суббота, 30 сентября 2017 г.

სებასტოპოლის ეპისკოპოსის პეტრეს წერილი ინგლისის არქიეპისკოპოსს 1330 წელს

ქრისტეს მამათა შორის პატივცემულო, უფალო კენტერბერის არქიეპისკოპოსო, ღვთის მადლით მთელი ინგლისის სამეფოში უპირველესო, ამ სამეფოს დანარჩენო არქიეპისკოპოსებო და ეპისკოპოსებო! მოგმართავთ ამავე სამეფოს თანამოძმე პეტრე, ღვთის ნებით სებასტოპოლისის (.. ცხუმის) ეპისკოპოსი ქვემო საქართველოში. თითონ ჩემს სამფლობელოში მშვიდობიანობის დროს სიუხვესა და კეთილდღეობასთან ერთად, აქაური ქრისტიანე ძმები სარკინოზთაგან (იგულისხმება თათარ-მონღოლები) ისე არიან შევიწროებულნი და დატანჯულნი, რომ ლამის არის ქრისტიანული სარწმუნოება მიატოვონ.
საერთოდ, ბნელეთის (.. სხვა სარწმუნოების) შვილები წარმოშობით ცბიერნი (გამოცდილნი) არიან ვიდრე ჩვენი დასავლეთის ქრისტიანთა სინათლის შვილნი: ეს უკანასკნელნი წყნარად ატარებენ თავიანთ დღეებს; ისინი ბეჯითნი არიან თავისი თავისთვის, მაგრამ არა იესო ქრისტესთვის. ამის გამო, აღმოსავლეთში ყოველდღე მცირდება იქსაქსება ქრისტიანთა მბრძანებლობა, რადგან ქრისტიანები იჩაგრებიან, მათ სთელავენ ბოროტგამზრახველი სარკინოზები სხვადასხვა მოქმედებითა, ღალატით თუ დაპირებით, წამებით თუ საჩუქრებით, ომით - ხმელეთსა და ზღვაზე; ახლა ქრისტიანებს იმონებენ იმორჩილებენ ფულით ბაზრობებზე, სადაც მათ მიათრევენ კისერზე თოკით და ცხენის კუდზე გამობმულებს; მათ ჰყიდიან, რადგან არავინაა მათი ქომაგი.
ამგვარად, აქ არის პატივმოყვარე ამაოებით მოცული ქალაქი, სადაც დაუმსახურებლად დანიშნული ვარ უმაღლესი მღვდელთმთავრის (იგულისხმება რომის პაპი) ნება-სურვილით. როგორც ხმა დადის, ერთ დროს აქ ასი ქრისტიანი მიჰყიდეს სარკინოზებმა, მათ ეს ქრისტიანები სარკინოზთა ქვეყანაში წაიყვანეს და იქ სარკინოზებად აქციეს. მე, ჩემი მხრივ, ვეწინააღმდეგები ადამიანებით დანაშაულებრივ ვაჭრობას, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აქ მბრძანებლები ქრისტიანები არიან, არც ამ საკითხსა და არც სხვაში არ მიგონებენ, რადგან ბერძნული სქიზმის (იგულისხმება 1054 წლის ქრისტიანული განხეთქილება) მიმდევრები არიან.
ამიტომ თქვენ მოგმართავთ: თუ თქვენს სამეფოში გაბედული მორკინალები (.. სარწმუნოებისათვის მებრძოლები) მოიძებნებიან და სურვილი აქვთ იომონ ღვთისა და სარწმუნოების სიყვარულისათვის, დატყვევებული ქრისტიანების გასათავისუფლებლად და ამასთანავე სურვილს გამოიჩენენ შეიძინონ კარგი მამული, პირველობა, სამეფო და სასახლეები - სასურველი იქნება თუ თქვენ მათ გააცნობთ ამ წერილს. სამოქმედოთ ის გამოგზავნეთ, ვინც ამ საქმის მცოდნეა.
საქმე ისაა, რომ ამ წერილის მომტანი, იახია დე კრემონა, თავის დროზე, ესე ოცდაათი წლის წინათაც იყო აქ, მას ვავედრებ თქვენს მამობრივ მოწყალებას. პირადად მან სარწმუნოების ერთგულებისა და ტყვე ქრისტიანი ხალხის განთავისუფლებისათვის საქართველოდან ინგლისში ამ წერილის საკუთარი ხარჯით წამოღება ისურვა. მხოლოდ იმდენად ღარიბია, რომ მე მგონი მთელი მისი ქონება საკმარისი არ იქნება ნახევარი გზისათვის; თუმცა ერთ დროს, იგი ძალიან მდიდარი, გემისა და ქონების პატრონი იყო, ამჟამად კი ღარიბია. ჩემის მხრით, არაფრის მიცემა არ შემეძლო, რადგან არც ერთი ეკლესია და არც სახლი არ გამაჩნია თავის შესაფარებლად და არც ერთი დინარი არა მაქვს გასაცემი. მაგრამ ამის მიუხედავად, მუდმივად, დღე და ღამე ვუცდი მახვილს სარწმუნოებისათვის საბრძოლველად და ეკლესიის გაერთიანებისათვის (იგულისხმება მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიების გაერთიანება). კვირაობით, რომელიმე ღარიბი ქართველისაგან შეწირულებას ვიღებ. ასე ვატარებ ამ ცხოვრებას. მეორე მხრივ, ამ ქვეყნის მბრძანებელი, რომელიც მთელი საქართველოს ჯარის მხედართმთავარიც არის (. კიკნაძის აზრით საუბარია ოდიშ-აფხაზეთის ერისთავთ-ერისთავ მამია დადიანზე, რომელსაც, როგორც ჩანს 1329/30 წელს დასავლეთ საქართველოს შემ,ოერთების დროს მოკავშირეობის გამო გიორგი V- უბოძა საქართველოს ამირსპასალარობა, რომელ ტიტულსაც აქამდე სარგის ჯაყელი ფლობდა. კიკნაძისვე აზრით ამას უნდა ადასტურებდეს ისიც, რომ 1334 წელს სარგისის მემკვიდრე ყვარყვარეს მეფემ მხოლოდ ათაბაგობა უბოძა), მზადყოფნაშია მთელი თავისი ლაშქრით, დასავლეთის ქრისტიანებთან ერთად გასალაშქრებლად (იგულისხმება ახალი ჯვაროსნული ლაშრობა). იგი ასე იქცევა: რომაული ეკლესიისადმი მორჩილებასა, კათოლიკობის მიღებაზე და სარწმუნოების ერთიანობაზე თანახმაა; აქაურ კათოლიკეებს სასაფლაოც მისცა. მიუხედავად ქართველთა ორი სამეფოა ზოგიერთი ჩვეულებისა აქ გარდაცვლილ კათოლიკეს არ ანსხვავებენ სქიზმატიკოსისაგან, მაგრამ თვით კათოლიკენი ვერ შეეგუენ სქიზმატიკოსებს და მიცვალებულებს მათი სასაფლაოს გარეთ მარხავენ. ამის გამო, ზემონათქვამი სასაფლაოს მიცემით, ძალიან განაწყენებული დარჩა სქიზმატიკოსი ეპისკოპოსი და სამღვდელოება, რადგან ამ სასაფლაოს გამო ჰკარგავენ ლათინთა დასაფლავების უფლებას. ამის გამო, იმდენად გაიზარდა შფოთი, რომ კათოლიკე ლათინელთა მიერ სასაფლაოს შუაგულში ამართული ჯვარი ამოგლიჯეს და ასევე ლათინთა მიერ ამართული თხუთმეტი საფლავის ქვა დაამტვრიეს. ლათინელებმა ხელახლა აღმართეს ისინი. აქაურმა სქიზმატიკოსმა მღვდლებმა და ხალხმა სარკინოზთა და იუდეველთა (ჩანს ამ დროს ცხუმის მოსახლეობა მრავალეთნიკური იყო) ხელის შეწყობით, მესამედ აღმართული ქვები სქიზმატიკოს ეპიკოპოსთა-ეპისკოპოსთან (.. „აფხაზეთის კათალიკოსთან“) წაიღეს. ყოველივე ამის გამო მოგმართავთ თქვენ დასავლეთის ქრისტიანებო, რომლებიც სტკბებით უზრუნველი კეთილდღეობით, შეიბრალეთ აღმოსავლეთის ქრისტიანები, რომლებიც იჩაგრებიან და თავიანთ მძიმე გაჭირვებაზე ტირიან. თქვენთვის ადვილია, რომ ქვეყნიერებიდან სრულიად ამოაგდოთ მაჰმადიანთა და სარკინოზთა მათრახი. ეს შესაძლებელია, თუ კათოლიკენი კარგს იზამდნენ და მიბაძავდნენ დიდ მეფეს (იგულისხმება ინგლისის მეფე ედუარდ III).
დაწერილია ქალაქ სებასტოპოლისში, ქვემო საქართველოს სამეფოში, ინგლისის მეფის წმინდა ედუარდის სახელწოდების დღესასწაულზე. უფლის წელთაღრიცხვის 1330 წელს.
* * *
ფრანგი ისტორიკოსის კვლევით დადგენილია რომ პირველი კათოლიკე ეპისკოპოსი სოხუმში დაჯდა 1318 წელს და იგი იყო ბერნარ მორე. შემდეგი იყო ჩვენი წერილის ავტორი პეტრე გერალდი, რომელიც 1330 წელს იქნა დანიშნული. 1328 წლიდან აღმოსავლეთის კათოლიკური ეკლესიის ცენტრი სმირნადან უკვე თბილისში გადმოდის.

















Комментариев нет:

Отправить комментарий