საქართველოს ისტორიული მხარე დვალეთი ტერიტორიულად მოიცავდა კავკასიონის ქედის ცენტრალურ ნაწილს დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის. ვახუშტი ბაგრატიონს (XVIII ს.) მოხსენიებული აქვს დვალეთის ხევები: კასრის-ხევი, ზრამაგა, ჟღელე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსი, მაღრანდვალეთი. ქართული საისტორიო ტრადიციით ეს ტერიტორია იბერიის სახელმწიფოს წარმოშობის (ძვ. წ. IV - ძვ. წ. III სს.) დროიდან შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში. VI საუკუნის შუა წლებიდან დვალეთში ქრისტიანობა გავრცელდა. შემდგომში იგი ნიქოზის საეპისკოპოსო ეპარქიაში შედიოდა. დვალეთზე გადიოდა ამიერკავკასიიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მიმავალი გზა-გადასასვლელები. შუა საუკუნეებში ცნობილი იყო „გზა დვალეთისა“. საქართველოსათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დვალეთის ხეობების გამაგრებას ჩრდილოეთიდან. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) შემდეგ დვალეთში სახლდებოდა ჩრდილოეთიდან დევნილი ოსური მოსახლეობა. დვალეთის მკვიდრი მოსახლეობა (დვალები) კი, თავის მხრივ მასობრივად გადმოდიოდა კავკასიონის სამხრეთ კალთებზე. ერთიანი საქართველოს სამეფოს დაშლის (XV ს.) შემდეგაც დვალეთი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.
გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში დვალეთში მოხდა მოსახლეობის ეთნიკური ცვლა. დვალეთიდან გამოდევნილი ადგილობრივი ქართულ-ქართველური ეთნიკური ერთობის ადგილი ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსახლებულმა ირანულენოვანმა ოსებმა დაიკავეს. დვალთა მამა-პაპათა საცხოვრისიდან გამოდევნა XV საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო. ოსთა მძლავრობის, თავდასხმების, მეკობრეობის შედეგად საქართველოს მთიანეთის აღნიშნული მხარე მოსახლეობისაგან თითქმის მთლიანად დაიცალა. დვალები განსახლდნენ: რაჭაში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლში და სამცხეშიც კი. ადგილზე დარჩენილი დვალთა გარკვეული ნაწილი, ოსთა აქ მიგრაცია-დასახლების შედეგად, დროთა განმავლობაში ასიმილირებულ იქნა მოსული ეთნიკური ერთობის მიერ. დვალეთში ოსთა დასახლკარება XV საუკუნის ბოლოს დაიწყო და ის ძირითადად XVI საუკუნეში დასრულდა. XVII საუკუნეში დვალეთში მოსახლეობის ეთნიკური ცვლილება უკვე განხორციელებულია. მაგრამ როგორც ჩანს, ამ საუკუნეში ბევრ დვალს ეთნიკური თავისთავადობა კვლავ შენარჩუნებული აქვს, რადგან, მთის პირობებში კულტურლ-ეთნიკური ასიმილაცია, ბარისაგან განსხვავებით, ერთობ გაძნელებულია. ოსები დვალეთში ალაგირის ხეობიდან გადმოსახლდნენ და მათი აქ (აგრეთვე შიდა ქართლის მთიანეთში) მიგრაცია XVIII საუკუნის 70-80-იან წლებამდე გრძელდებოდა. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ოსურმა ეთნოსმა ადგილობრივთა ეთნონიმი – დვალი (ოსურად „თუალი") საკუთარ ეთნონიმად აქცია. ასეთი შემთხვევა მსოფლიოს ეთნოისტორიიდან არაერთია ცნობილი.
დვალების ეთნიკური ვინაობის შესახებ მეცნიერებაში რამდენიმე მოსაზრებაა გამოთქმული. მანამ, სანამ ამ შეხედულებებს ჩამოვთვლით, უნდა გავიმეოროთ ვახუშტი ბაგრატიონის ყველასათვის ცნობილი ფრაზა, რომ მათ „ენა აქუთ ძუელი, დვალური, და აწ უბნობენ ოსურსა საკუთრად“. ვ. გამრეკელს დვალები ვაინახებად, უფრო სწორად, ქართიზებულ ვაინახებად მიაჩნდა. მისი აზრით, დვალთა ქართიზაცია VII საუკუნეში უნდა მომხდარიყო, როდესაც, არაბობის გამო შეწუხებული ქართლის მოსახლეობა სხვადასხვა მიმართულებით მიგრირდებოდა“. ამ ავტორმა ბოლოს ეს შეხედულება შეიცვალა და დვალები, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში დაბეჭდილ სტატიაში ქართველურ ტომად – ზანებად მიიჩნია. ვ. აბაევი და ნ. ვოლკოვა დვალებს იბერიულ-კავკასიური ენობრივი ოჯახის ერთ-ერთ წარმომადგენლებად მიიჩნევდნენ. ამავე დროს, რუსი ეთნოგრაფი დვალთა ირანიზაციას VI-VII საუკუნეებით ათარიღებდა. ერთ-ერთი შეხედულებით დვალები სვანები სვანურ ენაზე მოლაპარაკენი იყვნენ. პრობლემებზე მუშაობამ და არაერთი მასალის გაცნობა-დამუშავებამ მეცნიერები დაარწმუნა იმაში, რომ ვ. გამრეკელის მოსაზრებას დვალთა ზანური წარმომავლობის შესახებ რეალური საფუძველი ჰქონდა. თუმცა კი დვალები არ იყვნენ ზანების იდენტურნი. ისინი ერთ-ერთი ქართველური ენის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც ლაპარაკობდნენ ზანურსა და სვანურს შორის მდგომ ენაზე. ამავე დროს, დვალური ენა უფრო ახლოს იდგა ზანურთან. არ შეიძლება დავიწყებულ იქნას აგრეთვე დ. გვრიტიშვილის სტატია, რომელშიც ქართულ მეცნიერებაში პირველადაა უარყოფილი დვალთა ოსობა. რაც შეეხება ოს ავტორებს, ვ. აბაევისა და გ. თოგოშვილის გამოკლებით, ისინი დვალებს, ხელაღებით ოსებად აცხადებენ. თუმცა, ყველა ოსური გადმოცემით, დვალეთში ოსთა მიგრაცია გვიან განხორციელდა. ვ. აბაევს ძველი დვალები იბერიულ-კავკასიურ ტომად მიაჩნდა, ოსური ენისა და ტოპონიმების შესწავლის შედეგად. ქართველ ავტორთაგან დვალთა ეთნიკური წარმომავლობის საკითხს ბოლოს ბ. გამყრელიძე შეეხო, რომლის დასკვნით, დვალეთი „ძველთაგანვე ეთნიკურად, კულტურულად, ადმინისტრაციულად ქართული სამყაროს შემადგენელი ნაწილი იყო“. მან თავის დროზე დვალეთში დააფიქსირა საყურადღებო ეთნოგრაფიული მასალები ოსთა მიგრაცია-განსახლებისა და ადგილობრივი გვარების შესახებ. აი, ერთ-ერთი გადმოცემა: „ადრე აქ დვალეთში ბერძნებს უცხოვრიათ, შემდეგ ქართველებს. ქართველებს განუდევნიათ ბერძნები, როდესაც ოსები საქართველოს დაემორჩილნენ. შემდეგ მოდიან ოსები მიზურიდან, როდესაც კავკასიას მონღოლები შემოესივნენ. თავიანთი საცხოვრებელი ადგილიდან გამოქცეულან და ამ ადგილებისათვის შეუფარებიათ თავი“. ლოგიკურია ავტორის მსჯელობა, როდესაც ბერძნებში დასავლურ-ქართულ ელემენტს გულისხმობს, რადგან, ცნობილია, რომ ეკლესიურად დასავლეთ საქართველო და დვალეთის, რაჭის მიმდებარე ნაწილიც IX საუკუნემდე ბერძნული იყო. აშკარაა, რომ დვალეთმა დასავლეთ საქართველოსთან ერთად გადაიგდო ბერძენთა (ბიზანტიელთა) საეკლესიო უღელი და ბუნებრივი სწრაფვის გზით ქართულ ეკლესიას აქაც გაეხსნა გზა. ზემომოყვანილი გადმოცემის ლოგიკური ახსნა სწორედ ესაა.
შესაძლებელია დვალებს ჰქონდათ საოჯახო სალაპარაკო დვალური ენა, მსგავსად მეგრულის, სვანურის და წოვათუშურის, მაგრამ კულტურულ-ისტორიული თვალსაზრისით დვალები ქართველები იყვნენ და აქ ქართულ ენას და ქართულ წიგნს დიდი ასპარეზი ჰქონდა. მხედველობაში გვაქვს 1920 წლისათვის ონის საჯანის კარის წმინდა გიორგის ეკლესიაში დაცული XIV-XV საუკუნეების ნუსხახუცურით შესრულებული სახარების იმავე და მომდევნო პერიოდის მინაწერები. ე. თაყაიშვილი აღნიშნული სახარების შესახებ წერდა: „დაწერილია ეტრატზე ორ სვეტად, XIV-XV საუკუნეთა ნუსხახუცურით. სათაური და მეთაური ასოები სინგურითაა დაწერილი. ყდა ტყავგადაკრული ხისაა, გატეხილი. ხელნაწერს ბოლოში დართული აქვს სარჩევი. ერთ ადგილას სარჩევში წითლურით სწერია: „ლც~ვა: ყვ~თ: გლხ~კისა: გ~ისთ~ს: რ~ნ ვთარგმნე სხ~რბჲ“. ამრიგად, სახარება გიორგი მთაწმინდელის რედაქციისა არის“. ოთხთავზე რამდენიმე მინაწერია, რომელთაგან ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით ერთი იქცევს. სანამ აღნიშნულ წარწერას მოვიყვანთ, საჭიროდ ვცანით მკითხველს ორი სხვა მინაწერი გავაცნოთ. ლუკას სახარების ბოლოს გადამწერს მიუწერია: „ყთ~ა ღ~თა მდლ~ითა შეუიდვნეს ღ~ნ ნიკ~ლზს ამისსა მწერალსა: ვინცა თქ~ას მს~ცა შ~ნდვნ~ს ღ~ნ: ღ~ნ იცის ამისებრი ოთხთ~ვი ქართლს არა ძეს. და უმრ~თლესი: ამისა სიკეთისთ~ს ესეთნი მოვიჭირვე რ~ლ ორსა წელსა ვ~წერე: და ვამოწმე: ქართულთა ოთხთვ~თა სიკეთისთ~ს“. მათეს სახარების ბოლოს ხუცურითვე შემდეგი მინაწერი ყოფილა: „ესე ოთხთავი სახარებ~ჲ წედის ციხე რომ აიღო ერისთ~ვნმ, მაშინ წულუკიძემ წაიღო: მე ლელა ჯიბრიაშვილის ქა~მნ დავიხსენი“. ეს, სხვათაშორის, აღნიშნული სახარების მნიშვნელობისათვის. რაც მთავარია მარკოზის სახარების ბოლოს ხუცურითვე შემდეგი მინაწერია: „ქ. ღუდისა ღთის მშ-ბლისა ხატნი და წიგნები წავიდა თათრობასა ბერციხეს და ესე, ოთხთავი ხორაულსა ეპოვნა: სლ~სა ხორაულისა ივანაჲსა და მისთა დედა მმთასა შ~ნდნეს ღ~ნ ა~ნ: – ფარუხაულსა დედისა მისისათჳს დვალეთს გაეგზავნა გასასყიდლად და ღჳჭისშვილსა წაერთუა. ს~ლსა ღჳჭისშვილისა კჳრიკაჲსსა და მისთა დედა მმთასა შ~ნდნეს ღ~ნ ა~ნ: ვინცა გამოაჴუას დედისა ღ~თისა ეკლესიასა რისხვამცა მ~მა ძე და სლ~იწ~ა: და ყ~დწ~იღ~თის მშ~ბელი: და ამამცა ოთხთავისა მადლი და დაისჯების ს~ლი მისი: ვინცა ამსახუროს კხ~ლმცა არის“.
ამრიგად, ჩვენს წინაშეა მნიშვნელოვანი საისტორიო წყარო, რომლითაც დასტურდება, რომ დვალეთი ქართული ქვეყანა იყო ქართული საღვთისმეტყველო ენით, სადაც მოთხოვნილება იყო ქართულ სახარებაზე, სადაც ქართულ სახარებას მყიდველი ყავდა. მანამ, სანამ ამ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მინაწერში მოხსენიებული ღუდა ეს არაა მთიულეთის ღუდა. ამ შემთხვევაში საუბარია რაჭის სოფელ ღუდაზე, რომელიც შემდეგ და ახლაც ღუნდად მოიხსენიება. ვახუშტი ბაგრატიონს თავის ატლასში ღუნდა ჯეჯორის ხეობაში, პიპილეთის სამხრეთით აქვს დატანილი". 1886 წელს ღუდა (ღუნდა) შედიოდა ბაჯისხევის სასოფლო საზოგადოებაში (ამავე საზოგადოებაში შედიოდნენ სოფლები: ბაჯისხევი, ფსორი, ცხმორი, ჩორდი), სადაც 23 კომლი (242 სული) მკვიდრობდა. 1904 წლის მონაცემებით, ღუდაში (ღუნდაში) მხოლოდ ორი გვარის ხალხი ცხოვრობდა: გოცირიძეები (10 კომლი) და საბანაძეები (11 კომლი). 18 1843 წლის აღსარების მთქმელთა დავთრით, გოცირიძეები და საბანიძეები ცხმორის მთავარანგელოზის ეკლესიის მრევლს შორის არიან მოხსენიებულნი. აღნიშნული სახარება რაჭის სოფელ ღუდის (ღუნდის) ღვთისმშობლის ეკლესიას ეკუთვნოდა. მინაწერიდან ირკვევა, რომ ოთხთავი საგარეო ვითარების გამო (თათრობა) სხვა წიგნებსა და ხატებთან ერთად ინახებოდა ბერციხეში. მაგრამ ისინი ბერციხეში შენახვამაც ვერ დაიცვა. აქ წახდენილა და დაფანტულა თათრობის დროს. გასარკვევია რომელ ბერციხეზეა საუბარი, სად იყო ბერციხე? აგრეთვე: თათრობაში მაჰმადიანთა რომელი შემოსევა იგულისხმება, თანაც დასავლეთ საქართველოში, რაჭაში?
დღევანდელი მონაცემებით, რაჭაში ბერციხე არსად დასტურდება. საფიქრებელია ბერციხის ფრონეების ხეობის სათავეში არსებობა. ამას გვაფიქრებინებს ის, რომ სახარებას პოულობს ხორაულის გვარის კაცი. ხორაულები (იგივე ხარაულები) კი ფრონეების ხეობის სათავეში, სოფელ ბეყმარში მკვიდრობდნენ. ფრონეების ხეობასა და ჯეჯორის ხეობას ერთმანეთისაგან მხოლოდ ყვირილას ვიწრო ხეობა ყოფს. საერთოდ, ისტორიოგრაფიაში ორი ბერციხეა ცნობილი: ერთი ქსნის ხეობის სათავეში – ჟამურში და მეორე – იმერეთში, ქვევრულას ხეობაში. ვახუშტი წერდა: „ამ ძევრულას, ამ ქუაბს ზეით, ერთვის ხევი ქუევრულა. სდის ოკრიბა-მუხურას შუას მთას და მოდის სამჴრეთად. ამ ხევზედ არს ბერ-ციხე, კლდისა ზედა შენი, მაგარი. ამ ხევს ზეით, ძევრულსავე ეყრების ტყირბულის ხევი“. ქსნის ხეობის სათავის ჟამურის ბერციხე ხალხურ ლექსშიცაა მოხსენიებული. ერთ მთიულურ ლექს- გადმოცემაში, რომელსაც „ხორეშნული" ეწოდება, ვკითხულობთ:
„ხორაშანს ლაშქრად ვიყვენით ჩვენ ლომნი ლომისისანი;
იქ შემოგვესმა ჟღერანი ჟამურს ბერციხის კლდისანი?"
რაჭასა და ფრონეების ხეობაში თუ არ იყო ბერციხე, მაშინ მინაწერში მოხსენიებული ბერციხე ქვევრულას ხეობის ბერციხე უნდა იყოს, რადგან ის რაჭაში გადასასვლელ გზებსაც აკონტროლებდა. რაც შეეხება თათრობას, ვფიქრობთ, მასში თემურ-ლენგის გამანადგურებელი შემოსევები იგულისხმება. ცნობილია, რომ მერვე შემოსევისას, 1403 წელს ის დასავლეთ საქართველოშიც გადავიდა და ყველაფერი მიწასთან გაასწორა, 700 დაბა, ყანა და მონასტერი დაარბია და გაძარცვა.
ხორაულის (ხარაულის) შემდეგ ოთხთავი ხელში უვარდება ფარუხაულის გვარის კაცს, რომელიც სახარებას გასაყიდად დვალეთში დედამისს უგზავნის. მაგრამ დვალეთში გაგზავნილი ოთხთავი ადრესატამდე ვერ აღწევს და, როგორც ჩანს, გზაში კვირიკა ღვიჭიშვილი (რაჭაში ან შიდა ქართლის მთიანეთში მცხოვრები) ხელთ იგდებს, სახარებას წამღებს წაართმევს და პატრონს უბრუნებს. ჩვენთვის ყველაზე მთავარი, რა თქმა უნდა, არის ოთხთავის დვალეთში გასაყიდად გაგზავნის ფაქტი. აშკარაა, რომ დვალეთში ქართულ სახარებაზე დიდი მოთხოვნილება იყო, სადაც XV საუკუნეში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე მიმდინარეობდა; დვალები ქართულად კითხულობდნენ სახარებას, ღვთისმეტყველება დვალეთში ქართულ ენაზე ხორციელდებოდა. ეს ფაქტი იმაზეც მიუთითებს, რომ XV საუკუნეში დვალეთში ჯერ კიდევ არ იყო შემოსახლებული ოსური მოსახლეობა, არც მათი თავდასხმები იყო დაწყებული, რადგან ომიანობის პირობებში სახარების შესაძენად ვერავინ მოიცლიდა. ასე რომ, XV საუკუნეში დვალეთი კულტურულ-ისტორიულად ქართული ქვეყანაა, სადაც ღრმადაა შესული ქრისტიანობა. სავარაუდოა, რომ ოთხთავის მყიდველი დვალეთში ადგილობრივი აზნაურობა და სასულიერო წრის წარმომადგენლები უნდა ყოფილიყვნენ.
მინაწერი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მასში მოხსენიებული ანთროპონიმი – ფარუხაული ქართული გვარსახელია. ფარუხაულები დვალები იყვნენ. ფარუხაულთა ოჯახის ერთ-ერთი წევრი დვალეთიდან საცხოვრებლად მუდმივად ან დროებით აქეთაა გადმოსული (რაჭაში ან შიდა ქართლის ფრონეების ხეობაში). გვარსახელი ნაწარმოებია აღმოსავლეთ საქართველოს მთის გვარებისათვის დამახასიათებელი - ურ (-ულ) სუფიქსით. ამ სუფიქსით ნაწარმოები გვარები დვალეთში სხვებიც არსებობდა. დვალები იყვნენ წარმოშობით ხადურები, ჩიფჩიურები, ბიგულები, თვაურები, ჩოჩოურები (იგივე ჩოჩიშვილები), ბეღელურები, გუდიაურები, ბაგაურები, გერგაულები, თაბაურები, ხერხეულიძეები, ქესაურები; აგრეთვე: ბიგანები (ბიგანიშვილები), ხაბარელები, ხეთერელები, ხაჩიძეები (ადრინდელი ხაჩიურები). ყაბარდოდან მიგრირებული ხეთაგის შთამომავალნიც - ურ სუფიქსით იფორმებენ გვარს (ხეთაგური), რადგან სხვანაირად წარმოუდგენელი იყო. ქართულ ენობრივ-ეთნიკურ გარემოში გვარსახელი მხოლოდ ქართული სუფიქსით ფორმდება. რაც შეეხება აღნიშნული გვარსახელის (ფარუხა-ულ-ი) ფუძეს, ეს არის იგივე ძველი ებრაული სახელი ბარუქ (ბარუხ), რაც კურთხეულს ნიშნავს და რომელიც ქართულ- ქრისტიანულ სამყაროში ერთობ გავრცელებული იყო. ფარუხი ბარუქის (ბარუხის) ფონეტიკური ვარიანტია. ქართულში არაერთი შემთხვევაა დადასტურებული ბ-ს ფ-ში გადასვლისა და პირიქით. აღნიშნული სახელი სვანურში ბარუყ-ის ფორმით გვხვდება. ფარუხ (ფარუხია) სამეგრელოში გავრცელებული მამაკაცის სახელი იყო (ესეც ერთი ნიშანდობლივი მაგალითია დვალეთის ზანურ სამყაროსთან სიახლოვისა). მაგალითად, 1611 წლის ილორის წ~ა გ~ს ხატის წარწერა გვამცნობს: „ზუგდიდს ნადირობასა ცხენის რბევასა შიგან შეიძგერენ ბატონი (მანუჩარ) და გოშაძე ფარუხია და ცხენი წააქცია, ამიერ სოფლით მიიცვალა". სხვათაშორის, ქართლსა და კახეთში XVII-XVIII საუკუნეებში ფარუხაშვილების გვარიც მკვიდრობდა. გამორიცხული არაა, რომ ისინი დვალი ფარუხაულების შთამომავალნი იყვნენ. დღეს ფარუხაულებიცა და ფარუხაშვილებიც ცოცხალ გვართა შორის აღარ არიან. ამრიგად, XV საუკუნეში დვალეთი ჯერ კიდევ ქართული ქვეყანაა. ამ დროს ოსური ეთნოსი აქ ჯერ შემოსახლებული არაა და, ბუნებრივია, არც მხარის დეეთნიზაციაა დაწყებული. გავიმეორებთ ადრე თქმულ დასკვნას, რომ დვალეთში ოსები ძირითადად XVI საუკუნეში ესახლებიან. XVII საუკუნის დასაწყისში დვალეთი თითქმის უკვე ოსური ეთნოსითაა დასახლებული, თუმცა ამ დროს აქ დვალთა კუნძულოვანი დასახლებანი, ჯერ კიდევ არის. 1601 წლის ერთ საბუთში „დუვალეთი" უკვე ოსეთთან არის გაიგივებული. ამასთანავე, XVII საუკუნიდან ზოგჯერ ქართველ ხელისუფალთ დვალეთში მახვილის მიმართვა სჭირდებათ, რაც, ბუნებრივია, ეთნოსთა ცვლის კვალობაზე: „ქ~კსა სპთ (289) (ე.ი. 1601 წელს) აქა დაიპყრა სრულებით დუვალეთი, ოსეთი და აღიღო ციხე და სოფლები მეფემან როსტომ იმერეთისამან". ცნობილია, აგრეთვე თბილისის მოურავის გიორგი სააკაძის ლაშქრობა დვალეთში: „კუალად ჟამთ ამათ არა მოსცეს დუალთ ბეგარა მოურავსა, გარდავლო სპითა მოურავმან ზეკარა, შთავიდა და მოსრნა ურჩნი და ყვნა კუალად მებეგრედ და მოვიდა ქართლს". დვალეთში შესვლას აპირებდა ვახტანგ V-ც: „მერმე არღარა მოსცეს დუალთა მეფესა ბეგარანი. ამისთას მივიდა სპითა ქრცხინვალს შესვლად ოსეთად. მსმენელნი დუალნი შეშინდნენ და მოერთუნენ თავნი მათნი ქრცხინვალს, მოსცეს ბეგარანი და დაემორჩილნენ, ვითარცა პირველ". მიუხედავად ამისა, XVIII საუკუნის ჩათვლით, ქართული წყაროები და საბუთები მკვეთრად მიჯნავენ ერთმანეთისაგან დვალეთსა და ოსეთს. ისიც ნიშანდობლივია, რომ დვალეთში შემოსახლებული ოსები, რომელთა შორის გაოსებული დვალებიც იყვნენ, ქართველთათვის კვლავ დვალებს წარმოადგენდნენ.
დვალეთს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენი სახელმწიფოსათვის. აქ გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელი გზები. ამიტომ ჩვენი მეფეები განსაკუთრებულ სიმაგრეებს აგებდნენ და დიდ ყურადღებას უთმობდნენ დვალეთს. აქ არის კასრის, დავითის, ხილაკას და სხვა უძველესი ქართული სასაზღვრო-სტრატეგიული ციხე-კოშკები. თუ ქართველ მეფეს დასჭირდებოდა, გახსნიდა „დვალეთის გზას” და ველურ ტომებს, რომლებიც მას ემორჩილებოდნენ, შეუსევდა რომის იმპერიას, მერე-ბიზანტიას. ჩვენი წინაპრები ცდილობდნენ, დვალეთის კლიტეები ყოველთვის ხელთ ჰქონდათ და არ დაეთმოთ ეს ქართული მხარე. მაგრამ ყივჩაღთა მოწოლის შედეგად ოსებმა ჩრდილო კავკასიის ბარიდან მთაში გადმოინაცვლეს და ნელ-ნელა დვალეთსაც მოაწვნენ. მონღოლთა შემოსევების მერე, რომლებიც ასევე მოაწვნენ ოსებს ჩრდილოეთიდან და ამორეკეს სტეპებიდან მთაში, დვალეთში ნელ-ნელა გაჩნდნენ „მორჩილი”, ხიზანი ოსები. თუმცა ეს მხარე მაინც ქართულ კუთხედ რჩებოდა და ქართულ სახელმწიფოში შემოდიოდა. 1801 წელს რუსეთმა საქართველოს ანექსია დვალეთთან ერთად განახორციელა. 1858 წელს დვალეთი თბილისის გუბერნიას ადმინისტრაციულადაც ჩამოაშორეს და რუსეთის თერგის ოლქს დაუქვემდებარეს. 1918-21 წლებში დვალეთის მხარე (დახლოებით 600 კვ.კმ. ფართობის ტერიტორია) დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის ნაწლი იყო, ხოლო 1921 წ. კომუნისტებმა ისევ რუსეთის ფედერაციაში შემავალ ჩრდილო ოსეთის რესპუბლიკას შეუერთეს.
დვალები (ძველი ორთოგრაფიით „დუალნი“// „დვალნი“) კავკასიონის მთავარი ქედის ცენტრალური ნაწილის ძველისძველ მკვიდრთ წარმოადგენენ, რომელნიც თავისი ისტორიული ბედით ორი ათასწლეულის მანძილზე მჭიდროდ და ცალკერძ იყვნენ დაკავშირებულნი საქართველოსა და ქართველებთან, ხოლო XIV საუკუნის შემდგომ ხანაში უკვე კავკასიის მთიანეთში მცხოვრებ ოსებთანაც. ამ უაღრესად თვითმყოფადი და არც თუ მცირერიცხოვანი ტომის ძირითადი სამოსახლო მხარე - დვალეთი (ძვ. ორთ. „დუალეთი“), ვითარცა შორეული წარსულიდან (ძვ. წ. IV საუკუნიდან) ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი „ნაპირის ალაგად“ ქცეული და ეკლესიურად ნიქოზის საეპისკოპოსოში V საუკუნიდან შემავალი ისტორიულ-ეთნოგრაფიული ქვეყანა თავდაპირველად მთლიანად კავკასიონის მთავარსა და გვერდით ქედებს შორის ლოკალიზდებოდა და ამჟამად ე.წ. „ჩრდილოეთ ოსეთს-ალანეთის რესპუბლიკის“ საზღვრებში მოქცეულ 500/600 კმ2 -მდე ფართობის მიწა-წყალს მოიცავდა, რომელიც რუსულ ენაზე გამოცემულ სამეცნიერო თუ პოპულარულ ლიტერატურაში არაიშვიათად ზოგადად ნარა-მამისონის ქვაბულის („НАРА–мамисонская котловина“) სახელწოდებითაც ფიგურირებს. მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის - არდონის სათავეებიდან დაბა ბურონამდე (სხვა ცნობით კი დაბა ნუზალამდე ან დაბა მიზურამდე) გადაჭიმულ და ექვსი უმთავრესი ხევისაგან (1 ზახა, 2 ნარა, 3 ზრამაგა, 4 ზროგო, 5 ჟღელე, 6 კასრი.) შენივთებულ ხსენებულ კუთხეს, რომელსაც აქ მოგვიანებით შემოხიზნულმა ოსებმა „თუალთა“ ან „თუალგომი“ (Туалгом) შეარქვეს, პირობითად შეიძლება ბუდე დვალეთის ვუწოდოთ, ვინაიდან გარკვეული ქრონოლოგიური პერიოდიდან დვალეთის ქვეყნისათვის ნამდვილად არ ყოფილა უცხო როგორც საგრძნობი ტერიტორიული გაფართოვების (კერძოდ, დიდი ლიახვისა და თერგის ხეობათა მაღალმთიან მონაკვეთებზე განვრცობის), ისე თანდათანობითი დავიწროვებისა და სამ ურთიერთმომიჯნავე ერთეულად (1. საკუთრივ „დვალეთად“, 2. „თრუსოდ“ 3. მაღრან-დვალეთად“) დანაწევრების ტენდენცია. ეს უკანასკნელი თავის მხრივ, შეპირობებული იყო ცენტრალური კავკასიონის ჩვენთვის საინტერესო სექტორში საუკუნეების მანძილზე მიმდინარე რთული ეთნოსოციალური და ეთნოკულტურული პროცესებით, რომელთა კანონზომიერი შედეგია ერთი მხრივ, დვალთა ინტენსიური ქართიზაცია და საქართველოს სხვადასხვა მხარეში მასობრივი მიგრაციის კვალობაზე მათი უმტკივნეულო შერწყმა ადგილობრივ ეთნოტერიტორიუულ ჯგუფებთან (ქართველებთან, მოხევეებთან, რაჭველებთან, იმერლებთან და სხვა), ხოლო მეორე მხრივ, საკუთრივ დვალეთში რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩენილ დვალთა ასიმილაცია იქ მტკიცედ დამკვიდრებულ ირანულენოვან ოსთაგან, აგრეთვე ადმინისტრაციულად საქართველოს შემადგენლობაში XIX საუკუნემდე დარჩენილი „ბუდე დვალეთის“ აბსორბცია ეთნოგრაფიული ოსეთის მიერ და საბოლოო ანგარიშით, ფართოდ გაგებული დვალეთის ოდინდელი მიწა-წყლის განაწილება საქართველოსა და ოსეთს შორის. უთოდ მოვლენეთა ამდაგვარი მსვლელობის მანიშნებელია ის ფაქტი, რომ ბოლო დროინდელი შინაარსებრივი გადასხვაფერებისა და ნაწილობრივი დეეთნომიზაციის მიუხედავად საუკუნეების სიღრმიდან დღემდე მოღწეულმა ცნებებმა „დვალმა“ და „დვალეთმა“ ყველაზე ღრმა კვალი სწორედ საქართველოსა და ოსეთის ონომასტიკონსა და ქართულ ლექსიკას დაამჩნია, ხოლო დვალებისა თუ დვალეთის შესახებ მეტ-ნაკლებად პოზიტიური ცოდნაც მხოლოდ აღნიშნულ ქვეყნებში იქნა დაუნჯებული. ასე, ქართული ანთოპონიმი არეალი კარგა ხანია შევსებულია ეთნონიმიური გვარების დვალის, დვალაძის, დვალიძის, დვალიშვილის ან დვალისაშვილის ფრიად სოლიდური პლასტით, რასთან დაკავშირებით ძალაუნებურად გვახსენებს თავს ჯერ კიდევ XI-XIII სს-ის გამოჩენილი ქართველი კალიგრაფების იოანე, მიქელ, სვიმონ და გიორგი დვალების, ქრისტიანობისათვის წამებული ნიკოლოზ დვალის (XIII-XIV სს), სახალხო მთქმელის ბააკა დვალიძის (XVII ს) და სხვათა სახელები. თანაც, ხსენებული გვარების გავრცელების გეოგრაფია (ქართლი, კახეთი, იმერეთი, რაჭა, გურია, სამცხე, აჭარა) და მათი სამოსახლო პუნქტების რიცხოვნობა (სულ 100-მდე სოფელი, დაბა თუ ქალაქი) იმდენად შთამბეჭდავია, რომ დღესდღეობით სიტყვა „დვალი“ ქართველთა უმეტესობის ცნობიერებაში ანაზდად ჰბადებს რიგითი ანთროპონიმის, უწინარეს ყოვლისა კი რაჭული გვარსახელის ასოციაციას. სხვათა შორის, იმავე რაჭაში, გვხდება მაორიენტირებელი ტერმინი „დვალიაური“ რომელსაც დვალთა საგვარეულოდან გამოთხოვილ ქალთა მისამართით იყენებენ. მეტად ნიშანდობლივია დვალთა უწინდელი განსახლებისა და ფართომასშტაბიანი ადგოლმონაცვლების მაუწყებელი ეთნოპონიმიური დანაშრევი („დვალთა“, „დვალითა“, „დვლები“, „ნადვალევი“, „დვალიანთკარი“, „დვალულა“, (ან „დვალურა“), „დვალიშვილები“, (ან „დვალიშვილების თემი“), „სადვალო მთა“. „დვალკარი“, „დვალების ტყე“, „დვალღორღი“, „დვალთგორა“, „დვალიძიები“ და სხვა) საქართველოს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიაზე (შიდა და ქვემო ქართლი, თრიალეთი, ხევი, იმერეთი, აჭარა,) რომ აღარაფერი ვთქვათ დვალეთის მეზობელი მხარეების (რაჭის, ხევის, მთიულეთის, ქსნის-ხევის) მკვიდრთაგან ნარა-მამისონის ქვაბულისა (ე.ი. ამჟამად ე.წ. „ჩრდილოეთ ოსეთში“ მოქცეული „ბუდე დვალეთისა“) და დიდი ლიახვის ხეობის სათავეების (ზღუბერსა და ერემას შორის მდებარე რაიონი) შესაბამისად „დვალეთად“ (ან „დოვლეთად“// „დოვეთად“// „მდორეთად“) და „მაღრან-დვალეთად“ (ან „მაღრან-დოვლეთად“// „მაღლა-მდორეთად“// „მაღლან-დოლეთად“) სახელდებაზე. ამასთან, ოსებთან შერწყმულ მთიელ დვალთა მოსაზღვრე და ოსურ-დვალურ ეთნოსიმბიოზთან ურთიერთობის გამოცდილების მქონე აღნიშნული კუთხეები იმითაცაა ღირსშესანიშნავი ჩვენთვის, რომ იქ ერთნაირი წარმატებით ხერხდება როგორც ტერმინ „დვალის“ „ოსის“ სინონიმად გადაქცევის, ეთნიკურ ოსებზე ავტომატურად გადატანისა და მისი დეეთნონიზაციის პროცესის შემდგომი გაღრმავების, ისე დვალთა და ოსთა ურთიერთგამიჯვნის ტრადიციის გამძლეობის ამსახველი მასალის თანაზომიერად მიკვლევა. მართლაც, თუკი ადგილობრივ ინფორმატორთა ერთი ნაწილი „დვალს“ უკვე ვეღარ განასხვავებს „ოსისაგან“ და საერთოდ დვალებს ოსების შემადგენლობაში გულისხმობს, მათი მეორე ნაწილი ეხლაც მკვეთრ ზღვარს ავლებს დვალებსა და ოსებს შორის, უყოყმანოდ მიუთითებს რა პირველთა ტომობრივ ინდივიდუალობაზე ან ქართველი ეთნოსისადმი კუთვნილებაზე. დვალები ნარა-მამისონის ქვაბულის გარდა დიდი და პატარა ლიახვის, პირიქითი არაგვის - (მერმინდელი თერგის), ჯეჯორასა და ქსნის ხეობების სათავეების საკმაოდ ძირძველ მკვიდრევად ჩართვის კვალობაზე ეთნოკულტურულად ქართველ მთიელთა სიას ავსებდნენ, „მოხევეების“, - (უწინდელი „წანარების“), „ხადელების“, „ცხავატელების“, „გუდამაყრელების“, „თიანელების“ და „სვანების“ გვერდით. მათგან სანახევროდ ან თითქმის მთლიანად დაცლილ ხსენებულ ხეობაში კი გვიანფეოდალურ ხანაში ოსები დამკვიდრდნენ, რომელთაც არ გასჭირვებიათ მაღალმთიან ზონას მეჩხრად შემორჩენილ დვალთა ირანიზაცია ან მამა-პაპისეული ადგილსაცხოვრისიდან მათი მეთოდური დეპორტაცია, რის შემდეგაც „ბუდე დვალეთის“ მიწა-წყალი „თუალთა“//„თვალგომის“ სახელწოდებით ეთნოგრაფიული ოსეთის შემადგენლობაში შევიდა, ხოლო საკუთრივ ტერმინი „დვალი“ „თუალის“ ასიმილირებული ფორმით ჯერ გაოსებულ დვალთა, მერე კი თუალგომელ ოს-ირანელთა ლოკალური ეთნოტერიტორიული ჯგუფის აღმნიშვნელ ეთნონიმად იქცა. ამასთან, ეთნიკური ვითარების ესოდენ მკვეთრი შეცვლისა და დვალების გაოსების პირობებში ქართველთა ერთმა ნაწილმა (პირველ რიგში კი დვალთა ისტორიულად ცნობილი განსახლების არიალის მომიჯნავე მთიელობა) კვლავაც განაგრძო ტერმინ „დვალის“ ტრადიციული მისამართით გამოყენება, ოღონდ ამჯერად უკვე ნადვალარი ტერიტორიის ახალ მობინადრეებთან (ირანულენოვან და მნიშვნელოვანწილად დვალყოფილი ან თუალგომიდან მიგრირებული ოსებისაგან დაკომპლექტებულ მოსახლეობასთან) მიმართებაში, რამაც საბოლოო ანგარიშით განაპირობა ცნება „დვალის“ ტრანსპლატაცია ეთნიკური ოსების განსაზღვრულ კონტიგენტზე და მისი გარდაქმნა „ოსის“ სინონიმურ ეთნონიმად. აკად. ივ. ჯავახიშვილი 1919 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში „საქართველოს საზღვრები ისტორიულად და თანამედროვე თვალსაზრისით“ საგანგებოდ შეჩერდა დვალეთზე. იგი წერდა: „დვალეთის შესახებ საგანგებოდ უნდა იყოს აღნიშნული, რომ იგი კავკასიონის უღელტეხილის ორ, მთავარსა და პირიქითელს, ქედებს შუა არის მოქცეული... ეს დვალეთი ამ ადგილას საქართველოს უკიდურესი ჩრდილოეთის მონაპირე ქვეყანა იყო. ძველთაგანვე დვალეთი საქართველოს ეკუთვნოდა მაგრამ ამ საზღვარს განსაკუთრებული ყურადღება XII საუკუნითგან მიექცა. „საუკუნეთა განმავლობაში... საქართველოს მთავრობა ამ კუთხეს (დვალეთს) საქართველოსათვის ფრიად მნიშვნელოვან კარად სთვლიდა და მის გამო მას ფხიზელ დარაჯად უდგა, საგანგებოდ არდონის გასვალთან ზღუდეც კი ააგო“. ნ. ბერძენიშვილიც შეეხო ქართლში ოსთა ჩამოსახლების საკითხს და აღნიშნა: „იმიერ კავკასიის ველების დიდი ნაწილი მომთაბარე მონღოლურ - თათრულ ურდოებს დაეჭირათ. ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა: აფხაზ-ჩერქეზთა ტომები, ოსები, ძურძუკ-ღილღვები და სხვანი უთანასწორო ბრძოლაში იძულებულნი ხდებოდნენ თანდათან დაეთმოთ მოსულ მოძალადეთათვის საუკეთესო ველები, თვითონ კი მტრებისათვის მიუვალს, მაგრამ მწირს მთას დასჯერებოდნენ. მთის სიმწირე-სივიწროვით ამოხუთული იმერ კავკასიის მკვიდრი მოსახლეობა პირაქეთი კავკასიონისა და მთის ძირობა საქართველოს დაპყრობას ცდილობდა“. ნ. ბერძენიშვილი სამართლიანად დაასკვნის რომ ოსთა ჩამოსახლება სასტიკ ხასიათს იღებს და სამამულო ბრძოლაში გადადის. „ოსთა ჩამოსახლება, ბუნებრივია, სასტიკ და დაუნდობელ სამამულო ბრძოლის ხასიათს იღებს. ოსთა მთავარი „აოხრებდა ქართლსა, თრიალეთსა და განასხნიდა მამულისაგან აზნაურთა“ და „აზნაურებიც“ (ე.ი. მიწის მფლობელთა კლასი), რათქმაუნდა, თავს არ ზოგავდნენ...“.
1905 წელს გამოსულ კლასიკურ სიძველეთა ენციკლოპედიაში (ტომი 5 გვ. 1231) ტომაშევმა მოათავსა წერილი დვალების შესახებ. მან დვალები შეცდომით მდინარე მტკვრის სათავეებში მცხოვრებ კავკასიელ ხალხად მიიჩნია, თუმცა ქვემოთ სწორად აღნიშნავს, რომ სვანთა მეზობლად ცხოვრობენო. მას სხვა წყაროებთან ერთად გამოუყენებია ქართული წყაროებიც და წყაროთა დასახელების შემდეგ გამოაქვს საკუთარი დასკვნებიც. მისი აზრით დვალები, პირველად დამოუკიდებელი ტომი იყო ვრცელ ტერიტორიაზე, რომელსაც საკუთარი ენა ჰქონდა (თუშურთან მონათესავე?), ქრიასტიანობის მიღების შემდეგ (სიტყვა-სიტყვით - ქართული საეკლესიო ენის მიღების შემდეგ) კი ქართული ენის ათვისებას შეუდგნენ. დვალები თამარის მეფობის ჟამს მთლიანად შეუერთდნენ ქართველ ხალხს. თუმცა მათ თავის მაღალმთიან ადგილებთაგან ბევრი ადგილი დაკარგეს ოსების სამხრეთით მოძრაობისას“. ასეთია დასახელებულ ავტორთა მოსაზრებები ოსთა ქართლში ჩამოსახლებისა და დვალთა ვინაობის შესახებ. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ყველა ქართველი წყარო დვალებს ასხვავებს ოსებისაგან. არჩილისათვის დვალები და ოსები სხვადასხვა ხალხია, ხოლო დვალეთი და ოსეთი სხვადასხვა ქვეყანა. ვახუშტი ბაგრატიონი გვარწმუნებს, რომ თრუსოს ხეობაში „მოსახლენი არიან ოსნი, დვალნი“. ამ განსხვავებას ხედავს სომეხი ისტორიკოსი თომა მეწოფელიც. მისი აზრით, საქართველოში ცხოვრობენ: დვალნი, ოსნი, იმერნი და ა.შ.
ისტორიკოსები ტერიტორიულადაც ასხვავებენ დვალეთსა და ოსეთს. ლეონტი მროველს მოთხრობილი აქვს, რომ ამაზასპ ფარსმანის ძის მეფობის დროს „გარდამოვიდეს ოვსნი, სპანი დიდნი, გზასა დვალეთისასა... დადგეს ლიახვსა ზედა რუა დღე განსაუნებად“. მირიან მეფე „გარდავიდა ოვსეთით, და მოტყუენა ოვსეთი და მიუწია ხაზართა, გარდამოვლო გზა დვალეთისა და მოვიდა შინა“. ამრიგად, ჩვენს მიერ მოტანილი მასალები მხარს არ უჭერს იმ ავტორთა მოსაზრებას, რომელთა მიხედვით დვალები ოსები არიან, ხოლო დვალეთი ოსეთი. დვალები ძველიდანვე ქართული კულტურის დიდ გავლენას განიცდიან. დვალეთის ქვეყანაზე ვითარცა აღმოსავლეთ საქართველოში VI საუკუნის I ნახევრიდან ფართოდ გაშლილი რელიგიურ-კულტურული საქმიანობის (უწინარეს ყოვლისა კი ასურელ მამათა ინიციატივით წამოწყებული აქტიური მქადაგებლური მოღვაწეობის) წყალობით ქრისტიანიზაციის ორბიტაში საკმაოდ ნაადრევად ჩართულ სანაპირო მთის კუთხეზე, სათანადო წარმოდგენას გვიქმნის დავით გარეჯელის ცხოვრების მეტაფრასული რედაქციის ერთი მონაკვეთი, საიდანაც ირკვევა, რომ დავითმა „უბრძანა მოწამეთა თვისთა, რათა წარვიდეს თვითოეული მათი სხვათა მიმართ ადგილთა და ქადაგებად სახარებასა უფლისასა და სინანულსა მოსატევებლად ცოდვათა... წარივლინეს ვითარცა ცხვარნი შორის მგელთა, და რომელნიმე მათგანნი კახეთისა საზღვართა მიმართ მიიწივნეს, ხოლო სხვანი მთისა კერძოთა დუალეთისა მკვიდრთა მიმართ“. ზემოთგანხილული მონაცემებით შემაგრებულ დებულებას დვალთა ეთნიკური (თუ ეთნოგრაფიული) ინდივიდუალობისა და ოსთაგან სრულიად დამოუკიდებლად მათი ფუნქციონირების შესახებ კიდევ უფრო განამტკიცებს ქსნის ერისთავთა საგვარეულო ქრონიკაში - „ძეგლი ერისთავთაში“ (XV ს) დაცული ცნობები დვალებსა და დვალეთზე, რომელთაც უდავოდ პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება საკვლევი მხარის ეთნოგეოგრაფიისა და დვალთა ეთნიკური ატრიბუციის საკითხების გაშუქებისათვის. როგორც მათი თანმიმდევრული ანალიზი ცხადყოფს, „ოვსეთის ქვეყანა“-სთან შეპირისპირებაში განხილული და „თრუსოით აჩაბეთამდის“ გავრცობილად წარმოჩენილი „დვალეთის ქუეყანა“ XIV საუკუნის დამდეგიდან ვიდრე XV საუკუნის დასაწყისამდე უკვე დიდი ლიახვის ხეობის მთიან ზოლს და „იქითა არაგვის“ (გვიანდელი თერგის) ხეობის საწყის მონაკვეთს მოიცავს, რომლის ფარგლებში რამდენიმე ურთიერთმომიჯნავე შიდა ტერიტორიული დანაყოფი ლოკალიზდება. 1. მაღრან -დვალეთის (მდ. დიდი ლიახვის ხეობის განსაზღვრული მონაკვეთი ს. ზღუბერიდან ს. ხოჯამდე), 2. „ქუემო დვალთა“ სამოსახლო მხარის (დიდი ლიახვის ხეობის გარკვეული მონაკვეთი ს. კოშკადან ვიდრე ს. ზღუბერამდე) და 3. თრუსოს (თერგის ხეობის ერთი ნაწილი სათავიდან ვიდრე ს. მნამდე) სახით. ამდენად, ჩვენს მიერ უკვე განხილული წერილობითი წყაროებისაგან განსხვავებით, რომელთა თანახმად ტოპონიმი „დვალეთი“ (ან „დუალეთი“) უწინარეს ყოვლისა ნარა-მამისონის ქვაბულთან, ანუ ისტორიული დვალეთის („ბუდე დვალეთის”) ტერიტორიასთან იმსახურებს შეფარდებას და ორ ღირსშესანიშნავ ორიენტირს („კასრის კარი“ და „დვალეთის გზა“) შორის თავსდება. ქსნის ერისთავთა ქრონიკა პირველ ჩვენებას შეიცავს შედარებით უფრო ფართო გაგებით ხმარებული „დვალეთის“ შესახებ, რომლის გავრცელების არიალში საკუთრივ „ბუდე დვალეთის“ გარდა მომიჯნავე მხარეებიც („მაღრან - დვალეთი“, ქვემოდვალთა სამოსახლო რაიონი, „თრუსო“) ექცეოდა. „ძეგლი ერისთავთა“ საგრძნობლად აღრმავებს ჩვენს ცოდნას დვალეთად წოდებული ქვეყნის მოცულობაზე და თავლნათლივ გვარწმუნებს იმაში, თუ რაოდენ „წარმატებით“ დაექვემდებარა ერთხანს მარტოოდენ ნარა-მამისონის ქვაბულში ლოკალიზებული ისტორიული დვალეთი (დვალთა ტომის ფორმირების უძველესი კერა) ტერიტორიული გაფართოების საკმაოდ ინტენსიურ პროცესს მეზობელი კუთხეების (თრუსო, დიდი ლიახვის ხეობის მთიანი ზონა) „ჩაყლაპვის“ ხარჯზე, რაც საერთოდ ტიპიური მოვლენაა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული სინამდვილისათვის.
თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის თანახმად. „ბუდე დვალეთის“ მიწა-წყალი აღმოსავლურ - ქართული სახელმწიფოებრიობის გარიჟრაჟზევე (ძვ. წ. IV საუკუნის მიწურულიდან) ქართლის (იბერიის) შემადგენლობაში ექცევა და აღნიშნული სამეფოს ერთ-ერთ მონაპირე ქვეყნად ფორმირებას განიცდის, ხოლო ადგილობრივი მოსახლეობის აღწარმოების ოდინდელი პროცესის ინტენსივობაში დაეჭვების საფუძველი ნამდვილად არ არსებობს, „ჭარბი მოსახლეობის“ ყველაზე აქტუალური პრობლება და უპირატესად ამ უკანასკნელით შეპირობებული მიგრაციული პროცესები, ვფიქრობთ ჯერ კიდევ ახალი წელთაღრიცხვის წინმსწრები ხანის დვალეთისათვისაც არ უნდა ყოფილიყო უცხო. თანაც დვალეთის ისტორიულ-გეოგრაფიულმა მდებარეობამ, როგორც ჩანს, იმთავითვე გამორიცხა კასრის კარის ჩრდილოეთით მდებარე და აგრესიული ნომადური ეთნიკური მასივის დისლოცირების ზონის მომიჯნავე მთისწინეთისა და ბარის რაიონებისაკენ დვალთა ინტენსიური მიგრაციის შესაძლებლობა და კანონზომიერად განსაზღვრა ქართლის სამეფოს ფარგლებში ლოკალიზებული მომიჯნავე მხარეებისაკენ მთოელთა მოძრაობის „მარშრუტის“ პრირიტეტურობა, რის კვალობაზე „ბუდე დვალეთიდან“ დაძრულმა მიგრაციულმა ტალღამ კავკასინის მთავარი ქედის ზეკარებზე გადავლით, უწინარეს ყოვლისა, მეზობელ მთიან ხეობებში (პირველ რიგში დიდი ლიახვისა და პირიქითა არაგვის (გვიანდელი თერგის) ხეობების სათავეებში) იწყო შეღწევა. მოვლენათა ამგვარ მსვლელობას კი დროთა განმავლობაში უშუალო შედეგად მოჰყვა ჯერ სპორადული, ხოლო შემდეგ უკვე კომპაქტური დვალური დასახლებების გაჩენა დიდი ლიახვისა და პირიქითა არაგვის (გვიანდელი თერგის) ხეობების მთიან ზოლში, რომელთა რაოდენობა, სავარაუდოდ, განსაკუთრებით იმატა მონღოლთაგან დარბეულ და ცენტრალური კავკასიის მთიანეთს თავშეფარებულ ალან-ოსთა ერთი ნაწილის „ბუდე დვალეთში“ შემოხიზვნის და შესაბამისად ბარელ მოახალშენეთა მიერ ავტოქტონური დვალური მოსახლეობის „შევიწროვების“ შემდეგ. ამდენად, დვალთა მასობრივმა გადმოსახლებამ ისტორიული დვალეთის („ბუდე დვალეთის“) სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ხეობებში შეამზადა კიდეც მყარი ნიადაგი მათი კომპაქტური განსახლების რაიონებზე თავდაპირველად მარტოოდენ ნარა-მამისონის ქვაბულში ლოკალიზებული ისტორიულ ეთნოგრაფიული ქვეყნის აღმნიშვნელი სახელწოდება „დვალეთის” თანდათანობითი გავრცელებისა და საბოლოო ანგარიშით ოფიციალური ისტორიულ გეოგრაფიული ნომინაციის სფეროში შედარებით უფრო ფართო გაგებით ხმარებული ცნება „დვალეთი“-ს დამკვიდრებისათვის. ამასთან აუცილებელია საგანგებოდ ითქვას, რომ დიდი ლიახვისა და პირიქითა არაგვის (გვიანდელი თერგის) ხეობების სათავეებზე სახელწოდება „დვალეთის“ გავრცელების ზუსტი თარიღის დადგენა ერთობ ჭირს, თუმცა ისტორიკოსთა ვარაუდით აღნიშნულ ნომინაციას ხსენებული რაიონები დაახლოებით XIII საუკუნის II ნახევრისათის უნდა დაქვემდებარებოდა. როგორც ქსნის ერისთავთა ქრონიკიდან ვგებულობთ, XIV საუკუნის დამდეგიდან ვიდრე XV საუკუნის დასაწყისამდე „ბუდე დვალეთის“ გამოკლებით განხილული დვალეთის ქვეყანა შედგებოდა სამი ძირითადი ტერიტორიული ერთეულისაგან: 1. „თრუსუი“, 2. „მაღრან-დვალეთი“ და 3. „ქუემო დვალთა“ სამოსახლო რაიონი, სადაც აღირიცხებიან შესაბამისად „თრუსუელნი“, „მაღრან-დვალნი“ და „ქუემო დვალნი“, თუმცა დვალთა განსახლების არეალი პატარა ლიახვის ხეობის სათავესაც (აქ ლოკალიზებულ ქნოღოს თემსაც) მოიცავდა, რომლის მკვიდრნიც „ქნოღოელების“ სახელწოდებით იყვნენ ცნობილნი. სავსებით შესაძლებელია რომ ასევე დვალები ექვემდებარებოდნენ ამოცნობას ქსნის ხეობის სათავეში მცხოვრებ ჟამურელთა მიღმა. მატიანეში დამოწმებული შემკრებლობითი ცნება „ყოველნი დვალნი“ საკუთრივ დვალეთის ქვეყნისა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მთელ დვალურ მოსახლეობას ფარავს („თრუსუელნი“ + მაღრან - დვალნი” + „ქუემო დვალნი“ + „ქნოღოელნი“) ჯამურელების გარდა. მაშასადამე, „ძეგლი ერისთავთას“ ცნობების დაწვრილებითი გაანალიზების საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ XIII საუკუნის II ნახევრიდან ვიდრე XV საუკუნის დასაწყისანდე დვალეთის ქვეყანა ორ უმთავრეს ნაწილად - პირიქით (ჩრდილოეთ) დვალეთად („შავ დვალეთად“) და პირაქეთ (სამხრეთ) დვალეთად („თეთრ დვალეთად“) იყოფოდა. ამათგან, პირველი საკუთრივ „ბუდე დვალეთს“ და „თრუსოს: იტევდა, ხოლო მეორე დიდი ლიახვის ხეობის მთიან მონაკვეთს ფარავდა და თავის მხრივ ურთიერთმომიჯნავე ტერიტორიული ერთეულებისაგან - „მაღრან-დვალეთისა“ („ზემო დვალეთისა“ ან „მთიანი დვალეთისა“) და „ქვემო დვალეთისაგან“ შედგებოდა, სადაც ლოკალიზდებოდნენ შესაბამისად „მაღრან-დვალნი“ („ზემო დვალნი“) და „ქუემო დვალნი“. XIII საუკუნის ოციანი წლებიდან კავკასიამ მონღოლთა შემოსევები განიცადა. მონღოლთა წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში არაერთი სახელმწიფო ჩამოვიდა პოლიტიკური ცხოვრების სცენიდან. ამ საერთო განსაცდელს ვერც ოსები გადაურჩნენ. ი. ბარბაროს ცნობით „ოსები თავიანთ პირვანდელ საცხოვრებელ ადგილებიდან განდევნილ იქნენ თათართაგან“. ვახუშტის თქმით „შემდგომად ჩინგის ყეენთა მოსვლისა, ბათო ყეენმან მოსრნა ოვსეთი და მოაოხრნა, ხოლო ოვსნი შემოივლტოდნენ კავკასიათა შინა“. გარეშე ძალის შემოსევებს ზედ ერთოდა შინა-ფეოდალური ბრძოლებიც. რომაელი მისიონერი იულიანე გადმოგვცემს, რომ ოსეთში „რამდენი სოფელიცაა, იმდენი ბატონია, რომელთაგან არავინ არ ფიქრობს ურთიერთმორჩილ იყოს. აქ მუდმივი ომია ურთიერთ შორის“. „ძეგლი ერისთავთა“ გვარწმუნებს, რომ „იქმნა ფრიადი შფოთი ქვეყანასა ოვსეთისასა, და იქმნა ფრიადი სისხლთა დათხევა. მეფეთა შორის მათთა“. ამრიგად XIII საუკუნის ოციანი წლებიდან მონღოლთა შემოსევებისა და შინა-ფეოდალური ბრძოლების შედეგად ოსეთი პატარ-პატარა ურთიერთ მოქიშპე ერთეულებად დაიშალა, ხოლო შემდეგ თანდათან ისინი სტოვებენ თავიანთ პირვანდელ მიწაწყალს და კავკასიის მთებში იხიზნებიან. XIII საუკუნის დამლევისათვის ოსებს ეჭირათ იმიერკავკასიიდან ქართლში გადმოსასვლელი გზა-ბილიკები, რომ ეს გზა-ბილიკები ჩრდილო კავკასიიდან უმთავრესად არაგვის, ქსნის, პატარა ლიახვის და დიდი ლიახვის ხეობებში გადმოდიოდა და აქედან ქართლის ველებში მიიმართებოდა. აღნიშნულ ხეობებში კი მთავარი გადმოსასვლელები იყო: 1. როკის გადმოსავალი. ეს იყო მთავარი გადმოსავალი დიდი ლიახვის ხეობაში ოსეთიდან (ზახა-კასრის ხეობა). 2. ბახ-ფანდაგის გადმოსავალი. როკის გადმოსავლის დასავლეთით მდებარეობდა ბახ-ფანდაგის გადმოსასვლელი. „ბახ-ფანდაგი“ ორი სიტყვისაგან შედგება. „ბახ“ ოსურად ცხენს ნიშნავს, „ფანდაგ“ გზას; „ბახ-ფანდაგის“ ქართული თარგმანი იქნება „ცხენის გზა“. მოსახლეობა ასხვავებს ცხენის გზას დანარჩენი გზებისაგან. აქ გზების აღსანიშნავად ხმარობენ: „ურმის გზა“, „მარხილის გზა“, „ცხენის გზა“, „საცალფეხო ბილიკი“ და სხვა. 3. ზეკარის გადმოსავალი ბახ-ფანდაგის გადმოსავალის დასავლეთით მდებარე და გიმით-ზრუგის ხეობიდან მომავალი, გადმოდის კებელთის ხეობაში, ხოლო სოფ. ბორჯნისთან უერთდება როკის გზას. 4. ძედოს გადმოსავალი არდონ-ზრუგიდან ჯოჯორის ხეობაში. აქ იგი რამდენიმე განშტოებად იყოფა. ერთი მიიმართება აღმოსავლეთით და ყემულთის ხეობასა და სოფელ სიხტაზე გავლით სოფ. ხველასთან უერთდება როკის გზას. მეორე განშტოება კი ჯოჯორის ხეობას მისდევს სამხრეთით და ჯავა-ონის ე.წ. „ჩასავლის“ გზას უერთდება, რომელიც როკის გზის განშტოებაა. იგი ფაწის ხეობას მისდევს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით და ონში გადადის. 5. მამისონის გადმოსავალი. ამ გადასასვლელით ოსეთის სამხედრო გზა არდონის ხეობაში გადადიოდა. მამისონის გზაზე გაცხოველებული მიმოსვლა იყო და ქართველებს იგი საგანგებოდ ჰქონდათ გამაგრებული. მამისონის გადმოსასვლელს ძველად კარის კარი უნდა რქმეოდა. ახასიათებს რა კასრის კარს, ვახუშტი ამბობს: „არს აქ კარი კლდისაგან და ქვიტკირით ქმნული, დიდ-კამაროვანი, მდინარესა ზედა, მეფეთაგან ქმნული, რათა არა ვიდოდნენ თხნიერ მათსა ოვსნი და არს ხეობა ესე ფრიად მაგარი და შეუალი“. საერთოდ, დასახლებულ მიდამოებში (დვალეთ-კასრის ხეობა) საკმაოდ ბევრი გადმოსასვლელები იყო. აკად. ივ. ჯავახიშვილი 11-მდე გადმოსავალს ითვლის. ვახუშტის თქმით, კასრის ხეობაში „გარდავლენან გზანი დიგორს, ეგრეთვე ვალაგირსა და ამის შორისის მთიდამ მოერთვიან ხევნი, და გარდავალს გზანი ვალაგირსა და ფაიქომს“. 1. სბის გადმოსავალი. ჩრდილო-ოსეთიდან მომავალი გზები ზახასთან ორად იყოფა. ერთი თრუსოს ხეობაში გადადის და სოფ. კობთან უერთდება საქართველოს სამხედრო გზას. მეორე სბის გადმოსავალზე მოდის და სოფ. ედისთან რამდენიმე განშტოებად იყოფა: ერთი განშტოება პატარა ლიახვისაკენ მიემართება, სამხრეთით, ჩაფარუხს გაივლის და პატარა ლიახვისაკენ ხეობით ვანათიდან ქართლის სოფლებში ჩამოდის; მეორე შტო ედისზე გაივლის, ერთმანდონის ხეობას გაჰკვეთს და ყელის ტბით ჟამურსა და ქსნის ხეობაში გადადის; მესამე შტო ბრიტის ხეობაზე სამხრეთით მიემართება, გაივლის გუდის წყლის ხეობას და ჭიმავდონის ხეობით სოფელ ხველავთან როკის გზას უერთდება. ზემო-ერთნიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმავალი გზა თრუსოს ხეობაში გადადის და სოფელ დესთან უერთდება კობის გზას. ეს გზა მაღრან-დვალეთს თრუსოს ხეობასთან აკავშირებს. ამ გზის პარალელურად თრუსოს ხეობაში გადადის მეორე გზა, ედისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მიმავალი, იგი დიდი ლიახვის სათავეებს გაჰკვეთს, კალოსანზე გაივლის და სოფელ წოწოლდასთან როკის გზას უერთდება. ზემო ერთმანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მიმავალი გზა-ბილიკი მუარკაუ-ერხოტის მთებით არაგვის ხეობაში გადადიოდა და სოფელ მლეთთან საქართველოს სამხედრო გზას უერთდებოდა. არაგვის ხეობიდან ლომის-ოხირის გადმოსავალით ქსნის ხეობაში გადმოდიოდა გზა. ეს გზა ქარჩოხის ხეობაში რამდენიმე მიმართულებით განშტოვდებოდა: ერთი მდინარე ქსნის ხეობას მოსდევდა სამხრეთით და ახალგორში „საქალაქო გზას“ უერთდებოდა; მეორე განშტოება ჩრდილოეთით მიემართებოდა და ჟამურის ხეობით პატარა ლიახვის ხეობაში გადადიოდა; ხოლო მესამე განშტოება ძაბუეთ-ხოზოეთზე გავლით ჭურთის, ლეხურის და ისროლის ხევს გადასჭრიდა და მეჯვრისხევში გადადიოდა. აქ ჩამოთვლილი გზები იყო მთავარი სამიმოსვლო ხაზები, რომლითაც ოსებს შეეძლოთ საქართველოსთან ურთიერთობა ჰქონოდათ. ვის ხელშიც იყო ეს გადმოსასვლელები და გზა-ბილიკები, მას ეკუთვნოდა ამ ტერიტორიის კონტროლიც. ამიტომ იყო, რომ საქართველოს სახელმწიფოს მესვეურები მუდმივად ზრუნავდნენ გადმოსასვლელების გამაგრებას, „რათა არ ვიდოდნენ თვნიერ მათსა ოვსნი“; და როცა საქართველომ ვეღარ შესძლო ჩრდილოეთის ამ საზღვრის დაცვა, შედეგიც შესაფერისი მოჰყვა, მან დაჰკარგა ზემოდასახელებული რაიონები, სადაც ჩრდილოეთიდან მოსული ოსები დასახლდნენ. დღემდის ცნობილ საისტორიო მასალების ანალიზი საშუალებას გვაძლევს დადგინდეს, რომ ოსთა პირველი ახალშენები კავკასიონის მთავარი ქედის პირაქეთა კალთებზე ჩნდება მონღოლთა შემოსევების შემდეგ XIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIV საუკუნეში, ჩნდება დვალეთის ტერიტორიაზე; შემდეგ ხანებში კი მდ. დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნის, ფაწის და არაგვის ხეობებში. XIII საუკუნის 60-იან წლებიდან ილხანებსა (ჰულაგუ ყაენი) და ჩრდილოეთ ულუსს (ბერქა ყაენი) შორის სისხლისმღვრელი ომები დაიწყო, დიდი ხნის განმავლობაში ან ომობდნენ ურთიერთ შორის ან ომს უცდიდნენ და საამისოდ ემზადებოდნენ. ილხანებმა შარვანში სანაპირო გარნიზონები ჩააყენეს და სათავდაცვო ხაზი - სიბა ააგეს. სიბაზე მუდმივ იმყოფებოდნენ ქართველებიც. ჩრდილო და სამხრეთ მონღოლური სახელმწიფოების ურთიერთშორის ბრძოლა თავის დაღს ასვამდა საქართველოს. საკმარისია ითქვას, რომ 1265 წელს ბერქასა და აბაღას ბანაკებმა შთანთქეს საუკუნეებში დაგროვილი ქართველი ხალხის დოვლათი, განსაკუთრებით დაზარალდა კახეთი. აკად. ივ. ჯავახიშვილის თქმით, „მთელი ეს კუთხე ისე განადგურდა და აოხრდა, რომ მას შემდგომ გაუკაცრიელდა და გაპარტახდა“. კიდევ უფრო გართულდა საქართველოს საგარეო ვითარება ყაზან-ყაენის დროს. დავით VIII (1293-1303) ყაზანს არ ენდობოდა და მთაში გაიხიზნა. არც ყაზანი უთმობდა. იგი ნიადაგ დამსჯელ რაზმებს გზავნიდა აჯანყებული დავითის წინააღმდეგ. საქართველოს შინა პოლიტიკური მდგომარეობა ისე აიშალა, რომ ქართლში სამი მეფე მეფობდა. მთელი ძალები ამისდამიხედვით დაიქსაქსა. ასეთ პირობებში მეზობელი ქვეყნები, რომლებიც არცთუ ისე დიდი ხნის წინათ საქართველოს სახელმწიფოს ყმადნაფიცნი იყვნენ, ახლა აიშალნენ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეს არბევდნენ. ჟამთააღმწერელი გონებამახვილურად შენიშნავს: „ოტებული რა სცნა დავით, უმძვინვარესად აოხრებდა ოვსი ბაყათარ ქართლსა და მეფე დავით ვერ წინ აღუდგებოდა“. ოსური მოსახლეობა, რომელიც იმიერკავკასიის ველებზე თავის საუკუნოებრივ სამკვიდრებელს ჰკარგავს, თანდათან მთაში იხიზნება, სარგებლობს საქართველოს სახელმწიფოებრივ აშლილობით და ჯერ ზემოაღწერილ გადმოსასვლელებს იკავებს, ხოლო შემდეგ თანდათან ბარისაკენ მოიწევს. ეს პროცესი ხანგრძლივ ხასიათს იღებს და სასტიკ ბრძოლებში გადაიზრდება. საბოლოო ანგარიშით ქართლის მთიანეთში წარმოებული მოძრაობა მოსული ოსების გამარჯვებით დამთავრდა. მდინარეების დიდი ლიახვის, პატარა ლიახვის, ქსნის, ლეხურის, მეჯუდის, ისროლის, ფაწის, ჩაფარუხის, მაღრან-დვალეთის, თლიის, ჟამურის, ჭურთის, საფერშეთისა და ღრომის ხეობებიდან ქართველები გამოდევნილ იქნენ და აქ ოსური მოსახლეობა დამკვიდრდა.
ცხრაზმის ერისთავთა საგვარეულო ქრონიკაში დასახელებულია მაკროტოპონიმი „თრუსო“ ისტორიულ-ეთნოგრაფიული ხევის დასავლეთით ლოკალიზებული და დღესდღეობით თრუსოდ წოდებული ტერიტორიული მონაკვეთი, რომელიც მდ. პირიქითა არაგვის (თანამედროვე თერგის) ხეობის საწყის მონაკვეთს მოიცავს სათავიდან ვიდრე სოფ. მნამდე. თრუსო ფართოდ გაგებული დვალეთის ქვეყნის პირიქით ნაწილის განსაზღვრულ მონაკვეთს და დვალთა განსახლების არეალში შემავალ რაიონს თუ პუნქტს წარმოადგენდა. მოგვიანებით აქ დამკვიდრებულ ოსთა მიერ თირსი ქომ-ად არის სახელდებული. ქართულ საისტორიო წყაროებში თრუსო - „ძეგლი ერისთავთა“-ში გვხდება. მას გარდა არაერთგზის იხსენიება XV-XIX სს. წერილობით ძეგლებშიც, ოღონდ ამჯერად როგორც „თრუსო“, ხოლო ძველთაძველი ნომინაციის ტრადიციის სრული დომინირების პარალელურად XVIII საუკუნის წყაროებში (გიულდენშტედტი, ი. ბაგრატიონი, პაპუნა ორბელიანი) „თრუსოს“ ნაცვლად უკვე ფიქსირდება „თრუსი“ ან „თირსაუ“, რაც თვალნათლივ ცხადყოფს ძირძველი ტოპონიმის მცირეოდენი ფონეტიკური სახეცვლილებისა და ოსური სახელდების ფორმის ხმარებაში დანერგვის ფაქტს. „თრუსო“ > თრუსო (თერგის ხეობის საწყისი მონაკვეთია ს. მნამდე). „თრუსოს“ (ან „თრუსოს“) ეტიმოლოგიის გარკვევასთან დაკავშირებით აუცილებელია შეიონიშნოს, რომ ქიზიყში „თრუსო“ ეწოდება ცელის პირის ასაწყობ ქვას (სალესავ ქვას), ხოლო სულხან-საბას ლექსიკონში ვკითხულობთ: „დრუსო-არს ზღუდე ქვისა, მაღალი, კეთილად ნაგები კოშკ-კოშკოვანი“.... „თურში-ქვის საზიდარი მახვილი“, „თირი-არს კლდე ლბილი და ადვილად სათლელი“. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საგულისხმო დეტალს, რომ თრუსოს ხეობის შესასვლელი (კასრად სახელდებული) ტიპიურ კლდეკარს წარმოადგენს, მოხევეები კი ცელის პირის ასაწყობი ქვებით წარსულში თრუსოდან მარაგდებოდნენ. „თრუსოს“ გააზრება სწორედ სიტყვა „თრუსოსგან“ ან ტერმინ „დრუსოსგან“ მომდინარე რელიეფის თვისების (ქვიანი, კლდიანი ალაგის) ამსახველ ტოპონიმად ვფიქრობთ სავსებით ლოგიკურად გამოიყურება.
„ძეგლი ერისთავთას“ „მნა“ თრუსოს ფარგლებს გარეთ მდებარე და თერგის მარცხენა შემდინავის - მნაისის წყლის ხეობაში (ისტორიულ-გეოგრაფიული ხევის მიწა-წყალი) რამდენიმე უბნად გაშენებულ (და ოსებით დასახლებულ) თანამედროვე სოფ. მნას შეეფარდება, ხოლო მატეანეში ხსენებული „კობი“ უყოყმანო იდენტიფიკაციას იმსახურებს ასევე ისტორიულ გეოგრაფიული ხევის ტერიტორიაზე ლოკალიზებულ და ოსებითვე დასახლებულ თანამედროვე ს. კობთან . საინტერესოა ითქვას, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონებში ვადასტურებთ კობთან ფონეტიკური მსგავსების თვალსაზრისით ღირსშესანიშნავ მაკრო და მიკროტოპონიმებს: კობი (ოს. კობ, სოფელი დიუდი ლიახვის ხეობაში), კობეთი (სოფ. რაჭაში, კუდაროს ხეობაში), კობნი (მიკროტოპ. ს. ამირანში, მთიულეთი), ყობი (სოფ. ხაშურის რაიონში). რაც შეეხება მნა-ს, მას ამ რიგის საგულისხმო პარალელები საერთოდ არ მოეძებნება. არაა გამორიცხული ორივე ამ გეოგრაფუილი სახელის დვალური წარმომავლობა ან დვალთა ოდინდელ სამოსახლო რაიონში მათი გაჩენა. Коба, коби, მთის ხევი, ღარტაფი, შდრ. ყაზახ. Кобы- „მთის ქვაბული“, „მთის ხევი“. „კობი“ სწორედ თურქული коби-დან მომდინარე ლანდშაპტური ტოპონიმია, რასაც დასახლებული პუნქტის გეოგრაფიული მდებარეობაც უჭერს მხარს, ვინაიდან სოფ კობი ნამდვილად მთათა შორის ქვაბულს, ტიპიურ მთათა შორის დავაკებას წარმოადგენს.
დვალები ანტიკურ წყაროებში (პლინიუს უფროსი, პტოლემე) პირველად მოხსენიებული არიან ახ. წ. I-II საუკუნეებში თალის, ვალის, ჟალის სახელწოდებით. სახლობდნენ ცენტრალური კავკასიონის მაღალმთიან ზოლში - დარიალის დარიალის ხეობასა და მამისონის უღელტეხილს შორის - ისტორიულ დვალეთში, (მათ შორის თრუსოს ხეობაში). „ძეგლი ერისთავთას“ თანახმად XIV-XV სს-ში ცხრაზმის ერისთავები და ქართველი მეფეები აქტიურ ბრძოლებს აწარმოებდნენ დვალების წინააღმდეგაც, ეს ფაქტი თავისთავად არ გამოდგება იმ მოსაზრების მხარდამჭერ საბუთად, თითქოს ცხრაზმის ერისთავთა საგვარეულო ქრონიკა დვალთა და ქართველთა შორის გამწვავებული ბრძოლის ამსახველ ცნობებს შეიცავდეს, როგორც ეს ერთერთ ნაშრომშია აღნიშნული. სინამდვილეში, „ძეგლი ერისთავთას“ ცნობებით „დიდიმტრობაა დვალებსა და ქსნის ერისთავეებს შორის. ქსნის ერისთავები ლაშქრობენ დვალეთში, ცდილობენ მათ დამონება-დაყმევებას, თუმცა XIV საუკუნის მანძილზე ვერ ახერხებენ დვალეთის დამორჩილებას. ქსნის ერისთავს თან მოჰქონდა ქვეყნის ფეოდალიზაცია. დვალებისა და ქსნის ერისთავთა ბრძოლა ეს არის ბრძოლა თავისუფალ მეთემეთა და ფეოდალთა შორის“. მართლაც, „ძეგლი ერისთავთას“ ცნობები საკმაო ნათელ წარმოდგენას გვიქმნის ოფიციალურ ხელისუფლებასა და დვალთა შორის ურთიერთობის გამწვავების ობიექტურ მიზეზებზე და არნახულად აშლილ მთიელთა წინააღმდეგ წარმოებული უკომპრომისო ბრძოლის ხასიათზე. როგორც ქსნის ერისთავთა საგვარეულო ქრონიკიდან ვგებულობთ, დვალების პრობლემა მთელი სიმწვავით მხოლოდ XIV საუკუნის დამდეგიდან იწყებს წამოტივტივებას ცხრაზმის ერისთავთა და ქართველ მეფეთა დღის წესრიგში ე. ი. ქრონოლოგიურ პერიოდში, როდესაც „იშლებოდა ქვეყანა ქართლისა“, „განმრავლდა ბოროტი“ და ოფიციალური ხელისუფლების დასუსტებით გათამამებული დვალები, ისევე როგორც პირაქეთი და პირიქითი არაგვის მთიელები (ფადელები, ცხავატელები, მოხევეები) მათზე დაკისრებული ბეგარა-ვალდებულებების რიგიანად აღსრულების ნაცვლად „სამარადისოდ ჟამის პოვნასა მოელოდიან“ თვითნებური ძარცვა-რბევისა და დაუნდობელი ურთიერთბრძოლისათვის და, საერთოდ, „ძეგლის დადების“ შესავალში მოცემული ფორმულირებით თუ ვისარგებლებთ ქართლის მთიანეთში“. დიდი უსამართლო და მძლავრებული ქმნილიყო ერთმანეთსა ზედა, და სისხლის მსუბუქობისათვის ადვილ უჩნდა ერთმანეთის ღალატად დასხმა, დაქცევა ციხეთა, სიკუდილი და მრავალფერნი ულუსობა. და ყოლ სამართალი აღარ იყოღა“. ამასთან, დვალთა შორის დადასტურებული ანარქია და ცხრაზმის ერისთავთა „ერთგულად მსახურების“ რეჟიმისადმი სრული დაუმორჩილებლობის სულისკვეთება განსაკუთრებით სახიფათო მასშტაბებს ღებულობს XIV საუკუნის II ნახევარსა და XV საუკუნის დასაწყისში, ე. ი. თემურ ლენგის შემოსევების ავბედით ხანაში, რაც ქსნის ერისთავს და საქართველოს მეფეს მკაცრი კონტრზომების მიღებას (ორი დიდი ანტიდვალური ლაშქრობის ორგანიზაციას) აიძულებს XIV საუკუნის 90-იან წლებში და 1403 წელს. სხვათა შორის, ფიზიკური ანგარიშსწორების გზით („წვითა, კლვითა, დაფორიაქებითა, დაქცევითა, ციხეთაითა, ტყუეობითა, შიშითა და პატიჟებითა“...) აშლილი დვალების „მორჯულების“ ფაქტის შეფასებასთან დაკავშირებით ძალაუნებურად გვახსენებს თავს საქართველოს მთიანეთის ცალკეული მხარეების ისტორიული წარსულისათვის დამახასიათებელი ანლოგიური პრობლემების (მაგ. XIII საუკუნის დასაწყისის ფხოველთა „განდგომის“, 1361 წელს სვანთა „უკუდგომის“) ასევე სამხედრო ძალის გამოყენებით გადაწყვეტის შემთხვევებიც. სხვათა შორის „ძეგლი ერისთავთა“-ს ერთი ფრაგმენტი შესაძლოა ასევე დვალებისა და ოსების ურთიერთობის ხასიათზე გვიქმნიდეს წარმოდგენას. ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს საგვარეულო ქრონიკის ცნობა იმის შესახებ, რომ ვირშელ III ერისთავის ლაშქრის თრუსოში გადასვლის შემდეგ „...მოეგებნეს თრუსუელნი მრავლითა ძღუენითა და ერთგულებისა ჩვენებითა და ევედრნეს შუელად მტერთა მათთა ზედა მნას“. (ეს ამბები ხდება XIV საუკუნის 90-იან წლებში.) ხოლო ერისთავმან უბრძანა მნაველთა მოსვლად წინაშე მისსა, არამედ მათ არა ინებეს, რამეთუ თქვეს: არა მეშინის შენგან და ვერც რას შემძლებელ ხარ ვნებად ჩუენდა. მაშინ განრისხნა ვირშელი და შეუზახა ლაშქარი თვისი, დასცეს საყვირსა და მოეტევნეს ვითარცა მხეცნი და მოადგეს შუა სამხრის ციხეთა მნისათა და იყო ბრძოლა სასტიკი, რამეთუ კაცნი იგი იყუნეს მარჯვედ-მბრძოლნი, მხნენი და გოლიათნი და აბჯარსრულნი. და იყო სიმრავლე ისრისაი ვითარცა წვიმაი ხშირი და სიმრავლე ქვისაი ვითარცა წვიმაი ხშირი და სიმრავლე ქვისაი ვითარცა სეტყვა და საგორავი აურაცხელი. მაშინ მოიკლეს სიმრავლითა ისრითაითა თავნი და გოლიათნი ქუეყანისა მათისანი: სენღუ, გარეჯან, ამსალსა ზახილსა და ხმობასა შინა იცნობებოდა ხმაი ვირშელისა ვითარცა ხმაი ლომისაი. მაშინ შეტეხეს კარები და შეიმყრეს ყოველი მბრძოლი და მოიყვანეს წინაშე ერისთავისა და დაწვეს და დაართვივნეს ციხენი და სოფელნი იმათნი (მნისანი). ესმა მოხევეთა და მივიდეს ბრძოლად. და ვითარცა იხილეს სიმრავლე ლაშქრისაი, შიშით დაიმალნეს. უკუმოდგა ერისთავი კობს, და მოიღეს მოხევეთა სიმრავლე ძღვენისაი, და შემდგომად გათენებისა წარმოვიდა.
მნა „ძეგლი ერისთავში“ მოხსენებულია არა როგორც ერთი სოფელი არამედ მთლიანი ხეობა რამდენიმე სოფლით,“... სოფელნი იმათნი დაარღვიესო“. აქ მარტო მნა კი არა ოქროყანა, შევარდენი, ძველი ადო და სხვა სოფლები იგულისხხმება. ე.ი. მთელი მნის ხეობის სოფლები. ეს ისტორიული ცნობა ჩვენთვის მრავალმხრივაა საინტერესო. ჯერ ერთი ინტერესის აღმძვრელია თრუსოველთა და მნაველთა მტრობის ისტორია, ხოლო მეორე მხრივ მოხევეთა მიერ მნაველთა დასახმარებლად ვირშელისა და თრუსოველთა წინააღმდეგ საბრძოლველად მოსვლა. მართალია, ეს ცნობა სამგვარად შეიძლება იქნეს გაგებული (1. თრუსოელებმა ქსნის ერისთავისადმი თავიანთი ერთგულების დასამტკიცებლად მას მნაველთა წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური დახმარება შესთავაზეს; 2. თრუსოელებმა ერისთავს თავიანთი მტრების (ე. ი. მნაველების) წინააღმდეგ მომავალ ბრძოლაში „შველა“ შესთავაზებს; 3. თრუსოელებმა ქსნის ერისთავს სთხოვეს შემწეობა თავიანთი მტრების - მნაველების წინააღმდეგ). მაგრამ სამივე ვარიანტისადმი თანაბარი ნდობით განწყობის შემთხვევაშიც ერთი რამ სრულიად ნათელია - ვირშელ III ერისთავის ლაშქრის მიერ დაფორიაქებულ დვალთა თემ-სოფლების ურთიერთდამოკიდებულების საერთო ფონზე (როდესაც დვალები შეთანხმებულად მოქმედებენ საძულველი ფეოდალის წინააღმდეგ და მათ შორის არ აქვს ადგილი არავითარ დაპირისპირებას) რამდენადმე უცნაურად გამოიყურება თრუსოელთა მიერ მნაველთა ესოდენ უყოყმანოდ დაღალატება, თავიანთი „კარის მეზობლების“ ნამეტანად ადვილად გამეტება ქსნის ერისთავის გულის მოგების მოტივით, რაც მხოლოდ და მხოლოდ მნაველებსა და თრუსუელებს შორის არსებული უთანხმოებით, არაკეთილმეზობლური დამოკიდებულებით შეიძლება აიხსნას. არადა, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ საგულისხმო დეტალს, რომ „თრუსუელებში“ უსათუოდ ოსები იგულისხმებიან, ზემოთ დამოწმებული ფრაგმეტი შესაძლოა სწორედ თრუსუელთა და მნაველთა მტრობაზე, ვითარცა მკვიდრ და არამკვიდრ მოსახლეობას (ე. ი. დვალებსა და ოსებს) შორის გამწვავებულ ურთიერთობაზე მიგვანიშნებდეს. საქმე ისაა, რომ XIII საუკუნიდან ჯერ თათარ-მონღოლებთან, შემდეგ კი თემურლენგის ურდოებთან სასტიკად დამარცხების შემდეგ ალან-ოსების ერთი ნაწილი კავკასიის მთებს მოაწვა და ზეკარებისა და უღელტეხილების ხელთგდების შემდომ, კომპაქტურ მასებად ჩამოსახლდნენ საქართველოს რიგ რაიონებში, მათ შორის თრუსოს ხეობაშიც. ზოგიერთ ადგილას ეს პროცესი ნელა მიმდინარეობდა ხოლო თრუსოში და შემდგომ მნაში მათი ჩამოსახლების პროცესი მტკივნეული ყოფილა. აღნიშნული ეპოქისათვის (XIV ს.) როგორც ჩანს მნაში და მის შემოგარენში კვლავ ქართული დვალური მოსახლეობაა საგულვებული, სწორედ ამ ეთნიკური მოტივით უნდა აიხსნებოდეს, თრუსოველთა (ოსთა) ლაშქრობა მნაზე და მოხევეთა მოსვლა მათ (მნაველთა) დასახმარებლად. მაგრამ იგივე თემურ-ლენგისაგან დასუსტებული და დაუძლურებული ქართველობა იძულებელი იყო რიგი ადგილებისა ალან-ოსებისათვის დაეთმო და მამაპაპეულის გასცლოდა, ხოლო ისინი კი ვინც ადგილზე დარჩა ასიმილაციის ულმობელი პროცესის მსხვერპლი გახდა. XVIII საუკუნის დასაწყისისათვის დვალების ასიმილაციის პროცესი დასრულდა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი შეერწყა ქართლის, რაჭისა და იმერეთის მოსახლეობას. დვალეთში დარჩენილი ნაწილი კი - ოს მოახალშენეებს. მაგრამ რა თქმა უნდა ქართველთა აქ ცხოვრება უკვალოდ არ გამქრალა და თავი შემოინახა ტოპონიმიკაში, რელიგიაში და მატერიალური კულტურის ძეგლებში. დვალეთის მატერიალური კულტურის ძეგლთაგან ჩვენამდე მოაღწია: მდინარეების არდონისა და ფიაგდონის სათავეებში აგებულმა სიმაგრეებმა: კასრის-კარმა და ხილაკამ; ზროგოსა და მამისონის ხეობაში ქრისტიანული ტაძრების ნანგრევებმა და სხვა. თრუსოს ხეობაში დვალთა ნასოფლარებმა, კოშკებმა და ქრისტიანულმა ეკლესიებმა. აკადემიკოსი გიულდენშტედტი, რომელიც რუსეთის საიმპერატორო კარის დავალებით მოგზაურობა კავკასიაში და კერძოდ საქართველოში აღწერილი აქვს თრუსოს ხეობაც: „თირსაუ აგრეთვე თრუსო ზემო თერგზე, მაღალ ფიქალიან მთებში. მისი სოფლებია: 1. რესი, 2. სივერაუტი, 3. გიმარა, 4. წოწოლტა, 5. ბურმასეკი, 6. ხუძანი ან კარათ-ყაუ, 7. ვალანდენძე, 8. დალაგდენზე, 9. ბარსი, 10. სუ-თისი, 11. ცარგიშტი, 12. აბანო.13. კეთრისი (ზაკაგორი). ისინი ეკუთვნოდა არაგვის თავადურ გვარს, ხოლო მისი დაცემის შემდეგ ქართლის მეფის ხელში გადავიდა“. აქ აღწერილი თრუსოს სოფლების სია რა თქმა უნდა არ არის სრული, ხოლო სოფლების სახელი გერმანული ენის შესატყვისი ფორმითაა გადაკეთებულ-დამახინჯებული. მაგრამ იგი ჩვენი კვლევისათვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს, რადგანაც აქ შემონახულია ამ ხეობის სოფლების ძველი სახელწოდებანი, რომელთა ერთმა ნაწილმა შემდგში ცვლილება განიცადა, მაგ. ვალაგდენძე და დალაგდენძე მკვლევართა ერთი ნაწილის ვარაუდით ზემო და ქვემო დესია. ზოგი სოფლის სახელწოდება დღეს აღარ გვხდება, მაგალითად ბასრი და ცარგიშტი. ხოლო ზოგი სოფელი იმ დროს ორ სახელს ატარებდა. მაგ. ხუძანი ან კარათყაუ და როგორც ცნობილია აქედან მხოლოდ ყარათყაუ შემოგვრჩა და საერთოდ აღარ გვხდება სოფელი ცარგიშტი (თუ სოფლების აღწერის რიგს გავითვალისწინებთ წარგიშტი იგივე ზაკა-გორი უნდა იყოს).
ახლა ამ სახელთა განმარტება ვცადოთ: 1. თრუსო-არს ზღუდე ქვისა კოშკიანი, დიდი და კეთილადშენებული. 2. შევარდენი-ფრინველი. 3. მნა - ებრაულად კინახარეს, ხოლო ელინებრ ტალანტი რომელ არს ზოდი ოქროსა გინა ვერცხლისა ორ ლიტრა ნახევარი. 4. ოქროყანა-ეწოდება უხვმოსავლიან ადგილს. 5. კასარა-არის ქართული კასრი. 6. ნოაყაუ-ახალსოფელი, რომელიც გაშენებულია ძველი ადოს ადგილზე, ადოს მინდორი მოხსენებულია გიულდენშტედტთან. 7. კეთრისი-ეგების უკავშირდებოდეს კეთრით დაავადებულს რაც რამენაირადმე შესაძლოა უშუალო მიმართებაშია სახელწოდება აბანოსთან, სადაც ხდებოდა მათი განკურნვა. 8. აბანო-სააბანოე. 9. ზაკაგორი ანუ-[ზაკა+გორი]? ცარგიშტე. 10. სუათისი-? (შუათი). 11. ყარათყაუ ანუ ხუძანი- ყარა-თურქულად-შავი, ყაუ-ოსურად სოფელი ე.ი. შავისოფელი. 12. გიმარა-ამ ტოპონიმში შემონახულია ირანულენოვანი კიმერიელების სახელწოდება, რომელთაც მიიღეს მონაწილეობა ოსი ხალხის ეთნოგენეზისში. კიმერ-გიმირ-გიმარა. ამავე სატომო სახელიდან მომდინარეობს მწვერვალ ჯიმარაის სახელწოდება. 13. ბურმასიგი-ბურ (ჩალისფერი) მასიგ-ციხე. 14. ცოცოლთა-?-წოწოლდა- [წოწოლა-(ფრინ.) მოდიდო წოტა] B. (ფრიდ) დიდი წოტი. 15. სივრაულთა-? (სივერაუტი). 16. რესი-? 17. დესი-? 18. ტეფი-? 19. აგანთყაუ-? 20. განისი-? 21. ნოგ-ყაუ-? 22. მაცხარი-? როგორც აქედან ჩანს ამ ხეობის (თრუსოს ხეობის) სოფელთა სახელწოდებანი უმთავრესად ქართულ გარემოში ჰპოვებს ახსნა-განმარტებას. უმცირესობა ოსური და თურქული სიტყვების შეერთებით წარმოსდგა მაგ. ყარათყაუ, რომელიც გვიანდელია და მისი თავდაპირველი სახელწოდება ხუძანი ყოფილა. ხოლო ნაწილი ამ სოფლებისა აუხსნელი რჩება. მისი მიზეზი კი ჩვენი აზრით ისაა, რომ სახელწოდებებმა დროთა განმავლობაში დამახინჯება განიცადა და მათი შინაარსის გამორკვევა დღეისათვის ძნელდება.
თრუსოს ხეობა დვალეთის ერთი ნაწილია. თუ ჩვენ დვალურ ენაზე, ვითარცა დვალთა ეთნიკური (თუ ეთნოგრაფიული) ფიზიონომიის განმსაზღვრელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანზე, მათი ოდინდელი განსხლების არეალში ფიქსირებულ და სწორედ დვალური ენის პროდუქტად მიჩნეული ტოპონიმების მიხედვით ვიმსჯელებთ, სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ საძიებელი ენა, უწინარეს ყოვლისა, ქართველურ ენებს ენათესავებოდა, რის კვალობაზე სრულიად კანონზომიერად იბადება აზრი ერთ-ერთ უძველეს ქართველურ ტომად დვალთა წარმოდგენის მიზანშეწონილობის შესახებ. ამასთან, ძველი დვალური ენის მრავალსაუკუნოვანი ფუნქციონირების ერთადერთი უტყვი მოწმე, განსაკუთრებით ბევრ საერთოს ჰპოულობს დასავლეთ საქართველოს მთიანეთის (კერძოდ, სვანეთ-რაჭა-ლეჩხუმის) ტერიტორიაზე ფიქსირებულ ტოპონიმიკასთან. აკად. გიულდენშტედტი წიგნში „მოგზაურობა საქართველოში, ტომი-II, თბ. 1964წ. გვ:67.“ წერს: „დვალეთი რიონის შენაკად ჯეჯოზე, ალპური მთების სამხრეთავის მამულების მიერთებისას ის თავისად გაიხადა. ამ მხარეზე ქართლის მეფეც აცხადებს თავის უფლებებს. ჩრდილოეთით ის ვრცელდება მდ. თერგში ჩამდინარე არდონის სათავეებამდე და არდონზე მდებარე მამისონის მხარემდე. მისი სოფლებია:1. გულიანთა, 2. ნადარბაზევი, 3. ნაკრებავი, 4. კორეჩეთი, 5. ქვემო ბოჟა, 6. დიდი ბოჟა, 7. კობიათა, 8. მორეხა, 9. საბატარა,10. ჯავისთავი, 11. მაჩხარა, 12.საჯვარი, 13. ტკებურთა, 14. ლეთი, 15.სროგო, 16.ქეშელთა, 17. ზამთარეთი.
ვახუშტი ბაგრატიონის თქმით, დვალეთში იყო შემდეგი ხევები: კასრის, ზრამაგა, ჟღალე, ნარა, ზროგო, ზახა, თრუსო, მაღრანდვალეთი.
დვალების ტომი ერთი პერიოდი ბაცბური (ჩეჩნებისა და ინგუშების მონათესავე, იბერიულ-კავკასიური) წარმომავლობისად მიაჩნდათ, ახლა კი მიღებული თვალსაზრისია, რომ ისინი წმინდა ქართული წარმომავლობისა იყვნენ. მათი შთამომავლები არიან დვალი, დვალიშვილი, დვალაძე, დვალაშვილი, ქასრაძე, ცხოვრებაშვილი, ტუაევი, ვალიევი და სხვა. ქრისტიანობა დვალეთში VI საუკუნის შუა წლებიდან გავრცელდა. იგი შედიოდა ნიქოზის ეპარქიაში. დვალეთში უაღრესად პატრიოტი და განათლებული ხალხი ცხოვრობდა, აქ დიდად განვითარებული იყო ქართული კულტურა. საქართველოს ისტორიამ არაერთი განათლებული დვალი იცის. ქართული კალიგრაფები მოღვაწეობდნენ მეტწილად იერუსალიმის ჯვრის მონასტერში, სინას მთაზე და უცხოეთში მოქმედ სხვა ქართულ მონასტრებში. ზოგიერთი საქართველოში. იოანე დვალი ცხოვრობდა XI საუკუნეში მას გადაუწერია „თვენი“, მანვე 1055 წელს გადაწერა „წმინდა ბასილის ცხოვრება”, რომელიც დაწერილია ნუსხურით. მიქაილ დვალს გადაუწერია „ჟამნი“. სტეფანე დვალს „ჟამისწირვათა კრებული“. გიორგი დვალს გადაუწერია „ლაბეჭინის ოთხთავი, რასაც XIII საუკუნეს მიაკუთვნებენ. დვალი მამების ღვაწლი დიდია ქართული კულტურის განვითარების ისტორიაში. XIV ს-ში დამასკოში ქრისტიანობისათვის ეწამა ნიკოლოზ დვალი. მას თავი მოჰკვეთეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий