среда, 10 августа 2016 г.

ქსენოფონტეს „ანაბასისი“ და ქართველური ხალხები ძვ.წ. V საუკუნეში

ძველი ბერძენი (ათენელი) ისტორიკოსი ქსენოფონტე (ძვ. . 427–355) ანტიკური მწერლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, რომელმაც დატოვა მდიდარი ლიტერატურული მემკვიდრეობა.
ქსენოფონტე ჰეროდოტესა (ძვ.. 484–425) და თუკიდიდესთან (ძვ.. 471–396) ერთად ელინური პერიოდის საისტორიო პროზის დიდოსტატთა სამეულს მიეკუთვნება. თუმცა, ქსენოფონტეს მრავალმხრივი ინტერესი მხოლოდ ისტორიოგრაფიით როდი იყო შემოზღუდული. მისი მდიდარი მემკვიდრეობა პირობითად შეიძლება ოთხ ჯგუფად დაიყოს: 1. ისტორიული, 2. ფილოსოფიური ანუსოკრატულ თხზულებათაჯგუფი, 3. პოლიტიკური და 4. ნარევი ჯგუფი.
ისტორიული თხზულებებიაანაბასისიდასაბერძნეთის ისტორია“. აქედანანაბასისიშვიდი წიგნის შემცველი მემუაარული შრომაა, რომელშიც აღწერილია კიროს უმცროსის ლაშქრობა თავისი ძმის, სპარსთა მეფის არტაქსერქსეს წინააღმდეგ. „ანაბასისიმდიდარია გეოგრაფიული და ეთნოგრაფიული ცნობებით. ქართველი მეცნიერებისათვის განსაკუთრებით საყურადღებოა ამ ნაწარმოების V და IV თავები, სადაც ქსენოფონტე ქართველური ტომებისა და კოლხეთის შესახებ იძლევა ცნობებს.
საბერძნეთის ისტორიაც“ „ანაბასისმსგავსად 7 წიგნისაგან შედგება და ქსენოფონტის უმთავრეს საისტორიო თხზულებას წარმოადგენს. იგი აგრძელებს თუკიდიდესპელოპენესის ომის ისტორიას“. თხრობა იწყება 411 წლიდან და გრძელდება 362 წლის ამბებამდე. ისტორიულ-პოლიტიკური თხზულებაა რვა წიგნის შემცველიკიროპედიაანუკიროსის აღზრდა“. იგი გადმოგვცემს სპარსთა სამეფოს ფუძემდებლის, კიროს დიდის აღზრდისა და დიდ მოღვაწედ ჩამოყალიბების ამბავს. ამ თხზულებაში ჩართული ნოველა აბრადატესა და პანთიას ტრფობის შესახებ ნაწარმოებს ბელეტრისტულ ხასიათს აძლევს. პოლიტიკურ თხზულებად ითვლება აგრეთვეშემოსავალნი“ („სახელმწიფოს შემოსავალთათვის“).
ძვ. . 401 წელს აქემენიდური სპარსეთის მეფე არტაქსერქსე II- (405–358) უმცროსი ძმა კიროსი აუჯანყდა, რომლის ლაშქარშიც 13000 ელინი მოქირავნე იმყოფებოდა. ლაშქარი შედგებოდა ჰოპლიტების (მძიმედ შეიარაღებული ქვეითები), პელტასტების (მსუბუქი ქვეითები, მშვილდოსნები) და მხედრებისგან. ამ ლაშქრის ერთ-ერთი სარდალი იყო ბერძენი ისტორიკოსი ქსენოფონტე. კუნაქსასთან ბრძოლის დასაწყისშივე კიროსი დაიღუპა, რის შემდეგაც ელინებმა შინ დაბრუნება გადაწყვიტეს და ჩრდილო-დასავლეთით დაიძრნენ, რათა შავიზღვისპირა ბერძნულ კოლონიებში ხომალდები ეშოვათ და გზა შავი ზღვით გაეგრძელებინათ. ამ გზაზე ბერძნებმა გაიარეს ქართველური ხალხებისმაკრონების, ხალიბების, დრილების, ტაოხების, შკვითინიების (ანუ შვიდსოფლელების), მოსინიკების, ტრაპიზონის მხარის კოლხების მიწები და ქსენოფონტემ თავის ისტორიულ თხზულებაანაბასისში“ (ქართ. სვლა შინისკენ) აღწერა მათი ყოფაცხოვრება.
ანაბასისი
„...ბაბილონის მხარიდან წასვლის შემდეგ ელინებმა ბრძოლით გაიარეს კარდუხების (ქურთების წინაპრები) ქვეყანა და მიადგნენ მდ. კენტრიტის (დღევ. ბოტან-ჩაი, ტიგროსის შენაკადი, ვანის ტბის სამხრეთით), რომლის სიგანე იყო 2 პლეთრი (62 ) და წარმოადგენდა კარდუხებისა და არმენიის საზღვარს. იგი მიედინებოდა დაბლობში და 6-7 სტადიონით (1.15 კმ) იყო დაშორებული კარდუხების მთებიდან. მდინარეს დარაჯობდნენ მახლობელ ბორცვებზე განლაგებული ორონტესა და არტუხის დაქირავებული არმენები, მარდები და ხალდები. ორონტე იყო სპარსეთის მეფის სიძე და აღმ. არმენიის სატრაპი. ხალდებზე ამბობენ რომ ეს ხალხი არის დამოუკიდებელი და მამაცი. მათი შეიარაღება შედგებოდა დიდი მრგვალი ფარებისა და შუბებისგან.
მდინარის გადასვლის შემდეგ გაიარეს 5 ფარსანგი (ქსენოფონტეს გამოთვლით ეს სპარსული საზომი, რომელიც ითვლიდა 1 საათში ფეხით გავლილ მანძილს უდრიდა 30 სტადიონს და 5340 მეტრს. შესაბამისად 5 ფარსანგი გამოდის 26,7 კმ-ს) და მივიდნენ სოფელში სადაც სატრაპის სასახლე იყო, ხოლო მოსახლეობა ძირითადად კოშკებში ცხოვრობდა. აქედან მათ გაიარეს 10 ფარსანგი (53,4 კმ) და გადაკვეთეს მდ. ტიგროსის (რეალურად მისი შენაკადი ბითლის-სუ). აქედან გაიარეს 15 ფარსანგი (80,1 კმ) და მიადგნენ მდინარე ტელებოიას (დღევ. ყარა სუ, აღმ. ევფრატის შენაკადი) ეს არის პატარა ლამაზი მდინარე, რომლის ირგვლივ ბევრი სოფელია. ამ მხარეს ეწოდება დას. არმენია, რომლის მმართველია ტირიბაზი, სპარსეთის მეფის ახლო მეგობარი. ტირიბაზი პირადად ეწვია ბერძნებს და მოელაპარაკა. შეთანხმების შედეგად ბერძნებს გაატარებდნენ მშვიდად და საშუალებას მისცემდნენ აეღოთ აუცილებელი სურსათი, საპასუხოდ ბერძნები არ დაარბევდნენ მოსახლეობას და არ დაწვავდნენ მათ ქონებას.
აქედან ბერძნებმა გაიარეს 3 დღეში 15 ფარსანგი (80,1 კმ) დაბლობი (ბულანიკის ველი) და მივიდნენ დიდ სასახლემდე, სადაც დაბანაკდნენ. დაახლოებით 1800 მ. დაშორებით მათ უკან მიყვებოდა ტირიბაზი დაქირავებული ხალიბებითა და ტაოხებით.
ერთდღიანი დასვენების დროს, ღამით ქსენოფონტემ მზვერავად გაგზავნა ვინმე დემოკრატე, რომელმაც მოუტანა ამბავი, რომ ტირიბაზი უახლოვდებოდათ და აპირებდა ელინებს თავს დასხმოდა მთებში უღელტეხილზე გადასვლისას. მაშინ ელინთა ერთი ნაწილი სასწრაფოდ მივიდა უღელტეხილთან და მოულოდნელი თავდასხმით გაანადგურა ტირიბაზის იქ მდგარი მცირე რაზმი, რის შემდეგაც მეორე დღეს უპრობლემოდ გაიარეს ეს ადგილი და სწრაფი სვლით განაგრძეს სვლა, რათა არ დაწეოდათ მტრის მთავარი ძალები.
მთიდან ელინებმა გაიარეს თოვლიან უდაბნოზე 3 დღეში 15 ფარსანგი (80,1 კმ) და მიადგნენ ევფრატს (მურატ ჩაი), საიდანაც ახლოს იყო მისი სათავე.
აქედან ისინი 3 დღე 13 ფარსანგზე (=69,4 კმ, თუმცა რადგან საშინელ ამინდში მიდიოდნენ, ბენებრივია ძალიან ნელა ივლიდნენ და შესაბამისად ბევრად ნაკლები მანძილი უნდა ვიგულისხმოთ) მიდიოდნენ დიდი თოვლით დაფარულ ვაკეზე. მესამე გადასასვლელი ყველაზე მეტად გაუჭირდათ, რადგან ჩრდილოეთის ქარი პირდაპირ სახეში ურტყამდათ და გაყინული მეომრები ძლივს მოძრაობდნენ. დაიხოცა 30 მებრძოლი, პირუტყვისა და მონების უმეტესობა. მაშინ ქურუმმა ქარის ჩასადგომად მსხვერპლშეწირვა ჩაატარა და მალე მართლაც ჩადგა ქარი. ღამე ელინებმა კოცონებთან გაატარეს და მეორე დღეს დიდი თოვლში გზა განაგრძეს.
ბოლოს ელინები მივიდნენ სოფელში (სოფ. ამატი), სადაც მრავლად ნახეს შინაური ცხოველები (თხა, ვირი, ძროხა, ღორი) და ფრინველები. სახლები სანახევროდ მიწაში იყო გამოყვანილი. ორმოებში დაბინავებული იყო დიდი რაოდენობით ხორბალი და სასიამოვნო გემოს ღვინო. 
ქსენოფონტემ სოფლის მამასახლისი (კომარხი) ოჯახიანად საპატიო ტყვედ აიყვანა რათა მშვიდად მოესვენა მის ჯარს. მამასახლისმა უთხრა რომ ეს მხარე იყო არმენია, მის მეზობლად კი არის ხალიბების ქვეყანა და აჩვენა მისკენ მიმავალი გზა. ელინებმა მამასახლისი და მისი ვაჟი მეგზურებად წაიყვანეს და გზა განაგრძეს. 8 დღიანი თოვლში სვლის შემდეგ, რათა არცერთი სოფელი არ შემოხვდათ ელინი სარდალი ხირისოფი გაუბრაზდა მეგზურს და ხელიც გაარტყა, რადგან თვლიდა რომ არმენიელი მეგზური ატყუებდა მათ. მაშინ იმავ ღამით მამასახლისი გაიპარა და საკუთარი ვაჟი დატოვა (მამასახლისის ვაჟი სარდალმა პლეისთენემ შეიყვარა, შინ წაიყვანა და სიცოცხლის ბოლომდე თავის ოჯახის წევრად ჰყავდა). 
აქედან გაიარეს კიდევ 7 დღეში 5 ფარსანგი (26,7 კმ) გავლის შემდეგ მიადგნენ ფასისს (არაქსის ზემო წელს ეძახდნენ ასე, ქ. კაგიზმანის მიდამოებში მივიდნენ), რომელიც სიგანეში 1 პლეთრი (31 მ) იყო. ფასისიდან მათ გაიარეს 2 დღეში 10 ფარსანგი (53,4 კმ) და მიუახლოვდნენ მთას (სოფ. შინეკის მახლ. მთის გადასასვლელთან,) რომლის უღელტეხილზე და მის შემდეგ ვაკეზე განლაგებულიყო ხალიბების, ტაოხების და ფასიანების გაერთიანებული ლაშქარი.
მაშინ ლაკედემონელმა ხირისოფმა მტრისგან 30 სტადიონზე (5,34 კმ) შეაჩერა მოწინავეთა რაზმი, დაუცადა სხვებს და სამხერდო საბჭო გამართა. დიდი ხნის თათბირის შემდეგ ქსენოფონტე ინიციატივით გადაწყდა ღამით, როდესაც მტერი დაიძინებდა ჯარი ორ ნაწილად გაეყოთ, ერთი მთის სიმაღლეებს დაიკავებდა, მეორე კი უშუალოდ უღელტეხილის დაკავებას ეცდებოდა. ასეც მოხდა. დილით მთის სიმაღლეებიდან დაშვებულმა ელინებმა ადვილად დაამარცხეს მათკენ წამოსული ბარბაროსები და მთავარ ძალებთან შესაერთებლად დაიძრნენ. გაქცეულებმა პანიკა დანარჩენებს გადადეს, რის შემდეგაც ელინებს გამარჯვება აღარ გასჭირვებიათ. გაქცევის გამო ბარბაროსთაგან მცირე ნაწილი დაიღუპა და ელინებს ნადავლად მხოლოდ დიდი რაოდენობის ფარები ერგოთ, რომლებიც დალეწეს, რათა გამოუსადეგარად ექციათ. გამარჯვებისთანავე ელინებმა გამართეს მსხვერპლშეწირვა. ვაკეზე ჩასვლისთანავე მათ შეხვდათ სურსათ-სანოვაგით მდიდარი სოფელი, აქ 15 დღე დაისვენეს, გაძარცვეს მოსახლების ფერმები და შეივსეს მარაგი“.
კონსტანტინე პორფიროგენეტის (X ს.) ცნობების მიხედვით, არაქსი-ფასისის ახლოსაა ქართული პროვინცია ფასიანი/ბასიანი. ლოგიკური ჩანს ვარაუდი, რომ, არაქს-ფასისის რეგიონში არსებული ძველი ტერმინი ფასიანები შემონახული იყოს ტოპონიმ ბასიანის სახით.
აქედან ელინებმა გაიარეს 5 დღეში 30 ფარსანგი (160,2 კმ) და მივიდნენ ტაოხებთან. ამ დროს სურსათის მარაგი ამოიწურა. ტაოხები ცხოვრობდნენ ძნელადმისასვლელ გამაგრებულ ადგილებში, სადაც ჰქონდათ შენახული სურსათი. შესაბამისად აქ როდესაც ელინები ერთ ასეთ სიმაგრეს მიადგნენ, რომელიც არ წამოადგენდა ქალაქს და საერთოდ მასში სახლები არ იყო, თუმცა მოსახლეობა და მრავალრიცხოვანი პირუტყვი იქ შეკრებილიყო (ე.ი. ეს იყო მხოლოდ გალავანშემოტყმული ბორცვი, რომელშიც ტაოხები მხოლოდ შიშიანობის დროს შეიხიზნებოდნენ ხოლმე.) ხირისოფმა პირდაპირ შეუტია მას. ამასთან დანაყოფები ცალცალკე მოქმედებდნენ და ხშირად ცვლიდნენ ერთმანეთს დაღლილობის გამო. ერთიანი ძალებით შეტევა შეუძლებელი იყო, რადგან ეს პუნქტი მდებარეობდა ყველა მხრიდან დამრეც მაღლობზე. როდესაც მივიდა ქსენოფონტე პელტასტებითა და ჰოპლიტებით ხირისოფმა უთხრა მას: „თქვენ მოხვედით დროულად; გამაგრებული ადგილი აუცილებლად უნდა ავიღოთ, რადგან მეომრებს აღარ ექნებათ საკვები, თუ მას ჩვენ ვერ ავიღებთ“. მაშინ სარდალთა საბჭო შეიკრიბა და ქსენოფონტმა ჰკითხა მათ: „რა უშლით ხელთ ელინებს სიმაგრეში შეჭრაში?“ 
ხირისოფმა უპასუხა: „მას მხოლოდ ერთი მისადგომი აქვს, ის რომელსაც თქვენს წინ ხედავთ. როგორც კი მასზე გავლას შეეცდები, მტრები უმალ აგორებენ ლოდებს და ისვრიან ქვებს და თქვენ თვითონ შეგიძლიათ დარწმუნდეთ, თუ რა მდგომარეობაში აგდებს ისინი ადამიანებს“ და აჩვენა ფეხებმოტეხილი და და ნეკნებჩამსხვრეული მეომრები. 
მაშინ ქსენოფონტმა თქვა: „როდესაც მათ გამოელევათ ქვები, დარჩება კიდევ ჩვენს გზაზე წინააღმდეგობა სიმაგრეში შესაჭრელად? ჩვენ წინააღმდეგ ხომ მხოლოდ ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფია, რომელთაგან მხოლოდ ორს ან სამს აქვს თან იარაღი. გამაგრებული ადგილი, როგორც ხედავ, მდებარეობს ჩვენგან 3,5 პლეთრზე (108 მ), რომელიც უნდა გავიაროთ ნასროლი ქვების წვიმაში. ამ გზაზე ჩვენგან გზის 2/3-ზე არის ერთმანეთთან დაშორებული დიდი ფიჭვის ხეები და მათ უკან დამალული მეომრებს არაფერი დაუშავდებათ. დანარჩენი 1,5 პლეთრი (47 მ) უნდა გავირბინოთ, როდესაც შეწყდება ქვების სროლა“. 
ხიროსოფმა უპასუხა: „მაგრამ საქმე იმაშია, რომ როგორც კი წინ წავალთ, მაშინვე წამოა ჩვენსკენ დიდი რაოდენობით ქვები“.
ქსენოფოტმა უპასუხა: ჩვენც სწორედ ეს გვინდა. ასეთ შემთხვევაში მათ მალე გამოელევათ ქვები. ახლა დავიძეთ მიზნამდე“. მაშინ ელინთა არიერგარდს გაუძღვნენ ქსენოფონტე, ხირისოფი, კალიმახ პარასიელი, რომელიც მეთაურობდა არიერგარდის ლოხაგებს. დანარჩენი ლოხაგები დარჩნენ უსაფრთხო ადგილას.. მათგან 70 კაცი გამოეყო და ფრხილად გათითოკაცებულნი მივიდნენ ფიჭვის ხეებამდე. ამ დროხ კალიმახმა ხერხი იხმარა. იგი ხის სამალავიდან 2-3 ნაბიჯით წინ გამოიჭრებოდა და როდესაც მისადმი ქვებს დაუშენდნენ (ერთ ჯერზე 10 ქვა მაინც მოდიოდა) უკან გამოიქცეოდა. ტაოხებს თანდათან ქვები ელეოდათ. აგასიი სტიმფალელი, რომელიც შორიდან ადევნებდა კალიმახის ქცევას, იფიქრა, რომ როდესაც ქცები გამოილეოდა, იგი პირველი შეიჭრებოდა სიმაგრეში და მთელი დიდება მას ერგებოდა, ამიტომ სწრაფად გაიჭრა წინ. ამის დანახვაზე განრისხებულმა კალიმახმა ხელი წაავლო მის ფარს და არ უშვებდა. ამ დროს მათ გადაასწრეს არისტონიმ მეტედრეეელმა ევრილოხ ლუსელმა (ორივე აგასიის მეგობრები იყვნენ და როდესაც აგასიის წინ გაჭრა დაინახეს უკან დაედევნენ). მაშინ აგასიი და კალიმახიც გამოედევნენ მათ. ამასობაში ქვების სროლა ფაქტიურად შეწყდა და ოთხეულმა შეაღწია სიმაგრეში. მაშინ ელინების წინაშე გადაიშალა საშინელი სანახაობა. ქალები ისროდნენ ქვემოთ თავის ბავშვებს და შემდეგ თვითონაც ცვიოდნენ კლდიდან უფსკრულში. მამაკაცებიც ასევე იქცეოდნენ. ლოხაგოსმა (ელინთა ჯარის ერთ-ერთი ქვედანაყოფის უფროსმა) ენეოს სტიმფალიელმა დაინახა ერთი ლამაზ ტანსაცმელში ჩაცმული ტაოხი, რომელიც მორბოდა და, ჩანს, აგრეთვე, კლდიდან გადავარდნას ლამობდა. მან სტაცა მას ხელი, რათა ხელი შეეშალა მისთვის გადავარდნილიყო, მაგრამ ტაოხმა ისიც თან გადაიტანა და ორივენი გადაეშვნენ კლდიდან და დაიღუპნენ. აქ ძალიან ცოტა ხალხი იქნა ტყვედ ხელთგდებული. სამაგიეროდ სტუმრებმა ბევრი რქოსანი პირუტყვი, სახედრები და ცხვრები იგდეს ხელთ.
ტაოხებიდან დასავლეთით წასვლის შემდეგ ელინებმა გაიარეს ხალიბების ქვეყანა და დაფარეს 7 დღეში 50 ფარსანგი (267 კმ) (400 წლის იანვარში). ხალიბები ყველაზე მამაცი ტომი იყო, რომელიც ელინებმა ნახეს. ისინი მათთან ხელჩართულ ბრძოლაში ერთვებოდნენ. ხალიბებს ჰქონდათ სელის აბჯრები, რომლებითაც მუცლის ქვედა ნაწილამდე იყვნენ დაცული, ხოლო აბჯრის კალთების ნაცვლად მჭიდროდ დაგრეხილი თოკები. პერანგს ნაბდისას ხმარობდნენ. ისინი ატარებდნენ აგრეთვე საბარკულებსა და მუზარადებს, ხოლო ქამრის გასწვრივ ლაკონური ხმლის მსგავს სატევარს, რომლითაც კლავდნენ მას ვის ძლევასაც შეიძლებდნენ, სჭრიდნენ თავებს და თან მიჰქონდათ; ამასთან ხალიბები მაშინ მღეროდნენ და როკავდნენ, როდესაც მტრის პირისპირ აღმოჩნდებოდნენ. მათ ეკავათ აგრეთვე 2,31 მ. სიგრძის შუბები, რომელთაც მხოლოდ თითო შუბისპირი ჰქონდათ. ისინი თავიდან რჩებოდნენ თავიანთ დასახლებებში და როდესაც ელინები ჩაუვლიდნენ ყოველთვის უკნიდან ბრძოლით დაედევნებოდნენ მათ. ხალიბები ცხოვრობდნენ გამაგრებულ ადგილებში, სადაც შეყვანილი ჰყავდათ პირუტყვი და მომარაგებული სურსათი. ამის გამო ელინებმა მათთან ვერაფერი იშოვეს და ტაოხებთან ნაშოვი სურსათით იკვებებოდნენ.
ხალიბების ქვეყნის გავლის შემდეგ ელინები მივიდნენ მდ. ჰარპასთან (ჭოროხი), რომლის სიგანე 4 პლეთრი (124 მეტრი) იყო (მის გადალახვაზე ქსენოფონტე არაფერს ამბობს. როგორც ჩანს იგი არ გადაულახავთ ბეძნებს და მის სათავეს შემოუარეს). აქედან მათ 4 დღეში 20 ფარსანგი (106,8 კმ) იარეს შკვითინიების (შკვითი მეგრულად 7-ს ნიშნავს, ე.ი ეს სახელი შვიდსოფლელებს ნიშნავს. ამასვე ადასტურებს სტრაბონი და სხვა ბერძენი ავრორები, რომლებიც ამ მცხოვრებ ხალხს ჰეპტაკომიტებს უწოდებს, რაც ბერძნულად შვიდსოფლელებს ნიშნავს) ქვეყნის დაბლობებზე და მივიდნენ ერთ სოფელში, სადაც დაყვეს 3 დღე და შეივსეს სურსათის მარაგი.
აქედან გაიარეს 4 დღეში 20 ფარსანგი (106,8 კმ) და მივიდნენ დიდ, მდიდარ და ხალხმრავალ ქალაქ გვიმნიასამდე (რომელიც სავარაუდოდ მდებარეობდა ბაიბურთის ქვაბულში, იქ სადაც მრავალრიცხოვანი სათავეები ერთდებიან და ქმნიან ჭოროხს). ამ ქვეყნის მმართველმა გამოუგზავნა ელინებს მეგზური, რომელსაც წაეყვანა ისინი მეზობელი მტრული ქვეყნის ტერიტორიაზე უსაფრთხო გზით ზღვამდე. როდესაც მეგზური მოვიდა, უთხრა ელინებს რომ 5 დღეში მიიყვანდა იმ ადგილამდე, საიდანაც დაინახავდნენ ზღვას. როდესაც მეგზურმა ელინები მიიყვანა მეზობელი მტრულად განწყობილი ხალხის ტერიტორიაზე (რადგან ქსენოფონტე ამ ხალხის სახელს არ ასახელებს, ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ესეც შკვითინიების სხვა ჯგუფი იყო) მოუწოდა მათ დაეწვათ და გადაეწვათ ეს მხარე. მაშინ ელინები მიხვდნენ, თუ რატომ გააყოლა მეგზური შკვითინიების მეთაურმა მათ. შკვითინების შუა მდებარე ადგილიც თითქმის მიუვალ ზღუდეს ჰგავდა. ძირს წყალი დიოდა და მდინარეს ორსავე ნაპირას ხშირი ტყე უდარაჯებდა.
მეხუთე დღეს ელინები მივიდნენ მთა თეხესთან (დღევ. დევენბონუ თეფე კალკანის ქედზე. აშკარაა ბერძნები ტრაპეზუნტისაკენ მიდიოდნენ ჩრდ. პონტოს მთების ამ მხარეში მდებარე ერთადერთი – ზიგანის უღელტეხილით). როდესაც არიერგარდის ჯარისკაცები ავიდნენ მთაზე უმალ ატეხეს ყვირილი. ქსენოფონტემ იფიქრა რომ მტერი უტევდათ მათ წინიდან, მაშინ როდესაც ელინებს უკან ასევე მტერი ჰყავდათ დატოვებული. ქსენოფონტე დაიძრა მთისკენ და მის მისადგომებთან მდგარი ბარბარსოების მცირე რაზმი გაანადგურა. ელინებმა ხელთ იგდეს რამდენიმე ტყვე და 20 ნადირის ტყავით დაფარული ფარი. როდესაც მთაზე დამატებითი ნაწილებიც ავიდნენ მათი ყვირილი გაძლიერდა. მთასთან მიახლოებისას ქსენოფონტე დააკვირდა და მიხვდა, რომ ისინი „ზღვას“ იძახდნენ. მალე ყველა მთაზე ავიდნენ, ერთმანეთს ეხვეოდნენ და სიხარულისგან ტიროდნენ. მალე ელინებმა ნადავლიდან არასასურველი ნივთები, მათ შორის ფარები ერთად დააგროვეს რათა დაეტოვებინათ. შემდეგ ქსენოფონტემ ტყვეები გაათავისუფლა და მათ მეთაურს ძვირფასი საჩუქრებიც უძღვნა – ცხენი, ვერცხლის თასი, სპარსული სამოსი და 10 დარიკი. 
შკვითინმა მეგზურმა ელინებს ასწავლა ახლო სოფელი სადაც დაისვენებდნენ და ზღვისაკენ გზა, რომელიც მაკრონების ქვეყანაზე გადიოდა. დაღამებისთანავე მეგზურმა მიატოვა ელინები და დაიმალა.
დასვენების შემდეგ ელინებმა 3 დღეში 10 ფარსანგი (53,4 კმ) იარეს მაკრონთა ქვეყანაზე. პირველივე დღეს მივიდნენ მაკრონებისა და შკვითინიების სასაზღვრო მდინარემდე. ელინთაგან მარჯვნივ აღმართული იყო მიუწვდომელი მთები, ხოლო მარცხნივ სხვა მდინარე, რომელშიც ჩაედინებოდა კიდეც ეს სასაზღვრო მდინარე. ამ მდინარის (რომელშიც სასაზღვრო მდინარე ჩაედინებოდა) გასვწრივ მიემართებოდა ხშირი ტყით იყო დაფარული გზა, რომელზეც უნდა გაეარათ ელინებს. ელინები მდინარის გაყოლებას აყვნენ, ჭრიდნენ ხეებს და სწრაფად მიიწევდნენ წინ, რათა დროულად გაეღწიათ ამ ქვეყნიდან. მაკრონები ბეწვის მოსასხამებში, შუბებითა და ფარებით შეიარაღებულნი განლაგებულიყვნენ მდინარის მეორე ნაპირზე და იქედან ქვებს უშენდნენ ელინებს, თუმცა ისინი მდინარეში ცვიოდა და სტუმრებს არაფერი დაშავებიათ.
ამ დროს ქსენოფონტთან მივიდა ერთი პელტასტი, რომელიც ადრე ათენში მონად იყო და განუცხადა, რომ მაკრონია, იცის ადგილობრივთა ენა და მოელაპარაკება მათ. ქსენოფონტი დათანხმდა. როდესაც პელტასტმა ჰქითხა მაკრონებს თუ ასე რატომ იქცეოდნენ, მაკრონებმა უპასუხეს, რომ ისინი მტრები არიან და მათ ქვეყანაზე მიაბიჯებენ. მაშინ ელინებმა მიუგეს, რომ მტრები არარიან, აუხსნეს თავისი ვითარება და თხოვეს მშვიდად გატარება ზღვამდე. საპასუხოდ მაკრონებმა ფიცის დადება მოითხოვეს. მაკრონთა ლიდერმა და ქსენოფონტემ ფიცის ნიშნად შუბები გაცვალეს, შემდეგ საკუთარ ღმერთებს მოუხმეს. ამის შემდეგ მაკრონები ელინებს შეუერთდნენ და ერთად ჭრიდნენ ხეებს გზის გასაყვანად, თან გზაში სტუმრებს საყიდლათ სთავაზობდნენ თავიანთ სხვადასხვა საქონელს.
3 დღეში მაკრონები და ელინები მივიდნენ კოლხების საზღვრამდე, სადაც იწყებოდა მაღალი მთები, რომელზეც განლაგებული იყვნენ შეიარაღებული კოლხები. ბერძნებმა თავიდან მოაწყვეს ფალანგა, რათა შეეტიათ მთაზე განლაგებულთათვის, მაგრამ შემდეგ მიხვდნენ, რომ ასე წამგებიანი იყო, რადგან მთაზე ასვლა სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა სირთულის იქნებოდა, რაც გამოიწვევდა ზოგიერთი ნაწილის ჩამორჩენას, ფალანგის დაშლას და საბრძოლო განწყობის მოშლას. ამის გამო ბერძნებმა არმია პატარა რაზმებად – ლოხებად დაყვეს. ისინი ერთმანეთისგან მცირე დაშორებებით მთელს სიგრძეზე განლაგდნენ, რათა სწრაფი მანევრირებით ალყაში მოექციათ კოლხები. ბოლოს ქსენოფონტემ მეომრებს სიტყვით მიმართა: „მეომრებო, ეს ხალხი, რომელსაც თქვენ ხედავთ თქვენს წინაშე, ეს არის უკანასკნელი დაბრკოლება ჩვენს გზაზე, დაბრკოლება, რომლის გამო ჯერ კიდევ ვერ მივედით იქ, საითკენაც დიდი ხანია მივიწევთ. შევეცადოთ აღვგავოთ ისინი მიწისაგან პირისა“.
ჰოპლიტებმა მოაწყვეს 80 ლოხა, თითო 100 კაციანი. პელტასები და მშვილდოსნები მოწყვნენ 3 რაზმად, თითო 600 კაციანი. ერთი მარცხენა მხრიდან დააყენეს, ორი კი მარჯვენა მხრიდან. კოლხების ფალანგა სამ ნაწილად იყოფოდა. ცენტრში ეყენათ ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილი.
როდესაც ბერძნები დაიძრნენ, კოლხები მათ დანახვაზე სირბილით გამოიქცნენ და მწყობრი მოშალეს. მათი ერთი ნაწილი ელინების მარჯვენა ფლანგს დაეჯახა, ხოლო მეორე ნაწილი ელინების მარცხენა ფლაგს. შედეგად კოლხების საბრძოლო წყობის შუაში თავისუფალი დერეფანი გაჩნდა. ამით ისარგებლა ცენტრში მდგარმა არკადიელმა პელტასტებმა ესქინესა და აკარნანიუსის მეთაურობით და კოლხთა დერეფანი გაიარა და კოლხები ალყაში მოქცევის საფრთხის ქვეშ დააყენა.
ამ დროს ჰოპლიტებმა მძლავრი შეტევა წამოიწყეს დაქსაქსული კოლხების მიმართ. ბოლოს კოლხებმა ბრძოლის ველი მიატოვეს და ქაოსურად იწყეს გაქცევა. გახარებულმა ელინებმა მთა უბრძოლველად დაიკავეს, გადალახეს და მდიდარ კოლხურ სოფლებს შეესივნენ. არსებითად ეს სოფლები მეზობელი ხალხების სოფლისგან არ განსხვავდებოდნენ, თუმცა აქ განსაკუთრებით დიდი რაოდენობით იყო სკები. ბერძნები უმალ ხარბად დაეწაფნენ თაფლს, რის შემდეგაც კარგავდნენ გონებას: გული ერეოდათ, ფეხზე ძლივს იდგნენ. ვინც ცოტა ჭამა მთვრალს ჰგავდა, ხოლო ვინც ბევრი ძლიერ მოიწალმა და მკვდარს ჰგავდა. მეომრები ერთიანად ეყარნენ მიწაზე, თითქოს ბრძოლაში დახოცილები. (როგორც თანამედროვე კვლევამ ცხადყო ეს ფანდი არ ყოფილა და ადგილობრივ თაფლს მსგავსი თვისებები აქვს, აქ არსებული მცენარის როდოდენდრონის ანუ აზალიას. ამიტომ ადგილობრივები საკვებად გამოყენებამდე თაფლს ამუშავებენ, შაქარს ურევენ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება იგი უვნებელი).
მეორე დღეს ელინებმა მოულოდნელად იწყეს გამოჯანმრთელება, მეოთხე დღეს გზა განაგრძეს და 2 დღეში 7 ფარსანგის (37,3 კმ) გავლის შემდეგ ჩავიდნენ ტრაპეზუნტში, მრავალრიცხოვან ბერძნულ ქალაქში, რომელიც წარმოადგენს სინოპის კოლონიას კოლხთა ქვეყანაში. როგორც კოლონია ტრაპეზუნტი სინოპს ხარკს უხდიდა, საპასუხოდ კი სინოპი მას მტრებისგან თავის დაცვაში ეხმარებოდა. აქ ელინებმა დაჰყვეს დაახლოებით 30 დღე და ამ დროში კი არაერთხელ მოაწყვეს კოლხურ სოფლებზე თავდასხმა სურსათის საშოვნელად. ტრაპიზონელებმა პატივით მიიღეს ელინები, გაუმართეს ბაზარი, სადაც სტუმრებს შეეძლოთ ეყიდათ სასურველი ნივთები. ამასთან ტრაპეზუნტელებმა სტუმრებს საჩუქრად უძღვნეს ხარები, ქერი და ღვინო და უშუამდგომლეს ქალაქის ირგვლივ ვაკეზე მცხოვრებ კოლხებთან სამშვიდობო ხელშუკრულების გასაფორმებლად, რის შემდეგაც კოლხებმა ელინებს გამოუგზავნეს საჩუქრად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.
დასვენების შემდეგ ელინებმა ტრადიციული მსხვერპლშეწირვა გამართეს, შემდეგ რბოლაში იასპარეზეს და დაიწყეს მსჯელობა თუ რომელი გზით უნდა დაბრუნებულიყვნენ შინ. ამასობაში დიდი დრო გავიდა და საკვები გამოელიათ. მაშინ ქსენოფონტემ ლაშქარი ორ ნაწილად გაჰყო, ერთი ბანაკის დასაცავად დატოვა, მეორეთი კი მთიან მხარეში მცხოვრები დრილების გასაძარცვად წავიდა და მეგზურად ერთი ტრაპიზონელი გაიყოლა. წესით საკვები მახლობლად, დაბლობში მცხოვრებ მდიდრულ კოლხურ სოფლებში უნდა ეძია, რაც ადვილიც იყო და უკანაც სწრაფად მობრუნდებოდნენ, მაგრამ ტრაპიზონელი მეგზური კოლხებთან მეგობრობდა, ამიტომ ელინები მთიან მხარეში მცხოვრები დრილების საძარცვავად წაიყვანა.
პონტოს მთების ყველაზე მეომარი ხალხი დრილები ძნელადმისაგდომ სიმაგრეებში ცხოვრობდნენ, საიდანაც ადვილად უქმნიდნენ პრობლემებს სტუმრებს. ამასთან, როდესაც დაინახავდნენ, რომ სიმაგრეს ვერ დაიცავდნენ, წაიღებდნენ რასაც შესძლებდნენ და დანარჩენს ცეცხლს აძლევდნენ. ასე რომ რამდენიმე სიმაგრიდან ბერძნებმა მხოლოდ რამდენიმე შინაური პირუტყვი იპოვეს, რომლებიც ცეცხლს გამოქცეოდნენ და ახლა ელინთა ლუკმად იქცნენ.
ბოლოს ელინები მიადგნენ დრილების მთავარ ციხე-ქალაქს, სადაც შეკრებილიყვნენ ყველა დრილები. მას ირგვლივ ღრმა ხევი ჰქონდა და შესაბამისად ძნელადმისადგომი იყო. ელინების მსუბუქმა ქვეითებმა (1000 მდე კაცი) გადალახეს ხევი და დაინახეს ბევრი ცხვარი და სხვა სიმდიდრე, რის შემდეგაც სიხარულით გაემართნენ სიმაგრის ასაღებად, მაგრამ ეს არცთუ იოლი იყო. სიმაგრეს მახლობლად ღრმა თხრილი ჰქონდა, შემდეგ მაღალი მიწაყრილი, მასზე კი ახლო-ახლოს იდგა მაღალი ხის კოშკები. მათ დანახვაზე ქალაქიდან გამოიჭრნენ დრილები და ელინებს უკან დაახევინეს. ისინი კვლავ ხევს უახლოვდებოდნენ და დაღუპვის პირას იყვნენ. ამ დროს ქსენოფონტე მთელი ძალებით გადავიდა იერიშზე და მძიმე ბრძოლით დაიკავა ქალაქი, რომლის დიდი ნაწილი გაძარცვეს. მაშინ გადარჩენილი დრილები აკროპოლისში შეიკეტნენ, რომელიც სრულიად აუღებელი ჩანდა. მაშინ ელინებმა უკანდახევა იწყეს. ამის დანახვაზე ქალაქის ერთ ნაწილსა და აკროპოლისში შეფარებული დრილები გამოიჭრნენ და მტერს შეუტიეს. ხელჩართული ბრძოლა ქუჩებსა და სახლებში გაჩაღდა. ბევრი ელინი დაეცა ან დაიჭრა. მაშინ ქსენოფონტმა დრილების ხის სახლები ცეცხლს მისცა, რამაც მთელი ქალაქი შთანთქა.
მეორე დღეს ელინები უკან ტრაპეზუნტისაკენ გაემართნენ. იქ აღმოჩნდა, რომ საკმარისი ხომალდები არ იყო ზღვით შინისაკენ წასასვლელად, ამიტომ ქსენოფონტემ 40 წელს გადაცილებული მამაკაცები, ავადმყოფები, ქალები და ბავშვები ხომალდებზე დასვა და გაუშვა, ხოლო დანარჩენი ჯარით ფეხით გაემართა შინისაკენ.
მესამე დღეს ქსენოფონტე ჩავიდა ბერძნულ ქალაქ კერასუნტში (დღევ. ვაკფიკებირი), რომელიც სინოპის კოლონია იყო კოლხების ქვეყანაში. როგორც კოლონია კერასუნტი სინოპს ხარკს უხდიდა, საპასუხოდ კი სინოპი მას მტრებისგან თავის დაცვაში ეხმარებოდა.
იქ დაყვეს 10 დღე, გადათვალეს მეომრები და აღმოჩნდა რომ ცოცხალი 8600 კაცი დარჩენილიყო. შემდეგ გაინაწილეს ტყვეების გაყიდვით შემოსული თანხა. მეათედი გამოყვეს აპოლინისა და ეფესოს არტემიდასათვის.
კერასუნტიდან დასავლეთით ზღვისპირა გზით ელინები მივიდნენ მოსინიკების ქვეყნამდე. როდესაც მიუახლოვდნენ მოსინიკების საზღვარს, გაგზავნეს მათთან ტრაპეზუნტელი ტიმესითეოსი, რომელიც მოსინიკების პროქსენოსი იყო (ანუ ადრე ელჩად იყო მოსინიკებთან და იცოდა მათი ენა და ყოფა-ცხოვრება). საზღვართან ტიმესითესომა მიმართა მოსინიკებს: „როგორ გავიაროთ თქვენს ქვეყანაზე, როგორც მეგობრებმა თუ როგორც მტრებმა?“ მოსინიკებმა, რომლებიც დარწმუნებული იყვნენ მათი სიმაგრეების აუღებლობაში, მიუგეს რომ მათ ქვეყანაზე არ გაატარებენ. მაშინ ტიმესითეოსმა აცნობა ელინებს, რომ მთის იქეთა მხარის მოსინიკები მტრები არიან ამ მოსინიკების. გადაწყდა მთისიქითა მოსინიკებთან კავშირზე მოლაპარაკება და ამ მიზნით გაიგზავნა ტიმესითეოსი, რომელმაც მოიყვანა მთისიქითა მოსინიკების მეთაურები. ქსენოფონტემ მათთან ტიმესითეოსის თარჯიმნობით მოლაპარაკება გამართა. ქსენოფონტემ უთხრა: „მოსინიკებო, ჩვენ გვინდა ელადაში დაბრუნება ფეხით, რადგან არ გვყავს ხომალდები, მაგრამ ჩვენ გზას გვიღობავენ ის ხალხი, რომელიც როგორც გავიგეთ თქვენი მტრები არიან. გახდით ჩვენი მოკავშირეები, დავსაჯოთ ისინი ყველა იმ წყენისთვის, რომელიც ოდესმე თქვენთვის მოუყენებიათ. თუ უარს გვეტყვით, დაფიქრდით, როდის მოვა თქვენს დასახმარებლად კიდევ ასეთი სამხედრო ძალა?“. ამაზე მოსინიკების მეთაურმა მიუგო, რომ თანახმაა კავშირზე. „მაშინ – თქვა ქსენოფონტმა – გვითხარით, რაში შეიძლება გამოგადგეთ, როცა გავხდებით მოკავშირეები, და თქვენ რით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ამ ქვეყანაზე გასავლელად?“. მოსინიკებმა მიუგეს: „ჩვენ შეგვიძლია შეგვიძლია შევიჭრეთ მოპირდაპირე მხრიდან ჩვენი მტრების მხარეში, თქვენ კი მოგცემთ ნავებს და ხალხს, რომლებიც დაგეხმარებიან თქვენ და გაჩვენებენ გზას“. შეთანხმება ფიცით განამტკიცეს და მოსინიკთა მეთაურები წავიდნენ.
მეორე დღეს მოსინიკები მოვიდნენ 300 ნავით. თითოეულში იჯდა 3 კაცი. აქედან ორი გადმოდიოდა ნაპირზე და სამხედრო წყობით ეწყობოდა, ხოლო ერთი რჩებოდა ნავში. უკანასკნელებმა გასცურეს უკან, ხოლო დარჩენილები მოეწყვნენ დაახლოებით 100 კაციან მწკრივებად. ყოველ მათგანს ჰქონდა ტყავგადაკრული დაწნული ფარი, მარჯვენა ხელში ეჭირათ 2,78 მეტრიანი შუბი, რომელსაც ერთ მხარეს ჰქონდა წვერი, მეორე ბოლო კი მომრგვალებული ჰქონდა. ტანზე პატარა ნაქსოვი პერანგები ეცვა, რომელიც მუხლებამდე ვერ სწვდებოდა, ჰქონდათ მჭიდრო ტილოს ჩანთები, თავზე ტყავგადაკრული ხის მუზარადები (ჰგავდა პაფლაგონურს). ჰქონდათ აგრეთვე რკინის ცულები.
ამ დროს ერთმა დაიწყო სიმღერა და სხვებიც აყვნენ, რის შემდეგაც სამხედრო წყობით სიმღერით გაემართნენ საბრძოლველად. ელინთა მოკავშირე მოსინიკები მიადგნენ მათ მოწინააღდეგე მოსინიკების ციხე-ქალაქის იმ ადგილს, რომელიც თავდასხმისათვის უფრო ხელმისაწვდომად ჩანდა.
ამ ქალაქს ჰქონდა აკროპოლისი, რომელიც იყო კიდეც მოსინიკთა ორი დაჯგუფების მტრობის მიზეზი, რადგან ვინც მას დაეუფლებოდა ის ითვლებოდა ყველა მოსინიკთა მეთაურად. ელინთა მოკავშირე მოსინიკები ამ აკროპოლისს საკუთრად მიიჩნევდნენ და ამბობდნენ, რომ იგი ძალით წაართვეს მათ ელინთა მოწინააღდეგე მოსინიკებმა.
როდესაც მთისიქეთა მოსინიკები და მათ გაყოლილი ელინთა ნაწილი მიადგნენ ციხე-ქალაქს იქედან გამოიჭრნენ მთისაქეთა მოსინიკები, დაესხნენ მომხვდურთ, დაამარცხეს, დახოცეს ნაწილი, დანარჩენი გააქციეს და უკან დაედევნენ, ვიდრე არ დაინახეს მათ საშველად მომავალი ელინთა მთავარი ძალები. მაშინ მტერი მოსინიკები უკან სიმაგრეში შევიდნენ, თან გაიყოლეს ელინთა და მტერ მოსინიკთა თავები, იქედან ანახებდნენ მათ ელინებს და თან დამცინავად მღეროდნენ. ამან ელინების საბრძოლო სულისკვეთება შეარყია.
მაშინ ქსენოფონტემ გაამხნევა მეომრები და მეორე დღეს დაიწყო იერიში ქალაქზე (მომხრე მოსინიკები მარცხენა ფლანგზე დააყენა). თავიდან პელტასტებმა შეუტიეს. მათ წინააღმდეგ გამოვიდნენ ასევე მსუბუქად შეიარაღებული მოსინიკები, რომლებიც ქვებს ესროდნენ. მაშინ მათ ელინებმა მშვილდისრები დაუშინეს. საპასუხოდ მოსინიკები ხელჩართულ ბრძოლაში შევიდნენ და პელტასტებს უკან დაახევინეს. ამ დროს იერიში ჰოპლიტებმა წამოიწყეს და მათ დანახვაზე მოსინიკები უკან ქალაქში გაიქცნენ. პელტასტები და ჰოპლიტები უმალ დაედევნენ სიმაღლეზე და მალე მიაღწიეს მოსინიკთა მთავარი ქალაქის სახლებს. აქ მასპინძლები ბრძოლით შეხვდნენ მომხდურთ. ზოგი ისრებს ისროდა, ზოგი გრძელი და მსხვილი შუბით იბრძოდა. მოსინიკები ერთხანს წევდნენ წინააღმდეგობას, მაგრამ ბოლოს ვეღარ გაუძლეს, თავიანთი სახლები ცეცხლს მისცეს და უკანმოუხედავად იწყეს გაქევა ქალაქიდან. მოსინიკთა მეფე რომელიც იმყოფებოდა ქალაქის ყველაზე მაღალ ადგილზე აგებულ ხის კოშკში (მას მოსინიკები საკუთარი ხარჯით კვებავდნენ და ამასთან კოშკში ჰყავდა დაცვა) არ მოისურვა მისი დატოვება, ისევე როგორც წინა მეფემ, რომელიც იმყოფებოდა ადრე აღებულ სიმაგრეში და ორივენი დაიწვნენ ხის კოშკებთან ერთად.
ელინებს მოსინიკთა სახლების ძარცვისას დიდძალი განიავებული პური დახვდათ, რომელიც მოსინიკების სიტყვით შარშანდელი გამოსავლისა ყოფილა, და ახალი ჯერ კიდევ გაულეწავი პური სდგმიათ. დიდ ქილებში ჩადებული, დაჭრილი და დამარილებული ზღვის ღორის (დელფინების) ხორცი დახვდა; დოქებში კიდევ ამ თევზის ქონი იყო შენახული, რომელსაც მცხოვრებნი ძროხის ერბოს მაგივრად ხმარობდნენ. ბლომად ჰქონდათ წაბლი, რომელსაც მოხარშულსა სჭამდნენ ან არადა პურად გამომცხვარს. ახლო-მახლო მთები სავსე იყო ხოლმე ამ ხეებით. ხვდებოდათ აგრეთვე ღვინოც, რომელიც უწყლოდ მეტად ცხარე იყო და გემოთი მწკლარტე, წყალ-ნარევი კი სურნელოვანი და სასიამოვნო სასმელი იყო.
ელინებმა მოიმარაგეს საკვები, აღებული სიმაგრე მოკავშირე მოსინიკებს გადასცეს და გზა განაგრძეს. ყველა ადვილად მისაღწევი სიმაგრე მოწინააღმდეგე მოსინიკებისა ან დაცარიელებული ხვდებოდათ ელინებს ანდა უბრძოლველად ნებდებოდა. მათი სიმაგრეების უმეტესობა სწორედ ასეთი იყო. ისინი ერთმანეთისგან საშუალოდ დაახლოებით 14 კმ-ით იყვნენ დაშორებულნი. მოსახლეობა ერთმანეთს ამ „ქალაქებიდან“ გადაუძახებდა ერთმანეთს და ესმოდათ ერთმანეთის, რადგან ეს ქვეყანა სავსე იყო მთებითა და ღრმა ხეობებით.
მეგობარი მოსინიკების ქვეყანაზე გავლისას ელინებს აჩვენეს მდიდარი მშობლების მსუქანი ვაჟები, რომლებიც იკვებებოდნენ მოხალული წაბლით, ჰქონდათ ძალიან თეთრი კანი (საერთოდ ყველა მათგანი თეთრკანიანია) და ერთნაირი სიმაღლე და სიგანე (ტანის აღნაგობის) ზურგი მთლიანად მოხატული ჰქონდათ, ხოლო წინა მხარე დაფარული ჰქონდათ ტატუირებული ყვავილებით (ეტყობა ტანისამოსი ძალიან მოკლე, წამოსასხამის მაგვარი, ჰქონდათ, თორემ სხეული რომ ტანისამოსით დაფარული ჰქონოდათ, მაშინ ტანის მოხატვას რაღა აზრი ექნებოდა.).
ქსენოფონტეს აზრით მოსინიკები ყველა ტომებზე უფრო ველური ბუნების არიან. მათ დაურიდებლად სქესობრივად შეუღლება სწადდათ იმ როსკიპებთან, რომელნიც ელინებს თან მიჰყავდათ. როცა ისინი მარტოკა არიან, თავი ისე უჭირათ, თითქოს საზოგადოებაში ყოფილიყვნენ: თავისთვის მაღალხმაზე ლაპარაკობდნენ, ხარხარებდნენ, ადგებიან და ცეკვას დაიწყებენ, თითქოს სხვებს აჩვენებენ თავის ხელოვნებას.
მოსინიკების ქვეყნის გავლის შემდეგ ელინები მივიდნენ ხალიბებთან. ხალიბები მცირერიცხოვანი ხალხია, რომლებიც ძირითადად რკინის წარმოებით ირჩენს თავს და ემორჩილებიან მოსინიკებს.
აქედან ელინები მივიდნენ ტიბარენებთან. მათი ქვეყანა შედარებით უფრო ვაკე ადგილია და მისი ზღვისპირას განლაგებული დასახლებები სუსტად დაცულია. ელინთა სარდლებს სურდათ თავს დასხმოდნენ ადგილობრივებს და მიეცათ მათი სახლები ჯარისკაცებითვის საძარცვავად, რის გამოც პირველ ჯერზე უარი უთხრეს ტიბარენთა ელჩებს საჩუქრების მიღებაზე, მაგრამ როდესაც მსხვერპლშეწირვა ჩაატარეს და მისი შედეგები განიხილეს, დარწმუნდნენ, რომ ღმერთებს ომი არ სურთად. ამიტომ ელინებმა ტიბარენთა საჩუქრები მიიღეს, 2 დღის მანძილზე მშვიდობიანად გაიარეს მათი ქვეყანა და ჩავიდნენ ბერძნულ ქალაქ კოტიორაში, რომელიც წარმოადგენდა სინოპის კოლონიას ტიბარენთა ქვეყანაში. როგორც კოლონია კოტიორა სინოპს ხარკს უხდიდა, საპასუხოდ კი სინოპი მას მტრებისგან თავის დაცვაში ეხმარებოდა.
ამით ქსენოფონტეს მოგზაურობა ქართველური ხალხების მიწებზე დასრულდა. მისმა რაზმმა ბაბილონიდან კოტიორამდე გაიარა 620 ფარსანგი ანუ 18600 სტადიონი, რაც 8 თვეში მოახერხა.
კოტიორას მოსახლეობა სტუმრებს ცივად დახვდა. არც ბაზარი გაუმართეს, არც საჩუქრები უძღვნეს და არც საკუთარ კედლებში არ შეუშვეს ავადმყოფები. ამის გამო ელინები საკვების ნაწილს პაფლაგონიიდან იღებდნენ, ნაწილს კი კოტიორას ირგვლივ მიწებიდან. სინოპში, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო კოტიორა, ხმა ჩავიდა, რომ ძარცვავდნენ ამ ქალაქს, ამიტომ გაგზავნეს ელჩობა ჰეკატონიმის მეთაურობით, რომელმაც ქსენოფონტეს მეომრებს მიმართა: „მეომრებო, ჩვენ გვსმენია იმის შესახებ თუ რამდენად მრავალრიცხოვანი ბარბაროსები დაამარცხეთ და რამდენი სირთულის გადალახვის შემდეგ მოხვედით აქამდე და გვინდა მოგილოცოთ ეს. ჩვენც, თქვენსავით ელინები ვართ. ვიმედოვნებთ, რომ არავითარ უსიამოვნებას არ მოგვაყენებთ, რადგან არაფერი დაგვიშავებია თქვენთვის. კოტიორელები ჩვენი მოსახლეები არიან, რადგან ჩვენ მივეცით მათ ბარბაროსებისთვის წართმეული მიწა. ამის გამო ისინი გვაძლევენ გარკვეულ ხარკს, ზუსტად ისე როგორც კერასუნტისა და ტრაპეზუნტის მცხოვრებნი, ამიტომ ყველა წყენას, რომელსაც მიაყენებთ კოტიორელებს, სინოპეს ხელისუფლება ჩათვლის საკუთრად. ამავე დროს, ჩვენამდე მოვიდა ცნობა, რომ თქვენ ძალით შემოხვედით ქალაქში, ზოგიერთი თქვენგანი განთავსდა სახლებში; რომ თქვენ ძალით მიგაქვთ აქედან ის რაც გინდათ და ამაზე არ ითხოვთ ნებართვას. ამას ჩვენ არ შევიწყნარებთ; და თქვენ თუ ასე გააგრძელებთ ჩვენ იძულებული გავხდებით თქვენს წინააღმდეგ კავშირი შევკრათ კორილასთან, პაფლაგონიელებთან და საერთოდ, ყველასთან ვისთანაც შეიძლება“.
ქსენოფონტემ უპასუხა: „სინოპის მოქალაქენო! ჩვენ მოვედით აქ სიხარულით, რადგან გადავარჩინეთ საკუთარი სიცოცხლე და იარაღი. ძალიან რთული იყო ერთდროულად გვებრძოლა მტერთან და მოგვეპოვებინა საკვები. ახლა როცა მოვაღწიეთ ელინურ ქალაქებამდე, ტრაპეზუნტში ჩვენ გაგვიღეს ბაზარი, სადაც საკვებს ვღებულობდით ფულის სანაცვლოდ, და ჩვენ მიმართ გამოჩენილი პატივისცემისა და საჩუქრების სანაცვლოდ, ჩვენის მხრიდან მათ მოვექეცით პატივისცემით. ამის გამო არ მივაყენეთ ვნება იმ ბარბაროსებს, რომლებთანაც ტრაპეზუნტელები კავშირში არიან, ხოლო იმ მტრებს რომელთანაც მათ მიგვიყვანეს, მივაყენეთ იმოდენა ზიანი რამდენიც შევძელით. იქ სადაც გავივლით და არ გვაძლევენ საკვებს, იძულებული ვართ ძალით მოვიპოვოთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს ქვეყანა ბარბაროსულია თუ არა. ასე მაგალითად კარდუხებს, ტაოხებსა და ხალდეებს, რომლებიც არ ექვემდებარებიან მეფეს (იგულისხმება სპარსეთის მეფე) და მისი ძალიან მრისხანე მტრები არიან, ჩვენ მოვექეცით როგორც მტრებს, რადგან მათ არ მოგვცეს საკვები. ამავე დროს, მაკრონებს, რომლებიც ასევე ბარბაროსები არიან, არაფერი ვავნეთ და მეგობრებად მივიღეთ, რადგან მათ მოგვცეს რისი მოცემაც შეეძლოთ. თუ ჩვენ წავართვით კოტიორელებს რაიმე, ამაში თვითონ არიან დამნაშავენი: ისინი მოგვექცნენ არამეგობრულად. დაკეტეს თავისი კარები, არ გვიშვებდნენ შიგნით და არც კედლებზე გადმოუშვეს საკვები და ამას თქვენს დანიშნულ მმართველს აბრალებდნენ. ჩვენ ამის გამო ძალით შემოვედით ქალაქში და სადაც შესაძლებელი იყო იმ ოთახებში განვათავსეთ ჩვენი ავადმყოფები, რომლებიც ცხოვრობენ და მკურნალობენ საკუთარი სახსრებით, ხოლო დანარჩენი ვდგავართ ღია ცის ქვეშ და მოწყობილი ვართ სამხედრო წყობით. როდესაც ავადმყოფები გამოჯანმრთელდებიან და საკვებს შევაგროვებთ წავალთ ჩვენს გზაზე.
რაც შეეხება თქვენს მუქარას: ჩვენ შეგვიძლია გაგიმკლავდეთ ყველას ერთად, რადგან ბევრად მეტი მტერიც დაგვიმარცხება. და საერთოდ, თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია შეკრათ კავშირი თქვენს წინააღდეგ პაფლაგონიელთან (იგულისმხება კორილა); მითუმეტეს რომ გვსმენია მისი სურვილის შესახებ ხელთ იგდოს თქვენი ქალაქი და თქვენი ზღვისპირა დასახლებები. და ჩვენ შევეცდებით დავამყაროთ მასთან კავშირი და დავემხმაროთ მას ამ სურვილების განხორციელებაში“.
მაშინ შეშინებულმა ელჩებმა ჰეკატონიმე გვერდით გასწიეს და სხვაგვარად ალაპარაკდნენ: „ჩვენ აქ მოვედით არა ომისთვით, არამედ იმისთვის რომ დავამტკიცოთ ჩვენი მეგობრობა ელინებისადმი. თუ თქვენ მოხვალთ ქალაქ სინოპეში, ჩვენ შეგვხვდებით სტუმართმოყვარეობით, ხოლო ახლა კოტიორას მოქალაქეებს ვუბრძანებთ მოგცეთ ყველაფერი რაც გჭიდებათ და რისი მოცემაც შეუძლიათ, მითუმეტეს რომ ჩვენ ვხედავთ თვქენი ნათქვამის სიმართლეს“. მაშინ კოტიორელებმა სტუმარ ელინებს მისცეს საჩუქრები, ხოლო ელინმა სარდლებმა მოიწვიეს სინოპეს ელჩები და დიდხანს საუბრობდნენ მეგობრულად სხვადასხვა საკითხებზე, განსაკუთრებით მოგზაურობასა და ერთმანეთის საჭიროებაზე.
მეორე დღეს ელინებმა ისევ მოიწვეს სინოპელი ელჩები და თხოვეს რჩევა თუ როგორ განეგრძოთ გზა. მაშინ ჰეკატონიმე გამოვიდა და წინა დღის გაუგებრობის გამო მობოდიშების შემდეგ თქვა: გირჩევთ წახვიდეთ ზღვით და ჩვენ მოგცემთ ხომალდებს, რადგან თუ წახვალთ ხმელეთით მუდმივად მოგიწევთ ბრძოლა. მე გეუბნებით ამას როგორც პაფლაგონიისა და მისი ძალების მცოდნე. ამ ქვეყანაში არის შესანიშნავი დაბლობები და ძალიან მაღალი მთები. პირველი პუნქტი, რომელიც აუცილებლად უნდა გაიაროთ პაფლაგონიაში შესაღწევად ჩემთვის კარგად არის ნაცნობი. მისი ორივე გზა მთის მწვერვალებისკენ მიემართება და თუ ეს მწვერვალები მოწინააღმდეგეს აქვს დაკავებული, ვერცერთი არმია ვერ შეძლებს იქ გავლას. მე შემიძლია განახოთ ისინი, თუ გამაყოლებთ ვინმეს. ჩემთვის ცნობილია პაფლაგონური ვაკეები და პაფლაგონური მხედრობა, რომელსაც თვითონ ბარბაროსები თვლიან საუკეთესოს (სპარსეთის) მეფის მთელს მხედრობაში. ამ ომში (401 წ.) პაფლაგონიელები არ გამოცხადდნენ მეფის მოწოდებაზე, იმიტომ რომ მათი ხელისუფლება კარგად გრძნობს საკუთარ ძალას. თუ თქვენ შეძლებთ სწრაფად მიხვიდეთ და დაიკავოთ შესასვლელი მთები და ვაკეზე ბრძოლაში დაამარცხოთ ეს მხედრობა და 120000 ქვეითი, თქვენ პირველ რიგში მიადგებით მდინარე თერმოდონტს, რომლის სიგანე 3 პლეთრია, მისი გადალახვა ძალიან რთულია, მითუმეტეს მაშინ როდესაც წინ ბევრი მტერია და ბევრი მოგდევს უკნიდან. მეორე მდინარე ირისი ასევე 3 პლეთრია, ხოლო მესამე ჰალისი არანაკლებს 2 სტადიონი, რომელზეც ხომალდების გარეშე ვერ გადახვალთ, და მათ ვინ მოგაწვდით? ზუსტად ასევე გადაულახავია პართენიონი, რომელსაც მიაღწევთ ჰალისის გადალახვის შემდეგ. მე თქვენი ფეხით მოგზაურობას არათუ რთულად, არამედ შეუძლებლად ვთვლი. ხოლო თუ წახვალთ ზღვით, აქედან უნდა გასცუროთ სინოპში, სინოპიდან ჰერაკლეაში, ხოლო ჰერაკლეადან არ არის პრობლემა ხმელეთით წახვალთ თუ ზღვით. მითუმეტეს, რომ ჰერაკლეაში ბევრი ხომალდებია“.
ელინთა ერთმა ნაწილმა იფიქრა, რომ ელჩმა ეს მოყვა იმის გამო რომ მეგობრობდა კორილასთან, რადგან ადრე მასთან მსახურობდა; მეორე ნაწილი ფიქრობდა, რომ ელჩი უფრთხოდა ელინთა ფეხით წასვლის შემთხვევაში სინოპეს მხარის აოხრებას; მესამენი ფიქრობდნენ რომ ცბიერ ელჩს საჩუქრების მოპოვების სურვილი ამოძრავებდა და ასე შემდეგ. ასე რომ აშკარა იყო, ელინებმა ჰეკატონიმეს ნათქვამი ძალიან გაზვიადებულად ჩათვალეს, თუმცა ხვდებოდნენ, რომ ხმელეთით გზა ბევრად ხანგრძლივი და რთული იქნებოდა ზღვით მგზავრობასთან შედარებით, ამიტომ ქსენოფონტემ უპასუხა: „თუ შეგროვდება საჭირო ხომალდები, რომლებიც ყველას დაგვიტევს, მაშინ წავალთ ზღვით, თუ არადა ფეხით, რადგან მთელი ძალით შევძლებთ საკვების მოპოვებას და მტერთან გამკლავებას, მაგრამ მცირე ძალით დარჩენის შემთხვევაში გველის მონობა“. მაშინ სინოპელმა ელჩებმა ურჩიეს გაეგზავნათ ამ საკითხის გასარკვევად სინოპში ელჩობა. ელინებმა ეს მისია დააკისრეს არკადიელ კალიმაქეს, ათენელ არისტიონს და აქეელ სამოლს.
სანამ ისინი მობრუნდებოდნენ ქსენოფონტემ განაცხადა, რომ კარგი იქნებოდა აქვე დაეარსებინათ ქალაქი, სადაც დარჩებოდა მებრძოლთა ნაწილი. ამან ელინებში დაპირისპირება გამოიწვია. ერთნი მართლა ფიქრობდა დარჩენას, მეორენი დასასახლებლად სხვა ქალაქს ირჩევდა, მესამენი შინ დაუყონებლივ წასვლას ითხოვდა, მეოთხე ნაწილმა საერთოდ მოითხოვა ზღვით გაეცურათ ფაზისისკენ და დაეპყროთ ფაზისის ირგვლივ ყვეყანა, სადაც ამ დროს აიეტის შთამომავალი მეფობდა, რაზეც ქსენოფონტემ კატეგორიული უარი უთხრა. ამის მიუხედავად მეორე დღეს არმიაში გავრცელდა ცნობა თითქოს ქსენოფონტეს სურს ჯარი უკან კოლხეთში წაიყვანოს, რის გამოც მოლაშქრეები აბუნტდნენ. ქსენოფონტემ დიდი გაჭირვებით მოახერხა საპირისპიროში მათი დარწმუნება და დამშვიდება.
სანამ კოტიორასთან იყვნენ დაბანაკებული, ჯარისკაცებს საკვების ნაწილი ქალაქის ბაზრიდან მოჰქონდათ, ნაწილს პაფლაგონიაზე თავდასხმებით აგროვებდნენ. საპასუხოდ პაფლაგონიელების ესხმოდნენ ცალკე მოხეტიალე, ანდა ბანაკისგან მოშორებით მყოფ ჯარისკაცებს და ჟლეტდნენ. ასე რომ სიტუაცია ორ მხარეს შორის ძალიან დაიძაბა. ბოლოს კორილამ, რომელიც მართავდა პაფლაგონიას, გამოუზავნა ელინებს ელჩები ცხენებითა და ძვირფასი ტანსაცმლით ხელდამშვენებული. ელჩებმა განაცხადეს, რომ კორილას არ სურს მიაყენოს ვნება ელინებს და ელინებმაც არ უნდა გააკეთონ იგივე. ელინმა სტრატეგებმა პატივით მიიღეს ისინი, საზეიმო ღონისძიებაც გაუმართეს, მეორე დღეს კი სასურველი ხელშეკრულება გაუფორმეს და გაუშვეს. 
მაშინ, კოტიორაში ყოფნის 45 დღის შემდეგ, ელინთა მთელი ჯარი შესხდა ხომალდებზე და სინოპესკენ გასცურა. ერთ დღეში მათ მაღწიეს სინოპეს ნავსადგურ ჰარმენეს. სინოპელები ცხოვრობენ პაფლაგონელთა ქვეყანაში, ხოლო თვითონ არიან მილეტიდან გადმოსახლებულნი. სინოპელებმა ელინებს გამოუზავნეს 3000 მედიმნი (1 მედიმნი = 52,5 ლიტრს) პურის ფქვილი და 1500 კერამიი ღვინო.
აქ 5 დღე დაყვეს და შემდეგ ზღვით განაგრძეს გზა ჰერაკლიამდე, რომელიც იყო მეგარელი ელინების ახალშენი მარიანდინების ქვეყანაში“...
თხზულების ბოლოს ქსენოფონტე აჯამებს თუ რომელი ქვეყნები გაიარა და წერს: „მეთაურები (სპარსეთის) სამეფო ოლქებისა, რომლებიც ჩვენ გავიარეთ იყვნენ: „ლიდიის არტიმი, ფრიგიის არტაკამი, ლიკაონიისა და კაპადოკიის მითრიდატე, კილიკიის სიენესიი, ფინიკიისა და არაბიის დერნი, სირიისა და ასირიის ველესიი, ბაბილონის როპარი, მიდიის არვაკი, ფასიანებისა და ჰესპერიტების (ჰესპერ = დასავლეთს, ე.ი. დასავლეთ არმენები) ტირიბაზი; – კადუხები, ხალიბები, ხალდები, მაკრონები, კოლხები, მოსსინიკები, კეტები და ტიბარენები არიან დამოუკიდებელი ტომები; – პაფლაგონიის კორილა, ბითინიის ფარნავაზი და ევროპული თრაკიის სებთი“.

ქსენოფონტე

ქსენოფონტეს ანაბასისი შინისკენ







Комментариев нет:

Отправить комментарий