სამცხე-საათაბაგოს კუთხეთა აღწერა
ადგილებთა სახელის წარმოჩინებისათვის
ადგილებთა სახელის წარმოჩინებისათვის
ხოლო ქვეყნისა ამის სახელი საკუთარი არის ქართლი ამისთვის, რამეთუ არის წილივე ქართლოსისა, და მისგანვე ეწოდა ქართლი და, შემდგომად სიკვდილისა მისისა, საქართლო ანუ საქართველო, და იწოდება დღედმდეცა ეგრეთვე. ვინაიდან ჟამითი-ჟამად შეეძინა სახელნი მრავალნი გაყოფილებისაგან და ადგილებთა გაყოფისათვის, და ისახელეს ესეთ. რამეთუ შემდგომად ქართლოსის სიკვდილისა ცოლმან მისმან, გაჰყო რა ძენი თვისნი, და მისცა უხუცესსა ძესა თვისსა მცხეთოსს ტფილისისა და არაგვის დასავლეთი, და ფარავნის ტბის დასავლეთის ქვეყანა, წილი ქართლოსისა, ზღვამდე სპერისა, და ტაოსა და კლარჯეთს შორისის მთამდე, და დაიპყრა მცხეთოს ქვეყანა ესე; ამან მცხეთოს უწოდა ტფილისის და არაგვის დასავლეთს, ლიხის მთამდე და ტაშისკარამდე, შიდა ქართლი და ტაშისკარსა და ფარავნის დასავლეთს ზღვამდე უწოდა ზემო ქართლი, და გაჰყო იგივე ქართლოსის სახელი ესეთ. ხოლო შემდგომად მცხეთოს გაუყო სამთა ძეთა თვისთა წილი თვისი და მისცა უფლოსს, ძესა თვისსა, რა იგი აღვწერეთ, და ძესა თვისსა ოძრახოს მისცა ტაშისკარს ზევითი და მტკვრის დასავლეთი, ვიდრე ზღვამდე, საზღვრამდე ქართლოსისა, რომელიც არიან აწ სამცხე, გურია, ლიგანი, შავშეთი, არტანუჯი, ფანასკეტი, ოლთისი და ტაო; და ამათ ადგილებთა უმეტეს ეწოდა ზემო ქართლი.
ხოლო ფარავნის დასავლეთი და მტკვრის აღმოსავლეთი, ვიდრე თავადმდე მტკვრისა, მისცა მცხეთოს ძესა თვისსა ჯავახოსს, და ამის მიერ ეწოდა ამ ადგილებთა ჯავახეთი. და არიან ამათ ადგილთა შინა ჯავახეთი, არტანი, ერუშეთი, კოლა და მტკვრის აღმოსავლეთი; ხოლო კლარჯეთი არა არის წილი ამათი, რომელიც ფარნაოზმა დაიპყრა შემდგომად აზონის სიკვდილისა. და არის საზღვარი ამისი: აღმოსავლეთით მთა, რომელიც გაივლის კლარჯეთსა და ტაოს შუა ზღვამდე; სამხრეთით მთა იგი, რომელსაც სდის მდინარენი და ერთვის ჭოროხსა; დასავლეთით მთა აზრუმ-ბასიანს შორის განვლილი ზღვამდე, და ჩრდილოეთით შავი ზღვა. და არიან ამათ შინა თორთომი, ხახული, ისპირი, ფორჩხა, ბაიბურდი და ჭანეთი (უცნობელ არის, რის გამო ეწოდა სახელი ესე, თუმცა საგონებელ არის ღვლარჭნილთა და კლდოვან ღრატო-ღრიღოვანებისა მიერ და მაღალთა მთათაგან, რამეთუ მთა-ბარი მეტად ახლოს არის ესეთ, ჟამისა ან ნახევარჟამისა თვალთა არის თოელი და ბართა ნარინჯი, თურინჯი, ზეთისხილი და ყოველნი ნაყოფნი).
და ესეთ გაიყო სახელი ზემო ქართლისა სამად. მაგრამ აწ ოძრახოს წილს, გურიის მთამდე და არსიანის მთამდე, უწოდებენ სამცხეს, მცხეთოსისა და ქალაქის მცხეთის გამო, პირველვე წოდებულს მცხეთის მორჩილებისათვის (კვლავ იტყვიან: როდესაც ააშენა სუმბატ ბივრიტიანმა ციხე დემოთს, სამთა ციხეთათვის ლომსისა, ოძრახესა მეპირისპირედ, ესე იგი არის სამციხეთა, ამით იწოდა სამცხე). ხოლო ამისვე წილი გურია აღვწერეთ იმერეთსა ზედა, იქ იხილავთ. ხოლო ჭოროხის მდინარე იწოდა ქვა-ყრილობით და რიყოვანობით მას შინა მყოფთასა, რამეთუ მის მიერ დის მჩქეფრად და ჩქარად, და ხევსა მისსა - ლიგანის-ხევად, კლდოვან განლიგებისათვის ან დაბისაგან; ეგრეთვე შავშეთი - ვითამ შავში და არა სპეტაკში, მთა-კლდოვან ტყის გამო, და არტანუჯი - მშვენიერებისათვის: „არა ტანი, არამედ უნჯი“, ან იწოდნენ ძეთაგან ოძრახოსათა, რომელთაც ეწოდათ სახელნი ესენი, და დაიმკვიდრეს რა ადგილნი ესენი, უწოდეს სახელნი თვისნი. მაგრამ ჯავახეთს უწოდებენ მასვე ძველს სახელს. ხოლო არტანი ეწოდა მისვე ჯავახოსაგან, ვითამ ჯავახეთის „არა ტანი, არამედ პირი“, და კოლა იწოდა იქ მცირე ქალაქის გამო. ხოლო ქვეყანასა კლარჯეთისასა უწოდნენ სახელნი იგინი დაბებთა და ქალაქებთაგან, იქ მყოფებთა, ან ძის ძეთაგან ჰაოსისათა; და ჭანეთს ეწოდა მათგანვე, ან შემდგომად მლიქვნელობისა და მდედრობისა მათთათვის ჭანად, მაგრამ ბაგრატიონთ მეფობასა შინა ყოველთა ამათ ადგილებთა და ქვეყანათა კრებით ეწოდა მესხნი, იგივე ძველი სახელი სამცხეთოსი, და სიმოკლისათვის მესხნი ითქმის. ხოლო ბრწყინვალე მეფემ გიორგიმ მისცა რა ათაბაგობა და მის ქვეშე განაწესა მის ქვეყნის ერისთავნი, ამიერიდან იწოდა საათაბაგო, და უმეტეს განდგომილებისა ყვარყვარე ათაბაგისაგან, და ისახელება დღემდე საათაბაგოდ.
ხოლო სიგრძე ქვეყნისა ამის არის ქართლის საზღვრიდან ქართლის ყელამდე და ბაიბურდისა და ჭანეთის საზღვრამდე, და განი დევაბოინისა, და ირიჯლუს, და ყალნუს მთებიდან ღადოსა და გურიის მთამდე და ზღვამდე. და საზღვრის ქვეყანასა ამას: აღმოსავლეთიდან საზღვარი ქართლისა, რომელიც აღვწერეთ, და მთა ყარსისა, არტან-კოლასა და ყარსს შორისი; სამხრეთიდან მთა წინხსენებული, სომხით-ქართლის საზღვარი, რომელიც აწ ისახელება ირიჯლუსა და დევაბოინის მთად; ჩრდილოეთიდან საზღვრის მთა ღადო ანუ ფერსათი, და მთა აჭარა-გურიის შორისი, და ზღვა პონტოსი; დასავლეთითდან მთა აზრუმისა, ეზინგისა და საქართველოს ყელს შუა წავლილი, ანუ რკინის პალოსი, და მისული ზღვამდე, რომელიც აღვწერეთ ტრაპიზონისა და ჭანეთის საზღვარი.
ქვეყანა
ხოლო არის ქვეყანა ესე ფრიად მრავალ და დიდროვან მთიანი, კლდიანი, ხევიანი, ღრატოიანი, ტყიანი, შამბ-შროშნიანი, მდინარიან-წყაროიან-ტბიანი და მცირედ ველოვანი. ზამთარ ადგილ-ადგილ ცივი და დიდთოვლიანი და ადგილ-ადგილ ფრიად თბილი, ზაფხულს შეზავებული, რამეთუ აქვს მთანი და აგარაკნი ფრიად ახლოს, ხოლო ადგილს ფრიად ცხელი და გაუძლისი, გარდა აგარაკთა. ჰავით მშვენიერი და კეთილი, მაგრამ ზღვის კიდეთა არა ეგრეთი. ნაყოფიერებს ქვეყანა ესე ყოვლითა მარცვლთა და არა ყოველგან. ადგილად აკეთებენ აბრეშუმსაცა მცირედ. და ხილნი, რომელნიცა აღვწერეთ, არიან მრავლად და კეთილნი არიან წალკოტნი, მტილნი და სავარდენი. თუმცა ტყეთა, მთათა და ველთა ვიეთთა ადგილებთა შინა მრავალ არიან, ვინაიდან მთა და ველნი შროშნითა ფშვიან. პირუტყვნი ყოველნი მრავალნი და ნადირნი მრავლად, მაგრამ ქურციკი არა არის. ფრინველნი ურიცხვნი, ოღონდ დურაჯი, შხერო, ასკატა არა არის აქა. ჩიტნი და სირნი უამრავნი. მდინარენი მრავალნი, დიდნი და ჩქარად მომდინარენი. წყარონი ტკბილნი, მშვენნი და კარგნი. ტბანი კეთილნი და თევზიანნი, და უმეტეს კალმახნი, დიდნი და წვრილნი. ოღონდ ზუთხი არა არის მდინარე-ტბათა ამათ შინა, არცა კირჩხიბი. მწერნი და მძრომელნი ადგილ-ადგილ მრავალნი და ადგილად არა ეგდენნი. ფუტკარნი მრავალნი, და თაფლნი კარგნი და მრავალნი.
კაცნი
ხოლო კაცნი და ქალნი არიან მგზავსნი ქართველთანი, ოღონდ უმეტეს ნელად და ენა-ტკბილად მოუბარნი, ტანოვანნი, მხნენი, შემმართებელნი, მშვენიერნი, ცოდნა-ხელოვნების მოყვარენი, მაგრამ აწ, მაჰმადიანობის გამო, აღარა. სარწმუნოებით იყვნენ წლისამდე ქრისტესა ჩქკვ-მდე (1626 წლამდე) სრულიად ქრისტეანენი ქართველთა თანა და სამწყსონი ქართლის კათალიკოზისანი, ხოლო აწ მთავარნი და წარჩინებულნი არიან მოჰმადიანნი, და გლეხნი ქრისტეანენი, თუმცა კლარჯეთს გლეხნიცა უმეტესნი მოჰმადიანნი; და ვინანიცა არიან ქრისტეანენი, იგინიცა უმწყსელნი არიან, ვინაიდან აღარა რაისა მორჩილებენ ქართლის კათალიკოზსა, და ბერძენთა არა სცალია მათთვის. ამისთვის უეპისკოპოზონი და უხუცონი არიან, გარდა რომელნიმე ქართლს იკურთხებენ. ენა საკუთრად აქვთ იგივე ქართული. თუმცა წარჩინებულნი ნადიმთა და კრებულთა შინა საუბრობენ აწ თათრულსა და თვისთა სახლებთა ან ურთიერთის მეგობრობათა შინა იტყვიან ქართულსავე. სამოსლით მოსილნი არიან წარჩინებულნი და მოჰმადიანნი როგორც ოსმალნი, და ქრისტეანენი როგორც ბერძენნი, ხოლო ჯავახეთისანი და ვიეთნიმე მესხნიცა, როგორც თრიალელნი. და გულისხმა ჰყავ ეგრეთვე ქალნიცა მათნი.
სამცხე
ხოლო ქვეყანასა ამას შინა არიან მდინარენი უდიდესნი მტკვარი და ჭოროხი, რამეთუ მტკვარს მოერთვიან ყოველნი მდინარენი სამცხისანი, ჯავახეთისანი და კოლა-არტანისანი, და ჭოროხს სრულიად კლარჯეთის მდინარენი, გარდა ჭანეთისანი. ამისთვის ჩვენ კვლავ ვიწყებთ მტკვრიდანვე აღწერასა, ვინაიდან დაგვირჩა ქართლიდან სრულიად აღწერა მისი. და მდინარე ესე მტკვარი გამოსდის კოლას ზევით არსიანის მთას, და აწ წოდებულსა ყალნუს და ყარსის მთასა, და იქიდან მიდის სამხრეთიდან ჩრდილოეთად, ვიდრე ახალციხის წყლის შესართავამდე, მერე იქიდან გაბრუნდება აღმოსავლეთად და მიდის დასავლეთიდან აღმოსავლეთად ჭობის-ხევამდე; და მას ქვეითი აღვწერეთ ქართლსა ზედა. ესე მტკვარი დის ერუშეთის მდინარის შესართავიდან, ვიდრე ჭობის-ხევამდე, ქართლისაგან უმეტეს ჩქარად, და კლდოვანსა, და ხრამსა ქვიანსა შინა. და ერუშეთის მდინარის შესართავს ზევით, არტანსა და კოლასა შინა, ფრიად მდორედ და გრეხით სივაკის გამო. და არსცა თევზთა სიმრავლე მას შინა, და მთის კერძოდ უფროს კალმახნი დიდნი და წვრილნი. სასმისად არის გემოიანი და შემრგო, უფროს ქართლისაგან, და სხვად არარადმე სახმარი.
ხოლო ამ მტკვარს ჭობის-ხევს ზევით მოერთვის ჩრდილოეთიდან ქვაბის-ხევი, გამომდინარე ფერსათის მთისა. ამ ხევის დასავლეთით, მტკვრის კიდეზე, არის ციხე კლდესა ზედა შენებული, მაგარი (ვგონებთ ამას დემოთის ციხედ, რომელიც ააშენა სუმბატ ბივრიტიანმა და გაავსო სპითა, შემწედ წუნდისათვის, და შურად ოძრახოსა და ლომსიასათვის, და რათა ვერღარა დაიდოდნენ სპანი ქართლისანი მას ზედა, ვინაიდან ჯავახეთი ეპყრა მასვე). ამ ციხეს ზევით მოერთვის მტკვარს ხევი ბობნავისა, გამომდინარე კოდიანის მთისა. მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთით მტკვრამდე. ამას ზევით მოერთვის მტკვარს სლესის ხევი ჩრდილოეთიდან. გამოსდის ფერსათს და მოდის სამხრეთით (ამ ხევთაგან ერთს ვგონებ ღოგად-ხევად). სლესის ხევს ზევით მოერთვის მტკვარს სამხრეთიდან თიხრევის ხევი, გამომდინარე კოდიანისა და მომდინარე ჩრდილოეთით. ამ თიხრევის ხევს მოერთვის ყინწვისს სხვა ხევი, გამოსდის კოდიანსავე. თიხრევის ხევს ზევით, მტკვრის კიდეზე, სამხრეთით არის აწყუერი, ქალაქი და ციხე დიდშენი. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი და ურიანი ვაჭარნი, მაგრამ წარჩინებულნი - მოჰმადიანნი. აქა არის ეკლესია დიდშენი, მშვენიერად ქმნილი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა. იჯდა მიტროპოლიტი, მწყემსი ყვიბის-კორტანეთს ზევითისა, და მტკვრის ჩრდილოეთისა, და ბოცოს წყლის ჩრდილოეთის კერძოსი, ვიდრე გურიის მთისამდე. მართალია აწ უქმი არის, მაგრამ ციხესა შინა დგანან იანიჩარნი. აქ არის ხიდი მტკვარსა ზედა.
ამის ზევით მტკვარს მოერთვის ზიკილიის ხევი, ჩრდილოეთიდან, აგარას. გამოსდის ფერსათს და მოდის სამხრეთით. ამ ხევს ზევით, ხიდისთავს, მტკვარს მოერთვის სამხრეთიდან ხოსპიოს ხევი, გამომდინარე კოდიანისა და მომდინარე ჩრდილოთით. ამის პირისპირ, მცირედ ზემორ, ჩრდილოეთიდან, მოერთვის მტკვარს წინუბანს აბანოს ხევი, გამოსდის ფერსათს და მოდის სამხრეთით. ამ ხევს ზევით, წნისს ერთვის მტკვარს წნისის ხევი, გამომდინარე ფერსათის მთისა. ეს მოდის პირველად ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა, მერე ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ამ ხევზედ არის, წნისს ზევით, მონასტერი მაღალს კლდესა ზედა, კეთილშენი, გუმბათიანი და აწ უქმი. ამ ხევის სათავეს, მთასა შინა, არის ჭვინტის დასავლეთად ჯვარის ციხე, მაგარი და დიდშენი. ჭვინტას არის მონასტერი კეთილი, მშვენიერშენი და აწ უქმი. წნისს არის მტკვარზედ ხიდი კარგი. ამ ხიდს ზევით მომდოერდება მტკვარი და მოდრკება სამხრეთიდან აღმოსავლეთად; სადაც მოდრკება, მოერთვის მტკვარს იქ ახალციხის წყალი, და ახალციხის წყალი ეწოდება კვანჯღამდე ამ წყალსა, და მოდის დასავლეთიდან აღმოსავლეთად.
ხოლო კვანჯღას ზევით ახალციხის წყალი იყოფა ოთხ მდინარედ, და ეწოდება თვის-თვისნი სახელნი. ხოლო ამ ახალციხის წყალს, მტკვარს ზევით, მოერთვის ოლდამის ხევი მარდაებთან. გამოსდის ერუშეთის მთას, მოდის სამხრეთიდან ჩრდილოეთით. ამ ხევს ზევით, ახალციხეს ერთვის ურიებთან ბორჯომის ხევი, მისვე მთის გამომდინარე და მომდინარე ეგრეთვე. აქა არის ახალციხე ქალაქი, ფერსათის მთის კერძოდ ჩამოსულს კლდესა ზედა. არის ციხე ქალაქის თავს (ამას ვგონებ ლომსიად, ვინაიდან, ისახელება რა ახალციხე ცხოვრებასა შინა, აღარ მოიხსენება მერე ლომსია).
ამ ახალციხეს უდის წყალი თვისი სამხრეთით, და დასავლეთით ლიკანის ხევი, რომელიც გამოსდის ფერსათს და მოდის სამხრეთად. ხოლო ქალაქი არის მოზღუდვილი ციხიდან ქვიტკირის სამის ზღუდით. მას შინა მოსახლენი არიან წარჩინებულნი და ჩენილნი მოჰმადიანნი, და ვაჭარნიცა. სახლობენ სომეხნი, ურიანი და მცირედნი მესხნიცა. ჰავით არის მშვენიერი, ზამთარს ცივი და თოვლიანი, ზაფხულის არა ეგოდენ ცხელი. გარემოს ქალაქისა წალკოტნი, ვენახნი და ხილნი მრავალნი. აწ მჯდომარებს ფაშა იქ, რომელსაც უწოდებენ საქართველოსანი კვლავ ათაბაგადვე, ხოლო ოსმალნი ახალციხის ფაშად, და უპყრავს ამას სრულიადი სამცხე-საათაბაგო.
ხოლო ახალციხეს ზევით, კვანჯღას, მოერთვის ახალციხის წყალს ოცხის წყალი. ეს გამოსდის ფერსათს და მოდის ჩრდილო-დასავლეთს შუადან აღმოსავლეთს-სამხრეთ შუა. ამ ოცხის წყალს ერთვის, ვაშლობს, პანტნოვანის ხევი, გამომდინარე ფერსათისა, და მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ამ ხევის ზევით, მთის ძირში, არის ოძრახე, რომელიც ააშენა ოძრახოს ქალაქი და ციხე, და უწოდა სახელი თვისი. ამისგან ეწოდაცა საერისთაოსა ამას საერისთაო ოძრახოსი, და იყო ქალაქი და ციხე, გაყოფილებისამდე სამეფოსა, საერისთაოდ, და შემდგომად მისა - დაბად; ხოლო აწ არის ოხერ, და ციხე შემუსრვილი. მცირედ ამის ქვევით, სამხრეთით, არის მთის კალთას წყაროდ გამომდინარე, ფრიად დიდი და ცხელი, მდუღარის მგზავსი, რომელსაც უწოდებენ ოცხეს. მას ზედა არის შენი აბანო, და ბანაობენ მრავალნი, რამეთუ ჰკურნებს ქარით დახუთვილსა ძლიერსა, მუწუკს და ბუგრსა, ძნელად საკურნებელსა მკურნალთაგან. გადადის აქედან გზა კაკას ქედზედ, ბაღდადს. ამ გზას ეწოდა, მთით, რკინის ჯვარი.
ამ ოცხის წყლისა და ახალციხის წყლის შესართავს ზევით იყრებიან ერთად ქვაბლოვანისა და ბოცოს წყალნი, და მოერთვიან ოცხე-ახალციხის წყალსა. და ქვაბლოვანის წყალი დის ოცხეს წყლის სამხრეთით და გამოსდის გურიის მთასა, მოდის ჩრდილო-დასავლეთს შუადან აღმოსავლეთ-სამხრეთს შუა, და ამის სამხრეთით დის ბოცოს წყალი. ეს გამოსდის გურიისა და აჭარის მთასა, მოდის დასავლეთიდან აღმოსავლეთად. და ამ ბოცოს წყალს, ხვანას ზევით, ერთვის სხვა ხევი, რომელიც გამოსდის გურიისვე მთასა. ესეც მოდის დასავლეთიდან აღმოსავლეთად. ამას ზევით, ბოცოს წყალზე, არის ნაოხარს სასახლე თამარ მეფისა, დიდშენი, მშვენიერს ადგილს და აწ ოხერ. ბოცოს წყალსა და ქვაბლოვანის წყალს შორის, ხვანასა და უდეს შორის არის მთა, წასული გურიის მთიდან აღმოსავლეთით. ამ მთასა შინა არის ვანას მონასტერი, მშვენიერი, კეთილ-ნაგები, და იქვე ქვაბნი გამოკვეთილნი, დიდ-დიდნი, კლდესა შინა და აწ უქმნი. ამავ მთაში არიან ზეგანის დაბები.
ხოლო ბოცოს და ქვაბლოვანის წყლის შესართავს ქვევით ამ წყალს ერთვის ჯაყის წყალი, გამოსდის არსიანის მთას და მოდის აღმოსავლეთად და მოერთვის ბოცო-ქვაბლიანის წყალს სამხრეთიდან. და ამ ჯაყის წყალს, ჭვინტას ქვევით, მოერთვის ტყის სოფლის ხევი. გამოსდის ერუშეთის მთას და მოდის სამხრეთით. ამ ხევს ზევით ჯაყის წყალსავე, წურწყუმას, მოერთვის ფოცხვის ხევი. გამოსდის ერუშეთსა და მის შორის მთასა, მოდის დასავლეთად და მერე ჩრდილოეთით. ხოლო წურწყუმას არის ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-მშვენიერად ნაგები და დიდი. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ბოცოს წყლისა და ახალციხის წყლის სამხრეთისა, ვიდრე მტკვრამდე, და ერუშეთისა, და არსიანის მთამდე. წურწყუმს ზევით, ჯაყის წყალზე, არის ყველის ციხე, მრავალჯერ შემუსრვილი და აწ ოხერი. ყველს ზევით, მთაში, არის ზარზმას მონასტერი გუმბათიანი, კეთილშენი, მშვენიერს ადგილს და აწ უქმი. ხოლო ქვაბლოვანისა და ბოცოს წყლის სათავიდან გადადიან გურიას და აჭარას გზანი, და ჯაყის წყლის სათავიდან გადადის აჭარასა და შავშეთს გზანი, და ფოცხვის წყლის სათავიდან გადადის ერუშეთს გზა. აწ, ვინაიდან აღვწერეთ ახალციხის დასავლეთი, ამისთვის კვლავ ვიწყებთ მტკვრიდამვე და აღვწერთ მის შემრთველს წყალსა.
ახალციხის წყლისა მტკვრის შესართავს ზევით მტკვარს მოერთვის ცუნქის ხევი. გამოსდის ერუშეთის მთას და მოდის აღმოსავლეთ-ჩრდილოს შორის. ამ ხევს ერთვის ღრელის ხევი, მისვე მთის კალთის გამომდინარე. ამ ხევზე არის საფარას მონასტერი, მშვენიერად დიდშენი, გუმბათიანი, ყოვლადწმიდისა. ეს იყო შემკული ყოვლითა საეკლესიოსა და წმიდათა ნაწილებითა, და დაუფლოდნენ ათაბაგნი, და აწ არის ხუცის ამარ. ამავ ხევს ზევით, ცუნქის ხევს მოერთვის ჭობარეთის ხევი, გამომდინარე მისვე მთისა და მომდინარე ეგრეთვე (ამას ვგონებთ ხინგის მდინარედ). ამ ხევს მოერთვიან, ხევაშენებს, ორნი ხევნი, დასავლეთიდან მომდინარენი. ხოლო ხობას ზევით არის, ცუნქა-ღრელის ხევთ შორის, თმოგვს, კლდესა ზედა, ციხე შენი; თმოგვი იყო ქალაქი, მაგრამ აწ არის დაბა. კვლავ მტკვარს მოერთვის, ცუნქის ხევის შესართავის პირისპირ, აღმოსავლეთიდან, ინწყორას ხევი, გამომდინარე კოდიანის მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდან დასავლეთად. ამ ხევს მოერთვის, გიორგი-წმიდას, სხვა ხევი სამხრეთიდან, მცირე. ხოლო ცუნქის ხევს ზევით, მტკვრისა და წითელის კლდის დასავლეთით, არის მონასტერი გუმბათიანი, დიდმშვენიერი, მშვენიერს ადგილს და აწ ცარიელი. კვლავ მტკვარს მოერთვის, წითელ კლდეს ზევით, ღობიეთის პირისპირ, ოშორის ხევი. ესე გამოსდის კოდიანის მთას და მოდის დასავლეთად. ამ ხევზე, ზემო ოშორას ზევით, არის მონასტერი გუმბათიანი, დიდკეთილად ნაგები და აწ ცარიელი. ოშორას ხევის შესართავს ზევით, ინდუსას, არის ხიდი მტკვარზე. მას ზევით მოერთვის მტკვარს სველის ხევი დასავლეთიდან.
ამას ზევით ერთვის მტკვარს ასპინძის ხევი აღმოსავლეთიდან, გამოსდის კოდიანისას ანუ ჯავახეთის მთას. ამის შესართავთან არის ხიდი მტკვარსა ზედა. ასპინძის თავს და აგარის ბოლოს არის ციხე კლდესა ზედა შენი, მაგარი. ასპინძას ზევით, ჩრდილოეთით კერძოთ, არის მგელ-ციხე, მაგარი, დიდშენი. ამავ ხევზე, ოთას არის კლდესა შინა გამოკვეთილნი ქვაბნი დიდ-დიდნი სახიზრად. ოთას ამ ხევს ერთვის ჯაბოეთის ხევი. გამოსდის ჯავახეთის მთას. და ასპინძის ხევის სათავეზე, მთის ძირში, არის შორაპანს მონასტერი უგუმბათო, მშვენიერს ადგილს, დიდშენი, სრულიად სოფიის კენჭით და აწ ცალიერი. ასპინძის ხევის შესართავს ზევით მოერთვის მტკვარს ვარენთის ხევი. გამოსდის ერუშეთის მთას, მოდის დასავლეთად. ვარენთას არის ციხე მაგარი, კლდესა ზედა შენი. ამ ხევის შესართავს ზევით, მტკვარს მოერთვის აღმოსავლეთიდან კოხტის ხევი, გამოსდის ჯავახეთის მთას ანუ კოდიანს და მოდის დასავლეთად.
კოხტას ამ ხევს მოერთვის სხვა ხევი, მისვე მთის გამომდინარე. ამ ორს ხევს შორის არის ციხე კოხტისა, დიდშენი და მაგარი. კვლავ მტკვარს მოერთვის, კოხტის ხევის შესართავს ზევით, დადეშის ხევი, გამომდინარე ერუშეთის მთისა. დადეშს არის მონასტერი გუმბათიანი, კეთილ-მშვენიერს ადგილს შენებული, აწ ცარიელი. ამ ხევის შესართავს ზევით, ნიჯგორის პირისპირ, მტკვარს მოერთვის შულავრის ხევი, გამომდინარე ერუშეთის მთისა.
ამ ხევს ზევით, ხერთვისს, ერთვის ჯავახეთის მდინარე მტკვარს, რომელსაც უწოდებენ ჯავახეთის მტკვრად, და ამ მდინარეს მოერთვიან ყოველნი ჯავახეთის მდინარენი. ხერთვისს არის ხიდი მტკვარსა ზედა. ამ ხიდს ზევით მოერთვის მტკვარს ჭაჭარაქის ხევი. გამოსდის ერუშეთის მთას, მოდის აღმოსავლეთად. ამ ხევს ზევით მოერთვის მტკვარსვე ქარზამეთის ხევი, გამომდინარე მისვე მთისა და მომდინარე ეგრეთვე. ქარზამეთს არის მონასტერი გუმბათიანი, მდიდრად შენი, კეთილს ადგილს და აწ ცარიელი. ამას ზევით არის ვარძიას მონასტერი, კლდესა შინა გამოკვეთილი, სენაკ-პალატებითურთ, და მას შინა აშენებული ჲა (61) მეფის გიორგისაგან და დასრულებული თამარ მეფისაგან. ესე შემკული იყო საეკლესიოს სიმდიდრითა და ყოვლის წესიერებითა. დაფლულ არიან ჲა (61) მეფე გიორგი, ოე (75) მეფე კოსტანტინე და სხვანიცა. მაგრამ აწ ცარიელი.
ხოლო აქამომდე რომელნიც აღვწერეთ, ესე არის უმეტესად ზემო ქართლი და შემდგომად სამცხე წოდებული, და აწცა სამცხედვე ისახელება. და საზღვრის ამ სამცხეს: აღმოსავლეთიდან საზღვარი ქართლისა და მთანი კოდიანისა, შარვაშეთისა და საზღვარი ჯავახეთისა; სამხრეთიდან მთა ერუშეთისა და სამცხეს შორისი, მერე არსიანის მთა, შავშეთსა და ყველს შორისი. ხოლო არსიანის მთა მდებარეობს სიგრძით აჭარის მთიდან არტანამდე, აღმოსავლეთ-სამხრეთს შუადან ჩრდილო-დასავლეთს შუა. და არის თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი. გამოსდიან მდინარენი ამიერ და იმიერ. არის ყვავილოვანი, ბალახოვანი, წყაროიანი, ნადირიანი, ფრინვლიანი. არტანიდან მოდრკების არსიანის მთა და მიდის სამხრეთით, მიადგების ყარსის მთას. ამ არსიანის მთას უწოდებენ არტანს - ქვაყრილს, და კოლას - ყალნუ-მთას. ამ მთას აქვს აღმოსავლეთით კოლა, არტანი, და დასავლეთით არტანუჯი და ფანასკერტი. და არის მთა ესე არსიანისავით, მაგრამ უმეტესად უტყეო. ხოლო დასავლეთიდან საზღვრის სამცხეს მთა გურია-აჭარისა, რომელიც მდებარეობს ჩდრილოეთიდან სამხრეთით, ფერსათის მთიდან არსიანამდე, და არის ესეცა თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, წყარო-მდინარიანი, შამბ-ყვავილიანი, ნადირ-ფრინვლიანი. და ჩრდილოეთიდან საზღვრის მთა ფერსათი, მაგრამ პირველად წოდებული ღადო და ლომსია, და ქართლს კერძოდ ეწოდება მახვილო, რომელიც არის უმაღლესი და მარადის თოვლიანი, მყინვარი, და სიმაღლე-სიწვრილისათვის ეწოდა მახვილო.
და ძევს მთანი ესე აღმოსავლეთიდან დასავლეთად, ქართლის ხეობიდან გურიის მთამდე. არის თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, თუმცა რომელთამე ადგილთა თოვლიანი, ყინულიანი მარადის, ბალახოვანი, შამბნოვანი, ყვავილოვანი, წყარო-მდინარიანი, ნადირ-ფრინველიანი მრავლობით. ჩრდილოეთით აქვს იმერეთი და სამხრეთით სამცხე. და ამ საზღვართა შორისი არის სამცხე, შიგნით მთიანი, გორიანი, ღრატოიანი, ხევიან-კლდიანი, მაგარი მთა-ბართა სიახლოვითა, ვენახიანი, ხილიანი, მრავლად. მარცვალნი ყოველნი ნაყოფიერებენ, პირუტყვნი მრავლად, თუმცა ცხვარნი უმრავლესად. ჰავით მშვენიერი და შემკული, აგარაკოვანი. თევზნი, გარდა ზუთხისა, მრავალნი და გემოიანნი ყოველნი. კაცნი და ქალნი, როგორც აღვწერეთ, იუწყე ეგრეთ. მაგრამ გლეხნი კვლავადცა მაჰმადიანდებიან ჭირისათვის დიდისა.
ჯავახეთი
ხოლო აწ ვიწყებთ ჯავახეთს. და სადაც ერთვის მტკვარს ჯავახეთის მტკვარი, ამ ორს მდინარეს შორის არის ხერთვისი, მტკვრის აღმოსავლეთის კიდეზე და ჯავახეთის მტკვრის სამხრეთით. და შენებული არის აქა ციხე ფრიად მაგარი. და დგანან აწ იანიჩარნი. ეს ჯავახეთის მტკვარი გამოსდის ფარავნის ტბას და მოერთვის საღამოს ტბასა, კვლავ გამოსდის საღამოს ტბასაცა და მოდის აღმოსავლეთ-სამხრეთს შუადან ჩრდილო-დასავლეთს შორის. სიგრძით არის საღამოს ტბიდამ ხერთვისამდე, და დის ფრიად ღრმასა და კლდიანს ხრამსა შინა, რომლისა იმიერ და ამიერ არიან გამოკვეთილნი კლდესა შინა ქვაბნი მრავალნი სახიზრად. ხოლო ხერთვისის ზევით ამ ჯავახეთის წყალს ერთვის გოკიის მდინარე, გამოსდის შარვაშეთის მთას ანუ ჯავახეთისას, მოდის გოკიამდე ჩრდილოეთიდან სამხრეთით, მერე აღმოსავლეთიდან დასავლეთად და მიერთვის ჯავახეთის მტკვარს ჩრდილოეთიდან. გოკია არის ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი და ურიანი ვაჭარნი. გოკიას ქვევით ამ გოკიის წყალს ერთვის ოლდამის წყალი, გამომდინარე შარვაშეთის მთისა და მომდინარე ჩრდილოეთიდან სამხრეთით. ხოლო კვლავ გოკიის წყლის შესართავის, ჯავახეთის მტკვრის სამხრეთით, მაღლა მინდორსა ზედა, მთის ძირად, არის ტბა კარწახისა, დიდი და ავსებული თევზითა, უმეტეს კალმახითა, ფრიად გემოიანითა. ამ ტბას მოერთვის წყალი ფოსოსი, რომელიც გამოსდის ყარსის მთას და მოდის ჩრდილოეთით კერძოთ. ამ წყალზე არის, ტბის მჭვრეტი, წყაროსთავს, ეკლესია ფრიად დიდ-მშვენიერი, გუმბათიანი, რომელიც ააშენა მირდატ გორგასლის ძემან. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი მტკვრის აღმოსავლეთისა არტანითურთ, ვიდრე ყარსის მთამდე და ხავეთამდე. ამავ წყალზე არის ფოსო ანუ ჩუღურეთი. ამ ფოსოს აქვს აღმოსავლეთით მთა ნიალის-ყურისა, სამხრეთით მთა ყარსისა, დასავლეთით მთა არტანისა და მას შორისი, ჩრდილოეთით მთა ნიალის-ყურისავე, წყაროსთავის სამხრეთით, რომელსაც გასჭრის წყალი ფოსოსი. და არის ეს ფოსო უვენახო, უხილო, როგორც ჯავახეთი, ყოვლითა მოსავლითა, პირუტყვით და კაცითა.
ხოლო კვლავ გოკიის წყლის შესართავს ზევით, ჯავახეთის მტკვარსა ზედა, სამხრეთისაკენ, კიდეზე, არის წუნდა. ამასვე უწოდეს ჰური, შემდგომად უწოდეს ამასვე სომეხთა ქაჯთა ტუნი, და მერე ეწოდა ქაჯთა ციხე. იყო ქალაქი და ციხე და საერისთაო ერთმეფობამდე. მაგრამ აწ აღარა არის ქალაქი, თუმცა ციხე არის. ამ წუნდას ზევით, ხრამის თავს, მინდორზე, სამხრეთით კერძოდ, არის კუმურდოს ეკლესია, გუმბათიანი, ფრიად დიდ-შენი, მშვენიერად ნაშენი, რომელიც ააშენეს კოსტანტინეს მოგზავნილთა ჟამსა მირიანისასა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი სრულიად ჯავახეთისა, ხერთვისს ზევითისა. ხოლო წუნდას ზევით ჯავახეთის მტკვარს მოერთვის ჩრდილოეთიდან ბარალეთის მდინარე, რომელიც გამოსდის ფარავნის ტბისა და სანსრების შორისს მთას და მოდის აღმოსავლეთად. ამ წყალზე, მტკვრის შესართავს ზევით, არის ბარალეთი, მცირე ქალაქი. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი. ბარალეთს ზევით ამ წყალს, კაჭიოს, მოერთვის აზავრეთის ხევი, გამომდინარე შარვაშეთის მთისა და მომდინარე სამხრეთად. ამას ზევით ამავ წყალს ერთვის, ბოჟანოს ქვევით, ბუშათის ხევი. გამოსდის მასვე მთას და მოდის ეგრეთვე. ამას ზევით, მასვე ბარალეთის მდინარეს მოერთვის მოდეგის ხევი, მისვე მთის გამომდინარე და მომდინარე ეგრეთვე.
ხოლო კვლავ ბარალეთის წყლის შესართავს ზევით მოერთვის ჯავახეთის მტკვარს, სამხრეთიდან, ახალქალაქის წყალი, რომელიც გამოსდის აბოცის დაბის მცირეს ტბას და მოერთვის მცირედ იქვე ხავეთის ტბასა, და კვლავ, მის ტბის გამომდინარე, მოდის აღმოსავლეთ-სამხრეთს შუადან ჩრდილო-დასავლეთს შორის.
ხოლო ახალქალაქი არის ამ ორთა მდინარეთ შესართავს შორის. ესე იყო ქალაქი მოზღუდვილი და ციხე ძლიერი, მაგრამ შეიმუსრა მრავალგზის. თუმცა აწ ააშენა კვლავ შავშეთის ბეგმა ქართლიდან. ამ ახალქალაქს ზევით არის ამირანის გორა, მტკვრის სამხრის კიდეზე. იქ არის მტკვარსა ზედა ხიდი. ამას ზევით არის ტბა საღამოს, დიდი და ავსებული თევზითა გემოიანითა ამისთვის, რამეთუ არის ანკარა და ქვიანი. ამის სამხრეთით არის ტბა ფარავნისა, რომელიც აღვწერეთ ქართლსა ზედა და ამ ფარავანს გამოსდის ჯავახეთის მტკვარი, დაბას გასადინარსა.
ესე არის ჯავახეთი. და არიან ამ ტბებთა და მდინარე-ხევთა ზედა დაბები და მოსახლენი. ხოლო საზღვრის ჯავახეთს: აღმოსავლეთიდან საზღვარი ქართლისა, რომელიცა აღვწერეთ; სამხრეთიდან მთა ნიალის-ყურისა, რომელიც მდებარებს გოლის ტბიდან ანუ ხავეთიდან ყარსის მთამდე ანუ ფოსოს წყაროსთავამდე, აღმოსავლეთიდან დასავლეთად. და არის მთა ესე სრულიად უტყეო, ბალახ-შამბ-ყვავილიანი და წყაროიანი, ხოლო ფოსოს კერძონი და წყაროსთავის კერძო მტკვრამდე - ტყიანი, ნადირიან-ფრინველიანი. ხოლო დასავლეთიდან საზღვრის ჯავახეთს ძველად მტკვარი, და აწ ნიჯგორს ხერთვისს ზევითი, და წყაროსთავის დასავლეთით წასული მცირე გორანი; ხოლო ჩრდილოეთიდან პირველი საზღვარი არის კოდიანის მთიდან წასული მცირე მთა ნუსხამდე. და მერე ხაზი მის გასწვრივ მტკვრამდე, და აწ კოხტას მდინარის აქეთი სამხრეთის კერძოს მცირე მთა, ნიჯგორის თავამდე და კოდიანამდე. არის ესე კოდიანის მთა ტყიანი, ნადირიანი, მდინარიანი, რომელიც მოდის ბაკულიანიდან და ჭობის-ხევიდან და მოდის კოხტის-თავამდე, მერე დამდაბლდება და წყდება ნიჯგორს ზევით ხრამზე.
ხოლო ჯავახეთი არის, როგორც თრიალეთი, უვენახო, უხილო, უტყეო, ვიეთთა ადგილთა სწვენ წივასა, და მოსავლითაც ეგრეთივე, მაგრამ ესე უმეტეს ნაყოფიერი და მოუცდენელი. ჰავითაც მგზავსი, თუმცა უმჯობესიცა ზამთარი დიდ-თოვლიანი და ყინვიანი. ცხვარნი, მროწლენი და ჯოგნი მრავალნი. თევზნი მრავალნი. ფრინველნი, რომელნიცა მთათა გვარობენ, მრავალნი. თაფლნი მრავალნი. კაცნი და ქალნი მგზავსნი ქართლის გლეხთა, ტანოვანნი, მშვენიერ-ჰაეროვანნი, უსაქციელონი ბრიყვნი; სარწმუნოებით გლეხნი ჯერეთ ქრისტეანენი სრულიად, მაგრამ აღარ ჰყავთ მწყემსი ეპისკოპოზი, თუმცა ჰყავთ მღვდელნი ქართველნი. ენა აქვთ ქართული, და უწყიან მოთავეთა თათრულიცა დამჭირნეობისათვის ოსმალთა.
ერუშეთი
ხოლო აწ კვლავ ვიწყებთ მტკვრიდანვე. ვარძიას ზევით, ხრამის თავს, სამღერეთს, მტკვარს მოერთვის ერუშეთის მდინარე. ეს გამოსდის ერუშეთსა და ფორჩხის ხევის შორის მთასა, მოდის ჩრდილო-დასავლეთს შუადან აღმოსავლეთს-სამხრეთს შუა. ამ წყალზე არის, სამღერეთის დასავლეთით, ნაქალაქევი, სადაცა იყო ქალაქი, და აწ არის დაბა. აქ ააშენა ეკლესია გუმბათიანი, მშვენიერი წარმოგზავნილმა დიდის კოსტანტინესამან, წარსაგებელითა კეისრისათა, რომელნიც მოდიოდნენ მირიან მეფისა თანა, და დაასვენეს მას სამსჭვალი ქრისტეს უფლისა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ერუშეთისა და არტანისა, მტკვრის დასავლეთისა, აწცა არის ეკლესია დაურღვეველი, თუმცა ცარიელი.
ხოლო ერუშეთს საზღვრის: აღმოსავლეთით მტკვარი და მთა ამისი და სამცხეს შორისი და გადადიან მას მთასა ზედა გზანი სამცხეს; სამხრეთით არსიანიდან ჩამოსული მთა აღმოსავლეთად სამღერეთამდე, ერუშეთს და არტანს შორისი; დასავლეთით მთა არსიანი, სადაცა გადადიან გზანი შავშეთს და ტბეთს; ჩრდილოეთით მთა ამასა და ფოცხვის-ხევს შორისი, და ამასა და სამცხეს შორისი. ამ მთაზე გადადიან გზანი ფოცხვის-ხევსა და სამცხეს შინა. და არის ეს ერუშეთი უვენახო, უხილო, როგორც ჯავახეთი, ეგრეთვე მოსავლითაცა, პირუტყვით, ნადირითა და მდინარე-თევზითა, მაგრამ მთანი არიან ტყიანნი გარემოს მისსა და ყვავილოვან-ბალახოვან-წყაროიანნი.
არტანი
ხოლო სამღერეთისა და ერუშეთის წყლის შესართავს ზევით არის არტანი, ქალაქი მცირე, რომელიცა ააშენა ჯავახოს, ძემან მცხეთოსისამან, მტკვრის დასავლეთით კიდეზე, და ციხე მაგარი. შემდგომად, მეფობასა შინა ბაგრატიონთასა, იჯდა ერისთავი არტანისა და კოლისა. აქა არის ეკლესია გუმბათიანი, დიდშენი, მშვენიერი და აწ ცარიელი: ამას ზევით, მტკვრის კიდესა ზედავე, არის დასავლით ჯინჭრობი. ამ ჯინჭრობს ზევით ჩამოდის მთა ქვაყრილის მთიდან აღმოსავლეთით მტკვრამდე, ეგრეთვე ფოსოს მთიდან მტკვრამდე. ეს მთანი არიან საზღვარნი არტანისა და კოლისა. და ამ არტანს შინა მოერთვიან მდინარენი მტკვარს ქვაყრილისა და ფოსოს მთიდან, რომელთა ზედა არიან დაბები და მოსახლენი.
ხოლო საზღვრის არტანს: აღმოსავლეთიდან მთა, ამასა და ფოსოს შორისი; სამხრეთიდან მთა, ამასა და კოლას შორისი; დასავლეთიდან არსიანი, და აწ ქვაყრილად წოდებული, სადაცა გარდავალს გზა არტანუჯს; ჩრდილოეთიდან მთა მცირე, ამასა და ერუშეთს შორისი. ხოლო არის არტანი ვაკე და უტყეო, ბალახყვავილიანი, მოსავლით, როგორც ჯავახეთი, და მთანიცა უტყეონი, მცირე არყნალთაგან კიდე.
კოლა
ხოლო არტანისა და კოლის საზღვარს ზევით, მტკვრის კიდის დასავლეთით, არის მცირე ქალაქი კოლა, და ზის აწ ფაშა კოლას, და უწოდებენ კოლის ფაშას. ამ კოლას ზევით, მტკვრის კიდეზე, დადეშს, არის ეკლესია დიდ-მშვენიერ გუმბათიან-შენი, და აწ უწოდებენ დორთქილისიას. იჯდა ეპისკოპოზი სრულიად კოლისა, და აწ უქმი არის. ხოლო მტკვრის სათავეს ზევით, ყალნუს მთის ძირზე, არის ციხე შენი ქუმურლუსი, მაგარი და შეუვალი (ვგონებ ბეჭის ციხედ). აწ ცარიელი არის. ამას ზედა გადადის გზა ბანას და ფანასკერტს. კოლის ადგილებთა შინა მოერთვიან მტკვარს მდინარენი ყარსისა და ყალნუს მთიდან, და მათ ზედა შენებულ არიან დაბები. და საზღვრის კოლას: აღმოსავლეთიდან მთა ყარსისა, რომელიც მდებარეობს ყალნუს მთიდან ნიალის ყურის მთამდე, დასავლეთ-სამხრეთს შუადან აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შორის. და არის მთა ესე მცირეტყიანი, და არის ბალახ-შამბ-ყვავილოვანი, წყაროიან-ნადირიანი, გადადიან მას ზედა გზანი ყარსის ადგილებთა შინა; დასავლეთიდან საზღვრის კოლას არსიანის მთა, და აწ ყალნუდ წოდებული, რომელსაც ზედა გადადიან გზანი ბანას, არტანუჯსა შინა; და არის მთა ესე მაღალი და მცირეტყიანი, წყაროიან-ბალახ-შამბშროშნიანი და ზაფხულის ფრიად მშვენიერი; ჩრდილოეთიდან საზღვრის კოლას არტან-კოლას შორისი მცირე მთა.
და არის ადგილნი კოლისანი მოსავლით, პირუტყვით და ჰავით, როგორც ჯავახეთი, და კაცნიცა ჰგონე ეგრეთვე, მაგრამ აწ უმეტესნი მოჰმადიანნი. ხოლო იყო პირველ ჯავახეთი, არტანი და კოლა ერთი საერისთაო და შემდგომად იქმნა ორ საერისთოდ ბაგრატიონობასა შინა - წუნდისად და არტანისად. და აწ ზის ჯავახეთს ნიჯგორს მჯდომი ფაშა და კოლას ფაშავე, თუმცა მორჩილებასა შინა ახალციხის ფაშისასა, და ესენი არიან აღწერანი მტკვრის შემდინარის მდინარეთა და ქვეყანათა, რომელთაცა ძველად ეწოდებოდა ზემო ქართლად, ამისთვის მტკვარი ვინადან ქართლს მიმდინარე არის, შესავალ-გამოსავალი ამ ორთა ქვეყანათა დაუბრკოლებელი აქვთ.
ჭოროხი
ხოლო აწ ვიწყებთ კლარჯეთს. და ამ ქვეყანასა შინა უდიდესი მდინარე არის ჭოროხი, რომელიც გამოსდის ირიჯლუს მთასა და დის სამხრეთიდან ჩრდილოეთით, მცირედ აღმოსავლეთით მიწეულად, ხვარამზეს ხიდამდე. მას ქვევით მოუხვევს და დის, უმეტეს ართვანიდან, ჩრდილო-დასავლეთს შუა, და მიერთვის ბათომს ქვევით შავს ზღვას. სიგრძით არის ზღვიდან ირიჯლუს მთამდე, და დის ფრიად ჩქარად ქვიანსა, კლდიანსა და ხრამოვანსა შინა. და არის თევზიანი, თუმცა მთის კერძოდ უმეტეს კალმახნი, სასმისად შემრგო, გემოიანი და სხვებრ ურგები, ვინაიდან არა რაი კეთდება ანუ ირწყვება, გარდა ერგეს, გონიას და ბათომს. მაგრამ ვინაიდან აღვწერეთ ბათომი, გონია და ერგე გურიასა ზედა, აწ ერგეს ზევიდან ვიწყებთ, აჭარის წყლის შესართავიდან.
აჭარა
ხოლო ჭოროხს მოერთვის აჭარის წყალი აღმოსავლეთიდან. და გამოსდის ზარზმა-აჭარას შორისს მთასა, მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად. ამ წყლის კიდეზედ, ამ ხეობის საშუალს, არის მცირე ქალაქის მგზავსი დაბა, ქედა. მოსახლენი არიან ვაჭარნი.
ხოლო მოერთვიან ამ აჭარის მდინარეს, გურიის მთიდან და აჭარასა და ლიგანის ხევის შორისის მთებიდან, ხევნი, და მათ ზედა არიან დაბები შენნი. საზღვრის: აღმოსავლეთით მთა აჭარასა და ზარზმას შორისი, და გადადის მას ზედა გზა სამცხეს; სამხრეთიდან მთა აჭარასა და ლიგანის ხევს შორისი; დასავლეთიდან მდინარე ჭოროხი; ჩრდილოეთიდან მთა გურიასა და აჭარას შორისი, სადაც გადადიან გზანი გურიას. და არის აჭარის ხეობა ვენახოვანი, ხილიანი მოსავლიანი, გარდა ბრინჯ-ბამბისა, ყოვლითა მარცვლითა, არის ტყიანი, კლდიანი, ვიწრო, ხრამოვან-ღრატოიანი; მთანი ტყიან-ნადირიანი; კაცნი ხელოვანნი ხის მუშაკობითა. აქ აკეთებენ ყველს - ერთი იქმნება იე (15) და კ (20) ლიტრა, არასოდესვე წახდება, არცა დაობდება, რაჟამს გნებავს, შემგვარი კეთილ-სახმარ არის.
ფორჩხის ხეობა
ხოლო აჭარის წყლის შესართავის ზევით მოერთვის დასავლეთიდან ჭოროხს ფორჩხის ხევის მდინარე, გამომდინარე ბაიბურდისა და ფორჩხის ხეობის საშუალის მთიდან, მოდის დასავლეთიდან აღმოსავლეთად. ამ ხევს მოერთვიან ჭანეთისა და ისპირის მთიდან ხევნი, და შენ არიან დაბები. ამ მდინარეზე არის, ჭოროხის დასავლეთად, დაბა დიდი ფორჩხა. ამის გამო იწოდა ხეობაც ესე ესეთ. ხოლო საზღვრის ფორჩხის ხეობას: აღმოსავლეთიდან ლიგანის ხევი; სამხრეთიდან მთა ისპირისა, სადაცა გადადიან გზანი ისპირის ხეობასა შინა; დასავლეთიდან მთა ბაიბურდისა და ამას შორისი; ჩრდილოეთიდან მთა ჭანეთისა, და მას ზედა გადადიან გზანი ჭანეთს. არის ხეობა ესე ვენახოვან-ხილიანი, ვიწრო და კლდიანი და მოსავლიანი, რამდენნიცა მიწანი იხვნიან, პირუტყვიან-ნადირიანი, მთაბარნი ახლორებენ ფრიად.
ანჩა
ხოლო ფორჩხის ხეობას ზევით არის მცირე ხევი; გამოსდის ისპირის მთას, მოდის სამხრეთიდან ჩრდილოეთით, მიერთვის ჭოროხს. ამ ხევზე, აღმოსავლეთით და ჭოროხის დასავლეთით, ისპირის მთის კალთას, არის ეკლესია ღვთაებისა ანჩა, გუმბათიანი, დიდ-მშვენიერად ნაგები, კარგს ადგილს. იჯდა ეპისქოპოზი, მწყემსი ლიგანისხევისა გაღმა-გამოღმართისა გონიამდე, ფორჩხის ხეობისა და აჭარისა, და აწ ცარიელი არის.
ანაკერტი
ამას ზევით მოერთვის ჭოროხს ანაკერტის ხევი აჭარის მთიდან. ამ ხევზე არის, ჭოროხის აღმოსავლეთით, აჭარის მთის კალთასა, ანაკერტი, დაბა დიდი და კარგი. ამას ზევით მოერთვის ჭოროხს შავშეთის მდინარე აღმოსავლეთიდან. აქა არის ფანაკარის ციხე ორთა მდინარეთა შორის.
ნათლისმცემლის მონასტერი
ამ შავშეთის წყლისა და ანაკერტის შორის, ჭოროხის აღმოსავლეთით, აჭარის მთის კალთასავე, არის მონასტერი ნათლისმცემლისა. ამას შინა იყო ხორხი ნათლისმცემლისა, და იყო დიდ-ხელოვანებით ქმნული და შენებული. ამისნი შედეგნი იბ (12) მონასტერნი, და თავი იყო, სადაც ესვენა ხორხი. იდგნენ მონაზონნი მოწესენი მრავალნი, და იყო ფრიად შემკული და მდიდარი ყოვლითა საეკლესიოს წესითა და მამულითა შეწირულობითა, და აწცა არის დიდ-შენებულებანი, მაგრამ უქმ-ცარიელ არის. ამას უწოდებენ ოპიზის მონასტრად, რომელიც ააშენა მეორედ გურგენ, აშოტ დიდის კურაპალატის ძემ, და დაეფლა თვითცა მას შინა.
შავშეთი
ხოლო შავშეთის წყალი გამოსდის ერუშეთსა და შავშეთს შორისს არსიანის მთას, ეს დის პირველად აღმოსავლეთიდან დასავლეთად, მერე მოდრკება და დის აღმოსავლეთ-სამხრეთს შუადან ჩრდილო-დასავლეთს შორის. ამას ჭოროხის შესართავს ზევით, მოერთვის მდინარედ ჭილოვნის ხევი, გამოსდის არსიანის მთას, მოდის ჩრდილოეთიდან სამხრეთით გრეხით. ამ ხევიდან გადადის გზა ზარზმას და ყველს. ამავ ხევის სამხრეთით სახლობს აწინდელი შავშეთის ბეგი. ამათ მდინარეთ შესართავს ზევით მოერთვის ჭილოვნის ხევს შავშეთისავე მდინარე სათლესი და ტბეთისა. ესეც გამოსდის არსიანსავე და მოდის ტბეთამდე აღმოსავლეთად, და მერე, როგორც შავშეთის წინათი მდინარე, ეგრეთ ესეცა დის. ამ წყალზე არის სათლე, ქალაქი მცირე, და მოსახლენი ვაჭარნი მას შინა.
ამ სათლეს ზევით არის ტბეთი, სამხრეთით ამ მდინარის კიდესა, რომელმაც მიიღო სახელი იქ მყოფთა მცირედთა და მრავალთა ტბათაგან. ტბეთს არის ეკლესია გუმბათიანი, მდიდრად ნაგები და დიდ-მშვენიერი. ეს ააშენა აშოტ კუხმა ბაგრატიონმა. იჯდა აქ ეპისკოპოზი, მწყემსი ანაკერტს ზევითისა, სრულიად შავშეთისა და არტანუჯისა. ტბეთის პირისპირ, ჩრდილოეთით კერძ, მდინარის გაღმა, არის ციხე თუხარისი, რომელიც ააშენა პირველად ოძრახოს, ძემან მცხეთოსისამან, შემდგომად კვ (26) მეფემან მირდატმა ააშენა ეკლესია ციხესა შინა; მერე, ყრუსაგან მოოხრებული, ააშენა მტბევარ ეპისკოპოზმა. მიიღო სახელი სიმაგრით სიმტკიცისათვის „თუ ხარ შენ ციხე და არა სხვა“.
ხოლო ამ ორთა შავშეთის მდინარეთა ზედა არიან დაბები შენნი დიდ-მცირენი. და საზღვრის შავშეთს: აღმოსავლეთით მთა არსიანი, და გადადიან მას ზედა გზანი ერუშეთს, ფოცხვის ხეობას და ზარზმა-ყველს; სამხრეთით საზღვრის კლდე არტანუჯსა და შავშეთს შორისი, როგორც კედელი, რომელიც ჩამოდის არსიანის მთიდან დასავლეთად, ვიდრე კნინღა ჭოროხამდე, და გაივლის მას კლდესა შინა გზა, როგორც კარი, და გარდა მისა არა არის გზა; დასავლეთით მთა შავშეთისა, შავშეთსა და ჭოროხს შორისი; ჩრდილოეთით მთა, არსიანიდან ჩამოსული დასავლეთით ჭოროხამდე. და არის ესე შავშეთი ტყიანი, გორა-მთიანი, ღელე-ღრატოიანი, ვიწრო და მაგარი, ვენახხილიანი. ნაყოფიერებენ ყოველნი მარცვალნი, გარდა ბრინჯ-ბამბისა. პირუტყვნი, ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი. და ნაყოფიერებს ფრიად მიწა ამის, რამდენიც იხმარება სივიწროვედ.
ართვანი
ხოლო შავშეთის მდინარის შესართავს ზევით ჭოროხს მოერთვის დასავლეთიდან ისპირის მდინარე, წოდებული ჭოროხადვე. და ამ ისპირის მდინარის შესართავს ზევით, ჭოროხის მდინარის აღმოსავლეთის კიდეზედ არის ართვანი, ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან ვაჭარნი.
ლიგანის ხეობა
და ამ ართვანის სანახებითურთ, ვიდრე ერგეს საზღვრამდე, ჭოროხის ხეობის იმიერი და ამიერი იწოდება ლიგანის ხეობად. და არის ეს ლიგანის ხეობა, მიუხედავად სივიწროვისა, ფრიად ნაყოფიერი ნარინჯით, თურინჯით, ლიმონით, ზეთისხილით, ბროწეულითა, ლეღვით, ვენახით, ხილით შემკობილი, და ქებულნი იქაურნი ყოველნივე. მარცვალნი ყოველნი ნაყოფიერებს, თუმცა სივიწროვით ვერ სთესვენ ბრინჯ-ბამბას. ჰავით არის ზაფხულს ცხელი, ზამთარს ფრიად თბილი. ახლორებენ მთანი თოვლიანნი და აგარაკნი, მშვენიერებით აღმკულნი, ჟამისა და ნახევარჟამის ნავალთა, წყაროებითა. პირუტყვნი, ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი, და ყოვლითა ნაყოფიერებით ავსებული.
იშხანი
ხოლო ართვანს ზევით მოერთვის ჭოროხს დასავლეთიდან ხევი, რომელიც გამოსდის თორთომ-ისპირის მთასა, მოდის აღმოსავლეთით. ამ ხევზე არის იშხანს ციხე, ფრიად მაგარი, დიდშენი და ეკლესია გუმბათიანი, დიდ-მშვენიერად ნაგები. აქ იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ისპირისა, თორთომისა, ბაიბურდისა, ვიდრე ტრაპიზონის მთამდე, და აწ ცარიელი არის. ამ ხევს ზევით არის ჭოროხზე ხვარამზეს ხიდი, ქვიტკირისა მრავალთვალი, მშვენიერად აგებული.
არტანუჯი
ამ ხიდს ზევით მოერთვის ჭოროხს მდინარე არტანუჯისა. ესე გამოსდის ქვაყრილის მთას, მოდის აღმოსავლეთიდან დასავლეთად. ამ წყალს მოერთვის ჩრდილოეთიდან, ჭოროხს ზევით, სხვა წყალი არტანუჯისავე. ესეც გამოსდის ქვაყრილის მთას, და არტანუჯსა და შავშეთს შუათს კლდეს. ამ წყლის შესართავის ზევით, წინათქმულს წყალზედ, არის არტანუჯი, ქალაქი მცირე და ციხე მაგარი, კეთილშენი. ეს ააშენა გორგასალმა, შემდგომად შემუსრა ყრუმ, მერე ააშენა და განაახლა აშოტ კურაპალატმა, და ააგო ციხესა შინა ეკლესია პეტრე-პავლესი; მოკლეს მას შინავე და დაფლეს იქვე. არის არტანუჯს ეკლესია გუმბათიანი, კეთილ-დიდ-მშვენიერ ნაგები. ეს იყო მონასტერი და აწ არის უქმი, კვლავ აქავ არტანუჯს ააშენა გორგასლან მონასტერნი მერისა, შინდობისა და ახიზისა, ფრიად მშვენიერნი. კვლავ ქმნა ახიზს ქვაბნი კლდისა გამოკვეთილნი, ფრიად მაგარნი და შეუვალნი.
ხოლო ამ არტანუჯის მდინარეთა მოერთვიან სხვანიცა მდინარენი, და მათ ზედა შენებულ არიან დაბები. და საზღვრის არტანუჯს: აღმოსავლეთით მთანი ყალნუ-ქვაყრილისა, და გადადიან გზანი მათ ზედა კოლა-არტანს; სამხრეთით ფანასკეტსა და არტანუჯს შორის ჩამოსული მთა ყალნუს მთიდან დასავლეთად, ვიდრე ჭოროხამდე; დასავლეთით მთა მცირე არტანუჯსა და ჭოროხს შორისი, და თვით მდინარე ჭოროხი; ჩრდილოეთით კლდე შავშეთსა და არტანუჯს შორისი. არის არტანუჯი ვენახიანი, ხილიანი, მარცვალნი ყოველნივე ნაყოფიერებს, როგორც სხვათა ამათ ადგილებთა; ტყიანი ფრიად და მცირე-ველოვანი. პირუტყვნი, ნადირნი, ფრინველნი და თევზნი მრავალნი. ჰავით მშვენიერი, კეთილი, ზამთარ თბილი და დიდ-თოვლიანი, ზაფხული არა ეგოდენ ცხელი. კაცნიცა ჰგონე ეგრეთვე სარწმუნოებითა და ენითაცა. არტანუჯი, შავშეთი და ლიგანის ხევი არის ოძრახოსისავე წილი, და საერისთაო მისი, ხოლო შემდგომად იქმნა არტანუჯის ერისთავი სხვა, შავშეთით, და აწ უზით თვის-თვისი ბეგი ოსმალნი.
კალმახის ციხე
ხოლო კვლავ, არტანუჯის მდინარის შესართავს ზევით, ჭოროხს მოერთვის თორთომის მთიდან გამომდინარე წყალი, რომელიც მოდის აღმოსავლეთად. ამ ხევზე არის ციხე კალმახისა, რომელიც ააშენეს პიტიახშთა, დიდ-შენი, მაგარი და შეუვალი. იყო საერისთაო ტაოსი. ამას ზევით მოერთვის ჭოროხს მდინარე ბანა-ფანასკერტისა გამომდინარე ყალნუ მთისა და მომდინარე აღმოსავლეთიდან დასავლეთად.
ფანასკერტი
ამ წყალზე, ჭოროხის აღმოსავლეთით, არის ციხე ფანასკერტისა, კლდესა ზედა, დიდ-შენი, მაგარი. აქ იჯდა ერისთავი ფანასკერტ-ოლთისისა, და აწ არის დაბა. ამას ზევით, ამ წყალზე, მთაში, არის ბანა, აწ უწოდებენ ფანაქს. აქა არის ეკლესია გუმბათიანი, დიდი, მშვენიერად ნაგები, კეთილ-მშვენიერს ადგილს. ააშენა მეფემან ადარნასემ, და დაფლულ არიან მეფენი. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ფანასკეტისა და სრულიად ტაოსი, ოლთისისა და ნარუმაკისა და აწ არის ცალიერი.
ოლთისი
ამას ზევით, ჭოროხის აღმოსავლეთის კიდეზე, არის ოლთისი, ქალაქი კარგი და კეთილ-ჰაოვანი. აქ არის ციხე მაგარი და დიდშენი. არის მეორე საჯდომი ათაბაგისა, როგორც ახალციხე. ოლთისს ზევით, ჭოროხის აღმოსავლეთ კიდეზე არის ნარუმაკი და აწ ნარიმანი, დაბა დიდი. აქამდე არის ფანასკერტი-ოლთისი ხილიანი, ვენახიანი, როგორც სხვანი აღვწერეთ. ხოლო ნარუმაკს ზევით კვლავ, ჭოროხის აღმოსავლეთ კიდეზე, არის დაბა დიდი იდი, კეთილი, ამას ზევით არის, როგორც მთის ადგილნი ნაყოფითა.
ტაო
ართვანს ზევით, იდამდე, ჭოროხის დასავლეთისა, თორთომის მთის აღმოსავლეთით არის პარხალი ანუ ტაოს კარი, ანუ ტაო. და საზღვრის ამას: აღმოსავლეთიდან ჭოროხის მდინარე; სამხრეთიდან თორთომიდან ჩამოსული მთა იდამდე; დასავლეთიდან თორთომის მთა; ჩრდილოეთიდან ჭოროხი და ისპირის მთა. და არის ეს ტაო ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი ყოვლითა მარცვლითა, და მთის კერძოთ, როგორც ჯავახეთი. არის მთიანი, გორიანი, ღელოვან-ხრამოვანი, ღრატოიანი, წყლიანი და ვიწრო. და არიან ხევთა დაბები. კაცნიცა ეგრეთნივე. იდი და ნარუმაკი არიან როგორც თრიალეთი ან ჯავახეთი ყოვლითურთ.
ბასიანი
ხოლო ოლთის-ნარიმანისა და იდის სამხრეთით არის, ირიჯლუს მთას იქით, ბასიანი. და ესე ბასიანი თუმცა არის სომხითისა, მაგრამ, შემდგომად ბაგრატიონთა მეფობისა, რა დაიპყრეს მათ, არის ამიერიდან სამცხისა. და არის ბასიანი რახსისა ანუ არაზის სათავესა ზედა. პირველად ეწოდა ქალაქსა ამისსა ბასიანი, და მის გამო ეწოდა სახელიცა ესე ამ ადგილთა, ხოლო აწ უწოდებენ მას ქალაქსა ასანყალას, და არის საშუალ ბასიანისა, არაზის კიდესა ზედა, ჩრდილოეთით კერძ, არა დიდი ქალაქი. და საზღვრის ამას ბასიანს: აღმოსავლეთიდან მთა, ჩამოსული სამხრეთის მთიდან, რომელიც არის სომხითის მთა; დასავლეთიდან მთა ირიჯლუ-დევაბოინისა; ჩრდილოეთიდან მთა ირიჯლუ-ყალნუსი; სამხრეთიდან მთა, დევაბოინიდან წამოსული - სომხითის მთა. და ადგილთა ამათ შორის მოერთვიან რახს იმიერიდან და ამიერიდან მდინარენი მთებთაგან. და შენებულ არიან დაბები. არის უვენახო, უხილო და მარცვლის მოსავლითაცა როგორც ჯავახეთი, არამედ ესე უმჯობესცა ჰავითაც. უტყეო, მხოლოდ მცირე არყნალნი, სწვავენ წივას (გამხმარი ნაკელი) და ზიდავენ ხესა და შეშას რახსის ხრამიდან. ამ ასანყალას ქვეით არის ხიდი რახსსა ზედა, და დადიან ქარავანნი, გარეშე მისა ვერ გახვალ არაზს.
ისპირი
ხოლო ისპირის ხეობის მდინარე გამოსდის ბაიბურდს ზევით, ტრაპიზონის მთას. სიგრძით არის ტრაპიზონის მთიდან ჭოროხამდე, მოდის დასავლეთიდან აღმოსავლეთად. ხევსა კლდიანსა და ქვიანსა შინა. და ამ ისპირის წყლისა და ჭოროხის მდინარის შესართავს ფრიად ზევით, ამ ისპირის მდინარეს მოერთვის სამხრეთიდან თორთომის ხეობის მდინარე. და ამ თორთომის მდინარის შესართავს ზევით, ისპირის მდინარის კიდეზე, არის ქალაქი მცირე ისპირა, და ამის გამო სახელ-იდვა ხეობა ესე და მდინარე. ამას ზევით მოერთვის კვლავ ისპირის მდინარეს საქართველოს-ყელის მდინარე ანუ გურჯი-ბოღაზისა. და ამ მდინარეს ზევით არის მთა, რომელიც საზღვრის ბაიბურდსა და ისპირსა. ხოლო ამ ისპირის მდინარეს მოერთვიან ამიერ-იმიერიდან ხევნი ისპირისავე მთებიდან, და არიან დაშენებულნი დაბები მათ ზედა.
და საზღვრის ისპირის ხეობას: აღმოსავლეტიდან ისპირის მთებიდან ჩამოსულნი მთანი, სამხრეთით ჩრდილოეთიდან ისპირსა, ტაოსა და ლიგანის ხევის შორისნი. და არის მთანი ესენი ტყიანნი, კლდიანნი, ღრატოიანნი, ხევ-ქარაფიანნი და ნადირიანნი; ხოლო სამხრეთიდან საზღვრის მთა ისპირისა, ისპირსა და თორთომის ხეობას შორისი, და გადადიან გზანი თორთომის ხეობასა შინა. და მდებარეობს მთა ესე აღმოსავლეთიდან დასავლეთად. არის თხემთა უტყეო და ადგილს თოვლიანი, და კალთათა ტყიანი, წყაროიანი, ბალახ-ყვავილიანი და ნადირიანი. ეგრეთვე დასავლეთიდან საზღვრის მთანი, ისპირის მთებიდან ჩამოსულნი, ისპირისავე მდინარემდე, სამხრეთით ჩრდილოეთიდან, ბაიბურდსა და სპერს შორისი. და არიან მთანი ესენი ტყიანნი, კლდიანნი, და მიდიან გზანი ბაიბურდს; ჩრდილოეთიდან საზღვრის მთა ისპირისავე, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთიდან დასავლეთად, ფორჩხის ხეობასა და ისპირას შორისი, და გადადიან მას ზედა გზანი ფორჩხას. და არის მთაცა ესე თოვლიან-ტყიანი, როგორც პირისპირი ამისი ისპირის მთა.
არის ესე ისპირის ხეობა ქარაფოვან-კლდიანი, ღელე-ღრატოიანი, ვიწრო, ტყიანი, მცირე ველოვანი, მოსავალ-ნაყოფიერი, როგორც აღვწერეთ ლიგანის ხევი, ყოვლითა ნაყოფიერებითა და მარცვლითა. ჰავით ზაფხულს ფრიად ცხელი, მაგრამ აქვს მთანი და აგარაკნი ახლორეს. ზამთარი თბილი. კაცნი იუწყე მგზავსნი სამცხისანი, და აწ მოჰმადიანნი სრულიად, ენითა ქართულითა და ზნითა ოსმალთათა.
თორთომი
ხოლო თორთომის მდინარე გამოსდის დევაბოინის მთასა და მოდის სამხრეთიდან ჩრდილოეთით, გასჭრის სპერის მთას და მიერთვის ისპირის მდინარეს. ამ ისპირის მთას ზევით არის თორთომის ხეობა. და ამ ისპირის მთის ფრიად ზევით მოერთვის დასავლეთიდან თორთომის მდინარეს ხევი, შიფაქლუს მთის გამომდინარე, და მოდის პირველად სამხრეთიდან ჩრდილოეთით, მერე დასავლეთიდან აღმოსავლეთად. ამ ხევზე შიფაქლუს მთის კალთას, არის ეკლესია-მონასტერი ხახულისა, ყოვლად წმიდის ღვთისმშობლისა, დიდი, გუმბათიანი, დიდ-მშვენიერად გებული, მშვენიერს, კარგს ადგილს. ეს ააშენა დავით კურადპალატმა, ბაგრატ მეფის მამობილმა. აქავ არის ეკლესია ფრიად მშვენიერი, დიდშენი, რომელიც აღაშენა მჱ (48) მეფემან დავით, მაგრამ აწ უქმ-ცარიელ არიან, და ხატი ამისი არის გელათს, რომელიც შეამკო აღმაშენებელმა, მერე თამარ მეფემან. ამ ხევს ზევით, თორთომის მდინარეზე, არის ციხე თორთომისა, მაგარი, კლდესა ზედა დიდშენებული. ამის მიერ იწოდა ხეობა ესე თორთომის ხეობად. ამ ციხეს ზევით არის ხენძორეთი, დაბა დიდი და გზა აზრუმისა. ამ თორთომის მდინარეს მოერთვიან ხევნი თორთომისა და შიფაქლუს მთიდან, და არიან დაბები მათ ზედა შენნი, დიდ-მცირენი.
ხოლო საზღვრის თორთომის ხეობას: აღმოსავლეთიდან მთა თორთომისა, თორთომსა და ტაოს შორისი, რომელიც მდებარეობს სიგრძით სამხრეთ-დასავლეთს შუადან აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შორის, გამოდის ირიჯლუს მთიდან და მიადგება ისპირის მთას, და არის ისპირის მთის კერძოდ თხემთა უტყეო და კალთათა ტყიანი, ნადირიანი და მას ზევით სრულიად უტყეო, წყაროიან-მდინარიანი, ბალახშამბ-შროშნიანი; გადადიან გზანი ტაოს შინა. ხოლო სამხრეთიდან საზღვრის მთა ირიჯლუ-დევაბოინისა, რომელიც ეგრეთვე უტყეო არის. დასავლეთიდან მთა შიფაქლუსა, თორთომსა და ქართლის-ყელს შორისი, რომელიც მდებარეობს სამხრეთიდან ჩრდილოეთით, გამოდის დევაბოინის მთიდან და მიადგება ისპირის მთას. და არის ხახულამდე უტყეო და ყოვლითურთ, როგორც სხვანი მთანი; ხახულს ქვევით ეგრეთი ისპირის მთამდე, როგორც თორთომის მთის კერძი დავწერეთ. ჩრდილოეთიდან საზღვრის მთა ისპირისა, ამასა და ისპირს შორის, და გადადიან გზანი ისპირის ხეობასა შინა. თორთომის მდინარის კიდე, ხახულს ზევითამდე ანუ ციხემდე, ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი, ხოლო მთის კერძონი ყოველმხრით, როგორც ჯავახეთი აღვწერეთ, მაგრამ არის მოსავლიანი, პირუტყვიანი, ფრინვლიან-ნადირიან-თევზიანი, შემკობილი მთით და ბარით. კაცნი როგორც მესხნი, და აწ სრულიად მოჰმადიანნი, ენითა ქართულითავე, მაგრამ საუბრობენ თურქულსა.
გურჯი-ბოღაზი
ხოლო ამის დასავლეთით არის და შიფაქლუს მთის იქით გურჯიბოღაზის ხეობა ანუ საქართველოს ყელისა, რამეთუ როდესაც დაიპყრეს ოსმალთა აზრუმი, მიერ ჟამიდან უწოდეს სახელი ესე. სიგრძით არის დევაბოინის მთიდან სპერის მდინარემდე. გამოსდის დევაბოინის მთასა, მოდის სამხრეთიდან ჩრდილოეთით, და ხენძორეთის გარდასწვრივ არის გურჯიბოღაზი დასავლეთით; და ეს ხევი არის საზღვარი, ბაიბურდის მთამდე, საქართველოსა და ბერძენთა. და ხეობა ესე არის ფრიად ვიწრო, კლდიანი და ტყიანი.
ბაიბურდი
ხოლო სადაცა მიერთვის ისპირის მდინარეს გურჯი-ბოღაზის მდინარე, მას ზევით არiს ისპირის მთებიდამ ჩამოსულნი მთანი, ისპირისა და ბაიბურდის საზღვარი, როგორც აღვწერეთ. ამ მთებს ზევით არის ბაიბურდი, ყოველმხრით მთით მოხვეული და თვითცა მთა. ამას შინა დის ისპირისავე მდინარე. ამ წყალზე, შუას ადგილს, არის ქალაქი ბაიბურდი, არა დიდი, და არიან აწ სრულიად მოსახლენი მაჰმადიანნი, მცირედი თუ ვინმე ქრისტეანენი. ამ ქალაქის გამო იწოდება ადგილიცა ესე ბაიბურდად. ხოლო მოერთვიან ბაიბურდის ადგილთა შინა ისპირის მდინარესა, აჭარა-ეზინგის მთებიდან, მდინარენი, და არიან მას ზედა ნაშენნი დაბები. საზღვრის ბაიბურდს: აღმოსავლეთიდან მთა ისპირსა და მის შორისი; სამხრეთიდან მთა ეზინგსა და ბაიბურდს შორისი, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთიდან დასავლეთად, უტყეო; დასავლეთიდან მთა ტრაპიზონისა; ჩრდილოეთიდან მთა ჭანეთისა, ბაიბურდსა და ჭანეთს შორისი. და არის ეს ბაიბურდი, როგორც ჯავახეთი, მთებრი მოსავალ-პირუტყვითა. გარემოს მისა მთანი უტყეონი, და ზიდავენ ჭანეთის მთიდან ხესა და შეშასა, უმეტესად სწვავენ წივასა. ჰავით ზაფხულის კეთილ-ამო და მშვენიერი, ზამთრივ ცივი, თოვლიანი და გაუძლისი. გადადიან გარემოს მთებთა ზედა გზანი ადგილებთა შინა, რომელიც აღვწერეთ, მის გარემო. კაცნი არიან სრულიად მაჰმადიანნი და ზნითაცა მათითა.
ჭანეთი
ხოლო ბაიბურდისა და ფორჩხის სამხრეთით, ჭანეთის მთას იქით, არის ჭანეთი, და აწ უწოდებენ ლაზსავე. არის ესე შავის ზღვის კიდის წადევნებით, გონიიდან ტრაპიზონის საზღვრამდე. გონიის დასავლეთით მოერთვის ზღვას მდინარე, ჭანეთში გამომდინარე ჭანეთის მთისა, რომელიც მდებარეობს ჭანეთსა და ფორჩხის ხეობას შორის, და მოდის ჩრდილოეთით. ამ მდინარის იქით არის ხოფა, ქალაქი მცირე, ზღვის კიდესა ზედა. აქ მოერთვის მდინარე ხოფისა, გამომდინარე მისვე მთისა და მომდინარე ეგრეთვე. კვლავ მოერთვის ზღვას მდინარე, ხოფას იქით გამომდინარე ჭანეთისავე მთისა, რომელიცი არს ბაიბურდსა და ჭანეთს შორის, და მომდინარე ჩრდილოეთით კერძოდ. ამ მდინარის დასავლეთით არის ქალაქი მცირე რიზა, ზღვის კიდეზე. მოერთვის იქვე მდინარე მისივე ზღვასა, და გამოსდის მასვე მთასა და მოდის, ჩრდილოეთით. ხოლო ამის დასავლეთით ჩამოვარდება მცირე მთა, კნინღა ზღვამდე, ჭანეთის მთიდან. და ესე არის საზღვარი საქართველოსი და საბერძნეთისა. აქა არის რკინის პალო, აქავ არის სატყეპელა. აქ ააშენა მეფემან არჩილ მოწამემან ციხე შემდგომად ყრუს შემოსლვისა (ვგონებ რიზას).
ხოლო მთა ჭანეთისა ძეს დასავლეთიდან აღმოსავლეთად, მცირედ ჩრდილოეთით მიწევით, და მიდის ვიდრე ჭოროხამდე. არის თხემთა უტყეო. და კალთათა ტყიანი, ნადირიანი. მართალია ჭანეთიცა ფრიად ტყიანი, გორა-მთა-ღელეიანი, მაგრამ ხილიანი, ვენახიანი, მარცვლებით მოსავლიანი ბრინჯ-ბამბითურთ, და ნაყოფიერებს ფრიად. პირუტყვნი, ნადირნი ფრიად მრავალნი; ფრინველნი და თევზნი ურიცხვნი; მწერნი მრავალნი, ფუტკარი და თაფლი ბევრად. ჰავით ზღვის კიდური ცხელი, მთის კერძონი კეთილ-ჰაოვანნი. ზამთარი თბილი, ზაფხული არა გაუძლისი. კაცნი არიან ხელოვანნი ხის მუშაკობითა და შენებითა ნავთათა, დიდთა და მცირეთა, და სარწმუნოებით აწ სრულიად მოჰმადიანნი, მხოლოდ მცირედნი ვინმე მოიპოებიან ქრისტეანენი, თუმცა იციან კვლავ ქართული ენა ზოგიერთებმა. ხოლო საზღვრის ჭანეთს: აღმოსავლეთიდან გონიის საზღვარი; სამხრეთიდან მთა ჭანეთისა, ფორჩხა-ბაიბურდსა და ჭანეთს შორისი; დასავლეთიდან მცირე მთა იგი ქართლის საზღვარი, ჩრდილოეთიდან ზღვა შავი.
ესე არის აღწერა სამცხე-საათაბაგოსი ჩინელთა ადგილებთა, რომელნიც იცნობიან რუკასა ზედა ამისსა. არა არის ციხე, ან დაბანი, ან აგარანი, რომელსა შინა არა იდგეს საყდარი ან ეკლესია, თლილის ქვით ნაშენნი, ორი ან სამი, დიდნი და მცირენი, და ეგრეთვე ყოველთა ადგილთა საქართველოსა შინა, რომელნიცა აღვწერეთ. კვლავ არიან გორა-მთათა ზედა შენნი ეკლესია-საყდარნი, სადაცა ძნელად ხვდებიან კაცნი, გარდა დღესასწაულთა მათთა, ამისთვის რამეთუ, ვინაიდან კერპობასა შინა მათ მთა-გორათა ზედა იყვნენ კერპნი აღმართებულნი, და დღესასწაულობდენ ქ () სიღოდობითა, და ქრისტეანობასა შინა შემუსრეს კერპნი, მაგრამ კვლავ არა დასცხრეს იქვე განცხრომასა სიმთვრალითა, სიღოდითა და როკვითა, ააშენეს მათ ზედა იქ ეკლესიანი, რათა თაყვანი სცენ ამათ და აღარა მოიხსენონ კერპნი სიღოდა-განცხრომითა.
ცხოვრება სამცხე კლარჯეთისა (სამცხე-საათაბაგოს ისტორია)
გამეფდა რა ფარნაოზ და დაიპყრა ყოველი საქართველო. ამან ფარნაოზ დასვა ერისთავნი თვისნი: ერთი ოძრახოსს და მისცა წილი ოძრახოსი, მეორე წუნდას და მისცა წილი ჯავახოსი, მესამე კლარჯეთს და მისცა სრულიად რომელიც თვით დაიპყრა. და იყო ქვეყანა ესე ესეთ სამ საერისთოდ მრავალთა წელთა, გარდა წართმეულისა სომეხთა მეფის იარვანისაგან წუნდისა და არტანისა, რომელიც კვლავ დაიპყრეს აზორკ და არმაზელ მეფეთა. და კვლავ შემდგომად ჟამსა მეფის ვარზა-ბაქარისასა წაართვეს რა მას სპარსთა რანი და მოვაკანი, მაშინ უკუდგნენ მისგან კლარჯნი და მიერთვნენ ბერძენთა და იყვნენ მორჩილებასა შინა მათთა რამდენიმე წელს. ხოლო ორნი იგი საერისთაონი იყვნენ ქართველთავე მეფეთა მორჩილებასა შინა.
ხოლო შემდგომად დაიპყრა გორგასალ მკლავითა თვისითა და გამოართვა ბერძენთა და შემდგომად სიკვდილისა თვისისა მისცა ძეთა თვისთა სამნი ესე საერისთაონი ლევანს და მირდატს, ბერძნის კეისრის ქალის ნაშობთა. და შემდგომად მოკვდა რა ლეონმა გაუცვალა დაჩი მეფემან ძმასა თვისსა მირდატს ქვეყანა და დაიპყრა თვით ეგრისის მდინარის იქითი დასავლეთის წილი, და მირდატს მოსცა ჯავახეთი ფარავნიდან მტკვრამდე და დაიპყრა მირდატ ტაშისკარიდან ზღვამდე და ერისთავთ-ერისთაობდა ქვეყანათა ამათ, და მორჩილებდა მეფეთა ქართველთათა. ხოლო ამ მირდატისა თანა მოვიდა ნათესავი დავით წინასწარმეტყველისა შვიდთა ძმათაგანი გურამ და ითხოვა მისგან მკვიდრობა მის თანა. ხოლო მირდატ შეიწყნარა და შეიყვარა იგი სიკეთისა მისისათვის და მისცა და თვისი გურამს ცოლად და სამკვიდრებელი ტაო, რომელსაცა შემდგომად უწოდა ტაოს ერისთავად, და მორჩილებდა ესე გურამ ყოვლითავე მირდატს.
ოთხნი ესენი გურამ, სააკ, ასამ და ვარზავარდ მოვიდნენ ქართლს. გურამ დაისიძა მირდატ ძემან ვახტანგ გორგასლისამან ქსა ფჱ (508) და სამნი გავიდნენ კახეთს, სააკ ემძახლა ბაკურს ძესა ნერსესსა და ორნი ასამ და ვარზავარდ მივიდნენ კამბეჩოვანს, დაუქციეს ერი ვეზანს ერისთავსა სპარსთასა და მოკლეს იგი და დაიპყრეს ამათ კამბეჩოვანი და ცხოვრობდნენ ხორნაბუჯს ძენი მათნი, ვიდრე სტეფანოზისა და ადარნასეს ხოსროვანისამდე.
ხოლო გურამ ტაოს ერისთაობასა შინა შვა ძე მირდატის დისაგან და უწოდა სახელად ბაგრატ, ძმისა თვისისა ბაგრატის სახელი. კვლავ შვა მისგანვე მეორე ძე, რომლისა ძის ძემან შემდგომად სტეფანოზისა დაიპყრა რომელნიმე კლარჯეთისა და ჯავახეთი, რომელსაც მისცა მეფემან არჩილ მოწამემან ძმისწული თვისი მირ მეფის ასული ცოლად. შემდგომად ერისთავთ-ერისთავი მირდატ მოკვდა ქსა, ფკზ (527). ხოლო გურამ ტაოს ერისთაობასა შინა მოკვდა ქსა, ფლბ (532) და დაუტევნა ძენი ტაოს. მორჩილებასა შინა მირდატის ძისათა.
და შემდგომად მირდატის სიკვდილისა დაიპყრეს ძეთა მირდატისთა ნაქონები მამისა თვისისა. ამათ მორჩილებდა ძე გურამისა ბაგრატ და ძენი მირდატისნი მორჩილებდნენ ქართველთა მეფეთა. ხოლო შემდგომად მოვიდა სპარსთა მეფე ქსა ფლვ (536). და დაემორჩილა სპარსთა მეფესა მეფე ფარსმან ქართლისა, და ძენი მირდატისანი განდგნენ ფარსმან მეფისაგან და მიერთვნენ ბერძენთა.
ამიერიდან გაიყვნენ ძენი გორგასლისანი: მეფენი ქართლისანი ერჩდნენ სპარსთა და ძენი მირდატისანი ერჩდნენ ბერძენთა. ხოლო შემდგომად მოკვდა ბაგრატ ერისთავი მორჩილებასა შინა მირდატის ძისათა ქსა ფჲჱ (568) და დაუტევა ძე გურამ სახელით. ამათვე წელიწადებთა ამოწყდნენ ძენი მირდატისანი, ძისა ვახტანგ მეფისანი, და ამათ არა დაუტევეს ძენი, რომელთა დაუმკვიდრეს სამკვიდრებელნი თვისნი პაპიდისწულსა თვისსა გურამს და უწოდეს მირდატოვანი. და ამან გურამ ძემან ბაგრატისამან შემდგომად მათსა დაიპყრა ნაქონები მათი ტაშისკარ-ფარავნიდან, ვიდრე ზღვამდე, და მერე შეიცვალა სახელი მირდატოვნობისა ბაგრატიონად მამისა თვისისა სახელისათვის.
ხოლო მოსლვასა სპარსთა ქასრე აბარვეზირისასა მიევლტო ეს გურამ უმეტეს ბერძენთა, ვიდრეღა სპარსთა, და ამისთვის კეისარმანცა მოსცა სიგლითა ქვეყანა ესე და კურაპალატობა გურამს. და აშლილობასა ამას შინა იყო გურამ მსახურებასა და მორჩილებასა ბერძენთასა და ეპყრნენ წინხსენებულნი ქვეყანანი. ხოლო წელსა ქსა ფოე (575), თხოვნითავე ქართველთათა მოსცა ამ გურამ კურაპალატსა მეფობა საქართველოსი კეისარმან იუსტინე, და გამეფდა როგორც აღვწერეთ, და ამით კვლავ შეერთდა სამცხე-კლარჯეთი და ყოველი საქართველო ერთ სამეფოდ.
ხოლო მოკვდა ესე გურამ ქსა ქ (600) და დაუტევა ძენი ორნი: სტეფანოზ და დიმიტრი. დიმიტრი აღესრულა, როგორც აღვწერეთ, ხოლო სტეფანე ერისთავთ-მთავარი მოკვდა ქსა ქით (619). და წაართვეს ბერძენთა სპერი და ბოლო კლარჯეთის ზღვის პირნი.
ამას დარჩთა ძე ერთი გურამ. ამან გურამ შემდგომად მამისა თვისისა დაიპყრა კვლავ კლარჯეთი და მსახურებდა ბერძენთა და მერე დაიპყრა სამცხეცა. ამავ გურამის ჟამსა შინა გამოვიდა მურვან ყრუ.
ამან ყრუმ მოაოხრა ყოველი ქვეყანა კლარჯეთისა, შავშეთისა, ტაოსი, სამცხისა და ჯავახეთისა. მაშინ ამან გურამ ავნო დიდი სპათა მისთა და განერიდა კლარჯეთსა შინა თვით უვნოდ მისგან. ამას გურამს კეისარმან კოსტანტინემ სიმხნისა მისისათვის მოსცა კვლავ კურაპალატობა და ქვეყანა, რომელიც ეპყრა პირველად პაპასა მისსა. ამავე ჟამებთა მოსცა მეფემან არჩილ მოწამემან ამ გურამის პაპის მამის ძმისწულს და გურამ კურაპალატის ბიძის ძის ძის ძეს, რომელსაც ამავ კურაპალატისაგან ქონდა ერისთაობა მას ჟამსა შინა კლარჯეთისა და ჯავახეთისა, ასული მირ მეფისა ცოლად და თვით არჩილ მეფემან შეირთო ასული ამ გურამ კურაპალატისა (არამედ საგონებელ არის ადარნასე, რომელიც დადგინებულ იყო არეთა სომხითისათა და მოვიდა არჩილ მეფისა თანა, იყო ამათგანივე ბაგრატიონი, რომელსაცა მისცა არჩილ მეფემან ასული მირ-მეფისა და კვლავ რომელნიცა არა შეუშვა ამან გურამ კურაპალატმა კლარჯეთს და მათ ააშენეს ციხე კალმახი, იგინიცა იყვნენ ამათგანნივე).
ხოლო ამისა შემდგომად მოკვდა გურამ კურაპალატი ქსა ქოჱ (678) და დაუტევა ძე ერთი ვარაზ-ბაკურ. ამან ვარაზ-ბაკურ დაიპყრა ნაქონები მამისა თვისისა, მერე მოსცა კოსტანტინე კეისარმა ანთვიპატობა და შემდგომად მეფემან არჩილ მოსცა ვარაზ-ბაკურს გარდაბანი და ამან მოაქცია სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა გარდაბანელნი.
შემდგომად მოკვდა ვარზაბაკურ ქსა ღე (705) და დაუტევა ძე მხოლოდ ნერსე და ნერსემ დაიპყრა ყოველი ესე ქვეყანა და ერისთავთ-ერისთაობდა მორჩილებასა შინა ბერძენთასა.
შემდგომად მოკვდა ნერსე ქსა ღმბ (742) და დარჩნენ ძენი სამნი: ადარნასე, სტეფანოს და ფილიპე. ადარნასემ დაიპყრა ერისთავთ-ერისთაობა და ქვეყანა მამისა თვისისა და მისცა ძმათა თვსთა ერისთაობა კლარჯეთს და მორჩილებდა ბერძენთა.
ხოლო ამ ადარნასეს ესვა ძენი ორნი: აშოტ და გურგენ, და ასული ერთი ლატავარ. ეს ემძახლა ძესა არჩილ მეფისასა ჯუანშერს და ამან ჯუანშერ შეირთო ცოლად ლატავარ. შემდგომად ამანვე ადარნასემ იცვალა ნასამალი ჯუანშერისაგან კლარჯეთისა, შავშეთისა, აჭარისა, ნიგალისა, ასისფორისა, არტანისა და ქვემო ტაოსი. და კვლავ ციხეთაგან, რომელიც ქონდა ძის ძეთა ვახტანგ გორგასლანისათა. მერე მივიდა კლარჯეთს და მოკვდა ადარნასე ქსა ღოთ (779) და დაუტევა ძენი ორნი აშოტ და გურგენ.
ხოლო ამან აშოტმა რამეთუ წინხსენებულნი იგინი ყოველნი ამოწყვედილნი იყვნენ. შემდგომად გაძლიერდა აშოტ და მორჩილებდა ბერძენთა.
ამას აშოტს მოსცა კეისარმან კურაპალატობა და შემდგომად დაიპყრა ქართლი და გამეფდა, როგორც აღვწერეთ, მაგრამ მეფობასა შინა მოკლეს არტანუჯის ციხის ეკლესიასა შინა აშოტ ქსა ყკვ (826) და დაუტევნა ძენი სამნი: ადარნასე, ბაგრატ და გურამ მამფალი. და შემდგომად აშოტის სიკვდილისა დარჩნენ ესენი არტანუჯის ციხესა შინა და იზრდებოდნენ იქ. და წაართვეს გარემონი ყოველნი სარკინოზთა და შემდგომად აღიზარდნენ რა, დაიპყრეს მათვე ყოველნი ნაქონებნი მამათა თვისთა, გარდა ქართლისა.
ხოლო მოვიდა რა მაჰმად, მოვიდა მის წინაშე ბაგრატ ძე აშოტისა და მან მაჰმად მოსცა მეფობა და დაიპყრა ქართლი ბაგრატ და ზემო ქართლი, რომელიც არის სამცხე, და ადარნასემ ძმამან მისმან კლარჯეთი და გურამ მამფალმან ძმამანვე მისმან ჯავახეთი, თრიალეთი, აბოცი და რომელნიმე სომხითისანი, რამეთუ გურამ მამფალსა ესვა ცოლად ასული სომეხთა მეფისა და მორჩილებდნენ ბაგრატს, როგორც აღვწერეთ. ხოლო გურამ მამფალს ესხნენ ძენი: აშოტ და ნასრ, და ასული ერთი, რომელიც შეირთო ცოლად აფხაზთა მეფემან ადარნასემ, და ამისთვის შველოდა გურამ მამფალი აფხაზთა მეფესა. ნასრმა მოკლა დავით მეფე და შემდგომად ამისთვის მოკლეს ნასრცა ქსა ყპჱ (888), და მოკვდა გურამ მამფალი მამა მის ნასრესი ქსა ყპბ (882). და ძე მამფალისა ამის აშოტ მოკვდა ქსა ყჲთ (969). ამათ არა დაუტევეს ძენი და ამოწყდნენ თესლნი მათნი.
ხოლო ადარნასეს, ძესა აშოტ კურაპალატისასა ესხნენ სამნი ძენი: გურგენ, სუმბატ და აშოტ კეკელა. და ამ გურგენს მოსცა კეისარმა კურაპალატობა და შემდგომად მოკვდა ეს გურგენ ქსა ყჟა (991) და ამან გურგენ დაუტევნა ძენი ორნი: ადარნასე ერისთავთ-ერისთავი და აშოტ კუხი. მოკვდა ეს აშოტ კუხი ქსა შიჱ (918). ამან არა დაუტევა ძე. მოკვდა ადარნასე ერისთავთ-ერისთავი ქსა ყჟვ (996), და ამან ადარნასემ დაუტევნა ძენი გურგენ ერისთავთ-ერისთავი და დავით ერისთავთ-ერისთავი. გარდაიცვალა ეს გურგენ ერისავთ-ერისთავი ქსა შიდ (914), მოკვდა ძმა მისი დავითიცა ერისთავთ-ერისთავი და არა დაუტევეს ამათ ძენი. ხოლო მოკვდა აშოტ კეკელა, ძე ადარნასესი, ქსა ყჲზ (967) და არა დაუტევა ამან ძე. ხოლო სუმბატს, ძესა ადარნასესა, მოსცა კეისარმა ანთიპატობა და დაიპყრა ამან არტანუჯი. ამისთვის ეწოდა არტანუჯელი.
მოკვდა ეს სუმბატ არტანუჯელი ქსა ყპთ (889). ამან დაუტევა ძენი: ბაგრატ არტანუჯელი მამფალი და დავით, რომელიც შემდგომად მონაზონად იქმნა. ხოლო მოკვდა ბაგრატ მამფალი არტანუჯელი ქსა შთ (909). ამან დაუტევა ძენი: ადარნასე, აშოტ, დავით ერისთავთ-ერისთავი და გურგენ ერისთავი. ესე ადარნასე შემონაზონდა და უწოდეს ბასილი. მოკვდა ესე ბასილი ქსა შმე (945). მოკვდა აშოტ ძმა მისი ქსა შლთ (939); მოკვდა დავით ერისთავთ-ერისთავი, ძმა ამათი, ქსა შჱ (908). და ამათ არა დაუტევეს ძენი. მოკვდა გურამ ერისთავი, ძმა ამათი, ქსა შკგ (923). ამან დაუტევა ძე გურამ, მოკვდა ესე გურამცა ქსა შჱ (908).
ხოლო ძე სუმბატ ანთიპატისა დავით, რომელიც მონაზონ იქმნა, მოკვდა ქსა შჲგ (963), და ამან დაუტევა ძე სუმბატ. მოკვდა ესე სუმბატ ქსა შპჱ (988), და ამან დაუტევა ძენი დავით და ბაგრატ; მოკვდა ესე დავით და არა დაუტევა ძე. ხოლო მოკვდა ბაგრატცა ქსა შპჱ (988). და დაუტევა ამან ძენი გურგენ და სუმბატ.
და ესენი შეიპყრა მეფემან ბაგრატ და დაიპყრა სრულიად სამცხე და კლარჯეთი და ჰყო ერთ სამეფოდ ქართლისა თანა.
ხოლო მოკვდა გურგენ ქსა ჩიბ (1012), და ამან დაუტევა ძე დიმიტრი; მოკვდა სუმბატცა ქსა ჩია (1011), და დაუტევა ამან ძე ბაგრატ. ხოლო ესენი ბაგრატ და დიმიტრი შეპყრობისა თანა მამათა მათთასა წარივლტოდენ კონსტანტინეპოლედ და იქ ამოწყდნენ.
ხოლო ბაგრატ მეფე, ძე აშოტ დიდის კურაპალატის მეფისა, რომელიცა გამეფდა ქართლს და აღვწერეთ ცხორება და სიკვდილი მისი მეფეთა თანა ქართლისათა, ამან მეფემან ბაგრატ დაუტევნა ძენი სამნი, დავით, აშოტ და ადარნასე, მოკვდა ესე ადარნასე ქსა ყოდ (874), მოკვდა აშოტ ძმა მისი ქსა ყპე (885), და ამათ არა დაუტევეს ძენი, ხოლო დავით იქმნა მეფედ და კურაპალატად. ეს დავით მეფე მოკლა ნასრმა, ბიძის ძემან თვისმან, როგორც აღვწერეთ.
ხოლო ბაგრატ მეფე, ძე აშოტ დიდის კურაპალატის მეფისა, რომელიცა გამეფდა ქართლს და აღვწერეთ ცხორება და სიკვდილი მისი მეფეთა თანა ქართლისათა, ამან მეფემან ბაგრატ დაუტევნა ძენი სამნი, დავით, აშოტ და ადარნასე, მოკვდა ესე ადარნასე ქსა ყოდ (874), მოკვდა აშოტ ძმა მისი ქსა ყპე (885), და ამათ არა დაუტევეს ძენი, ხოლო დავით იქმნა მეფედ და კურაპალატად. ეს დავით მეფე მოკლა ნასრმა, ბიძის ძემან თვისმან, როგორც აღვწერეთ.
ხოლო დავით მეფემან დაუტევა ძე ერთი ადარნასე, რომელიც მეფედ იქმნა. მოკვდა ძე დავით მეფისა ადარნასე მეფე და დაუტევა ამან ძენი: სუმბატ, აშოტ, დავით და ბაგრატ. მოკვდა ძე ადარნასე მეფისა დავით, რომელიც მეფედ იქმნა ქსა შლზ (937). მოკვდა აშოტ ძმა მისი, რომელსაც მოსცა კეისარმა კურაპალატობა ქსა შნდ (954), და ამათ არა დაუტევეს ძენი. ხოლო ბაგრატს, ძმასა მათსა, მოსცა კეისარმა მაგისტროსობა და კურაპალატობა.
ეს ბაგრატ შემდგომად ძეთა თვისთა მონაზონ ჰყვეს და მოკვდა შემონოზნებული ქსა შმე (945), და დაუტევა ამან ძე ადარნასე. ამ ადარნასეს მოსცა კეისარმან მაგისტროსობა და მოკვდა ესე ადარნასე მაგისტროსი ქსა შოა (971), და დაუტევა ამან ძენი ბაგრატ, დავით ერისთავთ-ერისთავი. მოკვდა ესე ბაგრატ ქსა შოთ, (979), მოკვდა ძმა მისი დავით ერისთავთ-ერისთავი ქრისტესა შოვ, (976), და ამათ არა დაუტევეს ძენი. ხოლო ძე მეფისა ადარნასესი სუმბატ მეფე იქმნა, ამას სუმბატს მოსცა კეისარმა კურაპალატობა, როგორც აღვწერეთ. მოკვდა ესე და დაუტევა ამან ძენი ბაგრატ რეგვენი და ადარნასე. მოკვდა ესე ადარნასე, ძე სუმბატისა, ქსა შპგ (983) და დაუტევა ამან ძე დავით.
და ამან დავით დაიპყრა ტაო, ბასიანი, თორთომი, სომხითი და ადგილთა კლარჯეთს, შავშეთს, ჯავახეთს ეპყრნენ ციხენი და ქვეყანანი. ამასვე მოსცა კეისარმა კურაპალატობა. ესე დავით იყო ღვთისმოყვარე და სიკეთით აღმატებული. ამან დავითმა იშვილა ბაგრატ, ძის ძე ბაგრატ რეგვენისა, მეფეთ-მეფის გურგენის ძე, როგორც აღვწერეთ. მოკვდა ესე მეფე დავით კურაპალატი ქსა, ჩა (1001), და არა დაუტევა ამან ძე, გარდა ბაგრატ ნაშვილებისა თვისისა.
ხოლო ბაგრატ რეგვენი იქმნა მეფედ და კურაპალატად და მოკვდა ეს ბაგრატ, როგორც აღვწერეთ და დაუტევა ამან ძენი გურგენი და სუმბატ. მოკვდა ესე სუმბატ ქსა შჟბ (992) და არა დაუტევა ამან ძე. ხოლო გურგენმა შეირთო ასული გიორგი აფხაზთა მეფისა ცოლად გურანდუხტ. ამ გურანდუხტისაგან შვა ძე ბაგრატ და ეს ბაგრატი იშვილა მეფემან დავით კურაპალატმან. ესევე ბაგრატ გამეფდა პირველად ქართლს, მერე აფხაზეთს. ხოლო გურგენ, მამა ბაგრატისა, შემდგომად მამისა თვისისა გამეფდა. ვინაიდან ძე თვისი უჯდა მეფედ, ამისთვის ამას გურგენს უწოდეს მეფეთ-მეფედ.
მოკვდა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, როგორც აღვწერეთ და დაიპყრა ბაგრატ ძემან გურგენისამან ნაქონები მამა-პაპათა თვისთა. ამ მეფის ბაგრატისამდე რამდენნი მეფენი, კურაპალატნი, ერისთავთ-ერისთავნი და ერისთავნი ბაგრატიონნი აღვწერეთ და რომელთამე სახელნი წარმოვაჩინეთ, სადაცა მეფობდნენ და სხვანი რომელნიმე იყვნენ ტაოს, კლარჯეთს, ისპირს, შავშეთს, არტანს. ხოლო მეფეთა ქართველთა ბაგრატიონთა ეპყრათ მარადის ზემო ქართლი, რომელიც არის სამცხე, და ამისთვის ისახელებოდნენ მეფედ ქართველთა უმეტესად. და კვლავ წილნი მათნი ამათ ადგილებთავე შინა ეპყრათ და ჟამად ქართლი, როგორც აღვწერეთ. ამის ბაგრატის ჟამადმდე რომელნიმე გარდაცვალებულ იყვნენ და რომელნიმე ამის ჟამსა შინა გარდაიცვალნენ ყოველნი წინხსენებულნი, გარდა გურგენისა და სუმბატისა. ხოლო ესენი შეიპყრა მეფემან ბაგრატ და პატიმარ-ჰყო თმოგვს ციხესა შინა. და ძენი ამათნი წავიდნენ კოსტანტინეპოლეს და ბაგრატ მეფემან დაიპყრა ყოველი ესე ქვეყანა და შეაერთა კვლავ ქართლსავე, როგორც აფხაზეთი და ჰერ-კახნი, და ჰყო ყოველნი ერთ სამეფოდ თვის მეფობასა შინა, და იყო ყოველი ესე საქართველო ერთ სამეფოდ, ერთისა მეფისა ქვეშე მორჩილება-მონებასა, ვიდრე ლაშას გიორგის ძის მეფის დავითისამდე წელი სჲდ (264).
ხოლო ამან დავით მეფემან შეიპყრა რა სარგის ჯაყელი და განატევებინა სარგის ყაენმა დავითს მეფესა, მაშინ მოვიდა სარგის სამცხეს, განდგა დავით მეფისაგან ქსა ჩსჲჱ (1268). ამან სარგის ჯაყელმან დაიპყრა სამცხე და მორჩილებდა ყაენსა. დავით მეფესავე ეპყრა ჯავახეთი, კოლა, არტანი და კლარჯეთი და შემდგომად მისა ძესა მისსა დიმიტრი მეფესა, როგორც მოვიდნენ კურთხევასა მისსა ჯავახნი, ტაოელნი, შავშნი და კლარჯნი და არა სარგის ჯაყელი. თუმცა მეფეთა ძღვნითა პატივს სცემდა და უსმენდა სარგის. კვლავ ამანვე დიმიტრი მეფემან წარავლინა ძე თვისი მცირე გიორგი ციხესა შინა იშხანს და შემდგომად დიმიტრისა, როგორც წერილ არის, ვახტანგმა დაიპყრა კარნიფორიდან დარუბანდამდე.
ხოლო მოკვდა სარგის ჯაყელი ქსა ჩსპე (1285). შემდგომად მისსა დაიპყრა ძემან სარგისისამან ბექამ სამცხე და მორჩილებდა ყაენსა. ესე ბექა უმეტესად განდიდდა სარგისისაგან. ამ ბექას მოუწოდა მეფემან დავით, ძემან დიმიტრისამან, კურთხევასა თვისსა ზედა. მაგრამ არა წავიდა ბექა, თუმცა წარუვლინა ძე თვისი სარგის ძღვნითა დიდითა და წარუვლინაცა საჭურჭლენი დიმიტრი მეფისა.
ხოლო შემდგომად განდგომისა დავით მეფისაგან თათართა ამან ბექამ დაიპყრა ტაშისკარს ზევითი სამცხე და კლარჯეთი სრულიად და განდიდდა ფრიად. რამეთუ შეირთო ასული ამისი ბერძენთა მეფემან და მან მოსცა ბექას ტრაპიზონს აქათი ჭანეთითურთ. ბექა უსმენდაცა დავით მეფესა და მორჩილებდა ყაენსა, როგორც აღვწერეთ. შემდგომად მოკვდა ბექა ყოვლითა სიკეთითა აღმატებული ქსა ჩტვ (1306). და დაიპყრეს ძეთა ბექასთა ყოველნი ნაქონებნი ქვეყანანი მამისა თვისისა.
ხოლო შემდგომად დაჯდა რა მეფედ ბრწყინვალე გიორგი, ამას გიორგის მისცა ყაენმა ძენი ბექასნი და დაიპყრა ბრწყინვალე მეფემან გიორგი მორჩილებასა შინა თვისსა ძენი ბექასნი და სრულიად სამცხე-კლარჯეთი. აქამომდე სარგისის განდგომიდან გავიდა წელნი ნ (50). და შემდგომად ვიდრე ოჱ (78) მეფის გიორგისამდე იყო ყოველი სამცხე და კლარჯეთი და ძენი ბექასნი და ძის ძენი მისნი ყოველნივე მორჩილებასა და ერთმეფობასა შინა ქართველთა მეფობასა შინა, როგორც აღვწერეთ.
ესეთ რამეთუ მოკვდა სარგის ჯაყელი, ძე ბექასი, ქსა ჩტლდ (1334) და დასვა ბრწყინვალემან მეფემან გიორგიმ ყვარყვარე ძე სარგისისა, მოკვდა ესე ყვარყვარე ქსა ჩტჲა (1361), დასვა ძე ყვარყვარესი დიდმან მეფემან ბაგრატ ბექა, მოკვდა ესე ბექა ქსა ჩტჟა (1391), და დასვა იოვანე, ძე ბექასი, დიდის ბაგრატის ძემან გიორგიმ. მოკვდა ესე იოვანე ქსა ჩუმდ (1444) და დასვა აღბუღა, ძე იოვანესი, მეფემან ვახტანგ. მოკვდა ესე აღბუღა ქსა ჩუნა (1451) და დასვა ოჱ (78) მეფემან გიორგიმ ყვარყვარე, ბიძა აღბუღასი. ხოლო აქამომდე იყვნენ ერთმეფობისა მორჩილებასა შინა ქართველთა მეფეთასა წელნი რმე () და ესეთ დასვამდნენ და შესცვლიდნენ მეფენი როგორც აღვწერეთ.
წარმოჩენა ბაგრატიონთ ნათესაობისათვის
ხოლო უკეთუ ვინმე უცხოდ აღგიჩნდეთ ცხოვრებისაგან რომელიც ჩვენ აქა ბაგრატიონთა ნათესავ-ჩამომავლობანი აღვწერეთ, ამისთვის გვაქვს ჩვენცა მისვე ცხორვებისაგან აღმოჩენით მოწმობანი და ვიმოწმებთ ესეთ. რამეთუ პირველად წერილ არის ცხოვრებასა შინა, რამეთუ გურამ იყო დისწულისაგან მირდატ გორგასლანის ძისა, და თუმცა ეს გურამ, რომელიც გამეფდა, შვიდთა ძმათთაგანი იყო, აღარა ასულის წული იქნების ვახტანგ გორგასლანისა, ვინაიდან სოლომონს ფილოსტიმესა შინა არა ესვა ვახტანგ მეფის ასული ცოლად და არცა შვიდნი იგი ძმანი, ძენი სოლომონისნი, იყვნენ ასულის წულნი ვახტანგ მეფისანი. რამეთუ გურამის მეფობამდე ვახტანგ მეფიდან გარდახდენ წელნი ოვ (75), რამეთუ ვახტანგ მეფე გარდაიცვალა ქსა უჟთ (499). ხოლო გურამ გამეფდა ქსა ფოე (575) და მოკვდა მეფე გურამ ქსა ქ (600). ამ რიცხვით იქმნებოდა გურამ როდესაც გამეფდა რა წლისა და ესე ურწმუნებელი არის.
კვლავ წერილ არის კურაპალატობა მეფის გურამისა. ჰსცან, რამეთუ არა იგი შვიდთა ძმათაგანი იყო კურაპალატი, არამედ ესე გამეფებული გურამ.
კვლავ წერილ არის ცხოვრებასა შინა, რამეთუ არჩილ მეფემან მისცა გურამ კურაპალატის ძმის ძის ძეს ასული მირ მეფისა. ესეც სცან, რამეთუ შვიდთა ძმათაგანსა გურამს არა ესვა მამის ძმა, არცა მამის ძმის ძე, ვინაიდან შვიდნი ძმანი მოვიდნენ და არა ბიძა ძმისწულნი. და უკეთუ სტეფანოზის ძის გურამ კურაპალატისას იტყვის ცხოვრება, არა ესვა გურამის ძესა დემეტრეს, მთავრის სტეფანოზის ძმასა, ძე, ვინაიდან სნეულ იყო და უცოლო. არამედ იტყვის, რომელიც გამეფდა მისას ბაგრატის ძესა, რომელსაც ჰყავდა მამის ძმა, როგორც წარმოვაჩინეთ.
კვლავ იტყვის ცხოვრება ბაგრატიონობასა ამათსა, რამეთუ ესე გურამ არა მის ბაგრატისაგან იყო, რომელიცა შეიყვანა რაქაელ დედოფალმან სიძედ, არამედ გურამისაგან, ძმისა მისისა, რომელიც მოვიდა ქართლს. და ამისგან ჯერ იყო გურამიანობა და არა ბაგრატიონობა. და კვლავ ამითიც საცნობელ არის, რამეთუ რომელნიც გავიდნენ კახეთს და კამბეჩოვანს არა ახსენებს ცხოვრება მათ ბაგრატიონად. თუმცა არის ამ ბაგრატისაგან, როგორც აღვწერეთ. ხოლო ვინაიდან უწოდა ძმისა თვისისა სახელი ძესა თვისსა გურამ, ამისთვის იქცა აღწერს მის-მიერსა ბაგრატიონობასა.
კვლავ მეხუთე ესეცა წერილ არის. რამეთუ დავით აღმაშენებელი იყო მესამოცდათვრამეტე ნათესავი დავით წინასწარმეტყველისაგან, და უკეთუ ესეთ არა იყო, როგორც აღვწერეთ, გურამ, ბაგრატ და გურამ მოაკლდება ორი ნათესავი დავით წინასწარმეტყველიდან აღმაშენებელისამდე, და აღარა სწორე იქმნება თქმული. ამის აღმოჩენისათვის ჭეშმარიტ არის აღწერილი ჩვენი და არა სცდება. ხოლო ცხოვრებასა შინა მკითხველსა ჯერ უჩნს ესეთ გარკვევით გულისხმიერებით წაკითხვა.
ა. ყვარყვარე, დ (4) წელი იმთავრა
ხოლო მოკვდა რა ათაბაგი აღბუღა, ამან დაუტევა ძე თვისი ყვარყვარე. მაგრამ ბიძამან აღბუღასამან ყვარყვარემ გადმოიბირა მესხნი და ვაზირნი გიორგი მეფისანი და იქმნა გიორგი მეფისაგან შეწევნითა ვაზირთათა ათაბაგად. თუმცა იყო ესე ყვარყვარე ქედმაღალი, დიდებისმოყვარე, მჩურჩნელი და მეშფოთე, ოღონდ ახოვანი და შემმართებელი. ამან ყვარყვარემ იწყო გადმობირვად მესხთა და ქვეგამჭვრეტელობა ფარულად გიორგი მეფისა; მერე ეზრახა ერისთავთ-ერისთავსა იმერთასა ბაგრატს, რათა განდგეს იგი გიორგი მეფისაგან და ამაზედ მწე ეყოს ყვარყვარე ყოვლითა ძალითა თვისითა, ვინადან ბაგრატსაცა ენება ამის ყოფად. მსმენელსა ბაგრატსა მოეწონა ესე, გაიხარა და განდგა და დაიპყრა იმერეთი.
მაშინ ამისმან მსმენელმან გიორგი მეფემან უბრძანა ყვარყვარეს (რამეთუ ჰგონებდა სარწმუნოდ თვისად და არა მის-მიერობასა) შემოკრებად სპათა სამცხე-კლარჯეთისათა და მოსლვად ფერსათის მთიდან იმერეთსა შინა. ხოლო ყვარყვარე შემოკრებული სპითა წავიდა ნელად, რათა იხილოს მეფის გიორგისა და ბაგრატისა თუ რა იქმნება, და ავიდა მთასა ჩასლვად რა იმერეთს, ესმა ძლევა ბაგრატისაგან გიორგი მეფისა, უკმოიქცა და მოვიდა სამცხესვე. ამისთვის ამან ყვარყვარემანცა იწყო განდგომად მეფის გიორგისაგან და დამორჩილებად ერისთავთა ამ ქვეყნისათა სამცხე-კლარჯეთისათა.
ამისი მსმენელი მეფე გიორგი მოვიდა სპითა სამცხეს. მაშინ ვერ წინააღუდგა ყვარყვარე ამ ქვეყნის ერისთავთ გამო და წავიდა იმერეთს წინაშე ბაგრატისა. ხოლო ბაგრატმა შეიწყნარა შურითა გიორგი მეფისათა და, შემდგომად თავრიზ გილაქის მოსლვისა, მოჰყვა ბაგრატ სპითა თვისითა ყვარყვარეს და დაიპყრა კვლავ ყვარყვარემ სამცხე-კლარჯეთი ქსა ჩუჲგ (1463). ხოლო ბაგრატ უკუნიქცა იმერეთსავე. და მოსცემდა ბაგრატ მარადის შეწევნასა ყვარყვარესა, რამეთუ ეშინოდა ყვარყვარეს ერისთავთაგან ამა ქვეყნისათა, რათა არა მიერთნენ კვლავ გიორგი მეფესავე. ამისთვის ეზრახა გურიელს კახაბერს და მისცა აჭარა, ჭანეთი, რათა მწე ექმნას ერისთავთა ზედა ამის ქვეყანისათა. ესე გაიხარა გურიელმა და მიიღო ქვეყანანი იგინი და, ვინაიდან ბაგრატიცა მწე იყო ყვარყვარესი ამის მიერ, მოვიდა გურიელი სპითა თვისითა და ებრძოდენ ერისთავთა, რომელნიც არა ემორჩილებოდნენ ყვარყვარეს. მაშინ ვიეთნიმე მოსრენ, ვიეთნიმე დაიმორჩილეს და ვიეთნიმე ივლტოდნენ, როგორც ზაზა ფანასკეტელი წავიდა ქართლს წინაშე გიორგი მეფისა და სხვანიცა.
ხოლო ყვარყვარემ დაიპყრა ქვეყანანი და ციხენი სამცხე-კლარჯეთისანი თვისად და უწოდა სახელითა თვისითა უმეტეს პირველისა საათაბაგო. ესე ეწყინა ფრიად გიორგი მეფესა, შეკრებილი სპითა მოვიდა და დადგა ტბასა ფარავანსა ზედა. ეზრახა ათაბაგსა და მესხთა, რათა ჰყონ კვლავ მორჩილება და არა განდგომილება და შეერთდენ მასვე, და ამით გარდაიბირებდა მესხთა მეფე ყვარყვარესაგან. ამის შიშისათვის ყვარყვარე შემწითა თვისითა დაესხა მეფეს გიორგის უგრძნეულად, მაშინ იძლია სპანი მეფისანი და შეიპყრა ყვარყვარემ მეფე გიორგი ფარავანსა ზედა ქსა ჩუჲე (1465), წაიყვანა და პატიმარ-ჰყო მეფე, და უმეტესად დაიპყრა ქვეყანანი ესენი სრულიად და განამტკიცა საათაბაგოდ. მაგრამ შემდგომად მოკვდა ყვარყვარე ქსა ჩუჲვ (1466) იანვარს.
ბ. ბაადურ, თ (9) წელს იმთავრა
შემდგომად მისსა დაჯდა ძე ყვარყვარესი ათაბაგად ბაადურ. ამან ბაადურმა იხილა რა გაძლიერება ბაგრატ იმერთა მეფისა და დაიპყრა ხონთქარმან ტრაპიზონ-აზრუმი და ეკირთებოდენცა ოსმალნი მცირედ-მცირედ კლარჯეთსა და ჭანეთსა, ამის მიერ შეშინდა ბაადურ ათაბაგი: „უკეთუ გაძლიერდეს ბაგრატ და ინებოს მანცა დაპყრობა საათაბაგოსი, ვერღარა წინააღუდგეს ბაადურ ბაგრატს ოსმალთა უცალოების გამო და შეკრებისა ქვეყანათათა, და კვლავ დაიმორჩილოს მის მეფობასა ქვეშე“. ამისთვის ეზრახა ბაადურ გიორგი მეფესა, რათა აღარა მოიხსენოს შური მამისა მისისა ყვარყვარესი და არცაღა მიუღოს მთავრობა იგი მისი, ამის პაემნითა განუტეოს მეფე და მორჩილ ექმნას ბაადურ მტერსა ზედა მოლაშქრედ და მივიდნენ და დაიპყრას მეფობა ქართლისა და ჰერ-კახთა. მსმენელმან გიორგი მეფემან უღონო ქმნილმან მისცა პირი მტკიცე ამათ ყოველთათვის.
მაშინ შემოიკრიბა ბაადურ ათაბაგმა სპანი, ჩავიდა გიორგი მეფე ბაადურითურთ და დაიპყრა ქართლი და ჰერ-კახნი. ხოლო ბაადურ უკმოიქცა სამცხესვე. ამისნი მხილველნი მესხნი განუტევებდნენ მეფესა თვისსა და დაემორჩილებოდნენ ათაბაგსა, რამეთუ მისცემდა მთავართა კერძოთა თვისთა ადგილებთა სახასოთა მეფისათა და მონასტერ-ეკლესიათა და მოიმტკიცებდა სარწმუნოდ თვისად ათაბაგი.
ხოლო შემდგომად მოკვდა რა მეფე გიორგი და დაჯდა მის წილ ძე მისი კოსტანტინე, ამან მიუწოდა ათაბაგს ბაადურს კურთხევასა ზედა თვისსა. თუმცა ათაბაგმა არა ინება წასლვად, არამედ ეპისკოპოსნი იტყოდნენ: „არა ძალ გვიძს, რათა არა მივიდეთ, რამეთუ ვართ კურთხევასა ქვეშე კათალიკოზისასა“. ამისთვის მისცა ნება ათაბაგმანცა და წავიდნენ, და მათთანა ვიეთნიმე მესხნიცა მტკვრის აღმოსავლეთისანი. ხოლო ესე ეწყინა ბაადურ ათაბაგსა და იწყო შემცირებად ეპისკოპოსთა და წართმევად მამულთა, და განადიდებდა და უფროსად პატივს უყოფდა მთავართა ეპისკოპოსთაგან, მაგრამ ჯავახეთი და მტკვრის აღმოსავლეთი რომელიმე ეპყრა კოსტანტინე მეფესა და ოდესმე მწე ექმნებოდაცა ბაადურ ათაბაგი კოსტანტინე მეფესა ფიცისათვის გიორგი მეფისა და თვისად განიმაგრებდა სამცხეს. შემდგომად მოკვდა ვითარებასა ამას შინა ბაადურ ათაბაგი წლისა კა (21), ქსა ჩუოე (1475).
გ. მანუჩარ, იბ (12) წელს იმთავრა
შემდგომად ბაადურისა დაჯდა ათაბაგი მანუჩარ, ძე ყვარყვარესივე და ძმა ბაადურისა. ამან მანუჩარ სრულიად აღარა ინება სათნო და მწეობა კოსტანტინე მეფისა და შლილობასა შინა იმერთა თანა და მოსლვასა უზუნასან ყაენისასა წაართვა ამან მანუჩარმა კოსტანტინე მეფესა მტკვრის აღმოსავლეთი და დაიპყრა თვისად. ხოლო შემდგომად რა დაიპყრა კოსტანტინე მეფემან იმერეთი, შეიკრიბა სპანი, მოჰყვა დადიანიცა და ქართლიდან მოუხდა ჯავახეთს ქსა ჩუპა (1481). მაშინ მანუჩარი ვერ წინააღუდგა. არამედ გაამაგრა ციხენი და სიმაგრენი საათაბაგოსანი. ხოლო მეფემან კოსტანტინემ წაართვა კვლავ მტკვრის აღმოსავლეთისანი სრულიად და უკუნიქცა ქართლსავე. შემდგომად იხილა შფოთება იმერთა კოსტანტინე მეფესა ზედა მანუჩარ ათაბაგმა, შეიკრიბა სპანი და წაართვა კოსტანტინე მეფესა მტკვრის აღმოსავლეთი კვლავ. ამისი მსმენელი მეფე კოსტანტინე მოსწრაფებით მოვიდა სპითა, თუმცა მანუჩარმა კვლავ არა ინება ბრძოლა მეფისა. არამედ ყვარყვარემ, ბიძის ძის ძემან მანუჩარისამან, სთხოვა, რათა იგი ებრძოლოს მეფესა, და მიეგება ესე ყვარყვარე ნებითა მანუჩარისათა მეფესა სპითა თვისითა, ებრძოლა ძლიერად და იძლია მეფე კოსტანტინე ყვარყვარესაგან ქსა ჩუპგ (1483). და მოვიდა გამარჯვებული ყვარყვარე. მაშინ მეფე კოსტანტინე ეზრახა მანუჩარს ერთობა-მორჩილებასა. მაგრამ მანუჩარმა ყვარყვარეს გამო არა ინება.
ხოლო წელსა ქსა ჩუპვ (1486) მოვიდა იაყუბ ყაენი, გამოვლო აბოცი და მოადგა ახალქალაქს და აოხრებდა გარემოთა ქვეყანათა ამოწყვედითა და ტყვე-ყოფითა. ამას მანუჩარ ვერ წინააღუდგა და ვერცა რამეს ავნებდა სპათა მისთა. თუმცა მცდელობდა მაგრებასა ციხე ქალაქისასა. არამედ ყაენმა მცირეს ხანსა შინა შემუსრა ახალქალაქი და გამოიყვანა იქიდან მესხნი წარჩინებულნი და ტყვენი მრავალნი იქ მყოფნი სრულიად. მერე მოწვა ქალაქი და იქიდან მოადგა ახალციხეს. აიღო იგიცა და უყო ეგრეთვე მასცა. შემდგომად მოადგა აწყუერსა და შეამჭირვა ფრიად. მაშინ მოქალაქეთა ვერა-რასა შემწისა მპოვნელთა ითხოვეს ზავი ყაენისაგან, რათა არა ტყვე ჰყვნას და არც შემუსროს ეკლესია, მისცენ ქალაქი ყაენსა.
ამისთვის ყაენმა მისცა პირი მტკიცე, ვინაიდან მკსინვარებდა ჰაერი და მისცეს მოქალაქეთა აწყუერი ციხით სექტემბერს კე (25). მაგრამ რა მოვიდნენ სპანი ყაენისანი ამოწყვედილნი ქართლის სომხითიდან, განრისხდა ყაენი და აღარა აუსრულა პირი მესხთა, ტყვეჰყვნა აწყუერისანი სრულიად და აწყურის ღვთისმშობელი. მერე კვლავ მოაოხრა ქვეყანა ესე და დაუტევა ეკლესია აწყუერისა უვნებელად, უკუნიქცა და წავიდა. ხოლო მანუჩარ ათაბაგსა ეწყინა დატყვევება აწყუერისა ღვთისმშობელისა, წარავლინა ვერცხლი დიდძალი და დაიხსნა და დაასვენა აწყუერსავე. არამედ შეიმჭირვებდა მოოხრებისათვის ქვეყნისა და შიშობდა კოსტანტინე მეფისაგან შურისგებისათვის და ამაგრებდა ციხე-სიმაგრეთა. შემდგომად მოკვდა მანუჩარ ათაბაგი ქსა, ჩუპზ (1486).
დ. ყვარყვარე, იგ (13) წელს იმთავრა
და დაჯდა შემდგომად მანუჩარისა ათაბაგად ძე აღბუღა ათაბაგისა ყვარყვარე წლისა ნთ (59). ამან დაიპყრა სრულიად საათაბაგო, რამეთუ იყო მშვიდობის-მოყვარე, თუმცა მხნე, ახოვანი და შემმართებელი. ხოლო წელსა ქსა ჩუჟ (1490), ეზრახა ამას მეფე კოსტანტინე, რათა შეერთდნენ, ანუ მისცენ შეწევნა თათართა ზედა. მაგრამ არა ინება ყვარყვარემ.
შემდგომად ამისა მოკვდა დედისიმედი ქსა ჩუჟა (1491) დეკემბერს იჱ (18).
ხოლო შემდგომად წასლვისა თათართასა ქართლიდან იხილა კვლავ გაძლიერებასა მეფისა კოსტანტინესი ყვარყვარემ, ეზრახა და დაეზავა და ჰყო მშვიდობა მისთანა.
შემდგომად კვლავ ამავ მეფის კოსტანტინეს ჟამსა შინა იყო ვინმე ვაჭარი მესხი შაქს ყიდვად აბრეშუმისად. და შეექმნათ ჩაგვრა და შფოთი იქაურსა მედუქნესა და მესხსა მას, მწე-ექმნა შაქელი და გვემა მესხი იგი. მაშინ მესხმან აქადა სიმხნე და ძალი ათაბაგისა და დასთხოვა მუქარა. ამისთვის განრისხდა შაქელი და უწყალოდ ჰგვემა მესხსა, წაართვა ქონებანი და გააძევა მეტყველმან: „არ მიმიბას ყური სამსჭვლითა დუქანსა ჩემსა და დამიცეს წიხლი დარაბასა ამას ჩემსა ათაბაგმან შენმან ამისთვის“. ხოლო უღონო ქმნილი და მტირალი მესხი იგი მოვიდა წინაშე ათაბაგისა და მოუთხრა ყოველი ყოფილი. მსმენელმან ათაბაგმან დაიდუმა ჯერეთ. მერე შემოიკრიბა სპანი, აღმოარჩინა მათ შორის ფ (500) ჭაბუკნი და დაუდგინნა მათ თავად მოხუცებულნი, გამოცდილნი ბრძოლათა შინა, და შესხნა სრულიად იგინი ურას კვიცთა ზედა, წავიდა და განვლო მათით დმანისხევი, გავიდა მტკვარს და მივიდა შაქს უცნობელად, და უყო ყოველნივე თქმულნი ვაჭრისა შაქელსა მას ვაჭარსა სრულიად და მისცა მესხსა ქონება თვისი, თუმცა სხვა არა რა ავნო ქვეყანათა და მოქალაქეთა, მოიქცა, შემოვლო ყარაია, გამოვლო მუხრანი, და რა მოვიდა შიდა ქართლს, სცნა ესე ციციმ ციციშვილმა, აცნობა შიდაქართველთა, შემოკრიბნენ და მოეწივნენ ათაბაგს, როგორც მდევარნი. მხილველმა ათაბაგმა მიუვლინა მეტყველმან: „რამეთუ არა რა მივნეს ესეოდენთა ქვეყანათა, ვიდრე ქათმისამდე. არამედ უმეტეს განვადიდე სახელი ქართველთა, ვინაიდან უმტერე მტერსა. ამისთვის ჯერ არის თქვენდაცა სიხარული, რამეთუ ვარ მკვიდრი და მონათესავე თქვენი, აწ მიტევეთ, რათა წავიდე მშვიდობით“. მსმენელთა ამისთა ქართველთა მოევლინათ მროველ-ეპისკოპოსი და მოეთხრათ: „ან მოხვედ და მორჩილ ექმენ მეფესა ჩვენსა, ვინაიდან ხარ მკვიდრი, ან შეგიპყრობთ, რამეთუ ხელთა შინა ჩვენთა ხარ“. ამას შეპყრობასა ათაბაგი უარ-უთქმიდა და ცდასა ამისსა ცუდსა და ეტყოდა მშვიდობასავე.
მოუგო მროველმა: „არა უწყი, რამეთუ ძალი ხნავს აღმართსა?“. ამისთვის მიაქცია ათაბაგმან მროველი ბრძოლისა პირსა ზედა, მაშინვე მოეტევნენ ქართველნი, და აქით ეკვეთნენ მესხნი არადეთის გორასა ზედა (რომელსაც მიერ ჟამიდან ეწოდა ცეცხლის ჯვარი ფიცხელ-ძლიერისა ბრძოლისათვის). და იქმნა ბრძოლა სასტიკი, რამეთუ არა დარჩნენ მესხნი, რომელიც არა დაიკოდა, ან არა დაჰკოდა, და თვით ათაბაგმან მოჰკვეთა მკლავი ხელნავიანად. კვლავ ჰკრა შუბი შალიკაშვილმა მაჩაბელსა და გადააგდო ცხენიდან და შესძახა: „აწყურისა ღვთისმშობელმნ, თუმცა ურას კვიცს არა მჯდარ ვიყავ, გამეთხარამცა იქით კერძ“. მაშინ მაჩაბელმა მჩოქარემან მოუკრა ხმალი და წარუკვეთა კისერი ცხენისა მისისა და დაასო ხმალი უნაგირისა ტახტასა მეტყველმა: სპარსმან წმიდამან გიორგიმ, არათუმცა ყოფილ ვიყავ ჩამოვარდნილი შუამცა განმეკვეთე (არამედ იქმნენ სხვანიცა მრავალნი სახსოვარნი, თუმცა სიგრძისათვის დავიდუმეთ)“.
ხოლო იძლივნენ ქართველნი და შეიპყრეს მროველი, და დაუწყეს თრევად მეტყველთა: „უკეთუ ხნავს ძალი აღმართსა, ნებამ დაფარცხოს თავდაღმართი“. ვინაიდან არა ჰყო მღვდელთმთავარმან მშვიდობა, მიაგეს ესეთ. ათაბაგი მოვიდა გამარჯვებული სამცხეს და შემდგომად ამისა მთავრობდა მშვიდობით და სიყვარულითა და ერთობითა მეფეთა თანა. ხოლო მოკვდა ყვარყვარე ათაბაგი წლისა პბ (82), ქსა ჩფ (1500), იანვარს ა (1).
ე. ქაიხოსრო (II), ბ (2) წელი იმთავრა
შემდგომად მისსა დაჯდა ათაბაგად ძე ყვარყვარესი ქაიხოსრო. ამან ქაიხოსრომ იწყო მეგობრობა გარემოსთა მისთა მეფეთა და დაიპყრა საათაბაგო და განაგებდა მორჩილებასა შინა თვისსა. მაგრამ ჟამსა ამისსა იწყეს კირთება აზრუმ-ტრაპიზონის ფაშათა საათაბაგოსი და ჭანეთისა, და ამშვიდებდა ქაიხოსრო ათაბაგი მორჩილებისა პირსა ზედა, და სძღვენობდა მარადის. მოკვდა ქაიხოსრო ათაბაგი წლისა ნგ (53), მაისს ვ (6), ქსა ჩფბ (1502).
ვ. მზეჭაბუკი დიდი, იდ (14) წელს იმთავრა
ამის ქაიხოსროს შემდგომად დაჯდა ძე ამისი ათაბაგად დიდი მზეჭაბუკ. ესე მზეჭაბუკ დაეზავა მეფესა კოსტანტინეს და პატივს სცემდა და უსმენდა. გურიელს კნინღა თუ წაართვეს ოსმალთა ჭანეთი. ხოლო ესე მზეჭაბუკ დაეზავა ოსმალთა მორჩილებისა პირსა ზედა. ამით წაართვა გურიელსა ბრძოლითა აჭარა და ჭანეთი და დაიპყრა თვით. ხოლო შემდგომად წელსა ქსა ჩფიბ (1512) წარმოავლინა სულტან სულეიმან სარასკარი, რომელიც არის თავი სპათა ანუ სპასალარი, სპითა დიდითა და ძლიერითა დაპყრობად გიორგიისად. ესენი მოვიდნენ და მოადგნენ საათაბაგოს. მაშინ მზეჭაბუკ განამაგრა ციხენი და სიმაგრენი და დახიზნა სიზანნი და თვით განზრახვითა მესხთათა ეზრახა სარასკარსა და მივიდა წინაშე მისსა, ხოლო სარასკარმან პატივით შეიწყნარა და ითხოვა მზეჭაბუკისაგან საზრდელი და ყოლაუზობა იმერეთსა ზედა. ამან მზეჭაბუკ აუსრულა ყოველნი და წარუძღვა იმერეთს. ჩავიდნენ და ჰყვეს რა იგი აღვწერეთ, და კვლავ უკმოქცეულთა გამოვლეს სამცხე-საათაბაგო უვნოდ ოსმალთა და წავიდნენ. ამით დაეზავა ესე მზეჭაბუკ ოსმალთა და აღუთქვა მორჩილება და მსახურება. მერე კვლავ დააშენნა ხიზანნი და ააშენა საათაბაგო და მართავდა კეთილად. ესე მეგობრობდა დავით მეფესა ქართველთასა. ამას დიდს მზეჭაბუკს ამისთვის უწოდენ, რამეთუ დღეთა თვისთა არა ააფრინა ქათამიცა უსამართლოდ საათაბაგოსა შინა და სცხოვრებდა თვისთა მეზობლებთა თანა სიყვარულითა და მეგობრობითა. კვლავ უკმოიბრუნა საათაბაგონისა ყოველნივე და დაიპყრა თვითვე. კვლავ მძლავრთა ოსმალთა დაეწყო და ჰყო ქვეყანა მათგან უვნოდ. შემდგომად მოკვდა დიდი მზეჭაბუკ ქსა ჩფივ (1516).
ზ. ყვარყვარე (IV), ი (10) წელს იმთავრა
დაჯდა შემდგომად მზეჭაბუკისა ძე ამისი ყვარყვარე ათაბაგად. ესე ყვარყვარე დაემეგობრა უმეტეს ყოველთა დავითს ქართველთა მეფესა. ხოლო წელსა ქსა ჩფკ (1520) მოვიდა სპა ხონთქრისა და მოადგა საათაბაგოს. ყვარყვარე ათაბაგმა გაამაგრა ციხე-სიმაგრენი საათაბაგოსანი და დახიზნა ხიზანნი. მაშინ ოსმალთა რა ვერღარა რა ჰპოვეს სამცხეს, გადავლეს სამცხე და ჩავიდნენ თრიალეთს და მერე ქართლს, და იქ ამოწყვიდა დავით მეფემან და ლტოლვილთა გამოვლეს კვლავ საათაბაგო. ამათ ყვარყვარე ათაბაგმან არა რა ავნო, არამედ მისცა საზრდელნი და განუტევა მშვიდობით. ამისა შემდგომად ამან ყვარყვარემ მისცა შეწევნა სპითა მეფესა დავითს შაჰ-ისმაილსა ზედა. ხოლო მოადგა რა შაჰ-ისმაილ ტფილისს, ამან წარმოავლინა სპასპეტი თვისი დევალ მარბიელობით და მოსრა და მოსტყვევნა სამცხე. მაგრამ ყვარყვარემ ვერა რა ავნო, რამეთუ მსწრაფლადვე უქუნიქცნენ.
ამანვე ყვარყვარემ როდესაც მოვიდა მაწვეველი ხონთქრისა მეფეთა თანა დაპყრობად იერუსალიმისად, აირჩია ქართველთა მეფე გიორგი და მივიდა მისთანა სპითა თვისითა, მიჰყვა მას იერუსალიმს და მოიქცა მისთანავე გამარჯვებული. მაგრამ შემდგომად ამისა მოიხსენა შური იმერთა მეფემან ბაგრატ მზეჭაბუკ ათაბაგისა, რაჟამს მიჰყვა ოსმალთა იმერეთსა ზედა და კვლავ ყვარყვარესიცა, რამეთუ მიჰყვა გიორგი მეფესა იერუსალიმს და არა ბაგრატს. და კვალავადცა იხილა შეავება სამცხისა შაჰ-ისმაილისაგან და მოოხრება. და რამეთუ მოკვდაცა გიორგი მეფე ქართველთა. ამისთვის ეზრახა დადიან-გურიელსა და აღუთქვა გურიელსა რომელიცა ეპყრა პირველაც სამცხისანი.
ესე გაიხარა გურიელმა და მიერთო ბაგრატს. ხოლო დადიანი უნებლიეთად შიშისათვის მოერთო იგიცა ბაგრატს. ამათ ყოველთა შეკრებილთა გადმოვლეს მთა ფერსათისა სპითა სრულიად იმერეთისათა, რათა დაიპყრას სამცხე ბაგრატ და შურ-აგოს ათაბაგსა ყვარყვარეს. მცნობმან ყვარყვარემ შემოიკრიბა სრულიად სპანი საათაბაგოსანი, და შეებრძოლნენ ურთიერთს მურჯახეთს და იქმნაცა ბრძოლა ძლიერი, ქსა ჩფლე (1535) და ამოწყდნენ ორმხრითვე ურიცხვი. მაგრამ შემდგომად იძლია ათაბაგი ყვარყვარე, შეიპყრეს ყვარყვარე და მიართვეს ბაგრატს. ხოლო ბაგრატ პატიმარ-ჰყო ყვარყვარე იმერეთს და მოკვდა პატიმრობასა შინა ყვარყვარე ათაბაგი.
ბაგრატ მეფემან იმერთამან დაიპყრა სამცხე
და ბაგრატ მეფემან დაიპყრა სამცხე თვისად და იმყოფებოდა სამცხეს. მაშინ მისცა გურიელს აღთქმულნი აჭარა და ჭანეთი. წავიდა გურიელი და დაიპყრა მან იგინი. მაშინ შალიკაშვილმა ოთარმა წაიყვანა ქაიხოსრო ძე ყვარყვარე ათაბაგისა სტამბოლს და აუწყა ყოველი ყოფილი ბაგრატისაგან ხონთქარსა, რამეთუ სამსახურისა მისისათვის უყო ბაგრატ ესე ყოველი, როდესაც ჩაუძღვა იმერეთს ათაბაგი სპათა მისთა. ამისთვის განრისხდა სულტანი სულეიმან და წარმოატანა მუსტაფა ფაშა სპითა დიდითა და ზარბაზნებითა დიდ-დიდითა და რა მოვიდნენ ესენი, შეებრძოლა ამათ ბაგრატ-გურიელით, აოტა და მოსრა ოსმალნი ქსა ჩფმა (1541). ხოლო ქაიხოსრო და ოთარი ლტოლვილნი წავიდნენ კვლავ სტამბოლს. ამისი მსმენელი სულტანი განრისხდა ამოწყვედისათვის სპათა თვისთა და წარმოავლინა აზრუმისა და დიარბექირის ფაშანი სპითა სუაზს აქათითა და ქაიხოსრო და ოთარი მათთანავე.
ხოლო ესე რა სცნა ბაგრატ მეფემან, მოიყვანა მეფე ლუარსაბ და ეკვეთა ბასიანს სოხოისტასა ზედა ოსმალთა ქსა ჩფმე (1545). მაშინ იძლივნენ საქართველოსანი მუხთლობითა მესხთათა, რამეთუ აღარა მწე-ეყვნენ მცილებლობისათვის მეწინაობისა და წავიდნენ ლტოლვილნი მეფენი თვის-თვისად. ხოლო ოსმალნი შემოვიდნენ და დაიპყრეს ციხენი საათაბაგოსანი განზრახვითა ოთარ შალიკაშვილისათა, რამეთუ ეტყოდა ოსმალთა: „უკეთუ დაიპყრათ ციხენი, დაგემორჩილოს ქვეყანა ესე საუკუნოდ“, ვინაიდან ეშინოდა ბაგრატისაგან კვლავ დაპყრობისა, რამეთუ ბაგრატს ჰყავდა მწედ მეფე ქართლისაცა.
ჱ. ქახოსრო, კჱ (28) წელს იმთავრა
მაშინ მოსცეს ოსმალთა ათაბაგობა ქაიხოსროს და თვით წავიდნენ. მაგრამ ამცნეს ათაბაგსა მტერობა ყიზილბაშთა. ხოლო ქაიხოსრო ათაბაგი ესიძა ვახტანგს, მუხრანის ბატონსა, და მოიყვანა და მისი დედისიმედი და იქორწინა მისთანა. თუმცა ოსმალთა წესისა მათისაებრ იწყეს მძლავრებად ქვეყანათა. ეწყინა ესე ქაიხოსრო ათაბაგსა და ოთარს და გამზარხველთა თავისუფლებისათვის თვისთა მიუწერეს შაჰთამაზს ყაენსა, რამეთუ „არის ქვეყანა ჩვენი სპარსთა, აწ ვინაიდან მოგეცა ძლევა, მოვედ, ჩვენ მოვსრეთ ოსმალნი ძალითა შენითა და დაიპყარ ქვეყანა ესე“. მსმენელი შაჰთამაზ წარმოემართა. ხოლო ესე ყოველი მიესმა სულტან სულეიმანს ხონთქარსა და მოვიდა იგიცა მოსრვად სამცხისად.
ამისნი მხილველნი ქაიხოსრო და ოთარი შეშინდნენ და მიმართეს ხვანჯი და მიუწერეს შაჰთამაზს ვედრებითა დიდითა, რათა მოუწეროს ამათ წიგნი რისხვისა. ესე უსმინა შაჰთამაზ, ვინაიდან არა ენება ბრძოლა ხონთქრისა, რამეთუ არა ძალ-ედვა მაშინ წინააღდგომა მისი და მოუწერა ოთარს: „ვინაიდან მიეც ქვეყანა ჩემი ოსმალთა, ამისთვის მოვიდე და მოვსრა ქვეყანა შენი და შენცა ვერავინ განგარიდოს ხელთაგან ჩემთა, მოგკვეთო თავი და მივსცე მძორი შენი ძაღლთა“.
ხოლო ოთარმან წიგნი ესე მსწრაფლად წარუვლინა სულტანს მეტყველმა: „მოგეც ქვეყანა ციხეებითურთ და დაგემორჩილეთ ყოველნი. ამისთვის ამის მცნობელი ყაენი მოსულ არის მტერად ჩვენდა და აწ თქვენცა გნებავთ ამოწყვედა ჩვენი, რომელნიც ველოდით მოწყალებასა. აჰა წიგნი შაჰთამაზისა, უკეთუ ვართ რისამე შემცოდენი“.
ამისი მხილველი ხონთქარი განკვირდა, მოსცა ათაბაგსა შეწევნა და თვით წავიდა და დარჩა ქვეყანა უვნოდ, ვინაიდან შაჰთამაზცა უკუნიქცა სპარსეთად. ხოლო წელსა ქსა ჩფმვ (1546) კვლავ მოვიდა ბაგრატ იმერთა მეფე. მაგრამ ვეღარა დაიპყრა სამცხე, თუმცა წაასვენა აწყურის ღვთისმშობელი ციხეჯვარს და წავიდა თვითცა. მერე ტყვე-ჰყო ლევან დადიანი. მაშინ შეუჩინა ქაიხოსრო ათაბაგმა ჩხეიძე ხოფილანდრე. ამან გამოაპარა ლევან დადიანი და მოიყვანა სამცხეს. ამისთვის ეზრახა ათაბაგი გურიელსა, რათა მისცეს გზა ლევანს დადიანს. ხოლო გურიელმა სიხარულით წაიყვანა და ჰყვეს დადიანად ლევან ოდიშსავე.
ხოლო წელსა ქსა ჩფმზ (1547) ლუარსაბ ქართველთა და ლევან კახთა მეფენი მტერობდნენ სპარსთა: ამას ზედა შეიზრახნენ ქართველნი, კახნი და მესხნი და დაუწყეს რბევა და ტყვენვა ადარაბადაგანსა მრავალთა ჟამთა, ვინაიდან შაჰთამაზ იყო ქვემოთ უცალოდ. ამისა შემდგომად მოვიდა შაჰთამაზ, აიღო ტფილისი ქსა ჩფმჱ (1548). და ტფილისიდან ეზრახა ქაიხოსრო ათაბაგსა, რათა მისცეს ასული თვისი ცოლად. მაგრამ ათაბაგს არა ესვა ასული, და მისცა ასული ოთარ შალიკაშვილისა, რამეთუ ნათესავი ახლოს იყო ქაიხოსროსი. ამით დაემძახლა შაჰთამაზ და მოსცა ნიჭი დიდძალი ყაენმან ათაბაგსა და წავიდა სპარსეთად, რამეთუ ჰყო ესე ყაენმა ძმაცვით საქართველოთა შინა.
მერე ამის მიზეზისათვის ეზრახა მეფე ლუარსაბ იჯუს, შერმაზანს და ვახუშტი დიასამიძეს და ამოვან მესხთა. მოვიდა და წაართვა ათაბაგს ჯავახეთი და მტკვრის აღმოსავლეთის კერძი და დაიპყრა თვით.
კვლავ ესმა ხონთქარსა დამოყვრება ქაიხოსრო ათაბაგისა და ყაენისა. ამისთვის წარმოავლინა სპანი, მოვიდნენ და დაიპყრეს ქვეყანა ტაოსი სრულიად ქსა, ჩფნ (1550). ამასვე წელსა უშვა დედისიმედმა ქაიხოსროს ძე მანუჩარ.
შემდგომად კვლავ მოვიდნენ ოსმალნი და დაიპყრეს არტანუჯი არსიანამდე. კვლავ დაიპყრეს ფარავანი და სრულიად არტანი და ააშენეს ფარაკანი ქსა ჩფნბ (1552). მაგრამ სამცხეს ვერ გადმოვიდნენ ძალითა აწყურისა ღვთისმშობლისათა და ამაგრებდაცა ქაიხოსრო ყოველთა და აცნობა ესე ყოველნი ქმნულნი მეფისა ლუარსაბისაგან და ოსმალთაგან შაჰთამაზს და კვლავ მომავალობა ისკანდარ აზრუმის ფაშისა.
მოსლვა შაჰთამაზისა
ამისი მსმენელი შაჰთამაზ ვინაიდან წარმოავლინებდა სპათა შირვანსა ზედა, თვით წარმოემართა, მოვიდა, შემუსრა შაქი, შემოვლო ქართლი, მიეგება ქაიხოსრო ათაბაგი, ჩამოვიდა ყაენი, აიღო ვარძია, თმოგვი, ვანის ქვაბნი, ასპინძა, ვარენთა და სრულიად სამცხის ციხენი და აწყურის ღვთისმშობელი ტყვე-ჰყო. მაშინ ციხენი მოსცა ქაიხოსრო ათაბაგსა და კვლავ ვედრებითავე მოსცა აწყურისა ღვთისმშობელიცა. ხოლო უღონოქმნილი იჯუ, შერმაზან, ვახუშტი და ამოვან მიენდვნენ ყაენსა. მან შეიპყრა იგინი, მოკლა იჯუ და შერმაზან, და ვახუშტი და ამოვან წაიყვანნა ტყვედ განზრახვითავე ათაბაგისათა, რამეთუ ბრალეულ-ჰყოფდა მათ ქაიხოსრო. უკუნიქცა ყაენი, ჩავლო ერევანი და წავიდა სპარსეთად ქსა ჩფნგ (1553).
ამასვე ქორონიკონსა მოვიდა იმერთა მეფე გიორგი, მოარბია და მოწვა სამცხე, ტყვე-ჰყო აწყურისა ღვთისმშობელი, წაასვენა და წავიდა. შემდგომად მოვიდა სულტანი სულეიმან, ააშენა კარი, მოსრა ურჩნი, უკუნიქცა და დადგა ბასიანს ქსა ჩფნვ (1556). ამას მოუდგა შაჰთამაზ და დადგა არტანს. ხოლო სულტანი სულეიმან წავიდა სტამბოლს.
ბ (II) მოსლვა შასთამაზისა
მაშინ შაჰთამაზმა წარავლინა ძე თვისი ისმაილ. ამან გარდმოდგომითა აიღო კარი, შემუსრა, ამოწყვიდნა და მოწვნა ცეცხლითა. შაჰთამაზმა შემუსრა ციხენი სამცხისანი, მოსრა და განასხა ოსმალნი, მოაოხრა ეკლესიანი, შემუსრა ხატნი და ჯვარნი და მოსცა ქვეყანა ქაიხოსრო ათაბაგსა. მერე აქედან უკუნქცეულმა ტყვე-ჰყო დედა ლუარსაბ მეფისა და წავიდა თვისად. მაშინ მოვიდნენ ხიზნად აწყუერს ძმანი დედისიმედისანი: ვახტანგ, არჩილ და აშოთან და განერიდნენ აქა.
ხოლო წელსა ქსა ჩფჲბ (1562) ზავი ჰყვეს იმერელთ მეფემან გიორგიმ და ქაიხოსრო ათაბაგმან, მოსცა აწყუერის ღუთისმშობელი და მოასვენეს აწყვერსავე, შემდგომად წარავლინა ქაიხოსრო ათაბაგმან ყვარყვარე ძე თვისი ოდიშს. მოსცა ლევან დადიანმან ასული თვისი მარეხ და იქორწინა ქვე ქსა, ჩფჲდ (1564), და წელსა მეორესა მოიყვანა ყვარყვარემ ცოლი თვისი სამცხეს.
ამავ წელსა უშვა მარეხმა ყვარყვარეს ძე ქაიხოსრო. მართალია ათაბაგობდა ქაიხოსრო, თუმცა ტაო, შავშ-კლარჯნი ეპყრათ ოსმალთა და ხედავდა ქაიხოსრო მძლავრებასა და კირთებასა მათგან ქვეყანათასა და ვერა რასა შეწევნისა მპოველი ვნებად მათდა, ამისთვის წავიდა წინაშე შაჰთამაზისა, რათა მოიცეს ძალი მისგან ქსა ჩფო (1570). მისული ყაენმა პატივით შეიწყნარა და იმყოფებოდა იქ.
ხოლო აქა ძემან ქაიხოსროსა მზეჭაბუკ იქორწინა გურიელის გიორგის ასულს როდამსა ზედა ქსა ჩფოა (1571) და მეორესა წელსა მოკვდა მზეჭაბუკ. ხოლო ქაიხოსრო ათაბაგისათვის აღეთქვა შაჰთამაზს შეწევნა და ნიჭვიდა ნიჭთა დიდ-დიდთა. ყაზმინს ყოფასა შინა მოკვდა ათაბაგი ქაიხოსრო ქსა ჩფოგ (1573), და დაუტევა ძენი: ყვარყვარე, მანუჩარ და ბექა.
თ. ყვარყვარე (V), თ (9) წელს იმთავრა
დაჯდა ყვარყვარე ათაბაგად ძე ქაიხოსროსი და ათაბაგობდა. დედისიმედი, დედა მისი, იყო პირველად და აწცა და ვარაზა ოთარ შალიკაშვილის ძე მოქმედნი ყოვლისავე. რამეთუ ესე დედისიმედი იყო ამაყი, გლისპი, მრისხანე და გაუსინჯავი; რამეთუ მოვიდა რა შაჰთამაზ განრისხებული კახ-ბატონს ალექსანდრესა ზედა განჯას, მაშინ ჰყო ხრიკი ოთარ ჩოლაყაშვილმა, როგორც აღვწერეთ. ამან დედისიმედმა აღარა გამოიკითხა გლისპობით ზაკვა იგი, შეიპყრა ვარაზა და მოკლა იგი, რამეთუ ესე ვარაზა იყო ცოლის ძმა შაჰთამაზისა.
გ (III) მოსლვა შაჰთამაზისა
ესე სცნა შაჰთამაზ, დაუტევა კახეთი და მოუხდა სამცხეს, ამოწყვიდა და მოაოხრა, ტყვე-ჰყვნა. და უმეტეს ოცხე. ხოლო დედისიმედი და ძენი მისნი გადაიხვეწნენ აჭარას და იქ განერიდნენ, ქსა ჩფოდ (1574). მაშინ ეზრახა შაჰთამაზ ხონთქარსა, მისცა სამცხე-საათაბაგო, ყარსი და იმერეთი ხონთქარსა, თვით უკუნიქცა და წავიდა სპარსეთად. ხოლო დედისიმედი და ძენი მისნი მოვიდნენ და დაიპყრეს კვლავ სამცხე.
ვარაზას ძემან კოკოლამ და ზოგმა მესხთა უწყეს ზრახვა ხონთქარსა. ესე სცნა მანუჩარმა და აუწყა ყვარყვარე ათაბაგს, წამოვიდნენ ორნივე ძმანი და მეფის ძე ერეკლე, ბიძის ძე მათი, და მოვიდნენ მგელციხეს ქსა ჩფოვ (1576), იქიდან ყაენთან დესპანი წარავლინეს და აუწყეს უცოდველობა თვისი და ითხოვეს შეწევნა მისგან. თვით მოვიდნენ და დადგნენ სამწუფ-ღელესა შინა. ხოლო ესენი ოლდამის ქვაბიდან შედანის შვილმა იასონმა აცნობა ვარაზას ძეს კოკოლას და ძმასა მისსა და მის ბიძას გურგაქს და ლაშქართა. ამათ ეახლენ ელიაშვილი, დიასამიძე ავთანდილ და შერმაზან. კვლავ ამატაკის შვილი ამატაკ და აბულყაფარ და ძმისწული მათი როსტომ და ამატაკის ძე სეხნია შეკაზმულნი ფ (500) კაცით ორთვალის ხიდს ბოგირს გამოვიდნენ. იქ ფანასკეტელის იობისძე ჯირასონ შეეყარათ. ამან ჯირასონმა სცნა ბატონის თავდასხმად მოსლვა მათი და წამსავე ამცნო ყანდურალის, და ყანდურალმა აუწყა ქათმის ყივილის ჟამს ბატონებს. ესენი შეიკაზმნენ და უკუდგნენ ოხერათ-თავს სიმაგრესა შინა, ივნისის ლ (30); მოვიდნენ იგინი, დაესხნენ ჩვენს სადგურს და თუხარლის კარავი აიალაფეს, ჩვენ კაცი მოუკალით, ერთი დავიჭირეთ და წავიდნენ იგინი.
და ესე გაეგოთ ჩვენთა და შემოგვეკრიბნენ. მერე მივედით თმოგვს, ქალაქი მოვარბიეთ, თმოგვს მოვიდა დედისიმედიცა. ორშაბათს ვანის ქვაბებს მოვადექით, ოთხშაბათს შესევით ავიღეთ, პარასკევს რჩეულიანნი შევყარეთ, კვირას ოლადის ქვაბნი ავიღეთ და კარწახს მოვედით, ივლისს ით (19). ერეკლე წლისა ივ (16) შევკაზმეთ, ფოსოს მიუხდით, ამოვწყვიდეთ და ავიალაფეთ, მარბიელნი გაუძახეთ, რღვევის ხიზანი და ალაფი ავიღეთ. მოვედით პალაკაციოს, დავდექით, თეთრ-ციხის გარემო დავწვით. იქიდან ალბუტი და კამაროვანიც მოვსწვით, მერე შაჰთან დესპანი წარვგზავნეთ. ამავ თვეს კჱ (28) შალიკაშვილმა ზემბრის ძემ მათივე ნაქონები ოთის ციხე წაგვართვა და ჩვენთა შინა ოსმალნი ჩამოვიდნენ, გამოვუდექით, მგელ-ციხეს მოვედით და შერმაზანის წყაროზე დავდექით. იქიდან აწყუერს მოვედით, აგვისტოს ლა (31) ვარენთის ციხეს უღალატეს, მგელციხიდან ენკენისთვეს დ (4) დიასამიძის დემეტრეს საღალატოდ აზნაურნი წარვგზავნეთ, ვეღარ უღალატეს. არამედ იზ (17) ხელთ დარჩნენ ციხისთავს შალიკაშვილს. მანუჩარ და ერეკლე მგელციხეს იყვნენ და შალიკაშვილთ აზნაურთ ძეთა თავს დაესხნენ, აზნაურნი გადაიხვეწნენ, ერეკლემ კაცი ჩამოაგდო, ცხენი იშოვა, სამცხიდან მოვედით, შარაშიანთ წყაროზე დავდექით, ფოსოს ჩაუდექით და მოვსრენით. შაჰთან დესპანი წარვგზავნეთ, და სამცხესვე მოვედით წელსა ქსა ჩფოზ (1577).
მიგვიხდა კოკოლა, ახჩის ქვაბნი წაგვართვა. მოვიდნენ მანუჩარ და ერეკლე, კვლავ წაართვეს. ამისა შემდგომად კოკოლას თვისი ძმისწული გურგაქ განუუდგა და მანუჩარს მოერთო ქაჯისციხითა და ფიცითა დიდითა. მაგრამ კვლავ სტეხა ფიცი და განდგა მანუჩარისაგან. მოვიდა მანუჩარ ზავისათვის, მან არა ჰყო ზავი და ფოსო დაუწვით. მერე ლაშქრით ქაჯისციხეს მოვადექით. ბ (2) ოქტომბერს გურგაქ შემორიგდა და ველი მოსცა. გავბრუნდით კოკოლას კერძი ურთის ციხე წავართვით და დავარღვიეთ, სიმაგრე დავსწვით და ეკლესია დაუტევეთ. კვლავ ფოსო მოვარბიეთ. შაჰთან დესპანი წარვგზავნეთ და მგელციხეს მოვედით, ბოსტაღანის ძემ მატამ ძმა თვისი მოკლა, მას მანუჩარმა თვალნი დასწვა ყმითურთ. შემდგომად მანუჩარ და ყვარყვარე ათაბაგი მგელციხეს მოვიდნენ და დედისიმედიც იქ მოვიდა. დეკემბერს ამბავი მოვიდა შაჰთამაზ მომკვდარიყო ოქტომბერს კგ (23). ხოლო დეკემბერს ლა (31) ყვარყვარე და მანუჩარ თმოგვს მოვიდნენ წელსა ქსა ჩფოჱ (1578), იანვარს ე (6). დედისიმედი და ბექა ყველს მოადგნენ ჱ (8) იანვარს. ყველი და თმოგვი აიღეს.
კოკოლამ ყარახან შეიყარა თმოგვის მოსაშველებლად. მაგრამ ვეღარ მოუსწრა, დედისიმედიც ყველიდან თმოგვს მოვიდა, იქიდან მანუჩარ ჯავახეთს წავიდა, ფოსო და ჯავახეთი დაარბია და გურგაქს ქაჯისციხე გაუმაგრა საზრდელითა. მერე ყვარყვარე და მანუჩარ ახალციხეს წავიდნენ და დედისიმედი თმოგვს დადგა, თმოგვი საზრდელით გაამაგრა.
ყაენთან დესპანი წარგზავნეს, ციხეების აღება აცნობეს და ოსმალთა აშლა. ამისა შემდგომად ხმა გავარდა ოსმალთა მოსლვაზე, დედისიმედი სამცხეს მოვიდა, ყვარყვარე ავად იყო, ზღუდერს ჩავიდა, ვერ წავიდა და მანუჩარ და ერეკლე, სპა-შეკრებილნი, ოსმალთა პირს მიუდგნენ. ოსმალნი ჱჩ (8000) კაცნი თებერვალს კვ (26) ყარახანს დაესხნენ, ყარახან გაუდრკა, მიეწივნენ ოსმალნი, ივ (16) კაცი მოუკლეს, მოიქცნენ ოსმალნი და გორი დასწვეს და ზარიბატსა შინა დადგნენ. ყარახანმა ამოწყვიდა ოსმალნი, გააქცია და აივსო იარაღ-ალაფითა. და ბატონი მანუჩარ აწყუერს ჩავიდა მაისს იბ (12), წავიდა ერეკლე ქართლის დედოფლის თანა და დედოფალი სურამს იდგა ფრიად უპოვარი და მას თანა იყოფებოდა ერეკლე წელსა ქსა ჩფოჱ (1578), აგვსტოს ზ (7).
ლალა-ფაშა მოვიდა
ლალა ფაშა სპითა მგელციხეს მოადგა, ვ (6) დღე ებრძოლა, ვერ აიღო და ქაჯისციხიდან სრულიად შემოეხოცნენ ოსმალთა; თ (9) აგვისტოს მურმანს და წინწალას შუა აზრუმ-ვანის ფაშანი მოვიდნენ, სულტანი და ყარახან ბაზუქლუ და მუღალუს ბატონი იქით შეიყარნენ, მაჰმად სულტანი გორაზედ წარმოდგა სპითა თვისითა და სხვანი შემოაბა ოსმალთა. პირველად სძლეს ყიზილბაშთა და მოსრვიდნენ ოტებულთა ოსმალთა. მაგრამ შემდგომად აოტეს ოსმალთა და გადაიხვეწა მაჰმად სულტანი. ხოლო მანუჩარმა ქაჯისციხისათვის შემოიკრიბა სპანი, თუმცა ვერცა ომსა და ვერცა ციხის აღებას მიუსწრა: მაშინ ამილახორის შვილი ქოია მიეგება ლალა ფაშას არტანს და ორი ციხე მიუძღვნა.
კვლავ არფაქსად ვ (6) ციხით მიერთო ფაშას, ხერთვისი და ე (5) ციხე მისცა. ხოლო ფაშამ ხახულის სანჯახობა მისცა, აგვისტოს იჱ (18) მანუჩარ თმოგვის ციხე მისცა. მაგრამ ახალქალაქი უწინვე წაართვეს, რომელსა შინა კოკოლას მეციხოვნენი იდგნენ. გაიარა ფაშამ, ტფილისსა ზედა წავიდა, მანუჩარი თან წაიყვანა.
ხოლო შემდგომად მოქცევისა ლალა-ფაშამ მუხრანიდან გამოუტევა მანუჩარ და სამცხეს ჯარმან იწყო მოდენა. ყვარყვარე წინ მიეგება ლალა-ფაშას, მოვიდა ფაშა ლუკზედ დადგა, და იქ დედისიმედმა ნახა. მერე აიყარა ფაშა, ყვარყვარე თან წაიყვანა და აღარ დააბრუნა, ოლთისი სანჯახად მოსცა, მანუჩარ გამოუშვა, აწყუერს მოვიდა. ამისა შემდგომად ლალაფაშას ლაშქარი და მირმარი წარმოეგზავნა მანუჩარისათვის, ქართლზედ გაესია, ქართლს ვეღარ ჩავიდნენ ესენი, სადგერი ამოწყვიდეს, და ეკლესიის განძი წარხდა. კვლავ წარმოეგზავნა სანჯახი ფაშას, ჩაუხდენ ქართლს და მოარბიეს.
ხოლო წელსა ქსა ჩფოთ (1579) მანუჩარ წაიყვანეს აზრუმს და იქიდან ყვარყვარე და მანუჩარ აპრილს კ (20) სტამბოლს წაიყვანეს. მაისს იგ (13) სამცხეს ჟამი მომსრველი გაჩნდა, ოქტომბერს მანუჩარ გამოეშვათ, ნოემბერს მოვიდა, ხონთქარს ფაშობა და სრულიად მამული მისი ებოძა. ყვარყვარე ბ (2) თვეს თორთომიდან არ გაეშვათ. მერე წელსა ქსა ჩფპ (1580) იანვარს ჱ (8) ბექა ვალიდამ გადგა, ლალა-ფაშა წასულიყო და ბექა ოლთისს დამდგარიყო. ყვარყვარესათვის ხონთქარს ფალავანი ერკინა, ყვარყვარეს დაეცა. ამისთვის ქრისტეანობით გამოეშვა და თვისი საბატონო მოეცა.
მარტს მოვიდა ყვარყვარე, ოქტომბერს იე (15) ბექაც მოვიდა, ორნივ ლორეს წავიდნენ, ლორე მოარბიეს, გამარჯვებულნი მოვიდნენ. მეორეს წელს სინან ფაშა მოვიდა, ტფილისს წავიდა სპითა, ორნივ თან წაიყვანა, ყვარყვარე თრიალეთიდან იმერეთს გააბრუნა, რათა ემტერნენ იმერნი ქართლს, და მანუჩარ თან წაიყვანა. მოსრა რა სვიმონ მეფემან სპანი სინან ფაშისანი, ეზრახნენ ყვარყვარე და მანუჩარ სვიმონ მეფესა და მივიდა მანუჩარ სვიმონ მეფისა თანა და მან მოსცა ასული თვისი ელენე ცოლად და უქმნა ქორწილი ქსა ჩფპბ (1582). სოლო თებერვალსა შინა წაიყვანეს ბექა სტამბოლს. ამავე ჟამსა მოვიდა არჩილ დიდი ხნის უნახავი დედისიმედისა და და თვისი ნახა და წავიდა ოქტომბერსა შინა, და ნოემბერს მოკვდა ყვარყვარე ათაბაგი ქსა ჩფპბ (1582).
ი. მანუჩარ, ლბ (33) წელი იმთავრა
დაჯდა ათაბაგად ძმა მისი მანუჩარ. ამავ წელს მანუჩარს აწყუერს მყოფს უღალატეს ოსმალთა. მაგრამ სძლია მანუჩარვე, ფაშები მძიმედ დაიკოდნენ, გააქცია და ალაფი და ქვეყანა დარჩა მანუჩარსავე უვნოდ. ხოლო წელსა ქსა ჩფპდ (1584) მოიყვანა მანუჩარმა მარტს კდ (24) მეფის სვიმონის ასული ელენე სამცხეს. ამისა შემდგომად მოვიდა შაჰაბაზ ქსა ჩფპზ (1587), ააშენა განჯა, მანუჩარს მოსცა ჩალაბუთი და დედისიმედს ხუთი დიდი სოფელი. ამასვე ქორონიკონს გორი და ახალციხე ააშენეს ოსმალთა და აგვისტოს ჩვენ მძევალნი გამოგვართვეს. ამისთვის მოვიდა სვიმონ მეფე მეშველად, აღარ აბრძოლეს, თემი მოარბია სვიმონ და წავიდა. მერე მანუჩარიც მოღალატეთ გამო ვეღარ დადგა და ახალდაბას ჩავიდა, დედისიმედი და ყვარყვარეს ძე ქაიხოსრო საკანაფის ციხეში დადგნენ, დიასამიძე ელია დემოთის ციხეს საავალიშვილოს შეუყენეს, წაართვა ამან ციხე და განძი მრავალი და საფაროც დაიჭირა. გოგორიშვილმა ბეჟანმა ჯვარის ციხე ფაშას მისცა და ჩვენც ახალდაბას ჩამოვედით. მერე მარტს იე (15), ქსა ჩფპჱ (1588), მოვსრენით ჩვენნი მოღალატენი და მაშველითა ჯარითა მეფის სვიმონისათა დავიპყარით სრულიად სამცხე და ოსმალთაც დავეზავეთ, და წარვავლინეთ კაცი წინაშე ხონთქრისა. მოეცა ხონთქარსაც ქრისტეანობით ათაბაგობა და დავიპყარით ყოველი. მაგრამ მძლავრობდნენ ოსმალნი და იყო ჭირი დიდი მათგან, მაგრამ დაითმენდა მანუჩარ. ხოლო შემდგომად მურად ფაშის მოსლვისა მოვიდა შაჰაბაზ აღებად ერევნისად, ამან მანუჩარ მძლავრებისათვის ოსმალთა წარუვლინა შაჰაბაზს ძე თვისი მანუჩარ, რათა მწე ეყოს, და მისცა ხერთვისი და რომელნიმე ციხენი და შეაყენა ყიზილბაშნი მწედ თვისად, და ოსმალთა ეტყოდა, რათა არა ამოწყვიდოს სამცხე შაჰაბაზ, როგორც ჰყო შაჰთმაზ.
ხოლო შემდგომად უკუნიქცა რა შაჰაბაზ, დაუტევა ძე ათაბაგისა მანუჩარ ერევანს ამირგუნახანისა თანა და ზრდიდა იგი. ხოლო წელსა ქსა ჩქთ (1609) მოვიდა გურიელი მამია და დაიპყრა აჭარა. მაგრამ მანუჩარ ჯერეთ ვერ შურ-აგო, ვინაიდან მიიქცეოდნენ და დაუტევებდნენ წესსა და რიგთა და სჯულსა მესხნი მძლავრებითა ოსმალთათა. თუმცა ემძიმებოდა მანუჩარს და მცდელობდა ყოვლითა ძალითა თვისითა, რათა მოაგოს კვლავასვე პირველსა. მაგრამ შემდგომად ამისა მოკვდა მანუჩარ ათაბაგი ქსა ჩქიდ (1614).
ია. მანუჩარ, ია (11) წელს იმთავრა
მაშინ მესხთა მოიყვანეს მანუჩარ ძე მისი ერევნიდან ბრძანებითა ხონთქრისათა და დასვეს ათაბაგად. ამან მანუჩარმა დაიპყრა ქონებანი მამისა თვისისა. ამის ჟამს მოვიდა ბატონი თეიმურაზ, დაისადგურა ოლთისს. გარდიცვლებოდენ წესნი და ვიეთნი ზოგნი პატივისათვის ნებით, ზოგნი მძლავრობით ოსმალთათა გამაჰმადიანდებოდნენ და იქმნებოდნენ უმორჩილონი ათაბაგისანი. ხოლო მანუჩარ მძლავრობდა მათ და არა პატივსა უყოფდა. ამისთვის შეასმინეს ოსმალთა და მათ აზრუმის ფაშასა.
მაშინ აზრუმის ფაშამ წარმოავლინა სპანი ქსა ჩქკდ (1624), ვერ წინააღუდგა მანუჩარ და ჩამოვიდა ახალდაბას. იქ ესმა ბრძოლად წასლვა მარაბდას და მივიდა ქართველთა თანა ტ (300) მხედრითა და ჰყო იქ რა იგი აღვწერეთ. და შემდგომად ლტოლვისა მოვიდა ახალდაბასვე, ეზრახა ოსმალთა, ზავ-ჰყო მათ თანა, მოვიდა და დაიპყრა სამცხე. მაგრამ იხილა შემდგომითი შემდგომად შფოთნი ეს-ევითარნი და აღარა რა სხვა დონე შეწევნისა. ამისთვის წავიდა სტამბოლს წინაშე ხონთქრისა. ამ ჟამთა მოვიდა მოურავი გიორგი და ასპინძას გაემარჯვა ყიზილბაშთა ზედა, მერე შეუხდა და აიღო ციხე ხერთვისი და სხვანიცა, რომელნიც ეპყრეს ყიზილბაშთა, და მისცა ოსმალთა.
ხოლო მანუჩარი შეიწყნარა ხონთქარმა, მოსცა ქრისტეანობით ათაბაგობა და წარმოავლინა, მაგრამ მოგზაურს მომავალსა დახვდა ბიძა თვისი ბექა, რომელიც პირველად წასული იმყოფებოდა იქ. ამან ბექამ ისტუმრა და კეთილად შეიტკბო მანუჩარ. თუმცაა განმზრახველმა ოსმალთა მძლავრებისამან და გარდა მათსა სხვისა ღონისა აღარა რისამე შემძლებელმან, შეურთო საჭმელსა მანუჩარისასა საწამლავი და მოკლა მანუჩარ, და თვით მივიდა სტამბოლს, იქმნა მაჰმადიან, მოსცა ათაბაგობა და ყოველი საზღვარი სამცხე-საათაბაგოსი და უწოდეს საფარ ფაშა და პატივსცეს ორითა თუღითა. მერე წარმოავლინეს და მოვიდა სამცხეს, ქსა ჩქკე (1625).
იბ ბექა (III) ანუ საფარ-ფაშა, ი (10) წელი იფაშა
და დაჯდა ესე საფარ ფაშა და დაიპყრა სრულიად საათაბაგო, რომელნიცა საზღვარნი აღვწერეთ, და მართავდა, როგორც წესი არის ოსმალთა. ამან აღწერა ქვეყანა და შეჰკვეთეს ხარკი ქრისტეანეთა სულზედ დრაჰკანი და ყოველსა მოსავალსა ზედა ხილითურთ შვიდისთავი, ცხვარზედ ბ (2) შაური, ძროხაზედ აბაზი, ცხენსა და კამბეჩზედ ექვსი შაური. ხოლო საფაშოდ ხარკი დრაჰკნის მესამედი, რომელიც არის ათი შაური წესისამებრ ოსმალთა. ეპისკოპოსნი და მონასტერნი წინათვე შლილობათა ამათ შინა ათაბაგებთათა და უმორჩილებითა ქართლის ქათალიკოზისათა შემცირდებოდნენ ურწმუნოებითა მესხთათა, რამეთუ წაართმევდნენ მამულ-შეწირულობათა, შემცირდებოდნენ და მოიშლებოდნენ მთავართაგან და შემდგომად უმეტეს დაპყრობისა ტაო-კლარჯეთისა და შავშეთ-არტანუჯისა ოსმალთაგან, აღარა მოიპოებოდა იქ, ვინაიდან წაართვეს ოსმალთა სრულიად მამულ-შეწირულობანი და აღარავინ იყო მეტრფე მონოზონებისა და მიქონდათ იქიდან სიწმიდენი ხატთა, ჯვართა და ნაწილთა სამცხეს, ქართლს, იმერეთს. ეგრეთვე აწცა მხოლოდ სამცხეს უმეტესად იქმნებოდნენ, რამეთუ აღარა იყო ეპისკოპოსნი ან მონასტერნი, ვინაიდან რისხვითა ღვთისათა გამაჰმადიანდებოდნენ ყოველნი წარჩინებულნი ამ ქვეყანისანი და დაიწყეს ამიერიდან თათრობა, რამეთუ ჟამთა ამათ მოაკლდებოდა ქრისტეანობასა. არა იყო მორჩილება კათალიკოზისა ან ეპისკოპოსისა და სამღვდელოთა, არამედ ოხრება ეკლესია-მონასტერთა და შენება ჯამთა. ხოლო მორწმუნენი ჰფარვიდნენ და მალვიდნენ ხატთა, ჯვართა და ნაწილთა წმიდათათა და სხვათა მიქონდათ იმერეთს და ქართლს და ივლტოდიანცა წარჩინებულნი, რომელნიც სძულობდენ მაჰმადიანობასა, რამეთუ განაგებდა საფარ ფაშა ნებითა ოსმალთათა ყოველსავე.
ამას საფარ ფაშას სთხოვა მოურავმან სპანი და მოვიდნენ ლტოლვილნი სპანი ამისნი, და მოურავიცა მოვიდა მისთან. მერე წავიდა სტამბოლს. ხოლო შემდგომად ესეთის განგებისა მოკვდა საფარ ფაშა წელსა ქსა ჩქლე (1635). ამის შემდეგნი აღარა იწოდებოდნენ ათაბაგად საქართველოსათა, მხოლოდ ახალციხის ფაშად. ხოლო ვინაიდან მოეცა ხონთქარსა ფარმანი მკვიდრობისა საფარ ფაშისათვის, შემდგომად სიკვდილისა მამათა მათთასა წავიდოდნენ სტამბოლს და მისცემდნენ ქრთამი და მათ წარმოავლენდნენ ფაშად.
იგ. უსუფ ფაშა, ია (11) წელი იფაშა
და შემდგომად სიკვდილისა საფარ ფაშისა წავიდა ძე მისი უსუფ სტამბოლს, მოსცეს ფაშობა და მოვიდა ახალციხეს. ესე უსუფ ფაშა იყო ფრიად მაჰმადიანი, მართავდა საათაბაგოსა მორჩილებითა და ყოვლითა ნებითა ოსმალთათა და უმეტესად აზრუმის ფაშისათა და იმყოფებოდა მშვიდობით. ამას უსუფს სთხოვა მეფემან როსტომ ქართლისამან გზა, ამან მისცა და უმასპინძლებდა პატივით. ესე უსუფ ფაშა მოიძულებდა ქრისტეანობასა და შესძინებდა მაჰმადიანობასა და აღმოიფხურებოდენცა წესნი და რიგნი ქრისტეანობისანი ყოველნივე და შეემატებოდნენ მაჰმადს, ვინაიდან განაგებდა და გარდავლიდა დღეთა თვისთა ნებითა მათითა და რჯულითა. შემდგომად მოკვდა უსუფ ფაშა წელსა ქსა ჩქმზ (1647).
იდ. როსტომ ფაშა, იბ (12) წელი იფაშა
მაშინ წავიდა როსტომ ძე მისი, ნაშობი მხევლისა სტამბოლს. ამას მოსცა ხონთქარმან ფაშობა. მოვიდა და დაჯდა ახალციხეს და მართავდა, როგორც მამა ამისი. თუმცა წარჩინებულნი მაჰმადიანნი იყვნენ, მაგრამ ცოლნი მათნი და მხევალნი იყვნენ ყოველთა ქრისტეანენი. ხოლო ჟამსა როსტომ ფაშისასა მოუვლინა ხონთქარმან ბრძანება, რათა იქმნენ ცოლნიცა მათნი, რომელნიც მაჰმადიან არიან, მაჰმადიანად. ესე უთხრეს ცოლსა როსტომ ფაშისასა. ხოლო მან არა ინება, არამედ აიძულებდენ ყოფად მაჰმადიანად და ამისთვის დაითმინა მრავალნი ტანჯვანი. მერე განივლტო, რათა გადაიგდოს თავი კლდესა ზედა. სცნეს ესე, შეიპყრეს და არა უტევეს. კვლავ ინება მოშთობა თავისა თვისისა და მცნობელთა არცა ამას ზედა მიუშვეს. ხოლო შემდგომად შიმშილისა და მრავლისა ქენჯნისა მოიპოვა ღონე, რამეთუ ჰგონა, როგორც თვით თავისი ყოფნა ეგრეთცა სხვათაცა. და ამის მიზეზისათვის იტყოდა: „უკეთუ დაატევებინოთ ყოველთა წარჩინებულთა ცოლთა უწინარეს ჩემსა ქრისტე, მერმე დაუტეო მეცა, უკეთუ არა არცა მე“. მაშინ შეუთქვეს რა წარჩინებულთა ცოლთა, მათ ყოველთა შიშისათვის ტანჯვისა დაუტევეს ქრისტე და გამაჰმადიანდნენ ყოველნი სრულიად და უღონო ქმნილი გამაჰმადიანდა იგიცა.
იქმნა რისხვა ღვთისა ცოდვათა ჩვენთათვის, რამეთუ აწ უმეტესადრე მოოხრდებოდნენ ეკლესიანი დიდმშვენიერნი და იქმნებოდნენ პირუტყვთა სადგურნი და ივლტოდნენ კვლავადცა რომელთა არა ინებეს მაჰმადიანობა ქართლს, იმერეთს, ოდიშს, გურიას, კახეთს და მიჰქონდათ ხატნი და ჯვარნი და წმიდათა ნაწილნი, მოისპოდნენ ეპისკოპოზნი, თუ სადმე იყო, და მონაზონნი და მწყემსნი. მხოლოდ ადგილ-ადგილ იპოვებოდნენ მღვდელნი. და შეიქმნა სრულიად მაჰმადიანობა წესითა და რჯულითა მათითა და აღშენდებოდნენ მეჩეთნი. დარჩნენ გლეხნი და იგინიცა უმწყესელნი, როგორც პირუტყვნი.
კლავ ჟამსვე ამისსა განაწესეს სპანი და შეჰკვეთეს მამულიანთა გამოსაღებითა მათითავე ფაშას, ბეგს, ალაიბეგს, სანჯახს და აღას; და რამდენნიცა კაცნი დააწერეს, უწოდეს ხმალი და, სადაცა უხმობდნენ წაიყვანდნენ, არათუ ქრისტეანეთა, არამედ მაჰმადიანთა მოლაშქრედ.
ხოლო მოვიდა ამ როსტომ ფაშისა თანა დადიანი ლიპარიტ ლტოლვილი; ამან მისცა და აშველნა სპანი. მაგრამ კვლავადცა მოვიდა ლტოლვილი; შემდგომად მოვიდა გურიელი ქაიხოსრო სტამბოლიდან. ამან როსტომ ბრძანებითა ხონთქრისათა მისცა სპანი და ჰყო კვლავ გურიელად ქაიხოსრო, რამეთუ ქონდათ ამათ ბრძანება ყოველთა საქმეთა ზედა იმერეთისათა და მართვიდნენ ესენი. ხოლო ძნელოვანთა საქმეთა აუწყებდნენ აზრუმის ფაშასა და მით გამართავდნენ. შემდგომად მოკვდა როსტომ ფაშა წელსა ქსა ჩქნთ (1659).
იე. ასლან-ფაშა, კ (20) წელი იფაშა
ამისა შემდგომად წავიდა ძე როსტომისა ასლან სტამბოლს და მოსცა ხონთქარმა ფაშობა, მოსული ესე ახალციხეს მართავდა საათაბაგოსა, როგორც წინთქმულნი. ესე ასლან-ფაშა ნებითა იმერთათა ჩავიდა იმერეთს, დასვა მეფედ ბაგრატვე უთვალო, შეიპყრა დარეჯან და ვახტანგ, წამოიყვანა იგინი და შოვებული მოვიდა ახალციხეს და დაასადგურა იგინი ოლთისს. ხოლო რაჟამს დაიპყრა ვახტანგ მეფემან იმერეთი და დასვა არჩილ, აღარა რას მორჩილებდნენ ასლანს. ამისთვის შეასმინა ხონთქარსა და ბრძანებითა მისითა ავიდა მთასა ზედა ფერსათს სპითა ქსა ჩქჲგ (1663).
იმერთა რა-დასვეს ბაგრატვე, მოუძღვნეს ქრთამი დიდი, რათა უკუნიქცეს, ვინაიდან უზისო მეფევე თვისი. უკმოიქცა ასლან და აუწყა ესენი ხონთქარსა. ამანვე მისცა სეხნია ჩხეიძეს იანიჩარნი და შეაყენნა ქუთათისს ციხესა შინა. შემდგომად რა განაძევეს ბაგრატ იმერთა, ამას ასლან-ფაშას ევედრნენ ვახტანგ და დარეჯან დედოფალი, რათა ჰყოს იგინი მეფედ იმერთა და მოსცეს კჩ (20000) მარჩის წინდად ქეთევან, რამეთუ ჟამთა ამათ სრულიად მიქცეულ იყვნენ მესხნი წესთა და სჯულთა ოსმალთათა და იყვნენ ვერცხლის მოყვარენი პირისა და ფიცის მტეხელნი, მეძავ-მემრუშე-სოდომიანნი, როგორცა წეს არიან ოსმალთა. მიიღო ქრთამი ასლან-ფაშამ, ჩავიდა იმერეთს და ჰყო ესენი მეფედ, როგორც აღვწერეთ.
შემდგომად კვლავ ამანვე მისცა სეხნია ჩხეიძეს იანიჩარნი და შეადგინნა ციხესა ქუთათისს. ამავ ასლან-ფაშისაგან მოითხოვა შაჰნაოზ მეფემან ქეთევან დაწინდული დარეჯანისაგან ქსა ჩქჲზ (1667) და მოსცა ოთხმოცი ქესა და წაიყვანა ქეთევან.
შემდგომად ვედრებითა გურიელისათა ჩავიდა იმერეთს ქსა ჩქობ (1672), კვეთებული ბაგრატ შეიპყრეს და მოართვეს ასლანს.
მაშინ ბაგრატმა მოსცა ძე თვისი ალექსანდრე მძევლად ქრთამისა წილ, დაუტევა იგივე მეფედ და მოვიდა სამცხეს.
შემდგომად ამასთანავე მოვიდა ძე შაჰნაოზ მეფისა ლუარსაბ სამეფოდ იმერთა, მოსცა ძღვენი ასლან-ფაშასა. მაგრამ სცნა, რამეთუ აცთუნებს ასლან-ფაშა და წავიდა ქსა ჩქოდ (1674). ამის მეორეს წელს მოვიდა ძე შაჰნაოზ მეფისავე არჩილ დაპყრობად იმერთა და პატივით შეიტკბო ასლან-ფაშამან. მოვიდა გურიელიცა სამეფოდ იმერთავე. ესე აუწყა ასლან ხონთქარსა და მცდელობდა არჩილისათვის იმერეთსა, რამეთუ მოყვრობდა ქეთევანისა გამო. მაგრამ არა ინება ხონთქარმან არჩილ წინთქმულთათვის შესმენისა და უბრძანა შეპყრობა არჩილისა. ამან დასვა პატიმარსავით ახალციხეს და გურიელი განუტევა გურიას. მერე განზრახვითა მესხთათა გამოპარვით გამოუტევა არჩილ. ხოლო ამა ჟამებთა შინა აღარა იყო სახელნი თავადთა, მთავართა და აზნაურთა, არამედ უწოდდენ ფაშად, ბეგად, ალიბეგად, სანჯახად და აღად, რამეთუ ახალციხეს და ოლთისს იყო ათაბაგი ახალციხის ფაშად წოდებული; კოლას იჯდა ფაშა, შავშეთს, აჭარას ბეგნი და სხვათა ადგილებთა ალიბეგნი და აღანი, ოღონდ მორჩილებასა და ლაშქრობასა ქვეშე ახალციხის ფაშისასა. შემდგომად მოვიდნენ ასლანისა თანა ბაგრატ და გურიელი, ლტოლვილნი არჩილისაგან და აღუთქვეს ქრთამი დიდი. ამან აუწყა ხონთქარსა. ხოლო განრისხებულმა ხონთქარმა წარმოავლინა აზრუმის ფაშა სუაზს აქათითა სპითა. ესე მოვიდა და ჩამოუძღვა ასლან-ფაშა იმერეთს და რა იგი აღვწერეთ იქმნა. მაშინ კვაცხუთს მდგომს აზრუმის ფაშას მოერთო წიგნი არჩილისა: „ვქმენ ყოველი, რა იგი ვყავ ასლან-ფაშისაგან, რამეთუ წამართვა საგანძური დიდძალი სახონთქროდ და მით მომცა იმერეთი და აწ რა არის შეცოდება ჩემი“. ესე მისწერა აზრუმის ფაშამ წინაშე ხონთქრისა და ხონთქარმა ამისთვის მოუწერა თავის მოკვეთა ასლან-ფაშასა. მაშინ კვაცხუთს მოჰკვეთა თავი ასლან-ფაშას, წელსა ჩქოზ (1677) და წარავლინა თავი სტამბოლს. ხოლო აზრუმის ფაშა და მესხნი მოვიდნენ სამცხეს. მაგრამ ძე ასლან-ფაშისა, მცნობი ამისი, წავიდა სტამბოლს, მისცა ქრთამი დიდი; ამისთვის მოსცეს ფაშობა და მოვიდა ახალციხეს.
ივ. უსუფ-ფაშა, ი (10) წელი იფაშა
დაჯდა ესე უსუფ-ფაშა წელსა ქსა ჩქპ (1680) და იწყო განგება, როგორც წინათთა. ამ ჟამებთა უკეთუ ვინმე მოიტანდა ვერცხლის, წავიდოდა სტამბოლს, მისცემდა ქრთამს და იშოვნიდა მკვიდრად მამულს და დაიპყრობდნენ, როგორც ჰყო ფირიაღისშვილმა, რომელიც გაჰყიდა გურიელმა მღვდელი. მან მღვდელმან მოიტანა ვერცხლი მაჰმადიანობით, წავიდა სტამბოლს, მისცა ქრთამი; მოსცეს ჯავახეთი და უწოდეს ფაშად, ამან და ძეთა ამისთა დაიპყრეს ჯავახეთი და არიან დღედცა ფაშად. ამით იწყეს წარჩინებულთა მესხთა შემცირებად და ამაღლებად უგვანთა და უგვაროთა.
ამის მიერ უმეტეს მოოხრდებოდნენ ეკლესიანი და აშენდებოდნენ ჯამნი და დაიტევებოდა ზნენი ქართულნი გარდა ენისა, და განდიდნებოდა მათ შორის მაჰმად და ნარჩენი ხატთა და ჯვართა შეიმუსრვოდა და იმყოფებოდა დედათა მათთა სამკაულად, რომელთაგან იქმნებოდენცა სასწაულნი მრავალნი, თუმცა არავინ მიუპყრობდა ყურთა. მაგრამ ესეთთა ვეღარა შემუსრვიდენ, თუმცა გაყიდდნენ მთელსა, სხვათათვის აღარა არის ჟამი აქა მოხსენებად.
ხოლო ამ უსუფ-ფაშას მოსცა გიორგი მეფემან ალექსანდრე, ძე ბაგრატისა, და ამან მეფედ ჰყო იმერეთს ქსა ჩქპგ (1683), და თვით მოვიდა ახალციხეს. ამანვე წარავლინა შავშეთის ბეგი და ღალატით მოჰკვეთა ქაიხოსრო გურიელს თავი და გურიას დასვა ძმა მისი გურიელად მამია ქსა ჩქპე (1685). შემდგომად მოკვდა ესე უსუფ-ფაშა წელსა ჩქჟ (1690).
იზ. სალიმ ფაშა, ია (11) წელი იფაშა
მაშინ წავიდა ძმა მისი სალიმ სტამბოლს, ამას მოსცეს ფაშობა ქრთამით, მოვიდა ახალციხეს და განაგებდა ეგრეთვე. ამის ჟამსა შინა მოვიდა მეფე გიორგი. ამან ისტუმრა და პატივ-სცა. შემდგომად ბრძანებითა ხონთქრისათა გაატანა მუსალიმი სპითა მეფე გიორგის, ჩავიდნენ და ჰყვეს არჩილ მეფედ. მერე კვლავ მოვიდა გიორგი მეფე დედაწულით, ამან დაასადგურა ოშორას. შემდგომად ბრძანებითა ხონთქრისათა მოერტყა ოშორას სპითა სალიმ-ფაშა, შეიპყრა გიორგი მეფე და პატიმარ-ჰყო ახალციხეს. მაგრამ მესხთა გააპარეს გიორგი მეფე წელსა ქსა ჩქჟა (1691).
ამასვე წარმოუვლინა ნაზარ-ალიხან ალექსანდრე ამან შეიკრიბა სპანი ბრძანებითა ხონთქრისათა ჩაიყვანა იმერეთს და ჰყო ალექსანდრე მეფედ და გაამაგრა უმეტესად ქუთათისი და შემუსრა ეკლესია, და უკმოიქცა ახალციხესვე. შემდგომად ნებითავე ასლან ფაშისათა და ქრთამითა განაძევეს არჩილ იმერთა და დასვეს გიორგი. ხოლო იყო ჭირი დიდი იანიჩართაგან, ციხეთა შინა მყოფთა მესხთა ზედა. მართალია მაჰმადიანი იყვნენ, მაგრამ ჰკლავდნენ კაცთა და დედათა ძალყოფდნენ, ეგერეთვე ყრმათაცა, და ართმევდნენ მრავალთა უსამართლოდ. ამან სალიმ-ფაშამ წარავლინა ქრთამი დიდი სტამბოლს შეწევნითა მესხთათა და ითხოვა გაყვანა იანიჩართა და იქ დადგინებად ყულთა. უსმინეს და დაადგინეს ყულნი და განთავისუფლდნენ ჭირისა მისგან.
ხოლო განაძევეს იმერთა გიორგი და დასვეს არჩილ. ესე ეწყინა ასლან-ფაშას, რამეთუ უნებლიედ მისსა ჰყვეს და აუწყა წინაშე ხონთქრისა. განრისხდა ხონთქარი და უბრძანა გაძევება მისი. მაშინ სალიმ-ფაშამ მოიყვანა ნაზარ-ალიხანიდან სვიმონ, ძე ალექსანდრესი, ქსა ჩქჟჱ (1698), ჩაიყვანა იმერეთს და ჰყო მეფედ. შემდგომად ამანვე სალიმ-ფაშამ მისცა იგივე სვიმონ გურიელს მამიას, რათა ჰქნას მეფედ და ამავე წელსა მოკვდა სალიმ ფაშა ქსა ჩღა (1701).
იჱ. ისაყ ფაშა, დ (4) წელი იფაშა
ხოლო ძე უსუფ-ფაშისა წავიდა სტამბოლს ისაყ, შესძღვნა ქრთამი დიდი, მისცეს ფაშობა და მოვიდა ახალციხეს და მართავდა თქმულთამებრ. ამან ისაყ-ფაშამ მოიყვანა გიორგი, ძე ალექსანდრესი, ნაზარ-ალიხანიდან და ჰყავდა თვისთანა ყოფად იმერთა მეფედ. ხოლო ფაშანი ესენი, რომელნიც მოვიხსენეთ, უმეტეს ამისთვის აშფოთებდნენ იმერთა, რამეთუ უკეთუმცა არა ჰქონდათ იმერეთს ლაშქრობანი, წაიყვანდნენ სადაცა უნებდათ ლაშქრად და ექმნებოდათ ჭირი დიდი სიშორე გზისა, და აქა ლაშქრობითა აივსებოდნენ ნიჭითა და ტყვითა, ვინაიდან აღარად რად უჩნდათ ოხრება, ტყვევნა, კლვა ქრისტეანეთა მაჰმადიანობით. ხოლო ისაყ-ფაშას ეწყინა რა მორჩილება აბაშიძისა და განდიდება მისი, დაასმინა წინაშე ხონთქრისა. ამისთვის ხონთქარმა წარმოავლინა სარასკრად აზრუმის ფაშა სპითა დიდითა, და მოვიდა ქეჰა მისი ახალციხეს სპითა, და თვით სარასკარი მოვიდა გურიას, განვლო ჭოროხი ნავის ხიდით, რამეთუ ქონდა ბრძანება შვიდ წელს ყოფნა იმერეთსა შინა და სრულიად მოოხრება ციხეებითურთ. მაშინ ისაყ-ფაშამ და ქეჰამ გარდავლეს ფერსათი სპითა მაგრამ კაკას ხიდზე შეეკრათ იმერთა სიმაგრე. უწყეს ამათ დიდდიდთა თოფთა ცემა, ვერღარა დაუდგნენ იმერნი და ჩავიდნენ ესენი იმერეთს და ჰყვეს რა იგი აღვწერეთ. ხოლო მოკვდა სულტან მუსტაფა და დაჯდა აჰმად. ამან უბრძანა სარასკარს უკუნქცევა იმერეთიდან. მაშინ ამათ დაუტევეს მეფედ გიორგი ძე ალექსანდრესი და ზამ-ჰყვეს აბაშიძისა თანა, ააშენეს თხმელის ციხე ბაღდადს, შეაყენნეს იანიჩარნი და უკმოიქცნენ ქსა, ჩღგ (1703). მაგრამ დახვდენ იმერნი მთასა ზედა და მოეწივნენ უკან. მაგრამ ესენი აღარა უკუბრუნდნენ ბრძანებისა და ზამთრისათვის და მოსრეს იმერთა მრავალნი და დაკოდეს ისაყ-ფაშა ხელსა შინა და მოკლეს კოლის ფაშა და აიღეს ალაფი მრავალი და მესხნი მოვიდნენ ახალციხეს. ხოლო ქეჰა წავიდა აზრუმს სპითა, ვინაიდან გურიიდან წასული სარასკარიცა მისულ იყო აზრუმს.
ამისა შემდგომად ისაყ-ფაშა მართავდა და განაგებდა საათაბაგოსა და ამას არა ეგდენ ერჩდა ფაშა კოლისა და ეძვინვებოდა ისაყს, რამეთუ იყო ხონთქრისაგან მორჩილებასა შინა მისსა. ამისთვის წარავლინა კაცი და მოკლა იგი ღალატად. ხოლო მემკვიდრეთა მისთა უღაღატეს ხონთქარსა, რამეთუ თუმცა განსაგო იყო, მაგრამ ვერ მოაკვდინებდა სარგოსათვის თავისა თვისისა, თუმცა არა ხონთქრისა შარავანდედობისა სვიანობისათვის, ვერცა ფაშასა ან ბეგსა, ალიბეგსა, აღასა და მოლაშკრესა. ამისთვის განრისხდა ხონთქარი, წარმოავლინა მტარვალი, რათა მოჰკვეთონ ისაყ-ფაშას თავი. სცნა ესე ისაყ-ფაშამ, გაიქცა, მივიდა სტამბოლს და დაიმალა იქ წელსა რაოდენსამე. ხოლო ახალციხეს წარმოავლინეს ფაშად ასლან, ძე სალიმ ფაშისა, ბიძის ძე ისაყ-ფაშისა.
ით. ასლან ფაშა, გ (3) წელი იფაშა
წელსა ქსა ჩღე (1705) მოვიდა ასლან ფაშა და დაჯდა ახალციხეს და განაგებდა წესსა ზედა მათთა, რამეთუ ამ ჟამებთა აღარავინ იყო ქრისტეანე გარდა გლეხთა, თუმცა იგინიცა მცირედ სამცხეს გარდა ჯავახეთისა, და უმცირესად შავშეთს, აჭარას და არტანს. ხოლო ვაჭარნი რამდენიმე იყვნენ ყოველგან საათაბაგოსა შინა. არამედ იყო შენობა დაბებთა და აგარათა, ვინაიდან ესეოდენთა ჟამთა იქმნა მშვიდობა ქვეყანათა ამათ შინა, აყრილნი ქართლიდან და სომხითიდან სახლდებოდნენ აქა და უმეტესნი ჯავახეთს. კვლავ უფროსად ტყვეთაგან იმერთათა გამრავლდებოდნენ ფრიადად თათრობითა, ვინაიდან ხარკთაგან კიდე ვერა რას ავნებდნენ გლეხთა. ხოლო შემდგომად განცხადდა ისაყ-ფაშა სტამბოლს, რამეთუ დაჯდა სხვა ვეზირ აზამი, მისცა ქრთამი დიდი და მოსცეს ფაშობა ისაყ-ფაშასავე და ასლან ფაშა წავიდა სტამბოლს.
იჱ. ისაყ-ფაშა, ჱ (8) წელი იფაშა
მოვიდა ისაყ-ფაშა წელსა ქსა ჩღჱ (1708), და დაჯდა ახალციხეს. ამან დაამდაბლა მიმდგომნი ასლან-ფაშისანი მოხვეჭითა და წართმევითა თეთრთათა და უპატიოყოფითა და აამაღლა თვისნი. წელსა ქსა ჩღიბ (1712), მოვიდა გიორგი იმერთა მეფე, რათა მწე-ეყოს. ხოლო ისაყ-ფაშამ აღუთქვა. შემდგომად ნებითა ფაშისათა წავიდა და დაიპყრა იმერეთი: წელსა ჩღიგ (1713) მოვიდა იგივე გიორგი შემდგომად გურიელის სიკვდილისა ნებითა ფაშისათანავე დაიპყრა იმერეთი ქსა ჩღიგ (1713).
ით. ასლან-ფაშა, ბ (2) წელი იფაშა
ხოლო წელსა ჩღივ (1716) მისცეს კვლავ ასლან-ფაშას და მოვიდა ახალციხეს. ხოლო ისაყ-ფაშა წავიდა სტამბოლსვე. ესე ასლან ფაშა ქრთამითა და ვედრებითა ბეჟან დადიანისა და ზურაბ აბაშიძისათა ჩავიდა იმერეთს სპითა და, იქმნა რა იგი, აღვწერეთ იმერეთს. მერე მოვიდა ახალციხეს. და უყო ამანცა ეგრეთვე ისაყ-ფაშის მიმდგომთა, როგორც მან ამისთა უქმნა.
იჱ. ისაყ-ფაშა, ით (19) წელი იფაშა
შემდგომად წელსა ჩღიჱ (1718) მოსცეს კვლავ ისაყ-ფაშას ახალციხის ფაშობა, მოვიდა და დაჯდა. ასლან-ფაშა წავიდა სტამბოლს, რამეთუ ვედრებითა და ქრთამითა ისაყ-ფაშისათა მისცეს სხვა ფაშობა ასლან ფაშასა, რათა აღარა შემცილე ექმნას ისაყ ფაშასა. შემდგომად ისაყ-ფაშისა თანა მოვიდა გიორგი იმერთა მეფე სტამბოლიდან, წელსა ჩღით (1719). ამან გაატანა მუსალიმი თვისი სპითა, ჩავიდნენ იმერეთს და იქმნა ყოფილი იგინი, დაუტევეს გიორგი იქ და წამოვიდნენ მესხნი.
ხოლო შემდგომად გიორგი მეფის სიკვდილისა წარავლინა ისაყ-ფაშამ შავშეთის ბეგი ვახტანგ მეფისა თანა და ითხოვა ძე გიორგისა ალექსანდრე. მან წარმოუვლინა ნიჭითა და შემდგომად წელსა ჩღკა (1721) ბრძანებითა ხონთქრისათა ჩავიდა იმერეთს და იქმნა აღწერილისამებრ. მერე დასვა მეფედ ალექსანდრე, მოუდგინა ბეჟან დადიანი და თვით მოვიდა ახალციხეს. ხოლო წელსა ჩღკგ (1723) წარმოავლინა ხონთქარმა აზრუმის ფაშა სარასკარად სპითა დიდითა დაპყრობად ადრიბეჯანისად. ესე მოვიდა ყარსს და მიუწოდა ისაყ-ფაშას, შემდგომად ჩავიდნენ ტფილისს და იქმნა ყოველი, როგორც აღვწერეთ ქართლსა ზედა ყოფილნი. ხოლო ახალციხეს იჯდა მუსალიმი და განაგებდა ნებითა ისაყ-ფაშისათა. იქმნა ესე ისაყ-ფაშა შემდგომად იესეს სიკვდილისა მპყრობელი და განმგებელი ხონთქრისაგან სრულიადისა ძალითა ყოვლისა საქართველოსი, სახელით სამცხე-საათაბაგოსი, სრულიად იმერეთისა, ქართლისა, ლორე-ყაზახ-შამშადილისა და კახეთისა. მაგრამ ვინაიდან იყო ქართლი ჭირსა დიდსა, აშენდა ჯავახეთი და სამცხე იქიდან ვინაიდან გადმოშენდებოდნენ და გამდიდრდენცა ბეგნი, ალაიბეგნი, აღანი და ფაშანი ხვეჭითა მათითა. მაგრამ ქონდაცა ჭირნი ჯავახ-სამცხელთა მოგზაურთა სპათაგან. შემდგომად გადმოვლეს ქართლი ლეკთა და სტყვევნიდენ სამცხე-ჯავახეთსა, ვიდრე კოლამდე და მიქონდათ ნატყვენავნი უამრავნი. მრავალგზის ეწივნენ მესხნი და შეებრძოლნენ. მაგრამ იგინი მომრევ-ექმნებოდნენ მარადის და მოსრვიდნენ სპათა ან სადაცა ვის მოიხელთიან და წარაქონდათ ალაფი დიდძალი. ხოლო შემდგომად მოადგა რა თამაზ-ხან განჯას, განუდგნენ ქართველნი ისაყ-ფაშისაგან, მისცეს ნება ყიზილბაშთა და უხდებოდნენ ქართველნი სამცხეს და ჯავახეთს მარადდღე და სტყვენვიდნენ. კვლავ დღესა ერთსა მოუხდნენ და წაიღეს ნატყვენავი. ამათ წარმოუდგა მუსალიმი, დაესხა დვირს, მოსრა და ამოწყვიდა ქართველნი, ტყვე-ყვნა მრავალნი, უკმოიბრუნა ნატყვენავნი და მოვიდა გამარჯვებული. ხოლო სძლია რა თამაზ-ხან ქოფრულსა, მაშინ მისცა ტფილისიცა ისაყ-ფაშამ და წამოვიდა ყოვლითა საგანძურითა თვისითა და დაჯდა ახალციხეს. შემდგომად ზავ-ჰყვეს რა ხონთქარმან და შაჰნადირ, ამით იქმნა კვლავ მეგობრობა ქართველთა და მესხთა შორის. მაგრამ ისაყ-ფაშას აღარა ქონდა ვეზირობა სამის თუღითა, თუმცა იყო ორთუღიანი პირველისამებრ. ამ ისაყ ფაშამ წარავლინა ძე თვისი უსუფ-ფაშა სტამბოლს, შესძღვნა ქრთამი დიდი ვეზირსა, მოსცეს ახალციხის ფაშობა უსუფ-ფაშას, წამოვიდა და მოვიდა ახალციხეს.
კ. უსუფ ფაშა ზ (7) წელი იფაშა
წელსა ჩღლზ (1737) დაჯდა უსუფ-ფაშა ძე ისაყისა. ხოლო ისაყ-ფაშა იმყოფებოდა დასვენებით თვისად და მართავდა უსუფ-ფაშა, გარდა დიდთა საქმეთაგან, და ამას ჰკითხავდა მამასა თვისსა. ამან უსუფ-ფაშამ წარავლინა კაცი აჭარას საქმისა რისათვისმე. ხოლო მათ შეურაცხ-ჰყვეს კაცი იგი. განრისხდა უსუფ-ფაშა, წარავლინა მაჰმად-ბეგ სპითა. ესე დაესხა აჭარას და ამოწყვიდა სულნი ურიცხვნი უწყალოდ, აიღო ალაფი მათი და მოვიდა უსუფ-ფაშისა თანა. მაშინ ნარჩენნი აჭარელნი წავიდნენ სტამბოლს და ევედრნენ ხონთქარსა. ამისთვის წაიყვანეს უსუფ-ფაშა სტამბოლს. მაგრამ ამანვე სძლია მათ, მისცა ქრთამი დიდი ვეზირსა, მან გამოუშვა და მოვიდა ახალციხეს ფაშადვე. ხოლო ალექსანდრემ მეფემან იმერთამან, შეიპყრა ვახუშტი აბაშიძე. მოვიდა ისაყ-ფაშისა ვედრებად ანუკა მეფის ასული: ამან აღუთქვა განტევება მისი და წარუვლინა მეფესა ალექსანდრეს ცხენი აღკაზმული და ქურქი და მიუტევა კ (20) ქესა რომელიც თანაედვა ალექსანდრეს ისაყ-ფაშისა, რათა განუტეოს ვახუშტი. ხოლო მან არა ინება, არცა პატივ-სცა ამისთვის წარავლინა ფირიაღის-შვილი ჯავახეთის ფაშა, სიძე თვისი, იმერეთს სპითა წელსა ჩღმა (1741). ჩავიდა რა იმერეთს, მოეგება დადიანი, ერისთავი და ზურაბ. ხოლო ალექსანდრე ივლტოდა ქართლს. ამათ მოიყვანეს გიორგი, ძე გიორგისა და ძმა ალექსანდრესი, დასვეს იგი მეფედ და წამოვიდნენ.
ამავე წელსა მოვიდა შანშე ლტოლვილი ყიზილბაშთაგან. ამისთვის წარმოევლინა კაცი შაჰნადირს ისაყ-ფაშისათვის, რათა წარუვლინოს კრული შანშე. მაშინ ისაყ-ფაშამ აირჩია მშვიდობა, რამეთუ ეშინოდა მისგან მორბევისა და მოოხრებისა ქვეყნისა, შეიპყრა შანშე და მისცა კრული. ამავე წელსა წარმოევლინა ალექსანდრეს ისაყ ფაშისათვის, რათა ჰყოს იგივე იმერთა მეფედ. უსმინა ისაყ-ფაშამ წინათქმულთათვისვე, გაატანა ალექსანდრეს სპანი, ჩაიყვანეს და ჰყვეს იგი მეფედ და სპანი მოვიდნენ სამცხეს. ხოლო შემდგომად წელსა ჩღმბ (1742), რა სძლია შაჰნადირმა კვლავ სარასკარს, ყარსს წარმოავლინა და მოარბიეს ჯავახეთი, არტანი, კოლა, წაიღეს სრულიად პირუტყვნი და ქონებანი, მაგრამ ტყვენი არა ტყვე ყვნეს და მოიწიეს ვიდრე მტკვრამდე მარბიელთა. შემდგომად წელსა ჩღმდ (1744) წარმოევლინა ხონთქარს საგანძური დიდი ლეკთათვის, რამეთუ შაჰნადირ ებრძოდა მუსულის ქალაქსა, შეიკრიბა უსუფ-ფაშა, წავიდა სპითა დიდითა და ჩავიდნენ ქართლს. ხოლო მისულთა თედოწმიდას, იქმნა რა იგი აღვწერეთ ქართლსა ზედა. შემდგომად მოვიდა ძლეული უსუფ-ფაშა აწყუერს და მოკვდა იქ. ამისი მსმენელი ისაყ-ფაშა დამძიმდა ფრიად, თუმცა მართავდა იგივე ქვეყანათა.
Комментариев нет:
Отправить комментарий