среда, 10 августа 2016 г.

ჰეროდოტე „ისტორიები“ წიგნი III (განმარტებებით)

თალია (კომედიისა და მსუბუქი პოეზიის მუზა)
აქემენიდური სპარსეთი კამბისესა და დარიოს I-ის გამეფების დასაწყისში (ძვ.წ. 530-521 წლები)
   1. ამ ამასისის წინააღმდეგ ილაშქრა კამბისესმა, კიროსის ძემ, მოიყვანა თან სხვებიც, ვისაც მართავდა და მათ შორის ელინთაგან იონიელები და ეოლიელები. მან შემდეგი მიზეზების გამო ილაშქრა: კამბისესმა გაგზავნა ეგვიპტეში მოციქული და სთხოვა ამასისს ასული. მან ეს მოთხოვნა ერთი ეგვიპტელი კაცის რჩევით, რომელიც ამასისის უკმაყოფილო იყო იმის გამო, რომ ყველა ეგვიპტელი ექიმთაგანი ისე იყო ცოლსა და შვილებს მოწყვეტილი და სპარსელებში გაცემული მაშინ, როდესაც კიროსმა გაგზავნა ამასისთან კაცი და მოსთხოვა თვალის ექიმი, საუკეთესო მათ შორის, ვინც ეგვიპტეში იყო1. ამაზე გაჯავრებული ეგვიპტელი აქეზებდა მას რჩევით და ეუბნებოდა კამბისესს, ეთხოვა ამასისისათვის ასული2, იმის იმედით, რომ ამასისი ან მისცემდა და დამწუხრდებოდა, ან არ მისცემდა კამბისესს ქალს და ამით მას გადაიკიდებდა. ამასისი შეაწუხა სპარსელთა ძლიერებამ და შეშინებულმა არ იცოდა, მიეცა ასული, თუ უარი ეთქვა, რადგან კარგად იცოდა, რომ კამბისესს მისი ქალი ცოლად კი არ უნდოდა, არამედ ხარჭად. მან მოიფიქრა ყოველივე ეს და ასე მოიქცა; წინანდელ მეფეს, აპრიესს ჰყავდა ასული, ტანადი, ლამაზი და ამ დროისათვის მთელი სახლიდან მარტო ისღა იყო გადარჩენილი, სახელად ერქვა ნიტეტისი. ეს ქალი ამასისმა მორთო ტანსაცმლითა და ოქროულობით და გაუგზავნა სპარსელებს, როგორც საკუთარი ასული. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც კამბისესი ქალს ეალერსებოდა და მამის სახელით იხსენიებდა, ქალმა უთხრა: „მეფეო, არც კი იცი, რომ ამასისმა მოგატყუა: მან მე მომრთო და შენთან ისე გამომაგზავნა, თითქოს საკუთარ ასულს გაძლევდა, სინამდვილეში კი მე აპრიესის ასული ვარ, რომელიც მისი მეუფე იყო და რომლის წინააღმდეგაც ამბოხდა იგი ეგვიპტელებთან ერთად და მოჰკლა“. ამ მონათხრობმა და მთელმა ამ ამბავმა დიდად განარისხა კამბისესი კიროსის ძე და ეგვიპტის წინააღმდეგ ბრძოლა განაზრახვინეს. 
   2. ასე ამბობენ სპარსელები, ხოლო ეგვიპტელები თავისად მიიჩნევენ კამბისესს, ისინი ამბობენ, რომ იგი ამ აპრიესის ასულისაგან არის დაბადებულიო, რადგან კიროსმა გაგზავნა კაცები ამისისთან ასულისათვის და არა კამბისესმაო. ისინი კი ამბობენ ამას, მაგრამ სწორედ არ ლაპარაკობენ. ეგვიპტელთათვის დაფარული არაა (რადგან თუ ვინმემ სხვამ იცის სპარსელთა წესები, ეგვიპტელებმაც იციან) ჯერ ეს ერთი ის, რომ სპარსელთა კანონის მიხედვით, ვერ იმეფებს უკანონო შვილი, მაშინ როდესაც არსებობს კანონიერი, და მეორეც ის, რომ კამბისესი იყო კასანდანეს შვილი აქამენიდი ფარნასპესის ასულისა და არა ეგვიპტელი ქალისა. ეგვიპტელები ამახინჯებენ ამბავს და ისე გამოჰყავთ, თითქოს კიროსის სახლის ნათესავები არიან. ასე წარმოუდგენიათ მათ ეს ამბავი.
   3. გადმოსცემენ კიდევ ასეთ ამბავსაც, მაგრამ მე ის არ მჯერა: ერთი სპარსელი ქალი მოვიდა კიროსის ცოლებთან და როდესაც დაინახა კასანდეანესთან მდგომი ლამაზი და ტანადი ბავშვები, განცვიფრებულმა ბევრი ქება წარმოთქვა. ხოლო კასანდანემ, რომელიც კიროსის ცოლი იყო, უთხრა შემდეგი: „აი, ასეთი ბავშვების დედა ვარ და კიროსი მე უპატიოდ მექცევა. ეგვიპტიდან მოყვანილი ქალი კი დიდ პატივში ჰყავს“. ასე თქვა მან, ნინტესისით უკმყაოფილომ, ხოლო ბავშვთაგან უფროსმა, კამბისესმა თქვა: „დედა, თუ ასეა, როდესაც დავვაჟკაცდები, ეგვიპტეში რაც ზემოთ არის, ქვემოთ მოვაქცევ და რაც ქვემოთაა, იმას ზემოთ“. ეს როცა თქვა კამბისესი დაახლოებით 10 წლისა იყო და ქალები გააოცა. მას კარგად ახსოვდა თავისი ნათქვამი და როდესაც დავაჟკაცდა და მიიღო სამეფო, ილაშქრა ეგვიპტის წინააღმდეგ.
   4. კიდევ ერთი ასეთი ამბავი მოხდა ამ ლაშქრობის დროს: ამასისის დაქირავებულთა შორის იყო ერთი კაცი, წარმოშობით ჰალიკარნესელი. მას სახელად ერქვა ფანესი, ის ჭკვიანი კაცი და მამაცი მებრძოლი იყო. ეს ფანესი რაღაცაზე გაჯავრდა ამასისზე და ხომალდით გაიქცა ეგვიპტედან, უნდოდა კამბისესს მოლაპრაკებოდა. რადგანაც დაქირავებულ ჯარში მის სიტყვას დიდი გასავალი ჰქონდა და ეგვიპტის ამბები მან ზედმიწევნით იცოდა, ამასისმა ყველა ზომა იხმარა მის დასაჭერად და დაადევნა თავისი უერთგულესი საჭურისი, რომელიც ტრიერით გაგზავნა. მან ფანესი ლიკიეში დაიჭრა, შეიპყრო, მაგრამ არ მოიყვანა უკან ეგვიპტეში, რადგან ფანესმა მას ჭკუით აჯობა. მან დაათრო დარაჯები და გაიქცა სპარსელებთან3. როდესაც კამბისესი ეგვიპტის წინააღმდეგ სალაშქროდ ემზადებოდა და აფიქრებდა მსვლელობა, რადგან უწყლო სივრცე ჰქონდა გადასასვლელი, მოვიდა მასთან ფანესი და დაუხასიათა ამასისის მდგომარეობა საზოგადოდ, თან აუხსნა, თუ როგორ უნდა იარონ და ურჩია: გაეგზავნა კაცები არაბთა მეფესთან და ეთხოვა მისთვის, რომ გადასასვლელი მისთვის უხიფათო გაეხადა.
   5. მხოლოდ ამნაირად იყო ხსნილი გზა ეგვიპტეში. ფინიკიიდან ქალაქ კადიტისის საზღვრამდე არის პალესტინელებად წოდებული სირიელების ქვეყანა4. ქალაქ კადიტისიდან, რომელიც, როგორც მე ვფიქრობ, სარდზე ბევრად პატარა არაა, ქალაქ იენისოსამდე ზღვის გასწვრივ არის სავაჭრო პუნქტები, რომლებიც არაბთა მეფეს ეკუთვნის. იენისოსიდან ისევე სირიელთა ადგილებია, ვიდრე სერბონისის ტბამდე, ხოლო ტბასთან არის ზღვისაკენ გადაჭიმული კასიონის მთა. სერბონისის ტბიდან, რომელშიც, გადმოცემით, ტიფონია დამალული, აი, აქედან არის სწორედ ეგვიპტე ქალაქ იენისოსს, კასიონის მთისა და სერბონისის ტბას შორის, მცირე ტერიტორია არ არის, დაახლოებით 3 დღის სავალი გზაა და მთლად უწყლო.
   6. ვინც ეგვიპტეში მოსულა, მათ შორის მხოლოდ ზოგიერთს თუ მიუქცევია ყურადღება იმისათვის, რაზედაც ახლა ვიწყებ თხრობას. ეგვიპტეში მთელი ელადიდან და ამას გარდა ფინიკიიდან ყოველწლიურად (ან წელიწადში ორჯერ) შემოაქვთ ღვინით სავსე თიხის ჭურჭლები და უნდა ითქვას, რომ ერთი ცარიელ ღვინის ჭურჭელსაც კი ვერ ნახავთ ეგვიპტეში. კაცმა რომ თქვას, რას უშვრებიან მათ? აი, ეს მინდა ვთქვა. თითოეულმა მამასახლისმა თავის ქალაქში უნდა შეაგროვოს მთელი თიხის ჭურჭელი და გაგზავნოს მემფისში, ხოლო მემფისიდან ისინი, წყლით ავსებულები, მიაქვთ სირიის უწყლო ადგილებში. ამრიგად, თიხის ჭურჭელი, რომელიც შემოდის და იცლება ეგვიპტეში, მიდის სირიაში, სადაც ემატება მასზე უწინ მიტანილ ჭურჭელს6.
   7. ამრიგად, სწორედ სპარსელებმა გაიკვლიეს ეს შესასვლელი ეგვიპტეში იმით, რომ ამნაირად მოამარაგეს ის წყლით მაშინვე, როგორც კი დაიპყრეს. მაგრამ ამ დროისათვის წყალი ჯერ არ ჰქონდათ მომზადებული და კამბისესმა, როგორც შეაგონა ჰალიკარნესელმა, გაგზავნა მოციქუცლები არაბების მეფესთან6 და სთხოვა, გავლის უშიშროება აღეთქვა, თვითონაც მისცა ამის პირობა და მისგანაც მიიღო.
   8. არაბები სხვა ხალხებზე უფრო მტკიცედ ინახავე პირობას, რომელსაც შემდეგნაირად დებენ: როდესაც ორნი მოინდომებენ ხელშეკრულების დადებას, მესამე კაცი მათ შუაში ჩაუდგება და წვეტიანი ქვით გაუჭრის ხელის გულებს ცერების გასწვრივ ხელშეკრულების დამდებთ; შემდეგ თითოეულის ტანსაცმლიდან პატარას გამოაგლეჯს და წაუსვამს სისხლს შუაში დადებულ 7 ქვას. ამ დროს ის მოუწოდებს დიონისესა და ურანიეს. როდესაც ამას შეასრულებს, ხელშეკრულების დამდები, თავის მეგობრებს წარუდგენს მეორეს, უცხოელი იქნება ის, თუ თანამოქალაქე (რადგან შესაძლოა ხელშეკრულება თანამოქალაქესთან იდებოდეს), ხოლო თვით მეგობრები ამის მერე ვალდებული არიან დადებულ ხელშეკრულებას პატივი სცენ. ღმერთთა შორის არაბები მხოლოდ დიონისესა და ურანიეს აღიარებენ და ამბობენ, რომ ისინი თავზე თმას ისევე იკრეჭენ, როგორც თვით დიონისეს აქვს გადაკრეჭილი: თმა იმათ მრგვალად აქვთ შემოკვერცხილი, ხოლო საფეთქლები გაპარსული7. ისინი დიონისეს უწოდებენ ოროტალტს, ხოლო ურანიეს  ალილატს.
   9. მას მერე, რაც არაბთა მეფემ კამბისესისაგან მოსულ მოციქულბთან დადო ხელშეკრულება, შემდეგი რამ მოაწყო: აქლემის ტყავის ტიკები აავსო წყლით, დატვირთა ყველა ცოცხალი აქლემი, შემდეგ გავიდა უწყლო მხრეში და იქ დაუცადა კამბისესის ლაშქარს. ეს არის ყველაზე უფრო სარწმუნო ამბავი. ხოლო საჭიროა ნაკლებ სანდო ამბის გადმოცემაც, რადგან მასაც მოგვითხრობენ. არაბეთში არის დიდი მდინარე, რომელსაც ჰქვია კორისი და რომელიც ერთვის ეგრეთწოდებულ მეწამულ ზღვას8. ამბობენ, რომ არაბთა მეფემ ხარისა და სხვა ტყავებისაგან შეაკერინა მილები, რომლებიც ამ მდინარიდან აღწევდნენ უწყლო ადგილებს, მათში გაუშვა წყალი, ხოლო უწყლო მიწაზე მოათხრევინა დიდი წყალსაცავი, რომელშიც გროვდებოდა და ინახებოდა წყალი. მდინარიდან უწყლო ადგილებამდე 12 დღის სავალი გზაა. არაბთა მეფემ წყალი სამი მილით სამ ადგილას გაიყვანა.
   10. ნილოსის ეგრეთწოდებულ პელუსიონის შესართავთან დაიბანაკა9 კამბისესის მოლოდინში ფსამენიტოსმა, ამასისის შვილმა. კამბისესი რომ ეგვიპტეში მოვიდა, ამასისი აღარ დახვდა ცოცხალი: ამასისმა იმეფა 44 წელი და მოკვდა. ხოლო ამ ხნის განმავლობაში მას არავითარი დიდი უსიამოვნება არ შეხვედრია. რომ მოკვდა, დაბალზამებული დამარხეს სალოცავის იმ აკლდამაში, რომელიც თვითონ ააგო.10 ფსამენიტოს ამასისის ძის მეფობაში ეგვიპტელებს დიდი სასწაული ეჩვენათ: ეგვიპტის თებეში მოვიდა წვიმა, თუმცა თვითონ თებელები ამბობენ, რომ იქ არასოდეს უწვიმია, არც უწინ და არც შემდეგ, ჩემს დრომდე. საერთოდ ზემო ეგვიპტეში არ წვიმს ხოლმე, ის კი არა, მაშინ თებეში, ალბათ, მხოლოდ წინწკლავდა.
   11. სპარსელებმა რომ გადაიარეს უწყლო ადგილები, ეგვიპტელების მახლობლად დაიბანაკეს, რადგან მათთან ბრძოლას აპირებდნენ. იქ ეგვიპტის მეფის დაქირავებულმა ჯარმა, ელინმა და კარიელმა ვაჟკაცებმა, რომლებიც გაბრაზებული იყვნენ ფანესზე (იმიტომ, რომ ეს ეგვიპტის წინააღმდეგ მიუძღვოდა უცხო მტერს), შემდეგი რამ ჩაიდინეს: ფანესს ჰყავდა ეგვიპტეში დატოვებული შვილები, ისინი მოიყანეს ბანაკში, მამის დასანახად ორივე ბანაკს შორის დადგეს ჭურჭელი, შემდეგ შვილები სათითაოდ გამოიყვანეს და დაჰკლეს ჭურჭლის თავზე. შვილები, რომ ასე ამოუხოცეს, ღვინო და წყალი შეურიეს ამავე ჭურჭელში, შემდეგ მთელმა დაქირავებულმა ჯარმა დალია წყალ-ღვინონარევი სისხლი და ისე წავიდა საბრძოლველად, ძალიან ცხარე ბრძოლა იყო, ორივე ბანკიდან უამრავი ხალხი დაიღუპა და საბოლოოდ უკუიქცნენ ეგვიპტელები.
   12. დიდი საკვირველება ვნახე აქ, რის შესახებაც გაგებული მქონდა ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან, ამ ბრძოლაში ორივე მხრიდან დაცემულთა ძალები ცალ-ცალკე ყრია (ცალკე ყრია სპარსელთა ძვლები, როგორც თავიდანვე იყო გამოყოფილი და ცალკეა ეგვიპტელთა); სპარსელთა თავის ქალები ისე სუსტია, რომ თუ მოინდომებ და ესვრი თუნდაც კენჭს, გახვრეტ კდევაც, ხოლო ეგვიპტელთა თავის ქალები ისე მაგარია, რომ ძლივს გასტეხ, ქვაც რომ დაარტყა. ამის მიზეზად შემდეგს ასახელებენ და მეც ასე ადვილად დავიჯერე. ეგვიპტელები ბავშვობიდანვე იპარსავენ თავებს და მზისაგან ძვლები უუხეშდებათ, იგივე არის მიზეზი იმისა, რომ ისინი არ მელოტდებიან. ყველა ხალხთა შორის ყველაზე ნაკლები მელოების ნახვა ეგვიპტელებში შეიძლება. ეს არის მიზეზი იისა, რომ ეგვიპტელებს მაგარი თავები აქვთ; ხოლო სპარსელებს რომ სუსტი თავები აქვთ, ამის მიზეზი შემდეგია: ისინი ბავშვობიდანვე ინაზებენ თავებს იმით, რომ ნაბდის ქუდებს ატარებენ. აი, ასეა ეს ამბავი და ეს მე თვითონ ვნახე. ამის მსგავსი რამ ვნახე პაპრემისში, სადაც ინაროს ლიბიელმა ამოხოცა აქემენეს დარიოსის ძესთან ერთად მოსული სპარსელები.
   13. ბრძოლაში დამარცხებული ეგვიპტები ყოველგვარი წესრიგის გარეშე გაიქცნენ. მემფისში რომ გამოიკეტნენ, კამბისესმა თავის მოციქული სპარსელი მიტილენური ხომალდით აღმა მდინარეზე გაგზავნა, რომ მას ეგვიპტელთათვის დაზავება შეეთავაზებინა. ხოლო ეგვიპტელებმა, რომ დაინახეს მემფისში შესული ხომალდი, ერთბაშად გამოცვივდნენ გალავნიდან, გაანადგურეს ხომალდი, ხალხი სულ ასო-ასო აჰკუწეს და შევიდნენ ისევ გალავანში. ამის მერე ეგვიპტელებს ალყა შემოარტყეს და ცოტა ხნის შემდეგ ისინი დანებდნენ კიდევაც. ხოლო მეზობელი ლიბილები შეშინდნენ იმის გამო, რაც ეგვიპტეს გადახდა თავს და თვითონ დანებდნენ სპარსელებს უბრძოლველად, ხარჯიც დაიწესეს და საჩუქრებიც გაუგზავნეს. კირენელებსა და ბარკელებს ისევე შეეშინდათ, როგორც ლიბიელებს და ისინიც ისევე მოიქცნენ. კამბისესმა ის საჩუქრები, რომლებიც ლიბიელთაგან მოუვიდა, კეთილად მიიღო, ხოლო კირენელთაგან გამოგზავნილი საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა, რადგან ვფიქრობ, იცოტავა (კირინელებმა ხომ მხოლოდ 500 ვერცხლის მნა გაუგზავნეს). მან დასტაცა ხელი ამ ფულებს და თავისივე ხელითვე გადაუყარა ლაშქარს.
   14. მემფისის სიმაგრის აღების მეათე დღეს კამბისესმა შეურცხყოფს მისაყენებლად ქალაქის გარეუბანში დასვა ეგვიპტელთა მეფე ფსამენიტოსი, რომელიც 6 თვეს მეფობდა. დასვა ის სხვა ეგვიპტელებთან ერთად და მისი სულიერი სიმტკიცის გამოსაცდელად შემდეგი გააკეთა: მის ასულს ჩააცვა მონის ტანსაცმელი და კოკით ხელში გაგზავნა წყალზე. მასთან ერთად გამოარჩია და გაგზავნა სხვა თავკაცების ასულებიც, რომლებიც ისევე იყვნენ ჩაცმულები, როგორც მეფის ასული. ქალწულებმა თავისი მამების წინ ყვირილით და ტირილით ჩაიარეს; ყველა სხვა მამები აყვირდნენ და ატირდნენ თავიანთი შვილები შავ დღეში რომ დაინახეს, ხოლო ფსამენიტოსმა რომ შეხედა და მიხვდა რაც იყო, ჩაჰქინდრა თავი. როდესაც წყლისმზიდველებმა გაიარეს, შემდეგ კამბისესმა გაგზავნა მეფის ძე სხვა 2000 მისი ასაკის ეგვიპტელთან ერთად, რომელთაც კისრებზე თოკები ებათ და პირში ლაგამი ჰქონდათ ამოდებული.11 ასე მიჰყავდათ ისინი დასასჯელად, რათა სამაგიერო მიეზღოთ მათთვის მემფისში მიტილენელების ხომალდიანად დაღუპვისათის. მეფის მოსამართლეებმა ასეთი რამ დაადგინეს: თითოეული კაცის სანაცვლოდ ათი ეგვიპტელი წარჩინებული უნდა დაღუპულიყო. 12 ფსამენიტოსმა დაინახა ესენი, გვერდით რომ ჩაუარეს და მიხვდა, რომ მისი შვილი მოსაკლავად მიჰყავდათ და მაშინ როდესაც მის ირგვლივ მსხდომი ეგვიპტელები ტიროდნენ და საშინლად მოსთქვამდნენ, მან კვლავ ჩუმად ჩაჰქინდრა თავი. ამათაც რომ ჩიარეს, გამოჩნდა ფსამენიტოსის ერთი ხნიერი თანამეინახე, რომელსაც მთელი ქონება დაჰკარგოდა, ახლა აღარაფერი ჰქონდა და მათხოვარივით დათხოულობდა ლაშქარში. მან ჩაუარა ფსამენისტოსს, ამასისის ძეს და მასთან ერთად გარეუბანში მსხდომ ეგვიპტელებს. ფსამენისტოსმა რომ დაინახა, იტირა დიდი ხმით, სახელი დაუძახა მეგობარს და თავში წაიშინა. მასთან იმყოფებოდნენ დარჯები, რომლებიც კამბისესს მოახსენებდნენ, როგორ იქცეოდა ფსამენისტოსი ყველა ცალკეულ შემთხვევაში. გაუკვირდა კაბისესს ის, რაც მოხდა, გაუგზავნა მას მოციქული და მისი პირით შეეკითხა შემდეგს: „ფსამენისტოსს, მეფე კამბისესი გეკითხება შენ: რატომაა, რომ შავ დღეში მყოფი ასულისა და სასიკვდილოდ გაგზავნილი ვაჟის დანახვაზე არც გიყვირია და არც გიტირია, ხოლო მათხოვარი, რომელიც შენი ნათესავიც კი არ არის (როგორც სხვათაგან შეუტყვია კამბისესს), ასე დააფასე“. მოციქულმა ეს ჰკითხა ფსამენისტოსს, ხოლო ფსამენისტოსმა მას უპასუხა: „კიროსის ძეო, საკუთარი განსაცდელი მეტისმეტად დიდია საამისოდ, რომ იმაზე იტირო. ხოლო იმ მეგობრის საწუხარი ღირსია ცრემლებისა, რომელიც მოხუცებულობის ზღურბლს მიღწეული სიმდიდრიდან და ბედნიერებიდან სიღატაკეში ჩავარდა“. როდესაც ეს პასუხი მოუტანეს და მოისმინა კამბისესმა, დაეთანხმა ნათქვამს. როგორც ეგვიპტელები ამბობენ, კროისოსმა იტირა (ეს იყო, რომ ესეც თან ახლდა კამბისესს ეგვიპტეში) და იტირეს იმ სპარსელებმა, ვინც ამ დროს იქ იყვნენ. ხოლო თვით კამბისესი სიბრალულმა შეიპყრო და მაშინვე ბრძანა, მეფის შვილი სიკვდილისაგან ეხსნათ, ხოლო ფსამენისტოსი გარეუბნიდან წამოეყვანათ და მისთვის მიეგვარათ.
   15. გაგზავნილებს ყმაწვილი ცოცხალი აღარ დახვდათ, რადგან ის პირველი მოეკლათ, ხოლო თვითონ ფსამენისტოსი ააყენეს და წამოიყვანეს კამბისესთან. ამის მერე ის ცხოვრობდა კამბესისთან და არავითარი ძალადობა არ გაუცდია. ის კიარა, მას რომ შეძლებოდა და არ ეფიქრა განდგომაზე, ეგვიპტესაც კი მიიღებდა სამერუვეოდ, რადგან სპარსელები, ჩვეულებრივ, პატივს სცემდნენ ხოლმე მეფეთა შვილებს: მეფეების განდგომის შემთხვევაში, ისინი მაინც აძლევდნენ ხოლმე ძალაუფლებას მათ შვილებს. რომ ისინი, ჩვეულებრივ, ასე იქცევიან, ამის შესახებ ბევრი სხვა რამის მიხედვით შეიძლება მსჯელობა და ამას მოწმობს ინაროსის შვილის, თანირასის მაგალითი, რომელსაც დაუბრუნეს ის ძალაუფლება, რაც მის მამას ჰქონდა; იგივე ითქმის ამირტაიოსის ძის, პავსირისის მიმართაც. ეს მაშინ, როდესაც სპარსელებისათვის არავის მიუყენებია ინაროსსა და ამირტაიოსზე უფრო მეტი ზიანი.13 ახლა კი ფსამენისტოსი ბორტს იზრახვიდა და ამისთვის მიეზღო სამაგიერო: იგი ამხილეს იმაში, რომ ეგვიპტელებს აჯანყებდა და შეიტყო თუ არა ეს კამბისესმა, დაალევინა მას ხარის სისხლი და ის მაშინვე მოკვდა. ასე მოკვდა ფსამენისტოსი.
   16. კამბისესი მემფისიდან ქალაქ საისში მივიდა და რისი გაკეთებაც უნდოდა, კიდევაც გააკეთა. შევიდა თუ არა ამისისის სახლში, ბრძანა ამისისის გვამი აკლდამიდან გარეთ გამოეტანათ. როგორც კი აუსრულეს განკარგულება, მან ბრძანა, გვამი გაემათრახებინათ, მისთვის თმები დაეწეწათ, დაეჩხვლიტათ და სხვა მრავალი შეურცხყოფა მიეყენებინათ. როდესაც ყოველივე ამის მოქმედნი დაიღალნენ (დაბალზამებულმა გვამმა ყველაფერს გაუძლო და არ დაიშალა), კამბისესმა ბრძანა, გვამი დაეწვათ.14 ეს განკარგულება კი მკრეხელობა იყო, რადგან სპარსელები ცეცხლს ღმერთად მიიჩნევენ. მართლაც და გვამების დაწვა არც ერთ ამ ხალხს წესად არ აქვს, სპარსელებს უკვე თქმული მიზეზის გამო, კერძოდ ისინი ამბობენ, რომ სწორი არაა ადამიანის გვამი ღმერთს მისცე. ხოლო ეგვიპტელებს კი იმიტომ, რომ ცეცხლი განსულიერებულ არსებად მიაჩნიათ, რომელიც ყოველივეს სჭამს, რასაც კი იღებს და საჭმლით რომ გამოძღება, კვდება მასთან ერთად, რაც შეჭამა. ეგვიპტელები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ, რომ ცხოველებს გადაუგდონ გვამი და იმიტომ აბალზამებენ მას, რომ მიწაზე დადებული მატლებმა არ შეჭამონ. ამრიგად კამბისესის განკარგულება ორივე ამ ხალხის ჩვეულებებს ეწინააღმდეგებოდა. როგორც ეგვიპტელები ამბობენ, ყოველივე ეს ამასისის გვამს კი არ გადახდა, არამედ სხვა ვიღაც ეგვიპტელისას, რომელიც გარეგნობით ამასისს ჰგავდა. ის შურაცხყვეს სპარსელებმა და ეგონათ, რომ ამასისს შეურაცხყოფდნენ. ამბობენ, რომ ამასისმა შეიტყო მისნობისაგან, თუ რა გადახდებოდა და თავს სიკვდილის შემდეგ და რაც უნდა მომხდარიყო, იმით აიცდინა თავიდნ, რომ ეს გამათრახებული კაცი, მისი სიკვდილისთანავე საკუთარი სამარხის კარში დაამარხვინა, ხოლო შვილს უბრძანა, თვითონ ამავე აკლდამის ყველაზე მიყრუებულ კუნჭულში დაემარხათ. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ამასისის ეს განკარგულება თავისი და იმ კაცის დამარხვის შესახებ სულაც არ ყოფილა და რომ ეს ყოველივე ეგვიპტელების გამოგონილია.
   17. ამის შემდეგ კამბისესმა გადაწყვიტა სამი ლაშქრობა: კარქედონელების წინააღმდეგ, ამონიების15 წინააღმდეგ და დღეგრძელი ეთიოპელების წინააღმდეგ. რომლებიც ცხოვრობდნენ ლიბიეში16სამხრეთის ზღვასთან. თათბირის შემდეგ დაასკვნა კარქედონელთა წინააღმდეგ საზღვაო ლაშქარი გაეგზავნა, ამონიების წინააღმდეგ ქვეითი ჯარის ნაწილი გამოარჩია, ხოლო ეთიოპელების წინააღმდეგ ჯერ მეთვალთვალეები გაგზავნა, რომ იმათ ენახათ, მართლა არის თუ არა სწორედ ამ ეთიოპიელებში მათ მიერ ხსენებული „მზის მაგიდა“ და ამას გარდა სხვა რამეებიც დაეზვერათ; ეს ყოველივე ხდებოდა იმ საბაბით, რომ მათ მეფესთან საჩუქრები მიჰქონდათ.
   18. ხოლო „მზის მაგიდაზე“ ამას ამბობენ: ქალაქის გარეუბანში არის მინდორი, სავსე ყოველგვარი ოთხფეხის მოხარშული ხორცით. ღამღამობით ამ ქალაქის ყველა მაღალი თანამდებობის პირს ევალებოდა ხორცი მოეტანა აქ, ხოლო დღისით მოდიოდნენ მსურველები და სჭამდნენ მას. ადგილობრივი მცხოვრებლები კი ამბობენ, რომ თვით მიწა იძლევა ყოველივე ამასო. აი, ამბობენ, რომ ასეთია ეგრეწოდებული „მზის მაგიდა“.
   19. კამბისესმა რომ გადაწყვიტა მეთვალყურეების გაგზავნა, მაშინვე გამოიხმო ქალაქ ელეფანტინედან ზოგიერთი იხთიოფაგი, რომელთაც იცოდნენ ეთიოპური ენა. ვიდრე ისინი მოვიდოდნენ, კამბისესმა ბრძანა, კარქედონის წინააღმდეგ გაეცურა ფლოტს, ხოლო ფინიკიელებმა უარი თქვეს ამაზე, რადგან დიდი ფიცით იყვნენ შეკრულნი, რომ არ ჩაიდენდნენ არაფერს უწმინდურს და საკუთარი შვილების წინააღმდეგ არ ილაშქრებდნენ. რადგან ფინიკიელებმა ეს არ მოინდომეს, დანარჩენები აღარ კმაროდნენ ომისათვის. ამრიგად გადაურჩნენ კარქედონელები სპარსელთა მიერ დამონებას. კამბისესს სამართლიანად არ მიაჩნდა ფინიკიელების იძულება, რადგან ისინი ნებაყოფლობით დამორჩილდნენ სპარსელებს და სპარსელთა მთელი საზღვაო ფლოტი ფინიკიელთაგან იყო დამოკიდებული. კიპროსელებიც, ასევე, თვითონ დანებდნენ სპარსელებს და მათთან ერთად ილაშქრეს ეგვიპტის წინააღმდეგ.
   20. როდესაც კამბისესთან მოვიდნენ ელეფანტინედან იხთიოფაგები, მან გაგზავნა ისინი ეთიოპელებთან და უბრძანა, რა უნდა ეთქვათ. მათ წაიღეს საჩუქრები: ძოწეულის ტანსაცმელი, ყელსაბამი ოქროს ძეწკვი, სამაჯურები, ალებასტრის ჭურჭელი ნელსაცხებლით და ერთი ხელადა ფინიკის ღვინო.17 ამბობენ, რომ ეს ეთიოპელები, რომელთანაც გაგზავნა კამბისესმა თავისი კაცები, ყველაზე უფრო ტანადები და ლამაზები არიან ყველა ხალხთა შორის. ამბობენ, რომ ისინი მისდევენ სრულიად სხვა კანონებს, რომლებითაც გამოირჩევიან სხვა ხალხებისაგან, სახელდობრ, სამეფო ხელისუფლების მიმართ ასეთი კანონი აქვთ. მოქალაქეთა შორის ირჩევენ უდიდესს ტანადობით, რომელსაც თავისი ამ ახოვანების შესაფერისი ძალაც აქვს და ეს არის ღირსი მეფობისა.
   21. ამ ხალხებთან რომ მოვიდნენ იხთიოფაგები, გადასცეს საჩუქები მათ მეფეს და უთხრეს შემდეგი: „სპარსელთა მეფეს, კამბისესს უნდა გახდეს შენი მოკავშირე და მეგობარი, ამიტომ გამოგვგზავნა შენთან მოსალაპარაკებლად და გვიბრძანა, გადმოგვეცა შენთვის საჩუქრები, რომლებიც თვით მასაც ყველაზე დიდ სიამოვნებას მოჰგვრიდნენ“. ხოლო ეთიოპელი მიხვდა, რომ მასთან მეთვალთვალეები მოვიდნენ და უთხრა მათ შემდეგი: „სპარსელთა მეფემ იმიტომ არ გამომგზავნათ ჩემთან საჩუქრებით, რომ დიდ პატივად მიაჩნია ჩემთან მეგობრობა, არც თქვენ მეუბნებით მართალს (თქვენ ხომ მეთვალთვალეებად მოხვედით ჩემს სახელმწიფოში) და არც ის კაცია პატიოსანი. ის რომ პატიოსანი კაცი იყოს, თავისი ქეყნის გარდა სხვა ქვეყანას არ მოინდომებდა და არც იმ ხალხის დამონებად დააპირებდა, რომელსაც მისთვის არაფერი დაუშავებია. ახლა კი გადაეცით მას ეს მშვილდი და უთხარით: ეთიოპელთა მეფე ურჩევს სპარსელთა მეფეს, მაშინ ილაშქრონ მათ დღეგრძელ ეთიოპელების წინააღმდეგ, თუნდაც რიცხობრივად აღმატებულბებმა, როდესაც სპარსელები ასევე ადვილად მოსწევენ მშვილდს, რომელიც სიდიდით ამოდენავე იქნება; ხოლო მანამდე კი ღმერთებს მადლობას უნდა სწირავდეს, რომ მათ არ ჩააგონეს ეთიოპელეთა შვილებს სხვა მიწაც შეემატებინათ თავისათვის“.
   22. ეს თქვა, მოუშვა მშვილდი და გადასცა მოსულებს. შემდეგ აიღო ძოწეულის ტანსაცმელი და იკითხა, თუ რა არის და როგორაა გაკეთებული. როდესაც იხთიოფაგებმა სიმართლე უთხრეს ძოწეულისა და მისი შეღებვის შესახებ, მან თქვა, რომ, ეს ხალხი მატყუარაა და მათი ტანსაცმელიც მაცდუნებელია; მეორედ მან ოქროულზე იკითხა, ყელსაბამ ძეწკვზე და სამაჯურებზე, როდესაც იხთიოფაგებმა აუხსენეს მას, რომ ეს მისი სამკაულებია, მეფეს გაეცინა, რადგან ეს ნივთები მან ბორკილებად მიიჩნია და თქვა, რომ მის ქვეყანაში ამათზე ბევრად უფრო მაგარი ბორკილები აქვთ. მესამედ მან ნელსაცხებლის შესახებ იკითხა. როდესაც უამბეს მისი დამზადებისა და ხმარების შესახებ, მეფემ იგივე სიტყვები თქვა, რაც ტანსაცმელთან დაკავშირებით, ხოლო როდესაც ჯერი ღვინოზე მიდგა და შეიტყო მისი დამზადების წესი, ძალიან მოეწონა სასმელი და იკითხა, თუ რას სჭამს სპარსთა მეფე და რამდენ ხანს ცოცხლობს ყველაზე დღეგრძელი სპარსელი. იხთიოფაგებმა უთხრეს, რომ სპარსთა მეფე ჭამს პურს და აუხსნეს, რა არის ხორბალი, ხოლო ყველაზე ხანგრძლივ სიცოცხლედ სპარსელისათვის გამოაცხადეს 80 წელი. ამაზე ეთიოპელმა თქვა, რომ მას არ უკვირს, რომ ისინი ასე ცოტა ხნას ცოცხლობენ, რაკიღან ნეხვს ჭამენ. მაგრამ ისინი ამდენ ხანსაც ვერ იცოცხლებდნენ, რომ ასეთი სასმელი არ ჰქონდეთ მოსაღონივრებლად (აქ იხთიოფაგებს მიუთითა ღვინოზე). აი, ამითია, რომ მისიანები ჩამორჩებიან სპარსელებს.
   23. როდესაც იხთიოფაგები თავის მხრივ შეეკითხნენ მეფეს მათი სიცოცხლის ხანგრძლივობისა და მათი ცხოვრების შესახებ, მან უპასუხა, რომ ბევრი მათგანი აღწევს 120 წელს, ზოგიერთები კი ამასაც აჭარბებენ, რომ მათ საჭმელად აქვთ მოხარშული ხორცი და სასმელი კი რძე. როდესაც მეთვალთვალეებმა გაკვირვება დაიმჩნიეს წლების ხანგრძლივობის გამო, ისინი წყაროსთან წაიყვანეს. მასში დაბანილები ბრწყინვას იწყებდნენ, თითქოს ის ზეთისა ყოფილიყოს და მისგან ისეთი სუნი მოდიოდა, როგორც იისაგან. მეთვალთვალეები ამბობდნენ, რომ ამ წყაროს წყალი ისე მსუბუქია, რომ არაფერი იტივტივებს, არც ხეს და არც სხვა რამე, ხეზე უფრო მსუბუქს, ის კი არა, ყველაფერი იძირება მასშიო. თუ ეს წყალი მართლაც ისეთია, როგორსაც ამბობენ, რაკიღა ყოველთვის მას ხმარობენ, ალბათ ამიტომ არიან ეთიოპელები დღეგრძელები. მეთვალთვალეები წყაროდან ხალხთა საპყრობილეში წაიყვანეს, სადაც ყველას ოქროს ბორკილი ედო. ამ ეთიოპელებში სპილენძი ყველაზე იშვიათი და ძვირფასი რამ არის. საპყრობილე რომ დაათვალიერეს, შემდეგ დაათვალიერეს ეგრეთწოდებული „მზის მაგიდაც“.
   24. ამის მერე, ბოლოს და ბოლოს, დაათვალიერეს ეთიოპელთა აკლდამებიც, რომლებიც ამბობენ, შემდეგნაირად არის მიწისაგან გაკეთებული: მას მერე, რაც გვამს გამოაშრობენ (ან ისე, როგორც ეგვიპტელები, ან როგორმე სხვაგვარად), დაჰფარავენ მას მთლიანად თაბაშირით და შეამკობენ მხატვრობით, თანაც ისე, რომ შესახედავად რამდენადაც შესაძლებელია ჰგავდეს მიცვალებულს, შემდეგ შემოუდგამენ მას ირგვლივ მინისაგან გაკეთებულ ცარიელ სვეტს (ამ მასალას აქ დიდი რაოდენობით თხრიან და ის ადვილად დასამუშავებელია). სვეტში ჩადგმული გვამი კარგად ჩანს, მას არც ცუდი სუნი ასდის დ არც სხვა მხრივ არის უსიამოვნო, საერთოდ, მთლიანად ისევე გამოიყურება, როგორც თვით გვამი. მახლობლებს მთელი წლის განმავლობაში სახლებში აქვთ ეს სვეტი18, მოაქვთ მისთვის პირველი ნაყოფები და სწირავენ მსხვერპლს. ამის მერე გააქვთ და სდგამენ ქალაქის მახლობლად.
   25. მეთვალთვალეებმა ყოველი ეს ნახეს და უკან გაბრუნდნენ. როდესაც ეს ამბები მოიტანეს, კამბისესი განრისხდა და მაშინვე გაილაშქრა ეთიოპელებზე ისე რომ, არც კი გაუცია განკარგულება სურსათის მომარაგების შესახებ და არც ის მიუღია მხედველობაში, რომ ქვეყნის კიდეზე მოუწევდა ლაშქრობა. ამრიგად, მან როგორც კი მოუსმინა იხთიოფაგებს, მაშინვე გაილაშქრა, როგორც შლეგმა და არა გონიერმა. მასთან მყოფ ელინებს უბრძანა იქვე დარჩენილიყვნენ, ხოლო ქვეითი ჯარი მთლიანად თან წაიყვანა. ლაშქრობისას თებეში რომ მივიდა, გამოჰყო თავისი ჯარიდან დაახლოებით 50000 კაცი და უბრძანა მათ დაემონებინათ ამონიები და დაეწვათ ზევსის სამისნო, ხოლო თვითონ დანარჩენი ლაშქრით წავიდა ეთიოპელების წინააღმდეგ. ლაშქარს გზის მეხუთედიც არ გაევლო, რომ გაუთავდათ მთელი სურსათი. საგზლის შემდეგ სახედრებს მიჰყვეს ხელი და ისინიც შთანთქეს. კამბისესს რომ მაშინვე შეეცვალა თავისი განზრახვა და ჯარი უკან გაებრუნებინა, მიუხედავად თავიდანვე დაშვებული შეცდომისა, ის მაინც ჭკვიანი კაცი იქნებოდა. მაგრამ ის არაფერს აქცევდა ყურადღებას და სულ წინ მიდიოდა. ჯარისკაცები, სანამ მიწაზე მაინც შოულობდნენ საზრდოს, სჭამდნენ ბალახებს და იმით ირჩენდნენ თავს. ხოლო როდესაც უდაბნოში გადავიდნენ, ზოგიერთმა მათგანმა საშინელი საქმე დაატრიალა. კენჭი იყარეს ერთმანეთში და ათი კაციდან ერთი შეჭამეს. კამბისესმა რომ ეს შეიტყო, შეეშინდა ერთმანეთი არ ამოსჭამონო. თავი გაანება ეთიოპელებზე ლაშქრობას და უკან დაბრუნდა, მაგრამ ვიდრე თებეს მიაღწევდა, ლაშქარის დიდი ნაწილი ამოუწყდა. თებედან ჩავიდა მემფისში და გაუშვა ელინები, რომ გაეცურათ თავისი ქვეყნისაკენ.
   26. ასე დამთავრდა ეთიპოელების წინააღმდეგ ომი, ხოლო იმათ, ვინც ამონების წინააღმდეგი იყვნენ სალაშქროდ გაგზავნილი, თებედან რომ გავიდნენ, წინამძღოლები ჰყავდათ; ცნობილია, რომ მათ მიაღწიეს ქალაქ ოასისს19, რომელიც გადმოცემით ეჭირათ სამოსელებს, აისქრიონიის ფილედან; იგი დაშორებულია თებეს 7 დღის სავალი გზით, რომელიც უდაბნოებზე გადის. ელინურ ენაზე ამ ადგილს ეწოდება ნეტართა კუნძულები. ამბობენ, რომ სწორედ ამ ადგილას მოვიდა ლაშქარი, ხოლო ამის მერე მათ შესახებ სხვა არავინ არაფერი იცის, გარდა თვითონ ამონებისა და იმათი, ვინც მათი ნათქვამი მოისმინა. ეს იმიტომ, რომ მათ ვერც ამონიებამდე მიაღწიეს და ვერც უკან დაბრუნდნენ, ხოლო ამონიები მათ შესახებ შემდეგს ამბობენ: მას მერე, რაც სპარსელები ამ ოაზისიდან წამოვიდნენ, უდაბნოზე გადაიარეს და მათ წინააღმდეგ გამოემართნენ, ოაზისსა და მათ შორის თითქმის შუა გზაზე რომ იყვნენ, საუზმისას მეტისმეტად ძლიერმა სამხრეთის ქარმა დაბერა, იმათ დიდძალი ქვიშა მიაყარა და ამ ქვიშის ქვეშ დამარხა. აი, ამგვარად, გაუჩინარდნენ ისინი. აი, ასე გვიამბობენ ამონიელები ამ ლაშქრის შესახებ.
   27. როდესაც კამბისესი მემფისში მოვიდა, ეგვიპტელებს გამოეცადა აპისი, რომელსაც ელინები ეპაფოსს უწოდებენ. მისი გამოჩენისთანავე, ეგვიპტელებმა საუკეთესო ტანსაცმელი ჩაიცვეს და საზეიმოდ განეწყვნენ. კამბისესმა რომ დაინახა, რას აკეთებდნენ ეგვიპტელები, დანამდვილებით იფიქრა, რომ მის თავს დატეხილი უბედურების გამო ხარობენ ისინი ასე და გამოუძახა მემფისის მერუვეებს. როდესაც ისინი წარდგნენ მის წინაშე, კამბისის შეეკითხა მათ, უწინ რომ ვიყავი მემფისში, ეგვიპტელებს ასეთი არაფერი გაუკეთებიათ, ახლა კი, როდესაც ლაშქრის დიდი ნაწილი დავკარგე, რატომ აკეთებენო. მათ მიუგეს, რომ ეგვიპტელებს ახლა გამოეცხადათ ღმერთი, რომელიც მათ ჩვვეულებრივ იშვიათად ეჩვენებათ ხოლმე და როდესაც კი ის გამოჩნდება, მაშინ ყველა ეგვიპტელი, დიდად გახარებული დღესასწაულობს. კამბისესმა რომ ეს მოისმინა, თქვა, რომ ისინი სტყუიან და როგორც მატყუარები სიკვდილით დასაჯა.
   28. ისინი რომ დახოცეს, შემდეგ კამბისესმა ქურუმებს გამოუძახა. როდესაც ქურუმებმაც იგივე უთხრეს, მან თხოვა, რომ ნუ დაუმალავენ მას, კეთილია თუ არა ის ღმერთი, რომელიც მოევლინა ეგვიპტელებს. ეს თქვა და უბრძანა ქურუმებს მასთან მოეყვანათ აპისი. ისინი წავიდნენ მის მოსაყვანად. ეს აპისი ანუ ეპაფოსი არის ხბო, დაბადებული ძროხისაგან, რომელსაც ამის მერე აღარასოდეს შეეძლება დამაკება და სხვა ხბოს მოგება. ეგვიპტელები ამბობენ, რომ ძროხას სხივი ეფინება ციდან და ამ სხივისაგან აჩენს ის აპისს. ამ ხბოს, რომელსაც აპისი ეწოდება, შემდეგი ნიშნები აქვს: ის შავია, შუბლზე აქვს თეთრი ოთხკუთხა ხალი, ზურგზე კი არწივის გამოხატულება, კუდზე აქვს ორმაგი ბალანი, ხოლო ენის ქვეშ  ხოჭოს მსგავსი წანაზარდი.
   29. როდესაც ქურუმებმა მოიყვანეს აპისი, კამბისესმა, რომელიც უკვე ჭკუიდან იყო შეშლილი, იშიშვლა მახვილი, უნდოდა აპისისათვის მუცელში ჩაეცა, მაგრამ თეძოზე მოუხვდა. კამბისესმა გაიცინა და უთხრა ქურუმებს: „თქვე უბედურებო, განა არიან ამნაირი ღმერთები, რომელთაც სისხლიც აქვთ, ხორციც და რკინისაგანაც ივნებიან? მაგრამ სწორედ ეგვიპტელთა შესფერისია ასეთი ღმერთი. თქვენ კი, ჩემი დაცინვა იოლად არ ჩაგივლით“. ეს თქვა და უბრძანა დამსჯელებს, ქურუმები გაემათრახებინათ, ხოლო რაც შეეხება დანარჩენ ეგვიპტელებს, ვისაც კი შეიპყრობდნენ მოდღესასწაულეს, უნდა დაეხოცათ. ასე დამთავრდა ეგვიპტელების დღესასწაული, ქურუმები დაისაჯნენ, ხოლო თეძოში დაჭრილი აპისი სალოცავში დაიღუპა. ჭრილობისაგან გარდაცვლილი აპისი ქურუმებმა კამბისესის ჩუმად დამარხეს.20
   30. როგორც ეგვიპტელები ამბობენ, კამბისესი ამ უსამართლობის ჩადენის გამო მაშინვე გაგიჟდა, თუმცა არც უწინ იყო მაინცდამაინც გონიერი. პირველად მან დაღუპა სმერდისი, როლმელიც მისი ძმა იყო მამითაც და დედითაც. ის მან შურით გაგზავნა ეგვიპტიდან სპარსეთში, რადგან სპარსელთა შორის მხოლოდ მან შეიძლო ორი თითის დადებაზე იმ მშვილდის მოწევა, რომელიც ეთიოპელისაგან მოიტანეს იხთიოფაგებმა. სპარსელთაგან სხვა ვერავინ შეძლო ამის გაკეთება. როდესაც სმერდისი სპარსელებში გაგზავნა, კამბისესმა ძილში ასეთი სიზმარი ნახა. მას ეჩვენა, რომ სპარსელთაგან მოვიდა მასთან მოციქული და აცნობა, რომ სამეფო ტახტზე ზის სმერდისი, რომელიც თავით ეხება ზეცას. ამის მერე კამბისესს შეეშინდა, რომ ძმას ის არ მოეკვლევინებინა და თვითონ არ დამჯდარიყო ტახტზე და სპარსელებში გაგზავნა პრექსასპესი, სპარსელთა შორის მისთვის ყველაზე სანდო კაცი, რომ მას მოეკლა მისი ძმა, პრესასპესი ავიდა სუსაში და მოჰკლეს სმერდისი. ზოგი ამბობს, რომ სანადიროდ წაიყვანა და ისე, ხოლო სხვები ამბობენ, რომ წაიყვანა და მეწამულ ზღვაში ჩაახრჩოო.21
   31. ამბობენ, რომ ეს იყო კამბისესის მიერ ჩანდენილი პირველი ბოროტება. მეორე ბოროტება იყო ის, რომ მან მოჰკლა თავისი და, რომელიც გაჰყვა მას ეგვიპტეში და რომელთანაც ის ცხოვრობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი და იყო ორივე მხირვ. იგი მან ასე შეირთო (სპარსელებს ამაზე უწინ სულაც არ სჩვეოდათ თავის დებთან ცხოვრება): კამბისესს შეუყვარდა ერთი თავისი და, მოუნდა მისი შერთვა და რაკიღა წესი არ იყო,22 რომ ეს სურვილი შეესრულებინა, დაუძახა სამეფო მოსამართლეებს და შეეკითხა მათ, არის თუ არა რაიმე კანონი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია დის ცოლად შერთვა. სამეფო მოსამართლეები სპარსელთაგან არიან ამორჩეული და რჩებიან ამ თანამდებობაზე სიკვდილამდე ან მანამ, ვიდრე არ აღმოუჩენენ მათ რაიმე უსამართლო საქციელს. ესენი სჯიან სამართალს სპარსელთა შორის, განმარტავენ მამაპაპეულ კანონებს და ყველაფერი დამოკიდებულია მათზე. კამბისესის შეკითხვას მათ სამართლიანად უპასუხეს და თან ისე, რომ თვითონ არაფერი ვნებოდათ. მათ თქვეს, რომ ვერ იპოვეს ისეთი კანონი, რომელიც ძმას ნებას რთავდა დის შერთვისას, მაგრამ აღმოაჩინეს სხვა კანონი, რომლის თანახმადაც სპარსთან მეფეს შეუძლია გააკეთოს, რაც კი მოუნდება. ამრიგად, კამბისესის შიშით არც კანონი დაარღვიეს და რომ არც თვითონ დაღუპულიყვნენ კანონის დაცვისათვის, გამოძებნეს სხვა კანონი, რომელიც დის შერთვის მოსურნე მეფეს დაეხმარებოდა23. მაშინ კამბისესმა შეირთო ის, ვინც უყვარდა, ხოლო ამის მერე დიდხანს არ გაუვლია, რომ შეირთო მეორე დაც, მათ შორის უმცროსი და გაჰყვა მას თან ეგვიპტეში და ის მოჰკლა იქ.
   32. ამ ქალის სიკვდილის შესახებ, სმერდისისა არ იყოს, ორნაირი ცნობა არსებობს: ელინები ამბობენ, რომ შეაჭიდა ლომისა და ძაღლის ლეკვები და ამას უყურებდა მასთან ერთად მისი ცოლიც; როდესაც ძაღლის ლეკვი მარცხდებოდა, მოიჭრა მასთან მისი ძმა, მეორე ლეკვი, რომელსაც საბელი აეწყვიტა და რაკიღა ძაღლის ლეკვები ორნი იყვნენ, მათ აჯობეს ლომის ლეკვს. კამბისესი ამ სანახაობით კმაყოფილი დარჩა, მასთან მჯდომარე ქალი კი ტიროდა. კამბისესმა რომ ეს შეამჩნია, შეეკითხა, თუ რატომ ტირის, ხოლო მან უპასუხა, რომ ძმის საშველად მოსული ლეკვის დანახვაზე ტირის, რადგან ახსენდება სმერდისი და იცის, რომ მას არავინ წაეშველებოდა. ელინები ამბობენ, რომ სწორედ ამ სიტყვების გამო მოჰკლა ის კამბისესმა ხოლო ეგვიპტელები ასეთ რამეს ჰყვებიან: ერთხელ როდესაც მაგიდასთან ისხდნენ, ქალმა აიღო სალათი. ირგვლივ სული დააგლიჯა ფოთლები და შეეკითხა თავის ქმარს, რომელი სალათი უფრო ლამაზია ფოთლებდაგლეჯილი თუ ხშირფოთლებიანი? ქმარმა უპასუხა, რომ ხშირფოთლებიანი, ამაზე ქალმა მიუგო: „ოდესმე შენც ამ სალათს დაემსგავსები, რადგან კიროსის სახლი ამოსწყვიტე“. გაცოფებულმა კამბისესმა წიხლი ჰკრა მას, ის კი ფეხძიმედ იყო, მოსწყდა მუცელი და მოკვდა.24
   33. ია, ასე შმაგობდა კამბისესი თავისი შინაურების მიმართ და ეს ან აპისის გამო იყო, ან სხვა რამ, მრავალი უბედურების მიზეზით, რაც, ჩვეულებრივ, თავს ატყდება ხოლმე ადამიანებს. მაგალითად, კამბისესის შესახებ ამბობენ, რომ მას დაბადებიდან რაღაც დიდი ავადმყოფობა სჭირდა, რასაც ზოგიერთები წმინდად მიიჩნევენ25. ისე, რომ სრულიად არაა გასაკვირი, ასეთ ავადმყოფ სხეულში რომ გონებაც არ იყოს საღი.
   34. სხვა სპარსელების მის მიმართ კამბისესმა შემდგი სიგიჟე გამოიჩინა; ამბობენ, რომ მან უთხრა პრექსასპესს, რომელსაც დიდ პატივს სცემდა და რომელიც მას ამბავთმთხრობელად ჰყავდა, ხოლო მისი შვილი კიდევ ღვინის მწდედ, რც ასევე მცირე პატივი არ არის; ამბობენ, რომ კამბისესმა მას უთხრა: „პრექსასპეს, სპარსელებს როგორ კაცად მივაჩნივარ მე და ჩემს შესახებ რას ამბობენ?“ ხოლო მან უთხრა: „უფალო, საერთოდ ძალიან გაქებენ, მაგრამ იმასაც ამბობენ, რომ მეტისმეტად გიყვარს ღვინო“. ეს უთხრა პრაქსასპესმა მას სპარსელების შესახებ, ხოლო გაჯავრებულმა კამბისესმა მიუგო: „მაშინ სპარსელები ჩემზე ახლა იმას ამბობენ, რომ მე ღვინით ვარ გატაცებული და ამიტომ ჭკუაზე გადავცდი და გამოვსულელდი. მაშასადამე, მათი უწინდელი ნათქვამი არ იყო მართალი“. მართლაც უწინ როდესაც კამბისესი ზოგიერთ სპარსელთან და კროისოსთან ერთად ბჭობდა, შეეკითხა მათ, თუ რას ფიქრობენ, როგორი კაცია ის, თავის მამასთან, კიროსთან შედარებით. ხოლო სპარსელებმა მიუგეს, რომ ის უეკეთესია მამაზე, რადგან მას აქვს ყოველივე ის, რც ჰქონდა მამას და ამის გარდა აქვს კიდევ ეგვიპტე და ზღვა. სპარსელებმა ეს თქვეს, ხოლო კროისოსს, რომელიც აქ იყო, არ მოეწონა მათი პასუხი და კამბისესს შემდეგი უთხრა: „მე კი ვფიქრობდი, კიროსის ძევ, რომ შენ არა ხარ მამის დარი, რადგან შენ ჯერ არ გყავს ისეთი შვილი, როგორიც დატოვა მან შენი სახით“. კამბისესს ესიამოვნა ეს და შეაქო კროისოსის სიტყვა.
   35. ეს რომ გაიხსენა, გაჯავრებულმა უთხრა პრექსასპესს: „აბა, შენ თვითონ ანხე, სპარსელები მართალს ამბობენ, თუ თვითონ არიან ჭკუას გადამცდრები, ამს რომ ამბობენ. მე ახლა ვესვრი შენ შვილს, რომელიც კარებში დგას და თუ მოვარტყი შიგ გულში, მაშინ გამოჩნდება, რომ სპარსელებს სისულელეები უთქვამთ, ხოლო თუ ავაცდინე, მაშინ გამოჩნდება, რომ სპარსელებს სიმართლე უთქვამთ და მე არა ვარ ჩემს ჭკუაზე“. ეს თქვა, მოსჭიმა მშვილდი და ესროლა ყმაწვილს. ყმაწვილი რომ დაეცა, მეფემ ბრძანა, გაეკვეთათ და ჭრილობა გაესინჯათ. როდესაც ისარი შუა გულში აღმოაჩინეს, კამბისესმა ყმაწვილის მამას სიცილით უთხრა გახრებულმა: „პრექსასპეს, ხომ ცხადია შენთვის, რომ გიჟი არა ვარ და სპარსელები ჭკუაზე არიან გადამცდრები. ახლა მითხარი, გინახავს ვინმე ადამიანთა შორის, რომელიც ასე კარგად ისროდეს მიზანში?“ პრექსასპესი ხედავდა, რომ კაცი არ იყო თავის ჭკუაზე, შეეშინდა, არაფერი მიყოსო და უთხრა: „უფალო, მე ვფიქრობ, რომ თვით ღმერთიც კი არ ისვრის ასე კარგად“.26 ასეთი რამ ჩაიდინა კამბისესმა მაშინ, ხოლო მეორდ, სრულიად უდანაშაულო 12 წარჩინებული სპარსელი შეაპყრობინა და ცოცხლივ ჩაამარხვინა მიწაში თავდაყირა.
   36. ის რომ ასე იქცეოდა, ლიდიელმა კროისოსიმა მისი მორჯულება განიზრახა შემდეგი სიტყვებით: „მეფეო, ყველაფერში ასაკსა და გულისთქმას ნუ მიჰყვები, არამედ გაჩერდი და თავი შეიკავე ხოლმე. რადგან წინდახედუელბა კარგი რამაა, ხოლო სიფრთხილე კი სიბრძნეა. შენ ხოცავ ბავშვებს. თუ კვლავაც ასე მოიქცევი, ემანდ სპარსელები არ აღსდგნენ შენს წინააღმდეგ. ხოლო მე მამაშენი კიროსი ხშირად მეუბნებოდა, დამერიგებინა და მერჩია ის, რასაც კარგად მივიჩნევდი“.
   კროისოსი ურჩევდა კამბისესს ამას, რადგან კეთილად იყო განწყობილი, ხოლო მან მიუგო შემდეგი: „შენ მიბედავ რჩევა-დარიგებებს, შენ, რომელმაც ასე კარგა მოუარა შენს სამშობლოს და ასე კარგად ურჩია ჩემს მამას, გადადი მდინარე არაქსზე და თავს დაესხი მასაგეტებსო, მაშინ, როდესაც ისინი თვითონ აპირებდნენ ჩვენს ქვეყანაში გადმოსვლას?27 შენ თვითო დაღუპე შენი სამშობლო, რადგან მას ცუდად მართავდი და შენ დაღუპე კიროსი, რომელიც გიჯერედა შენ. მაგრამ ვეღარ გადამირჩები, დიდი ხანია ვეძებს საბაბს, რომ გაგისწორდე“. ეს თქვა და დასწვდა მშვილდს, რომ ესროლა მისთვის, მაგრამ კროისოსი წამოხტა და გარეთ გაიქცა. რადგან კამბისესმა სროლა ვერ მოასწრო, უბრძანა მსახურებს, რომ შეეპყროთ და მოეკლათ. მსახურებმა იცოდნენ მისი ზნე და დამალეს კროისოსი იმისთვის, რომ თუ კამბისესი შეინანებდა და მოიკითხავდა, ვინც გამოაჩენდა ცოცხალ კროისოსს, ის საჩუქარს მიიღებდა. ხოლო თუ არ შეინანებდა და არ შეწუხდებოდა, მაშინ მოჰკლავდა მას. მართლაც, დიდ ხანს არ გაუვლია ამის შემდეგ, რომ კამბისესმა მოიკითხა კროისოსი, ხოლო მსახურებმა რომ შეიტყვეს ეს, ახარეს მას, ცოცხალიაო. კამბისესმა თქვა, რომ უხარია მისი გადარჩენა, მაგრამ ისინი, ვინც კროისოსი დაინდო, ვერ გადაურჩებიან და დაიხოცებიან. მან კიდევაც შეასრულა თავისი დანაქადები.
   37. ბევრი ასეთი სიგიჟე ჩაიდინა მან სპარსელებისა და თავისი მოკავშირეების მიმართ, ხოლო მემფისში რომ დარჩა, ძველი სამარხები დახსნა და გვამები დაათვალიერა. როდესაც ჰეფესტოსის სალოცავში28 მივიდა. მწარედ დასცინა მის ქანდაკებას. ეს იმიტომ რომ ჰეფესტოსის ქანდაკება ძალიან ჰგავდა ფინიკიურ პატიაკეს, რომელსაც ფინიკიელები ტრიერების ცხვირზე სდგამდნენ. ვისაც არ უნახავს პატიაკები, მე მათ ასე ავუხსენი: ის არის მუშტისოდენა კაცის გამოსახულება. კამბისესი კაბეირთა სალოცავშიც შევიდა, აქ შესვლა ქურუმებს გარდა არავისთვის იყო ნებადართული, იქ მდგომი ქანდაკებები დიდად შეურაცხყო და დასწვა, ხოლო ეს ქანდაკებები ჰეფესტოსის ნამუშევართა მსგავსნი არიან. იმასაც კი ამბობენ, რომ კაბეირები ჰეფესტოსის შვილები არიან.
   38. ამრიგად, ჩემთვის ყოველმხრივ ცხადია, რომ კამბისესი ნამდვილი გიჟი იყო. თუ არა და, საცოლავებსა და ადათ-წესებზე დაცინვას ვერ გაბედავდა. რადგან ვინმემ რომ შესთავაზოს რომელსაც გნებავთ ხალხს, გამოარჩიე ყველა არსებულ ადათ-წესს შორის საუკეთესოო, ის, რომ გადახედავს, რა თქმა უნდა, გამოარჩევს თავის საკუთარს. ეგრე მიაჩნიათ თითოეულ ხალხს, რომ მისი ადათწესები ბევრად უკეთესია სხვისაზე. ამიტოამც არაა ჩვეულებრივი, რომ გიჟს გარდა სხვა ვინმე დასცინოდეს ასეთ რამეებს. რომ თავისი ადათ-წესების მიმართ ყველა ადამიანი ასე იქცევა, ამის საბუთად ბევრი სხვა რამის მოყვანა შეიძლება და მათ შორის ამისაც: დარიოსმა თავისი მმართველობის დროს დაუძახა იმ ელინებს, ვინც მის კარზე იყვნენ და შეეკითხა, რა საფასურით მოინდომებდნენ ისინი თავიანთი დახოცილი მამების შეჭმას. მათ უპასუხეს, რომ არაფრის გულისათვის არ გააკეთებენ ამას. ამის შემდეგ დარიოსმა დაუძახა ინდთაგან ეგრეთწოდებულ კალატიებს29, რომლებიც მშობლებს სჭამენ და შეეკითხა ელინების თანდასწრებით (ამათ კი თარჯიმნის შემწეობით გაიგეს ის, რაც ითქვა), რა საფასურით დათანხმდებიან ისინი რომ გარდაცვლილი მამები ცეცხლს მისცენ. იმათ საშინლად შეჰყვირეს და შესძახეს ამას რას ლაპარაკობსო. აი ასე წმინდად მიაჩნია ხალხს თავისი წეს-ჩვეულებები და მე ვფიქრობ, სწორედ ამბობდა პინდარე თავის პოემებში, ადათ-წესები ყველაფრის მეფეაო.
   39. როდესაც კამბისესი ეგვიპტეზე ლაშქრობდა, ლაკდემონელებმა მოაწყვეს ლაშქრობა სამოსისა და პოლიკრატეს ეაკის ძის წინააღმდეგ, რომელიც აჯანყდა და ისე დაიჭირა სამოსი. პირველად მან სამად გაჰყო სახელმწიფო და თავის ძმებთან, პანტაგნოტოსთნ და სილოსონტთან ერთად მართავდა მას, ხოლო შემდეგ მათ შორის ერთი მოჰკლა, უმცროსი კი, სილოსონტი, გააძევა და მთელი სამოსი დაიჭირა; მეგობრული ურთიერთობა დაამყარა ამასისთან, ეგვიპტის მეფესთან, მას საჩუქრებს უგზავნიდა და მისგანაც სამაგიეროს ღებულობდა. სულ ცოტა ხანში პოლიკრატესის ძლევამოსილება გაიზარდა და მისი სახელი გაითქვა იონიასა და მთელ დანარჩენ ელადაში30. რადგან სადაც კი არ უნდა ელაშქრა, ყველგან გამარჯვებული გამოდიოდა. მას ჰქონდა 100 ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდი და ჰყავდა 1000 მშვილდოსანი. იგი განურჩევლად ყველას ძარცვავდა; ამბობდა, მეგობარს იმით უფრ გაახარებ, თუ წართმეულს უკან დაუბრუნებ, ვიდრე იმით, რომ თავიდანვე არაფერს წაართმევო. მან აიღო ბევრი კუნძული და ხმელეთზე ბევრი ქალაქი – საზღვაო ბრძოლაში სძლია და დაპყრო ლესბოსელები, რომლებიც მთელი ლაშქრით ეხმრებოდნენ მილეტელებს. ეს ტყვეები იყვნენ, თხრილი რომ შემოავლეს სამოსის კედელს.
   40. პოლიკრატესის დიდი წარმატება დაფარული არ იყო ამასისისთვის და ეს გარემოება მას ძალიან აწუხებდა. როდესაც პოლიკრატესის წარმატება მეტისმეტად გაიზარდა, შემდეგი წერილი გაუგზავნა მან სამოსზე ამასისმა: „ამასისი შემდეგს ეუბნება პოლიკრატესს. ტკბილად გასაგონია, როდესაც მეგობარი და მოკავშირე კარგად ცხოვრობს, მაგრამ მე თუ მკითხავ, არ მიხარია შენი დიდი მიღწევები, რადგან ვიცი, რომ ღვთაება შურიანია. ამიტომ მე ვინდომებდი ჩემთვისაც და იმისთვისაც, ვისზედაც მე ვზრუნავ, რომ ბედი გვწყალობდეს ზოგიერთ საქმეში, ზოგიერთში კი დაბრკოლებები შეგვხვედროდეს და ასე გაგვეტარებინოს მთელი ცხოვრება, სადაც ჯერჯერობით იქნებოდა მარცხი და წარმატება. რადგან არასოდეს მსმენია, რომ ყველაფერში ბედნიერ კაცს საბოლოოდ უბედურება არ ეწვიოს და ძირფესვიანად არ ამოაგდოს. ამიტომ დამიჯერე და შენი ბედნიერების მიმართ ახლა ასე მოიქეცი: მოიფიქრე და გამოარჩიე, შენთვის ყველაზე უფრო ძვირფასი ნივთი, რომლის დაკარგვაც ყველაზე უფრო გატკენს გულს; აიღე და გადააგდე ის ისე, რომ აღარასოდეს დაინახოს ადამიანის შვილმა. თუ ამის მერე წარმატებები და განსაცდელი ამბები რიგრიგობით არ შეგემთხვა, წაეხმარე ამ ამბავს იმგვარად, მე რომ გასწავლე“.
   41. ეს რომ წაიკითხა, პოლიკრატესი მიხვდა, რომ ამისისი მას კარგად ურჩევდა და დაუფიქრდა, მის ძვირფას ნივთთა შორის რომლის დაკარგვა დასწყვეტდა ყველაზე მეტად გულს. დაფიქრდა და შემდეგი გადაწყვიტა: მას ჰქონდა ერთი ბეჭედი, რომელსაც ატარებდა, ზურმუხტისთვლიანი და ოქროში ჩასმული, თეოდოროს ტელეკლეესის ძის, სამოსელის, ნახელავი. როდესაც მისი გადაგდება გადაწყვიტა, ასე მოიქცა: 50-ნიჩბიან ხომალდზე დასხა ხალხი, თვითონაც ავიდა და შემდეგ ბრძანა, გაეყვანა ზღვაში. კუნძულს კარგი მანძილით რომ დაშორდა, მოიხსნა ბეჭედი და ყველას დასახავად, ვინ იყო ხომალდზე მასთან ერთად და გადააგდო ზღვაში. ეს რომ გააკეთა, უკან გაბრუნდა და სახლში მოსული ძალიან დამწუხრდა.
   42. ამ ამბის მერე მეხუთე თუ მეექვსე დღეს ასეთი რამ მოხდა: მეთევზემ დაიჭირა დიდი და ლამაზი თევზი და გადაწყვიტა, რომ იგი პოლიკრატესის საკადრისი იყო და ამიტომ მოინდომა მისთვის მიერთმაი. მან მოიტანა თევზი სასახლის კართან და თქვა, რომ უნდა წარუდგეს თვით პოლიკრატესს, როდესაც შევიდა მასთან, გადასცა თევზი და უთხრა: „მეფეო, ეს თევზი რომ დავიჭირე, არ მივიჩნიე სამართლიანად, ბაზარზე წამეღო, მიუხედავად იმისა, რომ თავს ჩემი შრომით ვირჩენ: ვიფიქრე, რომ შენი და შენი ძალაუფლების საკადრისია, ამიტომ წამოვიღე და შენ მოგართვი“. პოლიკრატესს ესიამოვნა ეს სიტყვები და მიუგო: „შენ ძალიან კარგად მოიქეცი და ორმაგი მადლობა გეკუთვნის სიტყვებისა და საჩუქრისათვის. მე შენს სადილად გეპატიჟები“. მეთევზემ დიდ პატივად მიიჩნია დაპატიჟება დ სახლში წავიდა. ამასობაში მსახურებმა გასჭრეს თევზი და მუცელში უანხეს პოლიკრატესის ბეჭედი. როგორც კი დაინახეს, სასწრაფოდ ამოიღეს და გახარებულებმა წაუღეს პოლიკრატესს, მისცეს ბეჭედი და უთხრეთ, თუ რანაირად არის ის ნაპოვნი. პოლიკრატესმა იფიქრა, რომ ეს მოხდა ღვთაების განგებით, დაწერა წერილში, რაც გააკეთა და რაც თავს გადახდა და გაგზანა ეგვიპტეში.
   43. ამასისმა რომ წაიკითხა პოლიკრატესისგან მოსული წერილი, მიხვდა, რომ ადამიანი უძლურია იხსნას მეორე ადამიანი მის თავს დასატეხი უბედურებისაგან და რომ პოლიკრატესს, რომელსაც ყველაფერში ბედი სწყალოდა, კარგი ბოლო არ ექნებოდა. ის იმასაც კი პოულობდა, რასაც აგდებდა. ამასისმა გაგზავნა მოციქული სამოსზე და შეუთვალა, ჩვენი მეგობრობა დარღვეულიაო. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ მას მეგობრის გამო გული არ დასტანჯვოდა, როდესაც საშინელი და დიდი უბედურება დაატყდებოდა თავს პოლიკრატესს.
   44. აი ამ, ყოველმხრივ გალაღებული პოლიკრატესის წინააღმდეგ გაილაშქრეს ლაკედემონელებმა, რომლებიც მოიწვიეს იმ სამოსელებმა, რომელთაც შემდეგ კრეტაზე დააფუძნეს კიდონიე, პოლიკარტესმა სამოსელების ჩუმად მოციქული გაუგზავნა კამბისესს, კიროსის ძეს, რომელიც ამ დროს ლაშქარს აგროვებდა ეგიპტის წინააღმდეგ და სთხოვა, მასთანაც გამოეგზავნა კაცები სამოსზე და მისგანაც ეთხოვა ლაშქარი. კამბისესმა რომ ეს მოისმინა, სასწრაფოდ გაგზავნა სამოსზე კაცები და სთხოვა პოლიკრატესს, საზღვაო ფლოტი გამოეგზავნა მისთვის ეგვიპტის წინააღმდეგ. პოლიკრატესმა გამოარჩია ის მოქალაქეები, რომელთა მიმართად განსაკუთრებული ეჭვი ჰქონდა, რომ ისინი აჯანყებას აპირებდნენ და გაგზავნა ისინი 40 ტრიერით31 [ეგვიპტეში], თანაც სთხოვა კამბისესს, ესენი უკან აღარ გამომიგზავნოო.
   45. ერთნი ამბობენ, რომ პოლიკრატესი მიერ გაგზავნილი სამოსელები არ მისულან ეგვიპტეში, რადგან, როდესაც მიცურავდნენ კარპათოსთან, მოილაპარაკეს, რომ აღარ სურდათ ამაზე უფრო შორს წასვლა. სხვები კი ამბობდნენ, რომ მათ მიაღწიეს ეგვიპტეს, მაგრამ იქ დარაჯი ჰყავდათ მიყენებული და იქიდან გამოიქცნენო. როდესაც ისინი მიცურდნენ სამოსთან, პოლიკრატესი შემოხვდა მათ ხომალდებით და ბრძოლა გაუმართა. ამ ბრძოლაში უკან დაბრუნებულებმა გაიმარჯვეს და გადმოვიდნენ კუნძულზე. მაგრამ ხმელეთზე ბრძოლაში დამარცხდნენ და გაცურეს ლაკედემონისაკენ. ზოგიერთები კი ამბობენ, რომ ეგვიპტიდან მოსულებმა გაიმარჯვეს პოლიკრატესზეო.. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისინი მართალს არ ამბობენ, რადგან იმათ არ დასჭირდებოდათ ლაკედემონელების მოწვევა, თვითონ რომ საკმარისი ყოფილიყვნენ პოლიკრატესის დასამორჩილებლად. ამას გარდა, ისიც საეჭვოა, რომ პოლიკრატესი, რომელსაც იმდენი დაქირავებული ჯარი და საკუთარი მშვილდოსნები ჰყავდა, დაბრუნებულ მცირერიცხოვან სამოსელებს დაემარცხებინათ. პოლიკრატესმა თავის ქვეშევრდომ მოქალაქეთა შვილები და ცოლები შერეკა ნავთსადგომში და გამზადებული ჰყავდა, რომ თუ მოქალაქეები მას განუდგებოდნენ და უკან დაბრუნებულებს მიემხრობოდნენ, ცეცხლს წაუკიდებდა მათ ნავთსადგომებში.
   46. შემდეგ პოლიკრატესის მერ გამოძევებული სამოსელები მოვიდნენ სპარტეში, წარუდგნენ მმართველებს და ბევრი ილაპარაკეს, რადგან ძალიან გაჭირვებული იყვნენ. ხოლო მმართველებმა მათთან პირველად მოსულ სამოსელებს უპასუხეს, რომ თავში ნათქვამი დაავიწყდათ, ბოლოში ნათქვამი კი ვერ გაიგეს. ამის შემდეგ მეორედ რომ წარუდგნენ სპარტელებს, არაფერი უთქვამთ, მხოლოდ მოიტანეს ტომარა და თქვეს რომ ტომარას ესაჭიროება პურის ფქვილი. სპარტელებმა კი უპასუხეს, რომ ტომარა სრულიად ზედმეტია და გადაწყვიტეს მათ დახმარებოდნენ.
   47. ამის შემდეგ ლაკედემონელები მოემზადნენ და გაემართნენ სამოსზე, სამოსელების თქმით, იმ კეთილი საქმის სამაგიეროდ სამოსელები მათ უწინ, მესენელებთან ბრძოლის დროს რომ დაეხმარნენ თავისი ხომალდებით. ხოლო ლაკედემონელები კი ამბობენ, რომ ისინი სამოსელების დასახმარებლად კი არ ლაშქრობდნენ, არამედ იმიტომ, რომ უნდოდათ იმათი დასჯა, ვინც სასმისი მოიტაცა (რომელიც წაუღეს კროისოსს) და მათი, ვინც აბჯარი მოიტაცა (რომელიც ეგვიპტის მეფემ, ამასისმა გამოუგზავნა მათ საჩუქრად). აბჯარი სამოსელებმა ერთი წლით ადრე მოიტაცეს, ვიდრე ჭურჭელი, ის იყო სელისა და ჩაქსოვილი ჰქონდა ბევრი გამოსახულება და შემკული იყო ოქროთი და ბამბის ძაფით. განსაკუთრებით საოცარია აბჯრის თითოეული ძაფი, რომელიც თუმცა წვილია, მაგრამ შეიცავს 360 ცალკეულ ძაფს და ყველა მათგანი კარგად ჩანს. მეორე ასეთივე აბჯარი ამასისმა შესწირა ათენას ლინდოსზე.
   48. კორინთელები დიდი გულმოდგინებით მონაწილეობდნენ სამოსის წინააღმდეგ ლაშქრობაში, რადგან სამოსელებმა მათ შეურაცხყოფა მიაყენეს იმ დროზე სამი თაობით უწინ, ვიდრე სასმისს მოიტაცებდნენ, პერიანდროსმა, კიფსელოსის ძემ სარდში, ალიატესთან გაგზავნა 300 ყმაწვილი, წარჩინებული კერკირელის შვილი წინადასაცვეთად. კორინთელებს მიჰყავდათ ეს ყმაწვილები და როდესაც მიადგნენ სამოსს, სამოსელებმა შეიტყვეს, თუ რისთვის მიჰყადათ ისინი სარდეში და ასწავლეს ყმაწვილებს, რომ თავი შეეფარებინათ არტემიდეს სალოცავისათვის, ხოლო შემდეგ კორინთელებს არ მისცეს ნება მავედრებელი ყმაწვილები სალოცავიდან გამოეთრიათ; რადგან კორინთელები ყმაწვილებს საჭმელს არ აძლევდნენ, სამოსელებმა გამართეს დღესასწაული, რომელსაც ახლაც კი მართავენ ხოლმე. მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც ყმაწვილები სალოცავში იყვნენ თავშეფარებული, ღამის დადგომისთანავე სამოსელები ქალწულთა და ჭაბუკთა გუნდებს აწყობდნენ, ხოლო ამ გუნებს ევალებოდა სალოცავში თან წაეღოთ ქუნჯუთისა და თაფლისაგან გაკეთებული საჭმელი, იმისათვის, რომ კერკირელ ყმაწვილებს მოეტაცათ და ეჭამათ. ეს გრძელდებოდა მანამ, ვიდრე ამ ყმაწვილებისათვის მიჩენილმა კორინთელმა დარაჯებმა ისინი არ მიატოვეს და არ წავიდნენ. ყმაწვილები კი სამოსელებმა კერკირაზე დააბრუნეს.
   49. პერიანდროსის სიკვდილის შემდეგ კორინთელებს რომ მეგობრული ურთიერთობა დაემყარებინათ კერკირელებთან, მაშინ კორინთელები სამოსელთა წინააღმდეგ ლაშქრობაში არ მიიღებდნენ მონაწილეობას ამ მიზეზის გამო. მაგრამ, რაც კორინთელები კერკირის კუნძულზე დასხლდნენ, მას მერე დღემდე გამუდმებით მტრობენ ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ ერთი ტომისანი არიან. აი, ამიტომ იყო, რომ კორინთელებს გულში ბოღმა ჰქონდათ სამოსელების მიმართ. ხოლო პერიანდროსმა კერკირელ წარჩინებულთა შვილები გამოარჩია და გაგზავნა სარდეში წინადასაცვეთად, რადგან მათი დასჯა უნდოდა. ეს კი იმიტომ მოინდომა, რომ უწინ კერკერელებმა მის მიმართ ბოროტმოქმედება ჩაიდინეს.
   50. მას მერე, რაც პერიანდროსმა თავისი ცოლი, მელისა32 მოჰკლა, ამ ამბავს სხვა უბედურებაც დაერთო ზედ. მას მელისასაგან ჰყავდა ორი შვილი, ერთი 17-ის და მეორე 18 წლისა. ისინი დაპატიჟა პაპამ დედის მხრივ, პროკლეესმა, ეპიდავროსის ტირანმა და ძალიან კარგად მიიღო, როგორც შეეფერებოდა მისი საკუთარი ასულის შვილებს. როდესაც ისინი შინ გაისტუმრა, გააცილა და უთხრა: „ბავშვებო, იცით ვინ მოჰკლა დედათქვენი?“ უფროსმა ამ სიტყვებს არ მიაქცია ყურდღება, ხოლო უმცროსმა, რომელსაც სახელად ერქვა ლიკოფრონი, ეს რომ მოისმინა, ისე იდარდა, რომ კორინთოში მოსული, არც კი დაელაპარაკა მამას, როგორც დედის მკვლელს, ხოლო მამა რომ ელაპარაკებოდა, ის ხმას არ სცემდა და მის შეკითხვებს ყურადღებას არ აქცევდა. ბოლოს გაბრაზდა მასზე პერიანდროსი და გააგდო სახლიდან.
   51. ლიკოფრონი რომ გააგდო, შეეკითხა უფროს შვილს, თუ რას ელაპარაკა მათ პაპა. შვილმა უამბო, რომ პაპამ ისინი ძალიან კარგად მიიღო, ხოლო ის სიტყვა, რაც მათ პროკლეესმა გამოთხოვებისს უთხრა და რასაც მან არ მიაქცია ყურადღება, მას აღარ ახსოვდა. პერიანდროსმა უთხრა, ყოვლად წარმოუდგენელია, რომ მას თქვენთვის რამე არ ეთქვაო და არ მოეშვა. ბოლოს ყმაწვილმა გახსენა და უთხრა. პერიანდროსი მიუხვდა, რაც მოხდა, მაგრამ ლმობიერების გამოჩენა არ მოისურვა. მოციქული გაგზავნა მათთან, ვისთანაც მისი გაძევებული შვილი ცხოვრობდა და შეუთვალა, ნუ აჩერებთ სახლშიო. იქიდან გამოძევებული ყმაწვილი მივიდა სხვასთან, მაგრამ იქიდანაც გამოაგდეს, რადგან პერიანდროსი ემუქრებოდა ყველას, ვინც კი მას შეიფარებდა და ბრძანებდა, გადააგდეთო. გამოგდებული მივიდა ერთი თავისი ამხანაგის სახლში. მათ, მართალია, ეშინოდათ, მაგრამ მიიღეს, რადგან მაინც პერიანდროსის შვილი იყო.
   52. ბოლოს პერიანდროსმა გამოაცხდა, რომ ვინც მის შვილს სახლში შეუშვებს, ან დაელაპარაკება, მას დაედება ამდენი და ამდენი ჯარიმა, რაც შეეწირება აპოლონს. ამ განცხადების შემდეგ არც არავინ ელაპარაკებოდა მას და არც არავის უნდოდა მისი სახლში შეშვება. თვითონ ლიკოფრონსაც არ მიაჩნდა სამართლიანად ამ ბრძანების დარღვევა, ამიტომ ითმენდა და სტოებში დაეხეტებოდა. მეოთხე დღეს დაინახა ის პერიანდროსმა, დაუბანელი და უჭმელი, შეეცოდა, სიბრაზემ გადაუარა, მიუახლოვდა და უთხრა: „შვილო, რა უფრო სასურველია შენთვის, ის, რასაც ახლა აკეთებ, თუ ტირანობა და სიკეთე, რაც მე მაქს ახლა და რაც შენზე გადმოვა, თუკი მამის ერთგული იქნები. შენ, ჩემმა შვილმა და მიდარი კორინთოს მეფემ ირჩიე მაწანწალას ცხოვრება, განდექი და სიბრაზე გახრჩობს მის მიმართ, ვისდამიც ყველაზე ნაკლებად გმართებს რისხვა, რადგან თუ რაიმე უბედურება შეგვემთხვევა, რის გამოც უნდობლად მეპყრობი, ის უბედურება ჩემს თავსაც არის და მე გაცილებით მეტად მაწევს, რადგან ის ჩემი ჩადენილია. დაბრუნდი სახლში, რაკი შეიტყვე, თუ რამდენად უკეთესია შენს მიმართ შური, ვიდრე სიბრალული და რა მოსდევს რისხვას მშობლებისა და ძლევამოსილი პირობისადმი“. პეიანდროსს ამისთანებით უნდოდა შვილთან შერიგება, მაგრამ მან მამას სხვა არაფერი უპასუხა გარდა იმისა, რომ უთხრა, ღმერთს წმინდა ჯარიმა უნდა გადაუხადო, რადგან მე დამელაპარაკეო. პერიანდროსი მიხვდა, რომ მისი შვილის სიძულვილი უსაზღვრო და გადაულახავია, მოიშორა ის თავიდან და ხომალდით გაგზავნა კერკირაზე, რადგან კერკირაც მის გამგებლობაში იყო. პერიანდროსმა შვილი რომ გაგზავნა, გაილაშქრა თავისი სიმამრის, პროკლეესის წინააღმდეგ, რადგან მომხდარ ამბავში ყველაზე დიდ დამნაშავედ ის მიაჩნდა, აიღო ეპიდავროსი, დაიჭირა პროკლეესი და დაატყვევა.
   53. დრო გავიდა, პერიანდროსი მოხუცდა და შეატყო თავის თავს, რომ აღარ შეუძლია სახელმწიფო საქმეების მოვლა და მოწესრიგება. ამიტომ გაგზავნა კერკირაზე კაცი და მოიწვია ლიკოფრონი ტირანობის გადასაბარებლად, რადგან უფროს შვილს კარგი თვალით არ უყურებდა, რაკი რეგვენად მიაჩნდა. ლიკოფრონმა პასუხის ღირსიც კი არ გახადა ამბის მომტანი. პერიანდროსს უყვარდა ჭაბუკი და მეორედ გაუგზავნა მას მისი და, თავისი ასული, რადგან ფიქრობდა, რომ მას უფრო დაუჯერებდა. ქალი მივიდა მასთან და უთხრა: „ყმაწვილო, რა გირჩევნია, ის, რომ ტირანობა სხვის ხელში გადავიდეს და მამაჩვენის სახელი განადგურდეს, თუ ის, რომ დაბრუნდე და შენი გახდეს ეს ყოველივე? დაბრუნდი სახლში და ანებე თავი საკუთარი თავის დასჯას. პატივმოყვარეობა ცუდი თვისებაა და ბოროტებას ბოროტებითვე ნუ მკურნალობ. ბევრნი სამართლიანობაზე მეტად გულისხმიერებას მიიჩნევენ. ბევრმა დედის უფლებებზე ზრუნვაში დაჰკარგა მამის უფლბები. ტირანობა საიმედო მონაპოვარი არაა, ბევრია მისი მოსურნე, მამა კი უკვე მოხუცია და დაბერებული. ნუ მისცემ შენს კუთვნილს სხვებს“. ქალი ძალიან დამაჯერებლად ელაპარაკებოდა მას, ისე, როგორც მამამ ასწავლა, მაგრამ ლიკოფრონმა მიუგო, რომ არ დაბუნდება კორინთოში მანამ, სანამ იცის, რომ მამა ცოცხალია. ქალმა რომ ეს ამბავი მოიტანა, პერიანდროსმა მესამედ გაუგზავნა მოციქული, რომ კერკირაზე თვითონ წავა, ოღონდ ვაჟი მოვიდეს კორინთოში და გახდეს მისი ტირანიის მემკვიდრე. ამ პირობებზე შვილი დათანხმდა; პერიანდროსი მიდიოდა კერკირაზე, ხოლო მისი შვილი კორინთოში. მაგრამ ეს შეიტყვეს კერკირელებმა და მოჰკლეს ჭაბუკი, იმისათვის, რომ პერიანდროსი არ მისულიყო მათ ქვეყანაში. აი, ამის გამო იყო, რომ პერიანდროსი შურს იძიებდა კერკირელებზე.
   54. ლაკედემონელები რომ მოვიდნენ დიდი ლაშქრით, ალყა შემოარტყეს სამოსს. მათ იერიში მიიტანეს გალავანზე და დააპირეს კოშკზე ასვლა, რომელიც ქალაქის გარეუბანში იყო ზღვის გასწვრივ; ამ დროს თავისიანებს პოლიკარტესი მოეშველა მრავალირცხოვანი ჯარით და ლაკედემონელები გარეკა. ზემოთა კოშკიდან, რომელიც მთის მწვერვალზე იდგა, მტრის წინააღმდეგ გამოვიდნენ დაქირავებულები ბევრნი თვით სამოსელთაგან, მაგრამ ცოტა ხანს გაუძლეს ლაკედემონელებს და უკუიქცნენ. ლაკდედემონელბი კი მისდევდნენ და ხოცავდნენ მათ.
   55. იმ დღეს იქ მყოფი ყველა ლაკედემონელი რომ არქიესსა და ლიკოესს ჰგვანებოდნენ, მაშინ უთუოდ აიღებდნენ სამოსს. მხოლოდ არქიესი და ლიკოპესი შეცვივდნენ გალავანში გაქცეული სამოსელების ფეხდაფეხ, მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა გადაეკეტათ და დაიხოცნენ სამოსელთა ქალაქში. ამ არქიესის მესამე თაობას, მეორე არქიესს, სამიოს არქიესის ძის შვილს მე თვითონ შევხვდი პიტანეში (ეს მისი დემი იყო). ის უცხოელთა შორის განსაკუთრებულ პატივს სცემდა სამოსელებს და ამბოდა, რომ მის მამას სახელად სამიოსი იმიტომ ერქვა, რომ სამისის მამა, არქიესი ვაჟკაცურად მოკვდა სამოსზეო. მან თქვა, პატივს ვცემ სამოსელებს იმიტომ, რომ მათ პაპაჩემი სახელმწიფო ხარჯით დაკრძალესო.
   56. ლაკედემონელებს 40 დღე ჰქონდათ ალყა შემორტყმული სამოსისათვის, სხვა ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწიეს და დაბრუნდნენ პელოპონესში. მაგრამ ერთი ნაკლებად სარწმუნო ამბავიც არის გავრცელებული, თითქოს ლიკრატესმა მოაჭრევინა ბევრი ადგილობრივი ფული ტყვიისაგან, მოაოქროვებინა და დაურიგა მათ. ლაკედემონელებმა ფული რომ მიიღეს, მერე წავიდნენ, ასეთი იყო ლაკედემონელი დორიელების პრველი ლაშქრობა აზიაში.
   57. იმ სამოსელებმა, რომლებმაც პოლიკარტესის წიანაღმდეგ ილაშქრეს, როდესაც ლაკედემონელებმა მათი დატოვება განიზრახეს, თვითონაც გასცურეს სიფნოსისაკენ, რადგან ფულები ესაჭიროებოდათ, ხოლო სიფნოსელების საქმეები იმ დროს ძალიან კარგად იყო; კუნძულებზე მცხოვრებთა შორის სიფნოსელები ყველაზე მდიდრები იყვნენ, რადგან მათ თავის კუნძულზე ჰქონდათ ოქროს და ვერცხლის საბადოები. ის რომ, აქედან შემოსული ქონების მეათედი ნაწილი შესწირეს დელფოს და იქ შექმნეს საგანძური, რაც უმდიდრესი ხალხების საგანძურის მსგავსი იყო. სიფნოსელები თავის ქონებას ყოველწლიურად ერთმანეთში ინაწილებდნენ. როდესაც საგანძურს აგებდნენ, შეეკითხნენ სამისნოს, შეიძლება თუ არა, რომ მათმა დღევანდელმა კეთილდღეობამ დიდხანს გასტანოს, ხოლო პითიამ მათ ასეთი პასუხი მისცა: „როდესაც სიფნოსის პრიტანეონი თეთრი გახდება და მოდანი – თეთრწარბებიანი, გონიერი კაცი უნდა მოერიდოს ხის რაზმეულს და წითელ მაცნეს“. მაშინ სიფნოსელებს მოედანიც და პრიტნეონიც პაროსის ქვევით ჰქონდათ შემკული.
   58. ეს წინასწარმეტყველება სიფნოსელებმა ვერც მაშინ გაიგეს და ვერც მერე, როდესაც სამოსელები მოვიდნენ. როგორც კი სიფნოსთან მივიდნენ სამოსელები, ერთი ხომალდით მოციქულები გაგზავნეს ქალაქში. ძველად ყველა ხომალდი სურინჯით იყო შეღებილი. სწორედ ამას გულისხმობდა პითიას წინასწარმეტყველება სიფნოსელების მიმართ, ერიდეთ ხის რაზმეულსა და წითელ მაცნესო. მოსულმ მოციქულებმა სიფნოსელებს 10 ტალანტი სთხოვეს სესხად. როდესაც სიფნოსელებმა სესხზე უარი უთხრეს, სამოსელებმა მათი მიწების გაჩანაგება დაიწყეს. ეს რომ სიფნოსელებმა შეიტყვეს, მაშინვე მოვიდნენ და ბრძოლა გაუმართეს მომხდურთ, მაგრამ დამარცხდნენ და ბევრ მათგანს, ქალაქის გზა მოუჭრეს სამოსელებმა. ამის მერე სიფნოსელებს 100 ტალანტის გაღება მოუხდათ.
   59. სამოსელებმა ჰერმიონელთაგან ამ ფულით კუნძული იყიდეს, ჰიდრეე, რომელიც პელოპონესთანაა და გადასცეს ტროიძენელებს, ხოლო თვითონ კრეტაზე კიდონიე დააფუძნეს, მაგრამ ამ კუნძულზე ამისათვის კი არ მოვიდნენ, არამედ ძაკინთელების გასარეკად. ისინი დარჩნენ აქ და ბედნიერად ცხოვრობდნენ 5 წლის განმავლობაში, ისე, რომ სალოცავები რომ არის კიდონიეში, მათი გაკეთებულია და ასევე დიქტინეს ტაძარიც. მეექვსე წელს ეგინელებმა გაუმართეს მათ საზღვაო ბრძოლა, დაამარცხეს ისინი და დაიმონეს კრეტელების შემწეობით. მათ ხომალდებს ჰქონდათ ტახის მსგავსი ცხვირი33, ესენი ჩამოაჩეხეს და შესწირეს ათენას სალოცავს ეგინაზე. ეგინელებმა ეს იმიტომ გააკეთეს, რომ გაჯავრებულები იყვნენ სამოსელებზე. რადგან უწინ, ამფიკრატესის სამოსზე მეფობის დროს სამოსელებმა ილაშქრეს ეგინის წინააღმდეგ, დიდი ზიანი მიაყენეს ეგინელებს და თვითონაც საკმაოდ დიდი ზარალი ნახეს. ეს იყო ამისი მიზეზი.
   60. სამოელთა შესახებ განსაკუთრებით იმიტომ გამიგრძელდა სიტყვა, რომ მათ აქვთ ყველა ელინთა შორის სამი უდიდესი ნაგებობა: ერთი მათგანია მაღალი, 150 ორგიის სიმაღლის მთაში გაყვანილი გვირაბი, რომელიც მთის ძირში იწყება და ორი გასასვლელი აქვს. გვირაბის სიგრძე 7 სტადიონია, ხოლო სიმაღლე და სიგანე, თითოეული 8 ფუტი. მთელი გვირაბის გასწვრივ გათხრილია სხვა არხი, 20 წყრთის სიღრმისა და სამი ფუტის სიგანის, მასზე მოედინება წყალი, რომელიც გამოყვანილია დიდი წყაროდან და მილების საშუალებით მიდის ქალაქში. ამ გვირაბის მაშენებელი იყო ევპალინოს ნავსტროფოსის ძე, მეგარელი. ეს არის ერთი იმ სამ ნაგებობათაგანი. მეორე არის მიწაყრილი ზღვაში, ნავსადგურთან, მისი სიღრმე 20 ორგია, ხოლო სიგრძე 2 სტადიონზე მეტია. მესამე ნაგებობა არის ტაძარი, უდიდესი ჩვენთვის ცნობილ ყველა ტაძართა შორის34. პირველი მისი მაშენებელი იყო ადგილობრივი მცხოვრები, რეკოს ფილესის ძე. აი, ამის გამოა, რომ სამოსელთა შესახებ სიტყვა გავაგრძელე.
   61. ჭკუაზე გადამცდარი კამბისეს კიროსის ძე ჯერ კიდევ ეგვიპტეში იყო, რომ მის წინააღმდეგ ამბოხდა ორი ძმა, მოგვები, მათ შორის ერთი კამბისესმა დატოვა თავისი სასახლის მზრუნველად. ის განუდგა მას, რადგან შეიტყო სმერდისის სიკვდილი, რად დამალული იყო (სპარსელთაგან მხოლოდ ცოტამ იცოდა ეს ამბავი, უმრავლესობამ ისე იცოდა, რომ ცოცხალი იყო). ამასთან დაკავშირებით მან ასე განიზრახა სამეფო ხელისუფლების ხელში ჩაგდება: მას ჰყავდა ძმა, რომელიც, როგორც უკვე ვთქვი, მასთან ერთად გადაუდგა კამბისესს, ის შესახედავად ძალიან ჰგავდა სმერდისს, კიროსის ძეს, რომელიც მოაკვლევინა კამბისესმა, მისმა საკუთარმა ძმამ. ის შესახედავად ჰგავდა სმერდისს და სახელიც იგივე ერქვა, სმერდისი. აი, ეს კაცი მოგვმა პატიძეითესმა დაარწმუნა, რომ თვითონ მოუგვარებს მას ყვლაფერს და წაიყვანა და დასვა სამეფო ტახტზე35. ეს რომ გააკეთა, დაგზავნა მოციქულები ყველგან და ასევე ეგვიპტეშიც და უბრძანა ლაშქარს, რომ ამიერიდან სმერდის კიროსის ძეს უნდა დაემორჩილონ და არა კამბისესს.36
   62. ყველა მოციქულმა გამოაცხადა მოგვის განკარგულება და იმანაც ვინც ეგვიპტეში იყო გაგზავნილი (მან კამბისესი და მისი ლაშქარი სირიის აკბატანაში აღოაჩინა)37; ამან მოგვის განკარგულება ისე გამოაცხადა, რომ ლაშქარის შუაში იდგა. კამბისესმა რომ მოისმინა ეს მოციქულთაგან, იფიქრა, რომ მართალს ამბობსო და რომ მას უღალატა პრექსასპესმა (მან ხომ პრექსასპესი გაგზავნა სმერდისის მოსაკლავად და, ჩანს, მას ეს არ გაუკეთებია). მან შეხედა პრექსასპესს და უთხრა: „პრექსასპეს, ასე შემისრულე, მე რომ საქმე დაგავალე?“ მან უპასუხა: „უფალო, არ არის მართალი, რომ სმერდისი, შენი ძმა შენს წინააღმდეგ აღსდგა, არც ის შეიძლება, რომ ამ კაცისაგან შენ რაიმე უსიამოვნება შეგემთხვეს, გინდა დიდი, გინდა მცირე. შენი ბრძანება რომ შევასრულე, მერე დავმარხე კიდეც სმერდისი ჩემი საკითარი ხელით. თუ კი მკვდრები დგებიან, მაშინ იმასაც ელოდე, რომ ასტიაგესი, მიდიელთა მეფეც აღსდგება შენს წინააღმდეგ, ხოლო თუ ახლაც ისევეა, როგორც უწინ იყო, მაშინ სმერდისისაგან არავითარი უსიამოვნება არ შეიძლება რომ წარმოსდგეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა დავედევნოთ მოციქულს და გამოვიკვლიოთ, თუ ვისგანაა ის მოსული, რომ გამოგვიცხადა ჩვენ, სმერდისია მეფე და მას უსმინეთო“.
   63. პრექსასპესის ნათქვამი ჭკუაში დაუჯდა კამბისესს, ამიტომ სასწრაფოდ დაედევნა და დააბრუნეს მოციქული. დაბრუნებულს პრექსასპესმა ჰკითხა: „კაცო, შენ ამბობ, რომ სმერდისის მოციქული ხარ, კიროსის ძისა. ახლა მართალი გვითხარი და მშვიდობით წადი, თვითონ სმერდისი გეჩვენა და გიბრძანა ეს, თუ რომელიმე მისი მსახურთაგანი?“. მან მიუგო: „სმერდისი, კიროსის ძე, მას მერე, რაც მეფე კამბისესი წავიდა ეგვიპტის წინააღმდეგ, არც კი მინახავს. მე ეს დამავალა მოგვმა, რომელიც კამბისესმა თავის სასხლის მეურვედ დატოვა, მან მითხრა, რომ სმერდისი, კიროსის ძე, მავალებს თქვენთვის ამის თქმასო“. ასე თქვა მან და არაფერი მოუტყუებია, ხოლო კამბისესმა თქვა: „პრექსასპეს, შენ შეასრულე ჩემი ბრძანება, როგორც პატიოსანმა კაცმა და თავისუფალი ხარ ბრალდებისაგან, მაგრამ ვინ უნდა იყო სპარსთაგან ის მეამბოხე, რომელმაც მიითვისა სერდისის სახელი?“ მან მიუგო: „მეფეო, მე მგონია, მივხვდი, რაც მოხდა. მოგვები არიან ისინი, ვინც შენს წინააღმდეგ აღსდგნენ, ერთი ის, რომელიც შენი სასახლის მეურვედ დატოვე, პატიძეითესი და მეორე მისი ძმა, სმერდისი“.
   64. კამბისესმა რომ სმერიდის სახელი გაიგონა, ირწმუნა ამ სიტყვებისა და თავისი სიზმრის სიმართლე. მან სიზმარში ნახა, თითოს ვიღაცამ გამოუცადა მას, რომ სმერდისი დაჯდება სამეფო ტახტზე და თავით ზეცას მიებჯინებაო; მიხვდა, რომ ტყუილ-უბრალოდ დაღუპა ძმა და დაიტირა ის. რომ მოიტირა და შეიცხადა ყველა უბედურება, შეახტა ცხენს, რადგან გუნებაში ჰქონდა, რაც შეიძლება სწრაფად გაელაშქრა სუსაში მოგვების წინააღმდეგ. როდესაც ცხენზე ჯდებოდა, მისი მახვილის ქარქაშს წვერი წასძვრა და გაშიშვლებული მახვილი თეძოში მოხვდა. ისე დაიჭრა სწორედ იმ ადგილას, სადაც თვითონ დაარტყა უწინ ეგვიპტელთა ღმერთს, აპისს. კამბისესმა იგრძო, რომ ჭრილობა სასიკვდილოა და იკითხა, რა ჰქვია ქალაქსაო. მას უპასუხეს, რომ აკბატანა. მან ჯერ კიდევ უწინ, ქალაქ ბუტოში მიიღო მისნობა, რომ მისი ცხოვრება დასრულდება აკბატანაში. იგი ფიქრობდა, რომ გარდაიცვლება მოხუცებული მიდიის აკბატანაში, სადაც მისი დედაქალაქი იყო, ხოლო მისნობას კი თურმე სირიის აგბატანა უგულისხმებია. ხოლო როდესაც იკითხა და შეიტყო ქალაქის სახელი, გონს მოეგო იმ უბედურების გამო, რაც მას მოგვმა და ჭრილობამ მიაყენეს, მიხდა ღვთის განგებას და სთქვა: „აქ უწერია სიკვდილი კამბისესს, კიროსის ძეს“.
   65. მაშინ ესა თქვა, ხოლო დაახლოებით 20 დღის შემდეგ იქ მყოფ სპარსელთაგან დაუძახა ყველაზე წარჩინებულთ და უთხრა მათ შემდეგი: „სპარსელებო, ისე მოხდა, რომ რასაც განსაკუთრებით ვმალავდი, სწორედ იმაში უნდა გამოგიტყდეთ. ეგვიპტეში რომ ვიყავი, სიზმარი ვნახე, რომელიც, ნეტავი კი არასოდეს მენახა. მე მეჩვენა მოციქული, რომელიც მოვიდა სახლიდან და მომიტანა ამბავი, რომ სმერდისი ზის სამეფო ტახტზე და თავით ებჯინება ზეცასო. შემეშინდა, ძმამ არ წამართვას ხელისუფლება მეთქი და აჩქარებულად და უგუნურად მოვიქეცი. მაგრამ ადამიანისათვის შეუძლებელია თავიდან აიცდინოს ის, რაც მოსახდენია, მე კი, უგუნურმა პრექსასპესი გავგზავნე სუსაში და მოვაკვლევინე სმერდისი. ასეთი ბოროტება რომ ჩავიდინე, უშიშრად ვცხოვრობდი, რადგან არ მეგონა, რომ სმერდისის მოკვლი შემდეგ სხვა რომელიმე ადამიანი აღდგებოდა ჩემს წინააღმდეგ. მაგრამ ძალიან მოვტყუვდი, სრულიად უსაბაბოდ გავხდი ძმის მკვლელი და სახელმწიფო კი მაინც დავკარგე, რადგან ის სმერდისი მოგვი იყო, რომლის ამბოხების შესახებაც მაუწყა სიზმარში ღვთაებამ. ეს საქმე ჩავიდინე და იცოდეთ, სმერდისი, კიროსის ძე აღარ გყავთ, ხოლო თქვენი სახელმწიფო მოგვებს უპყრიათ, იმას, რომელიც დავტოვე სასახლის მეურვედ და მის ძმას, სმერდისს. ვისაც ყველაზე მეტად მართებდა მოგვების მიერ მიყენებული ბოროტებისათვის ჩემს მაგიერ შურისძიება, ის მოსპეს თავისმა უახლოესმა პირებმა უკეთური სიკვდილით; რადგან ის აღარ არის, ამიტომ, სპარსელებო, თქვენ მოგმართავთ და მინდა, რომ ერთი რამ აუცილებლად აასრულოთ ჩემი ცხოვრების აღსრულების შემდეგ. მოვუწოდებ სამეფო ღმერთებს და მოვითხვო თქვენგან შემდეგს (თქვენგან ყველასაგან და განსაკუთრებით კი იმ აქამენიდთაგან, რომლებიც აქ არიან): არ მისცეთ საშუალება, ხელისუფლება კვლავ მიდიელების ხელში გადავიდეს; თუ მათ ეშმაკობით მოიპოვეს ის, ეშმაკობითვევ უნდა ჩამოვართვათ, ხოლო თუ ძალით მოიპოვეს, მთელი ძალა უნდა იხმაროთ, მის გადასარჩენად. ამას რომ აღასრულებთ, მიწა ნაყოფს მოიტანს, ქალები და ჯოგები მემკვიდრეობას გაამრავლებენ და თქვენც სამუდამოდ თავისუფლები იქნებით; ხოლო თუ არ აღადგენთ თქვენს ხელისუფლებას და არც შეეცებით მის აღდგენას, მაშინ მე ვისურვებ, რომ ამისი საწინააღმდეგო რამ დაგემართოთ თქვენ და ამას გარდა თითოეულ სპარსელს ისეთივე ბოლო ჰქონდეს, როგორიც მაქვს მე“. ამას ამბობდა კამბისესი და დასტიროდა თავის ბედს.
   66. სპარსელებმა რომ დაინახეს მტირალი მეფე, ტანსაცმელი ზედ შემოიხიეს და დიდი ხმით მორთეს ტირილი. ამის მერე, მეფეს დაეწყო ძვლის ანთება, დალპა თეძო და ამან გადაიტანა კამბისესი, კიროსი ძე, რომელმაც იმეფა სულ 7 წელი და 5 თვე. ეს საერთოდ უშვილო იყო, არ ჰყავდა არც ვაჟი და არც ქალი მემკვიდრედ. იქ მყოფმა სპარსელებმა არ დაიჯერეს ის, რომ მოგვებმა ჩაიდეს ძალაუფლება, ის კი არა, მათ იფიქრეს, რომ კამბისესმა სმერდისის სიკვდილის ამბავი მათ მოსატყუებლად გამოიგონა, რათა მთელი სპარსეთი აემხედრებინა მის წინააღმდეგ.
   67. მათ სჯეროდათ, რომ მეფედ სმერდისი ზის, კიროსის ძე. მით უმეტეს, რომ პრექსასპესს შეეშინდა ეღიარებინა, სმერდისი მოვკალიო, რადგან კამბისესის სიკვდილის შემდეგ მისთვის სახიფათო იყო გაემჟღავნებინა, რომ მისი ხელით დაიღუპა კიროსის შვილი. ხოლო კამბისესი რომ დაიღუპა, მოგვი უშიშრად მეფობდა (ისარგებლა იმით, რომ სმერდისი კიროსის ძის თანამოსახლე იყო) იმ 7 თვეს, რომელიც კამბისესს დააკლდა მეფობის 8 წლის შესრულებამდე, ამ ხნის განმავლობაში ყველა თავის ქვეშევრდომს ბევრი კარგი საქმე გაუკეთა, ისე რომ, მისმა სიკვდილმა ყველა აზიელი დიდად დაამწუხრა, გარდა თვითონ სპარსელებისა. მოგვმა ხომ ყველა ხალხს, ვისაც კი მართავდა, დაუგზავნა კაცები და შეუთვალა, რომ ისინი თავისუფალი არიან სამხედრო სამსახურისა და ხარკისაგან სამი წლის განმავლობაში.38
   68. მან ეს გამოაცხადა მაშინვე, როგორც კი ძალაუფლება იგდო ხელთ, ხოლო მერვე თვეზე მისი ამბავი ამნაირად გამომჟღავნდა: ოტანესი იყო ფარნასპესის შვილი, წარმოშობითა და შეძლებით ერთი პირველი სპარსელთაგანი. ამ ოტანესს პირველს შეეპარა ეჭვი იმაში, რომ მოგვი კიროსის ძე სმერდისი კი არ არის, არამედ ვიღაც სხვაა. ეს იმის მიხედვით დაასკვნა, რომ მეფე არასოდეს გამოდიოდა ციხესიმაგრიდან და წარჩინებულ სპარსელთაგან არავის უძახდა თავისთან. ეჭვით შეპყრობილი ასე მოიქცა: კამბისეს ჰყავდა მაშინ ცოლად მისი ასული, რომელსაც სახელად ერქვა ფაიდიმიე. იგი ჰყავდა მაშინ ცოლად მოგვსაც. ის მასთან ცხოვროდა და კამბისესის ყველა სხვა ცოლთანაც. ოტანესმა გაუგზავნა ამ თავის ასულს კაცი, რომ შეეტყო, თუ ვისთან სძინავს მას, სმერდის კიროსი ძესთან თუ ვინმე სხვასთან. ქალმა შემოუთვალა, არ ვიციო, რადგან არც სმერდის კიროსის ძე უნახავს ოდესმე და არც ის იცის, ვინ არის, ვინც მასთან ცხოვრობს. მეორედ გაუგზავნა ოტანესმა კაცი და შეუთვალა: „თუ შენ არ იცნობ სმერდის კიროსის ძეს, ატოსას ჰკითხე, ვინ არის, ვისთანაც ცხოვრობთ ისიც და შენც, რადგან ის ხომ კარგად იცნობს თავის ძმას“. ასულმა ამაზე უპასუხა: „არც ოტოსასთან შემიძლია ლაპარაკი და ვერც სხვა ვისმე ვხედავ იმ ცოლთაგან, ვისთანაც ცხოვრობს. ამ კაცმა, ვინც არ უნდა იყოს ის, სამეფო ტახტზე ასვლისთანავე დაგვაშორა ერთმანეთს“.
   69. ეს რომ მოისმინა ოტანესმა, კიდევ უფრო ცხადი გახდა მისთვის საქმის ვითარება. მან მესამედ გაუგზავნა მოციქულობა თავის ქალს და შეუთვალა: „ასულო ჩემო, შენ კეთილშობილი ხარ, ამიტომ მამა რომ გიბრძანებს, უნდა დაემორჩილო და ხიფათში ჩაიგდო თავი, რადგან თუ ეგ სმერდის კიროსის ძე კი არა, არამედ ისაა, ვინც მე მგონია, მას არც შენთან წოლა მართებს და სპარსელებზე მეფობასაც თავი უნდა გაანებოს, თანაც ყოველივე ამისთვის პასუხი აგოს. ამიტომ ასე უნდა მოიქცე: როდსაც ის შენთან დაწვება და შეატყობ, რომ დაიძინა, მოუსინჯე ყურები. თუ ნახავ, რომ აქვს ყურები, მაშინ იცოდე, რომ შენთან სმერდის კიროსის ძე წევს, ხოლო თუ არა აქვს, მაშინ შენთან მოგვი სმერდისი ცხოვრობს“. ამაზე ფაიდიმიემ შემოუთვალა, რომ მართლაც დიდი საფრთხე მოელის, თუ ამას გააკეთებს, რადგან კაცს მართლა არა აქვს ყურები და იგრძნობს, რომ ყურებს უსინჯავენ, კარგად უნდა იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ქალს გააქრობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც გააკეთებს ამას; ასე აღუთქვა ქალმა მამას ამის გაკეთება. ამ მოგვს, სმერდისს ყურები დააჭრა კიროსმა, კამბისის ძემ, რაღაც არც თუ ისე მცირე დანაშაულისათვის. ფაიდიმიემ კი, ოტანესის ასულმა, ყველაფერი შეასრულა, რასაც დაჰპირდა მამას. როდესაც დადგა მისი ჯერ მოგვთან მისვლისა (რადგან სპარსელებთან ცოლები მორიგეობით მიდიან ხოლმე), იგი მივიდა და დაწვა მასთან, ხოლო მოგვმა რომ მაგრად დაიძინა, ქალმა ყურები მოუსინჯა და სულ ადვილად დაიდასტურა, რომ მის ქმარს ყურები არ ჰქონდა. გათენებისთანავე გაგზავნა კაცი მამასთან და ყველაფერი შეატყობინა.
   70. ხოლო ოტანესმა მოიყვანა ასპათინესი და გობრიესი, წარჩინებული სპარსელები, რომელთაც ის განსაკუთრებით ენდობოდა და უამბო მათ მთელი ეს ამბავი. მათ თვითონ ჰქონდათ ეჭვი, რომ ასეა საქმე და ოტანესის მოტანილი ამბავი დაიჯერეს. მათ გადაწყვიტეს, რომ თითოეული მათგანი შეიამხანაგებს ერთ სპარსელს, ვისაც ის განსაკუთრებით ენდობა. ოტანესმა შემოიყვანა ინტაფრენესი, გობრიესმა  მეგაბიძოსი, ხოლო ასპათინესმა  ჰიდარნესი, ისინი რომ ექვსნი გახდნენ, სუზაში39 სპარსეთიდან მივიდა დარიოსი, ჰისტასპესის ძე; მისი მამამ ხომ სპარსეთში მეფისნაცვალი იყო. როდესაც ის მოვიდა, ამ ექვსმა სპარსელმა გადაწყვიტა, დარიოსიც შეეამხანაგებინათ.
   71. ესენი, შვიდნი რომ იყვნენ, შეიკრიბნენ, ერთმანეთს სიტყვა მისცეს და ერთგულება შეჰფიცეს. როდესაც დარიოსის ჯერი დადგა აზრის გამოსათქმელად, მან შემდეგი თქვა: „მე მეგონა, მხოლოდ მე ვიცოდი, რომ მოგვი მეფობს, ხოლო სმერდისი, კიროსის ძე მკვდარია. აი, ამის გამო იყო, რომ აქეთ მოვიჩქაროდი, რათა შემემზადებინა მოგვისთვის სიკვდილი; რადგანაც ისე მოხდა, რომ მარტო მე კი არა, თქვენც გცოდნიათ ეს ამბავი, ვფიქრობ, ნუ გავაჭინაურებთ და სასწრაფოდ ვიმოქმედოთ; ასე აჯობებს“. – ამაზე ოტანესმა თქვა: „ჰისტასპესის ძევ, კარგი მამის შვილი ხარ და უთუოდ არ გინდა, რომ მამას ჩამორჩე, მაგრამ ამ საქმის დაწყებას ეგრე განუსჯელად ნუ იჩქარებ, მას მეტი გონიერებით მოეკიდე. რადგან მისი დაწყებისათვის საჭიროა, რომ უფრო მრავალი ვიყოთ“. ამაზე დარიოსმა უპასუხა: „აქ დამსწრე ვაჟკაცებო, ოტანესის ნათქვამის მიხედვით თუ მოვიქცევით, იცოდეთ, სამარცხვინოდ დაიღუპებით, რადგან ვიღაც მაინც მიუტანს მოგვს ანგარებით ამბავს. ყველაზე უკეთესი იქნებოდა, თქვენ თვითონვე გაგეკეთებინათ ეს საქმე, მაგრამ რადგან გადაწყვიტეთ, რომ უფრო ბევრისათვის გაგეგებინებინათ და მეც გამენდვეთ, ამიტომ ან დღესვე ვიმოქმედოთ, ანდა იცოდეთ, რომ თუ დღევანდელი დღე გავაცდინეთ, მხილებას სხვა ვერავინ მომასწრებს. მე თვითონ ვაუწყებ ყოველივეს მოგვს“.
   72. როდესაც დაინახა, რომ დაიროსი ასე ჩქარობდა, ოტანესმა თქვა: „რაკიღა ასე გვაჩქარებ და გადადების ნებას არ გვაძლევ, მაშინ შენ თვითონ აგვიხსენი, როგორ უნდა შევიდეთ სასახლეში და დავესხათ თავს მოგვებს. უთუოდ თვითონაც იცი, რომ ყველგან დარაჯებია დაყენებული, ხოლო თუ არ გინახავს, მოგისმენია მაინც ამის შესახებ. რაინაირად უნდა გავცდეთ მათ?“ დარიოსმა მიუგო: „ოტანეს, ბევრი რამ არის, რისი ახსნაც სიტყვით კი არა, საქმით ხდება ხოლმე. ამასთან ბევრი რამის ახსნა შესაძლებელია სიტყვით, მაგრამ ამას არავითარი მნიშვნელოვანი საქმე არ მოჰყვება. იცოდეთ, რომ იქ დაყენებულ დარაჯებთან გავლა სრულებით არ არის ძნელი, რადგან თქვენ ყველანი ისეთები ხართ, რომ ვერავინ გაბედავს, არ გაგატარონ, ზოგი პატივისცემით, ზოგი კი შიშით. ხოლო მე, საუკეთესო საბაბი მაქვს რომ გამატარონ, რადგან ვიტყვი, რომ ეს ესაა მოვედი სპარსეთიდან და მინდა მეფეს გადავცე მამის დანაბარები, რადგან სადაც საჭიროა ტყუილის თქმა, იქ უნდა ითქვას კიდევაც. ბოლოს და ბოლოს ერთი და იგივე სურთ მათაც, ვინც ტყუის და მათაც, ვინც სიმართლეს ამბობს. ერთნი ტყუიან მაშინ, როდესაც უნდათ სხვების ტყუილით დარწმუნება და ამით სარგებლობა, ხოლო სხვები მართალს ამბობენ, რათა სიმართლით მოიხვეჭონ სარგებელი და ხალხის მეტი ნდობა დაიმსხურონ. ამრიგად, სხვადასხვა მოქმედებით ერთსა და იმავე შედეგს ვაღწევთ. გამორჩენას რომ არ მოელოდეს, მართალია ადამიანი ადვილად გახდებოდა მატყუარა და მატყუარა კი მართალი. რომელი კარისმცველიც თავის ნებით გაგვატარებს, შემდეგში ბედს ეწევა, ხოლო ვინც შეეცდება წინააღმდეგობა გაგვიწიოს, ის მტრად გამოცხადდება. ახლა კი მოვკიდოთ ხელი საქმეს და შევიჭრათ სასახლეში“.
   73. ამის შემდეგ გობრიესმა თქვა: „მეგობრებო, როდის გვექნება უკეთესი შემთხვევა ძალაუფლების დასაბრუნებლად, ანდა (თუ ვერ შევძლებთ მის დაბრუნებას) თავის დასადებად? ჩვენ, სპარსელები მიდიელ მოგვს ვემორჩილებით და ისიც უყუროს. ზოგიერთ თქვენგანს, ვინც ავადმყოფ კამბისესთან იყო, კარგად ეხსომება, თუ სიცოცხლის აღსასრულისას რით დაემუქრა ის სპარსელებს, თუ კი ისინი არ შეეცდებიან ძალაუფლების დაბრუნებას; მაშინ არ დავუჯერეთ მას, რადგან გვეგონა, რომ კამბისესი ცილს სწამებს მოგვებს. ამიტომ ახლა იმ აზრისა ვარ, რომ დავუჯეროთ დარიოსს, არ დავიშალოთ ამ ჩვენი შეკრებიდან და პირდაირ წავიდეთ მოგვის წინააღმდეგ“. ეს თქვა გობრიესმა და ყველანი დაეთანხმნენ მას.
   74. სანამ ესენი თათბირობდნენ, ამასობაში შემდეგი რამ მოხდა. მოგვებმაც მოითათბირეს და გადაწყვიტეს პრექსასპესი დაემეგობრებინათ. ეს იმიტომ, რომ ის კამბისესის მიმართ მტრულად იყო განწყობილი, ჯერ ერთი იმის გამო, რომ კამბისესმა ისარი ესროლა მის შვილს და მოჰკლა, კიდევ იმიტომ, რომ მხოლოდ მან იცოდა სმერდისის, კიროსის ძის სიკვდილი, რადგან ის თავისი ხელით ჰყავდა მოკლული და კიდევ იმიტომ, რომ სპარსელებში ჰრექსასპესს დიდი სახელი ჰქონდა. ყოველივე ამის გამო მოგვებმა დაუძახეს პრექსასპესს, შეეცადნენ დაემეგობრებინათ, დაადებინეს ერთგულების სიტყვა და ფიცი, რომ საიდუმლოდ შეენახა და არავისთვის გაემჟღავნებინა. როგორც მოატყუეს მათ სპარსელები და ყოველივე ამისთვის მას აურაცხელ სიმდიდრეს დაჰპირდნენ. პრექსასპესმა აღუთქვა, რომ ასე მოიქცეოდა. როდესაც მოგვებმა ამაზე დაიყოლიეს, მერე სხვა რამეც დაავალეს: უთხრეს, რომ ყველა სპარსელს შეკრებენ სასახლის გალავანთან და მას კი უბრძანეს, რომ ასულიყო კოშკზე და იქიდან გამოეცხადებინა, რომ მათ განაგებს კიროსის ძე, სმერდისი და სხვა არავინ. ეს იმიტომ დაავალეს, რომ სპარსელებს ის ყველაზე სანდო პირად მიაჩნდათ, მრავალგზის ჰქონდა ნათქვამი, კიროსის ძე სმერდისი ცოცხალიაო და ასევე მრავალგზის უარყვია მისი მკვლელობა.
   75. როდესაც პრექსასპესმა თქვა, რომ მზდ არის ესეც გააკეთოს, მოგვებმა თავი მოუყარეს სპარსელებს, აიყვანეს პრექსასპესი კოშკზე და უბრძანეს, ელაპარაკა; ხოლო რასაც ისინი მისგან მოითხოვდნენ, მან საგანგებოდ დაივიწყა და დაიწყო კიროსის სახლის გენეალოგიის თხრობა აქამენესიდან მოკიდებული, ხოლო შემდეგ, როდესაც კიროსამდე მოვიდა, თქვა თუ რამდენი სიკეთე გაუკეთებია კიროსს სპარსელებისათვის, ეს რომ მოუთხრო, შემდეგ გამოამჟღავნა ჭეშმარიტება და თქვა, რომ უწინ მალავდა (რადგან მისთვის სახიფათო იყო მომხდარის შესახებ ლაპარაკი), ხოლო ახლა კი აუცილებლად გამოაცხადებს, რაც მოხდა. მან თქვა, რომ კამბისესმა აიძულა და მან თვითონ მოჰკლა კიროსის ძე, სმერდისი, ხოლო ახლა მეფობენ მოგვები. შემდეგ ბევრი სწყევლა სპარსელები, თუკი ისინი ძალაუფლებას არ დაიბრუნდებდნენ და მოგვებს არ დასჯიდნენ და თავდაყირა გადმოეშვა კოშკის ძირს. ასე აღესრულა პრექსასპესი, რომელიც მუდამ ღირსეული კაცი იყო.
   76. ხოლო შვიდმა სპარსელმა, რომლებმაც გადაწყვიტეს, მაშინვე დასხმოდნენ თავს მოგვებს და ეს საქმე არ გადაედოთ, ილოცეს ღმერთების მიმართ და გამოვიდნენ ისე, რომ, რაც პრექსასპესს თავს გადახდა, არაფერი იცოდნენ. შუაგზაზე რომ იყვნენ, მაშინ შეიტყვეს, რაც პრექსასპესს დაემართა. მაშინ გადაუხვიეს გზიდან და ისევ მოლაპარაკება დაიწყეს. ისინი, ვინც ოტანესის მხარეზე იყვნენ, ამბობდნენ, რომ გადაედოთ და არ დასხმოდნენ თავს მოგვებს, სანამ საქმეები ასე არეულია. ხოლო დარიოსის მომხრეები კი ამბობდნენ, რომ დაუყოვნებლივ აღესრულებინათ, რაც გადაწყვიტეს. ისინი რომ კამათობდნენ, გამოჩნდა შვიდი წყვილი ქორი, რომლებიც ორ წყვილ ძერას მისდევდნენ, სწიწკნიდნენ და გლეჯდნენ მათ. ეს რომ დაინახეს, შვიდთავემ დარიოსის აზრი გაიზიარეს და ფრინველთაგან გამხნევებულები გაემართნენ სასახლისაკენ.
   77. როდსაც კარიბჭეს მიადგნენ, მოხდა ისე, როგორც დარიოსი მოელოდა: დარაჯები მოწიწებით შეხვდნენ სპარსელ წარჩინებულებს, მათგან არაფერს საეჭვოს არ მოელოდნენ, გაატარეს ღვთაებრივი შთაგონებით და არავის უკითხავს არაფერი. შემდეგ, როდესაც შევიდნენ ეზოში, შეხვდნენ საჭურისებს, რომელთაც ცნობების მიტანა ევალებოდათ. საჭურისები შეეკითხნენ სპარსელებს, რისთვის მოსულხართო. ისინი თან ამათ ეკითხებოდნენ და თან კარისმცველებს ემუქრებოდნენ, რად გაატარეთ სპარსელებიო. როდესაც ამ შვიდმა მოინდომა წინ წასვლა, საჭურისებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. სპარსელებმა მოილაპარაკეს ერთმანეთში, იძრეს სატევრები, საჭურისები, რომლებიც უძალიანდებოდნენ, ადგილზე დაჰკლეს და თვითონ სირბილით შეცვივდნენ მამაკაცთა დარბაზში.
   78. ისე მოხდა, რომ ორივე მოგვი ამ დროს შიგნით იყო და თათბირობდა პრექსასპესის საქციელის გამო. მაგრამ როდესაც დაინახეს შეშფოთებული და აყვირებული საჭურისები, მიხვდნენ, რაც მომხდარიყო, ორივენი წამოცვივდნენ და მოემზადნენ თავის დასაცავად. ერთი მათგანი სასწრაფოდ მშვილდს ეცა, ხოლო მეორემ შუბი მოიმარჯვა. მაშინ დაერივნენ ერთმანეთს, მშვილდოსნისათვის მშვილდი სრულიად ურგები აღმოჩნდა, რადგან მოწინააღმდეგე მას ახლოდან უტევდა, ხოლო მეორემ, რომელიც შუბით იცავდა თავს, ჯერ ასპათინესი დასჭრა თეძოში, მერე ინტაფრენესი  თვალში, ამ ჭრილობამ ინტაფრენესს თვალი დააკარგვინა, მაგრამ არ მოუკლავს, ერთმა მოგვმა დასჭრა ეს ორი კაცი, ხოლო მეორე მოგვი, მშვილდი რომ ვერ მოიხმარა, შევარდა საწოლ ოთახში, რომელიც მამაკაცთა ოთახის გვერდით იყო და უნდოდა მისი კარები ჩაეკეტა, მაგრამ მასთან ერთად ამ შვიდიდან ორი შეცვივდნენ  დარიოსი და გობრიესი. გობრიესი და მოგვი შეიბნენ, დარიოსი კი იდგა და არ იცოდა, რა ექნა, რადგან ეშინოდა სიბნელეში გობრიესი არ დაეჭრა. გობრიესმა რომ დაინახა უქმად გაჩერებული დარიოს შეეკითხა, რატომაა, რომ ხელს არ ანძრევო. დარიოსმა უპასუხა, მეშინია, შენ არ დაგჭრაო. გობრიესმა ამაზე მიუგო: დაგვკარი მახვილი თუნდაც ორივესაო. დარიოსმა დაუჯერა: დაჰკრა სატევარი და ბედად მოგვს მოახვედრა.
   79. მოგვები დახოცეს და თავები დასჭრეს, ხოლო თავიანთი დაჭრილები იქვე დატოვეს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ დაუძლურებულები იყვნენ და მერე კიდევ ციხე-სიმაგრის დასაცავად. ხოლო ხუთი მათგანი, ხელში მოგვების თავებით, გარეთ გამოვარდნენ, ყვირილი და ხმაური ასტეხეს. სხვა სპარსელებს დაუძახეს, უამბეს, რაც მოხდა და თავები უჩვენეს. ამასთანავე ჰკლავდნენ ყველა მოგვს, ვისაც კი გადაეყრებოდნენ. როდესაც სპარსელებმა შეიტყვეს, თუ ამ შვიდმა რა გააკეთა და მოგვებმა ისინი როგორ მოატყუეს, თვითონაც ისევე მოიქცნენ: იშიშვლეს სატევრები და ჰკლავდნენ მოგვებს, სადაც კი მოახელთებდნენ. ღამე რომ არ დამდგარიყო, ვერცერთი მოგვი ვერ გადარჩებოდა. ეს დღე სპარსელებს საერთოდ ყველა სხვა დღეზე მეტად მიაჩნიათ და მათავენ დიდ დღესასწაულს, რასაც „მოგვთა მოკვდინებას“ უწოდებენ. ამ დროს ვერც ერთი მოგვი ვერ გამოჩნდებოდა დღის სინათლეზე; ამ დღეს მოგვები თავთავის სახლებში ატარებენ.
    80. როდესაც შფოთიანობა დაცხრა და ხუთ დღეზე მეტი გავიდა, მოგვების წინააღმდეგ ამბოხებულმა სპარსელებმა ითათბირეს სახელმწიფოებრივი საქმეების შესახებ; მათ მიერ წარმოთქმული სიტყვების მიმართ ზოგიერთი ელინი უნდობლობას იჩენს, მაგრმ ეს სიტყვები მათლაც წარმოთქვეს. ოტანესმა გამოაცხდა, სახელმწიფოს მართვაში ყველა სპარსელი უნდა მონაწილეობდესო. მან თქვა: „მე მგონია, რომ ერთი პირი აღარ უნდა იყოს ჩვენი მმართველი, რადგან ეს არც სასიამოვნოა და არც კარგი. თქვენ ხომ ნახეთ, სანამდის მივიდა კამბისესის თავხედობა და თქვენ თვითონვე განიცადეთ მოგვების თავნებობა. როგორ შეიძლება კარგი რამ იყოს ერთმმართველობა, რომელიც არაფრით არ ზღუდავს მმართველის თვითნებობას? ადამიანთა შორის ყველაზე ღირსეულმა რომ მოიპოვოს ეს ძალაუფლება, ისიც კი ვეღარ შეინარჩუნებს თავის ჩვეულებრივ ღირსებას, რადგან თავნებობას წარმოშობს მასში ის სიკეთე, რომელიც მის ხელთაა, ხოლო შურიანობა იმთავითვე ახასიათებს ადამიანის ბუნებას. ეს ორი თვისება მერე ყოველგვარ ბოროტებას აჩენს. ისე რომ, ყველაფრით გულმოყირჭებული ის ბევრ უღირს საქციელს სჩადის, ზოგს თავნებობით და ზოგსაც შურით. თუმცა ტირანი, რაკიღა მას ყოლგვარი სიკეთე აქვს, არ უნდა იყოს შურიანი, მაგრამ მისი საქციელი მოქალაქეთა მიმართ ამის სრულიად საწინააღმდეგო რასმე გვიჩვენებს, მას შურს საუკეთესო მოქალაქეებისა, რომლებიც არსებობენ და ცოცხლობენ, სამაგიეროდ შეჰხარის უბოროტეს მოქალაქეთა შორის, ხოლო შესმენას ყველაზე მეტად იწონებს. მისი გული ყველაზე უფრო ძნელი მოსაგებია: რადგან თუ ზომიერად ავლენ მის მიმართ აღტაცებას, ის უკმაყოფილოა, საკმარისად არ მცემ პატივსო, ხოლო თუ ვინმე მეტისმეტად პატივს მიაგებს, მაშინაც უკმაყოფილოა, მემლიქვნელებაო. ახლა კი ვიტყვი იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია: ის მამა-პაპათა წეს-ჩვეულებებს არღვევს, ძალას ხმარობს ქალებზე და განუსჯელად ხოცავს მამაკაცებს. ხალხის მმართველობას უპირველესად ყოვლისა სახელწოდება აქვს შესანიშნავი  თანასწორუფლებიანობა, ხოლო შემდგ ხალხის მმართველობა არაფერს აკეთებს ისეთს, რასაც აკეთებს ერთმმართველი. თანამდებობებს ისინი წილისყრით იჭერენ, თანამდებობისათვის პასუხს აგებენ, ხოლო ყოველგვარი გადაწყეტილება საერთო საბჭოზე გააქვთ. ამიტომ, ჩემის აზრით, უნდა მოვსპოთ ერთმმართველობა და გაავძლიეროთ ხალხის მმართველობა, რადგან სიმრავლე ყოვლის შემძლეა“. ოტანესმა ეს წინადადება შემოიტანა.40
   81. ხოლო მეგაბიძოსმა ბრძანა, მცირეთა მმართველობას მივენდოთ, მან თქვა: „რაც ოტანესმა ილაპარაკა ტირანიის მოსპობის შესახებ, მეც იმასვე ვიტყოდი, ხოლო რაც შეეხება იმას, რომ ძალაუფლება ხალხს გადაეცეს, აქ ის თავის სწორ აზრს ასცდა, რადგან არაფერია უფრო უგუნური და თავნება, ვიდრე უსარგებლო ბრბო. მართლაც, სრულიად აუტანელია, რომ ხალხმა თავი იხსნას ტირანის თავნებობისაგან და თავი ჩაიგდოს ხალხის აღვირახსნილ თავნებობაში, რადგან თუ ტირანი რამეს აკეთებს, მან იცის და ისე აკეთებს, ხალხმა კი არ იცის. ანდა როგორ უნდა იცოდეს რამე იმან, ვისაც არც უსწავლია და არც უნახავს არაფერი კარგი და ხეირიანი, ის მიექანება და იჭრება საქმეებში უგუნურად, ადიდებული მდინარის მსგავსად. რაც შეეხება ხალხს, ვისაც სპარსელებისათვის ბოროტება უნდა, იმათ შემოგვთავაზონ მათი მმართველობა, ჩვენ კი ამოვარჩევთ საუკეთესო ადამიანთა ჯგუფს და მათ გადავცემთ ძალაუფლებას. ჩვენ თვითონ მათ შორის ვიქნებით. ცხადია, საუკეთესო ადამიანებს გადაწყვეტილებებიც საუკეთესო ექნებათ“ [სახელმწიფო საქმეებში]. მეგაბიძოსმა ეს აზრი გამოთქვა.41
   82. მესამედ დარიოსმა წარმოთქვა სიტყვა; მან თქვა: „მე ვფიქრობ, რაც თქვა მეგაბიძოსმა ხალხის მმართველობის შესახებ, აქ მან სწორად ილაპარაკა. ხოლო რაც შეეხება მცირეთა მმართველობას, აქ ის მართალი არ არის, წარმოდგენილი სამი შესაძლებლობიდან მე მჯერა, რომ თითოეული მათგანი საუკეთესოა  ხალხის მმრთველობაც საუკეთესოა, მცირეთა მმართველობაც და ერთმმართველობაც, მაგრამ მაინც იმას ვიტყვი, რომ უკანასკნელი ბევრად აღემატება ორივეს. ერთი ღირსეული კაცის მმართველობაზე უკეთესი არაფერი შეიძლება იყოს, რადგან კარგი აზრების გამოყენებით ის უკანლოდ უპატრონებს ხალხს და ასეთი მმართველობის დროს საგანგებოდ დაიმალება მტრებისაგან გადაწყვეტილებები. მცირეთა მმართველობის დროს, როდესაც მრავალნი ზრუნავენ სახელმწიფოს საქმეებზე, ჩვეულებრივ, დიდი უთანხმოება ჩამოვარდება ხოლმე მათ შორის, რადგან თითოეულ მათგანს სურს მოთავეობა და თავისი აზრების გატანა, რაც მათში ერთმანეთის მიმართ დიდ უთანხმოებას წარმოშობს, აქედან წარმოსდგება განხეთქილებები, განხეთქილებებიდან მკვლელობა, ხოლო მკვლელობის შემდეგ წარმოიშობა ერთმმართველობა; აი, ამითაც კარგად ჩანს, რომ ის არის მმართველობის საუკეთესო ფორმა. მერე  როდესაც სათავეშია ხალხი, შეუძლებელია, რომ ბოროტება არ წარმოიშვას და რაკიღა ბოროტება წარმოიშობა, საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთმანეთს კი არ მტრობენ ეს ცუდი ადამიანები, არამედ პირიქით, დიდ მეგობრობას ამყარებენ. ბოროტის ჩამდენი ადამიანები სახელმწიფოებრივ საქმიანობაში ჩვეულებრივ შეთანხმებულები არიან ხოლმე. და ეს ასეა, სანამ ერთი ვინმე არ ჩაუდგება სათავეში ხალხს და არ მოუღებს ბოლოს ასეთ ყოფას. ამიერიდან ეს პირი იწვევს ხალხის აღტაცებას და ამ აღტაცების შედეგად ის ერთმმართველი ხდება. აი, ამის მიხედვითაც ნათელია, რომ ერთმმართველობა საუკეთესო ფორმაა სახელმწიფოს მართვისა. ყოველივე ნათქვამს რომ თავი მოვუყაროთ და ვიკითხოთ, საიდან მივიღეთ ჩვენ თავისუფლება და ვინ მოგვცა ის? ხალხმა, მცირეთმმართველობამ, თუ ერთმმართველობამ? მე იმ აზრისა ვარ, რომ ჩვენ გაგვათავისუფლა ერთმა კაცმა და ამიტომ ჩვენ უნდა მოვუაროთ მმართველობის ამ ფორმას. ამას გარდა, მამაპაპეულ კარგ წესჩვეულებებს არ უნდა გადავუხვიოთ, ასე არ ივარგებს“.42
   83. ეს სამი აზრი იყო წამოყენებული, ხოლო შვიდი კაციდან დანარჩენი ოთხი შეუერთდა ამ უკანასკნელს. რადგანაც დამარცხდა ოტანესის აზრი, რომელსაც სპარსელებისათვის თანასწორუფლებიანობის დამყარება უნდოდა, ოტანესმა უთხრა მათ შემდეგი: „მეგობრებო, ცხადია, რომ ერთი ჩვენგანი გახდება მეფე, იქნება ეს წილისყრით, თუ სპარსელი ხალხის არჩევით, ვისაც ის მიანდობს ამ საქმეს, ან კიდევ სხვა რამ გზით. მაგრამ მე თქვენ არ შეგეჯიბრებით, რადგან არც მართვა მინდა და არც ის, რომ ვინმე მმართავდეს. მე იმ პირობებით ვამბობ უარს ძალაუფლებაზე, რომ არც ერთი თქვენგანი არ იქნება ჩემი მმართველი არც თვითონ ჩემი და არც ჩემი ჩამომავლობის არასოდეს“. ოტანესმა რომ ეს თქვა, დანარჩენი ექვსი დაეთანხმა მას ამ პირობაზე; ის აღარ შესცილებია მათ თანამდებობის მოპოვებაში და განზე გადგა. ამჟამად სპარსელთა შორის მხოლოდ ეს სახელია თავისუფალი და ის ჰმორჩილებს მეფეს იმდენად, რამდენადაც თვითონ სურს, მაგრამ სპარსელთა კანონებს, ცხადია, არ არღვევს.
   84. დანარჩენები ამ შვიდიდან თათბირობენ იმისათვის, რომ მეფე რაც შეიძლება სამართლიანად დაესვათ. მათ გადაწყვიტეს, რომ ვისაც მოხვდება სამეფო ხელისუფლება, მან ოტანესსა და მის ჩამომავლობას სამუდამოდ უნდა მიართვას ხოლმე ყოველწლიურად საუკეთესო მიდიური ტანსაცმელი და ყოველგვარი საჩუქრები, რაც სპარსელებში ყველაზე უფრო ძვირფასად ითვლება. მისთვის საჩუქრების მიცემა იმიტომ გადაწყვიტოს, რომ მან პირველმა მოიფიქრა ეს საქმე და შემოიკრიბა ისინი. ასე გამოარჩიეს მათ ოტანესი, ხოლო დანარჩენებს კი საყოველთაოდ ასე დაუდგინეს: თითოეულს ამ შვიდთაგანს შეეძლება, როდესაც მოისურვებს სასახლეში შესვლა წინასწარ შეტყობინების გარეშე, თუკი მეფე ამ დროს ცოლთან არ წევს, ხოლო მეფეს ცოლის შერთვა შეუძლია მხოლოდ მისი ახლანდელი თანამებრძოლების ოჯახებიდან43. სამეფო ხელისუფლების შესახებ მათ შემდეგი გადაწყვიტეს: ისინი გარეუბანში ისხდებიან ცხენებზე და მზის ამოსვლისს ვისი ცხენიც პირველად დაიჭიხვინებს, იმისი იქნება სამეფო ხელისუფლება.
   85. დარიოსს ჰყავდა ერთი ჭკვიანი მეჯინიბე, მას სახელად ერქვა ოიბარესი. როდესაც დაიშალნენ, ამ კაცს დარიოსმა შემდეგი უთხრა: „ოიბარეს, ჩვენ გადავწყვიტეთ სამეფო ხელისუფლება ასე მივაკუთვნოთ ერთ-ერთ ჩვენგანს: უნდა შევსხდნეთ ცხენებზე და ვისი ცხენიც პირველი დაიჭიხვინებს მზის ამოსვლისთანავე, მისი იქნება სამეფო ხელისუფლება. ახლა კი თუკი რამე ხერხი იცი, ისე გააკეთე, რომ ეს პატივი ჩვენ გვერგოს და არა სხვა ვისმე“, ოიბარესმა მიუგო შემდეგი: „უფალო, ამაზე თუა დამოკიდებული შენი გამეფება, გამხნევდი და გამხიარულდი, რადგან შენს გარდა სხვა არავინ იქნება მეფე, ამისი წამალი მე მაქვს“. დარიოსმა თქვა: „თუკი იცი რამე ასეთი საშუალება, დროა, რომ მას მიმართო და შორს არ გადასდო, რადგან შეჯიბრი ხვალ დილას გვაქვს“. ოიბარესმა რომ მოისმინა, ასე მოიქცა: დაღამებისთანავე წაიყვანა და გარეუბანში დააბა ერთი ფაშატი, რომელიც დარიოსის ცხენს განსაკუთრებით უყვარდა. აქვე მოიყვანა დარიოსის ცხენიც და დიდხანს ატარა ფაშატის ირგვლივ, სულ ახლოს, ისე რომ, ულაყი ეხებოდა ფაშატს და ბოლოს მიუშვა კიდეც ულაყი ფაშატზე.
   86. მეორე დღეს, გათენებისთანავე ექვსივენი მოლაპარაკების თანახმად ცხენებზე შემსხდრები მოვიდნენ. მათ გაიარეს გარეუბანზე; როდესაც იმ ადგილას მივიდნენ, სადაც წინა ღამით ფაშატი იყო დაბმული, დარიოსის ცხენი წინ გაიჭრა და დაიჭიხვინა. ცხენის დაჭიხვინებისთანავე ცაზე იელვა და ჭექა-ქუხილი გაისმა. ყოველივე ამან, რაც განგების მინიშნებასავით მოხდა, გადასწყვიტა დარიოსის ტახტზე დასმა. სხვები კიდევ ჩამოვიდნენ ცხენებიდან და დარიოსს თაყვანი სცესს.
   87. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ოიბარესმა ასეთი რამ იეშმაკა, ხოლო სხვები შემდეგს ამბობენ (სპარსელები ორგვარად მოგვითხრობენ ამის შესახებ); თითქოს ოიბარესი ხელით შეეხო ამ ფაშატის სარცხვინელს და მერე ეს ხელი დამალული ჰქონდა შარვალში. შემდეგ, მზის ამოსვლისას, როდესაც ცხენები უნდა გაჭენებულიყვნენ, ოიბარესმა ამოიღო ხელი, დარიოსის ცხენს მიუტანა ნესტოებთან, ცხენმა დაყნოსა, შეკრთა და დაიჭიხვინა.
   88. ასე მიიღო დარიოს ჰისტასპესის ძემ მეფობა44. და აზიაში ყველანი მისი ქვეშევრდომები იყვნენ, გარდა არაბებისა. ეს ხალხები ჯერ კიროსმა დაიმორჩილა და შემდეგ კამბისესმა. არაბები არასოდეს დაუმონებიათ სპარსელებს, ისინი მათი მეგობრები გახდნენ მაშინ, როდესაც კამბისესის გაატარეს ეგვიპტისაკენ, რადგან არაბთა უნებურად სპარსელები ეგვიპტეში ვერ შევიდოდნენ45. დარიოსმა შეირთო სპარსელთა წარჩინებული ქალები: კიროსის ორი ასული  ატოსა და არტისტონე, ამათგან ატოსა ჯერ თავისი ძმის, კამბისესის ცოლი იყო და შემდეგ მოგვისა, ხოლო არტისტონე კი ქალწული იყო. შემდეგ შეირთო მან სმერდის კიროსის ძის ასული, სახელად პარმისი. მას ცოლად ჰყადა აგრეთვე ოტანესის ის ასული, რომელმაც მოგვი ამხილა. ყოველივე დარიოსის ძლევამოსილებით იყო აღსავსე. პირველად მან ქვის ქანდაკება გააკეთებინა და დაადგმევინა. გამოსახულება46 მხედარს წარმოადგენდა, რასაც ჰქონდა წარწერა, შემდეგის მაუწყებელი: „დარიოს ჰისტაპესის ძემ სპარსელთა სამეფო ტახტი მოიპოვა თავისი ცხენის (ნათქვამი იყო სახელი) და მეჯინიბე ოიბარესის სიქველით“.
  89. ეს რომ გააკეთა, სპარსელები 20 საგამგებლოდ დაჰყო, რასაც თვითონ სპარსელები უწოდებენ სატრაპიებს47. საგამგებლოდ რომ დაჰყო, საგამგებლოებს გამგებლები დაუყენა და დაუწესა ხარკი, რაც მისთვის უნდა გადაეხადათ ცალკეული ხალხების მიხედვით; ხოლო ამ ცალკეულ ხალხებს მიაწერა მათი მეზობლებიც: მახლობელ ხალხებს რომ გასცდა, დანარჩენები  ზოგი ერთ ხალხთან გაანაწილა და ზოგიც მეორესთან. საგამგებლოების მიხედვით ხარკის გადახდა მან ყოველწლიურად ასე განსაზღვრა: ის ხალხები, ვისაც ნათქვამი ჰქოდა ვერცხლით გადაეხადათ ხარკი, იხდიდნენ ბაბილონური ტალანტის საზომით, ხოლო ვინც ოქროთი იხდიდა, ისინი ევბეურ ტალანტებს იხდიდნენ. ბაბილონური ტალანტი უდრის 78 ევბეურ მნას48. კიროსისა და შემდეგ კამბისესის მმართველობაში არავითარი ხარკი არ ყოფილა დაწესებული. მაშინ ქვეშევდრომებს მეფეებისათვის საჩუქრები მოჰქონდათ. ხარკის დაწესებისა და სხვა მისი მსგავსი ღონისძიებების შემოღებისათვის სპარსელები დარიოსს მეწვრილმანეს უწოდებდნენ, კამბისესს ეძახდნენ უფალს, კორისს კი მამას. ეს იმიტომ, რომ დარიოსი ყოველგვარ საქმეში გამორჩენას ეძებდა, კამბისესი მკაცრი იყო და უყურადღებო, ხოლო კიროსი  კეთილი და ყოველმხრივ მათზე მზრუნველი.
   90. იონიელთაგან, აზიელ მაგნესიელთაგან, ეოლიელთაგან, კარიელთაგან, ლიკიელთაგან, მილიებისაგან და დამფილიელთაგან (რადგან ყველა ამათ ერთად ჰქონდათ ხარკი დაწესებული) შემოსდიოდა 400 ტალნტი ვერცხლი. ეს იყო დარიოსის მიერ დაწესებული პირველი სატრაპია49. მისიელთაგან, ლიდიელთაგან, ლასონიებისაგან, კაბალიელთაგან და ჰიტენეელთაგან შემოდიოდა 500 ტალანტი. ესაა მეორე სატრაპია. ჰელესპონტელთაგან, რომლებიც ცხოვრობენ მარჯვენა ნაპირზე, მისთვის, ვინც მიცურავს ევქსინის პონტოსკენ, ფრიგიელთაგან, თრაკიელთაგან, რომლებიც აზიაში არიან, პაფლაგონელთაგან, მარიანდინთაგან და სირიელთაგან 360 ტალანტი იყო გადასახადი. ესაა მესამე სატრაპია50. კილიელთაგან მოდიოდა 360 თეთრი ცხენი (წლის ყოველ დღეზე დითო ივარაუდებოდა) და 500 ტალანტი ვერცხლი. აქედან 140 ტალანტი იხარჯებოდა კილიკიის ქვეყნის დამცველ ცხენოსანთა რაზმის შესანახავად, ხოლო 360 ტალანტი მისდიოდა დარიოსს. ესაა მეოთხე სატრაპია.
   91. ქალაქ პოსიდეიონიდან (რომელიც ამფილოქოს ამფირეოსის ძემ ააშენა კილიკიისა და სირიის საზღვარზე) ვიდრე ეგვიპტემდე, გარდა არაბთა ნაწილისა (რადგან ეს დაუხარკავი იყო), ხარკის სახით შემოდიოდა 350 ტალანტი. ამ სატრაპიაში შედიოდა მთელი ფინიკია, პალესტინად წოდებული სირია და კიპროსი. ესაა მეხუთე სატრაპია51. ეგვიპტიდან, ეგვიპტის მეზობელ ლიბიელთა ქვეყნიდან, კირენედან და ბარკედან52 (რადგან ესენიც ეგვიპტის სატრაპიაში ირიცხებოდნენ) დარიოსი ღებულობდა 700 ტალანტს, გარდა იმ ფულისა, რომელიც შემოდიოდა მოირისის ტბიდან იქ მოპოვებული თევზის წყალობით. ამ ფულისა და კიდევ პურის გარდა შემოდიოდა 700 ტალანტი. 120000 საწყაო პური მიდის იმ სპარსელთა და მათი დაქირავებული ჯარის გამოსაკვებად, რომლებიც ცხოვრობენ მემფისში თეთრ ციხესთან. ესაა მეექვსე სატრაპია53. სატაგიდები, განდარიები, დადიკები და აპარიტები ერთსა და იმავე სატრაპიაში არიან გაერთიანებული და იხდიან 170 ტალანტს. ესაა მეშვიდე სატრაპია54. სუსელთგან და კისიელთაგან დანარჩენი მხრიდან შემოდის 300 ტალანტი. ესაა მერვე სატრაპია55.
   92. ბაბილონიდან და დანარჩენი ასურეთიდან დარიოსს შემოსდიოდა 1000 ტალანტი ვერცხლი და 500 დასაჭურისებული ყრმა. ესაა მეცხრე სატრაპია56. აკბატანელთაგან და დანარჩენი მიდიიდან, პარიკანიელთაგან და ორთოკორიბანტთაგან  450 ტალანტი. ესაა მეათე სატრაპია57. კასპიები, პავსიკები, პანტიმათები და დარეიტები ერთად იყვნენ დახარკულები და იხდიდნენ 200 ტალანტს. ესაა მეთერთმეტე სატრაპია58ხალხები ბაქტრიელებიდან ეგლებამდე იხდიდნენ 300 ტალანტს. ეს არის XII სატრაპია59.
   93. პაქტიიკედან, არმენიელთაგან და მის მეზობლად მცხოვრებთაგან ვიდრე ევქსინის პონტომდე, დარიოსს 400 ტალანტი მისდიოდა. ესაა მეცამეტე სატრაპია60. საგარტიეისგან, სარანგიებისგან, თამანელებისაგან, უტიებისაგან, მიკებისაგან და მათგან, რომლებიც ცხოვრობენ მეწამული ზღვის კუნძულებზე, სადაც ასახლებს მეფე ეგრეთ წოდებულ გაძევებულებს, ყველა ამათგან ხარკი იყო 600 ტალანტი, ესაა მეთოთხმეტე სატრაპია61. საკები და კასპიები 250 ტალანტს იხდიდნენ, ესაა მეთხუთმეტე სატრაპია62. პართები, ხორასმელები, სოგდები და არიები იხდიდნენ სამას ტალანტს. ესაა მეთექვსმეტე სატრაპია63.
   94. პარიკანიები და ასიელები ეთიოპელები იხდიდნენ 400 ტალანტს. ეს მეჩვიდმეტე სატრაპიაა64. მატიენებს, სასპეირებსა და ალაროდიელებს შეწერილი ჰქონდათ 200 ტალანტი. ესაა მეთვრამეტე სატრაპია65. მოსხებს, ტიბარენებს, მაკრონებს, მოსინოიკებს და მარებს შეწერილი ჰქონდათ 300 ტალანტი. ესაა მეცხრამეტე სატრაპია66. ინდოელები, რომლებიც ბევრად მეტნი არიან ყველა ჩვენთვის ცნობილ ხალხებზე, ხარკად იხდიდნენ განსხვებით ყველა სხვა დანარჩენებისაგან 360 ტალანტ ოქროს ქვიშას. ესაა მეოცე სატრაპია67.
   95. ბაბილონური ფული ევბეურ ტალანტებზე რომ გადავიყვანოთ, 9880 ტალანტი იქნება, ხოლო ოქრო ვერცხლზე ცამეტჯერ მეტად რომ ვიანგარიშოთ, გამოვა რომ ოქროს ქვიშა 4680 ევბეური ტალანტის ღირებულებისაა. ამრიგად, ყველაფერს რომ თავი მოვუყაროთ, დარიოსი ყოველწლირად 14560 ევბეურ ტალანტს ღებულობდა ხარკად, ხოლო ამის გარდა, რაც წვრილმანი იყო, იმაზე არც კი ვლაპარაკობთ.
   96. ეს იყო ხარკი, რასაც ღებულობდა დარიოსი აზიიდან და ლიბიის მცირე ნაწილიდან. მაგრამ გავიდა დრო და ხარკი შემოუვიდა აგრეთვე კუნძულებიდან და იმ ხალხისაგან, რომელიც ცხოვრობდა ევროპაში თესალიამდე. ამ ხარკს მეფე საგანძურში ასე ინახავდა: ადნობდა და ასხამდა თიხის ქვევრებში, ავსებდა ჭურჭელს და შემდეგ შემოაცლიდა მას თიხას, როდესაც კი დასჭირდებოდა ფული, ჩამოატეხინებდა იმდენს, რამდენიც ესაჭიროებოდა.
   97. აი, ესენი იყვნენ დარიოსის მიერ დაწესებული საგამგებლოები და მათზე დაკისრებული ხარკი. მხოლოდ სპარსეთის ქვეყანა არ მომიხსენებია დახარკულთა შორის, რადგანაც სპარსელებით დასახლებული ქვეყანა დაუხარკავი დარჩა. შემდეგ ხალხებს ხარკი არ ჰქონდათ დაწესებული, მაგრამ საჩუქრები კი მიჰქონდათ. ესენი იყვნენ ის ეთიოპელები, რომლებიც ეგვიპტის მეზობლები68 არიან და რომლებიც კამბისესმა დაიმორჩილა მაშინ, დღეგრძელ ეთიოპელებზე, რომ ილაშქრა. ესენი წმინდა ნისესთან69 ცხოვრობენ და უწყობენ დღესასწაულს დიონისეს. ეს ეთიოპელები და მათი მეზობლები ხმარობენ იმავე თესლს, რომელსაც კალანტიელი ინდები, ხოლო საცხოვრებლად აქვთ მიწურები. ესენი ორივენი ყოველ მესამე წელს იხდიდნენ და ჩვენს დრომდე იხდიან ორ ქენიკ ბუნებრივ ოქროს, 200 ძირ შავ ხეს, ხუთ ეთიოპელ ყრმას და სპილოს 20 დიდ ეშვს. კოლხებმაც დაიწესეს საჩუქრები და ასევე მათმა მეზობლებმაც ვიდრე კავკასის მთებამდე70 (რადგან ამ მთებამდე ვრცელდება სპარსელების მმართველობა, ხოლო კავკასიიდან ჩრდილოეთისაკენ მდებარე ქვეყნებს არაფერი უნდათ იცოდნენ სპარსელებისა), ამათ საჩუქრად დაიწესეს და ეს გრძელდება ჩვენს დრომდე, რომ ყოველ მეხუთე წელს გადაიხადონ 100 ყრმა და 100 ქალწული. არაბები 1000 ტალანტ გუნდრუკს იხდიდნენ ყოველწლიურად. ესაა საჩუქრები, რომელსაც ღებულობს მეფე ხარკს გარდა.71
   98. ინდოელები ასე შოულობენ ამოდენა ოქროს, რომლის ნაწილიც, როგორც უკვე ითქვა სპარსეთის მეფესთან მიაქვთ ქვიშის სახით: ინდოეთის ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილი ქვიშიანია72. მართლაც, ჩვენთვის ცნობილია ყველა ხალხს შორის, რომელიც ცხოვრობს აზიაში, და რომლის შესახებაც დაბეჯითებით შეგვიძლია რისამე თქმა, ინდოელები ყველაზე უფრო აღმოსავლეთისაკენ, მზის აღმოსავლეთისაკენ არიან, ხოლო ინდოელების აღმოსავლეთით ქვიშების გამო უკვე უდაბური ადგილია. ინდოელები მრავალი ტომისაგან შედგებიან და ეს ტომები სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ზოგი მათგანი მომთაბარეა, სხვები არა; ზოგიერთები კიდევ მდინარის ჭაობებში ცხოვრობენ და უმ თევზს ჭამენ, რასაც იჭერენ ლერწმის ნავებით გასულები. ხოლო თითოეული ნავი გაკეთებულია ლერწმის ერთი მუხლისაგან. ეს ინდოელები ლელის ტანსაცმელს ხმარობენ: ისინი მდინარეში ჭრიან ლელს და ჩეჩქვავენ, შემდეგ აქედან ჭილოფის მსგავსს რაღაცასაც ქსოვენ და იცვამენ, როგორც ამბჯარს.
   99. სხვა ინდოელები, რომლებიც ამათგან აღმოსავლეთისაკენ ცხოვრობენ, მომთაბარეები არიან, ჭამენ უმ ხორცს და ეწოდებათ მათ პადები73. ამბობენ, რომ ისინი შემდეგ ჩვეულებებს მისდევენ: თუკი ვინმე მათი ტომისგან დაავადდა, იქნება ეს ქალი თუ კაცი, კაცს კლავენ კაცები, ისინი, ვინც მასთან ყველაზე ახლოს არიან, თანაც ამბობენ, რომ ავადმყოფი უარყოფს, არა ვარ ავადო. ისინი არ უჯერებენ, კლავენ და შეექცევიან. ხოლო როდესაც ქალი ავადმყოფობს, მისი უახლოესი ქალები იმასვე აკეთებენ მის მიმართ, რასაც კაცები სჩადიან ხოლმე. ვინც მოხუცებში შედის, იმასაც კლავენ და შეექცევიან. მაგრამ ბევრი მათგანი ვერ აღწევს ამ ასაკამდე, რადგან ამაზე უწინ ყველას რაიმე ავადმყოფობა ემართება და ხოცავენ.
   100. სხვა ინდოლებს კიდევ სხვა ჩვევები აქვთ. ისინი არც რაიმე სულიერს კლავენ, არც რასმე სთესენ, არც სახლები აქვთ საცხოვრებლად. ისინი მცენარეულით იკვებებიან. მათ აქვთ მცენარე, რომელიც თავისთავად ამოდის, აგროვებენ, ქერქიანად ხარშავენ და ჭამენ. თუკი ვინმე მათ შორის დაავადმყოფდა, მიდის უდაბნოში და იქ წვება. არავინ ზრუნავს არც მკვდრისათვის და არც ავადმყოფისათვის.74
   101. ყველა ჩემს მიერ ჩამოთვლილ ინდოელებს სქესობრივი ურთიერთობა აშკარად აქვთ, ისევე როგორც ცხოვლებს. და მათ ყველა ისეთივე კანი აქვთ, როგორც ეთიოპელებს. მათი თესლი, რომელსაც ისინი ქალებში ანთხევენ, თეთრი კი არაა, როგორც სხვა ხალხების, არამედ შავია, როგორც მათი კანი. ასეთსავე თესლს ანთხევენ ეთიოპელებიც. ეს ინდოელები სპარსელებისაგან ძალიან შორს ცხოვრობენ, სამხრეთისაკენ და არასდროს ყოფილან მეფე დარიოსის ქვეშევრდომები.
   102. სხვა ინდოელები ქალაქ კსპატიროსის დ პაქტიიკეს ქვეყნის მეზობლები არიან, ისინი ცხოვრობენ ყველა ინდოელებზე უფრო ჩრდილოეთით, ჩრდილოეთის ქარისაკენ და ბაქტრიელების მსგავს ცხოვრებას ეწევიან. ინდოლეთა შორის ესენი ყველაზე უფრო მებრძოლები არიან და ოქროს მოსპოვებლადაც ესენი მიდიან, მათ ქვეყანასთან ქვიშოვანი ნიადაგის გამო უდაბური ადგილია. ამ უდაბნოსა და ქვიშებში ბინადრობენ ჭიანჭველები, რომლებიც სიდიდით ძაღლზე უფრო პატარები არიან, მაგრამ მელიებზე უფრო დიდები75. რამდენიმე მათგანი სპარსთა მეფესაც კი ჰყავს იქ მონადირებული. ეს ჭიანჭეველები თავის საცხოვრებელს იკეთებენ მიწის ქვეშ და ქვიშა ამოაქვთ სწორედ იმდაგვარად, როგორც ამას აკეთებენ ჭიანჭველები ელინთა ქვეყანაში, შესახედავადაც ჰგვანან ელინთა ჭიანჭველებს. ქვიშა, რომელიც მათ ამოაქვთ ოქრონარევია. აი, ამ ქვიშისათვის მიდიან უდაბნოში ინდოელები. თითოეული აბამს სამ აქლემს, აქეთი-იქიდან მამალი აქლემია მიბმული, ხოლო შუაში  დედალი. ამ დედალზე ჯდება თვითონ მხედარი და საგანგებოდ არის შერჩეული ისეთი დედა-აქლემი, რომელიც ნორჩ შვილებს მოჰგლიჯეს და ისე შეაბეს. მათი აქლემები სისწრაფით ცხენებს არ ჩამოუვარდებიან და ამას გარდა მათ გაცილებით უფრო დიდი ტვირთის ზიდვა შეუძლიათ.
   103. რა შესახედაობის არის აქლემი, ეს ელინებმა იციან, ამიტომ არ აღვწერ, აღვნიშნავ მარტო იმას, რაც მათ არ იციან. აქლემებს უკანა ფეხებზე აქვს ოთხი თეძოსეული კუნთი და ოთხი სახსარი, ხოლო სარცხვინელი აქვს უკანა ფეხებს შორის, მიმართული კუდისაკენ.
   104. აი, ასე შეაბამენ ხოლმე ინდოელები აქლემებს, როდესაც ოქროს მოსაპოვებლად მიდიან. ისინი ისეთ თადარიგს იჭერენ, რომ ამ მოტაცების დროს ყველაზე დიდ სიცხე იყოს, რადგან ამ პაპანაქების დროს ჭიანჭველები მიწის ქვეშ არიან შეყუჟულები. ყველაზე უფრო ცხარე მზე ამ ხალხისათვის არის გათენებისას და არა შუადღისას, როგორც სხვა ხალხებისათვის, და იქ სიცხეა მზის ამოსვლიდან ჩვენი ბაზრობის მოთავებამდე. მთელი ამ ხნის განმავლობაში იქ ბევრად უფრო მაგრად აცხუნებს მზე, ვიდრე ელადაში შუა დღისას და ამობენ, რომ ინდოელები ამ დროს წყალს ისხამენ ხოლმეო. შუა დღისას მზე დაახლოებით ერთნაირად აცხუნებს სხვა ხალხებსაც და ინდოელებსაც. ნაშუადღევს მზე მათთვის ისეთივეა, როგორც სხვებისთვის გათენების ხანს. ამის მერე თანდათანობით იმატებს სიცივე და მზე რომ ჩადის, მაშინ კარგა მაგრად ცივა.76
   105. ინდოელები, რომელთაც თან ტომრები აქვთ, მოდიან ამ ადგილას, ავსებენ ამ ტომრებს ქვიშით და რაც შეიძლება სწრაფად ბრუნდებიან უკან, რადგან, როგორც სპარსელები ამბობენ, ჭიანჭველები მაშინვე იგებენ ყნოსვით მოსვლას და უკან დაედევნებიან ხოლმე. სისწრაფეში ამ ჭიანჭველებს სხვა არაფერი შეედრება, ისე რომ, თუ ინდოელები ჭიანჭველების შეგროვებამდე არ დაადგნენ გზას, ვერც ერთი მათგანი ვერ გადარჩება. მამალ აქლემებს, რომლებიც დედლებს ჩამოუვარდებიან სისწრაფეში, ჩამორჩენისთანავე აუშვებენ ხოლმე, მხოლოდ ორივეს ერთად არა, ხოლო დედა აქლემს ასხოვთ, რომ შვილები ჰყავთ დატოვებული და დაღლილობას არ იმჩნევენ. მეტწილ ოქროს ინდოელები ასე იპოვებენ, როგორც სპარსელები ამბობენ, ხოლო დანარჩენ, მცირე ნაწილს, თავის ქვეყანაში თხრიან საბადოებიდან.
   106. დასახლებული მსოფლიოს უკიდურეს ქვეყნებს ბევრი საუკეთესო რამე ხვდა წილად, ხოლო ელადას ყველაზე უკეთესი ერგო  ზომიერი ჰავა, დასახლებული მსოფლიოს უკიდურესი აღმოსავლეთის ქვეყანა ხომ ინდოეთია, როგორც უკვე ვთქვი  ცოტა ზემოთ. ჯერ ერთი იქ არიან ცხოველები, ოთხფეხნი და ფრთოსნები, რომლებიც სიდიდით ბევრად აღემატებიან სხვა ქვეყნების ცხოველებს, გარდა ცხენებისა (ესენი ჩამორჩებიან მიდიურ ცხენებს, ეგრეთ წოდებულ ნისეურს)77. ეგეც არ იყოს  იქ უამრავი ოქროა, ზოგი განათხარი, ზოგიც მდინარეების მიერ ჩამოტანილი და ზოგიც მოტაცებული, როგორც უკვე გიჩვენეთ. ველური ხეები იქ ნაყოფად მატყლს ისხამს78, რომელიც სილამაზითა და ღირსებით უმჯობესია ცხვრისაზე. ტანსაცმელს ინდოელები ამ ხეების მატყლისაგან იქსოვენ.
   107. შემდეგ  სამხრეთისაკენ დასახლებული ქვეყნების უკიდურესი მხარე არის არაბიე, მთელი ქვეყნებიდან მხოლოდ აქ მოიპოვება ფისი79, გუნდრუკი80, კასია, დარიჩინი81 და ლედანონი82; გუნდრუკს გარდა ყოველივე ამის მოპოვება არაბებისათვის ძნელია. ფისის შესაგროვებლად ისინი ახრჩოლებენ სტირაქსს83, რაც ელინებში შემოაქვთ ფინიკიელებს. ამას ახრჩოლებენ და ისე აგროვებენ ფისს, რადგან იმ ხეებს, რომელთაც ფისი აქვთ, ფრთოსანი გველები84 იცავენ, ზომით პატარები და შესახედავად ჭრელები, ისინი დიდი რაოდენობით არიან თითოეულ ხესთან. სწორედ ეს გველები არიან ეგვიპტეზე რომ ლაშქრობენ ხოლმე. მათ ამ ხეებს მხოლოდ სტირაქსის კომლის მოაშორებ.
    108. არაბები ამბობენ, რომ მთელი დედამიწა აივსებოდა ამ გველებით, რომ იმათაც ის არ ემართებოდეთ, რაც ვიცი, რომ ემართებათ იქედნეებს. ღვთის განგება, როგორც შეშვენის მას, ბრძენია, რადგან საცოდავი და საჭმელად ვარგისი სულიერნი, ყველანი მრავალნაყოფიერები შეჰქმნა, რომ მათგან ზოგი მაინც გარჩეს და სულ ერთიანად არ ამოწყდნენ, ხოლო საშიშარი და მავნე სულიერები კი  ნაკლებნაყოფიერი გააჩინა. მაგალითად, კურდღელზე ნადირობს ყველა: მხეცი, ფრინველი და ადამიანი, ამიტომაცაა, რომ ის ასე მრავალნაყოფიერია. ყველა მხეცთა შორის ის ერთადერთია, რომელიც უკვე დამაკებული მაინც მაკდება, ისე რომ ნაყოფთაგან მუცელში ერთი ბეწვიანი ჰყავს, მეორე  ტიტველი, მესამე ეს-ეს არის ყალიბდება დედის საშვილოსნოში და მეოთხე კიდევ ისახება. კურდღელი ასე მაკობს, ხოლო რაც შეეხება ძუ ლომს, რომელიც ყველაზე ძლიერი და მამაცი ცხოველია, ის ერთხელ შობს თავის სიცოცხლეში და ისიც ერთ ლეკვს. რადგან, როდესაც შობს, შვილთან ერთად საშვილოსნოსაც გამოაგდებს ხოლმე. ამისი მიზეზი შემდეგია: როგორც კი ლეკვი დედის მუცელში დაიწყებს მოძრაობას, რაკიღა მას ყველა სხვა მხეცზე უფრო ბასრი კლანჭები აქვს, აზიანებს საშვილოსნოს, ხოლო რაც უფრო იზრდება, მით უფრო ღრმად კაწრავს და ბოლოს, მშობიარობა რომ მოახლოვდება, საშვილოსნოსაგან სრულიად აღარაფერი რჩება მთელი.
   109. იქედნეები და არაბების ფრთოსანი გველები რომ ისევე მრავლდებოდნენ, როგორც მათ ბუნებამ განუკუთვნა, ადამიანებს აღარ ეცხოვრებოდათ. ახლა კი, ისინი რომ დაწყვილდებიან გასანაყოფიერებლად, მამალი იწყებს ქმედებას და როგორც კი დაღვის თესლს, დედალი ჩააფრინდება კისერში და მანამ არ გაუშვებს, ვიდრე არ გამოუღრღნის მთლიანად. აი, ამგვარად კვდება მამალი, ხოლო დედალს მამლის გამო ასეთი რამ ეზღვება: შვილები მამის სამაგიეროს ზღავენ ჯერ კიდევ დედის მუცელში რომ არიან; ისინი ჭამენ დედას, უღრღნიან მუცელს და ასე ჰპოვებენ გამოსასვლელს, ხოლო სხვა გველები, რომლებიც ადამიანისათვის არ არიან დამღუპველნი, სდებენ კვერცხებს და ძალზე ბევრ შვილებს სჩეკენ. იქედნეები მთელ დედამიწის ზურგზე არიან მოდებული, ხოლო ფრთოსანი გველები, ყველანი თავმოყრილნი არიან მხოლოდ არაბეთში და სხვაგან არსად გვხდებიან. ამიტომაცაა, რომ ისინი ბევრი ეჩვენებათ.
   110. აი, ამგვარად იპოვებენ არაბები ფისს, ხოლო კასიის მოპოვება შემდეგვარად ხდება86: შეიხვევენ ტყავებითა და ბეწვებით მთელს სხეულსა და სახეს, გარდა თვალებისა და მიდიან კასიის მოსაპოვებლად. ის იზრდება ტბაში, რომელიც ღრმა არ არის. ტბის ირგვლივ და თვით ტბაში ცხოვრობენ ფრთოსანი ცხოველები, რომლებიც ყველაზე უფრო ღამურებს ჰგვანან. ისინი საშინლად წრიპინებენ და მამაცები არიან ბრძოლაში. თვალებიდან უნდა მოიცილონ ისინი და ისე მოჰკრიფონ კასია.
   111. ამაზე უფრო უცნაურია დარიჩინის შეგროვების წესი. მათ არ შეუძლიათ გვითხრან, თუ საიდან წარმოდგება ის, ანდა რომელ ქვეყანაში იზრდება, მხოლოდ ზოგიერთები სარწმუნო ცნობის საფუძველზე ამბობენ, რომ ის იმ ადგილებში იზრდება, სადაც დიონისე აღზარდესო (ივარაუდება ნისა). ამბობენ, რომ დიდ ფრინველებს მოაქვთ ჩხირები, რასაც დარიჩინს ვუწოდებთ, როგორც ფინიკიელებმა გვასწავლეს. ფრინველებს მოაქვთ ეს ჩხირები თავის ბუდეებში, რომლებიც ტალახისაგან არია ნაკეთები და გადმოკიდებულია ისეთ მთებზე, სადაც ადამიანი ფეხსაც კი ვერ მოიკიდებს. ამიტომაა, რომ არაბებმა შემდეგი რამ გამოიგონეს: დახოცილ ხარებს, ვირებს და სხვა სახედრებს ჭრიან რაც შეიძლება დიდ ნაჭრებად და მიაქვთ იმ ადგილებში, ხორცს დებენ ბუდების მახლობლად, ხოლო თვითონ შორს გადგებიან. ფრინველები ჩამოფრინდებიან და სახედრის ხორცის ნაჭრები მიაქვთ ბუდეებში. ბუდეები ტვირთის სიმძიმეს ვერ უძლებენ და ძირს ცვივიან. მაშინ ხალხი მიდის ახლოს და აგროვებს დარიჩინს, ამგვარად მოგროვილი დარიჩინი გადის მერე სხვა ქვეყნებში.
   112. კიდევ უფრო საკვირველია ლედანონის, ანუ როგორც არაბები უწოდებენ ლადანონის შეგროვება. ის თვითონ ძალიან სურნელოვანია და მოიპოვება ყოვლად მყრალ გარემოში: მას პოულობენ ვაცების წვერებში და ისეთია, როგორც ხის ფისი. ის იხმარება ძალიან ბევრ ნელსაცხებლებში და არაბები ყველაზე მეტად მას იყენებენ საკმევლად.
   113. აი, ამდენი ითქვა საკმევლების შესახებ, რადგან არაბიის ქვეყანას საოცრად სასიამოვნო სუნი სდის. მათ ჰყავთ ორი საკვირველი ჯიშის ცხვარი, რაც სხვაგან არსად გვხვდება. მათგან ერთს აქვს გრძელი კუდი, არანაკლები სამ წყრთაზე; მან რომ ეს კუდი ძირს ათრიოს, მიწაზე ხახუნით კუდზე წყლულები გაუჩნდება. ამიტომ ყოველი მწყემსი სწავლობს დურგლობას რამდენიმე მაინც. ის აკეთებს ურიკას და მას ცხვირს კუდქვეშ აბამს. ამგვარად, თითოეული ცხოველის კუდი ცალკეულ ურიკაზე არის მიბმული. ცხვრების მეორე ჯიშს ბრტყელი კუდი აქვს, დაახლოებით წყრთის სიგანისა.87
   114. დასახლებული სამყაროს უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი ქვეყანა არის ეთიოპია88. იქაა ბევრი ოქრო, უზარმაზარი სპილოები, ყოველგვარი ველური ხეები და შავი ხე, ხალხი კი არის ტანადი, ლამაზი და დღეგრძელი.
   115. ეს არის უკიდურესი ქვეყნები აზიისა და ლიბიეში. ხოლო ევროპის დასავლეთით მდებარე უკიდურესი ქვეყნების შესახებ მე არ შემიძლია დაბეჯითებით რამე ვთქვა, რადგან არ მჯერა იმისა, რომ იქაა მდინარე, ბარბაროსების მიერ ერიდანოსად89 წოდებული, რომელიც ერთვის ჩრდილოეთის ქარისაკენ მიმართულ ზღვას, საიდანაც, როგორც ამბობენ, შემოდის ქარვა90; არც ის ვიცი, არსებობს თუ არა კასიტერიდის კუნძულები, საიდანაც ჩვენ თუთია მოგვდის. ჯერ ერთი სახელი „ერიდანოსი“ არის ბერძნული და არა ბარბაროსული, ვიღაც პოეტის მიერ შეთხზული. მეორეა და რამდენადაც არ ვეცადე, ვერ ვნახე ისეთი კაცი, რომელსაც თავისი თვალით ენახა ევროპის იქითა მხარეს ზღვა. ასეა თუ ისე, თუთიაც და ქარვაც დედამიწის კიდიდან მოგვდის.
   116. ევროპის ჩრდილოეთ ნაწილში ჩანს, რომ ძალიან ბევრი ოქროა, მაგრამ როგორ ხდება მისი მოპოვება, არც ამის შესახებ შემიძლია დაბეჯითებით რისამე თქმა. ამბობენ კი იმას, რომ ცალთვალა არიმასპები სტაცებენ ოქროს გრიფონებსო. მე არც იმისა მჯერა, რომ ცალთვალა ხალხი არსებობდეს, მაშინ, როდესაც მათ სხვა ყველაფერი დანარჩენი ადამიანების მსგავსი აქვთ. ამგვარად განაპირა ქვეყნებს, რომლებიც გარს არტყიან დანარჩენ, შუაში მოქცეულ ქვეყანას, აქვთ ისეთი რამეები, რც ჩვენის აზრით ყველაზე ლამაზია და ყველაზე იშვიათი.
   117. აზიაში არის ერთი დაბლობი, ყოველმხრივ გარშემორტყმული მთებით, ხოლო ამ მთებში არის ხუთი ხეობა. ოდესღაც ეს დაბლობი ხორასმელებს ეკუთვნოდათ და მდებარეობდა ამ ხორასმელების, ჰირკანიების, პართების, სარანგების და თამანების91 საზღვარზე. ხოლო მას მერე, რაც სპარსელებმა მოიპოვეს ძალაუფლება, ის არის მეფისა. დაბლობის ჩამკეტი მთიდან მოედინება დიდი მდინარე, რომელსაც სახელად ჰქვია აკესი. უწინ ეს მდინარე ხუთ ტოტად იყო დაყოფილი და რწყავდა ხუთ ზემოხსენებულ ქვეყანას, ისე რომ ცალკეულ ხეობაზე მოედინებოდა თითოეული მათგანისაკენ. მაგრამ მას მერე, რაც ეს ხალხები დაექვემდებარენ სპარსელს, მათ ასეთი ცუდი ამბავი დაემართათ: მეფემ ამოაშენებინა მთების ხეობები და თითოეული ხეობის წინ კარები დაადგმევნა. ამით მან წყალს გადაუკეტა გამოსავალი და მთებში მომწყვდეული დაბლობი ზღვად იქცა, რადგან მდინარე შიგ შედიოდა, გამოსავალი კი არსად ჰქონდა. ხალხი, რომელიც წინათ ჩვეული იყო ამ წყლის ხმარებას, ახლა ვეღარ იყენებდა მას და დიდ გაჭირვებას განიცდიდა. ზამთრობით ღმერთი მათ წვიმას უგზავნიდა, ისევე როგორც სხვა ხალხებსაც, მაგრამ ზაფხულობით, როდესაც თესდნენ ფეტვსა და ქუნჯუთს, ძალიან უჭირდათ წყალი. ამიტომ უწყლობით შეჭირვებულნი ცოლებითურთ მიდიოდნენ სპარსელებში, დგებოდნენ მეფის კარების წინ და მოთქმით ტიროდნენ. მეფე მათ უკიდურესი გასაჭირის დანახვაზე ბრძანებდა, გაეღოთ კარი, რომელსაც მათ ქვეყანაში შეჰყავდა წყალი. როდესაც მათი მიწა კარგად გაიჟღინთებოდა წყლით, კარი კვლავ იკეტებოდა; შემდეგ ბრძანებდა მეფე, რომ ახლა სხვა კარი გაეღო მათთვის, ვინც დარჩენილთა შორის ყველაზე ფურო გაჭირვებული იყო. როგორც გამიგონია და ვიცი, მეფე მათგან ხარკს გარდა დიდძალ ფულს ღებულობდა ამ კარის გარებისათვის. ასე იყო ეს ამბავი.
   118. რაც შეეხება მოგვის წინააღმდეგ ამხედრებულ შვიდ ვაჟკაცს, ერთი მათგანი, ინტაფრენესი, დაისაჯა თავის თავნებობისათვის და ამბოხების შემდეგ მალე მოკვდა ასეთ პირობებში: მას უნდოდა სასახლეში შესვლა მეფესთან მოსალაპარაკებლად, რადგან არსებობდა ასეთი წესი, რომ მოგვის წინააღმდეგ ამობხებულებს შეეძლოთ მეფესთან შესვლა წინასწარი შეტყობინების გარეშე, თუკი მეფე ამ დროს ცოლთან არ იწვა. ამიტომაც ინტაფრენესმა, რომელიც ერთი შვიდთაგანი იყო, არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ვინმე გაეგზავნა შესატყობინებლად და მოინდომა შესვლა, მაგრამ კარის მცველმა და ამბების მომხსენებელმა92 ის არ გაატარეს, უთხრეს, რომ მეფე ცოლთან წევსო93. ინტაფრენესმა იფიქრა, რომ ისინი ატყუებენ, ამიტომ იძრო ხანჯალი, დააჭრა მათ ყურები და ცხვირები, აასხა ისინი თავის ცხენის აღვირზე, შემოახვია ეს მათ კისრებზე და ისე გაუშვა.
   119. ასე გამოეცხადნენ ისინი მეფეს და მიზეზიც უთხრეს, თუ რისთვის დაისაჯნენ ასე. დარიოსი შეშფოთდა, ექვსივე შეთქმულის საერთო გადაწყვეტილების შედეგი ხომ არ იყო, ასე მოქცევა და სათითაოდ გამოიძახა ისინი. უნდოდა აზრი გაეგო, ხომ არ გაამართლებენ ისინი ამ საქციელს. როდესაც შეიტყო, რომ ინტაფრენესმა ეს მათთან შეთანხმებით არ ჩაიდინა, შეიპყრო თვითონ ინტაფრენესი, მისი შვილები და მთელი მისი სახლობა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ის თავის ნათესავებთან ერთად იზრახავდა მის წინააღმდეგ ამბოხებას. ამიტომაც დაიჭირა ისინი და სიკვდილი მიუსაჯა. ინტაფრენესის ცოლი მოვიდა მეფის კართან, ტიროდა და მოთქვამდა. რაკი ტირილი აღარ შეწყვიტა, დარიოსმა შეიბრალა ის, გაუგზავნა მოციქული და შეუთვალა: „დედაკაცო, მეფე დარიოსმა მოიღო წყალობა და ყველა შეპყრობილი შენ მახლობელთაგან ერთს, ვისაც ისურვებ, გაათავისუფლებს“. ქალმა იფიქრა და ასე მიუგო: „თუ მეფე ერთ სულს მაპატიებს, მაშინ მათ შორის ვირჩევ ჩემს ძმას“. ეს რომ შეიტყო დარიოსმა, გაუკვირდა; ისევ გაგზავნა კაცი და შეეკითხა: „დედაკაცო, მეფე გეკითხება, რატომაა, რომ ქმარი და შვილები გასწირე და ძმა ამოირჩიე გადასარჩენად, ძმა, რომელიც უფრო უცხოა შენთვის, ვიდრე შვილები და ნაკლებ საყვარელი, ვიდრე ქმარი“. ქალმა მიუგო: „მეფეო, ქმარი მე სხვაც შეიძლება მყავდეს, თუკი ღმერთი ინებებს, და სხვა შვილებიც მეყოლება, თუ ესენი დავკარგე, ხოლო რადგან მამა და დედა აღარ მყვანან ცოცხლები, ამიტომ სხვა ძმა ვერაფრით ვერ მეყოლება. აი, ამ აზრით ვხელმძღვანელობდი, როდესაც ეს გითხარი“. დარიოს მოეწონა ქალის ნათქვამი, ნასიამოვნები დარჩა მისით და გაუთავისუფლა ისიც, ვისც ის თხოვდა და უფროსი შვილიც, ხოლო სხვა დანარჩენი ყველანი დაუხოცა. ამგვარად, როგორც ვთქვი, ასე დაიღუპა ერთი შვიდთაგანი და ისიც ესოდენ მალე.
   120. კამბისესის ავადმყოფობის დროს შემდეგი ამბავი მოხდა: კიროსმა დააყენა სარდეში სატრაპად ორეტესი, სპარსელი. ამ კაცმა ერთი უსინდისო ზრახვა ჩაიდო გულში; მას არც რაიმე განუცდია, არც რამ სიტყვა სმენია პოლიკრატეს სამოსელისაგან, ის კი არა, სულაც არ უნახავს ის თვალით და მოინდომა მისი შეპყრობა და დაღუპვა, როგორც უმრავლესობა ამბობს, შემდეგი მიზეზის გამო: მეფეის კარის წინ იჯდა ორეტესი და ერთი სხვა სპარსელი, სახელად მიტრობატესი, რომელიც სასკილიის სატრაპიის მმართველი იყო. ისინი ლაპარაკიდან ჩხუბზე გადავიდნენ. ისინი კამათობდნენ სიქველის შესახებ და მიტრობატესმა ორეტესს წასძახა: „შენ შენი თავი ვაჟკაცად მიგაჩნია და მეფისათვის კუნძული სამოსი კი ვერ დაგიმორჩილებია, რომელიც შენს სატრაპიასთან ასე ახლოს მდებარეობს; მისი დაპყრობა ძალიან ადვილია და უპყრია კიდევაც ვიღაც ადგილობრივ მეამბოხეს 15 ჰოპლიტით; ახლა ის მისი ტირანია“. ზოგიერთები ამბობენ, ორეტესმა რომ ეს მოისმინა ძალიან გაჯავრდა ამ ლანძღვაზე და განიზრახა დაესაჯა არა ის, ვინც შეურაცხყო, არამედ პოლიკრატესი, რომლის მოკვლაც გადაწყვიტა, რადგან მისი მიზეზით გააგონეს მას ასეთი ძვირი სიტყვები.
   121. ხოლო ზოგიერთები, მცირერიცოვანნი, კი ამბობენ, რომ ორეტესმა სამოსზე გაგზავნა მაცნე, რაღაც საქმეზე სათხოვნელად (არ ამბობენ კი, რა საქმეზე). პოლიკარტესი ამ დროს სუფრასთან წოლილა კაცების დარბაზში და მასთან იმყოფებოდა ანაკრეონ თეოსელი94. განზრახ მოეკიდა აგდებით ორეტესის საქმეს, თუ უნებლიედ ასეთი რამე, ყოველ შემთხვევაში პოლიკარტესი ასე მოქცეულა: ორეტესის მაცნე რომ შევიდა და დაელაპარაკა პოლიკარტესს (რომელიც, მოხდა ისე, რომ კედლისაკენ იყო მიბრუნებული ამ დროს), იგი არც შემობრუნდა და არც რაიმე უპასუხა მას.
   122. ამგვარად, ორ მიზეზს ასახელებენ პოლიკარტესის სიკვდილისას, და ვისაც რომელი უნდა, ის დაიჯეროს. ორეტესმა, მაგნესიაში რომ იჯდა, რომელიც მდინარე მეანდროსის ზემოთ მდებარეობს, სამოსზე გაგზავნა მირსოსი, გიგესის ძე, ლიდიელი, რომელსაც გაატანა მოციქულობა, რადგან მან იცოდა პოლიკარტესის განზრახვის შესახებ. პოლიკარტესი ჩვენთვის ცნობილ ელინთა შორის პირველი იყო, რომელმაც განიზრახა ზღვის მფლობელობა, კნოსელი მინოსისა და ზოგიერთი სხვა ვინმეს გარდა, თუკი ვინმე კიდევ იყო მასზე უწინ ზღვის მფლობელი. ასე ვთქვათ, ადამიანთა მოდგმაში პოლიკარტესი პირველი იყო, რომელსაც დიდი იმედი ჰქონდა იონიასა და კუნძულებზე ბატონობისა. ორეტესმა მისი ეს განზრახვა რომ შეიტყო, გაუგზავნა მოციქულობა და შემდეგი შეუთვალა: „ორეტესი პოლიკარტესს ეუბნება შემდეგს: შევიტყვე, რომ დიდი საქმეები განგიზრახავს, მაგრამ შენი ქონება შენი მიზნების შესაბამისი არაა. მოდი, ასე მოიქეცი, შენს მდგომარეობასაც გაიუმჯობესებ და მეც მიხსნი: მეფე კიმბისეს ჩემი სიკვდილი გადაუწყვეტია. ეს მე დანამდვილებით შემატყობინეს. წამიყვანე აქედან ჩემი ავლა-დიდებით, მისი ნაწილი შენთვის წაიღე და ნაწილი მე შემინახე. ამ ფულების შემწეობით შენ მთელი ელადის მმართველი გახდები. თუ არ გჯერა, რომ ქონება მაქვს, გამოგზავნე, ვისაც შენ ყველაზე უფრო ენდობი და იმას ვაჩვენებ“.
   123. პოლიკარტესმა ეს რომ მოისმინა, ესიამოვნა და დაეთანხმა. რადგან ძალიან უნდოდა ეს საგანძური, პირველად სანახავად მეანდრიოსი გაგზავნა, მეანდრიოსის ძე, ერთი მოქალაქეთაგანი, რომელიც მას მდივნად ჰყავდა (ამის მერე დიდხანს არ გაუვლია, რომ ამან პოლიკარტესის მამაკაცთა დარბაზის შესანიშნავი მორთულობა მთლიანად შესწირა ჰერას სალოცავს). ორეტესმა იცოდა, რომ მეთვალთვალე მოვა და მის მოლოდინში ასეთ ხრიკს მიმართა: რვა ყუთი აავსო ქვებით, მხოლოდ ნაპირებთან სულ ცოტა ადგილი დატოვა, ქვებს ზემოთ ოქრო დააყარა, შეჰკრა ყუთები და გამზადებული ჰქონდა. მეანდრიოსი მოვიდა, დაათვალიერა და შეატყობინა პოლიკარტესს.
   124. ბევრი მისანი უკრძალავდა, მეგობრებიც ძალიან უშლიდნენ პოლიკარტესს წასვლას, ამას გარდა ასულსაც ასეთი რამ ეჩვენა სიზმარში: მან ნახა, თითქოს მისი მამა ჰაერში იყო ატაცებული, ზევსი ჰბანდა მას, ხოლო ჰელიოსი ნელსაცხებელს სცხებდა. ამისთანა სიზმარი რომ ნახა, ქალი ყოველგვარ ღონეს ხმარობდა, რომ პოლიკარტესი ორეტესითან არ წასულიყო; ის რომ ორმოცდაათნიჩბიან ხომალდზე ჯდებოდა, მაშინაც კი მანიშნებელ სიტყვებს ეუბნებოდა. პოლიკარტესი კი ემუქრებოდა მას, თუ შინ მშვიდობით დავბრუნდი, დიდხანს დარჩები ქალწულიო. ქალი ევედრებოდა ღმერთებს, რომ ეს მუქარა ასრულებოდა, რადგან ერჩივნა დიდხანს ყოფილიყო ქალწული, ვიდრე მამა დაეკარგა.
   125. პოლიკარტესმა არავითარ რჩევას არ მიაქცია ყურადღება და გაცურა ორეტესთან, თან წაიყვანა ბევრი თავისი მეგობარიც. მათ შორის იყო დემოკედესი, კალიფონტის ძე, კროტონელი, რომელიც ექიმი იყო და მისი დროის საუკეთესო მცოდნე თავისი ხელობისა. მაგნესიაში რომ მივიდა, პოლიკარტესი სამარცხვინოდ დაიღუპა, რაც არ შეეფერებოდა არც მას და არც მის მისწრაფებებს, რადგან, სირაკუზელ ტირანებს გარდა, ვერც ერთი სხვა ელინი ტირანთაგანი ვერ შეედრებოდა პოლიკარტესს მის ბრწინვალებაში. ორეტესმა ის რომ მოაკვლევინა (ვერც კი აღვწერ, თუ როგორ მოაკვლევინა), მერე ჯვარს აცვა. ხოლომისი მხლებლები, რომლებიც სამოსელები იყვნენ, გაუშვა და უბრძანა ჩემი მადლობლები უნდა იყოთ, რომ თავისუფლები ხართო. ხოლო მხლებელთა შორის, ვინც უცხოელები და მონები იყვნენ, მონობაში ჩაყარა და თავისთნ დატოვა. პოლიკარტესი რომ ჩამოჰკიდეს, ამით სულ ახდა მისი ასულის სიზმარი: მას ბანდა ზევსი, როდესაც წვიმდა, ხოლო ჰელიოსი ნესლაცხებელს სცხებდა, როდესაც მისი სხეულიდან რაღაც სინოტივე მოჟონადა. პოლიკარტესის კეთილდღეობა ამგვარად დამთავრდა95 (როგორც უწინასწარმეტყევლა ეგვიპტის მეფე ამასისმა).
   126. ამის მერე დიდხანს არ გაუვლია, რომ ორობტესს პოლიკარტესისათვის სამაგიერო მიეზოღ. კამბისესის სიკვდილის შემდეგ, მოგვების მეფობის ხანაში ორობტესი იყო სარდეში და არაფერი არგო სპარსელებს, რომელთაც მიდიელებმა წაართვეს ძალაუფლება. ამ არეულობის დროს მან მოკლა მიტრობატესი, დასკილიის მმართველი, რომელმაც უსაყვედურა მას პოლიკარტესის გამო, და მიტრობატესის შვილი, კრანასპესი. ესენი სპარსელებში პატივცემული პირები იყვნენ. მან მრავალგვარი თვითნებობა ჩაიდინა და მათ შორის ესეც: როდესაც დარიოსისაგან შიკრიკი მოუვიდა, რადგან არ მოეწონა ის ამბავი, რაც მან მოუტანა, ჩაუსაფრა კაცები უკან გაბრუნებულს, მოაკვლევინა ის და ისიცა და მისი ცხენიც დამალა.
   127. დარიოსმა რომ ძალაუფლება ხელთ იგდო, განიზრახა ორეტესის დასჯა ყველა მისი უსამართლო საქციელისათვის და განსაკუთრებით კი მიტრობატესისა და მისი შვილის მკვლელობისათვის. დარიოსს არ უნდოდა პირდაპირ გაეგზავნა ლაშქარი მის წინააღმდეგ, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ შფოთიანობა იყო და თვითონაც ახლახან ჰქონდა მოპოვებული ტახტი; ამის გარდა მან შეიტყო, რომ ორეტესს დიდი ძალა ჰქონდა, მარტო პირად მცველებად  1000 სპარსელი ედგა96 და იგი ფლობდა ფრიგიის, ლიდიისა და იონიის სატრაპიებს. ამის გამო დარიოსმა შემდეგ ხერხს მიმართა: შეჰყარა სპარსელთა შორის ყვლაზე მეტად წარჩინებულები და უთხრა მათ შემდგი: „სპარსელებო, რომელი თქვენგანი იკისრებს შემისრულოს ერთი საქმე ბრძნულად, ძალისა და ჯარის გამოუყენებლად? რადგან აქ მარტო ეშმაკობაა საჭირო და ძალმომრეობას არაფერი ესაქმება. რომელი თქვენგანი მომიყვანს ორეტესს ცოცხალს, ან ვინ მოჰკლავს მას? მას სპარსელებისათვის არავითარი სარგებლობა არ მოუტანია, ხოლო ბოროტება კი ბევრი გაუკეთებია. ჯერ ერთი, ორი ჩვენგანი დაღუპა, მიტრობატესი და მისი შვილი, შემდეგ  ის კლავს, ვისაც ვუგზავნი მოსაწვევად, არაჩვეულებრივ თვითნებობას იჩენს სპარსელების მიმართ, ვიდრე უარესი ბოროტება არ ჩაუდენია, ჩვენ მისი სიკვდილით დასჯა გვმართებს“.
   128. დარიოსმა რომ ეს იკითხა, 30 კაცი წამოდგა და თითოეულ მათგანს უნდოდა ამის გაკეთება. რაკი მათ ერთმანეთში დავა დაიწყეს, დარიოსმა უბრძანა, წილი ეყარათ. იყარეს წილი და შეხვდა ბაგეიოსს, არტონტესის ძეს. წილი რომ ხვდა ბაგეიოსი ასე მოიქცა: მან დაწერა მრავალი წერილი, რომლებიც სხვადასხვა საქმეს ეხებოდა, დაბეჭდა დარიოსის ბეჭდით, წავიდა და თან წაიღო სარდეში. მივიდა სარდეში და წარუდგა ორეტესს, ხოლო წერილებს სათითაოდ იღებდა და აძლევდა მეფის მდივანს97 წასაკითხად (მეფის მდივანი ყველა სატრაპს ჰყავს). წერილებს რომ აძლევდა ბაგეიოსი ცდიდა პირად მცველებს, ვინმე მათგანი ორეტესისგან განდგომას მოინდომებდა თუ არა. მან დაინახა, რომ ისინი წერილებს დიდი მოწიწებით ეპყრობოდნენ და უფრო დიდი პატივით კიდევ იმას, რაც წერილებსია ნათქვამი; ამის მერე მან გადასცა შემდეგი წერილი, რომელშიც ასეთი რამ ეწერა: „სპარსელებო, მეფე დარიოსი გიკრძალავთ თქვენ ორეტესის პირად მცველობას“. მათ რომ ეს მოისმინეს, მაშინვე დაუშვეს შუბები. ბაგეიოსმა დაინახა, რომ ისინი ემორჩილებიან წერილებს და გამხნევებულმა უკანასკნელი წერილი გადასცა მდივანს, რომელშიც ეწერა: „მეფე დარიოსი უბრძანებს სარდეში მყოფ სპარსელებს, მოკლან ორეტესი“. მცველებმა როდესაც მოისმინეს ეს, იშიშვლეს ხანჯლები და მაშინვე მოკლეს ორეტესი. ასეთი სამაგიერო მიეზღო სპარსელ ორეტესს პოლიკარტეს სამოსელისათვის.
   129. მას მერე რაც ორეტესის ქონება გადმოიტანეს სუსაში, დიდ დროს არ გაუვლია, რომ მეფე დარიოსი გარეულ მხეცებზე ნადირობის დროს ჩამოხტა ცხენიდან და ფეხი იღრძო, როგორღაც ძალიან მაგრად იღრძო, ისე რომ, კოჭი ამოუვარდა სახსრიდან. პირველად მიმართა ეგვიპტელ ექიმებს, რომლებიც თავისთან ჰყავდა, რადგან ისინი საუკეთესო ექიმებად მიაჩნდა და, ჩვეულებრივ, მათ მიმართავდა ხოლმე. მათ ღონივრად დაუჭიმეს ფეხი და კიდევ უფრო უარესად გახადეს. მერვე დღეს, როდესაც ძალიან ცუდად იყო, ვიღაცამ, რომელსაც უწინ სარდეში სმენოდა კროტონელი დემოკედესის ხელოვნების შესახებ, შეატყობინა ეს დარიოსს. დარიოსმა ბრძანა, სასწრაფოდ მოეყვანათ ის მასთან. როგორც იქნა, იპოვეს დემოკედესი ორეტესის მონებს შორის სრულიად მიგდებული, გამოიყვანეს და წაიყვანეს მეფესთან, ბორკილების თრევითა და ძონძებში ჩაცმული.
   130. შუაში რომ დააყენეს, მეფე შეეკითხა მას, იცის თუ არა მან ეს ხელობა. მან იუარა, რადგან ეშინოდა, თავს თუ გამოიჩენდა, სამუდამოდ არ დაეკარგა ელადა, მაგრამ დარიოსი მიხვდა, რომ მან იცის ეს ხელობა და უბრძანა მის მომყვანებს, გამოეტანათ მათრახები და წვეტიანი ჯოხები. მაშინ დემოკედესმა აღიარა, მაგრამ თქვა, რომ ზედმიწევნით არ იცის, მხოლოდ ცოტა რამ გაეგება ამ ხელობისა ერთ ექიმთან ურთიერთობის შედეგად. შემდეგ, როდესაც დარიოსი მიენდო მას, მან გამოიყენა ელინური წამლები, გამღიზიანებელთა შემდეგ იხმარა დამაყუჩებლები, მოჰგვარა ძილი და სულ ცოტა ხანში სრულიად გამოაჯანმრთელა, თუმცარა მეფეს აღარ ჰქონდა იმედი, რომ ოდესმე ისევ ფეხმარდი იქნებოდა. ამის მერე დარიოსმა მას აჩუქა ორი წყვილი ოქროს ბორკილი. ექიმი შეეკითხა, ხომ არ აპირებს მისი უბედურების გაორმაგებას, რაკიღა მოარჩინა. დარისოსს მოეწონა ეს სიტყვა და გაგზავნა ის თავის ცოლებთან. საჭურისებმა ჩამოატარეს ის და ეუბნებოდნენ მეფის ცოლებს, რომ ესაა, ვინც მეფეს სიცოცხლე აჩუქაო. მაშინ თითოეულმა ცოლმა ფიალით ოქრო ამოიღო ყუთიდან და დემოკიდესს აჩუქაო, საჩუქარი იმდენად უხვი იყო, რომ ამ ფიალებიდან გადმოცვენილი სტატერები მოაგროვა მხლებელმა მსახურმა (რომელსაც სახელად სკიტონი ერქვა) და მას დიდი რაოდენობით შეუგროვდა ოქროს ფული.
   131. ეს დემოკიდესი შემდეგნაირად მოვიდა კროტონიდან და დაუმეგობრდა პოლიკარტესს: კრტონში მას ძალიან ტანჯავდა მამა, რომელსაც მძიმე ხასიათი ჰქონდა. და როდესაც ვეღარ შეძლო ამის ატანა, მიატოვა იქაურობა და წავიდა ეგინაზე. იქ ყოფნის პირველსავე წელიწადს მან ყველა სხვა ექიმს აჯობა, თუმცაღა მოუწყობელი იყო და თან არ ჰქონდა არავითარი იარაღი, რაც ამ ხელობის კაცს სჭირდება. მეორე წელიწადს ეგინელებმა ის სახელმწიფო ხარჯზე აიყვანეს ერთ ტალანტს უხდიდნენ, მესამე წელს ათენელები 100 მნას აძლევდნენ, ხოლო მეოთხე წელს პოლიკარტესმა ორი ტალანტი მისცა. ასე მოვიდა ის სამოსზე და ამ კაცის წყალობით, რომ კროტონელი ექიმები განსაკუთრებით არიან სახელგანთქმულნი98. ეს იყო დრო, როდესაც ელადაში პირველებად კროტონელი ექიმები ითვლებოდნენ, მეორეებად  კირენელები. ამავე დროს, არგოსელები იყვნენ მუსიკის საუკეთესო მცოდნენი ელინთა შორის).
   132. დარიოსის მოერჩენის შემდეგ დემოკედესი სუსაში უზარმაზარი სახლში ცხოვრობდა, გახდა მეფის თანამეტრაპეზე99 და შეეძლო ყველაფერი გაეკეთებინა, გარდა ერთისა  ელადაში დაბრუნების ნება არ ჰქონდა. ჯერ ეს ერთი  მეფეს სთხოვა და გადაარჩინა ეგვიპტელი ექიმები, რომლებიც უწინ მკურნალობდნენ მეფეს და რომელთაც სარზე ჩამოცმა ელოდათ, რაკიღა ელინთა ექიმზე უმწეონი აღმოჩდნენ. მერე გადაარჩინა ერთი ელიდელი მისანი, რომელიც უწინ პოლიკარტესის მხლებელი იყო, ახლა კი მივიწყებული, მონათა შორის იმყოფებოდა. ერთი სიტყვით, დემოკედესს დიდი ძალა ჰქონდა მეფის კარზე.
   133. ცოტა ხნის შემდეგ ასეთი ამბები მოხდა: ატოსას, კიროსის ასულს და დარიოსის მეუღლეს ძუძუზე სიმსივნე გაუჩნდა, რაც შემდეგ თანდათან უფრო ეზრდებოდა. სანამ სიმსივნე პატარა იყო, ატოსას რცხვენოდა და მალავდა, არავის ეუბნებოდა, მაგრამ როდესაც გაუჭირდა მოაყვანინა დემოკიდესი და იმას აჩვენა. ექიმმა მორჩენა აღუთქვა, მხოლოდ ფიცი ჩამოართვა, რომ სამაგიეროდ ქალი აუსრულებს იმას, რასაც მოსთხოვს, თანაც უთხრა, რომ არაფერს სამარცხვინოს არ მოითხოვდა.
   134. მას მერე, რაც დემოკიდესმა უმკურნალა და მოარჩინა ქალი, დემოკიდესისგან დარიგებულმა ატოსამ დარიოსს ლოგინში ასეთი საუბარი გაუმართა: „მეფეო, ამოდენა ძალის პატრონი ისე ზიხარ, სპარსელებს არც ხალხს სძენ, და არც ხალხს სძენ, და არც ძლევამოსილებას. ახალგაზრდა კაცს, დიდი ქონების პატრონს თავის გამოჩენა შეშვენის, ბოლოს და ბოლოს სპარსელებმაც უნდა დაინახონ, რომ ვაჟკაცის ხელქვეითნი არიან. შენ ორი რამის გამო გმართებს ამის გაკეთება: ჯერ ერთი იმიტომ, რომ სპარსელებმა იცოდნენ, რომ მათი ბელადი ვაჟკაცია და მერე იმიტომ, რომ ომში გართულებს მოცლაც არ ექნებათ შენს წინააღმდეგ ბოროტი განზრახვისა. აბა, ახლა გვიჩვენე რამე საქმე, სანამ ახალგაზრდა ხარ. სხეული რომ იზრდება, მასთან ერთად იზრდება აზრიც, ხოლო როდესაც სხეული ხუცდება, მასთან ერთად ხუცდება გონებაც და ბლაგვდება ყოველგვარი საქმიანობისათვის“. ასე ლაპარაკობდა ატოსა, როგორც ასწავლეს, ხოლო მეფემ მიუგო: „დედაკაცო, ყოველივე ამის გაკეთებას, რაც მითხარი, თვითონაც ვაპირებდი; მაგალითად, გადაწყვეტილი მაქვს გავდო ხიდი ერთი ხმელეთიდან მეორე ხმელეთზე და ვილაშქრო სკვითების წინააღმდეგ. სულ ცოტა ხანში ყოველივე ამას შევასრულებ“. ატოსამ უთხრა: „მოეშვი, პირველად სკვითებზე ნუ ილაშქრებ, რადგან ისინი, როცა კი მოინდომებ, შენი გახდებიან. ჩემი ხათრით ჯერ ელადაზე გაილაშქრე, რადგან ბევრი მსმენია და ძალიან მინდა, მხევლებად ლაკონელი, არგოსელი, ატიკელი და კორინთელი ქალები მყავდნენ. თანაც შენ გამოსადეგი კაცი გყავს, რომელიც ყველაფერს გაჩვენებს ელადაში და ყველგან გაგიძღვება: ეს ისაა, რომელმაც შენ ფეხი მოგირჩინა“. დარიოსმა მიუგო: „დედაკაცო, რადგან შენ ფიქრობ, რომ პირველად ელადის დაპყრობა უნდა ვცადო, მგონია უმჯობესი იქნება ელინებში ჯერ სპარსთა მეთვალთვალეები გავგზავნოთ იმ კაცთან ერთად, ვინც შენ დამისახელე, ისინი შეიტყობენ, ნახავენ ყველაფერს და ამბავს მოგვიტანენ. ხოლო შემდეგ, ყველაფერი რომ მეცოდინება, მე თვითონ შევუტევ მათ“. ესა სთქვა და მისი სიტყვა და საქმე ერთი იყო.
   135. როგორც კი გათენდა, დაუძახა 15 წარჩინებულ სპარსელს და უბრძანა მათ, გაჰყოლოდნენ დემოკიდესს და დაევლოთ ელადის ზღვის სანაპირო მხარეები, მხოლოდ ისე, რომ არ გაქცეოდათ დემოკიდესი და უეჭველად უკან მოეყვანათ. მათ რომ ეს უბრძანა, შემდეგ დაუძახა დემოკიდესს და სთხოვა, გასძღოლოდა სპარსელებს, ეჩვენებინა მათთვის მთელი ელადა და უკან დაბრუნებულიყო. თან უბრძანა, მამისა და ძმებისათვის წაეღო საჩუქრად ყოველივე, რაც კი მას მოძრავი ქონების სახით ჰქონდა და აღუთქვა, რომ დაბუნებულს ბევრად უფრო მეტს მისცემდა სამაგიეროდ. ამას გარდა, უთხრა, რომ საჩურებს მიუმატებს კიდევ საბარგო ხომალდს, რომელიც ყოველგვარი სიკეთით დატვირთული მასთან ერთად გაუდგება გზას. მე ვფიქრობ, არიოსმა ყოველივე ეს დემოკიდესს მზაკვრული აზრის გარეშე აღუთქვა, დემოკიდესს კი შეეშინდა, ხომ არ მცდისო დარიოსიო, ამიტომ არ დააცხრა საჩუქრებს, რაც კი ჰქონდა მიღებული და უთხრა, რომ მთელ თავის ქონებას ტოვებს ამ ქვეყანაში, რათა უკან რომ დაბრუნდება, მაშინ მოიხმაროს, ხოლო რაც შეეხება საბარგო ხომალდს, რომელსაც დარიოსი დაჰპირდა ძმების საჩუქრად, იმს კი ღებულობს. ასეთი დავალებები მისცა მას დარიოსმა და ზღვას გაუყენა.
   136. ისინი მოვიდნენ ფინიკიაში, ფინიკიის ქალაქ სიდონში, მაშინვე გაამზადეს ორი ტრიერი და ტრიერებთან ერთად დიდი სავაჭრო ხომალდი, რომელიც აავსეს ყოველგვარი სიკეთით. ეს ყოველივე რომ მოამზადეს, გაცურეს ელადაში, მიჰყვებოდნენ ზღვის სანაპირო მხარეებს, ათვალიერებდნენ და იწერდნენ, ვიდრე არ დაათვალიერეს მისი დიდი, მნიშვნელოვანი ნაწილი დ არ მოვიდნენ იტალიის ქალაქ ტარნატაში. აქ არისტოფილიდესმა, ტარანტელთა მეფემ, დემოკიდესის მდგომარეობის შესამსუბუქებლად მიდიურ ხომალდებს საჭეები დახსნა, ხოლო თვით სპარსელები შეიპყრო, როგორც მეთვალყურეები. ვიდრე იმათ თავს ეს ამბები იყო, დემოკიდესი მოვიდა კროტონში. როდესაც მან თავის სამშობლოს მიაღწია, მაშინ გაათავისუფლა არისტოფილიდესმა სპარსელები და დაუბრუნა ის ნაწილები, რაც მოხსნა მათ ხომალდებს.
   137. სპარსელებმა აქედან გაცურეს, დაედევნენ დემოკიდესს და მიაღწიეს კროტონს. აქ იპოვეს ის ბაზარზე და ხელი სტაცეს. ზოგიერთი კროტონელი სპარსეთის შიშით მზად იყო გაეცა დემოკიდესი, სხვებმა კი მისი მხარი დაიჭირეს და კომბლები დაუშინეს სპარსელებს; მაშინ სპარსელებმა მიმართეს მათ შემდეგი სიტყვებით: „კროტონელებო, დაუფიქრდით რას შვრებით: თქვენ მეფისაგან გამოქცეულ მონას გვართმევთ, როგორ მოეწონება მეფე დარიოსს ასეთი სითავხედე? ეს კაცი თუ წაგვართვით, რას მოიგებთ ამით? რომელ ქალაქზე გავილაშქრებთ ამ ქალაქზე უწინ? რომელი ქალაქის დამონებას შევეცდებით ამაზე პირველად?“ ამას ლაპარაკობდნენ, მაგრამ კროტონელები ვერ დაითანხმეს. სპარსელებმა რომ დაკარგეს დემოკიდესი და სავაჭრო ხომალდი, რომელიც მასთან ერთად მიჰყავდათ, წავიდნენ უკან აზიაში, რადგან უგამყოლოდ დარჩენილნი აღარ შეეცადნენ ელადაში წინ წასვლას და მის გამოკვლევას. წარსულებს მხოლოდ ერთი დაავალა დემოკიდესმა, უბრძანა, ეთქვათ დარიოსისათვის, რომ დემოკიდესი ცოლად ირთავს მილონის ასულსო. რადგან მოჭიდავე მილონის სახელს დიდ პატივს სცემდა მეფე. ვფიქრობ დემოკიდესმა იმიტომ დააჩქარა ქორწილი და დახარჯა დიდი ფული, რომ ეჩვენებინა დარიოსისათვის, თუ რა სახელოვანი იყო ის თავის სამშობლოშიც100.
   138. კროტონიდან წამოსული სპარსელები მოხვდნენ თავისი ხომალდებიანად იეპიგიეში და იქ მონობაში ჩაცვივდნენ, ვიდრე არ გაათავისუფლა გილოსმა, ტარანტელმა (გამოქცეულმა თავისი ქალაქიდან) და არ წაიყვანა მეფე დარიოსთან. მეფე სამაგიეროდ მზად იყო, მიეცა მისთვის, რასაც კი მოისურებდა. გილოსმა ირჩია, ტარანტში უკან დაბრუნება, მანამდე კი უამბო მას თავისი უბედურების შესახებ. ის მოერიდა ელადის შეშფოთებას, მის გამო რომ დიდ ფლოტს გაეცურა იტალიისაკენ და უთხრა მეფეს, მხოლოდ კნიდოსელები ეყოფიან ჩემს უკან დაბრუნეასო. მას ეგონა, რადგან ესენი ყველაზე უფრო მეგობრულად იყვნენ ტარანტელებთან, შეიძლებდნენ მის დაბრუნებას სამშობლოში. დარიოსმა აღუთქვა და კიდევაც შეასრულა აღთქმა: გაგზავნა მოციქული კნიდოსზე და უბრძანა, გილოსი ტარანტაში წაეყვანათ. კნიდოსელებმა დაუჯერეს დარიოსს, მაგრამ ტარანტელებმა აღარ დაუჯერეს მათ და კნიდოსელებს არ შეეძლოთ მათი იძულება. ასე მოხდა ეს ამბები. ესენი იყვნენ პირველი სპარსელები, რომლებიც აზიიდან მივიდნენ ელადაში და რომლებიც ზემოთქმული საქმის გამო მეთვალყურეებად მივიდნენ იქ.
   139. ამის შემდეგ მეფე დარიოსმა აიღო სამოსი, ელინურ და ბარბაროსულ სახელმწიფოთა შორის ყველაზე უწინ; აიღო ის შემდეგი მიზეზების გამო: როდესაც კამბისეს კიროსის ძე ლაშქრობდა ეგვიპტეზე, ეგვიპტეში მოვიდა ბევრი ელინი, ზოგიერთები, ჩვეულებისამებრ, სავაჭროდ, სხვები სალაშქროდ და ზოგიც ამ ქვეყნის სანახავად. მათ შორის იყო სილოსონტი, აბაკესის ძე, პოლიკარტესის ძმა, გამოძევებული სამოსიდან. ამ სილოსონტს ასეთი ბედი ეწია: მან ერთხელ ჩაიცვა ცეცხლისფერი მომსასხამი და დადიოდა მემფისის ბაზარზე. დაინახა დარიოსმა, რომელიც კამბისესის პირადი მცველი იყო (ჯერ არავითარი დიდი თანამდებობა არ ჰქონდა), მოუნდა წამოსასხამი და მივიდა სილოსონტთან მის საყიდლად. სილოსონტმა დაინახა, რომ დარიოსს ძალიან უნდოდა მისი წამოსასხამი და თითქოს ღვთაების მიერ შთაგონებულმა უთხრა: „არ გავყიდი, ფულის გულისათვის, მაგრამ გაჩუქებ, რაკი ასე გინდა, რომ გქონდეს“. დარიოსმა შეაქო ის ამისათვის და გამოართვა ჩასაცმელი, ხოლო სილოსონტი ფიქრობდა, რომ დაკარგა მოსასხამი თავისი სისულელის გამო.
   140. ხანი რომ გავიდა, მოკვდა კამბისესი, შვიდნი ამბოხდნენ მოგვის წინააღმდეგ და ამ შვიდიდან ერთმა, დარიოსმა ხელთ იგდო ძალაუფლება. სილოსონტმა შეიტო, რომ ძალაუფლება გადასულა სწორედ ამ კაცის ხელში, რომელსაც მან ოდესღაც ეგვიპტეში ტანსაცმელი აჩუქა. წავიდა სუსაში და დაჯდა მეფის სასახლის ბჭესთან და თქვა, რომ დარიოსის კეთილისმყოფელი არის. კარის მცველმა101 გაიგონა მისი სიტყვები და გადასცა მეფეს. გაკვირვებულმა მეფემ უთხრა მას: „ვინ არის ელინთა შორის ჩემი კეთილისმყოფელი102, რომლისგანაც მე დავალებული ვარ, მე ხომ ახლახან მოვიპოვე მმართველობა? არავინ მოსულა ელინთაგან ჩვენთან და შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი ელინისაგან არ მისარგებლია. მაგრამ მაინც შემოიყვანე შიგნით, რომ ვნახო, თუ რა უნდა, ამას რომ ამბობს“, მეკარემ შემოიყვანა სილოსონტი. ის რომ წარდგა, თარჯიმნები შეეკითხნენ, ვინ არის და რა გაუკეთებია, რომ მეფის კეთილისმოქმედად სახავს თავისთავს. სილოსონტმა უამბო ყოველივე, რაც მოსასხამთან დაკავშირებით მოხდა და რომ თვითონაა ის კაცი, რომელმაც მოსასხამი აჩუქა მეფეს. დარიოსმა ამაზე მიუგო: „უკეთილშობილესო კაცთა შორის, შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც დამასაჩუქრა მაშინ, როდესაც არავითარი ძალაუფლება არ მქონდა. თუმცა საჩუქარი მცირე იყო, მაგრამ ჩემი მადლობა იმოდენა უნდა იყოს, თითქოს დიდი რამ მიმეღოს. ახლა მის სამაგიეროდ მიბოძებია შენთვის უთვალავი ოქრო დ ვერცხლი და არასოდეს ინანებ იმას, კარგი რომ გაუკეთე დარიოს ჰისაპესის ძეს“. ამაზე სილოსონტმა უთხრა: „მეფეო, ნურც ოქროს მომცემ და ნურც ვერცხლს, არამედ მომიპოვე და მომეცი ჩემი სამშობლო სამოსი, რომელიც ახლა უპყრია ჩვენს მონას, მას მერე, რაც ოროეტესმა მოკლა ჩემი ძმა, პოლიკრატესი. მომეცი სამოსი სისხლისღვრისა და დამონების გარეშე“.
   141. ეს რომ მოისმინა დარიოსმა, გაგზავნა ლაშქარი, რომლის მხედართმთავარიც იყო ოტანესი, ერთი იმ შვიდთაგანი და უბრძანა ყოველივე ისე გაეკეთებინა, როგორც ითხოვდა სილოსონტი. ჩავიდა ზვღასთან ოტანესი და მოამზადა აფლოტი.
   142. სამოსზე ძალაუფლება მაიანდრიოს მაიანდრიოსის ძეს ჰქონდა, რომელმაც პოლიკარტესისაგან მიიღო მეურვეობა. მას უნდოდა, ძალიან სამართლიანი კაცი ყოფილიყო, მაგრამ არ გამოუვიდა. როდესაც პოლიკარტესის სიკვდილი შეიტყო, ჯერ პირველად გამათავისუფლებელ ზევსს აუგო საკურთხეველი და მის ირგვლივ შემოსაზღვრა წმინდა ნაკვეთი, რაც ახლაც არის გარეუბანთან. შემდეგ კრებაზე შეყარა ყველა მოქალაქე და ასეთი სიტყვით მიმართა მათ: „თქვენც იცით, რომ პოლიკარტესის კვერთხი და მთელი მისი ძალაუფლება მე მაქვს მონდობილი და ახლა მე შემიძლია თქვენზე ბატონობა. მაგრამ რასაც მე ჩემს მახლობლობაში ვკიცხავ, იმას თვითონ არ გავაკეთებ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. მე არ მომწონდა, პოლიკარტესი მის მსგავს ადამიანებზე რომ ბატონობდა, და არც ის მომეწონება, სხვა ვინმე თუ მსგავს რამეს გააკეთებს. პოლიკარტესს თავისი ბედი ეწეია, ხოლო მე მმართველობას სახალხოს ვხდი და თქვენ თანასწორუფლებიანობას გთავაზობთ. ხოლო ჩემთვის სამართლიანად მიმაჩნია, რომ ასეთი პატივი მომანიჭოთ: პოლიკარტესის ქონებიდან გამომიყავით 6 ტალანტი და ამას გარდა მე და ჩემს ჩამომავლობას სამუდამოდ მოგვანიჭეთ ქურუმობა ზევსი  გამათავისუფლებისა, რომელსაც მე თვით ავუგე სალოცავი, თქვენ კი თავისუფლება მოგანიჭეთ“. ეს გამოუცხდა სამოსელებს, ხოლო ერთი მათგანი ადგა და უთხრა: „შენ არცა ხარ ღირსი იმისა, რომ ჩვენი მმართველი იყო, წარმოშობით მდაბიო და ბუნებით მავნე. უმჯობესია ანგარიში ჩაგვაბარო მონდობილი ფულების შესახებ“.
   143. ეს თქვა მოქალაქეთა შორის სახელოვანმა კაცმა, რომელსაც სახელად ტელესარქოსი ერქვა, ხოლო მაიანდრიოსმა იფიქრა, რომ თუ ხელიდან გაუშვა ძალაუფლება, ვინმე გახდება მის მაგიერ ტირანი და განიზრახა, რომ არ გაეშვა ხელიდან ძალაუფლება, ამიტომ დაბრუნდა ციხე-სიმაგრეში, გამოიძახა სათითაოდ წარჩინებულები, თითქოს ფულების ანგარიში უნდა ჩაებარებინა მათთვის, შეიპყრო ისინი და დაატყვევა. მათ დატყვევების შემდეგ მაიანდრიოსი ავად გახდა. მის ძმას, რომელსაც სახელად ერქვა ლიკარეტოსი, იმედი ჰქონდა, რომ მაიანდრიოსი მოკვდებოდა და რომ გაეადვილებინა თავისთვის სამოსზე ხელისუფლების მოპოვება, ყველა ტყვე ამოხოცა. როგორც ჩანს, სამოსელებს არ უნდოდათ, რომ თავისუფლები ყოფილიყვნენ.
   144. როდესაც მოვიდნენ სამოსზე სპარსელები და მოიყვანეს სილოსონტი, ადამიანის შვილს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია. ის კი არა, მაიანდრიოსის მომხრეებმა და თვით მაიანდრიოსმაც თქვეს, რომ მზად არიან დაუზავდნენ მათ და კუნძულიდან წავიდნენ. ოტანესი დაეთანხმა ამაზე და დაუზავდა მათ, ხოლო სპარსელთაგან ყველაზე ღირსეულებმა დაადგმევინეს ტახტები ციხე-სიმაგრის პირდაპირ და დასხდნენ.
   145. ტირან მაიანდრიოსს ჰყავდა ერთი შერეკილი ძმა, რომელსაც სახელად ერქვა ქარილეოსი. რაღაც დანაშაულისათვის ის მიწისქვეშა სარდაფში ჰყავდათ დმწყვდეული. მან როდესაც შეიტყო ის, რაც მოხდა, გამოიხედა თავისი საპყრობილიდან და რომ დაინახა მშვიდად მსხდომი სპარსელები, ატეხა ყვირილი, ამბობდა, რომ უნდა მაიანდრიოსთან მოლაპარაკება, მაიანდრიოსმა ეს რომ გაიგონა, ბრძანა, გაეთავისუფლებინათ და მოეყვანათ მასთან. როგორც კი მოიყვანეს, ლანძღვითა და გინებით უნდოდა დაერწმუნებინა მაიანდრიოსი, სპარსელებს თავს დასხმოდა. იგი ამბობდა: „უსაზიზღრესო კაცთა შორის, მე, შენს საკუთარ ძმას უსამართლოდ მომექეცი და ღირსი რომ არ ვიყავი ბორკილებისა, დამატყვევე და მიწისქვეშა სარდაფში ჩამაგდე. ხოლო სპარსელებს, რომლებიც გაძევებენ და ბოგანოდ გაქცევენ, უყურებ და ვერ ბედავ, დასაჯო. თუმცა კი სულ ადვილია მათი დაძლევა. ხოლო თუ შენ გეშინია მათი, მომეცი შენი დაქირავებული ჯარი და მე დავსჯი მათ აქ მოსვლისათვის. შენ კი მზად ვარ გაგისტუმრო კუნძულიდან“.
   146. ეს თქვა ქარილეოსმა. ხოლო მაიანდრიოსმა გაუგონა მის სიტყვას, მაგრამ, ვფიქრობ, ის ისე უგუნური არ იყო, რომ დაეჯერებინა, თითქოს მისი ჯარი აჯობებდა მეფისას; მას შურდა სილოსონტისა, რომელსაც სრულიად უშრომელად უნდა ჩაებარებინა სავსებით უვნებელი ქალაქი. ამიტომ უნდოდა გაეღიზიანებინა სპარსელები, რომ მათ რაც შეიძლება დაესუსტებინათ სამოსი და ეგრე გადაეცა ის სილოსონტისათვის. მან კარგად იცოდა, რომ თუ გამოაჯავრებდა სპარსელებს, ისინი სასტიკად განრისხდებოდნენ სამოსელებზე, ისიც იცოდა, რომ თვითონ უშიშრად შეეძლო კუნძულიდან გასვლა, როდესაც კი მოინდომედა, რადგან ფარული გვირაბი იყო გაკეთებული, რომელიც ციხე-სიმაგრიდან ზღვისკენ მიემართებოდა. ამგვარად, მაიანდრიოსი გაცურდა სამოსიდან, ხოლო ქარილეოსმა შეაიარაღა დაქირავებული ჯარი, გააღო ციხე-სიმაგრის კარები და თავს დაესხა სპარსელებს, რომლებიც არ ელოდნენ ასეთ რასმე, რადგან ფიქრობდნენ, რომ ყველაფერი მოგვარებულია. დაქირავებულები შეესივნენ ტახტრევნებში მსხდომ სპარსელებს და მათგან ყველაზე წარჩინებულნი ამოხოცეს. მაგრამ შემდეგ დანარჩენი სპარსელი ჯარი წამოეშველა თავისიანებს და შევიწროვებული დაიქარავებულები შეცვივდნენ უკან ციხე-სიმაგრეში.
   147. მხედართმავარმა ოტანესმა რომ დაინახა, თუ რა დიდი ზიანი მიაყენეს სპარსელებს, დარიოსის განკარგულება, რომელიც მისცა მას გამოგზავნისას, ნუ მოკლავ ნურც ერთ სამოსელს, ნურც დაატყვევებ და კუნძული სილოსონტს ხელუხლებელი გადაეციო  აი ეს განკარგულება მას სრულიად დაავიწყდა და უბრძანა ლაშქარს, ვისც კი მოახელთებთ, კაცი იქნება თუ ბავშვი, ყველანი დახოცეთ განურჩევლადო. მაშინ ლაშქრის ნაწილმა ალყა შემოარტყა ციხე-სიმაგრეს, ხოლო მეორე ნაწილმა ამოხოცა ყველა, ვინც კი შემოხვდა, სულ ერთია სალოცავში იყო, თუ სალოცავს გარეთ.
   148. სამოსიდან გაქცეულმა მაიანდრიოსმა ლაკედემნოისაკენ გაცურა. იქ რომ მივიდა, გადაზიდა, რაც კი ჰქონდა თან მოტანილი და ასე მოიქცა: ვერცლისა და ოქროს სასმისებს გამოალაგებდა ხოლმე და მოსამსახურეები მათ იქვე წმენდნენ, ის კი ამ დროს ესაუბრებოდა კლეომენეს ანაქსანდრიდესის ძეს, რომელიც მეფობდა სპარტეში და შეიტყუებდა ხოლმა მას თავის სახლში. როგორც კი დაინახავდა კლეომენესი სასმისებს, ყოველთვის გაკვირვებასა და აღტაცებას გამოხატავდა. მაიანდრიოსმა ორჯერ და სამჯერ რომ უთხრა ეს, კლეომენესი, რომელიც მეტისმეტად სამართლიანი კაცი იყო, რა რომელსაც არ მიაჩნდა სამართლიანად საჩუქრების მიღება, მიხვდა, რომ მაიანდრიოსი მოქალაქეთა შორის ვინმე სხვას დაასაჩუქრებს და ამით მოიპოვებს მათგან დახმარებას; ამიტომ წავიდა ეფორებთან და უთხრა მათ, რომ სპარტისათვი უმჯობესია უცხო სამოსელი გააძევოს პელოპონესიდან, რათა მან ან თვით, ან სხვა ვინმე სპარტელი ცუდ საქმეზე არ დაიყაბულოს.
   149. მათ გუგონეს კლეომენესს და მაიანდრიოსი გააძევეს ქალაქიდან, ხოლო სპარსელებმა ააოხრეს სამოსი და სილოსონტს ხალხისაგან სულ დაცარიელებული გადასცეს. ხოლო შემდეგ ხანში მხედართმთავარმა ოტანესმა ის ისევ დაასახლა სიზმრის ჩვენებისა და სარხვინელთა სატკივრის შეყრის გამო.
   150. როდესაც ფლოტი წავიდა სამოსისაკენ, აჯანყდნენ ბაბილონელები, რომლებიც ძალიან კარგად იყვნენ მომზადებული. იმ დროს, როდესაც მოგვი განაგებდა ქვეყანას, სანამ შვიდნი აწყობდნენ ამბოხებას და მთელი იმ ხნის განმავლობაში, სანამ არეულობა იყო, ისინი ემზადებოდნენ ალყისათვის და როგორღაც ყოველივე აამას დაფარულად აკეთებდნენ. ხოლო შემდეგ,  როდესაც ისინი ცხადად აჯანყდნენ, ასე მოიქცნენ: კაცებმა გამოარჩიეს დედები, თითოეულმა გამოარჩია თითო ცოლი, რომელიც საკუთარ სახლში ყველას ერჩივნა, შემდეგ მოუყარეს თავი ყველა დანარჩენებსა და დაახრჩვეს, ხოლო თითო ცოლი მზარეულად გამოირჩიეს, სხვა ქალები კი იმიტომ დაახრჩვეს, რომ მათზე საჭმელი არ დახარჯულიყო.
   151. დარიოსმა რომ ეს შეიტყო, შეაგროვა მთელი თავისი ჯარი და გაილაშქრა მათ წინააღმდეგ, რომ მივიდა ბაბილონთან, ალყა შემოარტყა მას, ბაბილონელები კი სულაც არ წუხდნენ ალყის შემორტყმის გამო. ბაბილონელები ადიოდნენ გალავნის ქონგურებზე, იმანჭებოდნენ და დასცინოდნენ დარიოსს და მის ლაშქარს. ხოლო ერთმა მათგანმა ასეთი სიტყვაც უთხრა მათ: „სპარსელებო, რას უსხედხართ მან და არ მიდიხართ? თქვენ მხოლოდ მაშინ დაგვიპყრობთ, როდესაც ჯორი კვიცს მოიგებს“. ეს თქვა ვიღაც ბაბილონელმა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ჯორი არასოდეს არ მოიგებდა კვიცს.
   152. უკვე წელიწადი და შვიდი თვე გავიდა. დარიოსი და მთელი მისი ლაშქარი წუხდა იმას, რომ ვერ შეძლეს ბაბილონელთა დაძლევა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი სიბრძნე და ყველანაირი ეშმაკობა გამოიყენა მათ მიმართ დარიოსმა. რადგან ვერ შეძლო მათი დამარცხება, სხვა ღონისძიეებიც სცადა და ისიც, რომლის მეოხებითაც კიროსმა დაიპყრო ბაბილონელები; ესეც სცადა დარიოსმა, მაგრამ ბაბილონელები ძალიან ფხიზლად იყვნენ სადარაჯოზე და ვერც ამ ხერხით შეძლო მან ქალაქის აღება.
   153. მაგრამ მეოცე თვეზე ზოპიროსს, მეგაბიძოსის შვილს (ეს ის მეგაბოძისია, ერთი იმ შვიდკაცთაანი, რომელთაც მოგვი დამარხეს), აი, ამ მეგობიძოსის შვილს, ზოპიროსს შემდეგი სასწაული შეემთხვა103: მისმა ერთმა სურსათის მტვირთველმა ჯორმა კვიცი შობა. როდესაც მას შეატყობინეს, არ დაიჯერა ზოპიროსმა და თვითონ ნახა ნაშობი, აუკრძალა მნახველებს რაიმეს თქმა მომხდარის შესახებ, თვითონ კი დაფიქრდა. მას გაახსენდა ბაბოლონელის სიტყვები, რომელმაც თავშივე თქვა, რომ როდესაც ჯორი შობს, მაშინ აიღებთ ციხე-სიმაგრესაო. აი, ამ ნათქვამის მიხედვით ზოპიროსმა იფიქრა, რომ ახლა შესაძლოა ბაბილონის აღება, რადგან ღვთის განგებით მოხდა ის, რაც იმ კაცმა თქვა და ისიც, რომ მისმა ჯორმა კვიცი შობა.
   154. მან გადაწყვიტა, რომ ახლა დადგა ბაბილონის აღების დრო და მოვიდა დარიოსთან იმის გასაგებად, დიდი მნიშვნელობა აქვს თუ არ ბაბილონის აღებას. როდესაც შეიტყო, რომ დარიოსი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ამას, დაფიქრდა, როგორ მოქცეულიყო, რომ თვითონ აეღო ქალაქი და ეს საქმე მარტო თვითონ გაეკეთებინა, რადგან სპარსელებში ასეთი ვაჟკაცური საქმეები ყველაზე დიდად ფასობს. მან იფიქრა, რომ სხვა ვერაფრით შეიძლებს ბაბილონის ხელში ჩაგდებას, თუ არ დაისახიჩრა თავი და ისე არ გავიდა მტრის ბანაკში. მას ეს იოლ საქმედ მიაჩნდა და ისე დაისახიჩრა თავი, რომ ამის გამოსწორება აღარ შეიძლებოდა: მოიჭრა ცხვირი, ყურები, თმები საზარლად მრგვლად შემოიკვედრცხა, გაიმათრახა თავი და მივიდა დარიოსთან.
   155. დარიოსმა ძალიან მძიმედ განიცადა, ასეთი წარჩინებული კაცი დასახიჩრებული რომ დაინახა, ტახტიდან ყვირილით ჩამოხტა და შეეკითხა, ვინაა რომ ეგრე დაგასახიჩრა და შენ რა ჩაიდინეო. მან უპასუხა: „არ არსებობს კაცი, შენს გარდა, რომელსაც შეუძლია ასეთი რამ გამიკეთოს. სხვა არავის გაუკეთებია ეს, მეფეო, მე თვითონ ვუყავი ჩემს თავს ეს ამბავი, რადგან ძალიან მრცხვენია, რომ ასურელები დასცინიან სპარსელებს“104. დარიოსმა მიუგო: „შე უბედურო, შენ ბრწყინვალე სახელს ჩრდილავ სამარცხვინო საქციელით, როდესაც ამბობ, რომ ალყაშემორტყმულთა გულისათვის მოურჩენელი ამბავი დამართე შენს თავს. შე სულელო, როგორ გგონია, შენ რომ თავი დაისახიჩრე, მტერი უფრო მალე დაგვმორჩილდება? ჭკუაზე გადასცდი და დაიღუპე თავი?“ ზოპიროსმა უპასუხა: „მე რომ შენთვის გამემჟღავნებინა, რასაც ვაპირებდი, შენ არ დამრთავდი ამის ნებას. ამიტომ მე თვითონ მოვიფიქრე და ისე გავაკეთე. ახლა კი, თუ შენ არ შემიშლი ხელს, ჩვენ ავიღებთ ბაბილონს. მე ასე, როგორც ვარ, შევვარდები მათ ციხე-სიმაგრეში და ვიტყვი, რომ შენგან ვარ ასე დასჯილი. ვფიქრობ, რომ იმათ დავარწმუნებ და მომანდობენ ლაშქარს. შენ კი, ჩემი გალავანში შესვლიდან ათი დღის შემდეგ შენი ლაშქრიდან გამოჰყავი ისეთი 1000 კაცი, რომლის დაღუპვაც არაფრად მიგაჩნია და დააყენე ისინი ეგრეთ წოდებულ სემირამისის კარიბჭესთან. ამ ათი დღის მერე მეშვიდე დღეზე სხვა 2000 კაცი დააყენე ეგრეთ წოდებულ ნინევიის კარიბჭესთან105. ამ მეშვიდე დღის მერე მოიცადე 20 დღე და შემდეგ 4000 კაცი ეგრეთ წოდებულ ქალდების კარიბჭესთან და იქ დააყენე. არც უწინ მისულებს და არც ამათ თავის დასაცავად სატევრების გარდა არაფერი უნდა ჰქონდეთ. მხოლოდ ამისი ნება მიეცით. ამის მერე პირდაპირ მეოცე დღეს, უბრძანე დანარჩენ ლაშქარს, რომ ყოველი მხრიდან თავს დაესხნენ ციხე-სიმაგრეს, ხოლო ჩემთვის დააყენე სპარსელები ეგრეთ წოდებულ ბელოსისა და კისიის კარიბჭესთან. მე ვფიქრობ, დიდ საქმეებს რომ ვუჩვენებ, ყოველმხრივ მომენდობიან ბაბილონელები და კარიბჭეების გასაღებებსაც მომანდობენ. ამის მერე კი ჩემზე და სპარსელებზე იყოს ის, რც უნდა გავაკეთოთ“.
   156. ზოპიროსმა ასეთი განკარგულებები გასცა და წავიდა კარიბჭისაკენ, თან უკან-უკან იყურებოდა, თითქოს მართლა თავისიანებისაგან იყო გამოქცეული. ვინც ამ მხარეს იდგა, კოშკებიდან დაინახეს ის, ჩამოვიდნენ ძირს, ცოტათი შეაღეს ცალი კარი და შეეკითხნენ, თუ ვინ არის და რა უჭირს, რომ მოვიდა. მან უთხრა, რომ ზოპიროსია და მათ მხარეზე გადმოვიდა. ეს რომ მოისმინეს კარების მცველებმა, წაიყვანეს ბაბილონელთა მთავრობასთან. მათ წინაშე რომ წარსდგა, დაიწყო ჩივილი, თქვა, რომ დარიოსმა დამართა ის, რაც სინამდვილეში თვითონ დამართა თავის თავს, ხოლო იმის გამო დასაჯა ასე, რომ ის ურჩევდა დარიოსს, წაეყვანა აქედან ლაშქარი, რადგან არავითარი გზა არ ჩანდა ბაბილონის აღებისა. „ისე, რომ,  თქვა მან,  ბაბილონელებო, ჩემი თქვენთან მოსვლა თქვენ უდიდეს სარგებელს მოგიტანთ, ხოლო დარიოსს და სპარსელთა ლაშქარს კი უდიდეს ზიანს, რადგან ჩემი დასახიჩრება ისე არ ჩაუვლის მას; მე ხომ ვიცი მისი განზრახვების მთელი ასავალ-დასავალი“. ასე ილაპარაკა ზოპიროსმა.
   157. ბაბილონელები რომ ხედავდნენ ერთ ყველაზე წარჩინებულს სპარსელთა შორის, ცხვირ და ყურებ დაჭრილს და გამათრახებულს სისხლში მოსვრილს, დაიჯერეს რომ მართალს ამბობს, რომ ის მათთან მოკავშირედ მოვიდა და მზად იყვნენ მიენდოთ მისთვის ის, რასაც კი ის თხოულბოდა, ის კი თხოულობდა ლაშქარს. მას მერე, რაც მან მიიღო ლაშქარი, მოიქცა ისე, როგორც დარიოსთან იყო შეთანხმებული: მეათე დღეს გამოიყვანა ბაბილონელთა ლაშქარი და გარსშემოარტყა იმ ათას კაცს, რომელთა შესახებაც უთხრა დარიოსს, რომ პირველად ისინი დაეყენებინა, და ამოხოცა კიდევაც ისინი. ბაბილონელებმა ირწმუნეს, რომ მისი სიტყვა და საქმე ერთი იყო და მეტისმეტად გახარებულები მზად იყვნენ ყველაფერში დახმარებოდნენ მას. მან მოიცადა იმდენი დღე, რამდენიც დათქმული ჰქონდათ, შემდეგ კვლავ გამოიყვანა დარჩეული ბაბილონელები და ამოხოცა დარიოსის ორი ათასი ჯარისკაცი. ამ საქმის შემხედვარე ბაბილონელებს ზოპიროსის ქება ყველას პირზე ეკერა. ზოპიროსმა კვლავ შეიცადა დათქმული დღეები და გამოიყვანა ბაბილონელთა ლაშქარი წინასწარ შეთანხმებულ ადგილას, გარსშემოერტყა და ამოხოცა დარიოსის ოთხიათასი ჯარისკაცი. ესეც რომ გააკეთა, ზოპიროსი ბაბილონელებისათვის ყველაფერი გახდა, მას მიენდო მათი მხედართმთავრობა და ციხისმცველობა.
   158. როდესაც შეთანხმების თანახმად დარიოსი ყოველის მხრიდან თავს დაესხა ციხე-სიმაგრეს, მაშინ გამოიჩინა ზოპიროსმა მთელი თავისი ეშმაკობა. ბაბილონელები ავიდნენ გალავანზე და ისე იგერიებდნენ დარიოსის ლაშქარს, რომელიც მათ უტევდა, ზოპიროსმა, გააღო ეგრეთ წოდებული კისიისა და ბელოსის კარიბჭეები და შემოიყვანა სპარსელები ციხე-სიმაგრეში. ის ბაბილონელები, რომლებმაც დაინახეს, რაც მოხდა, შეცვივდნენ ზევსიბელოსის სალოცავში, ხოლო ვინც ვერ დაინახა, ყველა თავ-თავის ადგილას დარჩა, სანამ ესენიც არ მიხვდნენ, რომ გაცემულები იყვნენ.
   159. ასე იქნა ბაბილონი აღებული მეორედ. დარიოსმა ბაბილონელები რომ დაიპყრო, ჯერ დაანგრევინა ციხე-სიმაგრე და ჩამოაგლეჯინა ქალაქის კარიბჭეები (პირველად, როდესაც კიროსმა აიღო ბაბილონი, არაფერი ამდაგვარი არ ჩაუდენია), შემდეგ 300 თავკაცი სარზე ჩამოაგებინა, ხოლო დანარჩენ ბაბილონელებს ნება დართო ქალაქში ეცხოვრათ, იმისათვის, რომ ბაბილონელებს ცოლები ჰყოლოდათ, რათა შთამომავლობა დაეტოვებინათ, დარიოსმა წინდახედულად შემდეგ რამ გააკეთა (თავისი საკუთარი ცოლები ხომ, როგორც თავშივე ვთქვი, დაახრჩვეს ბაბილონელებმა, მხოლოდ იმისთვის, რომ სურსათი დაეზოგათ): მეზობელ ხალხებს უბრძანა, რომ ქალები მოეყვანათ ბაბილონში, თითოეულს ამდენი და ამდენი დაეკისრა, ისე რომ სულ 50000 ქალი მოვიდა ბაბილონში. აი, ამ ქალებისაგან წარმოსდგებიან დღევანდელი ბაბილონელები.
   160. დარიოსის განსჯით დიდი საქმეების კეთებაში არც ერთ სპარსელს არ უჯობნიან ზოპიროსისათვის, არც ადრე და არც შემდეგ მაცხვორებელს, გარდა კიროსისა. მასთან თავის შედარებას ვერც ერთი სპარსელი, ვერ ბედავდა მას ერჩივნა ზოპიროსი ასე საშინლად დასახიჩრებული არ ჰყოლოდა და ამ ბაბილონთან ერთად კიდევ ოც სხვა ბაბილონზე იტყოდა უარს. მან ზოპიროსს დიდი პატივი სცა: ყოველწლიურად აძლევდა ისეთ საჩუქებს, რაც სპარსელებში ყველაზე მეტად ფასობს106. მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში მისცა ბაბილონი უხარკოდ და კიდევ სხვა ბევრი რამ აჩუქა. ამ ზოპიროსს ჰყავდა შვილები, მეგაბიძოსი, რომელიც მხედართმთავრობდა ეგვიპტეში ათენელებისა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლას107. ამ მეგაბიძოსს ჰყავდა შვილი ზოპიროსი, რომელიც სპარსელებს გადაუდგა და ათენის მხრეზე გადავიდა.

განმარტებები
1. ძველეგვიპტელი ექიმები სახელგანთმულნი იყვნენ. როგორც პაპირუსები გვიჩვენებს ეგვიპტეში მედიძინა ძალიან მაღალ დონეზე იყო.
2. ეგვიპტის ტახტის კანონიერ მემკვიდრეზე დაქორწინება ამტკიცემდა კამბისის პრეტენზიებს ეგვიპტის ტახტზე.
3. ფანესის გაქცევა მოხდა არა 525, არამედ 547 წელს.
4. აქ „სირიელებში“ ჰეროდოტე გულისხმობს ფილისტიმელებს, რომელთა ქალაქები ასკალონი, აშდოდი, გატი და ეკრონი სპარსელებმა გაიარეს ეგვიპტისკენ მიმავალ გზაზე.
5. სპარსელებმა ბრძანეს ყველა ფინიკიური ღვინის თიხის ჭურჭელი ეგვიპტეში გაევსოთ წყლით და გაეგზავნათ უკან ფინიკიაში, რომ უზრუნველეყოთ წყლის მარაგი ეგვიპტიდან პალესტინამდე მდებარე უდაბნოში.
6. ეს იყო დამოუკიდებელი არაბების, ნაბატეების მეფე.
7. მომ,თაბარე არაბების ასეთ ვარცხნილობას იხსენიებს აგრეთვე ბიბლიაც (ლევითი 20, 27).
8. ჰეროდოტე აქ წითელ ღვას ურევს მკვდარ ზღვაში.
9. სწორედ ქალაქ ტანისთან.
10. საისში, ქალღმერთ ნეიტის ტაძარში.
11. ასეთ ფორმაში არიან გამოსახული დაქვემდებარებულნი ბეჰისტუნის წარწერაში.
12. ე.ი. ხომალდის ეკიპაჟი შედგებოდა 200 კაცისგან.
13. სპარსელებს არ შეეძლოთ დელტის დასავლეთ, ჭაობიან ნაწილში შეღწევა, სადაც მმართველობდნენ ინარი და ამირტეი, და ამიტომ იძულებული იყვნენ ეცნოთ იქ მათი ძეების ხელისუფლება.
14. კამბისეს ამ მოჩვენებით დანაშაულებებზე  ეგვიპტური წყაროები არაფერს არ გვამცნობენ. კამბისეს მკრეხელური ქმედებები გამოგონილია მის მიმართ მტრულად განწყობილი ეგვიპტელი ქურუმების. ქურუმთა კასტის მისადმი მრისხანება აიხსნება იმით, რომ მეფემ მნიშვნელოვნად შეუმცირა შემოსავლები ეგვიპტის მთავარ ტაძრებს.
15. სივის ოაზისის მცხოვრებნი.
16. იგულისხმება ნუბიის სამეფო თანამედროვე ჩრდ. სუდანში. სამხრეთის ზღვა ჰეროდოტეს წარმოსახვით ესაზრვრება ლიბიეს ანუ აფრიკის კონტინენტს მისი გაგებით.
17. საუბარია ძღვენზე რომელიც მიჰქონდათ აღმოსავლეთის მფლობელებთან - ოქრო, საკმეველი და მირონი.
18. მიცვალებულთა სახლში დასაფლავება ისტორიამდელი ხანის ეგვიპტეშიც გვხვდება.
19. ხარგას ოასისი. ოასისის სპარსული გარნიზონი შედგებოდა დაქირავებული ბერძენი-სამოსელისგან, ესხრიონიის ფილედან.
20. მოთხრობა კამბისეს მიერ აპისის მოკვლის შესახებ არასწორია. შემორჩენილია 524 წლით დათარიღებულ აპისის სარკოფაგზე წარწერა, რომელიც გვამცნობს აპისის ოფიციალურ, საზეიმო ვითარებაში დაკრძალვაზე. წარწერა გვამცნობს: „კამბისმა, მეფემ ზემო და ქვემო ეგვიპტის, მიუძღვნა დიდი სარკოფაგი თავის მამას ოსირისს“. 
21. ჰეროდოტე გვამცნობს აქ ოფიციალურ სპარსულ ვერსიას. კამბისმა მოკლა ბარდია და ამის შემდეგ გაემართა ეგვიპტეში. ამით ისარგებლა მაგმა გაუტამამ და დასავლეთ სპარსეთის დიდებულებზე დაყრდნობით 522 წლის 2 აპრილს ხელთ იგდო ძალაუფლება. მის წინააღმდეგ გამოვიდა აღმოსავლეთის დიდებულთა მეთაური ჰისტასპი. გაუტამა მოკლეს 522 წლის 29 სექტემბერს.
22. ღვიძლ დაზე დაქორწინება ძველსპარსელებისთვის საპატიო საქმე იყო.
23. საუბარია ატოსაზე. კამბისეს მეორე და და მეუღლე იყო როქსანა. ატოსა ვერ შეეგუა კამბისის მიერ მიყენებულ  შეურაცხყოფას და მის წინააღმდეგ ინტრიგებს ხლართავდა. შემდეგ ცოლად გაყვა მაგ გაუტამას, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ დარიოსს და გახდა მისი შვილების დედა.
24. ეს და შემდეგი ისტორის კამბისეს შესახებ, სავარაუდოდ მოდის დარიოსის წრიდან. მათი მიზანი იყო ეჩვენებინათ მისი მმართველობის უუნარობა. ამის ნაწილი უნდა იყოს კამბისეს გამოგონილი ეპილეფსია.
25. ეპილეფსია.
26. აქ კამბისეს მიაწერენ ბერძნულ რელიგიურ წარმოდგენებს. ღმერთი  ბერძენი აპოლონი  ისრიდან ზუსტად ისვრის.
27. იხ. ზემოთ, I  207.
28. ჰეფესტოს სალოცავი  პტას ტაძარი მემფისში.
29. სახელი მოდის სანსკრიტული სიტყვისგან „კალა“ (შავი) და მიუთითებს ინდოეთის ძველ შავკანიან მოსახლეობაზე.
30. VI საუკუნის ბოლოს სამოსი პოლიკრატეს ტირანიის დროს იყო უძლიერესი ბერძნული სახელმწიფო იონიაში.
31. სამმწკრივიანი გემები. ტრიერის ეკიპაჟი შედგებოდა 170 კაცისგან, 20 მეიალქნე მატროსისგან, 16 ოფიცრისგან და 12 მეომრისგან.
32. პერიანდრეს სისატიკის შესახებ მოთხრობები ძლიერ გაზვიადებულია. ისინი შექმნილია იმ ეპოქაში, როდესაც ტირანთა ხელისუფლება აღიქმებოდა უკვე, როგორც შემაფერხებელი სახელმწიფოს შემდგომი განვითარებისა.
33. იგულისხმება ხომალდის წვერი ღორის ეშვების ფორმის. ეგინას ტაძარი მიღვნილი იყო კრეტელი ქალღმერთის ათეასადმი და არა ათენასადმი.
34. ჰერას ტაძარი. მისი კედლები ამოთხარეს 1910-1913 წლებში.
35. ოდისეა II, 330.
36. იგივეს გვატყობინებს დარიოსის ბეჰისტუნის წარწერა. მაგი გაუტამა (ცრუ სმერდისი) გამოაცხადეს მეფედ კამბისეს არყოფნის დროს და სარგებლობდა მაგების გავლენიანი ფენისა და დასავლეთის დიდებულების მხარდაჭერით.
37. აკბატანა მიდიის დედაქალაქი იყო და არა სირიის ქალაქი. კამბისი მოკვდა 522 წელს, სპარსეთში დაბრუნების შემდეგ.
38. კიროსის ომების შედეგად ქვეყანაში გაჩაღდა კლასობრივი ბრძოლა. დასავლეთში გაბატონებული არისტოკრატია ცდილობდა „სახალხო ლაშქრის“ გაუქმებას, ხოლო აღმოსავლეთში სამხედრო-ტომობრივი დემოკრატია ეწინააღმდეგებოდა არისტოკრატიის აღზევებას. ამას დაემატა სპარსეთის იმპერიის დამონებული ხალხები, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ გადასახადებით, ხარკით და არმიების გაგზავნით მუდმივ ომებში.
39. მოვლენები ხდებოდა არა სუზაში, ჰეროდოტეს მოთხრობით, არამედ მიდიაში, ბარდიას (სმერდისის) რეზიდენციაში. აქ მოკლეს ბარდია 522 წლის 29 სექტემბერს, სიკაიავატის ციხესიმაგრეში.
40. ოტანის სიტყვა ეხმიანება დარიოსის სამარხის წარწერას, სადაც დარიოსი საყვედურობს ოტანს დესპოტიზმისკენ მიდრეკილებაში.
41. მეგაბიზმის სასტიკ გამოხტომებში ხალხის წინააღმდეგ ნახულობს გამოხატულებას სპარსული არისტოკრატიის დიდი სიძულვილში ირანის ტომების „სახალხო ლაშქრის“ მიმართ.
42. დარიოსის სიტყვა შეესაბამება ნაკშირუსტემის წარწერაში მოტანილ მის სიტყვებს. ამ სამ სიტყვაში აისახება სამი პოლიტიკური მიმართულება სპარსულ არისტოკრატიას შორის, დარიოსისა და მისი მემკვიდრეეების დროს.
43. 7 სპარსელი მიეკუთვნებოდა 7 სპარსულ არიოსტოკრატიულ გვარს (მათ შორის გობრიი და ასპათინი).
44. ჰეროდოტე ტოვებს დარიოსის გამეფების შემდეგ მიმდინარე ხანგრძლივ ომებს. ბეჰისტუნის წარწერის მიხედვით ჯერ აჯანყდა ელამი ძველ დედაქალაქ სუზის მეთაურობით, შემდეგ ბაბილონი უკანასკნელი მეფის ძე ნიდინტუ-ბელის მეთაურობით და მიდია. 521 წლის ბოლოს დარიოსმა ჩაახში ყველა აჯნაყება ეგვიპტისა და მცირე აზიის გარდა. ეგვიპტე ხელახლა დაპყრობილ იქნა 519/518 წელს.
45. არაბთა ქვეყანა  ნაბატეის სამეფო. სირიის უდაბნოს არაბები ადრე ჰქონდათ დაპყრობილი სპარსელებს.
46. რელიეფი კლდეზე, როგორც ბეჰისტუნზე.
47. სპარსული სატრაპიების ჩამოთვლა მოდის სპარსული პროვინციების იონიური აღწერისგან. სატრაპები, როგორც ცანს, ტავიდან დანიშნეს იმ ოლქებში, სადაც ისინი დაკავშირებულნი იყვნენ უკვე არსებულ სახელმწიფოებრივ ორგანიზაციებთან, ხოლო შემდეგ სასაზღვრო ოლქებში (სტრატეგიული მოსაზრებით). ჩრდ-აღმ. ბალკანეთის ხალხები სიაში მოხსენიებული არ არის.
48. დარიოსის ფულადი რეფორმა დამყარებული იყო ოქროს ვალუტის შემოღებაზე. დარიოსის მოჭრილი ოქროს დარიკები (8.4 გ) = 1∕3000 ევბეური ტალანტი. ოქროს შეფარდება ვერცხლთან იყო 13.5 : 1.
49. მცირე აზიის ზღვისპირა საპტრაპია, ბერძნული ქალაქებით.
50. ლიდიის ყოფილი ჩრდ. პროვინციები ჰელესპონტიდან ჰალისის სათავემდე.
51. თანამედროვე ლიბანი, სირია და პალესტინა.
52. გარდა ეგიპტისა, ხარგას ოაზისი და თანამედროვე ბენღაზი.
53. მემფისში ჯერ კიდევ ამასისის დროიდან დაასახლეს იონიელი და კარიელი დაქირავებულნი.
54. ფეშვარის ოლქი და დღევ. ავღანეთის სამხრეთ ნაწილი.
55. ძველი ელამი სუზით.
56. თანამედროვე ერაყი.
57. ვ. ვ. სრუვე (ეტიუდები, გვ. 256) ვარაუდობს „პარიკანიის“ ნაცვლად უნდა წაიკითხოს „ჰირკანია“ ან „ბარკანია“. ორტოკორიბანტიი  სპარსულად ნიშნავს „ტიგრახაუდა“ (წვეტიანი ქუდებით). ეს სატრაპია მოიცავდა ჩრდილო-დასავლეთ სატრაპს.
58. თანამედროვე აზერბაიჯანი და გილანი.
59. დღევ ჩრდ. ავღანეთი ზემო ამურდარიის ხეობით.
60. მთის ხალხები დღევ. ერზერუმსა და ტრაპეზუნტს შორის.
61. ხალხები დღევანდელ ისპაჰან-ჰანუმ-ჰელმენდის ხაზსა და სპარსეთის ყურის სანაპირომდე ორმუზის სრუტემდე.
62. მომთაბარე ტომები კასპიის ზღვის სამხრეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე უკვე დამშრალი მდინარე უზბოის სათავემდე.
63. ოლქი სირდარიას ქვემოწელზე ხერირუდის ხეობამდე, დღევ. ავღანეთში.
64. სპარსეთის სანაპირო ორმუზის სრუტიდან ყარაჩის ოლაქამდე და თანამედროვე ბელუჯისტანამდე. პარიკანიები და აზიის ეთიპები დრავიდული მოსახლეობის ნაშთები იყვნენ, რომლებიც შეავიწროვეს ირანელებმა.
65. მატიენები ცხოვრობდნენ ვანის ტბასა და ტიგროსის სათავეებს შორის, დღევ. ირან-თურქეთის საზღვრის ახლოს. ალაროდიები (ურარტუ) ცხოვრობდნენ სამკუთხედში, რომელსაც ქმნის ვანი, ურმია და სევანი.
66. შავი ზღვის სანაპირო ტრაპეზუნდიდან ფოთამდე.
67. თანამედროვე ინდოეთის პროვინცია პენჯაბი.
68. იგულისხმება ეთიოპების სამეფოს ჩრდ. ნაწილი ნუბიაში (შესაძლოა ოლქი დღევ. ასუანიდან ხალფიმდე).
69. მითიური მთა და ადგილი  დიონისეს სამშობლო. ჰომეროსის ცნობით, ნისა მდებარეობდა თრაკიაში ან ბეოტიაში. ჰერდოტე ათავსებს მას აზიელი ეთიოპების (დრავიდების) ქვეყანაში, ინდოეთში.
70. თანამედროვე დასავლეთ საქართველო აფხაზეთით.
71. ჰეროდოტეს მოტანილი ციფრები ხარკისა აღებულია არა ოფიციალური სპარსული წყაროებისგან, არამედ ცალკეული ბერძნული შეფასებებით ხარკის სიდიდის შესახებ ცალკეული პროვინციების მიმართ და აშკარაა, რომ ძალიან მაღალია.
72. თარის უდაბნო.
73. სახელი იხსნება სასნკრიტისა და თამილთა ენით. პაედეები ენათესავებიან ვედებს ცეილონზე.
74. ჰეროდოტე გვიხატავს მოხეტიალე ასკეტი ბრაჰმანების ცხოვრების სტილს.
75. ჰეროდოტე აქ გადმოგვცემს ლეგენდის ძველ ვარიანტს, წარმოშობილი ლადაკში, ტიბეტ-ინდოეთის საზღვარზე (ლეგენდა შემონახულია ტიბეტურ, მონღოლურ და ჩინურ ვერსიებად). ნოველა ეკუთვნის ადგილობრივ ოქროსმაძიებლებს და ვაჭრებს და გამოგონილია, რომ  დაეშინებინათ კონკურენტები.
76. ეს კლიმატური პირობები დამახასიათებელია ლადაკის ვიწრო მთის ხეობებისთვის: შუადღის შემდეგ მზე ქრება და დღება სიცივე.
77. საუბარია განსაკუთრებულად სწრაფი და გამძლე ჯიშის ცხენებზე. ნისეის ცხენები მიდიის ცხენთა ნაწარმი იყო.
78. ბამბა. ინდური ბამბა გაჰქონდათ შუამდინარეთში.
79. ლადანი წარმოიქმნა ადგილობრივი საფარიდან ხადრამაუტში (სამხრეთ არაბეთი).
80. მირრა (სმირნა)  სურნელოვანი ზეთი (იზ. ზემოთ, III-20 და შენ. 17).
81. კასია  არომატული მცენარე (Cinnamomum iners L.). კინამომი  დარიჩინის ხე. უკვე იმ პერიოდიდან მოჰქონდათ დარიჩინი ცეილონიდან.
82. ლედანი  ფისოვანი საკმეველი.
83. სტირაკი  სურნელოვანი ზეთი მცენარე Styrax officinalis.
84. სარანჩის გვარი.
85. ჰეროდოტეს ეჭვი არ ეპარება ღმერთების ყოვლისშემძლეობაში.
86. აქ და შემდეგ (111, 112) ჰეროდოტე გადმოგვცემს არაბი ზღვაოსნების მოთხრობებს.
87. ასეთ ცხვრებს (მათი გამოსახულება ჩნდება უკვე ასურულ ნახატებზე)  აშენებდნენ განსაკუთრებით არაბეთში.
88. ეთიოპია  აღმოსავლეთ აფრიკის სანაპირო, რომელსაც მაშინ ნახულობდნენ არაბი და ფინიკიელი ვაჭრები და ზღვაოსნები.
89. ერიდანი  სახელი დღევანდელი მდინარე პოს ან ეჩის. მოგვიანებით ერიდანს ეძახდნენ უფრო ჩრდილოეთით მდებარე მდინარესაც. შესაძლოა აქ ჰეროდოტე გულისხმობდეს დღევ. ვისლას სათავეს.
90. კალის კუნძულიდან (დღევ. ბრიტანეთის კუნძულები) კალა მოჰქონდათ ქ. ტარტესის (ესპანეთის სამხრ. სანაპიროზე) გამოვლით ხმელთაშუაზღვის აღმ. ნაწილში. ქარვას ილირიელები აწარმოებდნენ დღევ. მდ. პოს ან ეჩის შესართავთან, ხოლო ბერძნებს მიჰქონდათ იგი საბერძნეთსა და აღმოსავლეთში.
91. ჰეროდოტეს გადმოცემა, როგორც ჩანს ეხება მდინარე აკესზე (დღევ. მურგაბი) სარწყავ მოწყობილობას, სადაც მდებარეობს ტბა მერვი.
92. კარების მცველი  სამეფო სასახლის კომენდანტი და სამეფო დაცვის მეთაური (დიდი ვეზირი). მომხსენებელი (ამბების გადამცემელი, მდივანი)  სამეფო კარის უმაღლესი თანამდებობა სპარსეთში. მისი საშუალებით უკავშირდებოდა მეფე გარესამყაროს.
93. ე.ი. მეფე იმყოფება ჰარემში, სასახლის განსაკუთრებულ ნაწილში.
94. პოლიკრატის დამხობის შემდეგ ანაკრეონი (თეოსელი ლირიული პოეტი) ცხოვრობდა ათენში (მოკვდა 495 წელს).
95. „შური“ ან „ეჭვიანობა“ ღმერთებისა ადამიანთა ბედნიერების მიმართ იწვევს ბედნიერთა დაღუპვას, გვიჩვენებს ὕβρις (ამპარტავნობა, ქედმაღლობა).
96. „ათასი სპარსელი“  პირადი დაცვის სპარსული სახელწოდება.
97. სამეფო მდივანი, მიმაგრებული ყოველ სატრაპთან, კითხულობდა და ადგენდა დოკუმენტებს არამეულ ენაზე და თარგმნიდა სპარსულად.
98. კროტონეს ექიმთა სკოლა მაშინ დიდი პატივისცემით სარგებლობდა. აქ, ისევე როგორც სხვა სამედიცინო სკოლებში, ასწავლიდნენ მეცნიერებას ფილოსოფიური თეორიებისა და გამოცდილი დამკვირებლების  საფუძველზე.
99. ამ პატივთან იყო დაკავშირებული განსაკუთრებული პროვილეგიები. მეფე სტუმრად იჯდა ფარდის იქეთ, ისე რომ ისინი ვერ ხედავდნენ.
100. ნოველა დემოკადის შესახებ ხსნის საბერძნეთის წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიების წარმოქმნას, მეფის პრესტიჟისა და პირადი უსაფრთხოების გათვალისწინებით.
101. იხ. ზემოთ, III-118 და შენ. 92.
102. „კეთილსიმყოფელი“ მეფისა (ოროსანგი, სპარსულად. „ბუვარზაკა“)  ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ დამსახურება მეფისა და სამეფოს წინაშე. მათ ჩუქნიდნენ მიწებს.
103. ჰეროდოტეს მოთხრობა ეყრდნობა ზოპირ უმცროსის (დარიოსის სარდალ მეგაბიძოსის შვილიშვილი) ამბებს, რომელიც თავის მხრივ სპარსულ სახალხო თქმულებებზეა დაფუძნებული. ნოველას შემადგენლობა არაისტორიულია. სპარსული წყაროებით ცნობილია, რომ ბაბილონი ორჯერ იქნა აღებული. პირველად (მეფე ნაბონიდის ძის ნიდინტუ-ბელას აჯანყება) იგი აიღო დარიოსმა 522 წლის 18 დეკემბერს. მეორედ (არმენიელი არახეს აჯანყება) ქალაქი აიღო ინდაფერნმა (ბინდაფარნამ) 521 წლის 27 ნოემბერს. ბაბილონის აჯანყებაზე მოთხრობა გაჯერებულია ფოლკლორული მოტივებით და მოდის ზოპირის ოჯახური გადმოცემებიდან.
104. აქ  ბაბილონელები.
105. ნინას (ჩრდილოეთის) კარით მიდიოდა გზა ასურეთის დედაქალაქ ნინევიასკენ. ქალდეების კარებით  სამხრეთით კისიის კარებით  ჩრდ-არმოსავლეთით, ქიშისკენ (დღევ. ელ ოხეიმირი); ბელას კარით დასავლეთით, ევრფრატის ხიდის გავლით.
106. მაგალითად მეფის ტანსაცმელი ან მისი ცხენის აღკაზმულობა.
107. ლიბიის მეფე ინარმა დაიწყო აჯანყება ეგვიპტეში ათენელების დახმარებით. მეგაბიძოსმა დაამარცხა ინარი მემფისთან ბრძოლაში (456 წ), ინარი ჩაიგდეს ტყვედ და დასაჯეს.

Комментариев нет:

Отправить комментарий