პირველად როდესაც ალექსანდრე მეფემან ნათესავნი იგი ლოთის შვილთანი წააქცია და შეხადა იგინი კედარსა მას ქვეყანასა, იხილა ნათესავნი სასტიკნი ბუნ-თურქნი, მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკვარსა მიხვევით, ოთხ ქალაქად, და დაბები მათი: სარკინე-ქალაქი, კასპი, ურბნისი და ოძრახე, და ციხენი მათნი: ციხე დიდი სარკინისა, უფლის-ციხე კასპისა, ურბნისსა და ოძრახისა.
გაუკვირდა ალექსანდრეს როდესაც გაიგო, რომ იებოსელთა ნათესავნი იყვნენ ყოველსა ხორციელსა ჭამდნენ და სამარე მათი არა იყო, მკვდარსა შესჭამდნენ. და ვერ შეძლო ბრძოლა მათი მეფესა და წავიდა.
მაშინ მოვიდნენ ნათესავნი მებრძოლნი, ქალდეველთაგან გამოსხმულნი, ჰონნი, და ითხოვეს ბუნ-თურქთა უფლისაგან ქვეყანა ხარკითა და დასხდნენ იგინი ზანავს. და ეპყრათ იგი, რომელიც ხარკითა ქონდათ, ჰქვია მას ხერკი.
და შემდგომად რამდენისამე ჟამისა მოვიდა ალექსანდრე, მეფე ყოვლისა ქვეყანისა, და დალეწა სამნი ესე ქალაქნი და ციხენი, და ჰონთა დასცა მახვილი. ხოლო სარკინესა ქალაქსა ებრძოლა თერთმეტი თვე და დადგა სარკინესა დასავლეთით კერძო და დაასხა ვენახი და რუ გამოიღო ქსნიდან, და დასხა კაცნი არხის გამყვანნი რუს სათავესა; და ჰქვია ადგილსა მას ნასტაგისი.
და მერე აიღო სარკინე. თვით დაყარეს და მეოტ იქმნნენ. და თანა-ჰყავდა ალექსანდრეს მეფესა აზო, ძე არიან-ქართლისა მეფისა, და მას მიუბოძა მცხეთა საჯდომად და საზღვარი დაუდვა მას ჰერეთი, და ეგრის წყალი, და სომხითი და მთა ცროლისა და წავიდა.
ხოლო ესე აზო წავიდა არიან-ქართლად, მამისა თვისისა და წამოიყვანა რვა სახლი და ათნი სახლნი მამა-მძუძეთანი, და დაჯდა ძველ მცხეთას და თანა-ჰყავდა კერპნი ღმრთად - გაცი და გა.
ა~. და ესე იყო პირველი მეფე მცხეთას შინა აზო, ძე არიან-ქართველთა მეფისა, და მოკვდა.
ბ~. და შემდგომად მისა დადგა ფარნავაზ. ამან აღმართა კერპი დიდი ცხვირსა ზედა, და დასდვა სახელი მისი არმაზი. და მოაქმნა ზღუდე წყლიდან კერძო, და ჰქვია არმაზ.
გ~. და შემდგომად მისა დადგა მეფედ საურმაგ. ამან აღმართა კერპი აინინა გზასა ზედა. და იწყო არმაზს შენებად.
დ~. და მისა შემდგომად მეფობდა მირვან. და აღმართა დანინა გზასა ზედა წინარე და აღაშენა არმაზი.
ე~. და მეფობდა ფარნაჯობ და აღმართა კერპი ზადენ მთასა ზედა. და აღაშენა ციხე.
ვ~. და მეფობდა არსოკ და ქალაქსა ზღუდენი მოაქმნა.
ზ~. და მეფობდა არიკ, რომელმაც შიდაციხე აღაშენა არმაზსა.
ჱ~. და მეფობდა ბრატმან, რომელსაზე მცხეთას ქალაქი დაიწყო.
თ~. და მეფობდა მირეან. და მან აღაშენა მცხეთა ქალაქი.
ი~. და მეფობდა არსუკ, რომელმაც კასპი შეიპყრა და უფლის-ციხე განაგო.
ია~. და მეფობდა როკ, რომელმაც რაითურთით მცხეთა გაიშორა. და მეფობა ორად გაიყო, ორნი მეფენი დასხდნენ იმიერ და ამიერ.
იბ~. და მეფობდა ქარძამ არმაზს და მცხეთას - ბრატმან. და ამათთა ჟამთა ჰურიანი მოვიდნენ მცხეთას და დასხდნენ.
იგ~. და მეფობდა იმიერ ფარსმან და ამიერ კაოზ.
იდ~. და მეფობდა იმიერ არსოკ და ამიერ - ამაზაერ.
იე~. და მეფობდა იმიერ ამაზასპ და ამიერ - დერუკ.
ივ~. და მეფობდა იმიერ ფარსმან ქველი და ამიერ - ფარსმან ავაზ.
იზ~. და მეფობდა იმიერ როკ და ამიერ - მირდატ. და ამისა ზე მოაკლდა არმაზი სამეუფო და მცხეთას ოდენ იყო მეფობა.
იჱ~. და მეფობდა ღადამი და დღე კ~.
ით~. და ფარსმან,
კ~. და ამაზასპ,
კა~. და რევ მართალი.
კბ~. ვაჩე.
კგ~. ბაკურ.
კდ~. მირდატ.
კე~. ასფაგურ.
კვ~. ლევ. მამა მირეანისი.
კზ~. მირეან.
ესე ოცდარვანი მეფენი ქართლს შინა წარმართნი.
და იყო დღეთა კოსტანტინე მეფისათა, ქრისტეს ამაღლებიდან სამას და მეათესა წელსა, იყო ღვაწლი ბრძოლისა მტერთაგან და ფრიად ერეოდეს მეფესა კოსტანტინეს, ძესა კოსტასსა. და გულგდებულ იყო ურვათაგან კოსტანტი კეისარი.
იყო ვინმე კაცი ეფესელი და წარმოთქვა წინაშე მეფისა: „ქრისტეანენი იგი ჰრომნი და ყოველნი ჰინდონი და ვისცა ვის აქვს რჯული იგი ახალი ქრისტეს წმიდისა, ძელითა ჯვარისათა და მისითა სასოებითა სძლევენ მტერთა ძლიერად“.
მას ჟამსა აღიძრა მეფე გუნდებითა, და წარავლინა მოყვანებად ეპისკოპოსთა იერუსალემიდან, ანტიოქიადან, რომიდან და ალექსანდრიადან და ნათელ-იღო მან თავადმან და დედამან მისმან ბანაკითურთ.
იმ ჟამიდან მეათესა წელსა წავიდა ჰელენე იერუსალემად ძიებად პატიოსნისა ჯვარისა. და მეთოთხმეტესა წელსა ივლტოდა დედაკაცი ვინმე მეფეთა ევადაგი, სახელით რიფსიმე, რომლისამე მიზეზისათვის დედა-მძუძითურთ.
და იყო მის თანა ტყვე ერთი დედაკაცი მშვენიერი, სახელით ნინო, რომლისა საქმე მისი გამოიძია ჰელენე დედოფალმა. და იყო იგი რომი მთავარი, და თვით მოევლო გზა თვისი და ექმნათ კურნებანი. და მოწევნულ იყო საბერძნეთად და მოძღვრავდა მთავარსა მას რიფსიმეს.
და როდესაც წარმოივლტოდა რიფსიმე ზღვად, გაიანე და ნინო და სხვანი ვინმე მათ თანა გამოვიდნენ არეთა სომხითისათა, სამყოფელსა თრდატ მეფისასა. და იგინი იმარტვილნენ იქ.
ხოლო ნინო დარჩა და წარმოემართა მთათა კერძო ჩრდილოსათა და მოვიდა მდინარესა მტკვარსა, მოჰყვა და მოვიდა მცხეთად, ქალაქსა დიდსა მეფეთა საჯდომელსა. და იყო სამ წელს ეგრეთ. ილოცვიდა ფარულად ადგილსა ერთსა შებურვილსა ბრძამლითა მაყვლისაითა. და შექმნა სახე ჯვარისა, ნასხლევისა და იქ დაადგა და ილოცვიდა. და ადგილი იგი იყო ზღუდესა გარეგან. ხოლო მან მაყვალთა ადგილი არის ზემოსა ეკლესიისა საკურთხევლისა ადგილი.
და მეოთხესა წელსა იწყო თქმად ქრისტე ღმერთი და რჯული: „და მე ვპოვე ცთომასა შინა ჩრდილოსა ესე ქვეყანა“. და მეექვსესა წელსა არწმუნა ცოლსა მეფისასა ნანას სენსა შინა მისსა და მეშვიდესა წელსა მეფესა არწმუნა სასწაულითა ქრისტესმიერითა. და მწრაფლ აღაშენა ეკლესია ქვემო სამოთხესა შინა. და სვეტი იგი იყო ძელისა, რომელიც თვით აღემართა.
და როცა აღაშენეს ეკლესია, წარავლინა მოციქული და წიგნი ნინოსი საბერძნეთა, მეფისა კოსტანტინესა თხოვად მღვდელთა. ხოლო იგინი მწრაფლ მიიწივნენ.
და მოსცა მეფემან იოვანე ეპისკოპოსი და ორნი მღვდელნი და ერთი დიაკონი და წიგნი ელენე დედოფლისა და ხატი მაცხოვრისა და ძელი ცხორებისა ნინოსთვის.
და როდესაც მოვიდნენ, ნათელი მოიღო მირეან მეფემან და დედოფალმან და ყოველმან სახლმან მათმან. ითხოვეს ხე, რათა შექმნან ჯვარი. და ძიება ყვეს ხუროთა, და იპოვეს ხე ერთი, მდგომარე ბორცვსა ზედა კლდისასა, რომელსა ფურცელი მისი არასოდეს დასცვიოდა. და სულჰამო იყო ხე იგი და მშვენიერი ფრიად, როგორც მადლითა ქრისტე შემოსილი. და ადგილი იგი ბორცვი შეუვალი იყო კლდისაგან. და უთხრეს მეფესა და ეპისკოპოსსა. ხოლო მეფემან წარგზავნა ძე თვისი რევ და მთავარ-დიაკონი, იხილეს მშვენიერად დგომა ხისა მის. ხოლო ფურცლობდა ჟამთა არისათა. და იტყოდა მთავარდიაკონი იგი მუხლსა დავითისსა: „ესე ხე არის დანერგული თანა წასავალსა კლდისასა ზეგარდამოთა ცვარითა მორწყული და ფურცელნი მისნი არა დასცვივენ უკუნისამდე“.
და უბრძანა ხუროთა მოკვეთა ხისა მის. და შექმნეს სახე პატიოსნისა ჯვარისა, როგოცა ასწავლა მთავარ-დიაკონმან, სამ გვამად შექმნეს ხისა მის ტანისაგან სამნი ჯვარნი და აღმართნეს მცხეთას, (როგორც სწერია მცირესა მას მოკლედ აღწერილსა მას წიგნსა ქართლისა მოქცევისასა, გრიგოლი დიაკონისა მიერ აღწერილსა. და ერთი ჯვარი აღმართა მირიან მეფემან მთასა ზედა მაღნარისასა, რომელსაც ჰქვია თხოთისა, და ერთი-იგი - მახლობელად პატიოსნისა ჯვარისა-ვე.
და წარავლინა მირიან მეფემან და ითხოვნა საბერძნეთით ქვისა მთლელნი და კირით ხურონი. და მოსცა მეფემან და წარმოვიდნენ ერუშეთს. და დადვეს საძირკველი ეკლესიისა. და დაუტევეს ფეხთა ფიცარნი მაცხოვრისანი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესნი და წამოვიდნენ მანგლისს და დადვეს საძირკველი ეკლესიისა და დაუტევეს სამსჭვალნი და ასე მოვიდნენ მცხეთად.
და იწყო მეფემან შენებად ქვითა ეკლესიასა გარეუბნისასა. და როცა ცნა მეფემან, რამეთუ დადვეს საძირკველი პირველ ერუშეთს და მანგლისსა და დაუტოვეს იქ სასურველნი იგი ფიცარნი და სამსჭვალნი, აივსო ურვითა და დააყენა საქმე მოსწრაფებისა, ვიდრე არა ისწავლა მთავარ ეპისკოპოსისაგან: „შენ თანა არის ამას ქალაქსა შინა სამოსელი ქრისტესი ყოლად ზეგარდამო ქსოვილი, რომელიც ჯვარის მცველთა მათ გაიყვეს, და კვართი იგი ამათ იხვედრეს, ჩრდილოსა ამას ქალაქსა შინა დაფარეს, და აწ შვილნი მათნი არიან, ვინ უწყის, თუ ადგილიცა იცოდენ. ხოლო ჟამი მისი მერე არის, როდესაც გამოჩნდეს დიდებით ქვეყანასა ზედა. ეგრეთვე ხალენი ელიაისი აქვე დამარხულ არის.
და აივსო სიხარულითა მეფე და მყის მოხადნა ყოველთა ჰურიათა და ჰკითხა, თუ: „ნამდვილვე?“ და მათ არ უარეს მართალი და არა უარყვეს. და თქვეს: „აქეთ წავიდნენ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კანისელი და თალენავ და მისაელ“. და კვართისა მის თქვეს წილით ხვედრება ამათი, ხოლო ადგილი იგი უარყვეს. მაშინ გამხიარულდა მირიან მეფე, რაჟამს ეუწყა: „პირველად მოწევნულ იყო კვართი იგი ქრისტესი იერუსალემიდან მცხეთად“. მადლობდა ღმერთსა და იტყოდა: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, რამეთუ გინდა ცხორება ჩვენი და ხსნა ჩვენი ეშმაკისაგან და ადგილისა მისგან ბნელისა, ოდეს-იგი სამოსელი შენი ებრაელთა მათ წარმოეც წმიდა ქალაქ იერუსალემიდან უცხოთა ამათ ნათესავთა ქალაქად, რამეთუ ჯვარ-ცმასა შენსა ამას ქალაქსა მეფობდენ მამანი ჩვენნი“.
და წარემართა მეფე და ყოველი ქართლი ქრისტეანობასა მოსწრაფებითა დიდითა. მაშინ ნეტარმან მან დედაკაცმან ნინო თქვა: „კურთხეულ არის ღმერთი და მამა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, რომელმაც მოავლინა სიტყვა წმიდა მისი ცათა მაღალთა თვით ძლიერისაგან საყდრისა გარდამოსული ქვეყანად მდაბლად უეჭველად შობად ხორციელად თესლისაგან დავითისა დედაკაცისაგან მარტოდ შობილისა წმიდისაგან და უბიწოისა, რომელიც სათნო-ეყო მას და ამით მიზეზითა ცხოვრება ჩვენი შექმნა და ყოველი ცასა ქვეშე მყოფი განანათლა და უმეტეს მისა მიმართ მორწმუნენი აცხოვნა, რამეთუ იშვა როგორცა კაცი, პატივ-ეცა როგორცა ღმერთსა, ნათელ-იღო როგორცა მსახურმან ვინმე რჯულისამან წყლისა და მიწისაგან, ხოლო მამით და სულით წმიდით ზეგარდამო იწამა და იდიდა, ჯვარს-ეცვა, დაეფლა და აღდგა, ახდა მათ-ვე სიმაღლეთა მამისა თანა და მომავალ არის დიდებითა, რომელსაც მშვენის გალობა ამენითა“.
და როდესაც ესე თქვა, წაიყვანა იაკობ მღვდელი, საბერძნეთიდან მოსული, და ერისთავი ერთი, წავიდა და დადგა წობენს. და მოუწოდა მთეულთა, ჭართალელთა და ფხოელთა, და წილკანელთა და უქადაგა სარწმუნოება ქრისტესი. ხოლო მათ იუარეს და ერისთავმან მცირედ წარმართა მახვილი და შიშით მოსცეს კერპნი მათნი დასალეწად. და გადავიდა ერწოდ და დადგა ჟალეთს, დაბასა ედემს, და ნათელ-სცა ერწო-თიანელთა. და ყვარელთა ესმა ესე და გადაიკრიბნენ თუშეთსა, რომელნიც ბოლოს იპოვეს, თრდატ მეფემან მოიყვანა და მონათლა.
და ნინო ჩავიდა კუხეთსა და დადგა კაწარეთს და მონათლა კუხელნი და სოჯნი ერითურთ მათით. და გადავიდა კახეთსა და დადგა ქცელ-დაბას. და მოიყვანა კახნი მთავარნი და მონათლა.
და დასნეულდა და წარმოემართა მცხეთას. და როცა მოიწია კუხეთს, დაბასა, რომელსაც ჰქვია ბოდინი, ვეღარ შეძლო სლვად. და მოვიდნენ ქალაქ უჯარმიდან რევ, ძე მეფისა, და სალომე, ცოლი მისი, და ასული მისი და ზედა-ადგნენ მოურნედ და მიუვლინეს მცხეთიდან მეფემან და ცოლმან მისმან ნანა იოვანე მთავარეპისკოპოსი ხილვად და წაყვანებად. ხოლო მან არა ინება, არამედ შეაჰვედრა იაკობ მღვდელი: „რათა შემდგომად შენსა მან დაიპყრას საყდარი“.
და მის წინაშე მისცა წიგნი იგი ელენე დედოფლისა მოწერილი, რომელიც მოეწერა ნინოსა, დედოფლობით და მოციქულად და მახარებელად შეემკო და ძელი ცხორებისა წარმოეცა დედოფლისა ნანასა. და შეწირა ჟამი იოვანემ, აზიარა ნინო ხორცსა და სისხლსა ქრისტესსა. და წაიღო ესე საგზლად სულისა.
და შეავედრა სული თვისი ხელთა ღმრთისათა ქართლს მოსლვიდან მეთხუთმეტესა წელსა და ქრისტეს ამაღლებითგან ტლჱ (338) წელსა, დასაბამითგან ჭყლჱ (5838) წელსა. მაშინ შეიძრნენ ორნი ესე ქალაქნი - მცხეთა და უჯარმა - და ყოველი ქართლი სიკვდილისა მისისათვის. და მოვიდნენ და დამარხეს ძლევით შემოსილი გვამი მისი, ადგილსა-ვე ზედა ბოდს (ბოდინს), დაბასა კუხეთისასა. და წავიდა მირეან მეფე და ყოველი ერი, რამეთუ იქმოდნენ ზემოსა ეკლესიასა ქვითა. და დაასრულეს მეოთხესა წელსა. და მოკვდა მირეან მეფე და დაეფლა საშუალსა სვეტსა სამხრეთსა ჩრდილოეთით კერძო. და მას სვეტსა შინა არის ნაწილი სვეტისა მის ცხოველისა.
და მეორესა წელსა მოკვდა ცოლი მისი ნანა და დაეფლა დასავლეთით კერძო მასვე სვეტსა, სადაც მირეან მეფე დამარხულ იყო.
და დაჯდა მეფედ ბაკურ, ძე რევისი. და მოკვდა იოვანე ეპისკოპოსი და დაჯდა იაკობ, მღვდელი იგი იქვე მოსული, მთავარეპისკოპოსად. და ოცდამესამესა წელსა აღმართებითგან პატიოსნისა ჯვარისა შეუქმნა კუბო რევ და შეიქმნა საფლავი ქვემოსა ეკლესიასა.
და მოკუდა რევ და დაემარხა ცოლითურთ. და შემდგომად მისა, მეათესა წელსა, ამან ბაკურმა დაიწყო წილკნისა ეკლესიასა და დაასრულა ოცდამეათხუთმეტესა წელსა. და მოკვდა და დაეფლა ქვემოსა ეკლესიასა. და დაჯდა მეფედ ძმა მისი თრდატ. და მთავარეპისკოპოსი იყო ნერსე სომეხთა კათალიკოზისა დიაკონი იობ. და მეფემან რუსთვისა რუ გამოიღო და ეკლესიისა საფუძველი დაუდვა. და მის დროსვე ნეკრესს კახეთისასა ეკლესია აღიშენა განსრულებით.
და შემდგომად მისა დადგა ვარაზ-ბაკურ მეფედ. და მისა ზევე სპარსთა მეფისა მარზაპანნი შემოვიდნენ სივნიეთა და იგი ხიდარს უკუ-ჯდა. და მთავარეპისკოპოსი იყო იგივე იობ.
და მაშინ მოვიდა ქრამ ხუარ-ბორზარდ, სპარსთა მეფისა პიტიახში, ტფილისად ქალაქად, ციხედ. და ქართლი მისსა ხარკსა შედგა, და სომხითი და სივნიეთი და ვასპურაკანი. და მის დროს აღაშენეს აზნაურთა წმიდა იგი ეკლესია მცხეთას და აჩუქეს დიდსა მას ეკლესიასა სოფლებითა და ქარდაგებითა ქართლს შინა.
და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძე თრდატისი. და მთავარეპისკოპოსი იყო ელია. და ამან აღაშენა ეკლესია ბოლნისს. და იმიერ გავიდა და განაახლა არმაზნი სპარსთა შიშისათვის.
და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, დისწული თრდატისი. და მთავარეპისკოპოსი იყო სვიმეონ.
და მისა შემდგომად მეფობდა მირდატ. და ესე წაიყვანა პიტიახშმან ვარაშ ბაღდადს და იქ მოკვდა.
და მისა შემდგომად მეფობდა არჩილ, და მთავარეპისკოპოსი იყო იონა. და მაშინ დაეცა ქვემო ეკლესია. და იონა მოიცვალა გარეუბნისა ეკლესიასა და სვეტი იგი ცხოველი თანა-წამოიღო.
და მისა ზე აზნაურთა სტეფანე-წმიდა აღაშენეს არაგვსა ზედა. და მოგვნი მოგვეთას მოგვობდნენ ცეცხლისა მსახურებასა ზედა. და მისვე არჩილისზე ოთხნი მთავარეპისკოპოსნი გარდაიცვალნენ.
და მერე მეფობდა მირდატ. და მთავარეპისკოპოსი იყო გლონოქორ. და ესე მთავარეპისკოპოსი ერისთვადცა იყო ბარაზბოდ პიტიახშისაგან ქართლს და ჰერეთს.
და მისა შემდგომად მეფობდა დიდი ვახტანგ გოლგასარი, და მთავარეპისკოპოსი იყო იოველ. მაშინ წაიყვანეს ვახტანგ სპარსთა. და შემდგომად რამდენისამე ჟამისა მოიქცა, და მთავარეპისკოპოსი იყო მიქაელ. და მან მიამთხვია ფეხი პირსა მეფისასა ვახტანგს. ხოლო მეფემან წარავლინნა მოციქულნი საბერძნეთს და ითხოვა მეფისაგან და პატრეარქისაგან კათალიკოზი. ხოლო მან მოსცა პეტრე კათალიკოზი. და თანა ჰყავდა მას სამოველ მონაზონი, წმიდა და ღირსი. და აღაშენა ქვემო ეკლესია ვახტანგ მეფემან და დასვა პეტრე კათალიკოზი. და ესე იყო ქართლის მოქცევითგან რო (170) წელსა. მეფენი გარდაცვალებულ იყვნენ ათნი, და მთავარეპისკოპოსნი ცამეტნი. ხოლო პირველი კათალიკოზი იყო პეტრე.
და ამისა შემდგომად მეფობდა დაჩი უჟარმელი, და კათალიკოზი იყო სამოველ და მისაზე ტფილისს კაცნი დასხდებოდნენ, და მარიამ-წმიდა ეკლესია აღაშენეს. და კათალიკოზი იყო პეტრე.
და ამისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, ძე დაჩისი, და კათალიკოზი იყო სამოველ.
და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან, და კათალიკოზი იყო თავფაჩაგ. და მისა ზევე ჩიმაგა ვ~. და მისა ზევე სპარსთა მეფობა მცხეთად მოვიდა და შეაშფოთა ქართლი და ქალაქნი და წავიდა.
და მისა შემდგომად მეფობდა ფარსმან სხვა, და კათალიკოზი იყო დასაბია, მკვიდრი მცხეთელი. და აქედან ორთა სახლთა აიღეს კათალიკოზობა მცხეთელთა მკვიდრთა. და მისვე მეფისა ზე კათალიკოზი იყო ევლალე.
მაშინ მოვიდა ნეტარი იოვანე ზედაზადენელი შუამდინარიდან ასურეთისადან იგი და თორმეტნი მოწაფენი მის თანა მოვიდნენ.
და მისა შემდგომად მეფობდა ბაკურ, და კათალიკოზი იყო მაკარი.
და მისა შემდგომად კათალიკოზი იყო სამოველ, და მერე - სიმონ-პეტრე. და მის ბაკურის ზევე დაესრულა მეფობა ქართლისა. მაშინ მცხეთა ათხელდებოდა და ტფილისი ეშენებოდა, არმაზნი შემცირდებოდა და კალა განდიდდებოდა.
სპარსნი უფლებდნენ ქართლს და სომხითს და სივნიეთს და ვასპურაკანს; და კათალიკოზი იყო სამოველ და ნელად-რე შეიკრიბა ქართლი. და განაჩინეს ერისთავად გუარამ და მერე - კურაპალატადცა. ამან დადვა საფუძველი პატიოსნისა ჯვარისა და ამას ზევე იყო კათალიკოზი სამოელ-ვე სხვა. და ტფილისისა მკვიდრთა დიდსა ეკლესიასა დაიწყეს: ნახევარსა იქმოდა ყოველი ერი და ნახევარსა ერისთავნი; და კათალიკოზი იყო ბართლომე.
და მისა შემდგომად ერისთვობდა სტეფანოზ, ძე მისი, ძმა დემეტრესი, და იქმოდა ეკლესიასა ჯვარისასა. მაშინ ჩამოვლო ჰერაკლე მეფემან ბერძენთამან. და უხმო ციხის-თავმან კალათ ტფილისისათ მეფესა ჰერაკლეს ვაც-ბოტობით.
ხოლო მან ფეხი დააპყრა და დანიელის წიგნი მოიტანა და მოიძია სიტყვა ესე: „მოვიდეს ვაცი იგი მზის დასავალისა და შემუსრეს რქანი ვერძისა მის მზის აღმოსავალისანი“. და მეფემან უთხრა: „უკუეთუ ჩემთვის ესე იყოს სიტყვა, მე მიგაგო მისაგებელი შენი“. და დაუტევა ჯიბღო ერისთავი ბრძოლად. და თვით წავიდა სპარსეთს ბრძოლად ხუასრო მეფისა. ხოლო ამან ჯიბღო მცირეთა დღეთა შემდგომად კალა გამოიღო და ციხისთავი იგი შეიპყრა და პირი დრაჰკნითა აუვსო. და მერე მრთელსა ტყავი გაჰხადა და მეფესა უკუანა მისწია გარდბანს ვარაზ გრიგოლისსა შინა.
წავიდა ჰერაკლე და შემუსრა სპარსეთი და შეიპყრა ხუასრო მეფე და მოღებად სცა ძელი ცხორებისა. და იწყო ბრძანებით შენებად იერუსალემსა და მოდისტოს დასვა პატრეარქად. და წამოვიდა აქათვე მეშვიდესა წელსა. და ვიდრე მოსლვადმდე მისა ტფილისს სიონი განეშორა მკვიდრთა, ხოლო ჯვარისა ეკლესიასა აკლდაღა. ამან ჰერაკლე ტფილისს და მცხეთას და უჟარმას განავლინა ქადაგნი, რათა ყოველნი ქრისტეანენი ქალაქთა შინა ეკლესიათა შინა შემოიკრიბენ და ყოველნი მოგვნი და ცეცხლისა მსახურნი ან მოინათლნენ ან მოისრნენ. ხოლო მათ ნათლის-ღება არა ინებეს, ზაკვით თანა-აირივნენ ქრისტეანეთა, ვიდრემდე ყოველთა ზედა წარმართა მახვილი და ეკლესიათა შინა მდინარენი სისხლისანი დიოდენ. ხოლო ჰერაკლემ გაწმინდა რჯული ქრისტესი და წავიდა. და ერისთავობდა იგივე დიდი სტეფანოზ, და კათალიკოზი იყო ბართლომე მეორედ.
და შემდგომად ერისთავობდა ადარნესე, და მისა ზე სამნი კათალიკოზნი იცვალნენ: იოვანე, ბაბილა, თაბორ.
და მისა შემდგომად ერისთავობდა სტეფანოზ, ძე მისი და ამან დაასრულა ჯვარისა ეკლესია და დადვა კრება ჯვარს ჯვარობასა ერთი თვე. და ტფილისს დაჯდა სტეფანოზ, და კათალიკოზი იყო სამოველ. და მისა ზევე - ევნონ.
და ამბავი მოვიდა, სპარსეთი აგარეანთა დაიპყრესო და ამისთვის ბერძენთა ქვეყანა ჯორსა აჰკიდეს და წაიღეს საბერძნეთს.
და მისა შემდგომად ერისთავობდა გუარამ კურაპალატი ვ~, და გუარამ ყრმა ზ~, და მერე არშუშა კურაპალატი ჱ~, და ვარაზ-ბაკურ აპა პატრიკიოზი, რომელმაც გარდაბნელნი მოაქცია თ~, და მერე ნერსე ი~, და ძენი მისნი: ფილიპე ია~, სტეფანოზ იბ~, ადარნესე იგ~, გუარამ იდ~, და ბაკურეანი ძე ბალდადისი იე~; და ძენი ადარნესესნი: სტეფანოზ ივ~, და აშოტ კურაპალატი იზ~, და გუარამ იჱ~. დიდნი ერისთავნი ესენ იყვნენ.
ხოლო კათალიკოზნი, რომელნიც ევნონისიდან მომართ იყვნენ: თავფაჩაგ ა~, ევლალე ბ~, იოველ გ~, სამოველ დ~, გეორგი ე~, კვირიონ ვ~, იზიდბოზიდ ზ~, თეოდორე ჱ~, პეტრე თ~. ესე. ცხრანი ცოლიანნი იყვნენ.
მერე: მამა ა~, იოვანე ბ~, გრიგოლ გ~, კლემენტოს დ~, სარმეან ე~, თალელე ვ~, სამოველ ზ~, კვირილე ჱ~, გრიგოლ თ~, სამოველ ი~, გეორგი ია~, გაბრიელ იბ~, ილარიონ იგ~, არსენი იდ~, ევსუქი იე~, ბასილი ივ~, მიქაელ იზ~, დავით იჱ~, არსენი ით~.
Комментариев нет:
Отправить комментарий