среда, 10 августа 2016 г.

ჰეროდოტე „ისტორიები“ წიგნი I (განმატებებით)

       ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე დაახლოებით ძვ. . 484–425 წლებში ცხოვრობდა. იგი დაიბადა დორიელი ბერძნების მიერ დაარსებულ (ძვ.წ. XII ს.) ქალაქ ჰალიკარნასში (დღევ. თურქეთის ქალაქი ბოდრუმი), გავლენიანი კარიელი ბერძენი არისტოკრატის ლიქსესის ოჯახში. ახალგაზრობაში იგი მიეკუთვნებოდა ჰალიკარნასის ტირან ლიგდამისის (არტემისიას ძე) მოწინააღდეგეთა პარტიას, რის გამოცა განდევნეს. ჰეროდოტე ერთხანს ცხოვრობდა სამოსში, შემდეგ კი 455 წელს დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო ტირანის დამხობაში. ამის შემდეგ დაიწყო მოგზაურობა და მოიარა ეგვიპტე (იქ 4 თვე დარჩა), ფინიკია, ბაბილონი, ასურეთი, მცირე აზია, ჰელესპონტი, შავი ზღვის ჩრდილო სანაპიროები, მთელი ბალკანეთი პელოპონესიდან მაკედონიიის და თრაკიის ჩათვლით, სიცილია, სკვითია, არაბეთი. 447-445 წლებში ცხოვრობდა ათენში, სადაც თავისი თხზულება წაუხითხა მოსახლეობას. 444-443 წელს ათენი „დიდი ელადაში“ (სამხრეთ იტალია) ქ. სიბარისის ნანგრევევის მახლობლად აარსებს ახალი ელინური კოლონია თურიოს. ჰეროდოტე 443 წელს გადასახლდა ამ ქალაქში, სადაც გაატარა დარჩენილი სიცოცხლე და იქვე გარდაიცვალა.
ჰეროდოტე ცნობილია ნაშრომით „ისტორიები“, რომელშიც მოიხსენია ბერძენთა მიერ წარმოებული ომების მიზეზები, განსაკუთრებით კი ის, თუ რატომ შეიჭრნენ სპარსელები საბერძნეთში ძვ. წ. 490 და ძვ. წ. 480 წლებში, როდესაც ის ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო. გარდა ამისა, მან მოიპოვა ინფორმაცია იმ ერთა შესახებ, რომელთაც სპარსეთის იმპერიამ თავისი დაღი დაასვა და ეს ყველაფერი დაწვრილებით აღწერა თავის მატიანეში.
ჰეროდოტე განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მთხრობელი გახლდათ. თავის ნაშრომებში ის ზედმიწევნით აღწერდა ამა თუ იმ მოვლენას და ამბის სისავსისთვის მასში ნებისმიერ დეტალს რთავდა. ჰეროდოტეს ნაშრომი ღირსშესანიშნავი იმითაც არის, რომ მას არ შეეძლო დაყრდნობოდა ოფიციალურ ისტორიულ ჩანაწერებს, სადაც მოვლენები თანმიმდევრულად და უწყვეტად იქნებოდა აღწერილი, ვინაიდან ასეთი დოკუმენტები თითქმის არ არსებობდა.
იმხანად არსებული ეპოქისა თუ ვითარების აღწერით თავს ცოტა თუ იწუხებდა, სამაგიეროდ, ამ მხრივ, ისტორიული ძეგლები იკვეხნიდა, რომლებზეც ხალხის დიდებული და საგმირო საქმეები იყო ასახული. ჰეროდოტე ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გადმოსაცემად ეყრდნობოდა საკუთარი თვალით ნანახს, თქმულებებსა და თვითმხილველების მონათხრობს. ინფორმაციის მოსაპოვებლად იგი ბევრს მოგზაურობდა. სადაც კი მიდიოდა, ირგვლივ ყველას და ყველაფერს აკვირდებოდა, იკვლევდა და აგროვებდა სასარგებლო ინფორმაციას მათგან, ვისაც ყველაზე სანდო წყაროდ მიიჩნევდა.
იგი დიდი სიზუსტით აღწერდა უშუალოდ იმ ადგილებს, რომლებსაც თავად სტუმრობდა და ყველაფერს, რასაც საკუთარი თვალით ხედავდა. ბერძნებისთვის უცნობი წეს-ჩვეულებების მისეული აღწერილობა – მაგალითად ის, თუ როგორ კრძალავდნენ სკვითები სამეფო კარის წარმომადგენლებს ან როგორ ახდენდნენ ეგვიპტელები მუმიფიცირებას – გარკვეულწილად შეესაბამება არქეოლოგიურ აღმოჩენებს. ამბობენ, რომ ეგვიპტის შესახებ ჰეროდოტეს მიერ შემონახული მდიდარი ინფორმაცია თავისი მნიშვნელობით ბევრად აღემატება ამ ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ყველა უძველეს დოკუმენტს.
თუმცა, ხშირად ჰეროდოტე იძულებული იყო, დაუზუსტებელ ინფორმაციას დაყრდნობოდა. გარდა ამისა, მის თანამედროვეთ ღრმად სწამდათ, რომ წარმართული ღვთაებები ადამიანთა ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენდნენ. ამიტომ ყველაფერი, რაც მან დაწერა, ვერ ჯდება თანამედროვე ისტორიკოსების სტანდარტებში. და მაინც, ის ცდილობდა, ფაქტები და ლეგენდები ერთმანეთისგან გაემიჯნა. იგი გულწრფელად აცხადებდა, რომ არ სჯეროდა ყველა მონათხრობის. ჰეროდოტე დასკვნებს მხოლოდ მოპოვებული მასალების საგულდაგულოდ გამოკვლევისა და ერთმანეთთან შედარების შემდეგ აკეთებდა.
ჰეროდოტემ ყოველ წიგნს მუზების სახელები დარქვა. პირველს ისტორიის მუზის კლიოს სახელი, მეორე ლირიკული პოეზიისა და მუსიკის მუზის ევტერპეს სახელი და ა.შ.
შეიძლება ითქვას, რომ „ისტორიებს“ ჰეროდოტემ მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. მის მიერ მოპოვებული წყაროები და კვლევის მეთოდები მის ნაშრომს მართლაც რომ გამორჩეულს ხდის. რომაელმა დიდმა მოაზროვნემ და პოლიტიკურმა მოღვაწემ ციცერონმა (ძვ. წ. 106–43) მას „ისტორიის მამა“ უწოდა.

I წიგნი. კლიო (ისტორიის მუზა)
სარჩევი
15 შესავალი
694 ლიდია
95130  მიდია
131141 სპარსელთა წეს-ჩვეულებები
142177 დასავლეთ მცირე აზიის შემოერთება კიროსის მიერ
178200 ბაბილონი
201216 მასაგეტები და კიროსის სიკვდილი
შესავალი
      ჰეროდოტე ჰალიკარნესელის ისტორიის ეს გადმოცემა მიზნად ისახავს იმას, რომ დროთა ვითარებაში არ იქნება დავიწყებული ადამიანთა საქებარი საქმიანობა, არც ის დიდი და საოცარი საქმეები უნდა დარჩეს განუდიდებელი, რომლებიც აღასრულეს როგორც ელინებმა, ისე ბარბაროსებმა, არ უნდა იქნეს დავიწყებული ყველა სხვა განსაკუთრებით კი ის მიზეზი, რისი გულისთვისაც ებრძოდნენ ელინები და ბარბაროსები ერთმანეთს.
   1. სპარსთა ისტორიკოსები ამბობენ, რომ ფინიკიელები იყვნენ ელინთა და სპარსთა მტრობის მიზეზნი, რადგანაც ფინიკიელები მეწამულად წოდებული ზღვიდან რომ მოვიდნენ ჩვენს ზღვასთან და დასახლდნენ იმ ადგილას, სადაც დღესაც სახლობენ.1 მაშინვე შორეული ნაოსნობა მოაწყვეს, წაიღეს ეგვიპტური და ასირიული საქონელი სხვადასხვა ქვეყნებში და მივიდნენ არგოსშიც.2 ხოლო არგოსი იმ დროისათვის აღემატებოდა ელადად წოდებულ ქვეყანაში შემავალ ყველა მხრეს. მოვიდნენ ფინიკიელები ამ არგოსში და გამოაფინეს თავისი საქონელი. მათი ჩამოსვლის მეხუთე თუ მეექვსე დღეს, როდესაც თითქმის ყველაფერი გაყიდული ჰქონდათ, მოვიდა ზღვასთან სხვა ბევრი ქალი და მათ შორის მეფის ასულიც, მისი სახელი, იმის მიხედვით, როგორც მას ელინები უწოდებენ, არის იო ინაქოსის ასული. ქალები გაჩერდნენ ხომადის ცხვირთან და ყიდულობდნენ იმ საქონელს, რაც მათ მეტად მოსწონდათ, ფინიკიელებმა კი წააქეზეს ერთმანეთი და დაესხნენ მათ თავს. ქალთაგან მეტი წილი გაიქცა, ხოლო იო სხვებთან ერთად მოიტაცეს. ფინიკიელებმა ჩაჰყარეს ქალები ხომალდებში და გასცურეს ეგვიპტისაკენ.
   2. ასე მოვიდა იო ეგვიპტეში, როგორც მოგვითხრობენ სპარსელები და არა როგორც ელინები და პირველი უსამართლობაც ასე დაიწყო. სპარსელები ამბობენ, რომ ამის შემდეგ ზოგიერთი ელინთაგან (არ გადმოგვცემენ მათ სახელებს) მოვიდნენ ფინიკიის ტიროსში და მოიტაცეს მეფის ასული ევროპე.3 შეიძლება ესენი იყვნენ კრეტელები.4 ეს იყო სამაგიეროს მიზღვა  თანაბრად თანაბრისათვის. ამის შემდეგ ელინებმა უსამართლობა მეორედ ჩაიდინეს; გრძელი საბრძოლო ხომალდით მიცურდნენ ეიაში კოლხიდაში, მდინარე ფასისის შესართავში, და იქ, როდესაც გააკეთეს ის, რისი გულისთვისაც მოვიდნენ, მოიტაცეს მეფის ასული მედეა. კოლხთა მეფე გაგზავნეს ელადაში მოციქული, რომ მოეთხოვა სამართალი მოტაცებისათვის და უკან გამოეთხოვა ასული. ხოლო ელინებმა უპასუხეს, რომ არც ამათ უგიათ პასუხი მათ წინაშე არგოსელი იოს მოტაცებისათვის და ამიტომ არც თვითონ აპირებენ, რომ მისცენ მათ რაიმე.
   3. ამბობენ, რომ მეორე თაობაში ამის შემდეგ ალექსანდრე, პრიამოსის ძემ, ყოველივე ამის გაგების შემდეგ, მოინდომა, რომ თავისთვის ელადიდან მოეტაცა ქალი, მან კარგად იცოდა, რომ არ მოუხდებოდა პასუხისგება, რადგანაც არც იმათ უგიათ თავის დროზე პასუხი. ასე მოიტაცა მან ელენე. ხოლო ელინებმა თავდაპირველად გადაწყვიტეს მოციქულების გაგზავნა, რომლებმაც უკან გამოითხოვეს ელენე და მოითხოვეს პასუხი მოტაცებისათვის. ხოლო ტროელებმა თავი იმართლეს იმით, რომ შეახსენეს ელინებს მედეას მოტაცება, როდესაც ელინებმა არც პასუხი აგეს და არც ქალი დააბრუნეს, მათ რომ ეს მოსთხოვეს; ხოლო ახლა კი მოინდომეს, რომ სხვებს ეგოთ პასუხი.
   4. აქამდე მათ შორის იყო თითო ქალის მოტაცება, ხოლო ამიერიდან ელინებმა დიდი დანაშაული ჩაიდინეს, რადგან მათ პირველებმა დაიწყეს ლაშქრობა აზიაში, მასზე უწინ ვიდრე აზიელებმა ევროპაში. ქალების მოტცება უსამართლო კაცების საქმედ ითვლება, ხოლო მოტაცებული ქალებისადმი ზრუნვის გამოჩენა უგუნურებს შეჰფერის, გონივრებმა კი მოტაცებულ ქალთა მიმართ არავითარი ყურადღება არ უნდა გამოიჩინონ, რადგან ცხადია, რომ თუ ამ ქალებს არ უნდათ, მათ არც არავინ მოიტაცებს. სპარსელები ამბობენ, რომ ამიტომაცაა, რომ მათი აზიიდან მოტაცებული ქალებისათვის ყურადღებაც კი არ მიუქცევიათ, ელინებმა კი ერთი ლაკედემონელი ქალის გულისათვის დიდი ლაშქარი შეკრიბეს, შემდეგ მივიდნენ აზიაში და პრიამოსის ძალაუფლება დაამხეს. ამის მერმე მუმდამ ისეა მიჩნეული, რომ ელინები სპარსელების მტრები არიან. სპარსელები აზიასა და იქ მცხოვრებ ბარბაროს ტომებს თავისიანებად მიიჩნევენ, ხოლო ევროპესა და ელინთა ტომს კი ემიჯნებიან.
   5. სპარსელები ამბობენ, რომ ეგრე იყო და გამოაცხადეს, რომ ელინთა მიმართ მათი მტრობის მიზეზი იყო ილიონის დამხობა. ხოლო იოს შესახებ ფინიკიელები სპარსელების აზრისა არ არიან. ფინიკიელები ამბობენ, რომ მათ ძალით კი არ მოიტაცეს და წაიყვანეს იო ეგვიპტეში, არამედ მოხდა ისე, რომ იო დაუახლოვდა არგოსში ხომალდის უფროსს და როდესაც შეიტყო, რომ ორსულად იყო, შერცხვა მშობლების, ამიტომ მან თვითონ მოინდომა ფინიკიელებთან ერთად გაეცურა, რომ არ გამომჟღავნებულიყო მისი ამბავი. ამას მოგითხრობენ სპარსელები და ფინიკიელები. მე ამის შესახებ არ დავიწყებ კითხვას, ასე იყო ეს ამბები, თუ სხვაგვარად, ისე მე თვით ვიცი ის პირი, რომელმაც ირველად ჩაიდინა უსამართლობა ელინთა მიმართ. ამას აღვნიშნავ და განვაგრძობ შემდეგ ჩემს თხრობას, თანაბრად მიმოვიხილავ ხალხთა მცირე და დიდ ქალაქებს, რადგანაც უწინ რომ დიდი ქალაქები იყო, ბევრი მათგანი დაკნინებულა, ხოლო რომლებიც ჩემს დროს დიდი იყო, უწინ ისინი მცირე ყოფილან. მე ვიცი, რომ ადამიანური ბედნიერება არაა უცვლელი, ამიტომ თანაბრად მოვიხსენებ ორთავეს. (ე.ი. დიდ და მცირე ქალაქებს).
ლიდიას სამეფო
   6. კროისოსი იყო წარმოშობით ლიდიელი5, ალიატესის შვილი, ტირანი იმ ტომებისა, რომლებიც მდინარე ჰალისის შიგნით ცხოვრობენ. ხოლო ჰალისი მიედინება სამხრეთიდან სირიელთა6 და პაფლაგონიელთა შორის, მიემართება ჩრდილოეთისაკენ და ე. წ. ევქსინის პონტოს ერთვის. ეს კროისოსი ჩვენთვის ცნობილი ბარბაროსთაგან, პირველი იყო, რომელმაც ელინთაგან ზოგი დახარკა, ხოლო ზოგიერთი დაიმეგობრა; დაიმორჩილა იონიელები, ეოლიელები და დორიელები7, რომლებიც აზიაში ცხოვრობდნენ, ხოლო დაიმეგობრა ლაკედემონელები. კროისოსის გამგებლობაში ყველა ელინი თავისუფალი იყო, რადგანაც კიმერიელთა8 ლაშქრობამ, რომელმაც იონიამდე მიაღწია და რომელიც კროისოსზე უფრო ადრე მოხდა, ვერ დაიმორჩილა ქალაქები: ეს ლაშქრობა ხომ საერთოდ მხოლოდ მოულოდნელი თავდასხმა-ყაჩაღობა იყო.
   7. ხელისუფლება ჰერკლიდებს რომ ეკუთვნოდა, შემდეგნაირად გადავიდა კროისოსის გვარში, რომელსაც მერმნადთა9 გვარი ერქვა. იყო კანდავლესი, რომელსაც ელინები მირსილოსს უწოდებდნენ, სარდელთა ტირანი, ჰერაკლეს ძის ალკაიოსის ჩამომავალი. აგრონი, ნინოსის ძე (ხოლო ნინოსი ბელოსის ძე იყო, ხოლო ბელოსი კი ალკაიოსისა) პირველი ჰერაკლიდი მეფე იყო სარდელებისა, ხოლო კანდავლესი, მირსოსის ძე უკანასკნელი. აგრონის უწინარესი მეფეები ამ ქვეყნისა იყვნენ ლიდოს, ატისის ძის ჩამომავლები, ამის მიხედვით დაერქვა სახელი მთელ ამ ლიდიელ ხალხს, უწინ მებონებად წოდებულს. ამათგან მიიღეს ძალაუფლება ჰერაკლიდებმა. წინასწარმეტყველების თანახმად; ჰერაკლიდები წარმოშობილნი იყვნენ იარდანოსის მხევალისა და ჰერაკლესაგან; ისინი მართავდნენ ადამიანთა 22 თაობას10, 505 წლის განმავლობაში, შვილი მამისაგან ღებულობდა ხელისუფლებას, კანდავლეს მირსოსის ძემდე. 
   8. ამ კანდავლესს ძალიან უყვარდა თავისი ცოლი და მიაჩნდა, რომ მას ჰყავს ცოლი, ყველა ქალზე უმშვენიერესი. ჰყავდა მას შუბოსანთა შორის გიგესი11 დასკილოსის ძე, რომელიც გამორჩეულად მოსწონდა. კანდავლესი ამ გიგესს ყველაზე უფრო სერიოზულ საქმეებს ანდობდა და თავისი ცოლის გარეგნობასაც უქებდა. დიდი დრო არ გასულა (რადგანაც კანდავლესს ბოროტი უნდა შემთხვევოდა), რომ კანდავლესმა უთხრა გიგესს შემდეგი: „გიგეს, მე მგონია, რომ შენ არ გჯერა ჩემი ნათქვამი ჩემი ცოლის გარეგნობის შესახებ (რადგანაც ადამიანებს ყურები უფრო ურწმუნო აქვთ, ვიდრე თვალები), ამიტომ ისე მოიქეცი, რომ ჩემი ცოლი შიშველი დაინახო“. გიგესმა ხმამაღლა შეჰყვირა და თქვა: „უფალო, ეს რა უგუნურ სიტყვას მეუბნები, რომ მიბრძანებ, ჩემი დედოფალი შიშველი ვნახო. გაძარცვილ კვართთან ერთად ქალი ხომ სირცხვილს იხდის. ძველთაგანვე აქვთ ადამიანებს მიკვლეული მშვენიერი აზრები, რომელთაგანაც უნდა ვისწავლოთ. მათ შორის ერთი ასეთი არის: უყურე მას რაც შენი საკუთარია, მე მჯერა, რომ შენი ცოლი ყველა ქალზე უმშვენიერესია და გეხვეწები, ნუ მომთხოვ უკანონობის ჩადენას“.
   9. სთქვა გიგესმა ეს და ამგვარად უნდოდა თავი დაეცვა, რადგან ეშინოდა, რაიმე ცუდი არ მოჰყოლოდა ამას. „გამხნევდი, გიგეს, და ნუ გეშინია ნურც ჩემი, თითქოს შენ გამოსაცდელად გეუბნები ამ სიტყვას, ნურც ჩემი ცოლისა, არავითარ ზიანს არ მოგაყენებს იგი შენ. თავიდანვე ისე მოვაწყობ, რომ ვერც კი გაიგებს, რომ შენ ის იხილე. მე შენ დაგაყენებ ღია კარებს უკან იმ ოთახში, რომელშიც ჩვენ ვიძინებთ. მე როგორც შევალ, მოვა ჩემი ცოლიც სარეცელთან, შემოსასვლელის მახლობლად დგას ტახტი. ამ ტახტთან სათითაოდ გაიხდის ტანსაცმელს და ზედ დაალაგებს, შენ კი სიმშვიდე დაიცავი და დაათვალიერე, ხოლო როდესაც წავა საწოლისაკენ და შენ მის ზურგს უკან აღმოჩნდები, მაშინ უნდა შეეცადო, ისე გახვიდე კარებში, რომ მან არ დაგინახოს“.
   10. გიგესმა რაკიღა ვერ შეძლო ამ საქმის თავიდან აცილება, თანხმობა მისცა. ხოლო კანდაველსმა, როდესაც გადაწყვიტა, რომ ძილის დროა, შეიყვანა გიგესი ოთახში, ამის შემდეგ მაშინვე მივიდა იქ მისი ცოლიც. გიგესი უცქეროდა მას, რომ შემოვიდა და იხდიდა ტანსაცმელს. ხოლო როგორც კი საწოლისაკენ მიმავალი ქალის ზურგს უკან აღმოჩნდა, იგი მაშინვე ჩუმად გავიდა გარეთ. ქალმა დაინახა ის, რომ გადიოდა. იგი მიხვდა, რომ ეს მისი ქმრის მოწყობილი იყო, არ შეჰყვირა დარცხვენილმა და არც დაიმჩნია, რომ მიხვდა, გუნებაში კი გადაწყვიტა, რომ სამაგიეროს მიუზღავდა კანდაველსს, რადგანაც ლიდიელებს, ისევე როგორც თითქმის ყველა ბარბაროსს, დიდ სირცხვილად მიაჩნდათ, თვით მამაკაცის სიშიშვლეც.
   11. ამგვარად ქალმა მაშინ არაფერი შეიმჩნია და სიმშვიდე დაიცვა. ხოლო როდესაც გათენდა, რამდენიმე საგანგებოდ ერთგული მსახური მოამზადა და დაუძახა გიგესს. იგი მოვიდა დაძახებისთანავე და არა ფიქრობდა, რომ ქალმა რაიმე იცის მომხდარის შესახებ. რადგან უწინაც ჩვეულებრივ, როდესაც დედოფალი მოიხმობდა, გამოეცხადბოდა ხოლმე. როგორც მოვიდა გიგესი, უთხრა მას ქალმა: „გიგეს, ახლა შენ ორი გზა გაქვს; გაძლევ არჩევანს, ამ ორიდან, რომელსაც გინდა, იმას დაადექი, ან მოჰკალი კანდაველესი და მაშინ შენი ვინქები მეც და ლიდიის სამეფოც, ან ახლავე უნდა მოვკდე შენ თვითონ, რომ მომავალში არ დაუჯერო ყველაფერი კანდაველსს და არ შეხედო იმას, რაც არ შეგფერის. ან ის უნდა მოკვდეს, ეს რომ მოიგონა, ან შენ, რომელმაც ტიტველი მიხილე და ჩაიდინე ის, რაც არ შეგეფერებოდა“. გიგესი ერთხანს გაკვირვებული უსმენდა დედოფლის სიტყვებს, შემდეგ კი შეეხვეწა მას, ნუ აიძულებდა გაეკეთებინა ასეთი არჩევანი. დედოფალმა არ შეიწყნარა და გიგესი ხედავდა, რომ ჭეშმარიტად აუცილებლობის წინაშეა, ან უფალი უნდა მოკლას, ან თვითონ უნდა იქნეს მოკლული სხვათა მიერ; მაშინ მან ამჯობინა თვითონ გადარჩენილიყო. იგი შეეკითხა დედოფალს: „რადგანაც შენ მე ჩემდა უნებურად მაიძულებ ჩემი უფალი მოვკლა, გამაგებინე კიდევაც, როგორ დავესხა მას თავს“. ქალი დაეთანხმა და უთხრა: „იმავე ადგილიდან უნდა მოხდეს თავდასხმა, საიდანაც მან შენ ჩემი თავი ტიტველი გაჩვენა. თავდასხმა უნდა მოხდეს მძინარეზე“.
   12. როგორც შეითქვენენ და დადგა ღამე, გიგესი შეჰყვა ქალს საწოლში (რადგანაც არ გაუშვეს გიგესი და არც იყო მისთვის არავითარი ხსნა. ან თვითონ უნდა დაღუპულიყო, ან კანდავლესი). ქალმა მისცა მას მახვილი და დამალა იმავე კარებს უკან. ამის შემდეგ როდესაც კანდავლესმა მოისვენა, გიგესი ჩუმად გამოვიდა და მოჰკლა იგი, და ასე დაეპატრონა ქალსაც და სახელმწიფოსაც. არქილოქე პაროსელი, რომელიც ამავე დროს ცხოვრობდა, იამბუკურ ტრიმერტრში იხსენიებს ამას.
   13. გიგესმა დაიპყრო სახელმწიფო და შემოიმტკიცა ის დელფოს სამისნოს მეშვეობით, რადგანაც, როდესაც ლიდიელები საშინლად აღშფოთდნენ კანდავლესის მკვლელობის გამო და შეიარაღდნენ, გიგესის მომხრეები და დანაჩენი ლიდილები ასე შეთანხმდნენ: თუ სამისნო გამოაცხადებს იმას, რომ გიგესი იყოს ლიდიელთა მეფე, იგი იმეფებს, თუ არა და, უკან გადასცემს ჰერკლიდებს ძალუფლებას. სამისნომ ცნო იგი და ასე იმეფა გიგესმა. ხოლო პითიამ შემდეგი თქვა, რომ ჰერაკლიდების მიმართ ასეთი საქციელისათვის სამაგიერო მიეზღვებათ გიგესის ჩამომავლებს მეხუთე თაობაში. ლიდილებიც და მათი მეფეებიც ამ სიტყვას არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ, ვიდრე ის არ აუხდათ.
   14. ეგრე ეპყროთ ჰერკალიდებისაგან წართმეული ძალაუფლება მერმნადებს, ხოლო გიგესმა ტირანობის დროს დელფოში გაგზავნა არა მცირედი შეწირულობა, ის კი არა, რამდენი ვერცხლიც კია შეწირული დელფოში, მისგანაა მეტი წილი; გარდა ვერცხლისა, უზომო ოქროც შესწირა გიგესმა12. ამათგან განსაკუთრებით აღსანიშნავია ოქროს ექვსი კრატერი. ისინი დგანან კორინთელთა საგანძურში და იწონიან 30 ტალანტს. სიმართლე რომ ვთქვათ, კორინთელთა სახელმწიფოს კი არაა საგანძური, არამედ კიფსელოს ეეტიონის ძისა. გიგესი პირველია ჩვენთვის ცნობილ ბარბაროსთა შორის, რომელმაც შესაწირავები მიართვა დელფოს, ფრიგიის მეფის მიდას13 გორდიესის ძის შემდეგ, მიდესმა დელფოს შესწირა სამეფო ტახტი, რომელზედაც თვითონ იჯდა და მოსამართლეობდა. ეს ტახტი ღირშესანიშნავი რამ არის, ის იქვე დგას, სადაც გიგესის კრატერებია. ეს ოქრო და ვერცხლი, რომელიც გიგესმა შესწირა, დელფოელების მიერ შემწირველის სახელის მიხედვით იწოდება გიგადად.
   როდესაც მმართველობა ხელთ იგდო გიგესმა, შეიყვანა ლაშქარი მილეტში, სმირნაში და კოლფონიის ქალაქი აიღო. მას არაფერი დიდი არ გაუკეთებია თავის მეფეობაში, რომელიც ორი წელ ნაკლებად 40 წელს გრძელდებოდა14, საკმარისია მის შესახებ ამდენი მოგონება და მას ახლა თავს ვანებებ.
   15. მოვიგონებ ადრისს, გიგესის ძეს, რომელიც გიგესის შემდეგ მეფობდა. მან დაიპყრო პრიენელები და მილეტში შეიჭრა15, როდესაც ადრისი იყო სარდელების ტირანი. მომთაბარე სკვითების17 მიერ გამოძევებული კიმერიელები16 თავისი საცხოვრებისიდან მოვიდნენ აზიაში და აიღეს სარდე მთლიანად გარდა აკროპოლისისა.
   16. ადრისი მეფობდა ერთ წელ ნაკლებ 50 წელს. მისი მემკვიდრე იყო სადიატესი, ადრესის ძე, რომელიც მეფობდა 12 წელს. ხოლო სადიატესის მემკვიდრე იყო ალიატესი. ეს ეომებოდა კიაქსარესს, დეიოკესის ჩამომავალს და მიდიელებს. ამასთანავე მან კიმერილები გააძევა აზიიდან, აიღო სმირნა, რომელიც კოლოფონის ახალშენი იყო და კლაძომენში შეიჭრა. აქედან ის ისე კი არ წავიდა, როგორც უნდოდა, არამედ დიდად დამარცხებული. ხოლო სხვა საქებარ საქმეთა შორის, რომელიც მისი მმართველობის დროს მოხდა, თხრობის ღირსია შემდეგი:
   17. ალიატესი ებრძოდა მილეტელებს, ხოლო ომი გადმოეცა მას მემკვიდრეობით მამისაგან. იგი თავს ესხმოდა და ალყას არტყამდა მილეტს ამგვარად: როგორც კი დედამიწაზე ნაყოფი მომწიფდებოდა, მაშინვე გაემართებოდა ხოლმე იქით ლაშქრით. ლაშქრობისას სალამურებზე, პექტიდებზე18, სადედაკაცო და სამამაკაცო ავლოსებზე უკრავდნენ, ხოლო როდესაც ალიატესი მილეტის სანახებს მიაღწევდა სახლებს, რომლებიც იმ ველებზე იდგა, არც ანგრევდა, არც სწვავდა და არც კარებს ჩამოხსნიდა ხოლმე. სტოვებდა მათ ხელუხლებლად. ხოლო ხეებსა და დედამიწის მოსავალს როგორც კი მოსპობდა, ბრუნდებოდა უკან, რადგან ზღვა მილეტელებს ეპყრათ, ამიტომ ალყის შემორტყმა ადვილი საქმე არ იყო ლაშქრისათვის. ხოლო ლიდიელი სახლებს იმიტომ არ ანგრევდა, რომ მილეტელებს სახლები რომ ექნებოდათ, მიწის დათესვასა და დამუშავებასაც დაიწყებდნენ, თვითონ კი თავს დაესხმოდა და გაანადგურებდა მათ ნამუშევარს.
   18. ასე ომობდა მილეტი თორმეტ წელიწადს. ამასობაში ორი დიდი დამარცხება იწვნიეს მილეტელებმა, ერთი  როდესაც იბრძოდნენ თავიანთ მიწაზე  ლიმენეიონზე, ხოლო მეორე  მაბანდროსის დაბლობზე. 6 წელიწადს თერთმეტიდან ჯერ კიდევ სადიატეს ადრისის ძე მართავდა. ლიდიელებს და იმ დროს აწყობდა ლაშქრობას მილეტის მხარეში. ეს სადიატესი იყო, რომელმაც წამოიწყო ეს ომი. ხოლო დანარჩენი ხუთი წელი, რომელიც მოსდევდა ექვსს, ომობდა ალიატეს სადიატესის ძე და როგორც მე გამოვაცხადე ზემოთაც, მან მემკვიდრეობით მიიღო მამისაგან ბრძოლა და დაუღალავად ეწეოდა მას. მილეტლებს იონელისაგან ამ ომს არავინ უმსუბუქებდა ქიოსელების გარდა. ესენი მსგავსითვე უხდიდნენ მილეტელებს სამაგიეროს და ეშველებოდნენ მათ, ვინაიდან უწინ მილეტელებს გადაუტანიათ ქიოსელებთან ერთად ერითრეელებთან ბრძოლა.
   19. მეთორმეტე წელს, როდესაც ლაშქარმა ყანებს ცეცხლი წაუკიდა, ასეთი ამბავი მოხდა: როგორც ყანებს მოეკიდა, ალი ქარმა წაიღო და წაუკიდა ათენას ტაძარს, რომელსაც ეწოდება ასესოსისა19; ცეცხლმოდებული ტაძარი დაიწვა. მაშინ ამისთვის არავის მიუქცევია ყურადღება, მაგრამ ლაშქრის სარდეში დაბრუნებისთანავე ალიატესი ავად გახდა. რაკიღა გაუგრძელდა ავადმყოფობა, მან კაცები გაგზავნა დელფოში ღვთის ნების შესატყობად (მათი გაგზავნა ან ვინმესთან თათბირის შედეგად მოხდა, ან კიდევ თვითონ გადაწყვიტა), რათა ღმერთს შეჰკითხებოდნენ ავადმყოფობის შესახებ. დელფოში მოსულებს პითიამ უთხრა, რომ არ გიწინასწარმეტყველებთ მანამ, ვიდრე არ აღადგენენ ათენას ტაძარს, რომელიც დაიწვა მილეტის მხარის ასესოსში.
   20. მე დელფოელთაგან მსმენია და ვიცი, რომ ეგრე მომხდარა. ხოლო მილეტელები უმატებენ ამას, რომ პერიანდროს კიფსელოსის ძე მილეტის მაშინდელი ტირანის თრასიბულოსის გულითადი მეგობარი იყო. მან შეიტყო მისნობა, რომელიც ალიატესს ეხებოდა და გაგზავნა დესპანი თრასიბულოსთან სათქმელად, რომ წინასწარ სცოდნოდა ნამდვილი ვითარება. მილეტელები ჰყვებიან, ეგრე არისო.
   21. ხოლო ალიეტესმა როგორც კი შეიტყო, მაშინე გაგზავნა მაცნე მილეტში, რომ დაზავებოდა თრასიბულოსს და მილეტელებს იმდენი ხნით, რამდენიც ტაძრის აგებას დასჭირდებოდა. მოციქული მოვიდა მილეტში, თრასიბულსს კი წინასწარ კარგად ჰქონდა შეტყობილი ყოველივე, იცოდა ალიატესი რის გაკეთებას აპირებდა და მოაწყო შემდეგი: მთელი პური, რაც ქალაქში იყო, როგორც მისი საკუთარი, ასევე კერძო პირების, მოედანზე მოაზიდვინა და გამოუცხადა მილეტელებს, რომ როგორც კი თვითონ ანიშნებდა, მაშინ უნდა დაეწყო ყველას სმა და მხიარულება.
   22. ეს იმის გულისათვის გააკეთა და თქვა თრასიბულოსმა, რომ სარდელ მაცნეს დაენახა პურის დიდი გროვა და მომლხენი ხალხი და გადაეცა ალიატესისათვის. ასეც მოხდა, როგორც დაინახა ეს მაცნემ, გადასცა თრასიბულოსს ლიდიელი მეფის შემონათვალი და დაბრუნდა სარდეში; როგორც მე შევიტყვე დაზავება სხვა რაიმე მიზეზით არ მომხდარა, რადგან ალიატესი იმედოვნებდა, რომ მილეტში სასტიკი უპურობაა და ხალხს უკიდურესად უჭირს, ხოლო მაცნე რომ მილეტიდან დაბრუნდა, იმის სრულიად საწინააღმდგო აზრი მოისმინა, რასაც თვითონ ფიქრობდა. ამის შემდეგ მოხდა დაზავება, რომლის მიხედვითაც ისინი ერთმანეთის მეგობრები და მოკავშირეები უნდა ყოფილიყვნენ. ალიატესმა ასესოსში ათენას ერთი ტაძრის ნაცვლად ორი ტაძარი აუგო და თვითონაც ავადმყოფობას წამოუდგა. ასე ეომებოდა ალიატესი მილეტელებსა და თრასიბულოსს.
   23. პერიანდროსი იყო კიფსელოსის შვილი. ამან იყო, რომ აუწყა თრასიბულოსს განგების ნება. ტირანობდა პერიანდროსი კორინთოში. მის შესახებ მოგვითხრობენ კორინთელები და მათივე აზრისა არიან ლესბოსელები, რომ მის სიცოცხლეში დიდი სასწაულები მომხდარა: ტაინარონში შემოსულა დელფინზე შემჯდარი არიონ მეტიმნელი, რომელიც კითაროდი იყო და მაშინდელ კითაროდთა შორის მეორე არავინ იყო იმისთანა. პირველმა მან შექმნა დითირამბი20 იმ ხალხთა შორის, ვინც კი ჩვენ ვიცით, დაარქვა მას სახელი და დააწესა კორინთონში.
   24. ამ არიონის შესახებ მოგვითხრობბენ, რომ მან დიდი დრო დაჰყო პერიანდროსთანნ და მოისურვა გამგზავრება იტალიასა და სიკელიეში. იქ შეიძინა დიდძალი ქონება და მოინდომა უკან კორინთოში წამოსვლა. წამოვიდა ის ტარანტიდან და რადგანაც არავის ენდობოდა უფრო მეტად, ვიდრე კორინთელებს, დაიქირავა კორინთელების ხომალდი. ზღვაში კორინთელებმა განიზრახეს არიონი გადაეგდოთ და მისი ქონება მიეთვისებინათ. არიონმა ეს რომ შეიტყო, შეეხვეწა: წაეღოთ ქონება, ხოლო მისთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინათ. არ შეიწყნარეს მისი თხოვნა და გამოუცხადეს მეზღვაურებმა: ან მოიკლას თავი და როგორმე მიაბარებენ მიწას, ან სასწრაფოდ გადავარდეს ზღვაში. არიონს დიდი გასაჭირი ადგა და ითხოვა: რადგანაც მის მიმართ ასეა გადაწყვეტილი, ნება დართონ დადგეს მთელი მორთულობით გემბანზე და იმღეროს. არიონმა აღუთქვა, რომ იმღერებდა და მერე მოიკლავდა თავს. მეზღვაურები სიამოვნების მოლოდინში იყვნენ, რაკიღა ადამიანთა შორის საუკეთესო აედს მოუსმენდნენ და ხომალდის ცხვირიდან შუა ნაწილისაკენ წავიდნენ. არიონი საგანგებოდ მოიკაზმა, აიღო კითარა, დადგა გემბანზე და დაიწყო მაღალი ხმით სადღესასწაულო სიმღერა. ხოლო როდესაც დაამთავრა სიმღერა, გადავარდა ზღვაში, მთელი თავისი მორთულობით. მეზღვაურებმა გაცურეს კორინთოსაკენ. არიონის შესახებ ამბობენ, რომ ის დელფინმა აიყვანა და გამოიყვანა ტაინარონთან. ნაპირზე გამოსული წავიდა კორინთოში თავისი მორთულობით და მოჰყვა იქ ყოველივეს, რაც შეემთხვა. პერინდროსმა არიონს არ დაუჯერა და მცველი მიუყვანა მას, არსად უშვებდა, ამავე დროს ფხიზლად ადევნებდა თვალს მეზღვაურებსაც. როგორც კი ჩამოვიდნენ ისინი, დაუძახა და მოათხრობინა, თუ რას იტყოდნენ არიონის შესახებ, ხოლო მათ მიუგეს, რომ არიონი უვნებელია, იმყოფება იტალიაში და მათ ის დატოვეს ტარანტში ყოვლად წარმატებული. მაშინ პერიანდროსმა უჩვენა მათ არიონი ისეთი, როგორიც გადავარდა ხომალდიდან ზღვაში. მეზღვაურები განცვიფრდნენ და მხილებულებს აღარ შეეძლოთ, რომ უარეყოთ თავიანთი დანაშაული. ამას მოგვითხრობენ კორინთელებიცა და ლესბოსელებიც. ხოლო არიონის არც თუ დიდი სპილენძის ქანდაკება არის ტაინარონში. ესაა დელფინზე შემომჯდარი ადამიანის გამოსახულება.
   25. ალიატეს ლიდიელმა მილეტელებთან ომი დაამთავარა და შემდეგ მოკვდა, მან იმეფა 57 წელი. ავადმყოფობას რაკი გადაურჩა, ეს მეორე იყო ამ სახლიდან, რომელმაც შესწირა დელფოს ვერცხლის დიდი კრატერი და ამ კრატერის რკინის შეკავშირებული სადგამი; დელფოში ყველა შეწირულებათა შორის გამოირჩევა ეს ნივთი ნამუშევარი გლავკოს ქიოსელისა, რომელმაც ერთადერთმა ყველა ადამიანთა შორის, გამოიგონა რკინის შეკავშირება.
   26. ალიატესის გარდაცვალების შემდეგ სამეფო დაიმკვიდრა კროისოსმა, ალიატესის ძემ, რომელიც მაშინ 35 წლის იყო. ელინთა შორის პირველები ეფესელები იყვნენ, რომელთაც ის დაესხა თავს. მის მიერ ალყაშემორტყმულმა ეფესელებმა ქალაქი გადასცეს არტემიდეს  გააბეს თოკი მისი ტაძრიდან ზღუდემდე. ძველ ქალაქსა, რომელიც მაშინ ალყაშემორტყმული იყო, და ტაძარს შორის არის 7 სტადიონი. კროისოსმა პირველებს მათ დაადო ხელი, ხოლო შემდეგ რიგრიგობით ყველა იონიელებისა და ეოლიელებს. სხვადასხვა ქალაქს სხვადასხვა მიზეზს მოსდებდა ხოლმე; ზოგის მიმართ ახერხებდა დიდი მიზეზის გამონახვას და მათ მძიმე ბრალდბას უყენებდა, ხოლო ზოგ მათგანს მცირედ ადანაშაულებდა.
   27. კროისოსმა როგორც კი აზიაში მცხოვრები ელინები დაიმორჩილა და დახარკა, განიზრახა მის შემდეგ ხომალდების დამზადება და კუნძულების მცხოვრებლებზე თავდასხმა. როდესაც ყველაფერი მზად იყო ხომალდების ასაგებად, სარდში მოვიდა ბიანტი პრიენიდან, სხვები ამბობენ რომ პიტაკოს21 მიტილენადან. კროისოსი შეეკითხა მოსულს: „რა არის ახალი ელადაში?“, მოსულმა უპასუხ ისეთი რამ, რის გამოც კროისოსმა შეაჩერა ხომალდმშენებლობა: „მეფეო, კუნძულელების მცხოვრებლებმა შეიძინეს 10000 ცხენი და ფიქრობენ ლაშქრობა სარდზე შენს წინააღმდეგ“. კროისოსს ეგონა, რომ ბიანტი მართალს ამბობს და უთხრა: „ნეტავი კი ღმერთებმა ჩააგონონ ასეთი რამის გაკეთება კუნძულის მცხოვრებლებს და მართლაც წამოვიდნენ ისინი ლიდიელთა წინააღმდეგ ცხენებითაო“. მოსულმა მოუსმინა და უთხრა: „მეფეო, მე მეჩვენება, რომ შენ გულით გინდა ცხენოსანი კუნძულელების შეპყრობა ხმელეთზე და ვფიქრობ შენი იმედი უსაფუძვლო არ არის, მაგრამ იმას არ ითვალისწინებ, რომ კუნძული მცხოვრებლები როგორც კი შეიტყობენ, რომ შენ აპირებ მათ საწინააღმდეგო ხომალდების აგებას, სხვას არაფერს არ მოინდომებენ თუ არა ლიდიელების ზღვაზე თავდასხმას, რათა სამაგიერო მოგიზღონ ხმელეთზე მოსახლე ელინთათვის, რომლებიც შენ მონობაში გყვანან“. ძალიან მოეწონა კროსოსს ეს მსჯელობა, რადგან ეჩვენა, რომ ისეა ნათქვამი, როგორც საჭიროა და დაჯერებულმა თავი ანება ხომალდმშენებლობას. ეგრე დაუმეგობრდა კროსოსი კუნძულზე მცხოვრებ იონიელებს.
   28. დროთა ვითაებაში კროისოსმა მდინარე ჰალისის აქეთ მცხოვრები თითქმის ყველა ხალხი დაიმორჩილა. რადგან გარდა კილიკიელებისა და ლიკიელებისა, სხვა ყველა თავის ხელში ჰყავდა კროისოსს. ხოლო ესენი არიან: ლიდილები, ფრიგიელები, მისიელები, მარიანდინები, ხალიბები, პაფლაგონელები, თრაკიელები, თინებიცა და ბითვინებიც, კარიელები, იონიელები, დორიელები და პამფილიელები.
   29. როდესაც კროისოსმა ესენი დაიმორჩილა და ლიდიელებს შეჰმატა, მოვიდნენ სიმდიდრით აყვავებულ სარდეში ელადის სხვადასხვა ბრძენებიც, რომლებიც კი ამ დროს იყვნენ. სხვებთან ერთად მოვდია სოლონიც, ათენელი კაცი, რომელმაც ათენელებს კანონები შეუქმნა მათივე განკარგულების თანახმად. სოლონმა ათ წელს იმოგზაურა სამშობლოს გარეთ ქვეყნების დათვალიერების საბაბით; სინამდვილეში კი იმიტომ, რომ არ გამხდარიყო იძულებული რაიმე შეეცვალა მის მიერ დაწესებულ კანონთაგან, თვითონ ათენელებს კი ამავეს გაკეთება არ შეეძლოთ, რადგანაც დიდი ფიცი ჰქონდათ დადებული, რომ ათი წლის განმავლობაში დაიცავდნენ კანონებს, რომლებც მათ სოლონმა შეუქმნა.
   30. სოლონი ამ მიზეზების გამოც და დათვალიერების მიზნითაც გაემართა სამოგზაუროდ და მივიდა ეგვიპტეში ამასისთან და სარდეში კროისოსთან22. კროისოსმა ჩამოსული სასახლეში მიიღო. ხოლო შემდეგ, მესამე თუ მეოთხე დღეს, დაუძახა კროისოსმა სოლონს და მისი მსახურები დაატარებდნენ მას საგანძურებში და აჩვენებდნენ ყოველივეს, რაც კი იყო მნიშვნელოვანი და მდიდრული. მას მერე, რაც სოლონმა ყოველივე ეს ნახა და დაათვალირა, კროისოსმა შეურჩია დრო და უთხრა: „ათენელო სტუმარო, ჩვენამდეც მოაღწია შენმა დიდმა სახელმა შენი სიბრძნისა და მოგზაურობების შესახებ, რომ შენ მეცნიერების სიყვარულით და დათვალიერების მიზნით დაიარე მრავალი ქევყანა. ახლა მინდა შეგეკითხოთ, მათ შორის, ვინც შენ შეგხვედრია, ვინ ნახე ყველაზე უფრო ბედნიერი? კროისოსი ამას რომ კითხულობდა, იმედოვნედა, რომ თვითონ იყო ადამიანთან შორის უბედნიერესი, ხოლო სოლონი მას არ მოეპირფერა და რაც მიაჩნდა სიმართლედ, ის უთხრა: „ტელოს ათენელი“. გაუკვირდა კროისოსს ნათქვამი და უთხრა მკვირცხლად: „რატომ მიგაჩნია შენ ტელოსი უბედნიერესად?“ სოლონმა უპასუხა: „ჯერ ერთი იმიტომ, რომ ტელოსს, რომლის ხელშიც მისი ქალაქი წარმატებული იყო, ჰყავდა კარგი და კეთილი შვილები. და ის მოესწრო იმას, რომ ყველა მის შვილს გაუჩნდა შვილები და ეს შვილები ყველანი ცოცხლები იყვნენ. მეორე  ჩვენი აზრით, მდიდრულად ცხოვრობდა და ცხოვრების აღსასრული ბრწყინვალე ჰქონდა: რადგან, როდესაც ათენელები მეზობლებს ებრძოდნენ ელევსინში, იგი დაეხმარა მათ, მტერი გააქცია, და თვითონ ლამაზად მოკვდა, ათენელებმა იგი სახელმწიფო სახსრებით დამარხეს იქ, სადაც ის დაეცა და დიდი პატივი სცეს“.
   31. სოლონმა გააღიზიანა კროისოსი ტელოსის შესახებ მრავლისა და ბედნიერების მოთხრობით და შეკითხა მას: ვინ გინახავს ბედნიერი მეორე მას შემდეგ, რადგან ფიქრობდა, რომ მეორე ადგილი მაინც მას ხვდებოდა. ხოლო სოლონმა უპასხა: „კლეობისი და ბიტონი. ესენი წარმოშობით არიან არგოსელები, ქონება მათ საკმარისი ჰქონდათ და ამას გარდა სხეულის ძალაც. ორივენი თანაბრად იყვნენ გამარჯვებული შეჯიბრებებში, ამის შესახებ მოგვითხრობენ ასეთ ამბავს: როდესაც არგოსელებს ჰერას დღესასწაული ჰქონდათ, მათი დედა აუცილებლად უნდა მისულიყო სალოცავში ურმით, ხარები ვერ მიუყვანეს მას დროზე და რაკიღა დრო აღარ იყო, ჭაბუკები თვითონ შეებმნენ უღელში და ეწეოდნენ ურემს, ურმით კი თავისი დედა მიჰყავდათ, 45 სტადიონი გაიარეს და მივიდნენ სამლოცველოში. მათ ეს გააკეთეს საზეიმო შეკრებულობის თვალწინ და სიცოცხლის აღსასრულიც შესანიშნავი ჰქონდათ, ამით ღმერთმა გვიჩვენა, რომ ადამიანისათვის უმჯობესია სიკვდილი, ვიდრე სიცოცხლე. ირგვლივ მყოფი არგოსელები ადიდებდნენ ჭაბუკების ძალას, ხოლო არგოსელი ქალები  მათ დედას, ასეთი შვილები რომ ჰყავდა. დედა კი დიდად იყო გახარებული შვილების საქმით და სახელით, იდგა ქანდაკების წინ და ლოცულობდა კლეობისისა და ბიტონისათვის  თავისი შვილებისათვის, რომლებმაც დედა დიდად ასახელეს და სთხოვა ღმერთქალს, მიენიჭებინა მათთვის, რაც კი რა საუკეთესოა ადამიანისათვის. ამ ლოცვის შემდეგ, როგორც კი შესწირეს მსხვერპლი და ინადიმეს, ჭაბუკებმა იმავე ტაძარში დაიძინეს და აღარ ამდგარან, ასეთი ბოლო ჰქონდათ მათ. არგოსელებმა მათი გამოსახულებები გააკეთეს და შესწირეს დელფოს, რადგანაც საუკეთესო ვაჟკაცები იყვნენ“.
   32. ამრიგად სოლონმა ბედნიერების მხრივ მეორე ადგილი მიაკუთვნა მათ, ხოლო გაჯავრებულმა კროისოსმა უთხრა მას: „ათენელო სტუმარო, ჩვენს ბედნიერებას ეგრე არაფრად აგდებ, რომ კერძო პირების ბედნიერების დარადაც არ მიგაჩნია?!“ სოლონმა კი მიუგო: „კროისოს, მე, რომელმაც ვიცი, რომ ყველივე ღვთაებრივი შურით აღსავსე და შფოთიანია, მე მეკითხები, ადამიანთა ყოფის შესახებ? ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბევრი რამ არის ისეთი, რასაც კაცი ნახულობს, რის ნახვაც მას არ სურს და ბევრსაც განიცდის. ადამიანისათვის ცხოვრების მიჯნად 70 წელი მიმაჩნია. ეს 70 წელი შეიცავს 25200 დღეს, დამატებითი თვე რომ არ იყოს. თუ კი ყოველ მეორე წელს გავაგრძელებ ერთი თვით, იმისათვის, რომ წლის დროები თავთავის ადგილზე მოხვდნენ, მაშინ 70 წელზე მოვა 35 დამატებითი თვე, ხოლო ამ თვეებისაგან შედგება 1050 დღე. მთელი ამ დღეებიდან, რომლებსაც შეიცავს 75 წელიწადი, და ეს არის 26250 დღე, ერთი დღეც კი არ მოიტანს არაფერს სავსებით მსგავსს მეორე დღესთან შედარებით. ამრიგად, კროისოს, ადამიანი მთლიანად შემთხვევითობაა. მე შენ ძალიან მდიდრადაც მეჩვენე და მრავალი ხალხის მეფეცა ხარ, მაგრამ, რასაც მეკითხები, ჯერ ვერაფერს გეტყვი, ვიდრე არ შევიტყობ, რომ კარგად დაასრულე შენი სიცოცხლე. რადგანაც, დიდად შეძლებული არაა უფრო ბედნიერი მასზე, ვისაც მხოლოდ „პური არსობისა“ აქვს, თუ კი ყოველივე სიკეთის პატრონს ბედმა არ გარგუნა ცხოვრების კარგად დასრულება; რადგან, ერთის მხრივ, ბევრნი, უაღრესაც მდიდარი ადამიანები უბედურები არიან, ხოლო მეორეს მხრივ, საშუალო შეძლების მქონენი  ბედნიერნი. ძალიან შეძლებულებს მაგრამ უბედურ კაცს ბედნიერების მიმართ მხოლოდ ორი უპირატესობა აქვს, იმას კი მდიდარისა და უბედურის მიმართ  მრავალი; მდიდარი სურვილს აისრულებს და დიდი უბედურება რომ დაატყდება, შეუძლია გადაიტანოს, ხოლო ღარიბს უპირატესობა აქვს მასთან შედარებით, რადგან, მართალია არ შეუძლია მასავით უბედურების გადატანა და თავისი სურვილების დაკმაყოფილება, მაგრამ მისი კარგი ბედი იცავს მას ყოველივე ბოროტისაგან: იგი არ სახიჩრდება და არ ავადმყოფობს, უბედურებას არაფერს განიცდის, ჰყავს კარგი შვილები და არის კარგი შესხედავი. თუ ამასთან ერთად იგი სიცოცხლესაც კარგადა დაასრულებს, ეს ისაა, რასაც შენ ეძიებ, მაშინ ღირსია იმისა, რომ ბედნიერი ეწოდოს. ვიდრე კაცი არ აღესრულება, თავი შეიკავე იმისგან, რომ ბედნიერი უწოდო მას, მანამდე მხოლოდ ბედიანი უწოდე. ყოველივე ეს რომ თავმოყრილი იყოს ერთ ადამიანში, შეუძლებელია. ისევე, როგორც არც ერთი ქვეყანა არაა, რომ კმაყოფილდებოდეს იმით, რაც მას თვით აქვს. ერთი რომ აქვს, მეორე ესაჭიროება, ხოლო რომელსაც მეტი აქვს, ისაა მიჩნეული უმჯობესად, ასევე არც ერთი ადამიანიშვილი არ არის სრულიად დაკმაყოფილებული, რადგან ერთი რომ აქვს, მეორე აკლია. მათ შორის ვისაც ყველაზე მეტი აქვს თავისი სიცოცხლის განმავლობაში და შემდეგ სიცოცხლეს კარგად ამთავრებს, ჩემი აზრით, მეფეო, მისთვისაა სამართლიანი ამ სახელის ტარება, მაშასადამე, უნდა ვიხილოთ ყოველივე ამბების ბოლო. რადგან ღმერთი ბევრს პირდებოდა ბედნიერებას და მერე შეუბრუნა ყოველივე ძირფესვიანად“.
   33. ესაა თქვა სოლონმაც, კროისოსს დიდად არაფრად ეპიტნავა. არც არაფერი უთხრა მას, ისე გაუშვა, რადგან იფიქრა, ძალიან უმეცარია ის, ვინც აწმყო სიკეთეს უყურადღებოდ სტოვებს და ყოველივე ამბის აღსასრულის ხილვას ბრძანებსო.
   34. სოლონის წასვლის შემდეგ კროისოსს დიდი ღვთის რისხვა დაატყდა თავს, როგორც ჩანს, იმისათვის, რომ მას თავისი თავი ყველა ადამიანზე ბედნიერად მიაჩნდა. მან ძილში ნახა ჭეშმარიტების მაუწყებელი სიზმარი, რომ უბედურება მოელის მის შვილს. კროისოსს ჰყავდა ორი შვლი, რომელთაგან ერთი გაუბედურებული, ყრუ-მუნჯი იყო, ხოლო მეორე ყოველმხრივ პირველობდა თავის ტოლებში. სახელად ერქვა მას ატისი. სიზმარმა ამ ატისის შესახებ ანიშნა კროისოსს, რომ ის დაიღუპება რკინის შუბით დაჭრილი. რომ გაიღვიძა კროისოსმა და დაუფიქდა ამ სტყვას, შეეშინდა და შვილს ცოლის მოჰგვარა. ჩვეულებრივ ატისი მხედართმთავრობდა ლიდიელებს, ახლა მამა მას ამისთანა საქმეებზე აღარ უშვებდა, ხელშუბები, შუბები და ყველა სხვა მსგავსი იარაღი, რასაც ომში იყენებდნენ ადამიანები, დარბაზებიდან გაატანინა და საწყობებში დაალაგებინა, რომ რაიმე არ ჩამოვარდნილიყო და მის შვილს არ დასცემოდა.
   35. როდესაც კროისოსს შვილის ქორწილი ჰქონდა, სარდეში კაცი მოვიდა, რომელსაც უბედურება შემთხვეოდა და ხელები არ ჰქონდა სუფთა. იგი წარმოშობით ფრიგიელი იყო, სამეფო გვარიდან, მოვიდა იგი კროისოსის სახლში და ადგილობრივი წესების მიხედვით ითხოვა გაწმენდა, ხოლო კროისოსმა იგი გაწმინდა. ლიდიელების გაწმენდა ემსგავსება ელინების გაწმენდას23. მას შემდეგ, რაც კროისოსმა შეასრულა ის, რაც საჭირო იყო, გამოჰკითხა მოსულს თუ საიდან არის, ვინ არის და უთხრა შემდეგი: „ადამიანო, ვინა ხარ და ფრიგიის რომელი მხრიდან მოხვედი ჩვენთან სტუმრად? რომელი მამაკაცი ან ქალი მოჰკალი?“. მან უპასუხა: „მეფეო, მე ვარ გორდიესის, მიდესის ძის ვაჟი, მქვია ადრესტოსი, და ჩემი საკუთარი ძმა შემომაკვდა უნებურად, მოვედი აქ მამის მიერ გამოძევებული და დავკარგე ყველაფერი“. კროისოსმა უპასუხა: „შენ ჩვენი საყვარელი ადამიანების შვილი ხარ და მოსულხარ მეგობრებში, დარჩი ჩვენთან და აქ არაფერი გაგიჭირდება. ეს უბედური შემთხვევა, როგორც შეიძლება, იოლად გადაიტანე და საბოლოოდ დიდად გარგებს“.
   36. მოსული ცხოვრობდა კროისოსის სახლში. ამავე დროს მისის ოლიმპოზე, დიდი ტახი გამოჩნდა. ის ჩამოვიდოდა ამ მთიდან და მისიელების ყანებს ანადგურებდა. ბევრჯერ დაესხნენ მისიელები ამ ტახს თავს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს, ის კი არა, თვითონ დაზარალდნენ მისგან. ბოლოს მოვიდნენ კროისოსთან მისიელების მოციქულები და უთხრეს: „მეფეო, ჩვენს ქვეყანაში დიდი ტახი გამოჩნდა, რომელიც ყანებს გვინაგდგურებს, რამდენს არ ვეცადეთ, ვერ შევძელით მისი დაძლევა. ახლა გთხოვთ, შენი შვილი, რჩეული ჭაბუკები და ძაღლები გაგვატანო თან, რომ ტახი გავაძევოთ ჩვენი ქვეყნიდან“. ისინი ამას ითხოვდნენ, კროისოსს კი ახსოვდა სიზმარი და ასეთი სიტყვები უთხრა მათ: „ჩემს შვილს მეტს ნუღარ ახსენებთ, მაინც არ გაგატანთ იმას. რადგან ახლად დაქორწინებულია და ამჟამად ამ ამბებით არის გართული. რაც შეეხება რჩეულ ლიდიელებს, მონადირეებს და ძაღლებს, ყველას გაგატანთ და თან ვუბრძანებ, რომ ძალიან შეეცადონ და მოეხმარონ იმ მხეცის ქვეყნიდან გაძევებაში“.
   37. ეს უპასუხა კროისოსმა. მისიელები ამით კმაყოფილები დარჩნენ. კროისოსის შვილიც აქ იყო და იმანაც მოისმინა, თუ რას ითხოვდნენ მისგან მისიელები. რაკი კროისოსმა არ უთხრა შვილს, რომ მასაც თან ატანდა მისიელებს, ჭაბუკმა მას უთხრა: „მამა, უწინ საუკეთესო და უკეთილშობილეს საქმედ მიგვაჩნდა საომრად და სანადიროდ წასვლა და ამითი სახელს მოხვეჭა. ახლა კი ორივე ამ საქმისაგან მაკავებ. თუმცა არც ჩემი სიმხდალე შეგიმჩნევია და არც სილაჩრე. ახლა მე რა პირით უნდა ვეჩვენო მათ აგორაზე მიმავალი და იქიდან დაბრუნებული? რას იფიქრებენ მოქალაქეები, როგორი ვარ, ან რას იფიქრებს ახლად შერთული ცოლი? რას იფიქრებს, როგორ ქმართან ვცხოვრობო? აი ამიტომ ან გამიშვი სანადიროდ, ანდა დამიმტკიცე, რომ ჩემთვის უმჯობესია ის, რაც ხდება“.
   38. კროისოსმა მას უპასუხა: „შვილო, არც სიმხდალეს ვხედავ შენში და არც სხვას რამე არაკეთილშობილურს, ამას რომ ვაკეთებ, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძილში გამომეცხადა ჩვენება და მითხრა, რომ შენ დღეგრძელი არ იქნები, დაიღუპები რკინის შუბისაგან. ამ ჩვენების გამო იყო, რომ შენი ქორწილი დავაჩქარე და ამიტომაა, რომ გიკრძალავ ამგვარ საქმეებზე წასვლას, შეძლებისდაგვარად გიფრთხილდები, რომ ჩემს სიცოცხლეში შენი სიცოცხლე დავიცვა. შენ ხომ ერთადერთი შვილი მყავხარ, მეორე კი, რომელსაც სმენა არა აქვს, ვითომ არცა მყოლია“.
   39. ჭაბუკმა ამაზე შემდეგი მიუგო: „მამა, ასეთი სიზმარი რომ ნახე, გეპატიება ჩემი მოფრთხილება, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, გითხრა, რომ ზოგ რამეს ვერ მიმხვდარხარ და სიზმარში ერ შეგიმჩნევია; შენ ამბობ, რომ სიზმარში გეჩვენა, თითქოს მე ბოლო მომეღება რკინის შუბით. აბა, ტახს სადა აქვს ხელები ან და რკინის შუბი, რომლისაც შენ ასე გეშინია? სიზმარში რომ გეხილა, თითქოს მე სიკვდილი ეშვებისაგან ან სხვა რიმე მსგავსისაგან მომელის, მაშინ უნდა მოქცეულიყავი ისე, როგორც იქცევი. შენ კი ძილში გეუწყა, რომ შუბისაგან უნდა დავიღუპო. რაკიღა ადამიანებთან არ მოგვიწევს ბრძოლა, ამიტომ გამიშვი“.
   40 კროისოსმა უპასუხა: „შვილო, სიზმარის შენი ახსნა სჯობია ჩემსას, ამიტომ რაკიღა მაჯობე ახსნაში, ვცვლი ჩემს გადაწყვეტილებას და ნებას გრთავ, რომ წახვიდე სანადიროს“.
   41. სთქვა ეს კროისოსმა და დაუძახა ფრიგიელ ადრესტოსს; როდესაც მოვიდა ადრესტოსი მასთან, უთხრა მას კროისოსმა შემდეგი: „ადრესტოს, შენ რომ საშინელი უბედურება დაგატყდა თავს, მე არ გამიკიცხიხარ, გაგწმინდე, სახლში მიგიღე და ყოველგვარი ხარჯი ვიკისრე. ახლა კი რადგანაც შენს მიმართ სიკეთე მაქვს ჩანდეილი, შენ გმართებ კეთილითვე გადამიხადო. მე გთხოვ, შენ იყო ჩემი შვილის მცველი, როდესაც იგი სანადიროდ წავა, რათა გზაზე ვინმე ბოროტმოქმედნი არ გამოჩდნენ და ზიანი არ მოუტანონ. ამას გარდა შენ იმიტომაც გმართებს იქ წასვლა, რომ გამობრწყინდე შენი საქმიანობით. ეს ხომ შენი მამაპაპეული საქმიანობაა და ამასთანავე ძალაც შეგწევს“.
   42. უპასუხა მას ადრესტორმა: „მეფეო, სხვა ვითარებაში მე არ წავიდოდი ამისთანა საქმეზე, რადგან, არც ამისთანა უბედურების ჩამდენს შემშვენის წარმატებულ ტოლებთან წასვლა და არც მინდა; თან ბევრი სხვა ამეც მაბრკოლებს, ახლა კი, რადგან შენ ასე ძალიან გინდა (მე კი მმართებს, გასიამოვნო, რადგან კეთილი უნდა მოგაგო შენ), მე მზადა ვარ დაგემორჩილო; იმედი იქონიე რომ შენი შვილი, რომლის დაცვაც მიბრძანე, მცველის წყალობით უვნებელი დაბრუნდება“.
   43. მას შემდეგ, რად ადრესტოსმა ასე უპასუხა კროისოსს, წავიდნენ ისა და ატისი რჩეული ჭაბუკებისა და ძაღლების თანხლებით. მიდიოდნენ ისინი ოლიმპოს მთაზე და ეძებდნენ ნადირს, ხოლო როდესაც იპოვეს, გარს შემოეხვივნენ მას და შუბები დაუშინეს. როდესაც სტუმარმა, რომელიც მკვლელობისაგან განიწმინდა და რომელსაც ადრესტოსი (ადრესტოს ბერძნ - „ის ვინც არ გარბის“) ერქვა, სტყორცნა შუბი, შუბი ტახს ააცილია და მოარტყა კროისოსის შვილს. მან შუბით განგმირა ატისი და ასრულდა სიზმარში ნაწინასწარმეტყველები. ვიღაცა გაიქცა კროისოსთან იმის შესატყობინებლად, რაც მოხდა, და რომ მივიდა სარდეში, აუწყა მას ნადირობის და შვილის სიკვდილის ამბავი.
   44. კროისოსი შვილის სიკვდილმა საშინლად შეაძრწუნა და განსაკუთრებით იმან, რომ მისი შვილი მოჰკლა იმ კაცმა, ვინც თვითონ კროისოსმა განწმინდა მკვლელობისაგან. უბედურებისაგან გულმოკლული, როგორც კი შეეძლო, მოუწოდებდა განწმენდელ ზევსს და მოწმედ უხმობდა მას: ხედავ, რა მიყოო სუმარმა; მოუწოდებდა კერიისა და მეგობრობის მფარველს. ის სულ ერთსა და იმავე ღმერთს მიმართავდა. კერიის მფარველ ზევსს მოუწოდებდა იმიტომ, რომ მიიღო სახლში უცხოელი და ვერ მიხვდა, რომ შვილის მკვლელს მასპინძლობდა, ხოლო მეგობრობის მფარველ ზევსს მოუწოდებდა იმიტომ, რომ მცველად გაატანა შვილს კაცი და ყველაზე დიდი მტერი კი ის გამოდგა.
   45. ამის შემდეგ მოვიდნენ ლიდილები და მოიტანეს გვამი, ხოლო უკან მოჰყვებოდა მას მკვლელი: იგი დადგა გვამის წინ, ჩაბარდა კროისოსსს ხელებგაწვდილი და ეუბნებოდა, დამკალი ზედ ატასის გვამსო. იგი ყვებოდა თავისი პირველი უბედურების ამბავს და იმასაც, თუ როგორ შემოაკვდა ის, ვინც განწმინდა იგი ამ უბედურებისაგან, ამდენად არც თვითონაა ამიერიდან სასიცოცხლო. კროისოსმა რომ ეს მოისმინა, შეეცოდა ადრესტოსი, თუმცა საკუთარი უბედურებაც ჰყოფნიდა, და უთხრა მას: „სტუმარო, მე დაკმაყოფილებული ვარ, რადგანაც შენ თავს შენვე უსჯი სიკვდილს. ჩემი უბედურების მიზეზი კი არა ხარ შენ, არამედ მისი მხოლოდ უნებური შემსრულებელი; მიზეზი რომელიღაც ღმერთთაგანია, რომელმაც მე უწინ მანიშნა, რომ ასეთი რამ მოხდებოდა“.
კროისოსმა შესაფერისი პატივით დაკრძალა თავისი შვილი. ადრესტოსმა, გორდეის მიდესის ძის ძემ, თავისი ძმისა და განმწმენდელის მკვლელმა, საფლავის ირგვლივ შემოჯარულთ თვალწინ თავი დააკლა საფლავს, იმიტომ, რომ თავისი თავი ადამიანთა შორის ყველაზე უფრო უბედურად მიაჩნდა.
   46. კროისოსი შვილის დაკარგვას დაახლოებით ორი წელიწადს დიდად გლოვობდა, ხოლო შემდეგ, ასტიაგეს კიარქსარესის ძის ძალაუფლება რომ დაამხო კიროსმა, კამბისესის ძემ და სპარსთა სახელმწიფო გაზარდა, ამან შეაწყვეტინა კროისოსს გლოვა. მან იფიქრა, რომ ვიდრე ძალიან მოღონივრდებოდნენ სპარსელები, როგორმე მოეხერხებინა და შეეჩერებინა მათი მზარდი ძალა. ამ ფიქრების შემდეგ მაშინვე მოინდომა გამოეცადა მისნები, რომლებიც ელინთა ქვეყანაში და ლიბიაში არიან. დააგზავნა კაცები ზოგი სად, ზოგი სად: ზოგიერთები დელფოში წავიდნენ, სხვები  ფოკიდის აბეში, დანარჩენები დოდონეში. ზოგი მათგანი წარგზავნილი იქნა ამფიარეოსის და ტროფონიოსის საკურთხევლებში, ზოგი კიდევ ბრანქიდეში, რომელიც მილეტელებს ეკუთვნის. ესენი ელინური სამისნოებია, სადაც დაგზავნა კროსოსმა კაცები წინასწარმეტყველების შესატყობად. ლიბიის ამონის სამისნოში კიდევ სხვები გაგზავნა გამოსარკვევად. კაცები დააგზავნა იმისათვის, რომ გამოეცადა მისნები, რას იტყოდნენ და თუ აღმოჩნდებოდა, რომ ისინი სწორად მიხვდნენ, მეორედ გაგზავნიდა კაცებს და შეეკითხებოდა მათ, წამოეწყო თუ არა სპარსელებზე ლაშქრობა.
   47. ღვთის ნების გამოსაცდელად წარგზავნილ ლიდიელებს უბრძანა: სარდედან გასვლის დღიდან, აი აქედან იანგარიშონ დღეები დარჩენილი დროისათვის და მეასე დღეს მიმართონ სამისნოს, შეეკითხონ, თუ რას აკეთებს ლიდიელთა მეფე კროისოს ალიატესის ძე. რასაც კი თითოელი სამისნო უპასუხებს მათ, ის უნდა ჩაიწერონ და ჩამოუტანონ კროისოსს. თუ რა გამოაცხადეს სხვა სამისნოებმა, არავინ არაფერის ამბობს, ხოლო დელფოში, როგორც კი შევიდნენ ლიდილები ტაძარში, მიმართეს ღმერთს და ჰკითხეს, რაც ჰქონდათ ნაბრძანები. ამაზე პითიამ ჰეგზამეტრული საზომით უთხრა შემდეგი: „მე ვიცი ქვიშის რიცხვი და ზღვის ზომა, ვიგებ ყრუ-მუნჯისას და მესმის იმისა, ვინც ხმას არ იღებს. ჩემამდე მოვიდა სუნი მაგარჯავშნიანი კუსი, რომელიც იხარშება სპილენძის ჭურჭელში ცხვრის ხორცთან ერთად; მას სპილენძი აქვს ქვეშ დაფენილი და სპილენძი ახურავს ზემოდან“.
   48. პითიამ რომ ეს გამოაცხდა, ლიდიელებმა ჩაიწერეს, წამოვიდნენ და დაბრუნდნენ სარდეში. როგორც კი სხვა ყველა გაგზავნილებიც მოვიდნენ და მოიტანეს ნათქვამი, მაშინ კროისოსმა ეს ჩანაწერების სათითაოდ გაშალა და ჩაიკითხა. დანარჩენთაგან არც ერთი არ მოეწონა მას, ხოლო როდესაც დელფოს პასუხი მოისმინა, მაშინვე ილოცა, მიიღო და გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ისაა სამისნო, რომელიც დელფოშია, რადგან მარტო მან გამოიცნო, თუ რას აკეთებდა კროისოსი. როდესაც კროისოსმა კაცები დაგზავნა ღვთისაგან შესატყბოად, დაელოდა დათქმულ დღეს და შემდეგი მოიმოქმედა: დარწმუნებულმა, რომ შეუძლებელია ვინმემ გამოიგონოს ასეთი რამ, ან გამოიცნოს მისი საქმიანობა, კუ და ცხვარი ერთად დაჭრა და თვითონ მოხარშა სპილენძის ქვაბში, ზედაც სპილენძისავე ხუფი დაახურა.
   49. დელფოდან ასეთი რამ ეუწყა კროისოსს. ამფიარეოსის სამისნოს პასუხის შესაებ ვერაფერს ვიტყვი, თუ რა გაიგეს ლიდილებმა, მას მერე რაც შეასრულეს ის, რაც ტაძრისათვის არის დაწესებული (რადგანაც არც ამის შესახებ ლაპარაკობენ), ის კია რომ კროისოსმა ეს სამისნოც უტყუარად მიიჩნია.
   50. ამის შემდეგ კროისოსმა დელფოს ღვთაება დიდი შესაწირავებით მოიმადლიერეა: შესწირა ყოველგვარი სამსხვერპლო საქონელი 3000, დიდ ცეცხლში დაწვა ერთად მოგროვილი სარეცლები, მოოქრული და მოვერცხლილი, ოქროს ფიალები, ძოწის ტანსაცმელი და ქიტონები, რადგანაც იმედოვნებდა, რომ ღმერთი ამით თავის სასიკეთოდ განაწყობდა. ხოლო ლიდიელებს გამოუცხადა, რომ ყველამ შესწიროს მსხვერპლი და თითოეულმა მათგანმა ის, რაც აქვს. როგორც კი მსხვერპლშეწირვას მორჩნენ, გადაადნობინა უამრავი ოქრო და მისგან გამოაჭედვინა 117 ნახევარფილა, რომელთაც სიგრძე ჰქონდათ 6 ციდა, სიგან 3 ციდა, ხოლო სისქე ერთი ციდა. ამათგან 4 იყო წმინდა ოქროსი, თითოეული იწონიდა 2,5 ტალანტს, დანარჩენი ნახევარფილები თეთრი ოქროსი, თითოეული 2 ტალანტს იწონიდა. გააკეთებინა ლომის გამოსახულება სუფთა ოქროსი, რომელიც იწონიდა 10 ტალანტს, ეს ლომი, როდესაც იწვოდა დელფოში ტაძარი, ჩამოვარდა ნახევარფილებიდან (რომელზეც იდგა) და ახლა დგას კორინთელთა საგანძურში, ის ახლა იწონის 6,5 ტალანტს, რადგანაც ხანძრისგან მისი 3,5 ტალანტი დადნა.
   51. ეს რომ გააკეთა კროისოსმა, ამათთან ერთად გაგზავნა დელფოში კიდევ შემდეგი შესაწირავები: დიდი ზომის ორი კრატერი, ოქროსი და ვერცხლისა, ამათგან ოქროსი მოთავსებულია ტაძარში შემსვლელთათვის მარჯვნივ, ხოლო ვერცხლისა  მარცხნივ. მაგრამ ამ ჭურჭლებმაც გადაინაცვლეს ტაძარს რომ ცეცხლი ეკიდა მაშინ და ოქროს კრატერი ახლა კლაძომენელთა საგანძურში დგას და იწონის 8,5 ტალანტს და 12 მნას, ხოლო ვერცხლისა დგას ტაძრის შესასვლელის კუთხეში და შეიცავს 600 ამფორას. თეოფანიების დროს დელფოელები მასში აზავებდნენ ღვინოს. დელფოელები მის შესახებ ამბობენ, რომ იგი თეოდორე სამოსელის ნახელავი არისო და მეც ასე მგონია, რადგანაც ჩვეულებრივი ნამუშევარი არ მეჩვენება იგი. კროისოსმა გაგზავნა კიდევ 4 ვერცხლის პითოსი, რომლებიც კორინთელთა საგანძურში დგანან, შესწირა ორი სასხურებელი, ოქროსი და ვერცხლისა. ამათაგან ოქროს სასხურებელს აწერია, რომ ლაკედემონელები ამბობენ, ეს ნივთი ჩვენი შეწირულიაო. ეს არაა სწორი, რადგანაც ისინი კროისოსის საჩუქარია. ერთმა დელფოელმა მოინდომა ლაკედემონელთა სიამოვნება და ასე დააწერა. მე ვიცი სახელი ამ კაცისა, მაგრამ არ ვახსენებ. ლაკედემონელების შეწირულია ყრმის გამოსახულება, რომლის ხელიდანაც გადმოდის წყალი და არა რომელიმე ამ სახელურებელთაგან. სხვებთან ერთად სხვა შესაწირავებიც მრავლად გაგზავნა კროისოსმა, რომლებიც ცალკე არ არის აღნიშნული, მათ შორის ვერცხლის მრგვალი ჩამოსხმული ჭურჭლები, ქალის ოროს სამწყრთიანი ქანდაკება, რომლის შესახებაც ამბობენ, რომ ეს კროისოსის პურისმცხობლის გამოსახულება არისო24. ამას გარდა კროისოსმა შესწირა თავისი ცოლის ყელსაბამები და სამაჯურები.
   52. კროისოსმა ესენი გაგზავნა დელფოში, ხოლო ამფიარეოსს, რომ შეიტყო მისი სიკეთე და განსაცდელი, შესწირა მთლიანად ოქროს ფარი, ასევე მაგარი, მთლიანად ოქოს შუბი, რომელსაც ტარიცა და პირებიც ოქროსი ჰქონდა. ეს ორივე ჯერ კიდევ ჩემ დროში იყო თებეში, თებელთა აპოლონ ისმენიონის ტაძარში.
   53. ტაძრისათვის საჩუქრების მისართმევად წარგზავნილ ლიდილებს კროისოსმა უბრძანა, რომ შეჰკითხვოდნენ სამისნოს,  კროისოსს მარტოს ელაშქრა სპარსელების წინააღმდეგ, თუ რომელიმე ლაშქარი შემოეამხანაგებინა. როგორც კი მოვიდნენ ლიდიელები იქ, სადაც იყვნენ გაგზავნილები, შესწირეს შესაწირველები და შეეკითხნენ სამისნოს:  „კროისოსი, ლიდიელთა და სხვა ხალხთა მეფე, ადამიანთა მხოლოდ ამ სამისნოს მიიჩნევს და მოგართმევთ თქვენი ახსნის შესაფერის საჩუქრებს; ახლა კი გეკითხებით: მარტოკა ილაშქროს სპარსელების წინააღმდეგ, თუ რომელიმე ლაშქარი გაიხადოს მოკავშირედ“. ხოლო ორივე სამისნომ ერთი და იგივე აზრი გამოთქვა. უწინასწარმეტყველეს კროისოსს, რომ თუ ილაშქრებს სპარსელებზე, დიდ სახელმწიფოს დაანგრევს, ამას გარდა ურჩევდნენ, რომ ელინთაგან უძლიერესი გამოერჩია და მოკავშირედ გაეხადა25.
   54. როდესაც მოუვიდა ღვთის ნება და კროისოსმა შეიტყო, ძალიან გაიხარა წინასწარმეტყველებით, რადგან დიდად იმედოვნებდა, რომ დააქცევდა კიროსის სახელმწიფოს; გაგზავნა კვლავ კაცები პიოში, დელფოში, შეიტყო დელფოელების რიცხვი და დაასაჩუქრა თითოეული კაცი ორი ოქროს სტატერით. დელფოელებმა ამის სანაცვლოდ კროისოსსა და ლიდილებს ზოგი უპირატესობა მიანიჭეს სხვებთან შედარებით: ისინი მისნობას სხვებზე უწინ იღებდნენ, დელფოში გადასახადს არ იხდიდნენ, დღესასწაულებზე პირველ ადგილს იკავებდნენ. ამას გარდა, ლიდიელთა შორის მსურველებს სამუდამოდ შეეძლო დელფოელი გამხდარიყო.
55. დაასაჩუქრა დელფოელები კროისოსმა და საბოლოოდ მიმართა მისნობისთვის; მას მერე რაც ერთხელ ჭეშმარიტი მისნობა მიიღო დელფოსაგან, ხშირად მიმართავდა ხოლმე მას. უნდოდა მისნობის შეტყობა და მას შეეკითხა: ხანგრძლივად ექნება ძალაუფლება, თუ არა. ხოლო პითიამ მას მიუგო:
„როდესაც მიდიელებს მეფედ ჯორი ეყოლებათ,
მაშინ, ნაზფეხებიანო ლიდიელო, კენჭებმრავალ ჰერმოსისაკენ გაიქეცი,
ნუ დარჩები, და ნურც იმის შეგრცხვება, რომ სიმხდალეს დაგწამებენ“.
   56. ამ სიტყვების მოსმენა კროისოსს ყველაზე უფრო გაეხარდა, რადგანაც იმედი ჰქონდა, ჯორი ადამიანის მაგივრად არასოდეს გახდებოდა მიდიელთა მეფე, მაშასადამე არასოდეს დაჰკარგავენ ხელისუფლებას არც თვითონ და არც მისი მემკვიდრეები. ამის შემდეგ მან დაიწყო ზრუნვა იმისათვის, რომ გამოერკივა, ელინთა შორის ყველაზე ძლიერი ვინ იყო, რომ ისინი გაეხადა მეგობრად. მან გამოიკვლია და გამოარკვია, რომ ლაკედემონელები და ათენელები რიან უპირატესნი ელინ ტომთა შორის. პირველი დორიულ ტომში, ხოლო მეორე  იონიურში; ესენი არიან გამორჩეული, რადგან იონიელები არის უძველესი პელაზგური წარმომავლობის ტომი, ხოლო დორიელები ელინური. ერთი ამათაგანი არსად გადასახლებულა, ხოლო მეორე მეტისმეტდ ბევრს დაეხეტებოდა. მეფე დევკალიონის დროს დორიელები დასახლებული იყვნენ ფთიოტიდის მიწაზე, ჰელენის ძის, დოროსის დროს იმ ქვეყანაში, რომლიც ოსასა და ოლიმპოს ქვემოთ არის და რომელსაც ეწოდება ჰისტიაოტისი. ხოლო ჰისტიაოტისიდან ისინი გამოაძევეს კადმეელებმა და მაკედნოსებად წოდებულნი დასახლდნენ პინდოსში, აქედან დრიოპიდადან მოვიდნენ პელოპონესში და ეწოდათ დორიელები.
   57. რომელ ენაზე ლაპარაკობდნენ პელაზგები, ამის თქმა არ შემიძლია დანამდვილებით. ხოლო თუ შესაძლებელია მიხვედრა იმ პელაზგების მიხედვით, რომლებიც ახლაც არიან და ცხოვრობენ ტირსენთა ზემოთ ქალაქ კრესტონში და რომლებიც ოდესღაც ემეზობლებოდნენ ახლა დორიელებად წოდებულებს, მათ ეკუთვნით ის მიწა, რომელიც ახლა თესალიოტიდად იწოდება, ან და თუ შეიძლება მიხვედრა იმ პელაზგების მიხედვით, რომლებიც ჰელესპონტში ცხოვრობდნენ, პლაკიესა და სკილაკეში და რომლებიც ათენელებთან იყვნენ მჭიდროდ დაკავშირებული, და ასევე პელაზგური დასახლებული პუნქტების მიხედვით შეიძლება მიხვედრა, მაშინ პელაზგები ლაპარაკობდნენ ბარბაროსულ ენაზე, თუ მთელი პელაზგური ტომი ასეთი იყო. პელაზგური მოდგმის ატიკურმა ტომმა, ელინური რომ გახდა, თავისი ძველი ენაც დაივიწყა, რადგანაც არც კრესტონელების ენა ჰგავდა მეზობელთაგან ვინმეს ენას, არც პლაკიელების, ხოლო ამ ორი ქალაქის მოსახლეობის ენა კი საერთოა, ცხადია, რომ როდესაც გავიდნენ ამ ადგილებში, შეინარჩუნეს ენის თავისებურებები და ამას იცავენ.
   58. მე ვფიქრობ, ელინური ტომი, თავისი შექმნის დღიდან სულ მუდამ ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობდა. პელაზგურ ტომს რომ გამოეყო ის სუსტი იყო; დასაწყისში ის მცირე იყო, გადიდდა და მრავალტომიანად იქცა. ეს მოხდა განსკუთრებით იმის შედეგად, რაც მრავალი პელაზგური ტომი შეუერთდა მას და შემდეგ თანდათანობით კიდევ სხვა ბარბაროსული ტომებიც. ხოლო მე ვფიქრობ, რომ პელაზგური ტომი, რომელიც ბარბაროსული იყო, არასოდეს გამრავლებულა დიდად.
   59. ამ ორი ხალხიდან, როგორც მე გავიგე, ატიკელი ხალხი იყო გახლეჩილი და დაუძლურებული შიდა დაპირისპირებით. ჰიპოკრატესის ძეს პისისტრატოსი მაშინ ტირანობდა ათენელებზე. ჰიპოკრატესს, რომელიც კერძო პირი იყო და ესწრებოდა ოლიმპიურ დღესასწაულებს, დიდი სასწაული ეჩვენა: როდესაც ის მსხვერპლს სწირავდა, ხორცითა და წყლით სავსე ქვაბებში წყალი უცეცხლოდ ადუღდა და გადმოვიდა. ქილონ ლაკედემონელმა, რომელიც იქ იყო და იხილა ეს სასწაული ურჩია ჰიპოკრატესს, ჯერ ერთი  ქალს ნუ მოიყვანდა სახლში და შვილს ნუ გაიჩენდა, ხოლო თუ უკვე ჰყავდა ცოლი, მეორე რჩევა იყო, რომ ის ქალი გაეშვა, ხოლო თუ უკვე ჰყავდა შვილი, უარი ეთქვა მასზე. ქილონმა კი ურჩია ასე, მაგრამ ჰიპოკრატესმა არ მოისურვა დაჯერება. ამის შემდეგ ეყოლა მას სწორესდ ეს პისისტრატოსი, რომელმაც ათენელი ზღვისპირელებისა და ბარელების ამბოხების დროს  რომელთაგან პირველებს მეთაურეობდა მეგაკლეს ალმეონის ძე, ხოლო ბარელებს ლიკურგოს არისტოლაიდესის ძე  განიზრახა ტირანობა და მესამე პარტია შექმნა, შეკრიბა მეამბოხენი, თავისი თავი სიტყვაში ჰიპერკრიების26 მეთაურად გამოაცხადა და ასეთ ხრიკს მიმართა: მან თავიც დაიჭირა და ჯორებიც და ასე დაჭრილი შევიდა აგორაზე ეტლით, თითქოს გაურბოდა მტერს, რომელიც მას თავს დაესხა ქალაქგარეთ და აპირებდა მის მოკვლას. პისისტრატოსი სთხოვდა ხალხს ვინმე მცველები მიეცათ მისთვის. პისისტრატოსი უწინ განთქმული იყო მეგარელთა წინააღმდეგ წარმოებული ლაშქრობით, როდესაც მან აიღო ნისაბა და სხვა დიდი საქმეებიც გაარიგა. ათენელი ხალხი მოტყუვდა, გამოიარჩია და მისცა მას მოქალაქეთაგან კაცები, რომლებიც პისისტრატოსს შუბოსნებად კი არ ჰყავდა, არამედ კომბლოსნებად: ამ კაცებს ხელში ხის კომბლები ეჭირათ და მისდევდნენ მას უკან. ესენი პისისტრატოსთან ერთად ამბოხდნენ და აიღეს აკროპოლისი. ასე დაიწყო პისისტრატოსმა ათენელთ მართვა. მან არც არსებული თანამდებობები მოშალა, არც დაწესებული კანონები შეცვალა და მათ მიხედვით მართავდა ქალაქს, წესრიგს ამყარებდა კარგად და კეთილად.
   60. დიდი დრო არ გასულა, რომ შეთანხმდნენ მეგაკლესის27 მომხრე მეამბოხენი და ლიკურგოსის თანამოაზრენი და დაამხეს პისისტრატოსი. ასე ეპყრა პისისტრატოსს პირველად ათენი და ტირანობა, მაგრამ რადგან ტირანობა არ იყო ჯერ განმტკიცებული, ადვილად გადმოაგდეს იგი. ხოლო პისისტრატოსი რომ გააძევეს, დანარჩენები კვლავ თავიდან აიშალნენ ერთმანეთში. შეწუხებულამ ამ შფოთიანობით მეგაკლესმა შეუთვალა პისისტრატოსს, რომ თუ ტირანობა უნდა შეირთოს მისი ქალი ცოლად. როდესაც მიიღო ეს აზრი და დაეთანხმა ამაში პისისტერატოსიც, ათენში დაბრუნებისთანავე მათ გადაწყვიტეს, ჩემი აზრით, მეტისმეტად სულელური რამ. ძველიდანვე გამოირჩეოდა ბარბაროსი ხალხისაგან ელინური ტომი, უფრო მარჯვე იყო თავისუფალი სულელური გულუბრყვილობისაგან; მაშინ მათ ათენელების მიმართ, რომლებიც ელინთა შორის სიბრძნით პირველები არიან, ასთი რამ განიზრახეს28: პეონიევსის დემში29 იყო ქალი, რომელსაც სახელად ერქვა ფიე, სიმაღლით იყო 4 წყრთა 3 თით ნაკლბ, და თანაც კარგი შესახედავი. ეს ქალი თავით ფეხებამდე აღჭურვეს, დასვეს ეტლზე და ისეთნაირად დააყენეს, რომ რაც შეიძლება ლამაზი გამოჩენილიყო; ასე შეიყვანეს ქალაქში, წინამორბედებად დაგზავნეს მაცნეები, რომლებმაც ქალაქში მისვლისას ისე ილაპარაკეს, როგორც ნაბრძანები ჰქონდათ; მათ თქვეს შემდეგი: „ათენელებო, მიიღეთ პისისტრატოსი კარგი გულით, მას ადამიანთა შორის ყველაზე მეტად სცემს პატივს თვით ათენა და თვითონ აბრუნებს მას თავის აკროპოლისში“. ისინი დადიოდნენ და ამ ხმას ავრცელებდნენ. მაშინვე დაირხა დემებში ხმა, რომ ათენა აბრუნებს პისისტრატოსს, მოქალაქეებმა დაიჯერეს, რომ ეს ქალი თვით ქალღმერთია, ისინი ლოცულობდნენ ამ ქალის წინაშე და მიიღეს პისისტრატოსი.
   61. პისისტრატოსმა ზემოთ მოთხობილი ხერხით ჩაიგდო ხელში ტირანობა და მეგაკლესთან არსებული შეთანხმების გამო შეირთო ცოლად მეგაკლესის ასული. რადგანაც მას უკვე ჭაბუკი შვილები ჰყავდ და ნათქვამი იყო, რომ ალკმეოინიდები დაწყევლილები არიან, ამიტომ არ მოინდომა, ახლად შერთული ცოლისაგან30 შვილები  ჰყოლოდა და მასთან ურთიერთობა ჰქონოდა არა წესის მიხედვით. ქალი ამას პირველად მალავდა, ხოლო შემდეგ მან უამბო ეს თავის დედას, რომელიც მას ამის შესახებ ან შეეკითხა, ან შეიძლება არც შეჰკითხვია, ხოლო დედამ კიდევ გადასცა ყოველივე თავის ქმარს. მეგაკლესმა საშინლად შეურაცხყოფილად იგრძნო თავი პისისტრატოსისაგან. გაჯავრებულმა შეწყვიტა ბრძოლა მეამბოხეებთან, პისისტრატოსმა რომ შეიტყო, რასაც უპირებდნენ მას, დატოვა თავისი ათენი და სრულიად ატიკა31, მივიდა ერეტრიაში და ეთათბირა თავის შვილებს. ჰიპიესის აზრმა გაიმარჯვა, რომლის მიხედვითაც ტირანობა უკან უნდა დაებუნებინათ. მაშინ დაიწყეს საჩუქრების შეგროვება იმ ქალაქებიდა, რომლებიც მათგან რამეთი იყვნენ დავალებული. ბევრმა მოიტანა დიდი ქონბა, მაგრამ თებელები ყველას აღემატებოდნენ საბოძვრით. ხოლო შემდეგ, სიტყვა რომ არ გავაგრძელოთ, დრო გავიდა და მათ ყველაფერი მოამზადეს დადაბრუნებლად. პელოპონესიდან მოვიდნენ დაქაირავებული არგოსელები, მოვიდა მათთან ნაქსოსელი მოხალისე, რომელსაც ერქვა ლიგადამისი, იგი დიდ გულმოდგინეობას იჩენდა; მან ჩამოიტანა თან სახსარიც და ჩამოიყვანა კაცებიც.
   62. ერეტრიიდან წამოსულები 11 წლის შემდეგ დაბრუნდნენ ატიკაში. ატიკიდან პირველად დაიპყრეს მარათონი. მათ დაიბანაკეს ამ ადგილას და ქალაქიდან მათთან მოვიდა მათი თანამოაზრენი. სხვებიც ჩამოვიდნენ დემებიდან, რომელთაც ტირანია ერჩიათ თავისუფლებას. ესენი გროვდებოდნენ. ათენელი მოქალაქეები, ვიდრე პისისტრატოსი სახსრებს აგროვებდა, და შემდეგაც, როდესაც მან დაიპყრო მარათონი, მას არავითარ ყურადღებას არ აქცევდნენ, ხოლო როდესაც შეიტყვეს, რომ იგი მართაონიდან წამოვიდა მათ ქალაქზე, მაშინ გამოვიდნენ მის წინააღმდეგ. ესენი მთელი ლაშქრით გამოვიდნენ დაბრუნებულთა წინააღმდეგ. ესენი და პისისტრატოსის მომხრეები, რომლებიც წამოვიდნენ მარათონიდან ქალაქის წინააღმდეგ, მოვიდნენ და შეხვდნენ ერთმანეთს ათენა პალეენიდან ტაძართან და მოემზადნენ საბრძოლველად. მაშინ პისისტრატოსსს ღვთივშთაგონებული ამფილიტოს აკარნანიელი, მისანი, რომელიც მოვიდა მასთან და ჰეგზამეტრით თქვა შემდეგი: „ბადე ნასროლია და გაშლილი, ხოლო თვინასები (ზღვის დიდი თევზი) მიისწრაფიან მისკენ მთვარიან ღამეში“.
   63. ასე უთხრა მას ღვთივშთაგონებულმა, ხოლო პისისტრატოსი მიხვდა მისნობას, და თქვა, რომ ღებულობს ამ ნათქვამს და გაუძღვა ლაშქარს. ათენელი მოქლაქეები ამ დროს საუზმეს შეექცეოდნენ, ხოლო საუზმის შემდეგ ზოგიერთი მათგანი კამათელს აგორებდა, ზოგმა კი დაიძინა. პისისტრატოსის მომხრეები თავს დაესხნენ ათენელებს და გააქციეს. როდესაც ისინი გარბოდნენ, პისისტრატოსმა ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, რომ მიმოფანტული ათენელები კვლავ არ შეგროვილიყვნენ, შესხა თავისი შვილები ცხენებზე და წინ გაგზავნა. ისინი დაეწივნენ გაქცეულებს და უთხრეს ის, რაც უბრძანა მათ პისისტრატოსმა, მათ გაამხნევეს ისინი და გამოუცხადეს, რომ თითოეული თავის სახლში წასულიყო.
   64. მათ დააჯერეს ათენელები და ამგვარად პისისტრატოსმა მესამედ აიღო ათენი. ამჯერად მან დაამკვიდრა ტირანია მრავალი მცველებითა და შემოსავლის შემწეობით, რომლის ნაწილიც შემოდიოდა აქედანვე (ე.ი. ათენიდან), ხოლო ნაწილი მდინარე სტრიმონიდან32. პისისტრატოსმა გადარჩენილ ათენელთაგან და მათგან, რომლებიც ამ დროს არ გაქცეულან, მძევლებად აიყვანა შვილები და გაგზავნა ნაქსოსზე – რადგანაც ეს კუნძულიც დაიმორჩილა მან ომში და ჩააბარა ლიგდამისს. ამას გარდა ღვთის მინიშნების მიხედვით განწმინდა კუნძული დელოსი, ხოლო განწმინდა შემდეგნარად: მთელ იმ მიდამოში, რაც კი მოჩანდა სამლოცველოდან, ამოათხრევინა გვამები და გადაატანინა დელოსის სხვა ადგილას33. პისისტრატოსი ტირანობდა ათენელებზე, ხოლო ათენელთაგან ზოგი ბრძოლაში დაეცა, ზოგი მათგანი კიდევ ალკმეონიდებთან ერთად გაიქცა სამშობლოდან.
   65. კროისოსმა ათენელთა შესახებ იმდროინდელ ამბავთაგან ეს შეიტყო, ხოლო ლაკედემონელების შესახებ, ის, რომ ისინი დიდ უბედურებას გადაურჩნენ და ტეგელებთან ომში გიმარჯვეს. რადგანაც, როდესაც ლეონი და ჰეგესიკლესი მეფობდნენ სპარტაში, სხვა ომებში წარმატებული ლაკედემონელები მხოლოდ ტეგეელებთან მარცხდებოდნენ ხოლმე. ხოლო ამის უწინარეს მათ გაცილებით უფრო ცუდი კანონები ჰქონდათ ყველა სხვა ელინებთან შედარებით და უცხოელებთანაც არ ჰქონდათ ურთიერთობა. შემდეგ კი ეს კანონები კარგი კანონებით შეიცვალა. სპარტელთა შორის სახელოვან კაცს, ლიკურგოსს, რომელიც დელფოში მისნობის შესატყობად მივიდა, ტაძარში შესასვლელთანვე ამ სიტყვებით შეეგებათ პითია:
„მოხვედი, ლიკურგოს, ჩემს მდიდარ ტაძარში, შენ,
ზევსისათვის და ყველა ოლიმპიელთათვის საყვარელო.
არ ვიცი, როგორ გიწოდო ჩემს მისნობაში, ღმერთი თუ ადამიანი;
მაგრამ ასე მგონია, რომ უფრო ღმერთად მიგიჩნევ, ლიკურგოს!“
ზოგიერთები ამასთანავე ამბობენ, რომ პითიამვე დაუწესა მას ის სახელმწიფო წყობილება, რომელიც სპარტელთა შორის ამჟამად არსებობს, ხოლო როგორც თვითონ ლაკედემონელები ამბობენ, ლიკურგოსმა ეს კანონები ლეობოტესს, თავის ძმისშვილსა და სპარტელთა მეფეს რომ მეურვეობდა, მაშინ ჩამოიტანა კრეტიდანო, რადგან, როგორც კი გახდა მერუვე, შეცვალა ყველა კანონი და თვალი ეჭირა, რომ ის არავის დაერღვია. შემდეგ ლიკურგოსმა ჯარი ენომოტიებად34 დაჰყო, შექმნა ტრიაკადები35 და სისსიტიები36. ამას გარდა შემოიღო ეფორების37 თანამდებობა და დააწესა უხუცესთა საბჭო  გერონტები38.
   66. ამგვარად, შეეცვალათ მდგომარეობა სპარტელებს და დაუწესდათ კარგი კანონები, ხოლო ლიკურგოსი რომ გარდაიცვალა, აუგეს მას სამლოცველო და პატივი დასდეს დიდად. რადგანაც ქვეყანა მდიდარი და ხალხმრავალი იყო, ამიტომ მალე აღზევდნენ და კარგი მდგომარეობა მოიპოვეს. ისინი აღარ კმაყოფილდებოდნენ წყნარად ყოფნით და იფიქრეს, რომ არკადიელებზე ძლიერები იყვნენ; შეეკითხნენ დელფოს სამისნოს არკადიელთა მთელი ქვეყნის შესახებ. ხოლო პითიამ მათ უპასუხა:
„შენ მე არკადიას მთხოვ? ბევრსა თხოულობ, არ მოგცემ!
არკადიაში ბევრი რკოსმჭამელი კაცია,
ისინი დაგაბრკოლებენ. მაგრამ ლაშქრობას არ გიკრძალავ.
მოგცემ შენს მხოლოდ ტეგეას, ცეკვის დროს რომ ფეხები დაუშინო
და კარგ დაბლობს, რომ საბელით გაზომო“.
    ლაკედემონელებმა, ეს პასუხი რომ მოუვიდათ და მოისმინეს, სხვა არკადიელებს თავი ანებეს, სამაგიეროდ ბორკილები წაიღეს და ტეგეელებზე გაილაშქრეს, რადგანაც მიენდვნენ ორაზროვან წინაწასწარმეტყველებას, თითქოს დაიმონებდნენ ტეგეელებს, მაგრამ შეტაკების დროს ლაკედემონელები დამარცხდნენ, ზოგი მათგანი ცოცხლივ ჩაიგდეს ტყვედ ტეგეელებმა და ამათ რომ ბორკილები ჰქონდათ თან, ის თვითონვე მათვე დაადვეს; ტეგეელთა სადგმომი საბლით გაზომეს და დაამუშავეს. ეს ბორკილები, რომლებიც ედოთ ლაკედემონელებს, ჩემს დრომდე იყო დაცული ტეგეეში და ეკიდა ათენა ალეეს ტაძრის ირგვლივ.
   67. უწინდელი ომების დროს ლაკედემონელები მუდამ მარცხდებოდნენ ტეგეელებთან, ხოლო კროისოსის დროს და ალექსანდრიდესისა და არისტონის39 ლაკედემონიაში მეფობის დროს სპარტელებმა სძლიეს ომში ტეგეელებს, ეს კი ამგვარად მოხდა40: რადგანაც ომში მუდამ ამარცხებდნენ ლაკედემონელებს ტეგეელები, მათ გაგზვნეს დელფოში კაცები ღვთის განგების შესატყობად, და შეეკითხნენ, თუ ღმერთაგან რომელს უნდა შეავედრონ თავი, რომ ომში აჯობონ ტეგეელებს. პითიამ მათ ურჩხია აგამენონის ძის, ორესტესის ძვლების მოტანა. რადგან ლაკედემონელებმა ვერ შეძლეს ორესტესის საფლავში პოვნა, გაგზავნეს კვლავ კაცები, რომ ეკითხათ ღმერთისათვის, იმ ადგილის შესახებ, სადაც განისვენებს ორსტესი. ამის შემკითხველებს პითიამ აუწყა:
„არის ერთი არკადიის ტეგეე გაშლილ დაბლობზე,
სადაც ორი ძლიერი ქარი ქის;
აქ დარტყმას საპასუხო დარტყმა მოსდევს, ხოლო უბედურებას - უბედურება,
აქ ჰყავს აგამენონიდი ცხოვედლმყოფელ მიწას,
შენ წაიღებ მას და ტეგეეზე გიმარჯვებ“.
   ამ პასუხს ლაკედემონელებისათვის საფლავის ძებნა არ გაუადვილებია, ყველგან ეძებდნენ, ვიდრე არ აღმოაჩინა იგი ლიქესმა, რომელსაც სპარტელები აგატოერგებს  უწოდებდნენ. ეს აგატოერგები არიან ის მოქალაქეები, რომლებიც გამოდიან მხედართა წრიდან (300 წევრიანი), მათ შორის ყოველთვის უხუცესები, ყოველწლიურად – ხუთი. იმ წელს, როდესაც გამოდის ასეთი ვინმე მხედართაგანი, სპარტელები მას გზვნიან საზოგადო საქმეებზე და მან ეს საქმიანობა არ უნდა შეწყვიტოს არასოდეს.
   68. ამ კაცთაგან იყო ლიქესი, რომელმაც ტეგეში აღმოაჩინა საფლავი შემთხვევისა და სიბრძნის წყალობით. იმ დროს, როდესაც სპარტელებს მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდათ ტეგეელებთა, ლიქესი შევიდა სამჭედლოში და დაინახა რომ რკინა იჭედებოდა. ლიქესი გაოცებული უყურებდა იმას, თუ რა კეთდებოდა. მჭედელმა შეატყო მას გაოცება, შეწყვითა მუშაობა და უთხრა: „ლაკონელო სტუმარო, რაკიღა ეგრე გაკვირვებს რკინის დამუშავება, ძალიან გაკვირვებული დარჩები, თუ როგორმე ნახავ იმას, რაც მე მინახავს. მინდოდა ეზოში ჭა გამეკეთებინა, ვთხრიდი მიწას და წავაწყდი შვიდწყრთიან კუბოს. არავითარ შემთხვევაში არ მეგონა, რომ იქნებოდნენ უფრო დიდი ტანის ადამიანები, ვიდრე ახლანდელები არიან, გავხსენი კუბო და ვნახე გვამი, რომელიც სიგრძით კუბოს ტოლი იყო. გავზომე და ისევ მიწა მივაყარე“. მჭედელმა უთხრა მას, რაც ნახა, ლიქესი კი მიხვდა ნათქვამს და დაასკვნა, რომ მისნობის მიხედვით ეს სწორედ ორესტესია, ხოლო დაასკვნა შემდეგის მიხედვით: მჭედლის ორი საბერველი რომ ნახა, მიხვდა, რომ ეს არის ორი ქარი, მისნობაში ნათქვამი გრდემლი და ჩაქუჩი დარტყმა და მისი საპასუხო დარტყმაა, ხოლო რკინა რომელსაც სჭედენ, არის უბედურება უბედურებაზე, ეს იმიტომ რომ მისი აზრით, რკინა აღმოჩენილია ადამიანის საუბედუროდ. ლიქესმა დაასკვნა ეს, მოვიდა სპარტაში და მოუთხრო ლაკედემონელებს მთელი ამბავი. ლაკედემონელებმა ტყუილის თქმა დააბრალეს და გააძევეს იგი. ლიქესი მოივიდა ტეგეეში და უამბო მჭედელს თავისი უბედურება. მას უნდოდა მისი ეზო დაექირავებინა, მაგრამ მჭედელი არ დაეთანხმა, ბოლოს ლიქესმა დაიყოლია მჭედელი, დასახლდა იქ, გათხარა საფლავი, მოაგროვა ძვლები, წამოიღო და წავიდა სპარტაში. აქედან მოყოლებული ტეგეელებთან შეტაკებისას ლაკედემონელები ყოველთვის იმარჯვებდნენ მათზე და ახლა პელოპონესის უმეტესი ნაწილი მათ ემორჩილება.
   69. ყოველივე ეს რომ შეიტყო კროისოსმა, გაგზავნა სპარტაში დესპანები, რომელთაც წაიღეს ძღვენი და უნდა ეთხოვნათ მოკავშირეობა, თან უბრძანა მათ, რა უნდა ეთქვათ. ესენი რომ მოვიდნენ, თქვეს: „ჩვენ გამოგვაგზავნა კროისოსმა, ლიდიელთა და სხვა ხალხების მეფემ და შემოგითვალათ: ლაკედემონელებო, ღმერთმა გამომიცხადა მე, რომ ელინი დავიმეგობრო, და რადგანაც მე მწამს, რომ თქვენ თავკაცები ხართ ელადაში, ამიტომ მისნობის თანახმად თქვენ მოგმართავთ და მინდა, ჩემი მეგობარი და მოკავშირე გახდეთ ეშმაკობისა და ტყუილების გარეშე“. კროისოსმა დესპანების პირით ეს ამცნო ლაკედემონელებს, ხოლო ლაკედემონელებმა მოისიმინეს, თუ ღვთისაგან რა ეუწყა კროისოსს და გაიხარეს ლიდიელების მოსვლით, დადეს მათთან ფიცი მეგობრობისა და მოკავშირეობის შესახებ. მით უმეტეს, რომ კროისოსს მათ მიმართ ზოგი კარგი საქმე უწინ ჰქონდა გაკეთებული: მაგალითად ლაკედემონელებმა ერთხელ გაგზავნეს კაცები სარდეში ოქროს საყიდლად, ეს ოქრო მათ აპოლონის ქანდაკების გასაკეთებლად უნდოდათ, კროისოსმა კი მათ, საყიდლად მოსულებს, ოქრო საჩუქრად მისცა41ქანდაკება ახლა ლაკონიკის თორნაქსში დგას.
   70. ლაკედემონელები ამის გულისთვისაც დასთანხმდნენ მოკავშირეობას და იმიტომაც, რომ კროისოსმა ისინი გამოარჩია და სხვებს ამჯობინა მეგობრებად. ამიტომ იყო, რომ ლაკედემონელებმა მიიღესო კროისოსის ეს წინადადება. ამას გარდა მათ გააკეთეს და წამოიღეს სპილენძის კრატერი, რომელიც გარედან, პირთა შეამკეს გამოსახულებებით, იგი სიდიდით 300 ამფორას იტევდა. მათ უნდოდათ სამაგიერო საჩუქარი მიეძღვნათ კროისოსისათვის. ამ კრატერმა ვერ მიაღწია სარდემდის, ამისას ორნარი მიზეზს ამბობენ: ლაკედემონელები ამბობენ, რომ როდესაც, კრატერი სარდეში მიჰქონდათ, გზაზე სამოსთან გაიარეს. სამოსელებმა რომ შეიტყვეს ეს ამბავი, დიდი ნავებით გასწურეს და წაართვეს ლაკედემონელებს, რომლებსაც მიჰქონდათ კრატერი, დააგვიანდათ. ამასობაში შეიტყვეს, რომ სარდეცა და კროისოსიც უკვე დაუმორჩილებია მოწინააღმდეგეს. მაშინ გაყიდეს კრატერი სამოსზე, მიჰყიდეს კერძო პირებს, რომელთაც იგი შესწირეს ჰერას ტაძარს. გამყიდველებმა სპარტაში დაბრუნებისთანავე თქვეს, რომ თითქოს გაძარცვეს ისინი სამოსელებმა.
   71. ასეთი ბედი ეწვია კრატერს, ხოლო კროისოსი შეცდა მისნობაში და გაგზავნა ლაშქარი კაპადოკიაში, იმ იმედით, რომ დაამხობდა კიროსსაც და სპარსელთა სახელმწიფოსაც. როდესაც კროისოსი ემზადებოდა სპარსელებზე სალაშქროდ, ერთმა ლიდიელმა, სახელით სანდანისი, რომელიც უწინაც ბრძენად იყო აღიარებული, ხოლო შემდეგ, ამ აზრის გამო დიდი სახელი მოიპოვა ლიდიელებში,42 ურჩია კროისოსს: „მეფეო, შენ იმ კაცებზე ემზადები სალაშქროდ, რომლებიც ატარებენ ტყავის შარვლებს და დანარჩენ ტანსაცმელსაც ტყავისას ხმარობენ, იმდენს კი არ სჭამენ, რამდენიც სურთ, არამედ იმდენს რამდენიც აქვთ, და ეს იმიტომ, რომ ისინი სუსხიანი ქვეყნიდან არიან. ისინი ღვინოს კი არ ხმარობენ, არამედ წყალსა სვამენ, არც ლეღვი აქვთ საჭმელად, არც სხვა რამ ხეირიანი. ჯერ ერთი, თუ შენ სძლევ მათ, რას წაართმევ, თვითონაც რომ არაფერია აქვთ? ხოლო თუ დაგძლიეს, იცი რამდენ სიკეთეს დაკარგავ, რადგანაც ისინი რომ ჩვენს სიკეთეს იგემებენ, ჩაეჭიდებიან და ვეღარ გავაგდებთ. მე ვმადლობ ღმერთს, რომლეიც ლიდილებზე სალაშქროდ არ აქეზებენ სპარსელებს“. ეს ილაპარაკა, მაგრამ კროისოსი ვერ დააჯერა, მართლაც ვიდრე ლიდიელებს დაიპყრობდნენ, სპარსელებმა არც ფუფუნება იცოდნენ და არც სხვა რამ სიკეთე.
   72. კაპადოკიელები ელინთა მიერ სირიელებად იწოდებიან; ხოლო ეს სირიელები უწინ, ვიდრე სპარსთა მმართველობაში გადავიდოდნენ, მიდიელთ ქვეშევრდომები იყვნენ, ახლა კი კიროსის. მიდიის საგამგებლოსა და ლიდიას შორის საზღვარი იყო მდინარე ჰალისი, რომელიც არმენიის მთებიდან გამოსული კილიკიაზე მოედინება, ხოლო ქვემოთ, მის მარჯვნივ სახლობენ მატიენები, მეორე მხარეს კი  ფრიგიელები. ამ ქვეყნებს რომ ჩაუვლის, ჰალისი მიედინება ზემოთ ჩრდილოეთისაკენ და იქ საზღვრავს სირიის კაპადოკიელებს, რომლებიც მარჯვნივ არიან მარცხნივ მოსახლე პაფლოგენელებისაგან. ამრიგად მდინარე ჰალისი გამოჰყოფს აზიის თითქმის მთელ ქვევითა მხარეს, რომელიც კიპროსის პირდაპირ მდებარე ზღვიდან ევქსინის პონტომდე აღწევს. ხოლო ეს არის მთელი ამ ქვეყნის ყელი: ამ გზას მსუბუქად შეიარაღებული კაცი ხუთ დღეს მოუნდება.
    73. კროისოსი კაპადოკიაზე შემდეგი მიზეზის გამო ლაშქრობდა: მას უნდოდა თავისი წილისათვის შეემატებინა მათი მიწაც; განსაკუთრებით კი იმიტომ, რომ ენდობოდა მისნობას და უნდოდა კიროსისათვის სამაგიერო მიეზღო. რადგანაც ასტიაგეს კიარქსარესის ძე, რომელიც კროისოსის მოყვარე და მიდიელთა მეფე იყო, დაიმორჩილა კიროსმა, კამბისესის ძემ. ხოლო იგი კროისოსს შემდეგნაირად ემოყვრებოდა: სკვითი ნომადების ერთმა ჯგუფმა აჯანყების შემდეგ მიდიის მიწა-წყალს მიაშურა. ამ დროს მიდიელებზე ტირანობდა კიაქსარესი, ფრაორტეს დეიოკესის ძე, რომელიც ამ სკვითებს პირველად კარგად ეპყრობოდა, როდესაც ესენი მის კარს შეეფარნენ. იმდენად დააფასა კიაქსარესმა ესენი, რომ ბავშვები მისცა მათ ენის სასწავლებლად და მშვილდოსნობის ხელოვნებაში გამოსაწვრთნელად. დრო გავიდა, სკვითები მუდამ დადიოდნენ სანადიროდ და მუდამ რაღაცა მოჰქონდათ, ერთხელ კი მოხდა ისე, რომ ვერაფერი დაიჭირეს. ცარიელი ხელით დაბრუნებულებს კიაქსარესი, რომელსაც, როგორც ჩანს, საკმაოდ ფიცხი ხასიათი ჰქონდა, ძალიან მკაცრად და უდიერად მოეპყრო. სკვითებმა იუკადრისეს კიაქსარესის ასეთი ქცევა, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ იმ ყმაწვილთაგან, რომელთაც ენას ასწავლიდნენ, ერთი დაკლათ. მათ მოამზადეს ის, როგორც ჩვეულებრივ ნადირის ხორცს ამზადებენ ხოლმე, მიუტანეს და მიართქვეს კიაქსარესს, ცხადია, როგორც ნანადირევი. მიუტანეს და სასწრაფოდ წავიდნენ ალიატეს სადიატესის ძესთან სარდეში. ასე იყო ეს ამბავი. კიაქსარესმა და მისმა სტუმრებმა, ვინც მასთნ იყვნენ, ჭამეს ეს ხორცი, ხოლო ის კვითები, რომელთაც ეს ჩაიდინეს, ალიატესს შეეფარნენ.
   74. ამის შემდეგ, რადგანაც ალიატესმა არ გასცა სკვითები, რომელთაც თხოულობდა კიაქსარესი, გაჩაღდა ომი ლიდიელებსა და მიდიელებს შორის და გაგრძელდა დაახლოებით 5 წელს. ამ ომის დროს ხშირად მიდიელები სჯობნიდნენ ლიდიელებს და ხშირად კიდევ ლიდიელები მიდიელებს. ამავე დროს მოუხდათ მათ ერთი ღამის ბრძოლა: ორივე მხარე თანაბარი წარმატებით ომობდა, მეექვსე წელს, როდესაც შეეჯახნენ ერთმანეთს და ბრძოლა დაიწყო, მოხდა ისე, რომ დღე უცბად ღამედ იქცა. თალეს მილეტელმა იონიელებს უწინასწარმეტყველა, რომ იქნებაო დღის ეს შეცვლა და განსაზღვრა კიდევაც ის წელიწადი, რომელშიც მოხდებოდა ეს შენაცვლება61. ლიდიელებმა და მიდიელებმა, როდესაც დაინახეს რომ დღის მაგივრად ღამე დადგა, შეწყვიტეს ბრძოლა და ორივე მხარე სასწრაფოდ დაეზავა ერთმანეთს. ხოლო მათი მომრიგებლები იყვნენ შემდეგი პირები: სიენესის კილიკიელი და ლაბინეტოს ბაბილონელი. ესენი ჩქარობდნენ, რომ ფიცი დადებულიყო და აწრმოეს საქორწინო მოლაპარაკებაც; ალიატესს ურჩიეს, მისი ქალი, არიენისი მიეთხოვებინა კიაქსარესის შვილისათვის, რადგანაც მტკიცე ნათესაობის გარეშე მოლაპარაკება მტკიცე ვერ დარჩებოდა. ეს ხალხი ხელშეკრულებებს სდებს ისევე, როგორც ელინები, მაგრამ დამატებით იკაწრავდნენ მკლავს ღრმად და სისხლს ულოკავდნენ ხო ერთმანეთს.
   75. სწორედ ეს ასტიაგესი, კიროსის დედის მამა, დაიმორჩილა კიროსმა, ხოლო მიზეზად რა ჰქონდა, ამას მე ქვემოთ აღვნიშნავ. ამიტომ ჯავრობდა კროისოსის კიროსზე და გაგზავნა კაცები მისნობის გასაგებად, ილაშქროს თუ არა სპარსელებზე. როდესაც მიიღო ორაზროვანი პასუხი, იმედოვნებდა, რომ სამაგისო იყო მისნობა და გაილაშქრა კიდევაც სპარსელთა ქვეყნის წინააღმდეგ. როგორც მიაღწია კროისოსმა ჰალისს, მე ვამბობ, რომ იქიდან იმან გადაიყვანა ლაშქარი არსებული ხიდებით, ხოლო ელინთა შორის გავრცელებული აზრის მიხედვით, ლაშქარი გადაიყვანა თალეს მილეტელმა. ეს იმიტომ, რომ კროისოსი გამოუვალ მდგომარეობაში იყო და როგორ გადაიყვანდა მდინარეზე ლაშქარსო (რადგანაც ამ დროს ეს ხიდები სულაც არ არსებობდაო). ამბობენ, იქვე ბანაკში იყო თალესი, რომელმაც გააკეთა ის, რომ მდინარე, რომელიც ლაშქრის მარცხნივ მიედინებოდა, მის მარჯვნივაც წამოვიდა. ეს კი გააკეთა შემდეგნაირად: მან ბრძანა ბანაკის ზემოთ ღრმა თხრილის ამოთხრა, რომელსაც მთვარის ფორმა ექნებოდა, რათა მდინარეს ზურგიდნ შემოევლო იმ ადგილისათვის, სადაც ბანაკი იდგა, თხრილით შემობრუნებული ძველი კალაპოტისაკენ, კვლავ ჩაევლო ბანაკისათვის და ძველ კალაპოტში ჩავარდნილიყო, ისერ რომ, რაკიღა მდინარე ამნაირად შუაზე გაიყო, მისი ორივე ტოტი ადვილად გასავლელი გახდა. ზოგი კი სულაც იმას ამბობდა, რომ ძველი კალაპოტი სულაც გამშრალი იყოო, მაგრამ მე ამას არ ვუშვებ, რადგან უკან რომ მოდიოდნენ, მაშინ როგორღა გადავიდოდნენ მდინარეზე?
   76. როდესაც კროისოსი მდინარეზე გადავიდა ჯართან ერთად, მიაღწია პტერიედ წოდებულ ადგილს კაპადოკიაში43 (ხოლო პტრიე არის ამ ქვეყანაში ყველაზე უკეთ გამაგრებული ადგილი, იგი მდებარეობს ქალაქ სინოპეს ქვემოთ, ხოლო სინოპე ზედ ევქსინის პონტოსთან არის), აქ დაიბანაკა მან და დაარბია სირიელთა მიწები. პტერიელთა ქალაქი აიღო და დაიმონა, აიღო აგრეთვე მთელი მის ირგვლივ მდებარე ადგილებიც, ხოლო სრულიად უდანაშაულო სირიელები იქიდან აჰყარა. ხოლო კიროსმა შეაგროვა თავისი ლაშქარი, შემოიერთა ყველა ისინი, ვინც კი მათ შორის მოსახლეობდა და შემოხვდა კროსოსს. ხოლო ვიდრე გამოიყვანდა ლაშქარს, გაუგზავნა იონიელებს მაცნეები და შეეცადა ისინი კროსოსისათვის ჩამოეცილებინა. იონიელებმა არ დაუჯერეს; ხოლო კიროსი მოსვლისთანავე კროსოსის პირდაპირ დაბანაკდა, მაშინ ისინი ერთმანეთს სასტიკად შეეჯახნენ პტრიის მხარში. სასტიკი ბრძოლა იყო და ორივე მხირდან ბევრი დაიღუპა, საბოლოოდ ვერც ერთმა მხრემ ვერ გაიმარჯვა და ღამე რომ დადგა, ერთმანეთს თავი ანებეს. ასე იბრძოდა ორი ბანაკი.
   77. კროისოსს საკმარისად არ მიაჩნდა თავისი ლაშქარი, რადგან მას ბევრად უფრო ნაკლები ჯარი ჰყავდა შეგროვილი, ვიდრე კიროსის იყო. ამით იყო უკმაყოფილო და მეორე დღეს, რომ აღარ დაესხა თავს კიროსი, კროისოსი წავიდა სარდეში; გუნებაში ჰქონდა დაეძახებინა ეგვიპტელებისათვის ხელშეკრულების თანახმად, რადგან მოკავშირეობის საკითხი ამისისთან, ეგვიპტის მეფესთან, უფრო უწინ ჰქონდა მოგვარებული, ვიდრე ლაკედემონელებთან. მოიწვია ბაბილონელებიც, რადგან ესენიც მისი მოკავშირენი იყვნენ, ხოლო ამ დროს ბაბილონელების ტირანი იყო ლაბინეტოსი. აგრეთვე შეუთვალა ლაკედემოლებს, რომ ამასთან ყოფილიყვნენ დათქმულ დროს. მან შეაგროვა ესენი, თავის ჯარიც შეუერთა და იფიქრა, რომ ზამთარს მოიცდიდა და გაზაფხულის დადგომისთანავე გაილაშქრებდა სპარსელეზე. ამ განზრახვით სარდეში მისვლისთანავე დაუგზავნა მაცნეები თავის მოკავშირეებს და შეუთვალა, რომ მეხუთე თვეზე შეკრებილიყვნენ სარდეში. იქ მყოფი ჯარი კი, რომლითაც ებრძოდა სპარსელებს და რომელიც უცხოელთაგან შედგებოდა, მთლიანად გაუშვა, რადგან არავითარ შემთხვევაში არ ეგონა, რომ კიროსი, რომელიც ბრძოლის დროს მის მსგავს მდგომარეობაში იმყოფებოდა, გაბედავდა და თავს დაესხმოდა სარდეს.
   78. ასე რომ ფიქრობდა კროისოსი, მთელი გარეუბანი გველებით აივსო. მათ გამოჩენისთანავე ცხენებმა დატოვეს საძოვრები, სადაც იმწყოსდნენ, მოვიდნენ და გველებს დაუწყეს ჭამა. კროისოსმა ეს რომ დაიანხა, იფიქრა სასწაული არისო და ესეც იყო, მაშინვე გაგზავნა კაცები ღვთის განგების შესატყობად ტელმესელი განმარტელებლებისაგან. მივიდნენ მისნობისათვის და შეიტყვეს ტელემესელთაგან, თუ რას უნდა ნიშნავდეს სასწაული, მაგრამ ვეღარ მოხერხდა კროისოსისათვის შეტყობინება. რადგან, ვიდრე ისინი უკან მოაღწევდნენ სარდეში, კროისოსი უკვე დატყვევებული იყო. ტელემესელებმა კი შემდეგი გამოიცნეს კროისოსათვის ქვეყანაში უცხო ჯარია მოსალოდნელი და ეს ჯარი რომ მოვა, დაიპყრობს ადგილობრივ მცხოვრებლებს, რადგან ამბობენ, გველი მიწის შვილია, ხოლო ცხენი  მტერი და მომხდურიო. ტელემელებმა ასეთი პასუხი მისცეს კროისოსს, რომელიც უკვე დატყვევებული იყო, მაგრამ მათ ჯერ არაფერი იცოდნენ არც სარდესა და არც თვით კროისოსის შესახებ.
   79. პტერიეში მომხდარი ბრძოლის შემდეგ, როგორც კი კროისოსი წავიდა სარდეში, კიროსმა მაშინვე შეიტყო, რომ კროისოსი თავისი ჯარის გაშვებას აპირებს. მან იფიქრა და გადაწყვიტა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სარდეზე რაც შეიძლება ჩქარა წასვლა, მანამ ვიდრე მეორედ შეგროვდება ლიდიელთა ჯარი. როგორც კი გადაწყვიტა, სასწრაფოდ სისრულეში მოიყვანა თავისი გადაწყვეტილება, გაგზავნა ლაშქარი ლიდიაში და თვითონ მივიდა კროისოსთან ამ ამბის მოციქულად. მაშინ კროისოსი გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ყველაფერი იმის საწინააღმდეგოდ მოეწყო, ვიდრე თვითონ მოელოდა, მაგრამ მაინც დასძრა ლიდილები საბრძოლველად. ამ დროს აზიაში არ იყო არც ერთი ხალხი ლიდიელებზე უფრო მხნე და მამაცი. ისინი იბრძოდნენ ცხენებზე ამხედრებული44, ეჭირათ დიდი შუბები და საუკეთესო ცხენოსნები იყვნენ.
   80. ჯარები შეიყარნენ დაბლობზე, რომელიც არის ქალაქ სარდეს წინ და რომელიც დიდია და ტრიალი. ამ დაბლობზე მიედინება სხვა მდინარეებიცა და მათ შორის ჰილოსიც45, რომლებიც ერთვიან უდიდეს მდინარეს, მას კი ჰერმოსი ეწოდება; ჰერმოსი მოედინება დედა დინდიმენეს (ანუ „დედა ღვთაება“, იგივე კიბელე ან არტემიდე ეფესელი) წმინდა მთიდან და ერთვის ზღვას ქალაქ ფოკეასთან. როგორც კი დაინახა კიროსმა საბრძოლველად დაწყობილი ლიდიელები, შეეშინდა ცხენოსანი ჯარისა და მიდიელი ჰარპაგოსის რჩევით ასე მოიქცა: რაც კი ჯარში სურსათითა და ბარგით დატვირთული აქლემები ჰყავდა, ყველას ერთად მოუყარა თავი, ჩამოხსნა ტვირთი და ზედ შესხა კაცები, ჩაცმული ცხენოსნის ტანსაცმელში. მოაწყო ისინი ასე და უბრძანა მათ დანარჩენი ჯარის წინ გაძღოლა კროისოსის ცხენოსანი ჯარის შესახვედრად, ბრძანა აქლემებს ქვეითი ჯარი მიჰყოლოდა, ხოლო ქვეითის შემდეგ მთელი ცხენოსნობა უნდა დაძრულიყო. როდესაც ყველანი მოეწყვნენ, კიროსმა დაარიგა ისინი, რომ ლიდიელთაგან არ დაინდონ არავინ და მოჰკლა ყოველი, ვინც კი, შემოხვდებათ, ხოლო თვით კროისოსი არ მოჰკლან, მაშინაც კი თუ დაჭერილი თავის დაცვას მოინდომებდა. ასე დაარიგა, ხოლო აქლემები ცხენოსან ჯარს შემდეგი მიზეზის გამო დაუპირისპირა: ცხენს ეშინია აქლმისა და ვერ იტანს ვერც მის შესახედაობას და ვერც მის სუნს; ამ ხერხს სწორედ იმ მიზნით მიართა კიროსმა, რომ კროსოსის ცხენოსანი ჯარი გამოუსადეგარი გაეხადა, ხოლო ლიდიელს კი განსაკუთრებული იმედი სწორედ ამ ცხენოსნებისა ჰქონდა. შეიყარნენ თუ არა საბრძოლველად, ცხენებმა აქლემების სუნი იკრეს, დაინახეს ისინი, უკან გაბრუნდნენ და კროსოსს იმედიც გადაუწყდა. მაგრამ ლიდიელები ამის გამო არ შეშინებულან, არამედ როგორც შეამჩნიეს ის, რაც მოხდა, ჩამოხტნენ ცხენებიდან და ქვეითად შეებნენ სპარსელებს. შემდეგ, როდესაც ორივე მხრიდან ბევრნი დაეცნენ, ლიდიელები გაბრუნდნენ და ზღუდის იქით შემწყვდეულებს სპარსელებმა ალყა შემოარყტეს.
   81. მათ ალყა შემოარტყეს, ხოლო კროისოსს ეგონა, რომ ალყა დიდხანს გაგრძელდებოდა და სიმაგრიდან ახლა სხვა მოციქულები გაგზავნა მოკავშირეებთან. რადგან უწინ გაგზავნილების პირით შეთვლილი ჰქონდა მოკავშირეებისათვის მეხუთე თვეზე შეყრა სარდეში. ესენი კი გაგზავნა იმისათვის, რომ რაც შეიძლება ჩქარა მოშველებოდნენ, რადგან ალყაშემორტყმული იყო.
   82. კაცები დაგზავნა სხვა მოკავშირეებთანაც და ლაკედემონელებთანაც. სწორედ ამ დროს მოხდა ისე, რომ თვით სპარტელებს მტრობა ჰქონდათ არგოსელებთან იმ მხარის გამო, რომელსაც ეწოდება თირეე. ეს თირეე იყო არგოლიდის ნაწილი, ლაკედემონელებმა ჩამოაჭრეს ის და დაეპატრონენ. არგოსელებისა და არგოლიდის დასავლეთი ნაწილი მალეემდე, როგორც ხმელეთზე მდებარე ქვეყანა, ისე კუნძული კითერა და დანარჩენი კუნძულები. არგოსელებმა თავი გამოიდეს თავისივე ჩამოჭრილი ნაწილისთვის და როდესაც ორივე მოწინააღმდეგე მხარე ერთად შეიყარა, შეთანხმდნენ, რომ თითოეული მხარიდან იბრძოლებდა 300-300 კაცი და რომელი მხარედ აჯობებდა, მისი იქნებოდა ეს ქვეყანაც. ლაშქარი კი ბრძოლის დროს აქ არ უნდა დარჩენილიყო და უნდა წასულიყო, თითოეული თავთავის ქვეყანაში. ეს იმიტომ, რომ იქ მყოფ ლაშქარს არ დაენახა, რომ მეორე მხარეს სჯობნის მისიანებს და არ წაშველებოდა მას. შეთანხმდნენ ამაში და წავიდნენ, თითოეული მხრიდან დარჩნენ მხოლოდ რჩეულები, რომლებიც შეებრძოლებოდნენ ერთმანეთს. ესენი იბრძოდნენ და იყვნენ თანაბარნი, ბოლოს ექვსასი კაციდან დარჩა სამი: არგოსელთაგან ალკენორი და ქრომიოსი, ხოლო ლაკედემონელთაგან  ოთრიადესი. ესენი იყვნენ დარჩენილნი, როდესაც ღამე დადგა ორნი არგოსელთაგან, როგორც გამარჯვებულები, გაიქცნენ არგოსში, ხოლო ლაკედემონელთაგან ოთრიადესმა აჰყარა იარაღი არგოსელთა გვამებს და წამოიღო თავის ბანაკში და დაიკავა იქ თავისი ადგილი. მეორე დღეს მოვიდნენ წასულები და შეიტყვეს ყოველივე. ჯერჯერობით თითოეული მხარე ამტკიცებდა, ჩვენ გავიმარჯვეთო, ერთნი ამბობდნენ, ეს იმიტომ, რომ ჩვენგან მეტნი გადარჩნენო, ხოლო მეორენი მიუთითებდნენ გაქცეულ მოწინააღმდეგეზე, მაშინ, როდესაც მათი მებრძოლი დარჩა და გაძარცვა მტრის გვამები. იდავეს, იდავეს და ბოლოს მოხდა ისე, რომ კიდევაც შეებრძოლნენ ერთმანეთს. ორივე მხრიდან ბევრი დაიღუპა და საბოლოოდ გაიმარჯვეს ლაკედემონელებმა. არგოსელები ამ დროიდან იკრეჭენ თავს, უწინ კი აუცილებლად გრძელი თმები ჰქონდათ; ახლა მათ დააწესეს და ფიცი დასდეს, რომ არგოსელ მამაკაცთაგან არავინ მოიზრდისო თმას, ხოლო არგოსელ ქალთაგან არავინ ატარებს ოქროს სამკაულებს მანამ, ვიდრე თირეეს არ დაიბრუნებენ. ხოლო ლაკედემონელებმა ამის საწინააღმდეგო რამ დააწესეს: რაკიღა აქამდე ისინი არ ატარებდნენ გრძელ თმებს, სამაგიეროდ ახლა გადაწყვიტეს გრძელი თმების მოშვება. ამბობენ, რომ იმ ერთს, რომელიც გადარჩა 300-დან, ოთრიადესს, შერცხვა სპარტაში დაბრუნება, მაშინ როცა მისი თანამობრძელები დაიღუპნენ და მან თვითონ მოიკლა თავი თირეეში.
   83. ამ დღეში იყვნენ სპარსელები, როდესაც მოვიდა მათთან სარდელი მაცნე და ითხოვა, რომ მიშველებოდნენ ალყაშემორტყმულ კროისოსს. როდესაც ეს შეიტყვეს მაცნეთაგან, მათ მოინდომეს შველა, მაგრამ როცა უკვე მოეწყვნენ სალაშქროდ და ხომალდებიც გაამზადეს, მოვიდა სხვა ცნობა, რომ ლიდიელთა სიმაგრე აღებულია და კროისოსიც ტყვედ არის ჩავარდნილი. ამრიგად სპარტელებმა შეწყვიტეს სამზადისი, რაკი ეს დიდი უბედურება დაატყდათ თავს.
   84. ხოლო სარდე ასე აიღეს46: როდესაც დადგა მეთოთხმეტე დღე, რაც კროისოსი ალყაშემორტყმული იყო, კიროსმა თავის ლაშქარში გაგზავნა მხედრები და შეუთვალა, ვინც პირველი ავიდოდა ზღუდეზე, მას საჩუქარს მისცემდნენ. ამის შემდეგ მთელი ლაშქარი შეეცადა ზღუდეზე ასვლას, მაგრამ ვერავინ მოახერხა; მაშინ, როდესაც სხვებმა თავი ანებეს, ერთი მარდი, რომელსაც ერქვა ჰიროადესი, შეეცადა ასვლას აკროპოლისის იმ ადგილას, სადაც დარაჯად არავინ იდგა, დარაჯი კი იმიტომ არ იდგა, რომ არ იყო საშიში, ოდესმე ვინმეს აეღო ეს ადგილი, რაკიღა აკროპოლისი აქ ციცაბო და მიუვალი იყო. მხოლოდ ამ ადგილზე არ გაატარა მელესმა, სარდეს პირველმა მეფემ, ლომი, რომელიც მას ხასამ უშვა47: ხოლო ტელმესელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ ლომს თუ შემოატარებდნენ ზღუდეს, სარდე აუღებელი იქნებოდა. მელესმა ლომი მთელი ზღუდის ირგვლივ შემოატარა, სადაც აკროპოლისის ადგილები იოლად მისასვლელი იყო. ეს ადგილი ქალაქ ტმოლოსისაკნ არის მიმართული. ამ ჰიროადესმა, მარდმა, წინადღით დაინახა, რომ რომელიღაც ლიდიელი ჩამოვიდა აკროპოლისიდან სწორედ ამ ადგილას მუზარადისათვის, რომელიც ზემოდან ჩამოუგორდა და აიღო. დაინახა ჰიროადესმა და დაიხსომა. მეორე დღეს კი თვითონ ავიდა ამ ადგილას და სხვა სპარესელებიც ავიდნენ. ბევრი სპარსელი დაესხა თავს სიმაგრეს. ასე აიღეს სარდე და გაანადგურეს მთელი ქალაქი.
   85. ამასობაში კროისოსს შემდეგი შეემთხვა: მას ჰყავდა შვილი, რომელიც უწინაც მოვიხსენიე, სხვაფრივ ღირსეული, მხოლოდ მუნჯი. განვლილი ბედნიერების დროს კროისოსმა ყველაფერი გააკეთა მისთვის, ყოველმხრივ ზრუნავდა მასზე და სხვათა შორის დელფოშიც გააგზავნა კაცები მის შესახებ მისნობის შესატყობად. ხოლო პითიამ მას შემდეგი უთხრა: წარმოშობით ლიდიელო, მრავალთა მეფევ, ბრიყვო, კროისოს, ნუ მოინდომებ, რომ შენს სახლში მოისმინო დიდი სასურველი ხმა შენი ალაპარაკებული შვილისა. შენთვის ბევრად უმჯობესია ის ისეთივე დარჩეს, რადგან ხმას იგი პირველად უბედურ დღეს ამოიღებს. როდესაც სიმაგრეს იღებდნენ, ერთმა სპარსელთაგანმა, ვერ იცნო კროისოსი და გაემართა მის მოსაკლავად. ხოლო კროისოსი ხედავდა მისკენ მომავალ სპარსელს და თავსდატეხილი უბედურების გამო მას ყურადღებას არ აქცევდა, არც ის ენაღვლებოდა, რომ მას დაარტყამდნენ და მოჰკლავდნენ. ხოლო ამ მუნჯმა შვილმა, როგორც დაინახა თავდამსხმელი სპარსელი, საშინელი შიშისაგან უეცრად ამოიდგა ენა და თქვა: კაცო, ნუ ჰკლავ კროისოსს. მან პირველად ახლა ამოიღო ხმა და ამის შემდეგ მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში ლაპარაკობდა. 
   86. სპარსელებმა სარდე აიღეს და თვით კროისოსი ტყვედ ჩაიგდეს48. კროისოსი 14 წელიწადს მეფობდა, 14 დღე იყო ალყაშემორტყმული და მისნობის მიხედვით თვითონ მოუღო ბოლო თავის დიდ სახელმწიფოს. სპარსელებმა შიპყრეს იგი და წაიყვანეს კიროსთან. მან დიდი კოცონი დაანთებინა და მასზე ააყვანინა ბორკილებშეყრილი კროისოსი და მასთან ერთად „შვიდი წყვილი ლიდიელი ყრმა“. კიროსს გუნებაში ან ის ჰქონდა, რომ შეეწირა რომელიმე ღმერთთაგანისათვის ეს პირველი ნადავლი, ან უნდოდა შეესრულებინა რაღაც აღთქმა, ან იცოდა, რომ კროისოსი ღვთისმოსავი იყო და იმისი გულისათვის ააყვანინა კოცონზე, რომ უნდოდა ენახა, რომელიმე დემონთაგანი თუ შეეცდებოდა, რომ იგი არ დამწყვარიყო და გადარჩენილიყო. მან ეს გააკეთა, ხოლო კროისოსს, რომელიც კოცონზე იდგა, მოაგონდა, ამოდენა უბედურებაში რომ იყო, სოლონის ნათქვამი, თითქოს ღვთის მიერ შთაგონებული, რომ არავინ არის ცოცხალთა შორის ბედნიერი. მას რომ ეს გაახსენდა, ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ამოიოხრა, დაიკვნესა და სამჯერ დაიძახა სოლონ. ხოლო კიროსმა რომ გაიგონა, უბრძანა თარჯიმნებს შეჰკითხვოდნენ კროისოსს, თუ ამას ვის ეძახის, ესენიც მივიდნენ და შეკითხნენ. რომ ეკითხებოდნენ, კროისოსი ჯერ ჩუმად იყო, ხოლო შემდეგ, რომ აიძულეს, თქვა: მე დიდ ქონებას გავიღებდი იმისათვის, რომ მას ესაუბრა ყველა ტირანთან, რადგანაც კროისოსი მათ გაურკვევლად ელაპარაკებოდა, კვლავ შეეკითხნენ, რას ამბობო. რაკი სპარსელები ჩააცივდნენ და ძალიან შეაწუხეს, კროისოსმა უამბო, თუ როგორ მოვიდა მასთან თავდაპირველად ათენელი სოლონი, დაათვალიერა მთელი მისი სიმდიდრე და ასე ვთქვათ, არაფრად ჩააგდო; რომ მას ყოველივე აუხდა, რაც კი სოლონმა თქვა და არა მხოლოდ პირადად მის შესახებ თქმული, არამედ ადამიანთა მთელი მოდგმისა და განსაკუთრებით მათ შესახებ, ვისაც თავი მათ შორის ბედნიერად მიაჩნდა. კროისოსი ამას მოუთხროდა, ხოლო კოცონი უკვე ანთებული იყო და ნაპირებს ეკიდა. კიროსმა მოისმინა თარჯიმანთაგან ის, რაც კროისოსმა თქვა, დაუფიქრდა და ინანა, რომ თვითონ ადამიანია და სხვა ადამიანი, მასზე არანაკლებ ბედნიერი, ცოცხლად ცეცხლს უნდა მისცეს. ამას გარდა კიროსს შეეშინდა სამაგიეროს მიზღვის და განსაჯა, რომ არაფერი არის მკვიდრი ადამიანისთვის. მან განკარგულება გასცა, რომ სასწრაფოდ ჩაექროთ ანთებული ცეცხლი და ჩამოეყვანათ იქიდან კროისოსიცა და ისინიც, ვინც მასთან ერთად იყვნენ. სპარსელები შეეცადნენ ჩაქრობას, მაგრამ ცეცხლს ვერ აჯობეს.
   87. როგორც ლიდიელები ამბობენ, კროისოსმა როცა შეიტყო, რომ კიროსმა გადაიფიქრა მისი დაწვა და დაინახა, რომ ამოდენა ხალხი აქრობს ცეცხლს, მაგრამ ვერ ახერხებს მის დაძლევას, მოუწოდა და შეღაღადა აპოლონს: თუ რაიმემ მისმა მიძღვნილმა ოდესმა ასიამოვნა აპოლონი, მოვიდეს და იხსნას იგი თავსდატეხილი ბოროტებისაგან. იგი მომტირალი მოუწოდებდა ღმერთს, ხოლო ამ დროს ნათელი, წყნარი ამიდნი შეიცვალა, გაჩნდა უცებ ღრუბლები და ქარიშხალი ამოვარდა, წამოვიდა ძლიერი წვიმა და ჩააქრო კოცონი. ეგრე შეიტყო კიროსმა, რომ კროისოსი ყოფილა ღმერთებისთვის სასურველი და კეთილი კაცი, ჩამოაყვანინა იგი კოცონიდან და შეეკითხა:  კროისოს, რომელმა ადამიანმა ჩაგაგონა ჩემს ქვეყანაზე საომრად წამოსვლა და ჩემს მტრად გახდომა იმის მაგივრად, რომ მეგობარი გამხდარიყავი?  კროისოსმა უპასუხა: მეფეო, მე გავაკეთე ეს შენდა სასიკეთოდ და ჩემდა საუბედუროდ. ხოლო ამის მიზეზი იყო ელინთა ღმერთი, რომელმაც წამაქეზა სალაშქროდ. არავინაა ისე უგუნური, რომ ომი ერჩივნოს მშვიდობიანობას. მშვიდობიანობის დროს შვილები მარხავენ მამებს, ხოლო ომის დროს მამები შვილებს. მაგრამ ჩანს, დემონებს სურდათ, რომ ეს ასე ყოფილიყო.
   88. მან ეს თქვა, ხოლო კიროსმა იგი შეახსნევინა, გვერდით მოისვა და ძალიან დიდი ზრუნვით ეკიდებებოდა. უყურებდა მას კიროსი და თვითონაც უკვირდა და ყველა მათაც, ვინც მასთან იყვნენ. ხოლო კროისოსი დაღონებული იყო, და ჩუმად იჯდა. შემდეგ შებრუნდა და დაინახა, რომ სპარსელები ლიდიელთა ქალაქს ანადგურებდნენ და უთხრა: მეფეო, გითხრა თუ არა შენ, რასაც ვფიქრობ, თუ ჩუმად ყოფნა მმართებს შენთან? კიროსმა გაამხნევა და უბრძანა, ეთქვა, რაც კი უნდოდა. კროისოსი მას შეეკითხა: ეს ამოდენა ხალხი რასაა, რომ ასეთი მონდომებით აკეთებს? კიროსმა უპასუხა: შენს ქალაქს არბევს და შენს ქონებას იტაცებს. ხოლო კროისოსმა მიუგო: ეგენი არც ჩემს ქალაქს არბევენ და არც ჩემს ქონებას, რადგან აღარაფერია ამათგან ჩემი. მაგათ შენი ქონება მიაქვთ და შენსას ეზიდებიან.
   89. კიროსი დაადარდიანა იმან, რაც მას კროისოსმა უთხრა. მოიშორა სხვები და ჰკითხა კროისოსს, თუ რას ხედავს საგანგებოს იმაში, რაც ხდება. კროისოსმა უთხრა: მას შემდეგ, რაც ღმერთებმა შენ ჩემი თავი მონად მოგცეს, სამართლიანად მიმაჩნია, თუ რამეს შენზე უკეთ ვხედავ, მიგითითო შენ. სპარსელები ბუნებით ამაყები არიან და ღარიბები. თუ შენ არ მიაქცევ ყურადღებას მათ, რომ არბევენ და ხელში იგდებენ დიდ ქონებას, ამას, ალბათ, შენთვის შედეგი მოჰყვება: უნდა მოელოდე, რომ ის, ვინც მათგან ყველაზე მეტს ჩაიგდებს ხელში, შენს წინააღმდეგ გამოვა. ახლა, თუ კი ჭკუაში დაგიჯდება ჩემი ნათქვამი, ასე მოიქეცი: ყველა ბჭესთნ დააყენე შუბოსანი დარაჯები, რომლებიც ჩამოართმევენ ქონებას მათ, ვისაც გააქვს და ეტყვიან, თითქოს აუცილებელია გადასახადის აკრეფა მეათედის რაოდენობით ზევსისათვის შესაწირავად. ამრიგად შენ მათ არ შესძულდები, რადგან ძალით არ წაართმევ ქონებას, ისინი დაგეთანხმებიან, რომ შენ სამართლიანად იქცევი და ნებაყოფლობით მოგცემენ შენსასვე უკან.
   90. მოისმინა ეს კიროსმა და დიდად ეამა, რადგანაც რჩევა მოეწონა. მან დიდად შეაქო კროისოსი და უბრძანა შუბოსნებს, კროისოსის რჩევა შეესრულებინათ. ხოლო კროისოსს ასე მიმართა:  კროისოს, რაკიღა შენ, მეფე კაცი მზად ხარ კარგი საქმე აკეთო და კეთილი რჩევა მომცე, მომთხოვე საჩუქარი, განსაკუთრებით მასიამოვნებ, თუ ნებას დამრთავ, რომ ელინთა ღმერთს, რომელსაც მე ღმერთთა შორის განსაკუთრებულ პატივს ვცემდი, გავუგზავნო ეს ბორკილები და შევეკითხო  ნუთუ წესად აქვს მას მოტყუება იმისა, ვინც მას კარგს უკეთებს. კიროსი შეეკითხა, ამას რომ თხოულობს, რაში ადანაშაულებს ღმერთს. ხოლო კროისოსმა მოუთხრო მას ყველა თავისი განზრახვის შესახებ, მისნობის პასუხები და განსაკუთრებით კი თავისი შეწირულების ამბავი  და ისიც, როგორ წააქეზა ის ღმერთმა თავისი მისნობით სპარსელთა წინააღმდეგ სალაშქროდ. უთხრა ეს და მიმართა კვლავ თხოვნით, შემაძლებინე ღმერთს ეს ვუსაყვედუროო. კიროსმა გაიცინა და უთხრა: ამასაც გამაკეთებინებ, კროისოს, და სხვა ყველაფერსაც, რასაც კი მთხოვ. როგორც კი ეს მოისმინა კროისოსმა, გაგზავნა ლიდიელთაგან კაცები დელფოში და უბრძანა მათ, დაედოთ ბორკილები ტაძრის ბჭესთან და შეჰკითხვოდნენ ღმერთს, არა სცხვენია, რომ მისნობით წააქეზა კროისოსი სპარსელების წინააღმდგ სალაშქროდ, და აღუთქვა კიროსის ძლიერების დამხობა, რისი პირველი ნაყოფის ესაა და ამასთანავე ეჩვენებინათ ბორკილები. გარდა ამისა უნდა შეჰკითხვოდნენ ელინთა ღმერთებს, წესად ხომ არა გაქვთ უმადურობაო.
   91. დელფოში მოსულმა ლიდიელებმა თქვეს ის, რაც ნაბრძანები ჰქონდათ და ამბობენ, რომ პითიამ უთხრა მათ შემდეგი: „ღმერთისათვისაც კი შეუძლებელია გაექცეს იმას, რაც უწერია. კროისოსს მეხუთე თაობის ცოდვა ეწია: მისი წინაპარი იყო ჰერაკლიდთა შუბოსანი, რომელმაც ცბიერ ქალს გაუგონა, მოჰკლა თავისი ბატონი და ხელთ იგდო მისი ადგილი, რომელიც მას არ ეკუთვნოდა. ლოქსიესს ძალიან უნდოდა, რომ კროისოსის შვილების დროს მომხდარიყო სარდეს დამარცხება, და არა თვით კროისოსის დროს. მაგრამ ღმერთს არ შეეძლეო ბედისწერის აცილება. ერთი უფლება მისცა ბედისწერის ქალღმერთებმა49 აპოლონს და მან გაუწიეს დახმარება კროისოსს: სამი წლით გადასდეს სარდეს აღება, და დაე იცოდეს კროისოსმა, რომ ამდენივე წლით გვიან მოხდა მისი შეპყრობა, ვიდრე მას ეწერა. მეორე, რაც მისთვის გააკეთა ლოქსიესმა, ისაა, რომ, იგი გადაარჩინა დაწვისაგან. ყველაფერი მოხდა მისნობის თანახმად, ხოლო კროისოსი მართალი არაა, როცა ჰყვედრის ღმერთს, რადგან ლოქსიესმა უწინასწარმეტყველა მას, რომ თუ ილაშქრებს სპარსელებზე, იგი დაამხობს დიდ სახელმწიფოს. ამიტომ ის კარგად უნდა დაფიქრებულიყო და სამისნოში კიდევ გაეგზავნა კაცი და შეჰკიხვოდა, ამ ორი სახელმწიფოდან რომელს ეხებოდა ნათქვამი, მის სახელმწიფოს, თუ კიროსისას?
   კროისოსმა ვერ გაიგო წინასწარმეტყველება და აღარც იკითხა განმეორებით, ამიტომ თავისთავს დააბრალოს, რაც მოხდა და ბოლოს. როდესაც კროისოსი შეეკითხა მისნობას, ვერც ის გაიგო, რაც უთხრა მას ლოქსიესმა ჯორის შესახებ. ეს ჯორი ხომ კიროსი იყო: იგი გაჩენილია ორი ისეთი ადამიანისაგან, რომლებიც ერთ ტომს არ ეკუთვნიან: დედა ეკუთვნის უკეთესს, ხოლო მამა  უარესს. მისი დედა იყო მიდიელი, მიდიელთა მეფის, ასტიაგესის ასული; ხოლო მამა იყო სპარსელი, რომელიც მიდიელთა ქვეშევრდომად ითვლებოდა და იგი ყოველმხრივ დაბლა იდგა თავის ქალბატონზე, რომელთანაც ცხოვრობდა“. ეს უპასუხა პითიამ ლიდიელებს, რომლებმაც სარდეში ჩამოიტანეს პასუხი და გამოუცხადეს კროისოსს. მან მოისმინა და აღიარა, რომ თვითონ არის დამნაშავე და არა ღმერთი.
   92. ასეთი იყო კროისოსის სახელმწიფო და იონიის პირველი დამორჩილებაც ასე მოხდა. კროისოსს ელადაში სხვა შეწირულებაც ბევრი ჰქონდა და არა მხოლოდ ის, რომელთა შესახებაც უკვე ვთქვი. ასეთებია: ბეოტიელთა თებეში  ოქროს სამფეხი, რომელიც შესწირა აპოლონ ისმენიოსს, ეფესოში  ოქროს ძროხები და სვეტთა უმრავლესობა, ათენა პრონეიეს ტაძარში50, რომელიც დელფოშია, ოქროს დიდი ფარი. ესენი ჩვენს დრომდე იყო, ნაწილი შეწირულებისა კი განადგურდა, როგორც მე შევიტყვე, კროისოსის შეწირულება მილეტელთა ბრანქიდესათვის იმავე წონისაა და იმის მსგავსია, რაც არის დელფოში. ნივთები, რაც შესწირა დელფოს და ამფიარეოსის ტაძარს, მისი საკუთარი იყო, ანდა საუკეთესო ნაწილი იყო მამისეული ქონებისა, ხოლო სხვა შეწირულებები მან მტრის ქონებიდან გაიღო: ეს კაცი, ვიდრე გამეფდებოდა კროისოსი, მისი მოწინააღმდეგე იყო და ეშველებოდა პანტალეონს, რომ ის გამხდარიყო ლიდიელთა მმართველი. ხოლო პანტალეონი იყო ალიატესის შვილი, კროისოსის ძმა, მხოლოდ დედით სხვა, კროისოსი ჰყავდა ალიატესს კარიელი ქალისაგან, ხოლო პანტალეონი  იონელი ქალისაგან. შემდეგ, როდესაც მამის მიერ გადაცმული ძალაუფლება კროისოსმა მოსათელ საჩეჩელზე ათრევინა და ისე დაღუპა51. ხოლო მისი ქონება, რომელიც ჯერ კიდევ უწინ აღუთქვა, შესწირა ნახსენებ სამისნოებს, იმგვარად, როგორც ვთქვით. აი, ამდენი უნდა ითქვას შეწირულებათა შესახებ.
   93. ლიდიის ქვეყანაში საოცრებანი, აღსაწერად რომ ღირდეს, არც იმდენია, როგორც სხვა ქვეყნებში, გარდა ოქროს ქვიშისა, რომლებიც ტმოლოსიდან ჩამოაქვს წყლებს. ამას გარდა, კიდევ ერთი უდიდესი ნამუშევარი აქვთ ლიდიელებს, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ეგვიპტელთა და ბაბილონთა ნამუშევრებს. აქ არის კროისოსის მამის, ალიატესის საფლავი, რომლის საფუძველი დიდი ქვებისაგან არის ნაკეთები, ხოლო დანარჩენი საფლავი წარმოადგენს მიწაყრილს52. მას ეს საფლავი გაუკეთეს ვაჭრებმა, ხელოსნებმა და მეძავმა ქალებმა. ჯერ კიდევ ჩემს დრომდე საფლავზე ხუთი სასაზღვრო ნიშანი იყო აღმართული, რომლებზედაც წარწერები იყო ამოკვეთილი, იმის შესახებ, თუ თითოეულმა ამათგანმა რა გააკეთა. როცა გაზომეს, აღმოჩნდა, რომ საფლავის უმეტესი ნაწილი ამ ქალებს გაუკეთებიათ. ლიდიელი ხალხის ასულები ყველანი ეწევიან მეძაობას და ამით იგროვებენ მზითევს53. ასე იქცევიან ისინი, ვიდრე გათხოვდებიან და თვითონ ითხოვებენ თავს. საფლავის გარშემოწერილობა 6 სტადიონი და 2 პლეთრონია, ხოლო მისი სიგანე არის 13 პლეთრონი. საფლავთან არის დიდი ტბა, რომლის შესახებაც ლიდიელები ამბობენ, რომ უშრეტელიაო. მას გიგესის ტბა ეწოდება. ესეც ასერ არის.
    94. ლიდიელებს ელინების მსგავსი წესები აქვთ, იმის გამოკლებით, რომ ლიდიელები მეძავებად აქცევენ თავის ქალიშვილებს. ადამიანთა შორის ლიდიელები პირველები არიან, ვინც კი ჩვენ ვიცით, რომლებმაც მოსჭრეს და გამოიყენეს ოქროსა და ვერცხლის ფული. ესენი იყვნენ პირველი წვრილვაჭრები. ლიდიელები ამბობენ, რომ მათ, ისევე როგორც ელინები თამაშობანი, მათი გამოგონილია. ამბობენ, რომ ეს გამოიგონეს მაშინ, როდესაც ტირსენიე54 დაასახლეს. ხოლო ამის შესახებ შემდეგს ჰყვებიან: მანესის ძის, ატისის მეფობის დროს მთელ ლიდიაში საშინელი პურის ნაკლებობა იყო, ლიდიელები ერთხანს ითმენდნენ, ხოლო შემდეგ, რადგანაც არ გათავდა ეს შიმშილობა, გამოსავალს ეძებდნენ, ზოგი რას იგონებდა და ზოგი რას. მაშინ იქნა გამოგონილი კამათლის, ზარის, ბურთისა და ყველა სხვა სათამაშოების სახეები, გარდა კოჭებისა; აი, ამის აღმოჩენას ლიდიელები არ იჩემებენ. შიმშილის წინააღმდეგ გამოიგონეს ეს და შემდეგნაირად იქცეოდნენ: ორი დღიდან ერთს მთლიანად თამაშობაში ატარებდნენ, რათა არ მოსდომებოდათ საჭმელი, ხოლო მეორე დღეს თავს ანებებდნენ და სჭამდნენ. ასე გაატარეს მათ 2 წელ ნაკლებ 20 დღე. მაგრამ გაჭირვება მაინც არ შენელებულა, ის კი არა, უფრო მეტად გამძაფრდა. ამიტომ მათმა მეფემ ყველა ლიდიელი ორ ნაწილად გაჰყო და კენჭი ხვდა მხოლოდ ერთს, ხოლო მეორე ნაწილს ერგო ქვეყნიდან წასვლა. იმ ნაწილს, რომელსაც წილად ხვდა დარჩენა, ის თვითონ დაუდგა მეფედ, ხოლო იმას რომელიც უნდა წასულიყო, მან მეფედ დაუყენა თავისი შვილი, სახელად ტირსენოსი. ის ნაწილი, რომელსაც ერგო ქვეყნის დატოვება, წავიდა სმირნეში და ააგო იქ ხომალდები, დააწყო ზედ ყოველივე, რაც კი ესაჭიროებოდა ცურვისათვის და გასცურა სარჩოსა და მიწის საძებრად. მათ ბევრ ხალხს ჩაუარეს და მივიდნენ ომბრიკებამდე. აქ მათ დააარსეს ქალაქები და აქვე ცხოვრობენ დღემდე. ლიდიელების ნაცვლად მათ ახალი სახელი დაირქვეს იმ მეფის ძის მიხედვით, რომელმაც ისინი თავის ქვეყანაში წამოიყვანა. მისი სახელწოდების მიხედვით იწოდებიან ისინი ტირსენებად. აი, ამგვარად დაიმონეს ლიდიელები სპარსელებმა.





მიდიას სამეფო
   95. ამიერიდან ჩვენი თხრობა შეეხება კიროსს, რომელმაც დააქცია კროისოსის საგამგებლო და სპარსელებს. მოგითხრობთ, როგორ გაბატონდნენ ისინი აზიაში. მე დავწერ იმის მიხედვით, რასაც ზოგიერთი სპარსელი გადმოგვცემს, ვისაც არ სურს კიროსის შესახებ ამბების გაზვიადება, ისინი მოგვითხრობენ მხოლოდ ნამდვილად მომხდარ ამბებს, თუმცა ვიცი კიროსის შესახებ არსებულ მოთხრობათა სამი სხვა ვარიანტიც. ასირიელები განაგებდნენ აზიის ზემოთა ნაწილს დაახლოებით 520 წელს55. პირველად მიდიელები განუდგნენ მათ. ესენი თავისუფლებისათვის ებრძოდნენ ასირიელებს, კარგი ვაჟკაცები იყვნენ, გადაიგდეს მონობის უღელი და განთავისუფლდნენ კიდეც. ამის შემდეგ სხვა ხალხებმაც მიდიელებს მიჰბაძეს56.
   96. აზიაში მცხოვრები ყველა ტომი დამოუკიდებელი იყო, მაგრამ მალე ისევ ტირანის ხელქვეითი გახდა და აი როგორ: მიდიელებში იყო ბრძენი კაცი, რომელსაც ერქვა დეიოკესი, ფრაორტესის ძე. ამ დეიოკესს ძალიან უნდოდა ტირანობა და ასე მოიქცა: მიდიელები ცხოვრობდნენ სოფლებში, დეიოკესი თავის სოფელში უწინაც საკმაოდ ცნობილი იყო, ახლა კი განსკუთრებით ზრუნავდა იმისათვის, რომ სამართალი დაემყარებინა. და ის ამას აკეთებდა, მაშინ როდესაც მთელ მიდიაში დიდი უკანონობა სუფევდა; მან იცოდა, რომ უსამართლობა მტერია სამართლიანობისა. ასეთი ქცევისათვის მისმა თანასოფლელმა მიდიელებმა იგი თავის მოსამართლედ აირჩიეს. ხოლო დეიოკესი, რაკიღა ძალაუფლებისაკენ მიისწრაფოდა, პირდაპირი და სამართლიანი იყო. იგი რომ ასე იქცეოდა, არც თუ მცირე ქებას ღებულობდა თავის თანასოფლელთაგან, ისე რომ სხვა სოფლების მოსახლეობამაც შეიტყო, რომ დეიოკესი არის ერთადერთი მართლად გამრიგე კაცი; და რაკი უწინ მათი საქმეები უსამართლოდ განიხილებოდა, ამიტომ როდესაც გაიგონეს მათ დეიოკესის შესახებ, სიამოვნებით მიაშურეს მას საქმის გასარჩევად და საბოლოოდ უკვე არავის სხვას არ მიმართავდნენ.
   97. სულ მატულობდა მათი რიცხვი, ვინც მასთან მიდიოდა, რადგან ხალხს სჯეროდა, რომ იგი სამართალს პატიოსნად სჯიდა. დეიოკესმა დაინახა, რომ ყოველივე მასზეა დამოკიდებული და არც დაჯდომა მოინდომა იქ, სადაც უწინ უჯდა და განსჯიდა ხოლმე და ისიც თქვა, რომ მეტს აღარ იმოსამართლეებს, რადგან არაა მისთვის სასარგებლო, რომ თავისი თავისათვის არ იზრუნოს და მოყვასისათვის კი მთელი დღის განმავლობაში იმოსამართლოს. ყაჩაღობამ და უკანონობამ ბევრად უფრო იმატა სოფლებში, ვიდრე უწინ იყო. ამიტომ შეიკრიბნენ მიდიელები და მსჯელობდნენ ერთმანეთში; შემდეგ ილაპარაკეს შექმნილ ვითარებათა შესახებ. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით დეიოკესის მეგობრებმა ილაპარაკეს: „ამგვარ ვითარებაში შეუძლებელია ამ ქვეყანაში ცხოვრება, ამიტომ დავიყენოთ ჩვენ თვითონ მეფე. მაშინ ჩვენ ქვეყანში კანონების კარგი იქნება, თვითონ ჩვენც საქმესაც მივხედავთ და არც სამშობლოს მიტოვება მოგვიხდება უკანონობის გამო“. ამას ლაპარაკობდნენ და დაირწმუნეს თავი, რომ მეფეს დამორჩილებოდნენ.
   98. შემდეგ, როდესაც ირჩევდნენ, თუ ვინ უნდა დააყენონ მეფედ, დეიოკესი აღმოჩნდა ყოველი კაცის მიერ წამოყენებული და დიდად შექებული; ბოლოს ისინი შეთანხმდნენ, რომ დეიოკესი იქნებოდა მათი მეფე. დეიოკესმა უბრძანა მათ, აეგოთ მათ მისთვის სამეფო ღირსების შესაფერისი სახლი და შუბოსნები მიეცათ მისთვის მცველებად. მიდიელებმა გაუკეთეს ეს: აუგეს მას დიდი და მაგარი სახლი, ქვეყნის იმ ადგილას, რომელიც მან თვითონ მოინდომა და მისცეს ნება, გამოერჩია შუბოსნები მიდიელთაგან. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე დეიოკესმა აიძულა მიდიელები, შეექმნათ ერთი ქალაქი და იგი დაეცვათ, ხოლო სხვებზე ნაკელებად ეზრუნათ. მიდიელები დაყაბულდნენ ამაზე და ააგეს დიდი და მაგარი ზღუდეები, რასაც ახლა აკბატანა ეწოდება. ისე რომ ერთი ზღუდე მეორეში მრგვალად იყო ჩადგმული. ისე იყო ეს ციხესიმაგრე გაკეთებული, რომ ერთი წრე მეორეზე უფრო მაღალი იყო მხოლოდ ბასტიონებით. ამ გარემოებას ზოგან თვითონ ადგილი შველოდა, რომელიც ბორცვებიანი იყო, ხოლო ზოგან კი ეს ხელოვნურად გააკეთეს. წრე სულ შვიდი იყო, ხოლო უკანასკნელში იყო მეფის სასახლე და საგანძურები. მათ შორის უდიდესი ზღუდე არის სიდიდით ათენის ირგვლივ რომ კედელია, დაახლოებით იმოდენა. პირველი წრის ბასტიონები არის თეთრი, მეორისა შავი, მესამე წრისა  მიწისფერი, მეოთხისა  ლურჯი, მეხუთისა  ღია წითელი. ყველა წრის ბასტიონები ეგრე იყო შეღებილი წამლით, ხოლო ორი უკანასკნელიდან ერთს ბასტიონები მოვერცხლილი აქვს, მეორეს კი მოოქრული.
   99. ეს ზღუდე დეიოკესმა თავისთვის აიგო საკუთარი სახლის ირგვლივ, ხოლო დანარჩენ ხალხს უბრძანა ზღუდის გარშემო დასახლებულიყვნენ. როდესაც ყველაფერი ააგეს, დეიოკესი პირველი იყო, რომელმაც შემდეგი წესი დაამყარა: ვერც ვერავინ შევიდოდა მეფესთან, მოციქულების საშუალებით უნდა მოეგვარებინათ ყოველივე საქმე და არც არავის უნდა შეეხედა მეფისათვის, ამას გარდა, სიცილი და ფურთხება მეფის წინ ყველასათვის სამარცხვინოდ ითვლებობა. იმისათვის განიდიდა მან თავისი თავი ამნაირად, რომ მის ტოლებს, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ შეზრდილი, არც მასზე უარესი ოჯახებიდან იყვნენ და არც ადამიანური ღირსებებით ჩამორჩებოდნენ მას  არ ენახათ ხოლმე იგი, არ გაჯავრებულიყნენ მასზე და ბოროტი არ განეზრახათ მის წინააღმდეგ. ხოლო რაკიღა ვერ ნახავდნენ, იფიქრებდნენ, რომ იგი განსხვავებულია მათგან.
   100. მას მერე, რაც მან ეს მოაწყო და განამტკიცა ტირანია, სამართლის ძალიან მკაცრი დამცველი აღმოჩნდა. საჩივრებს სწერდნენ და მას შეუგზავნიდნენ ხოლმე. იგი არჩევდა და შემომტანებს უკან ატანდა. ასე იქცეოდა იგი საჩივრების მიმართ, ხოლო სხვა ამბები მას შემდეგნაირად ჰქონდა მოგვარებული: თუ შეიტყობდა, რომ ვინმე რამეს აშავებს, მაშინ გამოიძახებდა მას და თითოეულს შესაფერისად მიუსჯიდა დანაშაულის მიხედვით. ხოლო მეთვალყურენი და ენის მიმტანნი ჰყავდა მას მთელ ქვეყანაზე, რომელსაც იგი განაგედა.
   101. დეიოკესმა მიდიელი ხალხი გააერთიანა და მას მართავდა. ხოლო მიდიელთა ტომები არიან: ბუსები, პარეტაკენები, სტრუქტურები, არიმანტები, ბუდიები, მაგები. აი, ამდენია მიდიელთა ტომები.
   102. დეიოკესის შვილი იყო ფრაორტესი, რომელმაც მიიღო მმართველობა მამის შემდეგ, მამა კი მეფობდა 53 წელს. ფრაორტესმა დაიმკვდრა მმართველობა, მაგრამ არ იმყოფინა მხოლოდ მიდიელების მართვა და ილაშქრა სპარსელთა წინააღმდეგ. სპასელები პირველები იყვნენ, ვისც ის თავს დაესხა და პირველები იყვნენ, ვინც მან მიდიელების ქვეშევრდომებად გაიხადა. ხოლო შემდეგ, როდესაც მას ეს ორი ხალხი (და ორივე ძლიერი) ეპყრა, ის სათითაოდ იმორჩილებდა აზიაში შემავალ ხალხებს, მანამ ვიდრე არ ილაშქრა ასირიელებზედაც და კერძოდ იმ ასირიელებზე, რომლებსაც ნინოსი (ნინევია) ეპყრათ. ეს ასირიელები იყვნენ უწინ ყველას რომ განაგებდნენ. ასირიელები მაშინ მარტონი იყვნენ და მოკავშირეთაგან მიტოვებულნი, მაგრამ თავს მაინც კარგად გრძნობდნენ. ამათზე ილაშქრა ფრაორტესმა, თვითონაც დაიღუპა – სულ 22 წელს მეფობდა  და მასთან ერთად დაიღუპა მისი ჯარის დიდი ნაწილიც.
   103. ფრაორტესის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობა გადავიდა კიაქსარესის ხელში, რომელიც იყო ფრაორტეს დეიოკესის ძის ძე. ამბობენ, რომ ეს ბევრად უფრო მამაცი იყო თავის წინაპარზე. მან პირველად დაჰყო აზიის ხალხები ლოხებად იარაღის მიხედვით და პირველმა განალაგა ისინი ცალ-ცალკე შუბოსნებად, მშვილდოსნებად და ცხენოსნებად, ხოლო ამის წინ ყველანი ერთმანეთში იყვნენ შერეულები. კიაქსარესი იყო, რომ ებრძოდა ლიდიელებს, როდესაც ღამე დღედ იქცა, ეს იყო, რომ მდინარე ჰალისის ზემოთ მთელი აზია მიიერთა. მან შეკრიბა ყველა, ვინც მის გამგებლობაში იყო, და გაილაშქრა ნინოსზე, რადგანაც უნდოდა მამის მაგიერი მიეზღო და ეს ქალაქი აეღო. კიაქსარესი ებრძოდა და სძლია ასირიელები, ალყა შემოარტყა ნინოსს, მაგრამ მას თავს დაესხა სკვითების დიდი ლაშარი, რომელსაც წინ უძღოდა სკვითების მეფე მადიესი, პროტოთიესის ძე. სკვითები შემოვიდნენ აზიაში მას მერე, რაც გაჰყარეს ევროპიდან კიმერიელები, ლტოლვილ კიმერიელებს მისდევდნენ და ასე მიაღწიეს მიდიელთა ქვეყანას.
   104. ხოლო მეოტიდეს ტბიდან მდინარე ფასისამდე და კოლხებამდე არის 30 დღის სავალი მსუბუქად შეიარაღებული კაცისათვის, ხოლო კოლხიდიდან მიდიაში გადასავლელი დიდი არაა, მხოლოდ ერთი ტომია ამ ქვეყნებს შორის, ესაა სასპეირების ტომი; ამათ რომ გასცდები, უკვე მიდიაში ხარ; მაგრამ სკვითები ამ გზით არ გადმოსულან, არამედ გადუხვიეს ზემოთა გზაზე, რომელიც ბევრად უფრო გრძელია, მარჯვნივ კი კავკასიონის მთები ჰქონდათ, ამ ადგილას შეებრძოლენ მიდიელები სკვითებს, მაგრამ დაძლეულ იქნენ ბრძოლაში და დაჰკარგეს მმართველობა, სკვითებმა კი მთელი აზია ჩაიგდეს ხელში.
   105. აქედან სკვითები წავიდნენ ეგვიპტეში და როდესაც მივიდნენ პალესტინაში სირიაში, ფსამეტიქოსი, ეგვიპტის მეფე, შემოხვდა მათ საჩუქრებით და თხოვნით შეაჩერა, რომ უფრო წინ აღარ წასულიყვნენ. როდესაც სკვითები უკან მიდიოდნენ, მოხვდნენ სირიის ქალაქ ასკალონში, მეტმა ნაწილი დარჩა და გაძარცვა ურანიის აფროდიტეს57 სალოცავი. როგორც მე შევიტყვე, ეს სალოცვავი ამ ღმერთქალის სალოცავთა შორის ყველაზე უძველესია. კიპროსზე რომ სალოცავია, ისიც აქედან წარმოიშვა, როგორც თვითონ კირპოსელები ამბობენ, ხოლო კითერიაში რომ არის, ისიც ფინიკიელებმა ააგეს. ფინიკიელები კი იმავე სირიიდან არიან. იმ სკვითების ჩამომავლებს, რომლებმაც გაძარცვეს ასკალონში არსებული სალოცავი, ღმერთქალმა სამარადისოდ დამართა ქალური ავადმყოფობა. ისე რომ სკვითები ამბობენ, ამ დანაშაულის გამო, რომ ისინი ავად არიანო და სკვითის ქვეყანაში მოსულებს შეუძლიათ ნახონ თუ როგორ იტანჯებიან ისინი, ვისაც სკვითები „ენარეებს“58 უწოდებენ.
   106. დაახლოებით 28 წელი ეჭირათ სკვითებს აზია და ყოველივე გაატიალეს თავისი თავნებობითა და უდარდელობით. გარდა იმისა, რომ სკვითებმა თითოეული ტომი დაბეგრეს და ხარკს ახდევინებდნენ, ისინი ყაჩაღობდნენ და ეზიდებოდნენ თითოეული ტომისაგან, რაც კი რამ ჰქონდათ. სკვითების დიდი ნაწილი დაპატიჟეს კიაქსარესმა და მიდიელებმა, დაათვრეს და ამოხოცეს. ასე აღადგინეს მიდიელებმა თავიანთი სახელმწიფოს ძლევამოსილება და კიდევ ნინოსიც დაიპყრეს (ხოლო როგორ აიღეს, ამას სხვა ადგილას ცხადვყოფ)59 და ასირიელებიც დაიმორჩილეს,60 გარდა ბაბილონის ნაწილისა. ამის შემდეგ გარდაიცვალა კიაქსარესი, რომელიც მეფობდა 40 წელს, თუ ჩავთვლით ამაში იმ წლებსაც, როდესაც სკვითები ბრძანებლობდნენ.
   107. ასტიაგეს კაიქსარესის შვილმა დაიმკვდრა სამეფო ხელისუფლება, მას ჰყავდა ასული, რომელსაც სახელად ერქვა მანდანე. ასტიაგეს ძილში ეჩვენა თავისი ქალი, რომელმაც იმდენი მოშარდა, რომ აავსო მთელი თავისი ქალაქი და წარღვნა მთელი აზია. ეს სიზმარი მან ამცნო მოგვთა შორის სიზმრის ამხსნელებს და შეეშინდა, როდესაც შეიტყო მათგან ყოველივე; როდესაც მანდანეს გათხოვების დრო მოუვიდა, თავის ღირსთაგან არვის მისცა მამამ ცოლად; ჩვენების შეეშინდა, არამედ მისცა სპარსელს, რომელსაც ერქვა კამბისესი. ასტიაგესს მიაჩნდა, რომ მას კარგი ოჯახი და თვნიერი ზნე ჰქონდა მაგრამ მაინც უფრო დაბლა აყენებდა საშუალო მიდიელზე.
   108. მანდანეს კამბისესთან ცხოვრების პრველსავე წელს ასტიაგესმა სხვა სიზმარი ნახა. მას ეჩვენა, რომ მისი ასულის სარცხვინელთაგან ამოსულიყო ვაზი, და ეს ვაზი მთელ აზიას მოსდებოდა. ასტიაგესმა ნახა ეს და მოუთხრო სიზმრის ამხსნელებს, თან გამოიძახა სპარსეთიდან თავისი ასული, რომელსაც მშობიარობის დრო მოსვლოდა. მამამ მოსულ ქალს დარაჯები მიუყენა, რადგანაც უნდოდა მისი ნაშობი მოესპო61. ეს იმიტომ, რომ სიზმრის მიხედვით მოგვთა შორის სიზმრისამხსნელებმა მას ანიშნეს, რომ მის ქალიშვილს შვილი შეეძინებოდა და იგი გამეფდებოდა ასტიაგესის მაგივრად. ამიტომ ფრთხილობდა ასტიაგესი და როგორც კი გაჩნდა კიროსი, დაუძახა ჰარპაგოსს, რომელიც იყო შინაური, მთელ მიდიაში ყველაზე უფრო სანდო კაცი და ყოველივე მისი ქონების მეურვე, და უთხრა მას შემდეგი: „ჰარპაგოს, საქმე რამ უნდა დაგავალო და არავითარ შემთხვევაში არ მოექცე მას უყურადღებოდ. სხვებს ნუ მამჯობინებ და ამით მე ნუ მიღალატებ, ნურც შენს თავს ავნებ მომავლისათვის. აიყვანე ბავშვი, რომელიც მანდანემ გააჩინა, წაიყვანე შენს ქვეყანაში და მოჰკალი. შემდეგ დამარხე იმნაირად, როგორც შენ თვითონ გსურს“. ჰარპაგოსმა მიუგო მას: „მეფეო, არასოდეს შეგმთხვევია შენ აი, ამ კაცისაგან უსიამოვნო არაფერი და შევეცდები, რომ შემდეგშიც არაფერი დავაშავო, და თუ კი შენ ეგრე გირჩევნია, მე უნდა ისე მოგემსახურო, როგორც საჭიროა“.
   109. ეს მიუგო ჰარპაგოსმა, როდესაც გადასცეს მას სასიკვდილოდ განწირული ბავშვი და ტირილით მივიდა სახლში. როდესაც მოვიდა, მოუთხრო თავის ცოლს ყოველივე, რაც კი ასტიაგესმა უთხრა, ქალი შეეკითხა მას: „ახლა რა გაქვს შენ გუნებაში, რა უნდა გააკეთო?“ ჰარპაგოსმა მიუგო. „არ გავაკეთებ იმას, რაც ასტიაგესმა მიბრძანა, კიდევაც რომ გაგიჟდეს და გახელდეს უარესად, ვიდრე ახლაა გახელებული, არ მოვიქცევი მე მისი სურვილის მიხედვით. არც ამისთანა მკვლელობაში დავეხმარები. ბევრი რამის გამო არ მოვკლავ ბავშვს: იმიტომაც, რომ ეს ბავშვი ჩემი ნათესავია, იმიტომაც, რომ ასტიაგესი მოხუცია და ვაჟიშვილი არა ჰყავს. ხოლო ასტიაგესი რომ მოკვდება, ტირანია მის ქალიშვილზე გადავა, რომლის შვილსაც მე მაკვლევინებენ ახლა, და აბა, ამის მერე რა მომელის, თუ არა უდიდესი საფრთხე? ხოლო თუ ჩემი საკუთარი უშიშროებისათვის უნდა მოვკლა მე ეს ყრმა, მაშინ დაე ვინმე ასტიაგესის კაცი იყოს მისი მკვლელი და არა ჩემი“.
   110. ესა სთქვა და მაშინვე გაგზავნა მოციქული ასტიაგესის ერთ-ერთ მწყემსთან, რომელზედაც ფიქრობდა, რომ ის მისი მიზნებისათის ყველაზე უფრო შესაფერის საძოვრებზე იყო მხეცებით სავსე მთებში. სახელად ერქვა მას მიტრადატესი. ცხოვრობდა იგი ასტიაგესისავე მხევალთან. იმ ქალს, ვისთანაც მიტრადატესი ცხოვრობდა, ელინურ ენაზე ერქვა კინო, ხოლო მიდიურზე  სპაკო (რადგანაც მიდიელები ძაღლს „სპაკას“ უწოდებენ). ამ მთებს ფერდობები აქვს და ამ მწყემსს აქ ჰქონდა ხარების საძოვრები აკბატანიდან ჩრდილოეთისაკენ და ევქსინის პონტოსაკენ. აქ ხომ მიდიელთა ქვეყანა, სასპეირების მეზობლად, ძალიან მთიანი არის, ამასთანავე მაღალიცაა და ყოველივე მხრიდან ტყეებით დაფარული, ხოლო მიდიელთა მთელი დანარჩენი ქვეყანა დაბლობია. როდესაც დაუძახა ჰარპაგოსმა მწყემსს, იგი სასწრაფოდ მოვიდა მასთან და უთხრა მას ჰარპაგოსმა შემდეგი: „ასტიაგესი გიბრძანებს შენ, რომ ეს ბავშვი აიყვანო და მოათავსო ამ მთებში ყველაზე უდაბურ ადგილას, რათა, რაც შეიძლება მალე დაიღუპოს. მან მიბრძანა, რომ შემდეგი გითხრა შენ: თუ არ დაღუპავ რამენაიად ბავშვს და გადაარჩენ, სასტიკად დაისჯები. მე მევალება თვალი ვადევნო, რომ ბავშვი გადააგდო“.
   111. ეს რომ მოისმინა მწყემსმა, აიყვანა ბავშვი, წავიდა უკან იმავე გზით და მივიდა თავის ქოხში. მას ცოლი მოსალოგინებელი ჰყავდა დღე-დღეზე და თითქოს ღვთის განგებით მან ბავშვი სწორედ მაშინ გააჩინა, როდესაც მწყემსი ქალაქში წავიდა. ორივენი ერთმანეთის გამო საგონებელში იყვნენ, მწყემსს ეშინოდა ცოლის მშობიარობისა, ხოლო ცოლს ეშინოდა იმისა, რომ ჰარპაგოსს რამე არ დაეშავებინა მისი ქმრისათვის, რაკი გამოიძახა. როდესაც დაბრუდნა მწყემსი და დაადგა თავზე ცოლს, მან ერთბაშად დაინახა და პირველად იმას შეეკითხა, ეგრე საგულდაგულოდ რად გამოგიძახა ჰარპაგოსმაო. ხოლო მან შეეკითხა, ეგრე საგულდაგულოდ რად გამოგიძახა ჰარპაგოსმაო. ხოლო მან უპასუხა: „ქალო, ქალაქში რომ მივედი, ვნახე და მოვისმინე, რაც არ უნდა მენახა და არც ოდესმე უნდა დამართოდათ ჩემს ბატონებს. ჰარპაგოსის მთელი სახლი ტიროდა, ხოლო მე, შეშინებული შევედი შიგ. შევედი თუ არა, დავინახე მწოლიარე ბავშვი, რომელიც ფართხალებდა და ტიროდა. მორთული იყო ის ოქროთი და ფერადი ტანსაცმლით. ხოლო ჰარპაგოსმა, როგორც კი დამინახა, მაშინვე მიბრძნა, რომ ავიყვანო ბავშვი, წავიდე, წავიყვანო ის და დავაგდო იქ, სადაც მთაში ყველაზე მეტია მხეცები. თქვა, რომ ასტიაგესია ის კაცი, რომელმაც მე ეს დამავალა და თან ძალიან დამემუქრა, თუ არ შევასრულებ მის განკარგულებას. მე ავიყვანე და წამოვიყვანე ბავშვი და მეგონა, რომ ის რომელიღაც მსახურთაგანისაა, აბა, რას მივხვდებოდი ვისია. მიკვირდა კი, რომ ვხედავდი ბავშვს ოქროთი და ძვირფასი ტანსაცმლით მორთულს, და დიდ გოდებას, რომელიც იდგა ჰარპაგოსის სახლში. მაგრამ გზაზე უცბად შევიტყვე მთელი ამბავი მსახურისაგან, რომელიც მაცილებდა ქალაქგარეთ და რომელმაც ჩამაბარა ჩვილი, მან მითხრა რომ ეს არის ასტიაგესის ასულის, მანდანეს და კიროსის ძის, კამბისესის შვილი, და რომ ასტიაგესმა ბრძანა მისი მოკვლა. აი, ნახე ბავშვი“.
   112. ეს რომ თქვა მწყემსმა, გადაიხადა და აჩვენა ცოლს ბავშვი. ხოლო ქალმა რომ დაინახა დიდი და ლამაზი ბავშვი, იტირა, შემოეხვია ქმარს მუხლებზე და შეეხვეწა, არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოო. ქმარმა კი უთხრა, რომ არ შეიძლება სხგვაგარად მოქცევა, რადგანაც მოვლენ ჰარპაგოსის მსტოვრები და შეამოწმებენ. და თუ არ ექნება გაკეთებული ის, რაც დაავალეს, სასტიკად დასჯიან თვით მას. ქალმა, რომ ვერ დაარწმუნა თავისი ქმარი, შემდეგ უთხრა: „რადგანაც ვერ შევიძელი შენი დარწმუნება, რომ არ გადააგდო ბავშვი, მოიქეცი ისე (თუ მაინცდამაინც აუცილებელია ჩვენება), თითქოს ბავშვი გადაგდებულია: მე ვშვი და ვშვი მკვდარი. აიყვანე ეს გადააგდე, ხოლო ასტიაგესის ასულის ბავშვს აღვზრდით, თითქოს ჩვენი არის. ამრიგად, არც შენ დაისჯები ბატონების მიმართ ურჩობისათვის და არც ჩვენ გვექნება რაიმე ბოროტება ჩადენილი. გარდაცვლილი ბავშვი მოხვდება სამეფო აკლდამაში, ხოლო ცოცხლად დარჩენილი არ დაიუპავს სულს“.
   113. მწყემსმა გადაწყვიტა, რომ შექმნილ ვითარებაში კარგად ურჩია ცოლმა და მაშინვე გააკეთა ასე. მოსაკლავად წამოყვანილი ბავშვი გადასცა თავის ცოლს, ხოლო თავისი, მკვდარი რომ იყო, აიყვანა და ჩადო იმ კალათაში, რომელითაც ჰყავდათ მოყვანილი ის მეორე, მანდანეს შვილი, გამოაწყო იგი მეფის ბავშვის ყოველივე მოსართავში, წაიყვანა და მთაში ყვეალზე უდაბურ ადგილას დასტოვა. ბავშვის გადაგდების მესამე დღეს წავიდა მწყემსი ქალაქში, ხოლო მიცვალებულის დარაჯად ერთი თავისი ხელქვეითი მწყემსთაგანი დატოვა. მივიდა ჰარპაგოსის სახლში და თქვა, რომ მზადაა აჩვენოს ბავშვის გვამი. ჰარპაგოსმა გაგზვნა თავისი შუბოსანთაგან ყველაზე სანდონი, მათ ანახა კიდევაც და დაამარხვინა მწყემსის შვილი. იგი დაიმარხა; ხოლო მეორე, რომელსაც შემდეგში კიროსი ეწოდა, აიყვანა და გაზარდა მწყემსის ცოლმა, სახელი კი რაღაც სხვა დაარქვა და არა კიროსი.
   114. როდესაც ბავშვი ათი წლის იყო, შემდეგი ამბავი შეემთხვა მას და გამოამჟღავნა ყოველივე: ბავშვი თამაშობდა იმავე სოფელში, რომელშიც ეყენათ ნახირი, თამაშობდა თავის ტოლებთან ქუჩაში. ბავშვები თამაშობდნენ და აირჩიეს თავსი მეფედ ის, რომელიც მწყემსის შვილად იყო წოდებული. მან ბავშვები ასე დაანაწილა: ზოგს სახლი უნდა აეგო, ზოგი შუბოსანი იქნებოდა, ერთი რომელიღაცა მათგანი „მეფის თვალი“62  იქნებოდა, სხვას კიდევ მისცა ცნობების მომტანის თანამდებობა. ისე რომ თითოეულს საქმე მიუჩინა. რადგანაც ერთმა ამ მოთამაშე ბავშვთაგანმა, რომელიც მიდიელებში სახელოანი კაცის, არტემბარესის შვილი იყო, არ გააკეთა ის, რაც დაავალა მას კიროსმა, კიროსმა უბრძანა სხვა ბავშვებს მისი შეპყრობა. ბავშვებმა დაუჯერეს და კიროსმა იგი სასტიკად გაამათრახა. როგორც კი გაათავსუფლეს ეს ბავშვი, რაკიღა მას მიაჩნდა, რომ დაუმსახურებლად დაისჯა, განსაკუთრებით აღშფოთდა. მივიდა ქალაქში და თავის მამას შესჩივლა, რაც მას კიროსმა შეამთხვია, მაგრამ ის მას კიროსს კი არ უწოდბდა (რადგანაც ჯერ არ ჰქონდა მას ეს სახელი), არამედ ტიაგესის მწყემსის შვილს. გაჯავრებული არტემბარესი წავიდა ასტიაგესთან და თან წაიყავნა ბავშვი – რომელმაც თქვა, რომ უსიამოვნო ამბები გადაიტანა  და უთხრა: „მეფეო, შენი მონისაგან, მწყემსის შვილისაგან, ჩვენ ასე ვართ შეურაცხყოფილი“ და აჩვენა ბავშვის ზურგი.
   115. მოისმინა და იხილა ასტიაგესმა და არტემბარესის პატივისცემის გამო მოინდომა ბავშვის დასჯა. ამიტომ გამოიძახა მწყემსის ბავშვი. როდესაც ორივენი მოვიდნენ, შეხედა კიროსს ასტიაგესმა და თქვა: „შენ ამისთანა კაცის შვილი ხარ, როგორ გაბედე ჩემთან პირველი კაცის შვილისათვის ასეთი შეურაცხყოფის მიყენება?“ ხოლო მან მიუგო: „უფალო, მე მაგის მიმართ სამართლიანად მოვიქეცი. ამ სოფლის ბავშვებმა, რომელთაგანია ეგეც, თამაშის დროს მე დამაყენეს თავიანთ მეფედ, რადგანაც იფიქრეს, რომ მე ვარ ამისათვის ყველაზე მეტად შესაფერისი. სხვა ბავშვები ასრულებდნენ ჩემს განკარგულებებს, ხოლო ეგ არ მიგონებდა და არავითარ ყურადღებას არ მაქცევდა, რისთვისაც მიიღო კიდეცვაც სასჯელი. თუ ამისათვის მე დასჯის ღირსი ვარ, აი აქა ვარ“.
   116. ბავშვი როდესაც ამას ლაპარაკობდა, ასტიაგესმა ის თანდათან იცნო, (ბავშვი სახის ნაკვთები ჩამოგავდა მისას). მან თავისთვის იფიქრა, რომ ამ ბავშვის პასუხი ძალიან თავისუფალია, ამას გარდა დრო იმ ბავშვის გადაგდებისა თანხვდებოდა ამის ასაკს. ამით განცვიფრებული ასტიაგესი ერთ ხანს ჩუმად იყო, შემდეგ ძლივს გამხნევდა და უთხრა, რადგანაც უნდოდა არტემბარესის მოშორება (რათა მწყემსი მარტო ჰყოლოდა გამოსაკითხავად): „არტემბარეს, მე ისე გავაკეთებ, რომ შენ და შენს შვილს არაფერი გექნებათ სასაყვედურო“. მან გაგზავნა არტემბარესი, ხოლო კიროსი, ასტიაგესის ბრძანებით მსახურებმა შიგნით შეიყვანეს. როდესაც მწყემსი მარტოდ-მარტო დარჩა, მას ჰკითხა ასტიაგესმა, თუ საიდან ჰყავს ეს ბავშვი და ვინ გადმოსცა მას იგი. მწყემსმა უთხრა, რომ ბავშვი მისია და რომ ბავშვის მშობელი ჯერაც მასთან ცხოვრობს. ხოლო ასტიაგესმა უთხრა, რომ ვერაფერი შვილი გადაწყვეტილება მიუღია რაკიღა სურს, რომ მაინცდამაინც სასტიკი წამება მიაყენონ. ეს რომ თქვა, ანიშნა შუბოსნებს, რომ შეეპყროთ მწყემსი. როდსაც იგი მიჰყავდათ საწამებლად, მან აღიარა მთელი ამბავი. დაიწყო თავიდან, მოუთხრო სრული სიმართლე და გაათავა ვედრება-მუდარით და ეხვეწებოდა, რომ ეპატიებინა მისთვის.
   117. როდესაც მწყემსმა ჭეშმარიტება გააცხადა, ასტიაგესმა მოუკლო ლაპარაკს, ხოლო შუბოსნებს უბრძანა ჰარპაგოსი დაეძახებინათ მასთან, რადგანაც მასზე ძალიან იყო გაჯავრებული. როდესაც მოვიდა ჰარპარგოსი, ჰკითხა ასტიაგესმა: „ჰარპარგოს, როგორი სიკვდილით მოჰკალი ბავშვი, რომელიც მე შენ გადმოგეცი და რომელიც ჩემი ასულის შვილი იყო?“ ჰარპარგოსმა მწყემსი რომ დაინახა, რომელიც შიგნით იყო, ვეღარ გაბედა ტყუილი, რათა არ გამოემჟღავნებინათ და თქვა შემდეგი: „მეფეო, როდესაც გამოგართვი ბავშვი, ვფიქრობდი, როგორ მოვქცეულიყავი შენი სურვილის მიხედვით, რომ მე უდანაშაულო დავრჩენილიყავი შენს მიმართ და თანაც არ გავმხდარიყავი კაცის მკვლელი შენის ასულისა და თვით შენს მიმართ. ბოლოს ასე მოიქეცი: დავუძახე ამ მწყემსს, გადავეცი ბავშვი და ვუთხარი, რომ ეს შენა ხარ, რომელმაც უბრძანა მას ამ ბავშვის მოკვლა. ვთქვი ეს და არ მომიტყუებია, რადგანაც შენ ასე ბრძანე. გადავეცი მას და ვუთხარი, დაეტოვებინა ის უდაბურ მთაზე, დარჩენილიყო და ედარაჯნა იქამდე, ვიდრე ბავშვი არ მოკვდებოდა, თანაც დავემუქრე მას ბევრნაირად, იმ შემთხვევისათვის, თუ არ შეასრულებდა დავალებას. როდესაც გააკეთა მან ის, რაც ნაბრძანები ჰქონდა და მოკვდა ბავშვი, გავაგზავნე საჭურისთა შორის ყველაზე უფრო სანდონი, ვანახე მათ და დავამარხვინე იგი. ასე იყო, მეფეო, ეს ეს ამბავი და ასეთი სიკვდილი ეწია იმ ბავშვს“.
   118. ჰარპარგოსმა სიმართლე ილაპარაკა, ხოლო ასტიაგესმა დაფარა ბოღმა, რაც მის მიმართ ჰქონდა მომხდარის გამო, ჯერ მოუთხრო ჰარპარგოსს ისე, როგორც მოისმინა მან ეს ამბავი მწყემსისაგან, ხოლო შემდეგ, როდესაც მოუთხრო მას, ასეთ გაათავა, რომ დაე იცოცხლოს ბავშვმა და რაც მომხდარა, კარგად მოხდაო. მან თქვა  „რაც ჩავიდინე ამ ბავშვის მიმართ, დიდად მაწუხებდა და ჩემი ასულის საყვედურებს ვეღარ ვიტანდი. რაკიღა ბედი ასე კეთილად შეიცვალა, შენი შვილი გამოგზავნე ამ ახლად მოსულ შვილიშვილთან სათამაშოდ. შენ კი მეწვიე ნადიმზე რადგან ამ ბავშვის გადარჩენის გამო იმ ღმერთებს მინდა შევწირო მსხვერპლი, რომლებსაც ასეთი პატივი შეჰფერით“.
   119. ჰარპარგოსმა ეს რომ მოისმინა, თაყვანი სცა მეფეს და დიდად დაუფასა შეცოდების შენდობა, რომელიც, მან თავის დროზე ჩაიდინა, მადლობა გადაუხადა ნადიმზე დაპატიჟებისთვის, რომელიც ასეთი კარგი შემთხვევისათვის იმართებოდა და წავიდა სახლში. სასწრაფოდ მივიდა შინ, მას ჰყავდა ერთადერთი შვილი, რომელიც დაახლოებით 13 წლის იყო, ის გაგზავნა, უბრძანა, წასულიყო ასტიაგესთან და გაეკეთებინა, რასაც კი ასტიაგესი უბრძანებდა. ხოლო თვითონ, გახარებულმა, მოუთხრო ცოლს ყოველივე, რაც შეემთხვა. ხოლო ასტიაგესმა, როგორც კი მივიდა მასთან ჰარპარგოსის შვილი, დააკვლევინა იგი და ასო-ასო ააქნევინა. აქედან ხორცის ნაწილი შეაწვევინა, ნაწილი კიდევ მოახარშვინა და უბრძანა, ასე მომზადებული ჰქონოდათ. როდესაც ნადიმის დრო დადგა, მოვიდნენ სხვა წვეულებიცა, და მათ შორის ჰარპარგოსიც. სხვებსაცა და თვის ასტიაგესსაც ცხვრის ხორცით სავსე ტაბლები დაუდგეს, ხოლო ჰარპარგოსს მიართვეს მისი საკუთარი შვილის ხორცით სავსე ტაბლა. გარდა თავისა და ხელ-ფეხისა ყველაფერი აქ იყო. ესენი ცალკე ელაგა დახურულ კალათაში. როდესაც ჰარპარგოსმა საკმარისად ჭამა, ასტიაგესი შეეკითხა მას, კმაყოფილი არის თუ არა საჭმლით, როდესაც ჰარპარგოსმა უპასუხა, რომ ძალიან კმაყოფილია, იმ მოსამსახურეებმა, რომლებსაც ეს ევალებოდათ, თავდახურული კალათით მოიტანეს ბავშვის თავი, ხელები და ფეხები, და უთხრეს ჰარპარგოსს, რომ გადაეხადა და აეღო იქიდა, რაც უნდოდა. ჰარპარგოსმა გაუგონა, გადახადა და დაინახა თავისი შვილის ნარჩენები. ხოლო რომ დაინახა, არ დაიმჩნია ის შეძრწუნება, რაც განიცადა. ასტიაგესის შეეკითხა, ხვდება თუ არა, რა ნადირის ხორცი უჭამია. ხოლო მან მიუგო, რომ ხვდბა და ყველაფერი საუკეთესოა, რასაც კი აკეთებს მეფე. ეს მიუგო, აკრიფა დარჩენილი ხორცი და წავიდა სახლში. მე ვფიქრობ, ის აპირებდა ნარჩენების შეგროვებას და ყოველივეს დამარხვას.
   120. ასტიაგესმა ჰარპარგოსს ასეთი სამართალი მიაგო. ხოლო კიროსის გამო მან ითათბირა და დაუძახა სიზმირსამხსნელ მოგვებს. მოსულებს შეეკითხა ასტიაგესი, თუ როგორ აუხსნეს მას ჩვენება. მათ ისევე ისე უპასუხეს, თქვეს რომ ყმაწვილი უნდა გახდეს მეფე, თუკი გადარჩა და ამაზე უწინ არ მოკვდა. ხოლო ასტიაგესმა მიუგო მას შემდეგი: „ეს ყმაწვილი ცოცხალია და კარგად არის. სოფელში იზრდებოდა და სოფლის ბავშვებმა ის მეფედ დააყენეს. ის ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც შეშვენის ნამდვილ მეფეებს: მან დააყენა შუბოსნები, მეკარეები, მაცნეები და ყველა სხვა თანამდებობის კაცები, აბა, ახლა ეს თქვენ რად გეჩვენებათ?“ მოგვებმა უპასუხეს: „თუ ბავშვი ცოცხალია და მაშინ რიამე წინასწარი განზრახვით არ გამეფებულა, გამხნევდი და გული გაიმაგრე, რადგან მეორედ აღარ გამეფდება. ზოგიერთი ჩვენი წინასწარმეტყველებათაგანი ზოგჯერ ძლივს სრულდება ხოლმე, ასევე ზოგიერთი სიზმარი სულაც არ ახდება“. ხოლო ასტიაგესმა შემდეგი მიუგო: „მოგვებო, მეც თვითონ არსებითად ამავე აზრისა ვარ, როდესაც მეფედ იწოდა ყმაწვილი, ამით სიზმარი სულაც არ ახდება“. ხოლო ასტიაგესმა შემდეგი მიუგო: „მოგვებო, მეც თვითონ არსებითად ამავე აზრისა ვარ, როდესაც მეფედ იწოდება ყმაწვილი, ამით სიზმარი ახდა და ეს ბავშვი ჩემთვის მეტად აღარ არის საშიში. მაგრამ მაინც, კარგად მოისაზრეთ და მირჩიეთ მე, რაც ყველაზე უფრო უშიშარი იქნება ჩემი სახლისათვის და თქვენთვისაც“. ამაზე მოგვებმა უპასუხეს: „მეფეო, პირადად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი ძალაუფლების ამაღლება. ხოლო სხვა შემთხვევაში, სახელმწიფო გადავა სხვის ხელში, ამ ყმაწვილის ხელში, რომელიც სპარსელია. ჩვენ, მიდიელებს, დაგვიმონებს, სპარსელები არავითარ ანგარიშს არ გაგვიწევენ, რადგან მათთვის უცხოები ვიქნებით. როდესაც შენ ხარ მეფე, ჩვენი თანამოქალაქე, ნაწილობრივ ჩვენც ვმართავთ ქვეყანას და პატივი შენს გამო დიდი გვაქვს. ამრიგად, ჩვენ ყოველმხრივ გვმართებს ზრუნვა შენზე და შენს ძალაუფლებაზე. ახლაც, რაიმე საშიში რომ შეგვემჩნია, ყოველივეს გეტყოდით, მაგრამ რაკიღა სიზმარი უმნიშვნელოდ დამთავრდა, ჩვენ თვითონაც გავმხნევდით და შენც ამასვე გირჩევთ. ეს ბავშვი კი თვლიდან მოიშორე, გაგზავნე სპარსელებთან და თავის მშობლებთან“.
   121. ასტიაგესმა რომ ეს მოისმინა, გაიხარა, დაუძახა კიროსს და უთხრა მას შემდეგი: „ბავშვო, მე შენ უსამართლოდ მოგექეცი სიზმირს მიზეზით, რომელიც არ ასრულდა, ხოლო შენმა ბედმა შენ გადაგარჩინა, ახლა წადი მშვიდობით სპრსელებში, შენთან ერთად მხლებლებსაც გამოვგზავნი. წადი და იქ მამა და დედა იპოვე, ხოლო ისეთი არა, როგორიც მწყემსი მიტრადატესია და მისი ცოლი“.
   122. უთხრა ეს ასტიაგესმა და გაგზავნა კიროსი. დაბრუნებული კიროსი კამბისესის სახლში მიიღეს მშობლებმა, მიიღეს და რომ შეიტყვეს ვინ არის, ბევრს უალერსებდნენ, რადგანაც ეგონათ, რომ დაბადებისთანავე მოკვდა და ეკითხებოდნენ, თუ როგორ გადარჩა. ხოლო ყმაწვილმა მათ ყველაფერი უამბო და უთხრა, რომ უწინ ეს არ იცოდა და დიდად სცდებოდა, ხოლო ყოველივე მის თავს გადახდილი შეიტყო გზაზე, მან უწინ ის იცოდა, რომ ასტიაგესის მწყემსის შვილი არის, ხოლო აქეთ რომ მოდიოდა გზაზე, მხლებლებისაგან შეიტყო ყველაფერი. მან თქვა, რომ ის მწყემსის ცოლმა გაზრდა და ყოველთვის ძალიან აქებდა ამ ქალს. მშობლებმა ისარგებლეს ამ სახელით და გაავრცელეს ხმა, თითქოს გადაგდებული კიროსი აღზარდა ძაღლმა63. აქედან გავრცელდა ეს ხმა.
   123. დავაჟკაცებული და თავი ტოლებში ყველაზე მამაცისა და საყვარელი კიროსის დიდად ერთგული იყო ჰარპაგოსი და საჩუქრებს უგზვნიდა ხოლმე მას, რადგან ფიქობდა ასტიაგესისათვის სამაგიეროს გადახდას. ხოლო რაკიღა ჰარპაგოსი კერძო პირი იყო, იცოდა, რომ თვითონ არ გამოდგებოდა ასტიაგესისათვის სამაგიეროს მისაზღველად, ხედავდა წამოზრდილ კიროსს და მას იხდიდა მოკაშირედ, რადგანაც კიროსის თავსგადახდილი ამბები თავისი საკუთარის მსგავსად მიაჩნდა. ამაზე უწინ მან მის მიმართ შემდეგი გააკეთა: ასტიაგესი მკაცრი იყო მიდილეთა მიმართ, ჰარპაგოსი სათითაოდ დაუკავშირდა მიდიელ დიდკაცებს და არწმუნებდა მათ, რომ ტახტზე უნდა დასვან კიროსი და შეწყდეს ასტიაგესის მეფობა. გაუკეთა მას ეს საქმე და მზად იყო, ჰარპაგოსმა მოინდომა შეეტყობინებინათ თავისი აზრი კიროსისათვის, რომელიც სპარსელეში ცხოვრობდა. რადგანაც გზები დაცული იყო, მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ასეთ ხერხს მიმართა: მოამზადა კურდღელი, გაუკეთა მას მუცელი ისე, რომ ბეწვი არ გამოსწიწკნა, ეს რომ გააკეთა, მერე ჩაუდო შიგ ბარათი, რომელშიც ეწერა, რასაც აპირებდა. გაუკერა კურდღელს მუცელი და ბადეში ჩასმული მისცა ხელში როგორც მონადირეს, თავის მოსამსახურეთა შორის ყველაზე სანდოს, გაგზავნა სპარსელებში და უბრძანა ზეპირად, რომ კურდღელი კიროსისათვის გადაეცა და ეთქვა, რომ მას საკუთარი ხელით გაეჭრა კურდღელი და ამ ამბავს არავინ დასწრებოდა.
   124. ეს მოხდა ისე, როგორც ნაბრძანები იყო და კიროსმა რომ მიიღო კურდღელი, გაჰკვეთა, იპოვა შიგ ბარათი, აიღო და წაიკითხა. წერლიში შემდეგი ეწერა: „კამბისესის ძევ, ღმერთებმა გამოგარჩიეს შენ, თორემ ასეთ მდგომარეობას არ მიაღწევდი, შენ შენს მკვლელს, ასტიაგესს, სამაგიერო უნდა მიუზღო. მას უნდოდა, რომ შენ მომკვდარიყავი, მაგრამ ღმერთებისა და ჩემი წყალობით გადარჩი. მე ვფიქრობ, რომ დიდი ხანია, რაც შენ ყველაფერი იცი, ისიც თუ როგორ მოგექცა ის შენ და რა განვიცადე მე ასტიაგესისაგან, იმის გამო, რომ შენ არ მოგკალი და მწყემსს გადავეცი შენი თავი. შენ თუ მე დამიჯერებ, ასტიაგესის მთელი საბრძანებელის მმართველი გახდები. დაარწმუნე სპარსელები, რომ განუდგნენ ასტიაგესს და გაუძეხი მათ მიდიელების წინააღმდეგ. ასტიაგესი ან მე დამნიშნავს მხედართმთავრად შენს წინააღმდეგ (მაშინ მოხდება ის, რაც შენ გინდა), ანდა ვინმეს სხვას სახელოვან მიდიელთაგან. ესენი პირველები გაუდგებიან მას, შენ მხარეს დაიჭერენ და შეეცდებიან ჩამოაგდონ ასტიაგესი. რადგანაც აქ ყველაფერი მზადაა, გააკეთე ეს და გააკეთე რაც შეიძლება ჩქარა“.
   125. მოისმინა ეს კიროსმა და დაფიქრდა იმის შესახებ, თუ რა გზა იქნებოდა უფრო გონივრული სპარსელების განდგომაზე დაყოლიებისათვის. ფიქრობდა და გადაწყვიტა, რომ ეს ყველაზე უფრო შესაფერისი იყო და ასე მოიქცა: დაწერა ბარათზე, რაც უნდოდა, შეკრიბა სპარსელები, შემდეგ გახსნა ბარათი, წაიკითხა და უთხრა, რომ ასტიაგესმა იგი დანიშნა სპარსელთა მხედართმთავრად. მან უთხრა: „სპარსელებო, ახლა გიცხადებთ თქვენ, ისე მოდით, რომ თითოეულს ხელში ნამგალი გეჭიროთ“. ასე გამოუცხადა კიროსმა, სპარსელებში ბევრი გვარია, კიროსმა კი მხოლოდ ზოგი მათგანი შეკრიბა და ჩააგონა, რომ ჩამოშორებოდნენ მიდიელებს. ეს გვარები, რომელთაგანაც დამოკიდებული არიან ყველა სხვა სპარსელები შემდეგია: პასარგადები, მარაფიები, მასპიები. ამათგან ყველაზე წარჩინებული არიან პარსარგადები, მათში შედის აქემენიდთა ოჯახიც. აქედან წარმოსდგნენ მეფეები  პერსეიდები, ხოლო სხვა სპარსელები შემდეგი არიან: პანთიალეები, დერუსიები, გერმანიები, ესენი ყველანი მიწათმოქმედნი არიან, ხოლო სხვები  დაჰები, მარდები და დროპიკები  მომთაბარეები64.
   126. როდესაც მივიდნენ ყველანი, თან ჰქონდათ, რაც კიროსმა გამოუცხადა. რადგან ერთგან სპარსეთში რაღაც ძეძვიანი ადგილი იყო, დაახლოებით 18, თუ სულაც 20 სტადიონი; კიროსმა უთხრა მათ, რომ ეს ადგილი გაეწმინდათ იმ დღესვე. როდესაც სპარსელებმა გააკეთეს ის სამუშაო, რაც დავალებული ჰქონდათ, შემდეგ ისევ დაავალა მათ კიროსმა, რომ მოსულიყვნენ მეორე დღეს მხოლოდ უსათუოდ დაბანილები. ამასობაში კიროსმა ერთ ადგილას შეაყრევინა თავისი მამის მთელი თხებისა და ცხვრების ფარა და ნახირი, მსხვერპლად შეაწირვინა და მოამზადებინა, რომ მიეღო სპარსელთა ლაშქარი, ამას გარდა ჰქონდათ ღვინისა და პურის საკმარისი მარაგი. მეორე დღეს მოსული სპარსელები დასხა მინდორზე და გაუმასპინძლდა. როდესაც წვეულება მოთავდა, კიროსმა ჰკითხა მათ: რა საქმიანობა ურჩევნიათ, გუშინდელი თუ ეს. ხოლო მათ უთხრეს, რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა: რადგან გუშინდელი დღე მათთვის მთლიანად ცუდი იყო, ხოლო დღევანდელი  თავიდან ბოლომდე კარგი. კიროსმა რომ მოისმინა ეს სიტყვები, თქვა შემდეგი და გამოამჟღავნა ყოველივე: „სპარსელო ვაჟკაცებო, ასეა თქვენი საქმე: თუ დამიჯერებთ, გექნებათ ესეცა და სხვა ბევრი სიკეთეც, თავს დააღწევთ მონის შესაფერის შრომას. არ დამიჯერებთ და მაშინ, გუშინდელივით, გაუთავებელი ჯაფა გელით. მაშ დამიჯერეთ და იყავით თავისუფლები. მე თვით ვფიქრობ, რომ ღვთის განგებით ვარ მოვლენილი ამ საქმისათვის და ჩემი თავის იმედი მაქვს. ხოლო თქვენ მიდილებზე უარეს ვაჟკაცებად არ მიმაჩნიხართ, არც სხვა საქმეში და არც ომში, რადგანაც ასეა, მაშ გადაუდექით ასტიაგესს სასწრაფოდ“.
   127. სპარსელებმა წინამძღოლი რაკი მოიპოვეს, სიხარულით განთავისუფლდნენ, რადგან დიდი ხანია მიდიელთა მმართველობისაგან ძალიან იტანჯებოდნენ. ასტიაგესმა რომ კიროსის ამბოხება შეიტყო, გაუგზავნა მოციქული და დაუძახა თავისთან. ხოლო კიროსმა მოციქულს გამოუცხადა, შეეტყობინებინა მეფისათვის, რომ იმაზე უფრო ადრე მივა მასთან, ვიდრე ეს თვით ასტიაგესს სურს. ასტიაგესმა, რომ ეს მოისმინა, შეაიარაღა ყველა მიდიელი და მათ მხედარმთავრად, თითქოს შეშლილი იყო, დანიშნა ჰარპაგოსი, სულ დაავიწყდა, რაც მას დამართა. როდესაც მოლაშქრე მიდიელები სპარსელებს შეხვდნენ, ზოგიერთი მათგანი იბრძოდა, ისინი, რომლებიც არ მონაწილეობდნენ შეთქმულებაში, ზოგიერთები კი გადადიოდნენ სპარსელების მხრეზე. ხოლო მეტი ნახილი მოღალატურად გაისარჯა და გაიქცა.
   128. როგორც კი შეიტყო ასტიაგესმა, რომ მიდიელთა ლაშქარი ასე სამარცხვინოს დაიშალა, დაემუქრა კიროსს და თქვა: „მაინც ვერ გაიხრებს კიროსი“, ეს რომ თქვა, ჯერ სიზმრის ამხსნელი მოგვები, რომელთაც იგი დაარწმუნეს და კიროსი გააშვებინეს, ჩამოაცვა სარზე, შემდეგ კი შეაიარაღა ქალაქში დარჩენილი მიდიელები, ახალგაზრდებიცა და ხნიერი მამაკაცებიც. თვითონ წაიყვანა მიდიელები, შეებრძოლა სპარსელებს და დამარცხდა. თვითონ ასტიაგესი ცოცხალი იქნა შეპყრობილი, ხოლო მიდიელთა ჯარი განადგურებულ იქნა65.
   129. დატყვევებულ ასტიაგესს წარუდგა ჰარპაგოსი, რომელიც ხარობდა მისი უბედურებით და ლანძღავდა მას. უთხრა მას შეურაცხმყოფელი სიტყვები და ბოლოს გაახსენა ნადიმი, რომელზედაც იგი მას საკუთარი შვილის ხორცით გაუმასპინძლდა და ჰკითხა: რა არის ამასთან შედარებით მისი მონობა, რაც მას ხვდა მეფობის წილ. ასტიაგესმა შეხედა მას და კითხვა შეუბრუნა, შენც კიროსის თანამზრახველი ხომ არა ხარო, ხოლო ჰარპაგოსმა უთხრა, რომ პირველად მან მისწერა კიროსს და რომ მთელი ეს ამბავი მართლაც მისი საქმეა. ასტიაგესი მას უმტკიცებდა, რომ კაცთა შორის ის არის ყველაზე სულელი და ყველაზე უსამართლო. ყველაზე სულელი არის იმიტომ, რომ თვითონ შეეძლო მეფედ გამხდარიყო, რადგანაც მისით მოხდა, რაც მოხდა და სხვას კი გადასცა ძალაუფლება, ხოლო ყველაზე უსამართლო არის იმიტომ, რომ ნადიმის გულისათვის მიდიელები მონობაში ჩაჰყარა. თუ მაინცდამაინც ვინმესათვის უნდა გადაეცა სამეფო ხელისუფლება და თვითონ არ უნდა ჰქონოდა, უფრო სამართლიანი იქნებოდა მიდიელთაგან ვინმე გაემეფებინა. ეს უკეთესი იქნებოდა, ვიდრე სპარსელთაგის გამეფება. ახლა მიდიელები, რომელთაც ამაში ბრალი არ მიუძღვით, მონები გახდნენ ბატონების ნაცვლად, ხოლო სპარსელები, რომლებიც უწინ მიდიელთა მონები იყვნენ, ახლა ბატონებად იქცნენ.
   130. ასტიაგესმა იმეფა 35 წელი და ეგრე დასრულდა მისი სამეფოს ძალაუფლება, ხოლო მიდიელები ასტიაგესის სიმკაცრის გამო იყო, რომ სპარსელებს დაემორჩილნენ. მიდიელები განაგებდნენ მდინარე ჰალისის ზემოთ მდებარე აზიას 130 წელს ორ წელს ნაკლებ, სკვითების მმართველობის ხანის გამოკლებით. შემდეგში მიდიელებმა ინანეს ის, რაც გააკეთეს და გადაუდგნენ დარიოსს. გადაუდგნენ, მაგრამ ბრძოლაში დაძლეულები კვლავ დამორჩილებულ იქნენ. მას აქეთ, რასაც ასტიაგესის დროს სპარსელები და კიროსი რომ აუჯანყდნენ მიდიელებს, სპარსელები მართავენ აზიას. ასტიაგესს კიროსმა ცუდი სხვა არაფერი გაუკეთა, მხოლოდ თავისთან ჰყავდა, ვიდრე არ გარდაიცვალა. ეგრე დაიბადა კიროსი, აღიზარდა და იმეფა, ამის შემდეგ მან დაიმორჩილა კროისოსი, რომელიც პირველი მოექცა უსამართლოდ, როგორც უკვე ვთქვი უწინ ის დაიმორჩილა და ეგრე განაგებდა კიროსი მთელ აზიას.


სპარსელთა წეს-ჩვეულებები
   131. მე ვიცი, რომ სპარსელებს შემდეგი ჩვეულებები აქვთ: ქანდაკებების, ტაძრებისა და საკურთხევლების აგება მათ წესად არ აქვთ. ის კი არა, ვინც ამას აკეთებს, იმას სულელად თვლიან, რადგან, ასე მგონია, ადამიანის ბუნებისად არ მიაჩნიათ ღმერთები, როგორც ეს ელინებს სწამთ. მათ წესად აქვთ ზევსისათვის66 მსხვერპლის შეწირვა და ამ დროს უმაღლეს მთაზედ ადიან, ზევსს კი უწოდებენ ცის მთელ კაბადონს. მსხვერპლს სწირავენ აგრეთვე მზეს, მთვარეს, დედამიწას, ცეცხლს, წყალს და ქარებს67. მხოლოდ ამას სწირავენ მსხვერპლს თავიდანვე, ხოლო შემდეგ ისწავლეს ურანის მიმართ მსხვერპლშეწირვა, ეს ისწავლეს ასირიელთაგან და არაბთაგან. ასირიელები აფროტიდეტს უწოდებენ მილიტას, არაბები  ალილატს, ხოლო სპარსელები მითრას.68
   132. ზემოხსენებული ღმერთების მიმართ სპარსელებს შემდეგნაირი მსხვერპლშეწირვა აქვთ დაწესებული. მსხვერპლშეწირვას რომ აპირებენ, არც საკუთხეველს აკეთებენ და არც ცეცხლს ანთებენ69: არ ახდენენ დანთხევას, არც ავლოსზე უკრავენ, არც გვირგვინებს ხმარობენ და არც ქერის მარცვალს. ღმერთთა შორის ვინმეს მიმართ თუ უნდათ მსხვერპლის შეწირვა, თავს ტიარით70 იმკობენ, უფრო კი მირიტით და ისე გაიყვანენ წმინდა ადგილას საქონელს და მიმართავენ ღმრთს. მსხვერპლის შემწირველმა რომ პირადად თავისითავისათვის ილოცოს, არ შეიძლება. იგი ლოცულობს ყველა სპარსელისათვის, რომ კარგად იყვნენ (ყველა სპარსელში ხომ თვითონაც იგულისხმება) და მეფისათვის, ხოლო შემეგ ასო-ასო დასჭრის სამსხვერლპლო ცხოველს, ხარშავს ხორცს, დააფენს ბალახს, რაც შეიძლება ახალს, ჩვეულებრივ სამყურას და ამაზე დაალაგებს მთელს ხორცს. ამას რომ გააკეთებს, იქვე მდგომი მოგვი მღერის ღმერთების წარმოშობის შესახებ (ნაწყვეტს ავესტადან), რადგან ისინი ამბობენ, რომ ასეთია მათში ლოცვა. უმოგვებოდ არა სჩვევიათ მათ მსხვერპლშეწირვა. ცოტა ხანი რომ გავა, მსხვერპლშემწირველს მიაქვს თან ხორცი და იხმარს მას ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია.
   133. ყველა დღეთა შორის სპარსელებს ის დღე მიაჩნიათ პატივსაცემად, როდესაც თვითონ დაიბადნენ. ამ დღეს ისინი საჭიროდ თვლიან ყველა სხვა დღეებთნ შედარებით გაცილებით მეტი საჭმელი მოამზადონ. დაბადების დღეს სპარსელთა შორის მდიდრები ღუმელში მთლიანად შემწვარ ხარს, ცხენს, აქლემს და ვირს გამოიტანენ ხოლმე, ღარიბებს კი წვრილფეხა, საქონელი გამოაქვთ, საჭმელს ისინი ცოტას ხმარობენ, ხოლო სადესერტო საჭმელს, ბევრს და თანდათანობით. ამიტომაა, რომ სპარსელები ამბობენ, რომ ელინები მშივრები ათვებენ ჭამას, რადგან სადილის შემდეგ არაფერს მნიშვნელოვანს არ ჩამოატარებენ ხოლმე, ხოლო რაიმე რომ ჩამოეტარებინათ, ელინები არ შეწყვეტდნენ ჭამასო. სპარსელები ღვინოს ძალიან ეტანებიან, მათთვის არ შეიძლება არც გადაფურთხება და არც მოშარდვა სხვის წინაშე. ისინი ამ წესებს იცავენ. ჩვეულებრივ მთვრალები ბჭობენ უმნიშვნელოვანეს საქმეთა შესახებ. ხოლო ბჭობისას რაც უფრო მოეწონებათ, იმას, მეორე დღეს რომ გამოფხიზლდებიან, წამოაყენებს იმ სახლის პატრონი, სადაც იყვნენ მოთათბირები და თუ გამოფხიზლებულებსაც მოეწონათ, ღებულობენ იმ გადაწყვეტილებას, ხოლო თუ არ მოეწონათ, უარყოფენ. ასევე, რაზედაც ფხიზლები თათბირობენ იმას მთვრალები დაადგენენ ხოლმე.
   134. როდესაც სპარსელები ერთმანეთს ხვდებიან გზაზე, შემდეგი ნიშნით მიხვდება კაცი, შემხვედრნი თანასწორნი არიან, თუ არა. რადგან თუ თანაბარნი არიან, სიტყვიერი მისალმების მაგიერ კოცნიან ერთმანეთს ტუჩებში, თუ ერთი მათგანი ცოტათი უფრო დაბლა მდგომია, ჰკოცნიან ერთმანეთს ლოყებზე, ხოლო თუ ერთი ბევრად უფრო დაბალი წარმოშობისაა მეორეზე, მდაბიო ემხობა მეორეს წინაშე და მას თაყვანს სცემს. სპარსელები თავისი თავის შემდეგ ყველაზე მეტად პატივს სცემენ მათ, ვინც ყველაზე უფრო ახლოს ცხოვრობს მათთან, შემდეგ პატივს სცემენ მათ, ვინც ამათ შემდეგ ცხოვრობს, ისე რომ პატივისცემა ხდება მანძილის მიხედვით. ამრიგად ყველაზე ნაკლებად სცემენ პატივს მათ, ვინც ყველაზე უფრო შორს ცხოვრობს მათგან. სპარსელებს მიაჩნიათ, რომ თვითონ არიან ადამიანთა შორის ყველაზე უფრო კეთილშობილი, ხოლოს სხვებს, მათი აზრით, სიქველე ახასიათებთ მეტნაკლებად; ვინც ყველაზე შორს ცხოვრობს მათგან, ისინი ყველაზე უარესები არიან. მიდიელთა გამგებლობის დროს ხალხები ერთმანეთს მართავდნენ, ყველას მართავდნენ მიდიელები და პირველ რიგში მათ, ვინც მათთან ყველაზე ახლოს ცხოვრობდნენ, ესენი კიდევ თავის მეზობლებს, ეს მზეობლები კი თავიანთ მოსაზღვრეეს. ამის მიხედვითაა, რომ სპარსელები სცემენ პატივს ხალხებს; რადგან ტომის მართვაცა და მეურვეობაც სულ უფრო შორს მიდიოდა.
   135. უცხოელთა ჩვეულებებს სპარსელები სხვა ხალხთა შორის ყველაზე უფრო ღებულებენ. ისინი ატარებენ მიდიურ ტანსაცმელს, რომელიც თავისზე უფრო ლამაზად მიაჩნიათ და ომში ეგვიპტურ აბჯარს ისხამენ. თუ კი გაიგეს, შემდეგ არ იკლებენ არავითარ სიამოვნებას, მაგალითად ელინთაგან ისწავლეს და კავშირს იჭერდნენ ყმაწვილებთან. თითოეული სპარსელი ირთავს მრავალ კანონიერ ცოლს, ხოლო ხასები ბევრად უფრო მეტი ჰყავთ.
   136. ბრძოლაში მამაცობის შემდეგ უდიდეს ვაჟკაცობად ითვლება ბევრი შვილის გაჩენა. მას, ვინც ყველაზე მეტ შვილს გააჩენს, მეფე საჩუქრებს უგზავნის ყოველწლიურად. რადგან მიაჩნიათ, რო მრავალრიცხოვნება ძალა არის. ბავშვებს 5 წლიდან 20-მდე მხოლოდ სამ რამეს ასწავლიან: ცხენოსნობას, მშვილდოსნობას და სიმართლის ლაპარაკს. ვიდრე ბავშვი არ გახდება 5 წლის, არ ენახვება მამას თვალით, მას ქალებში აქვს ადგილსამყოფელი. ეს იმიტომაა, რომ თუ ბავშვი მოკვდა პატარობაში, ამ ამბავმა მამას მწუხარება არ მიაყენოს.71
   137. მე ვაქებ ამისთანა ჩვეულებას; ვაქებ აგრეთვე იმასაც, რომ ერთი დანაშაულის გულისათვის არც თვითონ მეფე ჰკლავს არავის, და სპარსელთა შორის არც სხვა ვინმე მიუსჯის ვისმე თავის მსახურთაგანს სიკვდილს მხოლოდ ერთი დანაშაულის ჩადენისათვის. ხოლო როდესაც დაფიქრდებიან და გამოარკვევენ, რომ დანაშაული უფრო დიდია ამ კაცის დამსახურებაზე, მაშინ განრისხდებიან ხოლმე. სპარსელთა მტკიცებით მათ შორის არასოდეს არავის მოუკლავს თავისი მამა ან დედა; ხოლო თუკი ასეთი რამ მომხდარა, მთელი გულისყურით გამოკვლევების შემდეგ აღმოჩენილა, რომ ამის ჩამდენი ყოფილა მიგდებული ან უკანონო შვილი. ისინი ამბობენ, რომ ჭეშმარიტად შეუფერებელია მშობელი მისმა საკუთარმა შვილმა მოჰკლასო.
   138. რისი გაკეთებაც არ შეიძლება მათთვის, მასზე არც ლაპარაკი შეიძლება. მათში ყველაზე სამარცხვინოდ ტყუილი ითვლება, ხოლო ტყუილის თქმის შემდეგ ყველაზე სამარცხვინოდ თვლიან ვალის აღებას, მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო, განსკუთრებით კი იმიტომ, რომ ამბობენ, დავალიანებულს რაღაც ტყუილის თქმა სჭირდებაო. მოქალაქეთაგან ვისაც კეთრი ან თეთრი ლაქა აქვს, მას ქალაქში არ შეესვლება და არც სპარსელებთან აქვს ურთიერთობა. ამბობენ, რომ ვისაც ასეთი რამე სჭირს, მას მზის მიმართ შეცოდება მიუძღვისო. ყოველ უცხოელს, ვინც კი დაავადდება ამ სენით, ისინი აძევებენ ქვეყნიდან. ამავე მიზეზით ბევრი ხოცავს თეთრ მტრედებსაც.72 მდინარეში ისინი არც შარდავენ, არც აფურთხებენ, არც ხელებს იბანენ და არც სხვას აძლევენ ამის ნებას, რადგან მდინარეებს ისინი განსაკუთრებით სცემენ პატივს.
   139. არის ერთი რამ, რაც თვით სპარსელებისათვის დაფარულია, ხოლო ჩვენთვის არა. პიროვნებების ყველა სახელი, ისევე, როგორც ძლევამოსილების აღმნიშვნელი ყოველი სიტყვა მთავრდება ერთსა და იმავე ასოზე, რომელსაც დორიელების სან-ს უწოდებენ, ხოლო იონელები სიგმას. ვინც დაუკვირდება ამას, აღმოაჩენს, რომ ამ ასოზე მთავრდბა სპარსელთა სახელების არა მხოლოდ ერთი რომელიმე ნაწილი, არამედ ყველა ერთნაირად.73
   140. ამ ამბების შესახებ დანამდვილებით ვიცი და ისე ვამბობ. ხოლო მკვდრის შესახებ მალულად ლაპარაკობენ და არა ცხადლივ, რომ მანამდე არ დაიმარხება სპარსელი კაცის გვამი, ვიდრე ფრინველი ან ძაღლი არ დაჰგლეჯს მას. მე დანამდვილებით ვიცი, რომ მოგვები ამას აკეთებენ, რადგან ცხადლივ აკეთებენ ამას74. ხოლო სპარსელები ცვილით დაფარულ გვამს მიწაში ფლავენ.75 მოგვები დიდად განსხვავდებიან ყველა სხვა ხალხისაგან და ეგვიპტელი ქურუმებისაგანაც. რადგან ეგვიპტის ქურუმებს სიწმინდედ მიაჩნიათ ის, რომ არაფერ სულდგმულს არ ჰკლავენ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსხვერპლს სწირავენ, მოგვები კი საკუთარი ხელით ჰკლავენ ყოველივეს, გარდა ძაღლისა და ადამიანისა, და დიდად სასიქადულოდ მიაჩნიათ ამის კეთება. ასევე თავისი ხელით ხოცავენ ჭიანჭველებსაც, გველებსაც და ყოველივე სხვა ქვეწარმავლებსა და ფრთოსნებს. რაც შეეხება ამ ჩვეულებას, დაე იყოს ის ისე, როგორც იმთავითვე დაუწესებიათ, მე კი დავუბრუნდები ჩემს უწინდელ მოთხრობას.
   141. როგორც კი ლიდიელები დაიმორჩილეს სპარსელებმა, იონელებმა და ეოლიელებმა გაგზავნეს მოციქულები სარდეში კიროსთან და უნდოდათ იმავე პირობებში ყოფილიყვნენ მისი ქვეშევრდომები, რა პირობებშიც კროისოსთან იყვნენ. კიროსმა მოუსმინა მათ, რასაც თხოულობდნენ, უამბო მათ იგავი და თქვა: ერთმა ავლოსზე დამკვრელმა კაცმა დაინახა ზღვაში თევზები და დაუკრა ავლოსზე, რადგან ფიქრობდა, რომ ამით გამოიყვანდა იმათ ხმელეთზე. როდესაც გაუმტყუნდა იმედი, აიღო ბადე, წყალში ისროლა, დიდძალი თევზი დაიჭირა და ნაპირზე გამოათრია, ხოლო როცა დაინახა მოფრთხიალე თევზები, უთხრა მათ: „შეწყვიტეთ ცეკვა, რადგანაც, როდესაც ავლოსზე ვუკრავდი, მაშინ არ მოინდომეთ გამოსვლა და ცეკვაო“. კიროსმა ეს ამბავი იონელებსა და ეოლიელებს იმიტომ უამბო, რომ იონიელებმა უწინ არ გაუგონეს მას, როდესაც თვით კიროსმა შეუთვალა მათ მოციქულები მეშვეობით განდგომოდნენ კროისოსს, ხოლო როდესაც საქმე დასრულდა, მზად არიან გაუგონონ კიროსს. კიროსმა გაჯავრებულმა უთხრა მათ ეს. იონელებმა კი, როდესაც შეიტყვეს ეს ამბავი, რომელიც მოედო ქალაქებს, თითოეულამ ზღუდეები შემოივლო და ყველანი, გარდა მილეტლებისა, შეიკრიბნენ პანიონიონში. რადგანაც მარტომ მილიტელებთან შეკრა კავშირი კიროსმა, როგორც ჰქონდა მათთან ლიდიელს (კროისოსს), ხოლო დანარჩენმა იონელებმა დაადგინეს საერთო გადაწყვეტილების შემდეგად, რომ გაეგზავნათ მოციქულები სპარტაში და ეთხოვათ მათთვის შემწეობა.

დასავლეთ მცირე აზიის შემოერთება სპარსელთა მიერ
ა) იონიის ქალაქები
   142. იმ იონელებმა, რომელთაც ეკუთვნით პანიონი, ააგეს ქალაქები ცისა და ჰავის მხრივ საუკეთესო ადგილას, ყველა სხვა ხალხებთან შედარებით რომლებიც კი ჩვენ ვიცით. რადგან იონიას ვერ შეედრებიან არც მის ზემოთ და არც მის ქვემოთ, მის აღმოსავლეთით თუ დასავლეთით მდებარე მხრიდან. რადგან ზოგს ყინვა და ნესტი აწუხებს, ზოგსაც სიცხე და გვალვა. იონიელები ერთსა და იმავე ენაზე კი არ ლაპარაკობენ, არამედ ოთხნაირ დიალექტს ხმარობენ. მათ შორის სამხრეთისაკენ მილეტია პირველი ქალაქი, ხოლო შემდეგ არიან მიუსი და პრიენე. ესენი კარიაში მდებარეობენ და მათი მცხოვრებნი ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობენ. ხოლო ლიდიაში არის შემდეგი ქალაქები: ეფესო, ლებედოსი, ტეოსი, კლაძომენე, ფოკეია. ამ ქალაქებს ზემოდ მოხსენებულ ქალაქებთან ენის მიხედვით არაფერი მსგავსება არა აქვთ, ხოლო ერთმანეთში ლაპარაკობენ ერთსა და იმავე ენაზე. ამას გარდა დარჩენილი სამი იონური ქალაქიდან ორი მდებარეობს კუნძულებზე, სამოსი და ქიოსი, ხოლო ერთი დაფუძნებულია ხმელეთზე, ერითრე. ქიოსელები და ერითრელეები ერთსა და იმავე ენაზე ლაპარაკობენ, ხოლო სამოსელები  თავის საკუთარზე. ეს არის ენის ოთხი დიალექტი.
   143. ამ იონელთაგან მილეტელებს საფრთხე არ ემუქრებოდათ, რაკიღა ხელშეკრულება ჰქონდათ დადებული, ხოლო კუნძულის მცხოვრებლებსაც საშიში არაფერი ჰქონდათ, რადგან არც ფინიკიელები ყოფილან ოდესმე სპარსელთა ქვეშევრდომები და არც თვით სპარსელები ყოფილა ოდესმე ზღვაოსნები. სხვა იონელთაგან გამოყოფილი არიან ეს იონელები მარტო იმიტომ, რომ სუსტი იყო მაშინ მთელი ელინური მოდგმა, ხოლო სხვა ტომებზე ბევრად უფრო სუსტი და ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო იონური ტომი, რადგანაც ათენს გარდა სხვა არავითარი მნიშვნელოვანი ქალაქი არ ჰქონიათ. სხვა იონელებიცა და ათენელებიც გაურბოდნენ სახელს, არ უნდოდათ იონელები რქმეოდათ, ის კი არა ახლაც მეჩვენება, რომ ბევრ მათგანს რცხვენია ამ სახელის. სამაგიეროდ ეს თორმეტი აზიური ქალაქი76 ამაყობდა ამ სახელითა და დააფუძნეს საკურთხეველი მხოლოდ თავისთვის და დაარქვეს მას პანიონიონი და გადაწყვიტეს, რომ იონიელთაგან იქ სხვა არავინ მიიღებდა მონაწილეობას (არც მოუთხოვია არავის მონაწილეობის მიღება სმირნელთა გარდა).
   144. ზუსტად ასევე დორიელებმა77 ახლანდელი მხარე პენტაპოლისში (ხუთქალაქი), უწინ რომ ჰექსაპოლისი (ექვსქალაქი) ერქვა, არა მარტო აუკრძალეს მეზობლად დორიელთაგან შესვლა ტრიოპის ტაძარში, ის კი არა იმ თავისიანებსაც, ვინც კი უკანონოდ მოიქცეოდა ტაძრის მიმართ, უკრძალავდნენ რელიგიურ წესებში მონაწილეობას. ტრიოპის აპოლონის შეჯიბრებაზე ძველთაგანვე სპილენძის სამფეხს აძლევდნენ ხოლმე გამარჯვებულებს, მაგრამ ვინც მიიღებდა ამ ჯილდოს, ტაძრიდან კი არ უნდა გაეტანა სამფეხი, არამედ იქვე უნდა შეეწირა ღმერთისათვის. ერთმა ჰალიკარნესელმა, რომელსაც სახელად ერქვა აგასიკლეესი, გამარჯვება მოიპოვა და კანონი დაარღვია, თავის სახლში წაიღო სამფეხი და იქ მილურსმა. ამ მიზეზის გამო ხუთმა ქალაქმა, ლინდოსმა, იალისოსმა, კამიროსმა, კოსმა და კნიდოსმა გამორიცხეს ტრიოპის ტაძრის წევრობისაგან მეექვსე ქალაქი, ჰალიკარნესოსი. აი ასეთი სასჯელი დაადეს მათ ჰალიკარნესელებს.
   145. მე ვფიქრობ, იონიელებმა თორმეტი ქალაქის კავშირი შექმნეს და არც უნდოდათ ამ კავშირში მეტის მიღება იმის გამო, რომ როდესაც პელოპონესში ცხოვრობდნენ, 12 ნაწილად იყოფოდნენ, ისევე როგორც ახლა 12 ნაწილად იყოფიან აქაიელები, რომელთაც გააძევეს იონიელები78. პირველი ქალაქი მათ შორის არის სიკიონის მხრიდან პელენა, ხოლო შემდეგ არის ეგირა და ეგი, სადაც გადის მუდმივ სანაოსნო მდინარე კრათისი, რომლისგანაც აქვს სახელი იმ მდინარეს, იტალიაში რომაა; შემდეგ არის ბურა და ჰელიკე, სადაც გაიქცნენ აქაიელების მიერ ბრძოლაში დამარცხებული იონიელები; შემდეგაა ეგიონი, რიპესი, პატრეესი, ფარეესი და ოლენოსი, რომელშიც არის დიდი მდინარე პიროსი; ბოლოს დიმე და ტრიტეესი, მხოლოდ ეს უკანასკნელებია, რომ შუახმელეთზე მდებარეობენ.
   146. ესაა სახელგანთქმულ აქაიელთა 12 ნაწილი, რაც ოდესღაც იონიელებისა იყო. ამიტომაა, რომ იონიელებმა 12 ქალაქი შექმნეს; დიდი სისულელეა იმის თქმა, თითქოს ეს იონელები რაღაცით უფრო მეტნი არიან სხვა იონიელებზე, ანდა რაღაცით უკეთესი თავისი წარმოშობით, პირიქით, მათ შორის მცირე ნაწილი როდი უჭირავთ აბანტებს, რომლებიც ევბეიდან არიან და რომელთაც იონიასთან სახელიც კი არა აქვთ საერთო, ამას გარდა ორქომენელი მინიები79 შეერივნენ მათ; ასევე შეერივნენ მათ კადმეელები, დრიოპები, გამდგარი ფოკიდელები, მოლოსები, არკადიელი პელაზგები, ეპიდავრელი დორიელები და მრავალი სხვა ტომი; ათენელთა პრიტანეიდან გამოსულმა და იონიელთ შორის უკეთილშობილესად მიჩნეულმა წარმოშობის მიხედვით ზოგიერთმა მათგანმაც კი არ წაიყვანეს ახალშენში ცოლები, არამედ კარიელი ქალები მოიპოვეს ადგილზე; ის ქალები, რომელთაც მშობლები დაუხოცეს. ამ მკვლელობის გამო ამ ქალებმა დაიწესეს, ფიცი დასდეს და უანდერძეს თავის ასულებს, რომ არც ოდესმე ეჭამათ პური ქმრებთან ერთად და არც სახელი დაეძახათ საკუთარი ქმრისათვის. ეს იმიტომ, რომ ამ მამაკაცებმა დაუხოცეს მათ მამები, ქმრები და შვილები; ეს ჩაიდინეს და შემდეგ შეირთეს ისინი. ეს მოხდა მილეტში.
   147. ზოგიერთმა იონიელმა მეფეებად დაიყენეს ლიკიელები, რომლებიც გლავკოს ჰიპოლოქოსის ძის ჩამომავლები იყვნენ, სხვებმა პილოსელი კავკონები, კოდროს მელანთოსის ძის ჩამომავლები, დანარჩენებმა კი გაიმეფეს როგორც ერთი ჩამომავლობის ხალხი, ასევე მეორე. ესენი ითვლებიან ყველაზე უფრო სუფთა წარმოშობის იონიელებად და ამიტომაცაა, რომ სხვა იონიელებზე უფრო მეტად იცავენ თავის სახელს. ყველა ეს იონელი ათენიდან არის წარმოშობით და აპატურიის დღეობას იხდის. ამ დღეობას კი იხდის ყველა იონელი, გარდა ეფესელებისა და კოლოფონელებისა. იონელთაგან მხოლოდ ესენი არ დღესასწაულობენ აპატურიას და ამისი მიზეზი რაღაცა მკვლელობაა.
   148. ხოლო პანიონიონი არის წმინდა ადგილი მიკალეში, მის ჩრდილოეთ ნაწილში. იგი ერთობლივ ყველა იონელთაგან ჰელიკონელ პოსეიდონისათვის არის განკუთვნილი. ხოლო მიკალე არის ხმელეთის კონცხი მიმართული ზეფირის ქარისაკენ 9ე.ი. დასავლეთისკენ), სამოსისკენ, ყველა ქალაქიდან აქ გროვდებიან იონიელები და იხდიან დღესასწაულს, რომელსაც უწოდეს სახელად პანიონია. ის რაც ითქვა, ეხება არა მხოლოდ იონიელთა დღესასწაულს, არამედ ასევე ყველა ელინთა დღესასწაულებსაც, რომელთა სახელებიც ერთსა და იმავე ასოზე ბოლოვდებიან, ისევე როგორც სპარსული სახელები.
ბ) ეოლიის ქალაქები
   149. ესენი არიან იონიური ქალაქები, ხოლო ეოლიური ქალაქებია: კიმე, რომელსაც ლარისი ეწოდება, ფრიკონიდი, ნეონ ტეხოსი (ბერძ. ახალი ზღუდე, ახალი სიმაგრე), ტემნოსი, კილა, ნოტიონი, ეგიროესსა, პიტანე, ეგეიე, მირინა, გრინიია. ესაა 11 უძველესი ეოლიური ქალაქი. ხოლო ერთი მათ შორის, სმირნე, წაიღეს იონიელებმა, თავდაპირველად კი ეოლიური თორმეტი ქალაქი იყო ხმელეთზე80. ხოლო ესენი, ეოლიელები, იონიელებზე უფრო ნაყოფიერ ქვეყანაში დასახლდნენ, მაგრამ ჰავი მიხედვით მათი ქვეყანა ვერ შეედრებოდა იონიელების ქვეყანას.
   150. ხოლო ეოლიელებმა სმირნე ასე დაჰკარგეს: მათ მიიღეს შეთქმულებაში დამარცხებული და სამშობლოდან გამოძევებული კოლოფონელები. შემდეგ კოლოფონელი ლტოლვილები დაუდარაჯდნენ სმირნელებს, რომლებიც დიონისეს დღესასწაულს იხდიდნენ ზღუდის გარეთ, დაჰკეტეს კარიბჭე და აიღეს ქალაქი. მაშინ ყველა ეოლიელი გამოვიდა სმირნელების დასახმარებლად, მაგრამ მოხდა ისე, რომ შემდეგზე შეთანხმდნენ: იონიელები მისცემდნენ მათ მოძრავ ქონებას, ხოლო ეოლიელები დატოვებდნენ სმირნას. როდესაც სმირნელებმა ეს გააკეთეს, თერთმეტმა ქალაქმა დაინაწილა ყოფილი სმირნელები და გახადა თავის საკუთარ მოქალაქეებად.
   151. ესენია ეოლიის ხმელეთზე მდებარე ქალაქები, იმ ეოლიელებს გარდა, რომლებიც მოსახლეობენ იდეზე, რადგან ისინი განცალკევბულნი არიან. ხოლო კუნძულებზე მდებარე ქალაქთაგან ხუთია ლესბოსზე (რადგან მეექვსე ქალაქი, რომელიც ლესბოსზე მდებარეობდა, არისბა, დაიმონეს მეთიმნელებმა, თუმცა კი ერთმანეთის ნათესავები იყვნენ). ერთი ქალაქი მდებარეობს ტენედოსზე, ერთიც ე.წ. „ასკუნძულზე“81. ასე რომ,  ლესბოსელებსა და ტენედოსელებს, ისევე როგორც იმ იონიელებს, რომლებსაც კუნძულები ეჭირათ, არავითარი საშიშროება არ მოელოდათ. ხოლო დანარჩენმა ქალაქებმა გადაწყვიტეს, რომ საზოგადოდ ყველაფერში მიჰყოლოდნენ იონიელებს, როგორც ისინი მოიქცეოდნენ.
გ) ლიდიის შემომტკიცება
   152. როდესაც იონიელთა და ეოლიელთა მოციქულები მოვიდნენ სპარტეში, საჩქარო იყო ამის გაკეთება, მათ თავიანთთაგან მოლაპარაკედ გამოარჩიეს ერთი ფოკეელი, რომელსაც სახელად ერქვა პითერმოსი. მას ეცვა ძოწეული ტანსაცმელი, რათა, რომ შეიტყობდნენ სპარტელები, რაც შეიძლება მეტნი მოსულიყვნენ, იგი წარსდგა სპარტელთა წინაშე, ბევრი ილაპარაკა და სთხოვა მათ დახმარება. ლაკედემონელებმა მას არ მოუსმინეს და გადაწყვიტეს, რომ არ დაეხმარებოდნენ იონიელებს. ისინი წავიდნენ, ხოლო ლაკედემონელებმა, რომელთაც გააწბლეს იონელთა მოციქულები, თვითონ გაგზავნეს 50 ნიჩბიანი ნავით კაცები, როგორც მგონია, კიროსისა და იონიის საქმიანობისათვის თვალყურის სადევნებლად. როდესაც მოვიდნენ ესენი ფოკეაში, გაგზავნეს სარდეში თავიანთთაგანი ყველაზე უფორ პატივცემული კაცი, რომელსაც სახელად ერქვა ლაკრინესი და რომელსაც უნდა გადაეცა კიროსისათვის ლაკედემონელთა სიტყვა, რომ ელადის მიწის არც ერთი ქალაქი არ ააოხროს, თორემ ესენი არ მოითმენენ.
   153. ეს რომ თქვა მაცნემ, ამბობენ, კიროსი შეეკითხა იქ მყოფ ელინებს, „თუ რა ხალხი არიან ლაკედემონელები და რამდენნი არიან, რომ ამას მოითხოვენ მისგან. როდესაც შეიტყო, უთხრა სპარტელ მაცნეს არასოდეს არ მეშინოდა ისეთი ხალხისა, რომელსაც ქალაქის შუაგულში აქვს შესაკრებად განკუთვნილი ადგილი იმისათვის, რომ იქ ერთმანეთს ეფიცებოდნენ და თან ატყუებდნენ. თუ ჯანმრთელად ვიქენი, ეგენი იონიელების გასაჭირზე კი არ იყბედებენ, არამედ თვის საკუთარზე“. კიროსის ეს სიტყვები ეხებოდა ყველა ელინს, რადგან ყველას აქვს მოედნები, რომელთაც იყენებდნენ ყიდვა-გაყიდვისათვის. ხოლო თვითონ სპარსელებს, არაფრად სჭირდებოდათ მოედნები და საერთოდ სულაც არა აქვთ ისინი. ამის შემდეგ სარდე ჩააბარა ტაბალოსს, სპარსელს, ხოლო კროისოსისა და სხვა ლიდიელთა ოქრო მიანდო პაქტიესს, ლიდიელს. თვითონ წავიდა აკბატანაში, თან წიაყვანა კროისოსი; ხოლო იონიელებს თავდაპირველად არც კი მიაქცია ყურადღება, რადგანაც მას ჯერ ბაბილონი უშლიდა ხელს, ბაქტრიელი ხალხი, საკები და ეგვიპტელები, რომლებთან ომში თვითონ აპირებდა მხედართმთავრობას,82  ხოლო იონიელების წინააღმდეგ სხვა მხედართმთვარი გაგზავნა.
   154. როდესაც კიროსი წავიდა სარდედან, პაქტიესმა ლიდიელები აუჯანყა ტაბალოსსა და კიროსს, თვითონ ჩავიდა ზღვასთან და რაკიღა მის ხელში იყო სარდელთა მთელი ოქრო, დაიქირავა დამხმარე ჯარი და დაარწმუნა ზღვისპირეთის მოსახლეობა, მასთან ერთად ელაშქრათ;83 სარდეს წინააღმდეგ რომ წავიდა, ალყა შემოარტყა ტაბალოსს და გამოიმწყვდია აკროპოლისში.
   155. კიროსმა ეს ამბავი გზაში შეიტყო და უთხრა კროისოსს შემდეგი: „კროისოს, ამ ამბებს რა ბოლო ექნება ჩემთვის? როგორც ჩანს, ლიდიელები არ მოგვიშლიან საზრუნავს არც ჩვენ და არც თავის თავს. მე ვფიქრობ, უკეთესი იქნება, რომ დავიმონო ისინი. ახლა მგონია, თითქოს ისე ვიქცევი, როგორც ვიღაცა, რომელიც მოჰკლავს მამას და მის შვილებს შეიცოდებს. რადგანაც მე შენ, ლიდიელთათვის უფრო მეტი ვიდრე მაამ, წამოგიყვანე და თან დაგატარებ, ხოლო თვით ლიდიელებს კი გადავეცი ქალაქი და ამის შემეგ მიკვირს, რომ ისინი მე გადამიდგნენ“. კიროსი ლაპარაკობდა იმას, რასაც ფიქრობდა, ხოლო კროისოსმა, რომელსაც ეშინოდა რომ სარდე მთლად არ გაენადგურებინა კიროსს, უპასუხა შემდეგი: „მეფეო, ღირსეულად ლაპარაკობ, მხოლოდ მთლად ნუ მიჰყვები გულისთქმას და ნუ გაანადგურებ ძველ ქალაქს, რომელიც უდანაშაულოა როგორც უწინდელ, ისე ახლანდელ მდგომარეობაში. უწინდელი მდგომარეობა ჩემი შექმნილია და ამისათვის საკმარისადაც ვიწვნიე. რაც შეეხება ახლანდელ ვითარებას,  ამაში პაქტიესი არის დამნაშავე. შენ მას ჩააბარე სარდე, ამიტომ მან უნდა აგოს შენთან პასუხი. ლიდიელებს კი აპატიე და ისეთი რამ დაუწესე, რომ არც გადაგიდნენ და არც საშიშარნი იყვნენ შენთვის: გაგზავნე კაცი და მისი პირით აუკრძალე მათ იარაღის ხმარება.84 უბრძანე, რომ გარემოსანცმელს ქვეშ ჩაიცვან ქიტონები, და ფეხებზე დიდი ბათინკები. უთხარი მათ, რომ შვილებს ასწავლონ კითარაზე და ქნარზე დაკვრა და ვაჭრობა და მალე დაინახავ, მეფეო, რომ მამაკაცების წილ ქალებად იქცევიან ისინი ისე, რომ აღარ უნდა შეგეშინდეს, რომ განგიდგებიან“.
   156. კროისოსმა მას ეს ურჩია, რადგანაც ფიქრობდა, რომ ლიდიელთათვის ეს უმჯობესია, ვიდრე დამონება. მან იცოდა, რომ თუ კიროსს მნიშნველოვან საბუთს არ წაუყენებდა, ვერ დაარწმუნებდა მას გადაწყვეტილება შეეცვალა. კროისოსს ეშინოდა, რომ ლიდიელები ოდესმე შემდეგში, ახლა თუ კი გადარჩებოდნენ, განუდგებოდნენ სპარსელებს და მაშინ კი დაიღუპებოდნენ. კიროსს კი მოეწონა რჩევა, სიბრაზემ გადაუარა და თქვა, რომ მას დუჯერებს. დაუძახა მაძარესს, მიდიელს და დაავალა, რომ გამოეცხადებინა ლიდიელებისთვის ის, რაც მას კროისოსმა ურჩია. ამას გარდა, მონებად ექცია ყველა სხვა, ვინც კი სარდეზე ილაშქრა ლიდიელებთან ერთად, ხოლო თვით პაქტიესი უეჭველად ცოცხლივ მოეგვარათ მისთვის.
   157. კიროსმა ეს ყოველივე ბრძანა გზაში და წავიდა სპარსელთა საცხოვრისისაკენ, ხოლო პაქტისმა შეიტყო თუ არა რომ ახლოს არის მასზე მომავალი ლაშქარი, შეეშინდა და გაიქცა კიმეში. მიდიელი მაძარესი კი წავიდა სარდეზე კიროსის ჯარის ნაწილით, რომელიც თან ჰყავდა. პაქტიესის თანამოაზრენი სარდეში რომ ვერ იპოვნა, ჯერ ლიდიელები აიძულა კიროსის ბრძანებები შეესრულებინათ, ამის მერე ლიდიელებმა სრულიად სხვაგვარი ცხოვრება მოიწყვეს. მაძარესმა ამის შემდეგ კიმეში გაგზავნა მოციქულები და შეუთვალა, რომ პაქტიესი გაეცათ. ხოლო კიმელებმა გადაწყვიტეს რჩევა ეკითხათ ღმერთისათვის, რომელიც ბრანქიდეშია. ძველიდანვე იყო დაფუძნებული იქ სამისნო, რომლითაც ყველა იონელი და ეოლიელი სარგებლობდა ჩვეულებრივ. ეს ადგილი მილეტისა არის და მდებარეობს პანორომოსის ნავსადგურის ზემოთ.
   158. კიმელებმა გაგზავნეს კაცები ბრანქიდეში85 ღვთისაგან საკითხავად პაქტიესის შესახებ, თუ როგორ უნდა მოექცნენ მას, რომ ღმერთებს ასიამოვნონ. შეკითხვაზე ასეთი პასუხი მიიღეს: მიეცით პაქტიესი სპარსელებსო. როგორც კი მოისმინეს ეს პასუხი კიმელებმა, განეწყვნენ მის გასაცემად, ხალხმა რომ ეს განიზრახა, არისტოდიკოსმა, ჰერაკლიდესის ძემ, მოქალაქეთა შორის დიდად მიჩნეულმა კაცმა, კიმელეს დაუშალა ამის გაკეთება. თვითონ არ სჯეროდა მისნობისა და ფიქრობდა, რომ დესპანებმა ჭეშმარიტება არ ილაპარაკეს. ამიტომ იყო რომ წავიდნენ პაქტიესის შესახებ შესაკითხად სხვა დესპანები და მათ შორის იყო არისტოდიკოსიც.
   159. როდესაც მოვიდნენ ბრანქიდეში, ყველა წარგზავნილთაგან არისტოდიკოსმა იკითხა ღვთის განგება: „მეუფევ, ჩვენთან მოვიდა ლიდიელთა პაქტიესი, შევიფარეთო (ის ხომ ძლივს გადაურჩა სპარსელთა ხელით სიკვდილს). სპარსელები კი თხოულობენ მას და კიმელებს უბრძანებენ, რომ გასცენ იგი. მართალია, ჩვენ გვეშნია სპარსელთა ძალისა, მაგრამ ვერ ვბედავთ, რომ პაქტიესი გავცეთ, ვიდრე შენგან არ გავიგებთ ნამდვილად, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ“. იგი ამას შეეკითხა, ხოლო ღვთაებამ კვლავ იგივე წინასწარმეტყველება გამოუცხადა მათ და უბრძანა მიეცათ პაქტიესი სპარსელებისათვის. ამის შემდეგ არისტოდიკოსმა განზრახ გააკეთა შემდეგი: გარშემოუარა ტაძარს და ანადგურებდა ბეღურებსა და სხვა ფრინველებს, რომლებსაც ბუდეები გაეკეთებინათ ტაძარში. როდესაც ის ამას აკეთებდა, ამბობენ, ტაძრიდან გაისმა ხმა, რომელიც მიმართული იყო არისტოდიკოსისადმი და რომელმაც თქვა შემდეგი: „შე უწმინდურო, ამას რას ბედავ? ჩემს მავედრებლებს ტაძარში რომ ანადგურებ?“  ხოლო არისტოდიკოსი არ დაბნეულა ამაზე და უპასუხნია: „მეუფეო, შენ თვითონ ეგრე ეხმარები მავედრებლებს და კიმელებს კი უბრძანებ, რომ მავედრებელი გასცენ?“86  ხოლო მას კვლავ შემდეგი უპასუხეს: „დიახ, ვბრძანებ, რათა უფრო ჩქარა დაიღუპოთ ურწმუნოებისათვის და მეტად აღარ მოხვიდეთ ღვთის ნების შესატყობად მავედრებელთა გაცემის შესახებ“.
   160. როდესაც ეს ამბები მოუტანეს კიმელებს და მათ ეს მოისმინეს, არ მოუნდათ არც პაქტიესის გაცემა, რომ არ დაღუპულიყვნენ და არც მისი თავსისთნ ყოფნა, რომ ალყა არ შემოერტყათ მათთვის და გაგზავნეს ის მიტილენეში. ხოლო მიტილენელები, როდესაც მაძარესმა მათ მოციქულები გაუგზავნა, მზად იყვნენ გაეცათ პაქტიესი, მხოლოდ გარკვეული საფასურით; რამდენი მოითხოვეს საფასურად, არ შემიძლია დანამდვილებით ამისი თქმა, რადგანაც ეს საქმე არ მომხდარა. ხოლო როდესაც კიმელებმა შეიტყვეს მიტილენელების განზრახვა, გაგზავნეს ნავი ლესბოსზე და წაიყვანეს პაქტიესი ქიოსზე, ხოლო იქ ქალაქის მფარველ ათენას ტაძრიდან ქიოსელებმა გამოათრიეს პაქტიესი და გადასცეს სპარსელებს. ქიოსელებმა ის გადასცეს ატარნევსის ფასად. ატარნევსი ადგილია მისიაში, ლესბოსის პირდაპირ. სპარსლებმა რომ მიიღეს, პაქტიესი, ჰყადათ ის საპყრობილეში, რადგან მისი კიროსისათვის ჩვენება უნდოდათ. ამასობაში კარგახანს არც ერთ ქიოსელს ამ ატარნევსიდან არც ერთი ღმერთისათვის ქერის მარცვალი არ დაუყრია, არც კვერი გამოუცხვია აქაური მოსავლისაგან. და საერთოდ, რაც კი ამ ქვეყანაში მოდის, ყოველივეს არიდებდნენ ყოველგვარ მსხვერპლშეწირვას.
დ) იონიის ქალაქთა დამორჩილება
   161. ამგვარად ქიოსელებმა პაქტიესი გასცეს, ხოლო ამის შემდეგ მაძარესმა ილაშქრა იმათზე, ვინც ალყა შემოარტყა ტაბალოსს, შემდეგ პრიენელები დაიმორჩილა, მერე გადიარა მთელი მეანდროსის დაბლობი, რომელიც მოალაფებინა ლაშქარს, ისევე როგორც მაგნესია. ხოლო ამის შემდეგ მალე მოკვდა მაძარესი ავადმყოფობისაგან.
   162. მისი სიკვდილის შემდეგ მთავარსარდლობა მემკვიდრეობით ხვდა ჰარპაგოსს, რომელიც მიდიელი იყო წარმოშობით. ეს ის ჰარპაგოსი იყო, რომელსაც მიდიელთა მეფე ასტიაგესი გაუგონარი საჭმელით გაუმასპინძლდა და რომელიც დაეხმარა კიროსს ხელისუფლების მოპოვებაში. კიროსმა რომ ეს კაცი მხედართმთავრად დანიშნა, ის მივიდა იონიაში და ქალაქების მიწაყრილების მეშვეობით აიღო; ეს კი ასე ხდებოდა: როგორც კი მოიმწყვდევდა ხალხს კედლებში, მაშინვე მიწას მიაყრიდა კედლებს და მიწაყრილებს აკეთებდა ამ კედლების წინ.
   163. იონიიდან პირველი ფოკეა იყო, რომელსაც მან შეუტია. ხოლო ეს ფოკეელები პირველები იყვნენ ელინთა შორის, რომელნიც შორეულ ნაოსნობას მისდევდნენ და რომელთაც აღმოაჩინეს ადრიესი, ტირსენია, იბერია და ტარტესოსი. ისინი სავაჭრო ხომალდებით კი არ ცურავდნენ, არამედ 50-ნიჩბიანი ნავებით.87 როდესაც ისინი მოვიდნენ ტრატესოში, დაუმეგობრდნენ ტრატესოლთა მეფეს, რომელსაც სახელად ერქვა არგანთონიოსი; იგი ტირანობდა ტარტეროსში 80 წელს, ხოლო იცოცხლა სულ 120 წელი. ამ კაცს ფოკეელები ისე დაუმეგობრდნენ, რომ პირველად მან შესთავაზა დაეტოვებინათ იონია და დასახლებულიყვნენ მის ქვეყანაში, სადაც კი მოინდომებდნენ, ხოლო შემდეგ, როდესაც ვერ დაიყაბულა ფოკეელები ამაზე და მიდიელის ძლიერება შეიტყო მათგან, მისცა მათ სახსარი, რომ ზღუდე შემოევლოთ ქალაქისათვის. სახსარი კი მან ძალიან გულუხვად გაიღო, რადგან კედლის სიგრძე ცოტა სტადიონებს როდი შეიცავდა, ხოლო მთელი კედელი გაკეთებულია დიდი ქვებისაგან და კარგად არის ნაგები.
   164. ამგვარად აქვთ აგებული ფოკეელებს თავისი კედელი. ხოლო ჰარპაგოსმა, როგორც კი წაიყვანა მათ წინააღმდეგ ლაშქარი, ალყა შემოარტყა და უთხრა მათ, რომ სრულიად დასჯერდება, თუკი ფოკეელები მოინდომებენ კედლის მხოლოდ ერთი ბასტიონის დანგრევას და ერთი ნაგებობის გაწირვას. ფოკეელებს კი მონობისა ეშინოდათ და შეუთვალეს, რომ ერთი დღე მიეცათ მოსათათბირებლად, ხოლო ვიდრე ისინი ითათბირებდნენ, ჰარპაგოსს წაეყვანა ლაშქარი ზღუდიდან. ამაზე ჰარპაგოსმა უთხრა, რომ კარგად იცის, თუ რის გაკეთებასაც აპირებენ ისინი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც აძლევს მათ თათბირის ნებას. ამასობაში ჰარპაგოსმა წაიყვანა ლაშქარი კედლიდან, იმავე დროს და ფოკეელებმა ჩაუშვეს ზღვაში 50-ნიჩბიანი ნავები, ჩასხეს შიგ შვილები და ცოლები, დატვირთეს ისინი მთელი თავისი მოძრავი ქონებითა და ტაძრებიდან ქანდაკებებითა და სხვა შეწირულებებით, გარდა სპილენძისა და ქვის ნაკეთობებისა, თუ ნახატებისა ყველაფერი მოათავსეს ნავებში, თვითონაც ჩასხდნენ და გაცურეს ქიოსში. ადამიანთაგან დაცარიელებული ფოკეა კი დაიპყრეს სპარსელებმა.
   165. როდესაც ქიოსელებმა ენუსის კუნძულების ფოკეელებისათვის მიყიდვა არ მოინდომეს (ესენი კი საყიდლად მოვიდნენ), რადგან შეეშინდათ, რომ ენუსე სავაჭრო ადგილად იქცეოდა, ხოლო ამის გამო მათი საკუთარი კუნძული ქიოსი მნიშვნელობას დაჰკარგავდა, ამიტომ იყო, რა  ომ ფოკეელები წავიდნენ კირნოსზე. კირნოსზე ამ ამბებზე 20 წლით ადრე ღვთის განგების თანახმად ააგეს ქალაქი, რომელსაც დაერქვა ალალიე. არგანთონიოსი ამ დროისათვის უკვე გარდაცვლილი იყო. ისინი რომ კირნოსზე წასასვლელად გაემზადნენ, პირველად მოცურდნენ ფოკეაში, ამოხოცეს სპარსელთა დამცველი რაზმი, რომელიც იცავდა ჰარპაგოსისაგან მიღებულ ქალაქს, ხოლო ამის შემდეგ, დიდი წყევლა-კრულვა წარმოთქვეს იმათ მიმართ, ვინც ჩამორჩებოდა მათ ლაშქრობას. ამას გარდა ზღვაში გადააგდეს რკინის ნაჭერი და დაიფიცეს, რომ მანამ არ დაბრუნდებიან ფოკეაში, ვიდრე ეს რკინის ნაჭერი არ გამოჩნდება ზღვიდან. ხოლო როდესაც წავიდნენ კირნოსზე, მოქალაქეთაგან ნახევარზე მეტი ისე შეიპყრო ქალაქისა და საკუთარი ქვეყნის სურვილმა და სინანულმა, რომ დაარღვიეს ფიცი და წამოვიდნენ უკან ფოკეაში. ხოლო ისინი, ვინც დაიცვეს ფიცი, აიყარნენ ენუსიდან და გასცურეს.
   166. როდესაც ფოკეელები კირნოსზე მოვიდნენ, დასახლდნენ მათზე ხუთი წლით ადრე მოსულებთან ერთად და ააგეს ტაძრები. რადგანაც ისინი ყველა მეზობლად მცხოვრებ ტომებს ძარცვავდნენ, მათზე ილაშქრეს ერთმანეთში მოლაპარაკებულმა ტირსენელებმა და კართაგენელებმა. თითოეულს ჰყავდათ 60-60 ნავი. ფოკეელებმაც შეამზადეს ხომალდები, რიცხვით 60 და შეხვდნენ მათ სარდონიისად წოდებულ ზღვაში. როდესაც მათ შორის საზღვაო ბრძოლა მოხდა, ფორმალურად გამარჯვება ხვდა წილად ფოკეელებს: მათ 40 ნავი დაეღუპათ, ხოლო, გადარჩენილი 20, გამოუყენებელი გახდა, რადგანაც ცხვირები გაეღუნათ. ფოკეელებმა გასცურეს ალალიეში, წამოიყვანეს შვილები და ცოლები, დაიტვირთნენ დანარჩენი ქონებით, რისი ტვირთვაც კი შეეძლო მათ ნავებს, შემდეგ დასტოვეს კირნოსი და გასცურეს რეგიონში (რეგია, დღევ. რეჯიო დი კალაბრია, ს. იტალიაში).
   167. ხოლო დაღუპული ნავების ხალხი კართაგენელებმა და ტირსენებმა იგდეს ხელთ, ბევრი მათგანი გამოიყვანეს ნაპირზე და ჩაქოლეს. ამის შემდეგ, აგილეთაგან ყოველივე, რაც კი ჩაუვლიდა ამ ადგილს, სადაც ჩაქოლეს ფოკეელები, იღრძობდა რამე, დასახიჩრდებოდა და დამბლა დაეცემოდა, ეს ყველას თანაბრად ემართებოდა: წვრილფეხა საქონელს, სახედრებსა და ადამიანებს; ამიტომ იყო, რომ აგილეებმა დელფოში გაგზავნეს კაცები, უნდოდათ ცოდვისაგან განთავისუფლებულიყვნენ. ხოლო პითიამ უბრძანა, ეკეთებინათ ის, რასაც ახლა აკეთებენ, ე.ი. მნიშვნელოვანი მსხვერპლი შეეწირათ ფოკეელებისათვის და დაეწესებინათ მოვარჯიშეთა და ცხენთა შეჯიბრება. ფოკეელთაგან ამათ ამგვარი სიკვდილი ეწიათ; ხოლო ის ფოკეელები, რომლებიც გაიქცნენ რეგიაში, იქიდანაც წავიდნენ და დააფუძნეს ქალაქი ენოტრიის ქვეყანაში, ის, რომელსაც ახლა ჰიელე ეწოდება. დაარსეს ეს ქალაქი, რადგანაც შეიტყვეს პოსეიდონელი კაცისაგან, რომ ის კირნოსი, რომლის აგებაც მათ თითქოს უწინასაწრმეტყველა პითიამ, ერთ-ერთი გმირის სახელი იყო და არა კუნძულის (კირნოსი კორსიკის ძველი სახელია). ასე დაემართა ფოკეას, რომელიც იონიაშია.
   168. ამათ მსგავსად მოიქცნენ ტეოსელები. რადგან, როდესაც აიღო ჰარპაგოსმა მათი ზღუდე მიწაყრილის საშუალებით, ისინი ყველანი ჩასხდნენ ხომალდებში, გასცურეს თრაკიაში და იქ დასახლდნენ ქალაქ აბდერაში, რომელიც ამათზე უწინ კლაძომენელმა ტიმოსიოსმა დაარსა, მხოლოდ ამას არაფრით უსარგებლია, რადგანაც გამოაძევეს თრაკიელებმა; ხოლო ტეოსელები, რომლებიც ახლა აბდერაში იყვნენ, პატივს სცემდნენ მას, როგორც გმირს.
   169. იონიელთაგან მხოლოდ ამათ ვერ აიტანეს მონობა და დატოვეს სამშობლო, ხოლო სხვა იონიელები, გარდა მილეტელებისა, შეებრძოლნენ ჰარპაგოსს ისევე როგორც ისინი, ვინც დატოვა სამშობლო და კარგი ვაჟკაცებიც აღმოჩნდნენ თავისი საკუთარი ქვეყნისათვის ბრძოლაში. ხოლო როდესაც დამარცხდნენ და შეპყრობილ იქნენ, დარჩა თითოეული თავის ქვეყანაში და ასრულებდნენ იმას, რასაც უბრძანებდნენ. ხოლო მილეტელებმა, როგორც უწინაც ვთქვი, თვით კიროსთან შეკრეს ფიცი და მშვიდობიანად იყვნენ. ამგვარად დაუმონებიათ მეორედ იონია. როგორც კი ხმელეთზე მყოფი იონიელები იგდო ხელთ ჰარპაგოსმა, იონიელები, რომლესაც კუძულები ეპყრათ, შეშინდნენ და თვითონვე ჩაბარდნენ კიროსს.88
   170. იონიელები დამარცხდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც შეიკრიბნენ პანიონიონში; და მე შევიტყვე, რომ პრიენელმა ბიიანტმა მათ ყველაზე უფრო სასარგებლო აზრი მიაწოდა და ამისათვის რომ დაეჯერებინათ, ისინი ელინთა შორის ყველაზე უფრო ბედნიერები იქნებოდნენ. მან ბრძანა, რომ მოეწყოთ ელინებს საერთო ლაშქრობა და გაეცურათ სარდონში (სარდინიის ძვ. სახელი), და შემდეგ ერთი ქალაქი დაეარსებინათ ყველა იონელისათვის, ასე დაიხსნიდნენ ისინი თავს მონობისაგან და ბედნიერად იცხოვრებდნენ, თუკი კუნძულთა შორის ყველაზე უფრო დიდზე დასახლდებოდნენ და სხვებს კი მართავდნენ. ბოლოს თუკი ისინი იონიაში დარჩებოდნენ, თქვა ბიიანტმა, თავისუფლებას ვეღარ ეღირსებოდნენ. ამ აზრით პრიენელმა ბიიანტმა მიმართა განადგურებულ იონიელებს, ხოლო ვიდრე განადგურდებოდა, კარგი რჩევა მისცა იონიას თალესმა, მილეტელმა კაცმა, რომელიც წარმოშობით ფინიკიელი იყო. მან ბრძანა, რომ იონიელებმა დააწესონ ერთი სათათბირო, რომელიც იქნება ტეოსზე, რადგან ტეოსი იონის შუაშია, ხოლო სხვა ქალაქები, რომლებიც დასახლებული არიან, ნაკლებად არ იქნებოდნენ მიჩნეული, იმის გამო, რომ ისინი ამიერიდან დემებად გადაიქცნენ.
ე) კარია
   171. ამათ ასეთი რჩევა მისცეს. ხოლო ჰარპაგოსმა იონია რომ დაიმორჩილა, გაილაშქრა კარიელების, კავნიელებისა და ლიკიელების წინააღმდეგ, და თან წაიყვანა იონიელებიცა და ეოლიელებიც. ხოლო ამ ხალხთაგან კარიელები ხმელეთზე კუნძულებიდან არიან მოსულები. ძველად კი ისინი მინოსის ქვეშევრდომები იყვნენ, იწოდებოდნენ ლელეგებად და ეპყრათ კუნძულები; ისინი არავითარ ხარკს არ იხდიდნენ, რამდენადაც მე შემიძლია მსჯელობა გადმოცემათა მიხედვით, მაგრამ როგორც კი მინოსი მოითხოვდა, უმზადებდნენ ხოლმე მას ხომალდებს. მინოსმა რომ დაიმორჩილა მრავალი ქვეყანა და ომებში გამარჯვებული გამოვიდა, აი ამ დროს კარიელთა ტომი ყველა სხვა ტომზე სახელოვანი იყო და დიაღაც ბევრად უფრო მეტად. მათ ეკუთვნის სამი აღმოჩენა, რაც ელინებმაც გამოიყენეს; მუზარადებზე ჯიღის მიმაგრება კარიელებმა შემოიღეს, ფარებზე ნიშნის გაკეთებაც მათ გამოგონებაა და ესენი პირველები იყვნენ, რომლებმაც ფარებს ტარები გაუკეთეს: აქამდე უტაროდ ატარებდა ფარებს ყველა, ვინც კი ჩვეულებრივ ხმარობდა ფარებს, ტყავის თასმებით ჰქონდათ ხოლმე დამაგრებული ფარები. ამ თასმების საშუალებით კისერსა და მარცხენა მხარეზე გადაიკიდებდნენ ხოლმე მათ. შემდეგ, დიდი დრო რომ გავიდა, კარიელები დორიელებმა და იონიელებმა გამოაძევეს კუნძულებიდან და ეგრე მოვიდნენ ისინი ხმელეთზე. ეგრე იყოო, ამბობენ კრეტელები კარიელების შესახებ. ხოლო თვით კარიელები არ არიან ამ საკითხის შესახებ მათი აზრის, არამედ თვითონ თავისი თავი ხმელეთზე მკვიდრ მცხოვრებად მიაჩნიათ და სახელად მუდამ ის გვერქვაო, ამბობენ, რც ახლაც გვქვია. საამისოდ მიუთითებენ კარიელი ზევსის უძველეს სალოცავზე მილასელებში, ხოლო ამ სალოცავში წილი აქვთ მისიელებს და ლიდიელებს, როგორც კარიელების ნათესავებს. რადგანაც ამბობენ, რომ ლიდოსი და მისოსი კაროსის ძმები არიან. მათ,  (ლიდიელებსა და მისიელებს) რათქმაუნდა ეკუთვნით აგრეთვე ეს სალოცავი კარიელებთან ერთად, ხოლო მათ, ვინც სხვა ტომისანნი არიან, მაგრამ იმავე ენაზე ლაპარაკობენ, რომელზედაც კარიელები, ამ სალოცავში წილი არა აქვთ.
   ხოლო სიბრძნის მიხედვით მეორე ადგილი უჭირავს მათში დამკვიდრებულ შემდეგ წესს: ავადმყოფები გამოჰყავთ მოედანზე, რადგან მკურნალები მათ საერთოდ არ ჰყავთ, ავადმოფთან მოდიან სხვადასხვა პირები და ეთათბირებიან მას ავადმყოფობის შესახებ, მოსულთა შორის არიან ისეთები, რომელთაც ან თვითონ გადაუტანიათ ის, რაც ავადმყოფს სჭირს, ანდა უნახავთ სხვა, რომელსაც სჭირვებია იგივე სენი. მოსულები ამის შესახებ ლაპარაკობენ და ურჩევენ ავადმყოფს იმას, რაც თვითონ გაუკეთებიათ და გადარჩენილან მსგავსი ავადმყოფებისაგან, ანდა სხვა უნახავთ, რომელიც გადარჩენილა. მათთვის არ შეიძლება ავადმყოფის გვერდით ჩუმად ჩავლა, რომ არ შეეკითხონ მას, თუ რა ავადმყოფობა სჭირს.
ვ) კავნიები
   172. ხოლო კავნიელები, მე ვფიქრობ, ადგილობრივი მკვიდრნი არიან. თვითონ კი ამბობენ, რომ კეტიდან ვართო, ესენი ენით ემსგავსებიან კარიულ ტომს, ან კარიელები ემსგავსებიან კავნიურ ტომს (არ შემიძლია ამის შესახებ დანამდვილებოთ ცოდნა), ხოლო ჩვევებით დიდად განსხვავდებიან, როგორც სხვა ხალხებისგან, ისე კარიელებისგან, მაგალითად, მათთვის ყველაზე უფრო სასიამოვნო დროსტარებაა ასაკისა და მეგობრობის მიხედვით თვაშეყრა დასალევად, ხოლო კაცები, ქალები და ბავშვები ცალ-ცალკე სვამენ. მათ ერთხანს უცხო სალოცავები ჰქონდათ დაწესებული, მაგრამ შემდეგ აღარ მოეწონათ (გადაწყვიტეს, რომ მხოლოდ მამაპაპეული ღმერთები ეცნოთ), მაშინ უკლებლივ ყველა კავნიელმა აისხა იარაღი, დაიწყეს შუბების ჰაერში ტყორცნა, ასე მისდიეს ვიღაცას კალინდელების საზღვრამდე და ამბობდნენ, უცხო ღმერთებს ვაძევებთო.
ზ) ლიკია
   173. ასეთი უცნარი ჩვევები აქვთ კავნიებს; ხოლო ლიკიელები დასაბამიდან კრეტიდან არიან წარმოშობით (მთელი კრეტა ხომ ძველად ბარბაროსებს ეპყრატ). ხოლო კრეტაზე სამეფო ხელისუფლებისათვის რომ დაობდნენ ევროპეს შვილები, სარპედონი და მინოსი, მინოსი გამოვიდა გამარჯვებული ამ უთანხმოებაში და განდევნა კრეტიდან სარპედონიცა და მისი მომხრეებიც. გამოძევებულები მოვიდნენ აზიაში, მილიასის ქვეყანაში, ლიკიელები რომ ცხოვრობენ ახლა. ეს ქვეყანა ძველად იყო მილიასი, ხოლო მილიელები მაშინ სოლიმეებად იწოდებოდნენ. ვიდრე მათ სარპედონი მართავდა, მათ ეწოდებოდათ თან მოყოლილი სახელი, ის, რასაც ახლაც უწოდებენ მეზობლები ლიკიელებს, - ტერმილები. ხოლო როგორც ტერმილებში სარპედონთან მოვიდა ათენიდან ლიკოსი, პანდიონის ძე, გამოძევებული მისი ძმის, ეგევსის მიერ, ამ ლიკოსის მიხედვით დროთა ვითარებაში ამ ხალხებმა მიიღო ზედწოდება - ლიკიელები. ხოლო ზოგიერთი ზნე-ჩვეულება მათ კრეტელებისა აქვთ, ზოგიერთი კი - კარიელებისა. ერთი ჩვეულება კი საკუთარი აქვთ და ხალხთა შორის სხვას არავის აქვს მსგავსი. ისინი სახელს ირქმევენ დედების მიხედვით და არა მამების მიხედვით, თუ ვინმეს შეეკითხება მეზობელი, ვინა ხარო, ის მოუთხრობს თავისი წარმოშობის შესახებ დედის მხრივ და ცამოთვლის დედის დედებს. თუ მოქალაქე ქალი შეუუღლდება მონას, შვილები ითვლებიან კეთილშობილებად. ხოლო თუ კაცი არის მოქალაქე, მოქალაქეთა შორის პირველი და ცოლად ჰყავს უცხოელი ან მხევალი, მაშინ შვილები მოქალაქის უფლებებს მოკლებულნი არიან.
   174. 
ასე რომ, კარიელები ყოველგვარი წინააღმდეგობისა და გმირობის გამოჩენის გარეშე დამორჩილდნენ ჰარპაგოსს. გმირობა არ გამოუჩენიათ არ მეზობლად მცხოვრებ ელინურ ტომებს, რომელთა შორის იყვნენ კნიდიანები, რომლებიც ლაკედემონიდან გადმოსახლდნენ. კნიდიანების მხარე ვრცელდება ზღვამდე და ეწოდება ტრიოპია. კნიდია იწყება ხერსონესის ნაწილიდან ქალაქ ბიბესიდან და სრულად შემორტყმულია ზღვით, გარდა უმნიშვნელო ადგილისა. ჩრდილოეთიდან ისი ესაზღვრება კერამიკის უბეს, სამხრეთით ზღვას სიმისა და როდოსის კუნძულებით. როცა ჰარპაგოსმა დაიპყრო იონია, კნიდიელები ცდილობდნენ გაეთხარათ ის ვიწყო ყელი მიწისა (სიგანით 5 სტადიონი) რომელიც აკავშირებდათ მატერიკთან და ექციათ თავიანთი ქვეყანა კუნძულად. კნიდიას დიდი ნაწილი ხომ ნახევარკუნძულია. მთელი ხალხი შეუდგა სამუშაოს, მაგრამ ეს ყელი კლდიანი იყო და უმძიმესი სამუშაო უამრავ ადამიანს აშავებდა. მაშინ დელფოსის პითიას ჰკითხეს რჩევა. მან კი მიუგო, რომ შეშვებოდნენ თხრას და კედლების შენებას, რადგან, ზევს რომ ნდომოდა იქ კუნძულის შექმნა, შექმნიდა კიდეც. ასეთი პასუხის შემდეგ კნიდიელებმა შეწყვიტეს მუშაობა და როდესაც ჰარპაგოსი მათ ქალაქს მიადგა უმალ დამორჩილდნენ.
   175. ჰალიკარნასის მხარეს, ქვეყნის სიღრმეში ცხოვრობენ პედასიელები. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ემუქრებოდა საფრთხე, ათენას ქურუმს ეზრდებოდა გრძელი წვერი. ასე მოხდა სამჯერ. ეს ის პედასიელებია, რომლებმაც ერთადერთმა კარიელთაგან წინააღმდეგობას უწევდნენ ერთი ხანი ჰარპაგოსს და არაერთი პრობლემა შეუქმნეს. მათ გაამაგრეს ადგილი მთაზე, რომელსაც ერქვა ლიდა.
   176. დროთა განმავლობაში პედასიელები მაინც დაიპყრეს. ლიკიელები კი, როცა ჰარპაგოსი შევიდა ქსანთის ხეობაში ჯარით, შეხვდნენ მას და მამაცურად ებრძოდნენ მცირე რაზმებით უზარმაზარ ჯარს. დამარცხების შემდეგ ისინი შეიხიზნენ ქალაქ ქსანთში. მაშინ ლიკიელებმა აკროპოლისში შეკრიბეს ცოლები, შვილები, ქონება და მონები და დაწვეს აკროპოლისი, რის შემდეგაც ყველანი ეკვეთნენ მტერს და უკანასკნელ კაცამდე შეაწყდნენ მას. ასე რომ, ქსანთის დღევანდელ მცხოვრებთაგან, რომლებიც თავს ლიკიელებად აცხადებენ, უმრავლესობა მოსულია, გარდა 80 ოჯახისა. ეს 80 ოჯახი იმ დროს სხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ და ასე გადაურჩნენ იმ საშინელებას. ასე რომ, ჰარპაგოსმა დაიპყრო ქსანთი. ამგვარად დაიპყრო მან ქალაქი კავნი, რადგანაც კავნიელებმაც მიჰბაძეს ლიკიელებს.
   177. იმ დროს, როდესაც ჰარპაგოსი ძარცვავდა წინა აზიის ზღვისპირა მხარეებს, თვით კიროსი იპყრობდა  ხალხს ხალზე ქვეყნის სიღმეში, არ ტოვებდა არცერთს. ბევრ მის ლაშრობებზე გავჩუმდები და მოვყვები მხოლოდ იმათ, რომელთაც დიდი პრობლემები შეუქმნა მას და განსაკუთრებულად ღირსია მოხსენიების.
ბაბილონი
   178. მთელი აზიის მატერიკის დაპყრობის შემდეგ კიროსი გაემართა ასირიელთა წინააღმდეგ. ასირიაში ბევრი დიდი ქალაქი, მაგრამ ყველაზე ძლევამოსილი ქალაქი ნინოსის დანგრევის შემდეგ, სადაც იმყოფებოდა სამეფო სასახლე არის ბაბილონი. ბაბილონი ასეა აგებული. მდებარეობს დამბლობზე, ქმნის ოთხუთხედს, რომლის თითოეული გვერდის სიგრძე 120 სტადიონია, ანუ მთელი გალავნის სიგრძე 480 სტადიონს89 უდრის. ბაბილონი არამარტო ძალიან დიდი ქალაქი იყო არამედ ყველაზე ლამაზი, იმ ქალაქთა შორის რომელსაც ვიცნობ. პირველ რიგში ქალაქი გარშემორტყმული იყო ღრმა, ფართო და წყლით სავსე არხით, შემდეგ მოდის კედელი სიგანით 50 სამეფო ლოკტის და სიმაღლით 200. სამეფო ლოკტი კი 3 ცერით მეტია ჩვეულებრივზე.
   179. აქ უნდა მოვყვე თუ როგორ იყენებდნენ იმ მიწას, რომელიც არხის თხრისას ამოჰქონდათ. როგორც კი ამოიღებდნენ მიწას, ამზადებდნენ მისგან აგურებს. საკმარისი აგურების დაგროვების შემდეგ გამოწვავდნენ შემდეგ ღუმელებში. ცემენტის ნაცვლად ხმარობდნენ ცხელ ასფალტს და ყოველი 30 რიგის შემდეგ კლავდნენ ლერწმის ლენტებით. ტავიდან ასეთი სასუალებით გაამაგრეს ორი არხი და სემდეგ თვით კედელი.  კედლის ზემოთ კუთხეებში აღმართეს ორ-ორი ერთსართულიანი კოშკი, რომლებიც იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. კოშკებს შორის დატოვეს ადგილი რომელშიც გაივლიდა 4 ცხენიანი ეტლი. მთელს კედელს ჰქონდა 100 კარი მთლიანად სპილენძის. არის სხვა ქალაქი ბაბილონიდან 8 დღის სავალზე დაშორებული ისისი, რომელთანაც მიედინება პატარა მდინარე ისისზე. ჩაედინება ეს მდინარე ეფრატში. სწორედ ამ მდინარეს ჩამოაქვს ასფალტის მასალა, საიდანაც წაიღეს კიდევ ბაბილონის კედლის ასაშენებლად.
   180. ამგვარად აგებულ იქნა ბაბილონის კედლები. ქალაქი შედგება ორი ნაწილისგან. მასზე მიედინება მდინარე ევფრატი, რომელიც სათავეს იღებს არმენიაში. ეს დიდი, ღმა და სწრაფი მდინარე ჩაედინება წითელ ზღვაში. მდინარის ორივე მხარეს კედლებია. თვით ქალაქი კი შედგება 3-4 სართულიანი სახლებით და დასერილია პირდაპირი ქუჩებით, რომელთა ნაწილი მიდის სიღმრეში, ხოლო ნაწილი მდინარის გასწვრივ. მდინარის გასწვივ მდებარე ქუჩებს მდინარის პირა კედელში აქვს სპილენძის კრები, რომელიც ჩადის მდინარეზე.
   181. ეს გარეთა კედელის შიგნით არის მეორე კედელი, ოღონდ უფრო დაბალი. ქალაქის ყოველი ნაწილის შუაში აღმართულია შენობა. ერთ ნაწილიში  სამეფო სასახლე, გარშემორტყმული დიდი და ძლიერი კედლით; სხვა  ნაწილში  ზევს ბელას ტაძარი90 სპილენძის კარებით, რომელიც შემორჩენილის ჩვენს დღემდე. ტაძრის წმინდა ნაწილი ოთხკუთხაა, ყოველი მისი გვერდი 2 სტადიონია. შუაში ამ ტაძრის წმინდა ნაწილისა აღმართულია დიდი კოშკი, სიგრძითა და სიგანით 1 სტადიონი. კოშკს თავზე ადგას მეორე, მეორეს მესამე და ასე მერვემდე. მათზე ასასვლელი გაკეთებულია გარედან და მოძრაობს ყველა კოშკის ირგვლივ რგოლად. ასასვლელის შუაში ნახავ დასასვენებელ ადგილს დასაჯდომებით. უკანასკნელ კოშკში მოწყობილია დიდი ტაძარი, ხოლო ტაძარში დიდი კარგად მოწყობილი საწოლი და მის წინ ოქროს მაგიდა. ტაძარში ღამის გატარების უფლება არავის არა აქვს, გარდა ერთი ქალისა, რომელსაც როგორც ქალდეველი აქაური ღმერთის ქურუმები ამბობენ, ღმერთი თვითონ ირჩევს აქაური ქალებიდან.
182. ეს ქურუმები ამტკიცებენ (თუმცა მე არ მჯერა მათი), რომ ხანდახან ღმერთი თვით ინახულებს ტაძარს და ატარებს ღამეს ამ საწოლზე. ასეთივე ხდება ეგვიპტელთა თხრობით ეგვიპტის თებეშიც. იქაც, ეგვიპტის თებეს ზევსის ტაძარში საწოლზე წევს ქალი. ორივე ეს ქალები, როგორც ამბობენ, არ შედიუან ურთიერთობაში მოკვდავ მამკაცებთან. ზუსტად ასევე სხვათაშირის წინაწარმეტყველი ღმერთის მსახური ქალი ლიკიის პატარახში წევს ტაძარში, როცა გამოეცხადება ღმერთი (რაც ხდება იშვიათად). როცა ღმერთი მოდის მის მსახურ ქალს ჰკეტავენ მასთან ტაძარში ღამღამობით.
183. ბაბილონში ამ წმინდა ტაძრის ქვევით არის კიდევ სხვა ტაძარი სადაც არის მჯდომარე ზევსის ოქროს დიდი ქანდაკება. იქვე დგას ოქროს დიდი მაგიდა, გრძელი სკამი და ტახტი ასევე ოქროსა. ქალდეელთა სიტყვით, ყველა ამ ნივთის დასამზადებლად დაიხარჯა 800 ტალანტი ოქრო. ამ ტაძრის წინ აღმართულია ოქროს სამსხვერპლო. არის იქ კიდევ ერთი სამსხვერპლო; მასზე მსხვერპლად სწირავენ დიდ ცხოველებს; ოქროს სამსხვერპლოზე კი მსხვეპლად სწირავენ მხოლოდ ახალშობილებს. დიდი სამსხვერპლოზე ქალდეები ყოველწლიურად წავენ 1000 ტალანტ საკმეველს დღესასწაულზე ამ ღმერთის საპატივცემულოდ. როგორც ვისაურბე აქვე იდგა ტერთის დიდი ქანდაკება 12 წყრთის სიმაღლის. მე არ მომიწია მისი ნახვა და მა გადმოვცემ ამას ქალდეების მონაყოლიდან. ეს ქანდაკება ძალიან სურდა დარიოს ჰისტასპის ძეს, მაგრამ ვერ გაბედა მისი წაღება. თუმცა ქსერქსემ, მისმა ძემ, გაიტაცა ქანდაკება, ბრძანა მისი ქურუმის მოკვლა, რომელიც არ აძლევდა უფლებას მიჰკარებოდა ქანდაკებას. ზალიან მდიდრულად არის მოწყობილი ეს თაძარი და საერთოდ ქალაქის წმინდა ნაწილი, სადაც არის შემოწირულობები კერძო პირებისგან.
184. ბევრი სხვა მეფე მმართველობდა ბაბილონში, რომელთა შესახებ მე მოვყვები ასირიის ისტორიაში.91 მათ კიდევ უფრო გამაგრეს ქალაქის კედლები და გაალამაზეს სალოცავები. ამ მეფეთაგან იყო ორი ქალი. უფროსი სახელით სემირამიდა, რომელიც მეფობდა 5 თაობით ადრე მეორეზე. მან მნიშვნელოვანი მიწაყრილები გააკეთა დაბლობზე; უწინ კი ჩვეულებრივ მდინარისგან იყო წალეკილი მთელი ეს დაბლობი.
185. მეორე ქალ მეფეს ერქვა ნიტოკრისი92, იყო კიდევ უფრო ჭკვიანი მის წინამორბედზე და დატოვა ძეგლები, რომელთა შესახებ მოგიყვებით. ეს მეფე ქალი ხედავდა მიდიელთა ძლევამოსილებას და იმას თუ როგორ იპყრობდნენ ისინი ქალაქებს (მათ შორის ნინოსი) და ხალხებს ერთი-მეორის მიყოლებით. ამიტომ მიდიიდან მომავალი მოკლე გზა რომ გაერთულებინა, ევფრატზე, ქალაქის ზემოთ გაიყვანა არხი და გააკეთებინა უზარმაზარი წყალსაცავი. ამოღებული მიწა აგურებად აქცია. შესაბამისად ევფრატი ტომელიც აქამდე სწრაფად მიედინებოდა და ქალაქს პირდაპირ ქვეთდა ისე დაიკალკნა, რომ მაგალითან ერ დასახლება არდერიკაში სამჯერ გადიოდა სამი დღის მანძილზე. თანაც ეს ტერიტორია დაიტბორა და დაჭაობდა.
186. როგორც აღვნიშნეთ ევფრატი აქამდე ქალაქს ორად ჰყოფდა და ნაპირები ერთმანეთს რთულად, ნავის საშუალებით უკავშირდებოდნენ. ნიტოკრისმა დიდი სამუშაოების საშუალებით (ააგებინა უზარმაზარი წყალსაცავი, მიმართა მასში მდინარის წყალი) მოახერხა მდინარეში წყლის ცოტა ხნით შემცირება და მასზე მძლავრი ხიდის გადება (იგი გათლილი ქვებით იყო დამზადებული და რკინით შეკრული).
187. მან მოატყუა შთამომავლობა შემდეგი ცბიერებით. მან ბრძანა აეგოთ მისვლის სამარხი კარით, ქალაქის ყველაზე ცოცხალ ადგილას და ამოაკვეთინა მასზე წარწერა: „თუ ბაბილონის რომელიმე მეფეს დასჭირდება ფული, დაე გააღოს ეს სამარხი და აიღოს რამდენიც ესურვება. თუმცა, საჭიროების გარეშე არავითარ შემთხვევაში არ გააღოს იგი. უკეთესია თუ არასოდეს არ გააღებენ სამარხს“. ასე დარჩა ეს სამარხი ხელუხლებელი, ვიდრე ბაბილონის სამეფო არ გადაეცა დარიოსს (522-486). დარიოსს უცნაურად ეჩვენებოდა, თუ რატომ არ უნდა გაეღო სამარხი თუ იქ განძი ინახებოდა, რომელიც მას მართლაც სჭირდებოდა. მართალია იგი არ შევიდა სამარხის კარიდან, თუმცა მაინც გახსნა სამარხი და იქ განძის ნაცვლად ნახა წარწერა: „შენ რომ არ ყოფილიყავი ასეთი ხარბი, არ გაძარცვავდი მიცვალებულთა სამარხებს“. აი რას ყვებიან ამ დედოფალზე.
   188. ამ ქალის შვილის93, რომელსაც ერქვა ლაბინეტი მამამისივით, და ის იყო აგრეთვე ასურეთის მეფე, წინააღმდეგ დაიძრა კიროსი. ყოველ ჯერზე როდესაც კიროსი სალაშროდ მიემართება მიჰყავს უამრავი 4 ბორბლიან ეტლებში შებმული ჯორები, სავსე სურსათით, ქ. სუსში ჩამოვავალი ხოასპიდან94 აღებული წყლით (მხოლოდ ამ წყალს სვამდა მეფე). აგრეთვე მიჰყავდა დიდი რაოდენობით ნახირი. ასეთი მომზადებული მიდიოდა იგი ლაშქრობებზე.
   189. დაიძრა რა ბაბილონზე, კიროსი მიადგა მდინარე ჰინდოსს, რომელიც ჩაედინება ტიგროსში, რომელიც თავის მხრივ ამის შემდეგ ჩაუვლის ქალაქ ოპიდას და ჩადის წითელ ზღვაში. ეს ჰინდოსი სათავეს იღებს მატიენების მთებში და მოედინება დარდანების მიწაზე. ჰინდოსსზე გადასვლისას ერთი სამეფო წმინდა თეთრი ცხენი სიფიცხით შევარდა ამ სანაოსნო მდინარეში, რათა გადაეცურა, მაგრამ მოულოდნელად ჩაყლაპა იგი მდინარემ და წაიღო თავისი დინებით. მაშინ განრისხებულმა კიროსმა ბრძანა, რომ ეს მდინარე იმდენად დაეშროთ რომ ქალს მასზე ფეხით გადასვლისას მუხლი არ დასველებოდა. ასეც მოხდა. კიროსმა მთელი ჯარი ორ ნაწილად გაჰყო, განალაგა მდინარის ორივე ნაპირების გასწვრივ და დააწყებინა არხების გაყვანა. ასე, რომ დავალება წარმატებულად იქნა შესრულებული. ჯარმა 360 არხი გაიყვანა და მდინარე დააპატარავა, თუმცა ამაში მთელმა ზაფხული გაილია და ლაშქრობა მომავალი წლისთვის გადაიდო.
   190. როცა კვლავ დადგა გაზაფხული, მეფე დაიძრა ბაბილონზე. ბაბილონელები ჯარით გამოიჭრნენ ქალაქიდან და მათთან მოსულ კიროსს შეებრძოლნენ, თუმცა დამარცხდნენ და ქალაქში შეიკეტნენ. ისინი წლების მანძილზე აკვირდებოდნენ, თუ როგორ იპყრობდა კიროსი ხალხებს მიყოლებით და თვითონაც ემზადებოდნენ. მათ მრავალი წლისთვის ჰქონდათ მომარაგებული სურსათ სანოვაგე და ალყას მშვიდად შეხვდნენ. აი კიროსის საქმე კი სულ უფრო რთულდებოდა, რადგან დრო გადიოდა, სურსათ-სანოვაგე ელეოდა და ალყის საქმე წინ არ მიდიოდა.
   191. ბოლოს კიროსმა ეს გააკეთა95. მან დააყენა ჯარის ერთი ნაწილი იქ სადაც მდინარე შედის ქალაქში, ხოლო მეორე ნაწილი ქვემო დინებასთან, ქალაქიდან გამოსავლელთან. ამის შემდეგ უბრძანა მეომრებს რომ როგორც კი დაინახავდნენ დინების დაკლებას მისი გაყოლებით შეჭრილიყვნენ ქალაქში. შემდეგ დანარჩენი ჯარით უკან დაიხია. კიროსი მივიდა ბაბილონის ქალი მეფის მიერ ადრე აგებულ წყალსაცავთან, გახსნა მისი შესასვლელი და მასში წყალის მიშვებით ძველებურად შეამცირა წყლის დინება. შედეგად წყალმა ლამის მუხლამდე დაიწია და სპარსელები მშვიდად შეიჭრნენ ქალაქში. ბაბილონელები იმდენად არ ელოდნენ ამას რომ არც მდინარეზე მდგარი კარები ჰქონდათ დაკეტილი, არც კედლებზე იდგა მცველები, რომლებიც შეეწინააღმდეგებოდნენ მტერს, სრულად იყვნენ მიცემულნი მხიარულებას და მანამ ვერ გაიგეს მტრის მოსვლა, ვიდრე იგი ქალაქის ცენტრში არ აღმოჩნდა. ასე იქნა აღებული ქალაქი პირველად.
   192. თუ რამდენად დიდია ქალაქის სიმდიდრე, მე შემიძლია გარკვევით ვაჩვენო ბევრი ამისი მაგალითი, მაგრამ შემოვიფარგლები შემდეგით. მთელი ქვეყანა, ექვემდებარება მეფეს, ვალდებულია გარდა ტრადიციული ხარკისა, შეინახონ აგრეთვე მეფე და მისი ჯარი. ბაბილონის მიწა თორმეტი თვიდან 4 თვის მანძილზე წელში აძლევს მეფეს სურსათს, ხოლო დანარჩენ 8 თვეს მთელი დანარჩენი აზია. ამის წყალობით, ასირია სიმდიდრით იკავებს მესამე ადგილს მთელს აზიაში. მმართველობა ამ მხარეში, რომელსაც სპარსელები ეძახიან სატრაპიას, ძალიან შემოსავლიანია, სხვა სატრაპიებთან შედარებით. ტრიტანტეჰმი, არტაბაზის ზე, რომელსაც მეფემ მისცა ეს მხარე სამართავად, ყოველ დღე კრეფდა სავსე არბატ ვერცხლს (სპარსული საზომი არბატი უდრის 1 ატიკურ მედიმნს და 3 ატიკურ ხენიკს). თვით ტრიტანტეჰმს ჰყავდა 800 ქურუმი, უამრავი ინდური წარმოშობის ძაღლი, რომელთა გამოკვება ევალებოდა მეზობლად მდებარე 4 დიდ სოფელს და ამის გამო ისინი სხვა ვალდებულებებისგან გათავისუფლებულნი იყვნენ. ასეთი მდიდარი იყო ბაბილონის მმართველი.
   193. წვიმა ასირიის მიწაზე მოდის ცოტა, მაგრამ ესეც საკმარისია მარცვლეულის ფესვთა გასაზრდელად. შემდეგ კი ირწყვება უკვე მდინარის წყლით. მტელი ბაბილონია ეგვიპტესავით დასერილია არხებით, თუმცა მასავით არ ტბორავს მდინარე ქვეყანას. ყველაზე დიდი არხი ამათგან სანაოსნოა; სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით ის მიემართება ევფრატიდან სხვა მდინარე ტიგროსში, რომელზეც მდებარეობდა ქალაქი ნინოსი. მსოფლიოს ყველა ქვეყნებიდან, როგორც მე ვიცი, ეს მიწა იძლევა დემეტრეს  საუკეთესო ნაყოფს. საპირისპიროდ, იქ ხეხილი საერთოდ არ იზრდება; არც ლეღვი, არც ვენახი, არც ზეთისხილი. რაც შეეხება დემეტრეს ნაყოფს, მიწა დიდი სიუხვით გვაძლევს. ხორბლისა და ქერის ფოთლები ოთხი ცერის სიმსხოა სიგანეში. ფეტვი და სეზამი იზრდება იქ ხის სიმაღლის. ზეითუნის ზეთს ბაბილონელები საერთოდ არ ხმარობენ, არემედ მხოლოდ სეზამის. ყველგან დაბლობში იზრდება ფინიკის პალმები, უმეტესად ნაყოფიერი. პალმის ნაყოფიდან ამზადებენ პურს, ღვინოსა და თაფლს. აშენებენ ფინიკის პალმებს ბაბილონელები ისევე როგორც ლეღვს. ისინი აკრავენ როგორც ელინები ეძახიან „მამაკაც“ პალმას ნაყოფიერ ხეებს, რომ კაკალი შევიდეს ფინიკში, დაეხმაროს მას დამწიფებაში, რათა ვადაზე ადრე არ ჩამოვარდეს. კაკალი ხომ ასე ზის ე.წ. მამაკაც ხეების ნაყოფზე, ისევე როგორც ზამთლის ლეღვებზე.
   194. ახლა გადავალ ყველაზე გასაკვირველი ამბის თხრობაზე. ხომალდები, რომლებიც მიცურავენ ქვევით მდინარეზე მრგვალია და სრულიად გაკეთებულია ტყავისგან.96 არმენიაში, რომელიც მდებარეობს ასირიის ზევით, ბაბილონელები ჭრიან ტირიფებს გამის ჩონჩხის ასაგებად.  გარედან ჩონჩხს აკრავენ ძლიერ ტყავებს და მოჭიმავდნენ ისე, რომ ხომალდს ცხვირი უქრებოდა და ფარივით მრგვალი ხდებოდა. შემდეგ ავსებენ ტვირთით და აცურებენ მდინარის მიმართულებით. ამ გზით გადააქვთ ძირითადად ფინიკის ღვინო. ხომალდს მართავდნენ ორი ნიჩაბით რომელსაც უსვამს ორი პირი დგომით. ასეთი ხომალდები აქ მრავლად დგას სხვადასხვა ზომის. ყველაზე დიდი იტევს 5000 ტალანტ ტვირთს. ყოველ ხომალდზე არის ერთი ვირი, ხოლო დიდ ხომალდებზე რამდენიმე. ბაბილონში ჩამოსვლისთანავე ვაჭრები ჰყიდიან მთელს საქონელს, და შემდეგ იმართება საჯარო ვაჭრობა, ხოლო გემებს შლიან და ტყავებს ახვეულს ვირებზე ტვირთავენ და მბრუნდებიან არმენიაში. ზემოთ მდინარეზე, მისი დინების სიჩქარის გამო ცურვა შეუძლებელია. ამიტომაც არის აქაური ხომალდები ტყავისგან და არა ხისგან. როცა ვაჭრები მიდიან არმენიაში, აგებენ ახალ ხომალდებს ამგვარი ხერხით. ასეთია მათი მდინარის ხომალდები.
   195. ბაბილონელთა ტანისამოსი ასეთია. ბაბილონელები ატარებენ გრძელ, ფეხებამდე თეთრ ქიტონს, ზემოთ სხვას შალისგან. ზემოდან აგრეთვე იკიდებენ თეთრ ქლამიდას. ფეხსაცმელი მათი საერთოა ყველასთვის და გავს ბეოტიურ ბათინკებს. ისინი იზრდიან თმებს და შემდეგ იკრავენ თავსაკრავს, ხოლო სხეულს იმუშავებენ ხეების არომატული ფისით. ყველა ბაბილონელს აქვს ბეჭედი და საბეჭდავი და კვერთხი ხელოვნური სამუშაოსთვის. ყოველ კვერთხზე ამოჭრილია ვაშლი, ვარდი, შროშანი და არწივი ან მისი მსგავსი. კვერთხის ტარება გამოსახულებების გარეშე მათთან მიუღებელია. ასეთია გარეგნული გამოსახულება ბაბილონელთა, ხოლო წეს-ჩვეულებებზე მე მოგიყვებით აი ამას.
   196. ყველაზე კეთილშობილი ჩვევა, რომელიც მე ვიცი, არის აგრეთვე ილირიელ ენეტებში, ამათ ასეთი აქვთ. წელიწადში ერთხელ ყოველ დასახლებაში აკეთებენ ასე: საქორწინო ასაკის ყველა გოგონას კრეფდნენ ერთ ადგილზე. მათ გარსშემოერტყებოდა ყმაწვილთა ჯგუფი, ხოლო მაცნე წამოაყენებდა ყოველ გოგონას სათითაოდ და იწყებოდა გასათხოვართა გაყიდვა. პირველ რიგში იყიდებოდა ყველაზე ლამაზი, შემდეგ სილამაზით მეორე და ასე შემდეგ. გოგონები იყიდებოდნენ ქორწინებისათვის მდიდარი საქმროები კიდევ ამატებდნენ ფულს და ყიდულობდნენ ლამაზ საცოლეებს, ხოლო ღარიბ საცოლეებს რჩებოდათ იაფიანი და ულამაზო გოგონები. არავის ქონდა უფლება საკუთარი გალიშვილი თავად გაეთხოვებინა. ასევე მყიდველს ნაყიდი საცოლის წაყვანა არ შეეძლო, თუ ამაზე გოგონაც თანახმა არ იყო. ასეთ შემთხვევაში კი ფული გადამხდელს უბრუნდებოდა. ამავე დროს, შესაძლებელი იყო საცოლე კაცი მეზობელი დასახლებიდანაც შეიძლება ყოფილიყო. ეს შესანიშნავი წესი მათთან ახლა აღარ არის. სამაგიეროდ ცოტა ხნის წინ ნახეს საშუალება დაეცვათ ქალიშვილები და არ დაეშვათ მათი სხვაგან წაყვანა. სპარსელების მიერ ქვეყნის დაპყრობისა და გაძარცვის შემდეგ მცხოვრებლებმა დაკარგეს თავისი ქონება და ყველა უბრალო ადამიანი, გაღატაკებული, აიძულებულებდა თავისი ქალიშვილებს მიემართათ გარყვნილებისთვის.
   197. აქვთ ბაბილონელებს სხვა უფრო ჭკვიანური წესი. რაიმეთი დაავადებულ ადამიანი გამოყავთ ბაზარზე (მათ არ ჰყავთ ექიმები)97. გამვლელები ეკითხებიან მისი დაავადების შესახებ და აძლევენ რჩევებს, ან უყვებიან თუ რაც სმენიათ მისნაირი დაავადების შესახებ და როგორ  განკურნეს ეს დაავადება სხვებმა.98 ჩუმათ ჩავლა დაავადებული ადამიანისთვის აკრძალულია; ყველა ვალდებულია რაიმე კითხოს ან მოყვეს დაავადების შესახებ.
   198. მიცვალებულებს ბაბილონელები თაფლში მარხავენ,99 ხოლო ტირილი იციან იმის მსგავსი, როგორც ეგვიპტეში, ბაბილონელი კაცი საკუთარ ცოლთან წოლის შემდეგ ყოველთვის ჯდება და გუნდრუკს აკმევს, ხოლო ცოლი ამასვე ჩადის სხვაგან. ხოლო როდესაც გათენდება, ორივენი იბანებიან, არავითარ ჭურჭელს არ ეხებიან. ამასვე აკეთებენ არაბებიც.100
   199. ბაბილონელთა ჩვეულებებს შორის შემდეგი არის ყველაზე სამარცხვინო: ყოველი ადგილობრივი ქალი უნდა დაჯდეს აფროდიტეს ტაძარში და ერთხელ თავის სიცოცხლეში დაწვეს უცხოელ მამაკაცთან. ბევრი ქალი არ კადრულობს სხვა ქალებში გარევას, რადგან სიმდიდრით არიან გაამაყებულები, ესენი ჩარდახიანი ურმებით მიდიან ტაძარში და იქ ჩერდებიან, ხოლო მათ უკან მოსდევს მრავალრიცხოვანი ამალა. ქალების მეტი წილი ასე აკეთებს: აფროდიტეს სალოცავში მრავალი ქალი იმყოფებოდა, რომელსაც თავზე ყაითნისაგან გაკეთებული გვირგვინები ჰქონდა. მრავალნი იყვნენ, რადგან ერთნი მოდიოდნენ და მეორენი მიდიოდნენ. ქალებს შორის ყოველი მიმართულებით სწორი გასასვლელებია, რომლებზედაც უცხოელები დადიან და ირჩევენ ქალებს. იქ მჯდომი ქალი, უწინ ვერ წავა სახლში, სანამ ვინმე უცხოელთაგანი ვერცხლის ფულს არ ჩაუგდებს კალათაში და არ დაიჭერს მასთან ინტიმურ კავშირს ტაძრის გარეთ. ვინც ფულს ესვრის, მან უნდა თქვას შემდეგი: მოგიწოდებენ შენ, ღმერთქალი მილიტას სახელით  (მილიტას ასირიელები აფროდიტეს უწოდებენ), ხოლო ფული რამდენი იქნება, არა აქვს მნიშვნელობა, რადგანაც ქალი მაინც ვერ იტყვის უარს, იმიტომ, რომ ეს ფული წმინდაა. ვინც პირველი გადაუგდებს ფულს, იმას უნდა წაყვეს ქალი და ვერც ვერავის უარყოფს. ხოლო როდესაც ქალი კავშირს იქონიებს, ის თავის წმინდა მოვალეობას შეასრულებს ღმერთქალის მიმართ და წავა სახლში. ამიერიდან რაც არ უნდა დიდი საბოძვარი მისცენ, ვერავინ ჩაიგდებს მას ხელში. ქალები, რომლებიც შესახედაობით და ტანადობით არიან დაჯილდოვებული, ჩქარა მიდიან, ხოლო შეუხედავები დიდხანს რჩებიან ტაძარში, რაკიღა ვერ ახერხებენ წესის შესრულებას. ზოგიერთები სამსა და ოთხ წელსაც კი იცდიან.101 კიპროსის ზოგ ადგილას ამისი მსგავსი ჩვეულება აქვთ.
   200. ეს ჩვეულებები აქვთ დაწესებული ბაბილონელებს, ხოლო მათ შორის არის სამი გვარი, რომელიც სხვას არაფერს ჭამს, გარდა თევზისა; რომ დაიჭერენ და მზეზე გაახმობენ, ამის მერე შემდეგს აკეთებენ: ჩააგდებენ გამხმარ თევზს როდინში, ნაყავენ ფილთაქვებით და ცრიან წმინდა ტილოში, ვისაც მოუნდება, ცომს ზელს იქიდან და ისე ჭამს, სხვები კი პურს აცხობენ.




მასაგეტები და კიროსის სიკვდილი
   201. როდესაც კიროსმა ხალხი დაიმორჩილა, მოინდომა, რომ მასაგეტები102 თავის ქვეშევრდომებად გაეხადა. ამბობენ, რომ ეს ხალხი მრავალრიცხოვანია და მამაცი, ხოლო სახლობენ ისინი აღმოსავლეთისაკენ. მზის აღმოსავლეთისაკენ, მდინარე არაქსის გადაღმა, ისედონელთა პირდაპირ. ზოგიერთები ამბობენ, რომ მასაგეტთა ტომი სკვითური ტომიაო.
   202. ხოლო არაქსის103 შესახებ ზოგი ამბობს, რომ დიდია ისტროსზე /დუნაი/, ზოგი კი ამბობს, რომ უფრო პატარააო. ამბობენ, რომ აქ ბევრი კუძნულებია, სიდიდით ლესბოსის ოდენა. აქ ცხოვრობს ხალხი, რომელიც თხრის ყოველგვარ ფესვებს და ზაფხულობით იმით იკვებება, ხოლო ხეებზე ჰკრეფენ და აგროვებენ მწიფე ნაყოფს და მას ჭამენ ზამთრობით. მათ ქვეყანაში მოიპოვება სხვა ხეებიც, რომლებიც რაღაც თავისებურ ნაყოფს ისხამენ. თვითონ ხალხი ერთ ადგილას გროვდება ხოლმე ჯგუფად ანთებენ ცეცხლს, ირგვლივ შემოუსხდებიან და ცეცხლში ჰყრიან ამ ნაყოფებს, ყნოსავენ ამ დამწვარ ნაყოფებს, რომლებიც ცეცხლშია ჩაყრილი და თვრებიან სუნისაგან. ისევე როგორც ელინები ღვინისაგან და რაც მეტ ნაყოფს აგდებენ, მით უფრო მეტად თვრებიან, ბოლოს კი დგებიან საცეკვაოდ და იწყებენ სიმღერას. მათ შესახებ ამბობენ, რომ ისინი ასეთ ცხოვრებას ეწევიან. ხოლო მდინარე არაქსი მომდინარეობს მატიანეთაგან, საიდანაც მოედინება გინდესიც, რომელიც კიროსმა გაჰყო 360 არხად და რომელსაც აქვს 40 შესართავი, ამათგან ყველა, ერთს გარდა, იკარგება ჭაობებში. ამბობენ, რომ ამ ჭაობებში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც იკვებებიან უმი თევზით და ტანსაცმლად ხმარობენ სელაპის ტყავებს.104 არაქსის შესართავთაგან ერთი მიმიდინაროებს გაშლილ ადგილებზე კასპიის ზღვისაკენ. კასპიის ზღვა დამოუკიდებელია, არ უერთდება სხვა ზღვას, ხოლო მთელი ის ზღვა, რომელზედაც ელინები ცურავენ და ის, რომელიც ჰერაკლეს სვეტებს გარეთა (ატლანტისად რომ იწოდება) და მეწამული ზღვა, არსებითად ერთია.
   203. კასპიის ზღვა კი სხვაა და დამოუკიდებელია, მისი სიგრძის გადალხვას ნიჩბებიანი ნავი უნდება თხუთმეტ დღეს; სიგანისას კი, სადაც ყველაზე ფართოა, 8 დღეს. ამ ზღვის დასავლეთით გადაჭიმულია კავკასოსი, რომელიც მთებს შორის ყველაზე უფრო ვრცელია და მაღალი. ადამიანთა მრავალი სხვადასხვა ტომი ცხოვრობს კავკასოსის მთებში და მთელი ეს ხალხი იკვებება გარეული მცენარეებით. ამბობენ, რომ ამ ხეებს ფოთლები თავისებური მოყვანილობისა აქვთ. ამ ფოთლებს ნაყავენ, ურევენ წყალს და ამით ხატავენ ტანსაცმელს. ხოლო ეს ნახატები კი არ ხუნდება, არამედ ცვდება დანარჩენ შალთან ერთად, თითქოს თავიდანვე ჩაქსოვილია მასში. ამ ადამიანებს ისევე, როგორც ცხოველებს კავშირი აშკრად აქვთ.
   204. ამ ზღვას, კასპიისად წოდებულს, დასავლეთის მხრივ კავკასოსი ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთით, საიდანაც მზე ამოდის, თვალუწვდენელი დაბლობი ეკვრის. ამ დიდი დაბლობის არამცირედი ნაწილი უჭირავთ მასაგატებს, რომლებზედაც კიროსს განზრახვა ჰქონდა ელაშქრა. ბევრი და დიდი მიზეზები ჰქონდა კიროსს საამისოდ, რომ გაებედა და მათ წინააღმდეგ წასულიყო. უპირველეს ყოვლისა დაბადების მიხედვით მას თავისი თავი რაღაცით მეტი ეგონა ადამიანებზე, ხოლო შემდეგ  იმ ბედის გამო, რაც მას ომებში ჰქონდა. რადგან სადაც კი არ წავიდა სალაშქროდ კიროსი, იმ ხალხმა მას ვერაფერით დააღწია თავი.
   205. მასაგატების დედოფალი იყო ქალი, მას შემდეგ, რაც მისი ქმარი გარდაიცვალა. სახელად მას ტომირისი ერქვა. კიროსმა გაუგზავნა მას კაცები და შუთვალა, რომ უნდა მისი ცოლად შერთვა. ტომირისი მიხვდა, რომ კიროსი მას კი არ თხოულობს, არამედ მასაგატების სამეფოს და უარით უპასუხა მის ამ წინადადებას. ხოლო კიროსი, ამის შემდეგ, რაკიღა არ გაუვიდა ეშმაკობა, წავიდა არაქსისაკენ და აშკარად გაილაშქრა მასაგატების წიანააღმდეგ, ხიდები გასდო მდინარეზე105 ლაშქრის გადასასვლელად და კოშკები ააგო ხომალდებზე, რომელთაც მდინარეზე გაჰყავდათ ჯარი.
   206. როდესაც კიროსი ამ საქმიანობაში იყო, ტომირისმა გაუგზავნა მას მოციქული და შეუთვალა შემდეგი: „მიდიელთა მეფევ, შეეშვი იმ საზრუნავს, რაზედაც ზრუნავ, რადგან არ ვიცი, წარმატებით ასრულდბა ეს შენი განზრახვა თუ არა. შეეშვი და იმეფე იმაზე, რაც შენი საკუთარია და დაკმაყოფილდი იმით, რომ გვიცქირო, თუ როგორ განვაგებთ იმას, რასაც განვაგებთ. თუ არ მოგინდება ამ რჩევის მიღება და მშვიდობიანად ყოფნას ყველაფერი გერჩივნება, თუ მაინცდამაინც მოგინდება მასაგატების გამოცდა, მიდი, მაგრამ მდინარის ნაპირების შეერთებაზე ზრუნვას თავი ანებე, და როდესაც ჩვენ მდინარისაგან 3 დღის სავალზე დავიხევთ, მაშინ გადმოდი ჩვენს მიწა-წყალზე. ხოლო თუ შენ ჩვენი მიღება გირჩევნია თქვენს მიწა-წყალზე, მაშინ შენ გააკეთე იგივე“. კიროსმა რომ ეს მოისმინა, დაუძახა სპარსთა თავკაცებს, შეკრიბა ისინი და გაანდო მათ, რაშიც იყო საქმე, თან რჩევას ეკითხებოდა, თუ რომელ გზას დასდგომოდა. ისინი ერთსა და იმავე აზრს დაადგნენ და ურჩიეს რომ ტომირისიცა და მისი ლაშქარიც თავის ქვეყანაში მიეღო.
   207. იქვე იყო კროისოს ლიდიელი, რომელსაც არ მოეწონა ეს აზრი და წარმოდგენილი მოსაზრების საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა: „მეფეო, მე შენ ერთ რამეს გეტყვი, რადგანაც მას მერე, რაც ზევსმა მოგცა შენ ჩემი თავი, მე ვუყურებ, რომ შეცდომა არაფერი მოხდეს შენს სახლში და შეძლებისდაგავარად უნდა აგაცილო ის თავიდან. ჩემ თავს გადახდილი უბედურებები უსიამოვნო გამოცდილებად მექცა. თუ შენ ფიქრობ, რომ უკვდავი ხარ და ასეთსავე ლაშქარს განაგებ, მაშინ სულ არაა საჭირო, რომ ჩემი აზრი გამოგიცხადო. ხოლო თუ იცი, რომ ადამიანი ხარ და განაგებ სხვებს, ასეთსავე ადამიანებს, ჯერ ის იცოდე, რომ ადამიანთა საქმიანობას წრე საზღვრავს, ეს წრე ბრუნავს და არ დაუშვებს, რომ ერთნი და იგივენი იყვნენ ბედნიერნი. ამდენად მე ამ საქმის შესახებ იმის საწინააღმდეგო აზრი მაქვს, რაც აქ გამოითქვა. თუ მოგვინდება, რომ მტერი ჩვენს ქვეყანაში შემოუშვათ, აქ შენ ასეთი საფრთხე გელის: დამარცხების შემთხვევაში დაღუპავ მთელს სახელმწიფოს, რადგან ცხადია, რომ თუ გაიმარჯვებენ მასაგატები, ისინი უკან კი არ გაიქცევიან, არამედ შენი საგამგებლოსაკენ გაეშურებიან. ხოლო თუ კიდევაც შენ გაიმარჯვე, ვერ გაიმარჯვებ ისე, რომ გადახვიდე მათ მიწაზე და წარმატებით მისდიო გაქცეულ მასაგატებს. რადგან ამ შემთხვვაშიც იმას ვგულისხმობ, რასაც ადრე,  თუ გაიმარჯვებ მოწინააღმდეგეზე, უთუოდ მოინდომებ ტომირისის სამეფოსაკენ წასვლას. ეგეც არ იყოს, სამარცხვინო და აუტანელია კიროსისათვის, კამბისესის ძისათვის, რომ ქალმა დაახევინოს მას და თავისი ქვეყანა დაათმობინოს. ახლა, მე ვფიქრობ, რომ უნდა გადავიდეთ მდინარეზე და წინ წავიდეთ იმდენზე, რამდენზედაც ისინი უკან გაიხევენ. ამის შემდეგ უნდა შევეცადოთ, რომ დავამარცხოთ ისინი და აი რა უნდა გავაკეთოთ: როგორც მე შევიტყვე, მასაგატებმა არ იციან სპარსული კეთილდღეობა რაშია და ნამდვილი კარგი ცხოვრება მათ არ განუცდიათ. ამიტომ ამ ხალხს დაუნანებლად დაუკალით ბევრი ცხვარი, მოამზადეთ და გამართეთ ნადიმი ჩვენს ბანაკში, ამის გარდა დაუდგით უხვად ჭურჭლები გაუზავებელი ღვინითა და ყოველგვარი საჭმლით. გააკეთეთ ეს ყველაფერი და დატოვეთ ბანაკში ლაშქრის ყველაზე უარესი ნაწილი, ხოლო დანარჩენები კვლავ დაბრუნდით მდინარესთნ. რადგან თუ მე რაიმე არ მეშლება, ისინი რომ დაინახავენ ასეთ სიუხვეს, გაემართებიან იქითკენ, ჩვენ კი დიდი საქმეები დაგვრჩება გასაკეთებელი“.
  208. ეს აზრები ერთმანეთის საწინააღმდეგო იყო. ხოლო კიროსმა უარყო ადრინდელი აზრი და კროისოსისა მიიღო, შეუთვალა ტომირისს, რომ უკან დახეულიყო, რადგანაც თვითონ გადადიოდა მისკენ. ტომირსმა დაიხია, პირველად რომ აღუთქვა, იმის მიხედვით. ხოლო კიროსმა კროისოსი დაუტოვა თავის შვილს კამბისესს, რომლისთვისაც აპირებდა შემდეგ სამეფო ძალაუფლების მიცემსაც და დაარიგა ის, რომ პატივი ეცათ და კარგადაც მოქცეოდნენ კროისოსს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მასაგატებზე ლაშქრობა არ გაუმართლდებოდათ: ეს დაარიგა და გაგზავნა ისინი სპარსელების ქვეყანაში, თვითონ კი გადავიდა მდინარეზე თავის ლაშქრიანად.
   209. როდესაც კიროსი გადავიდა არაქსის მეორე ნაპირას და დადგა ღამე, მან, მასაგატების ქვეყანაში რომ ეძინა, ასეთი სიზმარი ნახა: კიროსს დაესიზმრა, რომ ხედავს ჰისტაპესის უფროს შვილს,106 რომელსაც მხრებზე ფრთები აქვს, ერთი ფრთით ის აზიას უჩრდილებს, ხოლო მეორეთი ევროპეს. ჰისტაპესის, არასამესის ძის, აქემენიდთა გვარის წარმომადგენლის შვილთა შორის უფროსი იყო დარიოსი, რომელიც მაშინ ასაკით დაახლოებით რაღაც ოციოდე წლისა იქნებოდა და დატოვეს სპარსელთა ქვეყანაში, რადგან ლაშქრობის ასაკისა ჯერ არ იყო. როდესაც გაიღვიძა კიროსმა, დაიწყო ფიქრი ამ სიზმრის შესახებ და რადგან მან გადაწყვიტა, რომ ჩვენება დიდი მნიშვნელობის არის, დაუძახა ჰისტასპესს, დაიმარტოვა და უთხრა:  „ჰისტასპეს, შენი შვილი ბოროტს იზრახავს და ჩემი ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ლამობს. ეს ამბავი რომ დანამდვილებით ვიცი, ამას დაგიმტკიცებ. ღმერთები ჩემზე ზრუნავენ და მე ყვლაფერს წინასწარ მიცხადებენ, რაც უნდა მოხდეს. ამრიგად, წასულ ღამეს მეძინა და ვნახე შენი უფროსი შვილი, რომელსაც მხრებზე ფრთები ჰქონდა და მათგან ერთით აზიას უჩრდილებდა, ხოლო მეორეთი ევროპეს. ამ ჩვენების მიხედვით სრულიად შეუძლებელია, რომ ის ჩემს წინააღმდეგ ბოროტს არ იზრახავდეს. ამიტომ შენ, რაც კი შეიძლება სასწრაფოდ წადი უკან სპარსთა ქვეყანაში და გააკეთე ისე, რომ როდესაც მე აქაურობას დავიმორჩილებ და მოვალ იქ, წარმომიდგინო შენი შვილი პასუხების საგებად“.
   210. კიროსი როცა ამბობდა ამას, ფიქრობდა, რომ დარიოსი ბოროტს იზრახავდა მის წინააღმდეგ. თუმცა ღმერთს ამ სიზმრით სურდა ეცნობებინა, რომ მეფე მიიღებს სიკვდილს აქ, მასაგეტების ქვეყანაში, ხოლო მისი სახელმწიფო გადავა დარიოსის ხელში. ჰისტასპესმა მიუგო მას შემდეგი: „მეფეო, ნურც დაბადებულა ისაეთი სპარსელი, რომელიც შენ წინააღმდეგ ბოროტს განიზრახავს, ხოლო თუ არის ასეთი სპარსელი, დაე დაიღუპოს ის, რაც შეიძლება მალე; ხომ შენი წყალობითაა, რომ მონების ნაცვლად სპარსელები თავისუფლები არიან, ხოლო იმის მაგივრად, რომ სხვებს ემართათ ისინი, თვითონ მართავენ ახლა ყველას. თუ ჩვენებამ განიშნა, რომ ჩემი შვილი რაღაცას გიპირებს, მე გადმოგცემ შენ მას და უყავი რაც გინდა“. ჰისტასპესმა ასე უპასუხა და გადავიდა არაქსზე, წავიდა სპარსთა ქვეყანაში, რომ თავისი შვილი, დარიოსი კიროსის გულისათვის დაეჭირა.
   211. კიროსი წავიდა არაქსიდან წინ ერთი დღის სავალ გზაზე და გააკეთა ის, რაც კროისოსმა ურჩია. ამის შემდეგ კიროსი და სპარსელთა ჯარის ვარგისი ნაწილი უკან გაბრუნდა არაქსისაკენ, ხოლო გამოუსადეგარი ნაწილი ადგილზე დარჩა. მოვიდა მასაგეტების ლაშქრის მესამედი ნაწილი და მან ამოხოცა კიროსი ლაშქრიდან დარჩენილები, რომლებიც თავს იცავდნენ, როდესაც მასაგეტებმა დაინახეს გაშლილი სუფრა, თითქოს მოწინააღმდეგე დაემარცხებინოთ, დასხდნენ და ინადიმეს, ხოლო ჭამა-სმით რომ გული იჯერეს, დაიძინეს. ამ დროს მოვიდნენ აქ სპარსელები, ბევრი მათგანი ამოხოცეს, ხოლო ბევრად უფრო მეტი ცოცხლად დაატყვევეს, მათ შორის დედოფალი ტომირისის შვილი, რომელიც მხედართმთავრობდა მასაგეტებს, სახელად ერქვა მას სპარაგპისესი.
   212. როდესაც ტომირისმა შეიტყო, რა მოუვიდა მის ლაშქარსა და მის შვილს, გაუგზავნა მოციქული კიროსს და შეუთვალა შემდეგი: „სისხლით გაუმაძღარო კიროს, ნუ გაამაყდები ამ მომხდარი საქმის გამო, რადგანაც ვაზის ნაყოფით (რომლითაც თვით თქვენ გამოიბრუჟებით და დაგიჟდებით ხოლმე ისე, რომ ღვინო რომ სხეულში ჩადის, თქვენ ცუდი სიტყვები ამოგდით პირიდან), აი, ამგვარი წამლით იეშმაკე და დაძლიე ჩემი შვილი და არა ბრძოლაში აჯობე იარაღით ხელში. ახლა, როდესაც მე კარგს გირჩევ, დაიჯერე ჩემი სიტყვა: დამიბრუნე შვილი და წადი ამ ქვეყნიდან უვნებელი, შენ, რომელიც ასე თავხედურად მოეპყარი მასაგეტების ლაშქრის ერთ მესამედ ნაწილს: ხოლო თუ ამას არ იზამ, გეფიცები მზეს, მასაგეტების უფალს, რომ თუმცა გაუმაძღარი ხარ, მაგრამ მე მაინც მოვახერხებ შენ გაძღომას სისხლით“.
   213. კიროსმა ტომირისის სიტყვებს არავითარი ყურადღება არ მიაქცია; ხოლო დედოფლის, ტომირისის შვილი, სპარგაპისესი, ღვინო რომ გამოუნელდა და შეიტყო რა უბედურებაშიც იყო, შეეხვეწა კიროსს, ბორკილები აეყარა მისთვის. როგორც კი აჰყარეს ბორკილები და ხელი ხელთ ჰქონდა, მაშინვე თავი მოიკლა სპარგაპისესმა.
   214. ასე მოკვდა სპარგაპისესი, ხოლო ტომირისმა, რაკიღა კიროსმა არ გაუგონა, შეკრიბა მთელი თავისი ლაშქარი და თავს დაესხა კიროსს. ეს ბრძოლა ბარბაროსთაგან გადახდილ ბრძოლებში, რამდენადაც მე ვერკვევი, ყველაზე უფრო ულმობელი იყო და მე კიდევაც შევიტყვე, თუ ის როგორ მომხდარა. ამბობენ, რომ თავდაპირველად ისინი ერთმანეთისაგან დაშორებით მდგარან და მშვილდებიდან ესროდნენ ერთმანეთს, ხოლო შემდეგ, თითქოს ისრები ყველა დახარჯეს და ერთმანეთს დაერივნენ შუბებითა და მახვილებით. კარგა დიდხანს იდგნენ ერთმანეთის პირდაპირ მებრძოლები და არც ერთ მხარეს არ უნდოდა გაქცევა. ბოლოს მასაგეტებმა აჯობეს. სპარსელთა ჯარის მეტი წილი ამ ადგილას ამოწყდა და თვით კიროსმაც აქ დაასრულა სიცოცხლე. იმეფა მან მთლიანად ერთით ნაკლებ 30 წელს. ტომირისმა ადამიანის სისხლით აავსო ტიკი, მოძებნა დახოცილ სპარსელებს შორის კიროსის გვამი და რომ იპოვა, ჩააყოფინა თავი ტიკში. ტომირისი შეურაცხყოფდა გვამს და შემდეგ ამბობდა: ცოცხალიცა ვარ და ბრძოლაში გამარჯვებულიც, მაგრამ შენ მომიკალი შვილი, წამართვი ის ვერაგობით. ამიტომ, როგორც დაგემუქრე იმას აგისრულებ და სისხლით გაგაძღებ. კიროსის ცხოვრების აღსასრულის შესახებ ბევრ ამბავს მოგვითხრობენ, ის, რომელიც მე გადმოგეცით, ყველაზე სარწმუნოდ მიმაჩნია.107
   215. მასაგეტები ტანსაცმელსაც სკვითების მსგავსს ატარებენ და ცხოვრებასაც მათებურს ეწევიან. ისინი ცხენოსნებიც არიან და ქვეითებიც (რადგან ორივენაირ ბრძოლაში ღებულობენ მონაწილეობას), მშვილდოსნებიც არიან და შუბოსნებიც და ჩვეულებრივ ჩუგლუგსაც ატარებენ. ყველაფერს ოქროსას და სპილენძისას ხმარობენ; ხოლო შუბები, ისრის წვერები და ჩულუგები მათ სპილენძისანი აქვთ გაკეთებული. თავს, ქამრებსა და სამკერდულებს ოქროთი იმკობენ. ასევე ცხენებსაც მკერდზე ირგვლივ სპილენძის ჯავშანს უკეთებენ, ხოლო აღვირები, ლაგამი და ბალთები ოქროს აქვთ. რკინასა და ვერცხლის სრულებით არ ხმარობენ, რადგან ესენი არ მოიპოვება მათ ქვეყანაში, ხოლო ოქრო და სპილენძი უამრავი აქვთ.
   216. მასაგეტები ასეთ ჩვეულებებს მისდევენ: თუმცა თითოეული მამაკაცი საკუთრივ ირთავს ქალს, მაგრამ ურთიერთობა ქალებთან მამაკაცებს საერთო აქვთ. ელინები ამბობენ, რომ სკვითები შვრებიან ასეო, სინამდვილეში კი სკვითები კი არ სჩადიან ამას, არამედ მასაგეტები. მასაგეტ მამაკაცს თუ მოუნდება ქალი, მისი კარვის წინ ჩამოკიდებს თავის კაპარჭს და წვება მასთან სრულიად უშიშრად. მათ ადამიანის ასაკი სულაც არ აქვთ განსაზღვრული გარდა იმისა, რომ როდესაც ძალიან მოხუცდება კაცი, ყველა მისი ნათესავი მოიყრის თავს ერთად, დაჰკლავენ მოხუცს და მასთან ერთად სხვა საქონელსაც, მოხარშავენ ხორცს და ინადიმებენ. ეს მიჩნეულია მათ შორის უბედნიერეს აღსასრულად; ხოლო ავადმყოფობით მკვდარს კი არ ჭამენ, არამეს მარხავენ და უბედურად თვლიან, რომ არ მოუწია მას დაკვლა. ისინი არაფერს თესენ, საზრდოობენ შინაური ცხოველებითა და თევზით, ხოლო თევზი უხვად მოიპოვება მდინარე არაქსში. ისინი სვამენ რძეს. ღმერთთა შორის თაყვანს სცემენ მხოლოდ მზეს, რომელსაც სწირავენ ცხენებს. ამ მხვერპლშეწირვის აზრი ესაა: ღმერთთა შორის უსწრაფესს ყველა მოკვდავთ შორის უსწრაფესი განეკუთვნება.


განმარტებები
1. იგულისხმება არამეული ხალხთა გადასახლება (დაახლ. ძვ.წ.1400–1200 წლებში) აღმ. არაბეთიდან ჩრდ. სირიაში. არამეელებმა დააარსეს იქ ქალაქები, რომლებიც იხსენიება ბიბლიაში. 2. ასეთი სავაჭრო ურთიერთობა არქეოლოგიურმა გათხრებმაც დაადასტურა. 3. ეს თქმულება ალბათ გაჩნდა იქედან, რომ 1170 წლის ახლოს, აქეელებმა მოიტაცეს მცირე აზიის ქალღმერთის კერპი. ხეთური ტექსტები ქალღმერთს ხარზე მჯდომს გამოსახავდნენ, ისევე როგორც ელინები ევროპეს. 4. კრეტელები ან სხვა მათი ნათესავი „ზღვის ხალხები“ გადმოსხდნენ დაახლ. 1200 წელს სირიისა და პალეტსინის ნაპირებზე და დააარსეს იქ ბევრი ქალაქი (მაგ. ღაზა, ასკალონი). ბიბლია მათ უწოდებს ფილისტიმელებს. 5. ლიდიელთა ენა ხეთო-ლუვიური ან ხეთო-ლიდიურია. ლიდიელები პირველად ეგვიპტურ ტექსტებში იხსენიებიან 1234–1225 წლებში, „ზღვის ხალხების“ თავდასხმებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. 6. სირიელებში აქ იგულისხმებიან თეთრი სირიელები ანუ ლევკოსირები, მცხოვრებნი შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროებზე. 7. ჰეროდოტე ახსენებს მხოლოდ იმ ელინურ ტომებს რომლებიც დასახლდნენ მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროებზე 1170 წლიდან მოყოლებული, ხეთების სამეფოს დაცემის შემდეგ. პირველები აქ მოვიდნენ ეოლიელები, შემდეგ იონიელები და ბოლოს დორიელები. 8. კიმერიელთა შემოჭრა თარიღდება ძვ.წ. დაახლ 700 წლით. სპარსელ მეფეთა წარწერის აქადური ვერსია მათ უწოდებს საკებს, რომლებიც ცხოვრობდნენ დღევ. თურქესტანის დასავლეთით. ისინი თავიდან ბინადრობდნენ მდ. ამურდარიას ჩრდილოეთით და იწოდებოდნენ როგორც „გიმირ“ ან „გიმმირი“. 9. ჰეროდოტე გვაძლევს ლიდიელი მეფეების მითიურ გენეალოგიას. როგორც ჩანს მან არ იცის ლიდიური გადმოცემები. კანდავალი მეფის სახელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ლიდიურად იგი ნიშნავს „მმართველს“. 10. ჰეროდოტე მიჰყვება ტრადიციულ ქრონოლოგიას – 3 თაობა = 100 წელს. 11. მეცნიერთა ერთი ნაწილის აზრით „გიგესი“ ნიშნავს „ბაბუას“, მეორეს აზრით კი – „ჩიტს“. გიგესის მამა შესაძლოა იყო ბითინიის ქალაქ დასკილიონიდან და ამიტომ ერქვა ეს სახელი. 12. როგორც არაელინს, გიგესს არ ჰქონდა ამის უფლება. 13. სახელი მიდასი გვხვდება ძვ.წ. VII ს-ის ძველფრიგიულ წარწერაში „მიდაი“-ს ფორმით. 14. გიგესი დაიღუპა კიმერიელებთან ბრძოლის დროს 645/4 წელს. მან შექმნა მძლავრი სახელმწიფო და დაიპყრო მეზობელი ხალხები. პირველი იყო მსოფლიოში ვინც მონეტების მოჭრა დაიწყო და მცირე აზიის დას. ნაწილის მთელი სახმელეთო ვაჭრობა გააკონტროლა. 15. ლიდიის მეფეები აწარმოებდნენ მრავალწლიან ომს მილეტთან, მაგრამ ვერ აიღეს. ბერძნული ქალაქებისთვის ლიდიის ბატონობა მომგებიანიც კი იყო, რადგან ლიდია მათ შიდა და საზღვაო-სავაჭრო საქმეებში არ ერეოდა და როგორც მფარველი საგარეო მტრებისგან იცავდა. 16. ასურული გადმოცემებით კიმერიელებს ებრძოდა არდისის მამა გი-გუ (გიგესი). ლიდიის მეფემ მათ წინააღმდეგ ჯერ აშურბანიფალთან შეკრა კავშირი, შემდეგ ეგვიპტის მეფე ფსამეტიქესთან. 17. დაახლოებით 730-იან წლებში მიდიელები, კაშტარიტის მეთურობით, აჯანყდნენ და თავი გაითავისუფლეს ასურელთა უღლისგან. დიდ დროს არ გაევლო, რომ მიდიას სათავეში მოსამართლე დაიუკუ ჩაუდგა და ადგილობრივი დინასტია დააარსა. მისმა ვაჟმა ფრავარტიშმა სპარსეთის დაპყრობა მოახერხა. მისი შვილიშვილის უვახშატრის (ბერძნულად კიაქსარმა) დროს 653 წელს სკვითებმა დაიპყრეს მიდიის სამეფო. სკვითები შავი ზღვის ჩრდ-აღმოსავლეთით მდებარე სტეპებში მოვიდნენ ე.წ. დასავლეთ თურქესტანიდან (დღევ. თურქმენეთი და უზბეკეთის დიდი ნაწილი) დაახლ. 720 წელს მოვიდნენ. 18. პექტიდა – 20-სიმიანი ინსტრუმენტი მსგავსი არფისა. 19. ასსესი – ადგილი სადაც იდგა ტაძარი. ქალღმერთ ათენა ასვის ლიდიური სახელი. 20. დითირამბი – დიონისეს მეტსახელი. შემდგომში ეწოდა სადღესასწაულო სიმღერას ღმერთის ან გმირის საპატივცემულოდ. იგი იმღერებოდა ფლეიტის აკომპანემენტით. 21. პიტაკი გარდაიცვალა დაახლოებით 570 წელს, კროისოსი კი გამეფდა 563 წელს, ასე რომ მას მეფობის დროს ვერ შეხვდებოდა. 22. სოლონი მოგზაურობდა 593–583 წლებში. კროისოსი მეფობდა დაახლ. 563–547 წლებში, ხოლო ეგვიპტის ფარაონი ამასის II იყო 570–526 წლებში. ამდენად ამ მონარქებს ტახტზე ყოფნის დროს სოლონი ვერ ნახავდა. 23. ელინური გაწმენდა ასეთია: მკვლელის ხელებს ბანდნენ გოჭის სისხლით და შემდეგ უმშრალებდნენ. ცოდვა ელინთა რწმენით გადადიოდა ჯერ შთამომავლებზე, შემდეგ მთელს ქალაქზე და აავადებდა მას. 24. ამ ქალმა გახსნა კროისოსის დედინაცვლის თავდასხმა კროისოსზე, რომელიც ცდილობდა მის მოწამლული პურით მოკვდინებას. 25. მცირეაზიულ ვაჭრობაში გაბატონებისა და დელფოს ტაძრისადმი დიდი ქრთამების წყალობით დელფოს ქურუმები აღმერთებდნენ კროისოსს და მოუწოდებდნენ ომს სპარსეთთან და უწინასწარმეტყველებდნენ გამარჯვებას. ლიდიის დამარცხებისა და დაპყრობის შემდეგ კი იგივე ქურუმები მოუწოდებდნენ ელინებს შეწინააღმდეგებოდნენ სპარსელებს. 26. სხვაგვარად დიაკრიები. პისისტრატე ეყრდნობოდა დემოსს, ატიკის ჩრდ-აღმოსავლეთის მცხოვრებთ. მისი მთელი ეკონომიკური პოლიტიკა სწორედ დემოსის ინტერესების დაცვა იყო. 27. მეგაკლე იყო ალკმეონიდთა ათენის არისტოკრატიული გვარის მეთაური. ამავე დროს მეთაურობდა ქალაქის ხელოსნებსა და ვაჭრებს. ალკმეონიდებს ჰქონდათ სერიოზული სავაჭრო ინტერესები მცირე აზიაში, ამიტომაც იყვნენ სპარსოფილური პოლიტიკის მომხრე. 28. პისისტრატემ დაიქირვა მსახიობი გოგონა რომელიც გამოაწყო ათენა ერგანას (ქალაქის ხელოსანთა მფარველი) ფორმაში და ისე შევიდა ქალაქში. 29. ატიკა იყოფოდა პატარ რაიონებად, რომელსაც დემები ეწოდებოდა. 30. პისისტრატეს არ სურდა მეგაკლეს ასულისგან შვილი, რადგან არ სურდა მის ოჯახზე გადმოსულიყო ალკმეონიდებზე არსებული წყევლა (ასე სჯეროდათ მაშინ ათენში). 31. ძველ ავტორებს ეგონათ რომ პისისტრატე ორჯერ განდევნეს, არადა მხოლოდ ერთხელ და ორი განდევნის ამბები, რეალურად ერთი განდევნის სხვადასხვა დეტალებია. 32. იგულისხმება ვერცხლის შემოსავალი მდ. სტრიმონზე ეიონთა და ამფიპოლთან მდებარე ვერცხლის მადნიდან, აგრეთვე ატიკაში ლავრიის მადნებიდან. 33. დელოსი წარმოადგენდა იონიელთა ტომის ეროვნულ სიწმინდეს. პისისტრატემ ჩაატარა „განწმენდა“, იმისთვის რომ მოიპოვოს წყალობა დელფოსის ღმერთისა, რომელმაც ქურუმების სახით სანქციები დაუწესა მის სამფლობელოს ათენში. 34. ენომოტია იყო 25–36 კაციანი რაზმი, რომელიც ფიცით იყო შეკრული. 35. ტრიაკადები – 30 კაციანი რაზმები. 36. სისსიტიია – ერთობლივი ტრაპეზი, რომელში მონაწილეობა ყველა მოქალაქის ვალი იყო. 37. ეფორები – 5 კაციანი კოლეგია, რომელიც ირჩეოდა 1 წლით. პირველად ისინი მოსამართლეები იყვნენ, შემდეგ მიიმატეს ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქციები, ხოლო მოგვიანებით მეფეთა უფლებების ნაწილი. 38. ჰერუსია – უხუცესთა საბჭო 28 კაცისგან და ორ მეფესთან ერთად წარმოადგენდა უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს სპარტაში. 39. დორიელები ტრადიციულად იყოფოდნენ ორ ტომად – გილეებად და დიმანებად და მათ ჰყავდათ ორი ბელადი (მეფე) რომელინიც იდგენ შესაბამისად საკუთარი რაზმების სათავეში. შესაბამისად ლაკედემონელებსაც ორი სამეფო დინასტია ჰყავდათ აგიადები და ევრიპონტიდები, რომლებიც სპარტას სხვადასხვა მხარეში ისხდნენ. 40. აქ აღწერილი მოვლენები უნდა მომხდარიყო VI საუკუნის მეორე ნახევარში. 41. ლიდია ელინებისთვის იყო ქვეყანა საიდანაც შემოჰქონდათ ოქრო. ლიდიელებმა პირველებმა დაიწყეს ოქროს მონეტების მოჭრა. ძველსპარსული ტექსტებით ვგებულობთ რომ აქემენიდები ოქროს დიდ ნაწილს სწორედ ლიდიიდან იღებდნენ. 42. მზის ეს დაბნელება მოხდა 28 მაისს 585/584 წელს. ჰეროდოტემ კი აიღო სხვა 30 სექტემბრის 610 წლისა დაბნელება. შესაბამისად ცუდად დაალაგა ლიდიის მეფეთა ქრონოლოგია და კროისოსის მეფობის 30 წლით გადაწევით მის ეპოქაში მოხვდა სოლონი, პიტტაკი და ალკმეონი და შესაბამისად გავცელებული ამბები ლიდიის მეფეთა შეხვედრები ფილოსოფოსებთან კროისოსზე მოახვედრა. 43. კროისოსის ლაშქრობის მიმართულება გვაჩვენებს რომ იგი ფიქრობდა მხოლოდ შავიზღვისპირეთის დაპყრობაზე, მაგრამ, რადგან ეს ტერიტორია სპარსეთის იყო მოუხდა მასთან შებმა. 44. ლიდიის არმიის მთავარი ძალა სწორედ ბრწყინვალე მხედრობა იყო. 45. ამ მონაცემებით ბრძოლა მოხდა არა სარდესთან, არამედ მაგნეზიის ჩრდილოეთით. 46. ქალაქ სარდეს არ ჰქონდა კედლები, ამიტომ სპარსელებმა ალყაში მოაქციეს მხოლოდ ქალაქის აკროპოლი. 47. მოთხრობა ლომ მელესზე – ადგილობრივი ლიდიურია. მასზე დამატებულია სპარსული მოთხრობა მარდ ჰირეადზე. ლომი სარდეს სიმბოლოდ და მფარველად ითვლებოდა იყო და ლიდიის მონეტებზე გამოსახავდნენ. 48. სარდეს აღება 548 ან 547 წელს მოხდა. 49. მოირები ანუ ბედისწერის ქალღმერთები იყვნენ ზევსისა და თემიდას ასულები: ატროპისი, კლოტო და ლაქესისი. 50. მდებარეობდა აპოლონის ტაძრის პირდაპირ. 51. აღნიშნული ყორღანი დღემდე არსებობს. 52. საუბარია ღმერთ იშტარისადმი მიძღვნილ ე.წ. წმინდა პროსტიტუციაზე. 53. ჰეროდოტე გვიყვება ძველელინურ ცნობას ეტრუსკების იტალიაში გადასახლების შესახებ. 54. ასურეთის იმპერია დაეცა 612 წელს. ასე რომ ჰეროდოტე ეყრდნობა რა აქადურ წყაროებს მის წარმოშობას ტიგლათფალასარ I-დან (1115–1076) ითვლის, რაც არსებითად სწორია. 55. ასურელთა მიერ დაპყრობილ ხალხებში შედიოდნენ: ბაბილონელები, სირიელები, კილიკიელები, ურარტუელები, ეგვიპტელები (669 წლამდე) და სხვები. 56. როგორც ჩანს მიდიელები X–IX საუკუნეებში გადასახლდნენ ბაქტრიისა და სოგდიანადან ირანის ჩრდილო-დასავლეთში და დაიპყრეს ადგილობრივი არაინდოევროპული მოსახლეობა. 57. ეს იყო ფილისტიმელთა ცნობილი ტაძარი მიძღვნილი ასტარტეს (იშტარის) მიმართ. 58. ენარეები – (ირანულად. „ანარია“ – არამამაკაცური, სკვითურად „ქალური მამაკაცი“) – კასტრირებულნი, ჰერმაფროდიტები – ქალღმერთ იშტარის ქურუმები. 59. ასურელთა ისტორია ჰეროდოტესა დაკარგულია, ან ვერ მოასწრო დაწერა. 60. კიაქსარის მიერ ასურეთის დაპყრობას ნაბოპალასარის ტესტებიც გვამცნობს. რაც შეეხება კიაქსარის მეფობის წლებს ორნაირად ხსნიან: ერთნი თვლიან რომ კიასაქრის 40 წლიანი მეფობა იყო სკვითების ბატონობის დამხობის შემდეგ, მეორენი კი სკვითების ბატონობის ხანას კიაქსარის მეფობაში ათავსებენ. 61. ნოველა კიროსის აღზრდის შესახებ აღებულია აქემენიდთა კარზე არსებული ლეგენდებიდან. რეალურად კი კიროსი ასტიაგის ვასალი იყო, აუჯანყდა და ჩამოაგდო მეფე. 62. „მეფის „თვალი და ყური“ ეწოდებოდა სპარსეთის მეფის მოხელეს, რომელიც ასრულებდა საპოლიციო ფუნქციებს. 63. ძაღლი სპარსელებისთვის აჰურამაზდას კუთვნილი წმინდა ცხოველი იყო. 64. ზოგიერთი მოხსენიებული ტომი, მაგ. დაჰები მხოლოდ უკანასკნელ დროში დაიმორჩილა კიროსმა. 65. ამ ცნობას ადასტურებს აგრეთვე მეფე ნაბონიდის წარწერა ბაბილონში: ასტიაგი გადასცეს კიროსს მისმა აჯანყებულმა მეომრებმა. 66. ჰეროდოტე მთავარი ღმერთის სინონიმად ხმარობს ზევსს. ამ შემთხვევაში იგულისხმება სპარსელთა მთავარი ღმერთი აჰურამაზდა. 67. ღვთაებების: მზის (მითრა), მთვარის (მაგხ), დედამიწას (ზამ), ცეცხლის (ატარ), წყალის (აპ) და ქარების (ვატა) პატივისცემა იყო ძველ არიანულ რელიგიაში, რომელიც გადმოტანილ იქნა ზარათუშთრას რელიგიაში. 68. ჰეროდოტე შეცდომით ურევს მითრას ქალღმერთ ანაიტაში. ბაბილონიაში მოხდა იშტარისა და ანაიტას შერევა და არა მითრასა და იშტარის. 69. აჰურამაზდას კულტში ითვლებოდა რომ წმინდა ცეცხლი მარადიული იყო, ამიტომ სპარსელები „არ ანთებდნენ ცეცხლს“. 70. სპარსელთა თავსაბურავი. 71. ამ ჩვევის შესახებ გვამცნობს დარიოს I-ის წარწერაც. 72. თეთრი მტრედები მიძღვნილი იყვნენ იშტარისადმი. სპარსელები მათ დაავადების გადამტანებად თვლიდნენ. 73. აშკარაა რომ სპარსული სახელები ჰეროდოტესთვის ცნობილი იყო ელინური ფომით. 74. მიწაში მიცვალებულის დამარხვას სპარსელები მიწის ქალღმერთის თაყვანისცემის ერთ-ერთ გამოხატულებად თვლიდნენ. 75. მიცვალებულის ცვილით დამუშავება სპარსელებმა ბაბილონელთაგან გადმოიღეს. ბალზამირების შემდეგ ცხედარს ათავსებდნენ სარკოფაგში. ცხედრის ფრინველთა და ცხოველთათვის გადაგდებას ამ დროისთვის მხოლოდ ჩრილო ირანული ტომები და მოგვები ახდენდნენ. 76. 12 იონიური ქალაქი წარმოიქმნა იონიელთა მოკავშირე მხარისგან. მათ აერთიანებდათ პანიონიონის სალოცავი. 77. 6 დორიული ქალაქი წარმოიქმნა 6 დორიული მოკავშირე მხარისგან. საერთო სალოცავი მდებარეობდა ტრიოპიის კონცხზე კნიდთან. 78. ჰეროდოტეს ცნობით დორიელთა გადმოსახლებამ აიძულა აქეელები დაეხიათ ჩრდილოეთით. აქეელებმა მაშინ განდევნეს იონიელები, რომლებიც ცხოვრობდნენ პატრასის უბესთან და აიძულეს ისინი გადასულიყვნენ მცირე აზიაში. 79. მინიელები პირველად ცხოვრობდნენ თესალიის ოლქ იოლკში. პელასგების (ეოლიელების) ზეწოლის შედეგად მათი ნაწილი დაიძრა სამხრეთით და დააარსეს ორქომენი ბეოტიაში. მეორე ნაწილმა დაიკავა ლესბოსი, საიდანაც შემდეგ განდევნეს პელასგებმა. მაშინ მინიელები ჩავიდნენ პელოპონესის სამხრეთში, სადაც დორიელთა ზეწოლის გამო შეიკეტნენ მთიან მხარე ტაიგეტში. 80. ეს 12 ეოლიური ქალაქი პირველად იყო ტომობრივი მხარეები. ეოლიელები დორიელთა ზეწოლის გამო თესალიიდან იონიელებზე ადრე გადასახლდნენ. მათ გამო ეოლიური ქალაქების სახელები მცირე აზიაშიც გადაიტანეს (მაგ. ლარისა). 81. „ასი კუნძული“ მდებარეობდა ლესბოსსა და მატერიკს შორის. 82. კიროსმა შემდეგ დაიპყრო ბაბილონი ბაქტრია და საკებ-მასაგეტების (დაჰები) მიწაზე დაიღუპა 530 ან 529 წელს. ბაქტრიის დაპყრობის თარიღი უცნობია. მის მმართველად კიროსმა თავისი ნათესავი ჰისტასპი დაინიშნა, დარიოს I-ის მამა. 83. პაქტიესის აჯანყებამ მხოლოდ ქალაქი სარდე და ზღვისპირა ელინური ქალაქები მოიცვა. მის მთავარ ძალას სწორედ ელინი მოქირავნეები შეადგენდნენ. 84. ლიდიელთათვის იარაღის ჩამორთმევა არ მომხდარა. სამაგიეროდ გაუქმდა ლიდიელთა მთავარი სამხედრო ძალა „ცხენოსნობა“. 85. ჰეროდოტე ამხელს ქურუმთა ტყუილს. ისინი სპარსეთის მხარეს იჭედნენ. 86. ნებისმიერი ადამიანი რომელიც მიეკარებოდა ტაძარს, სამსხვერპლოს ან ღვთაების ქანდაკებას, ითვლებოდა ხელშეუხებლად და მისი გაცემა უწმინდური საქმე იყო. ამ წესით ისარგებლა პაქტიესმა და ითხოვა შეფარება. 87. მრგვალი ხომალდები – სავაჭრო ხომალდები, ჰქონდათ მცირე სიჩქარე, 50-ნიჩბიანი ხომალდები და ტრიერები (ნიჩბების სამი რიგით) ავითარებდნენ დიდ სისწრაფეს. იალქნების ტექნიკა დაუხვეწელი იყო, საჭეს მმართვა ცუდი. ცურვა გრძელდებოდა დიდხანს. სავაჭრო ხომალდები არ იყვნენ ნაპირთან ისე მიახლოებულნი, როგორც ტრიერები. დღეში ხომალდს შეეძლო 500–700 სტადიონის გავლა. 88. ჭირდებოდა რა ელინები, კიროსმა არ გაუუარესა პირობები, რომლებშიც იმყოფებოდნენ კროისოსის ძალაუფლების ქვეშ. 89. ჰეროდოტე ძლიერ აჭარბებს ბაბილონის ზომებს. მისი კედლის საერთო სიგრძე 18 კმ-მდე იყო და არა 85 კმ. ფართობი შიდა ქალაქისა იყო 4 კმ2, ხოლო დიდ კედელს შიგნითა მდებარე ტერიტორია 10კმ2. 90. ზევს ბელას ტაძარი რეალურად მარდუქის ტაძარი უნდა იყოს. 91. ეს ისტორია ჩვენამდე არ არის მოსული. 92. დედოფალი ნიტოკრისის შესახებ ლეგენდები ეგვიპტეში გაჩნდა, ადრე ანტიკურ ხანაში კი გადმოვიდა ბაბილონზე და მას მიეწერა რეალურად ნაბუქოდონოსორ II-ს (605-562) ჩატარებული სამუშაოები. ასევე ნაბუქოდონოსორის აგებული კიდული ბაღები მიეწერა ასურეთის დედოფალ შამურამატს (სემირამიდა, 812–803 წლებში), რომელიც წარმოშობით ბაბილონიდან იყო. 93. ლაბინეტის ნამდვილი სახელი ნაბუ ნაიდი (ნაბონიდი ელინურად) იყო. მის დროს მართლაც დაიპყრო ბაბილონი კიროსმა 539 წელს. იგი არ იყო ლეგენდარული ნიტოკრისის რეალური პერსონაჟის ნაბუქოდონოსორის ძე, არამედ ადგილობრივი არისტოკრატიის მიერ არჩეული მეფე. ნაბონიდმა აკრძალა მარდუქის კულტი, სამაგიეროდ დააწინაურა მთვარის ღმერთის სინის კულტი. ამის გამო მარდუქის მლოცველებს სძულდათ. კირომა ჯარი ორ ნაწილად გაჰყო: ერთმა ნაწილმა უგბარუს სარდლობით ალყა შემოარტყა ბაბილონს, რომელსაც ნაბონიდის ძე და თანამმართველი ბალთასარი იცავდა ძლიერი გარნიზონით. თვით კიროსი კი ნაბონიდის წინააღმდეგ დაიძრა, რომელიც ქალაქ ოპისთან (მდინარე ტიგროსის სამხრეთ სანაპიროზე, თავდაპირველად აკშაკი ერქვა, ანტიკურ ხანაში ქტესიფონი ეწოდა) იდგა ჯარით. 539 წლის სექტემბრის ბოლოს ნაბონიდი დამარცხდა და ქ. ბორისეპში შეიკეტა (ბაბილონის სამხრეთით 20 კმ-ზე. 10 ოქტომბერს ბაბილონთან მდებარე ქ. სიპპარი სპარსელებს დანებდა. 12 ოქტომბერს ნაბონიდისა და ბალთასარის მოწინააღმდეგ ქურუმებმა და არისტოკრატებმა ქალაქის კარი გაუღეს უგბარს. ბალთასარი ქალაქის ცენტრში გმირულად ბრძოლაში დაიღუპა. ბაბილონის დაცემისა და შვილის სიკვდილის შემდეგ ნაბონიდი დაბრუნდა ბაბილონში და ჩაბარდა ტყვედ. ბაბილონელი ისტორიკოსის ბეროსის ცნობით იგი გაასახლეს კარმანიას მხარეში (სამხრეთ ირანში), სადაც საპატიო ტყვეობაში გაატარა დარჩენილი სიცოცხლე. ქსენოფონტეს (430–354) ცნობით კი გობრიუსის (ასე უწოდებს უგბარუს) ქალაქში შემოჭრის დროს ნაბონიდი მოკლეს მისი მმართველობით უკმაყოფილო პირებმა. სავარაუდოდ ქსენოფონტთან აისახა ბალთასარის სიკვდილი, რომელიც ბაბილონის ქრონიკის ცნობით მოკლეს უგბარუს ბრძანებით 6 ნოემბერს. 94. ქალაქი სუზი იყო ბოლო წერტილი სამეფო გზისა ეფესოდან აღმოსავლეთით. 95. რეალურად ბაბილონი ასე აღებულ იქნა სპარსელების მიერ დარიოს I-ის დროს 522 წლის 22 დეკემბერს. მდინარე ევფრატის დონე ამ დროს დაბალია, ამიტომ სპარსელებს არ დასჭირვებიათ განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება. ამდენად ჰეროდოტე ორ ფაქტს ურევს და ცოტათი აბუქებს. 96. ირანში დღემდე ხმარობენ ასეთ ხომალდებს და კუფას უწოდებენ. 97. ჰეროდოტე ცდება. ბაბილონში მედიცინა დიდად იყო განვითარებული და ექიმებიც მრავლად ჰყავდათ. 98. ასეთი წესი აღმოსავლეთში კიდევ დიდხანს იყო გავცელებული. 99. ბაბილონელები მიცვალებულს განსაკუთრებული ბალზამით ამუშავებდნენ და შემდეგ სახლის იატაკის ქვეშ კრძალავდნენ. 100. ეს ცვევები ჰქონდათ ძველ ებრაელებსაც, თუმცა ჰეროდოტე მათ არ იცნობდა. 101. ამბავი ჰეროდოტეს გაზვიადებული აქვს. წმინდა პროსტიტუციას ეწეოდნენ მხოლოდ იშტარის მსახური გოგონები (არისტოკრატიული წრისგან) და არა ყველა ბაბილონელი გოგონა. 102. მასაგეტი-საკები იყოფოდნენ ორ დიდ ჯგუფად: 1) ჩრდილოეთ საკები – „დიდი საკები“ შეაღწიეს მარგიანაში ჩრდილოეთიდან; 2) საკებ-ამირგიელები – (სპარსულად საკა-გაუმა-ვარგა ანუ სასმელ „ხაომას დამამზადებელნი“) ცხოვრობდნენ თანამედროვე მდ. მურღაბის (მიედინება ავღანეთსა და თურქმენეთში) ხეობაში. დარიოსის მეფობის ბოლოს მათ შეარქვეს დაჰები. მასაგეტების შესახებ ჰეროდოტეს ორი სხვა წყაროსგან აქვს აღებული: აქადურიდან და სკვითო-ელინურიდან. სკვითურ-ელინური წყაროს მიხედვით მასაგეტები ცხოვრობდნენ ისსედონების პირისპირ კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, დღევ. მდ. მტკვარზე. 103. მდინარე არაქსს ჰეროდოტე ორი წყაროთი გვიღწერს: აქადურით არაქსი (დღევ. ყიზილსუ) იწყება მატიენების მთებში (მიდიის ჩრდ-აღმ-ში), შემდეგ მთავარი მდინარე მიედინება ბინგიო-დათან (დღევ. არმენია) და, ბოლოს (მტკვარი) ჩაედინება კასპიის ზღვაში. სკვითო-ელინური წყაროთი არაქსი ჩაედინება აღმოსავლეთიდან კასპიის ზღვაში (ამურდარიას დამშრალი ნაწილი – უზბოი, თურქმენეთის ტერიტორიაზე) 104. იგულისხმებიან საკი-მასაგეტები (ირანულად. „მასია“ - თევზი), ე.ი. მასაგეტები უნდა ნიშნავდეს „თევზმჭერებს“ ან „თევზმჭამელებს“. 105. ხიდების აგება კიროსს ესაჭიროებოდა კომუნიკაციის დასამყარებლად სამხრეთის ნაყოფიერ მხარეებთან. 106. ჰისტასპი (ირანულად ვისტაშპა) – თაყვანისმცემელი და მფარველი ზარატუშტრას წინასწარმეტყველისა; მხარს უჭერდა მარგიანაში სახალხო მღევლავრებას არისტოკრატიის წინააღმდეგ. იგი ეზიზღებოდა არისტოკრატიას, ამიტომ პირდაპირი შტოს ამოწყვეტის შემთხვევაში ტახტი არა მას არამედ მის ძე დარიოსს უნდა დაეჭირა. 107. ბაბილონელი ისტორიკოსის ბეროსის (350/40–280/70) ცნობით კიროსი დაიღუპა 530 წელს მომთაბარე დაჰებთან ბრძოლაში მდ. ოქსუსზე (ამურდარია). აშკარად ერთი და იგივე ამბავზეა საუბარი. ამდენად ისტორიკოსები თვლიან რომ დაჰები და მასაგეტები იგივე საკების ტომებია, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა ტომებად იყოფიან და სკვითებს ენათესავებიან.
ჰეროდოტე ჰალიკარნასელი

Комментариев нет:

Отправить комментарий