пятница, 1 сентября 2017 г.

ვახუშტი: ოვსეთის, დვალეთისა და კავკასის ხეობათა აღწერა

სახელთათვის
არაგვის აღმოსავლის კერძს, ლეკეთის საზღვრამდე ეწოდება ძურძუკეთი, ხოლო არაგვის დასავლით არს მდინარე ლომეკი და აწ თერგი, რომელი დის ხევიდამ კავკასთა შინათა, ეწოდება დვალეთი. ძურძუკეთსა შინა მცხოვრებელნი დღესაც მოხარკენი არიან თვის-თვისთა უფალთა, რომელსა უწოდებენ საჩუქარსა აწინდელს ჟამსა. შემდგომად ფარნაოზის გამეფებისა, დარჩა ფარნაოზს ძურძუკი და დვალეთი, და სხვანი ხევნი იგინი დარჩნენ მეფეთა ოსთასა, და იწოდნენ ხევნი იგინი ოვსეთად, შემოსახლებითა და დამონებითა მათითა მათგანვე. ხოლო შემდგომად კვლავ განიყო ძურძუკეთი ძურძუკად, ქისტად და ღლიღვად.
დვალეთიცა განიყოფების ხევ-ხევად და იწოდების ხევნი ესრეთ: კასრის ხევად ზრამაგად, ჟღელედ, ნარად, ზროგოდ და ზახად. ხოლო რომელნი დარჩნენ მეფეთა ოვსთა, სახელნი მათნი არიან ესენი: ჩიმი, თაგაური, ქურთაული, ვალაგირი, ფაიქომი, დიგორი და ბასიანი, და სახელნი ესენი ეწოდნენ ანუ დაბებთაგან, გარნა უმეტეს შემოსულთა ოსთაგან, რომელნი შემდგომად ჩინგიზ ყეენთა მოსლვისა, ბათო ყეენმან მოსრნა ოვსეთი და მოაოხრნა, ხოლო ოვსნი შემოივლტოდნენ კავკასიათა შინა, და იწოდნენ სახელითა მათითა ხეობანი ესენი ესრეთ, ვითარცა აჩენს გვარნი მათნი, რამეთუ უწარჩინებულესნი გვარით არიან ოვსნი, და გვარნი ოვსთანი ესენი არიან: ბასიანი, ბადელიძე, ჩერქესიძე, თაგაური, ქურთაული, სიდამონი და ჭახილიძე. ხოლო შემდგომად მოოხრებისა ოვსეთისა და შემოსლვისა მათისა კავკასიასა შინა, იწოდნენ: ოვსეთი ჩერქეზად ანუ ყაბარდად, და კავკასიასა შინა მყოფნი მათ შემოსულთაგან ოვსეთად, რამეთუ აწცა გვარიანთა მათ უწოდებენ ოსად, ხოლო სხვათა უგვაროთა - კვლავ დვალადვე. ხევი, რომელი აღვსწერეთ ქართლსა ზედა, არს დვალეთისავე, მაგრამ ვინაითგან მტკიცედ დაიპყრეს მეფეთა ქართლისათა, იგი უწოდეს შეცვლილითა სახელითა ხევად, ვინაითგან არს ხევი შვენიერი. არამედ თრუსო კვლავ არს დვალეთისავე, და ეგრეთ საცნობი ესეცა.
ხოლო აწინდელისა ამის ოვსეთისა საზღვარი არს: აღმოსავლით თრუსოსა და ხევის საზღვარი, მერმე მყინვარის კავკასი და ახოტის კავკასი, რომელნი ძენან სამხრიდამ ჩრდილოდ. და დასწყდების ხევის ბოლოს მდინარესა ზედა ლომეკსა, მერმე ლომეკის მდინარე, ვიდრე სეთაძე-ჩერქეზის მთამდე; სამხრით მზღვრის კავკასი, ხევის ყელიდამ წარსული დასავლეთად, რომელ არს ბრუც-საბძელამდე, და ზეკარა, კედელა და რაჭა-დიგორ-ბასიანს შორისნი კავკასნი; ხოლო ჩრდილოთ ჩერქეზსა და მას შორის მთა მაღალი, და ჩერქეზის კერძოდ ტყიანი და ოსეთის კერძოდ უტყეო, არამედ ღელეებთა შინა მცირეტყიანი; და დასავლეთით მზღვრის კავკასივე რაჭასა და ჟღელეს შორისი, მერმე ბასიანსა და სუანეთს შორისი.
ქვეყანისათვის
ხოლო ქვეყანა ესე არს მაგარი და შეუვალი უცხოს მტერთაგან, მაღლის მყინვარისა და თოვლიანი მთის მიერ, რომლისა ყინულის სიმაღლე არს ̃ და ̃ მყარი ზაფხულის, კვლავ სივიწროვისაგან და მაღლის კლდის ქარაფოვანთაგან, და მდინარეთა დიდთა და ჩქართა მომდინარეთაგან, რამეთუ ძნელად განვალს ცხენი ფონად, გარდა ხიდისა, არამედ მცურავთაგანცა არა ძალ-იდების ცურვად. არა არს აქა ტყე, მცირეთაგან კიდე, და იგიცა უმეტეს არყნალი, გარნა მდინარეთა კიდეთა და ღელოვანთა შინა, რამეთუ სივიწროვე სიცივისა და კლდოვანობის გამო ვერ იზრდების, გარნა ვიეთნი ზიდვენ ჩერქეზის მთიდამ, და სხვანი სწვენ თივასა.
ხოლო სიგრძე ამის ქვეყნისა არს ხევიდამ სუანეთის კავკასამდე და განი ქართლის კავკასიდამ ჩერქეზის მთამდე. არამედ ნაყოფიერება ამ ქვეყნისა არს მცირედი, ვინაითგან არარაიმე მარცვალნი ნაყოფიერებენ გარდა ხორბლისა, ქრთილისა და შვრივისა, სიცივისა, გვიან გაზაფხულისა და ადრე შემოდგომისათვის, გარნა ამასაც ვერ სთესვენ მრავლად, უმიწობისა და კლდოვანობის გამო. გარნა, რა იგი დასთესონ, ფრიად ნაყოფიერებს და მრავლად, და უკეთუ მოვიდეს სეტყვა, რომელი ხშირობს მათ შინა, მოყმდებიან ძლიერად. კვლავ არარაა მოვალს, და არა უწყიან მტილისანი ანუ წალკოტნი და ხილნი, გარნა ვიეთთამე ადგილთა იპოვების კოწახური, კლდის მერსენი, უელი და ასკილი. პირუტყვნი არიან: ცხვარი უდუმოკუდიანი და მომცრო, ძროხა, ცხენი, თხა, ღორი, არამედ არა მრავლად, გარნა არიან ფრიად გემოიანნი სხვათა ადგილებთაგან უმეტეს. და ვინაითგან აქვთ საძოვარნი და სათიბნი მცირედ, ამისთვის ვერ ინახვენ ცხვართა, გარდა ̃, ̃ და ̃ კიდე ეგრეთვე ცხენთა და ძროხათა ̃, ̃ და ̃ და უფროსი არღარა. ხოლო არიან ვეძანი, რომელ არს წყარო ანკარა მლაშე, და მრავლად ყოველსა ოვსეთსა შინა. ამას სმენ კაცნი და პირუტყვნი და ფრიად ერგებისთ, გარნა უფროს პირუტყუთა, რამეთუ პოხიერ ჰყოფს, და გემოიან, და ურბილებს მატყლსა. ფრინველნი ჰყავთ ქათამნი და სხვანი არარანი, და გარეულნიცა წვრილთა სირთაგან კიდე არარა არს აქ. მაგრამ არს ფრინველი შურთხი სახელით, რომელი ყოველსა კავკასიასა შინა გვარობს, მგზავსი სახით კაკბისა და სიდიდით ორის ქათმისა. ეს შურთხი შეიკრებს თვისად საზამთროდ ბალახსა მრავალსა, და ამას ზამთარს შეუჭამს ჯიხვი, ხოლო შურთხი გამოიზრდების კურკლითა მისითა. და არს ესე შურთხი ფრიად გემოიანი. ნადირნი არიან ვიეთთა ადგილთა ირემი, არჩვი, მშველი, ფოცხვერი, მელი, მგელი, ტურა, მაჩვი, დათვი, კურდღელი, და არა მრავლად. ხოლო ჯიხვი, რომელი მგზავსობს თხასა, არამედ არს ფრიად უდიდესი მისსა და შვენიერი სახითა და რქითა, ესე გვარობს კავკასთა ამათ შინა ყოველგან, ჯოგად და ჯოგად. ესე ვალს კლდესა ზედა ქარაფსა და მაღალსა, რომელსა ზედა ვერარა ცხოველი შემძლებელ არს განსლვად: აღვალს იანვრის ტეხვრა-ქარიშხალსა შინა უმაღლესს კავკასსა ზედა, და შეაქცევს ცხვირს ქარსა, და დაწვების ეგრეთ, და არარა ვენების. არს აქა ფუტკარი და ჰყავთ, და არა ეგდენ მრავლად, რათამცა კმა ეყოსთ თაფლნი. არიან აქა ლითონნი ვერცხლისა, ბრპენისა, რკინისა, გოგირდისა, გვარჯილისა და ქვისა ბროლისა. მაგრამ არა უწყიან ხელოვნება გამოღებისა, რათამცა იხმარონ მრავლად. არა არს თევზნი აქა მდინარეთა შინა, ჩქარად დინებისაგან. ზოგიერთ ადგილებთა იპოვების კალმახნი.
კაცისა და ჩვეულებისა, ზნისა და ხელოვნებისათვის
ხოლო კაცნი და ქალნი არიან შვენიერნი, ჰაეროვანნი, შავ-თვალ-წარბანი, შავ-თმოსანნი, თეთრ-ყირმიზნი, ტანოვანნი, წერწეტნი, გარნა უმეტეს ქალნი წერწეტნი, მკვირცხლად ფიცხელნი, თვისთა ქვეყანათა შინა მცირედ მჭამელნი, რამეთუ კმა იყოფენ გარდა წყალსა და პურსა და შრატსა, სხვათა ადგილთა და სტუმრობათა შინა გაუძღომელნი, ვერ შემმართებელნი ბრძოლასა შინა, რამეთუ ეშინისთ ლაშქართაგან ფრიად. მაგრამ ღამით შემმართებელნი და შემპარავნი ლაშქართა შინა და გამომსლველნი. უსაქციელონი, ბრიყვნი, ქვეყანათა თვისთა ლაღნი და ამაყნი, სხვათა ქვეყანათა შინა მდაბალნი, გონიერად მოუბარნი, ქურდნი, მპარავნი, მტყუარნი, ხარბნი, მომხვეჭნი, მესისხლენი, მემრუშავნი, ტყვის მყიდველნი, მაგრამ არა თვისთა ჰყიდიან. ქალნი მათნი იცავენ ქალწულებასა ვიდრე შერთვადმდე ქრმისა, და მერმე სახელ არს მათ შორის რაოდენნიცა უვისთ კურონი რამეთუ სირცხვილად აქვსთ დღისით ხილვა ცოლშვილთა თვისთა ქრმისაგან.
ხოლო ცმულნი არიან ხამის პერანგით, საყელო ბერულად მოჭრილითა, და ნიფხავი ხამისავე. მას ზედა ჩოხა მოკლე მუხლადმდე და პაიჭიცა შალისა. არამედ ჩოხა ნაოჭიანი და უგუჯასტო, ჩოხას ზეით ნაბადი მოსხმული; ფერხთა ზედა ტყავთაგან აცვიათ, რომლისა არს ლანჩა გამობანდული დახეულის ტყავისაგანვე, და მას შინა ჩასდებენ თომსა, და ჩაიცმენ ეგრეთ, რათა არა მოუსხლტეთ ფერხი ყინულსა, კლდესა და ბალახთა ზედა. უდიდესნი იცმენ წულასა, და ბურავსთ თავსა ქუდი მრგვალი და ბეწოსანი შალისაგანვე. ბოდიშობენ ურთიერთ და მიემშვიდებიან ქუდის მოხდით. სხედან სკამთა ზედა. არამედ უწარჩინებულესნი მათნი იცმენ იმრიგადვე, ლეინსა, დარაიას, დარაიბაფთს, ყუთნსა და რაისაც ლარს იშოვიან. ეგრეთვე მგზავსად იცმენ ქალნიცა, არამედ უგრძესად, და ბურავთ მათცა ქუდი იგივე, აცვიათ წუღა-პაიჭი და არა ნიფხავი. მოირტყმენ სარტყელსა კაცნი და ქალნიცა, ვითარიცა ძალუძთ შოვნად. სარწმუნოებით არიან ძველად ქრისტეანენი და სამწყსონი ნიქოზლისანი, და უფროს დვალნი. არამედ აწინდელთ ჟამთა დვალნი სახელით ოდენ ქრისტეანენი, რამეთუ იმარხვენ დიდმარხვასა, ხატთა, ეკლესიათა, და სამღვდელოთა პატივსა უყოფენ და თაყვან-სცემენ, და სხვისა სრულიად უმეცარნი. არა უვისთ მღვდელი, და უნათლისღებონი არიან, გარდა რომელნი ქართლსა და რაჭას მოინათლვიან. ხოლო თაგაურნი, ქურთაულნი, ვალაგირი, ფაიქომი, დიგორელნი და ბასიანელნი, რომელთა თავნი და წარჩინებულნი მათნი არიან მაჰმადიანნი, და დაბალნი გლეხნი ქრისტეანენი, მაგრამ უმეცარნი ორივეს რჯულისანი, რამეთუ გარჩევა მათი არს ესე: რომელნი სჭამენ ღორსა, არიან ქრისტეანენი, და რომელნი სჭამენ ცხენსა, ესენი არიან მაჰმადიანნი. თუმცა ყოველთავე უწყიან მგზავსი კერპისა, რომელსა უწოდებენ ვაჩილას, რამეთუ შესწირვენ ელიას თხასა და ხორცსა შესჭამენ თვითვე, ხოლო ტყავსა გასჭიმვენ მაღალსა ძელსა ზედა და თაყვან-სცემენ ტყავსა მას დღესა შინა ელიასასარათა არა მოუვლინოსთ ელიამ სეტყვანი და მოსცეს ნაყოფნი ქვეყანისანი.
კვლავ არიან, ვითარცა ნადირნი, უწიგნონი, უცოდინარნი. ენა აქვთ ძველი, დვალური, და აწ უბნობენ ოსურსა საკუთრად, ვინაითგან ჩერქესთა ენა სხვა არს. ვიეთთა მოთავეთა და ქართლსა და რაჭას მსლველთა უწყიან ქართულნი, ხოლო ჩერქეზსა შინა მსლველთა უწყიან ჩერქეზული და თათრული ჯაღათასი. შეირთვენ მდიდარნი ორსა და სამსა ცოლსა და დაბალნი - ერთსა, არამედ თუ მოკვდეს ძმა ერთი, შეირთავს მეორე ძმა თვისს ძმის ცოლსა, ვინაითგან მისცემენ სახლის პატივად ქალის სახლეულს ̃, ̃, ̃ და ̃ ძროხასა, ამისთვის არღარა განუტევებენ სხვის შერთვად, არამედ ირთავენ თვითვე. უწყიან გვარნი, და უწარჩინებულესნი გვარითა არიან ოვსნი.
ხოლო ესე ოვსნი განიყოფების ესოდენ გვარად: სიდამონად, ჭახილიძედ, თაგაურად, ქურთაულად, ბადელიძედ, ჩერქესიძედ, ბასიანად, და არიანცა ესენი უწარჩინებულესნი სხვათა ზედა. და ამათ გუართა იციან გვართა თვისთა ნიჯადი, ერთმან მეორესა ზედა ლაშქრობა, შველა, მესისხლობა, რამეთუ უკეთუ მოკლას ერთმან, არა დასცხრების მეორე იგი გვარი შვილით შვილადმდე უკუნისამდე, თუმცა არა მოკლას მანცა, და მკლველი მოკლულსა მათთვის გვარსა ჩასძახებს საფლავსა შინა: „მოვკალო მკლველი შენი“, და სწამთ ესე საცხონებლად მისად. არამედ უკეთუ დაზავდნენ ბრჭეთაგან და მისცეს სისხლი, გარნა კვლავადცა მოჰკლავს და უკუნ-სცემს სისხლსა, მინაცემსა თვისსა. არამედ დვალნი უმდაბლესნი არიან გვარითა, გარნა თუ განდიდნეს ანუ განმდიდრდეს ოვსი ან დვალი, ან შეირთავს ორ სამს ცოლსა, ან აღაგებს კოშკსა, ან მოკლავს კაცსა, და უკეთუ მძლეველ ექმნას მესისხლე თვისი, შევალს კოშკსა შინა და არღარა გამოვალს სიკვდილადმდე. კვლად უწყიან პატივი მოხუცებულთა თვისთა ფრიადი, და უვისთ, ვითარცა პატრონნი თვისნი ამათ მოხუცებულთაგან ჰყოფენ ბრჭობასა და ზავსა და ყოველსავე სამჭირნოსა თვისთა განაგებენ მათით. სიმდიდრე მათი არს თოფი, ხმალი, ჯაჭვი, ჯავშანი; სპილენძი და ოქრო და ვეცხლი მცირედ. არა უწყიან თეთრი, არამედ თეთრისა წილ ნაბადი, ჩოხა, ხამი, შალი, ცხვარი, ძროხა და ტყვე, და ვაჭრობენ ურთიერთსა შინა ამით. არცა უწყიან ადლი, არამედ მწყრთა; უწყიან უცხოთა სტუმართა პატივი და უვნებელობით დაცვანი, რამეთუ ვერავინ რაისა ავნებს ერთისა ვისმე სტუმარსა, ვინაითგან მოსწყდებიან მისთვის გვარით. არამედ თვით გამოუხმენ, რაოდენნი ძალ-უძს სტუმარსა, და ამას უწოდებენ საჩუქარსა, რომელიცა ჯერ არს მათგან, იგინივე მიუხმენ. უწყიან ხელოვნებანი ტყავისა, ქსოვა შალისა, თელვა, კეთება ნაბდისა კარგისა. იციან მჭედლობა, ზეინკლობა, ხეთა მუშაკობა, სახლთ შენება, არამედ არღარა ხმარობენ ქვიტკირსა. გარნა აღაშენებენ სახლთა უსარკმელოდ, და მრავალსა ერთმანერთსა ზედა, და კოშკსა ფიქალთა ქვათაგან მიწით, მაღალს კლდე-გორიანსა ზედა, ვინაითგან გამოუნახავთ უმჯობესად ზვავისა კვეთებისათვის, რამეთუ არღარა ეკვეთნეს გარნა ავიდეს რა ქაცი კოშკსა შინა, ირყევის და არა დაირღვევის, არამედ დგას მტკიცედ.
ხოლო ძველადნი არიან ციხენი, კოშკნი, ეკლესიანი ქვიტკირისანი, მეფეთაგან ნაშენნი და უმეტეს: იტყვიან თვით იგინივე, თამარ მეფისაგანსა. გამოიდებენ მიწიდამ ბრპენს, გვარჯილასა, გოგირდსა. ქალთა მათთა უწყიან კერვანი წმიდა და კეთილნი. არა არს ქვეყანათა მათთა შინა მარილი, სელი, კანაფი, და ბამბა და აბრეშუმი, რათამცა ყონ სამოსნი თვისნი. ამისთვის უმეტესნი სცხოვრებენ ცხვართა ტყავითა, გარნა ამათაც ზიდვენ ქართლიდამ, რაჭიდამ და ჩერქეზიდამ. და ამისთვისცა მორჩილებენ თვის-თვისთა მხარეთა და კვლავ უმეტესად საზრდელთათვისცა. ხდიან მცირედს ლუდსაცა, არამედ არა არს მათ შინა სვივა, და იგიცა მიაქვთ ქართლიდამ, რაჭიდამ და ჩერქეზიდამ. კვლავ ხდიან და აკეთებენ იყსა, ბოზასა, პურთა და ქერთაგან, და სმენ დღესასწაულსა თვისსა და სტუმრობასა შინა. უწყიან სულთა მკვდართა მათთა სახსრად და მოსახსენებლად, რომელსა უწოდებენ დოღსა, რამეთუ ცხენოსანთა კაცთა ორის სამის დღის სავლიდამ გამოუშვებენ, და რომელი მათგანი უპირველეს მივალს, მას მისცემენ ნიჭსა და გარდაივდიან პურობასა და ლხინსა დიდსა, ვის რა ძალ-უძს, და ჰგონებენ ამას სალხინებელად და საცხოვრებელად სულთათვის მკვდართა მათთა.
ალაგებთათვის
ხოლო მთათა, ხევთა, მდინარეთა, წყალთა და შენობათა აღწერანი ესენი არიან, და დავიწყებთ ხევიდამვე. ხოლო ხევის ბოლოს არს ლაზური. მას ქვევით, ჯარიეხს, მოერთვის ხევის არაგვს ქისტ-ძურძუკის წყალი. მას ქვევით არს ხეთაძე.
ჩიმი
ამ ქისტის წყლის შესართავს, არაგვის დასავლით, მაღლა მთის ძირს, არს ჩიმი, დაბა დიდი და კოშკოვანი. მოსახლენი არიან ოვსნი, სიდამონნი გვარითა, და არიან აწ თავნი მათნი მაჰმადიანნი, ჩერქეზთა შინა სლვისათვის, არამედ არიან მისიცა უმეცარნი.
თაგაური
ამის ჩიმის დასავლით და ხევის დასავლით არს თაგაურის ხეობა. ამისი მდინარე გამოსდის მყინვარის კავკასსა და ხოხისასა. სიგრძით არს ხოხიდამ ჩერქეზამდე და დის სამხრიდამ ჩრდილოთ, და მიერთმის არაგვს დასავლეთიდამ. ხოლო ამ თაგაურის მდინარეს ერთვის ჩიმითის წყალი, რომელი გამოსდის ახოტის კავკასს. ამ ხევზედ არს ჩიმითი, დაბა დიდი და კოშკოვანი, ვითარცა ჩიმი ყოვლითავე. ამ ხევის შესართავს ზევით თაგაურის წყალს მოერთვის ყაბანს სხვა ხევი, რომელი გამოსდის მყინვარის კავკასს და ამ ხევს მოერთვიან მყინვარის კავკასიდამ ხევნი. არამედ ყაბანი არს ამ ორთა მდინარეთა შორის, დაბა დიდი, კოშკოვანი. მას ზევით თაგაურის წყალზედ არს, დასავლეთის კიდურზედ, ეკლესია მცირე, ძველადვე აღშენებული მეფეთაგან. ამას ზევით, ამავე წყალზედ, არს ჯიბღიზი, დაბა დიდი, კოშკოვანი, და ციხე, აღშენებული მეფეთაგან, მაგარი, შეუვალი მტრისაგან. მას ზევით არს ყაყიდური, დაბა დიდი, კეთილი, კოშკოვანი, და ხოხის კავკასის ჩამოსულს ძირში, გორა-კლდესა ზედა, ციხე, აღშენებული მეფეთაგან, ფრიად მაგარი. და არიან ხევნი ესენი შენობიანნი და დაბნებიანნი.
ქურთაული
ხოლო თაგაურის დასავლით არს ქურთაული, რომლისა წყალი გამოსდის ხოხისავე მთასა, და მოდის სამხრეთიდამ ჩრდილოთ, და გასჭრის ჩერქეზის მთასა, ვითარცა თაგაურის წყალი, და მიერთვის ლომეკსა ანუ თერგსა. ხოლო სად გასჭრის ჩერქეზის მთასა, მის მთის ზევით მოერთვის ამ თაგაურის წყალსა აღმოსავლიდამ ხევი. მას ხევს ზევით, დასავლეთით, ამ წყლის კიდურზედ, არს ეკლესია მცირე. მას ზეით, ამ წყლის აღმოსავლით კიდურზედ, არს ქურთათა და ციხე მაგარი, ნაშენი კლდესა ზედა. აქ მოერთვის აღმოსავლიდამ ამ წყალს ხევი. ამ ორს წყალს შუა არს ქურთათა. ქურთათას ზევით მოერთვის დასავლიდამ ხევი ქურთაულის წყალსა. ამ ორს ხევს შუა არს დაბა ჯაბა. ამას ზევით არს ჩიმი. ამ წყალზედვე დაბა, ორს ხევს შუა. ამას ზეით ხოხის კავკასის მთის ჩამოსავალზედ არს კვარა, დაბა კეთილი, კოშკოვანი, და ციხე დიდი და მაგარი, შენი მეფეთა. კვარადამ გარდავალს გზა ხოხის კავკასსა ზედა, ნარასა და ზროგოს. ხოლო ქურთაულსა და თაგაურს განჰყოფს მთა, ხოხიდამ ჩამოსული ჩრდილოთ კერძოდ ჩერქეზის მთამდე, ქურთაულ-თაგაურს შორისი; და თაგაურსა და ხევსა განჰყოფს მთა მყინვარი და ახოტი, და მთა ახოტიდამ ჩამოსული ჩრდილოთ კერძოდ, ჩიმსა და თაგაურს შორისი.
ვალაგირი და ფაიქომი
ხოლო ქურთაულს დასავლით არს ხეობა ვალაგირისა და ფაიქომისა, რომელი იწოდა დაბნების გამო, იქ მყოფთა. და წყალი ვალაგირისა გამოსდის ხოხისვე კავკასსა და დის სამხრიდამ ჩრდილოთ. ამას მოერთვიან ხევნი მცირენი. და არს ხეობა ესე დაბნოვანი, მოსახლენი - სიდამონნი და ჭახილიძენი. ხოლო განჰყოფს ვალაგირსა და ქურთაულს მთა ხოხიდამვე ჩამოსული, ჩრდილოთ მდებარე ჩერქეზის მთამდე, ვალაგირსა და კასრის ხეობას შორისი. არამედ სამთა ამათ ხეობათა მზღვრის: აღმოსავლით მთა, რომელი დავსწერეთ, ხევსა და თაგაურს შორისი ჩერქეზის მთამდე; სამხრით მთა ხოხის კავკასი, ფრიად მაღალი, და მყინვარი, და უმაღლესი ბრუცაბზელ-ზეკარისა. ამან მოიგო სახელი თვისი ხოხვით სლვისათვის, რამეთუ ძნიად გარდავალს ცხენი მას ზედა, გარნა მკვირცხლნიცა - ჭირითა და მდებარებს მთა ესე აღმოსავლიდამ დასავლეთად, მყინვარის კავკასიდამ კასრის ხეობამდე და კვლავ მზღვრის ჩრდილოთ კერძ მთა ჩერქეზისა და დასავლით კასრა-ვალაგირს შორისი მთა.
კასრის ხევი
ხოლო ვალაგირისა ანუ ფაიქომის დასავლით არს კასრის ხეობა, რომელი იწოდების აწცა დვალეთად. და აქვს სიგრძე დვალეთს ზეკარის კავკასიდამ ვიდრე ჩერქეზამდე. და მდინარე ამისი გამოსდის ზეკარისა და ზახა-თრუსოს შორისს კავკასთა და მოდის სამხრიდამ ჩდილოთ. ხოლო კასრის ხეობასა შინა მოერთვიან ამ წყალს, დიგორისა და ამის შორისის კავკასიდამ, ხევნი, და გარდავლენან მას ზედა გზანი დიგორს. ეგრეთვე ვალაგირსა და ამის შორისის მთიდამ მოერთვიან ხევნი, და გარდავლენან გზანი ვალაგირსა და ფაიქომს. და არს ხეობა კასრისა, კასრის კარიდამ ჩერქეზის მთამდე, შენობიან-დაბნებიანი. ხოლო კასრის კარი არს ქვემო ზრამაგას ქვევით, სად მოვიწროვდების ხოხის მთის ჩამოსულის კლდითა, და გლოლისა და ამის შორის კავკასის ჩამოსულის კლდითა. და არს აქ კარი კლდისაგან და ქვიტკირით ქმნული, დიდ-კამაროვანი, მდინარესა ზედა, მეფეთაგან ქმნული, რათა არა ვიდოდნენ გარდა მათსა ოვსნი. და არს ხეობა ესე ფრიად მაგარი და შეუვალი. აქა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, რომელსა სწურვენ იგინივე. კვლავ არს გოგირდი ფრიად კარგი. არს ლითონიცა ვეცხლისა, არამედ არა უწყიან გამოღება. კვლავ კლდის ნოტიობისაგან აკეთებენ გვარჯილასაცა.
ჟღელეს ხევი
ხოლო ამ კასრის კარს ზევით მოერთვის, ქვემო ზრამაგას, ჟღელის ხეობის წყალი დასავლეთიდამ. გამოსდის კედელის კავკასს, მოდის სამხრიდამ ჩრდილოთ. ამ წყალს მოერთვიან აღმოსავლიდამ და დასავლეთიდამ ხევნი მცირენი. და ჟღელესა და გლოლას შორისს კავკასზედ ამ ხევებიდამ გარდავლენან გზანი გლოლას. ამის მდინარის სათავიდამ გარდავალს გზა კედელის კავკასსა ზედა კუდაროს, და რაჭას, და ქართლს. და არს ხეობა ესე შენობიან-დაბნებიანი. აქა არს ქალაქას დაბას წყარო დიდი, რომელი ჟამ რაოდენმე დის, და ჟამ რაოდენმე დადგების, და არღარა გამოსდის, მერმე კვლავ გამომდინარდების და კვლავ დადგების. ხოლო განიყოფის ხეობა ესე აღმოსავლეთიდამ ზეკარიდამ ჩამოსულის მაღლის მთით ქვემო ზრამაგამდე, ჟღელე-ზრამაგას შორისითა, სამხრიდამ ჩრდილოთ კერძოთ მდებარითა, და სამხრით ზეკარა-კედელის კავკასითა; დასავლით ამასა და გლოლას შორისით კავკასითა, კვლავ კედელის კავკასითა; ჩრდილოთ ამასა და გლოლის შორისის კავკასიდამ ჩამოსულის მთით, რომელი შეჰკრავს კასრის კარსა.
ზრამაგა
ხოლო ქვემო ზრამაგა არს კასრისა და ჟღელის წყლების შესართავს შუა, და ციხე დიდი, ფრიად მაგარი; იტყვიან აღშენებულსა თამარ მეფისაგან, და დაბა კოშკოვანი.
ნარა
ხოლო ქვემო ზრამაგას ზეით ერთვის ნარის ხეობის წყალი. გამოსდის ხოხის კავკასსა, დის აღმოსავლიდამ დასავლეთად. და აქვს ამ ხეობას აღმოსავლით ხოხის კავკასი; სამხრით ხოხიდამ ჩამოსული მთა მაღალი, ამასა და ზროგოს შორისი; დასავლით ზრამაგის ხევი და ჩრდილოთ ხოხისავე კავკასი. ამ ხევში არს დაბა ჱ მოსახლენი. ხოლო ამის შესართავს ზევით არს ზემო ზრამაგა, დაბა კოშკოვანი და ეკლესია მცირე. აქ მოერთვის ხევი ზეკარიდამ მომდინარე და მოერთვის დასავლეთიდამ. და ამ ორთ ხევთ შორის არს ზრამაგა.
ზროგო
ხოლო ამ ზრამაგას ზეით მოერთვის ზროგოს-ხეობის წყალი. გამოსდის ხოხისავე კავკასსა და დის აღმოსავლიდამ დასავლეთად, და აქვს ჩდილოთ ნარის მთა და სამხრით ზახის მთა, აღმოსავლით ხოხის კავკასი და დასავლით ზრამაგის-ხევი, და არს დაბოვან-შენობიანი.
ზახი
ხოლო ამის შესართავს ზეით მოერთვის ზახის-ხეობის წყალი. გამოსდის თრუსოსა და ზახას შორისს კავკასსა, მოდის აღმოსავლიდამ დასავლეთად, არამედ ბოლოს მოდრკების და მიერთვის ზრამაგის-წყალსა. ამ ზახის-წყალს მოერთვის სამხრეთ-ჩრდილოდამ ხევნი, და არიან დაბანი კოშკოვანნი. აქა არს ეკლესია მცირე. აქიდამ გარდავალს გზა თრუსოს, მაღრან-დვალეთს და ჟბას, დიდ ლიახვზედ. ამას აქვს აღმოსავლით თრუსოს მთა; სამხრით კავკასი ზეკარისა; ჩრდილოთ ამასა და ზროგოს შორისი, ხოხიდამ ჩამოსული მთა; დასავლით ხევი ზრამაგისა. კუალად ამ ზრამაგის-ხევის სათავიდამ გარდავალს ზეკარაზედ გზა ქართლს დიდ-ლიახვზე.
თრუსო
ხოლო ზახის აღმოსავლეთის მთის იქით არს თრუსო, რომელსა აქვს აღმოსავლით მთა, ხოხიდამ და ხევის ყელიდამ ჩამოსულნი მთანი ჩასავალამდე, და მთანი ესენი განჰყოფენ ზევსა და თრუსოსა: სამზრით კავკასი, მთიულეთსა, მაღრან-დვალეთსა და თრუსოს შორისი; ჩრდილოთ მყინვარი და ხოხის კავკასნი; დასავლით თრუსოსა და ზახას შუათი მთა. და არს თრუსო სამ ხეობად. გამოსდის ერთი ზახის მთასა, მეორე მაღრან-დვალეთის კავკასსა და მესამე ხოხის კავკასსა. ამ ხეობაზედ, ხოხისაკენ, არს ეკლესია ყოვლად წმიდისა მცირე. და არიან ამ ხევთა დაბნები ჱ. არამედ ხეობანი ესენი, რომელნი აღვსწერეთ მაღრან-დვალეთითურთ, არიან დვალეთი. და კვლად დიდის ლიახვისა, პატარას ლიახვისა, ქსნის ხევისა და კუდაროს მოსახლენიცა არიან დვალნივე. ამ დვალეთიდამ გარდასულნი, რჯულითა, წესითა და ზნითა ერთნი, და დღესაც მონათესავენი ურთიერთთა.
ხოლო ამ დვალეთს მზღვრის: აღმოსავლით მთა თრუსოსა და ხევს შორისი, და კასრის ხევსა და ვალაგირს შორისი მთა; სამხრით კავკასი მაღრან-დვალეთისა, ზახისა, ბრუც-საბძლისა, ზეკარისა და კედელისა (არამედ ბრუც-საბძელი ეწოდა, ვინაითგან არს მგზავსი საბძლისა და უქმი, ხოლო ზეკარა კარსავით მყოფისა, სადა გავლის მას შორის გზა, და კედელა - ამართებით ყოფისათვის კედელსავით. არამედ ქართლიდამ ესე კავკასნი უმეტეს ყოველთა კავკასთაგან უმაღლესად მჩენარებენ და დიდად, და ამისთვის უწოდესცა სპარსთა იალბუზი, ქარმყინვარე, და მარადის მყინვარედ იხილვებიან, რამეთუ ზაფხულს გზებთა ამათ ზედა ვლენენ ცხენით, გარნა ჭირითა, და გარდა ზაფხულისა ვერცა ერთი სულიერი). ხოლო ჩრდილოთ მზღვრის დვალეთს ხოხის კავკასის მთა და, კასრის ბოლოს, ჩერქეზის მთა; დასავლით - მთა კავკასი, კედელიდამ წამოსული, რაჭასა, გლოლასა და ამას შორისი, მერმე დიგორსა და ამას შორისი, ვიდრე ჩერქეზის მთამდე, არამედ რომელნი აღვსწერენით - ჩიმი, თაგაური, ქურთაული, ვალაგირ-ფაიქომი და დვალეთი, ამათ ყოველთა მდინარენი ჩადიან ჩერქეზსა შინა და მიერთვიან ლომეკსა ანუ თერგს სამხრიდამ.
დიგორი
ხოლო კასრის ხევის დასავლით არს დიგორი, რომელი განიყოფის ორად - ჩერქეზიძედ და ბადელიძედ. და არს სიგრძე ამისი რაჭის კავკასიდამ ჩერქესამდე. ამისი მდინარე გამოსდის ღებისა, გლოლისა და ამის შორისსა კავკასსა, მოდის სამხრიდამ ჩრდილოთ კერძოდ და ჩადის ჩერქეზში, მიერთვის ლომეკს. ამას უწოდებენ რიონსავე, ვინაითგან მასვე კავკასსა გამოსდის აქათ და იქით - რიონი იმერეთისა. და ამ მდინარეს, ჩერქეზის მთას ზეით, ერთვის ხევი, გამომდინარე ბასიანის მთისა, და მოერთვის დასავლეთიდამ. ამას ზევით ერთვის სხვა ხევი. გამომდინარე კასრის ხევისა და ამას შუათის მთიდამ, და დის აღმოსავლეთიდამ დასავლეთად. ეს ხევი არს ბადელიძისა. ამ ხევს რიონის შესართავს ზეით ერთვის სხვა ხევი, სიგრძით ჩერქეზის მთიდამ მომდინარე, და მოერთვის ჩრდილოდამ. ამ ხევიდამ გარდავალს გზა ჩერქეზსა შინა. ამ ხევს ზეით კვლავ მოერთვის სხვა ხევი სამხრიდამ. ამათ შესართავს შუა, კლდეზედ, არს მაღლა ციხე და მცირე ეკლესია. არამედ ესენი, რომელნი დავსწერეთ ხევნი, არიან ბადელიძენი, და არიან შენობიანი და დაბნებიანნი და კოშკოვანნი მრავლად, რომელთა შინა მოთავენი მათნი არიან ყმიანნი მებატონენი. ხოლო ამ ბადელიძის წყლის შესართავს ზევით, რიონზედ, არიან ჩერქესიძენი, და მას ქვეით, ჩერქეზის მთამდე, კვლავ ბადელიძენივე. და ამ ბადელიძის წყლების სათავიდამ გარდავალს გზა კასრის ხევში, ჟღელის ხეობაში და ქელმაჰმადის სოფლიდამ ჩერქეზესა შინა.
ხოლო ამ ბადელიძის წყლის შესართავს ზევით მოერთვის რიონს აღმოსავლიდამ მდინარე რიონივე. გამოსდის გლოლასა და ამას შორისს კავკასსა, მოდის სამხრიდამ ჩრდილოდ. ამას მოერთვის სხვა ხევი აღმოსავლიდამ, გამოსდის ამასა და ბადელიძეს შორისს მთას. ამაზე გარდავალს გზა ბადელიძეებში. ამას ზეით მოერთვის კვლავ სხვა ხევი აღმოსავლიდამ, მისვე მთის გამომდინარე. ამ რიონის სათავიდამ გარდავალს გზა კავკასზედ გლოლას, სადა არს, კავკასის ძირში, დიდს მაღალს კლდესა შინა, ქვაბნი გამოკვეთილნი დიდ-დიდნი. მოგზაური მივალს მას ქვაბსა და დილასა წარვალს, ჩავალს გლოლას. ეგრეთვე იქიდამ მოსრულნი იქ განისვენებენ და შრომიათვის. და მეორის ამის რიონიდამ გარდავალს გზა ღებს. არამედ ამ გზებზე ზაფხულით ცხენით ვლენან, გარნა ჭირითა დიდითა, და გარდა ზაფხულისა - ვერც ქვეითნი. და ამ ხეობასა ზედა არიან დაბნები და შენობანი. და მზღვრის დიგორს: აღმოსავლით კავკასი, ამასა და კასრა-ჟღელეს შორისი; სამხრით კავკასი, ამასა და გლოლა-ღებს შორისი; ჩრდილოთ მთა, ამასა და ჩერქეზს შორისი, მაღალი და დიდი; დასავლით კავკასი, ამასა და ბასიანს შორისი.
ბასიანი
ხოლო დასავლით დიგორისა არს ბასიანი, ხეობა დიდი, რომელსა შინა დის მდინარე, გამომდინარე რაჭისა და ბასიანს შორისის კავკასიდამ, და მიდის სამხრიდამ ჩრდილოთ კერძოდ, სიგრძით კავკასიდამ ჩერქეზის მთამდე. ამის მდინარეს მოერთვიან ხევნი აღმოსავლიდამ გამომდინარენი, ამასა და დიგორის საშუალის კავკასიდამ, და დასავლეთიდამ სუანეთისა და ამის შორისის კავკასიდამ. და ამ ხევებიდამ გარდავლენან გზანი სუანეთს და დიგორსა და ამის წყლის სათავიდამ გარდავალს გზა რაჭას, ღებს და ლუხუნზედ. და მზღვრის ბასიანს: აღმოსავლით მთა კავკასი, ბასიანსა და დიგორს შორისი; სამხრით მთა კავკასი, ამასა და რაჭას შორისი; ჩრდილოთ მთა ჩერქეზისა, ბასიანსა და ჩერქეზს შორისი; დასავლით მთა კავკასი, ამასა და სუანეთს შორისი. და არს ესე ბასიანი შენობიანი, დაბნებიანი და უმეტეს გვარიანნი სხვათა ყოველთა ოსთაგან, და არიან მებატონენი ყმიანნი. და მდინარე ესე ჩადის ჩერქეზსა შინა, მერმე მიერთვის თერგის მდინარესავე. არამედ რაოდენნი კავკასნი აღვსწერენით, სცან მარადის მყინვარედ და თოვლიანად, ვითარცა სხვა სახელდობ გამოვაჩინეთ კავკასთა მთანი. კვლავ რაოდენნი დაბანი ციხოვან-კოშკოვანნი დავსწერეთ, იგინი მათ უწოდებენ ქალაქად. არამედ ვინაითგან არა აქვსთ მართველობა და განწყობილება ქალაქთა, აქა დაბად ვთქვით.
ქისტი
ხოლო აწ ვიწყებთ ხევის აღმოსავლეთის კერძოთა კავკასიელთა, ვინაითგან შევასრულეთ დასავლეთის წილი. გარნა ხევის ბოლოს, სადა დაივაკებს მდინარე არაგვი ანუ ლომეკი, ამ არაგვს, ხეთაძის დაბის ზევით, ერთვის ქისტეთის წყალი და ძურძუკისა. ესე მოერთვის აღმოსავლეთიდამ, გამოსდის ძურძუკეთსა და ფშავხევსურეთს (რომელი არს ფხოელი) შორის კავკასსა, დის სამხრიდამ ჩრდილოთ და მცირედ ჩრდილო-დასავლეთ შუა. სიგრძით არს კავკასიდამ ლომეკამდე. ხოლო სად იყრებიან ორნი ესე მდინარენი, იქ არს შუაში ჯარიეხი, კლდე დიდი, მოვლებული ველსა დიდსა გარე, ქარაფოვანი, და ამითი არს ფრიად მაგარი, და შენი არს კოშკი დიდი, ზღუდოვანი, ვითარცა ციხე, და ამ წყალსა ზედა, ხეობაში, ამ ჯარიეხს ზეით, არს ქისტეთი დაბნებიანი, შენობიანი.
ძურძუკი
კვლად ამის სამხრით, ქისტეთს ზეით, არს ძურძუკი, შენობიანი, დაბნებიანი, კოშკოვანნი ორნივე. ამ წყობათა მზღვრის: აღმოსავლით კავკასი, ქისტ-ძურძუკსა და ღლიღუს შორისი; სამხრით კავკასი, ფშავ-ხევსურსა და ძურძუკს შორისი; დასავლით კავკასი, ქისტ-ძურძუკსა და ხევს შორისი; ჩრდილოთ მთა ჩერქეზსა და ქისტეთს შორისი. და გარდავლენან გზანი ქისტ-ძურძუკიდამ ამ კავკასებთა ზედა ხევს ფშავ-ხევსურეთს, ღლიღვეთს და ჩერქეზთა შინა.
ღლიღვი
ხოლო ამ ქისტ-ძურძუკის აღმოსავლეთად არს ღლიღვეთი, რომლის მდინარე გამოსდის ფშავისა და ღლიღვის შორისს კავკასსა, და მოდის სამხრიდამ ჩრდილოთ და მიერთვის... წყალსა, მერმე მიერთვის ბორაღნის წყალსა. ამ წყალზედ არს ანგუსტი, დაბა დიდი. და არს შენობიანი ხეობა ესე და დაბნებიანი. და მზღვრის ღლიღვს: აღმოსავლით მთა ღლიღვისა და... შორისი; ჩრდილოთ მთა ჩერქეზსა და ღლიღვს შორისი; სამხრით კავკასი, ღლიღვსა და ფშავს შორისი; დასავლით მთა, ღლიღვსა და ძურძუკს შორისი. ხოლო ანგუსტის მოსახლენი არიან მგზავსნი ჩერქეზთა, რჯულით მოჰმადიანნი, სუნნი. ხოლო ამ ღლიღვს აღმოსავლით არს... ხეობა, რომლისა მდინარე გამოსდის ამასა და პანკის შორისს კავკასსა, მოდის სამხრიდამ ჩრდილოთ, მიერთვის ღლიღვის წყალსა, და მერმე მიერთვიან ბორაღნის წყალს დასავლეთიდამ. და არს ხეობა ესეცა შენობიან-დაბნებიანი. და მზღვრის ამას: აღმოსავლით თუშეთსა და ამას შორისი კავკასი; სამხრით კავკასი პანკისსა და ამას შორისი; ჩრდილოთ მთა ჩერქეზისა, ამასა და ჩერქეზს შორისი; დასავლით მთა, ამასა და ღლიღვს შორისი. არამედ ეს ხევნი, რომელნი აღვსწერეთ, პირველ იყო ყოველთა სახელი ძურძუკეთი, ხოლო აწ ესრეთ განიყოფებიან.
კაცთა და ქალთათვის
ხოლო არიან ხეობანი ესენი ფრიად მაგარნი და შეუვალნი მტერთაგან, მთით, კლდითა, სივიწროვითა, და მდინარითა, ხოლო ტყითა მწირი და მოუსავლიანი, მცირე-პირუტყვიანი, ვითარცა აღვსწერეთ ოსეთი. ეგრეთვე კაცნიცა რჯულითა, სარწმუნოებითა, ზნითა, ქცევითა, ჩვეულებითა სცან ოსთაებრ. არამედ აქვსთ ენა თვისი საკუთარი, და ქალნი მათნი მოსილნი სხვებრ. არცა უწყიან კლვა და მესისხლობა ურთიერთთა, გარნა თუ შეიმთხვეს, მოხუცებულთა მათთა განბრჭობითა ზავ-ჰყოფენ. და არიანცა უმეტეს პირისწყლიანნი ოსთაგან, კაცით ქალამდე. არამედ იციან ორ-სამ ცოლობანი და მრუშება ქრმიანობასა შინა, გარნა ქალწულთა - არასოდეს, ვითარცა ოსთა. უწყიან ქვიტკირნი, და მით აღიშენებენ სახლთა, კოშკთა და სიმაგრეთა. ხოლო მორჩილებენ და აძლევენ ხარკთა ჩერქეზთა, მემხრეთა თვისთა, უსაზრდლობისა, საშიშლოსა და მარილისათვის.
ცხოვრება
ფარნავაზ მოიყვანა ნათესავი ძურძუკოსი ქალი ძურძუკეთიდამ, და შეირთო თვით ცოლად. და დაიმორჩილა კვლავ უმეტესად ძურძუკეთი ამით და შემდგომად ფარნავაზ მეფისა, ვითარცა აჩენს ცხოვრება, იყვნენ მორჩილებასა შინა, და მომცემელნი ხარკთა მეფეთა ქართველთასა: ძურძუკი, ხევი, დვალეთი, კასრის კარს ზეითი. ხოლო სხვანი იყვნენ მორჩილებასა შინა ოვსთა მეფეთასა. ხოლო მოსლვასა თათართასა ჩინგიზ ყაენთაგან, და უმეტეს ბათოსა, და ორხანისაგან მოისრნენ და მოოხრდნენ ქალაქნი, და შენობანი მათნი, და მეფობა ოვსთა იქმნა მთავრობად. და შემოივლტოდნენ ოვსნი ამ კავკასიათა შინა, და უმეტესად უდაბნო იქმნენ, ვითარცა არს დღეს ჩერქეზი. და კვლავ შემდგომად მოსლვისა ლანგ-თემურისა და აღებისა კოსტანტინუპოლისა, ემძლავრნენ ოვსთა იქით თათარხანნი და აქეთ ლაგთემურისელნი მაჰმადიანნი, და შემოივლტოდნენ კავკასიასა შინა, და დაიპყრნეს კავკასთა ნათესავნი, რლ არიან დვალნი, და ოვსეთს ამიერით ეწოდა ჩერქეზი, ანუ ყაბარდი, და ამისთვის განირყვნა და იქმნა მრავალ სამთავროდ. ეგრეთვე განყოფასა ქართლისასა სამ სამეფოდ. დაშთა ხევი და დვალეთი ქართველთა მეფეთა, რომელნი მოსცემენ დღედმდე ხარკთა მეფეთა, და მთავართა მისთა ადგილნი ესე, ხ ძურძუკს ქისტს სდებენ თვისად კახნი და ღლიღვსაცა, არამედ არა რაის მორჩილებენ ხარკით, და არიან მორჩილებასა შინა უფროს ჩერქესთასა. ეგრეთვე სხვანი ოვსნიცა, გარნა დიგორი მცირედ რასამე ჰმორჩილებს რაჭის ერისთავს, ვინაითგან უპყრიეს მას რაჭა, და არს დღეინდელად დღედმდე ესრეთ, და წარმართი უწყის ღმერთმან.

Комментариев нет:

Отправить комментарий