среда, 10 августа 2016 г.

ჰეროდოტე „ისტორიები“ წიგნი II (განმარტებებით)

ევტერპე (ლირიკული პოეზიისა და მუსიკის მუზა)
ეგვიპტე საისური (XXVI) დინასტიის დროს
   1. კიროსის გარდაცვალების შემდეგ, მეფობა მიიღო კამბისესმა, რომელიც იყო შვილი კიროსისა და კასანდანესი, ფარნასპესის ასულისა. როდესაც კასანდანე გარდაიცვალა, თვითონ კიროსი დიდად გლოვობდა და უბრძანა ყველა თავის ქვეშევრდომს ასევე ეგლოვათ იგი. აი, ამ ქალისა და კიროსის შვილი იყო კამბისესი, რომელიც იონიელებსა და ეოლიელებს ისე უყურებდა, თითქოს ისინი მისი მემკვიდრეობით მიღებული მონები ყოფილიყვნენ. მან მოაწყო ლაშქრობა ეგვიპტის წინააღმდეგ და თან წაიყვანა სხვა ქვეშევრდომებიცა და ის ელინები, ვისზედაც ძალაუფლება ჰქონდა.
  •    2. ეგვიპტელები კი უწინ, ვიდრე ფსამეტიქოსი1 იმეფებდა მათზე, თავს მიიჩნევდნენ წარმოშობით პირველებად ყველა ადამიანთა შორის. ხოლო მას მერე, რაც ფსამექტიქოსი გამეფდა, მან მოინდომა გაეგო, თუ ვინ არის წარმოშობით პირველი და ამის მერე გაიგეს, რომ ფრიგიელები მათზე ადრინდელები არიან, ხოლო თვითონ  სხვა დანარჩენებზე უფრო ადრინდელები. ხოლო ფსამეტიქოსმა, რადგანაც ვერასგზით ვერ შეძლო იმის გამოკვლევა, თუ ვინ არის ადამიანთა შორის წარმოშობით პირველი, ასეთ ხერხს მიმართაა: უბრალო ადამიანების ორი ახალშობილი ბავშვი მწყემსს გადასცა გასაზრდელად ფარაში, რომ გაეზარდა შემდეგნაირად: მან ბრძანა, რომ ბავშვების თანდასწრებით არავის არ უნდა ელაპარაკა არც ერთ ენაზე, ისინი თავის ანაბარა უნდა ყოფილიყვნენ ცარიელ ქოხში და განსზღვრულ დროს მწყემსს უნდა მოერეკა მათთან თხები, გამოეკვება ისინი რძით და სხვა მათთვის საჭირო რამეები გაეკეთბინა. ეს გააკეთა და ბრძანა ფსამეტიქოსმა იმიტომ, რომ უნდოდა მოესმინა, რა ენაზე დაილაპარაკებდნენ ბავშვები პირველად, მას მერე, რაც თავს დაანებებდნენ უაზრო ტიტინს. ყოველივე ეს ასეც გაკეთდა. ორი წელი გავიდა (ამ ხნის განმავლობაში მწყემსი ასე იქცეოდა) და როდესაც მან გააღო კარები და შევიდ ქოხში, ორივე ბავშვი მის წინ დაეცა, უწვდიდნენ ხელებს და იძახოდნენ ბეკოს. პირველად რომ მოისმინა ეს, მწყემსი მშვიდად იყო, ხოლო როდესაც ბევრჯერ გაიგონა ეს სიტყვა ბავშვების მოსავლელად რომ მიდიოდა ხოლმე, მაშინ შეატყობინა ეს თავის ბატონს და მისი ბრძანების თანახმად წაუყვანა მას ბავშვები. როდესაც თვიტონ ფსამეტიქოსმა მოისმინა ეს სიტყვა, დაიწყო გამოკვლევა, თუ ხალხთა შორის ვინ რას უწოდებს ბეკოსს2, იკვლია და აღმოაჩინა, რომ ფრიგიელები უწოდებენ ასე პურს. აი ამნაირი საქმის შემდეგ გაარკვიეს საკითხი ეგვიპტელებმა და დაუთმეს ფრიგიელებს უფროსობა. ეს რომ ასე მოხდა, ამის შესახებ მოვისმინე ჰეფესტოსის3 ტაძრის ქურუმთაგან, რომელიც არის მემფისში. ელინები კი მოგვითხრობენ სხვა მრავალ სისულელესთან ერთად იმასაც, თითქოს ფსამეტიქოსმა ენები დააჭრა რამდენიმე ქალს და მათ მიაბრა ბავშვები გასაზრდელად.
       3. ბავშვების აღზრდის შესახებ აი ეს მიამბეს, ხოლო ბევრი სხვა მოვისმინე მემფისში, სადაც ვესაუბრე ჰეფესტოსის ქურუმებს. შემდეგ ვიყავი თებესა და ჰელიოპოლისში მხოლოდ იმისათვის, რომ მინდოდა შემემოწმებინა, თანხვდებოდა თუ არა მათი მოთხრობა იმას, რაც მემფისში მიამბეს: რადგან ჰელიოპოლიტები ეგვიპტელთა შორის ყველაზე უფრო განსწავლულები არიან. რაც მოვისმინე ღვთაებრივი ამბების შესასებ, მათი სახელების გარდა იმათი გადმოცემას მე ვერ გავბედავ, რადგან იმ აზრისა ვარ, რომ ყველა ადამიანმა თანაბრად იცის ასეთი ამბები. ხოლო თუ კი რამეს მოვიხსენიებ მათ შესახებ, მხოლოდ იმას, რასაც მაიძულებს ჩემი მოთხრობა.
       4. ხოლო რაც შეეხება ადამიანთა საქმეებს, მათ შესახებ ქურუმები ერთნაირად გადგმოგვცემენ: ყველა ადამიანთ შორის ეგვიპტელები პირველები არიან, რომელთაც აღმოაჩინეს წელიწადი და დაჰყვეს მისი დროები 12 ნაწილად.4 ამბობენ, რომ ეს მათ აღმოაჩინეს ვარსკვლავებზე დაკვირვების შედეგად. მე ვფიქრობ, რომ მათი ანგარიში უფრო ჭკვიანურია, ვიდრე ელინებისა, რადგან ელინები ყოველი ორი წლის შემდეგ დამატებით თვეს ურთავენ დროის მოსაწესრიგებლად, ხოლო ეგვიპტელები წელიწადში 30-დღიან 12 თვეს ითვლიან და ყოველწლიურად უმატებენ კიდევ 5 დღეს ამ რიცხვს, ისე რომ, დროთა ციკლი მათთან ყოველთვის ერთსა და იმავე დროს მოიცავს.5 ქურუმები ამბობენ, რომ ეგვიპტელები პირველები არიან, ვინც 12 ღმერთის სახელი დააწესა და ელინებმა ეს მათგან გადაიღესო. მათვე შემოიღეს პირველებმა ღმერთებისათვის საკურთხევლები, ქანდაკებები და ტაძრები და ქვებზე გამოსახულებების ამოკვეთა და რომ ეს ყველაფერი მართლაც ასე იყო, მეტ წილს ნათქვამისას ისინი ამტკიცებენ საქმითაც. ისინი ამბობდნენ, რომ პირველი ეგვიპტელი კაცი, რომელიც მეფობდა, იყო მინი. მის დროს მთელი ეგვიპტე თებეს მხარის გარდა წარმოადგენდა ჭაობს და მთელი იმ მხრიდან, რაც ახლა მერიდის ქვემოთ არის, არაფერი იყო წყალს ზემოთ. ხოლო ზღვიდან ამ ტბამდე 7 დღის საცურაო არის მდინარის აყოლებით.
       5. მე ვფიქრობ, რომ თავისი ქვეყნის შესახებ ისინი სწორედ ლაპარაკობენ, ვისაც გონება აქვს, მისთვის, უწინაც რომ არაფერი სმენოდეს, ერთი მშეხედვით ცხადი გახდება, რომ ის ეგვიპტე, სადაც ელინები ხომალდებით მიდიან ხოლმე, ეგვიპტელებისათვის შეძენილი მიწა და მდინარე საჩუქარია. ასეთივეა მეორე ნაწილიც, რომელიც არის ამ ტბის ზემოთ და რის გასვლასაც სჭირდბა 3 დღე ცურვა, თუმცა კი ქურუმები ამის შესახებ არაფერს ამბობენ. ხოლო ეგვიპტის ქვეყნის ბუნება ასეთია: როდესაც ჯერ კიდევ მიცურავ ეგვიპტისაკენ და ერთი დღის სავალიღაა დარჩენილი ხმელეთამდე, თუ ჩააგდებ საძირავს, მას შლამი ამოჰყვება, რაც თერთმეტი ორგიის სიღრმეზეა. ეს იმის მაჩვენებელია, თუ რამდენი მიწა ჩამოაქვს ამ მდინარეს.
       6. თვით ეგვიპტის სიგრძე ზღვის გასწვრივ 60 სხობნია, ჩვენ ხომ ეგვიპტეს განსვსაზღვრავთ პლინთინეტისის უბიდან სერბონიდის ტბამდე,6 რომელთანაც გადაჭიმულია კასიონის მთა. სწორედ ამ ტბიდან არის 60 სხობნი. ეს ადამიანები, ვინც მიწით ღარიბები არიან, მიწას ორგიებით ზომავენ, ვინც ნაკლებად ღარიბია სტადიონებით ზომავს, ვისაც ბევრი მიწა აქვს  ფარასანგებით, ხოლო ვინც ძალიან მდიდარია მიწით,  სხობნებით. ფარასანგი  30 სტადიონია ხოლო თითოეული სხობნი, რაც ეგვიპტური საზომია, 60 სტადიონია. ამგვარად, ეგვიპტის სიგრძე ზღვის გაყოლებით არის 3600 სტადიონი.
       7. ხოლო შიდა ქვეყანა ეგვიპტისა, აქედან ვიდრე ჰელიოპოლისამდე ფართოა, მთლიანად სწორია, წყალმრავალია და ჭაობიანი. ხოლო გზა ჰელიოპოლისისაკენ ზღვიდან ზემოთ რომ აჰყვები, სიგრძით დაახლოებით იმოდენაა, რამოდენაც არის გზა მიმავალი ათენის თორმეტი ღმერთის საკურთხეველიდან ოლიმპიელი ზევსის ტაძრისაკენ, რომელიც პისაშია. თუ ვინმემ იანგარიშა ეს ორივე გზა, მცირეოდენ განსხვავებას აღმოაჩენს, ისინი მთლად თანაბარი სიგრძისა არ არიან, მაგრამ განსხვავება არ აღემატება 15 სტადიონს. რადგან ათენიდან პისამდე გზას 15 სტადიონი აკლია საიმისოდ, რომ 1500 სტადიონი იყოს, ხოლო ზღვიდან ჰელიოპოლისამდე სრულად არის ეს რიცხვი.
       8. ჰელიოპოლისიდან ზემოთ წამსვლელთათვის ეგვპიტე ვიწროა,7 რადგან აქ ერთი მხრივ გადაჭიმულია არაბიის მთა, რომელიც მიმართულია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ და რომელიც ჩრდილოეთით აღწევს ე.წ. მეწამულ ზღვამდე. ამ მთაში არის ქვის სამტეხლოები, სადაც ჭრიდნენ ქვებს იმ პირამიდებისათვის, რომლებიც მემფისშია. აქ მთა შემობრუნდება და მთავრდება უკვე ხსენებულ მხარეებთან. როგორც შევიტყვე, სადაც ეს მთა ყველაზე უფრო ფართოა, იქ თურმე ორი თვის სავალი გზაა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ. ხოლო მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში მოდის საკმეველი.8 ასეთი არის ეს მთა. ხოლო ლიბიის მხრიდან ეგვიპტის სხვა, კდლოვანი მთა არის გადაჭიმული, რომელზედაც პირამიდებია აღმართული; იგი ზემოდან ქვიშით არის დაფარული და იგივე მიმართულება აქვს, რაც არაბიის მთის იმ ნაწილს, რომელიც სამხრეთისაკენ მიემართება. ჰელიოპოლისს იქეთ ეგვიპტეს აღარ ეკუთვნის დიდი ტერიტორია, რადგან ეგვიპტე ვიწროა იმ მანძილზე, რომლის გავლასაც დაახლოებით 14 დღე წყალზე აღმა ცურვა სჭირდება. ზემოხსენებულ მთებს შორის დაბლობია, და როგორც მე ვფიქრობ, ყველაზე უფრო ვიწრო ადგილის სიგანე არ აღემატება 200 სტადიონს, ესაა არაბიის მთიდან ე.წ. ლიბიის მთამდე. აქედან კვლავ ფართოა ეგვიპტე.
       9. ასეთია ეს ქვეყანა, ჰელიოპოლისიდან წყლით აღმა მგზვრობას უნდება 9 დღე, ხოლო გზა ხმელეთზე არის 4860 სტადიონი, რაც შეადგენს 81 სხობნს. ეგვიპტის ეს სტადიონები რომ შევკრიბოთ, რაც ზღვის გასწვრივ არის, როგორც ზემოთაც ვთქვი,9 მივიღებთ 3600 სტადიონს და ახლა კი ვიტყვი, თუ რამდენია ზღვიდან შუა ქვეყნამდე, ე.ი. თებემდე. ეს არის 6120 სტადიონი. ხოლო თებედან ე.წ. ქალაქ ელფანტინამდე არის 1800 სტადიონი.10
       10. დიდი ნაწილი მოხსენებული ქვეყნისა, როგორც ქურუმები ამბობენ, და მეც ასე მგონია, ეგვიპტელებს შემდეგ შეემატათ. ქალაქ მემფისს ზემოთ აღნიშნულ მთებს შორის მდებარე ადგილები, მე მეჩვენება, რომ ოდესღაც ზღვის უბეს წარმოადგენდა, ისევე, როგორც ზღვის უბეს წარმოადგენდა ხეოები ილიონის მხარეში11, და ტევთრანიესთან, ეფესოსთან და მეანდროსის დაბლობთან, თუკი შესაძლებელია ამ მცირეთა შედარება დიდთან, რადგან ეს ადგილები რომ დაშლამეს, არც ერთი იმ მდინარის შედარება არ შეიძლება სიდიდის მიხედვით ნილოსის ერთ ტოტთანაც კი, ნილოსს კი 5 ტოტი აქვს. კიდევ სხვა ბევრი მდინარე არის, რომელიც ნილოსს ვერ უტოლდება სიდიდით, მაგრამ რომელთაც ბევრი რამე უკეთებიათ. მათ შორის პირველ რიგში დავასახელებ აქელიოსს, რომელიც მიედინება აკარნანზე და ერთვის ზღვას და რომელმაც ექინადთა კუნძულების ნახევარი უკვე მატერიკად გადააქცია.
       11. არაბიის ქვეყანაში ეგვიპტიდან არც თუ ისე დაშორებით არის ზღვის უბე, რომელიც გამოდის მეწამულად წოდებული ზღვისაგან და რომელიც ძალიან გრძელი და ვიწროა, როგორც გიჩვენებთ: ამ უბის გასწვრივ დაწყებული უკიდურესი შეღრმავებული წერტილიდან ვიდრე გაშლილ ზღვამდე 40 დღე დაეხარჯება ნიჩბიან ხომალდს, ხოლო სიგანე, უბის ყველაზე უფრო ფართო ნაწილში, ნახევარი დღის საცურაოა. ყოველდღეა მასზე მიმოქცევა. მე ვფიქრობ, როლმ მეორე ამისთანა უბე იყო ეგვიპტე, რომელიც ჩრდილოეთის ზღვიდან ეთიოპიამდე ვრცელდებოდა, ხოლო არაბიისა, რომლის შესახებაც ვაპირებ თხრობას, სამხრეთის ზღვიდან მიემართება სირიისაკენ, ისე რომ, ერთმანეთს უახლოვდებიან ისინი უბეებით და შუაში ხმელეთს სულ ცოტასღა ტოვებენ, თუკი ნილოსი იმავე არაბიის უბისაკენ მიედინება, მაშინ რაღა შეუშლიდა ხელს იმას, რომ ამ დინებას 20000 წლის განმავლობაში შლამით ამოევსო ეს უბე? მე კი ვფიქრობ, რომ 10000 წელიწადშიც ამოივსებოდა ის შლამით. მით უმეტეს, უწინდელ დროში, ჩემამდე, არაბიის უბეზე გაცილებით უფრო დიდი უბე რატომ არ აივსებოდა შლამით ამოდენა და ასე მოქმედი მდინარისაგან?
       12. ვინც ეგვიპტის შესახებ ამ ამბებს გვიამბობს, იმათ მე მჯერა და თვითონაც სავსებით ასევე ვფიქრობ, რადგან ვნახე ეგვიპტე, რომელიც მეზობელ ქვეყანასთან შედარებით უფრო წინაა ზღვაში წამოწეული. მთებზე პოულობენ ხოლმე ნიჟარებს და აქვე მოჟონავს მარილიანი წყალი, რომელიც პირამიდებსაც კი ანადგურებს: ქვიშით მარტო ეგვიპტის ის მთაა დაფარული, რომელიც მემფისს ზემოთ არის. მიწის მხრივ ეგვპიტეს არ ჰგავს არც მისი მეზობლად მდებარე არაბიე, არც ლიბიე, არც სირიე (სირიელები ხომ არაბიის იმ ნაწილში ცხოვრობენ, რომელიც ზღვის პირას არის). ეგვიპტეში შავი და ფხვიერი ნიადაგია,12 რადგან იგი შედგება შლამისა და იმ ნალექისაგან, რაც ეთიოპიიდან ჩამოაქვს მდინარეს.13 ლიბიეში ვიცით, რომ მოწითალო ნიადაგია და ქვიშანი, ხოლო არაბიესა და სირიაში თიხოვანი და კლდოვანი.
       13. ამ ქვეყნის შესახებ ქურუმებმა, როგორც დიდი საბუთი, ისიც მითხრეს, რომ მერიდის მეფობის დროს, როდესაც მდინარე რაღაც 8 წყრთის სიმაღეზე იწევდა, ეგვიპტეს წალეკავდა ხოლმე მემფისის ქვემოთ. ხოლო მერიდის14 სიკვდილის შემდეგ 900 წელიც არ იყო გასული, როდესაც მოვისმინე ამის შესახებ ქურუმთაგან. ახლა კი ვერ წალეკავს ქვეყანას მდინარე, თუ სულ ცოტა 16 ან 15 წყრთის სიმაღლეზე მაინც არ აიწია. მე ვფიქრობ, მერიდის ტბის ქვემოთ აგრეთვე სხვა მიწაზე და განსაკუთრებით კი ე.წ. დელტაზე მცხოვრებ ეგვიპტელებს (თუ ეს ქვეყანა ეგრე შესაბამისად მოიმატებს სიმაღლეზე,ა სევე გაფართოვდება და ნილოსი მას აღარ დაფარავს), მრავალი წლის განმავლობაში არ მოაკლდებათ ის, რაც ოდესღაც უთხრეს ელინებს, რომ თავს გადახდებოდათ. იმათ შეიტყვეს, რომ მთელი ელინთა ქვეყანა ირწყვებოდა წვიმით და არა მდინარეებით, როგორც მათი საკუთარი ქვეყანა და თქვეს, რომ ელინებს ოდესმე გაუცრუვდებათ დიდი იმედები და სასტიკად იშიმშილებენ. ეს ნათქვამი იმას ნიშნავს, რომ თუ ღმერთმა არ მოინდომა მათი ქვეყნის წვიმით მორწყვა და გაუგრძელა გვალვა, ელინები შიმშილისაგან ამოწყდებიან, რადგან ზევსს გარდა წყლის სხვა წყარო მათ არ გააჩნიათ.
       14. ელინების მიმართ ეს ნათქვამი სწორი იყო. ახლა კი თვით ეგვიპტელების თავს რაც არის, იმას მოგითხრობთ, როგორც უწინაც ვთქვი, თუ მემფისის ქვემოთ მდებარე მხარე (რადგან ეს არის, რაც მომატებულია) ისევე მოიმატებს სიმაღლეში, როგორც წარსულში, მაშინ იქ მცხოვრები ეგვიპტელები დაიმშევიან, იმ შემთხვევაში თუ კი არც წვიმა დაასველებს მათ ქვეყანას და არც მდინარეს შეეძლება მისი ყანების დაფარვა. ახლა ესენი ბევრად უფრო გაუჭირვებლად იმკიან ნაყოფს, ვიდრე ყველა სხვა ხალხი და თუნდაც დანარჩენი ეგვიპტელები. ისინი არ მუშაობენ იმისათვის, რომ გუთნით კვლები გაიყვანონ, რაც ბარავენ, არც სხვა რასმე აკეთებენ იმისათვის, რაც სხვა ადამიანებს ესაჭიროებათ ყანის დასამუშავებლად, რადგან მდინარე თვითონ გადმოდის კალაპოტიდან და რწყავს ყანებს. ხოლო როცა მორწყავს, ისევე უკან ბრუნდება. მაშინ თითოეული თესავს თავის ყანას და შეუშვებს შიგ გორებს, რომ ღორებმა თესლები ჩატკეპნონ. ამის შემდეგ უცდის მკას, გალეწავს პურს ისევ ღორების მეშვეობით და ჩაყრის ბეღელში.15
       15. თუ ჩვენ მივყვებით იონიელთა აზრს ეგვიპტის შესახებ, ისინი ამბობენ, რომ მხოლოდ დელტა არის ეგვიპტეო. ე.ი. ისინი ამბობენ, რომ ეგვიპტე არის ე.წ. პერსევსის სათვალთვალო კოშკიდან ზღვის გასწვრივ ვიდრე პელუსიონის შენობამდე (სადაც თევზს ამარილებენ და აშრობენ).16 ეს სულ 40 სხობნი არის, ხოლო ზღვიდან შიდა ქვეყნამდე იგი გადჭიმულია ვიდრე ქალაქ კერკასოროსამდე, სადაც ნილოსი ტოტიანდება და ერთი ტოტი მიედინება პელუსიონში, ხოლო მეორე კანობისში. ეგვიპტის დანარჩენი ნაწილების შესახებ ისინი ამბობენ, რომ ზოგი ლიბიისა არის და ზოგიც არაბიისა. ისე რომ, თუ იონიელთა ამ აზრს გავიზიარებთ, ისე გამოვა, რომ ეგვიპტელებს უწინ არ ჰქონიათ ქვეყანა. ხოლო თვით ეგვიპტელები ამბობენ და მეც ასე ვფიქრობ, რომ დელტა წყლის მიერ ჩამოტანილი შლამია და შეიძლება ითქვას, ახლახან გაჩენილი. ხოლო თუ ეგვიპტელებს არავითარი ქვეყანა არ მოეპოვებოდათ, რა სისულელე იყო მათგან თავისი თავის უძველეს ადამიანებად მიჩნევა? მაშინ მათ არც ბავშვების გამოცდა დასჭირდებოდათ იმის გასარკვევად, თუ რომელ ენაზე ალაპარაკდებოდნენ ისინი პირველად. მე ვფიქრობ, რომ ეგვიპტელები იონიელების მიერ დელტად წოდებულ მხარესთან ერთად კი არ წარმოშობილან, არამედ მუდამ არიან მას მერე, რაც ადამიანთა მოდგმა გაჩნდა  და რაც კი იზრდებოდა მათი ქვეყანა, ბევრნი რჩებოდნენ იქ, სადაც თავდაპირველად იყვნენ, ხოლო ბევრნი თანდათანობით ახალ ადგილებზე ჩამოდიოდნენ. ძველად ხომ თებეს ეწოდებოდა ეგვიპტე.17 ეს მხარე ირგვლივ რომ შემოვზომოთ, მხოლოდ 6120 სტადიონია.
       16. თუ ჩვენ ამ ამბებზე სწორად ვფიქრობთ, მაშინ იონიელები ცდებიან ეგვიპტის შესახებ. ხოლო თუ იონიელების აზრი სწორია, მაშინ მე გიჩვენებთ, რომ არც ელინებმა და არც თვით იონიელებმა არ იციან მსჯელობა, როდესაც ამბობენ, რომ მთელი მსოფლიო სამი ნაწილისაგან შედგება: ევროპისა, აზიისა და ლიბიისაგან. იმათ მეოთხე ნაწილად უნდა ჩაეთვალათ ეგვიპტის დელტა, თუ ის არც აზიის ნაწილია და არც ლიბიისა, რადგან მათი აზრის თანახმად, ნილოსი არ ჰყოფს აზიას ლიბიისაგან. ამ დელტის წვერზე შუაში იყოფა ნილოსი და მის ირგვლივ მოედინება, ისე რომ, დელტა აზიისა და ლიბიის შორის გამოდის.
        17. იონიელთა აზრს ჩვენ განზე ვტოვებთ და ამის შესახებ ასე ვიტყვით: მთელი ეგვიპტე არის ის ქვეყანა, რომელიც ეგვიპტელებითაა დასახლებული ისევე, როგორც კილიკე კილიკიელებით და ასირიე ასირიელებით. ხოლო აზიისა და ლიბიის საზღვრად სხვა არაფერი ვიცით სინამდვილეში, გარდა ეგვიპტის საზღვრებისა. ხოლო თუ ელინთა მოსაზრებას მივიღებთ, უნდა მივიღოთ ისიც, რომ მთელი ეგვიპტე დაწყებული კატადუპადან18 და ქალაქ ელეფანტინედან ორად არის გაყოფილი ამ მდინარით და ორივე ნაწილს თავთავისი სახელი აქვს: ერთს ეწოდება ლიბიისა, მეორეს  აზიისა. ხოლო ნილოსი იწყება კატადუპადან, შუა ეგვიპტეს შუაზე ჰკვეთს და მიედინება ზღვისაკენ. ნილოსი ქალაქ კენკასოროსამდე ერთ მდინარედ მიედინება, ხოლო ამ ქალაქიდან იგი იყო სამი გზით მიემარტება: ერთი მიემართება აღმოსავლეთისაკენ და მას ეწოდება პელუსიონის ტოტი, მეორე დასავლეთისაკენ არის და მას კანობისის ტოტი ეწოდბა. ხოლო ნილოსის პირდაპირი გზა ასეთია: იგი მოდის ზემოდან და აღწევს დელტის წვერს, აქედან იგი შუაში ჰყოფს დელტას და ერთვის ზღვას. ამ ტოტს ცოტა წყალი როდი მოაქვს ზღვაში და პატარა სახელიც არა აქვს, მას ეწოდება სებენიტესის ტოტი. არის კიდევ ორი სხვა ტოტი, რომლებიც გამოეყოფიან სებენიტესისას და ერთვიან ზღვას. მათ შემდეგი სახელები ეწოდებათ: ერთ მათგანს საისისა და მეორეს  მენდესისა. ხოლო ბოლბიტური და ბუკოლიკური ტოტები ბუნებრივი ტოტები კი არ არის, არამედ გათხრილია ხელოვნურად ადამიანთა მიერ.
       18. ჩემს აზრს, რომ ეგვიპტე ამოდენაა, როგორც გადმოვეცი ჩემს მოთხრობაში, ადასტურებს ამონის სამისნოს გამონათქვამი, რაც შევიტყვე მას მერე, რაც ჩემი აზრი შევიმუშავე ეგვიპტის შესახებ. ქალაქ მარეისა და აპისის მცხოვრებნი, ეგვიპტის იმ ნაწილისა, რომელიც ესაზღვრება ლიბიეს, თვითონ იმ აზრისა იყვნენ, რომ ისინი ლიბიელები არიან და არა ეგვიპტელები. მათ ემძიმებოდათ ის ღვთისმსახურება, რასაც ეწეოდნენ მსხვერპლშეწირვისას, არ უნდოდათ თავი შეეკავებინათ ძროხის ხორცის ჭამისაგან და გაგზავნეს კაცები ამონთან და შეუთვალეს, რომ მათ და ეგვიპტელებს შორის საერთო არაფერია. რადგან ისინი ცხოვრობენ დელტის გარეთ, არაფრით ჰგვანან მათ და უნდათ, რომ ყველაფრის გემოს ხილვის ნებართვა გამოსთხოვონ ღმერთს. ხოლო ღმერთმა მათ ამისი გაკეთების ნება არ მისცა, რაკიღა ბრძანა, რომ ეგვიპტე ის ქვეყანაა, რომელსაც რწყავს ნილოსი, როდესაც ის თავის ნაპირებიდან გადმოდის, ხოლო ეგვიპტელები ისინი არიან, რომლებიც ცხოვრობენ ქალაქ ელეფანტინის ქვემოთ და ამ მდინარის წყალს სვამენ. ასეთი პასუხი მიიღეს მათ სამისნოდან.
       19. ხოლო ნილოსი, როდესაც ივსება, წალეკავს ხოლმე არა მხოლოდ დელტას, არამედ ლიბიისად მიჩნეულ ზოგიერთ ადგილს და არაბიის ნაწილებს, ზოგან ორი დღის სავალზე მდინარის ორივე მხარეს, ხან ამაზე მეტს და ხანაც ამაზე ნაკლებს. ხოლო ამ მდინარის ბუნების შესახებ ვერ შევიძელი რამე გამეგო, ვერ ქურუმთაგან და ვერც სხვა ვინმესაგან. მე ძალიან მინდოდა მათგან შემდეგი შემეტყო: რატომაა, რომ ნილოსი 100 დღის განმავლობაში მოედინება წყლით ავსებული, დაწყებული ზაფხულის მზის მობრუნებიდან და ამ ასი დღის შემდეგ კვლავ კლებულობს და უბრუნდება თავის კალაპოტს, ისე, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში სულ მუდამ დაბალია წყალი და ასეა, ვიდრე კვლავ ზაფხულის მზის მობრუნება არ დადგება. ამის შესახებ ვერც ერთი ეგვიპტელისაგან სრულიად ვერ შევიტყე რა, თუმცა კი ვეკითხებოდი მათ, თუ რას საგანგებო ძალა აქვს ნილოსს განსხვევით ყველა სხვა მდინარის ბუნებისაგან. გარდა ზემოთქმულისა მე მათ ვეკითხებოდი სხვასაც, რადგან მინდოდა შემეტყო თუ რატომაა, რომ ნილოსი ერთადერთი მდინარეთა შორის, საიდანაც სიო არ უბერავს.
       20. ზოგმა ელინმა, რომელსაც სურდა, სიბრძნით გაეთქვა სახელი, სამგვარი აზრი გამოთქვა ამ წყლის შესახებ: ორი მათგანი მე არ მიმაჩნია ღირსად მოხსენებისა, მინდა მხოლოდ რამდენადმე აღვნიშნო ისინი. ერთი ამ ახსნათაგანი ამბობს, რომ მდინარეში წყლის მომატების მიზეზი არის სეზონური ქარები, რომლებიც ნილოსს აბრკოლებენ ზღვაში შერთვისაგანო. მაგრამ ხშირად ეს სეზონური ქარები არ ქრიან და ნილოსს მაინც ემართება იგივე ამბავი. ამას გარდა, სეზონური ქარები რომ ამის მიზეზი იყოს, სხვა მდინარეებსაც, რომლებიც ამ ქარების მიმართულების საწინააღმდეგოდ მიედინებიან, იგივე დაემართებოდათ, რაც ნილოსს19 და კიდევ უფრო მეტიც, რამდენადაც ისინი უფრო პატარები არიან და დინებაც გაცილებით უფრო სუსტი აქვთ ვიდრე ნილოსს. ხოლო ბევრი მდინარეა სირიაში, ბევრია ლიბიაშიც, რომლებსაც იმის მსგავსი არაფერი ემართებათ, რაც ემართება ნილოსს.
       21. მეორე აზრი კიდევ უფრო უგუნურია ზემოთქმულზე, კიდევ უფრო საოცარია სათქმელად.20 ამ აზრის თანახმად ოკეანიდან მოედინება ნილოსი და ამიტომ ემართება მას ასეთი რამე. მაგრამ განა ოკეანე მთელი დედამიწის ირგვლივ არ მიედინება?
       22. მესამე მოსაზრება თითქოს ყველაზე უფრო მართალი ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე უფრო მცდარია. მართლაც, დიდი უაზრობაა იმის თქმა, თითქოს ნილოსი მოედინებოდეს დამდნარი თოვლისაგან.21 მაშინ, როდესაც ის გამოდის ლიბიიდან, გაივლის ეთიოპების შუაში და გამოდის ეგვიპტეში. როგორ მოედინება თოვლისაგან, როდესაც ის ძალიან თბილი ადგილებიდან იწყება და მიდის იქით, რომლებიც ბევრად უფრო ცივია, ვიდრე ის, საიდანაც გამოვიდა? ადამიანისათვის, რომელსაც ამდაგვარი რამეების შესახებ შეუძლია მსჯელობა იმისათვის, რომ თოვლისაგან არ გამოდის ნილოსი, პირველ და უდიდეს საბუთად გამოდგება ის, რომ იმ ქვეყნებიდან მქროლავი ქარები თბილია. მეორე საბუთი ისაა, რომ ამ მხარეში წვიმა და ყინული არ არსებობს, რადგან როდესაც თოვს, აუცილებელია, რომ 5 დღეში კიდევაც იწვიმოს, ისე რომ, თუ თოვს, იმ მხარეებში წვიმს ხოლმე კიდევაც. მესამე საბუთია ის, რომ ადამიანები სიცხისაგან შავები არიან. ძერები და მერცხლები მთელი წლის განმავლობაში ამ ქვეყანას არ სტოვებენ, ხოლო წეროები, რომლებიც გაურბიან სკვითიის ქვეყანის ზამთარს, ამ ადგილებში მოფრინავენ ზამთრის გასატარებლად. რომ სულ ცოტა მაინც ეთოვა ან იმ ქვეყანაში, რომელზედაც ნილოსი მოედინება, ან იქ, საიდანაც მისი დენა იწყება, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა.
       23. ის, ვინც ოკეანის შესახებ ლაპარაკობს,22 მცდარი მოსაზრებები მოჰყავს და საბუთი კი სრულიად არაფერი აქვს. მე კი არავითარი მდინარე, ოკეანე არ ვიცი და ვფიქრობ, რომ ჰომეროსმა ან რომელიმე მასზე ადრინდელმა პოეტმა გამოიგონა ეს სახელი და შეიტანა პოეზიაში.
       24. თუ ზემოთ მოყვანილი აზრების უარსაყოფად საჭიროა გამოვთქვა აზრი ჩემთვის გაურკვეველი მოვლენის შესახებ, მაშინ მე ვიტყვი, რასაც ვფიქრობ ნილოსის ადიდების გამო ზაფხულში. ზამთრის ხანაში ქარიშხლების გამო მზე თავისი თავდაპირველი გზიდან ამოვარდება ხოლმე და გადადის ლიბიის ზემოთა მხარეებზე. ამით მოკლედ ცხადყოფილა ყოველივე, რაც უნდა ითქვას. ეს ღვთაება რომელ ქვეყანასთანაც უფრო ახლოს იქნება, ან რომელსაც გაუვლის, ბუნებრივია, რომ იქ წყლის განსაკუთრებული წყურვილი იქნება და იქაურ მდინარეებშიც წყალი ამოშრება.
       25. ხოლო უფრო დაწვრილებით რომ ავსხნათ, შემდეგი უნდა ითქვას: როდესაც მზე ლიბიის ზემოთა მხარეებზე გადადის, ასეთი რამ ხდება. რადგანაც ჰაერი მუდამ გამჭვირველეა ამ ქვეყანაში, მიწა მუდამ თბილია და ცივი ქარები არ ქრის, მზე რომ გადადის მაზე, ისევე ხდება, როგორც ზაფხულში, როდესაც შუა ცაზე მიემართება. სახელდობრ ის იზიდავს წყალს თავისკენ, მიიზიდავს და შემდეგ მიერეკება ზემოთა მხარეებისაკენ. ქარები წყალს აიტაცებენ, მიმოფანტავენ და ააქროლებენ. ამიტომაა, რომ ამ ქვეყნიდან მქროლავი ქარები, სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთისა, ყველა სხვა ქარზე ბევრად უფრო წვიმიანია. მე ვფიქრობ, რომ მზე მთელ წყალს არ აბრუნებს უკან, რასაც ყოველწლიურად ღებულობს ნილოსისაგან, არამედ ნაწილს იტოვებს თავისთვის. როდესაც ზამთარს ყუჩი მოსტყდება, მზე ისევ შუა ცაზე მიდის და ამიერიდან კვლავ თანაბრად ეწევა თავისკენ წყალს ყველა მდინარიდან. აქამდე მდინარეები მოდიდებული მოედინებოდნენ, რადგანაც მათ წყლებს ბლომად ჰქონდა წვიმის წყალი შერეული, ისე, რომ მიწა ირწყვებოდა და ხეობებით იღარებოდა. ზაფხულში კი, როდესაც მდინარეები წყალს აღარ იღებენ წვიმებისაგან და მზეც იზიდავს მათ წყალს, ისინი დაწრეტილები არიან. ნილოსი კი, რომელიც უწვიმოდ არსებობს და ამავე დროს მზე იზიდავს მის წყალს, ერთადერთია მდინარეთა შორის, რომელიც ამ დროს ბევრად უფრო წყალმარჩხია, ვიდრე ზაფხულში, რადგან ის მაშინ ყველა სხვა წყლებთან ერთად თანაბრად არის მზის მიერ მიზუდული, ხოლო ზამთარში კი მარტო ის არის მზისაგან დასიცხული. ამრიგად, ამ მოვლენების მიზეზად მე მზე მიმაჩნია.
       26. ჩემი აზრით მზე არის იმისი მიზეზიც, რომ ჰაერი აქ მშრალია, რადგან იგი სწვავს მთელი თავის გზას. ასევე ლიბიის ზემოთა მხარეებში მუდამ ზაფხულია. წლის დროების თანმიმდევრობა რომ შეიცვლებოდეს ცის იმ ნაწილზე, სადაც ახლა ჩრდილოეთის ქარი ქრის და ზამთარი დგას, იქ იქნებოდა სამხრეთის ქარი და სამხრეთი, ხოლო სადაც ახლა სამხრეთის ქარია, იქ იქნებოდა ჩრდილოეთის ქარი. ეს რომ ასე ყოფილიყო, მაშინ მზეც ცის შუაგულიდან გამოძევებული იქნებოდა ზამთრისა და ჩრდილოეთის ქარის მიერ და გაივლიდა ევროპის ზემოთა მხარეების ზემოთ, ისევე, როგორც ახლა გადადის ლიბიის ზემოთა ნაწილების ზემოთ და მზე თუ მთელ ევროპაზე გადაივლიდა, ისტროსის მიმართ იგივე ძალა ექნებოდა, რაც ახლა აქვს ნილოსის მიმართ.
       27. ხოლო რაც შეეხება სიოს, რომელიც არ ქრის ნილოსიდან, ამის შესახებ მე იმ აზრისა ვარ, რომ ძალიან თბილი ქვეყნებიდან ჩვეულებრივი არაა რამენაირი ქარის ქროლვა, სიო საერთოდ ცივი ქვეყნებიდან უბერავს ხოლმე.
       28. მაგრამ დაე ეს იყოს, როგორც არის და როგორც ყოფილა დასაბამიდან. ხოლო ნილოსის სათავეების შესახებ ვერავინ მითხრა ვერაფერი, ვისაც კი ველაპარაკე, ვერც ეგვიპტელთაგან, ვერ ლიბიელთაგან და ვერც ელინთაგან, გარდა ათენას ფულების მცველის ქალაქ საისში,23 ეგვიპტეში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ისიც გამეხუმრა, როდესაც მითხრა, რომ დაბეჯითებით იცის. მან მითხრა ასეთი რამ: არის ორი მთა, წვეტიანი მწვერვალებით, რომლებიც მდებარეობენ თებაისის ქალაქ სიენესა და ელეფანტინეს შორის, სახელად ჰქვიათ ამ მთათაგან ერთს კორფი, ხოლო მეორეს  მოფი. აი, ამ მთებს შორისაა ნილოსის უღრმესი სათავეები და აქედან მოედინება იგი, წყლის ნახევარი მიემართება ეგვიპტისაკენ, ჩრდილოეთის ქარის მიმართულებით, ხოლო მეორე ნახევარი  ეთიოპიისაკენ, სამხრეთისაკენ.24 სათავეები რომ ძალიან ღრმაა, ეს გამოიკვლია ეგვიპტის მეფემ, ფსამეტიქოსმა  თქვა მან. ფსამეტიქოსმა დააწნევინა მრავალი ათასი ორგიის სიგრძის თოკი, რომელიც ჩაუშვეს ამ ადგილას და ვერ მიაღწიეს ფსკერს. ამ მცველმა თუ კი ნამდვილი ამბავი მითხრა, როგორც მე მივხვდი, ამით ის გამაგებინა, რომ ამ ადგილას არის ძლიერი მორევები და წყლების მიმოქცევა, ისე რომ, წყალი ეხეთქებოდა მთებსა და იქ ჩაშვებული საძირავი ვერ აღწევს ფსკერს.
       29. სხვა ვერაფრის გაგება ვერ შევძელი ვერავისაგან, მაგრამ ზოგი რამ შევიტყვე ძალიან შორეული მხარის შესახებ, რადგან ქალაქ ელეფანტინემდე მე თვითონ მივედი და ყოველივე ჩემი თვალით ვნახე, ხოლო რაც ამის იქითაა, ის გადმოცემის მიხედვით გამოვიკვლიე. ქალაქ ელეფენტინედან იქით ზემოთ რომ მიდიხარ, ცურვა აღმა გიხდება. ამიტომ ამ ადგილას ხომალდი ორივე მხრიდან თოკებჩაბმული უნდა გაათრიო, როგორც ხარი. ხოლო თუ თოკები დაწყდა, მაშინ ხომალდის დინების ძალა უკან წამოიღებს. ეს ადგილი არის დაახლოებით 4 დღის სავალი წყლით, ნილოსი აქ მეანდროსის25 არ იყოს მიხვეულ-მოხვეულია. 12 სხობნია ამგვარად გასაცურავი. ხოლო შემდეგ შევდივართ სწორ დაბლობში, სადაც ნილოსი გარს უვლის კუნძულს, მას ეწოდება ტაქომფსო. ელეფანტინეს ზემოთ მდებარე ადგილებში და ამ კუნძულის ნახევარზე ცხოვრობენ ეთიოპელები, ხოლო მეორე ნახევარზე ეგვიპტელები. კუნძულს მოჰყვება დიდი ტბა,26 რომლის ირგვლივ მომთაბარე ეთიოპელები ცხოვრობენ. ტბას რომ გასცურავ, მიაღწევ ნილოსის კალაპოტს, რაც ამ ტბას ერთვის. ხომალდიდან რომ გადმოხვალ, მდინარის გასწვრივ არის გზა, 40 დღის სავალი. რადგან ნილოსში წყვეტიანი მეჩეჩებია და კლდეები, ამიტომ შეუძლებელია მასზე ცურვა. ამ ადგილებს რომ გადაივლი 40 დღის განმავლობაში, კვლავ სხვა ხომალდში ჩაჯდები, 12 დღეს მიცურავ და შემდეგ შედიხარ დიდ ქალაქში, რომელსაც სახელად ჰქვია მეროე.27 ეს ქალაქი ითვლება ეთიოპიის დედაქალაქად. აქაურები ღმერთთაგან მხოლოდ ზევსისა28 და დიონისეს29 აღიარებენ. ამ ორ ღმერთს მართლა განსაკუთრებით სცემენ პატივს; მათ უდგათ ზევსის სამისნოც. ესენი ლაშქრობენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს ღმერთი უბრძანებს მათ მისნობის საშუალებით და ლაშქრობენ იქ, სადაც ის უბრძანებს.
       30. ამ ქალაქიდან გამოსული იმავე ხნის განმავლობაში მოხვალ გამოქცეულებთან, რა დროშიც ელეფანტინედან მოხვედი ეთიოპების დედაქალაქში. ამ გამოქცეულებს სახელად ჰქვიათ „ასმაქი“.30 ეს სიტყვა ელინურ ენაზე ნიშნავს „ისინი, ვინც მეფის მარცხენა მხარეზე დგანან“. ესენი იყვნენ ეგვიპტელ მეომართაგან გამდგარი 240000 კაცი, რომლებიც გადავიდნენ ეთიოპელების მხარეზე შემდეგი მიზეზის გამო: მეფე ფსამეტიქოსის დროს ქალაქ ელეფანტინენში მეციხოვნეები იდგნენ ქალაქის ეთიოპელთაგან დასაცავად, სხვები კიდევ პელუსიონის დაფნეში იდგნენ არაბთა და სირიელთაგან დასაცავად, სხვები კიდევ პელუსიეში იყო ჩაყენებული ლიბიის საგუშაგოზე. სპარსელებს ჯერაც, ამ ჩემს დრომდე ისევე უყენიათ მეციხოვნეები, როგორც ფსამეტიქოსის დროს. სპარსელებს ელეფანტინეშიც ჰყათ მცველი რაზმი და დაფნეშიც. ეგვიპტელები სამ წელიწადს იდგნენ მეციხოვნეებად და არავინ გაათავისუფლა ისინი ამ სამსახურისაგან. მათ მოითათბირეს, ყველანი შეთანხმდნენ, განუდგნენ მამაპაპეულ ღმერთებს და ნუ დაანებებენ თავს შვილებსა და ცოლებს. ამბობენ, რომ ერთმა განმდგართაგანმა ხელი მოიკიდა სარცხვინელზე და უთხრა, რომ სადაც ეს იქნება, იქვე ეყოლებათ მათ შვილებიცა და ცოლებიც. როდესაც ესენი ეთიოპიაში მივიდნენ, ჩაბარდნენ ეთიოპელთა მეფეს. სამაგიეროდ მეფემ ისინი ასე დაასაჩუქრა: ეთიოპელთა შორის იყვნენ მეფის მიმართ მტრულად განწყობილებიც. მეფემ უბრძანა მოსულებს, რომ ესენი გაეძევებინათ და მათ მიწა-წყალზე დასახლებულიყვნენ. მას მერე, რაც მოსული ეგვიპტელები დასახლდნენ ეთიოპელებში, ეთიოპელებმა შეითვისეს ეგვიპტელთა ჩვევები და უფრო თვინიერები გახდნენ.
       31. ამრიგად ეგვიპტის ტერიტორიის გარდა ნილოსის დინება 4 თვის სავალ მანძილზეა ცნობილი თავისი წყლითა და ხმელეთით, რადგან, აბა რამდენი თვე მოუნდება კაცი მგზავრობას, რომ დავითვალოთ ელეფანტინედან ამ გამოქვებულებამდე? ნილოსი ხომ დასავლეთიდან, მზის დასავლიდან, მოედინება. ამის მერე კი არავის შეუძლია გარკვეული თქმა, თუ რას წარმოადგენს ნილოსი, რადგან ეს მხარე გაუდაბურებულია დიდი სიცხეების გამო.
       32. მაგრამ შემდეგი მოვისმინე მე კირენელთაგან, რომლებიც წავიდნენ ამონის სამისნოსში და იქ ესაუბრნენ ამონთა მეფეს, ეტეარქოსს. მათ მითხრეს, რომ სხვათა შორის სიტყვა ჩამოვარდნილა ნილოსის შესახებაც, რომ არავინ იცის მისი სათავეები და ეტეარქოსმა თქვა, რომ ოდესღაც მასთან მოვიდნენ ნასიამოვნები. ეს ტომი ლიბიურია და ცხოვრობს სირტისში და სირტისის აღმოსავლეთით არც თუ დიდად დაშორებულ ქვეყანაში. როდესაც ნასამონები მოვიდნენ, მეფე შეეკითხა მათ, ხომ არაფერი იციან მეტი ლიბიის უდაბნოების შესახებ. მათ თქვეს, რომ მათ შორის იყვნენ გამგებელთა ამაყი შვილები, რომლებიც მოწიფულობაში სხვადასხვა საოცრებებს სჩადიოდნენ. ერთხელაც ხუთ კაცს თავისი წრიდან არგუნეს წილად ლიბიის უდაბნოების დათვალიერება, რომ ეგებ იმაზე მეტი რამ ენახათ, რაც უწინ ჰქონდათ ნახული. ხოლო რაც შეეხება ლიბიის ნაწილს, რომელიც ჩრდილოეთის ზღვას31 ეკვრის, დაწყებული ეგვიპტიდან ვიდრე სოლოენტის კონცხამდე (სადაც ლიბიის ბოლოა), მთელი ეს მხარე უჭირავთ ლიბიელებს და მრავალ ლიბიურ ტომს, გარდა იმისა, რაც აქვთ ელინებს და ფინიკელებს. ხოლო იმ ნაწილებში, რომლებიც ზღვის ზემოთაა და იქაც, სადაც ზღვისპირას ცხოვრობს ხალხი, ლიბიე სავსეა მხეცებით. ხოლო მხეცებით სავსე ნაწილის ზემოთ არის ქვიშა და საშინლად უწყლო და ყველაფრისაგან გაუდაბურებული ადგილები, როდესაც ყმაწვილები თავისმა ტოლებმა გაგზავნეს წყლით და საჭმელით კარგად მომარაგებული, პირველად წავიდნენ ისინი დასახლებულ ნაწილზე და ის რომ გადაიარეს, მივიდნენ მხეცებით სავსე მხარეში; აქედან ისე გადაიარეს უდაბნო, რომ გეზი დასავლეთის ქარის მიმართულებით ეჭირათ. როდესაც მათ მრავალი დღის განმავლობაში იარეს ვრცელ ქვიშიან მხარეზე, დაინახეს დაბლობში გაზრდილი ხეები, მივიდნენ და ხელი მოჰკიდეს ამ ხეებზე გამობმულ ნაყოფს. ხელი რომ მოჰკიდეს, იმ წამსვე მათ თავს დაესხნენ პატარა ტანის კაცები, ჩვეულებრივ ადამიანებზე უფრო პატარები; დაიჭირეს და თან წაიყვანეს.32 მაგრამ ნასამონებს მათ ენისა არაფერი ესმოდათ და არც თავდამსხმელებმა იცოდნენ ნასამონური. მათ ჭაბუკები გაატარეს უზარმაზარ ჭაობებზე და როდესაც ისინი გადაიარეს, მოვიდნენ ქალაქში, სადაც ყველანი იმ სიდიდისანები იყვნენ, როგორისაც ჭაბუკების მომყვანნი, ფერად კი შავები. ქალაქს ჩამოუდიოდა დიდი მდინარე, რომელიც მიედინებოდა დასავლეთიდან მზის აღმოსავლისაკენ და მასში მოჩანდნენ ნიანგები.
       33. ეტეარქოს ამონელის ამბის შესახებ მე აი, ამდენი გადმოვეცი. ამას გარდა მან მიამბო, რომ ნასამონები დაბრუნდნენ შინ. (როგორც ამბობენ კინრენელები) და ის ხალხები, რომლებთანაც კი ისინი მივიდნენ, ყველანი გრძნეულები იყვნენ. ტეარქოსმა კიდევ ის აზრი გამოთქვა, რომ ის მდინარე, რომელიც იქ მიედინებოდა, იყო ნილოსი და ეს მოსაზრება გონივრული ჩანს, რადგან ნილოსი მოედინება ლიბიიდან და შუაზე ჰკვეთს ლიბიეს, და რამდენადაც მე შემიძლია ცნობილის მიხედვით მსჯელობა უნცობის შესახებ, მინდა ვთქვა, რომ ნილოსი ისტროსის ოდენა მოედინება. ხოლო მდინარე ისტროსი იწყება კელტებში ქვეყნიდან და ქალაქ პირენედან, მოედინება და კვეთს შუაზე ევროპეს. კელტები არიან ჰერაკლეს სვეტების გარეთ და ემეზობლებიან კინესიელებს, რომლებსაც ევროპეში მცხოვრებთა შორის უკიდურესი დასავლეთის მხარე უჭირავთ. ხოლო ისტროსი, რომელიც მიმდინარეობს მთელ ევროპეზე, მთავრდება ზღვაში, რომელსაც ეწოდება ევქსინის პონტო, ისტერიესთან, სადაც ცხოვრობენ მილეტელი კოლონისტები.
       34. ხოლო ისტორსს, რაკიღა მიედინება დასახლებულ მხარეებზე, ბევრნი იცნობენ, ნილოსის სათავეების შესახებ კი არავის შეუძლია რაიმეს თქმა, რადგან დაუსახლებელი და უდაბურია ლიბიე, რომელზედაც ის მიედინება. ხოლო მისი დინების შესახებ რისი გაგებაც კი შეიძლებოდა გამოკვლევის საშუალებით, მე უკვე გადმოვეცი. შემდეგ ის ეგვიპტეში შედის. ხოლო ეგვიპტე მდებარეობს მთიანი კილიკიის პირდაპირ. აქედან სინოპემდე, რომელიც ევქსინის პონტოსთანაა, 5 დღის პირდაპირი გზაა მარდი მოსიარულისათვის. ხოლო სინოპე მდებარეობს ზღვის პირას ისტროსის33 შესართავის პირდაპირ. ამრიგად, მე ვფიქრობ, რომ ნილოსი, რომელიც გადაივლის მთელს ლიბიეს, ემსგავსება ისტროსს. ნილოსის შესახებ აი ამდენი ითქვა.
       35. ახლა ვიწყებ ეგვიპტის შესახებ დაწვრილებით თხრობას, რადგან მას უამრავი საკვირველება ახასიათებს და იქ მოიპოვება ენით აუწერელი დამუშევრები, რასაც ვერ ვნახავთ მთელ ქვეყნიერებაზე. ამიტომაცაა, რომ მის შესახებ სხვებზე მეტი უნდა მოგითხროთ. ისევე, როგორც თავისებურია ეგვიპტის ცა და სხვა მდინარეებთან შედარებით განსხვავებულია ის მდინარე, რომელიც ამ ქვეყანაში მიედინება, ასევე მთელი ეგიპტური წეს-ჩვეულებები და კანონები სხვა ადამიანების წეს-ჩვეულებებისა და კანონების საპირისპიროა. მაგ. მათი ქალები ბაზრებშიც დადიან და ყიდვა-გაყიდვასაც აწარმოებენ, ხოლო მამაკაცები სახლში სხედან და ქსოვენ. ქსოვისას სხვა ხალხები მისაქსელს ზემოთ აგდებენ, ხოლო ეგვიპტელები ქვემოთ. მამაკაცებს ტვირთი თავით დააქვთ, ხოლო დედაკაცებს კი ზურგით. ქალები შარდავენ გამართულები, ხოლო მამაკაცები დაცუცქულები. მუცელს სახლში ითვისუფლებენ, ხოლო ჭამენ გარეთ, ქუჩებში და ამას იმით ხსნიან, რომ სამარცხვინო, თუნდაც აუცილებელი რამ უნდა გაკეთდეს დაფარულად, ხოლო არასამარცხვინო აშკარად. არც ერთი ქალი არ ქურუმობს არც მამრობითი ღვთაების და არც მდედრობით ღვთაების სალოცავში,34 მამაკაცები კი ყველა ღმერთის და ღმერთქალის სალოცავებში ქურუმობენ. ვაჟიშვილები სულაც არ არიან ვალდებულები, თუ კი არ სურთ, რომ არჩინონ თავისი მშობლები, ხოლო ქალიშვილები მაშინაც კი ვალდებულები არიან, როდესაც არ სურთ მშობლებზე ზრუნვა.
       36. სხვაგან ღმერთების ქურუმები თმებს უშვებენ. ხოლო ეგვიპტეში იკრეჭენ. სხვა ხალხებს წესად აქვთ, რომ გლოვისას, ვინც განსაკუთრებით მახლობელია, თავს გადაიკრეჭს ხოლმე, ხოლო ეგვიპტელები, როდესაც ისინი მახლობლის სიკვდილს გლოვებენ, თმებს იზრდიან თავზედაც და წვერსაც უშვებენ, მანამდე კი გაკრეჭილები არიან. სხვა ხალხები ცხოველებისაგან განცალკევებით ცხოვრობენ, ხოლო ეგვიპტელები ცხოველებთან ერთად ცხოვრობენ. სხვები პურითა და ქერით არსებობენ, ეგვიპტელებს კი ამგვარი საზრდოთი არსებობა უდიდეს სირცხვილად მიაჩნიათ; ისინი თავის პურს აცხობენ ველური ხორბლისგან, რასაც ზოგიერთები ზეეიას უწოდებენ. ცომს ეგვიპტელები ფეხით ზელენ, ხოლო თიხას  ხელით (და ნეხვსაც ხელით იღებენ). სხვა ხალხები სარცხვინელ ასოს ტოვებენ მის ბუნებრივ მდგომარეობაში, იმათ გარდა, ვინც ეს ეგვიპტელთაგან ისწავლა; ეგვიპტელები კი წინადაცვეთას ახდენენ. მამაკაცთაგან ყოველი ორი ტანსაცმელს ატარებს, ქალთაგან თითოეული  თითოს. ყველა სხვა ხალხი იალქნების რგოლებსა და თოკებს ნავის გარეთ ამაგრებს, ხოლო ეგვიპტელები  შიგნით. ელინები ასოებს წერენ და კენჭებით ანგარიშობენ ისე, რომ ხელი მარცხნიდან მარჯვნივ მიაქვთ. ეგვიპტელებს კი ხელი მარჯვნიდან მარცხნისაკენ მიაქვთ. ასე აკეთებენ და თვითონ კი ამბობენ, რომ ჩვენ მარჯვნისაკენ წარვამრთავთ ნაწერს, ელინები კი მარცხნისაკენო. ეგვიპტელები ხმარობენ ორგვარ დამწერლობას, ერთს უწოდბენ ისინი წმინდას, ხოლო მეორეს  სახალხოს.35
       37. ეგვიპტელები მეტისმეტად ღვთისმოსავები არიან, ბევრად უფრო, ვიდრე ყველა სხვა ხალხი და შემდეგ ჩვევებს იცავენ: სვამენ სპილენძის სასმელებიდან, რომელთაც ყოველდღე წმენდენ და ამას უკლებლივ ყველა ასრულებს. ტანსაცმელს სელისას ატარებენ, მუდამ ახლადგარეცხილს და ამისათვის ყველაზე მეტად ზრუნავენ. სარცხვინელი წინდაცვეთილი აქვთ სისუფთავის გულისათვის და საერთოდ ის ურჩევნიათ, სუფთები იყვნენ, ვიდრე ლამაზები. ქურუმები მთელ სხეულს იკრეჭენ ყოველ დღეგამოშვებით, რათა ტილი ან სხვა რამ მკბენარი არა ჰყავდეთ ღვთის მსახურების დროს. ტანსაცმელს ქურუმები მხოლოდ სელისას ატარებენ, ფეხსაცმელს კი ჭილისას. მათ არ შეუძლიათ იხმარონ სხვა რამ ტანსაცმელი, ანდა ფეხსაცმელი.
    ისინი დღეში ორჯერ ბანაობენ ცივი წყლით და ასევე ღამეში ორჯერ. სხვა რიტუალებსაც, ასე ვთქვათ, უამრავს ასრლებენ. სამაგიეროდ სიკეთეც ბევრი ხვდებათ ქურუმებს: ისინი საკუთარს არაფერს ხმარობენ და არაფერს ხარჯავენ; მათ აქვთ გამომცხვარი წმინდა პურები, ყოველდღე აქვთ დიდი რაოდენობით ძროხისა და ბატის ხორცი და ეძლევათ ყურძნის წვენი. თევზი კი არ ეჭმევათ. ეგვიპტელები ცერცვს არ თესენ თავის ქვეყანაში, ხოლო თუ თავისით ამოვიდა, არ სჭამენ არც უმსა და არც მოხარშულს. ქურუმები კი ცდილობენ, რომ არც კი შეხედონ ცერცვს, რადგან იგი უწმინდურ ბოსტნეულადაა მიჩნეული. თითოეულ ღმერთს ერთი ქურუმი კი არა ჰყავს, არამედ მრავალი, მაგრამ მათ შორის არის ერთი ქურუმთმთავარი. ხოლო როდესაც რომელიმე მათგანი კვდება, მისი შვილი იჭერს მის ადგილს.36
       38. ხარები ეგვიპტელებს ეპაფოსის37 საკუთრებად მიაჩნიათ და ამის გამო მათ ამგვარად სცდიან: თუ დაინახეს, რომ მას აქვს თუნდაც ერთი შავი ბალანი, ცხოველს სუფთად არ მიიჩნევენ. ამას იკვლევა საამისოდ დაყენებული რომელიმე ქურუმი, რომელის თანდასწრებით ცხოველს ხან გამრთული დგას, ხან ზურგზე წევება, ხან მას ენას აყოფინებენ, რომ გაიგონ, განწმენდლია თუ არა ის იმ გარკვეული ნიშანთაგან, რომელთა შესახებ მე სხვა ადგილას მექნება საუბარი. იგი ათვალიერებს ბალანს კუდზედაც. იმის გამოსარკვევად, იზრდება თუ არა ის აქ ბუნებრივად. თუ ყოველივე ამისგანა სუფთაა ცხოველი, აღნიშნავს მას ქურუმი, რქებზე დაახვევს ჭილს, შემდეგ წაუსვამს ზედ ლუქს და დაასვამს ბეჭედს. ასე წაიყვანს ცხოველს. ხოლო ვინც ასეთ უნიშნო ცხოველს მსხვერპლად შესწირავს, მის სასჯელად სიკვდილი არის განკუთვნილი. ამგვარად ხდება ცხოველის გამოკვლევა. ხოლო მსხვერპლშეწირვა მათ ასეთი აქვთ დაწესებული.
       39. ნიშნიანი ცხოველი მიჰყავთ საკურთხეველისაკენ, სადაც მსხვერპლი უნდა შესწირონ. ანთებენ ცეცხლს, შემდეგ ღვინოს ასხამენ საკურთხეველზე და სამსხვერპლო საქონელზე, მოუწოდებენ ღმერთს და კლავენ საქონელს. რომ მოკლავენ, თავს სჭრიან. ცხოველის სხეულს ატყავებენ, ხოლო მის თავზე წყევლად წარმოსთქვამენ და ვისაც აქვს ბაზარი, სადაც ცხოვრობენ ამოსული ელინი ვაჭრები, იქ მიაქვს თავი, რათა ელინებს მისცენ. ხოლო თუ არ ჰყავთ გვერდით ელინები, ისინი ამ თავს მდინარეში აგდებენ. როდესაც წყევლას წარმოთქვამენ თავებზე, შემდეგ ამბობენ: თუ რაიმე ბოროტი უნდა დაემართოს ან მსხვერპლშეწირვებს, ან მთელს ეგვიპტეს, დეე, ის ამ თავს მიუბრუნდეს. ხოლო რაც შეეხება მსხვეპრლად შესაწირავ საქონლის თავებსა და ღვინის დათხევას, ყველა ეგვიპტელი ერთსა და იმავე წესს იცავს, ისევე როგორც ყველა სხვა მსხვერპლშეწირვის დროს. ამ წესის გამოა, რომ არც ერთი ეგვიპტელი არც კი იგემებს არასოდეს არავითარ სულდგმულით თავს.
       40. ხოლო რაც შეეხება სამსხვერპლო საქონლის გამოშიგვნას და დაწვას, სხვადასხვა სამსხვერპლო საქონლის მიმართ სხვადასხვაგვარად არის ეს ამბავი დაწესებული. ახლა იმის შესახებ მოგითხრობთ, თუ რომელი ღმერთქალი (ისიდას კულტი) არის მიჩნეული უდიდესად და რომელს უმართავენ უდიდეს დღესასწაულს.38 მას შემდეგ რაც გაატყავებენ ხარს, ილოცავენ და მთელ მუცელს გამოუცარიელებენ, სხეულში მხოლოდ გულღვიძლს და ქონს ტოვეენ და ჭრიან ბარკლებს, თეძოს, ბეჭებსა და კისერს. ამას რომ გააკეთებენ, შემდეგ ხარის დარჩენილ სხეულს ავსებენ სუფთა პურით, თაფლით, ქიშმიში, ლეღვით, საკმეველით, ნელსაცხებლითა და სხვა სურნელოვანი ნივთიერებებით. აავსებენ ყოველივე ამით, უხვად გადაასხამენ ზეთს და ცეცხლს უკიდებენ. მსხვერპლშეწირვის წინ ეგვიპტელები მარხულობენ, ხოლო როდესაც სამსხვერპლო საქონელი იწვის, ყველანი თავში იცემენ ხელს, თავში ცემას რომ მორჩებიან, ნადიმს მართავენ იმით, რაც გადარჩება სამსხვერპლო საქონლისაგან.
       41. ყველა ეგვიპტელი მსხვეპლად წმინდა ხარებსა და მოზვრებს სწირავს, ხოლო ძროხების შეწირვა მათთვის არ შეიძლება, რადგან ისინი ისისისთვის არიან განკუთვნილი. ისისს ძროხისრქიანი ქალის გამოსახულება აქვს, ისივე როგორც ელინები წარმოადგენენ იოს. ყველა ეგვიპტელი თაყვანს სცემს ძროხებს ყველა ცხოველზე უფრო მეტად.39 აი ამიტომაა, რომ ეგვიპტელი, არც კაცი და არც ქალი ელინს ტუჩებში არ აკოცებს, არც ელინი დანას გამოიყენებს, არც შამფურს, არც ქვაბს. ის კი არა წმინდა ხარის ხორცსაც კი არ გასინჯავს, თუ ეს ხარი ელინის დანით არის დაკლული. ხოლო ხარ-ძროხა როდესაც კვდება, ეგვიპტელები მათ ასე მარხავენ: ძროხებს მდინარეში ჰყრიან, ხოლო ხარებს თითოეული მათგანი ფლავს თავისი ქალაქის გარეუბანში ისე, რომ მისი ერთი რქა, ან ორივე ამოშვერილია მიწიდან ადგილის მისანიშნებლად. როდესაც ეს ხრი გაიხრწყნება და დადგება გარკვეული დრო, თითოეულ ქალაქში მოდის ხომალდი კუნძულიდან, რომელსაც ეწოდება პროსოპიტისი. იგი არის დელტაში და ირგვლივ რომ შემოიზომოს, 9 სხობნია. ამ პროსოპიტისის კუნძულზე ბევრი ქალაქია, მაგრამ იმ ქალაქის სახელი, საიდანაც მოდიან ხომალდებით ხარების ძვლები წასაღებად, არის ატარბექისი, სადაც დაფუძნდებულია აფროდიტას40 წმინდა ტაძარი. ამ ქალაქიდან ბევრი დაეხეტებიან სხვადასხვა ქალაქებში, თხრიან ძველებს, მიაქვთ თან და მარხავენ ყველანი ერთ ადგილას. ყველა სხვა დახოცილ საქონლის იმნაირადვე მარხავენ, როგორც ხარებს, რადგან ამის შესახებ მათ ასე აქვთ დაწესებული. მაგრამ საქონელს ისინი ჩვეულებრივ არ კლავენ.
       42. ის ეგვიპტელები, რომელთაც აქვთ თებელი ზევსის ტაძარი, ანდა ცხოვრობენ თებეს ნომში, ხელს არ ახლებენ ცხვრებს და მსხვერპლად სწირავენ თხებს. ყველა ეგვიპტელი არ სცემს თაყვანს ერთსა და იმავე ღმერთებს, ეს არ ეხება მხოლოდ ისისსა და ოსირისს (რომელზედაც ამბობენ, დიონისე არისო), ამით ყველანი თანაბრად აღიარებენ. ის ეგვიპტლები, რომელთაც აქვთ მენდესის ტაძარი, ან ცხოვრობენ მენდესის ოლქში, ხელს არ ახლებენ თხებს და მსხვერპლად სწირავენ ცხვრებს.41 თებელები და ისინი, ვინც არ სწირავენ მსხვერპლად ცხვრებს, თუ საიდან დამკივდრდა ეს წესი მათში, ამის შესახებ შემდეგს მოგვითხრობენ: ჰერაკლეს ძალიან უნდოდა ზევსის დანახვა, ხოლო ზევსს კი არ უნდოდა, რომ მას დაენახა. ბოლოს, როდესაც ჰერაკლემ მეტისმეტად დაიჟინა, ზევსმა შემდეგ ხრიკს მიმართა: გაატყავა ვერძი, მისი ტყავი წამოისხა, მოკვეთა ვერძს თავი, რომელიც წინ დაიჭირა და ასე ეჩვენა ჰერაკლეს. ამის გამოა, რომ ზევსის ვერძისთავიანი ქანდაკება გააკეთეს ეგვიპტელებმა, ხოლო ეგვიპტელებისაგან  ამონელებმა, რომლებიც ეგვიპტელთა და ეთიოპელთაგან არიან გამოსულები და ლაპარაკობენ ორთა ენის საშუალო ენაზე. მე ვფიქრობ, რომ სახელოწდება „ამონელები“ იმის გამო დაირქვეს მათ, რომ ეგვიპტელები ზევსს ამონს უწოდებენ. თებელები არ სწირავდნენ მსხვერპლად ვერძს, რადგან ეს ცხოველი მათთვის ამავე მიზეზის გამო წმინდა არის. წელიწადში ერთ დღეს, ზევსის დღესასწაულზე, ისინი ვერძს კლავენ, ატყავებენ და აცმევენ ამ ტყავს ზევსის ქანდაკებას და შემდეგ მასთან მოაქვთ ჰერაკლეს ქანდაკება. ამას რომ გააკეთებენ, ყველანი, ვინც კი ტაძრის ირგვლივ არიან, გულს იმჯიღავენ ვერძის გამო და შემდეგ მას წმინდა საფლავზე მარხავენ.42
       43. ჰერაკლეს შესახებ, რომელზედაც ამ ამბავს მოგვითხრობენ, მოვისმინე, რომ ის ყოფილა ერთი თორმეტ ღმერთთაგანი. ხოლო სხვა რამე ჰერაკლეს შესახებ, რომელსაც ელინები იცნობენ, ეგვიპტეში ვერსად ვერაფერი შევიტყვე. ეგვიპტელებს რომ ელინთაგან არ მიუღიათ ჰერაკლეს სახელი, არმედ პირიქით, რომ ელინებმა შეითვისეს ის ეგვიპტელთაგან და ელინთა შორის სწორედ იმათ, რომელთაც ამფიტრიონის შვილს სახელად ჰერაკლე დაარქვეს, საამისოდ ბევრი სხვა საბუთიც მაქვს და მათ შორის შემდეგიც: ამ ჰერაკლეს ორივე მშობელი, ამფიტრიონი და ალკემენე წარმოშობით ეგვიპტიდან იყვნენ;43 აგრეთვე ისიც, რომ ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათ არ იციან არც პოსეიდონისა და არც დიოსკურების სახელი და ეს ღმერთები მათ სხვა ღმერთებს შორის არ ჰყავთ მიღებული. მათ რომ ელინთაგან გადაეღოთ რომელიმე ღვთაების სახელი, მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ეს მათ კარგად ეხსომებოდათ, რაკიღა ეგვიპტელები მაშინ უკვე ზღვაოსნოდნენ და ელინთა შორისაც იყვნენ უკვე მეზღვაურები. ამ შემთხვევაში ამ ღმერთების სახელები უფრო ეცოდინებათ ეგვიპტელებს, ვიდრე ჰერაკლესი. მაგრამ ჰერაკლე ძველი ღმერთია ეგვიპტელების. როგორც თვითონ ამბობენ, ამასისის გამეფებამდე44 17000 წლით ადრე რვა ღმერთიდან (პირველი თაობის) თორმეტი ღმერთი წარმოიშვა45 და ერთი მათგანი ჰერაკლეა.
       44. რადგანაც მინდოდა ამის შესახებ რამდენადაც კი შესაძლებელი იყო გარკვეულად რამე მცოდნოდა, გავცურე ფინიკიის ტიროსში, რაკიღა შევიტყვე, რომ იქ არის ჰერაკლეს წმინდა ტაძარი. მე ვნახე, რომ ტაძარი მდიდრულადაა შემკული მრავალი სხვადასხვა შეწირულობებით. მასში იყო ორი სვეტი, ერთი სუფთა ოქროსი, ხოლო მეორე ზურმუხტისა, რომელიც ღამით ძალიან ბრწყინავდა.46 ღვთაების ქურუმებთან საუბრისას შევეკითხე მათ, რამდენი ხნია გასული ამ ტაძრის დაფუძნებიდან და გამოვარკვიე, რომ ამ საკითხზე არც ისინი არიან ელინების აზრისა; რადგან თქვეს, რომ ტიროსის აშენებასთან ერთად არის ამ ღვთაების ტაძარიც დაფუძნებული, ხოლო მას მერე, რც ისინი ტიროსში ცხოვრობენ, გასულია 23000 წელი. ტიროსში ვნახე კიდევ ერთი ჰერაკლეს ტაძარი, რომელიც თასოსელი ჰერაკლეს სახელობისაა. ვიყავი თასოსზედაც,47 სადაც ვნახე ჰერაკლეს ტაძარი დაარსებული ფინიკიელთა მიერ, რომლებიც ევროპეს საძებნელად იყვნენ წამოსულები და თასოსი კი დაასახლეს. ყოველივე ეს მოხდა ადამიანთა ხუთი თაობით უწინარეს, ვიდრე ამფიტრიონის ძე ჰერაკლე დაიბადებოდა ელადაში. ჩემს მიერ მოთხრობილი ცხადყოფს, რომ ჰერაკლე ძველი ღმერთია. მე ვფიქრობ, რომ ის ელინები მოიქცნენ ყველაზე უფრო სწორედ, რომელთაც ჰერაკლეს ორი ტაძარი აქვთ, ერთში მსხვერპლს სწირავენ უკვდავი ჰერაკლე ოლიმპიელად სახელდებულს, ხოლო მეორეში პატივს სცემენ მას, როგორც გმირს.
       45. ელინები ბევრ სხვა დაუჯერებელ ამბებსაც მოგვითხრობენ. სისულელეა ის ამბავიც, რასაც ისინი ჰყვებიან ჰერაკლეს შესახებ, თითქოს ის მოვიდა ეგვიპტეში, ხოლო ეგვიპტელებმა მას თავზე გვირგვინი დაადგეს და დიდი ზეიმით წაიყვანეს ზევსისათვის შესაწირავად. ჯერ ჰერაკლე თითქოს წყნარად ყოფილა, ხოლო როდესაც საკურთხეველთან მისი მსხვერპლშესწირავად გამზადება დაუწყიათ, მთელი ძალა მოუკრეფია და ირგვლივ ყველანი ამოუჟლეტია. მე ვფიქრობ, რომ ელინები ამას ამბობენ იმიტომ, რომ სრულებით არ იციან ეგვიპტელთა ბუნება და ზნე-ჩვეულებები. ეგვიპტელთათვის ცხოველების მსხვერპლად შეწირვა კი არა ნებადართული (გარდა ცხვრებისა, სუფთა ხარებისა, მოზვრებისა და ბატების) და როგორ იქნებოდა, რომ მათ ადამიანები შეეწირათ მსხვერპლად? ამას გარდა ჰერაკლე ხომ ერთი იყო და ისიც ადამიანი, როგორც თვითონ ამბობენ და რამდენად ბუნებრივია, რომ მას ამდენი ხალხი გაეჟლიტა? ღმერთებისა და გმირების შესახებ რომ ამდენი ვილაპარაკეთ, მოგვეტეოს ჩვენ.
       46. ხოლო ჩემს მიერ უკვე ხსენებული ეგვიპტელები დედა-თხებს და ვაცებს არ სწირავენ მსხვერპლად შემდეგი მიზეზის გამო: მენდესელები პანს ასახელებენ რვა ღმერთს შორის, ხოლო ეს რვა ღმერთი, როგორც თვითონ ისინი ამბობენ, იყო თორმეტ ღმერთზე უწინარეს. მხატვრები და მოქანდაკეები ხატავენ და აქანდაკებენ პანის48 გამოსახულებას, ელინებისა არ იყოს, თხის სახით და ვაცის ფეხებით. მაგრამ ამავე დროს იმას კი არ ფიქრობენ, რომ ის მართლაც ასეთია, არამედ სხვა ღმერთების მსგავსად მიაჩნიათ. ხოლო თუ რის გამო ხატავენ მას ამნაირად, ამაზე არ მესიამოვნება ლაპარაკი. მენდესელები პატივს სცემენ ყველა თხას, მამლებს უფრო, ვიდრე დედლებს. ასევე თხის მწყემსებსაც დიდი პატივი აქვთ. ვაცთა შორის განსაკუთრებით ერთს სცემენ პატივს და როდესაც ის კვდება, მენდესელთა მთელი ოლქი დიდ მწუხარებას განიცდის. ეგვიპტურად ვაცსაც და პანსაც მენდესი ეწოდება49. ჩვემს დროს ამ ოლქში ასეთი სასწაული მოხდა: ერთი ვაცი საჯაროდ დაწვა ქალთან და ეს მოხდა ადამიანთა თვალწინ.
       47. ეგვიპტელებს ღორი უწმინდურ ცხოველად მიაჩნდათ. ჯერ ერთი, თუ რომელიმე ეგვიპტელი შემთხვევით შეეხება ღორს, როდესაც მის გვერდით ჩაივლის, მაშინვე გაეშურება მდინარისაკენ და ჩაეშვება შიგ თავის ტანისამოსიანად. მეორეც ის არის, რომ მთელი მოსახლეობიდან მხოლოდ მეღორეები, თუნდაც რომ წარმოშობით ეგვიპტელები იყვნენ, არ შედიან ეგვიტის არც ერთ ტაძარში, არც არავის უნდა მეღორეს მისცეს თავისი ასული ცოლად, არც მათი ქალები მიჰყავს ვისმე. ისე რომ, მეღორეები ერთმანეთს აძლევენ ქალებს ცოლად და ერთმანეთის ქალებს თხოულობენ. ეგვიპტელებს ნება არა აქვთ, რომ ღორი ღვთაებებს შეწირონ, გარდა მთვარისა და დიონისესი, ისიც ერთსა და იმავე დროს; სავსე მთვარის დროს მსხვერპლად სწირავენ ღორებს და შემდეგ ჭამენ მათ ხორცს. თუ რატომაა, რომ სხვა დღესასწაულზე არ აჭაჭანებენ ღორებს, ხოლო ამ დღესასწაულზე სწორედ მათ სწირავენ მსხვერპლად, ამის შესხებ ეგვიპტელები მოგვითხრობენ ამბავს, რომელიც მე, მართალია ვიცი, მაგრამ შეუფერებლად მიმაჩნია მისი გადმოცემა. ღორების ეს შეწირვა მთვარისათვის ასე ხდება: როდესაც ქურუმი მას დაჰკლავს, ერთად დადებს კუდის წვერს, ელენთასა და მუცლის ქონბადეს, დაჰფარავს ყოველივე ამას ცხოველის მუცლის ქონით და შემდეგ ცეცხლს წაუკიდებს. ხოლო დანარჩენ ხორცს ჭამენ იმ სავსე მთვარის ღამეს,50 როდესაც სამსხვერპლო საქონლის შეწირვა მოხდა, სხვა დღეს კი ამას პირსაც არ აკარებენ. ღარიბები თავისი გაჭირვებული ცხოვრების გამო ცომისაგან ძერწავენ ღორებს, გამოაცხობენ და იმას სწირავენ მსხვერპლად.
       48. დიონისეს დღესასწაულის წინა საღამოს თითოეული ეგვიპტელი კლავს გოჭს თავისი კარების წინ და დაკლულ გოჭს უკან ატანს იმ მეღორეს, რომელმაც ის მიჰყიდა. დიონისემდე მიძღვნილ დღესასწაულს ეგვიპტელები სხვაფრივ თითქმის ისე ატარებენ, როგორც ელინები, მხოლოდ ფერხულებს არ აბამენ, თუმცა ფალოსების მაგივრადაც მათ დახლოებით წყრთის ოდენა ქანდაკებები გამოიგონეს, რომლებიც მოძრაობენ კანაფების საშუალებით. ეს ქანდაკებები სოფელ-სოფელ დააქვთ ქალებს, ამ დროს ამ ქანდაკებების სარცხვინელი, რომელიც ბევრად ნაკლები არ არის დანარჩენ სხეულზე ზემოთ და ქვემოთ მოძრაობს. ამ პროცესიას წინ მიუძღვის ავლოსი, ხოლო მას მისდევენ ქალები, რომლებიც უგალობენ დიონისეს. ერთი წმინდა თქმულება არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ არის სარცხვინელი ამოდენა და რატომაა, რომ მთელი სხეულიდან მხოლოდ ის მოძრაობს.
       49. მე ვფიქრობ, რომ მელამპუს51 ამითეონის ძისათვის ეს მხვერპლშეწირვა უცნობი არ იყო, პირიქით ის ამ საქმის კარგი მცოდნე ჩანს. სწორედ მელამპუსი იყო, რომელმაც გაავრცელა ელინებში დიონისეს სახელი, მისითვის მხვერპლშეწირვა და ფალოსის საზეიმო ტარება. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მან მთლიანად და დაწვრილებით ვერ აჩვენა ელინებს ეს ამბავი, რაც მისმა მომდევნო ბრძენმა კაცებმა ბევრად უკეთ შეიძლეს. რაც შეეხება ფალოსს, რომელსაც დიონისეს პატივსაცემად დაატარებენ, ის მელამპუსის შემოტანილია და რასაც აკეთებენ ელინები, მისი კეთება სწორედ მელამპუსისაგან ისწავლეს. მე ვამტკიცებ, რომ მელამპუსმა, რომელიც ბრძენი კაცი იყო და მისნობას დაუფლებული, ბევრი რამ შეითვისა ეგვიპტეში, აქედან ელინებმა შეიტანეს და მათ შორის დიონისეს კულტიც, მხოლოდ მცირეოდენი ცვლილებით. რადგან მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ ის, რაც კეთდება ეგვიპტეში და ის, რასაც აკეთებენ ელინები ამ ღმერთის მიმართ, შემთხვევითაა ერთმანეთის მსგავსი. ასე რომ ყოფილიყო, მაშინ ის ელინთა ჩვევების შესაბამისი იქნებოდა და არა ახლად შეტანილი მათში. ვერ ვიტყვი აგრეთვე იმასაც, რომ ეგვიპტელებმა ელინთაგან გადმოიღეს ეს ან სხვა რომელიმე ჩვევა. მე უფრო იმას ვფიქრობ, რომ მელამპუსმა დიონისეს კულტის შესახებ შეიტყო ტიროსელი კადმოსისაგან და მათგან, ვინც მასთან ერთად მივიდა ფინიკიიდან ამჟამად ბეოტიად52 წოდებულ ქვეყანაში.
       50. ელადაში თითქმის ყველა ღმერთის სახელი ეგვიპტიდანაა შემოსული, რომ ეს სახელები ბარბაროსთაგან არის გადმოღებული, ეს დანამდვილებით შევიტყვე გამოკითხვის შედეგად, ხოლო მე კი უფრო ის მეგონა, რომ სწორედ ეგვიპტიდან შემოვიდა ელადაში ეს სახელები, გარდა პოსეიდონისა და დიოსკურებისა, რის შესახებაც ზემოთ ვილაპარაკე,53 ჰერას, ჰესტიას, თემიდის, ქარიტების, ნერეიდებისა და ყველა სხვა ღმერთების სახელები ეგვიპტელების ქვეყანაში ცნობილი იყო იმთავითვე. მე იმას ვამბობ, რასაც ამბობდენ თვით ეგვიპტელები.54 ღმერთების სახელები, რომლებზედაც ეგვიპტელები ამბობენ არ ვიცითო, მე ვფიქრობ, დარქმეულია პელაზგების მიერ, გარდა პოსეიდონისა. ამ ღმერთის შესახებ ელინებმა გაიგეს ლიბიელთაგან, რადგან ლიბიელების გარდა არსად ყოფილა პოსეიდონის სახელი გავრცელებული დასაბამიდან. ლიბიელები კი მუდამ პატივს სცემდნენ ამ ღმერთს. გმირებიც სრულიად არ სწამდათ ეგვიპტელებს.
       51. ესეც და ამას გარდა სხვაც, რის შესახებაც ვილაპარაკებ, ელინებს ეგვიპტელთაგან გადმოუღიათ; ხოლო ჰერმესის ქანდაკებათა კეთება გამართული სარცხვინელით ეგვიპტელთაგან კი არ უსწავლიათ, არამედ პელაზგებისგან და პელაზგთაგან ელინთა შორის პირველად ათენელებმა გადმოიღეს, ხოლო ამათგან  დანარჩენებმა. პელაზგები ათენელების მეზობლები გახდნენ მათსავე ქვეყანაში მაშინ, როდესაც ათენელები უკვე ელინებად იქცნენ. აქედან იყო, რომ დაიწყო პელაზგების ელინებად მიჩნევაც. ხოლო ვისაც კი მიუღია მონაწილეობა კაბირთა მისტერიებში, რომელსაც სამოთრაკელები ასრულებენ (და რაც მათ პელაზგებისგან გადმოიღეს), ის უთუოდ გაიგებს, რასაც მე ვამბობ, რადგენ ეს პელაზგები, რომლებიც ათენელების მეზობლები გახდნენ, უწინ სამოთრაკზე ცხოვრობდნენ და ამათგან გადმოიღეს სამოთრაკელებმა მისტერიები. ხოლო ჰერმესის ქანდაკების კეთება გამართული სარცხვინელით ელინთა შორის პირველად ათენელებმა ისწავლეს პელაზგებისაგან, ხოლო პელაზგები ამის შესახებ რაღაც წმინდა თქმულებას გადმოსცემენ, რაც ცხადდება ხოლმე სამოთრაკეში მისტერიების დროს.
       52. როგორც მე დოდონეში მოვისმინე და შევიტყვე, პელაზგები პირველად ყოველგვარ მხვერპლშეწირვასა და ლოცვას ღმერთების მიმართ ისე ახდენდნენ, რომ სახელით ან ზედწოდებით არ მიმართავდნენ არც ერთ მათგანს, რადგან არ გაეგონათ ასეთი არაფერი. ხოლო ღმერთები უწოდეს მათ იმის გამო, რომ ისინი ათავსებდნენ ყოველგვარ საგნებს რიგზე და ანაწილებდნენ ყოველივეს. ხოლო ამის შემდეგ დიდმა დრომ რომ განვლო, პელაზგებმა შეიტყვეს ეგვიპტიდან შემოსული სხვადასხვა ღმერთების სახელები, დიონისეს სახელი კი ბევრად უფრო გვიან გაიგეს. ხანი რომ გავიდა, პელაზგებმა, სახელთა შესახებ დოდონეში55 იკითხეს. ეს სამისნო უძველესად ითვლებოდა ელინთა სამისნოებს შორის. ხოლო ამ დროს ის ერთადერთი იყო. როდესაც იკითხეს დოდონეში პელაზგებმა, მიიღონ თუ არა ბარბაორსთაგან მოსული სახელები, სამისნომ ურჩია მიღება. ამ დროიდან მსხვერპლშეწირვის დროს ღმერთებს სახელებით მოიხსენიებდნენ ხოლმე. ხოლო შემდეგ პელაზგებისაგან ელინებმა გადაიღეს ეს ჩვევა.
       53. საიდან წარმოიშვა თითოეული ღმერთი ან თუ არსებობენ ყველანი მუდამ, ან რანაირები იყვნენ ისინი შესახედავად, ამის შესახებ ელინებმა არაფერი იცოდნენ ამ ცოტა ხანამდე. მე ვფიქრობ, რომ ჰესიოდე და ჰომეროსი ჩემზე 400 წლით ადრე ცხოვრობდნენ  და არა უფრო მეტით.57 ესენი იყვნენ, რომელთაც შეუქმნეს ელინებს ღმერთების წარმოშობის ისტორია, დაარქვეს ღმერთებს სახელები, გაუნაწილეს მათ პატივი და ხელოვნება და აღწერეს მათი გარეგნობა. ხოლო პოეტები, რომელთა შესახებაც ამბობენ, რომ ჰომეროსზე და ჰესიოდეზე უწინ იყვნენო, მე ვფიქრობ, რომ ამათ შემდეგ ცხოვრობდნენ. პირველი ნაწილი ამ ცნობებისა დოდონის ქურუმმა ქალებმა მოგვითხრეს, ხოლო შემდგომი, რაც ეხება ჰესიოდესა და ჰომეროსს, მე მეკუთვნის.
       54. იმ სამისნოების შესახებ, რომელთაგან ერთი ელინთა შორისაა, ხოლო მეორე ლიბიეშია, ეგვიპტელები შემდეგ ამბავს მოგვითხრობენ: თებელი ზევსის ქურუმებმა მითხრეს, რომ ორი ქურუმი ქალი წაუყვანიათ თებედან ფინიკიელებს და ერთი მათგანი, როგორც მე შევიტყვე, გაუყიდიათ ლიბიეში, ხოლო მეორე  ელინებში. აი, ეს ქალები იყვნენ, რომელთაც პირველებმა დაარსეს სამისნოები ზემოხსენებულ ხალხებშიო. ხოლო როდესაც მე ვკითხე, თუ საიდან იციან ასე დაბეჯითებით, რომ ლაპარაკობენ, მათ მითხრეს, რომ დიდხანს ეძებდნენ ამ ქალების ასავალ-დასავალს, მაგრამ ვერ შეძლეს მათი პოვნა, მხოლოდ შემდეგი შეიტყვეს მათ შესახებ ის, რასაცა ამბობენ.
       55. ეს მე მოვისმინე თებეში ქურუმთაგან, ხოლო დიდონის წინასწარმეტყველი ქალები შემდეგ ამბობენ: ორი შავი მტრედი აფრენილა ეგვიპტის თებედან, იმათგან ერთი ლიბიეში დამჯდარა, ხოლო მეორე მათთან მოფრენილა. ეს დაჯდა მუხაზე და ადამიანური ხმით დაილაპარაკა, რომ აქ ზევსის სამისნო უნდა იყოსო. დოდონის მცხვორებლებმა ეს გამოცხადება ღვთის ნებასურვილად მიიღეს და ამის შესაბამისად მოიქცნენ. ამბობენ, რომ ლიბიელებში წასულმა მტრედებმა უბრძანა ლიბიელებს, ამონის სამისნო დაეარსებინათ. ესეც ხომ ზევსის სალოცავია. ეს მიამბეს დოდონის ქურუმმა ქალებმა, რომელთაგან ყველაზე უფროსს ერქვა პრომენება, მის მომდევნოს  ტიმარეტე, ხოლო ყველაზე უმცროსს  ნიკანდრე. მათივე აზრისა იყვნენ სხვა დოდონელები, რომლებიც ამავე საოცავს ემსახურებოდნენ.
       56. მე კი ამის შესახებ ამ აზრისა ვარ: თუკი ფინიკიელებმა მართლაც წაიყვანეს წმინდა ქალები და ერთი მათგანი ლიბიეში გაჰყიდის, ხოლო მეორე ელადაში, მე ვფიქრობ, რომ ეს ქალი გაიყიდა დღევანდელი ელადის სწორედ იმ ნაწილში, რომელსაც უწინ პელაზგიე ეწოდებოდა, სახელდობრ თესპროტებით დასახლებულ ნაწილში. შემდეგ მან, მონობაში მყოფმა, დააფუძნა აქ, მუხის ქვეშ, ზევსის სამლოცველო. რაც სრულიად ბუნებრივი იყო; რაკიღა თებეში ის ზევსის ტაძარს ემსახურებოდა, აქ რომ მოვიდა, მისი ხსოვნა მაინც ჰქონდა. ხოლო შემდეგ ელინთა ენა რომ ისწავლა, დააწესა სამისნო. მანვე თქვა, რომ მისი და გაყიდულია ლიბიეში იმავე ფინიკიელების მიერ, რომელთაც ის თვითონ გაჰყიდეს.
       57. ჩემი აზრით, დოდონელებმა ამ ქალებს იმიტომ უწოდეს მტრედები, რომ ქალები ბარბაროსები იყვნენ და დოდონელებს ეჩვენებოდათ, რომ ისინი ჩიტების მსგავსად ლაპარაკობდნენ. დოდონელები ამბობენ, ხანი რომ გავიდა, მტრედი ადამიანის ენაზე ალაპარაკდაო, ე.ი. ეს მოხდა მაშინ როდესაც ქალმა გასაგები რაღაც სთქვეა, ვიდრე ის ბარბაროსულად ლაპარაკობდა, მათ ეგონათ, რომ ჩიტსავით ლაპარაკობსო, აბა როგორ შეიძლება, რომ მტრედმა ადამიანის ენით ილაპარაკოს? ისინი რომ ამბობენ, მტრედი შავი იყოო, ამით იმას გვანიშნებენ, რომ ქალი ეგვიპტელი იყო. მართლაც და მისნობა ეგვიპტის თებესა და დოდონეში ერთმანეთის მსგავსია. სამსხვერპლო მისნობაც საქონელზე აგრეთვე ეგვიპტიდან არის შემოსული ელადაში.
       58. წინასწარმეტყველების მეთოდი თებეში58 აქ იგივეა, როგორიც დოდონეში. ეგვიპტელები მართავდნენ სახალხო დღესასწაულებს, ტრიუმფებსა და საზეიმო პროცესებს, ელინებს კი ეს ყოველივე მათგან უსწავლიათ. ამის საბუთად მე შემდეგი მაქვს: ეგვიპტელებთან ეს ამბები დიდი ხანია, რაც ხდება, ხოლო ელინებთან ის ახლახან დაწესდა.59
       59. ეგვიპტელები სახალხო დღესასწაულს წელიწადში ერთხელ კი არ აწყობენ, არამედ საკმაოდ ხშირად, განსაკუთრებით ხალისით კი მართავენ ამას ქალაქ ბუბასტისში არტემიდეს პატივსაცემად, ხოლო მეორე სახალხო დღესასწაული იმართება ქალაქ ბუსირისში, ისისის პატივსაცემად. ამ ქალაქში არის ისისის უდიდესი ტაძარი, ხოლო თვით ეს ქალაქი ეგვიპტის დელტის შუაშია დაფუძნებული. ელინთა ენაზე ისისი დემეტრეა. მესამე სახალხო დღსასწაულს ქალაქ საისში მართავენ ათენას პატივსაცემად. მეოთხეს  ჰელიოპოლისში ჰელიოსის, მეხუთეს  ბუტოში ლეტოსას, ხოლო მეექვსეს, ქალაქ პაპრემისში  არესის განსადიდებლად.60
       60. ხოლო როდესაც ისინი ქალაქ ბუბასტისში მიდიან, გზაში ასე იქცევიან: კაცები ქალებთან ერთად მიცურავენ და თითოეულ ნავში დიდი რაოდენობაა ორივე სქესისა. ზოგიერთ ქალს ფიფინები უჭირავს და იმას ატკაცუნებს, ხოლო კაცები კიდევ ავლოსებზე უკრავენ მთელი მგზავრობის განმავლობაში; დანარჩენი ქალები და კაცები მღერიან და ტაშს უკრავენ. როდესაც რომელიმე ქალაქთან მიცურდებიან, ნავს მიაყენებენ ნაპირზე და ასე იქცევიან: ზოგიერთი ქალი იმასვე აკეთებს, რაც უკვე ითქვა, ხოლო ზოგიერთი კი დასცინის და უყვირის ამ ქალაქის ქალებს. ზოგი ქალი ცეკვავს, დანარჩენი ქალები ფეხზე დგებიან და შიშვლდებიან. ამას სჩადიან ყველა ქალაქში, რომელიც გზაზე მდინარის პირასაა, ხოლო როდეასც მიაღწევენ ბუბასტისს, იქ აწყობენ დღსასწაულს დიდი მსხვერპლშეწირვებით და ყურძნის ღვინო უფრო მეტი იხარჯება ამ დღესასწაულზე, ვიდრე მთელი დანარჩენი წლის განმავლობაში. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები მოგვითხრობენ, ბავშვები რომ არ ჩავთვალოთ, კაცები და ქალები დაახლოებით 700000 იყრის თავს.
       61. ასე ხდება ბუბასტისში, ხოლო ქალაქ ბუსირისში, როგორ ატარებენ ისინი დღესასწაულს, ამის შესახებ ზემოთ ვთქვი.61 მსხვერპლშეწირვის შემდეგ ყველა ქალი და კაცი, მრავალ ათიათასზე მეტი, გულს იმჯიღავს, ხოლო თუ ვის გამო იმჯიღავენ, ამის შესახებ ლაპარაკი ჩემგან მკრეხელობა იქნებოდა.62 ხოლო ეგვიპტეში მცხოვრები ყველა კარიელი კიდევ უფრო მეტ სიშლეგეს იჩენს  სახეებს დანებით იჭრიან და ამის მიხედვით სრულიად ცხადია, რომ ისინი უცხოელები არიან და არა ეგვიპტელები.
       62. ხოლო როდესაც ქალაქ საისში მოიყრის ხალხი თავს მხვერპლშესაწირავად, ერთ-ერთ ღამეს ყველანი მრავალ სანათურს ანთებენ სახლების ირგვლივ ღია ცის ქვშ, სანთურები წარმოადგენენ ფიალას, რომელიც სავსეა მარილითა და ზეთით, ხოლო ზემოთ არის პატრუქი, ესენი ანთია მთელ ღამეს, ხოლო დღესასწაულს ეწოდება, სანთურთა ანთების  დღესასწაული. ის ეგვიპტელები, ვინც ვერ მიდიან ამ სახალხო დღესასწაულზე, ამ მსხვერპლშეწირვის ღამეს თვითონაც ასრულებენ რიტუალს, ანთებენ ყველანი სანათურებს, ისე რომ, ამ ღამეს მხოლოდ საისში კი არ არის დანთებული სანათურები, არამედ მთელს ეგვიპტეში.63 თუ რის გამოა, რომ ამ ღამეს შუქი და პატივი ხვდა წილად, ამის შესახებ ერთ წმინდა ამბავს მოგვითხრობენ.
       63. ისინი, ვინც დადიან ჰელიოპოლისსა და ბუტოში, მხოლოდ მსხვერპლშეწირვას ახდენენ, ხოლო პაპრემისში მსხვერპლშეწირვასაც ახდენენ და მთელ რიტუალსაც ისევე ასრულებენ, როგორც სხვაგან: მზის ჩასვილისას რამდნეიმე ქურუმი ქანდაკების ირგვლივ ფუსფუსებს, ხოლო უმეტესობა ამ ქურუმთაგან ხის კვერთხებით დგას სალოცავის შესასვლელში. სხვები, რომელნიც აღთქმას ასრულებენ, 1000-ზე მეტნი არიან, თითოეულ მათგანს ასევე კვერთხი უჭირავს და ესენი მეორე მხარეს დგანან შეგროვებულები. ქანდაკება, რომელიც ხის პატარა მოოქრულ ტაძარშია, წინა დღით მიაქვთ სხვა წმინდა სამყოფელში. ის მცირედნი ქურუმთაგან, რომლებიც ქანდაკების ირგვლივ იყვნენ დარჩენილნი, მოათრევენ ოთხბორბლიან ურემს, რომლითაც მოაქვთ ტაძარი და ტაძარში მოთავსებული ქანდაკება; კარიბჭესთან მდგარნი არ აძლევენ მათ შესვლის საშუალებას, ხოლო აღთქმის შემსრულებლები ესარჩლებიან ღმერთს და ურტყამენ დამბრკოლებლებს, ესენი კი თავს იცავენ. ამრიგად, აქ სასტიკი კომბლების ტრიალი იმართება, ერთმანეთს თავებს უმტვრევენ და, როგორც მე ვფიქრობ, ბევრი იხოცება კიდევაც ჭრილობებისაგან.64 თუმცა ეგვიპტელები ამბობენ, არავინაც არ იხოცებაო. ხოლო ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ეს სახალხო დღესასწაული მათი შემდეგი ამბის მერე დაუწესდათ: ამ სალოცავში ცხოვრობდა არესის დედა; ხოლო არესი,65 რომელიც სხვაგან იყო გაზრდილი, დავაჟკაცების შემდეგ მოვიდა და მოინდომა დედას დაკავშირებოდა; დედის მსახურთ, რადგანაც მათ ის უწინ არ ენახათ, არ უნდოდათ მისი შეშვება, ის კი არა იგერიებდნენ. მაგრამ არესმა სხვა ქალაქიდან მოიყვანა კაცები, სასტიკად მოექცა მსახურებს და შევიდა დედასთან. აი, ამბობენ, რომ ამის მერე დაწესდა არესის ამ დღესასწაულზე ეს ცემა-ტყეპა.
       64. ეგვიპტელები არიან პირველები, რომელთაც დააწესეს ის, რომ სალოცავებში ქალებთან არ დაწოლილიყვნენ და ქალებთან ურთიერთობის შემდეგ სალოცავებში განუბანელი არ შესულიყვნენ. მართლაც და თითქმის ყველა სხვა ხალხი, ეგვიპტელთა და ელინთა გარდა, სალოცავებში წვებიან ქალებთან და მათგან რომ წამოვლენ, განუბანელნი შედიან სალოცავში, რადგან მიაჩნიათ, რომ ადამიანებსა და სხვა ცხოველებს შორის არაა განსხვავება, ეს იმიტომ, რომ ხედავენ სხვადასხვა ცხოველებს და ფრინველთა ნაირნაირ ჯიშებს, რომლებიც გრილებიან ღმერთების ტაძრებშიც და წმინდა ჭალებშიც; ხოლო ღმერთისათვის რომ ეს სასურველი არ ყოფილიყო, ამას ცხოველებიც არ გააეკთებდნენო. ისინი კი აკეთებენ ასე და ამგვარად ასაბუთებენ, მაგრამ მე მაინც არ მომწონს.
       65. ეგვიპტელები ზედმიწევნით იცავენ ყველა რიტუალს, რაც ეხება ღვთისმსახურებას და სხვათა შორის შემდეგსაც. მართალია, ეგვიპტე ლიბიის მეზობლადაა, მაგრამ გარეული მხეცები იქ მაინცდამაინც ბევრი არ არის. სამაგიეროდ ყველა ცხოველი, რაც კი ეგვიპტეში, სალოცავად არის მიჩნეული, ისინიც, რომლებიც ადამიანებს თავისთვის ჰყავთ და ისინიც, რომლებიც თავისთან არა ჰყავთ. მე რომ მოგითხროთ, თუ რის გამო ეპყრობიან მათ, როგორც სალოცავებს, მაშინ ღვთაებრივი საქმიანობის შესახებაც უნდა მოგითხროთ, ამის მოყოლას კი მე განსაკუთრებით გავურბივარ, ხოლო რაც აქამდე ვთქვი მათ შესახებ, ეს იმიტომ მოხდა, რომ იძულებული ვიყავი მეთქვა. ცხოველთა მიმართ კი მათ ასეთი ჩვეულება აქვთ: ეგვიპტელთაგან ზედამხედველებად არიან დაყენებული როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, ცალკე თითოეული ჯიშის მოსავლელად, ისე რომ, შვილი მამისგან ღებულობს ამ თანამდებობას. ხოლო მოსახლეობა ქალაქებში მათ მიმართ შემდეგ აღთქმას ასრულებს: ჯერ ლოცულობენ იმ ღმერთის მიმართ, რომლისთვისაც განკუთვნილია ესა თუ ის ცხოველი, შემდეგ თავის შვილებს კრეჭენ ან მთელ თავს, ან მის ნახევარს, ან თავის ერთ მესამედ ნაწილს, სასწორზე სდებენ ამ თმას და ვერცხლზე სწონიან. რამდენ ვერცხლსაც აიწონის, იმას ცხოველთა მომვლელ ქალს აძლევენ. აი, ასეთი საჭმელი ეძლევათ მათ. თუ კი ვინმემ განზრახ მოკლა ამ ცხოველთაგან რომელიმე, მას მიესჯება სიკვდილი, ხოლო თუ უნებლიედ შემოაკვდა, მაშინ იხდის იმ ჯარიმას, რასაც მას ქურუმები დაუწესებენ. ხოლო ვინმემ თუ მოკლა წერო ან ძერა, იქნება ეს ნებით, თუ უნებლიეთ, იგი აუცილებლად სიკვდილით ისჯება.
       66. მიუხედავად იმისა, რომ შინაური ცხოველები ძალიან ბევრია, კიდევ უფრო მეტი იქნებოდა, კატებს რომ შემდეგი ზნე არ სჭირდეთ: როდესაც ძუ კატები კნუტებს დაჰყრიან, აღარ დაეხეტებიან ხვადებთან. ხვადები კი მოწადინებული არიან მათთან კავშირს, მაგრამ არ გამოუდით. ამის გამო ხვადები შემდეგ ხრიკს მიმართავენ: ისინი სტაცებენ ძუ კატებს კნუტებს და უხოცავენ, მაგრამ არ სჭამენ. უშვილოდ დარჩენილ ძუებს ძალიან უნდათ, რომ სხვები მაინც გაიჩინონ და ამიტომ მიდიან ხვადებთან; ეს ცხოველი ხომ ძალიან შვილთმოყვარულია. თუ ხანძარი გაჩნდა, საოცარი საქმე ემართბათ კატებს: ეგვიპტელები ჩამომწკრივდებიან და კატებს დარაჯობენ (სულაც არ ზრუნავენ ცეცხლის ჩაქრობაზე), კატები კი უსხლტებიან მათ, გადაახტებიან თავზე ადამიანებს და ცეცხლში ცვივიან. ეს დიდად აწუხებს ეგვიპტელებს. თუ რომელიმე სახლში თავისი სიკვდილით მოკვდა კატა, ოჯახის ყველა წევრი იპარსავს მხოლოდ წარბებს. ხოლო თუ მოკვდა ძაღლი, მაშინ იპარსავს მთელ სხეულსა და თავს.66
       67. მკვდარი კატები გადააქვთ სალოცავ ნაგებობებში, სადაც მარხავენ დაბალზამებულს და ეს ხდება ქალაქ ბუბასტისში. ძაღლებს კი თითოეული თავის ქალაქში მარხავს, წმინდა აკლდამაში. სინდიოფალებსაც ისევე მარხავენ, როგორც ძაღლებს. ხოლო თხუნელები და ძერები მიაქვთ ქალაქ ბუტოში, წეროები კიდევ  ჰერმესის ქალაქში. დათვებს, რომლებიც ძალიან ცოტანი არიან და მგლებს, რომლებიც მელიებზე ბევრად დიდები არიან, მარხავენ იქვე, სადაც პოულობენ მათ გვამებს.
       68. ნიანგებს ასეთი ბუნება აქვთ: ყველაზე უფრო ცივ, ზამთრის ოთხ თვეს არაფერს ჭამს ეს ცხოველი, რომელიც ოთხფეხია და ცხოვრობს ხმელეთზედაც და ჭაობშიც. იგი სდებს კვერცხს მიწაზე და იქვე სჩეკს, დღის მეტ წილს ატარებს ხმელეთზე, ხოლო მთელ ღამეს არის მდინარეში, რადგანაც წყალი უფრო თბილია ჰაერსა და ცვარზე. ჩვენთვის ცნობილ ყველა სულდგმულს შორის ეს ერთადერთი ცხოველია, რომელიც სულ პატარა ჩნდება და ძალიან დიდი კი იზრდება. მართლაც და ნიანგი ბატის კვერცხზე ბევრად უფრო დიდ კვერცხს არ სდებს, ახლად გამოჩეკილი ნიანგი დაახლოებით კვერცხის ოდენაა, ხოლო რომ გაიზრდება, 17 წყრთაა და კიდევ უფრო მეტი. თვალები ღორისა აქვს, კბილები დიდრონი, ხოლო ეშვები სხეულის შესაფერისი. მხეცთა შორის მხოლოდ მას არა აქვს ენა. ნიანგის ქვედა ყბა უძრავია და ცხოველთა შორის ესაა, რომ ზედა ყბას ამოძრავებს ქვედა ყბისაკენ. მას მაგარი ბრჭყალები აქვს, ხოლო ტყავი  ქერცლიანი და ზურგზე ისეთი, რომ მისი გაგლეჯა არ შეიძლება. წყალში ის ბრმაა, ხოლო ჰაერზე უაღრესად მახვილი მზერა აქვს. რადგან იგი ჩვეულებრივ წყალში ცხოვრობს, მთელი პირის ღრუ სავსე აქვს წურბელებით.67 ყველა ფრინველი და ცხოველი გაურბის ნიანგს, მხოლოდ ჭინჭრაქას არ ერჩის იგი, რადგან ის მისთვის სასარგებლოა: როდესაც ნიანგი წყლიდან ხმელეთზე გამოდის და პირს დააღებს (ჩვეულებრივ ის ამას ყოველთვის დასავლეთის ქარის მიმართულებით აკეთებს), მაშინ ჭინჭრაქა შედის მის პირში და ყლაპავს წურბელებს. ეს ესიამოვნება ნიანგს და არაფერს უშავებს ჭინჭრაქას.
       69. ზოგიერთ ეგვიპტელს ნიანგი წმინდად მიაჩნია, ზოგიერთს არა, და ესენი ნიანგს მტრულად ექცევიან. განსაკუთრებით წმინდად მიაჩნია იგი თებეს მიდამოს და მოერისის ტბის მახლობლად მცხოვრებლებს.68 ყველა ეგვიპტელთა შორის ამ ორი მხარის მცხოვრებლები არიან, რომ ერთნი ნიანგს ზრდიან, იშინაურებენ მას. ყურებში უკეთებენ მინისა და ოქროს საყურეებს, ხოლო წინა თათებზე  რგოლებს. აძლევენ განსაკუთრებულ საჭმელს და მსხვერპლსა სწირავენ. განსაკუთრებით სცემენ პატივს მას სანამ ცოცხალია, ხოლო როდესაც კვდება, დააბალზამებენ და მარხავენ წმინდა აკლდამაში. ხოლო ქალაქ ელეფანტინეს მიდამოში მცხოვრებლები ნიანგს კიდევაც სჭამენ და არც მიიჩნევენ მას წმინდად. ეს ცხოველი ნიანგად კი არ იწოდება, არამედ ქამფსად.69 ნიანგები მათ იონიელებმა უწოდეს, რადგან ისინი გარეგნობით მიამსგავსეს მათში გავრცელებულ იმ ხვლიკებს, რომლებიც კედლებზე არიან ხოლმე.
       70. ნიანგის დაჭერის ბევრი და მრავალგვარი ხერხი არსებობს. მათგან იმას ავწერ, რომელიც ყველაზე უფრო ღირსეულად მიმაჩნია: მონადირე კავზე წამოცმულ ღორის ბეჭს შუა მდინარეში ჩაუშვებს ნიანგის მისაზიდად, ხოლო თვითონ მდინარის ნაპირას დგას, უჭირავს ცოცხალი გოჭი და სცემს მას. ნიანგი ხმას რომ გაიგონებს, მისკენ მოეშურება, გადაეყრება ბეჭს და გადაყლაპავს, ხოლო მონადირეები მას მოათრევენ. ნაპირზე გამოთრეულს მონადირე, უწინარეს ყოვლისა, ტალახით ამოუგლესს თვალებს, რის შემდეგაც ძალიან ადვილია მისი დამორჩილება, ხოლო ეს რომ არ გააკეთოს, მაშინ გაუჭირდება.
       71. ჰიპოპოტამები პაპრემისის ოლქში წმინდად არიან მიჩნეულნი,70 ხოლო სხვა ეგვიპტელთათვის ისინი წმინდანები არ არიან. მათ ასეთი გარეგნობა აქვთ: ის ოთხფეხა ცხოველია, ორმაგი, ხარის ჩლიქით, ნოღა, ფაფარი აქვს ცხენისა, გამოჩენილი ეშვები, კუდი და ხმა ცხენისა, ხოლო სიდიდით ვეება ხარს უტოლდება, კანი ისეთი სქელი აქვს, რომ, როდესაც ის გახმება, მისგან აკეთებენ შუბის ტარებს.
       72. მდინარეში ბინადრობენ წავებიც,71 რომლებიც წმინდად არიან მიჩნეული. თევზთა შორის წმინდად ითვლებიან ეგრეთწოდებული ლეპიდოტი72 და გველთევზა. ამბობენ, რომ ეს თევზები ნილოსისადმი არიან შეწირულნი, ხოლო ფრინველთაგან წმინდა არის ეგრეთწოდებული მელა-ბატი.
       73. არის კიდევ სხვა წმინდა ფრინველი, სახელად ფენიქსი.73 მე ის არ მინახავს, მინახავს მარტო მისი გამოსახულება, რადგან ის ძალიან იშვიათად მოდის, დახლოებით 500 წელიწადიში ერთხელ, როგორც ჰელიოპოლისის მოსახლეები ამბობენ, რომ ის მხოლოდ მაშინ მოდის, როდესაც მამა უკვდება. თუ გამოსახულება ჰგავს მას, ის სიდიდითა და შესახედაობით ასეთია: მისი ფრთების ნაწილი ოქროსფერია და ნამდვილი წითელი. აღნაგობითა და სიდიდით განსაკუთრებით არწივსა ჰგავს. ამბობენ, რომ მას ასეთი რამ შეუძლია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ სარწმუნო არაა, რასაც ლაპარაკობენ: არაბიიდან მოდის ჰელიოსის სალოცავში, თან თურმე თავისი მამა მოაქვს მურში ჩადებული და მარხავს ჰელიოსის სალოცავში. ხოლო მამა თურმე ასე მოაქვს: პირველად ის აკეთებს მურისაგან კვერცხს, იმოდენას, რისი ტარებაც შეუძლია, შემდეგ სცდის მის ტარებას. ამ გამოცდის შემდეგ ის გამოღრუტნის კვერცხს საიმისოდ, რომ თავისი მამა შიგ შედოს, მერე მურითვე გამოლესავს იმ ადგილს, სადაც კვერცხი გამოიღრუტნა და მამა შედო. ხოლო მას მერე, რაც კვერცხი მამითურთ იმავე წონისა არის, რამდენსაც იწონიდა თავდაპირველად, გალესავს კვერცხს, წაიღებს მას ეგვიპტისაკენ ჰელიოსის სალოცავში. აი, ამბობენ, რომ ეს ფრინველი ამას აკეთებსო.
       74. თებეს მიდამოებში არიან წმინდა გველები, რომლებიც ადამიანებს არავითარ შემთხვევაში არ ვნებენ; ისინი სიდიდით პატარები არიან და ორი რქა აქვთ,74 რომლებიც ეზრდებათ თავის თხემიდან. ესენი რომ იხოცებიან, მათ მარხავენ ზევსის სამლოცველოში,75 რადგან ამბობენ, რომ ისინი ღმერთისათვის არიან განკუთვნილი.
       75. არაბიის ერთი ადგილია, რომელიც ქალაქ ბუტოსთან იქვე, ახლოს მდებარეობს და ამ ადგილას მოვედი. რომ შემეტყო ფრთოსანი გველების76 შესახებ. რომ მოვედი, აქ იმდენი ძვლები და ხერხემლები ვნახე, რომ შეუძლებელია გადმოცემა. დახროვებული ეყარა ხერხემლები, დიდები, უფრო მცირენი და ამათზე უფრო პატარები, და ეს ხროვები მრავალრიცხოვანი იყო.77 ხოლო ეს ადგილი, სადაც ხერხემლებია მიმოფანტული, ასეთია: მთების ვიწრობებიდან შესავალია დიდ დაბლობზე, ხოლო ეს დაბლობი ეკვრის ეგვიპტის დაბლობს. არსებობს გადმოცემა, რომ გაზაფხულზე ფრთოსანი გველები არაბიიდან ეგვიპტეში მოფრინავენ, ხოლო მათ ამ ქვეყნის შესავალში შეხვდებიან ფრინველები, იბისები,78 რომლებიც არა თუ არ ატარებენ გველებს, არამედ ხოცავენ. არაბების თქმით, ამიტომაა, რომ წეროებს ეგვიპტელები დიდ პატივს სცემენო. ეგვიპტელები ამავე აზრისა არიან და ამბობენ, რომ ამ ფრინველებს ამიტომ ვცემთ პატივსო.
       76. იბისს ასეთი შესახედაობა აქვს: იგი სულ მთლიანად შავია,79 ფეხები ყანჩისას მიუგავს, მოკაუჭებული ნისკარტი აქვს, ხოლო სიდიდით კრექსის ოდენაა. ასეთი შესახედაობისა არიან შავი წეროები, რომლებიც ებრძვიან გველებს. ხოლო იმ წეროებს, რომლებიც ადამიანებთან ახლოს ტრიალებენ (წეროები ხომ ორგვარია), ასეთი შესახედაობა აქვთ: თავი და მთელი კისერი სულ მოტიტვლებულია, ბუმბული მთლად თეთრია, გარდა თავისა, კისრისა, ფრთების ბოლოებისა და კუდის ბოლოს (ყოველივე ეს, რაც ჩამოვთვალე, არის შავი), ხოლო ფეხები და სახე ამ წეროს შავი წეროს მსგავსი აქვს. გველი გარეგნობით ჰგავს გველთევზას, მხოოდ მისი ფრთები უბუმბულოა და ძალიან ჰგავს ღამურის ფრთებს, ეს უნდა ითქვს წმინდა ცხოველების მიმართ.
       77. იმ ეგვიპტელებს, რომლებიც ეგვიპტის სამიწათმოქმედო მხარეში ცხოვრობენ, ადამიანთა შორის ყველაზე უკეთ შემორჩენიათ მოგონებები და ისინი ყველაზე მეტად განათლებულები არიან მათ შორის, ვინც კი მე გამოვცადე. ისინი ამგვარ ცხოვრებას ეწევიან: ყოველ თვეში სამ დღეს ზედიზედ იწმენდენ კუჭს და ჯანმრთელობის დასაცავად მიმართავენ ღებინებასა და ოყნებს, რადგან მიაჩნიათ, რომ ადამიანთა ყველა ავადმყოფობა წარმოსდგება იმ საკვებისაგან, რომელსაც ისინი სჭამენ. ყველა ხალხებს შორის ლიბიელების შემდეგ ეგვიპტელები არიან უფრო ჯანმრთელები და, როგორც მე ვფიქრობ, სწორედ ამინდის მიზეზით, რომელიც წლის დროების მიხედვით აქ ცვლილებას არ განიცდის. ხოლო ადამიანები ავადდებიან განსაკუთრებით ცვლილებასთან დაკავშირებით, ეს ეხება ყველა სხვა ცვლილებას და განსაკუთრებით კი ამინდისას. ისინი სჭამენ ველური ხორბლის პურს, რომელსაც კილესტისს80 უწოდებენ. ისინი სვამენ ქერისაგან დაყენებულ ღვინოს, რადგანაც მათ ქვეყანაში ვაზი არ ხარობს.81 თევზს ისინი ზოგს მზეზე ახმობენ და უმად სჭამენ. ფრინველთა შორის ისინი წინასწარ ამარილებენ და უმად სჭამენ მწყერებს, იხვებს და სხვა პატარა ფრინველებს. დანარჩენ ფრინველებს და თევზებს, რომლებიც მათ ჰყავთ (იმათ გარდა, რომლებსაც წმინდად მიიჩნევენ), ისინი შემწვარსა და მოხარშულს სჭამენ.
       78. შეძლებულთა წვეულების დროს, ნადიმის დამთავრებისას, კაცი ჩამოატარებს კუბოში ჩადებულ ხის მიცვალებულს, რომელიც შესანიშნავად არის გაკეთებული, როგორც მოხატულობის, ასევე ნაკეთობის მხრივ, რაც სიდიდით დაახლოებით წყრთა ან ორი წყრთაა; აჩვენებს თითოეულს წვეულთაგან და ეუბნება: ამას შეხედე, შესვი და იმხიარულე, რადგან, როდესაც მოკვდები, ამნაირი იქნები.82 ამგვარად იქცევიან ისინი თავიანთი ნადიმების დროს.
       79. ეგვიპტელები თავის მამა-პაპათა ჩვეულებებსაც იცავენ და სხვას არაფერს ღებულობენ. მათ ღირშესანიშნავ ჩვევათა შორის არის ერთი სიმღერა, ლინოსი,83 რომელსაც ეგვიპტის გარდა მღერიან ფინიკიაში, კიპროსზე და სხვაგანაც და რომელსაც სხვადასხვა ხალხებში სხვადასხვა სახელი ჰქვია, ეს იგივეა, რასაც ელინები მღერიან და ლინოსს უწოდებენ. ეგვიპტელთა ბევრი სხვა რამ მაკვირვებდა და მათ შორის ისიც, თუ საიდან გადაიღეს ლინოსი. ისე ჩანს, რომ ისინი მუდამ მღეროდნენ მას. ეგვიპტურად ლინოსს მანეროსი ეწოდება. ეგვიპტელთა ბევრი სხვა რამ მაკვირვებდა და მათ შორის ისიც, თუ საიდან გადაიღეს ლინოსი. ისე ჩანს, რომ ისინი მუდამ მღეროდნენ მას. ეგვიპტურად ლინოსს მანეროსი84 ეწოდება. ეგვიპტელებმა თქვეს, რომ ის იყო ეგვიპტის პირველი მეფის მხოლოდშობილი ძე და ის რომ უდროოდ მომკვდარა, ეგვიპტელებს მისთვის პატივი უციათ ამ სამგლოვიარო სიმღერით: ეს ყოფილა მათთვის პირველი და ერთადერთი სიმღერა.
       80. სხვა რამითაც ჰგვანან ეგვიპტელები ელინებს, მხოლოდ ელინთაგან მარტო ლაკედემონელებს; როდესაც ახალგაზრდები შეხვდებიან უფროსებს, უთმობენ გზას და განზე დგებიან, ხოლო როდესაც უფროსები მათ მიუახლოვდებიან, თუკი ახალგაზრდები სხედან, დგებიან სკამებინდან. სხვა არაფრით ჰგვანან ისინი ელითანგან არავის. ეგვიპტელები რომ ხვდებიან ერთმანეთს გზაზე, სიტყვიერი სალმის მაგივრად წელში იხრებიან იმდენად, რომ ხელს მუხლებს ქვემოთ იწვდენენ.
       81. ეგვიპტელები იცვამენ ტილოს კვართებს, წვივებთან ფოჩებით შემკულს, რასაც უწოდებენ კალასირისს. ამის ზემოდან ატარებენ თეთრი შალის ტანსაცმელს, წამოსხმულს; თუმცა შალის ტანსაცმლით შესვლა სამლოცველოებში, ანდა დამარხვა, არ შეიძლება, რადგან ცოდვათაა მიჩნეული. ეს წესი ეთანხმება ეგრეთ წოდებულ ორფიკულსა85 და ბაკქიკურ მისტერიებს, რომლებიც სინამდვილეში ეგვიპტურია და პითაგორული, ამ მისტერიების მონაწილისათვის არ შეიძლება შალის ტანსაცმელში დამარხვა. ამის შესახებ არსებობს ერთი წმინდა გადმოცემა.
       82. ეგვიპტელებს კიდევ ბევრი სხვა რამ აქვთ გამოგონებული: მაგ., თითოეული თვე და დღე ამა თუ იმ ღმერთთაგანისათვის არის განკუთვნილი. ყველას შეუძლია დაბადების დღის მიხედვით გაირკვევა, თუ ვის რა შეემთხვა, როგორ მოკვდება და თვითონ როგორი იქნება.86 ეს გამოიყენეს იმ ელინებმა, რომლებიც პოეზიას მისდევენ. მინიშნებები ეგვიპტელებს ბევრად უფრო მეტი აქვთ, ვიდრე ყველა სხვა ხალხს. როდესაც მინიშნება ხდება, მას იწერენ და უკვირდებიან შედეგს და თუ როდისმე, შემდეგ ამისა მსგავსი რაიმე მოხდა, ისინი მოელიან, რომ შედეგიც ასეთივე იქნება.
       83. მისნობის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ: ადამიანთაგან არავის ძალუძს ეს ხელოვნება, ხოლო ღმერთთაგან  ზოგიერთებს. აქ არის ჰერაკლეს სამისნო, აპოლონისა, ათენასი, არტემიდესი, არესისა და ზევსისა, ხოლო ყველა ამ სამინსოს შორის განსაკუთრებით მიჩნეულია ლეტოს სამისნო ქალაქ ბუტოში, მისნობა მათთან ყველგან ერთნაირად კი არ ხდება, არამედ სხვადასხვანაირად.
       84. ხოლო მკურნალობა მათთან შემდეგნაირად არის დანაწილებული: თითოეული მხოლოდ ერთი ავადმყოფობის მკურნალია და არა მრავალთა. ამიტომ ყველგან ბევრია ექიმები: ზოგი თვალის ექიმი, ზოგი  თავის, ზოგი  კბილისა, ზოგი  მუცლისა და ზოგიც უჩინარ სნეულებათა.87
       85. დატირება და დამარხვა მათ ასეთი იციან: როდესაც სახლში კვდება კაცი, ოჯახისათვის მნიშვნელოვანი პირი, ამ სახლის ყველა ქალი თავს ითხუპნის ტალახით, ხან სახესაც, შემდეგ ესენი სახლში სტოვებენ მიცვალებულს და თვითონ სარტყელშემორტყმულები და ძუძუებამოყრილები იმჯიღავენ მკერდს და დარბიან ქალაქში; ამათთან ერთად დარბიან მთელი მათი ნათესავი ქალები. თავის მხრივ კაცებიც მჯიღს იცემენ და ესენიც სარტყელშემორტყმულები არიან. ამის შემდეგ მიაქვთ გვამი დასაბალზამებლად.
       86. ეგვიპტეში არის ხალხი, რომელიც ამ საქმიანობას ეწევა და მან იცის ეს ხელობა. როდესაც მოუტანენ ამ პირებს გვამს, ისინი უჩვენებენ მომტანებს გვამების ნიმუშებს, მოხატულებს88 და ეუბნებიან: საუკეთესო მეთოდით დაბალზამებულია ის, ვისი სახელით მოხსენიებაც ამისთანა საქმეში მე უწმინდურად მიმაჩნია.89 უჩვენებენ აგრეთვე მეორეს, რომელიც ამაზე ნაკლებია და იაფია, და უჩვენებენ მესამეს, რომელიც ყველაზე იაფია. ამის შემდეგ ისინი ცდილობენ შეიტყონ თუ როგორ სურთ მათ გვამის შემზადება. ნათესავები შეუთანხმდებიან საფასურში და მიდიან, ხოლო სახლში დარჩენილი ხელოსნები დიდი გულმოდგინებით აბალზამებენ გვამს შემდეგნაირად: პირველად მოკაკული რკინით ტვინი გამოაქვთ ნესტოებიდან. მისი ნაწილი ასე გამოაქვთ, ხოლო მეორე ნაწილი იმით, რომ წამლებს ასხამენ შიგ. შემდეგ ბასრი ეთიოპიური ქვით ჰკვეთენ გვამს საზარდულზე, საიდანაც გამოაქვთ მთელი შიგნეულობა, გაწმენდენ ამ ღრუს, ჯერ გაჟღენთენ ფინიკის ღვინით და შემდეგ დანაყილი ნელსაცხებლებით.90 შემდეგ მუცლის ღრუს ავსებენ დანაყილი სუფთა მურით,91 კასიით92 და სხვა ნელსაცხებლებით, გარდა გუნდრუკისა და ისევე ჰკერავენ. ამას რომ მორჩებიან, აბალზამებენ გვამს ტუტიანი მარილით და ამაში ინახავენ 70 დღეს. ამაზე უფრო დიდხანს დაბალზამება არ შეიძლება. როდესაც გავა 70 დღე, გაჰბანენ გვამს და მთელ სხეულს ახვევენ თასმებად დაჭრილ თხელ ტილოში, რომელსაც წასმული აქვს კომი,93 რასაც წებოს მაგივრად ხმარობენ ეგვიპტელები მეტწილად. ამის მერე ნათესავები ღებულობენ გვამს, აკეთებენ ადამიანის სახის ხის გამოსახულებას, რომელშიც სდებენ გვამს, ხურავენ და ასე ინახავენ სასაფლაო აკლდამაში, სადაც ზეზეულად აყენებენ კედელთან.
       87. გვამის ასე დამუშავება ყველაზე ძვირი ჯდება. ხოლო ვისაც სურს, უფრო იაფად გამოვიდეს და თავიდან აიცილოს დიდი ხარჯი, მათთვის ამზადებენ შემდეგნაირად: ოყნას ავსებენ კედარის ზეთით94 და ამით უვსებენ მიცვალებულს მუცლის ღრუს, ისე რომ არც ჰკვეთენ მას და არც შიგნეულობას უღებენ, არამედ საჯდომიდან შეასხამენ და ამ სითხის უკან გამოსვლას აფერხებენ. ამის შემდეგ აბალზამებენ გვამს რამდენიმე დღის განმავლობაში. უკანასკნელ დღეს მუცლის ღრუდან უშებენ კედარის ზეთს, რომელიც პირველად შეუშვეს შიგ. ამ ზეთს ისეთი ძალა აქვს, რომ თან გამოაქვს მთელი გულმუცელი და დაშლილი შიგნეულობა, ხორცს ტუტიანი მარილი შლის და გვამისაგან მხოლოდ კანი და ძვლებიღა რჩება. ამას რომ მორჩებიან, ეგრევე აძლევენ ნათესავებს გვამს, რადგან მას მეტს აღარაფერს უკეთებენ.
       88. მესამე სახეობა დაბალზამებისა, რომელსაც უპოვარნი მიმართავენ, შემდეგია: გვამს მუცლის ღრუს გამოურეცხავენ ბოლოკის ზეთით95 და აბალზამებენ 70 დღით, შემდეგ აძლევენ პატრონებს წასაღებად.
      89. გამოჩენილი კაცები ცოლებს გარდაცვალებისთანავე არ აძლევენ დასაბალზამებლად, ისევე, როგორც განსაკუთრებული სილამაზისა და დიდად სახელგანთქმულ ქალებს; ამათ აძლევენ დასაბალზამებლად სიკვდილის შემდეგ მესამე ან მეოთხე დღეს. იმიტომ, რომ ეშინიათ, მებალზამეები არ დაწვნენ ამ ქალებთან. რადგან ამბობენ, რომ ერთ მებალზამეს ზედ წაასწრეს მაშინ, როდესაც ის ახლადგარდაცვლილი ქალის გვამთან იწვა, ხოლო მისმა ამხანაგმა მებალზამემ გასცა.
       90. თუ ვინმე თვით ეგვიპტელთაგან ან თუნდაც უცხოელთაგან (სულ ერთია) მოიტაცა ნიანგმა, ან თვით დაიხრჩო მდინარეში (ე.ი. ნილოსში), რომელ ქალაქშიც გამოირიყება მისი გვამი, იმ ქალაქის მცხოვრებლები მოვალენი არიან ის დააბალზამონ, რაც შეიძლება უკეთ გამოაწყონ და დაასაფლაონ წმინდა აკლდამაში. არავის არა აქვს მისი შეხების ნება, არც ნათესავს და არც რომელსამე მეგობარს, მას, როგორც ადამიანის გვამზე აღმატებულს თავისი ხელით მარხავენ თვით ნილოსის ქურუმები.
       91. ეგვიპტელები თავს არიდებენ ელინურ ჩვევებს, თუმცა, უნდა ითქვას, რომ არც სხვა რომელიმე ხალხის ჩვევებს მისდევენ. სხვა ეგვიპტელები ასე იცავენ თავიანთ წესჩვეულებებს; ხოლო არის დიდი ქალაქი, ქემისი, თებეს ოლქში, ნეაპოლისის მახლობლად. ამ ქალაქში არის დანაეს შვილის, პერსევსის ოთხკუთხოვანი სამლოცველო, რომლის ირგვლივ ფინიკები ხარობენ. სამლოცველოს კარიბჭე ქვისაა და ძალიან დიდი. ხოლო მასთან ორი უშველებელი ქვის გამოსახულება დგას. ამ შემოღობილში, შიგნით არის ტაძარი, რომელშიც აღმართულია პერსევსის ქანდაკება. ეს ქემისელები ამბობენ, რომ პერსევის ხშირად ჩნდება ხოლმე მათ ქვეყანაში, ხშირად სწორედ სამლოცველოს შიგნით; აქვე პოულობენ ხოლმე სანდალს, რომელსაც ის ატარებს და რომელიც ორი წყრთის ოდენაა. როდესაც სამლოცველოში აღმოჩნდება სანდალი, მაშინ მთელი ეგვიპტე ყვავის. ამას ამბობენ ქემისელები და პერსევსის დღესასწაულს ელინურ ყაიდაზე აწყობენ: ისინი მართავენ გიმნასტურ შეჯიბრებებს, რაც ყოველგვარ შეჯიბრებას შეიცავს და ჯილდოდ აქვთ საქონელი, მოსასხამი და ტყავები. როდესაც მე მათ შევეკითხე, თუ რატომაა, რომ მხოლოდ მათ მოევლინებათ ხოლმე პერსევსი და სხვა ეგვიპტელთაგან განსხვავებით მხოლოდ ესენი აწყობენ გიმნასტურ შეჯიბრებას. ქემისელებმა მითხრეს, რომ პერსევსი მათი ქალაქაიდან არის წარმოშობით, რადგან დანაოსი და ლინკევსი ქემისელები იყვნენ და აქედან წავიდნენ ზღვით ელადაში. ამ პირებიდან იწყებდნენ ისინი გენეალოგიას და ჩამოდიოდნენ პერსევსამდე. ისინი ამბობენ, რომ პერსევსი მოვიდა ეგვიპტეში იმავე მიზეზის გამო, რასაც ასახელებენ ელინები (გორგონის თავის წასაღებად ლიბიიდან), მოვიდა მათთანაც და გაიცნო ყველა თავისი ნათესავი. ხოლო როდესაც მოვიდა ეგვიპტეში, მან შეიტყო ქემისის სახელი, რაც ადრე გაგონილი ჰქონდა თავისი დედისაგან. მანვე ბრძანა გიმნასტური შეჯიბრებების დაწესებაც.
       92. ყოველი ეს ჩვეულება აქვთ იმ ეგვიპტელებს, რომლებიც ჭაობების ზევით ცხოვრობენ. ხოლო მათ, ვინც ჭაობებში ცხოვრობენ, იგივე წესჩვეულებები აქვთ, რაც სხვა დანარჩენ ეგვიპტელებს და სხვათა შორის თითოეული მათგანი ცხოვრობს ერთ ქალთან ელინებისა არ იყოს. ხოლო საზრდოს იაფად მოპოების მიზნით მათ შემდეგი რამ გამოიგონეს: როდესაც მდინარე ადიდდება და დაბლობს დაჰფარავს, წყალში იზრდება მრავალი შროშანი, რასაც ეგვიპტელები ლოტოსს უწოდებენ. ისინი მას კრეფენ, მზეზე ახმობენ და შემდეგ ლოტოსის გულიდან იღებენ ნაწილს, რომელიც ყაყაჩოს მიაგავს, ფქვავენ მას და მისგან აკეთებენ პურს, რომელსაც ცეცხლზე აცხობენ. ამ ლოტოსის ძირიც იჭმევა და კარგი, ტკბილი გემოსია, ის მრგვალია და სიდიდით ვაშლის ოდენაა. არის სხვა შროშანებიც, რომლებიც ვარდებს ჰგვანან, ესენიც მდინარეში მოიპოვებიან.96 მათი ნაყოფი სხვა ჯამში იზრდება, რომელიც ამოსულია იმავე ფესვიდან, მაგრამ ყვავილიდან განზე და შესახედავად კრაზანის ფიჭასა ჰგავს. მასში მრავალი მარცვალია, ზეთისხილის კურკის ოდენა, ეს იჭმევა ნედლადაც და გამხმარიც. ხოლო ჭაობებიდან ერთწლიან ჭილს აგროვებენ, მის ზემო ნაწილს სჭრიან და სხვადასხვა რამისათვის იყენებენ, ხოლო დარჩენილ ქვედა ნაწილს, რომელიც დაახლოებით ერთი წყრთის სიგრძისაა, სჭამენ და ყიდიან. ხოლო ვისაც უნდა, რომ საგანგებოდ გემრიელი ჭილი მოიხმაროს, ისინი გავარვარებულ ღუმელში წვავენ და ისე ჭამენ მას. ზოგიერთები ამ ეგვიპტელთაგან თავს ირჩენენ მხოლოდ თევზით.97 როდესაც თევზს დაიჭერენ და მუცლის ღრუს გამოუსუფთავებენ, მას მზეზე ახმობენ და შემდეგ ასე გამხმარს ჭამენ.
       93. ჯოგად მცურავი თევზები ამ მდინარეებში სულაც არ მოიპოვებიან, ისინი ცხოვრობენ ტბებში და შემდეგს აკეთებენ: როდესაც მათ მოერევათ სურვილი განაყოფიერებისა, ჯოგად მიცურავენ ზღვაში, წინ მიუძღვნიან მამალი თევზები, რომლებიც ყრიან თესლებს, ხოლო დედლები მათ მისდევენ, ყლაპავენ ამ თესლებს და ამისაგან ნაყოფიერდებიან. მას მერე, რაც ზღვაში განაყოფიერდებიან, უკან მოცურავენ, თითოეული თავთავის შეჩვეულ ადგილისაკენ. ახლა მამლები კი აღარ მიუძღვიან მათ წინ, არამედ დედლებისაა წინამძღოლობა. დედლები ჯოგად მიცურავენ წინ და აკეთებენ იმას, რასაც აკეთებდნენ მამლები. ისინი აქა-იქ ყრიან ცოტ-ცოტა ქვირითს, ხოლო მამლები, რომლებიც მათ მისდევენ, ყლაპავენ მას. ეს ქვირითი  თევზებია. იმ ქვირითისაგან, რომლებიც გადაურჩება მამალ თევზს, წარმოიშობიან თევზები. იმ თევზებს, რომელთაც დაიჭერენ მაშინ, როდესაც ისინი ზღვისკენ მისცურავენ, გამოაჩნდებათ ხოლმე თავის მარცხენა მხარე გადახეხილი, ხოლო რომელთაც უკან ცურვის დროს დაიჭერენ, მათ გადახეხილი მარჯვენა მხარეზე აქვთ ხოლმე. ისინი შემდეგი მიზეზის გამო არიან დაშავებული: როდესაც უკან მიცურავენ დაღმა ზღვისაკენ, მიწა მათ მარცხნივ რჩება, ხოლო როდესაც უკან მოსცურავენ, მაშინაც იმავე ნაპირას მოჰყვებიან, თანაც მას ეხლებიან ხოლმე. რადგან, რაც შეიძლება ახლოს არიან მასთან, რათა დინების გამო გზას არ აცდნენ. მას მერე, რაც ნილოსი იწყებს ადიდებას, მდინარისაგან გაჟონილი წყლით პირველად იფარება დაბლობები და ჭაობები, რომლებიც მდინარის გასწვირვაა და როგორც კი დაიფარება ესენი, მაშინვე პატარა თევზებით ივსება იქაურობა. მე ვფიქრობ, სწორედ მივხვდი, თუ საიდან წარმოიშვნენ ისინი: როდესაც წინა წელს კლებულობს ნილოსი, თევზები ყრიან ქვირითს შლამში და თვითონ უკანასკნელ წყალთან ერთად მიდიან ამ ადგილიდან. ხოლო როდესაც გაივლის დრო, წყალი ისევ ფარავს ამ ადგილს და ამ ქვირითიდან მაშინვე იჩეკებიან ეს თევზები. ეს ითქმის თევზების შესახებ.
       94. ჭაობის ირგვლივ მცხოვრები ეგვიპტელები ზეთს ხდიან სილიკიპრიონის ნაყოფისაგან, რომელსაც ეგვიპტელები კიკის უწოდებენ.98 ზეთს ისინი ასე ხდიან: მდინარეთა და ტბების ნაპირზე ისინი თესენ ამ სილიკიპრიონს, რაც ელინებთან თავისთავად, ველურად იზრდება. ეგვიპტეში კი საგანგებოდ დათესილს ბევრი ნაყოფი მოაქვს, მაგრამ მეტად ცუდსუნიანი. როდესაც ეგვიპტელები აიღებენ ამის მოსავალს, ზოგი ნაყავს და წყრავს, მის ნაყოფს, ხოლო ზოგი აშრობს და ადუღებს და მისგან გამოდენილ წვენს აგროვებს. ეს ზეთი ცხიმოვანია და ზეთისხილის ზეთზე ნაკლებ გამოსაყენებელი არ არის სანათურებისათვის, ესაა მხოლოდ, რომ მძიმე სუნი აქვს.
       95. კოღოებს, რომლებიც მათ ქვეყანაში აურაცხელია, ეგვიპტელები ასე ებრძვიან: ჭაობებს ზემოთ მცხოვრებლები იყენებენ კოშკებს, სადაც ისინი ადიან და იძინებენ, რადგან კოღოებს99 ქარის გამო არ შეუძლიათ მაღლა ფრენა, ხოლო ისინი, ვინც ჭაობების ირგვლივ ცხოვრობენ, კოშკების მაგივრად შემდეგ ხერხს მიმართავენ: ყოველ კაცს აქვს ბადე, რომლითაც დღისით თევზებს იჭერს, ხოლო ღამით მას ასე იყენებს: თავისი საწოლის ირგვლივ აყენებს ამ ბადეს, შემდეგ შეძვრება მის ქვეშ და ასე სძინავს. მას რომ დაეძინა შალის მოსასხამში ან ტილოს გადასაფარებელში გამოხვეულს, კოღოები ამაშიც დაკბენდნენ, ხოლო ბადეში კბენას ისინი არც კი ცდილობენ.
       96. სატვირთო ხომალდებს ეგვიპტელები აკაციისაგან აკეთებენ, გარეგნული ფორმით ეს ხომალდები კირენეს ლოტოსის მსგავსნი არიან: ამ აკაციის ფისი არის კომი. ამ აკაციისაგან ჭრიან ფიცრებს, დაახლოებით ორი წყრთის სიგრძისას, აგურებივით აწყობენ ერთად და ხომალდებს აგებენ შემდეგგვარად: ორი წყრთის სიგრძის ფიცრებს აჭედებენ ერთმანეთს ბევრი და გრძლი ხის ლურსმებით. როდესაც ამგვარად ააგებენ, მათ ზემოდან გარდიგარდმო გადაჭიმავენ კიდეც ფიცრებს, ხოლო შპანგოუტებს სულ არ ხმარობენ, შმაკავშირებელი ნაწილები კი შიგნიდან დაცობილია ჭილით. საჭე ერთია და ისიც ხომალდის ფსეკერშია გაყრილი. ანძას აკაციისას ხმარობენ, ხოლო აფრებს ჭილისას. ამ ხომალდებს მდინარეზე აღმა ცურვა არ შეუძლიათ, თუ კი მაცოცხლებელი ქარი არ ქრის, ჩვეულებრივ ნაპირიდან მიათრეევნ ხოლმე მათ, ხოლო დინების მიმართულებით, ქვემოთ ის ასე მიდის: არის თაფლინდისაგან გაკეთებულო მოგრძო ფიცარი, რომელიც გადაკრულია ლერწმის წნულით და არის გახვრეტილი ქვა, რომელიც დაახლოებით ორი ტალანტის წონისაა. ამათგან ფიცარს, რომელიც თოკზეა გამობული, ხომალდის წინ უშვებენ, ხოლო ქვას, სხვა თოკზე გამობმულს  უკან. ფიცარი წყლის დინების ძალით სწრაფად მოძრაობს და წინ ეწევა ბარისს100 (ესაა სახელოწოდება ამ ხომალდებისა), ხოლო ქვა, რომელიც უკან მოჰყვება, წყალშია ჩაძირული და სწორედ წარმართავს ხომალდს. ასეთი ხომალდები ეგვიპტელებს დიდი რაოდენობით აქვთ და ზოგიერთი მათგანი მრავალი ათასი ტალანტის წონა ტვირთს მიეზიდება.
       97. როდესაც ნილოსი ადიდდება და ქვეყანას ფარავს, მის ზემოთ მხოლოდ ქალაქები მოჩანან და ძალიან ჰგავს ეს ადგილი შესახედავად ეგევსის ზღვის კუნძულებს. მთელი ეგვიპტე ხომ ზღვად არის გადაქცეული და მხოლოდ ქალაქებია ამაღლებული ამ წყალზე. როდესაც ეს ხდება, ხომალდებით მოგზაურობენ არა დინების მიმართულებით, არამედ ზედ შუა დაბლობზე. მაგალითად, გზა მისთვის, ვინც ნავკრატისიდან მემფისში მიდის, ზედ პირამიდების გასწვრივ არის. სინამდვილეში ეს კი არაა გზა, არამედ ის, რომელიც მიემართება დელტის წვერისა და ქალაქ კერკასოროსის გაყოლებით. ხოლო თუ აპირებენ ზღვიდან და კანობოსიდან ნავკრატისისაკენ ცურვას, დაბლობს გადაივლი, ჩაუვლი ქალაქ ანთილასა და ეგრეთ წოდებულ არქანდროსის ქალაქს.
       98. ამათგან ანთილა, რომელიც მნიშვნელოვანი ქალაქია, საკუთრივ ეძლევა ფეხსაცმელების ხარჯისათვის იმის ცოლს, ვინც ეგვიპტეზე მეფობს. ეს ამბავი ხდება მას მერე, რაც ეგვიპტე სპარსელებისაა. ხოლო მეორე ქალაქს, მე ვფიქრობ, სახელი ეწოდა დანაოსის სიძის მიხედვით, ეს იყო აქეიოსის ძის ფთიოსის ძე, არქანდროსი.101 ქალაქს ხომ არქანდროსის ქალაქი ჰქვია. თუმცა შეიძლება სხვა ვინმე არქანდროსიც ყოფილიყო, მაგრამ სახელი, ყოველ შემთხვევაში ეგვიპტური არ არის.
       99. რაც აქამდეა მოთხრობილი, ყოველი ჩემი თვალით მაქვს ნანახი, ჩემი ცოდნისა და გამოკვლევის შედეგია, ხოლო ამიერიდან ვიწყებ ეგვიპტელთა ამბების გადმოცემას იმის მიხედვით, რაც მსმენია. თუმცა ამას დავუმატებ ზოგ რასმე ჩემი თვალით ნანახსაც.
    როგორც ქურუმები მოგვითხრობენ, ეგვიპტის პირველმა მეფემ, მინმა ჯებირები დადგა მემფისის დასაცავად, რადგან უწინ მდინარე ქვიშოვანი მთების გასწვრივ მიედინებოდა, ლიბიის მხრიდან, ხოლო მინმა ზემოთ, ასე ას სტადიონზე მემფისიდან, სამხრეთის მიმართულებით ნილოსის ტოტი დაშლამა და მისი ძველი კალაპოტი დააშრო, მდინარე იქით გადააგდო და მისი დინება მთების შუაში წარმართა. სპარსთა დიდი ზრუნვის საგანია ჯერაც ნილოსის ეს ტოტი, რომელიც ჯებირებით შემოზღუდული მიედინება და ყოველწლიურად ამაგრებენ მას. რადგან თუ მდინარემ გაანგრია ჯებირები და გამდმოვიდა ამ ადგილას, მთელ მემფისს წალეკვის საშიშროება მოელის.
    ამრიგად, იმ მინმა, რომელიც პირველი მეფე იყო, ჯებირების აგებით ხმელეთად აქცია ეს ადგილი და ამ ადგილას დააფუძნა ის ქალაქი, რომელსაც ახლა მემფისი ეწოდება (მემფისი ხომ ეგვიპტის ვიწრო ნაწილში მდებარეობს). მან ქალაქს გარედან, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრიდან შემოავლო ტბა, რომელიც მდინარის წყლით ივსება (ხოლო თვით ნილოსი მას აღმოსავლეთის მხრიდან საზღვრავს). ამავე ქალაქში მან ჰეფესტოსის სამლოცველო აღმართა, რომელიც დიდია და ღირსი მოხსენებისა.
       100. ქურუმებმა წიგნის მიხედვით მინის შემდეგ 330 მეფის სახლი ჩამოთვალეს კიდევ. ადამიანთა ამ თაობათა შორის თვრამეტი ეთიოპელები იყვნენ. ერთი  ადგილობრივი ქალი იყო, ხოლო დანარჩენები  ეგვიპტელი მამაკაცები.102 სახელი იმ ქალისა, რომელიც მეფობდა, იგივე იყო, რაც ბაბილონის დედოფლისა  ნიტოკრისი. ამბობენ, რომ მან შური იძია თავისი ძმისათვის, რომელიც ეგვიპტის მეფე იყო და რომელიც ეგვიპტელებმა მოკლეს. ეგვიპტელებმა მოკლეს მეფე და ხელმწიფება გადასცეს ნიტოკრისს, ხოლო მან ამისათვის შური იძია და ეგვიპტელთაგან ბევრი მზაკვრულად ამოწყვიტა. მან გააკეთა ვრცელი მიწისქვეშა დარბაზი და თითქოს ამისი აღნიშვნა უნდოდა, გუნებაში კი სულ სხვას იზრახავდა. დაუძახა ეგვიპტელთაგან მათ, ვისაც ყველაზე მეტად ადანაშაულებდა მკვლელობაში, ამ ხალხს წვეულება გაუმართა და როდესაც ისინი ღრეობდნენ, მიუშვა მათზე მდინარე, დიდი დაფარული არხის მეშვეობით. მის შესახებ ამას მოგვითხრობენ და ამას გარდა, კიდევ იმას, რომ როგორც კი ქალმა ეს ჩაიდინა, შევარდა ნაცრით სავსე ოთხში, რომ მასზე შური არ ეძიათ.
       101. ქურუმებს არაფერი უთქვამთ სხვა მეფეთა საქმიანობის შესახებ, რომ რაიმე ყოფილიყო აღსანიშნავი, ან რომელიმე ყოფილიყო სახელგანთქმული, თქვეს მხოლოდ ერთი, უკანასკნელი მეფის, მოერისის შესახებ. მან თავის მოსაგონრად დატოვა ჰეფესტოსის ტაძრის კარიბჭე,103 რომელიც ჩრდილოეთის ქარისაკენ არის მიმართული და გაათხრევინა ტბა (თუ რამდენი სტადიონი იყო ის ირგვლივ, ამის შესახებ შემდეგ განვაცხადებ), ტბაზედვე ააგებინა პირამიდები, რომელთა სიდიდეს შევეხები ტბის შესახებ ცნობების გადმოცემასთან ერთად. აი, ამან ამდენი რამ გააკეთა, ხოლო სხვა მეფეთაგან არავის არაფერი გაუკეთებია.
       102. არ შევეხები ამ მეფეებს და მოვიხსენებ მას, რომელიც მათ შემდეგ მეფობდა და რომელსაც სახელად ერქვა სესოსტრისი. ქურუმები მოგვითხრობენ, რომ ის პირველი გამოვიდა არაბიის უბიდან გრძელი ხომალდებით და დაიპყრო წითელ ზღვასთან104 მცხოვრები ხალხები; იგი მიცურავდა მანამ, ვიდრე არ მიაღწია ზღვას, რომელიც საცურაოდ აღარ ვარგოდა მისი კლდოვანების გამო. ქურუმების გადმოცემის თანახმად, როდესაც დაბრუნდა ეგვიპტეში, წამოიყვანა დიდძალი ლაშქარი, გამოიარა ხმელეთით და დაიმორჩილა ყოველი ხალხი, რომელიც კი მას შეხვდა. იმ ხალხებს, ვინც მამაცი იყო და სასტიკად იცავდა თავის თავისუფლებას, აღუმართა სვეტები მათსავე ქვეყანაში წარწერებით,105 რომლებიც გადმოსცემდნენ მის სახელს, მისი სამშობლოს სახელს და რომ მათი დამორჩილება მოხდა სესოსტრისის ძალით. ხოლო იმ ქალაქებს, რომლებსაც უბრძოლველად და იოლად იპყრობდა, სვეტებზე უწერდა იმასვე, რასაც იმ ხალხებს, ვინც მამაცობა გამოიჩინა, მაგრამ ამასთანავე უხატავდა ქალის სარცხვინელს, რითაც უნდოდა ეჩვენებინა, რომ ისინი მხდალები არიან.
       103. მან ეს გააკეთა და გადაიარა ხმელეთი, ვიდრე აზიიდან ევროპაში არ გადავიდა და დაიმორჩილა სკვითები და თრაკიელები.106 მე ვფიქრობ, რომ ის უშორესი ადგილი, სანამდეც მივიდა ეგვიპტელთა ლაშქარი, სწორედ აქ იყო, რადგან ამათ ქვეყანაში კიდევ ჩანს მათ მიერ დაყენებული სვეტები, ხოლო ამათზე უფრო შორს კი აღარ არის. აქედან შემობრუნდა და უკან წავიდა. შემდეგ კი მდინარე ფასისთან იყო. მე არ შემიძლია დაბეჯითებით იმის თქმა, რომ ამ ადგილას თვით მეფე სესოტრისმა გამოჰყო თავისი ლაშქრის რაღაც ნაწილი და დატოვა აქ, ამ ქვეყნის მცხოვრებლად, ან კიდევ იმისი, რომ ზოგიერთი ჯარისკაცთაგანი, გადაღლილი ხეტიალით, დარჩა მდინარე ფასისთან.
       104. მაგრამ ცხადია, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან. ამას მე თვითონ მივხვდი იმაზე უწინ, ვიდრე სხვათაგან მოვისმენდი და ისე ვიტყოდი. და რადგანაც ამას ვფიქრობდი, შევეკითხე ორივეს, კოლხებს უკეთ ახსოვდათ ეგვიპტელები, ვიდრე ეგვიპტელებს კოლხები. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მათი აზრით სესოსტისის ლაშქრიდან არიან კოლხები და მე თვითონაც ასვე მეჩვენებოდა, რადგან კოლხები შავგვრემნები არიან და ხუჭუჭთმიანები (მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან სხვებიც არიან ასეთები), მაგრამ ამასთანავე და უფრო მეტად ამას მოწმობს ის, რომ ყველა ხალხთაგან მხოლოდ კოლხები ეგვიპტელები და ეთიოპელები არიან, რომლებიც თავიდანვე აწარმოებენ წინადაცვეთას. ხოლო ფინიკიელებმა და იმ სირიელებმა, რომლებიც პალესტინაში არიან, როგორც თვითონაც ამბობენ, ეგვიპტელთაგან ისწავლეს, ხოლო სირიელები, რომლებიც მდინარე თერმოდონტთან107 და პართენიოსთან ცხოვრობენ, და მარკონები, რომლებიც მათი მეზობლები არიან, ამბობენ, რომ კოლხთაგან ისწავლეს ეს ახლახან. მხოლოდ ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც წინადაცვეთას ახდენენ და ჩანს, რომ ესენიც ეგვიპტელების მსგავსად აკეთებენ ამას, ხოლო ეგვიპტელთა და ეთიოპიელთა შესახებ არ შემიძლია ვთქვა, თუ რომელმა ისწავლა ამ ორს შორის მეორისაგან. რაღაც ძალიან ძველი ჩანს ორივეგან. ხოლო იმის დიდ საბუთად, რომ ხალხმა ეს ეგვიპტელთაგან ისწავლა მათთან შერევის საფუძველზე, მეჩვენება შემდეგი: ის ფინიკიელები, რომლებიც ელადასთან ურთიერთობაში არიან, აღარ ბაძავენ ეგვიპტელებს იმ საქმეებში, რაც სარცხვინელს ეხება და შვილების წინადაცვეთას აღარ ეწვეიან.
  •    105. კიდევ სხვა რამის თქმაც შემიძლია კოლხების შესახებ, რითაც ისინი ეგვიპტელების მსგავსნი არიან. მხოლოდ კოლხები და ეგვიპტელები ამუშავებენ სელს ერთნაირად; მთელი ცხოვრება და ენა მსგავსი აქვთ ერთმანეთის. კოლხურ სელს ელინები სარდონულს უწოდებენ, ეგვიპტიდან შემოსულს კი  ეგვიპტურს. (ჰეროდოტე ზოგადად ყველაფერს ბერძნულს ეგვიპტიდან წარმოშობილად თვლის. კოლხების მუქკანიანობაზე კი პირველად მისი უფროსი თანამედროვე /517-437/ პინდაროსი „პითიურ ოდებში“: იქ შეებრძოლნენ მუქპირსახიან კოლხებს აეტთან“...)
        106. მეტი წილი სვეტებისა, რომლებიც დააყენა სხვადასხვა ქვეყანაში ეგვიპტის მეფემ, სესოტრისმა, აღარ ჩანს, ხოლო პალესტინის სირიეში ჩემი თვალით ვნახე ისინი, წარწერაც ისეთი ჰქონდა, როგორიც ვთქვი და ზედ ქალის სარცხვინელიც იყო გამოსახული. იონიაშიც არის ორი გამოსახულება ამ მეფისა108 კლდეებში გამოკვეთილი: ერთი იმ გზაზე, რომელიც მიდის ეფესოდან ფოკეაში, ხოლო მეორე სარდედან სმირნეში მიმავალ გზაზე. ორივეგან გამოკვეთილია მამაკაცი, სიდიდით ხუთი ორნახევარი წყრთა, მას მარჯვენა ხელში უპყრია შუბი, ხოლო მარცხენაში მშვილდი და სხვა საჭურველიც ამის შესაბამისად აქვს: მისი საჭურველი ხომ როგორც ეგვიპტური, ასევე ეთიოპურია. მას ერთი მხარიდან მეორე მხარისაკენ მკერდზე აქვს ეგვიპტური წმინდა ასოებით ამოკვეთილი წარწარა, რომელიც შემდეგს გადმოგცემს: მე ეს ქვეყანა ჩემი მხრებით მოვიპოვე. თუ ვინაა და საიდანაა ეს კაცი, აქ არაა ნათელი, ხოლო სხვაგან კი გარკვეულია. ამ გამოსახულების მნახველთაგან ზოგიეთი ფიქრობს, რომ ეს არის მემნონის გამოსახულება, მაგრამ ისინი ჭეშმარიტებას დიდად არიან აცდენილი.
       107. ქურუმები ჰყვებოდნენ, ეს ეგვიპტელი სესოსტრისი რომ ბრუნდებოდა, თან მოჰყავდა მრავალი ხალხი იმ ტომთაგან, რომელთა ქვეყნების მან დაიპყრო, და შემდეგ როდესაც მოვიდა პელუსიონის დაფნეში, მისმა ძმამ, რომელსაც ჩააბარა სეოსტრისმა ეგვიპტე, მას წვეულება გაუმართა და მასთან ერთად მისი შვილებიც მიიწვია, სახლს გარედან შეშა შემოუწყო და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. სესოტრისმა რომ შეიტყო ეს, მაშინვე დაეთათბირა ცოლს (ცოლიც ხომ თან ჰყავდა წაყვანილი), ცოლმა ურჩია მას, რომ მათი ექვსი შვილიდან ორნი ცეცხლზე გაწვნენ ხიდად, ხოლო თვითონ, დანარჩენებმა მათზე გადაიარონ და გადარჩნენ. სესოსტრისი ასე მოიქცა, მისი ორი შვილი ამნაირად დაიწვა, ხოლო დანარჩენები გადარჩნენ მამასთან ერთად.109
       108. როდესაც სესოტრისი ეგვიპტეში დაბრუნდა, მან დასაჯა თავისი ძმა, ხოლო იმ ხალხის მიმართ, რომელიც თან მოიყვანა და რომელთა ქვეყნებიც მან დაიპყრო, ამნაირად მოიქცა: ის უზარმაზარი ქვები, რომლებიც მის მეფობაში იყო მოტანილი ჰეფესტოსის სალოცავთან, ამ ხალხს მოაზიდვინა, ხოლო ის არხები, რომლებიც დღესაც არის ეგვიპტეში, ყველა ამათ გაათხრევინა იძულებით. ისე რომ ეგვიპტე, რომელიც უწინ მთლიანად ცხენებითა და ეტლებით სავალი ქვეყანა იყო, ახლა ამისათვის თვისდაუნებურად გამოუსადეგარი გახადეს.110 ამრიგად, თუმცა ეგვიპტე მთლიანად დაბლობია, მაგრმ ამ დროიდან ცხენითა და ეტლით სამოგზაუროდ ის სრულიად გამოყენებელი გახდა. ხოლო ამისი მიზეზია მრავალრიცხოვანი და მრავალნაირი მიმართულების არხები. მეფემ ქვეყანა აი ამიტომ გადაათხრევინა: ის ეგვიპტელები, ვისაც ქალაქები მდინარესთან კი არ ჰქონდათ, არამედ მისგან მოშორებით, მდინარეში წყლის დაკლების დროს წყლის დიდ ნაკლებობას განიცდიდნენ და ხმარობდნენ ჭიდან ამოღებულ ძალიან მლაშე სასმელს; აი, ამიტომ იყო, რომ მეფემ ეგვიპტე გადაათხრევინა.111
       109. ქურუმები ამბობდნენ, რომ ამ მეფემ ქვეყანა დაუყო ყველა ეგვიპტელს და თითოეულს თანაბარი ოთხკუთხოვანი ნაკვეთი მისცა, ხოლო ამ ნაკვეთიდან სახელმწიფო შემოსავალი დააწესა და განკარგულება გასცა, მოსახლეობას ყოველწლიურად ხარკი გადაეხადა, ხოლო თუკი მდინარე ვისიმე ნაკვეთს რასმე წაჰგლეჯდა, ის უნდა მისულიყო მეფესთან და შეეტყობინებინა, რაც მოხდა. მეფე კი გზანვიდა კაცებს, რომლებიც ათვალიერებდნენ და ზომავდნენ, თუ რამდენით ნაკლები გახდა ნაკვეთი, რათა მომავლისათვის მაინც მიეღო დაწესებული ხარკი.112 მე ვფიქრობ, რომ აქედან არის წარმომდგარი გეომეტრია, შემდეგ შესული ელადაში. ხოლო რაც შეეხება მზის საათს, მზის მაჩვენებელსსა და დღის 12 ნაწილს,113 ეს ბაბილონელთაგან ისწავლეს ელინებმა.
       110. ეს იყო ერთადერთი ეგვიპტელი მეფე, რომელიც განაგებდა ეთიოპიას. მან თავის სამახსოვროდ ჰეფესტოსის სალოცავის წინ დატოვა ორი ქვის ქანდაკება, თითო 30 წყრთის ოდენა,114 თავისი და თავისი ცოლის გამოსახულებით, ხოლო თავისი 4 შვილისა – თითოეული 20 წყრთის სიმაღლის. დიდი ხნის შემდეგ ჰეფესტოსის ქურუმმა დარიოს სპარსელს არ მისცა ნება ამით წინ დაედგა თავისი ქანდაკება და უთხრა, რომ მას არ გაუკეთებია ისეთი საქმეები, როგორიც აქვს გაკეთებული სესოსტრის ეგვიპტელს. სესოსტრისმა არა ნაკლები ტომები დაიპყრო, ვიდრე დარიოსმა და კიდევ სკვითებიც, ხოლო დარიოსმა ვერ შეძლო სკვითების დაპყრობა. ამიტომაც არ იქნება სამართლიანი, რომ მისი გამოსახულება სესოსტრისის ქანდაკებებზე წინ დაიდგას, რაკიღა მასთან შედარებით უპირატეოსბა არა აქვს თვისი საქმიანობით. ამბობენ, რომ დარიოსმა შეუნდო მას ეს ნათქვამი.
       111. როდესაც სესოსტრისი გარდაიცვალა, ამბობენ, რომ სამეფო ხვდა მის შვილს, ფეროსს, რომელსაც სრულიად არ ულაშქრია და შემთხვევით იყო დაბრმავებული ასეთი ამბის გამო: ერთხელ მდინარე ძალიან ადიდდა, 18 წყრთამდე, ისე რომ ყანები წალეკა, თან ქარიც ამოვარდა და მდინარეზე ტალღები ააგორა. ამბობენ, რომ ამ მეფემ, გაგიჟებულმა, სტაცა ხელი შუბს და სტყორცნა მდინარის მორევის შუაგულში, ხოლო შემდეგ, მალე დაუვავადდა თვალები და დაბრმავდა. ათი წელი იყო ბრმა, ხოლო მეთერთმეტე წელს მოევლინა მას მისნობა ქალაქ ბუტოდან, რომ გავიდა მისი სასჯელის დრო და თვალები აეხილება, თუკი თვალებს დაიბანს იმ ქალის შარდით, რომელიც მხოლოდ თავის ქმართან ცხოვრობს და სხვა კაცებისა არაფერი იცის. მან პირველად თავისი საკუთარი ცოლი გამოცადა და შემდეგ თვალთ რომ არ აეხილა, შეკრიბა მის მიერ გამოცდილი ყველა ქალი (გარდა იმ ერთისა, რომლის შარდით დაბანილსაც აეხილა თვალები), შეკრიბა ერთ ქალაქში, რომელსაც ახლა ეწოდება წითელი გოროხი (ერითრებოლოსი), ყველანი იქ დაატყვევა და დასწვა ისინი თვით ქალაქთან ერთად. ხოლო ის ქალი, რომელიც შარდითაც აეხილა თვალები, მან ცოლად შეირთო. თვალების სატკივარს რაკიღა გადაურჩა, ბევრი შესაწირავი გაუგზავნა სხვადასხვა სახელგანთქმულ სალოცავებს; განსაკუთრებული მოხსენების ღირსია შესანიშნავი საგნები, რაც შესწირა ჰელიოსის სალოცავს (ჰელიოპოლისში?), სახელდობრ, ორი ქვის ობელისკი, თითოეული მთლიანი ქვისაგან გამოკვეთილი, სიმაღლით 100 წყრთა, ხოლო სიგანით  8 წყრთა.
       112. ამბობენ, რომ ფეროსის შემდეგ სამეფო ტახტი მიიღო მემფისელმა კაცმა, რომელსაც ელინთა ენაზე სახელად ჰქვია პროტევსი. აქამდე მემფისში მისი ჭალა, ძალიან ლამაზი და კარგად მოვლილი, ჰეფესტოსის სალოცავის სამხრეთით მდებარე. ამ ჭალის ირგვლივ ცხოვრობენ ტიროსელი ფინიკიელები და თვით ეს ადგილიც მთლიანად ტიროსელთა სადგომად იწოდებოდა.115 პროტევსის ჭალაში არის სალოცავი, რომელსაც უცხო აფროდიტეს სალოცავი ეწოდება. მე კი მგონია, რომ ეს სალოცავი ტინდარევსის ასულის, ელენესი არის. იმიტომ მგონია, რომ მოვისმინე ამბავი, ელენე პროტევსთნა ცხოვრობდაო და უფრო კი იმიტომ, რომ უცხო აფროდიტეს სახელზეა სალოცავი: აფროდიტეს სახელობის არც ერთ სალოცავს ზედწოდებად უცხო  არა აქვს.
       113. მე რომ შევეკითხე, ქურუმებმა შემდეგი მიამბეს ელენეს თავს გადამხდარი ამბების შესახებ: ალექსანდრემ მოიტაცა ელენე სპარტიდან და გაცურა თავის სამშობლოსაკენ. როდესაც ის ეგევსის ზღვაში იმყოფებოდა, საპირისპირო ქარებმა გადაისროლეს ეგვიპტის ზღვაში, ხოლო აქედან (რაკიღა ქარი არ ჩადგა), ის მიადგა ეგვიპტეს, სახელდობრ ეგვიპტეში ახლა კანობოსისად წოდებულ ნილოსის შესართავს და ტარიქებას, ამ ადგილას ნაპირზე იდგა და ახლაც არის ჰერაკლეს სალოცავი; თუკი მსახური (ვისიც არ უნდა იყოს ის) გაიქცევა, შეაფარებს თავს ამ სალოცავს, დაისვამს წმინდა დაღს116 და ამით თავისთვის ღმერთს განუკუთვნებს, შემდეგ ის ხდება „მიუკარებელი“. ამ კანონს თანაბრად იცავენ დასაბამიდან, ვიდრე ჩემს დრომდე. როდესაც ალექსანდრეს მსახურებმა შეიტყვეს, რომ ამ სალოცავს ასეთი კანონი ჰქონდა, მიატოვეს ალექსანდრე, დასხდნენ ღმერთის მავედრებლად და შეასმენდნენ ალექსანდრეს, რადგან მისთვის ვნება უნდოდათ. ამასთანვე ყვებოდნენ ყოველივეს, რაც კი ჩაიდინა მან ელენეს მიმართ და რა უსამართლობა მიაყენა მენელაოსს. ყოველივე ამაში ადანაშაულებდნენ მსახურები ალექსანდრეს ქურუმებისა და ნილოსის ამ შესართავის მცველის წინაშე, რომელსაც სახელად ერქვა თონისი.
       114. ამ ამბის მოსმენისთანავე თონისმა სასწრაფოდ გაგზავნა მემფისში პორტევსთან მოციქულები და შეუთვალა შემდეგი: „მოვიდა უცხოელი, წარმოშობით ტევკრი, რომელმაც ელადაში უწმინდური საქმეები ჩაიდინა, მან თვისი საკუთარი მასპინძლის ცოლი მოატყუა, იგი თან წაიყვანა და დიდძალი ქონებაც წაიღო, მაგრამ ქარებმა ის შენს ქვეყანაში შემოაგდეს. როგორ მოვიქცეთ, გავუშვათ ის, უვნებლად წავიდეს, თუ წავართვათ ყველაფერი, რაც აქვს და რითაც მოვიდა?“ ამის საპასუხოდ პროტევსმა შემდეგი შემოთვალა: „ეს კაცი, რომელმაც ასეთი უწმინდური საქმეები ჩაიდინა თავის მასპინძლის მიმართ, შეიპყარით და მე მომგვარეთ, რათა შევიტყო რას იტყვის“.
       115. ეს რომ მოისმინა თონისმა, შეიპყრო ალექსანდრე და დაიჭირა მისი ხომალდები, შემდეგ წაიყვანა ის მემფისში, მასთან ერთად წაიყვანა ელენეც, წაიღო მთელი ქონება და ამას გარდა მავედრებლებიც თან გაიყოლა. როდესაც მათ მიაღწიეს მემფისს, პროტევსი შეეკითხა ალექსანდრეს, თუ ვინ არის და საიდან მოცურავს. ალექსანდრემ ჩამოუთვალა მას თავისი წინაპრები, უთხრა თავისი სამშობლოს სახელი და მოუთხრო, თუ საიდან მოდის. ამის შემდეგ შეეკითხა პროტევსი, თუ საიდან წამოიყვანა მან ელენე. რაკიღა ალექსანდრე მერყეობდა გადმოცემისას და სიმართლეს არ ამბობდა, იქ მყოფმა მავედრებლებმა ამხილეს ის და მოჰყვნენ მის უსამართლობის მთელ ამბავს. დასასრულს პროტევსმა საპასუხოდ შემდეგი თქვა: „მე რომ ჩემთვის სავალდებულოდ არ მიმაჩნდეს ის, რომ არ უნდა მოვკლა არც ერთი უცხოელი, რომელთაც ქარები შემოაგდებენ ჩემს ქვეყანაში, გაზღვევინებდი ელენეს გამო, კაცთა შორის უბოროტესო, შენ რომელმაც მასპინძლის მიმართ უწმინდური საქმე ჩაიდინე; საკუთარი მასპინძლის ცოლთან მიხვედი, მაგრამ არც ეს აღმოჩნდა შენთვის საკმარისი, შენ ის აცდუნე და ჩუმად თან წამოიყვანე. ამასაც არ დასჯერდი: შენი მასპინძლის სახლი გაძარცვე და ისე მოხვედი. ახლა მე, რადგან საერთოდ დავიწესე, რომ უცხოელი არ უნდა მოვკლა, ამ ქალსა და ქონებას თან არ გაგატან, არამედ შევუნახავ შენს მასპინძელს, ელინს, იმ დრომდე, ვიდრე ის თვითონ არ მოვა და არ მოისურვებს მის წაყვანას. ხოლო შენ და შენს თანამგზავრებს გიბრძანებთ, რომ სამი დღის განმავლობაში ჩემი ქვეყნიდან სხვაგან სადმე წახვიდეთ, თუ არა და ისე მოგექცევით, როგორც მტრებს“.
       116. ამნაირად მოხვდა ელენე პროტევსთან, როგორც ამბობენ ქურუმები. მე ვფიქრობ, რომ ეს ამბავი ჰომეროსმა იცოდა, მაგრამ ის არ იყო ისე შესაფერისი მისი პოემისათვის, როგორც მეორე, რომლითაც მან ისარგებლა, ამიტომ ეს განზე დატოვა, მაგრამ მაინც გვანიშნა, რომ ეს ამბავიც იცოდა. ცხადია, ეს „ილიადას“ იმ ადგილიდან, სადაც აგვიწერს ალექსანდრეს ხეტიალს (სხვაგან არსად ეწინააღმდეგება იგი თავისთავს); იგი მოგვითხრობს, რომ ალექსანდრე, რომელსაც მოჰყავდა ელენე, ბევრ სხვადასხვა ქვეყანაში შეეხეტა და მათ შორის მივიდა ფინიკიის სიდონშიც. ამას ჰომეროსი იხსენიებს „დიომედეს ვაჟკაცობაში“, იგი ამბობს შემდეგ სიტყვებს: „იქ ეწყო მას ფერად-ფერადი ტანსაცმელი, სიდონელი ქალების ნახელავი; ეს ქალები თვით ღვთის მსგავსმა ალექსანდრემ მოიყვანა სიდონიდან, როდესაც გადასცურა ფართო ზღვა, იმ გზით, რომლითაც წამოიყვანა კეთილშობილი ელენე“.117
       117. ამ ლექსების და ამ ადგილების მიხედვით სრულიად ცხადია ისიც, რომ „კიპრიები“120 ჰომეროსის პოემა კი არ არის, არამედ ვიღაც სხვა პოეტისა, რადგან „კიპრიებში“ ნათქვამია, რომ ალექსანდრემ ელენე რომ წამოიყვანა სპარტიდან, ისარგებლა ზურგქარით და წყნარი ზღვით და ილიონში მივიდა მესამე დღესაო, ხოლო „ილიადაში“ ნათქვამია: ელენე რომ წამოიყვანა ალექსანდრემ, ბევრი იხეტიალაო. მაგრამ გვეყოფა ჰომეროსისა და „კიპრიების“ შესახებ.
       118. როდესაც შევეკითხე ქურუმებს, ელინები ილიონთან მომხდარი ამბების შესახებ ტყუილს ლაპარაკობენ თუ არა მეთქი, იმათ მიპასუხეს ამაზე და მიამბეს ის, რაც იცოდნენ თვით მენელეოსისაგან მოყოლილი: ელენეს მოტაცების შემდეგ ტევკრისის ქვეყანაში მენელაოსის დასახმარებლად მოვიდა ელინთა დიდი ლაშქარი, რომელიც გადმოვიდა ხმელეთზე და დაბანაკდა. ლაშქარმა გაგზავნა მოციქულები ილიონში და ამ მოციქულებთან ერთად წვიდა თვით მენელეოსიც. როდესაც შევიდნენ ესენი ციხე-სიმაგრეში, მოითხოვეს ელენეც და ის ქონებაც, რომელიც მოიპარა ალექსანდრემ, ამასთანავე სამართალს მოითხოვდნენ მიყენებული უსამართლობისათვის. ტევკრები ერთსა და იმავეს ამბობდნენ მაშინაც და შემდეგაც, ფიცითაც და უფიცოდაც, რომ მათ არ ჰყავდათ არც ელენე და არა აქვთ არც მათ მიერ მითვისებულად გამოცხადებული ქონება, რომ ყოველივე ეს არის ეგვიპტეში და არაა სამართლიანი მათ მოსთხოვონ პასუხი იმისათვის, რაც აქვს პროტევსს, ეგვიპტელ მეფეს. ელინები კი ფიქრობდნენ, რომ მათ დასცინიან და იმ დრომდე ჰქონდათ ქალაქიშათვის ალყა შემორტყმული, ვიდრე ის არ აიღეს. ხოლო როდესაც აიღეს ციხე-სიმაგრე, ელენე არ აღმოჩნდა იქ და იგივე ამბავი მოისმინეს, რაც პირველად, ისე რომ, ელინებმა დაიჯერეს ის პირველი ამბავი და თვით მენელაოსი გაგზავნეს პროტევსთან.
       119. მენელაოსი რომ მივიდა ეგვიპტეში, მდინარეს აჰყვა მემფისისაკენ, მოუთხრო იქ ჭეშმარიტად ყოველივე, მასპინძლები მას ძალიან კარგად შეხვდნენ, ელენე უვნებლად დაუბრუნეს და ამის გარდა მთელი მისი ქონებაც. მაგრამ ეს რომ მიიღო, მენელაოსი უსამართლოდ მოიქცა ეგვიპტელთა მიმართ, რომ მოინდომა გაეცურა, პირქარმა მას ამის საშუალება არ მისცა, როდესაც ეს დიდხანს გაგრძელდა, მან ასეთი უპატიოსნო საქციელი ჩაიდინა: მან ადგილობრივ მცხოვრებთა ორი ბავშვი დაიჭირა და მსხვერპლად შესწირა. შემდეგ, როდესაც ცნობილი გახდა, რომ მან ეს ჩაიდინა, იგი, შეძულებული და დევნილი, გაიქცა თავის ხომალდებით პირდაპირ ლიბიეში. იქიდან საით გაემართა, ამის თქმა აღარ შეეძლოთ ეგვიპტელებს. ქურუმებმა თქვეს, რომ ზოგი რამ იციან გამოკითხვის საშუალებით, ზოგიც კიდევ მათთან მოხდა და ამიტომ ძალიან ზუსტად იციან.
       120. ეს მითხრეს ეგვიპტელთა ქურუმებმა. მე კი ჩემის მხრივ ელენეს შესახებ მოთხრობილი ამბავს შემდეგი შემიძლია დავუმატო: ელენე რომ ილიონში ყოფილიყო, მას დაუბრუნედნენ ელინებს ალექსანდრეს ნებით თუ უნებურად. რადგან არც ისე გიჟი იყო პრიამოსი, ანდა სხვა მისი მხლებელი ხალხი, რომ თავისი საკუთარი სიცოცხლის, შვილებისა და ქალაქის საფრთხეში ჩაგდება მოენდომებინათ, ოღონდ კი ალექსანდრეს ელენესთან ეცხოვრა. თუ კი პირველ ხანებში ისინი ამ აზრისა იყვნენ, მას მერე რაც ბევრი ტროელი გაიჟლიტა ელინებთან ბრძოლაში, ხოლო თვითონ პრიამოსს თითოეულ ბრძოლაში ორი, სამი ან კიდევ უფრო მეტი შვილი უკვდებოდა (თუ კი შეიძლება რაიმეს თქმა პოეტებზე დაყრდნობით), მას მერე, რაც ასეთი საშინელება დატრიალდა, მე ვფიქრობ, რომ თვითონ პრიამოსსაც რომ ეცხოვრა ელენესთან, დაუბრუნებდა მას აქეელებს, იმის იმედით, რომ ამით თავს დამტყდარი უბედურებებისაგან გათავისუფლდებოდა. ამას გარდა, არც სამეფო ხელისუფლება გადადიოდა ალექსანდრეზე; ხოლო რაკიღა პრიამოსი მოხუცებული იყო, სახელმწიფო საქმეებზე ზრუნვა მას კი არ ევალებოდა, არამედ ჰექტორს, რომელიც შვილებში უფროსი და ალექსანდრეზე უკეთესი ვაჟკაცი იყო, და პრიამოსი რომ მოკვდებოდა, მას უნდა მიეღო ხელისუფლება. მას, ცხადია, არ შეშვენოდა უსამართლობის ჩამდენი ძმისათვის ხელის დაფარება, მით უმეტეს, რომ მისი მიზეზით დიდი უბედურება დაატყდებოდათ თვითონ მასაც და ყველა დანარჩენ ტროლებსაც. მათ მართლაც არ ჰყავდათ ელენე, რომ მიეცათ, მართალს ლაპარაკობდნენ, მაგრამ ელინებს მაინც არ სჯეროდათ. ჩემი აზრით, ეს ყოველივე ღვთის განგებით მოხდა, რათა ტროელთა საყოველთაო დაღუპვას ნათელეყო ხალხისათვის, რომ დიდი უსამართლობისათვის ღმერთები სასჯელსაც დიდს აწესებდნენ. მე ასე მეგონა და ასეც ვამბობ.
       121. ქურუმები ამბობდნენ, რომ პროტევსის შემდეგ სამეფო ხელისუფლება მიიღო რამფსინიტოსმა, რომელმაც თავის სამახსოვროდ დასტოვა ძეგლი ბარიერზე ჰეფესტოსის სალოცავის დასავლეთით. ამ ძეგლის პირდაპირ დადგა ორი ქანდაკება, თითოეული 25 წყრთის სიმაღლის.121 მათგან ერთს, რომელიც ჩრდილოეთისაკენ დგას, ეგვიპტელები უწოდებენ ზაფხულს, ხოლო მეორეს, რომელიც სამხრეთისაკენ არის – ზამთარს. იმ ქანდაკებას, რომელსაც ზაფხულს უწოდებენ, თაყვანსაც სცემენ და კარგადაც ექცევიან, ხოლო რომელსაც ზამთარს უწოდებენ, მას ამის საწინააღმდეგოდ ეპყრობიან. ამ მეფეს ვერცხლის სახით დიდი სიმდიდრე ჰქონდა, და შემდეგი დროის არც ერთი მეფე სიმდიდრის მხრივ არ აღემატებოდა, ახლოსაც კი ვერ მივიდოდა მასთან. მას უნდოდა, რომ თავისი ფულები უშიშარ ადგილას ჰქონოდა დაცული, ამიტომ ააშენებინა ქვის ნაგებობა, რომლის კედლთაგან ერთი მისი სასახლის გარეთა ნაწილს ეკვროდა. ხოლო მის მშენებელს ბოროტი განზრახვა ჰქონდა და შემდეგი იეშმაკა: ისე გააკეთა, რომ ერთ ქვას კედლიდან ადვილად გამოიღებდა ორი კაცი, ანდა თუნდაც ერთი. როდესაც შენობა დასრულდა, მეფემ მასში თავისი ფულები მოათავსა. ხანი, რომ გავიდა, ხუროთმოძღვარმა სიკვდილის წინ დაუძახა თავის შვილებს (ორი ჰყავდა) და უამბო მათ, თუ მათზე ზრუნვაში რა ეშმაკობა იხმარა, როდესაც მეფის საგანურს აგებდა და ეს სულ იმისათვის, რომ მათ მდიდრულად ეცხოვრათ. ამასთნავე გარკვევით აუხსნა, როგორ უნდა ამოეღო ქვა, მისცა მისი ზომები და უთხრა, თუ ამას დაიმახსოვრებენ, მეფის ქონების ხაზინადარები ესენი იქნებიან. ხუროთმოძღვარი რომ გარდაიცვალა, მისმა შვილებმა დიდად არ დააყოვნეს და საქმეს შეუდგნენ, წავიდნენ ღამით სასახლეში, იპოვეს ნაგებობაში ქვა, ადვილად გამოიღეს და დიდძალი ფული გამოიტანეს. მოხდა ისე, რომ მეფემ გააღო შენობა და ძალიან განცვიფრდა, როდესაც დაინახა, რომ ჭურჭელში ფულს მოუკლია, მაგრამ არც კი შეეძლო ვინმეს დადანაშაულება, რადგან კარებზე ტვიფრები მთელი იყო, ხოლო შენობა დაკეტილი. როდესაც მან მეორედ და მესამედ გააღო ოთახი და ქონება სულ უფრო და უფრო ნაკლები ეჩვენებოდა (რადგან ქურდები ხელს არ იღებდნენ ძარცვაზე), იგი ასე მოიქცა: უბრძანა, გაეკეთებინათ ხაფანგები და დაეგოთ ისინი იმ ჭურჭლების ირგვლივ, რომლებშიც ფულები ინახებოდა, დრო რომ გავიდა, ქურდები კიდევ მოვიდნენ უწინდებურად, ერთი მათგანი შევიდა კიდეც ოთახში და როგორც კი მიუახლოვდა ჭურჭელს, მაშინვე გაება ხაფანგში. როგორც კი მიხვდა თუ რა უბედურება არის მის თავს, მაშინვე დაუძახა ძმას, განუმარტა, რაც მოხდა და უბრძანა  სასწრაფოდ შემოსულიყო ისიც ოთახში და მოეჭრა მისთვის თავი, რათა რომ დაინახავდნენ, არ ეცნოთ ის, თუ ვინ არის და ამით მასთან ერთად არ დაღუპულიყო მეორე ძმაც. ამანაც იფიქრა, რომ ძმა კარგად ლაპარაკობს, დაუჯერა და გააკეთა ისე, როგორც მან უთხრა. მოარგო ქვა, გაეშურა სახლისაკენ და ძმის მოჭრილი თავი თან წაიღო. დღე რომ დადგა, შევიდა მეფე ამ შენობაში და გაოცებული დარჩა, რომ დაინახა ხაფანგში ქურდის უთავო სხეული, თვით ოთახი ხელუხლებელი, თან არც შესასვლელი ჩანდა არავითარი და არც გამოსასვლელი. საგონებელში ჩავარდნილმა მან შემდეგი გააკეთა: ქურდის გვამი გალავანზე ჩამოაკიდებინა122 მასთან დააყენა დარაჯები, რომელთაც მისცა განკარგულება, რომ შეეპყროთ და მასთან მიეყვანათ ყველა, ვისაც დაინახავდნენ მტირალს ან თანამგრძნობელს. გვამი რომ ჩამოჰკიდეს, დედა საშინლად განიცდიდა, ელაპარაკა კიდევაც ამის შესახებ გადარჩენილ შვილს და უბრძანა მას, რა გზითაც უნდოდა, მოეხერებინა, ძმის გვამი ჩამოეხსნა და მისთვის მიეტანა. ხოლო, თუ ის ამისათვის არ იზრუნებდა, დედა ემუქრებოდა მას, რომ წავიდოდა მეფესთან და განუცხადებდა, რომ მის შვილს აქვს მისგან მოპარული ფულები. დედამ მაგრამ შეუტია თავის გადარჩენილ შვილს, ვაჟი ბევრს არწმუნებდა მას, მაგრამ მაინც ვერ დააჯერა და ბოლოს ასეთი რამ გამოიგონა: შეკაზმა ვირები, დატვირთა ისინი ღვინით სავსე ტიკებით და გარეკა. როდესაც მიუახლოვდა დარაჯებს და ჩამოკიდებულ გვამს, გამოსწია ორს თუ სამ ტიკს დაკიდებული თასმები და გახსნა. ღვინო რომ წამოვიდა, მან თავში წაიშინა ხელები და დიდი ხმით დაიწყო ყვირილი, თითქოს არ იცოდა, პირველს რომელ ვირს მივარდნოდა. დარაჯებმა რომ დაინახეს ასე უხვად დაღვრილი ღვინო, გამოიქცნენ გზაზე ხელში ჭურჭლებით და ავსებდნენ ამ ჭურჭლებს დაღვრილი ღვინით, რაც თავის წილად მიიჩნიეს. იგი საშინლად ლანძღავდა ყველას და ისე იქცეოდა, თითქოს ძალიან ბრაზობს; როდესაც დარაჯებმა მას დამშვიდება დაუწყეს, მან თავი მოაჩვენა, რომ ბოლოს და ბოლოს მოლბა და მრისხანებამ გაუარა, საბოლოოდ კი გარეკა ვირები გზიდან და ისევ დატვირთა. დაჯარები კიდევ უფრო მეტს ელაპარაკებოდნენ მას, ერთი მათგანი კი ეხუმრებოდა და კიდევაც გააცინა, ამანაც აიღო და ერთი ტიკი მისცა მათ. დარაჯები სადაც იყვნენ, იქვე დასხდნენ და დაიწყეს სმა, ისიც მიიპატიჟეს და უთხრეს, რომ მათთან დარჩენილიყო და დაელია. მანაც დაუჯერა და დარჩა. რაკიღა დარაჯები სმის დროს მას მეგობრულად ექცეოდნენ, მან იმათ მეორე ტიკიც აჩუქა. დარაჯებმა ძალიან ბევრი დალიეს, დათვრნენ და სადაც სვამდნენ, იქვე მაგრად დაეძინათ. გვიან ღამით მან ჩამოხსნა ძმის გვამი, ხოლო დარაჯებს, შეურაცხყოფის ნიშნად ყველას მოპარსა მარჯვენა ლოყა.123 დადო გვამი ვირებზე და გაეშურა სახლისაკენ. ასე შეუსრულა დედას მოთხოვნა. მეფე საშინლად განრისხდა, როდესაც უთხრეს, რომ ქურდის გვამი მოიპარესო. მას უნდოდა რადაც არ უნდა დასჯდომოდა, აღმოეჩინა დამნაშავე და შემდეგ ხერხს მიმართა, თუმცა კი მე ეს არ მჯერა: თავისი ასული გაგზავნა საროსკიპოში და უბრძანა, განურჩევლად ყველა მამაკაცი მიეღო, მხოლოდ ვიდრე მასთან დაწვებოდა კაცი, მას უნდა აეძულებინა იგი, ეთქვა მისთვის, რაც გაუკეთებია თავის ცხოვრებაში, ყველაზე უფრო ეშმაკური და უწმინდური. ვინც კი მოუყვებოდა მას ქურდის თავს გადამხდარ ამბავს, ის უნდა დაეჭირა ქალს და გარეთ არ გაესვა. ასულმა გააკეთა ის, რაც მოსთხოვა მამამ, მაგრამ ქურდმა შეიტყო, რისთვისაც კეთდებოდა ყოველივე ეს და მოინდომა მეფისთვის ეჯობნა ეშმაკობაში, ამიტომ ასე მოიქცა: ახალ მკვდარს მოჰკვეთა მთელი მკლავი მხარში, დაიჭირა ის მოსასხამის ქვეშ, წავიდა და შევიდა მეფის ასულთან, როდესაც მას შეეკითხნენ ისევე, როგორც სხვებს, მან უამბო, როგორც მის მიერ ჩადენილი ყველაზე უწმინდური საქციელი ის, როდესაც მან მეფის საგანძურში ხაფანგში გაბმულ ძმას თავი მოჰკვეთა, ხოლო ყველაზე უფრო ეშმაკურად გამოაცხადა ის საქციელი, როდესაც მან დაათრო დარაჯები და ჩამოხსნა ძმის დაკიდებული გვამი. ქალმა რომ გაიგონა, ჩაეჭიდა მას, ხოლო ქურდმა სიბნელეში მას მკვდრის ხელი გაუწოდა. ქალი ამ ხელს მოეჭიდა, ეგონა, რომ ამ ქურდის ხელი ეჭირა, ხოლო ქურდმა შეატოვა მას ხელი, კარავში გავარდა და გაიქცა. როდესაც მეფეს მოუტანეს ეს ამბავი, იგი განაცვიფრა ამ კაცის მოხერხებულობამ და სითამამემ და ბოლოს დაგზავნა კაცები ყველა ქალაქში და გამოაცხადა, რომ შეწყნარების პირობას აძლევს და დიდ საჩუქრებს პირდება ამ კაცს, თუ კი ის მის წინაშე წარსდგება. ქურდი ენდო მეფეს და მოვიდა მასთან. რამფსინიტოსი დიდად იყო მისით აღტაცებული და მას, როგორც ყველაზე ჭკვიან ადამიანს, მისცა თავისი ასული ცოლად. მას ხომ ეგვიპტელები ყველა სხვა ხალხზე უკეთესად მიაჩნდა. ეგვიპტელებში კიდევ ეს კაცი ჩაითვალა ყველაზე უკეთესად.
       122. ამის შემდეგი იყო, მიამბობდნენ ქურუმები, რომ მეფე ცოცხლივ ჩავიდა ქვემოთ, იმ ადგილას, რომელსაც ელინები ჰადესს უწოდებდნენ.124 აქ ის კამათელს ეთამაშებოდა დემეტრეს,125 რომელთანაც ხან იგებდა და ხან აგებდა. შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა დედამიწაზე და მისგან მიიღო საჩუქრად ოქროს ხელსახოცი. ამბობენ, რომ რამსინიტოსის ჰადესში ჩასვლის აღსანიშნავად (რადგან ის უკან დაბრუნდა) ეგვიპტელებმა დღესასწაული შემოიღეს, და რამდენადაც მე ვიცი, მას ჩემს დრომდისაც ასრულებენ, თუმცა არ შემიძლია ვთქვა, ამის გამოა, თუ სხვა რაიმე მიზეზის გამო ეს დღესასწაული შემოღებული.126 ქურუმები ამ დღესასწაულის დღეს ქსოვენ მოსასხამს, შემდეგ ერთს ქურუმთაგანს თვალებს აუკრავენ ასახვევით, ჩააცმევენ მას მოსასხამს და მიჰყავთ იმ გზაზე, რომელიც მიდის დემეტრეს სალოცავისაკენ, თვითონ კი უკან ბრუნდებიან. ამბობენ, რომ ეს თვალებახვეული ქურუმი მიჰყავს ორ მგელს127 დემეტრეს სალოცავისკენ, რომელიც ქალაქს 20 სტადიონით არის დაშორებული და შემდეგ სალოცავიდან უკან ისევ ამ მგლებს მოჰყავთ იმავე ადგილას.
       123. ეგვიპტელთა მონათხრობი გამოიყენოს იმან, ვისთვისც ასეთი რამეები სარწმუნოა. მე მთელს ჩემს მოთხრობას საფუძლვად ვუდებ იმას, რაც მომისმენია სხვადასხვა ხალხისაგან და იმას ვწერ. ეგვიპტელები ამბობენ, რომ მიწისქვეშეთს მთავრობენ დემეტრე და დიონისე.128 ეგვიპტელებმა პირველებმა გამოთქვეს ის აზრი, რომ ადამიანის სული უკვდავია და მას მერე, რაც სხეული იღუპება, სული შედის სხვა ცხოველში, რომელიც იმ წუთს იბადება. როდესაც სული დაივლის ყველა ცხოველს ხმელეთისას, ზღვისას და ფრინველებს ზეცისას, კვლავ შედის ადამიანის სხეულში, რომელიც იბადება. ამ შემობრუნებას სჭირდება სამი ათასი წელიწადი. ეს მოძღვრება გამოიყენა ზოგიერთმა ელინმა, როგორც თავისი საკუთარი, ზოგმა ადრე, ზოგმა უფრო გვიან, მე კი ვიცი მათი სახელები, მაგრამ არ ვწერ.
       124. ქურუმები ამბობდნენ, რომ მეფე რამფსინიტოსამდე ეგვიპტეში სრული კანონიერება იყო და ყველაფერი უხვად მოიპოვებოდა, მაგრამ მის შემდეგ მათზე მეფობდა ხეოფსი,129 რომელმაც ქვეყანა მრვალგვარ უბედურებაში ჩააგდო. უპირველესად ყოვლისა მან დააკეტინა ყველა სალოცავი და აუკრძალა ეგვიპტელებს მსხვერპლშეწირვა.130 შემდეგ უბრძანა ყველა ეგვიპტელს მისთვის ემუშავა. მათ ქვები ქვის სამტეხლოდან, რომელიც არაბიის მთებშია, ნილოსამდე უნდა მიეზიდათ. მდინარეზე რომ გადაიტანდნენ ქვებს ხომალდებით, მისი განკარგულებით იქ სხვები ღებულობდნენ მათ და ეზიდებოდნენ ლიბიურად წოდებულ მთისაკენ. 100000 კაცი მუშაობდა და გამუდმებით ყოველ სამ თვეში. 10 წელიწადი იმუშავა ხალხმა იმ გზის გაკეთებაზე, რომელზედაც ეზიდებოდნენ ქვებს და მე მეჩვენება, რომ ეს საქმე ბევრით უფრო იოლი არ არის თვით პირამიდების აგებაზე (რადგან გზის სიგრძე არის ხუთასი სტადიონი, სიგანე  ათი ორგია, სიმაღლე, მის ყველაზე უფრო მაღალ ნაწილში  8 ორგია, ის არის თლილი ქვით დაგებული და ზედ გამოსახულებებია ამოკვეთილი); 10 წელიწადს მოუნდნენ ამ გზისა და მიწისქვეშა ნაგებობების კეთებას, რომლებიც არის იმ ბორცვთან, რომელზედაც პირამიდები დადგეს. ეს განსასვენებელი მან თავისთვის გაიკეთა იმ კუნძულზე, რაც წარმოიქმნა იმით, რომ ნილოსიდან არხი გამოიყვანა,131 ხოლო პირამიდის კეთებას ოცი წელი მოუნდა. თითოეული გვერდი ამ ოთხკუთხედისა არის 8 პლეთრის სიგრძისა და იამვე სიმაღლის. გაკეთებულია ის საგანგებოდ გაკრიალებული და ერთმანეთთან შეხამებული ქვებისაგან. არც ერთი ქვა არ არის 30 ფუტზე ნაკლები.
       125. ხოლო ეს პირამიდა ამგარად არის გაკეთებული: აკეთებდნენ საფეხურებად, რომელსაც ზოგიერთები კბილანებს უწოდებენ, სხვები კი კიბურებს: ეს რომ ამგვარად გააკეთეს, შემდეგ დარჩენილი ქვები მოკლე ხეებისაგან გაკეთებული მანქანით ასწიეს, ჯერ მიწიდან ამ საფეხურების პირველ სართულზე, გადადეს ის მეორე მანქანაზე, რომელიც იდგა პირველ სართულზე, ამ სართულიდან მეორე სართულზე აათრია ახლა სხვა მანქანამ ეს ქვები, რადგან საფეხურების რამდენი სართულიც იყო, იმდენივე იყო მანქანაც; ან კიდევ – შესაძლოა ერთი მანქანა მუშაობდა, მაგრამ ის ადვილად გადასატანი იყო და გადაჰქონდათ სართულიდან სართულზე, როგორც კი ქვას ასწევდნენ იმ სართულიდან. ორივე ცნობა მომყავს, რადგან ჩვენ ასე გვითხრეს. ჯერ პირამიდის ყველაზე ზემო ნაწილები გაკეთდა, შემდეგ გააკეთეს ის, რაც ამას მოსდევდა, ხოლო ბოლოს გააკეთეს ყველაზე ქვემოთა ნაწილები, ისინი, რომლებიც მიწაზე იყო. პირამიდაზე მოთავსებულ ეგვიპტურ წარწერაში აღნიშნული ყოფილა, თუ რამდენი დაიხარჯა მუშების ბოლოკზე, ხახვზე და ნიორზე. კარგად მახსოვს, თარჯიმანმა მითხრა, როდესაც ეს წარწერა წამიკითხა, რომ ამაში 1600 ვერცხლის ტალანტი გადაუხდიათო.132 თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ რამდენად მეტი უნდა დახარჯულიყო იმ რკინის იარაღზე, რომლითაც მუშაობდნენ, ან კიდევ მუშების საჭმელსა და ტანსაცმელზე? რამდენი დრო მოუნდა შენებას, ამის შესახებ უკვე ითქვა (იხ. $124 - 30 წელი), ხოლო მე ვფიქრობ, რომ ამას გარდა ცოტა დრო არ წავიდოდა ქვის მოჭრასა და მოტანაზე და მიწისქვეშა თხრილების გაკეთებაზე.
       126. იქამდე მივიდა ხეოფსის ბოროტება, რომ ფული რომ შემოაკლდა, თავისი საკუთარი ასული გაგზავნა საროსკიპოში და უბრძანა ამდენი და ამდენი ფული ეშოვა (სახელდობრ რამდენი, არ უთქვამთ ჩემთვის). ქალმა იშოვა, რამდენიც მამამ უბრძანა, მაგრამ მოინდომა თავისი სახსოვარიც დაეტოვებინა, ამიტომ თითოეულ მასთან მისულ კაცს სთხოვდა, რომ ერთი ქვა ეჩუქებინა მისი სამუშაოებისათვის. ამბობენ, რომ ამ ქვებისაგან არის აგებული ის პირამიდა, რომელიც სამ პირამიდას შორის, სწორედ შუაში დგას, დიდი პირამიდის წინ. მისი თითოეული წიბო პლეთრნახევარია.
       127. ეგვიპტელები ამბობენ, რომ ხეოფსმა იმეფა 50 წელი,133 ხოლო მისი სიკვდილის შემდეგ სამეფო ხელისუფლება გადავიდა მისი ძმის, ხეფრენის ხელში. ხეფრენი ყველაფერში იმგვარადვე იქცეოდა, როგორც ხეოფსი და სხვათა შორის პირამიდაც ააგო, მაგრამ მისი პირამიდა ხეოფსის აგებულთან ვერ მოვიდოდა. ის ჩვენ თვითონ გავზომეთ. მას არა აქვს მიწისქვეშა ნაგებობანი, არც ნილოსიდან მოდის არხი მასთან, როგორც ხეოფსის პირამიდასთან არის: აქ ხომ ხელოვნურად არის გაყვანილი წყალი, რომელიც კუნძულს გარეშემოუვლის, ხოლო ამბობენ, რომ ამ კუნძულზე განისვენებს თვითონ ხეოფსი. ხეფრენმა პირამიდის პირველი ენა ჭრელი ეთიოპური ქვისაგან ააგებინა, მაგრამ მისი პირამიდა ორმოცი ფუტით უფრო დაბალია იმ მეორეზე და იქვეა აგებული, სადაც ის, დიდი პირამიდა. ორივენი დგანან ერთსა და იმავე ბორცვზე, რომლის სიმაღლეც დაახლოებით 100 ფუტია. ამბობენ, რომ ხეფრენმა იმეფა 56 წელი.
       128. მხოლოდ 106 წელს ანგარიშობენ, რომლის განმავლობაშიც ეგვიპტელებმა ყოველგვარი ბოროტება გადაიტანეს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი დაკეტილი სალოცავები არ გაღებულა. ამ მეფეთა მიმართ სიძულვილის გამოა, რომ ეგვიპტელებს არც კი უნდათ მათი ხსენება, ხოლო პირამიდებს უწოდებდნენ მწყემსი ფილიტისისას, რომელიც ამ დროს და სწორედ ამ ადგილებში მწყემსიდა საქონელს.
       129. ქურუმები ამბობდნენ, რომ ამის (ხეფრენის) შემდეგ ეგვიპტეში მეფობდა მიკერინოსი, ხეოფსის შვილი, რომელსაც თავისი მამის საქმიანობა არ მოსწონდა, გააღო სალოცავები და ნება დართო გაჭირებისაგან უკიდურესობამდე გაწამებულ ხალხს თავის საქმიანობასა და მსხვერპლშეწირვებს დაბრუნებოდნენ, ხოლო სამართალს ის ყველა სხვა მეფეებზე უკეთ სჯიდა. ამ ამბის გამო იყო, რომ მას განსაკუთრებით აქებდნენ ყველა ეგვიპტელ მეფესთან შედარებით, რომლებიც კი მანამდე ყოფილან. ის მართლაც ყოველთვის კარგად სჯიდა და თუ ვინმე დარჩებოდა მისი განსჯის უკმაყოფილო, მას თავისი საკუთარი ქონების ნაწილს აძლევდა და აკმაყოფილებდა. ამრიგად, მიკერინოსი კეთილი იყო მოქალაქეთა მიმართ და ზრუნავდა მათზე, მაგრამ მასაც შეემთხვა ბევრი უბედურება და ამ უბედურებათა შორის პირველად ასულის სიკვდილი დაატყდა თავს. ეს ასული ერთადერთი შვილი იყო სახლში. თავს დატეხილი უბედურების გამო საშინლად იყო ის დამწუხრებული და მოინდომა თავისი ასულის სხვებისგან განსხვავებით, რაღაც არაჩვეულებრივად დაემარხა, ამიტომ გამოფუღუროებული ხისაგან გააკეთებინა ძროხა,134 შემდეგ ის მოავარაყებინა და თავისი გარდაცვლილი ასული შიგ დამარხა.
       130. ეს ძროხა მიწაში ჩაფლული არ იყო, ის კი არა ჩემს დროსაც შეიძლებოდა მისი ნახვა, ის იდგა ქალაქ საისში, მეფის სასახლეში, შესანიშნავად მორთულ ოთახში. მთელი დღე მას მრავალგვარ საკმეველს უკმევდნენ, ხოლო ყოველ ღამეს შებინდებამდე გათენებამდე სანათური ენთო ხოლმე. ამ ძროხის მახლობლად სხვა ოთახში დგას მიკერინოსის ხასების ქანდაკებები, როგორც მითხრეს ქურუმებმა ქალაქ საისში. იქ დგას ხის დაახლოებით 20 გამოსახულება, რომლებიც შიშველ ქალებს გამოხატავენ.135 მაგრამ ვინ არიან ეს ქალები, ამის შესახებ იმაზე მეტს ვერ ვიტყვი, რაც უკვე ვთქვი.
       131. ზოგიერთები ამ ძროხისა და გამოსახულებების შესახებ შემდეგ ამბავს მოგვითხრობენ: თითქოს მიკერინოსს უყარდა თვისი საკუთარი ასული და დაწვა მასთან ისე, რომ ქალს არ უნდოდა. ამბობენ, რომ ამის შემდეგ ქალმა ჯავრისაგან თავი ჩამოიხრჩო, მამამ იგი ამ ძროხაში დამარხა, ხოლო ქალის დედამ იმ მნახველებს, რომლებმაც მისცეს მამას ქალი, ხელები დააჭრა და მათი გამოსახულებები ახლას იმას გვიჩვენებენ, რაც მათ ცოცხლად გადახდათ თავს. მე ვფიქრობ, რომ ამას ტყუილუბრალოდ ამბობენ, განსაკუთრებით კი იმას, რაც შეეხება გამოსახულებების ხელებს. რადგან ჩვენ თვითონ ვნახეთ, რომ დროთა განმავლობაში დასცვივდა ხელები გამოსახულებებს და ხელები ჯერაც, ჩემს დრომდე გამოსახულებების ფეხებთან ჩანდა დაყრილი.
       132. ძროხა საერთოდ გადახურულია ძოწეულის გადასაფარებლით, მხოლოდ ქედი და თავი მოჩანს, მოოქრული ძალიან სქელი ოქროთი, რქებს შორის კი მზის წრიული გამოსახულებაა ოქროსი. ძროხა გამართული კი არ არის, არამედ მუხლებზეა დაჩოქილი, ხოლო სიდიდით ის დიდი, ცოცხალი ძროხის ოდენაა. ის ყოველწლიურად გამოაქვთ ნაგებობიდან იმ დროს, როდესაც ეგვიპტელები ტირიან ღმერთს, რომელსაც მე ვერ დავასახელებ ღვთის შიშით.136 მაშინ გამოაქვთ ძროხა სინათლზე, რადგან ამბობენ, რომ როდესაც კვდებოდა ასული, სთხოვა მამას, მიკერინოსს, წელიწადში ერთხელ მაინც შემახედე მზისათვისო.
       133. ასულის დაკარგვის შემდეგ ამ მეფეს მეორე ასეთი უბედურება დაემართა: ქალაქ ბუტოდან მოუვიდა მისნობა, რომ მხოლოდ 6 წელიწადს იცხოვრებს კიდევ და მეშვიდეზე მოკვდება.137 მეფე ძალიან გაწყრა და სამისნოს შეუთვალა ღმერთის მიმართ საყვედური, მამაჩემმა და ბიძაჩემმა დაჰკეტეს სალოცავები, აღარ ახსოვდათ ღმერთები, ხალხსაც ღუპავდნენ და მაინც დიდხანს ცხოვრობდნენ, მე კი მიუხედავად ღვთისმოსაობისა ასე მალე უნდა მოვკვდებო. მაშინ მეორედ მოუვიდა სამისნოდან ამბავი, რომელმაც აუწყა, რომ სწორედ იმის გამო შეუმოკლდა ცხოვრება, რომ არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა: რადგან ეგვიპტე გასაჭირში კიდევ 150 წელი უნდა ყოფილიყო, მისმა წინამორბედმა ორმა მეფემ ეს გაიგო, იგი კი ვერ მიხვდა ამას. რომ მოისმინა მიკერინოსმა, თუ რა ჰქონდა მისჯილი, გააკეთებინა ბლომად ლამპები და როგორც კი დაღამდებოდა, დაანთებდა მათ, სვამდა და დროსაც ატარებდა, არც დღეს და არც ღამეს არ აცდენდა, დაეხეტებოდა ჭაობებსა და ჭალებში, სადაც ყველაზე უკეთესი გასართობი ადგილები ეგულებოდა. ამას, რომ აკეთებდა, მისნობის სიცრუის ჩვენება უნდოდა, თითქოს 12 წელს იცოცხლებდა 6-ის ნაცვლად, რაკიღა ღამეებს დღეებად აქცევდა.
       134. ამანაც დატოვა პირამიდა, მაგრამ ეს ბევრად უფრო პატარა იყო, ვიდრე მისი მამის გაკეთებული. თითოეული მისი წიბო (ის ოთხკუთხოვანია) 3 პლეთრონია, 20 ფუნტ ნაკლებ. იგი ნახევრამდე ეთიოპური ქვისაგან138 არის ნაკეთები. ზოგიერთი ელინი ამბობს, რომ ის არის ჰეტერა როდოპისისა, მაგრამ მართალს არ ლაპარაკობენ. მე მგონია, რომ იმათ, ვინც ამას ლაპარაკობს, არც კი იციან, ვინ იყო როდოპისი (თორემ არ მიაწერდნენ მას ამისთანა პირამიდის აღმართვას, რომელზედაც, შეიძლება ითქვას, მრავალი ათასი ტალანტი დაიხარჯა). ამას გარდა მათ ისიც არ იციან, რომ ამისისის მეფობის დროს ცხოვრობდა როდოპისი და არა მიკერინოსის დროს. იმ მეფეების შემდეგ, რომელთაც ეს პირამიდები დატოვეს, მრავალი წლის მერე იყო როდოპისი, წარმოშობით თრაკიელი, მონა სამოსელი კაცის, იადმონისა, ჰეფესტოპოლისის ძისა, რომლის მონა იყო როდოპისთან ერთად არაკების მწერალი აისოპოსიც. აისოპოსი რომ იადმონისა იყო, კარგად ჩანს შემდეგის მიხედვით: როდესაც დელფოელებმა მრავალგზის გამოაცხადეს განგების სურვილი, თუ ვინ უნდა მიიღოს მათგან მოკლული იასოპოსისთვის139  გამოსასყიდი, არავინ გამოცხადდა, გარდა იადმონის შვილიშვილისა, ასევე იადმონისა, რომელმაც მიიღო ის სასყიდელი, და ეს იმიტომ, რომ აისოპოსიც, როდოპისისა არ იყოს, იადამონისა იყო.
       135. როდოპისი ეგვიპტეში ქსანთეს სამოსელმა მოიყვანა სამარცხვინო საქმიანობისათვის, მაგრამ დიდი ფული გადაიხადა და გაათავისუფლა ის მიტილენელმა ქარაქსოსმა, სკამანდრონიმოსის შვილმა, პოეტი ქალის, საფოს ძმამ. ამგვარად განთავისუფლდა როდოპისი და დარჩა ეგვიპტეში; ის იმდენად მშვენიერი იყო, რომ დიდძალი ფული იშვოა, რაც ბევრი იყო როდოპისისათვის, მაგრამ არც იმდენი, რომ ამისთანა პირამიდა აეგო. მისი შეძლების მეათედის ნახვა ახლაც შეიძლება ყველასათვის, ვისაც კი მოუნდება და ამის მიხედვით ძნელია, მას რაიმე დიდი ქონება მივაწეროთ. როდოპისს მოუნდა თავისი მოსაგონარი დაეტოვებინა ელადაში, ამიტომ გააკეთებინა ისეთ რამ, რაც სხვას არავის მოუფიქრებია სალოცავისათვის შეეწირა. მან თავისი ეს მოსაგონარი შესწირა დელფოს. როდოპისმა თავისი ქონების მეათედი ნაწილით რკინისაგან გააკეთებინა ხარის წამოსაგები ბევრი შამფური,140 იმდენი, რამდენიც მოვიდოდა ამ თანხის მეათედით და ისეთი დიდები რომ მასზე მთელი ხარი შემწვარიყო და გაგზავნა დელოფოში. შამფურები ახლაც იქ ყრია, იმ საკურთხევლის უკან, რომელიც აღმართეს ქიოსელებმა, ზედ ტაძრის პირისპირ.141 ჩვეულებრივ ნავკრატისში ჰეტერები ძალიან ლამაზები არიან, მაგრამ ის, ვისაც ეს ამბავი ეხება, ისე სახელგანთქმული იყო, რომ ყველამ ელინმა იცოდა როდოპისის სახელი. ამაზე უფრო გვიან იყო არქიდიკე, რომელსაც უმღეროდა მთელი ელადა, მაგრამ მასზე ნაკლებს ლაპარაკობდნენ, ვიდრე როდოპისზე. ქარაქოსმა როდოპისი რომ გაათავისუფლა, დაბრუნდა მიტილენეში, ხოლო სატფომ ის მაგრად გამოლანძღა თავის სიმღერაში.
       136. როდოპისის შესახებ მოთხრობას ამაზე შევწყვეტ. ქურუმები მიამბობენ, რომ მიკერონოსის შემდეგ ეგვიპტის მეფე იყო ასიხისი,142 როლმელმაც ჰეფესტოსის ტაძრის აღმოსავლეთით გააკეთებინა კარიბჭე, ბევრად უფრო ლამაზი და დიდი სხვა კარიბჭეზე. ყველა კარიბჭეს საერთოდ, ნაკეთობის თვალსაზრისით, ათასნაირი ჩუქურთმა ამკობს, ასიქისის კარიბჭე კი ამ მხრივ ბევრად აღემატებოდა ყველას. ქურუმებმა მითხრეს, რომ მისი მეფობის დროს მიმოქცევაში ფულის დიდი ნაკლებობა იყო, ამიტომ გამოიცა კანონი ეგვიპტელთათვის  გირაოდ მამის გვამი უნდა მიეცა კაცს და ისე აეღო ვალი. ხოლო ამ კანონს კიდევ შემდეგი ემატეობდა: ვალის მიმცემი ვალის ამღების მთელი საძვალის მფლობელი ხდებოდა, ხოლო ასეთი გირაოს მიმცემს, თუკი ის ვალის დაბრუნებას მაინც არ მოინდომებდა, შემდეგი სასჯელი ედებოდა: არც მას თვითონ, არც სხვას ვისმე მის ნათესავთაგან, სიკვდილის შემდეგ არ დაასაფლავებდნენ, არც საგვარეულო და არც სხვა რომელიმე სხვა სამარხში. ამ მეფეს უნდოდა მისი წინამორბედი ეგვიპტის მეფეები დაეჩრდილა და თავის მოსაგონრად მაინც დატოვა პირამიდა, რომელიც აგურებისაგან გააკეთებინა, ხოლო პირამიდაზე მოათავსა ქვაზე ამოკვეთილი შემდეგი წარწერა: „აბუჩად ნუ ამიგდებ ქვის პირამიდებთან შედარებით. მე მათ იმდენადვე აღვემატები, რამდენადაც ზევსი სხვა ღმერთებს, ჭოკს უშვებდნენ ჭაობში და ჭოკს რომ თიხა მოჰყვებოდა, იმას აგროვებდნენ და მისგან აკეთებდნენ აგურებს; აი, ამგვარად გამაკეთეს მე“.
       137. ეს გააკეთა ამ მეფემ. მას შემდეგ მეფობდა ბრმა კაცი, ქალაქ ანისისიდან, რომელსაც სახელად ერქვა ასევე ანისისი.143 მისი მეფობის დროს ეგვიპტეს თავს დაესხნენ ეთიოპელები მეფე საბაკოსის სარდლობით. ეს უსინათლო გაიქცა ჭაობებისაკენ, ხოლო ეთიოპელი მეფობდა ეგვიპტეში დაახლოებით 50 წელი; ამ ხნის განმავლობაში მან შემდეგი გააკეთა: როდესაც ვინმე ეგვიპტელთაგანი რასმე დააშავებდა, მას კი არ აკვლევინებდა, არამედ ჩადენილი დანაშაულის სიდიდის მიხედვით უბრძანებდა თითოეულს და მიუსჯიდა სათანადო რაოდენობის მიწა დაეყარა საკუთარ ქალაქთან, საიდანაც იყო დამნაშავე. ამგვარად კიდევ უფრო ამაღლდნენ ქალაქები. ირველად ხომ სესოსტრისის მეფობაში დაჰყარეს მიწა მათ, ვინც არხებს თხრიდა, ხოლო მეორედ  ეთიოპელის მეფობაში, ისე რომ ქალაქები ძალიან ამაღლდნენ. ეგვიპტეში საერთოდ ქალაქებს მაღალი მდებარეობა აქვთ, მაგრამ მე მგონია, რომ განსაკუთრებით ამაღლებულია მიწაყრილით ქალაქი ბუბასტისი, რომელშიც არის ბუბასტისის ღირსშესანიშნავი სალოცავი. მართალია, არის სხვა უფრო დიდი და უფრო ძვირფასი სალოცავები, მაგრამ შესახედავად ამაზე უფრო სასიამოვნო სხვა არაა, ბუბასტისის ელინურ ენაზე არტემიდეა.
       138. მისი სალოცავი ამგვარია: შესასვლელს გარდა დანარჩენი კუნძულს წარმოადგენს, რადგან ნილოსიდან გამოყვანილი არხები ერთმანეთს კი არ ერთვიან, არამედ შესასვლელამდე ერთი არხი მიედინება სალოცავის ერთ მხარეს, მეორე  მეორე მხარეს. თითოეულ არხს სიგანე 100 ფუტი აქვს და ხეებით არის დაჩრდილული. კარიბჭე სიმაღლით 10 ორგია არის და შეკრულია ღირშესანიშნავი ექვსწყრთიანი ჩუქურთმებით. სალოცავი ქალაქის შუაში დგას და იგი ყოველი მხრიდან კარგად ჩანს. ეს იმიტომ, რომ ქალაქი მიწის დაყრის შემდეგ ამაღლდა, ხოლო სალოცავისათვის ხელი არავის უხლია, მას მერე, რაც ის გააკეთეს: ამიტომაა, რომ ის ისე კარგად ჩანს. მას ირგვლივ ჩუქურთმებიანი ღობე არტყია, ხოლო შიგნით არის დიდი ხეების ჭალა, რომელიც გარს ეკვრის დიდ ტაძარს, ტაძარში დგას ქნდაკება. სალოცავის სიგანე და სიგრძე თითო სტადიონია. შესავალი ქვით მოკირწყლულ ქუჩას წარმოადგენს, დაახლოებით 3 სტადიონის სიგრძისას. ის მიემართება ბაზრის გავლით აღმოსავლეთისაკენ, მისი სიგანე დაახლოებით 4 პლეთრია. ქუჩის ორსავე მხარეს ცათამჯენი ხეები იზრდება. ის მიემართება ჰერმესის სალოცავისაკენ. ასეთია ეს სალოცავი.
       139. ეთიოპელის წასვლა, ამბობენ, საბოლოოდ ასე მოხდაო: მან ძილში ნახა ისეთი სიზმარი, რომ ადგა და გაიქცა. მოეჩვენა კაცი, რომელიც მივიდა მასთან და ურჩია, ეგვიპტის ქურუმები შეეგროვებინა და ყველანი სათითაოდ შუაზე გაეჩეხა. სიზმრის ნახვის შემდეგ მან თქვა, რომ ღმერთებმა ეს მითითება უთუოდ იმიტომ მისცეს, რომ ის უპატიოს მოჰქცეოდა სალოცავებს და ამის შემდეგ ღმერთთაგან ან ადამიანთაგან რაღაც უბედურება დამართოდა. ამიტომ ასე კი არ მოიქცევა, არამედ წავა, რადგან გაუვიდა ეგვიპტის მართვის დრო, რაც მას ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა, რადგან მართლაც, ის რომ ეთიოპიაში იყო, იმ სამისნომ, რომელსაც ეთიპელები მიმართავენ ხოლმე გამოუცხადა მას, რომ მან ეგვიპტეში 50 წელი უნდა იმეფოს, ახლა დროც გავიდა, სიზმარმაც შეაშფოთა საბაკოსი და იმანაც აიღო და ეგვიპტე თავისი ნებით დატოვა.144
       140. როდესაც ეთიოპელი წავიდა ეგვიპტიდან, იქ კვლავ უსინათლო გამეფდა, მოსული ჭაობებიდან, სადაც 50 წელიწადს ცხოვრობდა ნაცრითა და მიწით ნაყარ კუნძულზე. როდესაც ეგვიპტები ეთიოპელისაგან მალულად მოდიოდნენ მასთან და საჭმელი მოჰქონდათ, თითოეულს ისე, როგორც მას ჰქონდა შეწერილი, ის თხოულობდა მათგან, რომ საჩუქრად ნაცარიც მიერთმიათ. ამირტეოსზე ადრე ამ კუნძულის მიგნება ვერავინ შეძლო: 700 წელზე მეტ ხანს ვერ შეძლეს მისი პოვნა ამირტეოსზე ადრინდელმა მეფეებმა. ამ კუნძულს სახელად ელბო ჰქვია და იგი ყოველი მიმართულებით ზომით 10 სტადიონია.
       141. ამის შემდეგ მეფობდა ჰეფეოსტოსის ქურუმი, რომელსაც სახელად ერქვა სეთოსი. 145 ის ყურადღებას არ აქცევდა და არაფრად აგდებდა ეგვიპტელ მეომრებს,146 თითქოს სულაც არ სჭირდებოდა ისინი. იგი უპატიოდ ექცეოდა მათ და ჩამოართვა მიწები, მაშინ როდესაც უწინდელმა მეფეებმა147 მეომრებს მისცეს 1212 რჩეული ნაკვეთი. ამის შემდეგ ეგვიპტეს დიდი ლაშქარით თავს დაესხა სანაქარიბოსი, არაბთა და ასირიელთა მეფე. მაგრამ ეგვიპტელ მეომრებს არ უნდოდათ თავისი მეფის შველა. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი ქურუმი შევიდა ტაძარში148 და ქანდაკებდის წინ მოიტირა, თუ რა ხიფათს მოელის. მტირალს ძილი მოერია და ძილში ეჩვენა, თითქოს გამოეცხადა ღმერთი, რომელმაც გაამხნევა: ცუდი არაფერი შეგემთხვევა ლაშქრის წინააღმდეგ რომ გამოხვიდე, რადგან მე თვით გამოგიგზავნი შემწეობასო. სეთოსი მიენდო ამ სიზმარს, წაიყვანა ის ეგვიპტელები, ვინც თავისი ნებით გაჰყვნენ მას და დაიბანაკა პელუსიონში (რადგან აქ არის სწორედ ეგვიპტეში შესავალი). მეომართაგან მას თან არც ერთი კაცი არ გაჰყოლია, მასთან იყვნენ მხოლოდ მედუქნეები, ხელოსნები და მეწვრილმანეები. მათ წინააღმდეგ მოსულ მტერს ღამით აქ შემოესივნენ მინდვრის თაგვები,149 შეუჭამეს კაპარჭები, მშვილდები, ფარების სახელურები, ისე რომ, მეორე დღეს უიარაღოდ დარჩენილებს გაქცევა მოუნდათ და ბევრი დაიღუპა მათ შორის, ახლაც დგას ჰეფეოსტოსის სალოცავში ამ მეფის ქვის გამოსახულება.150 მას ხელზე თაგვი აზის, ხოლო წარწარაში შემდეგია ნათქვამი: „ჩემი შემხედვარი იყავნ ღვთისმოსავი“.
       142. ამბავი აქამდე ეგვიპტელებმა და მათმა ქურუმებმა გვიამბეს, რომლებიც აღნიშნავენ იმას, რომ პირველი მეფიდან ამ უკანასკნელ მეფემდე (ჰეფეოსტოსის ქურუმამდე) იყო ადამიანთა 341 თაობა და ამდენივე მთავარი ქურუმი და მეფე. ადამიანთა სამასი თაობა იგივე 10000 წელია: რადგან ადამიანთა სამი თაობა 100 წელს ცხოვრობს. ამ 300-ს გარდა დანარჩენი 41 თაობა ცხოვრობდა 1340 წელს. ქურუმები ამბობდნენ, რომ ამ 11340 წლის განმავლობაში ეგვიპტეში არც ერთი ადამიანის მსგავსი ღმერთი არ ყოფილა. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ არაფერი მსგავსი არ ყოფილა არც უწინ და არც შემდეგ, ეგვიპტის მომდევნო ხანის მეფეთა დროს. ისინი ამბობდნენ იმასაც, რომ ამ ხნის განმავლობაში მზემ თავისი მდგომარეობა ოთხჯერ შეიცვალა: სადაც ახლა ჩადის, იქიდან ორჯერ ამოვიდა და საიდანაც ახლა ამოდის, იქ ჩავიდა ორჯერ. მაგრამ ამის გამო ეგვიპტეში არაფერი შეცვლილა, არც იმის მხრივ, რასაც მიწა ან მდინარე იძლეოდა, და არც ავადმყოფობასა და სიკვდილიანობასთან დაკავშირებით.
       143. უწინ, როდესაც თებეში ისტორიკოსმა ჰეკატეოსმა151 თავისი გენეალოგოია გამოიკვლია და თავისი გვარი მეთექვსმეტე თაობაში ღმერთს დაუკავშირა, ზევსის ქურუმები მასაც ისევე მოექცნენ, როგორც მე, თუმცა მე ისინი ჩემს გენიალოგიაში არ გამირკვევია: იმათ შემიყვანეს უზარმაზარ ტაძარში, მიჩვენეს და დამითვალეს ხის გამოსახულებები, რომლებიც სწორედ იმდენი იყო, რამდენიც ვთქვი, რადგან ყოველი ქურუმთმთავარი თავის სიცოცხლეშივე იდგამს იქ თავის გამოსახულებას. ქურუმებმა მას შემდეგ, რაც დამითვალეს და მაჩვენეს გამოსახულებები, ამიხსნეს, რომ თითოეული არის შვილი თავისი იქვე მდგომი მამისა; უკანასკნელად გარდავლილი ქურუმთმთავარის გამოსახულებიდა დაიწყეს და დამატარეს ყველა გამოსახულება, ვიდრე სულ ყველა არ მიჩვენეს. როდესაც ჰეკატეოსმა გამოიკვლია თავისი გენეალოგია და მეთექვსმეტე თაობაში ის ღმერთს დაუკავშირა, ქურუმებმა ჩამოთვლასთან ერთად თავისი გენიალოგია წამოაყენეს, რაკიღა არ ღებულობდნენ მისგან იმ აზრს, რომ ღმერთისაგან წარმოსდგა ადამიანი. ხოლო მათ მიერ წამოყენებული ჰეკატეოსის საწინააღმდეგო გენეალოგია ასეთი იყო: მათ თქვეს, რომ თითოეული ამ გამოსახულებათაგანი იყო „პირომისი“,152 წარმოშობილი „პირომისისაგან“ და ასე აჩვენეს 345 გამოსახულება „პირომისისა“, რომლებიც „პირომისისაგან“ იყო წარმოშობილი და ისინი არც ღმერთს უკავშირდებოდნენ და არც გმირს; „პირომისი“ ელინურ ენაზე ნიშნავს კარგსა და კეთილს.
       144. ქურუმებმა ახსენეს, რომ ისინი, ვის გამოსახულებებსაც მიჩვენებდნენ, სწორედ ასეთები იყვნენ სინამდვილეშიც და ღმერთებისაგან დიდად განსხვავდებოდნენ. ხოლო ამ ადამიანებზე უწინ, ეგვიპტეს ღმერთები მართავდნენ. ისინი ცხოვრობდნენ ადამიანებთან ერთად და მათ შორის მუდამ ერთი მბრძანებლობდა. ღმერთთაგან უკანაკნელად ეგვიპტეში ოროსი მეფობდა, ოსირისის შვილი, რომელსაც ელინები აპოლონს უწოდებენ. მან დაამხო ტოფონი და თვითონ იყო ეგვიპტის უკანასკნელი მეფე. ოსირისი კი დიონისეა ელინურ ენაზე.
       145. ელინთა შორის ყველაზე უფრო ახალგაზრდა ღმერთებად მიჩნეულნი არიან ჰერაკლე, დიონისე და პანი, ხოლო ეგვიპტელთაგან პანი უძველესი ღმერთია და ერთი პირველ რვა ღმერთთაგანი.153 ჰერაკლე განეკუთვნება მეორე წყების ღმერთებს და ერთი თორმეტ ღმერთთაგანია, რაც შეეხება დიონისეს  ის მესამე რიგის ღმერთთაგანია, რომლებიც წარმოიშვნენ 12 ღმერთისაგან. თვით ეგვიპტელები ამბობენ, თუ რამდენი წელი გავიდა ჰერაკლედან მეფე ამასისამდე: ამის შესახებ მე ზემოთ ვილაპარაკე.154 ისინი ამბობენ, პანი უფრო ადრე იყოო, ხოლო დიონისე  ყვეალაზე ნაკლებ ადრეო და ესეც მეფე ამასისზე 15000 წლის უწინ იყო. ეგვიპტელები ამბობენ, რომ ეს ზუსტად იციან, რადგან მუდამ ანგარიშობენ და იწერენ წლებს. კადმოსის ასულის სემელეს ძე, წოდებული დიონისედ, ჩემს დრომდე დაახლოებით 1600 წლით ადრე იყო, ხოლო ალკმენეს შვილი, ჰერაკლე  900 წლით უწინარეს. პანი პენელოპეს შვილი იყო (ელინები ამობენ, პენელოპეს და ჰერმესის შვილი იყოო პანი) და მისი დროიდან ჩემ დრომდე უფრო ნაკლები ხანი გავიდა, ვიდრე ტროის ომიდან აქამდე, დაახლოებით 800 წელი.
       146. ამ ორი შეხედულებიდან, ვისაც რომელის უფრო სჯერა, ის შეუძლია გამოიყენოს, მე კი მათ შესახებ ჩემი აზრი უკვე გამოვთქვი.155 რომ ეს ღმეთებიც ისევე გამოჩენილიყვნენ და დაბერებულიყვნენ ელადაში, როგორც ჰერაკლე, ამფიტრიონის შვილი (ე.ი. დიონისე სემელეს ძე და პანი, პენელოპეს ძე). ვინმე იტყოდა, რომ ესენიც ჰერაკლესი არ იყოს, წარმოშობით კაცები იყვნენ და სახელები გადმოიღეს მათი წინაპარი ღმერთებისაგან. ახლა კი ელინები ამბობენ, რომ დიონისე დაბადებისთანავე ჩაიკერა ზევსმა თეძოში და წაიყვანა ნისაში, რომელიც ეთიოპიაშია, ეგვიპტის ზემოთ, ხოლო პანის შესახებ ვერაფერს ამბობენ, თუ რა მოუვიდა მას დაბადების შემდეგ. ამრიგად, ჩემთვის ცხადია, რომ ელინებმა ამ ღმერთების სახელები უფრო გვიან შეიტყვეს, ვიდრე სხვა ღმერთებისა, ხოლო რა დროიდანაც შეიტყვეს, იქიდან გამოჰყავთ კიდეც მათი გენეალოგია.
       147. ამას ამბობენ თვითონ ეგვიპტელები; ახლა კი გადმოვცემ იმას, რასაც ამბობენ სხვა ხალხები ამ ქვეყნის შესახებ და ეგვიპტელები მათ ეთანხმებიან. ამას კიდევ ზოგს რასმე დავუმატებ, რაც მე თვითონ მინახავს. ეგვიპტელები რომ გათავისუფლდნენ ჰეფესტოსის ქურუმის მეფობის შემდეგ (რადგან მათ არასდროს არ შეეძლოთ უმეფოდ ცხოვრება), დააყენეს 12 მეფე და მთელი ეგვიპტე 12 ნაწილად დაჰყვეს.156 ეს მეფეები ერთმანეთს დაუმოყვრდნენ და მეფობდნენ შემდეგი კანონის დაცვით: ერთმანეთის ძალაუფლება არ უნდა დაემხოთ, არც უნდა ცდილიყვნენ, რომ ერთს მეორესთან შედარებით რაიმე უპირატესობა ჰქონდა და პირიქით, ერთმანეთში განსაკუთებით უნდა ემეგობრათ. ეს კანონები მათ შემდეგი მიზეზის გამო დაიწესეს და ძალიან მკაცრად იცავდნენ კიდეც: იმთავითვე, როგორც ტირანია მათ ხელში გადავიდა, ასეთი მისნობა მოუვიდათ: რომელი მათგანი ჰეფესტოსის სალოცავში მოახდენს დათხევას, ის გამეფდებოდა მთელს ეგვიპტეში. ამიტომ ისინი ყოველგვარ ღვთისმსახურებაზე ერთად დადიოდნენ.
       148. მათ გადაწყვიტეს საერთო მოსაგონარი დაეტოვებინათ, ამიტომ მოერისის ტბის ცოტა ზემოთ, ეგრეთწოდებულ ნიანგების ქალაქთან ლაბირინთოსი157 გააკეთეს. მე ის ვნახე და მართლაც ენით გამოუთქმელი რამ არის. ვინმემ, რომ თავი მოუყაროს ელინთა ყველა გალავანს და სხვა ნაგებობებს, გამოჩნდება, რომ ნაკლები შრომა და ხარჯია მათზე გაწეული, ვიდრე ამ ლაბირინთოსზე, თუმცა შესანიშნავი ტაძარი არის ეფესოშიც და სამოსზედაც.158 პირამიდები მართლაც ენით აუწერელი რამ არის და თითოეული მათგანი ტოლფასოვანია ელინთა მრავალი გრანდიოზული ნაგებობისა, ლაბირინთოსი კი პირამიდებსაც აღემატება. ლაბირინთოსი შედგება 12 გადახურული ეზოსაგან, რომელთაც ერთმანეთის საპრისპიროდ მდებარე ბჭეები აქვთ, ეს ეზოები 6 ჩრდილოეთისაკენ არის მიმართული და 6 სამხრეთისაკენ და ერთმანეთთან არიან დაკავშირებული. გარედან ერთი საერთო გალავანი აქვთ შემოვლებული. ოთახები შიგ ორ სართულადაა, ერთი არის მიწისქვეშ, ხოლო მეორე მიწის ზემოთ, ზედ მათ თავზე, ოთახები რიცხვით 3000-ია, თითო სართულზე  1500. ზემო სართულის ოთახები ჩვენ თვითონ ვნახეთ, დავიარეთ და ამის შესახებ ვლაპარაკობთ საკუთარი თვალით ნახულის მიხედვით, ხოლო მიწისქვეშა ოთახების ამბავი შევიტყვეთ გადმოცემათა საშუალებით. ეს იმიტომ, რომ ეგვიპტელთა მოთავეებმა მათი ჩვენება არაფრით არ მოინდომეს; ისინი ამბობდნენ, რომ იქ არის იმ მეფეების სამარხავი, რომელთაც თავდაპირველად ააშენეს ეს ლაბირინთოსი და სამარხავი წმინდა ნიანგებისა. ამგვარად, ქვემოთა ოთახების შესახებ გადმოვცემთ იმას, რაც მოვისმინეთ, ხოლო ზემოთა ოთახები, რომლებიც ადამიანთა ნახელავს აღემატებიან, ჩვენ თვითონ ვნახეთ. გასასვლელები ოთახებზე და მიხვეულ-მოხვეული გზები ეზოებზე ათასნაირი იყო და უამრავ საოცრებას შეიცავდა; მათ მიჰყავდათ კაცი ეზოდან ოთახებში, ოთახებიდან დერეფნებში, დერეფნებიდან სხვა ეზოებში და ოთახებიდან სხვა ეზოებში. მთელი ამ ნაგებობის სახურავი ქვისაა, ისევე, როგორც კედლებიც; კედლებზე ბლომად არის ჩუქრუთმები; თითოეული ეზო თეთრი, ერთმანეთისაგან კარგად შეხამებული ქვების კოლონებით არის გარშემორტყმული. იმ კუთხესთან, სადაც ლაბირინთოსი თავდება, დგას 40 ორგიის სიმაღლის პირამიდა,159 რომელზედაც დიდი გამოსახულებებია გამოკვეთილი. გზა პირამიდისაკენ მიწის ქვეშ არის გაყვანილი.160
       149. ეს ლაბირინთოსი ხომ ამისთანაა, მაგრამ მასზე ბევრად უფრო საოცარია ეგრეთწოდებული მობრისის ტბა, რომელთანაც ლაბირინთოსი არის აგებული. ეს ტბა, ირგვლივ რომ შემოუარო, 3600 სტადიონია, ე.ი. 60 სხობნი და ეს იმდენივეა, რაც არის თვით ეგვიპტის სიგრძე ზღვის გასწვრივ. ტბა სირგძივ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენაა გადაჭიმული და მისი სიღრმე ყველაზე ღრმა ადგილას არის 50 ორგია. ცხადია, რომ ეს ტბა ხელოვნურია: ტბის ზედ შუაში დგას ორი პირამიდა, რომლებიც წყლის ზემოთ 50 ორიგიის სიმაღლისა არიან და ამდენივე არიან წყლის ქვეშაც. თითოეულ ამ პირამიდას ადგას ტახტზე მჯდომარე ქვის გამოსახულება.161 ამგვარად ეს პირამიდები 100 ორგიის სიმაღლისაა, 100 ორგია კი ექვსპლეთრიან სტადიონს უდრის, მაშინ როდესაც ორგია შეიცავს ექვს ფუტს ან 4 წყრთას, ფუტი 4 ციდაა, ხოლო წყრთა - 6 ციდა. წყალი ტბაში ადგილობრივ კი არ ამოდის (რადგან აქ მეტისმეტად უწყლო ადგილია), არამედ ნილოსიდან მოდის არხით, ექვს თვეს წყალი ტბისკენ მოედინება, ხოლო მეორე ექვს თვეს იქიდან კვლავ ნილოსისაკენ მიდის. როდესაც ის ტბიდან გამოდის, მაშინ ტბა 6 თვის განმავლობაში ხაზინას ყოველდღე ვერცხლის ტალანტს სძევს, თევზით მოპოვებულს, ხოლო როდესაც წყალი ტბაში ჩადის, მაშინ  20 მნას.
       150. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მიამბეს, რომ ეს ტბა მიწის ქვეშ ერთვის ლიბიის სირტისს, ისე რომ, მიემართება დასავლეთისაკენ ქვეყნის შიგნით, იმ ქედის გასწვრივ, მემფისს ზემოთ რომ არის, რადგან ვერსად ვნახე მოთხრილი მიწა, თუმცა კი ბევრს ვეცადე, შევეკითხე ტბის მახლობლად მცხოვრებთ, თუ სად არის მოთხრილი მიწა. მათ მითხრეს, სადაც არის გატანილი მიწა და მე ადვილად დავუჯერე. რადგან მე ვიცოდი, გადმოცემების თანახმად, რომ მეორე ასეთი ამბავი მოხდა ასირიელთა ქალაქ ნინოსში: ნინოსის მეფეს, სარდანაპალოსს დიდძალი ქონება ჰქონდა მიწისქვეშა საგანძურებში და ქურდებმა მოინდომეს მისი გატანა. ქურდებმა თავისი სახლებიდან დაიწყეს მიწისქვეშ მოზომვა და თხრილის გაყვანა მეფის სასახლისაკენ, ხოლო დაღამდებოდა თუ არა, მიწა თხრილიდან გაჰქონდათ მდინარე ტიგრესში, რომელიც ნინოსს ჩამოუდის, ასე აკეთებდნენ ვიდრე მიზანს არ მიაღწიეს. მე მოვისმინე, რომ ასეთივე რამ მეორედ ეგვიპტეში გააკეთეს, როდესაც ტბისთვის მოთხარეს მიწა, მხოლოდ ღამით კი არ მუშაობდნენ, არამედ დღისით. მოთხრილ მიწას ეგვიპტელები ნილოსში ჰყრიდნენ, ნილოსს კი მიჰქონდა ეს მიწა და რეცხავდა. ამბობენ რომ ეს ტბა ამრიგად არის ამოთხრილი.
       151. თორმეტი მეფე სამართლიანად იქცეოდა. ერთხელ, როდესაც ისინი ჰეფესტოსის სალოცავში მსხვერპლს სწირავდნენ, დღესასწაულის უკანასკნელ დღეს დათხევა უნდა მოეხდინათ. ქურუმთავარმა გამოუტანა მათ ოქროს ფიალები, რომლებითაც ხდებოდა ჩვეულებრივ დათხევა, მაგრამ რაოდენობა შეეშალა და 11 ფიალა გამოიტანა, მაშინ როდესაც მეფეები თორმეტნი იყვნენ. რაკიღა ფიალა აღარ შეხვდა მათ შორის განაპირას მდგომ ფსამეტიქოსს, მან თავიდან მოიხადა სპილენძის მუზარადი, შეუშვირა და ასე მოახდინა დათხევა. სხვა მეფეებიც ატარებდნენ მუზარადებს და მაშინ სწორედ ყველას ეხურა. ფსიმეტიქოსს არავითარი ზრახვა არ ჰქონია მუზარადი რომ შეუშვირა, მაგრამ სხვებმა მიაქციეს ყურადღება იმას, რაც გააკეთა ფსამეტიქოსმა და გაიხსენეს მისნობა, რაც მათ მოხსენდათ, რომ ეგვიპტის მეფემ მათ შორის მარტო ის იქნებოდა, ვინც სპილენძის ფიალით მოახდენდა დათხევას. გაიხსენეს მისნობა, მაგრამ ფსამეტიქოსის მოკვლა სამართლიანად არ მიიჩნიეს, რადგან გამოიკვლიეს და აღმოაჩინეს, რომ მას საამისოდ არავითარი წინასწარი განზრახვა არ ჰქონია. მათ გადაწყვიტეს, გაეძევებინათ ის ჭაობებში და ჩამოერთმიათ მისი ძალაუფლების დიდი ნაწილი, აეკრძალათ მისთვის ჭაობებიდან გამოსვლა რომ არ ჰქონოდა ურთიერთობა დანარჩენ ეგვიპტესთან.
       152. ადრე ეს ფსმეტიქოსი გაექცა ეთიოპელ საბაკოსს, რომელმაც მოუკლა მას მამა, ნეკოსი; ის გაიქცა მაშინ სირიეში, ხოლო როდესაც სიზმრის ჩვენების შედეგად ეთიოპელი წავიდა ეგვიპტიდან, იმ ეგვიპტელებმა, რომლებიც საისის ოლქიდან იყვნენ, მოიყვანეს ის უკან. შემდეგ ის მეფობდა და მეორედ თერთმეტის მეფის მიერ იქნა გაძევებული ჭაობებში, მუზარადთან დაკავშირებული ამბების გამო. ფსამეტიქოსმა მიიჩნია, რომ ძალიან არის მათგან შეურაცხყოფილი და გადაწყვიტა სამაგიერო მიეზღო თავისი გამძევებლებისათვის. მან გაგზავნა კაცები ქალაქ ბუტოში, ლეტოს სამისნოში, სადაც ეგვიპტელები ყველაზე უტყუარ მისნობას ღებულობენ. მოუვიდა მას მისნობა, რომ მის გამძევებლებს სამაგიერო მიეზღვებათ ზღვიდან, როდესაც გამოჩნდებიან სპილენძის კაცები. მან სრულიად არ დაიჯერა, რომ შველა მას სპილენძის კაცებისაგან მოუვა. მაგრამ დიდი დროს არ გაუვლია, რომ გაჭირვებამ აიძულა იონიელები და კარიელები ემეკობრათ ზღვაზე და ეგვიპტესაც მოადგნენ. ისინი გამოვიდნენ ხმელეთზე სპილენძით შეჭურვილნი, ხოლო ერთი ეგვიპტელი წავიდა ჭაობებში და შეატყობინა ფსამეტიქოსს (რადგანაც უწინ არ ენახა სპილენძით შეჭურვილი კაცები), რომ სპილენძის კაცები მოვიდნენ ზღვიდან და აჩანაგებენ დაბლობსაო. ფსამეტიქოსი მიხვდა, რომ მისნობა სრულდება, კარგად შეხვდა იონიელებსა და კარიელებს და დიდი დაპირებებით დაიყოლია, რომ მასთან დარჩენილიყვნენ. ისინი რომ დაიყოლია, მათთან ერთად და ეგვიპტელთა მოხალისეების შემწეობით სხვა მეფეებს წაართვა ძალაუფლება.162
       153. ფსამეტიქოსმა რომ მთელი ეგვიპტე დაიპყრო ჰეფესტოსის ტაძარში, მემფისში კარიბჭე ააგო, რომელიც სამხრეთისაკენ გამოდიოდა. ამ კარიბჭის პირდაპირ ააშენა ეზო აპისისათვის; აქ ინახავდა აპისს, როგორც კი გამოჩნდებოდა. ეზო ირგვლივ კოლონებით არის გარშემორტყმული და ჩუქურთმებით არის სავსე. სვეტების მაგივრად 12-წყრთიანი გამოსახულებებს ებჯინება ეზო. აპისი ელინთა ენაზე არის ეპაფოსი.
       154. თავის მოკავშირეებს, იონიელებს და კარიელებს ფსამეტიქოსმა სამოსახლოდ მიწები მისცა ერთმანეთის პირდაპირ, რომელიც შუაში ნილოსი ჰყოფდა, ამ სამოსახლოებს „ბანაკები“ ეწოდა. ფსამეტიქოსმა მისცა მათ მიწები და ასევე მისცა სხვა ყველაფერი, რასაც შეჰპირდა, მიაბარა მათ ეგვიპტელი ბავშვებიც, რომელთაც მათგან ელინური ენა უნდა ესწავლათ. მათგან აქვთ ნასწავლი ენა, დღეს რომ ეგვიპტეში თარჯიმნები არიან იმათ. იონიელები და კარიელები დიდხანს ცხოვრობდნენ ამ მიწებზე. ეს მიწები ზღვასთან არის, ცოტა უფრო ქემოთ, ვიდრე ქალაქი ბუბასტისია, ნილოსის ეგრეთ წოდებული პელუსიონის შესართავთან. შემდეგ ხანებში მეფე ამისისმა გადაასახლა ისინი იქიდან, დაასახლა მემფისში და მათ დააკისრა თავისი დაცვა ეგვიპტელთაგან. რაკიღა ესენი ეგვიპტეში დასახლდნენ და ელინებს ურთიერთობა ჰქონდათ მათთან, ამიტომ დაწვრილებით ვიცით ყოველივე, რაც გადახდა თავს ეგვიპტეს ფსამეტიქოს მეფიდან დაწყებული და მის შემდეგ ხანებში. ესენი იყვნენ სხვა ენაზე მოლაპარაკეთა შორის პირველები, ვინც ეგვიპტეში დასახლდნენ. რაც შეეხება მიტოვებულ ადგილებს, იქ ჩემს დრომდე იყო ხომალდების სადგომები და ნაგებობათა ნანგრევები.
       155. ამგვარად ჩაიგდო ხელში ფსამეტიქოსმა ეგვიპტე. რაც შეეხება ეგვიპტის სამისნოს, უკვე ბევრჯერ ვახსენე და რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ ამბავს საგანგებოდ გადმოვცემ. ეს სამისნო, რომელიც ეგვიპტეშია, ლეტოს სალოცავი არის და დაფუძნებულია დიდ ქალაქში, ნილოსის ეგრეთ წოდებულ სებენიტესის შესართავთან, ზღვიდან ზემოთკენ რომ მიცურავ, იქ, იმ ქალაქს, სადაც არის სამისნო, ეწოდება ბუტი, როგორც ზემოთაც ვთქვი. ამ ბუტოში არის აპოლონისა და არტემიდეს სალოცავი. ხოლო ლეტოს ტაძარი, რომელშიც არის სამისნო, თვითონ დიდია და 10 ორგიის სიმაღლის კარიბჭე აქვს. რაც ვნახე იმას გადმოვცემ, რამაც ყველაზე მეტად გამაოცა: ამ სალოცავში არის ლეტოს ტაძარი, ერთი ქვისაგან გაკეთებული, სომაღლე, სიგრძე და თითოეული მისი კედელი თანაბარია, თითოეული ამათგანი არის 40 წყრთა. სახურავად ტაძარს ქვა ახურავს, რომელსაც ოთხწყრთიანი ლავგარდანი აქვს.
       156. ამგვარად, ამ სალოცავის ირგვლივ რაც კი ჩანს, ტაძარი ყველაზე დიდი საოცრებაა და შემდეგ, მეორე საოცრებაა  კუნძული, რომელსაც ეწოდება ქემისი. იგი მდებარეობს ღრმა და ფართო ტბაში ბუტოს სალოცავის მახლობლად. ამბობენ, რომ ეგვიპტელებს ეს კუნძული მცურავად მიაჩნდათ. თვითონ მე არ დამინახავს, რომ ის ცურავდეს, ან მოძრაობდეს და გაოცებით ვისმენ, რომ ეს კუნძული მცურავი არისო. ამ კუნძულზე არის აპოლონის დიდი ტაძარი და სამი საკურთხეველი, მასზე იზრდება ბლომად ფინიკები და ბევრი სხვა ხე, ნაყოფიანი თუ უნაყოფო. ეგვიპტელები მას რომ მცურავს უწოდებენ, საამისოდ შემდეგ ამბავს მოგვითხრობენ: თავდაპირველად ეს კუნძული არ იყო მცურავი, მაგრამ ლეტო, ერთი პირველი რვა ღმერთთაგანი, დასახლდა ქალაქ ბუტოში, სადაც მას ეს სამისნო აქვს და ისისისაგან მიიბარა აპოლონი, გადამალა და გადაარჩინა ამ კუნძულზე, რომელსაც ახლა მცურავი ეწოდება, მაშინ როდესაც ტიფონი დადიოდა და ყველგან ეძებდა, რადგან უნდოდა ეპოვა ოსირისის შვილი. ამბობენ, რომ აპოლონი და არტემიდე დიონისესა და ისისის შვილები არიან, ხოლო ლეტო მათი ძიძა და გადამრჩენი იყო. ეგვიპტურად აპოლონი არის ოროსი, დემეტრე  ისისი, არტემიდე ბუბასტისი. აი, ამ ამბიდან და არა სხვა რომელიმედან აიღო ესქილემ, ევფორიონის ძემ ის, რასაც მე ვიტყვი და ის იყო ერთადეთი ძველ პოეტებს შორის, რომელმაც არტემიდე გამოიყვანა დემეტრეს ასულად.163 აი, ამიტომ გახდა კუნძული მცურავი. ამას ასე მოგითხრობენ.
       157. ფსამეტიქოსი ეგვიპტეში 54 წელს მეფობდა, აქედან ერთით ნაკლებ 30 წელიწადს164 სირიის დიდი ქალაქის, აზოტისისათვის ჰქონდა ალყაშემორტყმული, ვიდრე არ აიღო. ჩვენთვის ცნობილ ქალაქთა შორის აზოტისმა ყველაზე დიდხანს გაუძლო ალყას.
       158. ფსამეტიქოსს ჰყავდა შვილი ნეკოსი, რომელიც მის შემდეგ მეფობდა ეგვიპტეში, მან პირველმა დაიწყო არხის გაყვანა მეწამული ზღვისაკენ, შემდეგ რომ დარიოს სპარსელმა გათხარა. არხის სიგრძე დაფარვას ოთხი დღის ცურვა უნდება, ხოლო თხრილის სიგანე იმოდენაა, რომ ორი ნიჩბებიანი ტრიერი შეიძლება გაცურდეს ერთდროულად. წყალი მასში შემოყვანილია ნილოსიდან, შემოყვანილია ქალაქ ბუბასტისზე ცოტა ზემოთ, არხი მიდის არაბული ქალაქის, პატუმისის გასწვრივ და ერთვის მეწამულ ზღვას. მოთხრილია ის ჯერ ეგვიპტის დაბლობის იმ ნაწილში, რომელიც არაბიის გასწვრივაა, ხოლო შემდეგ მიემართება იმ დაბლობის ქვემოთ, რომელიც მემფისთან გადაჭიმული იმ მთის ძირასაა, სადაც არის ქვის სატეხელი. აქედან არხი მიემართება დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ, შემდეგ გადაჭიმულია ხეობისკენ და მთიდან უხვევს სამხრეთისაკენ, სამხრეთის ქარის მიმართულებით, არაბიის უბისაკენ უმოკლესი და შეკვეცილი გზა ჩრდილოეთის ზღვიდან სამხრეთის ზღვამდე, რომელსაც მეწამული ეწოდება, არის ის, რომელიც მოემართება კასიის მთიდან (ეს მთა საზღვრავს ეგვიპტეს და სირიეს) და არაბიის უბემდე ზუსტად 1000 სტადიონია. ესაა უმოკლესი გზა, ხოო არხი გაცილებით უფრო გრძელია, რადგან ბევრად უფრო მიხვეულ-მოხვეულია. ნეკოსის მეფობის დროს ამ არხის გაყვანისას დაიღუპა 120000 ეგვიპტელი. ნეკოსმა თხრა შუა გზაზე შეაწყევტინა, რადგან მისნობამ შეუშალა ხელი, რომელმაც აუწყა, რომ ის ბარბაროსისათვის იღწვის. ეგვიპტელები ბარბაროსებს უწოდებენ ყველას, ვინც მათგან განსხვავებულ ენაზე ლაპარაკობს.
       159. ნეკოსმა არხის გაყვანა რომ შეწყვიტა, დაიწყო ლაშქრობისათვის მზადება. ტრიერები ზოგი ჩრდილოეთის ზღვაში გააკეთებინა, ზოგი არაბიის უბეში, მეწამულ ზღვასთან. ჯერაც ჩანს ამ ტრიერების სადგომები. საჭიროების შემთხვევაში იგი ყოველთვის იყენებდა ამ ტრიერებს. ნეკოსი სირიელებს ხმელეთზე შეებრძოლა და მაგდოლოსში დაამარცხა ისინი, ხოლო ბრძოლის შემდეგ სირიის დიდი ქალაქი, კადიტისი აიღო. თავისი საომარი ტანსაცმელი მილიტელთა ბრანქიდეში გაგზავნა და შესწირა აპოლონს. მან მხოლოდ 11 წელი იმეფა და გარდაიცვალა, ხოლო ძალაუფლება მის მერე გადავიდა მის შვილზე, ფსამისზე.165
       160. ფსამისის მეფობის დროს ეგვიპტეში მოვიდნენ ელიდელი მოციქულები, რომლებიც ტრაბახობდნენ, რომ ოლიმპიეში შეჯიბრება მათ ყველა ხალხზე უფრო სამართლიანად და უკეთესად ჩაატარეს და ამას გარდა იმ აზრისა იყვნენ, რომ ეგვიპტელებმა, რომლებიც ადამიანთა შორის ყველაზე ბრძენნი არიან, ვერაფერი გამოიგონეს უკეთესი. როდესაც მოვიდნენ ელიდელები ეგვიპტეში და თქვეს, თუ რისთვის მოვიდნენ, მაშინ ამ მეფემ შეჰყარა ის ეგვიპტელნი, ვინც ყველაზე უფრო ბრძენ კაცებად ითვლებოდნენ. ეგვიპტელები რომ შეიკრიბნენ, შეიტყვეს ელიდელთაგან ყოველივე, რასაც ისინი ჩვეულებრივ აკეთებდნენ შეჯიბრების დროს. როდესაც მათ უამბეს ყოველივე, თქვეს, რომ მოვიდნენ იმისათვის, რათა შეისწავლონ, ეგვიპტელებს რაიმე ამაზე უკეთესი ხომ არ მოეპოვებათ. ეგვიპტელებმა მოითათბირეს და შეეკითხნენ ელიდელებს, მონაწილეობენ თუ არა შეჯიბრებაში სხვებთან ერთად მათი თანამოქალაქენი. მათ თქვეს, რომ ვისაც კი უნდა შეჯიბრებაში მონაწილეობა, ყველასათვის შეიძლება, მათთვისაც და სხვა ელინებისათვისაც. ეგვიპტელებმა თქვეს, რომ ასე რომ დაუწესებიათ, ამითი ცოდავენ სამართლიანობის წინაშე, რადგან სრულიად შეუძლებელია, შეჯიბრებაში მონაწილე თანამოქალაქის მიმართ მიკერძოება არ გამოიჩინო და უსამართლოდ არ მოექცე უცხოს. ისე რომ, თუ უნდათ სამართლიანობა დაამყარონ და ამისათვის მოვიდნენ ეგვიპტეში, ბრძანონ, რომ მხოლოდ უცხოელები შეეჯიბრონ ერთმანეთს და ელიდელთაგან არც ერთმა არ მიიღოს შეჯიბრში მონაწილეობა. ასე ურჩიეს ეგვიპტელებმა ელიდელებს.
       161. ფსამისი მხოლოდ 6 წელი მეფობდა ეგვიპტეში, და ეთიოპიაში გალაშქრების შემდეგ მალე მოკვდა. ამის მერე ხელისუფლება მიიღო აპრიესმა, ფსამისის ძემ. იგი ფსამეტიქოსის, თავისი პაპის მამის მერე ყველა მასზე ადრე მყოფ მეფეზე უფრო ბედნიერი იყო, მართავდა ქვეყანას 25 წელიწადს და ამ ხნის განმავლობაში ილაშქრა სიდონზე და საზღვაო ბრძოლა ჰქონდა ტიროსის მეფესთან. მას უბედურება უნდა შემთხვეოდა (ამის მიზეზის შესახებ უფრო დაწვრილებით ლიბიის ისტორიაში მოგითხრობთ), ახლა კი მოკლედ ვიტყვი: აპრიესმა დიდი ლაშქარი გაგზავნა კირენელების წინააღმდეგ და სასტიკად დამარცხდა. ეგვიპტელებმა ის ამისათვის დაადანაშაულეს და მის წინააღმდეგ აჯანყება მოაწყვეს, რადგან იფიქრეს, რომ აპრიესმა ისინი განზრახ გაგზავნა წინასწარ განწირულ საქმეზე, რომ ისინი გაწყვეტილიყვნენ და თვითონ კი დანარჩენი ეგვიპტელები არხეინად ემართა. ამ ამბავმა ცუდად იმოქმედა მათზედაც, ვინც შინ დაბრუნდა და იმათზედაც, ვინც დაღუპულთა მეგობრები იყვნენ და ყველანი აშკარად ამბოხდნენ.
       162. აპრიესმა რომ ეს შეიტყო, გაგზავნა მათთან ამასისი, რომ შეეჩერებინა ისინი სიტყვიერი ზემოქმედებით. როდესაც ამასისი მოვიდა, უნდოდა მათი შეკავება, რომ ასეთი რამ არ გაეკეთებინათ. ამასისი რომ ლაპარაკობდა, ერთი ეგვიპტელი დაუდგა უკან, დაახურა მუზარადი და თქვა: სამეფო ხელისუფლების ნიშნად ვადგამო. ამასისიათვის ის, რაც მოხდა, არ იყო მიუღებელი, როგორც დაიმჩნია კიდეც. მას შემდეგ, რაც ამბოხებულმა ეგვიპტელებმა მეფედ დააყენეს, მან აპრიესზე თავდასხმისათვის მზადება დაიწყო. აპრიესმა რომ ეს შეიტყო, ამასისის წინააღმდეგ გაგზავნა ერთი ცნობილი კაცი, თავისიანი ეგვიპტელთა შორის, რომელსაც სახელად ერქვა პატარბემისი და უბრძანა მას, ცოცხლივ მოეგვარა მისთვის ამასისი. როდესაც პატარბემისი მივიდა და მოუწოდა ამასისს. ამასისმა (რომელიც ამ დროს ცხენზე იჯდა) წამოიწია, ქარი გაიტარა და უთხრა მას, აპრიესს, ეს (ანუ ჰაერი) წაუღეო. მაგრამ პატარბემისი მაინც არ ეშვებოდა, რაკიღა მეფე გეძახის, წამოდი მასთანო. ამასისმა მიუგო მას, რომ კარგა ხანია ემზადება ამისთვის და აპრიესი მისით არ დარჩება უკმაყოფილო, რადგან თვითონაც მივა და სხვებსაც მიუყვანს. პატარბემისი ამ ნათქვამის მიხედვით მიხვდა, რაც გულში ჰქონდა ამასისს და დაინახა ის, რისთვისაც ემზადებოდა და საჩქაროდ წავიდა, რადგან უნდოდა მეფისათვის სასწრაფოდ გაეგებინებინა, რაც ხდებოდა. როდესაც მოვიდა აპრიესთან ისე, რომ არ მოიყვანა ამასისი, მეფემ მას სიტყვა არ ათქმევინა და დიდად განრისხებულმა ბრძანა, მოეჭრათ მისთვის ყურები და ცხვირი. როდესაც დანარჩენმა ეგვიპტელებმა, რომლებიც ჯერ კიდევ მის მხარეზე იყვნენ, დაინახეს, რა სამარცხვინოდ მოექცნენ მათ შორის ყველაზე გამოჩენილ კაცს, ბევრი აღარ უყოყმანიათ, ამბოხდნენ დანარჩენებთან ერთად და თვითონაც გადავიდნენ ამასისის მხარეზე.
        163. აპრიესმა რომ ეს შეიტყო, შეიარაღა დაქირავებული ჯარი და წავიდა ეგვიპტელთა წინააღმდეგ. მასთან ერთად იყო 30000 დაქირავებული კარიელი და იონელი, ხოლო მისი დიდი და შესანიშნავი სასახლე იყო ქალაქ საისში. ამრიგად აპრიესი და მისი მოხრენი ეგვიპტელთა წინააღმდეგ მიდიოდნენ, ხოლო ამასისი თავისი მომხრეებით უცხოელების წინააღმდეგ ლაშქრობდა. ქალაქ მომემფისში შეიყარა ორივე მხარე და აქ აპირებდნენ ერთმანეთთან შებრძოლებას.
       164. ეგვიპტელთა 7 გვარია, მათ შორის არიან: ქურუმები, ეგრეთ წოდებული მეომრები, მენახირეები, მეღორეები, ვაჭრები, თარჯიმნები და მესაჭეები. აი, ეგვიპტელთა ამდენი გვარი არსებობს, ხოლო სახელები ამ გვარებს ხელობის მიხედვით ჰქვიათ. მათ შორის მეომრებს ეწოდებათ კალასირიები და ჰერმოტიბიები, რადგან ისინი ამ ოლქებიდან არიან: მთელი ეგვიპტე ხომ ოლქებად არის დაყოფილი.
       165. ჰერმოტიბიებისაა შემდეგი ოლქები: ბუსირისის, საისის, ქემისის, პაპრემისის, ეგრეთ წოდებული პროსოპისის კუნძული და ნათოსის ნახევარი. ამ მხარეებიდან არიან ჰერმოტიბიები166 და ისინი 160000-ზე უფრო მეტნი არიან. მათ შორის ხელობა არავინ იცის, რადგან მხოლოდ სამხედრო საქმიანობას ეწევიან.
       166. კლასირიებისა კიდევ შემდეგი ოლქებია: თებესი, ბუბასტისის, აფთაბის, ტანისის, მედენისის, სებენისის, ათრიბისის, ფარბაისის, თმუისის, ონუფისის, ანისისისა და მიეკფორიტის. აი, ეს ოლქი კუნძულზე მდებარეობს, ქალაქ ბუბასტისის პირდაპირ. ეს ოლქები კალასირიებისაა167 და ისინი 250000 სულზე მეტნი არიან. არც მათთვის შეიძლება, რომ რაიმე ხელობას მისდევდნენ, მხოლოდ ომში ღებულობენ მონაწილეობას და ამ საქმიანობაში შვილი ცვლის ხოლმე მამას.
       167. ისწავლეს თუ არა ეს ეგვიპტელთაგან ელინებმა, ამის შესახებ არ შემიძლია დაბეჯითებით რაიმეს თქმა, მაგრამ იმას კი ვხედავ, რომ თრაკიელები, სკვითები, სპარსელები, ლიდიელები და თითქმის ყველა ბარბაროსები სხვა მოქალაქეებზე გაცილებით ნაკლებ პატივს სცემენ მათ, ვინც ხელობას მისდევს და ასევე მათ ჩამომავლებს; განსაკუთრებით კეთილშობილებად მიაჩნიათ ისინი, ვინც ხელობისაგან შორს არიან და განსაკუთრებით კი ლაკედემონელებმა, ხოლო კორინთელები ყველაზე ნაკლებ იგდებენ აბუჩად ხელოსნებს.
       168. ქურუმთა გარდა ეგვიპტელთა შორის მხოლოდ მეომრებს აქვთ გამორჩეული პატივი; თითოეულს აქვს 12 საუკეთესო დაუხარკავი ნაკვეთი. ხოლო ნაკვეთის სიგრძესა და სიგანეში 100 წყრთაა; ეგვიპტური წყრთა სამოსურის ტოლია. ეს პატივი მეომრებს აქვს, ხოლო მეორე უპირატესობით ისინი ჯერჯერობით სარგებლობენ და არასოდეს ყოფილა ისე, რომ ერთსა და იმასვე ესარგებლა: ათასი კალასირიელი და ათასი ჰერმოტიბიელი ყოველწლიურად იყვნენ ხოლმე მეფესთან პირად მცველებად. ამისათვის ისინი მიწის ნაკვეთებს გარდა ყოველდღიურად კიდევ შემდეგს ღებულობდნენ: თითოეული გამომცხვარ პურს, წონით 5 მნას, ძროხის ხორცს ორ მნას; ღვინოს  ოთხ საწყაოს. ეს მუდამ ეძლეოდათ მეფის პირად მცველებს.
       169. როდესაც აპიესმა მოიყვნა დაქირავებული ჯარი და ამასისი კიდევ მთელი ეგვიპტელებით მოვიდა ქალაქ მომემფისში, იქ მოხდა ბრძოლა. უცხოელები კარგად იბრძოდნენ, მაგრამ რადგან რაოდენობით ბევრად ჩამორჩებოდნენ მოწინააღმდეგეს, ამიტომ დამარცხდნენ. ამბობენ, რომ აპრიესი ამ აზრისა იყო, რომ ღმერთიც კი ვერ შეიძლებოდა მისი მეფობის შეწყვეტას, ისე ურყევად მიაჩნდა მას დაფუძნებული თავისი ძალაუფლება. ახლა კი ბრძოლაში დამარცხებული და ტყვედ ჩავარდნილი წაიყვანეს ქალაქ საისში, იმ სახლში, რომელიც უწინ მისი იყო, ახლა კი ამასისის სასახლე გამხდარიყო. ერთხანს მას მეფის სასახლეში ინახავდნენ და ამასისი მას კარგად ექცეოდა. ბოლოს როდესაც ეგვიპტელებმა საყვედურები დაიწყეს, რომ უსამართლობაა მათი და საკუთარი მტრის ასეთნაირად შენახვა, ამასისმა აპრიესი გადასცა ეგვიპტელებს. ეგვიპტელებმა ის დაახრჩვეს და შემდეგ დამარხეს მის მამა-პაპათა სამარხში. სამარხი არის ათენის სალოცავში, საკურთხევლის მახლობლად, შემსვლელისათვის ხელმარცხნივ. საისის მცხოვრებლებმა ყველა მეფე, ვინც კი ამ ოლქიდან იყო, ამ სალოცავის შიგნით დამარხეს. ამასისის სამარხი უფრო მოშორებულია საკურთხეველს, ვიდრე აპრიესისა და ამის წინაპრებისა, მაგრამ ისიც სალოცავის ეზოშია. ეს არის დიდი ქვის ნაგებობა, რომელიც სვეტებისაგან არის გაკეთებული (სვეტები კი პალმის ხეებს მოგვაგონებენ) და ძვირფასად არის შემკული. შიგნით ამ ნაგებობაში ორმაგი კარია დადგმული და ამ კარებს იქით არის სამარხი.
       170. საისში არის აგრეთვე სამარხავი იმისა, ვისი სახელის მოხსენიებაც ასეთ პირობებში ცოდვაა.168 ის მდებარეობს ტაძრის უკან და ათენას სალოცავის მთელი კედლის გასწვრივ. ამავე წმინდა მიწის ნაკვეთზე დგას ქვის ობელისკები, იქვეა ტბა, რომელსაც ირგვლივ ნაჩუქურთმევი და ლამაზად ნაკეთები ქვის ზეძირკველი აქვს და მე ისე მგონია, რომ სიდიდით იმოდენავეა, რამოდენაც არის დელოსის, ეგრეთ წოდებული ბორბლის მსგავსი ტბა.169
       171. ამ ტბაზე ღამით აწყობენ ვნებათა სანახაობებს, რომელსაც ეგვიპტელები მისტერიებს უწოდებენ. თუმცა თითოეული ამ მისტერიის შესახებ ბევრი რამ ვიცი, მაგრამ დუმილს ვარჩევ. დუმილს ვარჩევ დემეტრეს170 დღესასწულის შესახებაც, რომელსაც ელინები თესმოფორიებს უწოდებენ, იმის გარდა, რისი თქმაც მის შესახებ დასაშვებია. დანაოსის ასულებმა გამოიტანეს ეს დღესასწაული ეგვიპტიდან და ასწავლეს პელაზგ ქალებს. მას მერე, რაც მთელი პელოპონესის მცხოვრებლები გააძევეს დორიელებმა, ეს დღესასწაულიც მოისპო, ხოლო პელოპენესელთაგან გადარჩნენ არკადიელები, რომლებიც არ გაუძევებიათ და მხოლოდ მათ შემოინახეს ეს დღესასწაული.
       172. აპრიესის ჩამოგდების შემდეგ იმეფა ამისისმა, რომელიც საისის ოლქის ქალაქიდან, სიუფიდან იყო. პირველად ეგვიპტელები ამასისს არაფრად აგდებდნენ და არც პატივს სცემდნენ, რადგან უწინ ის მდაბიო იყო და გამოჩენილ ოჯახს არ ეკუთვნოდა. ხოლო შემდეგ ამასისმა ესენი სიბრძნითა და გონიერებით მოთოკა. მას უამრავი ძვირფასი ნივთი ჰქონდა და მათ შორის  ოქროს ფეხისსაბანი ტაშტი, რომელშიც ფეხს იბანდნენ ყოველთვის თვითონ ამასისიც და ყველა მისი სტუმარი. ეს ტაშტი მან დაამტვრევინა, მისგან ღმერთის ქანდაკება გააკეთებინა და დადგა ქალაქის ყველაზე უფრო თვალსაჩინო ადგილას. ეგვიპტელები მიდიოდნენ ამ ქანდაკებასთან და დიდად სცემდნენ თაყვანს. ამასისმა ეს რომ შეიტყო, შეჰყარა ეგვიპტელები და უთხრა მათ, რომ ფეხისსაბანი ტაშტისაგან არის ქანდაკება გაკეთებული, ამ ტაშტში ეგვიპტელები უწინ აფურთხებდნენ, შარდავდნენ და ფეხებს იბანდნენ, ახლა კი ასე დიდ თაყვანს სცემენო. შემდეგ თქვა, რომ თვითონაც ამ ფეხისსაბანი ტაშტის მსგავსი ამბავი დაემართა: თუ უწინ მდაბიო იყო, ახლა მათი მეფეა და ამიტომ მოუწოდებს მათ, სცენ მას პატივი და ყურადღებით მოეპყრან, ამგვარად მოარჯულა მან ეგვიპტელები, ისე რომ, ისინი მას თავისი ნებით ემსახურებოდნენ.
       173. იგი საქმოსნობაში ასეთ თანრიგს იცავდა: დილაადრიან, ვიდრე მოედანი ხალხით აივსებოდა, ის დიდი გულმოდგინებით არჩევდა შემოსულ საქმეებს, ხოლო ამის მერე სვამდა, თავის თანამეინახეებთან ხუმრობდა, უსაქმურობდა და მხიარულობდა. მისი მეგობრები ამის გამო წუხდნენ, უნდოდათ მისი დარიგება და ეუბნებოდნენ: „მეფეო, სწორედ არ იქცევი, რადგან მეტისმეტად ხარ გატაცებული უღირსი საქმიანობით. შენ გმართებს დიდებულ ტახტზე ღირსეულად ჯდომა და მთელი დღის განმავლობაში საქმეების კეთება, მაშინ ეგვიპტელები დაიჯერებენ, რომ დიდი კაცი ჰყავთ გამგებელი და შენს შესახებ კიდევ უფრო უკეთ ილაპარაკებენ. ახლა კი შენი ქცევა სულაც არაა მეფური“. ამასისმა მათ შემდეგი უპასუხა: „როდესაც მშვილდოსანს მშვილდის მოხმარება სურს, ჯერ მოსჭიმავს მას, ხოლო შემდეგ ისევ მოუშვებს. მშვილდი რომ მუდამ მოზიდული იყოს, გატყდებოდა და საჭიროების შემთხვევაში აღარ გამოდგებოდა. ასევეა ადამიანიც: მან თუ მოინდომა მუდმივად მუშაობა და გასართობად სრულიადაც ვერ მოიცალა, ან გაგიჟდება, ანდა დამბლა დაეცემა. ეს კი მე კარგად ვიცი და ამიტომ მუშაობასაც და გართობასაც თავთავის წილს განვუკუთვნებ“. ასე უპასუხა მან თავის მეგობრებს.
       174. ამბობენ, რომ ამასისს, როდესაც ის ჯერ კიდევ კერძო პირი იყო, უყვარდა სმა, ხუმრობა და სულ არ მისდევდა სერიოზულ საქმიანობას. სმისა და მხიარული ცხოვრების შედეგად გაჭირვებაში რომ ჩავარდებოდა, დაეხეტებოდა აქეთ-იქით და ქურდობდა კიდეც. გაქურდულები რომ იტყოდნენ, შენ გაქვს ჩვენი ფულებიო, ის უარყოფდა ამას და ამიტომ მიჰყავდათ უახლოეს სამისნოში. ხშირად მისნობა ამხელდა მას, მაგრამ ასევე ხშირად აიცილებდა ხოლმე დანაშაულს. როდესაც ამასისი გამეფდა, შემდეგი რამ გააკეთა: ამ ღმერთთა სალოცავებზე, სადაც თქვეს, რომ ის ქურდი არაა, არც ზრუნავდა და არც არას აძლევდა მათ შესაკეთებლად, არც მსხვერპლის შესაწირად დადიოდა იქ, რადგან ისინი არაფრის მაქნის და ტყუილ მისნებად მიაჩნდა, ხოლო განსაკუთრებით ზრუნავდა მათზე, ვინც მის შესახებ ამბობდა, რომ ის ქურდია, რადგან ისინი ჭეშმარიტად ღმერთები იყვნენ და უტყუარი მისნობა ჰქონდათ.
       175. ჯერ მან საისში ათენას გაუკეთა საოცარი კარიბჭე, რომელიც ბევრად აღემატებოდა ყველა სხვას სიმაღლითა დ მოცულობით, ქვების სიდიდითა და საერთო სიმშვენიერით. შემდეგ აღმართა უზარმაზრი გამოსახულებები და ვეება მამაკაცი  სფინქსები და მოაზიდვინა უშველებელი ქვები საშენებლად. ამ ქვეყნის ნაწილი მოიტანეს იმ ქვის სამტეხლოდან, რომელიც მემფისის ქვემოთაა, ხოლო მეორე ნაწილი, უზარმაზარი ქვები  ქალაქ ელეფანტინედან, რომელიც საისიდან 20 დღის საცურაო მანძილით არის დაშორებული. მაგრამ განსაკუთრებით გამაკვირვა შემდეგმა: ქალაქ ელეფანტინედან მოატანინა მთლიანი ქვის ნაგებობა, რომლის გადმოზიდვასაც მოუნდნენ დაახლოებით 3 წელიწადს. ამ საქმეში 2000 კაცი იყო ჩაბმული და ესენი ყველანი მესაჭეები იყვნენ. ამ სახლის სიგრძე გარედან იყო 21 წყრთა, სიგანე  14, ხოლო სიმაღლე 8. ასეთია ამ მთლიანი ქვისაგან ნაგები სახლის ზომები გარედან. ხოლო შიგნიდან მისი სიგრძე არის 18 წყრთა და 4 ხელის დადება, სიგანე  12 წყრთა, ხოლო სიმაღლე არის 5 წყრთა. ეს ნაგებობა დგას სალოცავში შესასვლელთან. სალოცავში შიგნით ის შემდეგი მიზეზის გამო არ შეუტანიათ: როდესაც ამ სახლს მოათრევდნენ, რაკი საქმე მეტისმეტად გაჭიანურდა, მუშაობისგან გადაღლილი არქიტექტორი ძალიან ოხრავდა, ამასისსმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამას და არ მისცა ნება, რომ შენობა კიდევ უფრო იქით გადაეტანათ. სხვები კიდევ იმას ამბობდნენ, რომ ერთი კაცი, მზიდავთაგანი, მის ქვეშ დაიღუპა ამ ადგილას და ამიტომ აღარ შეიტანეს სალოცავშიო.
       176. სხვა სახელგანთქმულ სალოცავებსაც, ყველას ამასისმა სიდიდის თვალსაზრისით ღირშესანიშნავი ნამუშევრები შესწირა, მაგალითად მემფისში ჰეფესტოსის სალოცავში წინ ზურგზე მწოლიარე გამოსხულება დადგა, რომლის სიმაღლე იყო 75 ფუტი. იმავე კვარცხლბეკზე, წმიდათაწმიდის აქეთ და იქით დადგა ეთიოპური ქვისაგან ნაკეთები ორი გამოსახულება, თითოეული 20 ფუტის სიდიდის, საისშიც არის მეორე ასეთივე ქვის გამოსახულება და ისიც იმნაირადვე დევს, როგორც მემფისში. ამასისმა მემფისში ისისის სალოცავი ააგო, დიდი და შესანიშნავი.
       177. ამბობენ, რომ ამასისის მეფობის დროს ეგვიპტე განსაკუთრებით კეთილდღეობაში იყო, იმ მხრივაც, რასაც ქვეყანა იღებდა მდინარისაგან და იმ მხრივაც, რასაც ქვეყნისაგან ღებულობდნენ ადამიანები; მაშინ ეგვიპტეში სულ 20000 დასახლებული ქალაქი იყო. ამასისმა ეგვიპტელთათვის გამოსცა კანონი, რომლის თანახმადაც ყველა ეგვიპტელი ყოველწლიურად უჩვენებდა ოლქის უფროსს, თუ რითი ცხოვრობდა. ვინც ამას არ გააკეთებდა და ვერ აჩვენებდა, რომ პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობდა, მას სიკვდილით სჯიდნენ. ათენელმა სოლონმა ეს კანონები ეგვიპტელთაგან გადმოიღო და დაუწესა ათენელებს; ეს კანონი უნაკლო იყო და იგი ათენელებს მუდამ უნდა დაეცვათ.
       178. ამასისი ელინთმოყვარე იყო, ელინთაგან ზოგიერთებს ბევრი რამ კარგი გაუკეთა და ვინც მათგან ეგვიპტეში მოვიდოდა, ქალაქ ნავკრატისი171 მისცა დასასახლებლად. ვისაც არ უნდოდა ეგვიპტეში დასახლება და მხოლოდ სავაჭრო მიზნებით მოდიოდნენ ხომალდებით, მათ მიწები მისცა, რომ აეშენებინათ თავისი ღმერთებისათვის საკურთხევლები და სალოცავები. მათ შორის უდიდესი სალოცავი, ყველაზე სახელგანთქმული და განსაკუთრებით მოქმედი იყო ეგრეთ წოდებული ჰელენიონი; შემდეგმა ქალაქებმა ააშენეს ერთად ეს სალოცავი: იონიურმა: ქიოსმა, ტეოსმა, ფოკეამ და კლაძომენემ; დორიულმა: როდოსმა, კინდოსმა, ჰალიკარნესოსმა და ფასელისმა; ეოლიურმა მხოლოდ მიტელენემ. ამათი არის ეს სალოცავი და ვაჭრობასაც ეს ქალაქები ზედამხედველობენ. ხოლო როდესაც სხვა ქალაქები მოინდომებენ ხოლმე ჩარევას, მათ უფლება არა აქვთ მონაწილეობისა. ეგინელებმა ცალკე დაიდგეს თავისთვის ზევსის სალოცავი, ასევე  სამოსელებმა ჰერასი და მილეტელებმა  აპოლონისა.
       179. უწინ მხოლოდ ნავკრატისი იყო სავაჭრო ადგილი და სხვა სავაჭრო ადგილი არა ჰქონდათ ეგვიპტელებს. თუ ვინმე ნილოსის რომელიმე სხვა შესართავში მივიდოდა, უნდა დაეფიცა, რომ უნებურად მოვიდა აქ და დაფიცების შემდეგ იმავე ხომალდით უნდა გაეცურა კანობოსის შესართავისაკენ (ამ შესართვათან არის „ნავკრატისი“). ანდა თუ ვერ შესძლებდა გაცურვას პირქარის გამო, ტვირთი ნავებით უნდა გადაეზიდა დელტის შემოვლით, ვიდრე ნავკრატისში არ მივიდოდა. ასე იყო ნავკრატისი გამორჩეული.
       180. როდესაც ამფიქტიონები, დელფოში რომ ახლა ტაძარია, მის გასაკეთებლად 300 ტალანტად გაურიგდნენ მეიჯარეებს (უწინდელი ტაძარი თავისთავად დაიწვა), დელფოელებს საიჯარო თანხის მხოლოდ მეოთხედის გადახდა დასჭირდათ. დელფოელები დადიოდნენ სხვადასხვა ქალაქებში შეწირულებების შესაკრებად და ამას რომ აკეთებდნენ, ეგვიპტიდან ცოტა არ წამოუღიათ, ამისისმა მისცა მათ 1000 ტალანტი ალუმინის შაბი,172 ხოლო ეგვიპტეში მცხოვრებმა ელინებმა 20 მნა.
       181. ამასისმა კირინელებთან მეგობრობა და სამხედრო კავშირი დაამყარა. მას ისიც კი უნდოდა, რომ იქიდან მოეყვანა თავისთვის ცოლი, ან იმიტომ, რომ ელინი ქალი უნდოდა ცოლად, ანდა იმიტომ, რომ კირინელებთან მეგობრობა კიდე უფრო მეტად განემტკიცებინა. ზოგიერთები ამბობენ, რომ მან ცოლად შეირთო ბატოსის ასული, სხვები ამბობდნენ, რომ არქესილაოსის ქალიო, ზოგი კიდევ ამბობდა, რომ მან მოიყვანა, სახელოვანი მოქალაქის, კრიტობულოსის ასული, რომელსაც სახელად ერქვა ლადიკე. ამასისი მასთან რომ წვებოდა, ვერ ახერხებდა შეუღლებას, სხვა ქალებთან კი საქმე კარგად გამოსდიოდა. როცა ეს ბევრჯერ განმეორდა, ამასისმა უთხრა ეგრეთ წოდებულ ლადიკეს: „ქალო, შენ მე მომაჯადოვე და ვერავითარი მანქანება ვერ გიხსნის უსასტიკესი სიკვდილისაგან, რაც კი ხვდომია წილად რომელიმე ქალს“. ლადიკემ ბევრი იუარა, მაგრამ ვერ მოალბო ამასისი, შემდეგ ილოცა გუნებაში აფროდიტეს მიმართ და აღუთქვა, თუ ამ ღამეს ამასისი შესძლებდა მასთან შეუღლებას (რადგან სიკვდილისაგან ქალს მხოლოდ ეს გადაარჩენდა), იგი ღმერთქალს ქანდაკებას გაუგზავნის კირენეში. ამ ლოცვის შემდეგ ამასისიმა მაშინვე მოახერხა მასთან შეუღლება. ამიერიდან ამასისი ყოველთვის ახერხებდა ქალთან თანაყოფას და ამის მერე მაგრად შეუყვარდა ცოლი. ლადიკემ ღმერთქალს დანაპირები შეუსრულა: გააკეთებინა ქანდაკება და გაგზავნა კირენეში, ის ჩემს დრომდე მთელი იყო და იდგა კირინელთა ქალაქის გარეთ. ეს ლადიკე უვნებელი გაუშვა კირენეში კამბისესმა, როდესაც ეგვიპტე დაიპყრო და შეიტყო მისგან მისი ვინაობა.
       182. ამასისმა შესაწირვები ელადაშიც გაგზავნა. კირინეში შესწირა ათენას მოოქრული ქანდაკება და თავისი საკუთარი გამოსახულება, ლინდოსის ათენას – ორი ქვის ქანდაკება და სელის შესანიშნავი აბჯარი, სამოსზე ჰერას – თავისი ორი ხის ხატი, რომლებიც ჯერ კიდევ ჩემს დრომდე იდგა დიდ ტაძარში კარს უკან. სამოსს შეწირულება თავისი და პოლიკრატეს აიაქსის ძის მეგობრობის გამო გაუგზავნა, ხოლო ლინდოსს რაიმე მეგობრობის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ როგორც ამბობენ, ლინდოსზე არის ათენას სალოცავი, რომელიც ააშენეს აქ მოსულმა დანაოსის ასულებმა, როდესაც ისინი გამოექცნენ ეგვიპტოსის ვაჟებს. აი, ესაა ამასისის შეწირულობანი. მან პირველმა დაიპყრო კიპროსი და დახარკა.
      იხსენიება ეს ამბავი „ოდისეაშიც“, შემდეგ ტაეპებში: „ზევსის ამ ასულს ჰქონდა ბრძნული, კარგი წამლები, რომლებიც მისცა მას ეგვიპტელმა პოლიდამნამ, თონის მეუღლემ, ნაყოფიერ მიწაზე იქ ბევრი ბალახი მოდის, მრავალი მათგანი სასარგებლოა, ხოლო ბევრი მომწამველი“.118 ხოლო სხვაგან მენელეოსი ტელემაქოსს ეუბნება: „მე ძალიან მინდოდა წამოსვლა, მაგრამ ღმერთები კიდევ მიჭერდნენ ეგვიპტეში, რადგან მე მათ არ შევწირე რჩეული ჰეკატომბე“.119 ამ ტაეპების მიხედვით ცხადია, რომ პოეტმა იცოდა ალექსანდრეს მოგზაურობა ეგვიპტეში, რადგან სირიე ეგვიპტის მეზობლადაა, ხოლო ფინიკიელები, რომელთაც ეკუთვნის სიდონი, სირიეში ცხოვრობენ.
  • განმარტებები
  • 1. ჰეროდოტე სერიოზული შეცდომების გარეშე გვიყვება საისური დინასტიის დროინდელი ეგვიპტის ისტორიას დაწყებული ფსამეტიქ I-ის მეფობიდან. წარმოგიდგენთ საისური დინასტიის სიას. ფსამეტიქ I (664-610) ნომარქ ნეხოს (672-664) ძე. ნეხო მართავდა ნილოსის დელტაში მდებარე ნომს, რომლის ცენტრი იყო ქალაქი საისი. ფსამეტიქმა განდევნა დამპყრობლები და გააერთიანა დაშლილი ეგვიპტე. ნეხო II (610-595) ფსამეტიქის ძე. ფსამეტიქ II (595-589) ნეხო II-ისე ძე. ჰააიბრ უაჰიბრ (ბერძნ. აპრიესი) (589-570) ფსამეტიქ II-ის ძე. 570-567 წლებში იაჰმოსისა და ჰააიბრის ერთობლივი მმართველობა და სამოქალაქო ომები. იაჰმოს ჰნუმიბრა (ბერძნ. ამასის) II (570-526) დედის მხრიდან ნათესავი. ფსამეტიქ III (526-525) იაჰმოსის ძე.
  • 2. ეს მართლა ფრიგიული სიტყვაა. ჰეროდოტე მართალს ამბობს.
  • 3. ეს ეგვიპტური ღმერთი პტა (პტახი) იყო, მჭედელთა (ცეცხლის) ღმერთი, რომელსაც ჰეროდოტე უწოდებს ჰეფესტოს.
  • 4. ძველეგვიპტური კალენდარი ცაზე ვარსკვლავ სირიუსის გამოჩენით და ნილოსის ადიდებით იწყებოდა და გრძელდებოიდა მდინარის შემდეგ ადიდებამდე და იყოფოდა 3 სეზონათ. I სეზონი ახეტ (ადიდება, 21 ივნისიდან – 21 ოქტომბრამდე) – პერიოდი, როდესაც ნილოსი დიდდებოდა. მდინარის ადიდება ივნისიდან დეკემბრამდე გრძელდებოდაა, თუმცა ოქტომბერში უკვე ნელ-ნელა კალაპოტს უბრუნდებოდა. ამ დროს ნილოსის მიერ ჩამოტანილი ნოყიერი შლამი კილომეტრობით ვრცელდებოდა ეგვიპტის ტერიტორიაზე და მადლიან მოსავალს უქადდა გლეხებს. ახეტ სეზონში შემავალი თვეები იყო: თოტი, პაოფი, ატირ,ხოიაკ (სახელები მოცემულია კოპტურ ენაზე); II სეზონი პერეტ (გამოსვლა, 22 ოქტომბრიდან – 21 თებერვლამდე); ნილოსი საბოლოოდ უბრუნდებოდა თავის პირვანდელ კალაპოტს, იწყებოდა მიწის ხვნა და მოსავლის დათესვა. პერეტ სეზონში შემავალი თვეები – თიბი, მეხირ, ფამენოტ, ფარმუტ; II სეზონი შემუ (სიმშრალე, 22 თებერვლიდან – 20 ივნისამდე), ძველი ეგვიპტელებისათვის ეს ზაფხული იყო, სეზონი როდესაც მოსავალს იღებდნენ, ერთ-ერთი ყველაზე ფაციფუცა და დაკავებული დრო მთელს კემეტის ქვეყანაში. ასევე, ეს იყო დრო, როდესაც გადასახადის ამკრეფნი ჩამოივლიდნენ და ფარაონისათვის ყოველწლიურ ხარკს კრეფდნენ. შემუ სეზონში შემავალი თვეები – პახონი, პაინი, ეპიფი, მესორ. კალენდარი სულ მოიცავდა 360 წელს. წლის ბოლოს ემატებოდა 5 დღე, რომლის განმავლობაში აღინიშნებოდა სხვადასხვა დღესასწაულები. ეს დღეები ეძღვნებოდა ღმერთ ოსირისს, ისიდას, ჰორს, სეთსა და ნეფტისს.
  • 5. ძველბერძნული წელი იყოფოდა მთვარის 12 თვედ (6 თვე 30 დღიანი და 6 თვე 29 დღიანი). ყოველ მესამე, მეხუთე და მერვე წელს 8 წლიანი ციკლით ემატებოდა თვე (პოსეიოდონ მეორე).
  • 6. პლინფის უბე და სერბონიდის ტბა წარმოადგენდნენ ეგვიპტის დასავლეთ და აღმოსავლეთ საზღვრებს.
  • 7. ნილოსის ხეობის სიგანე კაიროდან სიენამდე (ასუანი) იცვლება 20 დან 1 კმ-მდე.
  • 8. ეს არის ქვეყანა პუნტ (ე.წ. პუნტლენდ), ცენტრალურ სომალში.
  • 9. იხ. ზემოთ II – 6.
  • 10. მიუხედავად იმისა რომ ჰეროდოტე ეგვიპტურ წყაროებს ეყდნობოდა დაშორებისათვის მოყვანილი ციფრები არასწორია.
  • 11. იგივე მდ. სკამანდრას ხეობა.
  • 12. ეგვიპტის ადგილობრივი სახელი კემეტ რაც შავს ნიშნავს.
  • 13. საუბარია ცისფერ ნილოსზე, რომელსაც აბისინიის მთებიდან ჩამოაქვს შლამი.
  • 14. ჰეროდოტე სარგებლობს ქურუმების ჩანაწერებით რომელიც ეხება ამენჰოტეპ IV-ის (1388-1351) დროს მომხდარ ნილოსის წყალდიდობას. ეს მეფე აქა აღრეულია მერიდში ამენემჰატ III-ში (1860-1814).
  • 15. ნილოსის დელტაში მიწას არ ამუშავებდნენ გუთნით.
  • 16. ასეთი დაწესებულებები იყო აგრეთვე კანობთან (ნილოსის დას შტოს შესართავი).
  • 17. ბერძნული სახელწოდება ეგვიპტისა გამოდის ეგვიპტური ხიკუპტასგან (კა - პტას სახლი). ხიკუპტა ერქვა მემფისის მთავარ ტაძარს. ამიტომაც ტაძარს დაარქვეს ქალაქი მემფისი, ხოლო შემდეგ მთელს ნილოსის ხეობას.
  • 18. აქ იგულისხმება პირველი კატარაქტი სიენასთან.
  • 19. ეს ჰიპოთეზა გამოთქვა ტალეს მილეტელმა ძვ.წ. 600 წ.
  • 20. ეს ინტერპრეტაცია ეკუთვნის ეფიმენე მასალიელს (VI ს.) ევფიმენე ცურავდა რა აფრიკის დას. სანაპიროების გასწვრივ, მიაღწია თან. სენეგალის ნაპირებს და ფიქრობდა რომ ნილოსის სათავეები არის ოკეანეში.
  • 21. ჰეროდოტე უკუაგდებს ფილოსოფოს ანაქსაგორას (500-428) აზრს.
  • 22. აქ ჰეროდოტე ჰეკატეოს მილეტელს უნდა გულისხმობდეს.
  • 23. ქალღმერთ ნეიტის (ათინა) ტაძრის მწერალი, ერთ-ერთი მაღალი თანამდებობა ტაძარსი, როგორც ჩანს იყო ჰეროდოტეს მთავარი წყარო ეგვიპტის ისტორიის წერისას.
  • 24. ეს მითი ეგვიპტური ტექსტებიდან არის ცნობილი.
  • 25. აქ ჰეროდოტე გვიღწერს პირველ ჭორომებს ნილოსზე სიენას ქვემოთ.
  • 26. აქ ნილოსი იყო გაფართოებული და ტაერიტორია დატბორილი. ამიტომ ეს ადგილი ჰეროდოტემ ტბად მიიღო.
  • 27. ეთიოპების (ასე უძახდნენ ბერძნები კუშის სამეფოს დღევ. სუდანის ჩრდილოეთში) ძველი დედაქალაქი იყო ნაპატა მდ. ჯებელ ბარკალზე, მაგრამ შემდეგ ფსამეტიქ II-ის 591 წლის ლაშქრობის შედეგად იქნა დარბეული და დედაქალაქი გადატანილი იქნა უფრო სამხრეთით - მეროეში. ქუშის (ე.წ. ეთიოპების) სახელმწიფომ იარსება ახ.წ. 350 წლამდე.
  • 28. ეთიოპების ზევსი - ამონ-რა.
  • 29. დიონისე ოსირისი.
  • 30. ასმახ (ეგვ. „სხმ“ მარცხენა ხელზე) სავარაუდოდ ნიშნავს აღმოსავლეთის ტომებს, რომლებიც გადასახლდნენ სამხრეთით.
  • 31. იგივე ხმელთა შუა ზღვა.
  • 32. ნასამონებმა გადალახეს საჰარა სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით დიდი სირტის ნაპირებიდან მდ. ნიგერზე მდებარე ტიმბუქტუმდე. „პატარა ადამიანები“ შესაძლოა იყვნენ პიგმეების ერთ-ერთი ტომი.
  • 33. ეს რათქმაუნდა სიმართლე არ არის.
  • 34. ეს ცნობა არასწორია. ეგვიპტეში ბევრი ქალი-ქურუმი იყო.
  • 35. აქ ჰეროდოტე ცდება. ამ დროში ეგვიპტეში გავრცელებული იყო ძველი ეგვიპტური დამწერლობა (წარწერებისთვის). იეროგლიფური გამარტივებული დამწერლობა, იერატიული კურსივი (საქმიანი ქაღალდებისა და წერილებისთვის) და, დემოტიკური დამწერლობა (ფართო მოხმარებისათვის). უკანასკნელი იწერებოდა მარჯვნიდან მარცხნივ.
  • 36. ეგვიპტის ბევრ ტაძარში ქურუმთა თანამდებობა იყო მემკვიდრეობითი. ყველა ეგვიპტის მმართველი დიდ სახსრებს ხარჯავდნენ ტაძრებისა და ქურუმების შესანახად. თვით დარიოს I-იც იძულებული გახდა ეღიარებინა ტაძრის ქურუმთა პრივიულეგიები და მათ შესანახად დიდი სახსრები გამოეყო.
  • 37. ხარებს ეგვიპტეში უძველესი დროიდან სწირავდნენ მზის ღმერთს.
  • 38. იგულისხმებოდა ისიდან დღესასწაული, რომელიც მიართებოდა ბუსირისში.
  • 39. ისიდან კულტი გავრცელებული იყო ნილოსის დელტაში მცხოვრებ ლიბიელებში.
  • 40. აფროდიტეს ჰეროდოტე უწოდებს ქალღმერთ ჰატჰორს (ჰერუ) რას ან პტახის შვილს, ჰორუსის ცოლს.
  • 41. ცხვარს ეგვიპტელები თვლიდნენ ხნუმის განსახიერებად.
  • 42. იგულისხმება მზის ღმერთ ამონის დღესასწაული და მისადმი წმინდა ცხვრის შეწირვა.
  • 43. ალკეი ამფიტრიონისა და ელექტრიონის მამა ალკმენის მამა, მითის მიხედვით იყვნენ ეგვიპტიდან.
  • 44. ამასის II-ის დათარიღება აჩვენებს რომ ჰეროდოტე აქ ციტირებს ჰეკატეოსს, რომელმაც პირადად მოინახულა ეგვიპტელთა მეფე.
  • 45. ეგვიპტელებმა იცოდნენ მხოლოდ 9 ღმერთის ციკლი (ენნეადა).
  • 46. ჰეროდოტეს არწერილობას ადასტურებს ტიროსში ნახული სტელას წარწერა.
  • 47. თასოსი ერქვა ფინიკურ ღმერთს, რომლის ტაძარი მონახულა ტიროსში ჰეროდოტემ.
  • 48. ქალაქ მენდესის ღმერთი იყო ხნუმი. ცხვარი ეგვიპტელებში იყო ნაყოფიერების, საწარმოო ძალების სიმბოლო. ჰეროდოტე მენდესის ღმერთს აიგივებს მებრძნულ პანთან, რომელიც გამოისახებოდა თხის რქებით.
  • 49. მენდესი შესაძლოა იყო ეგვიპტური ბე-ნბ-დდ (ცხვარი).
  • 50. როგორც ჩანს ჰეროდოტე აქ გულისხმობს პამილიების დღესასწაულს, რომელიც იმარტებოდა ნილოსის ადიდებისას. მათი წარმოდგენით ამ დროს ისიდა გლოვობდა მკვდარ მეუღლეს და ამიტომ დიდდებოდა მდინარე.
  • 51. მელამპოდმა განკურნა დიონისური სიგიჟისგან ტირინთის მეფე პრეტის ქალიშვილები და მოითხოვა ჯილდოთ თავისთვის და ძმისთვის ცოლად ისინი და სამეფოს ნაწილი.
  • 52. დიონისეს კულტის ზოგიერთი ფორმა ბერძნებმა გადმოიღეს თრაკიელებისგან.
  • 53. იხ. ზემოთ, II 43.
  • 54. ჰეროდოტე გადმოგვცემს ნილოსის დელტის მოსახლეობის აზრს.
  • 55. დოდონეში თაყვანს სცემდნენ არა ღმერთებს არამედ წმინდა მუხას.
  • 56. ჰეროდოტე ჰომეროსული პოემების წარმოემნას ათარირებს დაახლ. ძვ.წ. 850 წლით.
  • 57. იგულისხმება ორფეი, მუსეი, ლინი და ოლიმპი.
  • 58. თებეს საწინასწარმეტყველო სავარაუდოდ დააარსეს ბერძენმა მოქირავნეებმა.
  • 59. ჰეროდოტე გულისხმობს პანათენურ თამაშებს საზეიმო პროცესიით, რომელიც შემოღებულ იქნა პისისტრატეს დროს ათენში.
  • 60. ეგვიპტური ღმერთების ბერძნულ ღმერთებთან გაიგივება შემოიღეს ნილოსის დელტაში დასახლებულმა ბერძენმა კოლონისტებმა, რომელთაგან ცნობები ჯერ კიდევ ჰეკატეოსმა მიიღო აქ ამასისის მეფობის დროს მოსვლისას.
  • 61. იხ. ზემოთ, II 40.
  • 62. ისინი გლოვობდნენ ოსირისს.
  • 63. ასე აღწერს ოსირისის დღესასწაულს საისში ჰეროდოტე.
  • 64. საუბარია რიტუალურ ბრძოლაზე, გახსენება ოსირისზე მითის ერთი ეპიზოდიდან.
  • 65. არესი აქ ეგვიპტური ღმერთი ჰორი.
  • 66. ამ წესს იცავდნენ ეგვიპტის ზოგიერთ მხარეში.
  • 67. წურბელები სხედან ნიანგის კბილების ფოსოებზე.
  • 68. ქალაქ არსინოეში (ეგვიპტ. შელეტი, დღევ მედინეტ ელ-ფაიუმი), რომელსაც ბერძნები ეძახდნენ ნიანგიპოლისს, ნიანგები მიძღვნილი იყვნენ ღმერთ სუხოსისტვის.
  • 69. ასე გადმოსცემს ეგვიპტურ „ქმს“ (ნიანგი).
  • 70. ჰიპოპოტამი ითვლებოდა ოსირისის წმინდა ცხოველად.
  • 71. აქ იგულისხმება „ფარაონის თაგვი“ ანუ ე.წ. ეგვიპტური მანგუსტი.
  • 72. ლეპიდოტი ქერცლოვანი თევზი, უკვე გადაშენებული..
  • 73. ფენიქსი (ეგვიპტ. „ბანუ“) იგივე ამონ-რა. ქრისტიანულ დროში ფენიქსი გახდა ქრისტეს სიკვდილისა და აღდგომის სიმბოლოდ.
  • 74. რქიანი გადიუკა ძალიან სახიფათო შხამიანი გველი.
  • 75. იგივე ამონ-რა. ამ წმინდა გველების მუმიები ეგვიპტეში აღმოჩენილ იქნა.
  • 76. უნდა იყოს მწერების ოჯახიდან.
  • 77. რა ძვლები ნახა ჰეროდოტემ გაურკვეველია, რადგან კალიებს არ აქვთ ძვლები.
  • 78. თეთრი იბისი მიძღვნილი იყო სიბრძნისა და ცოდნის ღმერთის ტოტისადმი, რომელიც ხშირად გამოისახებოდა იბისის თავით.
  • 79. ე.ი. შავი იბისი.
  • 80. ეგვიპტურად „კლშტ“.
  • 81. აშკარაა ჰეროდოტეს არ უნახავს ვენახების მხარე დელდას ნას. ნაწილში, მარიუტის ტბასთან.
  • 82. იგულისხმება სარკოფაგი, რომელზეც გამოსახულია გარდაცვლილი.
  • 83. მწუხარების სიმღერა ლინოსის უდროოდ გარდაცვალების გამო. სრულდებოდა ლინოსის დღესასწაულზე საბერძნეთში, ხოლო ფინიკიაში ადონისის დღესასწაულზე ასე დასტიროდნენ მის სიკვდილს.
  • 84. აქ საუბარი უნდა იყოს ოსირისზე, რომლის სიკვდილს მენეროსის სახელით დასტიროდნენ დღესასწაულზე.
  • 85. რელიგიური მოძრაობა ორფიზმი წარმოიქმნა საბერძნეთში ძვ.წ. VIII ს-ში. პითაგორელები პითაგორას რელიგიური სექტას მიმდევრები, ისევე როგორც ორფისტები (ორფიკები) მონაწილეობდნენ ვაკხიკურ მისტერიებში, რომელიც მიძღვნილი იყო დიონისეს კულტისადმი.
  • 86. ასტროლოგია გვიანი სამეფოს ეგვიპტეში ძალიან იყო გავრცელებული.
  • 87. ეგვიპტეში მრვალად იყვნენ ექიმები სხვადასხვა სახეობის. შემონახულია გინეკოლოგიური და ქირურგიული ჩანაწერები პაპირისზე და რეცეპტების კრებულები.. 88. იგულისხმება ხის დაფებზე გამოსახული ბალზამირების პროცესია.
  • 89. სავარაუდოდ ოსირისის.
  • 90. გარდაცვლილის შიგნეულს ინახავდნენ სპეციალურ ჭურჭელში და არა კუბოში.
  • 91. სმირნა (მირრა) არომატული ფისი არაბული მირტისი.
  • 92. კასია არომატული და სამკურნალო მცენარე (ველური დარიჩინი).
  • 93. ეგვ. „კომი“ არაბული აკაციას ფისი.
  • 94. კედარის ზეთი ბალზამირებისას იცავდა სხეულს ლპობისგან.
  • 95. იშვიათი ზეთი, რომელიც ცვლიდა კედარის ზეთს.
  • 96. დღეს ეგვიპტეში აღარ გვხვდება.
  • 97. დელტაში მცხოვრებნი.
  • 98. სილიკიპრიი (ეგვიპტ. „კიკი“) აბუსალათინის ნაირსახეობა.
  • 99. არა კოღოებისგან, არამედ მორიელებისა და გველების გამო ეგვიპტელებს ახლაც სძინავთ სახურავზე.
  • 100. ეგვიპტურად. „ბარ-იტ“ (ხომალდი).
  • 101. ან „ფრიოტიდიდან“, აქედან აქეელები გადასახლდნენ პელოპონესზე.
  • 102. ეგვიპტის ეთიოპიელი (ქუში) ფარაონების (XXV დინასტია) პერიოდის (760-656) შესახებ ცნობები ჰეროდოტეს აქვს ორი სხვადასხვა გადმოცემიდან. ერთი გადმოცემიდან აღებულია მოთხრობები ნიტოკრისის (VI დინასტია), XII დინასტიის ფარაონების სენუსერტ III-ს და მერისის (ამენემჰეტ III) შესახებ. მეორე გადმოცემის წყაროს წამოადგენს სახახლო თქმულებები რამპსინიტის (რამსეს III) და IV დინასტიის ფარაონების ხუფუ (ბერძნ. ხეოფსი), ხაფრასა (ბერძნ. ხეფრენი) და მენკაურა (ბერძნ. მიკერინი) შესახებ. ჰეროდოტეს ეგვიპტის მეფეთა ქრონოლოგია არ ემთხვევა ძველეგვიპტელი ისტორიკოსის მანეთონის (IV-III) ფარაონთა სიას.
  • 103. ღმერთ პტას ტაძარი მემფისში.
  • 104. წითელ ზღვაში აქ იგულისხმება ინდოეთის ოკეანე, რომელსაც მიაღწია ეგვიპტის მეფემ ლაშქრობისას დღევანდელ პუნტლენდამდე (სომალი). სესოსტრისში იგულისხმება ფარაონი სენუსერტ III (1878-1839).
  • 105. წარწერები ეკუთვნის არა სენუსერტ III-ს, არამედ რამსეს II-ს.
  • 106. ჰეროდოტე სესოსტრისს ურევს ფსამეტიქ I-ში, რომელიც ებრძოდა სთვითებსა და თრაკიელებს პალესტინაში, მაგრამ არასდროს ულაშქრია სკვითიაში.
  • 107. გადმოცემის მიხედვით მდ. თერმოდონტზე ბერძნებმა გაანადგურეს ამაზონები და შემდეგ მოიყვანეს ისინი სკვითთა სტეპებიდან (დღევ. მდ. დონის ხეობა).
  • 108. იგულისხმება არაკლდიანი რელიეფი სიპილეში და კარა-ბელში სმირნის ოლქში (დღევ. იზმირი) ღმერთის გამოსახულებით მეომრის ფორმაში. ის ეკუთვნის ოღონდ არა ეგვიპტელებს, არამედ ხეთებს.
  • 109. სიპილეს ხეთური ბარელიეფი გამოსახავდა მეფეს მეუღლითა და შვილებით, რომელნიც უპირისპირდებოდნენ დედამიწაზე გავრცელებულ მტერს. შესაძლოა ჰეროდოტეს ამ მონაყოლიდ წყარო აღნიშნული ლეგენდიდან ცამოყალიბდა.
  • 110. ეს არასწორია: ცხენები და საბრძოლო ეტლები ეგვიპტეში შემოიტანეს ჰიქსოსებმა, რომლებიც ბატონობდნენ ეგვიპტეში დაახლოებით 1670-1570 წლებში.
  • 111. არხები ეგვიპტეში გაჰყავდათ მინდვრების მოსარყავად რა არა სასმელი წყლისთვის.
  • 112. ჰეროდოტეს დროს ეგვიპტეში არსებობდა მიწის კადასტრი. სპარსელებამდე გადასახადები იკრიბებოდა ნატურით, რადგან ფული არ არსებობდა. სპარსელთა გაბატონების და განს. სატრაპ არიანდის დროიდან აქ დაიწყო სპარსული ვერცხლის მონეტების მოჭრა, რომელზე იყიდებოდა ქვეყნის ყველა პროდუქტი.
  • 113. გნომონ (მზის საატები) - ვერტიკალური შრიფტი, რომელიც აგდებდნენ ჩრდილს ჩაზნექილ ზედაპირზე. გადმოცემით გნომონი და პოლოსი საბარძნეთში ბაბილონიდან შემოიტანა ანაქსიმანდე მილეტელმა დაახლ. 547 წელს.
  • 114. იგულისხმება 13 მეტრიანი სტატუა მდებარე მირ-რახინში. ერთერთი მათგანი გადატანილ იქნა კაიროსი 1954 წელს.
  • 115. ფინიკიელებს მემფისში ჰქონდათ დასახლება და ღმერთ იშტარის ტაძარი.
  • 116. ტაძრების მონები ატარებდნენ სპეციალურ ნიშნებს და ითვლებოდნენ მიუკარებლებად.
  • 117. ილიადა VI, 289.
  • 118. ოდისეა IV, 228.
  • 119. ოდისეა IV, 351.
  • 120. „კიპრიებში“ მოთხრობილი იყო ტროას ომის წინარე ისტორია. ეს პოემები დაკარგულია.
  • 121. იგულისხმება რამსეს II-ის ნაგებობები მემფისში, პტა-ს ტაძარში. იქ იდგა მეფის ორი გიგანტური ქანდაკება, რომელიც ჰეროდოტეს დროს ისევ იდგა.
  • 122. ეგვიპტეში დასჯილთა ცხედრებს ჰკიდებდნენ კედლის ძელებზე.
  • 123. აშკარად დაცვა იყო დაქირავებული-უცხოელები; ეგვიპტელები იპარსავდნენ თავსა და წვერს.
  • 124. ეგვიპტური თქმულება მკვდართა სამეფოში ჩასვლის შესახებ.
  • 125. დემეტრა (დელტაში ისიდა) აქ სავარაუდოდ იგულისხმება ჰატორი, რომელსაც თებეში თვლიდნენ მკვრების მეთაურად. მიცვალებულთა სამეფოს ეგვიპტეში ეძახდნენ „ამენტეტ“-ს (დასავლეთის ქვეყანა), რადგან ეგვიპტელები გარდაცვლილს კრძალავდნენ ნილოსის დასავლეთით.
  • 126. ეგვიპტელთა რწმენით გარდაცვლილი მეფე უერთდებოდა ოსირისს, სიკვდილი და აღდგენა რომლისა აღინიშნებოდა განსაკუთრებული დღესასწაულით.
  • 127. აშკარად მკვდართა ღმერთი ანუბისი (ეგვიპტ. ანუპ), რომელიც აცილებდა მიცვალებულს მკვდართა სამეფოში.
  • 128. ისიდა და ოსირისი.
  • 129. ჰეროდოტე ურევს ეგვიპტის ქრონოლოგიას: რამპსინიტ (რამსეს II) XIX დინასტიის მეფე 1279-1213 წლებში, ხოლო ხუფუ (ხეოფსი) IV დინასტიის მეფე 2589-2566 წლებში.
  • 130. როგორც ჩანს ამ მეფემ შეუმცირა შემოსავლები ქურუმებს, ამიტომ ქურუმთა გადმოცემებითვლიან მას უსინდისო ტირანად.
  • 131. ჰეროდოტემ შესაძლოა კარგად ვერ გაუგო თავის წყაროს. იგულისხმება ალბათ არხი, რომლითაც გადაჰქონდათ პირამიდების სამშენებლო მასალები. ჰეროდოტეს ნაჩვენები 3 თვიანი სამუშაო დრო, იგულისხმება ნილოსის წყალიდობის დრო, როდესაც სოფლის მეოურნეობის მუშები უკვე მუშაობდნენ მშენებლობებზე (არხები, პირამიდები).
  • 132. ეს ძალიან შემცირებული ციფრია ხარჯებისა, რომელიც სჭირდებოდა ასეთი გიგანტური ნაგებობის აგებას.
  • 133. ხეოფსი (ეგვ. ხუფუ) მეფობდა მხოლოდ 23 წელს. მის შემდეგ მეფობდა ძმა ჯედეფრა და მხოლოდ მის შემდეგ ხეოფსის ვაჟი ხეფრენი (ეგვ. ხაფრა). ხეფრენის ვაჟი იყო მიკერინი (ეგვ. მენკაურა).
  • 134. იგულისხმება ცის ქალღმერთ ჰატორის სტატუა, რომელსაც გამოსახავდნენ ძროხის სახით. ჰეროდოტეს ეშლება იგი ისიდას სტატუაში (საისის ტაძრის).
  • 135. არა შიშველნი, არამედ მოტკეცილ ტანსაცმელში.
  • 136. ოსირისის დღესასწაულზე.
  • 137. გვიანდელი ლეგენდა შეცდომით აკავშირებს მიკერინს ბუტოს ორაკულს.
  • 138. მოყვანილი ზომები არასწორია. ეთიოპიური ქვა იყო გრანიტი.
  • 139. ესოპე დადანაშაულებულ იქნა დელფოსის ტაძრიდან ქურდობაში და გადაგდებულ იქნა კლდიდან. მისი მკვლელობის გამო დელფოელებს დაეკისრად ფულადი ჯარიმა.
  • 140. მონეტების შემოსვლამდე სხვადასხვა ფორმებში ჩამოსხმული მეტალით სარგებლობდნენ, ვიდრე ლიდიიდან არ დაიწყო მონეტების შემოსვლა.
  • 141. აპოლონის ტაძარი.
  • 142. ასიხისმა (ეგვიპტ. შეპსესკაფ, დაახლ. 2503-2498 წ.) დატოვა სამარხი აგურების მასტაფის ფორმის (ოთხკუთხა ფომის სამარხი).
  • 143. ჰეროდოტე აქ აკეთებს გადახტომას IV დინასტიის ბოლოდან (დაახლ. 2494 წ.) ეგვიპტეში ეთიოპების ბატონობის დასაწყიში (დაახლ. 744 წ.).
  • 144. ეთიოპიელი (კუშის) მეფეები ეგვიპტეს მართავდნენ 744-656 წლებში. სამშვიუდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ მათ გადასცეს თებეს ამონის უმაღლესი ქურუმის თანამდებობა, უკანასკნელი დასაყრდენი მათი ძალაუფლებისა ზემო ეგვიპტეში, დელტის მბრძანებელ ფსამეტიქეს ქალიშვილს და წავიდნენ ეგვიპტიდან.
  • 145. ჰეროდოტე აქ გვიყვება თქმულებას რომელშიც გადმოცემულია ისტორიული მოვლენები : ეგვიპტის ეთიოპელი მეფეთა ომები ასურელებთან 671-656 წლებში.
  • 146. იგულისხმება ლიბიელი დაქირავებულნი.
  • 147. ეს იყო გადასახადებისგან თავისუფალი მიწის ნაკვეთები, რომლებიც გადასცეს ეგვიპტის ეთიოპიელმა მეფეებმა დაქირავებულ ლიბიელ მებრძოლებს.
  • 148. სწორედ ღმერთ პტას ტაძარი.
  • 149. თაგვი იყო სემიტებში ჭირის სიმბოლო.
  • 150. ჰეროდოტე არასწორად უკავშირებს ამ ფარაონს ღმერთ ჰორის სტატუას და მის წმინდა ცხოველ თაგვს.
  • 151. ჰეკატეოს მილეტელმა მოინახულა ეგვიპტე ამასის II-ის დროს.
  • 152. ეგვიპტურად „პი-რომი“ ადამიანი, იგივე კეთილშობილი ადამიანი. ეგვიპტელები ასე უწოდებდნენ თავიანთ თავს, სხვა ხალხებს კი ამ წოდებით არ მოიხსენიებდნენ.
  • 153. ეგვიპტელებში არსებობდა არა 8, არმედ 9 ღმერთის ციკლი.
  • 154. იხ. ზემოთ, II 43.
  • 155. იხ. ზემოთ, II – 43-49.
  • 156. იგულისხმება დელტის მხარეში მყოფი მეფუკები. რაოდენობა 12 არასწორია.
  • 157. ჰეროდოტე საისელი მეფეების პატარა ნაგებობებს იღებს ამენემჰეტ III (1860-1814) სამარხად.
  • 158. ტაძრები არტემიდას ეფესოში და ჰერას სამოსში.
  • 159. აგურის პირამიდა ჰავარაში (ამენემჰეტ III-ის) დასაკრძალავი ტაძრით, რომელსაც ჰეროდოტე უწოდებს ლაბირინთს.
  • 160. შიდა (ფარული) შესასვლელი, მიმავალი ტაძრიდან პირამიდაში.
  • 161. სტატუა ამენემჰეტ III-ისა.
  • 162. ე.ი. მან მოსპო მხარეთა მეფეები.
  • 163. ესქილეს ეს დრამა დაკარგულია.
  • 164. ეს ციფრი არასწორია.
  • 165. ფსამეტიქ II.
  • 166. დელტის დას. მხარის ოლქები.
  • 167. დელტის აღმ. მხარის ოლქები.
  • 168. ოსირისის სამარხი ქალღმერთ ნეიტის ტაძარში.
  • 169. წმინდა ტბა, რომლის ნაპირზე მდებარეობდა წმინდა პალმა.
  • 170. ოსირისის საპატივცემულოდ გამართული მისტერიების სიუჟეტს წარმოადგენდა სეტის მიერ ოსირისის მკვლელობა და შემდეგ ღმერთის აღდგომა.
  • 171. ნავკრატისი დაარსებულ იქნა ნეხოს ან ფსამეტიქის მიერ. ამასისის დროს ქალაქმა უკვე მიაღწია აყვავებას.
  • 172. ეგვიპტე იყო ალუმინის შაბის მთავარი ექსპორტიორი, რომლითაც იყო გაჟღენთილი ხის დაფები, რომელთაც იყენებდნენ ტაძრების ასაგებად.



  • Комментариев нет:

    Отправить комментарий