მელიქიშვილების სათავადო
ქართლის სათავადოების უმეტესობა, როგორც სხვათა უმრავლესობა, ერთიანი საქართველოს დაშლის პერიოდში ჩამოყალიბდა. მათგან განსხვავებით, მელიქიშვილების სათავადო, უფრო მოგვიანებით, XVII საუკუნეში გარედან, ირანიდან, ინიცირებული ძალებით გაჩნდა. მელიქიშვილები, დაწინაურებამდე, სავარაუდოდ ადგილობრივი აზნაურული სოციალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ.
$ 1. მელიქის სახელო
როგორც ცნობილია, „მელიქი“ ძველი აღმოსავლეთის ხალხებში გაჩნდა და თავიდანვე მმართველს და მეფეს აღნიშნავდა. მოგვიანებით, არაბული ენიდან – მფლობელის, გამგებელის, მეფის მნიშვნელობითვე გავრცელდა. ისლამამდე, მელიქი, ჰასანიდების და ლაჰამიდების არაბული სახელმწიფოს გამგებელი, სამხრეთ-აღმოსავლეთ არაბეთის ზოგიერთი ტომის და ცენტრალური არაბეთის ტომთა მეთაური იყო. ისლამის გავრცელების შემდეგ, ტერმინ „მალიქს“ არაბები უპირატესად არამუსლიმი გამგებლების მიმართ (მონარქის მნიშვნელობით) იყენებდნენ. XIII-XVIII საუკუნეებში კავკასიაში ტერმინი „მელიქი“ ფეოდალთა ტიტულს და თანამდებობას აღნიშნავდა. აზერბაიჯანსა და სომხეთში მელიქები ნახევრად დამოუკიდებელი მფლობელები იყვნენ. მონღოლების დროს, მელიქებად ადგილობრივი ქრისტიანი ფეოდალები იწოდებოდნენ, შაჰ აბას I-ის (1587-1629 წწ.) დროს კი – შაჰზე დამოკიდებული ფეოდალები (სურგულაძე, 1983ა: 558).
მელიქის თანამდებობამ, კავკასიაში, განსაკუთრებით, გვიან ფეოდალურ ხანაში მოიკიდა ფეხი. იმ დროს, დღევანდელი აზერბაიჯანის და სომხეთის ტერიტორიაზე, რამდენიმე სამელიქო არსებობდა, რომელთაც შაჰის ხელისუფლებისგან გარკვეული უფლებები ჰქონდათ მინიჭებული. საქართველოს ტერიტორიაზე მელიქები ქვემო ქართლში, თბილისში და გორში გვხვდებიან. მელიქებს ყველგან განსხვავებული უფლებები ჰქონდათ. საქართველოში ეს სახელო ასევე ირანის ხელშეწყობით გაჩნდა, თუმცა, შემდეგ დამკვიდრდა და საკმაოდ დიდხანსაც არსებობდა (ბოშიშვილი, 2011ე, გვ. 45). ნაშრომში ძირითადად ყურადღებას გავამახვილებთ, კავკასიაში გვიან შუა საუკუნეებში არსებულ მელიქებზე, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მტერიტორიაზე მყოფ სამელიქოებზე (ყარაბაღის მელიქები), ასევე საქართველოში არსებულ მელიქებზე (თბილისის მელიქი; მელიქ-მამასახლისი; გორის მელიქი; ლორის მელიქი; სომხითის მელიქი – თავადი მელიქიშვილი).
მელიქიშვილების
სათავადოს
ისტორია
როგორც ცნობილია, ირანში გატარებული სამხედრო რეფორმებისა და დიდი მზადების შედეგად 1603 წელს შაჰ აბას I-მა (1587-1629 წწ.) ოსმალეთის წინააღმდეგ დაიწყო ომი. შაჰის მიზანი ირანის დაკარგული პოზიციების დაბრუნება და აღმოსავლეთ კავკასიიდან ოსმალების საბოლოო განდევნა იყო. ირან-ოსმალეთის ახალ ომში ქართლის მეფე გიორგი X (1600-1606 წწ.) და კახეთის მეფე ალექსანდრე II (1574-1605 წწ.) იძულებულები იყვნენ შაჰ აბასის მხარეს ებრძოლათ. მანამდე, 1601 წელს, გიორგი X-მ ოსმალთაგან ლორე გაათავისუფლა. ომის დასაწყისში, პირველ ეტაპზე, შაჰ აბასმა ერევნის ციხის გათავისუფლება გადაწყვიტა, უზარმაზარი არმიით მივიდა და ერევნის ოსმალურ გარნიზონს ალყა შემოარტყა.
1604
წელს შაჰ აბასმა ერევანთან ომში ოსმალები სასტიკად დაამარცხა, ამ ომში შაჰს ქართლის მეფე გიორგი X და კახეთის მეფე ალექსანდრე II ჰყავდა მიწვეული. როგორც ზემოთ ითქვა, ერევანთან გამარჯვების შემდეგ შაჰმა გიორგი მეფეს ირანში მისცა სოფლები და 300 თუმანი ჯამაგირი დაუნიშნა. სამაგიეროდ, ლორე და მდინარე დებედას ხეობა გამოსთხოვა (ჯამბურია, 1973ა:Q247). „და შეუძნდა ფრიად და რამეთუ არა ეძლო უარი შააბაზისა და დაანება ლორე და დაიპყრა ციხე ლორისა შააბაზ“ (ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი, 1959: 537).
ლორეში ლორის სახანო შეიქმნა, ხოლო მდ. დებედის ხეობაში თურქმანული ტომი ბორჩალუ ჩამოასახლეს. იოანე ბატონიშვილის ცნობის მიხედვით, როდესაც შაჰმა ლორეში თავისი ჯარი დააყენა „მუნებური მელიქი მივიდა წინაშე შააბაზისა და მიიღო მამადიანობა, რომლისათვის ჯილდოდ შააბაზმან გაათავადა და მისცა გვარად მელიქობა და მამული ლორის ხეობასა შინა სახასოთაგან მეფისა“ (იოანე ბატონიშვილი, 1997: 34). ვახუშტიც ხაზს უსვამს მელიქიშვილთა შაჰ აბასის პერიოდიდან დაწინაურებას და მათ სომხურ წარმომავლობასაც და აღნიშნავს, მელიქიშვილი „არა არის გუარი, არამედ სომეხსა ვისმე პატივსცა შააბაზ გამოჰმადიანებისთვის“ (ვახუშტი ბაგრატიონი, 1973: 34-35.).
ლორეს ციხესა და მდ. დებედის მთელი ხეობის დაპატრონებით ირანის მბრძანებელმა საქართველოს სამხრეთი კარის გასაღები ჩაიგდო ხელში. ვახუშტი ამ მომენტს გულისხმობს, როცა ხაზგასმით აღნიშნავს იმ ფაქტს, თუ როგორ აიძულა შაჰ აბასმა ქართლის მეფეს, დაეთმო ლორე. „შეუძნდა ესე ფრიად მეფესა და მიუგო: „ველოდი ჯილდოდ შენგან სხვასაცა ქალაქსა სამსახურისათვის მამისა ჩუენისა და არა მიხუმასა საზღვართა დამტარება ქართლისა... ამისთვის უფროს აიძულებდა, რათა მისცეს ლორე და გამოსვლისათს ბერდუჯის მდინარისა“ (ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, გვ. 156).
ამით შაჰმა ქართლს სამხრეთის კედელი მოარღვია და მის თავდაცვისუნარიანობას გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. ქართველები საუკუნეთა მანძილზე თავგამოდებით იცავდნენ ამ მნიშვნელოვან ზღუდეს. შაჰ აბასმა კი „მშვიდობიანად“ ჩაიგდო ხელში სტრატეგიულად დიდი მნიშვნელობის მხარე, ამის შემდეგ ქართლის დაცვის კედელი მის საწინააღმდეგო პლაცდარმად იქცა (ბოშიშვილი, 2012ა: 98).
ქვემო ქართლის მელიქის სახლის წარმატება თავიდანვე ირანის შაჰის ერთგულ სამსახურზე იყო დამოკიდებული. ყველა მელიქი ცდილობდა შაჰისთვის ერთგული დასაყრდენი ყოფილიყო, რათა მეტი წარმატებისთვის მიეღწია. ირანში მათი საგვარეულოს არაერთი წარმომადგენელი სხვადასხვა მაღალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე იყო დანიშნული. მირიმანიძეები, როგორც ქვემო ქართლის მელიქები, საუკუნეთა განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდნენ ამ ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ სპარსეთის ხელმწიფის განსაკუთრებული მხარდაჭერით სარგებლობდნენ, ქართლის სამეფო კარზე, ქართველ თავადთა რიცხვში ითვლებოდნენ.
სპარსული ნარატიული წყაროებიდან მნიშვნელოვანი დეტალები ირკვევა სომხითის მელიქების შესახებ. სომხითის მელიქმა მირიმანმა პირველმა უარყო ქრისტიანობა და გამაჰმადიანდა. მისი ძე ყორხმაზი, აგრეთვე სომხითის მელიქი, შაჰ აბასს ერთგულად „ემსახურებოდა“. მირიმანის მეორე, ვაჟი თამაზყული ხანი, ერთ-ერთი უპირველესი დიდკაცი (ყულარაღასი, უფლისწულის აღმზრდელი) იყო შაჰის კარზე, ხოლო მისი ძმისწული სეფი-ყული ხანი (ყორხმაზის ძე), ჯერ ყოლმარის და ალაშქერის ბეგლარბეგი იყო, შემდეგ – ჰამადანის, ბოლოს, როგორც ბაღდადის დამპყრობელი (1623 წ.), ერაყის მმართველად იჯდა 1633 წლამდე (გაბაშვილი, 1958: 294).
პირველი მელიქის, მირიმანის, სახელის გამო მელიქის სახლის წარმომადგენლები წყაროებში ხშირად მირიმანიძეებად მოხსენიებიან, ხოლო ნაწილი, ძირითადად თბილისში დარჩენილი ასლან ყორხმაზის ძე მირიმანიძის შთამომავლები, მირიმანაშვილებად. შაჰისადმი განსაკუთრებული ერთგულებით გამოირჩეოდა მელიქ ყორხმაზ I-ის ძე, მელიქი ათაბეგი, იგივე ათაბეგ მირიმანიძე. იგი სომხითის მელიქად – 1619-1659 წლების საისტორიო საბუთებში მოიხსენიება (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 186). ათაბეგს 1616 წელს ბაგრატ ხანმა (ბაგრატ VII 1616-1619 წწ.) მეფე ლუარსაბ IIის (1606-1614 წწ.) მიერ ნაწყალობევი სოფლები, ქარატაკი და გელაქთაგი, ჩამოართვა და სანაცვლოდ ქვემო წერაქვი უწყალობა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 186; სცსა. 1448, 1024).
მელიქ ათაბეგი შაჰ აბასის საქართველოზე ლაშქრობების აქტიური მონაწილე იყო. შაჰ აბასის ისტორიკოსის, ისქანდერ მუნშის, მიხედვით, 1616 წელს შაჰი აღმოსავლეთ საქართველოში მოწყობილი ექსპედიციის შემდეგ, თბილისში შემოვიდა, სადაც ბაგრატ ხანი (1616-1619 წწ.) დიდის ამბით დახვდა. თბილისიდან შაჰ აბასი „გაემართა სომხითისაკენ და რამდენიმე დღე ილხენდა მელიქ მირმან სომხითარის შვილიშვილის, ათაბეგის, სამყოფელს, რომელიც [ირანის შაჰის] წმინდა გვარეულობის ერთგულთა რიცხვს ეკუთვნოდა“ (ისქანდერ მუნში, 1969: 111). მელიქები სწორედ ასეთი ერთგულების სანაცვლოდ შაჰისგან დამატებით უფლებებსა და იმუნიტეტს იღებდნენ. თუმცა ფეოდალს, ასეთ საქციელს, ალბათ, ცალსახად ღალატად ვერ ჩავუთვლით, რადგან ფეოდალური საზოგადოების პირობებში მელიქებიც, ისევე როგორც სხვა თავადები, პირველ რიგში, თავიანთი მამულის კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ და შემდეგ მთლიან ქვეყანაზე.
1956-1958
წლების ისტორიულ-გეოგრაფიული ექსპედიციის დროს ქვემო ქართლში აკად. დავით მუსხელიშვილმა მარნეულის რაიონში, გორულის ნასოფლართან,1 1615 წელს სომხურ ენაზე შესრულებულ წარწერას მიაკვლია. მან პირველმა წაიკითხა ეს წარწერა და ივარაუდა, რომ იგი სომხითის მელიქ ათაბეგს ეკუთვნოდა. წარწერა დაზუსტდა და 2009 წელს ხელმეორედ გამოიცა გიორგი გაგოშიძისა და ნათია ჩანტლაძის მიერ. ახალ გამოცემაში ავტორები რამდენიმე ადგილს აზუსტებენ, მათ შორის, ექვსი ძმის მამის სახელს (მავქოსი) და ერთ-ერთი ძმის, მირიმანის, სახელოს (ბაღტატ ხანი), თუმცა არც ამჯერად არის დადგენილი წარწერაში მოხსენიებულ პირთა ვინაობა. გამომცემლები აღნიშნავენ, რომ „ასეთი ოჯახის კვალი არათუ წარწერის დღევანდელი მდებარეობის ადგილას, არამედ საერთოდ, სომხეთის ტერიტორიაზეც, არც ამ და არც სხვა პერიოდში არ დასტურდება“. შესაბამისად, ავტორებს ეს წარწერა ნაყალბევად მიაჩნიათ (გაგოშიძე, ჩანტლაძე, 2009: 97).
1. გორული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფ.
ოფრეთთან მდ.
შულავერის ზემო წელზე მდებარეობს.
დავით
მუსხელიშვილის
მიხედვით
1.
წელსა 1615. მე ბატონმა – ? –
2.
აღვაშენე წმინდა ეკლესია
3.
ხსნისათვის სულისა ჩემისა
4.
მყავდა 6 შვილი: დიდი ბატონი ათ
5.
აბეკი, რომელიც ამ ქვეყნის მელიქი იყო, მირი
6.
მანი, ?, ?, ასლანი
7.
ელიკუმი ? ბატონი მანთაში – ? –
გიორგი
გაგოშიძის
და
ნათია
ჩანტლაძის მიხედვით
1.
წელსა 1064 (1615) მე ბატონმა მავქოსმა
2.
ავაშენე ეს წმინდა ეკლესია
3.
ჩემი სულის ხსნისათვის
4.
მყავდა ექვსი შვილი დიდი ბატონი
5.
ათაბეკი, რომელიც ამ ქვეყნის მელიქი იყო, მირიმანი
6.
ბაღტატ ხანი იყო, ასლანი
7.
[..ე]ლგუმი, ბატონი მანთაში, ქანა[...]
8.
[...]
ჩვენი ვარაუდით, წარწერაში მოხსენიებული პირები ადგილობრივი მფლობელები, მირიმანიძეები, ანუ სომხითის მელიქის შვილები (თავადი მელიქიშვილები) უნდა იყვნენ (ბოშიშვილი, I, 2011ა: 176-183).
„ათაბეკი, რომელიც ამ ქვეყნის მელიქი იყო“ – ზემოთ ნახსენები სომხითის მელიქი ათაბეგია; „მირიმანი ბაღდატ ხანი“ – მელიქ ათაბეგის ძმა, იგივე სეფიყული ხანია, რომელიც ჯერ ყოლმაარის და ალაშქერის ბეგლარბეგი იყო, შემდეგ ჰამადანის, ბოლოს, როგორც ბაღდადის დამპყრობელი (1623 წ.), 1633 წლამდე ერაყის მმართველი იყო (გაბაშვილი, 1958: 194; მაედა, 2008: 43). „ასლანი“ – თბილისის მელიქის ენალას (1634-1672 წწ.) მამაა, რომელსაც ასევე თბილისის მელიქის სახელო ეკავა (სცსა. 1450, 18/78).14 „[..ე]ლგუმი/ელიკუმი“ – ქართულ საისტორიო საბუთებში ნახსენები ათაბეგის კიდევ ერთი ძმა ზაქუმი უნდა იყოს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა XVII-XVIII საუკუნეების ზაქუმიშვილების საგვარეულოს (პირთა ლექსიკონი, II, 1993: 218-219; სიძველენი, III, 1910: 410). „ბატონი მანთაშის“ და კიდევ ერთი ძმის (რომლის სახელიც არ იკითხება) შესახებ ცნობები საისტორიო საბუთებში არ ჩანს.
14. ქალაქის მელიქ ასლანის და გორულის წარწერაში მოხსენიებულ ასლანის იდენტურობის შესახებ ვრცლად იხ. ალ.
ბოშიშვილი, 2011გ:
180.
გორულის
წარწერაში
მოხსენიებული
პირები:
მამა - მავქოსი/ყორხმაზი
ძეები: ათაბეგი, მირიმანი, ელიგუმი/ელიკუმი/ზაქუმი, ასლანი, მანთაში, ?
1625 წელს მარტყოფის ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ გიორგი სააკაძემ
ქართლში დარჩენილ ირანის შაჰის მომხრეებს შეუტია. როგორც ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს, სწორედ შაჰის ერთგულების გამო მელიქ ათაბეგს და მის ძმას, ზაქუმს, 1625 წელს „მიუხდა ამათ მოურავი, ხოლო იგინი ივლტოდნენ და წაგუარნა დედაწულნი და ქონებანი“ (ვახუშტი ბაგრატიონი, 1973: 434). ათაბეგი ძმებთან ერთად ირანში გაიქცა. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, ირანში გახიზნულმა მელიქ ათაბეგმა და მისმა ძმებმა მხოლოდ XVII საუკუნის 30-იან წლებში როსტომ ხანის (1633-1658 წწ.) დახმარებით მოახერხეს სამშობლოში დაბრუნება (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 32; პარიზის ქრონიკა, 1980: 92). უკან დაბრუნებულმა მელიქ ათაბეგმა მდგომარეობა და სამფლობელოებზე გავლენა მაშინვე აღიდგინა. 1659 წელს ქალაქის მოურავს, მანუჩარს, მტკვრის პირას ლუარსაბ ბატონიშვილის ალაყაფთან ახლოს მდგარი სასახლე მიწა მიჰყიდა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 186; სცსა. 1450, 8/145).
ათაბეგის გარდაცვალების შემდეგ, 1637-1656 წლებში, მელიქი მისი შვილი, ყორხმაზ მირიმანიძე, იგივე ყორხმაზ II გახდა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 187). ქართლში იმ დროს როსტომ ხანი (1633-1658 წწ.) მეფობდა, როსტომს კი თეიმურაზი მეფობას ეცილებოდა.
1642
წელს ქართლში როსტომის წინააღმდეგ ქართლის და კახეთის თავადების ერთი ჯგუფის მონაწილეობით და თეიმურაზის მეთაურობით დიდი შეთქმულება დაიგეგმა. შეთქმულების მიზანი იმ დროს „ცოტას კაცით ცხირეთს“ მდგომი როსტომის მოკვლა და თეიმურაზ I-ის გამეფება იყო (ბერი ეგნატაშვილი, 1959: 421; ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 250). სპარსელი ისტორიკოსის მოჰამედ თაჰერის ცნობით, ქართველმა თავადებმა „საქმეში მოკავშირედ გაიჩინეს მელიქი ყორხამასი, სომხითის მელიქ ათაბეგის შვილი. რადგანაც ხსენებული მელიქი სახალიფო სასახლის (შაჰის) ერთგულთა რიცხვს ეკუთვნის, ამიტომ მან შეატყობინა როსტომ ხანს იმ ურწმუნოთა ბოროტების შესახებ“ (მოჰამედ თაჰერი, 1954: 381). როსტომი გორის ციხეში გამაგრდა, თეიმურაზმა კი, რომელიც უკვე მეტეხთან იყო მისული, შეთქმულების გაცემა შეიტყო და უკან, კახეთში, დაბრუნდა. როსტომმა შეთქმულებაში მონაწილეები სასტიკად დასაჯა (ფარსადან გორგიჯანიძე, 1925: 250; ბერი ეგნატაშვილი, 1959: 422; მოჰამედ თაჰერი, 1954: გვ. 381).
ყორხმაზ II, როგორც მელიქი, აქტიურად იყო ჩართული სამამულე დავების გარჩევაში. მან როსტომ ხანის მეუღლის, მარიამ დედოფლის, ბრძანებით ვინმე ალიხანასა და ოფრეთელებს შორის წარმოქმნილი დავა გაარჩია (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 187; სცსა. 1450, 9/108). ყორხმაზმა სუფრაჯ ჰამზაბეგისა და მდივან ბირთველ თუმანიშვილის მამულების და ღალის საკითხებზე წარმოქმნილი დავა გაარიგა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 187; ხეც. შდ 484). ყორხმაზ II-მ 1640-იან წლებში გორულელებს და ხოხმელელებს, შორის მდებარე, სადავო მიწა ალიხანა იაგულაშვილს უწყალობა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 187; სცსა. 1450, 9/109). ყორხმაზი მოწმეა სამების მამასახლისის მიერ პაპია შანშიაშვილისათვის მიცემული ნასოფლარის ნასყიდობის წიგნისა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 187; სცსა. 1450, 5/35) და პაატა ბარათაშვილის მიერ შაჰყულა იაგულაშვილისათვის მიცემული ყმა-მამულის გაცვლის წიგნისა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 187; სცსა. 1450, 9/150).
ყორხმაზი, სავარაუდოდ, XVII ს. 50-იანი წლების ბოლოს გარდაიცვალა, მის შემდეგ მელიქი მისი შვილი, ქამარბეგი, გახდა. იგი მელიქი ვახტანგ V შაჰნავაზის (1658-1675 წწ.) და გიორგი XI-ის (1675-1688; 1703-1709 წწ.) მეფობის დროს იყო.
ქამარბეგმა 1660 წელს როჭიკა შალიკაშვილს სომხითის სოფელი ვანქი სამელიქო გადასახადისაგან გაათავისუფლა. ვანქის სამელიქო გამოსაღები თავის დროზე მელიქიშვილებს შაჰ აბასისგან ჰქონიათ ნაბოძები (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 187; სცსა. 1450, 37/205).
გიორგი XI შაჰისადმი დიდ ერთგულებას არ იჩენდა. ამავე დროს შაჰ სულეიმანი (1666-1694 წწ.) ქართველების ურთიერთდაპირისპირებას ცდილობდა, მან ამისთვის 1679 წელს ქართლში ირანელი სარდალი აჯი-ალი ხანი გამოგზავნა, „რათა გარდააბირნოს ქართველნი გიორგი მეფისაგან“. ხოლო „მელიქი სომხითისა ქამარბეგ ამხილებდა ქმნულსა მეფისასა აჯი-ალიხანს“. მეფის მოწინააღმდეგეები იყვნენ ასევე ერეკლე მუხრანბატონი, იესე და ელიზბარ მაჩაბლები (ვახუშტი ბაგრატიონი, 1973: 460). მეფის ბრძანებით 1687 წელს „ჰკრეს თოფი ქამარბეგს ფარულად კოჟორსა ზედა და მოკუდა იგი“, ხოლო სხვები დააპატიმრა და მკაცრად გაუსწორდა (ვახუშტი ბაგრატიონი, 1973: 460). პარიზის ქრონიკის მიხედვით, „სომხითის მელიქი ყეენმან კარზედ ითხოვა“, რათა გაერკვია, თუ რა ხდებოდა ქართლში, სადაც თავადები ურჩობდნენ, „ყეენი გურგენ ხანსაც“ უწყრებოდა, ამიტომ „კარავში მჯდომს თოფი აკვრევინეს და ქამარ-ბეგ მელიქი მოაკვდინეს“ (პარიზის ქრონიკა, 1980: 121). ეს ამბავი შაჰს დიდად სწყენია (პარიზის ქრონიკა, 1980: 121). როგორც ჩანს, ქამარბეგი გიორგისთვის სერიოზული მოწინააღმდეგე იყო, ამიტომ მეფეს ხელს არ აძლევდა მისი ირანში გამგზავრება და სასწრაფო ზომები მიიღო.
მიუხედავად იმისა, რომ მელიქი ქამარბეგი მეფის ხელისუფლებას ეწინააღმდეგებოდა და ამის გამო სიკვდილითაც დასაჯეს, მის შემდეგ მელიქი მაინც მისი შვილი ავთანდილი გახდა.
მელიქი ავთანდილი სხვადასხვა საბუთში მოიხსენიება. 1688 წელს მელიქ ავთანდილმა ბაინდურ გოგიბასშვილს ბოლნისში, თურმანი[ს]ში, „საფარაანთ თელნარის ქვემოთ“ საფარაშვილის, აკოფაშვილის და ყადინაშვილის მიწებამდე, თორმეტი დღის მიწა მიჰყიდა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 185; სცსა. 1450, 10/18). 1689 წელს ალავერდა ალიხნასშვილს მიჰყიდა მიწები (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 185; სცსა. 1450, 9/120). 1689 წელს, იოანე დიასამიძის კათალიკოსობის დროს, როსტომ მეფის მიერ სვეტიცხოვლისთვის 1645 წელს შეწირული, სოფელი დარბაზი სამელიქო გადასახადისაგან გაათავისუფლა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 185; სცსა. 1449, 2365). მელიქები თანდათან ტოვებენ ისლამს და მართლმადიდებლობას იღებენ. ეს ჩანს როგორც საკუთარი სახელებიდან, ასევე მათ მიერ გაცემული იურიდიული დოკუმენტებიდან.
1697
წელს მელიქ ავთანდილმა გივი თუმანიშვილს შამირზას ნასოფლარი მიჰყიდა. აღნიშნული საბუთიდან ჩანს, რომ მელიქი ავთანდილი იმ დროს უკვე მართლმადიდებელი ყოფილა, რადგან სიგელს წინ უძღვის ვრცელი მართლმადიდებლური ლოცვა წმინდანთა რიგის ჩამოთვლით (სიძველენი, II, 1909: 115-118; ქართულ-სპარსული..., 1955: 381-383).
მელიქი ავთანდილი პირველი მელიქი იყო, რომელმაც მუსლიმობა დატოვა და მართლმადიდებელი გახდა. ავთანდილის შემდეგ მელიქიშვილები საბოლოოდ ქრისტიანები ხდებიან და ქართველ თავადთა რიცხვში ითვლებიან.
ავთანდილს წერაქვის სამელიქო გამოსაღების გამო ციციშვილებთან ჰქონდა დავა. ერეკლე I ნაზარალი ხანის დროს (1688-1703 წწ.) მელიქ ავთანდილმა უთრუთ ციციშვილს წერაქვის სამელიქო გადასახადზე და მელიქის ყმის მიერ ნაყიდ ზვარზე დავა დაუწყო. ეს დავა რამდენიმე ხნის წინ ნაზარალი ხანის დავალებით ბაგრატ თურქისტანიშვილს გაურჩევია. მაგრამ მალე ისევ განახლებული დავა. პაატა შალიკაშვილმა გაარჩია, მელიქის ყმებმა ზვრის ნასყიდობის წიგნი ვერ წარმოადგინეს; წერაქველებმაც დაიფიცეს, რომ სამელიქო გადასახადი მანამდე არ ჰქონდათ. საბოლოოდ დავა უთრუთ ციციშვილის სასარგებლოდ გადაწყდა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 185; სცსა. 1450, 51/81).
მელიქ ავთანდილს, როგორც ჩანს, ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა. 1710 წელს მან ლუარსაბ სარდლისგან „სამოცდაათხუთმეტი ნაღდი თეთრი აიღო“ და სანაცვლოდ თავისი `სახასო სამკვიდრო სოფელი დიეღცნუტი... თავისის მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, სახნავითა და უხნავითა, ჭალითა და სათიბითა, შესავლითა და ყოვლის ნივთით, მათის გამოსაღებითა და ყოვლის მათის სამართლიანის სამძღურითა“ დაუდო (ხეც. შდ 13173).
ქართლში კვლავ რთული პოლიტიკური სიტუაცია იყო. გიორგი XI-ის, შემდეგ მეფობა ირანში მყოფმა ქაიხოსრომ (1709-1711 წწ.) მიიღო. იგი ქართლში ჩამოსვლას ვერც მოესწრო, ისე დაიღუპა ავღანელებთან ბრძოლაში. შემდეგი მეფე იესე (1711-1716 წწ.) გამეფდა. ხოლო 1716 წლიდან ქართლის მეფე ირანში მყოფი, ადრე ჯანიშინად (1703-1712 წწ.) ნამყოფი ვახტანგ VI გახდა. იგი ირანიდან ქართლში 1719 წელს დაბრუნდა. ვახტანგი ირანიდან იმიტომ გამოუშვეს, რომ ქართლის სამეფოს შიდა საქმეები მოეწესრიგებინა და დაღესტნელების თავდასხმები შეეჩერებინა (ტუხაშვილი, 1973: 408). ვახტანგ VI-ის სამშობლოში დაბრუნებას ქართლის საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა. ზოგისთვის მეფის დაბრუნება მათი უფლებების შეზღუდვასთან იგივდებოდა. ამის გამო მას მოწინააღმდეგეებიც მრავლად ჰყავდა. ვახტანგმა ენერგიულად დაიწყო ქვეყნის მართვა-გამგეობა. პირველ რიგში, ირანულ ყაიდაზე შეცვლილი ქართული წესებისა და კანონების აღდგენა დაიწყო. ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, მოწინააღმდეგეები შეიპყრო და სხვადასხვა სასჯელით დასაჯა. სწორედ „მაშინ შეიპყრა ძე ქამარ-ბეგისა სომხითის მელიქი (ავთანდილი – ა.ბ.) და დახურიტა თოფით“; ამის გარდა, შეიპყრო ბაგრატ ციციშვილი, ფეშანგი ფალავანდიშვილი, ჯამასპი ხერხეულიძე, რევაზიშვილი პაპუნა და სხვები, მაგრამ „ესენი იხსნა კათალიკოსმან სიკუდილისაგან და განყიდეს ოსეთს თხებთა ზედა (ვახუშტი ბაგრატიონი, 1973: 497).
ავთანდილის შემდეგ მელიქი მისი ბიძაშვილი, ლევანი, გახდა. ავთანდილმა, როგორც ჩანს, იცოდა, რომ მის შემდეგ მისი შვილი კი არა, შეიძლება მისი სახლიკაცი გამხდარიყო მელიქი, ამიტომ 1710 წელს საბუთის გაცემისას აღნიშნავს, რომ „თუ მე ვარ მელიქი ან დღეის იქით ჩემი ნათესავი ვინმე მელიქად იყოს“, მაინც ვერ მოგიშალოს ეს პირობაო (ხეც. შდ 13173). მსგავსი შემთხვევა სხვა საბუთებში არ ფიქსირდება და მელიქობა სტაბილურად მამიდან შვილზე გადადიოდა.
ლევანის დროს ქართლის მეფეებსა და მელიქს შორის ურთიერთობა შედარებით დასტაბილურდა. მათ ირანიდან მხარდაჭერა საბოლოოდ დაკარგეს, ამიტომ მელიქისთვისაც ისლამი პრიორიტეტს აღარ წარმოადგენდა. მირიმანიძეთათვის უფრო ხელსაყრელი ქართველი მეფის სამსახური გახდა.
მელიქი ლევანი 1681 წელს შალვა შალიკაშვილსა და მის განაყოფებს კუნეთის მიწებს ედავებოდა. საქმე ბერუკა თურქისტანიშვილმა გაარჩია და ლევანს ბეჟანბეგ შალიკაშვილისგან შეძენილი მამულები არგუნა, ხოლო ალიყულას მამული შალიკაშვილებს დარჩათ. ლევანმა შალიკაშვილებს ამ მიწებზე უდაობის პირობა მისცა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 186; სცსა. 1450, 48/139). 1688 წელს ლევან მელიქიშვილმა გივი თუმანიშვილს ადრე აღებული ვალი დაუბრუნა და ანგარიში გაუსწორა (სიძველენი, III, 1910: გვ. 568). 1698 წელს ნაზარალიხანმა ლევანს სოფელი ყათლუ უწყალობა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 186; სცსა. 1450, 9/116).
1698
წელს ნაზარალი ხანმა მეჰმანდარბაშ2 ალავერდა იაგულაშვილს შეუთვალა, რომ მელიქის სოფლები: ახტალა, ჭოჭკანი, შადიკნი, წოფი, ტეფური, გორული, წერაქვი, დეღარარას სოფელი, ბირშას სოფელი, ზემო გორული, მათიში, დიღცნუტი, სააბი, შამირზას სოფელი, ქვემო ბოლნისში რაც ჰქონდათ მელიქებს თოხლუქილისა, ყველა ლევან მირიმანიძესთვის გადაებარებინა (პირთა ლექსიკონი, III, 2004: 186-187; სცსა. 1450, 17/73).
2. „მემანდარი“ და
„მემანდარბაში“. გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში მესტუმრისა და მესტუმრეთუხუცესის მნიშვნელობით შემოვიდა მემანდრები და მემანდარბაში ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდნენ (იხ.
სურგულაძე, 1983ბ:
601).
როგორც დავინახეთ, ლევან მირიმანიძე ვიდრე მელიქის სახელოს მიიღებდა, საკმაო მამულებს ფლობდა და ქართლის მეფეთა პატივისცემითა და წყალობებითაც სარგებლობდა. ამ ფაქტმა სავარაუდოდ, დიდი გავლენა იქონია იმაზე, რომ ავთანდილის სიკვდილით დასჯის შემდეგ ქართლის მეფეთა არჩევანი სწორედ მასზე შეჩერებულიყო და სომხითის მელიქი ლევან ყეენისეული3 ათაბაგის ძე გამხდარიყო. ლევანი 1721 წლის მეწინავე სადროშოს აღწერაშიც მოიხსენიება (აღწერა..., 1907: 262-264).
3. „ყეენისეული“ ათაბეგი დიდი ათაბეგის შვილიშვილი და ყორხმაზ II-ის ძე იყო.
„ყეენისეული“ – ირანის შაჰის კარზე ყოფნის გამო ერქვა.
როგორც ცნობილია, 1723 წლიდან ქართლში კავკასიის დიდ ნაწილზე ოსმალები გაბატონდნენ. ამავე დროს, რუსეთმა კასპიის ზღვისპირა პროვინციები დაიკავა. ოსმალეთმა რუსეთის მიერ კასპიისპირეთის დაპყრობა ცნო, ხოლო პეტრე I-მა (1682-1725 წწ.) ოსმალეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ სომხეთის დამორჩილება აღიარა. დასუსტებულმა ირანმა კავკასიაში ოსმალეთის გაბატონებას ვერანაირი წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია, არც ქართლის მეფე ვახტანგ VI-ს შესწევდა ამის ძალა.
ქართლში კი ოსმალური ადმინისტრაცია შეიქმნა. დაიწყო ე.წ. „ოსმალობა“, რომელიც 1735 წლამდე გაგრძელდა. ოსმალებმა ქართლის სამეფოს, თბილისის ვილაიეთი უწოდეს, რომელიც უფრო მცირე ერთეულებად: ნაჰიეებად, ლივებად და ყაზებად იყოფოდა (1728 წლის დავთარი, I, 2009). შექმნეს საკუთარი ადმინისტრაციული აპარატი. გამგებლად, ანუ თბილისის ვილაიეთის ვალიდ ისაყ ფაშა4 დანიშნეს. ქვეყანა აღწერეს და თავისი გადასახადები შეაწერეს. სომხითის მელიქების მდგომარეობა „ოსმალობის“ დროს განსაკუთრებით გართულდა.
ოსმალებმა ქართლის სამეფო 1728 წელს აღწერეს და მოსახლეობა, მათი სოციალური კატეგორიებისა და წარმომავლობის მიუხედავად, თანაბრად ოსმალური გადასახადებით დაბეგრეს. ოსმალობის დროს „თბილისის ვილაიეთში“ ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად შევიდა „სომხითის ლივის ნაჰიე“ (შენგელია, 2008: 194-208). სომხითის ლივის უფროსი მირიმანიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი აღარ ჩანს. მისი მამული დაიყო და გივი ამილახორის, ადალლაჰ ბეგ ამილახორ ოღლისა და მეჰმედ ალის ძეს შორის განაწილდა. ნაწილი მამულებისა სახასოდ გამოცხადდა. მაგ. „მელიქაშენი სამეუფეო ხასია, ექვემდებარება სომხითს“ (1728 წლის დავთარი, II, 2010: 262-354). აღწერაში სოფელ ახტალას, სადაც სომხითის მელიქების საგვარეულო საძვალე და სასახლე იყო, მიწერილი აქვს „ზიამეთი მეჰმედ ალის ძისა“. მეჰმედ ალის ძის ზიამეთებია ასევე სოფლები: დვიბი, დიუდი და სხვ. (1728 წლის დავთარი, II, 2010: 306).
ოსმალებმა ქართლის სამეფო 1728 წელს აღწერეს და მოსახლეობა, მათი სოციალური კატეგორიებისა და წარმომავლობის მიუხედავად, თანაბრად ოსმალური გადასახადებით დაბეგრეს. ოსმალობის დროს „თბილისის ვილაიეთში“ ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად შევიდა „სომხითის ლივის ნაჰიე“ (შენგელია, 2008: 194-208). სომხითის ლივის უფროსი მირიმანიძეთა საგვარეულოს წარმომადგენელი აღარ ჩანს. მისი მამული დაიყო და გივი ამილახორის, ადალლაჰ ბეგ ამილახორ ოღლისა და მეჰმედ ალის ძეს შორის განაწილდა. ნაწილი მამულებისა სახასოდ გამოცხადდა. მაგ. „მელიქაშენი სამეუფეო ხასია, ექვემდებარება სომხითს“ (1728 წლის დავთარი, II, 2010: 262-354). აღწერაში სოფელ ახტალას, სადაც სომხითის მელიქების საგვარეულო საძვალე და სასახლე იყო, მიწერილი აქვს „ზიამეთი მეჰმედ ალის ძისა“. მეჰმედ ალის ძის ზიამეთებია ასევე სოფლები: დვიბი, დიუდი და სხვ. (1728 წლის დავთარი, II, 2010: 306).
4. ისაყ ფაშა
(1701-1748)
წარმოშობით ჯაყელთა ფეოდალური საგვარეულოდან იყო. პირველი გამაჰმადიანებული ათაბაგის საფარ ფაშას შთამომავალი, ახალციხის ფაშა და თბილისის ვალი. „მპყრობელი და განმგებელი ყოვლისა საქართველოსი“. ოსმალეთის სამთუღიანი ვეზირი (აბულაძე…...).
„ოსმალობა“ ქართლში 1735 წლამდე გაგრძელდა. 1735 წელს აჯანყებულმა ქართველებმა ყიზილბაშების დახმარებით ოსმალები დაამარცხეს და განდევნეს, მაგრამ ქვეყნისთვის ბევრი არაფერი შეცვლილა. ყიზილბაშებმა თავის რიგზე მოინდომეს ქვეყნის მოწყობა. ოსმალო ფაშა ყიზილბაშმა ხანმა შეცვალა. „ყიზილბაშობა“ 1747 წლამდე გაგრძელდა.
ლევან მელიქის შემდეგ ქართულ საბუთებში სომხითის მელიქად აღარავინ არ მოიხსენიება. მელიქობა, ფაქტობრივად, გაუქმდა, მათი მამულის ნაწილი სახასოდ იყო გადაქცეული და ქართველი მეფის საკუთრებას წარმოადგენდა. თუმცა, როგორც ჩანს, ლევანის შთამომავლობა სომხითში და ქვემო ქართლში გარკვეულ მდგომარეობასა და ტერიტორიებს ინარჩუნებდა. ლევანის შვილი იყო იესე, რომელსაც მოღვაწეობა ოსმალობისა და ყიზილბაშობის დროს მოუწია. იესეს შვილი იყო ავთანდილი. ეს ავთანდილი საბუთებში თავისთავს მელიქად მოიხსენიებს. თუმცა მას ოფიციალურად მინბაშის თანამდებობა ეკავა და ამიტომ სამეფო კანცელარიის საბუთებში ყველგან ავთანდილ მინაბაშად ან ავთანდილ მელიქიშვილად მოიხსენიება.
როგორც ცნობილია, 1763 წელს ერეკლე II-მ მელიქიშვილის მამულში და მათ საძვალესთან ახლოს ახტალის ვერცხლსადნობი ქარხანა დააარსა (ვრცლად იხ. ქვემოთ). მელიქიშვილებმა ცენტრალურ ხელისუფლებას წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს. მათ საკუთარი მამულების საბოლოოდ დათმობა მოუწიათ. რის სანაცვლოდაც ერეკლემ მელიქიშვილებს ქარხნების ზედამხედველობა და სომხითის მინბაშობა დაავალა და შესაბამისი ხელფასიც დაუნიშნა. პირველი მინბაში სწორედ ავთანდილ მელიქიშვილი იყო.
ავთანდილი, როგორც მემამულე, დაკარგული მდგომარეობისა და ყმების დასაბრუნებლად იბრძოდა. იგი 1776 წელს ვინმე გიორგი ავაქაშვილს ედავებოდა, ჩემი ყმა ხარო. ამ უკანასკნელმა მეფეს მიმართა საჩივრით: გიორგი ჩვენებაში წერს, ადრე მისი გვარი მართლა მელიქიშვილების ყმა ყოფილა, მაგრამ შემდეგ ავთანდილის ბიძამ გიორგის ოჯახი ახალციხეში გაყიდა. მოგვინებით გლეხებმა მოახერხეს გადმოსვლა და თავისი ნებით მზეჭაბუკ ყაფლანიშვილს ეყმნენ და სოფ. დამბლუტში დაემკვიდრნენ. ახლა კახეთში გადასულ ხიზნად მდგომს ედავებოდა ავთანდილ მელიქი, რომ მაგედან მემსახურეო. საკითხი შესასწავლად ერეკლემ ყორიასაულბაშ ზაზას გადასცა და დაავალა, ავთანდილ მელიქიშვილიც და მზეჭაბუკ ყაფლანიშვილიც ორივე სასამართლოში მოიყვანე და ისე გაარკვიეო (სამართლის ძეგლები, VII, 1981: 340).
1786 წელს ავთანდილი ბებურ ბებურიშვილს ყმას ედავებოდა. ბებურმა ვახტანგ ბატონიშვილს თხოვნით მიმართა. ეს უკანასკნელი ეუბნება, რომ ავთანდილ მინბაშს ამ კაცზე ჩვენ აღარ ვედავებით და თუ შენ რამე სადავო გაქვს, მეფეს მიმართეო (სამართლის ძეგლები, VII, 1981: 681). მომდევნო წელს ბებურის ძემ, ნინია ბებურიშვილმა, მიმართა დედოფალ დარეჯანს, რომ მელიქიშვილი ავთანდილი „ოცდათხუთმეტის წლის ჩამოსულს“ მედავებაო. საბოლოოდ, საქმე სასამართლოს გადაეცა. დედოფალმა მელიქიშვილს განუცხადა, „აღდგომამდე დააცალე. თუ სააღდგომოთ მოვიდეს და სამართალში გელაპარაკოს, ის არის; თუ არა, მასუკან შენს კაცს ხელი მოჰკიდე და წამოიყვანეო“ (სამართლის ძეგლები, VII, 1981: 447-448).
ეს საბუთი იმითაც არის საინტერესო, რომ მიმართვაში ავთანდილი თავს მოიხსენიებს, როგორც „მელიქი ავთანდილი“, ხოლო ვახტანგ ბატონიშვილი ოქმში „მინბაშ ავთანდილ მელიქიშვილად“ წერს.
ყმებზე დავას ეხება 1775 წლის მამაჯან სულხანიშვილის არზაც, სადაც მამაჯანა ამბობდა, რომ მამამისი სულხანი მელიქიშვილების ყმა ყოფილა, მაგრამ ოსმალობამდე „კახეთს ჩამოსულა, აქა-იქ სოფლებში ყოფილა... ეს ოცი წელიწადია, რაც გულგულაში ვდგევარ, და ახლა მელიქიშვილები აყრას მიპირებენო“. ლევან ბატონიშვილმა საკითხი განიხილა და გლეხის სასარგებლოდ გადაწყვიტა (სამართლის ძეგლები, VII, 1981: 318).
ავთანდილი 1785 წელს სალალაკში „წყლის გზას თხოვდა. და მანდენაანთ სტეფანე უპასუხებდა: ვერ მოგცემო, სახლებს დამიქცევსო“. საბოლოოდ, საქმე მედიატორებმა გადაწყვიტეს და დაადგინეს, რომ სტეფანე ავთანდილს გზას მისცემდა, ავთანდილი კი მის მამულებს არ დააზიანებდა (სამართლის ძეგლები, V, 1974: 301).
1793 წელს მელიქისშვილმა ავთანდილმა და მისმა შვილმა, იასემ, პარუნ შაქარასგან და სტეფანესგან ვალი აიღეს. მსესხებლები, როგორც ჩანს, ახტალის მიდამოებში ცხოვრობდნენ და მადნის წარმოებაში იყვნენ დასაქმებული, რადგან მელიქიშვილები მათ სთავაზობენ, რომ კუთვნილი ჯამაგირიდან დაიბრუნონ ვალი. „რაც ჩვენი განწესება არის მადნიდამ ჯამაგირი იქიდამ აიღე, ეს ხუთი თუმანიო“, თუ ბატონმა არ მოგცა ჩვენ მოგართმევთო (სცსა. 1450, 18/22). საბუთში ავთანდილი მინბაშად მოიხსენიება, ხოლო იესე, იუზბაშად.
ავთანდილის შემდეგ ახტალის მადნების ზედამხედველი და მინბაში მისი შვილი, იესე მელიქიშვილი, გახდა. თუმცა იესე მანამდე იყო ჩართული ამ საქმიანობაში. ეს ჩანს 1788 წლის 28 აპრილის ერეკლე II-ის მიერ იულონ ბატონიშვილთან გაგზავნილი წერილიდან. ერეკლემ წერილთან ერთად იასე უზბაში 100 კაცით გააგზავნა და მადნების მიხედვა დაავალა (სიძველენი, III, 1910: 45). ერეკლე II-ის დროს სამეფო კარზე პაპა მელიქიშვილს ჰქონდა თანამდებობები. იგი თბილისის მელიქ ენალას შთამომავალი და მეფესთან საკმაოდ დაახლოვებული პირი იყო. როგორც გიორგი XII ერთ-ერთ თავის სიგელში აღნიშნავს, „პაპა... მეფეს ირაკლის სიყრმითგანვე თან შეზრდოდა უერთგულესის სამსახურების გამოჩენითა... და მიეღო წყალობა ესე: ლაშქარნივისობა კახეთისა და სალაროს მუშრიბობა მრჩობელ სამეფოსი“ (მასალები..., 1948: 20).
ლაშქარნივისი საკმაოდ დიდი საპასუხისმგებლო თანამდებობა იყო მაშინდელი ქართლ-კახეთის სამეფოში. ცნობილია, რომ XVIII საუკუნის 70-იან წლებში ქვეყნის აღწერა მთლიანად სამეფო კარის კომპეტენციად იქცა. აღწერას მდივნები და ლაშქარნივისები ატარებდნენ (თაბუაშვილი, 2010).
მუშრიბი არაბული სიტყვაა და ზედამხედველს, მეთვალყურეს, მწერალს აღნიშნავს. გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში მუშრიბი მეჭურჭლეთუხუცესს ექვემდებარებოდა და ქალაქებში აკრეფილ ბაჟსა თუ სავაჭრო გადასახადს საჭურჭლის უხუცესებს აბარებდა. XVI-XVIII საუკუნეებში მუშრიბი სხვადასხვა უწყებაში საქმიანობდა, სადაც ძირითადად საანგარიშსწორებო დოკუმენტებს ადგენდა (კეკელია, 1984: 226). სალაროს მუშრიბიც სანდო ადამიანი იყო სამეფო კარისთვის, რადგან ის აწარმოებდა სამეფო სალაროში შემოსავლებისა და გასავლების აღწერას.
პაპა მუშრიბის გარდაცვალების შემდეგ, 1800 წელს, გიორგი XII-მ (1798-1800 წწ.) მის ძეს იოსებს „ქალაქისა და სომხით-საბარათაშვილოს ლაშქარნივისობა და კარზედ მწერლობა და მუშრიბობა უბოძა“ (მასალები, 1948: 19-20). იმავე წლის დეკემბერში, გიორგი XII-ის ძემ, დავით გამგებელმა (1800-1801 წწ.), იოსებ მელიქიშვილს „ქალაქისა და სომხით-საბარათაშვილოს ქართველთა და თათრის ლაშქარნივისობა თავის განწესებულის ჯამაგირით, ულუფით და სარგოებით“ უწყალობა (მასალები, 1948: გვ. 21).
ამრიგად, მირიმანიძეები, XVI საუკუნიდან დიდ მამულებს და მელიქის სახელოს მემკვიდრეობით ფლობდნენ. მათი განსაკუთრებული იმუნიტეტი, XVIII საუკუნის დასაწყისში, გარკვეულწილად ვახტანგ VI-ის ღონისძიებებმა შეარყია, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მოახერხა გარკვეული ვალდებულებები დაეკისრებინა მელიქის მამულისთვის და მისი სოფლების ნაწილიც აღიწერა. სამელიქომ „ოსმალობის“ და „ყიზილბაშობის“ დროს მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, იმუნიტეტის და მამულების ნაწილის დათმობა მოუწიათ. საბოლოოდ მელიქების საკითხი ერეკლე II-მ გადაწყვიტა, როდესაც მათ მამულებში სპილენძის და ვერცხლის მომპოვებელი ქარხნები ააშენა, და მელიქიშვილები იძულებულნი გახდნენ საკუთარი მამულები დაეთმოთ, რის სანაცვლოდაც ერეკლემ მელიქიშვილებს ქარხნების ზედამხედველობა და სომხითის მინბაშობა დაავალა და შესაბამისი ხელფასით. მელიქიშვილების ნაწილი ცენტრალურ ხელისუფლებაშიც დააწინაურა და მაღალი სამოხელეო თანამდებობები (ლაშქარნივისი, მუშრიბი) უბოძა.
Комментариев нет:
Отправить комментарий