ძველი მსოფლიოს გამოჩენილი ისტორიკოსი და გეოგრაფი სტრაბონი (ძვ.წ. 64–ახ.წ. 23) იყო პონტოელი ბერძენი ქ. ამასიიდან. მან ბევრი იმოგზაურა და სავარაუდოდ კოლხეთშიც ყოფილა. სტრაბონმა შეაჯამა ძველი ბერძნული და ძველი რომაული საზოგადოების გეოგრაფიული ცოდნა და აღწერა მის დროში ცნობილი თითქმის ყველა ქვეყანა და მხარე. იმ ქვეყნების შესახებ ცნობებს, რომლებიც სტრაბონს თვითონ არ უხილავს, კრებდა ერატოსთენეს (ძვ. წ. 276–194), არტემიდორ ეფესელის (ძვ.წ. II–I ს-ბი), აპოლოდორის, ჰიპარქეს ნიკეელის (ძვ.წ. 180–125), პოლიბიოსის (ძვ. წ. 203–120), ეფორის და პოსიდონი აპამეელის (ძვ. წ. 135–50) ნაშრომებიდან. მან შექმნა ორი ნაწარმოები: „საისტორიო ნარკვევები“ და „გეოგრაფია“. პირველი ნაშრომი 47 წიგნისგან შედგებოდა და წარმოადგენდა სხვა ბერძენი ისტორიკოსის პოლიბიოსის „ისტორიის“ (მოთხრობილია ძვ.წ. 200–146 წლების რომისა და მისი მეზობლების ამბები) გაგრძელებას. მისგან მხოლოდ 19 ფრაგმენტია მოღწეული და ისიც „გეოგრაფიაში“ შესული. მეორე ნაშრომი 17 წიგნისგან შედგება და თითქმის მთლიანად არის შემონახული.
სტრაბონის „გეოგრაფია“ მოგვითხრობს:
ტანაისი (კავკასია)
„აზიის აღწერისას დავიწყებ ჩრდილოეთ ოლქებით. პირველად აღვწერ ტანაისის მხარეს (დღევ. კავკასია), რომელიც ევროპა-აზიის საზღვარზეა და ჰგავს ნახევარკუნძულს. დასავლეთიდან მას ეზაღვრება მდ. ტანაისი (მდ. დონი), მეოტიდა (აზოვის ზღვა) ბოსფორამდე და ევქსინის პონტოს (შავი ზღვა) ნაწილი კოლხიდამდე; ჩრდილოთიდან ესაზღვრება კასპიის ზღვა, აღმოსავლეთიდან ასევე კასპიის ზღვა ალბანიისა და არმენიის საზღვრებამდე, სადაც ჩაედინებიან ზღვაში კიროსი (მტკვარი) და არაქსი; არაქსი მიედინება არმენიის გავლით, ხოლო კიროსი იბერიისა და ალბანიის გავლით; ბოლოს, ტანაისის მხარე სამხრეთის მხრიდან შემოსაზღვრულია სივრცით კიროსის შესართავიდან კოლხიდამდე გადაჭიმული 3000 სტადიონზე (534 კმ) ზღვიდან ზღვამდე ალბანია-იბერიის გავლით.
ტანაისის მხარის ჩრდილოეთით და ჩრდ ნაწილში ცხოვრობენ მომთაბარე სკვითები. მათ სამხრეთით კავკასიის მთებამდე ცხოვრობენ სარმატები, ზოგიერთი სკვითები, აორსები და სირაკები (მათი დასახლებიდან წარმოიშვა დასახლება სირაკენე, შემდეგდროინდელი არმენიული მხარე შირაქი); მათი ნაწილი მომთაბარეები არიან და ცხოვრობენ კარვებში, ხოლო ნაწილი ეწევა მიწათმოქმედებას. მეოტოდის ზღვის ირგვლივ ცხოვრობენ მეოტები. ამ ზღვასთან განლაგებულია ბოსფორის აზიური ნაწილი და სინდების მხარე. მათ სამხრეთით ცხოვრობენ აქეელები, ზიგები (ჯიქები), ჰენიოხები, კერკეტები და მაკროპოგენები (ანუ გრძელწვერებიანები). მათ სამხრეთით მდებარეობს ფთიროფაგების (ანუ გირჩისმჭამელები) ხეობა. ჰენიოხების ქვემოთ მდებარეობს კოლხიდა, რომელიც მოთავსებულია კავკასიისა და „მოსხური მთების“ (მდინარეების ჭოროხის, მტკვრის, არაქსისა და ევფრატის წყალგამყოფ მთათა სისტემა: შედგებოდა არსიანის ქედის, შავშეთის ქედის, აჭარა-იმერეთის ქედის, ერუშეთის ქედის, ერუშეთის მთიანეთის, ნიალისყურის ქედის, სამსარის ქედის, ჯავახეთის ქედის, თრიალეთის ქედის, სოღანლუღის ქედის, კარგაფაზარის ქედის, ჩახირბაბის ქედის, ალაჰიუეკბერის ქედისგან) ძირებს შორის.
კავკასიის მთა გადაჭიმულია ორ ზღვას შორის და ერთმანეთისგან აშორებს ალბანიასა და იბერიას სარმატიის ვაკეებისგან. კავკასიის მთები დაფარულია ტყეებით. მისი ზოგიერთი ქედები მიემართება სამხრეთით, და ისინი არამარტო მოიცავენ იბერიის შუაგულს, არამედ არმენულ და მოსხურ მთებს და აგრეთვე სკიდისესა (მოიცავდა ჭოროხის მარცხენა ნაპირზე აღმართულ ლაზისტანის, სოღანლის და კალკანის ქედებს) და პარიადრს (თანამედროვე ჯანიკის, გირესუნის, გიუმუშჰანეს, კოპის, მოსჯინის, სივრიდერესა და აკდაღის ქედებს; ფართო მნიშვნელობით კი პარიადრი ზოგჯერ ფარავდა სკიდისეს და მოსხური მთების იმ ნაწილს რომელიც აგრძელებს პარიადრეს და მოიცავდა ჩახირბაბის, კარგაფაზარის, სოღანლუღის, ალაჰიუეკბერის ქედებს). ყველა ეს მთები ტავროსის ნაწილები არიან, რომელიც არმენიის სამხრეთ კიდეს ქმნის; ტავროსისაგან ისინი როგორღაც მოწყვეტილი არიან ჩრდილოეთისაკენ და გრძელდებიან კავკასიონამდე და ევქსინის სანაპიროს იმ ნაწილამდე, რომელიც კოლხეთიდან თემისკირამდე ვრცელდება.
ჰენიოხები და მათი მეზობლები
სინდების ოლქისა და გეორგიპიის (სინდების დედაქალაქი) შემდეგ ზღვაზე მოდის სანაპირო აქეელების, ზიგების და ჰენიოხების, რომელიც მაღალმთიანია (ეს მთები კავკასიის მთების ნაწილია) და ღარიბია ნავსაგურებით. მათ სამხრეთით კი პიტიუნტია. ეს ხალხები ცხოვრობენ საზღვაო ყაჩაღობით, რისთვისაც მათ ჰყავთ პატარა, ვიწრო და მსუბუქი ნავები, რომლებიც იტევს დაახლ 25 კაცს, იშვიათად კი – 30-ს. ასეთი ნავების ფლოტილიით ისინი თავს ესხმიან როგორც სავაჭრო ხომალდებს, ისე პონტოს სანაპირო ქალაქებს და ბატონობენ ზღვაზე. ხანდახან მათ ეხმარება ბოსფორის სამეფოს მოსახლეობა, რომლებიც მათ ხომალდებს აძლევენ სადგომს, ანდა უმართავენ ბაზარს საკვების საშოვნელად. შინ დაბრუნებისას, რადგან არ აქვთ ნავსადგურები, მათ უწევთ ნავის მხარზე გადება და ტყეში წაღება, სადაც თავიანთ საცხოვრებელში შეინახავენ ხოლმე. თავის ქვეყანაში ისინი ტყეში ცხოვრობენ და მწირი მიწის დამუშავებას მისდევენ, მაგრამ ნაოსნობის დრო მოაწევს თუ არა, მაშინვე ნავებს ზღვაზე გაიყვანენ. ასევე იქცევიან ისინი როდესაც უცხო ქვეყნის ნაპირებთან მოუწევთ შეჩერება. სასწრაფოდ ნავებს ტყეში შეიყვანენ და იქ დამალავენ, ხოლო თვითონ ფეხით დადიან დღე და ღამე, როდესაც მსხვერპლს მარტოკას მოიხელთებენ, შეიპყრობენ რათა მონად გაჰყიდონ. თუ მსხვერპლი გამოთქვამს გამოსასყიდის მიცემის სურვილს, უკავშირდებიან მის ნათესავებს და გამოსასყიდლის გადახდის შემდეგ მას სიხარულით ათავისუფლებენ. ამ მხარეების მმართველები ხშირად ეხმარებიან ტყვედ ჩავარდნილ საკუთარ მოსახლეობას. ისინი ხშირად თავს ესხმიან მეკობრეთა ხომალდებს და ატყვევებენ თავისი ეკიპაჟით. რომზე დაქვემდებარებული ოლქები კი უფრო სუსტად დაცულია, რადგან რომის გამოგზავნილი მმართველები ნაკლებად ზრუნავენ აქაურებზე.
ასეთია აქაურთა ცხოვრება. მათ მართავენ სკეპტუხები, რომლებიც თავის მხრივ ექვემდებარებიან ტირანებსა და მეფეებს. მაგ. როდესაც მითრიდატე ევპატორი, პომპეუსის მიერ თავისი ქვეყნიდან დევნილი გარბოდა ბოსფორისაკენ ჰენიოხების მიწის გავლით, ამ დროს ჰენიოხებს ჰყავდათ 4 მეფე. აქედან მითრიდატემ გაიარა ზიგებისა და აქეელების მიწები და ჩავიდა ბოსფორში, გაიარა რა სულ ფაზისიდან დაახლ. 4000 სტადიონი (712 კმ).
კოროკონდამიდან საზღვაო გზა მიდის აღმოსავლეთით. მისგან 180 სტადიონზე (32 კმ) მდებარეობს სინდების პორტი და ქალაქი. შემდეგ 400 სტადიონის (71,2 კმ) დაშორებით ე.წ. ბატი (დღევ. ნოვოროსიისკთან), რომლის პირდაპირ სამხრეთით მდებარეობს სინოპი. ბატის შემდეგ არტემიდორი ასახელებს კერკეტების სანაპიროებს (სადაც არის დასახლებები და ნავმისადგომები) სიგრძით 850 სტადიონი (151 კმ); შემდეგ აქეელების სანაპირო 500 სტადიონი (89 კმ); შემდეგ ჰენიოხების სანაპირო 1000 სტადიონი (178 კმ); შემდეგ დიდი პიტიუნტი, საიდანაც დიოსკურიამდე 360 სტადიონია (64 კმ). მითრიდატეს ისტორიკოსები, რომლებიც დიდ ნდობას იმსახურებენ ასახელებენ პირველად აქეელებს, შემდეგ ზიგებს, შემდეგ ჰენიოხებს, შემდეგ კერკეტებს, მოსხებს, კოლხებს, მათ ქვემოთ მცხოვრებ ფთიროფაგებსა და სოანებს და სხვა პატარა ხალხებს კავკასიისა. თავიდან სანაპირო როგორც ვთქვი ვრცელდება აღმოსავლეთით და მიმართულია სამხრეთისკენ, მაგრამ ბატიდან მცირედ უხვევს და შემდეგ მიემართება დასავლეთით, მთავრდება პიტიუნტთან და დიოსკურიადასთან; კოლხიდის მთელი ეს ტერიტორიები ეკვრის ზემოთნახსენებ სანაპიროს. დიოსკურიადას მოსდევს კოლხიდის დანარჩენი სანაპირო და მისი მიმდებარე ტრაპეზუნტის სანაპირო; შემდეგ ის გრძელდება თითქმის სწორი ხაზით პონტოს მარჯვენა მხარეს მიმართული ჩრდილოეთით.
კოლხიდა
ტავრის მთიანეთში არის მთა ტრაპეზუნტი, თანამოსახელე იმ ქალაქისა, რომელიც ტიბარანიასა და კოლხიდასთან მდებარეობს. ეს სანაპირო აღმოსავლეთისაკენ მიემართება და სამხრეთს უყურებს. ნელ-ნელა დასალეთისაკენ შემობრუნდება და პიტიუნტთან და დიოსკურიასთან სრულდება: კოლხიდის ეს ადგილები ხომ დასახლებულ სანაპიროს ესაზღვრება. დიოსკურიის შემდეგ დანარჩენი სანაპირო კოლხიდისაა და მის მომდევნო ტრაპეზუნტთან მნიშვნელოვან მოხრილობას ქმნის, შემდეგ პირდაპირ მიემართება, ქმნის მარჯვენა გვერდს პონტოსას. მთელი სანაპირო კავკასიონის ქვემოთ მდებარეობს.
დიოსკურია უბეში მდებარეობს და მთელი ზღვის უკიდურესი აღმოსავლეთი პუნქტი უჭირავს მასზე. ამბობენ, რომ ისაა ევქსინის უშორესი ადგილი და უკიდურესი სანაოსნოდ. დიაოსკურიადა დევს უბეზე, ფაზისიდან არანაკლებ 600 სტადიონზე (106 კმ). დიოსკურია სავაჭრო ადგილია მის ზემოთ და გარშემო მცხოვრები ტომებისათვის. აქ იწყება პონტოსა და კავკასიის ზღვების დამაკავშირებელი სავაჭრო გზა. ერთთა აზრით, ქალაქში თავს იყრის 70 ტომი, ხოლო მეორენი ამბობენ სამასიო, თუმცა ესენი არაფრით ზრუნავენ სიმართლისათვის. ყველა ტომი განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს, რადგან დაფანტულობის გამო შეურევლად ცხოვრობენ თავისი სიამაყისა და ველურობის მიზეზით. უმეტესობა სარმატია, ხოლო ყველგან კავკასიელები არიან. ესაა რაც შეეხება დიოსკურიას.
ხოლო კოლხიდა მეტწილად ზღვასთან მდებარეობს. მასზე მიედინება დიდი მდინარე ფასისი (სტრაბონის ფასისი ყვირილადან იწყება. შესაბამისად რიონი რაჭის მთებიდან ვარციხემდე ფასის-რიონს არ ეკუთვნის. ამასვე ადასტურებს გეოგრაფი პტოლემაიოსი, რომელიც ფასისი შესართავს სარაკესთან ანუ შორაპანთან ახლოს დებს. მართალია ამ შემთხვევაში ძირულა გამოდის, თუმცა გვიდასტურებს იმას რომ ანტიკურ ხანის ავტორთა უმეტესობას რიონი სწორედ ყვირილა-ძირულადან დაწყებული ეგონათ), რომელსაც სათავე არმენიაში აქვს (სტრაბონი აქ იმეორებს ერატოსთენეს აზრს. სხვაგან სტრაბონი გვამცნობს რომ ფასის-რიონის სათავე იბერიის მთებშია, რაც უკვე ყვირილადან მის დაწყებას უნდა გულისხმობდეს), რომელიც იერთებს გლავკოსსა (სტრაბონის ცნობით – 1. გლავკოსი ფაზისის მიმდებარე მთებიდან ჩამოდის. 2. ფაზისი დაბლობში ღებულობს სხვა მდინარეებს რომელთა შორის არის ჰიპოსი და გლავკოსი. ამ უმთავრესი მომენტიდან გამომდინარე ვერც ყვირილა და ვერც ძირულა გლავკოსად ვერ ჩაითვლება, რადგან შორაპნის სანახებს კოლხეთის დაბლობად ვერ მივიჩნევთ. ამდენად უფრო სარწმუნოა, რომ გლავკოსი იყოს დღევანდელი რიონი უფრო ზუსტად კი რიონის მონაკვეთი რაჭის მთებიდან ვარციხემდე, ე.ი. რიონ-ყვირილის შერთვამდე.) და ჰიპოსს (ცხენისწყალი) მახლობელი მთებიდან გამომდინარეთ. ფაზისზე აღმა ცურვა შეიძლება სარაპანამდე (შორაპანი) – რომელიც ციხე-სიმაგრეა, მაგრამ შეუძლია დაიტიოს ქალაქის მთელი მოსახლეობა. აქედან ფეხით, საურმე გზით ოთხ დღეში მიისვლება მტკვრამდე. ფაზისზე მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოლხთა სავაჭრო ადგილი, გარშემორტყმული მდინარით, ტბითა და ზღვით. ფაზისიდან ამისომდე (დღევ. სამსუნთან) და სინოპამდე ცურვით 2–3 დღეში მიისვლება. ფასისის შესართავთან ტერიტორია დაჭაობებულია. ქვეყანაში კარგი ნაყოფები იცის, გარდა თაფლისა, რომელიც მეტწილად მწარეა. მოიპოვება აგრეთვე გემთსაშენისთვის საჭირო ყოველი მასალა, რადგან აქ მრავალი ტყეა და მდინარეებითაც ჩამოაქვთ, ამუშავებენ ბლომად სელს, კანაფს, ცვილსა და ფისს, ხოლო სელის დამუშავება განთქმულიც არის და ქვეყნის გარეთაც კი გააქვთ.
მოსხების ქვეყანაში ზემოთ ნახსენებ მდინარეებთან ახლოს მდებარეობს ფრიქსეს დაარსებული ტაძარი ლევკოთეა (უნდა ყოფილიყო დღევანდელი სოფელი კოთელიას ადგილზე. იგი კი ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონში, ახალქალაქიდან 15 კმ-ზე მდებარეობს) და მისი სამისნო, სადაც აკრძალული იყო ვერძის მსხვერპლად შეწირავა, რადგან სწორედ ვერძმა ჩამოიყვანა ფრიქსე. ერთ დროს ეს უმდიდრესი სალოცავი გაძარცვულ იქნა ჯერ ფარნაკეს, მოგვიანებით კი მითრიდატე პერგამონელის მიერ.
თუ როგორი სახელგანთქმული იყო ძველად ეს ქვეყანა, ამას მითები ცხადყოფენ, რომლებიც მოგვითხრობენ იაზონის ლაშქრობაზე, რომელიც მოვიდა მიდიამდე, და ამაზე უწინ კი ფრიქსეს ლაშქრობაზე. შემდგომმა მეფეები ფლობდნენ სკეპტუხიებად (სკეპტუხიები ეთნო-ტომობრივი მხარეები იყვნენ. შესაბამისად მათი მეთაური ადგილობრივი მოსახლეობის ლიდერი და ე. წ. მეფისნაცვალი იყო და არა პირდაპირ დანიშნული მოხელე. ანალოგიური სისტემის უნდა იყოს ფარნავაზის საერისთავოები. კოლხეთის ადმინისტრაციულ დაყოფაზე მიუთითებს ურარტული წყაროებიც.) დაყოფილ ქვეყანას, თუმცა მათი კეთილდღეობა მცირე იყო. როდესაც მითრიდატე ევპატორის ძალაუფლება გაძლიერდა, კოლხიდა დაექვემდებარა მის ბატონობას. ამიერიდან მეფე თავისი სამეგობრო წრიდან მუდმივად გზავნიდა პირებს კოლხიდის მმართველად. ამ მართველებს შორის იყო მოაფერნე – ჩემი დედის მამის ძმა. კოლხიდიდან მეფე იღებდა ყველაზე მეტად ფლოტისთვის საჭირო მასალებს. მითრიდატეს დამხობის შემდეგ მისი იმპერია დაიშალა. ბოლოს კოლხიდას დაეუფლა პოლემონი, ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ პოლემონის ცოლი პითოდორიდა, რომელიც იყო დედოფალი კოლხების, ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ქალაქების და მათ ახლოს მდებარე ბარბაროსთა ოლქების.
მოსხების ქვეყანა, სადაც მდებარეობს ლევკოთეას ტაძარი, იყოფა სამ ნაწილად: ერთ ნაწილს აკონტროლებს კოლხები, მეორეს ფლობს იბერები, მესამეს ფლობს არმენები. იბერიაში არის პატარა ქალაქი (ფრიქსეს ქალაქი) – თანამედროვე იდეესა1, კარგად გამაგრებული პუნქტი კოლხიდას საზღვართან. დიოსკურიადას ახლოს მიედინება მდინარე ხარესი (კელასური).
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მოლითის თემი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა ნაპირზე, ხარაგაულიდან 20 კილომეტრზე მდებარეობს სოფელი დეისი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში გდეისის სახელწოდებით.
1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში (მოლითის თემი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ მთისწინეთზე, მდინარე ჩხერიმელას მარცხენა ნაპირზე, ხარაგაულიდან 20 კილომეტრზე მდებარეობს სოფელი დეისი. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში გდეისის სახელწოდებით.
სვანები და მათი მეზობლები
იმ ხალხებს, რომლებიც დადიან დიოსკურიადაში არიან ფთიროფაგებიც, რომლებმაც ეს სახელი ბინძურად ცხოვრების გამო მიიღეს. მათ ახლოს ცხოვრობენ სოანები (დღევ. სვანები), რომლებიც არ ჩამოუვარდებიან მათ სიბინძურეში, თუმცა სჭარბობენ ძალაუფლებით. შესაძლოა სოანები ყველაზე მებრძოლი და ძლიერი ხალხია. ყოველ შემთხვევაში ისინი მბრძანებლობენ ყველა მათ ირგვლივ მცხოვრებ ხალხებზე და უკავიათ კავკასიის სიმაღლეები, რომლებიც აღმართულია დიოსკურიადასთან. მათ ჰყავთ მეფე და 300 კაციანი საბჭო და ამბობენ, რომ შეუძლიათ გამოიყვანონ 200000 მეომარი. სინამდვილეში მთელი ხალხი წარმოადგენს საომარ, თუმცა არაორგანიზებულ ძალას. მათ ქვეყანაში, როგორც ამბობენ მთის მდინარეებს ჩამოაქვთ ოქრო და ბარბაროსები დაჩვრეტილი ჭურჭლითა და ცხვრის ტყავებით აგროვებენ. ამბობენ რომ აქედან გაჩნდა მითი ოქროს საწმისის შესახებ. სვანები იყენებენ შხამიან ისრისპირებს, რომელსაც სუნითაც კი მოაქვს ტანჯვა არადაჭრილ მოწინააღმდეგისათვის.
კავკასიონის სამხრეთ ნაწილი გადაჭიმულია ალბანეთში, იბერიაში, კოლხებისა და ჰენიოხების ქვეყნებში. აქ ცხოვრობენ ტომები, რომლებიც როგორც ზემოთ აღვნიშნე (გულისხმობს სვანებსა და მათი მეზობლებს) დადიან დიოსკურიადაში და დადიან ძირითადად ისინი იქ მარილისათვის. ამ ტომებისგან ზოგიერთს უჭირავთ მაღალ მთები, ზოგი ცხოვრობენ ტყიან ხეობებში, იკვებებიან ნადირის ხარცით, ველური ხილითა და რძით. ზამთარში მაღალი მთები მიუვალია და მიმოსვლა წყდება, გაზაფხულზეც კი ადამიანი თხილამურებს იკეთებს ფეხებზე, რომ თოვლში არ ჩაიფლას. მთიდან კი ტყავზე დამჯდარი ჩამოცურდებოდნენ ხოლმე, თორემ სხვაფრივ მოგზაურობა საშიში იყო.
იბერია
იბერიის უმეტესი ნაწილი მშვენივრადაა დასახლებული ქალაქებითა და სოფლებით, ასე რომ იქ გვხვდება კრამიტის სახურავებიც და სახუროთმოძღვრო ხელოვნების თანახმად მოწყობილი საცხოვრებლები და ბაზრები და სხვა საზოგადოებრივი შენობები.
ამ ქვეყნის ნაწილს გარს ერტყმის კავკასიის მთები. იბერიის ცენტრში ვაკეა, რომელზეც მიედინება მდინარეები. ყველაზე დიდი მათ შორის არის კიროსი (მტკვარი) ის იღებს სათავეს არმენიაში და როდესაც იბერიის აღნიშნულ ვაკეზე შემოდის იერთებს არაგს (დღევ. არაგვი) და სხვა შენაკადებს, შემდეგ ვიწრო ხეობით მიედინება ალბანეთში; ამ ხეობასა და არმენიას შორის აღნიშნულ ვაკეზე კიროსი ძალიან ფართოვდება, რადგან იღებს დიდი რაოდენობის წყალს შენაკადებისგან. ესენია: ალაზონია (ალაზანი), სანდობანი (?), რეტაკი (?) და ხანი (კანაკ, დაღესტანში) (ყველა სანაოსნოა) და ბოლოს ჩაედინება კასპიის ზღვაში. ადრე მას ერქვა კორომი.
იბერიის დაბლობში ცხოვრობს მოსახლეობა, რომელიც უმეტესად მიდრეკილია მიწათმოქმედებისა და მშვიდობისაკენ, ისინი იცმევენ არმენებისა და მიდიელებივით; იბერიის მთიან მხარეში ცხოვრობენ უბრალოდ და ხშირად ომობენ. მათი ცხოვრების წესი ჰგავს სკვითებისა და სარმატებისას, რომელთა მეზობლები და ნათესავები ისინი არიან; თუმცა ამავე დროს ისინი ეწევიან მიწათმოქმედებასაც. საფრთხის დროს მათ გამოყავთ მრავალი ათეული ათასი მებრძოლი, როგორც თავისი რიგებიდან, ასევე სკვითებისა და სარმატებისგან.
იბერიის ქვეყანაში არის ოთხი შესასვლელი. ერთი არის კოლხურ ციხისიმაგრე სარაპანზე და მასთან არსებულ ვიწროებზე რომლებზედაც ფაზისი მოედინება. ფაზისი სწრაფი და ხმაურა მიემართება კოლხეთში. მასზე 120 ხიდით გადაისვლება მისი მიხვეულ-მოხვეულობის გამო. წყალდიდობისას ეს ადგილები სულ დახრულია მრავალი ნაკადულით. წარმოიქმნება ფაზისი ზემოთ მდებარე მთებში მრავალი წყაროსაგან, ხოლო დაბლობში ღებულობს სხვა მდინარეებს, რომელთა შორის არის ჰიპოსი და გლავკოსი; გავსებული და სანაოსნოდ გამოსადეგი ჩადის პონტოში (აღწერილი კარგად მიესადაგება ყვირილის ხეობის ზემო წელს, შორაპნიდან საჩხერის ჩათვლით, ვინაიდან ამ მონაკვეთზე არც ნაოსნობისთვის არის ხელსაყრელი პირობები, მრავალი პატარა მდინარეც უერთდება ყვირილას და საკმაოდ ხმაურიანიცაა იგი. სახელიც ხომ ამის გამო შეერქვა. ასე რომ სტრაბონის ფასისი არა სრულად რიონი, არამედ ყვირილა-რიონია).
ჩრდილოეთის მომთაბარეთა მხარიდან იბერიისკენ მიმავალ გზაზე არის რთული 3 დღიანი აღმართი, რომელსაც მოსდევს მდინარე არაგვის ვიწრო ხეობა, რომელზედაც 4 დღის სავალი საცალფეხო გზაა. გზის ბოლო მონაკვეთს იცავს მიუწვდომელი სიმაგრე (ალბათ ბებრის ციხე). ალბანიიდან იბერიაში შესასვლელი მიდის ჯერ კლდეებზე, შემდეგ ალაზანის შექმნილ ჭალაზე. არმენიიდან იბერიაში შესასვლელი არის მტკვისა და არაგვის ხეობებში. ამ მდინარეების შეერთების ზემოთ, კლდეებზე ერთმანეთისგან 16 სტადიონით (2,8 კმ) დაშორებით არის ორი გამაგრებული ქალაქი; კიროსზე – ჰარმოზიკე (არმაზის ციხე), ხოლო არაგვზე – სევსამორა (წიწამურის ციხე). ამ შესასვლელებით ისარგებლა თავიდან პომპეუსმა, არმენიიდან მომავალმა, ხოლო შემდეგ კანიდიუსმა.
ადამიანთა ოთხი გვარი მოსახლეობს ამ ქვეყანაში: ერთი და პირველია, რომლისგანაც მეფეებს სხამენ ახლობელ ნათესაობის მიხედვით, და ასაკის მიხედვით უხუცესს; ამავე გვარიდან გამოდიან მოსამართლეები და მხედართმთავრები. მეორე გვარი არის ქურუმთა, რომლებიც ზრუნავენ აგრეთვე მეზობლებთან სამართალზე. მესამე გვარი არის მხედართა და მიწათმოქმედთა. მეოთხე გვარი რის ხალხისა, რომლებიც სამეფო მონები არიან და აკეთებენ ყველაფერს, რაც მეფის ცხოვრებისათვის არის საჭირო. საზოგადო აქვთ მათ ქონება ნათესავობისდა მიხედვით. მართავს და განაგებს თითოეულს უხუცესი. ასეთები არიან იბერები და მათი ქვეყანა.
იბერთა მუზარადები ცხოველთა ტყავისგანაა დამზადებული. გასასვლელი იბერიიდან ალბანეთზე მიდის უწყლო და ქვიან მხარეზე კამბისენაზე (ქართ. კამბეჩოვანი, დღევ ქიზიყი) მდინარე ალაზანზე.
ალბანელები
ალბანელები უმეტესწილად მისდევენ მეცხვარეობას და ახლოს დგანან მომთაბარეებთან; თუმცა არც ველურები არიან, და არც ძლიერი მეომრები. ისინი ცხოვრობენ იბერიასა და კასპიის ზღვას შორის. ჩრდილოეთიდან ამ ქვეყანას ესაზღვრება კავკასიის მთები. იმის გამო, რომ ეს მთები მაღლდება ვაკეებზე, მათ ეწოდება კერავნიის მთები (სტრაბონის გულისხმობს კავკასიის მთების ჩრდილოეთ მთისწინეთს). სამხრეთიდან ალბანიას ესაზღვრება არმენია; არმენია ნაწილობრივ წარმოადგენს ვაკეს, ნაწილობრივ კი მთიანი მხარეა, ისევე როგორც კამბისენე, (კამბეჩოვანი) სადაც არმენები ესაზღვრებიან ერთდროულად, როგორც იბერებს, ისე ალაბანელებს.
მდ. კიროსი, მიედინება რა ალბანეთის ტერიტორიაზე, მის შენაკადებთან ერთად ზრდის მიწის ნაყოფიერებას. ადამიანები იქ მაღლები, ლამაზები, უბრალოები და არამეწვრილმანენი არიან. ისინი ნაკლებად მოიხმარენ მონეტებს და ვაჭრობას ძირითადად გაცვლით აწარმოებენ. სხვა ცხოვრებისეული საკითხების მიმართაც ისინი გულგრილნი არიან. მათ არ იციან 100-ზე ზემოთ რიცხვები და არც ზომა-წონის ზუსტი ერთეულები. ომის, სახელმწიფო მოწყობისა და მიწათმფლობელობის საკითხებს უდგებიან მსუბუქად. თუმცა ომის დროს ისინი იბრძვიან როგორც ქვეითად წყობაში, ასევე ცხენზე, როგორც მძიმე ისე მსუბუად შეიარაღებულნი მსგავსად არმენებისა.
მეომრები მათ გამოჰყავთ იბერიელებზე მეტი. ისინი აიარაღებენ 60000 ქვეითსა და 22000 მხედარს. სწორედ ეს რაოდენობა გამოიყვანეს მათ პომპეუსის წინააღმდეგ. მომთაბარეები მათ ეხმარებიან ბრძოლის დროს, ისევე როგორც იბერიელებს. თუმცა ისინი მაინც ესხმიან თავს მათ და ხელს უშლიან მიწათმოქმედებაში. ალბანელები შეიარაღებულნი არიან მოკლე შუბებით და მშვილდებით; ისინი ატარებენ აბჯარს და დიდ წაგრძელებულ ფარებს, ასევე ნადრითა ტყავისგან დამზადებულ მუზარადებს, იბერიელთა მსგავსად. ალბანელებს ეკუთვნით კასპიანას მხარე, უკვე გამქრალი ტომის მოსახელე, რომელთა სახელიც ეწოდება აგრეთვე მეზობელ ზღვას. გზა იბერიიდან ალბანეთში მიემართება უწყლო და ქვიან მხარე კამბისენაზე (კამბეჩოვანი) და მდინარე ალაზანზე. როგორც თვითონ ალბანელები, ასევე მათი ძაღლები ძალიან მიდრეკილნი არიან ნადირობის მიმართ, თუმცა არცთუ წარმატებულნი არიან ამ საქმეში.
მათი მეფეები ასევე მშვენიერები არიან. მართალია, ახლა მათ ჰყავთ ერთი მეფე, რომელიც მართავს ყველა ტომს, თუმცა ადრე ყოველ ტომს საკუთარი მეფე ჰყავდა. მათ 26 ენა აქვთ, რის გამოც რთულად ამყარებენ ერთმანეთთან კავშირ-ურთიერთობას. ამ ქვეყანაში არის ზოგიერთი შხამიანი ქვეწარმავალი, ასევე მორიელები და შხამიანი ობობები.
ღმერთებიდან ისინი ეთაყვანებიან მზის ღმერთ ჰელიოსს, ზევს და განსაკუთრებით მთვარის ქალღმერთ სელენას (ჰელიოსის და), რომლის ტაძარი იბერიის საზღვართან ახლოსაა. მისი ქურუმის მოვალეობას ასრულებს ალბანელებში მეფის შემდეგ ყველაზე პატივსაცემი ადამიანი; იგი დიდსა და მჭიდროდ დასახლებულ მამულს განაგებს და ხატის ყმების უფროსად ითვლება, რომელთა შორის ბევრი ქადაგად დაეცემა და წინასწარმეტყველებს ხოლმე; იმას, ვინც მეტად ატაცებული ტყეებში მარტოკა დახეტიალობს, ქურუმები დაიჭერენ, კისერზე ჯაჭვს დაადებენ და ერთი წლის განმავლობაში ზვარაკად კარგა ასუქებენ ხოლმე; მერე მას მირონცხებულს სხვა საღმრთოებთან ერთად ღმერთს მსხვერპლად შესწირავენ ხოლმე. მსხვერპლად შეწირვა ამნაირად იციან: ადამიანის მსხვერპლად შეწირვა ჩვეულებრივ ლახვრის საშუალებით იციან ხოლმე. ერთი კაცი, რომელსაც ამგვარი ლახვარი აბარია, ხალხიდან გამოვა და ხერხიანად ლახვარს გვერდით შიგ გულში ჰკრავს ხოლმე. როცა ლახვარ-ნაკრავი მსხვერპლი დაეცემა მიწაზე, ქურუმები სხვადასხვა ნიშნებისდა მიხედვით მკითხაობენ და საჯაროდ ხმამაღლა აცხადებენ ხოლმე. როცა გვამს ერთს დანიშნულს ადგილას მიიტანენ, ყველანი თავიანთ თავის განსაწმენდად ფეხს დაადგამენ ხოლმე.
მოხუცებს ალბანელები ძალიან სცემენ პატივს, თუმცა გარდაცვლილებზე ზრუნვა და მათი მოხსენიებაც კი ურწმუნებად ითვლება. გარდაცლილს თან ატანენ სამარხში მთელს მის ქონებას, რის გამოც ალბანელები ცხოვრობენ სიღარიბეში.
ამაზონები
როგორც ამბობენ ალბანეთის მთებში ცხოვრობენ ამაზონები (სახელწოდება წარმოიშვა ირანული სიტყვისგან „ჰა-მაზან“, რაც მეომარ ქალს ნიშნავს). თეოფანე, რომელიც თან ახლდა პომპეუსს ალბანეთში ლაშქრობისას, მოგვითხრობს რომ სკვითური ხალხები – გელები და ლეგები (აშკარად დაღესტანუტი ტომი ლეკები უნდა იყოს) ცხოვრობენ ამაზონებსა და ალბანელებს შორის. ამაზონებსა და ამ ტომებს შორის საზღვარზე მიედინება მდინარე მერმადალიდა. სხვა მწერლები (მაგ. მეტროდორ სკეპსინელი და ჰიპსიკრატი) გვარწმუნებენ, რომ ამაზონები ცხოვრობენ გარგარელების (ჩეჩნების წინაპრებად თვლიან) მეზობლად, კავკასიის მთების ამ ნაწილის მთისწინეთში, რომელსაც ეძახიან კერავნიის მთებს. ამაზონები საკუთარ თავზე თვითონ ზრუნავენ. ეწევიან ხვნა-თესვას, მებაღეობას, უვლიან პირუტყვს, განსაკუთრებით ცხენებს; ამაზონთაგან ძლიერნი ცხენზე ამხედრებულნი ნადირობენ და ომში მიდიან. ბავშვობიდან მათ უწვავენ მარჯვენა ძუძუს, რომ თავისუფლად იხმარონ მარჯვენა ხელი ყველა საქმისთვის, განსაკუთრებით კი შუბის სატყორცნად. ისინი ხმარობენ აგრეთვე მშვილდს, საბრძოლო ნაჯახს, მსუბუქ ფარს, ნადირის ტყავისგან დამზადებულ მუზარადს, მოსასხამს და ქამარს. გაზაფხულობით მათ აქვთ ორი განსაკუთრებული თვე, როდესაც ისინი ადიან მთაზე, რომელიც აშორებს მათ ქვეყანას გარგარებისგან. ამ დროს გარგარების მამაკაცებიც ადიან იქ და ამაზონებთან ერთად ატარებენ მსხვერპლშეწირვას, რომლის შემდეგ სიბნელეში საიდუმლოდ წყვილდებიან, ისე რომ არავინ იცის ვინ ვისთან მოხვდება. როდესაც ქალი დაფეხმძიმდება გარგარელი უშვებს მას სახლში. თუ იბადებოდა გოგონა ამაზონები იტოვებდნენ, ხოლო ვაჟები მიჰყავდათ გარგარებთან და ისინი მათ ღზრდიდნენ, როგორც საკუთარ შვილებს.
მდ. მერმოდა (ან მერმოდალიდა) ხმაურით ეშვება მთებიდან, გაივლის ამაზონთა ქვეყანას, სირაკენას (ამ შემთხვევაში არა მოგვიანო ხანის შირაქი, არამედ სირაკების ადრინდელი საცხოვრისი ჩრდ. კავკასიაში უნდა იგულისხმებოდეს), შემდეგ გადაჭიმულ უდაბნოს და ჩაედინება მეოტიდაში. როგორც ამბობენ გარგარელები ამაზონებთან ერთად გადმოვიდნენ აქ თემისკირიდან; შემდეგ მათ დაიწყეს ამაზონებთან ომი; ბოლოს დაიდო ზავი, რომლის მიხედვით მათ კავშირი ექნებათ მხოლოდ შვილების გასაჩენად და დარჩენილ დროში კი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იცხოვრებდნენ.
ტავრის მთებს ჩრდილოეთით აქვს ბევრი განშტოება. ერთს ასეთს ეწოდება ანტიტავრი. ეს სახელი ქვია მთებს, რომელიც მოიცავას სოფენას. ევფრატის იქეთა მხარეს (აღმოსავლეთით), მცირე არმენიის მახლობლად, ანტიტავრის გადაღმა ჩრდილოეთისკენ, გადაჭიმულია დიდი მთა მრავალი განშტოებებით, რომელთაგან ერთს ეწოდება პარიადრი, მეორეს – მოსხური მთები, მესამეს – სხვადასხვა სახელები აქვს; ამ მთებით არის გარშემორტყმული მთელი არმენია იბერებამდე და ალბანელებამდე.
მიდია ატროპატენა
მიდია იყოფა ორ ნაწილად. ერთ ნაწილს ეძახიან „დიდ მიდიას“, რომლის მთავარი ქალაქი და დედაქალაქი იყო ეკბატანა, რომელიც ამჯერად პართიის მეფეთა საზაფხულო დედაქალაქია (მანამდე ჯერ მიდიის სამეფოს დედაქალაქი, შემდეგ კი აქემენიდური სპარსეთის იმპერიის საზაფხულო რეზიდენცია იყო. მეორე დედაქალაქი პართიისა იყო ტიგროსზე მდგარი სელევკია). მეორე ნაწილი არის მცირე მიდია ანუ მიდია ატროპატენა, რომელსაც სახელი სარდალ ატროპატისაგან (გავგამელას ბრძოლაში 331 წელს) მიიღო, რომელმაც არ დაუშვა თავის მხარეში მაკედონელთა გაბატონება და დამოუკიდებელი სამეფო შექმნა.
ატროპატენას დასავლეთიდან არმენია და მატიანები ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან დიდი მიდია და ჰირკანია. ამ ქვეყანას აპოლონიდეს სიტყვით შეუძლია გამოიყვანოს 10000 მხედარი და 40000 ქვეითი მეომარი. ატროპატენელებს ყავთ ძლიერი მეზობლები – არმენები და პართები, რომლებიც ხშირად აპარტახებენ მათ მიწებს; თუმცა ადგილობრივები წევენ სერიოზულ წინააღმდეგობას და იბრუნებენ მტრების მიტაცებულ მიწებს. ასე მაგალითად, მათ წაართვეს არმენიელებს სიმბაკი, როცა ისინი ჩავარდნენ რომაელთა ძალაუფლების ქვეშ, და შევიდნენ მეგობრულ ურთიერთობაში კეისართან; ამასთან ისინი ცდილობენ არ აწყენინონ პართიელებს.
ატროპატენას საზაფხულო დედაქალაქი არის გაზაკა, რომელიც ვაკეზეა განლაგებული, ხოლო საზამთრო რეზიდენცია არის ძლიერი ციხე-სიმაგრე ვერა, რომელსაც ალყა შემოარტყა ანტონიუსმა პართიაზე ლაშქრობისას. ეს ციხე-სიმაგრე მდებარეობს 2400 სტადიონზე (427,2 კმ) მდ. არაქსიდან, რომელიც აშორებს ატროპატენას არმენიისგან. ამ ქვეყნის ყველა მხარე ნაყოფიერია, მხოლოდ ჩრდილოეთ – მთიანი მხარე არის დაუმუშავებული და ცივი; აქ ცხოვრობენ მთიელი ტომები: კადუსები, ამარდები, ტაპირები, კირტიები და სხვა მაწანწალა და ყაჩაღი ხალხები. ყველა ეს ხალხები გაფანტულნი არიან ზაგროსისა და ნიფატის მთებში: კირტიები და მარდები ფარსში, ამავე დროს ამათი მოსახელე ხალხები ცხოვრობენ ახლა არმენიაშიც; ყველა ეს ხალხი გარეგნულად ერთნაირად გამოყურება.
კადუსიები ცოტათი ჩამორჩებიან არიანებს ქვეითი მებრძოლების რაოდენობით; ისინი ბრწყინვალედ ხმარობენ შუბებს; მთიან ადგილებში ისინი იბრძვიან მხედრების ნაცვლად. თუმცა არა აქაურმა რთულმა ბუნებრივმა პირობებმა გაურთულა ლაშქრობა ანტონიუსს, არამედ მისმა მხლებელმა და მეგზურმა არმენიის მეფე არტავასდმა, რომელიც ანტონიუსმა დაუფიქრებლად (თუმცა ის საიდუმლოდ ბოროტებას გეგმავდა მის წინააღმდეგ) დანიშნა თავის მრჩევლად და გააცნო თავის საომარი გეგმები. მართალია ანტონიუსმა დასაჯა არმენიის მეფე, თუმცა ძალიან დაგვიანებით, როდესაც არტავასდი და მეორე მეგზური (რომელმაც წაიყვანა ანტონიუსი ზევგმიდან ევფრატზე ატროპატენას საზღვრამდე, 8000 სტადიონი (1424 კმ) მთიან მხარეში, რომელზეც არც საცალფეხო გზა იყო გაყვანილი და არც შემოსავლელი. ეს გზა კი ორჯერ გრძელი და ბევრად უფრო რთული იყო ვიდრე ნამდვილი გზა) ძალიან ბევრ დანაშაულში იქნენ მხილებულნი.
არმენია
არმენიის სამხრეთ მხარეს მოიცავს ტავრის მთები, რომელიც აშორებს მას მესოპოტამიისგან; აღმოსავლეთიდან არმენიას ესაზღვრება დიდი მიდია და ატროპატენა; ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კასპიის ზღვასთან განლაგებული პარახოათრის მთები, ალბანია, იბერია და კავკასიის მთები, რომელიც გარს ერტყმის ამ ხალხებს და აღწევს არმენიაში; ეს მთები აღწევს აგრეთვე მოსხების და კოლხების მთებამდე, ე.წ. ტიბარენებადე; დასავლეთიდან არმენიას ესაზღვრება ეს ხალხები, მთები პარიადრი და სკიდისე მცირე არმენიამდე და ევფრატის ზემო წელის ოლქი, რომელიც აშორებს არმენიას კაპადოკიასა და კომაგენასგან (მხარე სირიის ჩრდ-აღმ. ნაწილში).
ევფრატი იღებს სათავეს ტავრის ჩრდილოეთ მხარეში. თავიდან ის მიედინება დასავლეთით არმენიის გავლით, შემდეგ უხვევს სამხრეთით და კვეთს ტავრს არმანიას, კაპადოკიას და კომაგენას შორის; გააღწევს რა ტავრიდან და მიაღწევს სირიას იწყებს მოხვევას ბაბილონამდე და ქმნის მესოპოტამიას. ორივე მდინარე მთავრდება სპარსეთის უბეში. ასეთია ქვეყნები, რომლებიც არმენიას გარს ერტყმიან; თითქმის ყველა მთიანი და არათანაბარი მხარეა, გარდა მიდიის ნაწილისა. ტავრის მთები კვლავ იწყება ევფრატის მეორე ნაპირზე კომაგენისა და მელიტენას საპირისპიროდ მასიის მთამდე, რომელიც აღმართულია მიგდონამისს სამხრეთით, მესოპოტამიაში ნისიბიას მხარეში, მაშინ როდესაც სოფენა მდებარეობს ჩრდილოეთ მხარეში მასის მთასა და ანტიტავრს შორის. ანტიტავრი იწყება ევფრატიდან და ტავრიდან და მთავრდება არმენიის აღმოსავლეთ ნაწილში; ერთ მხარეს ის მოიცავს სოფენას შუა ნაწილს, მეორე მხარეს კი მდებარეობს აკილისენა (ეკლეცი), განლაგებული ანტიტავრსა და ევფრატს შორის, უკანსკნელის სამხრეთით მოსახვევამდე. სამეფო სატახტო სოფენაში არის კარკათიოკერტა. გორდიენას საპირისპიროდ, აღმოსავლეთით, მასის მთის გადაღმა აღმართულია მთა ნიფატი; შემდეგ მოდის მთა აბ, აქედან გამოედინება ევფრატი და არაქსი, პირველი დასავლეთში, უკანასკნელი – აღმოსავლეთში; ბოლოს მთა ნიბარი, ვრცელდება მიდიამდე.
არაქსი მიედინება თავიდან აღმოსავლეთით ატროპატენამდე, შემდეგ უხვევს დასავლეთით და ჩრდილოეთით და ჩაივლის არმენიის ქალაქები – ჯერ აზარის ახლოს (არტაქსატის დასავლეთით, პროლემეს აზორო ან ოზარო), შემდეგ არტაქსატის ახლოს; ბოლოს გაივლის რა არაქსენის ვაკეს ჩადის კასპიის ზღვაში.
თვით არმენიაში ბევრი მთები და მაღალმთიანი ადგილებია, სადაც ძლივს იზრდება თვით ვენახი; ბევრია იქ ხეობა, მათგან ერთნი არ გამოირჩევიან განსაკუთრებული ნაყოფიერებით, სხვები კი პირიქით, ძალიან ნაყოფიერია, მაგ. არაქსის ვაკე, რომელზეც არაქსი მიედინება ალბანეთის საზღვრამდე, რის შემდეგაც ჩადის კასპიის ზღვაში. ამ ვაკის შემდეგ მოდის საკასენა (შაკაშენე, დღევ. განჯის მხარე. გოგარენეს აღმოსავლეთით მდებარეობდა. ეს სახელი ამ მხარეს სკვითური ტომის საკების აქ დაფუძნების შემდეგ შერჩენია), რომელიც ასევე ესაზღვრება ალბანეთსა და მდინარე კიროსს; შემდეგ მოდის გოგარენა. მთელი ეს მხარე სავსეა ველური ნაყოფით და ხეების ნაყოფით, გამოყვანილი ადამიანის მიერ და მარადმწვანე მცენარეების მიერ; აქ იზრდება აგრეთვე ზეთისხილი. არმენიის პროვინციას წარმოადგენს ფავენა, აგრეთვე კამისენა და ორხისტენა, რომელსაც გამოჰყავს ყველაზე მეტი მხედარი. ხორზენე (მდებარეობდა მტკვრის სათავეებთან და მის სამხრეთით ანუ ემთხვევა შუა საუკუნეების კოლას. ანალოგიურ ტერიტორიაზე თავსდება პტოლემაიოსის კატარძენე-კორაძენე და ურატული კატარზა. ს. ჯანაშიას ცნობით, ტოპონიმი „ხორზიანის ველი“ მდებარეობს ქ. არტაანის სამხრეთით, არტაან-ოლთისის გზატკეცილიდან აღმოსავლეთით, მდ. მტკვრის მარჯვენა სათავის ხეობაში, ანუ კოლაში. აქვე კოლას აღმოსავლეთით მდებარეობდა სომხური პროვინცია ხორტევანი. შესაძლოა ხორძენეში ეს მხარეც შედიოდა) და კამბისენე (იგივე კამბეჩოვანი, მოიცავდა ტერიტორიას ალაზნის ქვემო წელსა და მდ. მტკვარს შორის) – ყველაზე ჩრდილოეთ, სხვებზე მეტად თოვლით დაფარული მხარეებია; ისინი მდებარეობენ კავკასიის მთების საზღვარზე, იბერიასთან და კოლხიდასთან. როგორც ამბობენ, აქ მთების უღელტეხილებზე მთელი ქარავანები იღუპებიან, რადგან დიდი თოვლი იცის, თოვლის გროვები იყინებიან და შიგნით როგორც ქიტონში, ისე ინახავენ კარგ წყალს. მოგზაურებს ამ მხარეში გავლისას ყოველთვის აქვთ გრძელი ჯოხები, რომელსაც თოვლში ჩაფლობისას აღმართავენ ზევით, რათა გამვლელმა დაინახოს და დაეხმაროს (ეს აღწერა ძალიან ჰგავს კოლა-არტაანის ზამთარს).
მოგვითხრობენ, რომ წარსულში არმენიის პატარა ქვეყანა გაფართოვდა არტაქსიასა და ზარიადრიას ომების შედეგად. თავდაპირველად ისინი იყვნენ ანტიოქ დიდის მხედართმთავრები. მისი დამარცხების შემდეგ კი მეფეები გახდნენ (პირველი – მეფე სოფენის, აკისენის, ოდომანტიდის და ზოგიერთი სხვა მხარის, ხოლო უკანასკნელი – მეფედ არტაქსატას ირგვლივ ქვეყნის); მათ ერთობლივად გააფართოვეს თავიანთი სამფლობელოები, ჩამოართვეს რა ირგვლივ მცხოვრებ ხალხებს მხარეები. კერძოდ: მიდია ატროპატენას წაართვეს კასპიენა (უწოდა პაიტაკარანი), ფავნიტიდა და ბასოროპედა (პარსატუნიკი, ვასპურაკანის სამეფოს ოლქი; დღეს ირანის მხარე ყარადაჰის ნაწილია); იბერებს წაართვეს პარიადრეს მთისწინეთი (სპერი, პარხალი და ტაო), ხორზენე (კოლა და ხორტევანი) და გოგარენე (ისტორიული ქვემო ქართლი: დაახლოებით ჭოჭკანის, ბოლნისის, დმანისის და ლოქის ხეობები, ტაშირი, აბოცი, თრიალეთის სამხრეთ ნაწილი და კანგარქი), რომელიც კირის (მტკვარი) მეორე მხარესაა; ხალიბებს და მოსინიკებს ჩამოართვეს კარენიტი (არზრუმის მხარე) და ქსერქსენე (დერქსენე, სომხური დერჭანი, დღევ. თურქეთის ქ. თერჯანის ოლქი, არზრუმის დასავლეთით), რომლებიც ესაზღვრება მცირე არმენიას და ამჟამად მისი ნაწილია; კატაონებს (კატაონია კაპადოკიის სამხ-აღმ. ნაწილში მდებარეობდა) წაართვეს აკილისენა (იგივე ეკლეცი) და ანტიტავრის ირგვლივ მდებარე მხარე; ბოლოს, სირიელებს წაართვეს ტარონიტიდა (მცირე არმენიის სამხრეთში). ამიტომ ყველა ეს ხალხები ახლა საუბრობენ ერთ ენაზე (აკად. ერემიანის აზრით კარენიტი, დერქსენე და მიდიასა და იბერიისთვის წართმეული მიწები დიდ არმენიას უნდა შეერთებოდა, ხოლო აკილისენა და ანტიტავრის მხარე სოფენას სამეფოს. ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ არმენების მიერ ამ მიწათა მიტაცება 179 წელს მოხდა, როდესაც მცირე აზიის ლიდერებმა ხელშეკრულება დადეს.).
არმენიის ქალაქები შემდეგია: არტაქსატა (რომელსაც ასევე ეძახიან არტაქსიასატას), დაარსებული ჰანიბალის მიერ მეფე არტაქსიასათვის, და არკსატა; ორივე ქალაქი დევს მდინარე არაქსზე: არკსატა – ატროპატენას საზღვრის მახლობლად, არტაქსატა – არაკსენის ვაკის მახლობლად; ეს კარგადმოწყობილი ქალაქი ქვეყნის დედაქალაქია. მისი განლაგება ჰგავს ნახევარკუნძულს, მისი კედლების ირგვლივ მიედინება მდინარე, მხოლოდ ერთი ვიწრო ხმელეთია დარჩენილი ფეხით შემომსვლელთათვის, რომელიც გალავნით არის შემოღობილი. ქალაქთან ახლოს მდებარეობს ტიგრანისა და არტავასდის „საგანძური“ – ძლიერი ციხე-სიმაგრეები ბაბრისი და ოლანი. ევფრატზე იყო სხვა ციხე-სიმაგრეებიც. არტაგერი წააქეზა აჯანყებისკენ მისმა მთავარსარდალმა ადორმა, მაგრამ კეისრის სარდლებმა დიდხნიანი ალყის შემდეგ აიღეს ციხე-სიმაგრე და დაანგრიეს მისი კედლები.
ქვეყანაში მიედინება რამდენიმე მდინარე. მათ შორის ყველაზე ცნობილია – ფასისი (იგულისხმება ჭოროხი) და ლიკოსი (დღევ. კელკიტი, იეშილ-ირმაქის შენაკადი), რომლებიც ჩადიან პონტოს ზღვაზე, მაშინ როდესაც კიროსი (მტკვარი) და არაქსი ჩაედინებიან კასპიის ზღვაში, ხოლო ევფრატი და ტიგროსი წითელ ზღვაში.
არმენიაში არის აგრეთვე დიდი ტბები. ერთ ჰქვია მანტიანა (ან მატიანა), რაც მათი ენიდან გადმოთარგმნით ნიშნავს „ლურჯს“. როგორც ამბობენ, იგი მეოტიდას შემდეგ ყველაზე მარილიანი ტბაა; იგი ვრცელდება ატროპატენამდე; მასში მიმდინარეობს მარილის მოპოვება. შემდეგი ტბა არის – არსენა, რომელსაც ასევე უწოდებენ ფოპიტიდას. ის შეიცავს სოდას, რისი წყალობითაც ასუფთავებს და აღადგენს ტანსაცმელს. თუმცა ამავე შემადგენლობის გამო ტბის წყალი უვარგისია სასმელად. მდინარე ტიგროსი, მეთოდურად დაბლდება მთიანი მხარე ნიფატის გამოვლის შემდეგ, გაივლის ტბას და მიუხედავად ამისა ინარჩუნებს სისწრაფეს. აქედან წამოიშვა მისი სახელი. მიდიელები მას უწოდებენ „ტიგრის“, რაც ნიშნავს ისარს. ამ მდინარეში მოიპოვება მრავალფეროვანი თევზი, მაშინ როდესაც ზემოთნახსენებ ტბაში მხოლოდ ერთი ჯიშის თევზია. ტბის ბოლოს მდინარე ვარდება უფსკრულში და მიწისქვეშეთში მნიშვნელოვანი მანძილის გავლის შემდეგ ჰალონიტიდასთან (ფიქრობენ, რომ აქ შეცდომაა, რადგან ჰალონიტიდა მდებარეობს გორდიეს ახლოს) კვლავ ამოდის ზევით. აქედან ტიგროსი მიედინება ოპიიუს მიმართულებით ე.წ. სემირამიდას კედლისკენ, ტოვებს რა მარჯვნივ გორდიიებს და მთელ მესოპოტამიას, მაშინ როდესაც ევფრატი პირიქით, ტოვებს ამ მხარეს მარცხნივ. მდინარეები დაუახლოვდებიან რა ერთმანეთს ქმნიან მესოპოტამიას, შემდეგ კი ტიგროსი სელევკიის გავლით ჩაედინება სპარსეთის უბეში, ხოლო ევფრატი ბაბილონის გავლით ჩაედინება იქვე.
სისპირიტიდეში (ასურული შუპრია, ტიგროსის შენაკად ბათმან სუს აუზის აღმ. ნაწილში), კაბალლის ახლოს, არსებობს ოქროს საბადოები; ალექსანდრემ გაგზავნა მენონი მეომართა რაზმით, მაგრამ ადგილობრივებმა დაატყვევეს ისინი და წაიყვანეს ქვეყნის სიღრმეში. იქ არის აგრეთვე სხვა მადნებიც, მათ შორის დარიშხანის შემცველი მადანი, რომელსაც უძახიან არმიანულ საღებავს და ჰგავს პურპურს. ქვეყანაში იმდენად დიდი რაოდენობითაა ცხენები, რომ სპარსეთის მეფეთა ცხენებიც კი აქედან მიყავდათ. არმენიის სატრაპი სპარსეთის მეფეს ყოველწლიურად მითრაკინების დღესასწაულზე 20000 კვიცს უგზავნიდა. ანტონიუსთან ერთად მიდიაში შეჭრის წინ არტავასდმა გარდა ცხენოსანთა დანაყოფისა გამოიყვანა ბრონით დაფარული 6000 ცხენი და მოაწყო ისინი საბრძოლო წყობით. ასეთი მხედრობის მოყვარულები, მიდიელებთან და არმენიელებთან ერთად არიან აგრეთვე ალბანელები, რომლებიც ბრძოლის დროს ასევე გამოდიან ბრონით დაფარული ცხენებით.
არმენიის სიმდიდრისა და სიმძლავრის მაჩვენებელი არის აგრეთვე შემდეგი. პომპეუსმა ტიგრანს, არტავასდის მამას, დაუნიშნა ხარკად 6000 ვერცხლის ტალანტი და ტიგრანმაც უმალ გადაუხადა ეს თანხა; ყოველ მეომარს 50 დრაჰმა, ცენტურიონებს 1000 დრაჰმა, ხოლო ჰიპარხებსა (კავალერიის სარდალი) და ხილიარხებს (მსუბუქად შეიარაღებული ქვეითთა ათასეულის მათაური) – თითო ტალანტი.
ქვეყნის სიდიადეს თეოფანე განსაზღვრავს ასე: სიგანე 100 სხენი (1 სხენს 40 სტადიონად საზღვრავს), სიგრძე ორჯერ მეტი. თუმცა ის ძალიან აჭარბებს. ჭეშმარიტებასთან ახლოს იქნება სიგრძის ციფრი, რომელიც მისცა მან სიგანეს, ხოლო სიგანეს ზომა იქნება ორჯერ ნაკლები, ან ცოტა მეტი. ასეთია არმენიის ბუნებრივი პირობები და მისი სიმძლავრე.
ძველი ისტორია ამ ხალხის მიახლოებით ასეთია. არმენი თესალიური ქალაქ არმენიიდან, განლაგებული ტბა ბებაზე ქალაქებს თერასა და ლარისას შორის, გაემართა დღევანდელ არმენიაში იასონთან ერთად. (მსგავსი ლეგენდა ელინებს თითქმის ყველა ქართველურ და არაქართველურ ხალხზე აქვთ შექმნილი, თითქოს ყველა ელინული წარმოშობისაა). კირსილი ფარსალიდან და მიდია ლარისიდან, ალექსანდრეს ლაშქრობის მონაწილენი ამტკიცებენ რომ არმენიამ სახელი მიიღო სწორედ იმ არმენიდან. არმენის თანამგზავრთა ნაწილი დასახლდა აკილისენაში (რომელიც ძველ დროში ექვემდებარეობოდა სოფენას), მაშინ როდესაც სხვები სისპირიტიდაში კალახენამდე და ადიაბენაში არმენიის მთებამდე. გადმოგვცემენ, რომ არმენიელთა სამოსი თესალიურია; ასე მაგალითად, გრძელი ქიტონები, მოხსენიებული თესალიურ ტრაგედიებში, მკერდთან ქამარშემოვლებული და საკვალთებით შეკრული ზედა ტანსაცმელი. წყურვილი ცხენზე ჯდომისა არმენიელებსა და მიდიელებს თესალიელებისგან აქვთ. იასონის ლაშქრობას მოწმობს იასონის ტაძარი; ზოგიერთი მათგანი აღმართეს ქვეყნების მმართველებმა, იმის მსგავსად, როგორც პარმენიონმა აღმართა იასონის ტაძარი აბდერაში.
რაც შეეხება არმენიელთა ისტორიას სპარსეთის ეპოქიდან. თავიდან არმენიას დაეუფლნენ პერსები და მაკედონელები; ამის შემდეგ არმენები ექვემდებარებოდნენ სირიას და მიდიას; არმენელთა უკანასკნელი მეთაური იყო ორონტი, ჰიდარნეს შთამომავალი, 7 პერსიდან ერთერთი. შემდეგ ანტიოქე დიდის სარდლები არტაქსია და ზარიადრი, ომობდნენ რა რომელებთან, გაყვეს ქვეყანა ორ ნაწილად. ისინი მართავდნენ ქვეყანას მეფის დავალებით. როდესაც მეფემ (ანტიოქემ) მარცხი განიცადა, ისინი გადავიდნენ რომაელთა მხარეზე, გამოაცხადეს თავი მეფეებად და მოიპოვეს დამოუკიდებლობა. არტაქსიას შთამომავალი იყო ტიგრანი, რომელიც ფლობდა არმენიას ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით; ეს მხარე ესაზღვრება მიდიას, ალბანიას და იბერიას კოლხიდამდე და კაპადოკიამდე; ზარიადრის შთამომავალი იყო სოფენელი არტანი (სტეფანე ბიზანტიელის შესწორებით არსაკი), რომელსაც ექვემდებარებოდა სამხრეთული მხარეები, რომლებიც იდვა მისგან დასავლეთით. უკანასკნელზე გაიმარჯვა ტიგრანმა და ამ ქვეყნის მფლობელი გახდა. ტიგრანს უცნაური ცხოვრება ჰქონდა. თავდაპირველად ცხოვრობდა მძევლად პართიელებთან, შემდეგ მიიღო ნებართვა პართიელთაგან შინ დაბრუნებაზე, თუმცა მის გამოსასყიდად პართიამ მიიღო 70 ხეობა არმენიაში. შემდეგ, როდესაც გაძლიერდა, არამარტო ეს ხეობები წაართვა პართიელებს, არამედ გააპარტახა ნინთან და არბელთან ახლოს მდებარე მათი მხარეები. შემდეგ მან დაიმორჩილა ატროპატენას და გორდიას მმართველები და მათი დახმარებით მთელი მესოპოტამია. გადავიდა რა ევფრატზე, ძალით დაიპყრო თვით სირია და ფინიკია. მიაღწია რა თავისი სიძლიერის მწვერვალს, ტიგრანმა დაარსა ქალაქი იბერიასთან ახლოს, ამ მხარესა და ზევგმას შორის ევფრატზე. შეკრიბა აქ მოსახლეობა 12 მის მიერ გაძარცვული ბერძნული ქალაქიდან და დაარქვა ამ ქალაქ ტიგრანოკერტი. მაგრამ ლუკულუსი, რომელიც ომობდა მითრიდატესთან, (ძვ.წ. 69 წ.) მოვიდა ადრე ვიდრე დასრულდებოდა ქალაქის ნაგებობები. ლუკულუსმა არამარტო გაუშვა მცხოვრებნი მშობლიურ მხარეებში, არამედ დაანგრია ნახევრადდასრულებული ნაგებობები და დატოვა ამ ადგილზე პატარა სოფელი. შემდეგ ლუკულუსმა განდევნა ტიგრანი სირია-ფინიიკიდან. მისი მემკვიდრე არტავასდი აღწევდა წარმატებებს, ვიდრე იმყოფებოდა რომის მოკავშირედ, მაგრამ როდესაც მან უღალატა ანტონიუსს პართიასთან ომის დროს, უკანასკნელმა დასაჯა იგი. ანტონიუსმა მიიყვანა იგი ალექსანდრიაში, ტრიუმფალური ცერემონიის დროს ქალაქში გაატარა ხელებშეკრული და ერთი პერიოდი იყო დაპატიმრებული, ვიდრე ოქტავიანესთან ომი არ დაიწყო. მაშინ არმენიის მეფე სიცოცხლეს გამოსალმეს. არტავასდის შემდეგ სომხეთს მართავდა რამდენიმე მეფე კეისარისა (იგულისხმება ოქტავიანე ავგუსტუსი) და რომაელთა ზეგავლენით; და ახლაც ეს ქვეყანა არსებობს, იმართება რა იმავე საწყისებზე.
მიდიელები და არმენიელები ეთაყვანებიან სპარსების წმინდა ტრადიციებს. განსაკუთრებულ პატივშია არმენიაში ანაიტიდას კულტი, რომელსაც აუშენეს ტაძრები სხვადასხვა ადგილზე, განსაკუთრებით კი აკილისენეში. მას უძღვნიან მსახურებად მონებს. ამასთან მდიდრები ქალღმერთს უძღვნიან საკუთარ ყმაწვილ ქალიშვილებს. უკანასკნელთ გათხოვების უფლება მხოლოდ ქალღმერთისთვის დიდი ხნის მსახურების (მსახურებაში იგულისხმება ტაძარში მიმსვლელთათვის ფულის სანაცვლოდ სხეულის შეთავაზება) შემდეგ. ასეთ ქალებთან დაქორწინებას არავინ თაკილობს. რაღაც მსგავს მოგვითხრობს ჰეროდოტე მიდიელ ქალებზე. მისი სიტყვით ყველა ისინი ეძლევიან გარყვნილებას. ამასთან ისინი ძალიან თბილად ექცევიან თავის საყვარლებს, კეთილ მასპინძლობას უწევენ, ჩუქნიან საპასუხო საჩუქრებს და ხშირად მეტსაც აძლევენ ვიდრე მათ მიიღეს მომსახურების სანაცვლოდ. ამის საშუალებას კი ის აძლევთ, რომ მდიდარი ოჯახებიდან არიან. თუმცა, ისინი საყვარლად იღებენ არა პირველივე შემხვედრ უცხოს, არამედ საზოგადოებრივი მდგომარეობით მათ თანასწორს.
კაპადოკია
კაპადოკია იყოფა მრავალ ნაწილად, რომელთაც განიცადეს ბევრი ცვლილება. კაპადოკიელები საუბრობენ ერთ ენაზე და არიან ისინი, რომელთაც სამხრეთიდან ესაზღვრება ე.წ. კილიკიური ტავრი; აღმოსავლეთიდან – არმენია, კოლხიდა და მათ შორის ტერიტორიაზე მცხოვრები სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ხალხები; ჩრდილოეთიდან – ევქსინის პონტო ჰალისის შესართავამდე; დასავლეთიდან – პაფლაგონიელები და გალატების ტომები, რომელთაც დასახლებული აქვთ ფრიგია ლიკაონებისა და კილიკიელების მხარემდე და კლდოვანი კილიკია.
ამ ტომებიდან, რომლებიც საუბრობენ ერთ ენაზე, ერთერთს – კატაონებს – ძველად თვლიდნენ დამოუკიდებელ ხალხად, უპირისპირებდნენ რა მათ კაპადოკიელებს, როგორც სხვა ტომელებს. ხალხების ჩამოთვლისას კატაოენებს აყენებდნენ კაპადოკიის შემდეგ, შემდეგ ევფრატსა და მასზე მცხოვრებ ტომებს, ისე რომ კატაონიას ათვლიდნენ აგრეთვე მელიტენას; უკანასკნელი დევს კაპადოკიასა და ევფრატს შორის, კომაგენას მეზობლად; მელიტენა წარმოადგენს კაპადოკიის 1/10 ნაწილს, რადგან თავის მხრივ ქვეყანა იყოფა 10 სასტრატეგოდ. ასეთი დაყოფა ჩამოყალიბეს ჩვენს ეპოქაში მეფეებმა, რომლებიც მართავდნენ არქელაოსამდე (იგიულისხმება არქელაოს I, ძვ.წ. 36–ახ.წ. 17). კატაონია წარმოადგენდა კაპადოკიის ასევე 1/10 ნაწილს. ჩვენს დროში ყოველ ამ ნაწილს ჰყავს საკუთარი სტრატეგოსი. კატაონებს დღეისთვის არ აქვთ არანაირი განსხვავება ენასა და სხვა წეს-ჩვეულებებში დანარჩენ კაპადოკიელებთან, ასე რომ გასაკვირია როგორ გაქრა კვალი მათი სხვა ხალხისადმი კუთვნილებისა. ყოველ შემთხვევაში ადრე ისინი იყვნენ ცალკე ტომი; არიარათმა, რომელიც პირველი ატარებდა კაპადოკიელთა მეფის ტიტულს (ალბათ იგულისხმება არიარათ I, რომელმაც მეფედ თავი 331 წელს გამოაცხადა, თუმცა სპარსეთის სატრაპი იყო 350 წლიდან), შემოუერთა ისინი თავის სამეფოს.
ეს ქვეყანა წარმოადგენს თითქოს ყელს დიდი ნახევარკუნძულისა, მოქცეული ორ ზღვას შორის – ისიკოსის უბიდან კლდოვან კილიკიამდე და ევქსინის პონტოთი სინოპსა და ტიბარენების სანაპიროს შორის.
კაპადოკია სპარსეთის მეფეს ყოველწლიურად ფულად გადასახადებს გარდა აძლევდა 1500 ცხენს, 2000 ჯორს, 50000 ცხვარს. (კაპადოკიის უძველესი მცხოვრები ტიბარენები ძველი ავტორების მიერ ცხვარმრავლობით იყვნენ ცნობილნი. საერთოდ კი ტერმინი კაპადოკია სპარსულად „ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს.)
კაპადოკია წაართვეს მაკედონელებმა უკვე ორ სატრაპიად გაყოფილი. მაკედონელებმა დაუშვეს ნაწილობრივ თავისი სურვილით, ნაწილობრივ სურვილის წინააღმდეგ სატრაპიების სამეფოებად ქცევა. ერთერთ ამ სამეფოთაგან მაკედონელებმა უწოდეს საკუთრივ „კაპადოკია“ და „კაპადოკია ტავრთან“, აგრეთვე „დიდი კაპადოკია“, მეორეს კი „პონტო“, თუმცა სხვები უწოდებენ მას პონტოს კაპადოკიას.
დიდი კაპადოკიის მოწყობა ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია. რადგან არქელაოსის სიკვდილის შემდეგ კეისარმა (ტიბერიუსმა) და სენატმა გადაწყვიტეს აქციონ იგი რომის პროვინციად. არქელაოსისა და მისი წინამორბედი მეფეების დროს ქვეყანა დაყოფილი იყო 10 სასტრატეგოდ. 5 სასტრატეგო იყო ტავრში – მელიტენა, კატაონია, კილიკია, ტიანიტიდა და გარსავრიტიდა; დანარჩენი ხუთი იყო – ლავიანსენა, სარგარავსენა, სარავენა, ხამანენა და მორიმენა. მოგვიანებით რომაელებმა არქელაოსის წინაპრებს ჩამოართვეს მეთერთმეტე სასტრატეგო კილიკიის ერთერთი ოლქი კასტაბალი და კიბისტრი დერბამდე, რომელიც ეკუთვნოდა მეკობრე ანტიპატრეს; არქელაოსს კი მისცეს კლდოვანი კილიკიის ნაწილი, ელეუსის ირგვლივ მდებარე მხარე.
მელიტენა ჰგავს კომაგენას. მხოლოდ ეს მხარე არის მთელს კაპადოკიაში ხეხილით მდიდარი, ასე რომ ის აწარმოებს ზეითუნის ზეთს, არამედ ღვინოსაც, რომელიც არ ჩამოუვარდება ელინურ ღვინოებს. მელიტენა დევს სოფენას პირისპირ, რომელსაც გამოჰყოფს მისგან ევფრატი, მიედინება რა მისსა და კომაგენას საზღვარზე. მდინარეს მეორე მხარეს მდებარეობს კაპადოკიის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე ტომისი. იგი მიჰყიდეს სოფენის მმართველს 100 ტალანტად, მოგვიანებით კი ლუკულუსმა აჩუქა კაპადოკიის მმართველს, რომელიც იყო მისი მოკავშირე მითრიდატეს წინააღმდეგ ომში.
კატაონია არის ფართო დაბლობების მხარე, სადაც იზრდება ყველა მცენარე გარდა მარადმწვანეებისა. იგი გარშემორტყმულია მთებით. სამხრეთიდან ეტყმის ამანის მთები, რომელიც წარმოადგენს კილიკიის ტავრისა და ანტიტავრის ნაწილს და გადაჭიმულია კატაონიიდან კილიკიამდე და სირიის ზღვამდე დასავლეთით და სამხრეთით, ერტყმის რა ირგვლივ ისიკოსის უბესა და კილიკიის ვაკეებს.
აღნიშნულ ანტიტავრზე მდებარეობს ღრმა და ციცაბო ხეობები, რომელშიც განლაგებულია ქალაქი კომანი და ენიოს სახელობის ტაძარი, რომელსაც ადგილობრივები უწოდებენ „მა“-ს. ეს არის მნიშვნელოვანი ქალაქი, რომლის მოსახლეობის დიდ ნაწილს შეადგენს მორწმუნეები და ტაძრის მსახურები. ქალაქის მოსახლეები არიან კატაონები; საერთოდ ისინი ექვემდებარებიან მეფეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ემორჩილებიან ტაძრის ქურუმს. ქურუმი არის ტაძრისა და ტაძრის მონების მეთაური. უკანასკნელნი ჩემი იქ ყოფნის დროს იყვნენ 6000 მამაკაცი და ქალი ერთდროულად. ტაძარს ეკუთვნის აგრეთვე აგრეთვე მიწის დიდი ნაკვეთი თავისი შემოსავლებით, რომლითაც სარგებლობს ქურუმი. იგი მნიშვნელობით წარმოადგენს კაპადოკიაში მეფის შემდეგ მეორე პირს. ტრადიციულად მმართველი ქურუმები სამეფო ოჯახიდან იყვნენ. ამ ქალაქზე მიედინება მდინარე სარ, რომელიც ტავრის ხეობის გავლით გადის კილიკიის ვაკეებზე და ჩადის ზღვაში. კატაონიაზე გადის აგრეთვე სანაოსნო მდინარე პირამი.
არც კატაონიის ვაკეზე და არც მელიტენეში არ არის ქალაქი, თუმცა არის ძლიერი ციხე-სიმაგრეები ამაზორისა და დასტარკის მთებში, რომელთა ირგვლივ მიედინება მდინარე კარმალი. აქ მდებარეობს კატაონური აპოლონის ტაძარი, რომელსაც პატივს სცემენ მთელს კაპადოკიაში. კაპადოკიელები ტაძრებს აგებენ მისი ნიმუშის მიხედვით. ყველა სხვა სასტრატეგოს, გარდა ორისა არ აქვს ქალაქები. სარგარავსენეში არის პატარა ქალაქი გერპა და მდინარე კარმალი, რომელიც ასევე ჩაედინება კილიკიის ზღვაში. სხვა სასტრატეგოში მდებარეობს არგოსი – ციხე-სიმაგრე ტავრთან და ნორისთან (ახლა ეწოდება ნეროასი), სადაც დიადოქოსმა ევმენემ გაუძლო ხარგძლივ ალყას. ჩვენს დროში ეს იყო სისინის ხაზინის საცავი, რომელიც ცდილობდა კაპადოკიაზე გაბატოებისთვის. მას ეკუთვნოდა ქალაქური ტიპის მოწყობის მქონე კადენი, რომელიც წარმოადგენდა მის დედაქალაქს. ლიკაონიის საზღვართან მდებარეობს პატარა ქალაქი გარსავირი, რომელიც, როგორც ამბობენ, ოდესღაც წარმოადგენდა ქვეყნის მთავარ ქალაქს. მორიმენეს სასტრატეგოში, ვენესაში არის ზევსის სახელობის უმნიშვნელოვანესი ტაძარი, რომლის ქურუმი ძალაუფლებით არის მეორე კომანის ქურუმის შემდეგ. ინიშნება კომანის ქურუმივით სიცოცხლის ბოლომდე. მას ემსახურება 3000 ტაძრის მონა და აქვს ნაყოფიერი მიწის ნაკვეთი, რომელსაც ქურუმისთვის ყოველწლიურად მოაქვს 15 ტალანტი შემოსავალი.
მნიშვნელობით მესამეა მორიმენეში, დაკიეისის ზევსის სახელობის ტაძარი. აქ მდებარეობს ლამის ტბის ზომის მარილიანი წყლით სავსე აუზი; ის გარშემორტყმულია ძალიან მაღალი და ციცაბო ბორცვებით.
მხოლოდ ორ სასტრატეგოში არის ქალაქი. ტიანიტიდეში - ქალაქი ტიანი, რომელიც გალაგებულია ტავრის ძირში, კილიკიის კართან, სადაც მდებარეობს ყველაზე ადვილი შესასვლელი ყველასთვის კილიკიასა და სირიაში. მას უწოდებენ „ტავრის ევსევია“-ს. ეს არის ნაყოფიერი და დიდწილად ვაკიანი მხარე. ტიანიში განლაგებულია სემირამიდას ლამაზად გაგამგრებული მიწაყრილები. ამ ქალაქის შორიახლოს მდებარეობენ პატარა ქალაქები – კასტაბალი და კიბისტრი, რომლებიც უფრო ახლოს არიან მთასთან. კასტაბალაში არის პერასიის არტემიდას ტაძარი, სადაც, როგორც ამბობენ ქურუმები უმტკივნეულოდ დადიან ფეხშიშველა ცხელ ნახშირზე.
მე ამ 10 სასტრატეგოს არ ვათვლი შემდგომ მიერთებულ კასტაბალის, კიბისტრის და კლდოვანი ტავრის ადგილებს, სადაც მდებარეობს საკმაოდ ნაყოფიერი კუნძული ელეუსსა; უკანასკნელი დასახლებულ იქნა არქელაოსის მიერ, რომელიც ატარებდა იქ თავისი დროის დიდ ნაწილს.
ტიანიტიდაში მდებარეობს ქალაქი ქალაქი ტიანი და ე.წ. მაზაკი - მთავარი ქალაქი ტომისა განლაგებული კილიკიაში. ამ ქალაქს მეორე სახელით „ევსევია“ და დევს არგეის მთის ძირში. ეს მთა ყველაზე მაღალია და მის წვეროზე მუდამ დევს თოვლი; როგორც ამ მთაზე ასული ადამიანები ამბობენ (ასეთები კი ძალიან ცოტაა), მისი წვეროდან მოჩანს ორივე ზღვა – პონტო და ისიკოსის. საერთოდ ეს რაიონი ბუნებით წარმოადგენს უსარგებლო ადგილს ქალაქური დასახლებისთვის; ქალაქი მოკლებულია წყალს, არ არის გამაგრებული არც ბუნებით და არც ხელოვნური კედლით. გარეუბნები ასევე ძალიან უნაყოფოა და უვარგისია მიწათმოქმედებისთვის; ისინი ქვიაშიანია და ნაწილობრივ ქვიანი. თუ ცოტა შორს გავივლით, შევხვდებით ცეცხლოვანი კრატერებით დაფარულ ვულკანურ ვაკეებს. ამიტომ სიცოცხლისთვის საჭირო რესურსები მოაქვთ შორიდან და ის რაც უხვადაა შეიცავს საფრთხეს. მართალია კაპადოკია თითქმის სრულად უტყეოა, არგეას მიდამოებში გვხვდება ტყეები, თუმცა ტერიტორიის დიდი ნაწილი მინდვრიანია. ზოგან გვხვდება ჭაობებიც. ადგილობრივი მოსახლეობა ტყის რეწვითაა დაკავებული, თუმცა იგი ძალიან სახიფათოა. ხიფათი განსაკუთრებით ემუქრება პირუტყვს, რომელიც ცვივა ცეცხლოვან კრატერებში.
ვაკეზე, ქალაქიდან 40 სტადიონზე მიედინება მდინარე მელასი; მდინარის შენაკადები განლაგებულია უფრო დაბალ ადგილზეა ვიდრე თვით ქალაქი. ასე რომ მდინარის კალაპოტი ქმნის ჭაობსა და ტბას და გამოუსადეგარია საცხოვრებლად; ზაფხულში მდინარე ახშობს ქალაქის ირგვლივ ჰაერს, რითაც ურთულებს სამუშაოს ქვისმთლელებს. ამუშავებენ რა ქვებს მაზაკენები, აწარმოებენ სახლის ასაშენებელ დიდძალ მასალებს; თუმცა კი მდინარით დაფარული ქვის ფილები ძნელი მოსაპოვებელია. რადგან მელასს ჰქონდა გასასვლელი ევფრატში ხეობის გავლით, მეფე არიარათმა დააკეტინა იგი და აქცია მახლობელი ვაკე ზღვის მსგავს ტბად; იქ მან გამოჰყო რამდენიმე კუნძული სადაც ატარებდა დროს. მაგრამ, როდესაც წინაღობა გაირღვა ევფრატის დაგუბებულმა წყალმა წალეკა კაპადოკიის ბევრი ძველი დასახლება და გაანადგურა აგრეთვე გალატების ბევრი მხარე. გალატებმა მოთხოვეს არიარათს მიყენებული ზარალის 30 ტალანტით ანაზღაურება და საქმე გადასაწყვეტად გადასცეს რომაელებს. ასეთივე უბედურება შეემთხვა გერპასაც, რადგან არიარათმა გადაკეტა მდინარე კარმალას კალაპოტი. როდესაც მდინარემ წინაღობა გაანგრია, გაანადგურა მალლას მახლობელი ადგილები და მეფეს მოუწია დაზარალებულთა ზარალის ანაზღაურება. მართალია მაზაკელების მხარე ბევრი რამის გამო არ ვარგოდა საცხოვრებლად, თუმცა მეფეები მაინც ირჩევდნენ მას, რადგან ამ ტერიტორიას ჰქონდა ტყის რესურსები, ქვა სახლების ასაშენებლად და მეცხოველეობისთვის აუცილებელი საძოვრები. ასე რომ ქალაქი მეფისთვის ერთგვარი ბანაკი იყო. დანარჩენ შემთხვევებში კაპადოკიის მეფეები უსაფრთხოებას თავისთვისა და მისი მონებისთვის პოულობდნენ მთის მრავალრიცხოვან ციხე-სიმაგრეებში, რომელთა ნაწილი სამეფო იყო, ნაწილი კი მეფის მეგობრების. მაზაკი დაშორებულია პონტოსგან სამხრეთით თითქმის 800 სტადიონზე, ხოლო ევფრატი რამდენიმეჯერ ნაკლებ ვიდრე ორჯერ; კილიკიის კარიდან და მეინეკეს ბანაკიდან ტიანის გავლით 6 დღის გზაა. შუა გზაზე მდებარეობს ტიანი, კიბისტრიდან 300 სტადიონზე. ტიგრანმა, არმენიის მეფემ მაზაკელები ჩააგდო მძიმე მდგომარეობაში კაპადოკიაზე თავდასხმის დროს; მეფემ გარეკა ყველა მაზაკელი მესოპოტამიაში და შეადგინა მათგან ტიგრანოკერტის მოსახლეობა. მოგვიანებით, ტიგრანოკერტის რომაელთა მიერ აღების შემდეგ ვინც შეძლო დაბრუნდა სამშობლოში.
დიდი კაპადოკიის სიგრძე პონტოდან ტავრამდე 1800 სტადიონამდეა, ხოლო სიგანე ლიკაონიიდან და ფრიგიიდან ევფრატამდე და არმენიამდე – 3000 სტადიონამდე. იგი მდიდარია ნაყოფით, განსაკუთრებით პურით და სხვადასხვა სახის პირუტყვით და მდებარეობს პონტოს სამხრეთით, თუმცა მასზე უფრო ცივია. ბაგადანიაში მიუხედავად იმისა, რომ იგი ვაკეა, მდებარეობს ყველაზე სამხრეთით ტავრის ძირებში, მცირე რაოდენობით იზრდება ხეხილი; მდელოებზე მრავლად არის ველური ვირები როგორც ამ მხარეში, ისე ქვეყნის დიდ ნაწილში, განსაკუთრებით გარსავირში, ლიკაონიასა და მორიმენში. კაპადოკიაში აწარმოებენ ე.წ. სინოპურ კინოვარს (წითელი ფერის მინერალი), რომელიც ყველას სჯობია; თუმცა მას კონკურენციას უწევს იბერიული. მან სახელწოდება მიიღო იმის გამო, რომ თავდაპირველად სინოპელებს შემოჰქონდათ, ვიდრე ეფესოელმა ვაჭრებმა სინოპელების შუამდგომლობის გარეშე შეაღწიეს კაპადოკიაში. როგორც ამბობენ, გალატიის მახლობლად არქელაოსის მაღაროელები მოიპოვებდნენ მთის ხრუსტალის ფირფიტებსა და ონიქსის ქვებს. აგრეთვე იქ რომელიღაც ადგილებში მოიპოვებდნენ თეთრ ქვებს, რომლისგან ამზადებდნენ ხმლის სახელურებს. ბოლოს, ერთი ადგილი აძლევდათ ისეთ დიდ ნაჭრებს გამჭირვალე ქვისა ფანჯრებისთვის, რომ ისინი გაჰქონდათ აგრეთვე საზღვრებს გარეთ. პონტოსა და კაპადოკიის საზღვარს წარმოადგენს ტავრის პარალელური მთიანი მხარე; იგი იწყება ხამმანენის დას. დაბოლოებით, რომლის ციცაბო დაქანებულ ადგილზე დასმენდის ციხე-სიმაგრე, და ვრცელდება ლავიანსენის აღმ. დაბოლოებამდე. აქ არის კაპადოკიის სასტრატეგოები – ხამმანენა და ლავიანსენა.
როგორც კი ანტიოქოს III-ის დამარცხების შემდეგ რომაელებმა დაიწყეს აზიური საქმეების მოწესრიგება, დადეს ხელშეკრულებები ხალხებთან და მეფეებთან მეგობრობისა და კავშირის შესახებ, ისე მოხდა რომ, ეს პატივი ყველა სხვა მეფეს მიანიჭეს პირადად, ხოლო კაპადოკიის მეფეს ხალხთან ერთად. როცა შეწყდა სამეფო შტო, რომაელები მეგობრობისა და მოკავშირეობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დათანხმდნენ მიენიჭებინათ ამ ხალხისთვის თავისუფლება, თუმცა ჩამოსულმა ელჩებმა უარი თქვეს თავისუფლებაზე, რადგან მათივე სიტყვებით არ შეუძლიათ თავისუფლების მხრებით ზიდვა და მოითხოვეს მეფის მიცემა. რომაელებს გაუკვირდათ, რომ არსებობს ხალხი თავისუფლებით ასეთი შეშინებული და ნება დართეს აერჩიათ ხმის მიცემით მეფე ვისაც ისურვებდნენ. და მათ აირჩიეს არიობარზანი. როცა მისი შტო მესამე თაობაზე შეწყდა, ანტონიუსის მიერ მეფედ დაყენებულ იქნა არქელაოსი (თუმცა კი მასთან არაფერი აკავშირებდა). ასეთია ჩემი ცნობები კაპადოკიის შესახებ.
პაფლაგონია და პონტოს სამეფო
როდესაც მითრიდატე ევპატორი მეფედ გახდა ის ფლობდა ქვეყანას შემდეგი საზღვრებით: ჰალისიდან ტიბარენების მხარემდე და არმენიამდე; ჰალისის აქეთა (დასავლეთ) მხარეს ფლობდა ამასტრიამდე და პაფლაგონიის ზოგიერთ ნაწილს. ამას გარდა მან დასავლეთით მოიპოვა სანაპირო ჰერაკლიამდე, აგრეთვე საპირისპირო მიმართულებით სანაპირო მცირე არმენიამდე და კოლხიდამდე; ეს ქვეყნები შეუერთა მან პონტოს. მართლაც, პომპეუსმა გაიმარჯვა რა მითრიდატეზე, დაეუფლა ქვეყანას გადაჭიმულს ასეთ სივრცეზე. ნაწილი მისი, რომელიც მდებარეობდა არმენიის მხარეს კოლხიდამდე გამარჯვებულმა დაურიგა მმართველებს, რომლებიც იბრძოდნენ მის მხარეზე, დანარჩენი კი დაჰყო 11 სახელმწიფოდ და შეუერთა ბითინიას, ასე რომ ორივე დაყოფის შედეგად წარმოიშვა ერთი პროვინცია. პაფლაგონიელთა ნაწილი, რომლებიც ცხოვრობდნენ პონტოსა და ბითინიას შორის ქვეყნის შუაში, პომპეუსმა გადასცა მეფეებს – პილემენის შთამომავლებს, ისევე როგორც გალატები დაუქვემდებარა ადგილობრივ ტეტრარქებს. შემდეგომში რომაელი მმართველები ხელახლა აწარმოებდნენ დაყოფებს, აყენებდნენ მეფეებსა და მმართველებს, ათავისუფლებდნენ ერთ ნაწილს ქალაქებისა, სხვებს კი უქვემდებარებდნენ მმართველებს, ხოლო მესამე ნაწილს ტოვებდნენ რომაელი ხალხის ძალაუფლების ქვეშ. ახლა აღვწერ აღნიშნული მხარეების თანამედროვე მდგომარეობას და დავიწყებ ჰერაკლიით, მხარის ყველაზე დასავლეთ ქალაქით.
თუ გავცურავთ პროპონტიდიდან ევქსინის პონტოში, მარცხნივ ბიზანტიონის (იგი ეკუთვნის თრაკიელებს) მეზობელი ადგილები დევს, ხოლო მარჯვნივ მდებარეობს ქალკედონის მოსაზღვრე ოლქები. პირველები აქ ცხოვრობენ ბითინიელები, შემდეგ მარიანდინები (ზოგიერთი მათ ეძახიან კავკონებს), შემდეგ მდინარე ჰალისამდე – პაფლაგონელები, და ბოლო კაპადოკიელები, რომლებიც არიან პონტოში და სხვა ხალხები რომლებიც არიან კოლხიდამდე. ყველა ამ მხარეს ეწოდება „მარჯვენა მხარე“ ევქსინის პონტოსა. მთელს ამ სანაპიროზე ბატონობდა კოლხიდიდან ჰერაკლიამდე მითრიდატე ევპატორი; ხოლო მის დასავლეთით მხარეებს ფლობდა ბითინიის მეფე. მეფეების დამხობის შემდეგ რომაელებმა შეინარჩუნეს საზღვრები; ჰერაკლეა შეუერთეს პონტოს, ხოლო მის უკან გადაეცა ბითინიას.
ბევრი თანხმდება იმაში, რომ ბითინიელებმა, რომლებიც ადრე იყვნენ მისიელები, სახელი მიიღეს თრაკიული ტომებისგან – ბითინებისა და დინებისგან, რომლებიც დასახლდნენ აქ. ამის დასამტკიცებლად მოჰყავთ ის ფაქტები, რომ თრაკიაში დღესაც ცხოვრობენ ტომი სახელად ბითინები, ხოლო რაც შეეხება თინებს – აპოლონიისა და სალმიდესის მახლობელ სანაპიროს ქვია ფინიადა. ბებრიკებე, რომლებიც დასახლდნენ მისიაში ამათზე ადრე, ჩემი აზრით იყვნენ ასევე თრაკიელები. სხვათაშორის თვით მისიელებიც მოვიდნენ თრაკიიდან სადაც ახლაც ცხოვრობენ ამ სახელის ხალხი.
მარიანდინებსა და კავკონებზე არ არის ერთგვაროვანი ცნობები: ამბობებ რომ ჰერაკლეა მდებარეობს მარიანდინების მხარეში და დააარსეს მილეტელებმა; თუმცა არავინ ამბობს თუ ვინ იყვნენ ისინი და საიდან მოვიდნენ. არაფერს ამბობენ მათ ენასა და ეთნიკურ კუთვნილებაზე, თუმცა იცინი ჰგავენ თრაკილებს. თეოპომპეს სიტყვით მარიანდინმა რომელიც ბატონობდა ერთ ნაწილზე პაფლაგონიისა, რომელიც დაქვემდებარებული იყო მრავალ მმართველს; შემდეგ დაეცა ბებრიკებს ქვეყანას, დაიპყრო, მაგრამ შემდეგ დატოვა და მისცა მას თავისი სახელი. გადმოგვცემენ აგრეთვე იმას რომ ჰერაკლეას დამაარსებელმა მილეტელებმა აიძულეს მარიანდინები, ქვეყნის ადრინდელი მფლობელები, ემსახურათ მათთან ჰილოტებად (ნახევრად დამონებული გლეხი), ასე რომ მათ ჰყიდიდნენ კიდეც, თუმცა არა ქვეყნის საზღვრებს გარეთ (თითქოს მოლაპარაკებული იყვნენ ერთმანეთთან).
რაც შეეხება კავკონებს, მათზე ყვებიან, რომ ისინი ცხოვრობდნენ მარიანდინების გვერდით მდებარე სანაპიროზე მდ. პართენიოსამდე (დღევ. ბართინ ჩაი), ქალაქი მათ ჰქონდათ ტიეი, ერთნი თვლიან მათ სკვითებად, სხვები – მაკედონურ ტომად, მესამენი – პელასგებად. კალისთენეს სიტყვით კავკონები ვრცელდებოდნენ ჰერაკლეადან და მარიანდინების მხარიდან ლევკო-სირიელებამდე, რომელთაც ჩვენ ვეძახით კაპადოკიელებს, და კავკონების ტომი რომელიც ცხოვრბს ტეიასთან ახლოს ვრცელდებიან მდინარე პართენიოსამდე, მაშინ როდესაც მეზობელი ხალხი გენეტები, რომლებიც ფლობენ კიტორს, ცხოვრობდა პართენიოსის შემდეგ, და ახლაც ზოგიერთი კავკონელი ცხოვრობს პართენიოსთან.
ჰერაკლეა – ქალაქი კარგი ნავსადგურებით და საერთოდ იმსახურებს ყურადღებას, რადგან იგი აარსებდა კოლონიებს, ქერსონესი (ყირიმში, სევასტოპოლისთან ახლოს) და კალლატიდა (დუნაის შესართავთან, მოსახელე მილეტელთა კოლონიის ადგილზე) მისი კოლონიებია. თავიდან ის იყო თავისუფალი ქალაქი, შემდეგ გარკვეული ხნით მას მართავდნენ ტირანები, შემდეგ კვლავ დაიბრუნა თავისუფლება. მოგვიანებით დაექვემდებარა რომაელთა ბატონობას და მათ მართავდნენ მეფეები. ქალაქმა მიიღო რომაული კოლონია, რომელმაც დაიკავა ქალაქისა და ქალაქის მხარის ნაწილი. ადიატორიგმა, დომნეკლეოსის ძემ, გალატების ტეტრარქმა, ანტონიუსისგან მიიღო ჰერაკლეელებით დასახლებული ქალაქის ნაწილი; აქციუმის ბრძოლამდე ცოტა ხნით ადრე, იგი დაეცა აქაურ რომაელებს და გააჟლიტა, როგორც მოგვიანებით ამბობდა ანტონიუსის ნებართვით გააკეთა ეს. აქციუმის შემდეგ მან შვილთან ერთად გაიარა ტყვედ ტრიუმფალურ ღონისძიებაზე, რის შემდეგაც დასჯილ იქნა. ახლა ქალაქი შედის ბითინიასთან შეერთებული პონტოს პროვინციის შემადგენლობაში.
ქალკედონსა და ჰერაკლეას შორის მიედინება რამდენიმე მდინარე; მათ შორისაა პსილლისი, კაპლა და სანგარიუსი, რომელსაც ახსენებს ჰომეროსი. სანგარიოსის სათავე მდებარეობს სოფელ სანგიას ახლოს, პესსინუნტასგან 150 სტადიონზე. ეს მდინარე მიედინება ფრიგია ეპიკტეტის დიდ ნაწილზე, შემდეგ კი ბითინიის ნაწილზე. გაზრდილი და სანაოსნოდ ქცეული სანგარიუსი შესართავთან ქმნის ბითინიის საზღვარს. ამ სანაპიროს პირდაპირის მდებარეობს კუნძული თინიია. ქალაქი ჰერაკლეა მდებარეობს 1500 სტადიონზე ქალკედონის ტაძრამდე და 500 სტადიონზე სანგარიუსიდან.
პატარა ქალაქი ტიეი არც ღირდა მოხსენიებად, მისგან რომ არ ყოფილიყო წარმოშობით ფილეტერი, ატალიდების შტოს დამაარსებელი. შემდეგ მოდის მდინარე პართენიოსი, რომლის სათავე მდებარეობს პაფლაგონიაში. შემდეგ მოდიან პაფლაგონია და ენეტები. საკამათოა, რომელ ენეტებს გულისხმობდა ჰომეროსი როდესაც ამბობდა: ბელადი პილემენი მოუძღოდა პაფლაგონიელთ, მამაცი გული, გამოსული გენეტეს მხრიდან, სადაც თავს იყრის ველური ჯორები. ახლა ამბობენ რომ პაფლაგონიაში ჰენეტები არ არიან, თუმცა სხვები გვარწმუნებენ, რომ არსებობს სოფელი ამ სახელით ეგიალეში, ამასტრიიდან 10 სხენზე. ზენოდოტი წერს „ენეტებიდან“ და ამტკიცებს, რომ ჰომეროსი გარკვევით უთითებს თანამედროვე ამისოსზე. მესამენი ამბობენ, რომ რომელიღაც ტომი ასეთი სახელით, ცხოვრობდა კაპადოკიის მეზობლად, იბრძოდა კიმერიელებთან ერთად და შემდეგ განდევნილ იქნა ადრიატიკის ზღვასთან. ყველაზე აღიარებული აზრით ენეტები წარმოადგენდნენ პაფლაგონიის ყველაზე მნიშვნელოვან ტომს, რომლისგანაც იყო პილემენი. უფრო მეტიც, ენეტების უმეტესი ნაწილი იბრძოდა მის მხარეზე; თავისი ბელადის დაკარგვის და ტროას აღების შემდეგ, ისინი გადავიდნენ თრაკიაში და მივიდნენ თანამედროვე ენეტიკაში. ზოგიერთი მწერლის სიტყვით, ანტენორმა და მისმა შვილებმა ასევე მიიღეს მონაწილეობა ამ ლაშქრობაში და დასახლდნენ ადრიატიკის ზღვის ყველაზე მოშორებულ მხარეში. ამიტომ, შესაძლებელია, ენეტები გაქრნენ და ისინი უკვე აღარ არიან პაფლაგონიაში.
პაფლაგონიის აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენს მდინარე ჰალისი, რომელიც მოედინება ჰეროდოტეს ცნობით „სამხრეთიდან სირიელებსა და პაფლაგონიელებს შორის და ჩაედინება ე.წ. ევქსინის პონტოში“; სირიელებად ის თვლის კაპადოკიელებს; მართლაც, კვლავ და ახლაც მათ უწოდებენ „ლევკო-სირიელებს“, მაშინ როდესაც ტავრის ამ მხარეს მცხოვრებთ „სირიელებს“. რადგან ტავრის ამ მხარეს მცხოვრებ სირიელებს კანი დამწვარი აქვთ, ხოლო ამათი კანი არა, აქედან წარმოიშვა მათი სახელი. პინდარი ამბობს, რომ ამაზონების დასახლება არის თემისკირაში.
უკანასკნელი ეკუთვნის ამისოსელებს, ამისოსი – თეთრ სირიელებს, ჰალისის იქეთ მცხოვრებთ. ასე რომ პაფლაგონიის აღმოსავლეთ საზღვარს წარმოადგენს ჰალისი; სამხრეთიდან ესაზღვრებიან ფრიგიელები და იქ დასახლებული გალატები; დასავლეთიდან ესაზღვრებიან ბითინიელები და მარიანდინები; ჩრდილოეთიდან - ევქსინის პონტო. რადგან ეს ქვეყანა იყოფოდა შიდა და ზღვისპირა მხარეებად, თუმცა ორივე ვრცელდებოდა ბითინიიდან ჰალისამდე, ხოლო სანაპიროს ჰერაკლეაამდე ფლობდა მითრიდატე ევპატორი, ხოლო პაფლაგონიის შიდა მხარეებიდან მხოლოდ ნაწილი (ზოგიერთი მათგანი ვრცელდებოდა ჰალისამდე); ამ ზღვრამდე მოდიოდა რომაელების დაარსებული პონტოს პროვინცია. შიდა მხარის დანარჩენ ნაწილებს განაგებდნენ ადგილობრივი მმართველები, მითრიდატეს დამხობის შემდეგაც კი. ახლა გადავალ პონტოს აღწერაზე.
მდინარე პართენიოსის შემდეგ მოდის ამასტრია, მისი დამაარსებლის მოსახელე ქალაქი. იგი აგებულია ორ ნავსადგურს შორის მდებარე ყელზე. ამასტრია იყო ჰერაკლეას ტირანის დიონისეს ცოლი, ალექსანდრეს (მაკედონელი) თანამედროვე დარიოსის ძმის ოქსიათრეს ქალიშვილი. ამასტრია დაარსდა 4 დასახლების – სესამის, კიტორის, კრომნის და ტიეის – გაერთიანების შედეგად. უკანასკნელი მალე გამოეყო ერთობას, მაგრამ დანარჩენები დარჩნენ გაერთიანებულნი; მათგან სესამი წარმოადგენს ამასტრიის აკროპოლს. კიტორი ერთ დროს იყო სინოპელთა პორტი, ხოლო სახელი ეფორეს ცნობით ეწოდა ფრიქსეს ძის კიტორის გამო. ეგიალი წარმოადგენს 100 სტადიონის სიგრძის სანაპიროს, სადაც მდებარეობს მისი მოსახელე სოფელი. ეგიალის შემდეგ მოდის დიდი კონცხი კარამბისი. შემდეგ მოდის კინოლისი, ანტიკინოლისი, პატარა ქალაქი აბონუტეიხოსი და არმენე, რომელიც არის სინოპელთა დასახლება და პორტი.
არმენედან 50 სტადიონზე მდებარეობს თვით სინოპე – სამყაროს ამ მხარის გამორჩეული ქალაქი. დააარსეს იგი მილეტელებმა. სამხედრო ფლოტის წყალობით სინოპემ მოიპოვა ზღვაზე ბატონობა და მონაწილეობდნენ კიდეც ბრძოლებში ელინთა მხარეზე. მართალია ქალაქი დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა დამოუკიდებელი, თუმცა ვერ შეძლო ბოლომდე შეენარჩუნებინა თავისუფლება; ალყის შემდეგ ის აიღო და დაიმონა ფარნაკემ (პონტოს მეფე ფარნაკე I-მა ძვ.წ. 183 წ.), ხოლო შემდეგ მისი მემკვიდრეები მითრიდატე ევპატორამდე და რომაელებმადე, რომელთაც გაანადგურეს ქალაქის ძლევამოსილება. ევპატორი დაიბადა და აღიზარდა სინიპეში. მეფემ (ფარნაკემ) აღჭურვა ქალაქი განსაკუთრებული ღირსებით და აქცია კიდეც თავისი სამეფოს დედაქალაქად. სინოპე კეთილმოწყობილია როგორც ბუნებით, ისე ადამიანების შრომით; იგი აგებულია ნახევარკუნძულის ყელზე; ქალაქის ორივე მხარეს მდებარეობს ნავმისადგომები, გემთა სადგომები, და შესანიშნავი ნაგებობები პელამიდების დასაჭერად.
ნახევარკუნძულის სანაპიროებს თან გასდევს ორმოებით დანაოჭებული კლდეები. ეს ორმოები ზღვის აწევის დროს ივსება წყლით და ძნელად მისადგომს ხდის. ეს ადგილები ძნელად მისასვლელია იმის გამოც, რომ სანაპირო კლდეები დაფარულია ეკლებით და მასზე სიარული შეუძლებელია დაუცველი ფეხებით. ქვეყნს შიდა მხარე, ქალაქის მახლობელი მიწები ნაყოფიერია და გამშვენიერებულია მრავალრიცხოვანი მინდვრებით, რომლებიც დაყოფილია ბაღებად (განსაკუთრებით ქალაქის გარეუბანში). თვით ქალაქი გამაგრებულია კედლებით, და გამშვენიერებულია გიმნასიონით, ბაზრობის მოედნითა და პორტიკებით (პორტიკი – საყრდენი სვეტებით და თაღებით შექმნილი, სამი მხრიდან გახსნილი ნაგებობა). მიუხედავად ამისა ქალაქი ორჯერ იქნა აღებული: პირველად ფარნაკეს მიერ, შემდეგ კი ლუკულუსის, რომელმაც განდევნა ქალაქიდან ტირანი. მეფის მიერ გარნიზონის მეთაურად დანიშნულმა ვაკხიდმა, რომელსაც ეშინოდა ღალატის, ბევრი ძალადობა და ხოცვა-ჟლეტა მოუწყო მოსახლეობას. ქალაქის აღების შემდეგ ლუკულუსმა ხელი არ ახლო ქალაქის ძვირფასეულობას და წაიღო მხოლოდ ბილლარის ცის გლობუსი და სტენიდის გაკეთებული ავტოლიკეს სტატუა, რომელსაც თვლიდნენ ადგილობრივები ქალაქის დამაარსებლად და ეპყრობოდნენ როგორც ღმერთს. აქ მდებარეობდა მისი ორაკულიც. ავტოლიკე, როგორც ჩანს იყო იასონის ერთ-ერთი თანამგზავრი და დაიპყრო ეს ადგილი. მოგვიანებით მილეტელებმა გაიგეს ამ ადგილის ხელსაყრელი მდებარეობისა და მოსახლეობის სისუსტის შესახებ, მიითვისეს იგი და გამოგზავნეს აქ კოლონია. დღევანდელ დროში სინოპს მოუწია რომაელთა კოლონიის მიღება, რომელთაც გადაეცა ქალაქისა და ქალაქის მიწების ნაწილი. ქალაქი მდებარეობს 3500 სტადიონზე ქალქედონის ტაძრიდან, ჰერაკლეადან 2000 სტადიონზე და კარამბისიდან 700 სტადიონზე. სინოპი იყო დაბადების ადგილი გამოჩენილი ადამიანებისა: ფილოსოფოსებიდან – დიოგენე კინიკი და ტიმოთე პატრიონი; პოეტებიდან – დიფილა, კომედიის ავტორი; ისტორიკოსებიდან – ბატონი, რომელმაც დაწერა „სპარსეთის ისტორია“.
სინოპეს ოლქში ბითინიამდე და მთელს მთიან მხარეში, განლაგებული ზემოთ მოხსენიებულ სანაპიროზე არის მშვენიერი ხომალდმშენებლობისთვის გამოსადეგი ტყე, რომლებიც ადვილად მისატანია მდინარით სანაპირომდე. სინოპეს მხარეში იზრდება აგრეთვე ნეკერჩხალი და მთის კაკალი, რომელთაც ჭრიან დაფებად მაგიდების დასამზადებლად. მთელ აღნიშნულ მხარეში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან ოდნავ მაღლა გაშენებულია აგრეთვე ზეთისხილი.
სინოპეს შემდეგ მოდის მდინარე ჰალისის შესართავი. მან მიიღო სახელი მარილის მაღაროებისგან, რომელსაც ივლის მისი დინება. ჰალისის სათავეები მდებარეობს დიდ კაპადოკიაში, კამისენეში, პონტოს ოლქის ახლოს. მიემართება ძლიერი დინებით დასავლეთით, მდინარე შემდეგ უხვევს ჩრდილოეთით გალატებისა და პალფაგონელების მხრეთა გავლით და აშორებს უკანასკნელთ „ლევკო-სირიელებისგან“.
ჰალისის შესართავს მოსდევს გიზელონიტიდა (ცენტრი ქალაქი გიზელონი) სარამენამდე; ეს არის მთლიანად ნაყოფიერი და ვაკიანი ადგილი, სადაც ყველანაირი ხეხილია. აქ აშენებენ შესანიშნავმატყლიან ცხვარს, რომლის მსგავსი მთელს კაპადოკიასა და პონტოში იშვიათია. აშენებენ აგრეთვე ქურციკებს, რომლებიც სხვა ადგილებში იშვიათად გვხვდება. ამ მხარის ერთი ნაწილი უჭირავთ ამისოსელებს, ხოლო მეორე მხარე და აგრეთვე ფარნაკიისა და ტრაპეზუნტის ოლქები კოლხიდამდე და მცირე არმენიამდე პომპეუსმა მისცა დეიოტარს (დუმნორიგის ძე). პომპეუსმა გამოაცხადა იგი ამ მხარეთა მეფედ, გარდა იმისა რომ ის ფლობდა მამისგან მემკვიდრეობით გალატიის ტეტრარქის (1/4-ის მმართველის) წოდებას, კონკრეტულად ტოლისტობოგიების ქვეყნის. თუმცა მისი სიკვდილის შემდეგ გამოჩნდა მისი სამფლობელოების ბევრი მემკვიდრე.
გაზელონიტიდას შემდეგ მოდის სარამენა და მნიშვნელოვანი ქალაქი ამისოსი მიახლოებით 900 სტადიონზე სინოპიდან. თეოპომპის სიტყვით პირველად ის დააარსეს მილეტელებმა, შემდეგ ფლობდა კაპადოკიელთა მმართველი, შემდეგ კი ათენელებმა გამოაგზავნეს კოლონია ათინოკლის მეთაურობით, რომლებმაც ქალაქს დაარქვეს პირეოსი. პონტოს მეფეებმა ეს ქალაქიც დაიქვემდებარეს. მითრიდატე ევპატორმა გაამშვენიერა იგი ტაძრებით და ააგო კიდევ მისი ნაწილი. ქალაქი ალყაშემორტყმული იყო ჯერ ლუკულუსის, შემდეგ კი ფარნაკეს მიერ, რომელიც მოვიდა ბოსფორიდან. კეისარმა გაათავისუფლა ქალაქი და ანტონიუსმა კვლავ მისცა პონტოს მეფეებს. შემდეგ ტირანმა სტრატონმა ჩააგდო ქალაქი მძიმე მდგომარეობაში. აქციუმის ბრძოლის (ძვ.წ. 31 წ.) შემდეგ კვლავ გაათავისუფლა ოქტავიანე ავგუსტუსმა, ხოლო ჩვენს დროში კარგი მოწყობა მიიღო. გარდა ძველი ლამაზი ტერიტორიისა, ქალაქი ფლობს თემისკირას, ამაზონების საცხოვრისს და სიდენას.
თემისკირა წარმოადგენს დაბლობს, რომელსაც ერთი მხრიდან ესაზღვრება ზღვა – მდებარეობს რა ქალაქიდან 60 სტადიონზე (10,7 კმ); სხვა მხრიდან ქალაქს ესაზღვრება მთის ქედის ძირები, რომლებიც მდიდარია ტყეებით და დაქსელილია მდინარეებით, რომელთა სათავეები იქვეა. ერთი მდინარე სახელით თერმოდონტი ივსება ამ მდინარეების წყლებით და მიედინება ვაკეზე, სხვა მსგავსი მდინარე, გამომდინარე ე.წ. ფანარეადან, მიედინება იგივე ვაკეზე და ჰქვია ირიდი (ირისი, დღევ. იეშილ ირმაქი). მისი სათავე პონტოშია; მიედინება რა თავიდან ქალაქ კომანზე და შემდეგ დაზიმონიტიდას ნაყოფიერ ვაკეზე დასავლეთით, შემდეგ უხვევს ჩრდილოეთით მიღმა თით გაზიურისა, რომელიც ძველად სამეფო დედაქალაქი იყო, ახლა კი ადამიანებისგან დაცლილია; შემდეგ კვლავ უხვევს აღმოსავლეთით, იერთებს სკილაკსა და სხვა მდინარეებს და ჩაივლის კედლებთან ქალაქ ამასიისა, რომელიც ძალიან ძლიერად გამაგრებულია ბუნებისგან, და მიედინება ფანარეაში. იქ მას უერთდება არმენიიდან მომავალი მდინარე ლიკუსი (დღევ. კელკიტ ჩაი). ამის შემდეგ ირიდი გაივლის თემისკირას და ჩაედინება პონტოს ზღვაში. მდინარეთა წყალობით ეს ვაკე მუდამ დაფარულია ბალახით, რომელსაც შეუძლია გამოკვებოს დიდი რაოდენობის ძროხა და ცხენი. აქ დიდი რაოდენობით მოდის ფეტვი და შაქრის ლერწამი. რადგან ეს მხარე მდინარეებით კარგად ირწყვება აქ შიმშილი არასოდეს აწუხებთ. მეორე მხრივ ამ ადგილებში მრავლად იზრდება ველური ვენახი, მსხალი, ვაშლი და თხილი, რის გამოც ადამიანები ამ ტყეებში წლის ნებისმიერ პერიოდში პოულობენ საკვებს. საკვების ასეთი სიმრავლის გამო შესაძლებელია მრავალფეროვან გარეული ცხოველებზე ნადირობა.
თემისკირას შემდეგ მოდის ნაყოფიერი ვაკე (თუმცა არა თემისკირასავით) სიდენა (მდ. სიდენას ანუ დღევ. პოლამან ჩაის რაიონში). მის სანაპიროზე მდებარეობენ გამაგრებული ადგილები: სიდა, რომლის სახელის გამო დაარქვეს ამ დაბლობს; ხაბაკა და თაბდა. ამ ადგილამდე ვრცელდება ამისოსის მხარე. ამ ქალაქიდან გამოსულია მრავალი ღირშესანიშნავი სწავლული: მათემატიკოსები დემეტრიუსი რაფინის ძე, დიონისოდორი და გრამატიკოსი ტირანნიონი, რომლის ლექციების მოსმენა მომიწია.
სიდენას შემდეგ არის გამაგრებული ქალაქი ფარნაკია (დღევ. გირესუნთან, დააარსა პონტოს მეფე ფარნაკ I-მა 183 წლის ახლოს. 64 წელს ეწოდა კერასუნტი). მის შემდეგ მოდის ელინური ქალაქი ტრაპეზუნტი, საიდანაც ამისოსამდე საზღვაო გზა შეადგენს 2200 სტადიონს (393,8 კმ). შემდეგ აქედან ფასისამდე არის 1400 სტადიონამდე (250,6 კმ), ასე რომ ქალკედონის წმინდა ტაძრიდან (მდებარეობდა წმინდა კონცხზე, თრაკიული ბოსფორის აზიურ ნაწილში, შავი ზშვის შემოსასვლელთან) ფასისამდე არის დაახლოებით 8000 სტადიონი (1432 კმ). თუ გავცურავთ ამ სანაპიროზე ამისოს სანაპიროდან ჯერ შეგვხვდება ჰერაკლეს კონცხი, შემდეგ იასონის კონცხი და მდ. გენეტი, შემდეგ პატარა ქალაქი კოტიორა (დღევ. ორდუსთან), საიდანაც გაასახლეს კოლონია ფარნაკიაში; შემდეგ მოდის დანგრეული ისხოპოლი (პატარა ქალაქი ფარნაკიას დასავლეთით), შემდეგ უბე, რომელზეც მდებარეობენ კერასუნტი (ძვ. კერასუნტი, დღევ. ვაკფიკებირი) და ჰერმონასა (დღევ. აკჩაბაათი) – უმნიშვნელო დასახლებები; ჰერმონასას ახლოს მდებარეობს ტრაპეზუნტი და შემდეგ კოლხიდა. აქ სადღაც მდებარეობს ერთი დასახლება სახელით ზიგოპოლი.
ტრაპეზუნტისა და ფარნაკიის ზემოთ ცხოვრობენ ტიბარენები, ხალდები და სანები, რომელთაც უწინ უწოდებდნენ მაკრონებს, და „მცირე არმენია“. სადღაც, ამ ადგილების შორი-ახლოს ცხოვრობენ აპაიტები, უწინდელი კერკიტები. ამ ადგილებს კვეთს სკიდისე, კლდოვანი მთა, რომელიც უერთდება ერთის მხრივ მოსხურ მთებს კოლხიდის ზევით (სამხრეთით); მეორე მხრივ პარიადრეს მთებს, რომელიც ვრცელდება სიდენეს ოლქიდან და თემისკირადან მცირე არმენიამდე და ქმნის პონტოს აღმოსავლეთ მხარეს. მთელი ამ მთიან მხარეთა მოსახლენი სრულიად ველურნი არიან, თუმცა აღემატებიან სხვებს ჰეპტაკომიტები (ჰეპტაკომიტი შვიდსოფლელებს ნიშნავს, რაც უდრის შკვითინიებს; ისინი კი მოსინიკების მეზობელი და მონათესავე ხალხი იყვნენ, რის გამოც სრულიად ბუნებრივია სტრაბონის მხრიდან მათი ერთმანეთში არევა, მითუმეტეს, რომ შკვითინიები ხის სახლებში ცხოვრობდნენ, რომელთა სახელი ბერძნულად მოსინიკთა თვითსახელს გავს), რომელთაც სკიდისეც მთის მწვერვალები უჭირავთ (ქ. რიზეს მახლობლად მთებში მდებარე სანჯაყის არაბული სახელია „კურა სება“, რაც არაბულ ენაზე „შვიდ სოფელს“ ნიშნავს); ზოგიერთი მათგანი ცხოვრობს ხეებზე ან ხის კოშკებში, რის გამოც ძველად ეძახდნენ მოსინიკებს, რადგან ამ ხის კოშკებს ეწოდება „მოსინები“. ისინი იკვებებიან ნადირის ხორცითა და ტყის ხილით; აგრეთვე თავს ესხმიან მგზავრებს, ძარცვავნენ და ამით ივსებდნენ თავის დანაკლისს. ჰეპტაკომიტებმა გაანადგურეს პომპეუსის 3 მანიპულა (600 კაცამდე), როდესაც ისინი გადიოდნენ ამ მთიან მხარეს; ბარბაროსებმა გზაზე დაალაგეს ჯამები დამათრობელი თაფლით, რომელიც მოიპოვებოდა იქაური ხეებიდან. შემდეგ ისინი თავს დაესხნენ თაფლისგან გონებადაკარგულ პომპეუსის მეომრებს და ამოჟლიტეს. ზოგიერთი იმ ბარბაროსთაგანი თავს ეძახდა ბიზერებს.
ეხლანდელი ხალდები ძველად ხალიბებად იწოდებოდნენ. მათი მხარის პირდაპირ მდებარეობს ქალაქი ფარნაკია, რომელსაც ზღვისგან აქვს სარგებელი პელამიდების (სკუმბრიათა ოჯახის წევრი თევზი, სიგრძე 75 სმ, წონა 5-6 კგ) დაჭერით, ხოლო ხმელეთიდან ლითონის მაღაროებით, ოღონდ ახლა მხოლოდ რკინის მაღაროებით, ადრე კი ვერცხლის მაღაროებიც ჰქონდათ. საერთოდ ამ ადგილებში სანაპირო მეტისმეტად ვიწროა; მის პირდაპირ ახლოს აღმართულია ლითონებით სავსე და ტყიანი მთები, და მხოლოდ მიწის მცირე ნაწილს ამუშავებენ. შესაბამისად ადგილობრივთ რჩებათ თავის გადასატანად იმუშაონ მაღაროებში და დაიჭირონ ზღვაში პელამიდები და დელფინები. მხოლოდ ფარნაკიელები იჭერენ დელფინებს სატყუარათი და ჭრიან მათ ნაწილებად. იყენებენ აგრეთვე მის ცხიმსაც.
ეს ხალიბები ჩემი აზრით ჰომეროსმა მოიხსენია „ხომალდთა სიაში“ პაფლაგონიელების შემდეგ, უწოდებს რა მათ ჰალიძონებს, რომლებიც იყვნენ ვერცხლით მდიდარი ალიბეს ქვეყნიდან. უნდა ვიფიქროთ, რომ ამა ადამიანებს უწინ ერქვათ ალიბები, ხალიბების ნაცვლად. ჰომეროსი ალიძონებს უწოდებს ხალიბებს. ზოგნი წერენ ალაძონებს, როგორც მაგალითად ეფესო, სმირნა, კვიმე და მირინა.
ფარნაკიასა და ტრაპეზუნტის მხარეების მახლობლად ცხოვრობენ ტიბარენები და ხალდები და ვრცელდებიან მცირე არმენიამდე. უკანასკნელი საკმარისად მდიდარი ქვეყანაა. მცირე არმენიას, ისევე როგორც სოფენას, მუდამ განაგებდნენ ადგილობრივი დინასტები, რომლებიც ხან ემეგობრებოდნენ დანარჩენ არმენიელებს, ხან დამოუკიდელად მოქმედებდნენ. ამ არმენიელების ქვეშევრდომები იყვნენ ხალდები და ტიბარენები, ისე რომ ტრაპეზუნტამდე და ფარნაკიამდე ვრცელდება მათი ხელისუფლება.
განიმყარა რა ძალაუფლება, მითრიდატე ევპატორი გახდა კოლხიდისა და ყველა ამ ქვეყნის მფლობელი, რომელიც დაუთმო მას სისიდის ძე ანტიპატრემ. მითრიდატე იმდენად დიდ მზრუნველობას იჩენდა ამ მხარეების მიმართ, რომ ააშენა იქ 75 ციხე-სიმაგრე, სადაც ინახავდა თავის განძეულის დიდ ნაწილს. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მათ შორის – გიდარა (?), ბასგედარიზა (სინორიას დასავლეთით, მცირე არმენიაში) და სინორია. უკანასკნელი მდებარეობდა უშუალოდ დიდი არმენიის საზღვართან, რის გამოც თეოფანემ შეცვალა მისი სახელი „სიუნორია“-თი (რაც ნიშნავს სასაზღვრო მიწას). მართლაც, პარიადრის მთელი მთიანი ჯაჭვი შესაბამისია ასეთი სიმაგრეებისათვის, რადგან აქაურობა მდიდარია წყლითა და ტყეებით და ბევრი ადგილი დაფარულია ციცაბო კლდეებით. ყოველშემთხვევაში აქ ააგეს ხაზინის შესანახი სიმაგრეების უმრავლესობა. ბოლოს, როდესაც პომპეუსი შეიჭრა მის ქვეყანაში და დაამარცხა, თვითონ მითრიდატე დაიმალა პონტოს სამეფოს ამ უკიდურეს მხარეში. დაიკავა მან აკილისენაში (იგივე ეკლეცი, მდ. კარასუს გაყოლებაზე, დღევ. თერჯანის (დერქსენე/ დერჭანი) დასავლეთით მდებარეობდა. ეკლეცის დასავლეთით მდებარეობდა დარანალის მხარე, იგივე ანალიბა, რომლის ძირითად განმსაზღვრელ ქალაქსაც მდ. კარასუზე მდებარე ანი – დღევ. კემაჰი წარმოადგენდა.), დასტირთან ახლოს, წყლით მდიდარი მთა (ახლოში მიედინებოდა აგრეთვე ევფრატი, რომელიც აშორებს აკილისენას მცირე არმენიისგან), მითრიდატე რჩებოდა იქ მანამდე ვიდრე ალყისგან შეწუხებული იძულებული არ გახდა მთების გავლით გაქცეულიყო კოლხიდაში, აქედან კი ბოსფორში. ამ ადგილის ახლოს, მცირე არმენიაში პომპეუსმა დააარსა ნიკოპოლისი (ანუ გამარჯვების ქალაქი), რომელიც დღესაც არსებობს და მჭიდროდ დასახლებულია.
პომპეუსის პერიოდიდან მცირე არმენიას მართავდნენ რომაელთა დანიშნული სხვადასხვა მმართველები; ბოლო დროს მას მართავდა არქელაოსი (ძვ.წ. 20–ახ.წ. 17 წლებში მც. არმენიის მეფე, ძვ.წ. 36–ახ.წ. 17 კაპადოკიის მეფე. მისი სიკვდილის შემდეგ რომმა უშუალო პროვინციად აქცია ვიდრე ახ.წ. 38 წლამდე. შემდეგ ტახტზე აქ გადმოიყვანეს თრაკიისა და ოდრისის ყოფილი მეფე კოტის IX). ტიბარენებს და ხალდებს კოლხიდამდე, ფარნაკიასა და ტრაპეზუნტს მართავს პითოდორიდა, ჭკვიანი ქალი, სახელმწიფო საქმეების გაძღოლის უნარით. იგი ტრალელი პითოდორეს ასულია. გაჰყვა რა ცოლად პოლემონს (პოლემონ I, პონტოს მეფე ძვ.წ. 38–8; ბოსფორის მეფე ძვ.წ. 16–8), ერთი პერიოდი იყო ქმრის თანამმართველი; ქმრის სიკვდილის შემდეგ ე.წ. ასპურგიანთა (ასე უწოდებდნენ ბარბაროსულ ტომს, რომლებიც ცხოვრობდა სინდიკისთან ახლოს) ქვეყანაში მემკვიდრეობით მიიღო მმართველობა. პოლემონისგან მას ჰყავდა ორი ვაჟი და ასული ანტონია ტრიფენა. უკანასკნელი გაჰყვა ცოლად კოტის VIII თრაკიელს (ოდრისთა მეფე ახ.წ. 12–19 წლ); რის შემდეგაც კოტისი მუხანათურად მოკლეს (ახ.წ. 19 წ.), ის კი დარჩა ქვრივი მასთან შეძენილ შვილებთან ერთად. უფროსი ვაჟი მისი შვილებიდან მართავს ქვეყანას (თრაკიას). რაც შეეხება პითოდორიდას ვაჟებს, ერთი მათგანი (პოლემონ II, პონტოს მეფე ძვ.წ. 3–ახ.წ. 17 წლ.) ეხმარებოდა დედას ქვეყნის მართვაში რიგითი პირის სტატუსით, ხოლო მეორე (ზენონი) დანიშნეს დიდი არმენიის მეფედ (მეფობდა ახ.წ. 18–34 წლებში). თავად პითოდორიდა ცოლად გაჰყვა არქელაოსს (ზემოთ ნახსენები კაპადოკიისა და მომავალში მცირე არმენიის მეფეც) და ცხოვრობდა მასთან სიცოცხლის ბოლომდე (ახ.წ. 17 წლამდე). ახლა ის ქვრივია (გარდ. ახ.წ. 23 წელს), ფლობს ზემოთნახსენებ მხარეებს და სხვებს უფრო კულტურულს, რომელთა აღწერაზე ახლა გადავალ.
ფარნაკიას მოსდევს სიდენა და თემისკირა. ამ ადგილების ზემოთ (ე.ი. სამხრეთით) არის ფანარეია, პონტოს საუკეთესო ადგილი. აქ მოდის ზეთისხილი საუკეთესო ღვინო და გამოირჩევა ყოველივე სხვა ღირსებით.
აღმოსავლეთიდან ფანარეა შემოღობილია პარიადრით (აქ პარიადრში – თანამედროვე ჯანიკის ქედის აღმოსავლეთის სექტორი იგულისხმება.), დასავლეთიდან – ლითროსის და ოფლიმოსის მთებით. ესაა მნიშვნელოვნად გრძელი და ფართო ხეობა, რომლის გავლით არმენიიდან მოედინება ლიკუსი, ხოლო ამასიასთან მდებარე ხეობიდან – ირიდა (ირისი). ორივე მდინარე ერთდება დაახლოებით ამ ხეობის შუაში. მათი შეერთების ადგილას მდებარეობს, ქალაქი, რომელსაც მისმა დამაარსებელმა (მითრიდატე VI) უწოდა თავისი სახელი – ევპატორია. პომპეუსმა ნახა რა ეს ქალაქი სანახევროდ აგებული, გაზარდა მისი ტერიტორია და მოსახლეობა, რის შემდეგაც უწოდა მაგნოპოლი (ანუ დიდი ქალაქი). ეს ქალაქი მდებარეობს ვაკის შუაგულში, ხოლო ქალაქი კაბირი მდებარეობს უშუალოდ პარიადრის მთისწინეთში, მაგნოპოლიდან სამხრეთით 150 სტადიონზე (26,7 კმ). კაბირიში აგებული იყო მითრიდატეს სასახლე, წყლის წისქვილი, შემოკავებული ადგილი, სადაც დამწყვდეული იყო გარეული ცხოველები მეფის სანადიროდ; ახლოსაა განლაგებული სანადირო საშუალებები.
აქ, კაბირიდან არანაკლებ 200 სტადიონზე (35,6 კმ) მდებარეობს ბუნებრივად გამაგრებული ციცაბო კლდე – კენონ ხორიონი („ახალი ადგილი“). ამ კლდის თავიდან მოედინება დიდი რაოდენობის წყალი, ხოლო მის ძირში არის მდინარე და ღრმა უსფკრული. კლდის სიმაღლე თხემის ზემოთ იმდენად დიდია, რომ ის მიუწვდომელია; ამასთან მას ერტყმის გასაოცარი კედელი. მთელი ეს მხარე დაფარულია ხშირი ტყით, კლდიანია და უწყლო, ისე რომ 120 სტადიონზე (21.3 კმ) შეუძლებელია ბანაკის გაშლა. აქ ინახებოდა მითრიდატეს ყველაზე ძვირფასი განძეული, რომელიც პომპეუსმა შესწირა კაპიტოლიუმს და ახლაც იქ ინახება. პითოდორიდა მართავს ბარბაროსების მხარეთა მეზობელ მთელ ამ მხარეს, რომელიც მას ისევე ექვემდებარება, როგორც ზელიტიდა და მეგაპოლიტიდა. რაც შეეხება კაბირს, რომელიც პომპეუსმა აქცია ქალაქად და დაარქვა დიოსპოლი (ანუ ზევსის ქალაქი), ხოლო პითოდორიდამ კიდევ უფრო გაალამაზა იგი და უწოდა სებასტია (ლათ. ავგუსტა); ეს ქალაქი არის მისი დედაქალაქი. ქალაქში მდებარეობს აგრეთვე მენის ტაძარი, რომელსაც ფარნაკის დაარსებულს უწოდებენ, ადგილი ამერია მრავალი სატაძრო მონით და წმინდა ნაწილით, რომელტა შემოსავალი მუდამ ეკუთვნის ქურუმს. მეფეები ამ ტაძარს უდიდეს მნიშნელობას ანიჭებდნენ და აქ ფიცს წარმოსთქვამდნენ. ეს ტაძარი წარმოადგენს სელენას სალოცავს, როგორც ალბანელთა და ფრიგიელთა სალოცავები.
ფანარეას ზევით მდებარეობს კომანი პონტოს, რომელიც დიდი კაპადოკიის ქალაქის მოსახელეა; ქალაქი მიძღვნილია იმავე ქალღმერთისადმი და ისევეა მოწყობილი, როგორც დიდი კაპადოკიის ქალაქი: წმინდა წესები, ღვთის მსახურება და ქურუმებისადმი პატივისცემა ისეთივე იყო, განსაკუთრებით წინა მეფეების დროს, როცა წელიწადში ორჯერ საზეიმო პროცესიაზე ქურუმი ატარებდა სამეფო დიადემას, და ეკავა მეორე ადგილი ძალაუფლებით მეფის შემდეგ.
დორილაოს ტაქტიკოსი, ჩემი დედის დიდი ბაბუა მითრიდატე ევერგერტის მეგობარი იყო. სამხედრო ხელოვნების კარგი ცოდნის გამო ხშირად გზავნიდნენ მეომრების დასაქირავებლად ელადასა და თრაკიაში. როდესაც ამ საქმისთვის კრეტაზე იყო წასული, შეიტყო, რომ მეფე მისმა მეგობრებმა მოღალაურად მოკლეს და ძალაუფლება გადავიდა ქვრივი დედოფლის ხელში, ამიტომ უარი განაცხადა სამშობლოში დაბრუნებაზე და დარჩა კნოსოსში. მას სტეროპა მაკეტიდელისგან ჰყავდა ორი ძე – ლაგეტი და სტრატარხი.
მითრიდატეს ევერგერტს დარჩა ორი ვაჟი, რომელთაგან ტახტი ერგო 11 წლის მითრიდატეს, რომელსაც უწოდეს ევპატორი. მისი ძმადნაფიცი იყო დორილაოსი ფილეტერის ძე, ხოლო ეს ფილეტერი იყო კნოსოსში დარჩენილი დორილაოს ტაქტიკოსის ძმა.
როდესაც მითრიდატე დაკაცდა და მეფობას შეუდგა, ძალიან ზრუნავდა თავის ძმადნაფიც მითრიდატესა და მის ნათესავებზე. ერთხელ მან შესთავაზა დორილაოსს ჩამოეყვანა კნოსოსიდან მისი ნათესავები. ამასობაში დორილაოს ტაქტიკოსი გარდაცვლილიყო, ამიტომ ლაგეტმა და სტრატარხმა ქონება დასტოვეს კნოსოსში ჩამოვიდნენ პონტოში. ლაგეტის ქალიშვილი იყო ჩემი დედა. ამასობაში დორილაოსმა კომანის ქურუმობას მიაღწია. სანამ ის პატივსაცემი კაცი იყო პონტოში, მისი ნათესავებიც ბედნიერად ცხოვრობდნენ, მაგრამ ერთხელაც ის დადანაშაულებულ იქნა სამეფოს ღალატსა და რომაელთა სასარგებლო აჯანყების ორგანიზებაში, რის შემდეგაც დაიღუპა ის და ბევრი მისი ნათესავი.
დიდი ხნის შემდეგ, როდესაც პონტოს სამეფო დაცემის პირას იყო, მოაფერნემ, ჩემი დედის ბიძამ, კვლავ მიაღწია სამეფო კარზე დაწინაურებას, და კვლავ მან და მისმა ნათესავებმა მიიღეს მეფის წყალობა, გარდა რამდენიმე პირისა, რომელთაც აქამდე მოასწრეს მეფისგან განდგომა, მაგ. ასეთი იყო ჩემი დედის და მოაფერნეს მამა. უკანასკნელმა როდესაც დაინახა, რომ ლუკულუსის წინააღმდეგ მითრიდატე ვერ გაიმარჯვებდა, რომაელთა მხარეს გადავიდა. (მოაფერნეს მამას ამოძრავებდა მითრიდატესადმი შურისძიების წყურვილი, მისი ბიძაშვილის ტიბიასა და მისი ძის თეოფილეს მკვლელობის გამო). მოაფერნეს მამამ, როდესაც მიიღო ლუკულუსისგან ხელშეუხებლობის გარანტია, გადასცა მას 15 ციხე-სიმაგრე, რის საფასურადაც რომაელთა სარდალმა ომის დასრულების შემდეგ დიდი პატივი აღუთქვა. როდესაც ლუკულუსი მისმა მტერმა პომპეუსმა შეცვალა ყველა დაპირება დავიწყებულ იქნა. პომპეუსმა მიაღწია იმას, რომ სენატს ლუკულუსის მოკავშირე პონტოელ დიდგვაროვნებისათვის არაფერი მიეცათ.
როდესაც პომპეუსმა მოიპოვა შეუზღუდავი ძალაუფლება ქვეყანაზე პონტოს კომანის ქურუმად დანიშნა არქელაოსი (63 წ.) და მიუმატა მის სამფლობელოს ირგვლივ მდებარე 2 სხენი (60 სტადიონი) მიწა და უბრძანა მის მცხოვრებთ დამორჩილებოდნენ მას. არქელაოსს ექვემდებარებოდა ტაძრის 6000-მდე მონა, თუმცა არ ჰქონდა მათი გაყიდვის უფლება. ეს არქელაოსი იყო იმ არქელაოსის (მითრიდატეს სარდალი, რომელიც ძვ.წ. 84 წლიდან რომაელების მხარეს გადავიდა) ვაჟი, რომელმაც სულასა და სენატისგან მიიღო საჩუქრები, ხოლო რომის „მეგობრის“ სტატუსი კონსულ გაბინიუსისგან. როდესაც გაბინიუსი გაგზავნილ იქნა სირიაში (ძვ.წ. 57 წ.) არქელაოსი გაემგზავრა იქ, რათა მიეღო მონაწილეობა პართიასთან ომის სამზადისში, თუმცა სენატმა არ მისცა ამის უფლება. არქელაოსი ამან დაამწუხრა, თუმცა მალე უკეთესი საქმე გამოუჩნდა. ამ დროს ეგვიპტელებმა ტახტიდან ჩამოაგდეს ფარაონი პტოლემეოსი (პტოლემეოს XII ფარაონი 80-58; 55-51 წლ.), ძალაუფლება ხელთ იგდეს მისმა ქალიშვილებმა კლეოპატრა VI-მ, (მართავდა 58-57 წლ.) და ბერნიკა IV-მ (მართავდა 58-55 წლ.). ბერნიკამ განდევნა კლეოპატრა და ეგვიპტის სამეფო კარი მისთვის შესაბამის საქმროს ეძებდა. მაშინ არქელაოსმა გაგზავნა თავისი წარმომადგენელი ალექსანდრიაში და წარუდგინა საკუთარი კანდიდატურა, როგორც მითრიდატე ევპატორის ვაჟი. მისი წინადადება მიიღეს და არქელაოსი ეგვიპტეში 6 თვე მეფობდა (ძალაუფლება არ ჰქონია), ვიდრე არ დაიბრუნა ტახტი პტოლემაოსმა, რის შემდეგაც გაბინიუსმა მოკლა არქელაოსი.
არქელაოსის შემდეგ კომანის ქურუმი იყო ჯერ მისი ძე სახელით ასევე არქელაოსი (55-47), ხოლო მისი გადაყენების შემდეგ კეისარმა დანიშნა ლიკომედი, რომელსაც მიუმატეს კიდევ 4 სხენი სამფლობელო. მისი დაბერების შემდეგ კი ქურუმად ოქტავიანე ავგუსტუსმა დანიშნა დიტევტ ადიატორიგის ძე.
კომანს ჰყავს მრავალრიცხოვანი მოსახლეობა და წარმოადგენს მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს არმენიელი ვაჭრებისათვის. აქაურები ცხოვრობენ ფუფუნებაში, ხოლო მათი მიწის ნაკვეთები დაფარულია ვენახებით. ქალაქში ბევრი ქალი ჰყიდის სხეულს; მათ შორის უმრავლესობა მიძღვნილია ქალღმერთისადმი. ყოველივე ამის გამო, ეს ქალაქი გარკვეულწილად ჰგავს პატარა კორინთოს. მართლაც, აფროდიტესადმი მიძღვნილი მრავალრიცხოვანი ჰეტერების (მეძავების) გამო ქალაქში დღესასწაულებზე უამრავი უცხოელი ჩამოდის. აღნიშნულის გამო ვაჭრები და მეომრები მთელს თავის თანხას აქვე ხარჯავენ.
რაც შეეხება ზელიტიდას მხარეს, იქ არის ქალაქი ზელა, რომელიც აღმართულია სემირამიდას ბორცვზე, ანაიტიდას სალოცავთან, რომელსაც პატივს სცემენ აგრეთვე არმენიელები. აქემენიდების პერიოდიდან ეს ტერიტორია იყო არა ქალაქი, არამედ აღნიშნული ტაძრის ირგვლივ გაშენებული ტერიტორია, რომელსაც განაგებდა ქურუმი მრავალრიცხოვანი დამხმარეებით. იგი ფლობდა ბევრ მონასა და ქონებას. პომპეუსმა ამ ტერიტორიას მიუმატა მეზობელი მიწები და ასე ჩამოაყალიბა ქალაქი ზელა; უკანასკნელს კი შეუერთა კულუპენას და კამისენას მხარეებს (ეს მხარეები მდებარეობენ მცირე არმენიისა და ლავიანსენას საზღვართან). მოგვიანო ხანის რომის პრეფექტებმა ეს ორი მხარე დაანაწილეს. ერთი მისცეს კომანის ქურუმს, მეორე – ზელას ქურუმს, მესამე – ატეპორიგს, რომელიც გალატიის ტეტრარქთა ერთერთი შტოს მეთაური იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ეს პატარა ნაწილი გახდა რომის პროვინციად (ის სინამდვილეში წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, მის შემდეგ რაც შეუერთეს ქალაქი კარანი, რომლისგანაც ამ ქვეყანას ეწოდა კარანტიდა), დანარჩენ ნაწილს კი ფლობს პითოდორიდა და დიტევტი.
ახლა აღვწეროთ პონტოს დანარჩენი ნაწილი ამისოსიდან და სინოპეს მხარეებიდან კაპადოკიამდე, გალატიამდე და პაფლაგონიამდე. ამისოსის მხარის შემდეგ მდ. ჰალისამდე დევს ფაზემონიტიდა, რომელსაც პომპეუსმა გადაარქვა ნეაპოლიტიდა, გამოაცხადა ქალაქად ადგილი სოფელ ფაზემონთან და უწოდა მას ნეაპოლი (ე.ი. ახალი ქალაქი). ამ მხარეს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება გაზელონიტიდა და ამისოსის მხარე, დასავლეთიდან – ჰალისი, აღმოსავლეთიდან – ფანარეა, სამხრეთიდან კი ამასიის მხარე – ჩემი სამშობლო, უდავოდ ყველაზე დიდი და საუკეთესო. ფაზემონიტიდას მხარის ფანარეასთან სასაზღვრო ნაწილში მდებარეობს დიდი ტბა სახელად სტიფანი; მასში ბევრი თევზია, ხოლო ტბის ირგვლივ არის კარგი საძოვრები. ტბის ნაპირთან მდებარეობს უკვე მიტოვებული ძლიერი ციხე-სიმაგრე იკიზარი, ხოლო მის შორი-ახლოს არის დანგრეული დედაქალაქი. ქვეყნის დანარჩენი მხარე უტყეოა და აწარმოებს პურს. ამასიელთა მხარის ზემოთ არის ფაზემენიტების ცხელი სამკურნალო წყაროები, ხოლო ძლიერ და მაღალ მთაზე განლაგებულია საგილია სიმაგრით და წყალსაცავებით მდიდარი პუნქტი. რომაელებმა ეს ადგილი მიატოვეს, თუმცა პონტოს მეფეები აქტიურად იყენებდნენ. აქ დაატყვევეს ფარნაკის ვაჟები და მოკლეს არსაკი, რომელიც რომის პრეფექტების ნებართვის გარეშე თამაშობდა რა ამ მხარის მმართველის როლს და დაიწყო აჯანყება. ის ჩაიგდეს ტყვედ, მის შემდეგ რაც სიმაგრე ორმა მეფემ – პოლემონმა და ლიკომედემ აიღეს, ოღონდ ეს მოახერხეს შიმშილით და არა იარაღის ძალით. ვაკიდან ყოველგვარი რესურსების გარეშე განდევნილმა არსაკმა თავი შეაფარა კლდეს, სადაც იპოვა იქაური წყალსაცავები დიდი კლდეებით დაფარული. ეს გაკეთებულ იქნა პომპეუსის ბრძანებით, რომელმაც დაანგრია სიმაგრე, რათა აქაურ მთებში დასამალი ადგილები მოესპო ყაჩაღებისთვის. ასეთი წესრიგი დაამყარა ფაზემონიტიდაში პომპეუსმა. შემდეგმა მმართველებმა კი ეს მხარე გაუნაწილეს მეფეებს.
ჩემი მშობლიური ქალაქი (ამასია) ღრმა და დიდ ხეობაშია, რომელზეც მიედინება მდინარე ირიდა (ირისი). ქალაქი მშვენივრად მოწყობილია, როგორც ადამიანის ხელით, ისე ბუნებით და წარმოადგენს ერთდროულად ქალაქსა და ციხე-სიმაგრეს. ესა მაღალი და ყოველი მხრიდან ციცაბო კლდე, მდინარეზე ციცაბო ჩამოსასვლელით; მისი ერთი მხრიდან მიდის კედელი მდინარისკენ, სადაც მოწყობილია ქალაქი; მეორე მხარეს კი კედელი ძალიან მაღლდება მწვერვალებისკენ. მწვერვალები ბუნებრივად შეერთებულია ერთმანეთთან. ამ ზონაში განლაგებულია მეფეთა სასახლეები და საფლავები. მწვერვალებთან მდებარეობს ვიწრო გადასასვლელი, ორივე მხრიდან 5-6 სტადიონი სიმაღლის, თუ ავალთ მთაზე მდინარის სანაპიროდან და ქალაქის გარეუბნიდან; გადასასვლელიდან მწვერვალამდე რჩება ერთი ურთულესი ასასვლელი 1 სტადიონი სიგრძით, წარმოადგენს გადაულახავ წინააღმდეგობას ყოველგვარი თავდამსხმელთათვის.
კლდეზე შიგნიდან არის წყალსაცავი, რომელიც ამარაგებს ქალაქს წყლით და გარეშე მტერს არ შეუძლია იგი ქალაქისგან მოწყვიტოს, რადგან კლდეზე გაყვანილია ორი მიწისქვეშა არხი, რომლიდანაც ერთი ჩადის მდინარეზე, მეორე კი ფეხით გადასასვლელზე. მდინარეზე გადებულია ორი ხიდი: ერთი აერთებს ქალაქს გარეუბნებთან, მეორე კი აერთებს გარეუბნებს ამისოსის მხარესთან. შემდეგ მოდის ხეობა, რომელიც მრცელდება მდინარემდე, თავიდან იგი ვიწროა, შემდეგ კი ფართოვდება და ქმნის ე.წ. ხილიკომონის ვაკეს („1000 სოფლის ვაკე“). შემდეგ მოდის დიაკოპენისა დაპიმოლოსენის ნაყოფიერი ოლქები, რომლებიც ვრელდებიან ჰალისამდე. ესენი ამასიელთა ჩრდილოეთ მხარეებია, რომელთა სიგრძეა დაახლ. 500 სტადიონი (89 კმ). შემდეგ მოდის მხარის დანარჩენი, უფრო გრძელი ნაწილი, ბაბანობამდე და ქსიმენამდე (უკანასკნელი გადაჭიმულია ჰალისამდე). განივზე ეს მხარე ჩრდილოეთიდან სამხრეთით ვრცელდება ზელიტიდადან დიდ კაპადოკიამდე ტროკმების ოლქამდე. ქსიმენეში არის ქვის მარილის საწარმოები, რომელთა გამო, როგორც ამბობენ ეწოდა სახელი ჰალისს („ჰალიტი“ ბერძნულად მარილს ნიშნავს). ჩვენს მხარეში არის ბევრი დანგრეული ციხე-სიმაგრე და მიტოვებული მიწა მითრიდატული ომების გამო. მთელი მხარე დაფარულია ტყეებით; მაისი ნაწილი სასარგებლოა საძოვრებისთვის, თუმცა მთლიანად იგი ლამაზია და სასარგებლოა საცხოვრებლად. ამასია აგრეთვე გადაეცა მეფეებს, მაგრამ დღეისთვის პროვინციაა.
დარჩა პონტოს პროვინციის კიდევ ერთი ნაწილი, რომელიც დევს ჰალისთან – ოლგასსიას მთის მხარე, სინოპიდის მიმდებარედ. ოლგასსია არის მაღალი და ძნელადმისასვლელი მთა. მის ირგვლივ მდებარე სალოცავები პაფლაგონიელთა ხელთაა. მის გარშემო მდებარეობს ნაყოფიელი ოლქები – ბლაენა და დომანიტიდა; უკანასკნელზე მიედინება მდინარე ამნიი. აქ მითრიდატე ევპატორის სარდლებმა სრულად გაანადგურეს ნიკომედე ბითინიელის ძალები. ნიკომედემ რამდენიმე თანამგზავრთან ერთად მოახერხა გაქცევა სამშობლოში. აქედან ნიკომედემ გასცურა იტალიაში; მითრიდატე დაედევნა მას, დაიპყრო ბითინია და მთელი მცირე აზია კარიამდე და ლიკიამდე. აქ ერთი ადგილი პომპეუსმა აქცია ქალაქად და უწოდა პომპეიპოლი (პომპეუსის ქალაქი). ამ ქალაქში მდებარეობს სანდარაკურგის მთა, რომლის მახლობლადაა პიმოლისი, დანგრეული სამეფო ციხე-სიმაგრე, რომლის გამო ირგვლივ მდებარე ტერიტორიას, მდინარის ორივე მხარეს ეწოდება პიმოლისენი. მთა სანდარაკურგი (სანდარაკას მთა, ნიშნავს გოგირდოვან დარიშხანს) შიგნიდან დახრულია მაღაროელების სამუშაოების გამო. ამით მთავრდება პოტოს აღწერა.
პომპეიპოლისის შემდეგ მოდის პაფლაგონიის დანარჩენი შიდა მხარე, რომელიც მიემართება დასავლეთით ბითინიისაკენ. ჩემს დრომდე ცოტა ხნით ადრე, მიუხედავად იმისა რომ ეს მხარე ძალიან პატარაა, ჰყავდა რამდენიმე მმართველი, მაგრამ რადგან პაფლაგონიის სამეფო შტო შეწყდა ახლა ამ მხარეს მართავენ რომაელები. ბითინიის სასაზღვრო მხარეებს ეწოდებათ ტიმონიტიდა, გეზატორიდა, მარმაროლიტიდა, სანისენა და პოტამიეი. ადრე აქ იყო ერთი მხარე კიმიატენა, რომელშიც მდებარეობდა ძლიერი ბუნებრივი სიმაგრე კიმიატი, ოლგასიის მთის ძირებთან. იგი წარმოადგენდა მთავარ დასაყრდენს მითრიდატე კტისთვისთვის (პონტოს სამეფოს დამაარსებელი), როდესაც ის გახდა პონტოს მფლობელი. მისი შთამომავლობა ინარჩუნებდა მემკვიდრეობით ძალაუფლებას ევპატორამდე. პაფლაგონიის უკანასკნელი მეფე იყო კასტორის ძე დეიოტარი, მეტ სახელად ფილადელფოსი. ის ფლობდა მორზეიას დედაქალაქს – განგრამის, რომელიც იყო პატარა ქალაქი და ამავე დროს ციხე-სიმაგრე.
სტრაბონი
მსოფლიო სტრაბონის ხედვით
Комментариев нет:
Отправить комментарий