пятница, 10 сентября 2021 г.

გაერთიანებული საქართველოს მეფეთა ქართული ტიტულატურა XI საუკუნეში (მ. ბახტაძე)

ქართველ მეფეთა ტიტულატურა დაფიქსირებულია ისტორიულ საბუთებში, ნუმიზმატიკურ და ეპიგრაფიკულ ძეგლებზე, ნარატიულ წყაროებში, სხვადასხვა სახის მინაწერებში და სხვ. ცხადია, ყველაზე სრულად დაცულია თავად მეფეთა მიერ გაცემულ სიგელებში. საქართველოს მეფეთა ქართული ტიტულატურის შესწავლისათვის ეს უმთავრესი წყაროა, გამომდინარე თუნდაც იქიდან, რომ სიგელი წარმოადგენდა ოფიციალურ იურიდიულ დოკუმენტს. სამწუხაროდ, სიგელების მეტად მცირე რაოდენობამ მოაღწია ჩვენამდე და ზოგიერთი მეფის მიერ გაცემული საბუთი საერთოდ არ მოგვეპოვება. ძალიან საინტერესოა ნუმიზმატიკური მასალა. აქ დაფიქსირებული ისეთი ტიტულატურა, რომელიც სიგელებში არ გვხვდება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მონეტების მცირე ზომების გამო მასზე განთავსებულ ზედწერილებში ძნელი იყო სრული ტიტულატურის ასახვა და მსგავსი რამ თითქმის არ გვხვდება. დაახლოებით ასეთივე ვითარება გვაქვს ეპიგრაფიკულ ძეგლებთან დაკავშირებითაც. ყველაზე ნაკლებად სანდოა ნარატიული წყაროები, რადგან მემატიანენი არც იყვნენ ვალდებული და არც მოიხსენიებდნენ მეფეებს სრული ოფიციალური ტიტულატურით. საინტერესოა უცხოურ წყაროებში დაცული ცნობები. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ამ შემთხვევაში დაფიქსირებულია მიმართვის ის ფორმა, რომლითაც სხვა ქვეყნის მმართველები მომართავდნენ საქართველოს მეფეებს და ამას ზოგჯერ მეტად მცირე რამ აკავშირებს ოფიციალურ ქართულ ტიტულატურასთან.
საქართველოს მეფეთა ტიტულატურის შექმნა ბაგრატ III-ის დროიდან იწყება. ივ. ჯავახიშვილის წერდა, „სახელმწიფოს სათავეში იდგა მეფე, რომელიც ბაგრატ III-ის დროიდან იწოდებოდა მეფეთამეფედ. ხელმწიფის სრული სახელწოდება დროთა განმავლობაში უფრო და უფრო ვრცელი ხდებოდა. იგი არეკლავდა საქართველოს თანდათანობით პოლიტიკურ ზრდას და სახელმწიფო საზღვრების გაფართოების ისტორიას. ამიტომ თავისი მეფობის დასაწყისში ბაგრატ III იწოდებოდა მხოლოდ „მეფე აფხაზთა და ქართველთა“, ხოლო უფრო გვიან ... „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა.1“ თითქმის იგივე მოსაზრებას გამოთქვამდა შ. მესხია, „მეფეთა წოდებანი, ერთის მხრივ, წარმოგვიდგენენ იმას თუ როგორ განთავისუფლდნენ ისინი ბიზანტიური ტიტულებისგან და კიდევ მეტი, როგორ დაუპირისპირდნენ ისინი ბიზანტიის იმპერატორებს, ხოლო მეორეს მხრივ ამ წოდებათა გამრავლებას, ზრდას შესაბამისად იმ ცვლილებებისა, რასაც საქართველოს სახელმწიფოებრივი საზღვრები განიცდიდა. ქართველ მეფეთა ტიტულატურის ევოლუციაში ასახული იყო აგრეთვე საქართველოს სამეფოს საერთაშორისო გავლენის თანდათანობითი ზრდაც“2. ჯ. სტეფნაძე აღნიშნავდა, „საქართველოს მეფეები მხოლოდ იმ ქვეყნის მეფობას ითვისებდნენ, რომელსაც უშუალოდ იერთებდნენ. ყმადნაფიც ხალხთა სახელები ტიტულატურაში არ შედიოდა. საქართველოს მეფეთა ტიტულატურაში არ შედიოდა აგრეთვე უმნიშვნელო პოლიტიკური ერთეულის (მაგ. ტავუშის და მაწნაბერდის, წანარიის და სხვ.) მეფობაც“3.
მ. თოდუა შენიშნავდა, „ხშირად მეფის მიერ მოხსენიებული ტიტული გადაჭარბებულია (ახალ ვითარებას აღარ ასახავს ან პრეტენზიულია) რის გამო, ბუნებრივია, მას ყველა ასე არ მიმართავდეს.4“ ეს უკანასკნელი მოსაზრება ნაკლებად ეხება XI-XII და უფრო მოგვიანო პერიოდისთვის არის აქტუალური.
ტიტულატურასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელი თანამოსაყდრეობის საკითხიც. ივ. სურგულაძე მართებულად წერდა: „პრაქტიკულად ორმეფობის ინსტიტუტი თითქმის განუწყვეტლივ არსებობდა გიორგი II-ის დროიდან დავით ნარინამდე. გიორგი II-მ თანამოსაყდრედ გაიხადა დავით აღმაშენებელი, დავითმა - დემეტრე, დემეტრემ გიორგი III, გიორგი III-მ - თამარ მეფე, თამარმა - ლაშა-გიორგი, რუსუდანმა - დავით ნარინი“5. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ფაქტები შემდგომშიც იყო. დავით ნარინი და ვახტანგ II, ალექსანდრე დიდი და ვახტანგ III. ვ. სილოგავა აღნიშნავდა: „თანამოსაყდრეობა ჯერ კიდევ არ ნიშნავდა, რომ იგი აუცილებლად მეფედ ყოფილიყო დასახელებული.6“
მეტად საინტერესო მოსაზრება გამოთქვეს რ. მეტრეველმა და ჯ. სამუშამ, რომ „ერთმანეთისაგან უნდა განირჩეს თანამოსაყდრე და თანამეფე“7. ჩვენი აზრით, სამწუხაროდ ქართული წყაროები არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დაწვრილებით ვისაუბროთ თანამოსაყდრისა და თანამეფის უფლებრივ განსხვავებაზე. თუ მეტრეველი-სამუშიას მოსაზრებას გავიზიარებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ თანამოსაყდრეს უფრო ნაკლები უფლებები და შედარებით დაბალი სტატუსი უნდა ჰქონდა, ვიდრე „მეფე მამას“, ხოლო თანამეფობის შემთხვევაში ორივე მეფეს ერთნაირი უფლებები და სტატუსი გააჩნდა. ასეთ შემთხვევაში ისიც უნდა გაირკვეს, თუ როდის გვაქვს საქმე თანამოსაყდრეობასთან და როდის – თანამეფობასთან. მაგ., როდესაც დავით სოსლანის გარდაცვალების შემდეგ გიორგი IV ტახტზე აიყვანეს, ის თანამოსაყდრე იყო თუ თანამეფე? მსგავსი ვითარებაა დავით VI-სა და ვახტანგ II-სთან დაკავშირებითაც. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ თანამოსაყდრისა და თანამეფის საკითხი მეტად საინტერესო, მაგრამ მისი განხილვა ჩვენი ამჟამინდელი კონკრეტული კვლევის სფეროს ცილდება.
ჩვენი მიზანი განვიხილოთ, თუ როგორი იყო საქართველოს მეფეთა ტიტულატურა XI საუკუნეში.
ბაგრატ III
პირველი ტიტული რომელიც მიიღო ბაგრატ III-მ იყო „მეფე აფხაზთა“ 978 წელს და ამაზე არც არავინ დავობს. ამ ტიტულით მოიხსენიება მეფე: ბედიის ბარძიმის წარწერაში, „მეოხ ეყავ წინაშე ძისა შენისა ბაგრატ აფხაზთა მეფესა და დედასა მათსა გურანდუხტ დედოფალსა;8“ ბრეთის საწინამძღვრე ჯვარი - „ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე ძეი მეფეთ მეფისა გურგენისა;9“ ცაგერის ხატის - „ძლიერი და უძლეველი ბაგრატ აფხაზთა მეფე და ყოვლისა აღმოსავლეთისა კურაპალატი.10“ ასევე ჯავახეთში სოფელ მაჭიტას წარწერაში: „ადიდე ბაგრატ კურაპალატი ... აფხაზთა მეფე და ძე მისი...“11. ანალოგიური ტიტულითაა მეფე მოხსენიებული მონეტაზეც, რომელიც სავრაუდოდ 980 წელს უნდა იყოს მოჭრილი - „ქრისტე ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე.“12
ქართულ ისტორიოგრაფიაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს ბაგრატის მიერ „ქართველთა მეფის“ ტიტულის მიღების საკითხი. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ბაგრატ IIIმ ქართველთა მეფის ტიტული დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, 1001 წელს მიიღო13. სხვანი კი დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ „ქართველთა მეფის“ ტიტულის მფლობელად გურგენს მიიჩნევენ და ბაგრატ III-ის მიერ „ქართველთა მეფის“ ტიტულის მიღებას 1008 წლით ათარიღებენ. თავის დროზე ივ. ჯავახიშვილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ბაგრატ III-მ „ქართველთა მეფის“ ტიტული მხოლოდ 1008 წელს, მამის გურგენის გარდაცვალების შემდეგ მიიღო14. პ. ინგოროყვა გურგენს ქართველთა მეფეთა მეფეს უწოდებდა15. ნ. ასათიანის აზრით, 1008 წლამდე ქართველთა მეფე გურგენი იყო. „1008 წელს ბაგრატის მამა გურგენ მეფე გარდაიცვალა ... ამის შემდეგ ბაგრატი იწოდებოდა „აფხაზთა და ქართველთა“ მეფედ“16. შ. ბადრიძეს მიაჩნდა, რომ „ქართველთა მეფე 958-994 წწ. იყო ბაგრატ რეგუენი, ხოლო მას შემდეგ სახელმწიფოს სიუზერენად 994-1008 წწ. მმართველობდა მისი ძე გურგენი“17. ქ. ნადირაძე ეთანხმება მოსაზრებას გურგენის მიერ 994-1008 წლებში „ქართველთა მეფის“ ტიტულის ფლობის შესახებ18.
ლ. თავაძე იზიარებს თვალსაზრისს, რომ ქართველთა მეფის ტიტული ბაგრატ III-მ 1008 წელს, მამის გურგენის გარდაცვალების შემდეგ მიიღო. „გურგენის გარდაცვალების შემდეგ ბაგრატი ოფიციალურად იწოდა „აფხაზთა და ქართველთა მეფედ და კურაპალატად“, ხოლო გურგენის სიკვდილამდე ის თავს „აფხაზთა მეფედ და ქართველთა კურაპალატად“ თვლიდა. ამით ხაზი ესმებოდა იმას, რომ „ქართველთა მეფე“ სწორედ გურგენი იყო.“19
ჩვენ იმ მოსაზრებას ვეთანხმებით, რომ გურგენ მეფეთმეფე არასდროს „ქართველთა მეფის“ ტიტულს არ ფლობდა. ამას ადასტურებს რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლი. ბაგრატის ტაძრის 1001-1008 წლების წარწერა - „მეუფეო, მფლობელო ყოველთა სუფევათაო უმეტესად ადიდე ძლიერი ბაგრატ კურაპალატი, აფხაზთა და ქართველთა მეფჱ თანა მამით, დედით, დედოფლით და ძით მათით, ამინ“20. წარწერის შინაარსიდან ნათლად ჩანს, წარწერის შექმნის დროს ბაგრატის მამა, გურგენი ცოცხალია. მიუხედავად ამისა „ქართველთა მეფის“ ტიტულით ბაგრატია მოხსენიებული. გამოდის, რომ ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში ბაგრატი უკვე იყო ქართველთა მეფე. ცხადია, ბაგრატ III-ს „ქართველთა მეფის“ ტიტული გურგენის გარდაცვალების შემდეგ არ მიუღია.
ყველაზე მნიშვნელოვანია ხცისის წარწერა - „სახელითა ღმრთისაითა მე გლახაკმან ანანია ვიწყე შენებად წმიდასა ამას ეკლესიასა საყოფელსა წმიდაჲსა ნათლისმცემლისასა სალოცველად ადიდენ ღმერთმან ძლიერისა ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა და კურაპალატისა და ძისა მათისა გიორგი უფლისწულისას და მეფისა ჩუენისა და სახსრად ცოდვილისა სულისა ჩემისათუის და მოსახსენებლად სულისა მშობელთა და მამათა ჩემთათვის ქორონიკონ იყო სკბ“21.
წარწერა შესრულებულია 1002 წელს და მასში ბაგრატი მოიხსენიება აფხაზთა და ქართველთა მეფედ. აშკარაა, ბაგრატ III-მ „ქართველთა მეფის“ ტიტული ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში მიიღო, დავით კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ 1001 წელს.
ქართულ ისტორიოგრაფიაში სხვადასხვა მოსაზრებაა იმასთან დაკავშირებით, თუ როდის შემოიერთა ბაგრატ III-მ კახეთი და ჰერეთი. მეცნიერთა ნაწილი თვლის, რომ ეს 1008-1010 წლებში მოხდა22. თ. პაპუაშვილის აზრით, 1009 წელს გამეფებული კვირიკე III ბაგრატმა დაატყვევა 1011 წელს23. ჯ. სტეფნაძე თვლიდა, რომ ბაგრატ მეფე 1008 წელს იღებს ქართველთა მეფის ტიტულს, ხოლო 1008-1010 წლებში იგი ხდება „კახთა და რანთა მეფე.24“ თ. პაპუაშვილი თვლიდა, რომ „ჰერეთის დაპყრობის შემდეგ, როგორც ამას ნიკორწმინდის ტაძრის წარწერა მოწმობს, ბაგრატ III იხსენიება ასეთი ტიტულატურით: „ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატი“. ხოლო მას შემდეგ, რაც ბაგრატ III კახეთიც შემოიერთა, მის ტიტულატურას შეემატა ახალი კომპონენტი „კახთა“. სახელდობრ კაცხის წარწერის მიხედვით მისი ტიტულატურა ასეთი სახით გამოიყურება: „ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფეი, ტაოჲსა და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავალისა დიდი კურაპალატი“25.
დაახლოებით ანალოგიური მოსაზრება ქონდა გ. გაბუნიას: „1008 წელი - ჰერეთის სამეფოს შემოერთების შემდეგ ბაგრატ მესამეს შეემატა ახალი ტიტული: „მეფე რანთა“, ანუ „მეფე ჰერთა.“ 1010 წელი - კახეთის ძლიერი სამეფოს დამორჩილების შედეგად ბაგრატ III-ის ტიტულატურას ემატება კიდევ ერთი ახალი ერთეული: „მეფე კახთა“ ... საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს საზღვრები ნიკოფსიიდან ყაბალამდე ვრცელდებოდა. ბაგრატ მესამე დიდი ამიერიდან იწოდებოდა, როგორც - „მეფე აფხაზთა და ქართველთა, ტაოჲსა, რანთა (ჰერთა) და კახთა, ქართველთა და ყოვლისა აღმოსავლეთისა დიდი კურაპალატი.26“ განსხვავებული მოსაზრება აქვს მ. ლორთქიფანიძეს, „1010 წელს კახეთისა და ჰერეთის შემოერთების შემდეგ, მის ტიტულატურას ემატება „მეფე რანთა (ე.ი. ჰერთა) და კახთა“ და ამ ეტაპზე საქართველოს მეფის ტიტულატურა ასე გაიმართა: „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, კურაპალატი.27“
ნ. ბერძენიშვილს მიაჩნდა, რომ ბაგრატ მეფემ კვირიკე შეიპყრო 1011 წელს28.
ჯ. სამუშიას აზრით, 1003 წელს ბაგრატმა კახეთი მოარბია (იზიარებს ვ. სილოგავას მოსაზრებას), მაგრამ „რეალური შედეგით ეს ლაშქრობა არ დასრულებულა.“ 1008 წელს მეფე იკავებს ჰერეთს, რომლის ტახტიც უმემკვიდრეოდ არის დარჩენილი. კახეთში კი ამ დროს იმიტომ ლაშქრობს, რომ ეს სამეფო გაენეიტრალებინა. კახეთ-ჰერეთის საბოლოო შემოერთების მესამე ეტაპი კი 1009-1011 წლებში ხდება. „ბოჭორმის ციხესიმაგრემ რამდენიმეთვიან ალყას, ბოლოს და ბოლოს, ვერ გაუძლო და დაეცა. კვირიკე კახთა მეფე იძულებული გახდა ბაგრატ III-ს ჩაბარებოდა. „აფხაზთა და ქართველთა“ და აწ უკვე „რანთა და კახთა“ მეფემ კახეთის ქორეპისკოპოსი თან წაიყვანა.29“ მკვლევარი საგანგებოდ არ შეხებია ბაგრატ III-ის ტიტულატურის საკითხს, თუმცა მეფესთან მიმართებით ორჯერ იყენებს შემდეგ ტიტულს - „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა.30“
საინტერესოა ორი ეპიგრაფიკული წარწერა: ნიკორწმინდის - „ადიდე სიმართლით და დღეგრძელობით შენ მიერ გვირგვინოსანი ბაგრატ აფხაზთა და რანთა მეფე და ქართველთა კურაპალატი31“ და კაცხის - „ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფეი, ტაოჲსა და რანთა, კახთა და ყოვლისა აღმოსავალისა დიდი კურაპალატი.32“
ნიკორწმინდის წარწერაზე დაყრდნობით, ცხადია, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბაგრატ მეფემ ჯერ მიიღო „რანთა“ მეფის ტიტული და შემედეგ „კახთა“ მეფის, როგორც ამას თ. პაპუაშვილი და გ. გაბუნია თვლიან. თუმცა აქ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, ნიკორწმინდის წარწერაში მეფე მოიხსენება სრული ტიტულატურით თუ არა? ეპიგრაფიკულ წარწერებში ძალიან ხშირად მეფეები არ მოიხსენიებოდნენ სრული ტიტულატურით. უფრო მეტიც, არის შემთხვევები როდესაც მეფე ყოველგვარი ტიტულის გარეშე მოიხსენიება.
ნიკორწმინდის წარწერაში ბაგრატი არ მოიხსენიება „ქართველთა მეფის“ ტიტულით (ქართველთა კურაპალატი, ცხადია, სულ სხვა ტიტულია და ქართველთა მეფესთან კავშირი არ აქვს), მაშინ, როდესაც ის ამ ტიტულს 1001 წლიდან ფლობდა. ასე რომ, შესაძლოა ამავე პერიოდში „კახთა მეფის“ ტიტულსაც ფლობდა. ბაგრატ III-ის მიერ კახეთისა და ჰერეთის სამეფოების დამორჩილება იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან ქრონოლოგიურად, რომ, შესაძლოა, გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ტიტულები - „მეფე რანთა“ და „მეფე კახთა“ ერთდროულად მიიღო. მეორეს მხრივ, სავსებით დასაშვებია, რომ ბაგრატ III-ს „რანთა“ და „კახთა“ მეფის ტიტულები ცალ-ცალკე მიეღო, ამ სამეფოების დაქვემდებარებასთან ერთად.
ძალიან მნიშვნელოვანია კაცხის წარწერა სადაც დაფიქსირებული ტიტული „მეფე ტაოჲსა“. მსგავსი ტიტული არ გვხვდება არცერთი შემდგომი მეფის ტიტულატურაში. შესაძლოა ეს ტიტული საერთო ტიტულატურიდან ამოვარდა ბაგრატ III-ის ძის, გიორგი I-ის, დროს, ბიზანტიასთან განცდილი მარცხის შემდეგ დადებული ზავის გამო ანუ როდესაც ფაქტობრივად ვცანით ტაოს მიწების დაკარგვა. თუმცა ვფიქრობთ, რომ თავად „მეფე ტაოჲს“ შეტანა საერთო ტიტულატურაში პროპაგანდისტული ნაბიჯი უნდა ყოფილიყო ბაგრატ მეფის მხრიდან. ამით ალბათ ხაზი გაესვა, რომ, მართალია, ბიზანტიის იმპერატორმა დაიტოვა დავით კურაპალატის მიწები, მაგრამ საქართველოს მეფე არ ცნობდა ამას და მაინც აცხადებდა პრეტენზიას ამ ტერიტორიებზე. როდის გაჩნდა ბაგრატ მეფის ტიტულატურაში - „ტაოჲს“, ამის ზუსტი განსაზღვრა რთულია. სავარაუდოდ ეს უნდა მომხდარიყო ბაგრატი III-ის მიერ „ქართველთა მეფის“ ტიტულის მიღების შემდეგ „რანთა და კახთა მეფის“ ტიტულის მიღებამდე.
კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ტიტულატურაში - „ტაოჲს“ შეტანა აშკარად პროპაგანდისტული ნაბიჯი იყო, მაგრამ იქნებ ამის უკან უფრო მეტი რამ იდგა? შეიძლება ჰიპოთეტურად ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ბაგრატ III ტაოს მიწების დასაბრუნებლად ემზადებოდა. როგორც ცნობილია, ბაგრატ მეფე ტაოში, ფანასკერტის ციხეში გარდაიცვალა - „გარდაიცვალა შემკობილი მჴცითა შუენიერითა, ქრონიკონსა ორას ოცდათოთხმეტსა, თუესა მაისსა შჳდსა, დღესა პარასკევსა. და იყო დღეთა მიცვალებისა მისისათა ტაოს და წარმოიღო გუამი მისი ზჳადმან ერის-თავთ-ერის-თავმან, და დამარხა ბედიას“33; „მოვლო ბაგრატ ყოველი სამეფო თჳსი, აფხაზეთი, ჰერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა. და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა მას-ვე ციხესა ფანასკერტისასა წელსა მესამესა. და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ ქრონიკონსა სლდ, თუესა მაისსა ზ, დღესა პარასკევსა“34. ეგებ მისი იქ ყოფნაც არ იყო შემთხვევითი და ბიზანტიის იმპერიის მოსაზღვრე „ქუეყანაში“ საგანგებოდ იმყოფებოდა. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, არც ისაა გამორიცხული რომ გიორგი I-ის ბრძოლა ბიზანტიის წინააღმდეგ სწორედაც მამის მიერ დაწყებული საქმის გაგრძელება იყო.
ჩვენ ვეთანხმებით მოსაზრებას, რომ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის სრული ქართული ტიტული უნდა ყოფილიყო „მეფე აფხაზთა და ქართველთა, ტაოჲსა და რანთა, კახთა.“
გიორგი I
გიორგი მეფის ტახტზე ასვლისთანავე „განუდგა ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა, და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერისთავნი, მათ ქუეყანით კუალადვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი“35. ჯ. სტეფნაძე წერდა: „გიორგი I-მა დაკარგა კახეთ-ჰერეთი და ამიტომ ეს აისახა მის ტიტულატურაშიც და მხოლოდა „აფხაზთა და ქართველთა მეფის“ ტიტული უნდა ეტარებინა.36“
სამწუხაროდ გიორგი I-ს შესახებ მეტად მცირე წყაროები გვაქვს და მათში არ ფიქსირდება მეფის რეალური ტიტულატურა. ტონთიოს წარეწრა - „ადიდე გიორგი მეფე და შვილნი მათნი37“. კაცხის წარწერა - „წმიდაო სამებაო შეიწყალე დიდებული გიორგი მეფე“38. ერთ-ერთი ხელნაწერის მინაწერი - „ევთვიმე ქართველი მთარგმნელი მიიცვალა 1028 წელს, მეფობასა ბაგრატისსა, მეფისა გიორგის შვილისა39“. სიმონ მესვეტის ხატი სვანეთიდან - „სადიდებლად მეფეთა, გიორგი მეფისა და შვილთა მათთა, სალოცავად ბაგრატ კურაპალატისა.40“
ზემოთ მოტანილი წყაროები ტიტულატურის მხრივ ბევრ არაფერს იძლევა. ისევე, როგორც მისი ვაჟის ბაგრატ IV-ის მიერ ოპიზართა და მიჯნაძორელთადმი ბოძებულ სიგელი, სადაც გიორგი I მოიხსენიება მხოლოდ მეფობით - „მამისა ჩემისა გიორგი მეფისა“41. არც თვალსაზრისი, რომ გიორგი მეფე ფლობდა კურაპალატის ტიტულს, არაფერს გვაძლევს მის ქართულ ტიტულატურასთან დაკავშირებით42.
გვრჩება მხოლოდ ვარაუდის გამოთქმის საშუალება. რადგან კახეთ-ჰერეთი გახდა დამოუკიდებელი სამეფო, კვირიკე დიდით სათავეში, ლოგიკურია, რომ გიორგი მეფეს დაეკარგა „რანთა და კახთა მეფის“ ტიტული. თუმცა გამორიცხული არაა, რომ მაინც დაიტოვა. საკითხი შეიძლება ესე დავაყენოთ, აღიარა თუ არა გიორგი I-მა კახეთ-ჰერეთის დაკარგვა?
თუ ტიტულატურას შეინარჩუნებდა ეს იქნებოდა განცხადება, რომ არ ცნობდა კვირიკე დიდს და კვლავ აცხადებდა პრეტენზიას ამ მხარეებზე. დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით წყაროთა უქონლობის გამო. თუმცა შეიძლება ირიბი გზით გარკვეული დასკვნების გაკეთება.
როდესაც ბაგრატ III-მ დაიკავა კახეთ-ჰერეთი მან აიღო ბოჭორმის ციხე, დაატყვევა იქ მყოფი კვირიკე, მომავალი მეფე კახეთ-ჰერეთისა და „წარმოიყვანა კჳრიკე და დაიჭირა თჳსსა კარსა ზედა“43. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ 1014 წელს, როდესაც ბაგრატ მეფე გარდაიცვლა, კვირიკე ქუთაისში იყო. როგორ აღმოჩნდა ის ქუთაისიდან კახეთ-ჰერეთში? დაეხმარენ და გააპარეს, თუ გიორგი I-მა გაათავისუფლა? ჯ. სამუშია თვლის, რომ „გიორგი I-ის გამეფების შემდეგ, აშკარად ამ უკანასკნელთან შეთანხმებით, კვირიკე კახეთში დაბრუნდა და თავისი უფლებები აღადგინა.44“ ჩვენ ვეთანხმებით მკვლევარის ამ მოსაზრებას. ცხადია, ძნელი დასადგენია თუ რა კონკრეტული პირობით თუ პირობებით გაათავისუფლა გიორგი მეფემ კვირიკე. შესაძლოა ამ პირობის შედეგი იყო, რომ კვირიკე დიდმა შირიმნის ბრძოლის შემდეგ ჯარი მიაშველა აფხაზთა და ქართველთა მეფეს.
უფრო სავარაუდოა, რომ გიორგი I არ ფლობდა „რანთა და კახთა“ მეფის ტიტულს. მით უმეტეს, რომ ამ ტიტულით მოიხსენიებოდა კახეთ-ჰერეთის მეფე კვირიკე III დიდი.
როდესაც ბაგრატ IV-ის მცირეწლოვანების დროს შედგა კოალიცია განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ, „მატიანე ქართლისაის“ ცნობით მასში მონაწილეობდა, „დიდი კჳირიკე, რანთა და კახთა მეფე“45. თ. პაპუაშვილის აზრით, ამ უკანასკნელმა ეს ტიტული 1020 წელს მიიღო46. კვირიკე დიდი „რანთა და კახთა“ მეფედ იწოდება სულ ახლახანს კახეთში, კალაურში აღმოჩენილი საფლავის ეპიტაფიაშიც. რანთა და კახთა მფლობელად იწოდება აღსართან II-ც, „...მოვიდა მახარობელი ახსართან [ქორ] ეპისკოპოსისაი (?) და რან[თა] და კახ[თა} მფლობელი, ციხისთვობასა [ერისთავის]ა გიორგისა, ხელითა გიორგი ვარდან [ის] (?) ... ძენი (?) ...“47. ეს ორივე ცნობა ადასტურებს, რომ კახეთ-ჰერეთის მეფეები: კვირიკე დიდი და აღსართან ატარებდნენ „რანთა და კახთა მეფის“ ტიტულს. ამიტომ ნაკლებად სავარაუდო გვგონია იგივე ტიტულების არსებობა ქუთაისის ტახტზე მსხდომ მეფეთა ტიტულატურაში. გასათვალისწინებელია, რომ ტიტული - „მეფე რანთა და კახთა“ არ გვხვდება არც ბაგრატ IV-ის და არც გიორგი II-ის ტიტულატურაში.
ჩვენი აზრით, გიორგი I-ის ქართული ტიტული უნდა ყოფილიყო: „მეფე აფხაზთა და ქართველთა“.
ბაგრატ IV
შიო მღვიმის მონასტრისადმი ბოძებულ სიგელში ქართლის კათოლიკოსი ბაგრატ IV-ს იხსენიებს ერთადერთი ქართული ტიტულით - „აფხაზთა მეფე“ – „ესე ვითა, ადიდენ ღმერთმან, ძლიერსა ბაგრატ აფხაზთა მეფესა და ყოვლისა აღმოსავლეთისა ნოველისიმოსსა დაუწერია“48. ბაგრატ IV არ არის მოხსენიებული ტიტულით, „მეფე ქართველთა“, რომელსაც ნამდვილად ფლობს ამ დროს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ოფიციალურ დოკუმენტშიც შესაძლოა მეფე არ მოიხსენიებოდეს სრული ტიტულატურით.
მონეტებზე ბაგრატ IV მოიხსენიება შემდეგნაირად: 1055 წლის მონეტა - „ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე; ნოველისიმოსი.49“ 1068/69 წლების - „ქრისტე, ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე და სევასტოსი“50. როგორც ვხედავთ, მონეტებზე მეფე არ არის მოხსენიებული სრული ტიტულატურით. თუმცა აშკარაა, რომ ბაგრატი ფლობდა ქართველთა მეფის ტიტულსაც. მსგავსი შემთხვევა სხვა მეფეების მონეტებზეც გვაქვს.
თ. ჟორდანიას თავის ქრონიკებში მოტანილი აქვს ერთერთი ხელნაწერის მინაწერი, რომელშიც ბაგრატ IV ყოველგვარი ტიტულის გარეშეა მოხსენიებული - „ევთვიმე ქართველი მთარგმნელი მიიცვალა 1028 წელს, მეფობასა ბაგრატისსა, მეფისა გიორგის შვილისა.51“ ასეთივე შემთხვევაა დაფიქსირებული ზედა თმოგვის წარწერაში - „ადიდე ბაგრატ და მარიამ დედოფალი52“.
მხოლოდ ბიზანტიური ტიტულატურით მოიხსენიება მეფე ბაგრატ IV სავანის 1046 ეპიგრაფიკულ წარწერაში: „აეშენა მეფობასა ბაგრატ კურაპალატისასა“53. ფოკას წარწერაში, „ადიდე ბაგრატ კურაპალატი.54“ ასევე ერთ-ერთი ხელნაწერის ანდერძში - „დაიწერა სვეტსა ზედა ჭყონდიდისასა, ადიდენ ღმერთმან, მეფობასა ბაგრატ კურაპალატისასა ინდიგტიუნსა დ, ქრუნიკუნსა სნა ხელითა იოვანე მესუეტისათა.55“
მხოლოდ მეფედ იწოდება კუმურდოს წარწერაში - „ადიდენ ღმერთმან ბაგრატ მეფე და დედაი მათი მარიამ დედოფალი.56“
მეფეთა მეფედ იწოდება ბაგრატი ატენის სიონის წარწერაში, „მირიანის ყმამან თარხონის ძემან, ატენის ციხისთავმან, ავაგე ატენს სახლნი და ქოლბაგი მას ჟამს ოდეს, ადიდენ ღმერთმან, ძლიერმან მეფეთა მეფემან ბაგრატ უბრძანეს მიწასა მათსა მირიანს პატრონს ჩემსა... უკუნისამდე ძლირი მეფეთა მეფე ბაგრატ სევასტოსი და ძე მათი გიორგი კურაპალატი.57“
მხოლოდ მეფედ და კურაპალატად იწოდება ბაგრატ IV მარტვილის საწინამძღვრე ჯვრის წარწერაში, „ბაგრატ მეფისა და კურაპალატისა.58“
„აფხაზთა და ქართველთა მეფედ“ იწოდება ბაგრატ IV ღულალისის 1060 წლის წარწერაში: „ადიდე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფე სევასტოსი და ძე მათი გიორგი კურაპალატი... ქორონიკონი იყო სპ.59“ ასეთივე ტიტულით მოიხსენიება ბაგრატ IV კიდევ ერთი ხელნაწერის მინაწერში - „სადიდებლად და სალოცველად ღვთივ დაცულისა და ძლიერისა აფხაზთა და ქართველთა მეფისა ბაგრატისათვის და ძისა მათისა გიორგი კურაპალატისათვის... ქორონიკონსა სპვ.60“
ჯ. სტეფნაძე წერდა, რომ ბაგრატ IV-მ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია საქართველოს გაერთიანების გზაზე და მათ შორის ასახელებდა კახეთ-ჰერეთის სამეფოს შემოერთებას, რაც აისახა ტიტულატურაშიცო. მეცნიერი ეყრდნობოდა კაცხის წარწერას, სადაც ბაგრატ მეფე იწოდება „მეფედ აფხაზთა და ქართველთა ... და რანთა და კახთა და ყოვლისა აღმოსავლეთის დიდ კურაპალატად.61“ წარწერაში ნამდვილად მოიხსენიება ბაგრატი, მაგრამ რომელი? ბაგრატ III თუ ბაგრატ IV? ვ. სილოგავა თვლიდა, რომ ბაგრატ III62, სავარაუდოდ, ასევე ფიქრობს გ. გაბუნია63. ჩვენც ვვარაუდობთ, რომ აქ ბაგრატ III არის მოხსენიებული. ბაგრატ IV იბრძოდა კახეთ-ჰერეთის შემოსაერთებლად, გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწია, მაგარამ ამ მხარეების შემოერთება ვერ შეძლო. სამწუხაროდ, ვერ გავარკვიეთ, რა წყაროს ეყრდნობოდა, ანდა რას გულისხმობდა ჯ. სტეფნაძე როდესაც საუბრობდა ბაგრატი IV-ის მიერ კახეთ-ჰერეთის შემოერთებაზე. ჩვენი აზრით, ბაგრატი IV-ის ქართული ტიტული უნდა ყოფილიყო: „მეფე აფხაზთა და ქართველთა“
გიორგი II
1073 წლის საბუთში გიორგი II იწოდება აფხაზთა და ქართველთა მეფედ. „მე, გიორგი ბაგრატუნიანმან, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა და ქართველთა მეფემან, ძემან სულკურთხეულისა მეფისა ბაგრატისმან დავწერე და მოვახსენე სიგელი ესე უდაბნოსა მღუიმისასა“64. იმავე სიგელში დავით უფლისწული უკვე იხსენიება კურაპალატად, რაც იმაზე მიუთითებს, რომ დავითს დაბადებისთანავე უბოძეს ეს ბიზანტიური ტიტული. „სალოცველად მეფობისა ჩემისა და ძისა ჩემისა დავით კურაპალატისა“.
საინტერესოა გიორგი II-ის ტიტულატურა, რომელიც მონეტების ზედწერილებშია დაფიქსირებული. 1073 წლის მონეტა - „ქრისტე, ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე და ნოველისიმოსი.65“ 1074 წლის - „ქრისტე, ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე და სევასტოსი.66“
1075-1089 წლების - „ქრისტე, ადიდე გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფე და კესაროსი.67“ მამისგან განსხვავებით მეფე გიორგი II მონეტების ზედწერილში ორივე ქართული ტიტულით არის მოხსენიებული.
თ. ჟორდანიას თავის „ქრონიკებში“ მოტანილი აქვს დავით-გარჯში დაცული ტყავის წიგნის წარწერა შესრულებულია 1085 წელს - „ესე წიგნი საწინასწარმეტყველო დიდებულისა ლავრისა შატბერდისათვის, სალოცველად ღვთივგვირგვინოსანთა მეფეთა ჩუენთა გიორგი მეფეთა მეფისა და კესაროსისა და ძისა მათისა დავით მეფისა სევასტოსისა ... ქორონიკონ ტ და ე.68“
პალეოგრაფიულად XI საუკუნისაა ლიხნის ფრესკული წარწერა, რომელშიც სავარაუდოდ გიორგი II მოიხსენიება, „კეთილად მსახურისა და მადიდებლისა და ღმრთაებისა შენისა გიორგი კურაპალატისანი“69.
დღეს არსებული წყაროების მიხედვით გამოდის რომ გიორგი II იწოდებოდა მხოლოდ „მეფე აფხაზთა და ქართველთა.“ ამ მხრივ ჯ. სტეფნაძის მოსაზრება მართებულია70.
შენიშვნები
1. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წიგნ. 2 თბ., 1965, გვ. 398.
2. შ. მესხია, საშინაო და საგარეო პოლიტიკური ვითარება რუსთაველის ეპოქაში. მნათობი, №9, 1966, გვ. 94.
3. ჯ. სტეფნაძე, XI-XII საუკუნეების საქართველოს მეფეთა ტიტულების გაგებისთვის. კრებული ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან. თბ., 1976, გვ. 163.
4. მ. თოდუა, ქართულ-სპარსული ეტიუდები თბ., 1979, გვ. 34.
5. ივ. სურგულაძე, სახელმწიფოსა და სამრთლის საკითხები „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით. თბ., 1977, გვ. 73.
6. ვ. სილოგავა, ბაგრატიონთა სამეფო სახლის ერთი სააღაპე წარწერა-დადგენილება. თსუ შრომები 2005, №359 გვ. 206.
7. რ. მეტრეველი, ჯ. სამუშია, მეფეთ მეფე გიორგი II, თბ., 2003, გვ. 61.
8. ვ. სილოგავა, სამეგრელო აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა თბ., 2006, გვ. 313.
9. Г. Чубинашвили, Грузинское чеканное искуство Тб., 1959, გვ. 71.
10. Г. Чубинашвили, Грузинское чеканное искуство Тб., 1959, გვ. 189.
11. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი თბ., 2012, გვ. 93.
12. ქართული ნუმიზმატიკის კატალოგი II ნაწილი. თბ., 2014, გვ. 155.
13. მ. ლორთქიფანიძე, ქართული მონარქიის შექმნა შუა საუკუნეებში, საქართველოს ისტორია ტ. II თბ. 2012 გვ. 258; ვ. სილოგავა, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები. ტ.2 დასავლეთ საქართველოს წარწერები ნაკვ. 1, თბ., 1980, გვ. 53.
14. ივ. ჯავახიშვილი „ქართველი ერის ისტორია“, თხზ. ტ. II, თბ., 1983, გვ. 131.
15. პ. ინგოროყვა გიორგი მერჩულე თბ., 1954, გვ. 106.
16. ნ. ასათიანი, საქართველოს ისტორია, თბ., 1999, გვ. 150.
17. შ. ბადრიძე ქართველთა სამეფოს“ პოლიტიკური სტრუქტურის ისტორიიდან, „თსუ შრომები“, 1965, ტ. 113. გვ. 226.
18. ქ. ნადირაძე, „ქართველთა“ მეფეები. საქართველოს მეფეები თბ., 2007, გვ. 111.
19. ლ. თავაძე, „ბიზანტიური საიმპერიო ტიტულატურა საქართველოში“, გვ. 103.
20. ვ. სილოგავა, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები. ტ.2 დასავლეთ საქართველოს წარწერები ნაკვ. 1, თბ., 1980, გვ. 54.
21. საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990, გვ. 461.
22. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1973, გვ. 161.
23. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო. თბ., 1982, გვ. 218.
24. ჯ. სტეფნაძე, XI-XII საუკუნეების საქართველოს მეფეთა ტიტულების გაგებისთვის. კრებული ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან. თბ., 1976, გვ. 157.
25. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო თბ., 1982, გვ. 206.
26. გ. გაბუნია, საქართველო X საუკუნის ბოლო მეოთხედსა და XI საუკუნის დასაწყისში. ქუთაისი, 1997, გვ. 120.
27. მ. ლორთქიფანიძე, მეფე ბაგრატ მესამე. თბ., 2002, გვ. 56.
28. ნ. ბერძენიშვილი, მცხეთის საბუთი XI საუკინის. საქართველოს ისტორიის საკითხები ტ. IV თბ., 1967, გვ. 235, 245.
29. ჯ. სამუშია, ბაგრატ III. თბ., 2012, გვ. 105-110.
30. ჯ. სამუშია, ბაგრატ III. თბ., 2012, გვ. 136, 139.
31. ვ. სილოგავა, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები. ტ. 2, დასავლეთ საქართველოს წარწერები ნაკვ. 1, თბ., 1980, გვ. 55.
32. ვ. სილოგავა, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები. ტ. 2, დასავლეთ საქართველოს წარწერები ნაკვ. 1, თბ., 1980, გვ. 56.
33. ქართლის ცხოვრება, თბ., 2008, გვ. 371.
34. ქართლის ცხოვრება, თბ., 2008, გვ. 371
35. ქართლის ცხოვრება, თბ., 2008, გვ. 371.
36. ჯ. სტეფნაძე, XI-XII საუკუნეების საქართველოს მეფეთა ტიტულების გაგებისთვის. კრებული ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან. თბ., 1976, გვ. 158.
37. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, თბ., 2012, გვ. 127.
38. ვ. სილოგავა, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები. ტ. 2 დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. 1, თბ., 1980, გვ. 57.
39. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი. წიგნი I, ტფ., 1892, გვ. 163.
40. Г. Чубинашвили, Грузинское чеканное искуство, Тб., 1959, გვ. 303.
41. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, თბ., 1984, გვ. 32-33.
42. ლ. თავაძე, „ბიზანტიური საიმპერიო ტიტულატურა საქართველოში“, გვ. 103.
43. ქართლის ცხოვრება, თბ., 2008, გვ. 272.
44. ჯ. სამუშია, ბაგრატ III, თბ., 2012, გვ. 110-111.
45. ქართლის ცხოვრება, თბ., 2008, გვ. 280.
46. თ. პაპუაშვილი, რანთა და კახთა სამეფო. თბ., 1982, გვ. 218.
47. თ. ბარნაველი, კახეთის ისტორიული ძეგლების წარწერები თბ., 1961, გვ. 94.
48. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I. თბ., 1984, გვ. 37.
49. ქართული ნუმიზმატიკის კატალოგი III ნაწილი. თბ., 2015, გვ. 10.
50. ქართული ნუმიზმატიკის კატალოგი III ნაწილი. თბ., 2015, გვ. 12.
51. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი. წიგნი I, ტფ., 1892, გვ. 163.
52. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, თბ., 2012, გვ. 54.
53. ვ. სილოგავა, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები. ტ. 2, დასავლეთ საქართველოს წარწერები ნაკვ. 1, თბ., 1980, გვ. 58.
54. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი თბ., 2012, გვ. 117.
55. ვ. სილოგავა, სამეგრელო აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, თბ., 2006, გვ. 27.
56. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, თბ., 2012, გვ. 85.
57. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი. წიგნი I, ტფ., 1892, გვ. 206.
58. Г. Чубинашвили, Грузинское чеканное искуство Тб. 1959, გვ. 62.
59. ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, თბ., 2012, გვ. 126.
60. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი. წიგნი I, ტფ., 1892, გვ. 210.
61. ჯ. სტეფნაძე, XI-XII საუკუნეების საქართველოს მეფეთა ტიტულების გაგებისთვის. კრებული ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976, გვ. 159.
62. ვ. სილოგავა, ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები. ტ. 2, დასავლეთ საქართველოს წარწერები ნაკვ. 1, თბ., 1980, გვ. 56.
63. გ. გაბუნია, საქართველო X საუკუნის ბოლო მეოთხედსა და XI საუკუნის დასაწყისში. ქუთაისი, 1997, გვ. 120.
64. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი, I, თბ., 1984, გვ. 46.
65. ქართული ნუმიზმატიკის კატალოგი, III ნაწილი, თბ., 2015, გვ. 13.
66. ქართული ნუმიზმატიკის კატალოგი III ნაწილი, თბ., 2015, გვ. 14.
67. ქართული ნუმიზმატიკის კატალოგი III ნაწილი, თბ., 2015, გვ. 16.
68. თ. ჟორდანია, ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა შეკრებილი, ქრონოლოგიურად დაწყობილი, ახსნილი. წიგნი I, ტფ., 1892, გვ. 232.
69. ვ. სილოგავა, სამეგრელო აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, თბ., 2006, გვ. 204.
70. ჯ. სტეფნაძე, XI-XII საუკუნეების საქართველოს მეფეთა ტიტულების გაგებისთვის. კრებული ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან, თბ., 1976, გვ. 160.

Комментариев нет:

Отправить комментарий