среда, 10 августа 2016 г.

ფლავიუს არიანეს „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“ (ახ.წ. 131 წ.)

დიდმა ისტორიკოსმა და კაპადოკიის პროვინციის მმართველმა ფლავიუს არიანემ (ახ.წ. 86-160) თანამდებობაზე დანიშვნისთანავე დას. საქართველოს მიწაწყლის სანაპირო ზოლი თავისი ფეხით შემოიარა ბიზანტიონიდან დიოსკურიამდე. დიოსკურიის შემდეგ კი ბოსფორამდე ლიტერატურულ წყაროებსა და სხვების მონაყოლს ეყრდნობა, ამიტომ ჩრდილო - აღმოსავლეთ სანაპიროს ადგილთა დადგენა არიანეს მიხედვით მეტად ჭირს. აქ საჭიროა ანტიკური და ახალი რუკების მონაცემებზე დაყრდნობა. რუკის შედგენამ ცხადყო, რომ არიანეს სტადიონში 180 მეტრი იგულისხმება, ე. ი. კილომეტრში დაახლოვებით 5,5 სტადიონია; 90 სტადიონი უდრის 17 კილომეტრს. არიანეს შრომა ფასდაუდებელია ძველი საქართველოს ისტორიის შესასწავლად, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გეოგრაფიულ პუნქტებს შორის გაზომვის მისი ტექნიკა კრიტიკას ვერ უძლებს.
არიანე ახ. წ. 131 წელს დაწერილ ნაწარმოებში „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“, რომელიც ავგუსტ ადრიანეს მისწერა ასე აღწერს შავი ზღვის აღმ. სანაპიროს ტრაპიზონიდან მოყოლებული: „მივედით ტრაპეზუნტში... ტრაპეზუნტიდან რომ წამოვედით, პირველ დღეს მოვედით ნავსადგურ ჰისოსში (დღევ. სურმენე), რომელიც ტრაპეზუნტისგან დაშორებულია 180 სტადიონით (32 კმ). იქ დავათვალიერეთ ქვეითა ჯარი. იქაური რაზმი, როგორც იცი, ქვეითებისაგან შედგება და დამხმარედ ჰყავს ოცი ცხენოსანი, მაგრამ მათაც დასჭირდათ ლახვარის სროლა. აქედან გავცურეთ ქარის შემწეობით, მდინარეებიდან რომ უბერავდა და ამასთანავე, ნიჩბებსაც ვხმარობდით. ცივი იყო ქარი, როგორც ჰომეროსი ამბობს, ხოლო არ იყო საკმარისად ძლიერი იმათთვის, რომლებიც სწრაფ ცურვას მოისურვებდნენ. შემდეგ ზღვა ისე დაწყნარდა, რომ ჩვენ მხოლოდ ნიჩბების მოსმით მივცურავდით, მაგრამ, უეცრად, ღრუბელი ქარიშხლად მოზვავდა აღმოსავლეთისაკენ უფრო მეტად და მოიტანა თან უჩვეულო ქარი, სწორედ ჩვენი საწინააღმდეგოც ცოტაღა დააკლდა და დავიღუპებოდით. მოკლე ხანში ზღვა ისე ააღელვა ქარმა, რომ არა მხოლოდ სანიჩბეებზე, არამედ კიჩოებზეც კი წყალი უხვად შემოიჭრა ჩვენთან ორივე მხრივ, ეს გავდა ტრაგიკოსის აღწერილს რამდენსაც ვხაპავდით წყალს, იმდენივე მოედინებოდა“, მაგრამ გარდიგარდმო ტალღები არ ყოფილა. ამის გამო, თუმცა ძნელად და გაჭირვებით ვუსვამდით ნიჩბებს, მაინც, ბოლოს, დიდი შრომის გადატანის შემდეგ მივედით ათინაში (დღევ. ფაზარი). ევქსინის ზღვის ნაპირზე არის ასეთად ე.ი. ათინად წოდებული ადგილი და იქვეა ათენას ბერძნული ტაძარი რომლისაგანაც, როგორც ვფიქრობ, ამ ადგილმა მიიღო სახელი. არის აქ უყურადღებოდ მიტოვებული ციხე-სამაგრე ზაფხულობით ამ ნავსაყუდელში შეუძლიათ შემოსვლა ხომალდებს მცირერიცხოვნად, იგი იფარავს მათ სამხრეთის ქარისაგან და აღმოსავლეთისაგანაც აქ ხომალდებს შეუძლიათ გაექცნენ ბორეას (ბორეა ჩრდილოეთის ქარის სახელია), მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაიცავენ თავს აპარკტიისაგან (ესეც ჩრდილოეთის ერთგვარი ქარის სახელია) და იმ ქარისაგან, რომელიც პონტოში იწოდება თრასკიად, ხოლო ელადაში - სკირონად. ღამით ყრუ ქუხილი და ელვა იყო და ქარი გამოიცვალა, შებრუნდა სამხრეთით და მცირე ხნის შემდეგ სამხრეთ-დასავლეთისად იქცა. ხომალდებისათვის ნავსაყუდელი საიმედო აღარ იყო; ამიტომ, ვიდრე ზღვა მთელი ძალით აბობოქრდებოდა, ჩვენ ნაპირზე გამოვათრიეთ ხომალდთაგან იმდენი, რამდენის დატევაც ათენს შეეძლო დარჩა ერთი ტრიერი, რომელიც კლდეებს შორის მოთავსდა და იქ საიმედოდ დამდგარ ქანაობდა ტალღები. ხოლო მეტი წილი ხომალდები გაგზავნა გადაწყდა უახლოეს ნაპირზე ხმელეთზე გამოსატანად. მართლაც ისინი გამოტანილ იქნენ და ყველა დაუზიანებლად გადარჩა, გარდა ერთისა, რომელიც ღუზაზე დადგომისას დროზე ადრე შებრუნდა ალმაცერად, ამიტომ ის ტალღებმა ასწიეს, ნაპირზე გამოაგდეს და დაამსხვრიეს მაგრამ გადარჩა ყველაფერი: არა მარტო იალქნები და ხომალდის მოწყობილობა, არამედ ლურსმებიც, და სანთელიც კი აფხეკილ იქნა. ასე რომ ხომალდის აღსადგენად მხოლოდ ფიცრებიღა იქნება საჭირო, რაც, როგორც იცი, ჭარბად მოიპოვება პონტოს ნაპირებზე. ეს ქარიშხალი ორ დღეს გრძელდებოდა და ჩვენ იძულებული ვიყავით აქ დაგვეცადა. მაშასადამე, ჩვენ ვერ გავცილდებოდით პონტოს ათინასაც კი, როგორც უდაბნო და უცნობ ნავსაყუდელს.
აქედან გავცურეთ და განთიადზე განვიცადეთ გვერდითი ღელვა. ხოლო დღისით წამოუბერა სუსტმა ბორეამ, მცირედ დააწყნარა ზღვა და მოგზაურობისათვის მოსახერხებელი გახდა, ასე რომ შუადღემდე ჩვენ გავიარეთ ხუთას სტადიონზე მეტი და მოვედით აფსაროსში1 აქ ხელფასი დავურიგე ჯარისკაცებს და დავათვალიერე იარაღი, კედელთ თხრილი, ავადმყოფები და ისიც, თუ რა მდგომარეობაში იყო პურის მარაგის დამზადება. თუ რა აზრის ვიყავი აქ ყველაფრის შესახებ, მოგწერე ლათინურ წერილში. ამბობენ, რომ ადგილი აფსაროსი ძველად აფსირტედ იწოდებოდა. აქ აფსირტე მედეას მიერ იქნა მოკლული და კიდეც აჩვენებენ აფსირტეს საფლავს. შემდეგ ეს სახელი დამახინჯებულ იქნა მეზობელი ბარბაროსების მიერ, როგორც სხვა მრავალია დამახინჯებული: როგორც ტიანას2 კაპადოკიაში თურმე წინათ ერქვა თოანა, ტავრების მეფის თოანტისაგან, რომელიც, ამბობენ, ორესტეს და პილადეს3 მხლებლებს რომ დაედევნა, ამ ადგილამდე მოვიდა და აქ გარდაიცვალა ავადმყოფობით.
ტრაპეზუნტიდან ნაპირის გასწვრივ ცურვის დროს ჩვენ გავიარეთ შემდეგი მდინარეები: ჰისოსი (დღევ. მანაოზ ჩაი), რომლისაგანაცაა სახელწოდება ჰისოს ნავსადგურისა; ნავსადგური ტრაპეზუნტისაგან დაშორებულია 180 სტადიონით (32 კმ); ოფისი (ოფიუნტი, დღევ სატაკლი ჩაი), რომელიც დაშორებულია ჰისოს ნავსადგურს 90 სტადიონით (17 კმ) და გამოჰყოფს კოლხების ქვეყანას თიანიკისაგან (ჭანეთისგან).
შემდეგ მოსდევს ფსიქსოსად7 წოდებული მდინარე რომელიც დაახლოებით 30 სტადიონით (5,7 კმ) არის დაშორებული მდინარე ოფისს; შემდეგ 30 სტადიონით (5,7 კმ) ცივი მდინარე ფსიქროსი4 (დღევ. ვალტახი სუ) და მშვენიერი მდინარე კალაპოტამოსი (დღევ. იკიზდერე ჩაი). მდინარე ფსიქსოსის მეზობლად არის მდინარე რიზიოსი (დღევ ტაშლი დერე), რომელიც 120 სტადიონითა (22,7 კმ) დაშორებული მდინარე კალოსიდან.
ამისგან 30 სტადიონის (5,7 კმ) მოშორებითაა მდინარე ასკუროსი (ასფოროს დერე) და ადიენოსი (ყანლუ დერე) ასკუროსიდან - 60 სტადიონით (11,3 კმ). აქედან ათინამდე 180 სტადიონია (32 კმ). ათინიდან მხოლოდ 7 სტადიონის (1,3 კმ) მოშორებით მდინარე ძაგატისი (მოდიჩარ დერე) მიედინება. ათინიდან წამოსულებმა გავიარეთ მდინარე პრიტანიდი (ფორტუნა, ფირტინ დერე), რომელთანაც აშენებულია ანქიალეს სასახლე, და ეს მდინარე დაშორებულია ათინადან 40 სტადიონით (7,6 კმ). პრიტანიდს ემეზობლება მდინარე პიქსიტე (ვიწეწყალი, ტაიროღლუ ირმაქი), მათ შორის მანძილი 90 სტადიონია (17 კმ). ასევე პიქსიტიდან არქაბისამდე (ორხოფი, ორჩი ჩაი) 90 სტადიონია (17 კმ). არქაბისიდან აფსაროსამდე - 60 სტადიონი (11,3 კმ) აფსაროსიდან გავიარეთ მდინარე აკამფსისი5 ღამით, იგი აფსაროსს დაშორებულია 15 სტადიონით. აკამფსისიდან ღრმა მდინარე ბათისამდე6 75 სტადიონია. მდინარე აკინასე7 ბათისიდან 90 სტადიონითაა დაშორებული. აკინასიდან ისისი (ნატანები) - 90 სტადიონით (17 კმ). აკამფსისი და ისისი სანაოსნო მდინარეები არიან და მათგან დილაობით ძლიერი ქარი უბერავს.
ისისის შემდეგ გავიარეთ მდინარე მოგროსი (სუფსა). მოგროსსაა და ისისს შორის 90 სტადიონია (17 კმ). ეს მდინარეც სანაოსნოა.
აქედან შევედით მდინარე ფაზისში (რიონი), რომელიც მოგროსიდან დაშორებულია 90 სტადიონით. ჩემთვის ცნობილი მდინარეების წყლებს შორის ფაზისის წყალი უმსუბუქესია და ფერიც მეტად განსხვავებული. მის სიმსუბუქეს შეიტყობს კაცი წონის გასინჯვით და კიდევ იმით, რომ, როდესაც იგი ზღვას ერთვის, ზღვის წყალს ზედ მოექცევა არა შეერევა ისევე, როგორც ჰომეროსი ამბობს, რომ „ტიტარესი პენეოსის წყლის (თესალიის მდინარეები) ზემოთზემოთ მიმდინარეობს, როგორც ზეთი“. და, როდესაც, ზემოდან ამოხაპავენ წყალს, მტკნარია ის; თუ ვინმე სიღრმეში ჩაუშვებს ჭურჭელს - მარილიანი. თუმცა პონტოს მთელი წყალი უფრო მტკნარია. ვიდრე ხმელთაშუაზღვისა ამის მიზეზი მასში ჩამავალი მდინარეებია, რომელთა სიდიდე და რიცხვი განუსაზღვრელია წყლის სიმტკნარის საბუთი, თუკი საბუთი გრძნობათათვის თვალსაჩინო საგნებსაც სჭირდებათ, არის ის, რომ ზღვის ნაპირზე მცხოვრებთ საქონელი წყლის დასალევად ზღვაზე მიჰყავთ და საქონელი აშკარა სიამოვნებით სვამს ამ წყალს. ამასთან ამბობენ, რომ ეს წყალი უფრო სასარგებლოა მათთვის ვიდრე მტკნარი წყალი. ფაზისის წყალს ტყვიის თუ კალის ფერი გადაკრავს, მაგრამ რომ გააჩერებ, ძალიან წმინდა ხდება ამიტომ ჩვეულებაა ასეთი, რომ ფაზისში შემსვლელებმა არ უნდა შეიტანონ იქ სხვა წყალი, და შევლენ თუ არა მის კალაპოტში, ბრძანება იცემა, რომ ხომალდზე არსებული ძველი წყალი სულ გადაიღვაროს. ამბობენ, რომ ვინც ამას არ შეასრულებს, მას ბედნიერი მგზავრობა არ ექნება. ფაზისის წყალი არ შმორდება და ათ წელზე მეტ ხანს გაუფუჭებელი რჩება, უფრო მეტადაც ტკბება.
ფაზისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქალღმერთ ფასიანეს ქანდაკება8. გარეგნობის მიხედვით ის ჰგავს რეას, რადგან ხელში წიწილა უჭირავს აგრეთვე მისი სავარძლის წინ წვანან ლომები და თვით ის ზის როგორც ფიდიასის ქანდაკება ათენის მეტროონში. აქ უჩვენებენ „არგოს“ რკინის ღუზას. არა მგონია, რომ იგი ძველი იყოს, თუმცა სიდიდით არ ჰგავს ახლანდელ ღუზებს და მოყვანილობითაც განსხვავდება, მაგრამ, მაინც, ვფიქრობ, რომ გვიანდელ ხანას უნდა ეკუთვნოდეს. აქვე მაჩვენეს მე ქვის ძველი ღუზის ნაჭრები, რომლებიც უფრო მეტად შეიძლება მივიჩნიოთ არგოს ღუზის ნაშთად. რაიმე სხვა ძეგლი, იაზონის მითებში მოხსენებული, აქ არ იყო. თვით ციხესიმაგრე რომელშიც თავსდება ოთხასი რჩეული მეომარი, მე მეჩვენა მეტად მიუდგომლად ადგილის ბუნების მიხედვით, უშიშროების თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე მოთავსებულად აქ მომსვლელთათვის. ორმაგი თხრილი ერტყმის კედელს. ორივე ფართოა. წინათ კედელი თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე, მაგრამ ახლა კედელი კოშკები გამომწვარი აგურისაგანაა გაკეთებული. საძირკველი მისი მყარია, ზედ სამხედრო მანქანებია დადგმული. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ ვერავინ მიუახლოვდეს ბარბაროსთაგან და რომ ალყის საფრთხე არ მოელოდეს ციხის დამცველთი ხოლო, რადგან ნავსაყუდელი უშიშარი თავშესაფარი უნდა ყოფილიყო ხომალდთათვის, საიმედო უნდა გამხდარიყო აგრეთვე ციხის გარშემო მდებარე სხვა ადგილებიც; რომლებიც დასახლებულია სამსახურიდან გადამდგარი სამხედრო პირებით და ვაჭრებით. გადავწყვიტე, რომ ციხის კედლის გირშემო არსებული ორმაგი თხრილიდან გამეყვანა მდინარემდე. სხვა თხრილი, რომელიც გარს შემოუვლიდა ნავსადგურს და ციხის კედლის გარედ მდგომ სახლებს.
ფაზისიდან ჩვენ გავიარეთ სანაოსნო მდინარე ქარიენტი ხობი); მათ შორის მანძილი 90 სტადიონია (17 კმ). ქარიენტიდან გავიარეთ 90 სტადიონი (17 კმ) და შევცურეთ მდინარე ქობოსში (ენგური), სადაც ღუზაზე დავდექით. თუ რატომ შევისვენეთ აქ და რა მოვიმოქმედეთ, შენთვის ცხადი გახდება ლათინური წერილიდან. ქობოსის შემდეგ გავიარეთ სანაოსნო მდინარე სინგამე9, რომელიც ქობოსს დაშორებულია მხოლოდ 210 სტადიონით (40 კმ). მდინარე სინგამის შემდეგ არის მდ. ტარსურა (მოქვი), მათ შორის მანძილია 120 სტადიონი (22,7 კმ). მდინარე ჰიპოსი (კოდორი) დაშორებულია ტარსურას 150 სტადიონით (28,4 კმ). ჰიპოსიდან მდინარე ასტელეფს (პატარა კოდორი) 30 სტადიონი (5,7 კმ) აშორებს. ასტელეფი რომ გავიარეთ, სებასტოპოლისში მივედით შუადღემდე ქობოსიდან წამოსულები; ასტელფიდან გავიარეთ 120 სტადიონი. იმავე დღეს მოხერხდა ჯარისკაცთათვის ხელფასის მიცემა, ცხენების და იარაღის დათვალიერება, მხედრების გავარჯიშება ცხენზე შეხტომაში, ავადმყოფების მონახულება, პურის მარაგის შემოწმება, ციხე-სიმაგრის კედლის და თხრილის შემოვლა. მდინარე ქობოსიდან სებასტოპოლისამდე სულ 630 სტადიონია (114 კმ), ხოლო ტრაპეზუნტიდან სებასტოპოლუსამდე 2260 სტადიონი (403 კმ). სებასტოპოლისი ძველად დიოსკურიადად იწოდებოდა და მილეტის ახალშენია.
შემდეგი ტომები გავიარეთ: ტრაპეზუნტელების მოსაზღვრენი, როგორც ქსენოფონტიც ამბობს, არიან კოლხები და ტომი, რომელიც უგულადესია და ტრაპეზუნტელების მოსისხლე მტერი, ქსენოფონტი დრილებს უწოდებს, მე კი ვფიქრობ, რომ ისინი სანები (ჭანები) არიან (სანებს სხვა ისტორიკოსები მაკრონებთან აიგივებენ). ესენი მეტად კარგი მეომრები არიან და ახლაც დიდი მტრები ტრაპეზუნტელებისა. გამაგრებულ ადგილებში ცხოვრობს ეს ტომი. მეფე არ ჰყავს. ძველითგანვე რომაელების მოხარკეა, მაგრამ ყაჩაღურ ცხოვრებას ეწევა და სისტემატურად არ შემოაქვს გადასახადი. მაგრამ ამის შემდეგ თუ ღვთის ნება იქნება აწ წესიერად გადაიხდის ეს ტომი გადასახადს, ან ჩვენ მას გავაძევებთ ქვეყნიდან. ამათ გვერდით არიან მაკრონები და ჰენიოხები, მათი მეფე ანქიალეა. მაკრონების და ჰენიოხების მეზობლები ზიდრიტები არიან, ესენი ფარსმანის (ფარსმან ქველი) ქვეშევრდომნი არიან. ძიდრიტების გვერდით ლაზები არიან. ლაზების მეფე მალასაა, რომელსაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. ლაზების მეზობლები აფსილები არიან, მათმა მეფემ იულიანემ მეფობა შენი მამისაგან მიიღო. აფსილების მეზობლები აბასკები (აბაზგები) არიან აბასკთა მეფე რესმაგაა, ამასაც ტახტი შენგანა აქვს მიღებული. აბასკთა მეზობლები სანიგები არიან, მათ მიწაზე იმყოფება სებასტოპოლისი. სანიგთა მეფემ სპადაგამ შენგან მიიღო ტახტი“.
აფსაროსამდე ჩვენ მივცურავდით აღმოსავლეთისაკენ, ევქსინის მარჯვნივ, ხოლო აფსაროსი მე მეჩვენა პონტოს სიგრძის უკიდურეს საზღვრად აქედან უკვე ჩრდილოეთისაკენ მივცურავდით. მდინარე ქობოსამდე და ქობოსის ზემოთ სინგამემდე. სინგამიდან ჩვენ შევბრუნდით პონტოს მარცხენა მხარეს მდინარე ჰიპოსამდე. ჰიპოსიდან დაწყებული ასტელეფამდე და დიოსკურიადამდე ჩვენ ვხედავდით კავკასიონის მთას, რომელიც სიმაღლით წააგავს ყველაზე მეტად კელტურ ალპებს. გვიჩვენეს ერთ-ერთი მწვერვალი კავკასიონისა - სტრობილი, (ალბათ იალბუზის მთა) რომელზედაც მითის მიხედვით ზევსის ბრძანებით პრომეთეოსი ჩამოკიდებულ იქნა ჰეფესტოს მიერ.
მანძილი ტრაპეზუნტიდან დიოსკურიადამდე გამოანგარიშებულია მდინარეების მიხედვით. სულ ტრაპეზუნტიდან დიოსკურიადამდე, ახლანდელ სებასტოპოლისამდე, არის 2260 სტადიონი. ესაა მთელი მანძილი ბიზანტიონიდან დიოსკურიადამდე, თუ მისცურავ პონტოში შესვლის შემდეგ მარჯვნით. აქ მთავრდება რომაელთა სამფლობელოები პონტოს მარჯვენა მხარეს მცურავთათვის. რადგან გავიგე, რომ კოტისი (კოტის II, ბოსფორის მეფე 123-131 წლებში), ე. წ. კიმერიული ბოსფორის მეფე, გარდაიცვალა, მე შევეცადე ამეწერა შენთვის გზა ბოსფორამდე, რათა, თუკი რაიმეს მოისურვებ ბოსფორის მიმართ, შესაძლებლობა გქონდეს იმსჯელო ამ გზის ცოდნის საფუძველზე.
ამრიგად, დიოსკურიადიდან რომ მიდიხარ, პირველი სადგურია პიტიუნტში (აქ მთავრდებოდა რომის სამფლობელოები. აქამდე (დიოსკურიადამდე) არიანე თავისი თვალით ნახულს და გაზომილს აღწერდა. ამის შემდეგ კი სხვების ნათქვამს და დაწერილს ეყრდნობა. პიტიუნტი არიანეს დროს ბოსფორის სამეფოში შედიოდა.), 350 სტადიონის (66 კმ) მანძილზე. აქედან ნიტიკემდე (ქალაქი გაგრასა და ფსოუს შორის) 150 სტადიონია (28 კმ). აქ ძველად ცხოვრობდა სკვითთა ტომი, რომელსაც იხსენიებს ისტორიკოსი ჰეროდოტე. მათ ის ფთიროფაგებს (გირჩის მჭამელებს) უწოდებს. ეს აზრი დღემდეა შემონახული მათ შესახებ. ხოლო ნიტიკიდან მდინარე აბასკოსამდე (ფსოუ) 90 სტადიონია (17 კმ). ბორგისი10 აბასკოსს დაშორებულია 120 სტადიონით (22,7 კმ). ნესისი11 ბორგისს - 60 სტადიონით (11,3 კმ); აქ არის კონცხი ჰერაკლეა. ნესისიდან მასაიტიკემდე (დღევ. მატცი) 90 სტადიონია (17 კმ). აქედან მდინარე აქეუნტამდე (დღევ. შახე) - 60 (11,3 კმ). ეს მდინარე ჰყოფს ძილქებსა (ზიხები, ჯიქები) და სანიგებს. ძილქების მეფე სტაქემფაკია. ამასაც შენგანა აქვს ტახტი მიღებული“.
აქეუნტიდან ჰერაკლეს კონცხამდე 150 სტადიონია (28 კმ). აქედან 180 სტადიონია (32 კმ) ტორეტის კონცხამდე (ტუაფსესთან ახლოს), რომელიც იცავს მოგზაურს თრასკიული ქარისაგან და ბორეასაგან. აქედან „ძველ ლაზიკედ“12 წოდებულ ადგილამდე 120 სტადიონია (22,7 კმ). აქედან ძველ აქაიამდე13 სადაც ახლანდელი მდინარე ტოფსიდაა (დღევ. ტუაფსე) - 150 სტადიონი, 28 კმ. აქედან ნავსადგურ პაგრამდე (დღევ. გელენჯიკი) - 350 (66,2 კმ). პაგრიდან წმინდა ნავსადგურამდე (ანტიკური ბატი, ან პატუსი) - 180 (32 კმ). აქედან სინდიკემდე - 300 (56,7კმ)“.
შენიშვნები
1. პროკოპი კესარიელი ციხე-სიმაგრე აფსაროსს ლაზების ქვეყანაში ათავსებს, პლინიუსი - მაკრონების ქვეყანაში ტრაპეზუნტიდან 150 სტადიონის დაშორებით. ანტიკური ავტორები: აფსაროსს უწოდებენ ჭოროხის იმ ტოტს, რომელზედაც გონია მდებარეობს. K-Muller-ით ჭოროხის დასავლეთი ტოტი მდ. აფსაროსია, აღმოსავლეთი კი - აკამფსისი. . ელნიცკის აზრით ამ ადგილს ახლა გონია ჰქვია. ასევე. დიუბუა დე მონპერეც აფსაროსს ჭოროხის სამხრეთით შვიდი კილომეტრის დაშორებით ათავსებს გონიასთან), სადაც დგას ხუთი კოჰორტი (კოჰორტი - ლეგიონის 0,1 ნაწილი, შედგება სამი მანიპულისაგან ან ექვსი ცენტურიისაგან. ის რომ აფსაროსი დიდ ძალას წარმოადგენდა დასტურდება ერთი წარწერით, რომელშიც ნათქვამია, რომ მრავალ ლეგითნით, ტრაიანეს მიერ დაჯილდოებული პართელებთან ომის დროს ცენტურიონი მარციუს ცელერი ასრულებდა რომის დამხმარე ჯარის სადარაჯო რაზმების სარდლის მოვალეობასა ეს რაზმები მოთავსებული იყო აფსაროსში. ეს იყო ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი სამხედრო რაზმი ჩრდილო და აღმოსავლეთ სანაპიროზე). თანამედროვე ისტორიკოსთა გამოკვლევით კოჰორტი ან შეცდომით წერია, ან ზოგადად არის ნახმარი, რეალურად კი აქ იდგა 5 სპეირა (1 სპეირა =150-200 კაცს) ანუ დაახლ, 1000 ჯარისკაცი რაც შეესაბამება აფსაროსის კასტელუმის ტევადობას (195 X 245 ).
2. ტიანა = ქრისტუპოლი. მეორე კაპადოკიის ქალაქია. მეორე კაპადოკიის ეპარქიის სამიტროპოლიტო ცენტრია. თავდაპირველად იწოდებოდათოანად“, ბგერების შეცვლის შედეგად მივიღეთტიანა“, როგორც გადმოგვცემს არიანე. 1598 წელს არიანეს სქოლიოების გამომცემელი Jo. Guiiehuus Stukins- წერს, რომ ტიანა ტრაპეზუნტის ახლოს აღმოსავლეთითაა საძებნი და რომ არიანე იძლევა იმ მხარის სახელს. რომელშიც თიანა-ტონსა შედიოდაო, სახელდობრ, „თიანიკეს“ (ჭანეთს). სტეფანოზ ბიზანტიელი: „ტიენის“ - ქალაქი კოლხთა. მდ ტიენიდიდან აქვს სახელი მიღებული. პლინიუსი, სტრაბონი და პტოლემაიოსი ქალაქი კაპადოკიაში, „ტიენისმხარეში.
3. ორესტე ტროის ომში მონაწილე ბერძენთა ლაშქრის მთავარსარდლის, აგამემნონის ვაჟია. პილადე - ორესტეს განუყრელი მეგობარი.
4. ფსიქსოსი, ფსიქროსი - დღევა. ვალტახი-სუ. Pape (ლექსიკონი ბერძნულ საკუთარ სახელთა) კოლხების და ჭანების საზღვრებზე ათავსებს ამ მდინარეს.
5. მდ. აკამფსისი = მდ. ჭოროხის შეასართავი ნაწილი. პროკოპი ამ მდინარეს უწოდებს ბოას. ბოა, მისი აზრით, იწყება მთებიდან და ამას შემდეგ რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთაგორიან ადგილებს, ლაზთა სოფლების მახლობლად ჩაივლის და ერთვის ევქსინის პონტოს. აქ მას უკვე ბოასი აღარ ეწოდება. მას, სხვათა შორის ადგილობრივი მცხოვრებნი აკამფსისს უწოდებენ. მდინარე ბოასი გამოდის სადღაც ჭანეთის საზღვრების მახლობლად არმენიელთა ადგილებში. მის შემდეგ რაც ეს მდინარე მიაღწევს იმ ადგილს, სადაც კავკასიისა და იბერიის საზღვრები, აქ, რადგან მას ბევრი სხვა წყალიც ემატება. ის იზრდება ძალიან და ნაცვლად ბოასისა ამიერიდან ფაზისად წოდებული განაგრძობს მდინარეობას ნაოსნობისათვის გამოსადეგი, ვიდრე ევქსინად წოდებულ ზღვამდე. აკამფსისის დასავლეთი ტოტი აფსაროსია. სვიდა: აკამფსისი ქალაქის სახელია. მდინარეცაა მახელონების ქვეყანაში. კონსტან. პორფიროგენეტი: აკამფსისის მეციხოვნე რაზმი. XII -დან კი იმ ადგილას, სადაც ძველ წყაროებში აკამფსისის ციხეა მოთავსებული იხსენიება გონია (. ყაუხჩიშვილი). ტომაშეკის აზრით სახელიჭოროხიადგილობრივ ენებზე ნიშნავსმოუდრეკელს“, რადგან ეს მდინარე ზღვას ერთვის დიდი სიძლიერით, სისწრაფით.
6. მდ. ბათისი = ყოროლის წყალი. ამ მდინარესთან მოთავსებულ ნავსადგურს Tab. Peut. აღნიშნავს სახელით Portus altus (უფრო ზუსტად Portualtus): ღრმა ნავსადგური. იტალიურ რუკებზე ჰქვია La Vati, გონიას ჩრდილოეთით. მდინარე ჭოროხის ჩრდილოეთით არის 14,2 კილომეტრის მანძილზე და ეს შეიძლება იყოს ყოროლის წყალი (არიანეს 75 სტადიონი = 14,2 კმ-) ეს უკანასკნელი მდინარე ჭოროხის შესართავს აქ ნამდვილად ამდენითაა დაშორებული - . ყაუხჩიშვილი. Tab. Peut. არიანეს და პლინიუსს უჭერს მხარს. მასზე ბათისი მოთავსებულია აფსაროსის ჩრდილოეთით და ისიდის სამხრეთით. . ყაუხჩიშვილი უშვებს შესაძლებლობას პორტის არსებობისაც მდ. ბათისთან, ამის საბუთად მას მოაქვს Tab. Peut - altus.
7. აკინასე = მდ. კინტრიში. ტომაშეკიხინოს წყლადთვლის. ელნიცკის, დიუბუა დე მონპერეს და მიულერის აზრითაც კინტრიშია აკინასე. სვიდა, ამბობს, რომაკინასისადგილის სახელიაო. Tab. Peut. Portualtus - ბათუმის შემდეგ ათავსებს apasidam-.
8. მცირე აზიის ქალღმერთი, რეა-კიბელე - ღმერთთა დედა. ათენის მეტროონში. ღმერთთა დედის ტაძარში, იყო ფიდიასის მიერ შესრულებული ქანდაკება ამ ღვთაებისა. რეა-კიბელე აღმოსალური ღვთაებაა. საერთოდ დაკავშირებულია კაბირების (მჭედელთა კოლექტივის) კულტთან. ერთ-ერთი კაბირი პრომეთე იყო. კიბელეს შავი ზღვის სანაპიროზეც სცემდნენ თაყვანს. არიანეს ცნობა მიგვითითებს იმაზე, რომ ქართველებს და მცირე აზიის ავტოხთონურ მოსახლეობას ერთი და იგივე სალოცავი ჰქონდათ, რაც ამ ტომების ერთგვარ სიახლოვე-ნათესაობაზე უნდა ლაპარაკობდეს.
9. სინგამე = მდ. ოქუმი. ზიგანეონ-ზიგანისი დასახლებული პუნქტია. Tab. Peut. – Sicanabus. ქალაქი ზიგანეო-ნი იხსენიება ბასილ სოფენელის მიერ (IX .) შედგენილ ბიზანტიის იმპერიის საეკლესიო კათედრათა ეკთესისებში. აქ აღნიშნულია, რომ . ზიგანეონის ეპისკოპატი შედიოდა ლაზიკის მიტროპოლიაში. XI საუკუნის ერთი ქართული ხელნაწერის სქოლიოში სწერია: გუდაყვასა ზიღანეოსადო. ეს დღევანდელი სოფელი გუდავაა ოქუმის ნაპირზე მოთავსებული, სადაც, „ქართლის ცხოვრებისმოწმობით მართლაც იყო საეპისკოპოზო კათედრა.
10. ბორგისი = მზიმთა.
11. ნესისი = ადლერის რაიონში. ჰერაკლეს კონცხი დღევანდელი კონსტანტინოვსკის კონცხი უნდა იყოს.
12. ძველი ლაზიკე = ქალაქი ნიკოფსია = სოფელი ნებუქგი, ტუაფსეს რაიონში. V საუკუნემდე ამ ქალაქს ძველი ლაზიკე ერქვა, მხოლოდ V საუკუნის ანონიმი გეოგრაფოსი იხსენიებს მას სახელით - „ნიკოფსისი“ - მდ. „ფსახაფსისი“. . კუფტინს მოაქვს ნიკოფსიის ლოკალიზაციისათვის დიუბუა დე მოპერეს და . მიულერის ჰიპოთეზა, რომელსაც მხარს უჭერენ . ბრუნი და ტომაშეკი, რომ ნიკოფსია იყო ახლანდელ პატარა მდინარესთან - ნეგოფსუხუსთან. აქ შენახულია ნოვომიხაილოვსკის ახლოს ტყით დაფარული ძველი ქალაქის ნაშთები მდ. ფსებეზე, წყალგამყოფი მოშორებული ფსეკუფსისაგან, .. ძველ ფსახაფსიისაგან.
13. აქაელთა სამკვიდრებელი ადგილი. აქუა აფხაზურ ენაზე სანაპიროზე მცხოვრებსნიშნავს.




Комментариев нет:

Отправить комментарий