вторник, 12 сентября 2017 г.

ჯუანშერი - „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ (ქართლის სამეფო V-VI ს-ში)

მშობელთა და შემდგომად თვით მის დიდისა და ღმრთის-მოყვარისა მეფისა, რომელი უმეტეს სახელ-განთქმული გამოჩნდა ყოველთა მეფეთა ქართლისათა
      როდესაც შეიპყრეს ქართველთა მეფე მირდატ სპარსთა წყობასა შინა, და წაიყვანეს ქტესიფონს იქ მოკვდა. და დაიპყრეს ქართლი სპარსთა, და გარყვნეს ეკლესიანი, და დამალეს ჯვრები ქართველთა. და ყოველთა შინა ეკლესიათა ქართლისათა ცეცხლის-მსახურთა სპარსთა აღაგზნეს ცეცხლი.
     ხოლო ნათესავნი ქართველთა მეფეთანი დარჩნენ ხევსა კახეთისასა. და შემდგომად სამისა წლისი უცალო იქმნა სპარსთა მეფე, რამეთუ აღდგნენ მტერნი აღმოსავალეთით.
     მაშინ შეითქვნენ აზნაურნი ქართლისანი, მოიყვანეს და დასვეს მეფედ მცხეთას ძე თრდატისი, ძმისწული მირდატისი, მეფისა მოკლულისა, სახელით არჩილ.
  ამან არჩილ მოიყვანა ცოლი საბერძნეთიდან, ნათესავი იოვიანოს მეფისა, სახელით მარიამ, და განაცხადა მტერობა სპარსთა; გამოაჩინა ჯვარნი და მოკაზმნა ეკლესიანი; მოსრა და განასხა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა; მოირთო ძალი საბერძნეთიდან და წარმძღვანებითა ჯვარისათა იწყო ბრძოლად სპარსთა.
  მაშინ ერისთავი სპარსთა მეფისა რომელი ერისთაობდა რანს და მოვაკანს, ვიდრე არჩილის მეფობადმდე, მისივე გასაგებელი იყო ქართლი. ამან შეკრიბა სპა რანისა და მოვაკანისა და ადარბადაგანისა, და მომართა არჩილს. ხოლო არჩილ, სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა, მიეგება საზღვართა ზედა ქართლისათა და რანისათა, ეწყო იქ მდინარესა ზედა ბერდუჯისასა, და ძალითა პატიოსნისა ჯვარისათა მოსრა და ტყვე-ყვნა; შევიდა რანს, მოტყვენა და მოვიდა შინა გამარჯვებული. განავლინა ქადაგი ყოველსა შინა ქართლსა და უთხრა ყოველთა: „არა ძალითა ჩვენითა, არცა სიმხნითა, არცა სიბრძნითა, არცა სიმრავლითა სპათათა ვსძლიეთ მტერთა, არამედ ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ძისა ღმრთისათა, რომელმაც მოგვცა წინა-მძღვრად და საჭურველად ჯვარი მისი პატიოსანი. აწ ყოველთა ქართველთა ადიდეთ სამება ერთარსება, ღმერთი დაუსაბამო, დამბადებელი ყოვლისა. შეწირეთ მადლობა, და მტკიცემცა არიან გულნი თქვენნი სარწმუნოებასა ზედა სამებისა წმიდისასა. და ყოველთა ქართველთა შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ, და განაახლეს ეკლესიანი.
  მაშინ არჩილ მეფემან აღაშენა ეკლესია სტეფან-წმიდისა მცხეთას, კართა ზედა არაგვისათა, სადა იყვნეს კოშკნი მტკიცენი საბრძოლნი, რომელნი მასვე აღეშენნეს.
  ესვა ძე არჩილს, და უწოდა სახელი მისი მირდატ. აღიზარდა ესე მირდატ, და დადგა ასაკსა მამაკაცობისასა. მირდატ იყო მორწმუნე და ღმრთის-მსახური, ვითარცა მამა მისი; და იყო იგი ქველი და შემმართებელი. ამან უმეტესად უწყო ბრძოლად სპარსთა, შესლვად და ტყვენვად რანსა და მოვაკანსა; რამეთუ მას ჟამსა უცალო იყო მეფე სპარსთა, და ებრძოდა იგი ინდოთა და სინდთა და აბაშთა, და ვერ შემძლებელ იყო სპისა დიდისა გამოგზავნად; და სპათა რანისა და მოვაკანისათა და ადარბადაგანისათა ემძლავრებოდნეს ქართველნი. წინა-მძღვარ ექმნის მირდატ სპათა მამისა თვისისათა, და მარადის ტყვენვიდის რანსა და მოვაკანსა.
  მას ჟამსა შინა იყო რანს ერისთავად ბარზაბოდ, და ვერასოდეს წინა-აღუდგებოდა იგი, არამედ განამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და შესლვასა ქართველთასა რანს, სადაცა ეწყვნიან სპარსნი ნაწყვედთა ლაშქართა, მტყვენველთა ქართველთა, მარადის სპარსნი იძლეოდიან. ხოლო ბარზაბოდს, ერისთავსა რანისასა, ესვა ასული ქმნილ-კეთილი, მშვენიერი, რომელსა ერქვა საგდუხტ. უთხრეს მირდატს, ძესა არჩილისსა, სიმშვენიერე მისი, და სმენითა სიმშვენიერისა მისისათა ტრფიელ იქმნა მირდატ მის ზედა. მოახსენა მამასა თვისსა: „ვევედრები მეფობასა შენსა, მომგვარე ცოლად ჩემდა საგდუხტ, ასული ბარზაბოდისი, და შევქმნათ ჩვენ შორის მშვიდობა. დაღათუ ძალითა ქრისტესითა ჩვენ ვართ მძლენი, არამედ ვერა ავიხუამთ ციხეთა და ქალაქთა რანისათა. ნუ უკვე იცალოს მეფემან სპარსთამან, და იძიოს ჩვენ ზედა შური, და მოაოხეს ეკლესიანი და საზღვარნი ჩვენნი. და აწ ამით განქარდეს მტერობა ჩვენ შორის; რამეთუ ჩუენთვის რაცა მოვახსენო მეფესა სპარსთასა, უსმენს იგი. და ამით მტკიცედ და შეურყეველად ვიპყრნეთ საზღვარნი ქართლისანი, და განმტკიცდეს სჯული ქრისტესი ქართლს, და არღარა შეიქმნას გულსა ქართველთასა ეჭვი და გმობა სჯულისა ქრისტესისა მძლავრებისათვის სპარსთასა“. ესე ყოველი სიყვარულისათვის ქალისა მირდატ წარმოთქვა.
  მაშინ არჩილ მეფემან აღუსრულა ნება მისი. წარგზავნა მოციქული ბარზაბოდისსა, და ითხოვა ასული მისი ცოლად ძისა თვისისა. ხოლო ბარზაბოდ გაიხარა სიხარულითა დიდითა, რამეთუ მოოხრებულ იყო ქვეყანა მისი და შესჭირვებოდა: ითხოვა ფიცი და აღთქმა მშვიდობისათვის და მისცეს ფიცი. და მოსცა მან ასული თვისი ზითვითა დიდითა: მოიყვანეს მცხეთას და ქმნეს ქორწილი, შვება და განცხრომა დღეთა მრავალთა. და მისცა მეფემან სამშვილდე ძესა თვისსა საერისთოთა მისითა, და იქ დასხდნენ მირდატ და საგდუხტ.
  ხოლო ამან საგდუხტ დედოფალმან გამოიკითხა სჯული ქრისტესი: რამეთუ ქმარმან მისმან მოჰგვარნა კაცნი სჯულისა მეცნიერნი, და უთარგმანეს სახარება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. და ამხილეს, რამეთუ ჭეშმარიტი ღმერთი ქრისტე არს, რომელი განკაცნა ხსნისათვის ჩვენისა. მაშინ საგდუხტ გულის-ხმა ყო და იცნა სჯული ჭეშმარიტი, დაუტევა ცეცხლის-მსახურება, ნათელ-იღო და იქმნა მორწმუნე. და მან აღაშენა სიონი სამშვილდისა.
  ამის არჩილისზე გარდაიცვალნეს სამნი ეპისკოპოსნი: იონა, გრიგოლი და ბასილი. და ბასილისა შემდგომად ამანვე არჩილ დასვა ეპისკოპოსი, რომელსა ერქვა მობიდან. ესე იყო ნათესავად სპარსი, და წყევლიდა იგი ქრისტიანობასა. ხოლო იყო ვინმე მოგვი უსჯულო და შემშლელი წესთა, და ვერ იგრძნა არჩილ მეფემან და ძემან მისმან უსჯულოება მობიდანისი, არამედ ეგონათ მორწმუნედ. და ვერცა განაცხადებდა ქადაგებასა სჯულისა მისისასა შიშისაგან მეფისა და ერისა, მაგრამ ფარულად წერდა წიგნებსა ყოვლისა საცთურებისასა, რომელიც შემდგომად მისსა დაწვა ყოველი წერილი მისი ჭეშმარიტმან ეპისკოპოსმან მიქაელ, რომელი განიკვეთა ეკლესიისგან კადრებისათვის ვახტანგ მეფისა.
  ხოლო ამან არჩილ მეფემან ყოველნი დღენი ცხოვრებისა მისისანი აღასრულა სარწმუნოებასა შინა სამებისა წმიდისასა, ეკლესიათა შენებასა, და ყოველსა ქართლსა შინა განამრავლნა მღვდელნი და დიაკონნი და მსახურნი ეკლესიათანი, და მოკვდა.
  და დაჯდა მეფედ მის წილ ძე მისი მირდატ და მეფობდა იგი, ვითარცა მამა მისი, დიდსა სარწმუნოებასა შინა. მიუდგა დედოფალი საგდუხტ და შვა ასული, და უწოდა სახელი მისი ხვარანძე. კვლავ ევედრებოდნეს ღმერთსა მეფე მირდატ და დედოფალი საგდუხტ, რათა მოსცეს ძე. და შემდგომად ოთხისა წლისა საგდუხტ მიუდგა და შვა ძე, და უწოდა სახელი მისი სპარსულად ვარან-ხოსრო-თანგ, ხოლო ქართულად ეწოდა ვახტანგ. აღივსნეს სიხარულითა მშობელნი მისნი შობასა ყრმისა ამის ვახტანგისსა, და განავლინეს მახარობელი ყოველთა თანა ერისთავთა. და გამოიღეს ხვასტაგი დიდძალი, ოქრო და ვერცხლი, და განუყვეს გლახაკთა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ, ლოცვითა და ღამისთევითა, დღეთა მრავალთა.
  და შემდგომად ამისა მოხადა მეფემან ყოველთა წარჩინებულთა ქალაქად; და დღეთა მრავალთა ჰყო პურობა და განცხრომა, და ევედრებოდეს ყოველნი ღმერთსა აღზრდისათვის ყრმისა ვახტანგისსა. მოითხოვა მეფისაგან საზრდოდ საურმაგ სპასპეტმან ვახტანგ, დიდითა ვედრებითა, ხოლო მიანიჭა მეფემან და მისცა ძე მისი ვახტანგ საურმაგს სპასპეტსა საზრდოდ. რამეთუ წესი იყო, რომელ შვილნი მეფეთანი წარჩინებულთა სახლსა შინა აღიზარდნიან. შემდგომად ამისსა, მეექვსესა წელსა, შვა საგდუხტ ასული სხვა, და უწოდა სახელი მისი მირანდუხტ. და მოითხოვა იგი საზრდოდ სპასალარმან კასპისამან, და მისცა იგი მეფემან; და წაიყვანა იგი ქალაქად კასპისა, და იზარდებოდა იქ. შემდგომად ამისსა წელსა მეორესა მოკვდა მეფე მირდატ; და დარჩა ვახტანგ შვიდისა წლისა ყრმა.
მაშინ საგდუხტ დედოფალმან, შეწუხებულმან მამისა მისისა ბარზაბოდისგან, ნუ უკვე შური იგოს მამამან ჩემმან ნაქმრისათვის მამამთილისა და ქმრისა ჩემისა, რომელ ეგეოდენნი ბოროტნი მოეწივნეს მის ზედა, და ნუ უკვე შური იგოს ჩემ ზედა დატევებისათვის სჯულისა, და წარწყმიდოს შვილი ჩემი, გარყვნას ქართლი და სჯული ქრისტესი წარწყმიდოს“ – ესე ყოველი მოიგონა და ჩავარდა მწუხარებასა შინა დიდსა. ევედრებოდა ღმერთსა და განიზრახა წასლვა წინაშე მამისა მისისა და შევრდომა მისი. მოიყვანა ყოველნი ერისთავნი სპასპეტისა თანა, და ცრემლითა სიმწარისათა შევედრა ძე მისი სპასპეტსა და ყოველთა ერისთავთა.
  და წავიდა ბარდავს მამისა თვისისა თანა. განიღო თავი, და უყარნა მუხლნი, და აღმოყარა ძუძუნი მისნი, დავარდა პირსა ზედა და დადვა პირი თვისი ფერხთა მისთა ზედა, დაალპობდა ფერხთა მამისა თვისისათა ცრემლითა და ითხოვდა მისგან შეწყალებასა და არა ხსენებასა ნაქმართა მამამთილისა და ქმრისა მისისათა, და შენდობასა დატევებისათვის სჯულისა. და ევედრებოდა, რათა არა აიძულოს დატევება ქრისტეს სჯულისა, რამეთუ იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი. და ევედრებოდა, რათა იპყრას. შვილი მისი მამულსა შინა მისსა, და მოურავ ექმნეს იგი სპარსთა მეფესა წინაშე.
  მაშინ ბარზაბოდ, განმზადებულმან ბოროტის ყოფად ქართველთათვის, შეიწყალა ასული თვისი: არა აიძულა დატევება სჯულისა, და აღასრულა ყოველი თხოვა მისი ხოლო სჯულისათვის ასე უთხრა: „იძულებით არ-ცა-ვის ქართველსა სხვასა დაგაგდებინებ სჯულსა ქრისტესსა, არამედ გავგზავნი ცეცხლის-მსახურნი ქალაქსა თქვენსა და იყვნენ იქა ეპისკოპოსნი მათ ზედა სჯულისა ჩვენისანი. და ვინცა ქართველი ნებითა თვისითა აირჩევდეს სჯულსა ჩვენსა, ნუ გაუწყრებით“. მაშინ საგდუხტ დამორჩილდა მამასა თვისსა შიშისაგან დიდისა, და აღუთქვა მინდობითა ღმრთისათა, და წამოვიდა ქართლად.
  მაშინ ბარზაბოდ წარმოგზავნა ცეცხლის-მსახურნი მცხეთას და მათ ზედა ეპისკოპოსად ბინქარან, და დასხდეს მოგვთას უბანს. და საგდუხტ დედოფალი განაგებდა მეფობასა ძალითა და შეწევნითა მამისა თვისისათა. და მოკვდა ბარზაბოდ, მამა საგდუხტისი, და მის წილ დაადგინა სპარსთა მეფემან ძევე მისი ვარაზ-ბაკურ, ძმა საგდუხტ დედოფლისა. და მოკვდა საურმაგ სპასპეტი, მამა-მძუძე ვახტანგისი.
  მაშინ მეფემან დაადგინა სხვა სპასპეტი, რომელსა ერქვა ჯუანშერ. ხოლო ბინქარან, ეპისკოპოსი ცეცხლის-მსახურთა, ასწავლიდა ქართველთა სჯულსა თვისა, მაგრამ არა-ვინ ემორჩილებოდა წარჩინებულთაგანი, მხოლოდ წვრილი ერისგან მიიქცა მრავალი ცეცხლის-მსახურებასა.
  და შეერია ქართლს წვრილსა ერსა ცეცხლის-მსახურება. ამისთვის მწუხარე იყო საგდუხტ დედოფალი, მაგრამ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერას იკადრებდა. მაშინ მოიყვანა მღვდელი ჭეშმარიტი საბერძნეთით, სახელით მიქაელ, და დაადგინა იგი ეპისკოპოსად ზემოსა ეკლესიასა, რამეთუ მობიდან ეპისკოპოსი გარდაცვალებულ იყო და ესე მიქაელ ეპისკოპოსი წინა-აღუდგა ბინქარან მაცთურსა, რამეთუ ასწავლიდა ყოველთა ქართველთა სჯულსა ჭეშმარიტსა. ამან იპყრნა სარწმუნოებასა ზედა ყოველნი წარჩინებულნი ქართლისანი და ერიცა უმრავლესი, მხოლოდ მცირედნი ვინმე წვრილისა ერისაგანნი მიიქცნენ ცეცხლის-მსახურებასა.
  მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა ათისა, გარდამოვიდეს ოვსნი სპანი ურიცხვნი და მოტყვენეს ქართლი თავითგან მტკვრისათ ვიდრე ხუნანამდე, და მოაოხრეს ველნი მაგრამ ციხე-ქალაქნი დაურჩეს, გარდა კასპისა. ხოლო კასპი ქალაქი შემუსრეს და ტყვე ყვეს, და წაიყვანეს და ვახტანგისი მირანდუხტ, სამის წლის ქალი. რომელ დაურჩეს წარუტყვენველად ხევნი ქართლისანი, კახეთი და კლარჯეთი და ეგრისი, ჩავლეს რანისა და მოვაკანისა, წარტყვენეს იგიცა და განვლეს კარი დარუბანდისა, რამეთუ თვით გზა სცეს დარუბანდელთა, და შევიდეს ოვსეთს გამარჯვებულნი.
  მასვე ჟამსა გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდა ეგრის-წყალს ქვემოთი კერძი ყოველი, და დაიპყრეს ეგრის-წყლითგან ვიდრე ციხე-გოჯადმდე. მაშინ იქმნა გლოვა და წუხილი ყოველთა ზედა ქართველთა და იტყოდეს: „განვამრავლეთ ცოდვა ღმრთისა მიმართ, და არა კეთილად ვიპყართ სჯული ქრისტესი და წესი იოვანეს მცნებისა. სამართლად მოაწია ღმერთმან ჩვენ ზედა ესე რისხვა, რამეთუ მიგვცა ჩვენ წარტყვენვად უცხოთა ნათესავთა, და მიგვიღო ჩვენ საზღვარი ბერძენთაგან, ვითარცა მიუღო ვარაზ-ბაქარს მეფესა კლარჯეთი. და იგი ცოდვითა ვარაზ-ბაქარისითა მოიწია, რამეთუ ვერ კეთილად ეპყრა სჯული ქრისტესი. ხოლო ესე არა მეფეთა ჩვენთა ცოდვისაგან იქმნა, არამედ ერისა ცოდვათაგან აწ მეფე ჩვენი ყრმა არს, და არ გვივის ჩვენ წინა-მძღვარი, რომელიმცა სასოებითა ქრისტესითა და წინამძღვრებითა ჯვარისათა წარგვიძღვა ჩვუენ. და ვიძიოთ ჩვენ შური პირველ ოვსთა ზედა, და შემდგომადმცა ვძებნეთ საზღვარი ქართლისა ბერძენთაგან“. ამას იტყოდეს ყოველნი ქართველნი და იყვნეს მწუხარებასა შინა დიდსა.
  მაშინ ვახტანგ იზრდებოდა და ისწავლიდა მიქაელ ეპისკოპოსისაგან ყოველსა მცნებასა უფლისასა, და სიყრმისავე დღეთა შეიყვარა სჯული ქრისტესი უფროს ყოველთა მეფეთა ქართლისათა. და მწუხარე იყო იგი ამისთვის, რამეთუ შემორეოდა ქართლს ცეცხლის-მსახურება ტყვეობისა და საზღვართა მიხუმისაგან. და უმეტეს იურვოდა სჯულისათვის გონებასა შინა, არამედ მძლავრებისაგან სპარსთასა ვერ იკადრებდა გამოცხადებად.
  მაშინ ვითარ იქმნა ვახტანგ წლისა თხუთმეტისა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა ქართლისათა, და შემოკრიბა ყოველნი ქალაქად. და განმზადა მეფემან სახლი ერთი და დაჯდა საყდართა ზედა მაღალთა, ხოლო ჯუანშერ სპასპეტი და ორნივე ეპისკოპოსნი დასხდეს საყდართავე, და სხვანი ყოველნი ერისთავნი დასხდეს სელებითა, და ათასის-თავნი და ასის-თავნი და ყოველი ერი წარმოდგეს ზე.
  მაშინ მეფემან, ვითარცა მოხუცებულმან და ბრძენმან და ვითარცა აღზრდილმან ფილოსოფოსთა თანა, იწყო ზრახვად ხმითა მაღლითა და თქვა: „მეფეთა და ერთა ზედა მოიწევის განსაცდელი და ჭირი ღმრთისა მიერ ცოდვათა მათთაგან: ოდეს მორწმუნეთა აკლონ მსახურება ღმრთისა და გარდაჰხდენ მცნებასა, მოაწევს ჭირთა ესე-ვითართა ზედა, რომელი აწ ესე მოიწია ჩვენ ზედა, ვითარცა რა მამა კეთილი წვრთის შვილსა კეთილად კეთილთა ზედა საქმეთა. და უკეთუ არა კეთილად აღასრულებდეს სწავლასა მამისა თვისისასა, გვემს მამა იგი გვემითა და სწავლითა, რათა ისწავოს ყოველი კეთილი და იქმნას სახმარ კეთილისა. ეგრეთვე გვწვართნა ჩვენ ღმერთმან, დამბადებელმან ცისა და ქვეყანისამან. ამისთვის გვიხმს ჩვენ, რათა ვმადლობდეთ მოწყალებათა მისთა“. მაშინ ყოველთა მისცეს მადლი ღმერთსა.
  კვლად იწყო ზრახვად მეფემან ვახტანგ და თქვა ყოველთა წარჩინებულთა: „ისმინეთ ხმისა ჩემისა; დაღაცათუ ყრმა ვარ და არა გინახავს ჩემგან კეთილი, მამათა კვლა ჩემთაგან გინახვან დიდნი კეთილნი და დიდებანი თქვენ, რომელნი დადგინებულ ხართ მთავრობასა ზედა. აწ უკეთუ გვაცოცხლებს ღმერთი, მოგხვდენ კეთილნი და დიდებანი, რომელნი არა გეხილნენ მამათა ჩემთაგან. აწ რომელსა გეტყვი თქვენ, დაღაცათუ ჩემ ზედა და თქვენ ზედა სწორად მოწევნულ არს განსაცდელი ესე, არამედ ესრეთ იპყართ, ვითარმცა არა მოწევნულ არს თქვენ ზედა, არამედ ჩემ ზედა მხოლოდ. და არა იყოს გულსა ჩემსა სიტყვა, თუ რომელ მოიწივნეს მათ ზედა განსაცდელნი, თვისისა შურის-გებისათვის ჰყოფენ ამას. არამედ ყოველნი ჩემდა სამსახურებელად დავითვალო, ყოვლისათვის კეთილი მოგაგო. და არა დავითმინო კიცხევა ოვსთა, არამედ სასოებითა და მინდობითა ღმრთისათა, სამებისა ერთარსებისა დაუსაბამოსათა, და წარძღვანებითა ჯვარისა მის პატიოსნისათა, რომელი მოცემულ არს წინა-მძღვრად და საჭურველად გულითა მოსავთა მისთა, და ვიძიოთ შური ოვსთა ზედა უკეთუმცა წარგვკიდებოდა ესე სპარსთა მეფეთაგან, ანუ ბერძენთა მეფისაგან, მო-მცა-ვითმინეთ. არამედ რა მოწევნულ არს ჩვენ ზედა ოვსთა კიცხთაგან, არა ღირს მოთმენა: სიკვდილი სჯობს თავთა ჩვენთათვის.
  მაშინ აღდგა ჯუანშერ სპასპეტი და თქვა: „ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე დიდებით და მტერთა შენთა ზედა ნება-აღსრულებით. ჭეშმარიტი ბრძანე, ცოდვათა ჩვენთა მიერ მოიწია განსაცდელი ესე ჩვენ ზედა, და სამართლად დაგვსაჯა ღმერთმან: რამეთუ განვამრავლეთ ცოდვა წინაშე მისსა. და გვიღირს მადლობა ღმრთისა მიმართ: რამეთუ დიდსა პატიჟსა ღირს ვიყვენით და არა ეზომსა, რომელ მოიწია ჩვენ ზედა; არამედ მრავალ-მოწყალემან არა შეცოდებათა ჩვენთა ოდენი პატიჟი მოგვაგო, და ამით კნინითა პატიჟითა გვწვართნა. და ჩვენ, მკვიდრთა ქართლისათა, ამისთვის დიდი მადლობა გვიღირს ღმრთისა მიმართ. რამეთუ შენ, უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა და მამათა შენთა უფროსი, ყოვლითავე სრული, მსგავსი ნებროთ გმირისა, გამოგაჩინა წინა-მძღვრად ჩვენდა და მოცემულ ხარ ღმრთისა მიერ განმაქარვებელად ჭირთა ჩვენთა, ძველთა და ახალთა. და უკეთუ ცოდვანი ჩვენნი არა დასძლევენ, შენ მიერ მოველით განქარვებასა ყოველთა ჭირთა ჩვენთასა და უმეტეს წარმატებასა საზღვართა ჩვენთასა ყოვლისა ჟამისასა, რამეთუ არავინ ყოფილ არს მამათა ჩვენთაგანი მსგავს შენდა. ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე, რათგან მოწევნულ არს ოვსთაგან ხუთსა ამას წელსა შინა, ყოფილვართ ჩვენ მწუხარებასა შინა დიდსა, ამისთვის რამეთუ ყრმა იყავ, და არა ძალგედვა მხედრობა და წყობათა წინამძღვრობა, და არცა შინა მეფობისა განგება. აწ, მეფეო, დაღაცათუ სრულ ხარ სიბრძნითა და ძალითა, სიმხნითა და ასაკითა, მაგრამ გაკლს სისრულე დღეთა მხედრობისათვის. ხოლო ვხედავ სიბრძნესა შენსა: მართალია ყრმა ხარ, მაგრამ ძალგიც განგება მეფობისა, ხოლო მხედრობისა და წყობათა წინა-განწყობისა შენისა არა არს ჟამი. ესე არს განზრახვა ჩემი, რათა სიბრძნითა შენითა და კითხვითა დედისა შენისათა გამოარჩიე ერთი ვინ ჩვენგანი წინამძღურად სპისა ჩვენისა, და მიგვცენ ჩვენ ყოველნი მას, და ვიყვნეთ მორჩილ ვითარცა მამისა შენისა, და ძალითა სამებისა, ღმრთისა ერთარსებისათა, წარვიდეთ და ვიძიოთ შური. ხოლო შენ იყავ შინა და განაგებდი მეფობასა. უკეთუ ცოდვათა ჩვენთაგან ვიძლივნეთ ოვსთაგან, მეფობა შენი უვნებელად დარჩეს; ხოლო უკეთუ კვლავ თავითა შენითა ცოდვათა ჩვენთაგან იძლიო, სრულიად წარწყმდეს. ქვეყანა ჩვენი, რამეთუ ნაცვალი შენი არა არს ქვეყანასა ზედა“. ესე თქვა ჯუანშერ სპასპეტმან და დაემოწმნეს ყოველნი წარჩინებულნი და ერისთავნი ზრახვასა მისსა.
  მაშინ თქვა მეფემან: „ვითარ ხვდების სრულსა სიბრძნესა და ერთგულობასა შენსა, ეგრეთ წარმოსთქვი ყოველი, ჯუანშერ, ხოლო მე არა ვარ მორჩილ ზრახვისა მაგის შენისა, რამეთუ, რათგან მოწევნულ არს განსაცდელი იგი ჩვენ ზედა, ყოველნი დღენი ცხოვრებისა ჩემისანი მწუხარებასა შინა დამიყოფიან, ვითარცა მყოფსა ბნელსა შინა. და სიბრალული დისა ჩემისა განლევს გულსა ჩემსა ვითარცა მახვილი ცეცხლისა, და სიკვდილი მირჩევნია თავისა ჩემისა, ვიდრეღა სიცოცხლესა. მაგრამ მინდობითა ღმრთისათა და წინამძღვრობითა ჯვარისა მის პატიოსნისათა თავითა ჩემითა წარვალ, და ვესავ მრავალ-მოწყალებათა მისთა, – არა გამწიროს და მომცეს ძლევა“.
  მაშინ ვითარ ვერ-ღა-რა დაუშლიდნენ, მიემოწმნეს ყოველნი იგი წარჩინებულნი და თქვეს: „ცხოვნდი, მეფეო, უკუნისამდე! იქმნეს განზრახვა შენი, ღმერთმან დამბადებელმან მოავლინენ ანგელოზი მისი ძალად შენდა, და დასცენ ყოველნი მტერნი შენნი, დაამტკიცენ მეფობა შენი“.
ლაშქრობა ოვსეთზე
  დაამტკიცეს ლაშქრობა ოვსეთისა, და განიყარეს ყოველნი სახლად თვისად კაზმად. ხოლო ვახტანგ მეფემან წარავლინა მოციქული წინაშე დედის ძმისა მისისა ვარაზ-ბაკურისა, რანისა ერისთვისა: აუწყა ლაშქრობა ოვსეთისა და ითხოვა მისგან შეწევნა. ხოლო მან სიხარულით აღუთქვა, რამეთუ ქვეყანა მისიცა ტყვე-ქმნილ იყო ოვსთაგან. ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისათა; და შემოიკრიბეს ყოველნი და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგვსა: და იყო ათი ათასი მხედარი და ექვსი ათასი ქვეითი, და გამოგზავნნა ვარაზ-ბაკურ სპანი თვისნი ათას ორასი მხედარი. და ვახტანგ მეფე გავიდა ქალაქით მცხეთიდან, და განასრულა სპანი თვისნი და განასხა: მოეწონეს სიმრავლითა, ცხენ-კეთილობითა და მოკაზმულობითა, და იხილა ყოველნი იგი მხიარულად და აზარვით, რამეთუ სავსენი იყვნეს, შურითა ოვსთათა. აივსო სიხარულითა და მადლობდა ღმერთსა. შემოვიდა ქალაქად, და აღასრულა შვიდეული ერთი ლოცვითა, და მარხვითა, და ღამისთევითა; და გაუყო ხვასტაგი დიდძალი გლახაკთა. და დაუტევა განმგებელად სამეფოსა თვისისა დედა მისი საგდუხტ და და მისი ხვარანძე, და დაწერა ანდერძი ესრეთ: „უკეთუ არღარა შემოვიქცე ცოცხალი, და ჩემი ხვარანძე შეირთოს მირიან, რომელი ეყვოდა ვახტანგს მამის ძმისწულად, ნათესავისაგან რევისა, მირიანის ძისა, რომელი სიძე იყო თრდატ სომეხთა მეფისა, მან შეირთოს და ჩემი, და მან იპყრას მეფობა”. და ესე დაწერილი დედასა მისსა მისცა, და სხვასა არავის აუწყა. და იგი მირიან, მამის ძმისწული მისი, დაუტევა მცხეთას.
  წავიდა ვახტანგ და დადგა თიანეთს. და იქ მიერთნეს ყოველნი მეფენი კავკასიანნი ხუთი ათასი მხედარი. და წარემართა სახელსა ზედა ღმრთისასა, განვლო კარი დარიალანისა. შესლვასა მისსა ოვსეთად იყო ვახტანგ წლისა თექვსმეტისა.
  მაშინ მეფეთა ოვსეთისათა შეიკრიბეს სპანი მათნი და მოირთეს ძალი ხაზარეთით, და მოეგებნეს მდინარესა ზედა, რომელი განვლის დარიალანსა და ჩავლის ველსა ოვსეთისასა. და მასცა მდინარესა არაგვი ჰქვია, რამეთუ ერთის მთისაგან გამოვალს თავი ორთავე: ქართლისა არაგვისა და ოვსეთისა არაგვისა.
  და დაიბანაკეს ორთავე სპათა ამიერ და იმიერ, რამეთუ მდინარისა მის პირსა ორგნითვე ქარაფნი იყვნეს კლდისანი, ჭალაკნი და ველოვანნი პირთა მდინარისათა. და განეკრძალნეს ერთმან-ერთისაგან, და დაიცვეს გზანი ქარაფთანი, და დადგეს ეგრეთ შვიდ დღე. ამა შვიდსა დღესა ბრძოლა იყო ბუმბერაზთა მდინარესა მას ზედა. მაშინ ოვსთა რომელ ჰყვეს ნიჯადნი ხაზართანი, მათ თანა ერთო კაცი ერთი გოლიათი, სახელით თარხან. გამოვიდა ესე თარხან ხაზარი, და ხმა ყო ხმითა მაღლითა, და თქვა: „გეტყვი თქვენ, ყოველთა სპათა ვახტანგისთა, ვინცა არს თქვენ შორის უძლიერესი, გამოვიდეს ბრძოლად ჩემდა“.
  ხოლო ვახტანგ მეფესა რომელ ყვეს სპანი სპარსთა ნიჯადნი, მათ თანა ერთო კაცი ერთი, რომელსა ერქვა ფარსმან-ფარუხ: ამისდა ვერვის დაედგნეს ბრძოლასა შინა, რამეთუ მრავალი ლომი ხელითა შეეპყრა. ესე გავიდა ბრძოლად თარხანისად. და აღიზახნეს ორთავე, და მიეტევნეს ურთიერთას. და პირველსავე შეკრებასა უხეთქა ხმალი ფარსმან-ფარუხსა ჩაბალახსა ზედა, და გაუპო თავი ვიდრე ბეჭამდე. მაშინ დაჭმუნდა ვახტანგ და სპანი მისნი, რამეთუ არავინ დარჩა მათ შორის მსგავსი ფარსმან-ფარუხისი. შეძრწუნდეს ყოველნი იგი სპანი, და აივსნეს მწუხარებითა.
  და დაღამდა დღე იგი, და ვახტანგ შევიდა კარვად თვისად. და დადგა ლოცვად, და ცრემლითა ევედრებოდა ღმერთსა, და ვიდრე გათენებადმდე არა დაჯდა ქვე ლოცვისაგან: ითხოვდა ღმრთისაგან შეწევნასა. და მინდობითა ღმრთისათა ეგულებოდა თვით-ბრძოლა თარხანისი, რამეთუ უშიშ იყო ვითარცა უხორცო, და იმედი ჰქონდა ღმრთისაგან და ძალისა თვისისაგან.
  ვითარ გათენდა, კუალად შთამოვიდა თარჴან კიდესა მდინარისასა, აყუედრებდა კუალად, და ითხოვდა მუქარასა, და არავინ იპოვა სპათა შორის ვახტანგისთა მებრძოლი მისი.
  მაშინ ვახტანგ უთხრა სპათა თვისთა: „არა მინდობილ ვარ მე ძალისა ჩემისად და სიმხნისა ჩემისად, არამედ მინდობითა ღმრთისა დაუსაბამოსათა, სამებისა ერთარსებისა ყოვლისა დამბადებელისათა განვალ თვით-ბრძოლად თარხანისა. მაშინ განკვირდეს წარჩინებულნი იგი, აყენებდეს ვახტანგს და მრავალ-ღონედ ზრახვიდეს, რათამცა დააყენეს ბრძოლისაგან რამეთუ ყრმა იყო ვახტანგ, და არა იცოდეს გამოცდილება მისი.
  არა დაუჯერა ვახტანგ, არამედ დაამტკიცა ბრძოლა მისი; გარდახდა ცხენისაგან და დავარდა ქვეყანასა ზედა, თაყვანი სცა ღმერთსა, აიპყრა ხელნი თვისნი და თქვა: „ჰე, უფალო, დამბადებელო ყოვლისაო და შემმატებელო კეთილთაო, აღმამაღლებელო მოსავთა შენთაო! შენ იყავ მწე ჩემდა, მოავლინე ანგელოზი შენი ძალად ჩემდა, და დაეც უსჯულო ისი, დაარცხვინე მგმობართა შენთა, რამეთუ არა ძალისა ჩემისად მინდობილ ვარ, არამედ მოწყალებისა შენისად“. მოიქცა ვახტანგ და აღჯდა ტაიჭსა თვისსა, და უთხრა სპათა თვისთა: „ევედრებოდით ღმერთსა და ნუ შეძრწუნდებით”. წარვიდა ვახტანგ, და დადგეს სპანი მისნი ზურგით მისსა; შეძრწუნდებოდა და სავსენი მწუხარებითა თვის-თვისსა სჯულსა ზედა ევედრებოდნეს ღმერთსა.
ა. ვახტანგისი და თარხანის ომი და მოკლვა თარხანისი ვახტანგისგან
  მაშინ ვახტანგ ჩავლო გვერდი და ჩადგა მდინარისა პირსა; ქონდათ ხელთა ოროლნი. მოხედნა თარხან და უთხრა: „მე გოლიათთა და გმირთა გამოცდილთა მებრძოლი ვარ, არა ყმა-წვრილთა, გარნა შენ ზედაცა დავიმდაბლო თავი ჩემი“. აღიზახნეს და მიეტევნეს ურთიერთას, და პირველსავე შეკრებასა სცნა ვახტანგ ოროლნი სარტყელსა ზედა; და ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და განვლო ზურგში და მოკლა.
  ხოლო ქართველთა ნუგეშინის-ცემულთა და სავსეთა სიხარულითა აღიძახნეს ხმითა საშინელითა, და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. ხოლო ვახტანგ მასვე ადგილსა გარდახდა ცხენისაგან, და დავარდა მიწასა ზედა, თაყვანი სცა ღმერთსა და თქუა: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, რომელმან მოავლინე. ანგელოზი შენი და დაეც მტერი ჩემი; შენ ხარ აღმამაღლებელი მოსავთა შენთა; შენ ხარ, რომელმან აღადგინე ქვეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლი დავრდომილი“. მოჰკვეთა თავი თარხანს, აღჯდა და წარვიდა ლაშქართა თვისთა თანა. და ყოველთა მათ სპათა ხმითა აღწევნულითა შეასხეს ქება ვახტანგს და მადლობდეს ღმერთსა.
ბ. ვახტანგისა და ბაყათარ ოვსის ომი და მოკლვა ბაყათარისა ვახტანგისგან
  და მეორესა დღესა სხვა გამოვიდა ბუმბერაზი ოვსთაგან, რომელსა ერქვა ბაყათარ. იგი იყო გოლიათი; და რაითგან დაეწყო მხედრობად, ვერავის დაედგინეს მისთვის ბრძოლასა შინა. და მოესრა ყოველი მბრძოლი მისი: რამეთუ იყო სიგრძე მშვილდისა მისისა თორმეტი მტკაველი და ისარი მისი ექვსი მტკაველი. მოდგა ესე ბაყათარ პირსა მდინარისასა და ხმა ყო ხმითა მაღლითა და თქვა: „ ვახტანგ მეფეო, ნუ განლაღნები შენ მოკლვისათვის თარხანისა: არა ერთი იგი გოლიათთა და ამისთვის მოიკლა იგი ყმა-წვრილისა მიერ. აწ უკეთუ შენვე გამოხვიდე მბრძოლად ჩემდა, მოგხუდენ ჩემგან ბრძოლანი ფიცხელნი, რომელთაგან ვერ-ღა-რა განერე. თუ არა ვინცა სპათა შენთაგანი გამოვიდეს, მისთვისცა მზა ვარ“.
  მაშინ პასუხ უგო ვახტანგ ბაყათარს და უთხრა: „არა ძალითა ჩემითა ვსძლე თარხანს, არამედ ძალითა დამბადებელისა ჩემისათა. და არა მეშინის მე შენგან, ვითარცა ძაღლისა ერთისაგან, რამეთუ ძალი ქრისტესი ჩემ თანა, და ჯვარი მისი პატიოსანი საჭურველ ჩემდა“. და განაწესა ვახტანგ სპანი და დაადგინა განმზადებულად; და აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა, და აიღო ფარი მისი ვიგრის ტყავისა, რომელსა ვერ ჰკვეთდა მახვილი, და ჩავლო გვერდი და მიდგა მახლობელად მდინარისა. ხმა უყო ბაყათარს და უთხრა: „არა გამოვალ მე მდინარესა, რამეთუ მეფე ვარ; არა მივეახლები მე სპასა ოვსეთისასა, რამეთუ წარწყმედითა ჩემითა წარწყმდების სპა ჩემი ყოველი. ხოლო შენ მონა ხარ, და წარწყმედითა შენითა არა ევნების სპათა ოვსეთისათა, ვითარცა ძაღლისა ერთისათა. გამოვედ მდინარესა ჩემ-კერძო“. მაშინ ბაყათარ ოვსმან აღასრულა სიტყვა მისი და უთხრა: „მე მომკლველმან შენმან გამოვლო მდინარე, არამედ პირისაგან მდინარისა უკუ-დეგ სამ უტევან“.
  მაშინ ვახტანგ უკუ-დგა. გამოვლო მდინარე ბაყათარ, და უწყო სროლად ისრითა. მაშინ ვახტანგ სიფიცხლითა თვალთათა, და სიმახვილითა გონებისათა, და სიკისკასითა ტაიჭისა მისისათა ირიდებდა ისარსა: რამეთუ შორსვე იხილის ისარი მომავალი, და უხლდებოდა და სიმარჯვით მიეახლებოდა. ამიერ და იმიერ სპათაგან იყო ცემა ბუკებისა და დაბდაბთა. და იძახდეს ხმითა აღწევნულითა სპანი ორნივე, ქართველნი და ოვსნი, რომლითა იძრვოდეს მთანი და ბორცვნი. და ვერა ჰკრა ისარი, ორისა ისრისაგან მეტი, ბაყათარ ფარსა ვახტანგისსა, და ვერ ჰკვეთა ყოვლად. და კვლავ ჰკრა სხვა ისარი ცხენსა ვახტანგისსა, და გააგდო შიგა. და ვიდრე დაეცემოდა ცხენი ვახტანგისი, მიუხდა ზედა და უხეთქა ხმალი მხარსა ბაყათარისსა, და ჩაჰკვეთა ვიდრე გულამდე.
  როდესაც დაეცა ცხენი ვახტანგისი, სწრაფით მიჰყო ხელი და შეიპყრა ცხენი ბაყათარისი. და პირველ დავარდა ქვეყანასა ზედა, და თაყვანი სცა ღმერთსა, და შეწირა მადლობა უმეტეს პირველისა. აღჯდა ცხენსა ბაყათარისსა, და მოდგა მახლობელად სპათა თვისთა, და უთხრა ხმითა მაღლითა: „მხნე იყავით და გაძლიერდით, რამეთუ ღმერთი ჩვენ-კერძო არს“.
  ხოლო სპანი იგი წარემართნეს განმზადებულნი, ცხენ-თორნოსანნი და ჯაჭვ-ჩაბალახოსანნი, წინა კერძო და მათ უკანა ქვეითნი, და ქვეითთა უკანა სიმრავლე მხედართა, და ესრეთ მიმართეს ოვსთა ხოლო ოვსნი წარმოდგეს ქარაფსა ზედა და დაასხეს ისარი, ვითარცა წვიმა მძლაფრი.
  მაშინ ვახტანგ მეფე მოქცეულ იყო სპასა მისსა ზურგით რჩეულითა მხედრითა, უძახებდა და განაძლიერებდა და ნუგეშინის-ცემდა სპათა მისთა. მაშინ წინა ცხენ-თორნოსანთა აღვლეს გზა ქარაფისა, აღხდეს ვაკესა, და აღუდგეს უკანა ქვეითნი და შემდგომად სიმრავლე მხედართა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის. ხოლო ვახტანგ უკეთუ მარჯვენით-კერძო იბრძოდის, მარცხენით-კერძო ძრწოდიან; და უკეთუ მარცხენით-კერძო იბრძოდის, მარჯვენით-კერძო ძრწოდიან. და ეგოდენსა სიმრავლესა სპათასა იცნობებოდა ხმა ვახტანგისი, ვითარცა ხმა ლომისა; და თანა ჰყვებოდეს მას ორნი მხედარნი: არტავაზ ძუძუს-მტე, ძე საურმაგ სპასპეტისა, და ბივრიტიან სეფე-წული. და იგინიცა იბრძოდეს მხნედ.
  მაშინ იძლივნეს ოვსნი და ივლტოდა ბანაკი მათი. მოისრეს და ტყვე იქმნეს, ხოლო უმრავლესი მეოტი ოვსთა მათგანი ცოცხალი შეიპყრეს უკ-მოხსნისათვის ტყვეთასა, რომელნი წარტყვენულ იყვნეს პირველ ოვსთაგან ქართველნი. ვითარ უკ-მოიქცეს დევნისაგან, და დაიბანაკეს ბანაკსავე თვისსა: სამ დღე განისვენეს და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. და მერმე გაიბნივნენ ტყვენვად ოვსეთისა, შემუსრნეს ქალაქნი მათნი, და აიღეს ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი.
  ჩანართი
  ხოლო დაიმორჩილნა ოვსნი და ყივჩაყნი, და შექმნა კარნი ოვსეთისანი, რომელთა ჩვენ დარიალისად უწოდებთ. და აღაშენნა მას ზედა გოდოლნი მაღალნი, და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი. არა ხელეწიფების გამოსლვად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაყთა გარდა ბრძანებისა ქართველთა მეფისა.
  და განვიდენ პაჭანიკეთს, რამეთუ მაშინ იქ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ ოვსეთისა, მდინარესა მას ოვსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი იქვე იყო. შემდგომად ჟამთა მრავალთა იოტნეს პაჭანიკნი და ჯიქნი თურქთაგან; და წარვიდნენ პაჭანიკნი დასავლით-კერძო, ხოლო ჯიქნი დაემკვიდრეს ბოლოსა აფხაზეთისასა. და მოტყვენა ვახტანგ პაჭანიკეთი და ჯიქეთი, და შეიქცა, და მოადგა ოვსეთსავე. და მეფენი ოვსთანი შელტოლვილ იყვნეს სიმაგრეთა კავკასისათა აღდგეს მათ შორის მოციქულნი, და დაიზავნეს. და ითხოვეს ვახტანგისგან ოვსთა, ნაცვლად დისა მისისა, ოცდაათი ათასი ტყვე ოვსეთისა, ყოველი უკეთესი, რომელი სახელ-დებით თქვეს ოვსთა. და მისცა ვახტანგ ოცდაათი ათასი ტყვე დისა მისისათვის, და ესე მოიყვანა.
  ხოლო ტყვენი ქართველნი რომელ ჰყვეს ოვსთა ექვსსა მას წელსა, იგი ყოველნი უკ-მოიხსნა თვითო თვითოსათვის, და აიღო მძევალი ოვსთაგან და მძევლისათვის მისცა სხუა ტყვე ოცდაათი ათასი, და რომელი უკ-მოიხსნა ტყვე ქართლისა, რიცხვით სამას ორმოცდაათი ათასი, და რომელ დარჩა ტყვე ოვსი ამათ განტყობილთაგან კიდე თვალვით ექვსას ორმოცდაათი ათასი გარდა პაჭანიკთა და ჯიქთასა. და ესე ყოველი აღესრულა ოთხ თვე.
  მაშინ მეფემან განუტევნა ნიჯადნი იგი სპარსთანი და მეფენი კავკასიანთანი ნიჭითა დიდითა, წარმოგზავნა და მისი მირანდუხტ და ტყვე იგი მოველი გზასა დარიალისასა, და თვით სპითა დიდითა ქართლისათა წარმოვიდა გზასა აფხაზეთისასა. სულ-გრძელად და უშიშად იწყო ბრძოლად ციხეთა აფხაზეთისათა. რამეთუ მეფე ბერძენთა ლეონ დიდი უცალო იყო ბრძოლისაგან სპარსთასა, და ვერ-შემძლებელ იყო სპათა გამოგზავნად აფხაზეთს; და სამ წელ წარტყვენნა ყოველნი ციხენი აფხაზეთისანი ვიდრე ციხე-გოჯამდე. და მოვიდა სახლსა მისსა, ქალაქსა სამეუფოსა მცხეთას. გაეგება წინა დედა მისი, და დანი მისნი, და სიმრავლე ქალაქისა მამათა და დედათა მიუფენდეს სახელთა და სამოსელთა მათთა ფერხთა ქვეშე მისთა. და აყრიდეს თავსა დრამასა და დრაკანსა, და აღწევნულითა ხმითა შეასხმიდეს ქებასა; რამეთუ არა რომელსა მეფესა ექმნა ეგე-ვითარი ძლიერი წყობა.
  მაშინ ვახტანგ მეფემან შეწირა მადლობა ღმრთისა მიმართ მრავლითა ლოცვითა და ღამისთევითა, და გლახაკთა მიცემითა. და გასცა ნიჭი ერსა თვისსა, და წარჩინებულ ქმნნა მხედარნი, მსახურნი მხნედ და გამოცდილნი წყობასა მას შინა ოვსთასა. და წარსცა ძღვენი ნატყვენავისა მისგან დედის ძმისა მისისა თანა ვარაზ-ბაკურისა: მონა ათასი, ცხენი სახედარი ათასი, ხდალი ცხენი ათასი. და კვლავ წარსცა წინაშე სპარსთა მეფისა მონა ათი ათასი, ცხენი სახედარი ათი ათასი, ცხენი ხდალი ათი ათასი. ესე ყოველი მიუძღვანა სპარსთა მეფესა ხელითა ბინქარან ეპისკოპოსისათა, და ითხოვა სპარსთა მეფისაგან ასული ცოლად; ხოლო სპარსთა მეფემან მოსცა ასული მისი ცოლად, რომელსა ერქვა ბალენდუხტ. და მოსცა სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანი მზითვად და მისწერა მის თანა წიგნი, რომელსა პატრუცაგსა წერილ იყო ესრეთ: „ურმისდისგან, ყოველთა მეფეთა მეფისა, ვახტანგის მიმართ, ვარან-ხოსრო-თანგისა, ათთა მეფეთა მეფისა ახოვანისა“. და მოუწერა მან ბრძოლა კეისრისა, რამეთუ კეისარი გასულ იყო ბრძოლად სპარსთა.
  მაშინ ვახტანგ აუწყა ყოველთა სპათა მისთა და ყოველთა მეფეთა კავკასისათა. შემოიკრიბეს და დადგეს მტკვარსა იმიერ და ამიერ, ვითარ ოცი ათასი და მოერთო ვარაზ-ბაკურ, დედის ძმა მისი, ერისთავი რანისა, ბრძანებითა სპარსთა მეფისათა, სპითა ადარბადაგანისათა, რანისა და მოვაკანისათა, ვითარ ოცი ათასითა მხედრითა.
  მას ჟამსა იყო ვახტანგ წლისა ოცდაორისა; და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უმშვენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქვეითი ირემსა მიეწიის, უპყრის რქა და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მხართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა. და მარტო იყო იგი ძე მამისა მისისა, და ერთი და მისი ხვარანძეცა იყო ძლიერი და მშვენიერი. და ნათესავისაგან მირიან მეფისა მორწმუნისა ვახტანგ და დანი მისნი დარჩენილ იყვნეს: იგინი იყვნეს ნათესავნი ბაქარ მირიანის ძისა.
  ხოლო მირიან და გრიგოლ იყვნენ ნათესავისაგან რევისა, მირიანისვე ძისა, და ქონდა მათ კუხეთი, და ცხოვრობნენ რუსთავს ციხე-ქალაქსა. რამეთუ შემცირებულ იყვნეს ურთიერთსა კლვითა.
  მირიან მეფისითგან ვიდრე ვახტანგ მეფისამდე გარდაცვალებულ იყო ნათესავი რვა და მეფენი ათნი, და წელიწადი ას ორმოცდაჩვიდმეტი, ხოლო ეპისკოპოსნი წესსა ზედა ჭეშმარიტსა გარდაცვალებულნი რვანი, ხოლო სხვანი შემშლელნი წესისანი.
ვახტანგ გორგასლისა საბერძნეთს წასლვა საომრად
  წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად. და მიიწივნეს სომხითს, და მოერთნეს პეროჟა-კაფას, სადა-იგი ციხე აეგო პირველ ხსენებულსა ფეროზს, ერისთავნი სომხითისანი: სივნელი არევ, ასფურაგნელი ჯუანშერ, ტაროვნელი ამაზასპ გრიგოლის შენებულისა ქალაქისაგან, თრდატ ნათესავისაგან დიდისა თრდატისა. და მოადგეს ციხე-ქალაქსა, რომელსა ერქვა კარახპოლა, ხოლო აწ ეწოდების კარნუ-ქალაქი. და ებრძოდეს მას, ხოლო ვერ შეუძლეს დაპყრობად, რამეთუ იყო იგი ზღუდითა მაღლითა სამითა. და დაუტევნეს ორნი ერისთავნი მხედრითა თორმეტი ათასითა ბრძოლად ქალაქისად.
  წავიდა ვახტანგ პონტოს და მოაოხრა გზასა ქალაქნი სამნი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. და მოადგეს ლაშქარნი პონტოსა ქალაქსა დიდსა ზღვის-კიდესა; და ებრძოდეს სამ თვე, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე ქალაქისა მის კოსტანტინისა ხოლო სპარსნი რომელ ჰპოვებდეს ეკლესიისა მსახურთა, დაჰკლვიდეს; ხოლო ვახტანგ მეფემან ამცნო სპათა სომხითისათა და ყოველთა სპარსთა, რათა არავის ჰკლვიდენ მოწესეთაგანსა, არამედ ტყვე ჰყოფდენ, და უთხრა მათ:
  „მამის მამა ჩემი მირიან ოდეს შემოჰყვა მეფესა სპარსთასა, ძმისწულსა თვისსა, ბრძოლად ბერძენთა ზედა, ესე-ვითარსა უყოფდეს მოწესეთა და ეკლესიისა მსახურთა, და იძლივნეს ძლევითა ბოროტითა ურიცხვნი სპანი მცირეთა ლაშქართაგან. ამიერითგან მიიღეს საზღვარი ესე ბერძენთა ჩვენ, ქართველთაგან, აღმოსავალით ზღვისა ამის. ხოლო წყობა პირველთა მეფეთა იყო ანძიანძორს, სადა უკუე აწ არს საფლავი დიდისა მოძღურისა გრიგოლისი, და მუნით იოტნეს მეფენი ჩვენნი. ხოლო ჩვენ ათისა დღისა სავალი ჩამოგვივლია, ჩრდილოთ მოქცეულ ვართ. და ჩვენცა ვართ სჯულსა ზედა ბერძენთასა აღმსარებელ ქრისტესა, რომელ არს ღმერთი ჭეშმარიტი ყოველთა.
  „ანუ არა გასმიან-ა სასწაულნი, რომელნი ქმნნეს კოსტანტინეს-ზე მეფისა წარძღვანებითა ჯვარისათა, ანუ რომელნი ქვეყანასა ბერძენთასა იქმნნეს სასწაულნი ივლიანეს-ზე მეკერპისა მეფისა? – ვითარ იგი ისარმან ზეცისამან მოკლა, და შეიკრიბეს სპანი ბერძენთანი და იოვიანოს აჩინეს მეფედ, ხოლო მან არა თავს-იდვა ვიდრემდის არა დამუსრეს კერპნი და აღმართეს ჯვარნი, და მას ზედა დაარქვეს გვირგვინი მეფისა; ხოლო ანგელოზმან უფლისამან აღიღო გვირგვინი და დაადგა თავსა იოვიანოსსა, ჭეშმარიტსა მეფესა. და ხმა იყო ზეცით, რომელი ეტყოდა სპარსთა მეფესა ხოსროთანგსა: „დაეცადენით ბრძოლად იოვიანოსისა, რამეთუ ძალითა ჯვრისათა უძლეველ არს, და ამიერითგან იქმნენ მოყვარე მეფე და ხოსრო, ვიდრემდის ორნივე იგი შეიცვალნეს.
  „ანუ თქვენ, მკვიდრთა მაგათ სომხითისათა არშაკუნიანთა, პატიახშთა ბივრიტიანთა, არა გახსოვანა საქმენი გრიგოლი პართეველისანი და წინა-აღმდგომთა მისთა, თრდატ მეფისა არშაკუნიანისა – ვითარ დასცა ზუაობისაგან და იქმნა იგი ეშვად? არამედ გრიგოლი მოაქცია იგი, და ამიერითგან იქმნა იგი მუშაკ ეკლესიათა, და ეკლესია დიდი აღაშენა თრდატ ზურგითა თვისითა, რამეთუ იყო იგი გმირი. ხოლო თქვენ, მკვიდრნო ქართლისანო, ნათესავნო მეფეთა ქართლისათანო, რომელნი დღეს მთავრობასა ზედა დადგინებულ ხართ ჩვენ, მეფეთაგან, რომელნი ვართ ნათესავნი ნებროთ გმირისანი, რომელი უწინარეს ყოველთა მეფეთა გამოჩნდა ქვეყანასა ზედა, რომელი ლომსა ძალითა ვითარცა თიკანსა მოიყვანებდა, კანჯართა და ქურციკთა ქვეითი იპყრობდა. რამეთუ ეზომ განდიდნა ძალი. მისი, რომელ დაემორჩილნეს ყოველნი ნათესავნი ნოესნი, ვიდრემდის შეუძლო ქმნად ქალაქი, რომლისა ქვად შექმნა ქვა ოქროდ, და ხარისხად ვეცხლი, და გარემოს მისსა მოიქმოდა აგურითა და კირითა, ხოლო ქუდნი კართა და სარკმელთანი იაკინთისა და ზურმუხტისანი შექმნა; რამეთუ მათისა ნათლისაგან ვერ შეუძლებდა დაბნელებად ღამე. და ქმნა მას შინა ტაძრები და კოშკები, რომელ ვერ შესაძლებელ არს გაგონებად თქვენდა, მოუგონებელ არს თვითოეულისა სიბრძნე მისი, რომელი მიეცა მას ვიდრემდის აღმართა სამისა დღისა სავალსა, რომელი ექმნა აღსავალად ხარისხად ზღუდეთა ზედა. და ენება, რათა აღვიდეს ცად და იხილნეს მყოფნი ცისანი. ხოლო ვითარცა განვლო საზღვარი ჰაერისა და შევიდა საზღვარსა ვარსკვლავთასა, ვერ-ღა-რა უძლებდეს საქმედ მოქმედნი, რამეთუ დადნებოდა ოქრო და ვეცხლი; რამეთუ იქით-გამო ვიდრე-მე არს ხელმწიფება ცეცხლისა ეთერისა მის, რომელი მგზების მძლაფრიად სამყაროსა ქცევისაგან და ესმა იქით საზრახავი შვიდთა გუნდთა ზეცისათა, რომლისაგან შესლბეს ადამიანნი. და იქმნა ყოველი კაცი თვითო ნათესავით-ურთ მეტყველ თვითო ენასა, და არღარა ერჩდე ურთიერთას პირსა მოყვასისა თვისისასა, და წარვიდეს.
  „ხოლო ნებროთს ენითა სპარსულითა უთხრა: მე ვარ მიქაელ ანგელოზი, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავლისასა. განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი ჰფარავს ქალაქსა მაგას ვიდრე გამოჩინებადმდე სამოთხისა, რომელი-ესე დგას მახლობელად ნაშენებსა მაგას შენსა, რომელსა შორის არს მთა ესე, რომლისაგან აღმოვალს მზე და გამოვლენ მისგან ორნი მდინარენი: ნილოსი და გეონი. რამეთუ გეონსა გამოაქვს სამოთხით ხე სულნელი და თივა, რომელი შეეზავების მუშკსა. აწ წარვედ შენდა. და დაჯედ ორთავე მდინარეთა შორის, ევფრატსა და ჯილასა, და განუტევენ ნათესავნი ესე, ვითარცა ვინ ინებოს, რამეთუ წარუვლენიან უფალსა. ხოლო მეფობა შენი მეფობდეს ყოველთა ზედა მეფეთა, არამედ ჟამთა უკანასკნელთა მოვიდეს მეუფე ცისა, რომლისა შენ გნებავს ხილვა მისი, ერსა შორის შეურაცხსა; შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი, მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მაშინ გიხილოს შენ ჭირსა შინა და გიხსნეს ღმერთმან“.
  „და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს. და დაუტევნა ჰინდურად მზრახველნი ჰინდოეთს, სინდნი სინდეთს, ჰრომნი ჰრომს, ბერძენნი – საბერძნეთს, აგ და მაგუგ – მაგუგეთს, სპარსნი – სპარსეთს; ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო, და ესე არიან შვიდნი ენანი, რომელნი ნებროთისამდე ზრახვიდეს. ამისთვის მოგითხარ, რომელ მამათა ჩვენთა დაფარულად ეპყრა წიგნი ესე, ხოლო მე შურმან საღმრთომან მაიძულა თქმად ამისსა, ამის მიერ შეიწყნარა მამამან ჩვენმან მირიან სახარება ქრისტესი ნინოს მიერ.
  „ანუ არა ქრისტეს მოსლვამდე მიიღებდეს მამანი ჩვენნი ხარკსა, და იქითგან მოუძლურდით, ესე რა ბერძენნი მიღმართ ბრძვანან? და მან იხილა ნებროთ ჯოჯოხეთსა შინა და იხსნა: იგი არს პირველი ყოველთა მეფეთა, და დანიელ-ცა ეწამების, ვითარმედ მიქაელ დადგინებულ არს ძალად სპარსთა. და თქვენ, ყოველთა ქართველთა, იხილენით სასწაულნი ესე, რომელ ქმნნა ნინო. ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ბერძენნი განწირნა ღმერთმან? არა უმეტესნი ქვეყანანი სპარსთანი მათ შემუსრეს და მათ შემოურთვან, და დღეს მეექვსე თვე არს, რაჲთგან ასმიეს ხმა ლაშქრობისა ჩვენისა; ქცეულ არს კეისარი, რამეთუ ასმიეს შემოსლვა ჩვენი, და აწ მოახლებულ არს ბრძოლად ჩვენდა. აწ უკვე ყოველნი ნათესავნი უფალსა ღმერთსა მსახურებდით და დასცხერით ვნებათაგან ეკლესიისათა“.
  და ვითარცა ესე ყოველი წარმოთქვა, განავლინა ქადაგი, რათა ყოველნი მოწესენი გამოვიდენ სამალავთაგან მათთა, და ტყვენი განუტევნენ, და სადაცა ენებოს წარვიდენ. და გამოვიდა სიმრავლე მღვდელთა და დიაკონთა, მოწესეთა მონაზონთა და ენკრატისთა, ქვაბებით და მთათაგან, და უმრავლესნი პონტო ქალაქით, რამეთუ შეიწრებულ იყო ქალაქი ოთხ თვე ოდენ.
  და მათ თანა იყვნეს ორნი კაცნი: პეტრე მღვდელი, მოწაფეთაგან გრიგოლი ღმრთის-მეტყველისათა (რამეთუ საფლავსა მისსა ზედა მღვდელობდა), და სამოელ მონაზონი. წარდგეს წინაშე ვახტანგისსა მადლისა მიცემად განტევებისათვის ტყვეთასა და განთავისუფლებისათვის ეკლესიათასა და მღვდელთასა. და როდესაც წარმოთქვეს ლოცვა, მოეწონა მეფესა და მოიხილნა იგინი, და უბრძანა შემოსლვად ყოველთა ტყვეთა და მოწესეთა, განტევებულთა მისგან უძლურთა, რამეთუ ყოველნი უძლურნი ქალაქით გამოსულ იყვნეს. უძლურთა მისცა სახედრები და ჭაბუკთა სამ-სამი დრაჰკანი, და განუტევა. ხოლო პეტრე მღვდელი და სამოელ მონაზონი მის თანა დაიჭირა.
  და ვითარ წარვიდეს სპანი იგი კარვად თვისად, და მეფე შევიდა სერობად. უთხრა მეფემან პეტრეს: „მოსწოს ღმერთსა საქმე ესე ჩემი, რამეთუ დავიცვენ ეკლესიანი და განუტევენ ტყვენი“.
  უთხრა პეტრემ: „იტყოდის მონა შენი წინაშე შენსა კადნიერად, ანუ მიგცემდე ქებასა სიცრუვისასა“.
  უთხრა მას მეფემან: „იტყოდე, რამეთუ არას ვეძიებ გარნა მხილებასა, რათა განვერნეთ სიცრუვისაგან“.
  უთხრა პეტრემ: „ეკლესიანი ხორცთანი უფროს არიან წინაშე ღმრთისა, ვიდრე ეკლესიანი ქვათანი. ეკლესია ქვათა ოდესმე დაირღვეს, და აღაშენიან მითვე ქვითა; ხოლო ეკლესიანი ხორცთანი ოდეს დაირღვენ, ვერვინ შემძლებელ არს განკურნებად, ვერცა მკურნალი და ვერცა მეფე. აწ რაოდენნი გვამნი კაცთა მართალთანი დაგიცემიან, რომელსა იტყვის სისხლისათვის აბელისსა: ყოველი სისხლი ნოეს რღვნითა განიწმიდა; და სისხლისა მისთვის ზაქარიასსა, ბარუქის ძისა, მიუგო ყოველი შეურაცხება ჰურიათა, ვითარცა იტყვის ესაია: აიღე და წარწყმიდე ყოველი წული მათი, ტიტოს და ვესპასიანოსის მიერ. ანუ არა აღმოგიკითხავსა წიგნთაგან მოსესთა, რაჟამს ისრაიტელმან ისიძვა უცხოსა თესლსა თანა, რაოდენი სული მოკვდა ერთისა მის სიძვისათვის? აწ უკვე სპათა შენთაგან რაოდენნი ქალწულნი განხრწნილ არიან, ტაძარნი ღმრთისანი“.
  და უთხრა მეფემან; „არა ხედავ, ვითარ-იგი იოვიანოს დაცვისათვის ეკლესიათასა იყო ივლიანეს თანა უკეთურისა? და თუ დაბრკოლდეს კაცი, უმჯობეს არს დაცემა სრულიად“.
  უთხრა პეტრემ: „არა დაბრკოლებულსა დაგცემ, არამედ დაცემულსა აღგადგინებ, ვითარცა დავით საცთურისაგან ურიაჲსა; და არა მნებავს შენი, რათა იყო ვითარცა კაცი, რომელი მარჯვენით იქმნ და მარცხენით არღვევნ; და არცა ვითარცა რომელნი პირითა მათითა აკურთხევდენ, და გულითა მათითა სწყევდენ და აგინებდენ, არამედ ვითარცა მეფენი კეთილად ხსენებულნი რომელთა დაიპყრეს სოფელი ესე და სასუფეველსა არა განეშორნეს: დავით, სოლომონ და კოსტანტინე, იოვიანოს და ყოველნი მსგავსნი მათნი. ხოლო რა არს მსგავსება შენი იოვიანოსისსა, და ვინ არს შენ ზედა უფალ, რომელ-მცა ხმალი მისი იყო კისერსა შენსა ზედა, ვითარცა იგი იოვიანოსისსა ივლიანესი? ანუ სადა გევნო შენ ვითარცა იოვიანოსს ივლიანესგან? ანუ ვის ხედავს ღმერთი, რომელი შენ ზედა უფალ ყო და ჰქონდა-მცა პასუხი შენსა სიმართლესა წინაშე ღმრთისა. არა უკვე შენ უფალ გყო ამათ ყოველთა ზედა, და შენ შეგიდგინა ყოველნი. ამიერითგან ითხოვოს ღმერთმან ყოველი ხელთაგან შენთა საქმე ბოროტისა, და შენ მიგაგოს არა თუ შეინანო“.
  უთხრა მეფემან: „მნებავს განმართლება თავისა ჩემისა, ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე უმსჯავროებასა ჩემსა“.
  უთხრა პეტრემ: „ვინაითგან გზა ეც შეწამებად, ცოდვა შენი განგეშორა შენგან. ხოლო აწ გითხრა გულის-სიტყვა შენი: არა უმეცრებამან აღგძრა ბრძოლად ძეთა ზედა ღმრთისათა, არამედ შველისათვის ნათესავისა შენისა სპარსთასა. და არა უწყი-ა, რამეთუ ბერძენნი ნათესავნი ღმრთისანი არიან აღთქმისა მისთვის, რაჟამს უწოდა მათ შვილად ღმრთისა და მოსცა მათ ბეჭედი, რომლითა შემუსრა ჯოჯოხეთი და არს იგი ჯვარი?“
  უთხრა მეფემან: „აწ რა გნებავს შენ?“
  უთხრა მას პეტრე: „მნებავს, რათა შენ მიერ აღგზებული ესე ცეცხლი შენვე დაშრიტო და მეგობარ იყო კეისრისა, ვითარცა დღესამომდე იყავ სპარსთა“.
  მიუგო მეფემან: „ესე მნებავს, რათა მიჩვენოთ ლოცვითა თქვენითა ამას ღამესა კეისარი და მე შეკრებულნი, და რომელ ზრახვად არს ჩვენ შორის სიყვარულისა ყოფა, და ვცნა მე, ვითარმედ მოსწონს ქრისტესა ზრახვა ესე შენი ჩემდა მომართ“.
  უტხრა პეტრემ: „დამძიმდა თხოვა ესე შენი ჩემ ზედა, რამეთუ ესე არს კაცთა რჩეულთა, რომელ არიან ვითარცა ანგელოზნი სრულითა საქმითა, და არიან ამათ კლდეთა შორის, და ესე-ვითარი მათგან ეგების საქმედ, რომელსა შენ ითხოვ. მეც მე დრო, რათა წარვიდე და ვევედრო მათ, და უთხრა ბრძანება შენი, და ლოცვითა მათითა აღესრულოს განზრახვა შენი; არამედ შეურაცხ გვიჩნს თავი ჩვენი, რამეთუ კაცნი ვართ ცოდვილნი, ნუ უკვე სილაღედ იხილოს ღმერთმან“.
  გაუბრაზდა მას სამოელ მონაზონი და უთხრა: „მღვდელო, საქმესა ღმრთისასა ვითარცა საქმესა კაცთასა ზრახავ. ანუ არა აღმოგიკითხავს-ა, ვითარ ეტყვის ღმერთი პალეკარპოსს - უკეთუ-მცა არა დაბრკოლდებოდეს ანგელოზნი კაცთა სათნოებისათვის, ყოველთა-მცა ქალაქთა შინა ჯვარს ვეცვ, რათა ყოველნი ვაცხოვნნე? ანუ-მე უფროს არს აქაბ, მეფე ისრაელისა, მეფესა ქრისტიანეთასა, რომელსა ეტყვის ესაია – ითხოვე სასწაული სიმაღლედ, ანუ სიღრმედ, და მისთვის თქვა: მიუდგეს ქალწული? ანუ ვინ უთხრა ისრაიტელსა – რა-ცა ითხოვო სახელითა ჩემითა, მოგეცეს? ისო უთხრა სამყაროსა ცისასა „მოიქეც“, და სამსა ჭდესა მოიქცა იგი. აწ სიტყვა სიმდაბლისა შენისა კეთილ არს, პეტრე, არამედ საბრკოლებელ არს მცირედ მორწმუნეთა კაცთა. ხოლო შენ, მეფეო, მცირედ შეგვეწიენ ჩვენ სარწმუნოებითა, რამეთუ ლოცვამან ჭირვეულისა ამის ქალაქისამან ყოს ნება შენი“. და წარვიდნენ წმიდანი იგი სადგურად თვისად.
  ხოლო მეფემან მყოვარ-ჟამ ილოცა და დაწვა, და მირულებასა შინა მისსა, აჰა, უკვე მოვიდა დედაკაცი იგი, რომელი იყო წმიდა ნინო, და უთხრა: „აღდეგ, მეფეო, და განკრძალულად მიეგებვოდე, რამეთუ ორნი მეფენი ზეცისა და ქვეყანისანი მოვლენ შენდა“. და რეცა მიხედნა და იხილა პირველ სახე ქალისა, ვითარ არს კოსტანტინეს; და მიიწია იგი სწრაფით და იხილა ორნი საყდარნი: ერთსა ზედა მჯდომარე ჭაბუკი, საჭურველითა, გვირგვინოსანი; და მეორეთა საყდართა იხილა მოხუცებული მჯდომარე ზეწრითა სპეტაკითა, და თავსა ზედა ედვა გვირგვინი ნათლისა, არა ოქროსა, და ფერხთა მისთა თანა ჯდა ნინო; და ხელი ვახტანგისი მარჯვენა ეპყრა პეტრეს მღვდელსა და მარცხენა სამოელს მონაზონსა. და უთხრა სამოელმა: „შეუვრდი პირველად დიდსა იმას მთავარსა ზეცისასა გრიგოლის“. მივიდა და თაყვანი სცა. და უთხრა გრიგოლიმ: „რა ესე ჰყავ ბოროტი, კაცო, რამეთუ მოაოხრე ბანაკი ჩემი და მხეცთა შეაჭამენ საცხოვარნი ჩემნი. უკეთუ-მცა ორნი ეგე არა, რომელნი გვერდით გიდგან, და დედაკაცისა ამისთვის სათნოსა, რომელი მარადის იღვწის მარიამის თანა თქვენთვის, – შურ ვიგემცა შენგან, ვითარცა მამათა შენთაგან, რომელნი ესვიდეს ცეცხლსა შემწველსა და არა ბრწყინვალებასა განმანათლებელსა ყოველთასა“. და მისცა ხელი და ამბორს-უყო, რეცა და მიჰყო ხელი გვირგვინსა ნათლისასა, რეცა ეგე-ვითარი-ვე გვირგვინი მისცა ვახტანგს, და უთხრა: „დაარქვ ეგე პეტრეს“. და აიღო პეტრე მისვე გვირგვინისაგან რეცა უდარესი, და დაარქვა სამოელს მონაზონსა. და უთხრა ნინო ვახტანგს: „აწ უკვე მივედ მეფისა და მიიღე ნიჭი შენი“. მივიდა მეფისა, და ამბორს-უყვეს ურთიერთას, და ადგილ-სცა საყდართა თვისთა, და დაისვა იგი თანა. და მისცა ბეჭედი ხელისა მისისაგან, რომლისა იყო თვალი ფრიად ნათელი, და უთხრა კეისარმან: „უკეთუ გნებავს, რათა მოგცე გვირგვინი, აღუთქვ ვინ ესე დგას ჩვენ ზედა, რათა ჰბრძოდი მტერთა მისთა და მიიღე მისგან გვირგვინი“. მოიხილა ვახტანგ და იხილა ჯვარი, რომელსა ფრთეთა მისთა ზედა ქონდა გვირგვინი, და უმეტესად ხილვამან ჯვარისამან დასცა შეძრწუნება, რამეთუ უსაშინელეს იყო ზარი მისი, და დადუმნა. ხოლო აღდგა ნინო და მიხედა პეტრეს კერძო და სამოელისა, და ერთითა პირითა თქვეს: „ჩვენ ვართ თავს-მდებნი, ვითარმედ უმეტეს ყოველთასა წარემართოს, ჯვარო უძლეველო“. და მიჰყო ხელი კეისარმან, და მოიღო გვირგვინი ჯვარისაგან, და დაარქვა გვირგვინი იგი ვახტანგს თავსა.
  და იწყეს გამოსლვად, რეცა ხმა ყო ეპისკოპოსმან სამ-გზის, და უთხრა: „ვახტანგ, ვახტანგ, ვახტანგ! უმეტეს მორწმუნე იყო შენ ყოველთა შორის ნათესავსა სპარსთასა“. მეორედ: „შენგან აღეშენენ ეკლესიანი და განეწესნენ ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსთა მთავარი“. და მესამედ: „გვირგვინიცა წამებისა მიიღო“. და გამოვიდა, რეცა მოუწოდა ძილსავე შინა პეტრეს და სამოელს, და უთხრობდა ძილსავე შინა ჩვენებასა, და იგინი აუხსნიდეს: „რომელი-იგი იხილე საყდართა ზედა გვირგვინოსანი ნათლითა, იგი არს დიდი მოძღვარი გრიგოლი; და მან რომელ მომცა მე გვირგვინისა მისგან, მომცა ეპისკოპოსთა მთავრობა; და მე რომელ მივეც გვირგვინისა ჩემისაგან მოყვასსა ჩემსა, ჩემ მიერ ყოფად არს ეპისკოპოსად; და რომელ ნახე გვირგვინითა ოქროსათა ჭურვილი, იგი არს კეისარი; და რომელ მოგცა შენ ბეჭედი, მოგცეს შენ ასული ცოლად, და ყოველი საზღვარი ქართლისა მისგან უკ-მოღებული მოგცეს; ხოლო გვირგვინი ჯვარისაგან რომელ მოგცა, ვრცელნი ღვაწლნი გარდაიხადენ შეწევნითა ჯვარისათა; ხოლო მოძღვარმან ჩვენმან რომელ სამ-გზის გიხმო, სამნი ნიჭნი გითხოვნა ღმრთისაგან, რათა შენ მიერ ჭეშმარიტება დაემტკიცოს ქართლისა კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთა, და სძლევდე მტერთა ვიდრე დღედმდე აღსრულებისა შენისა. ხოლო აღსრულებასა შენსა გვირგვინი წამებისა მიიღო ბრძოლასა შინა, ხელთა მტერთასა არა შეჰვარდე. ესე ყოველი აღესრულოს ვიდრე მოუძლურებადმდე შენდა და სიბერედმდე“.
  ვითარცა განიღვიძა მეფემან ვახტანგ, მადლობდა ღმერთსა, რომელმან ყოველივე გამოუცხადა, და მოუწოდა მსწრაფლ პეტრეს და სამოელს, და უთხრა: „რა იხილეთ?“ ხოლო მათ უთხრეს: „იტყოდე, მეფე: ერთი მარჯვენით და ერთი მარცხენით ვდეგით, რაჟამს შენ საყდართა მსხდომარეთა წინაშე კეისრისა და ღმრთივ-გამომეტყველისა სდეგ; და კვლავ იგივე დედოფალი ჩვენი დაამშვიდებდა მოძღვარსა მას განძვინებულსა შენ ზედა, და მიგცემდა შენ ხელთა მისთა“.
  და უთხრა მათ მეფემან: „დუმენით, წმიდანო, რამეთუ ყოველივე ჩემ თანა გიხილავს. აწ ვითარ გნებავს თქვენ ქალაქისა ამის საქმე, რომელი შემუსრვად მიწევნულ არს? ანუ რა ვყოთ ტყვისა ამისთვის, რომელი უმეტეს არს ბევრ ათასისა, რომელი არს ხელთა ჩვენთა? აწ უკვე სწრაფით განვიდეს აქათ ქადაგი, ვითარმედ სპარსთა მეფე წარმომართებულ არს ქვეყანად ჯაზირეთად, და გამოვლეს ფილისტიმი კვალსა მეფისა კეისრისასა, რომელმან მოაოხა ქვეყანა სპარსთა, და სპარსთა მეფემან ვერ უძლო ბრძოლად. ხოლო კეისარმან ვითარცა ცნა, ვითარმედ ჩვენ მოვედით ქვეყანასა მათსა, მოისწრაფის ბრძოლად ჩვენდა, და ვხედავთ რეცა სპარსთა მეფე მოვალს ძალად ჩვენდა. და ვიცით, ვითარმედ სპანი სპარსთანი სომხითისა და ქართლისა სპათა უმრავლეს არიან, და არავინ არს ჩვენ შორის ჭეშმარიტი მორწმუნე; რომელნი დანერგნა მამამან ჩვენმან მირიან, გინა თრდატ, დედით ნათესავმან ჩემმან, აქა ამათ ყოველთა სარწმუნოება ვიცით, რამეთუ სავსე არს საცთურითა. ნუ უკვე გამოცხადებასა საქმისა ჩემისასა განწყრეს დედის ძმა ესე ჩემი, და ვეწყვნეთ ურთიერთას და ვიქმნეთ საცინელ ყოველთა მტერთა ჩვენთა. არამედ ესე ვყო, რეცა მოვიდენ სპანი ჩვენნი და მაუწყონ ჩვენ მოსლვა კეისრისა, და მას ზედა უკუ-ვრიდოთ ჩვენ. პირველ-ვე საქმე ესე ვაუწყოთ, ოდეს მოვიდეს და მოგვეახლოს ჩვენ კეისარი; მაშინ ვითარცა იზრახოს სიწმიდემან შენმან, ეგრეთ ვყოთ და არ-ცა ერთი ტყვეთა მისთაგანი დააკლდეს“.
  და წარვიდა პეტრე კეისრისა, ხოლო სამოელ დადგა წინაშე მეფისა. ხოლო ხვალისა დღე მოვიდა რეცა დიასპანი და უქადაგა მეფესა, ვითარმედ სპანი ბერძენთანი შემოვიდეს კოსტანტინეპოლედ და მოუწოდა მეფემან ვახტანგ დედის ძმასა თვისსა და ყოველთა მეფეთა, და უთხრა: „რასა იტყვით, რამეთუ უწყით სიმრავლე სპათა ბერძენთა, და ვერაგობა წყობისა მათისა, და სიმარჯვე ზღვათა შინა ნავებითა. ესე-რა შევიდეს იგინი სპარსეთს, ქვეყანასა გმირთა და გოლიათთასა, და მათ ვერ უძლეს წყობად. აწ მეშინის, ნუ უკვე სპანი ნავებითა მოვიდენ, შეიპყრან გზა ჩვენი და მოგვწყვიდნენ ჩვენ, ვითარცა ბაკსა შინა. არამედ აღვდგეთ აქათ და დავიბანაკოთ ზღვასა სამხრით კერძო, რათა გვქონდეს ჩვენ გზა ჭირისა და ლხინისა“.
  აიყარა ლაშქარი გარემოს ქალაქისა, და ვლეს ხუთისა დღისა სავალი სამხრით კერძო, და დადგეს სპერით კერძო და განვიდეს მყოფნი ქალაქისანი, მიწევნულნი სიკვდილად, და მისცეს მადლი ვახტანგს, და მისცეს ძღვენი ათასი ლიტრა ოქრო და ხუთასი თავი სტავრა, და განვიდა ერი იგი მშვიდობით სავაჭროსათვის და სახმრისა.
  ხოლო ვითარცა მივიდა პეტრე წინაშე მეფისა კეისრისა, და უთხრა ყოველი იგი. ხოლო კეისარმან გაიხარა ფრიად, და ყოველი რომელი ეხილვა ჩვენებასა შინა, მისცა მას ზედა ნება ვახტანგს. და წარმოავლინა პეტრე მღვდელი, და მიუმცნო აღთქმითა და ფიცითა ძლიერითა, რათა სწორ იყოს მეფობისა მისისა. არამედ ორთავე სპათა დასცნენ სპარსნი, რომელნი იყვნეს ვახტანგის თანა, არა აღვიდენ საბრძანებელთა მათთაგან, ოდეს შეიკრიბენ ვახტანგ და იგი. ხოლო ვიდრე პეტრე და მოციქულნი მოვიდოდეს ვახტანგისსა, კეისარი შემოვიდა კოსტანტინედ და წარმოავლინა ხუთასი დრომონი, რომელსა შინა ისხდა ხუთას-ხუთასი კაცი, და უბრძანა, რათა მიეახლნენ ვახტანგს და დადგენ გარეშე ბრძოლისა. და წარმოემართა კეისარი გზასა პონტოსასა რვა ათასითა კაცითა. და ვითარ მოეახლნეს სპანი იგი ზღვისანი, უნდა სპარსთა წყობა მათი, ხოლო მეფე აყენებდა, და არა მიუშვნა ბრძოლად.
  ხოლო ვითარცა მიართვეს ძღვენი მოციქულმან კეისრისამან და პეტრე, ჰქონდა სიტყვა საიდუმლო და კვლავ ჰქონდა სიტყვა საერო. და თქვა ცხადად: „ნუ ივლტი, დადეგ ვიდრე ჩემად მოსლვამდე, რათა რომელნი-ეგე შენ თანა არიან სპარსნი, რომელნი დაგვრჩეს შესლვასა ამას ჩვენსა სპარსეთს ამოუწყვედელად, ამოვსწყვიდნეთ ეგენი-ცა“.
  ხოლო საიდუმლოდ მოართვეს მას ჯვარი და გვირგვინი შუა-მდგომელად, და შესამოსელი ტანისა მისისა, და თქვა: „რა შევიკრიბეთ, მოგცე ციხე თუხარისი და საზღვარნი ქართლისანი“. ხოლო მისცა ვახტანგ მეფემან პასუხი საეროდ: „არა რომლისა მიზეზისათვის მოვედით აქა, გარნა წყობისა შენისათვის, აწ მოვედ აქა, და თუ არა, ჩვენ მოვიდეთ კოსტანტინედ“. და ფარულად ამცნო და უთხრა: „რომელი არა მშვენის შენსა ღმრთის-მოყვარებასა, რომელი შენ არა ჰყო, სხვასა ნუ აწვევ, რამეთუ ღადრობა არა ხელ არს კაცთა პატიოსანთა. დაღათუ აწ შენ მიგცნე სპარსნი, არა უკვე განცრუვდესა სახელი ჩემი და უმეტეს ჩვენსა აქვს მრავალთა მათგანთა სიყვარული ქრისტესი, არამედ შიშისაგან მათისა ვერ გამოაცხადებენ აწ ბრძანე, რათა საქმე ესე ჩვენი მშვიდობით ვყოთ, ვითარცა იოვიანოს და ყოველთა სპარსთა. ხოლო შემდგომად ამისსა, რაჟამს გაწყდეს საქმე ჩვენი უმარჯვესადრე შევყარნე იგინი ხელსა შენსა და ნუ-მცა-რა იქმნების საქმე უშვერი, და ნუცა საქმე შფოთისა თქვენ მიერ, რათა არა დაეცნენ პირითა მახვილისათა ერნი თქვენნი, რამეთუ ერნი თქვენნი განლაღებულ არიან ჯობნასა ზედა სპარსთასა, ხოლო სპარსნი არა-ვე შეშინებულ არიან არამედ შურითა თქვენითა წადიერ არიან წყობასა: ანუ-მცა მოკვდეს, ანუ-მცა იძიეს შური სისხლთა მათთა. ხოლო სპანი ესე შენნი თუ მიღმართ ჰბრძვანან, მე-მცა უბრალო ვარ“.
  და წავიდა მის თანა მოციქულად ვარაზ-მიჰრ, მამა-მძუძისა მისისა ძმა, და სამოელ მონაზონი. ხოლო კეისარი მოწევნულ იყო პონტოდ ქალაქად, და პონტოელნი გამოსრულ იყვნეს მიგებებად, და შეასხმიდეს ქებასა და ვახტანგ მეფისა მადლობასა, რამეთუ უკურიდა მათ და არა მისცნა იგინი სიკვდილად. ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი ქალაქად, მიართვეს ძღვენი ათასი მუთაკალი მუშკი, ხუთასი ამბარი და ათასი ლიტრა ალვა. და გასულ იყო გუნდი მეფისა ვახტანგისი ალაფობად, და მიეტევნეს მათ მკვირცხლნი ბერძენთანი, და მათ თანა შეკრებულნი ხევთა და ქალაქთა მხედარნი ვითარ ოცდაათი ათასი.
  ხოლო ვახტანგ მეფე აყენებდა მიიძულებად სპათა მათ მეალაფეთა, ვიდრე არა მივიდა დედის ძმა მისი, ერისთავი სპარსთა, და რისხვით უთხრა ვახტანგს: „გველო და ნათესავო ასპიტისაო! არა უწყი-ა, რამეთუ დედა მამისა შენისა ბერძენი იყო, ნათესავი იოვიანოსისი? და გძლო შენ ბუნებამან მამის დედისა შენისამან, და სიყვარული ჯვარ-ცმულისა მის კაცისა მომკვდარისა გიპყრიეს, და გნებავს შეყენება ჩვენი ხელსა ბერძენთასა“. ხოლო ვახტანგ უთხრა: „აჰა, შენ და ბერძენნი, და იხილო ძალი კაცისა მის მომკვდარისა და ცოცხლისა მის სასოსა შენისა“. და სცეს საყვირსა და განვიდეს ყოველი სომხითი და სპარსნი და მეფე დარუბანდისა. ხოლო მეფე ვახტანგ და ქართველნი განვიდეს ხედვად და დადგეს და აღჯდა მეფე პილოსა ზედა თეთრსა, და ეწყვნეს იგინი ზღვს-კიდესა მას, რომელ არს ჭალაკი, რიყე ხერთვისისა. მისლვამდე სპარსთა ლაშქრისა მოეკლა ბერძენთა ერისა მისგან ოცდაშვიდი ათასი, და გაძლიერდა ბრძოლა, და მოკლეს დედის ძმა ვახტანგისი, ერისთავი სპარსთა და მოკლეს იპაჯაჯ, მეფე ლეკთა, და მრავალნი ერისმთავარნი, და იძლია ბანაკი აღმოსავლეთისა. იყო ბერძენთა სპასალარი პალეკარპოს ლოღოთელი, დისწული მეფისა და იყო იგი ძლიერი, და მას მოეკლეს ძლიერად მბრძოლნი სპარსთანი და ესეცა ერისთავი მანვე მოკლა.
  მაშინ გარდამოხდა მეფე ვახტანგ ეტლთაგან და თქვა: „არა რომელი ჩვენ გვინდა, გარნა რომელი ღმერთსა მოსწონს, რამეთუ ჩვენ ვიტყოდით მშვიდობასა, არამედ სილაღემან სპარსთამან აგინა ღმერთსა, და ღმერთმან შურ-იგო, და მოკლეს ერისთავი რანისა. რომლისათვის ყოველი სპარსეთი ვითარცა მოოხრებასა სპარსეთისასა იგლოვს აწ დამდაბლდა სილაღე სპარსთა, მოიყვანეთ ჯვარი და წარვიძღვანოთ, რათა რომლითა გვძლევდენ მით-ვე იძლივნენ, და იქმნენით ძედ ძლიერებისად, და ნუ-ვინ ბრძავთ ურთიერთას სხვისა მიერ, და ნუ ეძიებთ ძლევასა მტერთასა; არამედ იყვნენ ხელნი თქვენნი ვითარცა ხელნი ჩემნი, რათა არა ვიძლივნეთ სრულიად. არა ხოლო თუ აქა ვდევნნეთ, არამედ ვიდრე ადარბადაგანამდე, ვითარცა იდევნიან ყორანნი მართვეთაგან თვისთა“.
  და მოიყვანა პეტრე მღვდელმან ჯვარი, და უთხრა მეფემან: „დადეგ წინაშე პირსა მტერისასა და ერისა ჩვენისასა, და უთხარ ყოველთა – „თაყვანი-ეცით ჯვარსა და ვსძლოთ მტერსა“. და რომელმან არა თაყვანი სცეს, მოკალით“. და უბრძანა დემეტრეს, ერისთავსა თვისსა, და ჯუანშერს სპასპეტსა, რათა მიჰყვენ ჯვარსა თანა. და ქადაგი ხმობდა ძლიერად: „რომელმან არა თაყვანი სცეს ჯვარსა, მოკვედინ“. და მივიდოდეს ყოველნი ერნი, და თაყვანის-ცემდეს და დადგებოდეს წინაშე ჯვარსა. ხოლო ბორზო მოვაკნელმან მეფემან თქვა: „არა დაუტეობ ნათელსა შემწველსა, და არა თაყვანის-ვცემ ძელსა მაშმელსა, რომელი განშვენებულ არს ოქროთა და ანთრაკითა“, და სცა მას ლახვარი ჯუანშერ სპასპეტმან, და დაეცა მძორი მისი. ამიერითგან არღარა-ვინ იკადრა გმობად ჯვარისა, და აღთქმით ეტყოდა ერი იგი მეფესა ვახტანგს: „უკეთუ შემეწიოს ჩვენ ჯვარი, არღარა იყოს ჩვენდა სხვა ღმერთი გარნა ჯვარ-ცმული“.
  და გარდახდა მეფე და თაყვანი სცა მას, და ყოველმან ერმან მის თანა და თქვა მეფემან: „აჩვენე ძალი შენი ერსა ამას შენსა ურწმუნოსა, რათა მოიყვანნე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო, მორწმუნენი შენნი; დაღაცათუ მოკვდენ, არამედ ცოცხალ არიან, და ცხოველნი შენნი შენ ცხოველისაგან ძლიერ არიან. და სპანი იგი ბერძენთანი გამოვიდეს ვითარცა ელვა. ხოლო პალეკარპოს ვითარცა მგელი სისხლითა აღმოსრვილი და ვითარ-ცა ლომი განძვინებული მოიძახდა და შეურაცხ-ჰყოფდა სპათა მათ. ხოლო მეფემან უთხრა: „ვინ არს თქვენ შორის კაცი, რომელი ეწყოს იმას და სწორ იყოს მეფობისა ჩემისა“. წარვლო ქადაგმან ორ-გზის, და ვერ-ვინ იკადრა ყოვლად სიტყვად.
ვახტანგ გორგასლისა და პალეკარპოს ბერძენთა სპასპეტისა ომი და მოკლვა პალეკარპოსისი ვახტანგისაგან
  მაშინ თქვა ვახტანგ: „არა ძალითა განძლიერდების კაცი, არამედ ღმერთმან მოსცეს ძალი. და მე ვესავ ძალსა შენსა, და ვითარცა დავით განვალ ნიშითა ჯვარისათა; მომეც ძალი ვითარცა დავითს გოლიათსა ზედა, რამეთუ ესე-ცა მაყვედრებელად და შეურაცხებით მოუხდა ჯვარსა შენსა; რაჟამს იხილა ჯვარი აღმართებულად ძალად ჩვენდა, არა ივლტოდა მისგან, არამედ სასოებითა ძალისა მისისათა განვიდეს ბრძოლად“. და თქვა: „იხილე, ღმერთო, ამპარტავანი და დაამდაბლე; კვლავ იხილე ჭირვეული და იხსენ. ხოლო ის შეურაცხად მიჩნს და არა მეშინის, რამეთუ ძალი შენ მიერ მოცემული დიდ არს, რომლითა ვსძლიო; მაგრამ მეშინია მე შენგან, რამეთუ მდაბალთა ხმანი ისმინნე და შენ გხადი შემწედ ჩემდა“.
  აღმოიხადა ხმალი და შეამთხვია ჯვარსა, და განვიდა შორის განწყობილთა მათ, და თქვა: არა ჰბრძავს ლომი ხარსა, რამეთუ მე მეფე ვარ და შენ მონა, არამედ დავდვა თავი ჩემი ერისა ამისთვის სიმდაბლით, რათა რწმენეს ძალი ჯვარისა“. და მოეტევა პალეკარპოს. ხოლო ვახტანგ მსუმრიად და ნებასა მიეახლებოდა. და აღიძახნეს ორთავე მათ განწყობილთა ხმითა საშინელითა, და იყო ხმა იგი ვითარცა ხმა ქუხილისა, რომლითა შეიძრა ქვეყანა. და დასცა ლახვარი პალეკარპოს ფარსა ვახტანგისსა, რომელი იყო ვიგრის ტყავისა, და განავლო ფარსა ვითარ წყრთა ერთი, რამეთუ იყო სიმსხო ლახვრისა ვითარ მკლავი კაცისა. და მისცა ფარი იგი მეფემან ლახვარსა მისსა, და მიეტევა პირისპირ, და სცა ხმალი ჩაბალახსა ზედა და განაპო თავი მისი ვიდრე ბეჭამდე. და მიჰყო ხელი და უპყრა თავისა მისისა ნახევარი, და მოიღო წინაშე ჯვარისა, და თქვა: „ყოვლისა განდგომილისა შენისა ესე იყავნ ნაწილი“.
  და მიეტევნეს სპანი ვახტანგისნი სპათა ბერძენთასა, და აოტეს იგინი, და აღიჭრნეს გუნდ-გუნდად, და მიაწყვდინეს ზღვის-პირსა; და არავინ განერა მათგანი, მხოლოდ რომელი შეესწრა ზღვად და ივლტოდეს ნავითა. მას დღესა შინა ამოსწყდა სპათაგან ვახტანგისთა ოთხათას სამასი, და სპათაგან ბერძენთასა ამოსწყდა შვიდი ათას ორასი; და შეიპყრეს ტყვედ მათგანი თორმეტი ათას ხუთასი.
  და ვითარცა მოიქცეს სპანი იგი ვახტანგისნი და მივიდეს გვამსა ზედა ვარაზ-ბაკურისსა, ვახტანგის დედის ძმისასა, იგლოვეს და შემურეს იგი საბრითა და მურითა, და წარგზავნეს ბარდავად.
  ხოლო მეფემან ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა, და უბრძანა მოყვანება ყოველთა ტყვეთა, და მოიყვანეს დაუკლებელად: და იყო ერთ-რიცხვად ყოველი მამაკაცი და დედა-კაცი შვიდი ათას ოთხმოცი. და წარსცა იგი ყოველი წინაშე კეისრისა, ხელითა ნასრესითა და ადარნასესითა, ერისთავთა მისთათა. და მიწერა წიგნი: „სიბრძნე ღმრთისა მიუწვდომელ არს, და სიბრძნესა კაცთასა და ნებასა სძლევს ნება ღმრთისა. მე უწყი, რამეთუ არა არს ნება შენი საქმესა ამას, რომელი-ესე იქმნა პალეკარპოსისაგან, არცა თუ იყო ნება ჩემი, რომელი-ესე ქმნა დედის ძმამან ჩემმან, და ორნივე ესე ძვირის-მოქმედნი ძვირმან-ვე მოინადირნა. ამისთვის ყო ესე ღმერთმან, რათა ახალ-ნერგნი ესე მოიყვანეს სარწმუნოებად შიშსა მისსა, ვითარცა იგი უძღებისა შვილისათვის ყო საქმე განსაცხრომელი. ხოლო თქვენ პირმშონი შვილნი ხართ ღმრთისანი, და მარადის მისნი ხართ აწ მწუხარება ესე დედის ძმისა ჩემისა, დის-წულისა თქვენისა მიერ ნუგეშინის-ვეც, რაჟამს ვიძიე შური მკლველთა მისთა ხოლო თქვენ ნუგეშინის-გეცით ერისა ამისთვის, რომელი იხსნა ღმერთმან შვიდი ათას ოთხმოცი. და უკეთუ ბრძანებდე მიმთხვევად ჩემდა, გამოისწრაფე; და უკვეთუ არა მოციქულითა განაგე საქმე ჩვენი. რამეთუ დამძიმდა დგომა ჩვენი ქვეყანისა ამისთვის მოოხრებულისა“.
  ხოლო ვიდრე მისლვამდე მოციქულთა ფრიად მწუხარე იყო კეისარი. მაგრამ რაჟამს უთხრეს, რომ ტყვე პირველ შეპყრობილი და ტყვე ერისაგან მეოტისა ყოველი დაუკლებელად განუტეობია, მაშინ განიხარა ფრიად და ყოველთა დაუტევეს მწუხარება. და შეჯდა მეფე ნავსა და განვიდა სამასითა დრომონითა, მსუბუქად გამოვიდა ზღვის-კიდესა, და მოუწოდა ვახტანგს; და ყვეს ურთიერთას აღთქმა და ფიცი, და განაგეს საქმე წინდობისა. და უკუ-მოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი, ზღვითგან ვიდრე არსიანთამდე, და ხევნი რომელნი მოსდგმანან ღადოთა.
  და გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისა, ქვეყანა ზღვის-პირისა, რომელ არს აფხაზეთი, და უთხრა ესრეთ: „ეგრის-წყლითგან ვიდრე მდინარედმდე მცირისა ხაზარეთისა – ესე საზღვარი არს საბერძნეთისა ალექსანდრობითგან, რომელი აწ შენ მიგიღია მკლავითა ჩვენგან. აწ იგი უკუ-მოგვეც, და ოდეს წარიყვანებდე ცოლსა შენსა, ასულსა ჩემსა, მაშინ მოგცე მისგან ქვეყანა“. და დაუწერა ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა ქვეყანა ზითვად, და სხვა აფხაზეთი უკუ-სცა ვახტანგ ბერძენთა.
  და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა, და სპანი მისნი განუტევნა გზასა სომხითისასა. და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყვარდა ციხე, და თქვა: „ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე“ და ვითარცა წარმოვიდა, იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქვა არტანუჯი. და მოუწოდა არტავაზს, ძუძუს-მტესა მისსა, და დაადგინა იგი ერისთავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა; და უბრძანა, რათა გამონახოს ხევსა მას შინა ადგილი სამონასტრე და აღაშენოს ეკლესია, და ქმნეს მონასტრად, ვითარცა ეხილვნეს მონასტერნი საბერძნეთისანი. და უთხრა არტავაზს: „უკეთუ განძლიერდენ სპარსნი ჩვენ ზედა, საყუდელი ჩვენი აქა ყოფად არს”.
  ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა, და მონასტერი რომელ არს ოპიზა, და სამნი ეკლესიანი: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა. და განაახლა ციხე ახიზისა, და ქმნა იგი ქვაბად.
  და ვითარ წარმოვიდა ვახტანგ და მოვიდა ქალაქად თვისად მცხეთად, იყო სიხარული დიდი და მადლისა მიცემა ღმრთისა, რამეთუ მოვიდა იგი მშვიდობით. და მისცა ნიჭი დიდი ერსა თვისსა.
  ხოლო მეფემან სპარსთამან ვითარცა ცნა, ვითარმედ მიიქცა ვახტანგ ბერძენთა კერძო, შეიქცა სპარსეთად და მოკვდა. და დაჯდა მეფედ ძე მისი, და ვიდრე მოიწიფებოდა იგი, წარხდა ამას შინა წელიწადი სამი.
  ხოლო ვახტანგ მეფესა უშვნა ცოლმან ძე და ასული მარჩბივად, და მოკვდა შობასა შინა ბალენდუხტ დედოფალი, ასული სპარსთა მეფისა. ხოლო ვახტანგ უწოდა ძესა თვისსა სახელი სპარსულად დარჩილ და ქართულად დაჩი. მაშინ ვახტანგ მეფემან ვერ მოიცალა მოყვანებად ცოლი ბერძენთა მეფისა ასული, და ვერცა კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა, რამეთუ მოელოდა იგი სპარსთა მეფისა მოსლვასა: ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა, და ჰკაზმიდა მხედართა, და განამზადებდა ბრძოლად სპარსთა. მაშინ შეაგდო საპყრობილესა შინა ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი ცეცხლის-მსახურთა, და მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა.
  ხოლო სპარსთა მეფე, შემდგომად სამისა წლისა, წარმოემართა ბრძოლად ვახტანგისად, და მოიწია ინდაბრიანთა, და დაიბანაკა იქ. ხოლო ვახტანგ წარავლინა ბერძენთა მეფისა თანა და მიუმცნო: „აჰა დღე იგი, რომელ აღმითქვამს, სპარსნი შემოვაწყვდივნე ხელსა შენსა; აჰა ესე-რა, მომიყვანებიან იგინი შუა საზღვართა ქართლისათა და ყოველი კაცი მათ თანა ვითარ ოცდაათი ათასი. რამეთუ ჰგონებდა იგი განმრავლებასა სპათა მისთასა სომხითით და მეფეთაგან კავკასიანთასა, ხოლო მათ ვერ იკადრეს განრთვად მისა. რამეთუ რომელთა-მე მათგანთა ქონდა სასოება ჯვარ-ცმულისა, ხოლო რომელნი იძლივნეს ეშმაკისაგან, მეფენი დარუბანდისანი გაერთნეს. აწ აღმისრულებიეს აღთქმა ჩემი, რომელი აღმითქვამს: რამეთუ სადაცა მიპოვნიეს სახლი ცეცხლისა, დამივსია ფსლითა, და მოგვნი და მზირნი მათნი მიმიცემიან სატანჯველსა ბოროტსა, და მაცთური ბინქარან მივეც საპყრობილესა, მაგრამ გაიქცა და გარდაიხვეწა. მან უკვე მოიყვანნა სპარსნი ქართლად, და დავსვი ეპისკოპოსად მიქაელ, კაცი სარწმუნო. ხოლო ბინქარან, ვითარცა მოიწია საზღვართა ქართლისათა, მოკვდა. აწ სწრაფით წარმოემართნენ სპანი შენნი, რათა აქა შინა დაეცნენ ყოველნი მტერნი ჯვარისანი, და მოიცალო შენ ყოველთა მტერთა შენთაგან, ხოლო უკეთუ ჩვენ გუძლოს, განძლიერდეს იგი და შემოვიდეს საზღვართა შენთა გზასა შიმშატისასა“.
  ხოლო ვიდრე მიიწეოდეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი, წარსულ იყო კეისარი ქვეყანით ხაზარეთით კერძო, რომლისაგან ვერ მოიცალებდა მოსლვად ქართლად. მაშინ ვახტანგ განაძლიერნა ციხენი ქალაქისანი, და ურჩეულესი მბრძოლი ერისა მისისა ვითარ ათი ათასი მხედარი და ათი ათასი ქვეითი იპყრა მის თანა, და დაუბანაკა მათ დიღმით ვიდრე ქართლის კართამდე, და სპარსთა დაიბანაკეს ცხენის ტერფითგან ჩაღმართ.
სპარსთა მოსლვა ქართლს ვახტანგ გორგასლის საომრად
  ხოლო ვახტანგ გააფართოვა ხიდი მოგვეთისა ვითარ სამოცი მხარი ქცევისათვის მას ზედა სპათასა, ხოლო მეფე და ჯუანშერ სპასპეტი დადგეს მცხეთას, და ნასრა და მირდატ დაუტევნა სპათა ზედა სომხითისა და ქართლისათა, რომელნი დგეს არმაზით კერძო. და რა ბრძოდიან სპარსნი არმაზით კერძო, მცხეთით განვიდიან; და რა განვიდის ლაშქარი იგი მიერ კერძო მცხეთით, ეწყვნიან არაგვსა ზედა. და ოდესმე განვლიან ფონი მტკვრისა და შეიბნიან ფონსა ზედა ტფილისისასა, და რომელსამე დღესა მათ სძლიან და რომელსამე დღესა ამათ.
  ხოლო ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსი, და გამოესახა წინათ მგელი და უკანათ ლომი; და რომელსა კერძსა იძლეოდიან ქართველნი, იქითცა მიმართის და მოსრის სპისა მისგან სპარსთასა, ვითარცა ლომმან კანჯარნი. ამიერითგან ვერ-ღა-რა შეუძლებდეს სპარსნი წყობად მისა, რამეთუ დაისწავლეს იგი, რომელსა ეწერა მგელი და ლომი, და ვითარცა იხილიან ვახტანგ, ამბობდნენ: „დურ აზ გორგასალ”, რომელ არს ესე: „მოერიდეთ თავსა მგლისასა” და მის მიერ სახელ-ედვა ვახტანგ მეფესა გორგასალ.
  განგრძელდა მათ შორის ბრძოლა ოთხ თვე ოდენ და მოვიდა მოციქული კეისრისაგან, და მოართვა ძღვენი ვახტანგს, და მოჰგვარა სპათაგან ბერძენთასა რვა ათასი მხედარი, და მოუწერა ვახტანგს: „შევექეც წყობასა ხაკანისასა, და მომივლენია შენდა რვა ათასი მხედარი, და მომიწერია ლეონისდა: უკეთუ გიხმდეს შენ ლაშქარი, წინაშე შენსა არს მელიტენითგან ვიდრე ლამედმდე და მოღმართ ვიდრე კარნუ-ქალაქამდე, და მიბრძანებია ლეონისდა წინაშე შენსა იყოს.
  და მოწევნულ იყო ლაშქარი ბერძენთა ჯავახეთს. ხოლო ვითარცა ცნა სპარსთა მეფემან ბერძენთა მოსლვა შველად მათდა, იწყო ზრახვად ვახტანგისა. მიუმცნო მოციქულსა მისსა და უთხრა: „რასათვის მოვსწყდებით ურთიერთას, ძმანი კაცნი ვართ, შვილნი ნებროთისნი? უკეთუ ცეცხლი არს ღმერთი, შე-უკვე-ეწიენ იგი; ხოლო ჩვენ დავადგრეთ სიყვარულსა ზედა მამათა ჩვენთასა. ხოლო თვითოეული ჩვენგანი სათნოსა სულისა თვისისასა ჰმსახურებდეს”.
  ვითარცა მოვიდა მოციქული და უთხრა ვახტანგ მეფესა ყოველი შეთვლილობა სპარსთა მეფისა, და მოეწონა ვახტანგს და ყოველსა ერსა მისსა. და მისცა ნიჭი ვახტანგ მეფემან, მიუვლინა მოციქული მისი და უთხრა: „გიხილავს ძალი ჯვარისა, რამეთუ ყოველთა მეფეთა მოგქონდა ხარკი ვიდრე გამოჩინებადმდე ჯვარ-ცმულისა. რაჟამს გამოჩნდა იგი, მძლე გექმნნეს ყოველნი თაყვანის-მცემელნი მისნი წინაშე მისსა, და მოხარკენი შენნი ბერძენნი მოღმართ გბრძვანან, და მოაოხრნეს სამსახურებელნი ცეცხლისანი. აწ, უკეთუ გვბრძოდი ჩვენ დატეობისათჳს სჯულისა, მოვკვდეთ ჩვენ მისთვის, ვითარცა იგი მოკვდა ჩვენთვის, და მან აღმადგინნეს ჩვენ. ხოლო უკეთუ აღასრულო სიტყვა შენი და არა იყოს ცეცხლი ღმერთად შენდა, და იყოს ღმერთად ჩვენდა ქრისტე, მამად და უფლად გხადო შენ. დაღაცათუ ჩუენ პირმშონი ვართ, არამედ თქვენ სხდეთ საყდართა ზედა მამისა ჩვენისათა”.
  როდესაც უთხრეს სიტყვა ვახტანგისი, შეიწყნარა და წარსცა ძღვენი გორგასალსა ძლიერად, და მის თანა გვირგვინი ანთრაკოანი, და ჟამი დადვეს შეკრებისა. აიყარა მეფე სპარსთა, და უკუ-დგა რუსთავად, და გამოვიდეს იგინი განთიად და დადგეს ველსა კალაისასა: რამეთუ ტფილისი სოფელი და კალაი-ცა მოოხრებულ იყო მაშინ. ხოლო მეფე ვახტანგ დადგა ჯაჭვს, და შეიკრიბეს მასვე ველსა ორნივე მეფენი, და მოიკითხეს ურთიერთი, და ყვეს აღთქმა თავის-თავისა სჯულსა ზედა გარდაუვალ. და მოხადა მას დღესა სპარსთა მეფე გორგასალმან ლაშქრითურთ თვისით ტფილისად, და უძღვნა გორგასალმან მხევალი ასი, მონა ორმოცდაათი, სტავრა სკარამანგი ორმოცდაათი, ბიზიონი ზუზმა ორმოცდაათი, ხდალი ცხენი ათასი, ცხენი ბარგისა ხუთასი, ჯორი სამასი, ძროხა ოთხასი, ცხვარი ათასი, და დღესა მესამესა მივიდა გორგასალი მის თანა და თანა წარიტანა ლეონ, ანთიპატი კეისრისა, და ყვეს განზრახვა. და აზრახა ანთიპატმან გორგასალსა, რათა ყოს მშვიდობა შორის კეისრისა და ხოსროსა, რამეთუ ეშინოდა ბერძენთა – ნუ უკვე შევიდენ საბერძნეთად სპარსნი და მოაოხრონ იგი, რამეთუ სპანი საბერძნეთისანი ყოველნი იყვნეს ხაზარეთს.
  და უთხრა ხოსრომ გორგასალსა: „ითხოვე ჩემგან რა-ცა გნებავს თავისა შენისათვის, ან სხვისა ვისთვისცა გნებავს“. ხოლო გორგასალმან უთხრა: „მნებავს, რათა იყოს. მშვიდობა შენ შორის და კეისრისა”. უთხა ხოსრომ: „დამძიმდა თხოვა შენი ჩემ ზედა: რამეთუ ბერძენთა რაჟამს იპოვიან ჟამი ჩვენ ზედა, არა ყვიან წყალობა. და მე ამით ვყავ სიყვარული შენ ზედა, რათა მევიდე საბერძნეთად და შური ვიძიო მათგან და აჰა, მოციქული ხაზართა მეფისა მეათე დღე არს, რაითგან მოსულ არს, და შენ არა უწყი მიზეზი მტერობისა ჩვენისა. ხოლო აწ მიგითხრა სილაღე მათი ჩვენ ზედა, და მერმე ვყო ნება შენი, ვინაითგან აღგითქვ ფიცითა ძლიერითა, ვითარმედ არა ვყო უნებელი შენი“. და თქვა: „შენ უწყი, რამეთუ ზღვასა მოღმართ ჩვენი არს საზღვარი, განყოფილი ნოესითგან, და აწ იგი მბრძავს ჩვენ ჯაზირსა და შამსა და მოოხრებულ არიან ქალაქნი, ხოლო შამი სამეფო ჩვენი არს. არამედ ჯაზირისა ნახევარი, განწესებული მამათა ჩვენთა, შენი არს ხვედრი, და მიუღებიეს იგი ბერძენთა, და მე ესე-რა შევიდოდე უკ-მოღებად მისა. აწ რომელი ნაწილი მამათა შენთა არს, შენ განუყავ, შენ იცი და ბერძენთა. ხოლო სხვა ჯაზირისა მომცენ მე ბერძენთა, და რომელი ვითხოვე მე შენგან“.
  ხოლო ვითარცა ესმა ესე ლეონ ანთიპატსა, განიხარა ფრიად და თაყვანი სცა ორთავე მეფეთა, და თქვა: „ხუთნი ქალაქნი ჯაზირისანი შენდავე იყვნენ, შენ-კერძნი, რამეთუ ნახევარი სიკილიისა, რომელი მოგვეღო შენგან, უკუ-გცეთ, და დღეთა ჩვენთა იყავნ მშვიდობა შორის შენსა და მისსა“.
  და თქვა მეფემან: ვინ უწყის, თუ დასჯერდეს ბერძენთა მეფე ქმნულსა ჩვენსა. და თქვა ლეონ: „რაჟამს წარმომავლინა მე ძალად ამის მეფისა, უთხრა მეფესა ჩვენსა მონაზონმან ვინმე ღმრთის-მეცნიერმან, ვითარმედ მოსწონს ღმერთსა მშვიდობა სამთავე ამათ მეფეთა. და იქმნაცა ეგრე. ხოლო კეისარმან უბრძანა მწიგნობარსა და დაწერა წიგნი ზავისა. და აჰა, აქა არს აღწერილი წიგნი მისი“.
  ვითარცა ესე თქვა, წაიკითხეს წიგნი იგი, დაწერილ იყო ფიცით: „გარდა მისსა, რომელი მოსცა სპარსთა მეფემან იოვიანოსსა, არა ვძებნო თქვენ ზედა“ და მოუწოდა სპარსთა მეფემან ხაზართა მეფისა მოციქულსა, და უთხრა მან აღზრზენა სპარსთა ბერძენთა ზედა. მაშინ მოიღო სპარსთა მეფემან ქარტა და დაწერა ხელითა თვისითა წიგნი ბერძენთა მეფისა სიყვარულისა, და ჩინება საზღვართა, და სიკილიისა უკუ-ცემისათჳს. მისცა ფილისტიმი საზღვრითა იერუსალემისათა. და თქვა: „ქალაქი სჯულისა თქვენისა არს იერუსალემი“. და მისცა გორგასალსა ნიჭი: ალვა ლიტრა სამი ათასი, ამბარი ლიტრა ხუთასი, მუშკი ლიტრა ხუთასი, ტაიჭი ცხენი სამი ათასი, სამოსელი ხოსროვანი ათასი და ხაზდი სამი ათასი.
  და წარვიდა ვახტანგ შინა; მეორე დღეს მოუვლინა მეფემან ვახტანგს ბარზაბან, საკუთარი მობიდანი, და უთხრა ესრეთ გორგასალს: „რომელი გინდა ჩემგან, მე ვქმნე აწ. განაგე საბრძანებელი შენი, ვითარცა გნებავს: მიავლინენ დასტურნი და მიითვალენ ქალაქნი შენნი, რომელნი მიგცენ შენ და კეისარსა. ხოლო ბარზაბანისდა მიბრძანებია მისლვა კეისრისა მითვალვად ქვეყანათა და ქალაქთა თქვენთა ხოლო შენ უწყი, რამეთუ საქმესა ამას ჩვენ ზედა განრისხნენ სპარსნი მოხუცებულნი, რამეთუ მათ ეგონა ჩემ მიერ შემუსრვა საბერძნეთისა, ხოლო მე დღეს საზღვართა ჩემთაგან ორი სამეფო მივანიჭე. აწ ესე არს სათხოველი ჩემი, რათა დაჲ შენი მომცე ცოლად, და შენ წარმოსჳდე ჩემ თანა ქვეყანასა მამულსა ჩვენსა, რათა ჰნახნე ნათესავნი შენნი და შენ შემწე მეყო მე თავითა შენითა მტერთა ჩემთა ზედა, აბაშთა და ელამთა, ჰინდოთა და სინდთა, რამეთუ უძვირესი ბოროტი და დამდაბლება მეფობისა ჩემისა მათ ყვეს. აწ ოდეს მოხვიდე ჩემ თანა, და ესრეთ უთხრა მოხუცებულთა და მარზაპანთა ჩემთა, რამეთუ სიყვარული ვყავ ჩემი და მოყვარეთა ჩემთა, რამეთუ ესრეთ ინება ძმამან ჩემმან ვახტანგ მეფემან. რომელნი ქვეყანანი მივცენით, მათითავე შემწეობითა მოხარკე ვყვენით მტერნი ჩვენნი, და ამით დავაცხროთ გულის-წყრომა მათი ბერძენთა ზედა. ხოლო შენ თავითა შენითა მინებ ძალად ჩემდა, არამედ სპანი შენნი ადგილსავე იყვნენ“.
  მაშინ ვახტანგ მოუწოდა თანა-მზრახველთა თვისთა, და ეზრახა ლეონ ანთიპატი ესრეთ: „დიდ არს კეთილი შენი ბერძენთა ზედა, უფროს მეფეთა მათ, რომელნი სხედან საყდართა მათთა, რამეთუ შენ დასცევ ქალაქი პონტოსა შემუსრვისაგან, და შენ მიანიჭე შვიდიათას ოთხმოცი სული, და დღეს შენ მიერ მიეცემის. ჯაზირა და ფილისტიმი, რომელი მშვიდობით არა რომელსა მეფესა ბერძენთასა შეუპყრიეს. და მართალ არს ხოსრო, უკეთუ არა ჰყო მის თანა სათნოება, უხმრად შერაცხოს იგი ერმან მისმან; დაღაცათუ მან არა გითხრა, მიღმართ ვძლიოთ, რამეთუ ესე არს სრული სიყვარული; მე მიგცე ლაშქრისა ჩემისაგან ათასი ჭურვილი და მე წარვჰყვე მოციქულთა შენთა თანა წინაშე კეისრისა, და იქიდან გამოგერთო ჯაზირას სპითა ძლიერითა“.
  ესე განაზრახა ლეონ ანთიპატმან. და მოეწონა მეფესა ვახტანგს და ყოველთა წარჩინებულთა მისთა განზრახვა მისი; და მისცა სპარსთა მეფესა დაჲ მისი ვახტანგ მეფემან ცოლად, რომელსა ერქვა მირანდუხტ, რომელი წარტყვენულ იყო ოვსთაგან და გამოეხსნა ვახტანგს. ხვარანძე ამისთვის არა მისცა, რამეთუ დაწინდებულ იყო სომეხთა პატიახშისა. და მოიყვანა ვახტანგ ძე მისი, რომელსა ერქვა სპარსულად დარჩილ, ხოლო ქართულად დაჩი. იყო ხუთისა წლისა, და დაადგა გვირგვინი, და დაუტევა მეფედ, და დაუტევნა მის თანა შვიდნი წარჩინებულნი მისნი:
  პირველად ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერისთავთა:
  და დემეტრე, ერისთავი კახეთისა და კუხეთისა;
  და გრიგოლი, ერისთავი ჰერეთისა;
  და ნერსარან, ერისთავი ხუნანისა;
  და ადარნასე, ერისთავი სამშვილდისა;
  და სამნაღირ, ერისთავი შიდა ეგრისა და სუანეთისა;
  და ბაკურ, ერისთავი მარგვისა და თაკვერისა.
  და ამათ შეჰვედრა ძე თვისი დაჩი, და უბრძანა აღშენება უჯარმისა და იქ შინა ზრდა დაჩი მეფისა, რამეთუ სიმარჯვედ გამონახა იგი ნადირთა და ცხვართათვის და წარიტანნა თანა ოთხნი წარჩინებულნი მისნი:
  არტავაზ, ერისთავი კლარჯეთისა;
  და ნასარ, ერისთავი წუნდისა;
  და ბივრიტიან, ერისთავი ოძრხისა;
  და საურმაგ, ეჯიბი მისი დიდი; და მათ თანა ათი ათასი მხედარი ლაშქრისა მისისა დარჩეული.
  და ლეონ ანთიპატმან დაუტევა ლაშქრისა მისისაგან ათასი ბერძენი, და თვით წარვიდა წინაშე კეისრისა. და ვახტანგ მეფემან წარატანა თანა მოციქულად არტავაზ, ერის-თავი კლარჯეთისა; და წარსცა ყოველი ნიჭი წინაშე კეისრისა, რომელი მიენიჭა მეფესა ხოსროს; გარნა სტავრები და ტაიჭები დაიჭირა თავისათვის, და სხვა ყოველი წარსცა და უბრძანა არტავაზს, რათა ჯაზირას მოერთოს ლეონ ანთიპატისა თანა.
  ხოლო ვახტანგს ევედრნეს დედა და დაჲ მისი ხვარანძე, რათა წარიტანნეს თანა და ილოცონ იერუსალემს. წარიტანნა, და წარვიდეს ვახტანგ მეფე და ხოსრო გზასა ადარბადაგანისასა; და იქიდან წარვიდნენ ვახტანგ და დედა და და მისი იერუსალემს, და ხოსრო ელოდა ანტიოქიას. შევიდეს და ილოცეს წმიდასა აღდგომასა, და მოილოცნეს ყოველნი ადგილნი წმიდანი, და შეევედრნეს წმიდასა აღდგომასა, შეწირეს შესაწირავი დიდი და წარმოვიდეს ანტიოქიას.
  ხოლო ლეონ, ანტიპატოსი კეისრისა, და არტავაზ, ერისთავი ვახტანგისი, მოვიდეს ორი ათასითა მხედრითა რჩეულითა, და მოართვეს ხოსროს კეისრისაგან ძღვენი მიუწდომელი და ვახტანგს ნიჭი მიუწდომელი. და მოემცნო კეისარსა მოციქულთად სიხარული და მადლისა მიცემა ღმრთისა, და ვახტანგის ქება და მადლი მიუწდომელი. და მოემცნო ვახტანგისად: „და მიბრძანებიეს ლეონისდა ესრეთ, რათა იყოს შიშსა და ბრძანებასა შენსა ქვეშე ვითარცა ჩემსა“. და შეკრბა ვახტანგის საბრძანებელსა ქვეშე ბერძენი და ქართველი და სომეხი ხუთი ათასი მხედარი რჩეული.
  მაშინ უბრძანა სპარსთა მეფემან ვახტანგს: „ვინაითგან დედა და და შენი აქამდის დამაშვრალ არიან, მოვიდენ იგინიცა სამეფოდ ჩემდა, რათა ერთობით აღვასრულოთ სიხარული ჩვენი მერმე თუ ინებონ წარსლვა ქართლს, წარვიდენ იგინი გზასა რანისასა. ხოლო თუ ინებონ ლოდინება შენი, გელოდიან ურაჰას ქალაქსა შინა“.
  მოეწონა უკუე ვახტანგს ბრძანება ხოსროსი, და წარიტანნეს თანა და წარემართნეს. და წარგზავნა სპარსთა მეფემან მოციქული წინაშე ყოველთა წარჩინებულთა სპარსეთისათა, და მიუთხრა ესე ყოველი. ხოლო მათ განიხარეს სიხარულითა დიდითა. რამეთუ ცეცხლებრ ეგზებოდეს ბრძოლისათვის ჰინდოთა, სინდელთა, და აბაშთა, და ჯორჯანთათვის. და მივიდნეს ქტესიფონს, და მოეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სპარსეთისანი სიხარულითა დიდითა. და აღასრულეს ქორწილი სამეუფო, ექვს თვე განცხრომითა და განსვენებითა მიუწდომელითა. და შემდგომად ქორწილისა მისცა ნიჭი დიდძალი დედასა და დასა ვახტანგისსა, და წარმოვიდეს ურაჰას. და პატივ-სცემდა ვახტანგს ყოველი ერი სპარსეთისა ვითარცა ხოსროს, მეფესა მათსა, და მერმე წარემართნეს მტერთა ზედა.
ვახტანგ გორგასლისაგან სპარსთ მეფისა შველა ჰინდოთა, სინდელთა, აბაშთა და ჯორჯანთა ზედა და ყოველთა ზე გამარჯვება ვახტანგისგან
  პირველად მივიდეს ჯორჯანეთს, და წარმოტყვენეს ჯორჯანეთი, და ყოვლად უმკვიდრო ყვეს. და დასხნეს ადგილსა მათსა ნათესავნი სპარსთანი. და ამიერითგან იქმნნეს ჯორჯანნი გლეხად, რომელნი აწ არიან მებეგრენი სპარსთანი.
შესლვა ჰინდოეთს ვახტანგ გორგასლისაგან და ვახტანგისგან გამარჯვება მათ ზედა
  და იქიდან შევიდეს ჰინდოეთად, და იქ იქმნნეს ბრძოლანი ძლიერნი და თვითო-თვითო. და იყო იქ წესად: რომელმანცა მათგანმან სძლის, ივლტინ მის წინაშე ბანაკი. ხოლო ვახტანგ მეფემან მოკლა ბუმბერაზი თხუთმეტი იქ შინა, რომელთა დაეცნეს მრავალნი გოლიათნი სპარსთანი. და დაყვეს ბრძოლასა შინა ჰინდოეთისასა სამი წელი, და წარმოტყვენნეს უმრავლესნი ქვეყანანი ჰინდოეთისანი, მაგრამ მტკიცენი ციხე-ქალაქნი ვერ გატეხეს, რამეთუ ზღუდეთა შინა იყვნეს. და წარმოიღეს ხარკი ჰინდოთა მეფისაგან; მუშკი ლიტრა ათასი, ამბარი ეგზომი-ვე, ალვა ნავი ათი, თვალები იაკინთი და ზურმუხტი ნავი ერთი, და მის თანა საფირონი თვითო-სახე, ოქრო აქლემი ასი, ვერცხლი აქლემი ხუთასი.
შესლვა სინდეთს ვახტანგ გორგასლისაგან და გამარჯვება ვახტანგისგან
  და იქიდან შევიდეს სინდეთს. მაშინ სინდთა მეფემან გაყო ერი თვისი ციხეთა და ქალაქთა შინა; და რომელსა-ცა კერძსა განვიდიან სპარსნი მტყვენავნი, გამოუხდიან სინდნი ციხეთა და ქალაქთაგან და დასდვიან ვნება დიდი სპარსთა ზედა, და ამოსწყდა ურიცხვი ერი სპარსთაგანი. ხოლო ძალითა ქრისტესითა არა-სადა იძლივნეს ვახტანგის სპათაგანნი, და ყოვლადვე მძლედ გამოჩნდეს მტერთა ზედა, და მხნედ მბრძოლად გამოჩნდეს ოთხნი იგი წარჩინებულნი ვახტანგისნი და ლეონ ბერძენი; რამეთუ მათ დასცნეს მრავალნი მხნედ მბრძოლნი ბუმბერაზნი სინდთანი ხოლო სინდთა მეფე იყო ქალაქსა შინა სინდიას. მაშინ ყოვლითა ძალითა მათითა მივიდეს სინდიას, და იქ მოხვდეს ბრძოლანი ძლიერნი, და დღეთა ყოველთა გამოვიდის თვით სინდთა მეფე, რამეთუ იყო იგი მხნე გოლიათი და შემმართებელი, და გამოიტანნის მხედარნი სინდეთისანი, და იყვის ბრძოლა ბუმბერაზთა; რომელსა-მე დღესა მათ სძლიან და რომელსა-მე მათ. და სინდთა მეფემან სძლო თავის-თავითა ყოველთა ბუმბერაზთა მბრძოლთა მისთა, და არა მიხვდეს იგი და ვახტანგ ბრძოლასა შინა დღეთა მრავალთა.
  მაშინ სინდთა მეფემან ველსა მას ზედა, კართა ქალაქისათა, ღამე თხარა მთხრებლი დიდი დასამალავად შიგა მხედართა, და სიმარჯვით დაუტევნა გზანი გამოსავალნი, და ჩაადგინნა იქ შინა მხედარნი ათნი რჩეულნი. და დილასა ადრე გამოგზავნა ბუმბერაზი ერთი. და მას დღესა ხვედრი იყო ვახტანგისი კართა ცვისათვის. და მიდგა ესე ბუმბერაზი და სთხოვა ბრძოლა თავის-თავ, რათა-მცა წარიტყუა და შეჰხადა მხედართა მათ ზედა. მაშინ საურმაგ, ეჯიბი ვახტანგისი, გავიდა და უთხრა: „არა ხარ შენ კადნიერ ბრძოლად მეფისა, არამედ მე გებრძოლო, მონა მონასა“, და მიეტევა. ხოლო სინდელი იგი გაიქცა, და მისდევდა საურმაგ ჩვეულებისაებრ: რამეთუ მრავალ-გზის ბრძოლილ იყო ველსა მას ზედა. და ვითარ წარხდა დამალულთა მათ, მხედართა, გამოუხდეს ზურგით მისსა და იგი მეოტი შემოიქცა. ხოლო საურმაგ სცნა ჰოროლნი წინასა მას და მოკლა, ხოლო ათთა მათ მოკლეს საურმაგ.
  მაშინ მიეტევა თვით ვახტანგ მეფე და მის თანა სამნი იგი წარჩინებულნი მისნი: არტავაზ, ბივრიტიან და ნასარ, და მათ თანა ლეონ ბერძენი. ხოლო სინდელნი იგი ივლტოდეს, და მისდევდა ვახტანგ მოყვასითურთ ვიდრე კართამდე ქალაქისათა, და სინდნი იგი შეივლტოდეს ქალაქად. მაშინ ვახტანგ სავსე მწუხარებითა შეიქცა, და იგლოვდა გვამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყვარელისასა. რამეთუ თანა-ზრდილ იყო მისი, ძმისწული მამა-მძუძისა მისისა, არტავაზის მამისა, ერთგული, მისანდობელი და ქველი.
არაკი სინდთა მეფისა
  მაშინ სინდთა მეფე გამოდგა კართა ქალაქისათა, და ხმა ყო ხმითა მაღლითა, და უთხრა: „ვახტანგ მეფეო, მსგავსი ხარ შენ ყვავისა მის უგუნურისა, რომელმან პოვა ქორი მოწყლული და გაგლეჯილი არწივისაგან, რომელსა ვერ ეძლო აფრენა და მიახლებულ იყო სიკვდილსა. და არა ქმნა ყვავმან მან ვითარცა წესი არს ყვავისა. რამეთუ სხვამან ყვავმან ოდეს იხილის ქორი, იწყის ხმამაღლად ყივილი, და ასმინის სხვათაცა, და დაესხის სიმრავლე ყვავთა ქორსა, რათამცა განიოტეს საყოფელთაგან მისთა, და უშიშად-მცა დაყვნეს დღენი მათნი რამეთუ პირუტყვთაცა იციან სარგებელი თავისა მათისა.
  „არა ქმნა ყვავმან ესე-ვითარი, არამედ შეიწყალა ქორი იგი, ვითარცა კეთილის-მყოფელი მისი; დაუტევა ზრდა მართვეთა თვისთა, და მარადის უკრებნ მკალსა და გველსა, რამეთუ სხვისა შეპყრობა არა ძალ-უც ყვავსა, და მით ზრდიდა ქორსა. ვითარცა მოეზარდნეს ქორსა მას ფრთენი, თქვა გონებასა თვისსა: „ესე-რა დღეთა მრავალთა გაზრდილ ვარ მკალითა და გველითა, და არა მომცემია ძალი მამა-დედათა ჩემთა, რამეთუ მკალითა ვერ განვძლიერდები. თუმცა ძალ-მედვა მიწევნა ფრინველთა და მით გამოზრდა თავისა ჩემისა, არამედ შევიპყრა ყვავი ის, მზრდელი ჩემი, შევჭამო და განვისვენო ორ დღე: მომეცეს ძალი და ვიწეო წესისაებრ ნადირობად, მამათა ჩვენთაებრ“. რომლისათვისცა აღასრულა ესე, შეიპყრა ყვავი იგი და შეჭამა. ამიერითგან იწყო ნადირობად დიდთა და მალეთა მფრინველთა. არა მიეცა ყვავსა მას ქება მოწყალებისა მისთვის, არამედ უგუნურად და თავისა მკლველად ითქმის. არცა მიეცა ქორსა მას შევედრება უწყალოებისა და კეთილის-უხსენებლობისა; რამეთუ იგი არს გვარი და წესი ქორისა: განილეოდა და მოკვდებოდა მკალითა, და ქმნა წესისაებრ, და განერა სიკვდილისაგან ხოლო ყვავმან მან არა წესისაებრ ქმნა, და მით-ცა მოკვდა.
  „აწ სპარსნი, რომელნი პირველითგან მოაქამომდე და წაღმართ მიუკუნისამდე მტერნი არიან ჯვარის-მსახურთანი, ჟამსა შინა, უღონოებით, ლიქნით ყვიან სიყვარული; და ოდეს ეცის ჟამი, არა ყვიან წყალობა და კეთილის-ხსენება. ესე, ბევრის-ბევრეულ-ჯერ ქმნილი, გვასმიეს წიგნთაგან. და ოდეს იხილენ სპარსნი ჩემ მიერ შეკნინებულნი, არა ჰყავ იგი, რომელი ჯერ იყო შენდა საქმედ, სიხარული და მადლისა შეწირვა ღმრთისა შენისა, და ზრახება სხვათაცა ნათესავთა, და მტერთა აღზრზენა სპარსთა ზედა, და შეწევნა მტერთა სპარსეთისათა. არა ჰყავ ესე-ვითარი, არამედ დაგიტეობიეს საყოფელი მამათა შენთა, და წინამძღვარ ქმნილ ხარ სპასა დიდსა საქრისტიანოსა საბერძნეთისასა, და მოგივლია ორისა წელიწდისა გზა, და მოსულ ხარ ძალად სპარსთა, რათამცა განძლიერდეს, და მოიწყვნეს, და წარგწყმიდეს შენ და ქვეყანა შენი, და დაიპყრეს წარსაწყმედელად ყოველთა ჯვარის-მსახურთა. ჭეშმარიტად ამას იმზადებ თავისა შენისათვის და ყოველთა ჯვარის-მსახურთათვის. რად ვთქვ მე შენთვის ყვავისა იგავი? რამეთუ მეფე ხარ თვით-მპყრობელი და ახოვანი, და ნებითა შენითა მიგიცემია თავი შენი მონად მტერთა შენთა. და ვითარ არა უგუნურად ვთქვა თავი შენი?“
არაკი ვახტანგ გორგასლისა
  მაშინ ვახტანგ უთხრა: „გეგონა შენ, ვითარმედ სიბრძნით გამონახულად იზრახე, არამედ ცრუ არიან სიტყვანი ეგე შენნი. მე გითხრა და გაუწყო ჭეშმარიტი: უგუნურო, მსგავს ხარ შენ თაგვისა მის მთხუნველისა, რომელსა არა ასხენ თვალნი, და საყოფელი მისი არს მიწასა ქვეშე; და არა უწყის ბრწყინვალება მზისა და მშვენიერება ველთა; და დაჯერებულ არს იგი ცხოვრებასა თვისსა, რამეთუ ეგე-ოდენი ჰგონიეს მას. ცხოვრება ყოველთა იძრვისთა, ვითარსა ცხოვრებასა თვით არს; და არა სურვიელ არს ხილვად ნათელსა და მშვენიერებასა ცისა და ქვეყანისასა.
  „ეგრეთვე შენ ბრმა ხარ გონებისა თვალითა, და ყრუ ხარ გონებისა ყურითა: არა ხედავ, არცა გესმის, და არცა უწყი ცხოვრება სულიერი; და არცა სურვიელ ხარ შენ მისლვად ცხოვრებასა მას საუკუნოსა, ნათელსა მას დაუსრულებელსა, დიდებასა მას მოუგონებელსა და მიუწვდომელსა. და არცა იცნობ შენ ღმერთსა შემოქმედსა ყოვლისასა, რომლისა მიერ შეიქმნა ყოველივე.
  „არა მიქმნია მოსლვა ამას ქვეყანასა დიდებისათვის ამა სოფლისა, არცა მსახურებისათვის სპარსთა მეფისა, არამედ მსახურებისათვის ღმრთისა დაუსაბამოსა, სამებისა ერთარსებისა, დამბადებელისა ყოველთასა, დიდებისათვის მერმისა საუკუნოსა დაუსრულებელისა. რამეთუ ჩემითა აქა მოსლვითა პირველად გამომიხსნია იერუსალემი, წმიდა ქალაქი, სადა დადგეს ფეხნი უფლისა ჩვენისა იესოს ქრისტესნი, და იქ აღასრულა ყოველივე ხსნისათვის სულთა ჩვენთასა. და შემდგომად ყოველი საქრისტიანო დამიხსნია მოოხრებისაგან, რამეთუ მისცემოდა ჟამი სპარსთა მეფესა მოტყვენვად ყოვლისა საქრისტიანოსა.
  „დაღათუმცა ქვეყანა ჩემი დაცულ იყო ძალითა ქრისტესითა და სიმხნითა სპათა ჩემთათა, მაგრამ უცალო იყვნეს ბერძენნი და ვერ წინა-აღუდგებოდეს და ესრეთ ჯერ არს ჩვენ ქრისტეს მოსავთაგან, რათა ერთისა მოყვასისა ჩვენისათვის დავდვათ სული ჩვენი. ხოლო ბევრისა-ბევრეული სული დახსნილ არს ჩემითა აქა მოსლვითა, და ამისთვის მიქმნიეს ესე, რათა ღმერთმან დამბადებელმან შეიწიროს მსახურება ესე ჩემი, და აღმისუბუქნეს ცოდვანი ჩემნი. და რომელ სთქვი შენ, თუ „მოიწყონ რა სპარსთა, მტერ ექმნებიან ქრისტიანეთა“, მე ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა ჟამსა ამას დამიხსნიან ქრისტიანენი ჭირისაგან დიდისა, და უკანას ღმერთმან დამბადებელმან წყალობა ყოს კვლავ მოსავთა მისთა ზედა.
  „დაღათუმცა არა იყო მიზეზი ქრისტიანეთა ხსნისა, და თვით ძალად სპარსთა მოსულ ვიყავ აქა. ჯერ იყო ესეცა პირველად ნათესაობისათვის და შემდგომად ამისთვის, დაღაცათუ არა ჭეშმარიტსა სჯულსა ზედა არიან სპარსნი, არამედ მეცნიერნი არიან ღმრთისა დამბადებელისანი, და რწამს ცხოვრება სულიერი ხოლო თქვენ სრულიად უმეცარნი ხართ ღმრთისანი და უგულისხმო, ვითარცა ცხენი და ჯორი. ვითარ უკვე არამცა მსახურებად შეიწირა ღმერთმან დამბადებელმან ყოვლისამან.
  „და საწუთოსაცა ამის საქმეთაგან საძაგელ არს გონება შენი. რამეთუ ქორმან ღადარმან, რომელმან შეჭამა ყვავი იგი, მზრდელი მისი, აქებ ნაქმარსა მისსა ხოლო ბუნება ჩვენი ესე არს, რათა კეთილის-მყოფელისა ჩვენისათვის დავდვათ სული ჩვენი, და მოვიგოთ მადლი ღმრთისაგან, და ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო, და სოფელსა ამას მოვიგოთ ქება კაცთაგან და სახელსა ზედა ღმრთისასა და მცნებათა მისთათვის თუ მოვკვდეთ, უკვდავნივე ვართ, და სიკვდილისაგან ცხოვრებად მივიცვალებით“.
  მაშინ უთხრა სინდთა მეფემან: „ცუდ არს სიგრძე ზრახვისა ჩვენ შორის, არამედ რომელ სთქვი შენ, თუ სახელისათვის ღმრთისა ჩემისა მოვკვდე, სიკვდილისაგან ცხოვრებად მივიცვალები, მაშა უკეთუ კაცმან უწყოდის მის ზედა მომავალი დიდება და კეთილი, ჯერ არს ესრეთ, რათა ისწრაფოს მიმთხვევად სუფევისა მის. აწ უკუე ჭეშმარიტად უწყი სუფევად მისლვა შენი. გამოვედ ბრძოლად ჩემდა, რათა ჩემ მიერ მიიცვალო დღეს სიკვდილისაგან ცხოვრებად; რამეთუ წარჩინებული ის შენი წარმოვლენია წინამორბედად შენდა, რათა განგიმზადოს სადგური შენი“.
  უთხრა ვახტანგ: „აწინდელი სიკვდილი არა მიჩნს სიხარულად, რამეთუ ცოდვილი ვარ, და არა სრულიად აღმისრულებია მცნება ღმრთისა, და არა სრულიად აღმიხოციან ცოდვანი ჩემნი სინანულითა, მაგრამ ძალითა ქრისტესითა არა მეშინის მე შენგან სიკვდილისა; რამეთუ იგი არს მფარველი ჩემი, რომლისა მიერ დაცულ ვარ ყოვლადვე; და მრავალ-მოწყალემან ღმერთმან, მრავლითა ძალითა მის-მიერითა, ჩემ მონისა მისგან მოგკლას მგმობარი მისი, და სული შენი წარვიდეს ბნელსა მას გარესკნელსა, ცეცხლსა უშრეტსა“.
  მაშინ გამოვიდა სინდთა მეფე, და ვახტანგ უთხრა მოყვასთა თვისთა: „ღმერთსა ევედრენით, და ზურგით კერძი ჩემი განმიმაგრეთ“. და განვიდა ვახტანგ, და ორთავე მათ ქონდა ჰოროლები. მაშინ იწყეს რბევად მრგვლივ ნავარდსა, და ღონესა ეძიებდეს ორნივე, რათამცა შეჰყვეს წვერსა ჰოროლისასა. მაშინ დაიჟამა სინდთა მეფემან შეყოლა ვახტანგის ჰოროლის წვერისა და შეუტევა, რათამცა სცა ჰოროლნი. ხოლო სიმხნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა მიუდრკა ვახტანგ ჰოროლსა და წარხდა, და შემოუმრგლო ვითარცა გრიგალმან და სცნა ჰოროლნი სინდთა მეფესა ბეჭსა მარცხენასა. ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და იწყლა წყლულებითა დიდითა. რამეთუ წინათ განავლო წყრთა ერთი. და ჩამოიჭრა სინდთა მეფე, და მივიდა ზედა ვახტანგ, ჩაჰყო ხელი და უპყრა ფერხი მისი, და თრევით მიიღო წინაშე სპარსთა მეფისა.
  მაშინ ყოველმან სპამან ხმითა მაღლითა შეასხეს ქება ვახტანგს, და აივსო სიხარულითა სპარსთა მეფე და ყოველი ბანაკი მისი. და მოვიდოდეს ყოველნი წარჩინებულნი წინაშე ვახტანგ მეფისა ძღვნითა, და შესწირვიდეს ძღვენსა. მაშინ სპარსთა მეფემან მოიყვანა მკურნალი ხელოვანი და დაადგინა ზედა სინდთა მეფესა, რათა განიკურნოს წყლულებისაგან, და მის მიერ წარიღოს ყოველი სინდეთი. ხოლო სინდთა დაიჭირეს ნაცვლად მეფისა მათისა ძე მისი.
  მაშინ მეფემან ვახტანგ აზრახა სპარსთა მეფესა განტევება სინდთა მეფისა, აღება ხარკისა და მძევალთა, რამეთუ ვერ წარიღებდეს სინდეთსა. მოეწონა სპარსთა მეფესა განზრახვა ვახტანგისი: განუტევა სინდთა მეფე, აიღო მისგან ხარკი ორი ეგზომი, რომელი აეღო ჰინდოთაგან, და ორნი შვილნი მძევლად. და ესე ხარკი სინდთა სპარსთა მეფემან ყოველი მიანიჭა ვახტანგს.
  მაშინ მეფე იგი სინდთა დაემოყვრა ვახტანგს სიყვარულითა დიდითა: პირველად ამისთვის, რომელ, ოდეს შევარდა ხელთა ვახტანგისთა, არა მოკლა და ცოცხლებით მიიყვანა წინაშე სპარსთა მეფისა; და შემდგომად ამისთვის, რამეთუ ვახტანგის მიერვე განთავისუფლდა ტყვეობისაგან. და უძღვნა ვახტანგს ძღვენი მიუწდვომელად დიდძალი. და წარმოვიდნეს სინდეთით წელსა მეოთხესა სინდეთს შესლვისა, და დარჩენოდეს მოუოხრებელად ქალაქნი სინდეთისანი: სინდილა, თოფორი, კიმრაი.
 სპარსთა მეფისა და ვახტანგ გორგასლისაგან შესლვა აბაშეთს და დაჭირვა აბაშეთისა მათგან
  და მოვიდეს იქიდან აბაშეთს. ხოლო აბაშნი მსხდომარე იყვნეს ქვეყანასა, რომელსა მოსდგმიდა წყალი და ლერწმოანი, რომელსა ვერ იარებოდა ნავი, და ვერცა ოთხფეხი, მაგრამ საზღვართა ზედა არს სპარსთასა, და სულგრძელად იბრძოდენ. რამეთუ წყალი იგი რომელ შესდიოდა, გარდაუგდეს, და ლერწმოანი იგი დაწვეს ცეცხლითა, და წარმოტყვენეს აბაშეთი ყოველი. და განყვნა მეფემან სპარსთამან აბაშნი ორად: და ნახევარნი დაუტევნა ადგილსავე ზედა, და ნახევარნი წარმოიყვანა ვითარ სახლი ათასი, და განყვნა იგინი ადგილითი-ადგილად. და ესე არიან ქურდნი, ნათესავნი იგი რომელ წარმოტყვენნა აბაშთაგან.
  და წარმოვიდა ვახტანგ წელსა მერვესა შესლვით მისითგან სპარსეთად ვიდრე ანტიოქიამდე, და მოვიდა ურაჰად. ხოლო სპარსთა მეფე აძლევდა ვახტანგს ცოლად თვისთაგან მეფეთასა. ხოლო ვახტანგ უთხრა: „არა ჯერ არს ჩემგან ორთა ცოლთა პყრობა, რამეთუ მიზის მე ცოლი ასული კეისრისა“. დაუმძიმდა ესე მეფესა ხოსროს, მაგრა ვერა უთხრა, ხოლო ვახტანგმა მშვიდობით იპოვნა დედა და და მისი, და წარმოვიდეს ვიდრე განსაყოფელსა ბერძენთა და სომეხთასა.
  და წარვიდა ლეონ ბერძენი და სპა მისი შიმშატად. ხოლო ვახტანგ წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა, და პეტრესთვის კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა. წარმოვიდა ვახტანგ ქართლად, და მიეგება ძე მისი დაჩი და მის თანა ყოველნი სპასალარნი, და მათ თანა ეპისკოპოსნი. და ვითარცა ცნა ეპისკოპოსმან, ვითარმედ წარავლინა მეფემან მოციქული მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა, დაუმძიმდა მას ზედა. და იწყო რეცა ამბოხებად და მიზეზობად, და მიუვლინა მეფესა და უთხრა: „შენ დაგიტეობია ქრისტე და ცეცხლსა ემსახურები“. ხოლო ვახტანგ უპასუხა: „ძალითა ქრისტესითა შევედ და სიმართლით გამოვედ ძალითავე ქრისტესითა, და უბრალო ვარ, ღმერთმან იცის მაგრამ წარმივლენია მოციქული მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა“.
  და ვითარცა ესმა ესე ეპისკოპოსსა, დაიდასტურა; და ჰგონებდა, რათა შფოთითა დააცადოს საქმე იგი და მოსლვა მათი, და კრულ ყო მეფე და ყოველნი სპანი მისნი. ხოლო მეფემან თქვა: „დაღაცათუ უბრალო ვართ, სიმდაბლე ჯერ არს ჩვენგან“. და მივიდა მეფე, და გარდახდა სახედარსა, რათამცა შეემთხჳა ფერხთა ეპისკოპოსისათა. და გაანძრია მან ფერხი, და მიამთხვია პირსა მეფისასა ფანდაკითა და შემუსრა კბილი მისი. ხოლო მეფემან თქვა: „სილაღე ესე ამპარტავანებისა არს საცთური ეშმაკისა; უკეთუ სიმრავლემან ცოდვათა ჩემთამან აღგძრა, არა გაქვს ხელმწიფება ბოროტისა, არამედ შენდობისა, ვითარცა იტყვის სახარება: არა დაშრიტო პატრუკი მგზებარე, არცა განსტეხო ლერწამი დაჩეჩქვილი“. ხოლო შენ ჰგონებ ვითარმცა შენითა სივერაგითა ჩვენ დაგვაცადენ სიყვარულსა ქრისტესსა. მაშინ გამოჩნდა ცხადად, რაჟამს გესმა უმთავრესისა შენისა ქართლად მოყვანება, და აღეგზენ შურითა ბოროტად, ვითარცა იუდა პეტრესითა; რამეთუ შენ ხარ ვითარცა იუდა, ხოლო ეკლესია ვითარცა პეტრე. ვერცხლის მოყვარე ხარ შენ, რამეთუ შენცა მოლარე ხარ ქრისტესი. აწ მიგავლინო შენ პატრიაქისა კოსტანტინეპოლედ და, ვითარცა ჯერ იყოს, განგიკითხოს“.
  და წარსცა იგი დიასპანთა, და მის თანა კბილი მისი, და შეუთვალა, რათა კათალიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფით წარმოავლინენ. და მათ შორის-მცა არს პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად, და სხვანი ვინცა მოსწონდა. და ვითარცა მიაწიეს მიქელ ეპისკოპოსი, უთხრა მას პატრიაქმან: „ვინაითგან დაითხია სისხლი შენ მიერ ქვეყანასა ზედა, არღარა ღირს ხარ შენ ეპისკოპოსად, და კადრებისათვის მეფისა თანა-გაც შენ სიკვდილი, ვითარცა იტყვის: დაემორჩილენით თქვენ მეფეთა, რამეთუ არა ცუდად ხმალ აბიეს, რამეთუ ღმრთისა მიერ მთავრობს, ვითარცა ლომი შორის ცხვართა“. და ექსორია ყვეს მიქელ ეპისკოპოსი მონასტერსა მღვიძარეთასა.
  და წარავლინეს პეტრე მღვდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიას. და მიუწერეს ანტიოქიისა პატრიაქსა მეფემან და პატრიაქმან კოსტანტინეპოლელმან ესრეთ: „პირველად, დასაბამსა ქართლის მოქცევისასა დედა-კაცისა ჰრომაელისა ნინოს მიერ, განივლინა აქათ ეპისკოპოსი, რამეთუ შორის სპარსთა და ბერძენთა შფოთი იყო, და მით ვერ მოაწიეს საქმე ესე ჯერისამებრ სჯულისა: რამეთუ ჩვენ უწყით, ვითარმედ ქართლი და აღმოსავლეთი და ჩრდილო მაგის წმიდისა საყდრისანი არიან, ვითარცა განაწესეს მოციქულთა სახარებასა შინა, რომელ არს უწინარესობა“. და მიუწერეს ყოველი საქმე დიდისა ვახტანგ მეფისა: „ეპისკოპოსი იგი, რომელი მათ მიერ დადგინებულ იყო, უკუ-ვადგინეთ, და დღეს იცოდეთ ახალ-ნერგად ჭეშმარიტად ქართლი. აწ ორნი ესე მათნი თხოვილნი აკურთხენ, სხვანი თორმეტნი, ვინ-ცა-ვინ შენ გენებოს, იგინი აკურთხენ. და ჩვენდა წარმოვიდენ, რათა ჩვენ ნიჭითა და სახმრითა ყოვლითა განუტევნეთ“. და ანტიოქელმან პატრიაქმან აკურთხა თორმეტნი ეპისკოპოსნი და პეტრე კათალიკოსად.
  და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ, და მეფემან მისცა ნიჭი დიდძალი, და ასული თვისი მისცა, სახელით ელენე, მეფესა ვახტანგს, და გამოავლინა იგი სპითა დიდითა ვიდრე საზღვართამდე სომხითისათა. და იქ მიეგება ვახტანგ მეფე, და შეიქცეს სპანი ბერძენთანი. და წარმოვიდეს მცხეთად.
  ხოლო მცხეთას მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სვეტი ცხოველი, და უპყრა სვეტსა შინა სამხრით ადგილსა მას, სადა-იგი დაცემულ იყო ეკლესია, რომელ არს სიონი დიდი. და იქ შინა დასვეს პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად მცხეთასავე საეპისკოპოსოსა.
  და დასვა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტანს ერუშეთს; ერთი ჯავახეთს, წუნდას; ერთი მანგლისს; ერთი ბოლნისს; ერთი რუსთავს; ერთი ნინოწმიდას, უჯარმის კარსა, რომელი გორგასალსა აღეშენა; ერთი ჭერემს, მისსავე აღშენებულსა, და იქ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთავე ეკლესიათა, რომელი-იგი მანვე აღაშენა; ერთი ჩელეთს, რომელი სოფელსა და აღაშენა; ერთი ხორნაბუჯს და ერთი აგარაკს, რომელ არს ხუნანს გამართებით.
  შემდგომად მისსა აღაშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა. და დასვა ეპისკოპოსი, სადა-იგი ეფლა გვამი წმიდისა რაჟდენისი, რომელი იწამა სპარსთა მიერ წყობასა ვახტანგისსა.
  ესე რაჟდენ იყო მამა-მძუძე ვახტანგის ცოლისა, რომელი-იგი პირველ მოეყვანა სპარსთა მეფისა ასული; და მოიქცა იგი ქრისტიანედ, და იქმნა იგი დიდად მორწმუნე; და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ, შეიპყრეს იგი სპარსთა და აიძულებდეს, რათამცა უარყო ქრისტე. ხოლო მან წმიდამან აირჩია წარუვალი იგი დიდება და იწამა ქრისტესთვის.
  და ესხნეს ვახტანგს ბერძნისა ცოლისაგან სამი ძე და ორი ასული. ხოლო ძესა მისსა პირმშოსა პირველისა ცოლისასა, დაჩის, მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა. და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი; და ყოველი ქვეყანა მტკვარსა აღმოსავლით. და თვით ვახტანგ დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა. და და მისი ხვარანძე მისცა ბაკურს ცოლად, პატიახშსა სომხითისასა.
  და ვითარცა წარხდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნი-მე, მოკხდა ხოსრო, მეფე სპარსთა, და დაჯდა მის წილ ძე მისი ხოსრო. და განძლიერებულ იყვნეს სპარსნი, რამეთუ ყოველნი მტერნი მათნი დაემორჩილნეს შესლვითა ვახტანგისითა, და წარმოემართა იგი ბრძოლად ბერძენთა, და მოუვლინა გორგასალსა მოციქული და უთხრა: „მოკვდა მამა ჩემი, და მეფე მყო მე ყოველმან ერმან მისმან საყდართა მისთა ზედა და ესრეთ მიბრძანეს მოხუცებულთა ჩემთა, რათა მოვიდე წინაშე შენსა და ვერჩდე ბრძანებასა შენსა, და შენ წარმიძღვე ჩვენ, მეფეო, წინა-მძღვრად ჩვენდა შესლვასა ამას ჩვენსა საბერძნეთად. და მომეც ასული შენი ცოლად, რათა ვიყო მე ვითარცა ერთი შვილთა შენთაგანი“. და ვითარცა მოვიდა მოციქული წინაშე ვახტანგ მეფისა, და ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისისასა და საფუძველი მხოლოდ დაედვა.
  და ვითარცა უთხრა მოციქულმან შეთვლილობა ხოსრო მეფისა, თქვა მეფემან: „ამისთვის თქვიან: მჭედელო, გამახვე მახვილი შენი, რათა მსწრაფლ განეწონოს. ასოთა შენთა“. მაშინ ვახტანგ დღეთა მიწევნულ იყო ვითარ სამოცისა წლისა და თქვა ესრეთ: „უთხართ მეფესა ხოსროს: პირველად განემზადე ბრძოლად ჩვენდა, და ეგრე შევედ საბერძნეთად, რამეთუ ძალნი რომელნი იქმნნეს ყოველნი ძალითა ჯვარისათა იქმნნეს. აწ ცხოვრება ჩვენი იყავნ სასოებითა ჯვარ-ცმულისათა“.
  და წარავლინა ქადაგი, რათა დაუტეონ სოფლები და ქალაქები, რომელი იყო არა ძლიერი, და შეივლტოდიან კავკასიანთა და კახეთად, რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა მიერ. ხოლო დაჩი მეფე და დისწული მისი გარდავიდეს კახეთად, და შედგეს ხევსა ლოპოტისასა, ქვეყანასა მას კლდითა მოზღუდვილსა (და იყვნეს სოფლისა მის კაცნი ცეცხლისა და წყლისა მსახურ, და სავსე იყო ხევი იგი სიმრავლითა კაცთათა ვიდრე ნოსრამდე), ხოლო გორგასალისა ცოლი და შვილნი – უჯარმის ხევსა. და წინასა ციხესა თვით შედგა, და მის თანა ჯუანშერ და ადარნასე. ხოლო მცხეთას დემეტრე და ნერსე და ბივრიტიანი დაუტევა, წარავლინა მოციქული და მიუმცნო კეისარსა.
სპარსთა მოსლვა ქართლს ვახტანგ გორგასალზე საომრად, და ვახტანგისგან სპარსთა მეფის შვილის ბარტამის მოკლვა
  და მოვიდა ხოსრო მეფე და შემუსრნა ქალაქი კამბეჩოანი, და ჭერმისა ციხე, და ველის-ციხე. და ვითარცა მოიწივნეს კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა. ხოლო სპანი ვახტანგისნი დადგეს ველსა ზედა, გარემოს ციხე-ქალაქსა, სადა ჰქვია დარფაკა. და შეიბნეს იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს, და დაეცემოდა ორთავე სპათაგან ურიცხვი. მაშინ ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და უთხრა: „უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათვის გვებრძვანან, არამედ ქრისტეს დატეობისათვის. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკვდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გვქონდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა ეტყვის: რომელმან წარიწყმიდოს თავი თვისი ჩემთვის, მან პოვოს იგი“.
 უთხრა მას პეტრე კათალიკოსმან: „გიხილვან საქმენი, რომელნი არავინ ნათესავთა შენთაგანმან იხილნა, შეწევნანი ქრისტესმიერნი. რამეთუ უწყის სიბრძნემან შენმან, ვითარმედ მტერი იგი გამომცდელი ჩვენი აცილობს ღმერთსა ჩვენთვის ვითარცა იობისთვის; რამეთუ ღმერთი მიუშვებს მოძულებულთა მათ თვისთა წარწყმედად, ხოლო შეყვარებულთა თვისთა განღმრთობად. იყავ შენ, ვითარცა გაზრახოს ღმერთმან, დაღაცათუ არა მოჰკვდეთ, მოვკვდეთ“. და ამით სიტყვითა ამხილა, ვითარმედ წყობასა მას არა დარჩეს, და უთხრა: „არა-ხოლო-თუ ქართლი მიეცეს განსარყვნელად, არამედ იერუსალემიცა, რომელ არს მშობელი ყოველთა შვილთა ნათლისათა“.
  და უთხრა მეფემან: „დადეგ ეკლესიასა შინა რაჟდენ წმიდისასა, რომელი რაბატსა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს; და ვეჭვობ, ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა იძლივნენ, რამეთუ მტკიცენი და ძლიერნი ზღუდენი აქა დავსხენით“. და ყო ეგრე კათალიკოსმან. ხოლო ეპისკოპოსნი ყოველნი წმიდანი იქ შეიკრიბეს.
  და იყო ლაშქარი ვახტანგისი ოცდაოთხი ათასი, ხოლო სპარსთა – სამოცდათოთხმეტი ათასი. და განყო ვახტანგ ლაშქარი მისი სამად: და კლდით კერძო მოავლინა ქვეითი; და ერთ-კერძო მოავლინნა პატიახშნი და სპასპეტი; და სადათ სპარსთა მეფე იყო, იქიდან თვით მივიდა ვახტანგ ათი ათასითა სპითა.
  ღამესა ნისლისაგან განცისკრებულსა ოდენ დაესხა ვახტანგ სპარსთა ზედა და უთხრა ყოველსა ერსა მისსა: „ყოველი კაცი, რომელი დარჩეს სიკვდილისაგან და მტერთა ჩვენთაგანისა თავი ანუ ხელი არა გამოიტანოს, ჩვენ მიერ მოკვედინ იგი“. და ცისკარი რა აღეღებოდა, დაესხა და შევლო ვიდრე პალატამდე მეფისა. შევიდა კარავსა შინა მეფისასა და მეფე შეესწრა ცხენსა ზედა, და ძე მისი ბარტამ მოკლა და მოჰკვეთა თავი მისი. და იქ შინა სპარსმან ვინმე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისსა, და იყო ბრძოლა ვიდრე შუადღემდე. სძლო ვახტანგ სპარსთა მათ, და მოკლა მათგანი ვითარ ცამეტი ათასი, ხოლო სპათაგან ვახტანგისთა მოკვდა ვითარ ორიათას რვაასი. და წარმოიღეს ნატყვენავი ცხენი ვითარ ათი ათასი, და სრულიად ვერ იოტნეს სიმრავლისაგან. და აიყარა იქიდან სპარსთა მეფე, და ჩადგა რუსთავს. და დამძიმდა წყლულება ვახტანგისი, რამეთუ შეწეულ იყო ისარი ფილტვად. და წარვიდა უჯარმოს, და უბრძანა სპასალართა ქართლისათა, რათა ადგილსავე იდგენ.
  ცნეს სპარსთა, ვითარმედ დამძიმდა ვახტანგ წყლულებისაგან, მოაოხრეს ტფილისი და არმაზი ქართლი, ხოლო მცხეთა ვერ დაიპყრეს თუმცა რომელი ზღუდესა გარეგნით იყო, მოაოხრეს, რომელი-იგი მუხნარით და არაგვსა ხერთვისსა იყო.
  ხოლო ბერძენთა მეფე, სიმამრი ვახტანგისი, მოკვდა, და დაჯდა მეფედ ზენონ, ძე მისი. და გამოვიდა სპერად, გამოსლვად ქართლს. და ვითარცა ცნა სიმძიმე ვახტანგისი, დაადგრა კარნუ-ქალაქსა. და მივიდა იქ ხოსრო, და შეიბნეს ხოსრო და კეისარი კარნიფორას. და დაიხოცა ორთაგან-ვე სპათა, რომელ იქმნა სისხლისა მდინარე; და მის მიერ ეწოდა ადგილსა მას კარნიფორა რეცა სისხლისა მუცელი. და ვერ სძლეს ერთმან-ერთსა, რამეთუ სპანი ორთანივე დაიხოცნეს, და შეიქცა ხოსრო გზასა ქართლისასა.
  ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკვდილი თავისა თვისისა, და მოუწოდა კათალიკოსსა, და ცოლსა თვისსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქვა: „მე ესე-რა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქვენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ“.
  და უთხრეს ყოველთა წარჩინებულთა: „თქვენ, მკვიდრნო ქართლისანო, მოიხსენენით კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო, და მეხორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქვენ ნათესავთა ჩემთა. და სახლსა ჩვენსა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, და სიყვარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ“.
  და უთხრა ძესა თვისსა დაჩის: „შენ ხარ პირმშო შვილი ჩემი, შენდა მიმცემია გვირგვინი მეფობისა ჩემისა, და ნაწილად ძმათა შენთა მიმიცემია ტაშისკარითგან და წუნდითგან ვიდრე სომხითამდე და საბერძნეთამდე, საზღვარი აფხაზეთისა, რომელი მოცემულ არს ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა, იგი თვით ძმათა შენთა დედისა არს, იგი ქონდეს მათ, და იყვნენ შენდა ერისთავად მორჩილებასა ქვეშე ნათესავისა შენისასა.
  და მოუწოდა ნასარს, ერისთავსა წუნდისასა, და არტავაზს, ერისთავსა კლარჯეთისასა, და ბივრიტიანს, ერისთავსა ოძრხისასა, და მათ მიათვალა ცოლი თვისი ელენე და შვილნი მისნი, რომელთა ერქვა ლეონ და მირდატ, და შეავედრნა მათ სამთავე ერისთავთა ცრემლითა და შეხედვებითა ღმრთისათა.
  მაშინ წარჩინებულთა და ყოველსა ერსა ზედა დღე იყო სასჯელისა, და იტყებდეს ყოველნი თავთა თვისთა, ისხმიდეს ნაცარსა, და ყოველნი ინატრიდეს სიკვდილსა თავისა თვისისასა; და ხმისაგან ტირილისა და გოდებისა იძრვოდა ქვეყანა; და მორწმუნე ერი ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთვის მოიკლა. და მოკვდა ვახტანგ, და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სვეტსა თანა, რომელსა შინა არს ღმრთივ-აღმართებულისა სვეტისაგან დაპყრობით.
   და დაჯდა საყდარსა მისსა ძე მისი დაჩი, ხოლო ცოლი და ორნი ძენი ვახტანგისნი წაიყვანნეს სამთა მათ ერისთავთა, და დაიპყრეს დასავლეთი ქართლისა, რომელი მისცა ვახტანგ. და დასხდეს წუნდას ქალაქსა ზაფხულის, და ზამთრის იყვნიან ოძრხეს. და არა ეწოდა მათ მეფედ, არამედ ერისთავთა-მთავრად, და იყვნეს მორჩილებასა ძმისა მათისა  - დაჩი მეფისასა.
  ხოლო ამან დაჩი მეფემან იწყო შენებად ქართლისა, რამეთუ მოოხრებულ იყვნეს ყოველნი ხევნი ქართლისანი, გარდა კახეთისა და კლარჯეთისა და ეგრისისა. და განასრულა ზღუდენი ტფილისისანი, და, როგორც ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეფოდ.
  და მოკვდა პეტრე კათალიკოსი და დაჯდა სამოელ. და მეფემან მას მიათვალა მცხეთა, რამეთუ ეგრე ებრძანა მეფესა ვახტანგს.
   ამანვე მეფემან დაჩიმ დაჰპატიჟა მთეულნი კახეთისათა, რათა აღიარონ ქრისტე, ხოლო მათ არა ინებეს, და განდგეს ყოველნი ნო[ხ]პატელნი.
  ხოლო ორთავე მათგან ძეთა ვახტანგისთა, ნაშობთა ბერძნისა ცოლისათა, მოკვდა რომელსა ერქვა ლეონ, და დარჩა მირდატ ოდენ. ამას მირდატს დაევაჭრა ძმა მისი დაჩი: მეფემან გაუცვალა ქვეყანა, და აიღო მირდატისგან ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა, მირდატის დედული საზღვარი საბერძნეთისა, და მისცა ნაცვლად ჯავახეთი ფარავნითგან მტკვრამდე. დაიპყრა მირდატ, ძემან ვახტანგისმან, ფარავნითგან და ტასისკარითგან ვიდრე ზღვამდე სპერისა, და ერისთავობდა იქ; და იყო მორჩილ დაჩი მეფისა, ძმისა თვისისა. ამან აღაშენა ჯავახეთს ეკლესია წყაროსთავისა.
   და მოკვდა დაჩი მეფე.
   და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ. და მოკვდა ბაკურ.
  და დაჯდა მეფედ ძე მისი ფარსმან.
  და მოკვდა კათალიკოსი სამოელ, და დაჯდა კათალიკოსად ჩერმაგ.
  და ვახტანგისიდან აქამომდე ესე მეფენი მშვიდობით იყვნენ, და შვილნი მირდატისნი ჰმონებდეს შვილთა დაჩისთა.
  ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი, მოაოხრეს ქართლი და რანი. ხოლო ფარსმან, მეფემან ქართველთამან, ითხოვა სპარსთ მეფისაგან, რათა არა მოაოხრნეს. ეკლესიანი და იპყრას ქართლი სჯულსა ზედა ქრისტესსა. რამეთუ მას ჟამსა ბერძენნი უცალო იყვნეს: დასავლით მტერნი აღდგომილ იყვნეს, და ვერ შემძლებელ იყვნეს შეწევნად ქართველთა და წინა-აღდგომად სპარსთა.
   მაშინ სპარსთა მეფემან ისმინა ვედრება მისი და დაიცვნა ეკლესიანი. და ფარსმან დაუწერა მას მორჩილება და მსახურება, და წარვიდა სპარსთა მეფე.
  ამიერითგან განიყვნეს ნათესავნი ვახტანგ მეფისანი. რამეთუ შვილნი დაჩისნი ჰმორჩილობდეს სპარსთა, ხოლო შვილნი მირდატისნი დაადგრეს მორჩილებასა ბერძენთასა.
  მოკვდა ფარსმან და დაჯდა მეფედ ძმისწული მისი, რომელსა ერქვა ფარსმან-ვე.
  და იყო იგი მორწმუნე ვითარცა მამის ძმა მისი, და ჰმატა ყოველთა ეკლესიათა შემკობა. და მოკუდა კათალიკოზი ჩერმაგ და ამანვე მეფემან ფარსმან დასუა საბა. და მოკუდა კათალიკოზი საბა და ამანვე მეფემან ფარსმან დასუა ევლალი. აქაჲთგან არღარა მოიყვანებდეს კათალიკოზსა საბერძნეთით, არამედ ქართველნი დასხდებოდეს, წარჩინებულთა ნათესავთაგანი.
და ამისვე ფარსმანის ზე მოვიდა იოვანე შუამდინარელი, რომელსა ეწოდა ზედაზადენელი, განმანათლებელი ქართლისაჲ და განმწმედელი სჯულისაჲ და მაშენებელი ეკლესიათაჲ, რომელმან ქმნა ნიშები და სასწაულები მრავალი, მან და მოწაფეთა მისთა, რომელთა განაკჳრვნეს ყოველნი ქართველნი. და დაიწერა ცხოვრებაჲ და სასწაულნი მათნი და დაისხნეს ეკლესიათა შინა ქართლისათა.
და მეფობითგან მირიან მეფისაჲთ ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდაჴდეს წელნი ორასნი. და მეფენი გარდაიცვალნეს ათოთხმეტნი, და ვახტანგისითგან კათალიკოზნი გარდაიცვალნეს რვანი.
      და მეფობითგან მირიან მეფისათა ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდახდეს წელნი ორას ორმოცდაათნი. და მეფენი გარდაიცვალნეს იდ. და ვახტანგისითგან კათალიკოსნი გარდაიცვალნეს რვანი.


Комментариев нет:

Отправить комментарий