლის 19 ოქტომბერი – 17 ნოემბერი). ქართული თარგმანი:
    „დადგენილის თანახმად, საბაჟო საწყობის გამგემ და გადასახადების ამკრებმა უნდა უწყოდნენ, რომ როცა მმართველობის და გამგებლობის საფარველის, დიდებულებისა და აღმატებულ ღირსებათა ძალის, ქრისტიანი ამირებიდან გამორჩეულის, მმართველობასა და დიდებულებაში სიმამაცით მოსილი ინგლისელი კაპიტან ბარტის28 რწმუნებული იქ მივა, გადასახადთა განაწილებისას ზემოხსენებულის მიმართ რაიმე გადამეტება და ძალადობა არ დაუშვან. დადგენილი წესისამებრ, როცა სოვდაგრებს ქსოვილები და [სხვა] საქონელი ბანდარ ‘აბასში ჩააქვთ, მთელი ეს საქონელი მათ საბაჟო საწყობში უნდა მიიტანონ და სხვა ადგილას არ უნდა წაიღონ და ზემოხსენებული მმართველობის საფარველის (კაპიტან ბარტის) რწმუნებულის თანდასწრებით უნდა მოხდეს გადასახადთა აღება. ყოველთვის, როცა საბაჟო საწყობში [საქონელი] დაილუქება, ეს დალუქვა ზემოხსენებულ რწმუნებუ- ლთან ერთად უნდა განხორციელდეს და ასევე მისი თანდასწრებითვე უნდა მოხდეს ლუქის ახსნა. ზემოხსენებულს ჩინებულად უნდა მოექცნენ და ისე იმოქმედონ, რომ იგი კმაყოფილი და მადლიერი იყოს. და თუკი რომელიმე სოვდაგარი თავის საქონელს გადასახადებისგან განარიდებს, გადამალავს და არ გამოაჩენს, ის ადრე დადგენილი წესის შესაბამისად უნდა დასაჯონ და დააკავონ, რათა ეს სხვებისთვის სამაგალითო გახდეს. 
    ამის შესახებ ბრძანება იცოდნენ და [მისი შესრულება] სავალდებულოდ მიიჩნიონ. 
    დაიწერა 1039 წლის რაბი‘ I­ის თვეში“
    III. შაჰ სეფი I­ის (1629-1642) ბრძანებულება, გაგზავნილი სეფიყული ხანის სახელზე (საბუთის ასლს თარიღი არ აქვს). 
    შაჰის ამ ბრძანებულების ადრესატია ფრიად ავტორიტეტული სამეფო ღოლამი, ირანის სამხედრო­პოლიტიკურ ასპარეზზე აღზევებული მირი- მანიძეების საგვარეულოს თვალსაჩინო წარმომადგენელი სეფიყული ხანი (მირიმანიძე),29 რომელიც იმ პერიოდში იყო ჰამადანის ბეგლარბეგი (1621 წლიდან)30 და ბაღდადის (და მთლიანად ,არაბეთის (,არაბული) ერაყის“ (‘ერაყ­ე ‘არაბ) ბეგლარბეგი (1623 წლიდან). ის იმავდროულად (იმავე 1623 წლიდან) ასრულებდა ქალაქ ნაჯაფის ყურჩიების მეთაურის (ყურჩი­ბაში) ფუნქციასაც და მას ასევე მინდობილი ჰქონდა “ჰარამ ალ­ქაზიმაინის“ ანუ ბაღდადის ჩრდილო­დასავლეთ შემოგარენში დაკრძალული შიიტთა ორი იმამის [მეშვიდე იმამის მუსა იბნ ჯა‘ფარ ალ­ქაზიმის (გარდ. 799 წ.) და მეცხრე იმამის მუჰამად იბნ ‘ალი ალ­თაყი ალ­ჯავადის (გარდ. 835 წ.)] აკლდამებისა და მეჩეთის მუთავალიობა (დაცვა, მოვლა­პატრონობა, ზედა- მხედველობა და მეურვეობა).31 ეს სეფიყული ხანი ასევე ატარებდა ლაკაბს (ტიტული­ეპითეტი, საპატიო მეტსახელი) „შირ­‘ალი“ (‘ალის ლომი), რომელიც მას უბოძა თვით შაჰ ‘აბას I­მა 1623 წელს ოსმალებთან ბრძოლისას ბაღდადის აღების ოპერაციაში სპარსელთა ჯარის წარმატებული სარდლობისა და გამოჩენილი პირადი მამაცობისათვის. ის დიდი ავტორიტეტით, პატივისცემით და ნდობით სარგებლობდა როგორც შაჰ ‘აბას I­ის, ისე შაჰ სეფი I­ის მხრიდან (1629 წელს ის აქტიურად უჭერდა მხარს შაჰ სეფი I­ს ირანის ტახტზე ასვლაში). სეფიყული ხანი გარდაიცვალა მთვარის ჰიჯრის 1040 წლის ჯუმადა II­ის თვეში (ანუ 1631 წლის იანვარში), რის შემდეგაც შაჰ სეფი I­მა ბაღდადის მმართველობა ჩააბარა და ხანის ტიტული უბოძა განსვენებული ხანის ახლო ნათესავს ბექთაშ ბეგს (გარდ. 1639 წ.),32 რომელიც მანამდე სამეფო ღოლამების ასმეთაური (იუზბაში) იყო. 
    ჩვენთვის საინტერესო სამეფო ბრძანებულების თანახმად, შაჰ სეფი I ავალდებულებს სეფიყული ხანს, რომ მან თავისი ქალიშვილი დაუყოვნებლივ წარგზავნოს შაჰის სასახლეში, რათა ის ცოლად შერთონ ჰაიდარ ბეგს, ცნობილი ყიზილბაში სეფაჰსალარის, ვაქილისა და დივანის იშიქაყასი­ბაშის ზეინალ ხან შამლუს (გარდ. 1630 წ.)33 ვაჟიშვილს. ბრძანებულების შინაარსი მეტყველებს შაჰის გადაწყვეტილებაზე, რომ ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი და დაპირისპირებული ეს ორი მაღალჩინოსანი (ანუ სეფიყული ხანი და ზეინალ ხან შამლუ) აუცილებლად უნდა შეურიგდნენ ერთმანეთს და დამოყვრდნენ შვილთა დაქორწინების გზით. მართალია, ამ ქორწინებას ზემოხსენებულ პირთა და მათ კლანებს შორის არსებული მტრული დაპირისპირება34 არ შეუნელებია, მაგრამ ეშმაკი და ცბიერი შაჰის ამგვარი გადაწყვეტილება და შესაბამისი ბრძანებულება, რომელიც ზომაზე მეტად გაძლიერებულ­გაყოყოჩებული ზეინალ ხან შამ- ლუსა და მისი კლანის კონტროლს, მოთოკვასა და დათრგუნვას ისახავდა მიზნად (სულ მცირე ხნის შემდეგ შაჰმა ამ მიზანს სისხლიანი რეპრესიებით მიაღწია), იმდროინდელი ირანის პოლიტიკური და სოციალური ისტორიის ერთი საკმაოდ საინტერესო ეპიზოდია. განსახილველი სპარსული დოკუმენტის ასლში კონკრეტული თარიღი არ არის მითითებული, მაგრამ იმდროი- ნდელი მოვლენებისა და ფაქტების ქრონოლოგიას თუ გავითვალისწინებთ, შაჰის ბრძანებულება გაცემული უნდა იყოს 1629-1630 წლების მიჯნაზე, ჰიჯრის 1039 წლის ზულ­ჰიჯას თვის 6 რიცხვში (=1630 წლის 17 ივლისი) იმავე შაჰ სეფი I­ის ბრძანებით ზეინალ ხან შამლუს სიკვდილით დასჯამდე35 რამდენიმე თვით ადრე.
    სეფიყული ხანის სახელზე გაგზავნილი ამ სამეფო ბრძანებულების სპარსული ტექსტის ასლი ჩართულია შაჰ ‘აბას I­ისა და შაჰ სეფი I­ის დიდვეზირების კანცელარიაში წერილებისა და სხვადასხვა საბუთების შემდგენ- ლად მოღვაწე მოჰამად­ჰოსეინ იბნ ფაზლალაჰ ალ­ჰოსეინი ალ­თაფრეშის (გარდ. 1631/32 წლის შემდეგ) მიერ შედგენილ კრებულში, რომელიც ინახება ავსტრიის ეროვნული ბიბლიოთეკის აღმოსავლურ ხელნაწერთა ფონდში ქალაქ ვენაში და რომლის სრული ტექსტი (მათ შორის ამჟამად ჩვენთვის საინტერესო სამეფო ბრძანებულება, N.F. 50, fol. 97a-b), როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ბეჭდური სახით პირველად გამოსცა ირანელმა მეცნიერმა პროფ. მოჰსენ ბაჰრამნეჟადმა 1390/2011 წელს თეირანში36, რომელმაც ამასთანავე ორი სტატია მიუძღვნა ჩვენთვის საყურადღებო დოკუმენტს.37
    დოკუმენტი 7. შაჰ სეფი I­ის ბრძანებულება სეფიყული ხან მირიმანიძის სახელზე.38 სპარსული ტექსტი (ფაქსიმილე და ბეჭდური ტექსტი) და ქართული თარგმანი:
    „[გამოვიდა მაღალი ბრძანებულება] მასზე, რომ: ამ სამეფო კარის ღოლამები და თავდადებული მსახურები (ფადავიან) თავიანთ ერთსულოვნებაში მუდამ ურყევი და ხელმწიფის ბრძანებებისადმი მორჩილი უნდა იყვნენ, რითაც განაპირობებულია ჩვენი ეს უშურველი მცირედი წყალობა, რომელიც შეეხება მმართველობისა და სიდიადის საფარველს, მართლმსაჯულებისა და სამართლიანობის ძალას, მმართველობასა, სიდიადესა და სვებედნიერებაში სრულყოფილ მაღალადგილოვან სეფიყული ხანს, რომელიც არის მართლმორწმუნეთა მბრძანებლისა და ღვთისმოსავთა იმამის, ძლევამოსილი ალაჰის ლომის39 – ალაჰის ლოცვა­კურთხევა იყოს მასზე! – ყურჩიების მეთაური (ყურჩი­ბაში),40 ორი წმინდა აკლდამის (მაშჰადაინ) მუთავალი41 და არაბული ერაყისა და ჰამადანის (ყალამროვ­ე ‘ალიშაქარ) ბეგლარბეგი, რომლის მიმართ ჩვენ დავადგინეთ შემდეგი: მან თავისი დიდებული ქალიშვილი უნდა გამოგზავნოს ქვეყნიერების მფარველის სამეფო კარზე ჩვენი უავგუსტოესობის ჰარემში, რათა ის წმინდა შარი‘ათის კანონის შესაბამისად ცოლად შევრთოთ დიადი ხანების შთამომავალ ჰეიდარ ბეგს, მმართველობის, სიდიადის და სვებედნიერების საფარველის, დიდე- ბულების, სიდიადისა და პატივის ძალის, მმართველობასა, სიდიადესა და სვებედნიერებაში თავდადებული მაღალადგილოვანი იშიქაყასი­ბაშისა და სეფაჰსალარის ზეინალ ხან შამლუს ვაჟიშვილს, რომ ამით ამ ორ საგვარეულოს შორის არსებული ხილული ურთიერთობა თანხმობაში მოვიდეს მათს არსობრივ ერთიანობასა და ერთსულოვნებასთან და [მათი] ერთიანობის, კავშირის, ერთსულოვნების და მეგობრობის ნამდვილობა ყველა ადამიანისთვის სავსებით ცხადი და ნათელი გახდეს და უთანხმოების.მიმართ უარყოფითმა დამოკიდებულებამ იმძლავროს. დაიწერა .... თვეში42...“.
* * *
    ამ პუბლიკაციაში ჩვენ წარმოვადგინეთ მეჩვიდმეტე საუკუნის მხოლოდ რამდენიმე ახლად მოძიებული სპარსული ისტორიული დოკუმენტი, რომელთა შინაარსი შეეხება სეფიანთა ირანში მოღვაწე ქართველების (სახელდობრ, ქართული წარმომავლობის სამეფო ღოლამების) ცხოვრება­საქმიანობის  სხვადასხვა  დეტალებს.  ვიმედოვნებთ,  რომ  შემდგომი  კვლევა­ძიების პროცესში მიკვლეული იქნება და გამომზეურდება აღნიშნული თემატიკის თვალსაზრისით საყურადღებო კიდევ არაერთი სხვა აქამდე უცნობი სპარსული ისტორიული დოკუმენტი. 
    შენიშვნები
    1.  Beeston, 1954, 81, No. 2621. ამ კრებულში (Bodleian Library, Oxford, MSS Polyglot Or. C.3)  თავმოყრილი  მთვარის  ჰიჯრის  1033-1069  წლებით (=1624-1659 წწ.) დათარიღებული, სპარსული დოკუმენტების (ფირმანების, ჰოქმების, რაყამების) ასლები, რომელთა შინაარსი შეეხება ინგლისური (1707 წლიდან ბრიტანული) ოსტინდოეთის კომპანიის საქმიანობას ირანში. დოკუმენტები შეგროვებულია აგენტ Nicholas Buckeridge­ის მიერ, რომელიც 1645-1660 წლებში იყო ხსენებული კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ირანში. იმავე თემატიკის სპარსული დოკუმენტების კიდევ ერთი კრებული დაცულია ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში ლონდონში (British Library, Harleian MSS 109). ორივე ეს კრებული მოკლედ არის მიმოხილული ინგლისელი მეცნიერის Ronald W. Ferrier-ის (1929-2003) ერთ­ერთ სტატიაში, რომელსაც დართული აქვს რამდენიმე საბუთის ფოტო; იხ.: Ferrier, 1986, 57-64.
    2.  კრებულის ხელნაწერი (N.F. 50), რომელიც შედგენილია მოჰამად­ჰოსეინ იბნ ფაზლალაჰ ალ­ჰოსეინი ალ­თაფრეშის მიერ და დამოუკიდებელ ნაწილად ერთვის შაჰ სეფი I­ის (1629-1642) ზეობის პირველი წლების შესახებ იმავე ავტორის მცირე მოცულობის ისტორიული თხზულების ხელნაწერს, პირველად მოხსენიებულია Gustav Flügel-ის (1802-1870) კატალოგში; იხ.: Flügel, 1865, 261. № 281/2; Storey, 1936, 313, No. 390. 
    3.  Afshar, 1380/2001, 3-53. ბოდლეს ბიბლიოთეკაში დაცული ამ კრებულის ხელნაწერში დოკუმენტების და წერილების ნიმუშები ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არაა წარმოდგენილი, ხოლო პროფ. ირაჯ აფშარის გამოცემაში  ეს  მასალა  ქრონოლოგიური  პრინციპით  არის  დალაგებული. 
    4.   Tafreshi, Monsha’at-e Tafreshi, 1390/2011. მოჰამად­ჰოსეინ იბნ ფაზლალაჰ ალ­ჰოსეინი ალ­თაფრეშის მიერ შედგენილი კრებულის („მონშა’ათ­ე თაფრეში“) შესახებ იხილეთ, აგრეთვე: Bahramnezhad, 1387/ 2008, 93-124. 
    5.  სეფიანთა ეპოქის ე.წ. ინშა’­ს (იგივე მონშა’ათ­ის) ტიპის ამგვარი კრებულების და ზოგადად ამ ჟანრის კომპენდიუმების ტრადიციის შესახებ ირანში იხ.: Mitchell, 1997, 173-209 (იქვე საკითხის ვრცელი ბიბლიოგრაფია).
    6.    Afshar,1380/2001. 3-53. 
    7. უნდილაძეების ფეოდალური საგვარეულოს და ამ საგვარეულოს წარმომადგენელთა (ალავერდი ხანი, იმამყული ხანი, დაუდ ხანი, სეფიყული ხანი)  სეფიანთა  ირანის  სამხედრო­პოლიტიკურ,  ადმინისტრაციულ და კულტურულ სარბიელზე მოღვაწეობის შესახებ არსებობს ფრიად ვრცელი სამეცნიერო ლიტერატურა ქართულ, სპარსულ, ევროპულ და იაპონურ ენებზე (ზ. ავალიშვილი, ვ. გაბაშვილი, გ. ჟორდანია, ბ. გიორგაძე, დ. კაციტაძე, მ. სვანიძე, კ. კუცია, ი. ტაბაღუა, მ. თოდუა, ჯ. გიუნაშვილი, მ. ფათემი, თ. ნატროშვილი, ნ. გელაშვილი, ი. რურუა, ბ. ჯავახია, ე. ხინთიბიძე, ჯ. ვათეიშვილი, ე. მამისთვალიშვილი, ა. სონღულაშვილი, თ. აბულაძე, მ. სუხიაშვილი, ზ. მჭედლიშვილი, გ. სანიკიძე, მ. ალექსიძე, გ. ბერაძე, რ. სეივორი, რ. მათე, მ. პისტოზო, ჯ. როტა, ჰ. მაედა, კ. მიტჩელი, ს. ბაბაიე, ქ. ბაბაიანი, მ. მორატო­არაგონესი, ‘ა. ეყბალი, ნ. ფალსაფი, ფ. ნოვზადი, ლ. ჰონარფარი, ჯ. ყაემ­მაყამი, ჰ. ნირმური, ა. ეყთედარი, ე. ეშრაყი, ს. მულიანი, ჰ. აჰმადი, ჯ. სავაყები, მ. შაიესთეფარი, ჰ. მირ ჯა‘ფარი, მ. სამი‘ი, ა. ველაიათი, რ. იაჰია’ი, ა. რაფი‘ი, ა. ჰექმათნია, ჯ. თოუზანდე ჯანი, მ. მირ ქიაი, მ. მოჰაჯერი, ’ა. ღაფური, ა. ყეზელბაშანი, ლ. რეზაზადე, მ. რაჰიმი და სხვ.). ამჯერად მხოლოდ უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე (2000 წლიდან) გამოქვეყნებულ ზოგიერთ პუბლიკაციებზე მითითებით შემოვიფარგლებით: გაბაშვილი, 2016, 186-199 (< გაბაშვილი, 1972, 64-84); Gabashvili, 2007, 35-58; კაციტაძე, 2001, 407, 413, 418-419, 460; კაციტაძე, 2001a, 39-41, 105-107; კაციტაძე, 2005, 119-127, 131-132, 371-372; კაციტაძე, 2012, 335; ჟორდანია, 2011, 12-15 (< ჟორდანია, 1984); Vateishvili, 2003, 28-29,33,110- 120,172; გელაშვილი, 2009, 228-238; გელაშვილი, 201 7, 19-20; Giunashvili, 2012, 139-156 (< Giunashvili, 1997, 51-63); Mikaberidze, 2007, 113-114, 519; 100 ქართველი უცხოეთში, 2010, 19, 107, 167; მჭედლიშვილი, 2010, 71-85; ხინთიბიძე, 2012, 5-31; ხინთიბიძე, 2016, 133-153,202, 283-284; მამისთვალიშვილი, 2011, 313-323; მამისთვალიშვილი, 2012, 22-45; სუხიაშვილი, 2000, 92-99; სუხიაშვილი, 2003, 93-95; სუხიაშვილი, 2005, 187-204; სუხიაშვილი, 2005a, 49-63; სუხიაშვილი, 2006; სანიკიძე, 2016, 48, 50, 53-54; ალექსიძე, 2015, 160-177, სურ. 1-10; Beradze, 2018, 59-60; ბერაძე, აბაშიძე, 2019, 147-150; ბერაძე, ალექსიძე, მოსიაშვილი, 2021; Mitchell, 2000,. 104- 115; Matthee, 2001, 493-496; Matthee, 2015, 20-22; მაედა, 2001, 45-46; Maeda, 2003, 262-266; Maeda, 2006, 244-245, 252; მაედა, 2008, 35-41; Maeda, 2009; Maeda, 2009a,. 49-66; Maeda, 1396/2017, 81-91; Babaie et al., 2004; Morató- Aragonés, 2016, 136-164; Muliyani, 1379/2000, 244-278; Sami‘i, 1380/2001, 82-83; Sami‘i, 1380/2001a, 153-155; Eshraghi, 1380/2001, 159-160; Ahmaqdi, 1380/2001, 212-222; Mir Ja‘fari, 1382/2003, 131-156; Savagheb, 1382/2003, 107- 150; Savagheb, 1389/2010,.1-34; Velayati, 1388/2009, 883-884; Touzande Jani, 1390/2011; Hasannia, 1390/2011, 81-93; Rafiʻi and Bamati. 1391/2012, 47-73; Mehmannavaz et al., 2014a, 298-300; Zandiyeh, 1393/2014, 46-52; Ghafuri, 1393/2014, 281-283, 286, 289-291, 295-308; Mir Kiyayi, 1394/2015; Mohajer, 2015, 31-35; Hekmatnia and Ahmadi, 1396/2017;Moslemi et al., 1398/2019, 120-124; Ghezelbashan, 1399/2020, 167-172.
    8.  ამ სფეროში იმამყული ხანის განსაკუთრებული როლისა და მნიშვნელობის შესახებ ხაზგასმით არის აღნიშნული სამეცნიერო ლიტერატურაში. ასე, მაგალითად, მსჯელობს რა შაჰ ‘აბას I­ის სავაჭრო­ეკონომიკურ პოლიტიკაში აბრეშუმით ვაჭრობის განსაკუთრებულ მნიშნელობასა და  უცხოელ  ვაჭართა  (კერძოდ,  ინგლისური  ოსტინდოეთის  კომპანიის წარმომადგენელ ვაჭართა) საქმიანობაზე იმდროინდელ ირანში, პროფ. Linda K. Steinmann-ი შენიშნავს: “They were free to negotiate with the provincial governor of the territory they passed through, who was, in this case, Emāmqolī Khān. The English factors’ letters and reports contain many references to the role played by Emāmqolī Khān in the silk trade. He served in two important capacities: first, as Khān of Fars and Jarūn (Hormuz) and, second, as an important go-between for the English merchants with the shah. He issued his own written orders, called parvānas, which provided for the courteous treatment of the merchants while within his borders” (იხ.: Steinmann, 1987, 73). 
    9.    Afshar, 1380/2001, 9, doc. 1 (47). 
    10.  დოკუმენტის ტექსტშია „ჯამა‘ათ­ე ენგლის (Jamā‘āt-e Englīs)“, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ინგლისის (ინგლისელთა) საზოგადოება, ჯგუფები“. ამ ტერმინ­განმარტებას ვხვდებით აქ წარმოდგენილ სხვა სპარსულ დოკუმენტებშიც (იხ. აქვე, დოკ. 2, დოკ. 4, დოკ. 5). იგულისხმება ირანში ჩასული ინგლისელი ვაჭრები, უმთავრესად და უპირველესად კი ინგლისური ოსტინდოეთის კომპანიის „წარმომადგენლი ვაჭრები [ამ შემთხვევაში ტერმინი „ჯამა‘ათ  (jamā‘āt )“ „კომპანიას (company)“ უნდა აღნიშნავდეს], რომლებსაც შაჰ ‘აბას I­მა, განსაკუთრებით 1622 წლის მოვლენების შემდეგ (მხედველობაში გვაქვს სპარსეთის ყურეში პორტუგალიელებთან ბრძოლასა და ჰორმუზისა და ყეშმის აღების სამხედრო ოპერაციებში ირანის დასახმარებლად ინგლისური ოსტინდოეთის კომპანიის ხომალდების მონაწილეობა), საგანგებო შეღავათები და პრივილეგიები უბოძა.
    11.  საგზაო საბაჟო გადასახადს „რაჰდარი“ (rāhdārī) ეწოდებოდა, ხოლო ამ გადასახადის ამკრებ გზათა გუშაგებს „რაჰდარები  (rāhdārān). ეს „რაჰდარები“ როგორც თვით შაჰის, ისე ადგილობრივი ხანების მხრიდან საგანგებო უფლებამოსილებით იყვნენ აღჭურვილი და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სახელმწიფოს გზების, ხიდების, გადასასვლელების და საზღვრების კონტროლისა და მათი სარგებლობისთვის დაწესებული სახელმწიფო გადასახადების შეგროვების საქმეში. აღსანიშნავია, რომ, როგორც ეს აქ წარმოდგენილი ამ კონკრეტული საბუთიდანაც ჩანს, შაჰ ‘აბას I­ის მიერ ინგლისელი ვაჭრებისთვის მინიჭებული ერთ­ერთი შეღავათი სწორედ საგზაო საბაჟო გადასახადებისგან (რაჰდარი)  მათ  განთავისუფლებას  გულისხმობდა.  იხ.:  Tadhkirat al- Mulūk, 1943, 76, 180; Emerson and Floor, 1987, 318-327; Good, 2019, 187, 188. 
    12. სეფიანთა ეპოქის სპარსულ წერილობით წყაროებში ირანი ხშირად „ღვთივდაცულ ქვეყნად“ („მამალექ­ე მაჰრუსე“) იწოდება და იხსენიება (ამაზე იხილეთ, მაგალითად.: Savory, 1986, 351-352; Matthee, 2010, 242). ყაჯართა დინასტიის მმართველობის პერიოდში კი ეს იყო ირანის ოფი- ციალური სახელწოდება („მამალექ­ე მაჰრუსე­იე ირან“). 
    13.  იგულისხმება  ნედლი  აბრეშუმი,  რომელსაც  იმდროინდელი  ირანის საგარეო ვაჭრობაში უპირველესი ადგილი ეკავა და ირანში ჩასული ინგლისელი ვაჭრებიც უმთავრესად სწორედ ამ ირანული ნედლი აბრეშუმის დიდი ოდენობით შეძენით იყვნენ დაინტერესებული. 
    14.  გილანის პროვინცია მეაბრეშუმეობის მთავარი ცენტრი იყო ირანში და იქაური საუკეთესო ხარისხის ნედლი აბრეშუმი უცხოელ ვაჭრებში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. 
    15.  წონის ერთეული (1 ვაყრი უდრიდა დაახლოებით 120 კილოგრამს). 
    16.  Afshar, 1380/2001, 10, doc. 3 (50). 
    17.  Afshar, 1380/2001, 10-11, doc. 4 (61). 
    18. იგულისხმება ინგლისური ოსტინდოეთის კომპანიის აგენტი კაპიტანი უილიამ ბარტი (William Burt), რომელიც 1627 წლის იანვრიდან ოთხი წლის განმავლობაში იყო ამ კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი ირანში (ის გარდაიცვალა 1631 წლის დასაწყისში). უშუალოდ აგენტ უილიამ ბარტის შემდეგ ერთი წელიწადი ირანში ზემოხსენებული კომპანიის წარმომადგენელი იყო აგენტი ედვარდ ჰეინესი (Edward Heynes), ხოლო შემდეგ 1637 წლამდე აგენტი უილიამ გიბსონი (William Gibson); იხ.: Foster, 1909, 164-165, 168, 182, 188, 286, 325, 327ff.; Foster, 1910, 2, 39, 57, 139; Ferrier, 1986,. 57-58, 62-63; Matthee, 1999, 133-134; Blow, 2009, 143 144, 147; .Ben Razzari, 2016, 158, 161-163, 274, 278, 286, 349, 406, 409, 412, 445. სხვათა შორის, აგენტი უილიამ ბარტი არაერთგზისაა მოხსენიებული თომას ჰერბერტის (1606-1682) ცნობილი მოგზაურობის წიგნის იმ ნაწილში, რომელიც 1627-1628 წლებში ინგლისის ელჩიონის შემადგენლობაში ირანში მისი ვიზიტის აღწერას ეხება (იხ.: Herbert, 1928, 42, 50, 121, 149, 306).
    19. ტექსტშია „‘უშურ“ (‘ushūr, სიტყვასიტყვით: „მეათედები“). პორტში საბაჟო გადასახადის შინაარსით ამ ტერმინის ხმარების შესახებ („თაზქირათ  ალ­მულუქის“  მიხედვით)  იხ.  პროფ.  ვ.  მინორსკის  შენიშვნა: Tadhkirat al-Mulūk. 1943, 109, note 2.
    20. კაპიტანის სახელი აქ დამახინჯებული უნდა იყოს და მისი იდენტიფიცირება არ ხერხდება. კონტექსტის მოხედვით, უნდა იგულისხმებოდეს ირანში კაპიტან ბარტის რომელიმე წინამორბედი ინგლისური ოსტინდოეთის კომპანიიდან.
    21.  Afshar, 1390/2001, 15, doc. 12 (42); cf. Ferrier, 1986, 61, Fig. 5. 
    22.  იგულისხმება შაჰ სეფი I (1629-1642). 
    23.  იგულისხმება შაჰ ‘აბას I (1587-1629). 
    24.  ამ შემთხვევაში „ფრანკებში“ (ფარანგი) იგულისხმება სხვა (არა ინგლისელი) ევროპელები (მაგალითად, ჰოლანდიელები, ესპანელები, პო- რტუგალელები, ფრანგები, იტალიელები და სხვ.).
    25.  Afshar, 1380/2001, 15-16, doc. 13 (43).43). 
    26.  იხ. აქვე შენ. 11. 
    27.  Afshar, 1380/2001, 16, doc. 14 (39). 
    28. იგულისხმება იმ წლებში ინგლისური ოსტინდოეთის კომპანიის ოფიციალური წამომადგენელი ირანში აგენტი უილიამ ბარტი (მის შესახებ იხილეთ ზემოთ, შენ. 18). 
    29. სეფიყული ხანი (მაჰმადიანობის მიღებამდე ის მირმანად იწოდებოდა; გარდ. 1631 წ.) ეკუთვნოდა მირიმანიძეების ფეოდალურ საგვარეულოს, რომლებიც იყვნენ სომხითის მელიქები (ქვემო ქართლში). ამ საგვარეულოს ეთნიკური წარმომავლობის, ქვემო ქართლში მათი სამელიქოს და ირანის სამხედრო­ადმინისტრაციულ სარბიელზე მათი წარმომადგენლების მოღვაწეობის შესახებ, იხილეთ, მაგალითად: Maeda, 2003, 243-278; მაედა, 2008, 42-48; Maeda, 1396/2017, 57-68; Maeda, 2011, 104, 117, 119, 124, 127; Maeda, 2012, 476 ,481; ბოშიშვილი, 2011, 176-183; ბოშიშვილი. 2012, 36, 48-51; ბოშიშვილი, 2012a, 67 – კვაშილავა, 2013-2014, 319-322; კვაშილავა, 2019, 189-199; Röhrborn, 1966, 34-35; Muliyani, 1379/2000, 279; Floor, 2001, 148, note 206; Floor, 2008, 158, 198; Newman, 2006, 202; Kazemi, 1389/2010, 104-106; Ghezelbashan, 1399/2020, 157-160; Polczynski, 2014, 70, 84; <https://en.wikipedia.org/wiki/Mirimanidze>; <https://en.wikipedia.org/ wiki/Safiqoli_Khan>. ცხადია, „შირ ‘ალიდ“ წოდებული ეს სეფიყული ხანი (მირიმანიძე) არ უნდა აგვერიოს იმამყული ხან უნდილაძის ვაჟთან სეფიყული ხან უნდილაძესთან; შდრ. კაციტაძე, 2005, 127. 
    30.  ცნობილია, რომ მანამდე ის იყო ღოლამების იუზბაში ანუ ასმეთაური (1619 წ.), რომელიც შემდეგ ისფაჰანში ახალი ჯულფას დარუღად დანიშნეს. 
    31.  ბაღდადთან მდებარე „ჰარამ ალ­ქაზიმაინის“ შესახებ იხ.: Litvak. 2013, 207-210. ის ფაქტი, რომ ში‘იტთა ამ წმინდა აკლდამების მუთავალის (მმართველ­ზედამხედველის) ფუნქციის შესრულება შაჰ ‘აბას I­-მა მიანდო სეფიყული ხანს (და ამ ფუნქციას ის შაჰ სეფი I­ის დროსაც ასრულებდა), ანუ ყოფილ ქრისტიანს და შემდგომში გამაჰმადიანებულ სამეფო ღოლამს (მანამდე და მერეც ამ ფუნქციას მხოლოდ ფრიად ავტორიტეტული  მუსლიმი  სეიდები  ასრულებდნენ),  უნიკალური  და გამონაკლისი შემთხვევაა სეფიანთა ში‘იტური სახელმწიფოს ისტორიაში, რომელიც თვალნათლივ მეტყველებს კავკასიური (მათ შორის ქართული)  წარმომავლობის  სამეფო  ღოლამების  განსაკუთრებულ ავტორიტეტსა და აქტიურობაზე იმდროინდელი ირანის როგორც სამხედრო­პოლიტიკურ და ადმინისტრაციულ სარბიელზე, ისე რელიგიური ცხოვრების სფეროშიც.
    32.  Mohammad-Ma‘sum b. Khwajagi Esfahani, Kholasat al-Siyar, 1368/1989, 123- 124; Eskandar Beg Torkeman Monshi va Mohammad Yusef Movarrekh. Zeyl-e Tarikh-e ‘Alam-ara-ye ‘Abbasi, 1317/1938, 126, 292; Valeh Qazvini Esfahani, Iran dar zaman-e Shah Safi va Shah ‘Abbas-e Dovvom (1038-1071 h.q.), 1380/2001, 156; Vahid Qazvini, Tarikh-e Jahan-Ara-ye ‘Abbasi. 1383/2004, 237; Tafreshi, Tarikh-e Shah Safi, 1388/2009, 70; Rota. 2009, 102-103, 149, 376-377; Tafreshi, Monsha’at-e Tafreshi, 1390/2011,  125-127;  Röhrborn, 1966, 34-35; Matthee, 2001, 491; Bahramnezhad, , 1391/2012, 31-34. 
    33.  ზეინალ ხან შამლუ იყო შამლუს ძლიერი და გავლენიანი ყიზილბაშური ტომის ერთ­ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გამოცდილი დიპლომატი, სამხედრო სარდალი და სახელმწიფო მაღალჩინოსანი. ზეინალ ხან შამლუ შედიოდა შაჰ ‘აბას I­ის მიერ 1600­იანი წლების დამდეგს რუსეთსა და ევროპაში დიპლომატიური მისიით წარგზავნილი ელჩე- ბის ჯგუფში. ის ასევე ჰიჯრის 1029-1032 წლებში (=1619/20 – 1622/23 წწ.) დიპლომატიური მისიით იყო გაგზავნილი დიდ მოღოლთა კარზე ინდოეთში. შემდგომში შაჰ ‘აბას I­მა მას მიანდო ჯარის სარდლის (სეფაჰსალარ) და სამეფო დივანის მთავარი ცერემონმაისტერის (იშიქა-ყასი­ბაში) თანამდებობები. ამ თანამდებობებსა და ტიტულებს ის ინარჩუნებდა შაჰ სეფი I­ის ზეობის დასაწყისშიც, როცა ის იმავდროულად დაინიშნა ასევე ახალგაზრდა შაჰის მეურვედ (ვაქილ). მაგრამ ახალი სეფიანი მბრძანებლის კეთილგანწყობა ზეინალ ხან შამლუს მიმართ დიდხანს არ გაგრძელებულა. ჰამადანის მისადგომებთან ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი გულარხეინობის, დაუდევრობისა და უხეში შეცდომის გამო შაჰ სეფი I­ის ბრძანებით ის სიკვდილით დასაჯეს 1630 წლის 17 ივლისს. ამ საკითხთან დაკავშირებით მკვლევარები იმასაც აღნიშნავენ, რომ შაჰ სეფი I­ს იმ დროისთვის უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გაძლიერებული და თავგასული ზეინალ ხან შამლუსა და მისი კლანის განადგურება, რის საბაბადაც მან გამოიყენა ზემოხსენებული ინციდენტი (იხ ქვემოთ, შენ. 35). აქვე საინტერესოა აღინიშნოს, რომ ჩვენამდე მოღწეულია ზეინალ ხან შამლუს ორი რეალისტური ევროპული პორტრეტი, შესრულებული 1604 წელს რომის საღვთო იმპერიის იმპერატორ როდოლფ II­სთან (1576-1612) შესახვედრად ქალაქ პრაღაში მისი ყოფნის დროს. ერთი პორტრეტი მხატვარ Aegidius Sadelsr-ის (გარდ.  1629 წ.) მიერ შესრულებული გრავიურაა, ხოლო მეორე პორტრეტი დახატულია საღებავებით ეტრატზე Essaias Le Gillon-ის (გარდ, 1605 წლის შემდეგ) მიერ. ამ პორტრეტების დედნები და ასლები მსოფლიოს რამდენიმე მუზეუმსა და კერძო კოლექციებშია დაცული; იხ.: Falsafi, IV, 1341/1962, 101-102; Deluga, 2008, 494-496, Fig. 192; Matthee, 2013, 26-27, Pls. 3, 4; Barazesh, 1392/2013, 128; Potts, 2022, 3-4, 64, 69, Fig. 3; Potts,2022a; https://research .britishmuseum.org/research/ collection_online/collection_object_details.aspx?objectId=3759649&partId=1 &searchText=Sinal+Khan+Shamlu+&page=1
    34.  ზეინალ ხან შამლუსა და მისი ყიზილბაშური კლანის მტრული დაპირისპირების შესახებ სეფიყული ხანთან და ირანში მოღვაწე სხვა ქართველებთან იხილეთ: Mehmannavaz et al., 1393/2014, 186-189; Mehmannavaz and Siyahpur, 1395/2016, 401-405.
    35.  ზეინალ  ხან  შამლუს  ცხოვრება­მოღვაწეობის  ბოლო  პერიოდის  და მთვარის ჰიჯრის 1039 წლის 6 ზულ­ჰიჯას (=1030 წლის 17 ივლისი) მისი სიკვდილით დასჯის შესახებ იხ.: Mohammad-Ma‘sum b. Khwajagi Esfahani, 1368/1989, 93-94; Eskandar Beg Torkeman Monshi va Mohammad Yusef Movarrekh. 1317/1938, 51-52, 266, 291; Astarabadi, 1366/1987, 239; Monajjem Yazdi, 1397/2018, 269-270; Molla Kamal Monajjem, 1397/2018, 116; Valeh Qazvini Esfahani, 1380/2001, 64-65; Do ketab-e nafis, 1334/1955, 83; Vahid Qazvini, 1383/2004, 231; Mohammad Mohsen Mostowfi. 1375/1996,. 107-108; Shamlu, I, 1371/1992, 211-212; Rota, 2009, 91-94, 354-355; Tafreshi, Tarikh-e Shah Safi, 1388/2009, 43, 232-233; Tafreshi, Monsha’at-e Tafreshi, 1390/2011, 120-12 2. ზეინალ ხან შამლუს შესახებ იხ. აგრეთვე: Savory, 1995, 607-608; Babayan, 1993, 102, 313; Floor, 2001, 13, 21; Babaie et al., 2004, 34-35, 38, 140, 154; Newman, 2006, 74, 200-201; Matthee, 2012, 36-37; Mahdavi, 1355/1976, 100-101; Nava’i and Ghaffari Fard, 1381/2002, 224-225; Savagheb, 1391/2012, 29-30; Bahramnezhad, 1391/2012, 34-38; Mehmannavaz et al., 1393/2014, 185- 191; Mehmannavaz and Siyahpur, 1395/2016, 401-405; შდრ. მჭედლიშვილი, 2010, 92. 
    36.  Tafreshi, Monsha’at-e Tafreshi, 1390/2011.  აქვე  უნდა  აღვნიშნოთ,  რომ იმავე ვენის ზემოხსენებული ხელნაწერის (Flügel, I, 1865, 260-261. No. 281; Storey, 1936, 313, No. 390) პირველი ნაწილი (ანუ მოჰამად­ჰოსეინ იბნ ფაზლალაჰ ალ­ჰოსეინი ალ­თაფრეშის მცირე მოცულობის ისტორიული თხზულება, რომელსაც დამოუკიდებელ მეორე ნაწილად ერთვის მისივე წერილებისა და დოკუმენტების ჩვენთვის საინტერესო კრებული), გამოსცა იმავე პროფ. მოჰსენ ბაჰრამნეჟადმა 2009 წელს თეირანში; იხ.: Tafreshi, Tarikh-e Shah Safi, 1388/2009 (მოჰამად­ჰოსეინ იბნ ფაზლალაჰ ალ­ჰოსეინი ალ­თაფრეშის მცირე ზომის თხზულება წარმოდგენილია ამ გამოცემის მეორე ნაწილში, ხოლო პირველი ნაწილი ეთმობა მისივე ძმის აბულ მაფახერ იბნ ფაზლალაჰ ალ­ჰოსეინი ალ­თაფრეშის უფრო ვრცელ ისტორიულ თხზულებას შაჰ სეფი I­ის მმართველობის დროინდელი ამბების შესახებ; საქართველოსა და ქართველების შესახებ ამ თხზულებაში დაცულ ცნობებზე იხ.: გელაშვილი, არჩვაძე, 2016). მოჰამად­ჰოსეინ იბნ ფაზლალაჰ ალ­ჰოსეინი ალ­თაფრეშის მცირე ზომის თხზულების ვენაში დაცულ ხელნაწერთან დაკავშირებით იხ. აგრეთვე: Rota, 1998, 161ff.
    37.  Bahramnezhad, 1391/2012, 22-42; Bahramnezhad, 1391/2012a, 1-14. შაჰ სეფი I­ის ამავე სამეფო ბრძანებულებას სეფიყული ხანის სახელზე შეეხო აგრეთვე იტალიელი მეცნიერი პროფ. ჯორჯო როტა (Prof. Giorgio Rota) თავის საინტერესო მოხსენებაში „კავკასიელი ღოლამები და ‘სეფიანი’ ქალბატონები, დაახლ. 1600-1722 (Caucasian Gholams and ‘Safavid’ Ladies, ca. 1600-1722)“, რომელიც მან წაიკითხა 2019 წლის 13 დეკემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში  გამართულ  საერთაშორისო  სამეცნიერო  კონფერენციაზე „აღმოსავლეთი და დასავლეთი: ლინგვისტური, კულტურული და ისტორიული ურთიერთობები” (International Conference East and West: Linguistic, Cultural, Historical Interactions); იხ.: Rota, 2019a, 98.უფრო ადრე იმავე თემას მიეძღვნა ჯ. როტას მოხსენება 2019 წლის 1-2 მაისს თეირანის უნივერსიტეტში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფე- რენციაზე (იხ.: Rota, 2019, 68).
    38. Tafreshi, Monsha’at-e Tafreshi, 1390/2011, 89 (No. 54), 120-123, 125-127; იხ. აგრეთვე: Bahramnezhad, 1391/2012, 22-42; Bahramnezhad, 1391/2012a, 1-14.
    39.  იგულისხმება ‘ალი იბნ აბი ტალიბი (გარდ. 661 წ.; დაკრძალულია ნაჯაფში) – მოციქულ მუჰამადის ბიძაშვილი და სიძე, მეოთხე მუსლიმი ხალიფა (656-661 წწ.) და ში‘იტების უპირველესი და განსაკუთრებით სათაყვანებელი იმამი, რომელიც ტექსტში მოხსენიებულია როგორც „მართლმორწმუნეთა მბრძანებელი“, „ღვთისმოსავთა იმამი“ და „ძლევამოსილი ალაჰის ლომი (ასადულლაჰ ალ-ღალიბ).“ ეპითეტი „ალაჰის ლომი“ იმამ ‘ალის მრავალთაგან ერთ­ერთი ფრიად გავრცელებული საპატიო სახელი­ეპითეტია (გადმოცემის მიხედვით, „ალაჰის ლომი“ მას თვით მოციქულმა მუჰამადმა უწოდა).
    40. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სეფიყული ხანი შეთავსებით დანიშნული იყო ნაჯაფის ყურჩიების მეთაურად, ანუ იმ ქალაქში მოქმედი ყურჩიების თავკაცად, სადაც დაკრძალულია იმამი ‘ალი.
    41. ზემოთ უკვე აღნიშნული იყო, რომ სეფიყული ხანს მინდობილი ჰქონდა ბაღდადში მდებარე, ში‘იტებისთვის წმინდა ორი აკლდამის (ში‘იტთა მეშვიდე და მეცხრე იმამების აკლდამების) მუთავალის (ანუ მმართველ – ზედამხედველის) ფუნქცია. 
    42. ხელნაწერ კრებულში ეს დოკუმენტი ნიმუშის სახითაა ჩართული და ბოლოში არაა მითითებული ზუსტი თარიღი (ანუ წელი, თვე და რიცხვი), აღნიშნულია მხოლოდ ზოგადად, რომ „დაიწერა ამა და ამ თვეს“ (“tahrīran fī shahr-i fulān”).


Комментариев нет:

Отправить комментарий