ნიკოლაი გიორგის ძის დადიანოვის პირველისა, პოლკოვნიკის და კავალერისაგან განახლებით ქმნილი ისტორია, რომელსაც ეწოდება ქართველთ ცხოვრება, წელსა დასაბამიდან სოფლისა ჴტკზ (7327), ხოლო განხორციელებითგან სიტყვისა ღმრთისა ჩყით (1819), თვისა ივლისსა კ (20).
* * *
ნიკო დადიანის შრომა 1744 წლამდე წარმოადგენს ვახუშტის შრომის შემოკლებულ ვერსიას, რომელსაც აგრძელებს იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის სიკვდილის ცნობით და ეყრდნობა
პირადად შეგროვილ ცნობებს. XIX ს-ში დამკვიდრებული ტრადიციით ნიკო დადიანი ქართლ-კახეთის სამეფოს უწოდებს საქართველოს.
* * *
ხოლო რამდენისა ჟამსა შემდგომად ამა მეფემან (ალექსანდრე V) გაძარცვა ხატი ყოველად წმინდისა ღმრთის მშობელისა (რომელსა უწოდებენ ხახულისა ღმრთის მშობელსა) და ამის ძალით წარმოსცვინდენ ორივე თვალნი, და მოკვდა თვისა მარტსა, წელს ქრისტესით 1749. და იქმნა მის წილ მეფედ ძე მისი სოლომონ.
სოლომონ პირველის მეფობა.
ესე პირველი სოლომონ იქმნა მეფედ იმერთა კაცი მხნე, ახოვანი და მამაცობასა შინა ქებული. ამან შეირთო მეუღლედ აფხაზეთის თავადის ზუფუს მცხოვრები ინალიშვილის ასული. მაგრამ ვინაიდან იხილა გარეშე დადიანისა მეფობა მისი შეუძლებელ არის, ამისთვის განუტევა ინალიშვილის ასული და შერთო ოტია დადიანის ასული მარიამ, რომელიც იყო დედათა შორის ყოველად კეთილ-სახსოვარ.
ჟამსა ამას მძლავრებდენ იმერეთს ოსმალნი და ეპყრათ იმერეთსა შინა ოსმალთა სიმაგრენი, ციხე ქუთათისისა, შორაპანისა, ცუცხვათისა და ბაღდათისა და მძლავრობდენ დიდათ. თუმცა მხნე-ახოვანებითა თვისითა დიდათ წინააღმდეგობდა სოლომონ ოსმალთა, მრავალთა სრვიდა, მრავალთა ხოცდა და მრავალთა ატყვევებდა, და ოსმალნიცა მრავალჯერ გადააგდებდენ მეფობიდან, თუმცა კვლავ მეფედ მოიქცეოდა შეწევნითა დადიანისათა და თვისითა მხნე-ახოვანებითა. და მრავალნი ძლიერნი სერესკალნი ოსმალთანი შეწევნითა დადიანისათა დაამარცხა, დაარცხვინა და უკუნაქცია.
და ესე მეფობდა მეფე სოლომონ. ამან წინააღმდეგობისათვის თვისისა დაამდაბლა სახლი თავადთა აბაშიძეთა; თუმცა იყო სახლისშვილი აბაშიძისა მეფე ესე, მაგრამ არა რიდა და წავიდა პაპა მეფისა ამის ლეონ აბაშიძე ახალციხეს და მოიცა ძალი ოსმალთაგან, და მოვიდა აბაშიძე იმერეთს დიდითა სერესკლებითა. მცნობმა ამისმა მეფემან სთხოვა შეწევნა სიმამრსა დადიანსა ოტიას. და ვინაიდან კაცი მამაცი დადიანი ოტია მოუძლურებულ იყო მოხუცებულობისა გამო, ამისთვის წარმოუვლინა ძე თვისი კაცია შესაწევნელად სიძესა თვისსა მეფესა. და წამოვიდა კაცია სპითა ოდიშ-ლეჩხუმ-აფხაზთა, და აქეთ მეფემან შეიკრიბა რამოდენიმე იმერნი, თუმცა უმეტესი მიბირებულ იყო აბაშიძის ლეონისა მიმართა, და შეერთებულნი მეფე და კაცია დადიანის ძე მიუხდენ ხრესილს მყოფს ოსმალთა განდიდებულთა მხედრობათა და შეიქმნა ბრძოლა სასტიკი, სადა მამაცად იბრძოდენ მეგრელნი და ლეჩხუმელნი და განდრიკეს თათარნი. მიეწივნენ მეგრელნი და მოკლეს აბაშიძე ლეონ, პაპა მეფისა, შეიპყრეს აბაშიძე გედევან და მოჰგვარეს მეფესა და შემდგომად დაწვა თვალნი მეფემან. კვლავ მეგრელთ შეიპყრეს გოლა ფაშა და სპასპეტი მხედრობისა ამის ბაშ-აღა და მოჰკვეთეს ორთავეს თავი. და გაემარჯვათ დიდათ და სახელოვნად მეფესა და დადიანსა წელს ქრისტესით 1756, რომ კაცსა ერთსა მოჰყავდა ათი ოსმალი შოვებული და აიღეს ალაფ-ბარგნი უმრავლესნი და თუმცა სადმე გაიქცა რაოდენიმე ოსმალნი, ივლტოდენ ახალციხეს. ხოლო მეფე და დადიანი მოიქცენ გამარჯვებულნი სახლადვე თვისად. მხოლოდ ძე დადიანისა მწუხარე იყო, ვინაიდან მხლე მისი შარვაშიძე ხუტუნია მოჰკლეს ბრძოლასა ამას შინა, რომელმანცა სამაგალითოდ წარმოაჩინა მამაცობა და სიმხნე მისი, სადა სხვათა სახელოვანთა ბრძოლათა შორის ხმლითა განჰკვეთა თექვსმეტი ოსმალნი და შემდგომად ოსმალთ რაზმთა შუაგულობასა მყოფი მოჰკლეს შარვაშიძე ხუტუნია.
ამა ჟამთა გარდაიცვალა დადიანი ოტია და იქმნა დადიანად კაცია. ამა წელს დაბნელდა მზე წელს ქრისტესით 1758. შემდგომად რამოდენისამე ჟამისა კაცია დადიანმა განუტევა ცოლი ინალიშვილის ასული და მიიყვანა მეუღლეთ დიდითა და სახელოვნითა მზითვითა საქართველოსა და კახთა ცხებულის მეფის თეიმურაზის ასული, და სახელოვნის მეფის ირაკლისი ელისაბედ, რომლისა ქებანი წარიწერებოდენ ამა სამეფოთა და სამთავროთა კიდით-კიდემდე. ხოლო შემდგომად ორისა წლისა შობასა ზედა ყრმისასა მოკვდა სანეტარო ესე დედოფალი ელისაბედ სამწუხაროდ და საგლოველად ყოველთა სამეფოთა საქართველოსა და სამთავროთა სამეგრელოსათა. და დაფლეს ცაგერს, ვინაიდან გარდაიცვალა სამთავროსა სასახლესა მურს წელს ქრისტესით 1770. და შემდგომად მძიმისა გლოვისა შეირთო ცოლად დადიანმა კაციამ ასული პაატა წულუკიძისა ანა.
მეფემან ამან სოლომონ როდეს იხილა, რომ ვერ განთავისუფლდება ოსმალო მონებისაგან, ამისთვის ევედრა როსიისა იმპერატრიცას ეკატირინა მეორესა. ამან წარმოუვლინა მხედრობა და აიღეს ციხე ქუთათისისა, შორაპანისა, ცუცხვათისა და ბაღდადისა და მრავალნი მოსრეს, ამოწყვიდეს ოსმალნი და სხვა დარჩენილნი განდევნეს. და იქმნა თავისუფალ მეფედ სოლომონ. ხოლო შემდგომად წამოვიდენ, იწინამძღვრეს დადიანი და შემოადგენ ფოთის ციხესა, მაგრამ ვერ აიღეს, და შემდგომად განვლეს იმერეთი და წავიდენ საქართველოთი რუსეთადვე წელს ქრისტესით 1770. შემდგომად მეორესა წელსა მოვიდნენ კვლავ რუსნი და შემოადგნენ კვლავ წინამძღვრებითა დადიანისათა ფოთს, მაგრამ ვერცა მაშინ აიღეს და დასწამეს გამაგრება ფოთისა თავადსა სამეგრელოსასა ხახუს ჩიჩუას, შეიპყრეს რუსთა, წავიდენ და თანა წაიყვანეს ჩიჩუაცა, და მიიწივნენ რა მოსდოქს, მოკვდა იქ ჩიჩუა და დაფლეს.
ამან მეფემან აღხოცა ერისთაობა რაჭისა, შეიპყრა ერისთავი რაჭისა როსტომ და ძე მისი გიორგი და სხვანი მცირეწლოვანი შვილნი მისნი და დასწვა ამათ ყოველთა თვალნი, ვინაიდან სწამობდა ორგულობასა და მამულნი მისნი რომელნიმე მისცა თავადთ წერეთელთ პაპუნასა და ძმასა მისსა ზურაბს და რომელნიმე თვით დაიპყრა სამეფოდ თვისად.
ხოლო იყვნენ მოყვარენი ესე ორნი მეფე სოლომონ და დადიანი კაცია დიდსა და სრულსა სიყვარულსა შინა ყოვლითურთ, მაგრამ რომელისამე მიზეზითა და ავთა კაცთა მოქმედებისაგან სიყვარულისა წილ შეექმნათ შური დიდი ურთიერთთა შორის. და არბევდა მეფე ოდიშს მრავალჯერ და ეკირთებოდა, მაგრამ არცა დადიანი აყენებდა და მრავალჯელ ესეცა არბევდა იმერეთ-რაჭასა და ესე განვლო ჟამმან საკმაომან.
ჟამსა ამას გარდაიცვალა ღირსსახსოვარი დედოფალი იმერეთისა, მეუღლე სოლომონ მეფისა მარიამ, და კაცია დადიანისა. შემდგომად გლოვისა მეფემან ამან შეირთო წულუკიძის ასული გულქან, ნაცოლარი მიქელაძის აზნაურის ქაჯაიასი.
შემდგომად რამდენისამე ჟამისა მოკვდა ძე სოლომონ მეფისა ალექსანდრე და დარჩა მეფე უძეოდ და დაფლეს გელათს. ვინაიდან ალექსანდრე იყო დისწული კაცია დადიანისა, ამისთვის წავიდა დადიანი შესაფერითა დიდებითა და მივიდა გელათს და იტირა დისწული თვისი ალექსანდრე; თუმცა დიდი შური იყო მეფესა დადადიანს შუა, მაგრამ სიყვარულისათვის დისწულისა არა რიდა მისვლა იმერეთსა შინა და მშვიდობითცა მოიქცა.
ჟამსა ამას ჰფლობდენ აფხაზეთსა შარვაშიძენი ზურაბ, ქელაიშ-აჰმედ-ბეგ და ბექირ-ბეგ. ამათ შეკრიბეს ჯიქნი, ალანნი, ზუხუა და მაზუმა და ამასთან აფხაზეთი და წარმოემართენ დადიანსა ზედა. განუდგენ დადიანსა სამხსენებულთა შარვაშიძეთა. მცნობამან ამისმან დადიანმა შეიკრიბა სპანი თვისნი ოდიშ-ლეჩხუმისა და სვანეთისა და დაებანაკა რუხს კიდესა ზედა ენგურისასა. მაგრამ რა სცნო სიმრავლე და ძალი შარვაშიძეთა, მაშინ თუმცა იყვნენ მტერად მეფე სოლომონ და დადიანი, მაგრამ მაშინცა მიუწერა ავთრათი მეფესა და შეუთვალა: „მოვიდენ აგარიანნი დასამხობელად ჩემდა და სამფლობელოსა ჩემისა და შებღალვად ქრისტიანობისა და ნუ მოიხსენებ ჩვენ ორთა ურთიერთსა წყენებასა და მოვედ შემწედ ჩემდა სახელოვანთა გულთა და აჰა ჟამი მოიხსენო მსახურება ჩემი ხრესილის ბრძოლისა“. მოვიდა რა წერილი დადიანისა მეფისა თანა და წამკითხველმან წერილისამან მსწრაფლ ბრძანა შეკრება იმერეთ სპისა და წარმოემართა სახელოვნად და მოვიდა დადიანისა თანა. მხილველი და მოხარული დადიანი მეფისა მიეგება და უამბორეს ურთიერთსა დამვიწყებელი ყოველთურთ შურისა ურთიერთისა, და დაებანაკნენ მახლობელ ერთმანეთისა. შემდგომად რაოდენისამე ჟამისა მოვიდენ აფხაზნი და მიურიდებელად გამოვიდენ ენგურს და დასდგენ პირისპირ მათსა. მეორე დღესა ამხედრდენ აფხაზნი და წარმოემართენ ზარბაზან-არტილერიითა და დიდძალითა მხედრებითა მეფესა და დადიანსა ზედა. აქეთ მიეგებნენ სპანი მეფისა და დადიანისანი, და შეიქმნა საშინელი ბრძოლანი. მაშინ მეფე ამხედრდა ჩვეულითა კისკასითა გულითა და წარუძღვა რამოდენიმე გუნდსა მხედრობასა იმერეთ-ოდიშართასა და მიუხდა მარჯვენიდან მამაცად და მრავლისა ურთიერთისა ბრძოლისა გაგლიჯა რაზმი, და შევიდენ სპანი მეფისა და დადიანისანი რაზმსა შუა. და მხილველი ამისი აფხაზნი ვერ წინააღუდგენ, და ივლტოდენ აფხაზნი, და გაემარჯვათ სახელოვანად მეფესა და დადიანსა; სადაც მოიკლნენ აფხაზნი მრავალნი და შეპყრობილიცა წამოიყვანეს მრავალნი ტყვედ, და გამარჯვებული და მხიარულ-ქმნილნი უმოიქცენ სახლადვე. და გადაიხადა მეფემან თანამდები ხრესილისა. და მის ჟამიდამ იქმნა მშვიდობა ამა ორთა მეფეთა და დადიანთა შორის და სიყვარული შესაფერი წელს ქრისტესით 1780.
შემდგომად რამოდენისამე ხანისა სიყვარულისა დასამტკიცებელად მოვიდა მეფე სალხინოს დადიანისა თანა, მონათლა ასული დადიანისა მარიამ, და შემდგომად მრავლისა ლხინისა და მრავლის საჩუქრისა მოვიდა მეფე კვლავ ქუთათისს.
დროსა ამას შეიშურვენ ურთიერთისადმი შარვაშიძე ზურაბ, რომელიც ფლობდა ზუფუს, და ძმისწული მისი ქელაიშ-აჰმედ-ბეგ, რომელიც ფლობდა აყუს (ე.ი. სოხუმს) და მიმდგომსა მისსა. ამისთვის წამოვიდა ზურაბ შარვაშიძე და მოვიდა კაცია დადიანისა თანა და სთხოვა შეწევნა. უსმინა დადიანმა, შეკრიბა სპანი თვისნი, აჩინა მხედართ-მძღვანად ძმა თვისი გიორგი და წარგზავნა აფხაზეთად. მივიდენ რა აფხაზეთს, ურჩნი ზურაბისანი მოსწვეს, ამოწყვიდეს და შემდგომად მოადგენ ცხომის ციხეს, სადაც მამაცად იბრძოდენ ციხის გამო მეციხოვანენი ქელაიშ-აჰმედ-ბეგისანი. მაგრამ სიმხნე-მამაცობითა საქებელითა აიღო ციხე იგი გიორგი დადიანის ძემან და მოიქცა გამარჯვებული კვლავ ოდიშადვე. შემდგომად ემძახლენ, ერთმანეთს კაცია დადიანი და ზურაბ შარვაშიძე, და ასული ზურაბ შარვაშიძისა რუსუდან მოუყვანა დადიანმა მეუღლედ ძესა თვისსა მანუჩარს.
შემდგომად ჟამისა რამდენისამე იწადა მეფემან, რათა მიუხტეს ჩაქვს ოსმალთა და შემუსროს იგი; შეიკრიბა სპანი იმერელთანი და მიუხტა ჩაქვს, მაგრამ უკმობრუნებულს ეწივნენ რამოდენიმე ჩაქველნი, დაუწყეს თოფთა ცემა, დაკოდეს სარდალნი, წულუკიძე ბერი და აგიაშვილი ქაიხოსრო, მოჰკლეს მრავალნი წარჩინებულნი თავად-აზნაურნი და ცოცხალნიცა შეიპყრეს. და მოიქცა მეფე იმერეთს დიდათ დამარცხებული.
შემდგომად ამისა ამავე წელს, თვესა აპრილს კგ (23), დღესასწაულსა წმინდისა გიორგისასა ჩვეულებათ აქვთ შეკრება ხონს დღესასწაულობად. მაშინ მეფემან მოიწადა ქუთაისიდან იქ წამოსლვა შექცევად, და დილას რა გაემზადა, მოგვარეს ცხენი შესაჯდომად. მაშინ ანაზდად მოულოდებელითა სიკვდილითა გარდაიცვალა წელს ქრისტესით 1784 და დაფლეს გელათს, და გადავიდა უძეოდ და იქმნა უმემკვიდროდ იმერეთი.
ხოლო იყო ჟამსა ორნი ბაგრატოანთა ძენი: ერთი ბიძის ძე, მეფისა დავით გიორგის ძე, ხოლო მეორე ძმისწული მეფისა დავითვე არჩილის ძე. ხოლო იწადეს იმერთა რომელმანმე იგი და რომელმანმე ესე მეფედ. დავით გიორგის ძე იყო მამიდაშვილი დადიანისა, და იყო სიძე მისი პაპუნა წერეთელი, რომელიც მას ჟამსა იმერეთსა შინა წარჩინებულ იყვენ წულუკიძე ბერი და იგი ხსენებული წერეთელი პაპუნა, და ამათ ორთა მოიწადინეს და შემწეობითა დადიანისათა იქმნა იმერთა ზედა მეფედ დავით გიორგის ძე. ხოლო არჩილის ძე წავიდა საქართველოდ მეფისა ირაკლისა თანა, ვინაიდან იყო შვილიშვილი მისი დედით და იყო იქ.
იქმნა მეფედ იმერთა ზედა დავით გიორგის ძე. ამან დაიდგინა განმზრახად და პირველ კაცად ქსნის ერისთავის ძე ელისბარ, რომელიც იყო სიძე გარდაცვალებულისა მეფისა სოლომონისა. ესე შეიშურვეს იმერთა. და განდგენ მეფისაგან წულუკიძე ბერი და პაპუნა წერეთელი, და სწადოდათ მეფობა დავით არჩილის ძისა, მაგრამ შეეწია დადიანი კაცია და წარგზავნა სპანი ოდიშისანი და წარუძღვანა სპათა ძმა თვისი გიორგი. გავიდენ ოდიშარნი და მოწვეს, მოტყვენეს ქარჩხაბს სასახლე ბერი წულუკიძისა და ეგრეთვე სრულსა იმერეთსა შინა, სადა ჰპოვეს ორგულნი დავით მეფისანი, გამოვლეს იმერეთი და დამძევლეს და გადაყარეს წულუკიძე და წერეთელნი, წამოვიდენ ოდიშარნი, გადმოვლეს საწალიკე, ჩამოვიდენ რაჭას და იგიცა დაიმორჩილეს, აიღეს ხიდის-კარი რაჭას, რიონს მდგომარე, და წავიდა ძმა დადიანისა გიორგი და სპანი ოდიშისა გამარჯვებულნი ლეჩხუმიდან ოდიშად და მეფე დატოვეს მშვიდობით იმერეთს.
წასულთა წულუკიძეთ და წერეთელთა იმეცადინეს და იშოვეს ჯარნი ლეკისანი რამოდენიმე და მოვიდენ რაჭას, და მიიბირეს რამოდენიმე იმერ-რაჭველნი. მცნობმა მეფემან სთხოვა შეწევნა დადიანსა კაციას. ხოლო დადიანმა წარმოგზავნა სპანი თვისნი ოდიშ-ლეჩხუმიდან და მოვიდენ რაჭას, სადაც იყვნენ დაბანაკებულნი ლეკისა და თათრის ჯარნი. და იყო იქ წულუკიძე ბერი და წერეთელი პაპუნა, და ჰყავდათ სამეფოდ დავით არჩილის ძე, და მივიდენ მათთანა მრავალნი იმერნი. ხოლო მივიდენ რა სპანი დადიანისანი და რა დილა გათენდა, დაუპირისპირდნენ ურთიერთს, და იქმნა ბრძოლა ძლიერ, და იოტეს ოდიშ-ლეჩხუმთა ლეკნი და თათარნი, დაჭრეს პაპუნა წერეთელი და მრავალნი დახოცეს. და დავით არჩილის ძე და ბერი წულუკიძე და დაჭრილი პაპუნა წერეთელი შევიდენ კვარას ციხესა შინა. და დარჩენილი ლეკნი და თათარნი გამაგრდენ სხვევას სახლსა ბეღელსა და საბზელსა შინა, და იყო იქიდან ბრძოლა ლეკთაგან საკმაო. მოადგენ გარს ოდიშ-ლეჩხუმნი. და თუმცა მამაცად და სახელოვნად იბრძოდენ ლეკნი და მოჰკლეს სიმაგრითგამო მრავალნი სახელოვანნი მამაცნი ოდიშარ-ლეჩხუმელნი, მაგრამ ლეკნი გამოსწვეს სახლსა შინა, მოჰკლეს, ამოწყვიდეს, ერთიცა ცოცხალნი არა წასულან, და გაემარჯვათ სახელოვნად ოდიშარ-ლეჩხუმელთა, სადაც წარმოაჩინეს სრული მხნეობა და მოიქცენ გამარჯვებულნი სახლადვე თვისად დიდითა ალაფითა შოვებულნი.
იყო მშვიდობა და სიყვარული შორის ამა მეფისა და დადიანისა. ჟამსა ამას იყო გურიელად მამია. და ფლობდენ აფხაზეთს დადიანის საზღვარს იქით შარვაშიძე ზურაბ, ზუფუს და აყუს ციხესა შინა იყო ქელაიშ-აჰმედ ბეგი და ეპყრა მახლობელნი მისნი. და ფლობდა შუა-სოფელად წოდებულს აყუს საზღვრიდან ვიდრე ღალიძგამდე ძმისწული ზურაბისა ბაქირ-ბეგ. ხოლო გურიელი მამია დაუძლურდა მოხუცებულებისა გამო, დაუტევა გურიელობა და იქმნა მონაზონ. და იქმნა ძმა მისი გიორგი გურიელად. მოჰკვდა გურიელი გიორგი და იქმნა ძე მისი სიმონ გურიელად.
შემდგომად ამისა რამდენისამე ჟამისა დასნეულდა დადიანი კაცია, და როდეს სცნა გასლვა თავისა თვისისა ამიერ სოფლიდან და ხედავდა ძეთა თვისთა მცირეწლოვანთა, ამისთვის მოიყვანა მეფე დავით, და ძენი თვისნი ხელთა მისთა მიაბარა და სთხოვა, რათა მოიხსენოს მსახურება მისი და ღვაწლნი, რომელნი უჩვენებია წინაშე მისა სპითა თვისითა, და შეეწიოს ძეთა მისთა და იქმნეს ნაცვლად მისა მამად ძეთა დადიანისათა მცირეწლოვანთა ყრმათა. მაშინ მეფემან აღუთქვა ფიცითა შემწეობა და ნაცვლად მისა მამობა შვილთა დადიანისათა, და წავიდა იმერეთს. და შემდგომად სამისა დღისა გარდაიცვალა დადიანი კაცია, მთავართა შორის ღირსსახსოვარი, და დაფლეს მარტვილს სამარხოსა მამათასა წელს ქრისტესით 1788 და ქმნეს მთავრად სამეგრელოსად დადიანად ძე კაციასი გრიგოლ თვრამეტისა წლისა.
ხოლო მეფემან დავით დაივიწყა კეთილობა კაცია დადიანისა და ანდერძიცა მისი და განიზრახა: ვინაიდან არავინ არის შემძლე ძეთაგან კაცია დადიანისათა დაპყრობად მთავრობისა სიყრმისა გამო, მე დავიპყრობ სამთავროსა სამეგრელოსასო. და შემდგომად ორის თვისა კაცია დადიანის გარდაცვალებისა შეკრიბა სპანი იმერეთისანი დავით მეფემან და მოუხდა ოდიშს და მოწვა, მოტყვენა ოდიში და გადაიბირა მრავალნი ოდიშარნი და ძმა გრიგოლ დადიანისა მანუჩარ და სხვანი თავადნი და მრავლითა ტყვითა შოვებული წავიდა კვალად იმერეთს.
ხოლო დადიანი გრიგოლ სიყრმისა გამო ვერ წინააღმდეგ ექმნა და წავიდა ლეჩხუმს. შემდგომად შეიკრიბენ სამეგრელოს სამთავროს დიდებულნი: ძმა დადიანისა კაციასი გიორგი, ბიძაშვილი დადიანის კაციასი ასევე გიორგი კაციას ძე და ძმისწული დადიანის კაციასი კვლავ გიორგი ნიკოლოზის ძე, და ამათთან გელოვანი ქაიხოსრო, სამეგრელოს სამთავროს სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოანი, და ვინაიდან სცნეს, რომ მეფე დავით ნაცვლად კეთილობისა მეცადინობს ბოროტის შემთხვევასა გრიგოლ კაციას ძის დადიანისასა. ამისთვის განიზრახეს და წარგზავნეს კაცი და მოიყვანეს საქართველოდან დავით არჩილის ძე ბაგრატიონი, ძმისწული პირველის სოლომონ მეფისა, რომელიც ზემო ვახსენეთ, თუმცა ესეცა ყრმა და მოიყვანეს ლეჩხუმს, სასახლესა მურს და მისცეს მეუღლედ ასული დადიანისა კაციასი და და გრიგოლისი მარიამ და უკურთხეს გვირგვინი და ქმნეს ქორწილი. და შემდგომად ქორწილისა შეიკრიბნენ სპანი ლეჩხუმისანი და წარმოემართნენ ესე ორნი ყრმანი, მიმდობელნი ღმერთისანი, და მოვიდენ ოდიშად ხუნწს და იქ მიერთვნენ ოდიშისა სპანი ყოველნი, გარდა მიბირებულისა მეფისა, და დაიბანაკეს ხუნწს. როდეს სცნა ესე მეფემან დავით, შეკრიბა სპანი იმერეთისანი და მასთანა იშოვა ჯარიცა ლეკისა და დიდითა მოქადულებითა წარმოემართა ამა ორთა ყრმათა, დავითსა და გრიგოლსა ზედა, რომელიც არარად რაცხვიდა და მოქადული იტყოდა: მრცხვენა ყრმათა მათ ბრძოლა, მაგრამ შევიპყრობ ყოველსა მეგრელთ დიდთა კაცთა და ამით დავიპყრობ სამეგრელოსაო. და მოვიდა და დაებანაკა გაღმით ცხენის წყლისა ხონის მახლობლად. შემდგომად რაოდენისამე დღისა წარმოემართა მეფე დავით სპითა დადიანსა და დავითს ზედა. აქეთ თუმცა შიშობდენ მეფის სპის სიმრავლისაგან ოდიშარნი, მაგრამ ამამაცეს გულნი და ვინაიდან ცხენის წყალი ადიდებულ იყო და ვერა გავიდოდა ქვეითნი, ამისთვის სპანი მეგრელთ ქვეითისანი წარგზავნეს ბუნბუას ხიდზე გასასვლელად და წარუძღვანეს ქვეითს სარდლათ სამეგრელოს სამთავროს სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოანი, რომელმანცა მამაცობა თვისი მას ჟამსა წარმოაჩინა: გავიდა ხიდსა ზედა და დაებარგა გაღმით ხუნწისა მათხოჯის ქვეშე. და რა იხილეს ესე მეგრელთა სპამან ცხენოსნისამან, გავიდენ წყალსა პირისპირ ხუნწისა. და გასვლასა თანა ეკვეთნენ ურთიერთს და შეიქმნა ბრძოლა და შემდგომად დიდისა ბრძოლისა უკუნ აქციეს მოქადულობა მეფისა და გაიქცენ სპანი იმერ-ლეკისანი, და გაემარჯვა დადიანსა გრიგოლს და დავითს სამეფოსა კაცსა, სადაც მეგრელთ დიდი მხნეობა წარმოაჩინეს წელს ქრისტესით 1789. ხოლო მეგრელთა შეიპყრეს და მოჰკლეს მრავალნი იმერნი და უმეტესნი თავად-აზნაურნი ცოცხალნი შეიპყრეს და მოართვეს დადიანსა. და აქითცა მოჰკლეს მრავალნი მეგრელნი და მათ შორის ძე ქაიხოსრო გელოანისა მანუჩარ. მიჰყვენ უკანიდან გაქცეულსა მეფეს დავითს და მივიდენ ქუთათისს, აიღეს ყოველნი ციხე-სიმაგრენი იმერეთისანი, მოიყვანეს ყოველნი იმერთა დიდებულნი და მიათვალეს დავითს, და დასვეს მეფედ ქუთათისს და უწოდეს სახელად სოლომონ. და მოიქცა გრიგოლ დადიანი დიდი გამარჯვებული სპითა თვისითა სახლად თვისად, ხოლო დავით წავიდა ლტოლვილი ახალციხედ.
იქმნა მეფედ იმერთა ზედა სოლომონ, ძე არჩილისა, და დაიპყრა ყოველი იმერეთი და იქმნა დიდი სიყვარული შორის მეფისა და დადიანისა. ხოლო ჟამსა მას მთავრობდა გურიასა შინა სიმონ, გიორგი გურიელის ძე, და აფხაზთა შორის ქელაი-აჰმედ-ბეგ შარვაშიძე. ჟამსა ამას მოიყვანა მეუღლედ გრიგორი დადიანმა საქართველოსა და კახთა მეფის ერეკლეს შვილიშვილი ნინა, და ამის შემდგომად წაიყვანა მეუღლე თვისი მეფემან სოლომონ მარიამ, გრიგოლ დადიანის და. და იყო მშვიდობა და მხიარულება ამათ შორის.
გადავარდნილი მეფე დავით იყო თათართა შორის ახალციხეს და მოიცა იქიდან ძალი და ჩამოიყვანა რამოდენიმე ლეკთა და თათართა მხედრობა და მოვიდა იმერეთად და დადგა ზორეთს. მცნობმა ამისმა ახალმა მეფემან სოლომონ შეკრიბა სპანი იმერელთანი და მიმართა მათ, და ვინაიდან იყვნენ მცირე მხედრობა დავითისა, ამისთვის შემოივლეს სანგალნი და დადგენ მას შინა. და ვინაიდან იხილეს სოლომონისთა სიმცირე მათი, არ დარიდეს სიმაგრესა სანგრისასა და შეუტიეს იმერთა. მაშინ გამოვიდა სანგრიდან სიმონ აბაშიძე, ნიკოლაოზის ძე, რომელიც ახლდა დავით მეფესა, ვინაიდან იყო სიძე მისი და დაუდგა შეტევებულსა სიმაგრესა. მაშინ მიმართა რა მებაირაღემან მეფისა სოლომონისამან, გადმოაგდო მებაირაღე და წაიღო ბაირაღი მეფისა და დასცა თავსა სანგრისა მათისასა. და როდეს იხილეს ესე იმერთა, უკუნიქცენ და ივლტოდენ იმერნი, და სდევდენ თათარნი და ლეკნი, და რომელნიმე შეიპყრეს და რომელნიმე მოჰკლეს, და გაემარჯვა დავითს მეფესა. წამოვიდა მეფე დავით და მოვიდა ლომსიათ-ხევს და რომელნიმე იმერნი შეიკრიბა. ხოლო სოლომონ წავიდა საჩხერეს სასახლესა წერეთლისასა, რადგან წერეთელი პაპუნა და ზურაბ დიდათ ერთგულებდა სოლომონს. ჟამსა ამას მოკვდა წერეთელი პაპუნა. მაშინ იქ მყოფმა სოლომონ მეფემან სთხოვა შეწევნა საქართველოს მეფესა ირაკლის, პაპასა თვისსა, და ცოლისძმასა თვისსა გრიგორი დადიანსა. და წარმოავლინა ირაკლი მეფემან შვილიშვილი თვისი იოანე სპითა შესაწევნელად სოლომონისა, ხოლო გრიგორი დადიანი - აქეთ სპითა თვისითა. მოვიდა რა საზღვარსა იმერეთისასა მეფის ძე იოანე, მიეგება სოლომონ მეფე და მოუხდენ დავითს და ქმნეს ბრძოლა და იოტეს დავით. და აქეთ მოვიდა გრიგოლი დადიანი დიდისა სპითა და აიღო ქუთათისი, გამაგრებული დავით მეფისაგან. მაშინ შეიკრიბენ სპანი საქართველოსა მეფისანი და დადიანისანი და დაიპყრეს ყოველი იმერეთი და მიათვალეს კვლავ მეფესა სოლომონს. და წავიდენ მეფის ძე იოანე და გრიგოლ დადიანი სახლად მათდად გამარჯვებულნი. ხოლო ლტოლვილმა დავითმა ვეღარ იშოვა ვისგანმე შეწევნა და მოვიდა კვლავ იმერეთად, მორჩილ ექმნა სოლომონს და ქმნეს მშვიდობა; და მისცა მეფემან სოლომონ საბატონიშვილო და სცხოვრობდა იქ, და ეგნენ მშვიდობით რამოდენსამე ჟამსა და სცხოვრობდენ სიხარულისა კმაყოფილნი.
მაგრამ ბოროტ-მოაზრეთა კაცთა, რომელნიც უთანხმოებისა გამო ანგარებითა სარგებლობდენ, კვლავ ქმნეს არეულება შორის მეფისა და დადიანისა, და იქმნა განხეთქილება. ჟამსა ამას იყო დიდ-შემძლე კაცი ყმა დადიანისა გელოანი ქაიხოსრო, რომელიც მოურაობდა ლეჩხუმს და მძლავრებდა ოდიშსაცა. ესე მიდრკა გრიგოლ დადიანის ერთგულებისაგან და მიიბირა ძმა გრიგორი დადიანისა მანუჩარ, მოიყვანა მეფე სოლომონ წერეთლისა გამო, ამისთვის რომ ზურაბ წერეთლისა ძმისწული ყავდა ცოლად ქაიხოსროს გელოანის ძესა. და ზურაბ წერეთელი ჟამსა მას პირველობდა სრულსა იმერეთსა ზედა. და ესევითარითა შეთქმულებითა გადააგდეს დადიანი გრიგოლ და ქმნეს დადიანად მანუჩარ. და გრიგოლ წავიდა სამურზაყანო-აფხაზთ შორის და იყო იქ.
ჟამსა ამას მყოფმა იმერეთსა შინა მეფედ ყოფილმა დავით იმოქმედა ახალციხეს და ჩამოიყვანა ლეკნი და მიერთდა მათდა და მოვიდენ მახლობლად ქუთაისისა. აქეთ მეფემან სოლომონ, შეკრიბა სპანი იმერეთისანი და გამაგრდა ქუთათისს და მოიწვია შესაწევნელად დადიანი მანუჩარ და მოვიდა ქუთაისს ოდიშ-ლეჩხუმითა სპითა, სადაც პირველობდა ქაიხოსრო გელოვანი ოდიშ-ლეჩხუმთა შორის. ჟამსა ამას შეიკრბენ სამურზაყანო-აფხაზნი შესაწევნელად გრიგოლ დადიანისა, ვინაიდან იხილეს მფლობელი მათი გაძევებული უსამართლოდ, წარმოემართნენ და დაიბანაკეს მარსილს, მახლობელად ბანძისა. მსმენელი ამისი მეფე სოლომონ და დადიანი მანუჩარ უღონო იქმნენ: აქეთ ლეკის სპითა დავით, ხოლო იქეთ აფხაზითა გრიგორი დადიანი. მაგრამ უღონო-ქმნილთა მოიპოვეს ესე წარსამართებელი საქმე: წავიდა ლეჩხუმის ჯარითა ქაიხოსრო გელოანი და წამოიყვანა მოყვარე თვისი ქაიხოსრო წერეთელი, ძმისწული ზურაბ წერეთლისა რამოდენიმე იმერელისა სპითა და დაესხა ღამით მარსილს აფხაზთა, და გაიქცენ აფხაზნი დიდითა ალაფითა სავსე. ვიდრემდე სცნობდა დავით მეფე, დაბანაკებული მახლობელად ქუთათისისა, იქამდე მივიდა გელოანი უკმოქცეული ქუთათისს. ხოლო დადიანი გრიგოლ კვლავ წავიდა აფხაზეთს. მსმენელი ამა საქმისა დავით მოკლებულ იქმნა ძალისა. ვეღარ ებრძოდა ქუთათისს სოლომონს და მანუჩარს გამაგრებულთა, წამოვიდა იქიდან, გამოვლო იმერეთი და მივიდა მათხოჯს და დაიბანაკა იქ. ხოლო ერთი ბელადი ლეკისა, სახელით დურმამა, თვისისა საბელადოთი დასდგა ზემოთ დარღვეულსა ნასაყდრსა ზედა. მაშინ მიესმა ამბავი სოლომონს, რომ საქართველოსა მეფესა ერეკლეს წარმოუგზავნია შვილი თვისი ალექსანდრე სპითა და არტილერიითა შესაწევნელად სოლომონისა, ვინაიდან ეთხოვნა ამას შეწევნა პაპისა თვისისა თვის. მსმენელი ამისი მეფე სოლომონ მხიარულ იქმნა, მიეგება ბიძასა თვისსა - ალექსანდრეს ერეკლეს ძესა, და შეერთდენ სპანი საქართველო-იმერეთისა, ოდიშ-ლეჩხუმისა და მივიდეს მახლობელად მათხოჯისა და დაიბანაკეს იქ. ხოლო დავითმან სიმცირისა გამო შემოივლო სანგარი და გამაგრდა მას შინა. მოვიდა დავითთანა გრიგორი დადიანი აფხაზეთიდან. შეიზრახენ დავით და გრიგორი დადიანი, და გრიგორ წავიდა აფხაზეთს ქელაიშ-აჰმედ-ბეგისა თანა, რათა იქიდან მოიცეს ძალი. და დავით იყო მათხოჯს გამაგრებული. ხოლო სოლომონ მეფე და დადიანი მანუჩარ და ალექსანდრე საქართველოს მეფის ძე იდგნენ ნახახულევს რაოდენსამე ჟამსა. ხოლო დადიანი გრიგოლ მისული ქელაიშ-აჰმედ-ბეგისა თანა მთხოველსა მისცა ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან შეწევნა და წამოყვა აფხაზთ სპითა და მოვიდენ ხიბულას და დასდგენ იქ. მაგრამ აქათ მისცეს თეთრი რამდენიმე ზემოთ ხსენებულ დურმამა ბელადს და განუდგა დავითს. და დანარჩენითა ლეკთა შემოადგენ ზემოხსენებულითა სპითა მეფე სოლომონ და დადიანი მანუჩარ. და ლეკნი სანგრიდგამო იბრძოდენ ძლიერად. და სიმონ აბაშიძე ყოველ ჟამს ქებული მამაცობასა შინა იბრძოდა გარეთ სანგრისა მხილველთა გასაცვიფრებლად და მასთანა ლეკი ერთი სახელოვანი, სახელად ამირხან. მაგრამ ვერ დაუდგა სიმცირე სიმრავლესა და ივლტოდენ დავით და მხლენი მისნი ლეკნი და წავიდენ ოდიშს და მოვიდენ ხიბულას, სადაც იყვნენ დაბანაკებულნი ქელეშ-ბეგი და გრიგორი დადიანი. მხილველი ამისი ქელაიშ-აჰმედ-ბეგ შეშინდა და უკუნიქცა კვლავ აფხაზეთად. და დავით და გრიგოლ დადიანი წავიდენ ფოთს. გრიგორი თვისი მეუღლით დადგა ფოთს. ხოლო დავით წავიდა თვისის მხლე ლეკითა ახალციხეს. და მცირე ხანისა შემდგომად დავით გარდაიცვალა ახალციხეს ყვავილის სენითა. ხოლო გრიგორი დადიანი რამდენისამე ჟამისა შემდგომად ვეღარ დადგა ფოთს და მეუღლე თვისი წარმოგზავნა ოდიშად და მიაბარა ძმასა თვისსა ჭყონდიდელ მიტროპოლიტს ბესარიონს და თვით წავიდა ახალციხეს.
ხოლო ოდიშს იყო ციხე ჭაქვითისა, გამაგრებული მხეიძის პეტრე ბეჟანის ძისაგან, და ლეჩხუმს - მური გასვიანი ხოსიასაგან, და ერთგულებდა ბიძა თვისი გიორგი გრიგოლ დადიანსა, ვინაიდან ზრდიდა შვილსა მისსა ლეონს ბიძა თვისი გიორგი. და ამათ გარდა დაიპყრა ყოველი სამეგრელო სამთავრო მანუჩარ დადიანმა და მთავრობდა.
ჟამსა ამას გარდაიცვალა გურიელი სიმონ და იქმნა გურიელათ ძე მისი მცირეწლოვანი მამია. მაგრამ მეურვეობდა დედამისი, და ზემოთ ხსენებულისა ზურაბ წერეთლისა მარინა, და ბიძა თვისი ქაიხოსროს გურიელის ძე. მაშინ შეიშურა ბიძამან მისმან ვახტანგ გურიელის ძემან და მიბირებითა მეფისათა წაართვა მამიას გურიელობა. და ესეთ მეფისა გამო ხან იგი მიუღებდა გურიელობას და ხან იგი. მაგრამ შედგომად დარჩა მამიას და მთავრობს აწმყოსა ჟამსაცა.
ჟამსა ამას დიდათ ეკირთებოდენ თათარნი გურიასა და აწუხებდენ მოხდომითა, კაცის კლვითა და წაყვანითა ტყვეთათა, კნინღა და ყოველი გურია აღიხოცა: რომელნიმე თათართა მიყავდა და რომელნიმე გაიბნივნენ იმერეთად თუ ოდიშად. თუმცა გურულნი მამაცად და მხნედ იბრძოდენ, მრავალსა ხოცდენ და შეიპყრობდენ და ამარცხებდენ, მაგრამ სიმრავლისა გამო თათართა ვერ ეკმავენ გურულნი.
ხოლო ახალციხეს მყოფმა გრიგოლ დადიანმა ვერარაიმე ჰპოვა შეწევნა და იქიდან წავიდა საქართველოდ ერეკლე მეფისა თანა და სიმამრისა თვისისა მეფის ძის გიორგისა თანა, მაგრამ ვერ მიიღო ვერცა იქიდან თვისის საწადისა კმაყოფა. და გამოატანა მეფემან ერეკლემ შვილი თვისი ალექსანდრე და შვილიშვილი თვისი იოანე, რათა იზრუნოს მეფემან იმერეთისამან სოლომონ თხოვისათვის პაპისა და ქმნას მშვიდობა გრიგორისა და მანუჩარისა შორის. და მოვიდენ ქუთაისს. მაგრამ ვერარაისა საქმისა გადამწყვეტელნი მეფის ძენი წავიდენ ქართლს.
და გრიგოლ დადიანი ცოლ-შვილითა თვისითა იყო მეფისა თანა იმერეთს და იზრდებოდა. და არა სწადოდა მეფესა მთავრობა გრიგოლისა, არამედ მანუჩარისი. და მრავლისა თხოვნისა და ხვეწნისა შემდგომად სცნა რა ჭეშმარიტი გრიგორიმ, რომ მეფე სოლომან არა მართლად ზრახავს მას და უმეტეს მეცადინობს დაბრკოლებასა, ამისთვის ეზრახა ბიძასა თვისსა გიორგი დადიანის ძესა, რათა მან გადმოიბიროს გრიგოლის ერთგულებისადმი ქაიხოსრო გელოვანი. ამისთვის იმეცადინა გიორგიმ დადიანის ძემ და მიიბირა გელოანი ქაიხოსრო და მოუწოდა გრიგოლს თვისსა სასახლესა შინა ნოჯიხევს. წამოვიდა ღამით მალვით გრიგორი ქუთათისიდან და მოვიდა ნოჯიხევს ბიძისა თვისისა გიორგისა თანა, წარმოუძღვა ბიძა თვისი და მოვიდენ ციხესა ზედა გიორგი დადიანის ძისასა ნოღას და იმყოფებოდენ იქ. ხოლო მეუღლე გრიგოლ დადიანისა, საქართველოს მეფის ასული ნინა, წაიყვანეს ღამით მალვით და მიიყვანეს ლეჩხუმს, მოეგება ქაიხოსრო გელოანი და ყოველნი ლეჩხუმნი და მისცეს პირი ერთგულებისა ქმრისა თვისისა გრიგოლ დადიანისა. ხოლო გრიგოლ დადიანმა, ბიძისა თვისისა გიორგის ციხეს ნოღას მყოფმა, შემოიკრიბა რომელნიმე ოდიშარნი და იდგა იქ. სცნა რა ესევითარი მოქმედება მეფემან სოლომონ გრიგოლისაგან, შერაცხა განბასრვად თვისად და შემოიკრიბა სპანი იმერეთისანი, მიეგება მანუჩარ, გრიგოლ დადიანის ძმა, სპითა ოდიშისათა, წარმოემგზავრენ და მოვიდენ ნოღას და დაებარგენ ლეგერცამეს, გაღმით ციხისა. და სწადოდა მეფესა დამხობა ნოღის ციხისა, მაგრამ რადგანაც გრიგოლ დადიანი და გიორგი ბიძამისი იდგენ მამაცად და მხნედ და დაამარცხეს წასულნი ჯარნი მეფისანი იქით-აქათ გრიგოლის და გიორგისთა, - ამისთვის ვეღარ შემართა მეფემან და მოიგონა ესე არამსგავსიერი საქმე, იწყო ლაპარაკი გრიგოლისთანა და ბიძისა მისისა თანა: „მოდით ჩემთანა ქუთაისს და იქ შევკრათ პირობა: შენ ჩემთვის, ხოლო მე შენთვის, და მიითვალე დადიანობა“. ამა აზრსა ზედა ნება სცა გრიგოლ დადიანმა. და განიზრახა მეფემან: „როდეს მოვა ქუთაისს ჩემთანა გრიგოლ, მოვკლავ, და ბიძასა მისსა და ან შევიპყრობ“. და ამა აზრითა წავიდა მეფე ქუთაისს. თუმცაღა იცოდენ გრიგოლმა და ბიძამან მისმა, რომ ცბიერებს მეფე და მიყავს ღალატისათვის, მაგრამ იმამაცეს გული და შემდგომად რამოდენისამე დღისა წავიდენ ესენიცა და მივიდენ ბანძას, იქიდან წარგზავნეს კაცი და ითხოვეს მომგებებელად მიტროპალიტნი ორნი: ქუთათელი დოსითეოს წერეთელი, გენათელი ეფთვიმი გურიის ერისთავის ძე, ამასთან სახლთუხუცესი წერეთელი ზურაბ და წულუკიძე გიორგი. მოვიდენ ესენი ბანძას, წარუძღვენ დადიანსა და მივიდენ ქუთათისს სასახლესა შინა ქუთათლისასა. და ვინაიდან გრძნობილ იყო მათგან ღალატი მეფისა, გრიგოლ დადიანი აღარ ჩავიდა სასახლესა მეფისასა და ბიძამისი გიორგი ჩავიდა მეფისა თანა სასაუბროთ და სცნა ჭეშმარიტებით, რომ გამზადებულ არის მეფე ღალატად და ნახა დამდგარი კაცნი, მაშინ წამოვიდა და მოვიდა გრიგოლისა თანა, უთხრა ცხადათ მეფისაგან ღალატი. მაშინ მსწრაფლ ამხედრდა და წამოვიდენ და წამოჰყვენ ზემოთქმულნი მიტროპოლიტები და თავადნი იმერელთანი. და მეფემან ვეღარ შემართა ღალატსა და დაუტევეს განბასრებული. და დადიანი მოვიდა ხუნწს, და იმერთა მღვდელ-მთავარნი და თავადნი განუტევა დიდითა მადლობითა და წავიდენ.
შემდგომად ამისა წავიდა გრიგოლი დადიანი ლეჩხუმად, იქ მისვლასა თანა მოეგება ლეჩხუმის მოურავი გელოანი ქაიხოსრო და სრულიად ლეჩხუმი, მისცეს ფიცი დადიანსა ერთგულებისა და ციხენი ყოველნი, და დაიპყრა დადიანმა სრულიად ლეჩხუმი. მცნობი მეფე, ვერარასა თვისის განზრახვისა აღმსრულებელმა წამოვიდა და მოვიდა ოჯოლას და იწყო საუბარი დადიანისადმი მშვიდობისა. აქიდან წავიდა ბიძა დადიანისა გიორგი და გელოვანი ქაიხოსრო და ქმნეს დადიანისა და მეფისა შორის მშვიდობა. და წავიდა მეფე კვლავ ქუთათისს.
ხოლო დადიანის ძე გიორგი, ბიძა დადიანისა, შეიქმნა ავათ ჟამსა ამას დღნორისასა, მოიყვანეს გიორგი ზოგიშს და გარდაიცვალა იქ წელს ქრისტესით 1799, დეკემბერსა 15. მცნობი ამისი დადიანი გრიგოლ დიდათ მწუხარე იქმნა, ვინაიდან მოუკვდა საქმისა თვისისა გამგებელი ბიძა, წამოიღო დიდის პატივით და მოასვენა სამარხოსა მამა-პაპათა თვისთასა და დამარხა მარტვილს შესაფერითა პატივითა.
ხოლო დადიანმა მოიმტკიცა ყოველი ოდიშარი და იქმნა დადიანად, და ძმასა მისსა მანუჩარს უბოძა სალიპარტიანო და იქ ცხოვრობდა, მაგრამ ერთმანერთთანა არა მივიდოდენ და არცა იხილავდენ ურთიერთთა, ვინაიდან იყო შური დიდი შორის მათსა, მეფისა მიერ დათესილი. ჟამ რაოდენმე ფლობდა გრიგორი სამთავროსა თვისსა ნებასა თვისსა ზედა. თუმცა მძლავრებდა ყოველსა ოდიშ-ლეჩხუმსა კვლავ გელოანი ქაიხოსრო. ამისთვის ვერა მომთმენელმა გელოანის ქაიხოსროს საქციელისამან გრიგორი დადიანმა ეზრახა მეფესა სოლომონს საიდუმლოთ და ურთიერთის პირის შეთქმითა მოჰკლა გრიგორი დადიანმა გელოანი ქაიხოსრო გორდს და უმეტესად შემოიმტკიცა გრიგორი დადიანმა ოდიშ-ლეჩხუმი, და ყოველი მიმდგომი ქაიხოსრო გელოანისა დაამდაბლა.
იყვნენ ჟამი რამდენიმე სიყვარულსა ზედა მეფე სოლომონ და დადიანი გრიგორი. მაგრამ მეფემან არა დაუტევა თავისი განზრახვა და სწადოდა თვისად დაპყრობა ოდიშ-ლეჩხუმისა, ამისთვის კვლავ მიიბირა ძმა გრიგოლ დადიანისა მანუჩარ და წარმოემართა გრიგორსა ზედა სპითა მრავლითა იმერელ-ლეკთა და გადააგდო გრიგორი და ქმნა დადიანად მანუჩარ. მაგრამ გრიგორი არ განეშორა ოდიშსა და იმყოფებოდა ხან ხორგას, ხან ხეთას, ხან ჭაქვიჯს, ხან ნოღას, ვინაიდან მოურავნი თუ ბატონნი ამა სოფელთანი ერთგულებდენ გრიგორის. და როდეს წავიდოდა მეფე სპითა თვისითა იმერეთად, კვლავ დაიპყრობდა გრიგორი დადიანობასა. და როდეს მოვიდოდა მეფე სპითა თვისითა ოდიშად, მისცემდა მანუჩარს დადიანობასა. და ვინაიდან გრიგორი ვერ განდევნა მეფემან სამფლობელოთ თვისით და ვერ აღასრულა საწადო თვისი, ამისთვის გაბრაზდა და აქცევდა ოდიშსა ყოველ წელს და აოხრებდა სპითა იმერელ-ლეკითა და სტყვენვიდა მრავალსა ქრისტიანთა ტყვეთა, სწვავდა და აოხრებდა ოდიშსა. და მისცა ოდიში დიდსა მწუხარებასა, სადა ურწმუნოთა ლეკთა მრავალნი ეკლესიანი შებღალეს და მრავალნი გლახაკნი საცინელად და საბასრობელად მართმადიდებლობისა სჯულისათვის მოჰკლეს.
განაგრძო ესევითარი მოქმედება მეფემან სოლომონ, შეკრიბა სპანი თვისნი, იწინამძღვრა მანუჩარ დადიანის ძე და მოადგა ლეჩხუმს ჭყვიშიდან. მიდრკენ მრავალნი მანუჩარისკენ ლეჩხუმელნი. ვერღა დაუდგა წინ გრიგოლი, ვინაიდან ლეჩხუმელთ მრავალთ უღალატეს და უფრორე ბააკა ჩიქოანმა, რომელიც იყო ჟამსა მას ლეჩხუმსა შინა შემძლე კაცი. და შემოვიდა მეფე ლეჩხუმს და აოხრებდა. ხოლო გრიგორი იდგა მურს, იწყო ზრახვად მეფისადმი გრიგორიმ: „უკეთუ მანუჩარს დაუტევებ და წახვალ თქვენ უკუნვე, რასაცა მეტყვი, მოგცე შენ“, სთხოვა მეფემან: „უკეთუ მომცემ ციხესა ჭყვიშისასა და შემდგომსა მისსა, მე დაუტევებ მანუჩარს ყოვლად შეუწევნელად“. აღუთქვა გრიგორიმ თხოვილი თვისი მეფისა. და ვინაიდან დიდი სურვილი იყო მეფისა დაპყრობა ლეჩხუმისა და ჭყვიშის შოვნისათვის, არა მიხედა ფიცის უარის ყოფასა და არცა სირცხვილსა, დაუტევა მანუჩარ დეხვირს და თვით წავიდა და დაებარგა საყოფიანოსა შინა რაჭას. იხილა რა მანუჩარმა თავი თვისი უარყოფილი მეფისაგან, ვერას ღონისა მპოვებელი ივლტოდა და შევიდა ციხესა შინა ორბელს, ვინაიდან ციხე იგი იყო სამოურავო ბააკა ჩიქოანისა. ხოლო გრიგორი გამოვიდა მურიდან და დაიპყრა ყოველი ლეჩხუმი. იცნა რა მანუჩარმა, რომ მეფესა არა სწადს არა რომლისამე ძეთა დადიანისათა კეთილი, ამისთვის მოვიდა გრიგოლისა თანა, ძმისა თვისისა და შეუერთდა და სთხოვა მიტევება თვისი უწინდელის წინააღმდეგობისა. ხოლო გრიგოლიმ სულგრძელებითა და სიხარულითა მიუტევა მას და ქმნეს იმათა შორის დიდი შეკრულება. და ვინაიდან ძმანი ესე შეერთდენ, აღარ მისცა გრიგორიმ მეფესა ჭყვიში და დაპირება აღარ აუსრულა.
ამისთვის უკ-მოიქცა მეფე და მოადგა გარს ჭყვიშის ციხესა და რაოდენისამე ჟამისა შემდგომად სუსტთა და უსირცხვილოთა მეციხოანეთა მისცეს ჭყვიში მეფესა და აიღეს ჭყვიში. და შემდგომად წარმოემართა მეფე დასაპყრობელად სრულიად ლეჩხუმისა და დაებანაკა ლაილაშს. აქეთ გრიგორიმ შეკრიბა ლეჩხუმნი მხოლოდ და დასდგა უსახელოს. დღისა რაოდენისამე შემდგომად იქმნა ბრძოლა უსახელოსი. თუმცა სახელოვნად იბრძოდენ ლეჩხუმელნი, მაგრამ სძლო სიმრავლემან სიმცირესა და ივლტოდენ გრიგოლისნი, და გაემარჯვა მეფესა, მოადგა ციხესა დეხვირისასა, სადაც მეციხოვანემან დეხვირისამან, ბეჟან ყრუაშვილმა სახელოვნად და საქებელად გაამაგრა ციხე დეხვირისა, იბრძოდა მამაცად და მოჰკლა მრავალნი იმერელნი და ლეკნი გარემოდგომილნი. და შემდგომად შესთხარეს ციხე და ნახევარი ციხისა გადმოიქცა. და რა სცნა ბეჟან ყრუაშვილმა, აღარ შესაძლებელ არის ციხესა ამას შინა ყოფნა, ამისთვის იმამაცა გული და გამოვიდა ღამით თვისის ხელქვეშეთის კაცით, გამოვლო გარეშემომდგარნი იმერნი და ლეკნი და მშვიდობით მოვიდა მურს გრიგოლ დადიანთან. მცნობი ამისი ვეღარ დადგა გრიგოლი ლეჩხუმს და წავიდა ოდიშად. და დაიპყრა მეფემ ლეჩხუმი და დაადგინა ლეჩხუმის მოურავად ბერი ქაიხოსროს ძე გელოანი და თვით წავიდა იმერეთად.
ჟამსა ამას შეიშურვენ ურთიერთისა შორის ახალციხის ფაშანი: შერიფ ფაშა და ზაბუთ ფაშა. და გადმოაგდო ზაბუთ ფაშა შერიფ ფაშამ და ვერა სადა ღონის მპოვებელი მოვიდა იმერეთის მეფის სოლომონისა თანა, ვინაიდან იყო გვარით ძველი ათაბაგისა შთამომავლობა. ამისთვის მოვიდა ბაგრატიონისა თანა და იმყოფებოდა მეფისაგან იმედეულ. მაშინ შერიფ ფაშამან დაიწყო ზრახვა მეფის ვაზირებთა თანა და აღუთქვა მრავალი თეთრი, უკეთუ მოჰკლან ზაბით ფაშა. ვეზირნი მეფისანი ბირებულნი თეთრისაგან შეიკრიბენ მეფისა წინაშე და სხვადასხვა საქმის მჩვენებელთ შეაცთუნეს მეფე და მოაკვლევინეს ზაბით ფაშა: მოჭრეს თავი და წარუგზავნეს შერიფ ფაშას. შემდგომად რაოდენისამე ხანისა წარგზავნეს მეფის ვაზირთ კაცი და სთხოვეს შერიფ ფაშასა დანაპირები თეთრი მეფისადმი და მათდაცა, მაგრამ მან არცა ერთი ფული წარმოგზავნა. და მოაცთუნა შერიფ ფაშამ მეფე და ვაზირნი მისნი და დარჩნენ განბასრებულნი შერიფ ფაშისაგან.
აწ კვლავ გრიგოლისას ვიტყოდეთ. გრიგოლი რა ჩავიდა ოდიშს, სთხოვა შეწევნა ქალაიშ-აჰმედ-ბეგსა შარვაშიძესა, რომელსაც ეპყრა ყოველი აფხაზეთი ვიდრე ღალიძგამდე და მძლავრებდაცა დადიანის სამფლობელო სამურზაყანო-აფხაზეთსა. ხოლო მან სთხოვა უპირმშოესი შვილი თვისი ლეონ მძევლად, უკეთუ შეეწიოდ მეფესა ზედა, მისცეს მან მრავალი თეთრი. და წარუგზავნა დადიანმან ძე თვისი ლეონ მძევლად. მაშინ შეიკრიბა ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან ყოველი აფხაზეთი და წამოვიდა, მოვიდა და დაებანაკა აბედათსა. იქიდან მოვიდა მეფე სპითა იმერთა და ლეკთათა და დაებანაკა ივანდიდს. და იწყეს ზრახვად მეფემან და ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან და ვერა შემართა ქელაიშ-აჰმედ-ბეგმან ბრძოლად მეფისა და სთხოვა, რათა არა ავნოს დადიანსა. აღუთქვა მეფემან ფიცით არა ვნებად დადიანისა. და წავიდა ქელაიშ-აჰმედ-ბეგ კვლავ აფხაზეთად.
მაგრამ მეფემან არა დაიცვა აღთქმული ქელაიშ-აჰმედ-ბეგისადმი და შემდგომად წასვლისა მისისა გამოვიდა ოდიშს და მრავალნი ადგილები მოაოხრა და მოადგა ციხესა თამაკონისასა და აიღო იგი. და შემდგომად მოადგა გორდის ციხესა, მაგრამ იგი ვერ აიღო, ვინაიდან მამაცად იბრძოდენ მას შინა მყოფნი მეციხოვანენი სამნი ძმანი სახლთუხუცის ძენი: დავით, მიქელ და ოტია ჩიქოანნი. და წავიდა მეფე იმერეთად. თუმცა მრავალგზის ევედრა გრიგოლი დადიანი მეფესა, რათა დააცხროს მას ზედა ესევითარი მოქმედება და მოიხსენოს უწინდელი მსახურება მისი და რაცა სთხოვოს, აღუსრულოს მას, - მაგრამ არა ისმინა მეფემან და უმეტეს შესძინა დევნა გრიგორისა, ვინაიდან თან-განმზრახნი მეფისანი და ვაზირნი მისნი: ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთელი, ორნი ძმანი წულუკიძენი: ოტია და სეხნია და როსტომ ნიჟარაძე, ესეთ ურჩევდენ მეფესა და ეტყოდენ გრიგოლის არ-შეწყნარებასა; ხოლო მეფე თქმულთა მათთა ვერ წინააღუდგებოდა. მაგრამ გრიგოლი ვერ განდევნეს სამფლობელოდან მისიდან.
მაშინ გრიგოლიმ ვერარასა საქმისა მპოვნელმა განიზრახა, რათა მისცეს თავი თვისი როსიის იმპერატორსა და დაიფაროს მტერთაგან. მაშინ იყო საქართველოსა შინა მთავარმართებლად ალექსანდრე პირველის როსიის იმპერატორისაგან დადგენილად თავადი პავლე დიმიტრივიჩი ციციანოვი ღენერალ-ონტ-ინფანტერი. და ვინაიდან იმერეთიდან ვერ იშოვა გზა დადიანმა, რათა წარგზავნოს კაცი საქართველოდ, მაშინ ნოღას ციხიდან გაამზადა კარის თვისისა მღვდელი სიმონ ასათიანი და აზნაური გიორგი გუგუშვილი და წარგზავნა ასხის მთით და ჩავიდენ ლენტეხს და ლენტეხიდან ჩოლულს და ჩოლულიდან წარუძღვა გარდაფხაძე გიგო, რომელიც დიდათ ერთგულებდა გრიგოლ დადიანსა, გადავლეს კავკასი და ოსეთი და ჩავიდენ მოსდოკს, ხოლო იქიდან მოქცეულნი მოვიდეს ტფილისს კნიაზ ციციანოვთან. სთხოვა გრიგორი დადიანმა, რათა შუამდეგობითა მისითა გაუღოს კარი მოწყალებისა და მიიღოს საფარველსა შინა თვისსა დიდმა როსიის იმპერატორმა და დაიფაროს მტერთაგან. შეიწყნარა თავადმა ციციანოვმა ელჩნიცა და თხოვაცა გრიგორი დადიანისა და მიიღო ხელმწიფე იმპერატორმა საფარველსა შინა თვისსა და წარმოუგზავნა კავალერი წმინდისა ალექსანდრე ნევსკისა ხელითა პოლკოვნიკის მაიანოვისათა ახალციხიდან, ვინაიდან იმერეთიდან მეფე არა მისცემდა გზასა. მოვიდა პოლკოვნიკი მაინოვი ჭალადიდს ფოთით და მოუტანა კავალერი და ამისთვის დიდათ მხიარულ ქმნილმა დადიანმა დიდი საჩუქრით კვლავ გაუშვა პოლკოვნიკი მაინოვი.
ამით გაძლიერებულმა დადიანმა იწყო საქმედ ლეჩხუმის მოურავს ბერი გელოანთან, რათა ქმნას ერთგულება მისი და დაუტევოს ერთგულება მეფისა. მიიღო ბრძანება დადიანისა გრიგოლისა ბერმა გელოვანმა, დაუტევა ერთგულება მეფისა და იქმნა ერთგულ დადიანისა გრიგოლისა, ვინაიდან მემკვიდრეობით იყო ყმა დადიანისა გრიგოლისა, და სახელი გელოვანთა ამაღლებულ იყო კაცია დადიანისაგან; ამისთვის მიუწოდა დადიანს ლეჩხუმს. წავიდა დადიანი ნოღიდან და მივიდა თამაკონს და მოსცა თამაკონი ჯოღორია დგებუაძემ. წავიდა იქიდან და შევიდა ლეჩხუმს, და მოეგება ბერი გელოანი და სრულიად ლეჩხუმი და დაიპყრა გრიგოლიმ სრულიად ლეჩხუმი, გარდა ჭყვიშისა და ჭყვიში დარჩა ხელთა შინა მეფისათა; ლეჩხუმიდან წამოვიდა და შემოიმტკიცა სრულიად ოდიში და დაიპყრა ყოველი სამთავრო მეგრელიისა მშვიდობით. ჟამსა ამას წარმოავლინა თავადმა ციციანოვმა უფალი სტაცკი სოვეტნიკი პეტრე მაქსიმოვიჩი ლიტვინოვი და მათთანა მაიორი იზოთ და როტა ერთი მხედრობა და აუწყა გრიგოლი დადიანსა, რომ მოვა ყირიმიდან მხედრობა დამცველი შენი და უჩვენე ამათ ლიმენა, გამოსასვლელი მათ მხედრობათა შავი ზღვის პირსა. და მოვიდნენ რა დადიანისა თანა, თვით წარუძღვა დადიანი და ჩაიყვანა მხედრობა ყულევს და უჩვენა ლიმენა ხობის წყლისა პირსა და იქ დააბანაკა რუსნი. და ვინაიდან ჯერეთ ხელშეუწეველნი იყვნენ რუსნი, ამისთვის მისცა ზარბაზანნი და სხვადასხვა საჭირონი სახმარნი, სასმელ-საჭმელნი, შემოავლო ირგვლივ სიმაგრე და ესე დაუტევა იქ და თვით წამოვიდა. გამოვლო ოდიში და შევიდა ლეჩხუმს, სასახლესა შინა თვისსა მურს. მაგრამ ამოყვა ზღვის პირიდან ციებ-ცხელება და შეიქმნა ავათ. და შემდგომად მოჯობინებისა და უკეთ ყოფნისა კვლავ შეიქმნა უძლურათ და გარდაიცვალა წელს ქრისტესით 1804 ოკტომბრის 23. და დაფლეს ცაგერს (იტყვიან გრიგოლისათვის სამსალითა სიკვდილსა). მაშინ დარჩა სამთავრო სამეგრელო უმემკვიდროდ, ვინაიდან ძე გრიგოლისა, პირმშო ლეონ ჰყავდა ქელაიშ-ახმედ-ბეგსა. და ამისთვის იწყეს ძმათა დადიანისათა განზრახვად დაპყრობად მთავრობისა, მაგრამ ერთგულთა გრიგოლისთა არა ინებეს და უჩვენეს ერთგულება მეუღლესა მისსა, საქართველოს მეფის ასულს დედოფალს ნინას. და ამით ვეღარ ეუფლენ ნებასა მათსა ძმანი დადიანისანი.
მაშინ მოვიდნენ ზღვიდან მხედრობა რუსთა ყულევს, რომლისა მხედართმძღვანათ იყო ღენერალ-მაიორი და კავალერი იონ იონვიჩი რიკხოფი. და რა ესმათ ერთგულთა გრიგოლისთა: ძმასა გრიგოლისასა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ ბესარიონს, თავად მხეიძე პეტრეს და თავად ჯაიან ქაიხოსროს, თავადს სახლთუხუცეს ჩიქოანს გიორგის (და მეცა მათთანა ვიყავ) მივეგებენით სიხარულით და ამოუტანეთ ყოველნი ტვირთნი მათნი და წარმოუძეხვით მხედრობასა. და პოლკოვნიკი ტარასოვი და რამმდენიმე მხედრობა დავაბანაკეთ ხუნწს, ხოლო იარანალი და სრული მხედრობა დადგენ ხონს. მაშინ შეიზრახენ დედოფალი ნინა და ერთგულნი მისნი და მათთანა ღენერალ-მაიორი რიკხოფ, დესტვიტელნი სტაცკი სოვეტნიკი ლიტვინოვი, რათა წარგზავნონ დეპუტატნი მისის იმპერატორების დიდებულების როსიის ხელმწიფის წინაშე, და ვინაიდან არ დასცალდა გრიგოლ დადიანს, ნაცვლად მისა მოახსენეს მეუღლემან და ქვეყანამანცა მადლობა საფარველის დადებისათვის, და აწცა ითხოვონ, რაცა საჭირო არის მათთვის. მაშინ ღენერალისათა და დესტვიტელნის სტაცკის სოვეტნიკის ლიტვონოვისა თანხმობითა ამოარჩიეს დეპუტატათ პირველად თვით მე, შემდგომად ჩემსა ბეჟან მანუჩარის ძე დადიანოვი და კარიმ დეკანოზი იოვანე სიმეონის ძე იოსელიანი. თუმცაღა მაშინ შესაშინებელ იყო რუსეთად წასვლა, ვინაიდან უწინარეს ჩემსა არავინ ყოფილიყო ჩვენისა სამთავროსა კაცი რუსეთად, მაგრამ უმხურვალესისა ერთგულებისა გამო არა ვრიდეთ თავსა ჩვენსა და არცა მივხედეთ ცრემლთა მახლობელისა ჩვენისათა და წავედით.
ხოლო შემდგომად წასვლისა ჩვენისა წინა დედოფალმა და შეკრებულთა ერთგულთა წარგზავნეს კაცი ქელაიშ-აჰმედ-ბეგთა თანა და სთხოვეს ლეონ ძე გრიგოლისა, მაგრამ მან, თეთრის ანგარების მოყვარემან, ითხოვა მრავალი თეთრი და არა წარმოგზავნა ლეონ. მცნობელმა ამისმა თავადმა კნიაზ ციციანოვმა განრისხებულმა უბრძანა ღენერალს რიქობს, რათა წავიდეს თვისითა რწმუნებულითა მხედრობითა აყუს და შემუსროს, რათა არა დარჩეს ქვა ქვასა ზედა, რომ არა დაირღვეს, და გამოიყვანოს ლეონ და ქმნას თვისსა სამკვიდროსა ზედა მთავრად. წავიდა რიკხოფ თვისითა მხედრებითა და მისთანა სპანი ოდიშ-ლეჩხუმისანი და მივიდა ანაკლიას ციხესა ზედა, რომელიც მას ჟამსა შინა მძლავრებით ქელაიშ-აჰმედ ბეგსა და იყო გამაგრებულ დიდითა მომზადებულებითა. და რა მივიდენ, მეორე დღეს შეუტიეს მხედრობათა და ეგრეთვე ჩვენთაცა, და სამსა საათსა ზედა აიღეს იგი. ამის სმენითა შიშით შეპყრობილმა ქელაშ-აჰმედ-ბეგმა მსწრაფლ წარმოავლინა ლეონ გრიგოლის ძე და მოიყვანეს ანაკლიას, და იქიდან წამოიყვანეს და მოვიდენ მხედრობაცა და სხვანიცა ზუგდიდს. მიულოცეს მთავრობა ლეონს და მიათვალეს ყოველი სამთავრო მეგრელიისა საზღვრითი საზღვრამდე. და შემდგომად ღენერალი რიკხოფი თვისი მხედრობითა კვლავ წავიდა ბანაკსა თვისსა ხონს. და შემდგომად მცირისა ხანისა მივიდა ქუთათისს და იქ დაებანაკა. მაგრამ მეფე იმერეთისა არა მივიდოდა ქუთათისს და არცა ნახავდა მხედრობასა და იმყოფებოდა ზამთარს ვარციხეს, ხოლო ზაფხულს ოკრიბას და გოგს.
აწ ჩვენი წასვლისას ვიტყოდეთ. ჩვენ რა წაველთ და მივედით ქუთაისს, იქ იყო პეტრე მაქსიმოვიჩი ლიტვინოვი და მან გაგვისტუმრა თავადთან ციციანოვთან, მაგრამ დიდათ შიშოდა მეფისაგან და ელოდა სიკვდილსა ჩვენსა გზასა ზედა და ჩვენცა ესე მოველოდით. მაგრამ მინდობილნი ღმერთისა წავედით და მივედით ტფილისს თავადს ციციანოვთან მხილველი ჩვენი დიდათ მხიარულ იქმნა, და მიგვიღო სამაგალითო პატივის ცემითა. და შემდგომად თორმეტისა დღისა გაგვისტუმრა რუსეთად დიდის მომზადებულებითა და დიდის პატივითა ყოვლის საჭიროებითა კმაყოფილნი. ნუ გავაგრძელებთ. მივედით რა სამეუფოსა ქალაქსა სანკტ-პეტერბურღს, შეგვიწყნარეს და მიგვიღეს სამაგალითოთა პატივითა, რომლისა წარწერა დიდსადამე გაგრძელდება. და შემდგომად რამოდენისამე ხანისა ინება და ღირს ვიქმენით ხილვად და თაყვანისცემად მისი იმპერატორებითი დიდებულებისა მოწყალისა და დიდისა ხელმწიფისა ალექსანდრეს პავლეს ძისა და ყოველთა მისთა ფამილიათა. და შემდგომად ხილვისა წარუგზავნეთ იოანეს დეკანოზის ხელით რომელიცა გვქონდა ძღვნად წაღებული ჩვენი მთავრინა ნინა დედოფლისაგან ხატი ვლაქერნის ღმრთის მშობლისა, და მიართვა რა, მიიღო შესაბამითა პატივითა და დაასვენა თვისის სასახლის ეკლესიასა შინა დიდის ცერემონიითა.
ჩვენ ვიყავით სანკტ-პეტერბურღსა შინა გამოუთქმელითა ცხოვრებითა ერთსა წელსა. და შემდგომად გამოგვისტუმრეს დიდი პატივითა ყოვლითურთ კმაყოფილნი. ყოველივე თხოვა მთავრისა ჩვენისა ინება მიცემა იმპერატორებითის დიდებულებმა და ბრძანა აღსრულება, წარმოგზავნა წყალობათ ესენი: შეამკო უძვირფასესად ხატი ვლაქერნის ღმრთის მშობლისა და წარმოგზავნა კვლავ სახლსა შინა დადიანისასა, რათა იქ განისვენოს წმინდად ჩემის საფარველის დადებისა და თქვენის ჩემდამი ერთგულებისა. მას თანაწარმოატანა ყოვლითურთ დაუკლებელი ერთი ხელი შესამოსელი სამღვდელო და სამთავრო, შესაბამისის ბოძებისა. ბრძანა აღშენება ეკლესიისა სახელსა ზედა ვლაქერნის ღმრთის მშობლისასა სამეგრელოსა შინა ხარჯითა მისი იმპერატორებითი დიდებულებისათა, და იქმნეს იქ ქალაქი, და ეწოდებოდეს სახელად ქალაქსა მას გრიგოლიპოლი სახსოვრად განსვენებულისა გრიგორი დადიანისა. მოებოძა მთავარსა ჩვენსა ლეონ გრიგოლის ძეს დადიანსა გრამოტა დასამტკიცებლად მთავრობისა, დროშა უძვირფასესად შემკობილი და ხმალი ძვირფასითა თვლებითა მოოჭვილი, ჩინი ღენერალ-მაიორობისა და ორდენი ბრიალენტითა წმინდის ანნისა პირველისა კლასისა და ერთი ბეჭედი დიაღ მდიდარი და ძვირფასი. დედასა მთავრისასა, მთავრინასა ჩვენსა, საქართველოს მეფის ასულს ნინას - ორდენი პირველისა კლასისა წმინდის ეკატერინასი. და ბრძანა: ვინაიდან სამეგრელოს მთავარი ლეონ გრიგოლის ძე არის ჯერეთ თორმეტისა წლისა და არ ძალუძს მას მართვა მთავრობის, ამისთვის ლეონის ოცისა წლისა მიწევნამდე ნინა მთავრინა მართავდეს სამთავროსა სამეგრელოსაო, ჩვენ მოგვებოძა უმოწყალესად: მე მიბოძეს პირდაპირ პოლკოვნიკობა და ორდენი წმინდისა ანნის პირველისა კლასისა და ამასთან უძვირფასესი ბეჭედი და უძვირფასესი თვლებით მოოჭვილი ბურნაოთის კოლოფი და სხვა თეთრი მრავალი; ბეჟანს - პოდპოლკოვნიკობა და ორდენი წმინდის ანნის მეორის კლასის, ძვირფასი ბეჭედი და თეთრი მრავალი; დეკანოზს იოანეს - ოქროს ჯვარი, კამილავკა და სიკვდილამდე პენსია და თეთრი მრავალი. და მხლენი ჩვენი აავსეს წყალობითა. და ესეთ ღირსყოფილნი წარმოვედით სამეგრელოში და გამოვლეთ მალაროსია და ყირიმი და ჩავსხედით ქეფას ხოლმანდსა შინა, და წამოვლეთ და მოვედით ყულევს და იქიდან ბანძას, სადაც იყვნენ შეკრებილნი მთავარი ჩვენი და მთავრინა, და შეიქმნა სიხარული გამოუთქმელი და სხვა და სხვა შექცევანი. და ესეთ იქმნა სვლა ჩვენი ძალითა ღმრთისათა. ხოლო ყოფნასა ჩემსა როსიად ან სხვათა ადგილებთან მიმოვლასა ჩემსა, თუ რა იგი მიხილავენ საკვირვონი, ან დიდებანი, ან საქებელნი, ან სხვა და სხვანი სახილავნი, - იგი აქა დამეწერა, უხამსად შეიქმნებოდა სიგრძე წერილისა ამის, და ამისთვის აქა ესეთ მოკლედ აღვწერე, და ვისაცა აქვს სურვილი ამის შეტყობისა და სმენისა, იხილოს ჩემ მიერ აღწერილსა მიმოვლასა შინა (რომელსაც ეწოდება: „მიმოვლა ნიკოლაი დადიანოვისა“). მეფესა იმერეთისასა სოლომონს საქართველოსა უპირატეს მართებელი თავადი ციციანოვი აწვევდა და ეტყოდა, რათა იგიცა გრიგოლისამებრ შევიდეს მფარველობასა და ერთგულებასა შინა რუსეთის იმპერატორისასა, მაგრამ მეფე არა თანახმა იყო ამა განზრახვისა, არამედ უმეტეს ერთგულებდა პორტი ათამანსა და იქეთ ჰქონდა აზრი თვისი.
ჟამთა ამათ აღმხედრდა და გაილაშქრა თავადმა ცაციანოვმა სპარსეთსა ზედა, მოადგა განჯის ციხესა და დიდი ბრძოლის შემდგომად აიღო იგი და მოჰკლა მას შინა მყოფი ხანი და იავარ ჰყო საქონელნი და ცხოვრებანი ჯავათ ხანისანი და გამარჯვებული მოიქცა ტფილისადვე. ხოლო განჯას უწოდეს სახელად ელისაბედპოლი სახელსა ზედა იმპერატრიცა ელისაბედისასა.
კვლავ რამოდენისამე ჟამისა შემდგომად გაილაშქრა თავადმა ციციანოვმა სპარსეთსა ზედა და მოადგა ერევნის ციხესა. და მოდგომისა შემდგომად წამოეხმარა ბაბა-ხან ყაენი ორასი ათასითა მხედრითა ციხესა ერევნისასა და მოადგა გარს ციციანოვს. უღონო იქმნა თავადი ციციანოვი, რა იხილა ესეოდენი სიმრავლე მტერთა და უფრორე ამისთვის, რომ სამი ათასისა მეტი არა ჰყავდა მხედრობა, რათა ციხესაცა მოადგეს და ყაენსაცა ებრძოლოს. მაშინ დაუტევა ციხე, დაუპირისპირდა ყაენსა და ებრძოლა სასტიკად, და წამოვიდა მშვიდობით და მოვიდა კვლავ ტფილისადვე.
შემდგომად რამოდენისამე ხანისა წავიდა კვლავ სპარსეთად და რა მივიდა ბაქოს, იწყო ბაქოს ხანთანა ზრახვად: „უკეთუ არა მორჩილ მექმნები, შეგმუსრავ შენ და ციხესა შენსა, როგორცა განჯასა“. მაშინ ცბიერებითა ემორჩილა ბაქოს ხანი და მიუწოდა მხოლოდ ციციანოვს რამოდენითამე კაცითა. დაუტევა მხედრობა და თვით წავიდა ორითა ცხენოსნის ყაზახითა და წაიყვანა პოლკოვნიკი ელისბარ ერისთავიშვილი, რომელსაც უწოდენ აღაბაბასშვილსა, და რა მოვიდა მახლობლად ციხის კარისა გამოეგება ციხის გარეთ ხანი და დასხდნენ სასაუბროთ. მაშინ განზრახულთა კაცთა დაუნიშნეს დამბაჩები და მოკლეს კნიაზი ციციანოვი, კაცი ღირსსახსოვარი ყოველსა შინა საქმესა და მასთან ელისბარ ერისთავისშვილი. უღონო იქმნენ მხედრობა კნიაზ ციციანოვისა და ვეღარ მპოვნელთა საქართველოსა გზისათა ჩასხდენ კასპიის ზღვასა შინა ხომალდთა და გამოვიდენ აშტარხანსა, ამისთვის განრისხდა როსიის იმპერატორი ალექსანდრე პავლეს ძე პირველი და წარმოგზავნა დიდძალი მხედრობა დასამხობელად ბაქოსა. და მოვიდენ და მოადგენ გარს ბაქოს. მაგრამ ხანი ვეღარ დადგა შიშითა ციხესა მას შინა და უკანიდან გაიპარა და წავიდა. და ციხე აიღეს რუსთა და ეგრეთვე დარბანდი, შამახია და ამათი მიმდგომნი ყოველნი და დაიპყრეს რუსთა, რომელნიც დღესაცა უმეტესად უპყრიათ. ხოლო მთავარმმართებლად საქართველოსად ნაცვლად ციციანოვისა წარმოგზავნეს ღენერალ ონტ-ინფანტერი გრაფი ივან ვასილივიჩი ღუდოვიჩი. ამანცა მრავალჯელ აწვია იმერეთისა მეფე სოლომონ, რათა შევიდეს ერთგულებასა შინა როსიის იმპერატორისასა და განაგდოს ერთგულება პორტის ათამანისა და მისდამი საიდუმლოდ ზრახვა, მაგრამ არა ინება და არცა სურდა მფარველობა როსიის იმპოერატორისა და მეცადინეობდა, თუ რომლის ღონისძიებით განერიდოს რუსეთის ყმობისაგან.
ამათ დროებთა შინა განირისხა ღმერთი, დაივიწყა მამა-ძეებრი მოწლეობა და ასლან-ბეგ შარვაშიძემ უღალატა მამასა თვისსა ქელაიშ-აჰმედ-ბეგსა და მოჰკლა აყუს ციხესა შინა და თვით დაიპყრა აყუ და ქალაქი მისი და ყოველი ქონება მამისა თვისისა, ვინაიდან იყო ქელაიშ-აჰმედ-ბეგ მდიდარ ფრიად. ამისთვის უპირმშოესი შვილი ქელაიშ-აჰმედ-ბეგისა საფარ-ბეგ სიძე დადიანისა, რომელსაც ჰყავდა და გრიგოლისი და სცხოვრობდა ზუფუს ბრძანებითა მამისათა, წამოვიდა და მოვიდა ლეონ გრიგოლის ძის დადიანისა თანა და სთხოვა შეწევნა, რათა ესევითარისა ბოროტმოქმედებისათვის შურ აგოს ძმასა თვისსა ასლან-ბეგსა. მაშინ წავიდა ლეონ დადიანი სპითა სამეგრელოსათა, და მივედით აყუს და დავებანაკეთ ბესილას პირზე და ვერა მოვადეგით ციხესა გარს, ვინაიდან არა გვქონდა მომზადებულება არტილერიათა და არცა სხვათა ციხის მოსადგომთა იარაღთა. ამისთვის გამოვართვით მეუღლე ქელაიშ-აჰმედ-ბეგისა მარშანიას ასული, რებია ჰანუმ და შვილი მისი ბათალ-ბეგ შარვაშიძე, რომელი ესენი ტყვედ ყავდა ბოროტსა მად ასლან-ბეგს, და განვათავისუფლეთ და შემდგომად დავმძევლეთ ყოველი აფხაზეთი ჯიქეთის საზღვრიდან ვიდრე ღალიძგამდე - დადიანის საზღვრამდე და მივათვალეთ საფარ-ბეგს და ესეთ მშვიდობით წამოვედით ოდიშადვე. მაგრამ ბოროტი იგი მამის მკვლელი ასლან-ბეგ კვლავ იმყოფებოდა აყუს ციხესა შინა, მაგრამ არა აყენებდა ძმასა თვისსა საფარ-ბეგს და იბირებდა ყმასა მისსა და აწუხებდა. ამისთვის კვლავ მოვიდა ლეონ დადიანთანა და სთხოვა, რათა შეეწიოს და მიიღოს საფარველსა შინა რუსეთს იმპერატორმა და ჰყოს ყმად მისა, როგორცა მთავარი დადიანი. მაშინ სთხოვა უქვეშეშევრდომილებით ლეონ დადიანმა რუსეთს იმპერატორს ალექსანდრე პავლეს ძეს პირველს, რათა მიიღოს საფარველსა და ყმობასა შინა თვისსა საფარ-ბეგ შარვაშიძე, ვით თვით იგი არის. ისმინა თხოვა დადიანსა მისმა იმპერატორებითის დიდებულებამ და მიიღო ყმობასა და საფარველსა შინა თვისსა საფარ-ალი-ბეგ. და ვინაიდან დადიანმა სთხოვა იმპერატორსა, ამისთვის პატივ-სცა თხოვასა დადიანისასა და მიიღო მფარველობასა შინა რიცხვთა შორის მთავრებთასა და მოანიჭა წყალობაცა: კავალერი წმინდისა ანნის პირველისა ხარისხისა და დროშა სამთავრო და სიკვდილამდე დიდძალი პენსია და აღუთქვა მცირედისა ხანისა შემდგომად აღება აყუს ციხისა და გაძევება მამის მკვლელის ასლან-ბეგისა.
შემდგომად ამისა დაიხსნა რა მშვიდობა ჩვენის ხელმწიფისა და პორტის ათამანისა შორის, ამისთვის ბრძანებითა საქართველოს უპირატეს მთავრის გრაფი ღუდოვოჩისათა აილაშქრა ღენერალმა რიკხოფმა მოსადგომად ფოთის ციხისა. და გამოვიდა მხედრობითა ქუთაისიდან და აქიდან სპანი დადიანისანი, და მივედით და დავებარგეთ მახლობლად ფოთის ციხისა. და იყო იქ მიტროპოლიტი ჭყონდიდისა ბესარიონ, მიტროპოლიტი ცაიშისა გრიგორი და სხვანი და სხვანი ყოველნი სამეგრელოს თავად-აზნაურნი. და რა დაღამდა, მიბრძანა ღენერალმა რიკხოფმა მე და ტარასოვს პოლკოვნიკს, რათა ხვალ დილით მივიდეთ და ავიღოთ საფარი შემოვლებული ქალაქისა და ქალაქიცა. გავემზადეთ და რა გათენდა, წავედით რამოდენითამე მხედრებითა და ეგრეთვე რამოდენითამე ჩვენებური კაცითა და რა მოვედით თავსა ქალაქისასა, იყო დიდი სიმაგრით ნაშენი სანგარი, და იქ იდგენ რამოდენიმე მხედრობა ოსმალთა. და შევქმენით ბრძოლა და რამოდენისამე ბრძოლისა შემდგომად ვსცანით, რომ ესევითარი ბრძოლით ვერ გავდენით ჩვენ. მაშინ პოლკოვნიკმა და მეცა მიუტანეთ ერთხმათ შტურმა (ესე იგი იერიში), და გადავიდენ მხედრობა სანგარსა ზედა, ავიღეთ სიმაგრე და შეველთ ქალაქსა შინა და ავიღეთ ქალაქი და მოვადექით ციხის მახლობლად. მაშინ ვაცნობეთ ღენერალსა რიკხოფს, და მოვიდა სრული მხედრობითა და არტილერიითა და მასთანა ზემოხსენებულნი სამღვდელონი და სხვანიცა. და შემოვჰკარით ირგვლივ ციხე და მოველოდით აღებასა მისა მცხირესა ხანსა, მაგრამ შემდგომად ერთისა კვირისა მოვიდა ბრძანება გრაფის ღუდოვიჩისაგან და შემოვეცალეთ და წამოვედით ისევ სამეგრელოთ ჩვენ ჩვენსა ადგილსა კაცად-კაცადნი.
მას ჟამსა მოვიდა სერესკალი ოსმალთა უსუფ-ფაშა დიდითა მხედრებითა საბრძოლველად საქართველოსა ზედა. აქათ მოეგება გრაფი ღუდოვიჩი და შეექმნათ ბრძოლა მახლობლად ყარსისა, და აოტნენ სერესკალნი, და გაიმარჯვა სახელოვნად გრაფ ღუდოვიჩმა, და ამისთვის მიუბოძა ჯილდოდ ხელმწიფე იმპერატორმა გრაფ ღუდოვიჩს ღენერალ ფელდმარშლობა და სხვანიცა ხელქვეშეთნი მისნი აავსო წყალობითა.
შემდგომად ამისა წავიდა გრაფი ღუდოვიჩი და მოადგა გარს ერევნის ციხესა და მრავლის ბრძოლისა შემდგომად ვერ აიღო იგი, და კვლავ მოიქცა საქართველოდ. და ამათ ჟამთა ღენერალ-ფედმარშალს ღრაფ ღუდოვიჩს მიუბოძეს მოსკოვისა მთავარმართებლობა, ხოლო საქართველოდ წარმოგზავნეს ღენერალ ონტ-კავალერი ალექსანდრე პეტროვიჩი ტორმასოვი მთავარმართებელად.
ამათ ჟამთა გარდაიცვალა ღენერალ-მაიორი რიკხოფი ყულევს და მოადგილეთ მისა წარმოგზავნეს სამეგრელოსა შინა ღენერალ-მაიორი თავადი დიმიტრი ზახარივიჩი ორბელიანი.
დროსა ამას განურისხდა დადიანი ლეონ შარვაშიძეს ბეჟანს და შეიპყრა და პატიმარ ჰყო ციხესა შინა ჭაქვიჯისასა და თხოვითა თავადი დიმიტრის ზახარივიჩის ორბელიანისათა განუტევა იგი, ხოლო ყოველი სამურძაყანო-აფხაზეთი მიათვალა და მიაბარა საუფროსოთ და საგამგებლოდ სიძესა თვისსა მანუჩარ სოლომონის ძე შარვაშიძესა. არა თუ სიძობისათვის პატივ-სცა ესეთ, არამედ ვინაიდან იყო იგი კაცი სახელოვანი და საქმესა შინა მარჯვე.
უპირატეს მმართებელი საქართველოსა ტორმასოვი სხვათა და სხვათა კეთილ წინადადებითა უჩვენებდა მეფესა იმერეთისასა. რათა მორჩილ ექმნას რუსეთის იმპერატორსა და ერთგულებდეს მას, თორემ შეინანებ მოქმედებასა შენსაო. მაგრამ არა რომლითამე კეთილ ჩვენებითა არა იწადა დამორჩილება ამისი.
ამათ ჟამთა შორის მოუვიდა ბრძანება ტორმასოვისა თავადს ორბელიანს, რათა მოადგეს ციხესა ფოთისასა. მაშინ მყოფმა ყულევს ორბელიანმა შემოჰკრიბა მხედრობა იმერეთსა და სამეგრელოსა შინა მყოფი, მხედრობა დადიანისა, და წავიდა თვით, მასთანა მთავარი ლეონ დადიანი, და დავებარგეთ მახლობელად ფოთისა. და იყო ციხესა მას შინა ბათომის ბეგი ქუჩუ-ბეგ შარვაშიძე და ჰავდა მეციხოვნედ ექვსასი კაცი ოსმალისა და იყო მომზადებულ მას შინა. დილა რა გათენდა, მიბრძანეს მე მთავართაცა ჩვენმან და ღენერალმაცა, რათა ავიღოთ ქალაქი ფოთისა. წავედით სამეგრელოს რამდენითამე მხედრობითა და ჩემთანა შარვაშიძე მანუჩარ, და შევედით რა ქალაქად, შეგვექმნა ჩხუბი სასტიკი, რადგან ოსმალთ განემაგრებინათ სახლნი და ქუჩანი. მაგრამ შემდგომად ბრძოლისა გავდევნეთ იგინი და შევყარეთ ციხესა შინა და ჩვენ დავიპყარით ქალაქი და მიუტანეთ საფარი მახლობელად ციხისა კარისა და დავდექით, მაშინ მოვახსენეთ რა მთავარსა ჩვენსა და ღენერალს, მოვიდენ სრული მხედრობითა, და შემოვზღუდეთ ირგვლივ ციხე. მთავარი და ღენერალი საკმაოთა მხედრობითა დადგენ ზემოთ ციხისა და შემოზღუდეს. მარწმუნეს მე სრული სამეგრელოს მხედრობა და როტა ერთი რუსთა მხედრობა თვისი ანტილერიითა და დავდექ უკანიდან ციხისა და შემოვზღუდე ბოღოზიდან ვიდრე ციხეს გარემომდე და დავდგით ესეთ.
მაშინ ეზრახა მეფე სერასკალსა შეფერ ფაშასა, რათა მოვიდეს მხედრობით ოსმალთათა, და აქეთ თვით მეფე ჩავიდეს ფოთს, და იქით-აქათ მოდგომილთა დაამხონ დადიანიცა და რუსთა მხედრობაცა. მაშინ შეიკრიბა სპანი ოსმალთანი სერესკელმა შერიფ ფაშამ და მოვიდა ბათომს და დადგა იქ, წარმოავლინა ცხრა ათასი კაცი და მხედართმძღვანად ტუსჩი-ოღლი. წამოვიდენ და მისცა გზა ზღვიდან და ხმელეთიდან გურიელმა მამიამ, ვინაიდან ჟამსა მას ერთგულებდა გურიელი მამია იმერეთისა მეფეს სოლომონს ამისთვის, რომ მარიამ დედოფალმა, მეუღლემან მეფისამან, დადიანის ასულმა მისცა დედით ბიძაშვილი თვისი გიორგი წულუკიძის ასული მამიას ცოლად და ესევითარითა დამოკიდებულებითა ერთგულებდა მას ჟამსა მეფესა. მოვიდენ ოსმალნი და დაებანაკნენ გრიგოლეთსა და მალთაყვას საშუალ. მაშინ მიბრძანეს მე და მომაცალეს უკანიდან ციხისა, წამიყვანეს და მალთაყვას საპირისპიროთ დამაყენეს სერასკლისა და მომცეს ერთი როტა რუსთა და ორი ზარბაზანი და ჩემნი საკუთარნი ყმანი, და ჩემთანა დავით გურიელის ძე ოცდა ათითა თვისის ყმითა, რომელიც იყო გადმოვარდნილი თვისი სამკვიდროსაგან და იყო მთხოველად რუსთა თანა. და დავსდექ ამა მცირითა მხედრობითა მეპირდაპირედ სერასკლისა, ვინაიდან მხედრობა მცირე იყო რუსთაცა და სამეგრელოსაცა ჰაერის სნეულებისა გამო. შემდგომად სამისა დღისა მოვიდნენ მალთაყვას გაღმით, გააკეთეს დიდი საფარი, მოიტანეს ზარბაზანი და დავიწყეთ სასტიკი ბრძოლა, რომ თოფთა და ზარბაზანთა ხმა ვეღარ გაირჩეოდა სიმრავლისა გამო, და ესეთ დაუცადებელად ვიბრძოლეთ თორმეტი დღე და ღამე. და რა ვსცანით, რომ არ ძალუძს არც ამათ აქეთ ძალით გამოსვლა და არცა ჩვენ და სხვა ღონის ძიება არარაი არის- ამისთვის ვიწყეთ საუბარი გურიელისადმი; რომ ქმნას ერთგულება ხელმწიფე იმპერატორისად და უკანიდან დაესხას ოსმალთ მხედრობასა. ამისთვის იწყო კნიაზ ორბელიანმა არხიერის ჯუმათლისადმი საუბარი არხიმანდრიტის დონდოლაძის პირით, რათა შეასმინოს გურიელსა, ხოლო მე - ვახტანგ როსტომის ძის ერისთავთა თანა, რომელიც იყო ცოლისძმა ჩემი და მას ჟამსა პირველობდა სრულსა გურიასა ზედა. და ესევითარი მოქმედებით გადმოვიბირეთ გურიელი მამია; და შეუდგა თხოვილსა ჩვენსა: უბრძანა ვახტანგ როსტომის ძესა ერისთავსა, შეიკრიბა სპანი გურიელთანი და დაესხა გრიგოლეთს დაბანაკებულთა ოსმალთა და შეიქმნა სასტიკი ბრძოლა, სადაც მამაცად იბრძოდენ გურულნი. აქეთ ჩვენ გავედით სპითა მეგრელთათა და რამოდენთა მხედრობათა რუსთათა, მიუხდით აქედან ჩვენ, ხოლო იქიდან გურულნი, და გავწყვიდეთ, მრავალნი ცოცხალნი შევიპყრეთ და რომელნიც გარდარჩენ, გაიქცენ ზღვიდან ჭურჭლებით, და ჩვენ ალაფითა სავსენი კვალად ფოთს მოვედით.
მხილველმა ამისმა ქუჩუ-ბეგმა მყოფმა ციხესა შინა და უღონო ქმნილმა იწყო საუბარი და მოგვცა ციხე. და იგი და მხლენი მისნი მეციხოვანენი გაუშვით მშვიდობით. და რა მოვადეგით ციხესა, იქიდან წყებული მესამეს თვეს ავიღეთ ციხე და შევედით მას შინა დიდითა ცერემონიითა და მხიარულებითა. დაუტევეთ მას შინა მცველი მხედრობა და ჩვენ წამოვედით ესეთ გამარჯვებულნი სახლად ჩვენსა. ხოლო მეფემან იმერეთისამან ვერ სრულ ჰყო განზრახვა თავისი და დარჩა ესეთ.
შემდგომად რამოდენისამე ჟამისა წარმგზავნა მე კნიაზმა ორბელიანმა მამია გურიელისადმი, და მოსცა გურიელმა ყმად თავი როსიისა ხელმწიფე იმპერატორისა და წარმოუგზავნა ტრახტატნი, თუ როგორ ჯერ-არის ყმობასა შინა შესვლა რომელიც თვით მე აღვწერე და მიიღო ხელმწიფე იმპერატორმა საფარველსა და ყმობასა შინა თვისსა და მოუბოძა ჩინი ღენერალ-მაიორობისა, ორდენი წმინდის ანნის პირველისა კლასისა და დროშა სამთავრო და გრამოტა, და იქმნა ერთგულ ყრმად ვიდრე დღემდე. ხოლო ფოთის აღებისა და სერესკლის დამარცხებისთვის ჯილდოდ ჩვენისა შრომისა ხელმწიფე იმპერატორმა აგვავსო წყალობითა მთავარი ჩვენი და ჩვენ ყოველნივე და ეგრეთვე ღენერალი თავადი ორბელიანი და მხლენი მისნი მხედრობანი.
შემდგომად ამისა საქართველოს უპირატეს მმართებელმა ღენერალმა ტორსამოვამა მოუწოდა თავად ორბელიანს საქართველოდვე და იმერეთს წარმოაგზავნა ღენერალ-მაიორი ფედორ ფილიპვიჩ სიმონოვი. ხოლო რა სცნეს რუსთმა ჭეშმარიტებით, რომ მეფე იმერეთისა არა მოდრკება ერთგულებასა ზედა ხელმწიფე იმპერატორისასა და არა განაგდებს ერთგულებასა პორტის ათამანისასა და არც დააცხრობს წინააღმდეგსა საქციელსა, ამისთვის უბრძანეს მთავარსა სამეგრელოისასა ლეონს გრილოგის ძეს, რათა შეერთდეს იმერეთის მართებელის სვიმონოვიჩთან და განდევდონ მეფე იმერეთიდან და დაიპყრას იმერეთი ხელმწიფე იმპერატორმა.
შეკრიბა სპანი მეგრელთანი ლეონ დადიანმა, გავედით ცხენის წყალსა და დავბანაკდით ჯიხაიშს. გავიდა იქ ღენერალი სვიმონიჩი მხედრობითა და შევერთდით. ხოლო მეფე იდგა იმერელ სპითა ვარდციხეს. ხოლო ხელმწიფე იმპერატორისა უერთგულეს იმერელთა ამა: ყოვლად საღვდელომ გენათელ მიტროპოლიტმა ეფთვიმი, თავადმა სახლთუხუცესმა ზურაბ ქაიხოსროს ძემ წერეთელმა, თავადმა ოტიამ და სეხნიამ წულუკიძემ, და ესენი იყვნენ ჩვენთან და სხვათა იმერელთა მოუკლებელი იდგა მეფე ვარდციხეს. ავმხედრდით და წავედით მეფეზე, რათა მოვადგეთ გარს. და რა სცნა მეფემან მისვლა ჩვენი, ვერღა იკადრა პირისპირობა, წავიდა ახალციხის მთის კალთასა შინა ხანს. და ჩვენ მივედით ვარდიციხეს, ვსცანით რა წასვლა მეფისა ხანს, შეუდექით უკანა მისა და მივედით ბაღდათს და დავდექით. მცნობი ამისი მეფე იმერეთისა ვერღასად წავიდა და მოვიდა სიმონოვისა და ჩვენთანა და გამოუცხადა სიმონოვმან, რათა წავიდეს საქართველოს მთავარმართებელ ტორმასოვისა თანა. დამორჩილდა მეფე და შემდგომად ერთისა კვირისა წავიდა მეფე რამოდენითა თავისითა თავად-აზნაურითა და მივიდა ტფილისს ტორმასოვისა თანა. მან გამოუცხადა, რათა წავიდეს რუსეთად და დააყენეს ყარაულნი, რათა არა ივლტოდეს სადამე. და რუსთა დაიპყრეს იმერეთი, ისევე როგორც საქართველო, წელს ქრისტესით 1810.
და იყო მეფე ტფილისსა შინა. მაშინ ღამით გაიპარა თვისი მხლე თავად-აზნაურთან ერთად და შევიდა ახალციხეს, იშოვა რამოდენიმე ლეკთა და ოსმალთა ჯარი და ჩამოვიდა იმერეთს და მივიდა მისა ყოველი იმერეთი გარდა გენათელისა, ზურაბ წერეთლისა და ოტია და სეხნია წულუკიძისა, და ესენი ერთგულებდა რუსთა. მაშინ იმერეთისა მმართებელმა ფედორ ფილიპვიჩმა სიმონოვმა მიიწვია თვისი სპითა დადიანი. და წავედით და გავედით იმერეთად. და შემოგვიერთა ჩვენ რუსთა მხედრობა, და რომელიც არა მოვიდოდა ერთგულებასა ზედა ხელმწიფე იმპერატორისას, ვწვიდით და ვაოხრებდით. მაგრამ მრავალი მოვიდენ დამორჩილებად. ამათ ჟამთა შინა მოიხსენა ხელმწიფე იმპერატორმა აღქმული თვისი შარვაშიძის საფარ-ბეგისადმი, წარმოავლინა ზღვიდან მხედრობა და მოადგენ სოხუმის ციხესა და თვრამეტსა საათსა შინა აიღეს იგი. და ივლტოდა მამის მკვლელი ასლან-ბეგ და რომელიცა გარდარჩნენ მხლენი მისნი. ხოლო ციხე და ქალაქი ყოვლის დიდებითა სავსე დარჩათ რუსთა, დასდგნენ მას შინა, და ასლან-ბეგი სირცხვილეული წავიდა ჯიქეთს.
ხოლო რა გაგრძელდა ლაშქრობა ჩვენი და ვერა გავდევნეთ მეფე იმერეთიდან და დაიარებოდა, აქათ-იქით, მაშინ საქართველოს უპირატეს მართებელმა წარმოავლინა შემწედ ჩვენდა რამოდენიმე მხედრობა და მხედართმძღვანად თავადი დიმიტრი ორბელიანი. და რა სცნა მეფემან, შეუკრა საფრითა გზაი ჭიშურისა და დააყენა მას ზედა სპანი იმერელთანი საკმაო და თავადი სიმონ აგიაშვილი, და მოვიდა იქ თავადი ორბელიანი, დახვდენ იმერნი და ქმნეს ბრძოლა, მაგრამ ვერ დაუდგენ იმერნი, ივლტოდენ, და მოვიდა კნიაზი ორბელიანი ქუთაისს თვისას რწმუნებული მხედრობითა. მცნობი ამისი მეფე უღონო იქმნა, სცნა რა, ვერღა ძალუძს ბრძოლა ჩვენი, წავიდა კვლავ ახალციხეს და მეუღლე მისი მარიამ დედოფალი წარმოგზავნა დადიანისა და ლერონისა თანა. ვინაიდან იყო მამის და მისი. და შემოუთვალა თხოვნა რუსთა, რათა არ წარგზავნონ იგი რუსეთად. თუმცა ამისთვის დიდათ სწუხდა მთავარი დადიანი ლეონ და დედამისი, საქართველოს მეფის ასული დედოფალი ნინო, მაგრამ ვერ წინააღუდგა ბრძანებასა იმპერატორისასა და მწყალობელის თვისის ხელმწიფისასა, და წაიყვანეს რუსეთად დედოფალი იმერეთისა მარიამ.
შემდგომად რაოდენისამე ჟამისა, საქართველოს უპირატეს მართებელმა ალექსანდრე პეტროვიჩმა ტორმასოვმა გაილაშქრა ახალციხეს, და აწვია ლეონ დადიანიცა. და შეიკრიბა სამთავრო მისით სპანი ოდიშ-აფხაზნი და ლეჩხუმელნი. და წავედით და მივედით ახალციხეს, ვნახეთ იქ ტორმასოვი დიდითა მხედრობითა. და შემოვკარით სრულიად ციხე და ქალაქი და როდეს სწადოდათ, რათა შევსულ-ვიყოთ ქალაქსა შინა, მაშინ გაჩნდა ჯარსა შინა მომსვრელი, სენი (ესე იგი ჟამი) და შიშითა მისითა დავიფანტეთ, გავემზადეთ და წავედით, ალაფი დიდძალი წამოვიღეთ, ვინაიდან მარბიელთა ჩვენთა მოათარეშეს მრავალნი მრავალნი სოფელნი და დაბანი. და ესეთ წამოვედით სურამამდე ერთათ მთავარმმართებელიცა და მთავარიცა ჩვენი. და შემდგომად ჩვენ წამოვედით კორტოხიდან ოდიშად და მთავარმმართებელი თბილისად. და დარჩა ახალციხისა ციხე და ქალაქი უვნებელი.
ამათ ჟამთა შორის მთავარი ჩვენი ლეონ გრიგოლის ძე შეიქმნა ოცისა წლისა და ვინაიდან ესეთ იყო ბრძანება ხელმწიფე იმპერატორისაგან, აქამომდე სამთავროსა სამეგრელოსასა მართებდა დედამისი, დედოფალი ნინა, და რა მოვიდა დანიშნული ჟამი, მიათვალა ძესა თვისსა ლეონს სამთავრო სამეგრელოსი და სთხოვა ხელმწიფე იმპერატორსა და წავიდა როსიად თაყვანის საცემელად მისისია ხელმწიფე იმპერატორისასა, ფამილიათა მისთა. და წაიყვანა ძე თვისი გიორგი და აფხაზეთის მთავარის საფარ-ალი-ბეგის ძე, ყრმა დიმიტრი, ვინაიდან სიყრმიდან იგი ზრდიდა შვილად თვისად. და რა მივიდა სანკტ-პეტერბურღად, ყოველთა სამაგალითოდ მიიღო იგი ხელმწიფე იმპერატორმა და აავსო ყოვლითა წყალობითა და ნიჭითა, და ცხოვრობდა იქ.
შემდგომად წასვლისა დედისა თვისისა მთავარმა ჩვენმა ლეონ დადიანმა მოიყვანა მეუღლედ ზურაბ წერეთლის ასაული მართა და ჰქმნა დიდი და სახელოვანი ქორწილი ჭაქვიჯს.
წელსა ამას 1811, გაჩნდა იმერეთსა შინა, ოდიშსა და გურიასა საშინელი მომსვრელი სენი (ესე იგი ჟამი) და ამასთან საშინელი და საკვირველი შიმშილი, რომ უთვალავნი მოისრნენ და მრავალნი გაიბნენ, კნინღა და შუა გაიყო ყოველნი ქვეყანანი ესე ზემოხსენებულნი, და მრავალნი წავიდენ აფხაზეთად, ვინაიდან აფხაზეთსა შინა არა იყო წელსა მას შიმშილი და არცა იგი მომსვრელი სენი. და გაგრძელდა ესევითარი რისხვა ღვთისა ორსა წელსა და შემდგომად გადავიდა, თუმცა ქვეყანანი მრავალნი და სოფელნი დარჩენ ოხრად.
მაშინ კაცნი იქიდან გაბნეულნი მრავალნი იპოვებოდეს დადიანის სამთავრო სამურზაყანო აფხაზეთსა შინა უფრორე იმერეთსა კაცნი. ამისთვის წარგზავნა ბოქაულნი მთავარმა ჩვენმა და შეკრიბა და წარგზავნა მრავალნი სულნი იმერეთად. მაგრამ კვლავ დარჩა მრავალნი. განიზრახა მთავარმან ჩვენმან, რათა მსახუროს ხელმწიფე იმპერტორსა და მიეღოს მადლსაცა და გაბნეულნი იმერელნი შემოჰკრიბოს შესაძენელად ხელმწიფე იმპერატორისა და სასარგებლოდ სულისა. და ეგრეთვე აუკრძალოს ტყვის ყიდვა და უსჯულოება სამურზაყანოელთა მათ და ეგონ ქრისტიანად. ამისთვის თვით წავიდა და თანა წარიტანა ბიძა თვისი ჭყონდიდელ მიტროპოლიტი ბესარიონ და ცაიშელ მიტროპოლიტი გრიგოლ, და მეცა ვახლდი. და ახლდა თან სიძე მისი მანუჩარ სოლომონის ძე შარვაშიძე, რომელიც იყო მის ჟამისა სამურზაყანოს გამგებელი, თვით ლეონ დადიანისაგან დადგენილი. და მივედით რა ბედიას, დავაბანაკეთ სოფლად ხახუბიასას და დავდექით იქ. ხოლო ციხე ბედიისა მას ჟამად ეპყრა ლეონ ხუტუნიას ძეს შარვაშიძეს, და იყო მას შინა თვისას ცოლ-შვილითა. ხოლო ძე ლეონ შარვაშიძისა ხუტუნია და სიძე დადიანისა მანუჩარ სოლომონის ძე შურობდეს ერთნმანეთში და იყვნენ ერთნმანეთისა ბიძაშვილნი. და ღამესა მას ყოფნასა ჩვენსა ბედიას შემოუჩინა ხუტუნიამ კაცი მანუჩარ შარვაშიძესა და მძინარესა სახლსა შინა შეეპარნენ და დასცეს ხანჯალი მძინარეს და მოჰკლეს კაცი ღირსსახსოვარი და საქებელი, იმპერატორის პოლკოვნიკი და კავალერი. მსმენელი ამისი მთავარი დადიანი და მხლენი მათნი დიდსა მწუხარებასა მივეცით, მაგრამ არა იყო ღონე: ლეონ შარვაშიძე და ძე მისი ხუტუნია ციხესა შინა იყვნენ და ჩვენ არა გვახლდა ჯარი, რათა ნაცვალი რამე გვემოქმედებია. წამოვიღეთ მკვდარი და მოვედით სასახლესა მისსა ბარბარას და ვიყავით იქ თხუთმეტ დღემდე, და იყო დიდი და გამოჩენილი ჩვეულებისამებრ აფხაზთა ტირილი და ვაება. და შემდგომად მოვასვენეთ ეკლესიასა ცაიშს და დავმარხეთ იქ შესაფერისა პატივითა.
ამისთვის იწადა მთავარმა ჩვენმა, რათა ლეონ შარვაშიძესა და ძესა მისსა ხუტუნიას ესევითარი ბოროტმოქმედებისათვის გადაახდევინოს. და ვინაიდან ციხე ბედიისა მაგარი იყო და ქებული და არავის აუღია იგი ძალისა შემოდგომითა და ლევანიცა იდგა მომზადებით მას შინა, ვინაიდან სამურზაყანოსა შინა იყო მის ჟამისა დიდ-შემძლე კაცი ლევან შარვაშიძე. ამისთვის დადიანმაცა მძიმეთ იპყრა თადარიგი თვისი და სთხოვა შეწევნა რუსთა და წარმოუგზავნა ორი როტა მხედრობა და მასთანა არტილერია და მხედრობა იმერთა რამოდენიმე და სარდლათ იმერთა მხედრობისა გრიგოლი ზურაბის ძე წერეთელი და სეხნია წულუკიძე. აგრეთვე სთხოვა შეწევნა მთავარს მამიას გურიელს, და მანცა წარმოგზავნა გურული მხედრობა და სარდლათ მათდა ბიძა გურიელისა დავით და ვახტანგ როსტომის ძე ერისთავი. და ესეთ შეკრებულნი წარმოვემართენით და მოვედით ბედიას და დავებანაკეთ გაღმით ციხისა, შევიზრახეთ ურთიერთთა შორის და ორათ გავყავთ მხედრობანი: რუსის მხედრობა და ოდიშარნი და სამურზაყანო. აფხაზნი ერთად და ამათდა მხედართმძღვანათ და თვით სარდლათ მთავარი ჩვენი ლეონ გრიგოლის ძე დადიანი, და მოადგა ზემოთ ციხისა, ხოლო მეორედ იმერელნი და ლეჩხუმელნი და გურულნი და მარწმუნეს მე; და ამათ მხედართმძღვანათ და სარდლათ მაჩინეს მე. და მოვადექით ქვემოთ ციხისა. და რა შეუტიეთ, დაგვიწყეს ციხის გარემოდან სროლა, მაგრამ მსწრაფლ გავაქციეთ და შევიდენ ციხეში, და ჩვენ მახლობლად ციხისა დავდექით და ვემზადებოდით სასროლსა ზარბაზნისასა და საფართა, რათა მახლობლად შემოვზღუდოთ ციხე. მაშინ რა სცნა ხუტუნია ლეონ შარვაშიძის ძემ, ციხესა შინა მყოფმა, რომ მოდგომა ციხისა ამის ფიცხელად არის და არ შეუძლიათ გამაგრება ციხისა ამის, შეშინებული გაიპარა ღამით და წავიდა წებელად. და რა სცნა ლევან შარვაშიძემ, რომ არ ძალუძს წინააღმდეგობა, დაგვიწყო მოციქულება, ითხოვა ჩემი იმედი უსიკვდილობისა, და გამოვიდა და მოგვცა ციხე ბედიისა. და ვინაიდან იყო ლეონ შარვაშიძე მოხუცებული და მეუღლე მისი, ინალიშვილის ასული, და ამისდა პატივად მიუჩინა გამოსაზრდელად სოფელი ფახულანისა და იქ წარვგზავნეთ. და ესე გამარჯვებული მთავარი ჩვენი წავიდა სახლად თვისად, ხოლო მე დამტოვა ლეჩხუმის რამოდენიმე ჯარით. და განახლებით განვამაგრე ციხე ბედიისა და ვიყავ რაოდენსამე ხანსა. და შემდგომად დავტოვე იქ მეციხოვნედ თავადი გიორგი პეტრეს ძე მხეიძე თვისი სახელოს კაცით და წამოვედი მშვიდობით.
ამათ ჟამთა მოუწოდეს მთავარმმართებელსა საქართველოსასა ტორმასოვს, და არწმუნეს საქართველოსა მთავარმმართებლობა ღენერალ-ონტ-ინფანტერსა ნიკოლაი ფეოდორიჩს რტიჩევს, რომელიც იყო კაცი სათნო ღვთისა და ერისა; და ამან ჰქმნა მშვიდობა შორის ხელმწიფე იმპერატორისა და სპარსეთისა. ესე მოვიდა იმერეთად, განიხილა ყოველი იმერეთი, მოუწოდა ქუთათისს მთავართა, დადიანსა და გურიელსა, უალერსა მათ შესაბამად და იქიდან მივიდა მარანზე საჭილაოს, მიწვეული ლევან დადიანისა, და უქმნა შესაფერი მეჯლიში დადიანმა და შემდგომად წავიდა კვლავ საქართველოდ. ხოლო ჟამსა ამას იყო იმერეთის მმართებელად პოლკოვნიკი სტანისლავ დამიანვიჩი მერლინი.
ხოლო მეფე იმერეთისა სოლომონ, ოსმალთა შინა მყოფი, წავიდა აზრუმს და იქიდან ევედრა ოსმალთ იმპერატორსა პორტი ათამანსა, და ეგრეთვე ჩავიდა ერევანს და იქიდან ევედრა სპარსეთისა ყაენსა, მაგრამ ვერა რომლითამე მხრითა იშოვნა შეწევნა. და მრავლისა ხვეწნისა და მრავლისა თხოვისა შემდგომად მოვიდა ტრაპიზონს, დასნეულდა იქ და მოკვდა წელს 1815. და დაფლეს იქ დიდისა პატივითა. ხოლო თავად-აზნაურნი, მხლენი მისნი, არა განუტევეს ოსმალთა და ეტყოდენ: როდეს ჩვენდა დავიპყრობთ იმერეთსა, მაშინ განგიტევებთო. და იცოდენ მათ ოსმალთ მოტყუებისა ამბავი. და იმეცადინეს და გამოიპარენ ერთიანათ იმერელნი, იქ მხლენი მეფისანი, და მოვიდენ იმერეთად და შეიწყნარეს რუსთა და მისცეს თვის-თვის სახლსა შინა მშვიდობით ცხოვრება.
ამათ ჟამთა იყო, რომ ნაპოლეონ ბონაპარტე შემოვიდა რუსეთად და მოაოხრა რუსეთი, და ამისთვის ხელმწიფე იმპერატორმა და პორტი ათამანმა ქმნა მშვიდობა შორის მათსა. და ამისთვის მისცეს რუსთა კვლავ ფოთი ოსმალთა. ხოლო ბონაპარტი ძლიერებითა განსაკვირვოთა განდევნეს რუსეთიდან და უკანიდან შეუდგა თვისი უძლეველი მხედრობითა ხელმწიფე იმპერატორი ალექსანდრე პირველი. მიჰყვა პარისამდე, აიღო პარისი და თვით ბონაპარტე შეიპყრა და ესეთ საუკუნოდ სახსოვრად და სამაგალითოდ გაიმარჯვა და სძლია მტერთა ძლიერებით საკვირველსა.
ხოლო ჯიქეთს მყოფი ასლან-ბეგ შარვაშიძე, მამის მკვლელი, წავიდა სტანბოლს და იქიდან მოვიდა ფოთს, სადაც იყო სერესკალი სულეიმან ფაშა ხაზინადარ-ოღლი, რომელსაც ჰქონდა რწმუნებული, რათა დაიპყრას იმერეთი და სამეგრელო და განდევნოს რუსი, რომელმანცა არა თუ შეასრულა ესე ბრძანება, ვერცაღა-თუ განცხადებაცა იკადრა პირით მისით და ესეთ კვლავ უკუნიქცა. და სერასკალის ფოთს ყოფნასა შინა მოიცა ასლან-ბეგმა ძალი, წარმოიტანა რამოდენიმე ოსმალთა ჯარი ზღვით და მოვიდა გუდავას, და გუდავადან მოვიდა ტამუშს და იქ დადგა, სწადდა დაპყრობა აფხაზეთისა. მაგრამ მოვიდა საფარ-ალი-ბეგ და სთხოვა შეწევნა რუსთა. მაშინ მიბრძანეს მე და წარმგზავნეს და მომცეს ბრძანებასა ჩემსა ქვეშე ბატალიონი თვისი არტილერიითა და მიბრძანეს, რათა დავესხა მათ თავს. და რა წაველ და მიველ ილორს, მაშინ სცნეს მისლვა ჩემი და ივლტოდენ ოსმალნი და დაუტევეს ასლან-ბეგ. და ასლან-ბეგ წავიდა კვლავ ჯიქეთად. ხოლო აფხაზეთი კვლავ დარჩა საფარ-ბეგს.
ხოლო წებელს მყოფი ხუტუნია ლევანის ძე შარვაშიძე წამოვიდა მალვით წებელიდან და უნდოდა, რათა მისულიყო და შევედრებოდა ზურაბ ქაიხოსროს ძეს წერეთელს, რათა ეპატიებია დადიანის რისხვისაგან. და რა მოვიდოდა ხონს, ნახა იგი დავით ქაქუჩას ძემ წულუკიძემ და შეიპყრა იგი და მოჰგვარა ლეონ დადიანს, და მან ტყვედ ჰყო მურის ციხესა შინა წელსა ერთსა, ხოლო შემდგომად ევედრა ზურაბ წერეთელი სიძესა თვისსა ლეონს დადიანს, რათა აპატიოს ხუტუნია შარვაშიძეს. პატივი სცა თხოვასა სიმამრისასა და მიმადლა და გამოუშვა ციხიდა და მისცა წერეთელს, ხოლო მან სახლსა შინა თვისსა გამოზარდა იგი ორსა წელსა. და მერე კვლავ სთხოვა პატივი მისი. და შეიწყალა დადიანმა და მიუტევა ყოვლად უგვანი საქციელი მისი და მისცა მას და ძმათა მისთა ნახევარი ბედია. და ნახევარი ბედიისა მისცა ზურაბ ბოლიხუხუს ძესა შარვაშიძესა და ფახულანი მისცა დასა მისსა, ქვრივად მყოფსა, მეუღლესა მანუჩარ შარვაშიძისასა, და იმყოფებიან ესეთ აწმყოსა ჟამსა.
ამათ ჟამთა მიუწოდეს რუსეთად საქართველოს უპირატეს მმართებელს ღენერალ ონტ-ინფანტერის რტიშჩევს და მოადგილედ მისა წარმოგზავნეს ღენერალ-ლეიტენანტი ალექსეი პეტროვიჩი იერმოლოვი და მცირედისა ხანისა შემდგომად მოუბოძეს ონტ-ინფანტერობისა ღენერალობა. ამან დაიპყრა ყოველი დაღისტანი საჭურველის ძალითა, და ჩაჩანიცა შეავიწროეს და შეხშო კავკასსა შინა. მიუბოძეს იმერეთის მმართებელს პოლკოვნიკს მერლინს ღენერალ-მაიორობა და წავიდა რუსეთად, ხოლო იმერეთის მმართებელად წარმოგზავნეს ღენერალი ხათუნცოვი და შემდგომად მცირედისა ხანისა – ღენერალ-მაიორი ივან დანილოვიჩი კურნატოვსკი. დროთა ამათ შორის ბრძანა ხელმწიფე იმპერატორმა, რათა იმერეთისა, სამეგრელოსა და გურიისა მღვდელ მთავართა საქმენი და სასულიეროთა განკარგულებათანი და წესდებანი საეკლესიოთა მამულთანი იქმნენ მსგავსად, როგორცა არის რუსეთსა შინა. ამისთვის მოვიდა იმერეთსა შინა საქართველოს მიტროპოლიტი და ეგზარხოსი თეოფილაკტე და რა იწყო იმერეთსა შინა დაწყობა მსგავსად რუსეთისა სასულიეროთა საქმეთა, დიდად ეუცხოათ იმერთა, ვინაიდან ჯერეთ არა იყვნენ ჩვეულნი ესევითართა დაწყობილებათა და განკარგვათა. და არა ინებეს და ქმნეს ამისთვის ბუნტი და არეულობა და განდგენ იმერნი რუსთაგან. მაშინ რა იხილა თავი თვისი ეგზარხოსმა თეოფილაკტემ შეურაცხქმნილი იმერთაგან და არცა უსმენენ მის მიერ მოძღვრებასა, კვლავ წავიდა საქართველოდ.
ამისთვის ინება ხელმწიფე იმპერატორმა და გადაადგინეს იმერეთის მმართებელი კურნატოვსკი და არწმუნეს იმერეთის მმართებელობა პოლკოვნიკს ივან ონოფრივიჩს პუზირევსკის. და უბრძანეს პუზირევსკის და წაიყვანეს რუსეთად ქუთათელ მიტროპოლიტი დოსითეოს წერეთელი, გენათელ მიტროპოლიტი ეფთვიმი, გურიის ერისთავი ძე, და ამმათთან პოლკოვნიკი თავადი სეხნია წულუკიძე და თავადი დავით მიქელაძე, რომელნიც იყვნენ მსაჯულნი იმერეთისანი. ხოლო გზასა ზედა გარდაიცვალა ქუთათელ მიტროპოლიტი, და დაფლეს ანანურს, და სხვანი წაიყვანეს რუსეთად. და ამისთვის აბაშიძე იოანე ქაიხოსროს ძე, შვილიშვილი დედით პირველი მეფის სოლომონისა, გაიქცა და წავიდა გურიას და მივიდა ქაიხოსრო გიორგი გურიელის ძესთან, ვინაიდან სწამობდენ ბუნტის თაობას, რუსნი. მაშინ წავიდა იმერეთის მმართებელი პოლკოვნიკი პუზირევსკი რამოდენითამე მხედრობითა გურიას, რათა სთხოვოს ქაიხოსრო გურიელის ძეს იოანე აბაშიძე. და უკეთუ არა მოსცენ მას, მაშინ მოიხმაროს ძალი მათზე. და რა მივიდა მახლობელად შემოქმედის ციხისა, დატოვა მხედრობა და თვით ხუთითა თუ ექვსითა ცხენოსნითა წავიდა შემოქმედის ციხესა ზედა სასაუბროდ ქაიხოსროსა. და რა მივიდა ციხესა ზედა, ვერ ნახა იქ ქაიხოსრო გურიელის ძე, ვინაიდან იგი წასულიყო სხვასა ადგილსა. და რა დაბრუნდა პუზირევსკი კვლავ თვისთა მხედრობათა თანა, გამოეგებნენ მეციხოვნენი, და მომავალი გზასა ზედა მოჰკლეს პოლკოვნიკი პუზირევსკი. და რა ესმათ სიკვდილი პუზირევსკისა გურულთა, არა იცოდნენ, თუ რატომ იყო შეხდომა ესე. და ამისთვის ჰქმნეს ბუნტი და დაუწყეს ცემა თოფთა ფიცხელი მხედრობათა. და ეგრეთვე მოადგენ ჩოხატაურს დაბანაკებულთა რუსთა, ვინაიდან იქ დიდი ხნით იყო კვარტირა. და შემოზღუდეს და დაუწყეს იქაცა ფიცხელი სროლა, ხოლო რა ესმა ესე მთავარსა მამიას სიმეონის ძესა გურიელს, შეწუხდა ფრიად და წარგზავნა ყოველმხრით კაცნი და დაითხოვა ესევითარს საქციელს გურულნი, წამოიყვანა მხედრობა, რომელიც ახლდა პუზირევსკის და დაადგინა სასახლესა თვისსა ოზურგეთს და მისცა გამოსაზრდელი და დაიფარა ყოვლითურთ.
მაგრამ იმერეთს იქმნა დიდი ბუნტი და არეულობა და მიდრკენ და კნინღა და ყოველნი იმერნი რუსთაგან. მაგრამ რუსთა ერთგულებდა წერეთელი ზურაბ და ძმისწული მისი ქაიხოსრო პაპუნას ძე და სხვანიცა წერეთელნი და რომელნიმე წულუკიძენი და სამი ძმა აგიაშვილნი და ჩხეიძენი. ამისთვის საქართველოს უპირატეს მმართებელმა იერმოლოვმა წარმოავლინა მხედრობითა ღენერალ-მაიორი ალექსეი ალექსანდრევიჩი ველიამინოვი დასამშვიდებლად იმერეთისა, და რა მოვიდა ქუთაისს, ნახა, რომ პრავიანტი არა არის საკმაო ქუთაისს მხედრობისათვის. ამისთვის სთხოვა მთავარსა ჩვენსა ლეონ გრიგოლის ძეს დადიანს, ვინაიდან გურულნი ორგულებენ რუსთა და აქვს დავით გურიელის ძეს რიონის პირი შეკრული, რათა არა მისცეს ნაბადადან პრავიანტი რუსთა, ამისთვის ჰქმენით შეწევნა და ნაბადადან მოიტანეთ პრავიანტი მარანს საჭილაომდისი. უსმინა მთავარმა ჩვენმა, ვინაიდან სიყრმიდან თანშობილად ქონდა ერთგულება რუსეთის იმპერატორისა და ჟამსაცა ამას დაიცვა სამფლობელო თვისი შერყევისაგან და ეგო მიუდრეკელ ერთგულად ხელმწიფე იმპერატორისა. ამისთვის მიბრძანა მე წასვლა და შესრულება ღენერალის ველიამინოვის თხოვილისა. და გამატანა მე მდივანბეგი თავადი როსტომ სახლთუხუცის ძე ჩიქოანი და რამოდენიმე სამეგრელოს მხედრობა. წავედით და მივედით საჭილაოს რუსთან, მარწმუნეს მე ბატალიონი ერთი და წაველ და მიველთ რა ნაბადას, შევკრიბე მრავალნი ნავები საჭილაოდან და ჩავიდევით პრავიანტი თვისის საომარებითა და წამოველთ და გავედით ჩვენ გაღმით რიონისა და წამოვედით, რათა დავიფაროთ მტერთაგან წყლით მიმავალი პრავიანტი. და რა წამოვიღეთ მცირედი ნაბადადან, დაგვხვდა დავით გურიელის ძე გურულთ შეკრებულებითა და შეგვექმნა ბრძოლა; დაუწყეთ ერთმანეთს საკმაოდ სროლა და შემდგომად სამის საათის ბრძოლისა განვდევნეთ ისინი და გავაქციეთ და ჩვენ წამოვიღეთ პრავიანტი და მოვიტანეთ მარანზე უვნებლად. ამისთვის და ესევითარისა მსახურებისათვის ხელმწიფე იმპერატორმან მე მომიბოძა ჯილდოდ ამისა სიკვდილამდე პენსია, ხოლო როსტომ მდივანბეგს ჩიქოანს პოტპორუჩიკობა, რომელმანცა ბრძოლასა მას შინა მამაცური სიმხნე წარმოაჩინა წინაშე ჩემსა.
კვლად სთხოვა ღენერალმა ვილიამინოვმა მთავარსა ჩვენსა ამოტანა პრავიანტისა. მაშინ თვით წავიდა ნაბადას, რადგანაც ისმოდა დიდი მზადება გურულთაგან დახდომისა და წამოიღო მრავალი პრავიანტი და ვერღა შებედეს დახდომა გურულებმა და მოიტანა პრავიანტი მარანზე. როდეს ნახა ღენერალმა ველიამინოვმა საკმაო პრავიანტი, ამით განძლიერებულმა იწყო საქმედ და წარგზავნა პოლკოვნიკი თავადი გარჩაკოვი მხედრობითა დასამშვიდებლად რაჭას. და მივიდა და ყოველნი ურჩნი მოწვა და მოაოხრა, შეიპყრო წულუკიძე გიორგი და მერაბ და სხვანიცა მრავალნი თავად-აზნაურშვილნი. და ერთგულთა მისცეს წყალობანი. და ესე დაამშვიდა რაჭა და ჩამოვიდა კვლავ ქუთაისს. მერე შეუდგენ დამშვიდებასა იმერეთისასა: მრავალნი მოჰკლეს, მრავალნი შეიპყრეს და ძელსა ზედა დამოჰკიდეს, დაესხენ თავს და მოჰკლეს დავით ბაგრატიონი, დიდის მეფე სოლომონის ძმისწული, ბაგრატის შვილი გადაყარეს ვახტანგ ბაგრატოვანი, დავით მეფის არ-კანონიერის შვილიშვილი, და მასთანა იოანე აბაშიძე და სხვანი მრავალნი თავად-აზნაურნი, და წავიდენ ოსმალთა თანა ახალციხეს, ხოლო ერთგულნი აავსეს წყალობითა, ესეთი მოქმედებით დაამშვიდეს იმერეთი.
შემდგომად იწყო მომზადება: და შემდგომად მომზადებისა წავიდა ღენერალი ველიამინოვი გურიად დიდძალითა მხედრობითა, მოადგა ციხესა შემოქმედისასა, რომელიც ეპყრა ქაიხოსრო გურიელის ძეს და აიღო იგი საჭურველის ძალითა და დაარღვია. და ქაიხოსრო ლტოლვილი წავიდა ოსმალთა შინა და მამულნი მისცა თვით მთავარსა გურიელს, გადააგდო გურიელის ძე დავით, ძმა ქაიხოსროსი, და მამული მისი დაიპყრა ყოველი ხელმწიფე იმპერატორისათვის; გადააგდო გურიის ერისთავი დავით ოსმალთა შორის, რომელიც შემდგომად მცირედისა ხანისა მოკვდა, და მამულნი მისნი დაიპყრა ხელმწიფე იმპერატორისათვის, და ესეთ ურჩნი მოსრა გურიასა შინა და ერთგულნი აავსო წყალობითა. და ესეთ დაამშვიდა გურია და მოვიდა იმერეთს, და იმერეთს დაადგინა გამგებლად პოლკოვნიკი თავადი პეტრე დიმიტრევიჩი გარჩაკოვი, რომელსაცა მცირედისა ხანისა შემდგომად მოუბოძეს გენერალ-მაიორობა. და ღენერალი ველიამინოვი ესეთ გამარჯვებული წავიდა საქართველოდვე.
ხოლო მთავართა, დადიანსა და გურიელსა, ამა ჟამისა ერთგულებისათვის დადიანსა მოუბოძა ხელმწიფე იმპერატორმა ჩინი ღენერალ-ლეიტენანტობისა, რომელმანცა დაიცვა სამფლობელო თვისი შეურყევლად, და გურიელსა ორდენი მეორისა ხარისხისა თავადისა ვლადიმერისა. და სხვათა მრავალთა იმერეთსა და სამეგრელოსა და გურიასა შინა ერთგულთა ებოძა მოწყალება ამა ჟამთა ერთგულების ჯილდოდ.
დროთა ამათ შემდგომად გარდაიცვალა შიდა აფხაზეთის მთავარი საფარ-ბეგ შარვაშიძე წელს ქრისტესით 1821, თებერვლის 6 და შემდგომად ამისა ამავე წელს, მარტის ექვსს, ჰასან-ბეგ ქელაეშ-ბეგის ძე, ძმა საფარ-ბეგისა, შეიპყრეს რუსთა და წაიყვანეს რუსეთად. მცნობი ამისი ასლან-ბეგ შარვაშიძე, მამის მკვლელი, რომელიც იყო თათართა შორის, მოვიდა აფხაზეთად, და ვინაიდან აღარავინ იყო მემკვიდრე, გარდა მცირეწლოვანთა ძეთა საფარ-ბეგისათა, ამისთვის მიმართა ყოველმა აფხაზეთმა და მოვიდენ ასლან-ბეგისა და მისცეს ყოველთა ერთგულებისა პირი.
მაშინ ხელმწიფე იმპერატორმა რა სცნა გარდაცვალება საფარ-ბეგისა, მიუბოძა აფხაზეთის მთავრობა ძესა თვისსა დიმიტრის, რომელიც იზრდებოდა სანკტ-პეტერბურღსა შინა, რომელიც წაიყვანა საქართველოს მეფის ასულმა, სამეგრელოს დედოფალმა ნინამ, რომელიც ადრე აღვწერეთ. ესე გამოიყვანეს სასწავლებელისაგან, მიუბოძა ჩინი პოლკოვნიკობისა და სხვა მრავალნი წყალობანი, და გამოისტუმრა აფხაზეთს მთავრად, და რა მოვიდა საქართველოს უპირატეს მმართებელთან, ერმოლოვთან, და მან წარმოუგზავნა იმერეთის მმართებელს თავადს გარჩაკოვს და უბრძანა, რათა თვით წაყვეს მხედრობითა და განდევნოს ასლან-ბეგ, და დიმიტრი ჰქმნას მთავრად აფხაზთა.
მაშინ ბრძანებისამებრ გაემზადა თავადი გარჩაკოვი და სთხოვა მხედრობა რამოდენიმე სამეგრელოსა მთავარსა ჩვენსა და სახელდობრ გამოსთხოვა თავი ჩემი მხედართმძღვანად. წავიდა თავადი გარჩაკოვი ორითა ბატალიონითა და თვისის არტილერიითა, თვით მთავარი ჩვენი ლეონ დადიანი მიჰყვა თავის საზღვრამდე ღალიძგამდე და იქიდან მე გამატანა და ჩემთანა ლეჩხუმისა მხედრობა ექვსასი კაცი. და წავედით, და როდეს მივედით ჩვენ ღალიძგას იქით, ასლან-ბეგ მოვიდა დაუკლებელის აფხაზ-სპით და დადგა მოქვს, და უნდოდა ვითომ პირდაპირობა ჩვენი. მაგრამ სიძე ჩემი ალი-ბეგ შარვაშიძე, რომელი იყო შთამომავლობითა მაჰმადიან, უწინარეს ამისა ოთხითა წლითა მოვიყვანე მართალსა სარწმუნოებასა ქრისტეს ღვთისა ჩვენისასა, ნათელ-ვეც და ვუწოდე ალექსანდრე და მივეც ცოლად ასული ჩემი კესარია. ესე იყო მფლობელი ნახევარისა სრულისა აფხაზეთისა, რომელსა უწოდებენ შუა სოფელს. ესე მყოფი ასლან-ბეგთან ვეზრახე და გადმოვიბირე ჩვენს მხარეს. აგრეთვე ცოლისძმა ჩემი, სალარუფუ მარშანია, რომელსაც უსმენდენ სრულიად წებელნი და სხვანიცა, და იყო მას ჟამსა აფხაზთა შორის შემძლე კაცი. ესენი გადმოვიბირე და მოვიყვანე ჩვენთანა, ამისთვის ვეღარ დადგა ასლან-ბეგ მოქვს და წავიდა. წავედით ჩვენცა, და რა მივედით წყაბას და დავებანაკეთ, მოვიდა იქ სალარუფუ მარშანია და გვაცნობა, რომ გზასა ზედა ჩვენსა ზღვის პირად, სადაც ეწოდება აშიღვარა, იქ შეუკრავს ოთხსა და ხუთსა ადგილსა საფარი ასლან-ბეგს, სადაც არა არის გზა, გარდა მისა, და იქ დგას აფხაზითა და ოსმალთ რამოდენიმე სპითა.
მცნობი ამისი მეორესა დღესა გავემზადეთ და წავედით. და რა მივედით იქ დანიშნულსა ადგილსა, ვნახეთ თქმისაებრ სალარუფუს ოთხსა და ხუთსა ადგილსა ძლიერ მაგარი და საბრძოლველად გაწყობილი საფრები, სადაც არა ჰქონდა გზა არსით შემოსავლელი, და რა ვცანით გარეშე ამისა არა იქმნების რა, დავიწყეთ ბრძოლა. და შეიქმნა სასტიკი ომი, სადაც არა გამოირჩეოდა ზარბაზანთა და თოფთა ცემა. და მოიკლოდენ საკმაოდ კაცნი. და ვიბრძოლეთ რა სამ საათს და ვცანით, რომ ზარბაზნითა და ესევითარისა ბრძოლითა ვერ განვდევნით მათ, მაშინ ერთიანად ვთქვით და მიუტანეთ იერიში, და ორგზის მიუტანეთ იერიში, მაგრამ ვერ ავიღეთ. ხოლო მესამე გზის სარდალთა და მხედართა განურჩევლად ერთიანად მიუტანეთ იერიში და ავიღეთ უპირველესი საფარი და განვდევნეთ. მაგრამ კვლავ დადგენ მეორესა, უკანა საფარასა მაგრად. მაშინ რა ნახა თავადმა გარჩაკოვმა, რომ გაძნელდა საქმე, მედროშესა ჩემსა გამოართვა დროშა ჩემი და თვით მიუძღვა მხედრობასა, და რამოდენისამე განვლისა შემდგომად მე მომცა დროშა და მე უძღოდი მხედრობასა და ესევითარითა საქციელითა ავიღე საფარანი და გავდევნეთ და სრულიად გავაქციეთ, სადაც გვქონდა ბრძოლა განუწყვეტელი თექვსმეტსა საათსა. და ესეთ იბრძოლეს დღესა მას აფხაზთა, რომ არას დროს მოთხრობილა ბრძოლა ესევითარი აფხაზთაგან.
და მოგვისწრო ღამემან და დავდექით მას ღამესა მდინარის მაჭარას პირსა ზედა. ხოლო დილა რა გათენდა, წამოვედით და კვლავ მოგვინდომეს დახტომა. და რა ვნახეთ და იყო ცხენთა შეტევებისა ადგილი, მაშინ ჩვენთა ლეჩხუმელთა შეუტიეს და მცირედისა სროლითა გააქციეს და მრავალი დევნა უყვეს და გაიბნიენ. და მივედით თუბუნს (ესე იგი ცხომს) და ქალაქი და გარემო მისა სოფელნი და ეგრეთვე სასახლე შარვაშიძეთა სრულად დავწვით და ავაოხრეთ. და იქიდან მივედით აყუს ციხესა შინა, იქ დავისვენეთ ოთხსა თუ ხუთსა დღესა შინა ბრძოლითა საკმაოდ დამაშვრალთა, და დავასვენეთ იქ დაკოდილთა და ჩვენ წავედით ზუფუს. და რა მივედით სასახლესა შინა შარვაშიძეთა, დავებანაკეთ. და მოვიდენ ყოველნი ზუფუელნი, მაგრამ ნარჩოუ და გიორგი ინალიშვილები არ მოვიდენ ჩვენთანა, ვინაიდან ერთგულებდენ ასლან-ბეგსა. ამისთვის განრისხდა თავადი გარჩაკოვი და წარგვავლინა საინალიშვილოშიდ დასაოხრებლად მე და პოდპოლკოვნიკი ივან ნიკოლაევიჩი თავადი აფხაზოვი. და რა წაველთ, გზასა ზედა შევირიგეთ გიორგი ინალიშვილი და მივუტევეთ დანაშაულობა მისი. და ნარჩოუ არ მოვიდა, წავედით და კაპეტის წყალისა პირსა ზედა დავებანაკეთ სასახლესა შინა ნარჩოუსასა და იქიდან წარვგზავნეთ თარეშნი ჩვენნი ლეჩხუმელნი. და მოათარეშეს მრავალნი ადგილნი და მოსდენეს მრავალი პირუტყვნი და სხვა ალაფი და მოვიდენ. და შემდგომად დავწვით სასახლე ნარჩოუ ინალიშვილისა და გარემო სოფელი ყოველი და ძელსა ზედა ჩავმოკიდეთ იქ ორნი შესაშინებლად აფხაზთა. და თუმცა გვიყვეს მცირედი სროლა იქა, მაგრამ გავაქციეთ მსწრაფლ და ესევითარი წარმატებით მოველთ კვლავ ლეჩხუმს, სასახლესა შინა თავადს გარჩაკოვთან.
ხოლო შემდგომად სამისა დღისა შევაფიცეთ დიმიტრის ყოველი აფხაზეთი, მიულოცეთ ცერემონიით მთავრობა, დაუტევეთ მცველი მხედრობა და მაიორი რაკოცა, და ესეთის მოქმედებით წამოვედით და მოვედით კვლავ აყუს (რომელიც არის სოხუმს). და აყუდან თავადი გარჩაკოვი წამოვიდა ზღვით, და მე და თავადი აფხაზოვი და ყოველი მხედრობა ხმლით, გზასა ზედა. და თავისი უგვანი და არა მართალი საქციელისათვის ოქუმის წყლის პირზე დავიჭირეთ ბეჟან მარღანია, რომელიც ჟამსა მას დადიანის სამფლობელო სამურზაყანოსა შინა იყო შემძლე კაცი, და ესეთ მშვიდობით წარმართებელნი მოვედით სახლადვე ჩვენსა.
ესევითარისა სამსახურისა ჯილდოთ გვიბოძეს მოწყალება: თავადს ღენერალ-მაიორს გარჩაკოვს ბურნაოთის კოლოფი ბრილიანტით მოოჭვილი, თავადს აფხაზოვს ჩინი პოლკოვნიკობისა, მაიორს რაკოცას და მაიორს შულკაჩოვს მეოთხე ხარისხისა ორდენი წმინდის ვლადიმერისა და სხვათა აფიცართ მათ-მათი შესაბამი. მე მიბოძეს ჩინი ღენერალ-მაიორობისა, ჩემს ხელთ ქვეშეთა ძესა ჩემსა გიორგის პოდპორუჩიკობა, რომელმანცა ჟამსა მას წარმოაჩინა სახელოვანი მამაცური ქცევა, რომელიცა იყო ჯერეთ ყრმა, თავადს ლევან გელოვანს ორდენი ვლადიმირისა მეოთხისა ხარისხისა, რომელმანცა ვაჟკაცობითა ჟამსა მას განასხვავა თავი თვისი, ვახტანგ ზაალის ძეს ასათიანს პრაპორშიკობა, რომელიცა მცირედ დაიკოდა ხელში, სამურზაყანოველთ, რომელიც მე მახლდენ: თავადს თემურყვა ანჩაბაძეს პორუთჩიკობა და პენცია სიკვდილამდე, რომელიც გვემსახურა პერეოჩიკობითა და სხვათა და სხვათა საქციელითა, თავადს შარვაშიძეს ორთა ძმათ, ხუხულობასა და ზურაბს, და თავადს დათა ანჩაბაძეს პრაპორშიკობა და ეგრეთვე ალი-ბეგ შარვაშიძეს პორუთჩიკობა და სალარუფუ მარშანიას კაპიტნობა და სიკვდილამდის პენსია. და ესეთ ღირს-ვიქმენით მონარხისა მოწყალებისა.
ხოლო გაოცებული და გაქცეული ასლან-ბეგ მივიდა ჯიქეთს და იშოვა საკმაო ჯარი ჯიქისა, მოვიდა და მოადგა ჩვენთა დატევებულთა მხედრობათა ლუხუნს და მაიორს რაკოცას. თუმცა მამაცად იყვნენ ჯიქნი და შემოკრეს საფრითა, სადაც იყვნენ ჩვენნი მხედრობანი, და მივიდენ მამაცად, მაგრამ რუსთა თვისის ჩვეულების უძლეველის მოქმედებით დაუწყეს ბრძოლა და გააქციეს ჯიქნი და მრავალნი მოჰკლეს და მრავალი ალაფი დააყრევინეს. და ესეთ გაემარჯვათ მცირედთა მხედრობათა ჩვენთა და სირცხვილეული წავიდა ასლან-ბეგ და მისი ჯიქნიცა.
ხოლო შემდგომად მთავრობისა მისისა ერთისა წლისა შესრულებამდე დასნეულდა მთავარი დიმიტრი საფარ-ბეგის ძე შარვაშიძე და საუბედუროთ აფხაზთა გარდაიცვალა იგი წელს ქრისტესით 1822 და დაფლეს რუსთა დიდის პატივით ლუხუნისა სასახლისა ეკლესიასა შინა.
ხოლო მოუწოდა საქართველოს უპირატეს მმართებელმან იერმოლოვმა უმცირესსა ძმასა დიმიტრისასა მიხაილს და მისცეს მთავრობა შიდა აფხაზეთისა და ჩინი მაიორობისა, ვინაიდან ჯერეთ მცირეწლოვანი იყო.
ხოლო ვახტანგ ბაგრატოვანი, რომელიც უწინარეს ვახსენეთ, იყო გადავარდნილი ახალციხეს ოსმალთა შინა, და იყო მასთან იოანე ქაიხოსროს ძე აბაშიძე, რომელიც ესეცა უწინარეს ვახსენეთ. ესე წავიდა სტამბოლს ოსმალთ იმპერატორთა თანა (ესე იგი ხვანთქართან) და მიიღო პატივი; და რა მოვიდა იქიდან, შეეშურვა რომელსამე მიზეზისათვის ვახტანგ ბაგრატოვანი, შეუჩინა კაცნი და მოჰკლეს ახალციხეს იოანე აბაშიძე.
წელსა ამას 1822, დეკემბერსა 12 გარდაიცვალა გიორგი ნიკოლაოზის ძე დადიანოვი საგლოველად და საბავთოდ საზოგადოდ სახლთა სამთავროთა დადიანთა, ვინაიდან იყო კაცი ღირსსახსოვარი და საყვარელი. ეგრეთვე წელს ქრისტესით 1823, იანვრის 28 გარდაიცვალა ღენერალ-მაიორი და კავალერი, იმერეთის სახლთუხუცესი, თავადი ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი, სიმამრი დადიანისა ლეონისა, რომელიც იყო სრულიად იმერეთსა შინა ჭკუითა და კარგკაცობითა წარმოჩენილი და სახლთა შინა დიდებული.
ამათ ჟამთა მთავარმა ჩვენმა ლეონ დადიანმა მოიყვანა როსტომ-ბეგ ქელაიშ-აჰმედ-ბეგის ძე შარვაშიძე და შთამომავლობითა მაჰმადიანი, ნათელსცა სახელსა ზედა ქრისტესა და ქრისტიანად ჰყო და მისცა და თვისი ქეთევან, ნაცოლარი მანუჩარ შარვაშიძისა, ცოლად. თუმცა არა კეთილ ქცეულებისა მისისათვის უწყრებოდა როსტომ-ბეგს მმართებელობა რუსთა, მაგრამ მთავრის დადიანის პატივისათვის მიუტევეს მას.
ხოლო ჟამსა ამას სამეფოსა საქართველო-იმერეთისასა უსაშუალოდ ჰფლობს დიდი ხელმწიფე ჩვენი ალექსანდრე პავლეს ძე პირველი, მპყრობელი სრულიად რუსეთისა, სამთავროსა სამეგრელოსასა სრულიად ფლობს მთავარი ლეონ გრიგოლის ძე დადიანი, გურიისა სამთავროსა ფლობს მთავარი მამია სიმეონის ძე გურიელი, აფხაზეთისა სამთავროსა ჰფლობს მთავარი მიხაილ საფარ-ბეგის ძე შარვაშიძე. ხოლო ამათ მთავრებთა ჰფლობს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე პავლეს ძე პირველი და არის მშვიდობა გამოუთქმელი, რომელიცა უმეტესად დაამტკიცოს მომცემელმა კეთილისა ღმერთმა.
Комментариев нет:
Отправить комментарий