вторник, 5 сентября 2017 г.

ვახუშტი: კახეთ-ჰერეთის სამეფოს გეოგრაფია და ისტორია 827-1745 წლ.

სახელთათვის
ქვეყნისა ამის სახელნი არის სამი: რამეთუ ჰერეთი ეწოდა თარგამოსის ძის ჰეროსის გამო, რომელსაც ძმათა თვისთა შორის წილად ხვდა ქვეყანა ესე და დაიპყრა საზღვარი თვისი. ხოლო კახეთი და კუხეთი არიან წილნი ქართლოსისა, რამეთუ, შემდგომად ქართლოსის სიკვდილისა, განუყო დედამან მათმან ძეთა თვისთა ქართლოსის წილი ქვეყანა. და მისცა კახოსს საზღვარი: აღმოსავლეთიდან მთა კავკასი; სამხრეთიდან საზღვარი ჰერეთისა, თურდო-შტორის ხევი, ვიდრე კავკასამდე; დასავლეთიდან მთა კახეთისა, რომელსაც განჰკვეთს, ერწო-თიანეთს, იორის მდინარე, და შემდეგ საზღვრის მდინარე არაგვი, და ჩრდილოეთიდან მთა კავკასი. და ამათ-შორისი ქვეყანა არის კახეთი, წილი კახოსისა, და მისი სახელის გამო ეწოდა ამას სახელი ესე, მაგრამ აწ უწოდებენ ფშავ-ხევსურსა (რომელთაც პირველად ეწოდათ ფხოველნი), თიანეთს, ერწოს, ირტოს-ევს, პანკისის ხეობას, საყდრიონს და ალონს.
ხოლო კუხოსს მისცა საზღვარი: აღმოსავლეთიდან მთა კახეთისა; სამხრეთიდან საზღვარი ჰერეთისა, რომელიც არის ხუნანის გამოსწვრივ გულგულამდე; დასავლეთიდან მტკვარი და არაგვი; ჩრდილოეთიდან იგივე მთა კახეთისა. და ამათ-შორის ქვეყანას ეწოდა კუხეთი, კუხოსის სახელის გამო, მაგრამ აწ უწოდებენ თიანეთს, საგურამოს ან თეძმის ხევს (რომელსაც ეწოდებოდა ხერკი ამის გამო, როდესაც ლტოლვილნი ნაბუქოდონოსორისაგან მოსულნი ჰურიანი დასხნა აქა მცხეთელ მამასახლისმა და ყვნა მეხარკედ), კვლავ გრდანი, მარტყოფი, ლილო, დიდუბე, სამგორი, ჩადივარი, ომანის ხევი, ყარაღაჯი და ნაგები და ყარაია. ხოლო ხოსროვანთ გადავლინებისა შემდგომად, განდგა რა გრიგოლი მთავარი, ამან მოსპო სახელი კუხეთისა და იწოდა კახთა მთავრად ანუ ქორიკოზად. და ამათ მთავრობასა შინა ჯვარს ქვევით, სამხრეთის კერძს, ეწოდა გარდაბანად, მაგრამ შემდგომად კვირიკემ, დაიპყრა რა ჰერეთიცა, იწოდა კახთ მეფედ, თუმცა ჰერეთს ქონდა თვისივე სახელი მოუსპელი.
ხოლო შემდგომად განდგომილებისა ქრისტესა ჩუჲვ (1466), ქართულსა რნდ (154), მოისპო სახელი ჰერეთისაცა, და იწოდნენ საკუთრად კახთ მეფედ; და ჰერეთს უწოდებენ შემდგომად აწამდე განყოფით ესეთ: გაღმა მხარს, ელისენსა, შიგნით-კახეთს, ქისიყს და გარეთს-კახეთს. და არის სრულიად აწინდელის კახეთის საზღვარი: სამხრეთიდან დიდის ალაზნისა და პატარას ალაზნის შესართავი და იქიდამ ხაზი კავკასამდენ გავლილი და კვლავ ხაზი მტკვრამდე მისული; აღმოსავლეთიდან მთა კავკასი, ლეკეთსა და კახეთს შორისი; დასავლეთიდან საზღვარი ქართლისა, რომელიც აღვწერეთ, და მწარე წყალს ქვევით, მტკვარი, და ჩრდილოეთიდან მთა კავკასივე.
და მდებარეობს ქვეყანა ესე სიგრძით ჩრდილო-დასავლეთს შუადან აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა, და არის ქართლისა, რანისა, მოვაკანისა და ლეკეთის შუა მდებარე. ხოლო ქვეყნისა ამის საშუალს არის მთა, რომელიც გამოხდება ფშავ-ღლიღვისსა-შორისის კავკასიდან და გამოივლის მახვილის ხევსა და ფშავს შორის, კვლავ ერწო-თიანეთსა და ირტო-საყდრიონს შორის, და ჟალეთის ბოლომდე მდებარებს ჩრდილოეთიდან სამხრეთით, მერე წამოვა და მიდის მაღარო-ხორნაბუჯამდე, აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა მდებარეობს და უძევს აღმოსავლეთით შიგნით-კახეთი, სამხრეთით ქისიყი, დასავლეთით გარეთ-კახეთი და ერწო-თიანეთი. და ეწოდება მთასა ამას კავკასის კერძოსაკენ მთა კახეთისა, მერე გომბორი, შუამთა და ცივი. მთა კუხეთისა ანუ აწ ზედაზნისა უმეტეს საჩინოდ შემოერთდება მთასა ამას, და მთა ზედაზნისა მობმული არის მთისა სარკინეთისა, რომელსაც კვერნაქადცა უწოდებენ გარდა განკვეთისა არაგვისაგან, ამისთვის უწოდებენ გომბორის მთასაცა ქისიყამდე კვერნაქად.
მთასა ამას და კავკასს შორისი ქვეყანა არის ტყიანი შაქამდე და მცირე-ველოვანი, და ამისი დასავლეთით კერძი, საგარეჯოს ქვევით უტყეო, მცირეთაგან კიდე, ჩალიან-ბალახიანი, ლერწმოვანი, უმდინარო. გარდა იორის მდინარისა, და მცირე-წყაროიანი. ხოლო ჰავითა არიან მშვენიერი, ზამთარი თბილი, ზაფხული ცხელი და არა ეგდენ, მცირე-თოვლიანი, უყინულო, უყივნო, ვინაიდან ვეროდეს გაყინავს მდინარეთა, და არცა დაადგება თოვლი დღე სამი, და უქარო. მაგრამ ალაზნისა და იორის კიდენი და მისნი ქვემოთნი ფრიად ხაშმიანნი, ცხელნი და გაუძლისნი.
ნაყოფთათვის და კაცთა
ხოლო ქვეყანა ესე არის ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახითა, ხილითა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა და თევზითა, მაგრამ უფრო ჰერეთი, და უმეტესად ალაზნისა და იორის კიდენი, რამეთუ გარდა ნარინჯისა, თურინჯისა, ლიმონისა და ზეთისხილისა, ნაყოფიერებენ ყოველნი, რომელნიცა აღვწერეთ, აბრეშუმით, ბამბით, ბრინჯით, და ხურმა და წაბლი იმერეთისაგანცა აქ უმჯობესი არის. ოღონდ არა სთესვენ ღომს, და არცა არის კირჩხიბი აქა. ხოლო ხილნი ზოგიერთი აქაურნი უმჯობეს არიან ქართლისასაცა, და თაფლი იმერეთისა უმჯობეს და უმრავლეს აქაურთა. ხოლო კაცნი და ქალნი მშვენიერნი, ჰაეროვანნი და მგზავსნი ყოვლითავე ქართლელთა ზნითა, ჩვეულებით და ქცევით, მაგრამ ლაღნი, ამაყნი, მეხოტბენი, დიდმთქმელნი, მეჩხუბარნი, შემმართებელნი, უფრო გლეხნი, ერთგულნი, მოსილნი ქართულად, ენითა და სარწმუნოებითა ქართლისათა, და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი.
ქვეყანა-წყლისათვის
ხოლო არის ქვეყანასა ამას შინა უდიდესნი მდინარენი ალაზანი და მეორე მცირე ალაზანი ანუ იორი, რომელთაც მიიღეს სახელნი ალონის გამო, და იორი გაორებისათვის, ვინაიდან აქვთ სახელი ერთი - „იორა ამ მდინარემ“. ხოლო გამოსდის ალაზანი თუშ-ფშავსა და ძურძუკს შორის კავკასსა, და დის ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთ-სამხრეთ შუა. და მიერთვის მტკვარს განჯის ბოლოს. აქ მტკვრისა და ალაზნის შესართავს შორის არის მოვაკანი რომელიც აღაშენა მოვაკანოს, და ამის გამო ეწოდა წილსა მისსა მოვაკანი, როგორც აღაშენა ბარდა ბარდოსმა და უწოდა სახელითა თვისითა წილსა თვისსა. ხოლო მტკვრისა და ალაზნის შესართავს ზევით, ჩრდილოთისკენ, მოერთვის ალაზანს მცირე-ალაზანი ანუ იორი, და ამათ შესართავს შორის არის ჰერეთი, რომელიც აღაშენა ჰეროსმა, ქალაქი თვისისა სახელისა, და ამის გამო ისახელა ქვეყანაცა ესე, და აწ უწოდებენ ამას ადგილსა ხორანთას. და იყო ქალაქი და ციხე ყრუმდე და ბერქამდე, შემდგომად მოოხრდა და აწცა ოხერ არის.
იორის მდინარისათვის და მის ქვეყანათა
ხოლო იორი გამოსდის ფშავისა და თიანეთის შორისს მთას და დის ჩრდილოეთიდან სამხრეთით უჯარმამდე, შემდეგ ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთ-სამხრეთით შუა, ოღონდ უფრო აღმოსავლეთით. იორს და მტკვარს შუა ასტყდება მცირე მთა ხორანთიდანვე, რომელსაც ეწოდება გძელტბა და გარეჯა. ეს მთა აწ ჰყოფს ქართლსა და კახეთს: ხორაუგიდან მწარე-წყლამდე და მტკვარამდე კახეთისა, ხოლო მწარე-წყალს იქით ნახევარი, აღმოსავლეთის კერძო კახეთისა, და ნახევარი, დასავლეთის კერძი, ქართლისა. ეს გარეჯის მთა მიადგება სართი-ჭალას, კუხეთის მთას და მერე, ჩადივრის გორაკებით, მიადგება ლილოს, და ლილოს მთა მიადგება ეგრეთვე კუხეთის მთას. მდებარეობს მთა ესე, როგორც მდინარე იორისა, და არის უტყეო, გარდა ძეძვთა, და თუთუბოთა, და ეგეთთა სხვათა მრავალთა. არა სდის მდინარე და იშვით წყარო-ტბანი, მაგრამ თუ სადამე არის, მლაშენი და მწარენი. არის ბალახიანი ზამთარიც, და გამოიზრდებიან სიმრავლე არვეთა (თხის ან ცხვრის ჯოგი), მროწლეთა (ნახირი), ჯოგთა, რემათა (გაუხედნავი ცხენი) იმიერ და ამიერ. არის ზაფხულ ცხელი და გაუძლები.
ხოლო მდინარის იორის კიდე იმიერი და ამიერი არის ფრიად ნაყოფიერი, ვინაიდან ამოდიან რუნი, და ირწყვიან ველნი, და სცენდებიან ყოველნი მარცვალნი და დასდევს იორს მცირე ჭალაცა და ლერწმოვან-ჩალიანი, და არიან ნადირნი და ფრინველნი მრავალნი და უმეტეს ხოხობნი. ადრე იყო ალაზნის შესართავადმდე და ვიდრე სამგორამდე შენობანი დიდ ფრიად, მაგრამ მოოხრდა გამოსლვასა ბერქასსა და შემდგომად ლანგ თემურისაგან, რომელნიც ჩანან დღესაც. შემდგომად დასხნეს ელნი ამათ ადგილთა აწინდელთა მეპატრონეთა, როგორცა ბატონმან თეიმურაზ და ხანებმან, და სთესდენ ესენი ყოველსავე; და ესენიცა წაიყვანა შაჰნადირ და დასხა ხორასანს. ხოლო იორს არავითარი მდინარე ერთვის ან ხევი საგარეჯომდე, და არის იქამდე ალაზნიდან ველი. და არის ადგილი ესე ზამთარ თბილი, ბალახიანი, მცირე-თოვლიანი, ნადირ-ფრინვლიანი, ჰავითა მშვენიერი, ხოლო ზაფხული ცხელი, ხაშმიანი, გაუძლისი. იორის პირს ყოფილა სასახლე, დამპალას, აწინდელთა კახთა მეპატრონეთა, საზამთროდ ნადირობისათვის, არჩილ ა (I) მეფისამდე, კეთილს ადგილს, მშვენიერს, წყაროიანსა.
გარეთ-კახეთისათვის
ხოლო დამპალას აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით არის, ჰერეთის მთის ძირს, მანავი, სადაც ააშენა სასახლე იმამ-ყულიხან. მთის ძირას არის ძველადი ციხე და აწ შემუსრვილი. ღვინო მანავისა კეთილი. მანავს ქვევით ქისიყამდე, ცივ-გომბორის მთის კალთათა, არიან შენობა-დაბები ვენახ-ხილიანი. უძევს იორისკენ სახვნელნი, ველნი და უკან მთა ტყიანი, უწყლო. მოსახლენი არიან მთავარნი, აზნაურნი, გლეხნი. ადგილი ნაყოფიერებით აღმკული, მაგრამ წყლისათვის შემჭირნობს, გარდა წყაროთა, დაბებთა შინა უსაკმარობით, ვინაიდან არა აქვს მთას მდინარე, ვერარაით რწყავენ ველთა. არის აქა პირუტყვთა სიმრავლე: ცხვარნი, ცხენნი, ძროხა, კამბეჩი, ვირი. ხოლო მანავის დასავლეთით არის ხევი გიორგი წმიდისა; გამოსდის შუამთას და დის ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ამან მიიღო სახელი, როდესაც შესწირეს გარეჯის უდაბნოს დაბები ესე, უწოდეს საგარეჯო. ამის დასავლეთით ერთვის იორს ნინოწმიდის ხევი, გამოდის მასვე მთას და მოდის ეგრეთვე. ამ ხევზედ არის ნინოწმიდა, ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი, რომელიც ააშენა გორგასალმა და დასვა ეპისკოპოზი, და ზის აწამდე, მწყემსი ამ ქვეყნისა ქისიყადმდე.
ამის სამხრეთით და იორის მდინარისა არის გარეჯის მთასა შინა, ნათლისმცემელს და დავით გარეჯას შუა, მონასტერი დოდო, რომელიც ქმნა მამამან წმიდამან დოდომ, რომელიცა იყო ნათესავით და ქვეყნით კახი, მოწაფე დავით გარეჯელისა, და დაფლულია იგი იქვე. და მონასტერი ესე არის, როგორც სხვა გარეჯის მონასტერნი აღვწერეთ. უზის წინამძღვარი.
ხოლო კვლავ ნინოწმიდას ზევით ერთვის იორს სამების ხევი, ეგრეთვე გამომდინარე და მომდინარე, როგორც წინათნი ხევნი. და ამის შესართავზე, ხაშმს, ყვეს მონასტერი და ციხე ნათლისმცემლის მონაზონთა. ამას ზევით, ამ ხევზე, არის ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი, სამებისა. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამას ზევითის ქვეყნისა ერწოდეთ (და იტყვის გარეჯის უდაბნოს თვისად). ესევე ხევი არის საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა. ამ ხევზე არის ციხე ვერენისა, მაგარი, და გადადის გზა შიგნით-კახეთს შუამთაზე. კვლავ ამ ხევს ზევით არის, იორსა ზედა, უჯარმა, ორთა მთათა შორის კახეთისა და კუხეთისასა, რომელიც აღაშენა კგ (23) მეფემან საურმაგ, ციხე-ქალაქი, და კვლავ განაახლა გორგასალ და ჰყო სიმაგრე და ქალაქი დიდი. მაგრამ აწ არის დაბა, რამეთუ შემდგომად გაყოფისა სამეფოთასა მოოხრდა.
ერწო
უჯარმას ზევით, ჩრდილოეთით, და იორის აღმოსავლეთით არის ბოჭორმას ციხე. და ბოჭორმიდან უჯარმამდე არის ხეობა ფრიად მაგარი, მთიანი, კლდოვანი, ძველად შენობიან-ეკლესიანი. ხოლო ბოჭორმა აღაშენა ცოლმან ქართლოსისამან და უწოდა დედაციხე. ესე არის მაღალ კლდესა ზედა. გამოდის ციხესა შინა წყარო. არის შენობა დიდი და მაგარი (ესე არის, რომელიც წილად ხვდა კახოსს და შენებასა ჩელეთისასა მისცა კუხოსს, და შეეწია კუხოს შენებასა ჩელეთისასა კახოსს). შემდგომად უწოდეს ვეჭორმა, ესე იგი არის: „ვეჭ ორმა ძმამ ცილება ყვეს ამ ციხესა ზედა“. მერე უწოდეს ბოჭორმა.
ხოლო ბოჭორმას ზევით ერთვის იორს დასავლეთიდან ერწოს წყალი. გამოსდის ხერკისა და ერწო-თიანეთის შუას მთას და მოდის აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა. ამ წყალზე არის მონასტერი მცირე მშვენიერი, მშვენიერს ადგილს და აწ ხუცის ამარ. და არის ხეობა ესე იმიერ და ამიერ შენობა-დაბებიანი. კვლავ ამავ წყლის შესართავს ზევით, იორის პირზე, არის, აღმოსავლეთით კერძ, ჟალეთი, შენობა დიდი და შემუსრვილი. ვგონებთ ამას ჩელეთად, რომელიც აღაშენა კახოს ქალაქი, რომელსაც პირველად ბერ ერქვა.
შემდგომად გორგასალმა აღაშენა ეკლესია კეთილმშვენიერი, გუმბათიანი და დასვა ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურისა და ხერკისა. ხოლო ჟალეთს ზევით მოვიწროვდება იორი ხერკის მთიდან წამოსულის მცირეს მთით, და ამას ქვეით ბოჭორმამდე არის ერწო და საზღვრის: აღმოსავლეთიდან მთა კახეთისა, საყდრიონსა და მას შორისი; სამხრეტიდან მთა კუხეთისა, იალონიდან წამოსული უჯარმამდე; ჩრდილოეთიდან მთა მცირე, თიანეთსა და მას შორისი. ხერკის მთიდან წამოსული; დასავლეთიდან მთა ხერკისა.
თიანეთი
ხოლო კვლავ ჟალეთს ზევით იორს მოერთვის თიანეთის წყალი, რომელიც გამოსდის თვალივს ქვევით ხერკის მთას და აწ თიანეთისას, და მოდის აღმოსავლეთ-სამხრეთ შუა, და მოერთვის იორს დასავლეთიდან. ხოლო ამ წყლის სათავისა და საშიშის თვალივის იქით, თეთრის არაგვის მჭვრეტად არის ხარჭაშოს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ერწო-თიანეთისა, ფშავ-ხევსურისა და თუშეთისა, რამეთუ შემუსრვასა ჩელეთისასა მოსცვალეს აქა (ან ესე არის ჩელეთი). კვლავ ამ თიანეთის წყლის შესართავს ზევით, იორზედვე, არის მთაში ციხე ოჩანისა, მაგარი და შეუვალი, და შენი არის ორთა მდინარეთა შორის. ხოლო ეწოდება თიანეთი ვიდრე ერწოს საზღვრადმდე, და არის შენობიანი და დაბებიანი. და საზღვრის ამას: აღმოსავლეთიდან ამასა და კვეტერა-პანკისს შორისი მთა; სამხრეთიდან ერწოს საზღვარი, და ნოკორნისა და ბოკოწნის შორისი გორა, ხერკის მთიდან არაგვამდე მისული. ამას ზევითი ჟინვანამდე იყო ხერკისა ძველად, ხოლო აწ თიანეთისა; ჩრდილოეთიდან ფშავსა და ამას შორისი მთა; დასავლეთიდან შავი და თეთრი არაგვი. სახელი ეწოდა თიანეთს, ვინაიდან არის ძველივე, ვგონებთ, ძეთაგან კახოსისათა.
არიან ორნივე მთანი უვენახონი, უხილონი, თუმცა ნაყოფიერნი, პირუტყვიანი, ნადირიანი, ბალახოვან-ყვავილოვანი, წყაროიანი, როგორც თრიალეთი, გარეშე სიმცირისა. ხოლო ამ იორის მდინარესა შინა, უჯარმას ზევით, არის უმეტესად კალმახი და მრავალნი, და მას ქვევით სხვა თევზნიცა და არა ეგოდენ მრავალი, მდინარის სიმცირისათვის, ხოლო კვლავ ხარჭაშოს, საშიშს დასავლეთით, დის თეთრი არაგვის მდინარე. ესე გამოსდის ძურძუკს-ფშავს შორის კავკასსა და მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთით, და მიერთვის ჟინვანს აღმოსავლეთიდან შავ არაგვს.
ხევსურეთი
ამ ჟინვანს ზევით და ხარჭაშოს ზევით მოერთვის თეთრს არაგვს ხევსურეთის წყალი. გამოსდის ესე ძურძუკისა და ამას შორისს მთას კავკასს, მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ამას მოერთვის ხევნი იმიერ და ამიერ. და გაჰყოფს ხევსურეთს: აღმოსავლეთიდან კავკასიდან ჩამოსული მთა სამხრეთად, ამასა და ფშავს შორისი; სამხრეთიდან ფშავის საზღვარი; ჩრდილოეთიდან კავკასი, ამასა და ძურძუკს შორისი; დასავლეთიდან კავკასიიდან ჩამოსული სამხრეთად მთა, ამასა და გუდამაყარს შორისი.
ფშავი
ხოლო ხევსურეთის აღმოსავლეთით მთას იქით არის ფშავი, რომელსაც შუაში უდის თეთრი არაგვი, და მოერთვიან ხევნი აღმოსავლეთით დასავლეთიდან. აქ ფშავსა შინა არის ეკლესია მეფის ლაშასაგან აშენებული, რომელსა შინა არიან მრავალნი ხატნი და ჯვარნი ოქრო-ვერცხლისანი, ჭურჭელნი და წიგნნი, და უწოდებენ ლაშას ჯვარს, და აქვთ სასოება მას ზედა ფრიად, რამეთუ ვერცა ფშავი, ვერცა ხევსური, უკეთუ იშოვნოს ოქრო ან ვერცხლი, ვერარაიდ იხმარებენ თავისად, არამედ მიუძღვნის ლაშას ჯვარსა. და არიან ესენი სარწმუნოებითა და ენითა ქართულითა, თუმცა აქვთ სასოება ქადაგსა ზედა, რომელიც წარმოდგება კაცი უცები და ვითარცა ხელქმნილი, და ღაღადებს მრავალსა მაგიერად წმიდის გიორგისა, და რასაც იგი იტყვის, მოსწონთ და ჯერ იჩენენ უმეტეს ჭეშმარიტებისასა. და არიან ყოვლითა, როგორც მთიულნი აღვწერეთ. მაგრამ ესენი ვერად ქებულნი ბრძოლასა შინა, და უფრო მეტად ხევსურნი, და უმეტესად ბრიყვნი მთიულთაგან და უზნეონი, მებატონეთა თვისთა ერთგულნი. და ვინაიდან ფრიად მაგარ არის ქვეყანა ესე და უბრძოლველი მთითა, და კლდითა, და ტყითა, ამისთვის იმყოფიან მშვიდად და სიმწირისათვის მონებენ ვისცა უპყრავს თიანეთი, რამეთუ იზრდებიან იქიდან.
ხოლო საზღვრის ფშავს: აღმოსავლეთიდან მთა კავკასიიდან ჩამოსული სამხრეთით კავკასივე, ამასა და მახვილოს-ხევს შორისი; სამხრეთიდან მთა, ამასა და თიანეთს შორისი; ჩრდილოეთიდან კავკასი, ამასა და ღლიღვს შორისი; დასავლეთიდან მთა კავკასიდან ჩამოსული სამხრეთით, ამასა და ხევსურეთს შორისი. ძველად ეწოდა ამ ორთა ხეობათა ფხოელნი. და აწ უწოდებენ ესეთ. თუმცა სდებენ ამათ გამო კახნი ძურძუკთა, ღლიღვთა და ქისტთა თვისად, მაგრამ მათ არა უწყიან ესე მიერ ჟამიდან, როდესაც განდგნენ. ხოლო ჟინვანი არის შავისა და თეთრი არაგვს შესაკრებელს შორის ციხე შენი და მაგარი, და იყო ქალაქი და აწ უქმი არის.
დანარჩენი თიანეთი, რომელიც პირველად იყო კუხეთი
და ამ ჟინვანს ქვევით ერთვის შავ არაგვს ხევი ბოდავისა. გამოსდის წინხსენებულ ხერკის მთას და აწ თიანეთისას, მიდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად. ბოდავს არის მონასტერი გუმბათიანი, დიდშენი, მშვენიერ ადგილს და აწ ცარიელი. ამას ქვევით ერთვის არაგვსვე წირდალის ხევი, გამომდინარე მისვე მთისა და მომდინარე ეგრეთვე. ამას ქვევით ერთვის არაგვს ნოკორნის ხევი, გამომდინარ-მომდინარი მისვე მთისა ეგრეთვე. ამის თავს არის ნოკორნა, მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, დიდი. ესე აღაშენა მდ (44) მეფემან არჩილ და ჰყო მონასტრად. შემდგომად წამებისა მისისა ცოლმა მისმა დაფლა წმიდა გვამი მისი იქ. ბოკოწნის ხევს და ამ ხევს შორის ჩამოვალს მცირე მთა, წინთქმულის მთიდან, დასავლეთად. ეს მთა არის თიანეთისა და ხერკის საზღვარი, და აქამდე აწ უწოდებენ თიანეთს, თუმცა პირველად იყო ჟინვანამდე წილი კუხოსისა.
ხერკი და საგურამო
ხოლო ბოკოწნის ხევი ერთვის ჯიღაურს არაგვს. გამოსდის ერწოსა და მის შორისს მთას, მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად. ამას ქვევით ერთვის არაგვს ხერკის ხევი ან თეზმის ხევი. გამოსდის კუხეთის მთას ანუ იალონს, მოდის დასავლეთად. ხოლო ამის შესართავსა და ნარეკვავის შესართავს ქვევით არის, არაგვის დასავლეთით, მთა სარკინეთისა და, აღმოსავლეთით, მთა მაღალი კუხეთისა, გაკვეთილი არაგვით. ორნი ესე მთანი პირისპირ მდებარენი და მერე იალონად წოდებული ამისთვის, რამეთუ, თუცა მას მთასა ზედა არის მცირეცა ღრუბელი ან ნისლი, არა იქმნება, თუმცა არა ამოვიდეს ფიცხელი ქარი დიდი. ამ მთის თხემსა ზედა, მჭვრეტელი არაგვისა, მუხრანისა, ხერკისა, მცხეთისა და ტფილისისა, ააშენა ციხე დ (4) მეფემან ფარნაჯომ და აღმართა იქ კერპი ზადენი, და ამითი ეწოდა მთასა ამას ზედაზადენი. შემდგომად იგ (13) მამათაგანმან მამამან იოვანემ ჰყო აქა მონასტერი და ეკლესია სადგურად თვისად, და დაფლულ არის იქვე. ამ ეკლესიის კამარიდან სწვეთს წყალი, და უდგას ქვემორ ავაზანი (ქვაბი, რეზერვუარი) ქვისა, და შეიკრიბება მას შინა, არა გადმოედინება და არცა ამოვსებით მოაკლდება, უკეთუ ამოიღო რითმე, და ჰკურნავს სენთაცა.
ხოლო მთა ესე კუხეთისა ანუ ზედაზნისა მიდის აღმოსავლეთად და შეერთბა ერწოს მთასა, რომელიც არის ხერკისა. და არის ამათ შორის ხერკი, მაგრამ აწ საგურამო ანუ თეზმის ხევი. აქვს ხერკს: აღმოსავლეთიდან მთა ერწოსა და ამას შორისი: სამხრეთიდან მთა ზედაზნისა; ჩრდილოეთიდან ნოკორნა-ბოკოწანს შორისი გორანი, ჩამოსული თიანეთის მთიდან არაგვამდე; დასავლეთიდან არაგვი. ხოლო მთა ზედაზნისა მიდის უჯარმამდე, და მიდის, და დამდაბლდება ხორაუგს. აღმოსავლეთიდან აქვს ამ მთას ერწო, დასავლეთიდან გრდანი. ხოლო ზედაზნის მთას უძევს სამხრეთიდან გრდანი და ჩრდილოეთიდან ხერკი, და არის ტყიანი მთა ესე და ნადირიანი, მცირე-წყლიან-მდინარიანი. კვლავ ზედაზნის სამხრეთით არის, ამავ მთის განკიდულს გორასა ზედა, მცხეთის პირისპირ, აღმოსავლეთით, არაგვის კიდესა, მაღალ კლდესა ზედა ჯვარის მონასტერი, კეთილი, დიდშენი. აქ დაასვენა წმიდამან ნინომ ჯვარი, სვეტისაგან გამოკვეთილი. შემდგომ გურამ კურადპალატმა, ლთ (39) მეფემან, იწყო ეკლესია, ვინაიდან აქამდე ჯვარი უეკლესიოდ ესვენა, და ძემან მისმან დიმიტრიმ შეასრულა. ზის არქიმანდრიტი. ამის დასავლეთით, იქვე კლდესა შინა, დის წყარო წმიდის ნინოსაგან, სასმისად კეთილი და ჰკურავბს სენთა. და არის გარემონი მისნი მლაშე და მწარენი და იგი ფრიად ტკბილი.
ამას ქვევით, გრდანამდე, არის ველი მთასა და მტკვარს შორისი, და არის დაბები მთასა შინა მცირე წყაროთი, უვენახო, უხილო. ხოლო ხეობა გრდანისა და მდინარე მისი გამოსდის ზედაზნის შესართავს ერწოს მთას, დის გრდანამდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით, მერე აღმოსავლეთიდან დასავლეთად და მიერთვის ავჭალას აღმოსავლეთიდან მტკვარსა. ავჭალა არის მტკვრის კიდესა ზედა, სანადირო კეთილი. ამ ავჭალის ბოლოს არის ხევძმარი, ჩამოვარდება მშრალი ხევი ქვიტკირის-ლილოდან მტკვრამდე. და ეს არის საზღვარი აწინდელი ქართლ-კახეთისა. აქამდე უწოდებენ საგურამოს ხერკითურთ გურამიანთ გამო. არის ესე საგურამო ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით, გარდა ბრინჯ-ბამბისა, პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა, ტყითა, ველითა და მთით შემკობილი. მაგრამ არ აკეთებენ აბრეშუმს აქა. განჰყოფს გრდანს: აღმოსავლეთიდან ერწოს მთა; სამხრეთიდან ხევძმარი, ლილო, მარტყოფი; ჩრდილოეთიდან მთა იალონი; დასავლეთიდან მტკვარი და არაგვი.
მარტყოფი
ხოლო ამას ქვევით, ლილოს მთისა და კუხეთის მთის შორის, არის მარტყოფი, გამოსდის წყალი მისი ამასვე მთას. საცხენისის ხევამდე - მარტყოფისა, ხოლო მას ქვევით მტკვრამდე უწოდებენ აწ ლოჭინსა, მაგრამ ძველად ეწოდა ომანის ხევი. ხოლო მოერთვის ამას ლილოს მთის წყარო დასავლეთიდან, და ამას ქვევით ერთვის ამავ მარტყოფის წყალს ხევი, გამომდინარე კუხეთის მთისა, მომდინარე აღმოსავლიდან დასავლეთად. ამ ხევსა ზედა არის სამხრეთით ეკლესია ღვთაებისა, გუმბათიანი, დიდშენი, გარ ზღუდე-გოდლოსანი, მგზავსი ციხისა, კეთილ მშვენიერ ადგილს. აქ დაადგა იგ მამათაგანი ანტონი და ჰყო მონასტრად ესე, ხოლო თვით მცირედ განშორებით ქვაბსა შინა იმყოფებოდა მარტოდ, და მის გამო ეწოდა ადგილსა ამას მარტომყოფი და აწ მარტყოფი. ხოლო შემდგომად, რაჟამს მოოხრდა რუსთავი, იქაური ეპისკოპოზი მოსცვალეს აქა, და ზის აწამდე, და არა შეუცვალეს სახელი, არამედ იგივეს რუსთველს უწოდებენ. მწყემსი არის მარტყოფ-საგურამო-ხერკისა. და აწ აქვსცა დროშა სასპასპეტო; და არიან ამის სასპასპეტოსანი გარეთ-კახეთი ქისიყამდე და მარტყოფე-საგურამო, და არის მემარცხნე ბრძოლასა. ამ ხევს ქვევით ერთვის საცხენისის ხევი, გამომდინარე უჯარმისა და ამას შორისის კუხეთის მთისა, და მომდინარე დასავლეთით. ამ ხევს ქვევით ერთვის საცხენისის ხევი, მისვე მთის გამომდინარე და ეგრეთ მომდინარე.
არის ესე მარტყოფი ვენახოვანი, ხილიანი და ყოვლითა შემკული, როგორცა საგურამო. ჰავითა მშვენიერი. ხოლო საცხენისის და ლოჭინის სამხრიეთთ არის სამგორის ველი და ჩადივარი. და სამგორს უწოდებენ სამი გორისათვის, რომელიც არის ველსა სწორეს ზედა, ბალახოვანი და უწყლო სართი-ჭალამდე და გარეჯის მთამდე. სართი-ჭალის ზევით, კუხეთის მთის კალთას, არის ხორაუგი. კვლავ სამგორს აქვს დასავლეთით ჩადივარი და აღმოსავლეთით კუხეთის მთა; და ხორაუგიდან დამდაბლდება კუხეთის მთა და მიდის გარეჯის მთამდე. ხოლო ხორაუგის აღმოსავლეთით დის იორის მდინარე, როგორც აღვწერეთ.
კაკი და ელისენი
ხოლო აწ კვლავ ვიწყებთ ალაზნის შესართავიდან. სადაც არის ხორანთა, მას ქვევით დიდ ალაზანს მოერთვის გიშის-წყალი, რომელიც გამოსდის კავკასს, კულმუხსა და ჰერეთს შორის, და მოდის გიშამდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით, მერე აღმოსავლეთინ დასავლეთით. გიში არის მთის ძირს, რომელიც იყო საერისთაო წუქეთისა, და ეკლესია დიდი, გუმბათიანი, და იჯდაცა ეპისკოპოზი, მწყემსი ელისენის, წუქეთისა და შაკიხისა, მაგრამ წაართვაა შაჰაბაზმა კახეთს და ჰყო სასულტნოდ, და ამას ეწოდა წუქეთი, და აწ უწოდებენ ალის-სულთნად. კვლავ გიშის წყლის შესართავს ზევით, ამ გიშის-წყალს მოერთვის ჩრდილოეთიდან ქურმუხის-წყალი; გამოსდის მასვე კავკასსა და მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ამ წყალზე არის ქურმუხი, სიმაგრე დიდშენი, და აწ სახლი ალის-სულტნისა (იტყვიან, მივიდა ვახახისშვილი წინაშე შაჰაბაზისა ქრისტესსა ჩფპზ (1587) გამოჰმადიანდა და, მოსლვასა ერევანს, წაართვა ალექსანდრეს და დასვა სულტნად იგივე აქა).
კვლად ხორანთას ზევით ალაზანს ერთვის წყალი ფიფინეთისა. გამოსდის იმასვე კავკასს, მოდის ფიფინეთამდე ჩრდილოეტიდან სამხრეთით, მერმე აღმოსავლეთიდან დასავლეთით, მერე ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ხოლო მთის ძირს არის ფიფინეთი, სადაც დასხა ე (5) მეფემან ლევან ლეკნი, რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიიდან ყინული, და იყო არჩილამდე ეგრეთ. შემდგომად იწოდა ჭარი, და ყვეს სიმაგრე, და იქმნენ სახელოვან ბრძოლათა შინა. აქ, ჭარს ზევით, არის მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, კარგს ადგილს, მაგრამ მათ გამო უქმი, ხოლო ამ წყლის შესართავს ზევით არის ალაზანი ყურედ და მომდინარე მომგრგვალვით, და დაუტევებს შიგნით ადგილსა დიდსა, როგორც კარით შესავალსა, და მორტყმული არის წყლითა. ამ ადგილს უწოდებენ მოსაბრუნს. აქ ჭარის პირისპირ და ყარაღაჯის ბოლოს, ააშენეს ხანთა სასახლენი დიდშენნი, მაგრამ აწ არის ოხერ.
ამას ზევით, ბოეთანს, ერთვის ალაზანს ბელაქნის წყალი. ამ წყალსა და გიშის-წყალს შორის, ალაზნამდე და კავკასამდე, არის ელისენი, მაგრამ აწ ქურმუხს აქეთი.
და არის ადგილი ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითა მარცვლითა, ვენახ-ხილითა, რამეთუ ტყენიცა სავსე არიან ხილითა. ნადირნი, პირუტყვნი, ფრინველნი მრავალნი. აბრეშუმი, ბრინჯი, ბამბა მრავლად. თუმცაა ჰავითა ცხელი, ხაშმიანი ზაფხულს. მაგრამ მთის კერძნი კეთილ-აგარაკოვანნი და მშვენიერი. ხოლო ზამთარს კეთილ-ჰაოვანი, თბილი, უთოვლო, უყინულო. საზღვრის ელისენს აღმოსავლეთიდან მთა კავკასი, კულმუხსა და მის შორის; სამხრეთიდან ალის-სულტნის საზღვარი; ჩრდილოეთიდან წყალი ბელაქნისა; დასავლეთიდან ალაზანი. ხოლო ბელაქნის წყალი გამოსდის ხუნძახსა და ამას შორისს კავკასს, მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად. აქ, მთის კალთას, არის ციხე მაკაბელი და სასახლე მეფეთა, რომელსაც ეწოდა პირველად ნოხპატო. აქ აღაშენა მდ (44) მეფემან არჩილ ციხე და ეკლესია მშვენიერი, უგუმბათო, და არის აწცა. ამ წყალს ამ ციხესთან მოერთვის სხვა ხევი, ეგრეთვე გამომდინარე და მომდინარე. და არის ადგილი ესე ფრიად კეთილი აგარაკი და მაგარი. აწინდელთა ჟამთა დაეშენნენ ჭარელნი, თუმცა მოსრა იგინიცა შაჰნადირმა, და აწ ოხერ არის.
ყარაღაჯი და ქისიყი
ხოლო ბოეთნის პირისპირ და ალაზნის დასავლეთით არის ყარაღაჯი, სასახლე რომელიც ყვეს ხანთა, როგორც მცირე ქალაქი, და შემდგომად ოსმალთა ამ ჟამთა ჰყვეს ციხე, და აწ ჯერეთ ოხერ არის. კვლავ ყარაღაჯის სამხრეთით, ალაზნის კიდურთა ზედა, ასტყდება კბოდე და მიდის ვიდრე ხორანთამდე, და არის ალაზნისკენ მცირეტყიანი და ბალახიანი, და ავსებული ნადირითა დიდ-მცირეთი. და კბოდეს ზევით არის ველი ხორანთიდან ქისიყამდე, წოდებული კბოდეს ქვევით, ალაზნისკენ, წინამინდორი, ხოლო ზევით, ყარაღაჯითურთ, უფადარი. და არის ესე სანადირო კეთილი. თუმცა ყოფილ არსცა ძველად შენობა დაბებთა, მაგრამ შემდგომად ბერქას გამოსლვისა ოხერ არის. კვლავ ყოფილ არის ალაზნის მოსაბრუნთა შინა ძველად შენობა ქრისტეანეთა, და შემდგომად დასხეს ელნი, და უმეტეს ხანთა - ელი ფადარი, დიდი, მრავალი. თუმცა იგიცა აჰყარა შაჰნადირმა იორის-პირის ელითურთ.
ხოლო ყარაღაჯის სამხრეთით, სადაცა წყდება ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა, იქ არის ხორნაბუჯი, და აწ უწოდებენ ჭოეთს. აქ კლდესა ზედა, აშენებული არის ციხე მაგარი, და იყოცა ქალაქი კარგი. ესეცა ბერქას გამოსლვასა მოოხრდა. ხორნაბუჯის დასავლეთით არის ბოდბის ხევი, პირველად წოდებული ბოდა, გამომდინარე ცივის მთისა; მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთით და ვერ მდინარებს ველსა ზედა სიმცირით. ამ ხევსა ზედა არის ბოდბეს ეკლესია გუმბათიანი, დიდშენი, მშვენიერი. აქ მიიცვალა წმიდა ნინო და დაეფლა აქავე. ააშენა და შეამკო საფლავი მისი და ეკლესია კე (25) მეფემან ბაქარ. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ქისიყისა და ვიდრე კონდოლამდე, აქვს სასპასპეტო დროშაცა, და არიან სადროშონი მისნი ქისიყიდან კონდოლამდე და მანავამდე, და არის ბრძოლასა მეწინავე. ბოდბელი არის პირველი ეპისკოპოზი კახეთისა, პატივისათვის წმიდის ნინოსა, ბოდბეს ზევით, ამ ხევზე არის მაღაროს სასახლე მეფეთა საზაფხულოდ. ამავ ბოდბის დასავლეთით არის ლაკბის ხევი, მისვე მთის გამომდინარე და ეგრეთვე მომდინარე, და ვერცაღა ეს მდინარებს ველსა ზედა. კვლავ ხორნაბუჯის ჩრდილოეთით არის ხირსას მონასტერი, რომელიც ჰყო იგ (13) მამათაგანმან წმიდამან სტეფანემ დიდ-კეთილშენი. დაფლულ არის იქვე წმიდა სტეფანე ზის წინამძღვარი.
საქვაბე-ასანურამდე არის ადგილი ქისიყისა, რომელიც მოხვევია მთასა, ცივი მთიდან ჩამოსულსა. ამას ეწოდა პირველად კამბეჩოვანი, კამბეჩთა სიმრავლისათვის, შემდგომად ქისიყი უსაქციელობისათვის - „მქის იყო“. არიან კაცნი მებრძოლნი, მხნენი, ახოვანნი, შემმართებელნი, მაგარნი, მიმყოლნი ურთიერთთა. და უძევს ქისიყს აღმოსავლეთით ველი შირაქი ალაზნამდე; სამხრეთით - უფადარი და წინამინდორი ხორანთა-იორამდე; ჩრდილოეთით მთა ჰერეთისა. ხოლო საზღვრის აღმოსავლეთიდან ალაზანი; დასავლეთიდან ლაკბის ხევი და ხაზი მისი იორამდე გასული; სამხრეთიდან იორი ან მტკვარი; ჩრდილოეთიდან მთა ცივისა, კარდანეხსა და ქისიყს შორისი, და ხაზი ასანურ-საქვაბეს შორის გასული ალაზნამდე.
გაღმა მხრი და შიგნით-კახეთი
ბელაქნის წყლის შესართავის ზევით მოერთვის ალაზანს მაჭის წყალი, გამოსდის ხუნძახსა და ამას შორისს კავკასს, მოდის ჩრდილო-აღმოსავლეთს შუადან დასავლეთით სამხრეთს შუა. ამ ხევზე არის, მთასა შინა, თოღა, სასახლე მეფეთა, ფრიად მშვენვარე ზაფხულს. ამას ეწოდა მაჭი. აქ ეყრება ხევი სხვა, მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად, გამომდინარე მისვე კავკასიდან. ამ ხეობათა ზედა ყოფილა შენობა კაცთა სიმრავლით, მაგრამ შემდგომად შაჰაბაზისა ლეკთა მიერ ოხერ არიან. ამ მაჭის წყლის ჩრდილოეთით არის ველსა ზედა ციხე ტრაწაყალისა და აწ უქმი. ამას ზევით, ჩრდილოეთით კერძ, ველსა ზედა, ციხე ლაკვათისა, მდ (44) მეფის არჩილისაგან ქმნული, და აწ ლაგოეთად წოდებული; მაგარი, დიდშენი, თუმცა აწ ოხერი. ამან მეფემანვე ააშენა საძმორის ციხე და ეკლესია. კვლავ მაჭის წყლისა და ამ ციხეთ ზევით მოერთვის ალაზანს ნეინის წყალი; გამოსდის ლეკეთსა და ამას შორისს კავკასსა, და მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად, და ველსა ზედა ფრიად გრეხით. ამ წყალზე არის ჭიაური და ქვაბლოვანი. ამას ზევით მოერთვის ალაზანს დასავლეთიდან კარდანეხის წყალი, გამოსდის ჰერეთისას ანუ ცივის მთას, მოდის დასავლეთიდან აღმოსავლად. ხოლო ნეინის წყლის ზევით, ჩრდილოეთით კერძ, ველსა ზედა, არის ციხე კართუბანისა და აწ ცალიერი. მას ზევით, ჩრდილოთისკენ, ველსა ზედა, გორის წყლის ციხე და აწ უქმი. ამათ ზევით ერთვის ალაზანს ბედიყრის წყალი, გამოსდის კავკასის კალთას, დის ჩრდილო-აღმოსავლეთის შუადან, მოდის დასავლეთ-სამხრეთს შუა. ამაზე არის სტეფანწმიდა მონასტერი, მამათაგან ანუ წმიდის ეფთვიმესაგან აშენებული. ხოლო ამ წყლის შესართავის ალაზნის დასავლეთით, ცივის მთის ძირს, არის ვეჯინი. მას ზევით, მთის კალთას, კლდესა ზედა, არის ციხე შენი მაგარი და დიდ-გებული, შიგ გამომდინარე წყაროთი და ეკლესიით. კვლავ ალაზანს ერთვის, ბედიყრის წყლის შესართავს ზევით, გავაზის წყალი, გამოსდის ამასა და დიდოეთს შორისს კავკასსა და მოდის აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შუადან სამხრეთ-დასავლეთს შუა. ამას ზევით მოერთვის ალაზანს ყვარელის წყალი, გამომდინარე მისვე კავკასისა და მომდინარე ეგრეთვე.
ამ წყალზე, ყვარელს ზევით მთასა შინა, არის ნეკრესი. დ (4) მეფის ფარნაჯომისაგან აშენებული ქალაქი იყო. შემდგომად მეფემან თრდატ ააშენა ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი. აქა დაადგა წმიდა აბიბოს, იგ (13) მამათაგანი, და იქმნა იგი ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა-მხრის დიდოითურთ. ამან მოაქცია უმრავლესნი მთიულნი; ესევ ეწამა სპარსთაგან, როგორც მოგვითხრობს მეტაფრასი, და დაფლულ არის სამთავროს. და არის აწცა საეპისკოპოზო, და ზის ეპისკოპოზი, მაგრამ აღარა არის ქალაქი. ამასვე აქვს დროშა სასპასპეტო, და არიან სადროშონი მისნი გაღმა-მხარნი ელისენით და მემარჯვნე.
ხოლო კვლავ ყვარელის წყლის შესართავს ზევით ალაზანსვე ერთვის ჩელთის წყალი, გამომდინარე მისვე კავკასისა და მომდინარე ეგრეთვე. ხოლო ამის შესართავის პირისპირ, მცირედ ზემორ, დასავლეთიდან მოერთვის ჭერემის წყალი, გამომდინარე ცივის მთისა და მომდინარე ჭერემამდე ჩრდილო-დასავლეთს შუადან აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა, მერე დასავლეთ-სამხრეთ შუადან აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შორის. ამ წყალსა ზედა არის, ალაზნის დასავლეთით, ველსა ზედა, ველის ციხე, და აწ უქმი. ამავ წყალზე არის, ცივისა ანუ ჰერეთის მთის საშორისსა, ჭერემი; იყო ქალაქი, სადაცა აღაშენა გორგასალ ეკლესია დიდშენი, გუმბათიანი და ქალაქი მაგარი, და დასვა ეპისკოპოზი, მწყემსი შიგნით-კახეთისა, და ზის დღესცა. ხოლო ამ ჭერემის სამხრეთით, მთას იქით, არის მანავი; კვლავ ჭერემს-ვეჯინს შუა და ვეჯინის ჩრდილოეთით, მთის კალთას, არის ახტალა, რომელსაც იტყვიან ნასოფლარსა და რისხვით დანთქმულსა, ამოდის კუპრი, როგორც მდუღარე, და ამოაქვს ჟამად კოვზი, ჯამი და სახმარნი გლეხთა.
ხოლო კვლავ ჩელთის წყალს ზევით ალაიზანს ერთვის საბუე-გრემის წყალი, გამომდინარე დიდოეთსა და ამას შორის კავკასს და მომდინარე, როგორც წინანი მდინარენი. ამ წყალზე არის გრემი, რომელიც ქმნეს ქალაქად ქრისტესსა ჩფჲვ (1566), და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა, და იმყოფობოდნენ იქ. აწცა არის შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. როდესაც მოაოხრა შაჰაბაზასმა, ამიერიდან არის დაბა და აღარა ქალაქი. აქა არის ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა, და არის ე (5) მეფე ლევან დაფლული მას შინა. ამ გრემის წყლის შესართავის პირისპირ მოერთვის ალაზანს დასავლეთიდან აკურას ხევი, გამოსდის გომბორისა და ცივის მთას.
ამ ხევს ზევით მოერთვის კვლავ ალაზანს კისის ხევი, გამოსდის გომბორის მთასა, მოდის დასავლეთ-სამხრეთს შუადან ჩრდილო-სამხრეთ შუა. ამ ხევზე კლდეში არის ქვაბნი მრავალნი გამოკვეთილნი. აქავ ღვინო კონდოლისა წარჩინებული. ამას ზევით ერთვის ალაზანს ლოპოტის ხევის წყალი, გამოსდის თუშეთსა და მას შორის კავკასსა, მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად. ამ ხევზე მთაში არის ლოპოტი, კლდე დიდი და კლდითავე მოზღუდვილი, მაგარი და შეუვალი მტრისაგან, რომელიც დადგა მოსლვასა ყრუსასა. აქ მოერთვის ხევი, დიდოსა და ამას შორის კავკასიდან გამომდინარე. ამ ხევს ერთვის კავკასიდან გამომდინარე ხევი. ამ ორთა ხევთ შორის არის ლოპოტი. კვლავ ამ ლოპოტის წყლის შესართავს ზევით ალაზანს მოერთვის თურდოს ხევი, გამომდინარე შუამთიდან. ამ ხევზე არის გულგულა, რომელსაც ეწოდა პირველად ტყეტბა. ეს ხევი არის საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა. ამ ხევის სათავეს ზევით, მთაში, არის შუამთას მონასტერი კეთილი, გუმბათიანი, რომელიც აღაშენა ე (5) მეფის ლევანის ცოლმა, გურიელის ასულმა თინათინმა, და დაეფლა იქვე. ზის წინამძღვარი, და უწოდებენ მოძღვართ-მოძღვარს.
ხოლო მთა ესე ამის სამხრეთით ხორნაბუჯამდე არის მთა ჰერეთისა, თხემთა შიშველი და უტყეო, ბალახ-ყვავილოვანი, მცირეწყაროიანი, კალთათა ტყიანი და ნადირიანი. მთის ძირას კალთას, იმიერ და ამიერ, შენობა-დაბებიანი, ვენახოვან-ხილოვან-მოსავლიანი. შუამთა ეწოდა საშუალობისათვის გზისა გადასულთა სამებიდან თელავს. და არის ადგილი მშვენიერი, ყვავილოვანი. ამას ქვევით მთა გომბორი იწოდა უმაღლესობისათვის, და ამას ქვევით მთა ცივისა კარდანეხის ხევამდე არის, ვინაიდან აქვს იქით და აქათ ცხელნი ადგილნი. და მთა ესე არის მაღალი. აგარაკოვანი, ბალახოვან-ყვავილოვანი, წყაროიანი და გრილი ფრიად. ხოლო გულგულას ქვეით, თურდოს ხევის სამხრეთით, არის თელავი, რომელიც ჰყო კვირიკემ, პირველად გამეფებულმან კახეთს და ჰერეთს, სასახლე დიდი, როგორც ქალაქი, ხოლო შეცვალა მცირედ თ (9) მეფემან არჩილ და განაახლა. აწცა არის სასახლე და ციხე, და მაგრობენ მას შინა. კვლავ თურდოს ხევის ჩრდილოეთით არის იყალთოს ხევი, გამომდინარე კახეთის მთისა და მომდინარე აღმოსავლეთად, მაგრამ ვერ მიერთვის ალაზანს სიმცირით. ამ ხევზე, კახეთის მთის კალთას, არის იყალთოს მონასტერი, კეთილშენ-გუმბათიანი, ქმნული იგ (13) მამათაგანის წმიდის ზენონისა, და დაფლულ არის იქვე; და წმიდა არსენიცა, რომელიც იყო ქვეყანით კახი. კვლავ თურდოს ხევის შესართავს ზევით ალაზანს მოერთვის შტორის ხევი, გამოსდის თუშეთსა და ამას შორის კავკასსა და მოდის აღმოსავლეთიდამ დასავლეთით. თორღის ციხესთან ერთვის ამ ხევს სხვა ხევი, გამომდინარე მისვე კავკასისა. თორღის ციხე არის მაგარი და კლდესა ზედა ნაშენი, მაგრამ აწ უქმი. სადაც მიერთვის ეს ხევი ალაზანს, იქ არის ლალის-ყურის ციხე (ვგონებ ნახჭევნად). ამ შტორის-ხევის და თურდოს-ხევის ჩრდილოთი ქვეყანა არის კახეთი, ამათ სამხრითი - ჰერეთი.
ამ შტორის ხევს ზევით, ალაზნის დასავლეთით, აირს ალავერდი, კახეთის მთის კალთის ველსა ზედა, დიდშენი, ზღუდე-პალატებიანი, გუმბათიანი, რომელმაც მიიღო სახელი ალონის გამო, რომელიც არის ალონგვერდს, და შემდგომად ყრუსა უწოდეს ალავერდი. ააშენა იგ (13) მამათაგანმან წმიდამან იოსებ და ჰყო მონასტერი წმიდის გიორგისა, და დაფლულ არის იქვე. და იყო მონასტერი განდგომილებისამდე, ქრისტესსა ჩუჲვ (1666), და ამათ ყვეს ეპისკოპოზი და მწყემსი თურდოს-ხევს შტორს ზევით კახეთის მთად კავკასამდე, და უპირველეს კახთა ეპისკოპოზად. დაიქცა მიწისძვრით. როსტომმა იწყო შენებად, არჩილმა დაასრულა. კვლავ დაიქცა ქრისტესსა ჩღმა (1745) მიწისძვრითვე.
ხოლო ალავერდის ზევით ერთვის ალაზანს ახმეტას-ხევი, გამოსდის კახეთის მთას, ამასა და თიანეთს შორისს, მოდის დასავლეთიდან აღმოსავლეთად. და ახმეტის ღვინო კეთილი. კვლად ახმეტის ხევს ზევით ერთვის ალაზანს უტოსხევი, გამომდინარე კახეთის მთისა და მარილის-პანკისის შუათის მთისა, მომდინარე კვეტერის ციხემდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით, მერე დასავლეთიდან აღმოსავლეთად. ამ ხევს კვეტერის ციხესთან მოერთვის სხვა ხევი, გამომდინარე ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ამ ორს ხევს შორის არის ციხე კვეტერისა, ფრიად მაგარი და დიდშენი. ხოლო უტოს-ხევის შესართავის პირისპირ, ალაზნის აღმოსავლეთის კიდესა ზედა, არის ციხე ბახტრიონი ანუ მაღრანისა, რომელმაც მიიღო სახელი დაბებთაგან მის გარემოსთა მყოფთა (ვგონებთ ლორწობანსაცა) ამას, ან ამას ზევით, მთასა შინა. ესე ყოფილ არის დიდშენი და მაგარი, თუმცა აწ უქმი. ამ ციხესა და ლალის-ყურს შუა არის ველი ალონად წოდებული და სანადირო კეთილ ფრიად. კვლავ უტოსხევს ზევით ერთვის ალაზანს ხევი, გამომდინარე პანკის-კვეტერას შორის მცირეს მთისა. ამ ხევის სამხრეთით არის მარილისი. ხოლო მარილისის დასავლეთით მთაში არის, ქაჩალაურს, მონასტერი კეთილი და აწ ცარიელი. ამის სამხრეთით არის მონასტერი წმიდის მარინესი, ფრიად მშვენიერ-კეთილ-ნაგები. ამის დასავლეთით არის კვლავ მონასტერი გუმბათიანი, დიდშენი, ყოვლადწმიდისა, ცხრაკარად წოდებული, მშვენიერ ადგილს და აწ ხუცის ამარ.
პანკისი
ხოლო მარილისის ჩრდილოეთით ხევი რომელიც აღვწერეთ, მის ხევის ჩრდილოეთით კერძი არის პანკისის ხეობა, რომლისა შორის დის ალაზანი. და აღმოსალეთით აქვს პანკისს კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი; დასავლეთით მთა კახეთისა, ფშავს, თიანეთსა და ამას შორისი; ჩრდილოეთით კავკასივე, ღლიღვსა და ამას შორისი; სამხრეთით ხევი წინთქმული და მთა მცირე, კახეთის მთიდან ჩამოსული, აღმოსავლეთად ალაზნამდე, და მერე იქიდან ხაზი, გასული კავკასამდე. ხოლო კახეთის მთიდან ჩამოსული მთის ზევით ერთვის ალაზანს ხევი და გამოსდის კახეთის მთას, მოერთვის დასავლეთიდან ალაზანს, ამ ხევს ზევით ერთვის სხვა ხევი. გამოსდის თუშეთსა და ამას შორისს კავკასსა, მოდის დასავლეთად. ამ ხევიდან გადადის გზა თუშეთს, ამ ხევს ზევით განიყოფის ალაზანი ორად, და ამ ორთა წყალთა შუა არის ციხე ხორჯისა ანუ მახვილი, მაგარი და შეუვალი, მაგრამ აწ უქმი.
ხოლო ხეობა პანკისისა არის ვენახოვანი, ხილიანი და ბაღიანი, და მთის კერძნი, როგორც მთათა ადგილნი. თევზნი - კალმახნი, ტყე ნადირიანი, მარცვალთა ნაყოფიერნი, გარდა ბრინჯ-ბამბისა. პირუტყვნი მრავალი, თუმცა ღორი უმრავლესი. ხოლო პანკისის ხეობის სამხრეთით, ვიდრე ქისიყის საზღვრამდე უწოდებენ შიგნით-კახეთს, რომელიც ისაზღვრება: აღმოსავლეთიდან ალაზნის მდინარით; სამხრეთიდან ქისიყის ხაზის საზღვრით; დასავლეთიდან ჰერეთისა და კახეთის მთით; ჩრდილოეთიდან პანკისის საზღვრით. და არის ადგილი ესე ტყიანი, მცირედ ველიანი, თუმცა ტყე უმეტეს ხილიანი. მცირე წყლიან-მდინარიანი, ვენახოვანი, ხილიანი, ღვინო კეთილი და კარგი. ფრინველნი, გარდა დურაჯისა და კაკაბისა, რომელნიც ტყეთა გვარობენ, მრავალნი, პირუტყვნი, - ცხვარი მცირედ, - სხვანი მრავლად, მაგრამ ღორი უმრავლეს, რამეთუ ერთ გლეხს ჰყავს. ნადირნი მრავალნი. მოსახლენი არიან თავადნი და აზნაურნი, და არის შენობიანი მთის ძირად. კაცნი ზნით აღწერილისამებრ გულისხმა ჰყავ. ხოლო ამის აღმოსავლეთით არის გაღმა-მხარი, რომელსაც საზღვრის: აღმოსავლეთიდან კავკასი ლეკეთისა, დიდოეთისა და თუშეთისა და ამას შორისი, სადაცა გადადიან გზანი მათ შინა გაღმა მხრიდან; სამხრეთიდან ელისენის საზღვარი; დასავლეთიდან ალაზნის მდინარე; ჩრდილოეთიდან მთა კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი, სადაცა გადადის გზა თუშეთს, და საზღვარი პანკისისა. და არის ქვეყანა ესე შემკული ყოვლითა და უმეტეს კახეთის ადგილთა, წყლითა, წყაროთი, მდინარითა, ტყითა, ველითა, სიმაგრითა, მოსავლის ნაყოფიერებითა, ვენახითა, ხილითა, რამეთუ ტყენიცა ხილნარითა სავსე არიან; ნადირნი, ფრინველნი, თევზნი მრავალნი, და უმეტეს კალმახი მთის კერძოდ. სახლობენ მთავარნი და აზნაურნი და არიან მხნედ მებრძოლნი. და ჰერეთის ქვეყანას აკეთებენ ყოველგან აბრეშუმს, მაგრამ უფროს გაღმა-მხარსა შინა და უმეტეს ელისენში; ეგრეთვე ბამბასა და ბრინჯსა სთესენ, თუმცა იორის პირსაცა ზედა მრავალსა სთესვენ ბრინჯ-ბამბასა.
დიდოეთი
ხოლო თუშნი და დიდონი, მართალია არიან წილნი ლეკოსისა, მაგრამ შემდგომად მეფეთა ქართველთა დაპყრობილი, როგორც ვიხილავთ, და მოხარკენი მათნი, და უკანასკნელის განდგომილებისა, ვინაიდან დავითსა ზედა დარჩნენ ნამსახურად დიდონი, და ამიერიდან მორჩილებენ კახთ მებატონეთა. მაგრამ შემდგომად თუშეთი დაიპყრა ე (5) მეფემან ლევან, ამისთვის აწცა ჯერ არის აღწერა კახეთსა ზედა. ხოლო დიდოეთი არის ლოპოტისა, გრემისა, შილდა-ყვარელისა და ჭიაურის აღმოსავლეთით, კავკასის მთის ჩრდილოეთ კერძოსა შინა. და არის დიდოეთი ორ ხეობად, და დის მის შორის მისივე მდინარე, რომელსაც ლეკეთს ეწოდება ყოზლუხი, და უმეტეს ვაკესა შინა. ამ ხევის აღმოსავლეთით არის მეორე ხევი, და განჰყოფს ამ ორს ხევს კავკასი მათვე შორისი, და ამის მდინარეცა მიერთვის მის მეორეს ხევის მდინარესა. ხოლო საზღვრის ამ ორ ხეობას დიდოეთისასა: აღმოსავლეთიდან კავკასი ჰავარისა, ლეკეთისა და ამას შორისი; სამხრეთიდან მდინარე ამისივე და კავკასიდან ჩამოსული კავკასივე, ჩრდილოეთით მდებარე; დასავლეთიდან მთა კავკასი, ამასა და გაღმა-მხარის კახეთს შორისი; ჩრდილოეთიდან კავკასი, ამასა და თუშეთს შორისი.
და არის ქვეყანა ესე ფრიად მაგარი და შეუვალი მტერთაგან, მწირი, როგორც აღვწერეთ ოსეთი, და უმეტესადცა მისსა. თუმცა ესენი უბილწესნი ზნითა, ქცევითა, ჰაეროვნებითა და სახითა. ენა აქვთ თვისი საკუთარი, სარწმუნოებით არიან კერპნი და უმეტეს ეშმაკის მორჩილნი, რამეთუ იტყვიან, როდესაც დიდმა ალექსანდრემ შემუსრა სარკინეთი, გახვრიტეს მთა იგი ამათ, მოვიდნენ და დაეშენნენ აქა; და ამიერიდან არიან მასვე რჯულსა და წესსა ზედა, რაც ჩანს ქცევა-ზნითა მათითა, რამეთუ არა უწყიან სრულიად ღმერთი, არცა ნათესავი და ნათესაობა, ყოველსა სულიერსა სჭამენ. მოგვრის მამა თვისი მცირესა ძესა თვისსა ცოლსა და, ვიდრე აღიზრდება ძე მისი იგი მცირე, თვით მამა თანაეყოფა (ე.ი. მასთან წევს) აღრევითა დედაკაცსა მას; ხოლო როდესაც აღიზრდება ძე მისი, მაშინ მისცემს მას ძესა დედაკაცსა მას ცოლად და განუყოფს შვილთაცა, რომელნიც ჰყავს მის დედაკაცისა თანა შობილი მამასა, ნახევარს მისცემს ძესა, და არის ძე ძისა მისისა, და ნახევარსა დაიპყრობს თვით, და ძმა არის ძისა მისისა, მის ქალის ქმრისა.
და სხვანიცა მრავალნი უკეთურებანი არიან; ჰყავთ მოხუცებულნი; იგინი ბჭობენ, განარჩევენ და განაგებენ და დააწყნარებენ შფოთსა და ბრძოლასა შინა შეუმართებელნი და ურგებ-უძლურნი არიან, ავად მოსილნი, ავმოიარაღენი, ყოველნი სრულიად შავით მოსილნი, ეშმაკის კერძობისათვის, შალითა და ნაბდითა. მაგრამ სიმაგრის გამო არიან მშვიდობით და მტერთაგან უვნოდ. ხელოვნება უწყიან ოსთავე მგზავსად, და ამათი ჩოხა-ნაბადი სხვაგვარი: ჩოხა უხაო და ნაბადი ბოჭკო-მაღალი, როგორცა ქუნთისა, თუმცაა შავი და არა სხვა ფერი. ხოლო ლეკის მხარე დაიპყრეს რომელნიმე ლეკთა და მოჰმადიან ყვეს, და სხვანი ჰგიეს, და არიან ეგრეთვე. და კახეთის მხრისანი ჰყმობენ კახთა მეპატრონეთა და აძლევენ ხარკთა და არა ლაშქართა, რათა დადიოდნენ სავაჭროდ კახეთს, ვინაიდან ზიდავენ კახეთიდან საზრდელსა, საშიშლოსა და სახმარსა თვისსა.
თუშეთი
ხოლო თუშეთი არის ლოპოტისა, თორღისა და პანკისის აღმოსავლეთით, კავკასის მთის ჩრდილოეთით კერძოთა შინა, და არის ორს ხევად და მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის შუადან აღმოსავლეთ-სამხრეთს შორის, და უდის შორის მდინარე თვისი, და მიერთვის სხვა მდინარეს, რომელიც განვლის ჩაჩანს და მიერთვის ბორაღანს თერგის მდინარეს. ხოლო პანკისის გარდასწორ, კავკასს იქით, არის წოვა; წოვას ქვევით გომეწარი და მის ქვეით ჩაღმა. და ჩაღმიდან გადადის გზა თორღასა და ლოპოტის ხევზე. და არიან დაბები ესენი უმჯობესნი, და სხვანი დაბები არიან ლზ (37). ამის ჩრდილოეთით არის ფარსმანის თუშეთის ხევი, რომელთაც უძევს შორის კავკასივე. და არის ფარსმანის თუშეთს დაბანი ლვ (36), და განჰყოფს ფარსმანსა და წოვა-გომეწარ-ჩახმართის ხევთა ქისტ-ღლიღვიდან წამოსული კავკასი, აღმოსავლეთ-ჩრდილოეთთ შუა მდებარე. და საზღვრის ორსავ თუშეთს: აღმოსავლეთიდან კავკასი ჰავარსა, ჩაჩანსა და ამას შორისი; სამხრეთიდან კავკასი, ამასა და დიდოეთს შორისი; დასავლეთიდან მთა კავკასი, ამასა და კახეთს შორისი; ჩრდილოეთიდან კავკასი, ამას და ღლიღვ-ქისტს შორის. არის ქვეყანა ესე ყოვლითავე, როგორც აღვწერეთ ოსეთი, სიმაგრით, მოსავლით, პირუტყვით, ნაყოფიერებით და ხელოვნებით. მაგრამ კახეთის თუშნი ინახვენ ცხვართა სიმრავლესა, ვინაიდან აქვთ ზაფხულს თვისთა მთათა შინა საძოვარი, და ზამთარს ჩამოვლენ გაღმა-მხარსა შინა, და ამით უმეტეს მორჩილებენ კახთა.
ხოლო ფარსმანი უფროს მწირ არის, თუმცა ამათ მიერ იგინიცა გამოიზრდებიან კახეთიდან, რამეთუ მათ მოჰყავთ და ვაჭრობენ. მაგრამ იგინი არა ჰყმობენ კახთა მეპატრონეთა, ხოლო ესენი მორჩილნი, მოლაშქრენი და მეხარკენი არიან; და არიან ბრძოლასა შემმართებელნი, მხნენი, ძლიერნი, მხედარნი წარმატებულნი და უსაქციელონი, ბრიყვნი. რამეთუ, როდესაც შობს დედაკაცი, არავინ მიუახლოვდება, არამედ განუტევებენ შორს მარტოდ, და შობისა შემდგომად მ (40) დღეთა მოიყვანებენ შობილითურთ. ხოლო უკეთუ ვინ მდედრი იყოს გულითა კაცთაგანი და ივლტოდეს ბრძოლასა შინა, ამას აჭმევენ ძაღლთა თანა გობსა შინა ძაღლთასა და აღარა კაცთა თანა.
ხოლო სარწმუნოებითა და ენითა არიან ქართულითა. აწ მწყსის ალავერდელი, მიმტაცე ხარჭაშნისა. არის ეკლესია მცირე, აშენებული ძველითვე, და ჰყავთ ხუცესნი, მაგრამ უმეტესად უცნობელნი ჭეშმარიტებისანი, რამეთუ აქვთ კლდე დიდი და მაღალი, და დღესა ილია წინასწარმეტყველისასა მივლენ და შესწირავენ მას კლდესა ცხვარსა და ძროხასა, და თაყვანისცემენ კლდესა მას, და რა იგი ესმის კლდისა მისგან, სწამთ უმეტეს ყოვლისა იგი. ხოლო რომელნიც არიან მხარეთა ქისტთა და ღლიღვთა, უწყიან ენანი უფროს მათნი. თუმცა ფარსმანის ხევისანი სარწმუნოებით და ენით შერეულნი არიან, როგორც ქისტნი. არა იქნება მათ შინა სიძვა ანუ მრუშება და, უკეთუ მძლავრის ვინმე და შეეყოს მის თანა, მოიკლავს თავს დედაკაცი იგი, და კაცსა მას მოჰკვლენ თემნი, და მცნობი არა ილტვის სხვათა ქვეყანასა.
ცხოვრება კახეთისა და ჰერეთისა
ხოლო რაჟამს მოვიდა ჰეროს წილსა თვისსა ქვეყანასა, ააშენა ქალაქი ორთა ალაზანთა შესაკრებელთა შორის და უწოდა სახელითა თვისითა ჰერეთი და დაიპყრა ქვეყანა წილხდომილი თვისი. სამხრეთით ხორანთისაგან მტკვრამდე და კავკასამდე საზღვარი მოვაკანისა, ჩრდილოეთით ხუნანიდან გულგულამდე და კავკასამდე, აღმოსავლეთით კავკასი, დასავლეთით მტკვარი. ამათ შორისი ქვეყანა არის ჰერეთი, რომელსა შინა დაეშენა და შემდგომად განითესნენ ნათესავნი და ძენი მისნი ქვეყანასა ამას შინა და იყვნენ თვით იგი და ნათესავნი მისნი მორჩილებასა შინა ქართლოსისასა და მცხეთელ მამასახლისისასა, ჟამად-ჟამად განდგომილნი, ეგრეთვე კახოს და კუხოს და ნათესავნი მათნი, ვიდრე პირველისა მეფისა ფარნაოზისამდე.
ხოლო მეფემან ფარნაოზ დასვა კახეთისა და კუხეთის ერისთავი ერთი და შემდგომად დასვეს ჰერეთის ერისთავი სხვა და თუშთა, დიდოთა და ხუნძახთა სხვა, როგორც იწერვის ჟამსა შინა მდ (44) მეფისა არჩილისასა. მაგრამ ოდესმე დასმიდნენ ძეთა თვისთა მეფენი, როგორც მისცა მირიანმა რევს და ბაქარ რევის ნათესავთა და შთამომავალთა. ხოლო ვახტანგ გორგასალნა მისცა ძესა თვისსა დაჩის და შემდგომად ადარნასე ხოსროვანი ერისთაობდა ჰერეთს, ჟამსა შინა მეფისა გურამ კურადპალატისასა. თუმცა იყვნენ მარადის ესენი მორჩილებასა და მსახურებასა შინა მეფეთა ქართველთათა.
ხოლო შემდგომად იოანეს და ჯუანშერის გარდაცვალებისა განდგა გრიგოლი მთავარი და დაიპყრა კახეთი და გარდაბანი; და ესე იყო პირველი განდგომა თავადად და ამის განდგომილებიდან დავით აღმაშენებელის ერთმეფობამდე ისხდნენ მთავარნი კახეთს და მეფენი იდ (14). ჰერეთი დაიპყრეს ძმისწულთა ადარნასე ბრმისათა, რომელთაც დაწვეს თვალნი მამის ძმასა, და არჩილ მოწამემან მიუბოძა ამას შაკიხი და ცოლი აბუხოსროსი; და ამის ძეთა დაიპყრეს შაკიხიდან გულგულამდე და შემდგომად ჯუანშერის სიკვდილისა დაიპყრეს სრულიად ჰერეთი და იწოდეს მეფედ და დასხეს ერისთავნი, როგორც წერია: ერისთავი შტორისა, ერისთავი ხორნაბუჯისა, ერისთავი ვეჯინისა, ერისთავი მაჭისა. თუმცა არა არის უწყებული, თუ რამდენი მეფენი ისხდნენ და სახელნი მათნი, ვიდრე კვირიკე ქორიკოზისამდე. ამ შლილობაებთა შინა იყვნენ იგინი მშვიდობით და როდესაც მოვიდოდნენ მძლავრნი, მისცემდნენ ხარკთა და დაიმშვიდებდნენ. ხოლო წელსა ქრისტესა შიზ (917), მოიხსენება სახელი ადარნასე პატრიკისა და ძისა მისისა დინარ დედოფლისა ქრმისა და ძისა მათისა იშხანიკისა, რომელნიცა აღვწეროთ რიგოვანად თვის რიგსა ზედა.
მთავარნი კახეთისა
ა. გრიგოლი, ლზ (37) წელი იმთავრა
ხოლო წელსა ქრისტესა ღპზ (787) მოკვდა ჯუანშერ ერისთავთ-ერისთავი და შემდგომად მისსა განდგა გრიგოლი მთავარი და ამან დაიპყრა კახეთი, კუხეთი და გარდაბანი. ამანვე მოსპო სახელი კუხეთისა და იწოდა კახთა მთავრად ანუ ქორიკოზად, და ბრძოლასა შინა აშოტ კურაპალატისასა იძლია გრიგოლი და დარჩა გრიგოლის ქსნის აღმოსავლეთის მხარი და ესე გრიგოლი მთავრობდა ლზ (37) წელთა მეგობრობასა შინა ჰერეთის მეფეთათა, რამეთუ ჰერეთი დაიპყრეს ჟამთა ამათვე ადარნასეს ძმისწულთა და გამეფდნენ იქ: ხოლო შემდგომად მოკვდა მთავარი გრიგოლი ქრისტესა, ყკზ (827).
ბ. ვაჩე, იბ (12) წელი იმთავრა
და შემდგომად გრიგოლისა შეითქვნენ გარდაბანელნი და განაჩინეს ვაჩე ქობულის ძე და უწოდეს ქორიკოზად კახეთისად; და ესე ვაჩე ქორიკოზობდა კეთილად კახეთს. შემდგომად მოკვდა ქრისტესა ყლთ (839).
გ. სამოელი, კბ (22) წელი იმთავრა
შემდგომად ვაჩესა გამოირჩიეს გარდაბანელთა და დასვეს სამოელ დონაური. ეს სამოელ შეება გავაზს ხალილს. ამან უშველა მაჰმედს, ამანვე განუყენნა გარდაბანელნი ბუღა თურქს ჯვარის ბოლოს, შემდგომად მოკვდა, ქრისტესა, ყჲა (861).
დ. გაბრიელ, კ (20) წელი იმთავრა
შემდგომად სამოელისა დაჯდა ქორიკოზად გაბრიელ დონაური, ძმისწული მისვე სამოელისა და ესე ქორიკოზობდა ისე შიხის ძის ჟამსა შინა, ამასვე წაართვეს გარდაბანი, შემდგომად მოკვდა ქრისტესა ყპა (881).
ე. ფადალა (I), იე (15) წელი იმთავრა
მერე დაჯდა ქორიკოზად ფადალა არელმანელი ბრძენი, გონიერი და საქმისა მეცნიერი. ამან კვლავ დაიპყრა გარდაბანი. შემდგომად მოკვდა ქრისტესა ყჟგ (993), მაგრამ იგონება ამას ქვეითნი მპყრობელნი კახეთისანი ამისი ძენი და შთამომავალნი არიან, როგორც სახელით წარმოიჩინებიან.
ვ. კვირიკე (I), კვ (26) წელი იმთავრა
შემდგომად ფადალასა დაჯდა კვირიკე ქორიკოზად. ჟამსა ამისსა შემოვიდა კახეთს ამირ აგარიანი. ამ ამირამ აიღო უჯარმა და ბოჭორმა. ხოლო კვირიკე მივიდა წინაშე ამირისა. აქამომდე ჰერეთთა მეფეთა სახელნი არა არიან წარმოჩენილნი და ქმნულებანი მათნი, და არა მოიხსენნა, ვინაიდან იყვნენ მშვიდობით და თვისად. ხოლო აწ შეემტერა რა ესე კვირიკე ქორიკოზი კახეთისა ადარნასე პატრიკსა, ჰერეთის მპყრობელსა; და ვინაიდან შეიწყნარა კვირიკე ამირ აგარიანმან, და მოიცა ამირისაგან კვირიკემ ძალი. ადარნასემ ამით ვეღარ იკადრა მეფობით წოდებად თავისად, მხოლოდ პატრიკად. ხოლო შემდგომად მტერად ადარნასესა მოიყვანა კვირიკემ მეფე აფხაზთა კოსტანტინე ქრისტესა შიე (915). მერე დაზავდნენ ვეჟინს, როგორც აღვწერეთ, და დარჩა ჰერეთი ადარნასე პატრიკსა, ხოლო კახეთი კვირიკეს. შემდგომად მოკვდა კვირიკე ქორიკოზი ქრისტესა შიჱ (918). ხოლო ადარნასე პატრიკმან მოგვარა ცოლი ძესა თვისსა ასული ადარნასესი და და გურგენ ერისთავთ-ერისთავისა ძის ძის ძისა აშოტ კურაპალატისა სახელით დინარ, და ამის ძის იხშანიკისამდე იყო ჰერეთი მწვალებელი ხოსრო ფავრიზის ჟამიდან აქამომდე. ხოლო ამან დინარ დედოფალმა მოაქცია ჰერეთი სომეხთა წვალებისაგან მართლმადიდებლობისა აღმსაარებლად.
ზ. ფადალა (II), ია (11) წელი იმთავრა
ხოლო კვლავ კახეთს შემდგომად კვირიკესა დაჯდა ძე მისი ფადალა ქორიკოზად. ჟამსა ამისსა მოვიდნენ სარკინოზნი საჯნი და მოსტყვევნეს კახეთი და წაიღეს საჯთა ჯვარი დაჭრილი. რა იხილა შეავება ფადალასი ძემან ადარნასესამან და ქმარმან დინარ დედოფლისამან, კვლავ დაიპყრა კვირიკესა და კოსტანტინე მეფისაგან მიღებულნი ჰერეთისა თვითვე და იწოდა კვლავ მეფედ. ხოლო ამან ფადალა ქორიკოზმა უშველა აფხაზთა მეფესა გიორგის, რაჟამს მოადგა უფლისციხეს ძესა თვისსა და შემდგომად ამისა მოკვდა ფადალა ქორიკოზი ქრისტესა შკთ (929).
ჱ. კვირიკე (II), მზ (47) წელი იმთავრა
და დაჯდა კახეთს ქორიკოზად კვირიკე ძე ფადალასი. ამას განუდგნენ გარდაბანელნი და მოიყვანეს გიორგი მეფე აფხაზთა; შეიპყრა კვირიკე გიორგი მეფემან და დაიპყრა კახეთი თვით. ხოლო შემდგომად გიორგი მეფის სიკვდილისა და ლეონ ძისა მისისა სიკვდილისა დაიპყრა კვირიკემვე კახეთი. შემდგომად ამან კვირიკემ მისცა ადარნასე ძმასა მისსა დიმიტრის აფხაზთა მეფესა. კვლავ ამანვე კვირიკემ გამოიყვანა უფლისციხიდან მეფე ბაგრატ და დედა მისი გურანდუხტ. ესევე კვირიკე დაეზავა დავით კურაპალატსა. შემდგომად ამისა მოკვდა ქრისტესა შოვ (976).
თ. დავით, ლდ წელი იმთავრა
შემდგომად კვირიკესა დაჯდა ძე მისი დავით ქორიკოზად. ესე დავით ქორიკოზი და მეფე ბაგრატ შეიბნენ და იძლია ბაგრატისაგან დავით. შემდგომად კეთილ-ქორიკოზობისა მოკვდა დავით ქრისტესა ჩი (1010).
ი. კვირიკე (III) დიდი, კ (20) წელი იმეფა
ხოლო შემდგომად დავითისა დაჯდა ძე მისი კვირიკე ქორიკოზად. ესე კვირიკე შეიპყრა მეფემან ბაგრატ და დაიპყრა კახეთი თვით. ხოლო ჰერეთს მომკვდარ იყო იშხანიკ და აღარავინ იყო მკვიდრი, გარდა დინარ დედოფლისა. მოვიდა ბაგრატ მეფე, დაიპყრა თვით ჰერეთი და წაიყვანა დინარ დედოფალი და დასხა ერისთავნი თვისნი. ხოლო შემდგომად ბაგრატ მეფის სიკვდილისა ამან კვირიკემ დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა და ჰერთა. ამან კვირიკე მეფემან უფრო განამტკიცა და დასხა სამი ერისთავი კახეთს და ოთხი ჰერეთს; და კახეთისა ერთი რუსთავს, და მისცა სრულიად კუხეთი, რომელიც არის ნაგები, ყარაია, ჩადივარ, სამგორი, უჯარმა, ლილო, მარტყოფი, გრდანი, ხერკი და თიანეთი, არაგვის კერძი ჟინვანამდე. მეორე დასვა კვეტერისა და მისცა უჯარმას ზემოთი ორთა მთათა შორისი, რომელიც არიან კახეთისა და კუხეთისა, ვიდრე კავკასამდე და გადაღმად. ესე არის ერწო-თიანეთი, ფხოველნი, ძურძუკი და ღლიღვი. მესამე პანკისისა ანუ მარილისისა და მისცა ჰერეთის საზღვრის ზევითი კავკასამდე და კახეთის მთამდე თუშეთითურთ.
ხოლო ჰერეთს დასვა პირველი ხორნაბუჯს ანუ ხორანთას და მისცა ქისიყი და გარეთ-კახეთი კუხეთის საზღვრამდე, ალაზანსა და მტკვარს შიგნით და ჰერეთის მთისა. მეორე ვეჯინს და მისცა ქისიყის საზღვარს ზევითი თურდოს ხევამდე და ალაზანსა და ჰერეთის მთის შიგნითი, რომელიც არის აწ შიგნით-კახეთი. მესამე მაჭისა და მისცა მაჭის წყლის ქვევითი და ალაზნის აღმოსავლეთი შაკიხითურთ და ხუნძახითურთ. მეოთხე დასვა შტორისა და მისცა შტორის ხევიდან მაჭის წყლამდე ალაზნის აღმოსავლეთი დიდოეთითურთ, რომელიც არის აწ გაღმა-მხარი, და ამანვე შეაერთა კახეთი და ჰერეთი.
კვლავ ამანვე ჰყო სასახლე თიანეთს ხელოვანი, ამანვე ჰყო თელავი სასახლედ და ტახტად კახეთისა და ჰერეთისა. გამდიდრდა კვირიკე და მოირჭმა ყოვლითურთ და ამისთვის ეწოდა დიდი კვირიკე, რამეთუ გამეფდა ესე პირველად და ყვნა ესენი, რომელიც დავწერეთ.
ამანვე უშველა მეფესა ბაგრატს რანთა ზედა. ამასვე კვირიკე მეფესა მოუხდა ოვსთა მეფე ურდურე. ამან ურდურე გადმოვლო გზა ძურძუკთა და ღლიღვთა და ჩამოვიდა თიანეთს და მოაოხრა კახეთი. ამას შეებრძოლა კვირიკე მეფე შეკრებილი სპითა და ბრძოლასა ძლიერსა იძლივნესნ ოვსნი და მოჰკლეს კახთა ურდურე, მეფე ოვსთა, და ამსწყვიდეს ოვსნი. შემდგომად კეთილ-მმართველ მეფობისა იყო კვირიკე მეფე ნადირობასა შინა განმსვენე ფიდართ გორთან და მოკლა ვინმე ოვსმან მონამან დიდი კვირიკე მეფე კახთა, სისხლთათვის ოვსთა მეფისა ურდურესა ქრისტესა ჩლთ (1039).
ია. გაკი, ით (19) წელი იმეფა
ხოლო კვირიკე მეფესა არა ესვა ძე და იშვილა დისწული თვისი სომეხთა მეფის სამშვილდელის დავითის ძე გაკი, და შემდგომად სიკვდილისა კვირიკე მეფისა დაჯდა ესე გაკი კახთა მეფედ. ამან გაკიმ უშველა ბაგრატ მეფესა ტფილისის მოდგომასა ზედა. ესევე გაკი შეება მეფესა ბაგრატს მიქელ გაბრიელის მთასა ზედა. ესევ მოვიდა წინაშე ბაგრატ მეფისა დარბაზობად, რაჟამს აიღო ტფილისი ბაგრატმა, ესევ გაკი შველოდა ლიპარიტს ბაღვაშს ბაგრატ მეფესა ზედა. ჟამად ეპყრა მეფესა ბაგრატს ჰერეთი და გაკის კახეთი. ხოლო შემდგომად მოკვდა გაკი ქრისტესა ჩნჱ (1058).
იბ. აღსართან (I), კვ (26) წელი იმეფა
შემდგომად გაკისა დაჯდა ძე გაკისა აღსართან მეფედ კახთა. ჟამსა ამისსა დაიპყრა მეფემან ბაგრატ უმეტესად ჰერეთი და შემდგომად მოსლვისა სულტანისა მივიდა აღსართან წინაშე სულტნისა და იქმნა მაჰმადიან. ამისთვის მისცა სულტანმან კახეთი და ჰერეთი სრულიად ნაქონები ბაგრატ მეფისა. ამასვე აღსართანს მოგვარეს ფადალა განძისა ლტოლვილი და იქმნა რა იგი აღვწერეთ.
ამანვე აღსართან უშველა გიორგი მეფესა ლიპარიტსა და სარკინოზთა ზედა, ხოლო შემდგომად გიორგი მეფის მოსლვისა სულტნიდან და სპათა შემოცლისა ვეჟინის ციხისაგან წავიდა ესევე აღსართან წინაშე სულტნისა და უმეტესად დაიმტკიცა და წინადაიცვითა რჯულითა მაჰმადისათა, ამისთვის მოსცა მასვე სულტანმან ჰერეთი და კახეთი. მერე მოვიდა და დაიპყრა ორივე და მართავდა თვით. შემდგომად მოკვდა აღსართან ქრისტესა ჩპდ (1084).
იგ. კვირიკე (IV), იჱ (18) წელი იმეფა
დაჯდა შემდგომად აღსართანისა ძე ამისი კახთა მეფედ კვირივე. ესე კვირიკე იყო მხნე, ახოვანი და მეფობისა ღირსი და ჭეშმარიტი ქრისტიანე. ამას კვირიკეს წაარა დავით აღმაშენებელმან ციხე ზედაზნისა. შემდგომად კეთილ-მეფობისა მოკვდა კვირიკე ქრისტესა ჩრბ (1102).
იდ. აღსართან (II), გ (3) წელი იმეფა
გამეფდა ძე კვირიკესი აღსართან. იყო ესე უგვანი, ცუნდრუკი, ხელადმქცევი და შეუმგზავსი მეფობისა. ხოლო შემდგომად სამისა წლისა ამ აღსართანის მეფობისა შეიპყრეს წარჩინებულთა ჰერ-კახთა უგუნურებისა მისისათვის ესე აღსართანი და მისცეს მეფესა დავით აღმაშენებელსა. მაშინ დავით აღმაშენებელმან დაიპყრა სრულიად ყოველი ჰერეთი და კახეთი და ამიერ ჟამიდან იყო ერთმეფობასა შინა, ვიდრე ოჱ (78) მეფის გიორგისამდე წელი ტჲგ (363). ესე აღვწერეთ მოკლედ, ვინაიდან ერთობისა ქარტიასა შინა აღგვიწერია, მაგრამ აქა წარმოვაჩინეთ უცხადესად.
ცხოვრება კახეთის სამეფოსა
ხოლო განუდგნენ რა ოჱ (78) მეფესა გიორგის ქრისტესა ჩუჲვ (1466) და დავითმა დაიპყრა კახეთი. მაგრამ ამ დავითისასა, არა როგორცა კახნი იტყვიან, სარწმუნო არის და საგონებელი ეგრეთ, რამეთუ იყო ესე დავით ძე ალექსანდრესი ძისა დავითისა და ამან ალექსანდრემ განჰყო ძენი თვისნი: უხუცესსა ბაგრატს მისცა იმერეთი, მეორესა გიორგის მისცა ქართლი, სომხითი და სამცხე-კლარჯეთი, მესამეს ამ დავითს მისცა ჰერეთი და კახეთი. მაგრამ ამას ვიხილავთ არა ესეთ, რამეთუ ვინაიდან არა იყო ჩვეულება მეფეთა და უფროსღა ბაგრატიონთა შინა, რათამცა განხეთქილება ექმნათ სამეფოსა. თუმცა უფროს განუხეთქელობასა მცდელობდნენ და არცა რიდებდნენ სისხლთა, როგორცა საჩინო არის, მართალია თუ ძეთა დასვამდნენ არა მეფედ, არამედ ერისთავად და მორჩილად მეფეთა. და ვინაიდან არცა ეგდენ დიდი არის, რათა იდგეს წინაშე მტერთა სამ სამეფოდ. მეორედ ვიუწყებთ ცხოვრებათა, გუჯრებთა და ქორონიკონებთაგან, რამეთუ იყო ერთმეფობა ბრწყინვალის მეფის გიორგიდამ, ვიდრე ოჱ (78) მეფის გიორგისამდე, როგორცა ჟამსა ბაგრატ მეფისასა, მოსლვასა თემურისასა და ალექსანდრეს მცხეთის აღმაშენებელისასა; რამეთუ არა ძალ-ედვათ ქმნად იგინი, რომელნიც აღწერილ არიან და სხვანიცა. მესამედ, არა იყო იგი ალექსანდრე მეფე ქართლისა არცა ძე დავითისა, არამედ იყო ძე ბაგრატისა, მიქელ მეფის ძისა იმერთასა, და არცა ესვა ამ ალექსანდრეს სამნი იგი ძენი, არამედ მხოლოდ დიმიტრი, და ამ დიმიტრის ძე ბაგრატ განუდგა გიორგის ოჱ (78) მეფესა, და უკეთუ მცხეთის აღმაშენებელის ალექსანდრეს ძენი იყვნენ იგინი, არა ესვა ალექსანდრეს იგინი, არამედ ვახტანგ შემდგომად მისა მეფე მეორე გიორგი, ოჱ (78) მეფე, და მესამე დიმიტრი, რომელიც წარავლინა წინაშე ყეენისა და პატივცემული მოუვლინა. ესენი ყოველნი გუჯრითა და ქორონიკონებითა ესეთ არიან. და კვლავ უკეთუ მის ზევითის ალექსანდრეს ძე იყოს დავით, ვერ მოსწვდებიან დავით, გიორგი და ალექსანდრე ავგიორგისამდე, ვინაიდან ვსცნობთ ქორონიკონსა სიკვდილსა ალექსანდრესსა აეგიორგისაგან, რომელს რიცხვს მოკლა, რამეთუ გარდახდნენ მის ალექსანდრედან ავგიორგისამდე წელნი რკბ (122). მეოთხედ, რამეთუ მცხეთის აღმაშენებელის ალექსანდრესი წარმოვაჩინეთ. თუმცა ესეცა იუწყე, რამეთუ ამის წინათთა მეფეთა ჟამთა შინა, ან ცხოვრებათა, ან გუჯართა და ქორონიკონებთა შინა არა სადა ვიხილავთ კახთა მეპატრონეთა მოხსენებასა, არათუ შემდგომად ალექსანდრე ოვ (76) მეფისა.
კვლავ ვინმენი იტყვიან ძეთა აღსართანისათა ყოფად მათ. მაგრამ ესე უმეტეს შეუმგზავსებელ არის თქმად. ვინაიდან აღსართანის ნათესავი ამოწყდა ჟამსავე დავით აღმაშენებელისასა, როგორცა ითქვა. მეორედ არა იქმნას გვარი ტჲგ (363) წელსა, არა თუ იყოს ჩინებული და დაადგეს მოსახსენებელად, მესამედ, რამეთუ არა სადამე ვიხილავთ კვლავ მოხსენებასა, ანუ ყოფნასა მათსა აღმაშენებელიდან ოჱ (78) მეფის გიორგისამდე. ხოლო ბაგრატიონთა ჩამომავლობა მათი ძალ-უცს ყოფად, ამისთვის რამეთუ ჩვეულება იყო საქართველოს ნათესავთაგან მაშინ, რამეთუ არა ვინმეს იპატრონებდნენ, უკეთუ ჰყავდათ მემკვიდრე მეფეთა ნათესავი. უკეთუ განდგა გრიგოლი და მას ჟამსა შინა სხვანი აღარა ვინ იყო მეფეთა ნათესავი. მეორედ, უკეთუ მონათესავეთაგანი მეფეთა არა იყოს დავით, მასვე ჟამსა ვერ იკადრებდა მეფედ წოდებად და სწორყოფად და ვერცა გვარობათა მეფეთასა, როგორცა ათაბაგი, დადიანი და გურიელი და სხვანი. თუმცა ესენიცა განდგნენ, მაგრამ არა მეფედ, არამედ მთავრად, ვინაიდან განმკვიდრებულნი ქონდათ საერისთაონი თვისნი პირველიდანვე. გარნა ზნენი მათნი ჰფარავენ, ვინაიდან არიან მესისხლენი მამა-ძმათა თვისთა ცუდად და კეთილშემძლებელთა წარჩინებულთა თვისთა და სხვათა მიყოლითა და მინდობითა საქმეთა თვისთა განმართავენ და ჰყოფენ, და არა თვით თავით თვისით. რამეთუ არა სადა ცხოვრებასა შინა ვიხილავთ ესეთთა ბაგრატიონთა ტომსა. ვინაიდან ბნელი და უჩინო არის ცხოვრება და ძნელად გამოსაკვლეველი. რაოდენ შესაძლებელ არის გუჯრებითა, სიგელებითა და ქორონიკონებთაგან წარმოვაჩინოთ, რამეთუ ესე დავით ან არის ჰერთა და კახთა ერისთავთაგანი ერთი განდგომილი, როგორცა გრიგოლი მთავარი. მაგრამ ესე უღონოებს, ვინაიდან საგონებელ არის სხვათა ერისთავთა არა დამორჩილებად მისდა. ხოლო უკეთუ გრიგოლისას იტყვი, იგი იყო თვით კახეთის ერისთავი და დაიპყრა კახეთი და არა ჰერეთი, რამეთუ არა ემორჩილებოდა ადარნასე. ვწერთ ჩვენ მეფის ალექსანდრეს მცხეთის აღმაშენებელის ძის დიმიტრის ძედ დავითს, რომელსაც ქონდა საერისთაოდ ან საუფლისწულოდ (როგორც ჩვეულება არის საქართველოსი) კახეთს ან ჰერეთსა შინა. ამისთვის რამეთუ ალექსანდრეს მცხეთის აღმაშენებელს არა ესვა ძე, გარდა რომელიც ზევით აღვწერეთ, მოწმობითა მითვე აღწერილითა და ამითი ბაგრატიონობა მისი და ჩამომავალთა მისთა დიმიტრისაგან და გარდა მისა არა. და თუ ვის გნებავს უმეტეს ამათგანი ან მოწმობითა სხვა იგულვეთ. ხოლო ჩვენი გამოკვლეული ქვემორე საჩინოდ არის.
ა. მეფე დავით (I), ე (5) წელი იმეფა
ხოლო რაჟამს იძლია ოჱ (78) მეფე გიორგი ჩიხორს ბაგრატისაგან და შემდგომად თავრიზ გილაქის თემურისაგან, მერე შეპყრობილ იქმნა ყვარყვარე ათაბაგისაგან და დაიპყრა ქართლი ბაგრატ მეფემან იმერთამან და იწყო პყრობად კახეთისად. ამისთვის შეიზრახნენ მაშინ ჰერ-კახთა წარჩინებულნი და ერისთავნი და არა ინებეს მეფედ თვისად ბაგრატ, ვინაიდან განდგნენ სხვანიცა და გამოირჩიეს იქვე მყოფი ერისთავთაგანი ანუ გამოკვლეული ჩვენი ესე ოვ (76) მეფის ალექსანდრეს ძის დიმიტრის ძე დავით და დასვეს, როგორცა მეფე, რათა ქონდეთ თავისუფლება შლილობათა ამათ შინა. ხოლო როდესაც განთავისუფლდა ოჱ (78) გიორგი მეფე, შეკრებილი სპითა ათაბაგითურთ მოვიდა დავითს ზედა.
მაშინ კვლავ დაუტევეს ჰერ-კახთა დავით და მიერთვნენ მეფესა გიორგის, და დაიპყრა მეფემან გიორგი ჰერ-კახნი. ხოლო დავით ივლტოდა დედაწულით თვისით დიდოეთს და დიდოთა შეიწყნარეს იგი და პატივ-სცეს კეთილად. მაშინ გიორგი მეფემან ვეღარა ავნო დავითს იქ, ვინაიდან ქონდა შინაგანი დაუსვენებლობა. შემდგომად სიკვდილისა მეფისა გიორგისა ჩამოიყვანეს კვლავ დავით დიდოეთიდან ჰერ-კახთა და დასვეს უმეტეს მტკიცედ მეფედ კახთა და იტყვიანცა, რამეთუ აკურთხეს ბოდბეს ქრისტეს ჩუჲთ (1469). რამეთუ იხილეს დასვენება თვისი ჰერ-კახთა ამის გამო, ვინაიდან კოსტანტინე მეფესა ქონდა მას ჟამსა დიდი დაუსვენებლობა. კურთხევასა კოსტანტინესსა წავიდნენ რომელნიმე ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი ჰერ-კახთანი, და არცა უტევებდა კოსტანტინე მეფე პყრობად დავითს მარტყოფს, საგურამოს, და ხერკსა, და ვერ ებრძოდა დავით კოსტანტინეს, ვინაიდან ეშინოდა ერისთავთა თვისთაგან, მაგრამ მცდელობდა განმკვიდრებასა ჰერ-კახთასა, თუმცა მცირედისა შემდგომად დასნეულდა ვითარებასა შინა და მოკვდა ქრისტესა ჩუოა (1471).
ბ. მეფე გიორგი (I), კა (21) წელი იმეფა
შემდგომად დავითისა დაჯდა ძე მისი გიორგი მეფედ კახთა (ან როგორც სხვანი იტყვიან ლევან) და ეკურთხა ბოდბეს. ხოლო ესე გიორგი, ვინაიდან მცდელობდა მეფე კოსტანტინე ჰერ-კახთა ერისთავთა თანა კვლავ შეერთებასა და ერთმეფობასა, ამისთვის მიერთო იმერთა მეფესა ბაგრატს და დაიპყრა სრულიად კახეთი. მაშინ მოსპო ერისთავნი ჰერ-კახთა შინა და დასხა მოურავნი დიდთა და მცირეთა ადგილთა, როგორცა არიან დღემდე: მოურავი ქისიყისა, ელისენისა, წუქეთისა, დიდოეთისა, თიანეთისა, ჭიაურისა, შილდა-ყვარელისა, მარტყოფისა, გრემისა, პანკისისა და სხვანიცა, და გაჰყო ოთხ სადროშოდ, როგორც აღვწერეთ, და მისცა დროშანი ეპისკოპოსთა, რათა არა განიმკვიდრონ მთავართა და დაიპყრან შეუცვალებელად, და ამით ერთგულ-ყვნა მრავალნი.
კვლავ ჰყო ალავერდელი ეპისკოპოსად, რამეთუ იყო აქამომდე ამბა და მონასტერი და მისცა სამწყსო და ხარისხი თავ კახთა ეპისკოპოსთა. კვლავ ჰყო გრემი ქალაქი და ტახტი ჰერ-კახთა და შენობა დიდი. ამანვე მოსპო სახელი ჰერეთისა და იწოდა, როგორც აღვწერეთ, არა მისცა მთავართა ძალი, არამედ თვით დაიპყრა. მართალია იწოდა თვისთაგან მეფედ, მაგრამ გარემონი თვისნი კახ-ბატონად უწოდებდენ. ამათ არა მორჩილებდნენ თუშნი და ფშავ-ხევსურნი. მაგრამ დიდოეთი ერთგულებისათვის დავითისა ერთგულებდენ ამათ და მსახურებდნენ.
ხოლო მოსლვასა უზუნ-ჰასან ყაენისასა, რა მოსრეს ხერკი, საგურამო, მარტყოფი და თიანეთი, ამან გიორგი უძღვნა ყაენსა ძღვენი დიდი და ტყვენი ქალ-ყრმანი და აღუთქვა მორჩილება და დაადგა მშვიდობით. ხოლო შემდგომად ეზრახა გიორგის მეფე კოსტანტინე მწეობასა სპარსთა და სარკინოზთა ზედა და არა ინება გიორგიმ, რათა არა იქმნას კვლავ შეერთება. მერე მოსლვასა იაყუფ ყაენისასა ეგო კვლავ გიორგი მშვიდობით. თუმცა მცდელობდა ურჩთა შეცვლასა და თვისთა ამაღლებასა. ააშენა კახეთი და გაავსო, ვინაიდან ქონდა მშვიდობა: შემდგომად მოკვდა მეფე გიორგი ქრისტესა ჩუჟბ (1492).
გ. მეფე ალექსანდრე (I), ით (19) წელი იმეფა
დაჯდა შემდგომად გიორგისა ძე მისი ალექსანდრე, მკურთხევი ბოდბესვე მეფედ (ვინმენი იტყვიან ალავერდს). ესე ალექსანდრე იყო მშვენიერი, ჰაეროვანი, ახოვანი, მოისარ-მოასპარეზე, საჩინო და უებრო, კეთილ-უბოროტო, მოწყალე, მშვიდი და მდაბალი. ამას ესვა ძენი: გიორგი და დიმიტრი. ესე დაზავდა მეფესა ქართლისასა კოსტანტინეს და განაჩინეს საზღვარი აღწერილი და იყო ამიერიდან მშვიდობა და მეგობრობა ურთიერთთა.
ხოლო ჟამსა ალექსანდრესსა გამოჩნდა შაჰისმაილ, ძე შეიხისა, და აიღო შაჰისმაილმა ადრიბეჯანი და შირვანი ქრისტესა ჩფ (1500). ამან ალექსანდრემ წარუვლინა შაჰისმაილს შირვანს ძე თვისი დიმიტრი ძღვნითა დიდითა და ტყვითა ქალ-ყრმითა და მიუმცნო მორჩილება. ხოლო შაჰისმაილ პატივით შეიწყნარა და წარმოუვლინა დიმიტრი ნიჭითა და ზავითა მშვიდობისათა.
ამანვე ალექსანდრემ უმეტესად დაიმშვიდა კახეთი და მოიმტკიცა თვისად, ააშენა და გაავსო და მართავდა კეთილად. ძე მისი გიორგი იყო ბოროტ-მეშურნე და მესისხლე. თუმცა ვერ იჩენდა შიშითა მამისათა, და ეტყოდა მამასა კირთებასა ქართლისასა და გარემოსთა თვისთა. ხოლო ალექსანდრე არცაღათუ ისმენდა და ასწავლიდა ძესა სიმშვიდესა და უშფოთველობას, რამეთუ აქვს აღძრვა დიდი რისხვისა ღვთისა შფოთსა. მაგრამ გიორგი ამისი არა მსმენელი ეშურვა მეფობასა მამისასა, რათა ჰყოს წადიერება თვისი. იპოვა ჟამიცა მარჯვე საფურცლეს მდგომის მამისა ზედა უგრძნეულოსა ძისაგან ესე ვითარისათვის, მოკლა ღალატად გიორგიმ მამა თვისი, მეფე ალექსანდრე და შეიპყრა ძმაცა თვისი დიმიტრი, რათა არა ივლტოდეს სპარსეთად, რამეთუ ქონდა შური მიერ ჟამიდან, რაჟამს წარავლინა მამამან თვისმან წინაშე ყაენისა და აღმოხადა მასცა თვალნი ქრისტესა ჩფია (1511), და ამიერ ჟამიდან უწოდეს ავგიორგი.
დ. მეფე გიორგი (II), ბ (2) წელი იმეფა
და დაჯდა მამისა და ძმისა მკლველი ესე გიორგი მეფედ კახთა და დაიპყრა კახეთი სრულიად. მაგრამ არათუ კმარ იყო სიბოროტე იგი და კვლავ აივსო შურითა და იწყო კირთებად დავით ქართველთა მეფისა და რბევად და ოხრებად შიდა ქართლისა მონათესავეთა და ერთსჯულთა თვისთა, როგორც აღვწერეთ. ხოლო შემდგომად მოკლეს ავგიორგი ქრისტესა ჩფიგ (1513).
ე. დავით ქართლის მეფე, ზ (7) წელი იმეფა
მაშინ ჩამოვიდა მეფე დავით კახეთს და დაიპყრა სრულიად კახეთი. ხოლო ყრმა მცირე ძე ავგიორგისა შვიდის წლისა ოდენ დედით თვისით დამალა სახლთხუცესმან ჩოლაყაშვილმან გარსევან (და ჰყო ერთგულება დიდი) სახლსა თვისსა და ზრდიდა მას. ხოლო დედა მისი ცოლი ავგიორგისა მოყვარული ნათესავი იყო გარსევანისა. ხოლო შემდგომად ყრმისა ამის ლევანისა ყოფნა ეუწყა მეფესა დავითს და ამისთვის წარმოევლინა ბაგრატ ძმა თვისი სპითა. ესე ჩამოვიდა კახეთს. ამან დასდვა შიში დიდი და შეიფიცა სრულიად არა ყოფისა და უწყებისათვის ლევანისა. არამედ გარსევან ჰყო მცბიერობა იგი, რომელიცა აღვწერეთ და მერე დამშვიდებული ბაგრატ უკუნიქცა ქართლსამე სპითურთ. ხოლო გარსევანმა წაიყვანა ლევან ციხესა შინა ოჩანისასა. მაგრამ შემდგომად მოსლვისა შაჰისმაილ ყაენისასა ქრისტესა ჩფიჱ (1518), გამოიყვანეს ლევან ოჩანის ციხიდან ზემოურთა კახთა და ჩამოიყვანეს კახეთს. მაშინ მიერთვნენ ყოველნი კახნი და დაიპყრა ყოველი კახეთი.
ამისმან მცნობმან მეფემან დავით გადმოვლო გომბორი სპითა დიდითა. ვერ წინააღუდგა ლევან და შევიდა ციხესა შინა თავსა მაღრანისასა, ამას მოადგა დავით მეფე და შეამჭირვა ფრიად. მაგრამ ზაკვითა მთავარეპისკოპოზისათა გამაგრდა დედა ლევანისა ციხესა შინა და უკუნიქცა დავით მეფე ქართლს ოსმალთა ზედა. მაშინ გამოვიდა ლევან ციხიდან, შემოიკრიბა კახნი და წარუვლინა ფარულად კაცი გურიელს მამიას და მოითხოვა ასული მისი თინათინ ცოლად და ითხოვა მწე-ყოფად მისგან: რამეთუ ჟამსა მას მეგობარნი იყვნენ ათაბაგი და გურიელი. ხოლო გურიელმა მოსცა ასული თვისი და აღუთქვა მწე-ყოფად. როდესაც მოსრა რა ოსმალნი დავით მეფემან ჩამოვიდა კვლავ კახეთს სპითურთ და მოადგა ლევანს მაღაროს მყოფსა, რამეთუ მიერთვნენ დავითს ზემოურნი კახნიცა. ეწყო იქ ლევან სიმაგრით-გამო მცირითა სპითა, იძლია დავით მეფე და წავიდა ლტოლვილი ტფილისს. მაშინ ლევან შემოიკრიბა ყოველნი სრულიად კახნი, მივიდა ბოდბეს და ეკურთხა მეფედ ქრისტესა ჩფკ (1520).
ვ. მეფე ლევან, ნდ (54) წელი იმეფა
ხოლო დაჯდა ლევან კახთა მეფედ და დაიპყრა საზღვარი კახეთისა. მაშინ ესმა, რამეთუ დაემარცხებინა გურიელს დავით მეფისათვის და იდგა მუხრანს, წავიდა სპითა ლევან მსწრაფლ და მივიდა მუხრანს. გურიელი აიძულებდა და განაზრახებდა, რათა ჰყოს ზავი და სიყვარული დავით მეფისა თანა, ვინაიდან დავით მეფე წადიერებდა კვლავ ბრძოლასა და შურ-გებასა გურიელისასა. მოეწონა ესე ლევანს და ეზრახნენ დავით მეფესა და მისცეს, რა იგი ინება, და ჰყვეს ზავი განჩინებითა საზღვრისათა და მტერ-ყოფა მტერთა ზედა, და სიყვარული მტკიცე, და შემდგომად ურთიერთთა ხილვისა წავიდა გურიელი თვისად. ხოლო ლევან მოვიდა კახეთს და წარავლინა მოყვანებად ცოლისა თვისისა. ქალსა მას ეხილვა სიზმარსა შინა, რამეთუ „წაგიყვანს დიდებული ვინმე ცოლად და მთასა ერთსა იხილო მოგზაურმან შინდი თეთრი, მდგომარე მშვენიერს ადგილს, ააშენე იქ მას ზედა მონასტერი ღუთისმშობლისა“. ხოლო წამოყვანილი მოიყვანეს რა შუამთას, გადახდნენ დასვენებად და სამხრობად. მაშინ იხილა თინათინმა შინდი იგი სიზმარხილული და აღუთქვა აშენება ტაძრისა, როგორც სმენოდა; იქიდან მოიყვანეს გრემს და ჰყო ქორწილი ჯეროვანი ლეონ.
ხოლო ამან ლეონ აშველა დავითს ქართველთ მეფესა სპანი შაჰისმაილს ზედა. ამანვე ლევან იხილა სიზმრივ ხატი სიონისა ღვთისმშობელისა, რომელიც გაძარცვა შაჰისმალმა, რამეთუ არის ნათლუხის ჭალასა შინა, წავიდა და ჰპოვა იგი და წამოიღო და შეამკო და წარავლინა კვლავ ტფილისსვე სიონსა შინა.
ხოლო შემდგომად ლევანს უშვა ცოლმან თინათინ ძე ალექსანდრე ქრისტესა ჩფკზ (1527). შემდგომად კვლავ უშვა ძე იესე, მერე განუტევა ცოლი თვისი თინათინ ლევან, ნებითავე თინათინისათა, ვინაიდან იყო ლევან ფრიად მეძავი და აღარა ინება მეუღლეობა მის თანა. მრისხანემან ამისთვის ლევან წარატანა ძენიცა თინათინს.
ხოლო თინათინ მოვიდა შუამთას და ააშენა მონასტერი შინდსა მას ზედა მზითვითა თვისითა და დაუდგინა მოძღვართ-მოძღვარი და შესწირა დაბები მოყიდულივე თვისი და იმყოფებოდა იქ სიკვდილამდე.
ხოლო შემდგომად მისა მოიყვანა ლევან ცოლად ასული შამხლისა და იქორწინა მის თანა; და შემდგომად მიდგომილმან უშვნა ოთხნი ძენი შემდგომად: გიორგი, ელიმურზა, ვახტანგ და ხოსრო. ხოლო ესე ლევან მეფე, გიორგი და ბაგრატ მეფენი წავიდნენ იერუსალიმს, როგორც აღვწერეთ, და შემდგომად როდესაც მოვიდა შაჰთამაზ და შემუსრა ტფილისი, უკუნიქცა და დადგა ყარაბაღს, მივიდა იქ ლევან წინაშე შაჰთამაზის ქრისტესა ჩფლვ (1536).
ამას პატივ-სცა შაჰთამაზ, ანიჭა და გამოუტევა თვისადვე, მაგრამ მპყრობელი შაქ-შირვანისა ასანბეგ მორჩილებდა შაჰთამაზს და განზრახვითა ყაენისათა ეკირთებოდა კახეთს ასანბეგ, რამეთუ უკეთუ ავნოს ლევანს, იქმნას მის მიერ ნიჭული ასანბეგ, ვინაიდან კახეთი იყო ფრიად შენებული და მაგარი. ამისი მხილველი ლევან ეზრახა მშვიდობასა და არა ინება მშვიდობა ასანბეგ, ამისთვის შემოიკრიბა სპანი ლევანმა და მიუხდა შაქს, ეკვეთა ასანბეგ და ბრძოლასა ძლიერსა იძლია და ვეღარა გაუსწრა და მოკლეს ასანბეგ და ამოწყვიდეს სპანი მისნი, მოაოხრა და მოსტყვევნა შაქი, აიღო ალაფი დიდი და მოვიდა გრემს ლევან.
ამას წინათთა კახთა მეფეთა აღარა მორჩილებდნენ ფშავ-ხევსურნი და თუშნი; და ამან ლევან დაიპყრა არა ძალითა, არამედ აღუთქვა, რათა ცხვარნი მათნი უვნოდ მძოვარ იყვნენ კახეთს, და მისცა შეწირულობა ლაშას ჯვარსა თიანეთსა შინა, და ამიერიდან მოსცემდენ ლაშქარსა და ბეგარასა.
როდესაც დაიპყრა რუსთა მეფემან იოანე ყაზანი და ასტრახანი და თერგი და დასხა ყაზახნი თერგს და თარღვს მცველნი თვისნი, ამან ლევან წარუვლინა და ითხოვა სპა მისი მცველად ციხეთა კახეთისათა. მან მოუვლინა და დაადგინა რუსნი. გაძლიერდა რა შაჰთამაზ, წარგზავნნა სპანი რუსნი რუსეთადვე და აუწყა განძლიერება შაჰთამაზისა, რათა არა ამოწყდენ სპანი თქვენნი ქვეყანასა ჩემსა.
ხოლო შემდგომად მოტყვევნისა შაქისა ლევანისაგან ქრისტესა ჩფმზ (1547) ეზრახნენ მეფე ლუარსაბ და მესხნი ლევანს მტერობად სპარსთა. მაშინ ლევანცა აღუთქვა ასანბეგის ყოფილისათვის და უწყეს სამთავე რბევა და ოხრება ადრაბაგანსა მრავალთა ჟამთა.
ხოლო შირვანელთა დაისვეს ძე ასანბეგისა დავრიშ-მაჰმად, და ესე არა დაემორჩილა შაჰთამაზს. არამედ განამაგრა ციხენი და სიმაგრენი, და დადგა თვისად. ამისა შემდგომად მოცალე შაჰთამაზ მოვიდა ყარაბაღს სპითა და იწყეს საქართველოსათა მაგრებად ციხე-სიმაგრეთა. მხილველი შაჰთამაზ ეზრახა ფიცით ლევანს: „უკეთუ მორჩილ მექმნე, იყო თავისუფალ ქვეყანით შენით უვნოდ და მოგანიჭო ნიჭნიცა დიდნი“. ამისმან მსმენელმან ლევან და მტერობისათვის დავრიშ-მაჰმადისა და ფიცისა და ქვეყანისა თვისისა უვნებლობისათვის განუტევა სიყვარული საქართველოსათა და მივიდა ყარაბაღს წინაშე ყაენისა. მან პატივ-სცა და ანიჭა დიდნი. მერე წარავლინა ყაენმა სპანი შირვანს, ამათ დაესხა დავრიშ-მაჰმად და ამოწყვიდა სრულიად სპანი შაჰთამაზისანი ქრისტესა ჩფმჱ (1548).
ესმა რა შაჰთამაზს, ამხედრდა და შევიდა შირვანს, ეზრახა დავრიშ-მაჰმადს დამორჩილებასა და მიუტევოს ყოველნი შეცოდებანი. ხოლო მან არა ინება, არამედ დაესხა კვლავ სპათა შაჰთამაზისათა და იძლია მათგან დავრიშ-მაჰმად და ლტოლვილი შევიდა ციხესა შინა გულისტანს. მაშინ წარავლინა სპანი და მეფე ლევან სპითა თვისითა ყაენმა მიდგომად გულისტანისად და ბრძოლად ძლიერად. ხოლო მცირედისა შემჭირდა დავრიშ-მაჰმად და გაიქცა ციხიდან. მცნობი ლევან ეწია სპითა თვისითა და მოკლა დავრიშ-მაჰმად და ამოწყვიდა მისთანანი და მოართვა თავი მისი შაჰთამაზს. ამისთვის მიანიჭა ნიჭი დიდი ლევანს და გამოუშვა კახეთს: ხოლო შაჰთამაზმა დაიპყრა შირვანი და დასვა ბეგლარბეგი და სულტანი თვისი და გავიდა კვლავ ყარაბაღს. იქიდან მოსულმა აიღო ტფილისი, ეზრახა ათაბაგსა, მოიმტკიცა იგიცა და წავიდა სპარსეთად.
ხოლო ლევან მდიდარი და ქვეყანა-აღვსილი იყო მშვიდობით. მაგრამ მართალია კავკასთა ლეკნი ლევანს არ მორჩილებდენ, თუმცა ვერცარას ჰყოფდენ სავნოს მისსა. თქმულ არის, რამეთუ ჟამსა ლევანისასა მოუხდა ლეკი ვინმე დაღისტნისა გაღმა მხარს და წაიყვანა ძროხა ერთი. სცნა ესე ლევან, შემოიკრიბა იდუმალ სპანი გაღმა მხარსა შინა და წავიდა ეტიკითა (გზის მცოდნე), ვლო დღე და ღამე, მიუხდა და შეიპყრა კაცი იგი დედაწულითა და ქონებითა, წამოიყვანა და მოვიდა მესამეს დღეს იქავე და ამოწყვიდა იგინი, რათა არა კადნიერ იქმნენ სხვანი კვლავ კირთებად კახეთისა. ამანვე ლევან მოიყვანა ლეკნი და დასხა ფიფინეთს ზიდვად ყინულისად ზაფხულის კავკასიდან, რომელთაგან შეუდგა ბოროტი ქვემორე თქმულნი.
ხოლო შემდგომად მოვიდა კვლავ შაჰთამაზ შირვანს და მივიდა წინაშე მისსა ლევან. და ამან შეიწყნარა პატივით, მერე გამოუშვა ლევან და ძე მისი იესე წაიყვანა სამცხეს. მაგრამ უკუნ-იქცა რა შაჰთამაზ წარმოევლინა იესეცა ლევანისთვის ნიჭითა. ხოლო კვლავ მოსლვასა შაჰთამაზისასა სამცხეს და მოტყვევნასა ქართლისასა დადგა ლევან მშვიდობით ქვეყანითურთ.
კვლავ მოკლეს რა ლუარსაბ მეფე, განიზრახა ლევანმა, რამეთუ როდესაც მოვიდა შაჰთამაზ და არა მივიდა მისთანა და სიკვდილსა ლუარსაბისასა ამოსწყდნენ სპანი ყაენისანი უმრავლესნი, ესე არა მიზეზჰყო ყაენმან შურისგებად, ვინაიდან მზახლებულცა იყო სვიმონ მეფისად და მიეცა ასული თვისი შამხლის ქალის ნაშობი და კახეთიცა ენება მისგან შობილისათვის და არა განტევებულის ძის ალექსანდრესათვის. ამ მიზეზთათვის წარავლინა ძე თვისი იესე წინაშე ყაენისა ძღვნითა და ტყვითა ქალ-ყრმითა და აუწყა თვისი არა რისა შეცოდება ქრისტესა ჩფნჱ (1558). ხოლო მეორესა წელსა აქორწინა ასულსა თვისსა ზედა მეფე სვიმონ და მისცა დიდითა მზითვითა. შემდგომად წელსა ქრისტესა ჩფჲა, (1561) ეზრახა ლევანს სვიმონ მეფე, რათა მწე-ეყოს გაძევებად ქართლისაგან სპარსთა ზედა, მაგრამ ლევან სათნოთი ყაენისათი ვერ მყოფი ამისი. თუმცა ძე მისი გიორგი მივიდა სპითა ძეგვს სვიმონ მეფისა თანა. ამათ დაესხა შაჰვერდი სულტანი, მოკლეს გიორგი და ამოწყვიდეს კახნი და ნეშტნი (დარჩენილნი) მოვიდნენ წინაშე ლეონისა.
მსმენელმან ლევან იგლოვა მწუხარემან მწარედ ძე თვისი, რამეთუ ენება კახეთი მისთვის. მაგრამ შემდგომად ამისა მეფობდა კვლავ უშფოთველად და აღამაღლნა ძენი შამხლის ქალის ნაშობნი და დაამდაბლა ალექსანდრე და მოუდგინნა ყოველნი კახნი მათ. ხოლო ალექსანდრე იყო დედით თვისით შუამთას დაბებთა შინა. სლვითა ყიზილბაშთა შინა კახთა ისწავლეს წესნი მათნი, სმა, ჭამა, განცხრომა და უშვერი კეკლუცობა, ტანთმოსა მათი. ამით დაუტევებდენ მცირედ-მცირედ ზნეთა საქართველოსათა და შემოიღებდენ სპარსთასა, თუმცაა უფროსად ალექსანდრეს და თეიმურაზის ჟამთა შინა.
ხოლო შემდგომად ამისა მოკვდა ლევან მეფე სავსე სიბერითა ქრისტესა ჩფოდ (1574), და დაუტევა ქვეყანა სრულიად შენებული. შემდგომად მისსა დაიპყრა კახეთი ძემან მისმან ელიმურზამ, ხოსრომ და ვახტანგ. ხოლო ალექსანდრემ შემოიკრიბა ზემოურნი კახნი, მოვიდა და ეკურთხა ბოდბეს მეფედ. ამ ალექსანდრეს პირველვე მოეყვანა ასული ბარძიმ ამილახორისა ცოლად და მოყვრობდა დაუთხანცა მეფე ქართლისა. ამათ ეზრახა შეწევნად ალექსანდრე და ნებითა დაუთხანისათა მოვიდნენ ამილახორი ბარძიმ და ქსნის ერისთავი ელიზბარ სპითა შემწედ.
ამისნი მხილველნი კახნი მრავალნი გარბოდნენ ელიმურზისა და ძმათა მისთაგან და მოერთოდნენ ალექსანდრეს. ხოლო მათ მოიცეს ძალი შამხლისაგან და ლეკთაგან და შეებრძოლნენ თორღას ურთიერთს, და ბრძოლასა ძლიერსა იძლივნენ ელიმურზა, ვახტანგ და ხოსრო და ამოწყვიდეს სამნივე ძმანი იქ და მოსრეს მათთანანი სპანიცა და ალექსანდრემ დაიპყრა კახეთი ამასვე ქორონიკონსა.
ვ. მეფე ალექსანდრე (II), ლბ (32) წელი იმეფა
დაჯდა ალექსანდრე მეფედ კახთა და დაიპყრა სრულიად კახეთი. ხოლო ესვა ძენი ოთხნი: დავით, გიორგი, ერეკლე და კოსტანტინე და ნათესავი ალექსანდრესი ჰყავდა დაუთხანს ცოლად. ძემან მისმან ერეკლემ იკლო რაიმე და გაპარვით წავიდა წინაშე სულტნისა სტამბოლს (იტყვიან სიამაყითა ძმისა თვისისა დავითისაგან). ესმა ესე შაჰთამაზს და ჰგონა განდგომა ალექსანდრესი, განრისხდა და წარმოემართა კახეთსა ზედა, მოვიდა ყარაბაღს და მიუწოდა ალექსანდრეს. მაშინ განიზრახა ალექსანდრემ: „თუ რაი ჰყოს“. მაშინ ეტყოდა ჩოლაყაშვილი ოთარი კახთა ამისთვის: „თქვენ იტვირთეთ რამდენი სისხლი დაინთხეს და მე განვარიდო კახეთი მოსრვისაგან“. მაშინ აღუთქვეს კახთა ფიცით. „ჩვენ მივაგოთ ქრისტესა სიტყვა შენთვის, როდესაც მოვიდეს განსჯად ცხოველთა და მკვდართა“.
ხოლო ვინაიდან მომკვდარ იყო ქაიხოსრო ათაბაგი და ძენი მისნი იყვნენ მცირენი და პატრონობდა დედისიმედი სამცხეს და უწყოდა კადნიერება მისი ოთარმა, ამისთვის მიუწერა: „რამეთუ ნებავს ვარაზას (შალიკაშვილი) სიკვდილი შენი და ძეთა შენთა და თავისად დაპყრობა სამცხისა, ამისთვის მოჰყავს შაჰთამაზ, რათა მოსრას ურჩნი თვისნი, რამეთუ თვითცა უწყი რამდენგზის მოგაყენა ბოროტად“, ამისმან მსმენელმან დედისიმედმან აღარა გამოიკითხა და მოკლა ვარაზა. ხოლო მსმენელს შაჰთამაზს ეწყინა სიკვდილი ვარაზასი, რამეთუ იყო ცოლის ძმა, დაუტევა კახეთი, შევიდა და ამოწყვიდა სამცხე და უმეტეს ოცხე ქრისტესა ჩფოდ (1574). და უკმოქცეულსა წარუვლინა ალექსანდრემ ძე თვისი კოსტანტინე ძღვნითა დიდითა და ტყვითა და აუწყა: „რამეთუ ძე ჩემი წავიდა ურჩებითა ჩემითა და მე ვარ წინაშე შენსა უცოდველი“. მაშინ დამცხრალმან მრისხანებისაგან შაჰთამაზ შეიწყნარა ძღვენი და ტყვენიცა და წაიყვანა კოსტანტინე და წავიდა სპარსეთად და დაუტევა კახეთი უვნოდ, და შემდგომად შაჰთამაზის სიკვდილისაცა იყო ალექსანდრე მშვიდობით, რამეთუ ჟამსა ამისსა ესეთ შენებულ იყო კახეთი, რომ ძნელად სადამე იპოვებოდა სანადირონი და ალექსანდრე ფრიად მოყვარე იყო ნადირობისა, რამეთუ იტყოდაცა: „ახ, ნეტავი ოხერ მექმნეს კახეთი, რათა მქონდეს სანადირონი მრავლად“, რომელიცა ექმნა ძის ძესა მისსა თეიმურაზს, მაგრამ ვერცაღა თუ იგი მოცალებდა ნადირობად. ალექსანდრესა ამ ჟამთა მოერთვა ბაზიერთაგან უცხოთა ფრინველთა მოსლვა ალონსა შინა. მსწრაფლ წავიდა და იხილა ფარშავანგნი, ინება შეპყრობა მათი ცოცხალთა. მაგრამ არცა ერთმან მიხედა ბაზმან, გარდა წითლის ქორისა, და მით შეიპყრა ყოველნი რამდენნიცა იყვნენ, მოიყვანა გრემს და მოშენდნენ მათგან მრავალნი.
გამოსლვა ლალა ფაშისა
შემდგომად გამოვიდა რა ლალა-ფაშა ქრისტესა ჩფოჱ (1578), ტფილისიდან ეზრახა ალექსანდრეს. ხოლო მან აღუთქვა მისლვა მის თანა და წაჰყვესცა სპითა შირვანს, უკეთუ დაუტეოს კახეთი უვნოდ. ამან მოსცა პირი მტკიცე და მიეგება სართიჭალას ალექსანდრე სპითა ლალა-ფაშას და წარუძღვა შირვანს. ხოლო ლალა-ფაშამ აიღო შირვანი, შაქი, ურჩნი მოსრა და ააშენა ციხე შირვანს, შეაყენა მცველნი თვისნი და დასვა ფაშა. მერე უკუმოიქცა, შემოვლო მტკვრის პირი და მიჰყვა ალექსანდრე არაგვამდე, მერე გამოუშვა ალექსანდრე და მოვიდა კახეთს მშვიდობით: ხოლო ლალაფაშა დადგა მუხრანს და სვიმონ მეფეცა მოვიდა ტყვეობისაგან.
ამისთვის ივლტოდა დაუთხან სტამბოლს და ლალა-ფაშაცა წავიდა და დაიპყრა ქართლი სვიმონ. მერე შურ-აგო ამილახორსა. ამათმან უთმინომან ალექსანდრემ და დისა თვისისა არა კეთილისმნებებელმან შემოიკრიბა სპანი თვისნი კახნი და უგრძნეულად დაესხა დიღვამს სვიმონს ქრისტესა ჩფპ (1580). ხოლო სვიმონ ივლტოდა და შეუსია დასა თვისსა და აიალაფა სიმდიდრე სვიმონისა და წავიდა გამაუპატიო დისა თვისისა.
შემდგომად მცირედისა მოუხდა სვიმონ ჭოტორს და ალექსანდრეცა ეკვეთა სპითა, იძლია ალექსანდრე უჯერო-ყოფისათვის და მოვიდა მაღაროს, მაგრამ სვიმონმა შეიპყრა კახნი და უყო რა იგი აღვწერეთ. თუმცა საგანძურნი ალექსანდრესნი აღარა გადმოსცა.
ამავ ქორონიკონსა მოვიდა ძმა ალექსანდრესი იესე, რამეთუ არა დაეტევა ქრისტე და გამოეშვა ყაენსა, მაგრამ შემდგომად მცირედისა მოკვდა იესე.
ხოლო მოეყვანა ალექსანდრეს ძისა თვისისა დავითისათვის ცოლი ასული აშოთანისა ქეთევან, და იყო აშოთან სანდო და გამზრახი სვიმონისა. ამან აშოთან ზავ-ჰყო და დაიზავნენ სვიმონ და ალექსანდრე და შემდგომად იყო მათ შორის სიყვარული და ერთობა დიდი.
შაჰაბაზ გახელმწიფდა
ხოლო სპარსთა შეიპყრეს შახუდაბანდა და დასვეს შააბაზ ქრისტესა ჩფპზ (1587), ძე შახუნდაბანდასი და მან იწყო პყრობად ქვეყანათა. ხოლო მოითხოვა მანუჩარ დადიანმან ასული ალექსანდრესი ნესტან-დარეჯან და ალექსანდრემ მისცა მზითვითა დიდითა ქრისტესა ჩფჟა (1591). მაგრამ შემდგომად შობისა ყრმისა ლევანისა მოკვდა ნესტან-დარეჯან. ხოლო ალექსანდრემ შემდგომად წამოიყვანა ყრმა იგი ლევან და ზრდიდა თვით. შემდგომად მოვიდა შაჰაბაზ დაპყრობად ერევნისა, ქრისტესა ჩქბ (1602). და მიუწოდა ალექსანდრეს სპითა თვისითა. მაშინ წასლვად იყო ქართველთა მეფე გიორგიცა, შეიკრიბნენ ესენი და წავიდნენ ზოგად ერთობისათვის. ხოლო შაჰაბაზმა პატივ-სცა დიდად. მაგრამ შემდგომად აღებისა ერევნისა წაართვა ალექსანდრეს კაკი და მის წილ მოსცა შვიდასი თუმანი ყოველს წელს, კვლად მოსცა ნიჭი და გამოუშვა კახეთს.
ამ ჟამებთა მოეგზავნა იერუსალიმის პატრიარქსა და მოეთხოვა სახსრად ვალთა თვისთათვის ვერცხლნი. ესე აუწყა ალექსანდრემ კახთა და მათ აღუთქვეს და დაადგინეს ალავერდელი ძმა ოთარ ჩოლაყაშვილისა, რათა შეკრიბოს და წაიღოს იერუსალიმს. ხოლო მან შეკრიბა ხუთიათასი დრაჰკანი და წავიდა. მაგრამ იყო და ალექსანდრესი, რომელსაც აერჩია ენქრატისობა და ცხოვრობდა ალავერდს. და ამას ფარულად თანაეყოფოდა (იწვა) ალავერდელი. ხოლო ქალმან მან სცნა წასლვა ალავერდელისა და მიდგომით ყოფა მისი, ეწყინა და მსწრაფლ მოსწია კაცი თვისი და აუწყა ალავერდელსა. მაგრამ ალავერდელი მიწურვილ იყო მისლვად, და სცნა რა ესე უკმოიქცა, გაიპარა ქალი იგი და წავიდა იმერეთს. ხოლო ოქრო იგი წარმოუვლინეს ალექსანდრესვე და დაწყევლა პატრიარქმან ალავერდელი. შემდგომად მიიყვანა ალექსანდრემ ბერი იგი, ვინაიდან გაკრეჭილ იყო და ექორწინა ქალი იგი, მისცა მცირედნი მამულნი და იმყოფებოდა მას შინა.
ხოლო ვინაიდან იყვნენ სიყვარულსა მტკიცესა ალექსანდრე და გიორგი მეფენი და გიორგი მეფე ძეთა ალექსანდრესთა უფროს მონათესაობდა, ისტუმრა გიორგი მეფემან დავით და გიორგი ძენი ალექსანდრესნი ტფილისს. მისულთა მოეგება და დაასადგურა ისანს, რომელიც არის ავლაბარი და მარადღე ანადიმებდა, ანადირებდა და ასპარეზობდნენ. ხოლო დღესა ერთსა კვლავ ნადიმსა ზედა იწვია გიორგი მეფემან ტფილისს ესენი. მაშინ განეზრახა ზრახვა ბოროტი გიორგის და არა ინება წასლვა მიზეზითა ღვინის წყენისათა, და წავიდა დავით. ხოლო ესე დავით იყო ამაყი, ლაღი, მრისხანე და სძულობდნენ კახნი. გიორგი იყო მშვენიერ-ჰაეროვანი, უხვი, მშვიდი და ტკბილი ყმათათვის. მაშინ გიორგიმ ჰგონა სიმთვრალე დავითისა, ამისთვის განაცსადა მანკიერება თვისი და მიუწოდა კახთა. შემოიფიცა მოკლვად ძმისა თვისისად და დაპყრობად კახეთისად. ესმა ესე ბარამ ჩოლაყაშვილსა, რომელიც იყო ღვთის მოშიში, წავიდა და აუწყა დავითს ნადიმსა ზედა მჯდომსა. მსმენელი დავით მყის ადგა და წამოვიდა და მოეიდა კარავსა გიორგისასა და იხილა რამეთუ იჭურვოდა და მისთანანიცა. შერისხა დავით გიორგის და უთხრა: „იჭურვი სიკვდილს ჩემდა და აწ ვარ წინაშე შენსა და რაი იგი ძალგიძს ჰყავ“. შეიპყრა გიორგი ძმა თვისი დავითმა და მისთანანი ყოველნი ქრისტესა ჩქგ (1603), წამოიყვანა და პატიმარ-ჰყო თორღას ციხესა შინა და თორმეტი ფიცებული გიორგისანი გადმოყარა ჭოეთის ციხიდან და სხვანი პატიმარ-ჰყვნა.
ვ. მეფე დავით (II), ბ (2) წელი იმეფა
ჰყო ბოროტი ესე დიდი და შეიმოკლა დღენი, რამეთუ მიუღო მამასა თვისსა მეფობა და პატიმარ-ჰყო მამა თვისი და მართავდა თვით კახეთსა დამპყრობელი მისი. თუმცა შემდგომად ექვსისა თვისა მოკვდა დავით და გამოვიდა ალექსანდრე პყრობილებისაგან, დაიპყრა კახეთი მანვე და გამოიყვანაცა ძე თვისი პატიმრობისაგან, რამეთუ აღარა ჰყავდა ძე გარდა გიორგისა. ხოლო დავითს დარჩა ქეთევანის თანა ძე მხოლოდ თეიმურაზ და ზრდიდა მას პაპა ფუფუნებით დედისა თანა. რადგან ვინაიდან მოხუცებული იყო ალექსანდრე, ამისთვის განიზრახა ქეთევან, რამეთუ „თუ მოკვდეს ალექსანდრე, დაიპყრას გიორგიმ კახეთი და შურ-აგოს ძესა ჩემსა“. ამისთვის მოიყვანა ჩოლაყაშვილი შერმაზან, აფიცა და გაატანა ძე თვისი და წარგზავნა წინაშე შაჰაბაზისა.
ხოლო შაჰაბაზმა კეთილად შეიწყნარა და პატივსა უყოფდა თეიმურაზს და ისწავლიდა წიგნსა და ენასა სპარსთასა. მაგრამ შაჰაბაზმა განიზრახა, ვინაიდან არის თეიმურაზ ხელთა ჩემთა და კახეთი არის უმკვიდრო გარდა ორისა, მოიფიქრა ხვანჯი, რათა მოსრას იგინი, რამეთუ ენება დამორჩილება ქართლ-კახეთისა და მაჰმადიანობა მათი. მოიყვანა კოსტანტინე ძე ალექსანდრესი პირველად წარვლინებული, რომელიც იყო ფრიად მაჰმადიანი და შემყვარე რჯულთა მათთა. ეტყოდა შაჰაბაზ: „მომკვდარ არის დავით ძმა შენი და არის მამა შენი მოხუცებული და ძმა შენი გიორგი, აწ ვინაიდან ხარ შენ რჯულსა ჩემსა მტკიცედ და მეფობისა ჩემისა სარწმუნო, მოგცე სრულიად სპანი შირვანისანი შემწედ, ხალათი და ნიჭი მამისათვის, წახვედ და მოჰკალ ორნივე და შენ დაიპყარ კახეთი და ჰყავ მაჰმადიან“. ხოლო კოსტანტინემ აღუთქვა ყოფად ყოველნი და წამოვიდა ნიჭითა და დიდებითა დიდითა. ამასვე ჟამსა წარმოევლინა მანუჩარ დადიანსა წარჩინებული თვისი, წაყვანებად ძისა თვისისა ლევანისად; შეწუხდა ალექსანდრე, თუმცა წარუვლინა ნიჭითა დიდითა და მიიყვანეს დადიანისა თანა ლევან. ამავ ჟამსა მოერთო მახარებელი ძის მოსლვისა, მხიარულმან შემოიკრიბა სპანი და მიეგება ბაზარს მოსულს კოსტანტინეს და იყო სიხარული და შვება დიდი ყოველთაგან, ჩაიცვა ხალათი ყაენისა ალექსანდრემ და იხარებდა ძისა თანა.
ხოლო დღესა ერთსა ეტყოდა კოსტანტინე მამასა: „მაქვს სიტყვა თავისწინაობასა შინა ბრძანებული ყაენისა“. ამისთვის ალექსანდრემ უბრძანა ყოველთა კახთა განსლვა. თუმცა დარჩნენ რუსთველი და ძმა მისი აბელ იქვე. მაშინ გამოვიდნენ პაემნით მობირებულნი სპანი და ამოიღეს მახვილნი და მოჰკლეს მეფე ალექსანდრე და ძე მისი გიორგი მისთანა და კვლავ რუსთველი და აბელცა მათ თანა ქრისტესა ჩქე (1605).
ზ. მეფე კოსტანტინე
ხოლო იხილეს რა ესე ივლტოდნენ კოსტანტინესაგან კახნი სრულიად, მაგრამ ეზრახა კოსტანტინე და აღუთქვა ნიჭი დიდი და ზოგთა შიში ყაენისა გამო და მიერთმოდნენ კახნი და იწყო დაპყრობა კახეთისა. მერე მოუგზავნა ქეთევანს, ცოლსა დავით ძმისა თვისისასა: „რამეთუ ჯერ არის რჯულსა მაჰმადისასა შერთვა რძლისა და აწ მე დავიპყარ კახეთი ნებითა ყაენისათა, შემირთევ და იყავ კვლავადცა დედოფალი და, უკეთუ არა ინებო, მე ძალით ვყო ესე“. ამის მსმენელსა ქეთევანს ეწყინა ესე და ევედრა კახთა: „რათა შეეწიონ არა-ყოფად ამისად და, უკეთუ არა, წავიდეს სამშობლოსა თვისსა ქართლს“. ამისთვის კახნი შემოკრიბნენ წინაშე ქეთევანისა და ყვეს ფიცი და აღთქმა წინაშე ღვთისა ამის არა-ყოფისათვის.
ესმა ესე კოსტანტინეს და მომართა სპითა ბრძოლად. ეკვეთნენ კახნი, ქეთევანისა თანა მყოფნი, და სძლიეს კოსტანტინეს, მოკლეს კოსტანტინე და ამოწყვიდეს სპანი მისნი პირითა მახვილისათა და მოვიდნენ კახნი გამარჯვებულნი წინაშე ქეთევანისა. ამიერიდან განაგებდა კახეთს გრემს მყოფი ქეთევან დედოფლობით. ამანვე მოიტანა ალექსანდრე ძით გიორგით და დაფლა ალავერდს. ხოლო მიესმა შაჰაბაზს ყოველი ყოფილი კახეთისა, ეწყინა და განიგულა განდგომილება კახთა და მკვიდრობა ქართველთა მეფისა. რათა არა დაიპყრას მეფემან ქართლისამან ამისთვის მიუწოდა მყის თეიმურაზს და ეტყოდა: „ბოროტსა კოსტანტინეს მოუკლავს მამა და ძმა თვისი, რომელიც წარვავლინე მშვიდობის ყოფად და ხილვად მამა-ძმისად. მაგრამ აწ მისდაცა უგიათ პასუხი კახთა და მოუკლავთ იგიცა. აწ წახვედ შენ მოსწრაფედ, რათა არა შფოთი რაიმე იქმნას კახეთს მათ შორის“. მისცნა ნიჭი დიდნი და წარმოავლინა (იხილე აქა ზაკულება ბოროტი). ხოლო უცნობელად მოვიდა მალემსრბოლად ქისიყს თეიმურაზ ყოვლითა თვისითა იქ მყოფითა კახით. ქისიყს ისტუმრა გლეხმან ერთმან და უძღვნა ცხრა წულნი აკვნით, იქიდან აცნობა დედასა თვისსა ქეთევანს დედოფალსა მისლვა თვისი. შემდგომად მივიდა გრემს და იყო სიხარული დიდი დედაშვილისაგან და ყოველთა კახთა. მერე მივიდა და ეკურთხა ბოდბეს ქრისტესა ჩქე (1605) (მეფე არჩილ იტყვის მცხეთას, არა სარწმუნოდ).
ჱ. მეფე ბატონი თეიმურაზ I, ი (10) წელი იმეფა
ხოლო დაჯდა მეფედ ბატონი თეიმურაზ. მაშინ იყო წლისა ივ (16) და განაგებდა კახეთსა. მერე მოიყვანა ცოლი ასული მამია გურიელისა ანნა და ჰყო ქორწილი დიდებული თორღას. ვინაიდან იყო კახეთი მორჭმული და შენობიანი, მარადის იშვებდა თეიმურაზ და ნადირობდა და ნადიმობდა; ხოლო შემდგომად მიუდგა ცოლი მისი და უშვა ძე ლევან; კვლავ მიუდგა და უშვა ძე ალექსანდე. და მოკვდა ანნა ქრისტესა ჩქი (1610). ამისთვის ჰყო თეიმურაზ მწუხარება და გლოვა დიდი. ესე ესმა შაჰაბაზს და ამისთვის მიუწოდა თეიმურაზს, რათა განაგდოს გლოვა და იხარებდეს მის თანა.
მაშინ თეიმურაზს სარწმუნოდ სჩნდა შაჰაბაზ და წავიდა მის წინაშე შავით მოსილი. ხოლო პირველად დედისაგან წარგზავნილმან შესძღვნა ძმა და ტყვენი შაჰაბაზს თეიმურაზმა, და აწ მისულმან და თვისი და ტყვენი ქალ-ყრმანი წარჩინებულთა კახთა შვილნი. ხოლო შაჰაბაზმა კეთილად შეიწყნარა და პატივ-სცა და ნიჭვიდა მრავალსა. განძარცვა გლოვა, ანადიმებდა და ანადირებდა მარადღე. შემდგომად ეტყოდა შაჰაბაზ თეიმურაზს საიდუმლოდ: „შეირთევ და ლუარსაბ მეფისა და იქმენ ქვისლ ჩემდა და მოყვარე მისი, რათა აღარა იყოს თქვენ შორის შური“. ამისთვის თეიმურაზმა მიუგო ვედრებით: „რამეთუ არის პაპაის ასულისა ჩემისა ძის ძე და ესე არა ჯერ არის რჯულსა ჩვენსა ყოფად“. განრისხდა შაჰაბაზ და აიძულებდა თეიმურაზს ყოფად ამისად. მაშინ ვინაიდან აღარა იყო სხვა ღონე დართო ამანცა ნება (ესე ჰყო შაჰაბაზ, რამეთუ მიზეზობდა და რათა დაამდაბლოს და ნებისა თვისისად ჰყოს, რათა შერიოს რჯულითა და მერე მაჰმადიან ჰყოს და კვლავ იხილოს, თუ მისცეს ლუარსაბ და თვისი, რომელიც არა წარუვლინა მას უხუცესი, არამედ უმრწემესი).
და კვლავ მისწერა შაჰაბაზ ლუარსაბ მეფესა, რათა მისცეს და თვისი თეიმურაზს. შემდგომად გამოუშვა თეიმურაზ ნიჭითა დიდითა, მოვიდა კახეთს და მოითხოვა ხუარაშან. მაშინ მოსცა ლუარსაბ დიდითა დიდებითა და ქმნა ქორწილი გრემს თეიმურაზ ქრისტესა ჩქიბ (1612) და განაგებდა კახეთს ნებისამებრ.
უკეთუ მტერობდნენ ლეკნი, თუმცა ვერ იკადრებდენ ცხადად გარდა პარვით. ამისთვის წარავლინა თეიმურაზმა ომანიშვილი ქაიხოსრო, რამეთუ იყო იგი ახოვანი, შემმართებელი. ესე შევიდა დაღისტანსა შინა და დადგა მთასა ზედა, უწყო რბევა, სრვა და ოხრება, და რადგან ვერ წინააღუდგნენ, ითხოვა ბუკი თეიმურაზისაგან, რამეთუ მოშიშარ იქმნებიან უფროსად. მაგრამ კახთა შეასმინეს ბატონს თეიმურაზს: „ნებავს კახეთი და მისთვის ითხოვს ბუკსაცა“. ამისთვის მოიყვანა ქაიხოსრო და მოჰკლა იგი ღალატად.
ამის მხილველთა კახთა რომელთამე იწყეს ქვეგამხედველობა მეფისა. ხოლო შაჰაბაზს ამიერ ჟამიდან, როდესაც მოკლეს კახთა კოსტანტინე, შური ქონდა და ვერ ჰპოვა ჟამი შურ-გებისა უცალოებითა შინაგანითა, ვინაიდან ვერ სრულ ექმნა ნება თვისი. მაგრამ აწ ჰპოვა მიზეზი, წარმოემართა და მოვიდა უცნობელად განჯას ქრისტესა ჩქიე (1615).
მოსლვა შაჰაბაზისა
განჯიდან მოუმცნო თეიმურაზს: „მე მივალ ბრძოლად ოსმალთა. ამისთვის აწ მომეც მძევლად ძე შენი, რათა არა დაეხმარო ოსმალთა, როგორც ჰყო პაპამან შენმან, და ვსცნა ამით ერთგულება ჩემი შენგან“. ესმა რა ესე თეიმურაზს, უცხოდ აღუჩნდა, რამეთუ არა იყო ბრძოლა ოსმალთა, თუმცა იცოდა მანკიერება მისი, რამეთუ იყო ესე მიზეზი და შაჰაბაზ იყო ცბიერი, ხვანჯიანი, უნდო და მტერი ყოველთა მემკვიდრეთა.
მაშინ თეიმურაზ ეზრახა კახთა და მათ ყოველთა განუზრახეს წარვლინება ძისა. თუმცა არა ინება თეიმურაზ. მაგრამ იძულებითა კახთაგან წარუვლინა უმრწემესი ძე ალექსანდრე და წარატანაცა დედა თვისი ქეთევან და ნოდარ ჯორჯაძე, ჰგონებდა პატივის ცემასა დედისასა შაჰაბაზისაგან, რათა ევედროსცა შეწყალებად და უკუნქცევად. ხოლო შაჰაბაზ რა იხილა იგინი, განრისხებულმა მოუთხრა კვლავ თეიმურაზს: „არათუ ვარ ძიძა და მზრდელი ძისა შენისა, წარმომივლინე ძე შენი უხუცესი (რამეთუ ენება სრულიად ყოველთა ხელთგდებად), უკეთუ გნებავს ერთობა ჩემთანა, და მე ვსცე პატივი დედასა შენსა და უკუნ-ვიქცე“. ეწყინა ფრიად თეიმურაზს და აღარა ლამოდა წარვლინებასა, ვინაიდან მოემცნო დედასაცა თვისსა არა წარვლინებად მეორისა ძისა. მაგრამ კახნი აიძულებდნენ და ეტყოდნენ, „არა ორგზის იყავა მისთანა, მოგცა ნიჭი და პატივი დიდი, რად ამოწყვედ კახეთსა ერთისა ყრმისათვის, ვინაიდან უწყით, რამეთუ ავნებს არარასა“. მაშინ უღონო ქმნილმან თეიმურაზ წარუვლინა უხუცესიცა ძე თვისი ლევან და წარატანა დავით ასლანისშვილი. მერე რა ხელთ იგდო იგინი შაჰაბაზმა, აუწყა თეიმურაზს: „აწ ვსცან, რამეთუ ხარ ერთგული დიდი ჩემი, ვინაიდან არა რიდე ძეთა შენთა ჩემთვის, მოხვედ შენცა და აგავსო ნიჭითა და განგიტევო ქვეყნითურთ მშვიდობით“.
ამისი მსმენელი თეიმურაზ და კახნი იუწყებდენ ზაკვასა შაჰაბაზისასა. რამეთუ ნებავს მოსრვა მათი და მოოხრება კახეთისა. ამისთვის ეზრახა თეიმურაზ მეფესა ლუარსაბს, რათა შეეწიოს: „ვინაიდან სწადს მოოხრება საქართველოსი. იხილე რამეთუ მტერი შენი მოურავი არის მის თანა, რომელსაც მოჰყავს ყაენი მტრად შენდაცა“. ხოლო ლუარსაბმა მოსცა პირი მტკიცე და შემოიკრიბა თეიმურაზ სპანი კახთანი და გაავლო მუკუზნიდან გაღმა მხრამდე ჯებირი და დადგა. ესმა შაჰაბაზს მაგრება თეიმურაზისა, წარმოავლინა იდუმალ სპანი და გადმოადგინა ჟალეთს და თვით გამოვიდა მტკვარს და მომართა კახეთს, შეპყრობილთ კახთა მწყემსთა ყიზილბაშთაგან მისცნა ხალათნი და გამოუტევნა. იხილეს რა ესე კახთა ივლტოდნენ თეიმურაზისაგან და მიერთმოდნენ შაჰაბაზს, და იგი ფრიად პატივს უყოფდა და მისცემდა საბოძვარსა. ამისთვის თეიმურაზ ვეღარ წინააღუდგა და წამოვიდა დედაწულით. ხოლო მომავალმა იხილა ჟალეთს სპანი ყიზილბაშთანი, ეკვეთა ძლიერად, სძლია და ამოწყვიდა უმრავლესნი და სხვანი ივლტოდნენ, აიღო ალაფი ყიზილბაშთა მათ და მოვიდა მუხრანს ლუარსაბ მეფისა თანა. ხოლო ლტოლვილნი ყიზილბაშნი მივიდნენ წინაშე შაჰაბაზისა, გაბრაზდა და წარმოემართა ორთა მეფეთა ზედა. მაგრამ ესენი წავიდნენ იმერეთს, რამეთუ უკეთუ ენებათ მეფეთა ბრძოლა, თუმცა არა ინებეს ქართველთა და კახთა ბრძოლა შაჰაბაზისა. ხოლო შაჰაბაზმა შემოვლო კახეთი, ქართლი და დადგა გორს და იქმნა რაც იგი აღვწერეთ. როდესაც უკუნ იქცა რა, დაუტევა განმგედ კახეთისა ნოდარ ჯორჯაძე და დავით ასლანისშვილი, და თვით მისულმა აშრაფს წარავლინა დედა და ძენი თეიმურაზისანი შირაზს პატიმრად, რომელნიც განჯიდანვე წარავლინა აშრაფს. თეიმურაზ იყო იმერეთს პატივით გიორგი მეფისაგან. თუმცა შემდგომად სამისა თვისა წარუვლინეს ნოდარ და დავით ბატონს თეიმურაზს კაცი და მიუთხრეს: „მოვედ და ეპატრონე კახეთს საბატონოსა შენსა“.
მოვიდა თეიმურაზ კახეთს, ექვსი თვე იმეფა
წამოსულს იმერეთიდან თეიმურაზს მოჰყვნენ თვით გიორგი მეფე, ლევან დადიანი და მამია გურიელი არაგვამდე უვნებლობისათვის ქართველთასა და იქ მოეგებნენ ყოველნი კახნი სრულიად. ხოლო იმერთა მეფე და მთავარნი უკუნ-იქცნენ თვისადვე და თეიმურაზ დაიპყრა კვლავ კახეთი. ესე მიესმა შაჰაბაზს, განრისხდა და წარმოემართა სპითა ძლიერითა. წინარე წარმოავლინა ალიყულიხან მსწრაფლად სპითა დიდითა შეკრვად არაგვის პირისა, რათა არა ივლტოდეს თეიმურაზ კვლავ იმერეთს.
სცნა თეიმურაზ მოსლვა ალი-ყულიხანის არაგვსა ზედა, შემოიკრიბა სპანი და დაესხა შუადღე წიწამურს ზევით და ძლიერითა ბრძოლითა ივლტოდნენ ყიზილბაშნი და მოსრვიდნენ კახნი, რამეთუ მცირედნიღა გარდაეხვეწნენ და აიღო ალაფი და საჭურველი და საჭურჭლე მათი თეიმურაზმა. ლტოლვილნი ყიზილბაშნი მივიდნენ წინაშე შააბაზისა. ხოლო იგი განრისხდა და წამოვიდა მსწრაფლად მაშინ კახთა მგონებელთა, რადგან უყოთ წინარე შაჰაბაზ უვნებელობა და საბოძნი, მისთვის არცა აწ ინებეს ბრძოლა და მაგრება. ამით უღონო იქმნა თეიმურაზ, წავიდა იმერეთსავე, და განჰყვნენ მრავალნი დიდნი და მცირენი დედაწულითურთ.
ბ (II) მოსლვა შაჰაბაზისა
ხოლო შაჰაბაზ მოვიდა კახეთს და იქიდან ტფილისს ქრისტესა ჩქივ (1616). ეზრახა ლეკთა: „რამეთუ მნებავს ამოწყვედა კახეთისა და რომელნიც შემოვიდნენ თქვენ კერძთა მთათა შინა, თქვენ მოსრენით და ტყვე-ყვენით იგინი და აგავსებთ მეცა ნიჭითა“. მსმენელთა მათ სიხარულით აღუთქვეს.
მაშინ შაჰაბაზმა წარმოავლინა ტფილისიდან სპანი დიდნი ხერკსა და ერწო-თიანეთსა ზედა. ხოლო თვით ჩამოვიდა კახეთს, მოსრა, მოსტყვევნა, აჰყარა და მოაოხრა, გაძარცვა ეკლესიანი, ხატნი და ჯვარნი შემუსრა და სამკაულნი მათნი ჰყო ხარჭათა თვისთა აღსამკობელად. ვინც დარჩნენ ფშავს, ხევსურეთს, თუშეთს და სიმაგრეთა, კლდეთა, ტყეთა და მთათა შინა, ლეკთაცა უყვეს ეგრეთ, როგორც აღუთქვეს შაჰაბაზს.
ფეიქარ ხან კახთა
შემდგომად დაუტევა ფეიქარხან სპითა კახეთს და თვით წავიდა და წაიყვანა აყრილნი კახნი ტყვედ და დასხა რომელნიმე მაზანდარანს, ხორასანს და ფერიას (რომელნიც უძღოდენ ძეთა მისთა ჯაზაირჩად), და თეიმურაზის ყოფასა იმერეთს იქმნა შიმშილი დიდი. შემჭირვებულმა თეიმურაზ წარავლინა კაცი წინაშე ხონთქარისა სტამბოლს და ითხოვა სადგური და შეწევნა მისგან. შემდგომად მცირედ ამისა, ჩავიდა გურიას, ისტუმრა მამია გურიელმან და პატივსა უყოფდა. ხოლო იქ მოუვიდა წარგზავნილი სტამბოლიდან და აღეთქვა შველა და მწე-ყოფა ხონთქარსა და მიებოძა გონია და ახალციხის გარემოს რომელნიმე დაბები.
მაშინ გურიულთა ჩააგდეს შური მამია გურიელისა თანა, რამეთუ ნებავს თეიმურაზს გურია, ვინაიდან მოსცა ხონთქარმანცა გონია. ამისი მცნობი თეიმურაზ წავიდა ახალციხეს მოცემულთა დაბებთა შინა და იქ ისტუმრა ათაბაგმა მანუჩარ კეთილად. შემდგომად განიზრახა წასლვა სტამბოლს, ვინაიდან აღეთქვა ხონთქარს შეწევნა და აუწყა ესე ათაბაგს. ხოლო ათაბაგმა მისცა ოლთისი, მივიდა იქ თეიმურაზ და დაუტევა დედოფალი ხუარაშან და დედაწულნი კახთა ოლთისს და მოუდგინა ნოდარ სალთხუცესი და თვით წავიდა შვიდასითა კაცითა აღკაზმულითა ფრიად მდიდრად. ესე ესმა შაჰაბაზს და ჰგონა მწე-ყოფა სულტნისაგან ბატონის თეიმურაზისა. ამისთვის მოიყვანა ძენი თეიმურაზისანი ისპაანს და გამოასაჭურისა ქრისტესა ჩქკ (1620), (ალექსანდრე მოკვდა მით, ხოლო ლევან იქმნა ხეიბარ და დადიოდა უპატიოდ, შემდგომად მოკვდა იგიცა).
კვლავ უბრძანა შაჰაბაზ ამირ-გუნახანს, ერევნის ბეგლარბეგს: „წახვედ და დაესხი ოლთისს თეიმურაზის დედოფალს სპითა და წარმოგზავნე წინაშე ჩემსა ტყვედ“. მაშინ იყო ზამთარი, გასთხარა მთა თოვლიანი ამირ-გუნახან. მაგრამ იხილა სიზმრივ დედოფალმან ხუარაშან, რამეთუ დაესხნენ სპანი და იავარ-ჰყვეს იგი; მყის განიფრთხო და შევიდა ციხესა შინა ყოვლითა თვისითა და განამაგრა ციხე. ხოლო განთიად დაესხა ამირ-გუნახან სპითა და, რადგან ვეღარა რა ჰპოვა, უკუნ-იქცა და წავიდა. მას ჟამსა იქ არა იყო ნოდარ; სცნა რა, შეიკრიბა იქაურნი და კახნი მისთანა მყოფნი, დევნა უყო ამირ-გუნახანს, მიეწია, მოსრა სპანი მისნი, და ივლტოდა ამირ-გუნახან. აიღო ალაფი მათი და მოვიდა წინაშე დედოფლისა გამარჯვებული.
ხოლო თეიმურაზ, მისული სტამბოლს, კეთილად შეიწყნარა სულტანმან მუსტაფამ. შემდგომად სთხოვა შეწევნა, მაგრამ ხონთქარს ქონდა ბრძოლა დასავლეთით, აღარა მოსცა სპანი, არამედ ანიჭა დიდ-დიდნი და გამოუშვა.
მას ჟამსა იყვნენ ანატოლსა შინა ჯალადნი მრავალნი და ესენი უყოფდენ თეიმურაზს ბრძოლასა მრავალგზის, მაგრამ მარადის მძლედ ამოწყვიდა თეიმურაზმა, რამეთუ დღესა ერთსა შვიდგზის ეკვეთნენ სხვადასხვანი. და ყოველნი მოსრა ძალითა ზენათი, რამეთუ ერთიცა კაცი არა დამკლე ექმნა თეიმურაზს და მოვიდა ოლთისს მძლეველი. და დახვდენ იქცა ძლევა-შემოსილნი მშვიდობით. მერე კვლავ მოვიდა გონიას თეიმურაზ და იყოფოდა იქ წასლვად რუსეთს შავის ზღვით.
ხოლო კახეთი იყო ხიზნვით და ფეიქარხან აშენებდა მოსაბრუნს და ასახლებდა ელთა და მცდელობდა დამორჩილებასა და მონდობასა კახთასა. და რომელნიმე იყვნენ მისთანა. შემდგომად მოვიდა მოურავი ყარჩიხანით ქრისტესა ჩქკგ (1623) და დადგნენ საფურცლეს და მიუწოდეს კახთა, მისულთა შეიყვანდენ მოვლებულს თეჯირსა შინა წინაშე ხანისა, რეცა ხალათის მიცემად. მაგრამ მოჰკვეთდენ იქ თავსა და ამოწყვიდეს მრავალნი. შემდგომად სცნეს კახთა და იკრეს ხმალნი, გამოვლეს ბრძოლით და განერიდეს, მერე მოკლეს ყარჩიხან მოურავმან და ზურაბ, მიუვლინეს თეიმურაზს, რათა მოვიდეს და დაიპყრას კახეთი. ისმინა, წამოვიდა და დაიპყრა კახეთი.
მოსლვა თეიმურაზისა გონიადან კახეთს. ია (11) წელი იმეფა
ხოლო ქართველთა რა ვეღარა შეიპყრეს ფეიქარხან წაგვრად ლელა ბატონიშვილისად, ამისთვის სთხოვეს მოურავმან და ზურაბ თეიმურაზს ასული თვისი დარეჯან ცოლად ზურაბისათვის. ამით განიგულა თეიმურაზ დაპყრობა ქართლისა და მისცა ასული თვისი ზურაბს. მერე მოიყვანეს თეიმურაზ მეფედ ქართლს და ეპყრა კახეთიცა.
ესმა შააბაზს, წარმოავლინა ყორჩიბაში სპითა დიდითა, მოვიდა და დაიბანაკა ალგეთსა ზედა და იქმნა ყოფილი, როგორც აღვწერეთ, და შემდგომად მარაბდის ლტოლვისა წავიდა თეიმურაზ იმერეთს და კახეთი იყო თვისად და შემდგომად წასლვისა ყორჩიბაშის ჩამოვიდა კვლავ კახეთს ბატონი თეიმურაზ და დაიპყრა კახეთი ქრისტესა ჩქკდ (1624).
ამ ჟამთა კახთა მცირედ იწყეს შენება და მოსახლობა, მაგრამ კვლავ მიესმა ესე ყოველი შაჰაბაზს, განრისხდა, მიუწერა შირაზის ბეგლარბეგსა, რათა გაამაჰმადიანოს დედა თეიმურაზისა ქეთევან დედოფალი, და უკეთუ არა ჰყოს გმობა ქრისტესი, მოკლას ტანჯვითა ფიცხელითა. და ამან მოკლა ქრისტესთვის ტანჯვითა ფერად-ფერადითა, როგორც მოგვითხრობს მეტაფრასი მისი ქრისტესა ჩქკდ (1624), სექტემბერს იბ (12). ხოლო ჩავარდა რა შური მოურავსა და ზურაბსა შორის, მაშინ მოუწოდა ზურაბ ერისთავმან ბატონს თეიმურაზს დაპყრობად ქართლისად და მივიდა დუშეთს. მაგრამ მოვიდა მოურავიცა სპითა ძლიერითა და დიდითა. თუმცა იყო თეიმურაზისა თანა ზურაბ ერისთავი, ამილახვარი იოთამ და კახნი მისნი. ბრძოლასა შინა აღასრულა თქმული თვისი ედიშერმა, რომელიც ეტყოდა კახთა და სპათა: „ეცადენით სიკვდილსა მოურავისასა, რამეთუ იგი აღაშფოთებს ყოველთა“. მისულმან ედიშერმა ჰკრა შუბი მოურავსა და დალეწა მკერდსა მისსა ზედა. ხოლო მოურავმან ჰკრა თავსა შიშველსა და განუპო ხმლითა, მერე მოვიდა მოურავი, ჰკრა ბატონს თეიმურაზს ლახტი ბეჭსა ზედა, აღარა დადგა და წავიდა. სძლიეს მოურავსა და ივლტოდა ქრისტესა ჩქკე, (1625). ამათ მოსრეს და შეიპყრეს მრავალნი, ხოლო პყრობილთა დაჰკვეთა ცხვირნი და რომელთამე ყურნი ბატონმა თეიმურაზ და გაუშვა. და თვით ჩავიდა და დაიპყრა ქართლი და განაგებდა მწეობითა ზურაბისათა.
შასეფი. თათრულსა ქორონიკონს ჩლჱ (1038).
ხოლო ქრისტესა ჩქკჱ (1628) მოკვდა შაჰაბაზ და დაჯდა ძის წული მისი შასეფი. ამ ჟამად განდიდდა ზურაბ ერისთავი და აღარა მორჩილ ექმნა ბატონს თეიმურაზს. გამოიყვანა სვიმონ მეფე ტფილისიდან და თეიმურაზ ჩამოვიდა კახეთს და მცირედისა ჟამისა მივიდა უფადარს წასლვად წინაშე ყაენისა. და მოუწერა ზურაბს: „მე წასულ ვარ, თუმცა ვსცნობ შემდგომსა შენდა სვიმონისასა, რამეთუ არა ჯერ იყო განწირვა სიძისაგან სიმამრისა“. შემდგომად მცირედთა დღეთა უფადარს მოართვეს თავი სვიმონ მეფისა ზურაბის წარმოგზავნილი თეიმურაზს და კვლავ მიეწოდა დაპყრობად ქართლისა და მოეთხრა: „ვითარცა გაგწირვედი უკვდავად“. უკმოიქცა თეიმურაზ და დაიპყრა ქართლი.
ხოლო ვინაიდან არღარავინ ჰყავდა მეტოქე და წინააღმდგომი და უმრავლდებოდა სპანი ქართლ-კახეთისა პყრობითა, მოიხსენა შური წუქეთის სულთნისა, რამეთუ როდესაც აჰყარა შაჰაბაზმა კახეთი, მან უბოროტესნი უყო კახთა და წავიდა სპითა დიდითა. მაგრამ ალიონსა შინა მორბედსა ცხენსა ბატონის თეიმურაზისასა უმუხთლა და შემუსრა ბეჭი მისი. ამისთვის მტკივნეული ვეღარა წავიდა თვით. თუმცა წარავლინა ზურაბ ყოვლითა სპითა.
ესე მივიდა და დაესხა უგრძნეულოდ და გამაგრდა სულტანი ძლიერად. მაშინ უბრძანა ზურაბ ყოველთა სპათა მკვირცხლად შეხდომად სულტანისა და მათ მყის აღმასრულებელთა წაართვეს სიმაგრენი, მოჰკლეს სულთანი და ამოწყვიდეს მისთანანი ყოველნი და მოაოხრეს სანახებნი მისნი და წამოვიდნენ გამარჯვებულნი ალაფითა დიდითა და მოვიდნენ წინაშე თეიმურაზისა.
ამისა შემდგომად მოიხსენა შური ზურაბ ერისთავისა ბატონმან თეიმურაზ და საფურცლეს მდგომმან ღალატით მოკლა იგი, მერე შევიდა დუშეთს და წამოიყვანა ასული თვისი დარეჯან და დადგა საფურცლესავე. ეზრახა მეფესა გიორგის იმერთასა, რათა შერთოს ასული მისი დარეჯან ძესა მისსა ალექსანდრეს. სათნო იყო გიორგი მეფემან და წარმოუვლინა ძე თვისი ალექსანდრე. ესე მოვიდა საფურცლეს, აქორწინა ქინძარას მცირეს ეკლესიასა შინა და გაუშვა მზითვითა დიდითა ქრისტესა ჩქკთ (1629).
შემდგომად შეიკრიბა სპანი ორთავე ქვეყანათა თეიმურაზ და მიუხდა ულუკოსორს, რამეთუ იგინი უხდებოდნენ, აოხრებდნენ და სტყვენვიდნენ კახეთს, ამოწყვიდა, მოტყვევნა და მოაოხრა და მოვიდა გამარჯვებული. კვლავ შეკრიბა სპანი ორნივე, წავიდა და მოტყვევნა არაზს შიგნითი, ბარდა, ყარაბაღი, შამშადილო და ყაზახი, და მოვიდა ალაფითა და იავარითა დიდითა გამარჯვებული.
ხოლო იყო უნდილაძე დავით განჯის ბეგლარბეგი, ესე ერთგულ და ნამსახურ იყო შაჰაბაზისა. მაგრამ შაჰსეფიმ მიზეზითა ცუდითა შეიპყრა ძმა მისი და მოკლა იგი და ძეთა მისთა აღმოხადა თვალნი. შეშინდა ესე დავით და მოვიდა თეიმურაზისა თანა სპითა და დედაწულითა ყაჯარისათა. ხოლო თეიმურაზმა შეიწყნარა და დაასადგურა იორის პირსა ზედა. ესმა ესე შასეფის და მოითხოვა იგი ბატონის თეიმურაზისაგან, მაგრამ მან არა მისცა, არამედ ევედრა, რათა შეიწყალოს და მიუტეოს შეცოდებანი. მსმენელი ამისი შასეფი განრისხდა, მოუწოდა ხოსრო-მირზას, მისცა მას ქართლი და წარმოატანა როსტომ-ხან სპასალარი და მოვიდნენ ხუნანს. ამისთვის მოიყვანა თეიმურაზ ბარათიანთ ცოლნი საფურცლეს, რათა არა მიერთნენ როსტომს და ლამოდა ბრძოლასა. მაგრამ მას ღამესა გაიქცნენ ბარათიანნი და მივიდნენ წინაშე როსტომისა. მაშინ ინება ბარათიანთა ცოლთა დაჭრა ცხვირპირთა თეიმურაზ. მაგრამ არა აუფლა ხვარაშან დედოფალმან და წავიდა იმერეთს ქრისტესა ჩქლდ (1634). თვით ბატონმან თეიმურაზ ჩაუსწრა იმერეთს. ხოლო ეწივნენ ხიზანთა სპანი ყიზილბაშნი, ამოწყვიდეს და ტყვე-ჰყვნეს, უკუნ-იქცნენ და მივიდნენ ტფილისს.
ხოლო როსტომმა დაიპყრა ქართლი, წარმოავლინეს სალიმხან და დასვეს კახეთს, მაგრამ ვერ მიენდვნენ კახნი თვითოთაგან კიდე და იმყოფებოდა სალიმხან მოსაბრუნს. შემდგომად მოკლა როსტომ მეფემან დათუნა ერისთავი. წარუგზავნა ზაალ ძმამან დათუნასმან ბატონს თეიმურაზს ფიცი და აღთქმა დიდი, რათა მოვიდეს და მეფედჰყოს ქართლს. ესე ირწმუნა თეიმურაზ, წამოსულმან მოვლო დვალეთსა ზედა, რამეთუ ქართლს ვეღარა გამოივლიდა როსტომის გამო და მოვიდა დუშეთს ქრისტესა ჩქლვ, (1636).
მოსლვა ბატონის თეიმურაზისა დუშეთს, იბ (12) წელი აწ იმეფა
მაშინ იწყეს მტერობა როსტომისა და ვერა რა ავნეს, მერე კვლავ შეუჩინეს მოღალატენი და ვერცა რა მით ავნეს, რამეთუ ქონდა ძალი დიდი ყაენისაგან და მორჩილებდენ ყიზილბაშნი. ამისთვის დაუტევეს როსტომ და მოუხდნენ სალიმხანს, მპყრობელსა კახეთისასა, მაშენებელსა მოსაბრუნსა შინა სასახლისასა. იგრძნა სალიმხან და ივლტოდა, მაგრამ ამოსწყვიდეს სპანი მისნი და აიღეს იავარი მისი, მოიქცა და დაიპყრა კახეთი, მოვიდა და დადგა კვლავ დუშეთსვე და მცდელობდა მტერობასა როსტომისასა სამს წელს დუშეთს მდგომი. და განიგულა სიკვდილი ზაალისა და დაპყრობა არაგვ-ბაზალეთისა და განიზრახვიდა კახთა თანა: „თუ რომლის ძალით ჰყოს ესე“. უთხრეს ესე ზაალს და ფარულად მოასმინეს განზრახვა თეიმურაზისა. ამისთვის იწყო ზაალმა კრძალვა მისგან. ჰსცნა ბატონმან თეიმურაზ უნდობლობა ზაალისა და წამოვიდა და ჩამოვიდა კახეთს ქრისტესა ჩქლთ (1639), და იწყეს უმეტეს აწ შენობად და მოსახლობად კახთა, რამეთუ ჩამოვიდოდნენ ხიზანნი და დაეშენებოდნენ.
ამ ჟამებთა წარუვლინა ყაენსა ბატონმან თეიმურაზ ძღვენი დიდი და ითხოვა შენდობა. ხოლო ყაენმან შეიწყნარა ძღვენი, და მოსცა კახეთი თეიმურაზს და ხალათი და მოემცნო პირველისა შენდობა და აწ ერთგულად ყოფნა. და ესეთ მრავალგზის წარუვლინებდა ძღვენსა, ხოლო შასეფი ნიჭვიდა და სწყალობდა და დაზავდა მის თანა.
იხილა ამით, რამეთუ აქვს მცირედი სიმშვიდე, განიზრახა თეიმურაზმა შესლვად დიდოეთს, რათა მოაქციოს კერპობისაგან და ყოსცა გზა რუსეთისა და შეიწიოს იგინი. შემოკრებულითა კახითა შეუხდა და შემუსრა რაოდენიმე კოშკნი და მოწვა დაბები. მაგრამ დიდოთა მოიხმეს ლეკნი და დაუწყეს ბრძოლა ისრითა და საგორავებითა, მოკლეს რუსთველი წინაშე მეფისა, და მასვე ჟამსა ცხენი თეიმურაზისა, და ამოწყვიდეს მრავალნი კახნი, ივლტოდნენ და მოვიდა თეიმურაზ კახეთს მტირალი და მეტყველი: „ვაი დარბაისელ ეპისკოპოს მოწყვედილსა“. ქრისტესა ჩქმ (1640).
შემდგომად ამისა მიუწოდეს ბატონს თეიმურაზს კათალიკოზმან ევდემოზ, ზაალ ერისთავმან, ამილახორმან და ნოდარ ციციშვილმან. ხოლო მივიდა რა მუხრანს თეიმურაზ, გაემარჯვა როსტომს ნოდარსა ზედა, ამისთვის უკუმოიქცა და მოვიდა კახეთსავე. მერე კვლავ მოემცნო კათალიკოზს ევდემოზს გაქცევისათვის ნოდარისა: „რად უკუნიქეც, აწ მოხვედ და ჰყოცა რა იგი გნებავს“. კვლავ ირწმუნა თეიმურაზ და მივიდა მუხრანს, იქ მოერთო ზაალ ერისთავიცა, მაგრამ სცნეს, რამეთუ როსტომ შესულ იყო ციხესა შინა გორს და ამათ არა ძალ-ედვა გარმოდგომა მისი, ვინაიდან ქონდა ნიჯადი ყაენისაგან დიდი. ამისთვის უკმოიქცა თეიმურაზ. მაგრამ ავნო დიდი მუხრანის ბატონმა ვახტანგმა და მოვიდა კახეთს.
ხოლო შემდგომად მოუხდა როსტომ მეფე სპითა დიდითა მაღაროს მყოფს მცირე-სპოსანს, გარდა ქისიყელთაგან, ბატონს თეიმურაზს და შემოუსია სპანი ქრისტესა ჩქმგ (1643). მაშინ შეებრძოლნენ სიმაგრით გამო კახნი და აოტეს სპანი როსტომისანი და წავიდა როსტომ ტფილისს. ხოლო კახთა აიღეს ალაფი და მოვიდნენ წინაშე თეიმურაზისა. თუმცაა ამითცა ვერცარა ავნეს როსტომს და ეგო მტკიცედ. იხილა ესე ზაალ ერისთავმა და დამორჩილდა როსტომს. ხოლო როსტომმა წარავლინა ზაალ წინაშე ყაენისა და შემდგომად მოსლვისა ზაალისა ისპაანიდან და მცირედისა შემდგომად შემოიკრიბა კვლავ როსტომ სპანი ძლიერნი და წარმოემართა ბატონს თეიმურაზსა ზედა.
მაშინ იდგა თიანეთს თეიმურაზ, შემოიკრიბა მანცა სპანი თვისნი. მაგრამ მტერ იყვნენ რევაზ სალთხუცესი და ბიძინა სუფრაჯი ჩოლაყაშვილნი, და არა ინება ბიძინამ მორჩილება რევაზისა, ვინაიდან რევაზ თავი სპათა იყო: „უკეთუ სძლიოს, რევაზ იქმნება მიზეზი ძლევისა“. ამისთვის აიძულებდა ბატონს თეიმურაზს ბიძინა: „რათა წარავლინოს იგი ერწოს და იქ იბრძოლოს მან, რამეთუ უკეთუ დაიპყრან მათ ერწო, ვერცა ჩვენ დავმაგრდეთ თიანეთს“, არა ენება ესე თეიმურაზს, თუმცაა იძულებულმან მისცა ნება, რათა არა იქმნეს იქ სპათა მისთა შორის შფოთი ბრძოლათა შინა და წავიდა ბიძინა ერწოს, და ამით განეყო სპანი თეიმურაზს. მაშინ მოვიდა ვახტანგ მუხრანის ბატონი და ზაალ ერისთავი მისთანა უღლისს, შეებრძოლა რევაზ და იყო ბრძოლა ცემითა თოფთათა ძლიერი, ვიდრე უკუდრკენცა იგინი. მაგრამ დადგა ვახტანგ მუხისა თანა ერთისა მცირითა სპითა, იქიდან მოხვდა რევაზს თოფი და განვლო ზურგით კერძ. ესე არა გააგებინა სპათა, და განამაგრა იგინი, მოვიდა და ამბორს უყო ხელსა ზედა თეიმურაზს, მერე მივიდა და მოკვდა იქვე.
იხილეს სპათა ჩვენთა და მოუძლურდებოდნენ. ხოლო იგინი მოეტევნენ და ივლტოდნენ კახნი. და ჩამოვიდა ბატონი თეიმურაზ შიგნით-კახეთს და ბიძინაცა უკუმოიქცა უქმად, მოუდგა როსტომ თეიმურაზს. მაგრამ ამავეს დღესა შეებრძოლნენ მაღაროს ძესა თეიმურაზისასა დავითს სპანი ყიზილბაშნი, მოგზავნილნი როსტომ მეფისაგან, იძლია იქ დავითცა და მოკლეს იგი და სპანი მისთანანი მოსრეს ქრისტესა ჩქმჱ (1648) და მოადგნენ თეიმურაზს ორმხრითვე.
ამისმან მხილველმან თეიმურაზ და უღონო ქმნილმან წარავლინა დედოფალი ხუარაშან ვედრებად როსტომისა თანა (რამეთუ იყო ბიძის ძის ასული როსტომისა), მისული შეიტკბო და პატივსცა კეთილად და მოსცა საჩუქარი საკიდარნი და წარუძღვანა კათალიკოზი და განუტევა იმერეთს. მოეგება სიძე თვისი ალექსანდრე და დაასადგურა პატივითა. მაშინ უთხრეს სიკვდილი ძისა თვისისა დავითისა თეიმურაზს, ჰყო გლოვა და მწუხარება დიდი.
როსტომ მეფემან თ (9) წელი იმეფა
ხოლო როსტომმა დაიპყრა კახეთი და მისცა ზაალ ერისთავსა ერწო-თიანეთი და ხერკი. მაგრამ კახნი უმეტესად იყვნენ თვისად და ზაალის თანა, ხოლო თეიმურაზ შემდგომად გლოვისა იწვია ლევან დადიანმან (რამეთუ იყო პაპის ასულის წული ლევან თეიმურაზისა). წასლვისა არა მნებელსა თეიმურაზს განუზრახვიდა მეფე ალექსანდრე, რათა ჰყოს მათ შორისცა ზავი. ესე განიხილა თეიმურაზ თვისად უმჯობესად, რამეთუ უკეთუ შეაერთოს იგინი, მოიცეს მათგან ძალი. ამისთვის წავიდა და მისულსა მოეგება დადიანი ლევან, პატივ-სცა, უმასპინძლა, ანადიმებდა და ანადირებდა, თუმცა ჩვენებასა შინა საჭურჭლე-საგანძურისასა უძღვნა მსოლოდ სახტიანი. შემდგომად ეტყოდა თეიმურაზ ლევანს ზავ-ყოფასა ალექსანდრესსა და განტევებასა მამუკასსა თავსმდებობითა თვისითა. ესე ინება ლევან დადიანმანცა, არამედ შორად განკიდებულ ჰყო წუწკმან.
ამისი მხილველი თეიმურაზ წამოვიდა და მოვიდა იმერეთსავე. მაშინ ალექსანდრე მეფემან სთხოვა ძის ძე გიორგი თეიმურაზს შვილად თვისად. მისცა ამან და ზრდიდა იგი მემკვიდრედ. მაგრამ შემდგომად მცირედისა მოკვდა ყრმა იგი და იგლოვეს მწარედ ზოგად მეფეთა.
ხოლო იყო მეფე თეიმურაზ იმერეთს წელსა შვიდსა და როსტომ უმეტეს გაძლიერდებოდა. ამისთვის წარავლინა რუსეთს ძის ძე თვისი ნიკოლაოზ. ამას მისულსა ჩერქეზს დაეცნენ მეკობრენი, მოსრეს მისთანანი და წარგვარეს მხევალნი. ხოლო ყრმა ნიკოლაოზ წარიტაცეს ყმათა მისთა და მიიყვანეს თერგს, მერე მიიყვანეს მოსკოვს.
ამისა შემდგომად იხილა თეიმურაზ, რამეთუ აღარა არის სხვა ღონე, წავიდა თვითცა რუსეთს ვედრებად რუსთა ხელმწიფისად, რათა შეეწიოს ქრისტესა ჩქნვ (1656), და დაუტევა დედოფალი დედაწულით იმერეთს, განვლო თვით რაჭა, დიგორი, ჩერქეზი და მივიდა თერგს, მერე ასტრახანს, იქიდან მოსკოვს, მისულსა ხელმწიფემ ალექსიმ პატივ-სცა მეფებრ და შეიწყნარა ვედრება მისი. შემდგომად უბრძანა მიზეზი, რომელიც არა იყო შეწევნისა. ამისი მსმენელი თეიმურაზ გამოეთხოვა, მან მოსცა ნიჭი დიდი და წამოვიდა. მოსულს ასტრახანს უთხრეს სიკვდილი ძის ძისა თვისისა ლუარსაბისა, რომელიც იყო მშვენიერ, კისკასი და სატრფო. მწუხარედ გლოვისა შემდგომად დაუტევა ნიკოლაოზ წინაშე ალექსი ხელმწიფისა მოსკოვს, თვით წამოვიდა და მოვიდა იმერეთს ქრისტესა ჩქნთ (1659) და აქაცა დახვდა დედოფალი ხვარაშან გარდაცვლილი. იგლოვა უმეტეს მწუხარედ და იმყოფებოდა იმერეთს, ვინაიდან ალექსანდრე მეფეცა მომკვდარ იყო.
სალიმხან
ხოლო კახეთს შემდგომად სიბერისათვის როსტომისა დასვეს სალიმხახ ქრისტესა ჩქნზ (1657). მაგრამ ზაალსვე ეპყრა ზემოთქმულნი ქვეყანანი და კითხვითა მისითა მართავდა სალიმხან კახეთსა. ამან სალიმხან მოიყვანა ელნი და დასხა შიგნით და გარეთ-კახეთს და დაიპყრეს ამათ ბახტრიანი, ალავერდი და გარყვნეს წმიდანი ეკლესიანი, რამეთუ იყვნენ არვე-მროწლეთა (ნახირთა, ჯოგთა) მათთა სადგურად და იყო ჭირიცა დიდი მათგან კახეთსა შინა და ქურდთა ლეკთაგან. სალიმხან იჯდა ყარაღაჯს უზრუნველი კახთათვის და ისვენებდა უზრუნველი მტრის ვნებისაგან. ხოლო დღესა ერთსა მღვდელი ვინმე მოვიდოდა შიგნით კახეთს, შეიპყრეს იგი თათართა და გახრწნეს სოდომურითა და განუტევეს. შევიწროებული მღვდელი იგი მოვიდა წინაშე ზაალისა მეტყველი ესეთ: „შენდა რწმუნებულ აროს კახეთი კნინღა პყრობად, აწ შემამთხვიეს თათართა უჯერო, ამისთვის შენვე პასუხ-უგე ქრისტესა დღესა მას დიდსა განსჯისასა“. ამისმა მსმენელმა ზაალ ერისთავმან შემოიფიცა საყმონი თვისნი და ფშავხევსურ-თუშნი, და ბიძინა სუფრაჯი და ერისთავი ქსნისა შალვა ძმით ელიზბარ (რამეთუ სიძე იყო შალვა ზაალისა), შეკრიბა ესე ყოველნი, წარუძღვანა ძე თვისი და მიუხდნენ პირველად ბახტრიანს, მოსრეს და ამოწყვდეს თათარნი, მერე ალავერდს და შემდგომად ყოველსა კახეთსა შინა ამოწყვიდეს, რამეთუ არცაღათუ დაუტევეს აკვანთა შინა მწოვარნი და განათავისუფლეს კახეთი. მაგრამ ყარაღაჯს აღარა მივიდნენ, რამეთუ წასულ იყო სალიმხან და იჯდა იქ მურთუზალიხან და მოიქცნენ გამარჯვებულნი ქრისტესა ჩქნთ (1659).
მურთუზალიხან
ხოლო შემდგომად ზაალ ერისთავის სიკვდილისა შეშინდნენ ბიძინა, შალვა ძმით ელიზბარით და აღარა მივიდნენ ვახტანგ მეფისა თანა. არამედ ჩავიდნენ მურთუზალიხანთან ყარაღაჯს. მაშინ ხანმა შეიპყრა იგინი და წარავლინა წინაშე ყეენისა. ხოლო ყაენმან მისცა იგინი მესისხლეთა, რომელნიცა ამოწყვიდეს მათ ელნი და მათ აწამეს იგინი ქრისტესთვის, როგორც წერილ არის მეტაფრასსა მათსა. მართალია კახეთი ეპყრა მურთუზალიხანს, თუმცა უფროს მორჩილებდენ მეფესა ვახტანგს და იყვნენ წინაშე მისსა.
ხოლო შემდგომად ალექსანდრე იმერთა მეფისა დარჩა ბატონი თეიმურაზ ციხესა შინა სკანდას ფრიად უპოვარი და ჩასლვასა ვახტანგ მეფისასა იმერეთს ეზრახა თეიმურაზ ვახტანგს, რათა წარავლინოს წინაშე ყაენისა და მივიდეს მის თანა. მან სიხარულით აღუთქვა და მისულსა თეიმურაზს პატივ-სცა ვახტანგ დიდად და წარმოუძღვანა ამილახორი გივი და მოიყვანეს ტფილისს ქრისტესა ჩქჲა (1661).
ხოლო მო-რა-იქცა ვახტანგ იმერეთიდან, წარავლინა თეიმურაზ ისპაანს და გაატანა გივი ამილახორი. მისული თეიმურაზ პატივით შეიწყნარა ყაენმა შაჰაბაზ (II) და ანადიმებდა და ანადირებდა თვისთა თანა და ნიჭვიდა მრავალსა. დღესა ერთსა ეტყოდა თეიმურაზს შაჰაბაზ, რათა დაუტეოს ქრისტე. ხოლო თეიმურაზ არცაღა-თუ ისმინა. კვლავ ნადიმობასა შინა ეტყოდა ჭამასა ხორცისას, რამეთუ იყო მარხვა, არცა ესე ინება თეიმურაზ. განრისხდა შაჰაბაზ და შეაქცია თასითა ღვინო პირსა ზედა ხელითა თვისითა თეიმურაზს. იწყინა კადრება ესე თეიმურაზმა, მაგრამ დამშვიდდა შაჰბაზს მეტყველი: „ჰკადრებს ძე მამასა უკადრსა, თუმცა არა განრისხდება მამა“. მეორეს დღეს წავიდა შაჰაბაზ აშრაფს და თეიმურაზ წარავლინა ასტარაბადს პატიმრად.
ხოლო წელსა ქრისტესა ჩქჲბ (1662) მოვიდა ძის ძე თეიმურაზისა დავითის ძე ნიკოლაოზ, რომელსაც ეწოდა ერეკლე, თუშეთს, რამეთუ ამას ზრდიდა რუსთა ხელმწიფე ალექსი, როგორცა ძესა. თუმცა ზოგნი იტყვიან მოწოდებითა ზაალ ერისთვისათა, რათა ჰყოს მეფედ. ხოლო სხვანი იტყვიან მოწოდებითა მამიდისა თვისისა დარეჯანისათა, რათა ჰყოს იმერთა მეფედ. ამას მიერთნენ კახნი.
ესე სცნა ვახტანგ შაჰნაოზ მეფემან და წარმოავლინა სპითა მუხრანის ბატონისშვილი პაატა და ერისთავი ოთარი. ესენი მოვიდნენ ურიათუბანს. შეებრძოლა იქ ერეკლე კახ-თუშითა და შემდგომად ბრძოლისა იძლია ერეკლე და ლტოლვილი შევიდა თორღის ციხესა შინა. ხოლო ქართველნი გაბრუნდნენ და აუწყეს ვახტანგ შაჰნაოზს. მან შემოიკრიბა სპანი და ჩამოვიდა კახეთს და მოადგა ციხესა თორღისასა. მაშინ შემჭირდნენ მეციხოვნენი, რამეთუ იყო დედით ერეკლე იქ. ამისთვის ევედრა დედა ერეკლესი შაჰნაოზ მეფესა, რათა მისცეს გზა და განუტეოს: მან უსმინა და განუტევა ფარულად და მივიდა კვლავ თუშეთსვე. ხოლო შაჰნაოზმა დაიპყრა კახეთი და წავიდა ტფილისს ქრისტესა ჩქჲგ (1663). მაგრამ ერეკლე იმყოფოდა თუშეთს მწირობასა შინა, ვერ წამსლველი რუსეთს და ვერცა მდგომი იქ. ხოლო მისული ასტარაბადს ბატონი თეიმურაზ მასვე ზამთარსა გარდაიცვალა შემონაზონებული და სქემოსანი ქრისტესა ჩქჲგ (1663). შემდგომად ევედრნენ ყაენსა კახნი იქ მყოფნი, რათა წამოიღონ გვამი თეიმურაზისა კახეთს. ხოლო ვინაიდან მეფესა ვახტანგსაცა მოეთხოვა ყაენისათვის, ამისთვის ყაენმანცა ნება სცა, წამოიღეს და მოიტანეს ალავერდს. მაშინ შეიკრიბნენ კათალიკოს-ეპისკოპოზნი ქართლ-კახეთისანი ბრძანებითა მეფისა ვახტანგისათა და დაფლეს ალავერდს ქრისტესა ჩქჲდ (1664).
თ. მეფე არჩილ ია (11) წელი იმეფა
ხოლო ამასვე ქორონიკონსა მოსცა შაჰაბაზმა კახეთი ძესა ვახტანგ მეფისასა არჩილს და მოვიდა დიდითა დიდებითა, მიეგებნენ ყოველნი წარჩინებულნი კახნი, დაჯდა მეფედ და დაიპყრა ყოველი საზღვარი კახეთისა.
ესე არჩილ იყო ახოვნებითა, მშვენიერებითა, სიმხნითა და ყოვლითა სამკვდრო-სანადიმო ზნითა სრული, რომლისა ისარი იბ (12) მუჭი სიგრძითა, შემმართებელი, ძლიერი, ლაღი და ამაყი, მონადირე და მოასპარეზე წარჩინებული და საღმრთოთი აღმატებული. ამან განასხა თათარნი ურჩნი თვისნი და განაგებდა კეთილად. მაგრამ მეორესა წელსა იწყო კირთება განზრახვითა კახთათა ერეკლემ კახეთისა. მცნობელი შაჰნაოზ მოვიდა ძისა თვისისა თანა სპითა დიდითა და დადგა აწყუერს. ხოლო ერეკლე ვერ წინააღმდეგი წავიდა კვლავ თუშეთს და დასცხრა კირთებისაგან. იხილა ესე შაჰნაოზ და განუტევნა სპანი. ესე აცნობეს კახთა ერეკლეს და მოუწოდეს თავს დასხმად შაჰნაოზისად. ამისთვის ერეკლემ შეიკრიბა თუშნი და წამოსულს მიირთვნენ კახნი, მომწეველნი მისნი და დაესხნენ ბნელსა ღამესა შინა, და იქმნა რა იგი აღვწერეთ ქართლის სამეფოზე თხრობისას.
მაგრამ ერეკლე წაიტაცეს თუშთა და მიიყვანეს კვლავ თუშეთსვე. მაშინ შაჰნაოზმა შეაფიცა სრულიად კახნი ძესა თვისსა არჩილს და დაუტევა იგი კახეთს და თვით წავიდა ქართლს. ხოლო ერეკლეს გაუჭირდა მწირობა თუშეთს და წავიდა კვლავ რუსეთსვე და არჩილ, მყოფი კახეთს, ნადირობდა და ნადიმობდა და შენდებოდა კახეთი, ვინაიდან იყო სიმშვიდე და უმტრობა და ნიჭვიდა და სწყალობდა ყაენი არჩილს, რამეთუ ვერცაღათუ ლეკნი იკადრებდნენ ხდომასა.
განმსვენეთა კახთა წყინდათ თეიმურაზის ძის დავითის ასულის ქეთევანის წინდად ყოფნა სამცხეს და საქმობითავე დარეჯან დედოფლისათა იხილეს არჩილ უცოლო, ეტყოდნენ სიკეკლუცესა და მშვენიერებასა ქეთევანისასა, რათა შეირთოს ცოლად. მსმენელი არჩილ ეტრფიალა, და ევედრა მამასა, რათა მოგვაროს ცოლად იგი, რამეთუ უმეტეს მკვდრად დავიპყრობ კახეთსა. შემდგომად დიდისა უარყოფისა შაჰნაოზ მეფემან წარავლინა ტფილისელი ვაჭარი და დაიხსნა ქეთევან ც (2000) თუმნად, მოიყვანა ტფილისს და უქმნა ქორწილი დიდებული ქრისტესა ჩქჲზ (1667), შემდგომად მოიყვანა კახეთს.
ამან არჩილმა ჰყო სასახლე თელავს და განაახლა ეკლესიანი ყოველნი კახეთისანი და დასხნა ეპისკოპოზნი, მატა რჯულსა და შენობასა ქვეყნისასა და იყო შვებასა და ნადირობა-ნადიმობასა, ზოგჯერ მამისა თვისისა თანა ქართლს და უმეტეს კახეთს.
ხოლო შემდგომად იწყეს ლეკთა ჭურმუტთა ავაზაკობით კირთება გაღმა მხართა და ელისენთა შინა, შეიკრიბა არჩილმა სპანი, მოიყვანა ქართველნი, წარავლინა და მიუხდნენ ჭურმუტს, შემუსრეს სიმაგრენი, ამოწყვიდეს, მოტყვევნეს და მოვიდნენ გამარჯვებულნი. ამისთვის მარადის ემატებოდა და შენდებოდა კახეთი და იყვნენ შეერთებულნი ქართველთა თანა ყოვლითურთ.
ხოლო შემდგომად უქმნა არჩილმა ქორწილი ძმასა თვისსა ლუარსაბს ლილოსა ზედა, რევაზ ერისთავის ასულსა ზედა, და იქ მოუტანეს ჭარელთა ცხენით ყინული, შეიპყრა და სტანჯნა იგინი, აჰკიდა კვლავ ტვირთად და მოატანინა კვლავ იქიდამეც ტვირთითავე ყინული. ხოლო წელსა ქრისტესა ჩქოდ (1674) მოვიდა ყაენისაგან მოწოდებული რუსეთიდან კვლავ ერეკლე თუშეთს წასლვად წინაშე ყაენისა (რამეთუ მოკვდა შაჰაბაზ რა, შიხალიხან განუზრახა შაჰსულეიმანს მტერობითა ვახტანგ და არჩილ მეფისათა მეტოქად მოყვანა ერეკლესი, რათა დაამდაბლონ გაძლიერებული ვახტანგ), თუშეთიდან მოიწვია არჩილ და ისტუმრა სიყვარულითა დიდითა ერეკლე, ანადიმა, ანადირა მრავალდღე, მერე უძღვნა და წარატანა კახნი და წარავლინა ისპაანს.
ხოლო კახნი იყვნენ ამ ჟამებთა შვებასა, განცხრომასა, განსვენებასა და მშვიდობასა შინა. კვლავ მოიხსენეს ხვანჯი და ხრიკი. ეტყოდნენ არჩილს იმერეთის დაპყრობასა, როგორცა ეპყრა ადრე. „რამეთუ სახელი არის დიდი შენდა, იყო რა ქრისტიანედ და მისცე მოყვარესა სამკვიდრო თვისი, რამეთუ რა სცნობს ყაენი დატევებასა შენგან კახეთისასა, მასვე ჟამსა მისცემს ერეკლეს და გამოუტევებს კახეთს“.
ხოლო არჩილ მოძულე მაჰმადიანთა და მოძულემან მაჰმადიანობისამან სათნო იყო განზრახვა ესე და მოვიდა თიანეთს ქრისტესა ჩქოე (1576) უცნობელად მამისა თვისისა. შემდგომად იქიდან წავიდა ახალციხეს, ევედრა მამა არა ყოფად ამისად, არამედ არა უსმინა, ხოლო შემდგომად არჩილის წასლვისა მორჩილებდნენ კახნი შაჰნაოზ მეფესა. ყაენი ეტყოდა დატევებასა ქრისტესსა ერეკლეს და წარმოვლინებასა კახეთს. თუმცა მან არა დაუტევა ქრისტე. მერე წავიდა ჩოლაყაშვილი რევაზ წინაშე ყაენისა, იქმნა მაჰმადიან, ამას მიათვალეს კახეთი და გამოუტევეს. მაგრამ ვინაიდან არჩილმა (ვახტანგის სიკვდილისთანავე) იწყო ქართლისა პყრობად და კვლავ იყო ქართლს, განაზრახეს ყაენსა, რათა არა მიერთნენ არჩილსვე კახნი. ამისთვის წარმოავლინეს ბეჟანხან, ესე მოვიდა და დაჯდა ყარაღაჯს ქრისტესა ჩქოზ (1677).
ბეჟან ხან, ვ (6) წელი იყო
მიერთვნენ ყოველნი კახნი. ამან ქმნა სასახლე სპარსთა რიგისა ყარაღაჯს და უბრძანა კახთაცა იქ სახლთა გებანი. ხოლო ჟამთა ამათ მოშენებულ იყო კახეთი და მთავრობდნენ მთავარნი და არა ნებისამებრ მისისა მსახურებდნენ ხანსა. იხილა რა სიამაყე ესე კახთა ხანმან, იწყო მოწამლვით და რომელთამე ცხადად სიკვდილი. ამისთვის კახთაცა იწყეს კრძალვა და ფრთხილობა.
ხოლო გიორგი მეფემან არა მნებებელმან ამისმან შემოუჩინა კაცი ხანსა, ჰკრეს თოფი და მოსტეხეს მხარი. მაგრამ დაეხსნა სიკვდილსა. მერე წარმოუვლინა გიორგი მეფემან დოსტაქარი. მაშინ ხანი იტყოდა: „უმჯობეს იყო არცა სიკვდილი და არცა კურნება“, ამისთვის გაბოროტებულმა ხანმა მისცა ნება და ძალი ლეკთა და უწყეს კახეთს კირთება და ტყვევნა, არათუ ლაშქრით, არამედ ავაზაკობით.
კვლავ აღაზავნა უმეტეს ჭარელნი და ელი ფადარი დასხმულნი ხანთაგანვე, რამეთუ თუმცა მოელიან კახნი ლეკთა ან თათართა შერისხვიდა ხანი, ან მოაკვდინებდა ან მიაცემინის სისხლი, მეტყველი: „რამეთუ არა ჯერ არის გაურთაგან (ცხოველთაგან) მუსულმანის სიკვდილი და თუცა მოჰკლან თათართა კახი არა რა ავნის, რამეთუ ესეთ ჯერ არის და იყო ამით ჭირი დიდი. თუმცა კახნი უდგნენ მაგრად და სრვიდნენ სადაც ვის მოიხელთნენ.
ამ ჟამებთავე თაობდნენ კახეთს ჩოლაყაშვილი რევაზ, მოურავი ქისიყისა აბელ, მოურავი ელისენისა მერაბ და სხვანიცა, და განეგებოდა ხანისაგან კახეთი ამათით. კვლავ მოკვდებოდა თუ ეპისკოპოზი, ამათითვე და ეპისკოპოზთაგან არჩევით მისცის ხანმან ეპისკოპოზობა და წარუვლინიან ქართლის კათალიკოზსა მცხეთას და მან აკურთხის და გამოუტევის. ხოლო შემდგომად ვედრებითა კახთათა და ნებითა ხანისათა წარმოავლინა ყაენმან სხვა ხანი და იგი წაიყვანეს, ესე მოვიდა და დაჯდა ყარაღაჯს ქრისტესა ჩქპგ (1683).
ხანი, ე (5) წელი იყო
არამედ ესეცა მიდიოდა კვალთა წინათთა ხანთათა. შემდგომად ეზრახა გიორგი მეფე სამთა ამათ წარჩინებულთა ქრისტესა ჩქპჱ (1688), რათა ჰყონ ერთმთავრობა მის თანა, მოკლან ხანი და იავარჰყონ სიმდიდრე მისი. ხოლო კახთა ამისთვის მისცეს პირი მტკიცე, მგონებელთა, რამეთუ რაჟამს ჰყონ ესე, წამსვე წარმოავლენს ყაენი ერეკლეს. მაგრამ განუდგა რა გიორგი მეფესა თამაზ სპასპეტ, ვეღარა მყოფელთა დაიდუმეს ესე. ამისმან მცნობელმან ხანმან იწყო უფროს მტერობა კახთა. მაგრამ ესმა კვლავ ყაენსა ვერ-თავსდება კახთაგან ხანისა. ამისთვის მისცა კახეთი განჯის ბეგლარბეგს აბაზყულიხანს და მოვიდა ესეცა ყარაღაჯს ქრისტესა ჩქპჱ (1688).
აბაზ-ყულიხან, ვ (6) წელი იყო
ხოლო ესე აბაზ-ყულიხან იყო ფრიად მდიდარი, რამეთუ განჯაცა ამასვე ეპყრა და ნიჭვიდა კახთა მრავალსა და მეგობრობდენ გიორგი მეფე და აბაზ-ყულიხან. და ეპყრა ერწო-თიანეთი არაგვის ერისთავსავე.
ამისა შემდგომად მოვიდა ერეკლე მეფედ ქართლისად და ამას ნებითა ხანისათა მიეგებნენ რომელნიმე კახნი ყაზახსა შინა, ვინაიდან მიეცა ყაენსა თუშნი და ქისიყელნი მოდარაჯეთ ერეკლესათვის და კახეთი სრულიად ეპყრა აბაზ-ყულიხანს. თუმცა უსმენდა განდიდება-დამცირებასა აბაზ-ყულიხან ერეკლე მეფესა კახთასა და ვიეთნიმეცა იყვნენ წინაშე მისსა, და შენდებოდა კახეთი ქართლიდან. მაგრამ ლეკნი კვლავადცა ეკირთებოდნენ მარადდღე და, სადაცა შეხვდებოდნენ კახნი, ამოწყვედდნენ.
შემდგომად ეზრახა მეფე გიორგი კოჟრიდან კახთა, რათა ჰყონ არჩილივე მეფედ. ამისთვის კახთაცა მისცეს პირი მტკიცე და მოვიდნენ ქართველნი ნინოწმიდას დაპყრობად კახეთისად. მაგრამ დუშია მოურავმა აოტა რა იგინი, მისთვის განადიდა იგი აბაზ-ყულიხანმა და ჰყო თავად კახთა. ამისთვის გავიდა სახლეულით თვისით ჩოლაყაშვილი სახლთხუცესი რევაზ და რომელნიმე მიმდგომნი მისნი გიორგი მეფისა თანა.
ამისა შემდგომად ეზრახა ერეკლე მეფე ბრძანებითა ყაენისათა აბაზ-ყულიხანს და მოვიდა ერეკლეცა ყარაღაჯს და დაასკვნეს წართმა ერწო-თიანეთისა, და ამა პირსა ზედა ერეკლე მეფე წავიდა კვლავ ტფილისს. ხოლო აბაზ-ყულიხანმა წარავლინა კახნი და დაიპყრეს ერწო-თიანეთი და იქმნა რა იგი აღვწერეთ ქართლის სამეფოზე თხრობისას.
შემდგომად მოვიდა აბაზ-ყულიხან კახითა და განჯის სპითა მეშველად ერეკლე მეფისა თანა ჯვარს ბრძოლად გიორგი მეფისა. მაგრამ ვერა რასა ვნებისა შემდგომად გიორგი მეფისა მოვიდნენ ერეკლე და აბაზ-ყულიხან ტფილისს. ხოლო მომკვდარ იყო შაჰსულეიმან და დაჯდა შაჰსულთან უსეინ ქრისტესა ჩქღბ (1692). ამას შეასმინა ერეკლე მეფემან აბაზ-ყულიხან: „რამეთუ მეგობრობს გიორგი მეფესა და ამაგრებს და არცა ნებავს ბრძოლა მისი“. მსმენელი განრისხდა ყაენი და უბრძანა ერეკლე მეფესა პატიმარ-ყოფა აბაზყულიხანისა, წართმა ქონებათა და წარგზავნა წინაშე მისსა. ხოლო ერეკლე მეფემან აღასრულა ბრმანებული. და კახეთი დარჩა უპატრონოდ და ვიეთნიმე იყვნენ წინაშე ერეკლე მეფისა, ვიეთნიმე წინაშე გიორგი მეფისა და ვიეთნიმე თვისად. თუმცა უფროს მორჩილებასა შინა იყვნენ ერეკლე მეფისასა. ამ ჟამებთა წავიდნენ თუშნი და რომელნიმე კახნი წინაშე ერეკლე მეფისა და მოისრნენ ჭაპალას სპათა გიორგი მეფისათა. ესენი კვლავ აცნობა ერეკლე მეფემან ყაენსა.
ქალბალი-ხან, ჱ (8) წელი იყო
ხოლო მან წარმოავლინა ქალბალი-ხან სარდლად და მისცა განჯის ბეგლარბეგობა და კახეთი და, მოვიდა რა იგი ყაზახსა შინა ქრისტესა ჩქჟე (1695), იქ მიეგებნენ სრულიად კახნი შეკრებილნი სპითა, მან პატივით შეიწყნარა და წაიყვანა სრულიად სპითა გიორგი მეფესა ზედა და იქმნა რა იგი აღვწერეთ ქართლის სამეფოზე თხრობისას.
ხოლო შემდგომად კლდეკარისაგან გიორგი მეფის წასლვისა ჩამოვიდნენ ტფილისს ერეკლე მეფე და ქალბალი-ხან. მაშინ ევედრნენ კახნი, რათა ნება სცეს ჭარელთა ზედა და შემუსრონ იგინი, ვინაიდან იგინი უმეტესად მძლავრობდნენ ენისელს გაღმა მხარსა და იყვნენ მესადგურე გზის მასწავლებელნი დაღისტნელთა და იყო ამათ მიერ ტყვევნა, ოხრება და კლვანი კაცთა, მზირობით, ავაზაკობითა და პარვითა, შემდგომად არჩილ მეფისა ვიდრე აქამომდე. მაგრამ არა აუფლებდა ქალბალი-ხან აწ ყოფად ამისად. კვლავ ერეკლე მეფეცა ეტყოდა: „გვაცადეთ, ვიდრე გიორგი მეფის ზავ-ყოფადმდე და მერე მოვიდე მეცა და უყოთ, როგორცა გნებავთ“. მაგრამ კახთა არა ინებეს, მეტყველთა: „რად გვნებავს მათ ზედა მეშველნი, ჩვენ გვეცით ნება, რამეთუ არის კახეთი მათგან ოხერ“. მაიძულებელთა ნება სცეს და შეიკრიბნენ სრულიად კახნი და მივიდნენ ენისელსა შინა, ევედრნენ ჭარელნი და აღუთქმიდენ მორჩილებასა და ხარკსა, რათა არა ამოწყვიდონ. ესე არა ინებეს კახთა და შეუხდნენ, ვერ წინააღუდგნენ ჭარელნი და ამათ ამოწყვიდნეს, მოტყვევნეს და შემუსრეს სიმაგრენი მათნი და ნაალაფევნი, დადგნენ ჭარსა შინა, რამეთუ განეზრახათ სამდღე იქიდან რბევა და ტყვევნა მარად დღე. მაგრამ გლეხთა რა იხილეს ალაფი დიდი დაიტვირთვნენ და წამოვიდნენ. ეწყინათ ესე აზნაურთა ფრიად, თუმცა აღარა უსმინეს. ამის მხილველთა ჭარელთა უწყეს თვითოეულმან ცემა თოფთა, მოკლეს დუშია და მრავალნი წარჩინებულნი, და ივლტოდნენ კახნი და ამოწყვედდნენ ლეკნი, მერე აიღეს ალაფი თვისი და უმეტესი კახთა, და კახნი მოვიდნენ თვის-თვისად ქრისტესა ჩქჟე (1695).
ესმა ესე ქალბალი-ხანს, გაიხარა, ვინაიდან ენება დამდაბლება კახთა. მაგრამ ერეკლე მეფე დამძიმდა ფრიად და ამისა შემდგომად იწყეს უმეტესი კირთება, ტყვევნა და რბევა კახეთისა ლეკთა. ხოლო ჩასლვასა ქალბალი-ხანისასა განჯას მარადის იმყოფებოდნენ წარჩინებულნი კახნი მის წინაშე და ევედროდენცა შეწევნასა ლეკთა ზედა. მაგრამ იგი უზრუნველ იყო, რამეთუ აძლევდნენ მას ხარკსა და მორჩილებდენ, და კახთა ეტყოდა ტკბილად და ნიჭვიდა მრავალთა. თუმცა კახნი კვლაც მხნედ უდგნენ მარადის ლეკთა და მოსულთა მძლე-ექმნებოდიან და მოსრვიდნენ, ვინაიდან ამ ჟამებიდან აივსებოდა ქართლიდან კაცით კახეთი და აშენდებოდა მრავალნი უშენნი დაბები და აგარაკები. ამ ჟამთა ხანებთათა შემოხდა უმეტეს პირველისა ქცევა და ზნენი ყიზილბაშთა და დაუტევებდნენ ქართულთა; იწყეს კეკლუცობა, განცხრომა, მათებრ სმა-ჭამა, სიბილწე, ტყვის სყიდვა, მრუშება ვიდრე სოდომიადმდე, რამეთუ პატივისათვის და როქთათვის იქმნებოდნენ მაჰმადიან და მიიღებდნენ ყაენისაგან როჭიკსა. მართალია მარადის ბრძოლა-ხდომათა შინა იყვნენ, მაგრამ ჟამიცა ქონდათ დასვენებისა ხანებთა გამო ქცეულებისათვის ეგრეთისა.
შემდგომად ამისა ქრისტესა ჩღგ (1703), მისცა ყაენმა ერეკლე მეფესა კახეთი და ყულარაღასობა თვისი და გამოვიდა ტფილისიდან მარტყოფს, მოიყვანა დედოფალი თვისი ანნა, რამეთუ ესე ანნა იყო, როდესაც ერეკლე მყოფობდა ისპაანს, მოითხოვა კახეთიდან ქალი და არავინ წარჩინებულთაგანმან ინება წარვლინება, რამეთუ ჰგონებდენ ხარჭად. მაგრამ რომელიც ვახსენეთ ალავერდელი, მისგან იყო ჩოლაყაშვილი და მან წარუვლინა ასული თვისი ანნა1 ხოლო ერეკლემ შვა მისგან ძე დავით და ასული ელენე და შემდგომად, რა განუგრძელდა ყოფა ისპაანს, უიმედომან წამოსვლისამან იქორწინა იქ მის თანა და, წარმოავლინეს რა ქართლს ერეკლე, ესე ანნა დაუტევა იქავე ძით და ასულით გამაჰმადიანებულნი ყოველნი ერეკლეს თანა და დავითს უწოდეს იმამ-ყული და ელენეს ბანჯანუმ. ხოლო იმამ-ყული და მაჰმადყული იყვნენ საჭურისთა თანა ყაენისათა და იქ იზრდებოდნენ. შემდგომად ანნა და ასული ელენე წარმოუვლინეს ქართლს და უშვა ერეკლეს ტფილისს ანნამ ძე თეიმურაზ2.
ესენი დაუტევა კახეთს და მივიდა ტფილისვე და მერე წავიდა ისპაანს. მისული კეთილად შეიწყნარა ყაენმა. შემდგომად ევედრა ერეკლე მეფე ყაენსა, რათა მისცეს ძესა მისსა დავითს კახეთი და განუტეოს, რამეთუ სცნა თვისი აღარა გამოტევება. უსმინა ყეენმან და მისცა დავითს იმამ-ყულიხანს კახეთი და წარმოგზავნა ნიჭითა დიდითა წელსა ქრისტესა ჩღგ (1703).
შენიშვნები
1. სხვა ვარიანტით - მოშიშობდენ გამახმადიანობასა ქალისასა, ამისათვის რომ სცხოვრებდა ერეკლე ისპაანს და ამისათვის სთხოვა ძმათა მისთა ჩოლაყაშვილთა და მათი ანნა, ასული გარსევანისა.
2. სხვა ვარიანტით - შვა კვლავ ანნასაგან ძე ლუარსაბ. ამის შემდგომად მისცა ყაენმან ქართლი ერეკლეს და წარმოგზავნა ქართლს მეფედ. ხოლო ესე ანნა დაუტევა იქვე ძეებით და ასულით რეცა მძევლად ყაენისა. ხოლო დარჩებასა ანნასა ისპაანს მოკვდა ძე მისი იქ ლუარსაბ და დედოფალიცა ელენე, დედა მეფის ერეკლესი, და ძენი დავით, ხოლო კოსტანტინე ხარჭისაგან, ესე ორნი შეიყვანა საჭურისთა თვისთა თანა ყაენმან და იქ აღზარდა და შემდგომად დედოფალი ანნა და ასული ელენა წარმოუგზავნა მეფესა ერეკლეს ქართლს. და უშვა მეფეს ერეკლეს ტფილისს დედოფალმან ანნამ ძე თეიმურაზ.
ი. მეფე დავით (III), ით (19) წელი იმეფა
მოვიდა დავით იმამ-ყულიხან წლისა კე (25), დაჯდა ყარაღაჯს მეფედ და დაიპყრა სრულიად კახეთი. იყო ესე დავით პირმშვენიერ-ჰაეროვანი, ტანმცირე, არა ძლიერი და მიქცეული სრულიად წესსა ზედა და რჯულსა მაჰმადისასა, რამეთუ არარა სწამდა ქრისტეანეთა, უმეცარი ზნეთა და სამხედროთა საქართველოსათა. მაგრამ წიგნნი და ენანი უწყოდა ორნივე წარჩინებულად. ამან დაამშვიდა ჭარი და აღუთქვეს მოცემა ხარკთა. თუმცა იწყო ზნეთა ქართლისათა სწავლა, რამეთუ მოღობა ასპარეზი და მას შინა ასპარეზობდა უხილაობისათვის კაცთა და ნადიმობდა კახთა თანა. მაგრამ თვით არა სვადა ღვინოსა მაჰმადიანობისათვის, რამეთუ იყო, როგორც რჯულისთავი მათი. თუმცა სენიცა იყო მის თანა, რომელიც აწყინებდა, და ცოლიცა ესვა შამხლის გვარისა ისპაანს მამა-პაპით აღზრდილი, ტომითაც მაჰმადიანი.
ხოლო ამას აზრახეს კახთა, რათა მოვლოს საზღვარი თვისი და მიიღოს მირთმეულნი კახეთისა. მოეწონა ესე კახთაგან და მოვლო ერწო-თიანეთი და მივიდა ჯვარს, იქიდან გავიდა და იხილა მცხეთა. ხოლო მცხეთას მოვიდა ვახტანგ განმგებელი ქართლისა და დარბაზობდენ ურთიერთს. ზავ-ჰყვეს ამათ სიყვარულსა ზედა, მერე წამოვიდა ჯვარიდან და მოვიდა მარტყოფს, იქიდან ყარაღაჯს.
ამ ჟამთა მოვიდა ამყრელი ყაენისაგან, რომელნიც ჩამოსულ იყვნენ კახეთს ქართველნი, რათა მიაქციონ ქართლსავე. ეწყინათ ესე კახთა და ევედრნენ ყაენსა, მაგრამ არა უსმინათ, და წარმოავლინეს უმეტესი მძლე. ამან აჰყარა სრულიად ჩამოსულნი ქართლისა აზნაურნი და გლეხნი, გარდა რომელთაც დაიხსნეს თავნი ან მოიყიდეს თუ კახთა და მისცეს ქართველთავე.
ვინაიდან ლეკნი დაუცხრომელად მტერობდნენ და უმეტეს ჭარელნი. განუზრახეს იმამ-ყულიხანს კახთა, რათა შემუსროს ჭარი და დააცხროს ჭირი ესე კახეთისა, მერე დაიპყრას საზღვარი კახეთისა. მან უსმინა და შემოიკრიბა სრულიად სპანი კახეთისანი თუშ-ფშავ-ხევსურთა, გავიდა და დადგა ვარდიანს ქრისტესა ჩღვ (1706), რათა იქიდან ებრძოლს მარადის. მოერთვნენ იქ ჭარელნი და ევედრნენ მოუწყვედელობასა და მისცენ ხარკნი ნარჩენიცა და დამორჩილდენ, როგორცა ნებავს. ესე ენება იმამ-ყულიხანს მათთა მაჰმადიან-ყოფისათვის, მაგრამ არა აუფლეს კახთა, ვინაიდან ქონდა შური დიდი. მერე შეუხდნენ ჩარდახს, ამოწყვიდეს იგინი და გარემონი დაბები მოწვეს ცეცხლითა და მოტყვევნეს ვიდრე კავკასამდე და ვერავინ წინააღუდგათ. მაგრამ ჭარელთა სამოც-ოდენ კაცთა იხილეს მეფე მცირედითა სპითა, რომელსაც უცემდენ ქოს-დაფდაფ-ბუკთა, მოეპარნენ და უწყეს ცემა თოფთა, მსინჯველთა თუ რა ჰყონ, რამეთუ არა ვითარ ჰგონებდენ ლტოლვასა, მაგრამ, ვინაიდან გამოუცდელ იყო იმამყულიხან, არა იპყრნა თვისთა თანა სპანი რჩეულნი, მხოლოდ უგვანნი, და ამ ჟამსა ვერა რაისა მყოფელთა შექმნეს შფოთება და მათ უმეტეს უწყეს ცემა თოფთა. ხოლო ამათ იწყეს ლტოლვა. განრისხდა დავით და მცდელობდა ბრძოლასა. მაგრამ რა იხილეს თუშთა ლტოლვანი, გამოიტაცეს დავით და მოიყვანეს ყარალაჯს. ამისნი მსმენელნი ივლტოდენ კახნი.
მაშინ შემოერივნენ ლეკნი და სრვიდნენ უწყალოდ, მოკლნეს მრავალნი წარჩინებულნი და უმრავლესნი გლეხნი და სხვანი ტყვევნეს, აიღეს სიმდიდრე იმამ-ყულიხანისა და ალაფი კახთა მრავალი და ამის მიერ გაძლიერდნენ და ქმნეს სიმაგრე ჭარელთა. შემდგომად გამოვიდნენ და დაიპყრეს გარემონი თვისნი და იწყეს უმეტესი კირთება, რბევა, ტყვევნა, ოხრება და კლვანი გაღმა-მხართა და კახეთს დაუსვენებლად.
ხოლო იმამ-ყულიხან სრულიად კახითურთ მწუხარემან აუწყა ყაენსა და მან წარმოევლინა ნიჭი ნუგეშინის ცემისა. და ლეკნი თუცა მძლავრობდნენ, მაგრამ კახნიცა, სადაც ვის მოუხდნენ ხოცდენ და ამოწყვედდენ, რამეთუ არა ძალ-ედვათ მინდორთა დამართება კახთა ლეკსა. შემდგომად მოვიდა ყარაღაჯს კათალიკოზი დომენტი, რამეთუ მიეცა ყეენსა მცხეთის შეწირულობა, რა იგი არის კახეთსა შინა. პატივით მიიღო იმამ-ყულიხან და მისცა ყოველი ნებასა მისსა და გაუშვა. და ლეკთა ოდესმე ზავ-ჰყვიან და ოდესმე იწყიან მტერობა. თუმცა შემდგომად დაიპყრეს ელისენი და იწყეს ლაშქრობა და მოაოხრეს მრავალნი დაბები, ესეთ რამეთუ დაუტევა იმამყულიხან ყარაღაჯი და ჰყო სასახლე თვისი თელავს და მანავს, და იმყოფებოდა ზამთარს იქ, ხოლო ზაფხულს მაღაროს. მაგრამ ნიჭვიდა ყაენი და უვლინებდა ესეცა ტყვეთა კახთა წარჩინებულთა ძეთა და ასულთა, და ითხოვდა შეწევნასა (არა თუ ამან დასდვა ტყვენი, არამედ იყო გიორგისაგან და ლევანისაგან და უმეტეს ემატებოდა).
ხოლო იმამ-ყულიხანს უქეს აბანო ტფილისისა, აღარა რა გამოიკითხა და მივიდა უცნობელად ვახტანგისა. იგრძნა ვახტანგმა და წარმოუდგა კოჟრიდან. უთხრეს ესე იმამ-ყულიხანს და წამოვიდა მსწრაფლად და, გადახდა რა, მოვიდნენ მოციქულნიცა ვახტანგისა და ამანაცა წარუვლინა ბოდიშით. მაგრამ, თუმცა მოსწეოდნენ, მისცემდენ სირცხვილსა დიდსა. შემდგომად მოკვდა მეფე ერეკლე ქრისტესა ჩღი (1710) ისპაანს.
ხოლო შემდგომად გლოვისა აირჩია იმამ-ყულიხან წასლვა წინაშე ყაენისა ან მოიცეს ძალი ან ეგოს იქ, რამეთუ უმჯობეს სჩნდა იქ ყოფა. ამისთვის ევედრა ყაენსა, რათა მიუწოდოს. უსმინა ყაენმან და მიუწოდა მესტუმრით. ხოლო წასული იწვია ვახტანგ ტფილისს ქრისტესა ჩღია (1711). პატივით ანადიმებდა და განუსვენებდა, იმძახლეს და მოსცა ვახტანგ ასული თვისი თამარ ცოლად თეიმურაზს, ძმასა დავითისასა (თეიმურაზს განატევებინეს ასული ბაინდურ ერისთვისა სათნო-ჩენითა სამღვდელოთათა და ჰყვეს ესეთ). მერე სიყვარულ-ერთობის ყოფისა მოსცა ვახტანგმა საჩუქარი და წავიდა იმამ-ყულიხან ისპაანს და თეიმურაზ დაუტევა კახეთს განმგედ. თუმცა იყო დედოფალი დედა მათი ანნა მოქმედი.
ამ ჟამთა იწყეს გლეხთა მძლავრებისათვის ლეკთა ლტოლვად და მისლვად ლეკთა თანა, რამეთუ იწყენდნენ რაიმეს მეპატრონეთა თვისთაგან, და იქ მისულნი წინ მოუძღოდნენ და დაესხმოდნენ დაბებთა, არვე-მროწლეთა, კაცნი მოსრიდნენ, ტყვენი და საქონელნი წაიყვანდნენ. ხოლო კახნი ეწეოდნენ მდევრობით, ხან მათ სძლევდნენ. და ოდესმე ამათ და იყო მარადღოვანი ესევითარი ხდომა. მართალია დაზავდებოდნენ და კვლავ იწყებოდა უძვირესნი ხდომანი.
ამ ჟამთა წელსა ქრისტესა ჩღიბ (1712) წავიდა თეიმურაზ ტფილისს დიდებით, რამეთუ წასლვად იყო ვახტანგ ისპაანს, იქორწინა და დიდითა დიდებითა და მზითვითა მოიყვანა თამარ მანავს და ქმნა კვლავ ქორწილი ჯეროვანი.
შემდგომად იწყეს, როგორც წესი არის კახთა, კერპობა ერთმანმეორისა და მტერობა ურთიერთთა და არა განიხილავდნენ რისხვასა. არამედ თვითცა ამასვე ჰყოფდენ, რამეთუ განძლიერდნენ ლეკნი ქურდობა-ავაზაკობით და აწ უმეტეს იწყეს ლაშქრით სლვა თვით კახთაგანვე, როგორც ჰყო ქისიყის მოურავმან რევაზ, რამეთუ დაასხა ელისენთ მოურავს მერაბს სპანი ლეკთა. ხოლო მერაბ ივლტოდა სახლის ერდოდან და წაიღეს ლეკთა ალაფი მისი. მაგრამ მერაბცა უყო რევაზს ეგრეთვე. ამითი გაგულოვნდნენ ლეკნი და აოხრებდნენ ქვეყანათა. და თუცა დაზავდებოდნენ კვლავადცა იწყებდნენ ლაშქრობაა და აცნობებდნენ კახნი უპირობასა. იგინი მოუთხრობდნენ ჯეილთა ჰყვეს (ესე არის ყრმათა ჰყვეს). და უკეთუ კახნი მძლე ექმნებოდნენ, მოიყვნდნენ იგინი, ესენი წაურთმევდნენ ნატყვენავსა და მისცემდნენ. ამით მოუძლურდნენ კახნი და გაძლიერდნენ ლეკნი.
კვლავ იყო ტურა რამაზაშვილი, ესე ავაზაკობდა ლეკთა შინა და ავნებდა მათ. ამან მოიყვანა ნატყვენავი, გაუწყრა პაატა მანდატურთ-უხუცესი და დაადგინა კაცი, რათა მისცეს სრულიად. ხოლო იგი ევედრა მცირედ დაცადებასა, რამეთუ ეშვა ცოლსა მისსა და მოკვდებოდა. მაგრამ არა ინება პაატამ მტერობითა. ამისთვის გაგულისებული გავიდა ტურა ჭარსა შინა და იწყო მან თავობა ლეკთა და კირთება ლაშქრობით კახეთს, ვინაიდან უწყოდა ადგილნი და სიმაგრენი და მისავალ-წამოსავალნი. აგრეთვე წინამძღოლობითა მისითა მრავალგზის სძლიეს ჭარელთა. მერე კვლავ მოუხდა ტურა და წარუდგა ამას პაატა მოთავედ კახთა, იხილა ტურამ, ივლტოდა და მზირ-უყო სიმაგრეთა ტყეთასა და, რა მოვიდა სიმარჯრესა პაატა, მიეტევა ტურა თოფთა ცემითა, ივლტოდნენ კახნი და ჩამოვარდნილი პაატა მოკლა ტურამ თვისითა წიხლითა. ხოლო სხვანი მოსრა და წავიდა ალაფითა.
იყვნენ დედოფალი და თეიმურაზ თელავს, მანავს და მაღაროს მჭმუნვარენი და თავობდა ალავერდელი ნიკოლაოზ, რომელიც უჩნდათ დიდ-სათნოდ, რამეთუ იყო ფრიად ხვანჯიანი.
ხოლო იმამ-ყულიხან იყო ისპაანს წელსა ხუთსა წინაშე შაჰსულთან-უსეინისა ვერა რაჲსა მყოფელი, და აძალებდნენ ვახტანგს, რათა იქმნეს მაჰმადიან. შემდგომად ქრისტესა ჩღიე (1715) წარმოავლინეს დავით იმამყულიხან კახეთსვე და მოსული ყაზახსა შინა ისტუმრა იესემ ტფილისს, ანადირებდა და ანადიმებდა და განუსვენა, იმძახლნენ და მისცა ელენე და თვისი ცოლად იესეს ბრძანებითა ყაენისათა; შემდგომად მოსცა საჩუქარი და წამოსული მოვიდა თელავს.
მაშინ მისცა ქისიყის მოურაობა და კახთა სპათა თავობა ყიასა ვეზირს. ამან დააწყნარა ლეკნი მცირე ჟამს, მერე მანავს მყოფის იმამ-ყულისხანისათვის წარმოევლინა იესეს მენიშნენი, მანდატურთუხუცესი ზურაბ, ავალიშვილი ზაზა და რევაზ ყაფლანისშვილი. მაშინ გამოვიდნენ ჭარელნი რბევად. ესე ესმა კახთა, წავიდნენ და წაჰყვნენ მენიშნენიცა; მისულთა აოტეს ლეკნი და მიჰყვნენ წყვეტით კახნი. მაგრამ აოტნეს ლეკთა ერთკერძი და ამოწყვიდეს. მხილველნი სხვანი კახნიცა ივლტოდენ, მოჰყვნენ ლეკნი, მოკლეს ელისეთ მოურავი მერაბ, ზაზა და რევაზ და კვლავ სხვანი წარჩინებულნი კახნი და გლეხნი მრავალნი, აიღეს ალაფი და წავიდნენ.
ამისთვის კახნი შემჭირვებულნი განიზრახვიდენ თუ რა ჰყონ; ვინაიდან არავინ შეეწივნენ, განიგულეს ხრიკი განზრახვითა ალავერდელისათა და დაასკვნეს, რათა მისცენ მეგზური ლეკთა და უწყონ ხდომა და ოხრება ქართლს, ყაზახს, შამშადილუს და ყარაბაღს და შირვანს, რამეთუ მორჩება ამით ქვეყანა ჩვენი ოხრებისაგან, და მათ ქვეყანათა მრისხანედ უწყონ მტერობა ჭარელთა.
ამავ წელსა მოვიდა იესე მარტყოფს, ქმნა ქორწილი ქრისტიანულ-მაჰმადიანური, წაიყვანა ელენე დიდებითა და წავიდა ტფილისს. შემდგომად მოტყვევნისა ხუნანისა ჭარელთაგან ითხოვა იმამ-ყულიხან შეწევნა იესესაგან და მან წარმოუვლინა სპასპეტი ლუარსაბ სპითა საბარათიანოთი. მოვიდნენ და დადგნენ მაღაროს კახთა სპითურთ შესლვად ჭარს. მაშინ გამოვიდნენ ჭარელნი მორბევად.
მცნობნი ქართველნი და კახნი აღიჭურნენ და წავიდნენ მათ ზედა. მაგრამ ლეკთა მზირ-უყვეს და ესენი აღარა ლამოდნენ ბრძოლასა. ზოგმა ჭაბუკთა ქართველთა და კახთა შეუტიეს და, რადგან ვეღარა მოაქციეს, მიჰყვნენ ესენიცა, რათა განუმაგრონ ზურგი. ამისნი მხილველნი ლეკნი მცირენი მოეტევნენ მეწინავეთა და აოტეს იგინი; ეცნენ ესენი დიდთა მათ რაზმთა, ვეღარა დაუდგნენ და ივლტოდნენ სრულიად, მიჰყვნენ ქისიყის ბოლომდე და მოსრვიდნენ უწყალოდ. მერე აიღეს ალაფი დიდი და წავიდნენ. ხოლო ქართველნი მწუხარენი მივიდნენ ტფილისს.
შემდგომად კვლავ წარმოავლინა იესემ ამილახორი ავთანდილ ზემო ქართლის სპით. ესენი მოვიდნენ და დადგნენ საგარეჯოს რაოდენიმე თვე, მერე წავიდნენ უქმნი. ხოლო კახეთი იყო მარადის ხდომა-ბრძოლასა შინა.
ხოლო წელსა ქრისტესა ჩღივ (1716) მოკვდა გაზაფხულს დედოფალი ანნა, მოვიდნენ იესე და ელენე მოტირლად პატარძეულს და დაფლეს ანნა ალავერდს.
ამავ ქორონიკონს მოვიდა იესე ხიზნად თელავს. ესე ისტუმრა პატივით და წარავლინა კაცი და ევედრა ყაენსა, რათა მიუწოდოს იესეს წინაშე მისსა, და უკუნ-აქცივა ყულიცა ყაენისა, ბაქარისაგან წამოვლინებული, ამისთვის მოვიდა მორდარი ყაენისა და წაიყვანა იესე, რამეთუ ვეღარა სიტყვა-უგო იმამ-ყულიხან და წაჰყვა ცოლიცა თვისი ელენე და წარატანა თეიმურაზ ლილომდე პატივისათვის.
ამ ჟამთა მოადგნენ ლეკნი შილდა-ყვარელს. ხოლო განმაგრდნენ მდაბიურნი და მოსრეს მრავალნი ლეკნი, შემდგომად შემუსრეს და წაართვეს სიმაგრენი ლეკთა და გამოწვნეს სულნი მრავალნი კოშკებთა შინა, მოტყვევნეს და წავიდნენ, მაგრამ ვეღარა მიუსწრეს კახთა მდევართა. მაშინ დაამტკიცეს განზრახვა ალავერდელისა წინთქმული, მისცეს კახთა მეგზური ჭარელთა, მივიდნენ და ამოწყვიდეს ბოლნისი და თვით ზავ-ჰყვეს მათ თანა. კვლავ ყარაბაღს, შაქს, შირვანს მარადის არბევდნენ. მერე წავიდნენ და მოტყვევნეს არდაველი და მოვიდნენ ალაფითა დიდითა.
შემდგომად შეიპყრა ყიასა ვეზირი იმამ-ყულიხან, წაართვა ქონება და პატიმარ-ჰყო პანკისს. მაგრამ გაიქცა ყიასა და მივიდა ტფილისს, შეიწყნარა ბაქარმა, მისცა სასახლე მისი და აღარა მოსცა იმამ-ყულიხანს. ამისთვის იქმნა მათ შორის შური და აბეზღებდნენ ერთმანეთს წინაშე ყაენისა. ხოლო კახთა და ლეკთა ზავთა შორის, ამ ჟამთა წავიდნენ თუშნი, მოსრეს რამდენიცა ჰპოვეს ლეკნი და მწყემსნი და წამოიღეს ცხვრის ჯოგი დიდძალი, ეწივნენ ჭარელნიცა. მაგრამ მოსრეს თუშთავე და აოტეს იგინიცა და მოვიდნენ მშვიდობით. ამისთვის მოგზავნეს ჭარელთა: „არის მშვიდობა ჩვენ შორის, რად ჰყვეს თუშთა ესე?“. განრისხდა იმამ-ყულიხან და ბრძანა მიცემა მონაღებისა. ხოლო თუშთა არა ინებეს. კვლავ წარავლინა მოურავი მათი და არცა მას უსმინეს, ამხედრდა თვით იმამ-ყულიხან და მივიდა და უბრძანა ცემა თოფთა, მაგრამ მათ რა იხილეს იმამ-ყულიხან, შეაქციეს ზურგი და დადგნენ უსაჭურველონი და მსროლელთაცა აღარა თუ იკადრეს მიხედვად. ამისთვის შეიწყალა მეფემან და აღარა მოსრა: მაგრამ წაართვა ნატყვენავნი და მისცა ლეკთა ცხვრებითურთ.
შემდგომად მოვიდა მეფე ვახტანგ საფურცლეს ქრისტესა ჩღით (1719) დეკემბერს, რამეთუ ემცნო ყაენსა განგება საქმისა ლეკთასა და მივიდა იმამ-ყულიხანცა საგურამოს და დადგა არაგვის პირსა ზედა. იხილეს ურთიერთი, განაახლეს სიყვარული და ჰქმნეს პირი, და მოსცა სპანი ვახტანგ და წავიდნენ თვის-თვისად. გაზაფხულს წარმოავლინა ერასტი ყაფლანისშვილი სპითა საბარათიანოსათი, მოვიდა და დადგა კარდანეხს, დაყვეს თვე ოთხი. თუმცა გამოვიდნენ ლეკნიცა და არა აბრძოლნეს კახთა. არამედ შემდგომად წავიდნენ უქმნი. კვლავ ამავე ზამთარს წარმოავლინა ყაენმა შირვანის ბეგლარბეგი შემუსრვად ჭარისა. ამან მოუმცნო იმამ-ყულიხანს, რადგან ჯერ არის მისლვა, რათა აუწყოს. მაგრამ განზრახვითა კახთათა არა რა აუწყა და არცა მისცა მეგზურნი: „რამეთუ უკეთუ ევნოს რა, ჩვენ არარა გვაბრალოს ყაენმა“. ხოლო იგი მოვიდა შაქს სპითა შირვანისათა. დღესა ერთსა დაესხნენ ჭარელნი, მოკლეს ბეგლარბეგი და ამოწყვიდეს სპანი მისნი და აიღეს ალაფი და იავარი ურიცხვი, რამეთუ აქლემს ყიდდენ ჭარელნი ოთხ მილანთუნად. ესე ესმა რა ყაენსა, მოუწერა ვახტანგს, რათა წავიდეს და შემუსროს ჭარი.
მცნობნი კახნი წავიდნენ, ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი, და ევედრნენ ვახტანგ მეფესა, რათა ჰყოს ბრძანებული ყაენისა. მან აღუთქვა და წამოვიდა სპითა დიდითა ქრისტესა ჩღკა (1721) იანვარს. ამასვე ღამეს მოვიდნენ ლეკნი ხაშმს, ვიდრე უჯარმამდე, უჯერო ჰყვეს, რამეთუ არა აცნობეს ვახტანგს ესეთ განმზრახთა, რამეთუ უკეთუ ესენი მოსრას, დარჩება ჭარი უვნოდ, მგონეთა უკუნქცევად. კვლავ განზრახვით მოიყვანეს ორმოცდახუთ დღე მაღაროს, რათა დასახლდნენ და მოშენდეს ქვეყანა და შემდგომად შევიდნენ ჭარს. ხოლო მაღაროდან მოვიდა ხილვად იმამ-ყულიხანისად ვახტანგ, რამეთუ სნეულებდა დავით და განიზრახეს რა იგი ჯერ იყო. მაგრამ ეზრახნენ ვახტანგს ჭარელნიცა დამორჩილებად. თუმცა ბრძანებითავე ყაენისათა უკუნ-იქცა და იქმნა ჭმუნვა დიდი კახთა შინა, რამეთუ აიყრებოდნენ და ჰყოფდენ ციხე-სიმაგრეთა და გამაგრდებოდნენ მათ შინა თელავს, ალავერდს, ლალისყურს, შილდაყვარელს, გავაზს, ვეჯინს, საგარეჯოს, ხაშმს და სხვათა ადგილებთა შინა და ოხრდებოდა ქვეყანა რბევა-კირთებითა.
ხოლო ამ ვითარებასა შინა მოკვდა მეფე დავითცა ქრისტესა ჩღკბ (1722), წაიღეს და დაფლეს ყუმს. მაშინ გაიყვნენ კახნი, ზოგთ ინებეს თეიმურაზ და ზოგთ კონსტანტინე მაჰმად-ყულიხან, თუმცა მართავდა თეიმურაზ სათნოთი იმამ-ყულიხანისა ცოლისათა კახეთს. ხოლო იმამყულიხან დაუტევნა ორნი ძენი მაჰმად-მირზა და ალი-მირზა და ასული ერთი.
ამ ჟამთა მოვიდნენ ლეკნი და მოტყვევნეს თიანეთი; ამათ წარმოუდგა თეიმურაზ კახითურთ და ლეკნი დადგნენ სიმაგრესა ერთსა, და მისულთა სრვიდენ მრავალთა, მოკლეს ხარჭაშნელი ფილიპე ჩოლაყაშვილი. შემდგომად შეუხდნენ კახნი, შემუსრეს სიმაგრე, მოსრეს და ამოწყვიდნეს ლეკნი, რამეთუ მცირედნიღა განერნენ. ხოლო კახთა აიღეს ნატყვენავი და მოვიდნენ გამარჯვებულნი. მაგრამ კვლავადცა მარადის იყო ესევითარი კირთება ლეკთაგან კახეთსა შინა.
ია. მეფე კოსტანტინე (II), ვ (6) წელი იმეფა
წელსა ქრისტესა ჩღკგ (1723) წარმოავლინა ყაენმა მაჰმადყულიხან ძე ერეკლე მეფისა, ნაშობი მხევლისაგან, რომელსაც ეწოდა კოსტანტინე, მეფედ კახთა. ესე მოვიდა და დადგა ყაზახსა შინა, რამეთუ მიეცა ყაენსა ერევანი, შამშადილო და ყაზახი და წავიდნენ კახნი წინაშე მისსა. ხოლო იყო ესე მაჰმად-ყულიხან ფრიად მაჰმადიანი, ლაღი და ამაყი, მდიდარი და მესისხლე, რამეთუ არა რიდებდა მცირესა ზედა კაცთა სიკვდილსა.
ამისა შემდგომად მისცა მეფესა ვახტანგს ყაენმა სარდლობა ადრიბეჟანისა. ამას წარმოევლინა ყაზახსა შინა ხანი, და ესე არა უტევა მაჰმად-ყულიხან. არამედ აუწყა ვახტანგს: „რამეთუ მოცემულ ჩემდა არის“. მანცა ნება-სცა და მოუმცნო, რათა მისცეს სპანი. ამისთვის ჰყვეს პირი მტკიცე ორთავ, რათა შეიკრიბნენ ხუნანს, ზავისა და სიმტკიცისათვის. ხოლო მოვიდა რა ვახტანგ სპითა ხუნანს, წარემართა მისლვად მაჰმად-ყულიხანცა; ამას მოგზაურს მოერთვა წიგნი იესესი და რომელთამე ქართველთა, რათა არა მივიდეს ვახტანგისა თანა: „რამეთუ გიდგებისო ღალატად სიკვდილსა“, ამისთვის უკუნ-იქცა, განვლო მტკვარი, ყარაია ღამითვე და მივიდა საგარეჯოს. იქიდან წარუვლინა თეიმურაზ კვლავ ზავისთვის, თვით ეზრახა ლეკთა, დაიზავნა ჭარელნი და მოიყვანა რაოდენიმე, და იყვნენ წინაშე მისსა. მერე მოვიდა თეიმურაზცა, რამეთუ ებრალა ვახტანგს ტეხა პირისა და ემცნო აწცა კვლავ ერთობისა პირი. მაგრამ შემდგომად მოსრეს გოგჯალულს ელთა რაოდენიმე მებარგულნი ქართველთანი და არცაღა წარუვლინა მაჰმად-ყულიხან სპანი ყაზახთა ვახტანგს.
ამისთვის წარმოავლინა სპანი ვახტანგ მეფემან ყაზახსა შინა. ესე სცნა მაჰმად-ყულიხან და ამანცა წარავლინნა კახნი და ებრძოდნენ ყაზახს. კვლავ მოიყვანა ლეკნი, წარუძღვანა კახნი და მოსტყვევნეს სრულიად ლილოები.
ამისა შემდგომად ამოწყვიდა ვახტანგმა გოგჯალონი და წაიღეს ქონება მაჰმად-ყულიხანისა ერევნიდან მონაქონი. ესე ეწყინა მაჰმად-ყულიხანს და მისცა ჭარელთა განძი, მოიყვანა იგინი და წარუძღვანა კახნი. ამათ განვლეს ყურყუთას ღამით და დილას დაესხნენ წინწყაროს, ამოწყვიდეს, მოტყვევნეს და წამოიღეს ჯოგიცა სამეფო, აიღეს ალაფი დიდი, გამოვლეს ხუნანს მტკვარი და მოვიდნენ. მერე მოვიდნენ ბაქარ და იესე მცხეთას და არბევდნენ საგურამოს. ხოლო მაჰმად-ყულიხან წარავლინა თეიმურაზ და ქონდათ ბრძოლა მცირეხანს. შემდგომად ზავ-ჰყვეს მათ ნებითა მაჰმად-ყულიხანისათა და წაიყვანეს თეიმურაზ და კახნი ეპისკოპოსნი და მთავარნი ტფილისს; იქ უმეტეს ზავ-ჰყვეს და ფიცით აღუთქვეს ვახტანგს აღარა ორგულება, არამედ სიმტკიცე სიყვარულსა ზედა და ერთობასა. მერე ანადიმა, ანადირა, მისცათ ნიჭნი და წარმოავლინა და მოვიდნენ მაჰმად-ყულიხანისა თანა. გაიხარა ამანცა შემტკიცებისათვის და მშვიდობისად. მაგრამ შლილობათა ამათ შინა აბეზღებდნენ ვახტანგ და მაჰმად-ყულიხან წინაშე ყაენისა ურთიერთთა, რამეთუ აიღეს ისპაანი და იყო შაჰთამაზ, ამან განმზრახთა თვისთაგან აირჩია მაჰმად-ყულიხან და მოსცა ქართლი.
ამისთვის შემოიკრიბა მაჰმად-ყულიხან კახნი, თუ რა ჰყოს, რამეთუ ეტყოდა: „ფიცვართ და ვჰგონებ იმყოფის ამით შფოთი დიდი. აწ მნებავს, რათა წარუგზავნო რაყამი და ვაცნობო ვახტანგს (როგორც ჰყო მანცა), ამითი იქმნას უმეტესი სიმტკიცე ჩვენ შორის, მერე ვაუწყოთ ყაენსა ზოგად სიმტკიცე ჩვენი“. მაგრამ კახთა მსმენელთა და უმეტეს ალავერდელმან უარჰყო ესენი, ჰგონებდენ დაპყრობასა ქართლისასა და მერე ამითი შემუსრვასა ლეკთასა და განთავისუფლებასა მათგან; უსმინა მაჰმად-ყულიხანცა და მივიდა და დადგა ავლაბარს, და იქმნა რა იგი აღვწერეთ ქართლის სამეფოზე თხრობისას. მაგრამ კახეთი იყო მარადის ხდომა-ტყვეობა-ოხრებასა შინა ლეკთაგან.
ხოლო შემდგომად შეპყრობისა მაჰმად-ყულიხანისა ოსმალთაგან ტფილისს გამოიქცა ციხიდან, გამოვლო მცხეთის ხიდი და მოვიდა მარტყოფს, აჰყარა იქ სახლეული და დედაწული თვისი და მივიდა თელავს და ეზრახოდა ლეკთა და ოსმალთა ზავსა.
მაგრამ მოუხდნენ ოსმალნი მარტყოფს ქრისტესა ჩღკგ (1723) ამოწყვიდეს, მოსტყვევნეს, ხატნი და ჯვარნი შემუსრეს, მოწვეს და მოაოხრეს და წავიდნენ ტფილისსვე. გაზაფხულს იყო ლაშქრობა ლეკთაგან ძლიერი, ხდომანი, სრვანი, ტყვევნანი, ოხრებანი დაუცადებელნი და იავარნი კახეთსა შინა. ამის მიერ ვეღარა მდგომი მაჰმად-ყულიხან თელავს წავიდა დედოფლით და დედაწულით და წარჩინებულით თიანეთს. ამას მოუდგნენ ლეკნიცა. და ვინაიდან აღარა იყო სხვა ღონე, ეზრახა მაჰმადყულიხან ჭარელთა მეგობრობისა და კეთილისათვის წინასა. მათ უსმინეს, მოვიდნენ და წაიყვანეს ქისიყს. ხოლო თეიმურაზ და უმეტესნი კახნი დედაწულით და ეპისკოპოსებით მივიდნენ ანანურს (რომელსა ეტვირთა ნაწილი წმიდათა, უბრკმა ცხენსა მისსა არაგვსა შინა და წაიღო ნაწილნი იგი და დაიკარგა ქეთევან დედოფლის ნაწილითურთ).
ხოლო ლეკნი მოვიდნენ და მოადგნენ ანანურს. მაშინ განამაგრეს კახთა ანანური და ვერ ავნეს ლეკთა და უკუნ-იქცნენ. და დარჩა თეიმურაზ ანანურს ცოლით და სახლეულით თვისით, და კახნი წავიდენ წინაშე ვახტანგისა.
შემდგომად მცირედისა შეიკრიბნენ ჭარელნი მოსლვად ქისიყსა ზედა. ესე იხილა მაჰმად-ყულიხან არა კეთილად თვისად, ივლტოდა და მოვიდა ქისიყს. მაშინ ჭარელნი შემოესივნენ დედოფალსა და ქონებასა მისსა და ვერ მპოვნელნი მაჰმად-ყულიხანისა წავიდნენ ალაფითა თვისად. მერე წამოიყვანა დედოფალიცა მაჰმად-ყულიხან და დადგა თელავს. იქიდან ეზრახა ჭარელთა: „სტუმარმონდობილ ვიყავ თქვენდა, არა ჯერ იყო ესე თქვენგან“. ხოლო მათ პასუხუგეს, რამეთუ უცნობელად ჩვენდა ჰყვეს ჯეილთა, და ვსტანჯოთ იგინი“, და მოსცეს რაიმე ნაალაფევნი და მოუთხრეს: „ჩვენ კვლავ ვართ მეგობარნი შენნი მტკიცედვე“. მაგრამ იყო მარადის ლაშქრობა ლეკთაგან და ოხრება კახეთსა შინა.
ხოლო წელსა ქრისტესა ჩღკდ (1724) იანვარს წარავლინა მაჰმად-ყულიხან თეიმურაზ ბაქარისა თანა, ვინაიდან ეზრახოდნენ ურთიერთს, და შემდგომად მივიდა თვითცა მცხეთას, ყვეს პირი ერთობა-სიყვარულისა და წამოვიდა თელავსვე. ამისთვის წარავლინა სალთხუცესი საზვერელი მაჰმად-ყულიხან წინაშე ყაენისა და აცნობა ესე და მოითხოვა ნიჭნი საგანძურთა, რათა ებრძოდნენ ორნივე ოსმალთა, უკეთუ შეეწიოს. ამისა შემდგომად წავიდა კახთა და ლეკთა სპითა ყაზახსა შინა.
ამისნი მცნობელნი ოსმალნი მოვიდნენ და დაესხნენ ხილხილას მდგომს, ივლტოდა მაჰმად-ყულიხან და წაიღეს მისნი ყოველნი ხარჭებითურთ ოსმალთა, ხოლო მაჰმად-ყულიხან მოვიდა განჯას და განჯელთა არა შეუშვეს ქალაქსა შინა (რამეთუ იჯდა ძმისწული მაჰმად-ყულიხანისა მაჰმად მირზა მის წილ, რამეთუ წაართვა რა ერევანი, ყაენმან მოსცა მის წილ განჯა), ვინაიდან ეშინოდათ განჯელთა ოსმალთაგან. თუმცა უძღვნეს დიდნი გარექალაქისა; მერე წამოვიდა კახეთს. ქონდა შიშიცა ლეკთაგან და ივლტოდა ღამე მტკვრის კიდესა მეგზურობითა ტურასითა და მოვიდა საგარეჯოს. მაშინვე მოადგნენ ლეკნი და ვეღარისა მყოფელი გაიქცა ღამით და მივიდა თელავს და განამაგრა იგი.
ხოლო ლეკთა დაიპყრეს კახეთი, მაჰმადიან ჰყვნეს და დაუდგინეს მოლანი მათნი დაბებთა, ციხე-სიმაგრეთა შინა. მაგრამ შემდგომად ვახტანგ მეფის წასლვისა რუსეთს ეზრახნენ ქართველნი მაჰმად-ყულიხანს, რათა მივიდეს სპითა კახეთისათა, განაძეონ ოსმალნი და იყოს მეფედ მათდა. ესე ირწმუნა მაჰმად-ყულიხან და შემოიკრიბა კახნი, თუშნი, ფშავნი და ხევსურნი (და თეიმურაზ იყო ანანურსავე) და წავიდა და მივიდა მუხრანს, იქ მოეგებნენ არაგვ-ქსნის ერისთავნი. მერე მივიდა თედოწმიდას და იქ მოერთვნენ ზემო ქართლ-საციციანონი სრულიად და იქმნა, როგორც აღვწერეთ ქართლის სამეფოზე თხრობისას.
შემდგომად იქიდან ლტოლვილი მოვიდა ახალგორს და მიიყვანა დედოფალიცა თვისი, რამეთუ ვეღარ ჩავიდოდა კახეთს ლეკთა გამო, ვინაიდან მათ დაიპყრეს. ხოლო მოვიდა საზვერელი და მოართვა რომელიცა მოენიჭა ყაენსა იგ (13) ათასოთხასი დრაჰკანი, და წარაგო მაჰმად-ყულიხან იქ მრავალნი, რამეთუ გაუძვირეს ყოველნი საზრდელნი ქსნის-ხეველთა. ამისთვის შემდგომად წამოვიდა, რამეთუ ვეღარა იტვირთა უპატიურობა შანშესაგან და მოვიდა ფშავს და წაიყვანა ძმაცა თვისი თეიმურაზ დედაწულითურთ, და იმყოფებოდნენ იქ წელსა ერთსა ვიწროებითა დიდითა. და თუმცა დაიპყრეს ლეკთა კახეთი, მაგრამ იყვნენ მკრძალველნი და მოფრთხილენი მათგან კვლავადცა. ამისთვის შეიკრიბენ ჭარელნი და მოიყვანეს დაღისტნელნიცა და მოადგნენ თელავს სპანი დიდნი და ებრძოდეს კვირა ერთი. მისჭირდათ თელაველთა და გაწირეს თავნი და გამოვიდნენ განზრახვითა ვინმე ხუცისათა, რომელიც ეტყოდა ძლევასა ლეკთა ზედა; ეკვეთნენ თელაველნი და მოსრეს ბანაკნი მათნი, აოტეს და აიღეს ალაფნი მათნი. ამის მხილველთა კახთა მოსრეს ყოველნი თვისთა შინა მყოფნი ლეკნი და განთავისუფლდნენ და კვლავ სიმაგრეთა შინა მყოფნი დადგნენ მტკიცედ.
მერე მოუწოდეს მაჰმად-ყულიხანს, ჩამოვიდა და დაემორჩილნენ ყოველნი თელავს მყოფს. მაშინ ზავ-ჰყო მაჰმად-ყულიხან ლეკთა თანა, ვინაიდან იხილეს მათცა მაგრობა კახთა და ქართლი უპატრონოდ და მდიდრად. ითხოვეს ყოლაუზი მაჰმად-ყულიხანისაგან, დაუტევეს კახეთი და ებრძოდენ ქართლსა მარადის.
მაგრამ არცაღა თუ კახეთი იყო მათგან მშვიდობით. ამისთვის ჰყვეს ციხე მაღაროს ქისიყელთა და შევიდნენ მას შინა. მაგრამ ქართლისა ნატყვენავის წილს მოსცემდნენ ლეკნი მაჰმად-ყულიხანს ხუთისთავსა მეგზურობისათვის და უწოდა თავთა მათთა მეგობრად, ძმად და მოყვარედ. ამისა შემდგომად მოუვლინეს ოსმალთა, რათა ულაშქროს მათ ერისთავთა ზედა ქართლისათა. ვინაიდან მტერ იყო მაჰმად-ყულიხან შანშესი უპატიოყოფისათვის წინთქმულთა, ამისთვის შემოიკრიბა სპანი კახთა და წაიყვანა მაშველად ლეკნი მრავალნი, და მივიდა თიანეთს; და რა მოადგნენ ოსმალნი დუშეთს, და ვეღარა დაუდგა რევაზ ერისთავი და წავიდა მთიულეთს.
ხოლო მაჰმად-ყულიხან შევიდა ანანურს, გამოიღო ზარბაზნები და წარმოგზავნა თელავს და დასვეს ერისთავად იქ პაპუა ოსმალთა. მერე მოვიდნენ ვანათს, შემდგომად ლიახვსა ზედა მუგუთს და იქმნაცა, როგორც აღვსწერეთ ქართლის სამეფოზე თხრობისას. უკუმოიქცნენ რა იქიდან, ინებეს ოსმალთა ღალატით შეპყრობა მაჰმად-ყულიხანისა და მიუწოდეს გორს. ამისი მცნობი მაჰმად-ყულიხან წამოვიდა ღამით და მოვიდა თელავს და იმყოფებოდა იქ ზავითა ოსმალთა და ლეკთა თანა.
კვლავ ამისა შემდგომად წამოვიდა უსუფ-ფაშა ხილვად სულხავისად, რამეთუ მოსლვად იყო იგიცა ყარაღაჯს და მიუწოდა მაჰმად-ყულიხანს უსუფ-ფაშამ, რათა დაუმტკიცოს ხონთქარისაგანცა კახეთი და მივიდეს მის თანა და მწეცა ეყოს ლეკთა ზედა. ესე არა ინება კოსტანტინემ წინათქმულთა ღალატობისათვის მისლვა მის თანა, არამედ ლტოლვა კვლავ ფშავსავე. თუმცა დაარწმუნებდა ალავერდელი და თარხანი ლუარსაბ ფიცით, რამეთუ ესენი იყვნენ შუამავალნი: „და უკეთუ არა მივიდეს მაჰმად-ყულიხან, მოვიდეს იქიდან სულხავი და აქეთ ოსმალნი და მოსრან კახეთი და მერე ხელთ გიგდონ შენცა“. ამისთვის შემოიკრიბა სპანი და მივიდა უსუფ ფაშას თანა ბეჟანბაღს. მან პატივ-სცა და წარმოავლინა, რათა მზა ჰყოს სპანი და მივიდეს კვლავ. მაგრამ აღმხედრდებოდა რა, განგმირა მაჰმადბეგ მესაჭურჭლემან ისაყ-ფაშისამან და მოკლეს მაჰმად-ყულიხან ქრისტესა ჩღკთ (1729). მერე მოეტევნენ ოსმალნი კახთა, ამოწყვიდეს და ტყვე-ყვნეს მრავალნი, შეიპყრეს ალავერდელიცა და რევაზ ერისთავი, რომელიცა ლტოლვილი მაჰმად-ყულიხანისა თანა იყო და წარჰკვეთეს თავნი წინაშე უსუფ-ფაშისა, ეგრეთვე მაჰმად-ყულიხანს და სხვათაცა მრავალთა, და წარუვლინეს ისაყ-ფაშას და მან წარგზავნა წინაშე ხონთქარისა.
ხოლო უსუფ-ფაშა მივიდა სულხავისა თანა, იხილა იგი და პატივ-სცა, მერე წარმოავლინა იგი შიგნით-კახეთსა შინა, თვით უკუნიქცა და მივიდა ტფილისს. ხოლო სულხავი მოვიდა და მოადგა თელავს, გამოიყვანა ცოლშვილი მაჰმად-ყულიხანისა ნებითავე მათითა. მერე შემუსრა შილდა, ყვარელი და გავაზი, მოსრა, მოსტყვევნა, წაიყვანა მრავალნი სულნი და წავიდა თვისადვე. ამათი მხილველი თეიმურაზ წავიდა ფშავს და იყოფებოდა იქ.
შემდგომად ამისა მოვიდნენ ოსმალნი ყარაღაჯს, ააშენეს ციხე, განამაგრეს ზარბაზნებითა და შეაყენეს გუშაგნი, და სპანი დაუდგინეს და სხვანი წავიდენ. ესე აღუძნდათ ჭარელთა და მრავალგზის ეკირთებოდნენ. თუმცა ვერა რაიმე ავნეს. ამისთვის შეიკრიბნენ ჭარელნი, წავიდნენ და მოტყვევნეს ბოლნისი. ამათ წარმოუდგა ისაყ-ფაშა და მოეწიათ ყარაის ბოლოს მეწინავენი, გაბრუნდნენ ლეკნი, ჰგონებდნენ სიმცირესა მათსა. მაშინ მეწინავენი იგინი ივლტოდნენ. ამათ მოჰყვნენ ლეკნი და მიიყვანეს სისქესა შინა ოსმალთასა, მოსულთა მოეტევა ისაყ-ფაშა და ამოწყვიდნეს ურიცხვნი ლეკნი, აოტეს და მოყვნენ ხოცითა და სრვითა დღე და ღამე ალაზნადმდე, მხოლოდ მცირედნიღა გარდაეხვეწნენ, და უკუნ-იქცა გამარჯვებული ისაყ-ფაშა ტფილისსვე. მაგრამ ჭარელთა ამიერიდან ვერღარა იკადრეს რბევად და კირთებად და დაიპყრეს ყარაღაჯს მდგომთა ოსმალთა ელიფადარი, ართმევდნენ ხარკსა და ალაშქრებდნენ.
ხოლო თეიმურაზ იყო ფშავს ფრიად უპოვარი და მოინება წასლვა რუსეთს, არამედ არა უტევებდნენ კახნი. მერე ჩამოიყვანეს კვლავ თელავსვე ქრისტესა ჩღლა (1731).
იბ. თეიმურაზ (II), იგ (13) წელი იმეფა
მაშინ თეიმურაზ ეზრახა ისაყ-ფაშას უვნებელობისათვის, რამეთუ ძესა მისსა უსუფ-ფაშას ქონდა კახეთი მიცემული ხონთრისაგან, თუმცა სახელითა ოდენ და ვერა რის მოქმედებითა. ხოლო ისაყ-ფაშამ აღუთქვა უვნებელობა თეიმურაზს და მიუწოდა ტფილისს და განზრახვითა და იძულებითა კახთათა მივიდა მის თანა ტფილისს. მან კეთილად შეიწყნარა და წარმოავლინა კვლავ კახეთსავე, რათა დაადგეს ერთგულებასა ზედა და იყოფებოდეს თელავს. მაგრამ იყო კვლავადცა კახეთი ესევითარსავე ბოროტებასა შინა და სიმაგრეთ გამო მაგრდებოდიან ჟამითი-ჟამად. შემდგომად რა მოვიდა თამაზხან და აიღო შირვანი, მერე შეუხდა კულმუხს და იქიდან გამარჯვებული მოადგა განჯას ქრისტესა ჩღლდ (1734).
ამისმან მცნობმან ისაყ-ფაშამ წარმოავლინა სპანი ოსმალთა და მოვიდნენ ესენი ქისიყს. მაშინ შეითქვნენ კახნი აბელ მოურავისა თანა და ღამით დაესხნენ ოსმალთა, მოსრეს მრავალნი, აიღეს ალაფნი დიდძალნი და წამოვიდნენ ღამითვე. ხოლო დილასა აიყარნენ ოსმალნი და წავიდნენ მოსწრაფედ ტფილისს.
ამ ჟამთა წარმოავლინა თამაზხან განჯიდან კაცი და მოითხოვა ასული იმამ-ყულიხანისა, რამეთუ ძმაცა მისი მაჰმად-მირზა წარწყმდა მის თანა ბრძოლასა შინა თოფალ-ფაშისასა და ამითი ჰგონეს ამათ ნამსახურ-ყოფნა და წარუვლინეს ქალი იგი. ამისა შემდგომად შემოიკრიბა თეიმურაზმა კახნი, ეპისკოპოსნი და წარჩინებულნი და წავიდა წინაშე თამაზხანისა. მაგრამ მოსულსა თეიმურაზს და კახთა არა წესისაებრ პატივ-სცა თამაზხანმა, თუმცა მცირედითა ნიჭითა.
ხოლო აღვსებასა მოვიდა დესპანი რუსთ ხელმწიფისა მთავარი სერგი გალიცინი მოსმენად წირვისად თეიმურაზისა თანა. რამეთუ არა იყო სხვა ეკლესია იქ გარდა მისის კარვისა. ესე ისტუმრა თეიმურაზმა და მერე მანცა ისტუმრა, და მოუძღვნა თეიმურაზს არმაღანი იქაური. შემდგომად მოსცა თამაზხან სპანი დიდნი და წარმოავლინა შემუსრვად ჭარისად, ამის მცნობთა ოსმალთა დაუტევეს ყარაღაჯის ციხე და ივლტოდნენ ტფილისს.
იხილეს ესე კახთა, მივიდნენ და შემუსრეს ციხე ყარაღაჯისა, წამოიღეს ზარბაზნები და რომელნიმე შემუსრეს და დატოვეს. მერე შეიკრიბნენ და მიეგებნენ თეიმურაზს, შეუძღვნენ ყიზილბაშთა ჭარსა შინა და შეუხდნენ. მაგრამ გამაგრდნენ და წინააღუდგნენ ჭარელნი. თუმცა სძლიეს ყიზილბაშთა და კახთა და ამოწყვიდეს მრავალნი, შემუსრეს კოშკნი და სიმაგრენი მათნი და მოტყვევნეს, აიღეს ალაფი დიდი და წამოვიდნენ. ხოლო შემდგომად სძლია რა ქოფრულსა თამაზხან, მიუწოდა თეიმურაზს ერევანს, წავიდა თეიმურაზ და, მივიდა რა მცირეს ხანს უკან, შეიპყრა და წარმოგზავნა ტფილისს, რათა მოიყვანოს ცოლიცა თვისი თამარ იქ. მაგრამ მოვიდა რა ყურყუთას თეიმურაზ, გამოივლტო და მოვიდა თელავს და მოვიდაცა ტფილისს თამაზხან. მერე ესმა მოსლვა დარუბანდს თათარხანთა, წამოვიდა კახეთსა ზედა. ამისთვის წავიდა თეიმურაზ ყოვლითა დედაწულითა თვისითა ფშავს და თამაზხან მოვიდა კახეთს და დაამშვიდა კახეთი. მერე წარმოავლინა მარბიელად სპანი და აჰყარა სულნი მრავალნი და სხვანი მოსრეს. ხოლო ტყვენი წარგზავნა ხორასანს და წავიდა თვითცა დარუბანდს, თუმცა ავნეს დიდი სპათა თამაზხანისათა ჭარელთა.
მაგრამ წაყვანებულთა კახთა ტყვეთა რომელთამე ქართველთა თანა იცეს ჟამი მარჯვე, მოსრეს მტარვალნი თვისნი, განთავისუფლდნენ და მოვიდნენ კახეთსავე, და ქართველნი ქართლს და სხვანი რომელნიმე წაიყვანეს ხორასანსავე. ხოლო გახელმწიფდა რა თამაზხან (1736 წელს, ამიერიდან იწოდა ნადირ შაჰად) მუღამს, მერე წავიდა შაჰნადირ ისპაანს, ჩამოვიდა თეიმურაზ კახეთს და დაიპყრა კახეთი. მაშინ ეზრახა ხანი ტფილისისა თეიმურაზს ფიცით, რათა მივიდეს მის თანა და ჰყონ ზავი და დაუმტკიცოს კახეთი ყაენისაგან და გამოუტეოს ნიჭითა უვნოდ. ესე კახთ გამო ირწმუნა თეიმურაზ, წავიდა და მივიდა გორს: ხოლო ხანმან პირველ კეთილად შეიწყნარა, მერე შეიპყრა ღალატად, და წარგზავნა ქართველით პყრობილითურთ წინაშე შაჰნადირისა ისპაანს ქრისტესა ჩღლზ (1737).
ხოლო მისულსა შაჰნადირმა არა რა ავნო, ვინაიდან ნებითა თვისითა მისულ იყო და ღალატით შეეპყრა ხანსა. მისცნა ნიჭნი მცირენი და წაიყვანა ყანდაარს. იქ ყანდაარს ყოფასა შინა სთხოვა თეიმურაზს შაჰნადირმა ძე და ასული, რათა მიიყვანოს იგინი მის თანა და თეიმურაზ გამოუტევოს კახეთსავე. ესე ეწყინა ფრიად თეიმურაზს, თუმცა არა რა იყო სხვა ღონე მიყვანისაგან კიდე, მოავლინა კაცი და წაიყვანა ერეკლე ძე თვისი და ასული თვისი ქეთევან. ხოლო შაჰნადირმა წაიყვანა ერეკლე ინდოეთს და ქეთევან მისცა ძმისწულსა თვისსა ალი-ყულიხანს ცოლად და გამოუშვა თეიმურაზ კახეთს.
იმამ-ყულიხანისა ალი-მირზა, რომელიც დაუტევა შაჰნადირმა ტფილისს, ვითამ ვალი, ჩავარდა ამასა და ხანს შორის შური დიდი, ვერღარა დადგა ტფილისს ალი-მირზა, წამოვიდა და მოვიდა კახეთს. ამან ალი-მირზამ ინება განზრახვითა აბელ მოურავისათა განდგომა ყაენისა და თვით დაპყრობა კახეთისა და ამისთვის ეზრახაცა თამარს, რათა ჰყონ ესე. მაგრამ თამარ არა ინება, რამეთუ ვინაიდან იყვნენ ქმარი მისი თეიმურაზ და ძე მისი ერეკლე ყანდაარს წინაშე შანადირისა.
ესე აცნობა თამარ ქისიყელთა და თუშთა არა-ყოფად ამისა ესეთ. მაშინ იგინი მტკიცედ დადგენ ერთგულებასა ზედა თამარისასა გივის ჩოლაყაშვილის მიერ და ამისთვის მივიდა თამარცა ქისიყს. ხოლო მათ რა იხილეს ესე ესეთ ვერღარა რაი იკადრეს ქმნად, რამეთუ ვინაიდან იქმნებოდა შფოთი დიდი და სისხლის დანთხევა კახთა შორის, გაიფანტნენ და წავიდნენ თვის-თვისად. ამისთვის ალი-მირზა ვეღარ დამყოფელი კახეთსა შინა წავიდა წინაშე შაჰნადირისა ყანდაარს და წაჰყვა ინდოეთს და იქ მოკვდა.
ამის ქმნისა შემდგომად მოვიდა თეიმურაზცა კახეთს ყანდაარიდან ქრისტესა ჩღლ (1738), მოეცა შაჰნადირს კახეთი, მაგრამ მორჩილებასა შინა ტფილისს მჯდომის ხანისასა. ხოლო შემდგომად წელსა ქრისტესა ჩღლთ (1739) წარმოემართა სპასალარი ერანისა და ძმა შაჰნადირისა, რომლისთვისცა ერწმუნა ადრიბეჯანი, ვითარცა მპყრობელად შემუსრვად ჭარისა. ამან მიუწოდა სპითა კახთათა თეიმურაზს და ქართველთაცა.
ხოლო თეიმურაზ წავიდა მსწრაფლად სიხარულითა შეკრებილი კახთა სპითა და მივიდა წინაშე სპასალარისა, შეუხდნენ ჭარს, მოსრეს, ამოწყვიდეს, მოტყვევნეს, მოაოხრეს და მოწვეს. მერე შევიდნენ პატარას ჭარსა შინა და მასცა ეგრეთვე უყვეს და გამაგრებული კოშკები შემუსრეს და მოაოხრეს ვიდრე კავკასამდე. მაგრამ განეგულა სპასალარსა სამი დღე იქ დგომა და ოხრება და რბევა მათი. თუმცა რა იხილა მოსრვა მათი და წინააღმდგომი აღარა ვინმე მტრად, ამისთვის აღარა ინება მოცდა და ბრძანა წამოსლვა სპათა. ამას უშლიდნენ ბეგლარბეგნი და ბეგნი, მაგრამ არა ისმინა მათი და გამოუტევა სპანი და თვით მცირედითა კაცითა დადგა და მომავალი სპასალარი გადახდა ღელოვანსა ერთსა ველსა ზედა მშვენიერსა, რათა მოსწიოს ყალიონი და სვას ყავა. იხილეს მზირყოფილთა ლეკთა და სცნეს სპასალარობა მისი, შემოეპარნენ, ჰკრეს თოფი და მოკლეს სპასალარი იქვე, და მის თანა მყოფნი ივლტოდნენ მკვირცხლად. ხოლო ჭარელნი შესხდენ ცხენთა მათთა, ეწივნენ დიდთა მათ სპათა და სრვიდნენ უწყალოდ. კვლავ მლტოლვარენი ეცნენ სხვათა მათ სპათა ყიზილბაშთა და ივლტოდნენ სრულიად ყოველნი. მოჰყვნენ ლეკნი და ამოწყვედდენ შეუწყალებლად ვიდრე ალაზნადმდე. მერე აიღეს სიმდიდრე სპასალარისა და ალაფი სპათა და იავარი დიდძალი. მაგრამ კახნი და ქართველნი წამოვიდნენ უვნოდ შოვებულნიცა ყიზილბაშთა ალაფისა. და კვლავ ამით ჭარელთა იწყეს მაგრება და გაძლიერდნენ. ხოლო კახეთს იყო კვლავადცა დაღისტნელთა ლეკთაგან ტყვევნა, კლვა და ოხრებანი. და მცდელობდნენ მათ ზედაცა კახნი სიმაგრით გამო წინააღდგომობასა, ნაცვალგებასა. ხოლო მერე, მორაიქცა შაჰნადირ ინდოეთიდან, წარმოავლინა ერეკლე ნიჭითა კახეთს, მოვიდა მშობელთა თვისთა თანა და გაიხარეს სიხარულითა დიდითა და მოგვარეს ცოლად ასული ვახტანგ ყაფლანისშვილისა. თუმცა მიზეზითა რითამე განუტევა იგი და მოიყვანა იმერეთიდან ასული ზაალ ფხეიძისა და იქორწინა მის თანა.
შემდგომად მოვიდა შაჰნადირ არდაველს ქრისტესა ჩღმა (1741) მიუწოდა იქ თეიმურაზს, მივიდა რა თეიმურაზ, მოსცა სპანი და წარმოავლინა ჭარსა ზედა. ესენი შეუხდნენ კვლავ ჭარს, შემუსრეს, ამოწყვიდეს კნინღა დაბოლოებამდე მათთა, წამოიყვანეს ტყვენი მრავალნი, რომელნიცა დასვა შაჰნადირმა დედანი ჭარელთა როსკიპად სპათა შორის თვისთა. ხოლო თეიმურაზ მოვიდა კახეთს და იმყოფებოდა თელავს. მერე წარმოავლინა შაჰნადირმა ქართველნი დარუბანდიდან და მოსცა გივს ამილახორს ვექილობა. ეს გივი ეზრახა თეიმურაზს, რათა განუდგნენ შაჰნადირისაგან. მაგრამ თეიმურაზ არა უსმინა ესე. ამისთვის შეასმინა გივმან თეიმურაზ ტფილისის ხანსა, ვინაიდან მოსლვად იყო ხანი ლეკთა ზედა დაღისტანსა შინა და მიუწოდა თეიმურაზს, რათა წარუძღვეს იგი. მაგრამ არა მივიდა იქ თეიმურაზ, და მიუთხრა: „როდესაც მოხვალ კახეთს, მაშინ მოვიდე“. განრისხდა ამისთვის ხანი და წარმოავლინა სპანი. ესენი მოვიდნენ და მოტყვევნეს და ამოწყვიდეს საგარეჯო. მერე შეასმინაცა შაჰნადირს ხანმან თეიმურაზ უკუდგომით ყოფა მისი. მაგრამ თეიმურაზ შფოთისა ამისთვის წავიდა წინაშე შაჰნადირისა. ხოლო შაჰნადირს რა ესმა განდგომა თეიმურაზისა, მიუწოდა წინაშე თვისსა და მივიდა თეიმურაზცა დარუბანდს. მაშინ როდესაც სცნა შაჰნადირმა, რამეთუ მიწოდებისა მისისაგან პირველვე წავიდა თეიმურაზ წინაშე მისსა, ამისთვის პატივ-სცა და ანიჭნა საბოძვარი. თუმცა მოუთხრა, რათა მოიყვანოს ცოლიცა თვისი თამარ, ეწყინა ფრიად თეიმურაზს. მაგრამ არა იყოღა სხვა ღონე, მიიყვანა იგიცა დარუბანდს. ხოლო შაჰნადირმა პატივ-სცა კეთილად და მიანიჭა ნიჭნი და წარმოავლინა კახეთსვე. წამოვიდა, გამოვლო დაღისტანი უვნოდ და მოვიდა თელავს. ამისა შემდგომად უბრძანა შაჰნადირმა თეიმურაზს მზად-ყოფა სპითა, რათა მოვიდეს მთით კავკასიიდამ დაღისტანს ზედა და გამოუშვა.
მაშინ შეჰკვეთეს ხარკი კახეთს, როგორც იყო ქართლსა შინა, და დაადგინეს მით ხუთასნი ნოქარნი კახნივე და როქსა მისცემდნენ ხარკთაგან კახთასა. მაგრამ მორჩილებასა და ბრძანებასა შინა იყვნენ ესე ნოქარნი თეიმურაზისასა. ხოლო შემდგომად უკუნ-იქცა რა შაჰნადირ სპარსეთად, თეიმურაზ იყო კახეთს. მაშინ მოხედა რისხვამან და შეიძრა ქვეყანა ქრისტესა ჩღმბ (1742) და დაირღვა და შეიმუსრა ალავერდის ეკლესია, კვლავ ციხე ხოდაშენისა. მაგრამ ესეოდენს ძრვასა შინა არა რა შეიმუსრა გარდა მათთა. ხოლო შემდგომად ბრძოლასა შაჰნადირისასა ბაღდადის კერძოდ ოსმალთა ზედა მოსულს, განდგნენ რა შაჰნადირისაგან ასტარაბადი, შირაზი და შამახია, და შამახიელთა მოიყვანეს შეწევნითა ლეკთათა შაჰსულთან უსეინის ძედ წოდებული ვინმე რომლისათვის პირველივე დაეკვეთეს ცხვირი და ყურნი ძესა შაჰნადირისასა და დასვეს ყაენად.
სცნა ესენი შაჰნადირმა და წარმოავლინა ძე თვისი სპითა. ამას მიეგებნენ ლეკნი მტკვარს იქით, ეკვეთნენ სპარსნი და მოსრეს სრულიად ლეკნი, რამეთუ ვერავინ განერიდა მატყობელიცა და დაიპყრა შამახია ძემან შაჰნადირისამან, და ყაენის ძედ წოდებული იგი ივლტოდა დაღისტანსა შინა. ხოლო შემდგომად ამისა მოკლეს ყმათა მისთა ბეჟან ერისთავი არაგვისა, მერე საერისთაონი იგინი მოერთვნენ თეიმურაზს.
ესე ამცნო შაჰნადირს თეიმურაზ. მაშინ მოსცა თეიმურაზს საერისთაო ესე და შევიდა თეიმურაზ იქ მათ შინა.
მხილველი ამისი ამილახორი გივი ივლტოდა და თეიმურაზ მოადგა ციხეთა მისთა ქსანსა ზედა. ხოლო რევაზ ბიძაშვილმან გივისამან მოსცა ციხენი თეიმურაზს და თვით რევაზ ჩამოვიდა ყმითურთ კახეთს. ვინაიდან უმეტესი ჭირი იყო ქართლს ყიზილბაშთაგან და ლეკთაგან, ამისთვის ჩამოვიდოდნენ მრავალნი მთავარნი, აზნაურნი და გლეხნი კახეთს და აშენდებოდა დაბები.
ამისა შემდგომად ყაენის შვილი იგი ლტოლვილი დაღისტანსა შინა ვეღარ დადგა იქ და წამოვიდა კახეთსა ზედა, რათა მივიდეს ოსმალთა შინა. ესე შეაცდინა მეგზურმა მისმა გზისაგან მისისა, წამოიყვანა და მოგვარა სამოც-ოდენ კაცითა თეიმურაზს ტინს მდგომსა. ამან შეიპყრა იგი ყმითურთ და წარუძღვანა ძე თვისი ერეკლე და წარავლინა შაჰნადირისა წინაშე.
ამისი მხილველი შაჰნადირ მადლიერ იქმნა თეიმურაზისაგან ფრიად, უწოდა დოვლათშარიქი და მოსცა ნიჭი დიდი. მერე შემდგომად უსუფ ახალციხის ფაშის მოსლვისა ქართლს შინა გორს და არაგვსა ზედა ერეკლესაგან ამოწყვედისა ოსმალთა და ყოფილისა, რომელნიცა იგი აღვსწერეთ ქართლსა ზედა, მოსცა შაჰნადირმა თეიმურაზს ქართლი და ძესა მისსა ერეკლეს კახეთი. მაშინ მივიდა თეიმურაზ და დაჯდა ტფილისს ქრისტესა ჩღმდ (1744). ხოლო ძე თეიმურაზისა ერეკლე დაჯდა კახეთს.



Комментариев нет:

Отправить комментарий