понедельник, 13 сентября 2021 г.

ჭანეთ-ლაზეთისა და სპერის ისტორიულ-ეთნიკური ჩარჩოებისათვის

დღეს სამეცნიერო წრეებში აღარავინ კამათობს ჭანეთ-ლაზეთის ისტორიულ საზღვრებზე, მაგრამ კვლავ დისკუსიის თემაა ისტორიული ჭანთა ქვეყნისა და ლაზების ქართველებთან მიმართების საკითხი. ამ თვალსაზრისით, შეინიშნება მეცნიერთა ერთგვარი მიკერძოება პოლიტიკური თუ ეთნიკური ნიშნიდან გამომდინარე. ქართველი მეცნიერებისაგან განსხვავებით, რომლებიც ჭანებსა და ლაზებს ცალსახად მიიჩნევენ “ქართველების ერთ-ერთ განუყოფელ შტოდ” და არა მარტო ქართული ეთნოსის (I. 1, 1913. გვ. 49-50. 1951. გვ. 414-415), არამედ სახელმწიფოებრიობის შემადგენელ ნაწილადაც (II. გვ.7), სხვადასხვა დამოკიდებულებაა უცხოელ მეცნიერთა შორის. კერძოდ, სომხები ამ ეთნოსსა და ტერიტორიებს სომხეთს უკავშირებენ (მოსე ხორენელი, ნ. ადონცი), ბერძნები და ევროპელ მეცნიერთა უმეტესობა - ბერძნებს (მედოვიკოვი, ვასილევი, (III) და ალბანელებსაც კი (დ. უინფილდი, ა. ბრაიერი, VII), ხოლო ზოგი (თ. უსპენსკი) მას თავის დროზე სომხეთთანაც (არმენიაკი) აკავშირებს, ბიზანტიასთანაც, ტრაპიზონთანაც და საქართველოსთანაც (II. გვ. 8); თურქ მეცნიერთა ნაწილი (მათ შორის, ლაზური წარმოშობის) ხაზს უსვამს ლაზ-ჭანების სრულ თვითმყოფადობას და ვერავითარ კავშირს ვერ ხედავს ვერც ქართველებთან, ვერც ბერძნებთან და ვერც სომხებთან (ქ. ემიროღლუ, IX).
როგორც ცნობილია, ანტიკურ ხანაში, რიზეს მხარე, ტრაპიზონის მხარესთან ერთად, კოლხეთის ნაწილი იყო (II. გვ. 6). მომდევნო ხანაში, ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში, I საუკუნისათვის, კოლხეთის ნაწილს შეადგენდა ტერიტორია ტრაპიზონის აღმოსავლეთით, მათ შორის რიზეს მხარე, და აგრეთვე ჭოროხის ხეობის დასავლეთი ნაწილი... ოლთისის ხეობაში, საიდანაც უკვე იწყება იბერიის ტერიტორია (II. გვ. 6-7.). მე-6 საუკუნის 70-იანი წლებიდან რიზეს მხარე უკვე მოიხსენიება როგორც “ზღვისპირა კლარჯეთი”. მხოლოდ VII საუკუნის 30-იან წლებში ბიზანტიამ დაიჭირა ეს მხარე, როდესაც ბიზანტიის კეისარმა ერეკლემ “მოსტაცა იბერიას საზღვარი ქართლისა სპერი და ბოლო კლარჯეთისა ზღვის პირი” (II. გვ. 7-8). თუმცა, VIII საუკუნეში ეს მხარე შევიდა ახლადჩამოყალიბებული დასავლეთ საქართველოს “აფხაზეთის” სამეფოში. 786 წლისათვის იოანე საბანის-ძე ასე გამოყოფს დასავლეთ საქართველოს “აფხაზეთის” სამფლობელოს საზღვრებს: “საზღვარ მათდა არს, ზღვაი იგი პონტოისა (შავი ზღვა), სამკვიდრებელი ყოვლადვე ქრისტიანეთა, მისაზღვრამდე ქალდიაისა... ტრაპეზუნტი მუნ არს, საყოფელი იგი აფსარეაისა (სარფი) და ნაფსაის ნავთსადგური (ნიკოფსია)” (II. გვ. 62-63). მე-9 საუკუნის სომხურ უსახელო გეოგრაფიაში, რომელიც აღწერს მე-7-9 საუკუნეთა კოლხეთს, მის შემადგენლობაში მოხსენებულია მარ(გ)ველი-ვი, ეგრევიკი (ფასისი), ლაზივი, ჭანივი, რომელ არს ხალტეთი (ხალდია) და ხუთი ქალაქი იანი, კოტა (ქუთაისი), როდოპოლისი (ვარდციხე), ათინა, რიზონი და სხვა ზღვისპირა ქალაქები და პორტები, რომელთა შორის არის “ტრაპეზუნტი” (II. გვ. 64).
780-იან წლებში ეპიფანე კონსტანტინოპოლელი, 810-814 წწ-ში თეოფანე აღმსარებელი და 806-815 წწ-ში ნიკიფორე კონსტანტინოპოლელი პატრიარქი ტრაპიზონს მოიხსენიებენ როგორც „ლაზიკის ქალაქი ტრაპეზუნტი“ (II. გვ. 66). ანდრია მოციქულის მიმოსვლათა მოსახსენებლის ქართულ ვერსიაში, რომელიც ექვთიმე მთაწმიდელს (958-1028 წწ) ეკუთვნის, ვკითხულობთ: „მოიწია უკვე ქალაქად ტრაპეზუნტად, რომელ იგი შენ არს (გაშენებულია) სოფელსა (ქუეყანასა) მეგრელთასა”. ასევე მოიხსენიებს გიორგი მთაწმიდელიც ტრაპიზონს, როცა ის აღწერს ერეკლე კეისრის კავკასიაში მეორე ლაშქრობას (ხელნაწერი 1042 წლისა, AA-500, გვ. 516ბ; მ. ჯანაშვილი გამოცემა XXVII, გვ. 49; თ. ჟორდანია, ქრონიკები, (IV. I გვ. 64). ამ პერიოდიდან მოყოლებული, ვიდრე XVI საუკუნემდე, რიზეს მხარე „განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, გარდა იმ ხანმოკლე პერიოდებისა, როდესაც უცხოელი დამპყრობელნი ძალით ახერხებენ მის მოწყვეტას საქართველოდან“ (II. გვ. 6-7). ამიტომაც შუასაუკუნეების ბერძენი ავტორები გიორგი პახიმერი და ლაონიკოს ხალკოკონდილესი ტრაპიზონის მეფეებს მოიხსენიებენ სახელწოდებით: „მთავარი ლაზთა“, „მფლობელი ლაზთა“, „კოლხეთის მეფენი“, „კოლხეთის მთავარნი“ (II. გვ. 10-11).
რაც შეეხება, ზოგადად, ჭანთა ქვეყანას, ის სამ მხარედ იყოფა: 1. ლაზიის მხარე, ანუ რიზეს პროვინცია: გონია-აფსარის (სარფის) სანაპირო, მურღულის სანაპირო, სოტიროპოლი (სატრაპელა, იგივე ოფი), რკინის პალო; 2. საკუთრივ ტრაპიზონის მხარე, ანუ ქალდია: გიმორა, ტრაპიზონი, მაჭუკა, საკუთრივ ქალდია, ვიწრო მნიშვნელობით; 3. საკუთრივ ჭანეთის მხარე (ვიწრო მნიშვნელობით): კერასუნ-ფარნაკია, კოტიორა, ლიმანი, ანუ ოინე, დღევანდელი უნიე (II. გვ. 12). საქართველოს ენციკლოპედიაში მოცემულ XIII ს-ის დამდეგის საქართველოს სახელმწიფო რუკაზე დასავლეთ ჭანეთის ცენტრებად ვხედავთ კერასუნტსა და კოტიორას, შუა ჭანეთისას - ტრაპიზონსა და მაჭუკას, ხოლო აღმოსავლეთ ჭანეთისას _ რიზეს, ათინას, ოფსა და რკინისკარს (V. გვ. 192-93).
ვახუშტი ბატონიშვილი 1745 წელს წერდა: „ბაიბურდისა და ფორჩხის სამხრით, ჭანეთის მთას იქით, არს ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე. არს ესე შავი ზღვის კიდის წადევნებით გონიიდან ტრაპიზონის საზღვრამდე. ...არს ქალაქი მცირე რიზა ზღვის კიდეზედ... ხოლო ამის დასავლეთით ჩამოვარდების მცირე მთა, კნინღა ზღვამდე, ჭანეთის მთიდამ. და ესე არს საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა-ტრაპიზონისა... აქა არს რკინის პალო, აქავ არს სატყეპელა. აქ აღაშენა მეფემან არჩილ მოწამემან ციხე შემდგომად ყრუს შემოსვლისა. ...კაცნი არიან... სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, გარნა მცირედნი ვინმე მოიპოვებიან ქრისტიანენი, არამედ იციან კვალად ქართული ენა ვიეთამე... არამედ არა არს ციხე, ანუ დაბანი, ანუ აგარნი, რომელსა შინა არა იდგეს საყდარი ანუ ეკლესია, თლილის ქვით ნაშენნი, ორი, ანუ სამი, დიდნი და მცირედნი, და ეგრეთვე ყოველთა საქართველოსა შინა, რომელნიცა აღვსწერეთ” (VI. გვ. 142-143).
აღნიშნული წყარო უმნიშვნელოვანესია შემდეგ გარემოებათა გამო:
1. ზედმიწევნითი სიზუსტითაა გადმოცემული ისტორიული საქართველოს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი საზღვარი, სადაც ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში უკვე გამუსლიმებული, მაგრამ ქართულად მოსაუბრე ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ;
2. ისე როგორც ვახუშტის აღწერილ დანარჩენ საქართველოში (“ყოველთა საქართველოსა შინა, რომელნიცა აღვსწერეთ”) ეს სასაზღვრო ზოლიც (“ციხე, ანუ დაბანი, ანუ აგარნი”) სულ ერთიანად მოფენილია ქართული ეკლესია-საყდრებით (“თლილის ქვით ნაშენნი”), რომელსაც არჩილ მეფის “სატყეპელას” ციხე შემოსაზღვრავს;
3. დეტალურად გადმოგვცემს საქართველოს დასახლებულ პუნქტებს დასავლეთის მიმართულებით “გონიიდან ტრაპიზონის საზღვრამდე” (“გონიის დასავლეთით მოერთვის ზღვას მდინარე... ამ მდინარის იქით არს ხოფჯა, ქალაქი მცირე, ზღვის კიდესა ზედა. აქ მოერთვის მდინარე ხოფჯისა... ამ მდინარის დასავლით არს ქალაქი მცირე რიზა. ზღვის კიდეზედ. მოერთვის მუნვე მდინარე მისივე ზღვასა... ხოლო ამის დასავლით ჩამოვარდების მცირე მთა, კნინღა ზღვამდე, ჭანეთის მთიდამ. და ესე არს საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა. აქა არს რკინის-პალო, აქავ არს სატყეპელა” (VI. იქვე).
4. შესაძლებელი ხდება “სატყეპელას” იდენტიფიცირება. პ. ინგოროყვა მიიჩნევს, რომ “სატყეპელა” არის იგივე “სატრაპელა, სოტიროპილი” (II. გვ. 35), ანუ დღევანდელი ოფი. დასავლურ წყაროებში სოტიროპოლად (მაცხოვრის ქალაქად, “მაცხოვრისი”) ჯერ მიჩნეული იყო აფხაზეთი, კერძოდ, ცხუმი (ვ. ბოლოტოვი, ვ. ლატიშევი) და ბიჭვინთა (ი. კულაკოვსკი) წყაროებში მოხსენიებული პვითიას გამო, ხოლო შემდეგ _ ბორჩხა, რაც ასევე ვახუშტის მიერ მოხსენიებული “ფორჩხის” ზეგავლენა იყო. ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა იმის დაზუსტება, მართლაც არსებობდა თუ არა ბაიბურდის მთის სიახლოვეს სახელწოდება “ფორჩხა”, თუ ვახუშტი ბაგრატიონი დღევანდელ ბორჩხას გულისხმობდა, რომელიც ქართულად მოსაუბრე მუსლიმი ქართველებით დასახლებული ქალაქია). თუმცა, ა. ბრაიერს მისივე მოსაზრება საეჭვოდ მიაჩნია, რის გამოც ის სოტიროპოლის ბორჩხის იდენტიფიცირებისას კითხვის ნიშანს იყენებს (“Forchkha?”) (VII). პ. ინგოროყვა კი კლავდი პტოლემეს გეოგრაფიასა და ამიანე მარცელინიზე დაყრდნობით ასკვნის, რომ მათ მიერ მოხსენიებული პიტიუსი იგივე ოფაა (II. გვ. 40-45);
5. სწორედ დღევანდელ ოფსა და რიზეს შუა, სპერის წყლის გაყოლებაზე და არა დღევანდელ ბორჩხასთან, მდებარეობს პონტოს მთების უმაღლესი მწვერვალი Demir Kapi, რაც პირდაპირი თარგმანია “რკინის კარისა”. პ. ინგოროყვას მიხედვით, რკინის-პალო არის სახელწოდება ისტორიული ციხისა, რომელიც მდებარეობდა მდინარე კალოს ხეობაში. ამის დასავლეთით მდებარეობდა სატყეპელა, სატრაპელა (II. გვ. 48). ძველბერძნული სახელების გადმოქართულების ტრადიცია სოტიროპოლ-სატრეპელა-სატყეპელას მსგავსად, უკავშირდება იმავე კალოს ხეობაში, ანუ ოფისა და რიზეს შუა, მდ. კალოს („კალოს პოტამოსის”) შესართავთან არსებულ „“კენე პარემბოლეს” („ახალ ციხეს”, ანუ „ახალ ბანაკებს”), რომელიც გვიან ხანაში ქართული ზეგავლენით გადაკეთებულა „კალიპარაულად“ (II. გვ. 45). საგულისხმოა, რომ ამავე ზონაში არსებობს კიდევ ერთი Demir Kapi, ასევე ამავე დასახელების სოფელი, ხოლო საკუთრივ Demir Kapi-ს მწვერვალი გარშემორტყმულია ცნობილი შვიდი ტბით, სადაც XIX საუკუნეში ავსტრიელების ზედამხედველობის ქვეშ არსებული ცნობილი ბოტანიკური ბაღიც არსებობდა. აქვე აღსანიშნავია, რომ სტრაბონისა და ქსენოფონტეს მიერ მოხსენიებული “შვიდსოფელთას”, ანუ “შქვეითის” მთები ეწოდებოდა იმავე „პარხალის მთების სისტემას, რომელიც გაჰყოფს ჭოროხის ხეობას ლაზეთიდან; ეს მთები იწყება ჭოროხის შესართვათან და გასდევს ჭოროხის ხეობასა და ლაზეთს შორის ვიდრე ტრაპიზონის ზონამდე” (II. გვ. 58) (დღევანდელი „კაჩკარ დაღი”). საქართველოს ისტორიული სასაზღვრო ზოლის ამ მონაკვეთის ანალაზს კი იმით დავასრულებთ, რომ რიზეს სანჯაყში პარხალის მთების კალთებზე განფენილ რაიონს ამჟამად ეწოდება „კურა სება”, რაც არაბულად სიტყვა-სიტყვით ნიშნავს “შვიდ (შქვით) სოფელს”. ადგილობრივი ტოპონიმიკა აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ აქ ოდითგანვე მაღალი რკინის კულტურა უნდა ყოფილიყო განვითარებული, რომელიც უძველესი (კოლხური) ცივილიზაციის სამკვიდრებელი უნდა ყოფილიყო.
ეს მხარე იმთავითვე იქცა ბიზანტიელებსა და ქართველებს შორის ომების ასპარეზად ხანგრძლივ-ვადიანი გავლენის მოსაპოვებლად, რასაც ტრაპიზონის იმპერიის არსებობის პერიოდში, წითელ ზოლად გასდევს ე.წ. პრო-ქართული და პრო-ბიზანტიური “დასების” (“პარტიების”) გამალებული ბრძოლა ძალაუფლებისათვის (იხ. ივ. ჯავახიშვილი, პ. ინგოროყვა: I. 1982. ტ.III. თ. XIII, XIV, გვ. 140-151. II. გვ. 27-30, 46-47). ამასთან, რიზეს ოლქი (საკუთრივ ლაზია) და სოტიროპოლი XIIIს-ში წარმოადგენს კონდომინიუმს, რომელზედაც ვრცელდება ხელისუფლება როგორც ტრაპიზონის „მეფისა”, ისე საქართველოს “მეფეთ-მეფისა” (II. გვ. 46). მე-13 საუკუნის დასასრულიდან ვიდრე მე-16 საუკუნემდე რიზე და სოტიროპოლი საქართველოს შემოუერთდა; ეს მხარე მე-15 საუკუნემდე შედის მესხეთის ფარგლებში, ხოლო მე-15-16 საუკუნეებში დაკავშირებულია ხან მესხეთთან, ხან გურიასთან. კერძოდ, დასავლეთ საქართველოს მეფე დავით ნარინმა ჯერ 1282 წელს შემოიერთა რიზეს მხარე, ხოლო 1297-1463 წლებში ეს მხარე შეუერთდა მესხეთს; 1463-1502 წლებში ის გურიის სამთავროს ნაწილია; 1502-1535 წლებში - კვლავ მესხეთისა; 1535-1547 წლებში კი, ანუ ოსმალთა მიერ დაპყრობამდე - კვლავ გურიის სამთავროსი (II. გვ. 33). ამასთან, რიზე ეკლესიურად X საუკუნიდან შედის საქართველოს საკათალიკოზოს შემადგენლობაში, ხოლო სატრაპელა - მოგვიანებით (XIII-XIVსს) გამოდის ბიზანტიის საპატრიარქოდან; მას შემდეგ, რაც „სოტიროპოლის ოლქი, რიზეს ოლქთან ერთად, საქართველოს ეკლესიას დაუკავშირდა, აქ შეიქმნა ერთი საეკლესიო ერთეული (სამიტროპოლიტო), რომლის ცენტრი არის ოფი (სოტიროპოლი, იგივე სატრაპელა)... უფრო გვიან ხანაში, მე-16 საუკუნეში, როდესაც ოსმალეთმა დაიპყრო ჭანეთი, ოფისა და რიზეს მხარე, და ჭანეთში დაიწყო ისლამის გავრცელება, ლაზიის (ოფის ანუ სოტიროპოლ-სატრაპელას) კათედრა გადმოუტანიათ გურიაში და თვით იმ პუნქტისათვის, სადაც მოეწყო დროებით რეზიდენცია ლაზიის მიტროპოლიტისა, უწოდებიათ ლაზეთიდან მოტანილი სახელი სატრაპელა. მე-17 საუკუნის დასაწყისში, 1617 წელს, გურიაში იყო რომის მისიონერი ლუი გრანჟიე, რომელმაც ინახულა ამ ახალ რეზიდენციაში - გურიის სატრაპელაში - ლაზიიდან გადმოხიზნული იერარქი, რომელსაც იგი ლაზიის მთავარეპისკოპოსისა და მიტროპოლიტის სახელით მოიხსენიებს” (II. გვ. 54, 38).
ისტორიულად სამი ნაწილისგან შედგებოდა სპერის მხარეც: ზემო, შუა და ქვემო სპერი. პ. ინგოროყვა სპერის მხარის მოსახლეობის ეთნიკური შემადაგენლობის შესახებ წერს: “...ჭოროხის ხეობის ის ნაწილი, რომელიც უჭირავს სპერის მხარის სამ კუთხეს (ქვემო-სპერს, შუა-სპერს და ზემო-სპერს) უძველესი დროიდანვე დასახლებული იყო ქართველი ხალხის ორი შტოს - იბერიელების (მესხების) და ჭანების მიერ. სპერის მხარის ზემო ნაწილებში... სახლობდნენ უმთავრესად ჭანები; ხოლო სპერის ქვემო ნაწილში იბერიელები (მესხები) შეადგენდნენ უმრავლესობას (როგორც ეს დადგენილია სპეციალურ ლიტერატურაში, თვით სახელწოდება ამ მხარისა - სპერი, იგივე სბერი, ჰიბერი, დაკავშირებულია იბერიელების სატომო სახელთან)... როგორი ვითარება დამყარდა სპერის იმ პატარა კუთხეში, ზემო სპერში, რომელიც ერთხანად სომხეთთან იყო დაკავშირებული პოლიტიკურად; შეიცვალა აქ მოსახლეობის ეთნოგრაფიული შემადგენლობა?.. 1. პროკოპი კესარიელის (VI საუკ.) ცნობით, ჭოროხის ხეობის ზემო ნაწილი ვიდრე ქალაქ ბაიბურთამდე (ე.ი. ზემო სპერი) დასახელებულ ეპოქაში სომხეთთან იყო დაკავშირებული..., ხოლო ეთნოგრაფიულად ეს მხარე პროკოპი კესარიელს ჭანეთის ნაწილად მიაჩნია... 2. მოსე ხორენელი (დაახლ. VIIს.).... აღნიშნავს ამ კუთხის შესახებ, რომ იგი არისო მხარე, სადაც არ ისმისო სომხური ენა... 3. ...სტეფანე სივნიელი (VIIIს.) აგრეთვე აღნიშნავს, რომ სპერში გავრცელებუილი იყო არა სომხური, არამედ ადგილობრივი დიალექტი... ტაოს იმ ნაწილს, რომელიც სომხეთთან იყო დაკავშირებული, სომხურ წყაროებში ეწოდებოდა მამიკონელთა ქვეყანა... ფავსტოს ბიზანტიელის საისტორიო თხზულებაში მანუელ მამიკონიანი შემდეგი სიტყვებით მიმართვას სომხეთის მეფეს ვარაზდატს (374-377წწ.): “ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ თქვენი მსახურნი, არამედ ვიყავით თქვენი ამხანაგნი და იქნებ თქვენზე მეტად სახელოვანნიც, რადგან ჩვენნი წინაპარნი იყვნენ მეფენი ჭენასტანში...” ჭენასტანი გვიან ხანაში ესმოდათ როგორც ჩინეთი, მაგრამ როგორც ეს სრულიად სწორად ამოხსნა ნ. ადონცმა, აქ, ცხადია, იგულისხმება “ჭენთა” ქვეყანა, ჭანეთი, რომელიც სწორედ მამიკონელთა საგვარეულო მხარის ტაოს გვერდით მდებარეობს” (II. გვ. 59-61. 58-59). პლინიუს სეკუნდე (24-79წწ) აგვიწერს რა ლაზეთის ზღვის სანაპიროს ვიდრე აფსარის (სარფის) ციხემდე, აღნიშნავს, რომ ქედს გადაღმა (პონტოს მთების იმიერ) მდებარეობსო იბერია... ძველ-ქართულ მატიანეებში შავი ზღვის სანაპირო ლაზეთის კუთხეს, რომელიც პოლიტიკურად იბერიასთან იყო დაკავშირებული, ეწოდება: “ბოლო კლარჯეთისა _ ზღვისპირი”, ანუ ზღვისპირა კლარჯეთი... კლარჯეთის საერისთავოს ამ ორ საგანაპირო კუთხეში, ერთიმეორეს ხვდებოდა ორი შტო ქართველი ხალხისა: ქართ-იბერიელები და მეგრელ ჭანები” (II. გვ. 56-57).
იოანე საბანის-ძისა და ექვთიმე მთაწმიდელის ტექსტების პავლე ინგოროყვასეული ინტერპრეტაციით, ზემოთ დასახელებულ სამ პუნქტს შემდეგი სიმბოლური დატვირთვაც გააჩნია: „„ტრაპეზუნტთან” (ყველაზე სამხრეთი), “აფსართან”, ანუ სარფთან (ცენტრალური პუნქტი) და “ნაფსაის ნავთსადგურთან”, ანუ იგივე ნიკოფსიასთან (ყველაზე ჩრდილოეთი) იყო დაკავშირებული გადმოცემები ქრისტიანობის გავრცელების შესახებ დასავლეთ საქართველოში თვით მოციქულთა მიერ (ტრაპეზუნტში იქადაგა ანდრია მოციქულმა და აქედან შემოვიდა იგი საქართველოში; აფსარში უნდა იყოს დასაფლავებული მოციქული მატათა; ხოლო ნიკოფსიაში უნდა იყოს დასაფლავებული სიმონ კანანელი) (II. გვ. 63-64).

Комментариев нет:

Отправить комментарий