пятница, 22 сентября 2017 г.

ბერლინის კონგრესი და მისი შედეგები (ო. გოგოლიშვილი)

1878 წლის იანვრის ბოლოს ანდრიანოპოლში ოსმალეთსა და რუსეთს შორის დაიწყო მოლაპარაკება საზავო ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო, მოლაპარაკებები ანდრიანოპოლიდან სან-სტეფანოში იქნა გადატანილი. 1878 წლის 19 თებერვალს რუსეთისა და ოსმალეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ 29 მუხლისაგან შედგენილი წინასწარი ზავის პირობებზე. უაღრესად საინტერესო იყო ხელშეკრულების მე-19 მუხლი, რომლის მიხედვითაც რუსეთმა ოსმალეთს დააკისრა სამხედრო კონტრიბუცია რუსეთის სასარგებლოდ 1410 მილიონი მანეთის (ოქროთი) ოდენობით, მაგრამ იმის გამო, რომ ოსმალეთს ძალა არ შესწევდა ასეთი თანხა გადაეხადა, ის რუსეთს ამ თანხის საფასურში მისი იმპერიის მნიშვნელოვან ტერიტორიებს უთმობდა როგორც ევროპაში, ასევე აზიაში. რუსეთის მფარველობაში გადადიოდა არდაგანი, ყარსი, ბათუმი, ბაიაზეთი და სხვა ტერიტორიები (მეგრელიძე ., 1955). იმპერატორმა ალექსანდრე II-ემ განაცხადა: მარტო ბათუმი და ყარსი ღირს იმათ, რომ რუსეთმა მათთვის გასწიროს რამდენიმე მილიონი.
ამ ზავის პირობებით მეტად უკმაყოფილონი დარჩნენ ევროპის სახელმწიფოები. ისინი აშკარად ხედავდნენ, რომ ხელშეკრულება ხელს უწყობდა რუსეთის გაძლიერებას როგორც ევროპაში, ისე აზიაში, ეს კი არ შეესაბამებოდა მათ ინტერესებს. მაგალითად, ინგლისის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გადაწყდა, რომ ინგლისი ყოველნაირად შეეწინააღმდეგებოდა ოსმალეთსა და რუსეთს შორის დადებულ სეპარატისტულ ხელშეკრულებას. ისიც უნდა ითქვას, რომ ინგლისის მინისტრთა კაბინეტის ზოგიერთი წევრი წინააღმდეგი არ იყო რუსეთისათვის ბათუმის გადაცემაზე იმ პირობით, თუ რუსეთი უარს იტყოდა მისი საზღვრების სამხრეთით გაფართოებაზე. ინგლისმა დაიწყო რუსეთის დაშინება. თუ რუსეთი არ გადახედავდა 60 ხელშეკრულების პირობებს და დათმობაზე არ წავიდოდა მათ სასარგებლოდ, საომარ მოქმედებებს განაახლებდნენ. ინგლისმა მარმარილოს ზღვაში შეიყვანა თავისი ფლოტი. რუსეთი აღმოჩნდა რთულ მდგომარეობაში. მას არ შეეძლო ომი განეახლებინა. ეს მისთვის დამღუპველი აღმოჩნდებოდა.
თვით რუსეთი კი ცდილობდა როგორმე შეენარჩუნებინა მიღწეული და ამ საქმეში ევროპის ზოგიერთი სახელმწიფოს მხარდაჭერა მოეპოვებინა. ზემოთ რუსეთის იმპერატორის სიტყვები მოვიყვანე ბათუმთან დაკავშირებით, ახლა მოვიყვან კავკასიაში რუსეთის არმიის შტაბის მეთაურის გენერალ-ლეიტენანტს პავლოვის სიტყვებს. ის ამბობდა: ბათუმს რუსეთისათვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ფოთთან შედარებით მას გააჩნია გემების სადგომისათვის არნახული გეოგრაფიული პირობები, ამიტომ მთავრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს მის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ასეთი განწყობისა, ევროპამ რუსეთი მაინც აიძულა დათანხმებულიყო სან-სტეფანოს ზავის პირობები გადაეხედა. ეს კი უნდა მომხდარიყო ბერლინის კონგრესზე. რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, შეენარჩუნებინა ზავით მიღებული ქალაქი და სხვა ტერიტორიები. ამ საქმის მოგვარება კონგრესზე დაევალა რუსეთის ელჩს ინგლისში, გრაფ შუვალოვს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ შუვალოვი ადრეც აქტიურობდა ამ საქმეში იმპერატორის დავალებით. მან ჯერ კიდევ 1878 წლის 18 მაისს შეძლო ინგლისელებთან საიდუმლო ხელშეკრულების გაფორმება. მას სჯეროდა, რომ ბათუმის საკითხი რუსეთის სასარგებლოდ უკვე გადაწყვეტილი იყო, მაგრამ რუსეთის იმპერატორს კი ნაკლებად სჯეროდა შუვალოვის ოპტიმიზმისა. ის მას ეუბნებოდა, რომ როდესაც საქმე მივა ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაზე, ინგლისელები ამას არ შეასრულებენო (Внешняя политика России, XIX и начало XX века, М.,1976)
რუსეთის იმპერატორის პესიმიზმი ამ საკითხში უსაფუძვლო ნამდვილად არ იყო. იმავე 1878 წლის მაისის თვეში ცნობილი გახდა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლორდ სოლსბერის გამონათქვამი იმაზედ, რომ ინგლისმა არ უნდა დაუშვას 61 რუსეთის მიერ ბათუმის ხელში ჩაგდებაო (Русско-турецкая воина 1877-1878 гг., М, 1977).
ბერლინის კონგრესი გაიხსნა 1878 წლის 1 ივნისს. მას თავმჯდომარეობდა გერმანიის რაიხსკანცლერი ოტო ფონ ბისმარკი. მართალია მან ადრე განაცხადა, რომ სურს დარჩესპატიოსან მაკლერად და არც ერთ მხარეს არ მიანიჭოს უპირატესობა, მაგრამ სან-სტეფანოს ზავის გადასინჯვისას, იგი რუსეთის მოწინააღმდეგეებს მიემხრო. რუსეთი ამ კონგრესზე აშკარა იზოლაციაში აღმოჩნდა. განსაკუთრებით აქტიურობდა ინგლისი. სხვათა შორის, ინგლისი ხედავდა, რომ რუსეთის დელეგაციაში არ იყო ერთიანობა და ამას ბრწყინვალედ იყენებდა თავის სასარგებლოდ. საქმე იმაშია, რომ რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა თავადი გორჩაკოვი, რომელიც 80 წელს იყო მიტანებული. ამის გამო დელეგაციის ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო შუვალოვი. კონგრესის მსვლელობისას მათ შორის ხშირად იძაბებოდა ურთიერთობა. ზოგიერთი სხდომა ისე ტარდებოდა, რომ ისინი ერთმანეთს ხმასაც არ სცემდნენ და ზოგიერთ საკითხში სხვადასხვა აზრისანი იყვნენ. მაგალითად, რუსეთის ელჩი გერმანიაში და დელეგაციის წევრიბარონი უბრი ამბობდა, რომ ჩემთან საუბარში შუვალოვი აღშფოთებული იყო გორჩაკოვის ცქმუტობითა და წინდაუხედაობით. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს მოხუცი სრულებით ვერ ერკვევა რუკებშიო და ზოგჯერ ის ჩემ ჯიბრზე რუკებზე ინგლისელებს ისეთ საიდუმლო ადგილებს უჩვენებდა, რომლებიც სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნებაო. ეს მართლაც ასე იყო. მაგალითად, გორჩაკოვმა ინგლისის პრემიერ-მინისტრს ბიკონსფილდს უჩვენა საიდუმლო რუკა, რომელიც ინგლისელებმა შემდეგ მოხერხებულად გამოიყენეს. რუსეთის დიპლომატიის ასეთმა ლაფსუსებმა ძლიერი დაღი დაასვა კონგრესის მსვლელობას. (Русско-турецкая воина 1877-1878 гг., М, 1977). მიუხედავად ამისა, რუსებმა მაინც მოახერხეს მდგომარეობის თავის სასარგებლოდ შემობრუნება.
კონგრესის ძირითადი გადაწყვეტილებანი მდგომარეობდა შემდეგში: მან საბოლოოდ ძალაში დატოვა სან-სტეფანოს ზავის პირობების ერთი ნაწილი. ოსმალეთმა რუსეთს დაუთმო ყარსის, 62 არდაგანისა და ბათუმის ოლქები. მომდევნო 52- მუხლი ეხებოდა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის მიერ ბათუმის პორტო-ფრანკოდ გამოცხადების განზრახვას.
ბათუმის საკითხმა კონგრესზე აზრთა დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია. თავდაპირველად ბათუმის რუსეთისათვის გადაცემის წინააღმდეგი იყო ინგლისის დელეგაცია. განსაკუთრებით აქტიურობდა საგარეო საქმეთა მინისტრი სოლსბერი. ერთ-ერთ კერძო საუბარში ოსმალეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ალ. ყარათეოდორ ფაშასთან სოლსბერიმ აღნიშნა, რომ ინგლისი ყოველ ღონეს იხმარს, რომ ბათუმი დარჩეს ან ოსმალეთს, ან ჩვენ (იგულისხმებოდა ინგლისი - . .). ბათუმს ასევე, როგორც ზემოთ ითქვა, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა რუსეთის იმპერატორი. მან რუსეთის დელეგაციას პირდაპირ დაავალა, რომ კონგრესის დადგენილებას შევასრულებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ბათუმი ჩვენი იქნებაო. ინგლისი ასევე ცდილობდა ბათუმის საკითხში მის მხარეზე დამდგარიყო საფრანგეთი (Русско-турецкая воина 1877-1878 гг., М, 1977). ამ მიზნით, კონგრესის მიმდინარეობის დროს გაიმართა მოლაპარაკება სოლსბერსა და საფრანგეთის საგარეო საქმეთამინისტრს ვადიგტონს შორის, სადაც შეთანხმდნენ იმაზე, რომ საფრანგეთი წინ აღუდგებოდა ბათუმის რუსეთისათვის გადაცემას. მაგრამ სწორედ ამ დროს მოხდა სკანდალი. ერთ-ერთმა ინგლისურმა გაზეთმა გამოაქვეყნა რუსეთ-ინგლისის 1878 წლის 18 მაისის საიდუმლო შეთანხმება, რომლის ძალითაც ინგლისი უთმობდა რუსეთს ბათუმს. ამ შეთანხმებამ ინგლისის საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. ერთ-ერთმა ინგლისურმა გაზეთმა მოითხოვა ბიკონსფილდის კაბინეტის გადადგომა და ხელშეკრულებაზე ხელმომწერთა დასჯა (Внешняя политика России XIX и начало XX века, М.,1976).
ამ დროს შუამავლის როლის შესრულება იკისრა გერმანიამ. რაიხსკანცლერ ბისმარკსა და შუვალოვს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის დროსაც შუვალოვმა სთხოვა ბისმარკს, გამოეყენებინა მისი დიდი ავტორიტეტი და ეიძულებინა ინგლისი დათმობაზე წასულიყო ბათუმის, ყარსის, არდაგანისა და სხვა საკითხებში. გერმანია დათანხმდა რომ იგი ამ საკითხებში 63 მხარს დაუჭერდა რუსეთს. ასევე ბისმარკსა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს გრაფ კორტის შორის გაიმართა საიდუმლო მოლაპარაკება, სადაც აღინიშნა მათი შეშფოთება ინგლისის პოლიტიკის გამო. სწორედ ამან გადაწყვიტა ბათუმისა და სხვა მხარეების რუსეთისადმი გადაცემის საკითხი. როდესაც ბისმარკმა კონგრესის სხდომაზე ეს განაცხადა და მას ამაში დაეთანხმნენ იტალიის დელეგაციის წარმომადგენლები, განცვიფრებულმა ინგლისელებმა ჯერ გადაწყვიტეს წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ბოლოს იძულებულნი გახდნენ დათმობაზე წასულიყვნენ. ბათუმი გადადიოდა რუსეთის ხელში და ის ცხადდებოდა პორტო-ფრანკოდ (თავისუფალი სავაჭრო ნავსადგური).
უკანასკნელ სხდომაზე, 1878 წლის 1 ივლისს, კონგრესის მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს 64-მუხლიან ხელშეკრულებას, რომელიც ბერლინის ტრაქტატის სახელწოდებითაა ცნობილი (Внешняя политика России XIX и начало XX века, М.,1976)
ქართველი საზოგადოებრიობა დიდი აღფრთოვანებით შეხვდა ბერლინის კონგრესის ისტორიულ გადაწყვეტილებას. მთელი ქართველი ხალხის გულისთქმას გამოხატავდა დიდი ილია ჭავჭავაძე, როდესაც წერდა: ,,...ბერლინის ხელშეკრულებამ ჩვენ ერთი დიდი სიკეთე შეგვძინა. ჩვენი ძმები, ჩვენი სისხლხორცი, ჩვენთან ერთად მებრძოლი შავის ბედისა, ჩვენი გმირების ფუძე, ჩვენი უწინდელი განათლებისა და სწავლის აკვანი, ჩვენი ძველი საქართველო - დღეს ჩვენ შემოგვიერთდა და თუ კარგად მოიქცევიან _ ვის ხელთაც აწ იმათი ბედია, ჩვენთან იქნება კიდეც სამუდამოდ “(ჭავჭავაძე ., თხზ, , IV, თბ., 1981).
გამოყენებული ლიტერატურა
1. მეგრელიძე ., საქართველო რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომში, ბათ., 1955.
2. ჭავჭავაძე . თხზ, , IV, თბ., 1981.
3. Внешняя политика России XIX и начало XX века, М.,1976.
4. Русско-турецкая воина 1877-1878 гг., М, 1977.




Комментариев нет:

Отправить комментарий