суббота, 13 августа 2016 г.

თუშეთი

თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვითთუშეთს უკავია ორი ხევი - გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა - პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო. თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამბარის თუშეთისინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინიმთათუშეთიარც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს. თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში.
თუშეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეგიონი კახეთის მთიანეთს ეკუთვნის და ის მთლიანად კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით მდებარეობს. IV -ში თუშეთი გაქრისტიანების წინააღმდეგ მებრძოლი ფხოველების თავშესაფარი იყო. ქართული მხარეებიდან თუშეთს საზღვარი მხოლოდ ფშავსა და ხევსურეთთან აქვს. სხვა მხრივ მას ჩრდილო-კავკასიელი მთიელები-ჩაჩნები და დიდოელები ესაზღვრებიან.
თუშეთი XIX-XX სს-ის მიჯნაზე ოთხ ტერიტორიულ თემად იყოფოდა: წოვა, გომეწარი, ჩაღმა და პირიქითი. პირიქითის თემს ვახუშტი ბაგრატიონი ფარსმის თუშეთს უწოდებს. გომეწრის, ჩაღმისა და პირიქითის თემის თუშები ქართული ენის თუშურ დიალექტზე მეტყველებენ, რაც შეეხება წოვებს, ისინი ორენოვანნი არიან. მათი საშინაო-საოჯახო სალაპარაკო ენა ბაცბური იყო; გარეთ კი ქართული ენის კახური დიალექტის მსგავს კილოზე მეტყველებენ. თუშების ეს ორი ჯგუფი სხვამხრივ კი თითქმის არაფრით განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეთნოგრაფიულად ისინი ერთნი არიან. დღეს თუშეთი ფაქტობრივად დაცლილია მოსახლეობისაგან და კახეთის ბარში არიან ჩამოსახლებულნი. თუშების კახეთის ბარში ჩასახლება ერთდროულად მოხდა. XIX -ის 30-იან წლებში ჯერ მეწყერ-ნიაღვარისაგან შეწუხებული წოვები აყრილან, ხოლო XX -ის დასაწყისში - ჩაღმა თუშები. თავდაპირველად, წოვებისაგან განსხვავებით, ჩაღმა თუშებს თუშეთში ბინადრობა არ მოუშლიათ: ხვნა-თესვას ეწეოდნენ მთაშიც და ბარშიც. ამისდაკვალად შეიქმნა საქართველოს სინამდვილეში მხოლოდ თუშეთისათვის დამახასიათებელი ორგანბინადარი მოსახლეობის ტიპი, რასაც დაუკავშირდა სათანადო ტერმინებიც: კახურაები - საზამთროდ კახეთში მიმავალნი და თუშურაები - ზამთარ-ზაფხულს მთაში მცხოვრებნი.
მართალია, XX -ის დასაწყისში თუშეთში ოთხი ტერიტორიული თემი იყო, მაგრამ ეთნოგრაფიული მონაცემებით აქ ტერიტორიულ თემთა რაოდენობა უფრო მეტი ყოფილა და მათი გამსხვილება მომხდარა. გომეწრის თემს ივანაურთა და ხეცურთა თემები შეუერთებია, ჩაღმის თემს-ჭანჭახოვანის თემი, პირიქითის თემს კი სამციხის თემი. ამრიგად, ისტორიულ თუშეთში რვა თემი არსებობდა: ჭინჭახოვანი, ჩაღმა, ხეცუურთა, ივანაურთა, გომეწარი, პირიქითი (აღმა), სამციხი, წოვათა.
თუშეთში მეურნეობის დარგებიდან მეცხვარეობა იყო დაწინაურებული. კახეთის ბარში საზამთრო საძოვრებზე ცხვრის ჩამოყვანას ისინი უკვე საუკუნეებია მისდევენ. თუშნი ინახავენ ცხოვართა სიმრავლესა, ვინაბთგან აქუთ ზაფხულსა თგსთა მთათა შინა საძოვარი და ზამთარს ჩამოვლენ გაღმამდარსა შინა, და ამით უმეტეს მორჩილებენ კახთა. ვახუშტი ბაგრტიონი ხაზს უსვამდა, რომ თუშები საქართველოს სამეფო კარის მოლაშქრეები არიანო და განსაკუთრებით მათ ბრძოლისუნარიანობას აღნიშნავდა.
თუშეთში მაღალ განვითარებას მიაღწია რა გადარეკვითმა, მთაბარულმა მეცხვარეობამ, საუკუნეთა განმავლობაში თუშებმა ამ პირობებს შეგუებული ცხვრის განსაკუთრებული ჯიში - თუშური ცხვარი გამოიყვანეს. საქართველოში განსაკუთრებით სახელგანთქმულია თუში მეცხვარეების მიერ დამზადებული თუშური გუდის ყველი, რომელიც მაღალი ცხიმიანობითა და კარგი გემოთი გამოირჩევა (მისი ცხიმიანობა 35-39% უდრის). თუში ასევე გამოირჩევა ტილოების, ფარდაგების, წინდების ქსოვის მაღალი დონითა და ჩითების, ქუდების დამზდებით (თუშური ქუდი ქართლშიკახური ქუდისსახელით იყო ცნობილი).
თუშეთი გამოირჩევა ციხე-კოშკების სიმრავლითაც. ეს საგვარეულო და სასოფლო ხუთ-ექვს სართულიანი კოშკები საიმედო თავშესაფარი იყო მტერთა თავდასხმების დროს. ყველა სოფელს თავისი სალოცავი ჰქონდა. მაგრამ ზოგან ორი სოფელი ერთ სალოცავს ლოცულობდა. ორი და სამი მეზობელი სოფლის ან ჯვრის საყმოს წარმომადგენლები ერთიმეორეს მეკოდენი იყვნენ და ამასთან განსაზღვრული მოვალეობანი ეკისრებოდათ ერთმანეთის მიმართ. ამრიგად, თუშეთში მეკოდე სოფლების სახით ტერიტორიული თემის განსაკუთრებული, თავისებური სახე არსებობდა. სახნავი და სათიბი მიწები თუშეთში საერთო საგვარეულო საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც გვარში შემავალ ოჯახებს შორის დროდადრო ნაწილდებოდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий