понедельник, 13 сентября 2021 г.

ქართული ჯარის მეთაურობის საკითხი 1920 წლის ოსი ბოლშევიკების აჯანყების დროს (მ. გუნცაძე)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის შესწავლა საბჭოთა კავშირის პერიოდში თავისუფლად ვერ მიმდინარეობდა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ყველა იმ მკვლევრისათვის, ვინც აღნიშნული პერიოდით დაინტერესებულა. საბჭოთა კავშირის პერიოდში ამ საკითხის კვლევა აკრძალული იყო, ან ბოლშევიკური პროპაგანდის ელფერი გასდევდა და მხოლოდ მისი გაკრიტიკებით შემოიფარგლებოდა. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, აფერხებდა სამეცნიერო კვლევების წარმოებას 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიის შესახებ.
ზემოთ აღნიშნული პრობლემის გამო, ჩვენი კვლევისათვის საინტერესო საკითხიც რთულად საკვლევ თემატიკაში შედიოდა, ვინაიდან ქართულ-ოსური კონფლიქტის საფუძვლები სწორედ 1918-1921 წლებში ჩაისახა. 1920 წლის ოსი ბოლშევიკების აჯანყება ყველაზე გამორჩეული იყო თავისი მასშტაბურობით და მოთხოვნების თვალსაზრისით, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ტერიტორიიდან შიდა ქართლის ნაწილის, ცხინვალის რეგიონის (დღეს ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“) გამოყოფას და რუსეთისათვის შეერთებას.
საქართველოს ტერიტრიული მთლიანობის საკითხი, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე საკმაოდ აქტუალურია. ამიტომ საინტერესოა ამ კონფლიქტის საწყისი პერიოდის განხილვა. ჩვენი კვლევის საგანს კი შეადგენს 1920 წლის ოსი ბოლშევიკების აჯანყების ჩახშობის დროს ქართული სამხედრო შენაერთების მეთაურის ვინაობის დადგენა. ერთი შეხედვით ეს არც ისე რთული უნდა ყოფილიყო და ყველაფერს ნათელი აქამდეც უნდა მოჰფენოდა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეოცე საუკუნის 90-იანი წლებიდან ქართულ მეცნიერებას საშუალება მიეცა 1918-1921 წლების თემატიკა თავისუფლად ეკვლია. თუმცა ქართული ჯარის მეთაურობის საკითხის საბჭოთა კავშირის დროს მაშინდელი პოლიტიკით იმართებოდა და, როგორც ჩანს, ოსი მოსახლეობისათვის მტრის შესაქმნელად იმ ადამიანის სახელს გამოიყენებდნენ, რომელმაც ოსები ბოლშევიკების მიერ მანამდე არსებული აჯანყებების ჩახშობას უმეთაურა. სავარაუდოდ, ამიტომ 1920 წლის აჯანყების ჩახშობაც ამავე პიროვნებას, ანუ სახალხო გვარდიის გენერალს, ვალიკო ჯუღელს მიეწერა.
საბჭოთა კავშირის დროს არსებულ სამეცნიერო კვლევებში, რომლებიც ჩვენთვის საინტერესო თემატიკას ეხებოდა, საკმაოდ უარყოფითად იყო წარმოჩენილი ვალიკო ჯუღელის პიროვნება და სწორედ მას მიეწერებოდა პასუხისმგებლობა ყველა იმ სიმკაცრეზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1920 წლის ოსი ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლისას.
მართლაც და საინტერესოა, თუ ვინ იყო ის ადამიანი, რომლის პასუხისმგებლობასაც წარმოადგენდა აღნიშნული აჯანყების ჩახშობა და რეალურად საქართველოს ბედის წარმართვაც, ვინაიდან ამ დაპირისპირებებმა მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს უახლესი პერიოდის ისტორიაში.
თანამედროვე ქართულ ისტორიოგრაფიაში ვალიკო ჯუღელის გვერდით კიდევ ერთი გენერლის სახელი გამოჩნდა, თუმცა ისიც შეცდომით. საუბარი გვაქვს გენერალ გიორგი მაზნიაშვილზე, მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ იყო ასახული ქართული ჯარის მეთაურის ვინაობა, ანუ, იმას, ვინც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოსი ბოლშევიკების აჯანყების ჩახშობას 1920 წელს, არც თუ ისე მცირე რაოდენობის ნაშრომიდან შეიძლება მოვახდინოთ ციტირება. იმისათვის, რომ ჩვენი ნაშრომი ციტირებებით არ გადაიტვირთოს, საილუსტრაციოდ რამდენიმე მათგანს მოვიყვანთ, რომლებიც კარგად გვიჩვენებს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან დღევანდელობამდე ჩვენთვის საინტერესო საკითხის ასახვას.
ერთ-ერთ ასეთ ნაშრომს წარმოადგენს 1969 წელს გ. თოგოშვილის მერ გამოცემული მონოგრაფია სახელწოდებით: „ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა“. მასში გაკრიტიკებული ქართული ჯარის მოქმედება და გენერალი ვალიკო ჯუღელი „არქიბანდიტად“ არის მოხსენიებული.1 ანუ ის სწორედ იმ ნორმებში ჯდება, რომელსაც საბჭოთა კავშირის პოლიტიკა ატარებდა და ვალიკო ჯუღელისგან მტრის ხატის შექმნით ცდილობდა 1918-1921 წწ. საქართველო ხალხის მჩაგვრელ სახელმწიფოდ წარმოედგინა.

1. გ. თოგოშვილი – ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1969, გვ. 123.

მსგავი პათოსი იგრძნობა 1972 წელს გამოცემული „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ მეექვსე ტომშიც, სადაც ქართული სამხედრო შენაერთების მოქმედება ოსი ხალხის მიმართ გადადგმულ აგრესიულ ნაბიჯად აღიქმება: „მენშევიკების სამხედრო ძალებმა, რომლებიც ორი ცხენოსანი პოლკის, ქვეითი ბატალიონისა, ორი სამთო ბატარეისა და გვარდიელთა რაზმებისადან შედგებოდა, ვ. ჯუღელის მეთაურობით 9 ივნისს დაიწყეს ცხინვალზე შეტევა. ეს იყო მთელი საშინაო ოსეთის აწიოკება“.1 აქაც აჯანყების ჩახშობის ხელმძღვანელად ვალიკო ჯუღელი არის მოხსენიებული.
შემდეგი წლების განმავლობაშიც გამოქვეყნებულ ნაშრომებშიც აჯანყების ჩახშობის ხელმძღვანელად ვალიკო ჯუღელი მოიხსენიება. ეს გრძელდება საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგაც. თუმცა 90-იანი წლების შემდეგ გამოქვეყნებულ სამეცნიერო მონოგრაფიებსა თუ სტატიებში უკვე ხდება რადიკალური გადახვევა თვითონ მოვლენების შეფასების კუთხით. ამ პერიოდიდან უკვე საბჭოთა პოლიტიკის კონტროლი გაქრა და შესაბამისად შეფასებებიც უკვე მეცნიერის საკუთარი მოსაზრებების მიხედვით დაწერა გახდა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ გამოცემულ სამეცნიერო პუბლიკაციებში აჯანყება შეფასებულია არა უკვე როგორც ოსი ხალხის თვითგამორვევის მცდელობად და სამართლიან მოთხოვნად ტერიტორიული გამოყოფისა, არამედ როგორც ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებად, რომელიც რუსების მიერ იყო ინსპირირებული.

1. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. VI, გამომცემლობა `საბჭოთა საქართველო“, 1972, გვ. 680.
რაც შეეხება ზემოთ ნათქვამ კიდევ ერთ პიროვნებას, გენერალ გიორგი მაზნიაშვილს. მისი ვინაობის მიბმა 1920 წლის აჯანყებასთან გვხვდება დოდო ჭუმბურიძის ნაშრომში „ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX ს-ის დასაწყისში (1918-1921 წლებში)“. ნაშრომში აღნიშნულია: „ოსეთის აჯანყება“ სასტიკად ჩაახშეს გიორგი მაზნიაშვილმა და ვალიკო ჯუღელის ხელმძღვანელობით ქართული გვარდიის ნაწილებმა“1.
2012 წელს გამოქვეყნდა სულხან ალექსიას მონოგრაფია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტების ანატომია“, ხოლო ერთი წლის შემდეგ კი მისი სადოქტორო დისერტაცია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები და მათი დარეგულირების პრობლემები“. ორი ნაშრომში 1920 წლის ოსი ბოლშევიკების აჯანყების ჩახშობის ხელმძღვანელად ვალიკო ჯუღელია მოხსენიებული: „აღნიშნული აჯანყება 1920 წელს საქართველოს სახალხო გვარდიამ ჩააქრო. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ვალიკო ჯუღელი“.2
1. დ. ჭუმბურიძე - ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX ს-ის დასაწყისში (1918-1921 წლებში), გამომცემლობა „მემატიანე“, 2003, გვ. 324.
2. ს. ალექსია - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტების ანატომია, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2012, გვ. 153; ს. ალექსია - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები და მათი დარეგულირების პრობლემები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2013, გვ. 77.

2014 წელს კი გამოიცა მორიგი ნაშრომი რომელიც საქართველოში არსებულ შიდა კონფლიქტებს ეხება. საუბარია ბორის კვარაცხელიას ნაშრომზე: „რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ (აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“) და საერთაშორისო თანამეგობრობა“. მასშიც გიორგი მაზნიაშვილი და ვილიკო ჯუღელი ქართული სამხედრო შენაერთების ხელმძღვანელებად არიან მოხსენიებულნი: „ოსეთში დაწყებული აჯანყების ჩასახშობად გაიგზავნა საქართველოს შეიარაღებული ნაწილები გიორგი მაზნიაშვილისა და ვალიკო ჯუღელის მეთაურობით“1
მოდით ჯერ განვიხილოთ გენერალ გიორგი მაზნიაშვილის საკითხი. მისი დაკავშირება 1920 წლის ოსი ბოლშევიკების აჯანყებასთან უცნაურია, რადგან მას შეხება არ ჰქონია არც ამ და არც წინამორბედ აჯანყებებთან, რომლის ორგანიზატორებიც ოსი ბოლშევიკები იყვნენ. 1919 წელს გიორგი მაზნიაშვილი ინიშნება ახალციხე-ახალქალაქის გენერალ გუბერნატორად, ხოლო 1920 წლის ოქტომბრიდან გადადის თბილისის გარნიზონის უფროსად. შესაბამისად, 1920 წლის ივნისში განვითარებულ სამხედრო მოვლენებში მას მონაწილეობა არ მიუღია.
რაც შეეხება ვალიკო ჯუღელის საკითხს. ნაშრომების უმეტესობაში იგი მოხსენიებულია აყანჯების ჩახშობის მეთაურად, ხოლო როგორც ზემოთ მოყვანილი ციტატა გვიჩვენებს, „საქართველოს ისტორიის ნარკვევებში“, სწორედ მას მიეწერება ცხინვალზე იერიშის მიტანაც. მოდით მივყვეთ მოვლენებს და წყაროებს.
1920 წლის ქართულ-ოსური დაპირისპირების საკვლევად გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი წყარო. ერთი, ესაა საარქივო მასალა (ქართული და რუსული), მეორე, - აღნიშნული მოვლენების უშუალო ხელმძღვანელთა მოგონებები (საუბარია გიორგი კვინიტაძისა და ვალიკო ჯუღელის მოგონებებზე), გვაქვს ასევე მოვლენების თანადროული პრესაც, რომელიც ყოველდღიურად ქვეყნდებოდა და საინტერესო ინფორმაციის მიღება შეიძლება მისგან.

1. ბ. კვარაცხელია - რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ (აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“) და საერთაშორისო თანამეგობრობა, გამომცემლობა „ირიდა“, 2014, გვ. 77.

რაც შეეხება ვალიკო ჯუღელის მოგონებებს, ის თავადვე ამბობს, რომ მას ებარა მხოლოდ მარჯვენა ფლანგის ხელმძღვანელობა. ამასთან ერთად კი ამ ფლანგს დგებუაძე და კარგარეთელი ხელმძღვანელობდნენ.1 ხოლო ცხინვალის აღება კი მოხდა არა მარჯვენა ფლანგის მიერ, რომელსაც ჯუღელი ხელმძღვანელობდა, არამედ ცენტრალური ფლანგის მიერ.2 შესაბამისად, მხოლოდ ჯუღელის მოგონებებიც რომ ავიღოთ, უკვე კარგად ჩანს რომ ხელმძღვანელი ის არ ყოფილა და არც მას მოუხდენია შეტევა ცხინვალზე. იგივე ინფორმაციას გვაწვდის გიორგი კვინიტაძეც, რომელიც რეალურად იყო ქართული სამხედრო შენაერთების მიერ ოსი ბოლშევიკების აჯანყების ჩახშობის ხელმძღვანელი და ეს კარგად ჩანს მის მემუარებში, როდესაც ის ჯარის ხელმძღვანელობის საკითხის გადანაწილებასა და სტრატეგიის დაგეგმვაზე საუბრობს.3
კვინიტაძისა და ჯუღელის მოგონებები რომ შევაჯერთ, ასევე გენშტაბის ოფიციალური ცნობებიც გავითვალისწინოთ, სამხედრო მართველობის გადანაწილება 1920 წლის ოსი ბოლშევიკების ჩახშობის დროს, ქართული მხრიდან ასეთი გამოდის: რაზმის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალი კონიაშვილი, მთლიან ოპერაციას კი თვითონ კვინიტაძე ხელმძღვანელობდა. იქნებოდა მარჯვენა და მარცხენა კოლონა და ასევე ცენტრალური შემტევი ძალა, რომელიც ასევე ორ კოლონად, ცენტრალურ მარჯვენა და ცენტრალურ მარცხენა კოლონად დაიყოფოდა. ცენტრალურ კოლონებს ცხინვალის აღება ჰქონდათ დავალებული. მარჯვენა კოლონის ხელმძღვანელებად ვალიკო ჯუღელი და ალექსანდრე დგებუაძე დაინიშნენ, ცენტრალურ მარჯვენა კოლონას გენერალი კონიაშვილი უხელმძღვანელებდა, მარცხენა კოლონას პოლკოვნიკი ნიკოლოზ გედევანიშვილი, ხოლო ცენტრალურ მარცხენას, რომელსაც ყველაზე სუსტად აღიარებდა კვინიტაძე და მის ფუნქციად მხოლოდ მარცხენა კოლონასთან დაკავშირება მიაჩნდა, თავად კვინიტაძე ხელმძღვანელობდა. მარცხენა კოლონაზე ასევე მიმაგრებული იყო გვარდიის შტაბისა და დამფუძნებელი სათათბიროს წევრი ზაქარია გურული.
როდესაც ქართულმა სამხედრო ნაწილებმა ცხინვალი აიღეს, ამის შემდეგ გიორგი კვინიტაძემ ჯარის ხელმძღვანელად გენერალი კონიაშვილი დატოვა, თვითონ კი თბილისში დაბრუნდა. ამის შემდეგ უკვე კონიაშვილი ატყობინებდა გვარდიის მთავარ შტაბს, მოვლენების განვითარების შესახებ.4 შესაბამისად, ჯუღელი არც კვინიტაძის თბილისში დაბრუნების შემდეგ გამხდარა საბრძოლო ოპერაციის ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, მისი როლი აღნიშნულ სამხედრო მოქმედებებში დიდი იყო და სამხედრო შტაბის სხომებზეც მას მნიშვნელოვანი სიტყვა ეთქმოდა, თან თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოს ბოლშევიკებთან შეტაკებებში მხოლოდ სახალხო გვარდიის შენაერთები იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მთავარი ხელმძღვანელი არ ყოფილა, როგორც ის სამეცნიერო ნაშრომებშია მოხსენიებული.
ძირითადი სამხედრო მოქმედებების დასრულების შემდეგ, როდესაც ქართულმა მხარემ აჯანყება ჩაახშო და სტრატეგიული ადგილები დაიკავა, ზედმეტი გართულებების თავიდან ასაცილებლად იქ მაინც იყო მცირე რაოდენობით ჯარი, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფდა. ამ სამხედრო შენარეთებს კი, როგორც ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში, კარლო ინასარიძის პირად არქივში, დაცული ცნობა იტყობინება, პოლკოვნიკი ინწკირველი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, არც აჯანყების ჩახშობის შემდეგ დარჩენილა ვალიკო ჯუღელი ადგილზე ხელმძღვანელად.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას: ჩატარებული კვლევის შედეგად გამოჩნდა, რომ ქართულ სამხედრო შენაერთებს ხელმძღვანელობდა გენერალი გიორგი კვინიტაძე და არა ვალიკო ჯუღელი, როგორც ეს აქამდე იყო დამკვიდრებული ქართულ სამეცნიერო პუბლიკაციებში. გენერალ ვალიკო ჯუღელს კი თავისი მნიშვნელოვანი როლი ეკავა 1920 წლის სამხედრო მოვლენების დროს, ოღონდ, როგორც მარჯვენა ფლანგის ხელმძღვანელს.

1. В. Джугели. Тяжёлый крест (Записки народногвардейца), „Типографиа Правительства“, 1920, ст. 229.
2. იქვე, გვ. 229.
3. გ. კვინიტაძე – მოგონებები. საქართველოს დამოუკიდებლობის წლები 1917-1921, წ. 1., გამომცემლობა „ლომისი“, 1998, გვ. 233.
4. გაზეთი „ერთობა“, 1920 წ., №133.

დამოწმებანი:
1. თოგოშვილი გ. ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობა, თბილისი, გამომცემლობა „მეცნიერება“, 1969.
2. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.VI, თბილისი, გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“, 1972.
3. ჭუმბურიძე დ. ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX ს-ის დასაწყისში (1918-1921 წლებში), თბილისი, გამომცემობა „მემატიანე“, 2003.
4. ალექსია ს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების კონფლიქტების ანატომია, თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2012.
5. ალექსია ს. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კონფლიქტები და მათი დარეგულირების პრობლემები, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2013.
6. კვარაცხელია ბ. რუსეთის გამოუცხადებელი ომი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ (აფხაზეთი, „სამხრეთ ოსეთი“) და საერთაშორისო თანამეგობრობა, გამომცემლობა „ირიდა“, 2014 წ
7. გაზეთი „ერთობა“, 1920 წ., №133.
8. კვინიტაძე გ. მოგონებები, თბილისი, „ლომისი“, 1998, წ.1.
9. ლორთქიფანიძე გრ. ფიქრები საქართველოზე, თბილისი, „თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა“, 1995.
10. Джугели В. Тяжёлый крест (Записки народногвардейца), Тифлись, „Типографиа Правительства“, 1920.
11. Борьба за победу Советской власти Грузии: Документы и материалы (1917-1921гг.), Тбилиси, „Сабчота Сакартвело“, 1958.
12. ბახტაძე უ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნა და მისი სამართლებრივი მდგომარეობა, თბილისი, „საბჭოთა საქართველო“, 1968.
13. ბენდიანიშვილი ალ. საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918-1921 წწ.), თბილისი, „მემატიანე“.
14. ბლუაშვილი უ. ქართულ-ოსური კონფლიქტი: ვინ და რატომ დაიწყო იგი?, თბილისი, „ცის ნამი“, 2005.
15. ვადაჭკორია შ. დამოუკიდებელი საქართველო და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა 1918-1921 წლებში, თბილისი, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული
შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის კარტოგრაფიული ცენტრი“, 2010.
16. ვადაჭკორია შ. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე), თბილისი, „მემატიანე“, 2003, წიგნი 1.
17. ვადაჭკორია შ. საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე), თბილისი, „მემატიანე“, 2006, წიგნი 2.
18. ვადაჭკორია შ. ოსური მითი და ქართული სინამდვილე (პასუხად ოს ისტორიკოსებს), თბილისი, გამომცემლობა „საგამომცემლო სახლი ქართული ელიტა“, 2012.
19. თოიძე ლ. როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, თბილისი, „მეცნიერება“, 1991.
20. ითონიშვილი ვ. უცხოტომელთა ავაზაკობა საქართველოში, თბილისი, „მემატიანე“, 2005.
21. ითონიშვილი ვ. ქართველთა გოდება გაპარტახებულ სამშობლოში, თბილისი, „მემატიანე“, 2007.
22. მენთეშაშვილი ა. ოსური სეპარატიზმი 1918-1920 წლებში, კრებული: ოსთა საკითხი, თბილისი, „პითაგორა“, 1996.
23. მენთეშაშვილი ა. სამხრეთ ოსეთის 1920 წლის მაისივნისის შეიარაღებული აჯანყება, გაზ. „სახალხო განათლება“ 1989, №95.
24. ჟორჟოლიანი გ. თოიძე ლ. ლეკიშვილი ს. მატარაძე ლ. ხოშტარია-ბროსე ე. ქართულ-ოსური კონფლიქტის ისტორიული და პოლიტიკური ასპექტები და მისი მოგვარების გზები, თბილისი, „სამშობლო“, 1992.
25. საქართველოს ისტორია XIX-XX საუკუნეებში, თბილისი, „პალიტრა L“, 2012, ტ. IV.
26. სონღულაშვილი ა. სამხრეთ ოსეთი საქართველოში?!, თბილისი, „უნივერსალი“, 2009.
27. ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან,თბილისი, „სამშობლო“, 1991.
28. ხუციშვილი ნ. შიდა ქართლი-ისტორია და თანამედროვეობა (საარქივო დოკუმენტები გვამცნობენ. გაზ. „ახალგაზრდა კომუნისტი“, 1990, 20 იანვარი.

Комментариев нет:

Отправить комментарий