მელპომენე (ტრაგედიის მუზა)
სკვითები და დარიოსის ლაშქრობა სკვითიაში
სკვითები და დარიოსის ლაშქრობა სკვითიაში
1. ბაბილონის აღების შემდეგ თვით დარიოსმა სკვითების წინააღმდეგ გაილაშქრა. რადგან აზია მოსახლეობის მხრივ ძალიან იყო მომრავლებული და ფულიც ძალიან ბევრი შემოდიოდა, დარიოსმა განიზრახა, დაესაჯა სკვითები, რადგან ისინი უწინ შეიჭრნენ მიდიაში, დაამარცხეს ბრძოლაში მოწინააღმდეგეები და პირველები მოიქცნენ უსამართლოდ. როგორც უწინ ვთქვი, ზემო აზიას მართავდნენ სკვითები ორწელ ნაკლებ ოცდაათი წელი. კიმერიელებს რომ მისდევდნენ, შეიჭრნენ აზიაში და ბოლო მოუღეს მიდიელების ბატონობას (სკვითების მოსვლამდის ხომ ესენი განაგებდნენ აზიას). სკვითები ოცდარვა წელიწადი იყვნენ წასულები და ამდენი ხნის შემდეგ რომ დაბრუნდნენ თავის ქვეყანაში, არა ნაკლები განსაცდელი მოელოდათ, ვიდრე მიდიელებთან ბრძოლა იყო. მათ მოწინააღმდეგის მცირე ლაშქარი როდი დახვედრიათ, რადგან სკვითი ქალები რაკიღა მათი ქმრები დიდხანს იყვნენ წასული, ამასობაში მონებთან დადიოდნენ.
2. სკვითები ყველა მონას აბმრავებენ რძის გულისათვის, რომელსაც სვამენ. ამას ასე აკეთებენ: იღებენ ძვლის ჩასაბერ მილებს, რომლებიც ძალიან ჰგვანან სალამურებს, ამას ჩაუდგამენ ფაშატ ცხენებს ასოში და პირით უბერავენ, ხოლო ზოგი რომ უბერავს, ამ დროს სხვები სწველიან. ამბობენ, რომ ამას შემდეგი რამისათვის აკეთებენ: როდესაც უბერავენ, ფაშატს ძარღვები ებერება და ჯიქანი დაბლა იწევს. როდესაც რძეს მოსწველიან, ასხამენ ხის ღრმა ჭურჭელში, ამ ჭურჭლებს შემოუსხამენ ბრმებს, რომლებიც სდღვებავენ რძეს: რძის იმ ნაწილს, რომელიც ზემოთ ამოდის, ხდიან და ისაა მიჩნეული საუკეთესოდ, ხოლო რომელიც ძირს რჩება, ის ნაკლებად ფასობს, ვიდრე პირველი. აი, ამის გამოა, რომ სკვითები ვისაც კი ხელთ იგდებენ, ყველას აბრმავებენ. ისინი ხომ მიწათმოქმედნი არ არიან, არამედ მომთაბარენი.
3. ამ მონათაგან და ქალთაგან წარმოსდგა ახალი თაობა, რომელმაც თავისი წარმოშობა რომ შეიტყო, წინააღმდეგობა გაუწია სკვითების მიდიელთაგან უკან დაბრუნებას. უპირველეს ყოვლისა მათ თავისი ქვეყანა შემოუზღუდეს ფართხო თხრილით, რომელიც ვრცელდებოდა ტავროსის მთებიდან მაიეტისის ტბის იმ ნაწილამდე, სადაც ის ყველაზე უფრო ფართოა. შემდეგ, როდესაც სკვითები ცდილობდნენ ამ ქვეყანაში შეჭრას, ისინი მათ წინააღმდეგ გამოდიოდნენ და ებრძოდნენ. ბრძოლა ხშირად ხდებოდა, მაგრამ სკვითებმა ვერ შეძლეს რაიმე უპირატესობა მოეპოვებინათ ბრძოლაში. მაშინ ერთმა მათგანმა თქვა: რას შვრებით, სკვითებო? ჩვენ საკუთარ მონებს ვეომებით და ჯერ ეს ერთი ვიხოცებით და მცირერიცხოვანნი ვხდებით, მერეა და მათ ვხოცავთ და ხელქვეითები ნაკლები გვრჩება. ამიტომ მე ვფიქრობ, შუბები და მშვილდები დავყაროთ, თითოეულმა ჩვენგანმა აიღოს ცხენის მათრახი და წავიდეთ მათკენ. სანამ ისინი გვხედავენ, რომ იარაღი არ გვიჭირავს, იმათ მიაჩნიათ, რომ ჩვენი მსგავსნი არიან და ჩვენი მსგავსნი წარმოშობისა. ხოლო როდესაც დაინახავენ, რომ იარღის ნაცვლად მათრახები გვიჭირავს, მიხვდებიან, რომ ჩვენი მონები არიან და ამ შეგნებით წინააღმდეგობას აღარ გაგვიწევენ.
4. ეს რომ მოისმინეს სკვითებმა, ასეც მოიქცნენ, ხოლო ახალგაზრდობამ გაოცებისაგან ბრძოლა მიატოვა და გაიქცა. ამგვარად, სკვითები იყვნენ აზიის მბრძანებლები, შემდეგ გამოაძევეს ისინი მიდიელებმა და ზემოხსენებული ხერხით დაბურნდნენ ისინი თავის სამშობლოში. აი, რის გულისთვის უნდოდა დარიოსს მათი დასჯა და შეაგროვა ჯარი მათ წიანააღმდეგ.
5. როგორც სკვითები ამბობენ, ისინი ხალხებს შორის ყველაზე ახალგაზრდები არიან და თავისი წარმოშობის შესახებ შემდეგს მოგვითხრობენ: პირველი კაცი, რომელიც დაიბადა ამ, მაშინ უდაბურ ქვეყანაში, იყო ტრაგიტაოსი. ისინი ამბობენ (თუმცა კი მე არ მჯერა ამ ნათქვამის), რომ ამ ტრაგიტაოსის მშობლები იყვნენ ზევსი და მდინარე ბორისთენესის ასული. აი, ამნაირი წარმოშობის იყო ტრაგიტაოსი, ხოლო მას ჰყავდა სამი შვილი: ლიპოქსაისი, არპოქსაისი და ყველაზე უმცროსი – კოლაქსაისი. მათი მმართველობის დროს ციდან ჩამოცვივდა ოქროს ნივთები: გუთანი, უღელი, ცული და ჯამი; დაცვივდნენ ისინი სკვითების ქვეყანაში. პირველმა ეს ნივთები დაინახა უფროსმა, მივიდა მათთან ახლოს, უნდოდა აეღო, მაგრამ, რომ მიუახლოვდა, ცეცხლი წაეკიდა ოქროს. ის გაბრუნდა უკან, ახლა მეორე ძმა წამოვიდა, მაგრამ კვლავ იგივე მოხდა. ისე რომ, ოქრომ თავისი ცეცხლით მოიშორა ისინი თავიდან. მესამედ მივიდა მათთან სულ უმცროსი ძმა და ცეცხლი ჩაქრა, ისე რომ მან წაიღო ეს ნივთები თავის სახლში. ამის მერე უფროსმა ძმებმა სცნეს მინიშნება და უმცროსს გადასცეს მთელი ძალაუფლება.
6. ლიპოქსაისისაგან წარმოიშვა სკვითების ის გვარი, რომელთაც ეწოდებათ ავქატები. საშუალო ძმისაგან, აპროქსაისისაგან ისინი, რომელთაც ეწოდებათ კატიარები და ტრასპიები, ხოლო უმცროსისაგან სამეფო სკვითები, რომელთაც ეწოდებათ პარალატები. მათი საერთო სახელწოდება არის სკოლოტები, მეფე სკოლოტოსის სახელის მიხედვით. სკვითები მათ ელინებმა უწოდეს.
7. აი, ამას მოგვითხრობენ სკვითები თავისი წარმოშობის შესახებ. ისინი ამბობენ, რომ პირველი მეფიდან, ტარგიტაოსიდან დარიოსის მათ ქვეყანაში გამოსვლამდე გავიდა სულ მთლიანად არც მეტი, არც ნაკლები 1000 წელი, ზუსტად ამდენი. მეფეები ამ წმინდა ოქროს საგანგებოდ იცავენ, ყოველწლიურად მოდიან და დიდი მსხვერპლშეწირვებით ცდილობენ მისი მოწყალება დაიმსახურონ. ვისაც აქვს ეს წმინდა ოქრო და დღესასწაულის დროს ღია ცის ქვეშ დაეძინება, მასზე ამბობენ სკვითები, ერთ წელსაც ვეღარ გაძლებსო. ამის გამო მას აძლევენ იმოდენა მიწას, რასაც ერთი დღის განმავლობაში გარშემოუვლის ცხენით. რადგანაც ქვეყანა დიდი იყო, კოლაქსაისმა ის სამ სამეფოდ გაუყო თავის შვილებს, მათ შორის ერთი ყველაზე დიდია და იქ ინახება ოქრო. ამბობენ, რომ ამ ქვეყნის ზემოთ, ჩრდილოეთის ქარისაგან მდებარე ქვეყნებში შეუძლებელია წინ რაიმეს დანახვა, ანდა გავლა, რადგან ყველგან ბუმბულია მოფენილი. უამრავი ბუმბულია მიწაზედაც და ჰაერშიც და ესაა, რომ ხედს ეფარება.
8. სკვითები ამას მოგვითხრობენ თავის თავისა და მათ ზემოთ მდებარე ქვეყნის შესახებ, ხოლო ის ელინები, რომლებიც პონტოსთან ცხოვრობენ, მოგვითხრობენ შემდეგს: ჰერაკლე, რომელიც მიერეკებოდა გერიონესის ხარებს, მოვიდა ამ ქვეყნამდე, რომელიც უდაბური იყო და რომელიც ახლა სკვითებს უჭირავთ, ხოლო გერიონესი ცხოვრობდა პონტოს გარეთ, როგორც ელინები ამბობენ, ერითეის კუნძულზე, რომელიც გედეირასთან არის, ჰერაკლეს სვეტებს გარეთ, ოკეანესთან, ისინი კი ამბობენ, რომ ოკეანე მზის აღმოსავლეთიდან დაწყებული მთელი დედამიწის გარშემო მოედინება, მაგრამ საქმით ამას ვერ ამტკიცებენ. აქედან რომ მოვიდა ჰერაკლე ახლა სკვითურად წოდებულ ქვეყანაში (რაკი ზამთარმა და ყინვამ მოუსწრო მას), გაეხვია ლომის ტყავში და ისე დაიძინა. ამ დროს ღვთის განგებით ცხენები, რომლებიც მას ეტლში ება, გაქრნენ.
9. ჰერაკლემ რომ გაიღვიძა, დაუწყო მათ ძებნა, მთელი ქვეყანა დაიარა, ვიდრე არ მოვიდა ეგრეთ წოდებულ ჰილეის ქვეყანაში. იქ ერთ გამოქვაბულში აღმოაჩინა ორმაგი ბუნების ქმნილება, ქალწულისა და იქედნეს ნარევი, რომელსაც საჯდომს ზემოთ ნაწილები ქალისა ჰქონდა, ხოლო ქვემოთ – გველისა. ჰერაკლემ დაინახა, გაუკვირდა და შეეკითხა, ხომ არსად გინახავს უპატრონოდ მოხეტიალე ცხენებიო. იმან უპასუხა, რომ ცხენები მას ჰყავს და არ დაუბრუნებს, ვიდრე ჰერაკლე მასთან არ დაწვება. ამ ფასად ჰერაკლე დაწვა მასთან. იგი აჭიანურებდა ცხენების დაბრუნებას, რადგან უნდოდა, რომ რაც შეიძლება მეტხანს ყოფილიყო ჰერაკლე მასთან. ჰერაკლეს კი ეჩქარებოდა მიეღო თავისი ცხენები და აქედან წასულიყო. ბოლოს დაუბრუნა მას ცხენები და უთხრა: ცხენები რომ აქ მოვიდნენ, მე შეგინახე ისინი, ხოლო შენ მათი გადარჩენისათვის გასამრჯელო მომეცი; მე შენგან სამი შვილი მყავს. როცა ისინი გაიზრდებიან, მითხარი, რა უნდა ვუქნა იმათ, აქ დავასახლო (ეს ქვეყანა ხომ ჩემი სამფლობელოა), თუ შენთან გამოვგზავნო. ის ამას შეეკითხა, ხოლო ამბობენ, რომ ჰერაკლემ ამაზე უთხრა: როდესაც დაინახავ, რომ შენი შვილები დავაჟკაცდნენ, არ იქნება შეცდომა, თუ ასე მოიქცევი: უყურე და რომელი მათგანიც შეძლებს ამ მშვილდის ასე მოწევას და სარტყლის ამნაირად შემორტყმას, ის გახადე ამ ქვეყნის მცხოვრები, ხოლო ის, ვინც ამას ვერ შეძლებს, გაგზავნე ამ ქვეყნიდან. ამას რომ გააკეთებ, თვითონაც კმაყოფილი იქნები და ჩემს დანაბარებსაც შეასრულებ.
10. თავისი მშვილდებიდან ერთი მოზიდა (აქამდე ხომ ჰერაკლე მუდამ ორ მშვილდს ატრებდა) და აჩვენა სარტყელიც, გადასცა მას მშვილდი და სარტყელი, რომელსაც ბალთის ბოლოზე ოქროს ფიალა ჰქონდა, მისცა და წავიდა, ხოლო დედამ, როდესაც მისი დაჩენილი შვილებიც დავაჟკაცდნენ, ჯერ დაარქვა მათ სახელები: ერთს აგათიროსის, მის მომდევნოს გელონოსი, ხოლო სულ უმცროსს სკვითესი. ხოლო შემდეგ, ახსოვდა მას ჰერაკლეს დანაბარები და ისიც შეასრულა. ორმა შვილმა, აგატირსოსმა და გელონოსმა, ვერ შეძლეს შემოთავაზებულ შეჯიბრში შედეგისათვის მიეღწიათ, ამიტომ მშობელმა გააძევა ისინი თავისი ქვეყნიდან და ისინი წავიდნენ, ხოლო ყველაზე უმცროსმა მათ შორის, სკვითესმა შეასრულა, რაც საჭირო იყო და დარჩა ამ ქვეყანაში. აი ამ სკვითებისაგან, ჰერაკლეს ძისაგან, წარმოიშვენ ისინი, ვინც მუდამ სკვითების მეფეები არიან, ხოლო ჰერაკლეს ფიალის გამო არის, რომ სკვითები აქამდე სარტყელზე ფიალას ატარებენ. აი, ეს გაუკეთა დედამ სკვითესს. ამას მოგვითხრობენ ეს ელინები, ვინც პონტოსთან ცხოვრობენ.
11. ხოლო არის კიდევ სხვა ამბავი, რომელიც შემდეგი შინაარსისაა და რომელსაც მე თვით განსაკუთრებით მჯერა. მომთაბარე სკვითები ცხოვრობენ აზიაში, ომში მასაგეტების მიერ შევიწროვებულებმა გადაიარეს მდინარე არაქსი და მივიდნენ კიმერიელების ქვეყანაში (რადგან ეს ქვეყანა, სადაც ახლა სკვითები ცხოვრობენ, ამბობენ, კიმერიელებისა იყოო); სკვითები რომ თავს დაესხნენ, კიმერიელებმა თათბირი გამართეს, რადგანაც დიდი ჯარი დაესხათ თავს; კიმერიელთა აზრი გაიყო, მაგრამ ორივე მხარე მტკიცედ ადგა თავისას, უმჯობესი აღმოჩნდა ბასილევსთა აზრი, რადგან ხალხის აზრით უნდა აყრილიყვნენ ქვეყნიდან და არ იყო საჭირო თავის საფრთხეში ტყუილუბრალოდ ჩაგდება. ხოლო ბასილევსთა აზრით, საჭირო იყო ბრძოლა ქვეყნისათვის თავდამსხმელების წინააღმდეგ. მაგრამ არც ხალხმა მოინდომა ბასილევსების დაჯერება და არც ბასილევსმა ხალხისა. ხალხმა გადაწყვიტა, უბრძოლველად დატოვოს ქვეყანა და გადასცეს იგი თავდამსხმელს, ხოლო ბასილევსებმა გადაწყვიტეს, თავი დაედოთ თავიანთი ქვეყნისათვის და ხალხთან ერთად არ გაქცეულიყვნენ. ისინი იმაზე ფიქრობდნენ, თუ რამ კარგი განუცდიათ სამშობლოში და იმაზედაც, თუ რა ბოროტება მოელით, თუკი გაიქცევიან სამშობლოდან. ასე რომ ფიქრობდნენ, წაიჩხუბენ და გაიყვნენ შუაზე, ისე რომ ორივე მხარეზე ბასილევსების თანაბარი რაოდენობა დარჩა და შეებრძოლნენ ერთმანეთს. ამათ სულ მთლად ამოხოცეს ერთმანეთი, ხოლო კიმერიელმა ხალხმა დამარხა ისინი მდინარე ტირესთან (მათი საფლავები ჯერაც ჩანს), ასე დამარხეს და წამოვიდნენ ქვეყნიდან, ხოლო სკვითები მოვიდნენ და დაიპყრეს დაცარიელებული ქვეყანა.
12. ახლაც არის სკვითიაში კიმერიული ზღუდეები, არის კიმერიული გადასასვლელი, არის ქვეყანა, რომელსაც ეწოდება კიმერიე, არის კიმერიულად წოდებული ბოსფორი. ჩანს, რომ კიმერიელები, რომელზედაც არის ახლა სინოპე, ელინური ქალაქი. ცხადია, რომ სკვითები, რომლებიც მათ სდევნიდნენ, მოვიდნენ მიდიის მიწა-წყალზე (შეეშალათ გზა). კიმერიელები სულ ზღვის გასწვრივ გარბოდნენ, ხოლო სკვითებს კავკასოსი მარჯვნივ ჰქონდათ, ისე მისდევდნენ, ვიდრე არ მოხვდნენ მიდიის მიწა-წყალზე, ე.ი. გადაუხვიეს გზას სიგნით, შუა ხმელეთისაკენ. ესაა ის მეორე მოსაზრება, რომელსაც გამოთქვამდნენ ელინებიც და ბარბაროსებიც.
13. არისტეეს კაისტრობიოსის ძემ, პროკონესოსელმა თქვა თავის პოემაში, რომ ის მოვიდა ისედონებთან ფოიბოსის მიერ შთაგონებული. ისედონებს ზემოთ ცხოვრობენ არიმასპები, ცალთვალა ხალხი, ამათ ზემოთ ოქროსმცველი გრიფონები, ხოლო მათ ზემოთ – ჰიპერბორეები, რომლებიც აღწევენ ზღვამდე. ყველა ეს ხალხი გარდა ჰიბერბორეებისა, დაწყებული არიმასპებიდან მუდამ თავს ესხმის მეზობლებს, ისე რომ ისედონები გამოაძევეს თავისი მიწა-წყლიდან არიმასპებმა, ისედონებმა – სკვითები, ხოლო კიმერიელებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთის ზღვასთან, დატოვეს თავისი ქვეყანა სკვითების მიერ შევიწროვებულებმა. ამგვარად, არისტეესის მონათხრობი ამ ქვეყნის შესახებ განსახვავდება სკვითების გადმოცემისაგან.
14. საიდანაც იყო არისტეესი, რომელმაც ეს შეთხზა, უკვე ვთქვი. ახლა გადმოგცემთ იმ ამბავს, რომელიც მოვისმინე მის შესახებ პროკონესოსსა და კიძიკოსში. ამბობენ, რომ არისტეესი, რომელიც წარმოშობით მოქალააქეთა შორის უმნიშვნელო გვარისა არ იყო, პროკონესოსში ერთხელ შევიდა სამთელავოში და მოკვდა. მთელავმა დაკეტა სახელოსნო და მიცვალებულის ნათესავებთან წავიდა შესატყობინებლად. მთელ ქალაქს მოედო არისტეესის სიკვდილის ამბავი. მაგრამ ერთი კიძიკოსელი კაცი, რომელიც მოვიდა ქალაქ არტაკედან, ეკამათებოდა ამის მთქმელებს; ამბობდა, რომ ის თვითონ შეხვდა არისტეესს, რომელიც მიდიოდა კიძიკოსში და კიდევაც ელაპარაკა მას. ეს კაცი გამწარებით კამათობდა, ხოლო მიცვალებულის ნათესავები მივიდნენ სამთელავოში და თან ჰქონდათ ყველაფერი, რაც საჭირო იყო მის დასამარხავად. როდესაც გააღეს შენობა, არისტეესი არც მკვდარი ჩანდა და არც ცოცხალი. ხოლო შემდეგ, მეშვიდე წელს ის გამოჩნდა პროკონესოსში და შეთხზა ის პოემა, რასაც ელინები ახლა არიმასპეას უწოდებენ. შეთხზა და ხელმეორედ გაქრა.
15. ამას გვიამბობენ ამ ქალაქებში, ხოლო მე ვიცი, რაც მოუხდათ მეტაპონტიონელებს, რომლებიც იტალიაში არიან, არისტეესის მეორედ გაუჩინარების 240 წლის მერე; ეს გამოვიკვლიე შედარების შედეგად პროკონესოსსა და მეტაპონტიონში. მეტაპონტიონელები ამბობენ, რომ თვითონ არისტეესი გამოჩნდა მათ ქვეყანაში და ბრძანა, აეგოთ აპოლონისთვის საკურთხეველი და მის გვერდით დაედგათ ქანდაკება, რომელსაც დაარქმევდნენ არისტეეს პროკონესოსელის სახელს. მან თქვა, რომ იტალიელთა შორის მხოლოდ მათ ქვეყანაში მოვიდა აპოლონი და თვითონაც მას მოჰყვა, მაგრამ ახლა რომ არისტესია, მაშინ, როდესაც ღმერთს მოსდევდა, ყვავი იყო. ეს რომ თქვა, არისტეესი გაუჩინარდა, ხოლო მეტაპონტიონელებმა თქვეს, რომ დელფოში გაგზავნეს კაცები, რომ ეკითხათ ღმერთისათვის, თუ რას ნიშნავდა ადამიანის მოჩვენება. პითიამ უბრძანა მათ, რომ დაეჯერებინათ მოჩვენებისათვის და რომ დაუჯერებენ, ეს მათთვის უკეთესი იქნება. მეტაპონტიონელებმა მიიღეს ნათქვამი და შეასრულეს. ახლაც დგას აპოლონის გამოსახულებასთან ქანდაკება, რომელსაც არისტეესისა ეწოდება და მის ირგვლივ დაფნის ხეებია ჩაყრილი. ხოლო აპოლონის გამოსახულება მოედანზეა. აი, ეს უნდა ითქვას არისტეესის შესახებ.
16. არავინ იცის ზუსტათ, თუ რა არის იმ ქვეყნის ზემოთ, რომლის შესახებაც აქ თხრობა დავიწყე, რადგან არავის უნახავს თავისი თვალით იქაურობა და მე არ შემიძლია, ვისმე ვაამბობინო და შევიტყო. თვით ჩემს მიერ ცოტა ზემოთ მოხსენებული არისტეესიც კი არ წასულა ისედონებზე შორს, როგორც თვითონვე ამბობს თავის პოემაში, ხოლო ამაზე ზემოთ მდებარე ქვეყნების შესახებ ის გადმოსცემდა განაგონის მიხედვით და ამბობდა, ამას ისედონები ლაპარაკობენო. ხოლო ჩვენ, რაც კი დანამდვილებით შევიტყვეთ ყველაზე შორს მდებარე ქვეყნების შესახებ, თუნდაც განაგონის მიხედვით, ყველაფერს გადმოვცემთ.
17. ბორისთენიტთა სავაჭრო ადგილიდან (ეს ხომ მთელი სკვითიის ზღვისპირა საშუალო ადგილია), პირველები ცხოვრობენ კალიპიდები, რომლებიც არიან ელინი სკვითები, ხოლო ამათ ზემოთ არის სხვა ტომი, რომელსაც უწოდებენ ალიძონებს. ესენიც და კალიპიდებიც სხვა ყველაფერს ისევე აკეთებენ, როგორც სკვითები, ხოლო პურს თესენ და ჭამენ კიდეც, ასევე ხახვს, ნიორს, ოსპსა და ფეტვს. ალიძონებს ზემოთ ცხოვრობენ მიწათმოქმედი სკვითები, რომლებიც საჭმელად კი არ თესენ პურს, არამედ გასაყიდად. ამათ ზემოთ ცხოვრობენ ნევრები, ხოლო ნევრებისაგან ჩრდილოეთისაკენ არის უკაცრიელი ადგილი, როგორც ჩვენ ვიცით. ეს ტომები მდინარე ჰიპანისის გასწვრივ ცხოვრობენ ბორისთენესიდან დასავლეთისაკენ.
18. როდესაც გადაივლით ბორისთენეს, ზღვიდან პირველი არის ჰილეე, ხოლო აქედან ზემოთ რომ წახვალთ, ცხოვრობენ მიწათმოქმედი სკვითები, რომელთაც მდინარე ჰიპანისთან მცხოვრები ელინები უწოდებენ ბორისთენიტებს, ხოლო ისინი თავისთავს – ოლბიოპოლიტებს. ამ მიწათმოქმედი სკვითების საცხოვრისი აღმოსავლეთისაკენ სამი დღის სავალზე ვრცელდება და აღწევს მდინარემდის, რომელსაც ეწოდება პანტიკაპესი, ხოლო ჩრდილოეთის ქარის მიმართულებით მდინარე ბორისთენესის დინებას აღმა თუ ავყვებით, 11 დღის სავალი გზაა. ამათ ზემოთ არის უდაბნო, საკმაოდ დიდი. უდაბნოს შემდეგ ცხოვრებენ ანდროფაგები, სრულიად სხვა ტომი, რომელსაც არაფერი აქვს სკვითური, ხოლო ამათ ზემოთ არის ნამდვილი უდაბნო, რომელზედაც რამდენადაც ვიცი, ადამიანთა არც ერთი ტომი არ ცხოვრობს.
19. ამ მიწათმოქმედი სკვითებისაგან აღმოსავლეთით, მდინარე პანტიკაპესის გადაღმა ცხოვრობენ მომთაბარე სკვითები, რომლებიც არც თესენ რამეს და არც არაფერს ხნავენ. მთელი ეს ქვეყანა უტყეოა, გარდა ჰილეესი. ეს მომთაბარეები ცხოვრობენ ქვეყანაში, რომელიც ვრცელდება აღმოსავლეთისაკენ მდინარე გეროსამდე და ამ გზის გავლას სჭირდება 14 დღე.
20. გეროსის გადაღმა არის სამეფოდ წოდებული მხარე, სადაც არიან უმამაცესი და მრავალრიცხვოანი სკვითები, რომლებიც სხვა სკვითებს თავის მონებად მიიჩნევენ. სამხრეთისაკენ ესენი აღწევენ ტავრიკემდე, ხოლო აღმოსავლეთისაკენ მიწაყრილამდე, რომელიც მოთხარეს უსინათლოებმა და მაიეტისის ტბის სავაჭრო პუნქტამდე, რომელსაც ეწოდება კრემნო. მათი ადგილები ვრცელდება მდინარე ტანაისამდე. სამეფო სკვითების ზემოთ ჩრდილოეთისაკენ ცხოვრობენ მელანქლაინები. ეს სხვა ტომია, არა სკვითური. ხოლო მელანქლაინების ზემოთ არის ტბები და უკაცრიელი ადგილები, როგორც ჩვენ ვიცით.
21. ხოლო მდინარე ტანაიისს რომ გადაივლი, უკვე სკვითია კი აღარაა, არამედ აქაა პირველი სავრომატული ქვეყანა. ეს სავრომატული ქვეყნები იწყება მაიეტისის ტბის უკიდურესი წერტილიდან და ვრცელდება ჩრდილოეთის მიმართულებით 15 დღის სავალი გზის მანძილზე. მთელ ამ მხარეში ვერ ნახავთ ვერც ველურ მცენარეს და ვერც ხეხილს. ამათ ზემოთ მეორე მხარეში ბუდინები ცხოვრობენ. მათ უჭირავთ ქვეყანა, რომელიც მთლად დაფარულია სხვადასხვაგვარი ხშირი ტყით.
22. ბუდინების ზემოთ ჩრდილოეთისაკენ პირველია დაახლოებით 7 დღის სავალი უდაბნო. უდაბნოს შემდეგ რომ გადაუხვევ უფრო აღმოსავლეთისაკენ, არიან თისაგეტები, მრავალრიცხოვანი და თავისებური ტომი. ისინი თავს ირჩენენ მონადირეობით. მათ მახლობლად იმავე ადგილებში ცხოვრობს ხალხი, რომელსაც სახელად ჰქვია იირკები. ესენიც მონადირეობით ირჩენენ თავს. ისინი შემდეგნაირად ნადირობენ: მონადირე ადის ხეზე და იქ საფრდება (ძალიან ხშირი ტყეა მთელ ქვეყანაში); თითოეულს გამზადებული ჰყავს ცხენი, რომელიც მიჩვეულია მუცელზე წოლას (იმისათვის, რომ უფრო დაბალი გამოჩნდეს) და ძაღლი. როგორც კი დაინახავს მონადირე ხიდან მხეცს, მაშინვე ესვრის ისარს, მერე შეჯდება ცხენზე და გაეკიდება, ძაღლიც თან მისდევს. ამათ ზემოთ, მხოლოდ უფრო აღმოსავლეთისაკენ ცხოვრობენ სხვა სკვითები, რომლებიც სამეფო სკვითებს გამოეყვნენ და ასე მოვიდნენ ამ ადგილას.
23. მთელი ეს ქვეყანა, რომელზედაც ვილაპარაკეთ, ვიდრე ამ სკვითების მიწა-წყალმდე, დაბლობი და პოხიერნიადაგიანია, ხოლო აქედან არის ქვიანი და ოღრო-ჩოღრო. ამ ოღრო-ჩოღრო მხარის დიდ ნაწილს რომ გაივლი, მაღალი მთების ძირას მდებარე ადგილებში, ამბობენ, რომ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც დაბადებით ყველანი მელოტები არიან, კაცებიცა და ქალებიც ერთნაირად, მათ აქვთ მიჭყლეტილი ცხვირები და დიდი ნიკაპები. ისინი საკუთარ ენაზე ლაპარაკობენ. ტანსაცმელს კი ხმარობენ სკვითურს, ხოლო საჭმელს ხეებზე შოულობენ. ხეს, რომლისგანაც ისინი იკვებებიან, ჰქვია სახელად პონტიკონი და სიდიდით დაახლოებით ლეღვის ხის ოდენაა. ნაყოფი მოაქვს ლობიოს მსგავსი, მაგრამ კურკიანი. როდესაც ის დამწიფდება, სწურავენ ნაჭერში, აქედან გამოდის სქელი და შავი წვენი. ამ წვენს ეწოდება ასქი და ამ ასქის საფუარს აურევენ და ამას სჭამენ. საქონელი მათ ბევრი არ ჰყავთ, რადგან საძოვრები ამ მხარეში უვარგისია. თითოეული მათგანი სახლდება ხის ძირში, ზამთრობით ხეს შემოაფარებენ ხოლმე თეთრი ნაბდის საფარველს, ხოლო ზაფხულობით ნაბადს ხსნიან. ადამიანთაგან არავინ ექცევა მათ უსამართლოდ (რადგან, ამბობენ, რომ ისინი წმინდანები არიან), მათ არც საომარი რამ იარაღი აქვთ. შემდეგ ესენი არიან, რომ მეზობელ ტომებში უთანხმოებას აგვარებენ. ამას გარდა, თუ ვინმე ლტოლვილმა მათ შეაფარა თავი, მას არავინ აღარაფერს დაუშავებს. მათ ჰქვიათ არგიპეები.
24. ამ მელოტთა საცხოვრისამდე ქვეყნის დიდი ნაწილი კარგად არის ცნობილი და აგრეთვე მათ აქეთ მცხოვრები ხალხებიც. რადგან სკვითთაგან ზოგიერთები აღწევენ მათ ქვეყნამდე და მათგან ძნელი არაა ამბის შეტყობა, აგრეთვე ელინთაგან, რომლებიც ბორისთენესის სავაჭრო ადგილიდან არიან და პონტოს სხვა სავაჭრო ადგილებიდან. სკვითთაგან მოსულთ 7 თარჯიმნითა და 7 ენაზე უხდებათ მათთან ლაპარაკი.
25. ამგვარად, აქამდე მდებარე ქვეყანა ცნობილია, ხოლო მელოტთა ზემოთ რაც ხდება, ამის შესახებ დანამდვილებით ვერავინ ვერაფერს იტყვის, რადგან ისინი მოჭრილი არიან გაუვალი, მაღალი მთებით, რომლებზედაც არავინ გადასულა. თვით ეს მელოტები ამბობენ (მე კი ამისი არ მჯერა), რომ მთებში ცხოვრობს თხისფეხებიანი ხალხი, ხოლო მთას რომ გადახვალ, იქ სხვა ხალხია, რომელსაც წელიწადში ექვს თვეს სძინავსო. მე ამისი სულაც არ მჯერა. ხოლო მელოტებისაგან აღმოსავლეთით, კარგად არის ცნობილი, რომ ისედონები ცხოვრობენ. არაფერია ცნობილი არც მელოტებისა და არც ისედონების ზემოთ, ჩრდილოეთით მდებარე მხარის შესახებ იმის გარდა, რასაც თვითონ არ მოგვითხრობენ.
26. ამბობენ, რომ ისედონებს შემდეგი ჩვეულებები აქვთ: როდესაც კაცს მოუკვდება მამა, მთელი მისი მახლობლები მორეკავენ საქონელს, შემდეგ მათ დაჰკლავენ, დასჭრიან ხორცს და ამასთან ერთად დასჭრიან მასპინძლის მშობელსაც. მთელ ამ ხორცს აურევენ და პურის ჭამას მართავენ. მიცვალებულის თავს აცლიან თმებს, შიგნიდან კარგად სწმენდენ, ოქროში ჰფარავენ და შემდეგ ხმარობენ როგორც საგანგებო ნივთს, რომელითაც ყოველწლიურად დიდ მსხვერპლშეწირვას ახდენენ. ამას შვილი უკეთებს მამას ისევე, როგორც ელინები მართავენ ხოლმე ქელეხს. ამბობენ, რომ ეს ხალხი სამართლიანი არის და ქალები მამაკაცის თანაბარი უფლებებით სარგებლობენ.
27. ამგვარად ესენი ცნობილი არიან, ხოლო ამათ ზემოთ, ისევ ისედონები მოგვითხრობენ, რომ არის ცალთვალა ხალხი და ოქროსმცველი გრიფონები, ისედონებისაგან გაიგეს ეს სკვითებმა და თქვეს, ხოლო სკვითებისაგან ჩვენ შევიტყვეთ; ჩვენც მათ სკვითურად ვუწოდებთ არიმასპებს. არიმა-ს სკვითურად ნიშნავს ერთს, ხოლო სპუ-ს თვალს.
28. მთელ ამ ხსენებულ ქვეყანაში ძალიან მაგარი სიცივე იცის, აქ რვა თვის განმავლობაში საშინელი ყინვაა. ამ ხნის განამავლობაში წყალს რომ გადააქცევ, ტალახი არ ჩნდება, ხოლო ცეცხლს თუ დაანთებ, გაჩნდება ტალახი. ზღვა იყინება და აგრეთვე მთელი კიმერიული ბოსფორიც, ისე რომ თხრილს აქეთ მცხოვრები სკვითები ყინულზე გადიან ეტლებით გაღმა და ლაშქრობენ იქ მყოფი სინდების წინააღმდეგ. ამგვარად, რვა თვის განმავლობაში აქ ზამთარია. ხოლო დანარჩენი ოთხი თვეც ცივია. ეს ზამთარი განსხვავდება ყველა სხვა ქვეყნის ზამთრისაგან იმით, რომ როდესაც წვიმის დროა, თითქმის სრულებით არ წვიმს, ხოლო ზაფხულში გადაუღებლივ წვიმს, როდესაც სხვაგან ჭექა-ქუხილია, აქ სრულებით არ არის, ხოლო ზაფხულში ძლიერი ჭექა-ქუხილია, ხოლო თუ ზამთარში იქნა ჭექა-ქუხილი, უკვირთ და სასწაულად მიაჩნიათ. ისევე როგორც მიწისძვრა, ზაფხულში იქნება, თუ ზამთარში, სკვითიაში სასწაულად მიაჩნიათ. ცხენები იტანენ ამისთნა ზამთარს, ხოლო ჯორები და ვირები სრულებით ვერ იტანენ. სხვაგან კი პირიქითაა: ცხენები სიცივეში თუ გაჩერდნენ, იყინებიან, ვირები და ჯორები კი უძლებენ.
29. მე ვფიქრობ, ამიტომვეა, რომ ეგრეთ წოდებული ურქო ხარების ჯიშს აქ რქები არ ეზრდება. ამ ჩემს აზრს ადასტურებს აგრეთვე ჰომეროსის ლექსიც „ოდისეაში“, სადაც ნათქვამია: და ლიბია, სადაც ბატნკებს მაშინვე ამოსდით რქები. სწორედ არის ნათქვამი: თბილ ქვეყნებში სწრაფად ამოდის რქები. ხოლო ცივ ქვეყნებში სიცივისაგან საქონელს ან სულ არ ამოსდის რქები, ან თუ ამოსდის, – ძლივსძლივობით.
30. აქ სიცივის გამო ხდება ასე. მე მიკვირს (ჩემს მოთხრობას ხომ თავიდანვე ახასიათებდა დამატებები), რომ ელიდის მთელ ქვეყანაში ჯორებს ვერ აშენებენ, ამ ადგილას არც სიცივეა და არც სხვა რამ მიზეზი ჩანს საამისოდ. თვითონ ელიდელები ამბობენ, რომ რაღაც წყევლის გამოა, რომ ჯორები არ ჰყავთ. როდესაც კი ცხენებს მაკობის დრო დაუდგებათ, მათ გრეკავენ მეზობელ ქვეყანაში და იქ მიუშვებენ მათზე ვირებს, ვიდრე ცხენები არ დამაკდებიან. შემდეგ ისევ უკან გამორეკავენ.
31. რაც შეეხება ბუმბულს, რომლითაც, როგორც სკვითები ამბობენ, ავსებულია ჰაერი, და რომლის მიზეზით ხმელეთზე წინ არაფერი ჩანს და გავლაც შეუძლებელია, ამის შესახებ მე ასეთი აზრი მაქვს: ამ ქვეყნის ზემოთ მდებარე მხარში გამუდმებით თოვს, ზაფხულში ნაკლებ, ვიდრე ზამთარში, როგორც ჩვეულებრივ. ვისაც კი ახლოს უნახავს, როგორ მოდის დიდი თოვლი, გაიგებს, რასაც ვამბობ: თოვლი ხომ ბუმბულს ჰგავს. აი, ამისთანა ზამთრის გამოა, რომ ამ ქვეყნის ჩრდილოეთის ნაწილები დაუსახლებელია. მე ვფიქრობ, რომ სკვითები და მათი მეზობლები ბუმბულს რომ ამბობენ, თოვლი მიაჩნიათ ბუმბულად. აქ არის გადმოცემული ის, რასაც ამბობენ ყველაზე უფრო შორეული ადგილის შესახებ.
32. ჰიპერბორეების შესახებ არც სკვითები ამბობენ რამეს და არც სხვა ვინმე ამ ადგილებში მცხოვრები, გარდა ისედონებისა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ არც ესენი ამბობენ არაფერს, რადგან მაშინ სკვითებიც იტყოდნენ რამეს მათზე, ისევე, როგორც ცალთვალათა შესახებ ამბობენ. ჰიპერბორეების შესახებ ნათქვამია ჰესიოდესთან, არის აგრეთვე ჰომეროსთანაც ეპიგონებში, თუ კი მართლა ჰომეროსმა შეთხზა ეს პოემა.
33. ბევრად უფრო მეტს გადმოგვცემენ მათ შესახებ დელოსელები. ისინი ამბობენ, რომ ჰიპერბორეებისგან წმინდა შეწირულებანი პურის ნამჯაში გამოხვეული მოდის სკვითებში, ხოლო სკვითებიდან გადადის თანდათანობით ერთმანეთის მეზობელ ხალხებში, რომელთაც მიაქვთ ის დასავლეთისაკენ, ვიდრე ადრიასს არ მიაღწევენ. ხოლო აქედან სამხრეთისაკენ იგზავნება და ელინთა შორის პირველად მას დოდონელები ღებულობენ. აქედან ჩააქვთ მალიის უბეში და მიაქვთ ევბოიაზე, სადაც ერთი ქალაქი უგზავნის მას მეორე ქალაქს, ვიდრე კარისტოსამდე. ამის მერე ჩაუვლიან ანდროსს, რადგან კარისტოსელებს მოაქვთ ის ტენოსზე, ხოლო ტენოსელებს – დელოსზე. ამგვარად, აღწევენ ეს წმინდა შეწირულობები დელოსს. პირველად ჰიბერბორეებმა გამოგზავნეს ორი ასული, რომელთაც მოჰქონდათ ეს წმინდა შეწირულობა, მათ დელოსელები უწოდებენ ჰიპეროქეს და ლაოდიკეს. მათთან ერთად უშიშროების მიზნით ჰიპერბორეებმა გამცილებლად ხუთი მამაკაცი გამოაგზავნეს. მათ ახლა პერფერეები ეწოდებათ და დიდ პატივში არიან დელოსზე. რადგან ჰიპერბორეელთაგან გაგზავნილები უკან აღარ დაბრუნდნენ, მათ შეეშინდათ, ვაი თუ ყოველთვის ისე მოხდეს, რომ გაგზავნილები აღარ დაგვიბრუნდნენო, ამიტომ მას მერე თავისი ქვეყნის საზღვართან მიაქვთ ხოლმე წმინდა შეწირულებები პურის ნამჯაში და მეზობლებისაგან მოითხოვენ, რომ გადაუგზავნონ ისინ თავის ქვეყნიდან სხვა ხალხს. ამბობენ, რომ ასე გადაგზავნით აღწევს შეწირულება დელოსს. მე თვითონ ვიცი ერთი წეს-ჩვეულება, რომელიც ძალიან ჰგავს იმას, რასაც ამ წმინდა შეწირულების მიმართ აკეთებენ თრაკიელი და პაიონიელი ქალები, როდესაც მსხვერპლს სწირავენ არტემიდე დედოფალს, პურის ნამჯის გარეშე ვერ ახდენენ ამ ღვთისმსახურებას.
34. მე ვიცი, რომ ეს ქალები ასე აკეთებენ. ხოლო ჰიპერბორეებისაგან მოსული, დელოსზე გარდაცვლილი ქალების პატივისცემით, დელოსელი ასულები და ჭაბუკები თმებს იჭრიან: ასულები ქორწილის წინ დალალს იჭრიან, თითისტარზე ახვევენ და სდებენ საფლავზე (საფლავი არის შიგნით, არტემიდეს სალოცავში. შემსვლელისათვის მარცხნივ, მასზე იზრდება ზეთის ხილის ხე), ხოლო დელოსელი ჭაბუკები ნორჩ ყლორტზე ახვევენ თავის თმას და საფლავზე სდებენ. აი, ასეთ პატივში არიან დელოსის მცხოვრებთაგან ჰიპერბორეებისაგან მოსული ქალები.
35. თვითონ დელოსელები ამბობენ, რომ არგემ და ოპისმა, ჰიპერბორეებმა ქალწულებმა, ყველა ეს ხალხები გამოიარეს და მოვიდნენ დელოსზე, უფრო უწინ, ვიდრე ჰიპეროქე და ლაოდიკე. ესენი მოვიდნენ იმიტომ, რომ ეილეითიეს მოუტანეს შესაწირავი, რომელიც თვითონ დაიწესეს სწრაფი მშობიარობისათვის, ხოლო არგე და ოპისი, როგორც ამბობენ, მოვიდნენ თვით ღმერთებთან ერთად და ამიტომ ათასნაირ პატივს სცემენ დელოსელები მათ. ქალები შესაწირავებს უგროვებდნენ მათ და სახელებით მიმართავდნენ ჰიმნში, რომელიც შეთხზა მათთვის ოლენ ლიკიელმა. დელოსელებისაგან ისწავლეს კუნძულების მცხოვრებლებმა და იონიელებმა სიმღერით შექება და სახელით მოხსენიება ოპისისა და არგესი და მათთვის შესაწირავების შეგროვება (ეს ოლენი ლიკიიდან მოვიდა და შეთხზა ყველა ძველი ჰიმნი, რომლებსაც გალობენ დელოსზე). შესაწირავ თეძოებს როდესაც სწვევენ საკურთხეველზე, მის ფერფლს ოპისისა და არგეს საფლავზე ყრიან ხოლმე მთლიანად. მათი საფლავი არის არტემიდეს სალოცავის უკან, აღმოსავლეთისაკენ, კეოსელთა სანადიმო დარბაზის მახლობლად.
36. აი, ეს უნდა ითქვას ჰიპერბორეების შესახებ. აღარ გადმოვცემ აბარისის ამბავს, რომელზედაც ამბობენ, რომ ჰიპერბორეელი იყო, მთელ დედამიწაზე დადიოდა, დაატარებდა ისარს და არაფერს არ სჭამდაო. თუ არის ჰიპერბორეელი ხალხი, უნდა იყოს სხვა ხალხიც – ჰიპერნოტიებიც. მეცნიერება, როდესაც ვხედავ, რომ დედამიწის მოხაზულობის მრავალ აღმწერელთაგან ვერც ერთმა ვერ გაგვარკვია ამ საქმეში წესიერად. მათ მოხაზეს ოკეანე, რომელიც დედამიწას გარშემოედინება, დედამიწა მრგვალია, თითქოს ფარგლით არის შემოხაზული, ხოლო აზია ევროპის ოდენად არის წარმოდგენილი. მე მოკლედ ვილაპარაკებ თითოეული მათგანის სიდიდეზე და იმაზედაც, თუ როგორია თითოეულის მოხაზულობა.
37. სპარსელები ცხოვრობენ და აღწევენ სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც უწოდებენ მეწამულს. ამათ ზემოთ ჩრდილოეთის მიმართულებით ცხოვრობენ მიდილები, მიდიელებს ზემოთ სასპეირები, სასპეირებს ზემოთ კოლხები, რომლებიც აღწევენ ჩრდილოეთის ზღვამდე, რომელსაც ერთვის მდინარე ფასისი. ეს ოთხი ტომი მოსახლეობს ზღვიდან ზღვამდე.
38. აქედან დასავლეთისაკენ ზღვიდან ზღვამდე ორი სანაპიროა გადაჭიმული, რომელთა შესახებაც მე მოვყვები. აქაა ერთი ნაპირი, რომელიც ფასისის ჩრდილოეთით იწყება და მიემართება ზღვისაკენ პონტოსა და ჰელსპონტის გასწვრივ, ვიდრე ტროის სიგეიონამდე. ხოლო სამხრეთით იგივე ნაპირი მიემართება მირიანდიის უბიდან, რომელიც მდებარეობს ფინიკიასთან, ზღვასთან მდებარე ადგილებამდე. ვიდრე ტრიოპიონის კონცხამდე. ამ სანაპიროზე ცხოვრობს 30 ტომი.
39. ესაა ერთი სანაპირო, ხოლო მეორე სანაპირო იწყება სპარსელთა ქვეყნიდან და მიემართება მეწამული ზღვისაკენ, ეს შეიცავს სპარსეთს, ამის მერე ასირიეს და ასირიის მერე არაბიეს. ეს მთავრდება (არ მთავრდება, მაგრამ ასეა მიღებული) არაბიის უბესთან, სადაც დარიოსმა ნილოსიდან არხი მიიყვანა. სპარსეთიდან ფინიკიამდე ვრცელი და სწორი ადგილია, ხოლო ფინიკიიდან ეს სანაპირო მიემართება ამ ჩვენი ზღვის გავლით სირიის პალესტინისაკენ და ეგვიპტისაკენ და აქ მთავრდება. ამ სანაპიროზე არის მხოლოდ სამი ტომი.
40. ესაა აზიის სამფლობელოები, რომლებიც მდებარეობენ სპარსელებისაგან დასავლეთით. ხოლო სპარსელების, მიდიელების, სასპეირების და კოლხების ზემოთ აღმოსავლეთისაკენ და მზის აღმოსავლისაკენ, აი აქ მდებარეობს მეწამული ზღვა, ხოლო ჩრდილოეთისაკენ არის კასპიის ზღვა და მდინარე არაქსი, რომელიც მიედინება მზის აღმოსავლისაკენ. ინდოეთამდე აზია დასახლებულია, ხოლო აქედან არის უდაბნო, რომელიც მიემართება აღმოსავლეთისაკენ და არავის არ შეუძლია იმის თქმა, თუ რას წარმოადგენს ის.
41. ასეთი და ამოდენა არის აზია, ხოლო ლიბიე არის მეორე სანაპიროზე, ის იწყება ეგვიპტესთან. ეგვიპტესთან ეს სანაპირო ვიწროა: ჩვენი ზღვიდან მეწამულ ზღვამდე 100000 ორგია არის, რაც უდრის 1000 სტადიონს, ხოლო ამ ვიწრობიდან ის სანაპირო, რომელსაც ლიბიე ეწოდება, ძალიან ფართო ხდება.
42. მე ძალიან მაკვირვებს ქვეყნის განსაზღვრა და დაყოფა ლიბიედ, აზიად და ევროპედ, რადგან მათ შორის განსხვავება მცირე არ არის. სიგრძეზე ევროპე ორივეს მიჰყვება, ხოლო სიგანით, მე ვფიქრობ, არც კი შეიძლება მისი შედარება აზიასა და ლიბიესთან. ცხადია, რომ ლიბიეს ირგვლივ ზღვა ერტყმის, გარდა იმ ნაწილისა, რომლითაც ის აზიას ესაზღვრება. ვინც ჩვენ ვიცით, მათ შორის პირველი იყო ნეკო, ეგვიპტელი მეფე, რომელმაც ეს დაამტკიცა: მან შეწყვიტა არხის თხრა, რომელიც ნილოსიდან არაბიის უბისაკენ მიემართებოდა, გაგზავნა ფინიკიელები ნავებით და უბრძანა მათ, უკან ჰერაკლეს სვეტებთან გაეცურათ, ვიდრე არ მივიდოდნენ ჩრდილოეთის ზღვასა და ამრიგად, ეგვიპტეში. ფინიკიელები გამოვიდნენ მეწამული ზღვიდან და შესცურეს სამხრეთის ზღვაში. გვიანი შემოდგომის დადგომისთანავე ისინი მიადგებოდნენ ნაპირს, დათესდნენ ყანას და ლიბიის რა ნაწილებშიც არ უნდა ყოფილიყვნენ, უცდიდნენ მომკას. პურს რომ აიღებდნენ, განაგრძობდნენ ხოლმე გზას. ორი წელი გაატარეს მათ მგზავრობაში და მესამე წელს შემოუარეს ჰერაკლეს სვეტებს და მოვიდნენ ეგვიპტეში. იმასაც ამბობენ (მაგრამ მე არ მჯერა და ეგება სხვამ ვინმემ დაიჯეროს), რომ როდესაც ლიბიის ირგვლივ ცურავდნენ, მზე ხელმარჯვნივ ჰქონდათო.
43. ასე გახდა პირველად ცნობილი, რომ ლიბიე კუნძულია, ხოლო შემდეგ კარქედონელები იყვნენ, რომლებმაც ამის შესახებ იგივე თქვეს; სატასპესმა, ტეასპისის ძემ, აქამენიდმა, არ შემოსცურა ლიბიის ირგვლივ, თუმცა კი ის ამისათვის იყო გაგზავნილი, რადგან შეეშინდა გზის სიგრძისა და ქვეყნის უდაბურობისა და დაბრუნდა უკან, არ შეასრულა ის დავალება, რაც მას დედამ დააკისრა. სატასპესმა ძალა იხმარა მეგაბიძოსის ძის, ზოპიროსის ქალწულ ასულზე. ამ დანაშაულისათვის მეფე ქსერქსესმა მოინდომა მისი ძელზე ჩამოცმა. მაგრამ სატასპესის დედამ, რომელიც დარიოსის და იყო, პატიება გამოითხოვა მისთვის; მან თქვა, რომ თავის შვილს თვითონ უფრო დიდ სასჯელს დაადებს, ვიდრე მეფე. ის იძულებული იქნება გარშემოუაროს ლიბიეს, ვიდრე ამ ცურვისას არ მიაღწევს არაბიის უბეს. ამ პირობით ქსერქსესი დათანხმდა, ხოლო სატასპესი მივიდა ეგვიპტეში, მიიღო ხომალდი და მეზღვაურები და გასცურა ჰერაკლეს სვეტებისაკენ. როდესაც გაიარა სვეტები და გარშემოუარა ლიბიის კონცხს, რომელსაც ჰქვია სახელად სოლოეისი, გასცურა სამხრეთისაკენ. მრავალი თვის განმავლობაში მან გასცურა ზღვის დიდი ნაწილი, მაგრამ რადგან კიდევ უფრო მეტი იყო გასაცური, გამობრუნდა უკან და გასცურა ეგვიპტისაკენ. აქედა მივიდა მეფე ქსერქსესთან და უთხრა, რომ აქედან ძალიან დაშორებით ის ცურავდა პაწაწინა ხალხის ქვეყნის გასწვრივ, ეს ხალხი ხმარობს ფინიკის ხის ტანსაცმელს. როგორც კი ესენი ხომალდით უახლოვდებოდნენ ნაპირს, პატარები გარბოდნენ მთებში და სტოვებდნენ ქალაქებს. ესენი ქალაქებში რომ შედიოდნენ, არავის არაფერს უშავებდნენ, ხოლო საქონელი მოჰყავდათ მათგან. ლიბიეს ირგვლივ რომ არ შემოუარა, ამის მიზეზად მან შემდეგი თქვა: ნავს აღარ შეეძლო წინ წასვლა, ადგილზე დაჩაო. ქსერქსესმა არ დაიჯერა რომ ის სიმართლეს ამბობდა და რაკიღა სატასპესმა არ შეასრულა მიცემული დავალება, თავდაპირველად სასჯელი დაადო და ძელზე ჩამოაცმევინა. ამ სატასპესის საჭურისმა როგორც კი შეიტყო, რომ მისი უფალი მოკვდა, დიდძალი ქონება წაიღო და გაიქცა სამოსზე. ეს ქონება წაართვა მას ერთმა სამოსელმა კაცმა, რომლის სახელიც ვიცი, მაგრამ ჩემი ნებით ვმალავ.
44. აზიის დიდი ნაწილი დარიოსის მიერ იყო აღმოჩენილი, მას უნდოდა შეეტყო, სად ერთვის ზღვას მდინარე ინდოსი, რომელიც ყველა მდინარეთა შორის მეორეა ნილოის შემდეგ, რომელშიც არიან ნიანგები. ამიტომ გაგზავნა ნავებით კაცები, ვისაც ენდობოდა, რომ სიმართლეს მოუტანდნენ და მათ შორის სკილაქს კარიანდელიც. ისინი გავიდნენ ქალაქ კასპატიროსიდან, პაქტიიკეს მიწა-წყლიდან და დაჰყვნენ მდინარეს დაღმა ზღვისაკენ მზის ამოსავლის მიმართულებით, ზღვა გასცურეს დასავლეთისაკენ და ოცდამეათე თვეს მიაღწიეს იმ ადგილას, საიდანაც ეგვიპტელთა მეფემ გაგზავნა ფინიკიელები ლიბიის გარშემოსავლელად, როგორც ზემოთ ვთქვი. ამათი მოგზაურობის მერე დარიოსმა დაიპყრო ინდები და ამ ზღვითაც სარგებლობდა. ამრიგად ჩანს, რომ აზია მისი აღმოსავლეთის ნაწილის გარდა ლიბიის მსგავსია.
45. ევროპის შესახებ არავინ იცის, მზის აღმოსავლისკენ ან ჩრდილოეთისაკენ წყლით არის შემორტყმული თუ არა. სიგრძით ცნობილია, რომ ვრცელდება ორთავემდის. მე არ შემიძლია ახსნა, თუ რატომაა, რომ დედამიწა ერთია და სამ სახელს ატარებს (სახელწოდებები კი მიღებული აქვს ქალებისაგან) ან რატომაა მისი საზღვრები – ნილოსი, რომელიც ითვლება ეგვიპტის მდინარედ და ფასისი, კოლხიდის მდინარე (ხოლო სხვები ასახელებენ მაიეტისის მდინარეს ტანაისსა და კიმერიულ გადასასვლელს), არც სახელები ვიცი იმათი, რომლებმაც ასე დაჰყვეს დედამიწა და არც ის, თუ საიდან დაარქვეს ეს სახელები. ელინთა მეტი ნაწილი ამბობს, რომ ლიბიეს სახელი დაერქვა ლიბიესაგან, ადგილობრივი მცხოვრები ქალისაგან, ხოლო აზია მოსახლეა პრომეთევსის მეუღლისა. მაგრამ ლიდიელები კამათობენ ამ სახელის გამო და ამბობენ, რომ აზია ეწოდა ქვეყანას კოტისის ძის, მანესის შვილიშვილის ასიესის სახელის მიხედვით და არა პრომეთევსის აზიეს გამო. ასიესის მიხედვით ჰქვია სარდეში ფილეს ასიადე. ხოლო ევროპის შესახებ ადამიანთა შორის არავინ იცის, მას ირგვლივ აქვს წყალი თუ არა, არც ის, თუ საიდან მიიღო მან სახელი, არც ის ჩანს, თუ ვინ დაარქვა მას სახელით, თუ იმას არ ვიტყვით, რომ ტიროსელი ქალისაგან, ევროპესაგან მიიღო ქვეყანამ სახელი, მანამდე კი უსახელოდ იყო, როგორც სხვა ქვეყნებიო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ქალი აზიიდან იყო და არ მოსულა იმ ქვეყანაში, რომელსაც ელინები ახლა ევროპეს უწოდებენ. ის ფინიკიიდან მოვიდა კრეტაზე, ხოლო კრეტიდან ლიკიეში. აი, ამდენი უნდა ითქვას ამის შესახებ, მით უმეტეს, რომ მათ შესახებ იმ მასალას ვიყენებ, რაც საერთოდ არის აღიარებული.
46. ევქსინის პონტოსთან, სადაც ილაშქრა დარიოსმა, ყველა ქვეყნებზე უფრო უმეცარი ტომები ცხოვრობენ, თუ გამოვრიცხავთ სკვითებს, რადგან არც ერთი ტომი მათგან, რომელიც პონტოს აქეთ ცხოვრობს, არ არის სიბრძნით აღმატებული, არც ღირსეული კაცი ვიცი ვინმე, რომ იყოს აქედან, გარდა სკვითური თომისა და ანაქრარსისა. სკვითური ტომი, ყველა სხვა ჩვენთვის ცნობილ ტომთა შორის, ერთ, ადამიანთათვის ძალიან მნიშვნელოვან საქმეშია სხვებზე ბრძენი. სხვა მხრივ კი ვერაფრით გამაოცეს. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ისაა, რომ როდესაც მათ ვინმე ესხმის თავს, მტერი მათ ვერ გაექცევა, და ვერც დაიჭერს მათ, თუ თვით სკვითებმა არ მოინდომეს გამოჩენა. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ არც ქალაქები აქვთ აგებული და არც ზღუდეები. ყვლას თან დააქვს თავისი სახლები, და ყველანი მშვილდით შეიარაღებული ცხენოსნები არიან. მიწათმოქმედებას კი არ ეწევიან, მესაქონლეობით ირჩენენ თავს; მათი საცხოვრებლები ურმებზეა. აბა, როგორ არ იქნება ასეთი ხალხი უძლეველი და მიუწვდომელი?
47. საამისოდ მათ ხელს უწყობს თვითონ დედამიწა და ეხმარებიან მდინარეები: რადგან მათი მიწა დაბლობია, მდიდარია ბალახით და კარგად ირწყვის, ხოლო მდინარეები, რომლებიც მიედინებიან ამ მიწა-წყალზე, რიცხვით ბევრად ნაკლები არ არიან ეგვიპტის არხებზე. მათგან მე დავასახელებ მხოლოდ იმათ, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანი და სანაოსნოები არიან ზღვიდან შემოსული ხომალდებისათვის: ხუთშესართავიანი ისტროსი, შემდეგ ტირესი, ჰიპანისი, ბორისთენესი, პანტიკაპესი, ჰიპაკირისი, გეროსი და ტანაისი. მათი დინება ასეთია:
48. ისტროსი არის უდიდესი მდინარე ყველა მათ შორის, რომლებიც ჩვენ გვინახავს, ის მუდამ თანაბარი სიდიდის მოედინება, ზაფხულშიც და ზამთარშიც. სკვითიის მდინარეთა შორის ის პირველია დასავლეთიდან და ამოდენა იმიტომ არის, რომ მას ბევრი სხვა მდინარე ერთვის. მდინარეები, რომლებიც მას ასე დიდს ხდიან, არიან შემდეგი: ხუთი მათგანი სკვითიის მიწა-წყალზე მიედინება, ესაა როგორც სკვითები უწოდებენ პორატა, ხოლო ელინები – პირეტოსი, შემდეგ ტიარანტოსი, არაროსი, ნაპარისი და ორდესოსი. მოხსენებულ მდინარეთა შორის პირველი დიდია, აღმოსავლეთისაკენ მიედინება და იქ უერთებს ისტროსს თავის წყლებს; მეორე ხსენებულთა შორის, ტიარანტოსი უფრო დასავლეთისაკენაა და უფრო პატარაც არის, ხოლო არაროსი, ნაპარისი და ორდესოსი ამათ შორის მიედინებიან და ისე ერთვიან ისტროსს. ესაა საკუთრივ სკვითიის მდინარეები, რომლებიც ავსებენ ისტროსს, ხოლო აგათირსთა მხრიდან მოედინება მდინარე მარისი, რომელიც ასევე უერთდება ისტროსს.
49. ჰაიმოსის მწვერვალთან სამი სხვა დიდი მდინარე მოედინება ჩრდილოეთისაკენ და უერთდება მას: ატლასი, ავრასი და ტიბისისი. თრაკიასა და თრაკიელ კრობიძების მხრეზე მოედინება ათრისი, ნოესი და არტანესი, რომლებიც ერთვიან ისტროსს. პაიონთაგან და როდოპის მთიდან გამოსული მდინარე სკიოსი შუაზე ჰკვეთს ჰაიმოსს და ერთვის ისტროსს. ილირიელთაგან ჩრდილოეთის მიმართულებით მიედინება მდინარე ანგროსი, ჩადის ტრიბალიკონის დაბლობში, აქ ერთვის მდინარე ბრონგოსს, ხოლო ბრონგოსი კიდევ ისტროსს. ამგვარად, ისტროსი ღებულობს ორი დიდი მდინარის წყალს, ომბირკების ზემოთ მდებარე ქვეყნიდან მდინარე კარპისი და მეორე – ალპისი მიედინება ჩრდილოეთისაკენ და ერთვის ისტროსს. ამგვარად, ისტროსი მთელ ევროპაზე მიედინება, იწყება კი კელტებში, რომლებიც კინეტების შემდეგ ყველაზე უკიდურესი ხალხია დასავლეთით, მათ შორის, ვინც ცხოვრობს ევროპეში. მთელ ევროპეს რომ გადაივლის, სკვითიის საზღვრებში შედის.
50. რადგანაც ჩემს მიერ ჩამოთვლილი და კიდევ ბევრი სხვა მდინარე ერთვის ისტროსს, ის უდიდესია მდინარეთა შორის, მაგრამ მარტო მისი წყალი რომ შევადაროთ ნილოსისას, სიუხვით ნილოსი აჯობებს, რადგან ნილოს არც მდინარე ერთვის და არც სხვა რამე წყარო, რომ სიდიდე მოუმატოს. ისტროსი რომ ზაფხულში და ზამთარში მუდამ თანაბარია, ეს, მე ვფიქრობ, შემდეგით აიხსნება: ზამთრობით იმოდენაა, რამოდენაც არის, ან ცოტათი მეტი თავის ბუნებრივ ზომაზე, რადგან ზამთრობით ამ ქვეყანაში თითქმის არ წვიმს, ყველგან თოვლი დევს. ხოლო ზაფხულობით თოვლი, რომელიც ზამთარში ბლომად მოვიდა, დნება და ყოველი მხრიდან ჩამოდის ისტროსში. ჯერ ხომ ეს თოვლი, რომელიც მას ერთვის, ამრავლებს მის წყლებს, ამასთან ერთად კიდევ ხშირი და ძლიერი წვიმები – ზაფხულში ხომ წვიებიც იცის აქ. ისე რომ, რამდენადაც ზაფხულში მზე უფრო მეტ წყალს ისრუტავს ისტროსიდან, ვიდრე ზამთარში, იმდენად ისტროსს ზაფხულში უფრო მეტი წყლები ერთვის, ვიდრე ზამთარში. ეს რომ, საბოლოოდ წონასწორობა დაცულია და ისტროსში მუდამ თანაბარი რაოდენობის წყალი ჩანს.
51. სკვითიის მდინარეთა შორის, ერთია ისტროსი. მას შემდეგ არის ტირესი, რომელიც იწყება ჩრდილოეთიდან, იწყება და მიედინება დიდი ტბიდან, რომელიც საზღვრავს სკვითიისა და ნევრების მიწა-წყალს. მის შესართავთან ცხოვრობენ ელინები, რომელთაც ტირიტები ეწოდებათ.
52. ხოლო მესამეა მდინარე ჰიპანისი, რომელიც იწყება სიკვთების ქვეყანაში, გამოდის დიდი ტბიდან, რომლის ირგვლივ ველური თეთრი ცხენების საძოვარია, ხოლო ამ ტბას, სრულიად მართებულად ჰიპანისის დედა ეწოდება. აქედან გამოსული მდინარე ჰიპანისი, მიედინება და დაახლოებით 5 დღის საცურაო მანძილზე თხელია და ტკბილი, ხოლო ამის მერე, ზღვამდე 4 დღის საცურაო მანძილზე მეტისმეტად მწარეა: მას ერთვის მწარე წყარო, ისე მწარე, რომ თუმცა უმნიშვნელო სიდიდისაა, მაგრამ ჰიპანისს რომ შეერევა (რომელსაც სიდიდით ცოტა მდინარე თუ შეედრება), ამწარებს მას. ხოლო ეს წყარო არის ამ ქვეყნის საზღვარზე, რომელიც უჭირავთ მიწათმოქმედ სკვითებსა და ალიძონებს. ამ წყაროსი და აგრეთვე იმ ადგილის სახელი, საიდანაც წყარო გამოდის, სკვითურად არის ექსამპაიოსი, ხოლო ელინური ენის მიხედვით კი წმინდა გზები. ტირესი და ჰიპანისი ალიძონების ქვეყნის საზღვართან უახლოვდება ერთმანეთს. აქედან კი თითოეული ამათგანი იცვლის მიმართულებას და ისე მიედინება, რომ ფართოვდება მათ შორის ადგილი.
53. მეოთხე მდინარეა ბორისთენესი, რომელიც ისტროსის შემდეგ უდიდესი მდინარეა ამ მხარეში და ჩვენის აზრით, ყველაზე მეტი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისათვის არა მხოლოდ სკვითიის მდინარეთა შორის, არამედ საერთოდ, ყველა სხვა მდინარეებთან შედარებით გარდა ეგვიპტის ნილოსისა. ამას ხომ ვერც სხვა მდინარე ვერ შეედრება! ხოლო ყველა დანარჩენებზე უფრო სასარგებლოა ბორისთენესი, რომელსაც ირგვლივ უმშვენიერესი და უნოყიერესი საძოვრები აქვს საქონლისათვის. თვით მდინარეში მოიპოვება საუცხოო და უამრავი თევზი, სასმელად ხომ მისი წყალი ძალიან სასიამოვნოა, მიედინება ანკარა, მღვრიე წყლების გვერდით, მის გასწვრივ საუკეთესო სახნავ-სათესი მიწებია, ხოლო სადაც მიწა არ ითესება, იქ უხშირესი ბალახი მოდის. მის შესართავთან თავისთავად ილექება უამრავი მარილი. მასში მოიპოვება უზარმაზარი უძვლო თეცზები, რომელთაც ანტაკები ეწოდებათ და რომელთაც ამარილებენ, ამას გარდა ამ მდინარეს სხვა მრავალი საოცარი რამ ახასიათებს. ადგილი გეროსამდე (სადამდეც 40 დღის საცურაო მანძილია) ბორისთენესი მოედინება ჩრდილოეთიდან; იმ ადგილების შესახებ, რომლებზედაც მოედინება ბორისთენესი გეროსის ზემოთ, ადამიანთაგან არავის შეუძლია რამის თქმა. ცხადია, რომ ის მოედინება უდაბნოზე და ისე შემოდის მიწათმოქმედი სკვითების ქვეყანაში. ხოლო ეს სკვითები ცხოვრობენ მის გასწვრივ ათი დღის საცურაო მანძილზე, მხოლოდ ეს მდინარეა და ნილოსი, რომელთა სათავეების დასახელება არ შემიძლია და ასე მგონია, ელინთაგან არც სხვას ვინმეს შეუძლია. ბორისთენესი ზღვას რომ უახლოვდება, აქ უერთდება მას ჰიპანისი და ისიც იმავე ჭაობში ჩადის. ამ ორ მდინარეს შორის არსებული მიწის ზოლი იწოდება ჰიპოლეოსის კონცხად, მასზე დგას დემეტრეს სალოცავი. სალოცავს გადაღმა, ჰიპანისთან ცხოვრობენ ბორისთენიტები.
54. ესაა, რაც შეეხება ამ მდინარეებს. მათ შემდეგ მეხუთე მდინარე არის კიდევ სხვა –მას სახელად პანტიკაპესი ჰქვია, ისიც ჩრდილოეთიდან მოედინება და გამოდის ტბიდან. მასა და ბორისთენესს შორის ცხოვრობენ მიწათმოქმედი სკვითები; ის შედის ჰილაიეში, გაივლის მას და ერთვის ბორისთენესს.
55. მეექვსე არის მდინარე ჰიპაკირისი, რომელიც გამოდის ტბიდან, მიედინება მომთაბარე სკვითების შუაში და ერთვის ზღვას ქალაქ კარკინიტისთან; მარჯვნივ ესაზღვრება ჰილაიეს და ეგრეთ წოდებულ აქილევსის სარბიელს.
56. მეშვიდე არის მდინარე გეროსი, რომელიც გამოეყოფა ბორისთენეს სწორდ იმ ადგილას, სადამდისაც ცნობილია ბორისთენესი. გეროსი გამოეყოფა იმ ადგილს (სახელი მასაც იგივე ჰქვია, რაც ამ ადგილს), მიედინება ზღვისკენ და საზღვრავს მომთაბარეთა ქვეყანას სამეფო სკვითების მიწა-წყლისაგან, ის ერთვის ჰიპაკირისს.
57. მერვე არის მდინარე ტანაისი, რომელიც მოედინება ზემოდან, დიდი ტბიდან და ერთვის კიდევ უფრო დიდ ტბას, რომელსაც ეწოდება მაიეტისი. ეს ტბა საზღვრავს სამეფო სკვითებსა და სავრომატებს. ამ ტანაისს ერთვის სხვა მდინარე, რომელსაც სახელად ჰქვია ჰირგისი.
58. ესენი არიან მნიშვნელოვანი მდინარეები, რომლებიც რწყავენ სკვითების ქვეყანას. სკვითიაში რომ ბალახი იზრდება, ჩვენთვის ცნობილ ყველა სხვა ბალახზე უფრო უწყობს ხელს საქონელში ნაღვლის გაზრდას. საქონელი რომ დაიკვლება, მაშინ ვრწმუნდებით იმაში, რომ ეს ასეა.
59. ამგვარად, სკვითებს დიდი რაოდენობით აქვთ ის, რაც ცხოვრებისთვის ესაჭიროებათ, ხოლო წეს-ჩვეულებებს ამისთანას მისდევენ: ღმერთთაგან მხოლოდ ამათ სცემენ პატივს: განსაკუთრებით ჰისტიეს, შემდეგ ზევსსა და გეს. (გე მიაჩნიათ ზევსის ცოლად); ამათ შემდეგ აპლონს, აფროდიტე ურანიას, ჰერაკლეს და არესს. ამათ ყველა სკვითი სცნობს, ხოლო ეგრეთ წოდებული სამეფო სკვითები პოსეიდონსაც სწირავენ მსხვერპლს. სკვითურად ჰისტიეს ეწოდება ტაბიტი, ზევსს, ჩემი აზრით, ძალიან მართებულად, ეწოდება პაპაიოსი. გეს – აპი, აპოლონს – გოიტოსიროსი, აფროდიტე ურანიას – არგიმპასა, ხოლო პოსეიდონს – თაგიმასადასი. სკვითები გამოსახულებებს, საკურთხევლებსა და ტაძრებს ჩვეულებრივ არ აგებენ, თუ არ ჩავთვლით არესისას. არესისათის კი აგებენ ხოლმე.
60. მსხვერპლშეწირვა ყველა ღვთაების მიმართ და ყოველგვარი შესაწირავი ერთნაირი აქვთ და ეს ხდება შემდეგნაირად: სამსხვერპლო საქონელს წინაფეხებშეკრულებს აყენებენ. ის, ვინც მსხვერპლს სწირავს, საქონლის უკან დგება, ეწევა თოკის ბოლოს და ასე ანარცხებს მას. როდესაც სამსხვერპლო საქონელი ეცემა, მსხვერპლის მომტანი შეღაღადებს იმ ღმერთს, რომელსაც სწირავს, შემდეგ საქონელს ქედზე მარყუჟს მოსდებს, მასში ჯოსხს გაუყრის, შემოაბრუნებს ამ ჯოხს და ასე მოახრჩობს. ისე რომ, არც ცეცხლს ანთებენ, არც მსხვერპლშეწირვის დამწყებ რაიმე რიტუალს ასრულებენ, არც რამეს ათხევენ. საქონელს რომ მოახრჩობს და გაატყავებს, მერე მის ხარშვას შეუდგება.
61. რადგან სკვითიის ქვეყანა სრულიად უტყეოა, ამიტომ სკვითებმა ხორცის მოსახარშად შემდეგი რამ გამოიგონეს: მას მერე რაც გაატყავებენ სამსხვერპლო საქონელს, ხორცს ძვლებს დააცლიან. შემდეგ, თუ კი ხელთა აქვთ, ჩაჰყრიან ადგილობრივ ნაწარმ ქვებებში, რომლებიც ძალიან ჰგავს ლესბოსურ ჭურჭლებს, მხოლოდ მათზე გაცილებით უფრო დიდებია. ჩაჰყრიან ამ ქვაბებში ხორცს და ხარშავენ სამსხვერპლო საქონელის ძვლებს წაკიდებულ ცეცხლზე, ხოლო თუ ქვაბი არა აქვთ, მაშინ მთელ ხორცს ჩასდებენ სამსხვერპლო საქონლის კუჭში, უმატებენ წყალს და ძვლებს უკიდებენ ცეცხლს. ძვლებს ძალიან კარგად უკიდია, ხოლო ძვლებისაგან გაწმენდილი ხორცი ადვილად ეტევა კუჭში. ამრიგად, ხარი თავისთავს თვითონ იხარშავს და ასე ყველა სხვა სამსხვერპლო საქონელი. როდესაც მოიხარშება ხორცი, მსხვერპლშეწირავი სწირავს ღვთაებას ხორცის ნაჭრებსა და შიგნეულს, რომელთაც თავის წინ იყრის. მსხვერპლად სწირავენ ყოველგვარ ცხოველებს და განსაკუთრებით კი ცხენებს.
62. ყველა სხვა ღმერთს ასე სწირავენ მსხვერპლად ამ საქონელს, ხოლო არესს შემდეგნაირად: სკვითების ყველა სამეფოში ოლქების მიხედვით იდგმება არესის ასეთი სალოცავი: ფიჩხის კონებს ერთად ალაგებენ ისე, რომ სიგრძეცა და სიგანეც 3 სტადიონი იყოს, სიმაღლე კი ნაკლები. ამის ზემოთ კეთდება ოთხკუთხედი ბაქანი, რომელსაც სამი გვერდი ციცაბო აქვს, ხოლო ერთი – ადგილი მისასვლელი. ყოველწლიურად მოაქვთ 150 ურემი ფიჩხი, რადგან უამინდობის გამო ეს გროვა გამუდმებით დაბლა იწევს. ყოველ ამისთანა გროვაზე დევს ძველებური რკინის ცელი და ეს არის არესის კერპი. ამ ცულს ყოველწლიურად სწირავენ რქოსან საქონელს და ცხენებს და მას უფრო მეტს სწირავენ, ვიდრე სხვა ღმერთებს. ცოცხლად ხელში ჩაგდებული ყოველი ასი მტრიდან ერთს მსხვერპლად სწირავენ, მაგრამ ისე კი არა, როგორც საქონელს, არამედ სხვაგვარად: მას მერე, რაც ტყვეს ღვინოს დაათხევენ თავზე, დაჰკლავენ ჭურჭელზე, შემდეგ ჭურჭელს წაიღებენ ზემოთ ფიჩხის გროვაზე და სისხლს დაასხამენ ცულს. ზემოთ ეს მიაქვთ, ხოლო ქვემოთ, სალოცავთან შემდეგს აკეთებენ: დახოცილ ვაჟკაცებს ყველას მარჯვენა მხრეს აჭრიან ხელთან ერთად და ჰაერში ისვრიან. ხოლო სხვა სამსხვერპლო ცხოველებს რომ მოითავებენ, მერე შინ მიდიან. ხელი სადაც დავარდება იქვე დევს, გვამი კიდევ ცალკე.
63. ასეთი მსხვერპლშეწირვები აქვთ დაწესებული სკვითებს, ხოლო ღორებს ესენი ჩვეულებრივ არც მსხვერპლად სწირავენ და არც აშენებენ ამ ქვეყანაში.
64. საომარი ჩვევები მათ ასეთი აქვთ: როდესაც სკვითი მოჰკლავს პირველ ვაჟკაცს, მის სისხლს სვამს. ხოლო ბრძოლაში დახოცილების თავები მეფესთან მიაქვთ, რადგან თავს რომ მიიტანენ, ნადავლშიც წილს იღებენ, ხოლო თუ არ მიიტანეს თავი, არაფერს მიიღებენ. თავს ისინი ასე ატყავებენ: შემოსერავენ მას ირგვლივ, ყურებთან, შემდეგ იღებენ ხელში და თავს კანიდან გამობერტყავენ, მერე ხარის ნეკნით კანს ხორცს აცლიან და ხელებით ქნიან, რომ დაარბილებენ, ხელსახოცად ხმარობენ. ჩამოჰკიდებენ იმ ცხენის ლაგამზე, რომელსაც თვითონ დააჭენებენ და ამაყობენ, რადგან ყველაზე დიდ ვაჟკაცად ის ითვლება, ვისაც ყველაზე მეტი აქვს ასეთი კანის ხელსახოცი. ბევრი მათგანი იცვამს ასეთი გატყავებული კანებისაგან გაკეთებულ მოსასხამს, რაც ისევეა შეკერილი, როგორც ქურქი. ბევრი კიდევ მტრის გვამის მარჯვენა ხელს ატყავებს საკუთარი ფრჩხილებით და ამისაგან კაპარჭის ბუდეს აკეთებს. ადამიანის კანი მართლაც სქელი და პრიალაა და თითქმის ყველა სხვა ტყავს აღემატება სითეთრით. ბევრი სკვითი მთლიანად ატყავებს მტრის გვამს, გადასჭიმავს მას ჯოხებზე და ცხენზე შემჯდარი დაატარებს თან.
65. აი, ასეთ ჩვევებს მისდევენ ისინი ამ საკითხში, ხოლო რაც შეეხება თავებს (ყველასას არა, მაგრამ ყველაზე მეტად საძულველი მტრებისას), მათ მიმართ შემდეგს აკეთებენ: თითოეული ახერხავს მთელი იმ ნაწილს, რაც წარბებს ქვემოთ არის და თავის ქალას კი ასუფთავებს. თუ კაცი ღარიბია, ის მხოლოდ გამოუქნელი ხარის ტყავს შემოაკრავს გარედან და ეგრე ხმარობს, ხოლო თუ მდიდარია, გარედან გამოუქნელი ხარის ტყავს აკრავს, ხოლო შიგნით მოავარაყებს და ეგრე ხმარობს სასმისად. ასევე ეპყრობიან ისინი თავის ნათესავების თავის ქალებსაც, თუ მათთან უთანხომება აქვთ და თუ მეფის თანდასწრებით ერთი დაძლევს მეორეს. როდესაც მათთან მოდიან სტუმრები, რომელთა პატივისცემაც სურთ, ამ თავებს გამოიტანენ და ამბობენ, რომ ესენი მათი ნათესავები იყვნენ, მათთან ბრძოლა გააჩაღეს და ამ ბრძოლაში დამარცხდნენ. ამას ისინი მოუთხრობენ, როგორც დიდ ვაჟკაცობას.
66. წელიწადში ერთხელ თითოეული ოლქის მმართველი სასმისში შეაზავებდა ღვინოს და ასმევდა მხოლოდ იმ სკვითებს, რომელთაც მტრები ჰყავდათ დახოცილი, ხოლო ვისაც არ ჩაედინა ეს საქმე, არც კი გაასინჯებდა ამ ღვინოს და ისინი ცალკე ისხდნენ ხოლმე შერცხვენილები: რადგან ეს მათთვის უდიდესი სირცხვილია. ხოლო ისინი, ვისაც ძალიან ბევრი ჰყავდა დახოცილი, ორ თასს ღებულობენ ერთად და ორივედან ერთბაშად სვამენ.
67. სკვითებს ბევრი მისანი ჰყავთ, რომლებიც შემდეგნაირად მისნობენ ძეწნის მრავალ ტოტზე; ისინი მოზიდავენ ტოტების დიდ კონებს, დააწყობენ ძირს და დაშლიან; თითოეულ ტოტს ცალკე სდებენ და წინასწარმეტყველებენ, თან ლაპარაკობენ და თან ისევ აგროვებენ ტოტებს და შემდეგ ისევ ერთიმეორეზე აწყობენ. მისნობის ეს წესი მათში მამაპაპეულია, ხოლო ენარეები, ქალაჩუნა მამაკაცები ამბობენ, რომ აფროდიტემ ასწავლა მათ ასეთი მისნობა: ისინი ცაცხვის ქერქზე მკითხაობენ. ცაცხვის ქერქს სამად ჭრიან, მას თითებს შორის წნავენ, შემდეგ ისევ შლიან და ამასობაში წინასწარმეტყველებენ.
68. როდესაც სკვითების მეფე ავად ხდება, მოიწვევს მისანთა შორის სამ ყველაზე გამოჩენილ პირს და ისინი ზემოთ თქმულის მიხედვით მკითხაობენ. ამასობაში ისინი ყველაზე ხშირად იმას ამბობენ, რომ სამეფო კერის ღმერთები ტყუილად დაიფიცა ამან და ამანო და ასახელებენ ამის ჩამდენ მოქალაქეებს. სიკვთებს ხომ ჩვეულება აქვთ, როდესაც განსაკუთრებული დაფიცება უნდათ, იფიცებენ სამეფო კერის ღმერთებს. შემდეგ მას, ვინც ტყუილად დაიფიცა, შეიპყრობენ და მიჰყავთ მისნებთან. როდესაც მივა, მისნები ამხელენ, რომ მისნობის ცნობით მან ტყუილად დაიფიცა სამეფო კარის ღმერთები და ამიტომაა მეფე ავადო. ის უარზეა, ამბობს არ დამიფიცნია ტყუილადო და ძალიან ჯავრობს. რაკიღა ის უარობს, მეფე გამოიძახებს სხვა მისნებს, ორჯერ უფრო მეტს, თუ ისინიც დაადანაშაულებენ მას მისნობის მიხედვით ტყუილ ფიცში, მაშინვე მოჰკვეთენ თავს და მისი ქონებას წილად ხვდება პირველად დამადანაშაულებელ მისნებს, ხოლო თუ მეორედ მოსული მისნები გაამართლებენ მას, მაშინ სხვა მისნებს მოუხმობენ, შემდეგ კიდევ სხვებს და ა.შ. თუ მისნების მეტი წილი გაამართლებს ამ კაცს, მაშინ სიკვდილს თვით პირველად გამოძახებულ მისნებს მიუსჯიან.
69. მათ შემდეგნაირად ხოცავენ: ურემს აავსებენ ფიჩხით და აბამენ შიგ ხარებს, მისნებს შებორკავენ, ხელებს უკან შეუკრავენ, პირში რამეს ჩასჩრიან და შეაგდებენ შუა ფიჩხში, ფიჩხს ცეცხლს წაუკიდებენ და ამით აშინებენ ხარებს, რომელთაც მიერეკებინა. ბევრი ხარი იწვის მისნებთან ერთად, ხოლო ბევრი მათგანი შეტრუსული გაიქცევა ხოლმე, როგორც კი დაიწვის მათი ხელნი. აი, ამნაირად სწვავენ მისნებს, ამისთვისაც და სხვა დანაშაულის შემთხვევაშიც და მათ ცრუ-მისნებს უწოდებენ. მეფე მათ რომ დახოცავს, არც მათ შვილებს ტოვებს ცოცხლებს, ის კი არა, მის ირგვლივ ყველაფერი მამრობითს აკვლევინებს, ხოლო მდედრობითს არ სჯის.
70. ფიცის დადების დროს სკვითები ასე იქცევიან: თიხის დიდ თასში ჩაასხამენ ღვინოს და ღვინოში ურევენ იმათ სისხლს, ვინც ფიცსა სდებს. ამათ სჩხვლეტენ სადგისით, ან დანით უკაწრავენ სხეულს, შემდეგ კი თასში აწყობენ მახვილს, ისრებს, ცულსა და შუბს. ამასობაში ლოცულობენ და შემდეგ სვამენ ისინიც, რომლებიც ფიცს დებენ და ისინიც, ვინც მათ მიმდევართა შორის განსაკუთრებით ღირსეულია.
71. მეფეთა სამარხავი გერების მხარეშია, აი, აქამდეა ბორისთენესი სანაოსნო. აქ, მეფის სიკვდილისთანავე მიწაში დიდ, ოთხკუთხედ ორმოს მოთხრიან, ამას რომ გაამზადებენ, იღებენ გვამს, სხეულს ცვლით ფარავენ, ხოლო ამაზე უწინ მუცელს გაჰკვეთენ და შიგნეულობისაგან ასუფთავებენ, მას ავსებენ დანაყილი ჭილით, საკმევლით, ნიახურის თესლით და ანისით, შემდეგ ისევ, გაჰკერავენ და მიაქვთ ეტლით სხვა ტომთან. ისინი, ვინც ღებულობენ მოტანილ გვამს, იქცევიან ისევე, როგორც სამეფო სკვითები: იკვეთენ ყურის ნაწილს, თმებს ირგვლივ იკვერცხავენ, შუბლსა და ცხვირს იკაწრავენ და მარცხენა ხელს ისრებით იგმერენ. აქედან ეტლით მიაქვთ მეფის გვამი სხვა ტომთან, რომელსაც ის მართავდა. ხოლო გვამს მიჰყვებიან ისინი, რომლებთანაც უწინ მივიდნენ. როდესაც გვამს ყველა ტომს ჩამოატარებენ, მოიყვანენ გერებთან, რომლებიც მისი ქვეშევრდომი ტომებით დასახლებულ ტერიტორიაზე სულ განაპირა არიან და იქ არის საფლავიც. შემდეგ, გვამს საფლავში ჩალაზე ასვენებენ, ჩაარჭობენ შუბებს გვამის აქეთ და იქით, შუბებზე ხეებს გასდებენ და შემდეგ ლერწმით გადახურავენ. საფლავის დარჩენილ ფართო ნაწილში მარხავენ ერთ-ერთ ხარჭთაგანს, წინასწარ დახრჩობილს, ღვინისმწდეს, მზარეულს, მეჯინიბეს, მსახურს, ამბების მომხსენებელს, ცხენებს, ყველა სხვა ცხოველთა პირველშობილებს და ოქროს ფილაებს, რადგანაც ვერცხლისას და სპილენძისას ისინი არაფერს ხმარობენ. ამას რომ მოათავებენ, შემდეგ ყველანი ერთად დიდ მიწაყრილს აკეთებენ, ჩქარობენ და ძალიან ცდილობენ, რომ რაც შეიძლება დიდი გააკეთონ.
72. ხოლო წლისთავზე ასე იქცევიან: დარჩენილ მსახურთაგან გამოარჩევენ ყველაზე უფრო გამოსადეგებს (ესენი წარმოშობით სკვითები არიან, რადგან თვით მეფე ბრძანებს, რომ მას მხოლოდ ესენი უნდა ემსახურონ, ხოლო ფულით ნაყიდები მას არ ემსახურებიან). ამ მსახურთაგან 50-ს ახრჩობენ, ასევე ახრჩობენ 50 საუკეთესო ცხენს; მათ აცლიან შიგნეულობას და უწმენდენ მუცელს, რომელსაც ავსებენ ბზით და შემდეგ ისევ ჰკერავენ. ორ ხეზე აყენებენ ნახევარ ბორბალს ფერსოთი ქვემოთ, ბორბლის მეორე ნახევარს აყენებენ მეორე ორ ხეზე, ამგვარად ბევრ სხვა ბორბალს ამაგრებენ. შემდეგ ცხენებს მთელ სიგრძეზე, კისრამდე უყრიან მსხვილ კეტებს და ასე სწევენ მაღლა ბორბლებზე. წინა ბორბლებზე ცხენების მხრებია, ხოლო უკანა ბორბლები იჭერენ მუცლის ნაწილს, ისე რომ ორივე მხრივ ფეხები ჰაერშია ჩამოკიდებული. შემდეგ ლაგამსა და აღვირს ამოსდებენ ცხენებს, წინ ეწევიან და პალოებზე ამაგრებენ. ხოლო დახრჩობილ 50 ჭაბუკს სათითაოდ სხამენ ცხენებზე. მათი დასმა ასე ხდება: თითოეულ გვამს ხერხემლის გასწვრივ კისრამდე უყრიან სწორ ჯოხს, ამ ჯოხის ქვემოთა ნაწილი შედის მეორე ხის ნახვრეტში, რომელიც ცხენშია გაყრილი. ამნაირ მხედრებს საფლავის გარშემო აყენებენ და თვითონ მიდიან. ასე მარხავენ სკვითები მეფეებს.
73. ხოლო სხვა სკვითები, როდესაც ისინი იხოცებიან, უახლოესი ნათსავები დასდებენ ეტლებზე და მეგობრებში ჩამატარებენ. ყოველი მეგობარი მხლებლებს კარგად ღებულობს და უმასპინძლდება, ხოლო გვამს ყველაფერს ისევე უწილადებენ, როგორც სხვებს. კერძო პირებს 40 დღეს დაატარებენ ასე და შემდეგ მარხავენ. დამარხვის მერე სკვითები შემდეგნაირად იწმინდებიან: ჯერ საცხებს ისვამენ თავზე და შემდეგ იბანენ, ხოლო ტანს კი ამნაირად ისუფთავებენ: სამ ხეს დაარჭობენ ერთმანეთის მიმართ დახრილს, მათზე გადასჭიმავენ შალის ნაბადს, რაც შეიძლება მჭიდროდ მოახურავენ ყოველი მხრიდან; ხეებსა და ნაბდებს შორის, შუაში დგას ვარცლი, რომელშიც ყრიან ცეცხლისაგან გავარვარებულ ქვებს.
74. ამ ქვეყანაში იზრდება კანაფი, რომელიც ძალიან ჰგავს სელს, გარდა სისქისა და სიმაღლისა, ამით სელს ბევრად აღემატება კანაფი. ის თავისთავად იზრდება და დათესვითაც. მისგან თრაკიელები ტანსაცმელს იმზადებენ, რომელიც ძალიან ჰგავს სელისას. იმდენად ჰგავს, რომ გამოუცდელი კაცი ვერც კი მიხვდება ტანსაცმელი სელისა არის თუ კანაფისა, ხოლო ვისაც საერთოდ არ უნახავს კანაფის ტანსაცმელი, მას უთუოდ ეგონება, რომ ის სელისა არის.
75. აი, სკვითები იღებენ ამ კანაფის თესლს, შედიან ნაბდების ქვეშ და თესლს ცეცხლისაგან გავარვარებულ ქვებზე ყრიან. ამისაგან ისეთი ოხშივარი გამოდის და იმისთნა ორთქლი დგება, რომ ვერც ერთი ელინური აბანო მას ვერ აჯობებს. სკვითები აბანოში სიამოვნებისაგან პირდაპირ ღმუიან. ეს მათთვის დაბანის მაგიერია, რადგან ისინი ტანს არასოდეს არ იბანენ წყლით. ხოლო მათი ქალები წყალში ურევენ ოღროჩოღრო ქვაზე დანაყილ კვიპაროსს, კედარსა და ლიბანოსს, შემდეგ ამ დანაყილ სქელ მასას ისვამენ მთელ სხეულსა და სახეზე. ქალებს ამისგან თან კარგი სუნი სდით და თან, როდესაც მეორე დღეს მოიცილებენ ამ საგოზავს, სუფთები და გაკრიალებული არიან.
76. უცხო ჩვეულებებს სკვითები სასტიკად გაურბიან და ეს სხვა ტომებზე ნაკლებ არ ეხება ელინებს, კიდევაც გამოჩნდა ეს ანაქარსისისა და შემდეგ სკილესის მაგალითებზე. ჯერ ანაქარსისის შესახებ – მან მრავალი ქვეყანა დაიარა, ყველგან დიდი სიბრძნე გამოიჩინა და ბრუნდებოდა უკან სკვითების სამყოფელში. ჰელესპონტზე რომ მიცურავდა, მიადგა კიძიკოსს და ნახა, რომ კიძიკოსელები ღმერთების დედა დიდი ზეიმით უხდიდნენ დღესასწაულს. ანაქარსისმა აღუთქვა ღმერთების დედას, რომ თუ უვნებელი და ჯანმრთელი დაბრუნდება თავის სამშობლოში, ისეთსავე მსხვერპლშეწირვას მოუწყობს მას, როგორსაც კიძიკოსელები აკეთებდნენ და დააწესებს ღამისთევას. როდესაც მოვიდა სკვითების ქვეყანაში, წავიდა ეგრეთ წოდებულ ჰილაიეში (ეს ყველნაირი ხეებით სავსე ადგილი აქილევსის სარბიელთანაა), აი, აქ წავიდა ანაქარსისი და ნამდვილი დღეობა გაუმართა ღმერთქალს, ისე რომ ხელში დაირები ეჭირა, ხოლო ზედ მისი გამოსახულებები ეკიდა. ვიღაც სკვითმა შენიშნა, მას რომ აკეთებდა და ამბავი მიუტანა მეფე სავლიოსს. მეფე თვითონ მოვიდა და რომ დაინახა ანაქარსისი ამ ყოფაში, მოკლა მშვილდისრით ახლა თუ ვინმე იკითხავს ანაქარსისს, სკვითები მას პასუხობენ, რომ ასეთს არავის იცნობენ და ეს იმიტომ ხდება, რომ მან იმოგზაურა ელადაში და უცხოურ ჩვეულებებს მისდია. როგორც მოვისმინე ტიმნესისაგან, არიაპეითესის მეურვისაგან, ანაქარსისი იყო სკვითების მეფის, იდანთირსოსის მამის ძმა, შვილი – გნუროსისა, ლიკოსის ძისა და სპარგაპეითესის შვილიშვილისა, ხოლო თუ ანაქარსისი მართლაც ამ სახლიდან იყო, მაშინ ის მოუკლავს თავის ძმას, რადგან იდანთიროსის შვილი იყო სავლიოსის, ხოლო სწორედ სავლიოსმა მოჰკლა ანაქარსისი.
77. მე კიდევ სხვა რაღაც ამბავი მოვისმინე, რომელსაც პელოპონესელები მოგვითხრობენ, თითქოს ანაქარსის სკვითების მეფემ გაგზავნა ელადაში სასწავლებლად. ხოლო უკან რომ დაბრუნდა, უთხრა თავის გამგზავნს, რომ ლაკედემონელთა გარდა ყველა ელინი ყოველგვარ სიბრძნეს ეწაფება, მაგრამ მხოლოდ ლაკედემონელებს შეუძლიათ ელინურად საუბარი და ელინური საუბრის მოსმენაო. მაგრამ ეს ამბავი თვით ელინთა მიერ არის შეთხზული და ის კაცი სწორედ ისე უნდა დაღუპული, როგორც უწინ ვთქვი. ასე დაიღუპა ის უცხო ჩვეულებათა მიმდევრობისა და ელინებთან ურთიერთობის გამო.
78. მრავალი წლის შემდეგ სკილესს, არიაპეითესის ძეს მსგავსი რამ შეემთხვა. სკვითების მეფეს, არიაპეითესის სხვა შვილებს შორის ჰყავდა ერთი, სკილეს, ის განუჩნდა მეფეს ისტრიელი ქალისაგან და არა ადგილობრივი სკვითისაგან, მას თვითონ დედამ ასწავლა ელინური ენა და წერა. ცოტა ხნის შემდეგ არიაპეითესი მოკვდა აგათირსების მეფის, სპარგაპეითესის მზაკვრობის შედეგად, ხოლო სამეფო მიიღო სკილესმა და მასთან ერთად მამის ცოლიც, რომელსაც სახელად ერქვა ოპოიე. ეს ოპოიე იყო ადგილობრივი მცხოვრები და მისგან არიაპეითესს ჰყავდა შვილი, ორიკოსი. სკილესი მეფობდა სკვითებზე, მაგრამ სულაც არ უყვარდა სკვითური ცხოვრება, რადგან ბევრად უფრო ერჩივნა ელინური ზნე-ჩვეულებები, რაკიღა ბავშვობიდანვე ასე იყო აღზრდილი. ამიტომაც ასე იქცეოდა: როდესაც კი წაიყვანდა სკვითების ლაშქარს ბორისთენიტების ქალაქში (ხოლო თვითონ ბორისთენიტები თავისთავს მილეტელებს უწოდებენ) და მათთან მივიდოდა, სკილესი ლაშქარს გარეუბანში დასტოვებდა, თვითონ კი შედიოდა გალავანში ნდა აკეტინებდა კარიბჭებს, იხდიდა სკვითურსა და იცვამდა ელინურ ტანსაცმელს, ეს ეცვა, დადიოდა ბაზარზე და არც მცველები ახლდნენ თან და არც სხვა ვინმე (ხოლო კარიბჭეს იცავდნენ რომ ვინმეს სკვითს არ დაენახა ამ ტანსაცმელში). ის საერთოდ ცხოვრების ელინურ წესების მისდევდა და ღმერთებსაც მსხვერპლს ელინური ჩვეულებების მიხედვით სწირავდა. როდესაც გაატარებდა აქ თვეს ან მეტს, ისევ იცვამდა სკვითურ ტანსაცმელს და უკან მიდიოდა. ამას ის ხშირად აკეთებდა. ამას გარდა ბორისთენესში სახლი აიშენა და იქ ცოლად ადგილობრივი ქალი მოიყვანა.
79. ხოლო სკილესს უბედურება უნდა დამართოდა და დაემართა კიდევაც შემდეგი შემთხვევის გამო: მას ძალიან უნდოდა ზიარებოდა დიონისეს ბაკქიურ მისტერიას. როდესაც მან განიზრახა ჩაბმულიყო მისტერიაში, შემდეგი დიდი სასწაული მოხდა: ბორისთენიტების ქალაქში მას დიდი და ძვირფასი სასახლე ჰქონდა, რომელიც ცოტათი ზემოთ ვახსენე და რომლის ირგვლივაც თეთრი ქვის სფინქსები და გრიფონები იდგნენ. ამ სასახლეს სტყორცნა ღმერთმა ისარი და ის მთლიანად დაიწვა, მაგრამ სკილესს ამის გამო სულაც არ აუღია ხელი მისტერიაში მონაწილეობაზე. სკვითები ელინებს ბაკქიური დღესასწაულისათვის ძრახავდნენ; ამბობდნენ, რომ არაფერი საჭიროა ისეთი ღმერთის გამოგონება, რომელიც ადამიანებს აგიჟებსო. როდესაც სკილესი ჩაება ბაკქიურ მისტერიაში, ერთმა ბორისთენიტმა მიირბინა სკვითებთან და უთხრა: „სკვითებო, ჩვენ დაგვცინით იმისათვის, რომ ბაკქიურ დღესასწაულს ვმართავთ და ღმერთს ვყავართ შეპყრობილი. ახლა კი იმავე ღვთაებას შეუპყრია თქვენი მეფე, რომელიც ბაკქიურ დღესასწაულშიც მონაწილეობს და ღმერთს გაუგიჟებია კიდეც. თუ ჩემი არ გჯერათ, მომყევით და გიჩვენებთ“. სკვითთა მეთაურები მიჰყვნენ მას, ბორისთენიტმა ისინი წაიყვანა და ჩუმად დასხა კოშკზე. სკილესმა ჩამოიარა საზეიმო პროცესიასთან ერთად და სკვითებმა დაინახეს, თუ როგორ მონაწილეობდა ის ბაკქიურ მისტერიაში. ეს ამბავი დიდ უბედურებად მიიჩნიეს, წავიდნენ და შეატყობინეს მთელ ლაშქარს, რაც ნახეს.
80. ამის შემდეგ სკილესი რომ დაბრუნდა უკან, სკვითებს მისი ძმა ოქტამასადესი დაეყენებინთ მეფედ (ეს იყო ტერესის ასულის შვილი) და სკილესისაგან გამდგარიყვნენ. სკილესი თრაკიაში გაიქცა, როცა გაიგო, რა მოელოდა და მის მიმართ ასეთი ქცევის მიზეზი შეიტყო. ოქტამასადესმა რომ ეს გაიგო, თრაკიის წინააღმდეგ გაილაშქრა, ისტროსს რომ მიადგა, მის წინააღმდეგ გამოვიდნენ თრაკიელები, ის იყო ერთმანეთს უნდა შებმოდნენ, რომ სიტალკესმა კაცი გაუგზავნა ოქტამასადესს და შეუთვალა: „რად გვინდა ერთმანეთის გამოცდა? შენ ჩემი დის შვილი ხარ, ჩემი ძმა კი შენს ხელშია. მომეცი ჩემი ძმა და სამაგიეროდ სკილესს მოგცემ. ხოლო ლაშქარს არც შენ ჩააგდებ საფრთხეში და არც მე“. სიტალკესმა კაცი გაუგზავნა და ეს შეუთვალა. მართლაც და, ოქტამასადესთან იყო სიტალკესის ძმა, მისგან გაქცეული, ოქტამასადესი დაეთანხმა ამაზე, მისცა სიტალკესის თავისი საკუთარი დედისძმა და მისგან მიიღო თავისი ძმა, სკილესი. სიტალკესმა ძმა რომ ხელთ იგდო, წაიყვანა აქედან, ხოლო ოქტამასადესმა იქვე მოჰკვეთა სკილესს თავი. აი, ასე იცავენ სკვითები თავის წესებს, ხოლო ვინც უცხოელთა ჩვევებს შეითვისებს, იმათ ამნაირად სჯიან.
81. სკვითების რაოდენობის ზუსტად გარკვევა ვერ შევძელი; მათი სიმრავლის შესახებ სხვადასხვა აზრი მოვისმინე. ერთი აზრის მიხედვით ისინი ძალიან ბევრნი არიან, ხოლო მეორე აზრის თანახმად – მცირერიცხოვანნი. მაგრამ ჩემი თვალით მე, აი, რა ვნახე: მდინარე ბორისთენესსა და ჰიპანისს შორის არის ადგილი, რომელსაც სახელად ჰქვია ექსამპაიოსი, რაც მოვიხსენე ცოტათი ზემოთ, როდესაც ვთქვი, რომ იქ მწარე წყლის წყაროა, საიდანაც გამოდენილი წყალი ჰიპანისს სასმელად უვარგისს ხდის მეთქი. ამ ადგილას დგას სპილენძის ქვაბი, პავსანიას კლეომბროტოსის ძის მიერ პონტოს სრუტესთან დადგმულ ჭურჭელზე ექვსჯერ უფრო დიდი. ვისაც ის სულ არ უნახავს, მათთვის ასე ავწერ: სკვითების სპილენძის ჭურჭელში სულ ადვილად ჩადის 600 ამფორა, ხოლო ამ სკვითური ჭურჭლის სისქე არის 6 თითი. ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, ისრის პირებისაგან არის გაკეთებულიო. მათმა მეფემ, რომელსაც სახელად ერქვა არიანტასი, მოინდომა შეეტყო სკვითების რაოდენობა და ბრძანა, ყველა სკვითს, თითოს თითო ისრის პირი მოეტანა. ვინც არ მოიტანდა, იმას სიკვდილით დაემუქრა. უამრავი ისრის პირი მოიტანეს და მეფემ გადაწყვიტა მათგან თავისი სახსოვარი რამე გაეკეთებინა და დაეტოვებინა. აი, აქედან გაკეთდა ეს სპილენძის ჭურჭელი და დაიდგა ექსამპაიოსში. ეს მოვისმინე სკვითების სიმრავლის შესახებ.
82. გარდა ძალიან დიდი და მრავალრიცხოვანი მდინარეებისა, ღირშესანიშნავი ამ ქვეყანაში არაფერია. თუმცა, მდინარეებისა და დაბლობის სიდიდის გარდა გაკვირვების ღირსია და მოსახსენებელი შემდეგი: კლდეზე, მდინარე ტირესის პირად აჩვენებენ ჰერაკლეს ნაკვალევს, რაც კაცის ნატერფალს ჰგავს, მხოლოდ სიდიდით ორი წყრთაა. ასეა ამბავი. ახლა კი დავუბრუნდები იმას, რაც თავიდან უნდა მომეთხრო.
83. როდესაც დარიოსი ემზადებოდა სკვითებზე გასალაშქრებლად და დაგზავნა მოციქულები, რათა მისი განკარგულებით ზოგს ქვეითი ლაშქარი მოემზადებინა, ზოგსაც ხომალდები, ხოლო დანარჩენებს ხიდი გაედოთ თრაკულ ბოსფორზე, არტაბანოსმა, ჰისტასპესის ძემ (რომელიც დარიოსის ძმა იყო) სთხოვა მას, არავითარ შემთხვვაში არ გაელაშქრა სკვითების წინააღმდეგ და აუწერა, თუ რა სიძნელეები იყო სკვითებთან დაკავშირებული. მაგრამ დარიოსმა რომ არ შეისმინა მისი კეთილი რჩევა, იმანაც თავი დაანება. დარიოსმა ყველაფერი რომ მოამზადა, გაიყვანა ლაშქარი სუსადან.
84. ამ დროს ერთ-ერთმა სპარსელმა, ოიობაძოსმა სთხოვა დარიოსს, სამი შვილი მყავს, სამივენი მოდიან სალაშქროდ და ერთი მაინც დამიტოვეო, დარიოსმა უპასუხა, რომ უვყარს ოიობაძოსი და მისი თხოვნაც ბუნებრივად მიაჩნია, ამიტომ ყველა შვილს დაუტოვებს. ოიობაძოსს ძალიან გაეხარდა და ეგონა, რომ შვილები ლაშქრობისგან გაათავისულფა; დარიოსმა კი უბრძანა ამასთან მყოფ მეთაურებს, დაეხოცათ ოიობაძოსის სამივე შვილი, და ისინიც, დახოცილები მართლაც დარჩნენ იქვე.
85. დარიოსი სუსადან რომ გავიდა, მივიდა კალქედონიეში, რომელიც ბოსფორთანაა, სადაც ხიდი იყო გადებული. აქ ავიდა ხომალდზე და გასცურა ეგრეთ წოდებულ კიანეებისაკენ, რომლებიც, როგორც ელინები ამბობენ, უწინ მოხეტიალენი იყვნენ. დაჯდა კონცხზე და ათვალიერებდა პონტოს, რომელიც მართლაც ღირსია დათვალიერებისა; ის ყველა ზღვაზე უფრო საოცარია: სიგრძით არის 11100 სტადიონი, ხოლო მისი ყველაზე უფრო ფართო ნაწილის სიგრძე 33000 სტადიონია. ამ ზღვის სრუტე სიგანით არის ოთხი სტადიონი, ხოლო სრუტის სიგანე ანუ მისი ყელი, რომელსაც ბოსფორი ეწოდება და სადაც ხიდია გადებული, დაახლოებით 120 სტადიონია, ბოსფორი გადაჭიმულია პროპონტიდამდე. ხოლო პროპონტიდა, რომელიც სიგანით 500 სტადიონია და სიგრძით – 1400, ერთვის ჰელესპონტს, რომლის უვიწროესი ადგილი არის 7 სტადიონი, ხოლო სიგრძე – 400. ჰელესპონტი ერთვის გაშლილ ზღვას, რომელსაც ეგევსის ზღვა ეწოდება.
86. ხოლო მანძილები ასეა გაზომილი: ხომალდი ჩვეულებრივ გრძელ დღეში გადის 70000 ორგიას, ხოლო ღამით 60000-ს. სრუტიდან ფასისამდე (ეს ხომ პონტოს ყველაზე გრძელი მანძილია) ცურვას უნდებიან 9 დღესა და 8 ღამეს. ეს იქნება 1110000 ორმგია, ხოლო ამ ორგიებიდან გამოდის 11100 სტადიონი, ხოლო სინდიკედან თემისკირემდე, რომელიც მდებარეობს მდინარე თერმოდონტთან (პონტო აქ ყველაზე უფრო ფართოა), მანძილი სამი დღისა და ორი ღამის საცურაოა. ეს იქნება 330000 ორგია, ხოლო სტადიონობით რომ ვიანგარიშო – 33000 სტადიონი. ეს პონტოც, ბოსფორიცა და ჰელესპონტიც ასე გავზომე და ყველაფერი ისეა, როგორც ზემოთ ვთქვი. ამ პონტოს მახლობლად მდებარეობს ტბა, რომელიც უერთდება პონტოს და მასზე არც თუ ბევრად პატარაა, მას ეწოდება მაიეტისიცა და პონტოს დედაც.
87. დარიოსმა რომ დაათვალიერა პონტო, გასცურა უკან ხიდისაკენ, რომლის მშენებელიც იყო მანდროკლეეს სამოსელი. ბოსფორიც რომ დაათვალიერა, მის ნაპირზე დაადგმევინა ორი სტელა, თეთრი ქვისა, ზედ ამოაკვეთინა წარწერები, ერთზე ასირულად, ხოლო მეორეზე ელინურად და ჩამოთვალა ყველა, ვინც კი თან მიჰყავდა, ხოლო თან მიჰყავდა ყველა, ვინც კი მისი ხელქვეითი იყო. მათი რიცხვი მხედრების ჩათვლით 700000 იყო, გარდა ფლოტისა, ხომალდი კი მან 600 შეაგროვა. ეს სტელები შემდეგ ბიზანტიონელებმა წაიღეს თავის ქალაქში და გამოიყენეს არტემიდე ორთოსის საკურთხევლისათვის, გარდა ერთი ქვისა, რომელზედაც ასირიული წარწერა იყო და ის დასტოვეს დიონისეს ტაძართან ბიზანტიონში. ბოსფორის ის ადგილი, სადაც ხიდი გასდო მეფე დარიოსმა, მე მგონია, ბიზანტიონსა და იმ სალოცავს შორის არის, რომელიც სრუტესთან დგას.
88. მას შემდეგ რაც დარიოსმა მოიწონა ხიდი, მის მაშენებელს, მანდროკლესს სამოსელს აჩუქა ყველაფერი 10-10. ამის სამაგიეროდ მანდროკლეესმა დახატა სურათზე ბოსფორის მთელი ხიდი, ტახტზე მჯდომი მეფე დარიოსი და მისი ლაშქარი, რომელიც გადადიოდა ამ ხიდზე, ეს დახატა, შესწირა ჰერას სალოცავს და ზედ წააწერა: „თევზით მდიდარ ბოსფორზე ხიდი ააგო მანდროკლეესმა და ჰერას უძღვნა ეს სურათი ხიდის მოსაგონებლად, თვითონ მან ამით გვირგვინი დაიდგა, ხოლო სამოსელებს სახელი მოუხვეჭა, რადგან მეფე დარიოსის გული მოიგო ამის გაკეტებით“.
89. ეს იყო ის მოსაგონარი, რაც დასტოვა ხიდის მაშენებელმა. ხოლო დარიოსი, მას მერე რაც მან მანდროკლეესი დაასაჩუქრა, გადავიდა ევროპესი, იონიელებს კი უბრძანა, გაეცურათ პონტოში მდინარე ისტროსამდე, ხოლო როდესაც მიაღწევდნენ ისტროსს, იქ დაეცადათ მისთვის და ხიდი გაედოთ მდინარეზე. ფლოტი მიჰყადათ იონიელებს, ეოლიელებს და ჰელესპონტელებს. ფლოტმა კიანეებს რომ ჩაუარა, მერე პირდაპირ ისტროსისაკენ გასცურა, მდინარეზე მან აღმა იცურა ზღვიდან ორი დღის სავალზე მდინარის იმ ადგილამდე, საიდანაც ისტროსი ორ ტოტად იყოფა და აქ გასდო ხიდი. დარიოსმა ბოსფორი რომ ხიდით გადაიარა, შემდეგ თრაკია განვლო, მივიდა მდინარე ტეროსის სათავეებთან და აქ დაიბანაკა სამ დღეს.
90. როგორც ირგვლივ მაცხოვრებლები ამბობენ, ტეაროსი მდინარეთა შორის გამოირჩევა, როგორც საერთოდ სამკურნალო თვისებების მქონე და განსაკუთრებით კი იმით, რომ მუნისგან ჰკურნავს ხალხსაც და ცხენებსაც. ამ მდინარეს აქვს ორის გამოკლებით ორმოცი სათავე და ყველა ეს სათავე ერთსა და იმავე კლდეშია. ზოგიერთი სათავის წყალი ცივია, ხოლო ზოგი – თბილი. ამ წყაროებამდე თანაბარი მანძილია ქალაქ ჰერაიონიდან, რომელიც პერინთოსთანაა და აპოლონიიდან, რომელიც არის ევქსინის პონტოსთან. გზას უნდება ორი დღე. ეს ტეაროსი ერთვის მდინარე კონტადესდოსს, კონტადესდოსი – აგრიანესს, აგრიანესი ჰებროსს, ეს კიდევ – ზღვას ქალაქ აინოსთან.
91. ამ მდინარეს რომ მიაღწია დარიოსმა, დაიბანაკა, მოეწონა მდინარე და აღმართა იქ სტელა, რომელზედაც წააწერა შემდეგი: „მდინარე ტეაროსის წყაროების წყალი შესანიშნავია და საუკეთესო ყველა სხვა მდინარის წყალთან შედარებით. ამ წყაროებთან მოვიდა ყველა ადამიანთა შორის შესანიშნავი და საუკეთესო ვაჟკაცი, დარიოს ჰისტასპესის ძე, სპარსელების და მთელი ხმელეთის მეფე, როდესაც მას სკვითების წინააღმდეგ მიჰყავდა ლაშქარი“. აი, ეს იყო ამ სტელაზე დაწერილი.
92. დარიოსი აქედან წამოვიდა და მიაღწია სხვა მდინარეს, რომელსაც სახელად ჰქვია არტესკოსი და რომელიც მიედინება ოდრისებზე. ამ მდინარესთან მოსული ასე მოიქცა: უჩვენა ლაშქარს ერთი ადგილი და უბრძანა ყოველ კაცს, ამ ადგილთან რომ ჩაივლიდა, თითო ქვა დაედო. ლაშქარმა შეასრულა მისი განკარგულება და დარიოსმა ლაშქარი რომ წაიყვანა აქედან, ამ ადგილას ქვების დიდი გორები დატოვა.
93. ვიდრე ისტროსამდე მივიდოდა, დარიოსმა პირველად დაიპყრო გეტები, რომელთაც თავი უკვდავად მიაჩნდათ. ხოლო თრაკიელები, რომლებსაც უჭირავთ სალმიდესოსი და ისინი, რომლებიც ცხოვრობენ აპოლონიისა და ქალაქ მესამბიის ზემოთ და ეწოდებათ სკირმიადები და ნიფსეები, უბრძოლველად დანებდნენ დარიოსს. გეტები კი, რომლებიც თრაკიელთა შორის ყველაზე მამაცები და სამართლიანები არიან, მოუფიქრებლად მოიქცნენ და მაშინვე ტყვეობაში ჩაცვივდნენ.
94. მათ ადამიანის უკვდავება ასე ესმით: იმათ ჰგონიათ, რომ კი არ კვდებიან, როდესაც იხოცებიან, არამედ მიდიან ღვთაება სალმოქსისთან. ზოგი მათგანი ამ ღვთაებას გებელეიძისს უწოდებს. ისინი ყოველ მეხუთე წელიწადს მუდამ, კენჭისყრით თავისი წრიდან გზავნიან მოციქულს სალმოქსისთან და ავალებენ მას, რაც უფრო სჭირდებათ იმჟამად. ხოლო მიცულის გაგზავნა ასე ხდება: ზოგიერთები დაეწყობიან და ხელში სამ-სამი შუბი უჭირავთ, სხვები კიდევ სალმოქსისთან წარგზავნილს ჩასჭირდებენ ხელს ხელებსა და ფეხებში, აისვრიან მაღლა და დააგებენ შუბებზე. თუ ეს ზედწამოგებული მოკვდა, მიიჩნევენ, რომ ღმერთი მათ მიმართ მოწყალეა, ხოლო თუ არ მოკვდა, მაშინ დაადანაშაულებენ თვით მოციქულს, იტყვიან, ცუდი კაციაო, დაადანაშაულებენ და სხვას გაგზავნიან მოციქულად. ისინი დავალებებს მაშინ აძლევენ, ჯერ კიდევ ცოცხალი რომ არის კაცი. თვითონ ეს თრაკიელები ჭექა-ქუხილის დროს ისრებს ესვრიან ცას და ემუქრებიან ღმერთს: ისინი არც ერთ სხვა ღმერთს არ ცნობენ, გარდა თავისი საკუთარი ღმერთისა.
95. როგოც შევიტყვე ჰელესპონტთან და პონტოსთან მცხოვრებ ელინთაგან, ეს სალმოქსისი იყო სამოსზე მონობაში ნამყოფი კაცი, სახელდობრ, ის იყო მონა პითაგორეს მნესარქოსის ძისა. შემდეგ განთავისუფლდა და დიდი ქონება მოიპოვა და რომ მოიპოვა, უკან დაბრუნდა სამშობლოში. თრაკიელებს მძიმე ცხოვრება ჰქონდათ და ისედაც სულელები იყვნენ, სალმოქსისი კი გაეცნო იონიელების ცხოვრებას და უფრო განათლებულ ჩვევებს, ვიდრე თრაკიელებს ჰქონდათ, რადგან ელინებთან ჰქონდა ურთიერთობა და ელინთა შორის კიდევ პითაგორესთან, რომელიც სიბრძნის მხრივ უკანასკნელი არ ყოფილა. სალმოქესისმა გააკეთებინა დარბაზი, სადაც ღებულობდა მოქალაქეთა თავკაცებს, უმასპინძლდებოდა მათ და ასწავლიდა, რომ არ მოკვდებიან არც თითონ, არც მისი თანამეინახენი და არც ისინი, ვინც მათგან ოდესმე გაჩნდებიან, არამედ წავლენ ისეთ ადგილას, სადაც იქნებიან მუდამ და ექნებათ ყოველივე სიკეთე. იმ ხნის განმავლობაში, როდესაც ის ამას აკეთებდა, რაც ვთქვი და ასე ლაპარაკობდა, მან გაიკეთა მიწისქვეშა საცხოვრებელი, როდესაც საცხოვრებელი მზად იყო, სალმოქსისი გაუჩინარდა თრაკიელთათვის, ჩავიდა ქვემოთ, მიწისქვეშა საცხოვრებელში და იქ იცხოვრა სამ წელიწადს. ხოლო თრაკიელები სწუხდნენ და ისე განიცდიდნენ, თითქოს ის მკვდარი ყოფილიყოს. მეოთხე წელს ის ეჩვენა თრაკიელებს და ამით დაიჯერეს თრაკიელებმა ის, რასაც მათ სალმოქსისი ეუბნებოდა. ამბობენ, რომ ასე მოიქცაო.
96. მის შესახებ მოთხორბას და მიწისქვეშა საცხოვრებლის ამბავს მე არც მთლად უნდობლად ვეკიდები და არც მაინცდამაინც მჯერა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს სალომქსისი პითაგორესზე მრავალი წლით ადრე ცხოვრობდა. ისე კი, სალმოქსისი კაცთაგანი იყო, თუ გეტების რომელიმე ადგილობრივი ღვთაება, კარგად იყოს! ეს ხალხი, რომელსაც ამნაირი წეს-ჩვეულებები ჰქონდათ, დაიმორჩილეს თუ არა სპარსელებმა, გაჰყვა მათ ლაშქარს.
97. როდესაც სარიოსი და მასთან ერთად მყოფი ქვეითი ჯარი მივიდნენ ისტროსთან და მდინარეზე გადავიდნენ, დარიოსმა უბრძანა იონიელეს, დაენგრიათ ხიდი და მას გაჰყოლოდნენ ხმელეთზე ხომალდებზე მყოფ ლაშქართან ერთად. როდესაც იონიელებმა ხიდის დანგრევა და ბრძანების აღსრულება დააპირეს, კოესმა, ექსანდროსის ძემ, რომელიც მიტილენელთა მხედართმთავარი იყო, დარიოსს უთხრა (მას მერე რაც შეიტყო, ესიამოვნება თუ არა დარიოსს, მოისმინოს აზრი იმისგან, ვისაც მისი გამოთქმა სურს): „მეფეო, შენ აპირებ ასეთ ქვეყანაზე გალაშქრებას, სადაც ვერ ნახავ ვერც მოხნულ მიწას და ვერც დასახლებულ ქალაქს. დატოვე ეს ხიდი იმავე ადგილას და მცველებად დაუყენე ისინი, ვინც ეგ ააგო. რაც გუნებაში გვაქვს, თუ ისე აგვიხდა და ვიპოვეთ სკვითები, მაშინ უკან დაბრუნებაც შეგვეძლება, ხოლო თუ ვერ შევძელით მათი პოვნა, უკან დაბრუნება მაინც საზრუნავი აღარ გვექნება. მე იმისი კი არ მეშინია, რომ სკვითები ბრძოლაში დაგვამარცხებენ, არამედ უფრო იმისი, რომ იმათ ვერ ვიპოვნით და ხეტიალში დავიტანჯებით. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მე ამას ჩემი გულისათვის ვამბობ, რომ აქ დარჩენა მინდა, მაგრამ მეფეო, ამას იმიტომ ვამბობს, რომ შენთვის მიმაჩნია ეს აზრი საუკეთესოდ. მე თვითონ, რა თქმა უნდა, შენ წამოგყვები და ნაბიჯითაც არ ჩამოგრჩები“. დარიოსს ძალიან მოეწონა ეს აზრი და შემდეგი უპასუხა: „ძვირფასო ლესბოსელო, როდესაც შინ მშვიდობით დავბრუნდები, უეჭველად მოდი ჩემთან, რათა კარგი რჩევისათვის კეთილი საქმეები მოგაგო“.
98. ეს რომ თქვა, 60 ნასკვი გააკეთა თასმაზე, დაუძახა მოსალაპარაკებლად იონიელთა ტირანებს და უთხრა: „იონიელო ვაჟკაცებო, შევიცვალე ის აზრი, უწინ რომ მქონდა ხიდის შესახებ, ახლა წაიღეთ ეს თასმა და ასე მოიქეცით; როგორც კი დაინახავთ, რომ წავედი სკვითების წინააღმდეგ, იმ დროიდან დაიწყეთ და ყოველდღე თითო ნასკვი გახსენით, თუ არ დავბრუნდი იმ დროისათვის ნასკვებით აღრიცხული დღეები რომ გაივლის, გასცურეთ უკან თქვენი ქვეყნისაკენ, მანამდე კი, ასე გადავწყვიტე, დაიცავით ხიდი, გულმოდგინედ იზრუნეთ მისი გადარჩენისა და დაცვისათვის. ასე თუ მოიქცევით, მე დიდად მასიამოვნებთ“. ეს თქვა დარიოსმა და წავიდა წინ.
99. თრაკია სკვითიის ქვეყანაზე უფრო ზღვისაკენ მდებარეობს, სადაც ამ ქვეყნის უბე იწყება, იქაა სკვითია და ისტროსიც აქ შედის სკვითიაში, აღმოსავლეთით რომ შებრუნდება ზღვის შესართავისაკენ. ისტროსიდან დავიწყებ ამ სკვითიის მხარის ზღვისაკენ მდებარე ნაწილის აღწერას, მისი გაზომვის მიზნით. ისტროსისაგან დაწყებული ნაწილი არის ძველი სკვითია, იგი მდებარეობს სამხრეთისკენ, სამხრეთის ქარის მიმართულებით და ვრცელდება კარკინიტისად წოდებულ ქალაქამდე, შემდეგ ნაწილი ამის მერე არის იმავე ზღვასთან, ესაა მთიანი ქვეყანა, ის დასახლებულია ტავრების ტომით და ვრცელდება ნახევარკუნძულამდე, რომელსაც ეწოდება კლდოვანი. ის შედის ზღვაში აღმოსავლეთის ქარის მიმართულებით. სკვითიას ორ მხრივ საზღვრად აქვს ზღვა, სამხრეთით და აღმოასვლეთით, ისევე, როგორც ატიკის ქვეყანას. ტავრები ისევე ცხოვრობენ სკვითიაში, როგორც მაგალითად ატიკაში რომ სხვა ტომს ეცხოვრა და არა ათენელებს სუნიონის კონცხზე (მხოლოდ ისე, რომ ზღვაში უფრო მეტად ყოფილიყო კონცხი შეჭრილი), თორიკოსიდან სოფელ ანაფლისტოსამდე. ამის შესახებ მე იმდენად ვლაპარაკობ, რამდენადაც შესაძლებელია პატარა რამის შედარება დიდთან. აი, ასეთი არის ტავრიკე. ხოლო მას, ვისაც ატიკის ამ ნაწილის ირგვლივ ხომალდით არ შემოუვლია, მე სხვაგვარად ავუხსნი: წარმოიდგინოს მან, რომ იპოვა კონცხი ბრენტესიონის ნავსადგურიდან ვიდრე ტარანტამდე გამოყოფილი და დასახლებული იყოს სხვა ტომით და არა იაპიგებით. მე მხოლოდ ეს ორი დავასახელე, მაგრამ კიდევ ბევრი სხვისი დასახელება შეიძლებოდა, იმის განსამარტავად, თუ რას ჰგავს ტავრიკე.
100 ტავრიკის აქეთ, ტავრებს ზემოთ და აღმოსავლეთის ზღვასთან ცხოვრობენ სკვითები, რომლებსაც უჭირავთ კიმერიის ბოსფორის დასავლეთის ნაწილი და მაიეტისის ტბის მიდამოები მდინარე ტანისამდე, რომელიც ერთვის ამ ტბის ყურეს. ისტროსიდან ზემოთ მდებარე ადგილებში, რომლებსაც მივყავართ ხმელეთის შიგნით, სკვითიის მეზობლები პირველად აგათირსები არიან, შემდეგ ნევრები, მერე ანდროფაგები და ბოლოს მელანქლაინები.
101. სკვითიე თითქოს ოთხკუთხედის ფორმისა, მისი ორივე გვერდი აღწევს ზღვამდე, ამასთანავე სრულიად ტოლებია ხმელეთის შიგნით მიმართული გვერდი და ის, რომელიც ზღვის გასწვრივ არის. ისტროსიდან ბორისთენესამდე ათი დღის გზაა, ხოლო ბორისთენესიდან მაიეტისის ტბამდე – მეორე ათი დღისა. ზღვიდან შუა ხმელეთამდე, მელანქლაინებამდე, რომლებიც ცხოვრობენ სკვითების ზემოთ, არის 20 დღის სავალი გზა, დღიურ გზად მე მიმაჩნია 200 სტადიონი. ამგვარად, სკვითიის დიაგონალი არის 4000 სტადიონი, ხოლო ის სწორი ხაზები, რომლებსაც ქვეყნის შიგნით მივყავართ, კვლავ ამდენსავე სტადიონს შეიცავენ. აი, ასეთია ამ ქვეყნის სიდიდე.
102. ხოლო სკვითებმა მოიაზრეს, რომ ისინი მარტო ვერ ძლევენ დარიოსის ლაშქარს პირისპირ ბრძოლაში და დაგზავნეს შიკრიკები მეზობლებში. ამ ხალხების ბასილევსები შეკრებილიყვნენ და თათბირობდნენ იმის შესახებ, თუ დიდ ჯარს როგორ გამკლავებოდნენ, ხოლო ეს შეკრებილი ბასილევსები იყვნენ: ტავრების, აგათირსების, ნევრების, ანდროფაგების, მელანქლაინების, გელონების, ბუდინებისა და სავრომატების ბასილევსები.
103. ამ ტომთა შორის ტავრები შემდეგ წესებს მისდევენ: ქალწულს მსხვერპლად სწირავენ ყველა იმ ელინს, ვისაც ხომალიდ დაეღუპება, ანდა ვისაც ისინი შეიპყრობდნენ და ამას შემდეგნაირად აკეთებენ: იწყებენ მსხვერპლშეწირვას და მას თავში კომბალს ურყტამენ. ზოგიერთები ამბობენ, სხეულს კლდიდან ძირს აგდებენ (ამ კლდეზე სალოცავია აგებული), თავს კი სარზე ჩამოაგებენ; ხოლო სხვები თავის შესახებ თავის შესახებ ამ აზრისანი არიან, ხოლო სხეულზე ამბობენ, კლდიდან კი არ აგდებენ, მიწაში ფლავენო. ამ ღმერთქალის შესახებ, რომელსაც მსხვერპლს სწირავენ, თვითონ ტავრები ამბობენ, რომ იფეგენეია არისო, აგამემნონის ასული. ხოლო მტერს, რომელსაც კი ხელთ იგდბენ, ისინი ასე ექცევიან: ყოველი მათგანი სჭრის მტერს თავს და მიაქვს სახლში, შემდეგ ძალიან დიდ ჯოხზე დაარჭობენ თავს და დააყენებენ სახლს ზემოთ, მასზე ბევრად უფრო მაღლა, მეტ წილად საკვამურის ზემოთ. ისინი ამბობენ, რომ ესენი მთელი იმ სახლის მცველები არიან, რომლის ზემოთაც დააყენეს. ტავრები ცხოვრობენ ყაჩაღობითა და ომებით.
104. ხოლო აგათირსები წყნარი ხალხია და დიდი ხალისით ატარებენ ოქროს ნივთებს. ქალებთან ურთიერთობა მათ საერთო აქვთ. ეს იმისთვის, რომ ისინი ერთმანეთის ძმები იყვნენ და ყველანი ერთმანეთის ნათესავები; არც შური ჰქონდათ და არც მტრობა ერთმანეთის მიმართ. თავის სხვა წეს-ჩვეულების მიხედვით ისინი თრაკიელებს ემსგავსებიან.
105. ნევრები სკვითური წესებს მისდევენ. დარიოსის ლაშქრობაზე ერთი თაობით ადრე ისინი იძულებული იყვნენ მთელი თავისი ქვეყანა დაეტოვებინათ გველების გამო. ეს იმიტომ, რომ ჯერ მათ ქვეყანაში გაჩნდა ძალიან ბევრი გველი და კიდევ უფრო ბევრი ზემოდან, უდაბნოებიდან ჩამოვიდა. ისე, რომ შევიწროვებულმა ნევრებმა მიატოვეს თავიანთი ქვეყანა და დასახლდნენ ბუდინებთან ერთად, ხალხს ჰგონია, რომ ისინი გრძნეულები არიან. რადგან სკვითები და ელინები, რომლებიც სკვითიაში ცხოვრობენ, ამბობენ, რომ ყოველ წელიწადში ერთხელ თითოეული ნევრი მგლად იქცევა რამდენიმე დღით და შემდეგ ისევ თავისსავე სახეს ღებულობს. ამას მეუბნებიან, მე კი არ მჯერა, თუმცა, ამბობენ და თანაც ფიცულობენ.
106. ყველა ადამიანთა შორის საგანგებოდ ველური ჩვევები აქვთ ანდროფაგებს: ისინი არც სამართალს სცნობენ და არც რაიმე კანონს მისდევენ. ისინი მომთაბარეები არიან, ტანისამოსს ატარებენ სკვითურის მსგავსს, ხოლო ენა კი საკუთარი აქვთ. ამ ხალხებიდან მხოლოდ ესენი სჭამენ ადამიანის ხორცს.
107. ყველა მელანქლაინები შავ ტანსაცმელს ატარებენ, ამის გამო აქვთ მათ ეს სახელიც, ხოლო ჩვეულებებს სკვითურს მისდვენ.
108. ხოლო ბუდინები დიდი და მრავალირცხოვანი ტომია: ისინი ლურჯთვალება და წითურთმიანები არიან. მათში არის აგებული ერთი ხის ქალაქი; ამ ქალაქის სახელია გელონოსი. გალავნის თითოეული კედლის სიგრძე არის 30 სტადიონი. ის მაღალია და მთლად ხისაა, მათი სახლებიც ხისაა და სალოცავებიც. იქ არის ელინთა ღმერთების სალოცავები, ელინური ქანდაკებებით, საკურთხევლებითა და ხის ტაძრებით, ხოლო დიონისეს ყოველ მესამე წელს უხდიან დღეობას. ეს იმიტომ, რომ გელონები თავდაპირველად ელინები იყვნენ, წამოვიდნენ ზღვისპირა ქალაქიდან და დასახლდნენ ბუდინებში. ზოგი მათგანის ენა სკვითურია, ზოგის – ელინური.
109. ხოლო ბუდინები იმ ენაზე არ ლაპარაკობენ, რომელზედაც გელონები, არც ცხოვრება აქვთ ისეთი, როგორიც გელონებს. ბუდინები ამ ქვეყნის მკვიდრნი არიან, მომთაბარეობენ და აქ მცხოვრებ ხალხთა შორის მხოლოდ ესენი არიან გირჩისმჭამელები. გელონები კი მიწათმოქმედნი არიან, სჭამენ პურს, აშენებენ ბაღებს და არაფრით ჰგვანან ბუდინებს, არც შესახედავად და არც ფერით. თუმცა ელინები ბუდინებსაც გელონებს უწოდებენ, მაგრამ სწორედ არ უწოდებენ. მთელი მათი ქვეყანა სხვადასხვაგვარი ტყით არის დაფარული. უდიდეს ტყეში არის დიდი ტბა, გარშემორტყმული ჭაობითა და ლერწმით. ამ ტბაში იჭერენ წავებს, თახვებსა და სხვა ოთხკუთხა დინგიან ცხოველებს, რომელთა ტყავსაც ტყაპუჭებს აკერებენ, ხოლო მათი კვერცხები ბუდინებს საშვილოსნოს სამკურნალო საუკეთესო საშუალებად მიაჩნიათ.
110. სავრომატების შესახებ შემდეგს მოგვითხრობენ: როდესაც ელინები ამაზონებს ებრძოდნენ (სკვითები ამაზონებს უწოდებენ „ოიორპატა“-ს, ელინურ ენაზე ეს სახელი ნიშნავს „კაცთმკვლელებს“, რადგან „ოიორ“ აღნიშნავს „მამაკაცს“, ხოლო „პატა“ მოკვლას), მაშინ თერმოდონტთან ბრძოლაში ელინებმა გაიმარჯვეს, გამოცურეს უკან და წამოიყვანეს სამი ხომალდი ამაზონები, რომლების შეპყრობაც შეიძლეს. ამაზონები ზღვაში დაესხნენ მათ თავს და ამოხოცეს მამაკაცები. ხომალდებისა მათ არა იცოდნენ რა, არც საჭეების ხმარება იცოდნენ, არც აფრებისა და ნიჩბებისა, ისე რომ მამაკაცები რომ ამოხოცეს, ამაზონები მიენდვნენ ტალღებსა და ქარს და მიაღწიეს კრემნოს, მაიეტისის ტბაზე, ხოლო კრემნო თავისუფალი სკვითების ქვეყანაშია. აქ გადმოვიდნენ ამაზონები ხომალდებიდან და ახლა ხმელეთზე იარეს დასახლებულ ადგილამდის. შეხვდნენ თუ არა პირველსავე ცხენების ჯოგს, მოიტაცეს, ამხედრდნენ და დაიწყეს ყაჩაღობა სკვითების ქვეყანაში.
111. ხოლო სკვითებს არ შეეძლოთ აეხსნათ რა მოხდა, რადგან არც ენა იცოდნენ მათი, არც ტანსაცმელს სცნობდნენ და არც ტომს და გაოცებული იყვნენ, საიდან მოვიდნენ ისინი; ეგონათ, რომ ამაზონები მამაკაცები იყვნენ, მხოლოდ ასაკით ნორჩნი და ბრძოლა გაუმართეს მათ. ბრძოლაში სკვითებმა გვამები ჩაიგდეს ხელში და ეგრე შეიტყვეს, რომ ისინი ქალები იყვნენ. სკვითებმა მოითათბირეს და გადაწყვიტეს, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ მოეკლათ ამაზონები, ის კი არა, თავისი წრიდან გაგზავნეს ამაზონებთან ყვლაზე უფრო ახალგაზრდა, იმავე რაოდენობით, რამდენნიც ამაზონები იყვნენ. ახალგაზრდები უნდა დაბანაკებულიყვნენ ამაზონების მახლობლად და გაეკეთებინათ ის, რასაც ქალები გააკეთებდნენ. ხოლო თუ ამაზონები მათ დაედევნებოდნენ, ახალგაზრდები კი არ უნდა შებრძოლებოდნენ, არამედ უნდა გაქცეულიყვნენ. ხოლო როდესაც ამაზონები შეწყვეტდნენ დევნას, ახალგაზრდები უნდა მისულიყვნენ ახლოს და დაებანაკებინათ. ასე გადაწყვიტეს სკვითებმა, რადგანაც უნოდათ, რომ ამ ქალებისაგან შვილები ჰყოლოდათ.
112. გაგზავნილმა ჭაბუკებმა გააკეთეს ის, რაც ევალებოდათ, ხოლო როდესაც შეატყვეს მათ ამაზონებმა, რომ ისინი სრულიადაც არ არიან სამტროდ მოსულნი, ხელი არ ახლეს. ყოველდღიურად ბანაკი ბანაკთან სულ უფრო ახლოს მიდოდა. ჭაბუკებს ისევე, როგორც ამაზონებს არაფერი ჰქონდათ, გარდა იარაღისა და ცხენებისა. ამიტომ ჭაბუკებიც იმავე ცხოვრებით ცხოვრობდნენ, რომლითაც ამაზონები, ე.ი. ნადირობდნენ და ყაჩაღობდნენ.
113. ამაზონები შუადღისას იფანტებოდნენ ცალ-ცალკე ან ორ-ორად და ერთმანეთიაგან შორს სხდებოდნენ ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. სკვითებმმა ეს შეიყტვეს და დაიწყეს თვითონაც ამის კეთება. ერთი ჭაბუკი განმარტოვდა და ამაზონთაგან ერთ-ერთს მიუახლოვდა, ამაზონმა არ გააძევა და ნება დართო მასთან დაწოლილიყო. ქალს ლაპარაკი არ შეეძლო (რადგანაც არ იცოდნენ ერთმანეთის ენა), მაგრამ ხელით ანიშნა, რომ მეორე დღეს მოსულიყო ამავე ადგილას და მეორე კაციც მოეყვანა, ანიშნა, რომ ორნი იქნებიან, რომ თვითონაც მეორე ქალს მოიყვანს. ჭაბუკი წავიდა და უთხრა ყველაფერი დანარჩენებს. მეორე დღეს მოიდა ამავე ადგილას თვითონ და მეორეც მოიყვანა, ნახა ამაზონი და მასთან ერთად მეორეც, რომელიც მათ ელოდებოდნენ, დანარჩენმა ჭაბუკებმა რომ შეიტყვეს, თვითონაც მიიჩვიეს დანარჩენი ამაზონები.
114. შემდეგ შეაერთეს ბანაკები და დასახლდნენ ერთად. თითოეულ ჭაბუკს ჰყავდა ის ქალი, რომელთნაც პირველად იწვა. კაცებმა ვერ შეძლეს ქალების ენის სწავლა, ქალები კი იგებდნენ კაცების ენას. როდესაც გაიგეს ერთმანეთის, შემდეგ უთხრეს ამაზონებს კაცებმა: „ჩვენ გვყვანან მშობლები, გვაქვს ჩვენი ქონებაც. ახლა მეტი აღარ შეგვიძლია ასეთი ცხოვრება, როგორიც ამდენ ხანს გვაქვს. წავიდეთ და მათთან ერთად ვიცხოვროთ. ცოლებად კი თქვენ გვეყოლებით და სხვა არავინ“. ამაზონებმა ამის საპასუხოდ უთხრეს შემდეგი: „ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრება თქვენ ქალებთან ერთად, რადგანაც ჩვენ და მათ ერთი და იგივე ჩვეულებები არა გვაქვს. ჩვენ ვმშვილდოსნობთ კიდევაც, შუბსაც ვისვრით და ვჯირითობთ, ხოლო ქალური საქმეები არ გვისწავლია. თქვენმა ქალებმა კი აქედან, რაც ჩამოვთვალეთ, არაფრის კეთება არ იციან, აკეთებენ ქალურ საქმეებს და რჩებიან ურმებში. არც სანადიროდ გადიან და არც სხვაგან სადმე. ამიტომაც არ შეგვიძლია ჩვენ მათთან შეთანხმება. ხოლო თუ თქვენ გინდათ, რომ ჩვენ გყავდეთ ცოლებად და აპირებთ, რომ იყვეთ სამართლიანები, წადით მშობლებთან, მიიღეთ ქონებიდან თქვენი წილი, შემდეგ მოდით და ვიცხოვროთ ჩვენთვის“.
115. ჭაბუკებმა დაუჯერეს და ასე მოიქცნენ. როდესაც მიიღეს თავისი კუთვნილი წილი ქონებიდან, მოვიდნენ უკან ამაზონებთნ და ქალებმა უთხრეს მათ შემდეგი: „შიშსა და ძრწოლას შევუპყრივართ ჩვენ. თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ იმ ადგილას, სადაც თქვენ თქვენი მამები გაძარცვეთ. ხოლო ჩვენ ამდენი ვავნეთ თქვენს მიწა-წყალს, ხოლო თუ თქვენ ღირსად მიგაჩნივართ თქვენი ცოლობისა, მოდით, ასე ვქნათ: ავდგეთ და წავიდეთ ამ ქვეყნიდან და დავსახლდეთ მდინარე ტანაისს გადაღმა“. ჭაბუკებმა ესეც დაუჯერეს მათ.
116. გადავიდნენ ტანაისზე და მზის აღმოსავლისაკენ გაიარეს სამი დღის სავალი გზა ტანაისიდან. ხოლო სამი დღე იარეს მაიტესის ტბიდან ჩრდილოეთის მიმართულებით. მივიდნენ იმ ქვეყანაში, რომელშიც ახლაც ცხოვრობენ და იქ დასახლდნენ. სავრომატების ქალები ამ დროიდან მოკიდებული ისეთსავე ცხოვრებას ეწევიან, როგორც ძველად, სანადიროდ გადიან ცხენებზე ამხედრებულები, ქმრებთან ერთად და უქმრებოდ. მიდიან სომრად და იმავე ტანსაცმელს იცვამენ, რომელსაც მათი ქმრები ატარებენ.
117. სავრომატები სკვითების ენაზე ლაპარაკობენ, მაგრამ ძველთაგანვე ამახინჯებენ მას, რადგანაც ამაძონებმა ის კარგად ვერ ისწავლეს. ქორწინების საკითხები მათთან ასე წყდება. ვერც ერთი ქალწული იმაზე უწინ ვერ გათხოვდება, ვიდრე არ მოჰკლავს მტერს – მამაკაცს. ზოგიერთი ქალი მოხუცებული, მაგრამ გაუთხოვარი კვდება, რადგან ვერ შეძლო ამ კანონის შესრულება.
118. როდესაც ზემოჩამოთვლილი ტომების ბასილევსები შეიკრიბნენ, მოვიდნენ. მათთან სკვითების მოციქულები და შეატყობინეს, რომ სპარსელებმა მას მერე, რაც იმ მატერიკზე ყველაფერი დაიმორჩილა, ხიდი გასდო ბოსფორის ყელზე და გადავიდა მეორე მატერიკზე, გადმოვიდა და დაიმორჩილა თრაკიელები, და ხიდს სდებს მდინარე ისტროსზე, რადგან სურს მთელი ეს მხარეც თავისი ქვეშევრდომი გაიხდოს. მათ თქვეს: „არ დაგვღუპოთ და არავითარ შემთხვევაში არ გადაგვიდგეთ, რომ შეთანხმებულად წინააღვუდგეთ თავდამსხმელს. თქვენ ხომ არ იზმათ ამას? თუ დაგვეტოვებთ, მაშინ იძულებული ვიქნებით ან დავტოვოთ ქვეყანა, ანდა დავრჩეთ და დავუზავდეთ მოწინააღმდეგეს. აბა, რა მოგვივა, თუ თქვენ არ მოინდომებთ ჩვენს დახმარებას? ამით არც თქვენ შეგიმსუბუქდებათ მდგომარეობა, რადგან სპარსელი ისევე წამოვა თქვენს წინააღმდეგ, როგორც წამოვიდა ჩვენზე; ის არ დასჯერდება ჩვენს დამორჩილებას და მერე თქვენ მოგდგებათ. მე ერთ სარწმუნო საბუთს მოგიტანთ ჩვენი აზრის სასარგებლოდ: თუ სპარსელებმა ჩვენს წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ ილაშქრა, რომ სამაგიერო გადაეხადა ჩვენთვის სპარსელთა უწინდელი დამონებისათვის, მაშინ მას ყველა სხვისთვის თავი უნდა დაენებებინა და გაელაშქრა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაზე, და ყველასათვის გამოეცხადებინა, რომ სკვითების წინააღმდეგ მიდის და არა ვისიმე წინააღმდეგ. ახლა კი ჩვენს მატერიკაზე გადმოსვლისთანავე შეუდგა ყველას დამორჩილებას, ვინც კი გზაზე გადაეყარა. აი, ასე გახდნენ მისი ქვეშევრდომები თრაკიელი და ჩვენი მეზობლები, გეტები“.
119. როდესაც სკვითებმა ეს გამოაცხადეს, ითათბირეს ამ ტომთა ბასილევსებმა და მათი აზრი გაიყო: გელონოსი, ბუდინოსი და სავრომატესი ერთი და იმავე აზრისა იყვნენ და შეპირდნენ შველას, ხოლო აგათირსოსმა, ნევროსმა, ანდროფაგოსმა და მელანქლაინთა და ტავართა ბასილევსებმა სკვითებს შემდეგი მიუგეს: „თქვენ რომ პირველები არ მოქცეულიყავით უსამართლოდ სპარსელების მიმართ და არ დაგეწყოთ ომი, რადას თქვენ ახლა თხოულობთ და ამბობთ, ის ჩვენ სწორად მოგვეჩვენებოდა, დაგიჯერებდით და თქვენსავით მოვიქცევოდით, მაგრამ თქვენ იმათ ქვეყანაში შეიჭერით უჩვენოდ და გეპყრათ სპასელები იმდენ ხანს, სანამ ღმერთმა დაგრთოთ ნება. ახლა კი, როდესაც ისინი გამოაღვიძა იმავე ღმერთმა, სამაგიეროს გიზღავენ თქვენ; ხოლო ჩვენ არც ოდესმე მოვქცევივართ ამ ხალხს უსამართლოდ, არც ახლა შევეცდებით პირველები რომ უსამართლოდ მოვექცეთ. თუ სპარსელი ჩვენს ქვეყანაში დაგვესხა თავს და დაიწყო უსამართლოდ მოქცევა, მაშინ არც ჩვენ გავჩერდებით. ჯერჯერობით კი ვუყურებთ ამას და ვართ ჩვენთვის, რადგანაც ვფიქრობთ, რომ სპარსელები ჩვენ კი არ დაგვესხმიან თავს, არამედ უსამართლობის მიზეზთ“.
120. როდესაც ეს მოისმინეს და შეიტყვეს სკვითებმა, გადაწყვიტეს, რომ პირისპირ შებმას თავს აარიდებენ, რადგან ეს ხალხი მათ მოკავშირეებად არ უხდებიან, გაიპარებიან ჭებისაკენ და რომელსაც გვერდით ჩაუვლიან, იმასაც და წყაროებსაც მიწას მიაყრიან, ბალახს კი მიწიდან მოსთხრიან. თვითონ ამასობაში ორად გაიყვნენ. ერთ ნაწილს, რომლის მეფეც იყო სკოპასისი, შეუერთდნენ სავრომატები. თუკი სპარსელები მათ თავს დაესმხოდა, უნდა შეეტყუებინათ ის და გაქცეულიყვნენ მაიტესის ტბის გასწვრივ, პირდაპირ მდინარე ტანაისისკენ, ხოლო თუ სპარსელი გაბრუნდებოდა, უნდა დასდევნებოდნენ. ეს იყო სამეფოს ერთი ნაწილი და მდებარეობდა იმ გზაზე, რომლის შესახებაც უკვე ვილაპარაკე. სამეფოს ორი სხვა ნაწილი, მეორე დიდი, რომელსაც მართავდა იდანთირსოსი და მესამე, რომელზედაც მეფობდა ტაქსაკისი, უნდა შეერთებოდნენ ეთსა და იმავე ადგილას გელონებსა და ბუდინებს; ესენიც ერთი დღის სავალი გზით წინ უნდა ყოფილიყვნენ სპარსელებზე, უკან უნდა დაეხიათ. მოეტყუებინათ სპარსელები დ ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც გადაწყვიტეს. პირველად ისინი უნდა შეჭრილიყვნენ პირდაპირ იმ ქვეყნებში, რომლებმაც უარი თქვეს მათ მოკავშირეობაზე, რომ ჩაებათ ისინი ომში (რადგან თუ მათ თავისი ნებით არ ინდომეს სპარსელებთან ომი, უნებურად მაინც ეომათ). ამის მერე ისინი დაბრუნდებოდნენ თავის ქვეყანაში და შეესეოდნენ მტერს, თუკი გადწყვეტდნენ დათათბირებისას ამას.
121. სკვითებმა რომ ეს გადაწყვიტეს, გაემართნენ დარიოსის ლაშქრის შესახვედრად, მაგრამ ისე, რომ წინამორბედებად საუკეთესო მხედრები გაგზავნეს. ურმები, რომლებშიც ცხოვრობდნენ ბავშვები და ქალები, აგრეთვე მთელი საქონელი (გარდა იმისა, რაც საკმარისი იყო მათ გამოსაკვებად; ეს თავისთვის დაიტოვეს) და სხვა ყველაფერი, ურმებთან ერთად დააწინაურეს და განკარგულება მისცეს, სულ მუდამ ჩრდილოეთისაკენ ევლოთ.
122. ეს ყველაფერი წინ წავიდა, ხოლო სკვითების წინ წარგზავნილმა მხედრებმა სპარსელები ისტროსიდან დაახლოებით სამი დღის სავალზე აღმოაჩინეს. აღმოჩენილთ ერთი დღის სავალი გზით გადაუსწრეს და დაიბანაკეს, თანაც ისე, რომ ყველაფერი, რაც დედამიწაზე იზრდებოდა, ერთიანად გაანადგურეს. სპარსელებმა რომ დაინახეს სკვითების მხედრობა, კვლალდაკვალ მიჰყვნენ, ისინი კი სულ უკან იხევდნენ. შემდეგ სპარსელები პირდაპირ ერთი ნაწილისაკენ გაემართნენ და დაედევნენ მას აღმოსავლეთისაკენ, ტანაისისკენ, როდესაც სკვითები გავიდნენ ტანაისზე, სპარსელებიც გადავიდნენ და დაედევნენ მათ, ვიდრე არ გადაიარეს სავრომატების ქვეყანა და არ მიაღწიეს ბუდინების მიწა-წყალს.
123. მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც სპარსელები სკვითიისა და სავრომატების ქვეყანაზე მიდიოდნენ, ვერაფრის გაჩანაგება ვერ მოახერხეს, რადგანაც ქვეყანა უკვე გაუდაბურებული იყო, ხოლო როდესაც ბუდინების ქვეყანაში შეიჭრნენ, იქ ნახეს ხის გალავანი (რომელიც დაეტოვებინათ ბუდინებს და დაცარიელებული იყო) და გადასწვეს ის. ეს გააკეთეს და წავიდნენ წინ, მიჰყვნენ მტერს კვალდაკვალ, ვიდრე არ გადაიარეს ეს ქვეყანა და არ მიაღწიეს უდაბნოს. ამ უდაბნოში ადამიანთაგანი არავინ ცხოვრობს: ის მდებარეობს ბუდინების ქვეყნის ზემოთ და მისი გადალახვა შეიძლება 7 დღეში. უდაბნოს ზემოთ ცხოვრობენ თისაგეტები, მათი ქვეყნიდან მოედინება 4 დიდი მდინარე, რომლები მაიტების ქვეყნის გავლით ერთვიან ეგრეთ წოდებულ მაიეტისის ტბას. მათ ეწოდებათ შემდეგი სახელები: ლიკოსი, ოაროსი, ტანაისი, სირგისი.
124. როდესაც დარიოსი მივიდა უდაბნოში, შეაჩერა ლაშქრობა და ჯარი მდინარე ოაროსთან დააყენა. შემდეგ 8 დიდი კედელი ააშენა, ერთმანეთისაგან თანაბარი მანძილით, დაახლოებით ასე, 60 სტადიონით დაშორებული. ამ კედლების ნანგრევები ჩემ დრომდეც კი იყო შერმორჩენილი. სანამ დარიოსი ამით იყო გართული, მის მიერ დევნილმა სკვითებმა ზემოდან შემოუარეს და დაბრუნდნენ სკვითიაში. ასე გაუჩინარდნენ ისინი სრულიად და მეტი აღარ გამოჩენილან. მაშინ დარიოსმა მიანება თავი ნახევრადაგებულ კედლებს, ხოლო თვითონ უკან გაბრუნდა და წავიდა დასავლეთისაკენ, რადგან ფიქროდა, რომ ისინი ყველანი სკვითები არიან და გარბიან დასავლეთისაკენ.
125. დარიოსმა საჩქაროდ წაიყვანა ლაშქარი, ისე რომ სკვითიას მიაღწია და წააწყდა სკვითების ორ ნაწილს: რომ შეხვდა, დაედევნა, სკვითები კი ერთი დღის სავალზე უსწრებდნენ წინ. რადგანაც დარიოსი არ ანელებდა თავდასხმას, სკვითები თავის გადაწყვეტილების მიხედვით გარბოდნენ იმ ქვეყნებში, რომელთაც უარი უთხრეს მოკავშირეობაზე, ხოლო პირველი მათ შორის იყო მელანქლაინების ქვეყანა. შეიჭრნენ ამ მხარეში და დაარბიეს მოსახლეობა, სკვითებმა და სპარსელებმაც. შემდეგ სკვითები წავიდნენ ანდროფაგების ქვეყანაში, როდესაც ააღელვეს აქაურობაც, თავს დაესხნენ ნევრიდას; ნევრებიც რომ ააღელვეს, სკვითები აგათირსებში გაიქცნენ. აგათირსები ხედავდნენ, რომ მათი მეზობლები გააქციეს და შეაშფოთეს სკვითებმა, ისე რომ, იმაზე უწინ, ვიდრე სკვითები შეიჭრებოდნენ მათ ქვეყანაში, გაგზავნეს აგათირსებმა სკვითებთან მოსალაპარაკებლად მაცნე, რომ არ გადასულიყვნენ მათ საზღვრებს, თანაც გააფრთხილეს, რომ თუ შეეცდებოდნენ სკვითები შემოსვლას, მათ პირველად აგათირსებთან მოუხდებოდათ ბრძოლა. აგათირსებმა ეს შეუთვალეს და თან მაშველი რაზმები გაგზავნეს საზღვრებზე, რადგან გუნებაში ჰქონდათ თავდამსხმელების უკუგდება. მელანქლაინებმა, ანდროფაგებმა და ნევრებმა როდესაც შეიჭრნენ მათთან სპარსელები სკვითებთან ერთად, არც კი დაიცვეს თავი. დაივიწყეს მუქარა და შეშფოთებული გაიქცნენ ჩრდილოეთისაკენ, უდაბნოში, ხოლო სკვითები აგათირსების მხრეში აღარ შესულან, რაკიღა აგათირსებმა მათ თავის სათქმელი უთხრეს და ნევრიდის ქვეყნიდან სპარსლები თავის სამფლობელოში წამოიყვანეს.
126. რადგან ეს ამბავი ძალიან დიდხანს გაგრძელდა და აღარ გათავდა, დარიოსმა გაუგზავნა მხედარი სკვითების მეფეს, იდანთირსოსს და შეუთვალა შემდეგი: „შე უბედურო, რას მირბიხარ, ხომ შეგიძლია ორში ერთი გამოარჩიო და ის გააკეთო? თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია ჩემს ძლევამოსილებას წინაღუდგე, დადექი, შეწყვიტე ხეტიალი და იბრძოლე, ხოლო თუ შენ თავი უფრო სუსტად მიგაჩნია, მაშინაც უნდა შეწყვიტო სირბილი, მიართვა შენს უფალს საჩუქრად მიწა-წყალი და ეახლო მოსალაპარაკებლად“.
127. ამაზე სკვითების მეფემ, იდანთირსოსმა შეუთვლა: „სპარსელო, ჩემი საქმე ასეა: შეშინებული უწინ არავის გავქცევივარ და არც ახლა გაგირბი შენ. არაფერი ახალი არ გამიკეთებია ახლა იმასთან შედარებით, რასაც მშვიდობის დროს ვაკეთებ ხოლმე ჩვეულებრივ, ხოლო იმასასაც აგიხსნი თუ რატომ არ გებრძვი ახლავე. ჩვენ არა გვაქვს არც ქალაქები და არც ბაღები, რომ მათი აღების ან გაჩეხვის გვეშინოდეს და ამის გამო სასწრაფოდ ომი გავაჩაღოთ თქვენთან. ხოლო თუ თქვენთვის სრულიად აუცილებელია სასწრაფოდ ომში ჩამბმა, ჩვენ გვაქვს მამაპაპათა სამარხები. მოდით, მოძებნეთ ისინი, შეეცადეთ მათ დანგრევას და მაშინ შეიტყობთ, შეგებრძოლებით ამ სამარხების გამო, თუ არ შეგებრძოლებით. ხოლო ამაზე უწინ, გონება გვიკარნახებს, რომ არ შეგებრძოლოთ თქვენ. რაც შეეხება ომს, საკმარისი ითქვა მის შესახებ, ხოლო მე ჩემს მეუფებად მიმაჩნია მხოლოდ ზევსი, ჩემი წინაპარი და ჰისტიე, სკვითების დედოფალი. შენ კი, მიწის და წყლის ნაცვლად ისეთ საჩუქრებს გამოგიგზავნით, რაც შეგფერის, ხოლო შენ თავს ჩემს მეუფეს რომ უწოდებ, ამის სანაცვლოდ მითქვამს იტირებს მეთქი“, ეს იყო სკვითების სიტყვა.
128. მაცნე წავიდა და მიუტანა ეს ამბავი დარიოსს, ხოლო სკვითების მეფეები სიბრაზით აღივსნენ დამონებაზე ლაპარაკი რომ მოისმინეს. ის ნაწილი, რომელშიც სკვითებთან ერთად სავრომატებიც იყვნენ და რომელსაც განგებდა სკოპასისი, გაგზავნეს იონიელებთან და უბრძანეს მოლაპარაკებოდნენ იონიელებს, რომლებიც ისტროსზე გადებულ ხიდს დარაჯობდნენ, ხოლო დარჩენილმა სკვითებმა გადაწყვიტეს, რომ სპარსლებს აღარ აუბნევდნენ გზას და გამუდმებით დაესხმოდნენ თავს, როდესაც ისინი პურის საჭმელად დასხდებოდნენ. მართლაც, როგორც კი შენიშნავდნენ, რომ დარიოსის ლაშქარი პურის საჭმელად იჯდა, იმას აკეთებდნენ, რაც გადაწყვიტეს. სკვითების მხედრობა სპარსელების მხედრობას მუდამ დაიფრენდა ხოლმე, სპარსელთა მხედრები გარბოდნენ და ქვეით ჯარს ერეოდნენ, ქვეითი კი მათ იცავდა. სკვითები გარეკავდნენ მხედრობას და მერე უკან ბრუნდებოდნენ, რადგან ქვეითი ჯარის ეშინოდათ. ამის მსგავს თავდასხმებს სკვითები ღამღამობით ახდენდნენ.
129. დიდად საკვირველი რამ უნდა ვთქვა, თუ რა დაეხმარა სპარსელებს და რა შეუშალა ხელი სკვითებს, როცა ისინი დარიოსის ბანაკს დაესხნენ თავს – ეს იყო ვირების ყროყინი და ჯორების შესახედაობა. რადგან, როგორც უწინ ვთქვი, სკვითების ქვეყანაში არც ვირებია და არც ჯორები. სკვითიის მთელ მხარეში ყინვების გამო სრულიად არ არის არც ვირი და არც ჯორი. ვირებმა თავისი ჩოჩქოლით შეაშფოთეს სკვითების მხედრობა. ყოველთვის, როდესაც სკვითები თავს დაესხმოდნენ სპარსელებს, გაიგონებდნენ თუ არა სკვითების ცხენები ვირების ყროყინს, შეშფოთდებოდნენ და უკან იხევდნენ, ყურებს ცქვეტდნენ, რადგან უწინ არც ასეთი ხმა მოესმინათ და არც ასეთი შესახედაობის სულდგმული ენახათ. ამ გარემოებამ სპარსებს ომში ცოტა რამ შეღავათი მისცა.
130. როდესაც სკვითებმა დაინახეს, რომ სპარსელები შეშფოთებულები არიან, იმისათვის, რომ ისინი, რაც შეიძლება მეტხანს გაეჩერებინათ სკვითიაში და ყოველმხრივ გასაჭირში ემყოფებინათ, ასე მოიქცნენ: ისინი თავისი საკუთარი საქონლის ნაწილს მწყემსებიანად უკან იტოვებდნენ, თვითონ კი ადგილს ინაცვლებდნენ. სპარსელები შემოიჭრებოდნენ, დაიტაცებდნენ საქონელს და თავისი ქცევით ძალიან კმაყოფილი რჩებოდნენ.
131. ამისთანა ამბავი მრვალგზის განმეორდა და ბოლოს დარიოსი ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა; სკვითების მეფეებმა ეს შეიტყვეს და გაუგზავნეს დარიოსს მოციქული საჩუქრებით – ფრინველით, თაგვით, ბაყაყით და 5 ისრით. სპარსელები საჩუქრების მომტანს შეეკითხნენ საჩუქრების აზრის შესახებ, ხოლო მან თქვა, რომ სხვა არაფერი დაუვალებიათ მისთვის, გარდა იმისა, რომ მოიტანოს ეს საჩუქრები და რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს უკან. ამასთანავე მან უთხრა სპარსელებს, რომ თუ ისინი ჭკვიანები არიან, თვითონ გამოიცნონ, რს მოასწავებს ეს საჩუქრები. ეს რომ მოისმინეს სპარსლებმა, დაიწყეს თათბირი.
132. დარიოსის აზრით, სკვითები თვითონ ბარდებოდოდნენ მას და აძლევდნენ მიწასაც და წყალსაც, ამას ასკვნიდა დარიოსი იმის საფუძველზე, რომ მისი განმარტებით თაგვი მიწაში ცხოვრობს და იკვებება იმავე ნაყოფით, რომლითაც ადამიანი, ბაყაყი წყალში ცხოვრობს, ფრინველი განსაკუთრებით წააგავს ცხენს, ხოლო ისრები სკვითების საკუთარ სიმამაცეზე მიუთითებენ. დარიოსმა რომ ეს აზრი წამოაყენა, მას გობრიესი დაუპირისპირდა, ერთი იმ შვიდ ვაჟკაცთაგანი, რომლებმაც დაამხეს მოგვი. მან ასე ახსნა საჩუქრები: „სპარსელებო, თუ თქვენ ფრინველებად არ იქცევით და ცაში არ აფრინდებით, ან თაგვებად არ იქცევით და მიწაში არ ჩაძვრებით, ან ბაყაყებად არ იქცევით და ტბებში არ ჩახტებით, ამ ისრებით ამოხოცილები უკან ვეღარ დაბრუნდებით“.
133. ასე ხსნიდნენ სპარსელები საჩუქრების მნიშვნელობას, ხოლო სკვითთა ერთმა ნაწილმა, რომელიც უწინ მაიტესის ტბასთან იყო მის დასაცავად დაყენებული, ხოლო ახლა ისტროსთან გაიგზავნა იონიელთა მოსალაპარაკებლად, ხიდს რომ მიაღწია, ასე თქვა: „იონიელებო, ჩვენ მოვედით და მოგიტანეთ თავისუფლება, თუკი მოინდომებთ, რომ მოგვისმინოთ. ჩვენ შევიტყვეთ, რომ დარიოსმა გიბრძანათ, მხოლოდ 60 დღეს დაიცვათ ხიდი, ხოლო თუ ამ დროისათვის არ დავბრუნდები, შეგიძლიათ თქვენს სამშობლოში წახვიდთო. თუ ახლა თქვენ ასე მოიქცევით, არც მის წინაშე იქნებით დამნაშავე და არც ჩვენს წინაშე: მოიცადეთ დათქმულ ვადამდე და ამის შემდეგ წადით“. ხოლო როდესაც იონიელებმა აღუთქვეს, რომ ასე გააკეთებენ, სკვითები სასწრაფოდ გაბრუნდნენ უკან.
134. დარიოსს რომ გაუგზავნეს საჩუქრები, დარჩენილი სკვითები დაეწყვნენ დარიოსთან შესაბრძოლებლად, ქვეითებიცა და მხედრებიც, ხოლო სკვითები რომ დაეწყვნენ, უცბათ მათ შორის კურდღელმა გაირბინა. ვინც კი დაინახა, ყველა დაედევნა კურდღელს. სკვითები რომ აირდაირივნენ და ყვირილი რომ ატყდა, დარიოსმა იკითხა მოწინააღმდეგის მღელვარების მიზეზი, როდესაც შეიტყო, რომ ისინი კურდღელს დაედევნენ, უთხრა მათ, ვისაც ჩვეულებრივ ელაპარაკებოდა ხოლმე სხვა დროსაც: „ეს ხალხი ჩვენ სულ არაფრად გვაგდებს და ახლა მგონია, რომ გობრიესმა სკვითების საჩუქრების შესახებ სწორედ ილაპარაკა. ახლა მეც იმავა აზრისა ვარ, როგოისაც ის იყო და საჭიროა კარგი თათბირი იმისთვის, რომ უკან დაბრუნება უხიფათოდ შევძლოთ“. ამაზე გობრიესმა თქვა: „მეფეო, გადმოცემის მიხედვით წინათაც ვიცოდი დაახლოებით თუ რა ძნელი იყო ამ ხალხთან ურთიერთობა, ხოლო აქ რომ მოვედი, კარგად გავიგე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ვხედავ, თუ როგორ გვამასხარავებენ ისინი ჩვენ. ახლა კი ასე ვფიქრობ: დაღამებისთანვე დავანთოთ ბევრი კოცონი, როგორც ჩვეულებრივ ვაკეთებდით ხოლმე, რომ გაჭირვების ყველაზე ნაკლებად ამტანი ჯარისკაცები მოვატყუოთ, დავაბათ სახედრები და წავიდეთ აქედან მანამ, ვიდრე სკვითები ისტროსთან არ მოსულან ხიდის ასაშლელად, ანდა იონიელებს არ მოუფიქრებიათ რაიმე ჩვენს დასაღუპავად“. ეს ურჩია გობრიესმა.
135. ხოლო ღამე რომ დადგა, დარიოსი მართლაც შეუდგა ამ რჩევის შესრულებას: დავარდნილი ხალხი, რომლის დაღუპვასაც ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა ექნებოდა მისთვის, და ყველა სახედარი, რომელიც შეკრა, დატოვა იქვე, ბანაკში; ხოლო სახედრები და დასუსტებული მოლაშქრეები იმისათვის დატოვა, რომ სახედრებს ყროყინი აეტეხათ, ადამიანები კი თავიანთი უძლურების გამო იყვნენ დატოვებული; ცხადია, დარიოსი იმას იმიზეზებდა, თითქოს ჯარის რჩეული ნაწილით აპირებდა სკვითებზე თავდასხმას, ხოლო ამათ მთელი ამ ხნის განმავლობაში ბანაკი უნდა დაეცვათ. დარიოსმა დარჩენილებს დაუბარა, რომ დაენთოთ კოცონი და თვითონ სასწრაფოდ წავიდა ისტროსისაკენ. ხოლო ჯარისაგან მიტოვებული სახედრები სულ უფრო და უფრო დიდი ხმით ყროყინებდნენ; სკვითებს რომ ესმოდათ სახედრების ყროყინი, სრულიად დაჯერებულები იყვნენ, რომ სპარსელები იმავე ადგილას დგანან.
136. მეორე დილას დარჩენილები მიხვდნენ, რომ დარიოსმა ისინი გაწირა, მათ გაიწვდინეს ხელები სკვითებისაკენ და უთხრეს, რაც ხდებოდა. მათ რომ ეს მოისმინეს, სასწრაფოდ შეიკრიბნენ, ორი ნაწილი სკვითებისა და კიდევ ერთი სავრომატებთან ერთად, ბუდინები და გელონები, და დაედევნენ სპარსელებს პირდაპირ ისტროსისაკენ. რადგანაც სპარსელთა ჯარი უპირატესად ქვეითებისაგან შედგებოდა, რომელმაც გზა არ იცოდა (გზები არც კი იყო გაჭრილი), სკვითების ჯარი კი ცხენოსანი იყო და მან იცოდა უმოკლესი გზები, ამიტომ ისინი აცდნენ ერთმანეთს და სკვითები ბევრად უფრო ადრე მივიდნენ ხიდთან, ვიდრე სპარესელები. როდესაც შეიტყვეს, რომ სპარსელები ჯერ არ მოსულიყვნენ, უთხრეს ხომალდებზე მყოფ იონიელებს: „იონიელებო, თქვენთვის მოცემული დღეების რიცხვი გავიდა და სწორედ არ იქცევით, რომ ჯერაც აქ ხართ. თუ უწინ შიშის გამო რჩებოდით, ახლა გახსენით გზა და სასწრაფოდ გაბრუნდით შინ, გაიხარეთ განთავისუფლებულებმა და იცოდეთ, რომ უნდა უმადლოთ ღმერთებსა და სკვითებს. თქვენს უწინდელ უფალს ჩვენ ისე მოვდრეკთ, რომ აღარასოდეს ილაშქრებს არც ერთ ხალხზე“.
137. ამ საკითხზე იონიელებმა ითათბირეს. მილტაიდეს ათენელის აზრით (რომელიც ჰელესპონტის ქერსონესელების მხედართმთავარი და ტირანი იყო), მათ უნდა დაეჯერებინათ სკვითებისათვის და გაეთავისუფლებინათ იონია. ჰისტიაიოს მილეტელი კი ამ აზრის წინააღმდეგი იყო; ის ამბობდა, რომ ამჟამად დარიოსის წყალობით თითოეული მათგანი განაგებს ქალაქს, ხოლო თუ დარიოსის ძალაუფლება დაემხობა, მაშინ არც თვითონ შეეძლება მილეტელთა მართვა და არც სხვას ვინმეს რომელიმე სხვა ქალაქისა; რადგან ყოველ ქალაქს სახალხო მმართველობა ურჩევნია ტირანიის ხელისუფლებას. ჰისტიაიოსმა რომ თავისი აზრი გამოთქვა, ყველა ტირანი მაშინვე მის აზრს დაადგა, მაშინ, როდესაც წინ მილტიადესის აზრს იზიარებდნენ.
138. ამ თათბირზე ხმას აძლევდნენ შემდეგი ტირანები, რომელთაც მეფე საერთოდ ანგარიშს უწევდა: ჰელესპონტელთა ტირანები: დაფნის აბიდოსელი, ჰიპოკლოს ლამფსაკოსელი, ჰეროფანტოს პარიონელი, მეტროდოროს პროკონესოსელი, არისტაგორეს კიძიკოსელი და არისტონ ბიზანტიონელი. ესენი იყვნენ ჰელესპონტიდან. ხოლო იონიიდან იყვნენ: სტარტის ქიოსელი, აიაკეს სამოსელი, ლაოდამას ფოკეელი და ჰისტიაიოს მილეტელი, რომლის მიერ წამოყენებული აზრიც საწინააღმდეგო იყო მილეტიადესის აზრისა. ეოლიელთაგან წარჩინებული მხოლოდ არისტაგორეს კიმეელი იყო.
139. ამათ მიიღეს ჰისტიაიოსის აზრი და გადაწყვიტეს მისთვის კიდევ შემდეგი საქმე და სიტყვა მიეტევებინათ: მათ უნდა მოეშალათ ხიდის ის ნაწილი, რომელიც სკვითების მხარეზე იყო, უნდა მოენგრიათ იმ ზომაზე, რასაც გასროლილი ისარი მისწვდებოდა, რათა სკვითებისათვის მოეჩვენებინათ, თითქოს რაღაცას აკეთებენ, სინამდვილეში კი არაფერს გააკეთებდნენ, ეს იმიტომ, რომ სკვითებს ძალა არ ეხმარათ და არ მოენდომებინათ ისტროსზე გადასვლა ხიდით, ხოლო როდესაც ხიდის იმ ნაწილის ნგრევაში იქნებოდნენ, რომელიც სკვითიისაკენ იყო, ეტყოდნენ მათ, რომ ყველაფერს გააკეთებდნენ იმისათვის, რომ სკვითებს ასიამოვნონ. აი, ეს მიუმატეს მათ ჰისტიაიოსის აზრს, ხოლო შემდეგ ჰისტიაიოსმა ყველას მაგივრად სკვითებს შემდეგი მიუგო: სკვითებო, თქვენ სწორედ დროზე მოხვედით და კარგი რჩევაც მოგვიტანეთ და რაკიღა კარგად წაგვმართეთ, ჩვენც საკმარისად მოგემსახურებით. როგორც ხედავთ, გადასასვლელს ვშლით და ყოველ ღონეს ვხმარობთ, რადგან გვინდა, რომ თავისუფლები ვიყოთ. სანამ ჩვენ ხიდს მოვშლით, თქვენ უნდა მოძებნოთ სპარსელები და რომ იპოვით, უნდა მიუზღათ სამაგიერო, ისე, როგორც მათ შეჰფერის, ჩვენ მაგივრადაც და თქვენ მაგივრადაც.
140. სკვითებმა მეორედ დაუჯერეს იონიელებს. რომ ისინი მართალს ამბობდნენ, გაბრუნდნენ სპარსელების მოსაძებნად და სრულიად აცდნენ მათ გზას. ამაში დამნაშავენი თვითონ სკვითები იყვნენ, რადგან ამ ადგილებში მათ გაანადგურეს ცხენების საძოვრები და წყლებს მიწა წააყარეს. ეს რომ არ გაეკეთებინათ, თუკი მოინდომებდნენ, ადვილად იპოვიდნენ სპარსელებს. ახლა კი, როგორც ჩანს, ისინი სწორედ იმის გამო მოტყუვდნენ, რის გამოც ყველაზე უკეთ იბჭეს. საქმე ის იყო, რომ სკვითები თავისი ქვეყნის იმ ნაწილში დადიოდნენ და დაეძებდნენ მოწინააღმდეგეს, სადაც ცხენებისთვის საძოვარი იყო და წყალი მოიპოვებოდა და ეგონათ, რომ სპარსელებიც იმავე ადგილების გავლით გაექცეოდნენ მათ. სპარსელები კი იმავე ბილიკით მიდიოდნენ, რომლითაც უწინ ევლოთ და ასეც ძლივს იპოვეს გადასასვლელი. ღამით მიაღწიეს მათ გადასასვლელს და ხიდი რომ აშლილი დახვდათ, საშინელმა შიშმა მოიცვა ისინი, ხომ არ მიგვატოვეს იონიელებმაო.
141. დარიოსის ამალაში იყო ერთი ეგვიპტელი კაცი, რომელსაც ყველა ადამიანზე უფრო ძლიერი ხმა ჰქონდა. აი, ამ კაცს უბრძანა დარიოსმა დამდგარიყო ისტროსის ნაპირზე და დაეძახებინა ჰისტიაიოს მილეტელისათვის. მან ეს გააკეთა, ჰისტიაიოსმა გაიგონა პირველივე დაძახება, გამოიყვანა ყველა ხომალდი, რომ ლაშქარი გადაეყვანა და ისევ გადო ხიდი.
142. ასე გადარჩნენ სპარსელები. ხოლო სკვითები ჯერაც ეძებდნენ სპარსელებს და მეორედ აცდნენ მათ. სკვითებმა იონიელების შესახებ ასეთი აზრი გამოთქვეს: თავისუფალი იონიელები ყველა ხალხზე უფრო ბოროტი და არაადამიანური არიან, ხოლო თუ მათ მონებად მიიჩნევენ, მაშინ ისინი უფლისმოყვარული მსახურები ხდებიან და ყველაზე ნაკლებ განწყობილები საიმისოდ, რომ გაექცნენ თავის უფალს. აი, ასეთი რამ წასძახეს სკვითებმა იონიელებს.
143. დარიოსმა თრაკიაზე გადაიარა და მივიდა ქერსონესოსის სესტოსში. აქედან თვითონ ხომალდებით გადავიდა აზიაში, ხოლო ევროპეში მხედართმთავრად დატოვა მეგაბიძოსი, სპარსელი, რომელსაც დარიოსმა ოდესღაც საგანგებო პატივი სცა. მან სპარსელებში ყოფნისას ასეთი რამ თქვა: ერთხელ როდესაც დარიოსი ბროწეულის შეჭმას აპირებდა, პირველივე ბროწეულის გახლეჩისას ჰკითხა მას მისმა ძმამ არტაბანოსმა, რად უნდა მას იმდენი, რამდენი მარცვალიც არის ბროწეულში? ხოო დარიოსმა უპასუხა, რომ მას ურჩევნია ჰყავდეს ამდენი მეგაბიძოსი, ვიდრე დამორჩილებული ელადა. აი, ამ სიტყვებით სცა პატივი დარიოსმა მეგაბიძოსს სპარსელებში, ხოლო ახლა დატოვა ის მხედართმთავრად და საკუთარი 80000-იანი ლაშქარი მიანდო.
144. ამ მეგაბიძოსმა შემდეგი სიტყვა თქვა და თავისი თავის შესახებ საუკუნო ხსოვნა დატოვა ჰელესპონტელებში. ის რომ ბიზანტიონში იყო, შეიტყო, რომ კალქედონელები 17 წლით ადრე დასახლებულან ამ ქვეყანაში, ვიდრე ბიზანტიონელები, ხოლო ეს რომ შეიტყო, თქვა, რომ კალექდონელები ამ დროს ბრმები ყოფილან, რადგან ბრმები რომ არ ყოფილიყვნენ, უარეს ადგილს არ აირჩევდნენ დასასახლებლად, მაშინ როდესაც უკეთესი იქვე ჰქონდათ. ამრიგად, აი, ეს მეგაბიძოსი დატოვებული იქნა მაშინ მხეადრთმთავრად ჰელესპონტელთა ქვეყანაში და ის იმორჩილებდა მათ, ვინც სპარსეთს არ ემხრობოდა.
ლიბიე (ჩრდ. აფრიკა)
145. მეგაბიძოსი რომ ამას აკეთებდა, იმავე დროს ლიბიის წინააღმდეგ მოეწყო ერთი დიდი ლაშქრობა. ხოლო უწინ, ვიდრე მე მის მიზეზს მოგითხრობდეთ, გადმოცემთ შემდეგს: არგოს მეზღვაურთა შვილიშვილები გამოაძევეს ლემნოსიდან იმ პელაზგებმა, რომლებმაც ბრავრონიდან მოიტაცეს ათენელი ქალები; პელაზგების მიერ გამოძევებული ლემნოსიდან, წამოვიდნენ და მოცურცნენ ლაკედემონში. დასახლდნენ ტეიგეტონზე და ცეცხლი დაანთეს. ლაკედემონელებმა რომ დაინახეს ეს, გაუგზავნეს შიკრიკი და გამოიკითხეს, თუ ვინ არიან და საიდან არიან. შიკრიკის შეკითხვაზე მათ უთხრეს, რომ არიან მინიები და რომ შვილები არიან არგოზე მოცურავე გმირებისა, რომლებიც გადმოსხდნენ ლემნოსზე და იქ გააჩინეს ესენი. ლაკედემონელებმა მოისმინეს მინიების წარმოშობის ამბავი და მეორედ გაუგზავნეს კაცი შესაკითხავად, რა უნდათ, რომ მოვიდნენ ამ ქვეყანაში და ცეცხლი დაანთეს. ხოლო ამათ უთხრეს, რომ პელაზგებისაგან გამოგდებულები მოვიდნენ მამებთან. რადგან სამართლიანია, რომ უნდათ იცხოვრონ მათთან ერთად, მონაწილენი იყვნენ მათი პატივისა და მათი მიწა-წყლისა. ლაკედემონელები დაეთანხმნენ, რომ მიიღებენ მინიებს იმ პირობით, როგორიც მათ თვითონ სურთ. განსაკუთრებით იმიტომ მიიღეს ლაკედემონელებმა მინიები, რომ ტინდარიდების მოწყობილი იყო ეს საზღვაო ექსპედიცია არგოზე, მიიღეს ლაკედემონელებმა მინიები, გადასცეს მიწები და ფილებად დაყვეს. შემდეგ დამოყვრებაც დაიწყეს. მინიებმა შეირთეს ლაკედემონელი ქალები, ლემნოსიდან მოყვანილი ქალები და ლაკედემონელებს შერთეს.
146. ცოტა ხნის შემდეგ მინიები გაამაყდნენ, მოითხოვეს მონაწილეობა სამეფო ხელისუფლებაში და ჩაიდინეს ბევრი სხვა ისეთი რამ, რაც არ იყო ჩასადენი. მაშინ ლაკედემონელებმა გადაწყვიტეს, რომ ისინი ამოეხოცათ, დაიჭირეს ისინი და ჩაყარეს საპყრობილეში. ლაკედემონელები ვისაც კლავდნენ, კლავდნენ ღამით, ხოლო დღისით –არავის. როდესაც მინიების დახოცვა დააპირეს, მინიების ცოლები, რომლებიც სპარტელი მოქალაქეები და წარჩინებულ სპარტელთა ასულები იყვნენ, შეეხვეწნენ მათ, რომ შეეშვათ საპყრობილეში თითოეული საკუთარ ქმართან მოსალაპარაკებლად. სპარტელებმა ნება დართეს ქალებს, რადგან არ ეგონათ, რომ ისინი რაიმე ეშმაკობას განიზრახავდნენ, ხოლო ქალები რომ შევიდნენ, შემდეგნაირად მოიქცნენ: მთელი თავისი ტანსაცმელი მისცეს ქმრებს, ხოლო თვითონ ქმრებისა ჩაიცვეს, მინიებმა ჩაიცვეს ცოლების ტანსაცმელი და გამოვიდნენ გარეთ, როგორც ქალები. ამნაირად გადაირჩინეს თავი და კვლავ დასახლდნენ ტეიგეტონზე.
147. ამავე დროს თერასი, ავტესიონის ძე, ტისამენოსის შვილიშვილი, თერსანდროს პოლინეიკესის ძის შვილიშვილის შვილი, გავიდა ლაკედემონიდან ახალშენის დასაფუძნებლად. ხოლო ეს თერასი, წარმოშობით კადმოსის ჩამომავალი, დედის ძმა იყო არისტოდენოსის შვილისა, ევრისთენესისა და პროკლესის. სანამ ეს ბავშვები პატარები იყვნენ, თერასი მეურვეობდა სპარტის სახელმწიფოს. ხოლო როდესაც დისწულები დაიზარდნენ და გადაიბირეს მმართველობა, თერასს გაუჭირდა, რომ სხვა ყოფილიყო მისი გამგებელი მის შემდეგ, რაც იგემა ძალაუფლება და თქვა, რომ არ დარჩება ლაკედემონში, არამედ წავა თავის ნათესავებში. ისინი იყვნენ ახლა რომ თერა ეწოდება, იმ კუნძულზე (უწინ კი მას კალისტე ერქვა) და ჩამომავლები იყვნენ მემბლიარეოსისა, ფინიკიელი კაცის, პოიკილესის ძისა. კადმოსი, აგენორის ძე ევროპეს რომ ეძებდა, მიადგა ამჟამად თეთრად წოდებულ კუნძულს, მიადგა და არ ვიცი ქვეყანა მოეწონა, თუ სხვა რამ მიზეზის გამო, დატოვა ამ კუნძულზე სხვა ფინიკიელებიც და მათთან ერთად თავისი ნათესავი მემბლიარეოსიც. ადამიანთა რვა თაობის განმავლობაში მათ ეჭირათ კალისტედ წოდებული კუნძული, ვიდრე თერასი არ მოვიდა ლაკედემონიდან.
148. აი, ამათთან გამომემართა თერასი, რომელსაც თან ჰყავდა ხალხი სხვადასხვა ფილებიდან. აი, ამათთან ერთად ცხოვრება უნდოდა, არსად უპირებდა მათ გარეკვას, ის კი არა, მეტისმეტად თავისიანებად მიიჩნევდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მინიები გაიქცნენ საპყრობილიდან და დასახლდნენ ტეიგეტონზე, ლაკედემონელებს უნდოდათ მათი ამოხოცვა. თერასი ეხვეწებოდა მათ, რომ სისხლი არ დაეღვარათ და პირდებოდა, რომ თვითონ გაიყვანდა მათ ამ ქვეყნიდან. ლაკედემონელები დაეთანხმნენ მის ამ აზრს და თერასმა სამი ოცდაათნიჩბიანი ხომალდით გაცურა მემბლიარეოსის ჩამომავლებისაკენ, მაგრამ თან ყველა მინიები კი არ წაიყვანა, არამედ მხოლოდ ზოგიერთები, რადგან მეტი წილი მათგან გაბრუნდა პარორეატებისა და კავკონებისკენ და გამოაძევა ისინი თავიანთი ქვეყნიდან. შემდეგ ეს მინიები თვითონ დაიყვნენ ექვს ნაწილად და დააფუძნეს იქ შემდეგი ქალაქები: ლეპრეონი, მაკისტოსი, ფრიქსე, პირგოსი, ეპიონი, ნუდიონი. ამათგან მეტი წილი ჩემს დროს გაანადგურეს ელეელებმა, ხოლო კუნძულს მოახალშენეთა მეთაურის, თერასის სახელი ეწოდა.
149. რადგანაც თერასის შვილმა უარი თქვა მასთან ერთად წასვლაზე, მამამ უთხრა, რომ ტოვებს მას, როგორც ცხვარს მგლებში. აი, ამ ნათქვამიდან წარმოსდგა ჭაბუკის სახელი, ოიოლიკოსი და ეს სახელი შემორჩა მას. ოიოლიკოსმა გააჩინა აიგევსი, რომლის სახელის მიხედვით იწოდებიან აიგიდები, დიდი ფილე სპარტეში. ამ ფილეში ხალხს არ რჩებოდა შვილები და ღვთის მინიშნებით მათ დაუარსეს სალოცავი ლაიოსისა და ოიდიპუსის ერინებს. ამის შემდეგ შერჩათ შვილები. იგივე ამბავი დაემართათ ამ ხალხის ჩამომავლებს თერაზედაც.
150. აი, ამ ამბამდე ლაკედემონელები იმასვე ამბობენ, რასაც თერელები, ხოლო ამის შემდეგ მხოლოდ თერელები გადმოგვცემენ შემდეგს: გრინოსი, აისანოსის ძე, რომელიც იყო ამ თერასის ჩამომავალი და მეფობდა კუნძულ თერეზე, მივიდა დელფოში და თავის ქალაქიდან ჰეკატომბი მიიტანა. მას ახლდნენ სხვა მოქალაქეებიც და მათ შორის ბატოსი, პოლიმნესტოსის ძე, წარმოშობით ევფემიდი, ერთ-ერთი მინიათაგანი. როდესაც გრინოსი, თერელთა მეფე სხვა რამეების შესახებ ეკითხებოდა სამისნოს, პითიამ უპასუხა მას, ააგე ლიბიეში ქალაქიო, ამაზე გრიონოსმა მიუგო და უთხრა: მეუფეო, მე ახლა უკვე საკმაოდ ხნიერი ვარ და მიჭირს ეგ ვიტვირთო. შენ ვინმეს, უფრო ახალგაზრდას უბრძანე მაგის გაკეთება. ესა თქვა და თან მიუთითა ბატოსზე. მაშინ ეს მოხდა, ხოლო შემდეგ, როდესაც წავიდნენ, წინასწარმეტყველებისათვის არ მიუქცევით ყურადღება, არც იცოდნენ, ლიბიე ქვეყნის რომელ ნაწილშია და ვერც ბედავდნენ უცნობ ადგილას ახალმოშენეთა გაგზავნას.
151. ამის შემდეგ 7 წელიწადს არ უწვიმია თერეზე, ამ ხნის განმავლობაში ყველა ხე გახმა კუნძულზე, გარდა ერთისა. მაშინ, თერელებმა მიმართეს სამისნოს და პითიამ უბრძანა ლიბიეში დაეარსებინათ ახალშენი. რადგან მათი გასაჭირიდან სხვა გამოსავალი არ იყო, გაგზავნეს კრეტეზე მოციქულები, რომ შეეტყოთ, ვინმე კრეტელი ან კრეტეზე გადმოსახლებული ხომ არ ყოფილა ოდესმე ლიბიეში. მოციქულები დაეხეტებოდნენ და მივიდნენ ქალაქ იტანოსში: აქ ისინი შეხვდნენ ერთ ძოწით მოვაჭრე კაცს, რომელსაც სახელად ერქვა კორობიოსი. მან თქვა, რომ ქარმა ის ერთხელ გარიყა და მიაყენა ლიბიეს, ლიბიის კუნძულს, პლატეას. სასყიდლით დაიყაბულეს ეს კაცი და წაიყვანეს თერეზე, ხოლო თერიდან ჯერ ბევრი კი არა, სულ რამდნეიმე კაცი წავიდა ლიბიის დასაზვერად. კორობიოსის წინამძღოლობით მივიდნენ ამ კუნძულ პლატეაზე, კორობიოსი იქ დატოვეს, დაუტოვეს რამდენიმე თვის სამყოფი საზრდო და თვითონ სასწრაფოდ უკან დაბრუნდნენ, რომ შეეტყობინებინათ თერელებისათვის ამ კუნძულის შესახებ.
152. რადგან ისინი უკან უფრო მეტხანს არ დაბრუნდნენ, ვიდრე დათქმული ჰქონდათ, კორობიოსს შემოაკლდა ყველაფერი. შემდეგ სამოსური ხომალდი (მისი მფლობელი იყო კოლაიოსი) მიცურავდა ეგვიპტეში და მიადგა ამ პლატეას. სამოსაელებმა რომ შეიტყვეს კორობიოსისაგან ამბავი, დაუტოვეს მთელი წის სამყოფი საზრდო, თვითდნ კი გავიდნენ კუნძულიდან და გაცურეს, ძალიან უნდოდათ ეგვიპტეში მოხვედრა, მაგრამ აღმოსავლეთის ქარმა მათ გზა გაუმრუდა, რადგან ქარი არ ჩადგა, გადაიარეს ჰერაკლეს სვეტები და ღვთის განგების მიხედვით მიაღწიეს ტარტესოსს. იმ დროისათვის ამ სავაჭრო ადგილში მიმოსვლა ნაკლებად იყო, ისე რომ, როდესაც სამოსელები უკან ბრუნდებოდნენ, ყველაზე მეტი სარგებელი ნახეს საქონლის გაყიდვით ყველა იმ ელინთა შორის, ვისაც კი დაბეჯითებით ვიცნობთ, სოსტრატოსის გარდა, რომელიც იყო აიგინელი, ლაოდამანტის ძე; მასთან ხომ არავის შეუძლია მეტოქეობა, ხოო სამოსელებმა გამოჰყვეს 6 ტალანტი, მეათედი ნაწილი თავისი მონაგებისა, და გააკეთეს სპილენძის ჭურჭელი, არგოლიდურის მსგავსი. მას ირგვლივ წინ წამოწეული გრიფონების თავები ჰქონდა. ის შესწირეს ჰერეს ტაძარს, ხოლო საყრდენად სამი სპილენძის მუხლმოდრეკილი ქანდაკება ჰქონდა. თითოეული 7 წყრთის სიმაღლის. ამ საქმის შემდეგ უპირველესად ყოვლისა კირენელებსა და თერელებს დიდი მეგობრობა დაუმყარდათ სამოსელებთან.
153. თერელებმა კორობიოსი რომ დატოვეს კუნძულზე, დაბრუნდნენ თერაზე და გამოაცხადეს, რომ დაასახლეს კუნძულ ლიბიესთან. თერელებმა გადაწყვიტეს, შვიდივე სოფლიდან გაეგზავნათ კაცები. ძმათა შორის წილისყრით ერთი უნდა გამოეჩიათ და მათი წინამძღოლი და მეფე იქნებოდა ბატოსი. ასე გაგზავნეს მათ ორი ორმოცდაათნიჩბიანი ნავი პლატეში.
154. ამას თერელები მოგვითხრობენ, ხოლო დანარჩენ ამბავს თერელები ისევე გადმოგვცემენ, როგორც კირენელები. მხოლოდ ბატოსის საკითხში არ ეთანხმებიან კირინელები თერელებს. ისინი ასე მოგვითხრობენ: კრეტეზე არის ქალაქი ოაქსოსი, რომლის მეფე იყო ეტეარქოსი, მას ჰყავდა დედით ობოლი ასული, სახელად ფრონიმე. მამამ ამ დროს სხვა ქალი შეირთო ცოლად. ქალმა ნამდვილი დედინაცვლობა მოუნდომა ფრონიმეს, ყველაფერს ცუდს უკეთებდა მას და ყოველგვარ ფანდებს მიმართავდა მის წინააღმდეგ. ბოლოს გარყვნილება შესწამა და თავისი ქმარი დაარწმუნა, რომ ეს ასე არის. ცოლისაგან ჩაგონებულმა მან პირდაპირ უწმინდური საქმე ჩაიდინა თავისი ასულის მიმართ. ოაქსოსში იყო ერთი თერელი ვაჭარი, სახელად თემისონი. ეტეარქოსმა ის მეგობრად გაიხადა და ფიცი დაადებინა, რომ მოემსახურებოდა მას, როცა კი რამე დასჭირდებოდა. მას მერე, რაც თემისონმა შეჰფიცა, ეტეარქოსმა მიუყვანა და გადასცა მას თავისი ასული და უბრძანა წაეყვანა და ზღვაში დაეხრჩო. თემისონი ძალიან გააჯავრა ფიცის ასეთმა გაწბილებამ, გაწყვიტა მასთან მეგობრობა და შემდეგი გააკეთა: მიიღო გოგონა და გაცურა მასთან ერთად ზღვაში. როდესაც შუა ზღვაში იყო, მოინდომა ეტეარქოსის ფიცისაგან განთავისუფლება, შეკრა ქალი თოკებით და ჩაუშვა ზღვაში, შემდეგ ისევ უკან ამოიყვანა და წავიდა თერეზე.
155. იქიდან ფრონიმე წაიყვანა პოლიმენსტოსმა, თერელთა შორის სახელგანთქმულმა კაცმა და ხარჭად დაისვა. დრო რომ გავიდა, ქალმა მას გაუჩინა ბიჭი, ენაბლუ და ენაჩლუნგი, მას სახელად ერქვა ბატოსი, როგორც ამბობენ თერელები და კირენელები, ხოლო მე კი მგონია, რომ სხვა რაღაც ერქვა მას: ბატოსი გადაერქმოდა მას მაშინ, როდესაც ლიბიეში მივიდა, იმ წინასწარმეტყველების მიხედვით, რომელიც დელფოში მოხდა მის მიმართ და იმ პატივის გამო, რაც ამ სახელს ჰქონდა მოპოვებული. საქმე ისაა, რომ ლიბიელები მეფეს ბატოსს უწოდებენ და ამიტომ მგონია, რომ პითია წინასწარმეტყველებისას მას ლიბიურ ენაზე მიმართავდა, რადგან იცოდა, რომ ის ლიბიეში გამეფდებოდა. როდესაც ის დავაჟკაცდა, მივიდა დელფოში თავისი მეტყველების შესახებ საკითხავად; რომ შეეკითხა, პითიამ მას უპასუხა: ბატოს, შენ აქ მეტყველების გამო მოხვედი. მეუფე ფოიბოს – აპოლონი კი ცხვრების სამშობლოში, ლიბიეში გაგზავნის ქალაქის დასაარსებლად. ეს რომ ელინურ ენაზე ეთქვა, პითია ეტყოდა: მეფეო, შენ აქ მეტყველების გამო მოხვედი. ხოლო ყმაწვილმა მას მიუგო: უფალო, მე მოვედი შენთან მეტყველების შესახებ პასუხის გასაგებად, შენ კი სხვას, შეუძლებელს რამეს მიბრძანებ, მეუბნები, რომ ლიბიეში ქალაქი დავაარსო, სადა მაქვს საამისოდ ძალა, სად მყავს ხალხი? ეს უთხრა, მაგრამ პითიას სხვა პასუხი ვერ დააცდენინა. პითია იმასვე უწინასწარმეტყველებდა, რაც უწინ უთხრა, ხოლო ბატოსმა მიანება მას თავი, და წავიდა თერეზე.
156. ამის შემდეგ კვლავ უბედურება ეწია თვით მასაც და სხვა თერელებსაც. თერელებს არ ესმოდათ თავიანთი უბდურება და დელფოში გაგზავნეს კაცები თავსატეხილი ამბის მიზეზების გასაგებად. პითიამ მათ უწინასწარმეტყველა, რომ ბატოსთან ერთად უნდა დააფუძნონ ლიბიეში კირენე და შემდეგ უკეთ იქნებიან. ამის მერე თერელებმა გაგზავნეს ბატოსი ორი ორმოცდაათნიჩბიანი ხომალდით. როდესაც ესენი ლიბიეში მივიდნენ, რადგან არ იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ, უკან წამოვიდნენ თერეზე. ხოლო თერელებმა უკან დაბრუნებულებს ისრები დაუშინეს და არ აძლევდნენ ნებას მიწას მისდგომოდნენ, ის კი არა, უბრძანებდნენ, უკან გაეცურათ. ისინი იძულებულნი გახდნენ უკან წასულიყვნენ და დაესახელებინათ კუნძული, რომელიც ლიბიესთან მდებარეობდა და რომელსაც სახელად ჰქვია, როგორც უწინ ითქვა, პლატეა, ამბობენ, რომ ეს კუნძული იმოდენავეა, რამოდენაც არის ახლა კირენელთა ქალაქი.
157. ამ კუნძულზე ესენი ორ წელს ცხოვრობდნენ, მაგრამ სასიკეთო არაფერი შემთხვევიათ, ამიტომ ერთი თავისიანი დატოვეს იქ და ყველა დანარჩენი წავიდა ისევ დელფოში, მივიდნენ და შეეკითხნენ სამისნოს, უთხრეს, რომ ცხოვრებენ ლიბიეში და არაფერი გაუმჯობესება მათ აქ ცხოვრებას არ მოჰყოლია, ხოლო პითიამ მათ ამაზე შემდეგი რამ უთხრა: დიდად მაოცებს შენი სიბრძნე, თუ შენ ჩემზე უკეთ იცი ცხვრების სამშობლო ლიბიე, მაშინ, როდესაც შენ არ ყოფილხარ იქ და მე კი ვყოფილვარ. ეს რომ მოისმინეს, ბატოსმა და მისმა მხლებლებმა უკან გაცურეს, რადგან ღმეთი არ ღებულობდა მათ ახალშენს მანამ, ვიდრე არ მიაღწევდნენ თვით ლიბიეს. ამის მერე მივიდნენ კუნძულზე. თან წაიყვანეს იქ დატოვებული კაცი და დააფუძნეს ქალაქი თვით ლიბიის იმ ადგილას, რომელიც კუნძულის პირდაპირ მდებარეობსდა რომელსაც სახელად ერქვა აძირისი, ამ ადგილს ორივე მხრიდან გარს არტყია უმშვენიერესი ტყიანი ხეობა და ერთის მხრივ მდინარეც ჩამოუდის.
158. ამ ადგილას ცხოვრობდნენ ექვს წელიწადს. ხოლო მეშვიდე წელს ლიბილები შეეხვეწნენ მათ და დაიყოლიეს ისინი, რომ უკეთეს ადგილას წაიყვანდნენ, ოღონდ ეს ადგილი დაეტოვებინათ. აქედან აჰყარეს ისინი ლიბიელებმა და წაიყვანეს დასავლეთისაკენ. რომ ელინებს ყველაზე უფრო ლამაზი ადგილი არ შეემჩნიათ, როდესაც ისინი მას გაივლიდნენ, ლიბიელებმა გამოზომეს დრო და ღამით გაატარეს იქ. ამ ადგილს სახელად ჰქვია ირასა. მოიყვანეს ისინი აპოლონისად წოდებულ წყაროსთან და უთხრეს: ელინებო, აქ მოგიხდებათ თქვენ ცხოვრება, რადგანაც ცა აქ გახსნილია.
159. ახალშენის დამაარსებლის, ბატოსის სიცოცხლეში (ის კი ქვეყანას მართავდა 40 წელიწადს) და მისი შვილის, არკესილეოსის დროს (ეს მართავდა ქვეყანას 16 წელიწადს) იქ მცხოვრები კირინელები იმდენნი იყვნენ, რამდენიც იყვნენ დასაწყისში, როდესაც ახალმოშენეებად მოვიდნენ. ხოლო მესამე მმართველის დროს, რომელსაც ეწოდებოდა ბატოს ბედნიერი, პითიამ თავისი წინასწარმეტყველებით წააქეზა ყველა ელინი, წასულიყვნენ და დაესახელებინათ ლიბიე კირენიელებთან ერთად, რადგან კირენელები მართლაც ეპატიჟებოდნენ ხალხს და მიწებს ჰპირებოდნენ, ხოლო პითიამ შემდეგი უწინასწარმეყტველად: ვინც ფრიად სასურლველ ლიბიეში მივა მას შემდეგ, რაც მიწები დანაწილებული იქნება, მე მითქვამს, რომ ის მერე საკმაოდ შეწუხდება. როდესაც დიდძალი ხალხი შეგროვდა კირენეში, ბევრი მიწა დაჰკარგეს მეზობლად მცხოვრებმა ლიბიელებმა და მათმა მეფემ, რომელსაც სახელად ერქვა ადრიკრანი; მათ დაჰკარგეს მიწები და შევიწროვებულები იყვნენ კირენელთაგან, ამიტომ გაგზავნეს კაცები ეგვიპტეში და ჩაჰბარდნენ ეგვიპტის მერეს, აპრიესს. ამან კი შეკრიბა ეგვიპტელთა დიდი ლაშქარი და გაგზავნა კირენეს წინააღმდეგ. ხოლო კირენელები გამოვიდნენ ერთ ადგილთან, ირასასთან, შეებრძოლნენ ეგვიპტელებს თესტეს წყაროსთან და დაამარცხეს ისინი ბრძოლაში. რადგან ეგვიპტელებს უწინ არ ჰქონიათ გამოცდილება ელინებთან ბრძოლისა, უყურადღებოდ მოეკიდნენ ამ საქმეს და განადგურდნენ. ისე რომ, მათგან მხოლოდ მცირეოდენი დაბრუნდნენ ეგვიპტეში. აი, ამის საპასუხოდ იყო, რომ ეგვიპტელები უკმაყოფილონი იყვნენ აპრიესთან და გადაუდგნენ მას.
160. ამ ბატოსს ჰყავდა შვილი, არკესილეოსი, რომელიც გამეფებისთანავე გადაემტერა თავის ძმებს, ვიდრე მათ არ მიატოვეს ის და არ წავიდნენ ლიბიის სხვა მხარეში, სადაც საკუთრივ დაიფუძნეს ქალაქი, რომელსაც მაშინაც და ახლაც ეწოდება ბარკე. ქალაქს რომ აშენებდნენ, ამასთან ერთად ლიბიელბი აუჯანყეს კირენელებს. ამის შემდეგ არკესილოესმა ილაშქრა იმ ლიბიელთა წინააღმდეგ, რომლებმაც მიიღეს მისი ძმები და რომლებიც გადაუდგნენ მას. ხოლო ლიბიელებს შეეშინდათ მისი და გაიქცნენ აღმოსავლელ ლიბიელებთან. არკესილოესი დაედევნა გაქცეულებს, სდია მათ, ვიდრე არ მიაღწიეს ლიბიის ლევკონს, სადაც ლიბიელებმა გადაწყვიტეს მას თავს დასხმოდნენ. შებრძოლებისას მათ დაამარცხეს კირენელები, ისე რომ, ადგილზე დაეცა კირენელთა 7000 ჰოპლიტი. ამ მარცხის შემდეგ არკესილოესმა საწამლავი დალია, დაუძლურდა და მერე მისმა ძმამ, ლეარქოსმა მოახრჩო იგი; ხოლო ლეარქოსი ვერაგულად მოკლა არკესილეოსის ცოლმა, რომელსაც სახელად ერქვა ერიქსო.
161. არკესილეოსის სამეფო დაიმკვიდრა მისმა შვილმა ბატოსმა, რომელიც კოჭლი იყო და ფეხებსუსტი, ხოლო კირენელებმა, ეს უბედურება რომ შეემთხვათ, კაცები გაგზავნეს დელფოში შესაკითხავად, თუ რანაირი წესწყობილება უნდა დაიმყარონ, რომ ყველაზე უკეთ იცხოვრონ. პითიამ უბრძანა, რომ არკადიელთა მანტინეიდან მოიყვანონ კაცი, მშვიდობისმყოფელი. კირენელებმა ითხოვეს ასეთი კაცი და მანტინეელებმა მისცეს მათ მოქალქეთა შორის ერთი ყველაზე უფრო სახელოვანი, რომელსაც სახელად ერქვა დემონაქსი. ეს კაცი მივიდა კირენეში, შეიტყო ყველაფერი დაწვრილებით და დაყო ისინი სამ ფილედ, დაყო ისინი შემდეგნაირად: ერთი ნაწილი შედგებოდა თეთრელებისა და მათ მეზობლად მცხოვრებლებისაგან, მეორე – პელოპონესელთაგან და კრეტელთაგან, ხოლო მესამე – ყველა კუნძულთა მცხოვრებთაგან. შემდეგ მან მეფე ბატოსს გამოუყო საუფლისწულო მამულები და მიანიჭა ქურუმის უფლებანი, ხოლო სხვა ყველაფერი, რაც უწინ ჰქონდათ მეფეებს, ხალხს გადასცა.
162. ამ ბატოსის მეფობისას ასე გრძელდებოდა, ხოლო მისი შვილის არკესილეოსის მეფობაში დიდი შფოთიანობა ჩამოვარდა მეფის უფლებების გამო. ეს იმიტომ, რომ არკესილეოსმა, კოჭლი ბატოსისა და ფერეტიმეს ძემ თქვა, რომ არ მიიღებს მანტინეელი დემონაქსის მიერ დადგენილ წესებს, და მოითხოვა თავის წინაპართა უფლებანი. ამის მერე ის აჯანყდა, დამარცხდა და გაიქცა სამოსზე, ხოლო მისი დედა გაიქცა კიპროსის სალამინში. იმ დროისათვის სალამინს ფლობდა ეველთონი, რომელმაც დელფოს შესწირა ღირშესანიშნავი საცეცხლური, კორინთლთა საგანძურში რომ დევს. მასთან მივიდა ფერეტიმე და ლაშქარი მოსთხოვა, რომელიც მათ კირენეში დააბრუნებდა. ეველთონმა მას ყველაფერი მისცა, გარდა ლაშქრისა. ფერეტიმემ მიიღო, რაც მას მისცეს, თქვა, რომ ესეც კარგია, მაგრამ ის უკეთესი იქნებოდა, რომ მიეცათ ლაშქარიც, რომელსაც ის თხოულობდა. ის ამას ამბობდა ყოველი საჩუქრის მიღებისას, ხოლო ეველთონმა მას უკანასკნელ საჩუქრად გაუგზავნა ოქროს თითისტარი და ჯარა და ამას დაუმატა მატყლი. როდესაც ფერეტიმემ კვლავ იგივე სიტყვა გაიმეორა, ეველთონმა უთხრა, რომ ქალებს ასე ასაჩუქრებენ და არა ლაშქრითო.
163. ხოლო არკესილოესი ამ დროს სამოსზე იყო და მიწის განაწილების დაპირებით ყველა მამაკაცი შეკრიბა. როდესაც დიდძალი ლაშქარი შეიკრიბა, არკესილოესმა დელფოში გაგზავნა კაცები, რომელთაც უნდა შეეტყოთ წინასწარმეტყველება მისი უკან დაბრუნების შესახებ. პითიამ მას უთხრა შემდეგი: ლოქსიესმა ოთხ ბატოსს და ოთხ არკესილეოსს, ადამიანთა რვა თაობას, მოგანიჭათ მეფობა კირენეზე. ის გირჩევთ თქვენ, რომ ამის მეტად ნურც კი შეეცდებით, წყნარად იყავი და დაბრუნდი შენს სამშობლოში. თუ აღმოაჩენ, რომ ღუმელი სავსეა ჭუჭრლებით, ნუ გამოსწვავ ჭურჭლებს, არამედ გაატანე ისინი ზურგის ქარს. ხოლო თუ დაანთებ ღუმელს, ნუ შეხვალ ისეთ ადგილას, რომელსაც ირგვლივ წყალი ექნება. თუ არა და დაიღუპები შენ თვითონაც და ულამაზესი ხარიც. ასე უწინასწარმეტყველა პითიამ არკესილოესს.
164. ხოლო არკესილეოსმა წაიყვანა კაცები სამოსიდან და დაბრუნდა კირენეში, მაგრამ ძალაუფლება რომ ხელთ იგდო, დაივიწყა მისნობა და ცდილობდა თავისი გაძევებისათვის სამართალი მოეთხოვა თავისი მოწინააღმდეგეებისათვის. ზოგიერთი მათგანი სულაც გადაიხვეწა ქვეყნიდან, ხოლო ზოგიც დაიჭირა არკესილეოსმა და მოსაკლავად კიპროსზე გაგზავნა. ესენი მიადგნენ კნიდოსს, ხოლო კნიდოსელებმა ისინი გამოათრიეს ნაპირზე და გაგზავნეს თერეზე. დანარჩენი კირინელები გაიქცნენ და კერძო პირის, აგლომაქოსის დიდ კოშკში შეეფარნენ, ხოლო არკესილეოსმა ამ კოშკისათვის ირგვლივ შეშა შემოაწყობინა და ცეცხლი წააკიდებინა. როდესაც ბოროტმოქმედება ჩაიდინა, მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ სწორედ ამას ნიშნავდა მისნობა, როდესაც პითიამ აუკრძალა მას, რომ თუ ღუმელში ჭურჭელს აღმოაჩენდა, ისინი არ უნდა გამოეწვა მას; ამიტომ თავისი ნებით განზე გადგა კირენელთა ქალაქისაგან, რადგან ნაწინასწარმეტყველები სიკვდილის ეშინოდა და ფიქრობდა, რომ ირგვლივ წყალშემოვლებული სწორედ კირენეა. ცოლად ჰყავდა მას თავისი ნათესავი ქალი, ბარკელთა მეფის ალაძებრის ასული და ამ კაცთან წავიდა; ბარკელებმა და ზოგიერთმა კირენედან გაქცეულმა დაინახეს ის მოედანზე მოსიარულე და მოკლეს, შემდეგ მოკლეს, აგრეთვე მისი სიმამრიც, ალაძებრიც. ამრიგად, არკესილეოსი, ნებითა და უნებლიეთ წინასწარმეტყველების მიმართ სწორედ არ მოიქცა და ეწია კიდევაც თავისი ბედი.
165. ხოლო ვიდრე არკესილეოსი ბარკეში იმყოფებოდა და თავისთავს ბოროტს უმზადებდა, დედამისს, ფერეტიმეს კირენეში თავისი შვილის ყოველი პატივი ჰქონდა, განაგებდა ყოველგვარ საქმეს და იჯდა კიდევაც სათათბიროში. ხოლო მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ შვილი მოუკლეს ბარკეში, ადგა და გაიქცა ეგვიპტეში; არკესილეოსს ბევრი რამ კარგი ჰქონდა გაკეთებული კამბისესისათვის, კიროსის ძისათვის, რადგან სწორედ ამ არკესილეოსმა გადასცა კირენე კამბისეს და მას ხარკს უხდიდა. როდესაც მივიდა ფერეტიმე ეგვიპტეში, არიანდესის მავედრებლად დაჯდა და სთოხვა მას, მისთვის თავი გამოედო, თან საბუთად იყენებდა იმას, რომ მისი შვილი შეეწირა მიდიელთა მიმართ კეთილგანწყობილებას.
166. ეს არინდესი იყო ეგვიპტის მმართველი, კამბისესის მიერ დაყენებული; შემდეგ ხანში ის დაიღუპა იმიტომ, რომ თავს დარიოსს უტოლებდა. მან შეიტყო და დაინახა, რომ დარიოსს სურს თავისი თავის ისეთი მოსაგონარი დატოვოს, როგორიც არც ერთ სხვა მეფეს არ გაუკეთებია და ჰბაძავდა მას, ვიდრე არ მიეზღო. საქმე ის იყო, რომ დარიოსი რაც შეიძლება სუფთად ადნობინებდა ოქროს და ისე აჭრევინებდა მონეტებს, ხოლო არიანდესი, რომელიც ეგვიპტის მმართველი იყო, ამასვე აკეთებდა ვერცხლის მიმართ. ახლაც ყველაზე უფრო სუფთა ვერცხლი არიანდესის ვერცხლია. როდესაც დარიოსმა შეიტყო, რომ ის ამას აკეთებდა, სხვა მიზეზი მოიდო, ორგულობა დასწამა და მოაკვლევინა.
167. მაშინ ამ არიანდესმა შეიბრალა ფერეტიმე და მისცა მას მთელი ეგვიპტის ლაშქარი, როგორც ქვეითი, ასევე საზღვაო; ქვეითი ჯარის მხედართმთავრად დაუყენა ამასისი, მარაფილეთაგანი, ხოლო ფლოტის უფროსად – ბადრესი, რომელიც იყო პასარგადთა გვარიდან. ვიდრე ლაშქარს გაგზავნიდა, არიანდესმა შიკრიკი აფრინა ბარკეში, რომ შეეტყო, თუ ვინ მოკლა არკესილეოსი. ხოლო ყველა ბარკელმა თავის თავზე მიიღო ეს ბრალდება, რადგან მისგან ბევრი ბოროტება ჰქონდა გადატანილი. ეს რომ შეიტყო არიანდესმა, მაშინვე გაგზავნა იქ ლაშქარი ფერეტიმესთან ერთად. ეს დანაშაული, ასე მგონია, მხოლოდ სათქმელად მოიმიზეზა იმისათვის, რომ ლაშქარი გაეგზავნა ლიბიელთა დასაპყრობად. რადგან ლიბიეში მრავალი სხვადასხვა ტომია, რომელთაგან მხოლოდ მცირეოდენნი იყვნენ სპარსეთის მეფის ქვეშევრდომები, უმეტესობა კი დარიოსს არაფრად აგდებდა.
168. ხოლო ლიბიელები ასეთი თანმიმდევრობით ცხოვრობდნენ: ეგვიპიტიდან დაწყებული ლიბიელთაგან პირველები ცხოვრობენ ადრიმაქიდები, რომლებიც ძირითადად ეგვიპტურ წესებს მისდევენ, ხოლო ტანსაცმელს ატარებენ ისეთსავე, როგორსაც სხვა ლიბიელები. მათი ქალები ორივე წვივზე იკეთებენ სპილენძის სამკაულს, თავზე გრძელი თმა აქვთ და როდესაც ისინი თავში ტილს დაიჭერენ, მათ ჯერ თვითონ უკბენენ და შემდეგ ისე გადააგდებენ. ლიბიელთა შორის მხოლოდ ესენი სჩადიან ამას და მხოლოდ ესენი აჩვენებენ მეფეს ქალწულებს გათხოვების წინ; ხოლო თუ მეფეს მოეწონა რომელიმე მათგანი, მას ნამუსს ახდის. ეს ადირმაქიდები ცხოვრობენ ეგვიპტიდან ვიდრე ნავსადგურამდე, რომელსაც პლინოსი ეწოდება.
169. ამათ მოჰყვებიან გილიგამები, რომელთაც უჭირავთ ქვეყანა მათგან დასავლეთისაკენ ვიდრე აფროდისიასის კუნძულამდე. აი, ამ მხარის შუაში მდებარეობს კუნძული პლატეა, რომელიც დაასახლეს კირენელებმა, ხოლო მატერიკზე არის მენელეოსის ნავსადგური და აძირისი, სადაც ოდესღაც ცხოვრობდნენ კირინელები. სწორედ აქ გვხვდება პირველად მცენარე სილფიონიც. სილფიონი იზრდება იმ ტერიტორიაზე, რომელიც ვრცელდება პლატეის კუნძულიდან ვიდრე სირტისის შესართავამდე. ეს ტომი იმის მსგავს წესებს მისდევს, როგორსაც სხვა ლიბიელები.
170. გილიგამებს მისდევენ დასავლეთისაკენ ასბისტები. ესენი კირენეს ზემოთ ცხოვრობენ. ასბისტები ზღვამდე ვერ აღწევენ, რადგან ზღვის გასწვრივ ცხოვრობენ კირენელები. ოთხცხენიან ეტლს ისინი ლიბიელთა შორის ყველაზე უკეთ მართავენ, ხოლო მათი ჩვეულებების მეტი წილი კირენელების ჩვეულებათა მიბაძვას წარმოადგენს.
171. ასბისტებს დასავლეთისაკენ მისდევენ ავსქისები. ესენი ბარკეს ზემოთ ცხოვრობენ და ზღვამდე ევესპერიდესთნა აღწევენ. ავსქისების ქვეყნის შუაში ცხოვრობენ ბაკალები, მცირერიცხოვანი ტომი, რომელიც ზღვამდე აღწევს ბარკის ქალაქ ტავქეირასთან. ისინი იმავე წესებს მისდევენ, რომლებსაც კირენეს ზემოთ მცხოვრები ტომები.
172. ამ ავსქისებს დასავლეთისკენ მისდევენ ნასამონები, მრავალრიცხოვანი ტომი, რომელიც ზაფხულში ზღვის პირას ტოვებს თავის სქონელს და თვითონ ადის ავგილის მხარეში ფინიკების შესაგროვებლად, რადგან იქ იზრდება მრავალი და უზარმაზარი პალმები და ყველას ნაყოფი ასხია. როდესაც ისინი მოინადირებენ ხოლმე კალიებს, მზეზე ახმობენ, ფქვავენ, შემდეგ რძეში ურევენ და ისე სვამენ. ჩვეულებრივ თითოეულ მამაკაცს ბევრი ცოლი ჰყავს და შეუძლია ყველა ქალთან ჰქონდეს ურთიერთობა, რასაც აკეთებენ მასაგეტების მსგავსად.
ესენიც კვერთხს გამოდგამენ ხოლმე და ისე წვებიან ქალთან. როდესაც ნასამონი ცოლს პირველად ირთავს, წესია, რომ პირველ ღამეს პატარძალმა ყველა სტუმარს უნდა ჩამოუაროს და ყველა მათგანთან დაწვეს. თითოეული სტუმარი, რომელიც წვება ქალთან, აძლევს მას საჩუქარს, რაც სახლიდან აქვს თან მოტანილი. ნასამონების ფიცი და მისნობა ასეთია: ისინი იფიცებენ ყველაზე უფრო სამართლიანად და მამაცად შერაცხილ ვაჟკაცებს. ფიცისას მათ საფლავებს ეხებიან, ხოლო როდესაც მისნობა სურთ, წინაპართა საფლავებზე მიდიან, ლოცულობენ და იქვე იძინებენ. რა სიზმარსაც ნახავენ ძილში, იმას ღებულობენ წინასწარმეტყველებად. პირობის დადებისას ისინი ასე იქცევიან: თავისი ხელით ასმევენ ერთი მეორეს და თვითონაც მისი ხელიდან სვამს. თუ არა აქვთ არავითარი სასმელი, მაშინ მტვერს იღებენ მიწიდან და იმას ლოკავენ.
173. ნასამონების მეზობლები არიან ფსილები. ისინი ამგვარად ამოწყდნენ: სამხრეთის ქარი უბერავდა და წყლის საცავები ამოაშრო. მთელი ქვეყანა, რომელიც სირტისის შიგნით იყო, უწყლოდ დარჩა. ფსილებმა მოითათბირეს და საერთო გადაწყვეტილებით გაილაშქრეს სამხრეთის ქარის წინააღმდეგ (ვამბობ იმას, რასაც ამბობენ ლიბიელები). როდესაც მივიდნენ ქვიშოვან უდაბნოში, დაუბერა სამხრეთის ქარმა და ქვიშა წააყარა მათ. როდესაც ისინი დაიღუპნენ, მათი ქვეყანა ნასამონებმა დიჭირეს.
174. ამათ ზემოთ, სამხრეთის ქარის მიმართულებით, მხეცებით სავსე მხარეში ცხოვრობენ გარამანტები, რომლებიც გაურბიან ყველა ადამიანს და ყოველგვარ ურთიერთობას; მათ არც არავითარი საომარი იარაღი აქვთ და არც თავდამსხმელებს იგერიებენ.
175. ესენი ცხოვრობენ ნასამონების ზემოთ, ხოლო ზღვის გასწვრივ, დასავლეთისაკენ ადგილი უჭირავთ მაკებს, რომლებიც თავს იკრეჭენ; ისინი თმის შუა ნაწილს იზრდიან, ხოლო აქეთ-იქით თმას ძირში იკრეჭენ. ომში ფარებად სირაქლემას ტყავებს ხმარობენ. მათ ქვეყანაზე მდინარე კინიფსი მიედინება, რომელიც იწყება ეგრეთწოდბულ ქარიტთა ბორცვიდან და ერთვის ზღვას. ეს ქარიტთა ბორცვი ხშირი ტყით არის დაფარული, მაშინ, როდესაც ლიბიის ადრემოხსენებული დანარჩენი ნაწილი სულ მოტიტვლებულია. ზღვიდან ამ ბორცვამდე 200 სტადიონია.
176. ამ მაკების მომდევნო ტომი გინდანებია, მათი ქალები კოჭებზე მრავალ ტყავის რგოლს ატარებენ შემდეგი მიზეზის გამო, როგორც ამბობენ: რამდენ კაცთანაც დაწვება ქალი, იმდენი ტყავის რგოლს შემოირტყამს კოჭზე, ხოლო ვისაც ყველაზე მეტი ექნება ასეთი რგოლი, ის ყველაზე უკეთესად ჩაითვლება, რადგან ყველაზე მეტ მამაკაცს ჰყვარებია ის.
177. კონცხრე, რომელიც ამ გინდანთა ქვეყნიდან არის შეჭრილი ზღვაში, ცხოვრობენ ლოტოფაგები, რომლებიც მხოლოდ ლოტოსის ნაყოფს ჭამენ და იმით არსებობენ. ლოტოსის ნაყოფი სიდიდით იმოდენავეა, რამოდენაც არის დანამასტაკის ნაყოფი, ხოლო სიტკბოთი ჩამოჰგავს პალმის ნაყოფს. ამ ნაყოფისაგან ლოტოფაგები აყენებენ ღვინოსაც.
178. ლოტოფაგებს ზღვის გასწვრივ მისდევენ მაქლიები, ესენიც ჭამენ ლოტოსს, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლებ, ვიდრე ზემოთ ხსენებული ტომი. ესენი აღწევენ დიდ მდინარემდე, რომელსაც სახელად ჰქვია ტრიტონი. ეს მდინარე ერთვის დიდ ტბას, ტრიტონისს. ამ ტბაში არის კუნძული, რომელსაც ჰქვია ფლა. ამბობენ, რომ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ეს კუნძული ლაკედემონელებმა უნდა დაასახლონო.
179. კიდევ ასეთ ამბავსაც მოგვითხრობენ: იესონმა, როდესაც მან პელიონთან არგო ააგო, მოათავსა მასზე ჰეკატომბიცა და სპილენძის სამფეხიც, შემოუარა პელოპონესს და უნდოდა დელფოში მისვლა. როდესაც ცურვის დროს მალეესთან მოხვდა, ჩრდილოეთის ქარმა წაიღო ის ლიბიისაკენ, ვიდრე ხმელეთს დაინახავდა, აღმოჩნდა ტრიტონის ტბის თხელ წყალში. მან არ იცოდა, როგორ უნდა გამოსულიყო და ფიქრობენ, თითქოს გამოჩნდა ტრიტონი და უბრძანა იესონს, მისთვის მიეცა სამფეხი. ამასთანავე უთხრა, რომ გზას უჩვენებდა და უვნებლებს გაამგზავრებდა. იესონმა დაუჯერა, ისე რომ უჩვენა მას ტრიტონმა გზა თავთხელ წყალში, ხოლო სამფეხი დაიდგა თავის სამსხვერპლოში და ამ სამფეხზე დამჯდარმა უწინასწარმეტყველა მანიშნებელი სიტყვა იესონის თანამგზავრებს, რომ თუ ვინმე არგოს მეზღვაურთა ჩამომავალთაგანი წაიღებს სამფეხს, მაშინ აუცილებელი იქნება ტრიტონისის მიდამოში ასი ელინური ქალაქის აგება. ეს რომ მოისმინეს ლიბიის მცხოვრებლებმა, დამალეს სამფეხი.
180. ამ მაქილებს მოსდევენ ავსეები. ესენიც და მაქიელებიც ტრიტონისის ტბის ირგვლივ ცხოვრობენ, ხოლო მათ საზღვრავს ერთმანეთისაგან მდინარე ტრიტონი, მაქიელები უკან უშვებენ გრძელ თმას, ხოლო ავსეები – წინ. ათენას ყოველწლიურ დღესასწაულზე მათი ქალწულები ორად იყოფიან და ერთმანეთს ებრძვიან ქვებითა და ჯოხებით და ამბობენ, რომ ამით მამაპაპეულ წესს ასრულებენ ადგილობრვივი ღმერთქალის მიმართ, რომელსაც ჩვენ ათენას ვუწოდებთ. იმ ქალწულებს, ვინც ჭრილობებისგან მოკვდება, ისინი ცრუ ქალწულებს უწოდებენ. ვიდრე გაუშვებენ ქალებს საბრძოლველად, ისინი საყოველთაოდ ყველაზე უფრო ლამაზად აღიარებულ ქალწულებს მორთავენ ხოლმე კორინთული მუზარადით და ელინური შეჭურვილობით, დასვამენ ეტლზე და შემოატარებენ ტბის ირგვლივ (მე არ შემიძლია ვთქვა, ქალწულებს რა საჭრუველით რთავდნენ, ვიდრე ელინები მათ მეზობლად დასახლდებოდნენ, მაგრამ მგონია კი, რომ ეგვიპტური იარაღით ირთვებოდნენ ისინი, რადგან ფარიცა და მუზარადიც ეგვიპტიდან შევიდა ელინებში). ამბობენ, რომ ათენა პოსეიდონისა და ტრიტონისის ტბის ასულია, მაგრამ ის თავის მამის უკმაყოფილო იყო და თავი გადააბარა ზევსს; ზევსმა ის თავის ასულად აქცია, ისინი ამას ამბობენ, ქალებთან ურთიერთობა ისევე აქვთ, როგორც ცხოველებს. როდესაც ქალს ბავშვი წამოეზრდება, ერთ ადგილას იყრიან თავს მამაკაცები ყოველ მესამე თვეს და იმის შვილად ჩაითვლება ბავშვი, ვისაც ჰგავს ამ მამაკაცთა შორის.
181. მომთაბარე ლიბიელთა შორის ესენი არიან ზღვისპირის მცხოვრებლები. მათ ზემოთ შიგნით ხმელეთზე ლიბიე მხეცებითაა სავსე, ხოლო მხეცებით სავსე ლიბიის ზემოთ გადაჭიმულია ქვიშოვანი ზეგანი, რომელიც ვრცელდება ეგვიპტელთა თებედან ჰერაკლეს სვეტებამდე. ამ ზეგანზე დაახლოებით 10 დღის სავალ მანძილზე ერთმანეთისაგან დაშორებით ბორცვებადაა დაგროვილი მსხვილმარცვლიანი მარილის ზოდები. თითოეული ბორცვის თავზე შუიდან ამოდის ცივი და ტკბილი წყალი, ხოლო მის ირგვლივ ცხოვრობს ხალხი, რომელიც უდაბნოსაკენ და მხეცებით სავსე ლიბიის ზემოთ ყველაზე განაპირას არიან. თებედან 10 დღის სავალ გზაზე პირველები არიან ამონიები, რომელთაც აქვთ თებელი ზევსის სალოცავი აქაც და თებეშიც, როგორც უწინაც ვთქვი, არის ზევსის ვერძისსახაიანი გამოსახულება. მათ სხვა წყაროს წყალიც აქვთ, რომელიც დილაადრიან თბილია, შემდეგ ბაზრის ავსების დროისათვის ცივდება, ხოლო შუა დღისას ის ძალიან ცივია. აი, ამ დროისათვის ისინი რწყავენ ბაღებს. დღე როდესაც გადაიხრება, ის თანდათან კარგავს სიგრილეს და მზის ჩასვლისას წყალი ისევ თბება. წყლის სიტბო განსაკუთრებით იმატებს შუაღამის მოახლობისას და იმედენად იმატებს, რომ სულ თუხთუხით დუღს. შუაღამე რომ გადავა, წყალი გათენებამდე თანდათან გრილდება. ამ წყაროს სახელწოდება არის მზის წყარო.
182. ამონიების შემდეგ ისევ ამ ქვიშოვან ზეგანზე, უფრო შორს 10 დღის სავალ გზაზე, არის მარილის ბორცვი, მსგავსი ამონიების ბორცვისა. არის წყალიც და მის ირგვლივ ცხოვრობს ხალხი. ამ ადგილს ეწოდება ავგილა. ამ ადგილას მოდიან ნასამონები ფინიკების შესაგროვებლად.
183. ავგილებიდან შემდეგი ათი დღის სავალ გზაზე არის კიდევ ერთი მარილის ბორცვი, წყალი და ბევრნი ნაყოფის მომტანი პალმის ხე, ისევე როგორც სხვა ბორცვებზე. მასზე ცხოვრობს ხალხი, რომელსაც სახელად ჰქვია გარმანტები, ესენი ძალიან დიდი ტომია; ისინი მიწას ჯერ მარილს აყრიან და მერე ისე თესავენ. აქედან ლოტოფაგებამდე უმოკლესი გზაა და ეს გზა რის 30 დღის სავალი. ამ ხალხში გვხვდება უკუღმამძოვარი ხარები. ისინი უკუღმამძოვრები შემდეგი მიზეზის გამო არიან: მათ რქები წინისაკენ აქვთ მოხრილი, ამიტომ უკან მიდიან და ისე ძოვენ; წინსვლის დროს ძოვა არ შეუძლიათ, რადგან დედამიწას უწინ რქებით ებჯინებიან. ისე სხვაფრივ არაფრით განსხვავდებიან სხვა ხარებისაგან, გარდა ტყავის სისქისა და სიმკვრივისა. ეს გარამანტები ოთხცხენიანი ეტლებით ნადირობენ გამოქვებულებში მცხოვრებ ეთიოპელებზე, რადგან ის ეთიოპები, რომლებიც ცხოვრობენ გამოქვებულებში, ყველა ადამიანებზე უფრო ფეხმარედები არიან, ვის შესახებაც კი რაიმე გაგვიგია და მოგვისმენია. ეს გამოქვაბულის მცხოვრებლები იკვებებიან გველებით, ხვლიკებით და სხვა მსგავსი ქვეწარმავლებით. ხოლო მათი ენა არც ერთ სხვა ენას არ მიაგავს, ისინი ისე წივიან, როგორც ღამურები.
184. ხოლო გარამანტთა შემდეგ 10 დღის სავალ გზაზე არის კიდევ ერთი მარილის ბორცვი, წყალი და ხალხი, რომელიც მის ირგვლივ ცხოვრობს და რომელსაც სახელად ჰქვია ატარანტები. ჩემთვის ცნობილ ხალხთა შორის, მხოლოდ ესენი არიან უსახელოები, რადგან მათი სერთო სახელია ატარანტები, ხოლო სათითაოდ მათ შორის არავის აქვს საკუთარი სახელი. როდესაც მზე მეტისმეტად დააცხუნებს, ესენი მას წყევლიან და სამარცხვინოდ ლანძღავენ, რადგან ის წვავს და ანადგურებს თვითონ ადამიანებსაც და მათ ქვეყნებსაც. ატარანტებს შემდეგ კვლავ 10 დღის სავალ გზაზე არის ახლა სხვა მარილის ბორცვი, წყალი და ხალხი, რომელიც მის ირგვლივ ცხოვრობს. ამ ბორცვს მოსდევს მთა, რომელსაც სახელად ჰქვია ატლასი. ეს მთა ვიწროა და სრულიად მრგვალი, იმასაც ამბობენ, რომ იმდენად მაღალია, რომ მისი მწვერვალის დანახვა არც კი შეიძლებაო, რადგან არასოდეს ტოვებს მას ღრუბელი, არც ზაფხულში და არც ზამთარში. ადგილობრივი მცხოვრებნი ამბობენ, რომ ეს არის ზეცის საბჯენი სვეტი. ხოლო ხალხი, რომელიც ამ მთასთან ცხოვრობს, მისი მოსახელეა. მათ ხომ ატალანტები ეწოდებათ. ამბობენ, რომ ისინი არაფერ სულიერს არ ჭამენ და არც სიზმრებს ხედავენ.
185. მე შემიძლია ჩამოვთვალო იმ ხალხთა სახელები, რომლებიც ზეგანზე ცხოვრობენ ატალანტებამდე, ხოლო ვინც მათ შემდეგ არიან, იმათ სახელებს ვეღარ ჩამოვთვლი. ეს ზეგანი აღწევს ჰერაკლეს სვეტამდე და ვრცელდება მათ შემდეგაც. ხოლო ამ ზეგანზე ყოველ ათი დღის სავალ გზაზე არის მარილის საბადო და იქვე ცხოვრობს ხალხი, ხოლო სახლები მათ ყველას ქვამარილისაგან აქვთ აგებული: ლიბიის ამ ნაწილში ხომ სრულიად არ იცის წვიმები, რომელსაც, ცხადია, ვერ გადარჩებოდა მარილისაგან ნაგები კედლები. მარილი, რომელსაც აქ თხრიან, ფერად თეთრია და ძოწისფერი, ამ ზეგანის ზემოთ მისგან სამხრეთით, ლიბიის შიგნითა ნაწილებში არის უდაბური მხარე, უწყლო, უმხეცო, უწვიმარი და უტყეო და იქ სულ არაა სინესტე.
186. ამრიგად, ეგვიპტიდან ტრიტონისის ტბამდე მომთაბარე ლიბიელები არიან ხორცის მჭამელები და რძისმსმელები, მხოლოდ ძროხის ხორცს არ ეკარებიან, იმავე მიზეზის გამო, რატომაც არ ჭამენ მას ეგვიპტელები. ასევე არ აშენებენ ისინი ღორებს. არც კირენელი ქალები ჭამენ ძროხის ხორცს ეგვიპტისისის შიშით, ის კი არა, ისისის გამო, ისინი მარხვას ინახავენ და დღესასწაულებს აწყობენ. ხოლო ბარკელი ქალები არც ძროხის ხორცს ჭამენ და არც ღორისას.
187. ასეა ეს ამბები. ხოლო ტრისტონისის ტბის დასავლეთით არც მომთაბარე ლიბიელები არიან, არც იმავე კანონებს იცავს მოსახლეობა და არც მათი ბავშვები აკეთებენ იმას, რასაც ჩვეულებრივ მომთაბარეები აკეთებენ ხოლმე. ხოლო ლიბიელი ნომადები, დაბეჯითებით არ შემიძლია თქმა რომ ყველანი, მაგრამ მათ შორის ბევრი ამას აკეთებენ: თავიანთ შვილებს, როდესაც ისინი ოთხი წლისა გახდებიან, ცხვრის ჭუჭყიანი მატყლით უწვავენ თავზე ძარღვებს, ხოლო ზოგიერთები მათ შორის ბავშვებს ძარღვებს საფეთქლებთანაც უწვავენ. ამას იმისთვის აკეთებენ, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში აღარ დაიტანჯონ ისინი თავიდან ლორწოს დენით. ისინი ამბობენ, რომ სწორედ ამიტომ ვართ ყველაზე უფრო ჯანრმთელებიო. მართლაც, ლიბილები ჩვენთვის ცნობილ ყველა ადამიანზე უფრო ჯანრმთელები არიან. მე დაბეჯითებით არ ვიცი, ეს ამის გამოა, თუ არა, მაგრამ ისინი მართლაც ყველაზე ჯანმრთელები არიან. როდესაც ბავშვებს წვავენ, თუ მათ კრუნჩხვა დაემართათ, მათ მიმართ ასეთ წამალს ხმარობენ; გადაასხამენ თხის შარდს და ამით არჩენენ. მე ვამბობ იმას, რასაც ამბობენ თვითონ ლიბიელები.
188. მსხვერპლს მომთაბარეები ასე სწირავენ: ჯერ საქონელს ყურს მოაჭრიან, გადაისვრიან იმას სახლის ზემოთ და ამას რომ გააკეთებენ, შემდეგ მოუგრეხენ მას კისერს. ისინი მხოლოდ მზესა და მთვარეს სწირავენ მსხვერპლს. ამათ მსხვერპლს სწირავს ყველა ლიბიელი, ტრიტონისის ტბასთან მცხოვრებნი უპიტარესად ათენას სწირავენ მსხვერპლს, ხოლო მათ შემდეგ მცხოვრებნი – ტრიტონსა და პოსეიდონს.
189. ელინებმა ლიბიელი ქალებისაგან გადმოიღეს ის ტანსაცმელი და აბჯარი, რაც ათენას გამოსახულებებზე გვხვდება. მართლაც, თუმცა ლიბიელ ქალთა ტანსაცმელი ტყავისაა და აბჯარზე ჩამოკიდებული ფოჩები გველები კი არაა, თასმებია, მაგრამ სხვა ყველაფერში ისინი ერთნაირები არიან. თვით სახელწოდებაც გვიმტკიცებს იმას, რომ ლიბიიდან არის შემოსული პალადას გამოსახულებების ტანსაცმელი: ლიბიელი ქალები ტანსაცმელზე ატარებენ უბეწვო ფოჩებიან თხის ტყავს, შეღებილს ენდროსი, აი, ამ თხის ტყავისაგან გადმოიღეს ელინებმა სახელი აბჯრისა. მე ვფიქრობ, რომ მსხვერპლშეწირვის დროს კივილი პირველად აქედან წარმოსდგა, რადგან ლიბიელი ქალები კივილს ხშირად მიმართავენ და კარგადაც კივიან. ასევე ლიბიელთაგან ისწავლეს ელინებმა ოთხი ცხენის შებმა ეტლში.
190. მომთაბარეები თავიანთ მიცვალებულებს ისევე მარხავენ, როგორც ელინები, გარდა ნასამონებისა, ესენი მათ დამჯდრებს მარხავენ და იმას ცდილობენ, რომ როდესაც ადამიანს სული ამოსდის, იჯდეს და დაწოლილი არ მოკვდეს. მათი საცხოვრებლები გაკეთებულია ლერწმის ღეროს ირგვლივ მოწნული შტოებისაგან და მათი გადატანა შეიძლება. აი, ასეთ წესებს მისდევენ მომთაბარეები.
191. მდინარე ტრიტონის დასავლეთით ავსეებს მისდევენ მიწათმოქმედი ლიბიელები, რომლებიც ცხოვრობენ ერთ ადგილზე და აშენებენ სახლებს, მათ სახელად ჰქვიათ მაქსიმები. მათ თავის მარჯვენა მხარეზე გრძელი თმები აქვთ, მარცხენა მხარე კი მოპარსული, ხოლო სხეულზე ისვამენ სურინჯს. ისინი ამბობენ, ტროიდან მოსული ხალხის ჩამომავლები ვართო. ეს მხარე და ლიბიის დანარჩენი ნაწილი, რომელიც დასავლეთისკენ ქრის, ბევრად უფრო მდიდარია მხეცებითა და ტყეებით, ვიდრე მომთაბარეთა მხარე. რადგან ლიბიის ის ნაწილი, რომელიც აღმოსავლეთისაკენაა და რომელიც უჭირავთ მომთაბარეებს, დაბლობია და ქვიშიანი, ვიდრე მდინარე ტრიტონამდე, ხოლო ნაწილი მდინარე ტრიტონიდან დასავლეთით, სადაც ცხოვრობენ მიწათმოქმედები, ძალიან მთიანია, ტყიანი და მხეცებით მდიდარი. აქ გხვდებიან უზარმაზარი გველები, ამას გარდა ლომები, სპილოები, დათვები, ასპიტები, ვირები, რომელთაც რქები აქვთ, ძაღლისთავა ადამიანები და უთავო ადამიანები, რომელთაც თვალები აქვთ მკერდზე, როგორც თვით ლიბიელები ამბობენ, ველური მამაკაცები და ველური ქალები და დიდი სიმრავლე სხვა ჩვეულებრივი მხეცებისა.
192. ხოლო ნომადების ქვეყანაში ამისთანა არაფერია, სამაგიეროდ იქ არის შემდეგი ცხოველები: ნიამორები, ქურციკები, ჯერინები, ვირები, არა ისინი, რომელთაც რქები აქვთ, არამედ სხვები, არამსმელები (რადგან ისინი წყალს არ სვამენ), ნიამორები, რომელთა რქებისაგანაც კეთდება ქნარის სახელურები (სიდიდით ეს ცხოველი ხარისოდენა არის), მელიები, აფთრები, ზღარბები, ველური ვერძები, დიქტიები, ტურები, ავაზები, ჯიქები, ნიანგები, რომლებიც სამი წყრთის სიგრძისა არიან, მიწაზე ცხოვრობენ და ძალიან ჰგვანან ხვლიკებს, სირაქლემები, პატარა გველები, რომელთაც თითოეულს თითო რქა აქვს. აი, ეს მხეცები არიან აქ და ამას გარდა კიდევ ისეთებიც, როგორებიც სხვაგან, გარდა ირმებისა და გარეული ტახებისა. ირმები და გარეული ტახი ლიბიეში სრულებით არ არის. აქ სამგვარი ჯიშის თაგვებია. ერთნი იწოდებიან ორფეხად, მეორენი – ძეგერიებად (ეს ლიბიური სახელია და ელინურ ენაზე ნიშნავს ბორცვებს), ხოლო მესამენი ზღარბებად, სადაც სილფიონი იზრდება, იქ გვხვდებიან ისეთივე კვერნები, როგორებიც ტარტესოსში, ასეთები არიან მომთაბარე ლიბიის ქვეყნის მხეცები, რამდენადაც კი შევძელით, რომ მივწვდომოდით და გამოგვეკვლია.
193. მაქსიმებს ემეზობლებიან ლიბიელი ძავეკები, რომელთა ქალები მართავენ ეტლებს, როდესაც ისინი ომში მიდიან.
194. ამათ ემეზობლებიან გიძანატები; მათთან ბევრ თაფლს ამზადებენ ფუტკრები, მაგრამ, ამბობენ, რომ კიდევ უფრო მეტ თაფლს აკეთებენ თვითონ ხელოსანი ხალხი. ყველა ესენი ტანს სურინჯით იღებავენ და ჭამენ მაიმუნებს, რომლებიც ბლომად არიან მთებში.
195. კარქედონელები ამბობენ, რომ მათ ქვემოთ მდებარეობს კუნძული, რომელსაც სახელად ჰქვია კირავისი. იგი სიგრძით 200 სტადიონია, ხოლო სიგანეში ვიწროა და ადვილად გადაისვლება მასზე ხმელეთიდან. ის სავსეა ზეთისხილითა და ვაზით. ამ კუნძულზე არის ტბა, რომლის შლამიდანაც ადგილობრივი ქალწულები ოქროს მარცვლებს კრეფენ ფრინველების ფრთებით, რომლებსაც ფისი უსვია. ეს მართალია თუ არა არ ვიცი, რაც მითხრეს, იმას ვწერ. მაგრამ შესაძლოა ასეც არის, რადგან მე თვითონ ვნახე, რომ ძაკინოთსში ტბიდან და წყლიდან ფისი ამოჰქონდათ. ძაკინთოსში ბევრი ტბაა და მათ შორის უდიდესი 70 ფუტია ყოველი მიმართულებით, ხოლო სიღრმით ორი ორგიაა. მასში ჩაუშვებენ ხოლმე ჭოკს, რომელსაც წვერზე ტვიის ტოტი აქვს მიმაგრებული, ხოლო სხვა მხრივ უკეთესია პიერიის ფისზე. შემდეგ ასხამენ მას ორმოში, რომელიც ტბის მახლობლად არის მოთხრილი. როდესაც მას ბლომად მოაგროვებენ, ორმოდან გამოასხამენ ამფორებში, რაც არ უნდა ჩავარდეს ტბაში, მიდის მიწის ქვეშ და შემდეგ აღმოჩნდება ზღვაში. ხოლო ზღვა დაახლოებით 4 სტადიონით არის დაშორებული ტბას. ამრიგად, ლიბიეში მდებარე კუნძულის შესახებ რასაც მოგვითხრობენ, ისიც მართალი უნდა იყოს.
196. კარქედონელები იმასაც ამბობენ, რომ ლიბიის ჰერაკლეს სვეტების გადაღმა ხალხით დასახლებული მხარეც. მათთან როდესაც მიდიან კარქედონელები და მიაქვთ სავაჭრო, ჩაამწკრივებენ მას ნაპირზე, თვითონ ისევ ხომალდებზე ადიან და კვამლს უშვებენ. ადგილობრივი მცხოვრებლები ხედავენ კვამლს, მიდიან ზღვასთნ, შემდეგ საქონლის სამაგიეროდ ოქროს ტოვებენ და მიდიან საქონლისაგან შორს. კარქედონელები გამოდიან და ათვალიერებენ, საქონლის შესაფერისი ოქრო თუა დატოვებული, თუ საკმარისია, მიაქვთ და მიდიან, ხოლო თუ არაა საკმარისი, ბრუნდებიან უკან ხომალდებზე და იცდიან, მოსახლეობა კი მოდის და კიდევ უმატებს ოქროს იქამდე, ვიდრე მათ არ დაიყაბულებს. არც ერთი მხარე არ იქცევა უსამართლოდ, რადგან არც კარქედონელები ჰკიდებენ ოქროს ხელს, ვიდრე ის საქონლის ღირებულებას არ გაუთანაბრდება, და არც ადგილობრივი მცხოვრებლები ეკარებიან საქონელს იმაზე უწინ, ვიდრე კარქედონელები ოქროს არ აიღებენ.
197. ესენი არიან ის ლიბიელები, რომელთა სახელებით მოხსენიებაც შევიძელით. მეტი ნაწილი ამათგან მიდიელთა მეფეს არც ახლა მიიჩნევენ არაფრად და არც მაშინ აგდებდა რამედ. კიდევ ის შემიძლია ვთქვა ამ ქვეყნის შესახებ, რომ იქ მხოლოდ ოთხი ტომი ცხოვრობს (უფრო მეტი არა), რამდენადაც მე ვიცი; ამათგან ორი ტომი ადგილობრივია, ხოლო ორი – არა. ლიბიელბი და ეთიოპელები ადგილობრივები არიან, ამათგან ლიბიელები ცხოვრობენ ჩრდილოეთით, ეთიოპელები კი ლიბიის სამხრეთ ნაწილში. ხოლო ფინიკიელები და ელინები – მოსულები არიან.
198. მე ვფიქრობ, რომ ლიბიე ღირსებები მიხედვით არც კი შეიძლება რომ შევადაროთ აზიას ან ევროპეს, კინიფსის გარდა – იგივე სახელი აქვს ქვეყანას, რაც მდინარეს. აი, ეს მხარე დემეტრეს ნაყოფის მოტანის თვალსაზრისით ქვეყანათა შორის საუკეთესოს მსგავსია და სულ არა ჰგავს დანარჩენ ლიბიეს, აქ არის შავმიწა ნიადაგი, ის ირწყვის წყაროებით, არც გვალვის საშიშროებაა და მას არც დიდი წვიმები ანადგურებენ. უნდა ითქვას, რომ ლიბიის ამ ნაწილში ზომიერი წვიმები იცის. მოსავალი აქაც იმოდენავეა, რამდენსაც იძლევა ბაბილონიის მიწა. კარგია ის მიწაც, რომელზედაც ცხოვრობენ ევესპერიტები, რადგან როდესაც ამ მიწაზე კარგად მოდის მოსავალი, ის იძლევა ნაყოფს ერთი ასად, ხოლო კინიფსის მიწა – ერთი სამასად.
199. ხოლო კირენელთა ქვეყანაში, რომელიც ყველაზე უფრო მაღალია მომთაბარეებით დასახლებულ მთელს ლიბიაში, სამჯერ იღებენ მოსავალს, რაც იწვევს გაოცებას. პირველად ზღვისპირას შემოდის მოსავალი ასაღებად და მოსაკრეფად. ამას რომ აიღებენ, შემდეგ შემოდის ზღვისპირის ზემოთ მდებარე, შუა ადგილების მოსავალი, ამ ადგილებს ბორცვებს უწოდებენ. როდესაც ამ შუა ადგილების მოსავალს აიღებენ, ქვეყნის ყველაზე უფრო მაღალი ადგილების ნაყოფი მწიფდება და შემოდის, ისე რომ, როდესაც პირველი მოსავალი დალეულია და შეჭმული, უკანასკნელი მაშინ წამოეშველება ხოლმე. ამრიგად, 8 თვეს უგრძელდება კირენელებს მოსავლის აღება. ესეც ასე!
200. ფერეტიმეს მშველელი სპარსელები, რომლებიც არიანდესმა გაგზავნა ეგვიპტიდან, მივიდნენ ბარკეში, ალყა შემოარტყეს ქალაქს და თხოულობდნენ, მიეცათ მათთვის არკესილეოსის მკვლელობაში დამნაშავენი, რადგანაც ბარკის მთელი მოსახლეობა იყო დამნაშავე, ამიტომ არ მიიღეს სპარსელების წინადადება. ბარკის ალყა გაგრძელდა 9 თვეს, სპარსელებმა გაიყვანეს მიწისქვეშა თხრილები, რომლებიც მიდიოდა კედლებამდე და გააფთრებით ესხმოდნენ ქალაქს თავს. სპილენძის ფარის შემწეობით თხრილები აღმოაჩინა ერთმა მჭედელმა. იმან ისინი ასე შენიშნა: თავისი ფარი მას კედლის შიგნით დაჰქონდა და ეხებოდა ქალაქის მიწას. ყველა სხვა ადგილას, სადაც ეხებოდა, სრული სიჩუმე იყო, ხოლო ფარის სპილენძი მარტო იქ ჟღერდა, სადაც თხრილები იყო. ამ ადგილებში ბარკელებმა შემხვედრი თხრილები გაყვანეს და ამოხოცეს ის სპარსელები, რომლებიც მიწას თხრიდნენ. ასე იქნა ეს აღმოჩენილი, ხოლო თავდასხმებს ბარკელები მამაცურად იგერიებდნენ.
201. ასე გაატარეს კარგა ხანი და ორივე მხრიდან ბევრნი დაიხოცნენ, სპარსელთაგან არანაკლები ბარკელებზე, ვიდრე ქვეითი ჯარის მხედართმთავარმა, ამასისმა შემდეგ ხერხს არ მიმართა: ის მიხვდა, რომ ბარკელებს ძალით ვერ აჯობებენ, ქალაქი ეშმაკობით უნდა აიღონ და ასე მოიქცა: ღამით გაათხრევინა ფართო არხი, მასზე გაადებინა თხელი ფიცრები, ხოლო ზემოდან, ფიცრებზე დააყრევინა მიწა და ყოველივე ეს დანარჩენ ნიადაგთან გაასწორებინა. გათენებისას მოსალაპარაკებლად მოიწვია ბარკელები. მათ სიხარულით მიიღეს მიწვევა, რადგან თვითონაც უნდოდათ მათთან მორიგება. ხოლო ხელშეკრულება ასეთი დასდეს – ფიცს სდებდნენ შენიღბულ თხრილზე, რომ ვიდრე ეს მიწა ასე იქნება, შეთანხმებაც ძალაში დარჩებაო, ბარკელებს უნდა გადაეხადათ შესაფერისი ხარკი მეფისათვის, ხოლო სპარსელებს აღარ უნდა განეზრახათ ბოროტი ბარკელთა მიმართ. ფიცის დადების შემდეგ ბარკელებმა დაიჯერეს, ყველა კარიბჭე გააღეს, თვითონაც გამოვიდნენ ქალაქიდან და მტერთა შორის, ვინც კი მოისურვებდა, ყველას შეეძლო შესვლა გალავანში. მაშინ სპარსელებმა დაანგრიეს დაფარული ხიდი და შეცვივდნენ გალავნის შიგნით. ხოლო ამათ გაკეთებული ხიდი იმიტომ დაანგრიეს, რომ დაეცვათ ბარკელებთან დადებული ფიცი, იმდენ ხანს დარჩებოდათ ხელშეკრულება ძალაში, რა ხანსაც მიწა იქნებოდა ისე, როგორც მაშინ იყო, ხოლო რომ ჩაანგრიეს ხიდი, შეთანხმებაც დაირღვა.
202. ბარკელთა შორის ყველაზე მეტად დამნაშავენი ფერეტიდემ, როდესაც სპარსელებმა მას ისინი გადასცეს, სარზე ჩამოაცმევინა გალავნის ირგვლივ, ხოლო მათი ცოლებისათვის ძუძუები დააჭრევინა და ისინიც გალავნის ირგვლივ ჩამოაცვა. დანარჩენი ბარკელები მისი ბრძანებით სპარსელებს გადაეცათ ნადავლად, ბატიადების გარდა, რომელთაც დანაშაული არ მიუძღოდათ არკესილეოსის მკვლელობაში, ამათ ჩააბარა ქალაქი ფერეტიმემ.
203. დანარჩენი ბარკელები სპარსელებმა მონებად გაიხადეს და უკან დაბრუნდნენ, როდესაც ისინი კირენელთა ქალაქთან მივიდნენ, რაღაც მისნობით შთაგონებულმა კირინელებმა გაატარეს ისინი ქალაქზე. ლაშქარი რომ გადიოდა, ბადრესმა, საზღვაო ლაშქრის მხედართმთავარმა, ბრძანა ქალაქი აეღოთ, მაგრამ ამასისმა, ქვეითი ლაშქრის მხედართმთავარმა, ამისი ნება არ მისცა, რადგან ისინი მხოლოდ ელინური ქალაქის, ბარკეს წინააღმდეგ იყვნენ გაგზავნილი. როდესაც ქალაქიდან გავიდნენ და ლიკაიონელი ზევსის ბორცვთან ისხდნენ, სპარსელები შეწუხდნენ, რომ არ დაიპყრეს კირენე. ისინი შეეცადნენ მეორედ შესულიყვნენ ქალაქში, მაგრამ კირენელებმა ამის ნება არ მისცეს. სპარსელები შიშმა მოიცვა, თუმცა კი არავინ ებრძოდა მათ, გაიქცნენ და მხოლოდ 60 სტადიონის გავლის შემდეგ დასხდნენ. დაბანაკებულ ლაშქართან მოვიდა არიანდესის მოციქული და უკან გაიძახა. მაშინ სპარსელებმა სთხოვეს კირენელებს, მიეცათ მათთვის საგზალი, მიიღეს და წავიდნენ ეგვიპტეში. ახლა მათი ტანსაცმლისა და საჭურველის გამო იჭერდნენ ლიბიელები მათ შორის ჩამორჩენილებსა და დაგვიანებულებს და ხოცავდნენ, ვიდრე ბოლოს და ბოლოს გადარჩენილებმა არ მიაღწიეს ეგვიპტეს.
204. სპარსელთა ეს ლაშქარი ლიბიის ყველაზე უფრო შორეულ კუთხეში ევესპერიდებამდე მივიდა. ხოლო რაც შეეხება დატყვებებულ ბარკელებს, ისინი გაასახლეს ეგვიპტიდან სპარსეთის მეფესთან, ხოლო მეფე დარიოსმა დასასახლებლად მათ ბაქტრიის ქვეყანაში მისცა სოფელი. ამ სოფელს სახელად დაარქვეს ბარკე და ის ჯერაც, ჩემს დრომდე არსებობდა ბაქტრიის მიწა-წყალზე.
205. მაგრამ არც ფერეტიმეს დაუსრულებია კარგად თავისი ცხოვრება. ბარკელებთან ანგარიშის გასწორების შემდეგ, როგორც კი დაბრუნდა ლიბიიდან ეგვიპტეში, საზარლად მოკვდა: ცოცხლივ დაეხვია მატლები. ეს იმიტომ, რომ ადამიანთა მიმართ სასტიკი შურისძიება ღმერთებში დიდ სიძულვილს იწვევს. აი, ამნაირად და ასე საშინლად იძია შური ბარკელებზე ფერეტიმემ, ბატოსის ასულმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий