XXXIV. ქვები და მინერალები
თუმცა კოლხიდაში ძლიერ ცოტაა ქვის სახლები, მაგრამ მიზეზი მასალის უქონლობა როდია. ქვის სახლების აშენება რომ ჰსურდეთ მეგრელებს, საუკეთესო მასალა აქვთ. აქ არის ჩინებული ქვა, ხე-ტყე ბლომად და საუკეთესო გამოსაწვავი კირ-ქვა. ცაიშის საე- პისკოპოსოში მშვენიერი თეთრი ქვა მოიპოვება, რომელიც მეტად წააგავს მალტის (di маltа) ქვას: ისე ადვილი გასათლელია, რომ ვისაც რა უნდა, იმას გამოსჭრის ამ ქვაზე. ამ ქვიდან უკვე მრავალი მშვენიერი ტაძარია აშენებული და რამდენიმე სასახლე.
ხოლო მეგრელებს უყვართ თავისლუფლება და ერიდებიან მუდამ ერთ ადგილას დარჩენას საცხოვრებლად, ამიტომაც არ აშენებენ ქვის სასახლეებს, რასაც ხარჯიც ბევრი დასჭირდება და დროც. უფრო კი ის აშინებს მეგრელებს, რომ ასეთი სახლები რომ გვქონდესო, დიდხანს უნდა დავრჩეთ ერთ ადგილას საცხოვრებლადო, რადგან შეუძლებელი იქნებოდა სახლის ერთის ადგილიდან მეორე ადგილას გადატანა, როგორც ეხლა აქვთ ჩვეულებად. მართლაც, როგორც მეგრელს მოსწყინდება ერთ ადგილას ცხოვრება და მოესურვება სხვაგან გადასახლება, მაშინვე შეასრულებს თავის წადილს და თავის სახლს გადაიტანს და გადადის ახალ ადგილზე. ეს მეტად ადვილია მისთვის, რადგან მეგრული სახლი ხის არის და ისლით დახურული.
საკირექვით სავსეა ეს ქვეყანა, ხე-ტყე კიდევ მეტია და მუშახელი იაფი, რადგან აქ ხელფასად მხოლოდ სარჩოს ყაბულდებიან. ამ რიგად სამეგრელო მდიდარია ქვითაც, ხეტყითაც, კირითაც და მუშახელითაც, ისე რომ მეგრელებს რომ უნდოდეთ, მშვენიერ და ჩინებულ სახლებს აიშენებდნენ.
გარდა ამისა იმ მთაზე, რომელიც არკამას არკამას არკამას (Arcamá) დასცქერის, მოიპოვება მეორე ნაირი ქვა-ნაცრის ფერი. ეს ქვა ძირს ჩამოაქვს მდინარეს, რომელიც ჩამოდის ხსენებული მთიდან. მკვიდრნი ამ ქვას ხმარობენ ხელის წისქვილისა, საცეხველისა და აგრეთვე თორნეებისათვის. ამ ქვის თვისება ის არის, რომ რაც უნდა გაახუროთ, საშიში არ არის, რომ დასკდეს.
რაც შეეხება მადნებს, თუმცა ფიქრობენ, რომ კავკასიის უამაღლეს მთებში ბლომად არისო როგორც ოქროსი, ისე ვერცხლის ვერცხლის ვერცხლის მადნები, მაგრამ ყოველსავე ამას ჰმალავენ თურქების შიშით. მეგრელებს ეშინიათ, რომ თურქებმა ოქროს სიხარბით არ მოინდომონ კოლხიდის დაპყრობაო. მეგრელები უფრო აფასებენ თავისუფლებას, ვიდრე სიმდიდრეს და ამჯობინებენ, რომ მოკლებულნი იყვნენ ოქროს, ვიდრე თავისუფლებას მოაკლდნენ: სჯობს ვიყოთ საწყალი და ღარიბი თავისუფალი ადამიანები, ვიდრე თურქთა მდიდარი მონები გავხდეთო. მართალნიც არიან, რადგან, რომაელთა არ იყოს, „Non bene pro toto libertas venditur auro“ („კარგი არ არის თავისუფლების გაყიდვა ოქროზე“).
რომ ძველად ამ ქვეყანაში ბევრი ოქრო-ვერცხლი იყო, ამას ამტკიცებს ოქროს საწმისის თქმულება და აგრეთვე პლინიუსი თავისი ისტორიის 33-ე წიგნში, სადაც ამბობს, რომ სევლაკოსი როცა კოლხიდაში მეფობდაო, ნახა სრულებით დაუმუშავებელი მიწა და იქიდან ამოიღო მრავალი ოქრო. დღესაც სამცხეში, რომელიც წინად ეკუთვნოდა, ათაბაგებს და ეხლა კი თურქებს უჭირავთ, მოიპოვება ქალაქი არტაანი (citta d‘ Aradan), რომლის მახლობლად მრავალი ოქროს მადანია. ამ მადნებიდან, თუმცა იმდენ ოქროს ვერ იღებენ, რაც კაცის გაუმაძღარ გულსა ჰსურს, მაგრამ იქაურებს მაინც კარგი სარგებლობა აქვთ.
ამავე მთაში მოიპოვება კიდევ სურმა, რომელსაც მკვიდრნი არ იცნობენ. სურმის დიდი ნაჭერი ერთხელ მე გამომიგზავნა საჩუქრად ფაშის ექიმმა.
იმერეთის მეფესაც აქვს, როგორც მე მითხრეს სარწმუნო კაცებმა, თავის სამეფოში, მთებში, ვერცხლის მადნები და ჩუმად აწარმოებენ ამ მადნებსო.
ხოლო დადიანი, რადგან ზღვისპირად არის, სადაც მუდამ მოდიან სავაჭროდ კონსტანტინეპოლიდან გემები, დიდად ცდილობს, რომ თავისი მადნები სრულიად დამალული და უცნობი იყოს. ჩემს დროს იქ იყო ერთი მეგრელი, რომელსაც რჯული გამოეცვალა კონსტანტინეპოლში. მან კარგად იცოდა თავისი ქვეყნის ამბავი და თურქებისათვის გაემჟღავნებინა, თუ რა მადნებია სამეგრელოში. მაგრამ რადგან მას არ დაუჯერეს, როცა იგი დაბრუნდა ოდიშში, აქედან ხელახლავ წავიდა კონსტანტინეპოლში და თან წაიღო ორი გოდორი მიწა, რომელიც ამოიღო ოდიშის ოქროს და ვერცხლის მადნებიდან. ეს მთავარმა გაიგო და, როცა ის მეგრელი მეორედ დაბრუნდა სამეგრელოში, უეცრად დააჭერინა და ბრძანა მისთვის ცალი ფეხი და ცალი ხელი მოეჭრათ. ასე დასაჯა მთავარმა ის კაცი იმისათვის, რომ გაამჟღავნა ის, რაც არ უნდა გაემჟღავნებინა.
იმერეთის მთებში არის კიდევ რკინის მადნები იმდენი, რომ ზოგ ადგილას ხალხი სხვა ხელობას არ ეტანება და მხოლოდ რკინას იღებს მადნებიდან და ამ რკინისაგან აკეთებს სხვადასხვა ნივთებს. აგრეთვე შეეძლოთ მოქცეულიყვნენ ოდიშში, მაგრამ იქაურებს უფრო სასარგებლოდ მიაჩნიათ, რომ ქვეყანას სიღარიბის სახელი ჰქონდეს და მათი სიმდიდრე არ გამოაშკარავდეს.
გარდა ამისა ცაიშის საეპისკოპოსო მთაში მოიპოვება ჩინებული ოხრა, მაგრამ მკვიდრნი მას არ აფასებენ, არც იცნობენ და არც მუშაობენ. იგი პირველად მაჩვენა მე ერთმა ბერძნის მხატვარმა და მერე ბევრჯელ მე თვითონ ვიპოვე მიწაში. ამავე მთაში უნდა იყოს ტყვიაც. აგრე ვფიქრობ იმიტომ, რომ მატტიოლო და სხვები ამტკიცებდნენ, რომ ოხრა ტყვიის ორთქლისაგან ჩნდებაო (ლამბერტი და მატტიოლო ცდებიან, რადგან თხრა წარმოადგენს რკინის ჟანგის ჰიდრატს; აგრეთვე იგი გვხვდება სპილენძის მადნებში და არა ტყვიისაში. კ. ჰანი). მაშასადამე სადაც თხრა არის, იქ ტყვიაც უნდა იყოს.
XXXV. ხეები და მცენარეები
რაც კოლხიდაში ხეები მოიპოვება, ყველასა სჯობს, ჩემის აზრით ჭადარი (il Platano), რომელიც ნიადაგის სინესტის გამო ისე მაღალი იზრდება, რომ უდიდეს ხეებს აღემატება. რამდენადაც ეს ხე მშვენიერია, იმდენად იშვიათია. ერთის მხრით სიმშვენიერისა, და მეორეს მხრით, იშვიათობის გამო ამ ხეს ყველასაგან დიდი მოწონება აქვს და დიდადაც აფასებენ მას. იგი ტყეში ან სადმე სხვაგან თავისით როდი იზრდება, არამედ ვისაც უნდა იქონიოს ეს ხე, უნდა დარგოს განგებ და კარგადაც მოუაროს, რადგან მრავალთაგან ჩვეულებრივ მხოლოდ რამდენიმე გაიხარებს. აქედან სჩანს, რომ ეს ხე ოდიშში მკვიდრი არ არის, არამედ უცხოა და სხვა ქვეყნიდან გადმოტანილი.
ჭადარის შემდეგ მკვიდრთა შორის მოწონებაშია რცხილა (il Carpeno), რომელიც უკვე აღვწერე მეექვსე კარმი და რომლის შესახებ აქ აღარას ვიტყვი.
ტყეებში კიდევ იზრდება ერთნაირი ხე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში სრულიად არ მოიპოვება და რომელსაც არც მატტიოლი, არც დიოსკორიდე და არც სხვა სწავლულები არ იცნობენ. ეს ხე სიმაღლით არ აღემატება ატმის ხეს, ფოთლები აქვს დაკბილული და ღია მწვანე ფერისა; ხე მეტად რბილია. ფოთლების წინად ყვავილს გამოიღებს ისე ბლომად, რომ მთელი ხე თითქო ერთიანი თეთრი ყვავილიაო. ამ ყვავილს ნახევრად გაშლილს, მოჰკრეფენ, ძმარში ჩასდებენ და ხმარობენ, როგორც კაპარს (cappar), რომელსაც კიდეც ჰგავს. ყვავილის ჩამოცვენის შემდეგ სამკუთხიან კანში ჩნდება პატარა ცერცვის ოდენა თესლი, რომელსაც მათებურად ჰქვია ჯონჯოლი ჯონჯოლი (Giorgiolè).
აგრეთვე არის ერთნაირი ხე, რომელიც ჩვენს დროში გადმოუტანიათ იტალიაში, სადაც უწოდებენ მას წმიდახეს. ეს ხე ბლომად მოიპოვება კოლხიდაში. იგი თავისით იზრდება ყოველ ადგილზე; არ არის ტყე, რომ ეს ხე არ იზრდებოდეს; მისი ბუჩქნარები კედლებზე და შარა გზებზეც კი იზრდება. მის პაწიწინა ხილს სჭამენ ნედლადაც, მაგრამ ხმელს უფრო მოწონება აქვს, რადგან უფრო გემრიელია. ამ ხილს მათებურად ჰქვია ხურმა.
ტყეები სავსეა თხილით. ტყის თხილი ნაკლებად ან სულ არ იძლევა ნაყოფს. მაგრამ რადგან მისი ხე რბილია და ადვილი მოსადრეკი, ამიტომაც ხმარობენ ღობეებზე სარების შესაკრავად. ბაღებში გაშენებული თხილი ბლომად იძლევა ნაყოფს.
აქ მოიპოვება კიდევ ალუბლის ალუბლის ალუბლისხე გარეულიც და შინაურიც. გარეული მეტად მაღალი იზრდება და მასზე გაჰყავთ ვაზი. შინაური კი უფრო იშვიათია და ისე მაღალი არ იზრდება.
თუთის ან ბჟოლის ხე (ცელსა ó more) ისე ბლომად იზრდება, რომ იმისი მთელი ტყეებია და არ არის ადგილი, რომ იგი არ იზრდებოდეს. წინად ამ ხეს არაფრად არ ხმარობდნენ. მხოლოდ რამდენიმე წელიწადია მას აქეთ, რომ სომხებმა და ებრაელებმა ასწავლეს მეგრელებს მისი სარგებლობა. ეხლა კი აბრეშუმის ჭიის საკვებად ხმარობენ და დიდად სარგებლობენ.
ბზის ხეებით სავსეა მთელი ზღვის პირი და ზოგი ქვიანი მთა. უფრო ბლომად იზრდება ეს ხე მომიჯნავე აფხაზეთში. მოჭრილი ხეები მიაქვთ ზღვის პირზე და იქ სცვლიან მარილზე, რომელიც მოაქვთ თურქთა გემებს. ეს გემები, კოლხიდისაკენ მიმავალნი, ყირიმს რომ მიუახლოვდებიან, ბალასტის მაგიერ დაიტვირთებიან მარილით, რომელსაც აქ მეტად იაფად იძენენ და კოლხიდაში კი ძლიერ კარგ ფასში ჰყიდიან. რაც დარჩებათ კოლხიდაში გაუყიდველი, იმით, უკან რომ დაბრუნდებიან, იყიდიან აფხაზეთში შვიდ თუ რვა ათას ბზის ხეს, რომელსაც მერე გაჰყიდიან კოსტანტინეპოლში თითო სკუდოთ (scudo) თითო ხეს.
ზეთისხილისხე აქ ძლიერ ცოტა არის. რაც არის, ისიც სხვა შორეულ ქვეყნებიდან არის გადმოტანილი. მხოლოდ აქა-იქ აქვს რამდენიმე დიდებულ მემამულეს ოცდა-ათ, ოცდა-ათი თუ ორმოც-ორმოცი ძირი თითოს. ხოლო იგინი ზეთს არა ხდიან და მხოლოდ ცუდად დამზადებულსა სჭამენ, რადგან არ იციან ჩვენებურად მისი გაკეთება.
თეოფრასტე ამტკიცებს, რომ პონტოში არ მოიპოვებაო არც დაფნა და არც ტვია (Mirto). რაც შეეხება ტვიას, იგი არც მე მინახავს. ხოლო დაფნა კი ბლომად არის ცაიშის მთაზე, ნაქალაქევში და ზღვის პირად. ამიტომაც მიკვირს, რად ამტკიცებს ამას თეოფრასტე მაშინ როდესაც უფრო ფრთხილი თავის დაკვირვებაში ბელონიუსი ამბობს, რომ სხვა მცენარეთა შორის ამ ქვეყნებში დაფნაც მომიკრეფიაო.
შქერი შქერი (il Rododendro О Oleandro) ბლომად იზრდება როგორც მინდვრებში, ისე მთებში. იგი ორ ნაირია: ერთი ისხამს ვარდისფერ ყვავილებს და მეორე ყვითლებს, ორივე მცენარე ძლიერ ჰგვანან ერთმანეთს შეხედულებით, ყვავილების მოყვანილობით, გინგლიანის მოგრძო ნაყოფით და აგრეთვე იმით, რომ მათი ხე ადვილი მოსახრელია. ასეთმა მსგავსებამ მე იმ დასკვნამდე მიმიყვანა, რომ ორივე ოლეანდროს გვარი მცენარეა მეთქი, მაგრამ მათ შორის განსხვავებაც არის ფოთლებსა, ყვავილების სურნელოვანებასა და ფერში. მართლაც, ჩვეულებრივ ოლეანდროს ფოთლები წაგრძელებულია, მუქი მწვანე, ოდნავ მბზინავი და თითქოს გალაქული; ყვითელი ოლეანდროს ფოთლები კი ღია მწვანეა, ნაკლებ წაგრძელებული, არ ბზინავს, არამედ გინგლიანია. ჩვეულებრივი ოლეანდროს ყვავილი ვარდისფერია და ყვითელი ოლეანდროს კი ოქროს ფერია. (როგორც სჩანს, ავტორს აღწერილი აქვს შქერი (Rhododendгоп Ponticum) და იელი (Azalea Pantica). კ. ჰანის აზრით, ლამბერტი სასტიკად სცდება, როდესაც როდოდენდრონს აიგივებს ოლეანდროსთან. უკანასკნელი გარეული სახით კავკასიის მთებში არსად მოიპოვებოდაო). პირველს არავითარი სუნი არა აქვს და მეორეს კი მეტად სასიამოვნო სუნი აქვს. იმისი სუნი მოგაგონებსთ თუ მუშკსა და თუ ახლად ამოღებულ ცვილსა, ისე რომ თუ ყვავილების დროს გაივლით იმ ადგილებში, სადაც ოლეანდრო იზრდება, მაშინვე სუნით იგრძნობთ ამ მცენარეს.
სახელგანთქმული პონტის აბზინდა (Assenzo Pentico) სრულებით არ მოიპოვება ოდიშის ნიადაგზე. ჩვეულებრივი ჩვენებური აბზინდას რამდენიმე მცენარე მინახავს მე მდინარეების ნაპირად, მაგრამ ყოველთვის, როდესაც გადამირგავს ჩვენს ბაღში, ზამთარში გამხმარა. აქედან ის დასკვნა უნდა გამოვიყვანოთ, რომ ეს მცენარე ადგილობრივი არ არის, არამედ წყალდიდობის დროს მდინარეებს მთებიდან ბარში ჩამოაქვთ. დიაღ მართალია, რომ ნამდვილი პონტის აბზინდა ყველა იმ ნიშნებისა, რომელთაც აწერენ სწავლულები, ბლომად იზრდება საქართველოში.
ენძელა ანუ კოლხური (L‘ Ermodactilo ó Colchico) ისე ბევრია მიდვრებში, რომ კოლხიდიდან მიიღო მან თავისი სახელი - „კოლხური“. შემოდგომის დასაწყისში გამოიღებს იგი ყვავილს, რომელიც მოყვანილობით ჩამოგავს ზაფრანის ყვავილს, მაგრამ ფერით კი არა ჰგავს.
ჭაობებში და პატარა მდინარეებში ბლომად იზრდება მატტიოლისაგან აღწერილი ზამბახი ზამბახი ზამბახი (I‘ Acoro). ყველა ქართველები და მეგრელები ხმარობენ ამ მცენარეს სხვადასხვა ავადმყოფობაში და მის ძირს მუდამ თან ატარებენ ქისაში, რათა საჭიროების დროს საჩქაროდ მოიხმარონ. მეგრულად ამ მცენარეს ჰქვია ნარგიზი (Narghi) და ქართულად კი კოთხონჯი (Cotcongi). (სინამდვილეში პირიქით ქვია).
ეკალათი (Similagine aspra) სავსეა ტყეები (ღიჭი (ქართ.), ეკალა (გურ. და იმერ.), კაკალახი (მეგრ.). ი. ქობალიას სიტყვით, ეს მცენარე მეგრულად იწოდება „ვავიღარი“, ხოლო შეჭამადი - „ვადიაზი წვანერი“. ნორჩ ყლორტებს ეწოდებათ „ვაღია“.). მისი ნორჩი ყლორტები მეგრელებს მიაჩნიათ მეტად გემრიელ საჭმელად, რომელსაც სჭამენ დიდ მარხვაში სატაცურსავით. წლის განმავლობაშიც სჭამენ მარხვის დღეებში ძმარით დამზადებულს.
მარწყვი ისე ბლომად არის მინდვრებში, რომ თითქოს წითელი ხალი დაუგიათო. მაგრამ არავინ არც ჰკრეფავს და არც სჭამს მას, რადგან ძლიერ ეზიზღებათ იგი. მეგრელებს სწამთ, რომ მარწყვს გველები სჭამენ და სუნავენო. მე კი ხშირად მიჭამია იგი და ჩემთვის არამცთუ ვნება არ მოუტანია, არამედ დიდი სიამოვნებაც მიგრძვნია.
სატაცური ისე ბლომად იზრდება, რომ ზოგან ზღვის პირი იმით სულ დაფარულია. მეგრელებს თუმცა მოსწონთ საჭმელად სატაცური, მაგრამ სიზარმაცის გამო ცოტანი მიდიან ზღვის პირად იმის მოსაკრეფად. მხოლოდ ისინი მიდიან, ვისაც ამისთვის ბატონი აიძულებს. დანარჩენები იმითაც არიან კმაყოფილნი, რომ დიდმარხვაში ხარშავენ და სჭამენ ჭინჭარს, რომელიც სახლის მახლობლად იზრდება და მაშასადამე უფრო ადვილად მოსაკრეფია, ვიდრე სატაცური.
ზღვის პირად ფაზისის გაღმა, არის აგრეთვე ძირტკბილა ძირტკბილა (Gli chiriza) საკმაოდ წვრილი. ხოლო უკეთესი და უფრო ბევრი გვხვდება საქართველოში.
Centaurio maggiore მე არასოდეს არ მინახავს აქ; ხოლო ღიღილო (centaure minore) როგორც წითელ, ისე თეთრ ყვავი ღილო ლებიანი ბევრია ყველა მინდვრებში. აგრეთვე ბევრია თავშავა (Origano), ძაღლ-ნიორა (Puleggio), ცოცხ-მაგარა (Bettonica), პიტნა, გარეული პიტნა (ომბალო) და ბარამბო (Mellisofillo), რომელთა სიმრავლე უფრო შესანიშნავია, ვიდრე თვისება, რადგან მიწის გადამეტებული სინესტის გამო მათ ან სულ დაუკარგავთ თავისი ძალა და ან სულ ცოტა შერჩენიათ. სხვა მცენარეებზე აღარას ვიტყვი, რადგან ან ბლომად არ მოიპოვებიან, ან ჩვენებურ მცენარეებსა ჰგვანან და განსაკუთრებული რამე არ ითქმის მათ შესახებ.
XXXVI. კოლხიდის თაფლი
ეს ჩვენი აღწერილობა დავაბოლოვოთ კოლხიდის თაფლით, რომელიც აგრე ნაძაგებია მწერლებისაგან, განსაკუთრებით სტრაბონისაგან, რომელიც შემდეგ სიტყვებით აქებს ამ ქვეყანას და მის სხვადასხვა ნაყოფს და მხოლოდ თაფლს აძაგებს: „Вoна est regio fructusque eius boni melle dempto quod plerumque amaroris aliquid habet“. („ქვეყანა კარგია და ნაყოფიც კარგია, გარდა თაფლისა, რომელსაც ჩვეულებრივ მწარე გემო აქვს“) ზოგნი იმასაც ამბობენ, რომ კოლხიდის თაფლი არამც თუ მწარეა, არამედ მავნეც არისო. ამის მიზეზი ის არისო, რომ კოლხიდაში ყოველგან ბლომად იზრდება ოლეანდრო, რომელზედაც ფუტკარი თაფლსა ჰკრეფავსო და რადგან იმ მცენარეს საწამლავი აქვსო, თაფლიც იმდენად მოწამლული გამოდისო, რომ ვინც სჭამს, ან იწამლება და ან გონება ეკარგება და ბრაზი ერევაო. (ალბათ აქ ოლეანდროში ავტორი გულისხმობს იელს) ყოველ შემთხვევაში მე კი, ჩემის მხრით, გამოცდილებით შემიძლია გაბედულად ვთქვა, რომ მთელ ქვეყნიერობაზე საუკეთესო თაფლი კოლხიდისა არის. ამას ვამბობ იმიტომ, რომ კოლხიდის ჩვეულებრივი თაფლი ჰგავს ესპანეთის თაფლს და აკმაყოფილებს ყველა იმ პირობებს, რომელსაც მოითხოვს საუკეთესო თაფლისაგან მატტიოლი. ამის მიზეზი ის არის, რომ აქ ყოველგან ძლიერ უხვად იზრდება თავისით ბარამბო, რომელიც ყველა ვერან მინდვრებზე მოდებულია. ეს ბალახი მეტად მარგებელი და გემრიელია ფუტკრისათვის: მისი სახელი Mellisoffillo (თაფლ-ბადი) თაფლისაგან წარმოსდგება, რადგან ეს ბალახი თავის თვისებას აძლევს თაფლს და ამის მიზეზით მშვენიერი თაფლი კეთდება.
გარდა ჩვეულებრივის თაფლისა, არის კიდევ ერთნაირი თაფლი, რომლის მსგავსი არსად სხვაგან, გარდა კოლხიდისა და მის მეზობელ ქვეყნებისა, არ მოიძებნება: იგი ფრიად თეთრია და მაგარი, როგორც შაქარი, ისე რომ თუ ხელით მოტეხავთ რომელსამე მარცვალს, თაფლი ხელს როდი ეკვრის და გატეხილ ადგილზე გამოჩნდება თეთრი და მეტად რბილი ცვილი. (ამ თაფლს გურულად ეწოდება კრიპუჭი (მთარგმ.), მეგრულად - ვი ბურჭი (ქობალია). უკანასკნელის სიტყვით, ვიბურჭის შესახებ არსებობს აზრი, რომ იგი ჩვეულებრივი თაფლია, მხოლოდ მოძველებულიო, ე.ი. ორის, სამის, ოთხის და მეტის წლისა; დროთა განმავლობაში იგი, როგორც ამბობენ, იქცევა „ვიბურჭათ“. უკანასკნელი უმეტეს ნაწილად მოიპოვება გარეულ თაფლში.)
მე ვფიქრობ, რომ პლინიუსი შემცდარია, როცა ამბობს, რომ შავი ზღვის ნაპირებზე თეთრი ფუტკარი იცისო. ასეთი ფუტკარი მე არასოდეს არ მინახავს. მეგრელები კი საზოგადოდ იმ აზრისა არიან, რომ ამ თაფლს განსაკუთრებულის ჯიშის ჯუტკარი როდი აკეთებსო, არამედ განსაკუთრებულის თაფლის მიზეზი ადგილის თვისება არისო. ეს იქიდან მტკიდცებაო, რომ ერთი და იგივე სკა ერთ ადგილას რომ ასეთს შაქრის მსგავს თაფლს აკეთებს, მეორე ადგილზე მხოლოდ ჩვეულებრივ თაფლს აკეთებსო. ადგილის თვისება მხოლოდ იმაში მდგომარეობს დღემდეც, რომ სადაც ასეთი თაფლი კეთდება, მეტად ბევრი შაქრის ჩალაა. აქედან ის დასკვნა გამოჰყავთ, რომ აქ ფუტკარი აკეთებს თეთრს და მაგარ თაფლს იმის გამო, რომ შაქრის ჩალისაგან იღებს საჭმელსო.
ამნაირი თაფლი დიდად მოსწონთ თურქებს. როგორც საუკეთესო ძღვენს, უგზავნიან ამ თაფლს მეზობელ ფაშებს, რადგან კონსტანტინეპოლში ვერ გზავნიან იმის მიზეზით, რომ სკებიდან იღებენ ამ თაფლს ზამთრობით, როცა გემები არ დადის შავ ზღვაზე. სამაგიეროდ, როცა ოდიშში მოდიან თურქთა გემები, სხვა საქონელთა შორის ჩვეულებრივს თაფლს, როგორც საუკეთესო საქონელს, ბლომად ყიდულობენ, მიაქვთ კონსტანტინეპოლში და დიდის მოგებით ჰყიდიან იქ.
იმათ პასუხად, ვისაც უძაგებია კოლხიდის თაფლი, მე უნდა ვთქვა, რომ სტრაბონი ან თვითონ დარწმუნდა შეიძლება ამ თაფლის სიმწარეში და ან იქნება სხვისგან გაიგო ეს ამბავი. მე ვერ უარვყოფ, რომ ზოგჯერ ეს თაფლი შეიძლება მწარეც იყოს, მაგრამ ეს თვით თაფლის ბრალი როდია, არამედ იმ ჭურჭლისა, სადაც თაფლს ინახავენ. მეგრელებს ჭურჭელი აკლიათ და ამიტომ ჭურჭლად ხმარობენ მწარე კვახს (გოგრა ყელიანი - ქართ., მწარე კვახი - იმერ., მწარე ხაპი - გურ., კოლაჭური - მეგრ.), რომელიც თაფლს თავდაპირველად აძლევს მწარე გემოს. ხოლო გუდაში შენახული თაფლი ყოველთვის მეტად ტკბილია. იმათ კი, ვინც ამბობს, რომ კოლხიდის თაფლი შხამიანია და კაცს ჭკუაზე შეშლისო, მე ვუპასუხებ, რომ ეს რომ აგრე იყოს, მაშინ ვინ მოიძებნებოდა ისეთი გაბედული, რომ იგემებდა ამ საწამლავს და არ შეეშინდებოდა ჭკუაზე არ შევცდეო? ოღონდაც რომ არავინ არ მოიძებნებოდა. ხოლო ჩვენ ვხედავთ, რომ ყველანი სჭამენ ამ თაფლს და არავითარი ვნებას არა გრძნობენ. მართალია, რომ თუ თაფლს მოაგროვებენ მთებში იმ დროს, როცა იელი ჰყვავის, მაშინ ვინც სჭამს ამ თაფლს, პირს აღებინებს. ამიტომაც გლეხები ხმარობენ ამ თაფლს, როგორც საფაღარათოს. ხოლო, როდესაც ისევ სკაში ჩასდებენ ამ თაფლს, ან ჭურჭელში შეინახავენ, სრულიად ეკარგება აღნიშნული თვისება სასაქმებლისა და ამის შემდეგ ყველანი უშიშრად სჭამენ ამ თაფლს.
გარდა ამისა კოლხიდაში არის ფუტკარი ისეთი გარეული ბუნებისა, რომ მისი სკაში დამწყვდევა შეუძლებელია; ეს ფუტკარი ეძებს მეტად დაბურულ ტყეში ან უმაღლეს მთაზე ძველს გამოფუღრულს ხეს და ამ ფუღუროში დაბინავდება და აკეთებს თაფლს. მკვიდრებმა რომ იციან ეს, თოვლში და და ყინვაში მიდიან ფუტკრის საძებრად და ზოგჯერ იმდენ თაფლს და ცვილს იშოვნიან, რომ დიდი მოგება აქვთ. შინაური ფუტკარი, რომელიც შინ აკეთებს თაფლს, ვერასოდეს ამდენ თაფლს ვერ მოაგროვებს, რადგან შინაურ სკას ქურდები ჰყავს, რომელნიც ხშირად ჰპარავენ თაფლს.
Комментариев нет:
Отправить комментарий