суббота, 27 августа 2016 г.

სტეფანე ბიზანტიელი (ახ.წ. VI ს.) „ეთნიკა“ - ცნობები ძველ ქართველებზე

  სტეფანე ალექსანდრიელი გრამატიკოსი იყო. კონსტანტინეპოლში იგი უმაღლესი სკოლის მასწავლებლად მიიწვიეს. აქ მან შეადგინა „ეთნიკა“. სტეფანე წყაროებად იყენებდა ანტიკურ ავტორებს: ჰეკატეოს მილეტელს, ჰეროდოტეს, თუკიდიდეს, პოლიბიოსს, სტრაბონს, დიონისე პერიეგეტს, არიანეს, ჰეროდიანეს (ახ.წ. II ს.), მარკიანეს (ახ.წ. IV ს. იგი თავის მხრივ პტოლემაიოსის რუკებს მიჰყვება), ოროს მილეტელს (ახ.წ. IV-V ს-ბი)... სტეფანეს წიგნი თავიდან 55 წიგნისგან შედგებოდა თუმცა ჩვენამდე მხოლოდ შემოკლებული სახითაა მოღწეული. 
     სტეფანეს პროფესიიდან გამომდინარე ნაკლებად აინტერესებს გეოგრაფიული და ისტორიული ჭეშმარიტების დადგენა, რის გამოც ბრმად და უწესრიგოდ მიჰყვება წყაროებს. ჩვენ მხოლოდ ლექსიკონის იმ ნაწილს წარმოვადგენთ რომელიც საქართველოს ეხება.
ტექსტი
      აია - კოლხთა ქალაქი, აშენებულია აიეტის მიერ, ზღვას დაშორებულია სამასი სტადიონით; მას ჩამოუდის ორი მდინარე: ჰიპპოსი და კვიანეოსი, რომლებიც მისგან ნახევარკუნძულს ქმნიან. მგონი, მისგან უნდა იყოს ნაწარმოები „აიეტეს“, როგორც ასია ასიაეტეს, ისე აია აიატეს. არის კიდევ თესალიის აია, რომელსაც იხსენიებს სოფოკლე; პირველის შესახებ ის ამბობს: „აიაში მიცურავდა“, ხოლო მეორის შესახებ ამბობს: „არის რომელიღაც აია, თესალიელთა სამფლობელო“. აია არის აგრეთვე წყარო მაკედონიაში, როგორც ამბობს ანტიაქე კოლოფონელი (ძვ.წ. V-IV ს-ბი) „თებაიდში“. ეთნიკურია „აიაიოს“, როგორც „გაზაიოს“; მდედრობითი სქესისა - „აიაია“.

   ალიბე - „შორეული ალიბედან სადაც ვერცხლის საბადოებია“ (ილიადა). იქაური მცხოვრებლები არიან ალიბები, რომელთაც ვერცხლის საბადოების ნაცვლად რკინისა აქვთ. ეხლა მათ ეძახიან ხალდეველებს; მაგ. ასე ეძახის სტრაბონი. მათ ჰქვია აგრეთვე „ალიბევსი“ (მამაკაცს) და „ალიბეისი“ (ქალს). ევფორიონ ქალკიდელი (ძვ.წ. III ს.) „არებში“ ან „ჭიქის ქურდში“ ამბობს: „მან მომტაცა ყანწი ალიბეური“, ე.ი. ვერცხლის, ლითონის შემადგენლობის მიხედვით. ეთნიკურია „ალვიბაიოს“.

     ამარანტები - ბოლო მარცვალზეა მჭევრი მახვილი. კოლხური ტომია; მათი ქვეყნიდან მოდის ფასისი. ამიტომაც არის რომ ფასისს „ამარანტიოს“ ეძახიან. აპ. როდოსელის სქოლიასტი წერს: „ამარანტოსი ქალაქია პონტოში. როგორც თვითონ ჰეროდიანე ამბობს, მთებია კოლხიდისა, რომელთაგან მდინარე ფასისი ჩამოდის“. მეორე ადგილას სქოლიასტი წერს: „ამარანტიოი - ეს ბარბაროსული ტომია კოლხებს ზემოთ, ხმელეთზე - აქედან გამომდინარეობენ ფასისი წყაროები, ან ეს მთაა კოლხეთში, ამარანტიონად წოდებული, საიდანაც ჩამოდის ფასისი“.

      არესის კუნძული - კოლხების მახლობლად პონტოში. ასე ამბობს სკიმნე ქიოსელი (ძვ.წ. II ს.) „აზიაში“. ეთნიუკურია არიოსი, ერთ-ერთი იმ ორი სიტყვისგან წარმომდგარი. პომპონიუს მელა მას „არია“ -ს უწოდებს და კოლების მეზობლად ათავსებს.

    აფსილები - სკვითური (ე.ი. არაელინური. სკვითური ბარბაროსულის სინონიმია) ტომი, ლაზების მეზობლად, როგორც ამბობს არიანე „ევქსინის პონტოზე მოგზაურობაში“.

    გოგარენე - ადგილი კოლხებსა და აღმოსავლეთის იბერებს შუა. ეთნიკურია გოგარენი.

       დიოსკურია - ერთერთი კუნძულთაგანი ლიბიაში. კუნძულის მცხოვრები იქნება დიოსკურიტი. არის მეორე დიოსკურიაც პონტოსთან, ჰქვია აგრეთვე სებასტოპოლი, ხოლო წინათ მას აია ერქვა, როგორც ამბობს ნიკანორ ალექსანდრიელი (ახ.წ. II ს.). მოქალაქეს ჰქვია დიოსკურიელი. დიოსკურიდის კუნძული არის მეწამულ ზღვაშიც.

  დრილები - დასახლებული ადგილი პონტოში, ტრაპეზუნტის მახლობლად, როგორც ამბობს ქსენოფონტე.

       ჰენიოხია - ქვეყანა კავკასიონთან; მცხოვრებლებს ჰქვიათ ჰენიოხები; სტრაბონი.

   იბერია - ორია ერთი ჰერაკლეს სვეტებთან (გიბრალტარი), მდინარე იბერისაგან ატარებდა სახელს. მას იხსენიებს აპოლოდორე ათენელი (ახ.წ. II ს.) „ქვეყნის აღწერილობაში“. მეორე იბერია სპარსელების გვერდითაა. ეთნიკურია იბერები, როგორც პიერები, ბიზერები...

       კორაქსები - კოლხთა ტომი კოლების მახლობლად, როგორც ამბობს ჰეკატეოს მილეტელი „აზიაში“. კორაქსების კედელი და კორაქსების ქვეყანა.

     კვიტა - კოლხეთის ქალაქი, მედეას სამშობლო. მოქალაქეს ქვია „კვიტაიოს“, საიდანაც წარმოსდგება „კვიტაიევს“: „იხილეთ კოშკები კვიტაიეველ აიეტისა“ (ლიკოფრონი ძვ.წ. IV-III).

     კოლები - ტომი კავკასიონთან, როგორც ამბობს ჰეკატეოს მილეტელი „აზიაში“. კავკასიიონის ქვედა ფერდობებს ეწოდება კოლების მთები. ქვეყანას ჰქვია „კოლიკე“.

     ლაზები - სკვითური (ე.ი. არაელინური) ტომი, არის პონტოში სოფელიც „ძველი ლაზიკე“, როგორც ამბობს არიანე.

     ლიბისტინები - კოლხების მეზობელი ტომი, როგორც ამბობს დიოფანტე (ძვ.წ. III) „პოლიტიკაში“. ლიბისტინებთანაც არია კვიტაია (ლიკოფრონი).

     მაკროკეფალები - კოლხების მეზობლად. ნახევრად-ძაღლები, გრძელთავიანები და პიგმეები“.

    მაკრონები, რომელთაც ახლა სანნები ეწოდებათ (სტრაბონი). მათ ახსენებს ჰეტაკტეოს მილეტელი და აპოლონი.

     მარები, ტომი მოსინიკების გვერდით. ჰეკატეოს მილეტელი „აზიაში“.

     მელანქლაინები - სკვითური ტომი ჰეკატეოს მილეტელი „ევროპაში“. ასე იმიტომ ეწოდებათ, რომ შავ კაბებს ატარებენ, ისევე როგორც „ჰიპემოლგებს“ ეძახიან, რადგან ცხენებს წველიან, და „მოსინიკებს“ მათი ბინების გამო.

  მოსინიკები - ტომი რომლის შესახებ ევდოქსე კხიდოესელი (ძვ.წ. IV) ლაპარაკობს „ქვეყნის აღწერაში“. ზედსართავი სახელია „მოსვინოიკოს“.

      ხოირადესი - მოსინიკთა ქალაქი. ჰეკატეოსი ამბობს: „ტიბარენებს აღმოსავლეთით ესაზღვრებიან მოსინიკები; ამათ ქვეყანაში არის ქალაქი „ხოირადეს“. ეთნიკურია ქოირადეველი.

  მოსხები - კოლხთა ტომი, მატიენების გვერდით. ჰეკატეოს მილეტელი „აზიაში“.

     პვიენისი - კოლხთა ქალაქი; ეთნიკურია „პვიენიტეს“.

     სანნიგები - სკვითიის ტომი აბაზგების მახლობლად.

  საპირები - ტომი შუაგულ პონტოში; ამჟამად მათ ეწოდებათ საბირები.

    სოანები - ვაჟკაცური ტომი, სტრაბონი.

     სტამენე ხალიბების ქალაქი. ჰეკატეოს მილეტელი „აზიაში“. ეთნიკურია „სტამენაიოს და სტამენიოს“.

      ტაოხები - ტომი შიდა პონტოში. ქვეყანასაც ასე ჰქვია. ზოგიერთები მას ტაოელებს ეძახიან, როგორც ამბობს ქსნოფონტე თავის „ანაბაზისში“.

     ტიბარენია - ქვეყანა პონტოში, ხალიბებისა და მოსინიკების მეზობლად. ეთნიკურია „ტიბარანოი“ და „ტიბარენოი“. ეფორე (ძვ.წ. IV ს.) ამბობს: „ტიბარენები გატაცებულნი არიან თამაშით და სიცილით და ამას თვლიან უდიდეს ბედნიერებად. მათ მეზობლად არიან ხალიბები და ლევკოსირთა ტომი“.

    ტვიენისი - კოლხთა ქალაქი. სახელწოდება წარმოსდგება მდინარე ტვიენისგან. ეთნიკურია „ტვიენიტეს“.

      ფასისი - აიას ქალაქი კოლხების ქვეყანაში, მდინარე ფასისზე. დაარებულია მილეტელების მიერ. ეთნიკური უნდა იყოს „ფასიტეს“. ზედსართავი სახელია „ფასიატიკოს“ და „ფასიანოს“, როგორც ამბობს არისტოფანე „ხომალდებში“. არის აგრეთვე მეორე მდინარე ფასისიც ტაპრობანეში.

     ხალდია - არმენიის ქვეყანა. მენიპე პერგამონელი (ახ.წ. I ს.) ორივე პონტოს „გარშემოვლაში“ ამბობს: „...ამ ბარბაროსებამდე აღწევს პონტოს სამეფო. და ტიბარენიამდე, ხალდიამდე და სანნიკემდე“. აქაურ მცხოვრებლებს ეწოდებათ ხალდები.

     ხალიბები - ტომი პონტოზე, მდინარე თერმოდონტზე; მათ შესახებ ამბობს ევდოქს როდოსელი (ძვ. წ. III ს.): „ხალიბთა ქვეყნიდან გააქვთ რკინა, რომელსაც სიმაგრეს უქებენ“. ამათ ჰომეროსი ჰალიძონებს უწოდებს კატალოგში, რომლებიც მოვიდნენ ალიბთა შორეული ქვეყნებიდან, სადაც წამოიშობა ვერცხლი, და ასახელებს პაფლაგონიელთა შემდეგ. ან დაწერილობაა აქ შეცვლილი და უნდა ყოფილიყო „ხალიბთა შორეული ქვეყნიდან“ ან წინათ მათ ალიბები რქმევით ნაცვლად ხალიბებისა. ლიკოფრონი უწოდებს „ხალიბდებსა“ და „ხალიბიკეს“; ჰეკატეოსი „ხალვიბოი“-ს: „არმენიელები ესაზღვრებიან ხალიბებს სამხრეთისაკენ“.

     ხარიმანტები - ტომი პონტოს გასწვრივ. პალაიფატე (ძვ.წ. IV-III) „ტროიკა“-ში ამბობს: „კერკეტებს ესაზღვრებიან მოსხები და ხარიმანტებმა ხელთ იგდეს პართენიონი“. ჰელანიკეც თავის თხზულებაში „ხალხთა და ქალაქთა დაფუძნება“ ამბობს: „კერკეტების ზემოთ ცხოვრობენ მოსხები და ხარიმანტები, ხოლო ქვემოთ ჰენიოხები, ზემოთ კი კორაქსები“.

     ჰეკატეოს მილეტელის ცნობის თანახმად, ხოჲები ბექეირიკას (Βεχειρική) მეზობლად ცხოვრობდნენ და მათ აღმოსავლეთიდან დიძერები ესაზღვრებოდნენ.

       ობარენოი - არმენიის ნაწილი, მდ. მტკვარზე მდებარე. ამ ნაწილს იხსენიებს კვადრატე „პართიკა“-ში: მდინარე მტკვარზე ცხოვრობენ ობარენები და ოტენები, რომელთაც უჭირავთ არმენიის დიდი ნაწილი.

       ოტენე - არმენიის მხარე. კვადრატე „პართიკა“-ში ამბობს: არმენიის მეფე პაკორი ამ დროს იმყოფებოდა არტაქსატაში და ოტენეში, არმენიის მხარეში“.

Комментариев нет:

Отправить комментарий