შემდგომად ამისსა, რაჟამს აღესრულა წმიდა მოწამე არჩილ, დარჩნენ შვილნი მისი იოვანე და ჯუანშერ. წავიდა იოვანე ეგრისად და წაიყვანა თანა დედა და ორნი დანი თვისნი. ხოლო ჯუანშერ და ორნი დანი მისნი დარჩნენ
ქვეყანასა ქართლისასა და კახეთისასა. უმრწემესი და მისი იყო სახითა მშვენიერ. და მიესმა სიმშვენიერე მისი ხაზართა მეფესა ხაკანს; მოუგზავნა მოციქული და ითხოვა შუშან ცოლად, და უქადა შველად სარკინოზთა ზედა. რაჟამს მოიწია მოციქული ხაკანისა, მიუმცნო ჯუანშერ ძმასა თვისსა და დედასა. ხოლო მათ არა ინებეს და უთხრეს: „უკეთუ უღონო იქმნეს ყოფა ჩვენი, უმჯობეს არის, რათა შევიდეთ საბერძნეთად და მივმართოთ ქრისტიანეთა, ვიდრე-ღა-რა შეიგინოს შვილი ჩვენი წარმართთა მიერ“. და შუშანმცა აგინა ხაზართა მეფესა.
შემდგომად სამისა წლისა მოგზავნა ხაკანმა სპასალარი თვისი ბლუჩან; გამოვლო გზა ლეკეთისა და შემოვიდა კახეთად; მოადგა ციხესა, რომელსა შინა იყვნენ ჯუანშერ და და მისი შუშან. მცირედთა დღეთა აიღო და ტყვე ყვნა იგინი; შემუსრა ქალაქი ტფილისი, წარტყვენა ქართლი და ყოველი ესე ქვეყანა.
და როცა წარემართა გზასა დარიალისასა, დღესა ერთსა უთხრა შუშან ძმასა თვისსა: „უმჯობეს არის ჩემთვის სიკვდილი, რათა ღირს მყოს მე უფალმან წმიდათა დედათა თანა, ვიდრე-ღა-რა შევიგინო წარმართთა მიერ“. და ჰქონდა მას ბეჭედი, ამოუგდო მას თვალი და მოწოვა იგი; რამეთუ იყო თვალსა მას ქვეშ წამალი სასიკვდინე, და იქვე მოკვდა.
წავიდა ბლუჩან ხაკანისა, მიჰგვარა ჯუანშერ და მიუთხრა სიკვდილი დისა მისისა შუშანისი. ხოლო იგი განუწყრა არა-მიტანებისათვის გვამისა მისისა, რომლისა წადიერ იყო ხილვად, შეიპყრეს ბლუჩან და მოაბეს ყელსა საბელი, და განზიდვად სცეს ორთა ცხენოსანთა იმიერ და ამიერ, და მოწყვიდეს თავი მისი ბოროტად. და როცა დაჰყო ჯუანშერ წელიწადი შვიდი, განუტევა ნიჭითა დიდითა ხაკანმან და წარმოგზავნა ქვეყანად თვისად.
ხოლო ამიერიდან იწყო შემცირებად მეფობამან დიდთა მეფეთა ხოსროიანთამან. პირველად უფლება სარკინოზთა განდიდდა და ამიერიდან მიეცა ყოველი ესე ქვეყანა ჟამითი-ჟამად რბევასა და ოხრებასა. მეორედ, იქმნა სიმრავლე მთავართა ქვეყანასა ქართლისასა და შეერია ბრძოლა, იქმნენ მტერ ურთიერთას. და უკეთუ ვინმე გამოჩნდეს შვილთა შორის ვახტანგისთა, რომელიმცა ღირს იყო მეფედ. იქმნენ შემცირებულ სარკინოზთაგან, რამეთუ დაიპყრეს ქალაქი ტფილისი აგარიანთა, შექმნეს სახლად საყოფლად თვისად; მიიღებდნენ ხარკსა ქვეყანისა ამისგან, რომელსაც ჰქვია ხარაჯა. რამეთუ განგებითა ღმრთისათა სიმრავლისათვის ცოდვათა ჩვენთასა განდიდდა ნათესავი აგარიანთა.
ხოლო ამან ჯუანშერ შეირთო ცოლი ნათესავი ბაგრატონიანთა, ასული ადარნასესი, სახელით ლატავრი, და აბრალა დედამან მისმან მოყვანება მისი ცოლად: არ იცოდა, რომ არიან იგინი ნათესავნი დავით წინასწარმეტყველისანი, რომელიც ხორციელად მამად ღმრთისად იწოდა. და როცა იხილა ძის ცოლი თვისი, შეუყვარდა, აკურთხა და დალოცა.
და როცა გავიდა ამას შინა წელიწადნი მრავალნი, მოვიდა ამირა აგარიანი, რომელიც მთავრობდა სომხითს, ქართლს და ჰერეთს, სახელით ხოსრო; ამან ააშენა ტფილისი ქალაქი, მოოხრებული ხაზართაგან.
ხოლო რაჟამს მოუძლურდნენ ბერძენნი, გადგა მათგან ერისთავი აფხაზთა, სახელით ლეონ, ძმისწული ლეონ ერისთავისა, რომლისთვის მიეცა სამკვიდროდ აფხაზეთი. ესე მეორე ლეონ ასულის წული იყო ხაზართა მეფისა, და ძალითა მათითა განუდგა ბერძენთა, დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე, სახელ-იდვა მეფე აფხაზთა, რამეთუ მიცვალებულ იყო იოვანე და დაბერებულ იყო ჯუანშერ. და შემდგომად ამისსა ჯუანშერიცა მიიცვალა.
სიცოცხლესავე ჯუანშერისსა დაიკავა
ადარნასე ბაგრატონიანმა კლარჯეთი, შავშეთი, აჭარი, ნიგალის, ასისფორი, არტანი და ქვემო ტაო, და ციხეთაგანი
რომელნიც ჰქონდათ შვილის-შვილთა ვახტანგ მეფისათა. და წავიდა ადარნასე კლარჯეთად და იქ მოკვდა.
შემდგომად სიკვდილისა ადარნასესისა განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ხოლო ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა. რამეთუ მათვე ჟამთა შესულ იყო მასლამა საბერძნეთად, და გაბრუნდა მოუძლურებული და გაწბილებული. მაშინ ბერძენთა მეფემან მოუბოძა კურაპალატობა აშოტს, და მოუძლურებულ იყვნენ სარკინოზნი, და განდიდდა აშოტ კურაპალატი. ხოლო ტფილისს არავინ დარჩა სარკინოზთაგანი გარდა ალი შუაბის ძისა. და გრიგოლი მთავრობდა კახეთს.
მას ჟამსა გამოილაშქრა აშოტ კურაპალატმა, და უშველა თევდოსი აფხაზთა მეფემან, ძემან მეორისა ლეონისმან, რომელიც სიძე იყო აშოტ კურაპალატისა. მოვიდა გრიგოლ კახეთიდან და გრიგოლს უშველეს მთიულთა და წანართა და ამირამან ტფილელმან. და შეიბნენ ქსანსა ზედა აშოტ და გრიგოლ. გააქციეს გრიგოლ, მთავარი კახეთისა, და დაიპყრეს ქვეყანა, რომელიც ჰქონდა ქართლისაგან. და დაიპყრა აშოტ კლარჯეთიდან ვიდრე ქსნამდე.
შემდგომად ამისსა მოვიდა ხალილ იზიდის ძე არაბიელი, და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი. და მოკლეს აშოტ კურაპალატი გარდაბანს, ეკლესიასა შინა, და სისხლი მისი, რომელიც მაშინ დაითხია, აწცა იხილვება როგორცა ახალი.
ხოლო კვლავ ეუფლენ სარკინოზნი ქართლსა. და როცა წავიდა ხალილ, დაუტევა ამირად ალი შუაბის ძე. მას ჟამსა შეითქვნენ გარდაბანელნი და განაჩინეს ქორეპისკოპოსად დაჩი, ძე იოვანე ქვაბულის ძისა და შემდგომად ამისსა დასვეს ქორეპისკოპოსად სამოელ დონაური. კვლავ მეორედ მოვიდა იგივე ხალილ არაბი. შეებნენ გარდაბანელნი გავაზს, გააქციეს ხალილ და ამოწყდა სიმრავლე ფრიადი. კვლავ დაჯდა ამირად ტფილისს საჰაკ ისმაელის ძე. ხოლო ხალილ მოვიდა მესამედ, და მოკლეს ჯავახეთს და ძე მისი მოჰამედ მოვიდა ქართლს. მოერთო მას ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა, და მისცა მას ქართლი.
მაშინ გამოვიდა საჰაკ, ამირა ტფილელი, ლაშქრითა და დადგა რეხს, ხოლო მოჰამედმა და ბაგრატმა წაიღეს უფლისციხე. და მოვიდენ კახნი გარდაბანელნი შველად საჰაკისა; შეიბნენ რეხს და იყო ბრძოლა მათ შორის: არცა იგინი გაიქცნენ და არცა იგინი, ვიდრემდე გაიყარნენ. აიყარა მოჰამედ და წავიდა ბარდავს.
აქა ჟამამდე გადასულ იყვნენ წელიწადნი მოჰამედის გამოჩინებიდან, რომელმაც სარკინოზთა რჯული დაუდვა, ორას ცხრამეტნი.
მაშინ მოვიდა ბუღა თურქი მონა ბაღდადიდან რომელიც გამოეგზავნა ამირმუმნსა, სპითა დიდითა: შემუსრა ყოველი სომხითი და ტყვე ყვნა ყოველნი მთავარნი მათნი. და მოვიდა და მოადგა ქალაქსა ტფილისსა, რამეთუ არა მორჩილობდა ამირა სააკ: მოკლა სააკ, შემუსრა ტფილისი, დაწვა ცეცხლითა და მოაოხრა ყოველნი არენი მისნი.
და თევდოსი, მეფე აფხაზთა, გამოვიდა წინა-აღმდგომად მისა, და დადგა კვერცხობს. ხოლო ბუღა, როცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თვისი, და ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნენ და გააქციეს აფხაზნი, და ამოწყდა სიმრავლე ურიცხვი. და თევდოსი მეფე წავიდა მეოტი გზასა დვალეთისასა.
და თევდოსი, მეფე აფხაზთა, გამოვიდა წინა-აღმდგომად მისა, და დადგა კვერცხობს. ხოლო ბუღა, როცა ცნა, წარავლინა ზირაქ, სპასალარი თვისი, და ბაგრატ, ძე აშოტ კურაპალატისა: შეიბნენ და გააქციეს აფხაზნი, და ამოწყდა სიმრავლე ურიცხვი. და თევდოსი მეფე წავიდა მეოტი გზასა დვალეთისასა.
კვლავ უკუ-მოქცეულთა დაუდგნენ წინა გარდაბანელნი ჯვარის-გვერდსა, და ავნეს დიდად ლაშქარსა. როცა ცნა ბუღა, აიყარა იქიდან და მოვიდა ჭართალეთს, და დადგა იქ შინა; აიყვანა მთიულთაგან მძევალნი, კაცი სამასი, და ლამობდა შესლვასა ოვსეთად, და შევიდა ცხავატამდე. ხოლო აბულაბაზ სომეხთა ერისთავმა და გუარამ აშოტის ძემ მიუწერეს მთიულთა, რათა არა შეუშვან. ხოლო მათ გაწირეს მძევალნი მათნი. უშველა ღმერთმან: რამეთუ მოვიდა თოვლი, დაუდგნენ წინა და შეებნენ. მოსცა ღმერთმან ძლევა, და მოკვდა ურიცხვი ერი სარკინოზთა; და ცხენმან მათმან ძოვა იელი, და დაიხოცა ფრიად. ხოლო სიმრავლისაგან ლაშქრისა არა აჩნდა დაკლება, რამეთუ იყო სიმრავლე მისი ასოცი ათასი.
გაბრუნდა უკან და დაიზამთრა ბარდავს და შეიპყრა ხუცისა ვინმე ძე, რომელიც გამთავრებულ იყო, და შემუსრა გარდაბანი. გააღო კარი დარუბანდისა და გამოიყვანა ხაზარნი, სახლი სამასი, და დასხა იგინი შამქორს. დარიალიდან გამოიყვანა ოვსნი სახლი ასი, და დასხა იგინი დმანისს, და ენება ზაფხულის შესლვა ოვსეთად. ხოლო ამირმუმნმა როცა ცნა, რომ ხაზართა, ტომთა მისთა, ზრახავს, მოუვლინა ბუღას, რათა დაუტევოს ქართლი ჰუმედს, ხალილის ძესა. და წავიდა ბუღა, და ამირობდა ჰუმედ, ხალილის ძე. და გადააყენა ამირამან მან ჰუმედ და დაადგინა ისე შიხის ძე, ნათესავი ჰუმედისივე.
და ქორეპისკოპოსი იყო გაბრიელ დონაური, ძმა სამოელ ქორეპისკოპოსისა. და წავიდა ისე, და მოვიდა სხვა ამირა, აბრაჰამ. და მოვიდა კვლავ ამირად ხალილის ძე ჰუმედ, და უფროს ნებიერად დაიპყრა ყოველი ესე ქვეყანა: სომხითი, ქართლი და რანი.
და წავიდა ხალილის ძე, და დადგა ამირად კაცი სააკის მონათაგანი, სახელით გაბულოც. ხოლო გუარამ, ძემან აშოტ კურაპალატისა, შეიპყრა გაბულოც და გაგზავნა საბერძნეთად: რამეთუ განდიდებულ იყო გაბულოც და დაემორჩილნენ გარდაბანელნი.
და ებრძოდა აშოტ მამის ძმისწულსა მისსა, ძმასა გუარამისსა. ხოლო გუარამს დაეპყრა ჯავახეთი, თრიალეთი, ტაშირი და აბოცი, და არტანი. და ებრძოდა სარკინოზთა: ზოგჯერ სძლევდა გუარამ და ზოგჯერ სარკინოზნი. ხოლო გუარამ გაუყო ქვეყანანი ძმათა თვისთა ადარნასეს და ბაგრატს, და აბოცი გაუყო ცოლის ძმასა თვისსა სომეხთა მეფესა.
მას ჟამსა გამოვიდა გიორგი, აფხაზთა მეფე, ძმა თეოდოსესი და დემეტრესი, ძე ლეონისი; დაიპყრა ქართლი და დაუტევა ერისთავად ჩიხას ტინენ ძე დემეტრესი, და როცა გარდაიცვალა გიორგი აფხაზთა მეფე, დარჩა ძე დემეტრესი მცირე, რომელსაც ერქვა ბაგრატ. და ცოლმან გიორგი მეფისამან მოკლა ძე დემეტრესი, ერისთავი ჩიხისა. და შეუკავშირდა იგი ივანე მთავარსა შავლიანსა, და ჩააგდეს ბაგრატ ზღვასა. ხოლო ღმერთმა განარიდა იგი, და მიიწია ქალაქად კოსტანტინეპოლედ. და მოჰგვარა მეფემან იოვანე ძესა თვისსა ადარნასეს ცოლი, ასული გუარამ აშოტის ძისა. და მოკვდა იოვანე, მეფე აფხაზთა, და მეფობდა მის წილ ძე მისი ადარნასე. და დაიპყრა ლიპარიტმა ქვეყანანი თრიალეთისანი, ააგო ციხე კლდე-კართა და იპატრონა დავით ბაგრატის ძე.
ხოლო ნასრა, ძე გუარამისი, და გურგენ იყვნენ აფხაზთა მოკავშირედ, ხოლო დავით და ლიპარიტ უშველდნენ სომეხთა, და იბრძოდნენ სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა. მას ჟამსა მონაზონ იქმნა გუარამ.
და როცა მოკვდა კახთა ქორეპისკოპოსი გაბრიელ დონაური, დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა არევმანელი, კაცი ბრძენი და საქმის-მეცნიერი.
მას ჟამსა, როცა მიიტყუა ნასრა ძემან გუარამისმან დავით ძე ბაგრატისი, მამის ძმისწული მისი, და მოკლა იგი.
ხოლო ნასრას მტერად შეიკრიბნენ სომეხნი, ლიპარიტ და ქართველნი, და აშოტ ძმა დავითისი, და მათ თანა სარკინოზნი. და შეებნენ ნასრას და გააქციეს, და წაართვეს ციხენი. და წავიდა საბერძნეთს წინაშე ბერძენთა მეფისა.
და მოკვდა გუარამ ძე აშოტისი, და დამარხეს ოპიზას, მეორედ მისგან აშენებულსა.
ხოლო ბაგრატ, ძე აფხაზთა მეფისა დემეტრესი, შესულ იყო საბერძნეთად, კოსტანტინეპოლედ, და მოსცა ბერძენთა მეფემან ლაშქარი, და მოგზავნა ზღვიდან და ნავითა შემოვიდა აფხაზეთს, და მოკლა ადარნასე, ძე იოვანესი, და დაიპყრა აფხაზეთი. და შეირთო ცოლი მისი ცოლად, ასული გუარამისი; და გამოიყვანა ბაგრატ აფხაზთა მეფემან ნასრა ცოლის ძმა მისი საბერძნეთიდან და მისცა ლაშქარი მისი. ხოლო ნასრამ დიპყრა სამნი ციხენი სამცხეს: ოძრხე, ჯვარის-ციხე და ლომსიანთა, გუარამისივე აშენებული.
მოვიდენ გურგენ და ადარნასე, ძე დავითისი; უშველეს სომეხთა, შეიბნენ მტკვარსა ზედა; იძლივნენ აფხაზნი, მოკლეს ნასრა და ბაყათარ, მთავარი ოვსი, და ერისთავი აფხაზთა.
ხოლო ფადლა ქორეპისკოპოსი გაძლიერდა და დაიმორჩილა გარდაბანელნი. შემდგომად მისსა დაჯდა კვირიკე ქორეპისკოპოსად; და იპყრობდნენ ქართლს აზნაურნი.
მას ჟამსა გამოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი, და ემტერა სომეხთა მეფე სუმბატ ტიეზერაკალი; გამოილაშქრა სპითა დიდითა, და მოადგა უფლისციხესა, და მოიტანეს პალან-კურდანი, ამოიტანეს ზემო-კერძო და აიღეს ციხე ხერხითა. ხოლო კეთილად იმძახლეს სუმბატ და კოსტანტი, და უკუ-მოსცა უფლისციხე და ყოველი ქართლი.
ხოლო ამისსა შემდგომად მოვიდა ამირა აგარიანი, სახელით აბულ-კასიმ, ძე აბუსაჯისი, რომელიც გამოეგზავნა ამირმუმნსა სპითა დიდითა და ურიცხვითა, რომელთაც არა იტევდა ქვეყანა. მოვიდა პირველად სომხითს, და მოსრა ყოველი სომხითი, სივნეთი, ვაეძორი და ვასპურაკანი. და სუმბატ სომეხთა მეფემ ვერ დაუდგა და წამოვიდა იქიდან მეოტობით და მიმართა მთათა აფხაზეთისათა, და იქ იმყოფებოდა.
და მოვიდა აბუ-საჯის ძე ტფილისს, და მას ჟამსა ამირა იყო ჯაფარ, ძე ალისი, მოვიდა და მოადგა უჯარმას. შიგა იდგა სამასი კაცი, და ებრძოდნენ მრავალთა დღეთა. და როცა იხილეს, რამეთუ ვერ დაუდგებოდნენ, დააგდეს ღამე და გადაიხვეწნენ: რომელნიმე წავიდნენ და რომელთამე დაეწიეს და დახოცეს. როცა ცნეს ბოჭორმელთა ციხოვანთა წაღება უჯარმისა, დააგდეს ციხე და გადაიხვეწნენ. რაჟამს მოვიდნენ, იპოვეს იგი უკაცური და თქვეს: რომელიც უბრალო სადგომი იყო, იქ შინა ფიცხლად შეგვებნენ; და რომელიც ციხე არის, იგი უკაცურად დაუგდიათ“. აიღეს ბოჭორმა და დაიჭირეს ციხედვე, და უჯარმის ზღუდენი დაარღვიეს.
ხოლო კვირიკე ქორეპისკოპოსმა როცა იხილა, რომ არა იყო ღონე მისი, მიენდო ფიცითა, მივიდა და ნახა; და ჰკითხა მან: „ვინ გაწვია აქა მოსლვა?“ და უთხრა: „მაწვია დედამან ჩემმან“. და თქვა: „არა ვატკინო გული ერთისა შემხედვარსა“. და შეუყვარდა სიკეთისა მისისათვის და განუტევა, თუმცა ბოჭორმა თვით დაიჭირა.
შემდგომად ამისა შემოვიდა ქართლად, და მოაოხრა ქართლი; და ვიდრე იგი შემოვიდოდა, მოარღვიეს ზღუდენი უფლისციხისანი, რათა არა დაიჭირონ. შევიდა იქიდან სამცხეს, და მოაოხრა სამცხე და ჯავახეთი, მოადგა ციხესა თმოგვისასა. და როცა იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა იქიდან, მოვიდა ყველს, მოადგა გარე და უწყო ბრძოლად.
იყო იქ შინა ჭაბუკი ერთი, სახელით გობრონ; ებრძოდა შიგნით გამოღმართ ყოველთა დღეთა მოყვასთა თვისთა თანა. და როცა აიღეს ციხე იგი, შეიპყრეს წმიდა გობრონ და აწამეს, რომლისა წამება მისი ვრცლად აღწერა წმიდამან მამამან ჩვენმან სტეფანე მტბევარ ეპისკოპოსმა.
აიყარა იქიდან და წავიდა დვინად ქალაქად. მოვიდენ და უთხრეს, რომ სუმბატ მეფე შევიდა ციხესა კაპოეტისასა; მსწრაფლად აიყარა და მიუმცნო ლაშქარსა თვისსა, რათა ყოველი კაცი, რომელიც იპოვონ ცოცხალი, გამოიყვანონ მის წინაშე. მოვიდა და მოადგა ციხესა კაპოეტისასა; და ციხოვანთა დედა-წული რომელიც იპოვა გარეთ, შეიპყრა ხელთა. ამისთვის მოსცეს ციხე და შეიპყრეს სუმბატ; წაიყვანა დვინს, ჩამოჰკიდა ძელსა და მოკვდა.
შემდგომად ამისა, როცა გავიდა წელნი რამდენიმე და მოეშენა ქვეყანა. მაშინ უხმო კვირიკე ქორეპისკოპოსმან კოსტანტი აფხაზთა მეფესა; ჩავიდნენ ჰერეთად და მოადგნენ ციხესა ვეჟინისასა. აფხაზთა მეფე მოადგა ზედათ-კერძო, და კვირიკე ქვემოთ. და როცა მისწურეს წაღებად, მაშინ ადარნასე პატრიკი მოვიდა, პარასკევის ჯვარსა მიუპყრა ზავის პირი, მოსცა აფხაზთა მეფესა არიში, გავაზნი, და კვირიკეს ორჭობი. როცა დაიზავნენ, და შემოიქცენ, მოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, ილოცა ალავერდს წმიდის გიორგის წინაშე, და შემოსა ხატი მისი ოქროთა. ხოლო ლაშქარი მისი უმრავლესი წარავლინა გზასა გარესა და ფრიად პატივ-სცა კვირიკე ქორეპისკოპოსმა, და წავიდა ქვეყანად თვისად.
შემდგომად მცირედთა დღეთა გარდაიცვალა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, და იშლებოდა ქვეყანა აფხაზეთისა ჟამ რამდენიმე. რამეთუ ჰყავდა ძენი ორნი კოსტანტი მეფესა: ერთი უხუცესი და მეორე, რომელიც უშვა მეორემან ცოლმან, უმრწემესი. უხუცესსა ერქვა გიორგი, უმრწემესსა ბაგრატ. და იყო მათ შორის ბრძოლა ფიცხელი, რომელიც თვითოეულად ჰპოვო ცხოვრებასა მათსა.
ხოლო ესე ბაგრატ სიძე იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავისა; უშველდა გურგენ ყოვლითა ძალითა მისითა. ვიდრე არა მიიცვალა ბაგრატ, არა იყო მშვიდობა და შემდგომად სიკვდილისა მისისა მიიღო სრულობით მეფობა აფხაზთა გიორგი მეფემან. იყო იგი სრული ყოვლითა სიკეთითა, სიმხნითა და ახოვნებითა; ღმრთის-მოყვარე იყო, უმეტეს ყოველთა მაშენებელი ეკლესიათა, მოწყალე გლახაკთა, უხვი და მდაბალი, და ყოვლითა კეთილითა და სათნოებითა სრული. ამან განაგნა და განაწყვნა ყოველნი საქმენი მამულსა და სამეფოსა მისსა: ააშენა საყდარი ჭყონდიდისა, შექმნა საეპისკოპოსოდ, და განამშვენა იგი ნაწილთა სიმრავლითა წმიდათა მარტვილთათა.
მას ჟამსა გარდაიცვალა კვირიკე ქორეპისკოპოსი, და დაჯდა ქორეპისკოპოსად ფადლა, ძე კვირიკესი; ამან ააგო ციხე ლოწობანთა. ამასვე ჟამსა მოვიდენ სარკინოზნი, რომელთაც უძახდნენ საჯებს, და მოტყვენეს კახეთი, და დაწვეს ჯვარი და მცხეთა. და შეიქცნენ და წავიდნენ და წარიტანეს თანა ჯვარი პატიოსანი დაჭრილი. და შეედვათ სნება მუცლისა, და გულის-ხმა ყვეს, რომ ჯვარისაგან ევნოთ. შეკრიბეს ნაწილნი და წარმოსცეს ჯვარსა. ჩაიკრიბენ ბუდესა შინა და აღმართეს ადგილსავე თვისსა.
და ჰერეთსავე, მეფობამდე იშხანიკისსა, პირველნი ყოველნი იყვნენ მწვალებელნი; ხოლო იშხანიკ დისწული იყო გურგენ ერისთავთ-ერისთავისა, და დედამან მისმან მოაქცია მართლ-მადიდებელად, დინარ დედოფალმან. და სალარიანთა დაეპყრა მაშინ ბარდავი და ადარბადაგანი.
ხოლო გიორგი აფხაზთა მეფემან მისცა ქართლი ძესა თვისსა უხუცესსა კოსტანტის.
და როცა დაჰყო კონსტანტინემ სამი წელიწადი, იწყო მტერობად მამისა თვისისა და ძებნად მეფობისა. და როცა გამოცხადდა საქმე მისი, შედგა იგი უფლისციხეს და შეუდგენ თანა ტბელნი და სხვანი მრავალი აზნაურნი.
ხოლო გიორგი მეფემან როცა დაიდასტურა განდგომა ძისა თვისისა, და გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა თვისითა, და მოიყვანა ტაოელნი მეფენი და ფადლა ქორეპისკოპოსი, და მოადგნენ უფლისციხეს. და ებრძოდნენ მრავალთა დღეთა და ვერა-რას ავნებდენ ციხესა, რადგან მრავლად იდგნენ შიგნით. ზოგსა დღესა შეიბმებოდნენ ცხენითა, და ზოგსა დღესა ქვეითნი.
მაშინ გიორგი მეფემან გადმოიბირა აზნაურნი საზვერელნი რომლებიც ეუბნებოდნენ უფლისწულს: „გამოხვედ, ჩვენ წაგიყვანოთ აფხაზეთად, შენ დაჯექ მეფედ და მამა შენი დარჩეს გარეთ“. ხოლო მან დაიჯერა და მიენდო, თუმცა აზნაურნი იგი, რომელნიც უდგეს თანა, უშლიდეს საქმესა ამას, და მან არა ისმინა მათი. გამოვიდა ღამე ტივითა მტკვარსა, და როცა განეწურა პირსა მტკვრისასა, ვერ-ღა-რა დაითმინეს და მიეტევნენ შეპყრობად. და როცა იგრძნა ზაკულება მათი, შეაქცია ტივნი უკან, რათა შესულიყო ციხესავე. ვერ-ღა-რა დაიმორჩილა ტივნი და ჩახდა ადგილსა, სადაც ტივნი დადგებოდა. შეიქმნა ხმა, გამოვიდა მეფე და ყოველი ლაშქარი; დაიცვეს ციხე გარეშემო. და რაჟამს გათენდა, იწყეს ძებნად. ხოლო იგი გამოსულ იყო წყლიდან, და შესულ იყო ნაპრალსა კლდისასა, და იქ დამალულ იყო. იპოვა იგი კაცმან ვინმე უნდომან, შეიპყრეს და მოჰგვარეს მეფესა, და მეფემან გააპატიჟა ბოროტად: პირველად თვალნი დაწვეს და მერე გამოყვერეს, და მოკვდა. ხოლო აზნაურნი, რომელნიც იდგნენ ციხესა ძინა, მინდობით გამოიყვანა, და ტბელნი განუტევა მშვიდობით, და გაგზავნა იგინი ვასპურაკანს.
გარდაიცვალა ფადლა ქორეპისკოპოსი, და დაჯდა კვირიკე ქორეპისკოპოსად. ამისა შემდგომად განდგენ აზნაურნი გარდაბანელნი, იწყეს ზრახვად გიორგი მეფისა. გამოილაშქრა გიორგი მეფემან, ჩავიდა კახეთად, მოწვა და გაწყვიტა, და წავიდა თვისადვე ქვეყანად. კვლავ დადგა ატენს და ძე მისი ლეონ იყო ერისთავად ქართლისა; და აწვია ყოველი ლაშქარი კვლავ ჩასლვად კახეთად. როცა ცნა კვირიკემ, რომ ვერ დაუდგებოდა, მოვიდა მათ წინაშე. და კვლავ ენება გაპარვა ზაკვით, შეიპყრა ხელთა და წავიდა კახეთად, რათამცა დედა-წული მისი აკრიბა ხელთა და გადაეხვეწა ადრიდანვე, რამეთუ აცნობეს აზნაურთა ქართველთა.
შემოერთო შურტა, ძმა კვირიკე ქორეპისკოპოსისა, გიორგი მეფესა, და მოუტანა თანა ციხე მისი უჯარმო; და ეუფლეს სხვათაცა ციხეთა კახეთისათა გარდა სამთა ციხეთა: ნახჭევანისა, ბოჭორმისა და ლოწობანთა.
ლოწობანი ჰქონდა ივანე არშის ძესა, და გამაგრდა შიგან, გაწირა პატრონი. აუგეს შურის-ციხე და დააყენეს შიგან ლაშქარნი. და ციხე მარანისა ჰქონდა მაშინ ხახუასა, არშის ძესავე, ძმასა ივანესსა; ლამობდა მსგავსად ძმისა თვისისა მკლავითა დაჭირვასა. მივიდა მეფე, უბრძანა შებმა ლაშქართა. ხოლო მათ აიღეს ხერხითა და ხახუა მოიყვანეს შეპყრობილი წინაშე მეფისა; და მეფემან წარგზავნა პყრობილად ჯიქეთს.
ციხე ნახჭევანისა ჰქონდა ფადლას, ძესა კვირიკესსა. იგიცა გამაგრდა შიგან. როცა იხილა კვირიკე ქორეპისკოპოსმა, რამეთუ აღარ იყო ღონე მისი, ითხოვა სიმტკიცე ცოცხლებით გაგზავნისა, და დაულოცა კახეთი გიორგი მეფესა. ხოლო ლეონ, ძე მეფისა, არა ლამოდა განტევებასა კვირიკესსა, რამეთუ არცა პირველ შეპყრობასა იყო ნება მისი, მაგრამ არა უსმინა მამამან მისმან. და კვირიკემ ესე პირი ითხოვა, რათა მას ზამთარსა არა აიღონ ციხე ბოჭორმა, და შემდგომად აღვსებისა წავიდენ და ნება მისცეს. ამისთვის აიღეს ციხე ნახჭევანისა და შვილი ერთი უმრწემესი, დავით, მძევლად, და განუტევეს დღესა ლამპრობასა.
წავიდა მეფე აფხაზეთად, და შევიდა კვირიკე ბოჭორმას; ეკაზმოდა და ლამობდა შემდგომად აღვსებისა წასლვასა. მაშინ შეეზრახნენ აზნაურნი ქართველნი და მათ თანა კახნი: გოდერძი მგდეური, მამა ყანჩაელი, დაჩი კორინთელი, დაჩი და ივანე სხვილოსელნი, სარა და გრიგოლ ძმანი ფხვენელნი, და მათ თანა ორმოცდაათი აზნაური სხვა, და მიერთნენ კვირიკეს. დაუწყეს ბრძოლად ციხეთა, და მცირედთა დღეთა აიღეს ციხენი ყოველნი; დაარღვიეს შურის-ციხე და ლოწობანთა, და კვლავ ეუფლა კვირიკე მამულსა თვისსა.
მოვიდენ და უთხრეს გიორგი მეფესა წაღება კახეთისა, დაუმძიმდა დიდად, და აბრალა ყოველთა ვინ-ცა-ვინ ურჩია გაშვება კვირიკე ქორეპისკოპოსისა. და როცა ამას შინა გადახდა ზამთარი, კვლავ გაგზავნა ლაშქარი თვისი, და ძე მისი ლეონ უჩინა წინა-მძღვრად. და მივიდა და მოწვა კახეთი, და მასვე ლაშქრობასა შინა მოართვეს ამბავი: მიცვალება დიდისა და ღმრთის-მოყვარისა გიორგი მეფისა. მაშინ მოუწოდა ლეონ კვირიკე ქორეპისკოპოსსა; და შეკრიბენ ბაზალეთს, ტბისა პირსა, თითო ცხენოსნითა, და ისაუბრეს დღე ერთი, ვიდრემდე განუცხადა მიცვალება მამისა თვისისა. და აჰკიდა სიყვარული, და უქადა ძისა მისისა სიძობა. და როცა ესმა ესე კვირიკეს, გადახდა ცხენისაგან, და თაყვანის-ცემითა მისცა მადლი, და გაიხარა ზავი და სიყვარული, და უფროს პირი მძახლობისა.
გაბრუნდა ლეონ და ეუფლა მამულსა და სამეფოსა თვისსა, რამეთუ მაშინვე ჩავიდა აფხაზეთად. და განადიდა უფალმან ღმერთმან მეფობა მისი მსგავსად მამისა მისისა. იყო იგიცა ღმრთის-მოყვარე და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან აღაშენა ეკლესია მოქვისა და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, აკურთხა და განასრულა ყოვლითა განგებითა. და როცა ეუფლა მამულსა თვისსა, აუსრულა აღთქმა თვისი კვირიკე ქორეპისკოპოსსა, და მისცა ასული თვისი ცოლად ძესა მისსა. და შემდგომად მცირედისა მოკვდა ასული ლეონისი.
კვლავ იწყო მტერობად კვირიკესა და ძებნად კახეთისა; გაილაშქრა სპითა დიდითა, ჩადგა არაგვის პირსა, გაწყვიტა მუხნარი, ხერკი და ბაზალეთი, და მასვე ლაშქრობასა დასნეულდა, გაბრუნდა შინ და მოკვდა.
შემდგომად მისსა დაჯდა დემეტრე მეფედ, ძმა ლეონისი, და ეუფლა ქართლსა. და როცა მოიწყო სამეფო თვისი, გავიდა ამას შინა ჟამნი. და იყო ძმა მისი თეოდოსი საბერძნეთს, უხმეს კაცთა ვიეთმე ამის ქვეყანისათა, რათა გამოვიდენ ძმასა თვისსა ზედა. რამეთუ სიცოცხლესავე დიდისა გიორგი აფხაზთა მეფისასა გაეგზავნა ორნი შვილნი საბერძნეთს, თეოდოსი და ბაგრატ, რათა იქ იზრდებოდნენ, ამისთვის რათა შემდგომად სიკვდილისა მისისა არა იყოს მათ შორის ბრძოლა და ხდომა.
გამოვიდა თეოდოსი საბერძნეთიდან, მოვიდა სამცხეს, და დადგა მარგის მერეს, უხმობდა მესხთა აზნაურთა, იკრებდა ლაშქართა და ლამობდა მკლავითა თვისითა აღებასა მამულისა თვისისასა. ხოლო დემეტრე მეფემან წარავლინა ლაშქარი თვისი, დაესხნენ უგრძნეულად და გააქციეს თეოდოსი. წავიდა ქართლს და მიმართა ადარნასეს, ძამელსა მთავარსა; შეიყვანეს იგი ძამის ციხესა და იქიდან გამოღმართ ეძიებდა საქმესა თვისსა.
მაშინ დემეტრე მეფემან მიგზავნა ლაშქარი თვისი, მოადგენ ციხესა ძამისასა, და ებრძოდენ სამ თვეს. და ციხიდან გამოღმართ ევნებოდათ ფრიად. და როცა გაუჭირდათ ციხოვანთა, ითხოვეს ფიცი და სიმტკიცე, რათა განუტეონ თეოდოსი და წავიდენ მშვიდობით. და მათ მიინდვეს იგი, და გაგზავნეს მშვიდობით. წავიდა წინაშე დავით კურაპალატისა, და იქ დაყო წელიწადი ერთი.
და კვლავ წამოვიდა ტაოდან და მოვიდა კახეთად. მაშინ მოუგზავნა მოციქული დემეტრე მეფემან თეოდოსის და კვირიკე ქორეპისკოპოსსა და უთხრა: „რადგან მოვიდა ძმა ჩემი საბერძნეთიდან, არა დაილევა ჩვენ შორის ბრძოლა, სიტყვითა კაცთათა; აწ შუა-მდგომელობითა შენითა მომანდევ ძმა ჩემი, და ვიყვნეთ ორნივე სწორად უფალ მამულსა ჩვენსა, როგორცა ვიყავით უწინარეს მე და ლეონ; და აიღე ჩემგან სიმტკიცე და შუა-მდგომელნი, და შენგან დიდად დავიმადლო საქმე ესე“. როცა ცნა კვირიკე ქორეპისკოპოსმა სიტყვა დემეტრე მეფისა, მოიყვანა თეოდოსი და აწვია მინდობა მისი, და ეტყოდა: „მე ვიყო მეძიებელი სისხლისა შენისა“. და თეოდოსი მიანდო ძმასა თვისსა და გაგზავნა.
მაშინ წაიყვანეს იგი ფიცითა და სიმტკიცითა, რომლითა ეფიცნენ წინაშე სვეტსა ცხოველსა კათალიკოსი, მღვდელთ-მოძღვარნი და დიდებულნი ყოველნი. და როცა მოვიდა თეოდოსი წინაშე ძმისა თვისისა, დაყო დღენი მცირედნი. ხოლო დემეტრე მეფემან დაივიწყა შუა-მდგომლობა ღმრთისა და კაცთა, და შემართა ფიცთა გატეხა: შეიპყრა თეოდოსი და დაწვა თვალნი. და როცა იხილეს ესე მყოფთა მამულისა მისისათა, ძიება ყვეს ძმისა მათისა, რომელსაც ერქვა ჭალა-მეფე, და ვერ შეუძლეს ამისი ქმნა, რამეთუ დემეტრე მეფე იყო მხნე და ახოვანი. და რაჟამს აღესრულა დემეტრე მეფე, იხილეს ყოველთა მკვიდრთა ქვეყანისათა, რომ არღარა დარჩა მკვიდრი აფხაზეთისა და ქართლისა, გამოიყვანეს თეოდოსი, და დასვეს მეფედ.
მაშინ მოვიდნენ კახნი და მოადგენ უფლისციხესა. და იყო მათ ჟამთა ერისთავი ქართლისა ივანე მარუშის ძე, კაცი ძლიერი და ერმრავალი. ამან წარავლინა მოციქული წინაშე დავით კურაპალატისა; აწვია, რათა გამოილაშქროს ძალითა მისითა, აიღოს ქართლი: ან დაიჭიროს თვით, ან უბოძოს ბაგრატს, ძესა გურგენისსა, ასულის-წულსა გიორგი აფხაზთა მეფისასა, რომელსაც ეკუთვნოდა დედულად აფხაზეთი და ქართლი. ესევე ივანე მარუშის ძე ეძებდა ბაგრატს მეფედ. და როცა მოისმინა დავით კურაპალატმა სიტყვა ივანე მარუშის ძისა, წარმოემართა ძალითა თვისითა ყოვლითა, და მოვიდა ქართლად. და რაჟამს ცნეს მოსლვა მისი კახთა, წავიდნენ როგორცა მეოტნი და დაუტევეს ქართლი.
მოვიდა დავით კურაპალატი, ჩამოდგა ქვახვრელთა; მოეგება წინა ქართლის ერისთავი ივანე მარუშის ძე, აიღო მისგან უფლისციხე, და მიუბოძა ბაგრატს და მამასა მისსა გურგენს, რამეთუ არა ესვა შვილი დავით კურაპალატსა, და ბაგრატ, ძე გურგენისი, გაეზარდა შვილად თვისად.
ესე დავით კურაპალატი უმეტეს განდიდდა ყოველთა მეფეთა ტაოსთა. რამეთუ იყო პირველად ღმრთის-მოყვარე და გლახაკთ-მოწყალე, მდაბალი მშვიდი და ძვირ-უხსენებელი, ეკლესიათა მაშენებელი, ტკბილი, უხვი, კაცთ-მოყვარე და ფიჩოსანთ-მოყვარე, ყოველთათვის კეთილის-მყოფელი და სავსე ყოვლითა კეთილითა. ამან ააშენა მონასტერი და საყდარი ღმრთისა, წმიდა ეკლესია ხახულისა.
და როცა გაბრუნდა იქიდან, დაუტევნა უფლისციხეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ. მას ჟამსა იყო ბაგრატ ჯერეთ ასაკითა თვისითა უსრულ, ამისთვის თანა-განმგებელად დაუტევა მამა მისი გურგენ. შემოკრიბა ქართველნი აზნაურნი და უბრძანა: „ესე არის მკვიდრი ტაოსი, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილი და გაზრდილი ჩემი, და მე ვარ მოურავი ამისი და თანა-შემწე; ამას დაემორჩილენით ყოველნი“. და დაყვნა დღენი მცირედნი და წავიდა ტაოს.
გავიდა ამას შინა ჟამნი რამდენიმე, იწყეს კვლავ მედგრობად ზაკულებით, როგორც არის ჩვეულება ქართლისა აზნაურთა: მოელაპარაკეს ნაქურდეველთა და საბოტარელთა, და მოიყვანეს ლაშქარნი კახეთიდან; და გასცეს უფლისციხე, შეიპყრეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, წაიყვანეს კახეთად.
რაჟამს ცნა ესე დავით კურაპალატმა, დაუმძიმდა ფრიად, გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა მისითა, მოვიდა თრიალეთს ჩასლვად კახეთად. რაჟამს ცნეს კახთა, მოუგზავნეს მოციქული და მოუპყრეს პირი ზავისა: განუტევნეს გურგენ და ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, და დაუბრუნეს ქართლი და უფლისციხე, ხოლო წირქუალის ციხე და გრუი თვით დაიჭირეს. მას ჟამსა ეპყრა უფლისციხე და ქართლი გუარანდუხტ დედოფალსა. ესე გუარანდუხტ დედოფალი ასული იყო გიორგი აფხაზთა მეფისა და დედა ბაგრატისი.
როდესაც გავიდა ამას შინა წელიწადი სამი, და მეფობდა აფხაზეთს თეოდოსი მწუხარე. განირყვნა ქვეყანა იგი და შეიცვალა ყოველი წესი და განგება, პირველთა მეფეთაგან განწესებული იხილეს რა წარჩინებულთა მის ქვეყანისათა, იყვნენ ყოველნი ერთობით მწუხარებასა შინა დიდსა.
ამანვე ივანე მარუშის ძემან ინება, რათა მოიყვანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა და მის თანა ყოველთა დიდებულთა, ერისთავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისგან. ხოლო მან დიდითა იძულებითა ძნელად აღასრულა თხოვა მათი; როგორც ვთქვი პირველად, უშვილო იყო დავით კურაპალატი, და ბაგრატ გაეზარდა შვილად, მპყრობელად ორისავე კერძოსა ტაოსა. და რაჟამს უმკვიდრო ქმნილ იყო ქვეყანა ქართლისა და აფხაზეთისა, მოსცა მათ სიმტკიცითა და მძევლითა.
ჩაიყვანეს იგი აფხაზეთს, დალოცეს მეფედ და დაემორჩილენ ყოველნი ბრძანებასა მისსა: რამეთუ განსრულებულ იყო ასაკითა. და როცა გავიდა ამას შინა წელიწადი ორი, იწყო განგებად და საურავად და განმართებად ყოველსა საქმესა მსგავსად პაპისა მისისა, დიდისა გიორგი მეფისა, გინა თუ უმეტესადრე ვთქვა, რამეთუ ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისა თვისისასა, დიდისა მეფისა დავით კურაპალატისასა, და იხილვებოდა მის თანა ყოველი საქმე კეთილისა. გამოგზავნა თეოდოსი მეფე, დედის ძმა მისი, ტაოს წინაშე დავით კურაპალატისა, რამეთუ ესე საქმე გამონახა უმჯობესად, რათა ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, სასოება კეთილისა, გინა შიში უწესოებისათვის მისა მიმართ ქონდეს.
შემდგომად ამისსა გადმოვიდა ქართლს, რათა განეგო საქმენი დაშლილნი ქართლისანი მოვიდა და დადგა თიღვას. ხოლო მას ჟამსა აზნაურთა ქართლისათა რომელთამე არა ენება გადმოსლვა მისი, რამეთუ თვითოე განაგებდნენ საქმეთა ქართლისათა, დაღაცათუ იყვნენ მორჩილებასა შინა გუარანდუხტისასა.
იწინამძღვრეს ქავთარ ტბელი, მოეგებნენ ბრძოლად და დაუდგენ თავსა ზედა მოღრისასა. იხილა რა ბაგრატ აფხაზთა მეფემან, შემოუძახა სპათა თვისთა, მივიდნენ და შეებნენ. იოტნეს ქართველნი: რომელნიმე დახოცეს, რომელნიმე დაიპყრეს და სხვანი კვლავ მეოტნი გადაიხვეწნენ და დაიფანჩნენ. მოვიდა უფლისციხეს, აიღო ციხე დედისაგან თვისისა, დაყვნა დღენი და განაგნა მცირედ საქმენი ქართლისანი; წაიყვანა დედა თვისი და წავიდა ქვეყანად აფხაზეთისა. და როგორც ხელოვანმა მენავეთ-მოძღვარმა განაგო ყოველი საქმე აფხაზეთისა: რამეთუ მცირედ ამხილა ყოველთა, ვინ უკვე იპოვეს ურჩი, და მისსა ადგილსა განადიდეს ერთგული და მისანდობელი თვისი.
და ამას შინა გავიდა წელიწადნი რამდენიმე. იყო მას ჟამსა ერისთავად კლდეკართა რატი, და ჰქონდა ციხე ატენისა და ქართლისაგან მტკვარსა სამხრით-კერძო ყოველივე, თრიალეთი, მანგლის-ხევი და სკვირეთი; არა მორჩილებდა კეთილად ბაგრატ მეფესა.
შეკრიბა საიდუმლოდ სპა თვისი ყოველი ბაგრატ მეფემან და გამოვიდა ქართლს: ენება შეპყრობა რატი ერისთავისა. მაშინ უკვე აუწყეს მსწრაფლ დავით კურაპალატსა და უთხრეს: „არა სადა წავა სხვაგან, არამედ განმზადებულ არის სიკვდილად შენდა.
და შეკაზმულ იყო გურგენ, მამა ბაგრატისი, მისლვად შვილისა თვისისა თანა. ხოლო დავით კურაპალატი წამოვიდა მსწრაფლ, მოუწოდა ლაშქარსა თვისსა და უხმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა. და მაშინ ჯერეთ ცოცხალ იყო პაპა ბაგრატისი, ბაგრატ ქართველთა მეფე; იგიცა მოვიდა დავით კურაპალატისა წინაშე, რამეთუ ეშინოდა ძისა თვისისა გურგენისგან წართმევასა მეფობისასა. მოვიდენ და დადგნენ დლივს სპითა დიდითა, რომელთა არა იყო რიცხვი, და გაგზავნა ლაშქარნი გურგენს ზედა. მიეგებნენ წინა გურგენს, და შეიბნენ გადათხრილთა, თავსა შავშეთისასა; გააქციეს გურგენ, და ჩაიხვეწა მეოტი, და შევიდა ციხესა წეფთისასა.
და შეკაზმულ იყო გურგენ, მამა ბაგრატისი, მისლვად შვილისა თვისისა თანა. ხოლო დავით კურაპალატი წამოვიდა მსწრაფლ, მოუწოდა ლაშქარსა თვისსა და უხმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა. და მაშინ ჯერეთ ცოცხალ იყო პაპა ბაგრატისი, ბაგრატ ქართველთა მეფე; იგიცა მოვიდა დავით კურაპალატისა წინაშე, რამეთუ ეშინოდა ძისა თვისისა გურგენისგან წართმევასა მეფობისასა. მოვიდენ და დადგნენ დლივს სპითა დიდითა, რომელთა არა იყო რიცხვი, და გაგზავნა ლაშქარნი გურგენს ზედა. მიეგებნენ წინა გურგენს, და შეიბნენ გადათხრილთა, თავსა შავშეთისასა; გააქციეს გურგენ, და ჩაიხვეწა მეოტი, და შევიდა ციხესა წეფთისასა.
მას ჟამსა მოსულ იყო ბაგრატ თრიალეთს; დადგა კარუშეთს. გაგზავნა მოციქული, დაათვალიერა ლაშქარი და იხილა, რომ ძალითა არა ეგებოდა წინა-აღდგომა დავით კურაპალატისა. მაშინ დატევა სპანი თვისნი ადგილსა ზედა, და თვით მარტო მივიდა წინაშე მისსა; ითხოვა შენდობა და აუწყა: „სხვისა არა რომლისათვის მოვედ, გარდა არა მორჩილებისათვის რატისა“. ხოლო მან გაგზავნა და უბრძანა ესეთ: „მითხრეს რომ სიკვდილად ჩემდა გამოსულ იყავ, რადგან აწ ვსცან დასტური, რომ უბრალო ხარ. და მითავისუფლებიხარ რატის ზედა: დაიმორჩილე ისე როგორც გწადს“.
მაშინ წამოვიდა სიხარულითა სავსე, და წავიდა მას ჟამსა აფხაზეთადვე, რათა ვერ იგრძნას რატიმ და უგრძნეულად მივიდენ მის წინაშე. როცა მოიწია ჟამი ზამთრისა, მოვიდა ძალითა თვისითა ყოვლითა და მოადგა კლდეკარსა. იხილა რა ესე რატიმ, გამოვიდა გარეთ და გამოიტანა შვილი მისი ლიპარიტ თანა, შევედრა ბაგრატ აფხაზთა მეფესა, და მისცა ციხე თვისი ბაგრატს, და თვით დაჯდა მამულსა თვისსა არგვეთს.
როცა გავიდა ამას შინა ჟამნი რამდენიმე და როგორც ვთქვი პირველვე, მოიწყო და განაგო ყოველნი საქმენი აფხაზეთისანი: ურჩნი თვისნი შეცვალა დიდებისაგან და ადგილთა მათთა დაადგინა ერთგულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა. და აღემატა ყოველთა მეფეთა აფხაზეთისა და ქართლისათა ყოვლითა განგებითა. და განამრავლა ლაშქარი თვისი უმეტეს ყოვლისა ჟამისა.
როცა გავიდა ამას შინა ჟამნი რამდენიმე და როგორც ვთქვი პირველვე, მოიწყო და განაგო ყოველნი საქმენი აფხაზეთისანი: ურჩნი თვისნი შეცვალა დიდებისაგან და ადგილთა მათთა დაადგინა ერთგულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა. და აღემატა ყოველთა მეფეთა აფხაზეთისა და ქართლისათა ყოვლითა განგებითა. და განამრავლა ლაშქარი თვისი უმეტეს ყოვლისა ჟამისა.
გამოილაშქრა ყოვლითა სპითა თვისითა, გადმოვიდა ქართლს, წარგზავნა მოციქული კახეთს, ითხოვა ციხენი ქართლისანი, რომელნიც მათ ჰქონდათ. მას ჟამსა იყო ქორეპისკოპოსი დავით. ხოლო მან არა ინება მოცემა ციხეთა, არამედ მიუმცნო ესეთ: „უკეთუ ეძიებ ციხეთა, იყოს ჩვენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი; ხოლო მე წინა მოგეგებო ქსანსა ზედა“.
განუწყრა ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე. და კურაპალატი იყო მას ჟამსა დლივს, რამეთუ განაგებდა საქმეთა ტაოსა და ქართლისათა, რადგან მაშინ თვითვე ეპყრა ტაო მიცვალებასა ზედა მამისა მათისა გურგენ მეფეთ-მეფისა. წარგზავნა კაცი მოსწრაფედ, აწვია სპათა აფხაზეთისა და ქართლისათა, და თვით წარემართა ზემოთა ლაშქრითა, გაიარა თრიალეთი, გავლო ხიდი მცხეთისა. და მოერთნენ თანა აფხაზნი და ქართველნი. დადგა თიანეთს, და იწყო შემუსრვად კახეთისა. და ვერ წინა-აღუდგა დავით, რამეთუ იყო ძალი მისი ურიცხვი; იწყო ბრძოლად ციხეთა და მას ჟამსა აიღო ქვეყანა ჰერეთისა, და განაჩინა მთავრად აბულალ და წამოვიდა შინა.
და მათვე ჟამთა, რაჟამს წამოვიდა ბაგრატ აფხაზთა მეფე, კვლავ მიიქცენ კაცნი ჰერეთისანი და მიერთნენ დავითს; აიღო დავითმა ჰერეთი. შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა. კვლავ გამოვიდა ყოვლითა სპითა თვისითა ბაგრატ, აიღო მეორედ ჰერეთი. დაიჭირა დინარ დედოფალი თვისად, იწყო ძებნად კახეთისა, და ძალითა მისითა მიუწვდომელითა ორ წელში აიღო ყოველნი ციხენი კახეთისანი. შეამწყვდია კვირიკე ბოჭორმას, და დაუყენა ციხესა გარეშემო მცველნი წელიწდამდი, აიღო ბოჭორმაცა. და დაიპყრა სრულიად ჰერეთი და კახეთი, წამოიყვანა კვირიკე და დაიჭირა თვისსა კარსა ზედა.
მას ჟამსა განდიდდა ფადლონ, ამირა განძისა, იწყო კირთებად ერისთავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყვენვად ადგილითი-ადგილად. ხოლო იხილა რა დიდმან მეფემან ბაგრატ კადნიერება მისი, დიდად შეძრწუნდა და აივსო შურითა. გაემზადა ყოვლითა სპითა მისითა, წარგზავნა მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა სომეხთა მეფისა; აწვია, რათა იძიოს შური ფადლონისგან. ხოლო მან გაიხარა სიხარულითა დიდითა, მოსწრაფედ მოუწოდა ყოველთა სპათა თვისთა, წარმოემართა და მოვიდა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა. შეიკრიბნენ ორნივე ძორაკერტს; მიმართეს ფადლონს, დიდად განლაღებულსა, მოძულესა ქრისტიანეთასა, რომელიც ყოვლითურთ ეძიებდა წარწყმედასა ყოველთა ჯვარის-მსახურთასა. და როცა იხილა ძალი მათი უძლეველი, შეუშინდა, წავიდა და მიმართა სიმაგრეთა შესლვად.
ამან დიდმა და ყოვლითურთ ძლევა-შემოსილმა მეფემან ბაგრატ წარმოტყვენა ქვეყანა რანისა, მოადგა ქალაქსა შამქორსა, დაუდგინა ფილაკავანნი, და მცირედთა დღეთა დალეწეს ზღუდენი შამქორისანი. შემდგომ დღეს ეგულებოდა შემუსრვად და წარტყვენვად ქალაქისა მის. მას ღამესა მოუვლინა მოციქული ფადლონ, ითხოვა შენდობა; აღუთქვა დღეთა შინა სიცოცხლისა მისისათა მსახურება, განუსაზღვრა ხარაჯა და დაუწერა თავის-თავითა ლაშქრობა მტერთა მისთა ზედა მაშინ უბრძანა და შემოკრიბა ყოველნი დიდებულნი წინაშე მისსა; უბრძანა პირველად, რათა დაიჭირონ ქალაქი იგი ძალითა მათითა. იხილეს და განიცადეს, და მოახსენეს, რომ ვერავის ძალ-ედვა. და უფროს ამისთვის, რომ სხვათა ყოველთა სალაშქროთა საქმეთაგან უცალო იქმნებოდა.
კვლავ უბრძანა და განიზრახა დაზავება ფადლონისი. და მათ ყოველთა, სიბრძნითა მათითა, გამოარჩიეს და უმჯობესად აწვიეს ზავი. უბრძანა და გაგზავნა მოციქული, და მისგან აუწყა ზავი დასტური. მაშინ ფადლონ გაიხარა სიხარულითა დიდითა, აღასრულა ყოველი იგი, სიტყვით აღთქმული, საქმით: უძღვნა ძღვენი დიდი და მიუწვდომელი, აავსო ყოველნი დიდებულნი ნიჭითა მიუწვდომელითა, და წამოვიდა შინა გამარჯვებული.
ამანვე დიდმან მეფემან ააშენა საყდარი ბედიისა, და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა იქ გუდაყვისა საეპისკოპოსო, შეწირა სოფელნი მრავალნი ყოველთა ხევთა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასვა ეპისკოპოსი. უკეთუ ვინმეს ენებოს განცდად და გულის-ხმის-ყოფად სიმაღლისათვის დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა ეკლესიისა, და მისგან გულის-ხმა ყოს, რომ არავინ ყოფილა სხვა მეფე მსგავსი მისი ქვეყანასა ქართლისასა და აფხაზეთისასა.
ამანვე აკურთხა ეკლესია ქუთათისისა განგებითა დიდითა და მიუწვდომელითა. რამეთუ შემოკრიბა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი და კათალიკოსნი, მღვდელთ-მოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინა-მძღვარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხვათა ყოველთა სახელმწიფოთანი.
ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე აღემატა ყოველთა ხელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნენ ყოველნი ხელმწიფენი, მახლობელნი და მეთაურნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ როგორცა თვისნი და მისანდობელნი. და დაუმორჩილა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინა-აღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშვიდობა და დიდი დაწყნარება ქვეყანისა. და უკეთუ ვინმე ინებოს თვითოეულად წარმოთქმად ყოველთა განგებულებათა მისთა, მოუძლურდეს ძალი მისი, რომელთაგან მცირედი წარმოვთქვი ჟამთა სიგრძისაგან არადავიწყებისათვის.
და ვთქვა ესეცა, რომ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არავინ გამოჩენილა სხვა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა; ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის-მოქმედი ყოველთა კაცთათვის.
მეფობდა ოცდათექვსმეტ წელს და გარდაიცვალა შემკობილი ჭაღარითა მშვენიერითა, ქორონიკონსა ორას ოცდათოთხმეტსა (=1014), თვესა მაისსა შვიდსა, დღესა პარასკევსა. და იყო დღეთა მიცვალებისა მისისათა ტაოს და წამოიღო გვამი მისი ზვიადმან ერისთავთ-ერისთავმან, და დამარხა ბედიას. შემდგომად მისსა მეფე იქმნა ძე მისი გიორგი და იყო იგიცა სავსე ყოვლითა სიკეთითა.
ხოლო ესე გიორგი ეუფლა ყოველსა მამულსა და სამეფოსა თვისსა ჟამსა ოდენ სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისასა, რამეთუ იყო, რაჟამს მეფე იქმნა, წლისა თორმეტისა.
ხოლო მეშვიდესა წელსა მეფობისა მისისასა გამოვიდა ბასილი, მეფე ბერძენთა, მას ზედა ყოვლითა სპითა საბერძნეთისათა და უცხო-თესლითა ურიცხვითა. ხოლო გიორგი მეფე გავიდა სპითა დიდითა წინა-აღდგომად მისსა. და დაიბანაკეს ორთავემ ქვეყანასა ბასიანისასა მრავალ-დღე, და არა მიმართეს ბრძოლად ურთიერთას. მოერიდა გიორგი მეფე, მოვიდა და დაწვა ქალაქი ოლთისი. და იქიდან მოვიდა კოლას, და გამოუდგა კვალსა, და მოუდგა უკანა ბასილი, მეფე ბერძენთა. და შეიკრიბეს უკანა-მავალნი გიორგისნი და წინა-მავალნი ბასილისნი, და იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა, რომელსაც ქვია შირიმნი. და მოისრენ ორ-კერძო-ვე მრავლად, მოკლეს ერისთავნი და დიდებულნი: რატი, ძე ლიპარიტისი, და ხურსი. და გვიანად ეწია ხმა გიორგი მეფესა, რომ ომი არის უკანა-მავალთა ზედა. მაშინ უბრძანა სპათა თვისთა და აღიჭურნენ მსწრაფლ. გავიდა თვით გიორგი მეფე, რამეთუ ახოვან იყო და უშიში ყოვლითურთ ვითარცა უხორცო, და მის თანა სიმრავლე სპისა მისისა. და მოვიდა იქიდან ბასილი მეფე ყოვლითა სპითა მისითა. შეიკრიბენ იმიერ და ამიერ, იქმნა ბრძოლა დიდი, და მოისრენ ბერძენნი ფრიად, და წამოიღეს ავარი. ისე გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, რომ სივლტოლად განემზადა ბასილი მეფე.
ხოლო რადგან სულ-მოკლე იქმნენ ქართველნი, მოერიდნენ და წამოვიდნენ. გამოუდგნენ უკანა ბერძენნი და დახოცეს ურიცხვნი პირითა მახვილისათა, მოუწია ლაშქარმან არტანს, ტყვე ყვეს და მოაოხრეს არტანი. და რაჟამს წავიდა გიორგი მეფე თრიალეთს, გამოუდგა უკანა, ასწმვიდა ქვეყანა ჯავახეთისა და გადავიდა თრიალეთს. კვლავ დაუახლოვდნენ ურთიერთს, რამეთუ გაძლიერდა გიორგი მეფე და მოირთო ძალი კახეთისა და ჰერეთისა, მაგრამ დაუშალეს შებმა მეორედ.
გაბრუნდა ბასილი მეფე თრიალეთიდან, უკუ-მოიარა ჯავახეთი და არტანი. და კვლავ უბოროტესადრე შურის-გებით მოაოხრა ქვეყანანი იგი; წავიდა და დაიზამთრა ქვეყანასა ხალდისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა. და დადიდოდნენ მათ შორის მოციქულნი ზავისა და სიყვარულისათვის.
მას ჟამსა იქმნა დიდი განდგომილება საბერძნეთს. შეიერთეს სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა და წარიდგინეს ქვეყანა აღმოსავლეთისა. და დიდად შეძრწუნდა ამისთვის ბასილი. მაგრამ პატივ-სცა ღმერთმან მასვე, და მოკლა წარვეზი ქსიფე; და განმდგარნი კვლავ მიერთვნენ. ხოლო ქსიფეს მიეგო ცრუობა წარვეზისა: რამეთუ შეიტყვეს ციხესა დალასანოსთა სისხლისათვის ფოკას ძისა, შეიპყრეს და მოჰგვარეს ბასილი მეფესა, და მან ექსორია ყო კუნძულსა რომელსამე. და მისთანათა მრავალთა მოჰკვეთა თავი მახვილითა, რომელთა თანა იყო ფერის, ძე ჯოჯიკისი, ნათესავით ტაოელი, და სხვანი იყვნენ ბერძენნი.
კვლავ შემოიქცა ბასილი, მოვიდა ბასიანს, ითხოვდა ქვეყანათა და ციხეთა, და აღუთქავმდა ზავსა და მშვიდობასა. ცნა რა გიორგი მეფემან, წარავლინა ზვიადი ერისთავი სპითა მისითა და უბრძანა, რათამცა ზავის მიპყრობითა მცირედ-ხან დაიმჭირვა ადგილსა, და თვით წარუდგა უკანა სპითა ძლიერითა. და განიზრახვიდა ესეთ: „უკეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესეთ; და უკეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მისთვისცა“. ხოლო რომელთაც არა უნდა ყოფად მშვიდობისა, იწყეს განმზადებად ბრძოლად და მივიდენ ბასილი მეფესა ზედა დაბანაკებულსა, რომელსაც უწოდებენ სვინდაქსად.
იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ლაშქრისა მისისა განუწყრა ბასილი მეფე, უბრძანა მოყვანებად ძელისა ცხოვრებისა, და მანდილი წმიდა დადვა ქვეყანასა ზედა, და თქვა: „უკეთუ მიმცე ხელთა მტრისათა, აღარა ვიყო თაყვანის-მცემელ თქვენდამი უკუნისამდე“. და როცა გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, კვლავ მეოტ იქმნენ სპანი ქართველთანი და წამოვიდენ მეოტად, მოისრენ ურიცხვნი პირითა მახვილისათა; და რომელნიმე ტყვე იქმნენ. და წაიღეს ავარი დიდძალი და განძი სამეფო, რომელიც ჰქონდათ თანა.
და გამოუდგა უკანა ბასილი მეფე. ხოლო კვლავ იწყეს საზავო მოლაპარაკება, როგორც პირველ; რამეთუ შიში დიდი ქონდა საბერძნეთით განდგომისა. და ყვეს მშვიდობა და დაიზავეს, და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თვისი ბაგრატ წელიწდისა სამისა და ციხენი რომელიც პირველ გაეცნეს აზნაურთა დაუცალა და მისცა; სხვანიცა ციხენი პირველ მიცემულნი და კიდევ თოთხმეტნი; და ქვეყანა, რომელიც ჰქონდა დავით კურაპალატსა ტაოსთა, ბასიანს, კოლა-არტანთა და ჯავახეთს. ხოლო რომელნიმე ამა ქვეყანათაგან ეკლესიანი, სოფელნი და ადგილნი დაულოცა გიორგი მეფესა. და წავიდა ბასილი მეფე და თანა წაიყვანა ბაგრატ უფლისწული მძევლად ძე გიორგი მეფისა ჩვენისა. აღუთქვა ფიცითა აღთქმა: „წელსა მესამესა გამოგიგზავნო; ძე შენი“. და იყო სამ წელს ქალაქსა სამეფოსა კოსტანტინეპოლეს და წელსა მესამესა გამოგზავნა, როგორც აღუთქვა.
რაჟამს მოიწია მამულსა და სამეფოსა თვისსა, მოჰყვა თანა კატაბანი აღმოსავლეთისა ვიდრე საზღვრამდე მამულისა მისისა. და როცა გაბრუნდა, მოეწია სწრაფით მანდატური და მოართვა კატაბანსა წიგნი კოსტანტინე მეფისა, რომელსა წერილ იყო ესე: „განგებითა ღმრთისათა მიიცვალა სანატრელი ძმა ჩემი, ბასილი მეფე, და ნაცვლად მისსა ვიქმენ მე მეფედ ყოველსა საბერძნეთსა. აწ უკვე, სადაცა მიწევნულ იყოს განსაგებელსა ჩემსა ბაგრატ, ძე გიორგი აფხაზთა ხელმწიფისა, შეაქციეთ სწრაფითა დიდითა, რომ მოიწიოს წინაშე ჩვენსა“.
ხოლო მან, როცა წაიკითხა ბრძანება მეფისა, ენება, რათამცა მოებრუნებინა ბრძანებისამებრ მისისა შეიქცა სწრაფით, დევნა უყო უკანა. რაჟამს მიეახლა, იხილა, რომ სიმრავლე დიდძალი მიგებებულ იყო წინა: დიდებულნი, ერისთავნი და აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართველნი, რომელთა არა იყო რიცხვი სიმრავლისა მათისა. გაბრუნდა და უთხრა მანდატურსა, რომელიც მიწეულ იყო: „უკეთუ ძალ გიც შენ, აქციე, ჩემგან კვლავ ესე აღარა ეგება“.
ჰოი, დიდი საკვირველება და მოწყალება ღმრთისა! რადგან მყის განერა მართალი ხელთაგან მათთა, რომელთაც ენება ზაკვით შექცევა მისი. და თუ ვისმე გენებოს განცდად ესე-ვითართა, შეწევნითა ღმრთისა-მიერითა იხილეთ და განიცადენით ურიცხვნი ხელის აპყრობანი ღმრთისა-მიერნი ამას დიდსა ბაგრატს აფხაზთა მეფესა ზედა, რომელნი არავის ზედა. მოწევნულ იყვნენ სხვისა მეფისა, რომლისათვის ჟამსა და ჟამსა გაუწყოს წინამდებარემან სიტყვამან.
ჰოი, დიდი საკვირველება და მოწყალება ღმრთისა! რადგან მყის განერა მართალი ხელთაგან მათთა, რომელთაც ენება ზაკვით შექცევა მისი. და თუ ვისმე გენებოს განცდად ესე-ვითართა, შეწევნითა ღმრთისა-მიერითა იხილეთ და განიცადენით ურიცხვნი ხელის აპყრობანი ღმრთისა-მიერნი ამას დიდსა ბაგრატს აფხაზთა მეფესა ზედა, რომელნი არავის ზედა. მოწევნულ იყვნენ სხვისა მეფისა, რომლისათვის ჟამსა და ჟამსა გაუწყოს წინამდებარემან სიტყვამან.
როცა უკვე მოიწია წინაშე მამისა თვისისა გიორგი მეფისა, სახლად მათდა ქუთათისს, იხილეს მშობელთა მისთა შვილი მათი მსგავსი განუცდელისა და მიუთხრობელისა სიკეთისა მათისა, ყოვლითურთ მშვენიერი, რომლისა სიკეთისა მისისათვის შეუძლებელ არის კაცთაგან მითხრობა. იხილეს რა, გაიხარეს სიხარულითა მიუთხრობელითა და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. იყო ქორონიკონი მას ჟამსა ორას ორმოცდახუთი (=1025).
შემდგომად ორისა წლისა გარდაიცვალა გიორგი მეფე, სავსე ყოვლითა სიკეთითა, ჟამსა ოდენ სიყრმისასა, რომელც არავინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქველითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა სახელმწიფოთა, ქრონიკონსა ორას ორმოცდაშვიდსა (=1027), თვესა აგვისტოსა თექვსმეტსა, ქვეყანასა თრიალეთისასა, ადგილსა, რომელსაც ეწოდება მყინვარნი ანდა ვიწრონი. და დაუტევა გლოვა და მწუხარება ყოველთა მკვიდრთა მამულისა და სამეფოსა მისისათა. იგლოვდნენ ყოველნი სიკეთისა, და სიჭაბუკისა, და ახოვნებისა მისისათვის. წაიყვანეს და დამარხეს საყდარსა ქუთათისსა.
ჰყავდა შვილნი ოთხნი: ძენი ბაგრატ და დემეტრე, და ასულნი გუარანდუხტ და კატა; მეხუთე შვილი მათი მართა მიცვალებულ იყო შემდგომად მიცვალებისა დიდისა მეფისა გიორგისსა, მასვე ჟამსა მეფე იქმნა ბაგრატ ყოველსა მამულსა და სამეფოსა მისსა ზედა, ზემოსა და ქვემოსა, წელიწადისა ცხრისასა.
ამასვე ჟამსა წავიდნენ აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა. ხოლო კოსტანტინე მეფემან მოქცევასა ოდენ წელიწადისასა გამოგზავნა პარკიმანოზი ლაშქრითა ურიცხვითა, მოვიდა და ჩამოდგა, და მოაოხრა იგივე ქვეყანანი, რომელნიც ბასილი მეფესა მოეოხრეს. მოვიდა თრიალეთს ციხესა ქვეშე კლდე-კართასა; მას ჟამსა ჰქონდა ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავსა, ძესა ლიპარიტისასა. შემოკრიბა სხვანიცა აზნაურნი, დაუდგეს განძათა და შეებნენ ციხესა ქვეშე. რაჟამს იხილა პარკიმანოზმან, რომ ვერას ავნებდა, უკან გაბრუნდა. მასვე ჟამსა წავიდა ჩანჩახი ფალელი საბერძნეთს, მისცა ციხე გარყლობისა, მიერთო ბერძენთა, და არჯევან ჰოლოლას ძემან მისცა ბერძენთა ციხე წერეფთისა.
რაჟამს იხილა საბა, მტბევარმან ეპისკოპოსმან, რომ შავშეთს აღარა იყო სხვა ღონე, ააგო ციხე თავსა ზედა ტბეთისასა, დაიჭირა ქვეყანა შავშეთისა, ქმნა დიდი ერთგულობა ბაგრატ აფხაზთა მეფისათვის. პატივ-სცა ღმერთმან და ვერ წაართვეს ქვეყანა მტერთა. მაშინ მას ჟამსა გაგზავნა პარკიმანოზმა და პროედროსმა იოვანე ბანელი ხარტულარი, წაიყვანა თანა ვალანგი ლაშქრითა დიდითა, და მისცა თანა დემეტრე კლარჯი, ძე სუმბატისი, რეცა შესატყვევნელად ქვეყანისა კაცთათვის, და ამით მიზეზითა გადაიბირეს მრავალნი კაცნი მის ქვეყანისანი წვრილისა ერისაგან. შემოვიდა მასვე ციხესა შინა ეზრა ანჩელი, და რომელიმე აზნაურნი გამოჩნდენ ერთგულად. შეუდგენ მასვე ციხესა შინა და გამაგრდენ ფრიად.
ხოლო ციხე არტანუჯისა ჰქონდა იოვანე ერისთავსა აბუსერსა, და მათ ჟამთა ქვეყანათა ამათ შინა იქმნენ ბრძოლანი და შუღლნი და მი-და-მონი მრავალნი. და როცა დიდად ღელავდა ქვეყანა ესე, კვლავ პატივ-სცა ღმერთმან ბაგრატს, აფხაზთა და ქართველთა მეფესა, ეწია სენი სასიკვდინე კოსტანტინე მეფესა, მოუწერა პარკიმანოზს პროედროსსა, უხმო შინ. ხოლო იგი წარემართა მსწრაფლ და, ვიდრე მოვიდოდა, მიიცვალა კოსტანტინე მეფე. და რაჟამს მიიცვალებოდა, დასვა სხვა მეფე, სახელით რომანოზ, და შერთო ცოლად ასული თვისი ზოია.
შემდგომად ამისსა, წელსა მესამესა, წავიდა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატისი, აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად ძიებად მშვიდობისა და ერთობისა, და კვლავ ძიებად პატივისა კურაპალატობისა ძისათვის თვისისა, როგორც არის ჩვეულება და წესი სახლისა მათისა, და მოყვანებისათვის მის ცოლისა.
და როცა მიიწია საბერძნეთს წინაშე ბერძენთა მეფისა, აუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით: მოსცა ფიცი და სიმტკიცე ერთობისა და სიყვარულისათვის, დაუწერა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისა, და მოსცა ცოლად ბაგრატისთვის ელენე დედოფალი.
მოიწია რა მარიამ დედოფალი მამულსა ძისა თვისისასა, ქვეყანასა ტაოს, მოართვა პატივი კურაპალატობისა. აღასრულეს ქორწილი, უკურთხეს გვირგვინი ბანას.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა ელენე დედოფალი ქუთათისს შინა, და შეირთო ცოლად ბაგრატ მეფემან ბორენა დედოფალი, ოვსთ მეფისა ასული, და დორღოლელისა.
და ამისსა შემდგომად სხვაცა ძე დარჩა გიორგი მეფესა ანაკოფიას შინა, ოვსთა მეფისა ასულსა მეორესა ცოლსა თანა და აზნაურთაგან იყო მათ შუა მი-და-მო საუბარი, და ყრმა მცირე იყო, სახელით დემეტრე. ვერცა გაამეფეს, თუცა ვის გულსა ედვა, და ვერ-ცა-ღა გამოინდვეს ბაგრატ მეფემან და დედამან მისმან, არ-ცა-ღა თავადთა დიდებულთა ამის სამეფოსათა. და ვერ-ღა-რა დადგა და წავიდა სამეფოსა მისგან, და მიმართა ბერძენთა მეფესა, და წარუტანა თანა ანაკოფია. და ამიერიდან დაეკარგა ანაკოფია აფხაზთა მეფესა აქა ჟამადმდე.
და შემდგომად ამისა მოირჭუნა და ეუფლა ზემოსა და ქვემოსა თავის მამულსა ზედა ბაგრატ.
და დიდი ფადლონ ავად იქცეოდა, და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოსათა. და ვიდრე ყრმაღა იყო ბაგრატ, შეკრიბეს ლაშქარნი ამის სამეფოსანი, მიიმხრეს ლიპარიტ და ივანე აბაზასძე; მოვიდა დიდი კვირიკე, რანთა და კახთა მეფე, დავით სომეხთა მეფე, და ჯაფარ ამირა ტფილელი, რამეთუ ესე ყოველნი პირობითა კვირიკესითა შეკრებილ იყვნენ ეკლეცს ფადლონს ზედა; გააქციეს ფადლონ და გაუწყვიდეს ლაშქარი, აიღეს ავარი და განძი ურიცხვი. ამიერიდან ვიდრე სიკვდილამდე შეჰავდა ფადლონ.
და სიმცირესავე შინა ბაგრატ მეფისასა ლიპარიტ ლიპარიტის ძემან და ივანე აბაზას ძემან, ქართლის ერისთავმან, მუხათგვერდსა გამოიტყუეს ტფილელი ამირა ჯაფარ, შეიპყრეს, დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა და წაართვეს ბირთვისი. შეიწყალა აფხაზთა მეფემან და დაუტევა ტფილისს ზედა ამირად; და ამიერიდან დარჩა მტერობა ლიპარიტს და ამირას შუა.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა აზრახა ლიპარიტმა ბაგრატს წაღება ტფილისისა. მოადგენ ტფილისსა მტკვარსა ამიერიდან, ზემოთ და ქვემოთ, აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და წყალსა იმიერიდან, ისნით კერძო, მოადგენ ლაშქარნი კახნი და ჰერნი მას ჟამსა მოკლულ იყო დიდი კახთა მეფე კვირიკე ოვსისა ვინმე მონისა მიერ, რამეთუ წყობასა შინა ოვსთა მეფე ურდურე მოეკლა კვირიკე მეფესა. და მესისხლეობით მოიკლა კვირიკე მეფე ნადირობასა შინა, ფიდრაზის გორთა, ოვსისა მონისა მიერ.
მას ჟამსა იყო მეფე კახეთს გაგიკ, ძე დავით სომეხთა მეფისა სამშვილდარისა და ძორაკერტელისა, დისწული კვირიკესი, და იბრძოდენ ორ წელს ტფილისსა. და მას ჟამსა იყო ამირად ჯაფარ, ძე ალისი. და ესე გაუჭირდათ ტფილელთა, რომ ლიტრა ვირის ხორცი ხუთას დრამად იყიდებოდა, და ვერ-ღა-რა უძლებდნენ შიმშილთა და ბრძოლათა ძლიერთა. ტფილელთა განიზრახეს მოცემა ტფილისისა. და ამის ქალაქისა ბრძოლასა შინა აიღეს ციხენი ორბეთი და ფარცხისი აფხაზთა მეფისა ლაშქართა და ამირა შეეკაზმა თავის ლაშქრითა, შემზადა ტივები და ნავები ღამით წასლვად განძას ლაშქრის თანა ფადლონის შვილსა (ე.ი. ალ-ლაშქართან). და რომელთამე დიდებულთა აფხაზთა მეფისათა ლიპარიტისაგან ფარულად გააზრახეს მეფესა არა გაძევება ამირასი, და ფარულად ლიპარიტისაგან დაჰკიდეს ზავი ამირასა, გამოაცხადეს და დაამკვიდრეს ამირა ტფილისსავე ზედა. და გადაიბირა აფხაზთა მეფემან კახნი, აშოტ მთავარი მარილელი, დი-სიძე კვირიკე მეფისა, და ხახვილა გურთა ჯვარის-ციხითა; და მოეყარა აფხაზთა მეფე ქალაქსა და ემტერა კახთა. და ამიერიდან შეიქმნა ლიპარიტ ქვე-გამხედვარად თავის პატრონისაგან.
გაილაშქრა აფხაზთა მეფემან კახეთს, შეება და შეუხდა მთასა ზედა მიქელ-გაბრიელთასა. და წყობასა შინა შეიპყრო: სტეფანოზ ვარჯანის ძე, პანკისისა ერისთავი; და ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერისთავი; და ჯედი, დისწული გოდერძისა, შტორის ერისთავი და მაჭელისა. გადავიდა თიანეთს და დაწვა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდისა კვირიკე მეფისა აგებული. და ესე ერისთავნი ქენებით აძლევდეს ციხეთა მათთა; და ვერ-ღა-რა ჩავიდენ კახეთს და შემოიქცა, რამეთუ ლიპარიტ იწყო საურავთა გვერდ-ქცეულთა.
შემდგომად მცირედისა ჟამისა გამოიყვანა ლიპარიტმა დემეტრე, ძმა ბაგრატისი, საბერძნეთიდან ბერძენთა მეფისა ლაშქრითა. და მიერთნენ სხვანიცა ვინმე დიდებულნი და აზნაურნი, მოვლეს ზემო ქვეყანა და ჩამოვიდენ ქართლს, მოადგენ ატენს, არე-არე მოწვეს ქართლი.
და ჰყავდა ლიპარიტს კახნი და ბერძენნი, და ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნენ ერთგულობასა ზედა ბაგრატისსა, გარდა ფარსმან თმოგველისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერისთავისა. გავიდენ ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო. არე ზამთრისა მოწევნულ იყო; ბერძენთა ენებათ შინ წასლვა. დაეზავა ლიპარიტ აფხაზთა მეფესა; უბოძა მეფემან ქართლის ერისთაობა. წავიდნენ ბერძენნი საბერძნეთად და წაიყვანეს დემეტრე თანა.
და კვლავ გაძლიერდა და მოირჭუნა ბაგრატ მეფემან თავის მამულსა ზედა. და დააგო სვემან ბაგრატისმან ჟამი; მოერთო ვესტი ცხრითა ციხითა ანისისათა, გარდა ამბერდისათა. და მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატის დედასა, რამეთუ მამულად ეყვროდნენ სომეხნი - სენაქერემ სომეხთა მეფისა ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრატის დედა.
იყო ჟამი გაზაფხულისა და ბაგრატ აფხაზეთს იყო; მოადგა ანაკოფიას და მისწურა წასაღებელად და მოვიდეს ტფილელნი ბერნი, რამეთუ მის ჟამისა პირველ მომკვდარ იყო ტფილელი ამირა ჯაფარ. უქადეს ქალაქი და უხმეს სასწრაფოდ. წამოვიდა და მოაყენა ანაკოფიას გარე ქვაბულელ ჭაჭას ძე ოთაღო აფხაზეთისა ლაშქრითა. ამოიარა და მოვიდა ქუთათისს, და მოიყენა ქუთათისისა სამოქალაქოსა ლაშქარი, და გურიელნი აზნაურნი და ლომსიანნი მოიყვანნა ხუფათსა, დაუდგეს ფილაკავანნი და იბრძოდნენ. და ამოიარა მეფემან და მოვიდა ქართლს, და მოვიდნენ სხვანი მხმობელნი ბერნი ტფილელნი.
გაემართა მეფე ტფილისად და მოეგებნენ ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი დიღმისა ველსა, და ყოველი ერი ქვეითი დაკაზმული უმედეულსა, და დედათა და მამათა სიმრავლე იყო მოედანს. და იყო ხმა ბუკთა და დუმბულთა ორ-კერძო-ვე საშინელი, რომლისა ხმითა იძრვოდა ქვეყანა; და იყო სიხარული ორ-კერძო-ვე განსაკვირვებელი. შეიყვანეს და მოვლეს ქალაქი, ასხმიდეს დრამასა და დრაჰკანსა, და მოართვეს კლიტენი ქალაქისანი, და შეიყვანეს საამირაოსა დარბაზსა. დაჯდა მეფე ბაგრატ საურავად. აიღო კოშკნი კართანი თავის კაცითა, და აიღო ციხე ქალაქისა დარიჯელი, და ორნივე კოშკნი წყალყინისანი და თაბორი, და დაადგინა შიგან ლაშქარნი თვისნი და ერისთავნი. ხოლო ისნელთა ჩააგდეს ხიდი და არა მოსცეს ისანი; დაუდგეს ფილაკავანნი, და ებრძოდნენ ისანსა, და ესროდნენ ისარსა. და ისნის ველსა მოვიდნენ კახთა მეფე გაგიკ და ერისთავთ-ერისთავი გოდერძი, და ყოველნი დიდებულნი კახეთისანი დარბაზობად ბაგრატ მეფისა წინაშე და მშვიდობისა ძებნად. მაშინ გავიდა ბაგრატ მეფე ველსა ისნისასა, მოიყვანა კახნი და ითაყვანა, მისცა მშვიდობა და განუტევა. და იყო სიხარული და მშვიდობა და საურავი დღითი-დღე შემატებისა.
და როცა ამას შინა გავიდა დღენი ზაფხულისანი, და კვლავ იწყო ლიპარიტ მათვე ფიცხელთა საურავთა. და გამოიტყუა ანისიდან დედოფლისაგან აბუსერი, ერისთავი არტანუჯისა, და ხისათა და ციხის-ჯვარისა და აწყუერის ციხის პატრონი, და ივანე ერისთავი, ივანე დადიანი და გუარამ გოდერძის ძე, ბეჭის ციხისა პატრონი, და შეიპყრა იგინი ანისის კარსა. და დააგდო ტფილისი მეფემან, და გავიდა ჯავახეთს.
ამისა შემდგომად გამოიყვანა მაწყვერელმა მესხნი, განძითა ბაგრატისითა, შველად მეფისა და მეფე იდგა ღრტილას. ხოლო ლიპარიტმა შეკრიბა კახნი და მოადგა ფოკათა. გამოექცა მაწყუერელი მეფესა ბაგრატს და შეეზრახა ლიპარიტს. როცა ცნა ესე მეფემან, ზამთრისა ბუქთა საშინელთა გადაიარა შავშეთი და ჩავიდა ქართლს.
და ლიპარიტმა გამოიყვანა ახლად საბერძნეთიდან დემეტრე, ძმა ბაგრატ მეფისა. ბერძენთა მეფისა განძი და ლაშქარი შემწე იყო. და გახეთქა ამის სამეფოსა კაცნი: რომელნიმე წარუდგინა დემეტრეს, და რომელნიმე დარჩენ ბაგრატის ერთგულობასა შინა. და ძე ლიპარიტისი ივანე მძევლად დარჩა ბაგრატის ხელთა შინა, და ითხოვა იგი ბაგრატისგან, და ნაცვლად გაუშვა აბუსერი თავის ციხითა მშვიდობით. და იყვნენ თანამდგომ ლიპარიტისსა კახნი ძალითა მათითა, და დავით სომეხთა მეფე ძალითა მისითა და გაძლიერდა იგი ძალითა მათითა ამას კერძოსა ქართლისასა. და იყო მი-და-მო საურავი ხელოვნებისა.
და მოვიდნენ ვარანგნი სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გადმოიყვანა თანა შვიდასი კაცი. და მოვიდა ბაგრატ შიდა ლაშქრითა; და ამათ ვარანგთა მესხნი ვერ-ღა-რა მოილოდინნენ, მივიდენ, და შეიბნენ თავსა სასირეთისა ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი. და ომსა ამასვე შეიპყრეს აბუსერი და სხვანიცა დიდებულნი მის თანა, ვერ-ღა-რა უძლეს ბრძოლად ვარანგთა; მისცა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურსა უკაზმიდენ; და ეგრეთ ლიხი გადავლეს.
და ამისსა პირველ მომკვდარ იყო ძმა ბაგრატისი დემეტრე და შემდგომად გაქცევისა შეშინდა ბაგრატ სამეფოსა და მამულისა მისისა გახეთქილობასა. და უქმნა მუდარა ლიპარიტს, და მცირედითა ცხენოსნითა მივიდა ლიპარიტის თანა ხოვლეს. და რა ცნა ლიპარიტ მისლვა მისი, არა ნახა, გარიდა იქიდან; შეიქცა მეფეცა და წავიდა აფხაზეთს.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა სულა ერისთავმან კალმახისამან, გრიგოლ ერისთავმან არტანუჯისამან შეაერთეს სიტყვა და შეიწივნეს მათ თანა სხვანიცა აზნაურნი მესხნი, და უხმეს მეფესა ბაგრატს. და წარმოემართა ლაშქრითა, გადმოვლო გზა რკინის-ჯვარისა, და შეიკრიბენ არყის-ციხეს. ცნა ესე ლიპარიტ და შეკრიბა თავისი ლაშქარი, და მოირთნა კახნი და სომეხნი, და ბერძენნიცა თანავე ჰყავდა. და მიუხდა უგრძნეულად არყის-ციხეს, და შეიბნენ. და სძლია ლიპარიტვე, და გააქცია მეფე, შეიპყრეს სულა, კალმახისა ერისთავი, და მრავლითა ტანჯვითა და ძელსა გასმითა სთხოვეს კალმახი, და არა მისცა. მასვე ომსა შეიპყრეს გრიგოლ, ძე აბუსერისი, და სთხოვეს არტანუჯი სიკვდილისა ქადებითა, და მისცა. მოირჭუნა ლიპარიტ ზემოსა ქვეყანასა და აიღო ციხენი, და მიიერთნა თავადნი კაცნი, და გარეს-გარე წავიდა ლიპარიტ მითვე ლაშქრითა დვინად, და ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინელსა ზედა, და შემოიქცა თავის ქვეყანად.
და შემდგომად წელიწადისა მოქცევისა გამოჩნდენ თურქნი სულტნისანი ბარაჰიმ-ილმისანი ქვეყანასა ბასიანისასა. გამოვიდა ბერძენთა მეფისა ლაშქარი, და უხმეს ლიპარიტს. და წავიდა ლიპარიტ შველად ბერძენთა ყოვლითა ლაშქრითა ამის ზედას კერძისათა. შეიბნენ ორდროსა და უკუმიასა ქვემოთ, და გააქციეს ყოველი სპა საბერძნეთისა და ლიპარიტისა თურქთა იქმნა მოსრვა დიდი, და შეიპყრეს ლიპარიტ და წაიყვანეს ხორასანს სულტანსა თანა. დიდებულთა ამის სამეფოსათა და შვილთა ლიპარიტისთა, ივანე და ნიანია, იძებნენ უშიშოება და გამოიყვანეს მეფე მეფედ. და კვლავ მოირჭუნა და შეიპყრა შვილნი ლიპარიტისნი; აიღო უფლისციხე და გამოუშვა ივანე.
და დადგომილ იყვნენ განძას ქვეყანასა თურქნი, და წასაღებელად მიეწურა განძა. გამოგზავნა თავისა ნაცვლად ბერძენთა მეფემან ლიხტური ლაშქრითა დიდითა, და აწვიეს ბაგრატ ყოვლითა ლაშქრითა მისითა, და წაჰყვა თანა. დაემართნენ თურქთა; და მივიდენ განძას კარსა, და მირიდეს თურქთა, და გადაარჩინეს განძის ქვეყანა, და შემოიქცენ მშვიდობით. და ამისსა შემდგომად კვლავ უხმეს ტფილელთა და მოსცეს ტფილისი ბაგრატს, და შეიყვანეს შინა. და იყო სიხარული და მშვიდობა დიდი.
ამისსა შემდგომად დაეხსნა ლიპარიტ თურქთა, და შემოვიდა ანისს დააგდო ბაგრატ ტფილისი ლიპარიტის გზითა, აღმოვლო ქართლი და მოვიდა ჯავახეთს. გაძლიერდა ლიპარიტ, რამეთუ მსახურებისათვის ბერძენთა მეფისა ტყვე-ქმნილ იყო; წავიდა საბერძნეთს, და ნახა ბერძენთა მეფე, და მოირთო ბერძენთა მეფისაგან ძალი. და ვერ-ღა-რა დაუდგა ბაგრატ.
ძე მისი გიორგი ბაგრატმა დაუტევა ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა და წავიდა საბერძნეთს. მას ჟამსა იყო ბერძენთა მეფე კოსტანტინე მონომახი და შემდგომად მიხაელ. და ლიპარიტის სათნოთა სწრაფით ვერ-ღა-რა შემოიქცა ბაგრატ თავის მამულსა ზედა; და დაყო იქ სამი წელიწადი დიდსა დიდებასა და პატივსა შინა.
ვიდრეღა იყო ბაგრატ საბერძნეთს, ითხოვა ლიპარიტმა ძე ბაგრატისი, გიორგი, მეფედ, რათა მოსცეს იგი დედამან მისმან და დიდებულთა მის ქვეყანისათა მოიყვანეს საყდარსა რუისისასა და აკურთხეს მეფედ. და მოიყვანეს აღმზრდელად მისა ლიპარიტ და პატრონად და ბაგრატისი გუარანდუხტ დედოფალი, კაცი სრული და უნაცვალო სახითა, სიბრძნითა, სიუხვითა, ღმრთის-მსახურებითა და ყოვლითა სიკეთითა. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოითხოვა გუარანდუხტ ბაგრატ ბერძენთა მეფისაგან, და გამოგზავნა ბერძენთა მეფემან დიდითა დიდებითა, ნიჭითა და განძითა მიუწდომელითა მიეგება ყოველი ლაშქარი აფხაზეთისა ზღვის-პირსა, ხუფათს. და იყო სიხარული და ღმრთის მადლობა დიდი, ბრძანა და შემოვიდა სახლად თვისად ქუთათისს.
და ლიპარიტმა მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებელად, და იყო მოყვარედ მისა ხორასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს ბერძენთა მეფე, და ზრდიდა ბაგრატის ძესა გიორგის მცირესა სახელითა მეფობისათა. ხოლო ბაგრატს ქონდა ლიხსა ქვემოთი კერძი დაწყობით.
და მცირედისა ჟამისა შემდგომად ამის სამეფოსა დიდებულთა მოეწყინა პატრონობა ლიპარიტისი. სულა კალმახელი და ყოველნი მესხნი გამოექცენ ლიპარიტს, და შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე, ხოლო ნიანია გადაიხვეწა და მიმართა კლდეკარსა; და არა შეუშვეს მამისა მისისა ციხოვანთა, და წავიდა ანისს ბერძენთა თანა. ხოლო ლიპარიტ და ივანე პყრობილნი სულამ წაიყვანა კალმახს. და მსწრაფლ გაგზავნა სულამ მეფისა წინაშე სულთა ზედა მხმობელნი. ხოლო გუარანდუხტ და გიორგი, ძე ბაგრატისი, იდგნენ ღრტილას, და რა ცნეს შეპყრობა ლიპარიტისი, შეიყვანეს ახალქალაქსა და იქ მოილოდინეს ბაგრატ სულთა ზედა. მოვიდა ბაგრატ და ამის მსახურებისა ნაცვლად მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხის-ჯვარი და ოძრხე ბოდო-კლდითა, და სხვაცა მრავალი საქონელი და სამღვდელთ-მოძღვრონი, და რაცა უნდა.
მოვიდა მეფესა წინაშე სულა ჯავახეთს, და მოჰგვარა ლიპარიტ და ივანე პყრობილნი, და მოახსენა; ხელთა წავიდა ლიპარიტეთგან ციხენი არტანუჯი, ყველი, უფლისციხე და ბირთვისი. ხოლო კლდეკარი მტკიცედ ეპყრნენ ციხოვანთა; რამეთუ იქ შიგან იდგა ანამორი. მწიგნობართ-უხუცესი ლიპარიტისი მიიყვანეს თრიალეთს, ამოთა თხოვითა არა მოსცეს ციხოვანთა კლდეკარი, აღმართეს ძელნი და გააკრეს მას ზედა ლიპარიტ და ივანე, და გაწირეს სიკვდილად. და შემდგომად დღეთა რამდენთამე მოიმტკიცეს მეფე და დიდებულნი ამის სამეფოსანი ციხოვანთა ლიპარიტისთა მშვიდობით გაშვებისათვის ლიპარიტისა და ივანესა. მოსცეს კლდეკარი; გამოიღო თავისი ხვასტაგი და ჩაიცვა ჩოხანი ლიპარიტმა, და შეავედრა ძე თვისი ივანე მეფესა. დარჩა არგვეთის მამული ივანეს. ეფიცა ლიპარიტ მეფესა შეუცოდლობისათვის, და გაუშვეს და წავიდა სამეფოსა.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა გაიპარა და წავიდა ივანე საბერძნეთს და დაყო იქ წელნი რამდენიმე. და ნიანია მოკვდა ანისს ბერძენთა ყმობასა შინა; და ივანეს უშუამგომლა თავის მამამან ბაგრატს თანა.
და თვით ბაგრატმა გამოიზიდა და გამოიყვანა ამას სამეფოსა, და უბოძა მამული არგვეთისა და ქართლისა, და ჰმონებდა ივანე ერთგულობით. და იყო თავად თავადთავე თანა ამის სამეფოსათა და სპასალარ სიკეთითა მისითა. ხოლო ლიპარიტ მიიცვალა საბერძნეთს სამეფოსა ქალაქსა კოსტანტინეპოლეს, და წამოიყვანეს დიდითა დიდებითა ერთგულთა და გაზრდილთა მისთა, მოიყვანეს და დამარხეს კაცხს, სამარხავსა მამათა მათთასა.
და მოირჭუნა ბაგრატ და გაძლიერდა უფროს ყოველთა მეფეთა მის ქვეყანისათა. და ამან წარიხუნა ყოველნი ციხენი ჰერეთისა და კახეთისანი, გარდა კვეტარისა და ნახჭევანისა. და შემდგომად ამისსა იქმნენ დიდნი საქმენი და აღძრვანი დიდთა მეფეთანი.
ამის მეფობისა ჟამთა შინა გამოვიდა სულტანი არფასარან, მეფე სპარსეთისა, დასხმის გვარად. უგრძნეულად მოვიდა და შემუსრა კანგარი და თრიალეთი, და დღესა ერთსა მარბიელმან მისმან მიუწია ყველის ყურსა, გადავიდა შავშეთს, კლარჯეთს და ტაოს ვიდრე ფანასკერტამდე. და მასვე დღესა ჩამოუწია თორს და ღვვის-ხევს, და თვით დადგა თრიალეთს სამი დღე.
რამეთუ მას ჟამსა მომავალი იყო მეფე ტაოდან, და თანა ჰყავდა დედა, და და და ძე მისი გიორგი; გადგომილ იყვნენ ხეკრებულთა. და აყრისა მისისა ჟამსა მოუხდა ლაშქარი სულტანისა; მოვიდენ და წარმოადგეს ქედსა ზედა. ხოლო იმათ ჩამოასწრეს ქართლს. თურქნი წავიდნენ ჯავახეთს და მოადგეს ახალქალაქს, რამეთუ მესხნი აზნაურნი და ზემოსა კერძისანი ძლიერად იდგნენ ახალქალაქს, და იბრძოდენ სამი დღე, რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო ახალქალაქი. ვერ-ღა-რა დაუდგმიდნენ ბრძოლათა ძლიერთა, აღიჭურნენ მყოფნი ქალაქისანი, და გააღეს კარნი და შეებნენ ძლიერად, მოსრეს პირითა მახვილისათა. და შევიდენ ქალაქად თურქნი და ტყვე ყვნეს ურიცხვნი სულნი ქრისტიანეთანი; აიღეს განძი და ტყვე ძლიერი, და შეიღება წყალი ახალქალაქისა სისხლითა.
და მოუვლინა ახალქალაქიდან მოციქული სულტანმა ბაგრატ მეფესა; აჰკიდა მძახლობა და სთხოვა დისწული ცოლად. და მიიქცა სულტანი ანისად, შემუსრა და წაიღო ანისი, მოსრა და ტყვე ყვნა ურიცხვნი სულნი, და წავიდა ქვეყანად თვისად სპარსეთად და ანისი წაართვა ბერძენთა და მისცა მანუჩას, ძესა აბულასვარისსა.
ხოლო დისწული ბაგრატისი, რომელსაც ითხოვდა სულტანი, იყო ძმისწული სომეხთა მეფისა კვირიკესი. სთხოვა ბაგრატმა და არა მოსცა სომეხთა მეფემან. მიგზავნა ბაგრატ მოციქულად დიდძალად ერისთავი ვარაზ-ბაკურ გამრეკელი. გადაიბირა კაცნი სომეხთა მეფისანიცა, და სამშვილდეს შემომავალი სომეხთა მეფე კვირიკე და ძმა მისი სუმბატ შეიპყრეს ქვეშის-ჭალასა, და აცნობეს ბაგრატს. და წავიდა ქვახვრელთათ მსწრაფლ, და მოგვარეს პყრობილნი კლდეკართა ქვეშე, სთხოვა სამშვილდე და არა მოსცეს, რამეთუ ერთი ძმა მათი ადარნასე შესულ იყო სამშვილდეს. ხოლო მიიყვანეს სამშვილდეს და ამართეს ძელი, და გასვეს სომეხთა მეფე კვირიკე სამი დღე; მაშინ ითხოვეს მშვიდობა და მოსცეს სამშვილდე. ხოლო მოსულ იყვნენ ორნი ერისთავნი სომეხთა მეფისანი: ლუკიის ერისთავი და კაქვაქარისა. აძლევდა და მოსცემდა სამთა ციხეთა სუმბატ, ძმა კვირიკესი: ოფრეთს და კოშკსა და ვარზაქარსა. ხოლო შეეწყალნენ ბაგრატ მეფესა: მისცა და უთავისუფლა ყოველნი ციხენი გარდა სამშვილდისა; და არცა სხვანი ციხეთა-უფალნი, კაცნი დიდებულნი, შემოუშვა, და სამშვილდე მხოლოდ დაიტოვა სახლად თვისად, და ეგრეთვე მონებდენ სომეხნი.
ხოლო დიდმან ბაგრატ მეფემან გაათხოვა ასული თვისი მართა და შერთო ბერძენთა მეფესა.
ხოლო შემდგომად ამისსა გაათხოვა დისწული თვისი და შერთო სპარსთა მეფესა სულტანსა. და შემდგომად სამისა წლისა გამოვიდა სულტანი, შემოვლო რანი და უგრძნეულად შევიდა ჰერეთად. და მის ქვეყანასა დიდებულნი იყვნენ მორთულ და ერთგულ ბაგრატისსა და მას ჟამსა იყო მცირედითა საქონლითა მეფე კახეთისა აღსართან, ძე გაგიკისი. და ყოველთა დაყარეს ციხენი მათნი, და ივლტოდენ კავკასიად. და იყო ბაგრატ გალაშქრებული აღებად კახეთისა, და ლაშქარი მისი წინა გაგზავნილი იყო ვეჟინის ერისთავსა თანა წირქუალელსა შემოიქცნენ მშვიდობით, და უამბეს შემოსლვა სულტანისა და დაყრა ციხეთა. შემოიქცა სწრაფად და მოვიდა ქვეყანად თვისად ქართლად.
ხოლო აღსართან მიერთო სულტანსა მიუძღვანა ძღვენი დიდი, დაუტევა სჯული, დაიცვითა წინა, აღუთქვა ხარაჯა; და მისცა ყოველნი ციხენი დაყრილნი სულტანმა მასვე: და რომელნიც აფხაზთა მეფისა კაცთა დაეყარეს, და რომელნიც თვით აღსართანისთა, მისცა ყოველნი. და შემდგომად სამისა კვირისა წარმოემართა აფხაზთა მეფესა ზედა. და მიერთნენ სომეხთა მეფე კვირიკე, და ტფილელი ამირა, და აღსართან; შემოჰყვეს ქართლს თანა ჯაჭვითა. გაუშვეს მარბიელი ცისკრად, და სამწუხროდ აივსო ყოველი ქართლი, თვესა დეკემბერსა ათსა, დღესა სამშაბათსა, ხოლო ქორონიკონი იყო ორას ოთხმოცდარვა (=1068).
და იყო ქართლს შინა პური და ღვინო ფრიადი. და დაყო ექვსი კვირა, და იწყო ოხრებად და ხოცად კაცისა, და გადავიდა მარბიელი მისი არგვეთს. მიუწიეს და დაარბიეს ვიდრე სვერის-ციხემდე და მოისრა ურიცხვი სული ქრისტიანეთა და ტყვე იქმნა; და იქმნა საძაგელ ქვეყანა ქართლისა სახილველად კაცთა: მოოხრდენ ყოველნი ეკლესიანი და სიმრავლითა მძორისათა აღარა დაედგმოდეს ქვეყანასა თვალნი; და ცოდვათა ჩვენთა მოსაგებელსა რისხვასა ღმრთისასა ზეცით ცა წამებდა, და სისხლის მწვიმელი ღრუბელი აღმოსავლეთიდან მოეფინა ქართლსა ზედა; და იქმნა ღამე უკუნი, როგორცა ნათელი დღისა და იყო ხილვა მისი საშინელი და შესაძრწუნებელი, და არე-არე სისხლის წვიმა ეხილვა კაცთა და იქმნა ზამთარი სასტიკი; რომელიც გადაეხვეწა და მიმართა მთათა, ამოწყდა იგიცა სიფიცხისაგან ზამთრისა. ხოლო ყოველსა ქართლსა შინა დადგა ლაშქარი, და თვით თავადი სულტანი დადგა კარბსა, და მერე ჩამოდგა შერთულთა. და აჭირვა სიძნელემან ზამთრისამან და ბუქთა ძლიერთა.
და მიგზავნა მოციქულად ივანე, ძე ლიპარიტისი, მეფემან ბაგრატ ძიებად მშვიდობისა. ხოლო სულტანმა გააბრუნა იგი აფხაზეთს ბაგრატთან, სთხოვა ხარაჯა და უქადა მშვიდობა. ხოლო სიფიცხლისაგან ზამთრისა ვერ-ღა-რა მოილოდინა და წავიდა ქართლიდან. და ჩამავალმან წაართვა ტფილისი და რუსთავი, და მისცა ფადლონს, განძისა პატრონსა. არა-თუ მეფეთა ჩვენთა მტერობისათვის ოდენ ამოწყვიდა ტფილისი და რუსთავი ამას სამეფოსა, არცა ამისთვის ქმნა, თუმცა იგი ამირანი ორგულად დადგომილ იყვნენ კარსა მისსა ზედა, არამედ კეთილისა და მსახურებისა ნაცვლად ბოროტსა უყოფოდნენ ყოველსა კაცსა, რამეთუ მინდობილ იყვნენ იგინი ძალსა უღმრთოებისა მათისასა, და იყვნენ იგინი ყოვლით კერძო მცბიერ. და ამის ქართლისა ოხრებასა შინა იყო ლაშქრისა მისისა სიმრავლე ხუთასი ათასი.
და წავიდა სულტანი ქვეყანად თვისად. და როცა მოიწია არე გაზაფხულისა, შეიქმნა სიმდიდრე წყალთა ძლიერი, და მტკვარი ვერ-ღა-რა ეტია ნადინებსა თვისსა, მოეფინა ველთა და წაიღო მრავალი სული, რომელიც დარჩენოდა სულტანსა.
და ამისა შემდგომად იწყო ფადლონ ამპარტავანებასა და ურჯულებასა, და სიახლესა ტფილისისა სადა სადმე გამოყვანებასა ხელოსანთასა. და როცა იქმნა გაზაფხული, გადმოვიდა მეფე ქართლად და ჩადგა დიდგორთა, რამეთუ საზაფხულო მეფეთა სადგომი არის ადგილი იგი. ხოლო ფადლონმა არად შერაცხა დიდგორთა დგომა მეფისა. წარმოემართა ლაშქრითა, ოცდაცამეტი ათასითა კაცითა, მოვიდა ტფილისს და დაიბანაკა ველსა ისნისასა. ხოლო იქ დაუტევა კარავნი და აღმოვლო ღამე ყოველ მუხნარისა, და არბია ქართლისა ნაპირნი.
ხოლო ცნა ტფილისიდან გაღმართ აფხაზთა მეფემან ქართლისა ვნება, წამოსლვა ფადლონისი, გამოგზავნა ხილვად ივანე ძე ლიპარიტისი, ნიანია ძე ქვაბულისი და მურვან ჯაყელი, ერისთავი ყველისა, და მათ თანა სხვანიცა აზნაურნი მცირედნი რჩეულითა ლაშქრითა. ხოლო ქართლს ვერ-ღა-რა ჩამოესწრნენ, შებრუნებულთა მიუსწრეს მუხნარს წინა წილკნის გორთა თანა. უკანასა კერძსა შეებნენ და პირველსავე ხმლისა მოკიდებასა გააქციეს ფადლონ. და მიადგა ფადლონის ლაშქარი გაქცეული ხრამსა ნარეკვავისასა, ხოცდნენ და იპყრობდნენ აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და ამოივსო ხრამი იგი ცხენითა და კაცითა.
და ზედა ლაშქარმა მეოტმა გასლვა იწყო შობოს ტყიდან. და ყოველთა ტყეთაგან და ძეძვნართაგან, როგორც არწივისა მართვეთა, გამოჰკრებდენ დამალულსა ლაშქარსა ფადლონისსა ბაგრატის ლაშქარნი და შემოუსწრეს წინა ვიწროსა ღართისასა, და მცირედნი ვინმე გაესწრნენ და სდევნა ლაშქარმან ბაგრატისმან ვიდრე მთამდე ხერკისა. მოსრეს და ტყვე ყვეს ლაშქარი ფადლონისი. ხოლო ფადლონმა თხუთმეტითა ოდენ ცხენოსნითა წარვლო გზა წილკნისა, და მიეხვია პირსა არაგვისასა, და გახდა ნარღვევთა გზიდან ერწოდ, და თქვა თავი თვისი მოციქულად: „ფადლონის მოციქული ვარ და მახარობლად მივალ აღსართანის თანა; აფხაზთა მეფისა ლაშქარი გავაქციეთ“.
დახვდა კაცი ვინმე მეცნიერი, რომელიც იცნობდა ფადლონს, და უთხრა: „არა ხარ შენ მოციქული, არამედ ხარ ამირათ-ამირა ფადლონ“.
და უთხრა კაცსა მას ფადლონ: „მიიღე ჩემგან ოქრო და ვერცხლი დიდძალი და საკარგავნი მრავალნი, და ნუ შემიწამებ; გადამიყვანე მინდორად და წამომყევ თანა“.
უთხრა მას კაცმან: „ვერ ვიქმ საქმესა მაგას, რამეთუ მკვიდრი ვარ ამის ქვეყანისა. აწ ისმინე ჩემი და მომყევ თანა, და მე მიგიყვანო აღსართანის თანა, და მან გაგგზავნოს ქვეყანასა შენსა“.
ნებით არ უნდოდა ესე ფადლონს, მაგრამ ერწოდ ვერ-ღა-რა შემძლებელ იყო წასლვად. წარუძღვა კაცი იგი და მიჰგვარა ჟალეთს ისაკ ტოლობელის ძესა, აზნაურსა მესხსა. ხოლო რა ცნა ფადლონის კარად მისლვა, გაძარცვა ერი ფადლონისი, გადააგდო ცხენსა და დაიჭირა ხელთა, და გასვა ჯორსა ფადლონ. და არა იხსენა ისაკ მკვიდრობა აფხაზთა მეფისა, რომელმცა აფხაზთა მეფისაგან გაქცეული ფადლონ შეიპყრა, და შეგვარა ბოჭორმას ბაგრატისთვის. მაგრამ მსწრაფლ წარიყვანა და მიჰგვარა აღსართანს თელავს. ხოლო აღსართან მსწრაფლ წაიყვანა ხორნაბუჯს, რამეთუ აფხაზთა მეფისაგან ეშინოდა უკანა ჩამოდგომისა. მიუპყრეს ხორნაბუჯს ფადლონ, და მისცა ხორნაბუჯი. წაიყვანეს არადეთს და მისცა არადეთი აღსართანსვე.
ხოლო ბაგრატ შეშინდა გაშვებასა ფადლონისსა, მისცა ბოჭორმა და უჯარმო კახთა, და წამოიყვანა ფადლონ. გასვეს ძელსა და მიუპყრეს ტფილისსა; და აიღეს ჭირვეულად ტფილისი, რამეთუ იქ შინა მდგომი კაცი თვით გაამირებასა ლამოდა. და არა დაიჭირა ბაგრატ თავისად ტფილისი, არამედ დმანისს დატევებული სითლარაბი ძებნა, შემოიყვანა ტფილისად, და მისცა მას ტფილისი. ხოლო თავისად აიღო ციხენი რუსთავი, ფარცხისი, აგარანი, გრიგოლ-წმიდანი, ქავაზინი, და ორმოცდაოთხი ათასი დრაჰკანი, და მძევალნი ძმისწული მისი, ძე მანუჩასი, და სამთა თავადთა განძისათა.
და მოგზავნა სულტანმა სარანგი ალხაზი, და მისითა შუა-მდგომლობითა და სიტყვითა სულტანისათა დაეზავა ბაგრატ და განუტევა ფადლონ, და გაგზავნა სახელმწიფოსა თვისსა განძას. და წაჰყვა სარანგი თანა.
და მოართვეს გაგის კლიტენი, და აიღო აფხაზთა მეფემან გაგი. შემდგომად ამისსა ფადლონმან გატეხნა ფიცი და შუა-მდგომელობანი დიდისა სულტანისანი, და მოიპარა ქავაზინი და შემდგომად მისსა მეფე აფხაზეთს იყო, მოვიდა ფადლონ და მოადგა აგარათა; და მისცა ციხისთავმან აგარანი. და მსწრაფლ ამოვიდა მეფე, მივიდა და მოადგა აგარათა და წაიღო აგარანი.
და გამოიყვანა დორღოლელი, ოვსთა მეფე, ორმოცი ათასითა კაცითა ოვსითა, და წარუძღვანა ძე მისი გიორგი კურაპალატი და მოაოხრა განძა, და აიღო ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი, და გაგზავნა თავის სამეფოდ. ამისა შემდგომად მოისურვა დიდმან ოვსთა მეფემან დორღოლელმან დი-სიძისა მათისა ბაგრატისა სევასტოსისათვის, და ითხოვა დარბაზობა ბაგრატისგან. ხოლო ბაგრატმა ნება სცა და მხიარულად წარმოემართა ოვსთა მეფე ყოვლითა თავადითა ოვსეთისათა, და აღმოვლო გზა აფხაზეთისა და მოვიდა ქუთათისს და ნახა და მათი დედოფალი, დედა გიორგი კურაპალატისა; რამეთუ გიორგი კურაპალატი გებულ იყო უწინა, და მოიყვანეს ქართლს და მეფე იდგა ტინისხიდის ჭალასა, ნადარბაზევს, და მოეგება წინა დიდითა ზიემითა და პატივითა.
შეიკრიბნენ ერთგან კეზუთა ზედა. და იყო სიხარული და ხმა ბუკთა და დუმბულთა საშინელი და მიუწვდომელი. და დაყვეს ერთგან დღე თორმეტი, და დაისვენეს ყოვლითა განსვენებითა და სიხარულითა. და მიზეზითა ზამთრისათა გაისწრაფეს, და მისცა ნიჭი და საბოძვარი მეფესა და ყოველსა დიდებულსა ოვსეთისასა. გაგზავნა და წავიდენ სიხარულითა.
და შემდგომად ამისსა გზავნიდა სულტანი მოციქულთა, და უკრებდა ძღვენთა ბაგრატ მეფესა, ამითა ენითა სთხოვდა ხარაჯასა. ხოლო არა დაიდვა ბაგრატ მეფემან ხარაჯა, არამედ ავლენდა იგიცა მოციქულთა, და უკრებდა იგიცა ძღვენსა. და იყო მათ შორის სიტყვით სიყვარული.
და შემდგომად მცირედთა წელიწადთა სამშვილდის ტბათა მდგომსა ბაგრატ მეფესა დაეცა სალმობა მუცლისა, და ჩავიდა მარაბდას. და გაუძნელდა სალმობა, და ტახტითა წამოიყვანეს, და თანა ჰყავდა გიორგი კურაპალატი და ყოველი დიდებულნი მისნი ხოლო გიორგი კურაპალატი გაგებულ იყო წინა, და მოიყვანეს ქართლს მეფე, და ყოველნი დიდებულნი მისნი იქ მოვიდნენ. და მოვიდა დედა მისი მარიამ დედოფალი, და ცოლი მისი ბორენა, და ასული მისი მარიამ. და შემდგომად მცირედთა დღეთა მიათვალა ძე მისი გიორგი კურაპალატი მეფედ დიდებულთა ამის სამეფოსათა, და ყოველნი შეავედრა მას, და უთხრა დედასა თვისსა: „დედაო, მეწყალი შენ, რამეთუ ყოველნი შობილნი შენნი წაგვიქციენ წინა და ეგრეთღა შენ მოჰკვდები“. და შემდგომად ამისსა მიიცვალა თვესა ნოემბერსა ოცდაოთხსა, ქორონიკონსა ორას ოთხმოცდა თორმეტსა (=1072).
და ამისვე ბაგრატის სიკვდილისა ჟამსა შინა მოიკლა სულტანი კაცისა ვისგანმე, ბერისა თურქისაგან, თავის ლაშქართა ხარგასა შინა. გაევლო ჯეონი (ამურდარია) შვიდასი ათასითა კაცითა, გაელაშქრა თურქთა მეფესა ზედა, სამარყანდისა სიახლესა ციხესა რომელსამე მოადგა; და მოიკლა მის ციხისა პატრონისა თურქისა მიერ და ვერ-ღა-რა შეესწრა თურქი იგი ციხესა, და დაჭრეს უწყალოდ მახვილითა. და ვერ-ღა-რა ცნეს ბაგრატ და სულტანმან ერთმანეთისა სიკვდილი.
შემდგომად ამისსა დაჯდა ძე ბაგრატისი გიორგი კურაპალატი მეფედ.
და არა აფრინდა ყოველსა შინა მამულსა მისსა ერთიცა ქათამი. და დიდითა დიდებითა და პატივითა წაიყვანეს და დამარხეს ჭყონდიდს. ესე მეფე ბაგრატ წელიწადისა ცხრისა მეფე იქმნა, და აღესრულა წლისა ორმოცდათექვსმეტისა. ესე ბაგრატ პირველად იყო კურაპალატი, და შემდგომად ნოველისიმოსი, და მერე იქმნა სევასტოს. იყო კაცი სახითა უმშვენიერესი ყოველთა კაცთასა, სრული სიბრძნითა, ფილოსოფოსი ენითა, სვიანი ბედითა, უმდიდრესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, მოწყალე შეცოდებულთათვის, უხვი ალაგთა ზედა. ხოლო ჟამთა მისთა ქვეყანასა დაწყნარება არა ჰქონდა: ეკლესიანი და გლეხნი, აზნაურნი და გლახაკნი ვერ იკითხვებოდა.
ხოლო გიორგი მეფე იყო მოწყალე და განმკითხველი გლახაკთა, კაცი საშიში და უუხვესი ყოველთა მეფეთა აფხაზეთისათა, და პურად უკეთესი ყოველთა კაცთასა, ცხენოსან-მშვილდოსანი რჩეული.
და შემდგომად მამისა მისისა დაყო მშვიდობით ზამთარი ერთი და ზაფხულისა ნახევარი. ხოლო შემდგომად თავადთა ამის სამეფოსათა ნიანია ქვაბულის ძემ, და ივანე ლიპარიტის ძემ, და ვარდან სვანთა ერისთავმა, რეცა თუ იკლეს რამე სიყრმით გიორგი მეფისათ, და აუშალეს ქვეყანა: ივანემ მოირთნა კახნი და დადგა ქსნის პირსა; და ნიანია წაიღო ქუთათისისა საჭურჭლე და შედგა ქუთათისს შიგა; და ვარდანმა აამბოხა სვანნი ავისა მოხარკულნი, დაარბიეს და ამოწყვიდეს საეგრო.
ხოლო გიორგი მეფემან სძლია სიკეთითა, სიბრძნითა, და ძვირ-უხსენებელ იქმნა: უბოძა ივანეს სამშვილდე; და ძესა ივანესსა ლიპარიტს მისცა ლოწობანი ნაცვლად რუსთავისა, რომელიც მიეცა კახთა; და ნიანიას თმოგვი და სხვანი საქონელნი რჩეულნი; ვარდანს უბოძა ასკალანა და უთალუბო ჯაყელთა, ივანეს სიტყვით უბოძა და ყოველივე ერთგული და ორგული დაიყარა წყალობითა, და დაიწყნარა მეფობა თვისი გიორგი მეფემან.
კვლავ გადგა ივანე ლიპარიტის ძე, და ცნა გიორგი მეფემან, ქუთათისიდან გადმოვიდა სამცხეს, მოირთნა მესხნი, გადმოიარა და მივიდა სამშვილდის კარსა. იქ მოიყვანა კახთა მეფე აღსართან. ვერ დადგა ივანე ციხე შიგან, მიმართა მთათა სამხრისათა. და მას ვერ-წყობილობასა შინა წაიღო ლოწობანი ლიპარიტისაგან აღსართან. მოეყარა სამშვილდესა, გადადგა ჯავახეთს, და მოიყვანა მეფეთ-მეფემან გიორგი მათ წინაშე, და დაიფიცეს ეკრანთას, და დაიმტკიცა ივანემ კლდეკარი და სამშვილდე.
კვლავ განდგა ივანე, გამოსტყუა გაგი ციხოვანთა გიორგი მეფისათა, და მიჰყიდა ფადლონს, განძის პატრონსა. და მოვიდა სულტანი მალიქ-შა მტერად ყოველთა ქრისტიანეთა. მიაგება ივანე ძე მისი ლიპარიტ წინა, შეაწყნარა სულტანსა, და დაყო მის თანა მცირედი ხანი, და გამოეპარა. და მოვიდა სულტანი, და მოადგა სამშვილდესა, და წაართვა სამშვილდე, და ტყვე იქმნა ივანე თავითა, ცოლითა და შვილის-შვილითა, და ყოველთა აზნაურთა დედა-წულითა, და დაიჭირა სამშვილდე სულტანმან. და იქ დგომასა მოარბია ქართლი, წაიღო ტყვე და ნატყვენავი ურიცხვი, და გაბრუნდა უკან. და აიღო განძა, და დააგდო სარანგი თავადად განძას და ბრძოლად ქვეყანისა ყოვლისა, ორმოცდარვა ათასითა კაცითა. შედგა ფადლონ ციხეთა მაგართა, და ვერ დაუდგა, გამოიყვანეს და დააპატიმრეს იგიცა.
შემდგომად მცირედისა ხანისა შეიკრიბა სარანგი ყოვლითა ლაშქრითა მისითა და განძისათა, დვინისა და დმანისისა ამირათა თანა-დგომითა, და მომართა გიორგი მეფესა. შეიკრიბა გიორგი მეფეთ-მეფე ყოვლითა სპითა მისითა, ზემოთა და ქვემოთა, და მოიყვანა მათ წინაშე აღსართან, კახთა მეფე, და შეუერთდნენ ერთმანეთსა. განაძლიერა ღმერთმან გიორგი მეფე; წარმძღვანებითა პატიოსნისა ჯვარისათა მიუხდა ზედა, ფარცხისს ქვემოთ, და იოტა ბანაკი სარანგისი: გააქცია და გაწყვიტა, იყო ჟამი მწუხრისა, და სიღამემან დაარჩინა ნეშტი სარანგის ლაშქრისა, და შემოიქცა უკლებლად და მშვიდობით მეფეთ-მეფე გიორგი თავისა სამეფოსა.
და შემდგომად ამისსა მომადლა ღმერთმან მძლავრებისაგან ბერძენთასა წართმეულნი ციხენი. წაართვა ბერძენთა ანაკოფია, თავადი ციხეთა აფხაზეთისათა, და მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა და შემდგომად ამისსა ესეცა მომადლა ღმერთმან, აიღო ქალაქი კარისა, ციხე-ქვეყანა, და სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი, და იოტნა თურქნი მის ქვეყანისანი.
Комментариев нет:
Отправить комментарий