пятница, 29 сентября 2017 г.

გიორგი XII-ის ბოლო დღეები და ქართლ-კახეთის სამეფოს აღსასრული (პლ. იოსელიანი)

ცხოვრება მეფის გიორგის მეათცამეტისა“ (თავი 128–165)
128. ჩერქეზ ქირმანის ბატონმან უცმან, ალექსანდრე მეფის ძის სიმამრმან და მეფეთა თანა დაახლოვებულმან ადრითგან, მოართვა მეფესა გიორგის 6 ცხენი ყაბარდოული, ორი თეთრი და ოთხი სხვისა ფერისა, ტანოვანნი და ძლიერნი. დიდ სხეულოვნებისა გამო მეფისა, ვერ სადამე უძლებდნენ მას ცხენები და ამისთვის გამორჩევით, მცნობმან მოყვარემან მოართვა მას ძღვნად. – იამა მეფესა და მიუძღვნა ნაცვალგებისა საჩუქარი მას და რიცხვით სახლეულისა მისისა ქალთა ოთხი ბეჭედი ალმასისა იაგუნდ მოდებულნი თანასწორისა ფასისა და ხელოვნებისა და გულსაკიდი მარგარიტისა ძეწკვი. თვით მას წარუვლინა დიდი საგზაო აზარფეშა ვერცხლისა შიგნით მოოქროვილი და თოფი, რომელიცა ადრევე ქონდა ნაჩუქრად ინგლისისა ვაჭრისაგან, თფილისს მოსვლისა მეფისა ირაკლისავე დროსა.
კაცთა საჩუქრის მომტანთა უბოძა ტანსაცმელი მდიდარი და შესაბამი მათდა იარაღი და გაისტუმრა ლიახვისა ხეობითა, იმავე გზითა, რომლითაცა მოვიდნენ. – ესენი ჩააბარა მშვიდობითისა მგზავრობისათვის იასე მაჩაბელსა, ლიახვისა ბატონსა და დავით ამირეჯიბსა, იმერეთისა მესაზღვრეთა და მოყვრობით იმერეთისა და მეგრელიისა თავადთა თანა დამოკიდებულთა. ამბავი ესე მიამბო მეფის ძემან მიხაილ დამსწრემან საქმისა ამის. ერთი ცხენთა ამათგანი იყო თვით იგი, რომელიცა შემდგომად ლეკთა ჯარისა და ალექსანდრე მეფის ძისა მათ თანა ყოფისა ომსა საგარეჯოსა ახლოს (ნიახურას) დამარცხებისა წარუვლინა თვისისა უნაგირითა ღენერალს რუსისა გულიაკოვსა ძღვნად, და მიაგება ავლაბრისა თავსა. ესეთ, ვითარცა ძლევამოსილი შეჯდომით მეფისა ცხენზედ შემოვიდა ქალაქსა და პირდაპირ წარდგა იგი მეფესთან, სნეულებით საწოლსა ზედა მდებარესთან და მიულოცა ერთობ ქართველთა და რუსთა ჯარისაგან გამარჯვება პირველი, და ძლიერი, სახელოვანი და საიმედო შემდეგთა დროთათვის. ლეკთა ბაირაღები მოტაცებული მძლეველთაგან, მოქონდათ თვით ლეკთა ტყვედ შეპყრობილთა, ეგრეთვე ზურნა და დაფი ლეკებისა. მცხოვრებნი ქალაქისა ავლაბრიდამ სასახლედმდე მოჰყვებოდნენ ძლევა მოსილსა ღენერალსა ზურნითა, და დაფითა და საყვირითა; მეფის ძენი იოანე და ბაგრატ, რომელნიცა დაესწრნენ ბრძოლასა ამას დიდსა და სახელოვანსა, და რომელნიცა დააჯილდოვა იმპერატორმან პავლე ბოძებულთა მათდა 2 ხარისხისა იოანე იერუსალიმელის ორდენითა, – იდგნენ მარჯვნივ და მარცხნივ; დიდი და ვრცელი დროთა ამათ მოედანი სასახლისა გაივსო მაყურებელთაგან. დედოფლი მარიამ, და მეფის ასულნი იქ დამსწრენი შეხაროდენ მძლეველთა. განმხიარულებულმან მეფის ასულმან რიფსიმე, ადრევე მცნობმან ღენერლისა, წაიძრო თითიდამ, ვითარცა თვით მიამბო, ბეჭედი ფირუზისა და უბოძა მას საჩუქრად. მიხედვით მაგალითისა ამის დედოფალმან უბრძანა მოხელესა თვისსა მოართვან ბეჭედი და ერთიცა სამ-იაგუნდ სმული ოქროს ბეჭედი ხელითა თვისითა უბოძა ღენერალსა. თვით მეფემან, ოდეს ღენერალი მოვიდა და აკოცა მკერდსა, აკოცა თვით შუბლზედ და უბრძანა სიტყვანი ტკბილნი. „მივსწერე იმპერატორსა პავლესაო მხნეობა შენი: იმედი მაქვს დაგაჯილდოოსო დიდად“.
აქვე იყვნენ შეკრებილნი კათოლიკოსი ანტონი, არსენი თფილელი, იუსტინე მთავარეპისკოპოსი და სომეხთა ეპისკოპოსი ოჰანეზ თფილისისა.
ესეთითავე დიდებითა და დღესასწაულობითა წარუძღვნენ მას სახლად თვისად, რომელიცა იყო ახლოს მეფის ძის დავითის სასახლისა მტკვრისა კიდესა ზედა. ესე იყო დილით 11 საათსა, დღე იყო, თუმცა ნოემბრისა თვისა, მზიანი, მშვიდი და თფილიო, – მიამბო მანვე მეფის ასულმან რიფსიმე.
აქავე დაუვიწყებლობისათვის ვიტყვი ამასაცა, რომელ მეფემან ირაკლი იხილა შვილი თვისი ალექსანდრე, არა კეთილად მქცევი და მოუძებნა ცოლად ქალი ქირმანის ბატონისა ყაბარდოდამ, მოიყვანეს ქალი ესე 12 მოახლითა 14 წლისა თფილისს, წითელისა თალათინითა მშვენიერად წელ-რტყმულითა ზორტებითა, იშვიათისა მშვენიერებისა. შემდგომად ორის კვირისა ნათელ სცეს მას სასახლისა ეკლესიასა, უწოდეს სახელად ნინა, მეფის ძე ალექსანდრე ცივად ექცოდა სასძლოსა თვისსა და ქალმან ჯერეთ ჯვარ-დაუწერავმან იგრძნო ობლობა თვისი და მწუხარებითა დუმილითა განატარა 6 თვე, მოწყლული გულითა დაჭლექდა და გარდაიცვალა და დასაფლავდა თფილისს, მეტეხისა ეკლესიასა შინა.
129. შემდგომად რუსთა და ქართლისა ნიახურას გამარჯვებისა, მეფემან გიორგი, სნეულად საწოლსა ზედა მდებარემან, მისწერა დესპანთა თვისთა შემდეგი წერილი:
„ჩვენ მაგიერად მის ბრწყინვალებასა ჭავჭავაძეს, უფალს ეშიკაღაბაშს, ყაზახის მთავარს და ამირას გარსევანს და კნიაზს ავალოვს, – თანა განმზრახსა ჩვენსა გიორგის, და კნიაზს ფალავანდოვს,1 მდივანს ელიაზარს, მრავალი მშვიდობითი სუფევა და სიყვარული ეუწყოთ: აქაურს ამბავს აქიდგანვე თქვენც კარგად შეიტყობდით. დაფარულად რაოდენს საქმეს ცდილობდნენ, მოწერა აღარ ვინებეთ, საქმით გამოცხადება შეუყენეს. ბაბა ხანის შვილი და მისი სარდარი როსსიისა მხედრობისა ამოსაწყვეტად და საქართველოსა დასაპყრობად რომ მოვიდნენ ერევანს, ალექსანდრე იმათთან მივიდა აქედგან გაქცეული. იმათ იქიდგან წიგნი და კაცი მოსდიოდათ; ჯარი შეიყარეს ამათ, მოვიდნენ, მაგრამ ღვთისმშობლისა მოწყალებამან განაქარვა მათი განზრახვა. მათისა დიდებულებისაგან როსსიის მხედრობის მოშველება რომ შეიტყვეს ყიზილბაშთ, წავიდნენ შეშინებულნი. იქიდგან უქმად დარჩენილი ალექსანდრე შუშის ხანთან მივიდა; ომარ-ხან დაბარებული ჰყავდათ; ომარ-ხან რომ ჩამოვიდა, ალექსანდრე, იბრაიმ-ხანის შვილიც იმასთან ომარ-ხანთან მივიდნენ; დიდი ჯარი შეიყარეს; ჯარის მნახავნი კაცნი ასე ამბობდნენ: ოცდაათი ათასი არისო, რომელნიც გაღმიდგან გამოდიოდნენ, მაგარამ ათასი კაცი მეტი იყო. ომარ-ხან, ალექსანდრე და მათთან სხვანი წამოვიდნენ საგარეჯოს, მარტყოფს დამდგარიყვნენ; აქედგან ესენი მისულიყვნენ, ვისთანაც შეთქმულობა ჰქონდათ; იმათით როსსიის მხედრობა და ჩვენ ამოვეწყვიტენით; ომარ-ხანს და იმათ საქართველო დაეპყრათ, მაგრამ ეს კი არ იცოდნენ, ომარ-ხან და ჭარელნი საქართველოს იმათ აღარ დაანებებდნენ. ნიახურას რომ მოვიდა ომარ-ხან, უფალნი ღენერალნი2 ქიზიყს მისულნი რამდენისამე როსსიისა მხედრობით და ჩვენი შვილები იოანე და ბაგრატ კახეთისა მხედრობითა ნიახურას მოეწივნენ; ნოემბრის შვიდს სამი საათი დღისა დარჩენილი იყო, რომ მოწივნენ და მყის თანა შეებნენ; სადაცა ბინა ჰქონდათ და განზრახვა მისვლისა, იქ არ მიესწრათ, ქრისტეს ღვთისა და ღვთისმშობლის მოწყალებით შეებნენ და სძლიეს და ფრიად მრავალი ამოსწყვიდეს. ჯონგათაის თავი აქ მოგვივიდა; ომარ-ხანის დიდად დაკოდვას ამბობენ იმათის ჯარიდან მოსულნი.3 ჩვენ ახლა ამისთვის გწერთ ამ წიგნსა, ამათ ამისთანა მაგათის დიდებულების სამუხანათო საქმე და ჩვენი ამოსაწყვეტი განზრახვა არ მოიშალეს. ჩვენის თავისა რომ დავუთმოთ, მაგათის დიდებულების მხედრობის ამოწყვეტა როგორ დავითმინოთ? მაგათის დიდებულების საფარველი რომ მოაკლდეს საქართველოსა, საქართველოდგან ქრისტიანობის ნათელი აღდგება (ე.ი. განქარდება). კურთხეულის მეფის მამის ჩვენისა ანდერძიც ასე გვაქვს, თქვენც კარგად იცით. ამჟამად ღვთისმშობლის მოწყალებით მძიმე სნეულებისაგან განვთავისუფლდით; სრულიად სიმრთელეს რომ მივიღებ ქრისტეს ღვთის მოწყალებით, არაგვს ავალ, არაგვსა და საბატონიშვილოებს ჩამოვართმევ; ვიდრე ჟამადმდე დავდუმდები, მაგრამ ამათის მხრისაგან მეშინის მტერთა ჩვენთაგან შემწეობით, როსსიის მხედრობას არა შესცოდონ რა; ვინ იცის ამათგან მოხსენდეს რა მაგათის დიდებულების დიდებულსა კარსა. თქვენ იცოდეთ მიზეზი საქმისა ამის. ჭეშმარიტებაა, ვიდრე აქამდისინ მრავლისაგან მრავალი დამითმენია, მაგათის დიდებულებისა მხედრობისა მუხანათობა და მაგის უძლეველის მხედრობისა ვნება კი ჩვენგან არ მოითმინება. ჩემი სული უნდა დავსდვა მაგათის დიდებულებისა და მხედრობისათვის მათისა; ღვთის შემდგომად მაგათი დიდებულება არის ყოვლის მხრით ჩვენი შესავედრებელი. წელთა ჩყ (1800). ნოემბრის იბ (12). ქართლისა და კახეთისა და სხვათა მეფე გიორგი. უვარგობა კი არ იქმნება, ასე იცოდეთ, გიორგი“.4
შენიშვნები
1. მოხსენებულნი აქა გვარნი ავალიშვილისა და ფალავანდიშვილისა არიან თქმულნი რუსულისა ენისა მიბაძვით „ავალოვად“ და „ფალავანდოვად“. ესე ნამდვილი, რომელიცა აქვს დღეს უგანათლებულესს ირაკლის ალექსანდრეს ძეს, არის დაწერილი კიკოლა დიაკვნისაგან.
2. გულიაკოვი და ლაზარევი. ესე ომი აღარ აღვწერე, რადგან რუსთაცა აქვთ აღწრილი და ქართულადაცა არის აღწერილი.
3. ომარ-ხან დაჭრილობითა ამით მოკვდა ზაქათალას და იქვე მეჩეთში დასაფლავდა.
4. ესე მიმატებული ესეთ თვით მეფესა მიეწერა. აქა იგულისხმებს მეფე, რომელ მოღება საუფლისწულოთა და არაგვისა ძმათაგან, უვარგისი ანუ უსარგებლო არ იქმნებაო; წერილსა ამას ნამდვილსა, რიცხვი არ უზის. მხოლოდ გარსევან ჭავჭავაძეს მეორეს გვერდზედ დაუნიშნავს რიცხვი მიღებისა: „28 დეკემბერსა 1800 წელსა მივიღე“. დღე ესე არის დღე მეფის გარდაცვალებისა.
130. დღეთა ამათ შფოთისა და ამბოხისა ძმათაგან და გარე მტერთა, მოერთვა მეფესა, ოთხთავე მართლმადიდებელთა პატრიარქთა კურთხევითი წერილი და ნაცვალგებითი საჩუქრები და ხატები გაგზავნილთათვის საჩუქართა და შესაწირავთა, ვითარცა მოსახსენებელად განსვენებულისა მეფისა ირაკლისა, ეგრეთვე წარსამართებელად გამეფებულისა გიორგისა. სამი ესეთი ხატთაგანი დღესაცა იპოება ჩემსა სახლში და მაქვს თაყვანისსაცემელად; ესე არის კვიპაროზისა ფიცარზედ ამოჭრილი ხატები საუფლოთა დღესასწაულთა, მეორე ჯვარი და მესამე სადაფისა ხატი... სხვანი ესე ვითარნი ჯვარნი და ხატნი წარავლინა მეფემან ეკლესიათა შინა კახეთისა და ქართლისა და ჯვარნიცა მოსახმარებელად ტრაპეზთა ზედა, გამიგონია 200 თუმნისა ნივთნი ვეცხლისა და ოქროსი წარავლინა საბერძნეთსა მეფემანო და ფულად 80 თუმანი, დროთა ამათთვის უფულობისა და ქვეყანისა გაოხრებისათვის ლეკთა და სპარსთაგან, – არა მცირედი ამასვე დროსა მოერთვა კონსტანტინოპოლით პატრიარქისაგან ხატი ფიცარზედ ნახატი „წყარო ცხოვრებისა“. დღესაცა ჰგიეს ესე წმინდის გიორგის კარის ეკლესიაში.
131. ამასვე დროსა პატრმან დამიანე ანკონელმან, მოსულმან რომითა თფილისად, მიართვა მეფესა წერილი პაპისა პიოს მეექვსისა. წერილითა ამით სთხოვდა პაპა მაგალითისამებრ მამის მისისა გარდაცვალებულისა, ქონდეს მფარველობა მღვდელთა ზედა გამოგზავნილთა მოციქულთა ქალაქიდამ საქართველოს. სწერდა მადლობასა პატივისცემისათვის მათისა კათოლიკეთა სამწყსოსა და ეკლესიისა განმგეთა. ლათინთა ზედა ენასა დაწერილი ეპისტოლე ანუ ბულლა გარდმოიღეს ქართულად ექიმმან რომში აღზრდილმან კათოლიკემან სომეხთა გვარისა შარიმანაშვილმან,1 რომელიცა მოკვდა თფილისსა 1836 წელსა. წერილი ესე ნამდვილი და თარგმნილიცა ქართულად ქონდა დავით თუმანიშვილსა, ეგნატი თუმანიშვილისა ძმასა (გარდაიცვალა 1832 წ.). ვის დარჩა იგი არა ვუწყი.
იოანე ყარაევმან კათოლიკემან ექიმმან მეფისა გიორგისა, მომითხრო ამბავი ესე და სთქვა: „დიდად იამა მეფესა წერილი პაპისაო, და იკითხა, რატომ არ იციან ხატითა ანუ ჯვარითა დალოცვაო. თუმცა არა ვარ პაპისა სარწმუნოებისა, გარნა ვარ მეფე ქრისტიანეო და თვით პაპა არის მღვდელმთავარიო. რიგია იცოდეს მეფეთა პატივიო“.
პატრი დამიანე, მომრთმევი წერილისა შეწუხდა მეტად ესრეთითა სიტყვათა გამო. მაშინ მეფემან განამხნო და ბრძანა ნუგეშად პატრისა აცნობონ თვისსა ენაზედ პატრსა, რომელ მეფესა დიდათ ეყოლები პატივითა და სიყვარულითა. „არა ვარ თქვენისა სარწმუნოებისა, – ბრძანა მეფემან, – ვარ ორთოდოქსი (ხშირად ხმარობდა ლექსსა ამას ბერძულსა, რომელიცა ნიშნავს „მართლ-მადიდებელსა“). მაგრამ მიყვარან პატრნი სიწმინდითისა მათისა ცხოვრებისათვის, გულისა კეთილისა ქონისათვის, ქველის მოქმედებათათვის, რომელსაცა იქონიებენ გლახაკთა, ობოლთა და სნეულთა მზრუნველობისათვის. – ჩემო პატრო, იყავ განსვენებით, დაახლოებით ჩემისა კარისა, შემიწიე თუ საჭიროება რაიმე გქონდეს“.
გამხიარულებული პატრი წავიდა სახლად თვისსა და შემდგომად გარდაცვალებისა მისისა, მწუხარე და კურთხევითა მომხსენებელი მეფისა, 1801 წელსა თვითცა გარდაიცვალა ქ. თფილისსა.
მისსა მოადგილედ დარჩა პატრი ფილიპე, კაცი მაღლისა სათნოებისა და აღმაშენებელი ლათინთა ეკლესიისა თფილისსა და დამაფუძნებელი სასწავლებელისა ყრმათათვის ფრანგთა, სასტუმროსა სახლისა, – შესაწყნარებელად უცხოთა კაცთა და სასნეულოსა, – საკურნებელად სნეულთა უპოვართა. 1859 წელსა გარდაიცვალა 77 წლისა და დასაფლავდა აღშენებულსა მისგანვე მცირესა ქვა-კუთხიანსა ეკლესიასა ზოგადსა ფრანგთათვის სასაფლაოსა სოლოლაკის მთისაკენ მშვენიერსა და თვალსაჩენსა ადგილსა.
შენიშვნა
1. ვჰგონებ ერქვა მას სტეფანე, ამან შეადგინა ლექსიკონი ბოტანიკური მცირე ბალახთა და მცენარეთათვის სამკურნალოთა. შემდეგ იოანე მეფის ძემან დაურთო ესე თვისგან ქმნილსა ლექსიკონსა. ნ.დ. ჩუბინოვმან შეიტანა ლექსნი ესენი თვისსა ლექსიკონსა, რომელიცა დაბეჭდა შემდეგ დავით ჩუბინოვმან.
132. სნეულობისა დროსა მოუბარმან მეფემან ინება გამოკითხვა ლექსისა „მღვდელი“ მნიშვნელობისა. მოახსენა იოანე ოსესშვილმან განმარტება ლექსისა, გაგონილი მზეჭაბუკ დიამბეგისაგან ორბელიანისა,1 რომელსაცა წაეკითხა ესე წერილთა შინა თფილისის მიტროპოლიტისა ნიკოლოოზისა:2 ლექსი „მღვდელი“ არს იგივე „ღვთისა“ ლექსიდგან წარმოებულიო ე.ი. ღვთელი, მღვთელი, მღვდელი ან ღვდელი. აქედამვე წარმოსდგა ესეცაო, რომელ მეფენი ღვთისა ცხებულნი იყვნენ მასვე დროსა გვამნი ღვთისანიო ე.ი. საღმრთონიო. აქედამვე შემოვიდა თქმულობა დიაღ ძველი ქართველთა შორის და ხმარებული გლეხთაგანცა სოფლებში: „მღვდელთა და მეფეთა“ – ამით იგულისხმებოდა არა უპირატესობა მღვდელთა მეფეთა ზედა, ვითარცა აწ ჰგონებენ მრავალნი შეცთომით, არამედ ესე, რომელ თვით მეფენი იყვნენ ერთსა და მასვე დროსა მღვდელნიცა და მეფენიცა დროთა წარმართობისაცა.
მეფე გიორგი, ოდესცა მოისხამდა სუფრაზედ მღვდელთა, უჩვენებდა მარადის ახლოს თვისა ადგილსა და უბრძანებდა ყოველთვის „მღვდელთა და მეფეთა!“ – „მაღალი ხარისხი არის მღვდელთმთავრობა, – ბრძანა მეფემან თვით, – აქვს უფლება შეკრვისა და განხსნისაო. ესე უფლება არ მისცემია არცა ანგელოსთა და არცა მთავარ ანგელოსთაო. სამოსი მათი ბისონი არის სამოსი მეფეთა, დიდისა წმინდისა კონსტანტინე კეისრისაგან მირთმეული. ამით აიყვანა ეპისკოპოსი ერთსა და მასვე თვისთანა სამეფოსა პატივსა...“
შენიშვნები
1. ესე მზეჭაბუკ იყო ორბელიანი (ყაფლანიშვილი) კაცი რიტორი, მცოდნე ძველისა და ახლისა ფილოსოფიისა. განსწავლეს იგი ვინცღა ისე დიაკონმან (ვინ იყო ვერ ვსცან, – ესეთ ადვილად იკარგება ახალთა დროთაცა ამბავნი) – მოძღვრად მისსა იყვნენ ზაქარია სომეხთა ვართაპეტი იტალიაში აღზრდილი და ზაქარია გაბაშვილი მოძღვრად წოდებული. – იყო ტანით და სახით სრულიად ეზოპე. გარდიცვალა 1794 წელსა. მოწაფე მისი იყო მამა ჩემი ეგნატი.
2. მისგან დაწერილისა წიგნისა ბოლოს სწერია ესეცა:
„ქართული ქორონიკონი ჯდებოდა უივ (416), მეთოთხმეტეს მოქცევაში ვიყავით. მთავარნი ესე ასოთანი ძველადვე ქართველთ ეწერათ და აღარავინ სწავლულ იყო ამისა, გარდა უხუცესისა ძმისა ჩემისა სულხან საბა ორბელიანის ძისგან კიდე. მასცა მამისა ჩემისაგან ესწავა და მან მე მასწავა. ჟამსა მას რომელთა ინებეს, ხელთაგან ჩემთა ისწავეს, არამედ ვერ სწორ ქმნულთა ჩემთასა! მას ჟამისა მეფენი და შემდგომნი მათნი მოწლედ (?) ჰყვარობდნენ ამა წერასა. მე ქართველთა, იმერელთა და კახთა მეფეთ დედის ძმისწულმან და საქართველოს მოსამართლეთ უხუცესის ორბელის ძემან მროველ ეპისკოპოსმან და აწ თფილელ მიტროპოლიტმან, უღირსმან ნიკოლოოზ ანბანი ესეთ დავწერე; ტრფიალი მსწრაფლ გულისხმა ჰყოფს და მოსურნე ადვილ მიხვდების. – ურთიერთარს დაქსელვა და გვარ-კეთილობა საჩინო მიქმნიეს, და უმეტესსა გვარსა ნუ ვინ შესძინებს. ჩემსავე ცხოვრებასა ვიხილე ჩემ მიერ სწავლულის მიერ, ვითაც მას ენება ეგრე გვარიან ჰყოფდა. თუ ვისმე ძალედვას, სხვა თვით მოიგონოს და ჩვენსა პირველად მყოფსა შლად არა ჯერარს. გვარი და ერთმანეთში დაქსელვა ესეთ ხამს. გულისხმიერისაგან სხვა და სხვა რიგად დაიქსელვის, ტანის სისხო ყოველთავე სწორად ჰხამს. მე თხოვებულის თვალით დავსწერე: რამეთუ ვიყავ ორმოცდაათთექვსმეტისა წლისა მის წერაშია, მხილველთაგან შენდობასა ვითხოვ. ღვთის სიყვარულისათვის ჩემი სიმძიმე იტვირთეთ და სჯული ქრისტესი აღასრულეთ. ქალაქსა დიდსა სამეუფოსა შინა მოსკოვს, 1728. აგვისტოსა“.
დაუკარგველობისათვის ამისსა, ესე აქა დავსდევ, ნუ მრისხვენ მკითხველნი „მეფისა ცხოვრებისა“ მწერალსა.
133. ლეკნი წოდებულნი ქალაქსა მეფისა მცველად, ითხოვდენ დანიშნულსა ჯამაგირსა. თფილისისა ქალაქისა შემოსავალი არა ეკმავა ამათ. ამისთვის ებრძანა მელიქსა დარჩიას შეაწეროს მოქალაქეთა და უფრორე შემძლეთა კაცთა ფული. სომეხნი დრტვინვიდენ, მაგრამ მისცეს საკმაოდ და არა გაწერილისამებრ. მეფემან უბრძანა მელიქსა, გამოუცხადოს სომეხთა ვაჭართა რომელ „შემოხიზნულნი საქართველოსა დაიცვებიან ქართველთა ძალითა. აქვთ ვალი ეწეოდენ გულითა ქვეყანასა გაჭირვებისა დროსა. შეუწუხებლივ არა იქმნება რა: ერბო-კვერცხისა ჭამისა მოსურნემან უნდა გატეხოს კვერცხი. – გამოუცხადე მათ არ იყვნენ უმადლონი ქართველთა“.
ჰგონებდა სადამე მეფე, რომელ სომეხთა შფოთისა იქნებოდა თანაზიარი ყორღანაშვილი ოსეფა, ამილახვარი დედოფლისა დარეჯანისა. მაშინ მოახსენეს მეფესა, რომელ თვით ყორღანაშვილმან მოსცა მელიქსა ოთხი თუმანი. სდუმნა მეფემან და არა მომლოდინემან მისგან ესეთისა მოქცევისა, – რათა არა აწყინოს დედოფალსა უბრძანა საიდუმლოდ მელიქსა: „გულითა ჰქმნა ესე, თუ ჩემსა მოსტყუებლად?“. პატივცემულად მეფისაგან იყვნენ მოქალაქენი გურგინბეგი სტეფანე, ფითუაშვილი და მენთუაშვილი. სომეხთა გვარი ემდურვოდა ამათ, ვითარცა მეფისადმი დაახლოებულთა კაცთა და მჩაგვრელთა დანარჩენთა სომეხთა. – ხშირად სადამე ეტყოდა სომეხთა თფილისელთა ფითუაშვილი უფრო მიჩნეული: „ძალი ქართველთა მეფისა ჩვენი ღონიერებაც არისო, რატომ არა ხედავთ და არა სინჯავთ: ერთს ბედნიერებაში ვართ ჩვენ სომეხნი აქა, სპარსეთსა და ოსმალოში?“
ესეთ ლეკთა ჯარითა დაცული მეფე იყო მწუხარედ და მაშინ შევიდა კოვალენსკი და მიართვა წერილი იმპერატორისა პავლესი. წერილითა ამით სთხოვეს მეფესა სომეხთა მელიქსა ჯიმშიდ შახნაზაროვსა და ფრიდონ ბეგლაროვსა, სურვილისმებრ მათისა ებოძოს ადგილი ყაზახში, რათა დაასახლონ თვისნი ყმანი სომეხნი, დევნილნი სპარსთაგან. „ამისთვის იკვრიან ესენი პირობითაო, – სწერს პავლე, – დაიცვან ძალითა თვისითა სამეფო თქვენიო, კეთილობისათვის სამეფოსა თქვენისა და სიბრალულისა გამო ვითარცა ქრისტიანეთა მივიღე მე ესენი ჩემდა ქვეშევრდომად და მოვაჩემებ საქმესა ამას, მიიღო იგინი ვითარცა სტუმარნი და უბოძოთ დასასახლებელად ადგილი თხოვილი და უფლებაცა თვისთა სომეხთა ზედა, ვითარცა ქონდათ მათ თვისსა ქვეყანასა. 3 ივნისს 1799 წელსა“. – მეფემან ესე ვერ ჰქმნა და უბრძანა მინისტრსა სიძნელე საქმისა და ესეცა, რომელ თვით სომეხთა არა სურდათ მათი ბატონობა ჩემს ქვეყანაშიო. მაგრამ აღსასრულებელად პავლეს სურვილისა უბოძა გრამატა, რომლითაცა აძლევს ლორესა, შამირაღისათვის კალკუტელისა სომხისა. თუ ეს შამირ-აღა მოვა, ანუ მისი შვილიო, მაშინ, – სწერს მეფე, – ლორეს მას მივცემ და სამგიეროსა თქვენაო.
134. 1200 კაცსა ლეკსა მეომარსა ეძლეოდა თვე და თვე ჯამაგირი თვითოს თვეში 30 მანეთი. – მესამესა თვესა მათისა თფილისს ყოფნისა, გაუორგულეს ძმათა იულონმა და ალექსანდრემან. ბელადი მათი, ერთგული კაცი მეფისა, მივიდა და მოახსენა ესე მეფესა. მეფემან არა შეამჩნევინა შიში, რომელსაცა მიეცა თვით. უბრძანა ბელადსა მადლობა და სიფრთხილე. მეორესა დღესა დილით, ახლად გაღვიძებულმან მეფემან იხილა 150 ლეკი სასახლისა თვისისა წინარე მისული და რეცა მთხოვნელი დაპირებულისა ჯამაგირისა. გამობრძანდა გადმოკიდებულისა მოედნისაკენ ბალკონსა და იქიდამ დიდისა ზახითა უბრძანა, – შედგნენ და მაშინვე მოუწოდა ქართვლთა ქეშიკთა ანუ მხლებელთა. ესენი მსწრაფლ ყოვლისა კუთხისა სასახლისა გადმოცვივდნენ ხანჯლებითა, კეტებითა და გაყარეს ლეკები შეშინებულნი. დროსა ამას გააფრთხილა მეფემან არავინ მოკლან ლეკი. იქმნა ძიება. ბელადმან გამოაცხადა ღალატი ძმათაგან მეფისა და გარია ღალატობაში კუზიანი მელიქი, მაღაქელაშვილი და შიო თუმანიშვილი. ძიებიდამ გამოცხადდა, რომელ სამთა უკანასკნელთა პირთა იცოდნენ ესე და შიშისათვის ძმათა მეფისა ვერ მოახსენეს მეფესა; მაგრამ ღალატობასა შინა და ორგულობასა არა ერივნენ. ამისთვის უბრძანა ჯარიმისა გადახდა და წაართვეს მათ 400 თუმანი ფულად და ვერცხლად. ამ ფულითა მიეცათ ჯამაგირი ლეკთა და დანარჩენისა ჯამაგირისა გადასახდელად დიდძალი ვერცხლისა ნივთნი საკუთარნი, დააშლევინა და მოაჭრევინა ფულად. ლეკები დაითხოვა, რადგან შემოდიოდა რუსისა ჯარიცა. მემანდერად ლეკთა იყო მიჩნეული ხიდისთაველი თომა, მეღვინეთხუცისშვილი, მცოდნე კარგად ლეკურისა ენისა.
ძმა თვისი იულონ დატუქსა კათოლიკოსისა პირითა და გააძევა თფილისიდამ. „ნუ მიმიყვანს იქამდინ, რომ სპარსთა და მეფეთა უფლებითა დავთხარო თვალები“, – შეუთვალა მეფემან. მაშინ წავიდა იულონ ქართლისაკენ. ალექსანდრე, მამისავე თვისისა დროსა გაქცეული და ახალ მეფობაში უკუ მოქცეული თფილისად და მიღებული კეთილად მეფისა გიორგისაგან, შეშინდა და კვლავ გაიქცა სპარსეთად.
შიომ თუმანიშვილმან, მაღაქელაშვილმან და კუზიანმან მელიმან დარჩია, მეორედ შეჰფიცეს ერთგულობაზედ და ჩამოართვეს წერილი მათ მოღნინისა სომეხთა ეკლესიაში თანა დასწრებითა მათისავე ეპისკოპოზისა ოჰანეზისა, ქალაქისა მოურავისა ევსტატი ციციშვილისა და ეშიკაღაბაშისა ასლან ორბელიანისა. ამილახვარი ყორღანაშვილი იდუმალ გარული ამა საქმეში, არა დასაჯა მეფემან დედოფლისა გამო დედინაცვლისა და ბრძანა მისთვის: „მაგისა ფიცსა არა მივიღებ. ეგ არის მყრალი პატრუქი, ბჟუტავს და აყროლებს. მაგისი რიდი არავის უნდა ქონდეს, თვით მოჰკლავს თავსა თვისსა. ახლდეს დედასა ჩემსა. მეფისაგან მოძულებული, ღვთისაგანაც არის მოძულებული. არა გავერევი მისსა სისხლშია. სისხლსა სისხლითა არა დაიბანენო. ვარ მეფე და ვიქონიებ მოთმინებასა და სულგრძელებასა, რომლითაცა განმშვენდებიან მეფენი, ღვთისაგან დადგინებულნი მაღლად.
135. ჯერეთ მეფისა ერეკლესავე დროსა 1767 წელსა მოახსენეს იმპერატრიცასა ეკატერინას სიმდიდრისათვის ოქროსა და ვერცხლისა და სხვათა მადნებისა საქართველოსა შინა. ღრაფმან აპოლონ მუსინ-პუშკინმან მოსთხოვა იმპერატორსა პავლეს 20 სეკდემბერს 1799 ბრძანება წასვლისა საქართველოდ. მოსვლადმდე მისსა თფილისსა მეფემან გიორგი სცნო მისვლა მისი ლინიასა, უბრძანა გარსევან ჭავჭავაძეს წარმოავლინოს მუსინ-პუშკინი მასთან. მოსულმან ახტალას განიხილა ალავერდის მადანი და ჰპოვა, რომელ ერთსა წელიწადს მოსცა ბერძენთა 445 ლიტრა (ლიტრა 9 ფუთი), და ყოველ თვე გამოჰქონდათ 30 ლიტრა ვეცხლი და 2000 ფუთი რუსული ტყვია. ამავე ვეცხლიდამ გამოარჩევდენ ლიტრიდამ 30-მდე მისხალსა ოქროსა. 800 კაცი მუშაობდა იქ მეფისა ხარჯითა, მეფემან გიორგი გასცა ესე იჯარით და ბერძენნი თვითოსა ლიტრისათვის აძლევდენ მეფესა 160 ფუთსა.
18 სეკდემბერს 1800 წელსა გრაფმან მუსინ პუშკინმან აცნობა იმპერატორსა პავლეს. მაშინ იმპერატორმან უბრძანა გამოსთხოვოს მეფესა, რათა პირობებითა გადაეცეს მადანი ესე და სხვანიცა რუსთა მემადნეთა უფლებასა. მეფემან გიორგი ინება მოურიგდენ სომეხთა მოიჯარადრეთა, რომელნიცა აძლევდენ წელიწადში 12000 მანეთსა, რათა გარდაეცეს ესე თვით გრაფსა მუსინ-პუშკინსა. 8 ოკდომბერსა 1800 წელსა მოვიდაცა ბრძანება იმპერატორისა, რათა შეიკრას პირობები მეფესთან.
ღრაფმან პუშკინმან მოსწერა წერილი ლინიით მეფესა 16 ნოემბერს 1800 წელსა განსწავლულისა მემადნისა ვიხვალდის ხელითა და პირობებიცა:
1) გადაეცეს რუსეთს მადნები საქართველოჲს სამეფოსა.
2) მიეცეს საუკუნოდ საჭირო მადნებისათვის ტყე, წყალი, და ესე ვითარნი სახმარნი.
3) მიეცეს უფლება ციხეთა და სიმაგრეთა აშენებისა და მიენიჭოსთ მუშაკთათვის მემადნეთა საკმაო სახნავი მიწა პურისა მოსაყვანათ და სათივეებიცა.
4) გადაეცეთ მადნებიცა ესეთი, რომელთაცა იპოვნიან სადმე რუსნი.
5) ჩააყენონ მადნებში მუშაკნი იმერელნი, ქართლელნი, კახელნი, ოსნი, ყაზახელნი, ბორჩალოელნი და სხვანი და დაბინვებისათვის იქ მათისა, მიეცეთ ცხოვრებისათვის შეწევნა.
6) ეძლეოდესთ პური ქართლიდამ, ყაზახ-ბორჩალოდამ ფასითა, როგორც ფასობდეს ადგილობრივ.
7) უკეთუ მებატონეთა მამულებში გამოსჩნდეს მადანი, ესეცა მათ მიეცეთ.
პირობებათა ამათ მეფე იყო თანახმა და აღსასრულებელად დაუდვა თვით შემდეგნიცა პირობები:
1) დაიცვას სამუდამოდ რუსეთმა სამეფო მისი მტერთა დაცემისაგან.
2) მიეცეს მეფესა ერთ-დროებით ფული ნაცვლადი.
3) მიეცეს მადანთა დასაცველად 3000 რუსთა ყარაული.
მაშინ მეფემან დაამტკიცა კონტრაქტი და დაუსვა მას ბეჭედი მეფისა და დედოფლისა. მოაწერეს მას ხელი ღენერალმან ლაზარევმან და მღვდელმან მადნისა იოსებ წინამძღვრისშვილმან.
ღრაფმან მუსინ-პუშკინმან 5 იანვარს 1801 წელსა წარადგინა ესე ხელმწიფესთან შემდგომად მეფისა გარდაცვალებისა და შეიცვლა ახლისა მთავრობისაგან ჰაზრიცა მეფისა და მდგომარეობაცა ქვეყანისა განმგეობითი (პოლიტიკური).
1801 წელსა მუსინ-პუშკინმან იწყო მუშაობა მადნებისა და 3 წელსა ვერა რა ჰქმნეს. კნიაზმან ციციანოვმან 1803 წელსა იხილა ესე მძიმედ მმართებლობისათვის და უნებდა შეყენება მუშაობისა. მუსინ-პუშკინი მწუხარებით მოკვდა თფილისს და დასაფლავებულია ჯვარის-მამის ეკლესიასა. მუშაობა შედგა ვითარცა დღეინდელად დღედმდე.
კნიაზმან მ.ს. ვორონცოვმან განიხილა ესე ადგილი და საქმეცა დაწყობილი ძველად. მეცა მიახლო თვისთან (მასთან მოგზაურობაცა ჩემი აღვსწერე და დავბეჭდე რუსულად თფილისს 1850 წელსა) და გამოძიებით გზათა ცუდთა იქ მისასვლელად, აღარ ინება დროდმდე განახლება მადანთა ამათ მუშაობისა.
136. დედოფალმან დარეჯან, მჯდომარემან დედოფლისა მარიამისა თანა რძლისა თვისისა, რომელიცა მშობიარედ იყო ირაკლიზედ, უკანასკნელსა შვილზედ, მოახსენა მეფესა სამდურავი კარისა კაცთათვის, რომელნიცა ატარებენ ენათა და იქმონენ ამბოხთა. „იმ დღესაც მოგართვი ხოხბებიო და კარისა კაცთა გაებედნათ ეთქვათ არა მიირთოთ, მოწამლულნი იქნებიანო. აბა რა სათქმელია და როგორ მოსათმენია? უნდა მოვკლა და ვინა? შვილი ჩემი და მეფე? შვილი ხარ ჩემი და რა პასუხი უნდა მივსცე ღმერთსა, რომ ეს ვიფიქრო? – იმდურებით ჩემს შვილებზედ. რა ვჰქმნა, აგერ ორი თვეა ალექსანდრე გამექცა. მიხარიან ესე? მიმართა თათარსა და მე ხელს მოუმართავ როგორმე? რომელი შვილი დავწყევლო? რომელი შვილი მოვჰკლა? თქვენცა გყვანან შვილები. რომელსა გაიმეტებთ მოსაკლავად და შესაძულებლად?“ – მეფე შესწუხდა და მოვიდა ლმობიერებასა და იტყოდა დედოფლისა დასამშვიდებლად სიტყვათა.
დედოფალი დარეჯან ჰგონებდა მეამბოხედ და აღმაშფოთებელად სამეფოსა სახლისა მაყაშვილსა ალექსანდრეს, რომელიცა იყო დიდად მიჩნეული მეფისა გიორგისაგან და მისგან მეგობრად ხადილი.
მეფემან შემდგომად ვრცელისა საუბრისა ინება და სთხოვა დედოფალსა დედინაცვალსა თვისსა, დარჩეს მათთან სადილად და გაატაროს მათთან დღე. დედოფალმან პატივსცა და დარჩა სადილად. სადილზედ გამხიარულებულმან დარეჯანმან უბრძანა მეფესა: „შვილო ჩემო! 4 წლისა დამხვდი, როდესაც შემოვედ სამეფოსა სახლსა, შვილი იყავ ჩემი და მე დედა ვიყავ, არ უნდა მალე დაივიწყო წარსული დრო, და არცა ალერსი ჩემი შენდა ყმაწვილობისა დღეთა. სხვა რომ არა მქონდეს რა შენთან ამაგი, ეს ხომ არის დაუვიწყებელი ჩემგან. ავად შეიქმენ 4 წლისა და რა გვარითა მეცადინეობითა, მოგიარე და მოგარჩინე. არც ერთ ჩემს შვილზედ ესოდენი ამაგი არ მიმიძღვის“. მაშინ, დედოფლისა დარეჯანისა იქ მეფესთან ყოფნისა დროსა, მოართვეს მეფესა ბრძანება იულონთან, აახლოს ეშიკაბაშსა თვისსა ალექსანდრე მაყაშვილსა დავით აბაზაძე, რომელიცა მიდიოდა იმერეთსა წერილითა სოლომონ მეფესთან. იკითხა დედოფალმან ჰაზრი დესპანობისა; მეფემან მრისხანედ უბრძანა პასუხად: „სოლომონ მეფესა წაურთმევია ხატი ჩემისა სიძისა დადიანისათვის ხატი ვლახერნისა. და თუ არ უბრუნა და არ დასცხრა სოლომონ, ამოვაგდებ მეფესა იმერეთიდამ“. დიდი ფიცხელი მიწერა იყო ესე მეფისა გიორგისაგან, და კვლავ უფიცხელესი თვით იულონთან, მე პირნი მათნი არა მაქვს და წამიკითხავს იულონის შვილთან ლუარსაბთან, რომელსაცა ქონდა იგი. დამსწრე ამა მოთხრობისა ეგნატი იოსელიანი იტყოდა: ამოიოხრა მეფემან და მოახსნა დედოფალსა დარეჯანს: „მაწუხებენ და მოთმინებიდამ გავყავარ ამათაო“.
137. მეფე იქმნა სნეულებითა დამძიმებული. მოახსენეს ბრძანოს გათხოვება მეფის ასულის თეკლასი. ბრძანა, დალოცა, აკურთხა და დასწერა ჯვარი ვახტანგ ყაფლანიშვილზედ, რომელიცა იყო ძე თავადის დიმიტრისა. ესე ქორწილი იყო 7 სეკდემბერს 1799 წელსა. მეფესა უყვარდა დიდად და გამორჩევით და თვისი თეკლე.1 თვით მეფისა ასულისაგან თეკლასა გავიგონე ესე, ოდეს მობრძანებულმან ჩემსა სახლსა ინება და ნახა 1829 წელსა სნეულად მდებარე მამაჩემი ეგნატი: „მპირდებოდა და უეჭველად დამზითავდაო, უკეთუ დაეცალა ღმერთსა მეფისათვის, ძმანი ჩემნი და დანი მართლად სძულობდენო მას; – შური მეფობისა იყო მიზეზი ესეთისა სიძულვილისაო. ვერ გავამართლებო ვერცა დედასა ჩემსა დედოფალსა დარეჯანსაო, ვერც ძმათა და დათა ჩემთაო, კარგად ვიცი, რომ აწუხებდენ მეფესაო. უბედურება იყო მოსული ჩვენსა სახლზედაო, ვიყავით ღირსნი დასჯისაო და დავისაჯენითო. ვიტყვით მრავალსა, ვაბრალებთ მრავალთა, ვეძებთ მიზეზთა, რომელთაგანცა რა მოხდა, მხოლოდ განგების საქმე გვავიწყდებაო: კურთხეულ არს ღმერთი მამათა ჩვენთაო, რუსთა მთავრობა საჭირო იყოო ქვეყანისათვის, დევნილისა თათართაგან და ქრისტეს სახელისა მოძულეთაგან, სცდებიან იგინი და სცოდავენ ღმერთსა, რომელნიცა აბრალებენ ძმასა ჩემსა გიორგის ქვეყნისა გაცემასა და სამფოისა დაცემასა. ამას კი გაბედვით ვიტყვიო, რომ რუსეთსა არა ეკადრებოდა, რომელ დასტოვა სამეფოისა სახლისა წევრნი ულუკმოდ. არავინ იყო მთქმელი და მომხსენებელი დიდისა რუსთა ხელმწიფისა, – მიეხედნათ რა გვარად უზრუნველჰყო დიდმან პეტრე მეფე ვახტანგ, ძენი და ასულნი მისნი, თავადნი და აზნაურნი, მეფისა მხლებელნი, – ძნელია მამაშვილობამ, ჩვენი მდგომარეობა და რა გაეწყობა? კვლავ და კვლავ იკურთხოს ღვთისა სახელიო“.
მამა ჩემი ეგნატი დიდად იყო ფრთხილი, სიტყვისა წარმოთქმისა. მაგრამ მოსული გრძნობათა სისავსესა, ესეთისა მეფის ასულისა საუბარისა გამო, აღიმაღლა ხმა და მოახსენა:
„ბატონიშვილო! მესმის ყოვლივე და ვიტყვი მოკლედ გოდებითსაცა ჩემსა სიტყვასა: არვინ ველოდით რუსთაგან ამას, რასაცა თქვენ მიბრძანებთ; ახლა ვჰხედავთ რაოდენ ძნელი ნათესავი ყოფილა. ძლიერნი ძალთა სიმრავლითა, თურმე ყოფილან სუსტნი ზრდილობითა, უცნობნი კაცთა, არა დამფასებელი ღირსებათა, ცივად მხედველნი, ცივად მგრძნობელნი; მეფენი მათნი თვისთა ერთაგან დაშორებულნი, და ვითარცა ტყვენი ვეზირთა ხელთა შინა, რომელთაცა უწოდებენ მინისტრებად. მიხედეთ ამათ მართლმსაჯულებასა? განა კაცი დააწყობს ესეთსა სამსჯავროსა? აზიურთა და ძველთა ჩვენთა სჯულის-დებათა ეცინიან რუსნი. განიხილონ რომელია უკეთესი, უმოკლესი და უმეტეს მართლ-მსაჯულებითი? ქრთამიო, ტყვიან, მაგრამ ესოდენი და ესეთი მექრთამეობა შესაძლებელია სადმე? რა გაეწყობა! ესეთ კეთილად დაწესებული სამეფო, ვითარცა საქართველოისა, სარწმუნოებითა, ეკლესიებითა, მონასტრებითა, მდივან-ბეგობითა, სწავლითა და ხელოვნებითა, გუთნითა და ხვნითა, თესვითა და მკითა, პატიოსნებითა და ზრდილობითა აღსავსე, ესრეთ ბრწყინვალე სამეფოისა ტახტითა და თავად-აზნაურობითა, სამღვდელოთა წესითა და საეროისა სიმდიდრითა: თოფითა, ზარბაზნითა და ხალხისა სიმხნითა და ვაჟკაცობითა ჩაბარდა სადამე დიდსა რუსეთისა იმპერისა?! – მივიღოთ ყოველივე სიმდაბლით და დავემორჩილოთ განგებისა ხელსა. ღვთისა განგებისა ხელსა ვერ ვნახავთ. ვხედავთ განგებისა კვალსა და კმარა ესე ჩვენთვის. დუმილი და კვლავ დუმილი, მეფის ასულო, გვმართებს ჩვენ, სადაცა ცხადად და ნათლად ვხედავთ ყოველსავე. მოვიხსენიოთ სიტყვა მოციქულისა იაკობისა: აჰა, რასა იტყვის იგი! ჩამოიღე შვილო პლატონ, – მიბრძანა მე მამამან მწოლარემან – სახე იგი რომთა პაპისა პიოს მერვისა და მიართვი ბატონიშვილსა, წაიკითხოს თვით ქვესახისა წერილი იაკობ მოციქულისა“; – მივართვი და წაიკითხა მამისა ჩემისა ხელითა მიწერილი სიტყვა მოციქულისა, რომელიცა ზე ამა წერილისა იყო ნემენცურადცა ნაბეჭდი:
„ნეტარ-არს კაცი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა; რამეთუ გამოცდილ-იქმნას და მოიღოს გვირგვინი ცხოვრებისა, რომელიცა აღუთქვა მოყვარეთა თვისთა“ (იაკობ. 1. 12). დღესაცა მაქვს სახე ესე მე.
დიდსა დროსა დაჰყო მეფის ასულმან თეკლე და მერმეთ ფარნითა წაბრძანდა სახლად თვისად, რომელიცა დიდად ახლოს იყო სახლისაგან ჩვენისა.
შენიშვნა
1. გარდაიცვალა 11 მარტსა 1846 წელსა და დიდისა პატივითა დაასაფლავა მცხეთას უგანათლებულესმან კნიაზმან მ.ს. ვორონცოვმან.
138. შიში იყო სპარსთაგან და ომარ-ხანისა. შიშსა ამას დაერთო ძმათა ამბოხი. იულონ, ვახტანგ და ფარნაოზ აორგულებდენ ქართლსა და არაგვსა. ორჯერ მოუხდენ ქალაქსა 4000 კაცითა და უნებდათ დედისა თვისისა, დედოფლისა დარეჯანისა წაყვანა თფილისიდამ. მეფემან არ მისცა ნება დედინაცვალსა ქალაქიდამ გასვლისა. დაუყენა მცველად 800 კაცი თვისისა ჯარისა და რუსთა სალდათნი. განმგედ ყოვლისა მისა დანიშნა კოვალენსკი და მეფის ძე იოანე.
დაბარებული ჯარი რუსთა კვლავ შემოვიდა. გულიაკოვი ღენერალი მას მოუძღვა 23 სეკდემბერს; მეფე თვით გაბრძანდა ტახტრევანდითა გარეთ ქალაქისა და მიეგება თუმცა სნეული, ჯარსა და ესეთვე შემოუძღვა ქალაქსა. იყო მეფესთან დედოფალიცა მარიამ და სხვანიცა მრავალნი ქალნი. ზარბაზანთა სროლითა ციხიდამ და ზარებისა რეკითა დაუხვდენ ქრისტეს მოყვარულსა მხედრობასა. მხედრობა ესე დააბინავეს ავლაბარსა, კუკიასა და ვიეთმე როტანი ლილოსა და მარტყოფსა. შეშინდნენ მეფის ძენი და განმხნევდა მეფე.
მეფემან კვლავ სულგრძელებითა მოინება დამშვიდება ძმათა. ამისთვის უბრძანა კოვაკლენსკის, კათოლიკოსსა და მეფის ძეს იოანეს, დააბოლოოს საქმე ესე მეფესთან მორიგებისა. ფარნაოზ უმეტეს სხვათა ძმათა დარჩა შეურიგებელად. ამას ალექსანდრეზე ქონდა დიდი იმედი, რომელიცა სწერდა სპარსეთით წერილთა დედოფალსა დარეჯანს, იმერთა მეფეს სოლომონს, ძმათა: იულონს, ვახტანგს, ფარნაოზს და მირიანს; ეგრეთვე ბოდბელსა იოანეს, თამაზ ყაფლანიშვილს და სხვათა. ჰგონებდენ ლეკთა ჯარისა და სპარსთა შემოსვლასა მალე საქართველოდ; მაგრამ რუსთა ჯარმან, – საკმაოდ თფილისსა მყოფმან, შეაშინა ყოველნივე. დარჩათ მათ იმედათ სნეულება მეფისა სასიკვდინე, ჰგონებდენ შემდეგ მისსა იულონის გამეფებასა და რუსთა ჯარისა დათხოვნასა. ჯერეთ მეფისა სიცოცხლისა დროსა, მტერთა მისთა განთესეს ხმა გარდაცვალებისა და ეხაროდენ დროთა ცვლილებასა. ესე იყო მიზეზი, რომელ ვერცა კოვალენსკიმ, ვერცა შემდეგ მისსა ლაზარევმან, ვერცა მეფის ძემან იოანე, ვერ დაამშვიდეს მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ. უმეტეს ფარნაოზ იყო შფოთისა მიზეზი, ამისთვის რომელ მეფემან მისწერა ფიცხელი წერილი ოთარ ამილახვარსა, სდევნოს ფარნაოზ და უბრძანოს სოფლისა მოხელეთა არ მიუშვან იგი არსადა.
ბრძანებამან ამან ჰქმნა ესე, რომელ ფარნაოზ გაჭირვებული უსარჩოობითა მოდრკა და მოსწერა რუსისა ღენერალსა ლაზარევსა, შევიდეს მისსა მდგომარეობასა და ჰქმნას მან თვით სამართალი.
პასუხად მისისა წერილისა, იყო მოწოდება მისი თფილისად და დამორჩილება მეფისა.
ესეთივ არეულობა იყო კახეთსა, რომელსაცა განაგებდა მეფის ძე ბაგრატ. ესე ითხოვდა, რათა მეფემან მიაშველოს იქ დასამშვიდებელად არეულობისა მეფის ძე დავით.
თუმცა მეფე იყო დროთა ამათ დიდად სნეული, მაგრამ საქმობდა დიდად. იყო მიწერ-მოწერასა შინა ყოველგან და მხნედ და დაუღალავად ზრუნვიდა, რათა რუსთა ჯარსა ქონდეს პური მზად თფილისსა, გორსა, თელავსა და სიღნაღსა. მახლობელნი მისნი დიდისა გაკვირვებითა მიუთხრობდენ მისსა დროთა ამათ მეცადინებასა, რათა დაეწყო საქმე რიგიანად და მტკიცედ. მარადის საქმისა დაწყებისა წინათ და დაბოლოებისა დროსაცა ბრძანებდა სიტყვასა თვისსა და თქმასა ჩვეულებრივსა: „ქრისტეს ღვთისა მადლითა!“.
139. ორისა კვირისა წინათ მეფის გარდაცვალებისა, გაუძლიერდა მეფესა წყალმანკი და მოუმატა ქშენა. დღეთა ამათ მწუხარებისა, თხოვითა დედოფლისა მარიამისა, კათოლიკოს-პატრიარქმან ანტონი მისწერა ქართლისა და კახეთისა მღვდელმთავართა და მონასტრისა წინამძღვართა ილოცვიდენ მეფისა სნეულისა განკურნებისათვის, და ჰყოფდენ ვედრებასა წესისაებრ წმინდისა ეკლესიისა. თვით თფილისსა დღე-ყოველ ეკლესიათა შინა იყო ვედრება. დედოფალი მარიამ მხლებლებითა თვისითა ფეხშიშველი ვიდოდა ანჩისხატისა ეკლესიასა, და წინაშე ხელთუქმნელისა ხატისა დაჩოქვითა, ცხარითა ცრემლთა დინებითა, წვრილთა შვილთა ილიასი, ოქროპირისა და თამარისა იქ დასწრებითა ევედრებოდა ღმერთსა განაგრძოს დღე მეფისა, დროთა ამათ მწარეთა ამბოხთა დასამშვიდებელათ, საჭიროსა. იტყვიან იქ დამსწრენი მოხუცნი: გრგვინავდა ხმა გოდებისა და ტირილისა გარემო დედოფლისა მწარედ მტირალისაო. ძნელი დღე იყო, დღე ესე ცრემლთა ვაებისაო. შემდგომად პარაკლისისა, რომელიცა გადაიხადა იუსტინე მთავარ-ეპისკოპოსმან, განბანეს ხატი და ნაბანი ხატისა, თვით ხელითა თვისითა თეთრისა მინის ჭურჭლითა წაიღო დედოფალმან და მიართვა მეფესა. მეფემან, ჩვეულებისამებრ თვისისა, ცრემლითავე მიიღო, იხმია, ისხურა წყალი პირსა თვისსა და გულ-მკერდსა წარმომთქმელი მხურვალედ ლოცვისა და ვედრებისა თვით წმინდისა ხატისათვის თქმულისა ტროპარისა, რომელიცა იცოდა მტკიცედ ზეპირად მეფემან მორწმუნემან.
140. მეფემან, მდებარემან საწოლსა უიმედოსა განკურნებისა წყალმანკისა გამო განძლიერებულისა, – ინება და სთხოვა კათოლიკოსსა ანტონის გახსნას საფლავი და ლუსკუმა წმინდისა იოანე მანგლელისა.
22 დეკემბერსა, მიბრძანდა სიონის ეკლესიასა კათოლიკოსი ანტონი და თანა დასწრებითა იუსტინე მთავარ-ეპისკოპოსისა, იოანე ბოდბელისა მიტროპოლიტისა და სტეფანე რუსთველისა იწყეს პარაკლისისა გადახდა. შეიკრიბენ დროსა ამას იქ სიმრავლე ერისა, კაცთა და ქალთა. იქ დაესწრნენ მარიამ და მეფის ძენი და მეფის ასულნი და მეფის რძალნი.
ქალაქისა მცხოვრებთა შორის გავიდა ხმა, რეცა დღესა ამას შეიყარნენ სიონსა, რათა შეჰფიცონ მეფის ძეს დავითს ვითარცა მეფესა. ღენერალი ლაზარევი, ცნობილი საქმისა ამის გამო, მსწრაფლ წავიდა ეკლესიად და იხილა იქ სიმრავლე ერისა და მუშაკნი საფლავისა გახსნისათვის, სადაცა იყო ლუსკუმა წმინდისა გვამისა. პარაკლისი გალობითა გრძელდებოდა მთელსა საათსა. ლაზარევი დარწმუნდა, რომელ მიზეზი სიონისა ეკლესიასა შინა შეკრებისა არის აღსრულება პარაკლისისა და არა შესახები მეფობისა, გამოვიდა და წავიდა.
ამოიღეს ლუსკუმა და ესეთ ზდილობითა და ლოცვითა წაიღეს იგი და შეიტანეს მეფისა საწოლსა, მეფე განმხნევდა, წამოდგა და ცრემლითა უბრძანა: დააჩოქონ წინაშე ლუსკუმისა. დიდითა ვედრებითა და ცრელმთა დენითა და სარწმუნოებითა ემთხვია წმინდათა ნაწილთა. დედოფალი მარიამ და მხლებელნი სტიროდენ მწარედ და ატირებდენ სხვათაცა. ღენერალი ლაზარევი თვით დაესწრო იქ დროსა ამას და ამასცა, მწუხარესა ცოლისა და შვილისა სიკვდილისა გამო მასვე დეკემბრისა თვესა, განუახლეს ტკივილი გულისა და ატირეს მრავლად. მაშინ მივიდა იქ დამსწრეთაგან დეკანოსთან იოსებ წინამძღვრის შვილთან, რომელმანცა იცოდა რუსულიცა და თქვა: „ახლა ვხედავ რომელ მეფე გიორგი მაღლად სდგას ღმერთთანაო!“
შემდგომად ლოცვისა, წაასვენეს ლუსკუმა წმინდისა და დასდვეს თვისსა საფლავსა დიდითა კრძალვითა და თაყვანისცემითა.
მეფე შეიქმნა უკეთ და მასვე დღესა ლაზარევმან აცნობა ამბავი ესე ღენერალსა კნორინგსა.
141. 22 დეკემბერს სნეულმან მეფემან თვით მოინება რათა აღასრულონ მას ზედა საიდუმლო ზეთის კურთხევისა, ამისთვის შეიკრიბენ სახლსა მისსა კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი იუსტინე, მიტროპოლიტი იოანე ბოდბელი, არქიეპისკოპოსი რუსთველი სტეფანე, მიტროპოლიტი თფილელი არსენი, არქიმანდრიტი და მოძღვარი მეფისა ევთიმი და მღვდელი სასახლისა ონისიმე იოსელიანი. მოყვარე ქრისტესი მეფე გიორგი, მდებარე ცხედარსა ზედა, ილოცვიდა და ევედრებოდა ღმერთსა, რათა სცეს მას კურნება სულიერი და ხორცილი. ცრემლთა დენითა თვალთაგან, ცოდვათათვის მტირალთა, მოიყვანდა ლმობიერებასა თვით მვერდებელთა განკურნებისათვის სნეულისა. შემდგომად სრულყოფისა ზეთის კურთხევისა მოეცა შვება მეფესა მწუხარესა. განატარა ღამე მშვიდობით და დღესა მეორესა დილით, ოდეს შებრძანდა დედოფალი მარიამ, სანახავად მეფისა, იხილა მეფე თვალებ შერეული და რეცა მატრიალებელი თვალთა უჩვეულოსა მისთვის სახითა. შესწუხდა და მოახსენა გაბედვით ცრემლმორეულმან მეფესა:
„ბატონო, რას უბრძანებთ შვილებსა ამათ? ვის აბარებთ, თუ გვეწვია უბედურება რაიმე?დავით უნდა იყოს ამათი პატრონი? ანუ თქვენი ძმები? ანუ დედოფალი? (დარეჯან, – აღარ ახსენა სახელით, ქართველთა ზრდილობისა გამო) – „ბატონო დედოფალო. გაიგონე რა გიამბო; მე გაუჩენ ამათ პატრონსა დიდსა და ძლიერსა, – უბრძანა პასუხად დედოფალსა ცოლსა თვისსა. – ბარათაშვილო გიორგი! მომგვარე ღენერალი“, – ბრძანა მეფემან. მსწრაფლ აცნობეს ღენერალსა და მოვიდა მეფესთან, მეფემან სთხოვა დაწეროს წერილი იმპერატორსა პავლესთან, აცნობოს უკანასკნელი დღე მისისა ცხოვრებისა, და ესეცა, რომელ: ჩამიბარებია ანდერძად ცოლ-შვილი ჩემი და საქართველო. – ეხლავ დასწერეთ წერილი ჩემ მაგიერ მოკლე! – დაუწერეს წერილი მოკლე, და მოაწერა ხელი და დაასვა ბეჭედი თვისი.
ესე ამბავი მიამბო ექიმმა ყარაევმან, იქ დილით საღამომდინ მყოფმან და ყოვლისა ამისა ამბავისა მცოდნემან და თანადამსწრემან. – მაშინვე იოანე ყარაევი დაუმატებდა მხიარულებით და ყელ-მოღერებით სიტყვათა: „სწორე მეფე იყო, უხვი, ძლიერი სიტყვით, მლოცველი, უტყველი, წმინდა ფიქრითა, ბევრით უკეთესი მამაზედ ქცევითა, თუმცა არა სიმხნითა“.
142. შობისა დღესა 25 დეკემბერსა, დადგეს კარავი ნაკურთხი პირისპირ ოთახისა მისისა, და იწყეს წირვა; თვით მეფე მწოლარე ცხედარსა, დიდისა მხურვალებითა ისმენდა ლიტურღიასა და თვით წაიკითხა დღისა ამის სამოციქულო რაოდენ შეეძლო ხმითა დიდითა და სამეფოსა კილოთი, მტკიცედ ლექსთა გამოთქმითა, ჰაზროვანად, ძლიერითა ბაგეთა ბგერითა, თანახმად მაღალთავე ჰაზრთა სიტყვათა თვით ზეცით გარდამომეტყველისა მოციქულისა.
ლიტურღია აღასრულა მოძღვარმან მისმან ევთიმი, იოანე ნათლისმცემლისა უდაბნოსა წინამძღვარმან; – და მასვე დღესა ეზიარა ცრემლითა და დიდისა ვედრებითა ღვთისადმი ხორცსა და სისხლსა ღვთისა მაცხოვრისა ჩვენისა.
მასვე დღესა წირვისა შემდგომად, მოახსენეს მეფესა ახლად მოყვანილთა ინდოეთისა ქათამთათვის თფილისსა, უცხოდ სადამე სანახავისა. ინება რათა აჩვენონ მას. მსწრაფლ აცნობეს რუსისა სალდათსა, ქათამთა ამათ რუსეთით მომყვანსა და მოჰგვარეს მეფესა 2 მამალი და 4 დედალი. იქ მხლებელთა კაცთა დაუსტვინეს და ქათამთა გაშალეს ფრთები, დაუშვეს ბოყვნი, იწყეს ხმაურობა თვისებრი. განცვიფრებით მსინჯველსა მათსა მეფეს, მოახსენეს ღირსება და გემოვნება ინდოეთისა ქათამთა ხორცისა. „ნუუმე სჭამენ ამათსა ხორცსა?“ – იკითხა მეფემ. – „დიახ, მეფევ! დიდსა ხმარებაშია რუსეთში ხორცი ინდოეთისა ქათმისა“. – „ღმერთმან დამიფაროს მაგათის ჭამისაგან“, – ბრძანა მეფემან და მაშინვე დაიწერა პირჯვარი ხელითა, რომლითაცა მარადის ჩვეულებისამებრ პირჯვარის გამოსახვისა დროსა, ხვდებოდა ცხვირსა მისსა. ესეთ წაიყვანა ინდოეთისა ქათმები რუსისა სალდათმან და აქედამ განითესა საქართველოში ინდოეთისა ქათმისა სიმრავლე და ეწოდა მათ დღედმდე ინდოური. ესე მიამბო ეპისკოპოსმან ნიკიფორე ჯორჯაძემან, რომელიცა დღესა ამას იყო დამსწრე წირვისა, ვითარცა არქიდიაკონი მიტროპოლიტისა იოანე ბოდბელისა. და შემდგომად გარდაიცვალა ვიკარად ექსარხოსთა.
143. 26 საღამოს იქმნა შეყრილობა 40-დმდე კაცთა თავადთა და აზნაურთა სარდლისა სახლში. სარდალმან იოანე ორბელიანმან სთქვა: „ბატონებო! ძნელსა მდგომარეობაში არის დღეს ქვეყანა ჩვენი. ბატონი მეფე უკურნებელითა სენითა მწოლარე, დღეს ანუ ხვალ მიგვეცვალების. მემკვიდრე მისი დავით გვექადის მეცა და მუხრანის ბატონსა შეურაცხებით განდევნასა ჩვენისა ღირსებისაგან. მე მყვანან ნამდვილნი სარდალნიო, არა ერთხელ ბრძანა დავითმან საეროდ და გასაგონად. – იგივე დავით ექადის ცუდად დედინაცვალსა თვისსა, დედოფალსა მარიამს და იგიცა მწუხარე, დნება ვითარცა სანთელი და არ იცის რა ჰქმნას. – მგონია დამშვიდებისათვის ქვეყანისა და ჩვენისა საკუთარისა პატივისა დასაცველად, ვისურვოთ, – დარჩეს რუსეთისა მეფობა: ნუღარ გვინდა მეფედ დავით“. – დროსა ამას შევიდა იქ მუხრანის-ბატონი, ჯერეთ ჭაბუკი კონსტანტინე, კაცი გვარ-შთამოებით სალთ-ხუცესი, მაგრამ გამოუცდელი, ვითარცა სარდალი. მიიღეს პატივითა დიდითა და დაითანხმა იგი სარდალმან იოანე ორბელიანმან, ვითარცა უფროსმან უმცროსი. მუხრანის-ბატონსა თანა ახლდენ დროსა ამას ზედგინიძე, ვითარცა ლალა ანუ მრჩეველი და ერთგული სახლისა მისისა, და რატიშვილი... მუხრანის-ბატონისავე აზნაურიშვილი. ესენი ადრევე ჩაგონებულნი მეფის ასულის ქეთევანისაგან, დედისა მუხრან-ბატონის კონსტანტინესსა – იტყოდენ და წარმოსთქმიდენ სიტყვათა მკვახეთა დავითისათვის. მაშინ მუნ მყოფმან მღვდელმან თურქისტანიშვილმან იოსებ გაბედვით სტუქსა რატიშვილი და აყვედრა მას კადნიერებითა მის მეფის ძის დავითისათვის სიტყვა. – ზრდილობითი საუბარიცა დაიკარგა დროთა ამათ შინაო, – იტყოდა ეგნატი იოსელიანი. ვერავის გაებედა ჭეშმარიტების თქმა. სოლომონ ლიონიძე, ვითარცა ლომი გარემოცული მტერთაგან, იბრძოდა ქვეყნისათვის, მეფობისა დაუკარგველობისათვის. ლექსი „მეფე“ დადუმდა აქა? ბატონებო, იყვენით ფხიზლად: ჯვარცმულისა მადლმა, იღუპება ქვეყანა უშველებელად. იქით სარდლები იწევენ, აქეთ მეფის ძენი; მელიქი და სომხობა გველურად იქცევიან. მოდით გონებასა. დაფიქრდით და შედით საქმისა ბჭობაში. დავითისა მემკვიდრისა მტერობისათვის, რათ უნდა შეექმნათ მტერი ქვეყანასა! ნამუსიანად უნდა ვიყვნეთ ქვეყანისათვის და მეფობისათვის. დასაწყობელად საქმეთა და შინა აღრეულობათა კმარან რუსნი და ტრაქტატი მეფისა გიორგისა. ღვთის გულისათვის მოითმინეთ და სულგრძელებით და დამშვიდებით მოვილაპარაკოთ და დავაწყოთ საქმე საქვეყნო თვით დავით მემკვიდრისა სახლში“.
სარდალმან არ უსმინა ლიონიძესა, კაცსა მას მხოლოსა, რომელსაცა ესმოდა ყოველივე და რომელიცა ხედავდა შორს. ხმა მისი იყო ნამდვილი ხმა ღაღადებისა უდაბნოსა. ვერა რასა მოქმედი მივიდა ლიონიძე დავითთან; ესაუბრა მას და ვითარცა მეგობარსა ურჩია მრავალი რამე. – დავით, მერყევი ჰაზრითა და აღშფოთებული, არ ისმენდა სიტყვათა ბრძნისა თვისისა მეგობრისა. მან არა ინება მიეწოდა თვისთანა სარდალი და სხვანი პირნი საქვეყნონი; არცა აჩვენა ვითამც თავი თვისი სუსტად და მოკლებულად მეფობითისა ძალისა, ვითარცა ჯერეთ მემკვიდრე და მომლოდინე მეფობისა გვირგვინისა, ტრაქტატისა ძალითა რუსეთისა ხელმწიფესთან. „ამიერიდგან,– იტყოდა დავით, – ჩემი სახლი დახშულია სარდლისათვის და მისთა მეგობართათვის, ვითარცა ქვეყანისა მტერთათვის. მე გავხდი მას მელიქისა სარდლად და დავანახებ მას მალე, – ვარ ანუ არა მეფე ნამდვილი?“ – კათოლიკოსი ანტონი, დროსა ამას მიბრძანდა მეფის ძეს დავითთან და სთხოვა, რა სურს მას იმა დროისათვის, უკეთუ არღა იქმნება მამა მისი მეფე, უიმედო ცხოვრებისა? დავითმან პასუხ უგო მას: „თვით იცით ვინ ვარ და რა მეკუთვნის, მოვალეობა თქვენი გაქმნევინებთ მას რაცა იქმნება საქმნელი. წინათ ვერა რას მოგახსენებ“. იოანემან ძმამან დავითისა იქ დამსწრემან დაუმატა ესეცა: „როგორ უნდა წაერთვას მეფობა დავითსა, ჩემსა ძმასა, არ ვიცი? არ არის პირმშო მეფისა? როგორც მამა ჩემი გამეფდა, გამეფდება დავით შემდეგ მამისა თვისისა. – საწყენი იქმნება ესე ან სასიამოვნო მრავალთათვის, საქმე ესე ესეთ მოხდება. მეფისა გიორგისა შემდეგ არის დავით მეფე საქართველოსა“.
კათოლიკოსი იქცეოდა დროსაცა ამას და შემდეგცა ესეთ, ვითარცა ეკიდებოდა მისსა ხარისხსა. ვერ სძლია ჰაზრი მისი ვერცა დედოფალმან დარეჯან, ე.ი. დედამან მისმან, ვერცა ძმათა და ვერცა სხვათა მეფისა გიორგისა წინააღმდეგთა. – ესეთ მტკიცედ და შეურყეველად იყო კათოლიკოსი, აღმასრულებელი მხოლოდ მოვალეობისა თვისისა კათოლიკოსობისა.
144. 27 დეკემბერსა დილით მეფესა დაეკარგა მადა. აღარ ინება არცა წვნიანი, არცა ჩაი პატრისაგან მომზადებული, არცაღა მიიღებდა წამალსა თათულა ექიმისაგან და იოსება აქიმბაშისაგან (ყარაევისა). წყალმანკი გაძლიერდა, მოაწვა გულსა და დააწყებინა ქშენა, დროთი-დროთ მოითხოვდა ალიბუხარის წყალსა. მაშინ მოუწოდა მოძღვარსა თვისსა წინამძღვარსა ევთიმის; სთხოვა უკითხოს ლოცვანი ანგელოზისა მფარველისა. ავედრებდა სულსა მოძღვარსა თვისსა, რომელსაცა ესავდა დიდად, ვითარცა კაცსა წმინდასა და ქვეყნიერად ანგელოზად ხმობილსა მეფისაგან და ესეთვე ცნობილსა ყოველთაგან. დილითვე 8 საათსა უბრძანა წაუკითხოს დაუჯდომელი, – ღვთისა დედისა ქებანი. 9 საათსა დილით დასდვეს კარავი და სწირა თვით ევთიმემან და კვლავ ეზიარა მეფე დიდითა ცრემლთა დენითა და ვედრებითა. შემდგომად მიღებისა საღმრთოთა საიდუმლოთა, ხმითა ძლიერითავე სთქვა:
„ხორცი და სისხლი მაცხოვრისა შემიყვანს მე სასუფეველსა. ქვეყნიერსა მე ვერღარა ვიტყვი. თვით მაცხოვარი იზრუნებს სამეფოსათვის, აღარ ჩემისა. რუსთა ხელმწიფესა ვუტევებ პატრონად ქრისტიანობისა. იგი განაგებს ყოველსავე. – დედოფალო, ნუ სტირ ჩემთვის. იესო ჩემი ტკბილი, დაგატკბობს შენ და შვილთა ჩემთა. მოსავი ქრისტესი, არა სადმე დაეცემის. – დიახ, დედოფალო, არა სადმე დაეცემის“.
საღამოსა მწუხრისა ლოცვისა წინათ შემძიმდა მეფე. მოვიდა კათოლიკოსი და იამა ნახვა მისი. მობრძანდა დედოფალი დარეჯან და იამა მისიცა ნახვა. მოსთხოვა მას ხელი და ამბორ უყო. აკოცა დედოფალმან შუბლზედ.
„მომიტევე დანაშაული, დედაო ჩემო, – სთხოვე ძმათაცა ჩემთა მომიტეონ ბრალი ჩემი მათთან!“ აივსნენ თვალნი ცრემლითა გარე მოდგომილთა მეფისა საწოლისა. შეიქმნა მსხურთა და მხლებელთა ქალთა და კაცთა, გრგვინვა გულთა მწუხარეთა. „ნუ სტირიან, – ბრძანა მეფემან, ილოცონ ჩემთვის, რათა კეთილად და სათნოდ წარვსდგე ღმერთთან!“ – იწყეს მწუხრი და შეიქმნა მცირედ უკეთ და მოხედვით. წაბრძანდა დედოფალი დარეჯან, წავიდა კათოლიკოსი. დარჩა მოძღვარი და აქიმნი თათულა, პატრი ნიკოლა და ოსეფა. ღამე ესე განვლო მეფემან დუმილითა, ვითარცა მისუსტებულმან და ხშირად, ნახევრად ფხიზელი იტყოდა: „კირიელეისონ, უფალო შემიწყალე“. მერეთ: „ღვთისა დედაო, მიიბარე სული ჩემი!“
145. 28 დილით მეფესა, გონებისა არა დამკარგავსა, ულოცეს ცისკარი და მერეთ წირვაცა და 11 საათსა დილით შემდგომად ჩამოლოცვისა განუტევა სული. – ვითარცა ცხოვრება მისი იყო ქრისტიანებრი, იტყოდენ ხშირად იქ დამსწრენი, ეგრთვე აღსასრულიცა მისი იყო ქრისტიანეთა ვედრებისა გვარი: „ქრისტიანობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩვენისანი, უჭირველნი, ურცხვენელნი, მშვიდობითნი, – უფლისა მიერ თხოვნილნი“1 – ნამდვილ მიენიჭა მეფესა ქრისტეს მოყვარესა.
აცნობეს გარდაცვალება მეფისა ლაზარევსა და სასახლისა კაცთა: წარგზავნეს კაცნი საუწყებელად ქართლისა და კახეთისა; და კურიერი მასვე დილით გაიგზავნა საუწყებელად იმპერატორისა პავლესსა. ლაზარევმან აცნობა ესე წერილითავე თვისითა ქალაქისა მელიქსა დარჩია ბებუთაშვილისა და ყოველგანცა და მისწერა საცნობელად, რომელ ყოველივე განკარგულება და ბრძანებაები, – დამტკიცებადმდე მემკვიდრისა დავითისა მეფედ იმპერტორისაგან – იქმნება ბეჭედ სმულნი სამთა პირთაგან, ე.ი. მეფის ძის იოანესი, ეგნატე მდივნისა თუმანიშვილისა და ჩემისაო.
მასვე დღესა მოძღვარმან მისმან ევთიმი გამოუცხადა ანდერძი მეფისა დასაფლავებისა გამო მისისა, რომელიცა იყო დაცული ვეცხლისა კანდელსა შინა, კიდულსა წინაშე იოანე ნათლისმცემელისა ხატისა უდაბნოსა შინა იოანე ნათლისმცემელისა. წარავლინეს კაცნი და მოიტანეს ანდერძი თვით მეფისა ბეჭდითა დაბეჭდილი და მისგან დაწერილი და ხელმოწრილი. კანდელი ესე ვეცხლისა შეწირული მეფის ძის გიორგისაგან, არის დღესაცა იქ კიდულად.2 ლაზარევმან არეულობისა გამო სამეფოსა, ვერ გაბედა რათა მიეცა ჯარი უდაბნოდმდე: მეფის ძე ალექსანდრე მიმალული თვით დავით გარესჯის მონასტერსა, შემდგომად ნიახურას დამარცხებისა, ჰგონებდა თფილისად ჯარითა მოსვლასა და მოუწოდა ძმათაცა თვისთა: იულონს, ვახტანგს და ფარნაოზს ჯარებითავე. ამისთვის დაეკითხაცა კნორინგსა. ესეთ დაგვიანდა დასაფლავება მეფისა.
მაშინ დედოფალმან, მეუღლემან მისმან, თვით რუსეთისა ღენერალმან და კარისა კაცთა, – აღარ ინებეს აღსრულება ანდერძისა სურვილისამებრ თვით მეფისა და დასდვეს, რათა მეფეთა საძვალესა შინა იქმნას გვამი მისი დასაფლავებული.
შენიშვნები
1. ლიტურღია იოანე ოქროპირისა ან ვასილისა. კვერექსი პირველი.
2. საფლავსა შინა დანიშნულსა მეფისათვის, დასაფლავდა თვით ევთიმი მოძღვარი მისი. ზედ-წარწერა თვით ვერცხლის კანდელისა მის ოქროდ დაფრილისა, დღედმდე კიდულისა წინაშე ნათლისმცმელისა ხატისა არის შემდეგი:
„ქ. წინამძღვრობასა ევთიმისასა. ჩვენ ყოვლად უღირსმან საქართველოსა მეფის ძემ გიორგიმ, შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი კანდელი ვერცხლისა შენ, სასოსა და მეოხსა ჩვენსა, ნათლისმცემელის მონასტერს, მრავალ-მთისასა, რათა მფარველ მექმნა მრჩობლსავე ცხოვრებასა შინა მეუღლით ჩემით, ძეებითა და ასულებითა. წელსა ჩღპბ (1782). მისხალი ო (70)“.
სხვანი იტყვიან, რომელ ვერცხლისა ხომლისა ბუშტში იყო ჩადებული ანდერძი მეფისაო. – ხომლსა ამას აქვს ზედა-წერილი შემდეგი: „ქ. ვინაიდგან ყოვლნი მორწმუნენი ქრისტეს-მიერნი, ქრისტეს მიმართ აღსულად მოსწრფე არიან თვითოეულნი სიმკაცრისამებრ თვისისა, ამათ ხატისა მიმხედველმან, ყოვლისა საქართველოსა მეფისა ირაკლისა ძემან გიორგი, მეცა ვიგულსმოდგინე შეწირვად შენდა ზეცათა მეფისა წინამსრბოლო, ხომლი ვეცხლისა კეთილად ქმნილი სახსენებელად საუკუნოდ, სულისა ჩემისა და სხეულთაცა ჩემთა სიმრთელედ და ეგრეთვე მეფის რძლის, ქეთევანისა მეუღლისა ჩემისა სადღეგრძელოდ, და ძეთა და სულთა ჩემთათვის, – შეიწირე ესე მცირედი წვლილი ქრისტეს წინამორბედო და შენ გვაგენ ნაცვალი ბევრ წილად მერმესა მას ცხოვრებასა და აქა სამარადისო საფარველი შენი; – და რომელმან ამის დაშლად ხელ-ჰყოს ან წაიღოს იგიმცა შეიშლების რისხვითა ღვთისათა. ნოემბრის 29. ქრისტეს აქეთ 1776 მისხალი ტნა (351), გარესჯის ნათლისმცემელის უდაბნოსია ეს ხომლი“.
ესე მშვენიერი ხომლი აწ ორად გაუყვია ვიღაცას და ესეთ ჰკიდიან იქ ნათლისმცემელისა ეკლესიაში.
146. 30 დეკემბერსა გვამი მეფისა, მდიდრად კუბოსა შინა მორთული, მიასვენეს სიონისა სამღვდელმთავროსა ეკლესიასა. მიცვალებულსა მიუძღოდა ჯარი რუსთა და ქართველთა, ზარბაზნები, დროშა სამეფო და ღერბი სამეფო და იკვროდა მუზიკა საგლოველი. გარემოადგნენ კუბოსა რუსთა სალდათნი და ქართველთა ქეშიკნი. ყოველ დღეს გარდაიხდებოდა პანაშვიდი; მდივანბეგთა ძველთა წესითა, დაჰყარეს ეკლესიისა იატაკსა, საწერელნი და კალამნი, – ნიშნად შეყენებულისა ბრძანებათა მწერლობისა; ხელ-ჯოხიანთა სასახლისა კვერთხნი, – ნიშნად გაუქმებულისა მათისა ხელობისა; მზარეულთა – ქვაბი, ფლავის საწურავი და ესე ვითარნი, – ნიშნად უქმთაღა მათთვის ნივთთა; პირის მწდემან მეფისა ოქროსა და ვერცხლისა და სხვათა გვარისა სასმელისა ჭურჭელნი, – ნიშნად აღარ სახმართა მათგან; ამილახვარმან ძვირფასნი აღვირნი ცხენთა. თვით ადგნენ თავსა, ნივთთა ამათ მიყრილთა გუნდ-გუნდად აქა იქა. ეკლესია გალობდა პანაშვიდისა საგალობელთა. სასახლისა კარისკაცნი იგლოვდენ მეფესა; დედოფალი მარიამ და შვილნი სტიროდენ ობლობისა მწუხარებასა. რუსთა ჯარი დაიცვამდა ქალაქსა; ძმანი მეფისა, მტერნი მისნი, გაბნეულნი სხვათა და სხვათა სამეფოსა კერძოთა, ეხაროდენ დროთა ცვლილებასა; დედოფალი დარეჯან მწუხარებდა არა ეგოდენ მეფისა გიორგისათვის, რაოდენ შვილთათვის თვისთა გაბნეულთა და მისთვისცა უმეტეს, რომელ არა იცოდა რა შეუდგებოდა ქვეყანასა რუსთაგან დაცულსა, მეფი ძისა დავითისაგან, რუსთა იმედითა, დაპყრობილსა. დავით მემკვიდრე მეფისა, გარე ქალაქისა თვისსა სასახლესა, განიზრახვიდა მეფობასა და ელოდა მეფისა დასაფლავებასა. სარდალნი და თავნი კაცნი მეფობისა, დამთვრალნი ურჩებითა დავითისადმი მემკვიდრისა, უკეთესისა მომლოდნენი, მეფეთა აღარ მოსურნენი, იყვნენ დუმილსა შინა. – მღვიძარენი დაუკარგველობისათვის მეფობისა მეფის ძენი იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ და მიხაილ, სარდალი იოანე ყაფლანიშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, იოანე ანდრონიკაშვილი, ეგნატი იოსელიანი, მეითარი თარხნიშვილი და მათ შორის უბრძნესი და ნათლად მხედველი მყოობადისა და მომავალისა სოლომონ ლიონიძე, – დიდი მტერი და მოძულე ლაზარევისა, სთხოვდნენ და ევედრებოდენ დავითსა წავიდეს მცხეთას და დაგვირგვინდეს მეფედ. დავითმან ესე არა ინება, ელოდა სამეფოთა ნიშანთა რუსეთიდამ, და მიიღო მოსვლადმდე ბრძანებისა, მხოლოდ წოდება ნაცვლად მეფისა, რეღენტობისა ანუ სამფოსა განმგისა. შემდგომად სამისა დღისა მემკვიდრე დავით აშფოთდა იოანე სარდალზედ და მუხრანის-ბატონს კონსტანტინზედ, რომელთაცა უგვანად მოეხსენებინათ დავით საუბარსა შინა მეფობისათვის. მაშინ წავიდა სოლომონ ლიონიძე და მოახსენა დავითს; „დასამშვიდებელად მეფობის და არეულობისა დასაცხრომელად, მიიღეთ ზომა მტკიცე. ჰქმენით რაცა არის საქმნელი. აჩვენეთ ძალა და ძლიერება თქვენი. გმართებსთ აწ გმირობა; დუმილი თქვენი და სისუსტე, რაცაღა აძლიერებს თქვენთა მეტოქეთა. დაეც ზარი და მეხი შიშისა მუხრანის-ბატონსა და სარდალსა, ეხლავ უბრძანე დაიფიცონ მორჩილებაზედ. ნუ ჰკარგავ მეფობასა და ნუ ღუპავ ქვეყანასა. ვინ არის მოცილე მეფობისა? რუსეთმან ადრევე გაღიარა მემკვიდრედ და პირმშოობითა გაქვს უფლება მიიღო კვერთხი მეფობისა“. – ესეთ მტერნი იდუმალ მოქმედებდენ; თვით ღენერალი ლაზარევი არა მეგობრად ხადილი, არ ურჩევდა რათა მიეღო წოდება მეფისა. ურჩება განდიდდებოდა; მოხელენი გაუქმდებოდნენ და თვით ზედა წარწერაცა ამილახვარისა ბეჭდისა: „მეფისა მტრისა ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი!“ – შეიქმნა საცინელად. თვით მხლებელნი მისნი და მრჩეველნი სუსტდებოდნენ. ვითარცა მეხცემულნი, ვერასადა ჰპოვებდენ კურნებასა. არცა ოქმთა ზედა და ბრძანებათა დავითისაგან ბეჭდილთა, არცა ეკლესიასა შინა მოხსენების ადგილთა, არცა მოედანთა და არცა სახლსა შინა არღა ისმოდა ლექსი „მეფე“. დაუშთა ესე წოდება გარდაცვალებულსა გიორგისა და ისტორიისა შემდეგთა დროთათვის საუწყებელად იგივე წოდება „მეფისა“ დამატებით „უკანასკნელისა“
მტერნო, გიხაროდენ! იწყო გლოვისა ხმამან, ვაებამან მეფობისათვის. დაურჩა ღვთისა განგებასა, რათა კეთილად სცვალოს ბოროტი, ბნელი გარდააქციოს ნათლად, და წყლული ჰკურნოს!
რუსეთისა მეფეთა, მეფობისა მფარველთა ხვდა წილად, მოსცეს ღირსებითი მნიშვნელობა ქართველსა ერსა მორწმუნესა; და ესე იწყო დღიდგან გარდაცვალებისა „უკანასკნელად“ წოდებულისა მეფისა გიორგი მეათცამეტისა და მომდინარეობს დიდებად, ერისა სიმრავლითა, სიმდიდრითა და სწავლითა, – ვიდრე დღეინდელად დღედმდე.
147. დაყუდებულმან ბერთუბანისა კოშკსა ზედა იოანიკემან კახმან, მბაძავმან სვიმონ დიდისა მესვეტისა, სცნო გარდაცვალება მეფისა და მოსწერა დედოფალსა მარიამს შემდეგი წერილი:
„... სიკვდილი მეფისა ქრისტეს მოყვარისა, არის ვაება ქვეყანისა. საგლოველი ეკლესიისაგან წმინდისა; მაგრამ ბატონო დედოფალო! მიიღე ნუგეშად და ირწმუნე ესე, რომელ დაახლოებული ღმერთთან, უმეტესად ექმნების მფარველად სამეფოსა თვისსა. ლოცვა მისი, ვითარცა კიბე იაკობისა, ჩამოიყვანს ზეგარდამო კურთხევასა თქვენზედა და შვილთა თქვენთა ზედა, ქვეყანასა ზედა საქრისტიანოსა. შეუდეგით კვალსა მისსა ლოცვითსა; იყვენით პატრონად ობოლთა და ქვრივთა და ამით იხილავთ და იყოლიებთ ცოცხლად მეფესა გიორგის, არა ვითარცა არა მყოფსა, არამედ, ვითარცა გარდასულსა ამიერ სოფლით, მას სოფელსა მზე დაუვალსა. ჩვენ ცოდვილნი ვერ დავივიწყებთ მას მოხსენებითა სახელისა მისისა და სულისა მისისა საღმრთოსა უსისხლოსა მსხვერპლისა შეწირვისა დროსა. მრავალი კეთილი გვახსოვან მისგან მამათა და ძმათა მეუდაბნოეთა. კურთხევა უფლისა იყოს თქვენთანა; მადლი და მშვიდობა უხვად ნუ მოგაკლოსთ თქვენ... მდაბალი და უნდო სულითა გლახაკი ბერი იოანიკე“.
ბერი ესე იყო ჭოტორისა სოფლიდამ; სიყრმიდგან ახლდა ზაქარია მოძღვარსა გაბაშვილსა და მასთანა მოესმინა ფილოსოფია და ღვთისმეტყველება. განდევნილსა ზაქარიასა გადაჰყოლოდა იმერეთს და იქიდან მღვდელ-მონოზნათ შემოსილი წავიდა ცხოვრებად ბერთუბანსა დიდისა მოღვაწებითა. იტყვიან მისთვინ, ვითარცა კაცისათვის წმინდისა და ღირსისა, გულთა და ჰაზრთა გამომთარგმანებელისა. მამანი მონასტერთა ხადოდენ მას, ვითარცა ახალთა დროთა ქართველთა ეკლესიისა მნათობსა. გარდა ლოცვათა ლოცვანთა შინა მოღებულთა თვით სადამე დღე და ღამე თხზვიდა და შეადგენდა ზეპირად გონებითა ლოცვათა და იტყოდა მათ. ესეთ განატარა ცხოვრება თვისი და სარბიელი სოფლისა მწირობისა. 1802 წელსა ღრმად მოხუცებულმან ბოდბელმან იოანე, დროსა მას ნათლის-მცემელისა მონასტერსა ყოფილმან, დაასაფლავა იქვე მისსავე სასვეტოსა. გაბრიილ მონოზონმან ნათლისმცემელისა, აღმწერელმან „ჯვარ-მოსილისა“, ცრემლით წარსთქვა ქებითი მისთვის სიტყვა, რომელიცა მინახავს იოანე რუსთავისა არქიეპისკოპოსთან. ვისა აქვს იგი დღეს, არა ვუწყი.
148. გარდაცვალებულისა მეფისათვის სამწუხრონი ანუ სამძიმარისა წერილნი მრავლად სადმე მოერთვნენ დედოფალსა: გურიიდამ, მეგრელიიდამ და იმერეთიდამ. ხანთა ერევნისა, ყარაბაღისა იბრაიმმან, ჯავათ-ხანმან განჯისა, მუსტაფა-ხანმან შაქი-შირვანისა მოართვეს წერილინი და ძღვენნი, რომელთაცა უწოდებდენ ძველთავე ლექსითა „შესაწევარად“. დღესაცა არს ადგილ-ადგილ ჩვეულება ესე ძველივე. ამასვე დროსა მოუვიდა წერილი ომარ ხანისა, რომელსცა ყოველწლივ ეძლეოდა მეფისაგან 5000 მანეთი ჯამაგირისა სახითა.
ესეთივე წერილი მოეწერათ ახალციხის ფაშასა, ძველთა ათაბაგთაგან გვარისა ჩამომავალთა, რომელთანაც იყო მეფე დაკავშირებული მეგობრობითითა მიწერ-მოწერითა.
მოსულთა თფილისად მიუტირეს მეფე-დედოფალსა; იხილეს დავით განმგედ მეფობისა და ჯერეთ არა მეფედ. სამეფო ქართველთა ეჩვენებოდათ მათ უდაბნოდ, – მოკლებულად მცხოვრებთა ხმაურობისა; მინდვრად თვალთათვის მიუწვდომელად და დასაღალველად; გვამად კაცისა, – თავმოკვეთილისა; მზედ ზამთრისა, – არ მათბობელისა; ტყედ მაღნარისა, – ცულით დაკოდილისა და მკვიდრად არღა მფშვინავად. მწუხარებისა ამისა დღეებში მიიღო დედოფალმან დაწერილი იმპერატორისა პავლესი, მეფე გიორგისთან მოწერილი 23 ნოემბერსა 1800 წელსა, რომლითაცა უცხადებს მეფესა უსიამოვნებასა თვისსა სნეულებისა და უძლებობისა გამო თვით მეფისა. წერილი ესე წაუკითხეს დედოფალს 14 იანვარს.
ნეშტნი მეფობისა და კარისა სამეფოსა ფიქრმორეულნი, ვიდოდნენ ვითარცა აჩრდილნი მთვარისა ღამისა. საუბარი მათი იყო ვითარცა ბგერა ზარისა, ჰაერისა მხოლოდ შემარყეველისა; საქმე მათი და დაწყობანი საქვეყნოთ, იყვნენ ვითარცა ქსელნი ბაბაჭუსა სუსტთა ბუზთათვის გაბმულისა და ქსოვილისა. შეყრილება მათი მოსაზრველად უმჯობესისა, დაბადებდა შფოთსა და უთანხმოებასა.
საბატიონი კაცნი შეირყნენ და დაეცნენ, ვითარცა სვეტნი შენობათა ძვრისაგან შერყეულნი და დაცემულნი. მაშინ ვითარცა მიძინებულთა გაიღვიძეს, იხილეს და იგრძნეს მრავალთა უბედურობა თვისი მაშინ, ოდეს მწუხარებამან, ვითარცა მახვილმან განვლო გულთა მათთა. ურჩებამან დაბადა სინანული ესე; ჭამეს კაწახი და მოსჭრეს კბილნი, – სიტყვისამებრ წინასწარმეტყველისა.
149. რუსთა მთავრობა, რუსთა ენა, სჯული და წესი მათი დარჩა იმედად. იმედითა ამით სასოებს ქვეყანა განმტკიცდეს მშვიდობა, დაეცხროს მტერი შინა და გარე, მოეძიოს საზღვარი თვისი ძველი, ჯერეთ თურქთაგან პყრობილი; განახლდეს ვაჭრობითი ერთობა, ვითარცა ძველად, ფინიკიელთა ტვიროს და სიდონისა, ფრიღიისა და კაპპდოკიისაა, მისირისა და ეგვიპტისა, ლიბანისა და ბაღდადისა, ლიბიისა და ბაკტრისა, სამარყანდისა და ინდოეთისა, ბიზანტიისა და ათინისა; აყვავდეს სწავლა და ხელოვნება; დაფუძნდეს ძირმტკიცედ ქრისტიანობა მართლმადიდებლობითი მკლავითა მტკიცითა დაცული, კვლავ შეიმკოს მეფობითი გვირგვინი ქვეყანისა, ვითარცა ქრისტეს ვენახისა, მეფეთა და წამებულთა ურიცხვთა სისხლითა მორწყულისა, და ესეთ დიდებასა, სიმდიდრესა, ერთა სიმრავლესა და ქართველთა თემთა და ტომთა ერთობასა მოყვანითა განახლდეს ვითარცა ორბისა სიჭაბუკე მისი და მოიგონონ ძველნი სამეფოსათვის მოღვაწენი მეფენი.
150. დიდი იყო აღრეულობა დროთა ამათ ამბოხისა და შფოთთა, და ამასთანავე დიდი სიცილი და შექცევა ქართველთა დიდთა და მცირეთა. არ ეკვირვებოდენ ამას მრავალნი და არცა ჰგონებდენ ამას უშვერად. ჭირსა და ლხინსა აერთებდენ. ესეთ იყო მაშინ და ესეთვე არს დღეს. ქართველთა ერი ძველი და მრავალთა ჭირთა და შევიწროებათა მნახველი, ადვილად მიიღებდა მწუხარებასა და ადვილად განიკურნებდა თავსა, ვითარცა ჭირნახადი. გავლილი ცეცხლსა, ვითარცა ბრძმედსა შინა, ოქრო იყო ნათლად და წმინდად საჩვენებელი: ქსერქსისავე დროსა 400 წლით წინათ ქრისტესსა, შეეჩვია სპარსთა უფლებასა და ჰქელავდა მათთანა ერთად ეგვიპტისა და ატიკისა მთათა და ბართა, ვითარცა სწერს ღეროდოტი. ხმალი ქართველთა ღელავდა ომსა და ბრძოლასა პირისპირ მაკედონელთა დროსა გმირისა მეფისა მათის ალექსანდრესსა. შეჩვულნი არაბთა უფლებასა, ვერ დამორჩილდა მათ სრულითა მონებითა. მორჩილი ქრისტეს მცნებათა, იყო ურჩი ბერძენთა ანუ ბიზანტიისა იმპერატორთა, რომელნიცა იპყრობდენ ზღვისა შავისა პირთა, მოსცემდენ მეფეთა ქალთა და წაიყვანდნენ მეფისა ქალთა თვისთა სარძლოდ. ჩინგიზი და თემურლენგი უქცევდნენ ქართველთა მეფობასა და ქართველნი კვლავ განახლდებოდნენ. მიძინებულნი მტერთა და უცხო ნათესავთა ზედა დასმისაგან, კვლავ გაიღვიძებდენ. პოლიტიკა შაჰ-აბაზისა ამოფხვრისათვის ქრისტიანობისა ქართველთა შორის, რომელთაცა მოსცემდა 200 წლისა განგრძობასა მეფეთა მაჰმადიანთა, – დარჩა უნაყოფოდ. ხმალი ქართველთა ტრიალებდა ავგანისტანისა მთებზედ, ვაჟკაცობა მათი და გმირობა განაკვირვებდა სპარსთა და ყაენთა. ყანდაარი და ხორასანი ერიდებოდა მათ, ვითარცა კავკასიისა გმირთა. თვით ყაენი მოუწოდებდა ქართველთა მეფესა დასასჯელად მეამბოხეთა ავგანთა. თურქნი მეზობლად მოკრულნი ქართველთა, იშიშვოდენ შემოსვლასა შინა ქართლსა და კახეთსა შეუვალსა. ქართველთა ესეთ მრავალ საუკუნობითა, გამოცდილთა და ცეცხლში ვითარცა პური გამომცხვართა, ვერ ერეოდა ვერცა შინაგანი, ვერცა გარეგანი მწუხარება. გაღელებული თავისუფლებითა და განლაღებული მთებითა, ეცინოდა ბედსაცა და უბედობასაცა. ქართველთა გამოსწოვეს ტვინი სპარსთა, შეჭამეს იმპერია რომისა, ვითარცა იტყვის პლინიოს, შეწამეს ბიზანტია და თვით დარჩა შეუჭმელად მათთვის, რომელნიცა ჰგონებდენ მათსა შეჭმასა.
მახესა დაგებულსა მტერთაგან, თვით მტერნი გაებნენ. საბრხე შეიმუსრა და ჩვენ განვერენით, – იტყოდენ და იტყვიან ქართველნი დღედმდე, წერილისა სიტყვასა.
ესეთი არს თვისება და ხასიათი ქართველთა ნათესავისა, ძველისა კაცთა ნათესავთა შორის.
151. მეფის ძე იულონ აღიარებდა თავსა თვისსა მეფედ შემდგომად ძმისა თვისისა გიორგისა. დარეჯან დედოფალი სიტყვითა და საქმითა და წერილითა რუსთა ღენერალთა თანა, მეცადინებდა მისსა დადგინებასა. ამისთვის მისწერა წერილნი ქალაქისა მელიქსა დარჩიას და ოთარ ამილახვარსა და კახეთსა, აღიარონ იგი მეფედ. ამასვე დროსა მოსწერაცა წერილი ბელოტიდამ, სადაცა სადგურებდა იგი, თვით ლაზარევსა. ლაზარევი ფრთხილი ჰყვედრიდა მას წერილითავე და სთხოვდა კათოლიკოსსა ანტონის აუკრძალოს ქართლისა მღვდელთა მოხსენება მისი მეფედ. ამასვე დროსა 9 იანვარსა 1801 წელსა მისწერა წერილნი იულონსა, ვახტანგსა, მირიანს და ფარნაოზს მოვიდნენ თფილისს და მოისმინონ ბრძანება იმპერატორისა პავლესი დადგინებისა გამო მეფის ძისა დავითისა განმგედ საქართველოისა და არა მეფედ. გრამატა ესე მოიტანეს პეტერბურღიდან დესპანთა გიორგი ავალიშვილმან და ელიაზარ ფალავანდიშვილმან 8 იანვარსა. 14 იანვარსა წმინდისა ნინოს დღესასწაულის დღესა გამოცხადდა გრამატა ესე თფილისს და სცნესცა ყოველგან, მაგრამ არა მიიღეს არცა ბიძათა მისთა, და არცა დედოფალმან დარეჯან. „როდესაც დაიწერა გრამატა, მაშინ იმპერატორმან პავლე არ იცოდა გარდაცვალება მეფისა გიორგისაო – იტყოდენ იგინი, – და არცა იყო ცნობილი ჯერეთ ანდერძი განსვენებულისა ირაკლისა. მეფის ძენი იულონი, ვახტანგი, მირიან, ფარნოზ შეგროვდენ დუშეთს, აქედამ მივიდნენ მუხრანს და უნებდათ დაეგვირგვინებინათ მეფედ იულონ მცხეთას. ლაზარევმან, რჩვითა თვით მემკვიდრისა დავითისა, წარგზავნა იქ 250 სალდათი. ამან დააბრკოლა განზრახვა მათი, ამისთვის წავიდენ მარტყოფისა გზით კახეთსა და იქიდან ბოდბესა. აქედამ მოუწოდებდენ ომარ-ხანსა და ლეკთა. მეფის ძე იოანე სდევდა მათ თვისისა და რუსისა ჯარითა. ლეკნი ვერ შეერთდნენ მათ და მეფის ძე ალექსანდრე, მაშფოთებელი ყაზახისა, ვეღარას ბედავდა. ესე იყო მიზეზი, რომელ მეფის ძენი იულონ და ძმანი მისნი წავიდენ დუშეთისა გზით ქართლადვე და ამბოხებდნენ იქ. მეფის ძემან დავით გამოსთხოვა ჯარი და აპირებდა თვით სლვასა და წაიყვანა ღენერალი ლაზარევიც დასამშვიდებელად ქართლისა და დასასჯელად მათ, რომელნიცა ღალატობდენ მას. მაშინ იულონ და ფარნაოზ გავიდენ 18 ფებერვალსა 1801 წელსა იმერეთსა და შეეხიზნენ სოლომონს.
გადასვლამან მათმან იმერეთად დაამშვიდა ქართლი მცირედ, მისცა დრო მეფის ძეთა მეფისა დასაფლავებისა, რომელიცა იქმნა 20 ფებერვალსა. მეფის ძე ალექსანდრე ჰგონებდა შეიწიოს მეფე სოლომონ სუსტი ძალითა, ანუ თურქნი, ანუ ლეკნი, ანუ სპარსთა ჯარი. ესე ყოველი დარჩა უნყოფოდ. ბრძანება დავითისა მრავლად განთესილი 15 იანვრიდამ ქართლსა და კახეთსა, დადგინებისა გამო მისისა განმგედ, აშინებდა მრავალთა, მაგრამ ვერ დაუმორჩილებდა დიდთა და მცირეთა. მომლოდინე თვით რეგალიისა სამეფოისა, არა ინებდა მეფედ წოდებასა და არცა აძლევდა ნებასა ღენერალი ლაზარევი მოსვლადმდე იმპერატორისა სურვილისა და განჩინებისა. ლაზარევი სძაგდა მეფის ძეს დავითს და თვით ლაზარევს არ უყვარდა დავითი, მოძულე მისი და მაყვედრებელი მრავლად უშვერთა რომელთამე საქმეთათვის.
დროთა ამათ მოიყვანეს მარტყოფიდან პყრობილი სიონის დეკანოზი იოანე ოსეშვილი, ერთგული მეფის ძისა ვახტანგისა და სტუქსეს დიდად, რომელ დაუტევა მოვალეობა თვისი და ლტოლვილი დუშეთს, ერეოდა ქვეყნისა ორგულობასა.
მრავალთა მეცადინებითა თვით დედოფლისა დარეჯანისა, გამოიყვანეს საპყრობილით დეკანოზი იოანე და იხილა თვით დედოფალმან. ამიერიდგან აღარ იქმნებოდა დედოფალი დუმილითა. სწერდა ყოველგან წერილთა, მიუხდველდ, რუსთა ჯარისა, გაამეფონ იულონ ან ითხოვონ რუსთაგან დამტკიცება იულონისა მეფედ. ამას იტყოდა და სწერდა დაუცხრომელად.
დედოფალი გაფიცხდა უმეტეს მაშინ, ოდესცა რუსთა ღენერალი არ აძლევდა ნებასა, რათა წასულიყო თფილისიდან სოფლად შვილთა თვისთადმი და არცა უშვებდენ შვილთა მისთა დედისადმი ჯარით მომავალთა მისსა წასაყვანად. მხოლოდ მეფის ძე მირიან იყოფოდა მისთანა ოდესმე. სიტყვითა მისითა აშფოთდა კახეთი, გადვიდენ იულონისაკენ ბოდბელი იოანე და დიდნი თავადნი. ესენი ითხოვდენ რუსთა ღენერლისაგან იმპერატორისა უფლებისა ქვეშე მეფესა და მოსწერესცა წერილი, რათა უმეტეს 1000 წლისა ჰყოლიათ მეფე ბაგრატიონთა გვარისა, რომელთაცა მათთან ერთად იყვნენ ქვეყანისათვის თავდადებულნი, წმინდანი და მოწამენი და რათა არ მოეღოსთ მათ მეფე.
განმგემან მეფობისა, მიწერითა კათოლიკოსისადმი, ჩამოართვა მღვდელმთავრობა ამბროსი ნეკრესელსა და სტუქსა ნიკოლოოზ ხარჭაშნელი. მასვე დროსა შეიპყრეს და მისცეს პყრობილებას ოთარ ამილახვარი, ვითარცა მოურავი გორისა და ივანე ამილახვარი, არქიმანდრიტი ბარსანოფე ავალიშვილი, ნათლისმცემლის უდაბნოსა შინა მყოფი, ელევთერი მღვდელი, იოსებ ჭავჭავაძე და თვით დავით ალექსიშვილი, რექტორი თელავის სემინარიისა.
დესპანნი გიორგი ავალიშვილი და ელეაზარ ფალავანდიშვილი წასულნი თფილისით 20 იანვარსა და 12 სხვანი, – დარჩენ ქართველთა საუბრად და გამოცანად: „რაი უნდა შეუდგეს ქვეყანისა მდგომარეობასაო?“ – მოლოდინი კახელთა და ქართლისა ითხოვდა მეფედ იულონსა ანდერძისამებრ ირაკლისა; განმგე დავით თვისსა სამეფოისა რეგალიასა, ვითარცა ადრევე აღსარებული მემკვიდრედ თვით რუსეთისაგან და თვით კნორინგი და ლაზარევი ცდილობდენ დამშვიდებისათვის ქვეყანისა გუბერნიისა გახსნასა, ყოვლადობით რუსეთისა მმართველობისა დადგინებასა და სამეფოისა სახლისა წევრთა კაცთა და ქალთა გარდაყვანასა რუსეთად, – დაწყნარებისათვის და განქარვებისათვისვე ამბოხისა ქართველთაგან.
ჰაზრი ესე დაბოლოებითი იყო რუსთა განმგეთა აქა და მასვე ჰაზრსა შეუდგნენ მრავალნიცა ქართველთაგანნი, მტერნი მეფისა სახლისა.
152. ესეთსა მდგომარეობასა შინა მოსული ქვეყანა ელოდდა პატრონსა. მეფის ძენი იულონ, ვახტნგ, მირიან, ალექსანდრე, იოანე და ბაგრატ დაიყვნენ: თვითოულსა ამათგანსა ჰყვანდნენ ოც-ოცნი დიდთა კაცთაგანი მხლებელნი. ერთი წილი, გასულთა ერთობისაგან, ერიდებოდა მეორესა; ერთი მეორესა ეწინააღმდეგებოდა; ერთი მეორესა ეცინოდა. ზოგს უნებდათ მეფედ იულონ, ზოგს დავით, ზოგს სურდათ აღსრულებულიყო მეფისა ირაკლისა უგვანი ანდერძი დასაღუპავად ქვეყანისა შედგენილი. ანდერძითა ამით უნდა მისცემოდა მეფობა პირველად იულონსა, მერეთ ვახტანგსა, მერეთ მირიანსა, მერეთ ალექსანდრეს, მერეთ უკანასკნელს შვილსა ირაკლისსა ფარნაოზს. – შემდეგ ამათსა უნდა გადასულიყო გვირგვინი მეფობისა მეფისა გიორგისა შვილებზედ ე.ი. პირველად უნდა მისცემოდა მეფობა დავითს, მერეთ იოანეს, მერეთ ბაგრატს, მერეთ თეიმურაზს, მერეთ მიხაილს და სხვათა. შემდეგ ამათსა მეფობა უნდა გადასულიყო იულონის შვილზედ, მერეთ ვახტანგისა შვილზედ და სხვა.
იტყვიან, ანდერძი ესე შეადგინა ოსეფა ყორღანაშვილმანო და იყო თანახმა თვით დედოფალიცაო. დარეჯანს დედოფალსა მხოლოდ სურდა დასამშვიდებელად შფოთისა თვით ემეფა, ვითარცა იყო ოდესმე რუსეთსა იმპერატრიცა ეკატერინა მეორე.
მეფესა გიორგის სხვაცა ქონდა ანდერძი მამისგან დაწერილი. ამა ანდერძითა ირღვეოდა ანდერძი, გამოცხადებული დარეჯან დედოფლისაგან. ესე იყო მიზეზი, რომელმანცა დაბადა შფოთი ძმათა შორის და გადაუყენა ერთგულობიდამ მრავალნი. ესეთ, რომელ დიდისა მეცადინებითა მეფის ძემან თეიმურაზ დაუახლოვა მემკვიდრესა დავითს სიმამრი თვისი სარდალი ოთარ ამილახვრიშვილი. ესე ოთარ, ადრითვე ემდუროდა მეფის ძესა დავითს, რომელიცა იყო დანიშნული მისსა ქალზედ და აღარ დაიწერა მასზედ ჯვარი. მაგრამ შემდეგ მისცა საპყრობილესაცა დროებით, სხვათა თანა, და ესე იქმნა მიზეზად, რომელ მეფის ძე თეიმურაზ, სიძე ოთარისა, გაიქცა სპარსეთსა და ეახლა ყეენსა.
153. უთანხმოებისა დროთა ამათ ქალაქი თფილისი ღელავდა. გაჩნდნენ მეამბოხენი, რომელთაცა ზოგთა სურდათ რუსნი, ზოგთა უნებდათ მემკვიდრე დავით, ზოგთა არცა იულონ და არცა სხვანი, ზოგთა უნებდათ იყვნეს არჩევით მეფე მიუხედავად პირმშოობისა; და ზოგთა დასაწყნარებელად შფოთისა სურდათ მეფედ დედოფალი დარეჯან.
იოანე სარდალი, გაღვიძებული სხვათაგან და დამშვიდებული მეფის ძის იოანესაგან და ალექსანდრე მაყაშვილისაგან, მივიდა და წარსდგა დავით მემკვიდრესთან და მოახსენა: „ბატონიშვილო და ბიძავ! ნუ ჰკარგავ მეფობასა, მიბრძანე და გამოუცხადებ რუსისა აქა ჯარსა წავიდეს რუსეთად და თუ არა იქმს რუსისა ღენერალი, ადვილია მისი აქედამ განდევნა. დავიცვათ მეფობა და განვამტკიცოთ მეფობითი სახელი ჩვენი. როგორც გვიმეფნია, ისვე ვიმეფოთ“. მეფის ძემან დავით, მიუთხრა ესე ამბავი ღენერალსა ლაზარევსა და კოვალენსკის. მათ დაიბარეს იოანე სარდალი და გამოჰკითხეს ესე. სარდალმან აღიარა, არა ბრალი თვისი, არამედ სიტყვა თვისი. „მე მოვახსენეო, – იტყოდა სარდალი, – დავითს ჩემი რჩევა დასაცველად მეფობისა, ნიშნად ერთგულობისა, ვითარცა ფიცით შეკრული მეფეთათვის ქართველთა. რადგანაც არა სურს მას დავითს მეფობა, როდესაც მივსცემ ფიცსა რუსეთისა იმპერატორსა, ვექმნები ერთგული და მოვკვდები მისთვის ერთგულობაშიო“. – ესე იკმავეს ღენერალთა რუსეთისა. სარდალი იოანე ამიერიდგან უკუ-უდგა მემკვიდრესა დავითს. არღა გაერია არა რასამე საქმეში, არცა შევიდა იმა შეთქმულობაში, რომელიცა ჰქნეს თავადმან დუცალ ბარათაშვილმან და სხვათა. დასარღვეველად ესეთისა შეთქმულობისა და სხვათა შფოთთა დასაწყნარებელად განეფინა საქართველოს მიწერილი ყველგან შემდეგი ეპისტოლე:
„ბატონნო საქართველოს თავადნო და აზნაურნო! თქვენი მუჯალობა გვებოძა და მართებული ესე იყო, რადგან მეფე გიორგი მიიცვალა, აქა შემოყრილიყავით და გეტირნათ, წაგეხურათ და მერე დიდნი დიდად შეყრილიყავით და მცირენი მცირედ და საზოგადო ქვეყნისა კეთილმდგომოობა გამოგერჩიათ. ამ ჟამად ზოგიერთნი სხვანი და როსტომ ბეგთაბეგიშვილი, ელიზბარ თუმანიშვილი და დუცალ1 შეგიყრიათ და რესპუბლიკის თავად გაგიკეთებიათ. აბა სად მივიდეთ. ეს თქვენის კეთილშობილებისათვის დიდად აუგია და სათაკილო. თუმცაღა ჩვენ ქართველთა მეფე გვყოლია, მაგრამ ოდესმე საბერძნეთის ყმანი ვყოფილვართ და ოდესმე სპარსეთისა, და ახლა მეფე თეიმურაზმან, მეფე ერეკლემ და მეფე გიორგიმ ეს ქვეყანა რუსეთის ხელმწიფეს მისცა. დაგიჟინიათ მეფის ერეკლეს ანდერძზედ დავდგეთო. მეფე ერეკლემ დასტოვა თავისის ანდერძის დამარღვეველი ანდერძი, რომელიც მეფეს გიორგის მისცა, ის ანდერძი გარსევანმა წაიღო იმპერატორთან. მოიცადეთ, ნუ აჩქარებულხართ, ნურც თქვენს სოფლებს ახდენთ, და ნურც ჩვენი ბატონიშვილების ოჯახს აქცევთ და სისხლს უგდებთ ერთი ერთმანეთში. რაც იმპერატორის ნება და ბრძანება მოვა, თქვენც იმაზედ დასდექით, და ჩვენც იმის პირდაპირი, ხომ იცით, არავის შეუძლიან. და მერმე ერთი რამ რომ გარდამავალობა ვქმნათ და ძალით გვაქმნვინონ, სირცხვილი იქმნება საზოგადოებისათვის, ჩვენი რჩევა ეს არის და ახლა ნება თქვენია იანვრის ია (11) ქორონიკონს უპთ (489).2
ბეჭედსმულია – ვახტანგ, იოანე, ზაალ მორდალი, სოლომონ
შენიშვნები
1. როსტომ ბეგთაბეგიშვილი გარდაიცვალა 1836 წელსა. ელიზბარ თუმანიშვილი ... წელსა და დუცალ იყო თავადი იოანე ბარათოვი, ზედ დამატებით დუცალიშვილი, ესე გარდაიცვალა 1810 წელსა.
2. ნამდვილი ესე, რომელიცა მე მაქვს არის ბეჭედ-სმულნი. – ზოგიერთი ძნელი გასარჩევია და რამდენიმე მხოლოდ წავიკითხე. გვამნი ესენი არიან:
მეფის ძე იოანე
მონა ღვთისა გაბრიელ.
დიმიტრი (თუმანიშვილი მდივანი).
ალექსანდრე (მაყაშვილი, ეშიკაღაბაში მეფისა).
სოლომონ მეითარი (თარხნიშვილი).
ზაალ მორდალი (ბარათაშვილი, მოკლული ყმათაგან თვისთა 1810 წელსა).
ვახტანგ (ორბელიანი, ქმარი მეფის ასულის თეკლასი).
დავით (რექტორი ალექსიშვილი).
ნიკოლოოზ.
ფარსადან.
დავით (მიმბაში, თარხნიშვილი).
154. მეფისავე გიორგისა დროთა ერისკაცობაში და მერეთ შესული სამღვდელოსა წოდებაში ეგნატი იოსელიანი, იყო მიწერ-მოწერაში დავით სომეხთა კათოლიკოსთან. ერთმან ესე ვითართა წერილთაგანმან მოაწია ჩემდა და ამისთვის დაუკარგველობისათვის დროთა წარსულთა მოთხრობისა, დავურთებ აქა მას მიწერილსა სომხურად, მისგანვე თარგმნილსა ქართულად:1
„უწმინდესო მეუფო უმაკურთხეველესო უფალო!
ვინაიდგან არა არს ხელმწიფება, მაგრამ ღვთისაგან, ამისთვის ღვთისა მიერ განფესულ-განძირულმან მპყრობელმან ხელმწიფეთა შორის იმპერატორმან და იმპერატორთა შორის ხელმწიფემან პავლე პირველმან აღგაგო და აღგანთო შენ უწმინდესი ეგე ვინმე სანთლად მთებარედ, რომელიცა დაგადგინა არა ხვიმირსა ქვეშე დაფარულად, არამედ სასანთლესა ზედა გაბრწყინვებულად, რათა ნათობდე ყოველთა, და მით პირსა ყოვლისა ქვეყანისასა ბრწყინავდე და უსაკუთრესად ნათესავსა ზედა ჰაოსთასა, რომელთაცა საზოგადოდ მამად და მწყემსად იზედ იწოდე შენ. ამიერითგან ხარ შენ, ვითარცა ქალაქი მთასა ზდა დაშენებული იმპერატორისაგან, რომლისაცა ნათელსა არა ძალუძს დაფაროს ვინმე; ესე ყოველი იქმნა ხელმწიფებითა სულისა წმინდისა ღვთისათა, რომელმანცა სცხო გონებასა იმპერატორისასა უხილავად ვიდრემე მავალისა ფრთისა კალმითა; და ვინაიდგან იცის მოწყლებამან ღვთაებრივმან, კვლავ შემდგომად რისხვისა შეიწყალებს შერისხულთა, ამისთვის ჩვენ შერისხულთა მტერთაგან სიყმილითა, სრვითა და პატრონთა მამათა ჩვენთა ხელმწიფეთა მეფეთა გარდაცვალებათაგან აღგვედგინა უხელმწიფესი და უთვითმპყრობლესი იმპერატორი, რომელმანცა შეგვიწყალა და განგვასვენა მემკვიდრისა აღდგინებითა და თქვენ უწმინესისა აქა მონიჭებითა, რათა აკურთხო შენ მემკვიდრე ჩვენი ივერიელთა გვარისა, და მყოფნი ივერიასა შინა მონანი მისნი და მეცა უმონაესი მონა თქვნისა უწმინდესობისა.
ეგნატი იოსელიანი. 20 აპრილსა 1801 წელსა. თფილისით“.
შენიშვნა
1. ესე დავით იყო სოფლისა ენაგეთიდამ, ახლოს თფილისისა, მცნობი მეფისა გიორგისა და მეგობარი მეფის ძისა დავითისა. ოდეს სომეხთა კათოლიკოსი იოსებ არღუთაშვილი მოსული რუსეთიდან მოვიდა თფილისს და მოკვდაცა აქა 11 მარტსა 1801 წელსა, მეცადინობითა მეფის ძისა დავითისა და მაჰმად-ხან ერევნისა ხანისა დამტკიცდა კათოლიკოსად სომეხთა დავით ენაგეთელი. შემდეგ 1804 განაგდეს სომეხთა და დასვეს ბრძანებითა ალექსანდრე იმპერატორისა დანიილ სტამბოლელი.
(შენიშვნა: პ. იოსელიანი შეცდომით ასახელებს ერევნის ხანად მაჰმად-ხანს (?). იგულისხმება ჯავათ-ხანი, განჯელი, რომელიც მოკლეს 1804 წ. 3 იანვარს)
155. დღიდგან გარდაცვალებისა მეფისა არა დასცხრებოდა ღელვა აღრეულობისა ქ. თფილისს. არცა დავით მემკვიდრე, არცა შვილნი სხვანი მეფისა, და არცა რუსთა ჯარისა მბრძანებელი არა აბოლოებდენ მეფისა გვამისა დასაფლავებისა საქმესა. ლაზარევსა მომლოდინესა ბრძანებისა კნორინგიდამ და შიშმან ძმათაგან მეფისა, რომელნიცა აგროვებდენ ჯართა დასაცემად თფილისზედ, ვერ გააბედვინა მიცემა ჯარისა, რათა წაეღოთ გვამი უდაბნოდ მოშორებულისა თფილისიდამ 60 ვერსტითა. ესე იყო მიზეზი რომელ 20 ფებერვლამდე 1801 წლისა ესვენა გვამი მეფისა სიონისა ეკლესიასა და სხეულისა ხრწნილებასა იმაგრებდენ და ეშველებოდენ კუბოსა შინა ყინულთა ჩადებითა. თავადნი და აზნაურნი ქართლისა და კახეთისა, მომავალნი თფილისს, მიმოვიდოდნენ კუბოდ მისსა, სტიროდენ, ემთხვეოდენ ხელთა მისთა და ესალმებოდენ საუკუნოდ. უკანასკნელ, გამოსულმან მოთმინებიდამ მეფის ძემან იოანე, დაუდევნელობისა გამო მეფის ძისა და მემკვდირისა დავითისა თვით იზრუნვა და დაასკვნეს უკანასკნელი ანდერძის აგება 20 ფებერვალს და მასვე დღესა წასვენება გვამისა მცხეთას. შემდგომად წირვისა და ანდერძისა გამოასვენეს ეკლესიიდან კუბო მეფისა. კუბოსა ამას, რომელიცა ეპყრათ თავადთა ურჩეულესთა, უძღოდენ წინა ჯერეთ თავადნი და აზნაურნი, მათ შეუდგენ ეკლესიისა მსახურნი ხატებითა და სანთლებითა; მერეთ ორდენნი: ალექსანდრე ნეველისა და წმინდისა ანდრია პირველწოდებულისა, ხმალი, სკიპტრა, გვირგვინი, ბაირაღი, მარჯვნივ იყო კათოლიკოსი ანტონი სამღვდელოთი და მარცხნივ იოსებ კათოლიკოსი სომეხთა თვისითა სამღვდელოთი. ბალდახინისა ქვეშე გარემო კუბოსა მიუძღოდენ მეფის ძე და მემკვიდრე დავით, იოანე და ბაგრატ. დიღმის კარითა გაასვენეს მიცვალებული და გარე ქალაქისა დასდვეს გვამი, სთქვეს პანაშვიდი და მაშინ დაცალეს 6 ბატალიონმან თოფები და 3 პოლკის ზარბაზანთა სამ-გზის ჰქმნეს სროლა. მასვე დღესა ციხის მეზარბზნეთა ისროლეს 31 სროლა. ქაშოეთის წინ გამოეთხოვა სამეფო ქალაქი თფილისი მეფესა თვისსა. დადუმდა ხმა საგლოველი ბარაბანთა და მუსიკისა და ხმა ზარბაზანთა. ჯარი უკუ იქცა ქალაქად და გვამი მეფისა წაიღეს მცხეთას. ესე იყო დღე ოთხშაბათი, მესამისა, დიდმარხვისა კვირისა. მეორესა დღესა, შემდგომად ლიტურღიისა, კათოლიკოსმან ანტონი და მღვდელმთავართა დაასაფლავეს მარცხნივ აღსავლისა კარისა. იქ იყვნენ და დაესწრნენ მეფის ძენი იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ, მიხაილ და ილია, თავადნი და აზნაურნი და მოხელენი მრავლად. დედოფალი და ქალნი, ქართველთა წესითა, დარჩენ თფილისსა, ვითარცა მგლოვარენი და მხოლოდ საღამოსა დროსა წაბრძანდნენ.
მეფე გარდაიცვალა 56 წლისა შობიდგან. განმგემან საქართვლოსა მარკის პაულუჩჩი 1812 წელსა უქმნა ტაგრუცი და დაასდვა თითბრის ფიცარზედ რუსული ზედა-წარწერა:
„აქ განისვენებს მეფე გიორგი, დაბადებული 1750 წელს, რომელიც საქართველოს ტახტზე ავიდა 1798 წელს, და რომელმაც თავის ქვეშევრდომთა სიკეთისადმი სიყვარულით, და სურვილით სამუდამოდ უზრუნველეყო მათი კეთილდღეობა, 1799 წელს დაუთმო საქართველო რუსეთის იმპრიას და გარდაიცვალა 1800 წელს. რათა მიეცეს შთამომავლობას ხსოვნა საქართველოს უკანასკნელი მეფის შესახებ, მისი იმპერატორობითი უდიდებულესობის ალექსანდრეს სახელით, მთავასარდალმა საქართველოში მარკიზმა პაულუჩჩიმ აუგო მას ეს ძეგლი 1812 წელს“.
156. დედოფალმან მარიამ და მგლოვარეთა შვილთა მისთა გარდაიხადეს ორმოცი. კათოლიკოსმან და მღვდელმთავართა და ერთგულთა გარდაცვალებულისა მეფისა კვლავ დაურთეს დედოფლისა ცრემლთა ცრემლნი თვისნი. მცხეთას მიბრძანდენ დედოფალი და შვილნი, გარდა მეფის ძის დავითისა. განმგედ ვალდებულებისა ამის, წესისამებრ ეკლესიისა, იყო მეფის ძე იოანე. მარჯვე საქმეთა შინა, მხოლოდ ესე მეფის ძე, შეექმნა ქვეყანასა და სახლეულობასა თვისსა, მისაყრდნობელად. მორიდებაცა დიდი ქონდათ ყოველთავე ამისი. სარდალი იოანე ორბელიანი ექმნა მორჩილი და იახლაცა თვისთანა მცხეთას სახლეულობით. ქალაქისა მცხოვრებნი ურმებითა, ცხენებითა და ქვეითითა მივიდნენ მრავლად მცხეთას და დაესწრნენ წირვისა და ორმოცისა გარდახდასა. მოიგლიჯნენ სოფლებიდამ ქალნი და კაცნი და სტიროდენ მეფესა და ობლობასა. ოთხი ათასი და მეტი ქალი და კაცი ისტუმრა ტრაპეზითა მეფის ძემან იოანე. მასპინძელნი სანოვაგითა უხვად იყვნენ თვით კათოლიკოსი ანტონი, მთავარ ეპისკოპოსი იუსტინე, სტეფანე რუსთველი ეპისკოპოსი და არსენი თფილელი. იყო 21 ფებერვლისა და დღე თფილი, უტალახო და მშვიდი. წინამძღვარმან ჯვარის მონასტრისა წირვისა შემდგომად სთქვა ქადაგებითი სიტყვა, რომელსა შინა გამოხატა ღირსება მეფისა გიორგისა, ვითარცა ნამდვილისა ქრისტიანისა, წმინდისა ჰაზრითა და გონებითა, წმინდისა ცხოვრებითა განკრძალულითა და წმინდისავე ქრისტიანებრითა აღსასრულითა.
ტრაპეზისა შემდგომად წავიდენ თვისდა მცხოვრებნი და სამეფო სახლი და დედოფალი წარმობრძანდნენ თფილისად მეორესა დღესა, შემდგომად ლიტურღიისავე აღსრულებისა დილით ზედმობმით ცისკრისა.
157. მეფის ძე და მემკვიდრე დავით, ვითარცა რეგენტი ანუ განმგე საქართველოისა ელოდა წერილთა თვისთა მიწერილთა იმპერატორისადმი პავლესა, პასუხთა. შესული, რეცა სრულსა განმგეობითსა ძალსა, იქმოდა სამართალსა, მიიღებდა მოჩივართა და უძღვიდა სამეფოსა. განრისხებულმან ზოგ გვამთა ზედა ვითამცა ურჩთა, ბრძანა და მისცა საპყრობილესა სარდალი ოთარ ამილახვარი და სხვანიცა. ამათ შორის იყო თვით უგონიერესი სოლომონ ლიონიძე. ესე თვით საპყრობილესა შინა არა დასცხრებოდა სიტყვითა და თქმითა გლოვითითა: „დავითმან დაღუპა ოჯახი მეფეთა, გამოსჭრა ყელი მეფობასა და დაამცირა ერი თვისი და თვით თავი თვისი“. დასადუმებელად მწარედ მოუბარისა ენისა ამის ურჩიეს მემკვიდრესა დავითს, მისცეს მას შემთხვევა ლტოლვისა საპყრობილიდამ. მაშინ მიუჩინეს იდუმალ კაცნი და აღუთქვეს გააპარონ იგი იმერეთსა. ეთანხმა სოლომონ ლიონიძე, გამოვიდა იდუმალ ციხიდამ და წავიდა ქუთაისს და შეეხიზნა იმერეთისა მეფესა სოლომონს.
ვუწოდებ მას, პატიოსნებისა გამო მაღალისა დროთა ამათ, ფაბრიციოდ ქართველთა; და ვითარცა მტკიცე და შეურყეველი, იქმნა ნამდვილ ქართველთა ერისა ისტორიისა კატონად.
158. შეერთების რესკრიპტი
14 ფებერვალსა მოვიდა რუსეთით ორი რესკრიპტი იმპერატორისა პავლესი: ერთი ქართველთა სახელზედ და ერთი სახელსა ზედა დავით მემკვიდრისა, ესეთ ქართულად თარგმნილი მასვე დღესა:1
რესკრიპტი 1: „წყალობითა ღვთისათა ჩვენ პავლე პირველი იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა როსსიისა და სხვათა.
ადრით დროთაგან საქართველოისა სამეფო შეჭირვებულიყო უცხო თესლთაგან, რომელთაცა მეზობლობით განელიათ ძალი დაუცხრომელითა ბრძოლითა საკუთარითა დამცველობისა თავისა თვისისათა და განმხილველნი განულტოლველობისა შედგომილება ქონდათ უბედურად. ამასთანავე შეერთდა უთანხმოება სახლსა შინა სამეფოსა სამუქარო სრულყოფად დაცემისა სამეფოსა და ამისდა იშვა ურთიერთარს შორის ბრძოლა, მეფემან გიორგი ირაკლის ძემან იხილა მოახლოვება დასასრული სიცოცხლისა თვისისა. ჩინებულნი გვამნი და თვით ერი საქართველოისა მოლტოლვილი იქმნეს საფარველსა ქვეშე ჩვენსა და არა რაიმე განიხილეს განრიდებისათვის თვისისა დაუსრულებელისაგან წარწყმედისა და დამორჩილებისადმი მტერთა თვისთა, ითხოვეს წარმოგზავნილთა მიერ ელჩთა სრულისა ძალისა მქონებელთაგან (რუს. полномочные) უსაშვალოდ, მონება იმპერატორისა ყოვლისა რუსეთისა ტახტისა. ამისთვის ყურად-ვიღევით თხოვა მათი მებრ-თან-შობილისა მოწყალებისა ჩვენისა ერთმორწმუნეთა ერთა ზედა. და სამარადისოთა ზრუნვითა სარგებლობისათვის საქართველოსა ერთასა, განვსაზრეთ ჩვენ აღსრულება სურვილისა მეფისა გიორგისა ირაკლისა ძისა და ერისა თვისისა. და ამისთვის ვბრძანეთ რაოდენ დაპყრობისათვის შინაურისა დაწყნარებისა, ეგოდენ გარე მოზღუდვისათვის მისივე გარეგანთაგან დაცემათა და ვუბრძანეთ შეყვანება მხედრობისა ჩვენისა საპყრობელოსა (რუს. держава) საქართველოსა და ამით გამოუცხადებთ იმპერატორულისა ჩვენისა სიტყვითა ვითარმედ შეერთებისაზე სამეფოსა ქართლოსისა საუკუნოობითითა დროითა, მპყრობელობასა ქვეშე ჩვენსა. არა თუ ოდენ დატყვევებულ იქმნებიან (საყვარელ სიმრთელესა შინა დაცვისა ჩვენისასა კანონნი მათნი) საყვარელ სარწმუნოითა ახალნი ყმანი ჩვენნი სამეფო ქართლოსა და სამფლობელონი მისნი; არამედ წარმატებულება და საკუთრად სჯულიერი თითოეული შესაბამობა, რომლისაგანცა თვითოეულსა დროსა დანიშნულება შედგომილება ერისა სამფლობელოსაცა აქვს სარგებლობად ყოვლითა მით კანონითა, რომლითაცა რუსეთისა ძველნი ყმანი წყალობითა ჩვენითა წინაპართათა და ჩვენითა დატკბებოდნენ თავისუფლებითა და წამატებულებითა საფარველსა ქვეშე ჩვენსა. სხვებრ ვეგებით რწმუნებულნი, ვითარმედ ესე ახალნი ყმანი ჩვენნი და შემდგომნი ძენი მათნი დაცულ იქმნებიან შეურყეველითა დარწმუნებითა ჩვენთა და მოსაყდრეთა ჩვენთაგან და ვიმედოვნებთ, რომელ იქმნებიან მცდელ ერთგულებისა ჩვენისა და სარგებლობისა იმპერიისა ჩვენისა ყოვლისა უმაღლესისა განზრახვითა და მონარქიულისა კეთილმნებებელობისა ჩვენისა. გამოცხადდა სანკტ პეტერბურღსა შინა წელსა 1801 იანვრის 18 დღესა. წელსა მეფობისა ჩვენისა 5 და დიდისა მაგისტრობისა ჩვენისა წელსა 3.
პავლე“.
რესკრიპტი 2. „უფალო ღენერალ-ლეიტენანტო, მეფის ძეო დავით! წერილნი თქვენნი ოცდა ოთხით და ოცდა რვით დეკემბრით ჩვენგან მიღებულ იქმნეს. თანა აძს უწყებად უგანათლებულესობასა თქვენსა თხოვა ნეტარხსენებულისა მამისა თქვენისა, დიდებულთა და ერთა საქართველოსათა ჩვენდამი გამოცხადებულისა მიღებისათვის სამეფოსა საქართველოსასა საუკუნოობითსა მონებასა შინა იმპერიისა ჩვენისასა, რომლისათვისცა გამოცხადებულ იქმნების ნება ჩვენი მდებარითა ამას უკვე წერილსა შინა გამოცხადებულითა მანიფესტითა, რომელნიცა თვისსიც ეყვიან პატივცემულსა გვამსა თქვენსა, წარმოგზავნილთა აქედგან სრულისა ძალისა მქონებელთა საქართველოსა დესპანთა ძალ-ედვათ უწყებად თქვენდა წინადადებულთათვის ჩვენთა, რომელთაცა შინა ჰპოებთ თქვენ საკუთარსა მტკიცედ დამტკიცებასა მზრუნველობისა ჩვენისასა თქვენდამი, ვით თქვენთვის, ეგრეთვე საზოგადოდ კეთილობისათვის საქართველოისა განკუთვნილთა მოწყალებითა, თქვენდამი კეთილმნებებელობითა.
პავლე“.
რესკრიპტი პავლესი წაიკითხეს სიონისა ეკლესიასა შინა. შემდგომად წირვისა აღსრულებულისა არსენი თფილელისაგან. კათოლიკოსმან ანტონი აღასრულა პარაკლისი. იქ დაესწრნენ მეფის ძენი: დავით, იოანე, ბაგრატ, მიხაილ და სარდალნი სამეფონი და მოხელენი. მასვე დროსა იმპერატორმან მოსწერა ღენერალსა კნორინგსა, რათა სიმტკიცისათვის ერთგულობისა, წარგზავნოს ქართველთაგან დეპუტატნი, დასაფიცებელად მათისა იქ.
შენიშვნა
1. ორივე ესე რესკრიპტი მაქვს მე მამისავე ჩემისა ხელითა ნაწერი. რუსული ვერ ვპოვე. ვინ სთარგმნა ქართულად, არ ვიცი. ამისთვის ისევე დავწერე, როგორც იყო დაწერილი და არა შევეხე გასწორებასა.
159. მეფის ძე დავით, დარჩემილი განმგედ საქართველოისა, ვითარცა მოადგილე იმპერატორისა, განაგრძელებდა მოქმედებასა თვისსა დაწყობისათვის ქვეყანისა. მეფის ძენი1 იოანე, ბაგრატ და მიხაილ წავიდნენ რუსეთად და გზაზედ გიორგიევსკის სცნეს გარდაცვალება იმპერატორისა პავლესი 11 მარტსა 1801 წელსა. მოვიდა ამბავი ესე თფილისსა და შემოვიდაცა თფილისს დასაწყობელად საქმეთა და დასაცველად სამეფოისა საქართველოისა ღენერალი კარლე თეოდორეს ძე კნორინგი 9 აპრილს, 1802 წელსა. ამან იხილა დიდი და დაუბოლოებელი არეულობა ქართველთა და მოახსენა იმპერატორს ალექსანდრე პირველსა მდგომარეობა ქვეყნისა. ალექსანდრე, მზრუნველი ქვეყნისათვის, ჰგონებდა რუსთა ჯარისა შემოსვლითა შფოთთა დაცხრომასა. კნორინგმა კვლავ მოახსნა დაუცხრომელობა ამბოხთა, უსურველობა ქართველთაგან თვისთა მეფის ძეთა და წადილი დიდთა და მცირედთა, რათა განცხადდეს საქართველოსა შინა ყოვლადი მმართველობა რუსეთისა. რუსთა დაადგინეს დავით და გახსნეს მმართველობა დროებითი, სადაცა ისხდნენ ღენერალ-მაიორი ლაზარევი და თავადნი: ზაალ ბარათოვი, იოანე ჩოლაყაევი, სულხან მდივანი თუმანოვი და ეგნატი მდივანი თუმანოვი.
მაშინ იმპერატორმან ალექსანდრემ გამოსცა მანიფესტი, რომლითაცა საუკუნოდ შეერთდა საქართველო რუსთა იმპერიასა. მანიფესტი ესე მაშინვე ითარგმნა ქართულად და დაიბეჭდაცა. აჰა თვით ნამდვილი რუსულად და ქართულადაცა თარგმნილი:
წყალობითა ღვთისათა ჩვენ ალექსანდრე პირველი იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა რუსეთისა და სხვათა, და სხვათა, და სხვათა.
განუცხადებთ ყოველთა საქართვლოისა სამეფოსა შინა მყოფთა ვისდამიცა სათანადო არს ცნობად მისთვის.
მფარველობა და უზენაესი ხელმწიფება რუსეთისა იმპერიისა სამეფოსა ზედა ქართველთასა, სდებენ მარადის ერთ მთავართა ზედა როსიელთასა, ვალსაცა ხელისა აპყრობისასა. ჩღჟვ (1796) წელსა პირისპირ ძლიერად დაცემისა თქვენზედა აღა-მაჰმად-ხანისა ღვთისადმი განსვენებულმან დიდმან ხელმწიფა იმპერატრიცა ეკატერინა ალექსეევნამ წარგზავნა ნაწილი მხედრობათა თვისთა. ესე ოდენი წარმატება, მაშინ არა თუ ოდენ განარიდებდა საქართველოისა სამეფოსა, არამედ ბედნიერებითი დაპყრობა ყოველთა სამფლობელოთა და ერთა კიდურსა ზედა კასპიის ზღვისასა მდებარეთა ვიდრე მტკვრად და არეზადმდე, შემოგზღუდვიდენ თქვენ ყოველთა საშიშოთა გამო; დარჩებოდა ოდენ შინაგანითა კეთილ დაწესებითა დამყარება კეთილდღეობისა თქვენისა საუკუნოდ. მაგრამ მყისეულად მსწრაფლ მოწევნითმან გამოსვლამან რუსეთისა მხედრობისამან სპარსეთიდან, სომხითით და საზღვრით გამო თქვენით აღმოფხვრა სამართლიანი ლოდინი თქვენი. შემდგომად ყოველმან თქვენ მიერ მოთმენილმან განსაცდელმან, მოსვლამან სხვათა სარწმუნოებისა ერთამან, დაქცევამან ქალაქთა და შენობათა, და მონებამან და წარზიდვამან მამათა, დედათა, ცოლთა და შვილთა თქვენთა; უკანასკნელ უთანხმოებამან მეფისა სქესთამან (უფრო სწორად: საგვარეულოთამან, რუს. царской фамилии) და განყოფამან ერთა სხვათა და სხვათა მეფობისა ღირსებისა მეძიებელთა შორის მიგზიდნეს თქვენ ურთიერთისა საბრძოლველად. გარემოსნი თქვენნი წარმტაცნი ერნი იყვნენ მზა დაცემად სამეფოსა ზედა თქვენსა და დაუსჯელად განგლეჯად დარჩენილთა მისთა. შეერთებითა ყოვლისა მის ბოროტებისათა არა თუ ოდენ ერი, არამედ თითქმის სახელითა ქართლოსანთა (ე.ი. სახელიცა ქართველი ხალხისა, რუს. и имя народа грузинскаго) პირველივე გულოვნობითა დიდებული ყოველსა აზიასა შინა, აღიფხვრებოდაცა პირისაგან ქვეყანისა, მდგომელნი უფსკრულსა ამას შინა არა ერთგზის უწოდდით თქვენ მფარველობასა როსსიისასა. შესვლამან სპათა ჩვენთა და დაწყვლამან ომარ-ხან ავარიისა დააყენა წარწყმენდა თქვენნი. შეაძრწუნნა ყოველნი წარმტაცნი კავკასიის მთათა აღმავსებელნი, და იგინიცა რომელნიცა ჰკრეხენ (ე.ი. არბევენ, ძარცვავენ, რუს. раздирают) სამფლობელოსა სპარსეთისა და დიდისა სომხითისასა; დამყუდრდა შორის თქვენსა მიმგვრიობა (რუს. крамолы) და თქვენ ყოველთაცა ერთსულობითა და დღესასწაულობითა ღაღადჰყავით, რათა ხელმწიფება რუსეთისა გმართებდესთ თქვენ უსაშვალოდ. ჩვენ აღსრულთა ყოვლისა რუსეთისა საყდარსა ზედა ვჰპოეთ სამეფო საქართველოისა, შეერთებული რუსეთისადმი, რომლისათვისცა გამოცხადება იყო უკვე იანვრის იჱ (18) დღესა წელსა ჩყა (1801), საყოველთაოდ ცნობისა; მიმწთომან მდგომარობისა თქვენისა, და მხილველმან ვიღარმედ ღონიერება და ყოფნა რუსეთისა მხედრობათა საქართველოსა შინა იპყრობს მხოლოდ იგი დათხევასა ჩვენთა ერთსარწმუნოთასა სისხლსა და ნამდვილსა წაწყმედასა განმზადებულსა თქვენთვის სხვათა ნათესავთა მესაზღვრეთა თქვენთა ერთაგან, – და ვისურვეთ ჩვენ გამოცდა, ვალად არს შეძლება აღდგინებად პირველისა მმართებელობისა მფარველობასა ქვეშე ჩვენსა და მით დაცვად თქვენდა უშიშრებასა და განსვენებასა შინა. – მაგრამ უახლოესმან გამოძიებამან ამისმან მიგვიზიდნეს ჩვენ, ვითარმედ პირად პირადი ნაწილი საქართველოს ერისა, თანასწორ უძვირფასესი ჩვენთვის კაცობრიობისა ძლით, იშიშვის სამართლად დევნულებისა და ნაცვალგებისა მის, რომელიცა მეძიებელი მეფობისა ღირსებისა შეიძლებდაცა მიწდომასა ხელმწიფებისა მისისასა; ვინაიდგან პირისპირ ყოველთა მათ უფროსმან ნაწილმან ერთაგან ესოდენ ცხად-ჰყო თავი თვისი; მხოლო მან ეჭვმან და შიშმან შესადგომელთა ამათ ჰშვა განუსვენებელობა, და უცილობელად იქმნებოდაცა წყაროდ ურთიერთისა შორის სისხლთ მთხეველობისა; გარდა ამისა მმართებლობამანცა მეფობასა შინა მეფის ირაკლისასა, რომელმანცა სულითა და ღირსებითა თვისითა შეაერთა ყოველი ხელმწიფებასა ქვეშე თვისსა, ვერ ხელიეწიფა დამტკიცება ვერცა გარეგანისა და ვერცა შინაგანისა უშიშროებისა. პირისპირ ესოდენ გზის მიგზიდნათ თქვენ ფსკერსა შინა ბოროტებისასა, რომლისა კიდურსა ზედაცა დღეს სდგეხართ თქვენ, და რომელსა შინა ყოველთა გამოხატვათამებრ გშვენით თქვენ ჩაცვივნა, უკეთუ ძლიერი ხელი მართლისა ხელმწიფებისა არა შეგიპყრობთ თქვენ დაცემისა ამისაგან. ძალმან გარემოებათა ამათ, ზოგად ამის ძლით გრძნობამან თქვენმან, და ხმამან საქართველოისა ერისამან, მოგვიზიდნეს ჩვენ, არა დაუტეოთ და არა მივსცეთ მსხვერპლად განსაცდელისა ენა ერთმორწმუნეთა, მომცემელთა ხვედრისა თვისისა დიდ სულისა რუსთისა საფარველისადმი. გაღვიძებული იმედი თქვენი არა იქმნების მოტყუებული ამ გზის. არა აღორძინებისათვის ძალთა, არა ნივთათათვის, არა განვრცელებისათვის საზღვართა, და ესეთცა უკვე ვრცელისა ქვეყანასა ზედა იმპერიასა შინა, მივიღებთ ჩვენთვის ზედა ტვირთსა საქართველოს სამეფოსა მართებელობისასა. მხოლოდ პატივი და კაცობრიობა სდებენ ჩვენზედა საღმრთოსა ვალსა. მსმენმან ვნებულთა ვედრებისა განსადევნელად შეჭირვებათა მათთა დავაწესო საქართველოსა შინა მმართებლობა, რომელსაცა ეძლოსცა დამყარება მართლმსაჯულებისა, ნივთისა და საქონლისა უშიშროებისა (ე.ი. პირადი და ქონებრივი უსაფრთხოებისა, რუს. личную и имущественную безопасность), და მიცემად თვითოეულისა დაცვა სჯულისა (ე.ი. კანონისა, რუს. закона). ხოლო ამისათვის გამომრჩეველმან ჩვენისა ღენერალ-ლეიტენანტისა კნორინღისა, რათა იყოს უპირატეს მმართებელად თქვენ შორის, მივეცით ჩვენ მას სრული მოძღვრება გამოაცხადოს მმართებლობა ესე საკუთრად სახელითა ჩვენითა და მოიყვანოს ძალსა და მოქმედებასა შინა ჩვენ მიერ დათხზული განწესება, რომლისა სრული საყოფელადცა უზიარებთ (ე.ი. რომლისა აღსრულებისთვისცა თანავაზიარებთ, რუს. к исполнению коего приобщая) თქვენ მიერ ღირსებათა და საზოგადოდ ნდობათამებრ გამორჩეულთა, ვსასოებთ, ვითარმედ თქვენ მორწმუნენი მმართებლობისა ამის უეჭველად სიგრილისა ქვეშე მის დასაბამსავე მოიპოვებთ განსვენებასა და უშიშროებასა და შემდგომად, კეთილდღეობასა და უხვებასა.
ყოველნი ხარკნი თქვენისა ქვეყანისანი, ვუბრძანებთ ჩვენ, რათა მიაქციონ სასარგებლოდ თქვენდა და რაიცა სახარჯოდ მმართებლობისა დარჩების აღსადგინებელად დაქცეულთა ქალაქთა და შენობათა. თვითოეული დარჩების უპირატესობათა თანამდგომარეობისა თვისისათა, თავისუფლად და შეუხებელად სარწმუნოებისა და საკუთრისა თვისისა თან. მეფის ძენი დასცვენ (უფრო სწორად: შეინარჩუნებენ, რუს. сохранят) მამულთა თვისთა, გარდა განშორვებულთა, და განშორვებულთა მათ მიეცემისთ მამულთა თვისთა გამოსავალი ყოველ წლივ თეთრად, სადაცა იქმნებიან იგინი, ოდენცა სცვიდენ ვალსა ფიცისასა. – ნაცვლად დიდსულობითთა ზრუნვათა ამათ ჩვენთვის, ვითხოვთ ჩვენ თქვენგან, რათამცა თქვენ დამტკიცებისათვის თქვენზედ დაწესებულისა ხელმწიფებისა ჰყოთ ფიცი ერთგულებასა ზედა, ამასთანა მდებარისა სახისამებრ. სამღვდელოთა ვითარცა მწყემსთა სულისა თანა პირველად შვენისთ მიცემა მაგალითისა.
უკანასკნელ, რათა სცნათ თქვენ ფასი კეთილად მმართებლობისა, რათა დაეშენოს შორის თქვენსა მშვიდობა, მართლმსაჯულება, რწმუნება, ვითარცა ნივთთა, ესეთვე საქონლისაცა (ე.ი. პირადი და ქონებრივი), რათა მოისპოს თვითმმართებლობა (უფრო სწორად: თვითნებობა, რუს. самоуправство) და მხეცებრივი უთანხმოება, რათა იქცეოდეს თვითოეული უმჯობესთა სარგებელთა თვისთა და საზოგადოებისადმი თავისუფლად დაუბრკოლებელად, შრომის მოყვარებდეს მიწისა მუშაკობასა, განზრახვათა (უფრო სწორად: რეწვათა, მრეწველობათა, რუს. в промислах), ვაჭრობათა და ხელთსაქმეთა შინა, საგრილსა ქვეშე სჯულთა (ე.ი. კანონთა, რუს. законов) ყოველთა თანასწორ მფარველთასა. ნაშთი და კეთილდღეობა თქვენი იქმნების მხოლოდ ჯილდოდ ჩვენთვის. მიეცა საყდროსანსა ქალაქსა მოსკოვს სეკდემბრის იბ (12) დღესა ჩყა (1801) წელსა.
ნამდვილზედ ქვემო წერილ არს, საკუთარითა ხელითა მათისა იმპერატორების
დიდებულებისათა ესეთ:
ალექსანდრე“.
შენიშვნა
1. წერილი მეფის ძის მიხაილისა ს. პეტერბურღიდან მამაჩემთან, რომელიცა იყო მასწავლებელი მისი და ძმისა მისისა მეფის ძის ილიასი:
„უფალო პროთოდიაკონო ეგნატი! მრავალი კითხვა მოგახსენესთ. ჩვენ მშვიდობით გახლავართ, შენ ფილონს დიმიტრი თუმანოვი მოგიტანს. ესე მარტივი წიგნი ანუ პროსტო არ გეწყინოს. თუ მეგობრად არ გრაცხდე, ასე არ მოგწერდი.
თქვენი მეგობარი მეფის ძე მიხაილ“.
1806 9/5
წერილსა ამას მოხსენებული თუმანიშვილი არის ძე მდივნისა იოსებისა, მოლექსე და მწერალი. გარდაიცვალა თფილისს 1921 წელსა. თვით მამაჩემი გარდაიცვალა 77 წლისა 22 ივლისს 1844 წელსა.
160. მანიფესტისა ამის გამოცემისა დროსა, დაესწრნენ მოსკოვსა დესპანნი, მეფის გიორგისავე გაგზვნილნი გიორგი ავალიშვილი და ელიაზარ ფალავანდიშვილი. იქვე იყვნენ 12 დეპუტატად ქართველთაგან მისულნი თავადნი და აზნაურნი გიორგი თუმანიშვილი,1 გიორგი ერისთვიშვილი2, გლახა ვაჩნაძე, ოთარ ქობულიშვილი, აბესალომ ბებუთოვი, გაბრიილ რატიშვილი, რომელიცა ახლდა იოანე მეფის ძეს, იაია ავალიშვილი, ძმა გიორგი ავალიშვილისა, იოანე მაღალოვი; პავლე წინამძღვრიშვილი, დავით ზანდუკელი, გიორგი ოქრომჭედლიშვილი, ნიკოლოოზ ონიკოვი.
ამათგან ორთა გიორგი ავალიშვილმან და ელიზარ ფალავანდიშვილმან იმპერატორისა ბრძანებითა წამოიღეს საქართველოდ მანიფესტი ესე, რათა მიართონ მემკვიდრესა დავითს საცნობელად ქართველთა.
შენიშვნები
1. ესე იყო შვილი ეგნატი თუმანიშვილისა, მოლექსე და მოყვარე ქართველთა მწერლობისა, გარდაიცვალა სტატსკი სოვეტნიკად 1837 წელსა.
2. გიორგი იესეს ძე ერისთავი (გარდ. 1864). ამან შეირთო ცოლად მეფის გიორგის ქალი გაიანე. მექონი ღენერალ-ოტინფანტერიისა ჩინისა და ლურჯისა წმინდის ანდრიასი ლენტისა. გარდაიცვალა 1863 წელსა.
161. მასვე დროსა კნორინგმან, განმგემან საქართველოისა გამოსცა ქართულად დაბეჭდილი თფილისს თვისი გამოცხადება ქართველთადმი შემდეგი:
„მისის იმპერატორებითისა დიდებულებისა თვითმპყრობელისა ყოვლისა როსიისა ღენერალ-ლიტენანტი, კავკასიისა ინსპექციისა ინსპექტორი, უპირატეს მმართებელი საქარველოისა, ასტრახანისა მხედრობითა ღუბერნატორი, მემთავრე ასტრახანისა ღუბერნიასა შინა საქმეთაცა სამოქალაქოთა, კაზანის მუშკეტერის პოლკისა შეფი და ორდენთა: წმინდისა ალექსანდრე ნეველისა, წმინდისა ანნასი პირველი ხარისხისა, სამხედროსა წმინდისა დიდისა მოწამისა და ძლევამოსილისა გიორგისა მეოთხისა ხარისხისა, და მპყრობელობითისა წმინდისა იოანე იერუსალიმელისა უფროსისა ჯვარისა კავალერი.
განვუცხადებ ყოველთა საზოგადოდ ქართლსა და კახეთსა შინა მცხოვრებთა:
ვიწყევ რა აღსრულებად მოყვანება უმაღლესისა ნებისა მისისა დიდებულებისა ყოვლისა როსიისა იმპერატორისა, მაქვს მე ვალი და შეკრულება, რათა განვაწესო კვლავ ჟამადმდე თფილისსა შინა უზენაესი საქართველოისა მმართებლობა ჩემსა ქვეშე პირველ მჯდომარეობასა; ხოლო ქალაქთა შინა და მაზრათა, ვითარცა სასამართლო და განმგებლობა, ეგრეთვე კეთილწესობაცა, რომლისა გამო, განმცემი ან საყოველთაო უწყებად განწესებისა შინაგანისა საქრთველოისა მმართებლობისა, რომელიცა დამტკიცებულ არს საღმრთოთა ნებითა ხელმწიფისა იმპერატორისათა, შეკრულ ვარ მე, რათა შევზღუდო სამფლობელონი ესე გარეშეთა დაცემათა გამო, დავიცვა მცხოვრებელნი მათნი უშიშროებასა სინა თვით თავისა მათისა და ქონებისაცა, და მივაწიო ყოველთადმი დაფარვა, რწმუნება და განსვენება მმართებელობითა მღვიძარითა და ძლიერითა, მარადის განმზადებულითა, რათა მისცეს მართლმსაჯულება დაჩაგრულსა, შემწე ექმნას არა ბრალულებასა, და სამაგალითოდ ბოროტთა დასაჯოს კანონთ გარდამავალი. ამისთვის უკვე ნუ ვინმე იკადნიეროსმცა თავ-ნებად და მძლავრებით კმაყოფილება საძიებელისა თვისისა, არამედ თვითოეულმან წარადგინოს საჩივარი თვისი განწესებულთა მისთვის ადგილსა შინა, მსასოებელმან უეჭველად, რომელ მიიღებს მსწრაფლსა და პირ-მიუფერებელსა სამართალსა. მოგონებანი განსაცდელთა მათ, რომელნიცა განზავებულ იყვნენ საქართველოისა შინა, წარმოადგენენ სარწმუნოსა ყოველთა მისთა მცხოვრებელთათვის თავდებობასა, რომელ იგინი სავსითა სასოებითა აღიარებენ ხელმწიფებასა განმზადებულისა მფარველობისასა, რომელიცა განსდევნის მათგან უფსკრულისა ბოროტებისა მათდა გარერტყმულსა და ყოველთა მათთა საზღვართა ზედა განაპყრობს დაფარვასა მშვიდობისა და უშიშროებისასა, რომელ მიჩნევა საკუთრისა კეთილდღეობისა თვისისა აღსძრავს გულთა მათთა საუკუნოსადმი მადლობის ჩემისა და შევრდომილებისა, და რომელ სრულიადითა მორჩილებითა განამართლებენ იგინი ზრუნვათა ნებისა კეთილმდგომარეობისა მათისა დამამყარებელისათა. მოყვარენი მშვიდობისა და კაცობრივობისანი იძულებულ იქმნან, რომელ მოხალისობა და შრომანი და არა მანქანებანი; უხვება მცხოვრებელთა, და არა სიგლახავე მათი; მტკიცე და შეურყეველი სასოება სახიერებისადმი უფლისა, და არა სასოწარკვეთილება; უკანასკნელ არა მზაკვრობა, სისხლისა თხევა, სულელობა, უწყალოება და არცა სიგლისპე; არამედ წრფელ სულიერობა, კაცთმოყვარება და შებრალება, ქველის მოქმედებანი, რომელთაცამებრ შვენის ქრისტიანესა ჩინებულ ყოფა, არიან წყაროდ ერთა განსვენებისა და კეთილდღეობისა. მიცემულ არს თფილისსა მაისის ზ (7) დღესა, ჩყბ (1802) წელსა.
მოწერილ არს: კნორინგი“.
162. 4000 ეგზმპლარი გამოცხადებისა ამის და ესოდენივე რიცხვი იმპერტორისა მანიფესტისა მხოლოდ ქართულად დაბეჭდილი თფილისს მეფის გიორგისაგანვე გამართულსა სტამბაში, – განეფინა და განითესა ქართლ-კახეთისა ადგილთა.
სცნეს ესე დიდთა და მცირეთა, მოხარულთა და არა მოხარულთა დროთა ცვლილებისა. სცნო ყაენმან და ფათალიშაჰმან და სულთანმან თურქთა სელიმმან, ხანთა და ფაშათა მეზობელთა. მეფე იმრეთისა სოლომონ შედგა და შესწუხდა: იწყო გამაგრება საზღვართა თვისთა და დაკავშირება თურქთა ფაშებთა თანა მესამზღვრეთა. დაღესტანი შეძრწუნდა რუსთა მეზობლობითა.
მეფის ძენი იულონ და ფარნაოზ, მოძულენი ძმისწულისა თვისისა დავითისა, იყვნენ ქართლსა და განიზრახვიდენ რუსთა მთავრობის ურჩებასა. ვერა-რაის მქმნელნი, ვერცა იმერთა მეფისა შეწევნითა, რომელსაცა შეეხიზნენ ცოლ-შვილითა, და ვერცა ერთა აშფოთებითა, – მოეცნენ რუსთა და წავიდენ რუსეთად 1805 წელსა და აღსრულდენ იულონ 23 აგვისტოს 1816 წელსა და ფარნაოზ ახლოს 1844 წელსა.
მეფის ძე ალექსანდრე გაქცეული მეფისავე დროსა სპარსეთად, დარჩა იქ; ვითარცა მითრიდატე ქართველთა ისტორიისა – სიძულვილითა რუსთა მთავრობისა და დაუძინებელითა მათდამი მტერობითა, აღსრულდა თავრიზის ახლოს 1844 წელსა.
დედოფალი დარეჯან გადავიდა 1804 წელსა რუსეთსა და, მიღებული პატივითა იმპერატრიცასაგან, გარდაიცვალა 1807 წელსა და დასაფლავდა ალექსანდრე ნეველის მონასტრისა ხარებისა ეკლესიასა, თვით საფლავსა მას, რომელიცა იყო უქმი და ცარიელი შემდგომად გადასვენებისა იქიდან იმპერატორთა საძვალესა გვამისა იმპერატორისა პეტრე მესამისა იმპერატორისა პავლესაგან 1796 წელსა.
163. აღსრულებად ესეთისა მანიფესტისა, განმგემან საქართველოისა კნორინგმან, შეჰყარა თავადნი და აზნაურნი ქართლისა და კახეთისა ქ. თფილისს და გამოუცხადა მათ ნება იმპერატორისა. სიონისა საკათედროსა ეკლესიასა შინა კათოლიკოსმან ანტონი წააკითხა ქართულად არქიმანდრიტსა თვისსა ტრიფილეს. შემდგომად წაკითხვისა დასდვეს საწიგნე და მასზედა დაბეჭდილი პეტერბურღსავე რუსულად და ქართულად ფიცითი აღთქმა შემდეგი:
ფიცითი აღთქმა მე ქვემო სახელდებული აღვსთქვავ და ვფიცავ ყოვლისა შემძლებელითა ღვთითა წინაშე წმიდისა სახარებისა მისისა მას შინა, ვითარმედ მნებავს და თანამაძს მათის იმპერატორების დიდებულებისა ალექსანდრე პავლოვიჩისა თვითმპყრობელისა ყოვლისა რუსეთისა და მათის იმპერატორების დიდებულების ყოვლისა რუსეთის საყდრისა მემკვიდრისა, რომელიც იქმნების დანიშნულ, ერთგულად და პირუთვნელად ვემსახურო და დავემორჩილო ყოველსა შინა უმაღლესსა ნებასა მისსა, არა დავზოგო ცხოვრება თვისი ვიდრე უკანასკნელ წვეთად სისხლისა. ყოველი მოცემული და შემდგომად მოსაცემელი მათის დიდებულების დადგინებულისა ხელმწიფისაგან სჯულის დება ანუ განწესება მივიღო სათანადოითა მორჩილებითა, და მათცა უკიდურესისა გულისხმისყოფისა, ძალისა და შესაძლებლობისამებრ გავუფრთხილდე და მივაქციო; აღდგინებულისა მათის იმპერატორების დიდებულებისაგან მამულსა შინა ჩემსა განსვენება და მყუდროება უკიდურესისა შეძლებისამებრ ჩემისა დავიცვა და არავითარი მიწერ-მოწერა ამღვრეველთადმი ჩემისა მამულისათა სწორედ ანუ საშუავლით, საიდუმლოდ ანუ ცხადად არა თუ ოდენ საქმით, არამედ მხილებითცა ანუ სხვითა რაითამე მოქმედებითა და განზრახვითა არა ვიქონიო. ხოლო ვნებასაცა მათის დიდებულების სარგებლისა, ანუ საზოგადოსა შესამატისასა, ვითარცა ვსცნობ რა, არა თუ ოდენ ცხად ვჰყოფ აღმსთობითვე, არამედ ყოვლითა ზომითა გარე ვაქცევ და არა მიუშვებ და ესე ვითარითა ხატითა მოვაქცევ თავსა, ვითარცა სარწმუნოსა მათის იმპერატორების დიდებულების ჩემზედა დადგინებულისა ხელმწიფებისადმი და მშვიდისა მოქალაქისა კეთილშესაბამ და თანამდებ არს, და ვითარცა ჯერმიჩნს მე წინაშე ღვთისა და საშინელისა მსჯავრისა მისისა მარადის მას შინა სიტყვის გება, რომელსა შინაცა მწე მეყოს მე უფალი ღმერთი სულიერად და ხორციელად. დასამტკიცებელადცა ფიცისა ამის ჩემისა ამბორსუყოფ სიტყვასა და ჯვარსა მაცხოვრისა ჩემისასა. ამინ.
ფიცითსა აღთქმისა ფურცელზედ მოაწერეს ხელი კათოლიკოსმან ანტონი, მთავარეპისკოპოსმან იუსტინე, თფილელმან არსენი, ბოდბელმან იოანე, რუსთვლმან სტეფანე, წილკნელმან გერვასი, ნეკრესელმან ამბროსი, ნიქოზელმან ათანასი, წინმძღვარმან ნათლისმცემელისა ევთიმემან და სხვათა სამღვდელოთა. მათ შეუდგნენ მუხრანის-ბატონი კონსტანტინე, სარდალი იოანე ორბელიანი, მორდალი ზაალ ბარათაშვილი, აბელ ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, სვიმონ და იოანე ანდრონიკაშვილები, გიორგი ავალიშვილი, ელიაზარ ფალავანდიშვილი და სხვა.
კნორინგი თვით დაესწრო იქ და ღენერალნი რუსთა ჯარისა ლაზარევი, გულიაკოვი, კარიაგინი და კოვალენსკიცა ადრითვე ელჩად რუსეთისა ყოფილი თფილისს მეფისა კარზედ. 10000 რუსეთისა ჯარი იდგა და იცვევდა საქართველოსა.
1803 წელსა, აპრილის 18 წაიყვანეს რუსეთსა დედოფალი მარიამ, მეუღლე მეფისა გიორგისა მოკვლისა გამო ღენერალისა ლაზარევისა. თანა ჰყავდა მას შვილნი: ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ, ირაკლი და ქალნი ანნა და თამარ. თვით დედოფალი ვითარცა პყრობილი, დააბინავეს კურსკისა გუბერნიისა ბელგოროდისა დედათა მონასტერსში, სადაცა დაჰყო 1811 წლადმდე. მერეთ მივიდა მოსკოვს, გარდაიცვალა 30 მარტსა, 1850 წელსა. მოასვენეს გვამი მისი საქართველოს და დაასაფლავეს მცხეთას.
მეფის ძე თეიმურაზ წავიდა სპარსეთსა და ეახლა ყაენსა. მოიქცა იქიდან და წავიდა რუსეთად 1810 და იქ გარდაიცვალა 25 ოკდომბერსა 1846 წელსა.
თვით მეფის ძე და მემკვიდრე დავით და ბიძა მისი ვახტანგ წავიდნენ რუსეთად 18 თებერვალსა 1803 წელსა. მისრულთა მცხეთას, მოეგებნენ შიომღვიმისა ბერნი და მათ უბოძა თოფი თვისი „გველტუჩა“, რათა დასდვან უდაბნოსა და გაემგზავრა. ვახტანგ გარდაიცვალა ს. პეტერბურღს 23 ოკდომბერს 1814 წელსა, ხოლო თვით დავით ს. პეტერბურღს 50 წლისა, 13 მაისს, 1819 წელსა.
164. დავით, ვითარცა ღენერალ-ლეიტენანტი და სენატორი, იყო მიწერ-მოწერასა შინა მამაჩემთან და დავით რექტორთან. მცოდნე რუსულისა ენისა თარგმნიდა წიგნთა ქართულად და უგზავნიდა ამათ, ვითარცა კაცთა განსწავლულთა. საქართველოსა საქმეთა შინა არღა ეროდა, იყო მორიდებული და მომდურვიცა ქართველთა.
1819 წელსა, იანვრის 8 მოსწერა წერილი და ესეცა იყო მისგან უკანასკნელი, მწიგნობრობისა და მწერლობისა მასწავლებელსა თვისსა დავით რექტორს. წერილსა ამას შინა სხვათა შორის იტყვის შემდეგსა:
„ჩემო ლალავ! ყველას მოკითხვა უბრძანეთ, ვინც ჩემზედ იცინის და ვინც ჩემთვის სწუხს, იმათ წაუკითხე ლუკას თავი კგ (23), მუხლი კზ (27) – ვიდრე ლბ (32) -მდის.1 ჰმადლობ ღმერთსა, სუყველას მოვრჩი!“
შენიშვნა
1. ადვილპოვნისათვის წმინდისა სახარებისა მუხლთა ამათ, დავუმატე აქაცა ესე:
„26. და შეუდგა მას სიმრავლე ერისა და დედებისა, რომელნი ეტყებდეს და სტიროდეს მას.
27. მიექცა მათ იესო და ეტყოდა: ასულნო იერუსალიმისანო ნუ სტირით ჩემ ზედა, რამედ თავთა თქვენთა სტიროდეთ და შვილთა თქვენთა.
28. რამეთუ აჰა ესერა მოვლენან დღენი, რომელთა შინა სთქვან, ნეტარ არიან ბერწნი და მუცელნი, რომელთა არა შვნეს, და ძუძუნი, რომელთა არა განზარდნეს.
29. მაშინ იწყონ სიტყვად, მთათა დამეცენით ჩვენზედა და ბორცვთა დამფარენით ჩვენ.
30. რამეთუ ნედლსა ხესა ესეთ უყოფენ, ხმელსა მას რაიმე ეყოს?
31. მაშინ მოჰყვანდეს სხვანიცა ორნი ძვირისმოქმედნი მოკლვად მისთანა“,
ესე სწერია ბოლოს წიგნაკისა მის: „ჰინდთა ღვთისმეტყველება“, მისიონრისა მამა ბუშესაგან მოწერილი ეპისკოპოსთან ავრანშის მონასტრისა“ და რომელიცა ეთარგმნა რუსულისა გაზეთით „ინვალიდით“ თვით დავითს და მეფის ძეს ბაგრატს გადაეწერა მისთვისვე ძმისათვის თვისისა დავითისა 8 ივლისსა 1817 წელსა ს. პეტერბურღს. მეფის ძეს დავითს ადგილ-ადგილ თვით გაუსწორებია რვეულისა (12 ფურცელი) წიგნაკი და გამოუგზავნია დავით რექტორისათვის. რვეულისა ამის ბოლოს ფურცელზედ, რომლისა მესამედი არის მოგლეჯილი, სწერს მეფის ძე დავით შემდეგსაცა: „...ცოტა შვინდის კურკა წამოიღოს... ელევთერს ხელს აკოცე. შვინდის ჩურჩა და კუნელი გამომიგზავნე. წამლათ მინდა კუნელი. ჩემო ლალავ, ცოტა რაჭული წამალი კრიბული გამომიგზავნე... ფიას და...,“
ამასთან არის მოხსენებული წიგნისათვის „ანსილიონისა“ მის მეფის ძის დავითისაგან თარგმნილისა ქართულად და გამოგზავნილისა ერთი დავით რექტორთან და ერთი ეგნატი იოსელიანთან. აჰა რასა სწერს მეფის ძე დავით: „მამაო ეგნატი! წმინდა მარჯვენას გიამბორებ. კარგა-ხანია თქვენი ამბავი არა მსმენია რა, არცა თქვენგან და არცა სხვათაგან. ანსილიონისა რა ჰქენით, ვერცა რა ამისი გავიგეთ. და ვერცარა თქვენი ანაფორისა გაგიგეთ თქვენ, ამიტომ უფრო, რომ არ ვიცი ჭიჭნეულისა გინდათ თუ მატყლისა.
ანსილიონში მეხუთე თავში, სადაც სხვაობისათვის ძველისა და ახლისა პოეზიისა სწერია, ჩაიკითხეთ და იპოვნეთ ის მუხლი.
ვჰგონებ არცა ერთი ლექსთაგანი არს სხვათა შორის ესოდენ ხმეული ძვირის-ყოფასა შინა, ვითარცა ლექსი ესე რომელ არს ბუნება. ჩაჰყევით და იპოვნეთ: ულისე და მწყემსი აპოლონ. ნავზიკა და ცოლი მისი სწერია. – ასე უნდა: ნავზიკა და ცოლნი მისნი. მრავლობითად უნდა.
გთხოვ გახსოვდე.
1817 ივლისი 22“.
ამათ გაქცეულთა და ლტოლვილთა რუსთაგან და თვით დავითისაგან მემკვიდრისა, იახლეს თვისთანა თამაზცა ორბელიანი. მაშინ გამოსთქვეს ლექსი დასაცინებლი და წარუვლინეს მათ:
ლომნი კატურად გარბიან, ერთითა შეძახილითა,
ამილახვარი მოჰყვანდათ, ერთითა შეძახილითა,
იულონ თქმით, თამაზ ბანით, ფარნაოზ მოძახილითა.
აქ უნდა ვთქვა 1) რომ თუმცა ამილახვარი არ გადაჰყვა მათ, მაგრამ დიდად ეწინააღმდგებოდა დავითს, და მოიყვანეს მაშინვე თფილისს და უბრძანეს აქა დასადგურება; 2) თამაზ, შვილი მეფის ასულისა ანნასი, დისა მეფისა ირკლისა, იყო კარგი ბანისა მთქმელი გალობაში; 3) ფარნაოზ საკვირველი და ტკბილი მოძახილი გალობაშივე (ბანი და მოძახილი არიან გალობისა კილონი ანუ ტონნი ევროპულად) და 4) დავითმან მემკვიდრემან დაწერა ესე ლექსიო, – იტყვიან.
ნაცვლად-გებითი პასუხი დაცინებისა მოერთვა მათგან დავითს, ლექსადვე დაწერილი თამაზისაგან სხვათა შორი ესეღა მრავალთაგან დახსოვნილი:
დავით პლუტეს, ბაგრატ ცუდეს და ივანე მოგვიკუნტეს,
დარბისელთ გამორჩევით, ხათა-გოგიამ ვ... უკუ სცეს.
165. დასრულდა ესე ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა.
დაბოლოება
ღვთისა განგებას ვერავინ შეაყენებს. განიკითხონ მკითხველთა წიგნისა ამის, ვის შეეძლო ქართველთა სამეფოსა დაცვა, გარდა რუსთა. თვით რუსეთი, ვითარცა კოლოსი დიდი ებრძოდა 70 და მეტსა წელსა კავკასიის მთისა მცხოვრებთა, თათრობისა გამო მათ შინა შესულისა, ქართველთა ქრისტიანობისა გამო მტერთა. განგებამან ღვთისა ქმნა ესე, რომელ რუსთა ძალითა დამშვიდდნენ მთისა მცხოვრებნი, თემნი თვით ქართველთა სამეფოსა დაგლეჯილნი და დანაწევრებულნი გაუქმნდნენ და მცხოვრებნი თემთა ამათ: იმერელნი, მეგრელნი, გურულნი, სვანნი, რაჭველნი და სამცხენი ათაბაგთა, შეიქმნენ და იწოდნენ ქართველებად.
განგება ღვთისა რუსთავე ძალითა მოიყვანს ნათესაობითსა ერთობასა ქობულეთსა, აჭარასა და ლივანას, ჯერეთცა თურქთაგან პყრობილთა. განგება ღვთისა შეიტანს და განფენს ქრისტიანობისა ნათელსა მათთა შინა, სადაცა მკვიდრობენ ლეკნი, ჩეჩენნი, ქისტნი, ჩერქეზნი და აფხაზნი. ნათესაობითი ერთობა ქართველთა გვარისა განმტკიცდება სარწმუნოებითითა ერთობითა მათთან. მართლმადიდებლობა რუსეთისა, ვითარცა შუქი მზისა მაცხოველებელისა და მანათობელისა, მოჩანს ვითარცა განმბნეველად მაჰმადიანობისა სიბნელისა, ბოროტისა კაცთა ნათესავისათვის და მარადის უნაყოფოისა. – ესე ყოველი ხვდა წილად რუსეთსა და აღსრულდებაცა ესე ვითარი ქრისტიანობითი და მოქალაქობითი განახლება კავკასიისა, სასიქადულოდ ქვეყანისა და კაცთა ნათესავისა.
მაშინ ქვეყანა კავკასიისა, სავსე ქვეყნიერითა და ზეციურითა მადლითა, უხვებითა, სიმდიდრითა, მშვენიერებითა, შეიქმნება ერთი და ყოვლადი. მცხოვრებნი ქვეყანისა ამის, შორის ორთა ზღვათა, მაერთებელთა ევროპისა და აზიისა, მოიგონებენ მაცხოვრისა ნუგეშინისცემითსა სიტყვასა: „და იყვნენ ერთი მწყემსი და ერთი სამწყსო“.
სამეფოსა ნაღარა-ხანისა პირნი
1) იოსებ ბარათაშვილი, ზედამხედველი, შემდეგ უზბაშად დადგენილი ალავერდისა და ახტალისა მადნებზედ 1809 წელსა. მოკვდა 1811 წელსა.
2) მედაფენი: ივანე კოტეტიშვილი; დავით ოჯალაშვილი; ფილიპე გოცირიძე და 4 სხვანი.
3) მებუკენი: სტეფანე ნორიელი; შიო ბორაშვილი, დიდი ფალავანი და მოკრივე; ქრისტესია კავთისხეველი.
4) მეზურნენი: დათია ღოღოლაშვილი; პაატა ამისხაშვილი; არუთინა ტაგრუციშვილი და 3 სხვანი.
5) მექოსენი: პავლე სოზაშვილი; სოლომონ...; კუკიელი და 2 სხვანი.
6) მენაღარე: დავით ირემაშვილი; სესია....; როსტომა გელიაშვილი.
7) ტაბლაკი...
8) ჯიმჯიმი...
თოფხანისა მსახურნი
1) განმგე ჯაბახანისა მეფის ძე იოანე. 2) იოანე ქობულაშვილი. რუსთა მიიღეს იგი პოდპოლკოვნიკად.
2) ზედამხედველი თავადი... გურამიშვილი და მის შემდეგ... ნაზარაშვილი, ხუმრობით კნიაზად წოდებული თვით ახლად მოსულთა რუსთაგანცა.
3) ...ყალამთაროვი. ესე დაესწრა ნიახურას ომშიაცა. რუსთა მიიღეს იგი არტილერიისა კაპიტნად.
4) გიორგი ჩემსურაშვილი – ხირსელი.
მსროლელნი: ა) ზურაბა... ხიდისთაველი. ესე ცხოვრობდა მეფის ძეს იოანესთან ს. პეტერბურღს., მერეთ მეფის ძეს ბაგრატთან. 1834 მოვიდა საქართველოს და მოკვდა ხიდისთავს 1837 ღრმად მოხუცი. მან შესწირა აქა თვისსა ეკლესიასა ზარები ზედა წარწერით:... ბ) ზურაბა ხაჩიშვილი ბოდბისხეველი. ამას მოხუცსა მეც მოვესაწარი. მოკვდა 1826 წელსა ქ. თფილისსა. იყო ყმა ნათლისმცემლის უდაბნოჲსა. გ) კაცი მეხუმარი და მოხუცებაშიცა ცქვიტი. მოკვდა 1824 წელსა. დ) 40 სხვანი, რომელთა სახელი და გვარნი დავიწყდნენ დროთაგან.
ასოცი ხარი და კამბეჩი იყო მზად ზარბაზანთათვის დანიშნული და მათნი მეხრენი.
თოფის წამლისა მკეთებელნი
1) ზედამხედველი ერასტი სოროლაშვილი, ნალეკარი, ხერთვისიდამ ტყვედ მოყვანილი 1770 წელსა. მისი თანაშემწე:
2) პეტრე... ხიზაბარელი და 10 სხვანი.
წამლისა კეთება არავის ჰქონდა აკრძალული. ყოველ სოფელში აკეთებდნენ თავისთვის სახმარსა და ჰყიდდენცა თავისუფლად.
ზარბი-ხანა (ფულის მომჭრელნი)
ფულსა სჭრიდენ მეფისა გიორგისა დროსა ვერცხლისა აბაზიანსა, ორ აბაზიანსა, ორ-შაურიანსა და ერთ-შაურიანსა, და შავი ფულიდამ ორ-ფულიანსა და ერთ-ფულიანსა.
ლეკთა გამო, რომელნიცა, თხოულობდენ ჯამაგირსა, მეფემან უბოძა ვეცხლის ბადიეები და ვეცხლის კოკები და აქედამ მოაჭრევინა 700 თუმანი.
მუსინ-პუშკინისა დროსა, 1800 წელსა, მასვე ზარბი-ხანაში, რომელსაცა უწოდეს მონეტნი დვორი, ახტალისა მადნებიდამ გამოტანილისა ვეცხლისა მოსჭრეს სახედ და საჩვენებელად რუსთა და ქართველთა რამდენიმე ბრონზისა ფულნი; მათზედ იყვნენ გამოჩენილნი ერთსა მხარეს არწივი რუსეთისა და მეორესა ღერბი ქართველთა მეფისა, ესენი შემდგომათ წარუვლინეს რუსეთისა დიდთა კაცთა. მაგრამ ამა დაწყებისა დროსა რუსთაგან ფულის მოჭრისა, არა რა მოუჭრიათ 1802-მდე. 1809 იწყეს მოჭრა ორაბაზიანისა და აბაზიანისა, ესეთვე სპილენძიდამაც ორ-კაპეიკიანისა და ერთ-კაპეიკიანისა.
დროთა მეფობისა მისისა, გვამნი წარჩინებულნი გვართ ამოებითა, საქმითა, სიტყვითა, ცხოვრებითა იყვნენ შემდეგნი:
1) მუხრანის ბატონი იოანე, სიძე მეფისა და მეუღლე ქეთევან მეფის (ერეკლეს) ასულისა, – მექონი ხმისა და პატივისა..., სალთ-ხუცესი სასახლისა; არა ცხადად, მაგრამ არა მყვარებელი მეფისა (გიორგისა), მორიდებულად მეფისა მცხოვრები მუხრანსა, შეშინებული მეფისაგან, რომლისაგანცა ჰგონებდა, რათა მოუღებს მას სალთ-ხუცესობასა მიტაცებულსა მეფის ირაკლისა მიერ დავით სარდლისაგან ორბელიანისა*. ესე გარდაიცვალა 1798 წელსა. მისმან შვილმან ჯერეთ 16 წლისამან კონსტანტინემ დაიმკვიდრა ადგილი მისი დამტკიცებითა თვით მეფისა გიორგისაგან და გარდაიცვალა 1843 წელსა (*ხელნაწერში ამ სიტყვებს მიჰყვება ბარბარე ქობულიშვილის მინაწერი, რომელიც მქრალი ფანქრით არის გადახაზული: „ყველა სარდალთ შორის უფროსი და მბრძანებელი ომში. ეს იყო სომხითის ამშენებელი, რომ აღარსად იყო შენობა გარდა კუმისისა. იქაცა კლდის შემწეობით შვიდი კომლი ესახლა. დავით სარდალმან გააკეთა ტაბახმელას კოშკი. კოდაზედ კოშკი და გალავანი ეკლესია“.
2) დავით სარდარი ყაფლანიშვილი, სიძე მეფის გიორგისა. ქმარი დისა მისისა თამარისა ერთისა დედიდამ... ამას ჰყვანდა ცოლად... და იყო კაცი მხნე და ძლიერი სიტყვითა. ამან დააშენა სომხითი მტერთაგან გაოხრებული. გარდაიცვალა 1796 წელსა.
3) ოთარ ამილახვარი, სარდარი საამილახვროსი და ლიახვზედ საერისთოსი მოურავი გორისა; ქალი მისი ელენე იყო ცოლი თეიმურაზ მეფის ძის გიორგისა შვილი. გარდაიცვალა 1827 წელსა.
4) გიორგი ციციშვილი, ეშიკაღაბაში მეფისა გიორგისა. გარდაიცვალა 1850 წელსა, ღრმად მოხუცი.
5) ლუარსაბ თარხნიშვილი, ქმარი სოფიო მეფის გიორგის ასულისა, გარდაიცვალა ... წელსა.
6) ევსტატი ციციშვილი ქალაქისა მოურავი, ნაშობი მეფის ირაკლისა ასულისაგან, მეგობარი კათოლიკოსისა* ანტონისა მეორისა (*აქ ქობულაშვილის მიერ ჩამატებულია სიტყვა „პოეტი“). გარდაიცვალა ნიჟნი-ნოვგოროდსა 1828 წელსა და მექონი ჩინისა д. ст. сов. (действительный статский советник – ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი; სამხედრო ხაზით უტოლდებოდა გენერალ-მაიორის წოდებას), კაცი წერილთაცა შინა დახელოვნებული.
7) დავით თარხნიშვილი, მიმბაში მეფის კარზედ მყოფი. გარდაიცვალა 1847 წელსა.
8) ნიკოლოზ ხიმშიაშვილი, რომელმანცა მოკლა ღენერალი ლაზარევი; იყო ყულუხჩი მარიამ დედოფლისა. გადავარდა ახალციხეს და იქ მოკვდა.
9) როინ ამირეჯიბი, დიდი მხნე და ვაჟკაცი, ერთგული მეფისა.
10) ფარსადან მაჩაბელი, შინა ყმა მეფისა, ოვსთა ჯარისა მკრებელი, და ხარკისა სახასოს მომგროვებელი.
11) ელეაზარ ფალავანდიშვილი, რომელმანცა მოაწერა ხელი ტრაქტატზედ პავლეს იმპერატორისა და მეფისა.
12) შანშე ერისთავი. შინა მეფესა ახლდა. მოკვდა 1831 წელსა.
13) ელიზბარ ერისთავი ყულარაღასი. ესე იყო სიძე იმერეთისა მეფისა სოლომონისა დიდისა. ქალი ამის ანნა იყო ცოლი მეფის ძის ფარნაოზისა. მოკვდა ... წელსა.
14) ...შალიკაშვილი მხნე და ვაჟკაცი, მტერთა უშიშარი, გამბედავი მეომარი – მეფე ირაკლი იტყოდა: „სამისა შალიკაშვილითა 500 კაცს მტერს არ შევუშინდებიო“.
15) ზაალ ბარათაშვილი ყმაწვილი კაცი, მაგრამ მაინც მეფე გიორგიმ ისევ უბოძა მამის ადგილი სუფრაჯობა და ემსახურებოდა.
16) გიორგი ბარათაშვილი სუფრაჯი... გარდაიცვალა 1854 წელსა – ახლდა განუშორებლივ მეფესა.
17) ზაზა სოლოღაშვილი, – ლეკთა აიკლეს მისი სოფელი, დაასახლა გლეხნი, აღაშენა კოშკი, მოუხდა ახალციხის ფაშა რვაასის კაცითა; გაუმაგრდა კოშკში და მოუკლეს შვილი ფაშასა. ზაალ გამოუხდა კოშკით, მოსტაცა მოკლული შვილი და შეითრია. ფაშა სირცხვილეული დაბრუნდა. ამას ზაზას ჰყავდა ძმა სვიმონ რუსეთისა კარზედ ცერემონმეისტერი.
18) ვახტანგ ყაფლანიშვილი ანუ ორბელიანი, იყო ქმარი თეკლა მეფის ასულისა, მოკლული კახეთსა 1812 წელსა. მას ებარა ყარაბულახი და გარემო სოფლები და იფარვიდა საგარეჯოს, მანავს ლეკთა დაცემისაგან. უდაბნოს ბოლოს დაამარცხა ბელადი ერთი და მოსჭრა თავი.
19) თამაზ ყაფლანიშვილი. ეშიკაღბაში. მამიდაშვილი მეფისა. გაიქცა იმერეთსა და მერეთ მობრუნდა და მოკვდა თფილისს (. . .).
20) ზაალ ორბელიანი. მეომარი, თანაშეზრდილი ირაკლისა ( . . .).
21) ჭაბუა ანუ იოანე ყაფლანიშვილი, მდივანბეგი, ფილოსოფოსი, მოლექსე, მწერალი სამღრთოთა და საეროთა წერილთა. სიტყვა მჭევრი.
22) ეგნატი თუმანიშვილი, მდივანი მეფისა, კაცი გონიერი და მწერალი და მწიგნობარი.
23) სოლომონ ლიონიძე. მაღლის გონების კაცი. ერთგული ქვეყნისა, დიდი მრჩეველი და უცთომელად შემმეცნებელი საქმისა.
24) შიო სიდამონიძე. საყვარელი მეფისა. ამას ჩააბარა მეფემან გრემის ეკლესია, სადაცა დაუმტკიცა მამულებიცა; მოკვდა 1810 წელსა.
25) იესე დეკანოზი, იყო სასახლისა. მეფემენ გიორგიმ უბოძა მას აზნაურობა; შვილი მისი ეფრემ, მოხსენებული ზევით (...).
26) იესე ოსეს შვილი, გვარით ბარათაშვილი. მსაჯულობით ხმობილი. მისსა ბეჭედზედ ესე ეწერა: „ჟამი ესეცა წარსვლის“. ქონდა მას სხვაცა ბეჭედი წარწერითა: „პირი ესეცა მტკიცე არს“. მტერთა დააბეზღეს მეფესთან, რომელ იესე მსაჯულს ორი ბეჭედი აქვს და ასვამს ზოგსა ქაღალდზედ ერთსა და ზოგზედ მეორესაო. მეფემან მიიხმო და მოსთხოვა პასუხი: „დიახ, ბატონო მეფევ! თქვენს განჩინებაზედ, ვითარცა მტკიცეზედ და სამართლიანზედ ვსდებ სიმტკიცისა ბეჭედსა და სხვათა წერილთა ზედა ადვილ დასარღვეველთა მეორესა. ორთავე ბეჭედთა ზედა წარწერიდამ სჩანს ლექსი სახელისა მისისა „იესე“ – მეფემან გაიღიმა და სდუმნა. იხილა, რომელ არა რა იყო უგვანი ბეჭედთა მისთა გამო.
27) ეგნატი იოსელიანი, მწერალი მეფისა, მისგანვე მიბარებული სომხისა მოძღვართან სასწავლებლად ენისა და სომხურისა ენისათვის მოხმარებული მეფისაგან, მწერალი წიგნთა. გარდაცვლილი 1843 წელსა, 77 წლისა.
28) გლახა ჭილაშვილი, მილახვარი მეფის ძის ვახტანგისა ანუ ალმასხანისა, აზნაურიშვილი არაგვისა. მობრუნდა რუსეთით და მოკვდა 1815 წელსა.
29) ადამ ყარანგოზიშვილი ვაჟკაცობით ცნობილი, მოკლული ლეკთაგან ნაოზსა 1801 წელსა.
30) გიორგი ყარანგოზიშვილი, მებრძოლი რუსთა.
31) იასე ძმა მისი, დიდივე ვაჟკაცი.
32) გოშპარ კობიაშვილი (...).
33) ზაალ ტერიშვილი, მეფისა კარზედ აღზრდილი და მეფისა გიორგისა საყვარელი. მოკვდა 1824 წელსა.
34) ბეცია კობიაშვილი. მეფემან გიორგი მიანდო გზაზედ დარიალისა დახვედრა და გამოძღოლა რუსთა ჯარისა. თუმცა იწყინა ესე ძმამან მისმან ვახტანგ, მაგრამ ვერა ჰქმნა წინააღმდეგი.
35) ზაალ გურამიშვილი, მისსა სახლში ქვემო ავჭალას გაატარა მეფემ სახლობით თვისით ორი ზაფხული. ცოლი მისი ნინო დღესაც ცოცხალია 104 წლისა. თვით მოკვდა 1804 წელსა.
36) იოანე კვეზერელი, არა აზნაურთაგანი, მეფის სადილზედ განუშორებელი. იყო ერთგული მეფისა, მესაუბრე კარგი და მლოცველი. კარი მეფისა იყო მისთვის ღია მარადის.
37) იოსებ ზეიდლიშვილი, წინამძღვაროვი გვარით, რუსულისა ენისა მცოდნე. მერეთ მოძღვარი კ. ციციანოვისა. მოკვდა 1827 წ. თვით მე გამიგონია მისგან შემდეგი ამბავი: „მოკვდა აფიცარი ლუტერანი 1801 წელსაო; არ ვიცოდი როგორ უნდა დაგვემარხაო. მიბრძანეს დაასაფლავეო. გადვიკიდე ოლარი და გავყევ მიცვალებულსაო, მოთქმით გალობისა: „არც ჩვენია, არც სხვისია, ეშმაკმან იცის ვისია“-ო. ესეთი ხუმრობა მრავალი იცოდა მან მოხუცმან.
38) ზაქარია სიდამონი.
39) იასე სულხანიშვილი.
40) თეიმურაზ ციციშვილი, მდივანბეგი, დიდი ჭკვიანი კაცი, ორჯერ სტამბოლში ელჩად გაგზავნილი. მოკვდა 1802 წელსა.
41) ბარძიმ (მოკვდა მოხუცი ღრმად 1827; ახლდა სპარსეთს მეფეს თეიმურაზს) და ზაზა მიმბაში ბორტიშვილები მაჩაბლები. ბარძიმს მეფე უწოდებდა „უმანკო მტრედი“ და ზაზას „შევარდენი“. ზაზა დაესწრო ასპინძის ომში, როდესაც მეფის ძეს გიორგის არ დაუჯერა ტოტლებენმან მიშველება, მაშინ ზაზამ შეჰკივლა: „დაანებე მაგ მ....ძ. წამობრძანდით, ჩვენ შევებმით და გავიმარჯვებთო“. შემდეგ რუსთა შეიპყრეს ზაზა და ბაადურ მაჩაბელივე და ორნივე ციხეში დაიხოცნენ 1810. ამ ზაალს (?) უბოძა კეხვის ციხე, – მეფის ძემან დავით.
42) ზურაბ ფალავანდიშვილი, მამა მიხაილისა. მეფემან გიორგი მიუჩინა რუსისა ჯარსა საგზლისა მისაცემად. მისცეს პირდაპირ ჩინი ტიტულიარნის სოვეტნიკობისა. მოკვდა მოხუცი 1819 წელსა, ან 1820 წელსა.
43) ნიკოლოოზ ელიოზიშვილი, ნაზირი კათოლიკოსისა ანტონი მეორისა. თანა ჰყავდა მას რუსეთს და უკუქცეული იქიდან მოკვდა 1857 წელსა ღრმად მოხუცებული.
44) კათოლიკოსი ანტონი მეორე, მეფის ირაკლის ძე. უყვარდა მეფეს, ვითარცა ძმა თვისი და კაცი განკრძალული. საკვირველი სასოებიანი მწირველი. იონა მიტროპოლიტი და ექსარხი ხშირად მეტყოდა ხოლმე მისთვის: რუსეთში მისგან ვისწავლე წირვაო. თვით იონა იყო დიდად სასოებიანი მწირველი. გარეგანსა ცერემონიასა გარდაემატებოდა მარადის ღირსებითა ცრემლთა დენითა და კრძალვითა სამღვთოისა ლიტურღიისა მისგან აღსრულება.
45) იუსტინე, მთავრ-ეპისკოპოსი მაღალაშვილი, კაცი ფილოსოფოსი და გაზრდილი დიდის კათოლიკოსისაგან. წირვისათვის მისისა იტყოდა მეფე გიორგი: „წირვა იუსტინესი არის გარედგან რაჲმე საჩვენებელი დიდისა საიდუმლოსა, რომელიცა არის ლიტურღია; კეთილი და პატიოსანი; მაგრამ გვავიწყებს და არა გვაგონებს ლიტურღიისა სიღრმესა; ვითარცა, მზე ზამთრისა ანათებს და არ გვათბობს. წირვა უნდა ხვდებოდეს გულსა და არა თვალსა“. ესე ვიცი თვით მიტროპოლიტისა იოანე ბოდბელისაგან, და ხშირად მეტყოდა მეფისა თქმასა ამას იმერეთისა მიტროპოლიტიცა დავით წერეთელი.
46) არსენი თფილელი, ქართველთ მეფეთ ჩამომავალი. მოკვდა განდევნილი კათედრიდამ 1813 წელსა. ესე არა უყვარდა მეფეს გიორგის.
47) ვარლაამ, შემდეგ ექსარხოსად ყოფილი. ქსნის ერისთვისშვილი; მცოდნე ებრაულისა ენისა. დეკანოზი და მასწავლებელიცა ხელმწიფე იმპერატორისა ალექსანდრე მეორისა გერასიმე პავსკი, მასწავლებელიცა ჩემი ს. პეტერბურღს ებრაულისა ენისა მეტყოდა ვარლამისთვის (1834 წელსა), რომელმან მისისა თხოვნითა თარგმნა რუსულად ქადაგებები ვარლაამისა, რომელიცა დაიბეჭდაცა. მისგანვე ვარლაამისა ესწავლა მრავალთა ქართულთა ლექსთა, ებრაულის ენისა სახმართა.
48) იოანე ბოდბელი მაყაშვილი. ამას არ უყვარდა მეფე გიორგი და მარადის მოიხსენებდა არა კეთილად. იყო ორგული მეფისა, თუმცა მიმალული. ძმასა მისსა ალექსანდრესთან ქონდა იდუმალ მიწერ-მოწერა. ღრმად მოხუცი გარდიცვალა 1837 წელსა; იყო დიდი პურადი, დიდი ეკლესიათა ძველთა განმაახლებელი. დიდად მეცადინებდა შემდგომად თვისსა ყოფილიყო ვინმე მღვდელმთავრად ბოდბეს და ვერავის დააჯერა. მრავალი ვიცი მისგან ძველი ამბავი და მრავალი მქონდა მასთან ბაასი მრავალთათვის საგანთა.
49) მიხაილ ნინოწმინდელი, არ უყვარდა მეფესა გიორგის. მოკვდა 1813 წელსა ბრმად. იყო მოწაფე ანტონი კათოლიკოსისა. ამან უქმნა სარდალსა დავით ყაფლანიშვილსა ზედა წარწერა, ღვთისა დედისა ხატზედ: „სიტყვისა ღვთისა დედაო, ძღვენს მცირეს გაგიბედაო, როს აწყურს მექმენ მწედაო, იქ შოვნით გიმკობ ზედაო. შენდა ვითხოვ ჟამსა არ დრობით ვინ გამკობ არ დარიდობით“. ხატი ესე დღესაცა აქვს მანანა ორბელიანსა, ვითარცა სამკაული და საუნჯე ოჯახისა. არის სახე ივერიისა ანუ კარისა ღვთისმშობლისა და გარემო 26 უსხედან წმიდანი ნაწილნი, ზედა წარწერებითა თვით წმიდათა მათ, რომელთაცა ნაწილნი განაშვენებენ ხატსა წმინდასა.
50) ამბროსი ნეკრესელი, ნამღვდელავი, მოკვდა თფილისს 1799 წელსა. ქალი მისი თინათინ იყო დედა ნ.ო. ფალავანდოვისა ღუბერნატორად ყოფილისა 1837 წელსა. ესე ამბროსი იყო უკანასკნელ ეპისკოპოსი ნეკრესისა, ლეკთაგან გაოხრებულისა.
51) გერვასი წილკნელი, გვარით მაჭავარიანი, ესე ეკურთხა მეფის გიორგისა დროსა, რომელიცა მას ვერა სწყალობდა. რად? ვერ ვცსან; მოკვდა 1817 წელსა. ამის მეტი მეფის გიორგის დროს არ კურთხეულა ეპისკოპოსად.
52) ...მროველი.
53) ევთიმი, არქიმანდრიტი წინამძღვარი ნათლისმცემლის უდაბნოსი, მოძღვარი მეფისა. მისი იყო ხშირად საუბარში თქმა: „ქრისტეს ღვთის მადლითა“. ესე თქმა მიიღო თვით მეფემან გიორგი მისგან და ხშირად ხმარობდა საუბართა შინა და წერილთაცა თვისთა და თვით მიწერმოწერასაცა შინა სამეფოჲსა საქმეთა გამო.
54) იოანე ქარუმიძე, სამთავნელი, მერეთ მთავარ-ეპისკოპოსი, კაცი ნასწავლი. მოკვდა თფილისს და დაასაფლავა არსენი თფილელმან თვისსა სამეტოქოსა კვირა-ცხოვლისა ეკლესიასა 1804 წელსა.
55) იულიოს ურბნელი, თუხარელი. კაცი მაღლისა სათნოებისა, ღირსი ვითარცა მეუდაბნოე. მომხილველი ტრაპეზუნტისა და აღკვეცილი ახლოს მისა ნათლისმცემლისა უდაბნოსა; წინამძღვარმან მან უდაბნოსა ამის უწოდა სახელი თვისი და მოვიდა ახალციხით თფილისად. იყო არქიმანდრიტად დიდისა ანტონისაგან ნაკურთხი. მანვე მიუბოძა ურბნისელობა.
56) სერაპიონ, წინამძღვარი დავით გარესჯისა.
57) ნეოფიტე, არქიმანდრიტი და წინამძღვარი მცხეთის დაუჯდომლობისა ეკვდერისა, დაქცეულისა 1838 წელსა. მოკვდა უადგილო თფილისს 1841 წელსა.
58) ნიკოლოოზ შუამთისა მოძღვართ მოძღვარი, ნიკოლოოზ ქობულოვი* მოკვდა 1803 წელსა.
59) ნიკიფორე შიო მღვიმისა, რომელიცა დაიკეტა ლეკთა გამო 1800 წ. 1802-დმდე.
60) გამალიელ, წინამძღარი იკორთისა, მოკვდა 1816 წელსა. არ უყვარდა ამას ვარლაამ ექსარხოსი, რადგანაც ებრძოდა ერისთვიანთა ყმათა და მამულთათვის ძველად შეწირულთა და მისგან ექსარხისა მიმალულითა.
61) ათანასი ჯვარის-მამა, ბერძენი, მოკვდა პატრიარქად იერუსალიმისა 1834 წ.
62) ნიკიფორე, არქიდიაკონი იოანე ბოდბელისა; მერეთ არქიმანდრიტი ხირსისა, მერეთ ეპისკოპოსი გორისა და ვიკარი ექსარხოსთა. მოკვდა 1850 წელსა. სნეულმან მდებარემან სარეცელსა მრავლად ეცადა ენახა და მიღო კურთხევა ექსარხოსისა ისიდორესი, მაგრამ ამან არ ნახა, მტერობისა გამო მისდა და მეშურნეობისა, რომელ მას უმეტესსა უძღვიდენ პატივისცემასა ვორონცოვი და სხვანიცა. – მე თვით ვარ მოწამე ამისი და თვით ვიყავ შუამავლად რათა ენახა მას იგი.
63) ... სინა-მთისა.
64) .....ათონისა.
65) იოაკიმ ვიკარი კიპრისა მონასტრისა, იქმნა ეპისკოპოსად ახტალისა 1803 წელსა, მოკვდა 1829 წელსა. ამას ახლდა დიაჩოქად ვასილი... რომელმანცა მიიღო დეკანოზობისა ხარისხი და აღაშენა ხარფუხს თფილისს ეკლესია გუმბათიანი წმინდისა ნიკოლოოზისა სახელზედ.
66) ტრიფილე, აღმწერელი წიგნთა, წინამძღვარი ჯვარისა მონასტრისა, არაგვს გაღმა პირისპირ მცხეთისა. მოკვდა 1818 წელსა.
67) იოსტოს, მღვდელ-მონოზონი ანდრონიკაშვილი კაცი ფილოსოფოსი და ერთგული მეფეთა. მოკვდა ვეჯინსა კახეთში.
68) იოანე ოსეშვილი სიონის მღვდელი იყო* (....) (*ხელნაწერში, ქობულაშვილის ამ ფრაზაში, პ. იოსელიანს წაუშლია სიტყვა „მღვდელი“ და მის ნაცვლად დაუწერია „დეკანოზი“)
69) ონისიმე იოსელიანი მეგობარი მეფის გიორგისა, იოსებ კათოლიკოსისაგან ნაკურთხი. მამა მისი ქრისტეფორე გადმოვიდა იმერეთიდან წყალტუბოდგან. ორნი ძმანი მისნი დაიხოცნენ ჭარის ომში. კათოლიკოსსა ანტონის უნებდა, რათა მიჰყიდოს მან მამული თვისი და ვენახი მარტყოფს „სესიაური“ სხვასა. უარისათვის გადააყენა მღვდელობიდამ. მეფემან თეიმურაზ იწყინა და კვლავ გახსნეს კრულებიდან.
70) სოლომონ დეკანოზი ანჩის-ხატისა ალექსიევი. მწერალი და მწიგნობარი; ძე ალექსი დეკანოზისა, მწერალისავე ჩინებულისა. მოკვდა 1808 წელსა; ამან 1795 წელსა ზურგით გაიტანა ხატი პირის მღვთისისა ქალაქიდამ, დაუდვა ურემსა მცხეთაში და აქედამ გასული არაგვსა წავიდა თელავსა და დახიზნვა იქ იგი წინ ქეთევან დედოფლისა ეკლესიასა.
71) კეჟერაშვილი მარტყოფელი, მბეჭდავი წიგნთა.
72) აბრამ, გვარით ურიათყოფილი, მოუსტვინეშვილად წოდებული, მბეჭდავი წიგნთა, პატივცემული მეფისაგან; მეგობარი დავით სარდლისა ორბელიანისა; მშრომელი მეტეხისა ეკლესიისა განახლებაზედ სოფელსა მეტეხს, დიდი მლოცველი და მემარხულე, და მღვდელი განკრძალული იდგა მარტყოფს.
73) ზაქარია სულხანოვი, მბეჭდავი წიგნთა, მოძღვარი დედოფლისა დარეჯანისა. დაახლოვებული მეფისა გიორგისა. მოკვდა 1820 წელსა.
74) ისაკ მწიგნობარი, სიონისა თფილისს ეკლესიასთან მცხოვრები. მოკვდა 1799 წელსა, მეფემან გიორგი თავისის ხარჯითა დაასაფლავა იგი იქვე. მეფის ძემან დავით იახლა თავისთან, ოდეს მოიხილა ერევანი და განჯა, ეჩმიაძინისა ეკლესიასა შინა შესულმან, არ დაიწერა პირჯვარი და ამით აწყინა სომეხთა ოქევარტერსა ლუკას, ამან არ მიიღო მღვდელობისა ხარისხი სიმდაბლისა გამო და იმავე მწიგნობრისა ანუ მკითხველისა ხარისხითა აღსრულდა.
75) ჰარონ მღვდელი ალექსიევი. ეახლა კათოლიკოსსა ანტონი მეორეს. არ უყვარდა ესე მეფეს. მოკვდა თფილისს 1827 წელსა.
76) ელევთერი, მეგობარი მეფის გიორგისა მღვდლობაში. 1804 ბერი და არქიმანდრიტი, 1812 წელსა წინა უძღოდა კახეთისა დამამშვიდებელსა, მაგრამ მრავალთა თავადთა, აზნაურთა და სამღვდელოთა ბოროტად და შეუწყალებელად დამსჯელსა, ღენერალსა დიმიტრი ორბელიანსა, აქა შეიძაგეს იგი. შეიძაგა თვით ერმოლოვმაცა. მაგრამ უყვარდა მრავალთა პურადობისათვის და ტკბილისა ხასიათისათვის. მოკვდა 1835 წელსა.
77) გოგია დიაკვანი, ახლობელი მეფის გიორგისა. სახლობა მისი ახლდა მას და დედოფალსა მსახურებად. იყო გარკვევით ლექსთა და აზრთა გამოხატვით მკითხველი ეკლესიისა წიგნთა. ხმა მისი არის, – ბრძანებდა მეფე, – ხმა ლოცვისა და ვედრებისა, ხმა საგალობელისა ხმათაო.
78) დავით მღვდელი ჩუბინიძე, ნათლისმცემლის ეკლესიისა აწ დაქცეულისა, და იესე დეკანოზი, შვილი მისი. ამას ქონდა იქ სასწავლებელი, სადაცა მეცა ვსწავლობდი ქართულისა კითხვასა და წერასა ხარისა ბეჭის ძვალზედ დროთა ჩვეულებისა გამო. 1817 გაუქმდა სასწავლებელი ესე და გადაგვიყვანეს სემინარიისა, რომელიცა გახსნა მასვე წელსა 1 ოკდომბერსა ექსარხოსმან თეოფილაკტე. კარგად მახსოვს დღე ესე 8 წლისას, ოდეს რექტორმან პირველმან ვიტალი კურთხევისა დროსა და სხურებისა გვიბრძანა ვუყრიდეთ თეოფილაკტეს ყვავილოვანთა ბალახთა.
79) ზოსიმე, ბერი დავით გარესჯელი, გამომკვეთილი სენაკისა და კანკელისა, თფილისს სიონისა შემმზადებელი.
80) ილარიონ არქიმანდრიტი, ვაჩნაძე; – მრავალი დასდვა ამაგი საბა წმინდის მონასტრის განახლებაზედ კახეთს.
81) დარჩია მელიქი ბებუთაშვილი, კუზიანი ტანით და ფრთხილი საქმეში კაცი. პატივს სცემდა მას მეფე გიორგი, თუმცა განარისხაცა ორგულობისა შეწამებისა გამო. მოკვდა 1827 წელსა.
82) სტეფანე გურგინბეგიშვილი, კაცი მდიდარი და დარბაისელი, მოკვდა 1881 წელსა.
83) ოსეფა ბებუთაშვილი, მიშკარბაში, მამა ვასილისა, ღენერალ ოტინფანტერისა. ელჩად ხმარობდა მას ეჩმიაძინსა და ერევანსა. მოკვდა 1807 წელსა.
84) აღა და დანიელ ფითუაშვილნი. მოქალაქენი დარბაისელნი.
85) ...მუნთუაშვილი.
86) მიკირტუმ თაყუაშვილი, სასახლისა კაცი და მოქალაქე.
87) აღალო ოქუაშვილი, დიდი მდიდარი საკათოლიკოსო ყმა.
88) რევაზ და ზაქარია ანდრონიკაშვილი, ქიზიყისა მოურავნი (...)
89) იოანე ანდრონიკაშვილი ეშიკაღაბაში, მემკვიდრისა მახლობელი და ერთგული. გარდაიცვალა 1830 წელსა.
90) სვიმონ აბაშიძე, მეფის გიორგისა მძახალი და მისგან პატივცემული.
91) სვიმონ ბებურიშვილი, დიდი გამოჩენილი ვაჟკაცი, გმირთა გმირი. ესე გაიქცა 1803 წელსა და მივიდა თვისსა ძმასთან ადამთან, რომელიცა ახლდა მეფის ძეს ალექსანდრეს. დამსწრემან რუსთა თანა სპარსთა ომისა, შეიძაგა სპარსნი მხდალნი. ამისთვის უიმედო მათგან გამოვიდა რუსთან და გამოიყვანაცა ძმა თვისი.
92) თადია ჩოლოყაშვილი, გაიქცა სპარსეთსა ალექსანდრესთან და მერეთ მობრუნდა. მოკვდა 1836 წელსა. მეფე გიორგიმ მინდო მზრუნველობა რუსთა ჯარისათვის, რომელიცა იდგა საგარეჯოში და ახლო მისსა სოფლებში.
93) ჰუსეინოღლი სულიან, ბორჩალოელი, მეფისა მცნობი; საქმეთა შინა მრავალთა მისგან ხმარებული. შემდგომად მეფისა არ დამორჩილდა რუსთა და ივლტოდა სპარსეთად.
94) ალიბეგ, სულთანი ყაზახისა, მდიდარი საქონლითა. შემნახავი მეფისა გიორგისა, ცხვრისა და ძროხის არვეთა. ივლტოდა სპარსეთად.
95) იბრაღიმ, სულთანი შამშადილისა. ამას ებარა მეფისა ჯორები და აქლემები.
96) პეტრე ლარაძე, მოლექსე და მწიგნობარი, შვილი მღვდელთა ხარებისა ეკლესიისა, რომელიცა თეიმურაზ მეფემან მოუღო ფრანგთა. მოკვდა 1837 წელსა.
97) დავით რექტორი ალექსიევი. მოკვდა 1825 წელსა.
98) ომან ხერხეულიძე, აღმწერელი მეფის ირაკლის ცხოვრებისა; მოკვდა 1805 წელსა. ახლდა იულონსა და მომდურავი მისი ეახლა მეფეს გიორგის, რომელმანცა უბოძა მდივნობა კახეთისა ოქმითა.
99) სტეფანე ფერშანგი, გორელი სომეხი, მოლექსე. ამან ტყვედ მოყვანილსა ლეკსა ოსოქოლელსა ასესხა ფული რვა თუმანი და გაიხსნა მაჩაბლისაგან, პირობითა, რომ გამოუგზავნის. ლეკმა დაიცვა სიტყვა მიცემული და გამოგზავნა რვისა ნაცვლად ათი. სცნო ესე მეფემან და იამა მეფესა. – იყო სტეფანე მოიჯარადრე ბურნუთისა და თამბაქოსა თფილისს. მრავალია მისგან დაწერილი ლექსი. მოკვდა თფილისს 1839 წელსა, ღრმად მოხუცი.
100) დიმიტრი, იოსებ მდივნის შვილი, გვარით თუმანიშვილი. მოლექსე. მოკვდა 1821 წელსა. ახლდა მეფის ძეს მიხაილს. ს. პეტერბურღს მისგან დაწერილსა ლექსსა სიყვარულითსა: სიცოცხლეს შენგან მოველი, უკვდავება ხარ ცხოველი. უქმნა დაწუნება ლექსადვე მღვდელმან ეგნატე იოსელიანმან. ამას შეუდგინეს ბაასი. მიწერ-მოწერისა ესე წიგნაკი, წაკითხული ჩემსა სიყრმეში, ვეღარსად და ვერვისთან ვჰპოვე. დიდის გონიერებით იყო ორთავე მხრითგან ნაწერი. – იყვნენ სიყრმით მეგობარნი და მეზობელნი სახლთა სადგურით, მეფეთა სასახლისა.
101) ბესიკი ანუ ბესარიონ გაბაშვილი, მოლექსე, მოკვდა 1799 წელსა* (ბესიკი გარდ. 1791 წ. იანვარში.); ამაზედ მრავალი სწერია და მე აღარ განვიმეორე.
102) სოლომანა აბამელიქი, ბიძა მეფის რძლის ელენესი. დავით მემკვიდრის ცოლისა. მეფე გიორგი პატივს სცემდა. პატივისცემისათვის თვისისა რძლისა. მოკვდა ბრმა, ღრმად მოხუცი 1823 წელსა.
103) ... საათნავა, სომეხი თფილისელი, ცნობილი გვამი, გამოჩენილი მოლექსე. მოკვდა 1801 წელსა; იყო მწერალი მარტივითა საუბარისა ენითა, მაგრამ ჰაზრთა მკვეთრთა მექონი. მისთა თქმათა დღესაცა იგავად იტყვიან ქართველნი; იყო მომღერალიცა, იყო სომეხი და სძაგდა სომეხი; ამისთვის ემდუროდნენ სომეხნი.
104) ოთარ ქობულაშვილი, სოფლისა კისისხევისა, დესპანი ქართველთა მოსკოვსა, ოდეს შეერთდა საქართველო რუსეთსა 1801 წელსა. გარდაიცვალა 1830 წელსა; იყო ესეცა მოლექსე სიყვარულისა და მიჯნურობისა. ლექსთა მისთა იმღეროდენ ქართველთა მოსაკრავენი და მეჭიანურენი.
105) გიორგი ავალიშვილი, ცოლისძმა გარსევან ჭავჭავაძისა.
106) იაია ავალიშვილი, ძმა გიორგისა, ცოლის ძმა გარსევან ჭავჭავაძისა. იყო დესპანად ოდეს შეერთდა საქართველო რუსეთსა 1801 წელსა. მოკვდა კახეთს 1837 წელსა.
107) გარსევან ჭავჭავაძე, გვამი ცნობილი.
108) პაატა ჭავჭავაძე. ამას მიანდო მეფემან ირაკლი გამოყვანა 900 ლეკისა და სარდლობაცა იმერეთისკენ. იქ მისულთა ლეკთა შესაწევნელად ქართველთა ჯარისა, ოდეს დასვეს მეფედ სოლომონ, ლეკთა ააოხრეს იმერეთი, დაიტაცეს ეკლესიათა სამკაულნი და ბარძიმ-ფეშხუმნი ჰქმნეს ჭურჭელად ჭრაქისა ასანთობელად. ესე იწყინეს იმერთა და დიდად ემდურვოდნენ მისსა სარდლობასა. იტყვიან დღედმდე იმერელთა თფილისისა აღებისა დღესა სპარსთაგან, მაგიერი გარდაუხადეს ქართველთაო: ე.ი. გაძარცვეს თფილისიო.
109) ნიკოლოოზ მხატვარი აბხაზი, შვილი მისი იოანე იქმნა შემდგომად ღენერალი (...). დედოფალმან დარეჯან დაახატვინა ამას კანკელი ანანურისა ეკლესიისა და სხვათაცა ეკლესიათა, ამანვე განაახლა სიფრთხილით ანანურისა ეკლესიისა კედელზედ დახატულნი ძველად 13 ასურელთა მამათა ხატნი. დღეს აღარ არიან ესენი.
110) იოსებ კალატოზიშვილი, ახლდა მეფესა გიორგისა და მერეთ დედოფალსა მარიამს; ამან გასცა დედოფალი, რომელსაცა უნებდა გაქცევა ქალაქიდამ თუშეთსა ან ფშავ-ხევსურეთსა. კნიაზმან ციციანოვმან დაასაჩუქრა იგი; მოკვდა 1834 წელსა. მრავლად ემდუროდა მას მეფის ძე თეიმურაზ; როტიე გოლლანდიელი წერს მისთვის წიგნში. თუმცა ახსენებს მას გვარით და არა სახელით.
111) იოანე აბხაზი კარდანახელი, კაცი ქრისტიანე და პატივცემული; მოკვდა 1828 წელსა (...). ესე გაგზავნა მეფემან გიორგი თელავსა ორჯერ და გაატანა სანთლები კელაპტრები, რათა დღესა ქეთევან დედოფლობისსა, დაესწროს წირვისა ჟამსა მცირესა ეკლესიასა შინა, აღშნებულსა იქ თეიმურაზ მეფისაგან პირველისა. ესე ეკლესია არის პირველი, ნაკურთხი ქეთევან დედობლისა წამებულისა სახელზედ.
112) ალექსანდრე მაყაშვილი, ეშიკაღაბაში მეფისა გიორგისა, ძე გამდელისა მისისა სვიმონისა. გარდაიცვალა 1823 წელსა ცხენიდამ გადმოვარდნით, ოდეს მიეგებებოდა მისულსა კახეთად და მიმავალსა გომბორისა გზით ექსარხოსსა იონას. ამანვე დაასაფლავა იგი იყალთოს მონასტერსა.
113) სვიმონ მაყაშვილი, ლალა მეფისა გიორგისა, დასაფლავდა იყალთოს მონასტერსა.
114) დავით ჯიმშერიშვილი, ჩოლოყაშვილი, დიდად ნიჭებული კაცი სიტყვითა და მწერლობითა.
115) გიორგი თუმანიშვილი, ძე ეგნატი მდივნისა, მოყვარე მწიგნობრობისა და მწერლობისა, ამან შეკრიბა ერთ წიგნად ლექსნი ძველად თქმულნი და უწოდა ქართველთა მწერლობისა ამის საუნჯესა „მრავალ-ყვავილოვანი“. დღესცა აქვს იგი შვილსა მისსა ღენერალ-მაიორსა ალექსანდრეს. მოკვდა 1837 წელსა.
116) იოანე აბამელიქი, ძმა მეფის რძლის ელენესი.
117) სოლომონ (სოღომონ) აბამელიქი, ბიძა მეფის რძლის ელენესი, მოკვდა 1827 წ.
118) მირზა აფრიამა ენაკოლოფაშვილი, სპარსეთიდამ მოსული. მეფემან გიორგიმ სამჯერ წარავლინა ერევნის ხანთან და იქიდან შირვანსა ტყვეთა ქართველთა, დარჩენილთა იქ დროთა თფილისის აოხრებისა, მოსაყვანად. მოკვდა 1824 წელსა.
119) შიო მეჭიანურე, ქებული მრავალთაგან და მომღერალიცა. მოკვდა 1828 წელსა, გვემული დროთა ცვლილებისაგან, მტირალი წარსულთა ჟამთათვის, მისთვის ტკბილთა და ცრემლით მოსაგონთა. თვით პოეტი, გოდებით ჰკრავდა ჩანგთა და აგოდებდა თვით ჩანგსა.
120) დავითა მეთარე, წავკისელი.
121) აღაჯა, მომღერალი, სომეხი თფილისელი.
122) ალავერდა მომღერალი, თფილისელი თათარი.
123) ნინია, დურგალი ლალიაშვილი, ჩინებული ხელოსანი*
(№122 და 123-ის შორის წაშლილია სიტყვები: საათნავა მოლექსე და მომღერალი მოღერალნი ქართველნი – ზაალ, პაატა, ოტია; თათარნი – ისმაილა, უსეინა; სომეხნი – თარუმა, პოღოს.
124) გლახა კალატოზი ზაზიაშვილი, სომეხი. ამან ააშენა ეკლესია მარტყოფს გუმბათიანი და იქავე დაასაფლავა რუსთველმან სტეფანე 1826 წელსა.
125) ოქრომჭედელი გაბრიელ მასხალოვი, (აწ ბასხაროვი), მისგან მრავალია ნაკეთები ბარძიმ-ფეშხუმნი, ჯვარნი და ხატნი შემკულნი. ალევის სამების ეკლესიაში არის ერთი მისგან გაკეთებული სასანთლე ვერცხლისა ბატკნად ანუ ცხვრად ნაკელი ვერცხლისა. ესე შეუწირავს მეფისა გიორგის ძეს იოანეს, როგორც სჩანს ზედა წარწერიდამ.
126) სამართებლების მკეთებელი ივანე ზოტიშვილი. ქალაქსა ს. პეტერბურღსა გავიცან 1843 წელსა,.... სლივიცკი მოხუცი, მამა მის სლივიცკისა, რომლისაცა ძეგლად სიმხნისა იმპერატორმან ნიკოლოოზ უწოდა სიმაგრესა ერთსა პოლშაში „ფორტი სლივიცკისა“. ესე მოხუცი სლივიცკი იყო ზუბოვისა ადიუტანტი დერბენტსა და როდესაც იმპერატორმან პავლე დააბრუნა ჯარი რუსეთად, მაშინ მოვიდა იგი თფილისს 1797 წელსა და მოისყიდა სამართებლები, ეგონა კიდევ იყო ხელოვნება ესე იქ და მოთხოვა დაუბარო მას რამდენიმე. თვითოში მივე თვითო აბაზიო. არცა ერთი ევროპაში ნაკეთი არ შეედრება თფილისისა სამართებლებსაო – ესეთ ადვილად იკარგება ხელოვნება?
127) ასლან ორბელიანი, ეშიკაღაბაში მეფისა; მცოდნე სპარსულისა ენისა, დასაფლავდა მთაწმინდას თფილისში... წელსა 1826. ერმოლოვისა თხოვითა დაამშვიდა აღრეულობა ყაზახში და არცა მიუდგა მეფის ძეს ალექსანდრეს, რომელთა წერილთა არა უმალავდა ერმოლოვსა. შემდგომად სპარსთა დამარცხებისა შამქორს ერმოლოვმან ჰკითხა ასლანს: „მითხარ, გიყვარვარ თუ არაო?“ – ასლანმან უპასუხა: „სარდალო, არც მყვარებიხარ და არც მიყვარხარო“. – მოიწონა ესე სწორი მისი თქმა და უთხრა: ერევანსა რომ შემოვადგებით, მაშინ შევრიგდებითო.
128) იოანე სარდალი. ოდეს ციციანოვისა დროსა წავიდა ჯარში, მაშინ ესე და ასლანცა და სხვანი თავადნი იგდეს ტყვედ სპარსთა. ფათალიშახმან ნახა ესე იოანე და ოდეს იხილა მისსა გულზედ ვარსკვლავი ანნასი, ბოძებული იმპერატორისაგან, მაშინ ჰყვედრა მრავალი. მისწვდა თვით ვარსკვლავსა, მოგლიჯა იგი და გარდააგდო და უბრძანა: „ამისთვის უღალატე შენს მეფესა და ქვეყანასაო?“ – მოქცეული თავისდა გარდაიცვალა თფილისს...
129) აბელ ჩოლაყაშვილი, მეფისგან გიორგისა შერისხული თელავს, სადაცა მოვიდა გვიან და არა უნებდა მოწერა ხელისა ფიცისა ქაღალდზედ. 1812 წელსა უღალატა რუსთა, რომელთაცა გაგზავნეს სიბირს: უკუ მოქცეული მოკვდა კახეთს 1838 წელსა.
130) აბელ ანდრონიკაშვილი, მიმბაში მეფისა გიორგისა, აღმაშენებელი ქოდალას ღვთაებისა გუმბათიანისა ეკლესიისა ქაშოეთისა თფილისს ეკლესიისა პლანისა. 1812 წელსა ბუნტისა გამო გაგზავნეს სიბირსა და უკუმოიქცა 1817 წელსა. იყო სიძე სარდლის იოანესი. მოკვდა და დაეფლა იქვე 1835 წელსა.
131) თომა ანდრონიკაშვილი, შვილისშვილი მეფისა მეფის ასულის ბარბარესაგან, ჯერეთ ყრმა იზრდებოდა მეფესთან. მოკვდა 1847 წელსა.
132) დავით მიმბაში თარხნიშვილი. ცოლი ამისა მაკრინა იყო ცოლის და დადიანის ლეონისა, და დედიდა დავით უკანასკნელისა დადიანისა. გარდაიცვალა 1837 წელსა. ესე იყო მიმქმელი მეფის რძლის ელენესი, მეფის ძის დავითის ცოლისა (მემკვიდრისა), ოდეს მიიღო მართლმადიდებლობითი სარწმუნოება.
133) გიორგი ჩოლაყაშვილი, შერჩა მეფესა გიორგის, ვითარცა მეფის ძისა ბაგრატის ნათესავსა ცოლით, და ვერ შერჩა რუსთა, რომელთაცა უღალატა 1812 წელსა; ამისთვის პყრობილი თფილისის ციხესა, მოკვდა 1813 წელსა.
134) ადამ ანდრონიკაშვილი, ამილახვარი მეფის გიორგისა. 1801 წელსა გაჰყვა სპარსეთსა ალექსანდრეს. მოვიდა იქიდან 1804 წელსა. მოხუცი 80 წლისა მოკვდა 1854 წელსა ვეჯინში.
135) ბეცია თურქისტანიშვილი, ესე იყო მოურავად ტირძნისა სოფლისა, მეფისაგან გიორგისა დადგენილად.
ტირძნისისათვის, სადაცა იყო ეგნატი იოსელიანი, სწერს შემდეგსა:
„ტირძნისი ყოფილა არაგვის ერისთავის საპურე სოფელი და მეფემ ირაკლი არაგვთან ტირძნისიცა ჩამოართვა არაგვის ერისთავთა.
მაშინ ტირძნისი მისცა სარჩოდ ხერთვისისა ბეგსა ახალციხიდამ აქ გადმოვარდნილსა. მას ბეგს გამოართვა მეფე ერეკლემ და მისცა სამოურაოდ დავით ვისმე აბაშიძეს, და შემდგომად აბაშიძისა, მისცა მეფემ ერეკლემ მეთოდი რაჭის ერისთავს. შემდგომად გარდაცვალებისა მეფის ირაკლისა, გამეფებულმან მეფემან გიორგი წარგზავნა გამგედ მის სოფლისა ბეცია თურქისტანიშვილი და როდესაც ახალსა დროსა მეფისა გიორგისა გამეფებისა, დავით ბატონიშვილი გადმოვიდა რუსეთით და ლაშქაროვის მაგიერ სოფელი სთხოვა მეფესა, მაშინ მეფემან დაუწერინა სიგელი ტირძნისისა რომ არის ლაშქაროვისაო. მაშინ ის სოფელი მიაბარა მეფემან სიგლითურთ დავით ბატონიშვილსა. დავით ბატონიშვილმან გამგზავნა მე განმგედ მის სოფლისა და მე გამოსცვალე ბეცია და ვიყავ ორს წელს გამგე მისი ჩღჟჱ და ჩღჟთ და რაც გამოსავალი იყო სოფლიდამ ჩემს სარგოს მე ვიღებდი და საბატონოს ვუგზავნიდი დავით ბატონიშვილსა. მერმე მე გამომცვალა სვიმონ გაბაშვილმა 1799 წელსა. 1802 წელსა რუსეთიდან მოვიდა ნიკოლოოზ ონიკოვი და ლაშქაროვსა ტირძნისი მიებარებინა მისთვის. ამისთვის მან ონიკოვმან გამოსცვალა სვიმონ გაბაშვილი და მიიღო ონიკოვმან ტირძნისი. შემდგომად მისსა მიიბარა ლაშქაროვისაგან და ონიკოვისა იოსებ დეკანოზმან წინამძღვრიშვილმან, ამისისა მოქმედებითა გაისყიდა ტირძნისი და მიესყიდა სულხანოვს“.
136) იობ ზედგენიძე. ესე იყო მოურავი და სალთხუცესი მუხრან-ბატონისა: მეფე გიორგი სწყალობდა მას ვითარცა მეფეთა ერთგულსა და უბრძანებდა ყოველთვის საამოდ მისდა სიტყვათა. თვით მუხრან-ბატონი ექცეოდა მას ვითარცა კაცსა დარბაისელსა. მოკვდა მოხუცი 1819 წელსა.
137) დიმიტრი საგინოვი. ზედამხედველი ქ. თფილისს თამბაქოს იჯარისა მეფისა გიორგის დროს. ნაცვლად ამისა მიეცა რუსთაგან პენსია. მოკვდა 1821 წელსა.
138) შიოშ თუმანიშვილი, ძე სულხანისა. მეფე ერეკლე სწერს მამასა მისსა სულხანს შემდეგსა წერილსა, რომელსა შინა მოიხსენებს შიოშსაცა:
„ჩვენ მაგიერად თუმანოვს მდივანს სულხანს მრავალი მოკითხვა ეუწყოს. მერე შენი წარმოგზავნილი მაიორის დისწული დავით, მრავლის საქმეების გამო აქამომდე ვერ გამოვისტუმრეთ, რომელიც ამ დროს ჩვენის ქვეყნის ამბის ვითარება იყო; ჩვენი წიგნები მოგივა და ყოველსავე იმით სცნობ. ამ დავითის ხელით რომ წიგნები წარმოგეგზავნა შენის ძმის წიგნში, შენი დიახ, შეწუხება მოგეწერა ულუფის მოუცემლობის მიზეზზედ, და ჩვენ ამისთვის წარსულს ჟამს ერთი წიგნი მოვსწერეთ აშტარხანს თარხან-აღაშვილს სტეფანეს და სამოცს თუმანს დავესესხენით, რომ მანდ შენთვის უნდა გამოეგზავნა და მაგიერი ჩვენგან მიეღო, და ერთი წიგნიც იოსებ არქიერს მოვსწერეთ და იმასაც ასს თუმანს დავესესხენით შენთვის მოსაცემად და ჯერეთაც არ ვიცით ჩვენის მიწერილობისამებრ ხელი გაგიმართეს თუ არა, რადგანაც აქაური ამბავი ყოველივე ამ ახლის ჟამში მოწერილი გვქონდა, რომელსაცა ჩვენის წიგნებითა სცნობ: ამისთვის ამ წიგნით ამბავს აღარას მოვიწერთ: აქაური ნაღველი ნურა გაქვს რა, ღვთის მოწყალებით ვინცა ვინ შენიანი არიან, ყველანი მშვიდობით იმყოფებიან, და შენს შვილს შიოშს ჩვენ ფეშქაშნავისობა ვუბოძეთ ქართლისა.
ირაკლი
წელსა 1791, აგვისტოს 20.
ესე შიოშ იყო შემდეგ გუბერნიისა გახსნისა მიღებული რუსთა მთავრობისაგანცა; მოკვდა 1829 წელსა.
139) იოსებ მელიქიშვილი, ხაზინადარი. ამას უბოძა მეფემან გიორგი ლაშქარ-ნავისობა სომხითისა და საბარათაშვილოსი. მოკვდა 1830 წელსა.
140) სოლომონ ავალიშვილი, კახელი; 1800 წელსა, ოდეს რუსის ჯარი წავიდა ყაზახსა, მაშინ წარატანა ჯარი ქართველთა 600 კაცი არაგველი სოლომონს. შვილი ამისი ივანე იყო ღენერალ-მაიორი და მოკვდა 1861 წელსა.
141) ზურაბ ყაფლანიშვილი, იყო ზედამხედველი თფილისის ბაჟისა, მოკვდა 1827 წელსა. ესე იყო მამა ღენერალ-ოტინფანტერისა გრიგორი ორბელიანისა.
142) გიორგი ყაფლანიშვილი, ნაზირი მეფისა გიორგისა, მცოდნე არაბულისა, სპარსულისა და თათრულისა ენათა. მოკვდა 1810 წელსა.
143) ელიზბარ ერისთვიშვილი, ყულარაღასი. ესე გადავიდა იმერეთსა და იქ შეირთო ცოლად ქალი იმერთა მეფისა სოლომონ დიდისა. დაახლოვებული იმერთა მეფისა დავითისა, ურჩევდა მიწერ-მოწერასა რუსეთთან და ჰგონებდა ამით ქსნის საერისთავოჲსა მოპოვებასა, ჩამორთმეულისა ქართლისა მეფისაგან. მეფემან სოლომონ მეორემან ჩამოართო სოფლები იმერეთსა ნაშოვნი და მიუბოძა რა იგინი მალხაზ ანდრონიკაშვილსა, რომელიცა იყო ქმარი მეფის ძის არჩილის ქალისა მარიამისა. გადმოსული იმერეთიდან მოკვდა ქართლსა 18... წელსა.
144) მალხაზ ანდრონიკაშვილი, ამას ჰყავდა ცოლად მეფის ძის არჩილის ქალი მარიამ და სცხოვრობდა იმერეთსა. შემდგომად მეფისა გიორგისა ებრძოდა რუსთა, ვითარცა ერთგული იმერთა მეფისა სოლომონისა. 1811 წელსა წავიდა სპარსეთად და უკუმოქცეული მივიდა ახალციხეს და ტრაპეზუნტსა. აქა მოკვდა მეფე სოლომონ 1815 წელსა. მალხაზ მერეთ მობრუნდა კახეთს და მოკვდა აქა 18...; ღენერალ-ლეიტენანტი იოანე მალხაზიჩი ანდრონიკოვი – დღესაცა ცოცხალი არის შვილი მისი.
145) ნინია ჩერქეზიშვილი, კაკაბეთის მოურავი. დამსწრე ნიახურას ომშიაც. საყვარელი მეფისა.
146) ზაალ ანდრონიკაშვილი, სალთხუცესი მეფის ძის იოანესი. დიდი ერთგული მეფისა.
147) დიმიტრი ჩოლაყაშვილი, ფშავისა, ხევსურისა და თუშეთისა მოურავი.
148) იოსებ ჭავჭავაძე, ნაზირი მეფისა.
149) ადამ ვაჩნაძე, დიდი ვაჟკაცი. ამან მოკლა თოფითა ჯუნგუთაი (?) დაღესტნელი, რომლისა თავი მოართვეს მეფესა შემდგომად ნიახურას ომისა.
150) ილია ავალიშვილი. ესე გაგზავნა მეფემან გიორგი ძმასთან ალექსანდრესთან ჭარსა წერილითა მასთან და ომარ-ხანთან წინათ ნიახურას ომისა. წერილითა ამით მოუწოდებდა ძმასა დამორჩილდეს და არა შევიდეს ქრისტიანეთა სისხლის ღვრასა ლეკთა შეწევნითა.
151) პაატა აბაშიძე ქართვლელი, ნაზირი; ამან შეიპყრო გზაზედ კაცი, ძმისაგან მეფისა ალექსანდრესაგან გამოგზავნილი იმერეთსა და მოართვა მეფესა თფილისს. წერილითა ამით სთხოვდა მოსცეს ჯარი თვისი იულონს, რათა გააძეონ მეფე გიორგი მეფობიდამ და მისდა ნაცვლად დასვან იულონ. ამასვე დროსა უნიშნავდა დღესა, როდესაც უნდა შემოვიდეს ლეკთა ჯარი და გააძეონ თფილისიდამ თვით რუსნიცა, მეფისა გიორგისაგან მოყვანილი საქართველოსა. მეფემან აჩვენა ესე რუსისა ღენერალსა და თვით ნამდვილი უბრძანა კაცსა ძმისა თვისისა ალექსანდრესსა, წაიღოს და მიართვას მეფესა სოლომონს.
152) გიორგი ხერხეულიძე. მეფემან წარავლინა ესე და ზაალ ბარათაშვილი მდივანბეგი დემურჩასალოს, ბრძანებითა, რათა ჩამოართოს მოურავობა ესე მეამბოხესა თამაზს ყაფლანიშვილსა და მიიბაროს ზაალ ბარათაშვილმან. დარეჯან დედოფალმან იწყინა ესე და იქმნა დიდი შფოთი წინათ გარდაცვალებისა მეფისა. ამისთვის 8 იანვარსა 1801 წელსა მოვიდა ალექსანდრე ყარაბაღით ყაზახში და აცნობა დედასა წერილით, რას მიბრძანებთო. მეფე გიორგი, გარდაცვლილი 28 დეკემბერსა, ჯერეთ არ იყო დასაფლავებული.
153) გაბრიელ რატიშვილი. ამას ვითარცა ომში ნიახურას დასწრობილსა, გაატანა მეფემან წერილი, ერთი ხელმწიფე იმპერატორთან და ერთი კნორინგთან ლინიაზედ; წერილებითა ამით მოახსენებდა პავლეს მადლობასა ჯარისათვის და გაუგზავნა ლეკთა ბაირაღები; და ითხოვდა, რათა დაჯილდოვდნენ ლაზარევი, გულიაკოვი, მეფის ძენი იოანე და ბაგრატ და სხვანიცა. მასვე გაატანა საკუთარი მოხსენება, ვითარცა განმგემან ჯაბახანისა, თვით მეფის-ძემან იოანე, ღენერალ კნორინგთან.
154) ზაზა ანდრონიკაშვილი, წასული ს. პეტერბურღს 1800 წელსა დესპანთა თანა, ზრუნავდა დიდად მეფობისათვის ქართველთა, და ამისთვის არ მოეწონა მოხსენება ღენერალისა კნორინგისა, მისულისა 1801 წელსა ს. პეტერბურღს, ვითამც ქართველთა არა სურდესთ თვისი მეფე. მასვე დროსა მისწერა წერილი იოანე სარდალსა ორბელიანსა და ურჩევდა არა ჰქმნან ამოვარდნა მეფობისა საქართველოში. წერილი ესე იგდეს რუსთა და აუკრძალეს მოსვლა საქართველოდ. 1818 წელს ესე ზაზა და დოსითეოს ეპისკოპოსი ფიცხელაური წავიდენ ნევისა მდინარესა შესართავსა ფინის ზღვის პირას, და აქა ბანაობდენ ცურვითა; მსწრაფლ აღელდა ზღვისპირი. დოსითეოს ცურვითა გამოვიდა წყლისა პირსა და ზაზა მოტაცებული ღელვისაგან დაიხრჩო. ვეღარ იპოვეს ვერცაღა გვამი მისი. იყო წლისა 50 და სცხოვრობდა იულონ მეფის ძესთან მისსა მწყალობელთან, რომელსაცა უყვარდა იგი, ვითარცა კაცი დიდად სიტყვა მჭევრი და აზრთა დიდთა და საფუძვლიანთა მქონი.
155) გიორგი ამილახვარი, ამას ჰყავდა ცოლად და სარდლისა დავით ორბელიანისა. 1801 წლისა იანვრის დამდეგს, იულონმან მოიტაცა ტყვედ ცოლი ესე მისი ქეთევან და მიიყვანა თვისდა სოფელსა ბელოტს. მემკვიდრე მეფის ძე დავით აპირებდა რუსთა ჯარითა ზედა დასხმასა. მაშინ გაიქცა იმერეთსა იულონ და განთავისუფლდა დისწული მემკვიდრისა ტყვეობისაგან.
მოხელენი მოურავად მეფისა გიორგისა დროსა იყვნენ შემდეგნი პირნი:
მოურავნი ქართლისა
ერასტი ამილახვარი . . . სოღანლუღს
ქაიხოსრო სუმბათოვი მოლარეთუხუცესი . . . ნავთლუღსა
ბარამ გურგენიძე ნაზირი . . . დიდუბეში
ალექსანდრე მაყაშვილი . . . წინწყაროს. ორსავე ავლაბარში. კუკიას
ფარსადან ქარუმიძე . . . ახალსოფელში
გიორგი ამილახვარი . . . გორში
ლუარსაბ ლოლაძე და გოგია ბეგიაშვილი . . . მეჯვრისხევს
გოგია ბეგიაშვილი . . . მეჯუდაში
დავით ბიბილური . . . სათემოს
ფირან ჩერქეზიშვილი . . . კრწანისში და ტყვიავში, ღვიდისში
გოგია ფურცელაძე . . . პატარა ლიახვსა და ოსებისა
გოგია მირზაშვილი . . . ვანათსა, არბის, შინდისს
ეგნატე იოსელიანი (ორჯერ) . . . ტირძნისში
ნინია ამილახვარი . . . ცხინვალში და ქარელში
მიმბაში ზაზა მაჩაბელი . . . ქელვი და აჩაბეთი
ნასყიდა ზარდიაშვილი . . . მაღრანდოვლეთში
ევგენი აბაშიძე . . . ალსა, სურამსა და ქეფინისხევსა
ნიკოლოზ გლურჯიძე მოლარეთუხუცესი . . . ხიდისთავსა
დომენტი წინამძღვრიშვილი . . . გლურჯეთსა
დავით აბაშიძე ქეშიქჩი-ბაში . . . ბორჩალო და შილიხოს
შანშე ერისთვისშვილი . . . შელავერსა
რევაზ ვახვახიშვილი . . . ახატელისა თათრებისა
თამაზ ორბელიანი . . . დემურჩასალის
ადამ ანდრონიკაშვილი . . . კახეთში თათრებისა ქირჩხლის
ოსეფა ბებუთაშვილი მიშკარბაში . . . ბაადარსა
სოლომონ არღუთაშვილი . . . სარვანში
საამ ბარათაშვილი . . . ძველს თაქლასა
პაატა აბაშიძე . . . ახალს თაქლასა
სოლომან გაბაევი . . . მუღანლოსა
გიორგი ციციშვილი სარდალი ... ელებისა, ქოლაგირისა, მუღანლოსა,
ქოშქილისისა, აყლილისა, უზუნლარისა და დისიღისა
ოსეფა ყორღანაშვილი ამილახვარი . . . ჰასან ხოჯალისა
გარსევან ჭავჭავაძე . . . ყაზახის თათრებისა
გიორგი ციციშვილი სარდალი . . . ფამბაკისა
მოურავნი კახეთისა:
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი . . . მანავში
თადია ჩოლაყაშვილი (მის ნაცვლად ვახტანგ ორბელიანი) ... თვალ-საგარეჯოს, სართიჭალაში
დავით მაყაშვილი . . . უჯარმასა
ზაალ ანდრონიკაშვილი . . . ორსავე მარტყოფში
გოგია ნათალიშვილი . . . ლილოსა
დიმიტრი ჩოლაყაშვილი . . . თიანეთში და მარილისში
გლახა საგინოვი აზნაური . . . ქისტაური
ალექსანდრე მაყაშვილი . . . ბოჭორმას
დავით და იოანე ქობულოვი . . . ზემოხოდაშენსა
ალექსანდრე მაყაშვილი* ... ძველი გალავნისა თელავსა
იროდიონ გურგენიძე . . . თელავსა
გიორგი ვახვახიშვილი . . . კალაურსა
იოსებ ჭავჭავაძე . . . ირაკლის ციხისა
სფირიდონ ჯანდიერიშვილი . . . ქვემო ხოდაშენსა და შაშიანსა
ომან ჯანდიერიშვილი ... ურიათუბანსა დიმიტრი ანდრონიკაშვილი ... ველისციხეს
დავით ჯანდიერიშვილი . . . გურჯაანში
დურმიშხან ჩოლაყაშვილი . . . პანკისში, ბახტრიონსა და ქორბალას
აღათანგო პეტრიაშვილი . . . მაღრიანში ნიკოლოოზ ჩოლაყაშვილი . . .
ლალისყურსა თამაზ ჯორჯაძე . . . შაქრიანსა
დიმიტრი ჯორჯაძე . . . ენისელსა
დავით მაყაშვილი . . . აღდგომას
გიორგი ნოდარაშვილი და ფარეშთუხუცესი ანდუყაფარ ბანცურაშვილი ... შილდას
კირილე ავალიშვილი . . . ლომის-ციხეს
დავით ჩოლოყაშვილი . . . ვეფხვის-ციხეს
ლუარსაბ თარხნიშვილი . . . ფაშაანსა
სიმონ ქობულაშვილი . . . სანავარდოს
გარსევან ვაჩნაძე . . . კუჭავანსა და ორსავე გავაზს
სპირიდონ თარხნიშვილი . . . ვანათს
ლუარსაბ თარხნიშვილი . . . აკურას
ომან მაყაშვილი . . . ყარაჯალას პირაქეთ თათრებისა და კახეთში მცხოვრებთა
დავით და იოანე ქობულაშვილი . . . თათრებისა ყიზილ-აჯილისარევაზ
ანდრონიკაშვილი სარდალი . . . ქიზიყში
როსეფ ჯანდიერი ნასახჩი-ბაში . . . ჯიმითსა და ყანდაურას
ნინია ჩერქეზიშვილი . . . კაკაბეთსა
დურმიშხან ჩოლაყაშვილი . . . თუშებისა
დიმიტრი ჩოლაყაშვილი . . . ფშავისა და ხევსურებისა
სამღვდელო წესი
მეფისა გიორგი XIII დროსა სამღვდელო წესი იყო შემდეგი:
1) კათოლიკოსი
2) ქართლისა მიტროპოლიტნი: სამთავროჲსა, თფილისისა, რუისისა.
3) არქიეპისკოპოსნი: წილკნისა, მანგლისისა.
4) ეპისკოპოსნი: ურბნისისა, სამთავისისა, ნიქოზისა.
5) კახეთისა მიტროპოლიტნი: ალავერდისა, ბოდბისა, ნინოწმინდისა.
6) არქიეპისკოპოს[ნ]ი: რუსთავისა, ნინოწმინდისა.
7) ეპისკოპოსნი: ნეკრესისა, ხარჭაშნისა.
მეფისა დროსა იყვნენ მონასტერნი:
ქართლისა: შიომღვიმისა, მეტეხისა, იკორთისა, ანანურისა, ჯვარისა, მღვიმისა, ლარგვისისა, ხობისა, ულუმბიისა, გეთსამანიისა, თირისა.
კახეთისა: 12-გან ორნი – დავით გარესჯელისა, იოანე ნათლისმცემლისა; შუამთისა, ბოჭორმისა – (ორივეს) ალავერდელი განაგებდა; წ. საბასი, ხირსისა, ღვთაებისა ვეჯინსა, ნათლისმცემლისა – (ოთხივე) განიგებოდა ბოდბელისაგან.
მღვდელმთავარნი:
ქართლისა: კათოლიკოსი ანტონ II, მთავარ-ეპისკოპოსი იოანე (მოკვდა 1802 წ.), თფილელი არსენ, მროველი იუსტინე, წილკნელი იოანე (შვილი სქემონასანისა ონისიფორესი 38 წლისა, ქარუმიძე), ურბნელი იულიოს, სამთავნელი გერვასი, ნიქოზელი ათანასი.
კახეთისა: ალავერდელი, – განმგედ თვით ანტონი, ბოდბელი იოანე, ნინოწმინდელი მიხაილ, რუსთველი სტეფანე, ნეკრესელი ამბროსი (ესე შილდას იდგა).
ნიახურისა ომში დასწროფილნი და მხნეობითა გამოჩენილნი იქ იყვნენ პირნი:
მეფის ძენი: იოანე, ბაგრატ.
ქართლისა თავადნი: პაატა აბაშიძე, ნაზირი მეფისა; ზაალ ბარათაშვილი მდივანბეგი; გიორგი ხერხეულიძე; გაბრიელ რატიშვილი.
კახეთისა თავადნი: რევაზ ანდრონიკაშვილი, ქიზიყის მოურავი; ზაზა ანდრონიკაშვილი, სალთხუცესი მეფის ძის იოანესი; იოანე ზურაბიშვილი; ზაზა ზურაბიშვილი; იოანე ანდრონიკაშვილი; როსებ ჯანდიერიშვილი; გიორგი ჯანდიერიშვილი; ადამ ვაჩნაძე; იოსეს ვაჩნაძე; ასლან ონანიშვილი; გიორგი ჩოლაყაშვილი; დიმიტრი ჩოლაყაშვილი, ფშავის და თუშის მოურავი; ლუარსაბ სუმბათიშვილი, მიმბაში; იოსებ ჭავჭავაძე, ნაზირი მეფისა; ილია ავალიშვილი; იოანე ქობულიშვილი, პოლკოვნიკი ქართველთ თოფხანისა; ალექსი ყალანთრიშვილი, კაპიტნად წოდებული ქართველთ ჯაბახანისა და გიორგი ჩამბურიშვილი კაპიტანივე ჯაბახანისა.
ამასვე ომში დაესწრნენ ექიმნი ქართველთა მეფისა, ფრანგნი სარწმუნოებით: ოსეფა ყარაშვილი და შვილი მისი იოანე.
სამოხელონი მეფისა გიორგისა XIII-ისა:
სამხედრონი: სარდალი, სარდარქარი, მიმბაში, პუნსედ-ბაში, უზბაში, ფანჯაბაში, დეღ-ბაში.
სასახლისა: სალთხუცესი, ვეზირი, მდივანი, ფეშქაშ-ნევისი, მუსტოუფი, მოლარეთ-ხუცესი, ნაზირი, სალაროს ნაზირი, მოლარე, სალაროს მუშრიბი, მუშრიბი, თუშმალი.
სამეფოსა: ყულარ-აღასი, ეშიკაღაბაში, ეშიკჩი-ბაში, ქეშიქჩი-ბაში, ქორიასაული, ნასახჩი-ბაში, მირისშქარ-ბაში, ბოქოულთ-ხუცესი.
სამოქალაქონი: მოურავი, მელიქი, მამასახლისი, ნაცვალი, ქეთხუდა თავი, ქეთხუდა მეორე.
სამოურავონი: თფილისისა, ქიზიყისა, თუშისა, ხევსურეთისა, ფშავისა, შამშადილისა, ბორჩალოსი, ბამბაკისა, გორისა, თელავისა, საგარეჯოსი, სურამისა.


Комментариев нет:

Отправить комментарий