пятница, 15 сентября 2017 г.

სტეფანოს ორბელიანი: (XIII ს.) ცნობები საქართველოს შესახებ

XIII-XIV საუკუნეების სომეხი ისტორიკოსის, პოლიტიკური და კულტურული მოღვაწის სტეფანოს ორბელიანის (1258-1304) ისტორიოგრაფიული მემკვიდრეობა წარმოადგენს მნიშვნელოვან პირველწყაროს როგორც სომხეთის, ასევე მისი მოსაზღვრე ქვეყნების, განსაკუთრებით კი საქართველოს ისტორიის შესასწავლად. სომეხ ისტორიკოსთა შორის სტეფანოს ორბელიანი არაჩვეულებრივ მოვლენას წარმოადგენს. ის სხვა დანარჩენ ისტორიკოსთაგან, როგორც საისტორიო მასალების შერჩევით, ისევე მოთხრობის შინაარსით თვალსაჩინოდ განსხვავდება. არც ერთს მათგანს იმის მეასედი ცნობებიც არა აქვს, რაც სტეფანოს ორბელიანმა სომხეთის შინაური ყოფა-ცხოვრებისა და წეს-წყობილების შესასწავლად შეაგროვა თავის თხზულებაში. საქართველოს ისტორიაში ცნობილ ორბელთა საგვარეულოს იმ შტოს ერთი ჩამომავალთაგანი, რომელიც გიორგი III-ისაგან ექსორიაქმნის შემდგომ სომხეთში შეიხიზნა და გასომხდა, სტეფანოს ორბელიანი, XIII . დამლევს სივნიეთის ეპისკოპოსად ყოფნის დროს თავისი სამწყსოსა და თემის ისტორიის აღწერას შეუდგა.
XIII საუკუნის სომეხი ისტორიკოსების გრიგოლ აკანეცის, ვარდან აღმოსავლელისა და კირაკოზ განძაკეცის თხზულებებთან ერთად სტეფანოს ორბელიანის სისაკანის სახლის ისტორია ძირითადი პირველწყაროა მონღოლთა ბატონობის პერიოდის ამიერკავკასიის ხალხთა და, მათ შორის, ქართველთა ისტორიის შესასწავლად. როგორც ცნობილია, სტეფანოს ორბელიანი თითქმის ერთადერთია ძველ სომეხ ისტორიკოსთა შორის, რომელმაც სოციალური მოძრაობის ფაქტები შენიშნა სომხურ ფეოდალურ სამეფო-სამთავროებში.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ორბელთა ძლიერი ფეოდალური სახლის შესახებ, რომელთანაც დაკავშირებულია XII-XIII საუკუნეების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის მრავალი საყურადღებო ფაქტი თუ მოვლენა, თითქმის არაფერი გვეცოდინებოდა, რომ არ შექმნილიყო სტეფანოს ორბელიანის სისაკანის სახლის ისტორია.
სტეფანოს ორბელიანმა საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ძველი სომხეთის ერთ-ერთი უძლიერესი მხარისსივნიეთის ანუ სისაკანის პოლიტიკურ-ეკონომიკურსა თუ საეკლესიო-კულტურულ ცხოვრებაში. იგი სივნიეთის მიტროპოლიტი იყო და, როგორც თავისი დროისათვის უაღრესად განათლებული და საკმაოდ განსწავლული მოღვაწე, კარგად ერკვეოდა არა მარტო თავისი ქვეყნის, არამედ მახლობელი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორიაშიც.
სტეფანოს ორბელიანი იყო ორბელთა ფეოდალური გვარის წარმომადგენელი, ძე ტარსაიჭ ორბელიანისა და არუზ ხათუნისა. იგი იშვილა მისმა უშვილო ბიძამ (მამის ძმამ) სუმბატმა, რომელმაც ტარსაიჭთან ერთად სათანადოდ იზრუნა მის სწავლა-განათლებასა და მომავალ საქმიანობაზე. სტეფანოს ორბელიანის ბიოგრაფიის აღდგენა ხერხდება როგორც მისი სისაკანის სახლის ისტორიიდან, ასევე ტათევში სტეფანოსის მიერ გრიგოლ განმანათლებლის სახელზე აშენებული ეკლესიის წარწერებიდან.
ტარსაიჭ და სუმბატ ორბელიანებმა თავიდანვე გადაწყვიტეს სტეფანოსი სასულიერო მოღვაწეობისათვის მოემზადებინათ. სტეფანოს ორბელიანის სწავლა-განათლების საქმეში დიდი როლი ითამაშეს ტათევის მონასტრის ვარდაპეტებმა. იგი მალე დაეუფლა მათ მოძღვრებას და მიიღო დიაკვნის წოდება (ჯერ იყო მედავითნე). ტარსაიჭი ამით არ დაკმაყოფილებულა. მას სურდა სტეფანოსს უფრო მაღალი სასულიერო წოდებისათვის მიეღწია და 1280 წელს, სრულიად ახალგაზრდა კიდეც აკურთხეს მღვდლად. შემდეგ სტეფანოსმა სწავლა განაგრძო ვაიოცძორის გავარში დაარსებულ გლაძორის უნივერსიტეტში, ნერსეს მშეცისთან, რომელმაც იგი ვარდაპეტად აკურთხა.
როგორც ცნობილი, გლაძორის უნივერსიტეტმა მეცნიერთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა თაობები არზარდა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული პიროვნება სტეფანოს ორბელიანი იყო. ტარსაიჭ ორბელიანმა თავისი ვაჟი 1286 . (ზოგი მეცნიერის აზრით, 1285 ან 1287 წელს) გააგზავნა კილიკიაში სომეხთა კათალიკოსთან მიტროპოლიტად ხელდასასხმელად. სისაკანის სახლის ისტორიის, ეპიგრაფიკული მასალებისა და ხელნაწერთა მინაწერების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ მან ორი თვე დაჰყო კილიკიაში, 1286 წლის 12 თებერვლიდან 14 აპრილამდე. მისსავე თხზულებიდან ნათელია, რომ ტარსაიჭის სურვილი იყო მისი ვაჟი მთელი სივნიეთისა და მისი მოსაზღვრე მხარეთა სასულიერო გამგებლად, მიტროპოლიტად დაენიშნათ, მეთაურად ყველა სომეხი ეპისკოპოსისა, როგორც აღნიშნავს თვით სტეფანოსი. 1286 წლის დასაწყისში სტეფანოს ორბელიანი სამღვდელო დასის თანხლებით გაემგზავრა რომკლუში კათალიკოს იაკობ I კლაეცისთან (1268-1286), მაგრამ იგი გარდაცვლილი დახვდა და სტეფანოსი ეახლა მეფე ლევონ III- (1270-1289), ადანაში, როგორც მეფის სტუმარი. იგი ახლოს გაეცნო კილიკიის სომეხთა სამეფოს საშინაო და საგარეო ვითარებას და საკმაოდ მდიდარი მასალა შეაგროვა თავისი ნაშრომისათვის სისაკანის სახლის ისტორია.
კილიკიაში ყოფნისას სტეფანოსმა თავისი ნიჭით და ცოდნით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მეფეზე, რომელმაც მას საკათალიკოსო ტახტი შესთავაზა, მაგრამ მან ამ წინადადებაზე უარი განაცხადა მიზეზის დაუსახელებლად. კათალიკოსად აირჩიეს კონსტანტინე II (1286-1289), მეორე დღეს სტეფანოსი სივნიეთის ეკლესიის ეპისკოპოსად დანიშნეს, მალევე კი აირჩიეს მიტროპოლიტად და სომეხთა პატრიარქის პროტოფრონტესი უწოდეს. სტეფანოსი გაზაფხულზე თავის ქვეყანაში დაბრუნდა. ამ დროიდან იწყება მისი მოღვაწეობის მეორე პერიოდი (1286-1305). თავისი ნაყოფიერი პოლიტიკური, დიპლომატიური, საზოგადოებრივი და საეკლესიო მოღვაწეობით, დიდი ენერგიის დახარჯვით, ტარსაიჭ ათაბაგთან ერთად, სტეფანოს ორბელიანმა მოახერხა ოპოზიციურად განწყობილი სივნიელ ეპისკოპოსთა დაწყნარება.
სტეფანოს ორბელიანის კალამს ეკუთვნის: გოდება წმინდა ეკლესიაზე, ბუნების შესახებ, ჟამთააღმწერლობა, ქალკედონის კრების მოწვევის მიზეზები, პროტესტის სიტყვა დიოფიზიტთა წინააღმდეგ. მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სტეფანოსის ისტორიულ-ლიტერატურული მემკვიდრეობიდან განსაკუთრებით გამოირჩევა სისაკანის სახლის ისტორია.
ავტორის მიზანი იყო დაეწერა სისაკანის ანუ სივნიეთის ისტორია, რომლის ბოლო გამგებლები ორბელიანები, მისი გვარის წარმომადგენლები იყვნენ. თხზულების ქრონოლოგიური საზღვრები უძველესი პერიოდიდან 1304 წლით შემოისაზღვრება. სისაკანის სახლის ისტორია თავისებურადაა აგებული, რითაც საკმაოდ განსხვავდება სტეფანოსის წინამორბედ ისტორიკოსთა ნაწარმოებებისაგან.
შესავალ ნაწილში ავტორის მიერ აღნიშნულია წიგნის დაწერის მიზანი და მნიშვნელობა. შემდეგ ისტორიკოსი იხილავს სისაკანის ტომის წარმომავლობის საკითხს და სივნიეთის ისტორიის გადმოცემამდე მის გეოგრაფიულ აღწერასაც არ ტოვებს უყურადღებოდ. სისაკანის სახლის ისტორია ძირითადად 71 თავშია გადმოცემული. 72- თავში სივნიეთის ეპისკოპოსთა და სომეხ კათალიკოსთა სიაა დაცული უძველესი პერიოდიდან მის დრომდე. 73- თავს ეწოდება სტეფანოსის მატიანეს ანდერძ-მოსახსენებლი, საიდანაც ვგებულობთ, რომ თხზულება შექმნილია ნორავანქის მონასტერში 1299 წელს არღუნის ძის ყაზან ყაენის (1295-1304), ქართველთა მეფის დავით დემეტრეს ძისა (1293-1311) და სომეხთა მეფის ჰეთუმ ლევონის ძის (1289-1307) გამგებლობის დროს. ბოლო, .. 74- თავში მოთავსებულია სივნიეთის თორმეტი სანახის სია თავიანთი მრავალრიცხოვანი სოფლებისა და საეკლესიო გადასახადების აღნიშვნით. სისაკანის სახლის ისტორიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამონასტრო მშენებლობის, ვარდაპეტების მოღვაწეობისა და სამონასტრო სკოლების საქმიანობის აღწერას. თხზულებაში უფრო მეტად გამოკვეთილია ტათევისა და ნორავანქის მონასტრების, მათი სამფლობელოებისა და გამგებლობის ისტორია.
   სისაკანის საგვარეულო სტეფანოს ორბელიანისათვის ახლობელი იყო, რადგანაც ორბელიანები უშუალო მემკვიდრენი იყვნენ ამ ცნობილი სანახარარო გვარისა და თან მფლობელნი მათი ქვეყნისა. სივნიეთში 1231 წლის შემდეგ სისაკანის გვარმა შეწყვიტა არსებობა და მისი ადგილი ორბელიანებმა დაიკავეს. სწორედ ამიტომ სტეფანოს ორბელიანმა საჭიროდ მიიჩნია თავისი უშუალო წინაპრებისორბელიანების ისტორიის აღწერამდე სისაკანის გვარის წარმოშობისა და მისი ისტორიული თავგადასავლის გადმოცემა. თხზულების ერთი ყველაზე დიდი თავი (66-) ეთმობა საკუთრივ ორბელთა ისტორიის აღწერას, რომელიც იქ თავმოყრილი საყურადღებო ცნობების მნიშვნელობის გამო ცალკე თხზულების სახით დამოუკიდებლადაც კი არსებულა როგორც სომხურად, ასევე ქართულად. სისაკანის სახლის ისტორიის 66- თავში სტეფანოს ორბლიანი როგორც წერილობით წყაროებზე, ისე ზეპირ გადმოცემებზე დაყრდნობით, დაწვრილებით მოგვითხრობს ორბელთა ისტორიას ქართლსა და სივნიეთში XIII საუკუნის დასასრულამდე.
სტეფანოს ორბელიანის თხზულებაში ადრინდელი პერიოდის ისტორიადასაბამიდან IX საუკუნემდე (33- თავამდე) ემყარება წინამორბედ ისტორკოსთა ნაშრომებს (მოვსეს ხორენაცი, აგათანგელოსი, ლაზარ ფარპეცი, ღევონდი, უხტანესი, იოანე დრასხანაკერტეცი, მხითარ ანეცი, ქართლის ცხოვრება), თქმულებებს, ხოლო 33- თავიდან უკვე საარქივო მასალებს იყენებს ავტორისტეფანოს ორბელიანმა არა მარტო გამოიყენა ეს საარქივო და ეპისტოლარული მასალები, არამედ ბევრ შემთხვევაში თავის თხზულებაში უცვლელი სახით შეიტანა და ამით შემოუნახა ისინი მომავალ თაობებს.
განსაკუთრებით საყურადღებოა სისაკანის სახლის ისტორიის ის ნაწილი, რომელშიც გადმოცემულია სტეფანოს ორბელიანის თანადროული ხანის ამბები. ზოგ შემთხვევაში იგი თვით გვევლინება აღწერილი ფაქტების თვითმხილველად და მონაწილედ. იზიარებდა რა მოვსეს ხორენაცის დებულებას: ჭეშმარიტი ისტორია არ არსებობს ქრონოლოგიის გარეშე, სტეფანოს ორბელიანი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ფაქტების ქრონოლოგიას.
სისაკანის ისტორია
დიდისა პირველ-მთავრობისა ორბელიანთ ნათესავისა, მოსვლისა მათისა ქვეყანასა ამას, სიტყვათა და საქმეთა მათთათვის თქმნობანი მრავალნი
დასაწყისსა პირველმთავრობისასა ქვეყანასა ქართლისა და სომხეთისასა და ჟამსა დიდგვაროვნობისა მათისა ნათესავისა პირველსა მას თარგამოსს ჰყავდა ძენი რვანი: პირველსა ეწოდებოდა ჰაოს, მეორეს ქართლოს, მესამეს არდაონ, მეოთხეს მოვაკან, მეხუთეს ლიპარიტ ანუ ლეკოს, მეექვსეს ჰეროს, მეშვიდეს კავკასოს და მერვე ეგროს. ხოლო მაშინ გაუყო თარგამოსმა სამკვიდრებელი ძესა თვისთა, მისცა სომხეთი ყოვლითა საზღვრითა თვისითა ჰაოსს და ჩრდილოეთის ქვეყანა ქართლოსს და ძმათა მისთა.
ხოლო ქართლოსი წავიდა მთასა არმაზ წოდებულსა და იქ აიშენა სახლი და ციხე ერთი აუღებელი შესაფერისსა ადგილსა, და ციხესა მას ეწოდა ორბეთი, რომელსაც აწ ეწოდება სამშვილდე. შემდგომად მრავალთა ჟამთა გარდაცვალებათა მამა-ძეთა მისთა მოვიდა პირველ-მთავრობა მათი ვიდრე ჟამთა ხელმწიფობისა სპარსეთისა დიდი ხოსროვისასა, რომელსაც ქექაოზ ეწოდა. ხოლო სჯულ-ედვათ ქართველთა რათამცა მთავართა თვისთადმი სახელ-ედვათ მამასახლისი, ვინაიდან არ ჰყავდათ მეფე, და იმყოფებოდა მამასახლისი ქართლსა დიდსა ქალაქსა ამას მცხეთას, რომელი სახელი ესე ქართლოსისა უხუცესის ძის მცხეთოსისაგან ეწოდა. ქართველნი მას ჟამს შეწუხებულ იყვნენ სპარსთა სამფლობელოთაგან და ენებათ სიცოცხლე სიკვდილად შეეცვალათ. ხოლო ამ ჟამად მთავრად ქართველთა დადგინებული იყო ადრამოს სპარსი ბრძანებითა აბრიტონისათა, რომელიც უფლებდა სპარსთა, ქართველთა და ავღანთა. ესე ადრამოს იგი იყო, რომელმაც კვლავ აღაშენა მცხეთა და მოზღუდა ქვიტკირითა არმაზის მთიდან კურ წყლამდე, რომელიც არის მტკვარი. როდესაც მიიცვალა ეს ადრამოს, კაცნი ბოროტნი უფლებდნენ და შფოთი და გახრწნილებანი წარსტყვევნიდა ყოველთა. ესე ყოველი იყო რომელიმე ქექაოს ხოსროვისაგან და რომელიმე მეორისა ხოსროვისაგან. და იყვნენ ესე სასოწარკვეთილნი.
აჰა ამ ჟამად აღსდგა შფოთი არეულობისა დიდსა სამეფოსა შინა ჩინელთასა, რომელიც არის აღმოსავლეთისა უშორეს ხალანელთა და მესაზღვრენი ხაზართა და ჰუნთა, ესე იგი გუგართა, რომელიც მიიწევა სიგრძით ემმაონ მთისამდე. როდესაც მიიცვალა მეფე ჯამბაკურ წოდებული, მეფის ძეთ იწყეს ბრძოლა ურთიერთისად. და გაძლიერდა ერთი და ლტოლვილ იქნა მეორე. რომელიც იყო კაცი მარჯვე, მართებულის სახის მქონებელი, ძლიერი და ტანოვანი სიჭაბუკის ასაკითა, რომელიც სახლეულითა თვისითა და გუნდითა სამეფოითა და უნჯითა ჰაერში მროკველითა ცხენითა მხნედ მფრინავმა გამოვლო მრავალსა ქვეყანასა ეგოდენითა უსაშინელესი სახითა, ვიდრე არავის ძალ-ედვა წინააღდგომა მისი და გამოვლო დარიალი. თითქმის უზენაესის განგებითა მოვიდნენ ქვეყანასა ქართლსა მცხეთის მამასახლისთან და იხილეს იგი შევიწროვებულნი და დიდსა ურვასა შინა მყოფნი და შეღონებულნი სპარსთაგან.
მაშინ გამოელაპარაკნენ მამასახლისს და უფროსთ კაცთა და უთხრეს: „ჩვენ ჩინელთ მეფისაგანნი ვართ, და მოვსხლტით ძმათა ჩვენთა, მოვედით აქა და მოვენდევით მაგარსა ქვეყანასა თქვენსა, ღმერთთა თქვენთა ურვისა თქვენთათვის მიგვიყვანეს ჩვენ აქა შემწედ თქვენდა. აწ ნება ჩვენი ესე არის: ან დავდგეთ სამეფოსა შინა სპარსეთისასა, ან წავიდეთ თვითმპყრობელთა საბერძნეთისადმი. უკეთუ ინებებთ, განგვიმზადეთ ალაგი განსვენებისა და დავრჩებით აქა და გიხსნით თქვენ მაწუხებელთა თქვენთაგან და მერე წავალთ გზასა ჩვენსა, სადაცა ღმერთი ინებებს“. ხოლო რა იხილეს უხუცესთ მამასახლისთა საქართველოსა შინა კაცნი ესეთნი მხნენი და ძლიერნი და ესმათ სათნოებით სიტყვანი მათნი, დიდათ გაიხარეს და ჰყვეს სერი დიდი და მაღლისა დიდებითა და დიდისა პატივითა მიიღეს იგინი და ფრიად-ფრიად შეიყვარეს. ხოლო აუღებელი სიმაგრე ორბეთი, რომელიც აეშენებინა ქართლოსს, მისცეს სამკვიდრებელად სიმაგრისათვის. და მრავალნი სოფელნი და დაბანი დიდიდნი და ციხე მისცეს სამკვიდრებლად მათდა.
მაშინ ერწმუნნენ მას ალაგს და დაემკვიდრნენ ორბეთში და ციხისა სახელის გამო შემდგომად ხანთა მრავალთა ორბელიანი ეწოდათ, ესე იგი ორბეთელნი, რამეთუ ჩვეულება არის გვართა და გვარის-მთავართა ადგილის სახელს უწოდებენ, როგორც მთიულნი და ჰერეთის გამო ერისთავნი, ჯავახეთის გამო ჯავახნი ანუ ჯავახიანნი, კახეთის გამო კახნი გინა კახელნი და სხვანი მრავალნი ვიდრე დღევანდლამდე. ამ მიზეზით გვარსა მას ორბელიანი ეწოდა, რომელსაც პირველად ჩენიულნი ეწოდათ, ესე იგი ჩინელნი. ხოლო აწ როდესაც ესეთ მოხდა, მაშინ შეიკრიბნენ ქართველნი და შეკრიბეს ჯარი და აღსდგნენ ყოველთა მაწუხებელთა თვისთა ზედა და მოსრეს იგინი და განდევნეს და წინააღუდგებოდნენ სპარსთა. და ამით მოხდა მშვიდობა ქვეყანასა მას ქართლისასა, რომლისათვის განაწესეს იგინი სპასპეტად და ძალთმთავრად ყოვლისა საქართველოისას. ხოლო როდესაც გამეფდა ქართლში პირველი მეფე ფარნავაზ, აღმატებით პატივი მიიღეს  მის მიერ ორბელიანთ და არავინ იყო მსგავსი მათი ქართლში გარდა მეფისა.
ხოლო ეს ამბავი მცირედ გავიგეთ ქართველთა მოთხრობათაგან, შურითა გიორგი მეფისათა, რომელმაც გვარით აღხოცა იგინი საქართველოდან, ახოცეს სახელნი მათნი მოთხრობათა თვისთაგან, რომლისათვის ჩვენცა გამოძიებით და ზედმიწევნით ვსცანით მცირედი მრავლისაგან მცოდინარეთა კაცთაგან და დანარჩენთა მოთხრობათაგან გინა უწყებათაგან წინაპართა მათთა, რომელიც აუწყეს მამათა ძეთა თვისთა ვიდრე ჩვენამდე. ხოლო ვინაიდან აღხოცილ იყო სახსენებელი წინაპართა მათთა ჰამბავთანი, მკაცრებანი და მოქმედებანი ჩინებულნი ორბელიანთანი მათ ჟამთა მწერალთაგან, რომელსაც ქართლის ცხოვრებას უწოდებენ, ამისთვის ჩვენ ვერა ვსცანით ვითარება და რიგი სიტყვისა, რათამცა რიგისაებრ დაგვეწერა წერილსა ამას შინა. რაცა ვპოვეთ სომხურსა წერილსა შინა, მცირედ მოვიხსენეთ დაბოლოვებაც დასასრულისა მათისა, რომელიც მტკიცედ გვაუწყა ჩვენ მშვენიერმა მოთხრობამ მეხითარ ანელისამან.
თავი 65
სომეხთა წელთაღრიცხვის 498 (1049) წელს, ქართველთა მეფის დავითის, ვანანდში მყოფ სომეხთა შაჰანშაჰის გაგიკისა და ბერძენთა მეფის მონომახის კეისრობის ჟამს იხილეს ქრისტიანთა ტომი დამცრობილი აგარიანელ ისმაიტელთაგან. მათ ხმა მიაწვდინეს ერთმანეთს ხორასანს, ხვარაზმელთა ქვეყანას, ფარს, ქირმანს, ბუხარას, მაზანდარანს, ერაყს, ბაღდადს, ბასრას, არანს და ატრპატაკანს, შეკრიბეს სიმრავლე სპარსთა და ხაზართა, ხორეზმელთა და არაბთა, სკვითთა და თურქესტანელთა, მოვიდნენ და დაიბანაკეს კარინის ველზე ურიცხვი და უამრავი ბანაკებით. მათ გადაწყვიტეს წარეხოცათ და აღმოეფხვრათ ქრისტიანთა წეს-ჩვეულება და სახელი სომეხთა, ქართველთა და ბერძენთა ქვეყნიდან, მაგრამ ვერ შეძლეს ამის სისრულეში მოყვანა.
ამ სამწუხარო ამბავმა და ქვეყნის წარწყმედის ხმამ პირველად ბერძენთა კეისრამდე მიაღწია. ძრწოლამ და შიშმა შეიპყრო ყოველი ადამიანი. ამიტომ მათ ტრაპიზონის კომნენოსი ჯარით წარავლინეს და ითხოვეს ერთხმად დახმარება სომეხთა და ქართველთაგან, რომ ეგების ამით შესძლებდნენ თავის დასხნას სამხრეთის აზვირთებული და აბობოქრებული რისხვისაგან. ეს რომ შეიტყვეს დავით მეფემ და გაგიკმა, ვერ გაბედეს ისმაიტელთა ჯარის წინაშე გამოსვლა, არამედ დაჟინებითი თხოვნით დაიყაბულეს მხნე და უძლეველი ლიპარიტ ორბელიანი წასულიყო, შეერთებოდა ბერძენთა ჯარს და შებრძოლებოდა მოსულთ, თვითონ კი თავი შეაფარეს და დაიბანაკეს ქვეყნის სიმაგრეებში.
ლიპარიტმა თავს იდვა ისმაიტელებთან ბრძოლა და უშისარი გულით თქვა: „წავალ მე უცხო ტომთა წინაშე საბრძოლველად, თავს დავდებ ქრისტიანული სარწმუნოებისათვის და ღვთის ძლიერებით ან დავბრუნდები უკან, ან მოვკვდები ქრისტესათვის, მაგრამ მეფეო, შენ მოგანდობ ჩემს შემდგომ დარჩენილთ, რათა არ უმუხთლო მათ შურიანი და ბოროტი ქართველი აზნაურების გამო და არ აჰკვეთო ისინი პატივისა და ჩვენი მამულისაგან“.
თქვა რა ეს ლიპარიტმა, რომელიც ფლობდა ნახევარ სამეფოს, აღრიცხა თავისი აზნაურები და ჯარი. აღრიცხულ იყო 700 დიდაზნაური, რომლებიც მისი საკუთარი მონები იყვნენ და 16000 მებრძოლი. ხოლო სამეფო ჯარიდან აიყვანა 10000 კაცი და წავიდა ვანანდში კარინის ველზე.
აქ მას შეუერთდნენ ჰორომთა (ბიზანტიელთა) ჯარები - 15000 კაცი. ერთად თავი მოიყარა 41000-მა მხედარმა. უცხო ტომებმა მოაოხრეს პირველად სოფელი ორდრუ, მარბიელი მოჰფინეს გარშემო ყველა გავარს და დამკვიდრნენ იმავე ველზე. ისინი ჩაებნენ ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ და განაწყვეს საბრძოლო რაზმი სამწყება გუნდად: ავანგარდად, შუა ნაწილად და არიერგარდად. რადგანაც ისმაიტელთა ურიცხვ სიმრავლესთან ლიპარიტის ჯარები არაფერი არ ჩანდნენ, არამედ ემსგავსებოდნენ წყლის დამტარებლებს, ან ბრძოლის ველზე დაცემულთაგან იარაღის ამკრებთ, ამიტომ იხილა რა ეს, უძლეველმა მებრძოლმა მამაცმა ლიპარიტმა გაამხნევა თავისი გუნდი და უთხრა: „ნუ შეშინდებით, არამედ ქრისტეს სახელით გამაგრდით და განმტკიცდით ჯვრის ნიშნით და ჩვენია გამარჯვება“. თვითონ კი გადმოვიდა ცხენიდან, მუხლი მოიყარა, პირჯვარი გადაიწერა და თავისი თავი ქრისტეს მიანდო, კისერზე შეიბა მხსნელი ჯვარი და ასე შეიარაღებული შეჯდა ტაჭიკურ ცხენზე. მან ზურგზე მოიგდო ოქროთი მოვარაყებული ფარი, მარცხენა ხელში შუბი დაჭირა, მარჯვენა ხელში კი ორმხრივგალესილი ფოლადი და შიშის მომგვრელი მახვილი ქვევით დაუშვა, როგორც მჭედელთა ურო ან როგორც ქვისმთლელთა წაწვეტებული ნაჯახი, გადაეშვა საბრძოლო ველზე, ამაყად თავს ესხმოდა მოწინააღმდეგეს იქით და აქეთ. ოქროთი დაფერილი ჯავშნისაგან, მუზარადისაგან სხივები ბრწყინავდნენ, როგორც მზისგან.
იგი ყვიროდა, ღრიალებდა, როგორც ლომი და თხოვდა მათ შებრძოლებას და ამბობდა: „მე ვარ აფხაზთა ლიპარიტი, მოდით, მხნე სპარსელებო, შევებრძოლოთ ერთმანეთს“. და თუმცა მრავალჯერ ითხოვა, მაგრამ ვერავინ გაბედა მასთან გამოსვლა. ლიპარიტი წამოიჭიმა და ლომივით თავს დააცხრა მათ. ისინი უკან დახევით მოუახლოვდნენ და ერთმანეთი ფეხქვეშ გათელეს. როდესაც ლიპარიტმა შეიტყო, რომ მათ გული აქვთ გატეხილი და ძალა დასუსტებული, დაბრუნდა თავის რაზმში და გამხნევებული წინ დაიძრა. დაიღრიალეს საზარელი ხმით და შეერივნენ ერთმანეთს. ბრძოლა გაჩაღდა საშინელი ზრიალით ისე რომ გეგონებოდათ, თითქოს ჭექა-ქუხილია და მეხის გრიალი. თვითონ ლიპარიტი, როგორც ცეცხლში შერეული ღრუბელი, ამოვიდა და მეხივით თავს დააცხრა მრავალთ. ლერწამს მოდებული ცეცხლის მსგავსად გაწყვიტა მათი რაზმი, გადავიდა იქითა მხარეს და მარჯვნივ და მარცხნივ სისხლის მდინარეები დაადინა, გვამების გოვები დააყენა, გაფანტა უცხო ტომთა გუნდები და როგორც კურდღლების ჯგუფები, მინდორში მიმოფანტა. მხნე ლიპარიტმა ასე ამოწყვიტა მოწინააღმდეგე, სძლია ისმაიტელებს და გააქცია გადარჩენილთა მცირე ნაწილი ჩვენი ღვთის იესუ ქრისტეს ძლირებით.
შემდეგ კი შუადღეს მობრუნდნენ დიდი სიძნელეებითა და გარჯით, დიდი მადლობითა და სიხარულით. ხოლო დაწყევლილი და უფლის მკვლელი ქართველი აზნაურები შეშინდნენ მისი საკვირველი ძალისაგან და გადაწყვიტეს ემტროთ ჯარების სარდლის ლიპარიტისათვის. მათ უმალვე მოკვეთეს მის ცხენს ძარღვები და მიწაზე ჩამოაგდეს ლიპარიტი. ხალხის სიმარავლემ შუაში მოაქცია იგი და მოკლეს იმ ადგილას. ამით წყვდიადი და მწუხარება დაატყდა ქრისტიანებს. ეს რომ ისმაიტელებმა გაიგეს, დიდი სიხარულით კვლავ მობრუნდნენ, მახვილი აღმართეს და ამოწყვიტეს ქართველთა ჯარი. ზოგიერთები გაიქცნენ და გაიფანტნენ ქვეყნის სხვადასხვა მხარეებში. ასე დაიღუპნენ სომეხთა და ქართველთ ქვეყნები, რადგანაც ყველა გავარს ტაჭიკები დაეუფლნენ. მცირე ხნის შემდეგ, 513 (1064) წელს ალფარსლან სულთანმა აიღო ანისი, აიღეს აგრეთვე კარინი, ისინი დაეუფლნენ შირაკის, ვანანდის, არშარუნიქისა და აირარატის ყველა გავარს, სისაკანის ქვეყანას, ბალაქსა და მთელს ტერიტორიას ტფილისის კარამდე.
ასე ამგვარად დიდი წარწყმედისა და ქრისტიანთა საყოველთაო დაღუპვის კარი მაშინ გახსნეს წყეულმა და უფლისმკვლელმა ქართველების ჯარებმა. მაგრამ ლიპარიტის მოკვლა მე მიმაჩნია არა მისი პიროვნების დაღუპვად, არამედ დიდი ხსნის საშუალებად, რადგანაც მან თავისი თავი შესწირა ქრისტეს სამწყსოს, საყოველთაოდ ცნობილი შეიქნა და თავისიანების მიერ უცოდველი მოკვლით მოწამეობრივი სისხლით გვირგვინი იკურთხა და გაემართა ყველას მეუფესთან ქრისტესთან, რათა მისგან მიეღო მისაგებელი და საჩუქარი თავისი გულმოდგინე შრომისათვის. ხოლო მისმა ერთგულმა მსახურებმა აიღეს მომხიბვლელი ახალგაზრდისა და უძლეველი ვაჟკაცის გვამი და დიდი გოდებით წაასვენეს კარინს, გაამზადეს კუბო და შეამკეს ოქრომკერდიანი ტანსაცმლით და მეფური სიმდიდრით და დაასვენეს თავიანთ დიდებულ მონასტერში ბეთანიაში, რომელიც აშენებული იყო მისი წინაპრების მიერ თავიანთ განსასვენებელ სამყოფელად.
ხოლო მოვიდა მეფე დავით ყოვლითა დიდებულებითა და სამხედროთი, და ჰყო გოდება დიდი მას ზედა და ჩაასვენა საფლავთა მამა-პაპათა თვისთა თანა. ხოლო პატივი და მაღალი ალაგი ორბელიანთ ნათესავისა სახლსა მეფისასა იყო ესე, რომელიც იყვნენ სპასალარი ქართლისა, და ყოველნი მოსაქმენი სამეფოსა სახლისანი იყვნენ ხელთა ქვეშე მათთა, ჰქონდათ სამარადისოთ დროშა თორმეტი და თვითოს დროშასთან ჰყავდათ კაცნი ათასნი. სჯულ-ედვათ მეფეთა, რათამცა შეემოსათ თეთრი, როგორც მუნდირი, და ჰქონდათ ნიში წითელი. ხოლო უბრძანეს ამათ შემოსვა სამოსლითა წითელითა და თეთრისა ნიშისა ქონება, რათა არ იყო მსგავსი მათი საქართველოსა შინა ქრისტეს მოყვარულნი, მოწყალენი და ძლიერნი ბრძოლასა სინა, და ჰქონდათ ბრძანება ლომისა თავოვანითა კვერთხითა დგომა ხელმწიფისა წინაშე და ჟამსა სეფისასა ჯდომა საკუთრად მიყრდენითა დორსა ზედა და ჭამა პურისა ვერცხლისა ჭერითა. და ჯდებოდნენ უზენაეს ყოველთა დიდებულთა. ესენი იყვნენ მეგვირგვინენი მეფისანი.
ხოლო აწ შემდგომად ხანთა მრავალთა ჟამსა მეფობისა დავითისა, ძისა გიორგისა, დიდმა სპასალარმა იოანე ორბელიანმა ფრიად განავრცელა საზღვარი ქართლისა. ებრძოდა თურქთა და წაართვა ტფილისი, ლორე და ანი რიცხვსა ფობ1, რომლისათვის დიდად პატივცემულ და შეყვარებულ იქნა მეფისგან, და გარდა მამულისა თვისისა მიეცა მეფისა მიერ სასახლედ გინა პალატად ლორე გარემოითა თვისითა, ეგრეთვე სამშვილდე, რომელიც იყო მამული მათი, ასევე მიეცა დაბებითურთ. და ესე დიდითია სიგელითა და სამეფო ბეჭდითა დაემტკიცა მათ მამულად. ხოლო როდესაც მოკვდა ძლიერი იგი დავით, მიიღო მეფობა მისი ძემან მისმან მხნემან დიმიტრიმ, რომელმაც უმჯობესობით გარდაემატა წინაპართა თვისთა, რომელმაც იმეფა წელსა ოცდაცამეტსა, და მან უმეტესად შეიყვარა დიდი პატივისცემითა იოანე ორბელიანი და ძე მისი სუმბატ. ჟამსა ამისსა დაიპყრეს იოანემ და სუმბატმა ხონანი, რომელიც ადრე ჟამიდან ეპყრათ თათართა. ესეცა ამათ მიეცათ მტკიცე მამულად რიცხვსა ფოზ1. ამის შემდგომ მიიცვალა იოანე ჟამსა მოხუცებულობასა, და მიიღო სამფლობელო მისმა ძემ სუმბატმა. ხოლო ესეც უწყოდეთ, რამეთუ ესენი მზახლობითა ეკუთვნოდნენ სომეხთ მეფეს კვირიკიანთ, რომელიც არიან ბაგრატოანნი, და მეფეთა ქართველტასა. და ამის მიზეზით მიიღეს მათგან სახელნი, ესე იგი სუმბატ და ივანე, რომელიც არის იოანე. ხოლო ლიპარიტ, ელიკომი და ბირთველ მიეღოთ წინაპართა თვისთაგან. და სახელნი სხვანი ქართველთაგან მიიღეს.
შემდგომად აიღოცა მეორემან ივანემ, ძემან აბულეთისამან, დმანისი. და შემდგომად მრავალთა გამარჯვებათა და დიდ-დითა მხნეობათა მოკვდა დიმიტრი 607 (1158) წელს და მიიღო მეფობა მისი ძემან მისმან დავით, მსგავსმან მამისა ძლიერისა და ბრძნისამან. იცოცხლა ამან წელსა ორსა და ესეცა მოკვდა. ხოლო ჟამსა აღსრულებისა მისისა უხმო კათოლიკოსსა და დიდებულთა, და ძმასა თვისსა გიორგის, და მცირესა ყრმასა თვისსა დემნას, დაიდვა ხატი მაცხოვრისა, ეგრეთვე ჯვარი ცხოველმყოფელი და სახარება, და თქვა: „ჰოი, დიდებულნო ქართლისანო. თქვენ, თავადთ მხნეთ, უწყით, უკეთუ როგორ იღვაწა მამა ჩემმა თქვენ ზედა, და ასევე განაახლა სამეფო ესე, და ჟამსა სიკვდილისა თვისისასა დიდ-დიდითა აღთქმითა მიბოძა მე სამეფო ესე. ხოლო აწ ვეახლოე აღსასრულსა, და ძმასა ამას ჩემსა გიორგის არც სიტყვა და არც წილიარ გეკუთვნის ამ ტახტისათვის. აწ როგორც მამამან ჩემმან მიბოძა მე სამკვიდრებლად ტახტი ესე მეფობისა, ეგრეთვე უბოძებ მეცა ძესა ჩემს დემნას, და გიმოწმებ თქვენ ყოველთა. და შენ, ძმაო გიორგი, იყავ მოადგილედ ჩემდა, და ჰყავ ძალმთავრობა ქვეყანისა ამის, და მიიღე ნაწილი სამკვიდრებლისა შენისა, რომელიც მოგცა შენ მამამან ჩემმან, ვიდრე აღიზარდოს ყრმა ჩემი“. შემდგომად წინ დაიყენა ივანე, ძე სუმბატ ორბელიანისა, და შეაფიცა ყრმასა მას ანდერძისათვის, რათა დაეცვა აღთქმა ანდერძისა, აიღო ხელი ყრმისა და მისცა ხელსა ივანესა და ჩააბარა მას. და სხვათა დიდებულთა ყოველთა აფიცა, რათა არა ემზაკვრათ ყრმისათვის, არამედ როდესაც მოწევნულ იყოს ასაკად, ეცხოთ იგი მეფედ.
ეს თქვა და მიიცვალა და დაეფლა მამათა თანა თვისთა გელათსა. ხოლო დღეთა მათ ამიერ სახლსა შინა ივანესსა აღიზრდებოდა ყრმა იგი. ამ ჟამად გიორგიმ თვისდა მიიმხრო გულნი დიდებულთა მთავართანი და კათოლიკოსისა, და ჰნებავდა გამეფება. და ვერ გაბედა გამოცხადება განზრახვისა თვისისა დიდისა სუმბატ ორბელიანისა და ძეთა მისთა ივანესა და სუმბატისათვის. ხოლო შემდგომად ერთისა თვისა შეიკრიბნენ ყოველნი დიდებულნი და მთავარნი გიორგისთან, სადაც იმყოფებოდა ივანეცა თავისიანებითურთ. მაშინ განუცხადა გიორგიმ განზრახვა თვისი და მრავლითა სიტკბოებითა არწმუნებდა მათ და ეტყოდა: „რამეთუ როდესაც მოიასაკდება ძმის-წული ჩემი, არა უარვყოფ ანდერძსა ძმისა ჩემისასა, არამედ დავსვამ ტახტსა ზედა მეფობისა ჩემისასა“. ამისათვის დაერთსიტყვავდნენ და სცხეს იგი მეფედ, რომელიც იყო მარჯვე ყოველსა საქმესა შინა სიმკაცრისასა და მეფედ გონიერი.
ხოლო ამისა შემდგომად მიეცა ფართოება სამეფოსა მისსა, და მრავალი ომი გადაიხადა თავით თვისით. და შემწეობითა მხნისა სპასალარისა ივანესითა ყოველი სპარსეთი და თურქისტანი შეაძრწუნა. ამან გიორგიმან აიღო ანის ქალაქი რიცხვსა ქი და ყოველი ქვეყანა შირაქისა და უბოძა ამირსპასალარსა ივანეს, ძესა დიდისა სუმბატ ორბელიანისა, და დაემკვიდრა მათ მამულად. ივანემ ამან დაამარცხა ერთგზის შაჰიარმენ, რომელიც მოსულიყო 40000 კაცით ანის ქალაქზე. თუმცა შეეწეოდა მას მეფე გიორგი, მაგრამ ესე იყო მებრძოლი. ერთგზის ლტოლვილ-ჰყო დიდი ათაბაგი ელიტიკოზი მინდორსა გაგისა, რომელიც მოსულიყო 100000-ითა კაცითა გიორგისა ზედა. და ენება ამოწყვეტა ყოველთა ქართველთა და შეპყრობა მეფისა, რომლიც დიდი მანქანებით და სიმკაცრისა მხნეობით ეგოდენ შეაწუხა ივანემ, ვიდრე საშუალსა ღამისასა დატოვეს კარავნი, საჭურველნი და ურიცხვნი უნჯნი, და თავადნი ლტოლვილ იქმნენ. თუმცა ყოველსა ამას ჰყოფდა და სხვასაცა ამას ღვაწლსა სდებდა და დიდ-დიდსა საქმესა მოქმედებდა სასარგებლოსა მეფისასა. ხოლო იგი თვალღებით, უდიდესისა დიდებითა და პატივითა აღამაღლებდა მას. გარნა მოშიშობდა მარადის გულსა შინა ყრმისა მისთვის, რომელიც მისდა იყო შევედრებულ, და ეძიებდა ჟამსა მარჯვესა, რათა ევნო მისთვის ფარულითა მანქანებითა, და ვერა ჰპოვებდა. იცოდა ეს ივანემცა.

მამა სმბატი მოხუცებული მოკვდა. დაკრძალეს იგი მამათა [სამარხში], ხელისუფლებას კი დაეუფლნენ მისი ვაჟები: ივანე და ლიპარიტი. ხოლო სომეხთა წელთაღრიცხვის 626 (626+551=1177) წელს ატყდა შფოთი და არეულობა ქართველთა სამეფოში, ძირფესვიანად აღმოიფხვრა და დაეცა ორბელიანთ სახლი გიორგის მეფობის 21- წელს.

გიორგი მეფემ შეჰფიცა და აღთქმა დასდო [ივანე ორბელის] წინაშე, რის გამოც გაბედა მან მასთან მისვლა. ხოლო მეფემ დიდად განიხარა, დიდი სიყვარულით შეიწყნარა და განადიდა დიდი პატივით, სანამ ხელთ არ იგდო მისი ყველა ძე და ტომნათესავნი. შემდეგ კი გიორგიმ დაარღვია თავისი აღთქმა და შესაძრწუნებელი ფიცი. მან შეიპყრო ივანე და თვალები დასთხარა, [ასევე] შეიპყრო დემნა, ივანეს სიძე, მასაც დასთხარა თვალები და დაასაჭურისა, რათა არა ჰყოლოდა მემკვიდრე. ივანეს უმცროსი ძმა, ქავთარი, მისი ძე სუმბატი, ძმისწული ინა მოაკლვლევინა. ყოველი ტომ-ნათესავი მათი, ყოველი ყრმა და ქალი მთლიანად ამოხოცა და წარწყმიდა ზოგიერთნი მოშთობით, ზოგნი წყალში ჩაგდებით, სხვები კი კლდეზე გადაგდებით. ასე აღმოფხვრა მათი სახელი ქართველთა სახლიდან და ბრძანა ორბელიანთ ტომის სახსენებლის აღხოცვა ისტორიიდან. შემდეგ კი დაავალა აღეწერათ ეს აჯანყება არა ისე, როგორც იყო მისი ნამდვილი მიზეზი, არამედ დიდი ცილისწამებით. შემდგომ განაწესა შეჩვენებაც, რათა აღარ მოეხსენებინათ მათი სახელი და მათგან არავინ დაეტოვებინათ ქართველთა ქვეყანაში. ეს ბოროტი ანდერძი მან შეინახა თავის საგანძურში. ეს მოხდა 626 (1177) წელს.


მართალია, ივანე ქვეყნისათვის მრავალ სასარგებლო საქმეს ეწეოდა და მუდამ უდიდესი პატივითა და დიდებით აღამაღლებდა მეფეს, მაგრამ ამავე დროს მუდმივად შიშობდა. მამის გარდაცვალების შემდეგ ივანემ და მისმა ძმამ ლიპარიტმა დაიმკვიდრეს მთავრობა. როდესაც ჭაბუკობის ასაკს მიაღწია დემნა უფლისწულმა, ერთხელ ივანეს თავისიანებთან აგარაკში მყოფს, ეახლენ დემნა და დიდებულნი და მოახსენეს: გაიხსენე, ივანე, შენი აღთქმა და ფიცი, რომელიც შეჰფიცე მეფე დავითს, ნუ დაარღვევ აღთქმას. მოიწია ჟამი ყრმა დემნას გამეფებისა. გიორგი ზის სახატეში მცირე ამალით, ჩვენ კი მტკიცედ ვდგავართ მამამისისათვის მიცემულ ფიცზე. ივანემ კი განაცხადა: ღმერთმა დაგვიფაროს, რომ განვიზრახოთ ცხებული მეფის მოკვლა, ჩვენი ფიცისა და აღთქმისათვის უნდა შევიპყრათ გიორგი, ვიდრე გავამეფებთ დემნას, შემდეგ კი ვთხოვოთ მას აღთქმა და ფიცი და ხელწერილი თავისი ძმისწულის მორჩილებისა. განდევნის შემდეგ კი იგი უნდა დადგეს და დამკვიდრდეს თავისი სამკვიდრებლის იმ ნაწილში, რომელიც მას მამამისმა მისცა. ეს თქმული ყველამ მოიწონა და დაუყოვნებლივ დაიწყეს ჯარის შეკრება.


 

 
 

Комментариев нет:

Отправить комментарий