თარგმნა და შენიშვნები დაურთო აკაკი ურუშაძემ
შესავალი
აპოლონიოს როდოსელის პოემა „არგონავტიკა“ კოლხურ-ელინური თქმულების მრავალმხრივ საინტერესო ლიტერატურულ დამუშვებას წარმოადგენს. ეს თქმულება ჩვენს ქვეყანასთანაა დაკავშირებული; მისი ეპიკური ანარეკლი კი კოლხეთის ერთ-ერთ უცხო საისტორიო წყაროდ უნდა ჩაითვალოს.
აპოლონიოს როდოსელი ელინისტური ანუ ალექსანდრიული ხანის მწიგნობარი პოეტია. იგი III ძვ.წ. საუკუნეში მოღვაწეობდა. აპოლონიოს როდოსელი დაიბადა ალექსანდრიაში პტოლემაიოს II ფილადელფოსის დროს დაახლოებით ძვ.წ. 273 წელს. მამამისი პტოლემაის ფილედან ყოფილა და სახელად რქმევია სილევსი თუ ილევსი, დედას კი – როდე. სვიდა (ახ.წ. X ს.) გადმოგვცემს: „აპოლონიოს სილევსის ძე ალექსანდრიელი გადასახლდა როდოსზე. იგი იყო კალიმაქეს მოწაფე. ერატოსთენეს, ევფორიონის და ტიმარქოსის თანამედროვე. სახელი გაითქვა პტოლემაიოს ევერგეტის დროს (ე.ი. 246-221 წლებში) და შეცვალა ერატოსთენე ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მოთავეობაში“. სვიდას გარდა ორი სხვა წყაროც გვიმოწმებს, რომ პოეტი ალექსანდრიელი იყო. ამასვე ამბობს სტრაბონიც: „დიონისე თრაკიელი და „არგონავტიკის“ შემთხზველი აპოლონიოსი ალექსანდრიელები იყვნენ, მაგრამ როდოსელებად იწოდებოდნენ“. ზოგიერთ და ნაკლებ სარწმუნო ცნობების მიხედვით პოეტის სამშობლოდ ნავკრატისი ითვლება. III საუკუნის ენციკლოპედისტი, ეგვიპტელი ბერძენი ათენაიოსი ერთ ადგილას ამბობს: „აპოლონიოს როდოსელი ანუ ნავკრატისელი“. აპოლონიოს როდოსელს მართლაც აკავშირებდა რაღაც ნავკრატისთან. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ, ათენაიოსის მოწმობით, მას შეუთხზავს პოემა ამ ქალაქის დაფუძნების შესახებ. ამიტომ ნავკრატისის მცხოვრებთა მიერ პოეტი ნავკრატისის მოქალაქედაც იქნა აღიარებული.
აპოლონიოს როდოსელი ყველა არსებული ცნობის მიხედვით კალიმაქეს მოწაფე ყოფილა. კალიმაქე კვირენელი (310-240) ალექსანდრიზმის დიდი წარმომადგენელია. იგი იყო პოეტი და გრამატიკოსი ალექსანდრიული გაგებით. პტოლემაიოს I თუ პტოლემაიოს II ფილადელფოსის მიერ კალიმაქე მიწვეულ იქნა ალექსანდრიის სამეფო კარის მგოსნად. ამიერიდან იგი პტოლემაიოსთა საყვარელი მგოსანი გახდა და თავის მფარველებს ხოტბას ასხამდა. სვიდას მოწმობით მას 800 წიგნი დაუწერია. კალიმაქეს პოეტური პროდუქცია მეტად უხვი იყო და ამასთანავე მეტად მრავალმხრივი: ტრაგედია, კომედია, სატირული დრამა, საგმირო ჰიმნები, ლირიკული ლექსები და თვით ეპოსიც კი „ჰეკალეს“ სახითი. კალიმაქეს ცხოვრებაში ყველაზე უფრო საპატიო ადგილი მის ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მოღვაწეობას უჭირავს. ამიტომაა იგი უფრო მეტად ცნობილი, როგორც ფილოლოგი, ვიდრე პოეტი.
კალიმაქე ალექსანდრიის ბიბლიოთეკას სათავეში ჩაუდგა 260 წელს. ამ დროს შეთხზა მან თავისი ცნობილი „პინაკები (120 წიგნად), რომელიც ლიტერატურის თავისებურ ისტორიას წარმოადგენდა. კალიმაქეს მთელი ცხოვრება მეცნიერებასთან და პოეზიასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ მისი ავტორიტეტიც ორმხრივი იყო. მისი სკოლიდან გამოვიდნენ ალექსანდრიული ხანის ისეთი დიდი წარმომადგენლები, როგორიც იყვნენ: ერატოსთენე, არისტოფანე ბიზანტიელი, ჩვენი პოეტი – აპოლონიოს როდოსელი და სხვები. ერთი სიტყვით, კალიმაქე თავისი დროის განათლებული პიროვნება იყო. ასეთი მასწავლებლის, გაკვეთილებმა მალე გაფურჩქნეს ჭაბუკი აპოლონიოსის ტალანტი. როცა აპოლონიოსმა კალიმაქესთან მეცადინეობა დაამთავრა, ხელი მიჰყო ლიტერატურულ მოღვაწეობას. მან თავის შემოქმედებაში კალიმაქეს მიერ აღებული გეზი დაიკავა. კალიმაქეს აზრით პოეზია მჭიდრო კავშირში უნდა ყოფილიყო მეცნიერებასთან. აპოლონიოსიც მასწავლებლის გზას მიჰყვებოდა, მაგრამ მან კალიმაქეს ზოგიერთი პოეტური პრინციპის წინააღმდეგ გაილაშქრა და მასთან ძლიერი დავა გააბა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა პოეტმა ალექსანდრიაში შეთხზა თავისი პოემა „არგონავტიკა“. იგი ცდილობდა ალექსანდრიის განათლებულ წრეებში პატივი მოეპოვებინა.
საეჭვო არაა, რომ ზოგიერთთა მხრიდან ეს პატივი კიდეც მიიღო, მაგრამ სწორედ ამ ეპოსის გამოქვეყნებამ გამოიწვია მასსა და კალიმაქეს შორის ლიტერატურული ხასითის პაექრობა. აპოლონიოს როდოსელი იმის მომხრე იყო, რომ თანამედროვე მწერლობა ძველის გაგრძელება ყოფილიყო. იგი ცდილობდა თავისი დროის ჰომეროსი გამხდარიყო და საგმირო ეპოსი აეღორძინებინა. მისი „არგონავტიკა“ ამის ცდას წარმოადგენდა. აპოლონიოსმა თავისი ეპოსით თავდაყირა დააყენა კალიმაქეს შეხედულებები პოეზიის თანამედროვე ამოცანებზე. კალიმაქე მართებულ თვალსაზრისზე იდგა. მისი აზრით თანამედროვე დროისთვის სრულიად შეუსაბამო იყო დიად საგმირო სიუჟეტებზე მუშაობა და საგმირო ეპოსის შექმნის ცდაში ჰომეროსის უსიცოცხლო და მონურ მიბაძვას ხედავდა. იგი თვლიდა, რომ საგმირო ეპოსის საუკუნემ განვლო და მოითხოვდა წვრილი ჟანრების განვითარებას. კალიმაქეს პოეტური პრინციპით, პოეტი მწიგნობარი უნდა ყოფილიყო და მეტისმეტ ფანტასტიკურობას არ მიჰყოლოდა.
ლიტერატურული ხასიათის დავა კალიმაქესა და აპოლონიოსს შორის მეტისმეტად გამწვავდა და პირად სიძულვილში გადაიზარდა. აპოლონიოსის წინააღმდეგ კალიმაქეს მომხრე პოეტმა თეოკრიტემაც გაილაშქრა. აპოლონიოსი იძულებული გახდა ალექსანდრია დაეტოვებინა ყველა არსებული ცნობის მიხედვით, პოეტმა დატოვა სამშობლო და კუნძულ როდოსზე გადასახლდა. კუნძული როდოსი III-II საუკუნეებში ძლიერი სავაჭრო რესპუბლიკა და ელინისტური კულტურის ერთ-ერთი ძლიერი ცენტრი იყო. აპოლონიოსი როდოსზე კარგად მიიღეს. აქ მან შექმნა სკოლა და გრამატიკას ასწავლიდა. ამჯერად მან გამოიყენა ალექსანდრიაში გაწეული კრიტიკა, გადაამუშავა „არგონავტიკის“ I გამოცემა და გამოსცა მეორე. პოეტმა როდოსზე დიდი სახელი მოიხვეჭა და როდოსელ მოქალაქედ იქნა აღიარებული. ამიერიდან იგი როდოსელად იწოდა. არსებული ბიოგრაფიების მიხედვით, აპოლონიოსი ალექსანდრიაში სიბერის ჟამს დაბრუნებულა. პტოლემაიოს V ეპიფანეს დროს (204-181) მოხუცი პოეტი ალექსანდრიის ბიბლიოთეკის მეთაურად აურჩევიათ. ამის შემდეგ იგი მალე გარდაცვლილა და მიუხედავად წარსული მტრობისა მასწავლებლის გვერდით დაუკრძალავთ.
არგონავტების ლაშქრობის მითის ისტორია
საბერძნეთის მითოლოგიურ სამყაროდან ჩვენს წინ იმთავითვე აღმართულია სამი დიდი საგმირო ციკლი: ხომალდ „არგოს“ ლეგენდარული მოგზაურობა კოლხეთში, არგოსელთა ბრძოლა თებეს წინააღმდეგ და ბერძნების ლაშქრობა ტროაში. საბერძნეთის საგმირო ეპოქის ისტორიაში ტროას თქმულების შემდეგ, ეგზომ რომ უკვდავჰყო ჰომეროსმა, ჩვენ ვერ ვხვდეგით სხვა ისეთ სახელგანთქმულ ამბავს, როგორიც არგონავტების კოლხეთში ლაშქრობაა.
საბერძნეთში მეტად გავრცელებული იყო თქმულება ოქროს საწმისზე (ვერძის ოქროს ტყავზე) და იმ გმირებზე, რომლებიც ხომალდ „არგოთი“ გაემგზავრნენ კოლხეთში ამ საწმისის მოსაპოვებლად. მითი არგონავტების შესახებ ფრიად ძველი წარმოშობისაა და ტროას თქმულებაზე ადრეა შექმნილი. ჯერ კიდევ ჰომეროსი იხსენიებს „ზღვის გამკვეთს, ყველასათვის ცნობილ ხომალდ არგოს“. თქმულება არგონავტების შესახებ, რომელიც ჩვენამდე ლიტერატურული გზით არის მოღწეული, ჯერ კიდევ მითის თავდაპირველი სიცხადე ბურუსითაა მოცული, მაგრამ მისი რეალური მხარე მეცნიერებისათვის მეტნაკლებად ნათელია. მიუხედავად უამრავი ზღაპრული ელემენტისა, არგონავტების თქმულება დაკავშირებულია ისტორიულ ფაქტთან, საბერძნეთსა და კოლხეთს შორის უართიერთობის დამყარების ფაქტთან. ამდენად ამ მითოლოგიურ ამბავს ისტორიული მნიშვნელობა ეძლევა. როგორც თქმულების ანალიზი გვიჩვენებს, არგონავტთა მითის ძირითადი ბირთვი თესალიის ტერიტორიაზე შეიქმნა თესალია კი წარმოადგენდა წინაბერძნული მოსახლეობის, ე.წ. პელაზგების, სამკვიდრებელს. წინაბერძნულ მოსახლეობაში შემუშავებული წარმოდგენები შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროების შესახებ საფუძვლად დაედო არგონავტთა თქმულების იმ ძირითად ვერსიას, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ. რამდენადაც მითი კოლექტიური შემოქმედების ნაყოფია, ამდენად თესალიის აბორიგენებში წარმოქმნილი მითის ბირთვი თანდათან გაიზარდა და მის სრულყოფაში შემდეგ ხანებში მთელმა ბერძენმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა. თქმულება არგონავტების შესახებ თანდათან ვრცელდებოდა, მეტი სილაღე ეძლეოდა და თესალიის თქმულებას ბეოტიის, არგოსის და კორინთოს თქმულებები ემატებოდა. ლაშქრობაში მონაწილე თესალიელ გმირებს მთელი ელადის გმირები შეუერთდა და ჩამოყალიბდა ერთი მთლიანი ამბავი არგონავტების შესახებ. არგონავტების მითში ორი ძირითადი ნაწილია: თქმულება ფრიქსესა და ჰელეს შესახებ და თქმულება იაზონ-მედეას შესახებ. მითის ამ ორივე ნაწილს აერთიანებს ერთი ცენტრალური ამბავი ვითომდა საბერძნეთიდან ელადაში მინატაცებ ოქროს საწმისის უკან დაბრუნების შესახებ.
თქმულება ფრიქსესა და ჰელეს შესახებ ბეოტიაში უნდა იყოს დამუშავებული, მაგრამ მისი საწყისიც თესალიიდან მოდის. ამ თქმულების ძირითადი ვერსია (აპოლოდორე მითოლოგის, პინდარეს IV პითიური ოდისა და აპ. როდოსელის პოემის „ჰიპოთეზის“ მიხედვით) ასეთია: ბეოტიის მდიდარი ქალაქის ოქრომენის მეფე ათამანტს ღრუბელთა ქალღმერთ ნეფელესაგან ჰყავდა ორი შვილი: ვაჟი – ფრიქსე და ქალი – ჰელე. შემდეგში ათამასი შეეუღლა თებეს მეფის კადმოსის მოკვდავ ქალს ინოს. ბოროტმა დედინაცვალმა ინომ მოინდომა გერების თავიდან მოშორება. ამისათვის მან შემდეგი ხერხი მოიგონა: ბეოტიელ ქალებს დასათესად გამზადებული ხორბალი გაახმობინა. გაფუჭებულმა თესლმა ნაყოფი არ გამოიღო. შიმშილის აჩრდილი დაადგა თავს ოქრომენს! ათამანტმა კაცები გააგზავნა დელფოს სამისნოში მოუსავლიანობის მიზეზის გასაგებად. ცბიერმა ანომ მოისყიდა დელფოს სამისნოდან დაბრუნებული კაცები და ათქმევინა, რომ უბედურების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ფრიქსეს მსხვერპლად შეწირვა ზევსისადმიო. მეფე ათამანტი ინოს ქსელში გაება. ფრიქსე უკვე გამზადებული იყო სამსხვერპლო საკურთხეველზე დასაკლავად, რომ უეცრად ქალღმერთმა ნეფელემ განწირულ შვილებს მოუვლინა ჰერმესის ნაბოძები ოქროსმატყლოვანი ვერძი. ვერძმა ზურგზე შეისვა ნეფელეს ქალ-ვაჟი და გაფრინდა. როცა ვერძი ეგეოსის ზღვის და პროპონტიდის სრუტეს მიუახლოვდა, გოგონა ჰელე ზღვაში ჩავარდა ამ ადგილს ამიერიდან ჰელეს ზღვა ანუ ჰელესპონტი (აწინდელი დარდანელის სრუტე) ეწოდა. ვერძმა, რომელსაც ლაპარაკის უნარი ჰქონდა, ფრიქსეს ნუგეში სცა და გზა განაგრძო. ვერძმა ათამანტის ვაჟი შავი ზღვის მახლობლად მდებარე მზიურ ქალაქ ეაში (აიაში) მიიყვანა. აქ მეფობდა მზის ღმერთის ჰელიოსის ვაჟი აიეტი. მას ჰყავდა ორი ასული: მშვენიერი მედეა და ქალკიოპე და ვაჟი – აფსირტე. აიეტმა ფრიქსე კარგად მიიღო. ფრიქსემ დედინაცვლის ვერაგობისაგან თავის დაღწევის აღსანიშნავად ვერძი მსხვერპლად შესწირა ლტოლვილთა მფარველ ზევსს, ოქროს საწმისი კი მადლიერების გრძნობით მეფე აიეტს უბოძა. აიეტმა დავაჟკაცებულ ფრიქსეს მიათხოვა თავისი უფროსი ასული ქალკიოპე, რომლისაგან ფრიქსეს შეეძინა ოთხი ვაჟი: არგოსი, მელასი, კიტისორე და ფრონტისი. ფრიქსე მოხუცდა და კოლხეთში გარდაიცვალა.
ამ თქმულებასთან გადაწნულია მეორე თქმულებაც. იგი უკვე უშუალოდ ეხება იაზონის კოლხეთში ლაშქრობას და ფრიქსეს მიერ იქ შეწირული საწმისის ელადაში დაბრუნებას: ეოლოსის ერთ-ერთმა შვილმა, ათამასის ძმამ, კრეთევსმა თესალიაში, ზღვის უბესთან, დააარსა ქალაქი იოლკოსი. სიბერეში შესულმა კრეთევსმა ტახტი გადასცა თავის უფროს ვაჟს ეზონს. ეზონის ძმამ (მამით პოსეიდონის ძე იყო), პელიასმა, მას ტახტი წაართვა. მემკვიდრეობა აღკვეთილ ეზონს და მის მეუღლე ალკიმედეს ჰყავდათ ვაჟი იაზონი. მშობლებმა იგი მრისხანე პელიასს დაუმალეს და აღსაზრდელად კენტავრ ქირონს მიაბარეს. როცა იაზონი ოცი წლის გახდა, იოლკოსში გაემართა ტახტის დასაბრუნებლად. გზად მას შემდეგი ამბავი გარდახდა: როცა მან მდინარე ანავროსს მიაღწია, მდინარის ნაპირზე მას გამოეცხადა ქალღმერთი ჰერა მოხუცი ქალის სახით და სთხოვა, აბობოქრებულ მდინარეზე გადაეყვანა. იაზონმა მოწიწებით გადაიყვანა ქალღმერთი და მისი სამარადისო სიყვარული დაიმსახურა, მაგრამ ცალი წაღი მდინარის ტალღებში ჩარჩა. ამგვარად მივიდა იაზონი იოლკოსში. ხელთ მას ორი შუბი ეპყრა; მხარზე ვეფხვის ტყავი ჰქონდა მოსხმული და ყველას ყურადღებას იპყრობდა. როცა მეფე პელიასმა იგი დაინახა, ელდა ეცა. მას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ცალწაღიანი კაცი დაღუპავდა. იაზონმა პელიასს ტახტი მოსთხოვა. პელიასმა იაზონს განუცხადა, რომ იგი ტახტს დაუბრუნებს, თუ იაზონი კოლხეთიდან ფრიქსეს მიერ გატაცებულ ოქროს საწმისს ელადაში ჩამოიტანს. ქალღმერთ ჰერას შეგონებით, იაზონმა ამაზე თანხმობა განაცხადა. პელიასი იმედოვნებდა, რომ იაზონი უკან ვეღარ დაბრუნდებოდა და ტახტი მას დარჩებოდა. იაზონი კოლხეთში გამგზავრების თადარიგს შეუდგა. მან საბერძნეთის გამოჩენილი გმირები მოაგროვა. არისტორის ძემ, არგოსმა, ქალღმერთ ათენას დახმარებით ააგო ორმოცდაათხოფიანი ხომალდი „არგო“. ანტიკური ავტორები ხომალდის სახელს სხვადასხვანაირად ხსნიან. ზოგი ამბობს, იმიტომ დაერქვა ხომალდს „არგო“, რომ არგოსმა ააგოო. ზოგიერთთა მიხედვით კი ხომალდი ძალიან სწრაფი იყო და ამიტომ უწოდეს ეს სახელი, რაც ნიშნავს „სწრაფს“. ამ ხომალდში ჩასხდნენ ელადის გამოჩენილი გმირები. ზოგიერთი მათგანი ტროას ომში მონაწილე ვაჟკაცთა მამა იყო. კოლხეთში გალაშქრების მონაწილე გმირებს ხომალდ არგოს მეზღვაურები ანუ არგონავტები ეწოდათ. ხომალდი იოლკოსის ნავსადგურიდან აღმოსავლეთისაკენ გაემართა. ლაშქრობის წინამძღოლობა იაზონის ხვდა წილად.
დანარჩენი ამბავი უკვე აპ. როდოსელის პოემაში მოიპოვება და აქ აღარ მოვიყვანთ. პოეტი პოემას ლაშქრის შეკრების მომენტიდან იწყებს, ასე რომ მითის პირველი ნაწილი მას დამუშავებული არ აქვს. პოემა მთავრდება კოლხეთიდან გმირების სამშობლოში დაბრუნებით, მაგრამ არგონავტების მითი აქ არ წყდება. შემდეგი ამბები ეხება იაზონის და მედეას ცხოვრებას საბერძნეთში, მათ დაშორებას, მედეას შურისძიებას და იაზონის სიცოცხლის დასასრულს.
როგორც ზევითაც აღვნიშნეთ, არგონავტების თქმულება ისტორიული ფაქტის ანარეკლია. თუ რა უნდა ყოფილიყო ეს ფაქტი, ჯერჯერობით მთლად ნათელი არ არის. მიუხედავად ლეგენდარული ელემენტებისა, არგონავტების თქმულებაში ჩვენ უნდა დავინახოთ რომელიღაც ისტორიული სინამდვილე, სახელდობრ, ის საწარმოო ურთიერთობა, რომელიც კოლხეთს და ელინურ მსოფლიოს აკავშირებდა. ეჭვი არ არის, რომ თქმულება არგონავტების შესახებ მრავალი სხვადასხვა დროისა და წარმოშობის ფენითაა შემოგარსული. ამ მრავალკეც გარეშრეებს ქვეშ ისტორიული ჭეშმარიტების მარცვალი მაინც შეიძლება აღმოვაჩინოთ.
ეს თქმულება ჩვენი ქვეყნის ნამდვილი ცხოვრებისა და ბუნების ანარეკლზე არის აშენებული, ოღონდ აქ ჭეშმარიტება შეფერადებულ-გაზღაპრებულია. ყველაზე უფრო სარწმუნოდ ის მოსაზრება უნდა ჩაითვალოს, რომლის მიხედვითაც არგონავტების თქმულება ქართველ ტომთა დასავლური გაერთიანების, კოლხეთის, ძირითად საქმესთან, სამთამადნო საქმესთან, არის დაკავშირებული. რკინის ინდუსტრიის განვითარების ზოგადი ისტორია ჩვენში ჯერ კიდევ არ არის სავსებით ნათლად გათვალისწინებული, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ მადნეულობის დამუშავების საქმე ქართველთა უძველეს ტომებს დაუწყიათ. დაწყებული ბიბლიური თობელით, რომელიც იყო „კვერით ხურო“, ასურული ტაბალით, ბერძნული ტიბარენით ქართველ ტომებს სახელი ჰქონიათ განთქმული ლითონის დამუშავების წყალობით. ქართველ ტომებს მადნეულობის შემუშავებაში საპატიო ღვაწლი მიუძღვით ძველი განათლებული კაცობრობის წინაშე.
არგონავტების მითი, რომლის შექმნას პირველი ათასეულის VIII საუკუნის აქეთ ვერ ვიგულისხმებთ, თავისი ოქროს საწმისით, ლემნოსის ეპიზოდით, სპილენძისჩლიქებიანი ხარებით, ფოლადისაგან გაჭედილი გუთნით გვიდასტურებს, რომ იგი კოლხეთის ხელოსნობისადმი ინტერესის ბაზაზე აიგო. ანტიკური ხანის ავტორთა უმრავლესობა არგონავტთა კოლხეთში ლაშქრობას ისტორიულ ფაქტად მიიჩნევდა (ჰეროდოტე, სტრაბონი, აპიანე, არიანე, ხარაქს პერგამონელი და სხვ.) და სხვადასხვანაირ ინტერპრეტაციას იძლეოდა. ყველაზე უფრო თავგამოდებული დამცველი არგონავტთა ლაშქრობის ისტორიულობისა იყო გეოგრაფი სტრაბონი. სტრაბონის აღწერილობით კოლხეთი იყო მდიდარი ქვეყანა. აქ ყველაფერი მოიპოვებოდა ზღვაოსნობისათვის და, რაც მთავარია, მდიდარი იყო იგი ოქროს, ვერცხლის და რკინის მადნეულობით. ოქროს საწმისზე თქმულებას სტრაბონი ხსნიდა იმით, რომ კოლხეთის მდინარეებით ჩამოტანილ ოქროს ქვიშას ადგილობრივი მცხოვრებლები გრძელბეწვიანი საწმისით აგროვებენო. ასეთმა სიმდიდრემ გააქცია ფრიქსე კოლხეთში და არგონავტებმაც მას მიბაძესო. სტრაბონის აზრით არგონავტების ლაშქრობამ გაუღო ბერძნებს ევქსინის პონტოს კარი. მეტად საგულისხმო ცნობა მოეპოვება ახ.წ. II საუკუნის ისტორიკოსს, ჩვენამდე არ მოღწეული „ქრონიკის“ ავტორს, ხარაქს პერგამონელს, რომელიც არგონავტების მითის ოქროთდამწერლობას – ხრიზოგრაფიას უკავშირედა. ხარაქსის სიტყვებს ევსტათი თესალონიკელი (XII საუკ.) ასე გადმოგვცემს: „ხარაქსი ამბობს, რომ ოქროს საწმისი იყო ოქროთდამწერლობის მეთოდი ტყავებზე აღწერილი. ამ ღირსშესანიშნავი წესის გულისათვის იყო სწორედ ლაშქრობა მოწყობილი ხომალდ არგოთი“-ო. ოქროს საწმისზე თქმულების ასეთივე ინტერპრეტაცია მოეპოვება ახ.წ. X საუკუნის ლექსიკოგრაფ სვიდასაც თავის ლექსიკონში.
ახალი დროის ბევრ მეცნიერს ეჭვი შეჰქონდა არგონავტთა თქმულების ისტორიულ რეალობაში და გადაჭარბებულ კრიტიციზმს იჩენდა. არაერთი მეცნიერი არგონავტთა მითია ტოპონიმიკას: ეას, კუტაიას, ფასისს და სხვ. მოგონილად მიიჩნევდა და მათ გეოგრაფიულ ძიებას სისულელედ თვლიდა. არგონავტთა მითის ანალიზი კი გვიჩვენებს, რომ მასში არის ისტორიული ჭეშმარიტების მარცვლები, რომლებიც დამატებით ჰფენენ შუქს ჩვენი ქვეყნის წარსულს. იყო დრო, როცა ტროაც და ტროას ომიც ლეგენდად მიაჩნდათ, მაგრამ შემდეგში მისი ისტორიულობა სავსებით დადასტურდა.
1984 წელს ინგლისელმა მეცნიერმა და მოგზაურმა ტომ სევერინმა ააგო ზუსტად „არგოს“ მსგავსი ხომალდი, რომლითაც არგონავტების გზა გაიმეორა და დაადასტურა, რომ მსგავსი ხომალდით დიდი ექსპედიციის მოწყობა შესაძლებელი იყო
თანამედროვე გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ მითში აღწერილი ამბები სინამდვილის ანარეკლი უნდა იყოს. არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა ქ. იოლკოსის არსებობა თესალიის ეგეოსის ზღვისპირა ზოლში, რომელიც არაუგვიანეს XV-XIV საუკუნეებიდან უნდა არსებულიყო (ეს ამბავი ჰომეროსის დროს უკვე ცნობილი იყო, ანუ ძვ.წ. VIII საუკუნეზე ადრე უნდა მომხდარიყო). დადასტურებული აგრეთვე კოლხეთის, როგორც ოქროთი მდიდარი ქვეყნის არსებობაც. რაც შეეხება ცხვრის ტყავის ფაქტს: დღემდე შემორჩენილია საქართველოს მთიანეთში წარმართული დღესასწაული (უკვე ქრისტიანობაზე მორგებული), როდესაც ცხვარს წარმართულ ღმერთს სწირავენ და ტყავს ხეზე ჰკიდებენ, სვანეთში კი დღემდეა შემორჩენილი ხალხური სიმღერა, რომელიც მზის ღმერთს ეძღვნება. ამას თუ დაუმატებთ წინა თავში („უძველესი ქართული იეროგლიფები“) ნაჩვენებ ფაქტს, რომელიც ადასტურებს კოლხებში იეროგლიფური დამწერლობისა და ღვთის საგალობლების ჯერ კიდევ ძვ. წ. XVII საუკუნეში არსებობას – ყველაფერი ნათელი გახდება.
ამდენად სრულიად დასაშვებია იმ პერიოდში, ან თუნდაც მოგვიანო ხანაში (მაგ. ძვ. წ. X ან სულაც VI საუკუნეში, ეს სულაც არ აკნინებს კოლხეთის სიდიადეს) არგონავტების მოსვლა და მასთან დაკავშირებული ამბის რეალობა. ოღონდ რეალურად ისინი არა ღვთაებრივი მისიით გამოგზავნილი გმირები, არამედ ტიპიური ყაჩაღები იყვნენ, როგორც მოგვიანო ხანის ესპანელი კონკისტადორები, რომლებიც ამერიკაში „ელდორადოს“ ანუ ოქროთი მდიდარ მხარეს ეძახდნენ. მითუმეტეს, რომ არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ კოლხეთში ამერიკულ ელდორადოზე მეტი ოქრო იყო.
დაწყებული ჰომეროსიდან ახალ დროებამდე არგონავტების მითი მუდამ აქტუალური იყო მხატვრულ ლიტერატურაში თუ სახვით ხელოვნებაში. ჰომეროსი მრავალგზის იხსენიებს არგონავტების მითთან დაკავშირებულ ეპიზოდებს. „ოდისეაში“ მოხსენიებული „ზღვის გამკვეთი, ყველასათვის ცნობილი ხომალდი არგო“ (XII, 69) იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ არგონავტთა მითი ეპოსის კოცონში ჰომეროსზე ადრე უნდა გაღვივებულიყო. არგონავტთა თქმულებას იცნობს ჰესიოდეც („თეოგონია“) და აპ. როდოსელის სქოლიასტის წყალობით შემონახულ ფრაგმენტში („ქალთა კატალოგიდან“) ამბობს, რომ არგონავტები ფასისში შენავდნენო. ჰესიოდეს შემდეგ არგონავტთა თქმულებას შეხებია ძვ.წ. VIII საუკუნის ეპიკოსი ევმელოსი პოემაში, რომლის სახელი „კორინთიაკა“ ყოფილა. დიოგენე ლაერტის ცნობით კრეტელ პოეტ ეპიმენიდეს შეუთხზავს დიდი პოემა „არგონავტიკა“. იგი ჩვენამდე არ მოღწეულა, – ორიოდე ძუნწი ფრაგმენტიღაა შემორჩენილი.
არგონავტთა ლაშქრობასთან მეტნაკლებად დაკავშირებულ ამბებს თითქმის ყველა ბერძენი ლირიკოსი ეხება. განსაკუთრებით აღსანიშნავი არიან აქ მიმნერმე და ანტიმაქე. მაგრამ პირველად და ყველაზე უფრო ვრცლად არგონავტების თქმულება გადმოგვცა გუნდური ლირიკის უდიდესმა წარმომადგენელმა პინდარემ თავის IV პითიურ ეპინიკში. რაც შეეხება ბერძნულ დრამას, არგონავტთა თქმულებიდან მან უშრეტ წყაროდ გამოიყენა სამი მომენტი: ლემნოსის ეპიზოდი, ფინევსის თავგადასავალი და იაზონ-მედეას ტრაგიკული რომანი. ფრაგმენტულად ცნობილია, რომ ესქილეს უნდა ჰქონოდა არგონავტთა თქმულებაზე აგებული ტრილოგია: „არგო“, „ჰიფსიპილე“ და „კაბირები“, და ტრაგედიები „ფინევსი“ და „ლემნოსელები“. სოფოკლეს, როგორც გადმოგვცემენ, შეუთხზავს „ლემნოსელი ქალები“, „ბრმა ფინევსი“, „კოლხები“, „სკვითები“, „პელიასი“ და „რიძოტომოი“. ჩვენამდე არც ერთი არაა მოღწეული.
წიგნი პირველი
შენი მოწოდებით, სინათლის მეუფევ, (აპოლონის ეპითეტი) მოვიგონებ დიად საქმეებს იმ ძველ ვაჟკაცთა, რომლებმაც მეფე პელიასის დავალებით ოქროს საწმისის მოსაპოვებლად ევქსინის პონტოს (შავი ზღვა) შესართავში და კიანეს კლდეთა1 შორის შეაცურეს მშვენიერხოფებიანი ხომალდი არგო.

მეფე პელიასს ოდესღაც უწინასწარმეტყველეს, რომ მას დაღუპვა მოელოდა იმ კაცის რჩევის წყალობით, რომელსაც იგი ხალხში ცალი წაღით დაინახავდა. დიდ ხანს არ გაუვლია ამ მისნობის შემდეგ და იაზონმა მართლაც ჩასტოვა ცალი წაღა მდინარის შლამში, როცა იგი ანავროსის (თესალიის მდინარე) ცივ ტალღებში ქვეითად გადიოდა. ასე ცალფეხმოსილი წარსდგა პელიასის წინაშე იგი, რათა დასწრებოდა იმ წმინდა ნადიმს, რომელიც მეფემ მოაწყო მაშინ მამა პოსეიდონის2 და სხვა ღმერთების სადიდებლად. ამ მსხვერპლთშეწირვის დროს მხოლოდ ერთი ქალღმერთი – პელაზგიდი ჰერა არ იქმნა პატივდებული.3
როცა პელიასმა იაზონი დაინახა, მყის მოაგონდა წინასწარმეტყველება და იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, მას რომ მოელოდა, მეტად სახიფათო ნაოსნობა დაავალა იაზონს, რათა ან ზღვაში ჩანთქმულიყო იგი, ანდა უცხო ხალხში ჩარჩენილს სამშობლოში დაბრუნების საშუალება აღკვეთოდა.
ძველი დროის აედები (ანუ პოეტ-მომღერლები) გადმოგვცემენ, რომ არგოსმა ქალღმერთ ათენას რჩევა-დარიგებით ააგოთ ხომალდი. ახლა კი, მე მოგითხრობთ გმირთა წარმოშობის შესახებ, მათ სახელებზე, შორეული ზღვის გზებზე და იმის იმესახებ, თუ რა მოიმოქმედეს ლაშქრობის ჟამს. დაე, მუზები4 იყვნენ ამ სიმღერის შემწენი!
ჯერ ორფევსი მოვიგონოთ! ასე ამბობენ, რომ იგი ოდესღაც პიმპლეიდის მთის5 მახლობლად თვით ეპიკური პოეზიის მუზა კალიოპემ შვა, თრაკიელ ეაგრს6 რომ შეეუღლა. მოგვითხრობენ, აგრეთვე, რომ ორფევსი თავისი სიმღერების ჰანგით მთებში ურყევ კლდეთ და მდინარეთა ტალღებს აჯადოვებდა. ტლანქი წიფელნი, თრაკიის ზღვისპირა ქალაქ ძონეს ნაპირად რომ ჰყვავიან, დღესაც გვიმოწმებენ მისი სიმღერის ძალას, რომელსაც ისინი ხშირ მწკრივებად მისდევდნენ. ეს წიფლის ხეები მან მოაჯადოვა ჯერ და შემდეგ კი სიმაბიან საკრავ ფორმინგზე დაკვრით გამოიყვანა პიერიიდან.7 აი ეს ორფევსი, ბისტონური პიერიის8 მეფედ რომ იყო მაშინ, ეზონის ძემ ბრძენი კენტავრ ქირონის რჩევით თავის ლაშქარში მიიღო.
თავისი სურვილით მოვიდა სალაშქროდ ასტერიონი. იგი ბობოქარი მდინარის აპიდანის ნაპირებზე დაიბადა. მისი მამა კომეტე ფილეის მთის მახლობლად მდებარე ქალაქ პირესიაში ცხოვრობდა. აქ დიდი აპიდანი და ღვთაებრივი ენიპევსი შორი გზიდან ცალ-ცალკე მომდინარენი ერთმანეთს ერთვიან.
ორფევსისა და ასტერიონის შემდეგ სალაშქროდ ილატეს ძე პოლიფემე მოვიდა. მან მიატოვა მშობლიური ქალაქი ლარისა (თესალია). პოლიფემე ოდესღაც ყველაზე უფრო ახალგაზრდა მებრძოლი იყო უძლეველ ლაპითთა შორის, როცა ლაპითები კენტავრებს ერკინებოდნენ.9 ახლა კი წელთა სიმრავლისაგან დამძიმებული ჰქონდა სხეული, მაგრამ საბრძოლო განწყობა ძველებური შერჩენოდა.
იაზონის ბიძა იფიკლე დიდხანს არ შეყოვნებულა ქალაქ ფილაკეში (თესალია). მისი და ალკიმედე ფილაკელი ეზონს ჰყავდა მეუღ ლედ. ნათესაობამ და დისშვილზე ზრუნვამ იფიკლესაც აღუძრა სურვილი, ლაშქარს შეერთებოდა.
არც ცხვრის ფარით მდიდარი ქალაქის ფერეს (თესალია) მეფე დმეტე დარჩენილა ქალკოდონის მთის ჩრდილში!
მამულით უხვმა და ცბიერებაში გამოწრთვნილმა ერიტემ და ექიონმა, ჰერმესის10 ძეებმა, სწრაფად დატოვეს მდინარე ალოპე (თესალიაში).
ლაშქრად მიმავალთ მათი ღვიძლი ძმა ეთალიდეც შეუერთდა. იგი მირმიდონეს ასულმა ფთიელმა ევპოლემიამ დაბადა მდინარე ამფრისეს (თესალიაში) ნაპირებზე, ხოლო ორ დანარჩენს კი დედად ჰყავდათ მენეტეის ასული ანტიანირე.
შემდეგ მოვიდა კენევსის ვაჟი კორონე, მდიდარი ქალაქი გირტონე (თესალია) რომ მიატოვა. თუმცა მამაცი იყო იგი, მაინც ვერა სჯობდა თავის მამას კენევსს. აედები მოგვითხრობენ, რომ კენევსი, თუმცა იგი ჯერ კიდევ ცოცხალია, კენტავრების მიერ იქნაო დაღუპული. კენევსმა ბრძოლაში უკუაქცია თურმე კენტავრები და გამოედევნა. დაინახეს თუ არა თანამებრძოლთაგან მოშორებული კენევსი, კენტავრები კვლავ შეჯგუფდნენ და თავს დაესხნენ მას, მაგრამ ვერც დამორჩილება შესძლეს მისი და ვერც დაჭრა. უტეხი და უძლევი კენევსი ნაძვის მაგარი მორებით ნაცემი ცოცხლად ჩაეშვა მიწის წიაღში.
ლაშქარს ეწვია ტიტარესიელი მოპსეც, რომელსაც ღმერთმა აპოლონმა ლეტოს ძემ ყველაზე უწინარეს ასწავლა ფრინველებზე მკითხაობა; ხოლო შემდეგ ევრიდამასი მოვიდა, კტიმენეს ვაჟი, ქსინიას ტბის ნაპირად მდებარე დოლოპთა ქალაქ კტიმენეში (თესალია) რომ ცხოვრობდა. აქტორმა კი თავისი ძე მენიტიოსი ოპოენტიდან გამოაგზავნა, რათა მასაც ელაშქრნა ბრწყინვალე ვაჟკაცებთან ერთთად.
მათ მოჰყვნენ ევრიტიონი და მამაცი ერიბოტე, შვილები ტელეონისა და აქტორის ძის ირესი. სახელდობრ, სახელოვანი ერობოტე ტელეონის ძე იყო, ხოლო ევრიტიონი კი ირესი. მათ ოილევსიც შეუერთდა. იგი მამაცობით გამოირჩეოდა და კარგად იყო გაწაფული მტერზე თავდასხმაში, მოწინავე ფალანგა რომ უკუიქცეოდა.
ევბეიდან კანთოსი მოვიდა. იგი კანეთე აბანტის ძემ გამოაგზავნა. კანთოსი აღტაცებული იყო კოლხეთში ლაშქრობით, მაგრამ ქალაქ კერინთოში (კ. ევბეა) დაბრუნება აღარ ეწერა. მას ბედით ჰქონდა გადაწყვეტილი მისნობაში გამოცდილ მოპსესთან ერთად მოხეტიალე დაღუპულიყო ლიბიაში. ადამიანებს ხომ მოულოდნელად ატყდებათ ხოლმე თავს უბედურება! კანთოსი და მოპსე ლიბიის მიწას მიაბარეს. ლიბია კი ისე შორს არის კოლხებისაგან, როგორც აღმოსავლეთია დაშორებული დასავლეთს.
კანთოსს კლიტიოსი და იფიტე მოჰყვნენ, ქალაქ ექალიის (კ. ევბეაში) მბრძანებლები, მრისხანე ევრიტეს ვაჟები, ევრიტესი, რომელსაც შორსმსროლელმა აპოლონმა მშვილდი უბოძა. ვერ გამოიყენა ევრიტემ ეს ჯილდო, რადგან ამ მშვილდითვე შეედავა საჩუქრის მომცემს. თავხედ ევრიტეს აპოლონმა სიცოცხლე მოუსპო.
ამათ შემდეგ ეაკიდებიც11 მოვიდნენ, ოღონდ, ერთად და ერთი ადგილიდან არ მოსულან აქ. კუნძულ ეგინიდან ლტოლვილნი ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ მას შემდეგ, რაც გაუფრთხილებლად შემოაკვდათ საკუთარი ძმა ფოკე. ტელამონი სალამინზე ცხოვრობდა, პელევსი კი ძმისაგან მოშორებით სახლობდა ქ. ფთიაში (თესალია).
კეკროპიიდან12 სალაშქროდ მოვიდნენ ბრწყინვალე ტელეონის მამაცი ძე ბუტე და მშვენიერშუბოსანი ფალერე. ფალერე მამამისმა ალკონემ გამოაგზავნა. მას სხვა შვილები არა ჰყავდა, სიბერის ჟამს რომ ბურჯად ამოსდგომოდნენ; თუმცა ფილერე მოხუცის ერთადერთი ნუგეში იყო, ალკონემ მაინც გამოისტუმრა, რათა გამორჩეულიყო გაბედულ გმირებში იგი.
ერეხთევსის13 ბრწყინვალე ნაშიერს – თეზევსს შავი ბორკილი ჰკრავდა მაშინ პირითუსთან ერთად ტენარეს მიწისქვეშეთში.14 აი ეს ვაჟკაცებიც რომ ყოფილიყვნენ ლაშქარში, ადვილად დაუდებდნენ საზღვარს გმირების შრომას!
აგნიას ძე ტიფისმა, რომელმაც იცოდა წინასწარ გამოცნობა იმისა, თუ როდის აღელდებოდა უსაზღვრო ზღვა, ან როდის ამოვარდებოდა ქარიშხალი და გამოცდილი იყო მზისა და ვარსკვლავების მეშვეობით სანაოსნო ამინდის გამოცნობაშიც, დატოვა თესპიეს სიფეელი (ანუ ბეოტიელი) ხალხი. თვითონ ტრიტონიდმა ათენამ (ათენას ეპითეტი) წააქეზა იგი, გმირთა ლაშქარს შეერთებოდა. ამრიგად მოვიდა ვაჟკაცების სანუკვარი ტიფისი. ქალღმერთმა ათენამვე ააგო მალი ხომალდი. მასთან ერთად ხომალდს არესტორიდი არგოსი აშენებდა. ამიტომაც სჯობდა ეს ხომალდი ყველა სხვას, რომელსაც კი გამოუცდია თავისი ხოფის ძალა ზღვაში.
შემდეგ ფლიასი მოვიდა ლაშქრად პელოპონესის ჩრდ. ნაწილში მდებარე ქალაქ არეთირეედან. მდიდრულად ცხოვრობდა იგი აქ – აზოპეს წყაროებთან, თავისი მამის ვენახისა და ღვინის კულტურის ღვთაების დიონისეს გადაწყვეტილებით.
არგოსიდან მოვიდნენ ბოასის ძენი: ტალაე, არეიოსი და მამაცი ლეოდოკე. ისინი წარმოშვა ნელევსის ასულმა პერომ, რომლის გამო მძიმე ტანჯვა გადაიტანა ეოლიდმა მელამპუსმა იფიკლეს თავლებში.15
ჩვენ ვიცით, რომ არც იაზონის სანუკვარ ჰერაკლეს უთქვამს უარი მის მოწოდებაზე. გმირთა შეკრების ხმა მან მაშინ ისმინა, როცა, ის-ის იყო, არკადიიდან ლირკეის არგოსში მიემართებოდა. აქ მას ცოცხლად მიჰყავდა ველური ტახი, ლამპიის ტყეებში რომ ცხოვრობდა ერიმანთოსის (მთა არკადიაში) დიდ ჭაობთან. საბელით შებორკილი მხეცი ჰერაკლემ მიკენელთა მოედანზე ჩამოიღო განიერ ბეჭებიდან, თვითონ კი, თავისი სურვილით, სალაშქროდ წამოვიდა ისე, რომ ევრისთევსს16 არ გააგებინა. მას მოჰყვა ჰილასიც, სანდო მეგზური, ახლად დავაჟკაცებული, ისრების მატარებელი და ჰერაკლეს მშვილდის მცველი.
მათ შემდეგ მოვიდა ღვთაებრივი დანაეს17 მოდგმა ნავპლიოსი. იგი ნავბოლიდი კლიტენეოსის ძე იყო, ნავბოლე კი ლერნეს ვაჟი იყო, ხოლო ლერნე, როგორც ვიცით, ნავპლიადმა პრეტემ წარმოშვა. დანაეს ასული ქალწული ამიმონე ოდესღაც პოსეიდონს შეეუღლა და შვა ნავპლიოსი, რომელიც ნაოსნობაში მრავალსა სჯობდა.
არგოსელ ვაჟკაცთაგან ყველაზე ბოლოს იდმონი მოვიდა. ფრინველებზე მისნობის წყალობით მან იცოდა, რომ აშკარა სიკვდილი მოელოდა, მაგრამ ხალხს რომ არ გაეკიცხა მამაცობის მოდუნებისათვის, მაინც შეუერთდა ლაშქარს. სახელოვან ეოლიდებში მირიცხული იდმონი აბასის ნამდვილი შვილი არ იყო. იგი თვით აპოლონმა შვა. მანვე ასწავლა მისნობა, ფრინველებზე მკითხაობა და ცეცხლზე დადებულ მსხვერპლზე წინასწარმეტყველება.
ეტოლიელმა ლედამ მძლე პოლიდევკე და მხედრობაში გაწაფული ფეხმარდი კასტორი სპარტიდან გამოაგზავნა. სახელოვანი ტყუპები – ერთი სამშობიარო ტკივილით დაჰბადა ლედამ ტინდარეოსის სასახლეში. იგი ენდობოდა ლაშქრად წასულებს, რადგან ზევსის ღირსეულ სარეცელზე იყვნენ გაჩენილნი.18
აფარეტიადები – ლინკევსი და ამაყი იდასი ქ. არენედან19 გამოემართნენ. ორივეს სწამდა თავისი უზომო ღონე. ლინკევსი ბასრი თვალებით იყო აღჭურვილი და, თუ შეიძლება ადამიანი ხმებს ენდოს, ამ ვაჟკაცს ადვილად შეეძლო განეჭვრიტა მიწისქვეშეთიც. აღგზნებული იყო სალაშქროდ ღვთაებრივი ნელევსის უფროსი ძე პერიკლიმენე პილოსელიც. პოსეიდონმა მას უსაზღვრო ძლიერება მიანიჭა. ასე რომ ბრძოლის ყოველგვარი სახის არჩევა შეეძლო.
ალეოსის ორი ვაჟი, ამფიდამასი და კეფევსი, ტეგეეში და აფიდანტის ნაწილში რომ ცხოვრობდნენ, არკადიიდან მოვიდნენ. მათ მოჰყვა ანკევსიც. იგი ამფიდამასის და კეფევსის უფროსმა ძმამ, მისმა მამამ ლიკურგემ გამოაყოლა ძმებს. თვითონ კი სიბერეში შესულ ალეოსთან დარჩა ქალაქში, რათა მამაზე ეზრუნა. მენალეს მთის დათვის ტყავით შემოსილი მოდიოდა ანკევსი. მარჯვენა ხელში ორპირი დიდი ცული ეპყრა და ღონივრად არხევდა. მას ხომ სხვა იარაღი ბეღელში დაუმალა პაპა ალვეოსმა და ცდილობდა არ გაეშვა სალაშქროდ იგი.
აქვე წამოვიდა ავგიეც, რომელზედაც ხმა დადიოდა, მზის ღმერთ ჰელიოსის შვილი არისო. ქონებით გაამაყებული ავგიე ელიდის ხალხზე მბრძანებლობდა. მას ძლიერი სურვილი ჰქონდა ეხილა კოლხეთის მხარე და კოლხების მეფე აიეტიც.
ჰიპერესიოსის ვაჟები, ასტერიოსი და ამფიონი, აქაიის (მხარე ჩრდ. პელოპონესში) პელენედან მოვიდნენ. ეს ქალაქი ოდესღაც მათმა პაპამ პელემ ააშენა ზღვისპირად მდებარე გორაკზე.
მათ შემდეგ, დატოვა რა ტენარეს კონცხი, ევფემე გამოცხადდა. ევფემე ფეხმარდობით გამოირჩეოდა ვაჟკაცებში იგი პოსეიდონს ღონიერი ტიტიოსის ასულმა ევროპამ შესძინა. ეს მამაცი ლაჟვარდოვანი ზღვის ტალღებზე ისე დარბოდა, რომ მარდ ფეხებს წყალში არ სძირავდა და დასველებული ტერფებით მიჰქროდა ტენიან გზაზე.
პოსეიდონის ორი სხვა ვაჟიც მოვიდა, ერთმა, სახელად ერგინემ, ბრწყინვალე ქალაქი მილეტი დატოვა, ხოლო მეორემ – მამაცმა ანკევსმა კ. პართენიე (კ. სამოსი) სადაც იმბრასიელი ჰერას განსასვენებელი იყო. ორივე ამაყობდა იმით, რომ გამოცდილი იყვნენ ნაოსნობაშიაც და ომშიც.

მათ შემდეგ ეტოლიის ქალაქ კალიდონიდან გამოემართა ენევსის მამაცი ვაჟი მელეაგრე. მას ლაოკოონიც მოჰყვა, ენევსის ძმა, მაგრამ ისინი ერთი დედისანი არა ყოფილან; ლაოკოონი მხევალმა ქალმა შვა. ის სიბერეში იყო უკვე შესული და ენევსმა შვილის მზრუნველად გამოისტუმრა მხოლოდ. ასე შეუერთდა გმირების მამაცურ ლაშქარს ჯერ კიდევ ყრმა მელეაგრე. ჩემი ფიქრით, კალიდონში დარჩენილ მელეაგრეს ერთი წელიც რომ დაეყოვნებინა ეტოლიელებში, მასზე უკეთესი ვერავინ მოვიდოდა სალაშქროდ ჰერაკლეს გარდა. ლაშქრად მომავალ მელეაგრეს მისი ბიძა შუბთა ტყორცნაში და ხელჩართულ ბრძოლაში გამობრძმედილი თესტიადი იფიკლეც მოჰყვა.
მერე ოლენელი ლერნეს შვილი პალემონოსიც გამოჩნდა. ის ლერნეს ძედ იწოდებოდა, თორემ ჭეშმარიტად თითონ ჰეფესტოს ვაჟი იყო. ამიტომაც კოჭლობდა, მაგრამ მისი სხეულის ნაკლის დაცინვას ან მამაცობაში გაკიცხვას ვერავინ გაუბედავდა. პალემონიოსი მამაც გმირთა იმ წყებას ეკუთვნოდა, რომელსაც იაზონისათვის სახელი და დიდება უნდა მოეტანა.
ფოკიდელებიდან გამოემართა ორნიტიდ ნავბოლეს ძე იფიტე. ერთხელ, როდესაც იაზონი პითონში (სამისნო დელფოსი) მიდიოდა მომავალი ნაოსნობის შესახებ წინასწარმეტყველების გასაგებად, იფიტემ იგი თავის სახლში მიიწვია სტუმრად.
ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად მოვიდნენ ჩრდილოეთის ქარის ღმერთ ბორეასის შვილებიც ძეტე და კალაისი. ისინი ოდესღაც ერეხთევსის ასულმა ორითიამ ცივი თრაკიის დასავალში შესძინა ბორეასს. თრაკიელმა ბორეასმა ორითია კეკროპიიდან (ათენიდან) მოიტაცა, მდინარე ილისეს (ატიკის მდინარე) ნაპირებზე ქალწულთა გუნდში რომ ფერხულს უვლიდა და წაიყვანა შორს – სარპედონის (მთა თრაკიაში) კლდესთან. აქ, მდინარე ერგინეს ნაპირებზე შავი ღრუბლებით შებურვილი ორითია ბორეასმა დაიმორჩილა. ასე წარმოიშვნენ ძეტე და კალაისი. მათმა გამოჩენამ ლაშქარი გააოცა. ისინი ჰაერში მოქროდნენ და ოქროვანი ქერცლებით მოფენილ მბზინავ ფრთებს, ფეხებზე რომ ჰქონდათ მიმაგრებული, ლამაზად არხევდნენ; მხრებზე და კისერზე კი ქარის ქროლით მუქი კულულები ჩამოშლოდათ.
დიდებული პელიასის შვილმაც აკასტემ და არგოსმა, ქალღმერთ ათენას რომ ეხმარებოდა ხომალდის აგებაში, გადაწყვიტეს ლაშქარს შეერთებოდნენ. აკასტეს არ სურდა მამამისის სასახლეში დარჩენილიყო.
აი ასეთი გმირები მოგროვდნენ ეზონიდის დასახმარებლად. თესალიის ქალაქ იოლკოსის მცხოვრებლები მათ მინიადებს უწოდებდნენ. მართლაც, ამ მამაცი ვაჟკაცების უმეტესი ნაწილი ამაყობდა იმით, რომ ოქრომენის მეფე მინიასის21 ქალიშვილთა სისხლისაგანი იყო. თვითონ იაზონი მინიასის ასულის კლიმენეს ქალიშვილმა ალკიმედემ შვა.
მონებმა უკვე ყველაფერი მოამზადეს გასამგზავრებლად ხომალდი გმირებს ელოდა. ისინიც ქალაქ იოლკოსიდან მაგნეზიის ნავსადგურ პაგასისაკენ გაემართნენ. მათ სანახავად ყოველმხრივ მოზღვავდა ხალხი. დიდებული ვაჟკაცები ხალხთა ამ სიმრავლეში ისე გამოირჩეოდნენ, როგორც ვარსკვლავები ღრუბლებში. იარაღასხმული და სწრაფად მიმავალი გმირები რომ დაინახა ხალხმა, გაკვირვებით შესძახა: „მეუფე ზევსო, რა განუზრახავს მეფე პელიასს? საითკენ ერეკება გმირთა ამოდენა ლაშქარს ელადის მიწიდან? ეს ვაჟკაცები საზარელი ცეცხლით გაანადგურებენ ალბათ აიეტის სასახლეს იმ დღესვე, როცა იგი თავისი ნებით არ გადასცემს მათ სასურველ საწმისს! რა მძიმე დავალება და რა აუშორებელი გზა უძევთ ამ გმირებს წინ!“
ქალები ღმერთებს ევედრებოდნენ, რომ ვაჟკაცები ბედნიერად დაბრუნებულიყვნენ უკან. მათ ზეცისაკენ ჰქონდათ ხელები აღპყრობილი, ცრემლებს ღვრიდნენ და ერთმანეთს შექვითინებდნენ: „უბედურო ალკიმედე, გვიან, მაგრამ მაინც გეწვია ვარამი. ვერ დაასრულე ცხოვრების გზა ტკბილი სიცოცხლით! ეზონიც ხომ დიდად შესაბრალისია! განა არა სჯობდა მისთვის, სანამ ამ სახიფათო ლაშქრობის აუცილებლობას გაიგებდა, სამგლოვიაროდ შესუდრულს მიწის ქვეშ განესვენა? როცა ქალწული ჰელე დაიღუპა, ნეტავ ფრიქსეც ჩაენთქა თავის ვერძთან ერთად შავ ტალღას! მაგრამ საზარელი სასწაული მოხდა მაშინ, ვერძმა ადამიანურად დაილაპარაკა22 და ამით ალკიმედეს უბედურება და უზომო ტანჯვა მიაყენა ახლა!“
ასე ლაპარაკობდნენ ქალები და ვაჟკაცებს ეთხოვებოდნენ. ამასობაში მონებით და უამრავი მხევალი ქალით გარშემორტყმული იაზონის დედა თავის შვილს ჩაჰხვეოდა. მწველ სევდას შეეპყრო ყველა. სიბერის ტვირთის წყალობით ლოგინად ჩავარდნილი და შეფუთვნილი მამა ეზონი მძიმედ კვნესოდა. იაზონმა ისინი გაამხნევა, ნუგეში სცა და მონებს უბრძანა საბრძოლო იარაღი მოერთმიათ მისთვის. თვალდახრილმა მონებმა უსიტყვოდ შეასრულეს მისი ბრძანება. დედა კი კვლავ ჩაეხვია თავის ვაჟს, მკერდზე მიიკრა და ისე გულამოსკვნით ქვითინებდა, როგორც დედინაცვლის კლანჭებში ჩავარდნილი, დაჩაგრული და გაკიცხული ობოლი გოგონა ქვითინებს ხოლმე საყვარელი ჭაღარა გამზრდელის მკერდზე და მოზღვავებულ მწუხარებას ცრემლებში ახრჩობს. „ნეტავ იმ დღესვე დამელია სული, – ღრმა მწუხარებით ეუბნებოდა მტირალი ალკიმედე მკლავებში ჩახვეულ იაზონს, – როცა მეფე პელიასის სახიფათო ლაშქრობისათვის მზადების ბრძანება გავიგე! მაშინ ხომ ვეღარაფერს ვიგრძნობდი და შენ, ჩემო შვილო, შენი ძვირფასი ხელებით მომაყრილი მიწას! ესღა იყო ჩემი უკანასკნელი სურვილი შენდამი, ვინაიდან სხვა მრავალი ჯილდო, რომელიც შენმა აღზრდამ მარგუნა, დიდიხანია უკვე მატკბობს. მე უბედური, აქამდე აქაველ ქალთაგან თაყვანცემული, ახლა მონა ქალის მსგავსად ცარიელ სახლში უნდა დავრჩე და შენი დარდით დავდნე. უნდა ვიფიქრო იმაზე, ვისი წყალობითაც დიდება და მრავალი პატივი მომნიჭებია, ვინც ჩემი სიყვარულის ერთადერთი ნაყოფია; მშობიარობის ქალღმერთ ილითიას ხომ განსაკუთრებით ჩემთვის შურდა ხშირი მშობიარობა! ოჰ, ათასკეცო მწუხარებამ, ოდნავადაც არ მიგრძვნია, სიზმრადაც არ მომლანდებია, თუ ფრიქსე თავისი გაქცევით უბედურებას ამზადებდა ჩემთვის!
ასე მოსთქვამდა მწუხარე ალკიმედე და მხევალი ქალებიც განუწყვეტლივ ქვითინებდნენ. იაზონმა კი კვლავ დაამშვიდდა დედა და ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ნუ მიღიზიანებ, ჩემო დედავ, ისეც მწველ სავდას; ცრემლებით ვერ გააქარვებ ჩემს მძიმე ხვედრს და მწუხარებაზე მწუხარებას დამირთავ მხოლოდ. საზარელ ტანჯვას მოულოდნელად უნაწილებენ ხოლმე ღმერთები საბრალო მოკვდავთ და მისათვის, რაც არ უნდა მძიმე იყოს ეგ შენი ხვედრი, მაინც ეცადე, მოთმინებით გადაიტანო. გჯეროდეს, რომ მფარველობას გამიწევს ქალღმერთი ათენა, აპოლონ ღმერთმაც ხომ ბედნიერება მიმისნა; თანაც ჩემი ვაჟკაცების მამაცობასაც დაენდე. ახლა კი მხევალი ქალებით გარსშემორტყმული მშვიდად დარჩი აქ სასახლეში და ნუღარ სტირი, თორემ ცრემლები თვალბედითობას მოასწავებს ხომალდ არგოსათვის, რომლისაკენაც ჩემს თანამგზავრად მეგობრები და ჩემი მონებიც უკვე მიდიან!“
თქვა იაზონმა ეს და სასწრაფოდ გამოვიდა სასახლიდან. როგორიც აპოლონია ხოლმე, როცა კეთილსურნელოვან ტაძრიდან გამოდის ღვთაებრივ დელოსზე თუ კლაროსში, პითონში თუ დიდებულ ლიკიაში ქსანთეს ნაპირებზე,23 ისეთი იყო იაზონი, ხალხის კრებულზე რომ მოემართებოდა. თანამემამულენი იაზონს მიესალმნენ და გამამხნევებელი შეძახილი ატეხეს. ქალაქთმფარველი არტემიდეს ქურუმი მოხუცი ქალი იფიასიც მიეგება იაზონს, დაუკოცნა მარჯვენა ხელი მას და სურდა ერთი-ორი სიტყვაც ეთქვა მისთვის, მაგრამ ბრბო მოაწყდა და ჭაღარა ქურუმმა ეს ვეღარ შესძლო. ახალგაზრდებმა გვერდზე მოიტოვეს ის და იაზონიც უკვე საკმაოდ შორს იყო.
იაზონმა ქალაქ იოლკოსის კარგად ნაგები ქუჩები უკან მოიტოვა და პაგასის ნავსადგურში მივიდა. აქ არგოს ხომალდთან შეკრებილი ვაჟკაცები მიესალმნენ მას და მის ირგვლივ მოგროვდნენ. ამ დროს მათ შენიშნეს, რომ ქალაქიდან მოდიოდნენ აკასტე და არგოსიც. გაუკვირდათ გმირებს, პელიასის ნებადაურთველად და ასე მოულოდნელად მომავალი ვაჟკაცები რომ დაინახეს. არესტორიდ არგოსს ხარის შავბეწვიანი ტყავი ჰქონდა მხრებზე წამოსხმული და ფეხებამდე წვდებოდა, ხოლო აკასტეს – ლამაზი ორმაგი საბურავი, რომელიც მისმა დამ პელოპიამ აჩუქა მას. იაზონმა თავი შეიკავა ეკითხა მათთვის რამე და დანარჩენთ უბრძანა, ბჭობისათვის დამსხდარიყვნენ. ისინიც იქვე შეხვეულ იალქნებთან და დახრილ ანძასთან მწყობრად ჩამოსხდნენ.
ეზონის გონიერმა ძემ ასე მიმართა მათ: „მეგობრებო, ხომალდი წესისამებრაა აღჭურვილი ყველაფრით, რაც კი გასამგზავრებლადაა საჭირო. ამიტომ დიდხანს აღარ დავაყოვნებთ აქ და, როგორც კი დაუბერავს საგზაო ქარი, ზღვაში გავალთ. საერთო გვაქვს ჩვენ ხომ აიეტისაკენ სავალი გზები, საერთო იქნება ხომ ჩვენი ელადაში დაბრუნებაც; ამისთვის, ჩემო ძვირფასებო, თამამად აირჩიეთ ახლავ თქვენთვის საუკეთესო წინამძღოლი, რომლისათვისაც საზრუნავი იქნება ყველაფერი და ვინც გადასწყვეტს უცხოელებთან ბრძოლისა თუ ზავის საკითხებს!“
თქვა თუ არა ეს იაზონმა, ახალგაზრდებმა მყისვე მიაპყრეს თვალები ვაჟკაცების შუაში მჯდარ ჰერაკლეს. ყველამ ერთხმად დაავალა მას მბრძანებლობა. მან კი იქედანვე, სადაც იჯდა, გამოაშვირა მარჯვენა ხელი და წარმოსთქვა: „ნურავინ შემომთავაზებს ასეთ დიდებას, მე არ დავყვები მას და ასევე სხვასაც ავუკრძალავ წინამძღოლობას. დაე, მან მართოს ეს ლაშქარი, ვინაც შეკრიბა!“
ასე თქვა დიდსულოვანმა ვაჟკაცმა და ყველა დაემორჩილა მის სიტყვას. გახარებული წამოდგა კვლავ მძლე იაზონი და სმენად გადაქცეულ ჭაბუკებს მიმართა: „რაკი თქვენ ასეთი პატივი დამდეთ, ვიმედოვნებ, ვეღარაფერი დაგვაბრკოლებს აქ. ახლა კი მსხვერპლის შეწირვით ფებეს გული მოვიგოთ და სასწრაფოდ ლხინიც გავმართოთ. ხოლო სანამ ჩემი მონა მწყემსები მოვიდოდნენ რომელთაც დავალებული აქვთ ნახირში კარგად შერჩეული სამსხვერპლო ხარები აქ მორეკონ, მანამდე ხომალდი ზღვაში შევაცუროთ. შემდეგ კი თქვენ იარაღი აისხით და სანიჩბეზე ხოფებიც გაინაწილეთ. გარდა ამისა, აქ ზღვის ნაპირზე საკურთხეველი ავუგოთ ემბასიოს-აპოლონს,24 რომელიც თავისი მისნობით დამპირდა ზღვაში გზის გაგნებასა და შემწეობას, თუ მეფე აიეტისაკენ ლაშქრობის დაწყების ჟამს მას მოვუწოდებ და მსხვერპლს შევწირავ“.
ასე თქვა და იაზონი პირველი მიბრუნდა საქმისაკენ. მის მაგალითზე დანარჩენებიც წამოიშალნენ და ტანსაცმელი ზღვის ბობოქარი წყლით ჩამორეცხილ ბრტყელ კლდეზე დაალაგეს, რომელსაც იმჯერად ტალღები არ ეხეთქებოდა. არგოსის წინადადებით, უწინარეს ყოვლისა, კარგად დაგრაგნილი ბაგირი ძალიან დაჭიმეს და ხომალდს გარშემოარტყეს, რათა ძელებში მაგრად ჩამჯდარიყო სოლები და ტალღების მოწოლისათვის გაეძლო. შემდეგ კი ხომალდის ცხვირიდან ზღვამდე სწრაფად ამოთხარეს საკმაო სიფართის თხრილი და თანდათანობით დაქანებაც მისცეს, რის შემწეობითაც ხომალდს ზღვაში შეაცურებდნენ. თხრილში თლილი ფიცრები ჩააფინეს და ხომალდი ზედ შეაყენეს, ცერად ჩაწყობილ ფიცრებზე რომ ადვილად დაცურებულიყო. შემდეგ ხოფები გადმოატრიალეს, ღვედები რომ ჰქონდათ წინ გამოშვერილი და სანიჩბე კავებზე მიაბეს. ორივე მხრივ ამოუდგნენ ხომალდს ვაჟკაცები და ხოფებს ხელები და მკერდიც მიაბრჯინეს. ხომალდის ცხვირზე ტიფისი ავიდა, რათა აქედან გაემხნევებინა ჭაბუკები. მოექცა თუ არა ხომალდის წვერზე ტიფისი, მან მეგობრებს ნიშანი მისცა და მძლავრად დაიყვირა. ისინიც მყისვე მიაწვნენ ღონივრად ხოფებს და ერთი იერიშით დაძრეს ხომალდი ადგილიდან. მტკიცედ ეყრდნობოდნენ ფეხებით მიწას ვაჟკაცები და წინ მიაცურებდნენ ხომალდს. საოცარი სისწრაფით მიჰყვა მათ პელიონური არგო.25 ისინიც მირბოდნენ და ორივე მხრიდან სიხარულით კიჟინებდნენ. ხომალდის ფსკერის ქვეშ მოქცეული სიმძიმისაგან გასრესილი ფიცრები კვნესოდნენ და ჭრიალებდნენ. მათ ირგვლივ სქელი კვამლი აღიმართა და ხომალდიც ზღვაში შეცურდა. ღრმად რომ არ შესულიყო წყალში იგი, ვაჟკაცებმა ბაგირით დაამაგრეს. შემდეგ ხოფები კვლავ გადმოატრიალეს და ორივე მხრივ კარგად მოარგეს კავებს. მერე კი ხომალდზე ანძა, კარგად ნაკეთები იალქნები და სურსათიც ამოიტანეს. როცა ყველაფერი ოსტატურად მოამზადეს, სანიჩბე მერხზე ადგილები წილით გაიყვეს ისე, რომ ორ შეიარაღებულ ვაჟკაცს თითო ადგილი შეხვდა. შუა ადგილისათვის აირჩიეს ჰერაკლე და გმირებში გამორჩეული ანკევსი, ქალაქ ტეგეეში რომ ცხოვრობდა. ამრიგად, წილის ყრის გარეშე დატოვეს შუა ადგილი მხოლოდ მათთვის. შემდეგ შეთანხმდნენ და მშვენიერხერხემლიანი ხომალდის საჭის მართვა ტიფისს მიანდვეს. მერე ზღვის ნაპირზე პატარა ქვები მოაქუჩეს, აქტიოსად და ემბასიოსად წოდებულ აპოლონს26 სანაპირო საკურთხეველი აღუმართეს და ზევით ზეთისხილის ხმელი შტოები დააფინეს.
ამასობაში ეზონიდის მწყემსებმა არგონავტებს ორი ხარი მოგვარეს. ვაჟკაცთა შორის ყველაზე უფრო ახალგაზრდებმა ეს ხარები საკურთხეველთან მირეკეს და შემდეგ მარილში არეული ქერის მარცვალი და წმინდა წყალიც მოიტანეს. მოუწოდა მაშინ იაზონმა მშობლიურ აპოლონს და ასე შეევედრა: „მისმინე, მეუფევ, პაგასის ნავსაყუდარს და მამაჩემისაგან სახელწოდებულ ქალაქ ეზონს რომ მფარველობ! შენ მე პითონში (დელფოსში) წინასწარმეტყველებით დამპირდი, რომ მფარველობას გამიწევ განსაცდელით აღსავსე გზაზე, და გამამხნევე, რომ მომეწყო ეს ლაშქრობა. მაშ, შენ თვითონ წაიყვანე ახლა ეს ხომალდი კოლხეთისაკენ და ელადაშიც უვნებლად დააბრუნე ჩემი მეგობრები! მომავალში კი ამ საკურთხეველზე იმდენ ხარს შემოგწირავთ მსხვერპლად, რამდენნიც კი დავბრუნდებით უკან. სხვა აურაცხელ საჩუქარს პითონში და კ. ორტიგიაშიც (კ. დელოსი) მოგართმევ. ახლა კი მოდი, შორსმტყორცნელო, და ეს პირველი მსხვერპლი მიიღე ჩვენგან, ხომალდზე ასვლის წინ რომ გწირავთ! ავხსნი, მეუფევ, ბაგირებს, თუ კეთილ სურვილებს მოგვანიჭებ! დაე, დაჰქროლოს საამო ქარმაც და ნათელი ამინდიც დაგვიდგეს ზღვაში გასვლის ჟამს!“ ასე ევედრებოდა იაზონი აპოლონს და სამსხვერპლოდ განმზადებულ ხარებს, ამაყი ანკევსი და ჰერაკლე რომ შემორტყმოდნენ გარს, მარილში არეულ ქერის მარცვალს აყრიდა თავზე. ჰერაკლემ ერთ ხარს შუბლზე დაჰკრა კომბალი და მიწაზე დასცა; მეორეს კი ანკევსმა დაარტყა სპილენძის ცული განიერ კისერზე და მაგარი ძარღვები დაუწყვიტა. ხარი შეტორტმანდა და რქებით დაეცა მიწას. არგონავტებმა სასწრაფოდ დაკლეს ხარები, გაატყავეს, ხორცი დაჩეხეს და აჰკეპეს; სამსხვერპლო ბარკლები კი ნაწილ-ნაწილ დაჭრეს, შემდეგ სქელი ქონით დაჰფარეს და საკურთხეველთან დაწვეს დაპობილ შეშაზე, რომელსაც იაზონმა წმინდა საპკურებელი (ღვინოში შეზავებული) მოასხა. ყველაზე უფრო მისან იდმონს უხაროდა, საკურთხეველზე აღმართულ ბრწყინვალე ალს რომ ხედავდა. ძოწეულისფრად დაგრაგნილი კვამლი ბედნიერების მაუწყებლად მიემართებოდა ზევით. „მეგობრებო,– მოულოდნელად შესძახა მისანმა, აპოლონის აზრი რომ სურდა გაეცხადებინა მათთვის, – ღმერთების გადაწყვეტილებაა, რომ თქვენ საწმისი მოიპოვოთ და ბედნიერად დაბრუნდეთ აქ, მაგრამ განსაცდელიც უზომო მოგელით! მე კი ღვთის სასტიკი გადაწყვეტილებით მიწერია, რომ შორს – სადმე აზიის ხმელეთზე დავამთავრო სიცოცხლე. ეს თვალბედითი ჩემი ხვედრი ჯერ კიდევ უწინაც გავიგე ფრინველებზე მისნობის27 წყალობით, მაგრამ მაინც მივატოვე სამშობლო და თქვენ შემოგიერთდით, სამაგიეროდ ჩემი დიდება წარუშლელი დარჩება იქ“. გაეხარდათ ჭაბუკებს, კეთილი დაბრუნება რომ უწინასწარმეტყველეს მათ, მაგრამ იდმონის ბედის გამო მწუხარებამ შეიპყრო ისინი.
მზე შუბის წვერზე გადაიხარა. დაისი იწყებოდა და კლდეებმაც თავიანთი ჩრდილი უკვე მოჰფინეს ველებს. ამ დროს არგონავტებმა ქვიშაზე სქლად დააფინეს ფოთლები და ჩამწკრივებულად წამოწვნენ ზღვის მორუხისფერო ნაპირზე. მათ წინ ეწყო უამრავი საჭმელი და საამო ღვინო, რომელსაც მერიქიფენი თასებში ასხამდნენ. ჭაბუკები ერთმანეთს შორის ტკბილად მუსაიფობდნენ და საამურად ერთობოდნენ ლხინით. გაუმაძღარი ზვიადობა შორს იყო მათგან, მაგრამ იაზონს ამ დროს თვალები ძირს დაეხარა, შეწუხებულიყო და თავისათვის მღელვარებით ფიქრობდა რაღაცას. არენელმა ამაყმა იდასმა შენიშნა ეს და მძლავრი ხმით თავხედურად უთხრა: „რა ჩაგიხვევია გულში, ეზონიდო? გვითხარი ჩვენც, რა განგიზრახავს! იქნებ ზარდამცემმა შიშმა შეგიპყრო, ლაჩარ კაცთ რომ აძრწოლებს ხოლმე? დაე, მოწმე იყოს ეს განმგმირავი შუბი, რომლის წყალობითაც სხვებზე მეტად ვიხ ვეჭ სახელს ბრძოლებში, სადაც ზევსი არ მეხმარება იმდენს, რამდენსაც იგი, რომ, თუ იდასი გვერდით გეყოლება, ვერც საშიშარი განსაცდელი დაგაკლებს რამეს და ვერც უსაზღვრო ბრძოლა, თუნდაც ღმერთმა შემოგიტიოს. აი, როგორი შემწე მიგყავს შენ არენედან!“ სთქვა თუ არა ეს იდასმა, ორივე ხელი სტაცა სავსე ფიალას და დალია წმინდა, საამო ღვინო, რომელმაც ბაგეები და შავი წვერები დაუსველა. აღშფოთებით შესძახეს მას ვაჟკაცებმა; მისანმა იდმონმა კი უკმეხად უთხრა: „უბედურო, რა შემაძრწუნებელი აზრები მოგსვლია თავში! ნუთუ შენივე დაღუპვისათვის გაგიბერა ეგ თავხედი გული მკერდში მაგ წმინდა ღვინომ და აგაქეზა ღმერთთა საგმობლად? სულ სხვაა სანუგეშო სიტყვები, რომლითაც კაცი მეგობარს გაამხნევებს. შენ კი ყოველგვარი უწმინდურება წარმოსთქვი! ამბობენ, რომ ალოევსის ვაჟებმა, რომელთაც შენ ოდნავადაც ვერ გაუთანაბრდები მამაცობაში, ოდესღაც შენსავით ილაყბეს ნეტარ ღმერთებზე და თუმცა ძალზე მარდები იყვნენ, მაინც იქმნენ მოსპობილნი აპოლონის სწრაფი ისრებით.28 ასე სთქვა იდმონმა. აფარევსის ძემ – იდასმა მძლავრად გადაიხარხარა, მისანს თვალი ჩაუკრა და დამცინავი სიტყვებით მიუგო: „მოდი და ახლა შენი წინასწარმეტყველებით მითხარი, თუ მეც ისეთსავე განსაცდელს მომიმზადებენ ღმერთები, როგორიც მამაშენმა – აპოლონმა არგუნა ალოევსის ძეებს. მაგრამ ვნახოთ, როგორ დაუსხლტება ჩემს ხელებს უვნებლად, თუ შენი მისნობა ყალბი გამოდგება!“ იდასს რისხვა შემოენთო და მათი დავა კიდევ გაგრძელდებოდა, რომ მოდავენი მეგობრებს და თვითონ იაზონს არ დაეტუქსათ და არ დაეშოშმინებინათ.
ამასობაში ორფევსმა მარცხენა ხელში სიმებიანი საკრავი კითარა დაიკავა და ღვთაებრივი სიმღერა წამოიწყო. მღეროდა იგი, თუ ოდესღაც ერთმანეთში აღრეული დედამიწა, ზეცა და ზღვა როგორ გამოიყვნენ ცალ-ცალკე ყოვლისშემძლე უთანხმოებით; თუ როგორა აქვთ ეთერში მარად მყარი ადგილი მიჩენილი ვარსკვლავთ, მთვარესა და მზის სავალ გზას; თუ როგორ აღმოიზნიქნენ მთები, როგორ იშვნენ ხმაურა მდინარეები თავისი ნიმფებით და ყველა ცხოველნი. მღეროდა იგი, თუ პირველად როგორ ეპყრათ თოვლიანი ოლიმპოს ძალაუფლება ოკეანეს შვილებს – ოფიონსა და ევრინომეს; ხოლო შემდეგ როგორ დაუთმო დაძლეულმა ოფიონმა ეს პატივი კრონოსს, ევრინომემ კი – რეას და თვით კი ვით ჩაცვივდნენ ოკეანეს ტალღებში; თუ როგორ მბრძანებლობდნენ შემდეგ კრონოსი და რეა ნეტარ ღმერთებზე – ტიტანებზე, სანამ ზევსი ჯერ კიდევ პაწაწა და ნორჩი გონების მქონე დიქტეს მღვიმეში ცხოვრობდა. იგი ჯერ კიდევ არ ჰყავდათ შეიარაღებული მკერდფართო გეას შვილებს – კიკლოპებს მეხით, ქუხილით და ელვით, რომელთაც ზევსისთვის დიდება მოაქვთ.29 ორფევსმა უკანასკნელად ჩამოჰკრა კითარას და ღვთაებრივი სიმღერაც შესწყვიტა, მაგრამ მოხიბლულ მსმენელებს ისეთი ჯადო დაუტოვა ორფევსის სიმღერამ, რომ ისინი კვლავ სმენად იყვნენ გადაქცეულნი და თავები გაუმაძღრად გამოეშვირათ წინ.
მალე ღამეც ჩამოწვა. არგონავტებმა საპკურებელი შეურიეს, ცეცხლზე მდებარე მსხვერპლთ, მათი წესისამებრ, ენაზე მოასხურეს და ძილს მისცეს თავი.
როცა მბრწყინავმა განთიადის ქალღმერთმა ეოსმა ნათელი თვალებით პელიონის მაღალი მწვერვალები იხილა და მსუბუქმა ქარმა ზღვაზე წყნარად აამოძრავა ტალღები, მაშინ გაიღვიძა მესაჭე ტიფისმა და ვაჟკაცებს უბრძანა ხომალდზე ასულიყვნენ და ხოფები მოემარჯვებინათ. უეცრად საზარლად დაიყვირა ხომალდმა არგომ, ზღვაში გასვლას რომ ისწრაფოდა და მას აფრის ნავსაყუდარმაც გამოსცა ხმა. ხომალდის ქედში ღვთაებრივი ხის მორი იყო ჩაჭდობილი, რომელიც ქალღმერთმა ათენამ გამოთალა დოდონეს (ადგილი ეპირში) მუხისაგან. გაიგონეს თუ არა ეს, არგონავტები ერდოზე ავიდნენ რიგრიგობით ერთი მეორის შემდეგ და წილით ნახვედრ ადგილებზე წესიერად განლაგდნენ; თავთავიანთი იარაღებიც იქვე დაიწყვეს და ხოფებიც მოიმარჯვეს. სანიჩბე ძელის შუაში ტეგეელი ანკევსი და მძლე ჰერაკლე დასხდნენ. ჰერაკლეს გვერდზე კომბალი იდო, ხოლო მის ფერხთა ქვეშ ხომალდის ფსკერი იზნიქებოდა. ჩქარა ბაგირებიც ამოზიდეს და ვაჟკაცებმა ზღვას ღვინოც მოასხურეს; იაზონმა კი ცრემლით აღსავსე თვალები სამშობლო მიწას მოაცილა. როგორც აპოლონ-ფებესათვის გუნდისმომწყობი ჭაბუკები პითონში თუ ორტიგიაში ან ისმენეს ნაპირებზე, საკურთხევლის ირგვლივ ფორმინგზე აყოლებით ერთად და აზომილად აბაკუნებენ მიწაზე მარდ ფეხებს, ისე ორფევსის კითარაზე აყოლებით ურტყამდნენ არგონავტები ხოფებს ზღვის ფიცხ წყალს და ხმაურა ტალღებიც ღელდებოდნენ. მუქი ზღვა შემაძრწუნებლად ღმუოდა და მძლე ვაჟკაცთა დარტყმის წყალობით ხომალდის ირგვლივ ქაფს ანთხევდა. მზის სხივებზე ხომალდის მოწყობილობა ალის მსგავსად ლაპლაპებდა. ხომალდი წინ მიისწრაფოდა და უკან თეთრსა და გრძელ კვალს ტოვებდა, მწვანითმოსილ მდელოზე გატკეპნილ ბილიკს რომ ჰგავდა. იმ დღეს ყველა ღმერთები დასცქეროდნენ ზეციდან ზღვის ტალღებზე ლაღად მიმცურავ ხომალდს და ნახევრადღვთაებრივ მძლე გმირებს. პელიონის ნიმფები მაღალ მწვერვალებიდან გაკვირვებით უჭვრეტდნენ იტონიდ30 ათენას ნახელავ ხომალდს და გმირ ვაჟკაცებს, მძლავრად რომ ამოძრავებდნენ ხოფებს. მთის მწვერვალიდან ზღვის ნაპირზე ჩამოვიდა ოკეანეს ასულის ფილირეს ნაშიერი კენტავრი ქირონი; ზღვაში ფეხი შესდგა, მძიმე ხელს დიდხანს უქნევდა მიმავალ გმირებს და თან მათი ბედნიერად დაბრუნებისათვის ლოცულობდა. ქირონს მისი მეუღლე ქარიკლოც ჩამოჰყვა. მას მკლავებზე მოჰყავდა პაწაწა პელიდი აქილევსი (ტროას ომის გმირი) და ხომალდისაკენ მის საყვარელ მამას – პელევსს უშვერდა.
როცა არგონავტებმა პაგასის ნავსადგურის მრგვალი ნაპირი დატოვეს გამჭრიახი აგნიადის ტიფისის სიბრძნისა და მოხერხებულობის წყალობით, რომელსაც ოსტატურად ეპყრა ხელთ გაპრიალებული საჭე, ხომალდი რომ ემართა მტკიცედ, მაშინ განივძელზე დიდი ანძა აღმართეს და ორივე მხრივ დაჭიმული ბაგირებით დაამაგრეს; მერე იალქნებიც გაშალეს და მათი ბაგირებიც პრიალა ბალთებით მიაკრეს ერდოს. გაშლილ იალქნებს მყისვე ეცა ზუზუნით ზურგის ქარი და არგონავტებმა მშვიდობიანად ჩაუცურეს ტისეეს გრძელ კონცხს. ამ დროს ეაგრეს დიდებული ვაჟი ორფევსი თავის მეგობრებს ფორმინგის ჟღერით ატკბობდა და ნაზი სიმღერით ადიდებდა ზევსის ბრწყინვალე ასულს ხომალდთამფარველ ქალღმერთ არტემიდეს,31 რომელიც ხშირად დასცქეროდა ხოლმე ამ ადგილებს და იოლკოსის მხარესაც მფარველობდა. ორფევსის ნარნარი ხმით მოხიბლული დიდი და პატარა თევზები ერთად ამოვიდნენ ზღვის სიღრმიდან და ტალღების ზედაპირზე ისე ხტუნაობით მისდევდნენ ხომალდს, ვით მწუხრის ჟამს საძოვარიდან ფარეხისაკენ მიმავალი გამაძღარი ცხვრის ფარა მისდევს ხოლმე მწყემსს, წკრიალა სალამურზე რომ ტკბილად უკრავს მწყემსურ სიმღერებს.
არგონავტების თვალთაგან უკვე მიეფარა პელაზგთა ნოყიერი მიწა.32 ვაჟკაცები განუწყვეტლივ მიისწრაფოდნენ წინ და ჩქარა. პელიონის კლდეებიც მოიტოვეს უკან. გაჰქრა სეპიას კონცხიც და შორიდან გამოჩნდა კუნძული სკიათე, ქალაქი პირესია, მაგნეზიის წყნარი ნაპირები და დოლოპის საფლავი.33 საღამო ჟამს საპირისპირო ქარმა დაჰქროლა და არგონავტები აიძულა ნაპირზე მიცურებულიყვნენ. გმირები დოლოპის საფლავთან მივიდნენ, მიცვალებულ ვაჟკაცს პატივი სცეს და ღამის წყვდიადში მისი სულის მოსახსენებლად ცხვარი შესწირეს მსხვერპლად. ვინაიდან ზღვა საშიშრად აღელდა, არგონავტები ორი დღე დაყოვნდნენ ამ ნაპირზე, ხოლო მესამე დღეს კი იალქანი გაშალეს და ხომალდი ზღვის სივრცეში შეაცურეს. ამ ნაპირს ჯერ კიდევ ხომალდ არგოს აფეტებს34 უწოდებენ.
აქედან გამგზავრებულმა არგონავტებმა სწრაფად ჩაურბინეს მაგნეზიის ქალაქ მელიხეას ქარით წალეკილ ნაპირებს; დილით ადრე კი თესალიის ზღვისპირა ქალაქ ჰომოლეს ჩაუცურეს, ახლოს რომ სჭვრეტდნენ ზღვაზე დაყრდნობილს. ჩქარა მდინარე ამირეს შესართავიც გადალახეს ვაჟკაცებმა და აქედან ქალაქი ევრიმენე, თესალიის მთების ოსადასა და ოლიმპოს წალეკილი ხეობები დაინახეს. ხომალდი მთელი დღის განმავლობაში მიცურავდა წინ. ზურგის ქარი საამურად უბერავდა და მოლაშქრეებმა ღამით პალენეს35 ფერდობები და კანასტრაიონის კონცხი მოიტოვეს უკან. განთიადზე მათ თვალწინ თრაკიის მთა ათონი აღიმართა. ათონის მთა ისეთი მანძილითაა მოშორებული კუნძულ ლემნოსს, რომელსაც შუადღემდე გაივლის მძლავრი ხომალდი. ეს მთა თავისი მწვერვალით ჩრდილს აფენს ლემნოსის ნაწილს ვიდრე მირინემდე. ძლიერი ზურგის ქარი კვლავ საამოდ ჰქროდა და იალქნებს ჰბერავდა. როცა მზემ თავისი სხივები აღმოაბრწყინა, ქარი ჩადგა. ახლა კი ხოფებს დააწვნენ არგონავტები და კლდოვან სინტეიდურ ლემნოსს მიადგნენ.36
ლემნოსზე, რომელსაც დედოფალი ჰიფსიპილე მართავდა, გასულ წელს განრისხებულმა ქალებმა უწყალოდ ამოხოცეს ყველა მამაკაცი. ლემნოსელ ქალებზე განრისხებული იყო ქალღმერთი აფროდიტე, რომლისათვისაც კარგა ხანია საჩუქრები არ მიურთმევიათ. კიპრიდამ (აფროდიტე) შეაზიზღა ლემნოსელ მამაკაცებს კანონიერი ცოლები. ისინი გადაემტერნენ ლემნოსელ ქალებს; დაარბიეს ამ კუნძულის პირდაპირ მდებარე თრაკია, მოიყვანეს იქედან თრაკიელი ტყვექალები და მათთან გააბეს მხურვალე სიყვარული. რას არ იქმს საზარელი და გაუმაძღარი ეჭვი! ლემნოსელმა ქალებმა ერთ ღამეს ამოხოცეს არა მარტო საკუთარი ქმრები და მათი ხასები, არამედ მთელი მამათა სქესი, რათა არავითარი სამაგიერო არ ვზღოთ მომავალში ამ უწყალო მკვლელობისათვის. ერთადერთმა ჰიფსიპილემ შეიბრალა მოხუცი მამა – ლემნოსელთა მეფე თოანტი; ამოღარულ კიდობანში ჩასვა იგი და ზღვას მიანდო, იქნებ გადარჩესო. მეთევზეებმა შეამჩნიეს ეს კიდობანი ზღვაში და თოანტი გამოიყვანეს კუნძულ ენოაზე, რომელსაც შემდეგში სიკინე (ერთ-ერთი კიკლადთაგანი) ეწოდა სიკინესაგან, რომელიც თოანტს უშვა, შეუღლების შემდეგ, ნეიადმა ნიმფამ ენოამ.
უმამაკაცებოდ დარჩენილმა ლემნოსელმა ქალებმა გადაუხვიეს ქალღმერთ ათენას მიერ დედათა სქესისათვის დადგენილ საქმეს, რომლითაც წინათ იყვნენ განუწყვეტლივ გართულნი და სულ ადვილად მიეჩვივნენ ნახირის მოვლას, სპილენძის იარაღის ასხმას, როცა ეს საჭირო იყო, და პურის მომცემ ხოდაბუნებსაც ხნავდნენ. მიუხედავად ასეთი სიმარჯვისა, ისინი შიშით გასცქეროდნენ ხოლმე ხშირად ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს, თრაკიელი მამაკაცები ხომ არ მოდიანო. ამიტომ, როცა კუნძულისაკენ მომავალი ხომალდი არგო დაინახეს, მყისვე აისხეს საომარი იარაღი და უმი ხორცის მჭამელი თიიადების37 მსგავსი ლემნოსელი ქალები ქალაქ მირინეს38 ჭიშკრიდან ჯგროდ ჩამოცვივდნენ ზღვის ნაპირზე, ეგონათ, თრაკიელები მოვიდნენო. თოანტის ასულმა ჰიფსიპილემაც აისხა მამის იარაღი და შიშით შეპყრობილ და დამუნჯებულ ქალებს წინ გაუძღვა.
ამასობაში არგონავტებმა ხომალდიდან გააგზავნეს კუნძულზე მარდი მაცნე ეთალიდე, რომელსაც ქალებთან ელჩობა და მისივე მამის ჰერმესის კვერთხი მიანდეს. ჰერმესმა თავის ამ შვილს წარუხოცელი მეხსიერება მიანიჭა. ეს ნიჭი მაშინაც კი არ წართმევია ეთალიდეს, როცა საიქიოს მდინარე აქერონის საზარელ მორევში ჩაეშვა იგი. ეთალიდეს ბედით უწერია, რომ მარად იმყოფებოდეს, მონაცვლეობით, ხან სულთა სამეფოში და ხან მზის სხივთა ქვეშ მცხოვრებ ადამიანთა შორის. აბა, მეტი რაღა უნდა მოვყვე მე ეთალიდეს შესახებ? მივიდა იგი ჰიფსიპილესთან და ტკბილი სიტყვებით სთხოვა, მიეღო კუნ ძულზე მას არგონავტები, რათა ღამე აქ გაეთიათ, ვინაიდან ზღვაზე ბორეასი ჰქროდა და ხომალდს წინ წასვლის საშუალებას არ აძლევდა.
ჰიფსიპილემ სასწრაფოდ მოიწვია ლემნოსელი ქალები ქალაქის მოედანზე და როცა ყველანი შეიკრიბნენ, მათ ასე მიმართა: „ჩემო მეგობრებო, მოდით და საპატიო საჩუქრები გავუგზავნოთ ვაჟკაცებს; ისეთი საჩუქრები, რაც ხომალდის მპყრობელთ შეეფერება; მივუძღვნათ მათ სურსათი და ტკბილი ღვინო, რაიც ალბათ სჭირდებათ; ქალაქში კი ნუ შემოუშვებთ მათ; დაე, ქალაქის ზღუდეებს გარეთ შეისვენონ. ისინი რომ აქ მოვიდნენ სურსათის საძებრად, ხომ ყველაფერს გაიგებენ? ჩვენ ხომ დიდი ცოდვა გვაქვს ჩადენილი; მყისვე დაირხევა ხმა ჩვენი ბოროტმოქმედების შესახებ და თუ მათ ეს გაიგეს, სრულიადაც არ ესიამოვნებათ. ასეთია ჩემი განზრახვა, ხოლო თუ ვინმე თქვენგანს უკეთესი რამ შეუძლია თქვას, დაე, წამოდგეს და განაცხადოს! ამისათვის მოგიწვიეთ ხომ აქ“. ასე სთქვა ჰისფსიპილემ და თავისი მამის ქვის სავარძელში ჩაჯდა. შემდეგ ჰიფსიპილეს საყვარელი ძიძა, მოხუცი პოლუქსო წამოდგა სალაპარაკოდ; უღონო ფეხებზე ძლივს დგებოდა და ჯოხს ეყრდნობოდა. მის გარშემო ოთხი ქერათმიანი ხელუხლებელი ქალწული ჩამოჯდა; პოლუქსო მოედნის შუაგულში ჩადგა, კუზიანმა მოხუცმა კისერი ძლივს ასწია და ასე სთქვა: „გავუგზავნოთ უცხოელებს საჩუქრები, როგორც ჰიფსიპილეს სურს. ეს კარგია, მაგრამ, ერთი მითხარით, როგორ დაიცავთ თქვენს სიცოცხლეს, თუ თავს დაგესხათ თრაკიელთა ან სხვა რომელიმე მტრის ჯარი? ხომ შეიძლება ამ ლაშქარივით მოულოდნელად მტერი გვეწვიოს? განა ეს ხშირად არ ხდება? ვთქვათ და, ნეტარ ღმერთთაგან ვინმემ ეს საფრთხე თავიდან აგაცილათ, განა მომავალში მტრის თავდასხმაზე უფრო საზარელი და ურიცხვი ტანჯვა არ მოგელით? როცა ლემნოსელ მოხუც ქალებს სიკვდილი გაიტაცებს და თქვენ, ახალგაზრდები, უქმარშვილოდ ზარდამცემ სიბერეს მიაღწევთ, მაშინ როგორღა იცხოვრებთ, უბედურნო! განა თავისთავად შეებმიან გუთანში ხარები, თავისთავად გააპობენ მიწას და წლის დასასრულს ყანას მოგიმკიან? რაც შემეხება მე, როგორც ხედავთ, ყოვლისშემძლე კერებმა95 დღემდე მომიყვანეს და ვგონებ, აწ კი, ჩქარა მივიღებ წესისამებრ სამარხ პატივს და მიწას ვესტუმრები, სანამ ეს საზარელი დღე დადგებოდეს. ახალგაზრდებო, გირჩევთ, კარგად მოიფიქროთ ეს ყველაფერი! ბედი, ხომ ხედავთ, თქვენ ხელთ არის, თუ ამ უცხოელებს მიანდობთ თქვენს სახლ-კარს, თქვენს ყოველივე სიკეთეს და ბრწყინვალე ქალაქზე მზრუნველობას!“ სიხარულის კიჟინი მორთეს ქალებმა, ისე მოეწონათ პოლუქსოს სიტყვა. მყისვე წამოდგა სავარძლიდან ჰიფსიპილე. „რაკიღა ყველას მოგეწონათ პოლუქსოს აზრი, – მიმართა მან ქალებს, – ახლავე გავაგზავნი ჩემს მაცნეს ხომალდისაკენ“, და იქვე მყოფ შიკრიკს – იფინოეს შეესიტყვა: „გასწი, იფინოე, ლაშქრის წინამძღოლთან და გადაეცი, მოვიდეს ჩემს სასახლეში, რათა შევატყობინოთ ჩვენი ქალების საამური გადაწყვეტილება. დანარჩენებსაც სთხოვე, თუ კი მოისურვებენ, უშიშრად და მშვიდობიანად შემოვიდნენ ქალაქში!“ ჰიფსიპილემ კრება დაშალა, სავარძელი დატოვა და სასახლისაკენ გაემართა. იფინოე კი მინიადებთან39 მივიდა. არგონავტები გარს შემოერტყნენ მას და ჰკითხეს მოსვლის მიზეზი. იფინოემ მათ სხაპასხუპით მიუგო: „თოანტის ასულმა ჰიფსიპილემ გამომაგზავნა, რათა მასთან მივიპატიჟო, ხომალდის წინამძღოლი ვინც არის. მას ჰიფსიპილემ უნდა გადასცეს თავისი ხალხის საამური გადაწყვეტილება და დანარჩენებსაც გთხოვათ, თუ კი მოისურვებთ, უშიშრად და მშვიდობიანად შემოხვიდეთ ქალაქში!“ აღტაცებით მიეგებნენ ვაჟკაცები იფინოეს ტკბილ მიპატიჟებას და იფიქრეს, ლემნოსის მეფე თოანტი გარდაცვლილა და მის მაგიერობას თოანტის ერთადერთი ასული ჰიფსიპილე, ეწევაო. მყისვე დაიყოლიეს იაზონი დედოფალთან წასვლაზე და თვითონაც მოემზადნენ.
იაზონმა მხრებზე ტრიტონიდი ქალღმერთის ათენას ნახელავი მეწამული ორმაგი საბურავი წამოისხა და ბალთებით შეიკრა. ეს მოსასხამი მას ათენა-პალადამ (ეპითეტი) უბოძა, როცა ქალღმერთი ხომალდ არგოს უგებდა იაზონს. აღმომავალ მზეს უფრო ადვილად გაუშტერებდი კაცი თვალს, ვიდრე ამ მოსასხამის ბრწყინვალებას. ფონი მას წითელი ჰქონდა, ძოწეულისფრად შემოელებულ კიდეებზე კი დიდი ხელოვნებით იყო გამოსახული სხვადასხვა სურათი. ერთ ადგილას ამოქარგული იყო ის, თუ როგორ აკეთებდნენ კიკლოპები ღვთაებრივ საქმეს, ყოვლისშემძლე ზევსს რომ მეხს უმზადებდნენ. თვალისმომჭრელი მეხი უკვე მზად იყო. ერთი სხივი აკლდა მხოლოდ და ციკლოპები40 იმასაც სჭედდნენ რკინის უროებით მოგიზგიზე ცეცხლის ელვარე ალში. შემდეგ გამოსახული იყო აზოპეს ასულის ანტიოპეს ორი ვაჟი, ამფიონი და ძეთე. მათ წინ ჯერ კიდევ კედელგაუმაგრებელი ქალაქი თებე აღმართულიყო. ძმები საძირკველს უყრიდნენ კედელს. ძეთეს მხრებით მოჰქონდა ცაში აზიდული მთის მწვერვალის მსგავსი ლოდი და მისი სიმძიმის ქვეშ იზნიქებოდა, მას ამფიონი მოჰყვებოდა უკან, ოქროს ფორმინგს აწკრიალებდა და მის ჟღერას ძეთეს ლოდზე ორგზის დიდი კლდე მოსდევდა. ამის მიყოლებით ამოქარგული იყო სქელკულულება კითერია (ანუ აფროდიტე). მას ხელთ არესის (ომის ღმერთი) მსუბუქი ფარი ეპყრა. ქალღმერთს ქიტონის (წამოსასხამი) ბალთა გახსნილი ჰქონდა, მარცხენა იდაყვი და ძუძუ გამოსჩენოდა და ძუძუს გამოსახულება ფარზეც იყო აღბეჭდილი. შემდეგ გამოსახული იყო მწვანითმოსილი საძოვარი. ელექტრიონის შვილები ამ მდელოზე გააფთრებით იგერიებდნენ ნახირის გასატაცებლად მოსულ ტაფიელ ტელებოებს. ცვარიანი მდელო მათი სისხლით ირწყვებოდა, მაგრამ დასძლიეს ავაზაკებმა მცირერიცხოვანი მწყემსები. მერე ორი საბრძოლო ეტლი იყო მოსასხამზე ამოქარგული. ეტლები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სისწრაფეში. ერთზე პელოფსი იჯდა და ხელთ აღვირი ეპყრა. გვერდით მას ჰიპოდამია მოესვა. პელოფსის ეტლის უკან მირტილე მოაჭენებდა ცხენებს და ლამობდა პელოფსს დასწეოდა. მირტილეს ეტლზე ენომაოსი იდგა, ხელში შუბი შეემართა და პელოფსის ზურგის განგმირვას ცდილობდა. მაგრამ აი, ეტლს ღერძი გაუტყდა და ენომაოსი მიწას დაენარცხა.41 ამის შემდეგ გამოსახული იყო. აპოლონფებე, ჯერ კიდევ ყრმა. იგი ისარს გაბედულად ესროდა გოლიათ ტიტიოსს, რომელიც აპოლონის დედას მოსასხამში ჩასჭიდებოდა და მიათრევდა. ეს ტიტიოსი ღვთაებრივმა ელარემ შვა, ხოლო შემდეგში გეამ გამოჰკვება და ხელახლა წარმოშვა. დასასრულ, იაზონის მოსასხამზე მინიადი ფრიქსე იყო გამოსახული. იგი სმენად გადაქცეულიყო და ვერძს შესცქეროდა, რომელიც თითქოს სალაპარაკოდ ემზადებოდა. ამას რომ შეხედავდი კაცი, განცვიფრდებოდი და იმ იმედით, რომ ვერძისაგან მართლაც მოისმენდი რამეს, დიდხანს დაუწყებდი ამ სურათს ცქერას, მაგრამ მოტყუვდებოდი.
აი, ასეთი იყო ქალღმერთის – ტრიტონიდ ათენას საჩუქარი, იაზონს რომ ებოძა. მოსასხამით რომ მოირთო იაზონი, მერე შორსსასროლი შუბი დაიკავა მარჯვენა ხელში. ეს შუბი მას მენალიის მთაზე (არკადიაში) აჩუქა ქალწულმა ატალანტემ, როცა იაზონი სტუმრად ეწვია მას. ატალანტემ სიხარულით მიიღო მაშინ იაზონი და ძალზე სურდა მის ლაშქარს შეერთებოდა. იაზონი არ დათანხმდა ქალწულს; ეშინოდა მას, ქალწულის სიყვარულს შფოთი არ ჩამოეგდო ვაჟკაცებს შორის.
იაზონმა ხომალდი დატოვა და ქალაქ მირინესაკენ გაემართა იგი იმ ნათელ ვარსკვლავსა ჰგავდა, რომელსაც აღტაცებით შესცქერიან ხოლმე ქალწულები ცაზე ამოსვლის ჟამს, წყვდიად ეთერში ლამაზად მოციმციმე ვარსკვლავი კი მათ თვალებს აჯადოვებს. მისი დანახვით უცხო მხარეში მყოფ ჭაბუკზე მეოცნებე გოგონაც ხარობს და მოუთმენლად მოელის თავის გულის სწორს, მშობლებმა რომ გამოურჩიეს. როცა იაზონი ქალაქის ჭიშკარში შევიდა, უკან ქალები აედევნენ და სიხარულისაგან ჟრიამული ატეხეს, სასიამოვნო სტუმარი რომ დაინახეს. მან კი თვალები მიწაზე დაჰხარა ადა ჰიფსიპილეს სასახლისაკენ გაემართა პირდაპირ. მის დანახვაზე მსახურმა ქალებმა სასახლის ორგვერდა ფართო კარები გააღეს. იფინოემ იაზონი დედოფალის საწოლ ოთახში შეიყვანა და ქალბატონის წინ დასვა მდიდრულად მორთულ სავარძელზე. ჰიფსიპილემ თვალები ქვევით დაჰხარა, ქალწულს ლოყები გაუწითლდა, შერცხვა, მამაკაცი რომ დაინახა, და ალერსიანი სიტყვებით უთხრა მას: „სტუმარო, რატომ დააყოვნეთ ამდენი ხანი ქალაქის გარეთ? ჩვენი ქალაქი მამაკაცებით აღარაა დასახლებული. მათ მიატოვეს იგი და თრაკიის ნოყიერ ხოდაბუნებს ხნავენ ახლა. მე ყველაფერს მოგიყვებით, რა უბედურებაც გარდაგვხდა თავს, რათა თქვენც კარგად იცოდეთ ეს. როცა ლემნოსელებზე მამაჩემი თოანტი მეფობდა, მაშინ აქაური მამაკაცები ხომალდებით თრაკიაში მიდიოდნენ, თრაკიელები ხომ ჩვენს პირდაპირ ცხოვრობენ, არბევდნენ მათ სანაპიროებს და იქედან საქონელიც მორეკეს ერთხელ და მრავალი ტყვექალიც მოიყვანეს. საშიში ქალღმერთის – კიპრიდას განზრახვა სრულდებოდა. მან ხომ თვალბედითი ბოროტება შთააგონა მამაკაცებს! მათ ზურგი აქციეს კანონიერ ცოლებს და გონებაარეულებმა სახლებიდან გააძევეს ისინი. შუბით მოპოვებულ ტყვექალებს მიუწვნენ თავხედები! დიდხანს ვითმენდით ამას, იქნებ კვლავ მოიკრიფონთქო გონება მამაკაცებმა, მაგრამ ამაოდ. ეს საზიზღარი ბოროტება ორმაგად იზრდებოდა. შეიზიზღეს ვერაგებმა სახლში კანონიერად შობილი შვილები; გაჩნდა ნაბუშართა თაობა; გაუთხოვარი გოგონები და ქვრივი ქალებიც კი ურცხვად დაყიალობდნენ ქალაქში; მამა ოდნავადაც არ ზრუნავდა თავის ქალიშვილზე, თუნდაც საკუთარი თვალებით დაენახა იგი დაუნდობელი დედინაცვლის ხელით ნაწამები; შვილები უწინდებურად აღარ იცავდნენ დედის პატიოსნებას; ძმები გულგრილად შესცქეროდნენ საკუთარი დის ღირსებას; მხოლოდ ტყვექალებს ჰქონდათ მინიჭებული პატივი ყეელგან: სახლში, შეკრებულობაში, დღესასწაულსა და ლხინში. ბოლოს, რომელიღაც ღმერთმა გამბედაობა ჩაგვინერგა გულში და გადავწყვიტეთ, ჩვეულებისამებრ თრაკიაში წასული მამაკაცები ქალაქში აღარ შემოგვეშვა, რათა ან გონებაზე მოსულიყვნენ და პატივით მოგვპყრობოდნენ, ან არა და, თავიანთ ხასებთან ერთად აქედან გაგვცლოდნენ და სხვაგან წასულიყვნენ. მამაკაცებმა ეს უკანასკნელი აირჩიეს, მოითხოვეს ქალაქის მამრობითი სქესის ბავშვები და უკან დაბრუნდნენ. ისინი ახლა თრაკიის თოვლიან ხოდაბუნებში ცხოვრობენ. ვინაიდან ჩვენ მამაკაცები აღარა გვყავს, გთხოვთ, აქაური მცხოვრებლები გახდეთ. დარჩით აქ, თუ თქვენც გსურთ და მოგწონთ აქაურობა. შემდეგში კი, რა თქმა უნდა, მამაჩემის, თოანტის პატივიც მოგენიჭებათ. მე მგონია, რომ თქვენ ვერ დაიწუნებთ ლემნოსის მხარეს. ეგეოსის ზღვის კუნძულთა შორის იგი ყველაზე უფრო მდიდარი და ნოყიერია. ახლა კი, წადით თქვენს ხომალდზე და უამბეთ მეგობრებს, რაც გითხარით. ოღონდ, ქალაქში ჩქარა დაბრუნდით!“ ასე სთქვა ლემნოსის დედოფალმა, მამაკაცების დახოცვის ამბავი რომ დაუმალა იაზონს. არგონავტების წინამძღოლმა კი მას ასე მიუგო: „ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ, დედოფალო, თქვენს გულწრფელ დახმარებას. მე დაწვრილებით ვუამბობ ჩემს მეგობრებს ყველაფერს და კვლავ ქალაქში დავბრუნდები. რაც შეეხება ამ კუნძულზე მბრძანებლობას, იგი თქვენ ხელთ დარჩება. მე მას ზიზღით კი არ უარვყოფ, არამედ ამის საშუალება არა მაქვს. მე ხომ განსაცდელით აღსავსე დავალება მაწევს კისერზე!“ ასე უთხრა იაზონმა ჰიფსიპილეს და მის მარჯვენა ხელს შეეხო ნაზად. მერე კი გამობრუნდა და ხომალდისაკენ გაემართა. ლემნოსელმა ცქრიალა ქალიშვილებმა ქალაქის ჭიშკრამდე გააცილეს იგი. თითონ კი მალთვლებიან ეტლებში ჩასხდნენ შემდეგ და ზღვის ნაპირისაკენ გაჰქანდნენ. თან უამრავი საჩუქარი მიჰქონდათ ვაჟკაცებისათვის. იაზონმა დალაგებით უამბო არგონავტებს ჰიფსიპილესაგან მონასმენი. მალე ლემნოსელი ქალიშვილებიც მოვიდნენ ეტლებით აქ და ვაჟკაცები ქალაქში მიიპატიჟეს. ისინი სიამოვნებით დათანხმდნენ მათ. ქალღმერთმა კიპრიდამ ტკბილი სიყვარული შთაუნერგა გმირებს მრავალგონიერი ჰეფესტოს ხათრით. ჰეფესტოს სურდა ეს წმინდა ლემნოსი კვლავ დასახლებულიყო მამაკაცებით.42 იაზონი კვლავ გაემართა ჰიფსიპილეს სასახლისაკენ და სხვა ვაჟკაცებიც მიჰყვნენ წინამძღოლს. სახელოვანთა ჰერაკლემ კი უარი სთქვა ქალაქში წასვლაზე და ზოგიერთ ვაჟკაცთან ერთად ხომალდთან დარჩა.
კუნძულ ლემნოსის ქალაქი მირინე სურნელოვანი ბოლით გაივსო. ყველგან ჩაიბა ფერხული და ლხინი გაიმართა. ქალაქი სიხარულს მიეცა. ლემნოსელი ქალები და გმირი არგონავტები ყველა ღმერთებზე უპირატესად ჰერას სახელოვან ძესა (ჰეფესტო) და ქალღმერთ კიპრიდას ასხამდნენ ხოტბას სიმღერით და მსხვერპლსაც სწირავდნენ. ქალების მხურვალებამ დაავიწყა ვაჟკაცებს მათი მოწოდება და კვლავაც დიდხანს დარჩებოდნენ ამ კუნძულზე, ჰერაკლეს რომ არ შეეკრიბა ისინი ქალებისაგან მოშორებით და ასე არ გაეკიცხა: „უგნურნო განა ჩვენ მკვლელობისათვის ვართ სამშობლოდან გამოძევებულნი და ჩვენს ქალებს მონატრებულნი აქ სიყვარულს ვეძებთ? იქნებ გადასწყვიტეთ, აქ დავსახლდეთ და ლემნოსის ნოყიერი ხოდაბუნები ვაპოთ? უცხოელი ქალების ხვევნა-ალერსი ჩვენ დიდებას არ მოგვანიჭებს! განა რომელიმე ღმერთი მოიტაცებს თავისთავად სანუკვარ საწმისს და ჩვენ გვიბოძებს, მრავალგზისაც რომ შევევედროთ? არა, მეგობრებო, ახლავე დავბრუნდეთ ჩვენ-ჩვენს სახლებში! იაზონს კი ნება მიეცით, ჰიფსიპილეს სარეცელში მთელი დღეობით განისვენოს, სანამ ლემნოსს თავისი შვილებით არ გაამრავლებს და ამით სახელს არ მოიხვეჭს!“ მორცხვად უსმენდა გმირთა ლაშქარი ჰერაკლეს. არც ერთ მათგანს თვალებში არ შეუხედავს ძლევამოსილი გმირისათვის და არც შეკამათებია ვინმე. არგონავტები მყისვე მოემზადნენ გზის გასაგრძელებლად.
როგორც კი გაიგეს ლემნოსელმა ასულებმა არგონავტების განზრახვა, სწრაფად მოირბინეს ზღვისპირზე; ვით მაღალი კლდის ბუნებრივი ხვრელისაგან გამოფრენილი ფუტკრები შემოზუზუნებენ ხოლმე ცვარიან მდელოზე ლამაზ შროშანებს და მათ ტკბილ ნაყოფს სწუწნიან, ისე ლემნოსელები ეხვეოდნენ გარს ვაჟკაცებს, გულამოსკვნით ქვითინებდნენ და ნაზად ეთხოვებოდნენ თითოეულ მათგანს; თან კი ნეტარ ღმერთებს ემუდარებოდნენ, რომ ბედნიერად დაებრუნებინათ უკან არგონავტები. ჰიფსიპილეს იაზონის ხელი ეკავა ხელთ. ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა და სანუკვარ მიმავალ ვაჟკაცს ასე ეუბნებოდა: „რაკი გსურს აქედან წასვლა, დაე, წადი, ღმერთებიც დაგაბრუნებენ უვნებლად უკან შენი მეგობრებითურთ სანატრელი ოქროს საწმისით, მეფე პელიასს რომ უნდა მიართვა. ეს კუნძული და მამაჩემის სამეფო კვერთხი, თუკი ოდესმე მოისურვებ აქ დაბრუნებას, შენ გელოდება. ადვილად შესძლებ შენ სხვა მხარეებიდან აქ მრავალრიცხოვანი ხალხი შემოიკრიბო გარს. მაგრამ, არა, მე ვგრძნობ, რომ ეს ასე არ მოხდება; შენ არ გექნება ამის სურვილი. მე ამასა გთხოვ, ნუ დაივიწყებ ჰიფსიპილეს ნურც ლაშქრობის ჟამს და ნურც მაშინ, უკან რომ დაბრუნდები; მუდამ თანაბრად გახსოვდეს იგი. ახლა კი მითხარ, როგორ მოვიქცე, თუ ღმერთები შემეწევიან ჩვენი სიყვარულის ნაყოფის დაბადებაში?" აღტაცებულმა ეზონის ძემ მას ასე მიუგო: „ჰიფსიპილე, ნეტავი მართლაც შემეწეოდნენ ნეტარი ღმერთები ჩემი ლაშქრობის კეთილად დასრულებაში! შენ კი იცოდე, თუ ზეციური ძალები განსაცდელისაგან დამიხსნიან, მე ჩემს სამშობლოს არაფერზე არ გავცვლი, მრისხანე პელიასი თუ იქ ცხოვრების საშუალებას მომცემს. მაგრამ თუ მე აღარ მიწერია ელადას მიწაზე დაბრუნება, ეს თხოვნა შემისრულე: თუ ვაჟი შეგეძინოს, როცა წამოიზრდება, ჩემი უბედურების ნუგეშად გაუგზავნე იგი ჩემს მშობლებს პელაზგურ იოლკოსში, ცოცხლებს თუ მიუსწრო. ისინი მას თავის სახლში აღზრდიან უწყალო პელიასისაგან მოშორებით“. გამოეთხოვა თუ არა ჰიფსიპილეს, იაზონი ყველაზე უწინ ავიდა ხომალდზე. მას დანარჩენი ვაჟკაცებიც აჰყვნენ. გმირმა არგოსმა ზღვაში ჩაძირულ ლოდზე დამაგრებული ბაგირები ახსნა. არგონავტები სანიჩბეზე განლაგდნენ, გრძელი ხოფები ხელთ იპყრეს და მძლავრად სჭრიდნენ წყალს.
საღამოს, ორფევსის რჩევით, არგონავტები ატლანტის ასულის ელექტრას კუნძულს მიადგნენ, ნაპირზე გადავიდნენ და წმინდა საიდუმლოება აღასრულეს, რათა შემდეგში უშიშრად ეცურათ მრისხანე ზღვაზე. ამის შესახებ მე აღარაფერს არ ვიტყვი: დაე, იხაროს ამ კუნძულმა! იხაროს ამ საიდუმლოების აღსრულებაში წილნახვედრმა აქაურმა ღმერთებმა! ამ საიდუმლოების განცხადება წესი არ არის!43
მეორე დღეს მელასის უბეზე44 მიცურავდნენ არგონავტები; ერთის მხრივ თრაკია დაჰყურებდა მათ, მეორე მხრივ კი – კუნძული იმბროსი.45 მზის ჩასვლის ჟამს წაწვეტებულ ქერონესს46 მიადგნენ. ჩქარა სწრაფმა სამხრეთის ქარმა ნოსტოსმა დაჰქროლა; ვაჟკაცებმა იალქნები გაშალეს და ათამანტის ასულის მღელვარე სრუტეში ჰელესპონტის (დარდანელი) შეცურდნენ. ხომალდს მარჯვენა მხრიდან იდის მთაგრეხილი დასცქეროდა. საღამოს მოლაშქრეებმა რეტიონის ნაპირებს ჩაუცურეს; მერე დარდანია მოიტოვეს უკან და აბიდოსს მიადგნენ; ამათ შემდეგ აბარნიდის ქვიშოვან ნაპირს და ღვთაებრივ პიტიეას ჩაუცურეს. იმ ღამეს არგონავტებმა ბობოქარი ჰელესპონტი სრულად გაიარეს.
პროპონტიდაში (მარმარილოს ზღვა) არის ერთი მთაგორიანი ნახევარკუნძული47 მდინარე ეზეპეს48 მარჯვენა მხარეს. მცირე ფრიგიის ნოყიერი ხმელეთისაგან იგი იყოფა კლდოვანი ყელით, სადაც ხომალდი კარგ საყუდარს პოულობს ხოლმე. ამ ნახევარკუნძულს ახლომახლო მცხოვრებლები დათვების მთას ეძახიან. მასზე დედამიწის ქალღმერთ გეას შმაგი და ველური შვილები ცხოვრობენ. მათი დანახვაც კი ზარის მომგვრელია იქაურ მცხოვრებთათვის. თითოეულს ამ ურჩხულთაგანს ექვს-ექვსი ხელი აქვთ. ორი მძლავრ მხრებზე ჰკიდიათ, ხოლო ოთხი კი განიერ თეძოებზე აქვთ მიმაგრებული. ამ ნახევარკუნძულის კლდოვან ყელზე და მის პირდაპირ გადაშლილ ველზე დოლიონები ცხოვრობდნენ. მათზე მეფობდა ენეასის49 სახელოვანი ძე კიზიკოსი. იგი ღვთაებრივი ევსორეს50 ასულმა ენეტემ შვა. გეას თავზარდამცემი ძეები დოლიონებს ვერაფერს აკლებდნენ პოსეიდონის წყალობით, ვინაიდან დოლიონები პოსეიდონის ნაშიერნი იყვნენ. ამ ნახევარკუნძულის მარჯვედ მისადგომ ნავსაყუდარში შემოცურდა თრაკიის ქარების შემწეობით აჩქარებული ხომალდი არგო. არგონავტებმა მესაჭე ტიფისის წინადადებით ხომალდის საღუზე ბაგირს ღუზის სანაცვლო პატარა ქვა გამოხსნეს და არტაკიეს წყაროსთან დატოვეს; სამაგიეროდ უფრო დიდი და მძიმე ლოდი აიღეს, მათ მიერ აქ დატოვებული ეს პატარა წმინდა ქვა შემდეგში ნელეიდმა მცირე აზიელმა იონიელებმა იაზონის მფარველი ქალღმერთის ათენას ტაძარში მოათავსეს.
მეფე კიზიკოსი და მთელი მისი ქვეშევრდომი დოლიონები მეგობრულად მიეგებნენ არგონავტებს; ხოლო როცა გაიგეს, თუ რას წარმოადგენდა ეს ლაშქარი და ვინ იყვნენ წარმოშობით უცხოელი ვაჟკაცები, დოლიონებმა სთხოვეს მათ ხომალდი ამ საყუდარიდან გამოეყვანათ და ქალაქის ნავსადგურში ჩაეგდოთ ღუზა. არგონავტებმა აქ, ზღვისპირად, საკურთხეველი აუგეს ეკბასიოს აპოლონს51 და მსხვერპლის შეწირვისათვის მზადება დაიწყეს. მეფე კიზიკოსმა, ვინაიდან არგონავტებს მარაგი გამოლეული ჰქონდათ, მათ ტკბილი ღვინო და სამსხვერპლო ცხვრები მოჰგვარა. მას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა რომ, თუ ოდესმე გმირ ვაჟკაცთა ღვთაებრივი ლაშქარი ეწვეოდა, ალერსიანად მიეღო და მასთან ბრძოლა არ გაემართა. ახალგაზრდა მეფეს, იაზონის მსგავსად, ეხლახან ეკოკრებოდა წვერ-ულვაში; მამობა ჯერ კიდევ არ ხვედროდა წილად, ვინაიდან მის მეუღლეს, პერკოსიელი მეროპსის52 მშვენიერკულულებიან ასულ კლიტეს, ამ ცოტა ხნის წინათ რომ წამოიყვანა ბრწყინვალე გამოსასყიდის წყალობით თავისი სამეფოს მახლობელი ქვეყნიდან, ჯერ კიდევ არ განეცადა სამშობიარო ტკივილები. დედოფალმა კლიტემ საპატარძლო სარეცელი მიატოვა და მეუღლესთან ერთად ზღვისპირად გამართულ ნადიმს ესწრებოდა. არგონავტები და დოლიონები ტკბილად საუბრობდნენ ერთმანეთში. მეფე კიზიკოსმა არგონავტებისაგან შეიტყო მათი ნაოსნობის მიზანი და მეფე პელიასის დავალება. არგონავტებმა კი მისგან მოისმინეს, თუ რა უბეები გააჩნია თვალუწვდენ პროპონტიდას და რა ქალაქები აკრავს მის სამეფოს. მოლაშქრეებს კიდევ სურდათ სხვა რამეც შეეტყოთ კიზიკოსისაგან, მაგრამ მან ამაზე მეტი არაფერი იცოდა. დილით მოლაშქრეთა ნაწილმა დინდიმონის მთაზე53 დაიწყო ასვლა, რათა აქედან თვითონვე დაეზვერათ პროპონტიდის სრუტეები. ის გზა, რომლითაც ვაჟკაცები დინდიმონზე ადიოდნენ, იაზონის გზად იწოდება. დანარჩენმა არგონავტებმა ხომალდი ბუნებრივი საყუდარიდან გამოიყვანეს და ქალაქ კიზიკოის ნავსადგურში შეაცურეს. ამ დროს ქალღმერთ გეას გოლიათი ნაშიერები დინდიმონის მთის მეორე მხრიდან ჩამოცვივდნენ და ფართო ნავსადგურის შესავალს ვეებერთელა კლდის ნახეთქები დაუშინეს. ისინი ცდილობდნენ ისე შეეპყროთ ხომალდი, ვით ბუნაგში მყოფ მხეცებს იპყრობენ ხოლმე. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ვაჟკაცებთან ერთად აქ იყო ჰერაკლე. მან მყისვე დასჭიმა რკალივით მოღუნული მშვილდი და ერთიმეორეზე მიყოლებით დასცა მიწაზე გეას შვილები. გადარჩენილებმა ხელი სტაცეს კლდის ნახეთქები და ჰერაკლეს დააყარეს. გეას ეს საზარელი ურჩხული შვილები ხომ ზევსის მეუღლემ ჰერამ გამოზარდა ჰერაკლეს წინააღმდეგ საბრძოლველად!54 დინდიმონზე ამსვლელი მძლე ვაჟკაცები მთის მწვერვალს ჯერ კიდევ არ მოქცეოდნენ, როცა მათ გეას ნაშიერების ძალადობა შეამჩნიეს. ისინი სასწრაფოდ დაბრუნდნენ უკან და ურჩხულებს ისრები და შუბები დაუშინეს. ვაჟკაცებმა სულერთიანად ამოჟლიტეს გეას ძეები. ვით ცულით ახლად მოჭრილი გრძელი ხეები ყრია ხოლმე ზღვისპირზე, რათა ზღვის ტალღებმა კარგად გაჟღინთონ ისინი, ისე ეს ურჩხულები ეყარა ნავსადგურის მახლობლად. ზოგს ზღვაში ჰქონდა თავი და მკერდი ჩარგული, ფეხები კი ხმელეთზე გაეჭიმა; ზოგს კი, პირიქით, თავი ქვიშაში ჩაერგო, ფეხები კი წყალში ჩაეძირა. დახოცილი გოლიათების გვამები თევზებისა და ფრინველების ნადავლად იქცა.
გეას ძეების განადგურების შემდეგ ზურგის ქარმაც დაჰქროლა. არგონავტებმა ბაგირები ახსნეს და ხომალდი ზღვის ტალღებში შეაცურეს. მთელი დღის განმავლობაში წინ მიისწრაფოდა ხომალდი არგო; მაგრამ ღამით ამინდი შეიცვალა; საშინელი ქარიშხალი ამოვარდა და ხომალდი უკან დააბრუნა. არგონავტები კვლავ სტუმართმოყვარე დოლიონების მიწაზე გადავიდნენ. ის ლოდი, რომელსაც ვაჟკაცებმა ხომალდის ბაგირი მიაბეს, წმინდა ლოდად იწოდება. ვერც ერთი მოლაშქრე ვერ მიხვდა, რომ კვლავ დოლიონების ქვეყანაში იყვნენ; ვერც დოლიონებმა იცნეს ღამით უკანდაბრუნებული არგონავტები. მათ იფიქრეს, რომ მაკრიელ ვაჟკაცთა პელაზგური ლაშქარი მოგვადგაო. ამიტომ დოლიონებმა იარაღი აისხეს და მათ წინააღმდეგ ხელი გამოიღეს. ვით ცეცხლი მოედება ხოლმე ხმელ ბუჩქნარს, ისე მოედვნენ არგონავტები და დოლიონები ერთმანეთს. შუბებისა და ფარების ჟღარუნით ჰაერი ივსებოდა. ზარდამცემი უბედურება დაატყდა თავს დოლიონელ ხალხს! მეფე კიზიკოსს აღარ ეწერა, რომ ბედის უკუღმართობას გაქცეოდა, რომ დაბრუნებოდა თავის სასახლეს, საქორწინო ოთახსა და სარეცელს. ეზონის სახელოვანმა ძემ მომარჯვებული შუბი პირდაპირ გულში ახალა და მკერდი შეუნგრია. კიზიკოსი ზღვის ქვიშოვან ნაპირს დაენარცხა და ბედისწერა აღასრულა. მას ხომ ვერც ერთი მოკვდავი ვერ გაექცევა! გადაულახავ ზღუდესავითაა ბედისწერა ჩვენს წინ აღმართული! კიზიკოსს ეგონა, რაკი არგონავტები მშვიდობიანად განშორდნენ, ყოველგვარი საფრთხისაგან თავისუფალი იყო, მაგრამ აი, იმავე ღამეს შეებრძოლა სწორედ მათ და ბადეშიც გაება. ბევრი მისი ქვეშევრდომი იქნა მასთან ერთად მოკლული. ჰერაკლემ ტელეკლე და მეგაბრონტე მოკლა; სფოდრისი აკასტემ განგმირა; პელევსმა ძელისსა და მამაც გეფირეს მოუსწრაფა სიცოცხლე; შუბთა ტყორცნაში გამოცდილმა ტელამონმა ბასილევსი მოკლა, იდასმა – პრომევსი, კლიტიოსმა კი ჰიაკინთეს მოუღო ბოლო; ტინდარეოსის ორმა ძემ სიცოცხლეს გამოასალმა მეგალოსაკე და ფლოგიოსი, მწემსის შვილმა მელეაგრემ კი მოკლა მამაცი იტიმონევსი და ვაჟკაცებში რჩეული არტაკე. ამ ბრძოლაში დაღუპულ ყველა გმირს დღესაც მამაცთა პატივით იხსენიებენ იქაურები. გადარჩენილმა დოლიონებმა არგონავტების მოწოლას ვეღარ გაუძლეს და ისინი ისე დაუფრთხნენ მათ, როგორც ფრთამალი მტრედები დაუფრთხებიან ხოლმე ქორებს. დოლიონები ღრიანცელით მიაწყდნენ ქალაქის ჭიშკრებს და როცა კიზიკოსის ქვეშევრდომებმა ვაჟკაცების დამარცხება გაიგეს, მყისვე გაივსო ქალაქი გლოვით და ზარით. დილით კი ორივე მხარე მიხვდა, თუ რა საზარელი და მძიმე შეცდომა მოუვიდათ. მწვავე სევდამ შეიპყრო არგონავტები, ენეასის ახალგაზრდა ძე კიზიკოსი რომ მტვერში და სისხლში ამოსვრილი დაინახეს. მთელ სამ დღეს დასტიროდნენ ისინი და დოლიონები მას; თმებს იგლეჯდნენ მწუხარებისაგან ვაჟკაცები. მეოთხე დღეს კი სპილენძის იარაღი აისხეს, სამგზის შემოურბინეს ცხედარს, შემდეგ დაკრძალეს და, როგორც წესია, გაშლილ მდელოზე სამგლოვიარო დღისთვის საჭირო სხვადასხვა შეჯიბრი მოაწყვეს. კიზიკოსის საფლავზე დღესაც კი აღმართულია ტაგრუცი, რომ მომავალმა თაობებმა ნახონ. მეფე კიზიკოსის დაღუპვის შემდეგ, მის მეუღლეს –მშვენიერკულულებიან კლიტეს დიდხანს აღარ უცოცხლია. მან თავი ჩამოიხრჩო. იგი თვით ტყის ნიმფებმაც კი დაიტირეს და ის ცრემლები, მათ თვალთაგან რომ დაიღვარა, წყაროდ აქციეს. ამ წყაროს უბედური დედოფლის სახელის უკვდავსაყოფად კლიტე უწოდეს. სწორედ რომ საზარელი დღე დაუდგათ დოლიონებს ზევსის წყალობით. ისინი საჭმელსაც კი არ ეკარებოდნენ და მწუხარებისაგან კარგახანს პურის დაფქვაც არ მოგონებიათ. ერთადერთი მათი საკვები დაუფქვავი მარცვალი იყო. და აი, ახლაც როცა აქაური იონიელები კიზიკოსის მოსაგონებლად წმინდა ზეთს ზედაშედ დააქცევენ, სახალხო წისქვილში ხორბალსა ფქვავენ და სამსხვერპლო კვერებს აცხობენ.
ამ ამბავის შემდეგ მრისხანე ქარიშხალი ამოვარდა და თორმეტი დღისა და ღამის განმავლობაში ბობოქრობდა. არგონავტები იძულებული იყვნენ ნაოსნობა დროებით შეეწყვიტათ უკანასკნელ ღამეს, როცა ვაჟკაცებმა ძილს მისცეს თავი და ამპიკიდი მოპსე და აკასტე დარაჯად დადგნენ, მძინარე იაზონის ქერათმიან თავზე ალკუნმა გადაიფრინა და წკრიალა ხმით ქარიშხლის ჩადგომის ჟამი განაცხადა. ზღვის ალკუნის ბედნიერების მომასწავებელი ჟღურტული ფრინველთმისანმა მოპსემ გაიგო. ის ფრთოსანი კი კვლავ მოაბრუნა რომელიღაც ქალღმერთმა. ალკუნი ზევიდან დაეშვა და ხომალდის ანძაზე დაჯდა. მოპსემ მყისვე შეანჯღრია ცხვრის რბილ ტყავში გახვეული იაზონი, გააღვიძა და ასე უთხრა: „სახელოვანო ეზონიდო, ზღვის ალკუნმა, მძინარეს რომ დაგტრიალებდა თავს, ფრთოსანის ენით განაცხადა, რომ ქარიშხალი ჩადგება მაშინ, თუ შენ დინდიმონის წმინდა მწვერვალზე ახვალ და შემწეობას სთხოვ ყველა ნეტართა დედას – მშვენიერტახტოვან ქალღმერთს.55 ამ ქალღმერთს ემორჩილება ხომ ყველა ქარი, ზღვა, მიწისქვეშეთი, დედამიწა და ოლიმპოს თოვლიანი მწვერვალიც. როცა იგი მთებიდან უსაზღვრო ზეცაზე ადის, თვით კრონოსის დიდებული ძე ზევსი სცემს თაყვანს და სხვა უკვდავი ღმერთებიც მოწიწებით ეპყრობიან საშიშარ ქალღმერთს“. გახარებული წამოხტა იაზონი და იმედით აღივსო. მან თავისი მეგობრები გააღვიძა, ერთად შეჰკრიბა და ამპიკიდ მოპსეს წინასწარმეტყველება განუცხადა. ყველაზე უფრო ახალგაზრდებმა დოლიონების ნახირიდან სამსხვერპლო ხარები მორეკეს და მთის ციცაბო მწვერვალზე აიყვანეს. დანარჩენებმა წმინდა ლოდს ბაგირი გამოხსნეს და ხომალდი თრაკიის ნავსადგურში შეაცურეს. ზოგიერთი მათგანი ხომალდთან დარჩა. სხვები კი დინდიმონზე ავიდნენ. არგონავტებს თვალწინ გადაეშალათ მაკრიელთა მთები და მთელი თრაკია. აქედანვე მოჩანდა ბოსფორის დანისლული სრუტე, მიზიის მთები, მდინარე ეზეპე, გველივით რომ მიიკლაკნებოდა და ნეპეიეს ველზე გაშენებული ქალაქი ადრესტია.
დინდიმონის მთა ცაში აზიდული ხეებით იყო დაფარული. არგონავტებმა მათ შორის ნახეს უკვე გამხმარი ტყიური ბებერი ვაზი. გმირებმა იგი მოჭრეს, რათა მისგან მთის ქალღმერთის წმინდა ხატი გაეკეთებინათ. ხის ქანდაკება ოსტატურად გამოაკოპიტა არესტორიდმა არგოსმა. ვაჟკაცებმა წმინდა ქანდაკება მთის მწვერვალზე მოათავსეს ცაში ატყორცნილი შეფოთლილი წიფლის ხეების ქვეშ, რომელთაც ღრმად ჰქონდათ ფესვები გადგმული. შემდეგ პატარა ქვები ოაგროვეს, საკურთხეველი აღმართეს და მუხის ფოთლებით შეამკეს. მერე მსხვერპლის შეწირვა დაიწყეს, თან კი ყოვლისშემძლე დედოფალს – ფრიგიის ქალღმერთს – დინდიმონელ დედას56 მოუწოდებდნენ. ამ ქალღმერთთან ერთად ემუდარებოდნენ ტიტიასა და კილენოსს, რომლებიც იდის მთის ნეტარი დედის თანმხლებლებად იწოდებიან კრეტის იდელ დაქტილთა57 შორის. ეს დაქტილები ოდესღაც ნიმფა ანქიალემ შვა დიქტეს მღვიმეში, ეაქსის მიწას (კ. კრეტა) რომ ჩაეჭიდა სამშობიარო ტკივილებით გამწარებული. იაზონი მუხლმოყრილი ევედრებოდა დინდიმონის ქალღმერთს, რომ დაეწყნარებინა ქარიშხალი და ცეცხლში ჩაგდებულ მსხვერპლს ზედაშეს ასხამდა. მისი მეგობრები კი იარაღასხმულნი საკურთხევლის ირგვლივ ცეკვავდნენ. ორფევსის რჩევით, ისინი მახვილებს მძლავრად ურტყამდნენ ფარებს, რათა ჩაეხშოთ ის შემაძრწუნებელი გოდება, რომელსაც ჯერ კიდევ გამოსცემდნენ მეფის საფლავზე მოტირალი დოლიონები. ამიტომაა, რომ დღესაც ფრიგიელები ქალღმერთ რეას რომბითა და ტიმპანით (ანუ დოლითა და დაფდაფით) მოუწოდებენ ხოლმე.
წმინდა მსხვერპლით მომადლიერებულმა ქალღმერთმა უსმინა ვაჟკაცებს და საოცარი სასწაულიც მოუვლინა მათ: უამრავი ნაყოფი მოისხა ხეებმა უცბად, ვაჟკაცთა ფერხთქვეშ მყისეე აღმოცენდა ნაზი ბალახი, ყვავილებით შეიმოსა დინდიმონის მწვერვალი, ტყის ნადირებმა მიატოვეს თვისი ბუნაგი და კუდის ქნევით არგონავტებთან მოვიდნენ. ამ მთაზე წყალი არ იყო; ყოვლისშემძლე ქალღმერთმა ისიც უბოძა გმირებს. საამოდ დაიჩხრიალა მწვერვალიდან ანკარა წყარომ, რომელსაც შემდეგში იქაურებმა იაზონის წყარო უწოდეს. მსხვერპლის შეწირვის შემდეგ არგონავტებმა ქალღმერთს ლხინი მოუწყვეს დათვების მთაზე. ტკბილი ხმით უგალობდნენ ვაჟკაცები ყოვლისშემძლე დედოფალ რეას და უზომოდ უხაროდათ ამინდის შეცვლა.
გარიჟრაჟზე არგონავტები ხომალდზე ავიდნენ, ხოფებს დააწვნენ და დოლიონების ქვეყანა უკან მოიტოვეს. მოწმენდილი ცა, დამშვიდებული ზღვა და ზურგის ქარი ხელს უწყობდა ვაჟკაცებს, ხოფის მოსმაში რომ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. საამური ქარი საოცარი სისწრაფით მიაცურებდა ხომალდს. იგი ისე მიჰქროდა ზღვის ზედაპირზე, რომ თვით პოსეიდონის ფეხმარდი ცხენებიც ვერ დაეწეოდნენ (პოსეიდონი ეტლით დაჰქროდა ზღვებზე). საღამო ჟამს ძლიერი ქარი ამოვარდა და ზღვაზე ღელვა დაიწყო. დაქანცულმა არგონავტებმა ხოფები ხელიდან გააგდეს. მხოლოდ ძლევამოსილი ჰერაკლე უსვამდა ღონივრად ხოფს და დაღლილი მეგობრები წინ მიჰყავდა. მან უკვე ჩაუცურა რინდაკის შესართავს, ეგეონის58 დიდ ტაგრუცს და სანუკვარი მიზიის გასწვრივ დაიწყო ჩავლა, რომ ჰერაკლეს უცბად ხოფი ღონიერი დაწოლის გამო შუაზე გადაუტყდა. ერთი ნატეხი გმირს შერჩა ხელში და მან იგი იქვე დააგდო, მეორე კი წყალმა წაიღო და ხმაურა ტალღებში ჩაიხვია. ძლევამოსილი ვაჟკაცი სანიჩბედან წამოდგა და თავის მეგობრებს მწუხარებით მოავლო თვალი. მისი ხელები უმოქმედობას ვერ ეგუებოდნენ.
მზე ჩავიდა. დადგა ის დრო, როცა მტვერში გასვრილი და ვახშამს დანატრებული გლეხი ყანიდან ბრუნდება ხოლმე თავის ქოხში; იგი შესასვლელთან მუხლებს მოიყრის, დაკოჟრებულ ხელებს დახედავს და ათასგზის წყევლას უგზავნის თავის მუცელს. არგონავტები ამ დროს უკვე არგანთონიონის მთის (ბითინიაში) და მდინარე კიოსის შესართავის მახლობლად მდებარე კიანეს მხარეს (მიზიის ზღვისპირა ქალაქი კიოსი) მიადგნენ. ამ მხარეში მიზიელები ცხოვრობდნენ. მშვიდობიანი განზრახვით მოსული არგონავტები მიზიელებმა სტუმართმოყვარულად მიიღეს. მისცეს მათ სურსათი, ცხვრები და ბევრი ღვინო. არგონავტებმა ლხინის მოწყობა დაიწყეს. ზოგმა ხმელი შეშა მოიტანა, ზოგმა ხის შტოები დატეხა და მდელოზე დააფინა, ზოგი კი ლხინისათვის კრატერში ღვინოს ურევდა. მალე ცეცხლიც გააჩაღეს. ღამე მოახლოვდა. არგონავტებმა ეკბასიოს აპოლონს მსხვერპლი შეწირეს. ძლევამოსილმა ჰერაკლემ ვაჟკაცებს უბრძანა ლხინი კარგად მოემზადებინათ, თვითონ კი ტყეში წავიდა სახოფე ხის საძებრად. გმირმა ალვის ხესავით აზიდული ნაძვი იპოვა. იგი ძალიან არ იყო შტოებით დალანძული. ჰერაკლემ მშვილდი და კაპარჭი მიწაზე დააწყო, ლომის ტყავის მოსასხამი მოიძრო და სპილენძით მოჭედილი კომბალი ნაძვის ხეს ღონივრად დაარტყა ძირში. ძლევამოსილმა გმირმა კომბალი ძირს დააგდო და ახლა ორივე ხელი შემოახვია ხის ტანს და ფართო მხრებითაც მიაწვა. თუმცა ხეს ძირი მეტად ღრმად ჰქონდა გადგმული, ჰერაკლემ იგი უცბად ამოგლიჯა მიწიდან თავისივე ფესვებით და მხარზე ისე აიტაცა, ვით შუა ზამთარში მრისხანე ორიონის (თანავარსკვლავედი) დაისის ჟამს მძაფრი ქარი აიტაცებს ხომალდის ანძას და მის ბაგირებს. მძლე ვაჟკაცმა შემდეგ აიღო თავისი მშვილდი, კაპარჭი, კომბალი, ტყავის მოსასხამი და სასწრაფოდ უკან დაბრუნდა.
სანამ ჰერაკლე ამ საქმით იყო გართული, მისი საყვარელი მსახური ჰილასი ლაშქარს მოშორდა და ხელში სპილენძის თასით წყაროს წმინდა წყალს ეძებდა. მას ჯერ წყალი უნდა მოეტანა ვახშმად და შემდეგ სხვა რამეც მოემზადებინა თავისი ბატონისათვის. ჰერაკლემ ბავშვობიდანვე მიაჩვია იგი სამსახურს. ჰილასი მან მაშინ მოიტაცა მშობლების სახლიდან, როცა მისი ღვთაებრივი მამა დრიოპელი თეოდამასი მოკლა საგუთნე ხარის გულისათვის. ერთხელ სევდით შეპყრობილი თეოდამასი გუთნით მიწასა ხნავდა. ამ დროს მასთან ჰერაკლე მივიდა და თავისი ხარის უკან დაბრუნება მოსთხოვა. ეს ხარი ჰერაკლეს დრიოპებმა მოჰპარეს. თეოდამასმა მას უარი უთხრა. ჰერაკლე კარგა ხანია ბრძოლის საბაბს ეძებდა ყაჩაღ დრიოპებთან და თეოდამასიც შეუბრალებლად გამოასალმა სიცოცხლეს. კიდევ შეიძლებოდა ამაზე რამე გვეთქვა, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანდა. ჰილასმა ჩქარა იპოვა წყარო, იქაურები რომ პეგებს უწოდებენ. სწორედ ამ დროს ნიმფებს ფერხული უნდა ჩაებათ აქ. ამ ლამაზი მიდამოს ნიმფები ყოველ საღამოს იკრიბებოდნენ ხოლმე წყაროსთან და ქალღმერთ არტემიდეს ტკბილად უგალობდნენ. ახლაც მწყობრად მოდიოდნენ აქეთ ნიმფები. ზოგი მთის იყო,ზოგი ტყისა და ზოგიც ღრმა მღვიმეში ცხოვრობდა. და, აი, მაშინ ანკარა წყაროდან წყლის ნიმფა ამოვიდა და ლამაზი ჭაბუკი – ჰილასი დაინახა, რომლის პირისახეს ნათელი და სავსე მთვარე შარავანდით მოსავდა. ნიმფას გული სიყვარულით აღავსო ყოვლისშემძლე კიპრიდამ. მშვენიერმა ნიმფამ ძლივს შეიკავა თავი მღელვარებისაგან. ჰილასი დაიხარა და ანკარა წყაროში ჭურჭელი ჩაუშვა. წყალი ჩხრიალით ჩავიდა სპილენძის თასში. ახლა კი ვეღარ მოითმინა ნიმფამ; ჭაბუკის ლამაზი პირის ჩაკოცნის სურვილი ალივით შემოენთო; მარცხენა ხელი კისერზე მოხვია მას, მარჯვენა კი მკლავში წაავლო და ჰილასი წყლის უფსკრულში ჩაიტაცა.
საბრალო ჰილასის ყვირილი ილატეს ძემ – პოლიფემემ გაიგონა. იგი ლაშქარს გასცლოდა და ძლევამოსილ ჰერაკლეს შესახვედრად წამოსულიყო. ჭაბუკის ყვირილზე იგი მყისვე გაექანა წყაროსაკენ. როგორც შიმშილისაგან გაცოფებული ნადირი გაიქცევა ხოლმე ცხვრის ბღავილის ხმაზე ფარისაკენ და მარჯვე მწყემსების მიერ უკუგდებული საზარელ ღმუილს ასტეხს, ისე გაიქცა მაშინ პოლიფემე და ღრიალით ჰაერს ავსებდა. პოლიფემეს ძახილმა და ყვირილმა ამაოდ ჩაიარა. მან ჩქარა მახვილი იშიშვლა; იფიქრა, იქნებ ჰილასი მხეცმა ან რომელიმე ყაჩაღმა მოიტაცაო და მრავალგზის დაირბინა ის არემარე. მახვილნაშიშვლებმა პოლიფემემ ხომალდისაკენ მძიმე ნაბიჯით მიმავალი ჰერაკლე დაინახა. სწრაფად მიირბინა მასთან და მძიმე სუნთქვით უბედურება აუწყა: „დიდებულო გმირო, თავზარდამცემი ამბავი უნდა გითხრა. შენი ჰილასი წყაროზე წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. მას ალბათ ან მხეცები გლეჯენ, ანდა ავაზაკებს მიჰყავთ ტყვედ. მე მისი ყვირილი გავიგონე“. ცივმა ოფლმა დაასხა ჰერაკლეს და მკერდში სისხლი აუდუღდა. განრისხებულმა ვაჟკაცმა თავისი ხე მიწაზე დააგდო და ჰილასის საძებრად გაექანა. კრაზანის შხამიანი ისრით ნაჩხვლეტი ხარივით მირბოდა ჰერაკლე; გამწარებული საქონელივით შმაგობდა იგი; გზადაგზა კი ჩერდებოდა, ხარივით სქელ და განიერ კისერს ზევით სწევდა და გამკვეთი ხმით საყვარელ ჰილასს ეძახოდა.
დილის ვარსკვლავი უკვე მთების მწვერვალთ დაადგა და ძლიერმა ზურგის ქარმა დაჰქროლა. მესაჭე ტიფისმა არგონავტებს ურჩია გამოეყენებინათ ამინდი და გზა განეგრძოთ. ისინი სასწრაფოდ ავიდნენ ხომალდზე, ღუზა ამოიღეს და ბაგირებიც ახსნეს. ზურგის ქარი ზუზუნით ეცა იალქნებს და ხომალდი წინ გააქანა. მხიარულად ჩაუცურეს არგონავტებმა პოსიდეონის კონცხს და ჩქარა აღმოსავლიდან ნათელმა ეოსმაც აღმოიბრწყინა. მან თავისი შუქი არემარეს მოჰფინა და ცვარითმოსილი მინდვრები ათასფერად ააელვარა. მხოლოდ მაშინ მიხვდნენ არგონავტები, რომ მათ შორის ჰერაკლე, პოლიფემე და ჰილასი აღარ იყვნენ. ვაჟკაცები აღშფოთდნენ და ერთმანეთს აბრალებდნენ, რომ აჩქარდნენ და მოუფიქრებლად დატოვეს ნაპირზე მამაცთა შორის უმამაცესი გმირი ჰერაკლე. თავზარდაცემული იაზონი ამ დავაში არ ჩარეულა. მდუმარედ იჯდა თავისთვის იგი და მძიმე სევდას მისცემოდა. „იჯექი ახლა ეგრე მშვიდად, – შესძახა მას ბრაზმორეულმა ეაკეს ძემ – ტელამონმა; – შენი განზრახვით მოხდა ეს ყველაფერი! შენ გეშინოდა, ჰერაკლეს დიდებას არ დაეჩრდილა შენი სახელი ელადაში, თუ ღმერთები უვნებლად დაგვაბრუნებდნენ იქ! მე შენთან ლაპარაკიც აღარა მსურს; ახლავე გაგშორდებით ყველას! თქვენ ხომ ერთად მოიფიქრეთ ეს ვერაგობა!“ განრისხებულმა ტელამონმა თვალებიდან ცეცხლი დააფრქვია. იგი ტიფისს მივარდა, ხელიდან საჭე გამოსტაცა და ხომალდი უკან მოაბრუნა. არგონავტები კვლავ მიზიის ნაპირებს მიადგებოდნენ, თრაკიელი ბორეასის შვილები – ძეტე და კალაისი რომ არ აღსდგომოდნენ წინ ტელამონის განზრახვას. უბედური! მათზე სასტიკად იძია შური ჰერაკლემ იმისათვის, რომ ტელამონს დაუშალეს მისი მოძებნა. ძლევამოსილმა ჰერაკლემ ძეტე და კალაისი კუნძულ ტენოსზე (კიკლადებში) მოკლა მაშინ, როცა ისინი, მეფე პელიასის დაკრძალვის შემდეგ, უკან ბრუნდებოდნენ. დიდებულმა გმირმა მათ საფლავზე ორი სვეტი აღმართა, რომელთაგან ერთი განსაცვიფრებლად დიდია და მძლავრი ბორეასის ქროლისაგან ირხევა ხოლმე.
ხომალდზე ჰერაკლეს მიტოვების გამო ჩამოვარდნილი დავა კვლავ გრძელდებოდა, მაგრამ ამ დროს არგონავტებს ღვთაებრივი ნერევსის59 მრავალგონიერი მისანი გლავკოსი60 გამოეცხადათ. გრძელი თმით შემოსილი გლავკოსი ზღვის უფსკრულიდან ამოვიდა, ხომალდის ცხვირს მძლავრად სტაცა ხელი და არგონავტებს შესძახა: „ვაჟკაცებო, რატომ გსურთ, დიადი ზევსის ნების წინააღმდეგ წაიყვანოთ მძლე ჰერაკლე აიეტის ქალაქისაკენ? ჰერაკლეს ბედით გადაწყვეტილი აქვს, არგოსში დაბრუნდეს და უწყალო ევრისთევსს ყველა თორმეტი გმირობა შეუსრულოს, შემდეგ სხვა უფრო პატარა საგმირო საქმეებიც მოახდინოს და უკვდავ ღმერთთა შორის იცხოვროს. ამიტომ მის გამო ნუღარ იდარდებთ. პოლიფემეს კი უწერია, რომ მდინარე კიოსის შესართავთან მიზიელებს ბრწყინვალე ქალაქი დაუარსოს და შემდეგ ხალიბთა უსაზღვრო მიწაზე აღასრულოს თვისი სიცოცხლე. რაც შეეხება ჰილასს, იგი ნიმფამ მოიტაცა და სიყვარულის წყალობით მეუღლედ გაიხადა. ჰილასის ძებნამ დატოვა ჰერაკლე და პოლიფემე მიზიაში!“ ასე სთქვა ზღვის მისანმა და ტალღებში ნელა-ნელა ჩაეშვა. მის ირგვლივ წყალი აქაფდა და ამოღარულ ხომალდს შეეშხეფა. გაეხარდათ ვაჟკაცებს მისნის ნათქვამი. ეაკიდი ტელამონი იაზონთან მიიჭრა, ხელი მოჰხვია და ასე უთხრა: „მე უგუნურებით შეურაცხყოფა მოგაყენე და გთხოვ, ნუ განმირისხდები. ბრაზი მომერია და იმიტომ გაკადრე თავხედური სიტყვები. დაე, ქარს გავატანოთ ძველმა მეგობრებმა ჩვენი უთანხმოება!“ ტელამონს თავის მხრივ ბრძნულად შეესიტყვა ეზონის დიდებული ძე: „ძვირფასო მეგობარო, შენ მართლაც მწვავე სიტყვებით გამომლანძღე ამ ვაჟკაცებში და ჩემთვის საყვარელი გმირის – ჰერაკლეს გამყიდველი მიწოდე, მაგრამ რაც არ უნდა შეურაცხყოფილი ვიყო, ჩემი რისხვა ადვილად ჰქრება. შენ ხომ ცხვრის ფარისა და ქონების გამო არ შემომდავებიხარ; ჩვენი საერთო მეგობრის ბედმა აგაღელვა და იმიტომ განრისხდი. ვიმედოვნებ, მეც ჰერაკლეს ბედი რომ მეწვიოს, შენ ასევე განრისხდები და დავას აუტეხ ვინმეს“. სიხარულმა აიტაცა არგონავტები, ვაჟკაცნი რომ შერიგდნენ, და უწინდებურად განლაგდნენ ხოფებთან.
ზღვის მისნის გლავკოსის წინასწარმეტყველება გამართლდა. ილატეს ძემ – პოლიფემემ მიზიელებს მდინარე კიოსის სახელის ქალაქი აუგო. ჰერაკლე კი არგოსში წავიდა და ევრისთევსს საგმირო საქმეებს უსრულებდა. არგოსში წასვლამდე ჰერაკლე მიზიელებს დაემუქრა, რომ მყისვე დაარბევდა მათ მხარეს, თუ ისინი ცოცხალს ან მკვდარ ჰილასს არ იპოვიდნენ. მიზიელებმა ჰერაკლეს მძევლად მიჰგვარეს წარჩინებულთა ბავშვები და ფიცი დაუდეს, რომ არასოდეს არ შესწყვეტდნენ ჰილასის ძებნას. ამიტომ კიანელები (მიზიელები) დღესაც ეძებენ თეოდამასის ძეს – ჰილასს და მჭიდრო კავშირი აქვთ კარგადნაგებ თესალიის ქალაქ ტრექინთან, სადაც ძლევამოსილმა ჰერაკლემ მიზიელების მიერ მძევლებად ნაბოძები ბავშვები მოათავსა. საამური ზურგქარი მძლავრად უბერავდა და ხომალდი არგო მთელი დღე და ღამე მიისწრაფოდა წინ. განთიადზე არგონავტებმა ხმელეთის მაღალი ნაპირი და მისი ვრცელი ყურე დაინახეს, ხოლო როცა მზემ თავისი პირველი სხივები დედამიწას მოჰფინა და საგზაო ქარი ჩადგა, ვაჟკაცებმა ღონივრად მოუსვეს ხოფებს და ამ ნაპირს მიადგნენ.
შენიშვნები
1. მითიური მოძრავი კლდეები ბოსფორის სრუტისა და ევქსინის პონტოს ყელში.
2. იოლკოსის მეფე პელიასი ზღვათა ღმერთის პოსეიდონის ძე იყო.
3. როგორც აპოლოდორე მითოლოგი გადმოგვცემს, მეფე პელიასმა ოდესღაც შეურაცხჰყო ქალღმერთ ჰერას ტაძარი. ჰერამ თავხედი მეფე შეიზიზღა და ბოლოს დაღუპა კიდეც. ჰერას ზიზღი პელიასისადმი წითელი ზოლივითაა გატარებული „არგონავტიკაში“.
4. მუზები – ხელოვნების მფარველი ქალღმერთები. ისინი ზევსისა და მეხსიერების ქალღმერთის მნემოსინეს ასულები არიან. ჰესიოდე „თეოგონიაში“ ჩამოგვითვლის ცხრა მუზას: კლიო (ისტორიის მუზა), ევტერპე (ლირიკული პოეზიის), თალია (კომედიის), მელპომენე (ტრაგედიის), ტერპსიქორე (ცეკვის), ერატო (ეროტიკული პოეზიის), პოლიმნია (ჰიმნების.მჭევრმეტყველების), ურანია (ასტრონომიის) და კალიოპე (ეპიკური პოეზიის).
5. ეს მთა მდებარეობდა პიერიაში (მაკედონიის სამხ. ნაწილი) და განთქმული იყო მუზებისადმი შეწირული წყაროთი.
6. ეაგრე – მდინარის ღმერთი და თრაკიის მითიური მეფე.
7. ღვთაებრივმა მომღერალმა ორფევსმა ტკბილი სიმღერით პიერიის ხეები თრაკიის ძონეში გადაიყვანა. შდრ. ჰორაციუსის I, I2 ოდა. საიდანაც მორჩილად მოჰყვებოდნენ ჭალები მომღერალ ორფევსს. დედისაგან განსწავლული იგი თავისი სიმღერით მდინარეთა სწრაფ ვარდნასაც აყოვნებდა და ქარების ძალასაც ასუსტებდა; მუხებიც გულდასმით უსმენდნენ მომღერლის საამურ ჰანგებს.
8. პიერიის ის ნაწილია, რომელიც თრაკიული მოდგმის ტომით იყო დასახლებული.
9. მითი: თესალიის უძველესი მცხოვრებლები იყვნენ ძლევამოსილი ლაპითები და ცხენკაცი კენტავრები. ლაპითების მეფეს – პირითუსს ერთხელ ქორწილი ჰქონდა. იგი ქორწინდებოდა ლამაზ ჰიპოდამიაზე. ცხენკაცი კენტავრები ევრიტიონის წინამძღოლობით მექორწინე ლაპითებს თავს დაესხნენ და ჰიპოდამიას მოტაცებას ლამობდნენ. სისხლისმღვრელი ბრძოლა გაჩაღდა. მამაცმა ლაპითებმა კენტავრები გაჟლიტეს და ჰიპოდამია გადაარჩინეს.
10. ჰერმესი – ერთ-ერთი მთავარი ღმერთი, ზევსისა და მაიას ძე. ოლიმპიელ ნეტართა შიკრიკი.
11. ეაკიდები – კ. ეგინის მეფის ეაკეს ვაჟები – ტელამონი და პელევსი (ტელამონი „ილიადის“ გმირის აიანტის მამაა, პელევსი კი – აქილევსის).
12. კეკროპია – ქ. ათენი. კეკროპსი ათენის უძველესი მეფე და აკროპოლისის დამაარსებელი იყო.
13. ერეხთევსი ქალღმერთ გეას ძე და ათენის წარჩინებულ გმირთა მამამთავარი იყო.
14. ტენარე (აწინდელი მატაპანი) ლაკონიკის კონცხს ეწოდებოდა. ძველი ბერძნების წარმოდგენით აქ იყო ღმერთი პოსეიდონის გამოქვაბული, საიდანაც ჰადესში (საიქიოს სამეფოში) შეიძლებოდა ჩასვლა. ათენის ლეგენდარული მეფე თეზევსი და მისი მეგობარი ლაპითთა ბელადი პირითუსი საიქიოს დედოფლის პერსეფონეს მოსატაცებლად ჰადესში გაემგზავრნენ. საიქიოს მეფემ პლუტონმა ისინი სასტიკად დასაჯა: თეზევსი ჯაჭვებით შეჰკრა, პირითუსს კი უზარმაზარი კლდე მოჰკიდა ზურგზე.
15. მითი: მეფე ნელევსი თავისი მშვენიერი ასულის პეროს ხელს დაჰპირდა მას, ვინც იფიკლე მეფის ველურ ხარებს მიუყვანდა. ეს დავალება დიდი გაჭირვებით შეუსრულა მელამპუსმა თავის ძმას – ბიასს. გმირი მელამპუსი იფიკლემ ბოსელშიც კი ჩაამწყვდია, მაგრამ მელამპუსმა ტყვეობიდან თავი დაიხსნა და ხარებიც გაიტაცა.
16. ევრისთევსი – არგოსელთა მეფე, რომელსაც ჰერაკლემ თორმეტი გმირობა შეუსრულა. ერთ-ერთი გმირობა ერიმანთოსის ტახის დამორჩილება იყო.
17. დანაე – ეგვიპტის მეფის ბელეს ძე, 50 ასულის მამა.
18. პოლიდევკე და კასტორი ზეესისა და ლედას ძეები არიან.
19. არენე – მესენიის ქალაქი, მერმინდელი პილოსი.
20. ჰეფესტო – ცეცხლის და მჭედლობის კოჭლი ღმერთი.
21. მინიასი – ორქომენის მეფე. იგი ელინთა მამამთავრის ეოლისის ძე იყო. მინიასს ჰყავდა ორი ძმა: კრეთევსი (იაზონის პაპა) და ათამასი (ფრიქსესა და ჰელეს მამა). მინიადები – არგონავტები.
22. ოქროს ვერძს, რომელმაც ფრიქსე და ჰელე იხსნა (ამის შესახებ იხ. წინასიტყვაობაში), ლაპარაკის უნარი ჰქონდა. აპ. როდოსელის სქოლიასტი შემდეგს გადმოგვცემს: „ჰეკატე მილეტელი ამბობს, რომ ვერძს ლაპარაკი შეეძლო. ზოგიერთებს კი ჰგონიათ, ფრიქსე იმ ხომალდზე მიცურავდა, რომელსაც ვერძის ცხვირი ჰქონდა. დიონისე II წიგნში ამბობს, ვერძი (ფრიქსეს აღმზრდელი იყო და მასთან ერთად გადაცურდა კოლხეთში“. სქოლიასტის მიერ მოხსენიებული დიონისე არის I საუკუნის (ქ.წ.) ისტორიკოსი და მითოგრაფი დიონისე სკიტობრახიონი, რომელსაც ლექსიკოგრაფ სვიდას მოწმობით შეუთხზავს 6 წიგნისაგან შემდგარი მოთხრობა „არგონავტიკა“. დიონისეს რაციონალისტური ახსნა, რომ ვერძი ადამიანი იყო, მნიშვნელობას არ უნდა იყოს მოკლებული. პალაიფატოსის მიხედვითაც, ვერძი კრიოსი – ადამიანია. იგი ფრიქსეს მამის ათამასის ხაზინადარი ყოფილა. მან ფრიქსეს აუწყა მამის ბოროტი ზრახვები, ხომალდი განძეულობით დატვირთა და ფრიქსესთან ერთად კოლხეთში გაიქცა.
23. აპოლონ ღმერთისადმი შეწირული ადგილები.
24. ემბასი – აპოლონის ეპითეტია და ნიშნავს ხომალდზე ამსვლელი გმირების მფარველს.
25. ხომალდი არგო პელიონის მთაზე (თესალიაში) იქმნა აგებული, ამიტომ „პელიონური“ მისი ეპითეტია.
26. აკტიოსი, ემბასიოსი – აპოლონის ეპითეტებია.
27. გაფრენილ ფრინველებზე მკითხაობა მისნობის ერთ-ერთი გავრცელებული სახე იყო.
28. როგორც ჰომეროსი გადმოგვცემს („ოდისეა“ XI), ალოევსის ძეებს ოტოსს და ეფიალტეს გოლიათური სხეული ჰქონდათ. მათ მოისურვეს ზეცაზე ასვლა, მაგრამ შორსმსროლელმა აპოლონმა ორივე განგმირა მალი ისრებით.
29. მოთხრობა სამყაროს და ღმერთების წარმოშობის შესახებ პირველად ჰესიოდემ ჩამოაყალიბა „თეოგონიაში“. აპ. როდოსელი აქ ნაწილობრივ ჰესიოდეს იყენებს.
30. იტონიდი – ქალღმერთ ათენას ეპითეტია, ვინაიდან იტონიაში (თესალია) იყო მისი ტაძარი.
31. არტემიდე – ზევსისა და ლეტოს ასული, აპოლონის და, უპირატესად მთვარის ქალღმერთი, ითვლებოდა ნადირობის ქალღმერთადაც.
32. თესალია წინაბერძნული მოსახლეობის პელაზგების ძირითადი სამშობლო იყო.
33. იგულისხმება თესალიელი გმირის დიპლომის საფლავი.
34. აფეტები – ის ადგილი, საიდანაც ხომალდმა არგომ ლაშქრობა დაიწყო.
35. პალენე – მაკედონიის ნახ.-კუნძული, აწინდელი კასანდრა.
36. ლემნოსი – კუნძული ჩრდილოეთ ეგეოსის არქიპელაგში. აპ. როდოსელი ორგზის იხსენიებს კუნძ. ლემნოსს, როგორც სინტეიდურს. ლემნოსის ეპიზოდი, რომელიც აპ. როდოსელს ქვევით მოჰყავს, არგონავტთა თქმულების განუყრელი ეპიზოდია. ლემნოსის ამბებს არგონავტთა თქმულებასთან დაკავშირებით იცნობს ჰომეროსი და საგუნდო ლირიკის დიდი წარმიმადგენელი პინდარეც. აპ. როდოსელის პოემის სქოლიასტი იხსენიებს სხვა ავტორებსაც, რომლებიც ლემნოსის ამბავს ეხებოდნენ. ასეთი ავტორებია: ჰეროდორე ჰერაკლეელი, ესქილე, სოფოკლე, არისტოფანე და სხვ. ლემნოსის ეპიზოდი დღემდე მიჩნეული იყო არგონავტთა თქმულების რუდიმენტალურ ნაწილად და მისი მნიშვნელობის დადგენა უიმედოდ ითვლებოდა. ჩვენ ვფიქრობთ, შემთხვევითი არაა ის გარემოება, რომ არგონავტთა პირველი და ხანგრძლივი შეჩერება კუნძულ ლემნოსზე ხდება. არგონავტების თქმულებაში ანარეკლი ჰპოვა იმ ოდინდელმა ურთიერთობამ, რომელიც კოლხეთსა და კუნძ. ლემნოსს შორის არსებობდა. ვულკანური წარმოშობის კუნძული ლემნოსი (აწინდელი სტალიმენე) განსაკუთრებით მდიდარი იყო მადნეულობით. ლემნოსის უძველესი მცხოვრებლები იყვნენ სინტიები. ამ სინტიებს იხსენიებს ჯერ კიდევ ჰომეროსი და არაბერძნულ ენაზე მოლაპარაკე ტომად თვლის. უმცროსი ლოგოგრაფი ჰელანიკე ლესბოსელი სინტიებს ნარევ ბერძნებს უწოდებს და აღმოსავლეთიდან მოსულ ხალხად თვლის. არისტოფანე ლემნოსის მკვიდრებს ბარბაროსებს (ე.ი. არაბერძნებს) უწოდებს. ფილოქარეს მიხედვით სინტიები პელაზგები ყოფილან. ჰელანიკე ლოგოგრაფის მოწმობით სინტიების ძირითადი ხელობა მადნეულობის დამუშავება ყოფილა. იარაღის გამოჭედვა პირველად მათ დაუწყიათ და შემდეგ სხვებისათვის უსწავლებიათ. ჰელანიკე სინტიებს ხელოსნებს უწოდებს. ცეცხლი რკინის გამოსაწრთობად პირველად მათ გამოუყენებიათ. ამიტომ ყველაზე მეტ თაყვანს ისინი ცეცხლს და ცეცხლის ღვთაებას ჰეფესტოს სცემდნენ. კოლხეთი და საერთოდ კავკასია ლითონით მდიდარი ქვეყანა იყო. კოლხური მოდგმის ტომები (ხალიბები, მოსსინიკები, ტიბარენები) სინტიების მსგავსად ლითონის მომპოებელი და ხელოსანი ხალხი იყო. „ქართველ ტომებს მადნეულობის შემუშავებაში საპატიო ღვაწლი მიუძღვით ძველ განათლებულ კაცობრიობის წინაშე“. საკითხი ისმის, აღმოსავლეთიდან ლემნოსზე წასული სინტიები კოლხური მოდგმის ტომი ხომ არ ყოფილა? ამ კითხვას ისიც გვასმევინებს, რომ ლემნოსის უძველეს მკვიდრთა (სინტიების) კავშირი წინაბერძნულ მოსახლეობასთან (პელაზგებთან) მრავალგზის არის დადასტურებული ანტიკურ წყაროებში, და ისიც, რომ ეტიმოლოგია ინდოევროპულის გზით ვერ იხსნება. ამ სიტყვის ძირი „სინ“ ქართული „რკინის“ ექვივალენტთან „სინასთან“ უნდა იყოს კავშირში. აღნიშნული საკითხი ჩვენ სხვაგან გვაქვს დამუშავებული და აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ. ვიტყოდით მხოლოდ იმას, რომ ხომალდი არგო კუნძულ ლემნოსთან მივიდა, როგორც კოლხეთის შეხების პუნქტთან.
37. თიადები – დიონისე ღმერთის მხლებელი ბაკხელი ქალები.
38. კუნძულ ლემნოსზე, როგორც აპ. როდოსელის სქოლიასტი გადმოგვცემს, იყო ორი ქალაქი: ჰეფესტო და მირინე. ამიტომ ლემნოსი ორქალაქოვანად იწოდებოდა.
39. კერები – სიცოცხლის მომსპობი ქალღმერთები.
40. ციკლოპები ცალთვალა გოლიათები იყვნენ. ისინი მჭედელი ღმერთის ჰეფესტოს თანაშემწეები იყვნენ და ეტნას მთაზე ცხოვრობდნენ.
41. სიპილის მეფის ტანტალეს ძეს პელოფსს მოეწონა პისის მეფის ენომაოსის ასული ჰიპოდამია და მისი შერთვა მოინდომა. ენომაოსს კი ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რომ ის სიძის ხელით დაიღუპებოდა და გადაწყვიტა ქალი არ გაეთხოვებინა. მაგრამ რადგან სასიძოებს პირდაპირ უარს ვერ ეუბნებოდა, მან გამოაცხადა: ქალს იმას მივცემ, ვინც ეტლით შეჯიბრებაში მაჯობებსო, ხოლო თუ დამარცხდება — სიცოცხლეს უნდა გამოესალმოსო. ამრიგად ბევრი სასიძო დაიღუპა. შეყვარებულმა პელოფსმაც მოისურვა შეჯიბრებოდა ენომაოსს. პირობა ასეთი იყო: ეტლით გარბენა უნდა დაეწყოთ პისიდან და ისთმომდე მისულიყვნენ. პელოფსმა მოისყიდა ენომაოსის მეეტლე მირტილე, გაიმარჯვა და ჰიპოდამია შეირთო.
42. კუნძული ლემნოსი ჰეფესტოს საყვარელი ადგილია. ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაების – ჰეფესტოს კულტმა პირეულად ლემნოსზე შესდგა ფეხი. ბერძნულ მითოლოგიაში ჰეფესტო და ლემნოსი განუყრელი ცნებებია. ოლიმპოდან ზევსის მიერ ჩამოგდებული ჰეფესტო სწორედ ლემნოსზე დაეცემა და ტანჯულ ღმერთს სინტიები შეიფარებენ. (იხ. „ილიადა“, I). ჰეფესტო ლემნოსის ხშირი სტუმარია. არესი მის საყვარელ აფროდიტეს ეუბნება, რომ მისი ქმარი ჰეფესტო ბარბაროს სინტიებთანაა ლემნოსზე წასული და მათ ალერსს ხელს ვერ შეუშლის (იხ. „ოდისეა“, VIII).
43. არგონავტები ლემნოსის მახლობლად მდებარე კუნძულ სამოთრაკზე გადავიდნენ და ჰეფესტოს ხელქვეით ღვთაებებს, ე. წ. კაბირებს ფარული მისტერია აღუსრულეს. პოეტი ამის შესახებ სამწუხაროდ არაფერს ამბობს.
44. მელასის უბე – ეგეოსის ზღვის უბე თრაკიის სანაპიროებთან.
45. იმბროსი – კუნძული ლემნოსსა და სამოთრაკს შორის.
46. ხერონესი ანუ ხერსონესი – თრაკიის ნახ.-კუნძული.
47. იგულისხმება არქტონესოსი ქალაქ კიზიკოსით.
48. ეზეპე – მც. აზიის მდინარე, რომელიც პროპონტიდას ერთვის.
49. ეს ენეასი თესალიელია. იგი აპოლონის და სტილბეს შვილია.
50. ევსორე თრაკიის მეფე იყო. მისი ძე აკამასი ტროას ომში ბერძნების წინააღმდეგ იბრძოდა („ილიადა“, II).
51. ეკბასიოსი – აპოლონის ეპითეტია და ნიშნავს ხომალდიდან გადმოსულ გმირების მფარველს.
52 . მეროფსი – ტროადის ქალაქის პიტიეას (ლამფსაკის) მეფე. მისი ორი ძე ტროელების რიგებში იბრძვის („ილიადა“, II).
53. დიმონის მთა – არქტონესოსის მთა, აწინდელი მურად-დაღი.
54. ქალღმერთი ჰერა განრისხებული იყო ჰერაკლეზე, ვინაიდან დედამისმა ალკმენემ ზევსის სიყვარული გაინაწილა.
55. იგულისხმება ქალღმერთი რეა, ურანოსის და გეას ასული. კრონოსის მეუღლე, ღმერთების დედა.
56. აქაც ქალღმერთი რეა ანუ კიბელა იგულისხმება. მას ფრიგიის ქალღმერთი იმიტომ ეწოდება, რომ მც. აზიური „დიდი დედის“ (magna mater) კიბელას კულტი აირია ბერძნულ რეას კულტთან; რეა კიბელას იდენტურად ჩაითვალა.
57. კრეტელი დაქტილები ანუ კურეტები იდის მთაგრეხილზე (ტროადა) ცხოვრობდნენ და ქალღმერთ რეას (resp. კიბელას) თანმხლებლებად იწოდებოდნენ .ქალღმერთი რეა კრონოსის მეუღლე იყო. კრონოსს გაგებული ჰქონდა, რომ ის თავისი შვილებისაგან დაიღუპებოდა. მიტომ ყოველ ბავშვს ის დაბადებისთანავე ყლაპავდა. მან გადაყლაპა რეას მიერ შობილი ჰესტია, დემეტრე, ჰერა, ჰადესი... როდესაც რეა ზევსზე იყო ფეხმძიმედ, იგი კრონოსს დაემალა, ჩავიდა კუნძულ კრეტაზე დიქტეს მღვიმეში და იქ მოიმშობიარა. დაქტილები ანუ კურეტები რეას დამალვაში ეხმარებოდნენ და, როცა იგი მშობიარობდა, გამოქვაბულის წინ იარაღს აჟღარუნებდნენ, რათა კრონოსს რეას სამშობიარო ტკივილებით გამოწვეული კივილი არ გაეგონა. კრონოსმა მაინც გაიგო, რომ რეამ მოიმშობიარა და ჩვილი მოთხოვა. რეამ მას ჩვრებში შეხვეული ქვა მისცა. კრონოსმა ეს ქვა გადაყლაპა. ამრიგად ზევსი გადარჩა. იგი დიქტეს მღვიმეში გაიზარდა, კრონოსი ოლიმპოდან გადმოაგდო და ოლიმპოს მპყრობელი გახდა.
58. ეგეონი (ბრიარეოსი) – ასხელიანი გოლიათი ზევსის დამხმარე სხვა ღმერთებთან წარმოებულ ბრძოლაში („ილიადა“ I).
59. ნერევსი – პონტოს და გეას ძე, ზღვის ღვთაება.
60. გლავკოსი – ყოფილი მეთევზე, ზღვის ღვთაებად ქცეული.
წიგნი მეორე

იმ მხარეს, რომელსაც არგონავტები მიადგნენ, განაგებდა ბებრიკთა (ბითინიის ხალხი) ამაყი მეფე ამიკოსი. მას აქ სასახლე ჰქონდა და უამრავი ნახირი ჰყავდა. მოკვდავთა შორის უვერაგესი მეფე ამიკოსი გენეთლიოს პოსეიდონის1 და ბითინიელი ნიმფის მელიას შვილი იყო. ვერაგ ამიკოსს საზარელი წესი ჰქონდა დადგენილი იმ უცხოელებისათვის, რომლებიც მის სამფლობელოს მოადგებოდნენ. ამაყი მეფე არავის არ გაუშვებდა უკან, სანამ კრივში არ გამოიწვევდა. ბევრ უცხოელს მოუსწრაფა მან სიცოცხლე ასეთ ხელჩართულ ბრძოლაში. როგორც კი თვალი მოჰკრა ამიკოსმა ხომალდ არგოს, დაუყოვნებლივ მიიჭრა თავისი ამალით ზღვის ნაპირას, არც კი უკითხავს არგონავტებისათვის მათი ნაოსნობის მიზანი, არც ის – თუ ვინ არიან ისინი და ვაჟკაცებს მრისხანედ შეჰყვირა: „მისმინეთ, ზღვის მაწანწალებო! აი, რა უნდა იცოდეთ თქვენ: თუ ბებრიკებთან ვინმე უცხოელი მოვა, უკან ვერ გაბრუნდება ისე, თუ ჩემთან კრივში არ გამოცდის თავისი ხელების ძალას. ახლავე შეარჩიეთ თქვენს ლაშქარში ვინმე მამაცი და აქვე დამიყენეთ კრივში გამოსაცდელად. თუ ჩემს ამ წესს დაარღვევთ, დაუყოვნებლივ დაგატყდებათ თავს გლოვა და ზარი!“ ველურმა ბრაზმა აიტაცა არგონავტები, ამიკოსის თავხედური სიტყვა რომ მოისმინეს. ყველაზე მეტად პოლიდევკე განარისხა ვერაგი მეფის მუქარამ. მყისვე გამოვარდა წინ მეხთმტეხი ზევსის მამაცი ვაჟი და ბრაზმორეულად მიუგო ამიკოსს: „ხმა ჩაიკმინდე! ნუ გვაშინებ შენ შენი ძალით და ნურც ტრაბახობ. ჩვენ არ დავარღვევთ აქაურ წესს და დაუყოვნებლივ დაგიდგები კრივში მე თვითონ!“ როგორც მთაზე მონადირეებისაგან ალყაშემორტყმული და შუბით დაჭრილი ლომი დაუბრიალებს ხოლმე თვალებს თავის დამჭრელს, ისე ამიკოსმა დაუბრიალა თვალები პოლიდევკეს. ტინდარიდმა მყისვე დააგდო მიწაზე თავისი ლამაზი და ნაზი მოსასხამი, რომელიც ერთ-ერთმა ლემნოსელმა ქალმა უბოძა საჩუქრად. ამიკოსმაც თავის მხრივ სწრაფად მოიძრო ორმაგი შავი საბურავი თავის ბალთებიანად და ზეთისხილის ხისაგან გამოთლილი ხორკლებიანი კომბალი, ხელთ რომ ეპყრა, ძირს დააგდო. სწრაფად მონახეს კრივისათვის მოხერხებული ადგილი პოლიდევკემ და ამიკოსმა და თავთავიანთი მეგობრები ცალ-ცალკე იქვე ქვიშაზე დასხეს. საკრივოდ განმზადებულნი სრულებითაც არ ჰგავდნენ ერთმანეთს არც სხეულით და არც სახით. ვერაგი ამიკოსი საზარელი ტიფონისაგან2 გაჩენილ ურჩხულს და გეას საზიზღარ ნაშიერებს ჰგავდა, ზევსზე განრისხებულმა ქალღმერთმა რომ შვა;3 ტინდარიდი კი ღამით მოწმენდილ ცაზე მოციმციმე ვარსკვლავს ედარებოდა. პოლიდევკეს – ნეტარი ზევსის ძლევამოსილ ვაჟს ახლა ეკოკრებოდა წვერულვაში თვალებში კი სიჭაბუკის ცეცხლი უელავდა, მაგრამ ღონე და მამაცობა ლომისა ჰქონდა. იგი მძლავრ ხელებს ჰაერში იქნევდა და სინჯავდა, ხომ ისეთი მარდად მოძრავნი არიან, როგორც უწინო, განუწყვეტელ ჯაფას და ნიჩბვას ხომ არ დაუმძიმებიათო ისინი. ამიკოსს ასეთი გამოცდა არ სჭირდებოდა. იგი მოშორებით იდგა. თვალები ტინდარიდისათვის მიეპყრო და მოწინააღმდეგის მკერდიდან სისხლის დაღვრის სურვილი აცახცახებდა.
ამიკოსის მსახურმა, ლიკორევსმა, მოწინააღმდეგეების ფერხთა წინ ხარის ტყავისაგან გამოჭრილი, კრივში ნაცადი და მაგარი წყვილი თასმა4 დააგდო. ვერაგმა ამიკოსმა ძლევამოსილ პოლიდევკეს ქედმაღლური სიტყვებით მიმართა: „აი, წილისყრის გარეშე გითმობ, აიღო ამ თასმებში, რომელიც შენ გსურს, რათა მერე ნაწყენი არ დამირჩე! აბა, სწრაფად დაიხვიე მკლავზე და როცა ჩემი მუშტის ძალას გამოცდი, სხვასაც უამბე, თუ როგორი თასმების გაკეთება ვიცი და ვითა ვარ დახელოვნებული შენისთანამამაცების სახის სისხლით შეღებვაში!“ დიდებულმა ტინდარიდმა ამიკოსს არაფერი უპასუხა; ნელა-ნელა გაიღიმა და ის თასმა, მის ფერხთა წინ რომ ეგდო, უყოყმანოდ აიღო. მასთან მოვიდნენ კასტორი და ბიანტიდი ტალაე. სასწრაფოდ შემოაკრეს მას თასმა და ბრძოლისათვის გაამხნევეს. ამიკოსს ასეთი სამსახური მისმა მსახურებმა – არეტემ და ორნიტემ გაუწიეს. უგნურებმა არ იცოდნენ, რომ ისინი უკანასკნელად აკრავდნენ ამიკოსს ამ თვალბედით თასმას.
საკრივედ გამზადებულმა მებრძოლებმა მძიმე ხელები ზე აღმართეს და მყისვე მიიტანეს ერთმანეთზე იერიში. ბებრიკთა მეფე მძვინვარე ტალღასავით ეცა პოლიდევკეს. როგორც ხომალდი დაუსხლტება ხოლმე გამოცდილი მესაჭის წყალობით მრისხანე ტალღას, ისე პოლიდევკე უსხლტებოდა ხელიდან გააფთრებულ ამიკოსს, რომელიც განუწყვეტლივ ემუქრებოდა, მისდევდა და შესვენების საშუალებას არ აძლევდა. როცა ტინდარიდმა თავისი მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები აწონდაწონა, მაშინ თავდავიწყებით ეკვეთა მტერს და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაება. მძლავრი მუშტების დაკვრით ისეთი ლაწუნი გაჰქონდა მათ ყბებსა და ლოყებს, როგორიც ხუროების მიერ სახომალდო ძელებზე დარტყმულ უროებს გააქვთ ხოლმე ჰაერში. პოლიდევკე და ამიკოსი კბილების კრაჭუნით ულეწავდნენ ერთმანეთს თავპირს. დაღლილობამ დროებით შეაჩერა ისინი. მოკრივენი ერთმანეთის შორიახლო დადგნენ; სულს ძლივს ითქვამდნენ და სახეზე ღვარივით ჩამოდენილ ოფლს იწმენდდნენ. შემდეგ ისევ ეკვეთნენ ერთმანეთს და ისეთი ძალით დაიწყეს ბრძოლა, როგორითაც მძლავრი ხარები იბრძვიან ხოლმე მდელოზე უშობელის გულისათვის. ვერაგი ამიკოსი ყასაბივით ცერებზე დადგა და მძლავრი მუშტი პოლიდევკეს თავზე დაუშვა, მაგრამ მან თავი დახარა, დარტყმა აიცდინა და ოდნავი დაკვრა იგრძნო მხარზე. ახლა პოლიდევკემ აღმართა მუშტი და ისეთი ძალით დაჰკრა საფეთქელზე ბებრიკთა მეფეს, რომ ძვლები დაუმსხვია. ტკივილისაგან გამწარებულმა ამიკოსმა მოხეთქილ კლდესავით მოიღო მიწაზე გრიალი და მალე სულიც განუტევა.
აღტაცებით შეხვდნენ ამ ამბავს არგონავტები და სიხარულის კიჟინი მორთეს. მეფის სიკვდილის გამო განრისხებულმა ბებრიკებმა უზარმაზარი კომბლები და შუბები მოიმარჯვეს და პოლიდევკესაკენ გაექანენ. არგონავტებმა კი ალესილი მახვილები ამოიღეს და ტინდარიდს ბურჯად ამოუდგნენ. პირველად კასტორმა დაჰკრა მახვილი ერთ-ერთ თავდამსხმელ ბებრიკს და თავი შუაზე გაუპო. შუაგაპობილი თავი მხრებზე ჩამოუგორდა ვერაგს. პოლიდევკემ კი უზარმაზარ იტიმონევსს ქუსლით დაარტყა მარდი ფეხი მკერდში და მიწაზე დაანარცხა, ხოლო მიმანტს კი, მისკენ რომ მოეშურებოდა, ისეთი ძალით დაჰკრა მუშტი მარცხენა წარბზე, რომ ქუთუთოც ჩამოაგლიჯა და თვალი გაუშიშვლა. ამიკოსის მსახურმა – ღონით განთქმულმა ორიდემ ბიანტის ძეს – ტალაეს ფერდში დაჰკრა მახვილი, მაგრამ ვერ მოკლა. სპილენძმა ტალაეს სარტყელი გაჰკვეთა მხოლოდ და შიგნეულს ვეღარ მიაღწია. ბებრიკმა არეტემ ევრიტეს ძლევამოსილ შვილს – იფიტეს მიაშურა და მაგარი კომბალი დაარტყა, მაგრამ იფიტე სასიკვდილოდ არ იყო განწირული, იგი გადარჩა. ძმის დასახმარებლად კლიტიოსი გამოექანა, დაეძგერა იგი არეტეს და თავისი მახვილით სიცოცხლე მოუსწრაფა. ახლა ლიკურგეს მამაცი ძე – ანკევსი დაესხა თავს ბებრიკებს. მარჯვენა ხელში მას დიდი ცული ეჭირა, მარცხენაზე კი დათვის შავი ტყავი დაეხვია და ფარად ხმარობდა. ჩქარა ეაკიდები და იაზონიც დაეხმარნენ ვაჟკაცებს და ბებრიკებს თავზარი დასცეს.
ვით ცივ ზამთრის დღეს ფარეხში შეპარული მშიერი რუხი მგლები დაერევიან საბრალო ცხვრებს, ისე არგონავტები დაერივნენ ბებრიკებს, ამიკოსის ამ თავხედ ქვეშევრდომებს. მეფუტკრეები ან მწყემსები რომ შეუბოლებენ ხოლმე კლდეში დიდ სკას და ამის გამო ფუტკარი აზუზუნდება ერთხანს შიგნით, მერე კი ვეღარ გაუძლებს მხრჩოლავ კვამლს და გარეთ გამოფრინდება, ისე ბებრიკები ვეღარ გაუმკლავდნენ არგონავტებს, დაიფანტნენ და ამიკოსის თვალბედითი ხვედრის საუწყებლად შუაგულ ბებრიკიისაკენ გაექანენ. ვერაგ ბებრიკებს აქ უარესი ამბავი დახვდათ. მათი მტერი მეფე ლიკოსი თავისი ქვეშევრდომი მარიანდინებით (ბითინიის ხალხი) ბებრიკების უმეფოდ დარჩენილ მხარეს დასცემოდა თავს და ვენახებსა და სახლებს არბევდა. ეს მარიანდინები და ბებრიკები განუწყვეტლივ ომობდნენ მათ მხარეში არსებულ რკინის საბადოების გულისათვის.
ბებრიკების უკუქცევის შემდეგ არგონავტებმა მათი ფარეხები და ბოსლები გააცამტვერეს. უთვალავი საქონელი მორეკეს ზღვის ნაპირას და ბევრიც დაკლეს. ამ დროს ერთ-ერთმა არგონავტმა წამოიძახა: „ნეტავ რას იზამდნენ ეს მხდალი ბებრიკები, ღმერთს რომ შემთხვევით ძლევამოსილი ჰერაკლე მოეყვანა აქ? როცა ამიკოსი ჩვენს ხომალდთან მოიჭრა და თავისი წესები გამოგვიცხადა, ჰერაკლე რომ აქ ყოფილიყო, მყისვე დაავიწყებდა თავისი კომბლით ვერაგ ამიკოსს მის წესებსაც და ზვიადობას! ვაი, რომ ჩვენი მოუფიქრებლობით მივატოვეთ ძლევამოსილი გმირი მიზიის ნაპირზე და უიმისოდ მივცურავთ ზღვაზე. ყოველი ჩვენგანი განიცდის უსაზღვრო სევდას ჰერაკლეს მოშორებით“ ასე დარდობდა ეს ვაჟკაცი ჰერაკლეს მოშორებას, მაგრამ ეს ხომ დიდებული ზევსის სურვილით მოხდა!
ღამის გასათევად არგონავტები ამ ნაპირზე დარჩნენ. დაჭრილ მეომრებს ჭრილობები შეუხვიეს, შემდეგ კი ღმერთებს მსხვერპლი შესწირეს და ბრწყინვალე ვახშამიც გამართეს. ღვინის თასებთან და ლამაზად მოგიზგიზე სამსხვერპლო ცეცხლთან მჯდომ ვაჟკაცებს თვალზე ძილი არ ეკარებოდათ. ზღვის ნაპირას მდგომი დაფნის ხის ფოთლებით ვაჟკაცებმა გვირგვინები გაიკეთეს და შუბლზე შემოიკრეს (დაფნის ხეზე, სხვათა შორის, ხომალდის ბაგირები იყო მიბმული). ღვთაებრივი მომღერალი ორფევსი ფორმინგს აჟღერებდა და ვაჟკაცები მასზე აყოლებით შეხმატკბილებულად მღეროდნენ სხვადასხვა ჰიმნებს. ზღვის ნაპირი საამო სიმღერის ხმით ივსებოდა. არგონავტები მხურვალედ ადიდებდნენ ზევსის თერაპნელ5 ძეს, რომელმაც ბებრიკების თავხედი მეფე ამიკოსი სიცოცხლეს გამოასალმა.
როცა დიდებული ჰელიოსი აღმოსავლეთიდან ამოიზიდა და ცვარით დაფარული ბორცვები ათასფერად ააელვარა, მაშინ არგონავტებმა ხომალდზე საჭირო ნადავლი აიტანეს, დაფნის ხეზე მიკრული ბაგირები გამოხსნეს და მღელვარე ბოსფორის სრუტეში შეცურდნენ. აქ მთებისოდენა ტალღები ზეცამდე აღიმართებოდა, საზარლად ბობოქრობდა და ხომალდს დაღუპვას უქადიდა. არგონავტებს ღრუბლებივით ცამდე აზიდული მძვინვარე ტალღები თავს უნდა დასცემოდათ, რომ მესაჭე ტიფისს თავისი გამოცდილების წყალობით ხომალდი ამ მდგომარეობიდან არ ეხსნა. მან ოსტატურად ააცდინა შეშინებულ მეგობრებს საფრთხე და მეორე დღეს ბითინიის პირდაპირ მდებარე მხარეს მიაყენა ხომალდი.
ზღვის ამ ნაპირზე ცხოვრობდა აგენორის ძე ფინევსი. მას, ოდესღაც აპოლონმა მისნობა ასწავლა და ამის გამო იგი ყველა მოკვდავთა შორის აუტანელი მწუხარებით დაიტანჯა, ვინაიდან ღმერთის ნაბოძები მისნობის ნიჭი ბოროტად გამოიყენა. ფინევსი მოკვდავ ადამიანებს თვით ზევსის წმინდა ზრახვებსაც კი უცხადებდა. განრისხებულმა აპოლონმა მას მარადიული სიბერე მიუვლინა, მოსტაცა, თვალთაგან ტკბილი სინათლე და ნებას არ აძლევდა მას დამტკბარიყო იმ უამრავი სასმელ-საჭმელით, მასთან რომ მოჰქონდათ იქაურებს, რომელთაც მოხუცი ღვთის გადაწყვეტილებებს უცხადებდა. როგორც კი შეეხებოდა საჭმელს ფინევსი, მყისვე მოფრინდებოდნენ მასთან საშინელი ჰარპიები,6 დაესხმოდნენ თავს და ხელებიდან და პირიდანაც სტაცებდნენ საჭმელს უზარმაზარი ნისკარტებით. საბრალო ფინევსს ხან სულ არ რჩებოდა საკვები, ხან კი ისე ცოტას უტოვებდნენ, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო და სასაზარელი სიცოცხლე გაეგრძელებინა. დატოვებულ ნამცეცებს კი ისეთ მყრალ სუნს მოჰფენდნენ ჰარპიები, რომ ჭამა კი არა, ახლოს მიკარებაც არ შეიძლებოდა.
როგორც კი გაიგონა ფინევსმა არგონავტების ხმა და მათი ლაშქრის აურზაური, იგი მყისვე მიხვდა, რომ ეს ის გმირები იყვნენ რომელთა მოსვლის შემდეგ ზევსის გადაწყვეტილებით, მის ტანჯვას ბოლო უნდა მოღებოდა და იგი სასმელ-საჭმელით უნდა დამტკბარიყო. მოჩვენებასავით უსიცოცხლოდ წამოდგა თავისი საწოლიდან ფინევსი. იგი ჯოხს დაეყრდნო და კედელზე ხელის ფათურით მიათრევდა თავის დასუსტებულ ფეხებს კარებისაკენ. ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უკანკალებდა საბრალო მოხუცს შიმშილისა და სიბერისაგან დაუძლურებული სხეულის სახსრები. გამხდარი და ღონემიხდილი ფინევსი ცარიელი ძვალი და ტყავიღა იყო. მოხუცის კანი საზარლად იყო დახორკლილი ჭუჭყისაგან. გადააბიჯა თუ არა ზღურბლს ფეხი, მოხუცს მუხლები აუკანკალდა და იქვე ჩაჯდა. დაბნედილი და თავბრუდასხმული საბრალო ფინევსი ბურუსმა მოიცვა. ასე ეგონა, დედამიწა დატრიალდაო ირგვლივ. მოხუცმა გრძნობა დაკარგა.
როცა გმირმა არგონავტებმა იგი დაინახეს, მისკენ გაეშურნენ, მოხუცს გარს შემოერტყნენ და საშინლად გაჰკვირდნენ. საბრალო მისანი ცოტათი გონს მოვიდა, ძლივს ამოისუნთქა, მკერდიდან კვნესა აღმოხდა და ძლევამოსილ ვაჟკაცებს მიმართა: „მისმინეთ ყველა ბერძენთა შორის უმამაცესნო, თუ თქვენ მართლაც ის ვაჟკაცები ხართ, რომლებიც, მეფე პელიასის სასტიკი ბრძანებით, იაზონს ხომალდ არგოთი მიჰყავხართ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. ეჭვი არ მეპარება, რომ ნამდვილად ესენი ხართ. მიუხედავად საზარელი უბედურებისა, ჩემს გონებას კვლავ შესწევს მისნობის უნარი. გმადლობთ ამისათვის, დიდებულო ლეტოს ძევ! ვაჟკაცებო, გაფიცებთ ცოდვილთათვის სასტიკ მეუფე ზევსს, გაფიცებთ აპოლონ-ფებეს, გაფიცებთ ქალღმერთ ჰერას, თქვენ რომ მფარველობას გიწევთ ლაშქრობის ჟამს, შემწეობა აღმომიჩინეთ! იხსენით უბედური კაცი დაღუპვისაგან! ნუ წახვალთ აქედან ისე, რომ არ დამეხმაროთ! მრისხანე ერინიამ7 წარმტაცა თვალთაგან ტკბილი სინათლე და აპოლონმა მარადიული სიბერე მიძღვნა. მაგრამ ეს სასჯელი როდი მაკმარეს ნეტარმა ღმერთებმა! მათ ჩემს ტანჯვას სხვა ზარდამცემი უბედურებაც დაუმატეს და ყოველდღიური საზრდოობის საშუალებაც კი მომისპეს. საზიზღარი ფრთოსანი ჰარპიები საიდგანღაც მოფრინდებიან და პირიდან საკვებს მტაცებენ. ვერაფრით ვერ მიხსნია მათგან თავი. როგორც კი დავავლებ საჭმელს ხელს, ისე ანაზდეულად მოფრინდებიან ისინი, რომ ერთი ლუკმის ჩადებასაც ვერ ვასწრებ პირში. მთელ საკვებს მაცლიან ჰარპიები და თუ შემთხვევით საკვების ნამცეცებს დამიტოვებენ, ისეთი საზარელი სუნით მოჰფენენ მას, რომ ვერც ერთი მოკვდავი, თუნდაც რკინის გული რომ ჰქონდეს, ვერ მიეკარება მათგან შებილწულ და აყროლებულ საჭმელის ნარჩენს. მაგრამ შიმშილი მაიძულებს მე, ეს საზიზღრობა ავიტანო და ბოროტ მუცელში ჩავილაგო ჰარპიების მიერ დატოვებული ბინძური საკვები. ღვთის გადაწყვეტილებაა, რომ თქვენს შორის მყოფმა ბორეასის შვილებმა8 უნდა მომაშორონ ეს ჰარპიები. ბორეასის ძეები უცხონი არ არიან ჩემთვის, რომ არ მომეშველონ. მე ოდესღაც ადამიანთა შორის სიმდიდრით და მისნობის ნიჭით განთქმული ფინევსი ვარ — აგენორის ძე. ბორეასის ძეების დაი კლეოპატრა, როცა მე თრაკიელებზე ვმეფობდი, საქორწინო გამოსასყიდის წყალობით მეუღლედ წამოვიყვანე“.
ასე თქვა აგენორის ძემ და ვაჟკაცი არგონავტები აუტანელმა სევდამ შეიპყრო მისი სიბრალულით. ყველაზე მეტად ბორეასის შვილები შეწუხდნენ, თვალებზე ცრემლი მოერიათ და საბრალო ფინევსს მიუახლოვდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა – ძეტემ დავრდომილი მოხუცის ხელი ხელში აიღო და ასე უთხრა: „ოჰ, საბრალოვ, ვერავის ვერ დავასახელებდი მოკვდავთა შორის შენისთანა უბედურს! რატომ დაგატყდა თავს, მოხუცო, ასეთი ტანჯვა-წამება? ალბათ მისნობაში გაწაფულმა ღმერთებს შესცოდეს და ისინიც განგირისხდნენ. ჩვენ ძალიან გვსურს, აღმოგიჩინოთ დახმარება, მაგრამ გვეშინია, ვაი თუ ღმერთს არ დაენიშნოს ჩვენთვის შენი შემწეობა და ჩვენც შეგვრისხოს. მანამდე ვერ მოგაცილებთ საზიზღარ ჰარპიებს, მოხუცო, სანამ არ შემოგვფიცავ, რომ ამის გამო ღმერთები ჩვენც არ დაგვსჯიან!“. საბრალო მოხუცმა დაშრეტილი თვალები გააღო, ძეტყს მიაპყრო და ასე მიუგო: „გაჩუმდი, შვილო, ნუ მომაგონებ ჩემს შეცოდებას. ვფიცავ ლეტოს სახელოვან ძეს, კეთილი სურვილებით რომ მისნობის ნიჭი მიბოძა, ვფიცავ ჩემს უბედურ ხვედრს და თვალებზე გადაკრულ ბნელ ღრუბელს, ვფიცავ საიქიოს ღმერთებს, დაე სიკვდილის შემდეგაც მდევნიდნენ ისინი, თუ თქვენ რომელიმე ღმერთმა შეგრისხოთ ჩემი დახმარებისათვის!“.
მიიღეს თუ არა ეს ფიცი, ბორეადები საბრალო ფინევსის დახმარების სურვილით აცახცახდნენ. არგონავტთა შორის ყველაზე უფრო ახალგაზრდებმა მყისვე გაუშალეს დამშეულ მოხუცს სუფრა, რომელიც უკანასკნელი ნადავლი უნდა ყოფილიყო ჰარპიებისათვის. სუფრასთან ბორეადები დადგნენ, მახვილები იშიშვლეს და ჰარპიებს ელოდნენ. როგორც კი აიღო ფინევსმა ლუკმა, უეცრივ ჟივილ-ხივილით გამოფრინდნენ ღრუბლებიდან ჰარპიები და ელვისებურად დაეძგერნენ სუფრას. მათ დანახვაზე არგონავტებმა საშინელი განგაში ატეხეს, მაგრამ ჰარპიებმა ყველაფერი გადასანსლეს და ჟივილით გადაუფრინეს ზღვას. სუფრაზე კი აუტანელი სუნი დატოვეს.
ბორეასის ფრთაშესხმული და მახვილმომარჯვებული ვაჟები ჰარპიებს დაედევნენ. ნეტარმა ზევსმა დაუშრეტელი ძალა შთაუნერგა მათ. ზევსის შემწეობის გარეშე ბორეადები ვერ გამოედევნებოდნენ ზეფირის ქროლაზე უფრო სწრაფად გაფრენილ ჰარპიებს. ვით ნადირობაში გაწაფული ძაღლები მისდევენ ხოლმე მთებში ჯიხვებს თუ ირმებს და მათ უკან ამაოდ აკრაჭუნებენ კბილებს, ისე ძეტე და კალაისი მისდევდნენ ჰარპიებს სულ ახლოს, მაგრამ ვერ ეხებოდნენ. ბორეა დები ბოლოსდაბოლოს დაეწივნენ ფრთოსნებს პლოტებთან9 და ღმერთების ნების გარეშე ერთიანად ამოჟლეტდნენ მათ, რომ ამ დროს დაინახეს მალი ირისი,10 რომელიც ზეცით ჩამოხტა მათთან, შეაჩერა ვაჟკაცები და ასე უთხრა: „ბორეასის ძლევამოსილო ვაჟიშვილებო, თქვენ უფლება არა გაქვთ, მახვილებით დახოცოთ ჰარპიები, დიდებული ზევსის ეს დაგეშილი ძაღლები. მე თქვენ ფიცს გაძლევთ, რომ ისინი აღარასოდეს არ წაეკარებიან აგენორის მრავალტანჯულ შვილს!“ ასე სთქვა ქალღმერთმა, მალმა ირისმა და წმინდა სტიქსზე11 დაიფიცა, რომლის წინაშე თვით ღმერთებიც კი ქედს იხრიან და ძრწიან, რომ ჰარპიები, ღვთის გადაწყვეტილების თანახმად, აღარ დაუბრუნდებოდნენ ფინევსის სახლს. ერწმუნენ ბორეადები ქალღმერთის ფიცს და მყისეე გამობრუნდნენ ხომალდისაკენ. ამის გამოა, რომ იმ კუნძულებს, საიდანაც ბორეადები უკან დაბრუნდნენ, ხალხი დაბრუნების კუნძულებს უწოდებს, უწინ კი მათ პლოტებს ეძახდნენ. ქალ-ღმერთმა ირისმა მალი ფრთები გაშალა და ოლიმპოზე აფრინდა, ჰარპიები კი მინოსისეული კრეტის გამოქვაბულისაკენ დაეშვნენ.
ამასობაში სახელოვანმა არგონავტებმა საბრალო მოხუც ფინევსს ჭუჭყიანი სხეული გაუსუფთავეს. შემდეგ კი ამიკოსის ფარეხიდან ნადავლად წამოყვანილი არჩეული ცხვრები მსხვერპლად შეწირეს და ბრწყინვალე სუფრას შემოუსხდნენ ფინევსის სახლში. საბრალო მოხუცი ხარბად შეექცეოდა ნუგბარ საჭმელებს და თავი სიზმარში ეგონა. როცა ვაჟკაცები საჭმელით და სასმელით გაძღნენ, კერასთან მოგროვდნენ და მთელი ღამე ელოდებოდნენ ბორეასის ბრწყინვალე ძეებს. ვაჟკაცებმა შუაში ფინევსი ჩაისვეს, რომელიც მათ წინმდებარე გზისა და ნაოსნობის დასასრულის შესახებ შემდეგს მოუყვა: „ახლა კი მისმინეთ, ვაჟკაცებო, წესი არაა, რომ თქვენ ყველაფერი იცოდეთ, რაც თავს გარდაგხდებათ! იმას კი, რაც ღმერთებსაც საამოდ დაურჩებათ, ახლავე გიმისნებთ. მე უკვე საკმარისად დავისაჯე იმიტომ, რომ ზევსის განზრახვებს დაუფარავად ვაცხადებდი თავიდან ბოლომდე. ნეტარ ზევსს სურს, რომ მოკვდავებს განეცხადოთ წინასწარმეტყველების მხოლოდ ნაწილი, რათა ადამიანებს დარჩეთ გაუგებრად ისეთი რამ, რაც ღმერთებს მათ თვალში პატივსა და ღირსებას შეუნარჩუნებს. ჩემგან რომ წახვალთ, უწინარეს ყოვლისა ზღვაში სრუტესთან თქვენ დაინახავთ ორ პირქუშ კლდეს; ამ კლდეთა შორის ჯერ არც ერთი მოკვდავი არ გასულა. ძირი ამ კლდეებს არაფერზე არა აქვთ დადგმული და საოცარი სისწრაფით მოძრაობენ. კლდეები მარად ეჯახებიან და მყისვე შორდებიან ერთმანეთს. ზღვის ბობოქარი და ქაფმორეული ტალღები ამ კლდეთა მწვერვალებამდე აღიმართება. კლდეების შეხეთქება ისეთი ძლიერია, რომ იქაურობა შემაძრწუნებლად გუგუნებს. თუ თქვენ ღმერთებს თაყვანს სცემთ და გონიერები ხართ, დაუჯერეთ ჩემს რჩევას: ახალგაზრდობის ცეცხლით გატაცებულებმა უცბად არ მიიტანოთ იერიში ამ კლდეებში გასაცურავად, თორემ თქვენივე ხელით გაიმზადებთ საზარელ სიკვდილს! სანამ თქვენ ეცდებოდეთ კლდეებში გასვლას, მანამ ფრთოსანი მტრედი გაუშვით ხომალდიდან და თუ ფრინველი უვნებლად გადაჰკვეთს კლდეებს, თქვენც ნუ დააყოვნებთ, მძლავრად მოუსვით ხოფებს და სასწრაფოდ გადალახეთ სრუტე. თქვენი ხსნა იმდენად ლოცვა-მუდარაზე არ იქნება დამოკიდებული, რამდენადაც თქვენი ხელების ძალაზე. ყველაფერს თავი დაანებეთ მაშინ და მხოლოდ თქვენს სიმამაცეს დაეყრდენით. მე, რა თქმა უნდა, არ გიკრძალავთ წინასწარ ღმერთებს შეევედროთ. თუ მტრედი კლდეებში დაიღუპა, დაუყოვნებლივ გამობრუნდით უკან და უმჯობესია დაემორჩილოთ უკვდავ ღმერთებს. კლდეთა შეხეთქებას ღმერთთა სურვილის გარეშე ვერ გადაურჩება თქვენი ხომალდი არგო, თუნდაც რკინისაგან იყოს აგებული. გიმეორებთ, თუ მტრედი, გამოსაცდელად გაშვებული, დაიღუპა კლდეებში, ნუ წახვალთ ჩემი წინასწარმეტყველების წინააღმდეგ, ნუღარ ეცდებით გზის გაგრძელებას! თუნდაც ფიქრობდეთ, რომ მე სამგზის მეტად წყეული ვარ იმაზე, რამდენადაც ზეციური ღმერთებისათვის ვითვლები, მაინც დამიჯერეთ, რადგანაც ყველაფერი ისე აღსრულდება, როგორც მე ვამბობ. თუ თქვენ უვნებლად გასცურავთ ამ მოძრავ კლდეებს, მყისვე პონტოში აღმოჩნდებით. ბითინელთა მხარე ხელმარჯვნივ დაიკავეთ და იცურეთ. ნურც ერთ ნაპირს ნუ მიადგებით მანამ, სანამ არ გადაჰკვეთთ სწრაფ მდინარე რებას,(ბითინიაში) სანამ არ ჩაუვლით შავ კონცხს (ბითინიაში) და კუნძულ თინიას (შავ ზღვაში) ნავსადგურს არ მიაღწევთ, აქედან გამგზავრებულნი დიდხანს არ იცურებთ და მიადგებით მარიანდინების მხარეს. აქ საიქიოს სამეფოში ჩასასვლელი გზა მიდის და აქერუსიას კონცხია აღმართული, რომლის მწვერვალიდანაც ჩამოდის მორევიანი აქერონი (საიქიოს მდინარე). იგი მის მიერ გაკვეთილ უფსკრულში ისვრის თავის ტალღებს. ამის შემდეგ თქვენ ჩაუცურავთ პაფლაგონიის მთებს. პაფლაგონია ის მხარეა, რომელზედაც თავდაპირველად ენეტეიოსი12 პელოფსი მეფობდა. პაფლაგონიელები ამიტომ ამაყობენ, რომ ისინი პელოფსის სისხლისანნი არიან. აქ თქვენ ნახავთ ზღვიდან ცამდე აზიდულ კონცხს. იგი ჰელიკეს დათვამდე13 აღიმართება და მის მწვერვალს ბორეასის ქარები ეხეთქებიან. ამ კონცხს კარამბისს უწოდებენ. ამ კონცხის მოშორებით მდებარე უფრო პატარა კონცხს საზარლად ეხეთქება მდინარე ჰალისის ტალღები. მის მახლობლად მდინარებს პატარა ირისი ქათქათა ტალღებს ზღვაში ისვრის. ირისის შესართავს ზემოთ ზღვას იდაყვის მსგავსი, მოხრილი ნაპირი აკრავს. ამ ნაპირის კიდეზე არის კონცხი თემისკირა. აქ ზღვის წყნარ უბეს ერთვის შორიდან მომავალი მდინარე თერმოდონტი. თერმოდონტის შესართავთან გაშლილია დოიასის ველი და აქვეა ამაზონების სამი ქალაქი. შემდეგ კლდოვან და პირქუშ მიწაზე ადამიანთა შორის ყველაზე უფრო საბრალო მუშები – ხალიბები ცხოვრობენ, რომლებიც რკინას ამუშავებენ. ხალიბების მახლობლად, სტუმართმოყვარე ზევსისადმი შეწირული გენეტაიოსის კონცხის გადაღმა, ცხოვრობენ ცხვრებით მდიდარი ტიბარენები. მათ მეზობლად ტყიან ადგილებსა და მთების ძირში სახლობენ მოსსინიკები, რომლებიც ხის კოშკებში იმართავენ ბინებს კარგად შეკრული ღობეებით, რომლებსაც მოსინებს უწოდებენ: აქედან მოდის თვით მათი სახელიც – მოსინიკები. მათ რომ ჩაუვლით, თქვენ მიადგებით ერთ მწირ კუნძულს, (არესის კუნძული ანუ არეტიადა) ათასგვარი ხერხით რომ მოიგერიებთ თავხედ ფრინველებს რომლებიც მრავლად დასტრიალებენ თავს ამ უდაბურ კუნძულს. ოდესღაც მასზე ამაზონების დედოფლებმა, ოტრერემ და ანტიოპემ არესს აუგეს ქვის ტაძარი, როცა ისინი ლაშქრად მიდიოდნენ. ამ კუნძულზე მიდგომა თქვენთვის მეტად ხელსაყრელი აღმოჩნდება; ამიტომ მეგობრულად გირჩევთ, იქ აუცილებლად მიაცუროთ ხომალდი. მაგრამ რატომ უნდა გითხრათ რა მოხდება იქ? ეს ხომ კვლავ ღვთის წყრომას გამოიწვევს! ამ კუნძულის გადაღმა ფილირები ცხოვრობენ, ფილირებს ზემოთ მაკრონები არიან, ხოლო მათ შემდეგ ბექირთა მრავალი ტომი ცხოვრობს. ბექირების მომიჯნავენი არიან საპირები, რომელთა მეზობლად ცხოვრობენ ბიძერები. მათ ზევით კი უკვე თვით მეომარი კოლხები მოსახლეობენ. მაგრამ თქვენ განაგრძეთ ხომალდით ცურვა, სანამ ზღვის კიდეს არ მიაღწევთ. იქ კუტაიის14 ხმელეთზე და კირკეს ველზე ამარანტის შორეული მთებიდან15 გამომდინარე მორევიანი ფასისი მიაგორებს თავის ფართო ნაკადს ზღვისაკენ. ამ მდინარის შესართავთან რომ მიაცურებთ ხომალდს, თქვენ დაინახავთ კუტაიელ აიეტის კოშკს და არესის ჩრდილოვან ჭალაკს. ამ ჭალაკში მუხაზე ჩამოკიდებულ ოქროს საწმისს საზარელი სანახავი ურჩხული დრაკონი დარაჯობს. მის საშინელ თვალებს ვერც დღისით და ვერც ღამით ვერ იმორჩილებს ტკბილი ძილი“.
ფინევსის სიტყვებმა თავზარი დასცეს არგონავტებს. დიდხანს იყვნენ გაშეშებულნი და ხმას არ იღებდნენ. ბოლოს მოსალოდნელი საფრთხით შემკრთალმა ეზონის გმირმა ძემ დაარღვია მყუდროება: „მოხუცო, შენ უკვე გვიამბე, თუ რა განსაცდელი გვიძევს წინ. გვირჩიე, თუ როგორ გადავლახოთ პირქუში და მოძრავი კლდეები, მაგრამ სიამოვნებით შევიტყობდით შენგან იმასაც, თუ როგორ გამოვცუროთ ეს კლდეები ელადაში დაბრუნების ჟამს, თუ როგორ გადავლახავთ კოლხეთისაკენ სავალ ესოდენ შორეულ გზას, როცა მეც და ჩემი მეგობრებიც არ ვიცნობთ ამ მხრეს. კოლხეთის ეა ხომ ზღვისა და მიწის უკიდურეს მხარეში მდებარეობს?“. მოხუცმა ფინევსმა იაზონს ასე მიუგო: „შვილო ჩემო, როცა პირქუშ კლდეებს გასცურავთ, მერე გამხნევდით, რადგანაც ეადან უკან ნაოსნობის დროს თქვენ გამოგიძღვებათ ღვთაება. ეასაკენ ცურვის დროს კი მრავლად აღმოგიჩნდებათ მეგზურები. თქვენ უნდა მოუწოდოთ დასახმარებლად ჯადოქრობაში გამოწვრთნილ ქალღმერთ კიპრიდას. თქვენი დავალების სახელოვნად დასრულება მისგანაა დამოკიდებული. მე უკვე ყველაფერი გითხარით და აღარაფერი არ შემეკითხოთ!“.
დაამთავრა თუ არა ფინევსმა ლაპარაკი, ეთერიდან ბორეასის შვილები დაეშვნენ და მარდი ფეხები ფინევსის სახლის კარის ზღურბლზე შემოსდგეს. სიხარულით წამოდგნენ ზეზე ვაჟკაცი არგონავტები, ბორეასის ძლევამოსილი ვაჟიშვილები რომ დაინახეს და მოუთმენლად ელოდნენ იმას, თუ რას იტყოდნენ ისინი ჰარპიების შესახებ. ძეტემ, ჯერ კიდევ რომ მძიმედ სუნთქავდა დაღლილობის გამო, მეგობრებს უამბო, თუ რარიგ შორს გარეკეს ჰარპიები, თუ როგორ აუკრძალა მათ ქალღმერთმა ირისმა ფრთოსნების დახოცვა და როგორ მისცა ფიცი. ბოლოს, როგორ ჩაეშვნენ შეშინებული ჰარპიები დიქტეს მთის უზარმაზარ მღვიმეში. ამ ამბავმა სიხარულით აღავსო ფინევსი და არგონავტებიც გაახარა. „აგენორის სახელოვანო ძევ, – მიმართა ეზონის გონიერმა ვაჟმა ფინევსს, – ცხადია, რომელიღაც ღმერთმა მოწყალების თვალი მოავლო შენს საბრალო ბედს. მან მოისურვა, რომ ჩვენ აქ მოვსულიყავით და ბორეასის ვაჟიშვილებს საზღვარი დაედოთ შენი ტანჯვისათვის. თუ ეს მოწყალე ღმერთი შენს თვალებს სინათლესაც დაუბრუნებს, ისე გამეხარდება, როგორც სამშობლოში დაბრუნება!“. „ეზონის ძლევამოსილო შვილიო, – მწუხარებით მიუგო მას ფინევსმა – ჩემს დაშრეტილ თვალთ სინათლე აღარასოდეს არ დაუბრუნდება. ამის წამალი არსად არ არის. დაე მის სანაცვლოდ სიკვდილი მომივლინოს ნეტარმა ღმერთმა და მე სიკვდილში ვპოვებ უმაღლეს სიმშვიდე!“. ასე ესაუბრებოდნენ ისინი ერთმანეთს.
ამასობაში მათ ალიონმა მოუსწრო. ფინევსთან ახლომახლო მცხოვრებლები მოვიდნენ. ისინი ყოველდღიურად მოდიოდნენ მასთან. თან თავიანთი სურსათის ნაწილი მოჰქონდათ. მოხუცი ყველას მუყაითად უმისნებდა და რჩევა-დარიგებას აძლევდა. მართალია, ზოგიერთი ღარიბი იყო და საჩუქარიც მცირე მოჰქონდა, იგი არც ასეთს ხალხს უშვებდა გულდაწყვეტილს. ამიტომ იყო, რომ იქაურები საბრალო მოხუცს მზრუნველობას არ აკლებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, სახელად პარებიოსი, ფინევსს ყველაზე მეტად უყვარდა. პარებიოსი აღტაცებული იყო არგონავტების ხილვით, ვინაიდან ფინევსმა მას ოდესღაც უწინასწარმეტყველა, რომ ელადიდან აიეტის ქალაქისაკენ მიმავალი მამაცი გმირების ლაშქარი თინიას მიწას მოადგება და მე ჰარპიებს მომაშორებსო. როცა ფინევსმა მასთან მოსულები დააკმაყოფილა ბრძნული მისნობით, უკან გაისტუმრა, პარებიოსი კი არგონავტებთან დატოვა. მერე კი მას უბრძანა, საკუთარი ფარიდან ერთი შერჩეული ცხვარი მოეყვანა. როცა პარებიოსი სახლიდან გავიდა, ფინევსმა თავის სტუმრებს ასე უამბო: „მეგობრებო ყველა ადამიანი არაა ზვიადი და კეთილი საქმისთვის უმადური. აი ეს კაცი ერთ-ერთი იმათთაგანია. იგი ერთხელ თავისი ბედის გასაგებად მოვიდა ჩემთან. რაც უფრო მეტს შრომობდა, მით უფრო მეტად ღარიბდებოდა. შესვენება არ იყო მისთვის. ტანჯვით აღსავსე დღეს ასეთივე დღე მოსდევდა. პარებიოსი თავისი მამის შეცოდების გამო ისჯებოდა. ერთხელ პარებიოსის მამა მთაში ხეებს სჭრიდა. ნიმფა ჰამადრუა ტირილით ემუდარებოდა მას, რომ არ მოეჭრა მასთან ერთად აღზრდილი მუხა, რომლის ტანშიც იგი თავის სიცოცხლეს ატარებდა. მან არ უსმინა ნიმფა ჰამადრუას ხვეწნა-მუდარას და მუხა ახალგაზრდული სიამაყით გატაცებულმა მოჭრა. ამის გამო ნიმფამ შემდეგში მძიმე ხვედრი არგუნა მასაც და მის მაშვილებსაც. მე ეს მისნობის წყალობით გავიგე და პარებიოსს ვურჩიე, თინიელი ნიმფისათვის საკურთხეველი აეგო და მის მოსალმობიერებლად წმინდა მსხვერპლი შეეწირა, რათა მამის დანაშაული გამოესყიდა და მძიმე ხვედრს გაქცეოდა. პარებიოსი ასეც მოიქცა და ღვთის მოგზავნილ უბედურებას, – რომ მის შრომას ნაყოფი არ ჰქონდა, – საზღვარი დაედო ამიტომ არის, რომ პარებიოსი არ ივიწყებს ჩემს კეთილ რჩევას. სულ ცდილობს ჩემთან იყოს და ჩემი ტანჯვა გაიზიაროს. არასოდეს არ მტოვებს მარტო და ძლივს ვაგზავნი ხოლმე რამეზე“.
დაამთავრა თუ არა ფინევსმა ეს ამბავი, პარებიოსიც მოვიდა. მან ორი ცხვარი მოიყვანა. დღე დასასრულს უახლოვდებოდა. ფინევსის რჩევით იაზონმა და ბორეასის ვაჟიშვილებმა მისანთა მფარველ აპოლონს მოუწოდეს და საკურთხეველზე მსხვერპლი შესწირეს. ახალგაზრდა არგონავტებმა ლხინი გამართეს და როცა კარგად ივახშმეს, დასაძინებლად წამოიშალნენ. ზოგი ფინევსის სახლში დარჩა ღამის გასათევად, ზოგი კი ხომალდისაკენ გაემართა.
განთიადზე მძლავრი ქარები ამოვარდა. ეს ქარები ზევსის ბრძანებით დაქროლავენ ხოლმე მთელ დედამიწაზე. მათი წარმოშობის შესახებ შემდეგი თქმულება არსებობს.
ლამაზი ასული კირენე (ნიმფა), რომელსაც აშინებდა მამაკაცთა ვნება და გადაწყვეტილი ჰქონდა ბოლომდე სიქალწულე შეენარჩუნებინა, თავის ნახირს აძოვებდა მდინარე პენევის (თესალიაში) ნაპირებზე. ნეტარ აპოლონს იგი მოეწონა, გაიტაცა ჰემონიიდან (ჰემონია – თესალიის მეორე სახელი) და ლიბიის მკვიდრ ნიმფებს ჩააბარა, რომლებიც მირტოსიოსის მთის (ლიბიაში) მახლობლად ცხოვრობდნენ. აქ კირენემ ფებეს შესძინა ვაჟი – არისტაიოსი, რომელსაც მდიდარმა ჰემონიელებმა აგრევსი და ნომიოსი16 შეარქვეს. ღმერთმა აპოლონმა სიყვარულის გულისათვის კირენეს უკვდავება მიანიჭა და მონადირეთა მფარველ ნიმფად აქცია. პაწაწა შვილი კი კენტავრ ქირონის გამოქვაბულში წაიყვანა აღსაზრდელად. როცა არისტაიოსი წამოიზარდა, ქალღმერთმა მუზებმა დააქორწინეს, მკურნალობის ხელოვნება ასწავლეს, მისნობის ნიჭი მისცეს და მთელი თავიანთი ნახირი ჩააბარეს. მუზებს ნახირი ჰყავდათ გაშვებული ფთიის მინდვრებზე, ოთრისის მთის (თესალიაში) ფერდობებზე და მდინარე აპიდანის ნაპირებზე. როცა მინოსის გამგებლობაში მყოფ კუნძულებს (იგულისხმება კრეტა და კიკლადები) სირიოსი17 დაადგებოდა ხოლმე თავს და ყველაფერს თავისი სხივებით წვავდა, გვალვით დაზარალებული მცხოვრებნი მაშინ, აპოლონ-ღმერთის ბრძანებით, ვაებისგან დამხსნელ არისტაიოსს მიმართავდნენ შემწეობისათვის. შემდეგში არისტაიოკსი ერწმუნა მამის რჩევას და ფთიიდან კ. კეოსზე (კიკლადებში) გადასახლდა. აქ მან გარს შემოიკრიბა პარასიელი ხალხი, რომელიც თავის დასაბამს არკადიის მეფე ლიკაონისაგან იღებდა. აქ არისტაიოსმა, გვალვის თავიდან ასაცილებლად, იკმაიოს ზევსს18 დიდი საკურთხეველი აუგო და მთებში მსხვერპლი შესწირა ზევსსაც და სირიოსის ვარსკვლავსაც. ამის შემდეგ არის, რომ ყოველწლიურად ორმოცი დღის განმავლობაში აგრილებს ქვეყანას ზევსის მიერ აქროლებული ქარები; ხოლო კეოსზე ქურუმები დღესაც სწირავენ მსხვერპლს ყოვლისშემძლე ზევსს სანამ ზეცაზე ძაღლი (სირიოსი) გამოჩნდებოდეს“.
ამ ქარებმა არგონავტები ფინევსის სამფლობელოში დააბრკოლეს. თინიელებს ვაჟკაცებისათვის უამრავი საჩუქრები მოჰქონდათ, ვინაიდან ამ ვაჟკაცებმა იხსნეს ფინევსი უბედურებისაგან. ბოლოს და ბოლოს ქარები ჩადგნენ. არგონავტებმა ზღვის ნაპირზე თორმეტ ნეტარ ღმერთს19 საკურთხეველი აუგეს, მსხვერპლი შესწირეს და ხომალდზე ავიდნენ, რათა კვლავ შეეცურებიათ იგი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში. ფინევსის რჩევის თანახმად თან მტრედიც წაიყვანეს, შიშისაგან დავარდნილი ფრინველი ევფემეს ჩაებღუჯა ხელში.
ქალღმერთ ათენას არგონავტების თინიას ნავსადგურიდან გამგზავრება არ გამოჰპარვია. ვაჟკაცებისათვის დახმარების მოსურნე ქალღმერთმა მყისვე შედგა ფეხები. მსუბუქ ღრუბელზე და ზეციდან ძირს ჩამოეშვა. ისეთი სისწრაფით მოჰქროდა ზეციდან ქალღმერთი ათენა, რომ მალ ფიქრს ემსგავსებოდა, რომელიც სამშობლოდან მოშორებულ კაცს მყისვე გადაატარებს თვალუწვდენელ ზღვებსა და ხმელეთს და სანუკვარ მამულში მიიყვანს. ქალღმერთმა აქსეინოს პონტოს20 თინიას სანაპიროზე დადგა ფეხი.
არგონავტები უკვე პირქუშ კლდეებს შორის ჩამწყვდეულ და დაკლაკნილ სრუტეს მიუახლოვდნენ. ხომალდ არგოს მძლავრად ეხეთქებოდნენ ტალღები და ვაჟკაცებს დაღუპვით ემუქრებოდნენ. აი არგონავტებს უკვე შემოესმათ პირქუში კლდეების ხმაური. ისინი ერთმანეთს ეხეთქებოდნენ და საზარელი გრიალი გაჰქონდათ. მყისვე წამოდგა ზეზე ევფემე, მტრედი რომ ეპყრა ხელთ და ხომალდის ცხვირზე შედგა. ვაჟკაცმა არგონავტებმა ტიფისის ბრძანებით მარჯვედ მოუსვეს ხოფებს. ხომალდმა უკანასკნელი მოსახვევი რომ გაიარა, ვაჟკაცებმა დაინახეს ის, რის დანახვაც მათ შემდეგ არც ერთ მოკვდავს აღარ ეწერა. პირქუში კლდეები ერთიმეორეს შორდებოდნენ. არგონავტებს თავზარი დაეცათ ამის დანახვაზე. ხომალდის წვერზე შემდგარმა ევფემემ მტრედი სწრაფად გააფრინა კლდეებისაკენ. არგონავტებმა თავები ზე ასწიეს და ფრთოსანს თვალები მიაპყრეს. მტრედი ელვის სისწრაფით მიფრინავდა სრუტისაკენ. კლდეები საზარელი გუგუნით უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და ზათქით პირი შეიკრეს. ზღვა საშიშრად შფოთავდა და ზვირთებს ზვირთებზე ახლიდა. იგი საზარლად ტორტმანობდა, ჰაერს აზანზარებდა და ღრუბლისფერ ტალღებს კლდეებს ახეთქებდა. მღელვარე ტალღები თეთრ ქაფს ანთხევდნენ, სრუტის ნაპირებს ეხლებოდნენ და გაშმაგებით ღმუოდნენ. აბობოქრებული ზვირთები ნაფოტივით აფრიალებდნენ ხომალდ არგოს. ევფემეს მიერ გაშვებული მტრედი უვნებლად გაფრინდა სრუტეში. კლდეებმა კუდის ბოლო მოაგლიჯეს მხოლოდ. არგონავტებმა სიხარულით შესძახეს. მესაჭე ტიფისმა ვაჟკაცები გაამხნევა და წააქეზა მძლავრად მოესვათ ხოფები, რათა უვნებლად გაეტარებიათ ხომალდი კლდეთა შორის, რომლებიც ისევ შორდებოდნენ ერთიმეორეს. შიშით უსვამდნენ არგონავტები ხოფებს. როცა ნაპირს შეხეთქებული უზარმაზარი ტალღა უკან დაბრუნდა და ხომალდი ელვის სისწრაფით შეიტანა კლდეებს შორის, რომლებიც პირშესაკრავად ისევ უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, მაშინ ყველა არგონავტი საშინელმა შიშმა შეიპყრო. აუცილებელი დაღუპვა მოელოდა მათ. გმირების თვალწინ ზღვის თვალუწვდენელი სივრცე იყო გადაშლილი. უეცრად მათ წიწ ცამდე აზიდული ტალღა აღიმართა; მოხეთქილ მთასავით ტორტმანობდა იგი, ხომალდზე დაცემას და მის ჩაღუპვას ლამობდა. ეს რომ დაინახეს, გულგატეხილმა არგონავტებმა თავები ჩაქინდრეს, მაგრამ გამოცდილმა მესაჭემ ტიფისმა მძლავრად მოიმარჯვა ხელში საჭე და აზვირთებულ სტიქიონს, რომე ლიც ხომალდს დაღუპვით ემუქრებოდა, მოხერხებულად დაუსხლტა. ახლა კი ბობოქარი ტალღა ხომალდს ქვეშ მოექცა, უკან დააბრუნა და ნაფოტივით ატრიალებდა. გმირი ევფემე აქეთ-იქით დარბოდა და მეგობრებს დასჭყიოდა, რომ მთელი ძალ-ღონით დასწოლოდნენ ხოფებს. ვაჟკაცებიც ყვირილით ურტყამდნენ ხოფებს ზღვის გაშმაგებულ წყალს. მძლავრად დარტყმულ ნიჩაბს ორმაგი სიმძლავრის მოწოლით პასუხობდა ტალღა. მოხრილი მშვილდებივით დაიზნიქნენ ხოფები. კვლავ აღიმართა ხომალდის წინ ვეებერთელა ტალღა, ხომალდი ზე აიტაცა და ზურგზე მოიქცია. ცილინდრივით გასრიალდა ხომალდი ზვირთზე და კლდეებს შორის შეცურდა კვლავ. აქ იგი ბობოქარმა მორევმა შეაკავა და ერთ ადგილას ატრიალებდა. პირშესაკრავად წამოსული კლდეები შემაძრწუნებელი გუგუნით მოისწრაფოდნენ ხომალდი კვლავ ერთ ადგილას ქანაობდა და აუცილებელ დაღუპვას ელოდა. მაგრამ ამ დროს ზეცით მოვლენილმა ქალღმერთმა ათენამ ერთი პირქუში კლდე მარცხენა ხელით შეაკავა, მარჯვენათი კი ხომალდს წაჰკრა და არგო გატყორცნილი ისარივით გასრიალდა. ერთმანეთს შეხეთქებულმა კლდეებმა კუდი დაუზიანეს ოდნავ ხომალდს. გადაარჩინა თუ არა არგონავტები განსაცდელს, ქალღმერთი ათენა ოლიმპოზე აცურდა. პირქუშმა კლდეებმა, კვლავ რომ დაშორდნენ ერთიმეორეს, ძირი გაიდგეს და სამარადისოდ შეჩერდნენ. ნეტარმა ღმერთებმა ოდესღაც გადასწყვიტეს, რომ თუ კი ვინმე ამ კლდეებს იხილავდა და გადასცურავდა, ისინი უმოძრაო კლდეებად უნდა ქცეულიყვნენ.
არგონავტებს შიში გაუქრათ და თავისუფლად ამოისუნთქეს. ასე ეგონათ, ჰადესისაგან (საიქიო) დავიხსენით თავიო. ისინი აღტაცებით შმაყენებდნენ უსაზღვრო ზეცას და ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს ჩვენ უკვე გადავურჩით განსაცდელს, – შეჰყვირა მესაჭე ტიფისმა, – და ამის მიზეზი სხვა არავინაა, თუ არა ქალღმერთი ათენა. მან შთაჰბერა ჩვენს ხომალდს ღვთაებრივი ძალა. ძლევამოსილო ეზონიდო, – მიმართა მან იაზონს, – ჩვენს ხომალდს ვერავითარი ძალა ვერ დაამსხვრევს. რაკიღა ქალღმერთმა უვნებლად გაგვატარა საზარელ კლდეებში, ამიერიდან ეჭვი ნუ გეპარება, რომ მეფე პელიასის დავალებას ბრწყინვალედ შეასრულებ. აგენორის სახელოვანმა ვაჟიშვილმა ფინევსმა ხომ კლდეებში გაცურვის შემდეგ სულ ადვილი დაბრკოლებების გადალახვა გვიმისნა!“ ასე სთქვა გამოცდილმა მესაჭემ და ხომალდი, ზღვის ზედაპირზე რომ მისრიალებდა, ბითინიის მხარეს ჩაუცურა. იაზონმა, რომელსაც თავისი მეგობრების გამოცდა სურდა, ტიფისს ტკბილად მიუგო: „ძვირფასო მეგობარო, ამაოდ ცდილობ ჩემს დამშვიდებას. მე ვგრძნობ, რომ შევცდი და მძიმე უბედურება დავიტეხე თავს. მე უარი უნდა მეთქვა ამ ლაშქრობაზე პელიასისათვის, თუნდაც საზარლად ავეკუწე და ისე გამოვსალმებოდი სიცოცხლეს. ახლა კი აუტანელი მწუხარება მიპყრობს და მოსვენებას არ მაძლევს. მუდამ საფრთხე მელანდება თვალწინ, ზღვის თვალუწვდენელ სივრცეზე რომ მივცურავთ. ყოველ ნაპირზე მიდგომა ეჭვს ძრავს ჩემში, ვაი თუ მტრულად შეგვხვდნენ ადგილობრივი მცხოვრებლები მეთქი! არც დღე და არც ღამე არ მასვენებს სევდა და დარდი მას შემდეგ, რაც თქვენ შეგკრიბეთ კოლხეთში გასალაშქრებლად. მე ჩემს თავზე ოდნავადაც არ ვფიქრობ. ჩემი ფიქრები თქვენ დაგტრიალებთ თავს, შენც, ჩემო ტიფისს, და ყველა სხვას – ჩემთვის ძვირფას მეგობარს. ვშიშობ, ვაი თუ ვეღარ დაგაბრუნეთ უვნებლად საყვარელ ელადაში!“ იაზონის სიტყვებზე ვაჟკაცები ზე წამოდგნენ, ძვირფასი წინამძღოლი გაამხნევეს და ბოლომდე დახმარება აღუთქვეს. იაზონი სიხარულმა აიტაცა და ერთგულ მეგობრებს მადლიერების გრძნობით მიუგო: „ვაჟკაცებო, თქვენმა მამაცობამ მხნეობა შემმატა. თქვენ უზომო სიმტკიცეს იჩენთ მძიმე განსაცდელის ჟამს და ამიერიდან შიშს გულში არ გავიტარებ, თუნდაც ჰადესის უფსკრულში მომიხდეს გამგზავრება. რაკიღა საშინელ კლდეებს თავი დავაღწიეთ, ვფიქრობ, რომ ასეთი განსაცდელი მომავალში აღარ შეგვხვდება. მივყვეთ, მეგობრებო, წინასწარმეტყველ ფინევსის მიერ ნაჩვენებ გზას!“ დაამთავრა თუ არა იაზონმა სიტყვა, არგონავტებმა კვლავ მძლავრად მოუსვეს ხოფებს და სწრაფად გადალახეს სწრაფი მდინარის რებას შესართავი; შემდეგ კოლონის კლდე და შავი კონცხი მოიტოვეს უკან. მალე მდინარე ფილიდის შესართავიც გადასცურეს. ამ მდინარის და მინდვრის ნიმფის ვაჟიშვილმა – დიფსაკემ ოდესღაც სტუმრად მიიღო ვერძის წყალობით ორქომენიდან გამოქცეული ფრიქსე. სამართლიანობით განთქმული დიფსაკე ღვთაებრივ დედასთან ერთად ცხოვრობდა და თავისი მამის, მდინარე ფილიდის, ნაპირებზე ნახირს აძოვებდა. არგონავტებმა ხომალდიდან თვალი მოჰკრეს დიფსაკესადმი შეწირულ ტაძარს, თვალუწვდენელ ჭალას და ბობოქარ მდინარე კალპეს. არგონავტები მთელი ღამე მიცურავდნენ წინ და მაგარ ხოფებს განუწყვეტლივ ურტყამდნენ ზღვის ტალღებს. ვით მძლავრი ხარები აპობენ ხოლმე ტენიან ხოდაბუნს, ოფლში იღვრებიან და უღლის ქვეშ ალმაცერად ატრიალებენ თვალებს, ისე არგონავტები მიაპობდნენ ზღვას და მძლავრად უსვამდნენ ნიჩბებს.
იმ დროს, როცა ჯერ კიდევ არ დასდგომოდა ქვეყანას ღვთაებრივი დღის სინათლე და წყვდიადი და ნათელი ერთმანეთში ირეოდა, ხოფების მოსმისაგან დაქანცული არგონავტები უდაბური კუნძულის – თინიასის ნავსადგურში შეცურდნენ და ნაპირზე გადავიდნენ. უეცრივ მათ გამოეცხადათ ლეტოს ბრწყინვალე ვაჟიშვილი აპოლონი. იგი ლიკიიდან კაცთმრავალ ჰიპერბორეელთა მხარეში21 მიემართებოდა. ნეტარ ღმერთს მტევნებივით ერხეოდა ლოყებზე ოქროს კულულები. მარცხენა ხელში მას ვერცხლის მშვილდი ეპყრა, მხრებზე კი კაპარჭი მქონდა გადაკიდებული. მის ფერხთა ქვეშ მთელი კუნძული ირყეოდა, ხოლო ზღვის აზვირთებული ტალღები ნაპირს ეხეთქებოდნენ. ღმერთის დანახვამ შიში გამოიწვია არგონავტებში. ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაჰბედა აპოლონის ლამაზი თვალების ხილვა. თავები ჩაჰქინდრეს ვაჟკაცებმა და აპოლონ ღმერთმაც სწრაფად მოიტოვა ისინი უკან. იგი პონტოს ზევით მიარღვევდა ჰაერს. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ღვთაებრივმა მომღერალმა, ორფევსმა, არგონავტებს უთხრა: „მეგობრებო, ამ წმინდა კუნძულს განთიადის აპოლონის კუნძული ვუწოდოთ, რადგან ღმერთი განთიადზე გამოგვეცხადა. ავუგოთ მას ზღვის ნაპირზე საკურთხეველი და შეძლებისდაგვარი მსხვერპლიც შევწიროთ. ხოლო თუ მან მშვიდობიანად დაგვაბრუნა სანუკვარ ჰემონიაში, მაშინ მას ამავე საკურთხეველზე დავუდოთ მსხვერპლად რქიანი თხების მსუქანი ბეჭები. ახლა კი გირჩევთ, რახან სხვა შესაძლებლობა არა გვაქვს, უბრალო ქონით და ზედაშეს დაღვრით მოვილმობიეროთ ნეტარი მეუფე. მოწყალე იყავ დიდებულო აპოლონ! შენი გამოცხადება კეთილი იყოს ჩვენთვის!“. ორფევსის წინადადებით არგონავტები მსხვერპლშეწირვის თადარიგს შეუდგნენ. ზოგიერთმა რიყეზე ქვები მოაგროვა და საკურთხეველი ააგო, ზოგიერთი კი კუნძულის სიღრმეში შევიდა და სამსხვერპლო ფურირემს და ველურ თხას ეძებდა. მსხვერპლის საძებრად წასულ ვაჟკაცებს ღმერთმა აპოლონმა მრავლად მოუვლინა ნადირი. არგონავტებმა საკურთხეველზე დასწვეს ქონის ორმაგ ფენაში გახვეული ნადირთა ბეჭები და თან განთიადის აპოლონს ადიდებდნენ. სამსხვერპლო ცეცხლის ირგვლივ ვაჟკაცებმა ფერხული ჩააბეს და ლამაზ იეპეანს, იეპეან-ფებეს,22 უგალობდნენ. ეაგრეს სახელოვანი ვაჟი, ორფევსი, ბისტონიურ ფორმინგს აჟღერებდა და საამური ხმით მღეროდა, თუ ვით განგმირა ნეტარმა აპოლონმა თავისი ისრებით საზარელი დელფინი (დრაკონის ტიფონი) კლდოვანი მთის პარნასის23 ძირში, როცა იგი ჯერ კიდევ ყრმა იყო და თავისი კულულებით ხარობდა. (მოწყალე იყავ, შენ, ღმერთო აპოლონ! დაე ნუ მიეკარება შენს ლამაზ თმებს უხეში ხელი! მაგ ლამაზი კულულების შეხება მხოლოდ კოოსის24 ასულს – ლეტოს შეუძლია. იგი გისწორებს მათ ღვთაებრივი ხელებით!) მღეროდა ორფევსი, თუ როგორ ამხნევებდნენ აპოლონს დელფინთან ბრძოლაში პლისტეს ასულები – კორიკიელი (კორიკიოსი – კილიკიის მთა) ნიმფები და ვით შესძახოდნენ იეიეს.25 (აქედან გაჩნდა სწორედ აპოლონ-ფებეს ლამაზი ჰიმნი).26
ფერხულის დამთავრების შემდეგ არგონავტებმა საკურთხეველზე ზედაშე დაღვარეს და ფიცი დასდეს, რომ მათი შეხმატკბილებული მეგობრობა არ დაერღვიათ. ამის დასადასტურებლად თანხმობის ქალღმერთს მოუწოდეს და ბრწყინვალე ღვთაებას წმინდა ძეგლი აუგეს. იგი დღესაც კი მოჩანს ამ მხარეში, ფინევსის სამფლობელოს დატოვების შემდეგ ორი დღე გავიდა. მესამე დღეს კეთილმა ზეფირმა მძლავრად დაუბერა და არგონავტები თინიასის მაღალ კუნძულს გაშორდნენ. ხომალდმა არგომ გადასცურა მდინარე სანგარის (მცირე აზიაში) შესართავი, უკან მოიტოვა მარიანდინების მარად მწვანითმოსილი მხარე და ანთემოისის ტბა (მცირე აზიაში). შემდეგ მდინარე ლიკეს (მცირე აზიაში) შესართავი გაიარეს არგონავტებმა და ისეთი სისწრაფით მიქროდნენ, რომ ხომალდის ყოველგვარი მოწყობილობა საშინლად ირხეოდა. ძლიერი ზურგის ქარი ღამით ჩადგა; დილით კი სიხარულით მიადგნენ არგონავტები აქერუსიის კონცხს. ეს კლდოვანი კონცხი ამაყად დაჰყურებს თავს ბითინიის ზღვას (იგულისხმება შავი ზღვა). მისი მწვერვალი ცამდე აზიდული ჭადრის ხეებითაა დაფარული, ძირი კი უზარმაზარი ლოდებითა აქვს მოფენილი, რომელთაც საზარელი გრიალით ეხეთქებიან ბობოქარი ტალღები. აქერუსიის გაუვალი ტყით დაფარულ მწვერვალზე ღრმა და კლდოვანი ხეობა არის, საიდანაც ჰადესის სამეფოში (საიქიოში) შეიძლება ჩასვლა. პირდაღებულ უფსკრულიდან განუწყვეტლივ მოქშინავს ცივი ორთქლი და იქაურობას ქათქათა ყინულით ფარავს. ეს ყინული მხოლოდ მაშინ დნება, როცა მზე თავის ცხოველმყოფელ სხივებს კონცხის მწვერვალს დაადგამს. დუმილი ვერასოდეს ვერ იპყრობს ამ მრისხანე და ბობოქარ ხეობას. მის ქშენასა და ხმაურს მუდამ უერთდება ზღვის აზვირთებული ტალღების გრიალი და საიქიოს სამეფოდან მომძლავრებული ქროლის წყალობით დარხეულ ხეთა შრიალი. აქერუსიის კონცხზე მოჰქუხს საიქიოს მდინარე აქერონი და აღმოსავლეთის ზღვაში ვარდება. არგონავტთა ლაშქრობის დიდი ხნის შემდეგ ნისელმა მეგარელებმა, რომლებიც მარიანდინების მხარეში მოვიდნენ დასასახლებლად, გააფთრებულ ქარიშხლისაგან თავის დასაცავად ხომალდები მდინარე აქერონში შეაცურეს და აქერონს „ხომალდთა მხსნელი“ უწოდეს.
არგონავტებმა აქერუსიის კონცხს გარს შემოუარეს და მარიანდინების მიწას მიადგნენ. სწრაფად დაირხა ვაჟკაცების მოსვლის ხმა მარიანდინებში, რომელთაც მეფე ლიკოსი მართავდა. მათ უკვე გაგებული ჰქონდათ, რომ ამ გმირებმა სიცოცხლეს გამოასალმეს მათი მტერი ბებრიკების თავხედი მეფე ამიკოსი. მარიანდინები, სხვათა შორის, განუწყვეტლივ ომობდნენ ველურ ბებრიკებთან. კეთილი მასპინძლები არგონავტებს აღტაცებით მიეგებნენ. ისინი გარს შემოეხვივნენ ძლევამოსილ პოლიდევკეს და ამიკოსის უშუალო მკვლელს ისე ესალმებოდნენ, ვით ღვთაებას. მარიანდინებმა მეგობრობის კავშირი დასდეს არგონავტებთან და ქალაქში მიიპატიჟეს. მეფე ლიკოსმა ვაჟკაცებს სასახლეში ლხინი მოუწყო და ტკბილი საუბარიც გაიმართა. იაზონმა მარიანდინთა მეფეს თავისი მეგობრები გააცნო; უამბო, თუ რა დავალება მისცა მას პელიასმა, თუ როგორ წამოვიდნენ ლაშქრად და რარიგი პატივით იქმნენ მიღებული კუნძულ ლემნოსზე იქაური ქალების მიერ. შემდეგ იაზონი მას მოუყვა დოლიონების ქვეყანაში თავსგარდამხდარ ამბებს. უამბო, თუ როგორ მივიდნენ მიზიაში კიოსის შესართავთან და ვით მიატოვეს აქ მათდაუნებურად ძლევამოსილი ჰერაკლე. მოუთხრო გლავკოსის გამოცხადების ამბავი და ისიც, თუ ვით გაანადგურეს თავხედი ბებრიკები. შემდეგ ფინევსის უბედურების შესახებ უამბო და მოხუცის წინასწარმეტყველებაც გააცნო. დასასრულ, ზარდამცემ კლდეებში გამოცურვის ამბავი და ლეტოს დიდებული ვაჟიშვილის, აპოლონის, გამოცხადებაც მოუთხრო. ლიკოსი აღტაცებით უსმენდა იაზონს, მაგრამ ჰერაკლეს მიზიაში მიტოვების ამბავი რომ გაიგო, არგონავტებს ასეთი სიტყვით მიმართა: „ძვირფასო მეგობრებო, როგორი ძლევამოსილი ვაჟკაცის გარეშე მიემართებით აიეტის ქვეყანაში! ჰერაკლეს მე კარგად ვიცნობდი. იგი პირველად აქ, მამაჩემის დასკილეს სასახლეში, ვნახე. ძლევამოსილ ჰერაკლეს აზია ფეხით გამოევლო და თან მეომარი ჰიპოლიტეს სარტყელი მიჰქონდა ევრისთევთან.27 ძლევამოსილმა ვაჟკაცმა მე ჯერ კიდევ პირტიტველი მიხილა. სწორედ იმ დროს მიზიელების მიერ მოკლულ იქმნა ჩემი ძმა პრიოლე, რომელსაც დღესაც დასტირის აქაური ხალხი სამგლოვიარო სიმღერებით. პრიოლეს საფლავზე გამართული შეჯიბრის დროს სახელოვანმა ვაჟკაცმა ჰერაკლემ სახელგანთქმული მოკრივე ტიტიე დაამარცხა კრივში. ეს ტიტიე ახალგაზრდებში სახით და ღონით გამოირჩეოდა, მაგრამ ჰერაკლემ მიწაზე დააყრევინა მას კბილები. დიდებულმა ჰერაკლემ მაშინ მამაჩემის კვერთხს დაუმორჩილა მიზიელები, ფრიგიელები, ჩვენს მეზობლად რომ ცხოვრობენ და ბითინიელთა მხარე ვიდრე მდინარე რებას შესართავამდე და კოლონის კლდემდე. გარდა ამისა, ჰერაკლეს ძალას დანებდნენ პელოფსის მოდგმის პაფლაგონიელები, რომელთაც გარს მდინარე ბილაიოსის (პაფლაგონიაში) შავი წყალი უვლის. როცა ჰერაკლემ ჩვენი მიწა-წყალი დატოვა, მაშინ კი გამოიღეს ხელი ბებრიკებმა და მათმა თავხედმა მეფემ ჩემს სამფლობელოს ბევრი მიწა ჩამოაჭრა. მან თავისი ქვეყნის საზღვრები მდინარე ჰიპიოსის ნაპირებამდე მოიყვანა. ახლა კი თქვენი დახმარების წყალობით გადამიხადეს საზღო იმ თავხედმა ბებრიკებმა! ღმერთების შემწეობით დაატეხა თავს რისხვა ძლევამოსილმა ტინდარიდმა ამიკოსს და სიცოცხლეს გამოასალმა. მე მოვალე ვარ, თქვენ სამაგიერო გადაგიხადოთ ამისათვის და გადაგიხდით კიდევაც, რაც კი შემიძლია. სუსტმა მოკვდავებმა თავიანთ მფარველებს პატივი უნდა სცენ, ასეთია წესი! მე ვუბრძანებ ჩემს შვილს დასკილეს, მეგზურად გამოგყვეთ. მასთან ერთად თქვენ ყველანი პატივით მიგიღებენ, სადაც კი არ მიაყენებთ ხომალდს ვიდრე მდინარე თერმოდონტის შესართავამდე. რაც შეეხება ძლევამოსილ ტინდარიდებს, პოლიდევკეს და კასტორს, მათ მე აქერუსიის კონცხის მწვერვალზე მაღალ ტაძარს ავუგებ და მას მეზღვაურები კრძალვითა და პატივით დაუწყებენ ზღვიდან თაყვანისცემას. მათვე შევწირავ, როგორც ღვთაებებს ნოყიერ და თვალუწვდენელ ყანას“.
მარიანდინებთან ლხინი მთელ ღამეს გაგრძელდა. განთიადზე არგონავტები წამოიშალნენ და ხომალდისაკენ გასწიეს. მეფე ლიკოსმა ვაჟკაცებს ურიცხვი საჩუქარი უბოძა, თავისი შვილი მეგზურად დაუნიშნა და ნავსადგურში გააცილა. ხომალდისაკენ მსვლელობის დროს აბასის კეთილშობილ ვაჟს, წინასწარმეტყველების ნიჭით შემკობილ იდმონს საზარელი უბედურება დაატყდა თავს. ვერ იხსნა მისნობის ძალამ უბედური იდმონი. მას ხომ ბედისწერა უნდა აღსრულებოდა! ლერწმით დაფარულ მდინარის ნაპირზე საზარელი მხეცი, თეთრეშვებიანი გარეული ტახი ჩაწოლილიყო და ტალახით ტანს იგრილებდა. მისი დანახვა თვით წყლის ნიმფებსაც კი შიშის ზარს ჰგვრიდა. არგონავტებმა ისე ჩაუარეს გვერდი მას, რომ არ შეუნიშნავთ; ხოლო როცა უბედური მისანი იდმონი მიუახლოვდა ამ ადგილს, ტახმა იგი დაინახა, უმალვე გამოხტა ლერწმნარიდან და გააფთრებულმა მხეცმა თავისი საშინელი ბასრი ეშვები საბრალო მისანს თეძოზე დააძგერა. ერთი საზარლად შეჰყვირა იდმონმა და მიწაზე დაეცა. მყისვე გამოეხმაურნენ არგონავტები დაჭრილ მეგობარს. მამაცმა პელევსმა შუბი მოიმარჯვა და მძვინვარე მხეცს სტყორცნა. ტახი გააფთრდა, უეცრივ შემოტრიალდა და პელევსისაკენ გაეშურა, მაგრამ ახლა ამაყმა იდასმა სტყორცნა ნადირს თავისი გამგმირავი შუბი და სასიკვდილოდ დაჭრა. განგმირული ტახი კბილის ღრჭიალით დაენარცხა მიწას. შეწუხებულმა არგონავტებმა სულთმობრძავი იდმონი ხომალდისაკენ გააქანეს, მაგრამ მან მეგობრების ხელზე განუტევა სული. თავზარდაცემულმა არგონავტებმა გამგზავრება დროებით გადასდეს და მეგობრის გვამის დაკრძალვაზე დაიწყეს ზრუნვა. სამი დღის განმავლობაში გლოვობდნენ ვაჟკაცები საბრალო მისანს, მეოთხე დღეს კი ბრწყინვალედ მიაბარეს მიწას იდმონის გაცივებული გვამი. დასაფლავებაში იქაურმა ხალხმაც მიიღო მონაწილეობა. იდმონის საფლავზე, მიცვალებულთათვის განკუთვნილი წესით, მრავალი ცხვარი დაჰკლეს და შემდეგ ტაგრუცი აღმართეს. მისი ნახვა დღესაც კი შეიძლება აქერუსიის კონცხის ძირში. იდმონის საფლავზე ამოსულია ველური ზეთისხილის ხე და იქაურობას თავისი შტოებით ჩრდილავს. თუ საჭიროა, რომ მუზების დახმარებით ამის შესახებ კიდევ ვთქვა რამე, მოგახსენებთ შემდეგს: აპოლონ-ფებემ ბეოტიელებს და ნისელებს უბრძანა, რომ თაყვანი ეცათ იდმონისათვის, როგორც ქალაქის მფარველი ღვთაებისათვის და მისისაფლავის გარშემო ქალაქი აეშენებინათ.28 ისინი დღესაც კი მოუწოდებენ ხოლმე ღვთისდარ ეოლიდ იდმონს, ოღონდ აგამესტორის სახელით.
სამწუხაროდ, არგონავტებს ახალი უბედურება დაატყდათ თავს. უეცრივ, სრულიად მოულოდნელად, გარდაიცვალა გამოცდილი და მამაცი მესაჭე ტიფისი. მას აღარ ეწერა კვლავ ემართა ხომალდის საჭე. სანამ არგონავტთა ლაშქარი იდმონის დაკრძალვით იყო გართული, ტიფისი მეტად ხანმოკლე ავადმყოფობამ გამოასალმა სიცოცხლეს. გამოუთქმელი გულისტკივილით მიაბარეს არგონავტებმა მიწას ტიფისის გვამი. იგი იდმონის გვერდით დაასაფლავეს და სამარადისო ტაგრუცი აღუმართეს. მეგობრების დაკარგვით დამგლოვიარებული არგონავტები ზღვის პირად ისხდნენ. თავები მოსასხამებით შეებურათ, არც საჭმელი ახსოვდათ, არც სასმელი და არც მოვალეობა. სამშობლოში დაბრუნების იმედაღკვეთილი ვაჟკაცები აუტანელი მწუხარებით იყვნენ შეპყრობილნი. ისინი დიდხანს დარჩებოდნენ ამ მდგომარეობაში, რომ ქალღმერთ ჰერას მძლე ანკევსისათვის მამაცობა არ შთაენერგა. ეს ვაჟკაცი ყოვლისშემძლე პოსეიდონს ნიმფა ასტიპალაიამ შესძინა მდინარე იმბროსის ნაპირებზე. იგი დიდად დახელოვნებული იყო ხომალდის მართვის საქმეში და მაშინ ქალღმერთის მიერ შთაგონებულმა ვაჟკაცმა ეაკეს სახელოვან ვაჟს პელევსს ასე უთხრა: „განა ლამაზია, ეაკიდო, დავივიწყოთ ის მოვალეობა, რომელიც ჩვენ ვიკისრეთ!? რამდენ ხანს უნდა ვიყოთ ამ უცხო ქვეყანაში? იქნებ ფიქრობ, რომ უბედური ტიფისის შემდეგ ჩვენი ხომალდისათვის მესაჭე არ აღმოჩნდება! აი მე, პართენიიდან რომ წამომიყვანა იაზონმა ოქროს საწმისის გულისათვის, საბრძოლო საქმეებში არა ვარ იმდენად გამოცდილი, რამდენადაც მესაჭეობაში. გარდა ამისა, ჩვენს შორის სხვებიც არიან გაწაფულნი ამ საქმეში. რომელი მათგანიც არ უნდა დავაყენოთ საჭესთან, არც ერთი არ ჩააგდებს საფრთხეში ხომალდს. მყისვე შეაგონე ეს ჩვენს მეგობრებს და გაახსენე, რომ დროა შევასრულოთ ის, რაც გვევალება!“. ანკევსის სიტყვამ პელევსი აღაფრთოვანა. მყისვე წამოდგა ძლევამოსილი ეაკიდი და მეგობრებს მიმართა: „ვაჟკაცებო, რაზე მივცემივართ ასეთ ამაო დარდს? იდმონი და ტიფისი ხომ იმ სიკვდილით დაიღუპნენ, რომელიც მათ ეწერათ. თქვენ გგონიათ, ჩვენს ლაშქარში ტიფისის შემცვლელი მესაჭე არ აღმოჩნდება? ნუღარ დავაყოვნებთ, მეგობრებო! დაანებეთ თავი წუხილს და საქმეს შეუდექით!“ სახელოვან ეაკიდს გულგატეხილმა იაზონმა ასე უთხრა: „კი მაგრამ, პელევსო, სად არიან ეს მესაჭეები? თუ ჩვენს მეგობრებს გულისხმობ, სცდები; ესენი, ხომ ხედავ, თავჩაქინდრულნი სხედან და ჩემზე მეტად დარდობენ. მე ვგრძნობ, ჩვენც ისეთი აღსასრული მოგველის, როგორიც იდმონსა და ტიფისს. საზარელი სიკვდილი არც მრისხანე აიეტის ქალაქს მიგვაღწევინებს და არც სანუკვარ ელადაში დაბრუნების საშუალებას მოგვცემს! თვალბედითი ხვედრი უსახელოდ გამოგვასალმებს წუთისოფელს!“ დაამთავრა თუ არა იაზონმა სიტყვა, მყისვე წამოიჭრა ზე ქალღმერთის მიერ შთაგონებული ანკევსი და განაცხადა, რომ თავის თავზე კისრულობს ხომალდის საჭის მართვას. მის მაგალითს ერგინემ, ნავპლიოსმა და ევფემემ მიბაძეს. ამ ვაჟკაცებმაც გამოთქვეს ხომალდის მართვის სურვილი, მაგრამ არგონავტებმა მესაჭედ სახელოვანი ანკევსი აირჩიეს.
თერთმეტი დღე იყვნენ არგონავტები მარიანდინების მხარეში. მეთორმეტე დღის განთიადზე მძლავრმა ზფირმა საამოდ დაჰქროლა და არგონავტები ხომალდზე ავიდნენ. ვაჟკაცებმა სწრაფად გადაკვეთეს მდინარე აქერონის შესართავი და როცა ზღვაში გავიდნენ, იალქნები გაშალეს, რომელთაც უმალვე ეცა ზუზუნით ზეფირის ძლიერი ქროლა. ხომალდი არგო ლამაზად მიარღვევდა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს და მდინარე კალიქოროსის (პაფლაგონიაში) შესართავს მიადგა. ამბობენ, რომ ზევსის ნისელი ძე,29 როცა მან ინდიელთა ტომი დატოვა და თებეში დასახლდა, მდინარე კალიქოროსის მახლობლად მდებარე გამოქვაბულის წინ ორგიებს და ფერხულს მართავდაო. აქვე ატარებდა იგი მრისხანე და წმინდა ღამეებს. ამ გამოქვაბულს იქაურები ავლიონს უწოდებენ. კალიქოროსის გადაცურვის შემდეგ ძლევამოსილმა არგონავტებმა ოდესღაც სახელგანთქმული გმირის სთენელეს საფლავი დაინახეს და შეჩერდნენ. აქტორის მამაცი ვაჟიშვილი სთენელე აქ, ზღვის ნაპირას, გარდაიცვალა ისრით დაჭრილი მაშინ, როცა ჰერაკლესთან ერთად ამაზონებთან წარმოებულ მრისხანე ბრძოლიდან ბრუნდებოდა. სთენელეს სულმა არგონავტების მოსვლა იგრძნო და პერსეფონეს (საიქიოს დედოფალი, პლუტონის მეუღლე.) შეევედრა, ცოტა ხნით გაეშვა სულთა სამეფოდან იგი. მას სურდა თვალი მოეკრა თავისი მსგავსი ვაჟკაცებისთვის. უსმინა პერსეფონემ მას და არგონავტებს მრავალტანჯული სთენელეს აჩრდილი მიუვლინა. უეცრივ აღმოიმართა იგი საფლავიდან და არგონავტთა ხომალდს დაუწყო ცქერა. სთენელეს აჩრდილს ისეთისახე ჰქონდა მიღებული, როგორიც ცოცხალ ვაჟკაცს ჰქონდა მაშინ, როცა ამაზონებთან ომში მიდიოდა. მას თავზე ოთხბიბილოვანი მეწამული მუზარადი უბრწყინავდა. აჩრდილი მალე გაქრა და სულთა სამეფოში ჩაეშვა. ძლევამოსილი არგონავტები საშინლად განაცვიფრა აჩრდილის ხილვამ. ამპიკეს სახელოვანმა ვაჟმა, მისანმა მოპსემ, არგონავტებს წინადადება მისცა ნაპირს მიდგომოდნენ და სთენელეს საფლავზე მსხვერპლი შეეწირათ. ვაჟკაცებმა სწრაფად შეკრეს იალქნები, ხომალდის ბაგირები ზღვის ნაპირას მიაბეს და სთენელეს საფლავზე ავიდნენ. არგონავტებმა მიცვალებულ მეომარს ზედაშე დაუქციეს და მსხვერპლად ცხვარი შეწირეს. არგონავტებმა აქვე აუგეს საკურთხეველი ყოვლისშემძლე აპოლონს, ვით ხომალდთა მფარველ ღვთაებას, და მასაც მსხვერპლი შესწირეს. აპოლონის საკურთხეველზე ღვთაებრივმა მომღერალმა ორფევსმა ლირა დატოვა. ამის გამოა, რომ ამ ადგილს ლირე ეწოდება.
როცა ზურგქარმა დაჰქროლა, არგონავტებმა ბაგირები ახსნეს, იალქნები გაშალეს და ხომალდი ზღვაში შეაცურეს. ვით ფრთამალი ქორი მისრიალებს ხოლმე ჰაერში, ისე ხომალდი არგო მისრიალებდა ზღვის ზედაპირზე და ვაჟკაცთა გულს ახარებდა. არგონავტებმა სწრაფად გადალახეს წყნარად მოდუდუნე პართენიოსის შესართავი. ამ მდინარის საამურ ტალღებში ლეტოს ლამაზი ასული არტემიდე იგრილებს ხოლმე ტანს, როცა ნადირობას ამთავრებს და ზეცაზე ბრუნდება. ღამის განმავლობაში არგონავტებმა უკან მოიტოვეს პაფლაგონიის ქ. სესამოსი (მოგვიანებით ეწოდა ამასტრისი), ერითინეს ფერდობები (პაფლაგონიაში), კრომბიალოსი, კრომნა და ტყიანი კიტოროსი (პაფლაგონიის ქალაქები). მზემ თავისი ცხოველმყოფელი სხივები მოჰფინა ქვეყანას, როცა არგონავტებმა კარამბისის კონცხს გარს შემოუარეს. ვაჟკაცები ამ დღისა და მომდევნო ღამის განმავლობაში სწრაფად მიაცურებდნენ ხომალდს სხვადასხვა უცხო ქვეყნის მახლობლად.
ხანგრძლივი ცურვის შემდეგ არგონავტები ასირიის მიწას30 მიადგნენ. აქ, სხვათა შორის, ყოვლისშემძლე ზევსმა გადმოიყვანა აზოპოსის ასული ნიმფა სინოპე. ზევსს მასთან დაწოლა სურდა და სიყვარულით აღტყინებული დაჰპირდა მას, რომ ყოველივე მის თხოვნას შეასრულებდა, რასაც კი ნიმფა სულითა და გულით მოისურვებდა. ცბიერმა ასულმა ადამიანთა და ღმერთთა მამას ქალწულობის შენარჩუნება სთხოვა. ზევსმა ფიცი ვეღარ გატეხა და ნიმფას სიქალწულე შეუნარჩუნა. ასევე მოატყუა სინოპემ ნეტარი აპოლონი, რომელსაც მასთან დაწოლა უნდოდა. ზევსისა და აპოლონის შემდეგ მდინარე ჰალისმა მოინდომა ნიმფასთან კავშირის დაჭერა, მაგრამ ისიც მოტყუვდა. ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ შეძლო ცბიერი ასულის სიყვარულით დატკბობა. ზღვის ამ ნაპირზე ცხოვრობდნენ ტრიკეელი (ანუ თეასლიელი) დეიმაქეს ვაჟიშვილები: დეილეონი, ავტოლიკე და ფლოგიოსი. ისინი ჰერაკლეს მიჰყვებოდნენ ამაზონებთან ბრძოლის საწარმოებლად, მაგრამ წინამძღოლი დაებნათ და ასირიაში დარჩნენ. როცა მათ არგონავტთა ბრწყინვალე ლაშქარი დაინახეს, ბმას აღტაცებით მიეგებნენ და თავი გააცნეს. დეიმაქეს ძეებს აღარ სურდათ აქ დარჩენილიყვნენ და როგორც კი დაჰქროლა საამურმა არგესტემ, ისინიც ავიდნენ ხომალდზე და არგონავტებს გაყვნენ. ხომალდმა არგომ სწრაფად მოიტოვა უკან მდინარე ჰალისი, მდინარე ირისი და მთელი ასირიის სანაპირო. არგონავტებმა იმავე დღეს შემოუარეს გარს ამაზონების ნავსადგურიან თემისკირის კონცხს. აქ, სხვათა შორის, ოდესღაც სასეირნოდ გამოსულ არესის ასულს მელანიპეს გმირი ჰერაკლე ჩაუსაფრდა და მოიტაცა. ძლევამოსილ ჰერაკლეს ამაზონების დედოფალმა ჰიპოლიტემ დის გამოსასყიდად თავისი საუცხოო სარტყელი უბოძა. ჰერაკლემ უვნებლად ჩააბარა ჰიპოლიტეს საყვარელი და.
ვინაიდან ზღვა აღელდა, არგონავტები იძულებულნი გახდნენ ხომალდი თემისკირას კონცხის ნავსადგურში შეეცურებინათ მდინარე თერმოდონტის შესართავთან. არც ერთი მდინარე არაა ქვეყანაზე თერმოდონტის მსგავსი. ვერც ერთი მდინარე ვერ ჰფენს დედამიწას იმდენი გამონაკადებით, რამდენსაც თერმოდონტი უშვებს თავის კალთიდან. თუ ვინმე ამ მდინარის გამონაკადებს დაითვლის, ოთხასამდე გამოუვა. თერმოდონტი სათავეს იმ მთებიდან იღებს, რომელთაც ამაზონების მთებს უწოდებენ. საოცარი სისწრაფით მოედინება ეს მდინარე მთებიდან და გზადაგზა, როგორც ვთქვით, ურიცხვ ტოტებს გამოჰყოფს. ტოტები ზოგი გრძელია და ზოგიც მოკლე. უმრავლესობა მათგანის მიმართულება უცნობია. თვით თერმოდონტი კი რამდენიმე შენაკადითურთ სტუმართმოძულე პონტოში ისვრის აზვირთებულ ტალღებს. აქ – დოიასის ველზე ამაზონები სახლობენ. ისინი მამაცნი არიან და არავითარ კანონებს არ მისდევენ. მათი საზრუნავი საგანი არესის საქმეა და მთელ დროს ბრძოლაში ატარებენ. მეომარი ამაზონები არესმა და ნიმფა ჰარმონიამ წარმოშვეს. ნიმფა ჰარმონია ოდესღაც იალკმონიის ჭალაკში შეეუღლა ომიანობის ღმერთს არესს და მას შესძინა ომის მოყვარული ასულები. თემისკირის ნავსადგურში შემოსული არგონავტები ცოტა ხანი კიდევ რომ შეყოვნებულიყვნენ აქ, ისინი აუცილებლად ჩაებმებოდნენ ამაზონებთან ბრძოლაში და სისხლი დაიღვრებოდა, მაგრამ ყოვლისშემძლე ზევსის ნებით საამურმა არგესტემ დაუბერა და არგონავტებმა თემისკირა დატოვეს. აქაური ამაზონები კი უკვე იარაღში ჩამსხდარიყვნენ და საომრად მოისწრაფოდნენ. ამაზონები ერთ ქალაქში კი არ ცხოვრობდნენ, არამედ სამ ტომად იყვნენ გაყოფილნი. ერთი თემისკირიელების ტომი იყო და მასზე ჰიპოლიტე მეფობდა, მეორე ლიკასტიელი ამაზონებისაგან შესდგებოდა, ხოლო მესამე იყო შუბის ტყორცნაში გაწაფული ქადესიელების ტომი.
თემისკირიდან გამგზავრებული არგონავტები მეორეს დღეს და მომდევნო ღამეს ხალიბთა ქვეყნის გასწვრივ მიცურავდნენ. ხალიბები არც მიწას ამუშავებენ ხარების საშუალებით, არც ტკბილი ნაყოფის მომცემ ხეხილების გაშენებას მისდევენ და არც ნახირს აძოვებენ ცვარით მოფენილ ველზე. ისინი რკინით მდიდარ პირქუშ მიწას თხრიან და მოპოვებულ მადანს სურსათზე ცვლიან. ისე არ დადგება დღე, რომ ხალიბებისათვის მძიმე შრომა არ მოჰქონდეს. მათ მძიმე მუშაობა შავ ჭვარტლში და კვამლში გადააქვთ.
ხალიბთა მიწის უკან მოტოვების შემდეგ არგონავტებმა სწრაფად შემოუარეს გენეტელი ზევსის კონცხს და ტიბარენების ქვეყნის გასწვრივ მიცურავდნენ. ტიბარენებში ასეთი წესი არსებობს: როცა ქალები თავიანთ ქმრებს შვილებს შესძენენ ხოლმე, ქმრები თავს შეიბურავენ, საწოლზე დაემხობიან და გამკვეთი ხმით კვნესიან, ცოლები კი კარგი საჭმელით ჰკვებავენ მათ და მშობიარობიდან განთავისუფლების აღსანიშნავად აბანოს უწყობენ.
ტიბარენთა შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს წმინდა მთას და იმ მხარეს, რომლის მთებშიაც მოსსინიკები ცხოვრობენ ეგრეთწოდებულ მოსსინებში. აი ამ მოსსინებისაგან მიიღეს მოსსინიკებმა თავისი სახელი. მოსსინიკებს სულ სხვა ზნე-ჩვეულება და კანონები აქვთ. ყველაფერს იმას, რის გაკეთებაც დასაშვებია აშკარად ხალხში ან მოედანზე, ისინი სახლში აკეთებენ; ხოლო რასაც ჩვენ სახლში ვასრულებთ, იმას მოსსინიკები შენობის გარეთ შუაგულ ქუჩაში სჩადიან უსირცხვილოდ. მოსსინიკებში სირცხვილად არ ითვლება სქესობრივი კავშირის საჯარო შესრულება. ისინი, ვით ღორები საძოვარზე, ისე ყრიან მიწაზე და ერთად ესიყვარულებიან ქალებს, და ოდნავადაც არ ერიდებათ დამსწრეების და ერთი მეორის. ყველაზე უფრო მაღალ მოსსინში მათი მეფე ზის და თავის მრავალრიცხოვან ხალხს მართალ სამართალს უსჯის. მოსსინიკთა მეფის მდგომარეობა მეტად სავალალოა. თუ იგი სამართლის განსჯის დროს რაიმე შეცდომას დაუშვებს, ხალხი მას ჩაკეტავს და მთელ დღეს აშიმშილებს.
მთელი ღამე მიცურავდნენ არგონავტები მოსსინიკების სანაპიროს გასწვრივ. მათ საამური ზურგქარი უწყობდა ხელს. განთიადზე კი ქარი ჩადგა და ვაჟკაცები ხოფების მოსმის წყალობით მიისწრაფოდნენ წინ. უეცრივ მათ დაინახეს არეტიადის კუნძული და ამ კუნძულის ბინადარი რომელიღაც ფრთოსანი. იგი შურდულივით მოფრინავდა ხომალდისაკენ, ჩქარა თავზე მოექცა მას და ზედ ბასრი ფრთა ჩამოაგდო, რომელიც ღვთაებრივ ვაჟკაცს ოილევსს მარცხენა მხარზე დაეცა. დაჭრილმა გმირმა ხოფი ხელიდან გააგდო. არგონავტების გაკვირვებას საზღვარის არ ჰქონდა, როცა ფრინველის მიერ ჩამოგდებული ფრთიანი ისარი ნახეს. ოილევსის გვერდით მჯდარმა ერიბოტემ მეგობარს ბასრი ფრთა ამოაცალა, ქარქაშიდან სარტყელი მოიძრო და იმით ჭრილობა შეუხვია. პირველ ფრთოსანს ახლა მეორეც მოჰყვა. ევრიტეს მამაცმა ძემ კლიტიოსმა მყისვე დასჭიმა მშვილდი და გამგმირავი ისარი სტყორცნა. ბზრიალით დაეშვა საზარელი ფრინველი ჰაერში და სასიკვდილოდ განგმირული არგონავტთა მალი ხომალდის მახლობლად ჩავარდა წყალში მაშინ ალეოსის ვაჟმა, გმირმა ამფიდამასმა, მეგობრებს უთხრა: „ვაჟკაცებო, ჩვენს წინაშე არესის კუნძულია. ეს ალბათ თქვენც მიხვდით, საზარელი ფრთოსნები რომ დაინახეთ. არა მგონია, რომ ისრებით მოვიგერიებთ ამ თავხედ ფრინველებს. თუ თქვენ ფინევსის რჩევის თანახმად ამ კუნძულზე გადასვლას მოისურვებთ, საჭიროა სხვა ხერხი გამოვნახოთ ფრთოსნების გასაფანტავად. ამ კუნძულზე, როგორც ჩანს, მრავლად არიან ისინი. როცა ჰერაკლე არკადიაში მივიდა სტიმფალისის ტბიდან სპილენძის ფრთებიანი ფრთოსნების სტიმფალიდების გასარეკად, მე თვითონ ვიყავი მოწმე იმისა, რომ ამ ძლევამოსილმა ვაჟკაცმა ვერ შესძლო მტაცებელი ფრინველების ისრებით მოგერიება. მაშინ მან ხელთ სპილენძის უშველებელი ჟღარუნა იპყრო, მახლობლად მდებარე ბორცვზე შედგა და ისეთი ხმაურობა ატეხა ჟღარუნას ცემით, რომ თავზარდაცემული სტიმფალიდები სამუდამოდ მოშორდნენ იქაურობას.31 საჭიროა ჩვენც ჰერაკლეს მსგავსად მოვიქცეთ. აი ჩემი აზრით ასე მოიქეცით: ახლავე ჩამოიფხატეთ თავზე წვეტიანი მუზარადები; ნაწილმა ხოფები მოუსვით და კუნძულისაკენ აიღეთ მიმართულება, დანარჩენებმა კი შუბებითა და პრიალა ფარებით ხომალდი დაფარეთ; ამასთანავე ყველამ ერთხმად ძლიერი ყვირილი ატეხეთ, მუზარადები დაარხიეთ და შუბები ზეაღმართეთ, რათა ფრთოსნები შეშინდნენ უჩვეულო ხმაურისაგან. კუნძულს რომ მივადგებით, მაშინ ყვირილს ფარებზე შუბის ცემაც დაურთეთ და ზარდამცემი განგაში შექმენით“. არგონავტებმა სიამოვნებით მიიღეს ამფიდამასის რჩევა. მყისვე ჩამოიცვეს ვაჟკაცებმა ბიბილოვანი მუზარადები. ერთხმა ნაწილმა ხოფები იპყრო ხელთ და ხომალდი კუნძულისაკენ გააქანა, მეორე ნაწილი კი ხომალდს შუბებითა და ფარებით ჰფარავდა ისე, ვით სახლს ხურავენ ხოლმე კრამიტით წვიმისაგან თავის დასაცავად. დაფარეს თუ არა ხომალდი, ისეთი ყვირილი ატეხეს არგონავტებმა, რომ თითქოს ორი ლაშქარი იძროდა შესარკინებლად. ბასრფრთებიანი ფრთოსნები მყისვე გაქრნენ. როცა ხომალდი კუნძულს მიადგა, არგონავტებმა ფარებს შუბები დასცხეს. ამ ხმაურობაზე კუნძულიდან ამოფრინდა ფრთოსანთა გუნდი და ჰაერში გაიფანტა. საშინელმა ფრთოსნებმა უკანასკნელად დააყარეს ვაჟკაცებს ბასრი ფრთები ისე, ვით კრონიდი წამოუშენს ხოლმე მსხვილ სეტყვას, მაგრამ არგონავტებს ვეღარაფერი დააკლეს, ვით კრონიდის მოგზავნილი სეტყვა ვერ ავნებს ვერაფერს კარგად დახურულ სახლში მყოფ ხალხს.
რატომ სურდა წინასწარმეტყველ ფინევსს, რომ მამაც გმირთა ღვთაებრივი ლაშქარი ამ კუნძულს მიდგომოდა? რა უნდა ენახათ ამ კუნძულზე არგონავტებს? რა სარგებლობას მისცემდა მათ აქ მოსვლა? საქმე შემდეგში იყო:
კუტაიელი აიეტის ნებართვით ფრიქსეს შვილები კოლხურ ხომალდში ჩასხდნენ და ეადან ორქომენისაკენ გაემართნენ, რათა მიეღოთ მემკვიდრეობის უფლებით მამის ურიცხვი სიმდიდრე. ფრიქსემ სიკვდილის წინ შვილებს ანდერძი დაუტოვა, რომ ამისათვის ორქომენში გამგზავრებულიყვნენ. იმ დღეს, როცა არგონავტები არესის კუნძულს მიადგნენ, ფრიქსეს ძეებიც ზღვაში იყვნენ და ამავე კუნძულს უახლოვდებოდნენ. მშვენიერი ამინდი იდგა, მაგრამ ყოვლისშემძლე ზევსმა მოისურვა, რომ წვიმის მომასწავებელი ვარსკვლავის არქტურის თანავარსკვლავედის აღმოსვლა ქარიშხლის მოვლინებით აღინიშნა. დიდებულმა მეუფემ ბორეასის ქარს უბრძანა, მძლავრად დაებერა და ზღვა აეზვირთებინა. დღის განმავლობაში ბორეასი ნაზი ქროლით არხევდა ხეების კენწეროებს, მაგრამ, დაღამდა თუ არა, საზარლად ეკვეთა იგი ზღვას, ზარდამცემად აზუზუნდა და ტალღა ტალღაზე ააგორა. ზეცაზე ვარსკვლავები ჩაქრა და ყველაფერი ბნელმა მოიცვა. აბობოქრებული ზღვის ტალღები საშინელი სიმძლავრით ეჯახებოდნენ ფრიქსეს ვაჟების ხომალდს. თავზარდაცემული, დასველებული და საშინელი დაღუპვის მოლოდინით შეძრწუნებული ფრიქსეს შვილები დაიბნენ და თავისი ბედი მრისხანე ზღვას მიანდეს. უეცრივ მძლავრი ქარი საშინელი ძალით მოასკდა ხომალდს, იალქნები დაიტაცა და ბობოქარი ტალღების ცემით შერყეული ხომალდი ნამსხვრევებად აქცია. ფრიქსეს ვაჟებმა (ისინი ოთხნი იყვნენ) ღმერთების რჩევით ხელი სტაცეს ერთადერთ გადარჩენილ გრძელ ძელს და მაგრად ჩაეჭიდნენ. ბობოქარი ტალღები ნაფოტივით აქანავებდნენ ამ ძელს და საბრალო ვაჟებს განადგურებას უქადიდნენ. ცოცხალმკვდარმა მოგზაურებმა გადარჩენის იმედი სრულიად დაკარგეს. უეცრად ცამ პირი შეიკრა და წარღვნასავით წვიმამ იქუხა. აწვიმდა ზღვას, აწვიმდა კუნძულს და კუნძულის პირისპირ მდებარე მხარეს, რომელზედაც მოსსინიკები სახლობენ. ფრიქსეს ვაჟების ძელს ერთხელ კიდევ დაეჯახა ბობოქარი ტალღა და უკუნეთ ღამეში კუნძულზე გარიყა. დილით, როცა ზევსისაგან მოვლენილმა დიდმა წვიმამ გადაიღო და მზემ თავისი ცხოველმყოფელი სხივები დედამიწას მოჰფინა, ფრიქსეს ვაჟები და არგონავტები ერთმანეთს შეხვდნენ. ფრიქსეს უფროსმა ვაჟმა არგოსმა არგონავტებს მიმართა: „უცხოელებო, ვინც არ უნდა იყოთ თქვენ, ყოვლისმხედველი ზევსის სახელით გევედრებით, რომ მოწყალება მოიღოთ და გაჭირვებულებს დაგვეხმაროთ. ზღვაზე მოვარდნილმა მრისხანე ქარიშხალმა პატარა ხომალდი დაგვიმსხვრია და აქ გამოგვრიყა. ჩვენ აუცილებელ საქმეზე მივდიოდით, მაგრამ არ გაგვიმართლდა იმედი. მუხლმოდრეკილნი გევედრებით შეიბრალოთ თქვენი ტოლი კაცები! მოგვეცით რამე სხეულის დასაფარავად! სტუმართმფარველი და მხსნელი ზევსის ხათრისათვის გვეცით პატივი მავედრებელ უცხოელებს! ზევსისაა ხომ სტუმარიცა და მავედრებელიც! იგია ჩვენი მფარველი!“ ძლევამოსილი იაზონი მყისვე მიხვდა, რომ ფინევსის წინასწარმეტყველება აღსრულდა. მან არგოსს ასე უპასუხა: „ყმაწვილო, ჩვენ მზად ვართ კეთილი გულით დაგეხმაროთ, მაგრამ მითხარი თქვენი სახელი, რა წარმოშობისა ხართ, რომელ მხარეში ცხოვრობთ და რამ გაიძულათ ზღვაზე მოგზაურობა?“ საბრალო არგოსმა თავის მხრივ იაზონს მიუგო: „თქვენ უთუოდ გაგეგონებათ, რომ ვინმე ფრიქსე ელადიდან ეაში მივიდა. ეს ფრიქსე აიეტის ქალაქში შევიდა იმ ვერძით, რომელიც ჰერმესმა ოქროს საწმისით შემოსა. ამ საწმისის ნახვა ახლაც კი შეგიძლიათ თქვენ იქ. ფრიქსემ თავისი ვერძი, ვერძისავე რჩევით, ლტოლვილთა მფარველ კრონიდ ზევსს შესწირა, ვით ყველაზე უფრო სათაყვანო ღმერთს. აიეტმა ფრიქსე სასახლეში მიიღო და ყოველგვარი გამოსასყიდის გარეშე კეთილი სურვილით მიათხოვა მას თავისი ასული ქალკიოპე. ფრიქსესა და ქალკიოპესაგან წარმოვიშვით ჩვენ. ფრიქსე უკვე მოხუცი იყო, აიეტის სასახლეში რომ გარდაიცვალა. ჩვენ მამის უკანასკნელი სურვილის შესასრულებლად ორქომენში მივემგზავრებოდით ჩვენი პაპის ათამასის ქონების მისაღებად. თუ თქვენ ჩვენი სახელების გაგებაც გსურთ, მოგახსენებთ: აი ამის სახელი კიტისორეა, ამისი ფრონტისი, ამას მელასი ჰქვია, მე კი არგოსი დამიძახეთ“.
არგონავტებს ამ ყმაწვილების შეხვედრა ძალზე გაუხარდათ და თანაც გაუკვირდათ. მყისვე შემოეხვივნენ მათ გარს. იაზონმა კვლავ მიმართა ფრიქსეს ვაჟებს: „თქვენ ჩემი ახლობელი ნათესავები ყოფილხართ! ახლა კი მართლაც სიამოვნებით დაგეხმარებით და დაგიხსნით უბედურებისაგან. მე კრეთევსის შვილიშვილი ვარ, კრეთევსი და თქვენი პაპა ათამანტი კი ძმები იყვნენ. მე ამ ვაჟკაცებთან ერთად ელადიდან აიეტის ქალაქისაკენ მივდივარ; მაგრამ ამის შესახებ შემდეგ ვილაპარაკოთ. ახლა კი ტანთ ჩაიცვით. ეჭვი არ მეპარება, რომ თქვენ გაჭირვების ჟამს უკვდავი ღმერთების ნებით მოხვდით ჩემს ხელში!“.
იაზონმა ამ სიტყვებთან ერთად ფრიქსეს ვაჟებს ხომალდიდან მოტანილი ტანსაცმელი გადასცა. საბრალო ყმაწვილები მყისვე შეიმოსნენ და არგონავტებთან ერთად არესის ტაძრისაკენ გაემართნენ, სადაც მსხვერპლი უნდა შეეწირათ. არგონავტები უსახურავო ტაძრის გარეთ ქვისაგან აგებულ საკურთხეველთან გაჩერდნენ. ტაძრის შიგნით შუა ადგილას შავი წმინდა ქვა იყო ჩაჭდობილი. ამ ქვასთან ამაზონები ლოცულობდნენ ხოლმე, როცა ხმელეთიდან ამ კუნძულზე მოვიდოდნენ. ამაზონებს წესად არ ჰქონდათ, რომ ამ საკურთხეველზე ცხვრების ან ხარების წმინდა ნაწილები შეეწირათ მსხვერპლად. ისინი ამისათვის ცხენებს იყენებდნენ, რომელთაც წინასწარ კარგად კვებავდნენ და ასუქებდნენ. როცა არგონავტებმა მსხვერპლი შესწირეს, ლხინი გამართეს და საჭმელ-სასმელს შეექცეოდნენ. ლხინის დროს იაზონმა ფრიქსეს ვაჟებს ასე მიმართა: „ნეტარი ზევსი ყველაფერს ხედავს. მას არასოდეს არ ავიწყდება სამართლიანი და ღვთისმოშიში ადამიანი. როგორც მამათქვენი იხსნა მან დედინაცვლის ვერაგობისაგან და შემდეგში ურიცხვი სიმდიდრე უბოძა, ისე თქვენ გადაგარჩინათ მრისხანე ქარიშხალისაგან და ჩვენს მძლავრ ხომალდს შეგახვედრათ. ჩვენი ხომალდით ყველგან შეიძლება გამგზავრება, საითკენაც კი მოისურვებთ, გინდ ეასაკენ გასცურავთ, გინდ ღვთაებრივ და მდიდარ ქალაქ ორქომენისაკენ. ეს ხომალდი თვით ქალღმერთმა ათენამ ააშენა. სახომალდე მასალა მან პელიონის მთის მწვერვალზე გამოჭრა. ქალღმერთს ამ საქმეში ჩვენი თანამეგზური არგოსი ეხმარებოდა. თქვენი ხომალდი კი ძალზე სუსტი ყოფილა, ბობოქარმა ტალღებმა იგი დაამსხვრიეს მანამ, სანამ მიუახლოვდებოდით პირქუშ კლდეებს, რომლებიც ამ ზღვის სრუტეში განუწყვეტლივ მოძრაობენ და ერთმანეთს ეხეთქებიან. ყმაწვილებო! შეუერთდით ჩვენს ლაშქარს, რომელსაც სურს ელადაში ოქროს საწმისი მიიტანოს. წამოდით ჩვენთან ერთად და ნაოსნობაში მეგზურობა გაგვიწიეთI მე ხომ იმიტომ მივემართები ეაში, რომ ფრიქსეს მიერ იქ შეწირული საწმისი ელადაში დავაბრუნო და ამით დავასრულო ყოვლისშემძლე ზევსის რისხვა ეოლოსის მოდგმაზე“.32
იაზონის სიტყვებმა ფრიქსეს ვაჟები შეაძრწუნა. მათ იცოდნენ, რომ აიეტი რბილი ხასიათის კაცი არ იყო და ეგზომ ადვილად არ დაანებებდა არგონავტებს ოქროს საწმისს. არგოსმა, რომელსაც ზედმეტად მიაჩნდა ამ ლაშქრობის მიზნის მიღწევაზე ფიქრიც კი, არგონავტებს უთხრა: „მეგობრებო, ჩვენ რამდენადაც შეგვიძლია, დაგეხმარებით, თუ ამის საჭიროება დადგება. უარს ამაზე არასოდეს არ გეტყვით; მაგრამ იცოდეთ, რომ აიეტი საშინელი სისასტიკითაა ცნობილი. ამიტომ მეშინია მასთან საწმისისათვის გამგზავრება. აიეტი ამტკიცებს, რომ ჰელიოსის შვილია. მის ირგვლივ კოლხთა ურიცხვი ტომი ცხოვრობს. კოლხეთის მბრძანებელი თავისი საზარელი ხმით და უსაზღვრო ღონით შეიძლება არესს შეედაროს. ცხადია, მისი სურვილის გარეშე ადვილი არ იქნება ოქროს საწმისის ხელთგდება. თქვენთვის სანუკვარ ოქროს საწმისს იცავს უკვდავი და მარად ფხიზელი გველეშაპი, რომელიც თვით დედამიწამ წარმოშვა კავკასიის მთებში იქ, სადაც ტიფაონის კლდეა აღმართული. ამბობენ, რომ აქ ურჩხულმა ტიფონმა, როცა მან ზევსის წინააღმდეგ თავისი ღონიერი ხელები აღმართა და ამისათვის ოლიმპოს მპყრობელმა მეხი დასცა, თავიდან ცხელი სისხლი დაღვარაო.33 დაკოდილი ურჩხული ნისეიის მთა-ველთან მივიდა და იქ სერბონის ტბაში (ეგვიპტეში) ჩაიძირა“. არგოსის სიტყვებმა არგონავტები მეტად შეაშფოთა და მრავალ მათგანს შიშისაგან სახე გაუფითრდა. მყისვე წამოიჭრა ადგილიდან გმირი პელევსი და არგოსს თავმომწონედ შეესიტყვა: „ძვირფასო მეგობარო, მეტისმეტად ნუ დაეცემი სულით; ჩვენ ძალ-ღონე არ გვაკლია, რომ აიეტს ვერ შევებრძოლოთ. იცოდეთ ისიც, რომ ჩვენ თითქმის ნეტართა სისხლისაგან ვართ და ომშიაც საკმაოდ გამოწრთობილნი მივემართებით კოლხეთისაკენ. თუ აიეტი ოქროს საწმისს ნებაყოფლობით არ დაგვითმობს იმედი მაქვს, რომ, მას კოლხთა ტომები ვერ უშველიან!“.
ასე საუბრობდნენ არგონავტები და ფრიქსეს ვაჟები ლხინის დროს; ხოლო შემდეგ, როცა ვახშმით თავი დაიკმაყოფილეს, ვაჟკაცებმა თავი ძილს მისცეს. დილით ადრე გამოიღვიძეს და საამო ქარმაც დაუბერა. არგონავტებმა იალქნები გაშალეს და არესის კუნძული სასწრაფოდ დატოვეს.
მთელი დღე მიჰქროდა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში, ღამით კი არგონავტებმა კუნძულ ფილირეს ჩაუცურეს. აქ ურანოსის ძე კრონოსმა მაშინ, როცა ოლიმპოზე ტიტანებს მბრძანებლობდა და ზევსი ჯერ კიდევ კრეტას გამოქვაბულში იდეელ კურეტთა შორის იზრდებოდა, მოატყუა თავისი მეუღლე რეა და ნიმფა ფილირეს მიუწვა. ქალღმერთი რეა მათ შუა კავშირში წააწყდა. კრონოსი წამოხტა საწოლიდან; მან ფაფარაყრილი ცხენის სახე მიიღო და გაიქცა. ოკეანეს ასულმა ფილირემ კი სირცხვილის გამო ეს კუნძული მიატოვა და პელაზგთა დიდ მთებში წავიდა. აქ მან კრონოსთან საეჭვო კავშირის შედეგად შვა კენტავრი ქირონი ნახევრად ცხენის და ნახევრად ღმერთის მსგავსი ურჩხული.
კუნძულ ფილირეს შემდეგ არგონავტებმა ჩაუარეს მაკრონებს, ბექირთა უსაზღვრო მიწას, ამაყ საპირებს და მათ შემდეგ ბიძერებს. საამური ქარი სწრაფად მიაქროლებდა არგონავტებს და ისინიც განუწყვეტლივ მიაპობდნენ ზღვის ტალღებს. აი უკვე გამოჩნდა პონტოს უკიდურესი ყურე და მათ თვალწინ კავკასიის მთების მაღალი მწვერვალები აღიმართნენ. აქ სპილენძის ბორკილებით პირქუშ კლდეებზე მიჯაჭვული პრომეთე თავისი ღვიძლით კვებავდა არწივს, რომელიც განუწყვეტლივ მოისწრაფოდა ხოლმე მისკენ. საღამოს არგონავტებმა ეს არწივი დაინახეს. მან ღრუბლები გაკვეთა და გამგმირავი სტვენით გადუქროლა ხომალდს. იგი ისე მძლავრად მიაპობდა ჰაერს, რომ ზღვაზე ქარს აყენებდა და იალქნებს ბერავდა. ამ ფრთოსანს ჩვეულებრივი ფრინველის სახე არ ჰქონდა. მისი მალი ფრთები კარგად გათლილი ხოფებივით სერავდა ჰაერს. ცოტა ხნის შემდეგ არგონავტებმა პრომეთეს გულგამგმირავი კვნესა გაიგონეს. არწივი ტანჯულ გმირს ღვიძლს უკორტნიდა ჰაერი საზარელი კვნესით ივსებოდა მანამ, სანამ არგონავტებმა კვლავ არ დაინახეს სისხლისმსმელი არწივი, რომელიც კავკასიის მთებიდან უკან ბრუნდებოდა.34
არგონავტებმა ღამით ფრიქსეს ვაჟიშვილის არგოსის გამოცდილების წყალობით ფართოდ მომდინარე ფასისს და პონტოს უკიდურეს საზღვარს მიაღწიეს. მოლაშქრეებმა სასწრაფოდ შეხვიეს იალქნები, ანძა დაუშვეს და წესისამებრ ამოღარულ საცავში შეინახეს. შემდეგ ხოფები მოუსვეს და მყისვე მდინარის ფართო კალაპოტში შეცურდნენ. ხომალდი მძლავრად მიაპობდა ფასისის მღელვარე ტალღებს. არგონავტებს ხელმარჯვნივ ეკავათ მაღალი კავკასიონი და მას ქალაქი კუტაისი,35 მარცხნივ გადაშლილიყო არესის ველი და ამ ღმერთის სახელობაზე შეწირული წმინდა ჭალაკი. აქ გველეშაპი ფხიზლად დარაჯობდა მუხის შეფოთლილ შტოებზე ჩამოკიდებულ საწმისს. იაზონმა ოქროს თასით მდინარეზე დაღვარა წყალნარევი და ტკბილი ღვინო ქალღმერთ გეას, ადგილობრივი ღმერთების და განსვენებულ გმირთა სულების პატივსაცემად. იგი მუხლმოდრეკილი ევედრებოდა მათ მოწყალე თვალი მოევლოთ არგონავტებისთვის, დახმარებოდნენ მათ და ვაჟკაცების კოლხეთში მოსვლა კეთილად მიეღოთ. გმირმა ანკევსმა არგონავტებს ასე უთხრა: „ჩვენ უკვე მოვედით კოლხეთის მიწაზე და ფასისის მდინარებასთან.36 დროა, მოვიფიქროთ, თავაზიანად მივმართოთ აიეტს თუ სხვა გზით ავისრულოთ საწადელი?“ სანამ ანკევსი ამას ამბობდა, იაზონმა, არგოსის რჩევით, არგონავტებს უბრძანა, ხომალდი მახლობლად მდებარე ლერწმით დაფარულ ჭაობში შეეცურებინათ და ღუზაც ჩაეგდოთ. ვაჟკაცებმა ხომალდი ნაჩვენებ ადგილას შეაცურეს და დასაძინებლად დაწვნენ. დიდი ხანი არ გასულა და არგონავტებისათვის სანუკვარმა ეოსმაც37 გამოანათა.
შენიშვნები
1. გენეთლიოსი – ღმერთ პოსეიდონის ეპითეტია, ნიშნავს ნაყოფიერს, წარმომშობს.
2. ტიფონი – ქალღმერთ გეას და ტარტაროსის (ჯოჯოხეთის) ნაშიერი ურჩხული.
3. აქ იგულისხმება სხვა ურჩხულები ე. წ. ტიტანები.
4. ბერძნები კრივის დროს ხელებზე ღვედებს შემოიკრავდნენ ხოლმე. ამ ღვედებზე ხშირად იყო დამაგრებული რკინის ბურთულები. ამიტომ დარტყმა ჩვეულებრივ სასიკვდილო იყო.
5. ზევსის თერაპნელი ძე – პოლიდევკე. თერაპნე – ქალაქი ლაკონიკაში.
6. ჰარპიები – საზიზღარი ფრთოსნები, მტაცებელი გოგოჩიტები.
7. ერინია – შურისმაძიებელი ქალღმერთი.
8. ბორეასის შვილები – ფრთაშესხმული ძეტე და კალაისი.
9. პლოტები – სტროფადები (დაბრუნების სამი კუნძული).
10. ირისი – შიკრიკი ქალღმერთი, ზეფირის მეუღლე.
11. სტიქსი – ღმერთთა საფიცარი საიქიოს მდინარე.
12. ენეტეიოსი – პელოფსის ეპითეტია. ენეტები პაფლაგონიის უძველესი მკვიდრნი იყვნენ. მათგან წარმოიშვნენ იტალ. Veneti.
13. ჰელიკეს დათვი – დიდი დათვის თანავარსკვლავედი.
14. ცნობა კუტაიის // ქუთაიის შესახებ პირველად აპ. როდოსელთან გვხვდება. კოლხური ქალაქის – ეას ლოკალიზაციისათვის მას არსებითი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს. ბერძ. - ს აპ. როდოსელი შემდეგ ფორმებში გადმოგვცემს 1)კუტაიის ხმელეთზე, 2) კუტაიელი აიეტი, 3)კუტაიელი აიეტი, 4)ეას ქალაქი კუტაიისი და 5)კუტაიის მხარე ანუ კოლხეთი. ანტიკური ხანის სხვა ავტორებიც კუტაიას//ქუთაიას კოლხეთის ქალაქად თვლიან (ლიკოფრონე, კალიმაქე). აპ. როდოსელის სქოლიასტი ქუთაიას მრავალგზის იხსენიებს, როგორც კოლხეთის ქალაქს და ეასთან აიგივებს. აპ. როდოსელი და მისი სქოლიასტი ეას ანუ ქუთაიას ფასისის (რიონის) მარცხენა ნაპირზე ათავსებენ. ანტიკური ავტორების უმრავლესობის ინდიციაც ასეთია (ჰეროდოტე, სკილაქს კარიანდელი, სტრაბონი და სხვ.) პლინიუს უფროსის და სტეფანე ბიზანტიელის ცნობა, რომ ეა მდ. კიანეოსის და ჰიპპოსის (ე. ი. ცხენის-წყლის და ტეხურის) შორის მდებარეობს, ნაკლებ სარწმუნოა. საფიქრებელია აპ. როდოსელის ეა ანუ ქუთაია ქუთაისს გადმოსცემს.
15. აპ. როდოსელი ჩვენთვის პირველი წყაროა, რომელიც მდინარე ფასისის სათავედ ამარანტის მთას ასახელებს. რომ ამარანტის მთებში კოლხეთის მთებია, ამისათვის აპ. როდოსელის სქოლიასტი იმოწმებს ჩვენამდე არ მოღწეულ ავტორს კტეზიას. აპ. როდოსელი ამარანტის მთებად უდაოდ ფასისის (რიონის) ნამდვილ სათავეს რაჭის კავკასიონის ფასის მთას გულისხმობს. ამ მთას ზეპირსიტყვაობა „ამირან-მთას“ ეძახის. თუ როგორ მივიღეთ „ამირანიდან“ ბერძნული ამისათვის დავიმოწმებდით ლათინურ Amaranus (Jupi-Ter –Amaranus), რომელიც „ამირანს“ უნდა ნიშნავდეს და ბერძნულიდან გადაღებული ჩანს (ბერძნულში უნდა ყოფილიყო).
16. მიწის მუშაკთა და მწყემსთა მფარველს ნიშნავს.
17. სირიოსი – ძაღლის თანავარსკვლავედი. მისი გამოჩენა გვალვას მოასწავებს.
18. იკმაიოსი – ზევსის ეპითეტია, რომელიც ნიშნავს წვიმით გამაგრილებელს!.
19. იგულისხმება თორმეტი მთავარი ღმერთი (7 მამაღმერთი და 5 ღმერთქალი): 1) ზევსი, 2) ჰერა, 3) აპოლონი, 4) პოსეიდონი, 5) ათენა, 6) არესი, 7) აფროდიტე, 8) ეროსი, 9) არტემიდე, 10) დემეტრე, 11) პლუტონი, 12) ჰერმესი.
20. ანუ სტუმართმოძულე ზღვა ასე ეწოდებოდა შავ ზღვას, სანამ ბერძნები მის მდიდარ სანაპიროებს გაიცნობდნენ. შემდეგ კი დაარქვეს ევქსინის პონტო ანუ სტუმართმოყვარე ზღვა
21. ჰიპერბორეელები – მითიური ხალხი, მცხოვრები უკიდურეს ჩრდილოეთში. ძველი ბერძნების წარმოდგენით ამ ხალხს მარადი ბედნიერება ჰქონდა მინიჭებული.
22. პეანი აპოლონის სადიდებელი სიმღერა იყო, რომელსაც თან ახლდა შეძახილი აპ. როდოსელის სქოლიასტის მიხედვით იეპეანი ნიშნავს მხსნელს და ამიტომ აპოლონ ღმერთის ეპითეტად იხმარება.
23. პარნასი – მთა ცენტრალურ ელადაში, შეწირული აპოლონ ღმერთისა და მუზებისადმი.
24. კოოსი – ურანოსის და გეას ძე.
25. იეიე – აპოლონის ეპითეტია, ნიშნავს ისრის მსროლელს. იეიეს შეძახილი აპოლონის სადიდებელი სიმღერის რეფრენი იყო.
26. იგულისხმება ჰიმნი პეანი.
27. მეფე ევრისთევსმა ჰერაკლეს დაავალა, მისი ასულისათვის მოეტანა ამაზონების დედოფლის ჰიპოლიტეს ოქროს სარტყელი, რომელიც დედოფალმა თავისი მამის არესისაგან მიიღო საჩუქრად. ჰერაკლემ ეს დავალება ამაზონებთან სისხლისმღვრელი ბრძოლით შეასრულა.
28. ბეოტიელებმა და ნიზელებმა ანუ მეგარელებმა აქ დააარსეს კოლონია ჰერაკლეა.
29. იგულისხმება ღმერთი დიონისე, რომლის კულტი აპ. როდოსელის მიხედვით ინდოეთიდან მოდის. ნისა – ინდოეთის ერთ-ერთი მთის და ქალაქის სახელი.
30. ასირია – იგულისხმება ძველი ლევკოსირია, რომელიც კაპადოკიის და პაფლაგონიის ნაწილს შეიცავდა და აღწევდა მდ. ირისის შესართავამდე და სინოპამდე. იგულისხმება, რომ არგონავტები სინოპს მიადგნენ.
31. მეფე ევრისთევსის დავალებით ჰერაკლემ მის სახელმწიფოდან გარეკა მტაცებელი ფრთოსნები. ეს მისი მეექვსე გმირობა იყო.
32. ეოლოსი – ელინთა მამამთავარი. იაზონის სიტყვიდან გამოდის, რომ ზევსი ბერძნებზე განრისხებული იყო და ეს რისხვა არ შესწყდებოდა, სანამ ოქროს საწმისი ელადას არ დაუბრუნდებოდა.
33. ამ სისხლისაგან იშვა ოქროს საწმისის მცველი გველეშაპი.
34. თუ აპოლონიოს როდოსელამდე ანტიკური ხანის ავტორები პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად სკვითების ქვეყანას გვისახელებენ (მაგ. ესქილე), აპ. როდოსელი პირველი ავტორია, რომელიც პრომეთეს მიჯაჭვის ადგილად კავკასიის მთებს თვლის, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი ცნობაა.
35. არგონავტები კოლხეთის ქალაქ ეაში ანუ ქუთაიაში მოვიდნენ. ეა ევქსინის პონტოს უკიდურესად აღმოსავლურ პუნქტს წარმოადგენს და ზღვის პირიდან შორს მდებარეობს. უკვე VIII საუკუნის (ქ. წ.) ეპიკოსი ევმელოსი ეას (აიას) კოლხეთში არსებულ ქალაქად თვლის. ანტიკური ხანის ავტორთა უმრავლესობა ამასვე ადასტურებს. ეას (აიას) სახელი მოდის ბერძნულიდან, რომლის იონური ფორმა ნიშნავს „მიწას“. უძველესი ფორმა – სი არის ჰომეროსთან დადასტურებული „ი“ („ილიადა“, VIII). რატომ ეწოდა კოლხეთის ქალაქს კუტაიას ეა (აია)? ბერძენი მეზღვაურისათვის, რომელსაც კოლხეთში მისასვლელად უნდა გაევლო საკმაოდ გრძელი გზა ზღვით (ეგეოსისა, ჰელესპონტის, პროპონტიდის და ევქსინის პონტოსი) კოლხეთი იქნებოდა სანატრელი მიწა ანუ გაია – აია – ეა. ამით აიხსნება, რომ ეას ანუ აიას სახელი მიწასთანაა დაკავშირებული. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კოლხეთში მოსული იაზონი პირველ სამსხვერპლო პატივს „დედამიწას“– ქალღმერთ გეას სცემს და ისიც, რომ კოლხთა საფიცარი დედამიწაა და ზეცა.
36. თუ ანტიკური ხანის ზოგიერთ ავტორთან სადავოა მდინარე ფასისის დენის ადგილი, აპ. როდოსელს იგი უდავოდ კოლხეთის ტერიტორიაზე მიმდინარედ მიაჩნია. მასთან ეჭვმიუტანელად შეიძლება მდინარე ფასისის რიონთან იდენტურად ჩათვლა.
37. ეოსი – განთიადის ქალღმერთი. სხვათა შორის, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს გულში მდებარე ქვეყნის სახელს – „კოლხეთს“ პირველად სწორედ ეს ევმელოსი და არა პინდარე, როგორც ეს ზოგიერთებს გონიათ.
წიგნი მესამე

ქალღმერთმა აფროდიტემ ეროსი ზევსის აყვავილებულ ბაღნარში იპოვა. ეროსთან ერთად აქ იყო განიმედეც, რომელიც ყრმის სილამაზით მოხიბლულმა ზევსმა ოდესღაც მოიტაცა და უკვდავთა შორის ზეცაზე დაასახლა.4 ეროსი და განიმედე ვით ტოლი ბავშვები, ოქროს კოჭებით თამაშობდნენ. ხარბი ეროსი ფეხზე იდგა, კოჭებით სავსე მარცხენა ხელის მუჭი გულთან მიეჭირა და ლოყები საამური სიწითლით ალანძოდა. განიმედე კი იქვე ჩაცუცქებულიყო და ჩუმად სწუხდა. მას ორი კოჭიღა შერჩენოდა, რომელთაც ერთი-მეორეზე მიყოლებით მოუფიქრებლად აგდებდა და ხმამაღლა მოხარხარე ეროსზე ბრაზობდა. როცა განიმედემ ეს კოჭებიც მალე წააგო, წამოდგა და დანაღვლიანებული ცარიელი ხელებით წავიდა. მან ვერ შენიშნა უკვე მოახლოებული კიპრიდა, რომელიც თავის ვაჟს წინ დაუდგა. ქალღმერთმა ეროსს ნიკაპზე წაავლო ხელი და უთხრა: „რატომ დასცინი, ცბიერო, განიმედს? განა ასე მოატყუე იგი და გამოუცდელი ყრმა დაჩაგრე? მე შენ ერთი საქმე უნდა შემისრულო და სამაგიეროდ ზევსის ნაქონ ლამაზ სათამაშოს მოგცემ. აი იმას, საყვარელმა ძიძამ ადრესტიამ რომ გაუკეთა ზევსს, როცა იგი იდის გამოქვაბულში იზრდებოდა და სათამაშოებით ერთობოდა. ამაზე კარგ საჩუქარს შენ თვით ჰეფესტოსაგანაც ვერ მიიღებ. იგი მრგვალი და გამჭვირვალე ბურთია. მას გარს არტყია ოქროს წრეები და შიგნით ლურჯი ხვეული აქვს. თუ ამ ბურთს ჰაერში აისვრი, ვარსკვლავივით დაიწყებს ციმციმს და მბრწყინავ კვალს დატოვებს. მე ამ ბურთს შენ გაჩუქებ, ოღონდ, აიეტის ქალწულს იყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნე და იაზონით მოხიბლე. იცოდე, რომ სწრაფად უნდა იმოქმედო!“ ეროსს ძალზე ეამა დედის სიტყვები. მყისვე დაყარა მიწაზე კოჭები, ქალღმერთის მოსასხამს ჩაეჭიდა და შეევედრა ახლავე მიეცა მისთვის ბურთი. აფროდიტემ შვილს ლოყებზე ხელი წაავლო, ჩაეხვია, აკოცა, გაიღიმა და ტკბილი სიტყვებით უთხრა: „ვფიცავ შენს ძვირფასს თავს და ჩემს თავსაც, რომ არ მოგატყუებ და საჩუქარს მოგცემ, თუ აიეტის ქალწულს სიყვარულის ამგზნებ ისარს სტყორცნი“. ეროსმა მიწაზე დაყრილი კოჭები აჰკრიფა, გულდასმით დაითვალა და ბრწყინვალე დედას კალთაში ჩაუყარა. მერე ხეზე მიყუდებული კაპარჭი აიღო, ოქროს სარტყელით მხარზე მიიმაგრა და მოხრილი მშვილდიც აიტაცა. ეროსმა ზევსის ყვავილნარი დატოვა, ოლიმპოს ჰაეროვან ჭიშკართან მივიდა და დაეშვა იმ გზაზე, რომელიც ეთერიდან დედამიწაზე ეშვება. ჯერ მან ორი მთა დაინახა, რომელთა ცამდე აზიდული მწვერვალებიდან აღმომავალი მზე თავის შუქმფინარ სხივებს დედამიწას სტყორცნის. შემდეგ კი ეროსის თვალწინ გადაიშალა ნოყიერი დედამიწა, ადამიანთა ქალაქები, წმინდა მდინარეები, დანარჩენი მთების მწვერვალები და ზღვა, რომელიც დედამიწას გარს ევლება.
დაამთავრა თუ არა ათენამ სიტყვა, ქალღმერთები სწრაფად გაემართნენ კიპრიდასაკენ და დიდ სასახლესთან მივიდნენ. ეს სასახლე აფროდიტეს მისმა კოჭლმა მეუღლე ჰეფესტომ აუგო მაშინ, როცა ზევსისაგან ცოლად წამოიყვანა. ჰერა და ათენა ეზოში შევიდნენ და ცოლ-ქმრის საწოლი ოთახის შესასვლელთან გაჩერდნენ. ამ ოთახში ქალღმერთი აფროდიტე ჰეფესტოს სარეცელს ამშვენიერებდა ხოლმე. ჰეფესტო სასახლეში არ იყო. დილით იგი მოხეტიალე კუნძულზე2 წასულიყო. აქ მას სამჭედლო ჰქონდა და ცეცხლის ძალით ბევრ მშვენიერ საგანს ჭედდა. კიპრიდა სახლში მარტო იყო. იგი ოთახში კარების პირდაპირ მოთავსებულ მრგვალ ტახტზე იჯდა; თეთრ მხრებზე მშვენიერი თმები ჩამოეშალა და ოქროს სავარცხლით ივარცხნიდა, რათა შემდეგ გრძელი კულულები დაეწნა. როცა მან ჰერა და ათენა დაინახა, შეჩერდა, ტახტიდან წამოდგა, ქალღმერთები ოთახში შეიწვია, სავარძლებზე დასხა და თვითონაც დაჯდა. შემდეგ დაუვარცხნელი თმები სასწრაფოდ აიკრა, გაიღიმა და სტუმრებს ტკბილი სიტყვებით ჰკითხა: „ძვირფასო ქალღმერთებო, რამ გაიძულათ, რომ აქ მოხვედით? თქვენ უბრწყინვალესი ქალღმერთები ხართ ქალ-ღმერთთა შორის და ამიტომაც არა ვარ დაჩვეული თქვენს ხშირ სტუმრობას“. ქალღმერთმა ჰერამ მას ასე მიუგო: „შენ დაგვცინი, ჩვენ კი დარდი გვაწუხებს. ოქროს საწმისის გულისათვის ელადიდან წამოსული გმირები უკვე კოლხეთში არიან და მათი ხომალდი მდინარე ფასისში დგა. არგონავტების წინაშე საშინელი საფრთხეა აღმართული. ჩვენ გვეშინია მათი ბედის გამო, მაგრამ ყველაზე მეტად იაზონის მდგომარეობა გვაღელვებს. მე მას, თუნდაც ჰადესის ბნელეთში გაემართოს სპილენძისა ბორკილებიდან იქსიონის3 დასახსნელად, მაინც დავეხმარები მთელი ჩემი ძალებით, რათა მისი დაღუპვით არ გაიხაროს მეფე პელიასმა და არ იფიქროს, რომ დაუსხლტა სასტიკ ბედისწერას. იგი ხომ თავხედურად მომექცა და მსხვერპლთშეწირვის დროს პატივი არ დამდვა! გარდა ამ მიზეზისა, იაზონს მე იმიტომაც ვმფარველობ, რომ მან სათნოება გამოამჟღავნა. მე ერთხელ ადამიანთა სამართლიანობის გამოცდა მოვისურვე, დედამიწაზე ჩავედი და მოხუცი ქალის სახე მივიღე. ნადირობიდან მომავალი იაზონი მე ადიდებული მდინარის ანავროსის შესართავთან შემხვდა. ზამთარი იყო. მთები და მაღალი გორები თოვლით იყო გადაპენტილი და მათგან წამოსული ნიაღვრები გრიალით ასკდებოდნენ არემარეს. იაზონს მე შევებრალე და თავისი მხრებით გადამიყვანა ბობოქარი მდინარის მეორე ნაპირზე. ამიერიდან მან ჩემი წყალობა დაიმსახურა. თუ ახლა შენც არ დაეხმარე იაზონს, რომ უვნებლად დაუბრუნდეს სამშობლოს, მაშინ პელიასი ვერ დაისჯება საზიზღარი დანაშაულისათვის“. ჰერას სიტყვებმა მშვენიერი კიპრიდა განცვიფრებაში მოიყვანა. როცა მან დაინახა, რომ ჰერა მისგან მოწყალებას თხოულობდა, თაყვანი სცა და ნაზი სიტყვებით უპასუხა:“ყოვლის შემძლე ქალღმერთო, რა იქნება კიპრიდასათვის იმაზე უფრო დიდი ბოროტება, რომ შენი თხოვნა არ შეიწყნაროს და სიტყვით ან საქმით არ დაგეხმაროს? აი, გამოიყენე ეს ჩემი სუსტი ხელები, თუ რამეს შესძლებენ. დაე შენს დახმარებაზე უფრო საამო ნურაფერი ნუ იქნება ჩემთვის!“ აფროდიტეს კვლავ ჰერა შეესიტყვა: „ჩვენ აქ იმიტომ კი არ მოვსულვართ, რომ შენი ხელების დახმარება გვჭირდებოდეს, არა! ჩვენ გთხოვთ, რომ უბრძანო შენს ვაჟს, მოაჯადოვოს აიეტის ასული იაზონის სიყვარულით. თუ აიეტის ქალიშვილი იაზონს დაუკავშირდა, ვფიქრობ, რომ იაზონი ადვილად იგდებს ხელთ ოქროს საწმისს დაღ იოლკოსშიც დაბრუნდება, ვინაიდან აიეტის ასული გრძნეულებაში კარგადაა დახელოვნებული“. „ჰერა და ათენა, – მიმართა ქალღმერთებს კიპრიდამ, – ჩემი ვაჟი ეროსი თქვენ უფრო დაგიჯერებთ, ვიდრე მე. მართალია, ძალზე თავხედია იგი, მაგრამ თქვენს წინაშე მაინც გამოიჩენს მცირეოდენ მოკრძალულობას. ჩემი სულ არ ერიდება, მუდამ მედავება და ვეზიზღები კიდევაც. ერთხელ ისე გამაბრაზა, რომ მოვინდომე მისი საშინელი მშვილდისარი დამემტვრია. ეროსი გაჯავრდა და დამემუქრა, რომ, თუ მე ხელებს შორს არ დავიჭერდი მისგან, იგი თავის რისხვას არ შესწყვეტდა მეც იძულებული გავხდი უარი მეთქვა ჩემს განზრახვაზე“. ასე სთქვა მშვენიერმა აფროდიტემ. ქალღმერთებმა გაიღიმეს და ერთმანეთს გადახედეს. შეწუხებულმა კიპრიდამ კვლავ გააგრძელა: „ჩემი უბედურება თქვენთვის სასაცილოა. არ უნდა მეთქვა ყველაფერი ის, რაც მე ვიცი და რაც მაწუხებს! ახლა კი, რახან თქვენ ეს გსურთ, წავალ ეროსთან, ვეცდები დავიყოლიო და მგონია, რომ უარს არ მეტყვის“. ქალღმერთი ჰერა აფროდიტეს ნაზ ხელს შეეხო, წყნარად გაიცინა და ასე უთხრა: „კითერია (აფროდიტე), ეცადე, კარგად შეასრულო შენი დაპირება. შენს ვაჟიშვილზე წყრომას კი თავი დაანებე. ნუ ედავები ეროსს! გაიზრდება და დადინჯდება“. ჰერა სავარძლიდან წამოდგა. მას ათენაც აჰყვა და ქალღმერთებმა აფროდიტეს სასახლე დატოვეს. თავის მხრივ კიპრიდაც წამოდგა იგი ოლიმპოს დაფარულ ადგილებისაკენ გაემართა და ცდილობდა ეროსი ეპოვა.
ქალღმერთმა აფროდიტემ ეროსი ზევსის აყვავილებულ ბაღნარში იპოვა. ეროსთან ერთად აქ იყო განიმედეც, რომელიც ყრმის სილამაზით მოხიბლულმა ზევსმა ოდესღაც მოიტაცა და უკვდავთა შორის ზეცაზე დაასახლა.4 ეროსი და განიმედე ვით ტოლი ბავშვები, ოქროს კოჭებით თამაშობდნენ. ხარბი ეროსი ფეხზე იდგა, კოჭებით სავსე მარცხენა ხელის მუჭი გულთან მიეჭირა და ლოყები საამური სიწითლით ალანძოდა. განიმედე კი იქვე ჩაცუცქებულიყო და ჩუმად სწუხდა. მას ორი კოჭიღა შერჩენოდა, რომელთაც ერთი-მეორეზე მიყოლებით მოუფიქრებლად აგდებდა და ხმამაღლა მოხარხარე ეროსზე ბრაზობდა. როცა განიმედემ ეს კოჭებიც მალე წააგო, წამოდგა და დანაღვლიანებული ცარიელი ხელებით წავიდა. მან ვერ შენიშნა უკვე მოახლოებული კიპრიდა, რომელიც თავის ვაჟს წინ დაუდგა. ქალღმერთმა ეროსს ნიკაპზე წაავლო ხელი და უთხრა: „რატომ დასცინი, ცბიერო, განიმედს? განა ასე მოატყუე იგი და გამოუცდელი ყრმა დაჩაგრე? მე შენ ერთი საქმე უნდა შემისრულო და სამაგიეროდ ზევსის ნაქონ ლამაზ სათამაშოს მოგცემ. აი იმას, საყვარელმა ძიძამ ადრესტიამ რომ გაუკეთა ზევსს, როცა იგი იდის გამოქვაბულში იზრდებოდა და სათამაშოებით ერთობოდა. ამაზე კარგ საჩუქარს შენ თვით ჰეფესტოსაგანაც ვერ მიიღებ. იგი მრგვალი და გამჭვირვალე ბურთია. მას გარს არტყია ოქროს წრეები და შიგნით ლურჯი ხვეული აქვს. თუ ამ ბურთს ჰაერში აისვრი, ვარსკვლავივით დაიწყებს ციმციმს და მბრწყინავ კვალს დატოვებს. მე ამ ბურთს შენ გაჩუქებ, ოღონდ, აიეტის ქალწულს იყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნე და იაზონით მოხიბლე. იცოდე, რომ სწრაფად უნდა იმოქმედო!“ ეროსს ძალზე ეამა დედის სიტყვები. მყისვე დაყარა მიწაზე კოჭები, ქალღმერთის მოსასხამს ჩაეჭიდა და შეევედრა ახლავე მიეცა მისთვის ბურთი. აფროდიტემ შვილს ლოყებზე ხელი წაავლო, ჩაეხვია, აკოცა, გაიღიმა და ტკბილი სიტყვებით უთხრა: „ვფიცავ შენს ძვირფასს თავს და ჩემს თავსაც, რომ არ მოგატყუებ და საჩუქარს მოგცემ, თუ აიეტის ქალწულს სიყვარულის ამგზნებ ისარს სტყორცნი“. ეროსმა მიწაზე დაყრილი კოჭები აჰკრიფა, გულდასმით დაითვალა და ბრწყინვალე დედას კალთაში ჩაუყარა. მერე ხეზე მიყუდებული კაპარჭი აიღო, ოქროს სარტყელით მხარზე მიიმაგრა და მოხრილი მშვილდიც აიტაცა. ეროსმა ზევსის ყვავილნარი დატოვა, ოლიმპოს ჰაეროვან ჭიშკართან მივიდა და დაეშვა იმ გზაზე, რომელიც ეთერიდან დედამიწაზე ეშვება. ჯერ მან ორი მთა დაინახა, რომელთა ცამდე აზიდული მწვერვალებიდან აღმომავალი მზე თავის შუქმფინარ სხივებს დედამიწას სტყორცნის.
შემდეგ კი ეროსის თვალწინ გადაიშალა ნოყიერი დედამიწა, ადამიანთა ქალაქები, წმინდა მდინარეები, დანარჩენი მთების მწვერვალები და ზღვა, რომელიც დედამიწას გარს ევლება.
აწ კი, შენ დადექ ჩემს გვერდით, ერატო (ეროტიკული პოეზიის მუზა), და მიამბე მე, თუ როგორ წაიღო იაზონმა მედეას სიყვარულის წყალობით საწმისი იოლკოსში! ნეტარო მუზავ! შენც ხომ გიდევს წილი აფროდიტეს სასიყვარულო საქმეებში და ხშირადაც აჯადოვებ ხოლმე ტკბილი ვნებებით უბიწო ქალწულებს; ამიტომ გადევს სწორედ სასიყვარულო სახელი!ფასისის ლერწმით მოფენილ ჭაობში ჩამალული არგონავტები ჰერამ და ათენამ შენიშნეს. ვაჟკაცთა მფარველმა ქალღმერთებმა უკვდავ ღმერთთა კრებული მიატოვეს, თალამონში (საწოლ ოთახში) შევიდნენ და ბჭობა დაიწყეს, თუ როგორ დახმარებოდნენ არგონავტებს. „ზევსის ასულო, – მიმართა ჰერამ ათენას, – ჯერ შენ გადასწყვიტე, როგორ მოვიქცეთ! რამე ცბიერ ხერხს მიმართავ, რომ არგონავტებმა აიეტი მოატყუონ და ისე გაიტაცონ ოქროს საწმისი ელადაში, თუ სჯობს, მომთაფლავი სიტყვებით დაიყოლიონ ვაჟკაცებმა კოლხთა მბრძანებელი? აიეტი საშინლად მრისხანე კაცია, მაგრამ მაინც საჭიროა არავითარ ცდას არ დავერიდოთ“. „მეც მაწუხებს არგონავტებზე ფიქრი, – მიუგო ათენამ ჰერას, – მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერი მომიგონებია ისეთი, რითაც შემწეობას აღმოვუჩენდი მათ, თუმცა ბევრმა აზრმა გამიელვა თავში“ ასე სთქვა ათენამ და ორივე ქალღმერთმა თვალები ძირს დახარა. უეცრივ ქალღმერთმა ჰერამ რაღაც მოიგონა და ათენას სწრაფად უთხრა: „მოდი, კიპრიდასთან მივიდეთ და ვთხოვოთ, თუ მოისურვებს, თავისი ვაჟი წააქეზოს, რათა მან აიეტის გრძნეულ ასულს (მედეას) სიყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნოს და იაზონით მოხიბლოს. მე მგონია, რომ იაზონი საწმისს ელადაში მხოლოდ მედეას დახმარებით წაიღებს“. მოეწონა ეს ბრძნული აზრი ქალღმერმა ათენას და ჰერას ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ნეტარო ჰერა, ჩემმა მშობელმა ისე წარმომშვა,1 რომ არაფერი ვიცი სიყვარულის ამგზნები ლახვრისა, არც ტკბილი და ჯადოსნური ვნებისა მესმის რამე. რაკიღა შენ თვითონაც მოგწონს ეგ ხერხი, მე სიამოვნებით გამოგყვები აფროდიტესთან, რომელსაც შენ მოახსენებ ჩვენს სურვილს“.
ფასისის ლერწმით მოფენილ ჭაობში ჩამალული არგონავტები ჰერამ და ათენამ შენიშნეს. ვაჟკაცთა მფარველმა ქალღმერთებმა უკვდავ ღმერთთა კრებული მიატოვეს, თალამონში (საწოლ ოთახში) შევიდნენ და ბჭობა დაიწყეს, თუ როგორ დახმარებოდნენ არგონავტებს. „ზევსის ასულო, – მიმართა ჰერამ ათენას, – ჯერ შენ გადასწყვიტე, როგორ მოვიქცეთ! რამე ცბიერ ხერხს მიმართავ, რომ არგონავტებმა აიეტი მოატყუონ და ისე გაიტაცონ ოქროს საწმისი ელადაში, თუ სჯობს, მომთაფლავი სიტყვებით დაიყოლიონ ვაჟკაცებმა კოლხთა მბრძანებელი? აიეტი საშინლად მრისხანე კაცია, მაგრამ მაინც საჭიროა არავითარ ცდას არ დავერიდოთ“. „მეც მაწუხებს არგონავტებზე ფიქრი, – მიუგო ათენამ ჰერას, – მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერაფერი მომიგონებია ისეთი, რითაც შემწეობას აღმოვუჩენდი მათ, თუმცა ბევრმა აზრმა გამიელვა თავში“ ასე სთქვა ათენამ და ორივე ქალღმერთმა თვალები ძირს დახარა. უეცრივ ქალღმერთმა ჰერამ რაღაც მოიგონა და ათენას სწრაფად უთხრა: „მოდი, კიპრიდასთან მივიდეთ და ვთხოვოთ, თუ მოისურვებს, თავისი ვაჟი წააქეზოს, რათა მან აიეტის გრძნეულ ასულს (მედეას) სიყვარულის ამგზნები ისრები სტყორცნოს და იაზონით მოხიბლოს. მე მგონია, რომ იაზონი საწმისს ელადაში მხოლოდ მედეას დახმარებით წაიღებს“. მოეწონა ეს ბრძნული აზრი ქალღმერმა ათენას და ჰერას ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ნეტარო ჰერა, ჩემმა მშობელმა ისე წარმომშვა,1 რომ არაფერი ვიცი სიყვარულის ამგზნები ლახვრისა, არც ტკბილი და ჯადოსნური ვნებისა მესმის რამე. რაკიღა შენ თვითონაც მოგწონს ეგ ხერხი, მე სიამოვნებით გამოგყვები აფროდიტესთან, რომელსაც შენ მოახსენებ ჩვენს სურვილს“.
მდინარე ფასისის ლერწმიან ჭაობში შენავებული ხომალდის ერდოზე არგონავტები შეკრებილიყვნენ. ისინი რიგზე იყვნენ ჩამომსხდარნი და ყურადღებით უსმენდნენ ეზონის სახელოვან ძეს, რომელიც ასე ლაპარაკობდა: „მეგობრებო, მე გეტყვით, თუ რა მიმაჩნია უმჯობესად, თქვენ კი ვალდებულნი ხართ, ჩემი აზრი განსაჯოთ. ეს საქმე საერთო საქმეა, ამიტომ ბჭობაც საერთო უნდა იყოს! ხოლო მან კი, ვინც თავის აზრსა და რჩევას დუმილით აკავებს, იცოდეს, რომ ხელს უშლის ჩვენი ლაშქარის სამშობლოში უვნებლად დაბრუნების საქმეს! ჩემი წინადადება ასეთია: თქვენ იარაღი აისხით და ხომალდზე დარჩით, მე კი თან გავიყოლებ ფრიქსეს ვაჟებს და კიდევ ორ მეგობარს და აიეტის სასახლისაკენ გავემართები. მივალ აიეტთან და ვთხოვ, მეგობრულად დაგვითმოს ოქროს საწმისი. თუ თავის ძლიერებაზე დაყრდნობილმა აიეტმა უარით გამოგვისტუმრა და ვერაგობა შევატყვე, უკან გამოვბრუნდები და ერთად მოვიფიქროთ, ბრძოლა გავუმართოთ მას, თუ ბრძოლისაგან თავი შევიკავოთ და სხვა ხელსაყრელი ხერხი გამოვნახოთ. სანამ თხოვნით არ გამოვცდით აიეტს, მანამ ნუ მოვინდომებთ ძალით წავართვათ თავისი ქონება. უკეთესია, სიტყვით დავიყოლიოთ იგი. იმას, რასაც ძლივს აღწევს ხოლმე მამაცობა, ხშირად ადვილად აკეთებს უბრალო სიტყვა. სიტყვით ადვილია კაცის გადაბირება. უდანაშაულო ფრიქსე, რომელიც გამოექცა დედინაცვლის მზაკვრობასა და მამისაგან მსხვერპლად შეწირვას, აიეტმა ხომ კარგად მიიღო! ყველგან მრავლადაა ბოროტი ადამიანი, მაგრამ ადამიანთა შორის ყველაზე უბოროტესი კაციც კი იცავს და თაყვანს სცემს სტუმართმოყვარე ზევსის კანონს“.
არგონავტებმა ერთხმად მოიწონეს ეზონიდის წინადადება და საწინააღმდეგო აზრი აღარავის გამოუთქვამს. მაშინ იაზონმა უბრძანა ფრიქსეს ვაჟებს და ტელამონსა და ავგიეს, მას წაყოლოდნენ, თვითონ კი ხელთ ჰერმესის კვერთხი აიღო. ისინი ხომალდიდან გადმოვიდნენ, ჭაობი და ლერწმნარი გადალახეს და ხმელეთზე ავიდნენ. შემდეგ ველზე მდებარე ბორცვზე შედგეს ფეხი. ეს ველი კირკეს (აიეტის და) ველად იწოდება. აქ მრავლად იყო აღმოცენებული ტირიფი და ძეწნა, რომელთა კენწეროებზე თოკებით მიკრული გვამები იყო ჩამოკიდებული. კოლხებში ჯერ კიდევ ახლაც ცოდვად ითვლება მიცვალებული მამაკაცების ცეცხლით დაწვა. არც ისა აქვთ წესად, რომ ისინი მიწაში დაფლან და ზემოდან ტაგრუცი დააყარონ. კოლხები მიცვალებული მამაკაცების გვამებს ხარის მოუთელავ ტყავებში ახვევენ და ქალაქიდან მოშორებით ხეებზე ჰკიდებენ. მაგრამ ჰაერის თანაბრად მიწაც ღებულობს თავის წილს, ვინაიდან კოლხები ქალებს მიწაში მარხავენ. აი ასეთი წესი აქვთ მათ.5
არგონავტების მფარველმა ქალღმერთმა ჰერამ ეთერში სქელი ნისლი დააყენა და იაზონი თავის მხლებლებით შებურა, რათა აიეტის სასახლისაკენ მიმავალი ვაჟკაცები კოლხთა ურიცხვ ტომს არ დაენახა. როცა იაზონი და მისი მხლებლები აიეტის სასახლესთან მივიდნენ, ჰერამ მყისვე გაჰფანტა ნისლი. ვაჟკაცები სასახლის შესასვლელთან გაჩერდნენ. ისინი გააოცა მეფის სასახლის გალავანმა, ფართო ჭიშკრებმა და სვეტებმა, რომლებიც მწკრივზე იყვნენ აღმართულნი კედლების გარშემო. სასახლის თავზე, სპილენძის ქონგურებზე, ქვის კოშკი იდგა. იაზონმა და მისმა მხლებლებმა დაუბრკოლებლივ გადააბიჯეს ფეხი სასახლის ჭიშკრის ზღურბლს, რომელთანაც მაღლა ამართული, მწვანე ფოთლებით შემოსილი ვაზები გაშლილიყვნენ. ვაზების ქვეშ ოთხი დაუშრეტელი შადრევანი მოჩუხჩუხებდა. ეს წყაროები ჰეფესტომ ამოაჩქეფა მიწის გულიდან. ერთი რძის შადრევანი იყო, მეორე ღვინისა, მესამედან სურნელოვანი ზეთი მორაკრაკებდა, მეოთხე წყარო კი ამოღარულ ლოდიდან წყალს მოაქუხებდა, რომელიც პლეიადების6 ჩასვლის დროს თბებოდა, ხოლო მათი აღმოსვლის ჟამს ყინულივით ცივი და ანკარა ხდებოდა. აი ასეთი ღვთაებრივი საქმეები გააკეთადახელოვნებულმა ჰეფესტომ კუტაიელი აიეტის სასახლეში. გარდა ამისა ჰეფესტომ აიეტს გამოუჭედა სპილენძისფეხებიანი ხარები, რომელთაც სპილენძისავე ხახები ჰქონდათ, საიდანაც ცეცხლის საზარელი ალი ამოსდიოდათ. მანვე გაუკეთა მთლიანი გუთანი მაგარი ფოლადისაგან. ამით ჰეფესტომ მადლობა გადაუხადა ჰელიოსს, რომელმაც ფლეგრის ბრძოლაში დაღლილი ჰეფესტო თავის ეტლზე აიტაცა.7 სასახლის ეზოში უზარმაზარი შენობა იდგა, რომელსაც მრავალი ორმაგი კარი და მოსასვენებელი ოთახი ჰქონდა. კარები და ოთახები ერთ საუცხოო ტალანში გამოდიოდნენ. ამ შენობის მარჯვნივ და მარცხნივ ორი უფრო მაღალი შენობა იდგა. ერთ-ერთ მათგანში აიეტი ცხოვრობდა თავისი ცოლით, მეორეში კი აიეტის ვაჟი აფსირტე. აფსირტე კავკასიელმა ნიმფამ ასტეროდიამ შვა მანამ, სანამ აიეტი კანონიერ ცოლად მოიყვანდა ოკეანესა და ტეთისის უმცროსს ქალს იდიას. რადგანაც აფსირტე ყველა ახალგაზრდებში გამოირჩეოდა სილამაზით, კოლხთა შვილები მეტსახელად ფაეთონს (მბრწყინავს) ეძახდნენ. სასახლის დანარჩენი ოთახები ეკავათ აიეტის ორ ასულს, ქალკიოპეს და მედეას და მოახლე ქალებს. აიეტის ასული მედეა ქალღმერთ ჰეკატეს8 ქურუმი იყო. ყოველდღე დადიოდა მის ტაძარში და ჰეკატეს ემსახურებოდა. ამიტომაც სასახლეში ძალიან იშვიათად იყო. მაგრამ ქალ-ღმერთმა ჰერამ მედეას შთააგონა, რომ დღეს სასახლეში დარჩენილიყო. როცა იაზონი და მისი მხლებლები მეზოში შემოვიდნენ, მედეა თავისი ოთახიდან დის ოთახისაკენ მიდიოდა. უცხოელების დანახვა და მედეას შეკივლება ერთი იყო. როგორც კი გაიგონა ქალკიოპემ მედეას საშინელი კივილი, გარეთ გამოვარდა. მას მისი მოახლე ქალებიც მოჰყვნენ, რომლებსაც შიშისაგან თითისტარები ხელიდან გაუვარდათ. როცა უცხოელ ვაჟკაცთა შორის ქალკიოპემ თავისი შვილებიც დაინახა, სიხარულით ხელები ზევით აღაპყრო. შვილები დედას მიესალმნენ და გულში ჩაიკრეს. ქალკიოპეს თვალებზე სიხარულის ცრემლები მოადგა და თავის ვაჟებს მიმართა: „მოულოდნელმა ბედმა თქვენი თავი უკან დამიბრუნა. რა უბედური ვიყავი, თქვენ რომ მიმატოვეთ და ელადისაკენ გაემართეთ! ჩემმა მეუღლემ ფრიქსემ თავისი ანდერძით დიდი სიმწუხარე მომიტანა! რატომ დამტოვეთ, შვილებო, რატომ წახვედით იმ დასაქცევ ორქომენისაკენ ათამასის ქონების გულისათვის?!“
ქალკიოპეს ხმაზე აიეტი და მისი მეუღლე იდია გამოვიდნენ დარბაზიდან. ისინი სტუმრებს მიეგებნენ და სასახლის ეზო მყისვე გაივსო ხმაურით. მონების ერთი ნაწილი ლხინისათვის ხარს ამზადებდა, მეორე სპილენძის ცულით გამხმარ შეშას აპობდა, მესამე კი უცხოელების დასაბანად ცეცხლზე წყალს ათბობდა. მეფის მსახურთაგან არავინ იყო ისეთი, რომ ლხინისათვის სამზადისს განზე გადგომოდა.
ამასობაში ლაჟვარდოვან ჰაერიდან გესლიანი ნესტარის მქონე მწერივით სასტიკი ეროსი შეუმჩნევლად ჩამოეშვა; სასახლის კარის ზღურბლზე შედგა, მშვილდი მოიმზადა, კაპარჭიდან უხმარი, სიყვარულის ამგზნები ისარი ამოიღო და ზღურბლს მარდი ფეხები გადააბიჯა; იქაურობა გულდასმით მიათვალ-მოათვალიერა, მერე შეუმჩნევლად იაზონს ზურგს უკან ამოეფარა, ისარი ლარის შუა მოათავსა, დასჭიმა და მშვენიერ მედეას სტყორცნა. მედეას გული მყისვე მღელვარებამ შეიპყრო; ეროსი კი კისკისით მიქროდა სასახლის თავზე. ქალწულის მკერდში ეროსის ნატყორცნმა ისარმა ცეცხლი გააჩინა. ალივით ალაპლაპებული მედეა მოწყვეტილი ვარსკვლავივით შეანათებდა ხოლმე იაზონს სახეში და მკერდიდან ხშირად აღმოხდებოდა ხოლმე კვნესა. იაზონის გარდა აღარაფერი ახსოვდა და ტკბილი მწუხარებით დნებოდა გულში. მატყლის დართვით გატაცებული მშრომელი ქალი რომ გამოიღვიძებს ხოლმე გათენებამდე და ოთახის გასანათებლად მუგუზალს ფიჩხს დააყრის და ვით ამ მუგუზლიდან გაჩაღებული ცეცხლი ავარვარდება, ისე ავარვარდა ქალწულის მკერდში ფარულად შეჭრილი მკაცრი ეროსი. ტკბილი გრძნობისაგან გონებადაკარგულ მედეას ნაზ ლოყებს წამდაუწუმ ეცლებოდათ ფერი. ქალწულს სახე ხან გაუფერმკრთალდებოდა და ხან კიდევ ალმური ასდიოდა.
იაზონი და მისი მხლებლები თბილი წყლით გასუფთავდნენ და მონებმა მათ სუფრა გაუშალეს. როცა საჭმელ-სასმელით თავი დაიკმაყოფილეს მაშინ აიეტმა თავის შვილიშვილებს ასე მიმართა: „შვილებო ჩემი ქალიშვილისა და ფრიქსესი, რომელსაც ყველა უცხოელზე მეტი პატივი ვეცი ამ სასახლეში, რატომ დაბრუნდით ეაში? განა რამე უბედურება შეგემთხვათ გზაში? თქვენ არ დამიჯერეთ, როცა თქვენს მიერ აღებული გზის შესახებ გითხარით, რომ უსაზღვრო მანძილი აქვს-მეთქი! ეს მე მაშინ გავიგე, როცა მამაჩემის – ჰელიოსის ეტლით ვიმოგზაურე. ჰელიოსს იმ დროს ჩემი და კირკე გადაჰყავდა ჰესპერიის (იტალიის) ქვეყნის შუაგულში. ჩვენ მაშინ მივაღწიეთ ტირსენისის ხმელეთის ნაპირს, სადაც ახლაც ცხოვრობს ჩემი და. ეს ქვეყანა ძალზე შორსაა კოლხეთის მიწისაგან. მაგრამ რა საჭიროა ეს ამბავი! სჯობს, დალაგებით მომიყვეთ, რამ დაგაბრკოლათ გზაში, ვინ არიან ეს კაცები, თქვენ რომ მოგყვნენ და სად არის ჩემი მშვენიერი ხომალდი?"
ძმებში უფროსმა არგოსმა, რომელსაც ეშინოდა იაზონის ლაშქარის ბედის გამო, აიეტს პირმოთნედ უპასუხა: „დიდებულო აიეტო, შენგან ნაბოძები ხომალდი მრისხანე ქარიშხალმა დაგვიმხსხვრია; ჩვენ კი ერთ ძელს ჩავეჭიდეთ. და უკუნეთ ღამეში ენიალიოსის (არესის ეპითეტი) კუნძულზე გაგვრიყა ტალღამ. რომელიღაც ღმერთმა მოწყალების თვალით გადმოგვხედა და დაღუპვისაგან გვიხსნა! ამ უდაბურ კუნძულზე წინათ რომ საზიზღარი ფრთოსნები ბინადრობდნენ, ჩვენ ვეღარ ვიხილეთ. წინა დღით ამ კუნძულზე გადმოსულ ვაჟკაცებს გაერეკათ ისინი. ეს გმირები აქ რაღაც ბედმა ან თვით მოწყალე ზევსმა შეგვახვედრა. როგორც კი გაიგონეს ვაჟკაცებმა ცნობილი ფრიქსეს და შენი სახელი, მყისვე გვიბოძეს საკმარისად საჭმელი და ტანსაცმელი. ისინი შენი ქალაქისაკენ მოემართებოდნენ. თუ კი მოისურვებ ამის მიზეზი გაიგო, არ დაგიმალავ. აი ეს გმირი, ვინაიდან ძლევამოსილებით გამოირჩეოდა ყველა ეოლიდებში, მეფე პელიასმა აქ იძულებით გამოაგზავნა. ამ მრისხანე მეფეს სურს, სამშობლოდან გააძევოს იგი და მემკვიდრეობა აღუკვეთოს. მეფე პელიასი ამტკიცებს, რომ ეოლოსის მოდგმა მანამდე ვერ გაექცევა მრისხანე ზევსის რისხვას და ფრიქსეს მიერ ჩადენილი ცოდვისათვის (იგულისხმება ოქროს ვერძის გატაცება.) მძიმე სასჯელს, სანამ ოქროს საწმისი ელადას არ დაუბრუნდებაო. ნეტარმა ქალღმერთმა ათენა-პალადამ ამ გმირს ხომალდი აუგო, მაგრამ ისეთი კი არა, როგორიც კოლხებს აქვთ, არამედ უფრო დიდი და მძლავრი. ჩვენი ხომალდიც ხომ კოლხური იყო. იგი სწრაფად დაამსხვრია ქარიშხალმა. ამ ვაჟკაცის ხომალდი კი მაგრადაა შეკრული და არასოდეს არ დაიშლება, თუნდაც ყველა ქარი დაეტაკოს. ერთნაირად შეუძლია მას იცუროს, ქარის შემწეობით იქნება ეს, თუ ხოფების მოსმით. ამ ხომალდზე ჩვენმა გმირმა მთელი ელადის ბრწყინვალე გმირები შეჰკრიბა სალაშქროდ ბევრი იხეტიალა მან ზღვაზე და უცხო ქვეყნებში, ბოლოს შენს ქალაქში მოვიდა. მას სურს ნებაყოფლობით მიიღოს ოქროს საწმისი. იგი აქ იმიტომ კი არ მოსულა, რომ ხელი გამოიღოს შენს წინააღმდეგ, არა! სამაგიეროდ იგი გპირდება, საჩუქრისათვის პატივი დაგდოს. მან ჩემგან გაიგო შენი დიდი მტრების – სავრომატების შესახები. მას სურს, ისინი შენს სკიპტრას დაუმორჩილოს. თუ გინდა, სახელოვანო მეფევ, გაიგო, თუ რა მოდგმის არიან ეს ვაჟკაცები და რა ჰქვიათ, ახლავე სათითაოდ გაგაცნობ. ჩვენს გმირს, რომლის გამოც შეიკრიბნენ ელადის წარჩინებული გმირები, იაზონს უწოდებენ. იგი კრეთევსის შვილის ეზონის ვაჟია. იაზონი ჩვენი ახლობელი ნათესავია, მისი პაპა კრეთევსი და ჩვენი პაპა ათამასი ძმები იყვნენ. ეს მეორე ვაჟკაცი ჰელიოსის შვილია და სახელად ავგიე ჰქვია; ეს კი ტელემონია – ეაკეს ბრწყინვალე ვაჟიშვილი. ეაკე კი თვით ზევსის ნაშიერი იყო. ასევე, იაზონის ყველა დანარჩენი მეგობარი უკვდავთა შვილები და შვილიშვილები არიან“.
არგოსის სიტყვებმა კოლხთა ძლევამოსილი მეფე საშინლად განარისხა. მას უფრო მეტად ქალკიოპეს ვაჟებზე მოსდიოდა გული. ეგონა, რომ მისი შვილიშვილების დახმარებით და შეგონებით მოვიდნენ უცხოელები ეაში. გააფთრებულ აიეტს თვალები ნაპერწკლებით აევსო და უცხოელებს მრისხანედ შეჰყვირა: „თავხედებო, რატომ ეხლავე არ დამეკარგებით თვალთაგან თქვენი მზაკვრული განზრახვებით?! მე თქვენ გიჩვენებთ ოქროს საწმისსაც და ფრიქსესაც! თქვენ ელადიდან აქ ოქროს საწმისის გულისათვის კი არ მოსულხართ, არამედ გსურთ წამართვათ სკიპტრა და სამეფო პატივი. თქვენ რომ ჩემს მაგიდას არ შეჰხებოდით და პურმარილი არ მიგეღოთ, დაუყოვნებლივ ენებს ამოგართმევდით, ხელებს მოგკვეთდით და მარტოოდენ ფეხების ამარა გაგისტუმრებდით აქედან, რათა შემდეგში თავი შეგეკავებინათ ასეთი ლაშქრობისაგან და ნეტარ ღმერთებთან თავის მიმსგავსება აღარ გაგებედნათ!“.
ეაკეს ძლევამოსილ ვაჟს, ტელამონს აიეტის მუქარამ საშინელი ბრაზი მოჰრია. მას გულით სურდა აიეტი გამოელანძღა და სამაგიერო პასუხი გაეცა, მაგრამ იაზონმა შეაჩერა და თვითონ მიუგო აიეტს მშვიდად: „დიდებულო აიეტო, შესწყვიტე შენი უსამართლო რისხვა! ჩვენ სიხარბით წაქეზებულნი არ მოვსულვართ შენს ქალაქში. განა ვინ გაბედავდა თავისი ნება-სურვილით ამოდენა ზღვის გადმოლახვას იმიტომ, რომ სხვისი ქონება ჩაეგდო ხელში? მე ღმერთის გადაწყვეტილებამ და შეუბრალებელი მეფის პელიასის ბრძანებამ მაიძულეს ეაში გამომგზავრება. მოიღე მოწყალება, მეფეო, შეისმინე ჩვენი თხოვნა და შენს ღვთაებრივ დიდებას მთელ ელადას მოვფენ! ჩვენ ეხლაც მზადა ვართ სამაგიერო გადაგიხადოთ ოქროს საწყისისათვის: გინდ, სავრომატებს დავუმორჩილებთ შენს სკიპტრას და გინდა სხვა ხალხს“. იაზონის ტკბილმა სიტყვებმა აიეტი ჩააფიქრა. მას ორი აზრი უელავდა თავში. ვერ გადაეწყვიტა როგორ მოქცეულიყო, თავს დასხმოდა და აქვე დაეხოცა უცხოელები, თუ იაზონის ძალ-ღონე საქმით შეემოწმებინა. აიეტმა მეორე საშუალება აირჩია და არგონავტების სახელოვან წინამძღოლს ასე მიუგო: „ზედმეტ ლაპარაკს სჯობს თავი დაანებო, უცხოელო! თუ თქვენ მართლაც ღმერთების შთამომავალნი ხართ და შეგიძლიათ მე დამეტოლოთ, ნებაყოფლობით დაგითმობ ელადაში წასაღებად ოქროს საწმისს, მაგრამ ჯერ უნდა გამოგცადო. მამაც ვაჟკაცებს თქვენს მიერ აქ ნახსენები ელადის მეფესავით მე არ ვშურიანობ! ჩემი გამოცდა იმაში მდგომარეობს, რომ უნდა შემისრულო ერთი მეტად მძიმე და სახიფათო დავალება, რომელიც უზომო ძალასა და ღონეს მოითხოვს. ამ საქმეს, თუმცა იგი განსაცდელთანაა დაკავშირებული, მე ჩემი ხელებით ადვილად ვაკეთებ. არესის ველზე საბალახოდ გაშვებული მყავს ორი სპილენძისჩლიქებიანი ხარი, რომლებიც პირიდან ცეცხლს აფრქვევენ. მათ მე გუთანში ვაბამ და არესის ველზე ოთხ დღიურ პირქუშ მიწას სასწრაფოდ ვხნავ. ხნულებში დეოს9 მიერ ბოძებულ თესლს კი არ ვყრი, არამედ საზარელი გველეშაპის კბილებს ვთესავ. გველეშაპის კბილებით ნათესი ხნულებიდან მცირე ხნის შემდეგ ამოდიან შეჭურვილი დევგმირები და მყისვე გარს შემომერტყმებიან. მე მათ იქვე დავფანტავ და ჩემი შუბით ერთიანად ვანადგურებ. სპილენძისჩლიქებიან ხარებს მე დილით ადრე ვაბამ გუთანში, ხოლო საღამო ჟამს შეჭურვილ დევგმირთა მოცელვას ვამთავრებ. თუ შენც ასე შეასრულებ ამ საქმეს, იმავე დღეს მიიღებ ოქროს საწმისს და შეგიძლია შენს მეფეს წაუღო. ამ დავალების შესრულების გარეშე საწმისს არ მოგცემ და ტყუილად იმედს ნუ იქონიებ. განა ღირსეული საქმე იქნება, რომ მამაცად შობილმა ვაჟკაცმა ლაჩარ კაცს დაუთმოს რამე?!
ამ საშინელების მოსმენით თავზარდაცემული იაზონი გაქვავებული იჯდა, თვალებით იატაკს მიშტერებოდა და დიდხანს ფიქრობდა როგორ მოქცეულიყო. მას ვერ გაებედნა სახიფათო პირობა მიეღო. ბოლოს, თავი ასწია და აიეტს ასე უპასუხა: „დიდებულო აიეტო, შენი პირობით მეტად გამოუვალ მდგომარეობაში ჩამაყენე! მართალია, მძიმეა ეს დავალება, მაგრამ მე მას ვკისრულობ და ვეცდები შევასრულო, თუნდაც სიკვდილი მომელოდეს. ვერაგმა მეფე პელიასმა თავისი ბრძანებით საშინელი განსაცდელი მომიმზადა და ჩემი დაღუპვა განიზრახა!“ მძიმე პირობის ასრულების მოლოდინით შემკრთალ იაზონს ძლევამოსილმა აიეტმა მრისხანე სიტყვებით მიმართა: „უცხოელო, რაკი კისრულობ შემისრულო ეს დავალება, წადი ახლა და შეუერთდი შენს ლაშქარს! კარგად აწონ-დაწონე ყველაფერი და თუ შეგეშინდა სპილენძისფეხებიანი ხარების დაუღლვა და შეჭურვილ დევგმირთა მოცელვა, მაშინ მიხვდი, რომ სუსტ კაცს არ მართებს შეედავოს ძლიერებით მოსილ ვაჟკაცს!“.
დაამთავრა თუ არა ძლევამოსილმა აიეტმა სიტყვა, იაზონი სავარძლიდან წამოდგა. მის მაგალითს ავგიემ და ტელამონმა მიბაძეს. მათ ფრიქსეს ვაჟებიდან მხოლოდ არგოსი გაჰყვა, ვინაიდან ძმებს ანიშნა აქ დარჩენილიყვნენ.
იმ დროს, როცა იაზონი და მისი მხლებლები დარბაზიდან გამოდიოდნენ, მშვენიერ მედეას ლამაზი მოსასხამი ოდნავ გადაეწია, უცხოელებში ღვთაებრივი სილამაზით და მოხდენილობით გამორჩეულ იაზონს აღტაცებით შესცქეროდა და გული ტკივილით ევსებოდა. მისი ოცნება მსუბუქი სიზმარივით მიჰყვა დარბაზიდან გასული იაზონის კვალს. აიეტის უფროსმა ქალმა ქალკიოპემ მამის რისხვას თავი მოარიდა და შვილებთან ერთად თავის ოთახისაკენ გაემართა. სიყვარულის გამომწვევი ღმერთის ეროსის მიერ შთაგონებული ფიქრებით დატვირთული მედეაც გასცილდა დარბაზს. სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ქალწულს ჯერ კიდევ თვალწინ ედგა ყველაფერი ის, თუ როგორი იყო იაზონი, რანაირი ტანსაცმელი ეცვა, რა სთქვა, როგორ იჯდა სავარძელში და როგორ გავიდა დარბაზიდან. სულის მღელვარებით აფორიაქებული მედეა ფიქრობდა, რომ იაზონის მსგავსი მამაკაცი ქვეყანაზე არ იყო. მისი ტკბილი ლაპარაკი და ხმა ქალწულის ყურთასმენას არ შორდებოდა. მედეას უეცრივ მოაგონდა ის საფრთხე, მის სანუკვარ გმირს რომ მოელოდა, და საშინლად შეეშინდა, არ დაეღუპათ იაზონი ცეცხლისმფრქვეველ ხარებს ან მის მრისხანე მამას. აღელვებულ ქალწულს მოეჩვენა, რომ იაზონი უკვე დაიღუპა და ლოყებზე ღაპაღუპით ჩამოეღვარა ნაზი ცრემლები. ახლა სიბრალულმა მოიცვა მედეა და ტირილით წამოიძახა: „ღმერთო ჩემო, რატომ მიპყრობს მე საბრალოს ეს მწველი სევდა? ვთქვათ და მამაცურად ან ლაჩრულად დაიღუპა იაზონი, მე რა მესაქმება?.. ოჰ, არა! ნეტავი უვნებლად დააღწიოს თავი მამაჩემის მძიმე პირობას! პერსეს ასულო, ყოვლისშემძლე ქალღმერთო ჰეკატე, გევედრები გადაარჩინო იგი სიკვდილს და სამშობლოში დააბრუნო! მაგრამ თუ მას დაღუპვა უწერია, დაე იცოდეს, რომ მისი თვალბედითი ხვედრით მე ვერ გავიხარებ!“
სანამ მედეა ამ მძიმე ფიქრებში იყო გართული, იაზონი და მისი მხლებლები უკვე ქალაქიდან გავიდნენ და იმ გზას დაადგნენ, რომლითაც კირკეს ველიდან აიეტის სასახლეში მოვიდნენ. მაშინ ფრიქსეს უფროსმა ვაჟმა არგოსმა იაზონს უთხრა: „ეზონიდო, გაჭირვების დროს საჭიროა ყოველგვარ ხერხს მივმართოთ. მე ახლა ჩემს რჩევას მოგახსენებ და შენ განსაჯე, რამდენად ხელსაყრელი აღმოჩნდება. მე ამასწინათ ერთი ქალწულის შესახებ გითხარი, რომ იგი პერსეს ასულ ჰეკატეს შეგონებით ჯადოსნურ წამლებს ამზადებს-მეთქი. თუ ჩვენ ამ გრძნეულ ასულს გადმოვიბირებთ, ვფიქრობ, რომ დავალების შესრულების დროს შენ სიკვდილის შიში ახლოს აღარ გაგეკარება. დედაჩემს – ქალკიოპეს შეუძლია ეს ქალწული ჩვენს მხარეზე მოაქციოს. მაგრამ ვშიშობ დედაჩემმა ამაზე უარი არ მითხრას. თუ ნებას დამრთავ, გავბრუნდები უკან და ვეტყვი მას, რომ ჩვენ ყველას უბედურება მოგველის“. „მეგობარო,– მიმართა იაზონმა გონიერ არგოსს, – მე უარს არ გეტყვი იმაზე, რაც შენ უმჯობესად მიგაჩნია. მე თანახმა ვარ! წადი უკან, შეევედრე დედაშენს და ეცადე, მოხერხებული სიტყვებით დააჯერო იგი, რათა გრძნეული ასული მოგვაშველოს. რა საბრალოა სამშობლოში დაბრუნების ჩვენი იმედი, როცა მის ბედს დედაკაცებს ვანდობთ!“.
იაზონი და არგოსი ასე საუბრობდნენ და კიდევაც მიაღწიეს ჭაობს, სადაც ხომალდი იდგა. სიხარულით მიეგებნენ ვაჟკაცები მოსულებს და შეკითხვებს შეკითხვებზე აყრიდნენ. „მეგობრებო, – ნაღვლიანად მიმართა იაზონმა არგონავტებს, – ძლევამოსილი აიეტი საშინლად განგვირისხდა. ყველაფრის დაწვრილებით მოყოლას საზღვარი არ ექნება. გეტყვით იმას, რაც აუცილებელია იცოდეთ. აიეტმა სთქვა, რომ მას არესის ველზე საბალახოდ გაშვებული ჰყავს ორი სპილენძისჩლიქებიანი ხარი, რომლებიც პირიდან ალს უშვებენ. მრისხაანე მეფემ მიბრძანა ამ ხარების საშუალებით ოთხი დღიური მიწის მოხვნა. მან მითხრა, რომ ხნულებში ჩასათესად გადმომცემს გველეშაპის ყბებიდან ამოცლილ კბილებს, საიდანაც სპილენძის იარაღით აღჭურვილი დევგმირები აღმოცენდებიან. ისინი მე იმავე დღეს უნდა დავხოცო. ვინაიდან სხვა გამოსავალი ვეღარ ვიპოვე, აიეტს დავპირდი ამ მძიმე დავალების შესრულებას:. იაზონის ნაამბობით შეძრწუნებულმა არგონავტებმა ერთმანეთს დუმილით გადახედეს. ისინი ფიქრობდნენ, რომ ამ დავალების შესრულება ყოველგვარ ძალ-ღონეს აღემატებოდა. ვაჟკაცები მწარე საგონებელს მიეცნენ და ხომალდზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. პირველად პელევსმა დაარღვია საერთო მდუმარება და გაბედულად განაცხადა: „დროა, სასწრაფოდ გადავწყვიტოთ ის, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ! ხანგრძლივ ბჭობაში ჩვენ ვერავითარ სარგებლობას ვერ ვნახავთ. ახლა საჭიროა უზომო ძალ-ღონის გამოჩენა. გმირო იაზონო, თუ შენ გადასწყვიტე აიეტის ცეცხლისმფრქვეველი ხარები უღელში შეაბა და კისრულობ ბოლომდე მიიყვანო აიეტის დავალება, ნუ დაარღვევ პირობას და სწრაფად მოემზადე. მაგრამ თუ სავსებით არახარ დარწმუნებული შენს მამაცობაში, ნუ აიძულებ საკუთარ თავს გააკეთო ის, რაც არ შეგიძლია. ნურც ჩვენს რიგებში ეძებ ვინმეს, შენ რომ შეგცვალოს. მე ამ დავალების აღსრულებას ვერ ვიკისრებდი, რადგანაც მას უაზრო და საზარელი სიკვდილი აუცილებლად მოჰყვება!“ ეაკიდის უიმედო სიტყვებმა მამაც ტელამონს ბრაზი მოჰრია და აღელვებული წამოიჭრა ადგილიდან. შემდეგ ამაყი იდასი წამოდგა. მას ტინდარიდებმაც მიბაძეს. ამ ვაჟკაცებს ენევსის სახელოვანი ვაჟი მელეაგრეც აჰყვა. მართალია, მას ჯერ კიდევ არ შეჰღინღლებოდა პირისახე და ნორჩ გმირებში ირიცხებოდა, მაგრამ სიმამაცემ მასაც აუღელვა გული, დანარჩენი არგონავტები კი კელავ აგრძელებდნენ დუმილს. აღელვებულ ვაჟკაცებს, რომელთაც სურდათ აიეტის სასტიკი დავალება თავის თავზე აეღოთ, არგოსმა ასე მიმართა: „მეგობრებო, რა თქმა უნდა, რომ ეს დავალება ბოლოსდაბოლოს უნდა აღსრულდეს, მაგრამ ჯერ ნება მომეცით დედაჩემთან წავიდე. მისი დახმარება, ვფიქრობ, რომ სასარგებლო იქნება თქვენთვის. მართალია, აღელვებული ხართ, მაგრამ მოითმინეთ და კიდევ ცოტახანი ხომალდზე დარჩით. მოუფიქრებლობით დაღუპვას თავის შეკავება სჯობია. აიეტის სასახლეში ცხოვრობს ერთი ქალწული, რომელსაც ქალღმერთმა ჰეკატემ შესანიშნავად ასწავლა ჯადოსნური წამლების შემზადება იმ ბალახთაგან, რომელთაც მიწა და ანკარა წყალი ზრდის. ამ სასწაულებრივი წამლებით გრძნეული ასული ადვილად აწყნარებს შმაგი ცეცხლის ალს, აჩერებს ხმაურით მორაკრაკე მდინარეებს და გზას უხლართავს ვარსკვლავებსა და წმინდა მთვარეს.24 ქალაქიდან რომ ვბრუნდებოდით, ჩვენ ვისაუბრეთ ამ გრძნეული ქალწულის შესახებ, იქნებ შესძლოს-თქო მისმა დამ, დედაჩემმა ქალკიოპემ, მისი დარწმუნება, რომ ჩვენ დავალების აღსრულებაში დაგვეხმაროს. თუ თქვენ ჩემი რჩევა მოგწონთ, დღესვე გავბრუნდები აიეტის სასახლეში და ყოველგვარ ღონეს ვიხმარ ეს საქმე მოვაწესრიგო. იმედი მაქვს, რომ ჩემს ცდაში ყოვლისშემძლე ღმერთი დამეხმარება!“
დაამთავრა თუ არა არგოსმა სიტყვა, კეთილმა ღმერთებმა არგონავტებს ბედნიერების მაუწყებელი ნიშანი მოუვლინეს. ხომალდზე უეცრივ შემოფრინდა დამფრთხალი მტრედი, რომელსაც უზარმაზარი ქორი მოსდევდა. შეშინებული მტრედი იაზონის მკერდზე დაეცა, ქორი კი ხომალდის ანძას შეასკდა. მისანმა მოპსემ არგონავტებს განუმარტა: „მეგობრებო, ეს ნიშანი ღმერთებმა მოგვივლინეს. იგი ბედნიერების მაუწყებელია. აღარავითარი მსჯელობა არაა საჭირო და ყველაფერს სჯობია მიხვიდეთ გრძნეულ ქალწულთან და ყოველგვარი ხერხით დახმარების აღმოჩენა სთხოვოთ. მე იმედი მაქვს, რომ იგი უარს არ იტყვის, ვინაიდან ფინევსმა გვიწინასწარმეტყველა, რომ ჩვენი სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება აფროდიტეზე იქნება დამოკიდებულიო. ეს ქალწული კი აფროდიტეს შეგონებით დაგვეხმარება აი, ხომ ნახეთ, ამ ქალღმერთის საყვარელი ფრინველი როგორ გადაურჩა სიკვდილს! ფრინველებზე მისნობის წყალობით მე წინასწარ ვგრძნობ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება. აბა, მეგობრებო, მოუწოდეთ ქალღმერთ კითერიას და დაუჯერეთ არგოსის რჩევას!“.
არგონავტებს მყისვე მოაგონდათ ფინევსის წინასწარმეტყველება და მოპსეს ნათქვამი მოიწონეს. მხოლოდ აფარეს ძე იდასი საშინლად განრისხებული წამოიჭრა ადგილიდან და მრისხანე ხმით შესძახა: „ყოვლისშემძლე ღმერთებო! სწორედ რომ ქალებთან ერთად მოვსულვარ აქ, რომლებიც დახმარებისათვის ქალღმერთ კიპრიდას მოუწოდებენ და არა ენიალიოსის დიდებულ ძალას! ლაჩარნო, – შეჰყვირა მან არგონავტებს, – ქორების და მტრედების დანახვა გაბრკოლებთ, რომ ბრძოლაში გადაეშვათ?! გაბრუნდით ახლავე სამშობლოში! საომარი საქმეები კი არ ყოფილა თქვენი საქმე, არამედ ნორჩი ქალიშვილების შეცთუნება!“ იდასის სიტყვამ არგონავტებში უკმაყოფილება გამოიწვია, მაგრამ არავინ შეკამათებია და აღელვებული იდასი თავის ადგილზე დაჯდა. იაზონმა, რომელსაც მოპსეს წინასწარმეტყველებამ მხნეობა შემატა, არგონავტებს ასე მომართა: „რადგანაც თქვენ, მეგობრებო, არგოსის რჩევა მოგეწონათ, დაე წავიდეს იგი ქალაქში; ჩვენ კი ხომალდი ამ ჭაობიდან გამოვიყვანოთ. და მდინარის ნაპირზე მივაცუროთ. დროა საფარიდან გამოვიდეთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ბრძოლის არ გვეშინია!“.
იაზონის სიტყვებით გამხნევებული არგოსი სასწრაფოდ გაემართა ქალაქისაკენ. არგონავტებმა, იაზონის რჩევის თანახმად, ღუზა ამოიღეს და ხომალდი ხოფების მოსმის საშუალებით მდინარის ნაპირთან მიაცურეს.
სწორედ იმ დროს, როცა არგოსი ქალაქისაკენ მიეშურებოდა, აიეტმა, რომელიც არგონავტებს ვერაგობას და უბედურებას უმზადებდა, სასახლის გარეთ, აი იქ, სადაც უწინაც ჯდებოდა ხოლმე სათათბიროდ, კოლხთა კრება მოიწვია. აიეტმა კოლხებს განუცხადა, რომ როგორც კი დაგლეჯდნენ ცეცხლისმფრქვეველი ხარები იმ ვაჟკაცს, რომელმაც მისი დავალების შესრულება იკისრა, იგი მაშინვე მოსჭრიდა მახლობელ ტყით დაფარულ მთაზე შეშას და ხომალდს თავის ლაშქრიანად დასწვავდა, რათა ბოლო მოეღო თავხედი არგონავტების ზვიადობისათვის. აიეტი ამბობდა, რომ იგი არც ეოლოსის ნაშიერ ფრიქსეს გაიშინაურებდა სასახლეში, თუმცა ძალიან ემუდარებოდა იგი და თანაც ყველა უცხოელში გამოირჩეოდა თავაზიანობით და ღვთისმოშიშობით, რომ ზევსს მისთვის ზეცით არ მოევლინა ღმერთების მაცნე ჰერმესი, რომელმაც მას განუცხადა პატივით მიეღო ფრიქსე და, მით უმეტეს, დიდხანს ვერ დარჩებოდნენ დაუსჯელად მის ქვეყანაში მოსული ყაჩაღები. მათი განზრახვა, – ეუბნებოდა კოლხებს აიეტი, – არის სხვის ქონებაზე ხელის აღმართვა, ფარული მზაკვრობის მოწყობა, მწყემსებზე თავდასხმა და მათი ფარეხების აწიოკება. ამის შემდეგ აიეტმა კოლხებს უთხრა, რომ თავის მხრივ შესაფერი სასჯელი უნდა მიზღოდათ ფრიქსეს ვაჟებს, რომლებმაც ბოროტმოქმედ არგონავტებს მეგზურობა გაუწიეს იმიტომ, რომ მისთვის შეუბრალებლად წაერთმიათ სამეფო კვერთხი და პატივი. ამასთან დაკავშირებით მრისხანე აიეტმა კრებულს უამბო, რომ მას უწინ მამამისმა ჰელიოსმა სამწუხარო წინასწარმეტყველებით მიმართა: აიეტი უნდა მორიდებოდა თავისივე ნაშიერების თვალთმაქცობას, რომელიც მას ზიანს მოუტანდა. აიეტმა შემდეგ თქვა, რომ სწორედ ამ მიზეზის გამო გაისტუმრა მამის ანდერძით შეგონებული შვილიშვილები შორეული აქაიის მხარეში. აიეტმა ამას დაუმატა, რომ მას თავისი ქალიშვილების და ვაჟის აფსირტის შიში ოდნავადაც არ ჰქონდა. ჰელიოსის წინასწარმეტყველება ამათზე არ გავრცლდებოდა და ისინი არ უღალატებდნენ მამას. აიეტმა სთქვა, რომ ასეთი ვერაგობა სწორედ ქალკიოპეს შვილებისაგან იყო მოსალოდნელი. დასასრულ განრისხებულმა აიეტმა სწრაფი მოქმედება დაავალა კოლხებს და დაემუქრა, კარტებისათვისაც. რათა ვერც ერთი უცხოელი ვერ დასხლტომოდა უბედურებას.
ამასობაში არგოსი აიეტის სასახლეში დაბრუნდა და დედას ხვეწნა-მუდარა დაუწყო დაეთანხმებინა მედეა, რათა იგი იაზონს დახმარებოდა. ქალკიოპეს ამისი სურვილი არგოსის თხოვნამდე გაუჩნდა, მაგრამ შიშობდა, მის მოციქულობას ამაოდ არ ჩაევლო; მოსალოდნელი იყო, რომ მედეას მამის რისხვის შეეშინდებოდა. ქალკიოპე იმასაც ერიდებოდა, რომ მედეას დათანხმების შემთხვევაში ეს საქმე არ გამომჟღავნებულიყო.
მწველი გრძნობებით შეპყრობილი მედეა ამ დროს თავის ოთახში იყო. იგი საწოლზე დამხობილიყო და მოუსვენრად ეძინა. საბრალო ქალწულს საშინელი სიზმრები მოსვენებას არ აძლევდნენ. ეზმანა მას, რომ უცხოელი ვაჟკაცი ოქროს საწმისისათვის კი არ მოსულიყო აიეტის ქალაქში, არამედ მისი გულისათვის. თითქოს მან დავალების შესრულება იმიტომ იკისრა, რომ მედეა თავის სამშობლოში წაეყვანა ცოლად. ამის შემდეგ მედეას დაესიზმრა, რომ თითქოს თვითონ შეერკინა სპილენძისფეხებიან ხარებს და ძალიან ადვილადაც დასძლია, მაგრამ მშობლებმა გადაჭრით უთხრეს უარი იაზონს მედეას გატანებაზე იმ საბაბით, რომ სპილენძისფეხებიანი ხარების უღელში შებმა ნაბრძანები ჰქონდა იაზონს და არა მედეას. ამის გამო უცხოელებსა და მამას შორის ხანგრძლივი დავა ატყდა. ბოლოს, საკამათო საკითხის გადაჭრა მედეას მიანდეს და ნება დართეს, როგორც სურდა, ისე მოქცეულიყო. მედეამ მყისვე დასთმო მშობლები და უცხოელი ვაჟკაცი აირჩია. მისი დედ-მამა აუტანელმა დარდმა შეიპყრო და განრისხებულებმა საზარლად შეჰყვირეს. თავზარდაცემულმა მედეამ უეცრივ გამოიღვიძა. იგი შიშისაგან აკანკალდა და საწოლიდან წამოიჭრა. საბრალო ქალწულმა ოთახის კედლებს თვალი მოავლო, ძლივს მოიკრიფა ძალა და სევდით აღსავსე ხმით წარმოთქვა: „როგორ შემაკრთეს მე უბედური ამ საშინელმა სიზმრებმა? მეშინია, უცხოელების მოსვლამ უბედურება არ მოიტანოს. ვაი, როგორ მიღელავს გული იმ ვაჟკაცის გამო? რა დიდებულია ის... მაგრამ არა! დაე თავის შორეულ სამშობლოში იპოვოს გულის სწორი და აქაელ ქალიშვილზე დაქორწინდეს! მე ვერ დავთმობ ჩემს სიქალწულეს და მშობლების სახლს ვერ მოვცილდები! ჩემი უბედური დაც თავის შვილებზე წუხს... ნეტავი მთხოვდეს იგი, რომ მე უცხოელს დავეხმარო განსაცდელით აღსავსე დავალების შესრულებაში! ოჰ, რა მწველი სევდა ჩამიქრება მაშინ ამ გულში! არა... სჯობს, მე თვითონ წავალ ქალკიოპესთან და ვეტყვი, რომ შემწეობას გავუწევ უცხოელ ვაჟკაცს!“
ამ სიტყვებზე მედეა წამოდგა. ფეხშიშველმა და ტანზედ შილიფად ჩაცმულმა ოთახის კარი გამოაღო და დასთან წასვლა დააპირა. როცა მან ზღურბლს ფეხი გადაადგა, სირცხვილი მოერია და ერთ ადგილას გაქვავდა. მერე მიტრიალდა და ოთახში შებრუნდა. ცოტა ხნის შემდეგ კვლავ გამოვიდა გარეთ, მაგრამ უმალვე შეიჭრა ოთახში. ასე ადგამდა მედეა იქით-აქეთ ფეხს და ვერ გადაეწყვიტა, წასულიყო თუ არა. როცა ოთახიდან გამოვიდოდა, სირცხვილი შეაკავებდა, მორცხვობით დაბრკოლებულს კი ძლიერი ვნება წასასვლელად აქეზებდა. სამჯერ სცადა დასთან წასვლა, მაგრამ სამჯერვე თავა შეიკავა. ბოლოს საბრალო ქალწული საწოლზე დაემხო და საზარელი ქვითინი მორთო. როგორც პატარძალი დასტირის ხოლმე უდროოდ დაკარგულ ახალგაზრდა მეუღლეს, რომელიც მას ძმებმა და მშობლებმა გამოურჩიეს, მაგრამ ვერ მოასწრო მისი ალერსით დატკბობა, ისე გამოაცალა ბედმა ხელში, და მხევალი ქალებისაგან მოშორებით კუთხეში მიმჯდარი დაცარიელებულ სარეცელს შეჰქვითინებს, ისე მედეა დასტიროდა და შეჰქვითინებდა თავის ხვედრს. უცბად მასთან მისი ერთ-ერთი ახალგაზრდა მოახლე შევიდა და როცა მტირალი მედეა დაინახა, მყისვე გაბრუნდა უკან და ქალკიოპეს აცნობა. ქალკიოპე ამ დროს შვილებთან იჯდა და მედეას უცხოელთა მხარეზე გადმობირების შესახებ საუბრობდა. როცა მან მოახლე ქალისაგან მედეას ამბავი გაიგო, შეშინდა და დაუყოვნებლივ დის ოთახისაკენ გაექანა. მედეა საწოლზე დამხობილიყო, გულამოსკვნით ჰქვითინებდა და ლოყებს იხოკავდა. როცა ქალკიოპემ მედეას ცრემლები დაინახა, შეშფოთებით ჰკითხა: „ჩემო ძვირფასო მედეა! რატომ ტირი? ეს რა მოგსვლია? რა გაწუხებს ისეთი, რომ ამდენ ცრემლებსა ღვრი? იქნებ ღვთის მიერ მოგზავნილმა ავადმყოფობამ მოიცვა შენი სხეული? ან იქნებ გაიგე, რომ მამაჩემი სასტიკად დაგვემუქრა მეც და ჩემს შვილებს? ოჰ, ნეტავ შემეძლოს არ დავინახო ეს სასახლე, ეს ქალაქი და სადმე ქვეყნის დასასრულში ვცხოვრობდე, სადაც არ ისმის კოლხთა სახელი!“ საბრალო მედეას ლოყები გაუწითლდა. ქალწულებრივი მორცხვობა ნებას არ აძლევდა დისათვის პასუხი გაეცა. აღელვებული ქალწული ენის წვერზე მომდგარი სიტყვის გამოთქმას ვეღარ ახერხებდა. რამდენჯერმე სცადა ლამაზი პირით დაელაპარაკნა, მაგრამ არ გამოუვიდა! ბოლოს, ეროსის შთაგონებით გამხნევებულმა მედეამ ქალკიოპეს მოხერხებულად უპასუხა: „ჩემო ქალკიოპე, შენი ვაჟების გამო მიღელავს გული, ვაი, თუ მამაჩემმა უცხოელ ვაჟკაცებთან ერთად მოუსწრაფოს იმათაც სიცოცხლე! აი, ესაა ცოტა ხანი წამეძინა და საშინელი სიზმრები ვნახე! მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთები არ ინებებენ ამ სიზმრების ასრულებას და შენც ნუ მიეცემი შენი ვაჟების ბედის გამო დარდს!“. მედეას დის გამოცდა სურდა: შეევედრებოდა თუ არა იგი მას, რომ მისი შვილებისათვის დახმარება აღმოეჩინა. მედეას სიტყვებმა ქალკიოპე საშინლად შეაძრწუნეს. საბრალო ქალი აუტანელმა სევდამ შეიპყრო და მან თავის დას მიმართა: „ჩემო დაიკო, ჩემი შვილების დარდმა ლამისაა გამაქროს. იქნებ მოიგონო, ჩემო კარგო, ისეთი რამ, რაც მათ უშველის. აი მე მაქვს ერთი თხოვნა, მაგრამ დაიფიცე დედამიწა და ზეცა,10 რომ რასაც მე გეტყვი, საიდუმლოდ შეინახავ გულში და შემწეობას აღმომიჩენ! გაფიცებ ნეტარ ღმერთებს, გაფიცებ შენს საკუთარ თავსა და მშობლებს, რომ ნუ დამანახვებ ჩემი საყვარელი შვილების საზარელი უბედურებით დაღუპვას, თორემ მეც გამოვესალმები სიცოცხლეს და ჰადესში ჩასული სასტიკ ერინიად (შურისძიების ქალღმერთი) გადავიქცევი შენთვის!“
ამ სიტყვებზე ქალკიოპეს ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები. იგი მედეას მუხლებზე მოეხვია და თავი კალთაში ჩაუდო. დებმა გულგამგმირავი ქვითინი მორთეს და მათი გმინვით ოთახი ივსებოდა. „ჩემო საბრალო ქალკიოპე, – უთხრა მედეამ დას, – რა უნდა მოვიმოქმედო ისეთი, რომ შენ მე ერთიანად არ გადამექცე? ნეტავი ჩემზე იყოს დამოკიდებული შენი შვილების დახსნა! ვფიცავ კოლხთა უდიდეს საფიცარს, რომლის დამოწმებაც შენ მირჩიე, დიად ზეცას და მის ქვეშ მყოფ დედამიწას – ღმერთთა დედას, რომ მთელ ჩემს ძალ-ღონეს მოვახმარ შენი თხოვნის აღსრულებას!“ „ჩემო მედეა, – მიმართა ქალკიოპემ დას, – არ შეგიძლია ჩემი საყვარელი შვილების გულისათვის მოიგონო ისეთი ხერხი, რაც იმ უცხოელ ვაჟკაცს გამოადგება საშიში დავალების აღსრულებაში? აი, ესაა სასახლეში მოვიდა ჩემი უფროსი ვაჟი არგოსი, რომელმაც მაცნობა, რომ უცხოელთა წინამძღოლი ვაჟკაცი პირადად შენ გთხოვს დახმარებას! არგოსი სახლში დავტოვე და მე შენთან ამის სათხოვრად მოვედი“. მედეას სიხარულისაგან გული აუჩქროლდა, ლამაზი სახე გაუწითლდა და რაღაც სასიამოვნო ბურუსში გაეხვია. სიხარულით აღფრთოვანებულმა ქალწულმა დას ასე მიუგო: „ჩემო ქალკიოპე, მე გავაკეთებ იმას, რაც შენ გესიამოვნება. დაე ნუ გააბრწყინებს ჩემი თვალებისათვის განთიადი, დაე ნუ მიხილავ ამიერიდან ცოცხალს, თუ შენი და შენი შვილების სიცოცხლეზე უფრო ძვირფასი იყოს რამე ჩემთვის! შენი შვილები ხომ ჩემი ძვირფასი ძმები არიან, ისინი ხომ ჩემი ტოლები და ჩემთან ერთად აღზრდილნი არიან? მე, ჩემო ქალკიოპე, მგონია, შენი დაც ვარ და ქალიშვილიც. განა შენს ვაჟებთან ერთად არ მაწოვებდი ჯერ კიდევ ჩვილს ძუძუს? ეს მე ხშირად გამიგონია დედაჩემისაგან! ახლა კი წადი და ჩვენი საუბარი სააიდუმლოდ შეინახე, რათა მშობლებისაგან დაფარულად შევასრულო ჩემი აღთქმა. დილით ადრე ჰეკატეს ტაძრისაკენ გავემართები და ცეცხლისმფრქვეველი ხარების მომაჯადოებელ წამალს წავუღებ იმ უცხოელს, რომლის გულისათვისაც ატყდა ეს აურზაური“.
გახარებულმა ქალკიოპემ მყისვე დატოვა დის ოთახი და შვილებს მედეას გადაწყვეტილება აუწყა. მარტო დარჩენილი მედეა სირცხვილის გრძნობამ შეიპყრო და შიშმა მოიცვა იმ ფიქრით, რომ მამის სურვილის წინააღმდეგ ვიღაცა მამაკაცს დახმარება აღუთქვა.
ამასობაში დედამიწაზე ღამე ჩამოწვა. ამ დროს მეზღვაურები ხომალდიდან ჰელიკეს და ორიონის თანავარსკვლავედს გასცქერიან ხოლმე. ასეთ ღამეში დაქანცული მგზავრი თავშესაფარს ეძებს და ქალაქის ჭიშკრის დარაჯსაც თვალზე ძილი ერევა, თვით მკვდარი შვილების დედასაც კი იმორჩილებს ღრმა და ტკბილი ძილი. კოლხების ქალაქში ყოველგვარი ხმაური და ძაღლების ყეფაც შესწყდა. უკუნეთმა ღამემ დუმილი დაამკვიდრა ირგვლივ. მხოლოდ მედეა ვერ დაემორჩილებინა საამო ძილს. იაზონის სიყვარულით შეპყრობილ ქალწულს ათასგვარი ფიქრი ერეოდა. ეშინოდა, სპილენძისფეხებიან ხარებს შეუფერებელი სიკვდილით არ მოესპოთ იაზონი არესის ველზე. ძლიერი მღელვარებისაგან მკერდში გული აღარ უჩერდებოდა. ვით ჭურჭელში ახლად ჩაღვრილი წყლის ზედაპირიდან ასხლეტილი მზის სხივი დახტის ხოლმე ოთახის კედლებზე და აქა-იქ წრეებს ავლებს, ისე მოუსვენრად დახტოდა საბრალო ქალწულის მკერდში სიყვარულით დაკოდილი გული. იაზონის სიბრალულით თვალთაგან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა, მედეას რაღაც გაურკვეველი ტკივილი აწუხებდა, სხეულის ნაზ ძარღვებს უწვავდა და თავის იმ ნაწილს აღწევდა, სადაც ყველაზე უფრო საგრძნობია ტკივილი მაშინ, როცა სასტიკი ეროსი ადამიანის ყველა გრძნობას დაეუფლება. აღელვებული მედეა ხან ფიქრობდა, მივცემო იაზონს ცეცხლისმფრქვეველი ხარების მომაჯადოებელ წამალს, ხან – არაო და მეც დავიღუპები მასთან ერთადო, ხან კი – არც მე დავიღუპები და არც ხარების მომათვინიერებელ ჯადოს მივცემო და ისე მშვიდად გადავიტან ჩემს უბედურებასო. ასეთ ფიქრებში გართული მედეა ბოლოს საწოლზე ჩამოჯდა და გულგამგმირავად წამოიძახა: „ეს რა უბედურებაა ჩემს თავს? მწუხარების მეტს ვეღარაფერს ვხედავ ჩემს ირგვლივ! ოჰ, რა გამოუვალ მდგომარეობაში ვარ ჩავარდნილი! არსაიდან არაა ხსნა იმ ტანჯვისაგან, რომელიც განუწყვეტლივ მწვავს და მდაგავს. ო, ნეტავ არტემიდეს მალი ისრებით განვგმირულიყავ მანამ, სანამ იმ უცხოელ ვაჟკაცს ვნახავდი და სანამ ქალკიოპეს ვაჟები აქაიის მხარეში გაემართებოდნენ! უეჭველია, არგონავტები ჩემს სატანჯველად მოიყვანა აქ რომელიღაც ღმერთმა ან სასტიკმა ერინიამ. თუ იაზონს არესის ველზე სიკვდილი უწერია, დაე დაიღუპოს!.. მას რომ ჩემი სასწაულმოქმედებით დავეხმარო, განა დაემალებათ ეს ჩემს მშობლებს? რა პასუხი გავცე მათ? რა მოვიგონო ისეთი, რომ არ გამომჟღავნდეს? განა შევძლებ, პირისპირ შევხვდე იაზონს? ოჰ, რა უბედური ვარ!“ იაზონი რომ დაიღუპოს, განა მომასვენებს სევდა და დარდი? მაშინ ხომ ერთიორად გაიზრდება ჩემი მწუხარება?.. განვედ ჩემგან, სირცხვილო! შორს, ჩემო სიბრწყინვალევ! მე მას უნდა დავეხმარო და როცა განსაცდელისაგან დავიხსნი, საითკენაც მოისურვებს, იქით წავიდეს! მე კი იმავე დღეს, როცა იგი გაიმარჯვებს, წუთისოფელს გამოვესალმები. ან თავს ჩამოვიხრჩობ, ან სიცოცხლის მომსპობ შხამს მივიღებ! მაგრამ განა ეს მიშველის? თვითმკვლელობით დაღუპულს ყველა დამგმობს და გამკიცხავს! მთელ ქალაქს მოედება ჩემი თვალბედითი ამბავი, კოლხეთის ქალები ერთიმეორეში დაიწყებენ ჭორაობას და საშინლად დამძრახავენ! ვინ იცის, რას არ იტყვიან: უცხოელ კაცისათვის გასწირაო მან თავი და დაიღუპაო! ვნებით გატაცებულმა თავისი სახლი და მშობლები შეარცხვინაო!.. არა... სჯობს, ამ ღამესვე მოვისპო მე უბედურმა სიცოცხლე ისეთი სიკვდილით, რომლის მიზეზიც არავის ეცოდინება და სამუდამო შერცხვენას თავიდან ავიცდენ!“ ამ სიტყვებზე მედეა წამოიჭრა და იმ ყუთისაკენ გაექანა, რომელშიაც სხვადასხვაგვარი წამალი ეწყო, ზოგი განმკურნებელი და ზოგიც მომაკვდინებელი. საბრალო ქალწულმა ყუთი მუხლებზე დაიდო და თვალთაგან ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები. იგი საშინლად დასტიროდა თავის ბედს და ცრემლებით კალთას ისველებდა. მას სურდა ისეთი შხამი ამოერჩია, რომელიც სწრაფად მოუსპობდა სიცოცხლეს. როცა მედეამ ყუთი გააღო და საწამლავის ამოღებას ცდილობდა, უეცრივ საზარელი ჰადესის შემაძრწუნებელი შიში იგრძნო. საბრალო ქალწული გაქვავდა და დიდხანს გაშტერებული დასცქეროდა საწამლავით აღსავსე ყუთს. მას თვალწინ წარმოუდგა ტკბილი სიცოცხლის ყოველგვარი მხარე, მოაგონდა ის სიამოვნებანი, სულდგმულთ რომ ატკბობს, მოაგონდა თავისი ტოლი, მხიარული და სიცოცხლით სავსე ქალიშვილები და როცა ყველაფერი ეს წარმოიდგინა, სიცოცხლე გაუტკბა და მზის დანახვა მოენატრა. მედეამ ყოვლისშემძლე ქალღმერთი, ჰერას შეგონებით გუნება გამოიცვალა, ყუთი მუხლებიდან ჩამოიღო და მოუთმენლად დაუწყო ლოდინი განთიადს. მას იაზონისათვის დახმარების აღმოჩენის, მისთვის სასწაულმოქმედი ჯადოს გადაცემის და მასთან პირისპირ შეხვედრის სურვილი გაუმძაფრდა. მედეა ხშირ-ხშირად აღებდა კარს, რათა დღის მომასწავებელი შუქი დაენახა. ეს ნანატრი წუთიც დადგა და განთიადმა მედეას ნათელი მოჰფინა.
ქალაქში ყველაფერი ამოძრავდა; ქალკიოპეს უფროსმა ვაჟნა ძმებს უბრძანა, სასახლეში დარჩენილიყვნენ და მედეას მოქმედებისათვის თვალყური ედევნებინათ, თვითონ კი სასიხარულო ამბის საუწყებლად ხომალდისაკენ გაემართა. როცა მედეამ განთიადის პირველი სხივები დაინახა, ელვარე თმები უწესრიგოდ რომ ჩამოშლოდა, ხელებით აიკრა. ნამტირალევმა ქალწულმა ცრემლებით დასველებული ლოყები ჩამოიწმინდა და ნექტარივით ტკბილი ზეთით დაიზილა. შემდეგ ლამაზი ბალთებით მორთული წამოსასხამი მოირგო და ღვთაებრივ თავზე ბრწყინვალე საბურავი მოიხვია. ასე მორთული მედეა სასახლეში მოძრაობდა და ფეხს მტკიცედ ადგამდა. იგი ცდილობდა, არაფრად არ ჩაეგდო არც ის დარდი, ეხლა რომ აწუხებდა, და არც ის, მომავალში რომ მოელოდა.
მედეას სურნელოვანი თალამონის შესავალთან მისი თორმეტი მოახლე ქალიშვილი იწვა. ეს მხევლები მედეას ტოლები იყვნენ და მამაკაცთან სარეცელი ჯერ არც ერთ მათგანს არ გაეზიარებინა. მედეამ მათ დაუძახა და უბრძანა, სასწრაფოდ შეებათ ეტლში ჯორები, რომლებსაც ქალწული ჰეკატეს ბრწყინვალე ტაძრისაკენ უნდა გაექანებინათ. მოახლეებმა ეტლის მომზადება დაიწყეს, მედეამ კი გაკრიალებული ყუთიდან ჯადოსნური წამალი ამოიღო, რომელიც, ამბობენ, პრომეთეს წამლად იწოდებაო. თუ ვინმე დედისერთა ქალწულს (იგულისხმება ქალღმერთი ჰეკატე) ღამის მსხვერპლებით მოილმობიერებს და შემდეგ ამ წამლით სხეულს დაიზელს, მას ვერც მახვილა დასჭრის, ვერც მგზნებარე ცეცხლი დააკლებს რამეს და, გარდა ამისა, გასაოცარი გაბედულება და ძალღონე შეემატება. ამ წამლის მცენარე პირველად აღმოცენდა ტანჯული პრომეთეს იმ სქელი სისხლისაგან, რომელიც გაუმაძღარმა არწივმა კავკასიონის ფერდობებზე დაღვარა. ამ მცენარის ღერო ორ, თითო წყრთის ოდენა, შტოდ იყოფა, რომლებზედაც ფერით კორიკიოსის (კილიკიაში) ზაფრანის მსგავსი ყვავილია გაშლილი, მიწაში გაშვებული ფესვი კი ახლად გაჭრილ ხორცსა ჰგავს. მისი წვენი მთაში ნაზარდი წიფლის შავი სითხის ფერია. შავი ტასაცმელით მორთულმა მედეამ ამ მცენარის წვენი უკუნეთ ღამეში კასპიურ ნიჟარაში მოაგროვა ჯადოსნური მიზნებისათვის. სანამ ამას იზამდა, გრძნეულმა ქალწულმა შვიდგზის განიბანა სხეული დაუშრეტელ წყალში და შვიდგზის მოუწოდა ბავშვების აღმზრდელ ბრიმოს, ღამით მოხეტიალე, მიწისქვეშეთელ ქალღმერთს, მკვდარი სულების დედოფალს – ბრიმოს (ჰეკატეს და პერსეფონეს ეპითეტია). როცა მედეა ტიტანურ ფესვს11 სჭრიდა, მის ფერხთა ქვეშ შავი მიწა ხმაურით შეინძრა და ტკივილისაგან საშინლად წამებულმა იაპეტის ძემაც დაიკვნესა.
ლამაზი ყუთიდან ამოღებული ჯადოსნური წამალი მედეამ ღვთაებრივ გულმკერდზე შემორტყმულ სურნელოვან სარტყელში ჩაიდო, ოთახიდან გამოვიდა და მალთვლებიან ეტლზე ავიდა. ეტლზე აქეთ-იქიდან ორი მოახლე ქალი დადგა. მედეამ ხელთ სადავეები იპყრო, ლამაზი შოლტიც მოიმარჯვა და ქალაქის ქუჩაში გაექანა. ქალწულის სხვა მხლებლებმა ნაზი ქიტონები თეთრ მუხლებამდე აიწიეს, ეტლის ძარას ჩაეჭიდნენ და ფართო შარაზე მიჰქროდნენ. მშვენიერი მედეა ისე იდგა ეტლზე, ვით მდინარე პართენიოსის (მც. აზიაში) თბილი წყლით ან მდინარე ამნისეში განბანილი არტემიდე დგას ხოლმე მარდი ირმებით შებმულ ოქროს ეტლზე და მთებისაკენ მიჰქრის, რათა აქ ბრწყინვალე ჰეკატომბები (ჰეკატომბი – დიდი მსხვერპლი.) მიიღოს. დიდებულ ქალღმერთს უკან ამნისის წყაროს, ტყეების და მთების ნიმფებიც მიჰყვებიან ხოლმე და შეშინებული ნადირნი კუდის ქნევით და წკავ-წკავით უთმობენ გზას. ლეტოს ასულის ნიმფებივით მიჰყვებოდნენ მშვენიერ მედეას მოახლე ქალები და ეას მცხოვრებნი მოწიწებით უთმობდნენ მას გზას. ყველა გაურბოდა მეფის გრძნეული ასულის თვალებს. როცა მედეამ ქალაქის კეთილმოწყობილი ქუჩები დატოვა, ველი გადაჭრა და ტაძართან მივიდა, მაშინ მალთვლებიან ეტლიდან სწრაფად ჩამოხტა და მოახლეებს უთხრა: „მეგობრებო, მე დიდი შეცდომა ჩავიდინე აქ მოსვლით. არ მომაგონდა, რომ შეიძლება აქ ჩვენს მხარეში მოსული უცხო მამაკაცები შეგვხვდნენ! ამ ამბით მთელი ქალაქი აღელვებულია და ამიტომაა, ამ ტაძართან რომ ყოველდღე ქალები იკრიბებოდნენ, აღარა სჩანან. რაკიღა აქ მოვედით და სხვა არავინაა ჩვენს გარდა აქ, მოდით და, ეს მშვენიერი ყვავილები დავკრიფოთ, შემდეგ ტკბილი სიმღერაც წამოვიწყოთ და გული უხვად გავიძღოთ. მერე კი, როცა დრო მოვა, უკან გავბრუნდეთ. მე თქვენ ერთი რამე უნდა გითხრათ; თუ დამიჯერებთ, დღეს სახლში მრავალი საჩუქრებით დაბრუნდებით. მაგრამ, იცოდეთ, საიდუმლოდ შეინახეთ, რასაც ჩემგან მოისმენთ, რათა მამაჩემის ყურებამდე არ მიაღწიოს ამ ამბავმა. ჩემმა დამ ქალკიოპემ და მისმა ვაჟმა არგოსმა მუდარით მთხოვეს, რომ დავეხმარო უცხოელ ვაჟკაცს, რომელმაც ცეცხლისმფრქვეველ ხარებთნ შებმა იკისრა. ამ სამსახურისათვის უცხოელმა წინასწარ უნდა მომიტანოს საჩუქრები. მე ქალკიოპეს და არგოსის თხოვნას დავეთანხმე და უცხოელს შევუთვალე, თავის მეგობრებისაგან განცალკევებით პირისპირ შემხვდეს. თუ მან საჩუქრები მომართვა, ჩვენ ის ერთმანეთს შორის გავიყოთ, მას კი ისეთ წამალს მივცემ, რომელიც არაფრად არ გამოადგება. როცა თქვენ ამ ვაჟკაცს დაინახავთ, იცოდეთ, რომ მოშორებით უნდა იყოთ!“ ასე თქვა მედეამ და მისი მხევალი ქალები კმაყოფილნი დარჩნენ ამ ცბიერი ხერხით.
ამასობაში არგოსმა, რომელმაც ძმებისაგან გაიგო, რომ მედეა დილით ადრე ჰეკატეს წმინდა ტაძრისაკენ წავაო, სასწრაფოდ გამოაცალკევა ეზონის ძე მეგობრებისაგან და ტაძრისაკენ წაიყვანა. იაზონს და არგოსს მიჰყვებოდა ამპიკეს ძე მოპსეც, რომელიც გამოცდილი იყო ფრინველებზე დაკვირვებით მისნობაში და ტაძრისაკენ მიმავალ მეგობრებს რჩევა-დარიგებას აძლევდა. ზევსის ყოვლისშემძლე მეუღლემ, ქალღმერთმა ჰერამ, ისეთი სილამაზით გააბრწყინა იმ დღეს იაზონი და ისეთი ძალა მიანიჭა საუბრის, რომ მას ვერც ერთი ბრწყინვალე გმირი ვერ შეედრებოდა, ვერც ისინი, ზევსმა რომ წარმოშვა, და ვერც ისინი, სხვა უკვდავთა სისხლისაგან რომ იყვნენ წარმოქმნილნი. არგონავტები განცვიფრებით შესცქეროდნენ შარავანდედით მოსილ წინამძღოლს. მისანი მოპსე სიხარულით მიდიოდა ტაძრისაკენ, ვინაიდან წინასწარ ჰქონდა განჭვრეტილი, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. ტაძრის მახლობლად, გზის პირზე, ფოთლებით დაბურული ალვის ხე იდგა, რომელსაც ხშირად ასხდებოდნენ ხოლმე მჩხავანა ყვავები. ერთ-ერთმა მათგანმა, როცა გმირები დაინახა, ფრთები შეაფრთქიალა, მაღალ შტოზე შემოჯდა და ფრინველის ენით ქალღმერთ ჰერას სურვილი განაცხადა: „უსახელოა ის მისანი, რომელიც თავის გონებით ვერ მიხვდება მას, რაც ბავშვებმაც კი იციან! ვერც ტკბილ და ვერც სასიყვარულო სიტყვას ვერ ეტყვის ქალწული იმ ჭაბუკს, რომელსაც აბეზარი მოწმეები ახლავს. დაიკარგე აქედან, ბოროტო და ცრუპენტელა მისანო! შენ ვერც კიპრიდას და ვერც ნაზსა და კეთილ ეროსს შეუგონებიხარ!“ როცა მისანმა მოპსემ ფრინველის ღვთაებრივი ხმა მოისმინა, გაეცინა და იაზონს მიმართა: „ეზონის დიდებულო ვაჟო, შენ ტაძრისაკენ გააგრძელე გზა. იქ შენ აიეტის ასულს შეხვდები, მისი გული ქალღმერთმა აფროდიტემ მოგიგო. აგენორის ძე ფინევსმა აკი გვიწინასწარმეტყველა, ქალღმერთი აფროდიტე შემწეობას აღმოგიჩენთო. მე და არგოსი, სანამ დაბრუნდები, აქ დაგელოდებით. ეცადე ბრძნული სიტყვებით დაითანხმო მეფის ასული, რათა მძიმე დავალების აღსრულებაში დაგეხმაროს!“ მოპსეს გონიერი რჩევა მის მეგობრებს მოეწონათ და იაზონი მარტო გაემართა ჰეკატეს ტაძრისაკენ.
ქალღმერთის ტაძრის მახლობლად მხევალი ქალებით გარშემორტყმული მედეა მოუთმენლად მოელოდა იაზონის გამოჩენას. მართალია, ქალწული მღეროდა, მაგრამ მისი ფიქრები სულ სხვაგან იყო. ხან ერთ სიმღერას წამოიწყებდა, ხან – მეორეს, მაგრამ დიდხანს ვერც ერთით ვერ ერთობოდა და წამოწყებულ სიმღერას მყისვე შესწყვეტდა. აღელვებული მედეა მხევალ ქალებს თვალს ვეღარ უსწორებდა, ხშირად მოაბრუნებდა ხოლმე სახეს და მოუსვენრად გასცქეროდა ტაძრისაკენ მომავალ გზას. როცა ფეხის ხმას ან ქარის შრიალს გაიგონებდა, ასე ეგონა, იაზონი მოდისო და მკერდში გული უბრუნდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ მედეას სანუკვარი იაზონიც გამოჩნდა. არგონავტების წინამძღოლი ოკეანედან აღმომავალ ლამაზსა და კაშკაშა სირიოსის ვარსკვლავს ჰგავდა. როგორც სირიოსს მოაქვს ხოლმე ნახირისათვის უზომო მწუხარება, (სირიოსის გამოჩენა გვალვას მოასწავებდა) ისე მოუტანა იაზონმა საბრალო მედეას სევდა და დარდი. იაზონის ვარსკვლავივით მოკაშკაშე პირი-სახის დანახვამ მედეას გრძნობა დააკარგვინა, მკერდიდან გული ამოუვარდა, თვალები დაუბმელდა და ლოყებზე მწველმა სიწითლემ გადაჰკრა. საბრალო ქალწულს ფეხები გაუქვავდა, მუხლება მოეკვეთა და ვეღარც წინ წაწევა შესძლო და ვეღარც უკან. მხევალი ქალები მედეას ჩამოშორდნენ და იაზონთან მარტო დატოვეს. არგონავტების წინამძღოლი და მეფის ასული ერთმანეთის წინაშე დიდხანს იდგნენ ისე მდუმარედ, ვით მუხები და ცამდე აზიდული ნაძვის ხეები დგანან ხოლმე მთებში უქარო ამინდის დროს. როგორც ქარის ძალა აამოძრავებს წყნარად მდგომარე ხეებს და ისინი შრიალს დაიწყებენ, ისე ეროსმა აამოძრავა იაზონი და მედეა სალაპარაკოდ. ეზონის სახელოვანი ძე მიხვდა, რომ მედეა ღვთის მიერ მოგზავნილ სევდაში იყო ჩავარდნილი. „მშვენიერო ქალწულო, – ალერსიანად მიმართა იაზონმა მედეას, – ესოდენ რად შეშფოთებულხარ? განა ჩემი გეშინია? მე ხომ ზოგიერთი მამაკაცივით თავხედი არა ვარ! რაც კი ჩემს სამშობლოში ვცხოვრობ, ასეთი არასოდეს ვყოფილვარ. ნუ გეშინია ჩემი, მშვენიერო ასულო, თავისუფლად ილაპარაკე და რაც მოგესურვოს, მკითხე. რაკიღა ჩვენ ერთმანეთისადმი კეთილად განწყობილი მოვედით ამ წმინდა ადგილას, სადაც სიცრუე დიდ ცოდვად ჩაგვეთვლება, გთხოვ, გულახდილად მელაპარაკო. ნუ მომატყუებ ტკბილი სიტყვებით, შეასრულე დისადმი მიცემული დაპირება, რომ სასწაულმოქმედ ჯადოს მიბოძებ! გაფიცებ ქალღმერთ ჰეკატეს, გაფიცებ შენს მშობლებს და ყოვლისშემძლე ზევსს, რომელიც სტუმარს და ვედრებით მოსულ ადამიანს მფარველობს, შემწეობა აღმომიჩინო! მე ხომ შენი სტუმარიცა ვარ და მავედრებელიც! აუცილებელი მდგომარეობა მაიძულებს მუხლმოდრეკილი შეგემუდარო; შენი დახმარების გარეშე მე ვერ აღვასრულებ განსაცდელით აღსავსე დავალებას! შენსა და ჩემს სამშობლოს შორის მდებარე დიდი მანძილი ხელს ვერ შემიშლის უსაზღვრო მადლობა მოგიძღვნა. მე შენს სახელს და შარავანდედით მოსილ დიდებას მარადჟამს თაყვანს ვცემ. ელადაში დაბრუნებული არგონავტები მუდამ ქება-დიდებით მოგიხსენიებენ. მათი დედები და ცოლები მოწიწებით მოეპყრობიან შენს ბრწყინვალე სახელს. ვინ იცის, შეიძლება ისინი ამ წუთში ზღვის ნაპირას სხედან და ჩვენს დაღუპვას დასტირიან! გემუდარები, გაჰფანტო მათი მძიმე სევდა! მინოსის ასულმა, გონიერმა არიადნემ, რომელიც ჰელიოსის ქალიშვილმა პასიფაემ შვა, ოდესღაც სასტიკი განსაცდელისაგან იხსნა თეზევსი. არიადნე ამით არ დაკმაყოფილებულა, როგორც კი შესწყვიტა მინოსმა რისხვა, არიადნე თეზევსთან ერთად ჩაჯდა ხომალდში და სამშობლო დატოვა. ასეთი დიდსულოვანი მოქმედების გამო იგი თვით ღმერთებმა შეიყვარეს და უკვდავება მიანიჭეს. ამიტომაა, რომ ზეციურ მნათობთა შორის, შუაგულ ეთერში, მთელი ღამის განმავლობაში ციმციმებს გვირგვინისებრი ვარსკვლავი, რომელსაც არიადნეს გვირგვინს უწოდებენ.12 ყოვლისშემძლე ღმერთები შენც მოგანიჭებენ ასეთ პატივს, თუ შენი დახმარებით დიდებულ გმირთა ლაშქარს დაღუპვისაგან დაიხსნი. განა შეიძლება შენ არ დაგვეხმარო? შენი სხეული ხომ სათნოებით და სიკეთით არის მოსილი!“
იაზონის მიერ წარმოთქმული ქება-დიდებით აღელვებულმა მედეამ თვალები ძირს დახარა და საამურად გაიღიმა. შემდეგ თავი ასწია და ალერსით სავსე თვალები იაზონს შეანათა. მას სურდა, ყველაფერი ეთქვა სანუკვარი გმირისათვის, მაგრამ არ იცოდა, საიდან დაეწყო. ბოლოს, სურნელოვან სარტყელიდან სასწაულმოქმედი წამალი ამოიღო და არგონავტების წინამძღოლს გადასცა. იაზონმა სიხარულით ჩამოართვა ქალწულს ჯადო. მედეა მზად იყო მკერდიდან გული ამოეღო და მისთვის მიეცა, თუ ამას საჭიროება მოითხოვდა. იაზონის პირისახეს ისეთი ნათელი მოჰფინა ყოვლისშემძლე ეროსმა, რომ მისმა ბრწყინვალებამ მედეას თვალთაგან შუქი წარსტაცა. ვით დილის სხივები ადნობს ხოლმე ვარდებზე დაფენილ ცვარს, ისე იაზონის სიყვარული ადნობდა მედეას გულს და ნეტარების ბურუსში ხვევდა. იაზონი და მშვენიერი მედეა დიდხანს იდგნენ ერთმანეთის წინაშე მდუმარედ; ხან ძირს დახრიდნენ თვალებს, ხან კი წარბებს გაშლიდნენ და ალერსიანი ღიმილით ერთმანეთს შეანათებდნენ. დაბოლოს, მედეამ ძლივს დაარღვია დუმილი: „გამიგონე, აი, როგორ უნდა მოიქცე: როცა მამაჩემი გველეშაპის ყბებიდან ამოღებულ საზარელ კბილებს დასათესად მოგცემს, შენ შუაღამეს დაუცადე. როცა ეს დრო მოაწევს, დაუშრეტელი მდინარის ტალღებში განიბანე და შავ ტანსაცმელში გამოეწყვე. მერე კი სხვების დახმარების გარეშე მრგვალი ორმო ამოთხარე და ზედ დედალი ბატკანი დაკალი. ორმოს პირზე კარგი კოცონი გააჩაღე და ხორცი მთლიანად დააწყვე ზედ. შემდეგ მოუწოდე პერსეს ასულს – დედისერთა ჰეკატეს და თასიდან თაფლის ზედაშე დაუქციე. მერე კი კოცონს მოშორდი, მაგრამ, იცოდე, უკან არ მოიხედო, გინდ ფეხთა ხმაური, გინდ ძაღლების ყეფაც რომ გაიგონო. თუ ყველაფერს ასე არ შეასრულებ, შენს მეგობრებთან უვნებლად ვეღარ მიხვალ. დილით ეს წამალი დაასველე, გაშიშვლდი და, როგორც ზეთით, ისე დაიზილე სხეული. მასში ისეთი უზომო ძალა და ღონე ჩაგენერგება, რომ იტყვი: ადამიანთა კი არა, უკვდავ ღმერთთა თანაბარი ვარო. გარდა ამისა, ეს წამალი წასცხე შუბს, ფარს და მახვილსაც. მიწიდან აღმოცენებულ შეჭურვილ გოლიათთა მახვილები და ზარდამცემი ხარების ხახიდან ამომავალი შმაგი ალი შენ ვეღარაფერს დაგაკლებენ. ასეთი ძალ-ღონის პატრონი დიდხანს ვერ იქნები. ჩემი ჯადოს მოქმედება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში გრძელდება; მაგრამ შენ ამის ნუ შეგეშინდება და ბრძოლაში უკან არ დაიხიო. მე ახლა სხვა ხერხსაც გასწავლი: როცა შენს სხეულში ჩანერგილი ძალ-ღონის წყალობით შეუპოვარ ხარებს უღელში შეაბამ და პირქუშ ხოდაბუნს დახნავ, შავ ბელტებში ჩათესილი გველეშაპის კბილებიდან მყისვე აღმოცენდებიან შეჭურვილი გიგანტები. როცა ამ გოლიათებს დაინახავ, არ შედრკე და მათ რიგებში დაუყოვნებლივ გადაისროლე უზარმაზარი ქვა. გოლიათები იმ ქვას ისე შემოერტყმებიან, ვით ძაღლები გადაგდებულ ძვალს, და გაშმაგებით დაიწყებენ ერთმანეთის გაჟლეტას. შენც ნუ დააყოვნებ, ეკვეთე მათ და სავსებით გაანადგურე. ამრიგად სამძიმო დავალებას შეასრულებ და ოქროს საწმისს ეადან შორეულ ელადაში წაიღებ. მაგრამ ვინ მეკითხება, თუ სად წახვალ შენ? განა შენი ნება არ არის, საითკენაც მოგესურვება, იქითკენ წახვიდენ?“ მედეამ ამ სიტყვებზე თვალები ძირს დაჰხარა და ცხარე ცრემლი წასკდა. საბრალო ქალწულს აწუხებდა ის აზრი, რომ იაზონი მას უნდა განშორებოდა და ზღვაში გასულიყო. მედეას თვალთაგან მოკრძალულობა გაჰქრა. მან იაზონის მარჯვენა ხელი ხელში აიღო და არგონავტების წინამძღოლს მწუხარე სიტყვებით მიმართა: „დიდებულო გმირო, როცა სამშობლოში დაბრუნდები, გაიხსენე მედეას სახელი ისე, როგორც მე გაგიხსენებ ხოლმე ჩემგან მოშორებით მყოფს. ახლა კი მითხარი, სად არის შენი სამშობლო? საითკენ გაემგზავრები შენი ხომალდით? მდიდარ ორქომენისაკენ წარემართები, თუ სადმე კუნძულ ეას მახლობლად? მიამბე აგრეთვე იმ სახელგანთქმული ქალწულის შესახებ, რომელიც შენ ახსენე. იგი ხომ მამაჩემის დის პასიფაეს ასულია!“13 მშვენიერი მედეას გულწრფელმა სიტყვებმა და ცრემლებმა იაზონსაც ჩაუსახა გულში ყოვლისშემძლე ეროსი. მან ასე მიუგო ქალწულს: „მშვენიერო მედეა, თუ მე ბედისწერას დავუსხლტები დაელადაში უვნებლად დავბრუნდები, თუ რა თქმა უნდა, აიეტმა სხვა უფრო მძიმე დავალება არ დამაკისრა, იცოდე, მუდამ მექნება შენი ხსოვნა; არც დღე და არც ღამე არ დაგივიწყებ. რაკი შენ გსურს ჩემი სამშობლო გაიცნო, მოგახსენებ. ჩემთვის მეტად საამო იქნება შენი სურვილის დაკმაყოფილება: არის ერთი მხარე, რომელსაც გარს ცამდე აზიდული მთები ერტყმის. იგი მეტად მდიდარია საქონლით და საძოვრებით. იაპეტის სახელოვანმა ძემ პრომეთემ აქ წარმოშვა ადამიანთა პირველი მეფე, კეთილი დევკალიონი, რომელმაც ქალაქები აღაშენა და ყოვლისშემძლე ღმერთებს ტაძრები აუგო. ამ მხარეს იქაურები ჰემონიას უწოდებენ აი, აქ არის ჩემი ქალაქი იოლკოსი. მის მეზობლად სხვაც ბევრი ქალაქია. ჰემონიაში სულაც არ ისმის კუნძულ ეას სახელი. ამბობენ, რომ ოდესღაც ჰემონიიდან გაემართა ეოლოსის ძე მინიასი კადმოსელების მეზობლად ქალაქ ორქომენის ასაშენებლად... მაგრამ რა საჭიროა ამდენი ფუჭი ლაპარაკი ჩემი სამშობლოს შესახებ? ან რა სარგებლობაა, გავიმეორო მინოსის სახელგანთქმული ასულის არიადნეს ამბავი? ამ საყვარელი ქალწულის სახელს მუდამ დიდებით იხსენიებენ. ნეტავი, როგორც მინოსი დაეთანხმა თეზევსს და მშვენიერი ასული გაატანა, ისე მამაშენი დაეთანხმებოდეს ჩემს თხოვნას!“.
იაზონის ტკბილმა სიტყვებმა ქალწულს გული აუჩუყა და მწუხარებით შეპყრობილმა არგონავტების წინამძღოლს ასე მიუგო: „ელადაში შეიძლება პატივით ეპყრობიან ასეთ კეთილ შეთანხმებას, მაგრამ აიეტი სრულებითაც არ არის ისეთი კაცი, როგორიც პასიფაეს მეუღლე მინოსი ყოფილა და არც მე ვთვლი ჩემს თავს არიადნეს სწორად. რა საჭიროა ლაპარაკი იმის შესახებ, რისი ასრულებაც შეუძლებელია! მე მხოლოდ ამას გთხოვ, როცა იოლკოსში დაბრუნდები, გაიხსენე შენი კეთილისმყოფელი მედეა. მე კი ჩემი მშობლების სურვილის წინააღმდეგ წავალ და სულ შენზე ვიფიქრებ! თუ შენ ოდესმე დამივიწყე, იცოდე, თვით ჩიტიც კი მომიტანს ამ ამბავს! მე მაშინ ვინატრებ, სწრაფმა ქარმა ზღვებზე გადამაქროლოს და იოლკოსში მიმიყვანოს, რათა საყვედურებით აგავსო და მოგაგონო, რომ შენ ჩემთან დადებულ აღთქმას გაექეცი! ოჰ, როგორ მინდა მოულოდნელად გავჩნდე მაშინ შენს სასახლეში!“. ამ სიტყვებზე საბრალო მედეას ღაპაღუპით წამოუვიდა ცრემლები და ლოყები დაუსველა. „ძვირფასო ასულო, – შეესიტყვა იაზონი მედეას, – რატომ ამბობ ისეთ რამეს, რასაც მე არ ჩავიდენ? შენ არასოდეს არ გექნება საბაბი საყვედურებით ამავსო! პირიქით, თუ შენ ელადაში მოხვალ, ქალებისაგან და კაცებისაგან უსაზღვროდ თაყვანცემული იქნები. ისინი, ვით დიდებულ ღვთაებას, ისე შეგასხამენ ხოტბას. ისინი თავისი შვილების, ძმების, ნათესავებისა და ქმრების უბედურებისაგან მხსნელად ჩაგთვლიან. ელადაში მუდამ მოწიწებით მოიხსენიებენ იმ მშვენიერ ასულს, რომლის შემწეობითაც არგონავტები სამშობლოში დაბრუნდნენ! მე და შენ კი საქორწინო სარეცელს გავიზიარებთ და ჩვენს სიყვარულს ვერაფერი დაარღვევს, სანამ ბედით დანიშნული სიკვდილი არ წარგვიტაცებს“. იაზონის სიტყვებმა ტკბილ ნეტარებასავით გაუარა გულში მედეას, მაგრამ საბრალო ქალწულს მამის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გრძნობა აძრწოლებდა. ყოვლისშემძლე ქალღმერთის ჰერას შეგონებით მედეა თანახმა იყო ძლევამოსილ იაზონს შორეულ ელადაში გაჰყოლოდა და იქ ეცხოვრა. დიდებულ ქალღმერთ ჰერას გადაწყვეტილი ჰქონდა მედეას სამშობლო დაეტოვებინა, წმინდა იოლკოსში მისულიყო და თავხედი მეფე პელიასი თავისი გრძნეულების წყალობით სასტიკად დაესაჯა.
მედეას მხევალი ქალები შორიდან შესცქეროდნენ შეყვარებულ წყვილს და სწუხდნენ, ვინაიდან უკვე დრო მოითხოვდა მეფის ასული სასახლეში დედასთან დაბრუნებულიყო. მედეა კი ისე იყო გატაცებული ვაჟკაცის მოხდენილობით და ტკბილი სიტყვებით, რომ სრულებითაც არ გაახსენდებოდა სასახლეში დაბრუნება. მაგრამ ფრთხილმა იაზონმა ქალწულს ასე უთხრა: „დროა, ერთმანეთს დავშორდეთ, სანამ მზე ჩავიდოდეს და ვინმე უცხო შეგვნიშნავდეს. ჩვენ კვლავ შევხვდებით აქ ერთმანეთს!“ იმის შემდეგ, რაც ერთიმეორეს გრძნობები გაუზიარეს, იაზონი და მედეა ერთმანეთს გამოემშვიდობნენ. იაზონი სიხარულით გაექანა ხომალდისაკენ, მედეა კი მხევალი ქალებისაკენ გაემართა. მოახლეები მოწიწებით შეეგებნენ მეფის ასულს, მაგრამ იგი ისე იყო ფიქრებში გართული, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ შენიშნა. აღელვებული მედეა სწრაფად ჩაჯდა მალთვლებიან ეტლში, ერთი ხელით სადავეები აიღო, მეორეში ლამაზი შოლტი მოიმარჯვა, ჯორებს მსუბუქად გადაჰკრა და ქალაქისაკენ გაექანა.
როგორც კი მივიდა მედეა სასახლეში, შვილების დარდით შეწუხებული ქალკიოპე მყისვე მიეგება მას და გამოკითხვა დაუწყო. მედეა კი ისე იყო გაოგნებული, რომ არც დის სიტყვების მოსმენა სურდა და არც პასუხის გაცემა. იგი საწოლის მახლობლად დაბალ სკამზე ჩამოჯდა, მარცხენა ხელი ლოყაზე შემოიდგა, თვალები ცრემლით აევსო და მწარე ფიქრებს მიეცა. საბრალო მედეას მოსვენებას არ აძლევდა ის აზრი, რომ მან მშობლების წინაშე საშინელი დანაშაული ჩაიდინა.
ამასობაში იაზონი ტაძრის მახლობლად დატოვებულ ორ მეგობარს შეუერთდა და მათთან ერთად ხომალდისაკენ გაემართა. არგონავტები სიხარულით შემოერტყნენ იაზონს გარს და ჰკითხეს, თუ რით დამთავრდა მედეასთან შეხვედრის ამბავი. იაზონმა გულდასმით მოუთხრო ვაჟკაცებს ის რჩევა-დარიგება, მედეასაგან რომ მიიღო და სასწაულმოქმედი ჯადოც აჩვენა. ამ სასიხარულო ამბავმა ყოველი არგონავტი აღტაცებაში მოიყვანა. მხოლოდ ამაყი იდასი იჯდა განმარტოებით და მეგობრებზე ბრაზი მოსდიოდა. გახარებულმა არგონავტებმა ხალისიანად ივახშმეს და ძილს მისცეს თავი.
როცა დიდებულმა მზემ თავისი ნათელი დედამიწას მოჰფინა, არგონავტებმა მამაცი ტელამონი და ჰერმესის ბრწყინვალე ძე ეთალიდე აიეტთან გააგზავნეს საბედისწერო თესლის მოსატანად. ისინი სწრაფად მივიდნენ სასახლეში და ძლევამოსილმა აიეტმა მათ განსაცდელით აღსავსე დავალების შესასრულებლად გადასცა აონიის (ბეოტია) გველეშაპის საზარელი კბილები. ეს გველეშაპი ოდესღაც არესის წყაროს დარაჯობდა. სახელოვანი კადმოსი მაშინ თავის დას ევროპას ეძებდა და ოგიგიის თებეში მივიდა. ღმერთმა აპოლონმა კადმოსს უმისნა მის მიერ ბოძებულ ძროხას უკან გაჰყოლოდა და სადაც იგი გაჩერდებოდა, იქ დასახლებულიყო. ძროხა არესის წყაროს მახლობლად წამოწვა14 და ძლევამოსილმა კადმოსმა საზარელი გველეშაპი სიცოცხლეს გამოასალმა. ქალღმერთმა ტრიტონიდმა (ე.ი. ათენამ) გველეშაპს ყბებიდან კბილები ამოაცალა. ნაწილი საჩუქრად აიეტს მისცა, ნაწილი კი მკვლელს უბოძა. აგენორის ძე კადმოსმა თავისი წილი კბილები აონიის ველებში ჩასთესა. მიწიდან უეცრივ მეომრები აღმოცენდნენ. ისინი დაუყოვნებლივ იქნენ გაჟლეტილი არესის მძლავრი შუბით. სიკვდილს გადარჩენილი მეომრები კადმოსმა შეკრიბა და თებეში დაასახლა. კოლხთა მეფემ სიამოვნებით გადასცა ტელამონს და ეთალიდეს გველეშაპის კბილები იაზონთან წასაღებად. აიეტი ღრმად იყო დარწმუნებული, იაზონი ბოლომდე ვერ მიიყვანდა დავალებულ საქმეს, თუნდაც სპილენძისფეხებიანი ხარები გუთანში შეება.
მზემ უკვე ეთიოპელთა უკიდურეს მხარეს15 მიაღწია და თვალთაგან მიეფარა. ახლა კი ღამემ შეაბა ცხენები ეტლში და ყველაფერი წყვდიადში გაჰხვია. არგონავტებმა მდინარის ნაპირზე ფოთლები დააფინეს და ზედ წამოწვნენ. როცა ზეცაზე ჰელიკეს დათვის16 მოციმიმე ვარსკვლავები ჩაჰქრა და ყველაფერი ბნელით შეიმოსა, იაზონი ფარულად გაემართა მიყრუებულ ადგილისაკენ. მან თან წაიღო ყველა საჭირო საგანი, დღის განმავლობაში რომ მოიმზადა. ცხვარი და რძე არგოსმა მოუტანა მას, დანარჩენი კი ხომალდიდან წამოიღო. იაზონმა სწრაფად იპოვა მყუდრო ადგილი, რომელიც ბილიკს გადაღმა იყო და ანკარა წყალიც ჩამოდიოდა. იაზონმა ლამაზი სხეული წესისამებრ განიბანა წყალში ისე, როგორც ამას ღვთაება მოითხოვდა და ლემნოსელ ჰიპსიპილესაგან ტკბილი კავშირის სამახსოვროდ ნაჩუქარი შავი წამოსასხამი მოიხურა. შემდეგ კი ერთი წყრთის სიმაღლე ორმო ამოთხარა, ზედ შეშა დააწყო, ცხვარს ყელი გამოსჭრა და შეშაზე დადო. შემდეგ ცეცხლი გააჩაღა და მსხვერპლს შერეული ზედაშე დაუქცია. იაზონი თან ამას აკეთებდა, თან კი ბრიმო-ჰეკატეს შემწედ მოუწოდებდა. ქალღმერთისადმი მიმართვა რომ დაამთავრა, იაზონი უკან გამობრუნდა. საშიშარმა ქალღმერთმა მისი მოწოდება ისმინა და ღრმა გამოქვაბულიდან ეზონიდის მიერ შეწირული მსხვერპლისაკენ გამოემართა. ქალღმერთ ჰეკატეს შუბლი შემოგვირგვინებული ჰქონდა მუხის შტოებით და შიგ ზარდამცემი გველები იყო ჩაწნული. ღვთაების ირგვლივ ჩირაღდანთა ბრწყინვალე შუქი იღვრებოდა. ყოვლისშემძლე ჰეკატეს გარს ერტყა ჯოჯოხეთის ძაღლები, რომელთა საზარელი ყეფა არემარეს აყრუებდა. მათ ფერხთა ქვეშ დედამიწა ზანზარებდა. ჭაობის და მდინარის ნიმფები, ამარანტის ფასიდის17 დაბლობში რომ ცხოვრობენ, შიშისაგან ძრწოდნენ და წიოდნენ. იაზონი საზარელმა შიშმა აიტაცა, მაგრამ უკან მაინც არ მოუხედავს. იგი შეუყოვნებლივ მიემართებოდა წინ, სანამ თავის მეგობრებს არ შეუერთდა.
მეორე დილით, როცა მზემ თავისი ნათელი კავკასიონის თოვლიან მწვერვალებს მოჰფინა, ძლევამოსილმა აიეტმა მკერდზე მაგარი აბჯარი შემოიკრა. ეს აბჯარი ღმერთმა არესმა ფლეგრის ბრძოლაში18 მის მიერ მოკლულ მიმასს (ერთ-ერთი გიგანტი) მოხსნა და აიეტს უბოძა. კოლხეთის მეფემ ამის შემდეგ ოკეანედან აღმომავალი მზის შუქივით მოელვარე ოთხბიბილოვანი ოქროს მუზარადი ჩამოიცვა თავზე და ხელთ იპყრო ტყავის მრავალი ფენით შემოგარსულ ფარი და ისეთი უზარმაზარი შუბი, რომელსაც ძლევამოსილ ჰერაკლეს გარდა ვერც ერთი გმირი ვერ გამოიყენებდა. მრისხანე აიეტს სასახლის ეზოში ფეხმარდი ცხენებით შებმულ ეტლზე ელოდებოდა მისი ძე ფაეთონი (აფსირტე). აიეტი ეტლში ჩაჯდა, სადავეები ხელთ აიღო და ქალაქიდან ფართო შარაზე გავიდა, რათა იაზონის მიერ მძიმე დავალების შესრულებას დასწრებოდა. მეფე აიეტს უკან ურიცხვი ხალხი გამოედევნა. კოლხთა ძლევამოსილი წინამძღოლი ისე მიჰქროდა თავისი ეტლით არესის ველისაკენ, ვით ყოვლისშემძლე პოსეიდონი მიჰქრის ხოლმე ღვთაებრივი ეტლით სხვადასხვა ადგილებისაკენ: ისთმის შეჯიბრზე თუ ტენარეში, ლერნეს ტბისაკენ ან ჰიანტიოსის ონქესტეს წმინდა ჭალაკში, კალავრიისაკენ, ჰემონიის კლდის მიმართულებით და ტყით დაფარულ გერესტეში.19
ამასობაში მედეას მიერ შეგონებულმა იაზონმა სასწაულმოქმედი ჯადო დაასველა და წასცხო ფარს, გამგმირავ შუბს და მახვილს. სმენად ქცეული მეგობრები იაზონს გარს შემოერტყნენ და მის შუბს გამოსაცდელად საკუთარი მახვილები დაჰკრეს, მაგრამ ამაოდ, ვაჟკაცებმა ოდნავადაც ვერ გაღუნეს იაზონის მოჯადოებული შუბი. აფარეს ძე იდასი საშინლად გაბრაზდა არგონავტებზე, მყისვე იშიშვლა მახვილი და იაზონის შუბის წვერს ღონივრად დაჰკრა, მაგრამ მისი მახვილი ისე შეხტა, ვით გრდემლიდან ასხლეტილი ჩაქუჩი. ვაჟკაცებს ეს გაუხარდათ და გულში იაზონის გამარჯვების იმედი გაუორკეცდათ. იარაღის მომზადების შემდეგ იაზონმა სხეული დაიზილა. არგონავტების წინამძღოლს უეცრივ ენითუთქმელი მამაცობა და ზარდამცემი ძალა შთაესახა. ხელები არაჩვეულებრივად გაუმაგრდა და მათში უზომო ძალა იგრძნო. ვით ბრძოლის ველზე წასასვლელად გამზადებული მერანი ჭიხვინებს, მიწას ტორებს სცემს, ყურებს სცქვეტს და თავს ამაყად სწევს, ისე იაზონი ამაყობდა უსაზღვრო ძლიერებით, სახსრებში რომ ჰქონდა შემატებული, და მოუთმენლად მოელოდა ცეცხლისმფრქვეველ ხარებთან შებმას. ძლევამოსილი გმირი მტკიცედ ადგამდა ფეხს, წინ და უკან მოძრაობდა და ხელში ფარს და სპილენძის შუბს მძლავრად არხევდა. იაზონის იარაღი ისე ელვარებდა, ვით ქარიშხლის დროს შავი ღრუბლებიდან ჩამოშვებული მეხი ელვარებს ხოლმე და მზადაა თავის ძალას წარღვნასავით წვიმაც მოაყოლოს.
არგონავტები დიდხანს აღარ შეყოვნებულა, ხომალდზე ავიდნენ, ხოფებთან განლაგდნენ და არესის ველისაკენ გასცურეს. არესის ველი ქალაქის პირისპირ მდებარეობდა და მდინარის ნაპირს ოდნავ იყო მოშორებული. არესის ველზე ვრცელი ასპარეზი იყო გადაშლილი და გარს მოაჯირი ერტყა. კოლხები აქ ბრწყინვალე გმირების მოსაგონებლად რბენას და მხედრულ შეჯიბრებებს აწყობდნენ ხოლმე. არგონავტებმა ხომალდიდან მრისხანე აიეტი და კოლხეთის მცხოვრებლები დაინახეს. კოლხები კავკასიონის მთის ფერდობზე ჩამწკრივებულიყვნენ, აიეტი კი მდინარის ნაპირზე სეირნობდა. არგონავტებმა ხომალდის ბაგირები ნაპირზე დაამაგრეს. იაზონმა მოსასხამი მოიძრო, მახვილი შემოიკრა, ცალ ხელში შუბი და ფარი დაიჭირა, ცალში – გველეშაპის ბასრი კბილებით სავსე სპილენძის მოელვარე მუზარადი, ხომალდიდან ჩამოხტა და დავალების აღსასრულებლად გაემართა. გაშიშვლებული იაზონი ნაწილობრივ ყოვლისშემძლე არესს ჰგავდა, ნაწილობრივ კი – ოქროსმშვილდოსან აპოლონს. ძლევამოსილმა გმირმა ველი მოათვალიერა და მის წინ დაინახა სპილენძის უღელი, სახნის-საკვეთი და მტკიცე ფოლადისაგან გაჭედილი გუთანი. იაზონი გუთანს მიუახლოვდა, უზარმაზარი შუბი წვერით მიწაში ჩაარჭო, მუზარადი დაბლა ჩამოიღო, ფარი აიფარა და სპილენძისჩლიქებიან ხარებს დაუწყო ძებნა. მათ მიწის გულში ჰქონდათ გამართული მუდამ სქელ კვამლში გახვეული ბოსელი. უეცრივ ამოიჭრნენ აქედან გააფთრებული ხარები, რომლებიც ხახიდან საზარელ ალს უშვებდნენ. არგონავტები შიშის ზარმა აიტანა, როცა ეს ზარდამცემი ცხოველები დაინახეს. ფარაფარებული იაზონი კი მტკიცედ იდგა და ხარების მოახლოვებას ელოდა ისე, ვით ზღვაში ჩაყუდებული სალი კლდე ელის ხოლმე ქარიშხლით აბობოქრებულ ტალღების შეხეთქებას. ხარებმა საზარელი ღმუილით დაატაკეს ძლიერი რქები იაზონის ფარს, მაგრამ ძლევამოსილი გმირი ოდნავადაც ვერ შეანძრიეს ადგილიდან. ვით სამჭედლოს ღუმელში ნაკვერცხლის გასაჩაღებლად ტყავის უზარმაზარი საბერველი ქშინავს ხოლმე წყვეტილ-წყვეტილად და შემაძრწუნებელ ხმაურს აყენებს, ისე ველური ხარები ქშინავდნენ, ხახიდან ალს უშვებდნენ და თავზარდამცემად ღმუოდნენ. სახელოვანი იაზონი ცეცხლის ალში გაეხვია, მაგრამ მედეას ჯადომ იხსნა იგი. მან მარჯვენა ხელი სტაცა რქაში ერთ ხარს და სპილენძის უღელთან მისაყვანადმთელი ღონით დაითრო. იაზონმა გააფთრებულ ხარს სპილენძის ფეხზე ფეხი დაჰკრა და მიწაზე წამოაჩოქა მეორე ხარიც, მისკენ რომ გაშმაგებით მოისწრაფოდა, გმირმა ამრიგად დაიმორჩილა და ერთი დარტყმით წამოაჩოქა. იაზონმა ვეებერთელა ფარი მყისვე მიწაზე დააგდო და სავსებით ალში გახვეული ვაჟკაცი წინა ფეხებზე დაცემულ ხარებს ჩაეჭიდა. აიეტი განცვიფრებით შესცქეროდა ძლევამოსილი გმირის მოქმედებას. ამასობაში ტინდარიდებმა (ეს მათ წინასწარ ჰქონდათ ნაბრძანები) იაზონს უღელი მიაწოდეს. მან იგი მოხერხებულად დაადო გაშმაგებულ ხარებს კისერზე და უღელს რგოლებით სპილენძის ხელნა მიაბა. ტინდარიდები კი ცეცხლისმფრქვეველ ხარებს განშორდნენ და ხომალდისაკენ გაბრუნდნენ. იაზონმა ფარი ზურგზე მოიგდო, ბასრი კბილებით სავსე მუზარადი და უზარმაზარი შუბიც აიღო. შემდეგ ცალი ხელი სამართავად გუთნის სახელურს სტაცა და ხარებს შუბი დაარტყა ისე, ვით თესალიელი გლეხი ურტყამს ხოლმე ფერდებში თავის საქონელს პელაზგურ წვეტიან ჯოხს.19 გაბოროტებული ხარები საშინლად ბრაზდებოდნენ, ხახიდან ცეცხლის ფრქვევას უმატებდნენ და ისე ზარდამცემად ზმუოდნენ, ვით მძლავრი ქარი ზმუის, რომლისაც მეზღვაურებს ეშინიათ და იძულებული არიან ხომალდს იალქანი ჩამოხსნან. იაზონმა შუბი კვლავ დაჰკრა ხარებს და აიძულა გუთანი გაეწიათ. პირქუში მიწა ვეღარ გაუმკლავდა მათ ძალას. ფოლადის გუთანი ღრმად აბრუნებდა ვეებერთელა ბელტებს. იაზონი მტკიცე ნაბიჯით მიჰყვებოდა ხარებს, ღრმად მოხნულ კვლებში განუწყვეტლივ ჰყრიდა გველეშაპის კბილებს და უკან-უკან იხედებოდა, მრისხანე გოლიათები ხომ არ ამოსულანო და თავდასხმა არ მომასწრონო. ცეცხლისმფრქვეველი ხარები კი სავსებით მოთვინიერდნენ, სპილენძის ჩლიქებს მტკიცედ აყრდნობდნენ მიწას და არესის ველის მოხვნას აგრძელებდნენ.
განთიადიდან მოყოლებული დღის ორმა მესამედმა გაიარა. დადგა ის ჟამი, როცა დაქანცული მიწის მუშაკები დასასვენებლად მიდიან ხოლმე. ძლევამოსილმა იაზონმაც დაამთავრა ოთხი დღიური ხოდაბუნის დახვნა, ხარები გამოხსნა და მიწისქვეშა ბოსლისაკენ გარეკა. შემდეგ კი ხომალდისაკენ გაემართა, ვინაიდან დახნულ კვლებიდან ჯერ კიდევ არ აღმოცენებულიყვნენ შეჭურვილი გოლიათები. ძლევამოსილ წინამძღოლს არგონავტები გარშემოერტყნენ და გამხნევება დაუწყეს. იაზონმა მდინარიდან მუზარადით წყალი ამოიღო და წყურვილი მოიკლა. შემდეგ იქვე ჩამოჯდა და სხეულში კვლავ უსაზღვრო ძალა იგრძნო. იგი მოუთმენლად მოელოდა ბრძოლას და კბილებს ილესავდა, ვით გაცოფებული ტახი ილესავს ხოლმე კბილებს მონადირეებზე და საზარელი ხახიდან ამოხეთქილ დორბლს მიწაზე ანთხევს.
სანამ სახელოვანი იაზონი მეგობრებით გარშემორტყმული ისვენებდა, მოხნულ კვლებში ჩათესილი გველეშაპის კბილებიდან უკვე იწყეს აღმოცენება დედამიწის გოლიათმა შვილებმა. თავზარდამცემ ღმერთ არესის ველი უზარმაზარი ფარებით, მახვილი შუბებით და მბრწყინავი მუზარადებით მოიფინა. გოლიათების იარაღის ელვარება ოლიმპომდე აღწევდა. ვით ზამთრის ღამეში აციმციმდებიან ხოლმე ვარსკვლავები და თვალისმომკვეთ ბრწყინვას დაიწყებენ მას შემდეგ, რაც სქელი ღრუბლები დაიცლება და თოვლად იქცევა, ისე მიწის გულიდან აღმოცენებული გოლიათები იწყებდნენ ბრწყინვას. ძლევამოსილ იაზონს მყისვე მოაგონდა მშვენიერი მედეას მიერ შეგონებული ხერხი. იგი ადგილიდან წამოიჭრა, ველზე მდებარე უზარმაზარი ქვა, ენიალიოსი არესის საზარელი დისკო (მას ოთხი ახალგაზრდა ვაჟკაციც კი ვერ დასძრავდა მიწიდან) აიტაცა და შეჭურვილ გოლიათთა რიგებში გადაისროლა,20 თვითონ კი ფარი აიფარა და მშვიდად ჩამოჯდა მიწაზე. ამის დანახვაზე კოლხებმა ისეთი ღრიანცელი მორთეს, ასე გეგონებოდათ, ზღვის ზვირთები ეხეთქებაო პირქუშ კლდეებს. იაზონის მიერ ვეებერთელა ქვის გადატყორცნამ აიეტი განცვიფრებაში მოიყვანა. იაზონის გადასროლილი ქვის ირგვლივ ისე დაეხვივნენ ერთმანეთს გოლიათები, ვით ფეხმარდი ძაღლები დაეხვევიან ხოლმე ერთმანეთს. დევგმირებმა საშინელი ღრიალი ასტეხეს. შეჭურვილი გოლიათები საკუთარ შუბებზე ეგებოდნენ და ქარით მოხეთქილ ფიჭვისა და მუხის ხეების მსგავსად ასკდებოდნენ დედამიწას რომელმაც ისინი წარმოშვა. ვით კაშკაშა ვარსკვლავი მოწყდება ხოლმე ზეცას და წყვდიად ეთერში მთელი სისწრაფით მოქანავე მბრწყინავ კვალს სტოვებს, რაც ესოდენ აშფოთებს მოკვდავთ, ისე იაზონი მოწყდა ადგილიდან და გოლიათების რიგებს შეუპოვრად ეკვეთა. ძლევამოსილმა ვაჟკაცმა მახვილი იშიშვლა და დაუნდობლად დაიწყო დევგმირების ცელვა. ურტყამდა იგი მათ, რომლებიც ჯერ მხოლოდ წელამდე ამოზიდულიყვნენ მიწიდან, იმათაც – მუხლებამდე რომ იყვნენ ამოსულნი, იმათაც ეხლახან რომ დამდგარიყვნენ ფეხზე და იმათაც, რომლებიც უკვე ბრძოლისაკენ ისწრაფოდნენ. როგორც საზღვრებზე ატეხილი ომით შეშინებული გლეხი აღარ ელოდება შუაზაფხულს, რომ მზის სხივებმა თავთავი ჩაახშოს და ალესილი მოხრილი ნამგლით ხელში ჯერ კიდევ უმწიფარ პურს სჭრის, რათა მტერმა არ მოასწროს ეს, ისე იაზონი სცელავდა გოლიათებს და მათი სისხლით მოხნულ კვლებს ავსებდა. დახოცილი დევგმირები ზღვის ნაპირზე გამორიყულ ვეშაპებივით ეყარნენ არესის ველზე. ზოგი თავდაყირა ეგდო და პირქუშ ბელტებში კბილები ჩაერჭო, ზოგი ზურგზე წაქცეულიყო და ზოგიც – გვერდზე. ბევრი მათგანი მანამ იქნა განადგურებული, სანამ მიწიდან მთლიანად ამოვიდოდა და გასისხლიანებული თავიძირს ჩაექინდრა. ვით მებაღეს შემოაწვება ხოლმე მძიმე სევდა და დარდი, როცა მის ნაამაგარ ნორჩ ხეხილებს ზევსის მიერ მოვლენილი წვიმა დაზნექს და ძირებს გადაუმტვრევს, ისე მეფე აიეტს შემოაწვა მძიმე სევდა. იგი თავის კოლხებთან ერთად ქალაქში გაბრუნდა და ფიქრობდა, როგორ ეძია იაზონზე შური. არგონავტების წინამძღოლმა ამრიგად დღის დასასრულისათვის მასზე დაკისრებული დავალება ბოლომდე შეასრულა.
შენიშვნები
1. ოლიმპოს მპყრობელმა ზევსმა გადაყლაპა პირველი ცოლი მეტისი და თვით დაორსულდა. ზევსის თავისაგან დაიბადა იარაღასხმული ქალ-ღმერთი ათენა.
2. იგულისხმება სიცილიის ჩრდილოეთით მდებარე კუნძული ლიპარა.
3. იქსიონი – ლაპითების მითიური მეფე. ჰერასადმი დანაშაულებრივი სიყვარულის გამო ზევსმა იგი ჰადესში ჩაგზავნა და მარად მბრუნავ ბორბალს მიაკრა.
4. ილიონის მეფე ტროსს ჰყავდა სამი შვილი: ილი, ასარკი და განიმედე. ყველაზე უმცროსი და ულამაზესი იყო განიმედე. ზევსს იგი მოეწონა, ოლიმპოზე გაიტაცა და უკვდავება მიანიჭა. განიმედე ოლიმპიელ ნეტართა მერიქიფედ იქცა და თასებში ნექტარს უსხამდა.
5. აპ. როდოსელის სქოლიასტის მოწმობით ეთნოგრაფიული ფაქტი კოლხთა პანთეონის შესახებ ჩვენს პოეტს გადმოუღია ზემოთხსენებულ ნიმფოდორეს თხზულებიდან. აპ. როდოსელის ამ ცნობას ადასტურებენ შემდეგდროინდელი ავტორებიც – პარადოქსოგრაფი ნიკოლოზ დამასკელი და კლავდი ელიანე პრენესტელი (II - III საუკ.).
6. პლეიადები – ატლასის და პლეიონის შვიდი ასული, რომლებიც ვარსკვლავებად იქცნენ – შვიდი მნათობის თანავარსკვლავედი. პლეიადების ჩასვლა ზამთარს მოასწავებს, აღმოსვლა – ზაფხულს.
7. ფლეგრის ბრძოლა – ღმერთების ბრძოლა გიგანტებთან.
8. ჰეკატე – ჯადოქარი ქალღმერთი, აიეტის ძმის პერსეს ასული. ჰეკატე არტემიდეს მსგავსად მთვარის ქალღმერთია.
9. დეო – მიწათმოქმედების, მოსავლიანობის, ნაყოფიერების ქალღმერთი.
10. აპ. როდოსელი პირველი წყაროა, კოლხების უძველეს კულტს რომ გვამცნობს. კოლხთა უდიდესი საფიცარი მიწა და ზეცაა.
11. ე.ი. პრომეთეოსის სისხლისაგან აღმოცენებულ მცენარეს.
12. მითი: კრეტის მეფე მინოსმა საშინელი ხარკი დაადო ათენელებს: ყოველი ცხრა წლის განმავლობაში ათენელები მეფე მინოსს უგზავნიდნენ ცხრა-ცხრა ქალ-ვაჟს, რომელთაც მინოსი ლაბირინთში ამწყვდევდა და მინოტავრს (მინოსის ხარს) აჭმევდა. ერთხელ კრეტაზე თეზევსიც გაემგზავრა (იგი ათენის მეფის ეგეოსის ვაჟი იყო). თეზევსის სილამაზით მოხიბლულმა მინოსის ასულმა არიადნემ გმირს მისცა ძაფი. როცა თეზევსი ლაბირინთში შევიდა, მან შესავალთან დაამაგრა ძაფის ბოლო. გაჰყვა ძაფს, მოკლა მინოტავრი და უკან უვნებლად გამოვიდა. თეზევსმა არიადნეც წაიყვანა ათენისაკენ, მაგრამ კუნძ. ნაქსოსზე ღმერთმა დიონისემ მოსტაცა მას საყვარელი ქალწული.
13. მედეა გულისხმობს არიადნეს. მისი დედა პასიფაე აიეტის და იყო.
14. კადმოსმა აქ ქალაქი თებე დააარსა.
15. ბერძნების წარმოდგენით მზე ამ მხარეში ჩადიოდა.
16. იგულისხმება დიდი დათვის თანავარსკვლავედი. მისი გაქრობა შუაღამეს მოასწავებს.
17. ამარანტის – მდ. ფასისის (რიონის) ეპითეტია და ფასის მთიდან გამომდინარეს აღნიშნავს.
18. ღმერთ პოსეიდონისადმი შეწირული ადგილებია.
19. იგულისხმება პელაზგური მიწის საზომი ჯოხი.
20. შდრ.: „ჰექტორმა კი მაშინ ხელი წამოავლო კარებთან მდებარე ვეება რიყის ქვას, ქვემოდან ბრტყელ, ხოლო ზემოდან წვეტიანს. ჩვენს დროში ორ საუკეთესო მუშასაც გაუჭირდებოდა ასეთ ქვის ურემზე დადება; მაგრამ პრიამიდემ ერთბაშად აიღო და მყის მოიქნია სიპი ქვა, რომელსაც ზევსმა, ქუხილის მეუფემ, იმ დროს სიმსუბუქე მისცა საოცარი“. („ილიადა“).
წიგნი მეოთხე
ქალღმერთო მუზავ, ზევსის ასულო, ისევ შენ მიამბე, თუ რა გარდახდა თავს კოლხეთელ ქალწულს და რა გადასწყვიტა მან! რაც შემეხება მე, არ ვიცი, მისი სამწუხარო ხვედრის შესახებ მოვყვე თუ იმის შესახებ, კოლხთა ტომები რომ მიატოვა და გაიქცა!
მძიმე დავალების ასე ადვილად შესრულების გამო განრისხებული აიეტი ხალხის რჩეულ პირებთან ერთად მთელი ღამის განმავლობაში აწყობდა სასახლეში გეგმებს, თუ როგორ უნდა დაეღუპა არგონავტები. იგი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ იაზონმა არესის ველზე გამარჯვება მისი ქალიშვილების წყალობით მოიპოვა. საბრალო მედეას იმ ღამეს მეტად მძიმე შიში შთაუსახა გულში ქალღმერთმა ჰერამ და ქალწული ისე აკანკალდა, ვით ნაზი ფურირემი აკანკალდება ხოლმე შიშისაგან უღრანი ტყის სიღრმეში, როცა მის ყურამდე ძაღლების ზარდამცემი ყეფა მიაღწევს. მედეას მოსვენებას არ აძლევდა ის აზრი, რომ იაზონისადმი გაწეული დახმარება არ დაიფარებოდა და თავს სასტიკად დაატყდებოდა მამის რისხვა. მას ეშინოდა მხევალი ქალების, რომლებმაც ყველაფერი იცოდნენ. მედეას თვალები ცეცხლით აევსო და ყურებმა საშინლად დაუწყეს წუილი. იგი ყელს იხოკავდა, თავიდან თმებს იგლეჯდა და გულგამგმირავად კვნესოდა. მოსალოდნელი უბედურებით შეწუხებულმა ასულმა საწამლავის დალევაც კი სცადა და ბედით დანიშნული სიკვდილის გარეშე დაიღუპებოდა, რომ ქალღმერთ ჰერას თავისი გეგმების განსახორციელებლად უეცრივ არ შეეგონებინა მისთვის ფრიქსეს ვაჟებთან ერთად ელადაში გაქცევის აზრი. მედეას მყისვე გაუმაგრდა ათრთოლებული გული. მან აკოცა თავის საწოლს, კედლებს, ჩაეხვია კარებს და შემდეგ გრძელი კულული მოიგლიჯა, რათა თავისი სიქალწულის სახსოვრად დედისათვის დაეტოვებინა. „დედაჩემო! – წამოიძახა მწუხარე ხმით მედეამ, – გრძელ კულულს ჩემს მოსაგონებლად გიტოვებ და შორს მივდივარ. მშვიდობით იყავ და ნუ დამივიწყებ!.. მშვიდობით შენც, ქალკიოპე.. მშვიდობით, მთელო სასახლევ!.. ოჰ, უცხოელო, ნეტავი ზღვას ჩაეღუპე, სანამ კოლხეთის მიწას მოადგებოდი!“ საბრალო მედეას ამ სიტყვებზე ცხარე ცრემლები წასკდა ვით სამშობლოდან თვალბედითი ხვედრის მიერ გამოტაცებული ტყვექალი გამოვარდება ხოლმე მდიდრულ სასახლიდან, რადგანაც ვერ მიჩვევია უბედურებას, მონურ საქმეს და ქალბატონის მძიმე ხელებს, ისე მშვენიერი მედეა გამოვარდა თავისი ოთახიდან. მისი მარდი ჯადოქრობის წყალობით სასახლის ყველა კარს საკეტი ასხლტდა და თავისთავად გაიღო. ფეხშიშველმა მედეამ მარცხენა ხელით წამოსასხამი მოიხვია სახეზე, მარჯვენათი ქიტონის კიდეები აიწია და არჩია ვიწრო ქუჩით გასულიყო ქალაქიდან. შეშინებული ქალწული ისე სწრაფად მირბოდა დიდი ქალაქის მიხვეულ-მოხვეულ ქუჩებში, რომ ვერც ერთმა დარაჯმა ვერ შენიშნა. გრძნეულმა ასულმა ქალაქიდან გასასვლელი ყველა გზა იცოდა. იგი მიჩვეული იყო ღამღამობით ტაძრის მახლობლად გვამებსა და წამლისათვის გამოსადეგ მცენარეთა ირგვლივ ხეტიალს და ახლაც შეუცთომლად მიისწრაფოდა მდინარის ნაპირისაკენ, სადაც არგონავტების ხომალდი იდგა.
ცის ტატნობზე უკვე ტიტანური მოდგმის ქალღმერთი მთვარე ამოდიოდა. როცა მან მღელვარებით მიმავალი მედეა დაინახა, უზომოდ გაუხარდა და თავისთვის ასე ჩაილაპარაკა: „მარტო მე არ ვყოფილვარ სიყვარულით გატაცებული. მარტო მე არ ჩავდივარ ხოლმე ლამაზი ენდომიონის სიყვარულით დატანჯული ლატმოსის გამოქვაბულში.1 ცბიერო ასულო! შენ ხშირად მომაგონებდი ხოლმე სიყვარულს და მაიძულებდი ზეციდან ლატმოსს ჩავსულიყავი, რათა შენთვის სანუკვარ საქმეს შესდგომოდი და წყვდიადით მოცულ ღამეში მშვიდად გემზადებინა ჯადოსნური წამლები.2 ახლა კი შენც გხვდა წილად მსგავსი უბედურება. სიყვარულის სასტიკ ღვთაებას იაზონი შენს მტანჯველად გადაუქცევია. წადი ახლა და ნახე, თუ ვით გიშველის ჯადოქრობა სიყვარულით გამოწვეული მწველი სევდის განქარვებაში!“
მედეამ ამასობაში მდინარის ნაპირს მიაღწია და მეორე მხარეს აგიზგიზებული ცეცხლი დაინახა. სასტიკი დავალების შესრულებით გახარებულ არგონავტებს კოცონი აენთოთ და გარს შემოსხდომოდნენ. მედეამ გამკვეთი ხმით დაუძახა ფრიქსეს ყველაზე უმცროსს ვაჟს – ფრონტისს. ფრონტისმა, მისმა ძმებმა და იაზონმა მყისვე შეიცნეს მედეას ხმა და არგონავტებს აცნობეს, რომლებიც ძალზე გააკვირვა ამ ამბავმა. სამგზის დაიძახა მედეამ და სამგზისვე უპასუხა თავის მხრივ ლაშქრის მიერ გამხნევებულმა ფრონტისმა. ვაჟკაცები მყისვე ავიდნენ ხომალდზე, მძლავრ ხოფებს მოუსვეს და მეორე ნაპირზე მიცურდნენ. მათ ბაგირების დამაგრებაც ვერ მოასწრეს, რომ იაზონი მარდი ფეხებით გადმოხტა სანიჩბედან ხმელეთზე. მას ფრიქსეს ორი ვაჟი, ფრონტისი და არგოსიც მიჰყვა. საბრალო მედეა ორივე ხელებით შემოეხვია მუხლებზე მათ და უთხრა: „ძვირფასო მეგობრებო! დამიხსენით მე უბედური და ფქვენი თავიც დაიხსენით აიეტის მრისხანებისაგან. ყველაფერი გამომჟღავნდა და საშველი აღარა მაქვს! ახლავე გავიქცეთ ხომალდით, სანამ აიეტი თავის მარდ ცხენებს ეტლში შეაბმევინებდეს! მე არესის ჭალაკში მოდარაჯე გველეშაპს დავაძინებ და ოქროს საწმისს დაუყოვნებლივ ჩაგაბარებთ. შენ კი, უცხოელო, – მიმართა მედეამ იაზონს, მეგობრების წინაშე შემომფიცე, რომ შემისრულებ ყველა მოცემულ პირობას, რომელთა მოწმე ღმერთები არიან, რომ შენ უპატრონოდ შორეულ ქვეყანაში გამგზავრებულ მედეას არ მოაკლებ ზრუნვას და დაიცავ სირცხვილისგან! ძლევამოსილ იაზონს უზომოდ გაუხარდა მედეას სიტყვების მოსმენა. მან მყისვე წამოაყენა მუხლმოყრილი ქალწული, მოეხვია და ასე გაამხნევა: „ძვირფასო მედეა, ვფიცავ ოლიმპიელ ზევსს, ვფიცავ მის მეუღლეს, ქორწინების მფარველ ქალღმერთ ჰერას, რომ თუ ოდესმე ელადას მიწას მივაღწიე, ჩემს სახლში შეგიყვან, როგორც კანონიერ მეუღლეს“. ასე სთქვა იაზონმა და ფიცის დასადასტურებლად მარჯვენა ხელი ქალწულს ხელში ჩაუდო.
მშვენიერმა მედეამ ვაჟკაცებს უბრძანა, მალი ხომალდი წმინდა ჭალაკისაკენ გაეცურებინათ და ოქროს საწმისი აიეტისაგან ფარულად გათენებამდე მოეტაცათ. არგონავტებმა სწრაფი მოქმედება დაიწყეს და სიტყვა საქმედ აქციეს. მედეა ხმელეთიდან აიტაცეს, ხოფებს მძლავრად დააწვნენ და ხომალდი არესის ჭალაკისაკენ გააქანეს მწუხარებით აღსავსე მედეა ხმელეთისაკენ შემობრუნებულიყო, ხელები იქეთ გაეშვირა და მშობლიურ ადგილებს გასცქეროდა. საბრალო ქალწულს იაზონი ტკბილი სიტყვით ამხნევებდა და მისი სევდის განქარვებას ცდილობდა.
აი იმ დროს, როცა მონადირეები თვალთაგან ძილს იშორებენ, რათა მათ განთიადის შუქმა არ დაასწროს და ნათელი სხივებით ნადირთა კვალი არ მოსპოს, იაზონი და მედეა ხომალდიდან ამწვანებულ ველზე ჩამოვიდნენ. ამ ადგილს დღესაც ვერძის განსასვენებელს უწოდებენ, რადგანაც ოქროს ვერძმა, ელადიდან რომ ზურგით ათამასის ძე (ფრიქსე) მოყავდა, პირველად აქ დახარა დაღლილი მუხლები. აქვე მოსჩანდა გაჭვარტლული საძირკველი იმ საკურთხევლის, რომელიც ეოლიდმა ფრიქსემ ლტოლვილთა მფარველ ზევსს აუგო და ღმერთ ჰერმესის ალერსიანი რჩევით ოქროს ვერძიც მსხვერპლად შესწირა. გონიერი არგოსის მითითებით იაზონი და მედეა პატარა ბილიკით წმინდა ჭალაკში მივიდნენ და იმ ძველი მუხის ძებნა დაიწყეს, რომელზედაც ოქროს საწმისი იყო ჩამოკიდებული. მათ იგი მალევე იპოვეს და იხილეს სანუკვარი საწმისი, აღმომავალი მზის სხივებით ათასფრად აელვარებულ ღრუბელს რომ ჰგავდა. როცა იაზონსა და მედეას საზარელმა გველეშაპმა მარად ფხიზელი თვალი მოჰკრა, კისერი წააგრძელა და შემაძრწუნებლად დაიწყო შხივილი. გველეშაპის საზარელ შხივილს მდინარის ნაპირებმა და ფართოდ გადაშლილმა ჭალაკმა გამოსცეს ხმა. იგი გაიგონეს იმათაც, რომლებიც კოლხეთის ქვეყანაში ტიტანურ ეადან3 მოშორებით ცხოვრობენ ლიკეს შესართავთან. ლიკე რაკი დაშორდება ხმაურა მდინარე არაქსს, წმინდა ტალღებს ფასისს უერთებს და შემდეგ ეს ორი მდინარე, უკვე გაერთებული, კავკასიის ზღვაში იღვრება.4 გველეშაპის ზარდამცემი შხივილით შეშინებულმა მეძუძურმა დედებმაც გამოიღვიძეს და აკანკალებული ჩვილი ბავშვები მკერდზე მიიკრეს.
ვით ცეცხლწაკიდებული ტყის თავზე აღიმართება ხოლმე სქელი კვამლის ურიცხვი გრაგნილი, ქვევიდან რომ განუწყვეტელი ბრუნვით ამოდის, ისე გველეშაპმა აღმართა გამხმარი ქერცლით მოფენილი საზიზღარი ტანი და საზარლად დაიკლაკნა. გრძნეული მედეა ურჩხულს მიუახლოვდა, მის მოსაჯადოებლად ღმერთთა შორის ყოვლისშემძლე ჰიპნოსს (ძილის ღმერთი) საამური ხმით შემწედ მოუწოდა და ღამით მოხეტიალე დედოფალს მიწისქვეშეთელ ქალღმერთ ჰეკატეს, შეევედრა საქმისათვის კეთილი დასასრული მიეცა. ჯადოქარ ქალწულს იაზონი შეშინებული მიჰყვებოდა და განცვიფრებით შესცქეროდა მის მოქმედებას. მედეას ჯადოთი მოხიბლულმა გველეშაპმა საზიზღარი ტანი შეარხია და ნაპირზე შეხეთქებულ ზღვის ტალღის მსგავსად ურიცხვ რგოლებად გაიშალა. მონუსხულმა ურჩხულმა საშიშარი თავი მაინც წამოსწია და ცდილობდა მომხდურები საზარელ ყბებში მოექცია, მაგრამ მედეამ ახლად მოჭრილ ღვიის შტოს ჯადოსნური სითხე წასცხო და ლოცვა-ლოცვით თვალებზე მიასხურა. წამლის სუნმა გველეშაპს ძლიერი ძილი მოჰგვარა, საზიზღარი თავი მიწაზე ჩამოუვარდა და მისი დაკლაკნილი უზარმაზარი სხეული ხეხილით დაბურულ ჭალაკს გადაეფარა. მაშინ მედეას მიერ წაქეზებულმა იაზონმა, სანამ ქალწული ურჩხულთან იდგა და განუწყვეტლივ ასხურებდა თავზე ჯადოს, მუხიდან ოქროს საწმისი ჩამოიღო, მედეას ხელი ჩაჰკიდა და არესის დაჩრდილული ჭალაკი დასტოვა.
ვით გოგონას უხარია ხოლმე, როცა ოთახში შემოჭრილ სავსე მთვარის შუქს თავის ნაზ კაბას მიუშვერს და აღტაცებით შესცქერის მის ელვარებას, ისე იაზონს უხაროდა, სანუკვარი საგანი რომ იგდო ხელთ და ოქროს საწმისს აღტაცებით სწევდა ზევით. ცეცხლივით მოელვარე ოქროს საწმისის შუქი იაზონის ლამაზ პირისახეს უხვად ეფინებოდა. იგი იმოდენა იყო, რამოდენაც ერთი წლის ხბოს ან ირმის ტყავია, რომელსაც მონადირეები აქეინურს ეძახიან. მატყლით მოფენილი საწმისი საკმაოდ მძიმე იყო და ხომალდისაკენ მიმავალ იაზონსა და მედეას ჩირაღდანივით უნათებდა გზას. აღტაცებით მიდიოდა იაზონი და მარცხენა მხარზე გადაგდებულ საწმისს ხან ფეხებამდე ჩამოუშვებდა, ხან კი ისევ ზევით აიტაცებდა. მას ეშინოდა კიდეც ვინმე კაცთაგანი ან ღმერთთაგანი არ დასხმოდა თავს და ძვირფასი საწმისი არ წაერთმია. განთიადმა უკვე დაადგა თავისი ნათელი დედამიწას, როცა იაზონი და მედეა ხომალდთან მივიდნენ. ხომალდზე მყოფი ვაჟკაცები გაკვირვებით შეჰყურებდნენ ყოვლისშემძლე ზევსის ელვის მსგავსად მბრწყინავ დიდ საწმისს და ყოველი მათგანი ცდილობდა საკუთარ ხელში მოექცია იგი და კარგად დაეთვალიერებინა. მაგრამ იაზონმა ოქროს საწმისი ნაზ მოსასხამში გაახვია, კიჩოზე დასდო, ზევიდან მედეა დასვა და არგონავტებს ასე მიმართა: „ძვირფასო მეგობრებო, აწ კი ნუღარ დააყოვნებთ სამშობლოში გამგზავრებას! ამ ქალწულის დახმარებით უკვე ადვილად აღსრულდა ის საქმე, რომლის გამოც ესოდენ მმიმე ნაოსნობა გადავიტანეთ და რომლისაკენაც დიდი გაჭირვებით მოვილტვოდით. ჩვენს მოამაგე მედეას, ვინაიდან ეს მასაც სურს, მე კანონიერ მეუღლედ წავიყვან სახლში. თქვენ კი, ჩემო მეგობრებო, მთელ ელადასთან ერთად მფარველობა უნდა გაუწიოთ ამ დიდად მოამაგე ასულს! ღრმად დარწმუნებული ვარ, მრისხანე აიეტი თავის ლაშქრით დაგვედევნება და ეცდება მდინარიდან ზღვაში გასვლა არ დაგვანებოს. ამიტომ ნაწილმა თქვენგანმა მძლავრად მოუსვას ხოფებს, დანარჩენებმა კი ფარები დაიკავეთ და მტრის დარტყმას გაუმკლავდით. სამშობლოში დაბრუნების საქმე სავსებით ჩვენს ხელთაა! ჩვენი საყვარელი მამულის, ჩვენი სათაყვანო მშობლების და ბავშვების ყურადღება ჩვენსკენაა მოპყრობილი! მთელი ელადა ჩვენს მოქმედებას ემყარება და თავის დიდებას თუ შერცხვენას ჩვენგან მოელის!“ იაზონის სიტყვებზე არგონავტებმა გამამხნევებელი ყიჟინი მორთეს. არგონავტების წინამძღოლმა საომარი იარაღი აისხა, ქარქაშიდან მახვილი იშიშვლა და ბაგირი, რითაც ხომალდი ნაპირზე იყო დამაგრებული, სწრაფად გადაჭრა. შეიარაღებული იაზონი მედეას და მესაჭე ანკევსის მახლობლად ჩამოჯდა, არგონავტებმა კი მთელი ძალ-ღონით მოუსვეს ხოფებს და ჩქარობდნენ სწრაფად გასულიყვნენ მდინარიდან, რათა ხომალდი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში შეეცურებინათ.
როცა მედეას სიყვარულის და ბოროტმოქმედების ამბავი გაიგეს, მრისხანე აიეტის ქვეშევრდომმა კოლხებმა იარაღი აისხეს და მოედანზე შეიკრიბნენ. ისინი იმდენი იყვნენ, რამდენ ტალღასაც ზამთრის ქარი ააგორებს ზღვაზე ან რამდენი ფოთოლიც დასცვივა ხეებს ფოთოლთცვენის თვეში. ცოტა ხნის შემდეგ ყვირილით და მუქარით მოედვნენ კოლხები მდინარის ნაპირებს მეფე აიეტის წინამძღოლობით. იგი ლამაზად მორთულ ეტლში იჯდა, რომელშიაც ქარის ქროლაზე უფრო სწრაფი რაშები იყო შებმული. ეს რაშები აიეტს ჰელიოსმა უბოძა. ძლევამოსილ მეფეს მარცხენა ხელში მრგვალი ფარი ეპყრა, მარჯვენაში ანთებული ჩირაღდანი, გვერდით კი უზარმაზარი შუბი მოედვა. ეტლის სადავეები მის ვაჟს აფსირტეს ეკავა და ფეხმარდ რაშებს ზღვის მიმართულებით მიაქროლებდა.
ამასობაში არგონავტებს ზღვაში გასვლა მოესწროთ და მათი ხომალდი მთელი სისწრაფით მიაპობდა ტალღებს. აიეტმა რომ ეს დაინახა, ხელები ზეცისაკენ აღაპყრო და მწუხარე ხმით ბოროტ საქმეთა მოწმედ დიდებულ ჰელიოსს და ყოვლისშემძლე ზევსს მოუწოდა. მერე კოლხებს თავი მოუყარა და სასტიკად დაემუქრა: თუ ისინი გინდ ხმელეთზე, გინდ ზღვის ტალღებზე მიმავალ ხომალდზე არ შეიპყრობდნენ მედეას, არ მიუყვანდნენ მას და არ დააკმაყოფილებდნენ მის გაშმაგებულ სურვილს შურისძიებისათვის, მაშინ ყველაფერს ისინი ზღვავდნენ საკუთარი თავით და მთელი რისხვა სასჯელი მათ დაატყდებოდათ. შეშინებულმა კოლხებმა მყისვე მოამზადეს ხომალდები, იალქნები ააფრიალეს და იმავე დღესვე შესცურეს ზღვაში. კაცი იტყოდა, რომ ეს ხომალდთა ლაშქარი კი არა, ფრინველთა ურიცხვი გუნდი არის და ზღვას დაჟრიამულებსო.
ყოვლისშემძლე ქალღმერთმა ჰერამ, რომელსაც სურდა კოლხეთელი მედეა ჩქარა მისულიყო პელაზგურ მხარეში (თესალიაში) თავხედი მეფის პელიასის დასაღუპავად, ზღვაზე კეთილი ქარი დააქროლა და არგონავტებს საშუალება მისცა მესამე დღის გარიჟრაჟზე პაფლაგონელთა ქვეყნის ნაპირზე, მდინარე ჰალისის შესართავთან მიცურებულიყვნენ. ზღვის ნაპირზე გადმოსულ არგონავტებს მედეამ ურჩია ქალღმერთ ჰეკატესათვის მსხვერპლი შეეწირათ და ამით მადლობა გაგადაეხადათ. რაც მაშინ ქალწულმა მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად მოაწყო, არავინ არ უნდა იცოდეს და მეც არ მაძლევს თავი ნებას ამის შესახებ რამე ვთქვა, ვინაიდან ამაზე ლაპარაკი ჩემში შიშს იწვევს. ის საკურთხეველი, არგონავტებმა რომ იმჟამად ქალღმერთ ჰეკატეს აუგეს, დღესაც კი მოჩანს ამ ადგილებში.
აქ, პაფლაგონიაში, იაზონს და სხვა ვაჟკაცებსაც მოაგონდათ მისანი ფინევსი, რომელმაც მათ ურჩია ეადან უკან ლაშქრობის ჟამს სხვა გზა აერჩიათ, მაგრამ არც ერთმა მათგანმა არ იცოდა, რომელი უნდა ყოფილიყო ეს სხვა, სანაოსნოდ ვარგისი გზა. მაშინ გონიერმა არგოსმა არგონავტებს უთხრა: „ჩვენ შეგვიძლია ელადაში სხვა გზით დავბრუნდეთ და ავასრულოთ რჩევა იმ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველის, რომელიც თქვენ ეასაკენ ლაშქრობის ჟამს შეგხვედრიათ. არის ერთი სხვა გზა, რომელიც ტრიტონურ თებესაგან (ეგვიპტის თებე) წარმოშობილ უკვდავი ღმერთების ქურუმთა მიერ იქნა ნაჩვენები.
იყო დრო, როცა ის ვარსკვლავები, ზეცაზე რომ ციმციმებენ, არ არსებობდნენ; არც დანაეს წმინდა მოდგმის სახსენებელი იყო5 და არც ბრწყინვალე დევკალიდებისაგან6 იმართებოდა პელაზგური ქვეყანა. მაშინ საბერძნეთში მხოლოდ აპიდანელი არკადიელები7 იყვნენ. ამბობენ, რომ ეს არკადიელები მთვარის დაბადებაზე ადრე ცხოვრობდნენ, მთებში დახეტიალობდნენ და რკოთი იკვებებოდნენ. ამ დროში განთქმული იყო შავი ყანებით მდიდარი, უძველეს თაობათა დედა ეგვიპტე და ტრიტონის დიადი მდინარე (ნილოსი), რომლითაც ეგვიპტის ნოყიერი მიწა ირწყვებოდა. ზევსის მიერ მოვლენილი წვიმა არასოდეს არ ასველებდა ამ მხარეს და წყალდიდობის წყალობითაც საკმაოდ ნოყიერდებოდა შავი ხოდაბუნები. ამბობენ, რომ აქედან გამგზავრებულმა ერთმა ვინმემ, დანდობილმა თავისი ხალხის ძალღონეზე და მამაცობაზე, მთელს ევროპასა და აზიას გარს შემოუარა. თავისი ლაშქრობის დროს მან უმრავი ქალაქი დააარსა. მათ შორის იყო ქალაქი ეაც. ამ ქალაქთაგან ზოგი დღესაც არსებობს, ზოგი კი – არა. მას შემდეგ ხომ მრავალმა საუკუნემ გაიარა. ამ კაცის მიერ დაარსებული ეა ახლაც კი მტკიცედ დგას და აქ ცხოვრობენ იმ ხალხის ჩამომავალნი, ვინც მან ეაში საცხოვრებლად დაასახლა.8 მათ შენახული აქვთ თავიანთი მამებისაგან დანაწერი კირბები, სადაც წყლისა და ხმელეთის ყველა საზღვარია მოგზაურებისათვის ნაჩვენები.9
არის ერთი მდინარე. იგი ოკეანეს უკიდურესი ტოტია და იმდენად ფართო და ღრმაა, რომ თვით საბარგო ხომალდისათვისაც კი ვარგისია სანაოსნოდ. შორეულებისთვისაც ეს მდინარე ცნობილი იყო და მას სახელად ისტროსი (დუნაი) უწოდეს. მისი სათავე რიპაიოსის მთებიდან მოდის. იმ მთებიდან, საიდანაც ღვთაებრივი ბორეასი უბერავს.10 მდინარე ისტროსი, რაკი ვრცელ ველებს გადაჰკვეთს თრაკიელთა და სკვითთა საზღვრებში შემოდის. აქ იგი ორ ტოტად იყოფა. ერთ ტოტს აქ ჩვენს ზღვაში ისვრის, ხოლო მეორეს ღრმა უბეში აგზავნის. ეს უბე ტრინაკრიის ზღვის11 ნაწილია. იგი ელადას ემიჯნება და მას თქვენი მდინარე აქელოიოსი12 ერთვის“. დაამთავრა თუ არა არგოსმა სიტყვა, ქალღმერთმა ჰერამ არგონავტებს სასწაულებრივი ზეციური ნიშანი მოუვლინა, უეცრივ ცისარტყელასავით გაეკრა ცას ნათელი სხივი იმ მიმართულებით, საითკენაც არგონავტები უნდა წასულიყვნენ. განცვიფრებულმა არგონავტებმა გადასწყვიტეს, დაეჯერებინათ არგოსისათვის და ზეციური ნიშნის მიხედვით გაჰყოლოდნენ ხელსაყრელ გზას. გახარებულმა გმირებმა მარიანდინების მხარიდან მეგზურად წამოყვანილი ლიკოსის ვაჟი დასკილე ზღვის ამ ნაპირზე დატოვეს, იალქნები ააფრიალეს, ზღვაში შეცურდნენ და პაფლაგონელთა მთაგორიან ქვეყანას გაშორდნენ. კარამბისის კონცხისათვის მათ გარს აღარ შემოუვლიათ. ელვის სისწრაფით მიმავალ ხომალდს განუწყვეტლივ უწყობდა ხელს ზურგის ქარი და ცაზე გაკრული სხივი გზას უნათებდა მანამ, სანამ ხომალდმა მდინარე ისტროსის დიდ შესართავს არ შეაღწია.
არგონავტების მდევარი კოლხები ამასობაში ორ ნაწილად გაიყვნენ. კოლხთა ერთმა ნაწილმა ამაო ძებნაში ევქსინის პონტოს შესართავში აღმართული კიანეს კლდეები გადაჰკვეთა, მეორე ნაწილმა კი, რომელსაც აფსირტე მეთაურობდა, მდინარე ისტროსში შესცურა. აფსირტე მდინარეს აღმა აჰყვა, მშვენიერი შესართავი გადასცურა და ამგვარად არგონავტებს იონიის ზღვის უკიდურეს უბეში შეღწევა დაასწრო.13
მდინარე ისტროსით იქმნება ერთი სამკუთხოვანი კუნძული, სახელად პევკე.14 ამ კუნძულს ფართო მხარე მდინარის ნაპირებისაკენ აქვს მიშვერილი, ხოლო მახვილი კუთხეები კი კალაპოტისაკენ. რაკი ისტროსი ამ კუნძულს გარს შემოუვლის, ზღვას ორი შესართავის მეშვეობით ერთვის. ერთ შესართავს ნარექსს უწოდებენ, მეორეს კი, უკიდურესს, მშვენიერ შესართავს. აფსირტე თავისი ხომალდებით უკვე მეორე შესართავში იყო, როდესაც არგონავტებმა პირველში შესცურეს და კუნძულის გარსშემოვლა დაიწყეს. იქაურმა ველურმა მწყემსებმა, როცა ხომალდები დაინახეს, იფიქრეს, ზღვის ფსკერიდან ურჩხულები ამოვიდნენო, მყისვე მიატოვეს ველებზე საძოვრად გაშვებული საქონელი და გაიქცნენ. მათ აქამდე არ ენახათ ხომალდები. არც თრაკიელებთან აღრეული სკვითები იცნობდნენ მას, არც სიგინები, არც გრავკენები და არც ლავრიონის დიდ და უდაბურ ველზე მცხოვრები სინდები.15
არგონავტებმა სწრაფად მოიტოვეს უკან ანგურის მთა,16 მისგან მოშორებით მდებარე კავლიაკოსის კლდე, სადაც ისტროსი ორ ტოტად იყოფა და ლავრიონის გადაშლილ ველსაც ჩაუარეს. კოლხთა ხომალდები ამასობაში კრონოსის (ადრიატიკის) ზღვას მოედვნენ და ცდილობდნენ, არგონავტები შეეპყროთ, რომლებიც უკვე ჩამოვიდნენ მდინარიდან და ზღვაში შენავდნენ. არგონავტები ქალღმერთ არტემიდეს ორ ბრიგეიდურ კუნძულთან17 მიცურდნენ. ერთ კუნძულზე ქალღმერთის წმინდა ტაძარი იყო აღმართული, მეორეზე კი არგონავტები ავიდნენ, ვინაიდან აფსირტეს ლაშქარი წინ წასვლის საშუალებას აღარ იძლეოდა. მდევარმა კოლხებმა მდინარე სალანკონამდე და ნესტიელთა მხარემდე მდებარე ყველა კუნძული დაიკავეს და არგონავტებს ზღვაში გასავალი გზა მოუჭრეს. ქალღმერთ არტემიდეს პატივისცემის ნიშნად აფსირტეს ლაშქარმა ბრიგეი დური კუნძულები არგონავტების ბედზე თავისუფლად დატოვა.
მცირერიცხოვანი არგონავტები უთვალავ კოლხებთან ბრძოლაში აღარ ჩაებნენ, უაზრო დავას თავი აარიდეს და აფსირტეს ლაშქართან საზავო მოლაპარაკება გამართეს. ისინი შემდეგნაირად შეთანხმდნენ: ოქროს საწმისი, მიუხედავად მისი წამოღების საშუალებისა, აიეტის დაპირების თანახმად არგონავტებს უნდა დარჩენოდათ, ვინაიდან იაზონმა კოლხთა მეფის დავალება პირნათლად შეასრულა. მედეას შესახებ ესღა იყო სადავო, – მხარეებმა ასეთი გადაწყვეტილება გამოიტანეს: იგი უნდა მოეთავსებინათ არტემიდეს ტაძარში, სანამ მახლობელი ქვეყნის მეფე არ გადასწყვეტდა მამის სასახლეში უნდა დაბრუნებულიყო მედეა, თუ არგონავტებს გაჰყოლოდა ელადის მხარეში.
საზავო ხელშეკრულების პირობები მედეას ყურამდე მივიდა. როცა ქალწულმა წარმოიდგინა, თუ რა მოელოდა მას, საშინლად შეწუხდა, იაზონი ცალკე გამოიხმო და აღელვებული ხმით უთხრა: „ეზონიდო, რა განიზრახეთ თქვენ ჩემს მიმართ? ოქროს საწმისის ხელში ჩაგდებამ ყველაფერი დაგავიწყა? განა აღარ გახსოვს, რასაც გაჭირვებაში ჩავარდნილი ამბობდი? სად გაჰქრა მავედრებელთა მფარველი ზევსისადმი მიცემული ფიცი? სად წავიდა შენი ტკბილი დაპირება? განა შენი გულისათვის არ მივატოვე ყველაფერი ის, რაც უძვირფასესი იყო ჩემთვის? ურცხვი სურვილით გატაცებული მოვშორდი სამშობლოს, ბრწყინვალე სასახლეს, მშობლებს და უცხო მამაკაცებთან ერთად მივცურავ ზღვაზე! განა დაგავიწყდა, რომ ჩემი დახმარებით გაიმარჯვე ცეცხლისმფრქვეველ ხარებზე და შეჭურვილ გოლიათებზე? ოქროს საწმისი, რომლის მოპოვების გამოც თქვენ ნაოსნობა დაგეკისრათ, ჩემი მოუფიქრებლობით არ იგდე ხელთ? მე ქალთა სქესისათვის საზარელი სირცხვილი დავიტეხე თავს! მე მეგონა, შენ ისე მომექცეოდი, როგორც შვილს, როგორც მეუღლეს და ვით საკუთარ დას!.. ნუ დამღუპავ, მოიღე მოწყალება და დამიცავი! ნუ დამტოვებ ობლად და ნუ ჩაუგდებ ჩემს საბრალო თავს უცხო ქვეყნის მეფეს! გაიხსენე ის ფიცი და დაპირება, მე რომ მომეცი! თუ ამას არ იზამ, მაშინ ამოიღე შენი მახვილი და თავი მომკვეთე! ამით მე წინდაუხედაობით დამსახურებულ ჯილდოს მივიღებ!.. თუ თქვენ იმ მეფეს გადამეცით, რომელმაც ჩემი ბედი უნდა გადასწყვიტოს, როგორ მოვიქცე, თუ მან ჩემს ძმას მიმაკუთვნა? როგორღა დავენახვო მამაჩემს? ის ხომ არ დამინდობს, ჩადენილი დანაშაულისათვის საშინელ სამაგიეროს გადამიხდის და სიცოცხლეს მომისპობს! მაგრამ ვერც შენ დაბრუნდები მშვიდობიანად სამშობლოში! ამის საშუალებას არ მოგცემს თვით ზევსის მეუღლე ქალღმერთი ჰერა, რომლის მფარველობითაც შენ ეგზომ ამაყობ! მძიმე გაჭირვების ჟამს კვლავ მოიგონებ მედეას, მაგრამ გვიანღა იქნება! იოლად მოპოვებული ოქროს საწმისი სიზმარივით გაგიქრება ხელიდან! შურისძიების ქალღმერთი ერინიები საკუთარ სამშობლოდან გამოგაძევებენ და ისე დაიტანჯები, ვით მე დამტანჯე შენი გამცემლობით! ჩემი სიტყვები, იცოდე, ამაოდ არ ჩაივლის! თქვენ იმ ხელშეკრულებით, კოლხებს რომ დაუდეთ, მძიმე შეურაცხყოფა მომაყენეთ, მაგრამ სამაგიეროც მოგეზღვებათ!“
განრისხებული მედეა მზად იყო ხომალდი დაეწვა, ყველაფერი დაეღუპა და თვითონაც აგიზგიზებულ ცეცხლში ჩავარდნილიყო. შემკრთალმა იაზონმა აღელვებულ ქალწულს ტკბილი სიტყვებით მიუგო: „ჩემო ძვირფასო მედეა, კოლხებთან დადებული პირობები არც მე მომწონს. ეს ხელშეკრულება ერთგვარი საშუალებაა იმისა, რომ ბრძოლა ავიცდინოთ თავს და შევაკავოთ შენი გულისათვის შავი ღრუბლებივით მოზღვავებული მტერი. ყველას, ვინც კი ამ მხარეში სახლობს, სურს აფსირტეს დაეხმაროს, რათა მან შენ დაგატყვევოს და მამაშენთან დაგაბრუნოს. თუ ჩვენ ბრძოლისათვის ხელს გამოიღებთ იცოდე, ყველანი უწყალო სიკვდილით დავიღუპებით! განა ის უფრო საშინელი უბედურება არ იქნება, რომ ჩვენი დახოცვის შემდეგ, შენ კოლხთა ნადავლად დარჩე? ჩვენს მიერ განზრახ დადებული საზავო პირობა კოლხებს მახეს დაუგებს და შენს ძმას, აფსირტეს, დაღუპვის პირამდე მიიყვანს. წინამძღოლს აღკვეთილი კოლხები ადგილობრივი მცხოვრებლებისაგან დახმარებას ვეღარ მიიღებენ და ბრძოლას აღარ გაგვიმართავენ. მაგრამ თუ ისინი წინ აღუდგებიან ჩემს გამგზავრებას, მეც აღარ დავუთმობ მათ და პირისპირ შევებრძოლები“.
იაზონის სიტყვებით მოხიბლულმა ქალწულმა უეცრივ საზარელი ვერაგობა მოიფიქრა და არგონავტების წინამძღოლს უთხრა: „გამიგონე! რაკი ბევრჯერ შევცოდე და ღმერთის სურვილით მრავალი ბოროტება ჩავიდინე, მზადა ვარ ახალი ცოდვაც ვიკისრო! კოლხებთან შებრძოლებას დრომდის მოერიდე და აფსირტეს ბრწყინვალე საჩუქარი გაუგზავნე. მე ვეცდები იგი მოვიტყუო და ხელში ჩაგიგდო. მას შიკრიკებს გავუგზავნი და შევუთვლი, პირისპირ სალაპარაკოდ მეწვიოს. თუ შენ ჩემი აზრი მოგწონს, მე თანახმა ვარ დამარტოხელებული აფსირტე სიცოცხლეს გამოასალმო. მერე კი შეგიძლია კოლხებთან ბრძოლაში ჩაება“.
იაზონი და მედეა ასე შეთანხმდნენ და აიეტის ვაჟს დიდი ვერაგობა მოუწყვეს. არგონავტების წინამძღოლმა ვითომ პატივისცემის ნიშნად აფსირტეს მრავალი საჩუქარი გაუგზავნა. საჩუქართა შორის იყო ჰიპსიპილეს მიერ ნაბოძები ძოწეულის წმინდა მოსასხამი, რომელიც ქალღმერთმა ქარიტებმა (მშვენიერების სამი ქალღმერთი) დიონისეს დიას კუნძულზე (კ. ნაქსოსი) მოუქსოვეს. შემდეგში ეს მოსასხამი დიონისემ თავის ვაჟს თოასს გადასცა, თოასმა ჰიპსიპილეს დაუტოვა, ჰიპსიპილემ კი ქალღმერთების ნახელავი მოსასხამი სხვა ძვირფას საჩუქართან ერთად ეზონის სახელოვან ძეს უბოძა. ამ დიდებულ მოსასხამის ცქერით კაცი ვერ გაძღებოდა. მას ღვთაებრივი სუნი ასდიოდა იმ დროიდან, როცა ღვინითა და ნექტარით ნახევრად დამთვრალი დიონისე თეზევსის მიერ კნოსიდან წამოყვანილ და დიას კუნძულზე დატოვებულ მინოსის ასულის ლამაზ მკერდს ჩაეხვია და დაიძინა.
მედეამ სწორედ ამ დროს შიკრიკებს დაავალა აფსირტესათვის გადაეცათ, ღამე რომ ჩამოწვებოდა, მასთან მოსულიყო, როცა მას პირობის ძალით ქალღმერთ არტემიდეს ტაძარში გადაიყვანდნენ, რათა ერთად დაეწყოთ გეგმები, თუ როგორ მოეტაცათ არგონავტებისაგან ოქროს საწმისი და როგორ დაბრუნებულიყო თვითონაც აიეტის სასახლეში. მედეამ ძმას შეუთვალა, რომ იგი თითქოს ძალით გაიტაცეს კოლხეთიდან და რომ ამ საქმეში არგონავტებს ფრიქსეს ვაჟები დაეხმარნენ. შეაგონა თუ არა შიკრიკებს ეს, მედეამ ჰაერში ისეთი ჯადო მიმოჰფანტა, რომ იგი ცამდე აზიდულ მთიდან ველურ ნადირსაც კი ძირს ჩამოიყვანდა.
სასტიკო ღმერთო ეროსო! შენ უგზავნი ადამიანებს უსაზღვრო ტანჯვას, სევდას და დარდს! შენ სთეს მოკვდავთა შორის დამღუპველ უთანხმოებას და ურიცხვი მწუხარება მოგაქვს! ყოვლისშემძლე მეუფევ, გევედრები მხოლოდ ჩვენს მტრებს შთააგონო ისეთი ბოროტება, რაც მედეამ განიზრახა! რა ჩაიდინა მან? როგორ გასწირა საკუთარი ძმა? აი ამაზე ვილაპარაკებ ახლა.
არგონავტებმა ხომალდი არტემიდეს კუნძულთან მიაცურეს და პირობის თანახმად მედეა ქალღმერთის ტაძარში დატოვეს. აქ იაზონიც დარჩა და აფსირტეს ჩაუსაფრდა. საღამო ჟამს, როცა ყველაფერი წყვდიადმა მოიცვა, ვერაგულად მოტყუებულმა აფსირტემ თავისი ხომალდით სწრაფად გადაჰკვეთა ზღვის ტალღები, წმინდა კუნძულზე ავიდა, ტაძრისაკენ მარტოდმარტო გაემართა და დასთან საუბარი გამართა. საბრალო ყრმამ ისეთ მახეში ჩაიგდო თავი, რომელსაც მამაცი ვაჟკაცებიც ვერ დააღწევენ თავს. სწორედ იმ დროს, როცა აფსირტე დას ეთათბირებოდა და ეგონა არგონავტები ხაფანგში გავაბიო, ტაძარში დამალული იაზონი საფარიდან ამოხტა, მახვილი იშიშვლა, თვალი მიმოავლო ტაძარს, რომელიც ბრიგებმა18 აუგეს არტემიდეს და ისეთი ძალით დაჰკრა აფსირტეს, ვით ყასაბი დაჰკრავს ხოლმე საბრალო ხარს. იაზონის მახვილით განგმირული აფსირტე ტაძრის შესავალთან მუხლებზე დაეცა. მედეა მოსასხამში გაეხვია და თვალები მიიბრუნა, რათა ძმის სიკვდილი არ დაენახა, მაგრამ მომაკვდავმა აფსირტემ ჭრილობიდან ამოხეთქილი შავი სისხლი ხელებში მოაგროვა და შებრუნებულ მედეას თეთრ პირბადეზე და მოსასხამზე შეასხა. შურისძიების სასტიკმა ქალღმერთმა ერინიამ მრისხანე თვალებით დაინახა იაზონის და მედეას ბოროტმოქმედება. იაზონმა ვერაგული მკვლელობის მოსანანიებლად შემდეგი წესი აღასრულა: მოკლულ აფსირტეს სამსხვერპლო ნაწილები მოჰკვეთა, სამგზის გაივსო პირი სისხლით და სამგზის გამოაფურთხა. შემდეგ კი აფსირტეს გვამი ნესტიან მიწაში დაფლა. მისი ძვლები ეხლაც აწყვია აფსირტიდების კუნძულზე.
არგონავტებმა, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ არტემიდეს კუნძულიდან დათქმულ ნიშანს, მედეას მიერ ანთებული ჩირაღდანი დაინახეს, ისინი მყისვე მიხვდნენ, რომ კოლხთა წინამძღოლი ცოცხალთა შორის აღარ იყო და ხომალდი არგო კოლხთა ხომალდებისაკენ გააქანეს. არგონავტები ცეცხლივით ეკვეთნენ მტრის ლაშქარს და ისე გაანადგურეს, ვით ქორები ანადგურებენ მტრედების გუნდს და ან როგორც მშიერი ლომები არბევენ ნახირს. ვერც ერთი კოლხი ვერ გადაურჩა სიკვდილს. კარგა ხნის შემდეგ იაზონიც მოვიდა. მას სურდა მეგობრებს დახმარებოდა, მაგრამ მათ ეს უკვე აღარ სჭირდებოდათ. ბრძოლა დამთავრებული იყო და არგონავტები სამშობლოსაკენ გზის გაგრძელების შესახებ თათბირობდნენ. ვაჟკაცებს ჩქარა მედეაც შეუერთდა და ძლევამოსილმა გმირმა პელევსმა ასე განაცხადა: „მეგობრებო, გირჩევთ, ამ ღამესვე ჩავსხდეთ ხომალდში და გზა გავაგრძელოთ. ჩვენ უნდა ავიღოთ საწინააღმდეგო გეზი იმისა, რაც გადარჩენილ მდევარ კოლხებს უკავიათ. ვიმედოვნებ, დილით, როცა ისინი ყველაფერს დაინახავენ, ჩვენს დევნას თავს დაანებებენ. უმეთაუროდ დარჩენილ კოლხებში უთანხმოება ჩამოვარდება და დაიფანტებიან. ამრიგად, ჩვენს მსვლელობას ვეღარაფერი აღუდგება წინ!“
პელევსის სიტყვა ყველას მოეწონა. არგონავტები სწრაფად ავიდნენ ხომალდზე, ხოფები მოიმარჯვეს და მანამდე არ შეუწყვეტიათ ცურვა, სანამ მდინარე ერიდანოსის19 მახლობლად მდებარე ყველაზე უფრო მაღალ ელექტრისის კუნძულს არ მიაღწიეს.
როცა კოლხებმა წინამძღოლის დაღუპვის ამბავი გაიგეს, კრონოსის ზღვას მოედვნენ და არგონავტებს დაუწყეს ძებნა, მაგრამ ქალღმერთმა ჰერამ უეცრივ საშინელი ელვა მოუვლინა მათ და ხელი შეუშალა. მეორე მხრივ, კოლხებს აიეტის ველური რისხვის შეეშინდათ და კუტაიის მხარეში დაბრუნება ვეღარ გაბედეს. ისინი დაიფანტნენ და სამუდამოდ სხვადასხვა მხარეში დასახლდნენ. კოლხთა ერთი ნაწილი ავიდა იმ კუნძულებზე, რომლებიც არგონავტებს ეკავათ, აქ დასახლდა და დღესაც აფსირტელების სახელითაა ცნობილი. მეორე ნაწილმა საცხოვრებელი კოშკები ააგო ილირიის დიდი მდინარის ნაპირზე, ენქელების მეზობლად; აი იქ, სადაც ჰარმონიას და კადმოსის საფლავი არის.20 დანარჩენი კოლხები კი იმ მთებში დასახლდნენ, რომელთაც კერავნიის მთები ჰქვიათ. ეს სახელი ამ მთებმა იმიტომ მიიღო, რომ კოლხთა ამ ნაწილს მოპირდაპირე. კუნძულზე გადასვლა ყოვლისშემძლე ზევსმა მეხის დარტყმის წყალობით არ დაანება.21
როცა არგონავტებმა დაინახეს, რომ ყოველგვარი საფრთხის გარეშე შეიძლებოდა გზის გაგრძელება, ელექტრისის კუნძული დატოვეს და ჰილეელთა ქვეყნის (ილირიაში) ნაპირთან მიცურდნენ. ჰილეელებს განზრახული ჰქონდათ არგონავტებს შებრძოლებოდნენ, მაგრამ შემდეგ აზრი შეიცვალეს და არგონავტებს გზის გაგნებაში დაეხმარნენ. ჰილეელებმა მათი ხომალდი კუნძულებით მოფენილ ადგილიდან ღია ზღვაში გაიყვანეს, სამაგიეროდ კი აპოლონის დიდი სამფეხი მიიღეს. როცა იაზონი თავისი ლაშქრობის ბედის გასაგებად წმინდა პითონში მივიდა, ყოვლისშემძლე ფებემ მას ორი სამფეხი უბოძა. ბედით დადგენილი იყო, იმ ქვეყანას, სადაც ეს სამფეხები იქნებოდა მოთავსებული, მოიერიშე მტერი ვერაფერს დააკლებდა. ამიტომ ჰილეელთა ბრწყინვალე ქალაქის შესასვლელთან ეს სამფეხი ღრმადაა დამარხული და მოკვდავის თვალი მას ვერასოდეს ვერ ნახავს.
არგონავტების აქ მოსვლის ჟამს ჰილეელთა მეფე ჰილოსი, ჰერაკლეს რომ ფეაკელთა ხალხში მელიტემ შესძინა, ცოცხალი აღარ იყო. ერთხელ ჰერაკლე საკუთარი შვილების შემაძრწუნებილი მკვლელობისაგან განსაწმენდად მივიდა ნავსითოეს სასახლეში კუნძულ მაკრისზე, რომელმაც თავისი სახელი ღმერთ დიონისეს აღმზრდელი ძიძის სახელისაგან მიიღო.22 შეყვარებულმა ჰერაკლემ კუნძულ მაკრისზე დაიმორჩილა მდინარე ეგეოსის ასული ნეიადი მელიტე. მელიტემ კი შვა ძლევამოსილი ჰილოსი. როცა იგი წამოიზარდა და დავაჟკაცდა, აღარ მოისურვა ნავსითოეს მბრძანებლობის ქვეშ ამ კუნძულზე ცხოვრება. მან ფეაკები შეჰკრიბა, დატოვა მაკროსი და კრონოსის ზღვაში გავიდა. გზის გაგნებაში ჰილოსს მეფე ნავსითოე დაეხმარა. ჰილოსი დასახლდა იმ მხარეში, რომელსაც არგონავტები მიადგნენ. იგი მოკლულ იქნა მეკობრე მენტორების (ილირიის ხალხი) მიერ მაშინ, როცა მინდვრად გარეკილ საქონელს იცავდა თავდამსხმელებისაგან.
ქალღმერთებო, როგორ აღმოჩნდა კრონოსის ზღვიდან გასული ხომალდი არგო ავსონიის ხმელეთთან და ლოგისტიდების კუნძულებთან, რომლებიც სტექადებად იწოდებიან?23 რამ აიძულათ არგონავტები, ასე შორს წასულიყვნენ? რომელმა ქარებმა გაიტაცეს ისინი?
აფსირტეს ვერაგულად მოკვლამ ყოვლისშემძლე ზევსი სასტიკად განარისხამან არგონავტებს გადაუწყვიტა ურიცხვი ტანჯვა გადაეტანათ, შემდეგ აიაიელი კირკეს რჩევა-დარიგებებით უღვთო მკვლელობის ცოდვისაგან განწმენდილიყვნენ და სამშობლოში ისე დაბრუნებულიყვნენ. არგონავტები ზევსის განზრახვას ვერ მიხვდნენ, ჰილეიდის მხარე დატოვეს და სანუკვარ სამშობლოსაკენ მიისწრაფოდნენ. მათ უკან მოიტოვეს ლიბირნიდის კუნძულები (ადრიატიკის ზღვაში): ისა, დისკელადე და მშვენიერი პიტიეა, რომლებიც ეს-ეს იყო, კოლხებს ეკავათ. ამ კუნძულების შემდეგ ვაჟკაცებმა ჩაუცურეს კერკირას.24 ლამაზი ასულის სიყვარულით გატაცებულმა პოსეიდონმა ოდესღაც არგოლიდის ქალაქ ფლიუნტიდან მოიტაცა ასოპეს ასული, ლამაზთმება კერკირა და ამ კუნძულზე დაასახლა. ვინაიდან ეს კუნძული ხშირი ტყითაა დაბურული, მეზღვაურები მას შავ კერკირას უწოდებენ. გახარებულმა არგონავტებმა სწრაფად მოიტოვეს უკან მელიტე, მაღალი კეროსე და ცამდე აზიდული კუნძული ნიმფაიე, სადაც ატლანტის ასული, გრძნეული კალიფსო ცხოვრობდან.25 ზურგის ქარი საამოდ უბერავდა და არგონავტებს ეგონათ, საცაა კერავნიის ჰაეროვან მთებსაც დავინახავთო; მაგრამ ქალღმერთ ჰერას მოაგონდა განრისხებული ზევსის გადაწყვეტილება და მან ისეთი მძლავრი ქარი დააქროლა, რომ არგონავტების ხომალდი უკან დააბრუნა და ისევ კლდოვან ელექტრისის კუნძულისაკენ გააქანა. ყოვლისშემძლე ჰერას ამით სურდა ზევსის განზრახვა ასრულებულიყო და არგონავტების ტანჯვას ბოლო მოღებოდა. სწორედ ამ დროს ქალღმერთ ათენას მიერ ამოღარული ხომალდის ქედში ჩაჭდობილმა მეტყველმა ხის ნაჭერმა, დოდონას მუხისაგან რომ იყო გამოთლილი, ადამიანური ხმით დაიძახა: „არგონავტებო, თქვენ მანამ ვერ გადალახავთ ზღვის თვალუწვდენელ სივრცეს და მანამ ვერ დაუსხლტდებით მძაფრ ქარიშხალს, სანამ გრძნეული კირკე აფსირტეს ვერაგული მკვლელობის ცოდვისაგან არ განგწმენდთ! ძლევამოსილი პოლიდევკე და ფეხმარდი კასტორი უნდა შეევედრონ უკვდავ ღმერთებს, რათა საშუალება მოგეცეთ გახვიდეთ ავსონიის (ტირენის) ზღვაში, სადაც ჰელიოსის და პერსეს ასულს კირკეს შეხვდებით!“
ამ სასწაულებრივმა ხმამ არგონავტები დიდად შეაშინა. ყოვლისშემძლე ზევსის რისხვამ მათ თავზარი დასცა. ძლევამოსილი ტინდარიდები მყისვე წამოხტნენ და ზეცისაკენ ხელები აღაპყრეს. ისინი მხურვალედ ევედრებოდნენ ღმერთებს გაეღოთ კარი ავსონიის ზღვაში შესასვლელად. ხომალდი არგო ელვის სისწრაფით მიჰქროდა და ჩქარა მდინარე ერიდანოსში აღმოჩნდა. აქ, მდინარე ერიდანოსის შესართავთან მდებარე ღრმა ჭაობში, ოდესღაც ჰელიოსის ეტლიდან ჩამოვარდა მკერდზე აგიზგიზებულ მეხდანარტყამი, ნახევრადდამწვარი ფაეთონი. ამ ჭაობიდან დღესაც კი ამოდის სქელი ბოლი, რომელსაც უსაფრთხოდ ვერც ერთი ფრთოსანი ვერ გადაუფრენს. მის ირგვლივ ალვის ხეებად ქცეული ჰელიოსის საბრალო ასულები არიან ჩამწკრივებულნი და გულგამგმირავი ხმით დასტირიან საყვარელ ძმას. მათ თვალთაგან დაღვრილ ქარვასავით ყვითელ ცრემლებს მზის მცხუნვარება ახმობს, ხოლო როცა მრავალხმაურა ქარი მდინარის ნაპირს ტალღებს შეახეთქებს, ქარვად ქცეული ცრემლები ერიდანოსის მღელვარე კალაპოტში ჩაგორდებიან.26 კელტები კი მოგვითხრობენ, ერიდანოსში არსებული ქარვის მარცვლები დიდებული აპოლონის ცრემლებიაო. კელტების აზრით აპოლონმა ეს ცრემლები მაშინ დაღვარა, როცა ყოვლისშემძლე ზევსმა მოუკლა შვილი, რომელიც მდიდარ ლაკერიაში, მდინარე ამირეს შესართავთან, ღვთაებრივმა ასულმა კორონისმა შვა. აპოლონი მაშინ განრისხდა და რადგანაც მამამისი ზევსი დაემუქრა, დატოვა ბრწყინვალე ზეცა და ჰიპერბორეელთა მხარეში წავიდა.27
ერიდანოსში შენავებული არგონავტები მწუხარებამ შეიპყრო. დღის განმავლობაში მათ მოსვენებას არ აძლევდა დამწვარი ფაეთონის გვამის სუნი, ერიდანოსის მდინარებას რომ ამოჰქონდა, საღამოს კი მათი გული სიბრალულით აავსო ჰელიოსის ასულთა გამგმირავმა ქვითინმა. ფაეთონის საბრალო დების ცრემლები ზეთისებურ წვეთებად იღვრებოდა მდინარის ზედაპირზე.
ერიდანოსიდან გამოსული არგონავტები ღრმა მდინარე როდანოსში შენავდნენ.28 ეს ორი მდინარე საშინელი ზათქით და მღელვარებით უერთდება ერთმანეთს. როდანოსი დედამიწის უკიდურესი ნაწილიდან მომდინარეობს. მისი სათავე იქ არის, საიდანაც ღამე ეფინება ქვეყანას. ამ მდინარის ერთი ტოტი ოკეანეს ნაპირებისაკენ მიემართება, მეორე ტოტი ერიდანოსს უერთდება და იონიის ზღვაში შედის, მესამე ტოტი კი შვიდი შესართავის საშუალებით სარდონიის ზღვის (ტირენის ზღვა) დიდ უბეში ვარდება.29
არგონავტები როდანოსის პირველ ტოტს აჰყვნენ და მღელვარე ტბების შუაგულში აღმოჩნდნენ. ამ ტბებით კელტების მთელი ქვეყანაა მოფენილი. არგონავტების ხომალდი როდანოსის ამ ტოტით ტბიდან ტბაში გადადიოდა და ოკეანესაკენ მიჰქროდა. გზაარეულმა არგონავტებმა აღარ იცოდნენ, საით მიცურავდნენ. ისინი უკან ვეღარ დაბრუნდებოდნენ, მათი ხომალდი რომ ოკეანეში შესულიყო და აუცილებლად დაიღუპებოდნენ; მაგრამ ყოვლისშემძლე ქალღმერთი ჰერა ზეციდან ჩამოეშვა და ერკინიოსის მთიდან30 მძლავრად დაიყვირა. ჰაერში გუგუნი გაისმა და არგონავტები შიშისზარმა აიტაცა. შემდეგ ჰერამ ხომალდი შემოაბრუნა და არგონავტებმაც გაიგნეს გზა, რომლითაც სამშობლოში უნდა დაბრუნებულიყვნენ. ქალღმერთმა მთელ დღეს ნისლით შებურა არემარე და არგონავტებმა შეუმჩნეელად ჩაუცურეს კელტების და ლიგურების მრავალი ტომით დასახლებულ მხარეს. დიდი ხნის ცურვის შემდეგ არგონავტებმა მდინარის შუაგული შესართავი გადაჰკვეთეს, ზღვაში შენავდნენ და დიოსკურების31 წყალობით სტექადების კუნძულს უვნებლად მიაღწიეს. ზევსმა ამის შემდეგ თავის სახელოვან ვაჟებს საერთოდ ხომალდების მფარველობა მიანდო. ამიტომაა, რომ ტინდარიდებს განუწყვეტლივ უგებენ საკურთხევლებს და მსხვერპლს სწირავენ.
სტექადების დატოვების შემდეგ არგონავტები მიადგნენ ეთალიის კუნძულს (კ. ელბა). დაქანცულმა ვაჟკაცებმა ღვარივით მოდენილი ოფლი ამ კუნძულზე კენჭებით ჩამოიწმინდეს. ეს კენჭები ეხლაც ჰყრია იქ და არგონავტების კანის ფერი აქვთ მიღებული. ვაჟკაცებმა აქ ყოფნის აღსანიშნავად სავარჯიშო დისკოები და ზოგიერთი ბრწყინვალე იარაღი ამ კუნძულზე დატოვეს. ეთალიის ნავსადგურს კი დღესაც არგოს ნავსადგური ეწოდება.32
აქედან სწრაფად გაცურდნენ არგონავტები დავსონიის ზღვის ტალღებზე, ჩაუარეს ტირსენისის ნაპირებს და აიაიას სახელგანთქმულ ნავსადგურში შეცურდნენ.33 ვაჟკაცები ხომალდიდან გადმოვიდნენ, ბაგირები ნაპირზე დაამაგრეს და დაინახეს გრძნეული კირკე. იგი ღამის სიზმრებით იყო შეშინებული და ზღვის წყლით თავს იბანდა, რათა ცოდვებისაგან განწმენდილიყო. კირკეს ეზმანა, ვითომ მთელი მისი სასახლე სისხლით იყო გავსებული, უცხოელთა მოსაჯადოებელი წამლები ცეცხლში გახვეულიყო, თვითონ კი ხელით წითელ სისხლს იღებდა და ხანძარს აქრობდა. საზარელმა სიზმარმა კირკე შეაძრწუნა. იგი განთიადზე წამოდგა და ზღვის ნაპირისაკენ გაემართა თმების და ტანსაცმელის ზღვის წყლით განსაწმენდად. ვით მწყემსს მისდევს ხოლმე ნახირი, ისე ზღვისაკენ მიმავალ კირკეს მისდევდნენ სხვადასხვანაირი ქმნილებები, რომლებიც არც მტაცებელ მხეცებს ჰგავდნენ და არც ადამიანებს. გაურკვეველი ბუნების მქონე ცხოველებს სხეულის ასოები საოცრად ჰქონდათ აღრეული. ასეთი ქმნილებები, საკვირვლად რომ ჰქონდათ სხეულის ნაწილები დაკავშირებული, თავდაპირველად ტალახიდან წარმოქმნა დედამიწამ, როცა იგი ჯერ კიდევ არ იყო ჰაერით გარსმოცული და არც სინესტე ჰქონდა მოშორებული მზის მწველი სხივების საშუალებით. დედამიწისაგან წარმოშობილი საბრალო ქმნილებები მხოლოდ დრომ მოიყვანა წესიერ კავშირში.34
ხმელეთზე გადმოსული არგონავტები უსაზღვრო გაკვირვებით შესცქეროდნენ საოცარ ცხოველებს, ხოლო როცა კირკეს გარეგნობა და სახე იხილეს, მყისვე შეიცნეს აიეტის გრძნეული და. კირკე ამასობაში განიწმინდა და ღამის სიზმარის შიშისაგან განთავისუფლდა. მან არგონავტებს ჯადოქრულად ანიშნა ხელით, გაჰყოლოდნენ და სასახლისაკენ გაემართა იაზონმა არგონავტებს უბრძანა, ფეხი არ მოეცვალათ; თვითონ კი მედეა გაიყოლა და კირკეს ნაბიჯს გაჰყვა, უცხოელების მოსვლით გაკვირვებულმა კირკემ იაზონი და მედეა სასახლეში შეიწვია და სთხოვა ბრწყინვალე სავარძლებზე დამსხდარიყვნენ. ისინი კი კერასთან მივიდნენ და საბრალო მავედრებელთა წესის მიხედვით მდუმარედ ჩამოსხდნენ. მედეამ სახეზე ხელები აიფარა, იაზონმა დიდტარიანი მახვილი, რომლითაც აფსირტე მოჰკლა, წვერით ძირს ჩააგო და თვალები დახარა. კირკე მაშინვე მიხვდა, რომ ისინი ლტოლვილნი იყვნენ და მკვლელობა ჰქონდათ ჩადენილი. ყოვლისშემძლე ზევსი კაცისმკვლელებს თავზარს სცემს, მაგრამ თუ ისინი მძიმე დანაშაულს აღიარებენ და ცოდვისაგან განიწმინდებიან, დიდ მფარველობასაც უწევს. გრძნეულმა კირკემ მოიგონა მავედრებელთა მფარველი ზევსის ეს წესი და მსხვერპლის შეწირვა დაიწყო. მან კერაზე ძუძუმწოვარა გოჭი დაჰკლა და მისი სისხლით იაზონს და მედეას ხელები მოჰბანა. შემდეგ მავედრებელთა მფარველ ზევსს მოუწოდა, რათა ცოდვილები მკვლელობისაგან განეწმინდა და ზედაშე დაუქცია. კირკეს მოახლე ნეიადებმა, რომლებიც მას ამ საქმეში ეხმარებოდნენ, ყველა განსაწმენდელი საგანი გარეთ გაიტანეს, კერასთან მდგომმა კირკემ კი ლოცვა წარმოსთქვა, საღვთო კვერი დასწვა და ზედ უღვინო ნარევი სითხე35 დაასხა, რათა დაემშვიდებინა მრისხანე ერინიები და ყოვლისშემძლე ზევსიც მოელმობიერებინა. კირკე მხურვალედ შეევედრ მათ მოწყალება მოეღოთ პატიების მთხოვნელ ცოდვილებზე და არ მიეღოთ მხედველობაში ის, თუ ვისი სისხლით ჰქონდათ ხელები შებღალული – უცხოელის თუ თვისტომის.
როცა კირკემ ყეელაფერი დაასრულა, კერასთან ჩამჯდარი იაზონი და მედეა წამოაყენა, გაკრიალებულ სავარძლებზე დასხა, თვითონაც ახლო მიუჯდა და დაუწყო გამოკითხვა, თუ საიდან მოხვდნენ მის სასახლეში. კირკე ფიქრობდა, ღამის სიზმარი აღსრულდაო. როგორც კი ასწია მედეამ თვალები, მის ელვარებაში მყისვე შეიცნო კირკემ, ჰელიოსის ნაშიერი რომ იყო მის წინ. ჰელიოსის შთამომავალნი ხომ ოქროსავით მოელვარე სხივებს ისვრიდნენ თვალთაგან! გრძნეულ კირკეს სურდა ქალწულის პირიდან მშობლიური ხმა გაეგონა. მართლაც, მრისხანე აიეტის ასულმა კირკეს წყნარი ხმით უამბო ყველაფერი კოლხურ ენაზე. უთხრა მას, თუ რას წარმოადგენდა არგონავტების ლაშქარი, თუ რარიგ მძიმე განსაცდელი გადაიტანეს ვაჟკაცებმა და როგორ შეაცდინა იგი საკუთარმა დამ. შემდეგ უამბო, თუ ვით გამოექცა მამის მუქარას ფრიქსეს ვაჟებთან ერთად. აფსირტეს მკვლელობის ამბავს მედეამ გვერდი აუარა მაგრამ კირკეს გონებას ეს არ დაემალა. ჰელიოსის გრძნეულ ასულს მაინც შეეცოდა სევდით მოცული მედეა და ასე უთხრა: „უბედურო ქალწულო, შენი სამშობლოდან სამარცხვინო გამოქცევა და შემაძრწუნებელი ბოროტმოქმედება დაუსჯელი ვერ დარჩება! მრისხანე აიეტი ჩქარა მოევლინება ელადას და შვილის სისხლს აიღებს. რადგან შენ პატიების სათხოვრად მოსულხარ და ჩემი ნათესავიც ხარ, ცუდს არაფერს შეგამთხვევ! მაგრამ დაუყოვნებლივ დატოვე ჩემი სასახლე და გაჰყევი ამ უცხოელს, რომლის გულისათვისაც სამშობლო და მამა მიატოვე! ნუღარ მომეხვევი მუხლებზე ლოცვა-მუდარით! შენს სამარცხვინო საქციელს ვერც მე მოგიწონებ და დახმარებას ვერ აღმოგიჩენ!“
კირკეს სიტყვებმა მედეა საშინლად ააღელვა. საბრალო ქალწულმა თვალებზე მოსასხამი მიიფარა და ცხარე ცრემლები წასკდა. იაზონმა მას ხელი მოჰკიდა და შიშისაგან აკანკალებული ასული კირკეს სასახლიდან გამოიყვანა.
ქალღმერთმა ირისმა, რომელსაც ჰერამ იაზონის და მედეას მოქმედებისათვის თვალყურის დევნა დაავალა, როცა ხომალდისაკენ მიმავალი შეყვარებული წყვილი დაინახა, ეს ამბავი დიდებული ზევსის მეუღლეს დაუყოვნებლივ აცნობა. ქალღმერთმა ჰერამ ღმერთების შიკრიკს ასე უთხრა: „ძვირფასო ირისო, რაკიღა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულე, მოდი და ახლაც გაშალე შენი მალი ფრთები, გაჰქროლდი თეტიდასთან36 და უთხარი, ახლავე ამოვიდეს ზღვის სიღრმიდან და ჩემთან მოვიდეს. მე მისი დახმარება მჭირდება. აქედან გაემართე იმ კუნძულის ნაპირებისაკენ, სადაც სპილენძის მაგარი უროების ქვეშ ჰეფესტოს გრდემლები გრიალებენ. ჰეფესტოს მოახსენე, შეაჩეროს ცეცხლის გასაჩაღებლად ბობოქარ საბურველთა ბერვა, სანამ ამ კუნძულს ხომალდი არგო არ ჩაუვლის-თქო! შემდეგ ქართა ღმერთ ეოლოსთანაც მიდი და გადაეცი, ზღვაზე ამოვარდნილი მრისხანე ქარები დააწყნაროს. სთხოვე მას მხოლოდ კეთილი ზეფირის ქარი დააქროლოს, სანამ არგონავტები ალკინოეს ფეაკურ კუნძულს არ მიაღწევენ“.
ასე თქვა დიდებულმა ჰერამ და ქალღმერთმა ირისმა მყისვე შეარხია მალი ფრთები. იგი ელვის სისწრაფით ჩამოეშვა ოლიმპოს მთიდან, გაჰკვეთა ჰაერი და ეგეოსის ზღვაში ჩაეშვა იქ, სადაც ნერევსის სასახლე არის. მან ინახულა ქალღმერთი თეტიდა და სთხოვა დაუყოვნებლივ წასულიყო ჰერასთან. აქედან ირისი ჰეფესტოსთან მივიდა და უთხრა, ახლავე შეეწყვიტა გრდემლებზე უროების ცემა და საბერველთა ბერვა. შემდეგ ირისი ჰიპოტეს სახელოვან ვაჟთან მივიდა, ჰერას განკარგულება მასაც გადასცა და განსასვენებლად გაემართა. ამასობაში თეტიდამ ნერევსის სასახლე და ძვირფასი დები მიატოვა. იგი სწრაფად ამოვიდა ზღვის ფსკერიდან, ოლიმპოსაკენ გაემართა და ქალღმერთ ჰერასთან მივიდა. დიდებულმა ჰერამ იგი ახლო მოისვა და ასე მიმართა: „მისმინე, ღვთაებრივო თეტიდა! აი რა უნდა გითხრა: შენ იცი, თუ რარიგი პატივი აქვთ ჩემს გულში ძლევამოსილ იაზონს და მის მეგობრებს. ალბათ ისიც გაგიგონია, თუ ვით ვიხსენი მათი სიცოცხლე, როცა მოძრავ კლდეებში გადიოდნენ. ამ პირქუშ კლდეებს, ხომ იცი, ცეცხლივით მძაფრი ქარიშხალი და ბობოქარი ტალღები განუწყვეტლივ ეხეთქებიან. სახელოვან არგონავტებს ახლაც მძიმე განსაცდელი მოელით. ვაჟკაცებმა სკილეს37 უზარმაზარი კლდის და საზარლად მქშინავი ქარიბდის მახლობლად უნდა გაიაროთ. ძვირფასო თეტიდა, მოიგონე, რომ შენს აღზრდაში მეც მიდევს წილი! ზღვის ღვთაებათა შორის ყველაზე მეტად შენ მიყვარხარ იმიტომ, რომ ვნებით აღტყინებულ ზევსის სარეცელზე დაწოლა არ მოისურვე. ყოვლისშემძლე ზევსს ხომ ჩვეულებად აქვს ქალღმერთებთან და მოკვდავ ქალებთან კავშირი დაიკავოს! შენ მე პატივით მომექეცი, ჩემს წინაშე მოკრძალულება გამოიჩინე და ზევსის ვნებას არ დაჰყევი. შენი უარით განრისხებულმა ზევსმა უდიდეს საფიცარზე დაიფიცა, რომ შენ არასოდეს არ იქნებოდი უკვდავი ღმერთის მეუღლე; მაგრამ მან შენზე თვალის დევნება მაინც არ შესწყვიტა, სანამ პატივსადებმა თემიდამ38 არ განუცხადა, რომ თუ იგი შენთან კავშირს დაიჭერდა, გეყოლებოდა ვაჟი, რომელიც თავის მამას ყველაფერში აჯობებდა. ზევსს შეეშინდა, უკვდავ ღმერთებზე მეფობა შვილმა არ წამართვასო და თავი დაგანება. მაშინ მე გადავწყვიტე, ქორწინების სიტკბო გეგემნა, შვილებიც გეშვა და მოკვდავთა შორის საუკეთესო მამაკაცი მეუღლედ აგირჩიე.39 შენს ქორწილზე ყველა ღმერთი მოვიწვიე და შენდამი ჩემი მადლიერების გრძნობის აღსანიშნავად საქორწინო ჩირაღდნით ხელში წინ მიგიძღოდით. ძვირფასო თეტიდა, აი რა უნდა გიწინასწარმეტყველო: შენი ვაჟი, დედის რძეს მოკლებულს რომ ნეიადები კენტავრ ქირონის გამოქვაბულში ზრდიან, როცა ელისიონის ველზე მივა (ე.ი. საიქიოში), აიეტის ასულის მედეას მეუღლე გახდება. მოდი და დაეხმარე სარძლოს და შენს ყოფილ ქმარს პელევსსაც! რატომ მრისხანებ მასზე? მართალია, პელევსმა შენს წინაშე შესცოდა, მაგრამ შეცდომა ხომ თვით ღმერთებსაც კი მოუდით! მჭედლობის მეუფე ჰეფესტომ ჩემი ბრძანებით ცეცხლზე საბერველის ბერვა უნდა შესწყვიტოს, ჰიპოტეს ძე ეოლოსი კი მშვიდი ზეფირის გარდა ყველა შმაგ ქარს დააწყნარებს, სანამ არგონავტები ფეაკების ნავსადგურს არ მიაღწევენ. შენც მოუმართე ხელი არგონავტებს სამშობლოში დაბრუნების საქმეში! გაიყოლიე შენი დები და ეცადეთ, უვნებლად გაატაროთ ხომალდი საშიშარ კლდეებში და ბობოქარ ტალღებში! ძვირფასო თეტიდას, ნუ დაუშვებ იმას, რომ გაჭირვებაში მყოფი ვაჟკაცები ქარიბდის საზარელ ხახაში მოხვდნენ! ეცადე, არგონავტები სკილეს ზარდამცემ უფსკრულსაც ააშორო! ხომ შეიძლება ავსონოს საზიზღარმა სკილემ ფორკოსის და ღამითმოხეტიალე ჰეკატეს ნაშიერმა ურჩხულმა, რომელსაც კრატეისს უწოდებენ, ელადას რჩეული გმირები საშინელ ყბებში მოიქციოს? გევედრები, გაიყვანო ხომალდი იმ საშინელი ადგილიდან, საიდანაც სიკვდილისაგან თავის დაღწევის საშუალება მეტად მცირეა!“
თეტიდამ ჰერას ასე მიუგო: „თუ ჰეფესტო ბობოქარი ცეცხლის ალს დააქრობს და ეოლოსიც მძვინვარე ქარიშხალს დაამშვიდებს, მე, რა თქმა უნდა, ხომალდს კეთილი ზეფირის დახმარებით დავიხსნი და გამძვინვარებულ ტალღებს არ შევუშინდები. ახლა კი, დიდებულო ქალღმერთო, დროა გზას გავუდგე და ჩემს დებთან დავბრუნდე. შემდეგ არგონავტების ხომალდთან მივალ და ძლევამოსილ გმირებს გავაფრთხილებ გარიჟრაჟზევე შესცურონ ზღვაში“. ქალღმერთი თეტიდა ოლიმპოდან ჩამოცქრიალდა, ეთერი გააპო, ზღვის ლაჟვარდოვან ტალღებში ჩაეშვა და თავის დებს ნერეიდებს დაუძახა. დის ძახილზე ნერეიდებმა თავი მოიყარეს. თეტიდამ მათ ჰერას დავალება გადასცა და დაუყოვნებლივ გააგზავნა ისინი ავსონიის ზღვისაკენ. თვითონ კი ელვისა და დედამიწის დასასრულიდან აღმომავალი მზის სხივების სისწრაფით ზღვის ტალღებზე გასრიალდა და ტირსენისის მხარეში მდებარე აიას ნაპირთან მივიდა.
ქალღმერთმა თეტიდამ დაინახა, რომ არგონავტები ზღვის ნაპირზე შეკრებილიყვნენ და დისკოსა და ისრების ტყორცნით ერთობოდნენ. იგი სხვებისაგან უხილავად თავის ყოფილ მეუღლეს პელევსს მიუახლოვდა, თავისი სახით გამოეცხადა, ხელი გაუწოდა და ასე უთხრა: „ნუღარ აყოვნებთ თქვენს გამგზავრებას! დროა დატოვოთ ტირსენისის ნაპირები! ენდეთ თქვენს მფარველ ქალღმერთ ჰერას და დილითვე ახსენით მალი ხომალდის ბაგირები! ჰერას ბრძანების თანახმად ნერეიდები ავსონიის ზღვაში შეიკრიბებიან და თქვენს ხომალდს სავსებით უვნებლად გაიყვანენ იმ კლდეებში, რომელთაც პლანქტები (მოძრავი კლდეები) ეწოდებათ. მაგრამ გაფრთხილებ, როცა ნერეიდთა შორის დამინახავ, არავის უჩვენო ჩემი თავი, თუ არ გინდა წინანდელზე უფრო მეტად განვრისხდე შენზე!“. ამ სიტყვებზე ქალღმერთი თეტიდა გაუჩინარდა და ზღვის სიღრმეში ჩაეშვა ყოფილი მეუღლის გამოცხადებამ ძლევამოსილი პელევსი საშინლად ააღელვა! მას უკვე დიდი ხანია იგი აღარ ენახა. ღვთაებრივი თეტიდა ჩვილი აქილევსის გაუკვდავებასთან დაკავშირებით განშორდა პელევსის სარეცელს და სასახლეს. ნეტარ ქალღმერთს სურდა შვილისათვის უკვდავება მიენიჭებინა და მისი სხეულისათვის საზარელი სიბერე აეფარებინა. ამისათვის ჩვილი აქილევსის მოკვდავ ხორცს ღამის განმავლობაში ცეცხლში აწრთობდა, დღისით კი შვილის ნაზ სხეულს ამბროსიით40 ზელდა. ერთ ღამეს, როცა თეტიდას პაწაწა აქილევსი ცეცხლზე ეკავა, შემთხვევით პელევსს გაეღვიძა. იგი საწოლიდან წამოხტა და როცა ცეცხლის ალში გახვეული საყვარელი შვილი დაინახა, საზარლად შეჰყვირა. მეუღლის ყვირილით განრისხებულმა თეტიდამ მტირალი აქილევსი ცეცხლიდან გამოიყვანა და მიწაზე დააგდო. თვითონ კი ქარივით გამოვარდა სასახლიდან და ზღვაში ჩაეშვა. ამის შემდეგ იგი პელევსთან აღარ დაბრუნებულა. ამიტომ შეაწუხა მისმა ნახვამ ეაკეს სახელოვანი ვაჟი.
ძლევამოსილმა პელევსმა არგონავტებს ქალღმერთ თეტიდას ბრძანება გადასცა. ვაჟკაცებმა მყისვე შესწყვიტეს ვარჯიშობა და ვახშმისათვის თადარიგს შეუდგნენ. როცა საჭმელით თავი დაიკმაყოფილეს, ზღვის ნაპირზე საწოლები გამართეს და ღამე იქ გაათიეს.
როცა ნათელმა ეოსმა (განთიადის ქალღმერთი) დიად ზეცას შუქი მოჰფინა, საამურმა ზეფირმა დაბერა, არგონავტები ხომალდზე ავიდნენ, ღუზები ამოიღეს, იალქნები ააფრიალეს და ანძის ღვედებით დაამაგრეს. ნაზმა ზეფირმა ხომალდი ზღვის სივრცეში გააქანა. არგონავტებმა ჩქარა დაინახეს ლამაზი და ყვავილებით შემკული კუნძული. ამ კუნძულზე ცხოვრობდნენ აქელოიოსის ასულები, ხმაწკრიალა სირინოზები, რომლებიც ტკბილი სიმღერებით აჯადოებდნენ და შემდეგ ჰღუპავდნენ მას, ვინც მათ კუნძულთან ხომალდს მიაყენებდა ეს სირინოზები წარმოშვა აქელოიოსთან შეუღლებულმა ერთ-ერთმა მუზათაგანმა, მშვენიერმა ტერფსიქორემ. სირინოზები ოდესღაც დეოს (ქალღმერთი დემეტრე) ჯერ კიდევ უბიწო და მშვენიერ ასულ პერსეფონეს ართობდნენ ტკბილი სიმღერებით, შემდეგ კი ნახევრად ფრინველის და ნახევრად ქალწულის სახე მიიღეს. ისინი მარჯვედ მისადგომ ნაპირთან იდგნენ ხოლმე, ზღვას გასცქეროდნენ, საბრალო მოკვდავებს აჯადოებდნენ, თავისკენ მიიზიდავდნენ და საშინელი სიკვდილით სამშობლოში დაბრუნების საშუალებას უსპობდნენ. გრძნეული ასულები თავიანთ მსხვერპლს ცოცხლად ალპობდნენ. როცა სირინოზებმა არგონავტები დაინახეს, წკრიალა სიმღერა წამოიწყეს. ამ საუცხოო სიმღერით მოჯადოებული არგონავტები უკვე მზად იყვნენ ხომალდი კუნძულთან მიეცურებინათ, რომ ეაგრეს სახელოვან ძეს, თრაკიელ ორფევსს, ბისტონიური ფორმინგისათვის ხელი არ ეტაცნა და ლაღი სიმღერა არ წამოეწყო. ღვთაებრივმა მომღერალმა სირინოზების წკრიალა სიმღერა მთლად დაახშო და არგონავტების ყურში ტკბილი ხმა ჩააწვეთა. ორფევსის სიმღერამ და საამურმა ზეფირმა ხომალდი განსაცდელს ააშორა; მხოლოდ ერთი არგონავტი აიტაცა სირინოზებისადმი ვნებამ. ტელეონის ბრწყინვალე ძე ბუტე სანიჩბიდან ზღვაში გადახტა და კუნძულის ნაპირისაკენ გაცურდა. მყისვე მოუსპობდნენ სიცოცხლეს სირინოზები, ერიქსის41 დედოფალს, ქალღმერთ კიპრიდას რომ არ შებრალებოდა სახელოვანი ვაჟკაცი. კეთილისმყოფელმა ქალღმერთმა სირინოზების წკრიალა სიმღერით მოხიბლული ბუტე ზღვის ტალღებიდან აიტაცა, სიკვდილისაგან იხსნა და ლილიბეის კონცხზე გადაიყვანა.
ამრიგად არგონავტებმა დიდი გაჭირვებით დააღწიეს თავი ამ თვალბედით კუნძულს, მაგრამ უკვე მიაღწიეს იმ სრუტეს, სადაც არანაკლები საფრთხე მოელოდათ. ერთი მხრივ სკილეს ფრიალო კლდე იყო აღმართული, მეორე მხრივ კი განუწყვეტლივ. მშფოთვარე ქარიბდი ღმუოდა. ცოტა მოშორებით ბობოქარი ტალღებიდან ამოზიდული პლანქტები გუგუნებდნენ. ცეცხლისმნთხეველი კლდეები ერთმანეთს ეხეთქებოდნენ და ნაპერწკლებს აფრქვევდნენ. ისე იყო იქაურობა კვამლით დაბინდული, რომ კაცი მზის შუქს ვერ დაინახავდა. ეს მიდამო ჰეფესტოს ეკუთვნოდა. ხელოვან ღმერთს ჰერას თხოვნის თანახმად მუშაობა შეეწყვიტა, მაგრამ მის სამჭედლოდან ჯერ კიდევ ამოდიოდა ცხელი ორთქლი და ზღვის ზედაპირს ეფინებოდა.
არგონავტების დასახმარებლად შეკრებილი ნერეიდები უკვე აქ იყვნენ. ყველაზე უფროსმა ნერეიდმა, ქალღმერთმა თეტიდამ, საჭეს ხელი სტაცა და ხომალდი საშინელი სრუტისაკენ მიმართა: ვით წყნარი ზღვიდან ამოცვენილი დელფინები შემოეხვევიან ხოლმე სწრაფად მიმავალ ხომალდს და მეზღვაურთა გულებს ახარებენ, ისე ნერეიდები შემოეხვივნენ არგოს და ქალღმერთ თეტიდას ხომალდის მართვაში ეშველებოდნენ. როცა პლანქტებს მიაღწიეს, ნერეიდებმა ქობები თეთრ მუხლებამდე აიწიეს და აქეთ-იქით მოძრავ კლდეებს ჩაუდგნენ. ბობოქარი ტალღები ხომალდს ზევით სწევდნენ და საშინელი ხმაურით კლდეებს ასკდებოდნენ. პირქუში კლდეები გრიალით მოძრაობდნენ, ხან მთის მსგავსად ამოიზიდებოდნენ, ხან კი ზღვის ბობოქარ ზვირთებში ჩაეშვებოდნენ. ვით წელზე ლამაზი სარტყლით შემოსილი ქალწულები ათამაშებენ ხოლმე ზღვის ქვიშოვან ნაპირზე მრგვალ ბურთს და მაღლა ატყორცნილს ერთიმეორეს ნაზად აწვდიან, ისე ნერეიდები აწვდიდნენ ერთმანეთს ტალღებზე აწეულ ხომალლს და შენაცვლებით კლდეებიდან აძევებდნენ. კეთილშობილ ნერეიდებს ზღვის გაშმაგებული ტალღები წინააღმდეგობას უწევდნენ და ერთიმეორეს მძლავრად ეჯახებოდნენ. ღმერთი ჰეფესტო კლდის მაღალ წვერზე შემდგარიყო, უროს ტარზე ძლიერი მხარი მიეყრდნო და ნერეიდებს გასცქეროდა. ზევსის დიდებული მეუღლე ჰერა კი ხომალდს ბრწყინვალე ზეციდან დაჰყურებდა და შიშით შეპყრობილი ქალღმერთ ათენას ეხვეოდა.
რამდენ ხანსაც გაზაფხულის დღე გრძელდება, აი იმდენ ხანს იღწვოდნენ ნერეიდები და ხომალდი მრავალხმაურა კლდეებიდან გაჰყავდათ. როცა ნერევსის ღვთაებრივმა ასულებმა ქალღმერთ ჰერას დავალება ბოლომდე მიიყვანეს, ხომალდს ხელი უშვეს და მყვინთავებივით ზღვის თვალუწვდენელ სიღრმეში ჩაეშვნენ.
საამური ზეფირი კვლავ უბერავდა და საფრთხესგადარჩენილი არგონავტები წინ მიჰქროდნენ. ვაჟკაცებმა სწრაფად ჩაუარეს თრინაკიის კუნძულს, სადაც დიდებული ჰელიოსის ნახირის საძოვარი იყო.42 კუნძულის მახლობლად მიმავალ არგონავტებს ცხვრების კიკინმა და ძროხების ბღავილმა ყურები გაუკვეთეს. ჰელიოსის ყველაზე უმცროსი ქალიშვილი ფაეთუსა ცვარით მოფენილ მდელოზე ცხვრებს აძოვებდა. მას ხელთ ვერცხლის კომბალი ეპყრა. ჰელიოსის მეორე ასულს ლამპეტიას სპილენძის მოელვარე შოლტი ეჭირა და ძროხებს მისდევდა. არგონავტებმა ჩქარა ჰელიოსის საქონელიც დაინახეს. მზის ღვთაების რძისფერი და ოქროსრქიანი ძროხები აბიბინებულ და ნაკადულივით დასერილ მდელოზე ამაყად მიდიოდნენ. არგონავტებმა თრინაკიის კუნძულს დაღამებამდე ჩაუცურეს, ღამე კი ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში განუწყვეტლივ მიჰქროდნენ, სანამ მათ ნათელმა ეოსმა კვლავ არ მოჰფინა შუქი.
იონიის ზღვის სრუტის პირდაპირ კერავნიის მთების მახლობლად არის ერთი დიდი და მდიდარი კუნძული. ამ კუნძულის ქვეშო, ამბობენ, ძევს ნამგალი, რომლითაც (მაპატიეთ, მუზებო, ჩემი სურვილის გარეშე რომ ვყვები ამ ძველ ამბავს!) კრონოსმა შეუბრალებლად მოჰკვეთა მამას სარცხვინელი.43 სხვები კი მოგვითხრობენ, ეს ნამგალი ქალღმერთ დეოს ამქვეყნიური ნამგალი არისო. მათი სიტყვით დეო ოდესღაც ამ კუნძულზე ცხოვრობდა; მას უყვარდა ნიმფა მაკროსი და ტიტანებს ამ ნამგლით პურის მომკა ასწავლა. ამიტომო, ამბობენ, ფეაკების ეს წმინდა კუნძული დრეპანედ44 იწოდება. ამ კუნძულზე მცხოვრები ფეაკები თვით ურანოსის სისხლისაგან არიან წარმოშობილნი.
ზეფირის კეთილმა ქარმა თრინაკიის ზღვიდან (ტირენის ზღვა) გამოსული მრავალტანჯული არგონავტები ფეაკების კუნძულთან მიიყვანა. აქაურმა მეფე ალკინოემ და ფეაკებმა არგონავტები სიხარულით მიიღეს. სტუმრების მოსვლის აღსანიშნავად მსხვერპლი შესწირეს და საზეიმო ლხინი მოაწყვეს. ფეაკების მთელი ქალაქი არგონავტების დაბრუნებას ზეიმობდა. კაცი იტყოდი, ფეაკები თავის საკუთარ ბავშვებს დაჰხარიანო. ძლევამოსილი ვაჟკაცებიც უზომოდ ხარობდნენ. ასე ეგონათ, შუაგულ ჰემონიაში (თესალიაში) ვართო შესული. არგონავტების სიხარული დიდხანს აღარ გაგრძელებულა. ისინი ჩქარა იქნენ იძულებულნი ბრძოლისათვის მომზადებულიყვნენ. არგონავტების მდევარმა კოლხთა მეორე ჯგუფმა კიანეს კლდეების გამოვლით ევქსინის პონტოდან გამოსვლა მოახერხა და კუნძულ დრეპანეს მოადგა. კოლხთა ურიცხვი ლაშქარი მედეას დაბრუნებას თხოულობდა და იმუქრებოდა, რომ სავალალო ომს დაიწყებდა ახლაც და შემდეგ აიეტთან ერთად! მეფე ალკინოემ კოლხები დაამშვიდა. მას სურდა ბრძოლის გარეშე გადაეწყვიტა ეგზომ სასტიკი დავაი საზარელი. შიშით შეძრწუნებული მედეა ხან არგონავტებს ემუდარებოდა, ხან კი ალკინოეს მეუღლე არეტეს მუხლებზე ეხვევოდა და ასე ეუბნებოდა: მუხლმოდრეკილი გევედრები, დედოფალო, შემიბრალე! ნუ მიმცემთ კოლხებს მამაჩემთან წასაყვანად! შენ ხომ ადამიანი ხარ და იცი, მსუბუქი შეცოდება ვით მიაქანებს ადამიანს უბედურებისაკენ! ჩემი უბედურების მიზეზიც ასეთი პატარა შეცოდებაა; სამშოგლოდან ვნებიანობის გამო არ გამოვქცეულვარ! ვფიცავ ჰელიოსის წმინდა შუქს და პერსეს ასულის, ღამითმოხეტიალე ჰეკატეს წმინდა საიდუმლოებებს, ჩემი სურველის გარეშე გამოვყევი უცხოელებს! მე შევცოდე და შეცოდების შიშმა მაიძულა სამშობლო მიმეტოვებინა. სხვა განზრახვა არა მქონია! დილებულო დედოფალო, მერწმუნე, სიქალწულე, ვით მამაჩემის სასახლეში, ისე ახლაც ხელუხლებელი მაქვს! შემიბრალე, კეთილო დედოფალო! სთხოვე შენს მეუღლეს დახმარება აღმომიჩინოს! სამაგიეროს უკვდავი ღმერთები გადაგიხდიან. ისინი გიბოძებენ ხანგრძლივ სიცოცხლეს, ბრწყინვალებას, შვილებით გაბედნიერებას და თქვენს შეურყეეელ ქალაქს დიდებით შემოსავენ!“.
ცრემლმორეული მედეა ახლა არგონავტებთან მიიჭრა და ბრწყინვალე გმირებს სათითაოდ ეუბნებოდა: „დიდებულო ვაჟკაცებო, თქვენი წყალობითა ვარ ასეთ საზარელ მდგომარეობაში ჩავარდნილი! თქვენ ხომ ჩემი დახმარებით დაუღლეთ აიეტის ცეცხლისმფრქვეველი ხარები? თქვენ ხომ ჩემი შემწეობით დასთრგუნეთ არესის ველზე აღმოცენებული გოლიათები? იცოდეთ, მედეას წყალობითაა, რომ ოქროს საწმისს სადაც არის ჰემონიაში მიიტანთ! მე თქვენი გულისათვის დავკარგე სამშობლო, მშობლები, სასახლე და ყოველგვარი განცხრომა! მე თქვენთვის ვცდილობდი, სამშობლოში დაბრუნებულიყავით და კვლავ გეხილათ საყვარელი მშობლები! მე კი სასტიკმა ბედმა ყოველგვარი ღირსება ამხადა და განუწყვეტელ შიშში ჩამაგდო. ვაჟკაცებო, გეშინოდეთ თქვენი პირობის და ფიცის დარღვევისა! გეშინოდეთ მავედრებელთა მფარველი ერინიასი და ყოვლისშემძლე ღმერთების რისხვისა! ნუ იზამთ იმას, რომ თქვენდა სამარცხვინოდ აიეტის სასტიკ ხელებში მოვხვდე და დავიღუპო! ჩემს დახმარებას მხოლოდ თქვენგან მოველი! მე არც ტაძარს ვაფარებ თავს და არც რომელიმე ციხე-სიმაგრეს. საბრალო მედია თქვენ შემოგყურებთ!.. ოჰ, შეუბრალებელო არგონავტებო! განა არ გრცხვენიათ, ეგზომ შეშინებულს რომ მხედავთ? განა არ გრცხვენიათ, უცხო დედოფალს რომ ვუშვერ ხელს დახმარებისათვის? ოქროს საწმისის მოტაცების მსურველები თითქოს მზად იყავით მთელ კოლხებს შერკინებოდით და თვით ამაყ აიეტს გამკლავებოდით? განა ახლა დაგავიწყდათ თქვენი მამაცობა? სად არის თქვენი ძლევამოსილება? აქ ხომ კოლხთა მცირე ნაწილია მოსული!“
არგონავტებმა მედეა დაამშვიდეს. მახვილები იშიშვლეს და საბრალო ქალწულს დახმარება აღუთქვეს, თუ მეფე ალკინოე მის საწინააღმდეგო განაჩენს გამოიტანდა.
არგონავტების აღელვებულ ლაშქარს ადამიანთა საქმეების შემწყვეტმა ღამემ მოუსწრო და მთელი დედამიწა დააწყნარა. მხოლოდ მედეა ვერ დაემორჩილებინა ტკბილ ძილს. საბრალო ქალწულს ისე უბრუნავდა მკერდში გული, ვით თითისტარი, რომელსაც წვრილი შვილების ქვრივი დედა ატრიალებს ხოლმე. ამ საბრალო ქალივით ტიროდა მედეა და ნაზი ლოყები ცხარე ცრემლებით უსველდებოდა.
მეფე ალკინოე და დედოფალი არეტე ჩვეულებისამებრ სასახლის სიღრმეში განისვენებდნენ და სარეცელში მედეას შესახებ საუბრობდნენ. „ძვირფასო მეუღლევ, – ნაზად მიმართა არეტემ მეფე ალკინოეს, – გაუწიე მფარველობა არგონავტებს და მრავალტანჯული მედეა დაიხსენი კოლხთა დევნისაგან! არგოსი და ჰემონიელი მამაცები ჩვენი კუნძულის მეზობლებია. რაც შეეხება აიეტს, იგი ჩვენგან მოშორებით ცხოვრობს და მისი სახელის მეტი არაფერი ვიცით. საბრალო ქალწული ცხარე ცრემლებით შემევედრა და გული მატკინა. ნუ გადასცემ, მეფეო, მედეას კოლხებს მრისხანე მამასთან წასაყვანად! მისი პირველი ცოდვა იაზონისათვის დახმარების აღმოჩენა ყოფილა. მერე კი (რაც ყველას მოგვდის ხოლმე) ამ ცოდვის გამოსასწორებლად მეორე ცოდვაც ჩაუდენია და მრისხანე მამას გამოქცევია. როგორც ვფიქრობ, იაზონს მისთვის დიდი ფიცი აქვს მიცემული, რომ კანონიერ მეუღლედ შეიყვანოს სახლში. ძვირფასო მეუღლევ, ნუ დაუშვებ იმას, რომ ძლევამოსილი იაზონი ფიცის გამტეხი აღმოჩნდეს და მრისხანე აიეტმა თავისი ასული შეუბრალებლად დასაჯოს! ოჰ, რა სასტიკნი არიან მამები საკუთარი ასულებისადმი! ხომ გახსოვს, რა უქნა ნიქტევსმა ლამაზთვალება ანტიოპეს?45 ან რაოდენი ტანჯვა გადაიტანა ზღვის ბობო-ქარ ზვირთებში მამის უგნურების წყალობით საბრალო დანაემ?46 ისიც ხომ იცი, ჩვენს მახლობლად მცხოვრებმა თავხედმა ექეტოსმა რომ ახლახან სპილენძის წვეტიანი ჯოხი ატაკა თვალებში თავის ქალიშვილს? საბრალო ქალწული ახლაც ბნელ საპყრობილეში ზის და საზარელი ტანჯვით სპილენძს ფქვავს!“.47
არეტეს სიტყვებმა მეფე ალკინოეს გული მოულმობიერა. კეთილმა მეფემ თავის მეუღლეს ასე მიუგო: „ძვირფასო არეტე, დიდი სიამოვნებით შევასრულებდი შენს თხოვნას და საბრალო ქალწულის ხათრისათვის არგონავტებს კოლხთა მოსაგერიებლად იარაღით დავეხმარებოდი, რომ ზევსის მიერ დადგენილი სტუმართმოყვარეობის კანონის შეურაცხყოფის არ მეშინოდეს. მეორე მხრით არც თუ მეფე აიეტის მოურიდებლობა იქნება კარგი. აიეტზე უძლიერესი მეფე არავინ არის. მართალია, შორს ცხოვრობს, მაგრამ თუ მოისურვა, ელადას ომს გამოუცხადებს. საჭიროა ისეთი გადაწყვეტილება გამოვიტანო, რომელიც ყველას სამართლიანად მოეჩვენება. ჩემი აზრი ასეთია: თუ მედეა ქალწული არის, მაშინ ვბრძანებ იგი მამამისს წაუყვანონ, მაგრამ თუ მას იაზონთან უკვე გაზიარებული აქვს სარეცელი, მის ქმარს არ მოვაცილებ და მტერს ხელში არ ჩავუგდებ. შეიძლება მედეა უკვე ორსულადაც არის!“ ამ სიტყვებზე ალკინოეს ჩაეძინა. ალკინოეს გადაწყვეტილება არეტეს მეტად მოეწონა. იგი საწოლიდან სწრაფად წამოდგა, სამეფო ოთახიდან გამოვიდა და მხევალი ქალებით გარსშემორტყმული დედოფალი შიკრიკთან მივიდა. არეტემ შიკრიკს უბრძანა იაზონს ხლებოდა და მისთვის გადაეცა, სასწრაფოდ შეუღლებოდა მედეას და ალკინოეს გადაწყვეტილება მოეხსენებინა.
სასახლის შიკრიკი მყისვე გაეშურა არგონავტებისაკენ, რათა იაზონისათვის არეტეს კეთილი რჩევა და მეფე ალკინოეს განზრახვა გადაეცა. იგი ქალაქის მახლობლად მდებარე ჰილიკოსის ნავსადგურში მივიდა. არგონავტები იარაღში ჩამსხდარიყვნენ და ხომალდთან ფხიზლობდნენ. შიკრიკის მიერ მოტანილმა ამბავმა არგონავტები უსაზღვროდ გაახარა და ყოველი მათგანი იაზონის და მედეას ქორწილისათვის მზადებას შეუდგა.
არგონავტებმა ნეტარი ღმერთების პატივსაცემად კრატერში შერეული ზედაშე დააქციეს და სამსხვერპლო საქონელი საკურთხეველთან მიიყვანეს. ამის შემდეგ იაზონის მეგობრებმა შესაუღლებელ წყვილს საქორწინო სარეცელი მოუმზადეს იმ წმინდა გამოქვაბულში, რომელშიც ოდესღაც კეთილშობილი არისტაიოსის ასული მაკრისი ცხოვრობდა. ნიმფა მაკრისის მამამ, არისტაიოსმა, სხვათა შორის, პირველად აღმოაჩინა, ფუტკარი რომ თაფლს ამზადებდა და ადამიანებს, ზეთისხილის მოხმარებაც ასწავლა. ნიმფა მაკრისი თავდაპირველად კუნძულ ევბეაზე ცხოვრობდა. მან აქ თავის კალთაში შეიფარა ჰერმესის მიერ ცეცხლიდან ამოტაცებული ჩვილი დიონისე და გაფიცხებული ბაგეები თაფლით მოუსველა. ჩვილ დიონისესადმი მზრუნველობა რომ დაინახა, ქალღმერთი ჰერა განრისხდა და მაკრისი კუნძულ ევბეადან გააძევა.48 ლტოლვილმა ნიმფამ თავი ფეაკების წმინდა გამოქვაბულს შეაფარა და მადლიერების ნაზი გრძნობის გამოსახატავად იქაურ მცხოვრებლებს ენითუთქმელი სიმდიდრე უბოძა.
გამხიარულებულმა არგონავტებმა სწორედ ამ გამოქვაბულში გაუშალეს იაზონს და მედეას დიდი სარეცელი და ქორწილისათვის საპატიო იერის მისაცემად ზევიდან ოქროს საწმისი დააფინეს. იაზონის მფარველმა ქალღმერთმა ჰერამ ნაზ ნიმფებს უბრძანა პატივი ეცათ ნეფე-დედოფლისათვის. ამ ნიმფებმა ნაირნაირი ყვავილები დაჰკრიფეს და თეთრი კალთებით მოიტანეს. ზოგიერთი ნიმფა მდინარე ეგეოსის (მდინარე კერკირაზე) ასული იყო, ზოგი მელიტეიოსის მთის მწვერვალზე (მთა კერკირაზე) ცხოვრობდა, ზოგს კი ყვავილებით აფერადებულ მდელოზე ჰქონდა ბინა. ბრწყინვალე სარეცელზე წამოწოლილ ნეფე-დედოფალს ნაზი ნიმფები გარს შემოერტყნენ. ოქროს საწმისის ელვარებამ მიწიერ ქალღმერთებს თვალი მოჰკვეთა. ყოველ მათგანს სურდა ხელით შეჰხებოდა დიდებულ საწმისს, მაგრამ სირცხვილის გრძნობა აკავებდა. ლამაზმა ნიმფებმა ნეფე-დედოფალს სურნელოვანი საბურავები დააფარეს და იაზონი და მედეა ერთმანეთს დაუკავშირდნენ. იაზონის მეგობრები გამოქვაბულის შესასვლელთან იდგნენ (ამ გამოქვაბულს დღესაც მედეას წმინდა გამოქვაბული ეწოდება) შეფოთლილი შტოებით თავი შეემოსათ, ხელში შუბები ეკავათ, რათა კოლხების მხრივ თავდასხმის შემთხვევაში მზად ყოფილიყვნენ, და ორფევსის წკრიალა ფორმინგის ხმის ქვეშ საქორწინო ჰიმენეს მღეროდნენ (საქორწინო სიმღერა).
ძლევამოსილ იაზონს სრულებითაც არ სურდა ალკინოეს ქვეყანაში დაქორწინებულიყო. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, როცა იოლკოსში დაბრუნდებოდა, აიეტის მშვენიერ ასულს მამის სასახლეში შეუღლებოდა. საბრალო მედეაც ამ წუთს მოელოდა, მაგრამ აუცილებლობამ ისინი აიძულა ამ ნეტარი ჟამისთვის დაესწროთ. ჩვენ, საბრალო ადამიანები, ვერასოდეს ვერ ვტკბებით სრულყოფილი ბედნიერებით! ნეტარი განცხრომის დროსაც არ გვშორდება რაღაც სიმწარე! ტკბილი სიყვარულით გატაცებულ იაზონს და მედეას ეშინოდათ ხმის, რომ შეიძლება ალკინოეს მათი ბედნიერების დამარღვეველი განაჩენი გამოეტანა.
გათენდა. ნათელმა ეოსმა ღამის წყვდიადი ღვთაებრივი შუქით გაჰფანტა და არემარე გაამხიარულა. ალკინოეს ქალაქი ამოძრავდა. ქუჩები ხმაურით გაივსო. არგონავტების მდევარი კოლხები მოუთმენლად მოელოდნენ ფეაკების მეფის გადაწყვეტილებას. ჩქარა ეს წუთიც დადგა. მეფე ალკინოე მედეას შესახებ თავისი განაჩენის განსაცხადებლად სასახლიდან გამოვიდა. მას ხელთ ოქროს სამსჯავრო კვერთხი ეპყრა და გარს წარჩინებული ფეაკების ამალა ეხვია. მეფის მხლებლები საბრძოლო იარაღში იყვნენ ჩამსხდარნი და ალკინოეს მწყობრად მისდევდნენ. ქალღმერთმა ჰერამ იაზონის და მედეას დაქორწინების ამბავი ფეაკების მთელ კუნძულს ამცნო. ფეაკი ქალები ქალაქიდან გამოვიდნენ და ძლევამოსილი არგონავტების სანახავად ზღვის ნაპირისაკენ გაემართნენ. ქალთა კრებულს ქალაქის მახლოგლად მცხოვრები მწყემსებიც შეუერთდნენ. ერთმა მწყემსმა ნახირში ამორჩეული ბატკანი მოიყვანა, მეორემ – ჩასუქებული ხბო, დანარჩენებმა კი ღვინით სავსე ორყურიანი დოქები მოიტანეს და საკურთხეველთან დააწყვეს. მალე მსხვერპლშეწირვა დაიწყო და საკურთხევლიდან აღმომავალი ბოლი ბედნიერების მაუწყებლად იმართებოდა ჰაერში. ფეაკმა ქალებმა ნეფე-დედოფალს მდიდრული წამოსასხამები და ოქროს სამკაულები მოართვეს. ისინი აღტაცებით შესცქეროდნენ ძლევამოსილი გმირების გაბრწყინებულ სახეებს და გაოცებით უსმენდნენ ღვთაებრივი მგოსნის ორფევსის და მშვენიერი ნიმფების სიმღერას. ეაგრეს სახელოვანი ვაჟი ფორმინგს აჟღერებდა და მის ხმაზე აყოლებით ლამაზ წაღას მიწას ურტყამდა. მშვენიერი ნიმფები ფერხულს უვლიდნენ, ქორწინების სადიდებელ სიმღერას – ლამა'ხ ჰიმენეს მღეროდნენ და ხოტბას ასხამდნენ ყოვლისშემძლე ქალღმერთ ჰერას, რომელმაც ალკინოეს და არეტეს არგონავტების დახმარება შეაგონა.
მეფე ალკინოემ, როცა გაიგო იაზონის და მედეას შეუღლების ამბავი, გადაწყვიტა მედეა იაზონისათვის არ დაეშორებინა. მას აღარც მომხდური კოლხების მუქარა აშინებდა და აღარც მრისხანე აიეტის სახელი. ალკინოე თავის გადაწყვეტილებაზე მტკიცედ იდგა. მან კოლხებს უბრძანა, ან დამორჩილებოდნენ მის განაჩენს, ანდა დაუყოვნებლივ განშორებოდნენ ფეაკების ქვეყანას. მდევარმა კოლხებმა წინააღმდეგობის გაწევა უგუნურებად ჩათვალეს. მათ აიეტის შიშით სამშობლოში დაბრუნებაზე ხელი აიღეს და ალკინოეს ქვეშევრდომებად მიღება სთხოვეს. ალკინოემ კოლხებს თანხმობა განუცხადა და თავის ქვეყანაში დაასახლა. ამრიგად დიდხანს ცხოვრობდნენ კოლხები ფეაკების მხარეში, სანამ ქ. ეფირედან (კორინთოს უძველესი სახელი) მოსულმა ბაკქიდებმა49 არ აიძულეს ისინი მოპირდაპირე კუნძულზე გადასულიყვნენ. ამ კუნძულიდან კოლხები კერავნიის მთებისაკენ გადავიდნენ და ნესტეელთა მხარეს და ორიკეს მიაღწიეს.50
ფეაკების კუნძულ კერკირაზე, აპოლონ-ნომიოსის51 ტაძარში, მედეას მიერ აღმართულ საკურთხევლებზე ჯერ კიდევ სწირავენ ხოლმე მსხვერპლს ქალღმერთ მოირებს52 და მშვენიერ ნიმფებს. ფეაკები ამით იაზონის და მედეას დაქორწინებას იგონებენ.
არგონავტები კერკირიდან გამგზავრების თადარიგს შეუდგნენ. კეთილმა მეფე ალკინოემ ძლევამოსილ გმირებს უამრავი საჩუქარი მიუძღვნა. ფეაკების დედოფალმა არეტემ საჩუქრების გარდა მედეას სასახლეში აღზრდილი თორმეტი მხევალი ქალი უბოძა.
არგონავტებმა კუნძულ კერკირის ქალაქი დრეპანე მეშვიდე დღეზე დატოვეს. ყოვლისშემძლე ზევსმა მრავალტანჯულ გმირებს საამო ზურგქარი მოუვლინა. ხომალდი არგო ელვის სისწრაფით მიჰქროდა ზღვის თვალუწვდენელ სივრცეში, მაგრამ არგონავტებს ბედით ჰქონდათ გადაწყვეტილი, სამშობლოში დაბრუნებამდე კიდევ ბევრი წვალება გამოევლოთ ლიბიის მხარეში (ეს ბერძნული ლიბიაა და არა ჩრდ. აფრიკული).
ხომალდი გაშლილი იალქნებით მიჰქროდა. არგონავტებმა უკან მოიტოვეს ეგრეთწოდებული ამბრაკიის უბე (ეპირსა და აქარნანიას შორის), კურეტის მხარე (აქარნანია), ექინადის კუნძულები53 და ის-ის იყო პელოპონესის ქვეყანას უახლოვდებოდნენ, რომ უეცრივ ბორეასმა დაჰქროლა და საშინელია ქარიშხალი ამოვარდა. აზვირთებულმა ტალღებმა ხომალდი ლიბიის ზღვის შუაგულში შეაყანა. საბრალო არგონავტები ცხრა დღის და ცხრა ღამის განმავლობაში ებრძოდნენ აბობოქრებულ ტალღებს; ბოლოს დიდი გაჭირვებით შეაღწიეს სირტში.54 სირტის უბეში შენავებული ხომალდი უკან ვერასოდეს ვერ დაბრუნდება. ამ მივარდნილ უბეს ქვიშოვანი ნაპირებით გარსშემორტყმული, ხავსითა და დამყაყებული წყლით სავსე ჭაობები ეკვრის. ამ უდაბურ ადგილს არც ერთი ფრინველი და ნადირი არ ეკარება. მძლავრმა მოქცევამ სირტში შეწამებული ხომალდი საშინელი იერიშით შეაგდო შუაგულ უბეში და თხელ წყალში გაჭედა. არგონავტები ხომალდიდან გადმოვიდნენ. მათ განცვიფრებას საზღვარი არა ჰქონდა, უსაზღვროდ გაშლილი ზეცა და თვალუწვდენელ სივრცეზე გადაჭიმული უზარმაზარი უდაბნო არომ დაინახეს. შეშინებული არგონავტები გასცქეროდნენ ქვეყნიერების მივარდნილ ადგილს. აქ ყველაფერი დუმილით იყო შეპყრობილი. არც წყარო მოსჩანდა სადმე, არც ბილიკი, არც მწყემსთა თუნდაც ერთი ფარეხი. შეძრწუნებული არგონავტები ერთმანეთს ეკითხებოდნენ: „რა ჰქვია ამ ქვეყანას? სად გამოგვრიყა ქარიშხალმა? ნეტავ არ მივცემოდით ამაო შიშს და უკან იმავე გზით დავბრუნებულიყავით, რომლითაც ეაში მივედით! ჩვენ ბედისწერის წინააღმდეგ უნდა წავსულიყავით და სასახელოდ მაინც დავიღუპებოდით! რა გვეშველება, თუ ქარიშხალმა ამ საზარელი ადგილიდან თავის დაღწევის საშუალება არ მოგვცა?“ უბედურებისაგან დაბნეულმა მესაჭე ანკევსმა დამწუხრებულ მეგობრებს ასე უთხრა: „ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი დაღუპვა გარდუვალია. ამ საზარელი ადგილიდან ზურგქარიც კი ვერ გაგვიყვანს! აუწერელი ტანჯვა მოგველის! მე ჩემს გარშემო ჭაობების მეტს ვერაფერს ვხედავ! ნაპირთან წყალს ძალზე მცირე სიღრმე აქვს. ჩვენი ხომალდი საცოდავად დაიმსხვრევოდა, მოქცევას რომ არ ეშველა. მაგრამ იგი უკან დაბრუნდა და ხომალდი თითქმის მშრალზე დატოვა. ზღვაში შეცურვის იმედი აღარა მაქვს. თუ ვინმეს ჰგონია, აქედან შესაძლებელია ზღვაში გასვლა, დაე თვითონ მოჰკიდოს ხელი საჭეს! ყოვლისშემძლე ზევსს არ სურს, ბოლო მოუღოს ჩვენს ტანჯვას სამშობლოში დაბრუნების დღით!“ ამ სიტყვებზე საბრალო მესაჭეს ცხარე ცრემლები წასკდა. ვისაც კი ესმოდა ხომალდის მართვის საქმე, ყველამ დაუდასტურა მწუხარე ანკევსს, რომ ზღვაში გასვლა შეუძლებელი იყო. მრავალტანჯულ არგონავტებს გულები გაეყინათ და სახეზე მკრთალი ფერი გადაეკრათ. საბრალო ვაჟკაცები გრძელი სანაპიროს გასწვრივ დაძრწოდნენ და ყოველ წუთს დაღუპვის მოლოდინში უსაზღვროდ იტანჯებოდნენ. ისინი იმ ადამიანებს ჰგავდნენ, რომლებიც საერთო უბედურების მოლოდინში უსულო აჩრდილებივით დაიწყებენ ხოლმე ძრწოლას და ხეტიალს: აი მაშინ, ომს, შემმუსვრელ ჭირს ან გამანადგურებელ წარღვნას რომ მოელიან; ან როცა ტაძრები აგუგუნდებიან და ღმერთთა ქანდაკებები სისხლის ოფლის დაღვრას დაიწყებენ; ან კიდევ როცა უეცრივ მზე დაბნელდება და შუადღის ჟამს ზეცაზე ვარსკვლავები აციმციმდებიან. საღამო მოახლოვდა. ტანჯული გმირები სიკვდილის მოლოდინში ერთი-მეორეს გამოეთხოვნენ, განცალკევდნენ და ქვიშაზე წამოწვნენ. მოსასხამებით თავშებურვილმა არგონავტებმა მთელი ღამე და დღის ერთი ნაწილი ასე გაატარეს და საზარელი სიკვდილის გარდა აღარაფერს მოელოდნენ. მშვენიერი მედეა და მისი მხევალი ქალები ერთად ისხდნენ, ოქროსფერი თმები ქვიშაზე ჩამოეშალათ და მთელი ღამე დასტიროდნენ თავიანთ ბედს. ბუდიდან ჩამოცვენილი ბარტყებივით მოსთქვამდნენ ისინი და მათი ტირილი ლამაზი მდინარე პაქტოლოსის55 გედების სიმღერას ჰგავდა, რომელიც ცვარით მოფენილ მდელოს უხვად ეფინება ხოლმე.
ძლევამოსილი არგონავტები უსახელოდ დაასრულებდნენ სიცოცხლეს ლიბიის გადაბუგულ ადგილებში, სასომიხდილი გმირები ამ ქვეყნის მფლობელ ქალღმერთებს რომ არ შებრალებოდათ. ესენი ის ქალღმერთები იყვნენ, რომლებმაც მამის თავიდან შობილი, შეიარაღებული ქალღმერთი ათენა მიიღეს და ტრიტონის წყალში (ნილოსი) ტანი განიბანეს.
შუადღე იყო. ლიბიის უდაბნოს ალმური ასდიოდა. მზის სხივები ყველაფერს სწვავდა. ნაზი ქალღმერთები იაზონს მიუახლოვდნენ, თავიდან საბურავი გადააცალეს და შემკრთალ წინამძღოლს ტკბილი სიტყვებით უთხრეს: „საბრალო ვაჟკაცო, რატომ ხარ ასე სასოწარკვეთილი? ჩვენ ლიბიის ასულები ვართ; უდაბნოს ქალღმერთებად ვიწოდებით და ამ არემარეს ვმფარველობთ! ჩვენ ვიცით, რომ თქვენ ოქროს საწმისის მოსაპოვებლად იყავით წასული. ვიცით, თუ რაოდენი ტანჯვა გადაიტანეთ ზღვაზე და ხმელეთზე. ჩვენ გირჩევთ, მწუხარებას ფრთები შეკვეცო და ადგე! ააყენე ახლავე შენი მეგობრებიც და ნუ გეშინიან! როცა ამფიტრიტე56 პოსეიდონის მალთვლებიან ეტლიდან ცხენებს გამოხსნის, შენ და შენმა მეგობრებმა მადლობა შესწირეთ თქვენს დედას, ეგზომ დიდხანს რომ მუცლით გატარათ და სამაგიერო პატივი გადაუხადეთ. თუ დედას ისე მოეპყრობით, როგორც ის თქვენ გეპყრობოდათ, სამშობლოში ჩქარა დაბრუნდებით“.
ამ სიტყვებთან ერთად ქალღმერთები სადღაც გაქრნენ. იაზონი მიწაზე წამოჯდა, მიიხედ-მოიხედა და ასე სთქვა: „უდაბნოს ბრწყინვალე ქალღმერთებიო, მოწყალება მოიღეთ! მითხარით, რას ნიშნავს თქვენი წინასწარმეტყველება? მე ხომ იგი ვერ გავიგე!“ ახლავე შევკრებ ჩემს მეგობრებს და ვეცდები გამოვარკვიოთ ქალღმერთების წინასწარმეტყველება!“
იაზონი მყისვე წამოხტა და არგონავტებს ლომისებური ხმით დაუძახა. თავჩაქინდრული ვაჟკაცები ძვირფას წინამძღოლს გარს შემოერტყნენ. იაზონმა დანაღვლიანებული არგონავტები და მედეა თავისი მხევალი ქალებით ქვიშაზე დასხა და ასე მიმართა: „გამიგონეთ, ძვირფასო მეგობრებო! ქალწულების მსგავსი სამი ქალღმერთი, რომლებიც თხის ტყავებით იყვნენ შემოსილი, თავზე დამალგა. ქალღმერთებმა თავიდან საბურავი გადამხადეს და მიბრძანეს ავმდგარიყავ და თქვენც ამეყენებინეთ. ქალღმერთებმა მირჩიეს, ჩვენს დედას, რომელმაც ეგზომ დიდხანს მუცლით გვატარა, ისე მოვეპყრათ, როგორც თვითონ გვეპყრობოდა. ეს უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა ამფიტრიტე პოსეიდონის მალთვლებიან ეტლიდან ცხენებს გამოხსნის. მე არ ძალმიძს ამ წინასწარმეტყველების აზრი გავიგო. ამ ქალღმერთებმა სთქვეს, რომ ისინი ლიბიის ასულები და ამ ქვეყნის მფარველები არიან და რომ მათ ყველაფერი იციან ჩვენს შესახებ. იციან, თუ რაოდენი ტანჯვა-წვალება გამოვიარეთ ზღვაზე და ხმელეთზე. ამ სიტყვების შემდეგ ეს ქალღმერთები უეცრივ გაქრნენ. არ ვიცი, რომელმა ღრუბელმა მიაფარა ისინი ჩემს თვალთაგან!“
იაზონის სიტყვებმა არგონავტები მეტად გააოცა. მათ ვერ გამოერკვიათ ქალღმერთების წინასწარმეტყველება და ერთმანეთს განცვიფრებით შესცქეროდნენ. ამ დროს მინოსის ძლევამოსილ ნაშიერებს კიდევ უფრო დიდი სასწაული მოევლინათ. უეცრივ ზღვის ტალღებიდან ამოცურდა ოქროსფაფრიანი საუცხოო რაში. იგი ხმელეთზე შემოიჭრა, ტორების ცემით ტანი შეარხია, წყალი ჩამოიფერთხა და ჭენებით გაეკრა უდაბნოს გადაბუგულ სივრცეს. გმირმა პელევსმა, როგორც კი თვალი მოჰკრა ფაფარაყრილ რაშს, არგონავტებს სიხარულით შეჰყვირა: „მეგობრებო, ქალღმერთების წინასწარმეტყველება უკვე აღსრულდა! მერწმუნეთ, რომ ეს რაში პოსეიდონის ეტლიდან ამფიტრიტემ გამოხსნა! დედა, რომელმაც ჩვენ მუცლით გვატარა და ენითუთქმელი ტანჯვა-წვალება გამოიარა, ეს ჩვენი ხომალდია! მას იმრიგად უნდა მოვეპყრათ, როგორც თვითონ გვეპყრობოდა! მეგობრებო, მოვიკრიბოთ ძალ-ღონე, შევიდგათ ხომალდი მხარზე და წავიღოთ იქით, საითაც პოსეიდონის ფეხმარდი რაში გაჰქანდა! ეს ბედაური მიწაში ხომ არ ჩავა. იმედი მაქვს, რომ მისი კვალი ზღვის ღრმა ყურემდე მიგვიყვანს!“
არგონავტებმა მოიწონეს პელევსის რჩევა და დაუყოვნებლივ შეუდგნენ მის აღსრულებას.
ეს ამბავი პიერიის მუზებს ეკუთვნით! მათ შთამაგონეს გადმომეცა ის, თუ რა გარდახდათ ძლევამოსილ არგონავტებს ლიბიის უდაბნოში! მეფეთა უბრწყინვალესნო ძენო! მამაცო არგონავტებო! თქვენი ძალღონის წყალობით გაიდეთ უზარმაზარი ხომალდი მხრებზე და მთელი მისი ტვირთით თორმეტი დღის და თორმეტი ღამის განმავლობაში ეზიდებოდით ლიბიის უდაბურ ადგილებში! ვის შეუძლია მოჰყვეს ის ტანჯვა და ვაება, რომელიც თქვენ გადაიტანეთ? ძლევამოსილო ვაჟკაცებო, ნამდვილად უკვდავთა სისხლისაგან იყავით წარმოშობილი, ესოდენ მძიმე განსაცდელი რომ გადაიტანეთ!
დაღლილ-დაქანცულმა არგონავტებმა დიდი გაჭირვებით გადალახეს ლიბიის უდაბური ადგილები და ტრიტონის ტბას მიაღწიეს. ხომალდი მხრებიდან ჩამოიღეს და წყალში ჩაუშვეს. მრავალტანჯული ვაჟკაცები შმაგი ძაღლებივით დარბოდნენ იმ ადგილებში და წყურვილის მოსაკლავად წყაროს ეძებდნენ. მათ ცდას ამაოდ არ ჩაუვლია. ბედნიერმა შემთხვევამ ისინი ატლანტის57 სამეფოს ერთ წმინდა ველზე მიიყვანა. აქ, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინათ, საზარელი გველეშაპი, სახელად ლადონი, ოქროს ვაშლებს დარაჯობდა. ამ ურჩხულს თავს დაფუსფუსებდნენ ნიმფები – ჰესპერიდები და ტკბილი ხმით მღეროდნენ. საზარელი ლადონი ძლევამოსილ ჰერაკლეს ოქროს ვაშლის ხესთან ახლახან მოეკლა. გველეშაპის კუდი ჯერ კიდევ საზარლად იკლაკნებოდა, მაგრამ შავი სხეულის დანარჩენი ნაწილი უძრავად ეგდო. ლადონის ხრწნობად ჭრილობებს ბუზები ეხვეოდნენ. ჰერაკლემ გველეშაპი ლერნეს ჰიდრას58 სისხლში ამოვლებული შხამიანი ისრებით მოკლა. ლადონის ირგვლივ ჰესპერიდები შეკრებილიყვნენ, თეთრ ხელებზე ელვარე თავები დაეყრდნოთ და გამკვეთი ხმით გმინავდნენ. არგონავტები შეუმჩნევლად მიუახლოვდნენ ნიმფებს. როცა ჰესპერიდებმა უცხოელები დაინახეს, შეშინდნენ და იქვე მტვრად და მიწად გადაიქცნენ.
„ქალღმერთებო, – შეჰყვირა ორფევსმა, როცა ეს სასწაული დაინახა, – ლამაზებო და კეთილებო, გევედრებით, მოწყალება მოიღოთ! დედოფლებო, გინდ ზეციურ ღმერთთა კრებულში იყავით, გინდ ამქვეყნიურში, გინდ უდაბნოს ნიმფებად იწოდეთ! დაგვეხმარეთ, ნიმფებო, ოკეანეს წმინდა მოდგმანო! რაკიღა თქვენი გამოცხადებით გაგვაბედნიერეთ, გევედრებით, ქალღმერთებო, გვიჩვენეთ ჩუხჩუხა წყარო, თორემ ლამისაა წყურვილით დავიხოცოთ! თუ ჩვენ ელადაში დაბრუნება გვეღირსა, იცოდეთ, სამაგიერო პატივს გადაგიხდით. უპირველეს ღმერთთა შორის თქვენც შემოგწირავთ ურიცხვ საჩუქარს, ზედაშეს დაგიქცევთ და ჩვენი მადლიერების გამოსახატავად წმინდა ლხინებს მოგიწყობთ!“
ისმინეს ორფევსის მუდარა ჰესპერიდებმა. შეებრალათ მრავალტანჯული არგონავტები და მტვრადქცეული ქალღმერთები ხეხილებად გარდაიქმნენ. ჰესპერე ალვის ხედ იქცა, ერითეისა – თელად, ეგლემ კი ტირიფის სახე მიიღო. საოცარმა ნიმფებმა კვლავ ახალი სასწაული მოუვლინეს ვაჟკაცებს. ისინი ხის ტანიდან გამოვიდნენ და ნამდვილი სახით წარუდგნენ არგონავტებს. ერთ-ერთმა ჰესპერიდმა, სახელად ეგლემ, ძლევამოსილ ვაჟკაცებს ასე მიმართა: „სწორედ რომ თქვენი გაჭირვების ტალკვესად მოვიდა აქ ერთი თავხედი გმირი! მან გუშინ დარაჯი გველეშაპი მოჰკლა, ღმერთების კუთვნილი ოქროს ვაშლები მოიტაცა და საზარელი ტანჯვა მოგვაყენა. ამ შეუბრალებელ გმირს ენითუთქმელი ღონე და გარეგნობა ჰქონდა. მისი ცეცხლივით ანთებული თვალები, ფართოდ გაშლილ მხრებზე წამოსხმული ლომის უზარმაზარი ტყავი, ხელებში მძლავრად მომარჯვებული ვეებერთელა ზეთისხილის ხის კომბალი და შორს სატყორცნი მშვილდისარი ყველას შიშისზარს ჰგვრიდა. მას მთელი ქვეყანა ფეხით შემოევლო და თქვენსავით წყურვილით იტანჯებოდა. ეს შეუპოვარი ვაჟკაცი ამ გადაბუგულ ადგილებში წყალს დაეძებდა, მაგრამ აბა სად იპოვიდა! მან უეცრივ ტრიტონის ტბის მახლობლად აღმართული კლდე დაინახა, იქითკენ გაჰქანდა, ღვთის შეგონებით კლდეს ფეხი დაჰკრა და საუცხოო წყარო ამოაჩუხჩუხა. შემდეგ ხელებით და მკერდით მიწას დაეყრდნო და წყალს დაეწაფა. მანამ არ მოშორდა წყაროს, სანამ უზარმაზარი მუცელი არ გაიძღო.
გახარებული არგონავტები მყისვე გაჰქანდნენ ეგლეს მიერ ნაჩვენებ წყაროსაკენ და ხარბად დაეწაფნენ ანკარა ცივ წყალს. აღფრთოვანებული ვაჟკაცები ისე დაფუსფუსებდნენ საამური წყაროს ირგვლივ, ვით მუყაითი ჭიანჭველები დაფუსფუსებენ პატარა ხვრელს, ან ვით ბუზები დატრიალებენ ხოლმე თაფლის წვეთს. ერთ-ერთმა არგონავტმა, წყურვილი რომ მოიკლა, ასე წამოიძახა: „ის სახელოვანი გმირი, რომელმაც ეს საუცხოო წყარო კლდეში გამოკვეთა, უეჭველია ძლევამოსილი ჰერაკლე იყო! თუმცა დიდი ხანია, რაც იგი ჩამოგვშორდა, მაინც არ გვივიწყებს და მზრუნველობას არ გვაკლებს. აი, ხომ ხედავთ, მოშორებით მყოფმა, როგორ იხსნა წყურვილისაგან დატანჯული მეგობრები! ნეტავ, შეგვახვედრა სადმე ამ ძლევამოსილ გმირს!“
არგონავტები ჰერაკლეს ძებნის თადარიგს შეუდგნენ. ამ საქმისათვის რჩეული გმირებიც გამოჰყვეს; მაგრამ საქმე ის იყო, რომ მთელი ღამის განმავლობაში ქარი ჰქროდა და სახელოვანი გმირის ფეხის კვალი ქვიშით დაფარულიყო. დიდებულ ჰერაკლეს საძებრად ბორეასის ფრთებშესხმული ვაჟები, ფეხმარდი ევფემე და ბასრი თვალებით აღჭურვილი ლინკევსი წავიდნენ. მათ აგრეთვე გმირი კანთოსიც მიჰყვა. საბრალო კანთოსი მამაცობამ წააქეზა და საზარელმა ბედისწერამ აიტაცა. მას სურდა ჰერაკლე მოეძებნა და მისგან შეეტყო. თუ სად მიატოვა დიდებულმა გმირმა მისი საყვარელი მეგობარი ილატეს ვაჟი პოლიფემე. მან არ იცოდა, როცა პოლიფემემ მიზიელებს დიდებული ქალაქი აუგო, იგი ხომალდ არგოს ძებნას შეუდგა და მოირების მიერ განწირული მენაპირე ხალიბების ქვეყანში დაიღუპა. პოლიფემეს საფლავი ზღვის ნაპირზე დღესაც კი მოჩანს და ზედ ალვის ხე არის აღმართული.
პერაკლეს საძებრად წასულ შორსმჭვრეტელ ლინკევსს თვალუწვდენელ სივრცეში ღრუბლებით დაბინდულ ახალ მთვარესავით მოეჩვენა გმირი ჰერაკლე. იმედგაცრუებული ლინკევსი არგონავტებთან დაბრუნდა და მეგობრებს აუწყა, რომ ჰერაკლეს დაწევა არც მას და არც სხვა მძებნელს არ ძალუძდა. ჩქარა ამაოდ დამაშვრალი ფეხმარდი ევფემე და თრაკიელი ბორეასის ორი ვაჟიც დაბრუნდა. შენ კი, საბრალო კანთოსო, ზარდამცემმა კერებმა წარგიტაცეს ლიბიის უდაბნოში! ჰერაკლეს საძებრად რომ მიდიოდი, გზაში ცხვრის ფარა შეგხვდა. შენ მოისურვე იგი დამშეულ მეგობრებთან გაგერეკა, მაგრამ მას მამაცი მწყემსი მოსდევდა. მან საკუთრება დაიცვა, ქვა გესროლა და სიცოცხლე მოგისწრაფა!
ცხვრის ფარის მწყემსი კაფავრე ძლევამოსილ კანთოსს არაფერში არ ჩამოუვარდებოდა. იგი ფებ-აპოლონის და ღვთაებრივი აკაკალისის შვილიშვილი იყო. აკაკალისი მინოსის ასული იყო. მინოსმა ღმერთის მიერ დაორსულებული ასული ოდესღაც ლიბიაში გადმოასახლა. აქ აკაკალისმა ფებ-აპოლონს შესძინა ბრწყინვალე ძე, რომელსაც ამფითემისს და გარამასს უწოდებდნენ. დავაჟკაცებული ამფითემისი შეეუღლა ტრიტონიდ ნიმფას, რომელმაც მას უშვა ორი შვილი – ნასამონი და მძლე კაფავრე. სწორედ ამ კაფავრემ მოუსწრაფა სიცოცხლე საბრალო კანთოსს და ცხვრის ფარა გადაარჩინა. არგონავტებმა მყისვე გაიგეს ეს ამბავი და ღმერთის სისხლისგან წარმოშობილი კაფავრე სიცოცხლეს გამოასალმეს. დამგლოვიარებულმა არგონავტებმა კანთოხის გვამი მოსძებნეს და მიწაში დაფლეს, კაფავრეს ფარა კი თან წაიყვანეს. შეუბრალებელმა სიკვდილმა მისანი მოპსეც წარიტაცა იმ დღეს. სახელოვანი წინასწარმეტყველი თავისი ხელოვნებითაც კი ვერ გაექცა მრისხანე ბედისწერას. სიკვდილს ხომ ვერავინ დააღწევს თავს!
საზარელი გველი შუადღის სიცხეს გაქცეოდა და ქვიშაში ჩაწოლილიყო. სიცხისაგან დაოსებულ ქვემძრომს არავისი ვნება არ სურდა და უწყინრად იწვა. მაგრამ ვაი იმ სულდგმულს, ვისაც ეს გველი თავის შავ შხამს აგემებდა! მისთვის ერთი წყრთა გზაც კი აღარ დარჩებოდა ბნელ სამარემდე. თვით პეონიც59 კი ვერ გაჰკურნავდა ამ გველის კბილებით დაკბენილ მოკვდავს. როდესაც დედის მიერ ევრიმედონად წოდებულმა ღვთის სწორმა პერსევსმა ლიბიას გადაუქროლა, გორგონას მოჭრილი თავიდან, რომელიც პერსევსს მეფესთან მიჰქონდა, სისხლის წვეთები დაიღვარა. ამ წვეთებიდან გაჩნდნენ საზარელი გველები, რომელთაგან ერთ-ერთი მოპსესათვის საბედისწერო აღმოჩნდა. საბრალო მოპსე ქვიშაზე მიაბიჯებდა და უეცრივ მარცხენა ფეხი გველს ზურგზე დაადგა. ქვემძრომი ტკივილისაგან დაიკლაკნა, მისანს წვივზე შემოეხვია და უკბინა. მედეა და მისი მხევალი ქალები დაკბენილ წინასწარმეტყველს გარშემოერტყნენ და შიშისაგან შეძრწუნდნენ. მოპსე სისხლიან ჭრილობას გაბედულად დააწვა ხელებით. საბრალო მისანი ტკივილს უკვე ვეღარ გრძნობდა, სახსრების დამშლელმა შხამმა მას მთელ სხეულში დაუარა, თვალებზე ბინდი გადაეკრა და მიწაზე მძიმედ დაეცა. მოულოდნელი უბედურებით თავზარდაცემული იაზონი და მისი მეგობრები მომაკვდავ მისანთან მიიჭრნენ, მაგრამ მოპსემ სული განუტევა. უბედური მისნის გვამმა გასაოცარი სისწრაფით დაიწყო ხრწნა. მისი მზის ქვეშ დატოვება აღარ შეიძლებოდა. არგონავტებმა მყისვე გათხარეს სპილენძის წერაქვებით ღრმა საფლავი, ტანჯული მისანი წესისამებრ დაიტირეს და მისი გვამი დიდი პატივით მიაბარეს მიწას. საფლავზე ტაგრუცი აღმართეს და იარაღასხმულმა ვაჟკაცებმა სამგზის შემოურბინეს მას.
როცა სამხრეთის ქარმა დაჰქროლა, არგონავტები ხომალდზე ავიდნენ, ხოფები მოიმარჯვეს და ტრიტონის ტბიდან გასავალის ძებნა დაიწყეს. დიდხანს ჯარასავით ტრიალებდა ხომალდი ტრიტონის ტბაში და ზღვაში გასასვლელ გზას ვერ პოულობდა. ვით მზის მცხუნვარე სხივებით შეწუხებული გველი იკლაკნება ხოლმე ხვეულ ბილიკზე და ცეცხლივით ანთებული თვალებით თავის ხვრელს ეძებს, ისე ხომალდი იკლაკნებოდა და ტბის შესართავს ეძებდა. ორფევსმა არგონავტებს ურჩია აქაური ღმერთებისათვის აპოლონის დიდი სამფეხი შეეწირათ და მათი მფარველობა მოეპოვებინათ. არგონავტები კვლავ ნაპირზე გადავიდნენ და იქ ფებ-აპოლონის მიერ იაზონისადმი ნაჩუქარი სამფეხი დადგეს.
ძლევამოსილმა ვაჟკაცებმა სამფეხის შეწირვა ძლივს მოასწრეს, რომ მათ ჭაბუკის სახით უეცრივ გამოეცხადათ ყოვლისშემძლე ტრიტონი. მას ხელთ მიწის ბელტი ეპყრა. გაუწოდა იგი გმირებს და ასე უთხრა: „აიღეთ, მეგობრებო, ამაზე უკეთესი საჩუქრის მოცემა ახლა არ შემიძლია! რაკიღა თქვენ უცხოეთში მოხვდით და ზღვაში გასასვლელ გზას ეძებთ, ახლავე გაჩვენებთ. მე მამაჩემმა – პოსეიდონმა ამ არემარეს მეუფედ დამნიშნა და ამ ნაპირებს ვმბრძანებლობ. იქნებ თქვენ გაგიგონიათ ნადირთ სავანე ლიბიაში წარმოშობილი ევრიპილეს სახელი!“60
ძლევამოსილმა ევფემემ, რომელიც პოსეიდონის ძე იყო, ტრიტონ-ევრიპილეს ბელტი სიხარულით ჩამოართვა და ასე მიუგო: „დიდებულო გმირო, თუ კი იცნობ აპისის61 მხარეს და მინოსის ზღვას (კრეტის ზღვა), გამოგვიყვანე ამ გაურკვეველი მდგომარეობიდან! ჩვენი ნებით არ მოვსულვართ აქ. მძაფრმა ქარიშხალმა გადმოგვისროლა ლიბიის უდაბნოში და ეს ხომალდი საკუთარი ზურგით მოვიტანეთ ტრიტონის ტბასთან. ჩვენ არ ვიცით, რომელი გზით შეიძლება პელოპონესის მხარეში მიღწევა“. ღვთაებრივმა ტრიტონმა ხელი გაიშვირა და არგონავტებს ტბიდან გასასვლელი და ზღვა დაანახვა: „აი ზღვაში გასასვლელი გზა, რომელსაც თქვენ ეძებთ! იქ წყალი სრულიად შავი და უძრავია. ამ ვიწრო სრუტეს თეთრი ნაპირები ეკვრის; მის გადაღმა კი უკვე ზღვა არის. იგი გარს არტყია კუნძულ კრეტას და პელოპონესის ღვთაებრივ მხარეს. როცა თქვენ ტბიდან გახვალთ და ზღვის ტალღებში შეცურდებით, ხელმარჯვნივ იცურეთ, სანამ ერთ უკიდურეს კონცხს არ მიაღწევთ. შენდეგ ხელმარცხნივ დაიწყეთ ცურვა და ზღვის გაშლილ სივრცეში აღმოჩნდებით. აბა, მხიარულად გასწით წინ და თქვენს ჭაბუკურ სხეულს სევდით ნუ დაჰღლით!“ დაამთავრა თუ არა ტრიტონმა სიტყვა, არგონავტები ხომალდზე ავიდნენ, ტბიდან გასასვლელად მძლავრად აამოძრავეს ხოფები და სიხარულით გასცურეს წინ. ამასობაში ტრიტონმა დიდი სამფეხი მხარზე გაიდო, ტბაში ჩაეშვა და გაუჩინარდა. ვაჟკაცები უკვდავი ტრიტონის შეხვედრით მეტისმეტად აღფრთოვანებული იყვნენ და იაზონს ურჩევდნენ საუკეთესო ცხვარიც შეეწირა ტრიტონ-ევრიპილესათვის. არგონავტების წინამძღოლმა მყისვე ამოარჩია ჩასუქებული ცხვარი, ხომალდის კიჩოზე დაკლა და ლოცვით წარმოსთქვა: „დიდებულო ღმერთო, ზღვის სასწაულებრივი ტრიტონი ხარ შენ, თუ ფორკისი,62 თუ ზღვის ნიმფების მამა ნერევსი, რაკიღა შენი გამოცხადეხით გაგვაბედნიერე, შეგვიწყალე და უვნებლად დაგვაბრუნე საყვარელ სამშობლოში!“ იაზონმა ლოცვა დაამთავრა და ყელგამოჭრილი ცხვარი ტბაში გადაისროლა. კვლავ გამოეცხადათ ძლევამოსილ არგონავტებს ზღვის ღვთაება ტრიტონი. იგი ამჯერად თავისი ნამდვილი სახით ამოვიდა ტბის ფსკერიდან. ტრიტონს სხეული წელამდე უკვდავი ღმერთების მსგავსი ჰქონდა, წელქვევით კი ვეშაპს ჰგავდა და ორად გაპობილი კუდი ჰქონდა. ვით მხედარი ჩაეჭიდება ხოლმე ფაფარში თავაწეულ ცხენს და საჯირითო ასპარეზზე მიუშვებს, ისე ტრიტონი ჩაეჭიდა ხომალდის საჭეს, ვეშაპისებური კუდი ტალღებს დასცხო და ხომალდი სრიალით წაიყვანა. როცა ყოვლისშემძლე ღვთაებამ ხომალდი ზღვაში შეაცურა, საჭეს ხელი უშვა და წყლის სიღრმეში ჩაეშვა. ძლევამოსილი არგონავტები განცვიფრებით შესცქეროდნენ ამ სასწაულს. ვინაიდან ხელსაყრელი ქარი არ უბერავდა, არგონავტები იძულებული გახდნენ ეს დღე აქ დაეყოვნებინათ. იმ ადგილს, სადაც მათი ხომალდი იდგა, დღესაც არგოს ნავსადგური ეწოდება. აქ არბონავტებმა დიდებულ პოსეიდონს და ტრიტონ-ევრიპილეს საკურთხევლები აუგეს.
განთიადზე ზეფირმა დაჰქროლა. არგონავტებმა იალქნები გაშალეს, ლიბიის უდაბური ნაპირი ხელმარჯვნივ დაიკავეს და წინ გაცურდნენ. დილით ადრე მიაღწიეს იმ მხარეს, რომელიც სამხრეთისაკენ იყო დახრილი და ფართო ყურეს ჰქმნიდა. ჩქარა ზეფირი ჩადგა, მაგრამ სამაგიეროდ სწრაფმა სამხრეთის ქარმა ნოტოსმა დაჰქროლა და არგონავტები დიდად გაახარა. მთელი დღე გაშლილი იალქნებით მიჰქროდნენ. მზე ჩავიდა. ზეცაზე ვარსკვლავები აციმციმდა და სწრაფი ნოტოსიც ჩადგა. არგონავტებმა იალქნები ჩამოხსნეს, მაღალი ანძაც დახარეს და გაკრიალებული ხოფები აამოძრავეს. ისინი მთელი მეორე დღის და ღამის განმავლობაში ხოფების მოსმის წყალობით მიაპობდნენ ზღვის ტალღებს. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ კლდოვან კარპათოსს63 მიაღწიეს. ჩქარა ყველაზე დიდ კუნძულ კრეტასაც მიუახლოვდნენ და ის-ის იყო ნავსადგურში შესვლას ცდილობდნენ, რომ კუნძულის მაღალ კლდეზე შემდგარმა სპილენძი გიგანტმა ტალოსმა არგონავტების ხომალდს კლდიდან მოხეთქილი ვეებერთელა ლოდები დააყარა და დიქტეს ნავსადგურში შესვლა არ დაანება. დაუძლეველი ტალოსი იფნის ხისაგან შექმნილ ადამიანთა მოდგმას ეკუთვნოდა. ეს მოდგმა სპილენძის საუკუნეში წარმოიშვა და შემდგომში ნახევრადღმერთთა წყებაში იქმნა მირიცხული. ყოვლისშემძლე ზევსმა გოლიათი ტალოსი ევროპას64 აჩუქა ღა კუნძული კრეტის დარაჯობა დაავალა. გოლიათი დარაჯი სპილენძის ფეხებით დღეში სამგზის უვლიდა გარს კუნძულს და მას ფხიზლად იცავდა. ტალოსის სხეული მთლიანად სპილენძის იყო და მისი დაძლევა თითქმის არ შეიძლებოდა. გოლიათის სიცოცხლე დამოკიდებული იყო მხოლოდ ერთ ნაზ და სისხლსავსე ძარღვზე, რომელიც ტალოსს ქუსლში ჰქონდა დაფარული.
შეშინებულმა არგონავტებმა ხომალდი უკან მოაბრუნეს და წყურვილით დატანჯული და მგზავრობით დაქანცული ვაჟკაცები კრეტას სავსებით გაშორდებოდნენ, რომ გრძნეულ მედეას არ წამოეძახა: „მისმინეთ, მეგობრებო! ხომალდი იმ სიშორეზე დაიჭირეთ, რომ ტალოსის ნატყორცნი ლოდები არ მისწვდეს! მე ახლავე მოვუღებ ბოლოს მაგ სპილენძის გოლიათს! იგი უკვდავი არ არის!“.
არგონავტებმა ხომალდი უშიშარ ადგილას გააჩერეს და მოუთმენლად მოელოდნენ გრძნეული ასულის მოქმედებას. მედეამ პირზე მოსასხამი მიიფარა და იაზონის დახმარებით საჯდომიდან ერდოზე გადავიდა. აქ მან ლოცვით მოუწოდა სიცოცხლის მომსპობ კერებს, ჰადესის ამ სწრაფ ძაღლებს, რომლებიც მუდამ ჰაერში დაძრწიან და მზად არიან საბრალო მოკვდავებს ყოველ წუთში სიცოცხლე წარსტაცონ. გრძნეულმა მედეამ შემდეგ მუხლები მოიყარა და ჯადოქრული საშუალებებით სამგზის შეევედრა სიკვდილის ქალღმერთებს. მერე ფეხზე წამოდგა, მთელი რისხვა მოიკრიფა და ზიზღით აღსავსე თვალები ტალოსს გაუშტერა. გოლიათის თვალებმა გრძნეული ასულის ცქერას ვეღარ გაუძლო და ტალოსი ერთბაშად მოჯადოვდა. მედეამ მას შავი და საზარელი აჩრდილებიც მოუვლინა. მამაო ზევსო! დიდად განცვიფრებული ვარ მე! მარტო ავადმყოფობით და მახვილით არ მოდის თურმე სიკვდილი! შორი მანძილიდანაც შეიძლება კაცის მოსპობა! ძლევამოსილი სპილენძის ტალოსი უძლური აღმოჩნდა მედეას ჯადოსნური ძალის წინაშე! მოხეთქილი ლოდების მტყორცნელმა გოლიათმა ქუსლი კლდის წვეტიან ქიმს წაჰკრა. დაჭრილი ქუსლიდან გამდნარი ტყვიის მსგავსი სისხლი გადმოჩუხჩუხდა და ტალოსმა თავი ვეღარ შეიმაგრა. სიმწარისაგან გააფთრებული ტალოსი ერთი მძლავრად შეტორტმანდა და ბასრი ცულით გადაჭრილ ფიჭვის ხესავით მოსწყდა კლდის წვერს. ქანცგამოლეული გოლიათი საშინელი გრიალით დაასკდა ზღვის ზედაპირს და წყალში ჩაიძირა.
ის ღამე არგონავტებმა კრეტაზე გაატარეს. როცა ეოსმა გამოანათა, ვაჟკაცებმა მინოიდ-ათენას სალოცავი აუგეს, ხომალდზე ავიდნენ, ხოფები ხელთ იპყრეს და ცდილობდნენ სწრაფად მოეტოვებინათ უკან სალმონიდის კონცხი (კრეტის კონცხი, აწინდელი სიდეროსი). სიხარულით მისრიალებდნენ არგონავტები კრეტას ზღვაზე, რომ უეცრივ ჩამოწვა კუნაპეტივით შავი ღამე, რომელსაც კატულასს (უკუნს, საზარელს) უწოდებენ. მთვარესა და ვარსკვლავებს შავი სუდარი ჩამოეფარა. ყველაფერი საშინელმა წყვდიადმა მოიცვა. ზარდაცემულმა არგონავტებმა აღარ იცოდნენ, ჰადესისაკენ მიჰქროდნენ, თუ წყლის ზედაპირზე მიცურავდნენ. ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფმა გმირებმა იმედი გაიწყვიტეს და ზღვის ტალღებს მიანდეს თავი. ძლევამოსილმა იაზონმა ხელები ზეცისაკენ აღაპყრო, ძლიერი ხმით შეევედრა ფებ-აპოლონს და დახმარებისათვის მოუწოდა. თავზარდაცემულ გმირს ცხარე ცრემლები მოსდიოდა. იგი ყოვლისშემძლე აპოლონს ჰპირდებოდა, რომ ურიცხვ საჩუქარს მიართმევდა პითონშიც, ამიკლეში და ორტიგიაშიც. ლეტოს ბრწყინვალე ძეო! შენ შეისმინე არგონავტების წინამძღოლის მხურვალე ვედრება და დაუყოვნებლივ დაეშვი ზეციდან ზღვაში ჩამსხდარ მელანტიოსის კლდეებზე! ყოვლად მოწყალე აპოლონო, შენ ერთ-ერთ კლდეზე შედექი, მარჯვენა ხელით ოქროს მშვილდი ჰაერში ასწიე და ზღვის თვალუწვდენელი სივრცე გააშუქე. არგონავტების თვალწინ მყისვე აღიმართა სპორადთაგანი ერთი პაწაწა კუნძული, მცირე კუნძულ ჰიპურისის პირდაპირ მდებარე. არგონავტები ამ კუნძულს მიადგნენ და როცა მზემ ცხოვლისმყოფელი სხივები დედამიწას კვლავ მოჰფინა, ვაჟკაცებმა ყოვლისშემძლე აპოლონს ჩრდილოვან ჭალაკში ლამაზი საკურთხეველი აუგეს და ლეტოს ძეს ბრწყინვლე შუქის გამოცემისათვის ეგლეტე (მბრწყინავი) უწოდეს. იმ პაწაწა ბრტყელ კუნძულს კი სახელად ანაფე (ვუჩვენებ) შეარქვეს, ვინაიდან განსაცდელში ჩავარდნილთ პირველად იგი დაანახვა ფებ-აპოლონმა.
ამის შემდეგ არგონავტებმა აპოლონის სადიდებლად მსხვერპლის შეწირვა დაიწყე. ვინაიდან ღვინო არ ჰქონდათ, ზედაშედ წყალი დააქციეს. როცა მედეას მხევალმა ფეაკების ქალებმა დაინახეს, რომ არგონავტები ანთებულ მუგუზალზე ზედაშედ წყალს ღვრიდნენ, სიცილი ვეღარ შეიკავეს. ისინი ალკინოეს სასახლეში იყვნენ დაზრდილნი და მუდამ მსუქანი ხარების მსხვერპლად შეწირვას ესწრებოდნენ. ფეაკების ქალთა დაცინვამ ვაჟკაცები გაახარა და მედეას მხლებლებს უწმაწური სიტყვებით უპასუხეს. არგონავტებსა და ფეაკელ ქალებს შორის უწყინარი დაცინვა და უწმაწური შაირობა გაჩაღდა. ძლევამოსილი არგონავტების ამ შექცევის მიხედვით, კუნძულ ანაფეზე ქალები ასევე დასცინიან მამაკაცებს, როცა ისინი ამ კუნძულის მფარველ აპოლონ-ეგლეტეს მსხვერპლს სწირავენ.
არგონავტებს საუცხოო ამინდი დაუდგათ და მყისვე ხომალდზე ავიდნენ. ამ დროს გმირ ევფემეს ღამით ნახული სიზმარი მოაგონდა და მაიას ბრწყინვალე ძეს თაყვანი სცა65. ევფემეს ეზმანა, ვითომ ტრიტონის მიერ ნაჩუქარი ბელტი გულთან მიეჭირა; ეს ბელტი მისი საკუთარი მკერდიდან გადმოსული რძის წვეთებით მორწყულიყო; ბელტიდან უეცრივ პატარა ქალწული ამოვიდა; ევფემე უსაზღვრო ვნებით აენთო მისადმი და მასთან სასიყვარულო კავშირი დაიჭირა; შემდეგ კი ტირილი მორთო, რადგანაც საკუთარი რძით გამოკვებილ ასულს შეეუღლა; ქალწულმა კი მას ტკბილი სიტყვებით ვითომ ასე უთხრა: „მეგობარო, მე მოკვდავი ქალიშვილი არა ვარ! მე ტრიტონის მოდგმა ვარ და შენგან წარმოშობილი თაობების ძიძა ვიქნები! ჩემი მშობლები ტრიტონი და ლიბიაა. გამიშვი, მეგობარო, ნერევსის ასულებთან! მე მსურს ზღვაში ვიცხოვრო კუნძულ აწაფეს მახლობლად! შემდეგ კი მზის შუქზე ამოვალ და შენს შვილიშვილებს მფარველობას გავუწევ!“.
გმირმა ევფემემ ეს სიზმარი იაზონს უამბო. იაზონი მყისვე მიხვდა, რომ ეს ჰეკატოსის (აპოლონის) წინასწარმეტყველება იყო და ევფემეს ასე მიმართა: „ძვირფასო მეგობარო, მართლაც დიდი და ბრწყინვალე პატივი გხვდა შენ წილად! თუ მაგ ბელტს ზღვაში გადაისვრი, ღმერთები მყისვე კუნძულს აღმოაცენებენ! ამ კუნძულზე შენი შვილიშვილები დასახლდებიან. სწორედ რომ დიდებით შეგმოსა ნეტარმა ტრიტონმა, ლიბიის მიწის ბელტი რომ გიბოძა!“
წინასწარმეტყველებით აღტაცებულმა ევფემემ ოაზონს დაუჯერა და ტრიტონის ნაჩუქარი ბელტი ზღვაში გადაისროლა. გადაგდებულ ბელტისაგან მყისვე ამოიზიდა კუნძული კალისტე („ლამაზს“ ნიშნავს). ეს კუნძული იყო წმინდა ძიძა ევფემეს ნაშიერთა, რომლებიც თავდაპირველად სინტეიდურ ლემნოსზე ცხოვრობდნენ. ისინი ლემნოსიდან ტირსენელებმა გამოაძევეს და სპარტაში დასახლდნენ. ავტესიონის სახელოვანმა ვაჟმა თერასმა ევფემეს ნაშიერები სპარტიდან კუნძულ კალისტეზე გადაიყვანა. ამ კუნძულმა შემდეგში თავისი სახელი შეიცვალა და თერა დაირქვა (აწინდელი სანტორინი).
ძლევამოსილმა არგონავტებმა კუნძული თერა დატოვეს. ზღვის ტალღები სწრაფად გადალახეს და კუნძულ ეგინას ნაპირებს მიადგნენ. არგონავტები ხომალდიდან გადმოვიდნენ და წყლის მოსამარაგებლად გაეშურნენ. ვაჟკაცებმა შეჯიბრი გამორთეს, თუ ვინ მოასწრებდა ჭურჭლის გავსებას და ხომალდზე დაბრუნებას. ეს შეჯიბრი წყლის საჭიროებითაც იყო გამოწვეული და იმითაც, რომ საამური ზურგქარი არგონავტებს გამგზავრებისათვის აჩქარებდა. მათ მიერ გამართული შეჯიბრის მოსაგონებლად მირმიდონელთა ძენი დღესაც მართავენ ამ სახის ასპარეზობას. ისინი მხრებზე წყლით სავსე ორყურიან კოკებს იდგამენ და ერთმანეთს სირბილში ეჯიბრებიან.
ძლევამოსილო არგონავტებო! ნეტარ გმირთა სახელოვანო ვაჟებო, მოწყალე იყავით ჩემს მიმართ! დაე, მარად საამო მოსასმენი იყოს ეს ჩემი მოთხრობა! მე უკვე დავასრულე თქვენი საგმირო ამბავი! კუნძულ ეგინიდან გამომგზავრებულთ გაჭირვება აღარ შეგხვედრიათ; არც ქარიშხალს შეუშფოთებიხართ! თქვენ მშვიდად შესცურეთ ევბეის ყურეში; ჩაუარეთ კეკროპიას (ატიკა), ავლისს, ლოკრთა ოპუნტიურ ქალაქებს და სიხარულით მიადექით პაგასის (იოლკოსის ნავსადგური) ნაპირებს!.

1. მთვარეს (სელენეს) უყვარდა ჭაბუკი ენდიმიონი. იგი ზეციდან კარიის მთაზე ლატმოსზე ჩამოდიოდა და გამოქვაბულში მძინარე ენდიმიონს ჰკოცნიდა.
2. ძველებს სწამდათ, რომ ჯადოქრებს ციდან მთვარის ჩამოყვანა შეეძლოთ.
3. ტიტანური ეა – ეას ეს სახელი ან იმასთანაა დაკავშირებული, რომ ტიტანი პრომეთე ეას მახლობლად იყო მიჯაჭვული, ან ჰელიოსთან (მზესთან), რომლის სხივებიც ეაში ძევს.
4. ლიკე აპ. როდოსელის მიხედვით ფასისს ერთვის. აკად. ს. ჯანაშიას იგი მდ. ჭოროხის საცილობელ სახელად მიაჩნია და პოეტის ამ ცნობას მკაფიო გეოგრაფიულ კონტამინაციად თვლის.
5. დანაე – ბელეს ძე. „პაროსის ქრონიკით“ ეგვიპტიდან წამოვიდა და დაეუფლა არგოსს 1511 წ. (ქ. წ.).
6. დევკალიდები – დევკალიონის ნაშიერები. დევკალიონის ძე იყო ჰელენე. ჰელენეს ჰყავდა სამი ძე: ეოლოსი, დოროსი და ქსუთოსი, რომელთაგან საბერძნეთის ხალხის უმეტესი ნაწილი წარმოიშვა. ამ მითის მიხედვით ჰელენე მეფობდა ფთიოტიდაში – თესალიაში 1521 წ. ქ. წ. (იხ. „პაროსის ქრონიკა“).
7. არკადია – ოლქი ცენტრალურ პელოპონესში.
8. იგულისხმება სესოსტრისის ანუ სესონხოსის ლაშქრობა. სესოსტრისი ეგვიპტის ლეგენდარული მეფე იყო (IV ათასეულში). აპ. როდოსელი არგოსის სიტყვით გადმოგვცემს ცნობას ეაში მცხოვრები კოლხების ეგვიპტელებისაგან წარმოშობის შესახებ. პოეტი აქ პირდაპირ იმეორებს ჰეროდოტეს, რომლის მიხედვით კოლხების წარმოშობა სესოსტრისის ლეგენდარულ ლაშქრობასთან არის დაკავშირებული. კოლხების ეგვიპტელებისაგან წარმოშობის შესახებ ცნობა ისტორიულად დადასტურებელია. იგი ალბათ კოლხებსა და ეგვიპტელებს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობის ნიადაგზე წარმოიშვა.
9. ცნობა კირბების შესახებ პირველად აპ. როდოსელთან გვხვდება. არგოსის სიტყვები, რომ კოლხებს მამებისაგან დანაწერი კირბები აქვთ, კოლხთა კულტურის მაუწყებლად უნდა ჩაითვალოს და ჩვენში ანტიკური ხანის დამწერლობის არსებობაზე მიუთითებს. საფიქრებელია, კოლხებს, თუ არგონავტების მითის შექმნის ხანაში არა აპ. როდოსელის დროს ჰქონიათ წერილობითი ძეგლები სამანძილო კირბების სახით, რომელთაც კარტოგრაფიული მნიშვნელობა ჰქონდათ. კარლ რიტტერი წერს: „კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონების პატივდიდება სრულიადაც არ ეკუთვნის მცირე აზიის ბერძნებს. იგი, ბევრად უფრო ადრე, ხმარებაში ყოფილა კოლხეთის მოგზაურ ვაჭართა შორის“. აპ. როდოსელის ცნობიდან კირბების შესახებ ირკვევა, რომ ბერძნებს კოლხები მაღალი კულტურის მქონე ხალხად ჰყოლიათ წარმოდგენილი. ამას „არგონავტიკის“ სხვა ადგილებიც ადასტურებს (მაგ. აიეტის სამეფო კარის აღწერა). აპ. როდოსელის სქოლიასტის მიხედვით კირბები მაღალი ბოძებია, სხვადასხვა წარწერების შემცველი. ლექსიკოგრაფი სვიდა (X საუკ. ქ. შ.) გადმოგვცემს: „კირბები სამწახნაგა დაფებია ქვისაგან აღმართულ სვეტებზე მიკრული. ამ დაფებზე სასულიერო და საერო კანონები იწერებოდა“. თუ საიდან აიღო ცნობა კოლხეთში კირბების არსებობის შესახებ აპ. როდოსელმა, ჯერჯერობით გაურკვეველია.
10. იგულისხმება ჰიპერბორეელთა მთები.
11. ტრინაკრია სიცილიის უძველესი სახელია, ხოლო ტრინაკრიის ზღვა ადრიატიკის ზღვას ეწოდებოდა. აქ გეოგრაფიულ კონტამინაციის აქვს ადგილი. აპ. როდოსელს ეგონა, რომ მდ. ისტროსი (აწინდელი დუნაი) განსაკუთრებული ტოტით უერთდებოდა ადრიატიკის ზღვას.
12. აქელოიოსი – აკარნანიის მდინარე.
13. იგულისხმება ადრიატიკის ზღვის უბე.
14. პევკე – აწინდელი Piczina.
15. თრაკიელი სკვითები, სიგინები, გრავკენები და სინდები — მდ. ისტროსის სანაპიროების გასწვრივ მცხოვრები ტომები.
16. ანგურის მთა – მთა სკვითიაში, მდ. ისტროსის მახლობლად.
17. ბრიგეიდური კუნძულები – კუნძულები ადრიატიკის ზღვაში, შემდეგში აფსირტიდებად წოდებული.
18. ბრიგები ილირიასა და თრაკიაში სახლობდნენ. ბრიგების ნაწილი მცირე აზიაში გადასახლდა და ფრიგიელების სახელი მიიღო (სტრაბონი, VII).
19. ერიდანოსი – მდინარე პო. ბერძნებს ეგონათ, რომ მის შესართავთან იყო ქარვასავით ასხმული მრავალი კუნძული. მათ ელექტრიდებს ნიშნავს ქარვას) უწოდებდნენ.
20. კადმოსი – ქ. თებეს მითიური დამაარსებელი, ფინიკიელთა მეფის აგენორის ძე, დიონისე ღმერთის პაპა (დიონისეს დედა სემელე კადმოსის ასული იყო). კადმოსი და მისი მეუღლე ჰარმონია სიბერის ჟამს თებედან ენქელებში (ილირიის ხალხია) გადასახლდნენ. მათ საფლავზე თითქოს ორი კლდე იყო და უბედურების ჟამს ერთიმეორეს ეჯახებოდნენ.
21. კერავნიის მთები – ილირიის მთები (აწინდელი კიმარა).
22. დიონისეს ძიძა იყო ნიმფა მაკრისი. ქალღმერთ ჰერას მიერ ჭკუიდან შეშლილმა ჰერაკლემ თავისი შვილები დახოცა. აპოლოდორე მითოლოგის მიხედვთ ჰერაკლე განწმინდა თესპიელთა მეფე თესტიოსმა. აპ. როდოსელის გადმოცემით კი იგი კუნძულ მაკრისზე მივიდა და ალკინოეს მამამ ნავსითოემ განწმინდა. კუნძული მაკრისი – აწინდელი კორფუ.
23. ავსონია – იტალია. სტექადები – ტირენის ზღვის კუნძულები – აწინდელი les iles d’Hiéres.
24. კერკირა – იგივე კუნძული მაკრისი (კორფუ). აქ ფეაკები ცხოვრობდნენ.
25. აქ იგულისხმება ნიმფა კალიფსო, რომელსაც ოგიგიის (ნიმფაიეს) კუნძულზე შეპყრობილი ჰყავდა მრავალტანჯული ოდისევსი.
26. მითი: ფაეთონი მზის ღმერთის ჰელიოსის და კლიმენეს ძე იყო. ერთხელ ფაეთონმა ღვთაებრივ მამას მზის ფრთოსანი ეტლი სთხოვა. ჰელიოსს უარი არ გაუვიდა და საყვარელ ვაჟს ცეცხლმფრქვევი ცხენებით შებმული ეტლი მისცა. ფაეთონი ეტლში ჩაჯდა და ტანდარახტული ცხენები ცის სივრცეში გააქანა. ცხენებმა თავი აიწყვიტეს და მზის ეტლს ხან ცის სივრცეში დააქროლებდნენ, ხან მიწის მახლობლად მიაქანებდნენ. ეტლის მცხუნვარება ქვეყანას მოედო. დედამიწა იწვოდა. ყოვლისშემძლე ზევსმა ქვეყნიერების გადასარჩენად ფაეთონის ეტლს მეხი დასცა, დაამსხვრია და საბრალო ფაეთონიც ერიდანოსის ტალღებში ჩასძირა.
27. მითი: ფებ-აპოლონს ჰყავდა შვილი ესკულაპე, რომელიც მკურნალობის ღვთაებად ითვლებოდა. ესკულაპემ გაიგო საიდუმლოება, რომლითაც მკვდრებს სიცოცხლე დაუბრუნდებოდათ. ზევსმა ამისათვის ესკულაპს მეხი დასცა. განრისხებულმა აპოლონმა მეხის გამომჭედი ციკლოპები დახოცა. ზევსი გაბრაზდა და აპოლონი რამდენიმე ხნით ოლიმპოდან გადაასახლა.
28. როდანოსი – რონა. აქაც გეოგრაფიულ კონტამინაციასთან გვაქვს საქმე. გასაგებია, რომ პოდან რონაში მოხვედრა შეუძლებელია. ამით მტკიცდება, რომ აპ. როდოსელის დროშიც კი ცუდად იცნობდნენ ევროპის გეოგრაფიას.
29. აქ აპ. როდოსელს, როგორც ჩანს, ჰგონია, როდანოსს სამი ტოტი აქვს. შეიძლება მას მხედველობაში აქვს რაინი, რონა და პო, როგორც ერთი მდინარის სამი განშტოება.
30. ერკინოსის მთა – Silva Hercynia (სტრაბონი, IV. ი. კეისარი, „გალიის ომი“, VI).
31. დიოსკურები – პოლიდევკე და კასტორი, ხომალდთა მფარველი გმირები.
32. აწინდელი Porto Feraro.
33. აიაია – აპ. როდოსელის სქოლასტი ამბობს, აიაია მარცვლით განვრცობილი აია (ეა) არისო. კოლხეთის აიაში (ეაში) აიეტი და მისი სახლობა ცხოვრობს, აიაია კი დასავლეთში ძევს და აიეტის გრძნეული დის კირკეს სამფლობელოა. აიაიას პირველად და რამდენჯერმე უკვე ჰომეროსი იხსენიებს. ოდისევსი ამბობს: მივედით აიაიას დიდ კუნძულზე, იქ ცხოვრობს კირკე („ოდისეა“). ეს კუნძული პოეტების მიხედვით ტირენის ზღვაში ძევს. მისი სახელი კოლხეთის აიასაგან (ეასაგან) არის წარმოებული.
34. აქ იგულისხმება სამყაროს ქაოტური მდგომარეობა საოცარი ქმნილებები, კირკეს რომ მისდევდნენ. გრძნეული ქალღმერთის მიერ ცხოველებად ქცეული ბედუკუღმართი მეზღვაურები იყვნენ. ეს ეპიზოდი ჩვენს პოეტს ჰომეროსისაგან აქვს გადმოღებული.
35. ეს სამსხვერპლო სითხე წყალს, რძეს და თაფლს შეიცავდა. იგი განკუთვნილი იყო ევმენიდებისათვის (მკვლელობისათვის შურისმაძიებელი ქალღმერთები), მუზებისათვის და ნიმფებისათვის.
36. თეტიდა – ზღვის ქალღმერთი, აქილევსის დედა.
37. სკილე – ექვსთავიანი ზღვის ურჩხული. ქარიბდი უზარმაზარხახიანი ურჩხული.
38. თემიდა – მართლმსაჯულების ქალღმერთი.
39. იგულისხმება აქილევსის მამა, ფთიის მეფე პელევსი.
40. ამბროსია – ღმერთთა საკვები. ღმერთები ამბროსიით ტანსაც იზელდნენ.
41. ერიქსი – სიცილიის მთა. აქ აფროდიტეს ტაძარი იყო.
42. თრინაკია – სიცილიის ზღაპრული კუნძული. აქ მზის ღმერთ ჰელიოსს ნახირი ჰყავდა („ოდისეა“, XII).
43. ჰესიოდე (VIII საუკ. ქ. წ.) „თეოგონიაში“ შემდეგს გადმოგვცემს: „პირველად იყო ქაოსი; ქაოსისაგან შემდეგ წარმოიშვა მიწა („გაია“, „გეა“). გეამ წარმოშვა ცა („ურანოსი“), მთები, ზღვა... შემდეგ შეეუღლა ურანოსს და მასთან ეყოლა ოკეანე, კოოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტი... ყველაზე ბოლოს კრონოსი. გეას შვილები უსახურნი იყვნენ და მამამ, ურანოსმა, ისინი შეიზიზღა იმთავითვე. როგორც კი რომელიმე მათგანი წარმოიშვებოდა, მშობელი მალავდა მას მიწის წიაღში. იგი ამ ბოროტი საქციელით ტკბებოდა. გეა კი, დედა, ამით იტანჯებოდა. როდესაც მან შექმნა რკინის მოდგმა, გამოსჭედა ნამგალი და შვილებს მიმართა სიტყვით: ჩემი და უწმინდური მამის შვილებო თუ გამიგონებთ, შეგიძლიათ მამათქვენს გადაუხადოთ სამაგიერო მისი ბოროტი საქციელისათვის“. ყველანი სდუმდნენ. ხოლო ცბიერი კრონოსი წამოდგა და უთხრა: ძვირფასო მშობელო! მზად ვარ შევასრულო მე დავალება, ბოროტი მამისა ხვედრი არ მაწუხებს, არ მენანება: იმან ხომ პირველმა საზარელთ საქმეთ მოჰკიდა ხელი. გეას ძალიან გაუხარდა. იდუმალ ადგილას დამალა შვილი და ასწავლა ნამგლის ხმარება. ურანოსმა თან წამოიყვანა ღამე და მოვიდა გეასთან, დაწვა მასთან და როდესაც ის აღინთო ტრფიალებით, კრონოსმა ფარული ადგილიდან მოულოდნელად მარცხენა ხელი გამოჰყო, მარჯვნით მოიქნია ნამგალი და ნაყოფიერების ასო მოჭრა მამას“.
44. ნიშნავს ნამგალს. ფეაკების ამ კუნძულს ჰომეროსი სქერიას უწოდებს .(„ოდისეა“, VI), სხვა ავტორები. მაკრისს, დრეპანეს და უფრო ხშირად კერკირას (აწინდელი კორფუ).
45. ზევსმა კავშირი დაიკავა მოკვდავ ანტიოპესთან. ანტიოპეს ეყოლა ორი ვაჟი: ძეთე და ამფიონე. ანტიოპეს მამა ნიქტევსი ქალიშვილზე განრისხდა და დასჯა მოუნდომა. საბრალო ქალი მამას გაექცა, მაგრამ ბიძამისმა, ლიკოსმა, შეიპყრო და მიჰგვარა. იგი სასტიკად დაისაჯა.
46. მითი: არგოსის მეფეს აკრისიას ჰყავდა ქალი – მზეთუნახავი დანაე. აკრისიას უწინასწარმეტყველეს, რომ შვილიშვილი ტახტს წაართმევდა. ამიტომ მან თავისი ასული, დანაე, ისეთ კოშკში მოათავსა, სადაც ვერც ერთი მამაკაცი ვერ შეიპარებოდა. ზევსმა თვალი მოჰკრა მზეთუნახავს და მასთან კავშირის დაჭერა მოინდომა. ზევსმა ოქროს წვიმა შეაშხაპუნა დანაეს კოშკში და ამრიგად ასული დააორსულა. დანაეს ეყოლა ღვთაებრივი ვაჟი პერსევსი. განრისხებულმა აკრისიამ დანაე და მისი ვაჟი კიდობანში ჩაჰკეტა და ზღვაში გადააგდო. კიდობანი კუნძულ სერიფოსის ნაპირას გაირიყა. რომელიღაც მებადურმა დედა-შვილი კიდობნიდან ამოიყვანა და სერიფოსის მეფე პოლიდექტესთან მიიყვანა. პოლიდექტეს დანაე მოეწონა და მოისურვა მისი შვილი თავიდან მოეშორებინა. ამიტომ მან პერსევსს მისცა მძიმე დავალება: წასულიყო გორგონებთან და ერთ-ერთი გორგონის მედუზის თავი მოეტანა. პერსევსს დავალების შესრულებაში ქალღმერთი ათენა დაეხმარა. პერსევსმა მედუზას თავი მოჰკვეთა და პოლიდექტეს მიართვა.
47. ექეტოსი – ეპირის მრისხანე და შეუბრალებელი მეფე. იგი ადამიანებს საშინელი წამებით ჰკლავდა („ოდისეა“, XVIII). მან შეუბრალებლად გამოასალმა სიცოცხლეს სასიძო ექმოდიკოსი და თავის ასულს თვალებიც დასთხარა და საპყრობილეშიც ჩააგდო.
48. მითი: ზევსმა კავშირი დაიჭირა თებეს მეფის კადმოსის ასულთან სემელესთან. სემელე დაორსულდა. ეჭვიანმა ჰერამ, ზევსის მეუღლემ, განიზრახა სამაგიერო გადაეხადა თავისი მეტოქისათვის. იგი დედაბრის სახით გამოეცხადა სემელეს და ურჩია: სთხოვე შენს სატრფოს ნამდვილი სახით გამოგეცხადოსო. ზევსმა სემელეს თხოვნა შეუსრულა და გამოეცხადა ნამდვილი სახით, ე.ი. როგორც ჭექა-ქუხილის მეუფე. საბრალო სემელეს ცეცხლი შემოენთო. ზევსმა ჰერმესს უბრძანა სემელეს მუცლიდან ნაყოფი ამოეღო. ჰერმესმა მომაკვდავი სემელეს საშოდან ნაყოფი გამოიღო და ზევსს გადასცა. ზევსმა იგი თავის თეძოში შეინახა, მოასრულებინა ცხრა თვე და ასე დაიბადა ღმერთი დიონისე. ჩვილ დიონისეს ზრდიდა ნიმფა მაკრისი.
49. ბაკხიდები კორინთოს მეფის ბაკხის შთამომავალნი იყვნენ.
50. ნესტეელები – ილირიის ხალხი. ორიკე – მათი ქალაქი.
51. ნომიოსი აპოლონის ეპითეტია და კანონთა დამცველს ნიშნავს.
52. მოირები – ბედისწერის სამი ქალღმერთი; კლოთო, ლახესის, ატროპო.
53. ეს კუნძულები (აწინდელი კურტსოლარესი) აქარნანიის სამხრეთითაა.
54. სირტი – აწინდელი სიდრა (დღევ. ლიბიაში). იგი მეჩხერი უბეებითაა განთქმული.
55. პაქტოლოსი – ლიდიის გედებით განთქმული მდინარე.
56. ამფიტრიტე – ზღვათა ღმერთის პოსეიდონის მეუღლე.
57. ატლანტი – ტიტანი. ჰომეროსის მიხედვით მას ზეცა ჰკიდია ზურგზე და ამაგრებს. მისი სახელობის მთა იყო ჩრდ. დას. აფრიკაში.
58. მეფე ევრისთევსის დავალებით ჰერაკლემ მოკლა ლერნეს ჭაობის ცხრათავიანი ჰიდრა და მის შხამიან სისხლში შორსსატყორცნი ისრები ამოავლო.
59. პეონი – ოლიმპიელ ნეტართა მკურნალი ღმერთი.
60. ევრიპილე – პოსეიდონის ძე, ზღვის ღვთაება ტრიტონი. იგი ლიბიის ლეგენდარულ მეფედ ითვლებოდა. მის შემდეგ ლიბიაზე მბრძანებლობდა ნიმფა კირენე.
61. აპისი – არგოსის მითიური მეფე.

Комментариев нет:
Отправить комментарий